ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

დიფერენცირებული სწავლება ისტორიის გაკვეთილზე

0
სასწავლო  პროცესის  ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანეს  დანიშნულებას  წარმოადგენს   მოსწავლეთა  ინდივიდუალური  განვითარება, რომლის    მეთოდური  საფუძველია     ინდივიდუალიზაცია (სასწავლო პროცესის ორგანიზება) და დიფერენციაცია (გაკვეთილის ჩატარების მეთოდიკა). დიფერენცირების პროცესი ფართო საშუალებას იძლევა მოსწავლეთა შემოქმედებითი და ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებისათვის. საამისოდ   მას   მრავალი  ფორმა,  მეთოდი  და  მიდგომები  გააჩნია. 

 დიფერენცირებელი სწავლისას:  

§მოსწავლეები უკეთესად  ითვისებენ  შესასწავლ მასალას;

§იზრდება  მოსწავლეთა  მზადყოფნა  თვითგანათლებისათვის;

§„განვითარების  ვექტორი”  იგება მოსწავლისათვის საჭირო  ქმედებების განსაზღვრის საფუძველზე.

ზოგადად  დიფერენციაცია  – ესაა   სწავლის  სისტემა, რომლის   დროსაც  მოსწავლეს, რომელიც  განათლების   რაღაც  მინიმუმს  ფლობს,  შეუძლია ინფორმაციის  შენახვა ხანგრძლივ მეხსიერებაში და  თანამედროვე სამყაროში ადაპტირება. 

დიფერენციაციის მიზანია: 

§ინდივიუალური სწავლება და ამისათვის სჭირო ოპტიმალური პირობების შექმნა, თითოეული ადამიანის ინტერესების და შესაძლებლობების განვითარება;

§მიზანმიმართული ზემოქმედება საზოგადოების შემოქმედებით, ინტელექტუალურ და პროფესიონალურ  პოტენციალზე.

დიფერენციაციას  აქვს  სხვადასხვა ვარიანტები: 

oსასწავლო მასალის  და მისი ათვისების ტემპების თავისუფლად და სწორად  არჩევა; სწორი თვითშეფასება;
oსასწავლო მასალის გაფართოება საგანთშორისი კავშირების დამყარებისთვის და ცოდნის გაღრმავებისთვის.
დიფერენციაციის  ტიპებია: 

ა)  გარეგანი – იგი უზრუნველყოფს გარკვეული ნიშნების მიხედვით სტაბილური, სხვადასხვა ხასიათის და შინაარსის (პროფესიული, ინტერესების, შესაძლებლობების მიხედვით…)  ჯგუფების შექმნას;

ბ) შინაგანი – მისი დანიშნულებაა სასწავლო პროცესის ორგანიზება,  რომლის დროსაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინდივიდუალური  თავისებურებები.

დიფერენციაციის   დროს  განმავითარებელი  სწავლის შედეგები მიიღწევა პედაგოგიური  ტექნოლოგიების ხარჯზე.  შესაბამისად გამოყოფენ  დიფერენციაციის სახეებს: 

oზოგადი შესაძლებლობების მიხედვით (სწავლის საერთო დონის, ასევე მოსწავლეთა ფსიქიკური განვითარების ცალკეული თავისებურებების მიხედვით, როგოირცაა  მეხსიერება, აზროვნება, შემეცნებითი საქმიანობა);

oშესაძლებლობების მიხედვით  (შესაძლებლობების სხვადსხვა დონე ამა თუ იმ საგნში);

oუუნარობის მიხედვით (ესენი არიან ის ბავშვები, რომლებიც სწავლობენ კორექციის ჯგუფებში);

oარჩეული პროფესიების მიხედვით;

oინტერესების გათვალისწინებით;

დიფერენციაციის  სხვადასხვა  სახის  გამოყენებისას  შედეგებიც   სხვადასხვაა, რადგან  ამ  დროს  სხვადასხვა პროცესებს აქვთ ადგილი.  მათ შორის გვხვდება:   

oსწავლის სიმძიმის ცენტრის გადატანა სწავლებაზე, ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამუშავებაზე და მასალის ათვისებაზე;   

oმასწავლებლის    ზუსტი ორიენტირება   მასალის შინაარსის შერჩევაზე;

oჯგუფის დაყოფა მიკროჯგუფებად   (ობიექტურად), როდესაც  მოსწავლეს თავად შეუძლია აირჩიოს მიზნის ის დონე, რომელიც შესაბამება მის შესაძლებლობებს და მოთხოვნილებებს;

oკლასში მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის გამეფებული ურთიერთნდობა; მოსწავლეებს უყვართ ჯგუფებში მუშაობა, სადაც მიმდინარეობს ისეთი თვისებების ფორმირება, როგორიცაა მოთმინება, ჯგუფურობა, მხარდაჭერა, კომუნიკაბელურობა;

oდიფერენცირებული  სწავლების  მნიშვნელოვან  პროცესს  წარმოადგენს  ცნება „სასწავლო”, რომელიც მრავალმნიშნელოვანია თავისი დანიშნულებით;

oსწავლის შინაარსის გაზრდა, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ეკონომიურად (ძალისა და დროის დაკარგვის გარეშე) შევიძინოთ  საგანმანათლებლო  და  აღმზრდელობითი ღირებულების  ფასეულობები; 
oდა, რა თქმა უნდა,  პროცესი „სწავლა” – როგორც   ადამიანის მიერ ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის სიჩქარის ინდივიდუალური  მაჩვენებელი; 

ზოგადად,  დასწავლის   ხარისხის   მიხედვით  მოსწავლეები შეიძლება დავყოთ 3  დონედ: 
üსუსტები;
ü კარგები;
üძლიერები. 

აღნიშნული   მომენტების  გათვალისწინებით   ადვილად, წარმატებულად შეგვიძლია  ჩავატაროთ გ აკვეთილი  ისტორიაში, ანუ   სასწავლო   მასალის   შინაარსი  ისე  შევუსაბამოთ  მოსწავლეთა  ცოდნის დონეს, რომ  გავითვალისწინოთ  მათი  გამოცდილება, მოთხოვნილებები და ინტერესები.  

რაში გამოიხატება კონკრეტულად მოსწავლეთა დონეებად დაყოფა, რა ნიშნით განიყოფიან ისინი?

სუსტები ანუ   არასაკმარისად  მომზადებულ  მოსწავლეებთან არიან  ისინი, რომლებიც ისტორიის ზედაპირული გაცნობისას არ ავლენენ შესამჩნევ ინტერესს საგნის შესწავლისათვის და თითქმის არ ფლობენ ისტორიულ მასალასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს; არ შეუძლიათ  დამოუკიდებლად გაანალიზონ და ერთმანეთს შეადარონ  მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტები. 

მოვიყვანოთ   „სუსტი მოსწავლის”   მახსიათებლები:   

ისტორია, VII კლ., თემა: „ხელოსნობა შუა საუკუნეებში”: 
სუსტ  მოსწავლეებს შეუძლიათ ახსნან ცნებები: ხელოსანი, სახელოსნო, მოსწავლე, საამქრო, გერბი და შეადგინონ  მოთხრობა, სადაც ამ  ცნებებს   გამოიყენებენ, შეუძლიათ  აღწერონ  სურათიც, სადაც ამგვარი სახელოსნო იქნება წარმოდგენილი.   

ისტორია, VIII  კლ.,  მეორე მსოფლიო ომი”   –  სუსტ  მოსწავლეებს შეუძლიათ   შემდეგი  ტიპის დავალების შესრულება:  დაწერონ  ძირითადი მოვლენები, რომლებიც მოხდა 1939 წელს, 1941-1945 წლებში, ისაუბრონ ატომურ ბომბზე, შეადგინონ მცირე მოთხრობა  ომის თემაზე. 

IX კლასში   ასეთ  მოსწავლეებს  შეუძლიათ  გაიგონ  შემდეგი  ცნებები:  მეტროპოლია, კოლონია, გავლენის სფერო, დაპრობილი ქვეყანა, გამათავისუფლებელი ბრძოლა და  სხვ. 

სუსტი  მოსწავლეების  ტესტური  შემოწმების  დროს  შეიძლება  გამოვიყენოთ ტეტები, რომლებიც  ალტერნატიულ  პრინციპზეა  აგებული  (დიახ -არა,   მარჯვენა-მარცხენა,  აქვს-არ აქვს…). 

მაგალითად, ისტორია, VIII კლ. :  

1832 წლის შეთქმულების  შედეგები:
1)აჯანყების გამარჯვება;
2) აჯანყების დამარცხება.

სუსტ მოსწავლეებს, ასაკის მიუხედავად, ჭირდებათ მიცემული მასალის მოთმინებით და გეგმაზომიერად შესწავლა/მიწოდება, მასწავლებლის მიერ ემოციური და ვიზუალური საშუალებების აქტიურად გამოყენება, რადგან  ეს ერთადერთი გზაა   ისტორიის შესწავლისათვის ინტერესის გასაღვიძებლად და მოტივაციის ასამაღლებლად.    

რაც შეეხება საშუალო შეძლების მოსწავლეებს: 

საშუალო   შეძლების  მოსწავლეებად  ჩაითვლებიან   ისინი,  ვისაც  აქვთ  სრულიად დამაკმაყოფილებელი   ცოდნა  ისტორიაში.  მათ იციან   ძირითადი ფაქტები, ცნებები, სასწავლო პროგრამას ფლობენ საშუალოდ; არცთუ  ცუდად  შეუძლიათ შესწავლილი მასალის გამოყენება და გარდაქმნა; ისტორიული აზროვნება, წარმოსახვა, მეტყველება, მახსოვრობა და სხვა შემეცნებითი  შესაძლებლობები უკეთესადაა განვითარებული, ვიდრე სუსტ მოსწავლეებში; ასეთ  ჯგუფებში  ისტორიის მიმართ გარკვეული დაინტერესებაც მეტია და შესწავლის სურვილიც. 

მსგავს  ჯგუფებში  ტესტური   შემოწმებისას   შეიძლება  გამოვიყენოთ  ტესტები, რომლებიც  შედგენილია  შემდეგნაირი    პრინციპით:  

vკლსიფიკაციის პრინციპით; 
vდამატებითი პრინციპით;
vჯაჭვისებური  პრინციპით;  
vძირითადი ბირთვის/ცნების  გარშემო  დავალების აგების   პრინციპით.
მაგალითები: 

 კლასიფიკაციის პრინციპით შედგენილი ტესტი: 

ცვლილებები, რომელიც  მოხდა გლეხთა ცხოვრებაში 1861 წელს ბატონყმობის გაუქმების შემდეგ:

ა)  სხვა წოდებებთან გლეხთა  სრული უფლებრივი გათანაბრება;
ბ)  გლეხთა პირადად  გათავისუფლება;
გ)  გამოსასყიდი თანხის გადახდამდე გლეხთა დროებითი  ვალდებულება;
დ)  მიღებულ მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭება. 
დამატებითი პრინციპით შედგენილი ტესტი:

ყირიმის ომში მონაწილეობდნენ შემდეგი  ქვეყნები:

ა) რუსეთი;
ბ) რუსეთი, თურქეთი;
გ) რუსეთი, თურქეთი, ინგლისი;
დ) რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი;
ე) რუსეთი, თურქეთი, ინგლისი, საფრანგეთი, სარდინიის სამეფო;
ვ)  რუსეთი, თურქეთი, ინგლისი, საფრანგეთი, სარდინიის სამეფო, ესპანეთი.

ჯაჭვისებური  პრინციპით  შედგენილი  ტესტის  დროს  პირველი პასუხის  მეორე სიტყვა უნდა იყოს მეორე პასუხის პირველი სიტყვა და ა.შ. 

სოციალისტ-ფედერალისტური  პარტიის წევრები იყვნენ:

ა) ა. ჯორჯაძე, გ. ლასხიშვილი;
ბ)    გ. ლასხიშვილი,  ა. დეკანოზიშვილი;
გ)  ა. დეკანოზიშვილი, გ. რცხილაძე; 
დ)  გ. რცხილაძე,  ს. ფირცხალავა. 

ძირითადი   ბირთვის/ცნების   გარშემო   დავალების აგების    პრინციპით  შედგენილი ტესტი:  
ფეოდალური წყობა  ესაა:

ა) საზოგადოებრივი წყობა, რომლის დროსაც ფეოდალს  უფლება ჰქონდა,  ჰყოლოდა გარკვეული რაოდენობის ყმა გლეხები;

ბ) საზოგადოებრივი წყობა,  რომლის დროსაც არსებობს კანონები ფეოდალების უფლებების  დასაცავად;

გ)  საზოგადოებრივი წყობა,  რომლის დროსაც  მემამულე აიძულებდა  მის მიწაზე მიმაგრებულ  და მის  კუთვნილ  გლეხს  შეესრულებინა სხვადასხვა სამუშაო;

დ) საზოგადოებრივი წყობა,  რომლის დროსაც  ქვეყნის მცხოვრებთა ნაწილი   ფეოდალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. 

რაც შეეხება  ძლიერ, კარგად მომზადებულ მოსწავლეებს, მათ შეუძლიათ აზროვნების სხვადასხვა დონეზე  მუშაობა:  პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებების შესრულება, სხვადასხვა სახის ისტორიულ წყაროსთან მუშაობა, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეერთება. 

ასეთ მოსწავლეებს აინტერესებთ ისტორია, მკვეთრად გამოხატავენ  საგნის მიმართ ინტერესს, კარგად იცნობენ  და ახსოვთ განვლილი მასალის ფაქტიური  და თეორიული  შინაარსი, იყენებენ დამატებით მასალასაც, აქვთ განვითარებული ისტორიული აზროვნება, წარმოსახვა, მეტყველება, ფლობენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს  შესასწავლი საკითხების მიმართ,  შეუძლიათ არამარტო გარდაქმნან ისტორიული მასალა და  ცოდნა, არამედ შემოქმედებითად გამოიყენონ დამოუკიდებელი სასწავლო – კვლევითი საქმიანობისათვის. 

მაგალითად, თემა –  „საქართველოს სახელწმიფო  წყობილება XI-XII საუკუნეებში” 

IX  კლასში –  ძლიერ  მოსწავლეებს  შეუძლიათ   შეადგინონ სქემა XI-XII  საუკუნეების  საქართველოს სახელმწიფო  მოწყობის  შესახებ, შეადარონ და გააკეთონ დასკვნები შემდეგი პრინციპით: 

·რა  მსგავსება  და განსხვავება იყო XI და  XII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში? 

ასეთ  ჯგუფებთან  ტესტური  დავალებების  დროს  შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა   სირთულის  ტესტები.  მაგალითად,  

სამხედრო მოქმედებები რუსთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში  მიმდინარეობდა:

ა) ბალკანეთზე;
ბ) ამირკავკასიაში;
გ) ბალკანეთსა და ამიერკავკასიაში. 

ასევე  შეიძლება   გამოვიყენოთ   ორმაგი  ალტერნატივის  ტესტები, რაც  სხვადასხვა ნიშნებით  შედარების  საშუალებას  იძლევა.  მაგალითად,

სახელმწიფო  გლეხები   მემამულე  გლეხებისაგან  განსხვავებით:
ა) ფლობდნენ პირად თავისუფლებას და გარკვეულ  მიწის ნაკვეთს;
ბ) ფლობდნენ თავისუფლებას საკუთარი მიწის ნაკვეთის გარეშე;
გ)  ფლობდნენ საკუთარი მიწის ნაკვეთს პირადი თავისუფლების გარეშე;
დ) არ ჰქონდათ არც პირადი თავისუფლება და  არც არანაირ მიწის ნაკვეთს არ ფლობდნენ. 

ისტორიის  შესწავლაში   დიდია  ისტორიული პიროვნებების  როლი, მათი  აღმასვლით  და დაცემით,  გამარჯვებებით  და დაშვებული შეცდომებით დაინტერესების    ფაქტორი;  ისტორიული პიროვნებების დახასიათებისათვის   ასევე არსებობს  სამახსოვრო – ალგორითმებიც.  

 მაგალითად 

VIII კლასში  მოსწავლეებს   შეხვდებათ : ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი და სხვ.,  
VII კლასში –  „ვინ არის ის – ნაპოლეონ ბონაპარტე  – გენიოსი თუ ბოროტმოქმედი?”
IX   კლასში – „საკითხები საქართველოს სახელმწიფოს აღმასვლის და დაცემის შესახებ”;  

ისტორიის    შესწავლისას   დიფერენცირებული   მიდგომა  შეგვიძლია  გამოვიყენოთ გაკვეთილის  სხვადასხვა   ეტაპზეც, ხოლო   თემის  დასრულების  შემდეგ  შეთავაზებული   შემაჯამებელი  საკონტროლო  აუცილებლად  უნდა  მოიცავდეს  მზარდი  სირთულის  დავალებებს. 

მაგალითად: 

ა) უპასუხეთ შეკითხვას – როდის მოხდა ეს? (უნდა განვსაზღვროთ ჩამოთვლილი, მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღები);
ბ) ახსენით, განმარტეთ ცნებები;
გ)   დაწერეთ მოთხრობა,  თხზულება,  ტესტი,  შეადგინეთ  შედარებითი  ცხრილი  . 

საკონტროლო   სამუშაოს  დროს  მოსწავლე  პირადად   განსაზღვრავს,  როგორი  დავალების  შესრულება   შეუძლია   მას   თვითონ,  ხოლო   მასწავლებელი  სწავლის  დამთავრების   შემდეგ ადვილად   შეამჩნევს, რა  პრობლემები  არსებობს   სწავლებასთან დაკავშირებით. 
დიფერენცირებული  მიდგომები  კლასგარეშე  სამუშაოს  ჩატარებისთვისაც  შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად: 

 ისტორიის კვირეულისათვის; 
  ცნობილ  პიროვნებებთან  შეხვედრებისათვის; 
 ისტორიის ოლიმპიადის მოწყობისათვის (აქაც მოსწავლე თავად შეარჩევს დავალებებს თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით). 

ასეთ დროს გვხვდება დიფერენციაციის შემდეგი  საფეხურები:

1 საფეხური –  ესაა  ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთ სიმაღლეზე ასვლა –  კონსპექტის ანდა გეგმის შედგენა;
2   საფეხური – ისტორიულ რუკასთან მუშაობა (განსაზღვრეთ, რომელი ომი ანდა ბრძოლა იყო ეს , როდის იყო  ის და კიდევ რა იცით ამის შესახებ?);
3 საფეხური – თარიღებზე მუშაობა ( 2 წუთში დაალაგეთ თარიღები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და დაასახელეთ მოვლენები);
4  საფეხური – ცნებებზე მუშაობა (1 წუთში ახსენით რაც შეიძლება მეტი ცნება, ტერმინი); 
5 საფეხური – ექსკურსია მუზეუმში (მოთხრობის შედგენა რაიმე არქეოლოგიური ნივთის ანდა ნახატის მიხედვით);
6 საფეხური – ისტორიული პირების ამოცნობა (ისტორიული პიროვნებების პორტრეტების ამოცნობა, მათი გვარების დასახელება);
 7 საფეხური – რომელიმე მხარის შესწავლა, მაგალითად, „მოგზაურობა იმერეთში” (ამ მხარის ღირსშესანიშნაობების აღწერა);

ისტორიის სწავლებისას  დიფერენცირებული  მიდგომა   პედაგოგს მრავალი სირთულის გადაწყვეტაში   ეხმარება,  ხელს   უწყობს   მოტივაციის   ამაღლებას,  საგნის  სპეციფიკისათვის   დამახსიათებელი   ბევრი  ნიუანსის   სწორად  დანახვას  და  წარმატებით  გამოიყენება  სასწავლო  პროცესში. 

მილიონერი, ავიაკონსტრუქტორი და პარფიუმერი

0
საქართველოში ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი ოჯახის აღმოჩენა, რომლის ერთი ახლობელი მაინც არ იყოს გადახვეწილი უცხო ქვეყანაში. დღეს მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე ცდილობს მძიმე შრომის ფასად თანამემამულეებისათვის ელემენტარული კეთილდღეობის დონის უზრუნველყოფას. თუ რამდენიმე ქართველ ეკონომისტს დავუჯერებთ ჩვენი საერთო ეროვნული შემოსავლის სოლიდური წილი სწორედ ემიგრანტთა მიერ გადმორიცხულ გრანდიოზულ თანხებზე მოდის. საზღვარგარეთ მცხოვრები და პატიოსნად მშრომელი თანამემამულეები ჩემთვის სოლიდარობის გმირულ მაგალითს ქმნიან.

საინტერესოა, როგორ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას, თანადგომას საზოგადოების ყველაზე შრომისმოყვარე და შორს მყოფი სოციალური ფენის მიმართ ???

ბევრს ჰგონია, რომ ახლობელთან გაგზავნილი რამდენიმე სენტიმენტალური ელეტრონული შეტყობინება ან თვის განმავლობაში განხორციელებული ორიოდე სატელეფონო ზარი ყველაფრისათვის საკმარისია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს ქცევას უმადურობაც კი შეიძლება ეწოდოს. ნებისმიერი ღირსეული საზოგადოება მასზე მზრუნველ ადამიანებს გაცილებით მეტად, სერიოზულად აფასებს და ზუსტად, ძალიან მკაფიოდ გამოკვეთს მოამაგეთა წვლილს საერთო განვითარების საქმეში.

ცხადია, ემიგრანტებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვისა და დამოუკიდებლობის ორი ათწლეულის განმავლობაში მათ მიერ შერულებული მნიშვნელოვანი როლის  გამოყოფის საუკეთესო გზა საჯარო სკოლებზე გადის. ვფიქრობ, არაფერი დაშავდებოდა, თუ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებს ქართული ემიგრაციის ისტორიის შესახებ რამდენიმე ფურცელი მაინც დაემატებოდა და მოსწავლეებს უფრო მეტი ეცოდინებოდათ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების წარსულის ან დღევანდელი ყოფის შესახებ. 

ვგონებ, ურიგო არ უნდა იყოს საზოგადოებისათვის რამდენიმე გამორჩეული ქართველი ემიგრანტის თავგადასავლის კიდევ ერთხელ შეხსენება.

ალბათ, ჩვენს საკლასო ოთახებში მსხდომ მოზარდთაგან ძალიან ცოტას სმენია სოფელ თხმორიდან ბორჯომის მინის ქარხანაში სამუშაოდ გაქცეული ათი წლის ბიჭის შესახებ, რომელიც უკრაინის, რუსეთის, პოლონეთის, გერმანიისა და ინგლისის გავლით საბოლოოდ აშშ-ში დამკვიდრდა. 1929 წელს კი მისმა ყოველწლიურ შემოსავალმა 4 მილიონ დოლარს მიაღწია. გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი) უბრალო რაჭველი გლეხის შვილი და „ჯენერალ ელექტრიკის” ნიჭიერი მუშა გახლდათ, რომელმაც გასული საუკუნის ოციან წლებში თავისი განსაკუთრებული მონდომების წყალობით საკუთარი მინის კომპანია შექმნა. “the Coby Glass Products Company” გახლდათ ყველაზე წარმატებული ქართველი ემიგრანტის საწარმო, რომელიც ოკეანის გაღმა ქვეყნიდან გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების საიმედო თავშესაფარი და ცხოვრების ელემენტარული პირობებით უზრუნველყოფის წყარო გახდა. აღნიშნულმა საწარმომ წარმატებით მოახერხა „დიდი დეპრესიის” წინააღმდეგობების გადალახვა, მეორე მსოფლიო ომში ანტიფაშიტური კოალიციის ჯარებისა და სამედიცინო მისიების მინის პროდუქციით მომარაგება. ამერიკის რამდენიმე შტატში დღესაც შეიძლება აღმოაჩინოთ კობის ფირმის მიერ დამზადებული ნაძვის ხის სათამაშოები. 

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯორჯ კობის თაოსნობით, დაფინანსებით ჩაეყარა საფუძველი აშშ-ში ქართულ სათვისტომოს. გრიგოლ კობახიძე ედგა სათავეში დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარების მოძრაობასაც. ბოლშევიკური ოკუპაციის მიუხედავად, იგი მაინც ცდილობდა არაორდინარული გზით დახმარებოდა რესპრესიულ გარემოში მცხოვრებ თანამოქალაქეებს. 

მილიონერი მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე არ ფიქრობდა, თავის ნაჭუჭში არ იკეტებოდა და ცდილობა გზა გაეხსნა სხვა ნიჭიერი ადამიანებისათვისაც. მოსაზრების დასადასტურებლად კი არაერთი მაგალითის მოხმობა შეგვიძლია. კერძოდ, ჯორჯ კობმა უშუამდგომლა ცნობილ ავიაკონსტრუქტორს, ალექსანდრე ქართველიშვილს ამერიკაში მოქმედ წამყვან საავიაციო კორპორაციებთან. კობის წყალობით დაუკავშირდა საფრანგეთში განათლებამიღებული ნიჭიერი ავიაკონსტრუქტორი ცნობილ და გავლენიან ინჟინრებს ჩარლზ ლევინსა და ალექსანდრე დე სევერსკის. სწორედ, ამ უკანასკნელის ფირმაში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს დააპროექტა ალექსანდრე ქართველიშვილმა ყველაზე მძლავრი ამერიკული საბრძოლო თვითფრინავის, „Thunderbolt-ის” პირველი მოდელი. აღნიშნული სერიის ავიაგამანადგურებლებს ამერიკული არმია ინტენსურად იყენებდა თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში. ავიაგამანადგურებლების კონსტურქტორი თავისი საქმიანობისთვის ფრანკლის რუზველტმაც კი დააჯილდოვა „სახელმწიფო თავდაცვის მედლით”, რაც უნიკალურ შემთხვევადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ცხადია, ალექსანდრე ქართველიშვილიც ამერიკაში ჩვენი სათვისტომოს ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი იყო.

ჯორჯ კობის სახელს შეგვიძლია დავუკავშიროთ იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მეთაურის, გიორგი მაჩაბლის სამეწარმეო საქმიანობის წარმატებაც. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიაში მუშაობის, საქართველოში წყალქვეშა ნავებით საიდუმლო ტვირთების შემოტანის ორგანიზებისა და დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური სამსახურის გაუქმების შემდეგ გიორგი მაჩაბელიც ემიგრაციაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, მასაც ამერიკაში გადასახლება მოუწია. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებისათვის, მისი ფინანსური უზრუნველყოფისათვის მაჩაბელმა ახალგაზრდობის დროინდელი გატაცება გაიხსენა. კერძოდ, ემიგრანტმა სუნამოების შეზავება გადაწყვიტა. 1926 წელს, აღმოსავლეთ სანაპიროზე მან დააპატენტა სუნამო „საქართველოს დედოფალი”, რომელიც კობახიძის მინის ქარხანაში დამზადებული ოქროსვარაყიანი ქართული გვირგვინის ფორმის ფლაკონში იყო ჩამოსხმული. სუნამომ უდიდესი მოწონება დაიმსახურა და 20-30-იან წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ამერიკელ ქალებს შორის. ათ წელიწადში მაჩაბელმა კიდევ ათი სახეობის პროდუქცია გამოუშვა და უბრალო ჰობიდან მილიონიან ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი. თუ არ ვცდები, კონექტიკუტში დღემდე მოქმედებს ფირმა „Prince Machabeli”, რომელიც ჩვენს საუკუნეშიც  აწარმოებს პარფიუმერულ პროდუქტს.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ ემიგრაციაშიც უამრავი უნიჭიერესი ადამიანი ცდილობს წარმატების მოპოვებას. არ არის აუცილებელი მილიონების მოხვეჭა, მსოფლიო რანგის ავიაკონსტრუქტორის სტატუსის მოპოვება ან მომგებიანი პარფიუმერული ნაწარმის შექმნა, არც მრავალწლიანი ლოდინი უნდა იყოს სასარგებლო ადამიანთა გარჯის აღმოსაჩენად. სჯობს დღესვე დავაფასოთ უცხო გარემოში მყოფი რიგითი მოჯამაგირის ღირსეული შრომა, რომელიც ფაქტობრივად ჩვენს არსებობას უზრუნველყოფს.

ასე ძალადობის ,,მატარებელს“ ვერ შევაჩერებთ

0
ახლა არდადეგებია და ალბათ  მსუბუქ და საამურ თემებზე საუბარი გვირჩევნია, მაგრამ არდადეგებს ისევ მოჰყვება სამუშაო პროცესი და  ჩვეული მარათონი. ამიტომ სჯობს  ახლა მოვიცალოთ საკუთარ თავთან მისაბრუნებლად. ძალადობა უარყოფითი სოციალური ქმედებაა და საჭიროა მისი აღკვეთა, მაგრამ საზოგადოება ისევ სტერეოტიპების ტყვეობაში რჩება. 

რას ვგულისხმობ? 

ხანგრძლივ, ანუ გრძელვადიან ტრენინგებზე ყოფნა მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ სიახლოვისა და გულახდილობის განცდას უყალიბებს. ფაქტია, ეს გულახდილობა გარდა სასკოლო ამბებისა, პირად, ოჯახურ, მეზობლურ და ასე შემდეგ ამბებსაც მოიცავს. ასეთი გულახდილი ,,დისკუსია” მოჰყვა შესვენების დროს ერთი მოხდენილი, აქტიური ქალბატონისათვის კოლეგის ნათქვამს: – შავი ტანსაცმელი როდისღა უნდა გაიხადო, ცოცხალს ხომ ეტანჯვინებოდი, ახლა გულისწამსვლელ სიცხეში  მკვდარსაც ეწირებიო. ამ მინიშნება-გამოპასუხებაში გაირკვა, რომ  კარგი  გოგო  და კარგი  ბიჭი სიყვარულით დაქორწინდნენ, ოთხი შვილი შეეძინათ. გარეგნულად ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ქმარს თანდათან დაუმძიმდა  ხასიათი:  ეჭვიანობდა, ყველგან ღალატი ელანდებოდა და ყოველი მისი დათრობა ცოლ-შვილის გარეთ გამოყრითა და ლეწვა-მტვრევით მთავრდებოდა, ბავშვებს ხშირად მეზობლის სინათლის შუქზე უწევდათ მეცადინეობა, როცა ,,მამა ცუდად იყო” (ასეთ განმარტებას აძლევდა დედა შვილებისათვის მამის საქციელს). რომ გაიზარდნენ და მიხვდნენ, რას ნიშნავდა ეს ცუდად ყოფნა, რა გითხრეს თქვენმა შვილებმა? _ ვეღარ შევიკავე თავი.  პასუხი: – არაფერი, უყვარდათ მამა, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ნეტა ცოცხალი მყავდეს, ყველაფერს ავიტანდი. 

ათი სამუშაო დღე უკან გვქონდა მოტოვებული და დაბეჯითებით შემეძლო მეთქვა, რომ ეს ქალბატონი, გარდა მისი გარეგნული ხიბლისა,  გახლდათ მოტივირებული, გონიერი, კომუნიკაბელური, ტაქტიანი იუმორის მქონე პედაგოგი, რომელიც თავისი გამორჩეული კალიგრაფიით დაუზარელად და მოხერხებულად ამზადებდა საპრეზენტაციო ფურცლებს… აკეთებდა შთამბეჭდავ პრეზენტაციებს… 

სამოქალაქო განათლების თემები რას უტრიალებს თუ არა ადამიანის უფლებებსა და მათ შორის ძალადობას? ამ თემებზე საუბრისას ის ყოველთვის საღ და ადეკვატურ დასკვნებს გვიზიარებდა. მაგრამ სინამდვილეში თავად ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. მას მოწამებრივი როლი მარტო საკუთარი თავისთვის კი არა შვილებისთვისაც კი მოურგია. რაც მთავარია, საკუთარი ამბავი  ჩვეულებრივად მიაჩნდა.

ცხადია, წერილი  უბრალოდ ამბის მოსაყოლად არ წამომიწყია. მინდა, ის დავუკავშირო ოჯახური ძალადობის თემას, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ყველაზე დახურულ თემად საქართველოში იმ სტერეოტიპის ,,წყალობით”, რომ ოჯახში რა ხდება, ეს არავისი საქმე არ არის. საკანონმდებლო ცვლილებებს ფესვგადგმული სტერეოტიპები გასაქანს არ აძლევს.  მახსენდება ორი-სამი თვის წინ მარტოხელა დედების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული ერთ-ერთი შეხვედრა. დისკუსიაში ქალთა ფონდ ,,ტასოს” გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა მარინა თაბუკაშვილმა აღნიშნა: ,,ჩვენი სკოლისა და მასწავლებლების დამსახურებაა, რომ ქალები და გოგონები იტანენ ძალადობას, ხდებიან ამ ძალადობის მსხვერპლი, უფრო მეტიც,  სრულიად უასაკონი, ბავშვები მარტოხელა დედებად იქცევიან და ისინი განწირული არიან განკვეთისათვის, ზურგის შექცევისათვის… ხშირად საზოგადოება უჭრის მათ გზას ნორმალური, ჯანსაღი ცხოვრებისაკენ და  პროსტიტუციისა ან სუიციდისაკენ უბიძგებს. სკოლაში ეს თემები (სქესობრივი აღზრდა, ადამიანის უფლებები, ბავშვის უფლებები…) რომ სწორად ისწავლებოდეს, არც ასეთი საზოგადოება გვეყოლებოდა და ახალგაზრდაც ნებსით თუ უნებლიეთ  ერთხელ აბნეული გზისათვის მთელი ცხოვრება სტიგმის ქვეშ არ იცხოვრებდა. მაგრამ ჩვენი მასწავლებლები არ არიან მზად ამისთვის”. ამ ნათქვამში არის, რა თქმა უნდა, მწარე სიმართლე, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მასწავლებლებიც ამ საზოგადოების ღვიძლი შვილები არიან და გავრცელებული სტერეოტიპები მათ ცნობიერებაშიც საპატიო ადგილს იკავებს. თუმცა ყველაზე მეტად მასწავლებელს მართებს ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულებების შეცვლა, რომ მომავალ თაობას სწორი ორიენტირები მისცეს.  

განათლების სისტემის გენდერულმა დაუბალანსებლობამ ამ ტრენინგზეც იჩინა თავი: ჯგუფში მხოლოდ ქალები იყვნენ. ზემოთ ნახსენებ დისკუსიაში, რომელიც თვითმართულ დებატებში გადაიზარდა, ტრენინგის თვრამეტივე მონაწილე ჩაება. ოჯახური ძალადობისა და დისკრიმინაციის ისეთი მაგალითები მოვისმინე, ცალკე წიგნის თემად გამოდგებოდა: ,,ჩემი ქმარი ჩუმად გამომყვებოდა უკან და დაუსტვენდა, ვაი ჩემი ბრალი, თუ უკან მივიხედავდი: –  რა იცოდი, მე რომ ვიყავი, რატომ მომხედეო… ”  ,,ჩემს მულს ქმარი დღედაღამ ამუშავებს, თვითონ ტელევიზორთან ზის და საღამოს ამ საწყალმა წიგნის წასაკითხად თუ მოიცალა, საქმე გამოგელიაო, დაჰყვირის. ვეღარ შეძლო სკოლაში მუშაობა, მოუმზადებელი ხომ არ მივალ ბავშვებთანო და თავი დაანება…”; ,,ჩემი ახლობლის გოგო მოიტაცეს, მას არ უნდოდა მომტაცებელთან დარჩენა, მაგრამ დედ-მამამ თავშერცხვენილი ვიღას უნდიხარო და უკან წამოსვლის ნება არ მისცეს. ორი შვილი ეყოლა, ქმარი ამწარებდა, წასასვლელი არსად ჰქონდა, ერთ დღესაც სახლიდან დაიკარგა… ახლა თქვეს თურქეთში მუშაობს და შვილების წაყვანა უნდაო”.

ტრენინგის პროგრამა თავისას ითხოვდა და შევეცადე, ეს თემა პატარა კვლევით დამესრულებინა და სამი პოზიცია შევთავაზე პედაგოგებს: 

ოჯახში ძალადობის ატანა დაუშვებელია – დაეთანხმა 5 მონაწილე;

ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა აიტანო – დაეთანხმა 6 მონაწილე;

ოჯახში ყველაფრის ატანა დაუშვებელია, მაგრამ ზოგი რამ  უნდა მოითმინო – დაეთანხმა 7 მონაწილე;

ამ თვალსაზრისით არც სასკოლო სახელმძღვანელოები ქმნიან სასურველ სურათს (სახელმძღვანელოების გენდერულ ანალიზში, რომელიც 2012 წელს ჩატარდა, ვკითხულობთ: ,,… ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისეთი თემების სწავლების დროს, როგორიცაა დემოკრატია, თანასწორობა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები, არაა ან არასაკმარისადაა გამახვილებული ყურადღება გენდერულ უთანასწორობაზე, სქესთა თანასწორი წარმომადგენლობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობაზე, ქალთა უფლებებზე, ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ისტორიაზე, ოჯახურ ძალადობაზე და სხვა მსგავს საკითხებზე, რის გარეშეც წარმოუდგენელია აღნიშნული თემის სრულყოფილი გააზრება.)   დასკვნების გამოტანა მარტივია – ასეთი ღირებულებების მქონე პედაგოგებისთვის შეუძლებელია ეფექტური პროცესის წარმართვა მოსწავლეებში გენდერული მგრძნობელობის ასამაღლებლად, ყოველგვარი ძალადობის, მათ შორის ოჯახური ძალადობის, საწინააღმდეგო განწყობების ჩამოსაყალიბებლად.

ძალადობის ,,მატარებელს” სიჩქარე დიდი ხნის აკრეფილი აქვს და მისი შეჩერება იოლი არ არის.  ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია თავად პედაგოგებს შორის გენდერული თანასწორობის საბაზისო საკითხების, ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რასაც მოჰყვება დამოკიდებულებების შეცვლაც. მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რადგან სკოლა საზოგადოებისაგან მოწყვეტილად ვერ წარმართავს ამ პროცესს. ამ მიმართებით საზოგადოების ცნობიერებაც უნდა ამაღლდეს. ზოგადად,  ეს პროცესი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან უნდა დაიწყოს და უწყვეტად გაგრძელდეს. სხვანაირად ეფექტი დააგვიანებს.

ქიმია და დიზაინი ანუ მოლეკულის არქიტექტურა

0

დრო ელვისებურად მიჰქრის… და როგორც ჩანს, რაც დრო გავა, კიდევ უფრო აჩქარდება… ცხადია, დედამიწა არ შეიცვლის ბრუნვის სიჩქარეს არც თავის ღერძის და არც მისი მანათობელ-გამათბობელი მზის გარშემო… ეს ჩვენი სულსწრაფობის სიჩქარე იზრდება.. რაც არ უნდა ვენდობოდეთ მატიანეებსა და მემატიანეებს, მაინც დაუჯერებლად გვეჩვენება, თუ როგორ ახერხებდნენ ძველად ცხენით იერუსალიმში წასვლა-მოსვლას…

ცვალებადობაც დროსავითაა… იცლება ყველაფერი ჩვენს გარშემო, და რაც დრო გავა, კიდევ უფრო სწრაფად დაიწყებს იგი შეცვლას… იცვლება ჰავა, კლიმატი, რადიაციული ფონი, თვითმფრინავები და მანქანები, კომპიუტერები და ციფრული ტექნოლოგიების სხვა ქმნილებები. ვიცვლებით ჩვენც ჩვენი მისწრაფებებით, იდეალებით თუ კერპებით, ჩაცმულობისა თუ ვარცხნილობის სტილით, კვების რაციონითა და ქცვის მანერებით და ვინ მითვლის, კიდევ რამდენი რამით…
იცვლება მეცნიერებაც…. იცვლებიან მეცნიერებიც და მათთან ერთად მათი თეორიები, დილემები, მეთოდები, მიდგომები…
და ამ გაუთავებელ ცვალებადობასთან ერთად ჩნდება ახალი თეორიები, დილემები, მეთოდები, მიდგომები და… პროფესიები.
სულ ცოტა ხნის წინ პროფესია დიზაინერი არ არსებობდა. დღეს კი წარმუდგენელია, მეცნიერების, ტექნიკის თუ ყოფაცხოვრების რომელიმე სფერო, თავისი დარგის დიზაინერი რომ არ ჰყავდეს. დღევანდელი მისწრაფებები, არსებული რეალობა, თვითდამკვიდრეისათვის ურთულესი ბრძოლები და მკაცრი კონკურენცია იძულებელს გვხვდის, ერთ-ორი კარგი დიზაინერი მუდვივად ვიყოლიოთ გვერდით…
მაინც რა პროფესიაა? არ რატომ ვიყენებთ ამ უცხო სიტყვას? გამომგონებელი? დიახ, მაგრამ ის უფრო მეტია. შემოქმედი? რა თქმა უნდა, მაგრამ არც ეს ტერმინი აღწერს მას სრულად. იდეების გენერატორი? ცხადია, თუმცა მისი საქმიანობა შედარებით მეტია. კარგი შემსრულებელი? შემსრულებელიც არის, მაგრამ არა მარტო…
სიტყვა “დიზაინერი” (და შესაბამისად პროფესიაც) ზემოთამოთვლილი სხვადასხვა ტერმინებს აერთიანებს და ერთ მთლიან ჰიბრიდულ პროფესიას წარმოადგენს.
სხვა სფეროებს არც ქიმია ჩამორჩა და გაჩნდა ტერმინი “მოლეკულური დიზაინი”. თუ შესაძლებელია პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე და იმადროულად ლამაზი შენობის აგება, თუ შესაძლბელია სასიამოვნო მუსიკის დაწერა ისე, რომ პარტიტურაც ლამაზად გამოიყურებოდეს, მაშინ რა თქმა უნ და ასევე შესაძლებელია შეიქმნას საინტერესო თვისებების მქონე ლამაზი “ჰაბიტუსის” მოლეკულების სინთეზიც…
მოლეკულური დიზაინერების წინაშე საკმაოდ დიდი და პრობლემატური ამოცანების გადაჭრის აუცილებლობა დგას. პირველ რიგში, უნდა დაიგეგმოს მოლეკულის თვისებები მისი პრაქტიკული გამოყენებიდან გამომდინარე, შემდეგ ამ თვისებების მატარებელი ჯგუფები და ფრაგმენტები უნდა მოიძებნოს. მათი შეგროვება არა მარტივი, მაგრამ გაცილებით რთულია მათი ერთად აკინძვა – საბაზო მოლეკულაში შეყვანა. ვინმეს ერთხელ მაინც ჰქონია საქმე ორგანულ სინთეზთან, ადვილად მიმიხვდება თუ რა ტიტანურ შრომასთან გვაქვს საქმე.
მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ მოლეკულის აგების ტექნიკა, ძალიან ჰგავს ცათამბრჯენის აგებას. ამიტომ ქიმიაში უკვე ხშირად გამოიყენება ტერმინები “მოლეკულური არქიტექტურა”, “მოლეკულური არტი” და ა.შ.
მაგალითად, ნაერთი, რომლის დასახელებაა 5-(2,3-დიმეთილციკლოპენტ-2-ენ-1-ილ)-6,6,9,9-ტეტრაეთილ-10-მეტილციკლოდეკა-1,3,7-ტრიენი რქოსანი პირუტყვის მოლეკულური “ნახატია”:
ქიმიკოსთა გონი და მათ ხელ არსებული ტექნოლოგიები უკვე იძლევა ასეთი სტრუქტურების მიღების საშუალებას. დღესისათვის უკვე მრავალ უნივერსიტეტში შექმნილია მოლეკულური დიზაინის სამეცნიერო ჯგუფები, ცენტრები, აქა-იქ სპეციალობებიც იხსენება უკვე…
მოლეკულური დიზაინის ერთ-ერთი ბოლო მიღწევის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჟურმალ “Nature”-ში. Empa-ს მკვლევერებმა დანიელ კოლეგებთან ერთად შექნეს ნანო ზომის ავტომობილი, რომელიც ერთ მოლეკულას წარმოადგენს. იგი უხმაუროდ “დადის” ყოველგვარი გამონაბოლქვის გარეშე. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ სპილენძის მავთულის გასწვრივ შეუძლია გადააგგილება სწორხაზობრივად თავისი ოთხი საბურავის საშუალებით.
მისი ზომები 4×2 ნანომეტრია და დაახლოებით 2 მილიონჯერ უფრო პატარაა, ვიდრე რომელიმე ელექტრომობილი, თუმცა მასავით იმუხტება ელექტროენერგიით. მისი “საბურავები” ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი მიმართულებით ბრუნავენ, ამიტომ ახალი ნანო ავტომობილი ჯიქურად მხოლოდ წინ მიიწევს. მას მთლიანად “ქიმიური ძრავა” აქვს და პოტენციალის მოდების შემთხვევაში მოლეკულაში იწყება ცის-ტრანს იზომერიზაციის ფორებს შორის გარდაქმნა. ამ გარდაქმნის შედეგად კი მისი საბურავები იწყენებ ბრუნვას.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ქიმიის მომავალი განვითარება მოლეკულურ დიზაინერებზე დიდად არის დამოკიდებული. ქიმიკოსებს ამ პროფესიის განვითარების საშულებით შეეძლებათ წინასწარდასახული მიზნის შესაბამისად ააგონ მოლეკულები და არა პირიქით – ჯერ მოლეკულა მივიღოთ და შემდეგ ვიმტვრიოთ თავი, თუ სად შეიძლება გამოვიყენთ იგი…
მომავლის სკოლაში გაკვეთილიც ასე უნდა დაიგეგმოს და ყოველ მასწავლებელში “პატარა დიზაინერი” უნდა სახლობდეს… ისე ვერ გავზრდით დიდ დიზაინერებს…

საიდანაც მზე ამოდის

0
მრგვალია დედამიწა, თანაც მბრუნავი. დაქრის ბზრიალ-ტრიალით უკიდეგანო კოსმოსში გატკეპნილ ორბიტაზე და დაგვაქროლებს ჩვენც ჩვენი სახლ-კარით, ბაღ-ვენახით, ტანჯული აწმყოთი, მივიწყებული ისტორიით, ბურუსით მოცული მომავლით… ტრიალებს დედამიწა და ვტრიალებთ ჩვენც. ამ უსასრულო ხეტიალში გზა-კვალი რომ არ აგვრეოდა, პლანეტარული სივრცე ოთხ მხარედ დავყავით: ჩრდილოეთად, სამხრეთად, აღმოსავლეთად და დასავლეთად. ამ ოთხიდან ერთს განსაკუთრებული მოწიწებით გავცქერით. ის მარტო გეოგრაფიული კოორდინატი არ არის – მას საკრალური მნიშვნელობაც აქვს: იქიდან ამოდის მზე და მზესთან ერთად – იმედიც. ღამის წყვდიადით შეშინებულებს და სადგომებში შეყუჟულებს, მზის ამოსვლისთანავე თვალისჩინი გვიბრუნდება; გათენებისთანავე სიმშვიდე ისადგურებს ჩვენს გულებში…

სტერეომეტრიის კანონებით, სფეროსებრ სხეულზე მუდამ აღმოსავლეთით რომ იარო, დასავლეთს ვერასდროს მიაღწევ, მაგრამ დედამიწისთვის ეს კანონი არ მუშაობს. ჩვენთვის აღმოსავლეთი იაპონიასთან მთავრდება. იმის იქით დასავლეთია უკვე, ერთ დროს ველურადაც რომ მოვიხსენიებდით – უფრო, ალბათ, განსხვავებული კულტურის, ვიდრე კანის ფერისა თუ თვალის უპეების მოხაზულობის გამო.

დიდი ხანია, მიტაცებს აღმოსავლური კულტურა, მისი სიძველე, ყოფის ფილოსოფია… მეც გავუდექი აღმოსავლეთის გზას. მართალია, მთლად ამომავალი მზის ქვეყნამდე ვერ მივაღწიე, მაგრამ ვიეტნამიდან იაპონიამდე ერთი ხელის გაწვდენაა.

ვიეტნამიც ტიპური აღმოსავლეთის ქვეყანაა. პირველი, რასაც იქ მოხვედრისთანავე გრძნობ, სიცხე და მაღალი ტენიანობაა. ვიეტნამში, ჩვენგან განსხვავებით, წელიწადის პრაქტიკულად ორი დროა – ზამთარი და ზაფხული. ზაფხული აქ წვიმების სეზონია. დღისით ცხელა, მაგრამ სუნთქვა შეიძლება. მოსაღამოებულზე გრილდება, მაგრამ სუნთქვა ჭირს. ამ დროს ჰაერში გაბნეული წყლის პაწაწინა მოლეკულები უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს და შენც უფრო მეტად გრძნობ ტენიან ჰავას, უცხოელს სუნთქვას რომ უკრავს და ფრეონისა და კონდიციონერის თაყვანისმცემლად აქცევს.

მეორე თვალშისაცემი რამ წვიმაა. თუ ტროპიკული თავსხმა არ არის და დასველებისა არ გეშინია, წვიმაში სეირნობა შეიძლება. თითოეული წვეთი ისე სათუთად გეცემა ტანზე, ისე ფაქიზად, რომ არ გაკრთობს, გელამუნება.

დილა მეტად საინტერესოდ იწყება. ვიეტნამი ალიონზე (5 საათზე) იღვიძებს ჰიმნის ფონზე. იღვიძებს და, თავჩაღუნული, ჭიანჭველასავით იწყებს შრომას – ვინ ბრინჯის ნათესებში მიქრის სკუტერით, ვინ სახელდახელოდ გამართულ ქუჩის კაფეებში აღვივებს კერას საუზმის მოსამზადებლად, ვინ შენობების მიწისზედა სართულებზე მოწყობილ საამქროებში აჩქამებს ჩაქუჩსა და სხვა სამჭედლო იარაღს…

ჰანოი, სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, ორად არის გაყოფილი – თანამედროვე მაღალსართულიან ნაწილად და ძველ კვარტალად. ნამდვილი ვიეტნამი სწორედ ამ უკანასკნელში იგრძნობა. ვიწროშენობებიან ვიწრო ქუჩებში უამრავი სკუტერი მოძრაობს. შვიდმილიონიან ქალაქში ხუთი მილიონი მოტოციკლია. უცხოს ქუჩის გადაკვეთაზე ფიქრიც კი გაფრთხობს. თუმცა ვიეტნამელ მძღოლებს ღამურებზე უკეთესად აქვთ განვითარებული ნავიგაციის უნარი – შეგიძლია, მშვიდად, მოურიდებლად გადაკვეთო ქუჩა, არავინ დაგეჯახება.

ძველი კვარტალი სპეციფიკური სუნითაც დაგამახსოვრებთ თავს… თითქმის ყოველ ნაბიჯზე რაღაც იხარშება, თეფშები პირდაპირ ქუჩაში ირეცხება, ნარჩენებიც იქვე გროვდება. ძნელია, ევროპელმა (თუ ევროპელებში ძალად ჩაწერილმა) ყოველივე ამას გულგრილად შეხედო. გაგაოცებს მათი სამზარეულო, თუმცა ადამიანის ორგანიზმი ხომ ცილებისა და ნახშირწყლების გადამამუშავებელი ერთი დიდი ქარხანაა მხოლოდ – რას გადაამუშავებს, „ქარხნის” დირექტორსა და მის ახირებაზეა დამოკიდებული…

რაც უფრო გამაღიზიანებელია სუნი, მით მეტი სიბრალულით იმსჭვალები, ამდენი შრომის შემდეგ ასეთ სიდუხჭირეში რომ უწევთ ცხოვრება. არადა ღობის იქით კორეა და ტაივანია – თითქმის იმავე კულტურისა და ტრადიციების, მაგრამ სხვა ფორმაციის ქვეყნები. ვიეტნამის სოფლებში უმთავრესად ქალები და ბავშვები ცხოვრობენ, მამაკაცები ქალაქს წასულან: ზოგი – ჰანოიში, ზოგიც – უფრო სამხრეთით, რომელიც უფრო მეტად კაპიტალისტურია(?!). ესეც ვიეტნამის სახეა: ერთ სახელმწიფოში – ფაქტობრივად, ორი ფორმაცია.

მიუხედავად დუხჭირი ყოფისა, სკოლებსა და, საზოგადოდ, სწავლა-განათლებას დიდ ყურადღებას აქცევენ. სიბრძნის დაუფლებისადმი ტრადიციული მისწრაფება კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ ჩაკლა. ერთი კია – სკოლებთან ჩავლისას ჩემი თაობის და უფრო ხანდაზმულმა ხალხმა შესაძლოა დეჟავიუ განიცადოთ წითელყელსახვევიანი გოგო-ბიჭების დანახვაზე…

ვიეტნამელებს ოჯახის შექმნის ტრადიციაც განსაკუთრებული აქვთ: ქალ-ვაჟი რომ დაქორწინდეს, სულ მცირე, ხუთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი და უმთავრესი ჰოროსკოპია, რომელსაც თავისი „დისკრიმინანტის” ფორმულა აქვს და რომლის მიხედვითაც გამოითვლიან, ვის ვისთან შეუძლია დაწყვილება. მეორე პროფესიაა. „პრესტიჟული” პროფესიის პატრონები სასურველი სარძლო-სასიძოები არიან და ამ პრესტიჟულ პროფესიებს შორის პირველი მასწავლებლობაა! მესამე კრიტერიუმი ოჯახური ტრადიციაა, მეოთხე – შეძლება და უკანასკნელი, მეხუთე – გრძნობა.

აღმოსავლეთში მასწავლებლის პატივისცემა არც სოციალურ ფორმაციაზეა დამოკიდებული, არც ეკონომიკურ მდგომარეობაზე, – ეს აქაური ტრადიციაა, რომელიც არ დაივიწყეს.

ისე, მშობლებისგან გამიგონია – მათაც განსაკუთრებით ჰყვარებიათ მასწავლებლები…

ფრენის გაკვეთილები და ნობელიანტი მასწავლებელის ზღაპარ-სახელმძღვანელო

0
ფრენაზე  გიოცნებიათ? ალბათ – კი. ბავშვები ყველაზე  ხშირად სიზმრებში დაფრინავენ. მეოცნებე პიტერ პენებს და მის მეგობრებს ფრთები არ სჭირდებათ, რომ მიწას ღრუბლებიდან გადმოხედონ. მათ სწამთ, რომ ფრენა და ბავშვად დარჩენა შეუძლიათ. 

ალბათ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც  უნახავს მოსწავლეების თუ შვილების ,,ფართოდ დახუჭული თვალები” – აი, გიყურებს ადამიანი, თითქოს გისმენს და უცებ… საკუთარი თავიდან მიფრინავს. ერთი ასეთი მოსწავლე მეც მყავდა. რამდენჯერ ვთხოვე, მოგვიყევი სად მოგზაურობ-მეთქი, მაგრამ ვერაფრით ავალაპარაკე.

ერთ საღამოს, პატარა ,,მფრინავის” წასახალისებლად, ოცნებებზე, სიზმრებზე, ჩიტებზე, ფრენის სურვილზე წამოვიწყე საუბარი და ბავშვებს წარმოსახვითი თამაში შევთავაზე – თვალები უნდა დაგვეხუჭა და თავი ფრენის პროცესში წარმოგვედგინა, შემდეგ კი წარმოსახული დაგვეხატა.  გოგონების უმეტესობა პეპლებად და ჩიტებად იქცა.  ბიჭებს შორის ყველაზე გაბედულები მიწაზე პარაშუტით დაეშვნენ, მოსწავლეთა ნაწილმა თვითმფრინავის, საჰაერო ბურთის და ვერტმფრენის დახმარებით  გაშალა ფრთები. ბავშვებს ძალიან მოეწონათ ,,ფრენის გაკვეთილი” და გადავწყვიტე ამ თემისთვის კიდევ ერთი საღამო დამეთმო.

მომდევნო დღეს საუბარი ჩიტსა და ადამიანს შორის მსგავსება-განსხვავების ძიებით დავიწყე,  მოსწავლეებმა ყველაზე მთავარ განსხვავებად ფრენის უნარი დაასახელეს. მერე ქართული ანიმაციური ფილმი ,,სიზმარა” ვაჩვენე. პატარები მიხვდნენ, რომ ადამიანსაც შესძლებია ფრენა, ოღონდ გონების, წარმოსახვის უნარის დახმარებით. ბოლოს  საკუთარი სიზმრები გავიხსენეთ და ფრენის ნიჭით დაჯილდოებული საყვარელი პერსონაჟებიც დავასახელეთ. როცა ჩემი ჯერი მოვიდა, ბავშვები აცქმუტდნენ, აინტერესებდათ, რომელი მათგანის საყვარელ ზღაპრის გმირს დავასახელებდი – კარლსონს, პიტერ პენს, კასპერს, ბეტმენს, ჰარი პოტერს, ადამიან ობობას თუ … ჩემმა არჩევანმა კი კიდევ ერთი ზღაპრით გაამდიდრა მათი საყვარელი წიგნების ჩამონათვალი.

არის ასეთი რუსულენოვანი ანიმაციური ფილმი –  ,,Заколдованный мальчик”.  ბატის ზურგზე ამხედრებული ნილსი სწორედ ამ ფილმის წყალობით გავიცანი და სანამ წიგნის კითხვას დავიწყებდი, გადავწყვიტე ეს მულტფილმი ჩემი მოსწავლეებისთვისაც მეჩვენებინა.

ლოგინს მიჯაჭვული გოგონას ახდენილი ოცნება და ორიგინალური ლიტერატურული ექსპერიმენტი

სელმა ლაგერლოფი 1858 წლის 20 ნოემბერს შვედეთში, მორბაკას ოლქში დაიბადა. მისი მამა ყოფილი სამხედრო იყო, დედა კი – მასწავლებელი. სამი წლის სელმას ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, პარალიზებული პატარა ლოგინიდან ვერ დგებოდა. 

შვიდი წლისა უკვე მწერლობაზე ოცნებობდა, დაუსრულებლად შეეძლო ესმინა საყვარელი ბებიისათვის, რომელმაც უამრავი ხალხური ზღაპარი და ლეგენდა იცოდა. სელმა მოკლებული იყო სხვა ბავშვებთან თამაშს, ხუთიოდე წლის გოგონას ერთადერთ გასართობს მხოლოდ ზღაპრების მოსმენა წარმოადგენდა. მალე პატარა ლაგერლოფს ბებია გარდაიცვალა. ადვილი წარმოსადგენია, როგორ გაუჭირდებოდა მას ამ სამწუხარო ფაქტთან შეგუება. 

გავიდა დრო და მომავალმა მწერალმა მკურნალობა დაიწყო სტოკჰოლმის სპეციალურ კლინიკაში, სადაც ექიმებმა მოძრაობის უნარი დაუბრუნეს, თუმცა ლაგერლოფი ცხოვრების ბოლომდე კოჭლობდა.
 
სელმა ხვდებოდა, რომ თუ რაიმე სპეციალობას არ დაეუფლებოდა, მომავალში თავის რჩენა გაუჭირდებოდა. მისი ოჯახი გაკოტრების პირას იყო, გამოსავალიც არ ჩანდა. გოგონა სტოკჰოლმის ლიცეუმში მოეწყო, შემდეგ კი სწავლა უმაღლეს პედაგოგიურ სემინარიაში გააგრძელა. 

სემინარიის დამთავრების შემდეგ, სელმა ლაგერლოფმა ქალაქ ლანდსკრუნის ქალთა პანსიონში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თუმცა სამსახურმა ახალბედა მასწავლებლის ფინანსური მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. მამის სიკვდილის შემდეგ მწერლის საყვარელი მორბაკა გაიყიდა და იქ უცხო ადამიანები დასახლდნენ… ლაგერლოფების საგვარეულო ბუდე მოიშალა. 

ფინანსური სირთულეების დაძლევაში ახალბედა მასწავლებელს ბავშვობისდროინდელი ოცნება დაეხმარა. 1891 წელს, ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, სელმამ დაიწყო რომანის –  „საგა იოსტა ბერლინგზე”  წერა. ეს რომანტიკული ნაწარმოები  შვედურ ლიტერატურაში გამეფებული რელიგიური თემატიკის ფონზე ნამდვილ სიახლეს წარმოადგენდა. საგამ  მალე მოიპოვა მკითხველთა სიყვარული და კრიტიკოსების აღფრთოვანებული შეფასებებიც დაიმსახურა. ხუთი წლის შემდეგ სელმა ლაგერლოფის ფინანსური მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ მან შეწყვიტა მასწავლებლობა და დარჩენილი ცხოვრება შემოქმედებით საქმიანობას მიუძღვნა.

ნობელის პრემიამ  მწერალს საშუალება მისცა საყვარელი მორბაკა გამოესყიდა, სადაც მან დარჩენილი სიცოცხლე გაატარა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1940 წლის 16 მარტს,  81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლის სიკვდილის შემდეგ სახლი მუზეუმად გადააკეთეს,  ბატზე ამხედრებული ნილსი კი შვედეთის არაოფიციალურ სიმბოლოდ იქცა.
 
მეოცე საუკუნის დასაწყისში შვედეთის საჯარო დაწყებითი სკოლების მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა  ალფრედ დალინმა ორიგინალური პედაგოგიურ-ლიტერატურული ექსპერიმენტი წამოიწყო. საინტერესოა, როგორ მიიღებდნენ მოსწავლეები სკოლის მოდერნიზებულ სახელმძღვანელოს, რომელიც ტრადიციული მშრალი თხრობის ნაცვლად, მხატვრული ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი წერის მანერით იქნებოდა შესრულებული. მასწავლებელთა საბჭომ ექსპერიმენტის განხორციელება შვედეთში უკვე სახელგანთქმულ მასწავლებელ-მწერალს მიანდო. სელმა ლაგერლოფმა სიხარულით მიიღო ეს გამოწვევა და თანაავტორებზეც უარი თქვა. 

წიგნზე მუშაობა 1904 წელს დაიწყო. მწერალს სურდა, რომ მის წიგნს შვედი ბავშვებისთვის სამშობლო შეეყვარებინა, ამიტომ მოიმარაგა შვედეთის გეოგრაფიის სახელმძღვანელოები და არც დახმარებაზე უთქვამს უარი. ალფრედ დალინი შვედეთის სხვადასხვა კუთხეში აგზავნიდა კითხვარის ფურცლებს, იმ იმედით, რომ პასუხად ეთნოგრაფიული და ფოლკლორული შინაარსის მასალებს მიიღებდა. 

ლაგერლოფისა და დალინის მიმოწერიდან:

,,სახელმძღვანელოზე მუშაობამ მომკლა, უფრო სწორად, იმის აღმოჩენამ, რომ ასე ცოტა რამ ვიცი მე ჩემს საყვარელ სამშობლოზე. ვკითხულობ ყველაფერს, რაც ხელში მომხვდება  -გეოლოგიაზე, ზოოლოგიაზე, ბოტანიკასა და ისტორიაზე დაწერილ წიგნებს. როგორ საოცრად განვითარებულა ყველაფერი მას შემდეგ, რაც მე სკოლა დავამთავრე…”

მასალები დაგროვდა, მაგრამ სელმას არ აკმაყოფილებდა ის ფაქტი, რომ წიგნი სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი ფრაგმენტებისაგან იყო შეკოწიწებული. მას სჭირდებოდა ამ ფრაგმენტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი სიუჟეტური ხაზი, რომელზეც  მოპოვებულ მასალებს განალაგებდა. შთაგონების ძიებამ მწერალს სამშობლოში მოგზაურობა გადააწყვეტინა. ლაგერლოფი წიგნში ნახსენებ შვედეთის რამდენიმე პროვინციას ესტუმრა და შახტაში ჩასვლაც გაბედა. მოგზაურობის დასასრულს სელმა მშობლიურ პროვინციასაც ეწვია.

მწერლის თქმით, მას სწორედ ვერმლანდში ეწვია მუზა. მოეჩვენა, რომ თვალი მოჰკრა ციცქნა ბიჭუნას, რომელსაც ბუ მისდევდა დასაჭერად. მოგვიანებით ამ ისტორიამ ლაგერლოფის ზღაპარში დაიდო ბინა. სიუჟეტის მეორე წამყვან თემად კი მწერლის რეალური მოგონება იქცა. მორბაკაში ცხოვრების დროს, შინაური ბატი გარეული ბატების გუნდთან ერთად გაქცეულა ლაგერლოფების ფერმიდან და მოგვიანებით, დედა ბატთან და ჭუკებთან ერთად დაბრუნებულა. 

ასე დაიბადა ნანატრი ცენტრალური სიუჟეტური ხაზი: შინაური ბატის ზურგზე შემომჯდარი ცეროდენა ბიჭუნა გარეული ბატების გუნდთან ერთად მთელ შვედეთს გადაიფრენს და საოცარი თავგადასავლის მონაწილე გახდება. მოგზაურობის დროს ნილსი ეცნობა ადგილობრივ მცხოვრებლებს და მათ წეს-ჩვეულებებს, ისმენს ლეგენდებსა და ისტორიებს…

ნილსის მოგზაურობა მხოლოდ დოკუმენტური მასალის შესალამაზებელი დეტალი არ გახლავთ. ოდესღაც მავნე და გულცივი ბიჭუნა სწავლობს თანაგრძნობას, პატიებას და გაჭირვებაში ჩავარდნილი არსებების დახმარებას. მას აღარ ძალუძს ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება, თავის გადარჩენის მიზნითაც კი. 

აღსანიშნავია მწერლის სიყვარული მშობლიური ბუნების მიმართ. ლაგერლოფის წიგნში ცხოველებთან ერთად მდინარეები, კლდეები და ხეებიც ლაპარაკობენ. შვედმა ქალბატონმა ერთ-ერთმა პირველმა დააფიქრა ადამიანები ეკოლოგიურ პრობლემებსა და ამ პრობლემების წარმოქმნაში ,,ბრალდებული” საზოგადოების არასასურველ ქმედებებზე.
 
1906 წლის 24 ნოემბერს წიგნის მაღაზიებში ,, ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა შვედეთში” პირველი ტომი გამოჩნდა, ერთი წლის შემდეგ კი მეორე ტომმაც იხილა დღის სინათლე.

წიგნმა შვედი კრიტიკოსების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ვინც ნაწარმოებს სასწავლო-პედაგოგიური თვალსაზრისით აფასებდა, მწერალს გეოგრაფიულ და ბიოლოგიურ უზუსტობებში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ სრულყოფილ სასწავლო წიგნად ,,ნილსი” არ გამოდგებოდა. თან, ბავშვის მოუმწიფებელი გონება ვერ შეძლებდა ერთმნიშვნელოვნად საინტერესო სიუჟეტური ძაფით ნაქარგი ურთულესი დოკუმენტური ინფორმაციის ათვისებას. 

კრიტიკოსების შეფასების მიუხედავად, შვედმა მკითხველმა ნილსი შეიყვარა, მისმა ავტორმა კი საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა ჯერ სამშობლოში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში. მთარგმნელების უმეტესობამ წიგნი შეკვეცა. ქართველი მკითხველიც ,,ნილსის” შემოკლებული რუსულენოვანი თარგმანის გადმოქართულებულ ვერსიას იცნობს (მთარგმნელი – კარლო კობერიძე). 

გეოგრაფიის სახელმძღვანელოდ ჩაფიქრებულმა ზღაპარმა სელმა ლაგერლოფს დიდი წარმატება მოუტანა. 1907 წელს მწერალი უფსალას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს, 1909 წელს კი ნობელის პრემია მიანიჭეს. ის იყო პირველი მწერალი ქალი, რომელსაც ლიტერატურის დარგში შვედეთის უმაღლესი საერთაშორისო პრემია მიენიჭა და  შვედეთის აკადემიის წევრი გახდა (1914 წელი).

***
ჩემი აზრით, როცა კარგ წიგნს კითხულობ, გეოგრაფიულ თუ ისტორიულ უზუსტობებზე ყურადღების გასამახვილებლად არ გცალია. რატომღაც არ მგონია, რომ სელმა ლაგერლოფის მსგავს გამოცდილ მწერალს მშობლიური პროვინციები ერთმანეთში არეოდა. იქნებ ეს უზუსტობები მწერლის ჩანაფიქრის ნაწილი იყო. ბავშვის თვალით დანახულ სამშობლოს რუკას ხანდახან მხოლოდ იქ მივყავართ, სადაც მის პატრონს მიუწევს გული. პატარების წარმოსახვის გლობუსზე  ყველაზე დიდი და მთავარი ადგილი მშობლიურ ქალაქს ან სოფელს უჭირავს. თან, ზემოდან ხომ ყველაფერი სხვაგვარად მოჩანს.

პისტი და მომავალი პროფესიის საქმე

0

,,მთაზე მიდის ორი ხბო, იქით-აქეთ მექცევა’’

ფეხსამცელში წყალი ჩამივიდა. ჭყაპუნობს. ქრონიკული სურდო მაქვს. მე და გელა და ნათია და თათუნა მივდივართ. პისტი ცხოვრობს ლომინეიშვილების გორაზე, ძველ ოდა-სახლში. უფრო ზუსტად ნაოდასახლარში. რაღაც ნაწილი ეტყობა ფიცრებას გაყიდა. ეს ჩვეულებრივი საქმე იყო სხვებისთვის. ხოლო ჩამოთვლილი სახელები ჩემ მამიდაშვილებს ეკუთვნით. პისტი სახლი კი ბინძურია. პისტიც. გეგონება რომ პისტის არსდროს უტირია – მისი თვალები უცნაურად მშრალია და ცივი. ოღონდ მშივიდი არა. არავინ იცის მისი ეროვნება. სოფელში ამბობენ რომ კუდი აქვს და ცხადია მეშინია. მაგრამ პისტის მომავალის განჭვრეტა შეუძლია, მე კი მაინტერესებს – კიბერნეტიკოსი გამოვალ თუ არა. ეს სიტყვა შემთხვევით გავიგე და დავიჩემე, კიბერნეტიკოსი უნდა გავხდე მეთქი. პისტიმ უკეთ იცის. სახლში აქვს ვიღაცის ნაჩუქარი ხატები, ის დროა – ოთხმოცდაათიანებს დანა პირს რომ უხსნის და ხალხი რელიგიური ხდება. პისტის აჩუქეს და მანაც დაიტოვა ყოველიშემთხვევისთვის. აქვს რამდენიმე შეკვრა კარტი. ტაროსი არა. რაღაც ქილები აწყვია ყვითელი სითხით სავსე და ტაფაზე შემწვარი კვერცხის ნარჩენებია

რა გინდებლარიენ?
მომავლის დანახვა
რეიზა?
რა ვიცი აბა..მომავალი გვინდა დევინახოთ
რომელი ხართ შუათანე?
მე
ჭამე რამე ალიონზე?
კი
უნცროსი?
მე
ჭამე ალიონზე?
არა
რა გქვია?
გიორგი
ვისი ხარ
ზურიკოს?
ვინ ზურიკოის?
შაქროს ზურიკოს
მოკტა ბაბაუშენი?
არა
რაის გეშინია?
მორიელის
მტერს და ავს, მტერს და ავს!

ოღონდ გურიაში ეს ისე წარმოთქმის, თითქოს ფრანგულია – მტერს, დ’ავს, მტერს, დ’ავს
დახუჭე თვალები და არ გეინძრე. რას ხედავ?
ვეფერს
კარგად დახუჭე, დუუჭირე
დუვუჭირე
რას ხედავ
წითელ ბურთულებს
რამდენია
ვერ ვითლი, ირევიან ერთმანეთში
რა გინდა შენ დადგე?
კიბერნეტიკოსი
რაი?

პისტი მოკვდა სამი წლის მერე. მარტო. გვიან ნახეს. პისტი იყო ცნობილი და შემაშინებელი მკითხავი. უცნობი გზით მოსული და დამკვიდრებული იმ პატარა სოფელში. სურებში. ნორამ მითხრა, რომ პისტის უყვარდა კაცი ზემო იმერეთში, იმ კაცმა სხვა შეირთო და პისტიმ რაღაც ხერხებით მოწამლა, მოკლა და პისტი გამოიქცა გურიაში. იქ დაიმალა. რომ კუდი გამოება ამ ამბის მერე: როგორც ამ ამბავს – მასაც. რომ ბალიშს ქვეში იმ კაცის სურათი ედო. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მე ვცდებოდი მის თვალების ცქერისას. რომ პისტი ტიროდა.

ამ ისტორიიდან მახსოვს ყველაზე უკეთ, თუ რა მინდოდა გამოვსულიყავი. კიბერნეტიკოსობა არ გამოდგა ჩემი საქმე. ეგრე მახსოვს, მღვდლობაც მინდოდა და დიპლომატობაც. ყველა ამ საკითხს ბოლოს პისტის რიტორიკული ,,რაი?’’ დაესვა. მაგრამ ბავშვობა მრავალფეროვანი იმითაცაა, რომ შენს თავს ბევრ როლს არგებ მომავალში. ნუ შეგვაშინებენ უფროსები რაღაც უნარების აღმოჩენით პატარებში და იმაზე ,,მიწოლით’’. ვაცალოთ ფანტაზიას, ამით ვითარდება ადამიანი – თავის დროზე ცხოვრება თვითონ დაუსვამს პისტის კითხვას – მანამდე კოსმონავტობა გვინდა.

ქართული „გილგამეშიანი„ და მისი მთარგმნელი

0
უძველეს შუამდინარულ ტექსტში, რომელიც აშურბანიპალის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს  სასახლის გათხრისას, მთავარი პერსონაჟი, კაც–ღმერთი გილგამეში შემდეგნაირადაა დახასიათებული:

„ერთბამად განჭვრიტა ყოველი საიდუმლო,
სარქველი სიბრძნისა, რომელი ყოველსა დაჰფარავს”… 

– ეს დახასიათება შესანიშნავად შეიძლება მოერგოს გილგამეშის ეპოსის ქართულ ენაზე პირველ  მთარგმნელს, მიხაკო წერეთელს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მეოცე საუკუნის საქართველოს ბედკრული ისტორიის პერსონაჟია, თან სრულიად რეალური.

იმ ფაქტების რიგში, რომლითაც რეალურად შეგვიძლია ვიამაყოთ – რომ 14 ანბანს შორის ერთ–ერთი ქართულია, რომ „ვეფხისტყაოსნით” რენესანსი ჩვენთან გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპაში, რომ ღვინის აკვანი სწორედ ჩვენთან დაირწა- შეიძლება ის მოვლენაც შევიყვანოთ, რომ ქართული ენა მეოთხეა ინგლისურის, გერმანულის და ფრანგულის მერე, რომელზეც გენიალური ბაბილონური ეპოსი „გილგამეშიანი”ითარგმნა. მიხეილ წერეთლის ნათარგმნი ეპოსი  გამოიცა 1924 წელს, კონსტანტინეპოლში, „ქართველთა კათოლიკე სავანის” სტამბაში.

მეოცე საუკუნის მშფოთვარე და ტკივილიანმა 20–იანმა წლებმა გარდამტეხი (პირდაპირი მნიშვნელობით, ხერხემალში გარდამტეხი) ცვლილებები მოუტანა საქართველოს.  წითელმა ტერორმა, რეპრესიებმა, ტოტალიტარიზმმა სამშობლოს დაუკარგა თავისი ტვინი  – მისი საუკეთესო ნაწილი, მეცნიერები, ხელოვანები, მოაზროვნეები… ამათგან ზოგმა სხვა ქვეყანას შეაფარა თავი და ემიგრაციაში გარდაიცვალა, ზოგიერთი წამებით მოკლეს, ზოგიერთი გადაასახლეს, ზოგიერთმა კი თავი მოიკლა…

მათი ნაღვაწი დიდი ხნის განმავლობაში დალუქული, ტაბუდადებული, აკრძალული იყო, დადგა დრო,  ჩვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა გაიცნონ ის ადამიანები, რომლებიც იდეებს შეეწირნენ და ემოგრაციაშიც ქართულ საქმეს ემსახურებოდნენ.

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი –პუბლიცისტი, მწერალი, პოლიტიკოსი და მეცნიერი – ქართული ასირიოლოგიის სკოლის ფუძემდებელი,  ძალიან აქტიური პოლიტიკური და სამეცნიერო ცხოვრებით ცხოვრობდა. ჯერ კიდევ საფრანგეთში  სწავლისას, ანარქისტული იდეებისათვის პარიზიდან ლონდონში გაასახლეს. 1918 წელს იგი ივანე ჯავახიშვილს გვერდით უდგას უმნიშვნელოვანესი ქართულ საქმეში – ქართული უნივერსიტეტის დაარსება–განვითარებაში, ხელმძღვანელობს ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის კათედრას. სამეცნიერო მუშაობა მთელი დატვირთვითა და ენერგიით მიმდინარეობს ტრაგიკულ 1921 წლამდე…

 საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გასაგები მიზეზების გამო მიხაკო წერეთელს სამშობლოს დატოვება უწევს.  იგი საქართველოში აღარასოდეს დაბრუნებულა.

ამის შემდეგ ის წარმატებით მოღვაწეობდა ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში, ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიამ 1928 წელს გერმანულ ენაზევე გამოაქვეყნა მისი „ურარტული ეტიუდები”. 30-იან წლებში ბერლინში გამოიცა სულხან–საბა ორბელიანის “სიბრძნე–სიცრუისა”–ს მ. წერეთლისეული გერმანული თარგმანი. 
1963 წელს პარიზში გამოქვეყნდა “ვეფხისტყაოსნის” მ. წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს – პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.

გარდა ამისა, მიხაკო წერეთელი იყო ქართული პატრიოტული ორგანიზაცია “თეთრი გიორგის” ერთ–ერთი ლიდერი და იდეოლოგი, ხოლო II მსოფლიო ომის წლებში გერმანიაში მოქმედი “ქართული სამოკავშირეო შტაბის” ერთ–ერთი ხელმძღვანელი. სწორედ ამ შტაბის ძალისხმევით, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე.

აკაკი ბაქრაძე მიხაკო წერეთლისადმი მიძღვნილ წერილში წერს:

„მარტო ის, რომ 1878 წელს, იმერეთში, ცხრუკვეთში, დაბადებული კაცი 1965 წელს გერმანიაში, მიუნხენში, გარდაიცვალა, ნათლად მეტყველებს რა ბედი ერგო მიხეილ წერეთელს. ნახევარი ცხოვრება სამშობლოში გაატარა, მეორე ნახევარი – უცხოეთში. აქაც და იქაც მეცნიერებას ემსახურებოდა. დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ჩვენ მიხეილ წერეთლის მეცნიერულ შემოქმედებაზე დღეისდღეობით ზერელე წარმოდგენა გვაქვს. აქომამდე ყველა კარი დაკეტილი იყო, არ ვიცით, რას აკეთებდნენ ქართველი სწავლულები ემიგრაციაში. ახლა ვითარება შეიცვალა. დაფანტულ სულებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ. ყველაფერი შესწავლილი იქნება. 

ყოველი მოღვაწე საქართველოს ისტორიაში იმ ადგილს დაიჭერს, რაც მათ სამართლიანად დაიმსახურეს.”

მიხაკო წერეთელი გარდაიცვალა 1965 წელს მიუნხენში, გადრაცვალებამდე ორი წლით ადრე მან ითხოვა მისი ფერფლის საქართველოში გადაგზავნა, თუმცა შესანიშნავი მოღვაწისა და მეცნიერის ეს თხოვნა ჯერ–ჯერობით ისევ შეუსრულებელია. 

ჯერ არ მომხდარა ამ ტრაგიკული ბედის ადამიანის ფიზიკური თუ სულიერი დაბრუნება  – ისევ გამოუქვეყნებელია მისი არქივი, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა და ახლახანს აღმოჩნდა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. აღმოჩენილ ხელნაწერთა 15 ტომი  მრავალ საინტერესო ნაშრომს შეიცავს – „ურარტული ტექსტები”, „ვახტანგ გორგასლის ცხოვრება”, „მეფეთა ცხოვრება”, „საქართველოს მოქცევა” და სხვა, გარდა ამისა მნიშვნელოვანი რუსთველოლოგიური შრომები. 

შიდასასკოლო შეფასების მექანიზმები (ნაწილი პირველი)

0

ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას  შეფასებისა და მონიტორინგის ეფექტური და გამჭვირვალე სისტემა წარმოადგენს. ორგანიზაციულ მენეჯმენტში იგი წარმატებული შედეგის ერთ-ერთ გარანტად გვევლინება. შეფასება რთული პროცესია და ბევრი თავისებურებით ხასიათდება. წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობის კუთხით გააზრებული აქვს მისი მნიშვნელობა – შედეგით, შესაძლებელია, პროცესის გაუმჯობესება.

აფასებენ  გარე და შიდა შემფასებლები.  ორგანიზაციამ ობიექტური  სურათის მისაღებად სასურველია ორივე ფორმას მიმართოს. გარე შემფასებლად, შესაძლებელია, მოვიაზროთ მაკონტროლებელი ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები და ა.შ. მრავალ ქვეყანაში გარე შეფასება საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. შიდა შეფასებას დაწესებულება საკუთარი რესურსებით საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს. ჩვენი სტატიის თემას სწორედ ორგანიზაციის შიდა შეფასება წარმოადგენს. შევეცდები, შემოგთავაზოთ მარტივი და პრაქტიკული  მეთოდები და მექანიზმები შეფასებისა და მონიტორინგისათვის.

შეფასება-მონიტორინგი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და მის მუდმივ გაუმჯობესებას ემსახურება. აუცილებელია, სასკოლო საზოგადოების წევრებმა პასუხი გასცენ რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც შესაძლოა სულაც არ მოგვეჩვენოს რთულად, თუმცა თითოეულ მათგანზე ამომწურავი პასუხის მისაღებად დიდი ძალისხმევაა საჭირო. თავდაპირველად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, თუ

1.რის შეფასება გვსურს?

2.ვინ უნდა შეაფასოს?

3.როგორ უნდა შეფასდეს (მეთოდები, ხერხები)?

4.რა სიხშირით უნდა შეფასდეს?

რის შეფასება გვსურს – პირველ ეტაპზე სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რა სფეროები უნდა შეფასდეს – სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების, სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სასკოლო გარემოს, მასწავლებელთა და მშობელთა თანამშრომლობის ხარისხის და ა.შ.  

ვინ უნდა შეაფასოს – ირჩევენ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი. მაგ: გაკვეთილს კათედრის ხელმძღვანელები აფასებენ, კათედრის მუშაობას – დირექტორის მოადგილე და მასწავლებლები და ა.შ.

როგორ უნდა შეფასდეს – აღნიშნული ეტაპი გულისხმობს  მეთოდოლოგიის შერჩევას შეფასების მიზნის შესაბამისად. მაგ: სასკოლო გარემოს შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს გამოკითხვით, დაკვირვებით და ა.შ.

რა სიხშირით უნდა შეფასდეს  – დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაფასებთ. მაგ: მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და პროგრესის დიაგნოსტიკური შეფასება შესაძლებელია ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, სემესტრების დასასრულს. ამით სკოლას საშუალება ექნება მუდმივად ადევნოს თვალი  პროგრესს.

სკოლის ადმინისტრაცია და შეფასების პროცესში ჩართული პირები თავად შეიმუშავებენ და აყალიბებენ როგორი შეფასების სისტემის დანერგვა სურთ, იზიარებენ თუ არა წარმატებულ სკოლებში არსებულ პრაქტიკას. არ არსებობს მეთოდოლოგიის კონკრეტულად განსაზღვრული ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად შეფასებას ან მონიტორინგის პროცესს ეკუთვნის.  

მას შემდეგ, რაც ზემოთხსენებულ პირველ და მეორე შეკითხვაზე სასკოლო საზოგადოება პასუხს გასცემს, იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი –  მეთოდოლოგიის შერჩევა და პროცესის დაგეგმვა. შეფასებისა და მონიტორინგის სახელმძღვანელოს მიხედვით შეფასება პასუხობს კითხვას – ვახორციელებთ თუ არა ღონისძიებებს შესაფერისად. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას ინფორმაციის სანდოობა წარმოადგენს. ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, შეფასების ეტაპები შემდეგნაირადაა გამიჯნული (შესაძლებელია, იგი ჩვენს სასკოლო სისტემასაც მოვარგოთ):

1.წინარე შეფასება ხორციელდება სისტემის შემუშავების/ფორმულირების ადრეულ სტადიაზე, სასწავლო წლის დასაწყისში, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ კვლევას სასტარტო პოზიციის შესაფასებლად.

2.შუალედური შეფასება –  ტარდება პროცესის მიმდინარეობის დროს, სემესტრის დასასრულს, რათა შეფასდეს პროგრესი და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს მიზნის მისაღწევი გზები.  

3.რეტროსპექტიული შეფასება  –  ხორციელდება პროცესის  დასრულების შემდეგ. მას შეიძლება წლის დამამთავრებელი შეფასებაც ეწოდოს. ამით სკოლის ადმინისტრაცია იღებს ინფორმაციას როგორ განხორციელდა დაგეგმილი სამუშაოები; რა პროგრესი განიცადა ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ.

4.კომპლექსური  შეფასება – ეს არის საბოლოო შეფასება სკოლისა და დამოუკიდებელი, გარე ექსპერტების მიერ. რამდენიმე წელიწადში ერთხელ (სკოლის მაგალითზე 3 ან 6), რითაც ორგანიზაცია აჯამებს საერთო შედეგებს.

შეფასების პროცესის განუყოფელი ნაწილია მონიტორინგი. რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის? მონიტორინგი არის პროცესი, რომელიც გულისხმობს მუდმივად ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს  „თვალყურის სადევნებლად” და იმის გასაკონტროლებლად, თუ „რა ხდება”. მონიტორი მეთვალყურეობს და აკონტროლებს პროცესს. შეფასება აზუსტებს რამდენად სწორად განვახორციელეთ დაგეგმილი სამუშაო და პერიოდულად ამზადებს ნიადაგს „კი” ან „არა”-ს ტიპის კითხვებისათვის. უშუალოდ შეფასების პროცესი ხელს უწყობს მონიტორინგს.

შეფასება შეიძლება იყოს ეპიზოდური, მაგალითად, სემესტრში ერთხელ, წელიწადში ერთხელ და ა.შ. მონიტორინგი კი თავისი არსით რეგულარულია. შეფასებისა და მონიტორინგის პროცესში სრულიად დასაშვებია გამოვიყენოთ მსგავსი მეთოდები: დაკვირვება, გამოკითხვა, ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი, ანკეტირება და ა.შ. ამ შემთხვევაში პროცესის ორგანიზატორი თავად ირჩევს მიზნის შესაბამის მეთოდებს. დღესდღეობით ფართომასშტაბიანი პროგრამებისა და პროექტების შესაფასებლად მონიტორინგის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება, რომელიც  გამოყენება შესაძლებელია  სკოლაშიც:

1)დაინტერესებული მხარეების გამოკითხვა;

2)ინტერვიუ;

3)ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენება;

4)ექსპერტთა პანელი – ითვალისწინებს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას შესაფასებლად. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები; ისინი რამდენიმე შეხვედრისა და ფუნდამენტური განხილვის შემდეგ ერთობლივ პოზიციას აფიქსირებენ;

5)SWOT ანალიზის მეთოდი და ა.შ.

სკოლაში შეფასებისა და მონიტორინგის გამართული სისტემის აწყობა რთულ და ხანგრძლივ მუშაობასთან ერთად ფინანსურ და ადამიანურ რესურსებსაც მოითხოვს. პროცესის უკეთესად გასააზრებლად სტატიის მომდევნო ნაწილში შემოგთავაზებთ პრაქტიკულ მაგალითებს სხვდასხვა ტიპის სკოლისთვის.

ზღვა ფიქრობს… ფიქრობს…

0
ზღვა მიყვარს… ოღონდ ჩემებურად… არ ვცურავ და არ ვირუჯები… აბა, რა გიყვარსო, მკითხავთ სამართლიანად. ზღვის ნაპირზე ჯდომა და ზღვისიქითა სივრცეში ყურება. ტალღების ხმაურის მოსმენა და არაფერზე ფიქრი. ან შეიძლება ვიფიქრო კიდეც, ვინ დამიშლის.

თუმცა ასეთი მგონი მე ვარ მხოლოდ. ან შეიძლება ერთი ორი თანამოაზრეც გამომიჩნდეს. უმეტესობა კი თამამად ირუჯება და, მათი აზრით, რაც მეტად გაირუჯებიან, მით უკეთესია.  ეს მათი გადასაწყვეტია და დღეს რუჯის წარმოქმნის ქიმიურ მექანიზმზე აქ წერას არ ვაპირებ.  ერთხელ, შარშან,  დავწერე  და საკმარისია.

დღეს  სანაპიროზე, გარუჯვის პროცესში მირთმეულ ალკოჰოლზე მინდა დავწერო.  რა მოხდება, თუ მზეს მიფიცხებულები ერთ ჭიქა ლუდს, ღვინოს ან კოქტეილს მივირთმევთ?  არაფერიც არ მოხდებაო მიპასუხებთ და მეც დაგეთანხმებით. თუმცა, თუ ეს განმეორებადი  და ხშირი იქნება,  სულ 20%-ს დავიტოვებ იმის სათქმელად, რომ სწორედ ამ შემთხვევაში (იმ ადამიანებში, ვისაც მელანომისადმი აქვს მიდრეკილება) მელანომის წარმოქმნის ან პროგრესირების რისკი გაიზრდება. გაიზრდება სწორედ იმ 20%-ით, რაც მე წეღან მარაგად მოვიტოვე. ისიც უნდა ითქვას, რომ რისკის ზრდა სულაც არ ნიშნავს, რომ პათოლოგიური პროცესი აუცილებლად „ჩაირთვება”. ეს ნიშნავს, რომ ასეთი პროცესის „ჩართვისთვის”  კარგი წინაპირობა იქმნება.

მელანომა კანის სიმსივნური წარმონაქმნია და პიგმენტური უჯრედებისგან – მელანოციტებისგან ვითარდება. ისინი კანის სპეციალური უჯრედებია, რომლებიც პიგმენტ მელანინს გამოიმუშავებენ.
მაშ ასე, მივირთვით ალკოჰოლი…  რა არის ალკოჰოლი?

სპირტები ნაჯერ ნახშირწყალბადთა ნაერთებია, სადაც  წყალბადის ერთი ან რამდენიმე ატომი ჩანაცვლებულია ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფით.

 
სპირტები ჰიდროქსილის ჯგუფის რაოდენობის მიხედვით ერთატომიან და მრავალატომიან სპირტებად იყოფიან.
სუფთა სპირტის მიღება არაბებმა VI-VII საუკუნეებიდან დაიწყეს და მას „ალ-კოჰოლი” (გამაბრუებელი) უწოდეს. სპირტს ღებულობდნენ გამოსახდელ აპარატში, რომელიც სპილენძის დიდ ჩაიდანს მოგვაგონებდა. გამოხდა რამდენჯერმე მეორდებოდა, სანამ სუსტი ალკოჰოლური სასმელი სიმაგრეს არ შეიძენდა.

ალკოჰოლური სასმელებისთვის შემდეგი ნედლეული გამოიყენება: 

ბოსტნეული – რომი, შნაპსი, ტეკილა;
ხორბალი- ვისკი, არაყი, ჯინი;
ხილი-ბრენდი, კირშა, კალვადოსი;

კონიაკი კი პირველად საფრანგეთის ქალაქ კონიაკში გამოჩნდა.  საინტერესოა მექსიკის ნაციონალური სპირტიანი სასმელი მესკალი, რომელსაც ტრადიციის მიხედვით ჭიაყელებთან ერთად მიირთმევენ.

სპირტების ჰომოლოგიურ რიგში აირადი ნივთიერებები არ გვხვდება. C1-C11 სითხეებია, C12-დან კი მყარი ნივთიერებები იწყება. 

ნახშირწყალბადის რადიკალის  მოლეკულური მასის გაზრდით სპირტების ხსნადობა მცირდება. მეთანოლი, ეთანოლი, პროპანოლი წყალში ხსნადი სპირტებია, ბუტანოლი ნაწილობრივ იხსნება.
სპირტი იჟანგება.

სინჯარაში ჩაასხით  6 მლ ქრომის ნარევი და 2 მლ სპირტი. ქრომის ნარევის ნარინჯისფერი შეფერილობა მწვანე ფერში გადადის. მიიღება ძმრის ალდეჰიდი, რომელსაც დამახასიათებელი სუნი აქვს.
ქრომის ნარევს იოლად მიიღებთ. 100მლ 30%-იან გოგირდმჟავაში ჩაყარეთ კალიუმის ბიქრომატის ფხვნილი და მოამზადეთ ნაჯერი ხსნარი.

დაჟანგვის რეაქციებში ერთდროულად მონაწილეობს, როგორც ჰიდროქსილის, ასევე ჰიდროქსილიანი ნახშირბადატომის წყალბადი.

ალკოჰოლის მიღებისას იგივე დაჟანგვის რეაქცია მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმშიც. აქაც წარმოიქმნება აცეტალდეჰიდი, რომლის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდის.

ეთანოლის კვალი   (EtOH)   ხილშიც  შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, თუმცა  ალკოჰოლურ სასმელებში ის, ბუნებრივია, მაღალი კონცენტრაციითაა. სასმელში ეთანოლის შემცველობა მოცულობით პროცენტებში გამოისახება. ეთანოლის გამოყენებას და სისხლში მის კონცენტრაციას კი გრამებში აღნიშნავენ (ეთანოლის სიმკვრივეა 0,79კგ/ლ). მაგ. ერთი  ბოთლი ლუდი (0,5ლ, 4% EtOH) შეიცავს 20მლ=16გ ეთანოლს.  ერთი ბოთლი ღვინო (0,7ლ, 12% EtOH) შეიცავს 84მლ=66გ ეთანოლს.

მაშ ასე, მივირთვით ალკოჰოლი. შემდეგ რა ხდება?

დიფუზიის გზით ეთანოლი ორგანიზმში სწრაფად შეიწოვება. სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას  დალევიდან 60-90 წუთის შემდეგ  მიაღწევს. შეწოვის სიჩქარე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგ. ცარიელი კუჭი,  სასმელის მაღალი ტემპერატურა,  შაქრის და ნახშირორჟანგის შემცველობა (მაგ. შამპანიური, ან ცქრიალა  ღვინოები), ულტრაიისფერი გამოსხივება-ეთანოლის შეწოვას აუმჯობესებს. ორგანიზმში შეწოვის შემდეგ ეთანოლი სწრაფად ნაწილდება, მისი მაქსიმალური რაოდენობა ცენტრალური ნერვული სისტემისკენ   და კუნთებისკენ მიდის. ერთი ბოთლი ლუდის მირთმევის შემდეგ, თუ სპირტი მთლიანად და სწრაფად შეიწოვება, მასში არსებული 16 გრამი ეთანოლი 70 კგ-იანი  ორგანიზმის სისხლში   დაახლოებით 0,33 პრომილე კონცენტრაციით იქნება. ლეტალური კონცენტრაცია 3,5 პრომილეა.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ეთანოლის  დაჟანგვა ღვიძლში მიმდინარეობს. ღვიძლის პარენქიმული უჯრედების ციტოპლაზმაში არსებული ფერმენტის  ალკოჰოლდეჰიდროგენაზას მოქმედებით ეთანოლი აცეტალდეჰიდამდე იჟანგება. ეს უკანასკნელი ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში გადადის, სადაც მიტოქონდრიული ალდეჰიდდეჰიდროგენაზას მოქმედებით იჟანგება.  წარმოიქმნება ძმარმჟავა.  ძმარმჟავაც იშლება  ნახშირორჟანგისა  და წყლის  გამოყოფით.

 
ღვიძლში ეთანოლის დაჟანგვის სიჩქარე  ფერმენტ ალკოჰოლდეჰიდროგენაზას (მიაქციეთ ყურადღება, რომ ფერმენტების სახელწოდება   ყოველთვის ბოლოსართ -აზა-თი მთავრდება) აქტიურობაზეა დამოკიდებული. თუმცა ერთ-ერთ მალიმიტირებელ ფაქტორად ალდეჰიდდეჰიდროგენაზაც განიხილება. მისი აქტიურობა კი შესაძლებელია სწორედ ულტრაიისფერი დასხივებით შენელდეს. ეს ნიშნავს, რომ დაგროვდება აცეტალდეჰიდის მაღალი კონცენტრაცია.

ულტრაიისფერი დასხივება კი ზღვის ნაპირზე გასარუჯად მყოფ ადამიანს უხვად ექნება.   ეთანოლის დაჟანგვით წარმოქმნილი აცეტალდეჰიდის გავლენით ადამიანის კანი ფაქტობრივად დაუცველი ხდება ულტრაიისფერი დასხივების მიმართ. ეს 20%-ით ზრდის  მელანომის პროგრესირებას.

ისიც უნდა დავწერო, რომ  ალკოჰოლი იმ  მავნე ნივთიერებების კარგი გამხსნელია, რომლებსაც   თამბაქოს კვამლი შეიცავს.  სხვათა შორის, თამბაქოს კვამლი აცეტალდეჰიდსაც შეიცავს.

აცეტალდეჰიდი უფერო, მკვეთრი სუნის მქონე სითხეა, რომელიც წყალში კარგად იხსნება.  ქიმიური თვისებების მიხედვით, ტიპიური ალიფატური ალდეჰიდია. მისი რეაქციის უნარიანობა ორი ფაქტორით განისაზღვრება: კარბონილის ჯგუფის აქტიურობით და მეთილის ჯგუფის წყალბად ატომების ძვრადობით. ძირითადად ძმარმჟავასა და ალდეჰიდური პოლიმერების მისაღებად იყენებენ. 

რაც ზემოთ მცხუნვარე სანაპიროზე, ალკოჰოლზე და მელანომის პროგრესირების რისკზე დავწერე, მსოფლიოს სხვა მეცნიერებთან ერთად მილანის ფარმაკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმაც გამოიკვლიეს. მიღებული შედეგების ანალიზით  დაადგინეს, რომ  თაკარა მზის ქვეშ ნახევარი ლიტრი ლუდის ან ორი ფუჟერი ღვინის მირთმევა მელანომის პროგრესირების რისკს 10%-ით ზრდის. თუ დოზას გავაორმაგებთ, რისკი 18% იქნება. აი, თუ ავდგებით და ხუთჯერ მეტად დავლევთ, რისკი  55%-მდე გაიზრდება.

არ იფიქროთ, რომ ამ წერილის მიზანი ვინმეს შეშინებაა.

მეცნიერების დასკვნას გადავაწყდი და შემდეგ ეს ყველაფერი თქვენთვის ქიმიური სიზუსტით, მარტივად  აღვწერე.  ალბათ წაიკითხავთ… აი, მერე რას გააკეთებთ, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

გარუჯვა არ მიყვარს. ჩემნაირი კიდევ 2% თუ იქნება. დანარჩენებს კი გირჩევთ, შესაბამისი დამცავი მალამოები გამოიყენეთ. ოღონდ მალამოს უნდა ეწეროს PPD, რაც ნიშნავს, რომ ის კანს სიმსივნის წარმოქმნისგან დაიცავს და SPF +50-ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას შეარბილებს. 

ოღონდ… ასეთი მალამოს გამოყენების შემთხვევაშიც კი ალკოჰოლი მცხუნვარე სანაპიროზე მავნებელია.
ზღვა მიყვარს, ოღონდ ჩემებურად, თავისებურად.  ნაპირზე ვზივარ  და სივრცეს  გავცქერი ხოლმე.  იქ იმდენ რამეს დაინახავთ… უბრალოდ ოდნავ მეტად უნდა დააკვირდეთ.  ზოგჯერ ფიქრი არ მიყვარს, ზოგჯერ დაუსრულებლად ვფიქრობ.  

ამ დროს კი ზღვა…
”… არ ბობოქრობს, 
ზღვა აღარ დრტვინავს უწინდებურად,
ის ფიქრობს, ფიქრობს…”
(გალაკტიონი)

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...