პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ამოვიცნოთ ტყის მავნებელი

ოლიგოფაგი, სახელად ნაძვის დიდი ლაფანჭამია (Dendroctonus micans), საქართველოში 1956 წელს გავრცელდა, ჯერ – ბორჯომის ხეობაში, მერე კი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და დიდი ზიანი მიაყენა ნაძვნარებს.

თავდაპირველად მავნებლის შესწავლა დაიწყეს. ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა დავით კობახიძემ ჩეხეთში აღმოაჩინა ლაფანჭამიას ბუნებრივი მტერი – დიდი რიზოფაგუსი (Rhizophagus grandis Gyll). ეს სასარგებლო მწერი საქართველოში შემოიყვანეს და დაიწყეს ლაბორატორიებში, ხელოვნურ პირობებში, მისი გამოყვანა, მერე კი ლაფანჭამიათი დასნებოვნებულ ნაძვნარებში ჩაასახლეს, რამაც შედეგი გამოიღო და ნაძვნარები გადარჩა.

გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ეს უსაფრთხო ბიოლოგიური ბრძოლა წარმატებით გრძელდებოდა და ნაცადი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც დაინერგა.

2014 წელს აჭარის სატყეო სააგენტოში ჩამოყალიბდა ტყის მავნებლებთან ბრძოლის სამსახური, რომელმაც თურქეთის გამოცდილ მეტყევე სპეციალისტებთან ერთად დაიწყო დიდი რიზოფაგუსის ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანა და წინასწარ გამოკვლეულ ლაფანჭამიებით დასახლებულ ნაძვის კორომებში ჩასახლება. საქმე წარმატებით მიდის წინ. აჭარის კლიმატი სასარგებლო მწერისთვის იმდენად ხელსაყრელი აღმოჩნდა, რომ მისი რაოდენობა კორომებში ორჯერ გაიზარდა, ხოლო ნაძვის დიდი ლაფანჭამიასი იმავე ტერიტორიებზე მინიმუმამდე შემცირდა.

როგორ ამოვიცნოთ მავნებლით დასახლებული ხე

ხის ღეროზე (ან ღია, ამოწეულ ფესვებზე) შეინიშნება სხვადასხვა ფერის ხის ქერქისა და ლაფნის ნაფრქვევი. თუ მავნებელი ჯერ კიდევ ქერქშია, ნაფრქვევი მუქი ყავისფერი ან მოყვითალო ყავისფერია, ხოლო თუ უკვე ლაფანშია – თეთრი ან მოყვითალო. ხშირად პირამიდული ფორმის ნაფრქვევის მთელი მასა, ფისში შეზელილი და გამაგრებული, იქვე,  ხოჭოს მიერ გაკეთებულ ხვრელებთანაა თავმოყრილი (სურ.1.).

lafanchamia

ხის ქერქზე ნასვრეტები ოდნავ დახრილია, დაახლოებით 3-5 მმ დიამეტრისა, და ხშირად ახლო–ახლოს, ჯგუფურადაა განლაგებული, ხოლო შიგნით სხვადასხვა მხარეს მიემართება სხვადასხვა სიგრძისა და სიფართის ღარისებრი სავალები (სურ. 2.) ექსკრემენტებით, წვრილად ნაღრღნი ხის ქერქისა და ლაფნის ნარევით.

didin rozofagusi

წიწვები ფერს იცვლის – დაიკრავს მოწითალო ან მოყვითალო ფერს, განსაზღვრული ხნის შემდეგ კი ხმება და ცვივა.

ლაფანჭამიას მატლები ჭამენ ლაფანს, აზიანებენ ქერქსა და მერქანს. ირღვევა მცენარის სასიცოცხლო ფუნქცია. თუ უარყოფითი ზემოქმედება გაგრძელდა, ხეები თანდათან ხმება.

მავნებელი იზამთრებს როგორც ხოჭოს, ისე ჭუპრის, სხვადასხვა ასაკის მატლისა და კვერცხის ფაზაში.

ნაძვის დიდი ლაფანჭამიათი დასნებოვნებულ ნაძვნარებში გვხვდება როგორც ჩამქრალი, ისე მოქმედი და ახალდასახლებული კერები, სადაც მრავლადაა ჯგუფური და გაფანტული ტიპის ხმობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი