ხუთშაბათი, ივლისი 9, 2026
9 ივლისი, ხუთშაბათი, 2026

შ. რუსთაველი, ა. წერეთელი, გ. ტაბიძე…

0
ძალიან მოგხვდათ ყურში, ხომ? უარესებიც მინახავს – ც. დადიანი, ქ. წამებული, ვ. ფშაველა. ვერ იქნა და ვერ გამოვეხსენით ამ ინიციალებისა და შემოკლებული სახელების  მაგიას. 
მოდით, ამასაც მხოლოდ საბჭოთა კავშირს ნუ გადავაბრალებთ. არც უმაგისობაა, უფრო სწორად, მაშინ იყო რაც იყო, მაგრამ ოც წელზე მეტი გავიდა და ჩვენ ისევ იქ ვართ, ძველ გზას არ ვღალატობთ. საოცარი რუდუნებითა და სიყვარულით ვაგრძელებთ დამკვიდრებულ ტრადიციას: საქმიან ქაღალდებში, სამეცნიერო მონოგრაფიებში, საგაზეთო სტატიებსა და ტრაფარეტებზე ერთი ხელწერაა – შემოკლებული სახელები.
რას უნდა მივაწეროთ, რითი შეიძლება ავხსნათ ამ მკვიდრად ჩაშენებული, ხელუხლებელი ტრადიციის უფრო და უფრო აღზევება?
ადგილის დეფიციტით? – არა მგონია. ყოველ შემთხვევაში შ. რუსთაველის დამწერისთვის სახელში დაზოგილი სამი ასო-ბგერის დაწერა, ვეჭვობ, დიდი პრობლემას წარმოადგენდეს. ქუჩისა და გამზირის ტრაფარეტთა დამზადების დროსაც შეიძლება ამის გათვალისწინება: ბოლოს და ბოლოს, იმან, ვინც ვ. ბერიძის ქუჩაზე ცხოვრობს, ხომ უნდა იცოდეს, ეს ვ ვუკოლია, ვიქტორი, ვენერა თუ ვლადიმერი. 
მეექვსე თუ მეშვიდე კლასში ვიყავი, მათემატიკის მასწავლებელმა ერთი ჩვენი კლასელი გამოიძახა, არ ვიცი რაზე იყო გამწყრალი, მაგრამ მთელი თავისი ბრაზი და გულისწყრომა დაუშვა მის თავსა ზედა. საშინაო დავალება ხომ დაუწუნა, პასიურობისთვის დატუქსა, ჩაცმულობაზეც ირონიულად გადაუკრა სიტყვა და ბოლოს ისიც ჰკითხა, რომელ ქუჩაზე ცხოვრობო.
– ი. კრილოვის ქუჩაზე, – ასე მგონია, სწორედ ამ პასუხს ელოდა ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი და ამ ფრაზაზე ამოახვია შემდეგი ნახევარი საათი – უვიცები და გაუნათლებლები გვეძახა და არც რუსულის მასწავლებელი დაინდო, მოთხრობას და იგავ-არაკს თუ ვერ გასწავლით, მწერლის სახელი მაინც ჩაგაწერინოთ წესიერადო.
ეს ამბავი, ცხადია, იმ დღესვე მივიდა რუსულის მასწავლებლის ყურამდე. ავი ენები ამბობდნენ, რომ სვეტლანა გეორგიევნა სახეალეწილი დახვედრია სკოლის მთავარ მათემატიკოსს და მიუკიბ-მოუკიბავად, პირდაპირ უთქვამს: 
– ბატონო სლავა, თქვენ და თქვენი შვილები რომ ლ. პ. ბერიას ქუჩაზე გადი-გამოდიხართ და მის შემოკლებულ სახელზე არაფერს ამბობთ, რაღა ამ კრილოვების, გორკების, ტოლსტოებისა და მაიაკოვსკების ხსენებაზე დაგიმძიმდათ გუნება? ბავშვმა ისე დაიმახსოვრა, როგორც ყოველ დღე ხედავს, რა არის ამაში გასაკვირი? 
სლავა მასწი დაიბნა. სვეტლანა გეორგიევნას დაოკება იოლი სულაც არ იყო:
– დამნაშავე ბავშვი კი არა, თქვენისთანა მცონარე ხალხია, ზევით მოკალათებული, ვისაც სამი-ოთხი ზედმეტი ასოს დაწერა და მერე დამახსოვრება ეზარება.
ისე, „ზევით მოკალათებულებზე” მართლაც ბევრი რამაა დამოკიდებული, თამაშისა და მართლწერის წესებს ისინი ადგენენ. ამიტომ საჭირო და აუცილებელიც კია, მათი ყოველი გადაწყვეტილება, ძალზე მნიშვნელოვანიც და ერთი შეხედვით უმნიშვნელოც, განსჯის საგანი გახდეს. 
დავუშვათ, ვიღაცისთვის შეიძლება მესამეხარისხოვანია, მაგრამ ყურს კი ნამდვილად ჭრის ქალაქ ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომ „ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში… იდგმებოდა გ. ერისთავის, ზ. ანტონოვის, ა. წერეთლის, გ. სუნდუკიანის…” პიესები. ასე მგონია, ქართული თეატრისა და მწერლობის გამორჩეულ წარმომადგენელთა სახელების შემოკლება მათი დაკნინებაცაა ამავე დროს, შეიძლება გაუაზრებლად, მაგრამ მაინც დაკნინება.
ეს არ არის ერთი შემთხვევა. თეატრების რიგს თუ გავყვებით, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გვერდსაც აღმოვაჩენთ ფეისბუქზე, ხოლო რაც შეეხება თბილისის აზერბაიჯანული დრამატული თეატრისთვის ჰეიდარ ალიევის სახელის მინიჭებას, ეს შემოკლებულ სახელთა თემას სცილდება: გაუგებარია, რატომ უნდა დაერქვას პოლიტიკოსის სახელი სახელმწიფო თეატრს, როცა ორ სახელმწიფოს – საქართველოს და აზერბაიჯანს – ისეთი დიდი დრამატურგი აკავშირებს ერთმანეთთან, როგორიც მირზა-ფათალი ახუნდზადეა.  
დიდი პოლიტიკისა და სახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე, ასეთი „წვრილმანი” საკითხები შეიძლება სათქმელადაც არ ღირდეს, მაგრამ ყველა ხელისუფლება წარმავალია – წავლენ, თვალს მიეფარებიან, თუმცა მათ მიერ დამკვიდრებული ენა და გემოვნება ცვლილებასა და გადახალისებას, გადახედვას იოლად არ დაექვემდებარება. უფრო გასაგებად ვიტყვი: ტრადიციას დიდი ძალა აქვს, მით უფრო – მონობაში გამოკვეთილ და დამკვიდრებულ ტრადიციებს!
სახელის შემოკლებაც, ეს თითქმის აუცილებელი და ბოლომდე გაუცნობიერებელი აქტი, დღესაც წარმატებით სრულდება თითოეული ჩვენგანის მიერ, ჩვენ თვალწინ, ჩვენ დაუკითხავად…

და გაუთავებლად გვესმის, ვწერთ და ვკითხულობთ: შ. რუსთაველი, ა. წერეთელი, გ. ტაბიძე…
შოთა რუსთაველისა რა მოგახსენოთ, აკაკი წერეთელი და გალაკტიონ ტაბიძე კი ყოველთვის ცდილობდნენ გვარზე მეტად თავიანთი სახელის დაწინაურებას: ალბათ ყველას გვინახავს ხელნაწერი ლექსები, ბოლოში დამშვენებული ფაქსიმილეთი – აკაკი. „ლურჯა ცხენების” ავტორმა კი არა მხოლოდ თავის გვარს დააღწია თავი, არამედ იმდენი შეძლო, რომ ქართულ საზოგადოებას ჩვეულებრივი გალაქტიონის ნაცვლად ერთადერთი გალაკტიონი შთააგონა, ერთხელ და სამუდამოდ.
 

ძილის უკმარისობა ბავშვებში: ინტელექტის დაქვეითება, გასუქება, ჰიპერაქტიურობაპო ბრონსონი, ეშლი მერიმენი

0
მთელ მსოფლიოში ბავშვებს საშუალოდ ერთი საათით ნაკლები სძინავთ, ვიდრე 30 წლის წინ, ამის საზღაური კი ინტელექტის დაქვეითება, ემოციური მდგომარეობის გაუარესება, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა და გათქვირებაა. რა ხდება ბავშვის ორგანიზმში ძილის დროს ანუ რა ემართება მის ტვინს, ჰორმონულ ფონსა და ორგანიზმის სხვა სისტემებს? რატომ არის ძილის ნაკლებობა ზრდასრულთათვის მავნებელი, ბავშვებისთვის კი გამანადგურებელი? გაგაცნობთ ამერიკელ მკვლევართა თვალსაზრისს.

ძილის ნაციონალური ფონდის მონაცემებით, ამერიკელი მშობლების 90%-ს მიაჩნია, რომ მათ შვილს საკმაოდ დიდხანს სძინავს, თავად ბავშვებს კი სხვა აზრი აქვთ: უფროსი კლასების მოსწავლეთა 60% აცხადებს, რომ მათ დღის განმავლობაში ეძინებათ, გამოკითხული მოსწავლეების 20-33%-ს კი კვირაში ერთხელ მაინც ერევა ძილი გაკვეთილების დროს.

სტატისტიკა მოწმობს, რომ ბავშვების უმრავლესობას ძილი აკლია. მოზარდთა ნახევარს სადაგ დღეებში 7 საათზე ნაკლები სძინავს, უფროსკლასელების ძილის საშუალო ხანგრძლივობა კი 6,5 საათზე ცოტა მეტია. მათ მხოლოდ 5%-ს სძინავს 8 საათი.

რასაკვირველია, ჩვენც საკმაოდ ვიღლებოდით, როცა სკოლაში დავდიოდით, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენი შვილები. დღეს ბავშვებს ყოველ ღამით ერთი საათით ნაკლები სძინავთ, ვიდრე 30 წლის წინ. როგორც გაირკვა, ბაღის ასაკის ბავშვებსაც კი 30 წუთით ნაკლები სძინავთ, ვიდრე 30 წლის წინ ეძინათ. ამ უკანასკნელთა მშობლებს ამგვარი ვითარება ძლიერ აშფოთებს, სკოლის მოსწავლეთა უძილობა კი ასეთივე შეშფოთებას არ იწვევს. ძილის ხანგრძლივობის შემცირებას მრავალი მიზეზი აქვს: გადატვირთვა, რეჟიმის არარსებობა და სხვა.

სამწუხაროდ, ჩვენ უგულებელვყოფთ ამ დაკარგულ საათს, რადგან არასოდეს გვესმოდა ბავშვებისთვის მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მაგრამ, აი, რას ამბობენ ძილის სპეციალისტები: ტვინი 21 წლამდე ვითარდება და ეს განვითარება მნიშვნელოვანწილად სწორედ ძილის დროს მიმდინარეობს. მოზარდი ასაკის მრავალი ტიპური პრობლემა სწორედ ქრონიკული უძილობით არის გამოწვეული.

თუმცა ყველაზე საოცარი ეს არ არის. აღმოჩნდა, რომ ცუდი ძილი დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა სიმსუქნის პანდემია, ყურადღების დაქვეითება და ჰიპერაქტიურობა. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ბავშვის ჩამოყალიბების დროს ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს შეუძლია, ტვინში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს, კერძოდ, იმგვარი დაზიანება, რომლის აღმოფხვრაც შემდგომ შეუძლებელი იქნება უბრალოდ გამოძინებით ანუ დაკარგული ძილის ანაზღაურებით. მოზარდი ასაკის მრავალი ტიპობრივი პრობლემა – პრეტენზიულობა, დეპრესია და ბევრი ჭამა – სინამდვილეში ქრონიკული უძილობის სიმპტომებია.
ძილი და ნიშნები

დოქტორი ავი სეიდჰი (თელ-ავივის უნივერსიტეტი) ძილის ფენომენის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარია. ორიოდე წლის წინ მან მეოთხე-მეექვსეკლასელი 77 მოსწავლის ძილი გამოიკვლია. სამი დღის განმავლობაში ბავშვების ნახევარს ადრე უნდა დაეძინა, მეორე ნახევარს კი გვიან. აქტიურობის რეგისტრატორის მეშვეობით (ხელსაწყო, რომელიც ძილის რეალური ხანგრძლივობის დადგენის საშუალებას იძლევა) სეიდჰის კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ბავშვების პირველ ნახევარს 30 წუთით მეტი ეძინა, მეორეს კი 31 წუთით ნაკლები. მესამე ღამის შემდეგ მეცნიერის წინაშე შემდეგი სურათი დაიხატა: ძილის ერთსაათიანი ნაკლებობით გამოწვეული განსხვავება (აკადემიურ მოსწრებაში) უფრო დიდი იყო, ვიდრე ის განსხვავება, რომელიც მე-4 და მე-6-კლასელებს შორის საზოგადოდ არსებობს. მარტივად რომ ვთქვათ, ძილმორეული მეექვსეკლასელი სკოლაში მეოთხეკლასელივით სწავლობს.

ძილ-ღვიძილის სფეროს სპეციალისტი, ბიოლოგი დოქტორი მერი კარსკადონი: „მშობლებიპრაქტიკულად ყველა ბავშვს აძლევენ ნებას, უქმე დღეებში გვიან დაიძინონ. მართალია, მათ ამ დღეებში საკმაოდ სძინავთ, მაგრამ საქმე ის არის, რომ შედარებით გვიან იძინებენ პარასკევ და შაბათ საღამოს. დოქტორმა მონიკა ლებურჟუამ აღმოაჩინა, რომ დაძინების დროის ცვლილება (ანუ გადაწევა) ნეგატიურ გავლენას ახდენს სტანდარტული IQ ტესტის შედეგზე. ძილის დაგვიანების თითოეული საათი ბავშვს ტესტის შვიდი პუნქტი უჯდება. იმავე დასკვნამდე მივიდა დოქტორი პოლ სერატიც (ვირჯინიის უნივერსიტეტიდან)”.

კორელაცია ძილის ხანგრძლივობასა და აკადემიურ მოსწრებას შორის განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული საშუალო სკოლის დონეზე. დოქტორმა კაილა ვალსტრემმა (მინესოტის უნივერსიტეტიდან) შვიდი ათასზე მეტი მოსწავლე გამოიკვლია – ერთმანეთს შეუფარდა მათი ძილის გრაფიკი და სწავლის შედეგები. თუ შეფასების მაქსიმალურ ქულად 5-ს ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ ფრიადოსნებს საშუალოდ 15 წუთით მეტი სძინავთ, ვიდრე კარგოსნებს, ამ უკანასკნელებს კი 15 წუთით მეტი სამოსნებთან შედარებით და ა.შ. ვალსტერის მიერ მიღებული მონაცემები თითქმის სავსებით შეესაბამება მანამდე წარმოებულ კარსკადონის კვლევას, რომელიც სამი ათას როდაილენდელ სკოლის მოსწავლესთან ჩატარდა. ამ ორი დამოუკიდებელი კვლევის შედეგების დამთხვევა შთამბეჭდავია. როგორც გაირკვა, 15-წუთიან ძილსაც კი ჰქონია მნიშვნელობა. 

ძილი და მეხსიერება

გამოკვლევებმა აჩვენა, რამდენად ვნებს ბავშვის ტვინს არასაკმარისი ძილი. ასეთ მდგომარეობაში ბავშვი ცოტა ხნის წინ ნასწავლს ვერ იმახსოვრებს, რადგან ამ დროს ნეირონები კარგავენ პლასტიკურობას და უუნარონი ხდებიან, დაამყარონ ახალი სინაფსური კავშირები, რაც დამახსოვრებისთვის აუცილებელია.

უყურადღებობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ძილის დეფიციტი ასუსტებს სისხლიდან გლუკოზის შეწოვის უნარს. ამის გამო ყველაზე მეტი ზიანი ადგება ტვინის პრეფრონტალურ ქერქს, რომელიც პასუხს აგებს ე.წ. „აღმასრულებელ ფუნქციებზე”. ამ ფუნქციებს განეკუთვნება ასევე აზროვნების მართვა, რომელიც გარკვეულ შედეგამდე უნდა მივიდეს, შეძლოს შედეგების პროგნოზირება და ჩადენილ ქმედებათა შედეგების აღქმა. ამრიგად, გამოუძინებელ ბავშვს უჭირს ამ ფუნქციების წარმოება და კონტროლი, ამიტომ ისეთი აბსტრაქტული მიზანი, როგორიცაა სწავლა, გასართობ ღონისძიებებთან შედარებით უკანა პლანზე გადაიწევს. დაღლილი ტვინი, ასე ვთქვათ, ერთ ადგილს ტკეპნის, რადგან აღარ შეუძლია შემოქმედებითი აზროვნება.

ბოლო წლებში მეცნიერებმა გამოარკვიეს, რა ფუნქციას ასრულებს ტვინი, როცა ბავშვს სძინავს. დოქტორ მეთიუ უოლკერის (ბერკლის უნივერსიტეტი) თქმით, ამ დროს ტვინი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას საიმედო ადგილზე „ინახავს”. ძილის ყოველი სტადია ინფორმაციის შენახვაში თავის როლს ასრულებს.

მაგალითი: უცხო ენის შესწავლისას საჭიროა სიტყვების ათვისება, ახალი ბგერების დასამახსოვრებლად სმენითი მეხსიერებისა და მოტორული მეხსიერების ამუშავება, რათა სწორად იქნეს ჩაწერილი ახალი სიტყვა. ღამის დასაწყისში, ნელტალღური ძილის დროს, ხდება სიტყვების სინთეზირება ჰიპოკამპთან – ეს ფაზა ღრმა მოსვენების უსიზმრო მდგომარეობაა. წარმოთქმის მოტორული ჩვევა მუშავდება არასწრაფი ძილის მეორე სტადიაზე, ხოლო სმენითი მეხსიერობის კოდირება ძილის ნებისმიერ სტადიაზე მიმდინარეობს. ემოციური მეხსიერება სწრაფი ძილის ფაზაში მუშავდება.

ბავშვების ძილი ზრდასრულთა ძილისგან ხარისხობრივად განსხვავდება, რადგან ბავშვების ძილის ხანგრძლივობის 40%-ზე მეტი სწორედ ნელტალღური სტადიაა (რაცზრდასრული ადამიანების ძილთან შედარებით ათჯერ მეტია). ამიტომ არის მნიშვნელოვანი ღამის კარგი ძილი ნებისმიერი სახის ინფორმაციის ხანგრძლივად დასამახსოვრებლად. რაც უფრო მეტი გაიგეთ დღის განმავლობაში, მით მეტი ძილი გჭირდებათ.

„იქმნება საშიში ვითარება, – აცხადებს უოკერი, – რადგან ბავშვების განსწავლის ინტენსივობა მკვეთრად იზრდება, მათი ძილის მოცულობა კი იკლებს. თუ ეს ორმხრივი ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა, ბავშვის ტვინი ასეთ დატვირთვას ვეღარ გაუძლებს”.
ძილი და ზედმეტი წონა

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პუტკუნა ბავშვების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. აშშ-ის მთავრობა ერთ მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს სკოლებში ჯანსაღი კვების სწავლების პროგრამებზე. მაკმასტერის უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემებით, 57 ასეთი პროგრამიდან მხოლოდ 4-მა მოიტანა შედეგი.

დიდხანს მთავარ ბოროტებად ტელევიზორი მიიჩნეოდა. ხშირად ვამბობდით: თანამედროვე ბავშვები, ნაცვლად იმისა, რომ ეზოში დაჭერობანას, ომობანას, წრეში ბურთს თამაშობდნენ, ტელევიზორთან (ან კომპიუტერთან) სხედანო. ყოველივე ამის კავშირი სიმსუქნესთან იმდენად ცხადი ჩანდა, რომ ეჭვის შეტანა თითქმის არავის უცდია.

„ეს რელიგიასავით იყო – მხოლოდ უნდა გერწმუნათ, – აცხადებს ელიზაბეტ ვანდევოტერი (ტეხასის უნივერსიტეტი), – მაგრამ ეს არ არის მეცნიერული მიდგომა”. მან გააანალიზა იმ 8 000 ოჯახის ცხოვრება, რომლებსაც 1968 წლიდან შეისწავლიდა და აღმოაჩინა, რომ მსუქანი ბავშვები ტელევიზორს ნორმალური წონის თანატოლებზე მეტხანს არ უყურებენ. ასე რომ, სიმსუქნესა და ტელევიზორის ყურების ხანგრძლივობას შორის სტატისტიკური კორელაცია არ არსებობს.

ელიზაბეტ ვანდევოტერმა შეისწავლა ბავშვების დღიურები და აღმოაჩინა, რა იყო მცდარი მანამდე არსებულ კვლევებში: ბავშვები ფიზიკურ აქტივობას სულაც არ ანაცვლებენ ეკრანთან ჯდომით. „ბავშვებს ფუნქციურად ეკვივალენტური ქმედებების ურთიერთჩანაცვლება შეუძლიათ. თუ მათ ტელევიზორის ყურებას აუკრძალავთ, ისინი ფეხბურთის სათამაშოდ კი არ წავლენ, არამედ გართობის ისეთ საშუალებას მონახავენ, რომელიც ასევე არ მოითხოვს მოძრაობას”.

ხუთი წლის წინ დოქტორმა ევა ვან კოტერმა აღმოაჩინა „ნეიროენდოკრინული კასკადი”, რომელიც სიმსუქნის პრობლემას ძილს უკავშირებს. ძილის დეფიციტი ხელს უწყობს გრელინის ჰორმონის წარმოშობას, რომელიც შიმშილის შესახებ სიგნალს აგზავნის და ამცირებს მისი მეტაბოლური ანტიპოდის, ლეპტინის, რაოდენობას, რომელიც მადას თრგუნავს. ძილის უკმარისობა ასევე ხელს უწყობს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, დონის მატებას. კორტიზოლი სტიმულს აძლევს სხეულში ქონის წარმოშობას. გარდა ამისა, ზიანდება ზრდის ჰორმონიც. ნორმალურ მდგომარეობაში ზრდის ჰორმონი ერთხელ ინტენსიურად გამოიყოფა (გამოიტყორცნება) ძილის დასაწყისში და ეს გამოსროლა აუცილებელია ქონის გასანეიტრალებილად. იმ ბავშვებს შორის, რომლებსაც 8 საათზე ნაკლები სძინავთ, სამჯერ მეტად გვხვდებიან პუტკუნები, ვიდრე მათ შორის, ვისაც 10 საათი სძინავს.
დავუბრუნოთ ბავშვებს ძილი

დოქტორი ჯუდით ოუენსი ბრაუნის უნივერსიტეტთან არსებულ ძილის კლინიკას ხელმძღვანელობს. ერთხელ მასთან 15 წლის გოგონა მივიდა, რომელიც თავის ძლიერ ტკივილებს უჩიოდა. აღმოჩნდა, რომ გოგონას გრაფიკი ძალიან დამქანცველი იყო: ის გაკვეთილების შემდეგ თითქმის ყოველდღე რამდენიმე სხვადასხვა წრეზე (ცეკვა, მუსიკა, ტანვარჯიში) დაჰყავდათ, მერე კი საშინაო დავალებების შესრულება უწევდა. შედეგად მას მხოლოდ 5 საათი ეძინა. ოუენსმა ბავშვს დატვირთვის შემსუბუქება და მეტი ძილი ურჩია.

გოგონას მამას ეჭვი შეეპარა რეკომენდაციის სარგებლიანობაში და მისი დასაბუთება მოითხოვა. რასაკვირველია, მამას ესმოდა, რომ ბავშვს ძილი სჭირდებოდა, მაგრამ ნუთუ ის ფრანგულ ენაზე ან კარგ კოლეჯში ჩარიცხვაზე მნიშვნელოვანი იყო?!

ოუენსმა სტანდარტული არგუმენტის მოყვანა სცადა: „მისცემდით თუ არა თქვენს ქალიშვილს მანქანის ტარების უფლებას უსაფრთხოების ღვედის გარეშე? ძილიც სწორედ ასეთივე ღვედია”. მაგრამ მამას, პირიქით, სწორედ აქტივობათა შემცირება მიაჩნდა საფრთხედ. იქნებ თავის ტკივილს არც მას შემდეგ გაევლო, რაც ბავშვი რომელიმე წრეზე სიარულს მიატოვებდა?

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ძილი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება კი არა, ხასიათის სისუსტეა. ვერც კი წარმოგვიდგენია, რას ვკარგავთ ძილთან ერთად. დოქტორმა დევიდ ჯინჯესმა (პენსილვანიის უნივერსიტეტი) ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: ზრდასრულთა ძილის ხანგრძლივობა ექვსი საათით შეამცირა. ორი კვირის შემდეგ მათ მეცნიერს განუცხადეს, რომ განსაკუთრებულ ცვლილებას ვერ გრძნობდნენ, თუმცა ტესტებმა აჩვენა, რომ ცხოვრების ამგვარმა რეჟიმმა მათ ისეთივე ზიანი მიაყენა, როგორიც ადგება ადამიანს 24-საათიანი სიფხიზლისას. ბავშვებისთვის კი ძილის დეფიციტი შესაძლოა გაცილებით საზიანო აღმოჩნდეს.

„aluminibus et salibus“ – არ გაამხილოთ…

0
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ადამიანები ჯერ კიდევ გულწრფელად და უნიღბოდ იღიმებოდნენ, ჰაერი კამკამა და სუფთა ჰქონდათ, წყალი კი ქლორისა და მძიმე მეტალების გარეშე. არც ქარხნებისა და მანქანების გამონაბოლქვი აწუხებდათ. სამაგიეროდ, ფერიები და ჯადოქრები იყვნენ, შესაძლოა, დევები და ურჩხულებიც. ან არც ყოფილან და მე ვაჭარბებ. აბა, რა ვიცი, ამ წერილს დილაუთენია ვწერ და მეორედ ვცდილობ, ზღაპარს მოვაბა თავი. ჰოდა, მინდა, შესაფერისი განწყობა შევიქმნა. ის კი ვიცი, ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ყველაფერი სხვანაირად იყო. ოღონდ, როგორც ალქიმიურ დოქტრინებში წერია, „aluminibus et salibus”, ანუ „არ გაამხილოთ, საიდუმლოდ შეინახეთო”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რასაც წაიკითხავთ, არ უნდა გაამხილოთ და მე და თქვენ ჩვენი პატარა საიდუმლო გვექნება.

შვიდი ციური სხეული, შვიდი მეტალი და შვიდი სული წითელი ხაზივით მიჰყვებოდა ალქიმიკოსთა დოქტრინას. ოქროს შემდეგ ვერცხლი ყველაზე ძვირფასი იყო და რას აღარ უწოდებდნენ: „მთვარეს” (al-qamar), „დედას” (al-umm), „თეთრ ცვილს” (al-šam‘aal-bayÅ×’), „ღამეს” (al-layl), „სპილოს ძვალს” (al-‘×§), „ნაკვალევს” (al-fa§§), „ტრაბახას” (al-½alīf), „მექალთანეს” (al-zīr), „კეთროვანთა ოქროს” (al-²ahab al-abra½). უკანასკნელი სახელი უკავშირდებოდა ვერცხლის უნარს, განეკურნა ნებისმიერი დაავადება. იმავე თვისებას მიაწერდნენ ოქროსაც. თუ ამ ორ ლითონს სხეულთან ახლოს იქონიებდით, ნებისმიერ დაავადებას (მათ შორის – კეთრსაც) დაამარცხებდით.

პარიზის ერთ ვიწრო ქუჩაზე უხსოვარი დროიდან არის წიგნების მაღაზია. შეხვალ თუ არა, მაშინვე იგრძნობ, არაჩვეულებრივ ადგილას მოხვდი. მეთხუთმეტე საუკუნეში აქ ნიკოლა ფლამელი მუშაობდა, წიგნების გადამწერი. ერთხელაც დაეძინა და სიზმარი ნახა, ოღონდ თითქოს ძილთან ერთად ეღვიძა კიდეც. რაღაც თეთრი კვამლი გამოსცხადებია და ალქიმიური ტრაქტატი მიუცია. მთელი წიგნი წაუკითხავს და ეს უბრალო კაცი, რომელიც გროშების სანაცვლოდ გადამწერად მუშაობდა, ისე გამდიდრებულა, რომ სულ მალე თოთხმეტი საავადმყოფოს, შვიდი ეკლესია-მონასტრის მფლობელი გამხდარა ჯერ პარიზში და შემდეგ ბულონში. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა მერე? სრულიად ჩვეულებრივი რამ – მტრები გაუჩნდა და მანაც თავისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის იმიტაცია მოაწყო, თვითონ კიდევ ადგა, ინდოეთში გადაიხვეწა და ერთ მონასტერს შეაფარა თავი. მონასტერი გარედან პირქუში და სევდიანი ყოფილა. აქ ვერცხლს თეთრი კვამლისა და გობლინების სამკაულებისგან ქმნიდნენ. არ შემისწოროთ, გობლინები არ არსებობენო. საზღაპრო განწყობას ვიქმნი-მეთქი, დავწერე ზემოთ. შესაძლოა, ახლა, 21-ე საუკუნეში აღარ არიან, თორემ მაშინ იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ნიკოლა ფლამელი, რომელიც ამ მონასტერში ალქიმიკოსობდა და „თეთრი ცვილის” (ხომ გახსოვთ, ვერცხლის ერთ-ერთი სახელია) მიღებას ცდილობდა, მათთან შეხვდრებს არ უარყოფდა.

ნუ მომთხოვთ, გიპასუხოთ, რატომ ცდილობდა ფლამელი ვერცხლის მიღებას, მაშინ როდესაც სიზმარში წაკითხული ტრაქტატის წყალობით ოქროს მიღების წესი უკვე იცოდა და გამდიდრებულიყო კიდეც. თუმცა ინდოეთში ის ღარიბი ჩავიდა და შესაძლოა, აღარც ოქროს მიღებაში უმართლებდა. ასეა თუ ისე, ფლამელისეული ერთი რეცეპტი ვიცი. ისიც ვიცი, რომ საიდუმლოს შენახვა შეგიძლიათ, ამიტომ აუცილებლად გაგანდობთ:
აიღეთ ერთი დიჰრამი „მთვარის გრძნობა” და შეურიეთ ათ დიჰრამ „მოახლეს”. ამ ყველაფერს ძმარმჟავა დაუმატეთ და რკინის ჯოხით მოურიეთ. შემდეგ ცეცხლზე შემოდგით და მანამდე გააცხელეთ, სანამ ძმარმჟავა მთლიანად არ აორთქლდება. მიღებული მასა გააცივეთ და „თეთრ ცვილს” მიიღებთ.
ამ რეცეპტის გამოყენება არც კი იფიქროთ! ალქიმიურ დოქტრინაში ბევრი ვეძებე, მაგრამ „მთვარის გრძნობა” რა არის, ვერ დავადგინე. აი, „მოახლე” ვერცხლისწყალია. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ვერცხლისწყალდამატებულ „მთვარის გრძნობას” ძმარმჟავას რომ დაასხამთ და ცეცხლზე შემოდგამთ, მტრისას, რასაც მიიღებთ. თუ მაინცდამაინც თავად გსურთ ვერცხლის მიღება, უკეთეს რეცეპტს გასწავლით. მართალია, ცოტა ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ, სამაგიეროდ, უსაფრთხოა. ოღონდ მეთოდი არ გაამხილოთ… „aluminibus et salibus”…
აიღეთ მთვარის მარილი და სპილენძის მავთული. ოჰ, მეც ალქიმიკოსების ენით ავლაპარაკდი. მთვარის მარილი ვერცხლის ნიტრატია. მავთული ცეცხლზე დააზიანეთ და უხეში ფაქტურის ქსოვილით გახეხეთ. მოამზადეთ მთვარის მარილის 0,5 M ხსნარი, 30 მლ ჩაასხით ქიმიურ ჭიქაში და მავთული შიგ ჩადეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ რეაქცია დაიწყება, ხსნარი ცისფერ შეფერილობას მიიღებს (სპილენძის იონების გადასვლის გამო), მავთულზე კი მეტალური ვერცხლი გამოილექება.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და მის მიერ გამართულ ყოველწლიურ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მეხალისება და მევალება კიდეც. წელს ვერცხლის მიღებაც მქონდა ჩემი სამეცნიერო კარვის მენიუში. მოხალისეებად ის სტუდენტები მყავდა, რომლებიც სხვებზე მეტად იყვნენ ქიმიაში გაწაფული. თუმცა ერთი სხვაც მომამაგრეს, ძალიან ხალასი და ენერგიული გამომეტყველების ყმაწვილი. რა სპეციალობის ხარ-მეთქი? იურისტიო. უჰ, ვიფიქრე, კარგი ბიჭი კი ჩანს, მაგრამ ამან რა უნდა გამიკეთოს-მეთქი, მას კი გავუღიმე და ვუთხარი, კარგი, მოდი, დადექი და გვიყურე-მეთქი. მიყურა, როგორ მივიღე ვერცხლი, რა ამბებს მოვყევი ალქიმიკოსებზე, კარავში ხალხის მომდევნო ნაკადის შემოსვლისას კი განზე გამწია და თვითონ შეუდგა ვერცხლის მიღებას, თან ჩემს მოყოლილ ამბებს ხომ ჰყვებოდა – თავისი ფანტაზიითაც უმატებდა. მოკლედ, მისი ხელმარჯვეობით მეც კმაყოფილი დავრჩი და თვითონაც ბედნიერი იყო, ვერცხლის კეთება რომ ისწავლა.

სუფთა ვერცხლი რბილი და პლასტიკურია. ძალიან მტკიცე არ არის. მაღალი ელექტრო- და სითბოგამტარობით ხასიათდება. ვერცხლის ჭურჭელში შენახული წყალი სტერილდება და დიდხანს არ ფუჭდება. ამას ვერცხლის იონები განაპირობებს, რომლებსაც ძლიერი ბაქტერიციდული თვისებები აქვს. ვერცხლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები მის ქიმიურ სისუფთავეზეა დამოკიდებული. ლეგირებით ისეთ არასასურველ თვისებებს კარგავს, როგორიცაა სირბილე, დაბალი მექანიკური სიმტკიცე, მაღალი რეაქციის უნარი გოგირდის მიმართ და სხვა.

ფლამელის სამუშაო ადგილი, ანუ ლაბორატორია, მონასტრის ყველაზე მიყრუებულ ადგილას ყოფილა. ამას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონოდა – ან ავ თვალს არიდებდნენ და გახმაურება არ უნდოდათ, რა ხდებოდა მონასტერში, ან იქიდან იმისთანა სუნი და აფეთქების ხმა გამოდიოდა, რომ თვითონვე ერიდებოდნენ. ვფიქრობ, მეორე ვერსია უფრო სწორია. გარდა ამისა, ლაბორატორიაში სულები დაეხეტებოდნენ. მონასტრის სხვა მკვიდრთ მათთან შეხვედრისა ეშინოდათ. ზოგიერთი სული იმისთანა იყო, შეიძლებოდა მოეწამლე კიდეც. არ გეგონოთ, რომ მართლა ზღაპრებში ვარ გადავარდნილი და ახლა სულების არსებობას გიმტკიცებთ – სულები, რომლებზეც ალქიმიკოსები საუბრობდნენ, სხვა არაფერია, თუ არა დამახასიათებელი სუნის მქონე ჩვეულებრივი ქიმიური ნივთიერებები და თუ ისინი ღრმად ჩაისუნთქე, მოწამვლა არ აგცდება. მაგალითად, ამონიუმი და მისი მარილები (nuš×dir), დარიშხანი (zirnīq), წითელი დარიშხანი, იგივე არომატული ცვილი (al-zirnīqal-a¬mar), ოპერმენტი, იგივე დარიშხანის სულფიდი (al-zirnīq al-a½far), ყვითელი გოგირდი (al-kibrīt al-a½far), წითელი გოგირდი (al-kibrīt al-a¬mar) და თეთრი გოგირდი (al-kibrīt al-abyaÅ).

ფლამელს „თეთრი ცვილი” მართლაც მიუღია. გახსოვთ, ზემოთ ვერცხლის სხვადასხვა სახელი ჩამოგითვალეთ, მაგრამ, ფლამელისეული ვერსიით, ის სწორედ „თეთრი ცვილი” იყო. როგორ მიიღო, არ ვიცი, მეეჭვება, ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი რეცეპტით რამე გამოსვლოდა, გარდა იმისა, რომ თავი ასტკივდებოდა და ძმარმჟავასა და „მოახლის”, იმავე ვერცხლისწყლის ყნოსვის გამო ძალიან ნერვული გახდებოდა. თუმცა, შესაძლოა, სხვა რეცეპტიც ჰქონდა სადმე. „თეთრ ცვილს” კი იმიტომ უწოდებდა, რომ მიღებული მასა მყიფე გამოსდიოდა. თუ ეს ნამდვილად ვერცხლი იყო, ის პლასტიკური და წელვადი უნდა ყოფილიყო და არა მსხვრევადი. არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ გეტყვით, რომ ზოგიერთი გაზი, მაგალითად, წყალბადი, ჟანგბადი, ნახშირბადის მონო- და დიოქსიდი, ვერცხლში იხსნება, რის გამოც ის მსხვრევადი ხდება.

ეს ამბავი მაშინ მომხდარა, როცა მე და თქვენ ჯერ არ ვიყავით. არც არავინ იცოდა, ვიქნებოდით თუ არა. მაშინ არც მარკ ცუკერბერგი და მისი პირმშო ფეისბუქი ყოფილან. არადა, საოცარი რამ გამოიგონა – ქიმიური ინდიკატორის მსგავსი ქსელი, რომელიც ადამიანებს ამზეურებს. ამ ქსელში ყველაფერი სხვანაირადაა. აქ შესაძლოა შენი წარმატება ვერ „შეამჩნიონ” ან, პირიქით, ძალიან გაუხარდეთ. შესაძლოა დაუსრულებლად ესტუმრონ შენს გვერდს, ოღონდ ერთი მინიშნებაც არ დაგიტოვონ. შესაძლოა სრული გულგრილობა გაჩვენონ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ფიქრებისა თავადვე შეეშინდეთ. 

მოკლედ, ეს ყველაფერი მაშინ არ იყო. მაშინ ყველაფერი არეული გახლდათ. ოღონდ, ხომ გახსოვთ, „aluminibus et salibus” … ჰოდა, ჩუმად… არაფერი გაამხილოთ…

„ოსკარი“ მარტოხელა დედებს

0
3 მარტის ღამეს, „ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიალზე, როცა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი უნდა მიეღო, ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ჯარედ ლეტომ სცენიდან ისეთი სიტყვა წარმოთქვა, რამდენიმე წამით რეალობას მოვწყდი და მომეჩვენა, რომ ვიღაც ქართველი მშობელს დედის დღეს ულოცავდა.

„1971 წელს ლუიზიანელი თინეჯერი გოგონა მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. გოგონა საშუალო სკოლიდან გამოაგდეს. იგი მარტოხელა დედა იყო, მაგრამ როგორღაც მოახერხა, უკეთესი ცხოვრება შეექმნა თავისთვის და თავისი შვილებისთვის. იგი აქეზებდა შვილებს, ყოფილიყვნენ კრეატიულები, ემუშავათ ბევრი და შეექმნათ რაიმე განსაკუთრებული. ეს გოგონა დედაჩემია და ის აქ არის. მიყვარხარ, დედა, და გმადლობ იმისთვის, რომ ოცნება მასწავლე!”

მისმა სიტყვებმა გამახსენა, რომ მარტოხელა დედები და მათდამი საზოგადოების დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში მძიმე თემაა. ამის გათვალისწინებით, მსახიობის სიტყვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

12-13 წლის ვიქნებოდი, როცა მითხრეს, კარგი იქნება, თუ  შენს მეგობარს, ძალიან ლამაზი რომაა, ძალიან რომ გიყვარს და მასთან ურთიერთობას არაფერი გირჩევნია, ასე ხშირად აღარ ნახავ – ბიჭებს ეპრანჭება, შინ გვიან ბრუნდება და საერთოდ, მისი საქციელი დიდად მოსაწონი სულაც არ არისო. იცით, ხომ, როგორია ადამიანი 12-13 წლის ასაკში – მზადაა, მთელ სამყაროს დაუპირისპირდეს და ყველას პირში უთხრას სიმართლე. მეც ასე, განრისხებულმა ვიძახე, რა თქვენი საქმეა, ვინ ვის ეპრანჭება და შინ როდის ბრუნდება, მეგობრობა ასეთი არგუმენტებით არ წყდება-მეთქი. დროთა განმავლობაში ჩვენი გზები მაინც გაიყო. ის ადრე გათხოვდა, როგორც მერე გავიგე, ქმარი ეჭვიანი და მოძალადე აღმოჩნდა, ორი შვილი ეყოლათ, დაშორდნენ და, როგორც ხდება ხოლმე, ბავშვებს ბებია ზრდის, დედა სხვა ქვეყანაში წავიდა.

რამდენიმე წლის შემდეგ მეორე ნაცნობის შესახებ შევიტყვე, რომ ორსულად იყო. მისი მშობლებისთვის ეს ამბავი იმდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, გოგონას საკმაოდ დიდი ნაყოფი უკითხავად მოაშორეს, „უკანონო შვილიშვილის” გაქრობით „ოჯახის ღირსება” გადაარჩინეს. მოგვიანებით ეს გოგონაც გათხოვდა და უკვე ლეგიტიმური გზით გააჩინა შვილები, რომელთა საწინააღმდეგოც ბებია-ბაბუას, ცხადია, აღარაფერი ჰქონდა.

ასეთი ამბავი ჩვენ ირგვლივ უამრავი მომხდარა. მე მხოლოდ ის გავიხსენე, რაც ბავშვობიდან მძიმე ტრავმად მომყვება. ყველგან – შინ თუ გარეთ, სკოლებსა თუ ოჯახებში – ზეწოლას განიცდიან გოგონები, რომლებიც ლამაზები არიან და ბევრს მოსწონს, რომლებიც სხვებზე ადრე იზრდებიან, რომლებიც საღამოობით გვიან ბრუნდებიან შინ, რომლებსაც ვინმე შეუყვარდებათ, „გაგიჟდებიან” და ქორწინების გარეშე გადაწყვეტენ ბავშვის გაჩენას. ზეწოლის მიზეზი, წესისამებრ, სირცხვილია, გარშემო მყოფთა სირცხვილი, რომ მათ გვერდით ვიღაც ასე იქცევა, ვიღაცამ გაბედა და შეუყვარდა. არადა, ამ გოგონებს გაცილებით მეტად სჭირდებათ დახმარება, ვიდრე კანონიერ, ლეგიტიმურ კავშირში მყოფებს. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარში დგომა, რომ ბოლოს, ახლობლების სირცხვილით შეწუხებულები, მოძალადე ბიჭებს არ გაჰყვნენ ცოლად, სხვა ქვეყნებში არ გადაიკარგონ და „უკანონო” შვილები „კანონიერთა” გაჩენის პერსპექტივით არ ხოცონ.

სწორედ ამიტომ არის ამერიკელი მსახიობის სიტყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მთელი სამყაროსთვის. ლეტო ნათელი მაგალითია იმისა, რომ „უკანონო” შვილიც შეიძლება იყოს საამაყო და მეტიც – არ რცხვენოდეს დედის, რომელიც კოლეჯიდან გამოაძევეს; პირიქით, მადლიერი იყოს მისი, ვინც მარტომ გაზარდა ორი შვილი და, მძიმე პირობების მიუხედავად, საინტერესო ცხოვრება მისცა მათ.

არ ვიცი, რამდენს შეუცვლის ფასეულობათა სისტემას ოსკაროსანი მსახიობის სიტყვები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სირცხვილი არ არის ერთადერთი, უალტერნატივო გრძნობა, რომელიც შეიძლება ახლობლის, ოჯახის წევრის ან მეგობრის შენთვის (ან ვინმესთვის) მიუღებელი საქციელის შემდეგ დაგეუფლოს. პირიქით, ის სრულიად უმნიშვნელო უნდა იყოს მაშინ, როცა ადამიანს შენი თანაგრძნობა სჭირდება. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ ერთადერთი არ ხარ, ვის ახლობელსაც რაღაც შეემთხვა – ასეთი ამბავი ბევრ სხვასაც დასტეხია თავს. თუ თქვენს კლასში უცაბედად აღმოჩნდა ბავშვი, რომელსაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს და რომელსაც თანაკლასელები, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო, ალმაცერად უყურებენ, შეგიძლიათ თამამად მოუყვეთ ამერიკელი მსახიობის ამბავს. ასეთი ამბები მოზარდებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. თუ ხვდებით, რომ უფროსკლასელი გოგონა „საეჭვოდ” იქცევა, ნუ დაუწყებთ მორალის კითხვას, უბრალოდ, ჩამოუთვალეთ პრობლემები, რომლებსაც ნაადრევი კავშირების შემთხვევაში აუცილებლად შეეჯახება. თუ ხვდებით, რომ მშობელს რცხვენია თავისი შვილის გამო, უთხარით, რომ მას არაერთი კარგი თვისებაც აქვს, რომლებითაც შეუძლია იამაყოს და თუ აქცენტს ამ თვისებებზე დასვამს, ბავშვსაც განუმტკიცებს საკუთარი თავის რწმენასა და პატივისცემას. შესაძლოა, ეს შეგონებები იდეალისტურად და არადამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მწამს, რომ პატივისცემასა და სიყვარულს რადიკალური ცვლილებების მოხდება შეუძლია.

2010-2013 წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 30 000-მდე მარტოხელა დედაა. მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ და ვერც სახელმწიფოსგან იღებენ რაიმე შეღავათს. ამ რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულება და გარშემო მყოფების თანადგომა. სწორედ ეს მაიძულებს დედის დღეს ამ შინაარსის წერილის წერას, ვინაიდან ვიცი: ვიდრე მე და ჩემი შვილის მამა თბილ სახლში ბედნიერად ვცხოვრობთ, არაერთი სხვა დედა მარტო იბრძვის შვილების უკეთესი მომავლისთვის. და ისინი ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას.

საერთო თავისუფლების მომენტი

0

როცა მიხვდები, რომ საძინებელში წევხარ, შენ გვერდით შენი შვილი წევს და ყველაფერი, რაც ნახე, სიზმარი იყო, მშვიდდები. ჩემი სიზმარი უკრაინის ამბების გამოძახილი იყო. გავრბოდი და ზურგზე გამოსხმული თვალებითაც ვხედავდი შეიარაღებულ ადამიანებს და მათ ჩასისხლიანებულ  თვალებს, რომლებიც მომდევდნენ და ერთი სული ჰქონდათ, სანამ ტყვიას დამახლიდნენ. სიჩქარეში დავკარგე ტელეფონი და დედაჩემს და ჩემს დებს ვერ ვუკავშირდებოდი. გასაოცარია, რომ ტყვიები არ მხვდებოდა.  ისევ  იქ წავედი ტელეფონის მოსაძებნად, საიდანაც მესროდნენ. ის ხალხი, ვინც მომდევდა, სხვაგან წასულიყო, ნაგვის ურნასთან ახლოს ეგდო ჩემი თეთრი ტელეფონი. შემდეგ დედაჩემს დავურეკე და  მითხრა, რომ ისინი ახლა მათთან  მიდიოდნენ. დედაჩემი  მშვიდად იყო. გადავწყვიტე მათთან წავსულიყავი და მთელი ძალით ვცდილობდი, ავტობუსის ბორბლებს უფრო სწრაფად ემოძრავათ. სიზმრიდან საშინელმა  მუცლის ტკივილმა გამომიყვანა.

დედაჩემი, მგონი, მაშინაც მშვიდად იყო, როცა მისი ძმის, მღვდელ-მონაზონ ანდრიას გარდაცვალების ამბავი ცუდი ამბების მოჭიკჭიკე  ჩიტებმა მოუტანეს. ამას არც  სახლის წინ მჯდომი ბებიაჩემის გამოლოცვა უშველიდა : ”შენს პირს შაქარი ჩიტო, შენს პირს შაქარიო”, რომ ეუბნებოდა  ბოროტად მოჭიკჭიკე ჩიტებს, ფანჯრებთან ახლოს რომ დაფრიალებდნენ. დედაჩემმა მოისმინა ამბავი და გული შეუწუხდა. ჩვენ კი ოთახის კართან დადარაჯებული ბავშვები მივხვდით, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ივლისი იდგა, ცხელი და წყნარი. ჰაერში ომის სუნი ტრიალებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ახლოს იყავი ომთან თუ შორს, ის მაინც შეგეხებოდა, დაცული ვერ იქნებოდი. ბავშვებს თვითმფრინავის ხმები გვზაფრავდა და მერე უკანმოუხედავად, სადღაც გავრბოდით. ნელ-ნელა, როცა ყველაფერი დამთავრდა, მივხვდი, რომ სირცხვილი იყო ყოველი თვითმფრინავის გადაფრენაზე გულის აფრიალება და სადღაც გაქცევა. წლების მატებასთან ერთად დავივიწყე ეს შიში, შუაღამისას რომ ლოგინიდან წამომაგდებდა ხოლმე.

ბიძაჩემის, მღვდელ-მონაზონ მამა ანდრიას მამა, ელგუჯა ყურაშვილი, პოეტური ბუნების კაცი იყო. ბაბუა მართლაც წერდა ლექსებს, შემდეგ ბებიამ ბლოკნოტი უყიდა და, როგორც ლამაზი კალიგრაფიის პატრონს, მე მიხდებოდა მისი ლექსების გადაწერა და თავმოყრა. ჩვენი სახლის უკან თხილნარია. ადრე  აქ ძალიან მაღალი თუთა იდგა, ქლიავის და ლეღვის ხეები. სწორედ სახლის უკან იყო საკურდღლე და წითელთვალება თეთრი და ნაცრისფერი კურდღლების დაპურებაზე ყველა ერთად ვზრუნავდით. სახლის უკანა მხარეს, პატარა სახლუკა დგას ასევე. რატომღაც არასდროს დავინტერესებულვარ ეს ოთახი ადრე სხვა რამისთვის გამოიყენებოდა, თუ თავიდანვე ბაბუას საკუთრებაში იყო. ოთახის შესასვლელში გაყვითლებული ძველი გაზეთები და წიგნები ელაგა, ოთახში კი ერთი საწოლი, პატარა მაგიდა და სკამი იდგა. ფანჯარასთან ახლოს ბატარეებზე მომუშავე პატარა რადიო იდო. ეს იყო  მრავალშვილიანი ბაბუას განტვირთვის სავანე, სადაც ხანდახან ლექსებს წერდა და წიგნებს კითხულობდა. სწორედ ცხელი და წყნარი ივლისი იდგა და იმ პატარა რადიოში კი გამოაცხადეს, რომ მისი შვილი პაატა, ახლა უკვე მამა ანდრია, აფხაზეთში, სოფელ კომანში მოკლეს. მტერი დილის ხუთის ნახევარზე კამანში შევიდა, სოფლის მრევლს ტაძარში შეეფარებინა თავი. მამა ანდრიამ ყველა აზიარა, შემდეგ კი ის გარეთ გაიყვანეს. იგი  მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. მას კისერში ესროლეს ზურგიდან, როგორც ამბობენ, თვალი ვერ გაუსწორეს…

ამ თვეში უამრავ რამეს ვკითხულობდი. მეგობარმა, რომელიც ქალაქგარეთ გავიდა  და  სახლში ჩაიკეტა (სადაც მეგობრები და მეზობლები  ყინვაში შეშით ხელს უმართავდნენ), მობილური გამორთო და ნორვეგიულის სწავლა დაიწყო. მან მირჩია, ნორვეგიელი მწერლის იენს ბორნბოს “თავისუფლების მომენტების” წაკითხვა და ისიც მითხრა, რომ წიგნი გარკვეულ სიძნელესაც შემიქმნიდა.

  წიგნში  კომუნიზმის და ნაციზმის აჩრდილი დაპარპაშებს და ყველგან თავის მსახვრალ კვალს ტოვებს. მწერალი ცდილობს ადამიანური ბოროტება განიხილოს უფრო ფართო  ისტორიულ კონტექსტში და სწორედ ამიტომაც გიჩნდება განცდა, თითქოს ქანაობს ულმობელ სისასტიკეში, რადგან ადამიანური ბოროტებით სავსე პანდორას ყუთს ფსკერი არ უჩანს.

“ჩემი ცხოვრებიდან ბევრი არაფერი მახსოვს ომის,  მკვლელობის, საკონცენტრაციო ბანაკების, წამების, მონობის, სიკვდილით დასჯის, დაბომბილი ქალაქების და ბავშვების ნახევრადდამწვარი სხეულების გარდა. მახსოვს გერმანელი ბავშვების სხეულები ცეცხლგამჩენი ბომბებით დაბომბვის შემდეგ. მწკრივად ჩაწიკწიკებული”,  –  წერს ავტორი.

ნაწარმოების მთავარ გმირს აღარ ახსოვს რა ჰქვია. იგი ერთი ჩვეულებრივი იდენტობადაკარგული ადამიანია, რომელმაც ან განგებ დაივიწყა თავისი სახელი, ან მართლა დაავიწყდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი არ ეძებს თავის დაკარგულ ეგოს, თითქოს ასე უფრო მშვიდად და უსაფრთხოდაა.

მაიდანზე სიმშვიდეა, სნაიპერები აღარ ისვრიან, მათ უკვე მოასწრეს და 100-ზე მეტი ადამიანი  მოკლეს, ასეულობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. თებერვალი ისტორიულად ჩვენთვისაც მძიმეა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში რუსეთის არმია შემოვიდა და საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. 25 თებერვალი მძიმე დღეა ნორვეგიელებისთვისაც. 1943 წელს 158 ნორვეგიელი ებრაელი ნორვეგიიდან აუშვიცში გადაასახლეს. განსხვავება თარიღებშია და გეოგრაფიულ პუნქტებში. ის კი, რაც სამივე ერის წარმომადგენლებისთვის არსებითად ფასეული და ჭეშმარიტია, თავისუფლების მომენტია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი წარსულის მცოდნე საზოგადოებები ქმნიან.

 

სტალინი და განათლება საბჭოთა კავშირში

0

დღეს ისტორია სკოლებში არაპოპულარული საგანია. იგი რუტინულ, უინტერესო საგნად გადაიქცა, სადაც მასწავლებლის მთავარი ორიენტირი – მასალის მოსწრება, მოსწავლის მთავარი მიზანი კი ამ ფაქტების დასწავლა-დამახსოვრება-დაზეპირებაა. ამ პრობლემას, ცხადია, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ამ მიზეზთაგანი ისტორიისადმი სწორედ ესგ სახელმძღვანელოები, კატი და ეროვნული სასწავლო ცენტრის ჯაჭვური დამოკიდებულებაა. ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ავლენს ჩვენი საზოგადოების ხარვეზს, რომ ისტორია ფაქტოლოგიაა, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით საბჭოთა მენტალობიდან, რომ ისევ არსებობენ „ექსპერტები”, რომლებიც თვლიან, რომ  „მოსწავლემ ეს უნდა იცოდეს”!

სტატუს ქვო ასეთია: ისტორიის სწავლებაზე გვაქვს იგივე აზრი, რაც საბჭოთა ეპოქაში გვქონდა – ის არ არის საგანი, რომელიც უნდა გაიაზრო. ის იქცა რუტინულ, უინტერესო საგნად, რომელიც მოსწავლემ უნდა დაიზეპიროს და დაისწავლოს. პედაგოგისთვის კი მთავარია ფაქტოლოგიის აღწერა, მასალის მოსწრება და პროგრამაში ჩატევა. შესაბამისად, ჯილდოვდება მოსწავლე, ვისაც განსაკუთრებული ზეპირობის უნარი გააჩნია, რომელმაც ზედმიწევნით იცის ყველა თარიღი, რომელსაც კარგი მეხსიერება აქვს და ერთნაირი ინტერესით და დინამიკით შეუძლია ყოველი ახალი მასალის „დაფარვა”, თუმცა არ აინტერესებს  სიღრმე, ეპოქალური გააზრება, კრიტიკული ანალიზი (რადგან არ იცის და არც არავინ ასწავლის ამას); იჩაგრება მოსწავლე, რომელიც წერს ესეებს, არგუმენტირებულად მსჯელობს (არგუმენტირებულში იგგულისხმება მსჯელობათა სისტემას), ავლებს პარალელებს, აკეთებს დასკვნებს, გვთავაზობს სხვადასხვა (თუნდაც არაპოპულარულ, მაგრამ დასაბუთებულ) პერსპექტივებს, შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა, ბევრს კითხულობს (ცხადია, ასეთი მოსწავლეებიც არიან, მერე რა, რომ ძალიან ცოტანი?!) ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, იჩაგრება მოაზროვნე მოსწავლე. (საბოლოო ჯამში ასეთი მოსწავლე, ცხადია, არ დაიჩაგრება, თუმცა ის უთუოდ დაიჩაგრება ეროვნულ გამოცდებსა და კატზე).

იქნებ უპრატესობა აზროვნებას მივანიჭოთ. იქნებ ისტორიის საგანი  მომხიბვლელი გავხადოთ. იქნებ  სლოგანი – მთავარია რაოდენობა და არა ხარისხი ბოლოსდაბოლოს დავთმოთ. იქნებ ვაქციოთ ისტორიის საგანი სკოლებში  საინტერესო და მიმზიდველ საგნად, სადაც მოსწავლე  ფაქტებიდან აზროვნებაზე გადაინაცვლებს. დაბოლოს, იქნებ იარსებოს ერთმა პოლიტიკამ და არა რამდენიმე „დამკვეთმა” პროგრამამ.

პროექტი კომპიუტერების ოთახში

გთავაზობთ გაკვეთილ-პროექტს, რომელიც მასწავლებელს შეუძლია გრძელვადიან პროექტად აქციოს. გაკვეთილი მხოლოდ მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის არის გათვალისწინებული. ამ გაკვეთილში მთავარია, იკვლევდნენ მოსწავლეები. ისინი მკვლევრებად უნდა ვაქციოთ (თუნდაც მცირე ხნით მივცეთ საშუალება გადაუხვიონ ეროვნული გამოცდების პროგრამას, “კატებს”, „ეროვნულ ფაქტოლოგიას” და მივაახლოვოთ საკითხის სიღრმისეულ წვდომას).

 ვრცლად

წერითი მეტყველების განვითარება – სწავლა-სწავლების აქილევსის ქუსლი

0

ნათქვამია, არ არსებობს იოლი და ხელსაყრელი სიმართლე, სიმართლისათვის თვალის გასწორება გვიჭირს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ სიმართლეში გარკვეულწილად ჩვენი პასუხისმგებლობისა და გაწეული შრომის ანარეკლიც ჩანს.

ყველა დროის სირთულეს წარმოადგენდა წერა-კითხვის, ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება. არასოდეს ყოფილა იოლი მისი სწავლება და სწავლა. მითუმეტეს დღეს, როდესაც წიგნს, საწერ მასალასა და ცოცხალ მეტყველებას უალტერნატივო კონკურენტი — ისტტექნოლოგია — გამოუჩნდა.
დასამალი არ არის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უჭირთ წერაც, კითხვაც და ზეპირი მეტყველებაც. ამჯერად წერითი მეტყველების პრობლემას მინდა შევეხო, თუმცა სამივე მათგანი იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, შეუძლებელია მიზნის მიღწევა კომპლექსური მიდგომის გარეშე. მშობლიური ენა სწავლა-სწავლების საშუალებაც არის და უცხო ენების შესწავლის საძირკველიც. ეს ფენომენი კი უფრო აფართოებს მისი საფუძვლიანი შესწავლის მნიშვნელობას.
მოსწავლეებისათვის ადვილი გასააზრებელია ანალოგიები რეალურ სიტუაციებთან. როცა ვამბობთ, რომ წინადადება სინტაქსური კონსტრუქციაა, თვალსაჩინოებისათვის შეიძლება ჩვეულებრივი კონსტრუქტორიც ვაჩვენოთ, რომლის დეტალებითაც ნაირგვარი ფიგურები მიიღება. სიტყვა ჩვეულებრივი საშენი მასალაა. წინადადების ,,აშენება”, ფრაზის გამართვა იოლი არ არის. მოსწავლეები აღიარებენ, რომ იციან, რაც უნდა დაწერონ, მაგრამ ვერ წერენ… ისინი გულახდილად საუბრობენ ამის შესახებ : —
— თავში ათასი აზრი მიტრიალებს, მაგრამ ვერ ვალაგებ…
— ერთ სიტყვას რომ დავწერ, ვცდილობ, შემდეგი აზრი მასზე ავაწყო და არ გამომდის…
— რაც მახსენდება, ვწერ… წავიკითხავ და აღარ მომწონს…
ფაქტია, რომ ჩვენი მოსწავლეები თეორიულად ნასწავლ კრიტერიუმებს პრაქტიკაში სათანადოდ ვერ იყენებენ.
კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი გრამატიკული თამაშები წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარების სწორი და მიზანმიმართული სტრატეგიაა. იგი სწავლების ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება გამოვიყენოთ. ამ დროს ავთენტური და სახალისო ხდება მეცნიერების ნორმათა სწავლისა და გამოყენების პროცესი.
ლოტო მეტყველების ნაწილებით
 
არსებითი სახელი ზედსართავი სახელირიცხვითი სახელინაცვალსახელიზმნა
ზმნიზედათანდებულინაწილაკიკავშირიშორისდებული
მუყაოს ფირფიტებზე დაწერილია მეტყველების ნაწილები (მზე, ბავშვი, სამი, ირგვლივ, ვაკეთებ…) ერთი მოსწავლე ლოტოს პრინციპით ყუთიდან იღებს სიტყვებს, რა თქმა უნდა, რომელიც ამოჰყვება. მონაწილეებს წინასწარ აქვთ დარიგებული ფირფიტები მეტყველების ნაწილთა წარწერებით. გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც პირველი სწორად შეავსებს ფირფიტებს. ე. ი. თუ ამოიკითხა მზე, უნდა მოათავსონ იმ უჯრაში, რომელსაც აწერია — არს. სახელი და ა.შ.
აირჩიე და ისაუბრე
წინასწარ შერჩეული ნახატებსა და ილუსტრაციებს ვათავსებთ მაგიდაზე. მოსწავლეთა ჯგუფი შეარჩევს ერთ მათგანს. მის მიხედვით წერენ ამბავს, მოთხრობასა თუ ნოველას. ავლენენ საუკეთესო ნაშრომს.
მოკარნახე ნახატები
 
დაფაზე ვაკრავთ ნახატებს, რომელთა მიხედვითაც ადგენენ კომპოზიტებს. გამარჯვებულია ის, ვინც მეტს შეადგენს. გათვალისწინებულია ერთცნებიანი და ორცნებიანი სიტყვების მართლწერის წესი.
სინტაქსური დემოკრატია და ავტოკტატია
რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადების ანალოგიები ამ სახით ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელია. დემოკრატები (თანწყობა) და ავტოკრატები (ქვეწყობა) კითხულობენ ტექსტს და ინიშნავენ შესაბამის წინადადებებს. შემდეგ საპირისპირო თანმიმდევრობით გადააკეთებენ წინადადებას და ისე წერენ.
 
სიტუაციური ამოცანები
 
ნინომ ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოიტანა, მაგრამ არ მოეწონა. გოგონა დაბრუნდა ბიბლიოთეკაში და მუშაკს უთხრა: — მომეცით სხვა, საინტერესო წიგნი. ბიბლიოთეკარმა სწორად ვერ გაიგო ნინოს ნათქვამი და იმავე ჟანრის ლიტერატურა გაატანა. ნინო უკმაყოფილო დარჩა. დაეხმარეთ გოგონას და გაარკვიეთ, ნინოს ბრალია ეს გაუგებრობა თუ ბიბლიოთეკის თანამშრომლის?
კოლექტიური თხრობა
პირადად მე ძალიან მეხმარება აქტივობა — კოლექტიური თხრობა (ზეპირმეტყველება წერის სამსახურში). მოსწავლეები თითო წინადადებას ამბობენ მოცემული თემის შესახებ, ამ დროს მნიშვნელოვანია მოუსმინონ, რათა იგივე არ გაიმეორონ, იფიქრონ იმაზე, რომ შემდეგი წინადადება ლოგიკურად დააშენონ წინაზე. კლასი მობილიზებულია, ჩართულობა მაქსიმალური. აგრძელებს ის მოსწავლე, რომელსაც მასწავლებელი ან თვითონ მოსწავლე მიანიშნებს. ,,ვაშენებთ ერთად” — ასე ვუწოდეთ ამ პროცესს.
წერითი და ზეპირი მეტყველების ტიპები სწავლების სამივე საფეხურზეა წარმოდგენილი. სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისას თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. მოსწავლეს უნდა შეეძლოს თხრობის, აღწერისა თუ მსჯელობის გამიჯვნა, ერთი ტიპის მეტყველებიდან მეორეზე ლოგიკური გადასვლა.
მოსწავლე კომენტატორი
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა მოსწავლეების მიერ კომენტარების გაკეთებაა. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შეაფასონ თანაკლასელის მიერ შესრულებილი წერითი თუ სხვა სახის დავალება. ბუნებრივია, თავდაპირველად შესაძლებელია ამხანაგის გულისწყრომაც კი გამოიწვიოს თუნდაც სამართლიანად მიცემულმა რეკომენდაციამ. მოსწავლეები სულ რამდენიმე ცდის შემდეგ ეჩვევიან და მოსწონთ ეს პროცესი. ამ ფორმით მასწავლებელი ახერხებს პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართვას, რადგან ვინც არ ისმენს, კომენტარსაც ვერ გააკეთებს. მასწავლებელმა არ უნდა დაიშუროს პოზიტიური სტიმულები მოსწავლეთა მიერ კომპეტენტურად გაკეთებულ კომენტარზე. ვისაც ეს მეთოდი გამოუყენებია, დამიდასტურებს, რომ მოსწავლეები არაჩვეულებრივ განმავითარებელ შეფასებებს აძლევენ ერთმანეთს.
დაწერე კლასში
მნიშვნელოვანია, რომ კლასში ხშირად შეასრულონ თუნდაც ძალიან მცირე წერითი დავალება. დროის დაზოგვის, მოსწავლის წახალისებისა და პასუხისმგებლობის აღების მიზნით შესწორებისათვის რამდენიმე მოსწავლე მეხმარება.
სულ 2 წუთია საჭირო მოკლე და სხარტი კომენტარის გასაკეთებლად. ეს მეთოდი გამართლებულია მრავალრიცხოვან კლასშიც, როცა მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეთა ორგანიზება და კლასის მართვა. კლასში ერთობლივად შევიმუშაოთ საშინაო დავალების შესრულების სტრატეგიები, ზოგადი ინსტრუქციები და რჩევები. სწავლის სწავლა მრავალმხრივ ასპექტებს გულისხმობს და მათ შორის უმნიშვნელოვანესია წერის სწავლა. წერითი დავალების ტიპსა და სახეზეა დამოკიდებული, როგორ უნდა დაიგეგმოს შესრულების პროცესი. ამ მიზნით დროდადრო კლასში საშინაო დავალებას ვაწერინებ. გამოითქმება მოსაზრებები, დავალების შესრულების გზები და ვარიანტები.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასებისას მნიშვნელოვანია შემაჯამებელი დავალება. ხშირად ხდება, რომ მოსწავლე მხოლოდ ნიშანზეა ორიენტირებული ან, პირიქით, მას ნიშანი არც აინტერესებს. შეცდომების გასწორება და მათზე დაკვირვება ამ შემთხვევაში ზედაპირულია. მოსწავლის მოტივირების მიზნით დროდადრო მათ ფანქრით ვასწორებინებ ნაწერებს. პირობა ასეთია, თუ ნაშრომში შეცდომას აღმოაჩენენ, შეუძლიათ გაასწორონ და ეს ნიშანზე არ იმოქმედებს… თუ ერთი და იმავე ტიპის შეცდომა რამდენჯერმე განმეორდა, ეს ნიშანზე აისახება. პროცესის დასრულების შემდეგ ვახდენთ შეცდომების კლასიფიცირებას — მორფოლოგიურ, სინტაქსურ, სტილისტურ თუ პუნქტუაციურ შეცდომებს აჯგუფებენ და მოსახერხებელი ფორმით წინასწარ გამზადებულ დიაგრამაში წერენ (სასურველია ფორმატზე მარკერით, რადგან ეს უკვე სასწავლო რესურსია და შეიძლება კლასში გამოიკრას).
ისტტექნოლოგია წერითი მეტყველების სამსახურში

წერითი და ზეპირი მეტყველების უალტერნატივო კონკურენტი თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიებია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, ამ მიმართულებით სასწავლო პროცესში მათი მიზანდასახული გამოყენება. პრეზენტაციებისა და სხვადასხვა დანიშნულების ტექსტების მომზადების, ინფორმაციების მოძიების თუ პროექტებზე მუშაობის პროცესი მოსწავლემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს. მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ასეთი დავალებები კომპენსირებული იყოს ხელით ნაწერი დავალებებით. ელექტრონული ვერსიით წერა მნიშვნელოვანი აქტივობაა, როცა მოსწავლე თვითონ ფიქრობს, ქმნის, აანალიზებს და მსჯელობს. (გარდა ციტირებისა იკრძალება მასალის გადმოწერა და კოპირება). ორიგინალური ნაშრომისა და კოპირების ამოცნობა კი სირთულეს არ წარმოადგენს.

არ არსებობს იდეალური ფორმა, მეთოდი თუ აქტივობა წერითი და ზეპირი მეტყველების შესასწავლად. მისაღწევი თუ მიღწეული შედეგები დამოკიდებულია როგორც მასწავლებლის მონდომებასა და პასუხისმგებლობაზე, ასევე მოსწავლის მოტივაციასა და ძალისხმევაზე. კარგი მასწავლებლის მოსწავლეები კარგად წერენ და მეტყველებენ… კარგი მასწავლებლობა კი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ პედაგოგმა თვითონ იცის საგანი… რა იციან ჩვენმა მოსწავლეებმა? – ამ კითხვაზე პასუხით განისაზღვრება მასწავლებლის კვალიფიკაცია.

თორნიკე ჭელიძე

0

„ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?“

0

ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია

” ASTRE ანუ “რა მნიშვნელობა აქვს, გაიგე იგი შენ თუ არა?”

1846 წლის 19 იანვარს ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი ლევან მელიქიშვილი გრიგოლ ორბელიანს სწერდა: “არ ვიცი, იცი თუ არა, რომ პირველი სიყვარული საწყლისა იყო ნინო, არც ის ვიცი, იცი თუ არა, რომელი ნინო იყო…” პოეტის პირველი გატაცების ობიექტი ბურუსითაა მოცული, დღემდე არაა დადგენილი მისი გვარი. ვარაუდობენ, რომ იგი ორბელიანთა გვარიდან უნდა ყოფილიყო.
1836 წელს ნინოთი გატაცებული ტატო ბიძას, გრიგოლ ორბელიანს, სწერდა: “ამ წარსულს ზაფხულში, ერთს მშვენიერს, მთვარიანს ღამეში, ყაბაზხედ დავიარებოდი, სადაც მისმა მშვენებამ, სატრფოდ მარაქამ, მათმან უწინდელებრ კიდევ დარდიმანდობამ, სრულიად განატკბეს სახედველი, აღმიტაცეს ფიქრნი, წარმიღეს გონება!.. განვიზრახე, რომ ამ ღამეს უთუოდ აღვწერ და გავუგზავნი ძია გრიგორის მეთქი და კიდევაც აღვასრულე: მით უფრო, ჩქარად, რომ ერთმა საგანმა პირველ დამასო გულს კაეშანი”. ბარათს თან ერთვოდა ლექსი “ღამე ყაბახზედ”, რომელშიც მშვენიერი ღამის სურათებში გაკრთება სახება სატრფოსი, რომელიც უფრო მეტად აბსტრაქტულია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ქალზეა საუბარი. ნინო მალევე გაქრება პოეტის ცხოვრებიდან, როგორც ლექსის ბოლო სტრიქონებშია:
ამ დროს მთვარემაც თვისი შუქი მისტეხა ბროლსა,
რომელმან შვება სილამაზით ჰფინა ჩემს გულსა;
მაგრამ სხვა მუნით მიიხმობდა სატრფოსა ქალსა,
რომელი მყისვე მიეფარა, ნათელი _ თვალსა.
1837 წელს პოეტი გაიცნობს ფრანგ დელფინა ლაბიელის, რომელიც იმხნად თბილისში ცხოვრობდა დედასთან _ მადამ ლაბიელისთან ერთად. დელფინას ოჯახი საფრანგეთიდან იყო ჩამოსახლებული საქართველოში; მადამ ლაბიელი ერთხანს აბრეშუმის ძაფსართავ საწარმოში მუშაობდა თურმე, შემდეგ თბილისში საკონდიტრო მაღაზია გაუხსნია.
დელფინა საქართველოში გაზრდილა, კარგად სცოდნია ქართული ენა და, რაც მთავარია, კარგად ესმოდა ბარათაშვილის პოეზია. ერთ-ერთი ლექსი, რომელიც პოეტმა დელფინას მიუძღვნა, იყო `ასტრა~ (რომელმაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია).
1838 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის ეს ლექსი წერილთან ერთად მიხეილ თუმანიშვილთან გაუგზავნია, რომელიც ვერაფრით მიმხვდარა, თუ ვის მიუძღვნა პოეტმა ეს ლექსი და შეკითხვა ლექსად გაუგზავნია ტატოსთვის:
ასტრავ, ასტრავ, უცნაურო კაცთათვის,
სადაური სად მოსულხარ და რისთვის?
უსულო ხარ, სულიერი, ვინ იცის,
ეს სახელი არ სმენია არავის…
ბარათაშვილს პასუხი დაუბრუნებია მიხეილ თუმანიშვილისთვის: “მადლობა, ძმაო, წერილისთვის, სიამოვნებისთვის, უკანასკნელი მათგანი წავიკითხე ზაქარია ორბელიანთან ერთად. ეს იყო კრიტიკა, ანუ, უფრო სწორედ, მიმართვა `ასტრას~ ავტორისადმი. ძალიან კარგი! მხოლოდ მგონია, იგი ვერ მიაღწევს მიზანს, ესე იგი, ვერ გაიგებ, ვინ არის ეს უცნობი ასტრა. ეს ავტორის საიდუმლოა. იგი არ წერდა არც შენთვის, არც საზოგადოებისათვის, წერდა მხოლოდ მარტო მისთვის. მას ესმის ავტორისა და ავტორი ამით ამით კმაყოფილია. რაღა უნდა ავტორს ამის მეტი? რა მნიშვნელობა აქვს, გაიგე იგი შენ, თუ არა?.

“წინანდლის ვარდი” ანუ “მიამბე რამე… ველის ქალწულის შესახებ”

 
ჭავჭავაძეების სალონში სილამაზით და მომხიბვლელობით გამორჩეული ეკატერინე ტრფობის საგნად იქცა, მის სიახლოვეს ყველა შეყვარებული ხდებოდა, ბევრი რჩეული ვაჟკაცი შეტრფოდა მას უიმედოდ. პავლე ინგოროყვა წერს: “ეკატერინე ჭავჭავაძე იყო იმ ოჯახიდან, რომელსაც სამართლიანად უნდა მიეკუთვნოს სახელი _ ქართული პოეზიის მუზათა სადგური”.
ეკატერინე იყო ქალი განთქმული პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძისა; განგებამ ყველა საჩუქარი უხვად გაიმეტა ამ ქალისათვის. “ეკატერინე ყოფილა განსაკუთრებული სილამაზის, რაზედაც აღტაცებით მოგვითხრობენ ყველა თანამედროვენი, არტისტული განათლებით, დიდი გემოვნებით, ამასთან გონებამახვილი, თან მშვენიერი მომღერალი და დამკვრელი”.
1829 წლის 22 ივლისს გრიგოლ ორბელიანი ასეთ სტრიქონებს უძღვნის წინანდალში ეკატერინეს:
წინანდლის ვერდო,
სულითა ტრედო,
გულითა წმინდავ, ვით მთისა წყაროვ!
ვითა ცისკარი,
ხარ მოცინარი,
რომე მხილველის გული ახარო.
ჯერ კიდევ 15 წლის ეკატერინეზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული ივანე კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონი, შემდეგში გენერალ-ლეიტენანტი და თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, რომელსაც ძილშიაც კი ეზმანებოდა “ღვთიური კატინკა”.
ეკატერინე ჭავჭავაძის დედას, სალომეს, ამ რომანის ამბავი რომ გაუგია, ძლიერ გაჯავრებულა. მანანა ორბელიანი ატყობინებდა გრიგოლ ორბელიანს: “ივანე კი კვდება კატინასათვის, რომ აღარა აქვს სიცოცხლე მუხრანის ბატონიშვილს. კატინას კი არა მისწერო რა ივანეზედ გამოცხადებით. ჩემი მული ჯავრობს ძალიან”.
ივანეს წინადადებას ცოლობაზე, ეკატერინე დათანხმებია. ნიშნობაც შემდგარა. “ჩემს მაგიერ, _ სწერდა გრიგოლ ორბელიანი თავის ძმას, ზაქარიას, _ სალომეს და ნინოს მიულოცე კატუას დანიშვნა, რა გამოვიდა, ერთხელ ვერავის ქორწილში ვერ დავესწარ”.
ჯვრისწერისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის თანხმობა ყოფილა საჭირო. იმხნად ალექსანდრე პეტერბურგში მსახურობდა. ზაქარია ორბელიანი თბილისიდანი სწერდა თავის ძმას, გრიგოლს: “ივანე მუხრანსკი პეტერბურგს წავიდა ალექსანდრესთან ნების ასაღებად ჯვრის წერისა კატინაზე”, მაგრამ ალექსანდრე ჭავჭავაძე წინაღუდგა დანიშნულთა შეუღლებას, უარი უთხრა ივანე მუხრან_ბატონს და ქორწილი ჩაშალა. ქეთევან ორბელიანი ირწმუნება: “ივანეს ქალი არ მისცა, თუმცა ეკატერინესაც უყვარდაო~.

1836 წლის 15 ოქტომბერს ზაქარია ორბელიანი გრიგოლ ორბელიანს ატყობინებდა: “ივანე მუხრანსკიმ ლევან დადიანის ქალი შეირთოო”.

ეკატერინეზე იყო გამიჯნურებული პოეტი და დრამატურგი გიორგი ერისთავიც, რომელიც ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ ორბელიანს სთხოვდა: “ივანე მუხრანსკის დადიანის ქალი შეურთავს, ღმერთო, იქნება კატინა მე მერგოს, რომ წახვალ, შენ ეგებ მომიხერხო”.
ინგლისელი რიჩარდ უილბრეჰემი, რომელიც 1837 წლის შემოდგომაზე ჩამოსულა თბილისში, უმალვე ეკატერინე ჭავჭავაძის ტყვე გამხდარა. გერმანელი პროფესორი კარლ კოხი გადმოგვცემს: “ეკატერინე თავისი სინატიფითა და შეუდარებელი ქცევით ხიბლავდა ყველას მრავალ სალონში და, უმთავრესად, თავის მამის სალონში. მოაჯადოვა მან ჩემი მეგობარიც კი, ინგლისელი პოლკოვნიკი უილბრეჰემი”.
როგორც თანამედროვენი გადმოგვცემენ, ამაოდ დაშვრა ინგლისელი პოლკოვნიკი.
1838 წელი… მ. ხელთუბნელი გადმოგვცემს: “მიხეილ თუმანიშვილი განიცდიდა იმ დროს ტრფობის ალს. წინანდალში მოგზაურობდა და მისი ლექსი, რომელიც ეძღვნება “კ.ჭ-ს”, ნათლად გვიჩვენებს, რომ იგი ვერ გადაურჩა თავისი წრის ახალგაზრდების საერთო ხვედრს და ეძიებდა შთაგონებას ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლში, სადაც ოცდაათიან წლებში ლიტერატურა, სიჭაბუკე და სილამაზე ერთიმეორეს ჰმეტოქეობდა “გულთა მიზიდვის ასპარეზზე”.
ნიშანდობლივია და სიმბოლური, რომ 1838 წლის 6 აგვისტოს ნიკოლოზ ბართაშვილი მიხეილ თუმანიშვილს სწერდა დედოფლისწყაროში ამ სასიყვარულო გატაცების შესახებ: “ალაზნის ველის მეუდაბნოევ, მიამბე რამე, შენი ველის ქალწულის შესახებ”.
იქნებ ტატოს გული იმთავითვე გაუცნობიერებლად უკვე ისწრაფვოდა ეკატერინესაკენ… ისე, თვითონაც რომ ვერ გაეგო, ჯერ რა ხდებოდა… ასეც ხდება, სანამ ადამიანი თავის თავში გაარკვევს და აღმოაჩენს სიყვარულს, ის უკვე არსებობს! აბა, რას მივაწეროთ, როცა ბარათაშვილი გამიჯნურებულ და ტრფობის ალში გახვეული მეგობრის, მიხეილ თუმანიშვილის ამბავს კი არ კითხულობს… არა… “ველის ქალწულის” ამბავი აინტერესებს… “მიამბე რამე…” _ ევედრება იგი მეგობარს.
“ჰოი, საყურეო…”

1838 წლის 18 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი _ დავით დადიანი ეკატერინე ჭავჭავაძეზე დაინშნა. 1839 წლის დამდეგს, ნიკოლოზ ბარათაშვილის მამიდაშვილმა, ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილმა ცოლად შეირთო სამარაგდონ ივანეს ძე ორბელიანის ასული _ ბარბარე. ამ საზეიმო მოვლენის აღსანიშნავად საგინაშვილის სიდედრმა _ ელისაბედმა, წვეულება გამართა. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ: ნიკოლოზ ბარათაშვილი და ეკატერინე ჭავჭავაძე. აქ,… ამ სუფრაზე, რაღაც იდუმალი ბედისწერით ორი მზერა შეხვდა ერთმანეთს. ბავშვობიდან თანაშეზრდილმა მეგობრებმა უეცრად ერთმანეთში რაღაც სხვა აღმოაჩინეს და დაინახეს… ჯერ კიდევ გაუცნობიერებელმა მდგომარეობამ ტატოს სული ერთიანად ააფორიაქა, ააწრიალა. იონა მეუნარგიას ეს შემთხვევა შემდეგნაირად აქვს ჩაწერილი: “ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი: ლევან, ლევან! გავგიჟდი, მეტი აღარა ვარ! კატერინა იქ არის და მისმა საყურეს თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს”.
ეკატერინეს საყურეს თამაშმა ჭაბუკი ტატო უცხო ლაბირინთებში შეიყვანა და სამუდამოდ იქ დატოვა. თითქოს მუზა _ სიყვარულის სული _ იმ საღამოს “საყურეში” ჩასახლდა და პოეტის მზერა მარადისობაში გაიტაცა. შემდგომში არაერთგზის მოისურვებს პოეტი უკან გამოქცევას, მაგრამ… უკან გზა აღარ იარსებებს.
იმ საღამოს სახსოვრად კი დაიწერება ლექსი: “საყურე”
ვითა პეპელა,
არხევს ნელ-ნელა,
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
მხოლოდ საყურის თამაში არ ყოფილა, რამაც დაატყვევა ჭაბუკი ბარათაშვილი. ეს საღამო მის ბედისწერად იქცა, ხოლო ეკატერინე იმ საზღვრად თუ უსაზღვროებად, რომელსაც პოეტის სული ვერასოდეს გაცდება. გრძნობააშლილი ტატო გულის სიღრმიდან ამოიკვნესებს:
ჰოი, საყურეო,
გრძნობით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს? (1839)
“გლოვა თუ ჯვარისწერა?”

დავით დადიანი 1838 წლის 1-ლ დეკემბერს თბილისაიდან სწერდა თავის ძმას, პოეტ გრიგოლ დადიან-კოლხოდელს: “უნდა მოუპოვო ჩემს ხმატკბილ იადონს ესეთი სამგალობლო, სამსახიობლო, სასიხარულო საგანი, სჭვრეტდეს მას ღირსად თვისისა შვრომისა და დაუზოგავად იღვაწოს სამსახეობათა სხვადასხვათა, მრავალთა თხზვაო.

საგანი ესე არს სჯულიერს ქორწინებასა შინა შესვლა ჩემი ეკატერინა ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულსა თანა, რომელ უნდა მოხდეს შემდეგ დღესასწაულსა ღვთისა, შენი ბერი მუზა დაშვრება ჩემი კატინკას სანაქებო ლექსებზე”.

1839 წელი, 18 მაისი… ქაშუეთის ეკლესია… ეკატერინე ჭავჭავაძე ჯვარს იწერს დავით დადიანზე. ჯვრისწერის დროს პატარძალს გული შეღონებია და ჩაკეცილა. საზოგადოებაში ამ ფაქტს დიდი მითქმა-მოთქმა გამოუწვევია. შემონახულია წერილი ზაქარია ორბელიანისა, 1839 წლის 3 სექტემბრით დათარიღებული, მოწერილი ქალაქ ლუცკიდან მანანა ორბელიანისადმი: “დონზე (რუსეთში მიმავალს) მომეწია გალავინის ცოლი და მარია პეტროვნა იმ დროს, როდესაც მე ფოშტით მივდიოდი ჩერქეზ-ქირმანიდამ. დავაყენებინეთ კარეტა და რამდენიმე ხანი ვილაპარაკეთ, _ მათ შორის კატინას (ეკატერინე ჭავჭავაძე) ამბავიც, და სხვანი და სხვანი”.

ნიკოლოზ ბარათაშვილის გულში კი მაშინ ის ტკივილი იხარშებოდა, რომელსაც ათეული წლების შემდეგ თითქოს გალაკტიონი გაახმოვანებს:

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

დავითი და ეკატერინე ბოლომდე უცხონი დარჩნენ ერთმანეთისთვის. ერთი თანამედროვე მათი ოჯახური თანაცხოვრების შესახებ წერს: “ის (სამეგრელოს მთავარი დავითი) ბოლო დროს ყოველგვარ გართობას ერიდებოდა და მაშინდელი ქრონიკა წერდა, რომ რომ ის რატომღაც გაცივდა ცოლის მიმართ”. ეკატერინეს ერთადერთი ნუგეში იყო თბილისი და შეხვედრები ახლობლებთან.

“ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?”
ნიკოლოზ ბარათაშვილის სულში სიყვარულმა ეკატერინე ჭავჭავაძისადმი მაშინ იფეთქა მთელი ძალით, როცა ის უკვე დავით დადიანზე იყო დაწინდული. ასე რომ, ეკატერინე ტატოს სიყვარულს ვერც უარყოფდა და ვერც მიიღებდა. ალბათ ამიტომ პოეტის სიყვარულს ხშირად უიღბლოს უწოდებენ. სინამდვილეში ეს სიყვარული თავიდანვე იდუმალებითა და მისტიკით იყო აღსავსე. ის, რაც შეყვარებულთა სულში ხდებოდა, მხოლოდ მათი საქმე იყო და სხვისი არავისი. ამ სიყვარულის არც ხმამაღლა გაცხადება იყო შესაძლებელი და იქნებ ჭეშმარიტი სიყვარულის კანონები ამას არც მოითხოვდა, რადგან ეს სიყვარული მეტი იყო ცოლ-ქმრობაზე, ოჯახზე, სიცოცხლეზე და სიკვდილზეც კი! ეს სიყვარული ვერ დაეტეოდა “ბეტონის კედლებში”, მას სივრცე სჭირდებოდა უკიდეგანო და უსაზღვრო, და “მალვა უნდოდა” “ვითა ცხენსა ნაპარავსა”. პოეტის სულის ბიოგრაფია მისსივე პოეზიას შეესახლა. ამავე აზრისაა პავლე ინგოროყვა, როცა წერს: “ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინეს რომანის ისტორია დაშიფრულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების მთელ რიგშიო!”
1839-41 წლებში შეიქმნა ეკატერინეს სიყვარულით შთაგონებული ლექსები: “სატრფოვ, მახსოვს”, “სული ობოლი”, “აღმოხდა მნათის”, “არ უკიჟინო, სატრფოო”, “საყურე”, “თავადის ჭავჭავაძის ასულს, ეკატერინას”, “კატერინა, ფორტეპიანოზედ მომღერალი” და სხვა.
1840 წელს ეკატერინე ჭავჭავაძე თბილისში ბრუნდება, ამ პერიოდის ბარათაშვილის ლექსებით თუ ვიმსჯელებთ, მათი სიყვარული დიდ სულიერ მეგობრობასა და ურთიერთაგანდობას დაეფუძნა. “ნუ თუ ამ სულის ძახილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?” _ კითხულობს პოეტი, რადგან ამ გრძნობას ყველა სიყვარულს უწოდებს, სინამდვილეში კი მას იმდენნაირი ხარისხი აქვს, რამდენი შეყვარებული წყვილიცაა სამყაროში.
ბარათაშვილის სიყვარული უსაზღვროა, ღვთაებრივი, გამოუთქმელი:
არ უკიჟინო, სატრფოო,
შენსა მგოსანსა გულისთქმა,
მოკვდავსა ენას არ ძალუძს
უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!
ან:
მაგრამა მშვენიერება
გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,
და ჩემთა გრძნობათ შენდამი
ვერ დასდვან კაცთა სახელი.
1841 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილს ეკატერინესათვის მიუძღვნია თავისი ხელით გადაწერილი ლექსთა კრებული, რომელსაც ეკატერინე ჭავჭავაძე მთელი ცხოვრება ძვირფასი რელიკვიასავით გაუფრთხილდება და დაიცავს.
“ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი” და “შევიშრობ ცრემლსა…”
ზღვარდაუდებელი გრძნობა ტანჯავდა პოეტის სულს, ტანჯავდა და თანაც ენით გამოუთქმელი ნეტარებით აღავსებდა. მხოლოდ ადამიანის სული შესჭიდებია უსაზღვროებას და უსასრულობას, როგორც რეალობას, მხოლოდ ის ვერ შეგუებია ვერავითარ საზღვარს და ცდილობს მის დაძლევას… გონება მოწოდებულია დააოკოს გონიერების საზღვარს გადასული ვნებათაღელვა, ზღვარდაუდებელი სწრაფვა სულისა. საზღვარი ადამიანურობის ბედისწერად ქცეულა ისევე, როგორც უსაზღვროება… სწორედ აქ დაიბადება კონფლიქტი… “საზღვარს” დანარცხებული პოეტი არტახებგადაკრული ჩვილივითაა, უძლურია… ის ეკატერინეს უკან ვეღარ მოაბრუნებს, როცა დედოფალი სამეგრელოს გზას გაუდგება, თუნდაც თავისი სურვილების საწინააღმდეგოდ. თითქოს ესეც უნდა დაძლიოს ნამდვილმა სიყვარულმა, მაგრამ უჭირს ბარათაშვილს საყვარელ ადამიანთან დაშორება და ტკივილშეყრილი იტყვის:
ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი,
ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!
ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,
და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი. (ვპოვე ტაძარი)
მაიკო ორბელიანს კი მისწერს პოეტი: “… ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი, კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ, ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს… ვინც მაღალი გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალურისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა” (1842 წელი, 31 ოქტომბერი).
ისევ ეკატერინეთია შთაგონებული სრტიქონები:
ძნელი არის მარტოობა სულისა,
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა.
1843 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინეს მიართვა თავისი ხელით გადაწერილი ორი წიგნი თავისი ლესებისა: პირველი _ “ლექსნი” და მეორე: “ბედი ქართლისა”.
განშორებას ისევ შეხვედრები შეცვლის, ტკივილს _ სიხარული და პოეტიც იტყვის:
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს…

კოაგულაცია – ძმაო, ძმითა ხარ…

0

ალბათ ყველას გვახსოვს არაკი რძეში ჩავარდნილ ხვლიკსა და ბაყაყზე; ბაყაყმა იმდენი იხტუნა, რძე კარაქად აქცია და დახრჩობას გადაურჩა. კიდევ ბევრი ასეთი ამბავი მოიძებნება ლიტერატურასა თუ ზეპირსიტყვიერებაში: ცხრა ძმა ხერხეულიძისა და სამასი არაგველის, გნებავთ, სპარტელის ამბავი, ამბავი ერთ კონად შეკრული ისრებისა და სხვა.

რა აქვს პირველ იგავს საერთო დანარჩენებთან? ლიტერატურულად, ჩვენებრ მოკვდავთა ენაზე – თანადგომა, მოცადობა, ბედისადმი დაუმორჩილებლობა, ხოლო ქიმიკოსთა ენაზე – კოაგულაცია.

რა განსხვავებაა წყალსა და რძეს შორის? ცხადია, ერთი შეხედვით პასუხი მარტივია: პირველი უფერულია და გამჭვირვალე, მეორე – თეთრი და სხივგაუმტარი. მაგრამ თუ დავფიქრებულვართ, რატომ არ არის რძე გამჭვირვალე? წყაროს წყალიც კი, რაგინდ კამკამა იყოს, არასოდესაა „სუფთა”, რადგან წყლის მოლეკულებთან ერთად მარილებსაც შეიცავს. სწორედ ამ მარილების ბუკეტი აძლევს მას სასიამოვნო და განუმეორებელ გემოს. მარილებგამოცლილი წყალი ბევრი ვერაფერი სარწყულია ჩვენი გამომშრალი ხახისთვის. რატომ არ ჩანს მარილები წყალში? იმიტომ, რომ ხსნარებში, მით უფრო – ჭეშმარიტ ხსნარებში, კონცენტრაციის „დემოკრატიულობის” კანონია უზენაესი: წყლის აუარება მოლეკულას შორის ყოველთვის თანაბრად არის განაწილებული მათი „ხიზანი” მარილების იონები – დოქის ყელთანაც და ფსკერზეც წყალს ერთი და იგივე გემო აქვს.

რძე რომ ცხიმს შეიცავს, ესეც ცნობილია, მაგრამ, აბა, ცოტაოდენი ზეთი ჩავასხათ წყალში! – თავზე მოადგება წყალს და მკაცრად გააპროტესტებს წყლის მოლეკულების მიკარებას. კარაქის ნაჭერი კიდევ უფრო „კერკეტი კაკალი” აღმოჩნდება. მაშ, სად იმალება რძეში ცხიმი?

საქმე ის არის, რომ რძეში ცხიმი გათითომოლეკულებულია. პრინციპი „დაყავი და იბატონე” მოლეკულათა სამყაროშიც ისევე ჭრის, როგორც ჩვენს აჭრელებულ პოლიტიკურ რუკაზე.

რძეში ცხიმი იმდენად მცირე, თვალით უხილავი ზომის ნაწილაკებად არის გაფანტული, რომ დედამიწის საყოველთაო მიზიდულობის კანონიც კი მათ მიმართ „გულგრილი” რჩება. მოძმეებს მოცილებულ და დაქსაქსულ ცხიმის მოლეკულებს კი არ შესწევთ უნარი, გადალახონ მათ შორის აღმართული წყლის მოლეკულების ბარიკადები, ამიტომ ისინიც, ბედს შეგუებულები, განაგრძობენ წყალში უსასრულოდ „ტივტივს”. მაგრამ რძეს თუ ჩხუტში, ვარიასა თუ მიკროსენსორებით აღჭურვილ მოქრომილ-გაპრიალებულ სეპარატორში მოვათავსებთ და ერთს გემრიელად შევაჯანჯღარებთ, უმალ გამოფხიზლდებიან, დაიწყებენ ერთურთის ძებნას და როგორც კი გადაეყრებიან, მაგრად ჩასჭიდებენ ხელს. ასე, ნელ-ნელა გამსხვილდება მათი წვეთები და თანდათანობით დაიბრუნებს პირვანდელ სახეს. ხოლო თუ იმდენი მოახერხეს, რომ „ასიათასობით” მოლეკულა გაერთიანდა და მათი ერთობა სხვისთვისაც შესამჩნევი გახდა, ამოქმედდება „საერთაშორისო” გრავიტაციის ძალა და ცხიმი დასცილდება წყალს.

ასე მიიღება კოაგულაციით კარაქი, სისხლის ტრომბი… ევრომაიდანი…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...