სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ყიყლიყოოო…

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. მოკლედ, ერთი ვირი იყო, მეწისქვილესთან ცხოვრობდა და თავს მძიმე შრომით ირჩენდა. ბედი გინდა ყველაფერში, შეიძლება ვირად დაიბადო და სულ ბაფთებსა და ბუმბულებში გაცხოვრონ. არ გჯერათ? თავად მაქვს ნანახი სოციალური ქსელში ჰამაკში მოკალათებული ვირუკა, რომელსაც არწევდნენ და ზედ დაჰხაროდნენ. იმასაც ისეთი შეფერებული ჰქონდა, სახეზე ეწერა, ვიმსახურებ ასეთ ნებივრობასო. ჩვენი საბრალო ვირი კი წისქვილში ტომრებს ეზიდებოდა. ერთ დღესაც სახლიდან გააგდეს… დაბერდიო, უთხრეს… ვირი ოპტიმისტი იყო და ქალაქ ბრემენში გადაწყვიტა წასვლა. ყური ჰქონდა მოკრული, ბრემენში ქუჩის მუსიკოსებს კარგ ფულს უხდიანო. ყროყინი შეეძლო და გზას გაუდგა.

დიდხანს იარა თუ ცოტა, გზად ძაღლი შემოხვდა, ისიც პატრონს გამოეგდო სიბერის გამო. მთელი ახალგაზრდობა უნადირია, პატრონისთვის ერთგულად უმსახურია, ახლა კი ცრემლად იღვრებოდა, აღარავის ვჭირდებიო. ვირმა დაარწმუნა, რომ ისიც ბრემენში უნდა წასულიყო. გზა ერთად განაგრძეს.

მცირე ხნის შემდეგ, კატა დაინახეს. ისიც სახლიდან იყო გამოგდებული, ვირს და ძაღლს სიამოვნებით შეუერთდა, ბრემენისკენ აიღო გეზი.

აქ მცირე ხნით თხრობას შევწყვეტ და ვიტყვი, რომ ჩემს სადარბაზოს ორი კატა შემოეკედლა. უფრო სწორედ, ისე გამოვიდა, მე ამომიჩემეს. მუდმივად მითვალთვალებენ და საჭმელს მთხოვენ. დედა-შვილი არიან. დედას „კატუშა“         დავარქვი, შვილს „ფინტიკოზ დარდიმანდიანცი“, უხდება რაღაც ეს სახელი. უკანა ფეხებზე დგომა და რამდენიმე წამით გაჩერებაც ვასწავლე. ბრჭყვიალა თვალები და რაღაცნაირი ფლიდი სახე აქვს. თითქოს ულვაშებში იღიმება კიდეც, შენ პირი ჩამიტკბარუნე და ჰა, ვიდგები უკანა თათებზეო. სიტყვა „ჩხაკის“ ეშინიათ. მეც მათ შიშს ვიყენებ და როცა ძალიან თავხედობენ, შევეკითხები ხოლმე: „მოვიდნენ ახლა „ჩხაკები?“. მაშინვე იმალებიან.

კვლავ, ბრემენისკენ მიმავალთ დავუბრუნდეთ. გზად დაკვლას სასწაულებრივად გადარჩენილი მამალი ნახეს. ისიც მათი ჯგუფის წევრი გახდა.

დაღამდა უკვე. ბრემენის მისადგომებიც გამოჩნდა. ხედავენ, სადღაც იქვე სახლი დგას, შუქი გამოდის. მისვლა და შეხედვა გადაწყვიტეს, ამასობაში  ყველას მოშივდა, დასვენებაზეც უარს არ იტყოდნენ.  ფანჯარაში შეიხედეს, რას ხედავენ. სუფრა ხორაგით არის სავსე, დამსხდარან ყაჩაღები და ღრეობენ. რა ვქნათ, ეს ყაჩაღები როგორ შევაშინოთო და მოიფიქრეს: ვირმა წინა ფეხები ფანჯარაზე  შეაწყო, ზურგზე ძაღლი შეახტა, ძაღლზე კატა აცოცდა, კატას კი მამალი მოექცა თავზე.

ერთი, ორი და სამიი… ყველამ თავისებური შემოსძახა. ვირი აყროყინდა, ძაღლი აყეფდა, კატამ კნავილი მორთო, მამალმა კიდევ… ყიყლიყოოო… დაიყივლა. ისეთი მონდომებით ყვიროდნენ, რომ უცებ ფანჯარა გაიღო და ყველანი ოთახში შეცვივდნენ. ყაჩაღებს შეეშინდათ და ტყეში გაიქცნენ. ამათ კიდევ, გული იჯერეს სმა-ჭამით. ბოლოს დაღლილები მიწვნენ და მიეძინათ.

ყაჩაღები ტყეში კი გაიქცნენ, მაგრამ შორს კი არ წასულან. სახლს ტყიდან აკონტროლებდნენ. ხედავენ, შუქი ჩაქრა. ერთი ყველაზე ყოჩაღი ყაჩაღი გაგზავნეს, გაიგე, რა ხდებაო. ფეხაკრეფით მიიპარა და სახლში შევიდა. სამზარეულოში ორი ნაკვერჩხალი ღუოდა. მივალ ახლა და ცეცხლს ავანთებო, იფიქრა. სინამდვილეში, ეს კატის თვალები ღუოდა ნაკვერჩხალივით, მივარდა ყაჩაღს და დაჩხაპნა. ისიც თავის საშველად გულგახეთქილი კარისკენ გაიქცა. კარებთან ძაღლი იწვა.  მიწვდა და ფეხზე უკბინა. ეზოში გამოქცეულ ყაჩაღს, ახლა ვირმა უთავაზა წიხლი. მამალმა კი თავზე დასძახა:  ყიყლიყოოო…

კოჭლობით დაბრუნდა ტყეში ყაჩაღი, ცუდი ამბავი მაქვს ძმებო, ჩვენს სახლში დევები დასახლებულან, ძლივს გამოვასწარი ცოცხალმაო. აქ აღარ დაგვედგომება, ისევ მეზობელ ტყეს უნდა შევაფაროთ თავიო.

ყაჩაღების სახლში მეგობრები დასახლდნენ და ღრმა სიბერემდე ბედნიერად იცხოვრეს.

ჰმ… ძმებ გრიმებს მშვენიერი ზღაპარი დაუწერიათ. რაღაცნაირად გულუბრყვილო და კეთილი. თან არც ყაჩაღები გეცოდება… ყაჩაღები არიან და იმიტომ.

ზღაპარი სპეციალურად  გიამბეთ. ახალი წელი მოდის…მამლის წელია…

ქიმიის გაკვეთილიც საახალწლო ჩავატაროთ.

ცდა #1-„ზამთარი ჭიქაში“… უკაცრავად, უბრალო ჭიქაში კი არა, ქიმიურ ჭიქაში.

სუბლიმაციას ეფუძნება. გვჭირდება ნაძვის ხის პატარა ტოტი და ბენზოის მჟავა (თეთრი ფერის ფხვნილია).  ქიმიურ ჭიქაში 30-40 გრამი ბენზოის მჟავას ფხვნილი ჩავყაროთ, იქვე ჩავდოთ ნაძვის ტოტი და ჭიქას ფაიფურის პატარა ჯამი დავაფაროთ. ჭიქა სპირტქურაზე დავდგათ და დაველოდოთ, რა მოხდება.  ცოტა ხანში ბენზოის მჟავა სუბლიმაციას დაიწყებს. ანუ მყარი მდგომარეობიდან აირადში გადავა (თხევადი ფაზის გამოტოვებით). ჭიქა ბენზოის მჟავას აირით გაივსება. ჭიქა გადმოვდგათ სპირტქურიდან და გაციებას დაველოდოთ.  გაციებისას მჟავას აირები ნაძვის ტოტზე დაილექება. ჭიქაში კი დათოვლილი ზამთრის იმიტაცია გვექნება.

სხვათა შორის, ბენზოის მჟავას საკვები პროდუქტების წარწერებზე E210 აღნიშვნით შეხვდებით. სამრეწველო მასშტაბით ბენზოის მჟავას ტოლუოლის დაჟანგვით  ღებულობენ. ამავე დროს, ბუნებრივ ნაერთადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სხვადასხვა კენკროვნების შემადგენლობაშიც შედის. რძის ისეთ პროდუქტებშიც წარმოიქმნება, როგორიცაა იოგურტი, კეფირი და ა.შ.  რა თქმა უნდა, კონსერვირებულ პროდუქტებში ის გაცილებით მეტია, თუმცა, თუ ამ კონსერვებს მინიმალური რაოდენობით მივიღებთ, ძალიანაც არაფერს დაგვიშავებს. სტანდარტი 1 კგ პროდუქტზე 5მგ ბენზოის მჟავაა.

მაინც, რა ტიპის პროდუქტებში შეიძლება შეგვხვდეს? ხილის წვენებსა (არა ნატურალურში), მურაბებსა და ჯემებში, ბოსტნეულის კონსერვში (მწნილეულშიც), ნაყინში, ლუდში, კანფეტებში, რომლებიც შაქრის შემცვლელს შეიცავენ. შებოლილ თევზეულში, მარგარინში და საღეჭ რეზინაში.

სხვათა შორის, ზოგიერთ ანტისეპტიკურ მალამოებშიც შედის, რადგან კარგად უმკლავდება ბაქტერიებსა და სოკოს.

როდესაც ბენზოის მჟავა ადამიანის ორგანიზმში ხვდება, ცილის მოლეკულებთან შედის რეაქციაში და ჰიპურმჟავად (N-ბენზოილგლიცინი) გარდაიქმნება. მხოლოდ ამის შემდეგ შარდთან ერთად გამოიდევნება ორგანიზმიდან. თირკმელებისთვის ეს დამატებითი დატვირთვაა.

თუმცა ამ მჟავას შემცველი პროდუქტების გამოყენების საფრთხე სხვაა. მაღალ ტემპერატურაზე ბენზოის მჟავადან შეიძლება სუფთა ბენზოლი წარმოიქმნას. ეს კი ორგანიზმისთვის კარცეროგენია, რომელიც კიბოს განვითარების საფრთხეს ქმნის. უფრო კონკრეტულად რომ დავწეროთ, კონსერვები (ბოსტნეულის), რომლებიც ამ მჟავას შეიცავენ არ უნდა გაცხელდეს, ცივად უნდა იქნეს მირთმეული. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ E210 და  E300 (ასკორბინის მჟავა) შორის ასევე შეიძლება რეაქცია წარიმართოს და ბენზოლი წარმოიქმნას, თუმცა ამ საქმესაც მაღალი ტემპერატურა, ანუ კონსერვის გაცხელება სჭირდება.

ცდა #2-„ნიტროცელულოზის ნაძვის ხე“.

შეგახსენებთ, რომ ცდები მხოლოდ მასწავლებელთან ერთად კეთდება. დამოუკიდებლად ჩატარების შემთხვევაში, შეიძლება მარცხი მოგივიდეთ და …

ჯერ ნიტროცელულოზა უნდა დავამზადოთ.

 ავიღოთ ორი წილი კონცენტრირებული გოგირდმჟავა და ერთი წილი კონცენტრირებული აზოტმჟავა. ამ ორი მჟავას შერევით მიღებულ ნარევს მანიტრირებელი ნარევი ეწოდება. ვურევთ ქიმიურ ჭიქაში. ჭიქა ყინულებიან ჯამში უნდა იდგეს. საქმე ის გახლავთ, რომ მჟავების შერევისას დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა და აუცილებელია გაციება.

მიღებულ ნარევში  100%-იან ცელულოზას, ანუ ბამბას ვათავსებთ. ვტოვებთ ათი-თხუთმეტი წუთით, რომ მთლიანი ცელულოზა გაიჟღინთოს. ცელულოზა გლუკოზას ნაშთებისგან შედგება, რომელიც, თავის მხრივ, ჰიდროქსილის ჯგუფებს შეიცავს. ჰიდროქსილის  ჯგუფები ნიტროჯგუფებით ჩანაცვლდება. ეს კი მისი წვის უნარს ზრდის. კონცენტრირებული გოგირდმჟავა კი, რეაქციის დროს გამოყოფილი წყლის შთანთქმისთვის არის საჭირო.  ცელულოზის გაჟღენთვის შემდეგ, ჭიქის შიგთავსს დიდი რაოდენობის ცივი გამდინარე წყლით ჩავრეცხავთ. ცოტა სოდაც ჩავამატოთ, დარჩენილი მჟავების გასანეიტრალებლად. როდესაც ბამბა (უკვე ნიტროცელულოზად გარდაქმნილი) კარგად გაირეცხება, შეგვიძლია ხელით ავიღოთ, გავწუროთ და თოკივით დავახვიოთ.  სწორედ ასეთი თოკებისგან უნდა ავაწყოთ ნაძვის ხე. ქაღალდზე ჯერ ნაძვის ხის ფორმა დავხაზოთ, შემდეგ ფორმაზე ნიტროცელულოზის თოკივით დაგრეხილი  ბამბა გავფინოთ და… ცეცხლი მოვუკიდოთ. ნიტროცელულოზა ძალიან სწრაფად იწვის, ამასთან კვამლი არ გამოიყოფა. სიბნელეში განსაკუთრებით ლამაზი სანახავი იქნება.

ბრემენში რამდენიმე წლის წინ მეც გახლდით. ქალაქის მოედანზე ბრემენელი მუსიკოსების ძეგლია. ვირზე ძაღლი შესკუპებულა, ძაღლზე – კატა, კატაზე – მამალი. ასეთი ცრურწმენა არსებობს, ვირუკას თუ ფეხებზე ხელს მოკიდებ ან მამალს შეეხები, ჩანაფიქრი აგიხდებაო. გაგეღიმებათ და მსურველების რიგი იდგა. მეც ჩავდექი… ვირუკასაც ხელი მოვუთათუნე, მამალსაც მივწვდი, ჩაფიქრებისას  თვალებიც დავხუჭე და ჰაერიც ღრმად ჩავისუნთქე…

არაფერიც არ ამიხდა…

თუმცა… შეიძლება მამალი თავის წელს ელოდება. გახსოვთ ხომ, ყაჩაღის დაფრთხობისას საბოლოო სიტყვა სწორედ მამლის იყო.

გესმით? შორიდან ყივილი ისმის… ყიყლიყოოო…

ყველას ბედნიერი ახალი წელიო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი