ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
26 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

წიგნის რუკა

0

ლონდონში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ლიტერატურის წყალობით მის ქუჩებს კარგად ვიცნობ. პირველად ბრიტანეთის დედაქალაქში მეგზურობა ჩარლზ დიკენსმა გამიწია. ბავშვობის მერე დიდი დრო გავიდა. მასწავლებლობისას მის რომანებს ისევ მივუბრუნდი. ჩემს მოსწავლეებთან ერთად ოლივერ ტვისტს ფეხდაფეხ ავედევნე, როცა ცემასა და სიკვდილის შიშს გაექცა. მასთან ერთად შვებით ამოვისუნთქეთ ნიშნულთან, რომელიც იუწყებოდა, რომ ლონდონამდე სულ რაღაც 70 კილომეტრი იყო დარჩენილი.

“- ძლივს ლონდონი! – წამოიძახა ნიკოლასმა. ისინი მირახრახებდნენ ლონდონის აჩოჩქოლებულ, ხალხმრავალ ქუჩებში, რომლებიც ახლა ორმაგ, გრძელ მწკრივად ჩამოკიდებულ ფარნებს გაენათებინა…“ – ეს კი „ნიკოლას ნიკლბიდან“.

ჰაიდ პარკი, პარკ ლეინი, ბონდ სტრიტი,  ჰოლოუსი-როუდი … – ქუჩა-ქუჩა დავყვებით ნიკოლასს და წიგნის სხვა პერსონაჟებს. შუამავალი ვახტანგ ჭელიძეა და ვფიქრობ, ის განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს ინგლისელი მწერლის რომანებს. აი, ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი, ნიუმენი გოლდენ სკვერისკენ მიჩლახუნობს. მობილური ტელეფონის ეკრანზე Googlmap-ის აპლიკაციას ვხსნი, საძიებო ველში ვწერ: London, Golden Square და  XIX საუკუნიდან XXI საუკუნეში ვინაცვლებ. გაზის ფარნების ნაცვლად ქუჩა ელექტროენერგიითა გაჩახჩახებული. თითის მსუბუქი მოძრაობით კი ყველა კუთხე-კუნჭულს ვათვალიერებ.

მერე ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილ ნიკოლასს ჰაიდ პარკში მივყვები. სანამ ის ქანცის გაწყვეტამდე დახეტიალობს, კვლავ Googlmap-ში ვიქექები: London, Hyde park  და შედეგი მაკვირვებს: მწვანედ ახასხასებული მინდვრები, ტბაში მოცურავე ნავები, მონუმენტები, ღამის ხედები – მართალია, ნიკოლასი ჰაიდ პაკში ხეტიალმა ოდნავადაც ვერ დაამშვიდა, მაგრამ სქელტანიანი რომანის კითხვას და დიკენსისეულ დაწვრილებით თხრობას ვირტუალური მოგზაურობა სახალისოს ხდის.

რა თქმა უნდა, მცდელობა უკვალოდ არ იკარგება და მასწავლებლურ საქმიანობასთან ვაბამ კავშირს.

ასე დაიბადა იდეა – წიგნის რუკა.

ლიტერატურული ნაწარმოებზე სასაუბროდ მრავალი გზა არსებობს, თუმცა, წარდგენის სხვადასხვა ფორმა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს, წიგნის პირველად შთაბეჭდილებებს აცოცხლებს და საუბრის თემას გარკვეულ მიმართულებას აძლევს.

როგორც უკვე აღვწერე, წიგნის რუკა ქუჩებზე დაკვირვებით დაიწყო, ინტერნეტში ძიებით გაგრძელდა, შემდეგ კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება შეიძინა.

რუკა არის დედამიწის შემამცირებელი გამოსახულება სიბრტყეზე. „დედამიწის“ ნაცვლად სიტყვა „წიგნი“ ვიგულისხმოთ და ექსპერიმენტიც დაიწყება.

პირობითი ნიშნები

მდინარეები, ვულკანები, მთები, მწვერვალები, ზღვები, ტბები რუკაზე პირობითად არის ასახული. ქვეყნის მასშტაბი, ქალაქები, პოლიტიკური საზღვრები, გზები, გრადუსთა ბადეებიც პირობითი ნიშნებით არის აღნიშნული.

დავშალოთ წიგნი ძირეულ მახასიათებლებად:

  • ავტორი;
  • პერსონაჟები;
  • სიუჟეტი;
  • გეოგრაფიული ადგილები – ქვეყანა, ქუჩები;
  • გვერდების რაოდენობა;
  • ძირითადი იდეა;
  • მნიშვნელოვანი სიტყვები.

ეს ჩამონათვალი ერთი წიგნის ირგვლივ საუბრისთვის, ალბათ, საკმარისია.

მთავარია, სათქმელი ისე მოვქსოვოთ, რომ სხვას წაკითხვის სურვილი აღვუძრათ. მასწავლებლებმა კი ეს სხვას უნდა ვასწავლოთ. ისევ პირადი მაგალითის მნიშვნელოვნებამდე მოვედით.

წინა წერილში თეა თოფურიას წიგნის „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ შესახებ ვწერდი. ერთ-ერთ პარასკევს წიგნზე საუბრის მეთოდად სწორედ წიგნის რუკა შევარჩიე. ჩამოვწერე გეგმა და ფეხდაფეხ მივყევი. პროცესით ვისიამოვნე და შედეგმა გამახარა.

(სურ. 1)

შევიმუშავე სემიოტიკურ ნიშანთა სისტემა, ცოტა ფანტაზია დ ხატვის უნარებიც დავიხმარე და წიგნის რუკაც შეიქმნა.

მაგალითად, წიგნის სიუჟეტის განვითარების გეოგრაფიული არეალი ასე გამოვსახე: დედამიწა – ლიფტი – სხვა პლანეტის ორასსართულიანი კორპუსები;

მასშტაბი – გვერდების რაოდენობა მივუთითე;

გოგო და ბიჭ პერსონაჟებს მინიმალისტური ნახატები შევურჩიე;

მნიშვნელოვანი სიტყვები პლაკატზე მსხვილი წერტილებით დავიტანე: გრავიტაცია, კორპუსები, კატასტროფა…

იასამნისფერი ხაზი კი შეუსწავლელ ადგილებს, ანუ რომანის წაუკითხავ  ნაწილს გულისხმობდა.

რადგან მეოთხე ლიტერატურული კაფესთვის ვემზადებოდით, გადავწყვიტე, წიგნის წარდგენის ფორმად წიგნის რუკა გამოგვეყენებინა. მეთოდის განმტკიცებისთვის კი საშინაო დავალება დამეხმარა: ბავშვებს საპროგრამო მოთხრობების წიგნის რუკით გამოსახვა ვთხოვე.

შემდეგი გაკვეთილი დიდ სიხარულად და საინტერესო აღმოჩენების დღედ გვექცა.

„ქუჩი“, „ნამწყესარის მოგონებანი“, „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“, „ხაზარულა“ – ინდივიდუალურად წარმოაჩინეს. განსაკუთრებით, მოვიხიბლეთ, როცა ერთ-ერთ რუკაზე  ალექსანდრე ყაზბეგი აღმოვაჩინეთ, მაგიდასთან იჯდა, ხელში კალამი ეჭირა და თავთან ანთებული ნათურა ჰქონდა მიხატული. რუკის ავტორმა, თერთმეტი წლის სანდრომ აგვიხსნა, რომ ასე ის მომენტი გამოხატა, როცა ალექსანდრეს მწყემსად წასვლის იდეა მოუვიდაო.  თანდათან სემიოტიკურ ნიშანთა სისტემაც მრავალფეროვანი გახდა და ბავშვების ჩართულობით გარკვეული თანმიმდევრობაც შეიძინა.

 

 

ამასობაში ამ მეთოდის კიდევ ერთი მიზანი გამოიკვეთა, კერძოდ, ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციის განვითარება:

ზ) სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიის და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ.) უნარი.

წერილის დასასრულისკენ ისევ ლონდონის ქუჩებს უნდა დავუბრუნდე.

გადავწყვიტე, ლიტერატურულ კაფეში მოსწავლეებისთვის ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი განსაკუთრებული წიგნი – ჯეიმს გრინვუდის „პატარა მაწანწალა“ – გამეცნო.

ძველი წიგნის გაცოცხლების მიზნით კლავ გამომცემლობა „ნაკადულის“ მიერ 1988 წელს დაბეჭდილი წიგნი შევარჩიე. წიგნის ყდაზე შემთხვევით წარწერა აღმოვაჩინე  – „სახსოვრად ლელას ლევანისაგან“. მასწავლებლური თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ წარწერის ავტორი მეორე-მესამეკლასელია. მე კი მქრქალი მოგონებები გამიცოცხლა. მართალია, დაზუსტებით არ მახსოვს, ვისთან ვყავდი სტუმრად იმ დღეს დედას, მაგრამ მახსოვს, როგორი გულმოდგინებით წერდა ყდაზე ვინმე ლევანი.

ამგვარი დეტალების მოყოლით ბავშვებს ვუღვივებთ ინდივიდუალური ამბების შეგროვების სურვილს. წიგნის რუკაზეც შეგვიძლია დავიტანოთ რომელიმე სემიოტიკური ნიშნით განსაკუთრებული ამბები და მოვყვეთ წიგნის ჩვენამდე მოსვლის შესახებ, გავაცნოთ ერთმანეთს მეგობრები და ოჯახის წევრები, ადამიანები, რომლებიც წიგნებით ურთიერთობას გვასწავლიან.

ბავშვობაში „პატარა მაწანწალა“ დიდ გულისტკივილად დამამახსოვრდა, კიდევ პუდინგის სურნელად, რომელიც პატარა ჯიმიზე არანაკლებ მიზიდავდა.

ახლა კი მოვიხიბლე მწერლის გადაწყვეტილებით – პატარა ბიჭს პირველ პირში მოეთხრო თავისი ამბავი და ამგვარად მკითხველამდე უფრო ახლოს მოეტანა სათქმელი. ვტკბებოდი თარგმანით, ულამაზესი, მივიწყებული სიტყვებით, ჯიმის, მოულდისა და რიპსტონის მეგობრობით და კვლავ წამოვიწყე ლონდონის ქუჩებში ვირტუალური ხეტიალი.

ასე, მაგალითად, ოჯახებისგან გამოქცეული ბიჭები კოვენტგარდენზე ქურდბაცაცობენ და თავს ამ გზით ირჩენენ. Googlemap-ში ვწერ Covent garden-ს და ეკრანზე გაჩახჩახებული სავაჭრო მოედანი იწყებს ციმციმს, მე კი მის თვალიერებას ვიწყებ.

შემდეგ ტერნმილის ქუჩას ვსტუმრობ, სადაც ჯიმის მამა და დედინაცვალი ცხოვრობენ. ქუჩის კუთხეში მიყუჟული შეშინებული ჯიმი მახსენდება. ახლანდელი ტერნმილის ქუჩა არაფრით გამოირჩევა, თუმცა ლონდონის მდიდრული უბნებისგან აშკარად განხვავდება. შესაბამისად, ისევ თანხვედრაა წიგნში ასახულ და დღევანდელ ლონდონს შორის.

„ივლისის ერთ საღამოს ჩიპსაიდზე დავსეირნობდი, უკვე საკმაოდ კარგი კოსტიუმი მეცვა და ლონდონის მდიდრულ ქუჩებში თამამად შემეძლო გამოჩენა. სასეირნოდ გამოსული უდარდელი ბიჭივით აქეთ-იქით ვიყურებოდი, რომ ამ დროს წინდების მაღაზიაში ერთი ჯენტლმენი შევამჩნიე“.

ჩიპსაიდის / Cheapside, London, UK  ძიებისას სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მეცხრამეტე საუკუნის ტექსტიდან თანამედროვე სამყაროს ინფრასტრუქტურაში გადავინაცვლე და ტელეფონის ეკრანზე  H.M.-ის მაღაზია აელვარდა. ორასი წლის წინ აქ წიგნის პერსონაჟი წინდებს ყიდულობდა. აღნიშნულ ადგილას თანამედროვე ბრიტანელს დღესაც შეუძლია წინდების შეძენა.

ლიტერატურულ კაფეში მოსწავლეების თვალწინ წიგნში ნახსენებ ქუჩებში ვირტუალური მოგზაურობა წამოვიწყე, ასე აღმოვჩნდით  სმიტფილდის ბაზარში (Smithfied Market), რომელსაც თურმე იგივე ფუნქცია აქვს დღესაც. შემდეგ კი წიგნის ხელნაკეთ რუკაზე გადავინაცვლეთ.

ამგვარად, ბავშვებისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი ხდება ლიტერატურული ტექსტი. სხვადასხვა მედიის გაერთიანება, კავშირის გაბმა კიდევ მეთევზის ბადის ფუნქციას ითავსებს.  ისინიც თევზებივით ებმებიან და შენ შეგიძლია ერთი მიმართულებით წაიყვანო მათი ხალასი გონება – წიგნების სამყაროსა და ასოციაციური აზროვნებისკენ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა, მუხლი 48. ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები;

ჩარლზ დიკენსი, „ნიკოლას ნიკლბი“;

ჯეიმს გრინვუდი, „პატარა მაწანწალა“.

 

 

 

 

მოსმენა -აღზრდის საუკეთესო საშუალება

0

„ჩვენი, მშობლების მოთხოვნილებაა, შვილებს მუდმივად ვჭირდებოდეთ; მოზარდებს კი ერთი სული აქვთ, თავი დააღწიონ ჩვენი საჭიროების განცდას. ეს სავსებით რეალური კონფლიქტია და უფროსები მას ყოველდღიურად ეჯახებიან. ისინი მუდმივად უნდა ეხმარებოდნენ შვილებს, მშობლებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვონ“.

ამ სიტყვების ავტორები არიან ამერიკელი ფსიქოლოგები, თაობებს შორის კომუნიკაციის სპეციალისტები ადელ ფაბერი და ელაია მაზლიში. მათი წიგნები გამოცემისთანავე ბეტსელერებად იქცა. ისინი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. მსურს, დაინტერესებულ მკითხველს გავაცნო მცირე ნაწყვეტი ა. ფაბერისა და ე. მაზლიშის ერთ-ერთი წიგნიდან. წიგნის სათაურია „როგორ ვესაუბროთ მოზარდებს, რომ მათ მოგვისმინონ და როგორ ვუსმინოთ მოზარდებს, რომ ისინი გვესაუბრონ“.

ავტორები ჰყვებიან ჯგუფის შესახებ, რომელშიც შეკრებილები იყვნენ 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების მშობლები.

მაშ ასე: „ჩვენი მიზანია, – დაიწყეს შეხვედრა ტრენერებმა, – საერთო ძალისხმევით განვსაზღვროთ ყველაზე ეფექტური მეთოდები, რომელთა საშუალებითაც მოვახერხებთ, დავეხმაროთ შვილებს ბავშვობიდან თინეიჯერობის ასაკში გარდამავალ რთულ გზაზე“. აქ ჯგუფის წევრმა მამამ გააპროტესტა: „კი მაგრამ, რატომ გგონიათ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი აუცილებლად რთული უნდა იყოს? მე თავად არანაირი პრობლემა არ მქონია და ჩემი მშობლები სულაც არ იტანჯებოდნენ ჩემი ქცევის გამო. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს დროს ასეთი რთული ცხოვრება არ იყო…“

„მოდი, გავიხსენოთ ის „ჩვენი დრო“, – შესთავაზეს ჯგუფს ტრენერებმა, – რადგან, ვფიქრობთ, ჩვენი თინეიჯერობის პერიოდშიც აღმოჩნდება რაღაც ისეთი, რისი გაცნობიერებაც დაგვეხმარება, გავუგოთ დღევანდელ მოზარდებს. თავდაპირველად გავიხსენოთ, რა იყო საუკეთესო იმ „ჩვენს დროში“.

  • „ჩემთვის – სპორტულ სექციაში სიარული და თავისუფალი დროის მეგობრებთან გატარება“.
  • „ჩემთვის – გადაადგილების თავისუფლება. ძალიან მაგარი იყო, როდესაც პირველად ჩავჯექი მეტროში მარტო და პლაჟზე წავედი“.
  • ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მოგონებაა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა და კიდევ – ერთი ბიჭი, რომელიც მე და ჩემს დაქალს ერთდროულად შეგვიყვარდა“.
  • „ჩემთვის იმ დროის გახსენება ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საზრუნავი არაფერი მქონდა, რადგან მშობლები გვერდით მყავდა და ყველაფერს თავად აგვარებდნენ“.
  • „სამწუხაროდ, ჯგუფის პოზიტიურ განწყობას ვერ შევუერთდები, – განაცხადა ერთმა ქალბატონმა, რომელმაც დასძინა: – მე სიხარულით დავემშვიდობე „იმ დროს“, შვებით ამოვისუნთქე იმის გამო, რომ აღარ მჭირდებოდა მუდმივად ჩემს გარეგნობაზე ნერვიულობა. მაშინ ჩემ შესახებ სხვების აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევდი და ვდარდობდი, მიმიღებდა თუ არა ესა თუ ის კომპანია. თავს მუდამ აუტსაიდერად მივიჩნევდი“.

ამ ქალბატონს ჯგუფის სხვა წევრებმაც მიბაძეს და აი, რა გაიხსენა რამდენიმე მათგანმა:

  • „მეც პუტკუნა ვიყავი, ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი და საკუთარი თავის რწმენა საერთოდ არ მქონდა“.
  • „უნდა ვაღიარო, რომ ისე ვიყავი გატაცებული ბიჭებისთვის თავის მოწონებით, სკოლაც კი ძლივს დავამთავრე“.
  • „არც მე მილხინდა მაიცდამაინც, რადგან თანატოლი ბიჭები ჩემზე ზეწოლას ახდენდნენ და მაიძულებდნენ არასწორად მოვქცეულიყავი. ჰოდა, მეც ბევრი სისიულელე ჩავიდინე“.
  • „მე კი მუდმივად ვშფოთავდი: ვინ ვარ? რა მინდა? რა მიყვარს? რა არ მიყვარს? მე მე ვარ თუ ვინმეს ვბაძავ? შესაძლებელია, საკუთრ პრინციპებს არ ვუღალატო და სწორედ ასეთი მიმიღონ სხვებმა?“

„ჩვენმოგვხიბლა ჯგუფის წევრების გულწრფელობამ“, – წერენ ავტორები. მათ სთხოვეს მშობლების ჯგუფს, გაეხსენებინათ, რას ეუბნებოდნენ ან რას აკეთებდნენ მშობლები მათ მხარდასაჭერად.

  • „ჩემი მშობლები არასოდეს მეჩხუბებოდნენ სხვების თანდასწრებით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვიმსახურებდი ამას“.
  • „მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა: შენს პრინციპებს არ უღალატო. თუ რამეში ეჭვი შეგეპარება, საკუთრ სინდისს დაეკითხე და ისე მოიქეცი, როგორ ის გიკარნახებს. და კიდევ: არ შეგეშინდეს შეცდომების, სხვანაირად ვერასოდეს ისწავლი მართებულად მოქცევას. მაშინ მე ვფიქრობდი, რომ ამდენი ჭკუის სწავლება უკვე ყელში ამომივიდა, მაგრამ ახლა ხომ ხედავთ, ზუსტად ეს სიტყვები გამახსენდა“.
  • „დედა ყოველთვის თვითგანვითარებისკენ მიბიძგებდა, არასოდეს მაძლევდა უფლებას, მოვდუნებულიყავი და ხელი ჩამექნია, თუ რამე არ გამომივიდოდა. მამას კი იდეალურ ადამიანად მივაჩნდი, რაც ძალიან მახარებდა და საკუთარი თავის რწმენას მმატებდა“.
  • „ჩემი მშობლები მაიძულებდნენ, საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევები გამომემუშავებინა, თუნდაც ფინანსების მართვა, მანქანის საბურავის გამოცვლა, ის კი არა, ყოველდღე მაკითხებდნენ ესპანურენოვანი წიგნის ხუთ გვერდს. მაშინ ძალიან მეზარებოდა ამ ყველაფრის კეთება, მაგრამ ახლა მადლობელი ვარ, რადგან სწორედ ესპანურის ცოდნის გამო მაქვს კარგი სამსახური“.

„გამოდის, რომ თინეიჯერულ ასაკში მრავალი თქვენგანი რეალურ დახმარებას იღებდა მშობლებისგან, – დასძინეს ტრენერებმა. მაგრამ ჯგუფის წევრებმა ის შემთხვევებიც გაიხსენეს, როდესაც მშობლები დაუმსახურებელ შენიშვნებს აძლევდნენ და ზოგ შემთხვევაში სრულიად არასწორად ექცეოდნენ მათ:

  • „დედისგან დახმარება არასდროს მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები მქონდა. ის არ მეუბნებოდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. საბოლოოდ მეც აღარაფერს ვუყვებოდი, რადგან მაინც ვერანაირ რჩევას ვერ მივიღებდი“.
  • „ჩემი მშობლები მუდმივად ერთსა და იმავეს ჩამჩიჩინებდნენ: შენ ჩვენი ერთადერთი ვაჟი ხარ, ამიტომ შენგან ძალიან ბევრს ველით, შენ კი მუდმივად იმედებს გვიცრუებ, სათანადოდ ვერ იყენებ საკუთრ პოტენციალსო“.
  • „მე ექვსი და-ძმიდან უფროსი ვიყავი, ამიტომ მშობლები მავალებდნენ საჭმლის მომზადებას, სარეცხის დარეცხვას და უმცროსებისთვის თვალყურის დევნებას. დედას და მამას დასვენება სჭირდებოდათ, მე კი ამ პირობებში ბავშვობა და თინეიჯერობა არ დამცალდა“.
  • „ჩემთან ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. მშობლები პატარა ბავშვივით მექცეოდნენ, ყოველგვარ წინააღმდეგობას მარიდებდნენ და შედეგად თავი სრულიად უსუსური მეგონა, რომელსაც მშობლების გარეშე არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ზრდასრულობაში დიდხანს დავდიოდი ფსიქოთერაპევტთნ, რომ საკუთარი თავის რწმენა შემეძინა“.
  • „დედაჩემი ის სხვა უკიდურესობაში იყო გადავარდნილი. არაფერს მიკრძალავდა. შემეძლო, სადაც მინდოდა, იქ წავსულიყავი და როდესაც საჭიროდ ჩავთვლიდი, მაშინ დავბრუნებულიყავი შინ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნარკოტიკებს და სასმელს პირდაპირ სახლში მოვიხმარდი. ბევრი შეცდომა დავუშვი და დღესაც ვბრაზობ დედაზე იმის გამო, რომ მისმა ზედმეტმა სირბილემ ცხოვრების რამდენიმე წელი დამაკარგვინა“.

მკითხველი უთუოდ მიხვდა, რომ მშობლებს შეუძლიათ, შვილებს ცხოვრება გაუფუჭონ მაშინაც კი, როცა სიკეთე სურთ. ასევე, ფაქტია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანების უმრავლესობა მაინც ახერხებს, რთულ სიტუაციაში გადარჩეს, შემდეგ თავადაც შექმნას ოჯახი და ყველაფერი ცუდი შეძლებისდაგვარად უკან მოიტოვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ფეხზე დასადგომად“ და შეცდომების გამოსასწორებლად ჯგუფის თითოეულ წევრს ბევრი დრო და უზარმაზარი ენერგია დასჭირდა.

შემდეგ ერთ-ერთმა ქალბატონმა ტრენერებს და შეხვედრის მონაწილეებს მიმართა: „სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ ყველაფერს უკან ვერ მოიტოვებ და სწორედ ამიტომ ვარ ახლა აქ. მე ძალიან მაწუხებს ჩემი გოგონას ქცევა და, რაც მთავარია, არ მსურს დედაჩემის შეცდომების გამეორება“.

აი, მშობლების ზოგიერთი საწუხარი:

  • „მე ძალიან მაწუხებს ჩემი ვაჟის ქცევის მანერა. ის არავითარ წესს აღარ ემორჩილება. მის ასაკში მეც ასეთი მეამბოხე ვიყავი, მაგრამ ყველაფერს ვმალავდი, ჩემი ვაჟი კი ყველაფერს დაუფარავად აკეთებს“.
  • „ჩემი გოგონა ჯერ მხოლოდ 12 წლისა, მაგრამ მისი ეგო უკვე ბიჭების მხრიდან აღიარებას მოითხოვს. მე კი მეშინია, რომ ის პოპულარობის მოსაპოვებლად უახლოეს მომავალში თავს დიდ განსაცდელში ჩაიგდებს“.
  • „ჩემს ბიჭს ახლა მხოლოდ თავისი ახალი ძმაკაცები აინტერესებს, მე კი სულაც არ მომწონს ეს კომპანია, რადან აშკარად ცუდ გავლენას ახდენს ჩემს შვილზე“.
  • „ჩემს გოგონას თითქოს პიროვნების გაორება აქვს. სახლის გარეთ პირდაპირ ანგელოზია – თავაზიანი, ზრდილობიანი. მაგრამ სახლში სულ სხვანაირია. საკმარისია, რამეზე უარი უთხრა ან საქმეში დახმარება სთხოვო, რომ მაშინვე უხეში და უზრდელიც კი ხდება“.

„ახლა, როდესაც მივხვდით ჩვენი პრობლემების არსს, – თქვეს ჯგუფის წევრებმა, – სასწრაფოდ გვჭირდება პასუხები!“ მაგრამ საქმე ის არის, რომ სწრაფი პასუხები არ არსებობს. წარმოუდგენელია, დავიცვათ მოზარდები ყველა იმ საფრთხისგან, რომლებიც უხვადაა გარშემო, მაგრამ თუ მშობლები მოახერხებენ, შექმნან ოჯახში ისეთი ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელშიც ბავშვები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, გაჩნდება შანსი, რომ მოზარდები უფრო გახსნილები გახდნენ და თქვენს „დიდურ“ მოსაზრებებსაც შეძლებისდაგვარად გაუწიონ ანგარიში. ისინი უფრო ადვილად შეეგუებიან თქვენ მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. შედეგად, გაიზრდება შანსი, თქვენი ცხოვრებისეული ღირებულებები მათთვის დამცავ ფარად გადაიქცეს.

„მივხვდი! – წამოიძახა ერთმა ქალბატონმა, – მე ყოველთვის ვუსმენ ადამიანებს… ყველას, ჩემი შვილების გარდა. როცა ჩემი რომელიმე მეგობარი განერვიულებულია, მე, რა თქმა უნდა, აზრად არ მომდის, ზედმეტად ჩავერიო და რჩევები გავცე. მაგრამ როდესაც საქმე შვილებს ეხება, მაშინვე ჭკუის სწავლებას ვიწყებ. ვფიქრობ, ასე იმიტომ მემართება, რომ შვილებს ვუსმენ როგორც დედა. დედობა ხომ თავისთავად გულისხმობს, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ჩემი შვილის ცხოვრებაში ხდება, შევცვალო და გამოვასწორო“.

შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესება გვიანი არასოდეს არის. სინამდვილეში მშობლებისთვის გაცილებით მოხერხებულია მტკივნეული და უსიამოვნო გრძნობების განდევნა. მათთვის ძნელია შვილების გულისტკივილის, იმედგაცრუებების, სევდიანი ისტორიების  მოსმენა. მათ ძალა არ ჰყოფნით, შვილების უბედურებას უყურონ, ამიტომ უფროსები თავს არიდებენ თინეიჯერებთან გულითად საუბრებს და შვილებს საკუთარ „ზრდასრულ ბრძნულ ლოგიკას“ ახვევენ თავს. არადა ყველაზე მნიშვნელოვანი მოსმენაა. შვილების მოსმენა საუკეთესო რამაა, რაც მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ შვილებისათვის. მოსმენა და გრძნობების გაზიარება თინეიჯერებს ყველაზე მეტად დაეხმარება პრობლემებთან გამკლავებაში. მშობლებმა უნდა შეცვალონ დამოკიდებულება „როგორ გამოვასწორო ყველაფერი“ დამოკიდებულებით: „როგორ დავეხმარო შვილებს, რომ მათ თავად მოახერხონ ყველაფრის შეცვლა“.

ყურით და თვალით ნასწავლი ენა – სტრატეგიები ენა-მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის

0

რა პროცესების  მეშვეობითაც ამცირებენ ადამიანები საკუთარ წარმოდგენას სამყაროს შესახებ, იმავენაირად ამცირებენ ისინი თავიანთი სამყაროს რეპრეზენტაციას მისი გამოთქმისას.

. გრინდერი, . ბენდლერი

 

ლინგვისტურ ლიტერატურაში აქამდე ვკითხულობდით, რომ ენა თავისი გამოხატვის, საურთიერთო, და აზრის დანაწევრების ფუნქციებით მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის კუთვნილებაა, რომ ფუტკარი თავის თანატომელებს კედელზე ცეკვით ნექტრამდე გავლილ გზას რომ უხაზავს და ასე ასწავლის იქამდე როგორ იფრინონ, – მათ გონებაში მხოლოდ ვიზუალური ხატების გადატანაა და არა ენა, ისევე როგორც თუთიყუშის მიერ ჩვენი ფრაზების გამეორება აკუსტიკური ხატების გადატანაა და არა ენა და რომ ცხოველები ენას ვერ ეუფლებიან, რადგან მათ ენა არ გააჩნიათ.

 

ენის დაუფლების შესახებ ეს წარმოდგენა მნიშვნელოვნად შეცვალა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ირენ პეპერბერგის დაკვირვებამ. იგი ხანგრძლივად აკვირდებოდა რუხი თუთიყუშების სახეობის (Psittacus arithacus) თუთიყუშ ალექსის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.  ალექსმა 2007 წლამდე – 31 წელი იცოცხლა და მისი ქცევით დაადასტურა, რომ თუთიყუშების მეტყველება სიტყვების მხოლოდ ავტომატური გამეორება არ არის, არამედ ისინი სიტყვებს თავიანთი მნიშვნელობებით და აბსტრაქტული ცნებებით მანიპულირებისთვის იყენებენ, რომ მათ აქვთ ენა, რომელიც შრომის შედეგად აითვისეს და დაეუფლნენ.

 

ალექსის გაცნობა ნამდვილად ღირდა. მისი შემთხვევა არღვევს სტერეოტიპებს, რომ   „ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარადაა“, რომ „ჰარვარდში კი არ ვცხოვრობთ, ვსწავლობთ ან ვმუშაობთ“. ისინი ხომ ვერაფერი გამართლებაა თუნდაც ერთი შემთხვევისა, რომლის შესახებ მოყოლა ნამდვილად ღირს.

 

წარმოვიდგინოთ, ჩვენს კლასში  მოვიდა კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 14 წლის გოგონა (პირობითად, ანიტა), მეოთხე ხარისხის სმენადაქვეითებით, რომელმაც არ იცის ჟესტური ენა, ვერც მშობლიურ ენაზე მეტყველებს და, შესაბამისად, ადამიანებთანაც ვერ ურთიერთობს?! მისი პრობლემის წინაშე დგას სკოლა, რომელიც მშობელს ურჩევს, ბავშვმა ისარგებლოს დღის ცენტრების მომსახურებით. იქ ხომ უფასოდ მიიღებდა სმენისა და მეტყველების სპეციალისტების დახმარებას, სურვილის შემთხვევაში, შეასწავლიდნენ ჟესტურ ენას, თუმცა ამაზე მშობლის კატეგორიულ უარს აწყდება. პრობლემის წინაშე დგანან ცალკეული საგნის მასწავლებლები, რომლებსაც არ აქვთ მსგავს შემთხვევაში მუშაობის გამოცდილება. პრობლემის წინაშე დგას სპეცმასწავლებელი, რომლის რჩევებს ყველა სკეპტიკურად უყურებს. პრობლემის წინაშეა მშობელი, რომელსაც სხვა ტიპური განვითარების, ე. წ. „საღი“ შვილები უყურადღებოდ დარჩება, ანიტას „თუ გადაჰყვა“. პრობლემის წინაშეა თავად ანიტა, რომელიც მექანიკურად ასრულებს ოჯახის წევრების მარტივ ინსტრუქციებს – იღვიძებს დილით, საუზმობს, სკოლაში მიჰყვება ძმას, რომელმაც საკლასო ოთახამდე უნდა მიაცილოს; შემდეგ ზის გაკვეთილებზე ოთახში, რომლის იატაკზე არც ხალიჩაა, არც შალითები ამაგრია სკამების ბოლოებს, ფონური ხმაურის დამხშობი არანაირი სპეციალური სისტემა, ნივთი ან ხელსაწყო, არც უსაფრთხოების ვიზუალური მიმანიშნებლები, არც სმარტდაფა… რესურსოთახი სადღაც სკოლის შენობის გარეთ, ძველ, ცივ, ბნელ და შორეულ ოთახში, რომელსაც ანიტა სკოლად ვერ აღიქვამს. იქ ხომ მისი კლასელები არ სწავლობენ, რომ მექანიკურად ზარისთანავე გაჰყვეს და გამოჰყვეს. იქ ხომ გარკვეული ძალისხმევა უნდა დახარჯოს, რათა სპეცმასწავლებლის მიერ მომზადებულ რესურსებს გაეცნოს და მითითებული ამოცანები შეასრულოს. იქ სწავლა ნამდვილად არ ჰგავს კლასში გატარებულ დროს, სადაც უქმად ზის, ამხანაგების ქცევას დააკვირდება, შესვენებაზე მათთან ერთად გაირბენ-გამოირბენს, გაკვეთილზე კი კვლავ მექანიკურად გადაიხატავს წიგნებიდან ასოებს და აბზაცებს, რომლებსაც ვერც კი ამოიკითხავს, თუმცა შრომად მაინც ჩაუთვლიან, მერე ზარიც იქნება, ძამიკო შემოუვლის და შინ ერთად წავლენ. რატომ უნდა აიტკიოს აუტკივარი თავი, რატომ გავიდეს კლასიდან იქ, სადაც მშობლიურს უცხო ენასავით შეასწავლიან?! რატომ დაძაბოს ყელი, თვალი, გონება და მთელი სხეული ყოველდღე ახალი სიტყვების ასათვისებლად?! – ეს ხომ ანიტას სხეულის ენაზე გამოთქმული პასუხებია, რომელსაც სპეცმასწავლებლის დანახვაზე სახეზე დაიწერს, თავს ორჯერ გადაიქნევს, სახეს ხელზე ჩამოიდებს და ჭერზე ერთ წერტილს მიაჩრდება მანამ, ვიდრე „სპეცი“ კლასიდან არ გავა და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

 

რა მოვიმოქმედოთ? ეს ჟესტები ხომ ანიტასთვის მთელი ენაა, მის მიერ სამყაროს შემცირებული წარმოდგენა და სამყაროს რეპრეზენტაციის შემცირებული გადმოცემა. მისი ენის სიღრმეში იმაზე ბევრად დიდი ნაწილია გაუცნობერებელი, სიტყვებით აღწერის შესაძლებლობის ზღვარს მიღმა, ვიდრე ჩვენი ენის ღრმა სტრუქტურებში. ანიტას  ენის შეგრძნება – სიღრმის სტრუქტურა – ის,  რის შეტყობინებასაც ცდილობს, უმარტივესია, ხოლო მის მიერ არასწორად წარმოთქმული მცირერიცხოვანი სიტყვები და მარტივი წინადადებები ზედაპირის სტრუქტურაზე გვთავაზობს ენის იმდენად შემცირებულ რუკას, რომ შეუძლებელია, მას დავეყრდნოთ, ვენდოთ ან თავად გოგონა სადმე წაიყვანოს.

 

ენის მეშვეობით ისედაც შეუძლებელია სრულად გადმოიცეს ჩვენი შინაგანი შეგრძნებები. ჩვენ ხომ მეტყველებისას საკმაოდ ვამცირებთ ინფორმაციას. ანიტას ენის სიღრმის სტრუქტურის აღწერა კი ხანდახან „შემცირების” პროცესში ისე იცვლის სახეს, რომ შეიძლება ძლიერ გაურკვევლობაში შეიყვანოს სხვა ადამიანები და თვითონ მოსაუბრეც. ზოგჯერ ანიტა რაღაცას ითხოვს, მისი ენა კი ყველასთვის გაუგებარია. მისი მეტყველება სასიცოცხლო ძალას კარგავს და გოგონას ენა მკვდარი ბგერების სასაფლაოდ გადაიქცევა. ცნობილია, ენობრივი მოვლენის შინაგანი, „იმანენტური საზომი“ სწორედ მის შინაყოფაში აღიწერება. თუმცა ანიტას ენის დახასიათებისას ესეც ვერ მოიაზრება საკმარ ფაქტორად, რადგან თავის დროზე ყურადღების მიღმა დარჩა მისი მეტყველებისა და მისი ენის შინაფორმის მიმართების საკითხი, ანუ მისი ენის სპეციფიკური თვისებები, რაც ვერ დაინახა/დაანახვეს და ენობრივი მონაცემების ფუნქციები, რომლებიც ვერ გაითავისა/გაათავისებინეს.

 

სხვა შემთხვევა: ოთხი წლის პატარამ გატეხა ჭიქა. მას გაუბრაზდნენ და უთხრეს, რომ ჭიქის გატეხვა ცუდი საქციელია. პატარამ მეორე დღეს სხვა ჭიქა გატეხა და ძალიან გაუკვირდა, კვლავ რომ გაუბრაზდნენ. პატარას გაუკვირდა, რადგან პირველ დღეს გატეხილი ჭიქა იყო ვარდისფერი, მეორე დღეს გატეხილი კი – მწვანე. პატარას ტვინმა ვერ მოახერხა სხვადასხვა ჭიქის გაერთიანება ერთ აბსტრაქტულ, თუმცა ენობრივ ცნებაში – „ჭიქა“. მისთვის არსებობდა სხვადასხვა ჭიქები: ვარდისფერი, ცისფერი, ამ ფორმის, სხვა ფორმის და სხვ. ამიტომ, ჭიქის გატეხვის აკრძალვაც მხოლოდ ვარდისფერ ჭიქას ეხებოდა[1].

 

ეს უკანასკნელი შემთხვევა პირველს მხოლოდ რამდენადმე მიემართება. წარმოვიდგინოთ, რომ ოთხი წლის პატარა ანიტა იყო, გოგონა, რომელსაც კოხლეარი უკვე ორი წლის გადანერგილი ჰქონდა, თუმცა არასდროს უცდია, წარმოეთქვა „ჭიქა“ ან „ვარდისფერი“ ან თუნდაც „მწვანე ჭიქა“.

 

კითხვაზე, თუ რა იწვევს ენა-მეტყველების პრობლემას ბავშვებში, – სპეციალისტები უმთავრეს მიზეზად მშობელთა მოუცლელობას ასახელებენ. სათანადო კომუნიკაციის ნაკლებობა აფერხებს ენის განვითარებას. ენით გაშუალებული კომუნიკაცია, იქნება ეს ზეპირმეტყველება, წერილობით გადმოცემული ინფორმაცია, ჟესტური თუ მთლიანად ნიშანთა ენა – ენობრივი განვითარებაა, რაც ადამიანის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მოიაზრება, რადგან სწორედ ენობრივ განვითარებაზეა დამოკიდებული ბავშვის შემდგომი განვითარება განათლებისა თუ ინფორმაციის მიღებისას.

 

ენობრივი განვითარება ენობრივი კომპეტენციის[2] შეძენას მოიაზრებს და, შესაბამისად, ენობრივი ინტელექტის განვითარების საფუძველია. მნიშვნელოვნად გვესახება, ენობრივი კომპეტენციები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვყოთ, კერძოდ:

 

  • სამეტყველო ინტერაქცია
  • მოსმენა
  • ლექსიკური
  • წარმოთქმა
  • კითხვის უნარ-ჩვევები
  • წერა
  • გრამატიკული
  • ორთოგრაფიული
  • ინტერკულტურული
  • სოციოლინგვისტური
  • პარალინგვისტური კომპეტენციები და სხვ.

 

რა შეიძლება გაკეთდეს სკოლაში ანიტას ტიპის ბავშვებთან მუშაობისას?

 

ანიტა ჯერ სამეტყველო ინტერაქციის დაუფლების ფაზაშია, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საკლასო ოთახში  კომუნიკაციის სოციალურ ურთიერთობათა ლინგვისტური მარკერების გამოკვეთა. კერძოდ,  

 

  • ზრდილობის ნორმების გაცნობა;
  • ურთიერთობის რეესტრებიდადგენა;
  • სოციალურ ურთიერთობათა ლინგვისტური მარკერების გამოკვეთა.

ზრდილობის ნორმების გაცნობისას კლასის დამრიგებელი, მშობლიური ენის პედაგოგი, სპეცმასწავლებელი, ასევე სხვა პედაგოგებიც ენისა და მეტყველების მქონე ბავშვს აჩვევენ მისალმების ფორმების შერჩევასა და გამოყენებას. თითოეული აქტივობა ხორციელდება ყოველდღიურად, სიმულაციურად სხვადასხვა როლში, ასევე მსგავსი ბარათების გამოყენებით:

  • შეხვედრისას, მაგალითად: „გამარჯობა“, „სალამი“…

ან „დილა მშვიდობისა!“

  • მოკითხვისას, მაგალითად, „– როგორ ხარ? – კარგად და შენ?“…

[3]

  • გაცნობისას, მაგალითად, მისალმება ხელის ჩამორთმევით: „ – მე ვარ ანიტა“, „ – მე ლუკა ვარ“…
  • დამშვიდობებისას, მაგალითად: „კარგად“, „ნახვამდის“…

მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ყოველ ჯერზე მოეთხოვოს პასუხი (ღიმილიან) მისალმებაზე, გაცნობისას თუ დამშვიდობებისას.

სამეტყველო ინტერაქციის კომპეტენციის გასამყარებლად ასევე აუცილებელია ურთიერთობის ფორმების შერჩევა და გამოყენება:

  • ოფიციალური, მაგალითად: „მასწავლებელო“,  , „ქალბატონო/ბატონო“…
  • არაოფიციალური, მაგალითად: „ძია“, „დეიდა“, „გოგონა“, ან მხოლოდ სახელით: „ლუკა!“, „ნიკა!“ – მიმართვის განსაზღვრული ფორმის გარეშე;
  • მეგობრული, მაგალითად: „ძვირფასო“, „ჩემო კარგო“, „ჩემო კეთილო“…
  • შინაურული, მაგალითად: „მიყვარხარ“, „შენ გენაცვალე!“…
  • ბრძანებითი, მაგალითად, ბრძანების ტონით სახელით მიმართვა ან მხოლოდ გვარით: „ნიკა!“ „აბესაძე!“, „დარსაძე!“…
  • შეურაცხმყოფელი, მაგალითად: „გიჟო“, „სულელო“, „გადარეულო“ (ხშირად სიყვარულით);

მოკითხვის შერჩევა და გამოყენება, მაგალითად: „– როგორ ხარ? – გმადლობ, კარგად. თავად როგორ?“…

შეძახილის შერჩევა და გამოყენება, მაგალითად: „ვაჰ!“, „ღმერთო!“, „მაგარია!“, „გაიხარე!“….

ზრდილობის ნორმების დაუცველობა თანამშრომლობის პრინციპის პირდაპირი გამოყენებიდან გადახვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. მნიშვნელოვანია, ანიტას ტიპის ბავშვების კლასში ენობრივი ტრანზიცია აქედან დაიწყოს და მათ სიმულაციური მუშაობით ვაჩვენოთ, რომ ქცევის ნორმათა თავისებურებების უცოდინრობა ადამიანებს შორის გაუგებრობას იწვევს. ასევე მნიშვნელვანია, სიმულაციური თამაშების თუ ფერადი ბარათების მეშვეობით სადამრიგებლო საათზე, საგაკვეთილო თუ არასაგაკვეთილო დროს ანიტასთან ერთად სხვა ბავშვებიც გაეცნონ პოზიტიური და ნეგატიური ზრდილობის არაენობრივ თუ ენობრივ ფორმებს. მათ კარგად უნდა იცოდნენ, რა არის:

პოზიტიური ზრდილობა

  • ადამიანის ცხოვრებისადმი ინტერესის გამოვლენა;
  • განცდებისა და საზრუნავის ურთიერთგაზიარება (გულითადი საუბარი);
  • აღფრთოვანების, მადლიერების გამოხატვა;
  • საჩუქრის გადაცემა, სტუმართმოყვარეობა.

ნეგატიური ზრდილობა:

  • არასასურველი ქცევისაგან თავის არიდების ცდა (დოგმატიზმი, მაგალითად: „ეს ჩემი მერხია/ადგილია და სხვა ვერ დაჯდება!“, ბრძანება და ა.შ.);
  • სინანულის გამოხატვა, ბოდიშის მოხდა უსიამოვნო ქცევის გამო (უთანხმოება, აკრძალვა და ა.შ.);
  • კატეგორიულობის შემარბილებელი გამოთქმები („მგონია“, „ვფიქრობ“, „სჯობია“…);

მადლობის გადახდისა და ბოდიშის მოხდის წესები („გმადლობთ!“, „დიდი მადლობა!“ „ბოდიში!“, „მაპატიე/მაპატიეთ“…);

უზრდელობა (ზრდილობის ნორმების წინასწარგანზრახული დარღვევა):

  • უკმაყოფილების, არაკეთილმოსურნეობის გამოხატვა;
  • ჩივილი, საყვედური;
  • მოუთმენლობის, სიბრაზის გამოხატვა;
  • საკუთარი უპირატესობის გამოხატვა;
  • გადაჭარბებული გულახდილობა.

 

აღნიშნული ტიპის აქტივობები მოსმენისა და ლექსიკური კომპეტენციების გაფართოებასაც შეუწყობს ხელს. თუმცა შედეგი მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ  ამავდროულად წერით კომპონენტსაც შემოვიტანთ. კერძოდ, ყველა ფრაზას გაჟღერებისთანავე დაფაზე/სმარტდაფაზე გამოვსახავთ, რამდენჯერმე ამოვიკითხავთ, ხოლო დავალებად ბავშვებს შევთავაზებთ მისალმება-დამშვიდობებისა და სხვა ურთიერთობის ფორმების, მოკითხვის, შეძახილის, მადლობის გადახდისა და ბოდიშის მოხდის წესებითა და ფრაზებით ელექტროკომუნიკაციას.

 

ენობრივი კომპეტენციის სხვა დონეზე მნიშვნელოვანია მოსწავლეს შევაძლებინოთ:

  • ქართული ანბანური სიმბოლოების უკეთ გაცნობიერება და ერთმანეთთან დაკავშირება;
  • ანბანის რიგზე დალაგებული, წინასწარ შერჩეული ქართული ანბანური მასალის, კონკრეტულად კი არსებითი სახელების მისადაგება შესაბამის ვიზუალურ მასალასთან;
  • მართებული პასუხის გამოცნობა და საგანთან არსებითი სახელის წერილობით დაკავშირება.

ენობრივი კომპეტენციის ამ და სხვა დონეების განვითარების შესახებ ჩვენს მომდევნო წერილებში ვისაუბრებთ. თუმცა მანამდე წერილის დასაწყისში დასმულ შეკითხვას დავუბრუნდები. ანიტასთან მომუშავე ყველა სპეციალისტმა თუ მშობელმა აუცილებლად უნდა გაითავისონ, რომ არ შეიძლება ფარ-ხმლის დაყრა და ამ გზაზე მასთან მუშაობისთვის ყველა ბარიერი უნდა მოიხსნას! გოგონა ხომ ენის განცდის, ენის სამყაროს ისეთივე მატარებელია, როგორიც – თითოეული ჩვენგანი. იგი ადამიანია და სხვაგვარად შეუძლებელია.

 

 

[1] სხვათა შორის, თუთიყუშ ალექსის, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, საგანთა გაერთიანება სხვადასხვა ენობრივ ცნებებში არ გასჭირვებია!

[2] ამასთან დაკავშირებით იხ.: https://natiakentchiashvili.wordpress.com/2014/01/31/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%99/

[3] ბარათების ქართული ვერსიების დასამზადებლად შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი ელ-გვერდი: https://www.bingobongokids.com/free-esl-efl-english-flashcards/

        ძნელი ბავშვების კინო

0

ჩემს უბანში იყო ერთი-ორი ისეთი ბიჭი, ზოგჯერ უფროსებსაც რომ ეშინოდათ, უფრო სწორედ – ერიდებოდნენ, მათთან სიახლოვეს ბავშვებსაც უკრძალავდნენ.

ყველა უბანში იყო ასეთი ბიჭები. უბნები იმითაც იცნობოდა, ვის როგორი ძნელი ბიჭი ჰყავდა.

მე მათ ვეძახდი „ძნელ ბიჭებს“ და რა მიზიდავდა მათში იმ ჩემს პატარაობაში, დღემდე ბოლომდე ვერ ვაზუსტებ. ალბათ ჯერ შიში, ყველაზე მეტად სწორედ შიში და ადამიანური ინსტინქტი – გეზიდებოდეს ის, რისიც გეშინია. მერე კიდევ – ფარული რომანტიკა, რასაც მე პირადად (და ჩემსავით კიდევ ბევრი გოგოც)  ჩემი ფანტაზიებით ვხუნძლავდი – ყველაზე მამაცები, უშიშრები და ვაჟკაცები მეჩვენებოდნენ ხოლმე იმ ფონზე, როცა ბიჭიც და გოგოც – ყველა ერთმანეთს ჰგავდა, სკოლის უნიფორმიდან დაწყებული, საბჭოთა (პოსტსაბჭოთაც) ოჯახის აღზრდის პრინციპებთან შესაბამისობაში ნასწავლ-შეთვისებული ცხოვრებისეული საქციელებით დამთავრეული.

მოკლედ, უბანში ძველი ბიჭები იყვნენ და მე ძნელ ბიჭებად მიმაჩნდნენ, რადგან ამ ყველაფერთან ერთად (ეს რომანტიკაც, დიდწილად ჩემი ილუზია იყო და ხშირად არაფერი საერთო არ ჰქონია იმ თითქმის კრიმინალურ პერსონებთან, ვისი ათასნაირ ჰეროიკულ სიტუაციაში წარმოდგენაც მხიბლავდა და მართობდა) იყო რაღაც ტრაგიკულიც ამ ამბავში და ამ ტრაგიკულსაც ისევე არ გვაკარებდნენ და გვაშინებდნენ, როგორც რამე ფატალურ სახადს ან უკურნებელ სენს.

რეალურად, მართლა ტრაგიკული ამბიდან იწყებოდა ხოლმე ყველაფერი – ბავშვი ძალიან პატარაობაში დაობლდებოდა, ან მისი მშობლები გაიყრებოდნენ და დედას და მამას დედინაცვალი და მამინაცვალი ჩაანაცვლებდა, ამ ბავშვში ბოღმა დაგროვდებოდა, ამას მის მიმართ ყურადღების მოდუნება, მისი შინაგანი სამყაროს იგნორი („ვმუშაობ, შენთვის არ მცალია“ თავის მართლებით), გარე-გარე გაჩვევა და საეჭვო გარემოში მოხვედრის პერსპექტივა ემატებოდა, მერე, ამ წრეში თავის დამკვიდრების რთული გზები – მარცხი, ჩაფსმამდე შიშიც, გამარჯვება, სხვისი დაჩაგვრის პირველი მცდელობა (მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ – პრინციპით), მერე სხვა თავისნაირების შემოკრება და „ბანდის“ გამაგრება და ასე – სხვადასხვა სიტუაციებით, მაგრამ ძირითადად საერთო კლასიკური დრამატურგიით, რომელიც ქმნის ხოლმე კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდების კასტას – ძნელი ბიჭების ეპოპეას, სადაც მტყუან-მართლის გარჩევა იმაზე უფრო შეუძლებელი ხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

ჩემი უბნელი ძნელი ბიჭების უმეტესობამ ცხოვრება მალევე მართლა ტრაგიკულად დაასრულა – ზოგი სამოქალაქო ომად წოდებულ იმ სისხლიან და სამარცხვინო დეკემბრის დღეებს შეეწირა (იარაღი და განუკითხაობა, კაციჭამიობამდე გაშიშვლებული აგრესია და ვითომ ახალი წესრიგის დამყარების ისტერიკული მოწადინება მორევივით ითრევდა ხანდახან ამ ყველაფრის ვერცწარმომდგენ, გამოუცდელ და პირტიტველა ბიჭებს), ზოგი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩაიჩეხა, ვინც გადარჩა – წამალზე შეჯდა ან ციხეში ჩაჯდა, შინ ათი და უფრო მეტი წლით დაბერებული დაბრუნდა.

ჩემი თაობის ძნელ ბიჭებზე ვამბობ. ჩემს თაობას ეს ძნელბიჭობაც არ შეარჩინა დრომ. ვერაფერში გაიხარეს, ცხოვრება ყველაზე ბნელი და უსამართლო მხრიდან ნახეს, დაიღალნენ და დანებდნენ. ერთ-ერთი, იმ წლებში გადარჩენილებიდან, სულ ორი თუ სამი წლის წინ დამარხეს, ადრიან გაზაფხულზე. წითური მახსოვს ბავშვობაში და ბოლოს ისეთი ჭაღარა იყო, ლოთობისგან თვალებჩაწითლებული, უუნარობისგან დაძაბუნებული, დილაობით, ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალს მხვდებოდა ხოლმე, ისეთი მძიმე და დაძაბული ნაბიჯებით გადი-გამოდიოდა ერთ ამოჩემებულ მანძილს, იფიქრებდი – გულში ითვლის და ეშინია, არ აერიოსო, ითვლის, კიდევ რამდენი ნაბიჯი დარჩა, კიდევ რამდენს შეძლებს იმის სიცოცხლისგან დაწრეტილი სხეულიო…

ერთხელ კამერებიანი ხალხი მოვიდა ჩვენს სკოლაში – ბავშვებზე ვიღებთ ფილმს და ტიპაჟები გვჭირდებაო. ატყდა ერთი ამბავი. ძირითადად გოგოები აქტიურობდნენ. „კასტინგის“ რიგში თამამად ჩადგნენ. ბიჭებიდან ერთი-ორმა ხუთოსანმა თუ გაბედა. რეჟისორი ახალგაზრდა კაცი იყო. მიტრიალდა, მოტრიალდა და უცებ ერთ-ერთი ძნელი ბიჭისკენ გაიშვირა ხელი – ეს მაინტერესებს, ეს მჭირდებაო. ძნელი ბიჭი კი ამ დროს სკოლის ეზოში, დამრეც გორაკზე იყო ჩაცუცქული და დაუფარავი ირონიით აკვირდებოდა ვითარებას. რომ დაუძახეს და გაიხმეს, თავიდან არ ეჯერა, მერე ცოტა გაიბრძოლა, მგონი არც ესიამოვნა და თან ჩუმ-ჩუმად ვიღაცებს აკვირდებოდა – რას იფიქრებენ ჩემზეო, მაგრამ უცხო კაცის წინაშე დირექტორს სცა პატივი (ზუსტად ასე განმარტა თვითონ) და რეჟისორთან მივიდა.

არ ვიცი, რა უთხრა, რით მოხიბლა ახალგაზრდა რეჟისორმა. ფაქტია, რომ ბიჭი გაჰყვა და როგორც მერე ლაპარაკობდნენ, რაღაცები მოსინჯა კიდეც. ალბათ გადაღებაც მოეწონა და ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა მისი სამსახიობო თავგადასავალი, ის რეჟისორიც, ერთ დღეს თავის კამერიანად ომში რომ არ წასულიყო, სოხუმში, ან იქიდან ჩამოსულს ის კინო გაეგრძელებინა…

დიდი დრო გავიდა და გენიალური ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმას“ რომ ვუყურე, ის ბიჭი და ის ამბავი გამახსენდა. ტრიუფოს ეს ფილმი საკუთარ ბავშვობაზე აქვს გადაღებული. მგონი ყველა მოზარდმა უნდა ნახოს. საერთოდ, კარგი იქნება, რომელიმე მასწავლებელი გაკვეთილების შემდეგ კინოსეანსზე ამ ფილმს თუ აჩვენებს ხოლმე მოსწავლეებს.

აი, რას წერს თავის ჩანაწერებში ტრიუფო „400 დარტყმაზე“: „15 წლისამ, ხულიგნობის გამო, ვილჟუიფის არასრულწლოვანთა კოლონიაში ამოვყავი თავი. ომი ახალი დამთავრებული იყო. მკვეთრად იმატა დანაშაულმა ახალგაზრდებსა და ბავშვებში, შესაბამისად, ციხეები გადავსებული იყო. ასე რომ, კარგად ვიცნობდი გარემოს, რომელსაც ფილმში წარმოვაჩენდი… ბავშვის თვალით დანახული უფროსების სამყარო – ეს არის დაუსჯელობის სივრცე, სადაც ყველაფერი ნებადართულია. ოჯახის მამა სიცილით უყვება თავის მეგობრებს, ქუჩაში როგორ დაეჯახა მანქანით ჭადარს; ამ დროს კი მის 8 წლის შვილს, რომელსაც ბოთლი მაშინ გაუვარდა და გაუტყდა, როცა კარგი საქმის გაკეთება უნდოდა, ჰგონია, რომ დანაშაული ჩაიდინა. ბავშვი ვერ ხედავს განსხვავებას შემთხვევით საქციელსა და დანაშაულს შორის. ამგვარი მაგალითით ეკრანზე შეიძლება შექმნა დრამა, და ეს ამტკიცებს, თუ რა პატარა ამბებისგან შეიძლება გაკეთდეს ფილმი ბავშვებზე; არადა, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, არაფერი არ არის პატარა“.

კონფლიქტიც ალბათ აქედან იწყება – ის, რაც ბავშვისთვის, მოზარდისთვის დანაშაულია, უფროსები ამას შემთხვევით საქციელს უწოდებენ თავიანთ პრაქტიკაში. დანაშაულის განცდა კი ისეთი კლანჭებიანი ურჩხულია, რომ თუ ჩაგაფრინდა და მოგიხელთა, უფრო დიდ დამნაშავედ გაქცევს.

იმ ჩემი სკოლის ძნელ ბიჭსაც რომ დასცლოდა, იმ ახალგაზრდა რეჟისორთან ეს კინო წინასწარ გაევლო – სადაც საკუთარ თავს სხვა კუთხიდან შეხედავდა, სხვა რამეს დაინახავდა, იქნებ განთავისუფლებულიყო „თვითაღიარებული დამნაშავის“ კომპლექსისგან და უფრო მეტი ნდობა გამოეცხადებინა უფროსებისთვის, რომლებიც გამუდმებით უჩიჩინებდნენ, რომ მხოლოდ იმიტომ სჯიან, რომ მისთვის კარგი უნდათ.

ვინმე დღესაც რომ დადიოდეს კამერით, მიუშვიროს ეს კამერა  ამ ჩვენს მოზარდებს, რომლებსაც აგრესია, ბოღმა, ტკივილი და ათასი სიმშვიდის დამრღვევი რამ ძალადობისკენ, სხვისი ჩაგვრისკენ მიერეკება, გადაუღოს კინო, სადაც თავად ეს მოზარდები იქნებიან მთავარი გმირები, და არაფერი მათთან დაკავშირებული არ იქნება პატარა და უმნიშვნელო, აჩვენოს ეს კინო, სადაც მოზარდები საკუთარ თავს იცნობენ, დაინახავენ, კითხვები გაუჩნდებათ, გაუგებარი ბოღმა მოაწვებათ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ბოღმას ამოხეთქავენ და დაისვენებენ!..

ყველა ადამიანი უნიკალურია. მათ შორის ყველაზე ძნელი კი – ყველაზე უნიკალური.

ისე უნდა შეხედო მათ, როგორც ბავშვობის გამოცანას – იმტვრიო თავი და უნდა გამოიცნო.

და თუ გამოიცნობ – ჯილდოც დიდია. ამ ჯილდოს სამყარო აწესებს.

 

თებერვალი დადგა

0

სოციალურ ქსელებში, ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებზე ხშირად აღვნიშნავ, რომ მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ვფიქრობ, მასწავლებელი მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს და სწორ მიმართულებას აძლევდეს მოსწავლეებს მოვლენათა შეფასებისას. სასურველია ნათლად დავანახოთ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც მოგვიტანა ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობამ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ენობრივი და კულტურული იზოლირება გამოიწვია საბჭოთა კავშირში არსებული სისტემის არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ.  დღეს შეცვლილია მიდგომები. მომავალი თაობა იაზრებს სახელმწიფო ენის შესწავლისა და ინტეგრაციის აუცილებლობას. წლიდან წლამდე იზრდება უნივერსიტეტებში ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებიდან წამოსული სტუდენტების რიცხვი.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებთან მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება დამიგროვდა. ისინი, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და ინტელექტუალურ თუ კულტურულ მრავალფეროვნებას ჰმატებენ მას. ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენი პატარა თანამოქალაქეები დაფიქრდნენ მათი სამშობლოს გასაჭირზე, გადატანილ მძიმე დღეებზე, დამდგარ შედეგებზე. მინდა მოსწავლეებს ყოველთვის ედოთ თითი ჩვენი ქვეყნის პულსზე და გრძნობდნენ მის მაჯისცემას.

VIII კლასს ვასწავლი გეოგრაფიას და ამავდროულად ვარ მათი დამრიგებელი. იანვარში ვფიქრობდი, თუ რა ღონისძიება შემეთავაზებინა ჩემი მოსწავლეებისთვის თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით. გადავწყვიტე, ერთობლივი შემეცნებითი ლაშქრობა მოგვეწყო ტაბახმელასა და კოჯორში. ლაშქრობის იდეა მივაწოდე კოლეგა გიორგი ჭაუჭიძეს, რომელიც მე-10 კლასის დამრიგებელია და ამავდროულად ისტორიასაც ასწავლის.

შემეცნებითი აქტივობები მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:

სასკოლო აქტივობები

  • VIII და X კლასების მონაწილეობით მოეწყო დისკუსია თემაზე: ჰქონდა თუ არა აზრი 1921 წლის თებერვალში საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან წითელარმიელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას?
  • VIII კლასის მოსწავლეებმა Google earth-ის ინსტრუმენტის გამოყენებით მონიშნეს წითელარმიელებსა და იუნკრებს შორის დაპირისპირების ადგილები თბილისის მისადგომებში, აღადგინეს თბილისის დაცვის ხაზი.

გასვლითი აქტივობები

  • ვესტუმრეთ ოკუპაციის მუზეუმს;
  • მოვინახულეთ ტაბახემალში გამართული ბრძოლების ადგილები.

სასკოლო აქტივობები ძალიან საინტერესოდ წარიმართა. Google earth-ის ინსტრუმენტის ეფექტური გამოყენების მიზნით დავიხმარე კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოთახი. მოსწავლეები სამ ჯგუფად დავყავი. თითოეულ ჯგუფს დავუსახე შემდეგი ამოცანა: ტაბახმელას სიმაღლის დადგენა ზღვის დონიდან და შედარება თბილისთან, საომარი მოქმედებების ადგილების მონიშვნა და თბილისის დაცვის ხაზის აღდგენა. ინფორმაციის დამუშავების პროცესში მოსწავლეებმა დაადგინეს, რომ ტაბახმელა ზღვის დონიდან დაახლოებით 1000-1045 მეტრზე მდებარეობს. მათ აღნიშნეს, რომ ამის გამო ტაბახმელას სიმაღლეების დაკავებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

VIII  და X  კლასების გაერთიანებულ გაკვეთილზე დაისვა სადისკუსიო შეკითხვა: ჰქონდა თუ არა აზრი 1921 წლის  თებერვალში საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან წითელარმიელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას? ისტორიის პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე იცავდა პოზიციას, რომ საქართველოს უნდა გაეწია რაც შეიძლება ხანგრძლივი წინააღმდეგობა. მისი არგუმენტი იყო – „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მტერი ერთხელ უკვე დამარცხებული გყავს ბრძოლაში და როდესაც საგარეო დახმარების მოლოდინი არსებობს“. მე მევალებოდა მოსწავლეთა პროვოცირება – ჩემი პოზიცია იყო შემდეგი: რაც შეიძლება მალე უნდა შეგვეწყვიტა ბრძოლა და გამოგვეცხადებინა კაპიტულაცია, რადგან სამხედრო ძალები და მთავრობა არ იყო მზად ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის. ქვეყანა იყო მძიმე სოციალურ პირობებში, რაც მთავარია, ჩვენ დავრჩით მარტო „წითლების“ პირისპირ. ამით ავირიდებდით ზედმეტ მსხვერპლს…

დისკუსიის შედეგად მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ხანგრძლივად უნდა გაეწია მედგარი წინააღმდეგობა, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არა მხოლოდ იმწუთიერი შედეგისთვის.

…17 თებერვალს დღე ოკუპაციის მუზეუმის მონახულებით დაიწყო. მოსწავლეები გაეცნენ იმ ექსპონატებსა და არტეფაქტებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და თებერვლის ოკუპაციასთან.

მუზეუმის მონახულების შემდეგ შემოგვიერთდა ისტორიის დოქტორანტი დიმიტრი სილაქაძე, რომელიც იცავს დისერტაციას პირველი რესპუბლიკის თემაზე და ამ საკითხზე შექმნილი აქვს საინტერესო და მდიდარი ბლოგი.

მან ტაბახმელაში გვაჩვენა შეტაკების ადგილები. ისტორიკოსმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დაცვის საკითხებში საერთო სამოქალაქო თანხმობის მიღწევის მნიშვნელობაზე. ამის მაგალითად მოიყვანა ბორჩალოს ასეული, რომელიც თბილისის დასაცავად იბრძოდა.

მე-4 პოზიციის ფრთა. ერთ-ერთი სანგარი.

ასეთი სასწავლო აქტივობები ხელს უწყობს ისტორიული ფაქტების ინტერპრეტირებას, დღევანდელი სიტუაციის  წარსულთან შედარებას და მოსწავლეებს უადვილდებათ დასკვნების გამოტანა…

ვფიქრობ, მოსწავლეებამდე სწორი ინფორმაციის მიტანა იქნება გარანტი, რომ მომავალში თეორიულადაც კი არ დავუშვათ წარსული შეცდომების გამეორება. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სრული სურათის შექმნა და ჩვენება იმ თავგანწირვისა, რომელსაც იჩენდნენ ახალგაზრდა იუნკერები და სხვა მებრძოლები. ამ ეპოქაში მტერი გვებრძვის არაძალადობრივი მეთოდებით, მათთვის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს, საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფი წარმოადგენს. საჭიროა, მტერს ეს საყრდენები გამოვაცალოთ. ამისთვის აუცილებელია მათთან სწორი და ეფექტური მუშაობა. მოსწავლეები, თავისთავად, მიღებული ინფორმაციის სწრაფად გავრცელებას უწყობენ ხელს. დარწმუნებული ვარ, სახლში დაბრუნების შემდეგ შთაბეჭდილებებსა და მიღებულ ინფორმაციას გადასცემდნენ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს და განიხილავდნენ სოციალურ ქსელებში.

…ქარიანი ტაბახმელიდან დაბრუნებისას ვფიქრობდი, პირადად მე, როგორ გავუძლებდი 21 წლის სუსხიან თებერვალში სანგარში ყოფნას, როცა ექსკურსიის ფორმატშიც კი ასე შემაწუხებელი აღმოჩნდა გაუსაძლისი ქარი?! ნეტავ, ჩემი მოსწავლეებიც თუ ასეთ ფიქრებში იყვნენ?!

მინდა, გაგიზიაროთ მოსწავლეების მიერ მომზადებული სიუჟეტი ამ თემაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

იუნკერთა საბრძოლო დანაკარგები რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს – https://pirvelirespublika.blogspot.com/2015/07/1921_14.html

თბილისის დაცვის ხაზი

https://stratreviewgeo.wordpress.com/tag/1921-წლის-ოკუპაცია/#jp-carousel-2049

 

თვითშეფასების როლი სწავლის მოტივაციის ამაღლებაში

0

ყველა გენიოსია, მაგრამ თუ თევზს ხეზე ძვრომის უნარის მიხედვით განსჯი, მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ სულელია“.

ალბერტ აინშტაინი

დღეს ბევრს საუბრობენ სხვადასხვა სახის შეფასების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა განვითარებაზე. ღია და დახურული არჩევითპასუხებიანი ტესტები, ესეები, პორტფოლიოები, შეფასების ათასგვარი რუბრიკა: პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის, წყვილებში თანამშრომლობის თუ საშინაო დავალების… ყველა მათგანის შემდგენელი მასწავლებელია (საუკეთესო შემთხვევაში კრიტერიუმები შემუშავებულია მოსწავლეთა ჩართულობით) და შემფასებელიც თავადვე გახლავთ.

რას აძლევს მოსწავლეს ასეთი სახის შეფასება? აჩვენებს მას კონკრეტულ საგანსა თუ საკითხში მიღწევის დონეს. მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეები სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდიან, დაბალი შეფასების მქონენი კი – მწუხარებას და სევდას. ნუთუ ეს არის შეფასების მიზანი? შედეგად – მხოლოდ გრძნობები? არა, ამ გრძნობების უკან იმალება უმნიშვნელოვანესი რამ – ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავზე, რომელიც თვითპატივისცემისა და თვითმიღების ხარისხსაც ასახავს. შედეგად მაღლა იწევს ან ეცემა თვითშეფასება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სწავლის სურვილსა და მოტივაციაზე.

რა მოხდება, თუ მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრების გასწორების შესაძლებლობას მივცემთ? მათ მოუწევთ, კრიტიკული თვალით გადახედონ თავიანთ ნაშრომს, აღმოაჩინონ შეცდომები და გამოასწორონ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი შეცდომა დაუშვა მოსწავლემ ნაწერში – მთავარია, მაქსიმალურად ბევრი ხარვეზი იპოვოს და გამოასწოროს. შედეგად მოსწავლეს უჩნდება კმაყოფილების განცდა. ნაცვლად იმისა, რომ წუხდეს დაშვებული შეცდომებისა და დაბალი შეფასების გამო, სიამაყეს და სიხარულს განიცდის, მაღლა იწევს მისი თვითშეფასება და ვინაიდან ეს უკანასკნელი მოზარდის წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია, ჩვენ, მასწავლებლები, ვალდებული ვართ, შევუქმნათ მოსწავლეებს ისეთი სასწავლო გარემო, სადაც თავს თავისუფლად იგრძნობენ, არ შეეშინდებათ შეცდომების დაშვების, ისწავლიან სწავლის პროცესის დამოუკიდებლად წარმართვას და დარწმუნებულები იქნებიან, რომ მასწავლებელი მათ სამართლიანად მოექცევა, კი არ დასცინებს ან დასჯის შეცდომებისთვის, არამედ წაახალისებს მათი აღმოჩენისა და გამოსწორების პროცესს. შედეგად მოსწავლეთათვის დავალების შესრულება უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იმატებს თვითპატივისცემის განცდა, მოზარდები იწყებენ თვითრეალიზების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რაც დადებით გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე.

 

მეოცე საუკუნის ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის აბრაჰამ მასლოუს თეორიის თანახმად, იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს, მას დაკმაყოფილებული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მოთხოვნილებები: ფიზიოლოგიური/ბიოლოგიური, უსაფრთხოების, სიყვარულის/მიკუთვნებულობისა და დაფასებისა და თვითრეალიზების.

 

როგორც ვხედავთ, თვითრელიზებამდე ადამიანს სჭირდება დაფასების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რაც ნიშნავს „მოგწონდეს საკუთარი თავი, გქონდეს დადებითი თვითშეფასება, სხვების მიერ აღიარების, პატივისცემისა და მოწონების, წარმატების, კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება“.

დღემდე მახსოვს ჩემი კლასელების მოწყენილი, სევდიანი სახეები, როცა შეფასებულ დავალების რვეულებს გვირიგებდა მასწავლებელი. მახსოვს, ჩემს სიხარულსაც სევდა ერეოდა, როდესაც ჩემს მეგობარს დაბალი შეფასება ჰქონდა, მე კი – მაღალი. გადავწყვიტე, ჩემს მოსწავლეებთან შეფასების განსხვავებული ფორმა გამომეყენებინა. ყურადღება გავამახვილე თვითშეფასებაზე, რომელიც მოიცავს მასწავლებლის მიერ შეფასების პროცესსაც, თუმცა მთავარი მაინც მოსწავლეა. ის არის დავალების შემსრულებელიც და გამსწორებელიც.

გთავაზობთ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შედეგად დამიგროვდა.

  • კონკრეტული საკითხის, თემისა თუ თავის დასრულების შემდეგ მიეცით მოსწავლეებს შემაჯამებელი დავალება.
  • შეაგროვეთ მოსწავლეთა ნამუშევრები და გახაზეთ დაშვებული შეცდომები. არ შეაფასოთ ნაშრომი.
  • მოახდინეთ ნამუშევრების ანალიზი, შეადგინეთ სტატისტიკა, რომელი საკითხი გაუჭირდა მოსწავლეთა უმრავლესობას და ხელმეორედ, განსხვავებული ფორმით ან მეთოდით აუხსენით კლასს. აუცილებლად შეეხეთ ისეთ საკითხსაც, რომელშიც თუნდაც ერთ მოსწავლეს ჰქონდა დაშვებული შეცდომა.
  • დაურიგეთ მოსწავლეებს შეუფასებელი დავალებები, სთხოვეთ, გადახედონ საკუთარ ნაშრომებს და გამოასწორონ შეცდომები.
  • შეაფასეთ ნამუშევრები და წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებმაც შეცდომები იპოვეს და გამოასწორეს.

დროდადრო შეიძლება შესთავაზოთ ამ მეთოდის გართულებული ვარიანტიც. მას შემდეგ, რაც ნამუშევრებს შეაგროვებთ, გაასწორებთ და თქვენს ბლოკნოტში დაშვებული შეცდომების ანალიზს გააკეთებთ, ნაშრომები მინიშნებების გარეშე დაურიგეთ მოსწავლეებს. თავდაპირველად ისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელთა ცოდნა მათ შეცდომების აღმოჩენასა და გამოსწორებაში დაეხმარება, მერე კი სთხოვეთ, გადახედონ საკუთარ ნაშრომებს და შეცდომები გამოასწორონ. ახლა კი შეაფასეთ ნამუშევრები და წაახალისეთ ის მოსწავლეები, რომლებმაც დაშვებული შეცდომები იპოვეს და გამოასწორეს.

 

ამ მეთოდის გამოყენების შედეგად საგრძნობლად იზრდება მოსწავლეთა თვითპატივისცემისა და თვითშეფასების დონე, რასაც, თავის მხრივ, მოტივაციის ამაღლებამდე და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებამდე მივყავართ. მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება და მეტაკოგნიტიური უნარები, რადგან როდესაც მოსწავლე იწყებს საკუთარი სწავლის პროცესის გაცნობიერებას, სწორედ მაშინ მიმდინარეობს სწავლის სწავლა საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, დაგეგმვა, შეფასება და მონიტორინგი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/manana%20bochoriSvili%20kk.pdf

ტექსტზე მუშაობის ეფექტური მეთოდების გამოყენება ლიტერატურის სწავლებაში

0

ესგ-ის მიხედვით, თითოეული გამჭოლი კომპეტენცია მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში, მედიაწიგნიერება კი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უხვი და მრავალფეროვანი ინფორმაცია დაახარისხონ, გაფილტრონ და მხოლოდ ის შეარჩიონ, რაც მნიშვნელოვანი და საჭიროა მათთვის. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და შემოგთავაზოთ შესაბამისი გაკვეთილის გეგმა.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა და ავტორის პოზიციის განსაზღვრა, მიწოდებული ინფორმაციის შედარება და დახარისხება.

მედიაწიგნიერების მიზნები:

  1. მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;
  2. მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.

განსავითარებელი უნარ-ჩვევები:

  1. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  2. მედიაწიგნიერების დაუფლებისა და გამოყენების უნარი.

ესგ. სტანდარტი:

ზეპირმეტყველება: ქართ: X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

კითხვა: ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

წერა: ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია, დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარები:

მოსწავლეები იცნობენ დ. გურამიშვილის „დავითიანიდან“ შესაბამის ნაწყვეტებს.

შეუძლიათ:

  1. წაკითხული ტექსტის გაანალიზება;
  2. ინფორმაციის დახარისხება, შედარება და ანალიზი.

აქტივობა N1: კითხვა-პასუხი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მოკლედ მიმოიხილონ ეპოქა, რომელშიც მოღვაწეობდა დავით გურამიშვილი.

  1. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა დავით გურამიშვილი?
  2. რა იყო მისი ისტორიული გვარი და საიდან იყვნენ მისი წინაპრები?
  3. თუ ზედგენიძეა მისი ისტორიული გვარი, გურამიშვილად რატომ მოიხსენიება?
  4. რა მიაჩნია გურამიშვილს ქვეყნის უბედურების მიზეზად?
  5. როგორაა გადაჯაჭვული მისი როგორც პიროვნების ბედი ქვეყნის ბედთან?
  6. რა პრინციპი აირჩია გურამიშვილმა და რატომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გადმოსაცემად?

 

აქტივობა N2. ჯგუფური მუშაობა

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მთავარი სათქმელის ამოცნობა. განსაზღვრონ ავტორის პოზიცია, შეადარონ და დაახარისხონ მიწოდებული ინფორმაცია.

ჯგუფებს მასწავლებელი ურიგებს სამუშაო მასალებს.

თითოეულ ჯგუფს ურიგდება თავები დავით გურამიშვილის „დავითიანიდან“:

I ჯგუფი: „დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყვევება“

ასევე – ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (კერძოდ, თავიდან „ლეკების ტყვე“, დასაწყისიდან „…უსინათლო ჰყო“-მდე);

ადაპტირებული ნაწყვეტები (ლეკიანობა საქართველოში) წიგნებიდან:

. ნ. ბერძენიშვილი, „ლეკიანობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში“

. „საქართველოს ისტორიის საკითხები“, თბილისი, 1968 წ.;

. თ. ბოცვაძე, „საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან“, თბილისი, 1968 წ.

II ჯგუფი: „დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყვევება“

ასევე – ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (თავიდან „ლეკების ტყვე“, დასაწყისიდან „…უსინათლო ჰყო“-მდე;

ადაპტირებული ნაწყვეტი ინტერნეტჟურნალიდან „ბურუსი“ – თენგიზ ვერულავას „დავით გურამიშვილის ბიოგრაფია“ (დასაწყისიდან „…ტირანულ წამებაში აყენებდნენ“ – აქამდე).

 

III ჯგუფი: „ტყვეობიდან გაპარვა დავითისა“;

ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (თავიდან „ლეკების ტყვე“; „ბნელ ხაროში“ – აქედან „კოღოს ლაშქარი დაესია“ – აქამდე).

 

IV ჯგუფი: „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გაპარვა სარუსეთოში“;

ასევე – ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (თავიდან „ლეკების ტყვე“; „სიცოცხლეგამწარებული“ – აქედან ბოლომდე);

ადაპტირებული ნაწყვეტი ინტერნეტჟურნალიდან „ბურუსი“ – თენგიზ ვერულავას „დავით გურამიშვილის ბიოგრაფია“ („გურამიშვილი დიდხანს როდი შეგუებია“ – აქედან ბოლომდე)

 

ამ ტექსტების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები ავსებენ სქემას:

რა მსგავს ინფორმაციას გვაწვდის მოყვანილი ნაწყვეტები? რა განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის მოყვანილი ნაწყვეტები? როგორია პოეტის სულიერი მდგომარეობა? რა შეიცვალა პოეტის ცხოვრებაში ლეკთაგან დატყვევების შემდეგ?
 

 

 

 

 

 

 

     

მასწავლებელი აფასებს განხორციელებულ აქტივობას და საჭიროებისამებრ აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

 

აქტივობა N3. ჯგუფის მიერ შერჩეული მოსწავლე კლასის წინაშე ატარებს პრეზენტაციას.

აქტივობის მიზანი: პრეზენტატორმა შეძლოს, სრულყოფილად წარმოადგინოს ჯგუფის ნამუშევარი, გასაგებად და თანმიმდევრულად მიაწოდოს ის აუდიტორიას.

აქტივობა N4. ნაწყვეტის ჩვენება ფილმიდან

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პარალელების გავლება ფილმში ასახულ მოვლენებსა და ტექსტში გადმოცემულ ფაქტებს შორის.

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ნაწყვეტს ნიკოლოზ სანაშვილის ფილმიდან „დავით გურამიშვილი“: https://www.youtube.com/watch?v=QKFFCOr7Fiw&t=4639s და სთხოვს, უპასუხონ კითხვებს:

  • შეესაბამება თუ არა ერთმანეთს განხილული ტექსტები და ნაწყვეტი?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ შეცვალა სცენარისტმა რეალობა?
  • ვინ არის სამიზნე აუდიტორია თითოეული ავტორისთვის?
  • რა როლს ასრულებს მუსიკა ფილმში?

დისკუსიის დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გადახედონ თავიანთ ნამუშევრებს და ერთი წინადადებით შეაფასონ გაკვეთილი.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების ბარათებს და მოსწავლეებს აფასებს შეფასების რუბრიკებით

 

დანართი N1

 

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები  
თემატიკასთან შესაბამისობა  
საკითხი გასაგებად და ამომწურავადაა გადმოცემული. 3
მსჯელობისას დარღვეულია ლოგიკურობა, ამოვარდნილია თხრობის რომელიმე ელემენტი 2
უჭირს მსჯელობა, საკითხი გაურკვეველია 1
პრეზენტაცია არ შეესაბამება მოცემულ საკითხს 0
არგუმენტები, პარალელები  
მსჯელობა არგუმენტირებულია, გამყარებულია ციტატებით, ავლებს სათანადო პარალელებს. 3
მსჯელობს, თუმცა არაარგუმენტირებულად, ვერ ავლებს პარალელებს 2
პასუხი არ მოიცავს სათანადო არგუმენტებს, მსჯელობა გაუაზრებელია 1
პრეზენტაცია არ შეესაბამება მოცემულ საკითხს 0
რეგლამენტი, საკომუნიკაციო უნარები  
ყოველთვის იცავს რეგლამენტს, ფლობს საკომუნიკაციო უნარებს 3
ცდილობს რეგლამენტის დაცვას, აკლია საკომუნიკაციო უნარები 2
ვერ იცავს რეგლამენტს, უჭირს აუდუტორიის ყურადღების მიპყრობა, საუბრობს გაურკვევლად 1

 

დანართი N2

კრიტერიუმი 1-3: არადამაკმ. 4-6: დამაკმ. 7-8: კარგი 9-10 ძალიან

კარგი

შეუძლია მთავარი სათქმელის ამოცნობა ვერ ახერხებს ან უჭირს მთავარი სათქმელის ამოცნობა იშვიათად ამოიცნობს მთავარ სათქმელს და ზოგჯერ ბუნდოვანია ამოიცნობს მთავარ სათქმელს, თუმცა აქვს ხარვეზები სრულად ამოიცნობს მთავარ სათქმელს
ადარებს და ახარისხებს ინფორმაციას უჭირს ინფორმაციის შედარება და დახარისხება ცდილობს, შეადაროს და და დაახარისხოს ინფორმაცია, თუმცა აქვს ხარვეზები შეუძლია მიწოდებული ინფორმაციის შედარება და დახარისხება სრულყოფილად შეუძლია ინფორმაციის შედარება და დახარისხება
სხვადასხვა მედიაში გამოყებებული ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი უჭირს ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი ცდილობს სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირებას და კრიტიკულ ანალიზს, თუმცა აქვს ხარვეზები შეუძლია სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზი კარგად ახერხებს სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირებას და კრიტიკულ ანალიზს

 

 

მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა

აზრს თამამად გამოვთქვამ ყოველთვის ზოგჯერ არასდროს
ვიგებ ინსტრუქციას და ვიქცევი შესაბამისად      
ვცდილობ, ვიყო აქტიური საგაკვეთილო პროცესში      
ვიცავ დროის ლიმიტს      

 

კედელზე გაკრულია ლექსიკონი იმ ძირითადი სიტყვებისა, რომლებიც შეხვდებათ მედიატექსტზე მუშაობისას.

 

სიტყვა განმარტება
მამითადი ნადი (უსასყიდლოდ მოწვეული მუშები) ყანის მკისა და სხვა საქმისათვის
დარანი კლდის ან მიწისქვეშა გამოქვაბული; გვირაბი
თაჯი ძვირფასი ლითონისგან დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოჭედილი გვირგვინი
თომარი (სპარს.) გვირგვინთან მისამაგრებელი ფრთა
მურასა (სპარს.) მოოჭვილი, მორთული

 

 

გამოყენებული მედიარესურსი

ლეკიანობა ქართლში

ლეკიანობა – დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით – დასახლებული ტერიტორიების დაპყრობასა და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას. დაღესტნელთა შემოსევები მე-16 საუკუნიდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. აბას პირველის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება და შექმნეს ეგრეთ წოდებული „უბატონო თემები“, რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცა შემდგომი თავდასხმებისათვის. ქართლში ლეკ ფეოდალთა შემოსევები მეთვრამეტე საუკუნის ოციან წლებში დაიწყო, ხოლო მეორე ნახევრიდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობლად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა.

ლეკიანობას ხელს უწყობდა ფეოდალური დაქსასულობა საქართველოში. ლეკთა რაზმები ხშირად მოჰყავდათ მეფეებს ფეოდალებთან ან ტახტის პრეტენდენტებთან საბრძოლველად. ფეოდალთაგან შევიწროებული გლეხი გაურბოდა მებატონეს და თავს აფარებდა უბატონო ლეკებს, იყენებდა მათ საკუთარი ბატონის წინააღმდეგ, ქართველი გლეხი ლეკდებოდა, რადგან გალეკება მისთვის უბატონობას ნიშნავდა. ლეკიანობამ აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა საქართველოს. მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა, ზოგიერთი მხარე მოსახლეობისგან დაიცალა, კულტურული მეურნეობა დაეცა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ნ. ბერძენიშვილი, „ლეკიანობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში“

„საქართველოს ისტორიის საკითხები“, თბილისი, 1968 წ.

თ. ბოცვაძე, „საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან“, თბილისი, 1968 წ.

 

გამოყენებული მედიარესურსი

ლეკების ტყვე

ლამისყანა ის სოფელია, საიდანაც გაიტაცეს დავითი. სწორედ აქედან იწყება მისი ცხოვრების ეკლიანი გზა. გამტაცებლებს რომ მსხვერპლის ნამდვილი ფასი სცოდნოდათ, უფრო მაგრად გაბაწრავდნენ და გაქცევის საშუალებას არ მისცემდნენ. ქვეყნის წახდენის მიზეზით დავითი ძნელბედობის ვიწრო, მოლიპულ ბილიკებს მიჰყვება და ნათესავებთან აფარებს თავს ლამისყანაში. იმ უბედურ დღეს დავითი ალიონზე ამდგარა და ქსნის ხოდაბუნებისკენ ორი კაცით წასულა, რათა მამითადი წესისამებრ გადაეხადა. ყანის მკელები შორიდან ყოფილან მოსასვლელნი და მათ მოლოდინში ცივი წყლით პირის დასაბანად დავითი წყაროსთან მისულა, თოფი და ხმალი მუხის ძირას მიუყუდებია და როცა პეშვი წყლით აუვსია, თავს მზირად დამსხდარი ლეკები წასდგომიან. წყარო, საიდანაც დავითი გაიტაცეს, დღესაც მოჩუჩუხებს. დარანში გატვრენილი თევზებივით უხმოდ მსხდარ ლეკებს ძვირფას თოფიარაღასხმული, კარგად ჩაცმული ჭაბუკი შეუპყრიათ. ის ორი კი, ვინც პოეტს თან ახლდა, არც დავითის მონათხრობში ჩანს სადმე და არც თანამედროვეთ შემოუნახავთ რაიმე ცნობა მათ ვინაობასა და ასავალ-დასავალზე.

დრო იყო ავი. ადამიანზე ნადირობა, ტყვედ გაყიდვა და ამით სახელისა და ფულის შოვნა სასახელო საქმედ ითვლებოდა, ამიტომ ამ სათაკილო ხელობას ბევრი მიმდევარი ჰყავდა. ვისაც მკლავი უჭრიდა, ძალა მოსდევდა და ნამდვილი ჯიგიტის სახელი ენატრებოდა, რამდენიმე თავზე ხელაღებულ კაცთან ერთად თავს რისხვად ატყდებოდა მოძმეთ და ახლო მეზობლებს.

ლეკები დატყვევებულებისთვის მიწას სიღრმეში ორ-ნახევარ მეტრამდე და უფრო ღრმადაც თხრიდნენ. მიწის სინესტის, ოფლის, შმორისა და უწმიდურებისაგან იქაურობა ისე ყარდა, რომ იქ მყოფნი იტანჯებოდნენ და სიკვდილს ნატრობდნენ. ხაროებს უზარმაზარი ქვის დოლაბები ეფარა, შიგ სინათლის სხივები ოდნავ ცრიატებდა, რის გამოც იქ მოხვედრილმა, ბევრმა დაკარგა თვალისჩინი. სიჭაბუკეში გადატანილ ამ განსაცდელს ვერც გურამიშვილმა გაუძლო – სიბერეში უწია და უსინათლო ჰყო.

ბნელ ხაროში უსასოქმნილი, სიკვდილს მშვიდად ელოდა და უფალს ცოდვების მიტევებას სთხოვდა. ერთ საღამოს საშინელმა ქარბორბალამ გადაუარა უნცუქულის შემოგარენს, ციდან თქეში წამოვიდა, ხაროში წყალი ჩავარდა და დავითს ეგონა, რომ უსახელო სიკვდილი ეწვია. სწორედ ამ დროს საყარაულო, რომელზედაც დოლაბის ასაწევი ოწინარი ება, წაიქცა და დოლაბი ჰაერში აიტაცა. წყალმა დავითი ზედაპირზე აატივტივა და ხევისკენ გაიტაცა. ტყვეობიდან თავდახსნილი, გაშიშვლებულ ჯაგის ფესვებს ჩაეჭიდა და ასე გადაურჩა სიკვდილს. იგი სამშობლოსაკენ დაადგა გზას, მაგრამ ლეკები კვალში ჩაუდგნენ, იპოვეს, თავში კეტი დაჰკრეს, დასისხლიანებულ ხელ-ფეხზე ჯაჭვი დაადეს, გაპარვისთვის უმოწყალოდ სცემეს, ცხენზე ხურჯინივით გადაჰკიდეს და ისევ უნცუქულში, უფრო ღრმა ხაროში ჩააგდეს. ამ მძიმე გასაჭირში უფალს უხმო საშველად. ძილში ხმა ჩაესმა: რად არ წახვალ შინაო. რაკი ღმერთის ძალა იგრძნო, აღარ შეუშინდა დარაჯებს, დასისხლიანებული ხელებით მიწა თხარა და თავი სიბნელეს შეაფარა. მეორე გაქცევა ბედნიერი აღმოჩნდა, თუმცა უჭმელ-უსმელი, ნაცემ-ნატანჯი, ჩამოძენძილი, ტყე-ღრეში დაეხეტება, გეზი ჩრდილოეთისკენ აქვს აღებული, დღისით მზის საშუალებით მიიკვლევს გზას, ღამით მთვარეს უჭვრეტს, შვიდთა ვარსკვლავთა საიდუმლოც იცის, მაგრამ თავს ახალი უბედურება დაატყდა: შეიქმნა საშინელი ჭექა-ქუხილი, ელვისაგან ვერაფერს ხედავდა. ციდან სეტყვა წამოვიდა. სეტყვის თავში დაცემის შიშით თუ რამ ებადა, თავზე დაიხვია, ტანს აღარ ჩიოდა. ბედად, ელვის შუქზე გამოქვაბული დალანდა და შიგ შეძვრა, ღმერთს გადარჩენისათვის გულით შესტირა, რადგან სამსხვერპლო ზვარაკი არ ჰყავდა. სამი დღე შამბიანში იწვა, დღისით ჯაგებში ძვრებოდა, მხოლოდ ღამით ვიდოდა. ხუთი დღე და ღამე შვიდი ცალი ტყემლის ანაბარა იყო. მშიერს უფალმა ორი კიტრი და ნახევარი საზამთროს ნაჭერი უბოძა, თუმცა მალევე წაართვა: შიმშილისაგან გასავათებულმა, გაურეცხავად მაინც არ ინდომა საზრდო, მდინარესთან მივიდა. დახრილს უბიდან კიტრები ამოუცვივდა და წყალმა წაიღო. დაედევნა და ლამის დაიხრჩო. მაშინ კი უზენაესს საყვედური შეჰკადრა, თუმცა მალევე მოინანია, რადგან მცირე ხნის შემდეგ ბაღს მიადგა, უბე ხილით აივსო. შებინდების ჩალიანში შევიდა, იქ კი კოღოს ლაშქარი დაესია. სიცოცხლეგამწარებულმა და ყველაფერში ხელმოცარულმა, გადაწყვიტა, იქვე, კალოსთან მყოფ ხალხთან მისულიყო. ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა კალოს მლეწავებს, რომლებსაც ყელზე ჯვრები ეკიდათ. ნაგვემი და ჩამოძენძილი ადამიანი გლახაკად მიიჩნიეს და „ხლება“ შესთავაზეს. ამის გამგონი დავითი მიხვდა, რომ სარუსეთომდე მიეღწია და სიხარულით ჯვარს ემთხვია.

დაძონძილ გადამთიელს ვიღაც რუსი ყაზახი გამოუჩნდა შემწედ და მომვლელად. მისი ამაგი მშობელი მამისას შეადარა, რადგან რუსმა საოცარი გულშემატკივრობა და მზრუნველობა გამოიჩინა. თარჯიმნად ჩრდილოეთში დიდი ხნის გადასული ფხოველი იანვარა მოჰგვარეს და მისი შემწეობით გაიგეს დავითის ამბავი.

თერგის მიდამოებში დიდხანს არ დარჩენილა პოეტი – ეჩქარება, მოსკოვს ხომ მეფე ვახტანგ VI-ა შეხიზნული თავისი ამალით.

 

მკვლევრები ერთ რამეში თანხმდებიან: დავითის ტყვეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ლეკები ტყვეებს დიდხანს არ აჩერებდნენ – თუ არავინ გამოისყიდიდა, სტამბულისა და ალეპოს ბაზრებზე მიერეკებოდნენ. დავითის დატყვევება ზაფხულში მომხდარა, ივლისის თვეში, გაქცევით კი აგვისტოს მიწურულს გაქცეულა. პოეტს მჟავე კოწახური და ტყემალი ხვდება გზაში. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის აზრით, ყურძნობისას ის უკვე თერგზე იმყოფება.

სავარაუდოდ, გურამიშვილი 1729 წელს დაუტყვევებიათ.

მოსკოვში ჩასული პოეტი თაყვანს სცემს ვახტანგსა და ბაქარს, როგორც ქართველთა მეფეებს, თუმცა მათ სამეფო აღარა აქვთ და სკრიპტრას, თაჯს, თომარს და მურასა ხმალს ტყუილად დაატარებენ. მათთან მისულმა გურამიშვილმა ჯაბადარბაშობა მიიღო და მათ სამსახურში ჩადგა (ელგუჯა მაღრაძე, „გოდება“).

ინტეგრირებული გაკვეთილი და მოტივაცია

0

დღეს ბევრს ვსაუბრობთ ინტეგრირებული გაკვეთილის უპირატესობებზე. სწორედ ინტეგრირებული გაკვეთილი იძლევა საშუალებას, მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე შევაჩვიოთ სინთეზურ აზროვნებას. ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად. საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე. ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენების და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ცოდნის სამი ტიპი:

  1. დეკლარატიული,
  2. პროცედურული,
  3. პირობისეული.

ეს უკანასკნელი კი გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას და სხვადასხვა კონსტექსტში ტრანსფერის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მესამე კლასში აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება (ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა და ბუნება). გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს ახალი მხატვრული ტექსტის თითოეული მონაკვეთი დაეკავშირებინათ ბუნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასთან და მთავარი პერსონაჟის საქციელი აეხსნათ ორგანიზმის სასიცოცხლო თვისებების გათვალისწინებით.

დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისთვის საჭიროა სწავლების საგანგებოდ დაგეგმვა.

ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება უფრო გვიადვილდება, როდესაც რამდენიმე დისციპლინას ერთდროულად ვასწავლით. ამ შემთხვევაში უკვე ვიცით, რა თემები გვაქვს შესწავლილი ორივე საგანში, ვიცით მოსწავლეთა სწავლის ტიპი, მათი შესაძლებლობები. ყველა შემთხვევაში გვიწევს რამდენიმე ეტაპის გავლა:

  1. ვარჩევთ გაკვეთილის თემას ერთ საგანში.
  2. ვარჩევთ მეორე საგნიდან მსგავს თემას.
  3. ვეძებთ ესგ-ში ორივე საგნიდან დამაკავშირებელ შედეგებს და ინდიკატორებს.
  4. ამის შემდეგ ვაყალიბებთ გაკვეთილის მიზანს.
  5. ვიძიებთ და ვქმნით რესურსებს გაკვეთილისთვის.
  6. ვწერთ გეგმას. სსსმ მოსწავლისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოდიფიცირებას ვუკეთებთ აქტივობებს.
  7. ვატარებთ გაკვეთილს.
  8. გაკვეთილზე აუცილებლად ვიწვევთ კოლეგებს და დირექციის წარმომადგენლებს.
  9. კოლეგები და დირექციის წარმომადგენლები გვაძლევენ უკუკავშირს. ისინი აკვირდებიან, რამდენად მოხდა ცოდნის ინტეგრირება, როგორ განხორციელდა ცოდნის ტრანსფერი, ჩართული იყო თუ არა აქტივობებში ყველა მოსწავლე, როგორ განხორციელდა მათი შეფასების პროცესი.

გთავაზობთ ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმას ქართულ ენასა და ბუნებაში.

საგანი: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება

სწავლების საფეხური: დაწყებითი საფეხური, მესამე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 25; სსსმ მოსწავლე – 1

გაკვეთილის თემა: ქართული ენა – „ბაბუაწვერა“; ბუნება – „მცენარის ძირითადი ორგანოების აგებულება და ფუნქციები“

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ:

  • ახალი მხატვრული ტექსტის წაკითხვა;
  • ტექსტის გაგება-გააზრება;
  • ცოდნის ტრანსფერი ქართულ ენასა და ბუნებას შორის, კერძოდ, ყვავილოვანი მცენარის აგებულებისა და ორგანოების ფუნქციის დაკავშირება ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის მოქმედებასთან.
  • ბუნებრივი მოვლენის, ქარის, დახასიათება.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

ესგ-ის სტანდარტი ქართულ ენაში:

ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა

მოსწავლე:

  • აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
  • ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის.

ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.

  • თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი;
  • ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს;
  • ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

ბუნ.III.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყვავილოვანი მცენარეების ზოგადი დახასიათება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს და მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ (ფესვი – წყლის შეწოვა, ღერო – წყლისა და საკვების გატარება, ფოთოლი – საკვების წარმოქმნა, ყვავილი – თესლისა და ნაყოფის წარმოქმნა გასამრავლებლად);
  • აკვირდება და აღწერს ყვავილოვანი მცენარეების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ეკლები, თესლის გავრცელების სამარჯვები, ფესვის სიგრძე და ფორმა), გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ ეხმარება ესა თუ ის ნიშან-თვისება მცენარეს გარემოსთან შეგუებაში.

ბუნ.III.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ამინდის განმსაზღვრელი ბუნებრივი მოვლენების დახასიათება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ჩამოთვლის და ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, სეტყვა, ცისარტყელა, თოვლი, ქარი, ჭექა-ქუხილი.

 

# აქტივობის მიზანი და აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1

 

2

კლასთან მისალმება, გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკების გაცნობა

მიზანი: მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა

აღწერა: გაკვეთილს დავიწყებ საიდუმლო ყუთის წარდგენით. ყუთში მოთავსებული მექნება ჰერბარიუმიდან აღებული მცენარე – ბაბუაწვერა. ბავშვებმა მინიშნებით უნდა ამოიცნონ, რა დევს ყუთში.

 

მინიშნებები:

1. იზრდება მინდორში, გზის პირებზე, გვხვდება ჩვენს ეზოებშიც. ბალახოვანი მცენარეა.

2. აქვს ყვითელი ყვავილი.

3. მას ბავშვები წერილებს და სურვილებს ატანენ ხოლმე.

 

მას შემდეგ რაც ბავშვები ამოიცნობენ, რა დევს საიდუმლო ყუთში, გადავალ შემდეგ აქტივობაზე.

ვერბალური კომუნიკაცია

 

„საიდუმლო ყუთი“

მთელი კლასი

 

მთელი კლასი

მოსწავლის შეფასების რუბრიკები ფლიფჩარტზე

 

საიდუმლო ყუთი, მცენარე ბაბუაწვერა

2 წთ

 

 

2 წთ

3 მიზანი: ახალი ტექსტის გაცნობა

აღწერა: მოსწავლეებს წავაკითხებ მოთხრობის ტექსტს ჯერ ერთობლივად, შემდეგ კი გაგრძელებით.

ქოროში კითხვა

გაგრძელებით კითხვა

მთელი კლასი

ინდივიდუალური

თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი 8 წთ
4 მიზანი: ყველა სიტყვის მნიშვნელობის გაგება

აღწერა: ბავშვები თავად შეეცდებიან განმარტონ სიტყვები, შეადგინონ წინადადებები მათი გამოყენებით.

ვერბალური ინტერაქცია მთელი კლასი დაფა, ცარცი 2 წთ
5 მიზანი: წაკითხულის გააზრება

აღწერა: მასწავლებელი დასვამს ტექსტის გასააზრებელ კითხვებს:

1) დაასახელეთ მოთხრობის პერსონაჟები.

2) თქვენი აზრით, რომელია მთავარი პერსონაჟი?

3) მოთხრობის მიხედვით, როგორი ყვავილია ბაბუაწვერა?

4) რა გადაწყვიტა მან?

5) როგორ დასრულდა მისი მცდელობა?

6) ვინ ესტუმრა ბაბუაწვერას?

7) შეძლეს თუ არა მათ დახმარება?

8) ვისი ხმა გაიგონა ბაბუაწვერამ?

9) რისი შეეშინდა ბაბუაწვერს?

10) რა დაეხმარა ბაბუაწვერას გაფრენაში?

11) სად გაფრინდა იგი?

12) რატომ იყო ბედნიერი ბაბუაწვერა?

 

ვერბალური ინტერაქცია მთელი კლასი ————– 3 წთ
6 მიზანი: ტრანსფერის უნარის განვითარება

აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოეწყონ ჯგუფებად. გაიხსენებენ ჯგუფური მუშაობის წესებს და იწყებენ მუშაობას.

სსსმ მოსწავლე დახატავს ყვავილოვან მცენარეს და დაწერს ძირითად ორგანოებს.

პირველი ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „ერთ დღეს გადაწყვიტა, ფრენა ესწავლა, მაგრამ ფესვებით მიწაზე იყო მიბმული და არ იცოდა, რა ექნა“.

დავალება: დახატე, როგორი ფესვთა სისტემა აქვს ბაბუაწვერას. გაიხსენე ფესვის ფუქციები. იმსჯელე, რა მოუვიდოდა ბაბუაწვერას, ფესვები მიწაში რომ დაეტოვებინა და პეპელას და ბზიკებს გაჰყოლოდა.

მეორე ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „მას ადრე დედა უამბობდა, რომ ადამიანები ზოგჯერ ცუდად იქცევიან, ფოთლებს გაწიწკნიან“.

დავალება: დახატე ბაბუაწვერას ფოთლები. იმსჯელე, რატომ ეშინოდა ბაბუაწვერას ფოთლების დაწიწკვნის. რა მოხდებოდა, ბაბუაწვერა უფოთლებოდ რომ დარჩენილიყო?

მესამე ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „ფეხს დაგადგამენ, ყვავილს მოგაწყვეტენო“.

დავალება: დახატე ბაბუაწვერას ყვავილი. იმსჯელე, რატომ ეშინოდა ბაბუაწვერას ყვავილის მოწყვეტის. რისგან შედგება ყვავილი? რა მნიშვნელობა აქვს მას მცენარისთვის?

მეოთხე ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „მინდორში ცხოვრობდა პატარა ბაბუაწვერა. ის ძალიან მოუსვენარი იყო. ხან პეპელას შეუღიტინებდა, ხან ბზიკებს აბრაზებდა“.

დავალება: დახატე პეპელა და

ბზიკი. იმსჯელე, რატომ მოდიოდნენ ბაბუაწვერასთან პეპლები და ბზიკები.

მეხუთე ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „არა, არ მოწყვიტო. თუ გინდა, სული შეუბერე, – უთხრა დედამ. ბავშვი მიუახლოვდა ბაბუაწვერას. უცებ თითქოს თბილი ქარი ამოვარდა. ბაბუაწვერამ იგრძნო, რომ ადგილს მოსწყდა და ჰაერში აფარფატდა“.

დავალება: დახატე ბაბუაწვერას თესლის სამარჯვები. იმსჯელე, რა მნიშვნელობა აქვს თესლის სამარჯვებს ამ მცენარისთვის. რისთვის არის საჭირო ქარი და სულის შებერვა?

მეექვსე ჯგუფის დავალება

ტექსტში ვკითხულობთ: „შენ როგორ დაფრინავო? – ჰკითხა ბაბუაწვერამ. ქარს უნდა დაელოდო, მოვა და თვითონ გაგაფრენსო, – უთხრა ფოთოლმა. ელოდა, ელოდა ქარს, მაგრამ ქარი არ ჩანდა“.

დავალება: დახატე ქარიანი ამინდი. იმსჯელე, როგორ წარმოიქმნება ეს ბუნებრივი მოვლენა. რამდენი სახისა არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს მას ყვავილოვანი მცენარეებისთვის?

 

 

ჯგუფური მუშაობა ჯგუფები თაბახის ფურცლები, უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, კალამი, საშლელი 6 წთ
7 მიზანი: ჯგუფმა შეძლოს კლასის წინაშე ნაშრომის წარდგენა

აღწერა: ყველა ჯგუფი დაფასთან წარმოადგენს ნაშრომს და პასუხობს მასწავლებლის კითხვებს. თავის ნაშრომს წარმოადგენს სსსმ მოსწავლეც.

ჯგუფური პრეზენტაცია ჯგუფები თაბახის ფურცლები, მაგნიტები, მაგნიტური დაფა 15 წთ
 

8

 

 

 

 

9

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილის შეჯამება

აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ შესწავლილი მოთხრობები, რომლებიც გაახსენდათ ამ მოთხრობის კითხვის დროს. სავარაუდოდ, გაიხსენებენ ერლომ ახვლედიანის მოთხრობას „თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა“, ლეონარდო და ვინჩის „აბრეშუმის ჭიას“. ბოლოს ერთი წინადადებით შეაჯამებენ გაკვეთილს.

მიზანი: მოსწავლეებმა ჩაინიშნონ საშინაო დავალება

აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გააგრძელონ მოთხრობა.

ვერბალური კომუნიკაცია მთელი კლასი ———– 3 წთ

 

 

 

2 წთ

 

 

მიზანი: მოსწავლეებმა შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოახდინონ თვითშეფასება და ურთიერთშეფასება საერთო ინტერაქცია მთელი კლასი შეფასების რუბრიკა 2 წთ

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

 

  • მოსწავლეები კითხულობენ ახალ ტექსტს;
  • გაიაზრებენ წაკითხულს;
  • ახდენენ ცოდნის ტრანსფერს: ყვავილოვანი მცენარეების აგებულებასა და ფუნქციებს აკავშირებენ პერსონაჟის მოქმედებასთან;
  • ახასიათებენ ბუნებრივ მოვლენას – ქარს.

 

მოსწავლის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები გასაუმჯობესებელი კარგი საუკეთესო
კითხულობს ახალ ტექსტს კითხულობს მასწავლებლის დახმარებით, უჭირს ზოგირთი სიტყვის ამოკითხვა კითხულობს დამოუკიდებლად, არ აქცევს ყურადღებას სასვენ ნიშნებს და ინტონაციას კითხულობს გაწაფულად
გაიაზრებს წაკითხულს პასუხობს ზოგიერთ კითხვაზე მასწავლებლის დახმარებით პასუხობს კითხვების უმეტესობას პასუხობს ყველა კითხვას სწორად და სხარტად
ახდენს ცოდნის ტრანსფერს საგანთა შორის უჭირს ცოდნის ტრანსფერი, ახერხებს იშვიათად მასწავლებლის დახმარებით უმეტესად ახერხებს ცოდნის ინტეგრირებას ტექსტის ყველა მითითებულ მონაკვეთს აკავშირებს ბუნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასთან

 

  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები გასაუმჯობესებელი კარგი საუკეთესო
ჯგუფის წევრების ჩართულობა ჩართულია 1-2 წევრი ჩართულია უმეტესობა ჩართულია ყველა წევრი
ჯგუფის წევრების შეთანხმებული მუშაობა ხშირად სჭირდებათ წესების შეხსენება იშვიათად იღებენ შენიშვნას მუშაობენ შეთანხმებულად

 

 

დროის ლიმიტის დაცვა ვერ ასწრებენ სამუშაოს შესრულებას განსაზღვრულ დროში მასწავლებლის შეხსენებით თითქმის ასწრებენ ზედმიწევნით იცავენ დროს
ჯგუფის პრეზენტაცია უჭირთ პრეზენტაცია ატარებენ პრეზენტაციას მცირედი დახმარებით ატარებენ პრეზენტაციას დამაჯერებლად

 

 

კოლეგებისა და დირექციის შეფასებით, გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა. ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით წარიმართა, ბოლომდე განხორციელდა და შეფასდა. ყველაზე წარმატებულად მიმაჩნია ჯგუფური მუშაობა. ყველა ჯგუფმა შეძლო თანამშრომლობა, დროის ლიმიტის დაცვა, ჯგუფური პრეზენტაციის ჩატარება, მსჯელობა, ჯგუფის ყველა წევრი შესაძლებლობის ფარგლებში ერთვებოდა მუშაობაში.

 

ვაანალიზებ რა ჩემს მიერ ჩატარებულ ინტეგრირებულ სამოდელო გაკვეთილს, ვფიქრობ, შეჯამების ფაზაზე მეტი დრო რომ დამრჩენოდა, პარალელსაც ინტეგრირებულად გავავლებდით ნასწავლ მოთხრობასთან. ამ გამოცდილებას გავითვალისწინებ სამომავლოდ და უფრო მეტად დავფიქრდები საგაკვეთილო დროის განაწილებაზე.

ვფიქრობ, მას, ვინც ახლა გეგმავს და მომავალში აპირებს ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას, ჩემი გამოცდილება გამოადგება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. https://www.etaloni.ge/geo/main/index/5018

– „როგორ უნდა ჩატარდეს სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი“

  1. https://mastsavlebeli.ge/?p=1817- „სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი“
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=14304 – ქეთევან ოსიაშვილი, რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი

როგორ შეიქმნა საბავშვო გადაცემა ერუდიტი TV სკოლაში

0

ცხოვრებაში ხდება ისე, რომ სამსახური შენთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებ, მაქსიმალურად იხარჯები და ჩართული ხარ, დროთა განმავლობაში ის შენს განუყოფელ ნაწილად იქცევა. მათ, ვინც პროფესიად მასწავლებლობა აირჩიეს უცხო არ იქნება ეს ყველაფერი, რადგან ზრუნვა და ფიქრი არ სრულდება სამსახურის საათების დამთავრებისთანავე, არამედ სახლშიც გრძელდება. ეს ასეა. მასწავლებელი ყოველთვის და ყველგან ფიქრობს თავის საქმეზე, მოსწავლეებზე. ალბათ ამიტომაც არის განსაკუთრებული პროფესია, ამიტომაც მოითხოვს არამხოლოდ ცოდნის გადაცემას მოსწავლეებისათვის, არამედ ძალიან ბევრ ენერგიას, სითბოსა და სიყვარულის გაცემასაც, რადგან უბრალოდ შეუძლებელია იყო მასწავლებელი და შენი საქმე არ გიყვარდეს.სკოლა სადაც მთელ დღეს ატარებ  მასწვალებლისთვისა და მოსწავლისთვის ოჯახად იქცევა. კლასი არის პატარა სახლი, სადაც ერთმანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ცხოვრობენ შემოდგომიდან ზაფხულამდე. სწავლობენ  ბევრ რამეს, ზრუნავენ ,პატივს სცემენ, ეხმარებიან ერთმანეთს წინააღმდეგობის გადალახვაში და ვითარდებიან ერთად. მასწავლებელი კი, მუდმივად ზრუნავს მათ განვითარებაზე.

ეს ყველაფერი მაქსიმალურად მოკლედ მოგიყევით, რადგან ერთდგვარი წარმოდგენა შეგიქმნათ იმ ყველაფრის წინაპირობაზე, რის მოყოლასაც ვაპირებ ქვევით. ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ბრიტანული ცენტრის წმ.ნიკოლოზის სახელობის სკოლაში. ამ წლების განმავლობაში  ვფიქრობ პროფესიული თვალსაზრისით ძალიან განვითარდი და წინ წავიწიე. ჟურნალისტობაზე ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა მომავალში რა შეიძლება მომხდარიყო. ერთ დღეს, პარალელური კლასის დამრიგებელ ნინო ტატიაშვილთან ერთად გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა საბავშვო გადაცემა. ჩამოვწერეთ სავარაუდო რუბრიკები, მონახაზი და სახელიც შევურჩიეთ ,,ერუდიტი TV’’. იქიდან გამომდინარე, რომ პარალელური კლასები ერთმანეთთან ძალიან ვთანამშრომლობდით გადაცემაც სწორედ ერთად შევქმენით. მომავალი პატარა ჟურნალისტების ინტერესები გამოვიკითხეთ, ვის რომელ რუბრიკაზე სურდა მუშაობა,  რომელი თემა იყო მათთვის საინტერესო. საკლასო ოთახში მოვაწყვეთ ე.წ სტუდია, შევქმენით ჩვენი გადაცემის ლოგო შესაბამისი შინაარსით.(ლოგოზე დატანებულია სამი ნახატი, რომელიც აღნიშნავს გუნდურობას, წარმატებასა და ცოდნის მიღებას.) ავირჩიეთ წამყვანები და შევუდექით პირველ გადაცემაზე მუშაობას. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყველა სიუჟეტი გადაღებულია მობილური ტელეფონითა და უბრალო ფოტო კამერით, ხოლო სიუჟეტები კი დამონტაჟებულია ერთ ჩვეულებრივ პროგრამა Vegas Pro -ში რომელიც თვითნასწავლია. მხოლოდ ეს იყო ჩვენი რესურსი, როდესაც დავიწყეთ ჩვენი ჟურნალისტური საქმე.youtube-ზე შევქმენით ჩვენი გადაცემის არხი, სადაც იტვირთებოდა თითოეული გადაცემა, ასევე გვქონდა სოციალურ ქსელში გადაცემის გვერდი,სადაც განვათავსებდით და ვაანონსებდით მომდევნო გადაცემის პრომოებს. მე და ნინო ვიფიქრებდით თემებს, რაზეც უნდა გაგვეკეთებინა სიუჟეტები. მაგ:გვქონდა თემა სეზონური ვირუსები.ერთი ჟურნალისტი მოიძიებდა ინფორმაციას თუ რა ვირუსები იჩენს თავს სხვადასხვა სეზონზე,  მეორე ჟურნალისტი იმუშავებდა თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ვირუსი, მესამე ჟურნალისტი ჩაწერდა ინტერვიუს სკოლის ექიმთან. ვაშუქებდით სკოლაში გამართულ ღონისძიებებს.მოსწავლეებს,რომლებიც სკოლის გარეთ დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა ჰობით, ვაძლევდით საშუალებას დამოუკიდებლად მოემზადებინათ სიუჟეტები.ასე შეიქმნა სიუჟეტები სპორტის თემაზე, ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, თხილამურებით სრიალი. ასევე გადაცემაზე მუშაობის პერიოდში გვქონდა სხვადასხვა საინტერესო რუბრიკა. ამ გადაცემის შექმნის დღიდან მოსწავლეების ცხოვრება ძალიან შეიცვალა, მათთვის სკოლამ შეიძინა ახალი დატვირთვა, მათი ცხოვრება მთლიანად მოიცვა ამ გადაცემამ. როდესაც მიდიოდნენ სხავდასხვა ადგილებში, იყო ეს ქვეყნის გარეთ მოგზაურობა, სხვადასხვა სპექტაკლებზე დასწრება თუ ა.შ. ისინი უკვე დამოუკიდებლადაც კი ახერხებდნენ სიუჟეტის მომზადებას და ერთად, ნაწილ-ნაწილ იქმნებოდა სხვადასხვა სიუჟეტები.

ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იყო 21 მარტისათვის მოსამზადებელი გადაცემა, რომელიც მივუძღვენით საქართველოში ჟურნალისტიკის დღის აღნიშვნას. პატარა ჟურნალისტებისთვის სასიამოვნო სიახლე იყო, როდესაც რუსთავი 2-ის ტელევიზიას ვესტუმრეთ ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილისა და მარიამ გაფრინდაშვილის ინტერვიუს ჩაწერაზე.ეს მნიშვნელოვანი იყო ბავშვბისთვისაც, რადგან ამ გადაცემაზე მუშაობის დროს საკუთარი თვალით იხილეს ნამდვილი ტელევიზია როგორია, გაიგეს ამომწურავი ინფორმაცია როგორ და საიდან იღებდა სათავეს ეს პროფესია, მიიღეს რჩევები იმ სტუდენტებისგან, რომლებიც სწავლობდნენ ჟურნალისტიკას. თითოეულ გადაცემაზე მუშაობის დროს თემები იყო სხვადასხვა, მრავალფეროვანი და მოსწავლეები იღებდნენ უამრავ ინფორმაციას. განუვითარდათ კვლევა-ძიების, მეტყველების უნარები. ასევე ინფორმაციის დახარისხება მთავარი და არამთავარი თემებისაგან, ტექსტის ანალიზი და კიდევ ძალიან,ძალიან ბევრი საჭირო გამოცდილება შეიძინეს,რომელიც ეხმარებოდათ პარალელურად სწავლაში. მოგახსენებთ რომ ისინი მხოლოდ მესამე კლასში იყვნენ,როდესაც ამ დიდ საქმეს შეეჭიდნენ. წლიდან წლამდე კი ძალიან დიდი განვითარების ეტაპი გაიარეს.

გადაცემის შექმნის წლის ბოლოს სკოლას უსრულდებოდა 5 წლის იუბილე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფილმი მოგვემზადებინა, რომელიც შექმნილი იქნებოდა იმ თემების ერთობლიობით, რაც მაქსიმალურად მაყურებელს მიაწვდიდა ინფორმაციას სკოლის მოღვაწეობის შესახებ დაარსებიდან ხუთი წლის ჩათვლით. ფილმი დააახლოებით საათი და 15 წუთი გამოვიდა, რომელიც სკოლის პერსონალის დასწრებით დიდ ეკრანზე სააქტო დარბაზში გავაშუქეთ.

მართალია სკოლა უამრავ მოგონებას ინახავს,რადგან ყველა დღე არის განსხვავებული, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი.ამ გადაცემამ შეცვალა,კიდევ უფრო გააფერადა და სახალისო გახადა ჩვენი და ჩვენი ბავშვების სასწავლო დღეები. ვფიქრობ მომავალში მათ ძალიან გამოადგებათ ეს გამოცდილება და იქნებ, რომელიმე მოსწავლემ აირჩიოს კიდეც  ჟურნალისტობა, მას ხომ უკვე აქვს გამოცდილება, წარმოდგენა, თუ როგორი შეიძლება იყოს ჟურნალისტის ერთი დღე და კითხვაზე: ,,როდის გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავი ჟურნალისტი?’’ უპასუხოს, რომ მაშინ, როდესაც ერუდიტი TV სთვის მუშაობდა.

ჩვენი არხი :

 

სხვადასხვა სიუჟეტების ნაკრები :

ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი გადაცემა:

 

მეთოდები და თამაშები შემოქმედებითი წერისთვის

0

ამჯერად მხოლოდ საკითხებისა და მეთოდების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რას როგორ გაშლით და როგორ გადაიტანთ პრაქტიკაში, მხოლოდ თქვენი ფანტაზიისა და  არჩევანის საკითხია.

მაშ, ასე, როგორ „ვითამაშოთ“ წერისას.

  1. ბავშვობაში გითამაშიათ გადაკეცილი ფურცლით? როცა იღებთ ერთ თაბახის ფურცელს, თამაშის ყველა მონაწილე თავის ფრაზას წერს და მერე გადაკეცავს, რომ შემდეგმა მონაწილემ არ დაინახოს და ასე მანამ, სანამ ფურცელი არ დამთავრდება. რა გამოვა ამ ნაწყვეტ- ნაწყვეტი ფრაზებისგან? მშვენიერი, სასაცილო ტექსტი, რომელიც შეიძლება ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრებისგან შედგებოდეს ან სულაც, უცნაური საერთო კონტექსტი და ემოცია ჰქონდეს.

დავალება იქნება ამ  წინადადებების „ღრუბლის“ ერთიან ტექსტად ქცევა.

 

  1. წიგნის ალტერნატიული დასასრული:

ამ სავარჯიშოსთვის ვიღებთ ნებისმიერ წიგნს, ალალბედზე გადავშლით და  ფურცლის ბოლო აბზაცს ვკითხულობთ. შემდეგ „ვმკითხაობთ“, რა იყო აქამდე და მოვიფიქრებთ ალტერნატიულ დასასრულს. ჩვენს ამბავს ვიგონებთ, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ ამბავი წიგნის იმ ერთი აბზაცით დაიწყოს.

 

  1. მ მეთოდისთვის გამომადგება ხორხე ლუის ბორხესის “ფანტასტიკური არსებების ანთოლოგია“. ვკითხულობთ რამდენიმე ნიმუშს წიგნიდან და ვიგონებთ ჩვენს ფანტასტიკურ „არსებას“, ოღონდ სამს, ერთი – მხოლოდ დადებითი, მეორე – უარყოფითი, ხოლო მესამე – ერთდროულად უნდა ატარებდეს როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებს. ამ სავარჯიშოს შემდეგ კარგად ავხსნით, რატომ არ შეიძლება პერსონაჟი მკვეთრად დადებითი და უარყოფითი იყოს და რა ჟანრის თუ პერიოდის ტექსტებშია ასეთი დუალური, კატეგორიული დაყოფა პერსონაჟებს შორის.
  2. ვაგრძელებთ წიგნების ყველაზე ცნობილ დასაწყისებს:

მაგალითად, ამას:

„– ტომ!
პასუხი არ არის
– ტომ!
პასუხი არ არის.
– რა დაემართა იმ ბიჭს?
-ტომ!
პასუხი არ არის.

( მარკ ტვენი, ტომ სოიერის თავგადასავალი)

ან ამას:

„ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში საშინელ მწერად ქცეულიყო.“ ( კაფკა, მეტამორფოზა)

ან ნებისმიერი დასაწყისი ამოარჩიეთ თქვენი საყვარელი წიგნებიდან და სხვაგვარი გაგრძელება მოუფიქრეთ.

  1. მუშაობა დიალოგებზე: ვიყოფით წყვილებად, გავდივართ ქუჩაში, ვერთვებით დიალოგებში და თან ვიწერთ. შეიძლება თემატურად დავგეგმოთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიაში, ბანკში, პარკში და ა.შ.
  2. სუბიექტური ლექსიკონი: ვიღებთ ნებისმიერ სამეცნიერო, განმარტებით ან ორენოვან ლექსიკონს, ვშლით ნებისმიერ გვერდზე და ვცვლით სალექსიკონი ერთეულის განმარტებას. როგორ? როგორ და ობიექტური განმარტების ნაცვლად ჩვენს განმარტებას ვუწერთ, ყველაზე სუბიექტურს, საკუთარი გამოცდილებითა და ამბებით განპირობებულს.
  3. სატელეფონო ცნობარი. ვიღებთ სატელეფონო ცნობარს, მოვნიშნავთ პირველ და ბოლო აბონენტს, ან ნებისმიერ სხვა ორ აბონენტს და ვყვებით ისტორიას, რა შეიძლება მომხდარიყო მათ შორის.
  4. ამბავი, რომელიც არასდროს დამემართებოდა – აღწერეთ საკუთარი თავი, შემდეგ დაწერეთ ყველა ის თვისება, რომელიც ზუსტად იცით, რომ არ გახასიათებთ, ყველა ის სიტუაცია, სადაც არასდროს აღმოჩნდებოდით და შემდეგ მოიფიქრეთ ამბავი, სადაც სწორედ ისეთი ხართ, როგორიც არასდროს იქნებოდით და სწორედ ისეთ ამბებში ეხვევით, ყოველთვის რომ თავს არიდებდით.
  5. მეთოდები უამრავია – ყველაზე მთავარი მეთოდი კი ისაა, რომ თქვენი ორიგინალური მეთოდები და თამაშები მოიფიქროთ.

წარმატებას და შემოქმედებით თავისუფლებას გისურვებთ!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...