ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
30 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

დღიურები წისქვილიდან

0
რამდენიმე კვირის წინ, ღუმელივით გახურებული ქალაქიდან ჩემი ბავშვობის სოფელს შევაფარე თავი. მას შემდეგ, რაც ორი ბავშვის პატრონი გავხდი ორად ორი რამ მადარდებს დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად: სუფთა ჰაერი და ჯანმრთელი საკვები ბავშვებისთვის. ასეთ დროს, ჩვენი პატარა სახლები ქალაქგარეთ ნამდვილ ციხე-სიმაგრეებად გადაიქცევიან და ზაფხულის სტუმრებს მოუთმენლად ელიან, რომ ამ სტუმრებმა კარის ანჯამებს ხელი შეავლონ, ჭერიდან აბლაბუდები ჩამოწმინდონ, წიგნის თაროებზე დამტვერილი წიგნები გაასუფთაონ, ფანჯრები და კარებები ფართოდ გააღონ, ლეიბები და საბნები მზისგულზე გამოფინონ და დაბერტყონ, სასაფლაოები გაასუფთაონ, მეზობლებს ესტუმრონ და მათი ამბები მოისმინონ – როგორ ცხოვრობენ, რას საქმიანობენ, რა უჭირთ და რა ულხინთ ან რა მოხდა მათი არყოფნის განმავლობაში საინტერესო.

 

ეს ჩვენი სახლები, სახლ-თავშესაფრები ზაფხულში ნამდვილ წალკოტად იქცევიან. ცაცხვის და აკაციის ყვავილების უნაზესი სურნელი, ეზოს გასწვრივ გაფურჩქნილი ვარდები, სიწყნარე და ჩიტების ჭიკჭიკი, ღამის სიჩუმეში ძაღლების ყეფა და ბავშვობის შეგრძნებები თავიდან ცოცხლდება.

ასე მივაშურე სოფელს. ორი ბავშვით, შესაბამისი ბარგით და სხვა საჭირო და აუცილებელი ნივთებით. სოფელში მისასვლელი გზა ოღროჩოღროა. მანქანა გაჭირვებით მიიწევს წინ. სიმინდის ყანაში ნაცნობსახიანი ადამიანები ჩამდგარან თოხებით, უცხო მანქანას აკვირდებიან და შემდეგ თავის დაკვრით უხმოდ გვესალმებიან. ხანგრძლივი ჯაყჯაყის შემდეგ ვაღწევთ სახლამდე. ეზოში სიმშვიდეა და გრილი ნიავი უბერავს, ჩიტები სტვენენ და ჭრიჭინობელაც ჭრიჭინებს სადღაც. წლების წინ, სწორედ ასეთ ამინდში ვატარებდით აქ დროს, შევეხიზნებოდით ბებიას და ისიც გვპატრონობდა როგორც შეეძლო.

 

დღის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლება. წვიმიან დღეებში ვკითხულობდით ან ბებიას იატაკების მოწმენდაში ვეხმარებოდით, წყალს ვიმარაგებდით, ბებიას ნარდს ვეთამაშებოდით სახლის წინ ან მისი ბავშვობის ისტორიების მოყოლას ვთხოვდით და სულგანაბული ვუსმენდით ძველისძველ ამბებს. ცხელ დღეებში კი მოუთმენლად ველოდით მენაყინის გამოჩენას, რომელიც მუყაოს ყუთით ნაყინს დაატარებდა. ბიულერბიულ ბავშვებზე ნაკლებ საინტერესოდ არც ჩვენს სოფელში გვიწევდა ცხოვრება.

უამრავი საინტერესო და გასართობი აქვთ სოფელში მცხოვრებ ბავშვებს. შეუძლიათ, ნაცნობი მინდვრები დალაშქრონ მინდვრის მარწყვის მოსაძებნად, დიდი გორაკები გადაკვეთონ მდინარემდე მისასვლელად, ალუბლის ხეებზე შემოსხდნენ და საათობით იქ ისხდნენ გემრიელი ალუბლის მისართმევად ან საკუთარი თვალით ნახონ როგორ აშენებენ მერცხლები ბუდეს და როგორ კვებავენ თავიანთ პატარებს, ან ბებიას გულაბი მსხლის მოკრეფაში დაეხმარონ, შემდეგ შუშაბანდებში იატაკზე დაამწკვრივონ და მშვიდად დაელოდონ, როგორ გაქარვისფერდებიან მსხლები. შეიძლება, სხვენზეც აძვრნენ და იქაურობა დაათვალიერონ. საკუთარი თვალით ნახონ თუ როგორია სინამდვილეში ქორი, სინდიოფალა, დედა ლობიო თუ გველმწყემსია, ან კიდევ ბოლოსდაბოლოს, მარანს ეწვიონ, ქვევრში ჩაძვრნენ და ბებიის გადამალულ თხილს და ჩურჩხელებს აუტეხონ კნატაკნუტი.

თავს არ შეგაწყენთ ამ იდილიის თხრობით, უბრალოდ მინდა აქაურ ადამიანებზე და სოფლის ყოფაზე მოგიყვეთ. ჩემი ბავშვობის სოფელი ასეთი ჯადოსნურ ფერებით ირეკლება დღემდე, თუმცა დღეს ის სულ სხვანაირია, ნახევრად დაცლილი და კანტი-კუნტად მოსიარულე ადამიანებით. ადამიანების გარეშე დარჩენილი სახლებით, რომლებიც არანაკლებ საცოდავად გამოიყურებიან და თავიანთი მარტოსულობის ამბებს გვიყვებიან. ალბათ, ეს ყველაფერი პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ცოტა რამე მინახავს ისეთი გულის დამამძიმებელი, როგორიც მარტო დარჩენილი სახლებია დაბზარული კედლებით; მაღალი ბალახით აბიბინებული ეზოები, სადაც პატრონის კვალი კარგა ხანია წაშლილია.

ბავშვების ხმა ქუჩას აცოცხლებს. მეზობლებიც რიგრიგობით გვსტუმრობენ ხელდამშვენებულები. ასეთია აქაური წესი. ვისაც რა შეუძლია, იმას გვჩუქნის. ერთმა საკუთარი ბაღში დაკრეფილი ჟოლო მოგვიტანა, მეორემ – თხის რძე, მესამემ – ყველი, მეოთხემ – კვერცხი, მეხუთემ – პატარა ყვინჩილა. მოდიან და ყვებიან თავიანთ ამბებს ჩემი დაბერებული მეზობლები. ზოგიერთი განსაკუთრებით გაუტეხავს ასაკს, ზოგი კიდევ ინარჩუნებს სიძლიერეს. ქალები ყველაზე მეტად ნაშრომი და ათას ჭაპანწყვეტაში გამოვლილები არიან, თუმცა კაცებზე უკეთესად გამოიყურებიან, ყოველთვის ახერხებენ თავის და საკუთარი ოჯახის გადარჩენას, როგორ მძიმე დღეშიც არ უნდა აღმოჩნდნენ.

მათი ამბები კი დამამწუხრებელი და სევდიანია. მიყვებიან უამინდობისგან გაფუჭებულ ყანებზე, განახევრებულ მოსავალზე, ბანკის კრედიტებზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ აიღეს, რომ სარეცხი მანქანა ეყიდათ, პირობები ოდნავ მოეწესრიგებინათ. ახლა კი ბანკის ვალს მათი მთელი შემოსავალი მიაქვს. მიყვებიან მათი დანგრევის პირას მისულ სახლებზე და ახალი სახლების ასაშენებლად არარსებულ ფინანსებზე. ყველაზე მეტად დაუოჯახებელი შვილების ბედი ადარდებთ. მერე იმედიანადაც დაუმატებენ, რაღაცას წერენ იმ ტელეფონში და თავიანთი საქმის თვითონ იციანო.

ქალების ბედი.

თუ კი ვინმეს ზურგზე გადადის სოფლის ყოფა-ცხოვრების სიმძიმე და ჭირ-ვარამი, ისევ ქალები არიან. ახალგაზრდებიც და მოხუცებიც, ორივე ერთნაირად დაუცველები. “კარგია, ქალაქში რომ გათხოვდი ”, – მეუბნება მეზობლის ქალი მზია და თავის ამბებს მიყვება, თავის გასაჭირს. კატარაქტის ოპერაცია სჭირდება თვალზე. დრო კი არ აქვს, საავადმყოფოში რომ წავიდეს, ოჯახს ვერავინ მიხედავს მისი არყოფნის დროს.

ქალების ბედი ყველა ოჯახში ახალი ისტორიებით ისევ თავიდან მეორდება. ვინც ადრე დაქორწინდა, იმათი შვილებიც ნაადრევად ქმნიან ოჯახებს, სკოლის დასრულებასაც კი არ ელოდებიან. თექვსმეტი წლის ასაკში უკვე თითო ბავშვი ჰყავთ და სწავლის გაგრძელებაზე არც ფიქრობენ. სოფლის არასრულწლოვანი რძლები, ჩვილი ბავშვებით დამშვენებულები მეზობლებს სტუმრობენ გულის გადასაყოლებლად.

სხვა ქალები მეზობელ ქვეყნებში წავიდნენ სამუშაოდ. დროდადრო ჩამოდიან და გამომუშავებულ თანხას ისევ მიტოვებულ სახლებს ახმარენ. ელემენტარული ყოფით პირობებს იწესრიგებენ. შემდეგ ისევ ბრუნდებიან და დილიდან-საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობენ. მერცხლებივით არიან, მიდიან-ბრუნდებიან, სახლებს აშენებენ, შვილებს კვებავენ და შემდეგ ისევ თბილ ქვეყნებში მიფრინავენ.

 

 

 

 

 

 

 

 

სკოლა და პლაგიატთან ბრძოლის ხუთი სტრატეგია

0
სკოლა და პლაგიატთან ბრძოლის ხუთი სტრატეგიაპლაგიატი სენია და მასთან ბრძოლა ისეთივე აუცილებელია, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის დაავადებასთან. სამწუხაროდ, მისით ბევრია ავად როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. განსხვავება ისაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში პლაგიატი ისჯება, ჩვენთან კი ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. უფრო მეტიც, არასრულყოფილი საკანონმდებლო ნიადაგის გამო პლაგიატის შემთხვევები არათუ კლებულობს, არამედ მატულობს, და სავსებით შესაძლოა, დღისით და მზისით ყოველგვარი ნებართვისა და მითითების გარეშე სხვისი სახელით საკუთარ შემოქმედებას გადაეყაროს კაცი. არადა, ჩვენში კანონმდებლობის უვარგისობისა და სხვა მიზეზთა გამოც მხოლოდ მოკრძალებულ მხილებას თუ დავჯერდებით. ესეც, თავის მხრივ, დიდ გამბედაობას ითხოვს. ფაქტი კი მაინც ერთია, თაობები რომ არ დაგვიავადდეს, ყველას და, განსაკუთრებით პედაგოგებს, ფრიადი სამკალის მომუშაკება მოგვეთხოვება.

მეთოდურ სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილავენ პლაგიატთან ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგიას, რომლებიც, უმთავრესად, მაღალკლასელებთან და სტუდენტებთან მუშაობისთვისაა გამიზნული, მაგრამ, ალბათ, უკეთესი შედეგის მისაღწევად აჯობებდა, მოსწავლეებისთვის დაწყებითი კლასებიდანვე გაგვეაზრებინა პლაგიატის უარყოფითი მნიშვნელობა, აგვეხსნა მისი ისტორია. თუკი სკოლაში ბავშვებს საფუძველშივე მივაჩვევთ სხვისი აზრის პატივისცემასა და ხაზგასმას, რომ ესა თუ ის აზრი სხვისია და არა საკუთარი, ეს ჩვენ მიზანთან მიგვაახლოებს. საჯარო თუ კერძო სკოლების მე-5 კლასელებთან ურთიერთობით გამოიკვეთა, რომ სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლეებს არ უჭირთ ავტორის დამოწმება. მაგალითად, ტექსტის გაშინაარსებისას ან ანალიზისას თუკი ვასწავლით, რომ შესავალშივე მოიხსენონ ტექსტის ავტორი, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვართ. არადა, ამ საფეხურზე ბავშვებს სკოლებში ძალიან ხშირად შინაარსს აწერინებენ ისე, რომ არსად ჩანს, თუ ვის ტექსტს ეხება საქმე.
პლაგიატთან ბრძოლისას უმთავრესად ინფორმირების, გაფრთხილების და გამოაშკარავების ცნებები (ჰარისი, 2015) გამოიყენება. მათი გათვალისწინებით შესაძლებელია სკოლაში ანტი-პლაგიატის შემდეგი სტრატეგიების ჩამოყალიბება:

სტრატეგია პირველი: ინფორმირება – იგი პლაგიატთან დაკავშირებული თვითშეგნების ამაღლებას უწყობს ხელს. მოსწავლეებზე (თუნდაც მაღალკლასელებზე) დაკვირვება ცხადყოფს, რომ ისინი საკითხის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლებიან. მათმა უმრავლესობამ მხოლოდ თეორიულად თუ იცის, რომ პლაგიატი სხვისი აზრის მიტაცებაა, მაგრამ ის, რომ Plagiarium ლათინური წარმოშობის სიტყვაა და გამტაცებელს, მაცდურსა და მძარცველს აღნიშნავს, რომ plaga – ხელში ჩაგდება, დაპყრობა, მიტაცება, მახეში გაბმაა, და თანამედროვე მნიშვნელობით ამ სიტყვის გამოყენება ევროპულ ენებში XVII საუკუნეში დაიწყეს, ამის შესახებ ცოდნა არ აქვთ. ბავშვებს დააინტერესებთ იმის გაგებაც, რომ რომაულ სამართალში ტერმინი plagium (სიტყვასიტყვით – მოტაცება) აღნიშნავდა თავისუფალი ადამიანის მონად გაყიდვას, რისთვისაც გარდაუვალი იყო გაროზგვა. (ad plagas). ამ მნიშვნელობით ვიქტორ ჰიუგო რომანში „კაცი, რომელიც იცინის”, ამ ტერმინს ბავშვის ქურდობასთან დაკავშირებით იყენებს. ლიტერატურული საკუთრების ქურდობამ კი სახელწოდება plagium litterarium მე-17 საუკუნეში მიიღო. (https://ru.wikipedia.org/wiki/Плагиат)

სტრატეგია მეორე: ვისწავლოთ და ვასწავლოთ, რა არ არის პლაგიატი.

პლაგიატად ვერ ჩაითვლება ამბის, სიუჟეტის, ფაბულის გამეორება. ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებთან პარალელის გავლებისას სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც კი ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს უნებლიე პლაგიატად გალაკტიონის „ლურჯა ცხენები” და თომას ელიოტის „ფუტურო ადამიანები”, აკაკის „სულიკო” და ედგარ ალან პოს „ანაბელ ლი”, იმავე ავტორის „ყორანი” და ბარათაშვილის „მერანი”…, ვეუბნებით, რომ – არა, რომ მისწრაფება დაკარგული „სამშობლოს” პოვნისა ყველა რომანტიკოსს გულით აერთიანებს, რომ „ბოდლერის მეთოდი” (თ. ჩხენკელი), შექმნას პოეზიის ისეთი სამყარო, სადაც ზმანება ბატონობს, საზიაროა ყველა სიმბოლისტისათვის, რომ „სიცოცხლის სიიაფე” (კ. მაკ კულერსი) რეალიზმის კუთვნილებაა. აუცილებელია, კარგად განისაზღვროს რემინისცენციისა და ალუზიის არსიც, დადგინდეს მიმართება შემოქმედებით გავლენასა და პლაგიატს შორის. ბავშვებისთვის საინტერესოა იმის გაგება, რომ გალაკტიონის „ათი ქალწული” ბიბლიური იგავის რემინისცენციაა და არა პლაგიატი, რომ სურამის ციხის მოტივზე არაერთი ნაწარმოები შეიძლება შეიქმნას, რომ, ზოგადად, მითები კვებავს ხელოვნებას (ა. ბაქრაძე)… რომ ვაჟა ალუდას დახასიათებისას მომაკვდავ თინიბექაის აცოცხლებს და თავად ალუდას უკვდავებას ანიჭებს. სიტყვა გამექცა, მაგრამ დაუვიწყარი ტაეპებია: „ვერვინ მაჰრივა იღბალი, ვერავინ უყვა ავია, გველმა ვერ გასჭრა ლიბოი, დღესაც ცოცხალი არია” (შდრ. „თინიბექაურთ ციხესა ლიბოში გველი სძვრებისა”)… და ეს მითოსური ალუზიაა.
სტრატეგია მესამე: მოვაწყოთ საკლასო, ინტერდისციპლინური დისკუსიები პლაგიატის შესახებ. გავაცნოთ მოსწავლეებს პლაგიატის სახეები და შემთხვევები. ვასწავლოთ, რა არის გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი პლაგიატი, თვითპლაგიატი, მოზაიკური, სტრუქტურული და შემთხვევითი პლაგიატი. მიიჩნეულია, რომ მოსწავლეებში სააზროვნო ტრანსფერების განვითარება ხელს უწყობს მაღალი დონის, სინთეზური აზროვნების ჩამოყალიბებას. თუკი ტრანსფერი ხორციელდება გაკვეთილზე განხილული თემის ანალოგიურ თემებთან მიმართებით, მასწავლებელი მოსწავლეს ნასწავლ საკითხს აკავშირებინებს სხვა სფეროებში არსებულ ცოდნასთან ან ლიტერატურულ ნაწარმოებში არსებული ფაქტებისა და პრობლემების ამოცნობას შეაძლებინებს და ავალებს სხვა ტიპის ტექსტზე, მაგ. ისტორიულ წყაროზე დაკვირვებით შეასრულოს იგივე ამოცანა, აუცილებელია, დაზუსტებით დავასახელებინოთ ესა თუ ის წყარო თუ ავტორი.
სტრატეგია მეოთხე: გაფრთხილება – ვუთხრათ უარი პლაგიატს, ვისწავლოთ მისგან თავდაცვა. აუცილებელია საკლასო მუშაობის დროს, ყოველთვის – იქნება ეს წერა თუ ზეპირმეტყველება – მივაჩვიოთ ბავშვები ავტორისა და წყაროების დამოწმებას. ვასწავლოთ, რა არის ციტირება, რა არის პერიფრაზი, შევქმნათ სქემები, სლაიდები, ვუჩვენოთ მაგალითები, გამოვუმუშაოთ პერიფრაზირებისა თუ ციტირების უნარი და ვავარჯიშოთ.

სტრატეგია მეხუთე: გამოაშკარავება, რაც გულისხმობს ერთმანეთის ნააზრევის თუ ნაწერების ხმამაღლა გაცნობისას სასწავლო წლის მანძილზე მუდმივად პლაგიატის გამოვლენაზე ორიენტირებას, Google-ისა და სხვა მძებნელების გამოყენებას, საკლასო გარემოში პლაგიატის დასჯის წესების გაცნობას და საკუთარი წესების შემუშავებას.
დაბოლოს, ძვირფასი ბავშვები ხალისიანი ინტერპრეტაციით იმეორებენ ხოლმე „ევას დღიურებში” ჩაწერილ ფრაზას: ადამი ნამდვილად იღბლიანი ადამიანი იყო, არც სხვის ხუმრობებს იმეორებდა და არც პლაგიატისგან სჭირდებოდა დაცვაო, მაგრამ თუ ამ საკითხს ყველაზე წინა პლანზე წამოვწევთ და სასწავლო წლის დასაწყისშივე, ვიდრე ხელში კალამს ავაღებინებთ, სათანადოდ მოვახდენთ აქცენტირებას, საქმე მათაც გაუიოლდებათ და ჩვენც ზნეობრივად ჯანსაღ თაობებს აღვზრდით.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.მ. გოდუაძე, პერიფრაზისა და პარაფეაზისათვის, ინტერნეტგაზეთი მასწავლებელი, თბ., 2015. https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=941
2.დ. უზნაძე, ზოგადი ფსიქოლოგია, III-IV, თბ., 1989;
3.როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, ს. ჯანაშიას საერთო რედაქციით, თბ., 2007;
4.ლ. წულაძე, აკადემიური წერა დამწყებთათვის, თბ. 2007.
სასარგებლო ელ-რესურსები:
1.https://abacus.bates.edu/cbb/quiz/intro/types.html
1.2. https://www.readwritethink.org/classroom-resources/lesson-plans/exploring
3.plagiarism-copyright-paraphrasing-1062.html
4.https://abacus.bates.edu/cbb/quiz/intro/types.html
5.https://ru.wikipedia.org/wiki/Плагиат
6.https://www.theguardian.com/books/2005/nov/23/comment.stephenmoss
7.www.collegeboard.com;
8.www.plagiarism.org;
9.www.hnn.us;www.wikipedia.org;

ელინიზმი

0
გადმოცემის მიხედვით, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ალექსანდრე მაკედონელს უთქვამს:
– წინასწარ ვხედავ, რომ ჩემს საფლავზე დიდი შეჯიბრება გაიმართება.

ეს წინასწარმეტყველება მალე ახდა – მაკედონელის სარდლებმა, დიადოქოსებმა (ბერძ. მემკვიდრეები), იმპერიის გასანაწილებლად სისხლისმღვრელი ბრძოლა გააჩაღეს, რომელიც დაახლოებით 40 წელიწადს გაგრძელდა. ალექსანდრეს მემკვიდრეები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია ჩაეგდოთ ხელში და მეტად გაეფართოებინათ თავიანთი სამფლობელო.

ამ ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო: ეგვიპტეში პტოლემაიოსთა დინასტია დამკვიდრდა; იმპერიის ყველაზე ვრცელი, აზიური ნაწილი სელევკს ერგო და იქ სელევკიდების სამეფო დააარსა, თუმცა მოგვიანებით მისმა მემკვიდრეებმა ვერც ინდოეთი შეინარჩუნეს, ვერც ავღანეთი და შუა აზია და ვერც ირანის აღმოსავლეთი პროვინციები; მაკედონიაში კი ცალთვალა ანტიგონე გამეფდა და ანტიგონიდთა დინასტიას ჩაუყარა საფუძველი.

ამ დიდ სახელმწიფოებთან ერთად წარმოიშვა მრავალი მცირე სამეფოც, რომლებსაც დიადოქოსების მემკვიდრეები ან აქემენიანთა დროინდელი დინასტიების წარმომადგენლები მართავდნენ. განსაკუთრებული ვითარება შეიქმნა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო პოლისური სისტემა, თუმცა ამ პოლისებს თითქმის დაკარგული ჰქონდათ სუვერენიტეტი და უმთავრესად ძლიერი სახელმწიფოების პოლიტიკას ატარებდნენ.

დიადოქოსთა ბრძოლის დასრულების შემდეგ შედარებითმა სტაბილურობამ დაისადგურა, რასაც სრულიად ახალი ცივილიზაციის კონტურების გამოჩენა მოჰყვა. ისტორიის ამ პერიოდს ელინიზმს უწოდებენ.

ტერმინი „ელინიზმი” გერმანელმა ისტორიკოსმა ი. დროიზენმა XIX საუკუნის 30-იან წლებში შემოიღო. სამეცნიერო წრეებში დღემდე არ წყდება კამათი ამ ტერმინის ქრონოლოგიის, გეოგრაფიული ჩარჩოებისა და შინაარსის შესახებ. უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ ისტორიის ეს პერიოდი შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ:

1. ელინისტური სახელმწიფოების წარმოშობა – ძვ. წ. IV ს-ის ბოლო – ძვ. წ. III ს-ის პირველი ნახევარი;
2. ელინისტური სახელმწიფოების აღმავლობა – ძვ. წ. III ს-ის მეორე ნახევარი – ძვ. წ. II ს-ის პირველი ნახევარი;
3. ელინისტური სახელმწიფოების დაცემა – ძვ. წ. II ს-ის მეორე ნახევარი – ძვ. წ. I ს-ის ბოლო.

რაც შეეხება გეოგრაფიულ ჩარჩოებს, აქ კიდევ უფრო რთულადაა საქმე. ელინიზმის გავრცელების ზუსტი საზღვრების დადგენა შეუძლებელია. სავარაუდოდ, ის მოიცავდა ტერიტორიას დასავლეთით ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან აღმოსავლეთით ინდოსტანამდე და ჩრდილოეთით შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროებიდან სამხრეთით იემენამდე, თუმცა ელინიზმის ნაკვალევს არქეოლოგები და ისტორიკოსები შორეულ ჩინეთშიც კი აწყდებიან.

რას წარმოადგენს ელინიზმი? რით განსხვავდება ეს ცივილიზაცია წინა და მომდევნო ცივილიზაციებისგან? რა როლი მიუძღვის მას კაცობრიობის განვითარებაში? აი, ის კითხვები, რომლებიც დიდი ხანია ისტორიკოსთა, არქეოლოგთა, კულტუროლოგთა და სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელთა განსჯის საგანია.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ელინიზმის ეპოქა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ეპოქა იყო, რომელიც აღმოსავლური (აზიური) და ევროპული (ბერძნული, ელინური) კულტურების სიმბიოზს წარმოადგენდა. ამგვარ მოვლენას მანამდე არასოდეს ჰქონია ადგილი. განსხვავებული კულტურების დაახლოების თვალსაზრისით, ის შეიძლება შევადაროთ რომაული ცივილიზაციისა და აღმოსავლეთის ურთიერთობას, რომელიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ელინიზმის უბრალო გაგრძელებას წარმოადგენდა, ასევე – ჯვაროსნულ ლაშქრობებს, ევროპულ კოლონიალიზმსა და თანამედროვე გლობალიზაციას.

რამ განაპირობა ელინიზმის წარმოშობა?

ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების დროს ბერძნულ-მაკედონური მოსახლეობის დიდი მასა აზიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ესენი იყვნენ, უპირველესად, მეომრები, ასევე – ვაჭრები, თავგადასავალთა მოყვარულები და ჯარის მომსახურე პერსონალი. ამასთანავე, ალექსანდრე თავის ჯარს დაპყრობილი მოსახლეობითა და დამარცხებული ლაშქრის მეომრებითაც ავსებდა (კამპანიის დასაწყისში ალექსანდრეს 40 ათასი მებრძოლი ჰყავდა, უმთავრესად – ბერძენ-მაკედონელები, ხოლო ინდოეთში ლაშქრობისას მისი ლაშქარი უკვე 120 ათას კაცს ითვლიდა), რაც თვით აზიის მოსახლეობის გადაადგილებასაც იწვევდა. ასე რომ, საქმე გვაქვს როგორც ევროპელების, ასევე აზიის მოსახლეობის მიგრაციასთან.

მოსახლეობის ამგვარმა გადაადგილებამ განსხვავებული კულტურების დაახლოება და სინთეზი გამოიწვია, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა ელინისტური სახელმწიფოების წარმოშობის შემდეგ. აზიური და ევროპული ცივილიზაციების დაახლოება თითქმის ყველა სფეროში გამოვლინდა.

მთავარი განსხვავება ბერძნულ კლასიკურ და ელინისტურ ეპოქებს შორის მონარქიული იდეოლოგიის ფორმირება იყო. იმ დროის ფილოსოფიური მიმდინარეობები (პითაგორელები და სტოიკოსები) ავითარებდნენ ძლიერი პიროვნების კონცეფციას. მათთვის მეფე წარმოადგენდა ცოცხალ, გასულიერებულ უზენაეს კანონს, რაც მონარქის ღვთაებრივი ბუნებით აიხსნებოდა. ამგვარი იდეოლოგიის ჩამოყალიბება აღმოსავლური გავლენით შეიძლება ავხსნათ. აღმოსავლური თეოკრატიის ელინისტ მემკვიდრეებს აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდათ, რადგან ისინი ღმერთების შვილები ან თვით ღმერთები იყვნენ. მაგალითად, პტოლემაიოსებმა ფარაონების ტიტული მიიღეს. ერთ-ერთი წარწერის მიხედვით, ეგვიპტის მონარქს ნილოსის მიწები ღმერთმა ჰორმა უბოძა, რაც ღვთებრივმა მწერალმა – თოთმა დაადასტურა.

მეფობა მემკვიდრეობით მამისგან უფროს შვილს გადაეცემოდა, თუმცა არსებობდა გამონაკლისიც. სამეფო კარის ეტიკეტი მაკედონური და სპარსული მონარქიების მსგავსად იყო მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ელინიზმის ეპოქაში არ შენდებოდა აღმოსავლელი დესპოტების მსგავსი გიგანტური სასახლეები, მონარქის საცხოვრებელი ბრწყინვალე და მდიდრული იყო. 

მეფე აწესებდა კანონებს და მისი გადაწყვეტილებები ერთპიროვნული იყო. ძირითად ეს განსხვავებდა ელინიზმს კლასიკური ეპოქისგან, როდესაც კანონი თემის (საზოგადოების) ნების გამოხატულებას წარმოადგენდა.

მეფეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლე იყო, არ შეეძლო ყველაფრის ცოდნა და გადაწყვეტა, ამიტომ არსებობდა „მეგობართა” საბჭო, რომელზეც სახელმწიფოებრივი საქმეები განიხილებოდა. ამ საბჭოს შემადგენლობიდან ინიშნებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დღევანდელი მინისტრების ანალოგებად შეიძლება ჩავთვალოთ. მეფის შემდეგ ყველაზე მაღალი თანამდებობა ვეზირს ეკავა. ეგვიპტეში არსებობდა კანცლერის თანამდებობაც – ის მეფის კანცელარიას და ბიუროკრატიულ აპარატს განაგებდა. ელინისტურ სახელმწიფოებში მეფე ინარჩუნებდა ორ ძირითად ფუნქციას: აუცილებლად უნდა ყოფილიყო არმიის მთავარსარდალი, რაც განასხვავებდა მას ძველი აღმოსავლელი დესპოტებისგან და ფლობდა უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებას.

ელინიზმის ეპოქაში ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად მაკედონელის დაპყრობამდე არსებული სისტემისგან იყო გადმოღებული. სელევკიდების ტერიტორიებს ისევ სატრაპები მართავდნენ, თუმცა მათ სამხედრო ფუნქცია ჩამორთმეული ჰქონდათ, ხოლო ადგილებზე სამხედრო საქმეებს სტრატეგოსები განაგებდნენ. ასეთივე ვითარება იყო ეგვიპტეში, აქაც ადგილობრივი ხელისუფლება ნომარქოსებს ებარათ.

ელინისტური სახელმწიფოების ძლევამოსილება, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ და ფისკალურ სისტემას, მეორე მხრივ კი არმიას და ფლოტს ეფუძნებოდა. როგორც ალექსანდრე მაკედონელის დროს, ელინისტურ არმიაში გამორჩეულ ძალას ფალანგა წარმოადგენდა, თუმცა, კლასიკურ საბერძნეთთან შედარებით, გაიზარდა ცხენოსანი ჯარის როლი. აღმოსავლური გავლენა იგრძნობოდა საბრძოლო ეტლების გამოყენების თვალსაზრისითაც. სიახლე იყო ბრძოლებში სპილოების ჩართვაც. სპილო ძირითადი დამრტყმელი ძალა გახდა ამ ეპოქაში. კლასიკურ პოლისებთან შედარებით გაიზარდა ჯარის რაოდენობაც. მაგ., პტოლემაიოს II-ს 240 ათასი მეომარი ჰყავდა, ხოლო რაფიუსთან ბრძოლაში სელევკიდების არმია 62 ათას ქვეითსა და 12 ათას ცხენოსანს ითვლიდა, თუმცა ჯარისკაცების შეიარაღება წინა ეპოქებთან შედარებით დიდად არ შეცვლილა. სამაგიეროდ, დაიწყეს ბრძოლებში ახალი ტექნიკური საშუალებების გამოყენება, განსაკუთრებით – საალყო ოპერაციების დროს. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეული იყო იმით, რომ თითქმის ყველა ქალაქს გალავანი ერტყა, მეორე მხრივ კი ინჟინერიის განვითარებით, რომელმაც ახალი საალყო მანქანების გამოგონება გახადა შესაძლებელი. დიდი ცვლილებები განიცადა სამხედრო ფლოტმაც. გაიზარდა მისი როგორც რაოდენობა, ისე საბრძოლო შესაძლებლობებიც. შეიძლება დავასკვნათ, რომ სამხედრო საქმემ წინა ეპოქებთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რითაც მომავალში კარგად ისარგებლეს რომაელებმა.

ელინისტურ ეპოქაში ეკონომიკურმა ცხოვრებამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. სამეურნეო თვალსაზრისით საბერძნეთი უკვე აღარ წარმოადგენდა წამყვან რეგიონს. ეკონომიკური აქტივობით გამოირჩეოდნენ მცირე აზია, სირია და ეგვიპტე. ისტორიკოსთა აზრით, ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოყალიბდა ელინისტურ სახელმწიფოებსა და საბერძნეთს შორის და ასევე თვით ელინისტურ ქვეყნებს შორის. საბერძნეთიდან ძირითადად ღვინო, ხელოსნობისა და ხელოვნების ნიმუშები გაჰქონდათ, ხოლო ეგვიპტიდან – ხორბალი და პაპირუსი.
ამავე დროს, აღმოსავლეთის დაპყრობამ ხმელთაშუა ზღვის აუზში აფრიკის, ინდოეთისა და არაბეთის შიდა რაიონებიდან საქონლის შემოდინება განაპირობა. მათ შორის იყო სპილოს ძვალი, მარგალიტი, ძვირფასი ქვები, ხის იშვიათი ჯიშები, სანელებლები და მრავალი ეგზოტიკური ნივთი. საერთაშორისო ეკონომიკაში სირიის პორტებისა და ალექსანდრიის როლის გაზრდა იმით იყო გამოწვეული, რომ ამ ქალაქებისკენ მიემართებოდა ძირითადი სახმელეთო და საზღვაო სავაჭრო გზები. სავაჭრო არეალის გაფართოებამ გამოიწვია კომერციაში ჩაბმულ აქტორთა რაოდენობის ზრდა. თუ კლასიკურ ეპოქაში სავაჭრო ოპერაციებს ძირითადად ბერძნები წარმართავდნენ, ახლა ინდოეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების საზღვაო ვაჭრობაში შუამავლის როლს არაბები კისრულობდნენ, ხოლო სახმელეთო ვაჭრობას პართელები განაგებდნენ. თვით ხმელთაშუა ზღვაშიც კი ბერძნებს სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდნენ. ესენი იყვნენ კართაგენელები და რომაელები.

ელინიზმის ეპოქის ეკონომიკური აღმავლობა რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული: გაუმჯობესდა სანავიგაციო ტექნიკა, მმართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ პორტების გაფართოებასა და კეთილმოწყობას, ასევე – გზების გაყვანასა და შენახვას. იზრდებოდა მოთხოვნა სხვადასხვა ნივთზე, რაც გამოწვეული იყო არისტოკრატიისა და ახალწარმოქმნილი „ბურჟუაზიის” მზარდი მოთხოვნილებით. ამ საზოგადოებას მეტი და მეტი ფუფუნების საგნები სჭირდებოდა, რაც აბსოლუტურად განსხვავდებოდა V საუკუნის ბერძნების მკაცრი ცხოვრების წესისგან.

ეკონომიკური ცხოვრების გააქტიურებამ და მისი მასშტაბის გაზრდამ გამოწვია ფულადი მიმოქცევის ინტენსიფიკაცია და საბანკო სისტემის წარმოშობა. მთელ ელინისტურ სამყაროში დამკვიდრდა როგორც ოქროს, ასევე ვერცხლისა და სპილენძის ერთიანი ფულადი ნომინალი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბანკების როლის გაზრდა. არსებობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო (სამეფო) ბანკები. ამ ბანკების მუშაობა ხელს უწყობდა ფულადი მასის მიმოქცევას და დიდ მანძილებზე სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას.

ელინისტური სახელმწიფოები დაპყრობათა შედეგად წარმოიშვა. ამან განაპირობა მრავალი სირთულე, რაც, უპირველესად, ადგილობრივი და დამპყრობელი (ჩამოსული) მოსახლეობის ურთიერთობაზე აისახა. პირველ ხანებში ელიტას დამპყრობლები – ბერძენ-მაკედონელები წარმოადგენდნენ, ხოლო ადგილობრივები მეორეხარისხოვან როლს ასრულებდნენ, რაც ურთიერთდაპირისპირებას იწვევდა. მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, რაც მკვიდრი მოსახლეობის სიმრავლით (მაგ., ეგვიპტეში ერთ მილიონ ჩასულზე რვა მილიონი ადგილობრივი მოდიოდა) და ახალ პირობებთან შეგუებით აიხსნება. უკვე II საუკუნეში არც ისტორიული ცნობების მიხედვით და არც საკანონმდებლო დონეზე არავითარი დისკრიმინაცია ეთნიკურ თუ რელიგიური დონეზე აღარ არსებობდა. ამას უნდა დავუმატოთ შერეული ქორწინებებიც, რომლებიც არცთუ იშვიათი იყო იმდროინდელ საზოგადოებაში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელინისტური ცივილიზაცია ძირითადად ქალაქური ტიპისა იყო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, ქალაქის მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენდა, მაგრამ ქალაქები საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ. აქ იყო თავმოყრილი ინტელექტუალურად, ეკონომიკურად და კულტურულად აქტიური მოსახლეობა. ქალაქები წარმოადგენდნენ ადმინისტრაციულ ცენტრებსაც.

ქალაქური ცივილიზაციის წარმოშობა გამოწვეული იყო ალექსანდრე მაკედონელის მიერ ალექსანდრიების დაარსების ტრადიციით და ბერძნული ქალაქური ცივილიზაციის ექსპორტით აღმოსავლეთში.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სელევკიდების მიერ რამდენიმე ახალი ქალაქის დაარსება სირიასა და მესოპოტამიაში, ასევე ატალიდების მიერ პერგამონის აგება და ეგვიპტის ალექსანდრიის მსოფლიოს უდიდეს ქალაქად ქცევა. ახალი ქალაქების დაგეგმარებაში აშკარად ჩანს აღმოსავლური და ბერძნული ქალაქმშენებლობის ელემენტები. თითქმის ყველა ქალაქს, ბერძნულის მსგავსად, ჰქონდა აკროპოლისი, რომელშიც განთავსებული იყო მეფის სასახლე და ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტები. ასევე ყველა ქალაქში იყო აგორა (ცენტრალური მოედანი), რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება ბერძნული პოლისების მსგავსად, მიუხედავად მონარქიული სისტემისა, მაინც აქტიურად მიმდინარეობდა. აღმოსავლური ქალაქდაგეგმარების ელემენტი იმით გამოიხატებოდა, რომ ქუჩები ბადისებურად იყო განლაგებული. 
ამრიგად, ვცადეთ პასუხი გაგვეცა კითხვაზე, რას წარმოადგენდა ელინისტური ცივილიზაცია, რით განსხვავდებოდა ეს ეპოქა სხვებისგან.

ნაწილობრივ შევძელით ამ ამოცანის გადაწყვეტა, თუმცა უამრავი მომენტი, რომლებიც უფრო მეტად დაგვანახებს ელინიზმის ორიგინალურობას, სტატიაში არ არის ასახული. განსაკუთრებით ეხება ეს რელიგიურ წარმოდგენებს, ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარებას. ამ თემებზე მომავალ სტატიებში გესაუბრებით.

მერანის უპირატესობა

0
მაშინ, ადრე ერთმა კაცმა ამგვარი რამ მითხრა: ნამდვილ მეძავებს და პოეტებს კოლეგების შური არ აქვთო. სად მითხრა აღარ მახსოვს, სიზმარში თუ მწერალთა სასახლის ალაგ-ალაგ მოკაშკაშე დარბაზში, სადაც ყრმა მოლექსეებს გვაჯილდოებდნენ. მაშინ დავუჯერე, თუმცა მას მერე ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ეს მოხუცი გუნებაში ჩემს ზნეკეთილ მოქალაქედ აღზრდას ესწრაფვოდა და შესაბამისად – ცრუობდა.

თანამედროვე პოეზიის რომელიმე ცალკე აღებული ტექსტი მერანს ვეღარ დაეწევა, შესაძლოა ათწლეულების მერე სადმე მკვდარს გადააწყდეს და კეთილი ყვავ-ყორნის კოლექტიური როლი წაითამაშოს. სხვა რამეს ვამბობ, იმას არა, რაც თქვენ იფიქრეთ, მაგრამ პოსტმოდერნდეკონსტრუქტინტერტექსტეუალური (ენისმოტეხვის სიცილაკი) სახით ვამბობ და რიზომული გამომეტყველებით და მე თვითონვე ვიბნევი. ისე კი, რა მინდოდა მეთქვა: გალაკტიონის ტომებიდან მე პირადად მხოლოდ რამდენიმე ფურცელს ამოვხევდი და შევინახავდი. ასევე: ბოლო ხანებია, მიკვირს როგორ მოახერხა ბარათაშვილმა „მერანის” დაწერა ყველაფერ იმის ფონზე, რაც შესნიშნავად მოგეხსენაბათ. თანამედროვე პოეტებს ფონი აღარ აქვთ. მათი ლექსები შეუმჩნევი მეტ-ნაკლებობით ან ერთნაირად ძლიერია, ან თანაბრად საშუალო ან მსგავსად მდარე. შედევრების ეპოქა წარსულმა ჩაიბარა (გნებავთ – ჩაბარდა).

„მერანი” შედევრია. თითქმის აბსოლუტური კატეგორიის.

დავივიწყოთ კომპარატივისტიკული სიამტკბილობანი ედგარ პოსთან და ადამ მიცკევიჩთან, ვთქვათ ისე, როგორც იყო. ცხოვრობდა ერთი გაღარიბებული თავადი კაცი , ხეიბარი (ნუ შეადარებთ ბაირონს), სალონური ლაქლაქის და „დამმების” მოყვარული (ნუ შეადარებთ უაილდს, ან კი როგორ შეადარებთ?). კაცი, ზოგის მიერ ახლა უკვე, და შესაძლოა მართებულადაც, კოლაბორაციონისტის სახელ შერქმეული. ხშირად წერდა პირად წერილებს და ნიჭიერი სკოლის მოსწავლესავით დედის და მამის (აქ: ძირითადად ბიძის) გულისგასახარად ლექსებსაც დაურთავდა.

 

„მერანის” მაგალითი გვარწმუნებს, რომ ცნობა მუზების არსებობის შესახებ გადაჭარბებული სულაც არ გახლავთ. ეს ისე, ოღონდ ხუმრობით არა… ანუ ხანდახან მგონია, რომ პოეტს სიტყვები თავს აძალებდნენ და ტექსტში „გაიპარა” იმ პერიოდისთვის და იმ ადამიანისთვის სუპერრევოლუციური ფრაზები: „საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!”, „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის”… ეს უკვე სხვა არჩევანი იყო, სრულიად უცხო ქართული ლიტერატურისთვის. იმაზე დიდიც, ვიდრე მერე ტერენტი გრანელის „რაღაც სხვა, მესამე” გახლდათ. ეს არჩევანი ნოვატორულობის თვალსაზრისით მისი გვიანდელი გაჯიბრების (როგორც ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა) მცდელობაზე – „ლურჯა ცხენებზე” უპირატესია.

საუნივერსიტეტო რეფერატის ენაზე რომ ვთქვათ: მერანის დრო უფლის დროსთანაა გაიგივებული, თუ კაცის 100 წელი ღვთისთვის წამია, რაშის რბენა აქ მხედრის ფრენას ნიშნავს („მირბის და მიმაფრენს”). მაგრამ გმირისთვის ეს როლი როდი აკმაყოფილებს, მისი სავარაუდო ტრაგიკული ბოლო, სხვა „სიამეთა” მოკლების წილ განღმრთობის უსათუო ნიშანია („სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი”), – ეგებ ლუციფერის მსგავსად, რომელიც თავისი ძალით ყველა მოირას აღემატება – ” მივალალებენ სვავნი მყივარნი!” კარგი, მოვრჩეთ რეფერატს და „გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!”.

ყოველივე ამის შემდეგ ნიკოლოზ ბარათაშვილს (მისი სახელ-გვარი, ახლა შევამჩნიე, რატომღაც პირველად ვახსენე) უცნაური ბიძისთვის სხვათა შორის მიეწერა:

вот, что поэт думает за Илико:

და მერე, როგორც შესაბამის გამოცემებში აღნიშნავენ:

[ „მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი!

(მოყვანილია მთელი ლექსი) ]

ლექსი, რომელიც კიდევ ერთხელ მარწმუნებს მოხუცი კაცის სიტყვების სიმცდარეში.

დეკლარაციული სწავლების განვითარება

0
ინფორმაციის გადამუშავების საქმეში დეკლარაციული ცოდნის სწავლა რეალურად არის ახალი იდეების უკვე არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება და აღქმის კონსტრუირება. ადამიანები უკეთ სწავლობენ, როცა მათ მყარი საფუძველი აქვთ იმ სფეროში, რომელსაც შეისწავლიან. ბევრი კარგად შემუშავებული სქემისა და სცენარის მეშვეობით, რომელიც გზას უკვლევს მათ, ახალი მასალა უფრო აზრიანი და გასაგები ხდება. ხანგრძლივ მეხსიერებაში კი ბევრი ადგილია ახალი ინფორმაციის ძველთან დაკავშირებისათვის. მაგრამ მოსწავლეს ყოველთვის არა აქვს ცოდნის კარგი საფუძველი. სწავლის ადრეულ ფაზაში ყველა ასაკის მოსწავლეს სჭირდება ცოტა მიმოიხედოს და დაათვალიეროს გარემო, ეძებოს მიმართულება და მინიშნებები. გარკვეული სფეროს ექსპერტებიც კი იყენებენ სასწავლო სტრატეგიებს, როცა წააწყდებიან უცხო მასალას ან ახალ პრობლემას.

რას წარმოადგენს ზოგიერთი შესაძლო სტრატეგია? ალბათ ყველაზე საუკეთესო მეთოდი იმისათვის, რომ დაეხმარო მოსწავლეს სწავლაში, არის ყოველი გაკვეთილის გადაქცევა რაც შეიძლება აზრიანად.

აზრიანად ქცევა. აზრიანი გაკვეთილები ტარდება მოსწავლისათვის გასაგები ენით, მისთვის გასაგები სიტყვებით. ახალი ტერმინები ინერგება ნაცნობ სიტყვებთან და იდეებთან პარალელების გავლებისა და დაკავშირების გზით. აზრიანი გაკვეთილები კარგადაა ორგანიზებული მის სხვადასხვა ელემენტებს შორის ცხადი და ყველასათვის გასაგები კავშირებით. დაბოლოს, აზრიანი გაკვეთილები ბუნებრივად მოიხმარენ ძველ ინფორმაციას იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გაიგონ ახალი მასალა მაგალითებისა და ანალოგიების მეშვეობით.

მაგალითად:

შეხედეთ ქვემოთ მოყვანილ სამ ხაზს. დახედეთ პირველ ხაზს ერთი წამით. დახურეთ წიგნი და გაიმეორეთ ის ასოები, რომლებიც დაგამახსოვრდათ. გაიმეორეთ ეს პროცედურა მეორე და მესამე ხაზებისთვისაც.
1. კბვოდუწგპჯმსქტხნოგმცტრსობსგრნმიყ
2. კითხვა ხტომა ხორბალი ღარიბი ძიება დაე
3. რაინდებმა გააჭენეს ცხენები ბრძოლის ველისაკენ.

თითოეული ხაზი თანაბარი რაოდენობის ასოებისგან შედგება. მაგრამ არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ დავიმახსოვროთ მესამე ხაზის ყველა ასო, მეორე ხაზის ასოთა უმრავლესობა და ძალიან ცოტა პირველი ხაზიდან. პირველ ხაზს არავითარი აზრი და მნიშვნელობა არ აქვს. არ არსებობს მისი დამახსოვრების შანსი ხანმოკლე დაკვირვების შედეგად. ოპერატიულ მეხსიერებას ელემენტარულად არ შეუძლია მთელი ინფორმაციის შეკავება და სწრაფად გადამუშავება. მეორე ხაზი უფრო აზრიანია. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ასოს ხედავდეთ, რადგან თქვენი ხანგრძლივი მეხსიერება მაშინვე ამოატივტივებს მართლწერისა და გრამატიკის ელემენტარულ წესებს. მესამე ხაზი ყველაზე აზრიანია. უბრალო თვალის შევლებაც საკმარისია, რომ მთლიანად დავიმახსოვროთ იგი. რადგან ამ დროს წამოტივტივდება არა მხოლოდ მართლწერისა და გრამტიკის ელემენტარული წესები, არამედ სინტაქსის წესები და ალბათ ისტორიული ცოდნა რაინდების შესახებ (ისინი ხომ ბრძოლაში ტანკებით არ მიდიოდნენ). ეს წინადადება აზრიანია იმიტომ, რომ გაქვთ არსებული სქემები მის დასაწყობად. შედარებით იოლია სიტყვებისა და მნიშვნელობის ასოცირება ხანგრძლივ მეხსიერებაში უკვე არსებულ ინფორმაციასთან.

მასწავლებელთა მიზანია გაკვეთილები ნაკლებად გახადონ პირველი ხაზისა და მეტად მესამე ხაზის მსგავსი. იმის მიუხედავად, რომ ეს ელემენტარული ჩანს, გაიხსენეთ, რამდენჯერ წაგიკითხავთ წინადადება ტექსტიდან ან მოგისმენიათ ახსნა მასწავლებლისგან, რომელიც თქვენთვის იგივე იყო რაც ზემოხსენებული კბვოდუწგპჯმსქტხნოგმცტრსობსგრნმიყ. გახსოვდეთ, სწავლის ისეთი წესების შეცვლას, რომლებსაც მოსწავლეები უკვე მიეჩვივნენ მოსწავლეები ყოველთვის ენთუზიაზმით როდი ხვდებიან. მოსწავლეები შეიძლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნიშნებს. მათ იციან, რომ დაზეპირებას ფრიადი მოაქვს, მათ იციან, რა არის ამ შემთხვევაში მოსალოდნელი. აზრიანი სწავლა უფრო სარისკოა და მეტ ძალისხმევას საჭიროებს.

ვიზუალური გამოსახულებები და ილუსტრაციები. არის თუ არა სურათი სწავლებაში 1000 სიტყვის ტოლფასი? რიჩარდ მაიერი შეისწავლიდა ამ საკითხს რამდენიმე წლის განმავლობაში და აღმოაჩინა, რომ სიტყვებისა და სურათების სწორ კომბინაციას შეუძლია სწავლაში საგრძნობი ცვლილების შეტანა. მეიერის კოგნიტური თეორია ,,მულტიმედიური” სწავლის შესახებ მოიცავს სამ იდეას:

·ორმაგი კოდირება: ვიზუალური და ვერბალური მასალები სხვადასხვა სისტემაში გადამუშავდება.

·შეზღუდული შესაძლებლობა: მუშა მეხსიერება ვერბალური და ვიზუალური მასალებისათვის მკაცრად შეზღუდულია.

·გენერაციული სწავლა: აზრიანი სწავლა მაშინ ხდება, როცა მოსწავლე კონცენტრირებას ახდენს რელევანტურ, მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და ახდენს კავშირების გენერირებას (ანუ ქმნის/აშენებს კავშირებს)

პრობლემა: როგორ შევქმნათ ისეთი გაგება, რომელიც მოახდენდა ვიზუალური (სურათები, დიაგრამები, ფილმები) და ვერბალური (ტექსტები, ლექცია) წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის ინტეგრირებას მუშა მეხსიერების შეზღუდვების გათვალისწინებით. მეიერს და გილინის მოჰყავთ მაგალითი. მათ გამოიყენეს სამი სახის ტექსტი იმის ასახსნელად, როგორ მუშაობს ბორბლების დასაბერი ხელის ტუმბო. ერთ ტექსტში მოყვანილი იყო მარტო სიტყვები. მეორეში იყო სურათები მხოლოდ დამუხრუჭების სისტემისა და მუშაობის ეტაპების შესახებ, ხოლო მესამეზე (ამ უკანასკნელმა გააუმჯობესა მოსწავლეთა სწავლა და აღქმა) ტუმბოების როგორც ,,ჩართული”, ისე ,,გამორთული” მდგომარეობა და აღწერილი იყო ტუმბოს მუშაობის ყოველი ნაბიჯი.

რა აზრი დევს ამ ამბავში? მიეცით მოსწავლეებს გაგების მრავალფეროვანი გზები – სურათები და ახსნები. ნუ გადატვირთავთ მუშა მეხსიერებას – მოათავსეთ ვიზუალური და ვერბალური ინფორმაცია ერთად მცირე ნაწილებში.

გაზეპირება. ძალიან მცირე რამეს სჭირდება გაზეპირება. ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც მასწავლებლები აწყდებიან, არის დაეხმარონ მოსწავლეებს ფიქრსა და გაგებაში და არა უბრალო დამახსოვრებასა და დაზეპირებაში. სამწუხაროდ, ბევრ მოსწავლეს მექანიკური დამახსოვრება და სწავლა ერთი და იგივე ჰგონია.
ამის მიუხედავად არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა რაღაცა სიტყვასიტყვით უნდა დავიმახსოვროთ, მაგალითად, სიმღერის ტექსტი, ლექსი ან პიესა. როგორ გააკეთებდით ამას? თქვენ რომ ცდილობდეთ ერთეულთა სიის დამახსოვრებას, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ იმახსოვრებთ მის დასაწყისსა და დასასრულს და ვერ ახერხებთ შუა ნაწილის დამახსოვრებას. ამას ჰქვია რიგში განლაგების ეფექტი. ნაწილებად სწავლას, სიის უფრო მცირე სეგმენტებად დაყოფას შეუძლია დაგვეხმაროს ამ ეფექტის თავიდან აცილებაში, რადგან სიის რამდენიმე მცირე სიად გადაკეთება ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები შუა ნაწილი იქნება სასწავლი.

გრძელი ჩამონათვალის ან სიის დამახსოვრების კიდევ ერთი გზაა დანაწილების წესი. მოსწავლე, რომელიც სწავლობს ავთანდილის ანდერძს და ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად უთმობს დროს მეცადინეობას, ალბათ უფრო უკეთეს შედეგს მიაღწევს, ვიდრე მოსწავლე, რომელიც მთელი ტექსტის დაზეპირებას კვირა საღამოს ცდილობს. გაწელილ დროში სწავლას ინტენსიური დასწავლა ეწოდება. მასობრივ პრაქტიკას მივყავართ დაღლილობამდე და მოტივაციის კლებამდე. გადანაწილებული პრაქტიკა გვაძლევს დროს უფრო ღრმა გადამუშავებისათვის და შანსს ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანისათვის. ის, რაც ერთი სესიის შემდეგ დავიწყებას მიეცემა, შეიძლება ხელახლა ვისწავლოთ შემდეგ ჯერზე.

როგორ ეხმარება მასწავლებელს და მოსწავლეებს ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს ცოდნა

0
თბილისში ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომების მოსაპოვებლად გამართული ერთ-ერთი საგამოცდო სესიის მიმდინარეობისას კანდიდატმა, რომელმაც რეგლამენტით განსაზღვრული მოსაფიქრებელი დრო ბოლომდე გამოიყენა, საგამოცდო კომისიის წინ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. ასეთ გამოცდაზე ეს პირველი შემთხვევა იყო. კეთილგანწყობილი გამომცდელები ამშვიდებდნენ, სთხოვდნენ, გაეგრძელებინა გამოცდა, მაგრამ კანდიდატმა უარი განაცხადა და საგამოცდო ოთახი დატოვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სკოლის მასწავლებელმა ურჩია, ჩაწერილიყო B1 დონის გამოცდაზე, მაშინ როდესაც რეალურად მას A2 დონის გამოცდის ჩაბარებაც კი გაუჭირდებოდა. მასწავლებლის ეს შეცდომა გამონაკლისი რომ ყოფილიყო, ალბათ, არ იქნებოდა საჭირო ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი პედაგოგი არ უთმობს სათანადო ყურადღებას ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, რამაც შესაძლოა მათი მოსწავლეები ასეთივე სიტუაციაში ჩააყენოს.
საქართველოში უცხოური ენის შესწავლის მსურველებს უამრავ სხვა საერთაშორისო დიპლომსა და სერტიფიკატთან ერთად შეუძლიათ DELF და DALF დიპლომების აღებაც (18 წლამდე ასაკის კანდიდატებს კი – DELF ჟუნიორისა), რომლებიც საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული ოფიციალური დიპლომებია. ამ დიპლომების მოპოვების მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწორად განუსაზღვროს მოსწავლეს ენის ცოდნის დონე და მისცეს რეკომენდაცია, რომელი დიპლომის მისაღებ გამოცდაზე ჩაეწეროს.

უცხოური ენების შესწავლას ჩვენში ოდითგანვე ბევრ დროს უთმობდნენ. ენების ცოდნა განათლებულობის კრიტერიუმად მიიჩნეოდა. სწავლების მეთოდებიც მრავლად იყო. მაგრამ 1970-იანი წლების დასასრულისთვის უცხოური ენების სწავლების ფართოდ გავრცელებულმა ტრადიციულმა მეთოდმა თითქმის ყველგან დაკარგა აქტუალობა და პირველობა კომუნიკაციურ მეთოდს დაუთმო. ამ მეთოდით ენის შემსწავლელის უპირველესი ამოცანაა, ისწავლოს კომუნიკაცია, ისწავლოს, თუ როგორ ისწავლოს, რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების სიმულაციის გზით სინქრონულად განივითაროს ყველა ენობრივი კომპეტენცია და ზედმიწევნით მიუახლოოს ისინი იმ ენის მატარებელისას, რომელსაც სწავლობს. დღეს უცხოური ენის მასწავლებელს კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, შესაბამის კვალიფიკაციასთან, გამოცდილებასთან, თანამედროვე სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის მეგზურთან ერთად, მრავალი სიახლის გათვალისწინებაც სჭირდება. უამრავი დოკუმენტიდან, რომელთა ცოდნაც მათთვის უკვე აუცილებლობას წარმოადგენს, ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო ერთ-ერთი უპირველესია, მით უმეტეს, რომ უცხოური ენის თანამედროვე სახელმძღვანელოების უმეტესობა სწორედ მის მოთხოვნებს უპასუხებს.

ევროპის საბჭომ ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო 2001 წელს გამოაქვეყნა, მაგრამ მის პირველ ვარიანტზე მუშაობა გაცილებით ადრე, გასული საუკუნის 90-იან წლებში, დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენთვის, უცხოური ენის მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა. კერძოდ, ის, რომ 1980-იან წლებში ენობრივი ცოდნის განმსაზღვრელი ტესტების მომრავლებამ (TOEFL, TOEIC, IELTS, DALF, DELF, ZD) და იმან, რომ თითოეულს შეფასების საკუთარი სკალა ჰქონდა, დღის წესრიგში დააყენა მათი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. დღეს უკვე მრავალ ქვეყანაში სწორედ ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოთი განისაზღვრება უცხოური ენის ცოდნის დონე; ის წარმოადგენს ენების შესწავლისა და სწავლების საერთო სტანდარტს. უფრო და უფრო მეტი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც შეფასებაზე სპეციალიზდება, შეფასების საკუთარი სკალის შემუშავებისას ეყრდნობა ამ დოკუმენტს ან დანართში ურთავს კონვერტირების ბადეს, რომელიც ჩარჩოს შესაბამისად ენის ფლობის დონის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში უცხოური ენების მასწავლებლები და სასწავლო დაწესებულებები ტერმინოლოგიის, ენობრივი კომპეტენციების დონეების, პედაგოგიური მასალებისა თუ პროგრამების, სასწავლო პროცესში შეფასების საერთო ნორმების შემუშავებისას ეყრდნობიან აღნიშნულ დოკუმენტს. ამავე დროს, ის შეუცვლელია ენის შემსწავლელებისთვის, რომლებსაც მისი მეშვეობით შეუძლიათ გაცილებით ადვილად და ზუსტად განსაზღვრონ ენის ცოდნის დონე და ის, მისი შესწავლის რომელ ეტაპზე იმყოფებიან.
სტრუქტურულად ჩარჩო დაყოფილია სამ დონედ:

◦ A – ენის ელემენტარული ფლობა (ენის ელემენტარულ დონეზე გამოყენება);
◦ B – ენის დამოუკიდებლად ფლობა (ენის დამოუკიდებლად გამოყენება);
◦ C – ენის თავისუფალი ფლობა (ენის პროფესიული მიზნით გამოყენება).
თითოეული მათგანი, თავის მხრივ, ორ ქვედონედ არის დაყოფილი.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები მეორე უცხოური ენის შესწავლას მეხუთე კლასიდან იწყებენ. ფრანგული ენა სკოლებში უმეტესად ისწავლება სწორედ როგორც მეორე უცხოური ენა და სურვილის შემთხვევაში მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სკოლის დამთავრების შემდეგ აიღოს DELF A2 საერთაშორისო დიპლომი. ამ მიზეზით დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილავთ მხოლოდ პირველ, A დონეს, რომელიც A1 და A2 ქვედონეებისგან შედგება. ისევე როგორც დანარჩენ ორზე, პირველ დონეზეც უკლებლივ ყველა ენობრივი კომპეტენციაა წარმოდგენილი: წაკითხულისა და მოსმენილის გაგება, ლაპარაკი (საუბარში მონაწილეობა, გაბმული საუბარი) და წერა.

A1 ქვედონეზე (რომელიც ამავე დონის საერთაშორისო დიპლომის, DELF A1-ის, მოპოვების საშუალებას იძლევა) უცხოური ენის შემსწავლელს შეუძლია გაიგოს და გამოიყენოს მისთვის ნაცნობი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გამოყენებული ენობრივი კონსტრუქციები. თემატიკა უმთავრესად შემოიფარგლება საკუთარი თავით, ოჯახით, საცხოვრებელი ადგილით, ხალხით, რომელსაც იცნობს, საჭიროებათა გამოხატვით („მჭირდება”, „მინდა”…), არდადეგებით; კითხვისას მას ესმის ნაცნობი სიტყვებისა და მარტივი ფრაზების მნიშვნელობა, მაგ., განცხადებებში, აფიშებზე და კატალოგებში; საუბრისას შეუძლია მარტივი კომუნიკაცია იმ პირობით, რომ თანამოსაუბრე მზადაა გაიმეოროს და სხვა ფორმულირებით (პერიფრაზით) ნელა განუმარტოს სათქმელი, დაეხმაროს ენის შემსწავლელს საკუთარი აზრის უკეთ ჩამოყალიბებაში; შეუძლია მარტივი კითხვების დასმა მისთვის ნაცნობ თემაზე, ისევე როგორც პასუხი ასეთ კითხვებზე; შეუძლია გამოიყენოს გამონათქვამები და მარტივი ფრაზები საკუთარი საცხოვრებლისა და მისთვის ნაცნობი ხალხის წერილობითი აღწერისას, მარტივი ფორმულარის, სასტუმროს ბარათის, ანკეტის შევსება ან მოკლე ღია ბარათის დაწერა (მაგ., არდადეგების შესახებ).
A2 ქვედონეზე (რომელიც ამავე დონის საერთაშორისო დიპლომის, DELF A2-ის, მოპოვების საშუალებას იძლევა) უცხოური ენის შემსწავლელს ესმის იზოლირებული ფრაზები და ხშირად გამოყენებული გამონათქვამები; შეუძლია კომუნიკაცია მარტივი და მისთვის ჩვეული საქმიანობის დროს. უცხოური ენის ფლობის ამ დონეზე აქტივობათა თემატიკა უმთავრესად შემოიფარგლება შემსწავლელის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სიტუაციებით (ოჯახი, საცხოვრებელი პირობები, განათლება, რამის შეძენა, უახლოესი გარემოცვა, სამუშაო ადგილი) და მარტივი დოკუმენტების (განცხადებების, მარტივი ფუნქციური ტექსტის, რეკლამის, მენიუს, განრიგის, პირადი წერილის) გაგებით, მარტივი ინფორმაციის გაცვლით. კანდიდატს შეუძლია გამონათქვამებისა და ხშირად გამოყენებული ლექსიკური მასალის გაგება იმ სფეროდან, რომელიც მის უახლოეს გარემოცვას ეხება, აგრეთვე – შინაარსის გამოტანა მარტივი და მკაფიო განცხადებებიდან. შეუძლია წაიკითხოს მოკლე, მარტივი ტექსტები და ამოიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ხშირად მოხმარებადი დოკუმენტებიდან; ისაუბროს მისთვის ჩვეული საქმიანობის დროს, რაც მისგან მხოლოდ პირდაპირი და მარტივი ინფორმაციის გაცვლას მოითხოვს, გააბას მოკლე საუბარი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ ესმის იმდენი, რომ მთელი საუბარის შინაარსი დეტალურად გაიგოს. ოჯახის, სხვა ხალხის, საცხოვრებელი პირობების, უახლოესი ან ამჟამინდელი პროფესიული საქმიანობის მარტივად აღწერისთვის შეუძლია გამონათქვამებისა და ფრაზების გამოყენება; შეუძლია დაწეროს მარტივი და მოკლე შენიშვნა ან გზავნილი, ძალიან მარტივი პირადი წერილი (მაგ., მადლობის გადასახდელად).

აღნიშნული დონეების საერთაშორისო დიპლომების მოსაპოვებელი გამოცდები საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში წელიწადში ორჯერ ტარდება. ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოცდების მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება, ამიტომ გამოცდების დეტალებზე არ შევჩერდებით.

რაც შეეხება გამოცდების ნიმუშებს, მსურველებს შეუძლიათ, პედაგოგიური კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CIEP) ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.ciep.fr) იხილონ რუბრიკა Diplômes et tests/DELF – DALF, დაბოლოს, Exemples de sujets, სადაც სამივე დონის ექვსივე დიპლომის მოსაპოვებელი გამოცდების ნიმუშებია წარმოდგენილი. ფრანგულის მასწავლებლებს შეუძლიათ თავისუფლად ჩამოტვირთონ აუდიოჩანაწერიც და შეფასების ბადეც, ანუ მსურველთათვის ყველა მასალა ხელმისაწვდომია.

ენების საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს დეტალური ცოდნა საგრძნობლად გაუადვილებს უცხოური ენების, ჩვენს შემთხვევაში – ფრანგულის, მასწავლებლებს, სასწავლო პროცესში სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და უზრუნველყონ თითოეული კომპეტენციის შეძლებისდაგვარად თანაბრად განვითარება. ამაში პედაგოგს ისიც ეხმარება, რომ FLE-ს ყველა სახელმძღვანელო თანაბრად უწყობს ხელს ყველა კომპეტენციის განვითარებას. ხშირად მოსწავლეები რომელიმე ერთ კომპეტენციას ანიჭებენ უპირატესობას (უმეტესად ეს არის წერა ან ლაპარაკი) და მის ხარჯზე ცდილობენ ფონს გასვლას. მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა, კარგად აუხსნას, რომ DELF-ის დიპლომის მოსაპოვებელ გამოცდებზე რომელიმე ერთ ენობრივ კომპეტენციაში 5 ქულაზე დაბალი შეფასება სრულიად ანულებს სხვა კომპეტენციებში მიღებულ შედეგებს. ესე იგი, ამა თუ იმ მიზეზით რომელიმე, თუნდაც ერთი კომპეტენციის იგნორირებამ მასწავლებელსა და მოსწავლეს მთელი წლის შრომა შესაძლოა წყალში ჩაუყაროს.

დღეს სხვა უცხოურ ენებთან ერთად ფრანგულის ცოდნა სულ უფრო მეტად განიხილება როგორც უცხოეთში (საფრანგეთში) სწავლის გაგრძელების უმთავრესი საშუალება და ამ ფონზე სკოლებში უცხოური ენების მასწავლებელთა როლი მნიშვნელოვნად იზრდება. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ყველა ფრანგული ენის მასწავლებელს და მათ მოსწავლეებს, გაემართლებინოთ თავიანი მასწავლებლების იმედი, რაც მათი შრომის საუკეთესო დაფასებაა.

საუკეთესო პრაქტიკა სწავლებისას

0
ხშირად ამბობენ, რომ საგანმანათლებლო სამყაროში (ისევე, როგორც ნებისმიერ პროფესიულ სფეროში): „რატომ უნდა გამოვიგონოთ ველოსიპედი, როდესაც კაცობრიობას სწავლების უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება აქვს? _ ამგვარ ბუნებრივ კითხვას სვამს რებეკა ალბერი, განათლების ექსპერტი და ასე უპასუხებს: თავიანთ წიგნში „პროფესიული კაპიტალი _ სწავლების ტრანსფორმაცია ყოველ სკოლაში” ენდი ჰარდგრეივი და მაიკლ ფულანი „საუკეთესი პრაქტიკას” ამგვარად განმარტავენ: ეს არის პრაქტიკა, რომელსაც აქვს საყოველთაო აღიარების მაღალი ხარისხი. 
თანამედროვე მასწავლებლები, მეტაფორულად თუ ვიტყვით, გიგანტების მხრებზე დგანან, რომელთაც თავიანთი გამოკვლევებით, გამოცდილებით შეიმუშავეს სწავლების სტრატეგიები.

რებეკა ალბერი სხვებსაც უზიარებს, თუ რა საუკეთესო პრაქტიკა გამოიყენა სწავლებისას. აი, რამდენიმე, რომელთაც სხვებიც იყენებენ:

·მოსწავლეთა ცოდნის ხშირად და სხვადასხვა ფორმით შემოწმება.

·სწავლების კარგად მოფიქრებული გეგმა მოსწავლეთათვის. თუ თქვენ არ გექნებათ ეს გეგმა, მაშინ ისინი თვითონ შეადგენენ.

·მოიფიქრეთ შემდგომი აქტივობა, სანამ მოსწავლეები პირველს ასრულებენ. ამგვარად ისე გადახვალთ შემდგომ ეტაპზე, რომ დროს სრულიად არ დაკარგავთ.

·თავიდანვე გარკვევით ჩამოაყალიბეთ მისაღწევი მიზნები და შედეგები.

·სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გეგმა გააცანით მოსწავლეებს, მათი თანამონაწილეობით შეიტანეთ ცვლილებები და პრაქტიკული მუშაობისასაც შემოქმედებითად მიუდექით წინასწარ დაწერილსა და გააზრებულს.

·თქვენსავე გამოცდილებასა გაუფრთხილდით. სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები და გეგმები არ გადაყაროთ, რადგან მოგვიანებით შეიძლება ისევ გამოგადგეთ.
კვლევების როლი

არსებობს საუკეთესო პრაქტიკები, რომელთა გამოყენება დაეხმარება მასწავლებელს. მაგალითად, აუცილებელია გათვალისწინება განათლების ისეთი მკვლევარის ნაშრომებისა, როგორიცაა რობერტ მარზანო, რომელსაც არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული კლასის მართვის, მოსწავლეთა შეფასებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. თანაავტორებთან ერთად დაწერილ წიგნში „ეფექტური სწავლება სკოლაში” ის არაერთ კვლევას მოიხმობს საგულისხმო დასკვნების გამოსატანად. მისი აზრით, თანამედროვეობაში სწავლების „ხელოვნება” სწავლების „მეცნიერებად” იქცა. სწავლების მეთოდების საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევა მართალია მეოცე საუკუნეში დაიწყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იცნობდნენ სწავლების ეფექტურ გზებსა და საშუალებებს: „მასწავლებლები სოკრატეს მეთოდს მთელი ორნახევარი ათასი წლის განმავლობაში იყენებდნენ. მკვლევარები მხოლოდ მეოცე საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ დაინტერესდნენ სწავლების სხვადასხვა მეთოდსა და სწავლის შედეგს შორის კავშირით. მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე კი მიაჩნდათ, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრება საერთოდ არ იყო დამოკიდებული სწავლების მეთოდოლოგიაზე”. აღნიშნულ წიგნში კრიტიკულადაა განხილული ერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც, გააკეთეს დასკვნა, რომ „სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა შორის აკადემიურ მოსწრებაში არსებული განსხვავება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: მოსწავლის ნიჭი ან უნარები, მისი სოციოეკონომიკური სტატუსი და ოჯახური გარემო”. ეს კი ისეთი ფაქტორებია, რომელთა შეცვლა სკოლას არ შეუძლია. თუმცა შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ასე არ არის, რომ სკოლას, მასწავლებელსა და სწავლების მეთოდებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. განსაკუთრებით კი მასწავლებელს, რომელიც სწორედ მეთოდებზე დაყრდნობით აღწევს შედეგს. „70-იან წლებში ჩატარებული ასობით კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ, მკვლევარები ჯერე ბროფი და თომას გუდი წერენ: „მითი დაიმსხვრა. მასწავლებლები რეალურ გავლენას ახდენენ მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე”. „ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები კი აჩვენებენ, რომ მასწავლებელს უფრო დიდი ზეგავლენა აქვს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, ვიდრე ეს მანამდე ჩატარებულ კვლევებში იკვეთებოდა. რამდენიმე ასეული სკოლიდან 100000-ზე მეტი მოსწავლის ტესტირების ანალიზის შემდეგ, რაიტმა და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს: „მასწავლებელთა ეფექტურობის ზრდაზე მიმართული ღონისძიებები შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს იმ ღონისძიებათა შორის, რომლებიც მოსწავლეთა სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად ტარდება. ნათლად იკვეთება, რაც უნდა ჰეტეროგენული იყოს კლასი, ეფექტური მასწავლებელი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან. შესაბამისად, თუ მასწავლებელი არაეფექტურია, მის მოსწავლეებში არ აღინიშნება სათანადო პროგრესი, იმისდა მიუხედავად, რამდენად მსგავსნი ან განსხვავებულნი არიან მოსწავლეები თავიანთი უნარებითა თუ აკადემიური მოსწრებით”.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, საკვლევი კიდევ ბევრია. რჩება პასუხგაუცემელი შეკითხვები, მაგალითად ასეთი:
1.არის თუ არა სწავლების ზოგიერთი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური განსაზღვრულ საგანში?

2.არის თუ არა სწავლების ზოგიერთი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური რომელიმე ასაკობრივ ჯგუფთან?

3.არის თუ არა სწავლების ზოგიერთი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური გარკვეული მახასიათებლების მქონე მოსწავლეებთან?

4.არის თუ არა სწავლების ზოგიერთი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური გარკვეული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებთან?

მეცნიერთა აზრით, ამ კითხვებზე პასუხები დაგვეხმარება სწავლების ხელოვნება სწავლების მეცნიერებად ვაქციოთ. მათივე აზრით, სიფრთხილეა საჭირო იმ მეთოდების გამოყენებისას, რომელთა ეფექტურობა ჯერ კვლევებით არ დასტურდება, რადგან შეიძლება ზედმეტმა ნდობამ უარყოფით შედეგებამდეც მიგვიყვანოს. მაგალითად, რომ ავიღოთ სწავლების ცნობილი სტრატეგიები:
·მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;
·კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
·პრაქტიკული, ლაბორატორიული აქტივობები.

კვლევების მიხედვით, ეს სტრატეგიებიც არ იწვევენ ერთნაირ ეფექტს სხვადასხვა საგნის სწავლებისას. „ვან ზეკერისა და რ. ლისიცას კვლევა ადასტურებს, რომ აუცილებელია შევისწავლოთ სწავლების კონკრეტული მეთოდის გავლენა კონკრეტული მახასიათებლების მოსწავლეებზე, კონკრეტულ გარემოებებსა და კონკრეტულ საგანში. მანამდე კი მასწავლებლები უნდა ენდონ საკუთარ ცოდნას მოსწავლეთა მახასიათებლებთან, საგანსა და სასწავლო გარემოსთან დაკავშირებით, რათა სწავლების ყველაზე მართებული მეთოდები შეარჩიონ” (რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი „ეფექტური სწავლება სკოლაში”) .
მეცნიერთა აზრით, ეფექტური სწავლება სამ კომპონენტს მოიცავს:

1.სწავლების მეთოდები;
2.კლასის მართვის მეთოდები;
3.საგნის სწავლების გეგმა.

სამივე ერთმანეთთანაა დაკავშირებული და აპირობებს სწავლების ხარისხს.

საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში

0
ყველა იმ სიახლეს შორის, რომელსაც განათლების სისტემაში ვხვდებით, დაწყებით კლასებთან დაკავშირებული ინოვაციები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცევა ხოლმე. ეს ბუნებრივია, ვინაიდან დაწყებითი სასკოლო პერიოდი თითქმის ყოველთვის განსაზღვრავს ბავშვის მომავალი სასკოლო ცხოვრების ხასიათს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაწყებით კლასებში დაშვებული შეცდომების გამოსწორების ყველა მცდელობა მოგვიანებით, როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება, ყველაზე დიდი სიფრთხილით სწორედ ამ პერიოდთან დაკავშირებულ სიახლეებს უნდა მოვეკიდოთ. 
ბოლო ათწლეულში განათლების სისტემაში განხორციელებულ ინოვაციებს შორის განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში. ტრადიციულად, დაწყებით კლასებში, თითქმის ყველა საგანს ყოველთვის ერთი მასწავლებელი ასწავლიდა. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი პირველი მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ჩვენთვის მეგზურისა და დედის ფუნქციასაც კი ასრულებდა; რომელიც ისეთი ძლიერი და უცილობელი ავტორიტეტი იყო ჩვენთვის და ჩვენი თანატოლებისთვის, რომ მის აზრს და შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე არასოდეს ვაქცევდით განსჯის საგნად. მის გარეშე სკოლაში ყოფნა წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენებოდა, ვინაიდან ის მუდმივად ჩვენ გვერდით ტრიალებდა. დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების დროს თითოეულ საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის და, ხშირ შემთხვევაში, ბავშვს, რომელსაც სკოლასთან და სასწავლო პროცესთან ადაპტაციის პროცესი ჯერ არც კი დაუსრულებია, დღის განმავლობაში რამდენიმე, არცთუ იშვიათად სრულიად განსხვავებული მასწავლებლების გაკვეთილებზე უწევს ყოფნა და მათი დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში დღესაც კი არანაირი საკანონმდებლო აქტებითა და ნორმატიული დოკუმენტებით არ არის განმტკიცებული. მიუხედავად ამისა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები აქტიურად ნერგავენ მას და, მათი განცხადებით, ამით დიდ წარმატებასაც აღწევენ. შემთხვევითი არ არის, რომ საგნობრივი სწავლება დაწყებით კლასებში სერიოზული განსჯის საგნად არის ქცეული და მას ჰყავს, როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც, რომელთაც სწავლების ასეთი ფორმის დამკვიდრება სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე გაუმართლებლად მიაჩნიათ.

ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება ის, თუ რას ეფუძნებიან და რა არგუმენტებით ამყარებენ დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეები თავის პოზიციებს.

ტრადიციულად დაწყებითი კლასების მოსწავლეების მე-5 კლასში გადასვლას ყოველთვის მოყვებოდა ხოლმე მათი აკადემიური მოსწრების სერიოზული დაქვეითება და მანამდე არარსებული ქცევითი პრობლემების აღმოცენება, რასაც მე-5 კლასებში შემსვლელი მასწავლებლები, როგორც წესი, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს აბრალებდნენ და საყვედურობდნენ მათ ზედმეტი ლოიალურობის, დამთმობლობისა და სუბიექტურობის გამო. თავის მხრივ, დაწყებითი კლასების მასწავლებლები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მათ კლასებში ახლად შესული მასწავლებლების მიმართ იმის გამო, რომ ისინი ვერ უგებდნენ მოსწავლეებს, არ ითვალისწინებდნენ მათ თავისებურებებს და არაობიექტურობას ამჟღავნებდნენ პატარების მიმართ, რომელთათვისაც აქამდე უცხო იყო ამდენ განსხვავებულ მასწავლებელთან ურთიერთობა. დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეები თვლიან, რომ თუ მოსწავლე პირველივე კლასიდან მიეჩვევა სხვადასხვა მასწავლებელთან ურთიერთობას, მოგვიანებით მას აღარ გაუჭირდება მის სასკოლო ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების უმტკივნეულოდ გადატანა.

მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელსაც საგნობრივი სწავლების მომხრეები წინა პლანზე წევენ, არის ის, რომ, მათი აზრით, შეუძლებელია ერთი მასწავლებელი, პირველ კლასშიც კი ყველა საგანს ერთნაირად მაღალ პროფესიულ დონეზე ფლობდეს და ერთნაირი წარმატებით ატარებდეს გაკვეთილებს რამდენიმე საგანში. ამდენად, თუ ჩვენ მათ ერთი კონკრეტული საგნის არჩევის და ამ საგანში ჩაღრმავების საშუალებას მივცემთ, შედეგები გაცილებით უკეთესი გვექნება.

გარდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეების აზრით, როდესაც ყველა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ გაიხსნა, ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები ერთ საგანში, მას შეიძლება მიეკეროს „სუსტი” მოსწავლის იარლიყი, რომელიც მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში მიჰყვება. როდესაც ყველა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის, ასეთ ბავშვს ხშირად უჭირს და არც შეულია თავის წარუმატებლობას ერთ საგანში კომპენსირება გაუკეთოს წარმატებით და მიღწევებით სხვა რომელიმე საგანში. ეს კი მას არასასურველ მდგომარეობაში აყენებს, თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში უშლის ხელს და სკოლისა და სწავლისადმი უარყოფით დამოკიდებულებას უყალიბებს.

დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების მომხრეთა წარმოდგენილი არგუმენტები არცთუ უსაფუძვლოა, რაც გვაფიქრებინებს, რომ სწავლების ასეთ ფორმას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა, უფრო მესამე, მეოთხე კლასებში. რაც შეეხება პირველ-მეორე კლასებს, განსაკუთრებით კი პირველ კლასს, საგნობრივმა სწავლებამ შეიძლება ძალიან გაართულოს მდგომარეობა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ პირველკლასელი ჯერ კიდევ არ არის მოსწავლე, ის მხოლოდ იწყებს მოსწავლედ ჩამოყალიბებას. მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილება მოხდა, მას სრულიად ახალი როლის შესრულება უწევს, ახალ სამყაროსთან შეგუება, ახალი წესებით ცხოვრება და ყოველივე ამაში მას სერიოზული დახმარება სჭირდება. თუმცა, როცა ამ დახმარებას ერთდროულად 7-8 მასწავლებელი ცდილობს, რომელთაც ურთიერთობის სრულიად განსხვავებული სტილი შეიძლება ჰქონდეთ, მისთვის მდგომარეობა საკმაოდ რთულდება. უნდა გავითვალისწინოთ იცის, რომ პირველკლასელის აღქმები ჯერ კიდევ დიფუზურია და მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას. ამდენად, არ არის გამართლებული სასწავლო დისციპლინების ერთმანეთისაგან ასე მკვეთრად გამიჯვნა. სასურველია, რომ პირველკლასელისთვის გადასაცემი ცოდნა უფრო მთლიანობით ხასიათს ატარებდეს. კარგად ორგანიზებულ სასწავლო გარემოში პირველკლასელებთან საგაკვეთილო პროცესში არც კი უნდა ჩანდეს, სად მთავრდება მათემატიკის გაკვეთილი და იწყება ქართულის ან ბუნების გაკვეთილი. ამ პერიოდში ჩვენ არა ცალკეული საგნების სწავლებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ სკოლასთან ადაპტაციის ხელშეწყობაზე, სასწავლო უნარების გამომუშავებაზე, სწავლის სწავლებაზე, იმისათვის, რომ ის სირთულეები, რომელიც მას მომავალში შეხვდება, ადვილად დაძლიოს. აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად პირველკლასელის გვერდით მუდმივად უნდა ტრიალებდეს მისი პირველი მასწავლებელი, რომელიც საჭირო დროს დახმარებას აღმოუჩენს. საგნობრივი სწავლების შემთხვევაში კი პედაგოგს მუდმივად სხვადასხვა კლასში უწევს გაკვეთილების ჩატარება, რის გამოც სადამრიგებლო კლასის პატარები, გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება მისი ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ და საჭირო დახმარება დროულად ვერ მიიღონ, რაც ერთგვარად გაართულებს მდგომარეობას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი სიახლის დანერგვას შეიძლება სერიოზული სირთულეები მოყვეს, რაც წინასწარ უნდა იყოს გათვლილი და სათანადოდ შეფასებული.
 

სად იწყება და სად მთავრდება ტოლერანტობა?

0
ერთი რეალური ისტორია უნდა გიამბოთ: საჯარო სკოლის დამამთავრებელმა კლასმა ბოლო ზარის დღისათვის დამოუკიდებლად მოამზადა არაკლასიკური მუსიკის (ვთქვათ, როკმუსიკის) საღამო. ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი იყო სკოლის წარმატებული მოსწავლე და როკის ფანი ანა (პირობითად). ყველაფერი იმაზე კარგად გამოვიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა და ეს დღეც დადგა. ანა წამყვანი/დიჯეი უნდა ყოფილიყო! საღამოზე ანა ალისფერად შეღებილი თმითა და ახალი ვარცხნილობით მოვიდა – ცალ მხარეს აპარსული. თავი ძალიან მოსწონდა და ბედნიერად გამოიყურებოდა! ქალბატონ დირექტორს ანას ვარცხნილობამ წონასწორობა დააკარგვინა, წამყვანობა ჩამოართვა და სკოლიდან დაითხოვა – მაგ ვარცხნილობით გვარცხვენო!
საღამოს სხვა მოსწავლე გაუძღვა. როგორც აღმოჩნდა, ანა მაყურებლის სტატუსით მაინც შემოუერთდა საღამოს. დასრულების შემდეგ ითხოვა მიკროფონი, მადლობა გადაუხადა სკოლას, მასზე გაწეული ამაგისათვის, იმისათვის, რომ ასეთი გაზარდეს. ბოლოს კი დასძინა – ბოდიში, თუ თქვენი წესები დავარღვიეო.

სკოლის დაკონკრეტება საჭიროდ არ მიმაჩნია, რადგან სამწუხაროდ, მოსწავლეთა და კოლეგათა მიმართ ასეთი არატოლერანტული დამოკიდებულების მაგალითების მოძიება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამიტომაც საჭიროა ამ პრობლემაზე დაფიქრება და საუბარი.

ამ სიტუაციაზე კომენტარი ვთხოვეთ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც.
ბექა ზანდუკელი, მოსწავლე: ჩემი აზრით, სამარცხვინოა ასეთი რამ, მით უმეტეს, როდესაც ბავშვი სკოლას ამთავრებს. ასე არ შეიძლება მისი გაცილება. პირველი რამდენიმე წელი მოსწავლეებისთვის მასწავლებლები “მაგალითები” არიან, მერე თანდათან ხდება დაკვირვება მათზე და ისინი ამ წოდებას ხან ინარჩუნებენ, ხან ვერა. მადლობა ღმერთს, ჩვენს სკოლაში ასეთი ,,წესები” არ არის.
მარიამ კაბულაშვილი, მოსწავლე : ამ ამბავმა ერთი ისტორია გამახსენა. გოგონა, სახელად გვანცა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გამყიდველის პოზიციაზე დასაქმდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მისი მუშაობით ყველა კმაყოფილი იყო. გვანცას სამსახურში შემცირებებიც არ შეხებია. ერთ დღეს მან თქვა, რომ იეჰოვას მოწმეა. გვანცა იმავე დღეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაანთავისუფლეს. როდესაც კითხვაზე – “რატომ?” – მან პასუხი ვერ მიიღო, მშვიდად შესთავაზა, რომ დღის ბოლომდე, მისი შემცვლელის გამოჩენამდე იმუშავებდა, რათა ის ობიექტი გამყიდველის გარეშე არ დარჩენილიყო. რამდენიმე დღეში მას იგივე სავაჭრო ცენტრიდან დაუკავშირდნენ და სხვა ადგილი შესთავაზეს სამუშაოდ. გვანცას ღირსეულმა საქციელმა მათ საკუთარი შეცდომა დაანახა და მისი გამოსწორებისკენ უბიძგა. დაახლოებით ჰგავს ეს ისტორია ანას ამბავს. დირექტორს შეეძლო მშვიდად აეხსნა ანასთვის სიტუაცია, შეეთავაზებინა სხვა გზა ან თუნდაც ერთად მოეძებნათ გამოსავალი, მაგრამ მან პირდაპირ გადაწყვიტა ანას სკოლიდან დათხოვა. მიუხედავად დაუმსახურებელი მოპყრობისა, მან სიკეთე გაიხსენა და მადლობა გადაიხადა. ვფიქრობ, არც დირექტორს დატოვებდა გულგრილად ანას მოქმედება. შესაძლოა, საღამოს შემდეგ მას ბოდიშიც კი მოეხადა საკუთარი ქმედებისათვის.

ქეთა, მოსწავლე: საშინელებაა, რა სიბნელეა! ყველაზე მეტად ბავშვებზე გავბრაზდი, როგორ არ დაუჭირეს მეგობარს მხარი? როგორ ჩაენაცვლა ახალი დიჯეი? არ შეეძლო უარი ეთქვა? ყველას ერთად უნდა ეთქვათ უარი და საერთოდ ჩაეშალათ საღამო. მაშინ უფრო კარგად მიხვდებოდა დირექტორი, რა შეცდომა დაუშვა და მეორედ ასეთ გადაწყვეტილებამდე დაფიქრდებოდა. მიკვირს ანასი, საერთოდ არ მივიდოდი იქ. ჩემი გვარი არ ჩაწეროთ, მერე დამიწყებენ…

მზია ბიჩინაშვილი, სკოლის დირექტორი: მსგავსი შემთხვევები ხშირია სკოლის ცხოვრებაში. ჩვენ ზრდასრულმა ადამიანებმა, პედაგოგებმა არ უნდა დავუშვათ შეცდომები ბავშვებთან მიმართებაში. არ უნდა დავუმახინჯოთ მათ სული. ჩვენ იმიტომ გვქვია აღმზრდელები, ისე უნდა აღვზარდოთ, რომ შეურაცყოფა და დამცირება არ მივაყენოთ პატარებს. თანადგომით, მეგობრული დარიგებით მივაღწიოთ სასურველ მიზანს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, დირექტორი უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო მოსწავლეებთან. მათთან ერთად დაგეგმავდა ბოლო ზარის ღონისძიებასაც. მათ ინტერესებსაც გაითვალისწინებდა და ელდა აღარ ეცემოდა, ახალი ვარცხნილობით გამოცხადებულ ანას რომ დაინახავდა. რადგან მის გარეშე მოხდა ყველაფერი, აღარ უნდა ჩაემწარებინა ბავშვისთვის ბოლო ზარის ზეიმი, მით უმეტეს, ღონისძიება კარგად იყო მომზადებული. ანა კი აქტიური და ზრდილობიანი მოსწავლე ყოფილა, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ღონისძიება ლამაზი და საინტერესო გამოსულიყო. არც გაიბუტა და მადლობაც კი გადაიხადა. ასეთ მოსწავლეებს უნდა გავუფრთხილდეთ!
თაკო, მასწავლებელი: ოთხი წელია სკოლაში ვმუშაობ და გადარეული ვარ! საერთოდ არ ესმით ბავშვების. საკმაოდ დიდი სკოლაა და სულ ოთხი-ხუთი პედაგოგია მოსწავლეში პიროვნებას რომ ხედავს და მისი პატივისცემა საჭიროდ მიაჩნია. ბავშვმა სკოლა დაამთავრა და თმას როგორ შეიჭრის, ეს მისი საქმეა. მაგრამ ზოგიერთ სკოლის დირექტორს იმ გარემოს მეფედ წარმოუდგენია თავი და უნდა მის გემოვნებას დაემორჩილოს დიდი და პატარა. მასწავლებლებიც მისი გემოვნებით უნდა ივარცხნებოდნენ… სხვათა შორის, სამეურვეო საბჭოც… სასკოლო გარემო ტოლერანტული, სამართლიანი უნდა იყოს… ზოგიერთს ტოლერანტობა მხოლოდ სხვა აღმსარებლობის მიმართ საჭირო დამოკიდებულებად მიაჩნია… არადა, ეს თვისება სკოლაში სწორედ ბავშვებთან ურთიერთობაშია საჭირო და აუცილებელი…
სიმართლე გითხრათ, 15-მდე პასუხიდან მხოლოდ ეს პასუხები ამოვარჩიე, რადგან დანარჩენი ან იმეორებდა ერთმანეთს, ან საერთოდ უპოზიციო იყო.
თავადაც, როცა ეს ისტორია მოვისმინე, მთელ საღამოს ანას განცდების გასიგრძეგანებას ვცდილობდი. ვუშვებდი სხვადასხვა ვარაუდებს. მინდოდა ამომეხსნა, როგორ მოერია პატარა გოგონა ამხელა წყენას. როგორ სძლია საკუთარ თავს და როგორ ჩაუტარა სკოლას ასეთი ,,დიდი გაკვეთილი”. უფროსი დაეხმარა? მარტო მოიფიქრა? გულწრფელი იყო თუ ირონიული? მოგვიანებით, თავად დირექტორის და პედაგოგების განცდებმაც დამაფიქრა. ნუთუ არცერთმა პედაგოგმა არ გამოთქვა აზრი, არ შეეცადა გადაერჩინა სკოლის ხელმძღვანელი ასეთი ნაბიჯისაგან? რას ფიქრობდნენ ბავშვები? გაუძნელდა თუ არა დანიშნულ დიჯეის მეგობრის ჩანაცვლება? და საერთოდ, რა ღირებულებებზე დაყრდნობით ყალიბდება სასკოლო „წესები”, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს განაპირობებს.
თუ ჩვენ შემწყნარებელი არ ვართ ჩვენი მოსწავლის მიმართ, რომელსაც ბუნებრივია, ჩვენგან განსხვავებული გემოვნება აქვს, შეიძლება კი ვიყოთ შემწყნარებლები სხვათა მიმართ?

ამიტომაც დასმული შეკითხვა „სად იწყება და სად მთავრდება ტოლერანტობა?” თანამდევი კითხვების ჯარს წამოშლის, რომ გვერდიდან შევხედოთ საკუთარ სასკოლო გარემოს და მის თითოეულ მონაწილეს.

პლაგიატის გამო

0
თანამედროვე სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, უნივერსიტეტებსა თუ, ზოგადად, აკადემიურ საზოგადოებში, წესით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პლაგიატი ერთი პიროვნების ორიგინალური აზრის, სიტყვებისა თუ მოსაზრებების გამოყენებაა მისი იგნორირებით ან ამ ადამიანის წვლილის სწორად წარმოჩენის გარეშე; რომ პლაგიატის გამო შეიძლება შესრულებულად არ ჩაგვითვალონ დავალება, გავლილი კურსი ან სამსახურიდანაც კი დაგვითხოვონ (Campbell, 2007). დიახ, ვამბობთ, რომ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ რეალობა სულ სხვა სურათს გვიხატავს. სკოლის უფროსკლასელთა თუ სტუდენტობის უმრავლესობამ თეორიულად თითქოს იცის, რა არის პლაგიატი, ისინი სხარტად გვიპასუხებენ, რომ პლაგიატი სხვისი აზრის მითვისებაა. მაგრამ თუკი ჩავეკითხებით, როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა, მაშინვე დაფიქრდებიან და ყოყმანით შეეცდებიან პასუხის გაცემას, ან სულაც არ თუ ვერ შეეცდებიან. რატომ? – ალბათ, ბევრი მიზეზის გამო, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობის, ხოლო უმაღლეს სასწავლებელში აკადემიური წერის სწავლების გამოცდილება აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული მიზეზ-შედეგობრიობის გააზრებისა თუ გამოვლენის საშუალებას იძლევა. თუკი უნივერსიტეტში მოსულმა ზოგიერთმა (მაგრამ არცთუ მცირე რაოდენობის) სტუდენტმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ სხვისი აზრის მითვისება არ შეიძლება, როგორღაც გვგონია, რომ ეს სკოლის ბრალია. მაგრამ როდესაც ვუხსნით და ვასწავლით, შემდეგ კი თავისას მაინც არ იშლის, ვხვდებით, რომ კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ჯოხი მხოლოდ და მხოლოდ ერთ რომელიმე პედაგოგზე ვერ გადატყდება.
მახსენდება, ერთ-ერთმა პირველკურსელმა მამაკაცური დამაჯერებლობით როგორ სცადა საკუთარ ესედ კახა ბენდუქიძის „ნოხის” გასაღება, თუმცა მალევე გატყდა და დანაშაულისთვის ბოდიშიც მოიხადა. მაგრამ აკაკი ბაქრაძისა და ტარიელ ჭანტურიას წერილებს რომ მოგიტანს კაცი (თუ დედაკაცი) და დავალების შესრულებისთვის მადლობასა და ქულას ჯიუტად ელის, ხვდები, რომ არც ისე კარგად თუ მარტივად არის საქმე. ამგვარი შემთხვევები, აუდიტორიის სიდიდის მიუხედავად, ადამიანს სულს გიხუთავს და ისღა დაგვრჩენია, თავი დავიმშვიდოთ სვანიძის ქუჩაზე მომუშავე მოხალისე ახალგაზრდების საქციელით. მათ ხომ ერთ-ერთი მოხუცებულის სახლში ფული იპოვეს, გარეცხეს, გააშრეს და მადლიერ ბებოს ისე დაუბრუნეს (https://goodnews.on.ge/news/888-moxaliseebma-ert-erti-moxucis-saxlshi-napovni-puli-garecxes-da-mepatrones-daubrunes). ეს სწორი მოქალაქეობრივი ქმედებაა და ამგვარი მაგალითიც, ალბათ, ვერავის გააკვირვებ! წეღანაც კომპლექსური პრობლემა შემთხვევით როდი ვახსენე, ფსიქიკა და მენტალობა იმთავითვე ვიგულისხმე. თუმცა, ალბათ, ასეთი ახალგაზრდები სხვის აზრებსაც არასდროს დაეპატრონებიან და უკეთეს სახელმწიფოსაც შექმნიან.

აქამდე კი უამრავი წიგნი, სტატია, პროზა თუ ლექსი ისე დაბეჭდილა, რომ პროფესიული ეთიკა სადღაც კალმის გაღმა მხარეს მიწამიყრილი დარჩენილა. არადა, კარგი კალმოსანი, რაოდენ რთული ამოცანის წინაშეც არ უნდა იდგეს, ყოველთვის დაიცავს თავს ამ სენისგან. რუსთაველი თუკი ათქმევინებს ავთანდილს: „წაგიკითხავს, მოციქულნი სიყვარულსა რაგვარ წერენო”…, ან გალაკტიონი თუ ოსტატურად ახსენებს ცნობილი ლექსის ბოლოს ბოდლერს, ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზეო…, ანდა გიორგი ლეონიძე რუსთველის ხსენებით რომ საოცრად ამკობს თავის ქმნილებას („ხოხბობას გნახე, მოწურვილ იყო როცა ზაფხული რუსთაველისა…”) და სხვ. ე.ი. თვით უზენაეს პოეზიაშიც ყოფილა შესაძლებელი პლაგიატისაგან თავის დაცვა! და თავისთავად ეს ფაქტი პოეტებს კი არ აკლებს რაიმეს, არამედ მეტ სიდიადესა და გენიალურობას სძენს და ანიჭებს (ეს ისე, ზოგი თანამედროვე „პოეტის/შემოქმედის” გასაგონად!).
ჰოდა თუკი პოეზიაშია შესაძლებელი, სხვაგან რატომ არ უნდა ხერხდებოდეს პლაგიატის სენისგან მწერლობასა თუ მეცნიერებაში თავის დაცვა?! ალბათ, ყველას ახსოვს მსოფლიო ბესტსელერის, ყურბან საიდის „ალი და ნინოს” ამბავი. წიგნმა ევროპა, ამერიკა, აღმოსავლეთი და ბოლოს კავკასია დაიპყრო. ქართულად კი 2002 წელს ითარგმნა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. იგი კავკასიის შესახებ დაწერილ საუკეთესო წიგნადაც დასახელდა, მაგრამ მალევე, 2003 წელს, „ჩვენს მწერლობაში”, ხოლო მოგვიანებით, 2005 წელს ქართულად და 2009 წელს ინგლისურად დაბეჭდილ პროფ. თამარ ინჯიას წიგნში („გრიგოლ რობაქიძე… ყურბან საიდი – ლიტერატურული ძარცვა”; Ali & Nino – Literary Robbery) ავტორი პლაგიატში იქნა მხილებული. „გველის პერანგსა” და „ალი და ნინოს” შორის მსგავსების გამო „ყურბან საიდი” გრიგოლ რობაქიძის ერთ-ერთ ფსევდონიმადაც კი მიიჩნიეს. ეს გახმაურებული ამბავია, ნაკლებად ცნობილი შემთხვევაც საკმაოდ ბევრია და გასაკვირი, ისეთ ცნობილ ადამიანებს დამართნიათ. პასუხს კი მიზეზთა გამო არ თუ ვერ ვთხოვთ. ამგვარი ფაქტების არსებობა ერთიასად სავალალო და საშიში თვით პედაგოგების ნაშრომებშია. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენს სამეცნიერო წრეებში პლაგიატის გამოვლენის არაერთი შემთხვევა არსებობს, მაგ., https://young-lawyer.ucoz.com/news/2008-11-10-272 და სხვ.. პლაგიატის შემთხვევებია განხილული როზა დევდარიანის სტატიაშიც „კალმაგირის ოინები”, რომელიც დაბეჭდილია ჟურნალ „მწვანეყვავილაში” (2015 №1,2). ავტორი განიხილავს მადონა შარაშენიძის წიგნს „ΧΙΧ საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია” და არკვევს, რომ აქ მოტანილი ფრაზები თითქმის სიტყვასიტყვით არის გადაწერილი დავით გამეზრდაშვილის, აკაკი ბაქრაძის, ზურაბ კიკნაძის, ჯამბუ ავალიანის, ამირან არაბულის და თავად როზა დევდარიანის წიგნებიდან თუ სტატიებიდან. რვაგვერდიანი სტატიის ბოლოს ავტორი სწორადაც დასძენს ცნობილ აფორიზმს: „უსირცხვილოს თუ არ ვარცხვენთ, ბაძით მორცხვიც გაურცხვდება”.
და რაკი ჯერ კიდევ არ გვაქვს ქართულენოვანი შემმოწმებელი ალგორითმი, მსგავსი ინგლისურენოვანი https://www.plagtracker.com/upload_new/# ან რუსულენოვანი https://text.ru/antiplagiat (და სხვ. მრ.) მძებნელებისა, ჩავთვალოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მხილება პლაგიატთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა.
გამოყენებული ლიტერატურა
1.რ. დევდარიანი, კალმაგირის ოინები, ჟურნ.მწვანეყვავილა, ქუთაისი, 2015, №1,2;
2.თ. ინჯია, გრიგოლ რობაქიძე… ყურბან საიდი _ ლიტერატურული ძარცვა, თბ., 2005;
3.ლ. წულაძე, აკადემიური წერა დამწყებთათვის, თბ., 2007;
4.Campbell S., The Problem of Plagiarism Published in
https://www-personal.umich.edu/~sdcamp/up540/writingtips.html (last updated: February 22, 2007).
 
სასარგებლო ელ-რესურსები:
1.https://goodnews.on.ge/news/888-moxaliseebma-ert-erti-moxucis-saxlshi-napovni-puli-garecxes-da-mepatrones-daubrunes
2.https://adjaranet.com/Movie/main?id=11251
3.https://young-lawyer.ucoz.com/news/2008-11-10-272
4.https://adjaranet.com/Movie/main?id=11251
5. https://young-lawyer.ucoz.com/news/2008-11-10-272
6.https://geoliteka.weebly.com/alinino—literary-robbery.html

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...