შაბათი, ივლისი 5, 2025
5 ივლისი, შაბათი, 2025

როცა უბის წიგნაკზე ხელი არ მიგვიწვდება

0

კიდევ კარგი, მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკი გადაურჩა  განადგურებას. თორემ მარგო რომ საქართველოა, ხოლო თეიმურაზ ხევისთავი  ქართველი ხალხი, მხოლოდ ცალკეული მკითხველის ინტერპრეტაციის საგანი იქნებოდა. რა ძნელია, როცა ამა თუ იმ ნაწარმოების გარჩევისას ხელთ ასეთი უბის წიგნაკები არ გვიპყრია. თუმცა ვინ იცის, ეგებ მწერლის უბის წიგნაკები უფრო გვბოჭავს, ვიდრე გვეხმარება და მათი არქონა მკითხველს ნებისმიერი ვარაუდის გამოთქმისკენ გზას უთავისუფლებს. აი, არა გვაქვს ჰომეროსის უბის წიგნაკი და, როდესაც ვამბობთ, რომ ჰექტორი ტროაა და მისი დაღუპვა ილიონის დაცემასთან პირდაპირ კავშირშია, ვარაუდი სადავო მოსაზრებად იქცევა; არც ხალიდ ჰოსეინის უბის წიგნაკის ჩანაწერებს ვიცნობთ და, როდესაც ვამბობთ, რომ „ფრანით მორბენალში“ ამირი ავღანელი ხალხია, რომელმაც ვერ უპატრონა ჰასანს ანუ ავღანეთს, როდესაც მასზე ასეფმა ანუ თალიბანმა იძალადა, ტექსტის ჩვენეულ ინტერპრეტაციას ვახდენთ და ამ ინტერპრეტაციაში, შესაძლოა, ყველა არ დაგვეთანხმოს; არც ის ვიცით, რამდენად მართალია ერთი მკვლევარი, როდესაც ვლადიმერ ნაბოკოვის რომანში ლოლიტას მწერლის ბავშვობისდროინდელ რუსეთად მოიზარებს, რომელსაც ვერ იცავს დედა და რომელზეც  რეჟიმი ძალადობს. ხანდახან რა შეედრება იმ სიამოვნებას, რომ ხელთ არ გვიპყრია მწერლების უბის წიგნაკები და სადავო მოსაზრებების გამოთქმისას თავისუფლები ვართ! მხატვრულ ლიტერატურაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ქვეყანა ქალის ან ბავშვის სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც ვერ იცავს ხალხი, მხატვრულად კი ხან ქმარი, ხან დედა, ხანაც მეგობარი. ქართულ ლიტერატურაში საქართველოს ყველაზე ხშირად დასაცავი ქალის ან დედის სახით წარმოადგენენ. მცველი, როგორც წესი, მამაკაცია. ჯავახიშვილის გარდა სამშობლო-ქალი-დედის სახე ოთარ ჭილაძემაც შემოგვთავაზა რომანში „გოდორი“. რუსი საყვარელი, სახელად ჭაშნაგირი ადვილად ენაცვლება მოსულელო მეუღლეს, ხოლო პატარა ბავშვი გოდრის ჭუჭრუტანიდან უყურებს დედის ვნებიან სასიყვარულო ურთიერთობას. შვილი ჯერ უნდა გაიზარდოს, სანამ სულელი მამის ნაცვლად დაიცავს დედას, მაგრამ შემოსაზღვრულ გოდორში მჯდომი ეჩვევა, რომ ჭუჭრუტანიდან უნდა დააკვირდეს და არ უნდა ჩაერიოს დედის არჩევანში. თუ მკითხველი დაუშვებს, რომ ცოლი/დედა ქმრისა და შვილის საპატრონო საქართველოა, აღმოვაჩენთ, რომ მწერალი ქართველი ხალხის ახალ თაობაშიც გარყვნილ კონფორმისტებს ხედავს, რომელიც არ ერევა საქართველოს არჩევანში რუსეთის სასარგებლოდ.

რაში დამჭირდა ამ წერილისთვის ეს ვრცელი შესავალი, ამას წერილის ბოლოს შეიტყობთ.

როდესაც საკონფერენციოდ თემებს ვარჩევდით, ერთ-ერთ სტუდენტს, მარი მიხანაშვილს, ნოდარ ლადარიას რომანის წაკითხვა და მასზე მოხსენების მომზადება შევთავაზე. ამ მოხსენებამ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე საპრიზო ადგილი მოიპოვა. დაკვირვებები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა. მით უმეტეს, რომ თემა საკმაოდ ნაცნობი და აქტუალურია ქართველი მკითხველისთვის და მიმაჩნია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები აუცილებლად უნდა ეცნობოდნენ უახლეს ქართულ ლიტერატურას და ისევე უნდა მსჯელობდნენ თანამედროვე მწერლობაზე, როგორც საპროგრამო ტექსტებზე მსჯელობენ.

ნოდარ ლადარიას „ქარის გამორჩევა“, ზედაპირული წაკითხვით, სიუჟეტზე და პერსონაჟებზე დაკვირვებისა და კითხვების დასმის გარეშე რთული სასიყვარულო ურთიერთობის აღწერა, „ჩმორისა და წაკლას მოსაწყენი ისტორიაა“. მაგრამ, თუ მკითხველს კითხვა დაებადება – რაში დასჭირდა ავტორს მთავარი გმირებისთვის ბერძნული სახელების დარქმევა და ამ სახელების სათარგმნად ლექსიკონის ფურცლებს მიაშურებს, ის ავტორის მიერ შემოთავაზებულ საინტერესო თამაშში ჩაერთვება. სახელები, რომლებიც კითხვის პროცესს ამძიმებდა და ალბათ მკითხველს აღიზიანებდა კიდევ ხელოვნურობით, ის გასაღები აღმოჩნდება ნაწარმოების გაგების გზაზე, წიგნის ყდას რომ ახატია. თავდაპირველად მკითხველი ვერ ხვდება, რატომ შეურჩია მწერალმა პერსონაჟებს რთული სახელები, როცა თავისუფლად შეეძლო, ქართული,  „ნორმალური“ სახელებით მოეხსენებინა. მარტივი პასუხია, რომ რომანში აღწერილ ამბავს პროტოტიპები ჰყავს და მათ შესანიღბად ახალი სახელების მოგონება ერთ-ერთი ნაცადი ხერხია.  მაგრამ რა საჭირო იყო მაინცდამაინც ბერძნული სიტყვებიდან სახელების შექმნა? ვინ ან რა შეიძლება დავინახოთ თეოფორას, ევდემონის და ჰედონიას მიღმა, თუკი შევეცდებით და ამ სახელებს ქართულად ვთარგმნით?   ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას მკითხველი რომანში ბევრად საინტერესო და დასაფიქრებელ საკითხებს აღმოაჩენს, ვიდრე აქამდე მრავალჯერ გარჩეული ქალისა და მამაკაცის რთული ურთიერთობებია.  დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად საჭირო გახდება დავუბრუნდეთ ერთხელ უკვე წაკითხულ ტექსტს და მიგნებული მინიშნებების გამოყენებით ტექსტის მთავარ სათქმელამდე გავიდეთ.

„ქარის გამორჩევა“ რომ მხოლოდ სასიყვარულო რომანი არ იქნებოდა, ჯერ კიდევ იმ პასაჟიდან მენიშნა, როდესაც სახელი ევდემონი ვთარგმნე. ევდემონი მამაკაცი პერსონაჟია, რომელსაც თეოფორა შეჰყვარებია. მეორე მინიშნება მაშინ გამოჩნდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მონასტერში, რომელშიც მარხვის დროს თეოფორა აფარებდა ხოლმე თავს, დედა ჰედონია მსახურობდა. ამის შემდეგ უფრო მეტი მონდომებით დავუწყე ბერძნულ სიტყვებს დაკვირვება და ძიებამ საინტერესო დაკვირვებამდე მიმიყვანა.

წიგნში მოვლენების განვითარების ადგილი მკაცრად განსაზღვრული არ არის, ავტორი ცალკეული მინიშნებებით ქმნის თბილისურ გარემოს. რომანში აღწერილი თეოფორას ქალაქი თბილისის მსგავსი ქალაქია – ქალაქი, სადაც არავინ გიშლის სიცოცხლეს, არავინ გიწუნებს არჩევანს, არავინ გიზღუდავს მოქმედებას, და სადაც თავისუფლება მოსულა, ოღონდ ხსნილზე და ოღონდ სახლში; ამ ქალაქში ჯერ ისევ გადააზრების პროცესშია, რომ ადამიანი ზოგადი ზნეობრივი პრინციპებით განსაზღვრულ უკიდურესად რაციონალურ არსებაზე ბევრად მეტია; ამ ქალაქში ცხოვრების უფლებას ადამიანი ქენჯნის უნარის ფეის კონტროლის გავლის გარეშე ძნელად თუ მოიპოვებს; აქ ისევ ძალიან უყვართ მორალით აპელირება, რადგან „კანონთან შედარებით მორალზე აქცენტირება სწორედ საბჭოთა კულტურის ყველაზე ქმედითი ხერხი იყო… ლამის ერთადერთი“; ეს ქალაქი უფრო „მთის აულია და არა ქალაქი, რაღაც მონიშნული ტერიტორიაა ადგილის დედებითა და ხატებით, ტაბუირებული ტყეებითა და გაუგებარი ადათებით“. აქ ქალაქურ პროტოკოლს ადამიანურ ურთიერთობებზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, ასეთი ქალაქის შვილია თეოფორა ან სახელი რომ ქართულად ვთარგმნოთ, „ის, ვინც ღმერთს დაატარებს“. ოღონდ ევდემონის ცხოვრებაში თეოფორას შესვლა, ღმერთის შემოსვლასთან კი არა, ეკლექტური ქალაქის შესვლასთან ასოცირდება. „იგრძნო, რომ მის წინაშე უკვე მხოლოდ თეოფორა არ იდგა, არამედ რაღაც წრე, ან რამდენიმე წრე, რაღაც სოციალური სტრუქტურა… ქალაქი და არა ქალი“. ამ ციტატით ვხვდებით, რომ თეოფორა ქართული სოციუმის განზოგადებული სახე უფროა, ვიდრე მხოლოდ ერთი კონკრეტული პერსონაჟი.  ეს არის ხსნილში მრუში, აღდგომის კვირეულში უცოდველი, რელიგიის გავლენით მეცნიერების უარმყოფელი და ღვთის რიდისა თუ შიშის მქონე ადამიანი, თუმცა მარხვაგამოშვებით. მას ქალისა და მამაკაცის  ურთიერთობებში გაშინაურება ეგოიმება და კურთხევის გარეშე მეცნიერული მოსაზრებების მოსმენაც არ სურს. ეს პერსონაჟი დაკვირვებისა და განსჯის საგანია, როგორც ავტორის, ასევე მკითხველის მხრიდან. ეს პერსონაჟი დაკვირვების საგანია ევდემონის მხრიდანაც, რომელიც ერთი კი არა, სამია. პირველი ევდემონი ფიზიკური პირია, რომელიც ჭამს, სუნთქავს, უყვარს; მეორე ევდემონი პირველს იცნობს და აკვირდება არა მარტო პირველს, არამედ კარგი ტექსტოლოგივით ნაწილებად შლის თეოფორასაც – მის ქმედებებსა და ზეპირ თუ დაწერილ ტექსტებს; აი, მესამე ევდემონი პირველსაც იცნობს და მეორესაც და მეორე ევდემონის მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე დიაგნოზს უსვამს მის ურთიერთობას თეოფორასთან და ის უსიამოვნო დასკვნები გამოაქვს, რომელიც მკითხველსაც მძიმედ აწვება გულზე. რომანიდან ჩანს, რომ თეოფორა ნახევრად ემანსიპირებული ქალების კატეგორიაა, რომელიც მხოლოდ იქამდე იხურავს თავისუფლების საბანს, სადამდეც მამათა თაობის კონსერვატიული გაგება სწვდება.  თეოფორა  საკუთარ თავში იტევს ქართულ რეალობაში გამოქანდაკებული ქალის, უფრო სწორად, ნებისმიერი სქესის ადამიანის სახეს, რომელსაც „წყალივით სწყურია და პურივით შია“ თავისუფლება, თუმცა ძალიანაც უფრთხის მას.

თეოფორას პერსონაჟის გარჩევის დროს აღმოვაჩენთ, რომ უმთავრესი შეცდომა, რომელიც მის განვითარებაში წვლილშეტანილმა ადამიანებმა დაუშვეს, მისთვის რჩეულობის ხატის შექმნა და ღრუბლებში სახლის აშენებაა, რაც მოზარდის ფსიქიკას გამოუსწორებლად ამახინჯებს და  მნიშვნელოვნად არღვევს ადამიანში ობიექტური რეალობის აღქმის უნარს. სწორედ ესაა თოფორას მოუშუშებელი ტრავმა, მაღალი სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილებაც ასაკის ზრდასთან ერთად სულ უფროდაუფრო აღემატება მის ძალებს.ასეთ თეოფორას საზოგადოებრივი ბორკილების გასარღვევად ევდემონის გზა სჭირდება. ამასვე მოწმობს ავტორიც „შენი ახირებები, შეუსაბამობები, ბნელი ბოდვები თუ უსამართლო საყვედურები ჩემთვის მხოლოდ ერთი რამ იყო: ხსნისა და გათავისუფლების ვედრება, რომელსაც სხვანაირად ვერ გამოხატავდი…“ ავტორს რომ სექსიზმის ბრალდება ავაცილოთ და ისე არ წარმოვადგინოთ, თითქოს მას ქალთა ემანსიპაცია მხოლოდ მამაკაცების ღვაწლი ჰგონია, მოვიხმოთ სიტყვა „ევდემონის“ განმარტება. ეს ბერძნული სიტყვა ითარგმნება როგორც კეთილი სული ან ანგელოზი და ხშირად გამოიყენება ბედნიერების და კეთილდღეობის აღსანიშნად. მაგრამ სიტყვა „ჰედონიასთან“ წყვილში ფოლოსოფიაში ჩახედულ მკითხველს გაახსენდება, რომ ეს ორი სიტყვა ორ გზას აღნიშნავს და რომ ბედნიერების მოპოვება ცხოვრების ამ ორი წესის მუდმივ ჭიდილზეა დამოკიდებული.  რომანის უხილავი პერსონაჟ დედა ჰედონიას რომ სასულიერო ცხოვრების სიძნელეებთან სრულიად არაასოცირებული სახელი აქვს შერჩეული, ცხადია. ჰედონია ტკბობას, სიამოვნებას და კმაყოფილებას აღნიშნავს. ვინაიდან დედა ჰედონია მონაზონია, ევდემონი კი თავისუფალი ადამიანი, გასაგებია, რომ მათი გზები მკაცრად გამიჯნული და დაშორებული უნდა იყოს, მაგრამ პოზიტიურ ფსიქოლოგიაში მათი გზების გაერთიანება სრულ ბედნიერებამდე მისაღწევ აუცილებელ წინაპირობად განიხილება, ვინაიდან, ისინი გარკვეულწილად ავსებენ ერთმანეთს. თუ „ევდაიმონიის“ ბედნიერების გზა მიზნების ასრულებასა და ამ მხრივ ნაყოფიერ ცხოვრებაზე გადის, „ჰედონიის“ გზა უფრო საკუთარ სიამეზეა გადართული. ამ ორი განცალკევებული ტკბობის ტანდემს კი სრულყოფილ ბედნიერებამდე მივყავართ. რა გამოდის? გამოდის, რომ თეოფორამ ეს ორი გზა უნდა გააერთიანოს, მაგრამ მას შეცდომით ჰგონია, რომ ერთი გზა მეორეს გამორიცხავს და ამიტომ არჩევანს პირველის სასარგებლოდ არ აკეთებს.

აღსანიშნია, რომ ტექსტში ევდემონსა და თეოფორას სხვა სახელებიც აქვთ, ბენედიქტუსი და ფსიქე. ბენედიქტუსი ღვთისგან კურთხეულს ნიშნავს. ამიტომ თავისუფლება, რომელიც ევდემონშია, უფრო თამამად შეიძლება განვიხილოთ როგორც ჯილდო, როგორც ღვთის წყალობა და არა გმობა, როგორც ეს თეოფორას ჰგონია.  რაც შეეხება ფსიქეს, რომაელმა მწერალმა აპულეუსმა ფსიქეს შესახებ მითის მოთხრობით წარმოაჩინა, რომ ბედნიერება განსაცდელის გარეშე არ არსებობს და თავდაპირველად შემცდარი, თუმცა ბოლოს გონს მოგებული, გაძლიერებული, მამაცი, შეუვალი და მებრძოლი ფსიქეს სახით დაგვიდო მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი და მის გარეშე ბედნიერება ძნელად ან საერთოდ არ მოიპოვება. ამ მითის გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება, რომ თეოფორა თავისუფლების მაძიებელი ფსიქეა, რომელსაც, შესაძლოა, ემანსიპაციის გზაზე მრავალი დაბრკოლება შეხვდეს, მაგრამ საბოლოოდ ევდემონის თავისუფლების გამზიარებელი, გამარჯვებული იგემებს ბედნიერებას. თუმცა იქამდე ჯერ ბრძოლა და საკუთარ თავში საჭირო უნარების და საკმარისი ძალის მოძიებაა საჭირო.

ტექსტში კიდევ ბევრი საინტერესო სახელია, რომლებსაც დეკოდირების პროცესში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაჰყავს მკითხველი. მაგალითად, ისეთი სახელების გაშიფვრისას, როგორებიცაა ანდრომახა, ადელფა, ევდექსია ტექსტი კიდევ ახლებურ გააზრებას საჭიროებს. ადელფა ევდემონის ცოლია. ეს სახელი ბერძნულად „დას“ აღნიშნავს ანუ ეს ადამიანი, რომელიც ბრძენი და შორსმჭვრეტელია, საყვარელი ქალის როლზე მეტად დის როლს უფრო ირგებს ქმრისთვის. ევდექსია ევდემონის მეგობარი ქალია და, სახელით თუ ვიმსჯელებთ, მისი მოვალეობაა თავადაც სწორ გზაზე იდგეს და მეგობარიც სწორ, მარჯვენა გზაზე დააბრუნოს. ანდრომახა, რომელიც თეოფორას მეგობარია, სახელით ჰომეროსის უკვდავი პოემის პერსონაჟს წააგავს. თუმცა, როდესაც სიტყვას ვთარგმნით, მივხვდებით, რომ ის კაცთან მებრძოლი ქალია, რომელიც კაცების ომს კი არ ეწირება, თავად უცხადებს მათ ომს, შესაძლოა, სულაც მიღებული ტრავმების საკომპენსაციოდ.  ტექსტი გვეუბნება, რომ ქალი საკუთარ მეგობრებს ჰგავს. ამიტომ შეგვიძლია თეოფორა ამ ჭრილშიც დავინახოთ. თეოფორა ძველი ტრავმების საკომპენსაციოდ მამაკაცებთან ბრძოლაში ჩაბმული ქალია. და ბოლოს ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია იურეის პერსონაჟიც. იურეი, როგორც წიგნშია განმარტებული, იაპონური მოჩვენება, დაუმარხავი მკვდრის შურისმაძიებელი სულია. ის ოდესღაც თეოფორას საყვარელი იყო, გარდაიცვლა, მაგრამ, თუ  მეორე ევდემონის მიერ დადებულ დასკვნას ვენდობით, იურეი თეოფორას მარტოსული ღამეების ქმნილება იყო, მრავალი მეტ-ნაკლებად ახლობელი და ნაწილობრივ გამოგონილი მამაკაცის ნაკუწებისგან შეკრული. მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს ის, ცხადი თუ გამოგონილი, წარსულის აჩრდილი თუ აწმყოში არსებული, თეოფორასთვის შეუცვლელი ავტორიტეტია. იურეი არის იდეა, ძალა, რომელიც თავისუფლებას არ გაცდის. იგი მუდმივად და დაუღალავად დგას თეოფორას პირადი სივრცის კონტროლის სადარაჯოზე. ეს სახელი ძალიან წააგავს რუსულ სახელ იურის, მხოლოდ არარუსული დაბოლოებით. ამ კონტექსტში გასაგები ხდება თეოფორას მუდმივი ნოსტალგია. მას ენატრება მოსკოვი, ენატრება რუსეთში გატარებული ახალგაზრდობა, მაგრამ იცის, რომ უხერხულია მოგწონდეს რუსეთი, როცა პროგრესულ დასავლეთს გაიცნობ. ალბათ ამიტომაც იცვლის მის მოგონებებში იური სახელს და დასავლურ ყაიდაზე დარქმეული სახელით ცოცხლობს. შესაძლოა, იური არც არის რუსი და ის ქართველი გიორგი იყოს სხვადასხვანაირი წარმოთქმით, მით უმეტეს, რომ ტექსტში იურეის ხსენებისას თამარ მეფის პირველი ქმარი, გიორგი რუსიც ჩნდება. კიდევ უფრო საინტერესოა თეოფორას მამის სახელი. ჩემი აზრით, ბატონი ფლოკიანე იმ ქიმიურ პროცესს უნდა დავუკავშიროთ (სამწუხაროდ, ჩემი ცოდნა იმდენად ზედაპირულია, შესაძლოა, ქიმიკოსებმა შეცდომად ჩამითვალონ ასეთი ინტერპრეტაცია), რომლის დროსაც წყლის გაწმენდა ხდება ბუნებრივი და ხელოვნური გზებით მავნე ნივთიერებებისგან. ამ კონტექსტში საინტერესოა, რისგან ან ვისგან წმენდს ქალიშვილს თუ ქალიშვილის ცხოვრების გზაზე შემოერთებულ მგზავრებს მამა, ბუნებრივად ხდება მისი ჩართვა შვილის ცხოვრებაში თუ ხელოვნურად არგებენ მას ამ როლს? ფლოკიანე თითქოს ტრადიციებია, რომელიც აბრკოლებს და უკეტავს მომავლისკენ სავალ გზას, რადგან იმას, რამაც სინამდვილეში უნდა გაწმინდოს და უკეთესობისკენ შეცვალოს, არასწორი დანიშნულებით იყენებენ: გამოთავისუფლებული მავნე ნივთიერება ჰგონიათ გაწმენდილი და არა პირიქით.

მკითხველი შეუზღუდავია ინტერპრეტირებისას. ამას ნოდარ ლადარიას რომანშიც ვკითხულობთ. მკითხველი თავისუფალია და ინტერპრეტაციის შემდეგ თავისებურ ახალ სიცოცხლეს ანიჭებს ნაწარმოებს. ჰოდა, ვიყოთ თავისუფლები ინტერპრეტირებისას და ბერძნული სახელების გახსნის შემდეგ რომანი ახლებურად წავიკითხოთ, სადაც თეოფორა უკვე საქართველო იქნება, ხოლო ევდემონისა და ჰედონიას გზა მისი ორი არჩევანი. რომელ გზას აირჩევს ქვეყანა, მისი გადასაწყვეტია, მაგრამ სწორი არჩევანის გაკეთებას იურეის ანუ რუსეთის ხატება არ აძლევს. ის თითქოს მოკვდა, მაგრამ მისი აჩრდილი თან სდევს ქვეყანას და არ აძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას. მიუხედავად სევდიანი დასასრულისა, იმედი მაინც არსებობს, რომ იურეის სახე-ხატი გაფერმკრთალდება და იურეის ჩრდილი ვეღარ დაუწყებს გათავისუფლებულ და სწორ გზაზე დამდგარ თეოფორას თვალთვალს. და თეოფორაც მიხურულ კარს მიღმა იპოვის ნანატრ თავისუფლებას არა მარტო ჰედონიას გზის არჩევით, არამედ ევდემონისა და ჰედონიას გზის სწორი გაერთიანებით.

შავი ზღვა

0

საქართველოსა და ქართველებისთვის შავი ზღვა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ოკეანის გასაღებია და ამავე დროს – რესურსთა მნიშვნელოვანი ბაზა, რეკრეაციული ზონა და საგარეო კავშირურთიერთობების მთავარი არტერია.

შავი ზღვა ოდითგანვე იყო ცნობილი იმ ხალხებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სახლობდნენ. მამაცი და გამოცდილი ფინიკიელი მოგზაურები შავ ზღვაზეც დაცურავდნენ, მაგარმ, სამწუხაროდ, ამ ნაოსნობის შესახებ წერილობითი დოკუმენტები არ არსებობს. ბერძენი პოეტის ჰომეროსის ეპოქაში (ძვ. წ. მე-7 საუკუნე) შავი ზღვა ნახევრად ჩაკეტილ ზღვად მიიჩნეოდა, თუმცა მას კავშირი ჰქონდა ხმელთაშუა ზღვასთან და ბერძენი მოგზაურები ხშირად დაცურავდნენ აქ. როგორც ჩანს, მათი პირველი შთაბეჭდილებებები არცთუ სასიამოვნო იყო, ამიტომ შავ ზღვას ჯერ პონტოს აქსინოსს (არასტუმართმოყვარეს), მერე კი პონტოს ევქსინოსს (სტუმართმოყვარეს) უწოდებდნენ. ყარადენიზი – შავი ზღვა – მას მე-15 საუკუნეში თურქებმა დაარქვეს.

წინათ აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე სახლობდნენ ინდური წარმოშობის ტომები – მეოტები და სინდები, რომლებიც შავ ზღვას „თემარუნს“ უწოდებდნენ – მათ ენაზე ეს „შავ ზღვას“ ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ძველი სახელისგან წარმოიშვა თანამედროვე, რომელიც მე-15 საუკუნიდან საყოველთაოდ დამკვიდრდა.

სხვა ვერსიის თანახმად, შუა საუკუნეების თურქულ ენაში ფერები გეოგრაფიულ მიმართულებაზე მიუთითებდა. „შავი“ აღნიშნავდა ჩრდილოეთს.

შავი ზღვის სახელის წარმოშობის კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს.

ერთი ვერსიით, შავი ზღვის წყალი ყოველთვის ლურჯი არ არის. ზამთარში, როდესაც ცივი ქარები ქრის, ზღვის ზედაპირი მუქდება და უზარმაზარი ტყვიისფერი ტალღები გრუხუნით ეხეთქება სანაპიროს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას შავს.

არსებობს მეორე მოსაზრებაც – რომ სახელწოდება ნისლისა და ღრუბლების ფერისგან მომდინარეობს. შავ ზღვაზე ხშირად ჩამოწვება ხოლმე შავი ღრუბლები და ნისლს შტორმი მოჰყვება. ამ დროს ზღვაც მუქდება და გარემოსაც შავი ფერი ედება.

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, შავ ზღვას იმიტომ უწოდეს შავი, რომ ის უფრო მუქია, ვიდრე მარმარილოს ზღვა.

შავი ზღვა ატლანტის ოკეანის აუზს მიეკუთვნება, თუმცა მასთან უშუალო კავშირი არ აქვს. ოკეანეს ის 2600 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო მათი დამაკავშირებელი გზის სიგრძე 3400 კმ-ია. ეს გზა გიბრალტარის სრუტიდან იწყება, გაივლის ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებზე, დარდანელის სრუტეზე, მარმარილოს ზღვასა და ბოსფორის სრუტეზე. ქერჩის სრუტით შავი ზღვა აზოვის ზღვას უკავშირდება.

შავი ზღვის ფართობი 420 325 კვ. კმ-ია, აზოვის ზღვასთან ერთად – 460 000 კვ. კმ. იგი ჩ.გ. 41-ე და 46-ე გრადუსებსს შორის მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიგრძეა 1150 კმ, მაქსიმალური სიგანე – 580 კმ, მაქსიმალური სიღრმე – 2211 კმ, სანაპირო ხაზის სიგრძე – 3400 კმ, საიდანაც საქართველოს სანაპიროს წილად 310 კმ მოდის. მდინარე ფსოუს შესართავიდან ქ. ოჩამჩირემდე სანაპირო მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოჩამჩირიდან ქობულეთამდე – სამხრეთით, ქობულეთიდან სახელმწიფო საზღვრამდე – სამხრეთ-დასავლეთით. სანაპირო ხაზი არ არის დანაწევრებული, თითქმის სწორხაზოვანია, მხოლოდ ბიჭვინთის, სოხუმისა და კოდორის კონცხები იჭრება რამდენადმე ზღვაში და წარმოქმნის ზღვისაკენ ფართოდ გაშლილ უბეებს.

სანაპირო ზოლი ნაპირის ხასიათის მიხედვით 3 მონაკვეთად იყოფა. მდინარე ფსოუს შესართავიდან სოხუმამდე ნაპირი ფლატიანი, მთიანი, ბორცვიანი და მეწყერიანია.

არის დაბალი კონცხებიც. სოხუმიდან ქობულეთამდე ნარიყია, დაბალი და დანაოჭებული, ქობულეთსა და სახელმწიფო საზღვარს შორის ნაპირი ალაგ-ალაგ ფლატიანია, მაგრამ მეტწილად ნარიყი და დაბალი.

შავი ზღვა რთული მოხაზულობით არ გამოირჩევა, ამიტომ იგი მოხერხებულია ნაოსნობისთვის. ზღვა წაგრძელებული ფორმის ღრმა ქვაბულს წარმოადგენს საკმაოდ ბრტყელი ფსკერითა და ფერდობებით და ძალიან სუსტად გამოხატული კონტინენტური მეჩეჩით. საქართველოს სანაპიროსთან კონტინენტური მეჩეჩი განსაზღვრულია საშუალოდ 200-მეტრიანი იზობათით, ძალიან ვიწროა (მეტწილად – 2-4 მილი), ალაგ-ალაგ (ბათუმის კონცხთან, ქობულეთთან) თითქმის მთლიანად ქრება, მხოლოდ გუდაუთასა და ოჩამჩირესთან ფართოვდება მნიშვნელოვნად (10-15 მილამდე). კონტინენტური ფერდობი (რომელიც 200 მ სიღრმეზე იწყება) უფრო დამრეცი ხდება 1000-1500 მეტრზე.

 

შავი ზღვის განვითარების ისტორია ხანგრძლივი და რთულია. მცირე აზიაში მიმდინარე ტექტონიკურმა (დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციასთან დაკავშირებულმა) პროცესებმა მარმარილოს, აზოვის, არალის, შავი და კასპიის ზღვები ოკეანისგან გამოყო. შემდგომ პერიოდში შავი ზღვა გამტკნარებული ზღვა-ტბების ნაწილს წარმოადგენდა. ის თანდათან მცირდებოდა, ხოლო მისი მარილიანობა იზრდებოდა. 8 მილიონი წლის წინ მის ფარგლებში წარმოიქმნა პონტოს ზღვა, რომელიც მოიცავდა შავ და კასპიის ზღვებს (იმ დროისთვის კავკასიონისა და ყირიმის მთები კუნძულები იყო). შავი და კასპიის ზღვები ერთმანეთს 1 მილიონი წლის წინ დაშორდა. კასპიის ზღვა მტკნარი დარჩა, ხოლო შავი რამდენჯერმე შეუერთდა და დაშორდა ხმელთაშუა ზღვას. ისინი საბოლოოდ 8 ათასი წლის წინ შეერთდა და სწორედ მაშინ წარმოიქმნა ბოსფორის სრუტე.

შავი ზღვა მსოფლიოს სხვა ზღვებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა. ხმელთაშუა ზღვიდან მარილიანი წყლის შემოჭრამ მრავალი ცოცხალი ორგანიზმის დაღუპვა გამოიწვია. სწორედ მათი ნარჩენების გახრწნის შედეგად წარმოიქმნა შავ ზღვაში გოგირდწყალბადის პირველდაწყებითი მარაგი. გოგირდწყალბადი საუკუნეების განმავლობაში გროვდება ზღვის ქვაბულში.

ზღვის წყალში ჟანგბადის დიდი ნაკლებობაა, რის შედეგადაც ზღვის ზედა და ქვედა შრეებს შორის წყლის მოძრაობა ყველაზე ნაკლებად ხდება. ქვედა შრეებში ჟანგბადის არარსებობა ზღვის ამ ნაწილს გამოუყენებელს, აუთვისებელს და არააქტიურს ხდის. მის ფსკერზე გვხვდება საუკუნეების წინ ჩაძირული გემების ნარჩენები. გემებზე არსებული ნივთები დღემდეა შემონახული და ეს ქვედა შრეებში განსხვავებული ტემპერატურისა და ჟანგბადის არარსებობის შედეგია.

შავი ზღვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ზღვის თანაბარი დონეა. ზღვას არ აქვს დიდი და მცირე მიმოქცევები. ზედაპირი უმეტესად მშვიდი და წყნარია.

შავი ზღვა თავისი პატარა კუნძულებითაც გამოირჩევა. მის ტერიტორიაზე რამდენიმე ულამაზესი კუნძულია, სადაც განსაკუთრებული ფლორა და ფაუნაა. ტურისტებისა და დამსვენებლებისათვის ეს ყველაზე საყვარელი ადგილებია და ხშირად სტუმრობენ.

შავი ზღვა უდიდეს გავლენას ახდენს საქართველოს ჰავის ფორმირებაზე, განსაკუთრებით – ნალექების განაწილებასა და მიმდებარე ტერიტორიების ჰაერის ტემპერატურაზე. ბრიზები შავი ზღვის სანაპიროდან 100-120 კმ-ის დაშორებითაც კი ქრის.

შავი ზღვა თითქმის არ იყინება. გამონაკლსს წარმოადგენს მისი უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილები, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ყინულის თხელი ფენით იფარება. ზღვაში საბანო სეზონი მაისიდან იწყება და ნოემბრის დასაწყისამდე გრძელდება. 200 მ-ის ქვემოთ წყლის ტემპერატურა მუდმივია და +9 გრადუსის ტოლია.

 

მეტად მრავალფეროვანია შავი ზღვის ორგანული სამყარო. შავი ზღვისთვის დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის, მტკნარი წყლისა და რელიქტური ფორმების ერთობლივი არსებობა. შავ ზღვაში ცოცხალი ორგანიზმების 3774 სახეობა ბინადრობს, რომელთა უმეტესობა უხერხემლო და წყალმცენარეა. აქ გვხვდება, როგორც მუდმივად მცხოვრები, ასევე სრუტეებიდან შემოსული თევზებიც. სარეწაო მნიშვნელობის თევზებია სვია, ქაშაყი, ქაფშია, კაპარჭინა, კობრი, კეფალი, სტავრიდა, თინუსი და სხვ. ზღვაში გუნდებად ცხოვრობენ დელფინები. დიდი ხანი არ არის, რაც შავ ზღვაში გაჩნდა რაპანა და მედუზისმაგვარი პელაგიური ცხოველი – სავარცხელა. მათ შავი ზღვის დაუპატიჟებელ სტუმრებსაც უწოდებენ. ისინი მეტად საშიში და დიდი ზიანის მომტანი არსებები არიან.

შავი ზღვის აუზის ქვეყნებია: თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, რუსეთი და უკრაინა. შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიაა. მისი საშუალებით საქართველო მსოფლიოს საზღვაო ქვეყნებს, ცენტრალურ ევროპასა (მდ. დუნაით) და რუსეთს (ვოლგა-დონით) უკავშირდება. შავი ზღვის ნავსადგურებიდან აღსანიშნავია ფოთი, ბათუმი, კონსტანცა, ბურგასი, სამსუნი, ერეგლი, ოდესა, ნოვოროსიისკი და სხვ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის სანაპირო წყლების რეკრეაციული მიზნით გამოყენება. ზღვის სანაპირო ზოლში მსოფლიოში ცნობილი არაერთი კურორტია.

აგრესია ბავშვებში ანუ როგორ გადავარჩინოთ მერცხლის ბუდეები?

0

არდადეგებზე ეზოში ხმაურმა იმატა.  ბავშვები სიცხეს სადარბაზოში აფარებენ თავს. სართულებზე ასაკობრივ ჯგუფებად  გადანაწილდნენ. მეორეზე მეხუთე-მეექვსე კლასელი 4 ბიჭი ცხოვრობს, მათი ლოკაციაც იქ არის. ხან თამაშობენ, ხან კამათობენ, ჩხუბამდე საქმე არ მიდის. შეიძლება იმიტომაც, რომ ერთი ენერგიული ბებია სწორედ მასინ გამოჩნდება, როცა სიტუაციის განმუხტვაა საჭირო.

სადარბაზოში  მერცხლებს რამდენიმე ბუდე აქვთ. მესამე სართულზე მარტოხელა სანტექნიკოსი ცხოვრობს. მერცხლებთან გამორჩეულად მეგობრობს. ფრინველებმა კიდევ ერთი ბუდის აშენება დაიწყეს. სანტექნიკოსი ყოველ ავლა-ჩავლაზე ბიჭებს მერცხლების გონიერებასა და შრომისმოყვარეობაზე ელაპარაკება. უამრავი ფოტოც გადააღებინა, როცა ბუდეს აშენებდნენ: დააკვირდით, როგორ ელოდებიან, რომ ამოყვანილი კედელი გაშრეს და გამაგრდეს, მერეღა აგრძელებენო… ბუდეში  ბარტყებიც გამოიჩიკნენ და დაფრთიანებას ელოდნენ…

ერთ დღეს  ხმაური ატყდა.  სანტექნიკოსი ბრაზობდა: რომელმა ველურმა და უღმერთომ ქნა ეს ამბავი, ვინ დაუნგრია ბუდე მერცხლებსო? ბუდე ჩამოშლილი იყო. მერცხლები იქვე ტრიალებდნენ. ერთი ბარტყი დაბლა ეგდო. ხმაურზე ბავშვები მოგროვდნენ. ბიჭები ბარტყის შველას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ…

აღმოჩნდა, რომ ამ სართულზე ,,დაბანაკებული“ გოგონები ,,ქალების ჩხუბს“ თამაშობდნენ,  ერთმანეთს  სათამაშოებს ესროდნენ. ერთი დათუნია ბუდეს მოხვდა და…  შემცბარმა სანტექნიკოსმა ბურტყუნით შეიჯახუნა კარი. თავიანთმა ბებიამ  გოგონებს რისხვა დაატეხა: არ გრცხვენიათ, თქვენ რომ სახლი დაგინგრიონ მოგეწონებათო? ნახეთ სულ ჭორფლებს დაგაყრით, ბუდე რომ მოუშალეთო.

ყველა გაიკრიფა.  ,,დამნაშავეები“ კიბეზე დარჩნენ, ერთმანეთს  შეშინებულები უყურებდნენ, ალბათ,  ჭორფლებსაც უთვალიერებდნენ.

კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვებში ძალადობრივი თამაშების რაოდენობა მატულობს. ეს შეუმჩნეველი არ რჩებათ მშობლებს, მასწავლებლებსა და ფსიქოლოგებს. ეს უკანასკნელები ამ მოვლენის ფესვებს საზოგადოებაში ხედავენ. დედამიწაზე ომები თითქოს შემცირდა, ცივილიზაცია სწრაფი ტემპით მიიწევს წინ, მაგრამ  ადამიანი თავს უსაფრთხოდ და დაცულად მაინც ვერ გრძნობს. ის არ არის თავისუფალი შიშისგან და საზრუნავისგან, როგორ დაიცვას თავი?

უბრალო ექსპერიმენტი _ ტელეარხების  ხუთწუთიანი გადათვალიერებაც კი, შეგვახსენებს, რომ გადაცემებსა თუ ფილმებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით ძალადობას, შანტაჟის,  ქუჩის გარჩევების, ჩაგვრის, კონფლიქტების, დამცირების მრავალნაირი გამოვლინებით. იგივე ტენდენცია იკვეთება საბავშვო გადაცემებსა თუ ფილმებშიც. ტელევიზიას არ ჩამორჩება ინფორმაციის სხვა გამტარებიც.  ერთი შეხედვით, უწყინარი და ნეიტრალური სარეკლამო ბანერიც კი მომხმარებელზე ფსიქოლოგიური ძალადობის ინსტრუმენტია.

ახდენს თუ არა, ასეთი გარემო ბავშვებზე გავლენას? ბავშვები კონკრეტული ეპოქისა და კონკრეტული რეალობის პირმშოები არიან. მათი ბუნებრივი სწრაფვაც ამ გარემოში თავის დამკვიდრებას უკავშირდება.  თუ ეს გარემო აგრესიით არის დატვირთული, ბავშვების თამაშებშიც, რომელიც ერთგვარი სამზადისია ცხოვრებაში შესასვლელად, ანალოგიური აგრესიები აირეკლება.

როგორ უნდა მოიქცნენ უფროსები, როცა ისინი ბავშვის თამაშებში აგრესიას შენიშნავენ? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხს სპეციალისტები არ იძლევიან, მაგრამ დაბეჯითებით გვირჩევენ, დავაკვირდეთ  ბავშვის მიერ არჩეულ აგრესიულ როლებს და ჩავწვდეთ ამ თამაშის მნიშვნელობას ბავშვისთვის.

თამაშის დროს როლში აგრესიის გამოვლინება სხვადასხვაგვარია, ასევე განსხვავებულია ბავშვისგან მისი მიმღებლობის მოტივები. მაგალითისთვის ფსიქოლოგები საბავშვო ბაღში ანას და გოგას თამაშს გვთავაზობენ: ანა ნაჭრის სათამაშო სახლში შედის, გოგა  ფეხებს ურტყავს კედლებს,  სხვადასხვა სათამაშოებს ისვრის შიგნით და ყველანაირად ცდილობს სახლის დანგრევას. როცა სახლი სათამაშოებით ამოიტენება, ანა იწყებს ყვირილს ,,მიშველეთ, ვკვდები!“ და იღებს მომაკვდავის სახეს… ბავშვები ამას რამდენჯერმე იმეორებენ, შემდეგ მათი ფანტაზია სიუჟეტს მკვეთრად ცვლის.   როცა სახლი ნასროლი სათამაშოებით აივსება და ანაც ყვირილს იწყებს,  გოგა უცებ, მნგრეველისა და მოძალადის როლს მიატოვებს და გმირისა და მხსნელის როლში გვევლინება; ,,ნუ გეშინია, მოვდივარ შენს გადასარჩენად!“ ყვირის ის, ანას თავზე დაყრილი ნივთებისგან ათავისუფლებს და  სამშვიდობოზე ხელჩაჭიდებული გამოჰყავს.

როგორც ირკვევა, ბავშვებმა პირველი სიუჟეტი  ტერორისტების მიერ სახლების დარბევის შესახებ მოსმენილი ამბის შთაბეჭდილებით შექმნეს. ნანახი თუ მოსმენილი ბავშვში სხვადასხვაგვარ შფოთს იწვევს, მას უჩნდება ამ შფოთთან გამკლავების მოთხოვნილება.

მათ არ შეუძლიათ უბრალოდ დაივიწყონ ის, რამაც მათ ნეგატიური ემოციები აღუძრა, მაგრამ არც ამგვარი ფაქტების მიღება შეუძლიათ. მათ სჭირდებათ, გადაამუშაონ ახალი ინფორმაცია, დაძლიონ შფოთი და შეიქმნან განცდა, რომ  შეუძლიათ  ასეთ სიტუაციასთან გამკლავება.  ამ მიზანს ისინი თამაშით აღწევენ.

ამიტომაც თავდაპირველ სიუჟეტში მათ გაიმეორეს საშიში ამბის ის გარეგნული ასპექტები, რომელიც მათმა ბავშვურმა გონებამ აღიქვა _  თამაში დასაწყისში მარტივი და სასტიკია: სახლში ადამიანია, მეორე ადამიანი ანგრევს სახლს და პირველი კვდება. გოგა მონდომებით ასრულებს მნგრეველის როლს. მაგრამ სწორი იქნება, ამ როლის არჩევისთვის  ის  ცალსახად მივიჩნიოთ მოძალადედ?

ჯერ ერთი,  ეს არის სიუჟეტური თამაში, რომელშიც პარტნიორების ურთიერთობა  შეთანხმებულია. აგრესორს ჰყავს დამხმარე  _ ნებაყოფლობითი მსხვერპლი. ამჯერად არ ვსაუბრობთ ბიჭზე მოძალადის და გოგონაზე მსხვერპლის როლის გაპიროვნებაზე, რაც თამაშის დამატებითი აზრობრივი ხაზია (ქცევის სოციალური სტერეოტიპების გავლენა).

მეორეც, ბავშვებმა  საგანგაშო სიტუაციის გათამაშების შემდეგ  თამაშში ახალი შინაარსის შემოტანა შეძლეს. სავარაუდოდ, როგორც კი ანამ და გოგამ (მათი ასაკობრივი  შესაძლებლობის შესაბამისად) გაიგეს რა არის ტერორისტობა, როგორია დანგრეულ სახლში მყოფის განცდა, რა ცუდად გამოიყურება სიკვდილი,  მათ შეძლეს  თავიანთ შიშებთან გამკლავება. გოგას დისკომფორტი გაუჩნდა ტერორისტული ქცევის და იმ საშინელი სიტუაციის  გამო, რომელიც  გაითამაშეს.  მისმა გამოთავისუფლებელმა ფანტაზიამ  გამოსავალი მხსნელის როლში გადასვლაში იპოვა და ეს განახორციელა კიდეც.

ბავშვებმა, თამაშის საშუალებით,  წარმოსახაში მიაგნეს ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსავალს. ამ თამაშით, გოგამ შეძლო დაეძლია მოსმენილით აღძრული შფოთი, მოერგო მოძალადის როლი და თვითონვე შეეცვალა ძალადობა ქომაგობითა და სიკეთით. ასეთ შემთხვევაში, კარგია, რომ თამაში ფინალამდე ბავშვების სცენარით მივიდა და ისინი შფოთისგან გათავისუფლდნენ.  ამიტომ დაკვირვება და სიტუაციებში ჩაღრმავება უფროსებს ნამდვილად სჭირდებათ. აჩქარებული დასკვნები და დამოძღვრის ტონი მოკლე დროს ითხოვს, მაგრამ სასურველ შედეგს იშვიათად იძლევა.

ასე დარჩნენ კიბის ბაქანზე მოთამაშე გოგონები რთულ განცდებში, როცა მათთან სასაუბროდ ვერავინ მოიცალა. ვინ იცის, რამდენჯერ გაახსენდებათ დანგრეული ბუდის ამბავი და ყოველი ჭორფლის გამოჩენას გარდაუვალ განაჩენად მიიჩნევენ, რადგან არავინ დაინტერესდა, რომელი ,,ქალების ჩხუბს“ თამაშობდნენ ისინი, იქნებ, მათაც რომელიმე შფოთთან უნდოდათ გამკლავება, სინამდვილეში კი ახალი შფოთით (ბუდის დანგრევის, ბარტყის სიკვდილის და ჭორფლების გამო) დაიმუხტნენ…

რა თქმა უნდა, მერცხლის ბუდეების გადასარჩენად ბავშვების აგრესიული ქცევების პრევენციაა საჭირო. ამასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სანამ ბავშვის აგრესიულ თამაშებს შევაჩერებთ, შევეცადოთ ჩავწვდეთ, რა ცოდნას, აზრებსა და ფანტაზიებს ავითარებს ის ამ თამაშში.

  • რას განიცდის ახლა ბავშვი?
  • რომელი გარეგანი შთაბეჭდილებებით შეიძლება აღძრულიყო ეს განცდები?
  • სინამდვილეში ვისთან აიგივებს თავის თავს?
  • თავის ფანტაზიას მიმართავს თუ არა იმისთვის, რომ მოძალადის როლი პოზიტიური როლით ჩაანაცვლოს?
  • რამდენად კარგად ახერხებს ამას?
  • თამაშს შეუძლია თუ არა, დაეხმაროს ბავშვს ემოციურ სტაბილიზაციაში?
  • რას სწავლობს ის ამ თამაშით?
  • თამაშის პროცესში უვითარდება თუ არა ურთიერთობის უნარები?

ამ კითხვებზე პასუხების მიგნება და გაანალიზება სწორ გზაზე დაგვაყენებს.

 

რა დაგიშავათ საზამთრომ?!…

0

საზამთროს სამშობლო სამხრეთ აფრიკაა. იქ დღესაც შეხვდებით ვაშლის ტოლა პატარა ველურ საზამთროებს. სელექციის და კულტივაციის შედეგად კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. დღეს უკვე ოთხკუთხედ ნაყოფსაც  ნახავთ და არც ყვითელ ფერა კენკრაა უცხო. დიახ, დიახ საზამთრო კენკროვანებს მიეკუთვნება.

გიყვართ?

მეც მიყვარს, ოღონდ ცოტა მატყუარა პროდუქტია. ახლავე აგიხსნით რას იტყუება. უდაოდ სასარგებლო ხილია. 90%წყალს შეიცავს, ასევე, ვიტამინ C-ს  დღიური ნორმის  13%-ს, ვიტამინ A-ს დღიური ნორმის  11%-ს. აქვე შეხვდებით ლიკოპინს, რომელიც კიბოს რისკისგან დაგიცავთ და ამინმჟავა ციტრულინს, რომელიც აზოტის ოქსიდის წარმოქმნის ხარჯზე სისხლძარღვებს გაგიფართოვებთ. მიკროელემენტებიც ბევრია, განსაკუთრებით ფოსფორი და მაგნიუმი. ოღონდ… ყველაფერს იმდენად  მცირე რაოდენობით შეიცავს, რომ დღიური ნორმის მისაღებად კილო ნახევარი საზამთროს მირთმევა დაგჭირდებათ. გარდა ამისა, ციტრულინის უმეტესი ნაწილი საზამთროს ქერქშია, რომელსაც არავინ გეახლებათ (მოხარშული მურაბა არ ითვლება, რადგან მომზადების დროს ციტრულინი თვალსა და ხელს შუა დაგვეშლება).

კიდევ რას შეიცავს საზამთრო? შაქარს და მისი გლიკემიური ინდექსი 100 გრამზე  80%-ია. ანუ, გამოდის, რომ 1-2 ჩაის კოვზი შაქარი გახსნილია 100 მლ წყალში. ეს ნიშნავს, რომ საზამთროს  ჭამის შემდეგ მალე მოგშივათ.  თირკმელები ამ ზედმეტი შაქრის გარეთ გამოაძევებას შეეცდება და ორგანიზმი წყალსაც დაკარგავს.  ხშირია აზრი, იმის შესახებ, რომ საზამთრო თირკმელებს წმენდს. არადა,  თირკმელები კი არ იწმინდება, უბრალოდ მუშაობს, რომ ზედმეტი შაქარი გარეთ გამოაძევოს. თუ საზამთროს ცოტა მეტს შევჭამთ, შაქარი მთლიანად ვერ გამოიდევნება, ინსულინი მას უჯრედებში შეიტანს და თუ ვერ გავხარჯავთ, მაშინ ის ცხიმად გარდაიქმნება.

ანუ….საზამთრო  არ არის დიეტური პროდუქტი, მატყუარაა…

თუმცა,  200-300 გრამი ნორმალურ  დოზად ითვლება, ინსულინის მომატებას არ იწვევს და არ ასუქებს. თუ მეტის მირთმევა გნებავთ, მაშინ მოძრაობაა საჭირო, რათა კუნთმა მიღებული შაქარი დაწვას.

სხვა თემაა საზამთროს კურკა. გახსოვთ, თენგიზ ჩანტლაძის ერთი სკეტჩი, როგორ ოცნებობდა შეერთებინა საზამთრო ბუზებთან, რათა გაჭრის შემდეგ ყველა კურკა ერთიანად გაფრენილიყო. თუმცა, არც ასე მარტივად არის საქმე.  კურკაში განსაკუთრებით ბევრია მაგნიუმი. მაგნიუმის გარეშე ძვლოვან ქსოვულში კალციუმი ვერ შეითვისება. ძვალში არსებული ოსტეოკლასტები ძვალს შლიან, ოსტეობლასტები კი აღადგენენ, ოღონდ ისინი მაგნიუმის იონით აქტიურდებიან. ეს იონი ნახშირწყლების მიმოცვლაში მონაწილე ფერმენტების გასააქტიურებლადაც აუცილებელია. საზამთროს კურკის ჭამას არავინ გვავალდებულებს, თუმცა მისგან ე.წ. ბიოაქტიურ დანამატებს ამზადებენ, რომლის მიღებაც ზემოთ აღწერილ პროცესებს ასტიმულირებს.

აი, ასეთია საზამთროს ე.წ. ორი მხარე, სასარგებლოც და გადაჭარბების შემთხვევაში, საზიანოც. მე მაინც მიყვარს და სიამოვნებით მივირთმევ.

ოღონდ…

წელს საზამთრო ვერ ვჭამე. მცდელობა მქონდა, მაგრამ ყველა უიღბლო აღმოჩნდა. ჯერ იყო და თბილისში შევიძინე, სულ სხვადასხვა ადგილას. გავჭერი და ყველაფერი ერთად დამხვდა: ფუყე, დუნე, ჭრელი გული, არაფრის გემოთი. ავდექი და გადავყარე. გადავწყვიტე სოფელში წასვლამდე მომეცადა, იქ მაინც ვიყიდი ნაღდ, გემრიელ, წვნიან და მაღალი გლიკემიური ინდექსის (ანუ, ტკბილ) საზამთროს თქო.

ჩემი სოფლის მახლობელ სხვა სოფელში  ყოველ კვირა დილით ბაზარი იმართება. დილის ექვსი საათიდან იკრიბებიან და თორმეტზე ფაქტიურად ყველაფერი დაშლილია. ჰოდა, სისხამ დილით მე და მეზობელი წავედით. ამ ბაზარში ბავშვობის შემდეგ აღარ ვყოფილვარ და მეგზური  ნამდვილად მჭირდებოდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შესასვლელთანვე ერთი ყუთი გასაყიდად გამოყვანილი იხვის ჭუჭული დავინახე და სულ გადამავიწყდა, ბაზარში რისთვის მივედი. ყველა პატარა იხვი ყუთიდან სათითაოდ ამოვსვი, მივეფერე და გამძლეობა უსურვე.

შემდეგ, პროდუქტები შევიძინე და სახლში კმაყოფილი დავბრუნდი. მოგვიანებით კი აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი მწარე მიყიდია. მწარე კიტრი, მწარე პომიდორი, მწარე ნესვი და მწარე საზამთრო. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ მწარე, შიგნიდან დუნე, ფუყე და მოთეთრო მოყვითალოც იყო.

რის გამო? ზედმეტი ნიტრატების გამო.

ზომიერების ცოდნა დიდი ნიჭია. ამასვე წერდა ავიცენა თავის სამედიცინო ტრაქტატში, პარაცელსი საუკუნეების შემდეგ ეთანხმებოდა და იგივეს დაუზარებლად ვწერ მეც. სამწუხაროდ, ბევრმა ეს არ იცის, ამიტომაც პრინციპით „რაც მეტი, მით უკეთესი“, აყრის და აყრის მოსავალს პესტიციდებს. საინტერესოა, ეს უგუნურობით მოსდის და თავის ოჯახსაც იგივეს აჭმევს?… თუ, ბანალურ ბოროტებასთან გვაქვს საქმე და ნიტრატიან ხილ-ბოსტნეულს მხოლოდ სხვებსა აყიდებს, თავად კი თავისთვის მოწეულ სუფთა პროდუქტს გეახლებათ?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ზრდასრული  ადამიანის ორგანიზმში ნიტრატის ნორმაა დღეში 500მგ, ზევით უკვე ტოქსიკურია. ჩვილი ბავშვისთვის დღეში 10მგ ნიტრატი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.

სახლის პირობებში საზამთროში ნიტრატის აღმოსაჩენს ერთ მარტივ ტესტს გვთავაზობენ. საზამთროს ნაჭერს ვაგდებთ წყლიან ჭიქაში, მოურევთ. თუ წყალი გაწითლდა ნიტრატიანია, თუ ვარდისფერი დარჩა,  ჭამა შეიძლებაო. ჩემი მხრიდან იმასაც დავამატებ, რომ თუ საზამთრო შიგნით საეჭვოდ აჭრელებულია, სითეთრეები ჭარბობს და მწარეა,  ნიტრატიანია და ეგ არის.

ნიტრატ იონების (და არა მხოლოდ) აღმოჩენა გაკვეთილზე შეგვიძლია გავაკეთოთ.

ცდა #1

ჭურჭელი და რეაქტივები: საათის მინა; დიფენილამინის 1 M ხსნარი; კონც. გოგირდმჟავა; პიპეტები; საკვლევი მასალა.

საათის მინაზე დააწვეთეთ დიფენილამინის 1 M ხსნარის სამი წვეთი, კონც. გოგირდმჟავას ხუთი წვეთი და საკვლევი ხსნარის რამდენიმე წვეთი. ნიტრიტ და ნიტრატ იონების არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება მუქი ლურჯი შეფერილობა.

ფერის ინტენსივობის მიხედვით ნიტრატ იონების რაოდენობაზე შეგვიძლია ვისმჯელოთ.

ცდა #2

ჭურჭელი და რეაქტივები: საკვლევი ხსნარი; 10%-იანი გრისის რეაქტივი; 12%-იანი ძმარმჟავა; წყლის აბაზანა. ქიმიური ჭურჭელი.

საკვლევი ხსნარის 10 მლ-ს დაუმატეთ  1მლ ხსნარი, რომელიც 10%-იანი გრისის რეაქტივის და 12%-იანი ძმარმჟავასგან შედგება. გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 70-80 C0-მდე.  ნიტრატ იონების არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება ვარდისფერი  შეფერილობა. გრისის რეაქტივი ორი ხსნარისგან შედგება.  პირველი: 0,5გ სულფანილის მჟავა გაცხელებით გავხსნათ 50მლ 30%-იან ძმარმჟავას ხსნარში;

მეორე: 0,4გ α-ნაფტილამინი გაცხელებით გავხსნათ 100 მლ გამოხდილ წყალში . ოდნავ გავაციოთ და დავუმატოთ 6მლ 80%-იანი ძმარმჟავა.

ცდა #3

ჭურჭელი და რეაქტივები:საკვლევი ხსნარი; ნატრიუმის ტუტის 5% ხსნარი; თუთიის ფხვნილი; დისტილირებული წყალი. ინდიკატორის ქაღალდი; სპირტქურა.

საკვლევი ხსნარის 10 მლ-ს დაუმატეთ  10-15 წვეთი ნატრიუმის ტუტის ხსნარი. დაუმატეთ 25-50მგ თუთიის ფხვნილი. მიღებული ნარევი გააცხელეთ. ნიტრატები ამიაკამდე აღდგებიან. სარეაქციო არეში შევიტანოთ დისტილირებულ წყალში დასველებული ინდიკატორის ქაღალდი. თუ ამიაკი მართლაც გამოიყოფა, ქაღალდი გაწითლდება.

ცდა #4

ჭურჭელი და რეაქტივები: საკვლევი ხსნარი- სუპერფოსფატი, ნატრიუმის ნიტრატი. სპილენძის ფირფიტა; კონც. გოგირდმჟავა. ნატრიუმის ტუტის კონც.  ხსნარი; ვერცხლის ნიტრატის 1M ხსნარი; დისტილირებული წყალი. ინდიკატორის ქაღალდი; სპირტქურა. ორი  სინჯარა, ორი ქიმიური ჭიქა, ორი  მინის წკირი.

მინერალური სასუქების შემადგენლობის გამოცნობა მათში შემავალი იონების თვისებით რეაქციებს ეფუძნება. ნატრიუმის ნიტრატში  ნატრიუმის იონის განსაზღვრა ხდება ნიტრატის ურთიერთქმედებით კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან და სპილენძთან. სინჯარაში მოვათავსოთ მცირე რაოდენობით ნატრიუმის ნიტრატის 1M ხსნარი, დავამატოთ კონც. გოგირმდმჟავას ტოლი რაოდენობა და ჩავაგდოთ შიგნით სპილენძის მცირე ზომის ფირფიტის ნაჭერი. გავაცხელოთ. გამოიყოფა აზოტის დიოქსიდის ყავისფერი აირი.

სუპერფოსფატი შეიცავს კალციუმის დიჰიდრო ფოსფატს. მოვამზადოთ სუპერფოსფატის ნაჯერი ხსნარი და მის 10მლ-ს დავამატოთ ვერცხლის ნიტრატის 1M ხსნარის იგივე რაოდენობა. გამოიყოფა ვერცხლის ფოსფატის ყვითელი ნალექი.

ცდა #5

ჭურჭელი და რეაქტივები: საკვლევი ხსნარი-ამონიუმის სულფატი, სუპერფოსფატი, ნატრიუმის ნიტრატი, სილვინიტი (კალიუმის ქლორიდი); სპილენძის ფირფიტა; კონც. გოგირდმჟავა. ნატრიუმის ტუტის კონც.  ხსნარი; ვერცხლის ნიტრატის  1M ხსნარი; დისტილირებული წყალი. ინდიკატორის ქაღალდი; სპირტქურა. ოთხი სინჯარა, ოთხი ქიმიური ჭიქა, ოთხი მინის წკირი.

 

ავიღოთ ოთხი ჭიქა და შიგნით მინერალური სასუქები მოვათავსოთ: ამონიუმის სულფატი, სუპერფოსფატი, ნატრიუმის ნიტრატი, სილვინიტი (კალიუმის ქლორიდი). ჩვენი მიზანია, გავიგოთ, რომელ ჭიქაში, რომელი სასუქია. ავიღოთ ოთხი სინჯარა და პირველი ქიმიური ჭიქიდან (სადაც ჩვენთვის უცნობი სასუქია) ჩავასხათ 5-5მლ საკვლევი ხსნარი. პირველ სინჯარას კონც. გოგირმდჟავა დავამატოთ  და სპილენძის ნაჭერი ჩავაგდოთ. რეაქცია არ მიდის, რაც ნიშნავს, რომ ხსნარში ნიტრატ იონები არ არის. მეორე სინჯარას ბარიუმის ქლორიდის ხსნარი დავამატოთ. გამოიყოფა თეთრი ფერის ნალექი, რაც ნიშნავს, რომ საკვლევ ხსნარში სულფატ იონები არის. მესამე სინჯარას დავამატოთ ნატრიუმის ტუტის ნაჯერი ხსნარი და სპირტქურაზე გავაცხელოთ. სინჯარის ზედაპირზე მივიტანოთ გამოხდილ წყალში დანამული უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდი, რომელიც გალურჯდება. ეს ნიშნავს, რომ ამიაკი გამოიყოფა. მეოთხე სინჯარას დავამატოთ ვერცხლის ნიტრატის ხსნარი, ცვლილება არ შეინიშნება. ეს ნიშნავს, რომ საკვლევ ხსნარში არც ქლორის იონებია და არც ფოსფატ იონები. ამრიგად, ცდების მეშვეობით აღმოვაჩინეთ სულფატ და ამონიუმის იონები. ეს ნიშნავს, რომ პირველი საკვლევი ხსნარი-ამონიუმის სულფატია.

მეორე საკვლევ ხსნართან მიმართებაში ზუსტად ასევე გავიმეორებთ ცდებს. შედეგი იქნება მხოლოდ კონც. გოგირდმჟავას და სპილენძის ფირფიტის დამატებისას, გამოიყოფა აზოტის დიოქსიდის ყავისფერი აირი. ეს ნიშნავს, რომ მეორე საკვლევი ხსნარი-ნატრიუმის ნიტრატია.

მესამე  საკვლევ ხსნართან მიმართებაში ზუსტად ასევე გავიმეორებთ ცდებს. შედეგი იქნება მხოლოდ ბარიუმის ქლორიდის დამატებისას, რაც სულფატ იონების არსებობაზე მიანიშნებს. ასევე, დადებით სინჯს აჩვენებს ვერცხლის ნიტრატის დამატება. წარმოიქმნება ყვითელი ნალექი, რაც საკვლევ ხსნარში ფოსფატ იონების არსებობას ადასტურებს.  მესამე ჭიქაში სუპერფოსფატი ყოფილა.

მეოთხე საკვლევ ხსნართან მიმართებაში ზუსტად ასევე გავიმეორებთ ცდებს. შედეგი იქნება მხოლოდ ვერცხლის ნიტრატის  დამატებისას, გამოიყოფა თეთრი ხაჭოსებრი ნალექი. ეს ნიშნავს, რომ მეოთხე საკვლევი ხსნარი-კალიუმის ქლორიდი, ანუ სილვინიტია.

წელს საზამთრო ვერ ვჭამე… ჰოდა, ჩვენს ძვირფას ფერმერებს მინდა მივმართო:

 

-შეეშვით სასუქებთან თამაშს და აგვიხსენით, რა დაგიშავათ საზამთრომ?!…

 

 

 

 

 

ჩაღრმავებული კითხვის მეთოდი

0

ტექსტის თავდაპირველი დამუშავება ბავშვებისთვის საკმაოდ რთულია. კითხვა გაგრძელებებით, ერთობლივი, ინდივიდუალური, ორიენტირებული კითხვა – მეთოდები მრავალფეროვანია, თუმცა მაინც რჩებოდა ბუნდოვანი საკითხები გაგება-გააზრებისთვის. ასე იყო ჩემს ორ მეხუთე კლასთანაც, სანამ ჩაღრმავებული კითხვის მეთოდს აღმოვაჩენდით.

რა არის ჩაღრმავებული კითხვის მეთოდი?

ეს არის მეთოდი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა მოთხრობების დაწვრილებითი შესწავლისთვის. მეთოდის არსი შემდეგია – ტექსტს ვკითხულობთ სამჯერ, ყოველი წაკითხვისას კი მიზანი სხვადასხვაა.

პირველი წაკითხვისას ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ შინაარსზე: სად ხდება მოქმედება, ვინ არიან პერსონაჟები, ვიმახსოვრებთ გეოგრაფიული ადგილების სახელებს.

მეორე წაკითხვისას გვაინტერესებს მხოლოდ ნაწარმოების მხატვრული მხარე: მხატვრული ხერხები, ფრაზეოლოგიზმები, უცხო და საინტერესო სიტყვები, ავტორის ტონი, მისთვის დამახასიათებელი ხელწერა.

მესამე წაკითხვისას კი ვაკვირდებით ნაწარმოების მთავარ იდეას, სათქმელს, პარალელს ვავლებთ სხვა ტექსტებთან, პირად გამოცდილებასთან.

რა საერთო შეიძლება ჰქონდეს შოკოლად „სნიკერსს“ ამ მეთოდთან?  ბავშვების საყვარელ ტკბილეულთან პარალელის გავლება უფრო გასაგებს ხდის მეთოდის მიზანს. „სნიკერსის“ შიგთავსი შედგება მიწისთხილის, კარამელისა და შოკოლადისგან, შესაბამისად, ის პირველ წაკითხვას ჰგავს. შოკოლადის შესაფუთი ქაღალდი მოთხრობის მხატვრულ მხარეს გვაგონებს, რადგან არასდროს აგვერევა სხვა ტკბილეულში. „სნიკერსით“ პირის ჩატკბარუნება კი ტექსტის მესამე წაკითხვის ფაზასთან გავათანაბრეთ.

სასურველია, თავდაპირველად მასწავლებელმა რამდენიმე გაკვეთილი ხმამაღალი ფიქრის მეთოდის გამოყენებით თავად წაიკითხოს და გზა გაუკვალოს მოსწავლეებს, სანამ ტექსტს დამოუკიდებელად გაართმევენ თავს.  შესასწავლიტექსტს ვაკრავთ დაფაზე და ხმამაღლა ვიწყებთ კითხვას, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახმიანებთ ფიქრებს, ვუღრმავდებით ყოველი წაკითხვისას აღმოსაჩენ საკითხებს. მოსწავლეებიც ჩვენთან ერთად კითხულობენ. მომარჯვებული გვაქვს ფერადი ფანქრები, მარკერები, კალმები – ვხაზავთ შესაბამის ფაქტებს და ვაკეთებთ ჩანიშვნებს. შესაძლებელია, პირველი და მეორე წაკითხვისას მოსწავლეებთან ერთად კითხვა, მესამე ეტაპზე კი – ტექსტთან ბავშვების მარტო დატოვება.

რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მეთოდით მუშაობისას?

  1. ტექსტი უნდა იყოს მცირე მოცულობის, მაგალითად, რევაზ ინანიშვილის „მუხა“, „გახარებული მზე“, ერთი კონკრეტული თავი საბავშვო ლიტერატურიდან;
  2. მეთოდისთვის აუცილებელია წყვილი გაკვეთილი;
  3. სასურველია, მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაოთ ნიშანთა სისტემა, რომელთაც კითხვისას გამოვიყენებთ;
  4. მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად;

 

 

ჩემს პრაქტიკაზე დაკვირვებით, ჩაღრმავებული კითხვის მეთოდით დამუშავებული ტექსტები საუკეთესო გზაა მრავალფეროვანი დავალებებისთვის. მოსწავლეებს უადვილდებათ ნებისმიერი დავალების შესრულება, რადგან მათთვის გასაგები ხდება მხატვრული ტექსტის ყველა ნიუანსი. აღსანიშნავია ისიც, რომ კითხვის ამგვარი მეთოდით თითოეული მოსწავლე უკეთესად იგებს და იაზრებს ტექსტს, გაწაფული კითხვის რა ეტაპზეც არ უნდა იყოს ის. ამასთანავე, მასწავლებლისთვის დიდი სიამოვნებაა ბავშვების მიერ გამოყენებულ ნიშანთა სისტემაზე დაკვირვება.

წლის ბოლოს მეხუთე კლასში ჩავატარე გამოკითხვა. ერთი კითხვა ეხებოდა ქართულის გაკვეთილზე გამოყენებულ მეთოდებს. უნდა დაესახელებინათ, ყველაზე მეტად რომელი მეთოდი უყვართ. ოთხმა მოსწავლემ ჩარღმავებული კითხვის მეთოდი დაასახელა იმიტომ, რომ მოთხრობას ვუღრმავდებით, ტექსტს კარგად ვეცნობით და ბევრს ვკითხულობთო.

 

 

 

ჩაღრმავებული მეთოდის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეო სესიებს პორტალზე „kargiskola.ge”

 

ბიჭი საზღვართან

0

მოზარდობის ხანა ხილულ თუ უხილავ საზღვრებთან სახიფათოდ მიახლოებისა და სხვადასხვაგვარად დაშორების მუდმივი მონაცვლეობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდილება ყველას წარსულის ნაწილია. აქ ახალი არაფერია. გამუდმებით ზღვარზე ყოფნა, შესაძლებლობების ამოწურვის ალბათობის ბოლომდე გაცნობიერება, უკანასკნელი ძალის დახარჯვა წონასწორობის შესანარჩუნებლად – ზოგს ასეთი ხვედრიც რგებია, თუმცა ჩვენ გარშემო – იშვიათად. ასეთი ამბები უფრო გადმოცემით ვიცით, წაგვიკითხავს, კინოში გვინახავს.

ისე მოხდა, რომ საუკუნეთა მიჯნაზე გადაღებული და მრავალ კინოფესტივალზე დაჯილდოებული ირანული ფილმი „მთვრალი ცხენების დრო“, რომლის რეჟისორიც ქურთული წარმოშობის ბაჰმან გობადია, მხოლოდ ახლა ვნახე. დარწმუნებული არ ვარ, სწორად თუ დავწერე რეჟისორის გვარი – ვფიქრობდი, იქნებ სულაც ღობადია-მეთქი. ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს არაპროფესიონალი მსახიობები – ბავშვები – წარმოუდგენელი ოსტატობით ასრულებენ, იმ სულისშემძვრელ სურათებს შორისაა, რომლებსაც ვერაფრით დაივიწყებ. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, აუცილებლად გემახსოვრება ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმა“ და მისი მთავარი გმირის სახე, გამოხედვა, მოძრაობები… ამავეს თქმა შეიძლება, ისევ ირანულ კინოს რომ დავუბრუნდეთ, მაჯიდ მაჯიდის „ზეცის შვილებსა“ და „სამოთხის ფერზე“, სადაც ყველაფერი ასევე ბავშვების გარშემო ტრიალებს და მათი სახეების შემხედვარე, ხვდები, რომ დანარჩენს აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.

ბავშვებზე გადაღებული ფილმი, სადაც სენტიმენტალიზმისთვის უმცირესი ადგილიც კი არ დაუტოვებიათ – ასეთია ბაჰმან გობადის „მთვრალი ცხენების დრო“. ირან-ერაყის საზღვართან მდებარე სოფელში ბავშვები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ – ზრდასრულებივით შრომობენ, კონტრაბანდისტებს დაჰყვებიან სახიფათო გზაზე და მათთან ერთად ეზიდებიან სხვადასხვა საქონელს. თითქოს მთელი სოფელია ჩაბმული ამ უკანონო საქმიანობაში – თავის გატანის ერთადერთ გზად მძიმე ტვირთის თრევა ქცეულა. საზღვრისპირა ტერიტორიები კი დანაღმულია და ადამიანის სიცოცხლესაც ჩალის ფასი ადევს…

თორმეტი წლის დაობლებულ აიუბს და-ძმებზე ზრუნვა საკუთარ თავზე აუღია. არაფერს ერიდება, არც კონტრაბანდისტების საშიშ და საეჭვო წამოწყებებს უფრთხის – უმცროსი დისთვის რვეული აქვს საყიდელი, ავადმყოფ ძმას კი მკურნალობა სჭირდება. სხვა გზა არ დარჩენია – მუდმივად ირანსა და ერაყს შორის უნდა იაროს, დამქანცველი დღის ბოლოს, შიმშილისგან შეწუხებული,  უმცირეს ულუფას უნდა დასჯერდეს. ერთი შეხედვით, ზრდასრულივით დადინჯებულია, სოფლელი კაცებივით სერიოზული – სათავისოდ არაფერს ითხოვს, ბოლომდე და-ძმებისთვის იხარჯება. როგორც კი გაიფიქრებ, ღმერთო, ამას თორმეტი წლის ბავშვისა აღარაფერი სცხიაო, ცრემლებით სავსე მის თვალებსაც წააწყდები, მისი სასოწარკვეთის მოზიარე ხდები.

არა, მაყურებლისთვის გულის აჩუყება სულაც არ დაუსახავს მიზნად რეჟისორს.  შენც გულაჩუყებული კი არა, გამწარებული ხარ, მეტისმეტად გამწარებული, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა აქამდეც გქონდა ობოლი ბავშვების ყოფაზე, ირანის სოფლებზე, უწლოვანი გოგოების იძულებით გათხოვების ტრადიციაზე, ზოგადად, ადამიანების უსინდისობასა და არამზადობაზე. ფილმი კი მშვიდად მოგითხრობს საზღვრისპირა სოფლის ყოფაზე, გამოსავალის არარსებობაზე, ბიჭზე, რომელიც მაინც ჯიუტად ცდილობს ამ გამოსავლის პოვნას, რომელსაც მაინც სჯერა, რომ სრულიად შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს.

ცხენების ამბავი კი ასეთია: ზამთრის ყველაზე ცივ დღეებს რომ გაუძლონ, მათ არაყგარეულ წყალს ასმევენ და მერე მთვრალებსა და ტვირთაკიდებულებს ირან-ერაყის საზღვრისკენ მიერეკებიან ისინი, ვისთვისაც სასიკვდილო საფრთხე ყოველდღიურობად ქცეულა. ამ გაუბედურებულ ადამიანებზე ბევრსაც ვერაფერს ვიგებთ – ისინი მეორეხარისხოვან გმირებსაც კი არ წარმოადგენენ. უფრო მეოთხეხარისხოვანი ეთქმით. უმთავრესად ბავშვების სახეებს ვხედავთ, ბავშვების ხმები გვესმის, მათ ცხოვრებას ვადევნებთ თვალს და რაც უფრო უკეთ ვიხედებით მათ ყოველდღიურობაში, მით უფრო მეტად ვკარგავთ იმედს.

ბავშვები და ცხენები, რომლებსაც ასევე აიძულებენ სახიფათო გზაზე შედგომას, რომლებიც სხვის ნებას ემორჩილებიან, რომლებმაც უკანასკნელი ძალ-ღონის მოკრებით უნდა შეძლონ გადარჩენა…

ბაჰმან გობადის ფილმში ჩანს მასწავლებელიც, სოფლის ექიმიც, აიუბის ბიძაც, რომელსაც ცხრა შვილი ჰყავს მისახედი. ძნელია თქმა, შეუძლიათ თუ არა მათ იმაზე მეტი, რასაც აკეთებენ. სინამდვილე ისეთია, როგორიც არის. ჰიპოთეზების ადგილი კი ამ გაუსაძლის სინამდვილეში ნამდვილად ვერ იქნება – ვინ იცის, ვინ როგორ მოიქცეოდა ამგვარი უკიდურესი გაჭირვების დროს?

ირან-ერაყის საზღვარი შორსაა, მაგრამ მაგრამ სულ ახლოა აიუბის ფიქრიანი სახე, ცრემლმომდგარი თვალები, განწირული ყვირილი – რიგრიგობით რომ უძახის ახლად გათხოვილ დასა და უკურნებელი სენით დაავადებულ ძმას, რომლებიც სულ უფრო შორდებიან. ზამთრის პეიზაჟები, უმოწყალო სილამაზე.

 

 მოსწავლეთა ინტერესის მართვის პრაქტიკული ასპექტები   

0

ინტერესი რისამე გაგების, გაცნობის, შესწავლის სურვილი,  მიზანი, მისწრაფება და  მოთხოვნილებაა, რომელიც  უზრუნველყოფს პიროვნების ჩართულობას შემეცნების პროცესში. ეს ინსტინქტია, რომელიც გარკვეულ მომენტში აღძრავს კონკრეტული საქმიანობის სურვილს, რომლის დაკმაყოფილებისას ინტერესი კიდევ უფრო ღრმავდება და  ახალი ინტერესებს წარმოშობს, ამიტომ რაც უფრო მძაფრია ინტერესი, მით უფრო მეტად ინტენსიურად ცდილობს ადამიანი მის დაკმაყოფილებას, მით მეტად აქტიურადაა ჩართული ინტერესის დაკმაყოფილებისა და საინტერესოს შემეცნების პროცესში.

ზოგადად ინტერესი რამდენიმე სახისაა:

  • უშუალო, პირდაპირი ინტერესი, რომელიც გამოწვეულია ობიექტის გარეგნული იერ-სახით;
  • და არაპირდაპირი ინტერესი, რომლის დაკმაყოფილებისთვის გარკვეული საქმიანობის გაწევაა საჭირო.

უშუალო და არაპირდაპირი ინტერესი შეიძლება დაიყოს:

უშუალო – როდესაც ინტერესი მიმართულია თავად საქმიანობის პროცესზე, შემოქმედებაზე, რომლის მიზანია რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილება;

არაპირდაპირი – როდესაც ინტერესს იწვევს საქმიანობის შედეგები: განათლების ცენზი, პროფესიის შეძენა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ანუ ერთგვარად  ცხოვრებისეული მოთხოვნილებები.

ინტერესში შეიძლება გამოიყოს:

  • პასიური, ანუ განსჯის, დაფიქრების პერიოდი;
  • აქტიური – ქმედების პერიოდი.

მასშტაბის მიხედვით ის შეიძლება იყოს:

  • ფართო – როდესაც ბევრია დაინტერესებული ღრმად გაიაზრონ რაიმე;
  • ვიწრო – რომლის საფუძველია  უბრალო ცნობისმოყვარეობა.

სიღრმის მიხედვით:

ღრმა – როდესაც ადამიანი მიისწრაფვის ღრმად „შეიჭრას“ საგნის შიგნით მის შესამეცნებლად;

ზედაპირული –  როდესაც ინტერესი ზერელეა;

სამყაროს, სიმტკიცის მიხედვით ინტერესი შეიძლება იყოს:

მდგრადი – როდესაც ხდება საკუთარი როლის გაცნობიერება და აღიარება, რომ ამის გაკეთება (ინტერესის დაკმაყოფილება) აუცილებელი და საჭიროა;

არამდგრადი – ის, რაც მდგრადის საწინააღმდეგოა (ის დამახასიათებელია მოზრდილებისა და ბავშვებისთვის).

გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი მრავალგვარია, თავის მხრივ, წარმოიშობა ინტერესის კატეგორიის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნილება. ასეთ შემთხვევაში ადვილია ინტერესთან დაკავშირებული ყველა სფეროს საქმიანობა, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემის, რადგან განათლება უპირველეს ყოვლისა მიმართულია პიროვნების განვითარებისკენ, მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების გააქტიურებისკენ, დამოუკიდებელი მუშაობის მეთოდების ათვისებისკენ, თვითკონტროლისკენ, სწავლის აქტიური ფორმების და მეთოდების გამოყენებისკენ, რომელიც შესაბამისი ინტერესების გარეშე ვერაფრით მიიღწევა.

მოსწავლეთა ინტერესი ძალიან მრავალგვარია, რომელთა ზოგადი  კლასიფიკაცია შემდეგი პრინციპის მიხედვით ხდება. მათ აინტერესებთ:

  • შინაარსი (რისკენაა მიმართული);
  • მატერიალური სარგებლიანობა;
  • საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათი;
  • პროფესიული და შრომითი საქმიანობა;
  • შემეცნებითი ფორმა – სასწავლო, სპეციალური, სამეცნიერო;
  • ესთეტიკა;
  • მკითხველი;
  • სპორტი და
  • ა.შ.

ინტერესის  ეს ნიშნები  იჭრება ერთმანეთში და ერთ მთლიან სისტემას ქმნის, რომლის საერთო მიზანი შემეცნებითი პროცესის – ინტერესის დაკმაყოფილებას – ემსახურება.  მაგრამ თუ გარემომცველი სამყაროდან ადამიანი  ირჩევს  არა ყველა ობიექტს, არამედ მხოლოდ მას, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ „მნიშვნელოვანი“  და „საჭირო“  მხოლოდ  ინტერესის ფორმაა  მოსწავლისთვის, რადგან შემეცნებითი ინტერესი გაცილებით ღრმაა და ის პიროვნების შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებაა. მისი ფასი ის გახლავთ, რომ პიროვნება ინტელექტუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ის ელოდება ახალს, ინტელექტუალურ სიხარულს, წარმატებას. შეუძლებელია ადამიანის შემეცნებითი ინტერესის გარეშე  პიროვნული განვითარება.

 

შემეცნებითი ინტერესის გაღვივება მოსწავლეებში სხვადასხვა კუთხით შეიძლება გამომჟღავნდეს. პედაგოგიკის თეორიაში ძირითადად მითითებულია, რომ ის წარმოადგენს მოსწავლის შინაგან სტიმულს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული მისი აქტიურობა, მასწავლებელს მისი დახმარებით ადვილად შეუძლია მოსწავლის მოტივირება, სწავლის  შედეგების ამაღლება, სწავლებაში იმ ასპექტების გამოყოფა, რომელსაც შეუძლია მოსწავლის ყურადღების მიპყრობა და აზროვნების გააქტიურება.

მეტწილად მოსწავლეთა  ინტერესის ფორმირება ორ საკითხს უკავშირდება:

  1. მოსწავლის შემეცნებით სამყაროზე მეცნიერების მიღწევათა ასახვას, მის მიმართ ინტერესის გამოხატვას;
  2. ცოდნის შეძენის პროცესში მხარდაჭერას, სწავლისა და ცოდნის შეძენის მიმართ დამოკიდებულების განმტკიცებას, რომელიც აღუძრავს მოსწავლეს ცოდნის დაუფლების სურვილს.

ძირითადად მოსწავლის შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილება  ხდება:

  • სახელმძღვანელოების შინაარსით;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებით;
  • მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციური პროცესით.

ეს დეტალები  სტიმულების  ფართო სპექტრს წარმოშობენ,  ავითარებენ ინტერესს და ხელს უწყობენ მის დაკმაყოფილებას. მაგრამ არის ინტერესის გაზრდის კიდევ ერთი  საინტერესო გზა,  როგორიცაა ისეთი გაკვეთილზე სიტუაციების შექმნა, რომელიც მოსწავლეს  საშუალებას მისცემს:

  • გამოხატოს საკუთარი აზრი;
  • დარჩეს საკუთარ აზრზე;
  • მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებსა და განხილვებში;
  • დაუსვას შეკითხვები თანაკლასელებს და მასწავლებელს;
  • გააკეთოს რეცენზია თანაკლასელის ნაშრომზე, მიიღოს მონაწილეობა მათ სწავლა/სწავლებაში;
  • აუხსნას შედარებით სუსტ მოსწავლეებს მათთვის გაუგებარი ადგილები სახელმძღვანელოს ტექსტიდან;
  • მოიძიოს დავალების შესრულების  ალტერნატიული გზა;
  • შეასრულოს შემეცნებითი ხასიათის დავალება და გადაჭრას პრობლემა;
  • შეაფასოს საკუთარი თავიც და სხვებიც;
  • გამოიყენოს სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნიკური საშუალებები.

ინტერესის გამოხატვის სხვადასხვა დონე არსებობს, რომლის მიხედვით მასწავლებელს შეეძლება თვალი ადევნოს მოსწავლის განვითარებას, რამდენადაც დაინტერესება სწავლის შედეგის პირდაპირპროპორციულია.

ინტერესის გამოხატვის I დონეა, როდესაც მოსწავლე ცდილობს დაიმახსოვროს, გაიგოს და გამოიყენოს ცოდნა, დაეუფლოს მისი გამოყენების გზებს. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის „არამდგრადობა“, როდესაც მოსწავლე არ ინტერესდება ცოდნის სიღრმით და არ იყენებს შეკითხვის ტიპს: „რატომ?“

ინტერესის გამოხატვის II დონეა, როდესაც მოსწავლე მიისწრაფვის შესწავლილი მასალის გამოვლენისკენ, როდესაც გამოხატავს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების სურვილს, აკეთებს შედეგების ინტერპრეტაციას. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის მკვეთრად გამოხატული „მდგრადობა“, როდესაც მოსწავლე ცდილობს, მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე, არ უშინდება სიძნელეს და ეძებს პრობლემის გადაწყვეტის გზას.

III  დონეა  – შემოქმედებითი ეტაპი, როდესაც მოსწავლის ინტერესი  არამარტო უბრალოდ იჭრება მოვლენათა „სიღრმეში“, არამედ ის ცდილობს ამ მიზნით ახალი საშუალებების მოპოვებას.  ამ ეტაპზე ინტერესის ყველა თვისება ჯაჭვური რეაქციის სახით გამოვლინდება და მოსწავლის  წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი ცოდნის სინთეზის ეტაპად გარდაიქმნება.

 

მაგრამ ერთია მოსწავლის ინტერესის გამოწვევა გაკვეთილზე და მეორეა მისი განვითარება, რომლისთვისაც მასწავლებელმა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები და ფორმები უნდა გამოიყენოს.  ამ დროს, ცხადია, გათვალისწინებულია   სწავლების შინაარსი, თემის შინაარსი, აქტუალურობა და ასაკობრივი თავისებურებები.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში გამოვყოფდი შემდეგ მიმართულებებს:

  • სახელმძღვანელოსთან მუშაობას (ესაა პროცესი ტექსტის კითხვიდან და ელემენტარულ კითხვებზე პასუხების ძიებიდან გაკვეთილის დიდი ნაწილის დამოუკიდებლად შესწავლამდე);
  • სამუშაო რვეულების წარმოებას (საშინაო დავალებების აუცილებლად შემოწმება);
  • წყაროებზე მუშაობას (პროცესი ისტორიულ წყაროების ანალიზიდან პროდუქტიული, შემოქმედებითი დავალებების დამოუკიდებლად შესრულებამდე);
  • დავალებების შესაბამისი მოსწავლეთა ორგანიზაციის ფორმას (ინდივიდუალური და ჯგუფური);
  • ისტორიის შესწავლის სხვადასხვა ხერხების და გზების გამოყენებას (წყაროზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები) და ა.შ.

მოსწავლეთა ინტერესის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება დაწყებითი საფეხურის  V-VI კლასებში და მომდევნო საფეხურის – საბაზო – საწყის ეტაპზე. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ამ პერიოდებში მოსწავლეებს შეუნარჩუნდებათ ისტორიის მიმართ ინტერესი, ის გაჰყვებათ მომდევნო საფეხურზეც.

პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე V-VI-VII კლასებში ინტერესის განვითარებისკენ მიმართული პრაქტიკული საგაკვეთილო საქმიანობა და ინტერესის მართვის სტრატეგიები  ასეთი სურათს გვაძლევს:

 

V კლასი VI კლასი VII კლასი
– გაკვეთილის  ტექსტის უმეტესი  ნაწილის წაკითხვა და შემეცნებითი ხასიათის  კითხვებზე პასუხის გაცემა;

–  სავარჯიშოების შესრულება, როგორიცაა: სურათის აღწერა, კროსვორდების შევსება, ჩანახატების წარმოდგენა და სხვ.

– სხვადასხვა სახის პრეზენტაციის მომზადება, მაგალითად, „ჩემი მშობლიური მხარე“, „ჩემი საყვარელი დასვენების ადგილი“ და ა.შ.

– ფიზიკურ და სხვ. სახის რუკებზე მუშაობა და დასახელებული ობიექტების მოძებნა;

– თამაშის გამოყენება გაკვეთილზე;

– წერილობითი და ნივთიერი წყაროების გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

– გაკვეთილის ტექსტზე მუშაობა და ტექსტის ბოლოში დასმულ შეკითხვებზე  პასუხი;

– მოთხრობების შედგენა სახელმძღვანელოს სურათების მიხედვით;

–         და ა.შ.

–  გაკვეთილის თითქმის ½ -ის დამოუკიდებლად სწავლა;

– მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება და სინქრონიზება;

– დრო რომ არ დაიკარგოს, თანაკლასელების პასუხის დროს დანარჩენებს  შეუძლიათ სამუშაო რვეულებში მუშაობა;

– შედარებების  გაკეთება (ცხრილები), გეგმების მომზადება  – ჯერ მარტივი გეგმების, შემდეგ, წლის ბოლოს –  რთულზე მუშაობა;

– მუშაობა ისტორიულ პერსონალიებზე;

– მოთხრობების შედგენა სხვადასხვა თემაზე, ისტორიული მოვლენების მოდელირება;

– გენეალოგიური ცხრილების მომზადება;

– ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებებისა და თარიღების  ამოწერა;

– მასწავლებლის მონათხრობის მიხედვით მოთხრობის შედგენა.

 

– გაკვეთილის  დიდი  ნაწილის  დამოუკიდებლად სწავლა;

– სამუშაო რვეულების დამოუკიდებლად წარმოება;

– სხვადასხვა გეგმისა  და ცხრილის შედგენა;

– დავალებების დამოუკიდებლად არჩევა;

– ისტორიული რუკებისა და წყაროების  ერთმანეთთან და  ისტორისკოსთა შეხედულებებთან  შედარება;

– შემოქმედებითი დავალებების შესრულება, ჯგუფური მუშაობის ფორმების მოძიება;

– ზეპირი პრეზენტაციის მომზადება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

 

 

სწორად წარმართული სასწავლო პროცესი,  სათანადო მეთოდური მიდგომები  და მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე და მოტივაციაზე ორიენტირებული სწავლება  თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების ადეკვატური და წარმატებული შედეგების მანიშნებელია.

 

პროსპერ ალპანუსი

0

მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი მწერალი, ერნსტ თეოდორ ჰოფმანი თავისი ეპოქის ავტორებისაგან ევროპული მითოლოგიისა და ფოლკლორის განსაკუთრებული, თანაბარი ცოდნით გამოირჩეოდა. რომანტიკოსი ცდილობდა, რომ ნაწარმოებებში ახალი საქმე გამოენახა ძველი ჯადოქრებისა და ფერიებისთვის, ტყის სულებისა და ჯუჯებისთვის, ურჩხულებისა და უცნაური მცენარეებისთვის. საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც კარგად იცნობენ მისი შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პერსონაჟს, პატარა ცახესს. პატარა ცახესი გონჯი ქონდრისკაცია. მას შეუძლია, რომ ხალხს ოსტატურად მოაჩვენოს სხვისი სიკეთე საკუთარ დამსახურებულ უპირატესობად. ერთხელ ჩემ თვალწინ ლატვიის დედაქალქში გაბრაზებულმა ჩინელმა პატივმოყვარე უელსელი, მის დაშოშმინებლად, ჰოფმანის კაცუნას სახელით მოიხსენია. აზიელმა თავის მიზანს წარმატებით მიაღწია. გლობალური მნიშვნელობის პერსონაჟების გარდა, გერმანელის ტექსტებში ვხვდებით ნაკლებად სახელმოხვეჭილ, მაგრამ გადამწყვეტი როლის შემსრულებელ გმირებსაც.

ჰოფმანის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და შთამაგონებელ სახედ დოქტორი პროსპერ ალპანუსი შეგვიძლია მივიჩნიოთ. დოქტორი ალპანუსი კეთილი ჯადოქარია. არაორდინარული ქცევების გამო მის შესაძლებლობებში ბევრს ეპარება ეჭვი. ბევრს ვერ გაუგია, ბევრს ვერ აუხსნია, თუ რატომ შრომობს უსათნოესი კაცი საერთო საქმისთვის. მოხუცი უგუნური, გაუაზრებელი, თავსმოხვეული, სუპერრაციონალური და ჰუმანიზმისგან დაცლილი ფსევდოგანმანათლებლობის წინააღმდეგ მებრძოლი პოეტების მთავარი შემწე და ქომაგია. იგი მთელ თავის ძალას ხარჯავს იმისთვის, რომ ცახესის დამარცხებაში დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ შეუცნობელი, საკვირველი საიდუმლოების. პროსპერ ალპანუსი ბოროტებაზე გამარჯვების შემდეგ საკუთარ კერას უთმობს ქონდრისკაცის მძლეველ სტუდენტ ბალთაზარს და მის სატრფოს, თავად კი შორს მიდის ახალი სიბრძნეების შესასწავლად.

არ მჯერა, რომ პროსპერ ალპანუსის მსგავსი ფიგურები ჩვენს საუკუნეშიც არსებობენ. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ ოცდამეერთე საუკუნეშიც ცოცხლობენ ადამიანები, რომლებიც კეთილი დოქტორის მაგალითით იკვალავენ გზას.

რამდენიმე თვის წინ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანის შესახებ შევიტყვე. საქართველოში ძალიან ცოტამ იცის, თუ ვინ არის იორგ ჰენლე. იორგ ჰენლე უკვე ჭარმაგი გერმანელი იურისტია, რომელიც საქართველოს პირველად 90-იან წლებში ეწვია. ადგილობრივი ინტელექტუალების დამსახურებით მან ბევრი რამ შეიტყო კავკასიის რეგიონის შესახებ. ჰუმანისტი რეგიონში შექმნილმა უმძიმესმა ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ დააფიქრა და გადაწყვიტა, რომ საოჯახო ფონდ „ჰორიზონტის“ დახმარებით ხელი გაემართა ომებითა თუ ეთნიკური დაპირისპირებებით გატანჯული კუთხისათვის, კავკასიონის მთის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ხალხისათვის.

საუკუნეთა მიჯნაზე სახელგანთქმული ფონდების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებით, არჩევნების გამჭვირვალობის პრობლემებით, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლების დაფინანსებით იყო დაკავებული. ისინი ცდილობდნენ, რომ თავიანთი საქმიანობის შედეგად ძველი, საბჭოთა ნომენკლატურა მათი ხელშეწყობით დაწინაურებული პირებით ჩაენაცვლებინათ. ელიტათა რეკრუტირების იდეით შეპყრობილებს ბევრი რამ ავიწყდებოდათ, მაგალითად, პოსტკომუნისტურ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ბედი. სწორედ ამ პერიოდში, ჟურნალისტებისგან უჩუმრად ბ-ნი ჰენლე სვანეთის სოფლებში მოგზაურობდა და მესტიის მუნიციპალიტეტის უძველესი საყდრების შესახებ უმთავრესი ცნობების შეგროვებას ცდილობდა. მის არცერთ მოგზაურობას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1997-2005 წლებში იორგ ჰენლეს ხელმძღვანელობით ფონდმა „ჰორიზონტმა“ სვანეთის თოთხმეტი ეკლესიის (მათ შორის ლაღამი, ლატალი, კალა) რესტავრაცია დააფინანსა. სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროექტის საფუძველზე შესაძლებელი გახდა უნიკალური ფრესკებისა და ჯვარ-ხატების განადგურებისგან გადარჩენაც.

ილიას ეპოქის შესახებ ვიზუალური წარმოდგენის შექმნა ჩვენ დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების საშუალებით შეგვიძლია. წარმოშობით იტალიელმა ფოტოგრაფმა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ათასობით სურათი გადაიღო. ერმაკოვის ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კუთვნილების პირებიც და უძველესი არქეოლოგიური ობიექტებიც. 1997 წელს ჯანაშიას მუზეუმში ბ-ნი ჰენლეს დახმარებით შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია. ლაბორატორია აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით, ჯამაგირი დაენიშნათ ლაბორატორიის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირებს. ლაბორატორიის მუშაობის შედეგად მოხერხდა ერმაკოვის კოლექციის სრული რესტავრაცია-კონსერვაცია. უნიკალური გადარჩენილი ფოტომასალა „ჰორიზონტის“ დახმარებით მოწყობილ საცავებში დღემდე ინახება.

ბ-ნი ჰენლე და მისი ფონდი ოცი წელია ზრუნავს საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის „კავკასიური სახლის“ ფუნქციონირებაზე. მაშასადამე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გერმანელი იურისტი მონაწილეობდა ყურანის ქართული გამოცემის მომზადების, „ვეფხისტყაოსნის“ ორ უცხო ენაზე გამოცემისა და ორასზე მეტი სხვა წიგნის გამოქვეყნების პროცესში. იორგ ჰენლეს სახელს უკავშირდება სმირნოვების მუზეუმის რეაბილიტაცია, დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დღემდე მოქმედი საკვირაო სკოლის მოწყობა, კავკასიურ ენების შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება და ა.შ. კავკასიის დიდ ქომაგს არც სახლის აშენება დავიწყებია. დღეს რომ გალაკტიონის ქუჩაზე ქართველი მწერლებისა და პოეტებისთვის, მთარგმნელებისა და მეცნიერებისთვის, კავკასიელი და აღმოსავლელი ხალხებისათვის, ახალგაზრდა მკვლევრებისათვის მყუდრო, კეთილმოწყობილი შენობა დგას, ესეც ბევრისთვის უცნობი თავმდაბალი კაცის დამსახურებაა.

თუ კარგად მოიძიებთ იმასაც შეიტყობთ, რომ უკიდურესი გაჭირვებისა და სასოწარკვეთის წლებში ბ-ნი ჰენლეს გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ საქართველოს ორ სოფელში, შუაფხოსა და ნუკრიანში, სკოლების სარემონტო-სარაბილიტაციო სამუშაოებიც ჩატარდა.

რა აქვთ საერთო პროსპერ ალპანუსსა და ბ-ნ ჰენლეს?

ორივენი პოეტებსა და ხელოვანებს უმართავდნენ ხელს. ორივემ ააშენა სახლი, რომელიც ჰუმანიტარული აზროვნების მქონე ადამიანებისათვის თავშესაფრად იქცა. არცერთი მათგანი არ დაემორჩილა უგუნური მოდერნიზაციის იდეას, მათ თავიანთი ძალისხმევა მიმართეს საერთო კეთილდღეობისთვის და არა მორჩილთა არმიების შექმნისთვის. რიგითი ტექნოკრატები ორივე დოქტორს გაკვირვებული აკვირდებიან. გაკვირვებულებს ტანჯავთ შეკითხვები – რატომ უნდა აჩუქოს თავისი ქონება ჯადოქარმა სტუდენტს? რატომ უნდა იზრუნოს მდიდარმა გერმანელმა ადიღური ენის გადარჩენისთვის?

განათლება ადრეული ქორწინების წინააღმდეგ

0

„კიროვკას (მარნეული), ახლოლაღოს (მარნეული), ყარათაქლიას (გარდაბანი) სკოლებში აღნიშნეს, რომ მოსახლეობაში არის გოგონების სკოლაში გაშვების პრობლემა. პირველი ორი სკოლის შემთხვევაში, სკოლები ცხრაწლიანია და მეზობელ სოფლებში გაშვება არის პრობლემა. რეკომენდებულია განათლების სამინისტროს ჩარევა, პრობლემის შესწავლა და მშობლებთან მუშაობა კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით,“ – ასე იწყება ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მომზადებული თვისებრივი პრობლემებისა და რეკომენდაციების ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენციის“ შედეგად მომზადდა.

ორ ეტაპად განხორციელებულმა პროექტმა (მხარდამჭერები: პრეზიდენტის ფონდი და გაეროს მოსახლეობის ფონდი) ქვემო ქართლისა და კახეთის სკოლები მოიცვა. ორწლიანი მუშაობის შედეგებს პროექტის კოორდინატორი ნათია გვრიტიშვილი გვიყვება:

-ამ პროექტის ფარგლებში ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით უფროსკლასელების ტრენერებად „საფარმა“ 20 აზერბაიჯანელი ახალგაზრდა დაატრენინგა. ისინი 4+1 პროგრამით იყვნენ მომზადებულები და კარგად იცოდნენ როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული ენა. სწორედ მათ მივანდეთ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა. გვქონდა ბროშურები და ანუკ ბელუგას მიერ მომზადებული საინტერესო კომიქსები, რომლებიც ბავშვებს ძალიან მოსწონდათ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ტრენერები ადგილობრივი მოსწავლეებისთვის თავად წარმოადგენდნენ წარმატებულ მაგალითს. მათი შემხედვარენი თვითონაც ინტერესდებოდნენ, თუ სად შეეძლოთ სწავლის გაგრძელება, განათლების მიღება. ყველაზე მეტად ჩვენს სამიზნე აუდიტორიას უფლებებისა და ნაადრევი ქორწინების თემები აინტერესებდათ.

2017 წლის პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ ფარგლებში „საფარმა“, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 90 სკოლაში ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციის საკითხებზე მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეებთან იმუშავა. იმავე თემებზე „საფარმა“ ცნობიერების ამაღლების კამპანიაც აწარმოა.

-პროექტის დროს გამოიკვეთა, რომ ადრეული ქორწინებისგან თავდაცვის მექანიზმებზე სოფლებში აშკარად განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას. რით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?

-ჯერ ვიტყოდი, რომ ენის ბარიერი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა, მაგრამ სკოლებთან თანამშრომლობით კმაყოფილები დავრჩით. სკოლების მხრიდან ეს გამოიხატებოდა მოსწავლეთა სრულ მობილიზაციაში. შეხვედრებზე მასწავლებლებიც მოდიოდნენ. პროექტის პირველ ეტაპზე 200-მდე მასწავლებელსა და 2500-მდე მოსწავლეს შევხვდით.

2018 წელს „საფარმა“ პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლსა და კახეთში“ ფარგლებში ქვემო ქართლის 36 აზერბაიჯანულენოვან და კახეთის 8 სკოლაში მშობლებთან შეხვედრები გამართა. მათთან საუბარი ეხებოდა ადრეული ქორწინების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, მუნიციპალიტეტების როლს მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებაში, სამომავლო გეგმებს და სხვ.

შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ მოზარდებმაც და ზრდასრულებმაც არ იცოდნენ, რომ სრულწლოვანების ასაკი 18 წელია, რომ ადრეული ქორწინება კანონით არის დასჯადი, რომ მშობლებს არ აქვს უფლება ქორწინების დაძალების უფლება. ბევრმა არ ის იცოდა ვისთვის უნდა მიემართა კრიტიკულ სიტუაციაში. ვუყვებოდით რეფერირების მექანიზმებზე, რომ შეუძლიათ მიმართონ მასწავლებელს და დირექტორს. ამაზე ინფორმაცია მასწავლებლებსაც კი არ გააჩნდათ.

-ინფორმაციის არსებობის პირობებში ფიქრობთ, რომ რეაგირებისთვის სოფლის მასწავლებელს გამბედაობა ეყოფა? ის ხომ თემში ცხოვრობს, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ასე ვთქვათ, ერთმანეთს ზურგს უმაგრებს..

-დიახ, მიმართვიანობის პრობლემებიც გაგვიზიარებია. იყო შემთხვევა, როდესაც მასწავლებელმა მიმართა პოლიციას, როდესაც გაიგო, რომ სკოლის წინ გოგო მოიტაცეს. პოლიციამ გოგო ორი დღის მერე იპოვა. დრო რომ გავიდა, ბავშვს ჩვენება შეაცვლევინეს. ბოლოს, ოჯახი მაინც შეიქმნა, მასწავლებელი კი დისკრიდიტირებული დარჩა.

ადრეული ქორწინება ამ რეგიონებისთვის მტკივნეული საკითხია. ამ ქორწინებების გამო, მეთორმეტე კლასში თითო-ოროლა გოგორა რჩება. არის სკოლები, სადაც ცხრაწლიანი სწავლებაა და რადგან მოტაცების რიცხვი დიდია, მშობლები შიშობენ და ბავშვებს სკოლაში საერთოდ არ უშვებენ. ამის შესახებ ყარათაქლიას, განჯალის, კაბალის სკოლებში გვითხრეს.

მოზარდების განათლება ხშირად ცხრა წლით სრულდება. სკოლის მერე მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, არც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. ასეთი სასწავლებლები მხოლოდ მარნეულსა და რუსთავშია და არ არის დმანისში, ბოლნისში, გარდაბანში…

განათლების სამინისტროსთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაში ვუთითებთ, რომ აუცილებელია პროფესიული სასწავლებლების გახსნის ხელშეწყობა, სკოლის მხრიდან მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება უმაღლეს სასწავლებლებსა და პროგრამა 1+4 შესახებ. ბავშვებმა არ იციან რა აკეთონ სკოლის დამთავრების შემდეგ. გოგოებს ათხოვებენ, ბიჭები კი აზერბაიჯანში ან თურქეთში მიდიან სამუშაოდ.

-გამოდის, რომ ამ ბავსვებს სკოლაშივე ერთმევათ სრული განათლების მიღების შანსი?

-სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობამ ისიაც კი არ იცის, რომ 16 წლამდე მოზარდთან ქორწინება დანაშაულია და არა უბრალო სამართალდარღვევა. 12-13 წლიდან გოგოებს  ათხოვებენ. „სიძეების“ დაპატიმრების პრეცედენტი არ გვაქვს. რეგიონებში პროკურორები მსგავს შემთხვევებში აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას, რაც საზოგადოებაში ჯარიმად აღიქმება. ზოგ შემთხვევაში ოჯახი წინასწარაც კი აგროვებს საპროცესო შეთანხმებისთვის ფულს.

ჩვენთან შეხვედრის დროს ბევრი ამბობდა, რომ საჭიროა სასჯელის გამკაცრება, „ჯარიმის“ პატიმრობით შეცვლა. შეხვედრებზე ხშირად გვესწრებოდნენ დანიშნული ბავშვები.

მშობლებს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის მავნე პრაქტიკებზეც ვესაუბრებოდით ხოლმე. აზერბაიჯანულ თემში ესეც იწვევს ადრეულ ქორწინებას.

-წარმატებული პრაქტიკაც გაგვიზიარეთ, როდესაც სკოლა ეხმარება ბავშვს განათლების სრულყოფილად მიღებაში.

-მახსენდება მარნეულის ერთ-ერთი რაიონის სკოლის დირექტორი მუსა, რომელიც სოფლისთვის ნამდვილი ავტორიტეტი იყო. პირველი, რაც თავისი დირექტორობის დროს გააკეთა, მიმდებარე ტერიტორიაზე უფროსი ბიჭების „ბირჟა“ აკრძალა, სადაც 25 წლამდე ახალგაზრდები იდგნენ და სკოლიდან მიმავალ გოგოებს იტაცებდნენ.

სკოლის დირექტორი ყოველთვიურად ხვდება ყველა მშობელს და სწავლების სხვადასხვა საკითხების გარდა, ესაუბრება ადრეულ ქორწინებებზე. მან იმდენი მოახერხა, რომ სოფელში მისი ეუხერხულებათ და არავის უნდა, რომ ასეთ ქორწინებას ხელი შეუწყოს.

დირექტორი არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებში, განსაკუთრებით ხატვაში, თვითონაც ხატავს. სკოლის კედლები მოფენილია ფერადი ნახატებით. სკოლაში მოქმედებს ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის კაბინეტი, მუზეუმი,  ქართული ენის კაბინეტი, სადაც მხოლოდ ქართულად შეიძლება საუბარი.

საერთოდ, დირექტორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ბაიდარში, სადაც ახალგაზრდა დირექტორი დანიშნეს, სკოლა სრულიად გაპარტახებული იყო. ახალმა დირექტორმა შეძლო დაფინანსების მოპოვება, ააშენა ახალი შენობა. თავიდან ის სათითაოდ შედიოდა კლასებში და მოსწავლეებს პროექტების მოფიქრებას თხოვდა, ახლა კი ისინი თვითონ მიდიან დირექტორთან და ახალ იდეებს სთავაზობენ. დირექტორი ეხმარება დონორებთან ურთიერთობაში. მოსწავლეებიც ხშირად იმარჯვებენ  სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში.

ეს ტენდენცია შესამჩნევია – თუ სკოლაში ახალგაზრდა დირექტორი ან მასწავლებელი მუშაობს, რადიკალურად კარგი შედეგი აქვს. ხანდაზმულ დირექტორებს სწავლების მიმართ ძველი მიდგომები აქვთ, არ ფლობენ ახალ ინფორმაციას. განსაკუთრებით ქართული ენის არცოდნა, ბავშვების აქტივობებში ნაკლებად ჩართულობა წყვეტს მათ დანარჩენ სამყაროს. ასეთ პირობებში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია. ახალგაზრდა დირექტორებთან კი ქართული ენის ცოდნის დონეც მაღალია.

ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს შორის გვქონდა კონკურსი „ჩემი საოცნებო პროფესია“. ერთმა გოგომ დაწერა, რომ მისი ცხოვრება მას მერე შეიცვალა, რაც სკოლაში ახალი ქართულის მასწავლებელი მოვიდა. „რადგან ენა ვისწავლე, უამრავი ახალი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მომეცა,“ – დაწერა მან. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივმა ბავშვებმა ისიც კი არ იციან რა პროფესიები არსებობს. 90 სკოლაში სრული უმრავლესობა მხოლოდ სამ პროფესიას ასახელებდა: მასწავლებელი, ექიმი და პოლიციელი.

სხვათა შორის, ტრენერებს შორის ჯგუფში გვყავდა სამი ახალგაზრდა მასწავლებელი, რომლებმაც დაამთავრეს უნივერსიტეტი, მაგისტრატურა და ახალგაზრდული შემართებით მოისურვეს მასწავლებლებად მუშაობა. თუმცა, უკვე წლებია დამხმარე მასწავლებლებად მუშაობენ, რადგან სკოლას ეშინია განსხვავებული ხედვის, ახალი კადრის. არადა, ყველაზე მეტად სკოლას ახალი ხედვა სჭირდება.

-პროექტს გაგრძელება ექნება?

-ვიმედოვებთ, რომ  სომხურენოვან თემში, სამცხე- ჯავახეთში ვიმუშავებთ.

 

მოსწავლის საშინაო დავალებები და მშობლები

0

მოსწავლის საშინაო დავალებები სასკოლო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. მათი შესრულება, როგორც წესი, ბევრი ოჯახისთვის სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება და უამრავ თავსატეხს უჩენს, როგორც ბავშვს, ასევე მშობლებს, ვინაიდან მოსწავლეთა უმრავლესობა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ამას. და ეს მაშინ, როცა ყველა მშობელს სურს, რომ თავისი შვილი შეხსენებისა და დაძალების გარეშე დაჯდეს სამეცადინოდ და სწორად შეასრულოს ყველა დავალება.

საჭიროა თუ არა ბავშვის დახმარება საშინაო დავალებების მომზადებისას. უნდა ითქვას, რომ მშობლებში ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა დამოკიდებულება არ არსებობს. მათი ერთი ნაწილი თვლის, რომ უფროსების ჩარევა ბავშვის მიერ საშინაო დავალების მომზადების პროცესში არანაირად არ არის გამართლებული, ვინაიდან ამით ხელს ვუშლით მოზარდში დამოუკიდებლად მოქმედების უნარის განვითარებას. მშობელთა მეორე ნაწილი კი  ამტკიცებს, რომ დახმარების გარეშე ბავშვი ვერ შეძლებს დავალებების სრულფასოვნად,  უშეცდომოდ შესრულებას და აქედან გამომდინარე წარმატებულიც ვერ გახდება. ამ კატეგორიის მშობლები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი შვილების დახმარებას გაკვეთილების მომზადების პროცესში. როგორც წესი, ეს დახმარება ვარირებს მოკლე ახსნა-განმარტებების მიწოდებიდან დავალებების სრულ შესრულებამდე ბავშვის ნაცვლად.

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის სახით ჩვენ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ადამიანთან გვაქვს საქმე, ეს პროცესი კი უფროსების აქტიური მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმიანობაში, საშინაო დავალებების მომზადების პროცესში ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება მშობლების თანადგომა და დახმარება, მით უმეტეს თუ ის თავად გვთხოვს ამას. ამასთან,  რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტად საჭიროებს ასეთ დახმარებას. ასაკის მატებასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან ერთად ჩვენი მონაწილეობა და დახმარება ბავშვის მიერ გაკვეთილების მომზადების პროცესში უნდა შევამციროთ და მოზარდს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მივცეთ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დავალებების მომზადების პროცესში?

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • უპირველეს ყოვლისა, სწორად გავსაზღვროთ დავალებების მომზადების დრო. გამართლებული არ იქნება ბავშვის სამეცადინოდ და დავალებების მოსამზადებლად დასმა სკოლიდან დაბრუნებისთანავე. გავითვალისწინოთ, რომ სკოლიდან დაბრუნებული მოზარდი არანაკლებ დაღლილია, ვიდრე სამსახურიდან დაბრუნებული მშობელი. ამდენად, სამეცადინოდ დაჯდომამდე მისთვის აუცილებელია დასვენება. ამასთან, დასვენება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 1-1,5 საათი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავსვათ ის სამეცადინოდ და დავალებების მოსამზადებლად. თუ ბავშვი მეორე ცვლაში სწავლობს, მისთვის უკეთესი იქნება გაკვეთილების დილით მომზადება;
  • სასურველია, რომ ბავშვმა მშობელთან ერთად წინასწარ შემუშავებული განრიგით იმეცადინოს და მკაცრად დაიცვას ის. ეს მას თავისი საქმიანობისა და დროის, როგორც მართვის, ასევე ორგანიზების უნარის გამომუშავებასა და განვითარებაში დაეხმარება, რაც მომავალში წარმატებების მიღწევის წინაპირობა გახდება მისთვის;
  • კარგი იქნება, თუ ბავშვს დავალებების დიფერენცირებაში დავეხმარებით, რომელია მისთვის უფრო მარტივი, უფრო რთული, მეტად საინტერესო, ნაკლებად საინტერესო; ვურჩევთ, რომ მეცადინეობა მარტივი დავალებების შესრულებით დაიწყოს. ნებისმიერ ბავშვს რთული დავალებების მოსამზადებლად მეტი დრო ესაჭიროება, იღლება, თავს წარუმატებლად, არაფრის მცოდნედ, არაფრის შემძლედ თვლის. ყოველივე ამას კი ის იქამდე მიჰყავს, რომ მას ეკარგება მეცადინეობის სურვილი, უქვეითდება თვითშეფასება, უფუჭდება ემოციური მდგომარეობა, რაც მის საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, უკეთესი იქნება თუ ბავშვი მეცადინეობას და დავალებების მომზადებას დაიწყებს იმით, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს, უყვარს, რაც მისთვის შედარებით მარტივია. ასეთი დავალებების შესრულებისას ის, დიდი ალბათობით, წარმატებული იქნება, რაც მას საკუთარი ძალების რწმენას შემატებს და უფრო ხალისით გააგრძელებს მეცადინეობას;
  • გავითვალისწინოთ, რომ მეცადინეობისას შესვენებები აუცილებელია. ზრდასრულებიც კი ვიყენებთ შესვენებებს მუშაობისას. ბუნებრივია, რომ ბავშვებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველი ნახევარი საათის შემდეგ მას სჭირდება 10 წუთი შესვენებისთვის. რაც უფრო იზრდება, მეცადინეობები შეიძლება უფრო მეტხანს გაგრძელდეს. თუმცა, არ იქნება სასურველი მეცადინეობის ერთ საათზე მეტხანს შეუსვენებლად გაგრძელება, რა ასაკის ბავშვთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე;
  • სწორი ორგანიზება გავუკეთოთ სივრცეს, სადაც ბავშვს უწევს მეცადინეობა, შევეცადოთ შევქმნათ შესაფერისი ატმოსფერო. სწავლას, ისევე როგორც ბევრ სხვა საქმიანობას სჭირდება ყურადღების კონცენტრირება. შეუძლებელია ბავშვმა ხარისხიანად მოამზადოს დავალებები იქ, სადაც მოუხდება და როგორც მოუხდება. მშობელმა უნდა იზრუნოს, შეუქმნას ბავშვს ისეთი გარემო, სადაც ის კომფორტულად იგრძნობს თავს დავალებების შესრულებისას. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვარიდოთ ხმაურის ყველა წყარო, ყურადღების გადამრთავი ფაქტორები; ახლოს არ უნდა იყოს ტელევიზორი, ტელეფონი, კომპიუტერი (გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც კომპიუტერი აუცილებელია ბავშვისთვის დავალების მოსამზადებლად). ავეჯი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. სამუშაო მაგიდა უნდა იყოს კარგად განათლებული და მასზე ელაგოს ყველა ის ნივთი, რომელიც ბავშვს დავალების ხარისხიანად მოსამზადებლად დასჭირდება. ამასთან, თვალ-ყური ვადევნოთ, რომ მაგიდაზე არ იყოს უწესრიგობა. უწესრიგობა სამუშაოდ ვერ განაწყობს ბავშვს;
  • ბავშვთან მუშაობისას გავითვალისწინოთ მისი, როგორც ასაკობრივი, ასევე ინდივიდუალური თავისებურებები. ნუ დავაჩქარებთ ბავშვს, თუ თავისი ბუნებრივი ტემპი ხელს უშლის მას, რომ სწრაფად იმოქმედოს. დაჩქარება ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნევროტულობის დონის მატების მიზეზი გახდეს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის ბავშვს მუშაობაში. თუ მუდმივად მოვუწოდებთ, რომ არ გადაერთოს, იყოს ყურადღებიანი, მას ძალიან გაუჭირდება კონცენტრირება დავალებაზე. ის იწყებს ფიქრს იმაზე, როგორ დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და გახდეს ყურადღებიანი, რაც ხელს შეუშლის მას სააზროვნო სამუშაოების შესრულებაში. იმის მიზეზი, რომ ბავშვი გადაერთვება, შეიძლება იყოს მისი ნერვული სისტემის თავისებურებები, სირთულეები დავალების გაგებაში და ა.შ. ამდენად, კარგი იქნება, თუ შეძლებისდაგვარად ამ მიზეზების დაძლევაზე ვიზრუნებთ;
  • ბავშვთან ურთიერთობისას შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ნუ დავკარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე, ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან უარყოფით შეფასებითი გამონათქვამები, ასევე ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „არასოდეს“, „ყოველთვის“, „მუდმივად“, „კვლავ“; ან ბავშვის ნეგატიური მახასიათებლები: ზარმაცი, სულელი, უყურადღებო, უპასუხისმგებლო, უგულისყურო და ა.შ. ყოველივე ჩამოთვლილი არათუ სამუშაოდ არ განაწყობს ბავშვს, არამედ ხშირად აუარესებს კიდეც მის გონებრივ საქმიანობას. თუ ჩვენ ვთვლით, რომ ვკარგავთ ჩვენს „ძვირადღირებულ“ დროს ბავშვის დახმარებაზე და მუდმივად ვახსენებთ მას ამას, დიდი ალბათობით ბავშვს ჩამოუყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი, საკუთარი არასაჭიროების შეგრძნება, რაც ხელს შეუშლის მუშაობაში, დაუკარგავს საკუთარი ძალების რწმენას და დაუქვეითებს თვითშეფასებას. ეს კი, ადვილი შესაძლებელია, მისი წარუმატებლობის და მარცხის წინაპირობად იქცეს;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთან მუშაობის პროცესში არსებითი მნიშვნელობა აქვს მის მიერ დაშვებული შეცდომების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. შევეცადოთ, რომ ამ შეცდომებმა არ გამოიწვიოს ჩვენი გაღიზიანება, ჩხუბი, ყვირილი. ყოველივე ეს მხოლოდ დაძაბავს ატმოსფეროს და გაართულებს სიტუაციას, რადგანაც ასეთ დროს ბავშვს უყალიბდება შეცდომის შიში, რომელიც არათუ არ ეხმარება, არამედ, პირიქით ხელს უშლის კიდეც შეცდომების გამოსწორებასა და მის თავიდან აცილებაში. უკეთესი იქნება, თუ შეცდომას აღვიქვამთ, როგორც თავისებური სახის დამხმარე საშუალებას, რომელიც გვაძლევს კარგ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაზე უნდა ვიმუშაოთ ბავშვთან. ნუ დავსჯით და ნუ ვუსაყვედურებთ მოზარდს არასწორად შესრულებული დავალების გამო, უმჯობესი იქნება, თუ შეცდომებს მასთან ერთად გავაანალიზებთ;
  • გავიხსენოთ საკუთარი ბავშვობა. არც ჩვენ გვისწავლია ერთბაშად და უშეცდომოდ ყველაფერი ის, რაც ახლა ვიცით და შეგვიძლია, თავიდან ყველაფერს უშეცდომოდ არც ჩვენ ვაკეთებდით;
  • ყოველთვის მხარი დავუჭიროთ ბავშვს ჩვენი სიყვარულით, შევაქოთ, ორიენტირებული ვიყოთ დადებითზე და მოვიწონოთ ის, რაც კარგად და უშეცდომოდ გააკეთა. ეს მას საკუთარ თავში, საკუთარ ცოდნაში დარწმუნებულობის გრძნობას გაუჩენს, იგრძნობს, რომ ის საჭიროა და უყვართ ოჯახში იმ შეფასებებისაგან დამოუკიდებლად, რომელსაც სკოლაში იღებს. შექება საკუთარი ძალების რწმენას შემატებს. ამასთან, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ბავშვს მოსწონს იმის კეთება, რაც კარგად გამოსდის. ამიტომ, მისი სულ მცირე წარმატებაც კი აუცილებლად დავაფიქსიროთ. ეს მას ინტერესს და მოტივაციას გაუძლიერებს, რაც, თავის მხრივ,   დაეხმარება წინ წავიდეს და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ მშობლის ჩართულობამ ბავშვის მიერ დავალების მომზადების  პროცესში შეიძლება მოიტანოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგი. თუ ზედმეტად ჩავერევით ბავშვის მუშაობაში და მის ნაცვლად ჩვენ შევასრულებთ დავალებებს, დიდი ალბათობით დავაბრკოლებთ ბავშვში დამოუკიდებლად მოქმედების უნარის განვითარებას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არც სრული ჩაურევლობა იქნება სიკეთის მომტანი. გამომდინარე იქიდან, რომ სწავლება განმავითარებელი უნდა იყოს, მაგრამ ის ვერ იქნება ასეთი, თუ ბავშვი ამ პროცესში მხოლოდ ისეთ დავალებებს ასრულებს, რომლებიც მის რეალურ შესაძლებლობებზეა გათვლილი. აუცილებელიც კია შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ბავშვს ჩვენი მცირედი დახმარება მაინც დასჭირდეს, ეს მისი შემდგომი განვითარების ხელშემწყობი გახდება. გარდა ამისა, ვეხმარებით რა ბავშვს დავალებების მომზადებაში, ამით ჩვენ დემონსტრირებას ვუკეთებთ ჩვენს დაინტერესებას მის წარმატებაში, ჩვენს მხარდაჭერასა და დახმარების მზაობას. თანდათან ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ბავშვი მოგვთხოვს არა დახმარებას დავალების შესრულებისას, არამედ მხოლოდ შემოწმებას შესრულებული დავალების, მალე მას ესეც აღარ დასჭირდება, რადგანაც ის გახდება დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის მოქმედებაში.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...