პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პოლუსიდან პოლუსამდე ანუ ბუნებრივი ზონები

დოკუმენტური ფილმებით სწავლებაზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა. ჩემს მოსწავლეებს დოკუმენტური ფილმები ძალიან უყვართ, „ფილმის დღეს” მოუთმენლად ელიან ხოლმე. მეც მიყვარს. ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე გაკვეთილის გეგმა, რომლებიც არცთუ მარტივ თემას შეეხება.

დამეთანხმებით, ბუნებრივი ზონების შესწავლა მე-7 კლასში დიდად არ ეხალისებათ, ამიტომ ამ თემის განხილვისას სასურველია გამოვიყენოთ BBC-ს დოკუმენტური ფილმები „პოლუსიდან პოლუსამდე” და „ტყეები”, სადაც ნაჩვენებია, როგორ იცვლება პოლუსიდან პოლუსამდე ბუნებრივი ზონები. ფილმის ყურება შესაძლებელია შესვენებებით, რომელთა დროსაც მოსწავლეები იხსენებენ, როგორ იცვლება პოლუსიდან პოლუსამდე კლიმატური სარტყლები. ასე რომ, 45 წუთის განმავლობაში ისინი პასიური მაყურებლები არ იქნებიან.

სასურველია, ერთი გაკვეთილი დავუთმოთ ფილმის ჩვენებას, რადგან მოსწავლეებისთვის ეს მეტად საინტერესო და სახალისოა.

მომდევნო გაკვეთილი დაიწყება ფილმის განხილვით. მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ და აღწერონ ნანახი პეიზაჟები და ახსნან მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები. მასწავლებლის მითითებით, ისინი ერთმანეთს ადარებენ ტროპიკულ ტყეებსა და უდაბნოებს, არქტიკული და ანტარქტიკული უდაბნოების ზონას, სავანებსა და ნათელ ტყეებს და ა. შ. მათ უნდა დაასკვნან, რომ ბუნებრივი ზონების განსხვავებას კარგად გამოხატავს მცენარეულობა. სწორედ ამიტომაა, რომ ზონების სახელები, ტრადიციისამებრ, გაბატონებული მცენარეულობის ტიპების სახელს ემთხვევა.

მოდმევნო აქტივობა უკვე ტექსტსა და რუკაზე მუშაობა იქნება. კლასი დაიყოფა ჯგუფებად, მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს ტექსტს „კლიმატური სარტყლები/ბუნებრივი ზონები” და დაავალებს:

1. ტექსტში არსებული ინფორმაცია საპრეზენტაციოდ წარმოადგინონ სქემის სახით.

2. ახსნან ბუნებრივი ზონების გავრცელების კანონზომიერებები (რა განაპირობებს კონკრეტული ბუნერივი ზონის გავრცელებას კონკრეტულ კლიმატურ სარტყელში).

ტექსტი: კლიმატური სარტყლები/ბუნებრივი ზონები

1. არქტიკული და ანტარქტიკული კლიმატური სარტყელი; ბუნებრივი ზონა – არქტიკული უდაბნოების ზონა
2. სუბარქტიკული კლიმატური სარტყელი; ბუნებრივი ზონა – ტუნდრა და ტყეტუნდრა
3. ზომიერი კლიმატური სარტყელი; ბუნებრივი ზონა – ტაიგა, შერეული, ფართოფოთლოვანი ტყეები, ტყესტეპი, სტეპი, ნახევარუდაბნოები, უდაბნოები, სიმაღლებრივი სარტყლები, ცვალებადტენიანი ტყეები
4. სუბტროპიკული კლიმატური სარტყელი; ხეშეშფოთლოვანი ბუნებრივი ზონა, ხმელთაშუაზღვისპირული ბუნებრივი ზონა, ცვალებადტენიანი (მუსონური) ტყეები, ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი მარადმწვანე ტყეები, ნახევარუდაბნოები, უდაბნოები
5. ტროპიკული კლიმატური სარტყელი, სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი – სავანები და ნათელი ტყეები, უდაბნოები და ნახევარუდაბნოები.
6. ეკვატორული კლიმატური სარტყელი; ბუნებრივი ზონა – ნოტიო ეკვატორული ტყეები
შენიშვნა: ბუნებრივი ზონა ვრცელი ტერიტორია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მზის სითბოსა და სინათლის, ტენიანობის, ნიადაგის, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს ერთგვაროვნება. ბუნებრივ ზონებს არ გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული საზღვრები. მათი უმრავლესობა განედური მიმართულებითაა გადაჭიმული.
• მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელია ვერტიკალური ზონალურობა.

• ყველაზე დიდი ბუნებრივი ზონაა ტაიგა, ყველაზე პატარა – ეკვატორული ტყეების ზონა,
• სტეპების ბუნებრივ ზონას „პურის ბეღელს” უწოდებენ.
• სტეპებს ჩრდილოეთ ამერიკაში პრერიებს ეძახიან, სამხრეთ ამერიკაში – პამპას.
• ეკვატორულ ტყეებს რამდენიმე სახელი აქვს: ტენიანი ტროპიკული, ჰილეა და სელვა (სამხრეთ ამერიკაში). საქართველოშიც გვაქვს ამ ტიპის მრავალიარუსიანი ტყეები – კოლხეთის დაბლობზე. მათ კოლხური ჰემიჰილეები ეწოდება.
ამ დავალებით მოსწავლე ბლუმის ტაქსონომიის ანალიზის დონეს აღწევს.

მომდევნო აქტივობაც მაღალ სააზროვნო დონეზე გადის. მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ტექსტს და ბუნებრივი ზონების რუკებს. ერთ ჯგუფს შესაძლოა 2-3 ბუნებრივი ზონა შეხვდეს. ჯგუფმა საკუთარი ბუნებრივი ზონა უნდა აღწეროს და კონტურულ რუკაზე აღნიშნოს მათი გავრცელების არეალები, დაადგინოს მიზეზშედეგობრივი კავშირი კლიმატურ სარტყლებსა და ბუნებრივ ზონებს შორის.

ტაიგა (იაკუტ. ტყე) — ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყეა, რომელსაც უკავია ჩრდილოეთ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარი ტერიტორია. ტაიგისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი, მყართოვლიანი, მკაცრი ზამთარი და შედარებით თბილი ზაფხული; ნალექების წლიური რაოდენობა, როგორც წესი, აღემატება აორთქლებას. მდებარეობის მიხედვით ტაიგა ორგვარია: ბარისა და მთისა. მთავარი შემადგენელი ხემცენარეების მიხედვით განასხვავებენ მუქწიწვოვან (ნაძვი, სოჭი, ცუგა, ცრუცუგა, ლიბოცედრუსი, სექვოია, ტუია და სხვ.) და ღიაწიწვოვან (ფიჭვი და ლარიქსი) ტაიგას. ტაიგაში დომინანტობს 1-2, იშვიათად 3 ან მეტი სახეობა (რაც ხშირია მთის ტაიგაში). მათთან შერეულია ხოლმე არყი, ვერხვი, ნეკერჩხალი და სხვა ფოთლოვნები. ბარის ტაიგაში ეწერი და მზრალი ნიადაგია, მთის ტაიგაში — მთა-ტყის მურა ნიადაგი. ევროპასა და აზიაში ტაიგის ფართობის მეტი წილი, რომელიც რუსეთის ფარგლებშია მოქცეული, ბარად ქმნის ტყის ზოლის ჩრდილოეთ ქვეზონას. მასში მკვეთრად განირჩევა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განედური მდებარეობით შეპირობებული ზოლები:

•მეჩხერი;
•ჩრდილოეთისა;
•შუა;
•სამხრეთისა;
•ფართოფოთლოვან-წიწვოვანი.
ტაიგის გავრცელების არეალი
ტუნდრა (ფინ. tunturi – უტყეო, მოშიშვლებული მაღლობი) — მცენარეულობის ტიპია, რომელიც დამახასიათებელია არქტიკული ოლქისათვის. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება არქტიკული უდაბნოები, სამხრეთით — ტყეები. ტუნდრა ჩამოყალიბდა ცივი, ჭარბტენიანი ჰავისა და მარადი მზრალობის პირობებში, სუსტად განვითარებულ ნიადაგზე. სკანდინავიის, ურალის, ციმბირის, ალასკის, ჩრდილოეთ კანადის მთებში ე.წ. მთის ტუნდრა გვხვდება. ტუნდრაში ჭარბობს მრავალწლოვანი მცენარეები: ხავსები, მღიერები, ბალახოვანი ჰემიკრიპტოფიტები და ქამეფიტები (კორდიანი, ფესურიანი, ბალიშა და ნახევრად ბალიშა, როზეტისებრი და ნახევრად როზეტისებრი მცენარეები), ფოთოლმცვივანი ქონდარა ბუჩქები — ქამეფიტები (Salix polaris და სხვ.), მარადმწვანე ქონდარა ბუჩქები (Empetrum hermaphroditum, Ledum decumbens და სხვ.), ფოთოლმცვივანი ტანმორჩილი ბუჩქები — ნანოფანეროფიტები (Betula nana, B. exilis, Salix lanata). გვხვდება თითო-ოროლა ერთწლოვანი (Koenigia islandica და სხვ.) და ბოლქვიანი გეოფიტი (Liolidia serotina და სხვ.). ტუნდრისთვის ნიშანდობლივია პოლიდომინანტურობა და მოზაიკური სტრუქტურა.

ტუნდრის ზონის დიდი ნაწილი უკავია ჩრდილოურ და სამხრეთულ სუბარქტიკულ ტუნდრას, რომელიც უკიდურესი ჩრდილოეთით არქტიკული ტუნდრით იცვლება. აქ ბუჩქნარი სრულიად არ არის.
ტუნდრის გავრცელების არეალი
სუბტროპიკული ტყე — სუბტროპიკულ სარტყელში გავრცელებული ხშირი ფართოფოთლოვანი ტყეა. ხმელთაშუაზღვისპირეთის სუბტროპიკულ ტყეებში გაბატონებულია მარადმწვანე ბუჩქნარები და ტანდაბალი ხეები. ზონისთვის დამახასიათებელია ნაყოფიერი ყავისფერი ნიადაგები. მარადმწვანე მცენარეულობა შეგუებულია ზაფხულის სიცხესა და სიმშრალეს. მათ უმეტესობას სქელი პრიალა ფოთლები აქვს, ზოგიერთს — წვრილი და ბუსუსებიანი. ყოველივე ეს ამცირებს აორთქლებას. რბილი, წვიმიანი ზამთრის პირობებში უხვად იზრდება ბალახი. ხეებს შორის უხვად ხარობს სხვადასხვა მცენარე და ბუჩქნარი. ამ ტიპის ტყეები გაბატონებულია უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთში, ასევე — ტროპიკული და სუბტროპიკული ზონების მაღალმთიან ადგილებში.

ხმელთაშუაზღვისპირას ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია. მათ ადგილას გვხვდება მეორეული მარადმწვანე ბუჩქნარები და დაბალი ხეები —ხემარწყვა (რომლის ნაყოფი მარწყვს მოგვაგონებს), ქვამუხა, კორპის მუხა, ველური ზეთისხილის ხე, ფიჭვი პინია, ღვია, კეთილშობილი დაფნა და სხვა. კონტინენტების აღმოსავლეთ, განაპირა მხარეებზე არსებულ სუბტროპიკებს ახასიათებს შედარებით ნოტიო კლიმატი. ატმოსფერული ნალექები აქ არათანაბრად მოდის, თუმცა ზაფხულში ხშირია წვიმა. ჭარბობს ხშირი ნოტიო ტყეები, სადაც ხარობს მარადმწვანე მუხა, მაგნოლია და სხვ., ასევე — ლიანები და ბამბუკი.
სუბტროპიკული ტყეების გავრცელების არეალი
ტროპიკული ტყეების გავრცელების არეალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი