ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გაკვეთილსა და მოსწავლეზე ფიქრის დრო

0

ჟურნალ „მასწავლებელს“, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ესაუბრა.

2019 წელს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმა რომ შევაჯამოთ, რომელ საკითხებს გამოყოფდით? რა გაკეთდა ისეთი, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის განათლების სისტემაზე?

ჩემი აზრით, განათლების რეფორმა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რეფორმა, შეუძლებელია დასრულდეს. სრულდება მისი მხოლოდ რომელიმე ეტაპი. თუ საგანმანათლებლო საზოგადოება მიიჩნევს, რომ განათლების რეფორმა დასრულდა, ესე იგი, მას სერიოზულად არ აღიქვამს. უბრალოდ, რეფორმის ესა თუ ის ეტაპი კონკრეტულ პერიოდშია პრიორიტეტული, მერე კი აქტუალობას კარგავს და სხვა ცვლილებები უნდა დაიწყოს.

მაგალითად, თავის დროზე მასწავლებლის სქემა ეფექტიანი მექანიზმი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში პრიორიტეტები  შეიცვალა. შარშან, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია დავიკავე, შევაფასეთ რეფორმის ეს ეტაპი. გავედით ველზე, ჩავატარეთ კვლევა, ორგანიზება გავუკეთეთ 19 ფოკუსჯგუფს, ვკითხეთ მოსაზრებები მასწავლებლებს და მომავალი წლიდან, ამ მოსაზრებათა გათვალისწინებით, ამოქმედდება რეგულირების სახეცვლილი წესი, საიდანაც ამოღებული იქნება ის კომპონენტები, რომლებმაც სქემაში სუსტად იმუშავა ან მორალურად მოძველდა, თუნდაც თვითშეფასების კითხვარი, რომელიც სავალდებულო აღარ არის, გარე დაკვირვება, კრედიტების დაგროვების სისტემა.

2019 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საქართველოს განათლების სისტემის ისტორიაში პირველად განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგად მომსვლელი მასწავლებლებიც კმაყოფილები დარჩნენ და წამსვლელებიც. ხანდაზმულ მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, თავი ღირსეულად ეგრძნოთ. მათი უმრავლესობა წლების განმავლობაში, დარსა თუ ავდარში, ფაქტობრივად, ენთუზიაზმის ხარჯზე მუშაობდა… ჩვენ არ დაგვისვამს აქცენტი მასწავლებლის ასაკზე, ასაკის გამო პედაგოგები სკოლიდან არ წასულან; აქცენტი დაისვა კვალიფიკაციაზე. ჩვენი გზავნილი მარტივი იყო: საპენსიო ასაკის იმ   პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მიიღეს ორი წლის ჯილდო და შეუნარჩუნდათ ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მას, ვისაც არ უნდოდა პროფესიიდან წასვლა, ორჯერ მიეცა გადამზადებისა და გამოცდაზე გასვლის შანსი და ამის შემდეგაც არავის გაუშვია სკოლიდან – მიეცათ საშუალება, დაგროვილი კრედიტქულები არ დაეკარგათ.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ 6100 პედაგოგის პროფესიიდან გასვლამ გამოიწვია – საქართველოს ისტორიაში პირველად – სისტემაში „ახალი სისხლის“, 2400 ახალი მასწავლებლის შემოსვლა. პირველად გაჩნდა იმის განცდა, რომ სკოლა არ არის ჩაკეტილი წრე და რომ ადამიანებს შეუძლიათ მასწავლებლის პროფესიის დაუფლება. არადა, სულ რაღაც 2-3 წლის წინ ახალგაზრდები ფიქრობდნენ: რატომ უნდა გავხდე მასწავლებელი, თუ სკოლაში ვერ ვიმუშავებ, ვერ დავსაქმდები…

სიამაყით აღვნიშნავ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მეთვალყურეობდა კონკურსანტების მიღების პროცესს 2083 საჯარო სკოლაში, სადაც დეფიციტი გამოცხადდა. ძალიან ბევრს გაუჩნდა სამართლიანობის განცდა, განცდა, რომ მათი ცოდნა, უნარები დაფასდა, რომ სამსახური მიიღეს მხოლოდ საკუთარი კვალიფიკაციის წყალობით.

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც პროფესიაში ახლა შემოვიდნენ?

რეგიონებში და ნაწილობრივ თბილისშიც კერძო სკოლების საკმაოდ ბევრმა მასწავლებელმა მოინდომა საჯარო სკოლებში გადმოსვლა. მოვიდნენ ისინიც, ვინც ახლახან დაამთავრა უნივერსიტეტი და მაძიებლობა სურდა და ისინიც, ვისაც ჩაბარებული ჰქონდა საკვალიფიკაციო გამოცდა, მაგრამ მიზეზთა გამო სამსახური ვერ იპოვა.

არ დამავიწყდება ერთი ქუთაისელი გოგონა, რომელიც გასაუბრებაზე ვნახე. ასეთი ინგლისურით მოსაუბრე ქართველი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ბოლო ხუთი წელი ამაოდ ცდილობდა სკოლაში დასაქმებას… როდესაც მიიღეს, სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა. ყველა კონკურსანტი, ისიც კი, ვინც ამ ვაკანსიის მიღმა დარჩა, გახარებული იყო იმით, რომ ეს ადგილი ღირსეულმა ადამიანმა დაიკავა.

საიტ www.pedagogi.ge-ს დავამატეთ ველი, სადაც ჩანდა, რამდენი მსურველი იყო დარეგისტრირებული სკოლების მიერ გამოცხადებულ კონკრეტულ ვაკანსიებზე, რათა სკოლის დირექტორს არ ეთქვა, რომ კონკურსში მონაწილეობა არავინ მიიღო. ბევრმა დირექტორმა მადლობა გვითხრა მასწავლებელთა შერჩევის პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის.

მიმაჩნია, რომ რაც უფრო ხშირად ესტუმრებიან სკოლას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა თუ სხვა მმართველი რგოლების თანამშრომლები, მით უფრო უკეთესად გავიგებთ სკოლის მაჯისცემას და მასწავლებლის სატკივარს.

ასევე, მნიშვნელოვან მონაპოვრად მიმაჩნია მასწავლებლის ეროვნული სკოლა. საქართველოში არის 2083 საჯარო სკოლა, საიდანაც 1000-ში 100 ბავშვზე ნაკლები ირიცხება. შესაბამისად, საათებიც მწირია და ანაზღაურებაც. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც 5-6 საათისთვის მასწავლებელი ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდეს. ხელფასის 30-40% მას დამატებით ეძლევა სკოლისთვის შესრულებულ სოციალური პროექტებში, დამრიგებლობასა და სხვა აქტივობებში. ამიტომ ჩვენმა ანალიტიკურმა სამსახურმა და სქემაზე მომუშავე ჯგუფმა გააანალიზა მონაცემები, ჩაატარა მოდელირება, საქართველოს ყველა რაიონი ორჯერ შემოვიარეთ და სანამ განათლების სამინისტრო ამ პროექტის განხორციელებას დაიწყებდა, უკვე ვიცოდით, ამა თუ იმ სკოლიდან მასწავლებელი რომ წავიდოდა, რამდენ საათზე შეიძლებოდა შექმნილიყო დეფიციტი და რით აპირებდა სკოლა ამის დაბალანსებას. მეზობელი სკოლებიც კი დავაკავშირეთ ერთმანეთთან და ისინი ერთმანეთს ეხმარებიან მასწავლებლებით.

რამ წარმოშვა მასწავლებლის ეროვნული სკოლის საჭიროება და როგორი იქნება ამ სკოლის შინაარსი და ფუნქცია?

ჩვენ მოვახერხეთ სექტემბერში 6100 პედაგოგის პროფესიიდან გასვლით გამოწვეული დეფიციტის შევსება, მაგრამ იანვარში რომ კიდევ ერთხელ გავლენ მასწავლებლები პროფესიიდან და ჯილდოთი ისარგებლებენ, ამის შედეგად მოსალოდნელი დეფიციტის შესავსებად რესურსი უკვე აღარ რჩებოდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ რეფორმა, რომელიც წელს გავატარეთ, ჩვენი ქვეყნისთვის დაახლოებით 30 წლითაა დაგვიანებული. შეხედეთ მასწავლებლის საშუალო ასაკს, განსაკუთრებით – სპეციალობების მიხედვით, და დარწმუნდებით, რომ 30 წლის განმავლობაში სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია, რომ ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკის, სპორტის მიმართულებით განათლებაში დეფიციტი შევსებულიყო.

ჩვენ ვა-ბანკზე კი არ წავსულვართ, არამედ ვკითხეთ საზოგადოებას: დაინტერესდებით თუ არა მასწავლებლის პროფესიით? როგორც კი მთავრობამ განაცხადა, რომ მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 1800 ლარი გახდებოდა, ბევრი გონიერი ადამიანი დაფიქრდა. მაგალითად, ბანკის ბევრი თანამშრომელი მათემატიკოსად დარეგისტრირდა. ტრენერებმა, რომლებსაც ამ ადამიანებთან  ჰქონდათ ურთიერთობა, განაცხადეს, რომ ძალიან საინტერესოა მათთან მუშაობა, რადგან ეს ხალხი ღიაა ახალი ცოდნისა და უნარებისთვის.

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დირექტორთა ეროვნული სკოლის შექმნას. დღეს უნივერსიტეტებში ბევრი ახალგაზრდა სწავლობს განათლების ადმინისტრირებას და ისინი ძალიან პერსპექტიულები არიან, მაგრამ არ არიან მზად, გახდნენ სკოლის დირექტორები. ამას სხვა გამოცდილება, ცოდნა, თავდაჯერება სჭირდება. ვიფიქრეთ, რომ რადგან დრო გვაქვს სექტემბრამდე (როდესაც ვადა გასდის დირექტორთა სერტიფიკატებს), გავხსნათ სკოლა, რომლის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და პრაქტიკას გაივლიან სიპებში, განათლების სამინისტროში, სკოლებში, მასწავლებლის სახლში.

ჩვენი კიდევ ერთი მიღწევა ის არის, რომ ვქმნით დირექტორის სრულიად ახალ სტანდარტს. მასზე მუშაობა რომ დავიწყეთ დირექტორებთან ერთად. ამ სტანდარტის შექმნაში სწორედ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა და არ მივმართოთ, ვთქვათ, ფინეთის დირექტორთა სტანდარტის კოპირებას, რადგან ჩვენი რეალობა სხვაგვარია. გვინდა, გამოცდები და სერტიფიცირება ამ ახალ სტანდარტს დაეფუძნოს.

 ახალი სკოლის მოდელი? რა შეგიძლიათ თქვათ მასზე?

ახალი სკოლის მოდელის ფუნდამენტური შეფასება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ პირადად მე ძალიან ბევრ სკოლაში მივედი, ვესაუბრე ბავშვებს, მშობლებს. დაწყებით კლასებში მოსწავლეებმა მითხრეს, რომ უხარიათ გაკვეთილზე ყოფნა და ვერც კი იგებენ, როგორ გადის დრო. ამაზე დიდი წარმატება შეუძლებელია. შესაძლოა, განათლების სპეციალისტებმა ბევრი ვიდავოთ გაკვეთილის კონსტრუირებაზე, მაგრამ, რაც თავად ვნახე, პროექტში ჩართული მასწავლებლების უმეტესობა უფრო ხალისიანად მუშაობს. გაკვეთილი მათთვის აღარ არის რუტინა და ბავშვებსაც უხარიათ სკოლაში მისვლა.

სხვათა შორის, ჩვენი ინიციატივაა, სისტემის არქიტექტურაში ჩაშენდეს ახალი სტრუქტურული ერთეული – საშუალო მენეჯმენტის რგოლი როგორც სასკოლო, ისე სისტემის დონეზე. ეს იქნება რესურსცენტრთან არსებული ჯგუფი, რომელსაც, ალბათ, ჩვენც გავუწევთ კოორდინაციას. მაგალითად, ვარ ჩხოროწყუს რაიონის რომელიმე სოფლის მასწავლებელი და მჭირდება დახმარება – უნდა არსებობდეს სტრუქტურა, სადაც მე ამ დახმარებას მივიღებ. სკოლაში უნდა იყოს თანამშრომლების ჯგუფი, ის ადგილზე მოგვეხმარება. თუ ჩვენ არ შევიხედეთ 45 000 საკლასო ოთახში მთელი საქართველოს მასშტაბით, ვერასოდეს გავიგებთ, როგორი მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი და სკოლის ადმინისტრაცია გვყავს.

ერიკ ჰანუშეკი, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ამბობს, რომ ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყანაში კი ერთ დოლარს ასიც რომ დაამატო, შესაძლოა, არაფერი შეიცვალოს. ჰანუშეკის თქმით, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ხარჯავ, არამედ იმას, რაში ხარჯავ და ეს თეორია კვლევებით დასტურდება.

ზემოთქმულს რომ დავუბრუნდეთ, ჩხოროწყუს სოფლის მასწავლებელი დახმარებისთვის თბილისში კი არ უნდა ჩამოვიდეს, არამედ რესურსცენტრის დონეზე უნდა არსებობდეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელთანაც მივა და თავის კითხვებზე პასუხს მიიღებს. სკოლებში უნდა არსებობდეს საშუალო რგოლის მენეჯმენტი, რესურსცენტრის დონეზე – მენეჯმენტის რგოლი და მასწავლებლის სახლის ექსპერტი. ამ სამ რგოლს შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესს უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის.

 გარე პროვაიდერებს ნაკლებად ვენდობით თუ რატომ არის ეს ყველაფერი ჯერჯერობით იდეების დონეზე და რაღაც სერვისები მაინც ვერ გავიტანეთ თამამად გარეთ?

ჩვენ გვაქვს დეცენტრალიზაციის პროგრამა, გვაქვს დებულება, პორტალი, წესი, ყველაფერი გამართულია როგორც ტექნიკურად, ისე იურიდიულად და ელოდება ფინანსთა სამინიტროს გათვლას, რომ გავიგოთ, რა თანხა დაგვჭირდება კონკრეტული ტრენინგებისთვის. ჩართვა დაგვიანდა იმიტომ, რომ სქემიდან გადავედით მასწავლებლის რეგულირების წესზე. ამ წესმა უნდა განსაზღვროს, რა ტიპის და რამდენი ტრენინგი უნდა გაიროს მასწავლებელმა. ეს შეუზღუდავი რაოდენობის ვერ იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფო თანხებთანაა დაკავშირებული.

მასწავლებლის რეგულირების წესში იქნება  ასეთი ვალდებულება: უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისთვის დაენიშნებათ ტრენინგის კონკრეტული რაოდენობის საათები.

 გეთანხმებით, საჭიროებები უნდა დაზუსტდეს და ტრენინგები ამას უნდა მოერგოს, მაგრამ ხომ არსებობს სხვა საკითხებიც, სადაც სისტემაში დეფიციტი შეინიშნება, მაგალითად, ღირებულებითი განათლების, უსაფრთხო სკოლის კუთხით?

სახელმწიფო მასწავლებელს ასეთ რამეს სთავაზობს: ჩვენ დავადგენთ, რაში ისურვებდნენ ისინი გადამზადებას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უსაფრთხო სკოლა, მეორე – ინკლუზია, მესამე – პრაქტიკის კვლევა, მეოთხე – ისტი და ა.შ.

თანამედროვე განათლების ექსპერტები ნაკლებად ახსენებენ სიტყვა „ბულინგს“.                         ნაცვლად ამისა, ამბობენ „პოზიტიური ქცევის განმტკიცებას“. სამომავლოდ პოზიტიური ქცევის განმტკიცებაზე უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ მოსწავლეებში, არამედ მშობლებში, მასწავლებლებში, დირექციაშიც.

ტრენინგების საკითხს რომ დავუბრუნდეთ – ყველაფრისთვის მზად ვართ. მალე მასწავლებლის რეგულირების ახალი სქემა გამოქვეყნდება. მასში გაწერილი იქნება, რა რაოდენობის პროფესიული განვითარების საათი დაენიშნება ამა თუ იმ სტატუსის მასწავლებელს და როდესაც ფინანსთა სამინისტრო დათვლის ამ თანხას, პროცესიც დაიწყება.

 ცენტრში მიმდინარე რომელი პროგრამები გაგრძელდება? ხომ არ სჭირდებათ მათ გადახალისება, ფორმატის შეცვლა? ხომ არ იგეგმება ახალი პროგრამები, რომლებიც მნიშვნელობას შესძენს ცენტრის შინაარსს?

ცენტრში მოქმედი ყველა პროგრამა გააგრძელებს ფუნქციობას ახალი სამუშაო გეგმებით და მასწავლებელთა საჭიროებებს მორგებული აქტივობებით.

სიახლე, რომლითაც თავს მოვიწონებდი, არის მასწავლებლის მხარდაჭერისა და პროფესიის პოპულარიზაციის პროგრამა და ის ოცდაერთამდე ნომინაცია, რომელიც შემუშავდა ღირსეული და ამაგდარი მასწავლებლების დასაჯილდოებლად. ეს კარგი ნაბიჯი იყო პროფესიის პოპულარიზაციისთვის. ეს გახლდათ ერთგვარი გზავნილი ახალგაზრდა პედაგოგებისთვისაც, რომ მათი შრომა ყოველთვის დაფასდება.

რაც შეეხება ცენტრის სხვა პროგრამებს, ვფიქრობ, ჩვენ შევცვალეთ მიდგომა მათ მიმართ. თითოეული პროგრამის დეგეგმვისას, მოვიწვიეთ კონკრეტულ საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, უნივერსიტეტებიდან, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურიდან და მათთან ერთად ვიმსჯელეთ. მომავალ წელს ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავააქტიურებთ. ასევე, გვინდა შევაფასოთ თითოეული პროგრამის ეფექტიანობა, რაც ძალიან რთულია. განათლებაში დანახარჯის სარგებლიანობის მოდელი უფრო ამართლებს, სარგებელი კი შეიძლება გამოჩნდეს 11, 15, 20 წლის შემდეგ. იმავე წელს მას ვერ გაზომავ.

ჩვენი ცენტრის თანამშრომლების ახალი ინიციატივაა დისტანციური სკოლა. თანამედროვე ბავშვს მხოლოდ წიგნში შეტანილი მასალით ვეღარ დააინტერესებ.

მეამაყება „ჩხირკედელას“ პროექტიც. სკოლებმა დამოუკიდებლად დაიწყეს გრანტების მოძიება. მაგალითად, დღეს საჩხერის მეორე სკოლამ მოიპოვა 3000-დოლარიანი გრანტი და „ჩხირკედელას“ აკეთებს. სხვათა შორის, ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ ბევრი გოგონა ჩხირკედელობს. ბავშვებმა თავად გააკეთეს სენსორული სანაგვე ურნა, სარწყავი აპარატი, მცენარეების დარგვას აპირებენ…

ჩვენ თვითონ შევიძინეთ ვირტუალური და ნახევრად ვირტუალური ლაბორატორიები ხუთი სკოლისთვის და განათლების სამინისტროს ისე მოეწონა ეს პროექტი, რომ გაისისთვის მასში დაახლოებით 300 ათასი ლარის ჩადებას აპირებს. ამ პროექტით უკვე დავაინტერესეთ შიდა ქართლის გუბერნატორიც. მან ადგილობრივი ბიზნესი ჩართო ამ ინიციატივის დაგეგმვაში. გორში აპირებენ, დაახლოებით 10 ათასი ლარი დახარჯონ ლაბორატორიის მოსაწყობად. ასეთივე სურვილი გამოთქვა აჭარის განათლების სამინისტრომ. ვფიქრობთ, ვირტუალური ლაბორატორიები შეიქმნას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგნებისთვისაც.

ახალი სკოლის მოდელი ჯერ დაწყებით საფეხურზეა. ის რომ საბაზო და საშუალო საფეხურზე ავა, ბუნებრივად მოითხოვს საგნების ინტეგრირებას. ეს ნიშნავს სწავლას კვლევით, აღმოჩენით და ძიებით. ბავშვები კი აღარ დაიზეპირებენ ქიმიის ფორმულებს, არამედ გაიგებენ, მაგალითად, რა პროცესები მიმდინარეობს ღვინის დაყენების დროს.

ასევე, გამოითქვა ინიციატივა, ეთნიკურ უმცირესობათა სკოლებსა და მასწავლებლებთან დაკავშირებული საკითხები გახდეს საფუძვლიანი კვლევის საგანი და ამისთვის შემუშავდეს ცალკე პოლიტიკა, იმიტომ რომ რაც უფრო მალე მოხდება საქართველოს ყველა მოქალაქის სათანადო ინტეგრაცია ჩვენს სისტემაში, მით უკეთესი იქნება სახელმწიფოსთვის.

პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – ყველა საელჩოს, რომელსაც ჩამოჰყავს მასწავლებლები, ვთხოვეთ, ჩამოეყვანათ არა მხოლოდ ენის მცოდნეები, არამედ სკოლაში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანებიც. მაგალითად, იაპონიის საელჩოს ვთხოვეთ, ჩამოეყვანა სკოლის ყოფილი დირექტორი, რომლისგანაც შეიძლება ვისწავლოთ მშობლებთან ურთიერთობა, ვისწავლოთ, როგორ მივაღწიოთ საზოგადოების მაღალ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში…

ამავე პროექტის ფარგლებში, იმავე თანხით, შეიძლება სამი ბავშვი წავიყვანოთ ბორდოს რეგიონში, რათა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ ფუნქციონირებს მეურნეობა, როგორ იწამლება ვენახი ბიოხსნარებით, როგორია მოსავლის აღებისა და ღვინის გაყიდვის კულტურა, როგორ ორგანიზდება ღვინის ტურები. ასე მათ ბავშვობიდანვე გავზრდით თვითკმარ ინდმეწარმეებად, რომლებიც შეძლებენ თავის რჩენას საკუთარი ათი ჰექტარი მიწით და არ გაფლანგავენ დროს ბიზნესის ადმინისტრირების სწავლაში, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებენ.

 რა არის საჭირო იმისათვის, რომ განათლების პროცესი სკოლებში სწორად ვითარდებოდეს და ჩვენც მართლები ვიყოთ საზოგადოებასთან, რომელიც უკეთეს შედეგებს ელოდება? ვინ არის ის მასწავლებელი, რომელსაც ვეუბნებით: აი, საკლასო ოთახის კარი და შედი, ეს სკოლა შენია…

მოსწავლე უნდა გიყვარდეს და რასაც აკეთებ, არ უნდა აკეთებდე კრედიტებისთვის და ფორმალობის გამო. მასწავლებელი დილის ცხრა საათიდან არ უნდა ელოდეს ბოლო ზარის დარეკვას.  მას უნდა ჰქონდეს  ყოველგვარი საშუალება, რომ  რაც შეიძლება მეტი იფიქროს მოსწავლეებზე, რაც შეიძლება უკეთ ჩაატაროს გაკვეთილი.

ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ დაპირებული სოლიდური ანაზღაურება. მასწავლებლობა არ უნდა აღიქმებოდეს ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ადამიანის პროფესიად. ეს სტიგმაა, რომელიც უნდა დავამარცხოთ.

XXI საუკუნის ცოდნისა და უნარების მქონე რაც უფრო მეტ ადამიანს გავზრდით, მით უფრო ძლიერი ეკონომიკა გვექნება. შესაბამისად, უკეთესი ქვეყანაც.

დასასრულ, ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, მასწავლებლებს შობა-ახალ წელს, ნაყოფიერ, მშვიდობიან და ბედნიერ წელს ვუსურვებ.

ო, ეს საოცარი თომა! ბიჭი ჰიპერაქტიურობის დიაგნოზითა და ამოუწურავი ფანტაზიით

0

ერთ საოცარ ბიჭზე მინდა მოვყვე, რომელიც მუდამ მემახსოვრება და ყოველთვის, როცა მასზე ფიქრს დავიწყებ ან გავიხსენებ, რაც არ უნდა მიჭირდეს და ცუდად ვგრძნობდე თავს, მაინც გამეღიმება.

თუმცა ჩვენი პირველი შეხვედრა ღიმილით არ დაწყებულა, დაიწყო დიდი გაოცებითა და შიშებით – ახლა რაღა ვქნა.

მასწავლებლობა ახალი დაწყებული მქონდა, ანუ ახალი დაწყებული მქონდა ის ღელვები და ემოციები, ამ საქმიანობას რომ ახლავს თან, პირველი კლასი ამყავდა ერთ-ერთ კერძო სკოლაში, მშობლებთან და ბავშვებთან ინდივიდუალურ შეხევდრებს ვგეგმავდი და გულის ფანცქალით მოველოდი იმ პატარა ადამიანების გაცნობას, შემდეგი ოთხი წელი ერთად რომ უნდა გაგვეტარებინა, ერთად გვეცინა, ერთად გვეთამაშა, გვესწავლა, გვენერვეულა და ერთმანეთის ცხოვრების ნაწილები გავმხადრიყავით.

ოთხი წელი სულ არ არის ცოტა დრო, პირიქით, საკმაოდ დიდი დროა, ოთხ წელში უამრავი რამ შეიძლება მოხდეს და უამრავი რამ შეიცვალოს. ამიტომაც, პირველი შეხვედრები, პირველი შთაბეჭდილებები მნიშვნელოვნად მიმაჩნდა.

მოდიოდნენ პატარა გოგოები, პატარა ბიჭები გაფართოებული თვალებით, ღიმილებით, ზოგი შიშებითაც, დედიკოსთან ხელჩაჭიდებულები, მის ზურგს ამოფარებულები, რაღაცნაირი ეჭვიანი გამოხედვებით. მიხატავდნენ აწოწილ ფერად გოგონებსა და მწვანე დინოზავრებს. მიტოვებდნენ და დამშვიდებულები მიყვებოდნენ  მშობლებს, ფიქრებით, რომ  – სკოლა, კლასი და მასწავლებელი არ აღმოჩნდა  ისე ცუდი.

უკვე გათამამებული პატარების ემოციებით, რომ მასწავლებლობა არც ისე რთული ყოფილა, ჩემს ბოლო მოსწავლეს ველოდებოდი. გაიღო კარი და კარში  ქარიშხალივით შემოიჭრა პატარა, ქერა, გამხდარი ბიჭი,  მას უკან მშობლები მოყვნენ. ბიჭს მივესალმე, ხელი ჩამოვართვი, გავეცანი და ვთხოვე, რომ დამჯდარიყო იქვე, მერხთან, შემდეგ კი მშობლებს მივუბრუნდი.

ბიჭი დგას, არ ინძრევა, არც მიყურებს, არც მისმენს, რაღაცაზე ფიქრობს, ოღონდ ვერ ვხვდები რაზე. ვიფიქრე –  შევეშვები, იქნებ რცხვენია, უხერხულადაა, ვაცდი.

მე და მშობლები ვსაუბრობთ, თვალი ბიჭისკენ გამირბის. დგას ისევ ისე, თითქოს არც არავის მიუმართავს მისთვის და არც არაფერი უთხოვიათ. ვაკვირდები მის მზერას, რომელიც ღია ფანჯარას წვდება. ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით, საკმაოდ ახლოს მიწასთან (კიდევ კარგი!),  ვაიმე, ვფიქრობ, ნეტა ხომ არ უნდა… ფიქრს ვერ ვასრულებ, რომ ეს პატარა, გამხდარი, ქერა ბიჭი ადგილს წყდება, შურდულივით გარბის, შემხვედრ მერხს ევლება, ფანჯარასთან მირბის, ელვის სისწრაფით ხტება რაფაზე და უკვე ეზოშია. უკან კმაყოფილი იხედება, მეჩვენება, რომ ცალყბად იღიმის და თავქუდმოგლეჯილი გარბის.

ასე გავიცანით მე და თომამ ერთმანეთი და ვინ იცის, რამდენჯერ მიმიტოვებია კლასი და გამვკიდებივარ კლასიდან გაქცეულს, მთელს ეზოში გვირბენია და მერე ორივე დაღლილები ამოვსულვართ და გაკვეთილის ჩატარება გაგვიგრძელებია. კითხვაზე, თუ რატომ გარბოდა, თომას ყოველთვის სხვადასხვა პასუხი ჰქონდა, აინტერესებდა, ფანჯრიდან რომ მოჩანდა მტრედი, ნამდვილი იყო თუ არა, ან გარეთ როგორი ამინდი იყო, ან რამდენი წუთი დასჭირდებოდა სტადიონამდე მიღწევას და ა. შ. მისი ყველა ქმედება ექსპერიმენტული იყო, სულ ცდიდა საკუთარ თავს და გარემოს, შიშის განცდა არ ჰქონდა, რაც ძალიან მაღელვებდა. იმიტომ, რომ ერთხელ საკმაოდ დიდი სიმაღლიდან გადმოხტა, რომ გაეგო, რა მოუვიდოდა. ერთხელ სპეციალურად დაგორდა პატარა გორაკიდან, ერთხელ გუბეში ჩახტა, რომ ახალი ბოტები გამოეცადა.

თომა ჰიპერაქტიური იყო, ამ სიტყვის სამედიცინო მნიშვნელობით. ის არ იყო მხოლოდ ცელქი ან მოუსვენარი,  მას ჰქონდა ყურადღების დეფიციტი, მუდმივი შფოთვა, გაკვეთილებზე დასწრება მალევე ბეზრდებოდა ხოლმე, ამის მერე იწყებდა ფანჯრისკენ ყურებას (ფანჯრებს უკვე ვკეტავდი), ან მერხის ქვეშ  შეძვრომას, ან ნივთების, წიგნების სროლას, სიმღერას, სხვადასხვა ცხოველის ხმების მიბაძვას ან უბრალოდ, კლასში სეირნობას.

მე გამოუცდელი მასწავლებელი ვიყავი და თავიდან ცოტა არ იყოს დავიბენი, ვერ ვხდებოდი, რა უნდა მექნა ამ დროს, ვდარდობდი სხვა ბავშვებზეც, ვაითუ, თომას ნასროლი ნივთი მოხვედროდათ ან გაკვეთილზე რაიმე ვერ გაეგოთ.

ინტერნეტში ვეცნობოდი ბევრ მასალას მშბლებმაც მომიტანეს რეკომენდაციები. თუმცა არც შესაბამისი რესურსი მქონდა და არც საკლასო გარემო მიწყობდა ხელს. რადგან ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ როცა დაიღლება წამოწვეს ან გარემო შეიცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური სკამი ჰქონდეს, სხვადასხვა ნივთი – სენსორული სტიმულაციისთვის დ ასე შემდეგ.

დავიწყე პლასტელინით და თიხით. გაკვეთილებზე შეეძლო,  პლასტელინით ეძერწა. ჩემი დაკვირვებით ამ დროს უკეთ ახერხებდა ყურადღების მოკრებასა და სასწავლო პროცესში ჩართვას. თუმცა მხოლოდ პლასტელინი გამოსავალი ვერ იქნებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ თომა ძალიან, ძალიან გონიერი ბიჭი იყო, დასწავლის პრობლემა არ ჰქონდა, რომ იტყვიან, ჰაერში იჭერდა სიტყვებს, ძალიან კარგად აზროვნებდა, თუმცა იმის გამო, რომ დეტალებისადმი კონცენტრაცია უჭირდა, მათემატიკას ბოლომდე გულს ვერ უდებდა და ხშირად ისეთ შეცდომებს უშვებდა, წესით, რომ არ უნდა დაეშვა, რადგან მითითების შემთხვევაში ასწორებდა კიდეც.

თომას უყვარდა მარტივი თავსატეხები, რთულებზე გული უცრუვდებოდა და ნებისყოფა არ ყოფნიდა. დავიწყეთ ლაბირინთებით, ეს კარგი გამოსავალი იყო და რამდენიმე ხანი შემეშველა კიდეც. როცა მობეზრდებოდა მისთვის ცალკე გამზადებულ ლაბირინთებს ვუდებდი და ისიც თავაუღებლად დაეხეტებოდა ამ ლაბირინთებში. ერთ გაკვეთილზე დაახლოებით ათი ლაბირინთის ამოხსნას ახერხებდა. ზღვა მასალა და რესურსი მჭირდებოდა, ამისთვის პრინტერიც კი შევიძინე, მაგრამ შედეგად მიღირდა. ამასობაში, ნელ-ნელა შეეჩვია გაკვეთილზე მშვიდად მუშაობას. პლასტელინი თუ ყურადღების კონცენტრაციაში მეხმარებოდა, ლაბირინთებმა თომას გაკვეთილზე ყოფნა ასწავლა. თუმცა, რა თქმა უნდა, მას მაინც სჭირდებოდა გასვლა და გარემოს შეცვლა, ამიტომ ათას საქმეს მხოლოდ მას ვავალებდი, ვაგზავნიდი, ასისტენტად ვნიშნავდი. ეს მარტივი სულაც არ იყო, სხვა ბავშვები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რადგან აღნიშნული პრივილეგიად მიაჩნდათ და უკვირდათ, რატომ ჰქონდა თომას ეს პრივილეგია, როდესაც ის მაინცდამაინც არ იცავდა საკლასო წესებს.  უხეშად და მათ ენაზე რომ ვთქვათ, ცუდად იქცეოდა. რთული იყო ამ ყველაფერთან გამკლავება, ვცდილობდი სხვებისთვისაც გამენაწილებინა მსგავსი უპირატესობები.

ამასობაში გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო სპექტაკლი დაგვედგა. ვნერვიულობდი, თომა როგორ შეასრულებდა როლს, თუმცა პირველივე რეპეტიციაზე, იმდენად გავოგნდი, რომ კარგა ხანი დამჭირდა იმის დასაჯერებლად,  რომ თურმე ჩვენი თომა ძალიან მაგარი მსახიობი ყოფილა. ის ისე შედიოდა როლში, რომ  თვალს ვერ მოწყვეტდი. ამან დამაფიქრა მის შემოქმედებით უნარებზე და უკვე გამართულად წერა რომ ვისწავლეთ, თომას ერთი დიდი რვეული გამოვუყავი და ვთხოვე, მის მიერ გამოგონილი თამაშები ჩაეწერა. ის ხომ გიჟდებოდა ვიდეო თამაშებზე და ოცნებობდა, თავადაც შეექმნა, კომპიუტერს, ელექტრონულ მოწყობილობებს საოცრად ფლობდა, თუმცა მის ერთ-ერთ პრობლემას სწორედ კომპიუტერულ თამაშებზე მიჯაჭვულობაც წარმოადგენდა. რადგან ამ თამაშების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანის დიდოსტატი გახლდათ, თომას ფანჯრიდან გადახტომები და  საოცარი სისწრაფით სირბილიც სწორედ აქედან იყო ინსპირირებული.  თავიდან ჩემს შეთავაზებას ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ ამასობაში ჩვენ კარგ მეგობრებად ვიქეცით, ამიტომ უარი ვერ მითხრა და დაიწყო წერა. დაიწყო წერა და არც გაჩერებულა, წერდა და წერდა,  გაშალა ფანტაზიები, თამაშებიდან მოგონილ თავგადასავლებში გადაეშვა, ხან მეკობრე იყო, ხან მოსნტრი, ხან მოჩვენება. მის ნაწერებს როცა ვკითხულობდი, კარგად ვერთობოდი და ვაქებდი კიდეც, თუმცა თომასთვის შეფასება უმნიშვენლო იყო, მთავარი მისთვის პროცესი გახდა. ლაბირინთები წერამ ჩაანაცვლა. იქამდე სანამ გამართული კითხვა არ ისწავლა და ჰარი პოტერის წიგნები არ ჩაუვარდა ხელში.

აი, მაშინ დავიჯერე, რომ კარგ წიგნს სასწაულის მოხდენა შეუძლია. ჩაუჯდა და რა ჩაუჯდა, ხელიდან აღარ აგდებდა, მისთვის არც მათემატიკა  არსებობდა, არც ქართული და არც ბუნებისმეტყველება. ხშირად კარადაში მიყუჟული მიპოვია ჰარის სამყაროში გადაშვებული. მესამე კლასში როულინგის ყველა წიგნი უკვე წაკითხული ჰქონდა. მეოთხეში კი  უკვე სხვა წიგნებს ეძებდა და ამ დროს რიკ რიორდანის ტომები აღმოაჩინა.

კითხვამ თომას ბევრი რამ ასწავლა. თუმცა, ის თვისება, რომ წაკითხული ან ნანახი რეალობაში გადმოეტანა, არ გაქრობია, პირიქით, გულწრფელად სჯეროდა ჰარის ჯადოქრობის და ეზოდან ხან როგორ ჯოხს ამოიტანდა, ხან როგორს, მიმტკიცებდა, რომ მაგიური ჯოხი ჰქონდა. ერთხელ ერთი კრისტალი ვაჩუქე და ვუთხარი, რომ ჯადოსნური იყო, როცა ცუდად იგრძნობდა თავს, აუცილებლად დაეხმარებოდა. ეს კრისტალი მუდამ თან დაჰქონდა, მერე მთხოვა, იქნებ გულზე ჩამომიკიდოთო და მიმტკიცებდა, რომ ძალიან შველოდა.  შევესწარი კიდეც, ამ კრისტალით და მზის სხივებით ცისარტყელას როგორ ქმნიდა, თან მეძახდა, ინა მას, თქვენი კრისტალი ნამდვილიაო.

ბევრი  დაგვრჩა სამუშაო, ბევრი შეცდომაც დავუშვით, თუმცა მთავარი ისაა, რომ თომას რწმენა გაუჩნდა, თავისთავის და სამყაროსი.

სულ მინდოდა თომაზე დამეწერა და მესაუბრა, იმდენი მაქვს კიდევ მოსაყოლი, ალბათ ერთი წიგნიც კი გამოვა.  მადლობა ამ საოცარ პორტალს, რომ მომცა საშუალება, კიდევ ერთხელ გამეხსენებინა და თქვენთვისაც გამეზიარებინა ამ გასაოცარი ბიჭის ამბავი, ის ხომ, ზუსტად ასეთი, ნამდვილად არსებობს და ახლაც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, საკუთარ ექსპერიმენტებს ატარებს. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც თომა ნამდვილ ექსპერიმენტებს ჩაატარებს და მას მთელი სამყარო გაიცნობს. მანამდე კი  დარჩეს ის ასეთი: ძალიან გულუბრყვილო და ამავე დროს ყველაზე დიდი აღმომჩენიც – სასწაულების და ჯადოსნურობისა.

 

 

,,სტერილური ჭეშმარიტება“ თუ  ,,ნაყოფიერი შეცდომები“  

0

საზოგადოდ მიღებული თვალსაზრისის თანახმად, შეკითხვას  ჭკვიანი ადამიანები სვამენ. თუმცა ის ფაქტი, რომ შეკითხვის დასმა  და მიღებული პასუხები ჭეშმარიტების ძიებაში გვეხმარება,ზოგჯერ სადავო ხდება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე ისეთ ზუსტ მეცნიერებას ეხება, როგორიც მათემატიკაა.

  • როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს შეკითხვის დასმა?
  • როგორ დავარწმუნოთ, რომ შეცდომების დაშვება გვეხმარება მიზნის მიღწევაში?
  • როგორ გამოიყენოს მოსწავლემ შეცდომა თავის სასარგებლოდ?
  • რა შემეშალა?
  • რატომ შემეშალა?
  • რა ვერ გავითვალისწინე?
  • რა უნდა ვიცოდე, რომ ანალოგიური შეცდომა აღარ დავუშვა?
  • როგორ გამოვასწორო შეცდომა?

ეს კითხვები ყველა მასწავლებლისთვის აქტუალურია. წარმოდგენილ სტატიაში გთავაზობთ სასწავლო რესურსს, რომელიც დაეხმარება მათემატიკის მასწავლებლებს, რათა დაეხმარონ მოსწავლეებს შეცდომების გაანალიზებაში.

რესურსში წარმოდგენილია მოსწავლეების მიერ გავრცელებული შეცდომები შესაბამისი შეფასებით. მოსწავლემ უნდა გააანალიზოს, რომელ მაგალითში რა შეეშალა და მოუძებნოს შესაბამისი შეფასება.

რესურსის გამოყენება ადვილია. ის ორი ნაწილისაგან შედგება – დაშვებული შეცდომა და შესაბამისი შეფასება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია რესურსს ახლდეს ინსტრუქცია.

ყურადღებით დააკვირდით მოსწავლეთა დაშვებულ შეცდომებს, გაარკვიეთ მოსწავლეთა ცოდნა და ხარვეზები. თითოეულ ჩანაწერს შეუსაბამეთ შესაბამისი შეფასება, რომელიც მოცემულია ტექსტებში დავალება-პასუხებით.

 

 

ყურადღებით დააკვირდით მოსწავლეთა დაშვებულ შეცდომებს, გაარკვიეთ მოსწავლეთა ცოდნა და ხარვეზები. თითოეულ ჩანაწერს შეუსაბამეთ შესაბამისი შეფასება, რომელიც მოცემულია ტექსტებში.


ტექსტები, რომლებიც უნდა შეუსაბამოთ თითოეულ ნამუშევარს
 

 

რესურსის დადებითი მხარეები

  • მოსწავლეებს დააფიქრებს საკუთარ შეცდომებზე, გამოსწორების გზებზე;
  • მოსწავლეები დაინახავენ, რომ შეიძლება ვისწავლოთ, როგორც საკუთარ, ისე თანატოლთა შეცდომებზე დაკვირვებით;
  • მოცემული რესურსის გამოყენებით დროის მოკლე ინტერვალში მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეთა ცოდნას და უნარებს შესაბამის თემებში.

რესურსის გამოყენება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებსა და ჯგუფური მუშაობის პროცესში. სამუშაოს დასრულების შემდეგ უმჯობესი იქნება, თუ მოსწავლეებს მივცემთ საშუალებას, შეადარონ ერთმანეთის ნამუშევრები. იმსჯელონ თავიანთი არჩევნის სისწორეზე, მხოლოდ ამის შემდეგ მივაწოდოთ სწორი პასუხები. ასევე გავაკეთებინოთ პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეები შემოგვთავაზებენ სწორ ვარიანტს.

რესურსის მრავალჯერადად გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, თუ მას ლამინირებას გავუკეთებთ.

 

 

მასწავლებლის გასაჭირი „დარისპანის გასაჭირის“ სწავლებისას

0

დავით კლდიაშვილი XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ქართულ მწერლობას მოევლინა, როგორც ორიგინალური ხელწერის, ნოვატორული თემატიკისა და მკვეთრად ინდივიდუალისტური სტილის ავტორი. მან ჩვენი მწერლობა გაამდიდრა უაღრესად საინტერესო ვრცელი მოთხრობებითა და პიესებით. მისი შემოქმედება უკვდავი და გაუხუნარია, თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ მის მსოფლიო მნიშვნელობაზე. ის არასდროს კარგავს აქტუალობას, რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი პიესები მუდმივად იდგმება ჩვენს თეატრებში და მაყურებლის ინტერესიც არასდროს აკლდება.

როცა მის შემოქმედებაზე ვმუშაობთ, ყოველთვის მითქვამს მოსწავლეებისთვის, რომ დავით კლდიაშვილი ჩემთვის არა მხოლოდ დიდი მწერალი, არამედ ეროვნული გმირი და უმაღლესი მორალის მოქალაქეა, მისი უნაპირო ჰუმანიზმი და სადა თხრობის მანერა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე, ხოლო მისი ბიოგრაფია ამ ადამიანის უმწიკვლო ზნეობისა და ერისკაცობის ნათელი დემონსტრაციაა.

სურათი ერთ მოქმედებად, როგორც ავტორი უწოდებს პიესა „დარისპანის გასაჭირს“, მწერალს XX საუკუნის დასაწყისში,  1903 წელს დაუწერია და ის 18 მოკლე გამოსვლისგან შედგება, სულ 7 მოქმედი გმირი ჰყავს და პიესის თემაც ერთობ საჩოთირო და ექსტრავაგანტურია. პიესის პრობლემა – ქალიშვილების გათხოვება ეპოქის სოციალურ-დემოგრაფიული უბედურების სახეს იღებს.

რაც უნდა უცნაური იყოს, პიესა ქართული ლიტერატურის მერვე კლასის პროგრამაში შედის და მისი სწავლებისას მასწავლებლის გასაჭირი იმაში გამოიხატება, რომ  ამ ერთი შეხედვით უცნაური თემით უნდა დააინტერესოს 12-13 წლის მოზარდები.

შარშან, პიესის სწავლებისას მოსწავლეთაგან არაერთგზის მოვისმინე პროტესტი იმის შესახებ, რომ მათ არ ესმით, რატომ უნდა სწავლობდეს 21-ე საუკუნის ბავშვი ნაწარმოებს, სადაც გასულ საუკუნეში აზნაურთა კლასის სიდუხჭირესა და ქალების გათხოვების პრობლემებზეა საუბარი. შვილის განათლებაში აქტიურად ჩართული ერთი მშობელი საგანგებოდ მესაუბრა პიესის პრობლემებზე, დასვა კითხვები, რადგან შეწუხებული იყო იმით, რომ შვილს ვერაფრით გააგებინა ამ ნაწარმოების მნიშვნელობა. კარგია, რომ მშობელი ასეთი მონდომებით ერთვება შვილის საგანმანათლებლო საკითხებში, მაგრამ ტექსტის გაგება-გააზრებისა და ანალიზის სწავლების ყველა ვალდებულება უპირველესად მასწავლებელს ეკისრება.

პიესის ტექსტი, ლექსიკა, გმირთა ხასიათები, დიალოგებისა და პოლილოგების თემატიკა მოსწავლეებში ან გაუგებრობას იწვევს ან – გაუზრებელ, ჰომერულ სიცილს.

დავით კლდიაშვილი არამცთუ პიესებში, მოთხრობებშიც კი ტექსტებს არ ამკობს ტროპული სამკაულებით, მისი ხელწერისთვის დამახასიათებელია პერსონაჟის პორტრეტის წარმოჩენა მოქმედებებში, დიალოგებში, ავტორისეული კომენტარებისა და შეფასებების გარეშე, რაც მკითხველისთვის დამაინტრიგებელია.

პიესის ყველა გამოსვლა შედგება დიალოგებისგან, საიდანაც იკითხება სოციუმის  ყოფის ტრაგიზმი. მართალია, ამ საუბრებს კომიკური ელფერი დაჰკრავს, მაგრამ მათში მეტია ტრაგიკული, ვიდრე – კომიკური.

როლური თამაშები „დარისპანის გასაჭირის“ და ზოგადად პიესების ტექსტებზე მუშაობის დროს უალტერნატივო აქტივობაა, ხოლო მთავარი სირთულე მასწავლებელს ელოდება პიესის პასაჟების ანალიზის, სინთეზისა და შეფასების პროცესში.

მასწავლებლის მთავარი გამოწვევა აქ ისაა, რომ მან სწორად გაააზრებინოს ბავშვებს ორი რამ: კლდიაშვილისეული ჰუმანიზმის სიღრმე და წარსული ეპოქის რეალისტური სურათების ღირებულება. პიესა ეპოქის დოკუმენტია, ის არა ავტორისეულ რემარკებში, არამედ პერსონაჟთა მეტყველებაში, მათი აზროვნების, გემოვნების, მიმართებების ქვეტექსტებში აცოცხლებს მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან აზნაურთა კლასის თავს დატეხილ უბედურებებს, მათ დაცემას და გარდაუვალ სიკვდილს, რაც მკითხველისთვის დამაფიქრებელია.

ტექსტის გაგებისთვის სასურველია, რომ გამოსვლებში ყველაზე სახასიათო დიალოგები მოვნიშნოთ, დავიმახსოვროთ მათი თემატიკა და პერსონაჟთა ხასიათის თვისებების მარკირება შევძლოთ.

პიესის პრობლემა ვინაიდან საყოველთაო და ფართომოცვითია, ცხადი ხდება პერსონაჟის ყოველი ქმედების მოტივაცია. მთელი პიესის ინტრიგა რამდენიმე დიალოგში იკითხება. ესენია: მართა-პელაგია (აქ ნათლად იკვეთება მართას მონდომება ნათლულის გათხოვებაზე და მისი საეჭვო მორალის მარიფათი სასიძოს მოხიბვლის საქმეში), მართა-დარისპანი (ამ დიალოგიდან ვიგებთ ადამიანებში გამეფებულ ფარისევლობაზე, ჭირვეულობასა და შიშზე, არაადეკვატურობაზე, რწმენის, სიყვარულისა და მოთმინების დეფიციტზე), დარისპანი-პელაგია (მოცემულ დიალოგში კლდიაშვილის მოთხრობებიდან კარგად ნაცნობი კუდაბზიკა, მკვეხარა აზნაურის უაღრესად საინტერესო ფსიქოტიპი გვიცოცხლდება), დარისპანი-კაროჟნა (მამა-შვილის დიალოგი ნათლად აჩვენებს, რამდენად ტრაგიკულია ყოფა ახალგაზრდა ქალისთვის და რამდენად გართულებულია ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა), მართა-ონისიმე (დიალოგი ფარისევლობის ნამდვილი მასტერკლასია), ონისიმე-დარისპანი (ამ დიალოგშიც ისევ და ისევ კუდაბზიკა, ბაქია აზნაურთა სახეები იხატება), ონისიმე-ოსიკო (დიალოგი გვაჩვენებს, თუ რამდენად ანგარებიანი, უგულო, უსიყვარულო და ეგოისტი გახდა ამ ეპოქის ადამიანი), მართა-ოსიკო (დიალოგი ცხადყოფს გულწრფელობისა და მორალის დეფიციტს, სიცრუის გამეფებას საზოგადოებაში), ნატალია-პელაგია (დედა-შვილის დიალოგი წარმოაჩენს მთელ იმ სასოწარკვეთილებას, რომელიც კრიზისული ეპოქის უბედური შვილების ფსიქოემოციური ფონისთვის არის დამახასიათებელი. ნატალიას სიტყვებში ისმის სოლომან მორბელაძის, პლატონ სამანიშვილის, მიქელას, ოტია ქამუშაძის, კლდიაშვილის სხვა მრავალი უკვდავი გმირის სასოწარკვეთა და ზაფრა დაუნდობელი ეპოქით გამოწვეული ადამიანური ტკივილის გამო).

ძალიან ძნელია, რომ ზეპირად, წიგნის დახმარების გარეშე, როლურ თამაშებში გავაცოცხლებინოთ ბავშვებს ეს დიალოგები, ვინაიდან ამ ტექსტების დამახსოვრება, მათი დიალექტური ლექსიკის გაგება და გადმოცემა მოზარდებისთვის რთული ამოცანაა, ამიტომაც ჩვენ ავირჩიეთ კომიქსი.

კომიქსს ვიზუალურ პოეზიასაც უწოდებენ, ვინაიდან აქ იდეალური შეხამებაა ტექსტის და გამოსახულებისა, ის მოითხოვს ორიგინალურ ხედვას და გემოვნებას, ასევე იძლევა სრულ თავისუფლებას და გამოხატვის ეფექტურობაც გარანტირებულია, თუკი მისი შემქმნელი ოდნავ მაინც მოუხმობს კრეატიულობას.

კომიქსებად დავით კლდიაშვილის პიესის წარმოდგენისას კლასის ორგანიზების ფორმად საუკეთესოა წყვილებად დაყოფა. აუცილებელია, რომ წინასწარ ჩავატაროთ სამუშაოები, კლასი მოვამზადოთ პრეზენტაციისთვის, ვასწავლოთ ტექსტის დამუშავება კომიქსისთვის. სასურველია, რომ მოსწავლეებმა კომიქსის დიალოგები წიგნიდან კი არ გადმოწერონ, არამედ პერსონაჟთა ხასიათების გათვალისწინებით, თავად შექმნან ახალი დიალოგები, სადაც პრობლემა იქნება წარმოჩენილი, დაზუსტებული, ან სულაც გამძაფრებული, ტრაგიკული და კომიკური ელფერიც თავადვე შეუძლიათ შესძინონ ახალ ტექსტებს. ვისაც ხატვა არ ეხერხება, მათთვის მარტივი გამოსავალია წინასწარ მომზადებული გამოჭრილი ფიგურების დაწებება საპრეზენტაციო პოსტერზე, ან მარტივი ფიგურებით, ე.წ. სმაილებით და სახეების პრიმიტიული გამოსახულებებით გადმოცემა. აქ ჩვენი მთავარი მიზანი არის არა მხატვრობის ნიჭის დემონსტრირება, არამედ ტექსტის გაგება-გააზრება, პერსონაჟთა ხასიათების ამოცნობა, პრობლემაში ჩაღრმავება და მისი გადაწყვეტა.

უპირველესად წყვილებმა უნდა აირჩიონ პერსონაჟები, რომელთა დიალოგებზეც სურთ კომიქსის მომზადება, სასურველი იქნება, რომ ტექსტები შინ დაამუშაონ და წინასწარ მოამზადონ, ხოლო შემაჯამებელ საპრეზენტაციო გაკვეთილზე დავალების ბოლო აკორდები შეასრულონ.

მასწავლებელს შეუძლია განსაკუთრებით ოსტატური ვიზუალური ნამუშევრისთვის ქულები წაამატოს ან ორი ნიშნით შეაფასოს წყვილის ნამუშვარი, ხოლო თუკი ტექსტი ორიგინალურად და ეფექტურად იქნება გადატანილი საპრეზენტაციო პოსტერზე და ხატვის ნიჭი ნაკლებად იქნება გამოვლენილი, ამის გამო ქულის დაკლება გამართლებულად არ მიმაჩნია. როცა კლასმა გამორჩეულად შთამბეჭდავი ვიზუალური გამოსახულებები იხილა, ბავშვებმა თავადვე მოითხოვეს ამგვარი ნაშრომების ავტორების უმაღლესი ქულებით ან ორი ნიშნით შეფასება.

კომიქსი სინთეზური ხელოვნებაა, ვიზუალისა და ლიტერატურული ტექსტების გაერთიანებას ითხოვს და მის შექმნას გამორჩეული ოსტატობა სჭირდება. შეიძლება თავიდან მოსწავლეებს ძალიან გაუჭირდეთ ამ დავალების შესრულება, მაგრამ დავით კლდიაშვილის ეს პიესა საამისოდ კარგი მასალაა, თანდათან უნდა შევაჩვიოთ მოსწავლეები კომიქსების დახმარებით მხატვრული ტექსტების აღქმას, თანაც აპრობირებული მაქვს, რომ მათთვის ეს პროცესი ცოცხალი, სახალისო, საინტერესო, შემოქმედებითი და მოტივაციის ამამაღლებელია.  თანაც მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, რომ შეფასების რუბრიკის მკაცრი კრიტერიუმები წამახალისებელი ქულებით შეცვალოს.

 

 

თავისუფალი გაკვეთილები, არაფორმალური განათლება და წიგნიერება

0

არაფორმალური განათლება მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას  უწყობს ხელს. ის აკადემიურ უნარებთან ერთად სოციალური უნარების განვითარებას განაპირობებს.  მოსწავლეებს აძლევს თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას და, ამავდროულად, არჩევნის თავისუფლებას.

თავისუფალი გაკვეთილები  კი  გულისხმობს  მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას. ის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობისა და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს.

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი  მრავალ მეთოდს მიმართავს: პროექტები, მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს მორგებული სასწავლო აქტივობები და ა.შ. მაგრამ მაინც რთულია სასურველი შედეგის მიღება ფორმალურ გარემოში, სადაც ხდება მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება. თავისუფალი გაკვეთილები კი არ გულისხმობს მოსწავლეთა შეფასებას ქულებით, სასურველი შედეგი მხოლოდ შინაგანი მოტივაციის ამაღლებით მიიღწევა.

წამყვანი ქვეყნების გამოცდილება, არაფორმალურ განათლებაზე, შემდეგი სახისაა:

„ამერიკული განათლების სისტემაში ეს არის არაფორმალური, კლასგარეშე განათლება, რომლის მიზანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარების განვითარება. თავისუფალ გაკვეთილზე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გამოიყენონ საკლასო და საოჯახო რესურსების ფართო სპექტრი, კლასში თუ კლასგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ეს არის სწავლა-სწავლების ინტერაქტიური ფორმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს CTEM-ის, ფინანსური წიგნიერების, ეკოლოგიური განათლების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებს… ხელს უწყობდეს სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებად ინტერესების მიხედვით, თუმცა საკითხთა წრეს განსაზღვრავს მასწავლებელი (ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მოსწავლეებიდანაც წამოვიდეს  კონკრეტული საკითხის დამუშავების ინიციატივა). სფერო შეიძლება იყოს სხვადასხვა:

  • სოციალური;
  • სამეცნიერო;
  • წაკითხულის გაგება-გააზრება;
  • ხელოვნება;
  • ისტ-ი (კომიქსების, ელექტრონული წიგნების შექმნა)

და სხვა.

გერმანიაში ასეთი გაკვეთილისათვის არსებობს ტერმინი „ღია გაკვეთილი (სწავლება)“. ის მოსწავლეს აძლევს სოციალური ფორმის, შინაარსისა და მეთოდოლოგიის არჩევის თავისუფლებას. გათვალისწინებულია მათი სურვილები და ინტერესები, თუმცა მხარდამჭერები არიან უფროსები (მასწავლებლები, ადმინისტრაცია, მშობელთა გაერთიანებები, თემი). ეს არის საქმიანობის კლასგარეშე ფორმა, თუმცა ის შეიძლება კლასში, გაკვეთილზეც დაიწყოს. დროთა განმავლობაში ყალიბდება სტაბილური ჯგუფები, გაერთიანებული ერთი ინტერესით, და ისინი უკვე ნაკლებად არიან დამოკიდებული მასწავლებლებზე. ასეთ გაკვეთილებს ახასიათებს:

ორგანიზაციული თავისუფლება (მოსწავლეები თავად განსაზღვრავენ დროს/ვადებს, სივრცესა და იმას, ვისთან და რა ფორმით ითანამშრომლონ);

მეთოდოლოგიური თავისუფლება (როგორ იმუშავებენ, რა მეთოდოლოგიურ მიდგომას გამოიყენებენ);

შინაარსობრივი თავისუფლება (რა თემაზე სურთ მუშაობა);

სოციალური თავისუფლება (თავად ადგენენ წესებს, თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტულ ღირებულებებს).

გერმანიაში „ღია გაკვეთილის“ ფორმებია: პროექტები, აღმოჩენით სწავლა, სემინარები, თვითმიმართული/დამოუკიდებელი სწავლა.

საფრანგეთშიც, გერმანიის მსგავსად, ასეთი გაკვეთილისათვის არსებობს ტერმინი „ღია გაკვეთილი“. ეს არის გაკვეთილი, გამდიდრებული ინოვაციური შინაარსითა და ინოვაციური მეთოდოლოგიით. ასეთი გაკვეთილისათვის საჭიროა გამდიდრებული სასწავლო მასალები კონკრეტულ თემაზე, თემის შესაბამისად საკლასო ოთახის მოწყობის გეგმა, ტექნოლოგიების გამოყენების მოკლე გზამკვლევი. გაკვეთილის თემა წინასწარ ეგზავნება როგორც მოსწავლეებს, ისე ყველა სხვა დაინტერესებულ პირს (ეს შეიძლება იყვნენ სხვა მასწავლებლები, მშობლები), ასევე ეგზავნება წასაკითხი და ვიზუალური მასალის ჩამონათვალი. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ თემაზე მათი ინტერესების შესაბამისად, აიღონ ინტერვიუები საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, იმ საკითხის ექსპერტებისაგან, რომელზეც მუშაობენ, გამოიკვლიონ საზოგადოებრივი აზრი დასამუშავებელი თემის ირგვლივ და ა.შ.“. (მ.ინასარიძე, 1).

ამდენად, არაფორმალური განათლება  მასწავლებელსა და მოსწავლეს აძლევს საშუალებას, დაგეგმონ და მართონ  სასწავლო აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლების გაუმჯობესებას.

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა  საქართველოს სკოლებში ხორციელდებოდა შემდეგი მიმართულებებით:

  • სპორტული აქტივობები;
  • წიგნიერების განვითარება;
  • კულტურა/ხელოვნება;
  • ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები.

 

მოცემულ სტატიაში განხილული იქნება ერთ-ერთი მიმართულება – წიგნიერება. წიგნიერების განვითარება გულისხმობს ლიტერატურული წრეებისა და საკლუბო მუშაობის წარმართვას.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავად შეარჩიონ საკითხი, თემა, რომელზეც წარიმართება მუშაობა. შეარჩევენ ნაწარმოებებს, დაიგეგმება აქტივობები და შეხვედრის დრო.

პროექტის ფარგლებში შეიძლება დაიგეგმოს შემდეგი აქტივობები:

  1. მოსწავლეებთან ერთად ტექსტის შერჩევა;
  2. ტექსტის წაკითხვა გააზრება;
  3. ტექსტიდან მნიშვნელოვანი ფრაზების ამოწერა;
  4. პერსონაჟის რუკის შედგენა;
  5. პერსონაჟის დადებით და უარყოფით მახასიათებლებზე მსჯელობა;
  6. შთაბეჭდილებების ალბომის მომზადება;
  7. დებატები – ნაწარმოების გარშემო არსებულ პრობლემების იდენტიფიცირება;
  8. ტექსტში არსებული პრობლემების დაკავშირება თემში არსებულ პრობლემებთან;
  9. ნაწარმოების ალტერნატიული დასასრული;
  10. ნაწარმოების გაგრძელება;
  11. დროში მოგზაურობა;
  12. რეკომენდაცია;
  13. ფილმიდან ფრაგმენტების ნახვა;
  14. ფილმში ნანახსა და წაკითხულს შორის პარალელის გავლება;
  15. როლური თამაში;
  16. ილუსტრაციის კომიქსის შედგენა;
  17. კროსვორდის შედგენა;
  18. წერილი ავტორს/საყვარელ პერსონაჟს;
  19. ინტერვიუ საყვარელ მწერალთან/ პერსონაჟთან;
  20. წერილი საყვარელ ავტორს/პერსონაჟს;
  21. სცენარის მომზადება;
  22. მინი სპექტაკლის დადგმა;
  23. პროექტის შეჯამება.

აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებში ავითარებს შემოქმედებით უნარებს, ხელს უწყობს შინაგანი მოტივაციის ამაღლებას, მოსწავლეებს უყალიბებს გუნდური მუშაობის პრინციპებს.  მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ყალიბდება ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული სასწავლო გარემო. მასწავლებელი ხდება ფასილიტატორის როლში და მოსწავლეები წარმართავენ სასწავლო პროცესს.

ამდენად, აღნიშნული მიმართულების მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა თვითგამოხატვისა და თვითრეალიზების. მათ  შეუძლიათ  დააკვირდნენ თავიანთ შესაძლებლობებსა და მისწარაფებებს, რაც აძლევს შანსს, აღიზარდონ საზოგადოების სრულუფლებიან  წევრებად.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. mastsavlebeli.ge, ინასარიძე მ. „თავისუფალი გაკვეთილების შესახებ საერთაშორისო გამოცდილება“, 10 თებერვალი, 2017
  2. www.mes.gov.ge, “თავისუფალი გაკვეთილები”, 02.03.2017

ერთი საქველმოქმედო პროექტი, ანუ როგორ დაეხმარნენ ცნობილი მხატვრები პანკისელ ბავშვებს და როგორ შეუგროვეს სურათებიანი წიგნები

0

რამდენიმე წლის წინ პანკისი ხეობის სოფელ ქორეთში მომიხდა გავლა, სადაც დაწყებითი სკოლა და მისი მოსწავლეები მოვინახულე. სკოლის შენობის მოუწესრიგებლობაზე და უბადრუკობაზე აქ აღარ შევჩერდები, უბრალოდ ასეთ შენობაში არა მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებაა შეუძლებელი, საერთოდ ბავშვების ყოფნაა მათი სიცოხცლისთვის სახიფათო და წარმოუდგენელი. თუმცა, კიდევ უფრო გავოცდი, როდესაც მეოთხე კლასელმა ბიჭებმა და გოგოებმა მითხრეს, რომ ილუსტრირებული, სურათებიანი წიგნები არასდროს უნახავთ და ოცნებოდნენ ასეთ წიგნებზე.

გვიანი შემოდგომა იყო, მეოთხე კლასს ვასწავლიდი და საახალწლოდ გვინოდოდა რაიმე გრანდიოზული და საინტერესო დაგვედგა. თბილისში რომ ჩავედი, ჩემს მოსწავლეებს ამ ბავშვების ამბავი მოვუყევი, ვიდეოებიც ვაჩვენე და ვკითხე რას ფიქრობდნენ. ერთხმად შეთანხმდნენ რომ უნდა დავხმარებოდით. ამ დროს დიდ მხატვრებს გავდიოდით, ძალიან მოსწონდათ და ჩართულები იყვნენ.  ეს თემატიკა, საახალწლო სპექტაკლი და ქორელი ბავშვების ოცნებები შეიკრა და ერთ დიდ იდეად იქცა. იდეად, რომლის განხორციელებას მაშინვე შევუდექით. ბავშვებს სპექტაკლში  უნდა ეთამაშათ ცნობილი მხატვრები და საკუთარი ნამუშევრები აუქციონზე გამოეტანათ.  სტუმრად დაპატიჟებულ მშობლებსა და მაყურებლებს კი შეეძლოთ ეს ნამუშევრები შეეძინათ, ოღონდ საფასური წიგნები იყო, აუცილებლად ახლები და სურათებიანები. ღონისძიებისთვის მზადება, ხატვა, როლების მორგება, თავად ღონისძება და შემდეგ წიგნების პანკისში ჩატანა ერთი დიდი ჯადოსნობა იყო. აი, ისეთი შობას და ახალ წელს რომ უხდება, სიკეთით, კისკისითა და წიგნებით სავსე.

აქ შემოგთავაზებთ ჩვენ მიერ დაწერილ სცენარს, რომელიც შეგიძლიათ გადააკეთოთ და მოარგოთ თქვენს ბავშვებს. ასევე იმ შაბლონებს რომლების მიხედვითაც შევქმენით ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. კარგი იქნება თუ ხელოვნების მასწავლებლებიც ჩაერთვებიან.

 ცნობილი მხატვრები ბავშვებისათვი

მთხრობელი:  ერთ უცნაურ დღეს, როდესაც ცა იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ თვალი ყველაზე შორეულ პლანეტებსაც კი მისწვდებოდა, ჩვენს სამყაროს, სრულიად მოულოდნელად კოსმოსიდან მთელი სისწრაფით წამოსული უცნაური, რუხი სხეული შეეჯახა. სხეულს წონა საერთოდ არ გააჩნდა, ამიტომ დედამიწის ვერც ერთმა მკვიდრმა  ვერაფერი ვერ იგრძნო (ჩემს გარდა რა თქმა უნდა), თუმცა ამ გაურკვეველი სხეულის შემოჭრამ შედეგი მაინც გამოიღო: პარალელური სამყაროები გახსნა და დააზიანა. ჰოდა, ერთ-ერთი მივიწყებულ, ძალზედ იდუმალ სამყაროდან სხვადასხვა დროის   რამდენიმე მხატვარი ერთ უცნაურ ოთახში აღმოჩნდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ თავდაპირველად ვერავინ ვერაფერს მიხვდა. და აჰა, ამ ადამიანებმა ერთმანეთი იცნეს და უკვე საუბარიც გააბეს.

მანე:    ჩვენ იმ  ბავშვების დასახმარებლად შევიკრიბეთ, სურათებიან წიგნებზე რომ ოცნებობენ.

რენუარი:   ეს ჩემზე უკეთ არავის მოეხსენება, მე მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე.

ვან გოგი:   მეც.

სეზანი:  რამე მოვიფიქროთ, რადგან ფიქრი ყველას შეგვიძლია.

მატისი:  ჩვენი ნახატების აუქციონი მოვაწყოთ და წიგნებზე გავყიდოთ.

ტულუზ-ლოტრეკი:  შემოსული წიგნები კი ბავშვებს გადავცეთ.

ვან გოგი:  კარგი აზრია. თან გავყიდოთ, თან ჩვენს შესახებ მოვუყვეთ.

სალვადორ დალი: შესანიშნავია. მართალია, ავანტიურა არ არის, მაგრამ მე თანახმა ვარ.

ლადო გუდიაშვილი:  დიდი მადლობა, ძმებო, იმისათვის, რომ აუქციონის ჩატარება

საქართველოში გადაწყვიტეთ.

ელენე ახვლედიანი:  ჩვენთვის ეს უდიდესი პატივია.

ნიკალა:  მე ვიცი გაჭირვების ფასი. რამდენ ბავშვს დავეხმარებით!

ტულუზ-ლოტრეკი:  მაშ, ნუღარ ვაყოვნებთ, დავიწყოთ აუქციონი.

გოგენი:  რა ეგზოტიკური ქვეყანაა საქართველო. აუქციონის მერე აქ უნდა დავრჩე. აღარ მინდა ტაიტიზე.

მონე:  რა შთამბეჭდავია თქვენი საქციელი.

რენუარი:  შენიც, კლოდ, შენიც.

სეზანი:  ბატონებო, თქვენით ვამაყობ.

გამოდის წამყვანი სააუქციონო ჩაქუჩით და ტრიბუნასთან მიდის.

წამყვანი:  ვიწყებთ აუქციონს იმ  ბავშვთა დასახმარებლად, წიგნებზე რომ ოცნებობენ.

ლოტი #1

ყველა ბავშვი თავის გამოსვლას იწყებს საკუთარი პერსონაჟის წარდგენით. მაგ.: მე, ლადო გუდიაშვილი და ა.შ.

მხატვართა ტანსაცმელში გამოწყობილ ბავშვებს სცენაზე მხატვრების მიერ

გამოცხადებული ნამუშევრები გამოაქვთ.

გამოდის მანე:  ჩემზეც მოვყვე?

ვან გოგი:  აუცილებლად, ედუარდ.

მანე: მე პარიზში, ბონაპარტეს ქუჩაზე დავიბადე. მამაჩემი იუსტიციის სამინისტროს

დიდმოხელე იყო. დედაჩემი დიპლომატის შვილი და შვედეთის მეფის კარლოს XIII-ის

ნათლულ. სკოლაში ძალიან ცუდად ვსწავლობდი. კლასში 58 მოსწავლე ვიყავით, მე

აკადემიური მოსწრებით 56-ე ვიყავი. არაფერი მაინტერესებდა, მაგრამ როცა პირველად

ვნახე ლუვრი, ყველაფერი შეიცვალა – იმ დღეს მივხვდი, რომ მხატვარი გავხდებოდი. მამაჩემი

წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჩემი გავიტანე. მერე კი იმპრესიონისტების წინამორბედიც კი

დამარქვეს. მაშ ასე, გამომაქვს ტილო „საუზმე ბალახზე“. ამ ტილომ დიდი პრობლემები და

არანაკლებ დიდი სახელი მომიტანა (აუქციონი იწყება).

ლოტი #2

გამოდის დეგა:  მე არისტოკრატულ ოჯახში დავიბადე. დედა ცამეტი წლისას

გარდამეცვალა, მამაჩემი ცნობილი ბანკირი იყო და ძალიან უნდოდა, რომ იურისტი

გავმხდარიყავი, მაგრამ მე მხატვრობა ვარჩიე. ძალიან მიყვარდა ბალერინების ხატვა, მათი

მეშვეობით მე მოძრაობის დაჭერა შევძელი. ამიტომაც გასაყიდად „ცისფერი მოცეკვავე ქალები“ გამომაქვს (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #3

გამოდის მონე:   მამაჩემს ხორცის ბიზნესი ჰქონდა. უნდოდა, მის საქმეს გავყოლოდი,

მაგრამ მხატვრობა ისე მსურდა, რომ არ დავთანხმდი. დრო გადიოდა და როცა

`შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა „დავხატე, ყველაფერი მაშინ დაიწყო. ჩემს ნახატს

დასცინოდნენ, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს. ასე, სიცილ-სიცილით იმპრესიონისტები

დაგვარქვეს. „იმპრესსიონ“ – ფრანგულ ენაზე შთაბეჭდილებას ნიშნავს. მერე კი, ყველამ იცით, რაც მოხდა და როგორც მოხდა. ჩვენ გვაღიარეს. გასაყიდად სწორედ ეს ტილო გამომაქვს. შეიძინეთ, ბატონებო, შეიძინეთ, რადგან ყველა ბავშვისთვის შთამბეჭდავად უნდა ამოვიდეს მზე (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #4

გამოდის რენუარი:  მე არცთუ ისე, მდიდარი მკერავის მეექვსე შვილი ვიყავი.

პატარაობიდანვე ეკლესიის გუნდში ვმღეროდი, რომელსაც თვით დიდი შარლ გუნო

ხელმძღვანელობდა. მას ჩემი მომღერლობა უნდოდა, მაგრამ მე მხატვრობა ავირჩიე.

შემდეგ კი ისეთი ცნობილი გავხდი, რომ საპატიო ლეგიონის ორდენიც მომანიჭეს. ისე, მინდა იცოდეთ, ხელოვნებაში არავინ არაფერი იცის, მათ შორის მეც. თუმცა, რაღაცის გაგება მაინც დავიწყე. ახლა კი, გასაყიდად გამომაქვს ჩემი საყვარელი ტილო, „მულენ დე ლა გალეტი“, რომელმაც დიდი აღიარება მომიტანა (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #5

გამოდის სეზანი:    მე მდიდარი ბურჟუას ოჯახში დავიბადე. ვსწავლობდი სამართალს ექსის უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლას თავი დავანებე და მიუხედავად მამაჩემის უკმაყოფილებისა, მხატვარი გავხდი. ისე, იცოდეთ, ჩვენს დროში ერთადერთი მხატვარი  –  ეს მე ვარ. ეს, ალბათ არავის ეწყინება. აბა, ყურადღებით, გასაყიდად გამომაქვს „პიერო და არლეკინი“ (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #6

გამოდის გოგენი:    მამაჩემი პარიზელი ჟურნალისტი იყო, დედაჩემი პერუს – უმდიდრესი ოჯახისშვილი. შვიდ წლამდე პერუში ვიზრდებოდი. იქაურმა ეგზოტიკურმა ბუნებამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მერე ბირჟაზე ვმუშაობდი ბროკერად, გავმდიდრდი და სურათების კოლექციის შეგროვებას მივყავი ხელი. ნელ-ნელა ხატვა დავიწყე, ეს ისე მომეწონა, რომ ყველაფერს თავი დავანებე და საცხოვრებლად შორეულ ტაიტიზე წავედი. მე გასაყიდად გამომაქვს ტილო სახელწოდებით „ქალი ყვავილით“ (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #7

გამოდის ვან გოგი:   დავიბადე ჰოლანდიაში, ქალაქ ბრედასთან ახლოს, სოფელში.

მამაჩემი პროტესტანტი პასტორი იყო. მყავდა ორი ძმა და სამი და, მაგრამ განსაკუთრებით ვმეგობრობდი თეოსთან, რომელთანაც ერთად მთელი ცხოვრება გავატარე. ძალიან ჭირვეული ბავშვი ვიყავი და ამის გამო ხშირად მსჯიდნენ. ფრანგული, ინგლისური და გერმანული ენები კარგად შევისწავლე. ვმუშაობდი სამხატვრო – სავაჭრო ფირმაში დილერად. სწორედ აქ შემიყვარდა მხატვრობა, მერე პასტორის თანაშემწეც ვიყავი და უფლის სიტყვასაც ვქადაგებდი. მე გასაყიდად გამომაქვს ჩემი „მზესუმზირები“ (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #7

გამოდის ტულუზ-ლოტრეკი:   დავიბადე ისეთ არისტოკრატულ ოჯახში, რომელიც

საფრანგეთისა და ინგლისის მეფეებს ენათესავებოდა. თოთხმეტი წლისამ ორივე ფეხი მოვიტეხე და ამის შემდეგ მეტად აღარ გავზრდილვარ. ამიტომ, გადავწყვიტე, მხატვარი გავმხდარიყავი, რადგან მხატვრებს ბევრი მოძრაობა არ სჭირდებათ. გასაყიდად გამომაქვს „ლუი პასკალის პორტრეტი“ (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #8

გამოდის მატისი:    მე თითქმის შემდგარი იურისტი ვიყავი, მაგრამ ბრმა ნაწლავი

ამტკივდა და ოპერაცია გამიკეთეს. საავადმყოფოდან ორი თვე ვერ გამოვედი. დედაჩემს შევეცოდე და ფუნჯი და საღებავები მიყიდა. ხატვა ისე მომეწონა, რომ იურისტობას თავი დავანებე და მხატვარი გავხდი. როგორ არ უნდოდა მამაჩემს! მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე. მე გასაყიდად გამომაქვს ტილო, რომელსაც სახელად „ცეკვა“ ჰქვია (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #9

გამოდის ჟორჟ სიორა:  სწორედ მე მოვიგონე წერტილებით ხატვა, მერე ვიღაცამ

პუანტილიზმი უწოდა. როგორ ვხატავდი, იცით? სხვადასხვა ფერის წერტილებით ვქმნიდი პეიზაჟებსა და პორტრეტებს. ჩემამდე ეს არავის გაუკეთებია. დაე, ყველაფერი სუნთქავდეს

წყნარად და სულიერი სიმშვიდით. გასაყიდად გამომაქვს „კვირა დღე კუნძულ გრანდ -ჟატზე“ (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #9

გამოდის სალვადორ დალი: _ მამაჩემი მდიდარი ნოტარიუსი იყო. მისი საქმიანობა

სულაც არ მიზიდავდა. ვმეგობრობდი რეჟისორ ლუის ბუნუელთან და პოეტ ფედერიკო გარსია ლორკასთან. თუ გაინტერესებთ, რა არის სიურეალიზმი, გეტყვით, რომ ეს მე ვარ. გასაყიდად გამომაქვს ჩემი ტილო „ადამიანის დაბადების მომზირალი გეოპოლიტიკოსი“ (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #10

გამოდის ლადო გუდიაშვილი:  მამაჩემი რკინიგზაზე მუშაობდა. ვმეგობრობდი

ცისფერყანწელებთან, ძალიან მიყვარდა დიდი ნიკო ფოროსმანი, ვმეგობრობდი

პაბლოსთან და ამადეოსთან. კარგი დრო იყო არა, ბატონებო? პარიზში დაუვიწყარი ექვსი წელი გავატარე. ძალიან მიყვარდა პარიზი, მაგრამ ჩემი თბილისი საკუთარ თავს მირჩევნია. ამიტომაც დავბრუნდი აქ. გასაყიდად გამომაქვს „ნიკალას პორტრეტი“ (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #11

გამოდის ნიკალა: გავწითლდი, ლადო, ჩემი პორტრეტი რამ მოგატანინა?! ჩემი

ყველა სურათი საქართველოსია, ქართველებისაა და განსაკუთრებით იმ ბავშვებისა, რომლებსაც ბევრი რამ ენატრებათ. დღეს გასაყიდად მათსავით ლამაზი „შვლის ნუკრი“ გამომაქვს.

ყველანი ძალიან მიყვარხართ. რომ მოვრჩებით, ყველა ერთად დიდ სამოვარს შემოვუსხდეთ, ჩაი დავლიოთ, ხელოვნებასა და ბავშვებზე ვისაუბროთ (აუქციონი გრძელდება).

ლოტი #12

გამოდის ელენე ახვლედიანი:    დავიბადე თელავში, ექიმების ოჯახში. მშობლებს

უნდოდათ, რომ მუსიკოსი გავმხდარიყავი, მაგრამ მე მხატვრობა გადავწყვიტე და არც

წამიგია. ბედნიერი ქალი ვიყავი. საქართველო ისე ძალიან მიყვარდა, რომ პარიზში

ცხოვრების დროსაც ჩემი ქვეყნის პეიზაჟებს ვხატავდი. მე თეატრის მხატვარიც ვიყავი, რა დამავიწყებს იმ დროს, როცა დიდმა კოტე მარჯანიშვილმა თეატრში სამუშაოდ მიმიწვია.

გასაყიდად გამომაქვს ჩემი „ძველი თბილისი“. დიდი მადლობა ყველას!

ლოტი #13

ანა მერი რობერთსონ მოზესივირჯინიის შტატის ერთ–ერთ სოფელში ვცხოვრობდი.     ზოგი  “დედა მოზესს” მეძახდა.

ქსოვა და ქარგვა მიტაცებდა და საკუთარი პატარა მაღაზიაც კი მქონდა,  სადაც ჩემი ნაქსოვი ნივთებითა და ტანსაცმლით ვვაჭრობდა. 80 წლისა ვიყავი,  როდესაც ართრიტის დაავადების გამო საყვარელი საქმიანობას თავი დავანებე.

გადავწყვიტე სხვა საქმით დავკავებულიყავი და აღმოვაჩინე, რომ პატარა ფუნჯი ბევრად უფრო იოლი სახმარი იყო, ვიდრე საქსოვი ჩხირები და ხატვა დავიწყე. ვცდილობდი სოფლის პეიზაჟები მეხატა და ვირჯინიის სილამაზე მეჩვენებინა. ერთ დღეს ჩემი ნამუშევრები სოფლის მაღაზიაში, ხელოვნების მოყვარულმა აღმოაჩინა და მაშინვე ნანახით აღფრთოვანებულმა ხელის კანკალით გადაიხადა ნახატის საფასური და სასწრაფოდ ნიუ იორკში გადააგზავნა იგი. ამის შემდეგ გახდა ჩემი ნახატები პოპულარული, რომელთა უმრავლესობა მაშინ შევასრულე როდესაც 100 წელს გადავცდი…

ლოტი #14

ხუან მირო ჩემი ნამუშევრები სიურეალიზმს მიეკუთვნება, მიმდინარეობას რომელშიც იმაზე მეტი იგულისხმება ვიდრე ჩანს. ის რეალობაზე და სინამდვილეზე  ბევრად მეტია.  არ ვხატავდი ტრადიციული მეთოდებით, უპირატესობას თანამედროვე და ბავშვურ, გულუბრყვილო სტილს ვანიჭებდი.  ჩემი ნამუშევარი „ფერმა“ შეიძინა ჰემინგუემ, რომლის საყვარელი სურათიც გახდა.   დღემდე სათუთად ინახავს მისი შვილიშვილი. ერთ რამეს გეტყვით: „იმისთვის, რომ მაღლა ცაში აფრინდე, ჯერ ორივე ფეხით მაგრად უნდა იდგე მიწაზე“…

რა თქმა უნდა შესაძლებელია სხვადასხვა მხატვრების დამატება, შეცვლა, ისე როგორც თავად გადაწყვეტთ. კონკრეტული ეს ვერსია ჩემი კლასის ინტერესებს მოვარგე.

 იქვე დგას დიდი ყუთი, სადაც სურათებში „გადახდილ“ წიგნებს აგროვებენ.

ბოლოს ყველა გამოდის ერთად მაყურებლებს მადლობას უხდიან და ემშვიდობებიან. ამ დროს კარგი იქნება თუ შეასრულებენ რაიმე სიმღერას სიკეთეზე, ან იტყვიან სიკეთეზე ფრაზებს.

აქ შესაძლებელია, მხატვრების ნამუშევრების შაბლონების მოძებნა, რაც ბავშვებს დაეხმარებათ თავადაც შექმნან.

https://www.pinterest.com/search/pins/?rs=ac&len=2&q=famous%20paintings%20template&eq=famous%20paintings%20tem&etslf=7526&term_meta[]=famous%7Cautocomplete%7C0&term_meta[]=paintings%7Cautocomplete%7C0&term_meta[]=template%7Cautocomplete%7C0

 

საინტერესო ინტერნეტრესურსები  პედაგოგებისთვის

0

დღეს, როგორც არასდროს ისე სჭირდება  საგანმანათლებლო სივრცეს სწორი მეთოდოლოგიით შედგენილი მეცნიერულად დასაბუთებული რესურსების ფართო სპექტრი: ბიოლოოგიის, სამოქალაქო განათლებისა და სადამრიგებლო საათის მქონე პედაგოგებისთვის.  ასევე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შექმნილი ინოვაციური  თემატური მასალები, ინსტრუმენტები, ასაკობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით მოზარდთა ზრდა განვითარების, გარდატეხის ასაკის ცვლილებების, ჯანსაღი ქცევის, პერსონალური ურთიერთობების, ფსიქოსექსუალური განვითარების, ქცევითი პრობლემებისა  და ამ საკითხებზე ახალგაზრდებთან სწორი კომუნიკაციის შესახებ, რაც  უზრუნველყოფს  დაინტერესებული მასწავლებლების ცოდნისა და უნარჩვევების გაუმჯობესებას მოზარდთა ჯანსაღი განვითარების მხარდასაჭერად.

ასოციაცია ,,ჰერა-XXI” აქვს საინტერესო  ინოვაციური ვებგვერდი მასწავლებლებისთვის https://forteachers.ge/მოზარდთა ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასაკობრივი განვითარებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე სანდო ინფორმაციითა და   დამხმარე რესურსებით.

ვებგვერდის საშუალებით მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ  მაგალითებს მხარდამჭერი, მეგობრული/კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში, მათ ინფორმირებას/განათლებას პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებით  და მათ ჯანსაღ განვითარებას.

ახალი სკოლის მოდელის რეფორმის ფარგლებში, ინოვაციური ვებგვერდი  დაეხმარება მასწავლებლებს, უზრუნველყონ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც თანაბრად მისცემს ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას  და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღებს.

,,განათლება  ჯანსაღი ცხოვრების წესის და  რეპროდუქციული ჯანმრთელობისა   შესახებ ასახული უნდა იყოს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ აქტივობებში.

იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია მიიღონ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, აუცილებელია ამ თემებზე მასწავლებლები ესაუბრონ სკოლებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოლოგიის მასწავლებლების წვლილი ამ საქმეში, რადგან მათი საგნობრივი თემატიკიდან გამომდინარე სრჯ საკითხები პირდაპირ ეხებათ. გარდა ამისა, დამრიგებლები ატარებენ სადამრიგებლო საათებს და ამ დროს უნდა შექმნან ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო და მნიშნელოვან თემებზე, მათ შორის სრჯ საკითხებზე.

აუცილებელია მასწავლებლების პიროვნული მზაობა, ისაუბრონ მოზარდთა ჯანმრთელობის და განვითარების საკითხებზე. ვთვლი, რომ ამ საკითხებზე მომზადება მაშინ უნდა იწყებოდეს, როდესაც მომავალი მასწავლებელი უნივერსიტეტში აბარებს და პროფესიას ეუფლება. მასწავლებლები უნდა ხელმძღვანელობდნენ ეროვნული  გზამკვლევებით, გაითვალისწინონ და გამოიყენონ ისეთი დამხმარე რესურსები, როგორიცაა ასოციაცია ჰერა  XXI-ს ვებგვერდი პედაგოგებისთვის.

მე კარგად ვიცნობ მასწავლებლების ვებგვერდს, რომელიც ასოციაციამ შეიმუშავა. როგორც ბიოლოგიის სპეციალისტს, შემიძლია ვთქვა, რომ პლატფორმა  სრულყოფილია, როგორც თემატურად ასევე ინსტრუმენტებისა და დამხმარე მასალების თვალსაზრისით. ‘’- რუსუდან თედორაძემასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ექსპერტი

„მე ბიოლოგიის სპეციალისტი ვარ და თან სადამრიგებლო საათებსაც ვატარებ ჩემი კლასისთვის. როცა ჩემი მოსწავლეები წამოიზარდნენ, მივხვდი, რომ გაუჩნდათ კითხვები მათ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. ასევე მეტი ინტერესით უყურებდნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს და ამიტომ ურთიერთობებზეც აინტერესებდათ ბევრი რამ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს მოწავლეებს კომფორტული გარემო ჰქონდეთ. ასეთი გარემოს შექმნისთვის ძალიან დამეხმარა ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ შექმნილი ვებგვერდი მასწავლებლებისთვის, სადაც პირდაპირ არის მოცემული სადამრიგებლო საათისთვის მზა მასალები. ეს მასწავლებელს საქმეს ძალიან უადვილებს. მიმაჩნია, რომ სკოლა არის ის ადგილი, სადაც მოსწავლეებმა არა მარტო თეორიული და საგნობრივი ცოდნა  მიიღონ, არამედ იპოვონ პასუხები მათი ბიოლოგიური განვითარები დონისთვის დამახასიათებელ კითხვებზე. ამიტომ, ჩვენ, მასწავლებლები, მზად უნდა ვიყოთ ასეთი გარემოს შესაქმნელად.“  – ნია  მასწავლებელი

ასოციაცია ,,ჰერა -XXI”  უზრუნველყოფს  მასწავლებლებისთვის ეფექტური რესურსების შექმნას, ახალგაზრდებებისთვის ჯანსაღი და კეთილგანწყობილი  გარემოს მხარდასაჭერად.

ახალი სემიოტიკური მოდელი

0

რეალობის ვირტუალიზაცია – „სუროგატები“

 

„ადექით და სარკეში ჩაიხედეთ! შეხედეთ თქვენს თავს! ჩვენ არ შევქმნილვართ საიმისოდ, რომ სამყაროს მანქანის თვალებით ვუყუროთ!“

ფილმიდან „სუროგატები“

 

თანამედროვე საზოგადოება სრულიად განსხვავებულად ფორმირდება ყოველდღიურობაში შემოჭრილი ვირტუალური რეალობით.

სამყაროს ვირტუალიზაცია – ეს არის სამყაროს ახალი მდგომარეობა, როდესაც ხდება ძველის გარდაქმნა და ახლის ჩამოყალიბება. ვირტუალურ სამყაროში რეალობა ჩანაცვლდება სახეებით, ნიშნებით. იქმნება სრულიად ახალი სემიოტიკური მოდელი ჩვენი თანამონაწილეობით; ჩვენ ვართ ჩვენი ავატარი, რომლის შეცვლაც ყოველთვის შეგვიძლია.

განსხვავებულია ადამიანების დამოკიდებულებაც რეალობის ამ სიმულაკრული მდგომარეობის მიმართ, რადგან, როგორც ყველაფერს, მასაც აქვს თავისი „შავი ხვრელები“ და ადიქციური ადამიანებისთვის საფრთხესაც წარმოადგენს.

ეს უკიდურესობა კარგად არის გადმოცემული ფილმში „სუროგატები“ https://srulad.com/movie/498-surrogates-surogatebi.html

ფილმის სიუჟეტი მომავალში ვითარდება. ადამიანებმა უარი თქვენს რეალურ სამყაროსა და ურთიერთობებზე, ჩაიკეტნენ უსაფრთხო ოთახებში, საიდანაც მათზე მიერთებულ რობოტებს მართავენ. ტექნოლოგიების წყალობით ისინი განიცდიან ყველაფერს, რასაც მათზე მიბმული რობოტები. ადამიანებს შეუძლიათ, ნებისმიერი სუროგატი აირჩიონ, მოახდინონ ფიზიკური სხეულის კორექცია, შეიცვალონ, რაც სურთ, სქესიც კი.

ცხოვრება იქცევა ნამდვილი სიმულაციის ადგილად, თუმცაღა ყველა შეგრძნება ნამდვილია. სუროგატი დაცულია იმით, რომ თუ მას სასიკვდილო საფრთხე დაემუქრება ან მოკლავენ, სისტემა გათიშავს მას, რეალური, სახლში ჩაკეტილი ადამიანი-ოპერატორი კი გადარჩება. ეს ჰგავს ვირტუალურ თამაშსაც, რომელიც რეალობაში თამაშდება. საქმე იქამდე მიდის, რომ ერთ დღეს რობოტი ადამიანების განადგურებას იწყებს და სისტემა ვეღარ იცავს მათ. აი, აქ იჩენს თავს პრობლემა და, საბოლოოდ შემქმნელი ანადგურებს თავისივე შექმნილ სამყაროს, სუროგატებს. არადა, ეს რობოტები შეიქმნა ძალიან ჰუმანური მიზნით – დახმარებოდა უნარშეზღუდულ ადამიანებს სოციალურ ადაპტაციაში.

დიახ, ეს არის ერთი უკიდურესობა, როდესაც ადამიანი მთლიანად „გადაბარგდა“ ახალ ნიშანში – სუროგატში.

ვირტუალური რეალობის ნებისმიერ სფეროში ადამიანს საქმე აქვს არა საგნებთან, არამედ სიმულაციებთან. სიმულაციურ გარემოში აღმოჩენილი ადამიანი ახალ „რეალობას“ სერიოზულად იღებს და აღიქვამს, როგორც ბუნებრივ მოცემულობას, რომელშიც უხდება ცხოვრება. მერე კი ისე იძირება მასში და ისე გაიტაცებს ეს ახალი სიმულაციური გარემო, რომ ვეღარ აცნობიერებს მის პირობითობას, თუმცაღა იცის, რომ ასეა.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, პერსპექტივა, რომ ადამიანებს შორის დამოკიდებულება მიიღებს ავატარებს შორის დამოკიდებულების სახეს, საზოგადოების ნგრევის პერსპექტივაა.

სწორედ ვირტუალური სამყაროს ეს პერსპექტივაა წარმოჩენილი ფილმში „სუროგატები“.

ჟიჟეკი ამ მდგომარეობას უწოდებს „კიბერსივრცეს ანუ ყოფიერების აუტანელ ჩაკეტილობას“ (https://www.fedy-diary.ru/html/012013/02012013-07a.html), ზოგი მეცნიერი კი – საზოგადოების კიბერპროთეზს (დ. ივანოვი, „საზოგადოების ვირტუალიზაცია“ (https://lib.ru/POLITOLOG/ivanov_d_v.txt)).

ვირტუალურ სივრცეში თითოეული ადამიანი საკუთარ რეალობაში იმყოფება. ამას ჟიჟეკი უწოდებს „ობიექტურ სუბიექტურობას“ და ამ მოვლენას კარგად ხსნის ერთი ინგლისური ლუდის რეკლამით.

რეკლამაში გოგონა წყლის პირას გომბეშოს ხედავს და მოწიწებით კოცნის, ცნობილი ზღაპრის სიუჟეტის მიხედვით, კოცნის შემდეგ გომბეშო უფლისწულად უნდა გადაიქცეს და ასეც მოხდება. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. მერე რა ხდება? უფლისწული ხარბად შეხედავს გოგონას, მიიზიდავს და აკოცებს, რის შემდეგაც გოგონა გადაიქცევა ლუდის ქილად, რომელსაც ვაჟი გამარჯვებული სახით ეწაფება!

ამ ურთიერთობაში არაფერია სექსუალური. აქ ორი წყვილია: ერთი მხრივ – გოგონა და გომბეშო, მეორე მხრივ კი – ვაჟი და ლუდის ქილა. აქ ორივე პერსონაჟი (ქალიც და კაციც) საკუთარ ფანტაზიებშია.

თითქოს ამ აზრის გაგრძელება იყო, როდესაც წავიკითხე მარი ბექაურის ბლოგი „რეალობა, რომელიც არ არსებობს!“ ვფიქრობ, ეს იმავე პრობლემის ანარეკლია.

ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანები რაღაცებს იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ აინტერესებთ, ან სიამოვნებას განიცდიან, არამედ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებშიდასტურებიდადონ და ბედნიერი ცხოვრების ილუზია შექმნან. თითქოს სხვებისთვის ქმნიან რეალობას, რომელიც არ არსებობს. თუმცა აქ ყველაზე უარესი ისაა, რომ ამავე რეალობაში ცხოვრობენ რეალობაში, რომელიც არ არსებობს.

აქრეალობაზეფილოსოფიურ მსჯელობას არ ვაპირებ. ვგულისხმობ ხელოვნურ, მექანიკურ ცხოვრებას, რომელმაც სხვებზე ბედნიერი ყოფის შთაბეჭდილება უნდა დატოვოს, და სწორედ იმიტომ არის არარსებული, რომ სინამდვილეში ბედნიერება არ არსებობს; არ არსებობს ემოცია, განცდა, მომენტით ტკბობა, რეალურად შეგრძნება რაღაც საგნისა თუ მოვლენის“.

შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ბოდრიარი.

წიგნში „სიმულაკრები და სიმულაციები“ ჟან ბოდრიარი აყალიბებს იმიჯის განვითარების ოთხ ფაზას:

  1. ის არის საფუძველ-რეალობის რეფლექსია;
  2. ის ნიღბავს და აფუჭებს საფუძველ-რეალობას;
  3. ის ნიღბავს საფუძველ-რეალობის არარსებობას;
  4. ის არ შეიცავს მიმართებას რაიმე რეალობასთან, იმიტომ, რომ ის არის საკუთარი თავის წმინდა სიმულაკრი.

 

ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, „ბოდრიარის გაგრძელება“, ანუ ფსევდობოდრიარის (გიგი თევზაძე) მეხუთე რიგის სიმულაკრის თეორია.

ეხუთე რიგის სიმულაკრი მთლიანად იქვემდებარებს საფუძველ-რეალობას და ფიზიკურის მიზეზად ელექტრონულს აქცევს. თუ მეოთხე რიგის სიმულაკრი, უბრალოდ, იჭრებოდა რეალობაში და საკუთარი თავით ანაცვლებდა რეალურს და რეალურის მნიშვნელობას, მეხუთე რიგის სიმულაკრი აღადგენს სტატუს-კვოს, ოღონდ – შეტრიალებულად: თვთონ ხდება აღდგენილი და დადგენლი რეალობის სტატუს-კვოს საფუძველი“ (ფსევდო-ბოდრიარი, გიგი თევზაძე).

შუა საუკუნეების სემიოტიკის თეორია ამბობდა, რომ, საბოლოოდ, სამყაროში არის ერთი აღსანიშნი (ღმერთი) და ერთი აღმნიშვნელი (ადამიანი). ახალი თეორიის მიხედვით, გამოდის, რომ აღსანიშნი საერთოდ არ არსებობს, ან დიდი ხანია, ადგილი გაუცვალა აღმნიშვნელს.

სიმულაციის რომელ ეტაპზე იმყოფება თანამედროვე სამყარო?

თეატრის როლი ბავშვის განვითარებაში

0

რამდენიმე წლის წინ, როცა მეოთხეკლასელი ნატალი სცენაზე, საბავშვო სპექტაკლში ვიხილე, მღელვარებამ შემიპყრო და ერთგვარი შიშიც დამეუფლა იმის გამო, როგორ შეძლებდა ეს პატარა მორცხვი, ყველასთვის შეუმჩნეველი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი გოგონა მისთვის დაკისრებული როლის შესრულებას. თუმცა, ყველას გასაკვირად, ის ისე თავისუფლად მოძრაობდა სცენაზე, ისეთ ემოციებს აფრქვევდა, ისე გამართულად და თავდაჯერებულად წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას, რომ უცხო ადამიანი ვერც იფიქრებდა, თუ მას გაკვეთილზე, დაფასთან, ორი წინადადების გადაბმაც კი უჭირდა.

თეატრს ნამდვილად აქვს ასეთი მაგიური ძალა: მას შეუძლია, სრულიად შეცვალოს სცენაზე მდგომი ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება მოგვიტანოს თეატრთან ბავშვის ზიარებამ.

დღეს, როდესაც მშობელთა უმრავლესობა უმთავრესად შვილის ინტელექტუალურ განვითარებაზე, მისთვის რაც შეიძლება მეტი მეცნიერული ცოდნის გადაცემაზე, უცხო ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებაზეა ორიენტირებული, ნაკლები დრო ეთმობა ბავშვებისთვის ხელოვნების ცალკეული დარგების გაცნობას. უფრო მეტიც: ბევრს ეს დროის კარგვადაც კი მიაჩნია. ალბათ ამიტომაა, რომ თანამედროვე ბავშვმა შეიძლება იცოდეს გაცილებით მეტი, ვიდრე იცოდნენ მისმა თანატოლებმა 15-20 წლის წინ, უფრო სწრაფადაც ხსნიდეს ლოგიკურ ამოცანებს, შესანიშნავად იყოს დაუფლებული საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მაგრამ სერიოზული პრობლემები ჰქონდეს ემოციურ განვითარებაში. და ეს მაშინ, როცა ინელექტისა და ემოციების მხოლოდ შეთანხმებულ ფუნქციონირებას შეუძლია უზრუნველყოს ბავშვის საქმიანობის წარმატება. პატარებს, როგორც წესი, უჭირთ გრძნობების მართვა, ისინი ეგოცენტრულები არიან, რაც ართულებს გარშემო მყოფებთან მათ ურთიერთობას. ამიტომ არის საჭირო ბავშვის ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა. თეატრი ამის საუკეთესო საშუალებაა. თეატრალური ხელოვნება ბავშვისთვის ძალიან ახლობელი, გასაგები და საყვარელია, მას ხომ საფუძვლად თამაში უდევს, თამაშის პროცესში კი ბავშვი ყველაზე უკეთესად ახერხებს საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას ჟესტებით, მიმიკით, მოძრაობით, სიმღერით, სიტყვით. სწორედ თამაშის დროს ახდენს პატარა საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. თეატრალიზებული თამაშები, თავის მხრივ, მდიდარია მრავალფეროვანი ემოციებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთ თამაშებს ბავშვის ემოციურ განვითარებასთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აკისრია. თეატრალიზებული თამაშები ხელს უწყობს ბავშვის საერთო განვითარებას, წარმოსახვის, მეხსიერების, დაკვირვების უნარის, ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას და შესანიშნავი საშუალებაა ნებელობის განსავითარებლადაც.

თეატრალიზებული თამაშები სიუჟეტურ-როლური თამაშის ნაირსახეობად მიიჩნევა. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ სიუჟეტურ-როლურ თამაშებში ბავშვები ასახავენ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, თეატრალიზებული თამაშის დროს კი სიუჟეტს ლიტერატურული ნაწარმოებიდან იღებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, სიუჟეტურ-როლური თამაშისგან განსხვავებით, თეატრალიზებული თამაშის დროს ბავშვები დამოუკიდებლად არ თამაშობენ. ამ დროს მათ უფროსის, პედაგოგის დახმარება სჭირდებათ. იდეალური პირობა ამისთვის თეატრალური სტუდიაა, თუმცა საკოლო გარემოშიც, ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების სწავლების პროცესში, პედაგოგს აქტიურად და ნაყოფიერად შეუძლია თეატრალიზებული თამაშების გამოყენება, მით უფრო, რომ ასეთი თამაშები ხელოვნებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია და ხელს უწყობს ბავშვის შემოქმედებითი და ფსიქომოტორული უნარების განვითარებას. ამასთან ერთად, თეატრალიზებული თამაშები გარემომცველი სამყაროს შემეცნების და ათვისების კარგ საშუალებას წარმოადგენს, უვითარებს ბავშვს თანაგანცდის უნარს.

თეატრი, რომელიც ბავშვისთვის ხელოვნების ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და მიმზიდველი სახეა, თანამედროვე პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის არაერთი აქტუალური პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა, ისეთი პრობლემებისა, რომლებიც დაკავშირებულია:

  • ესთეტიკური გემოვნების ფორმირებასთან;
  • ზნეობრივ აღზრდასთან;
  • საკომუნიკაციო უნარების განვითარებასთან; პიროვნებათაშორისი ურთიერთობების ვერბალური და არავერბალური სახეების სწავლებასთან;
  • ნებისყოფის აღზრდასთან;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან, მეტყველების კულტურის, დიალოგური და მონოლოგური მეტყველების განვითარებასთან;
  • დადებითი ემოციური განწყობის შექმნასთან, დაძაბულობის მოხსნასთან;
  • თამაშის გზით კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებასთან;
  • ფანტაზიის განვითარებასთან;
  • თავდაჯერების, საკუთარი ძალების რწმენის გაძლიერებასთან, გაუბედაობის, სიმორცხვის დაძლევასთან.

ყოველივე ეს კი ბავშვს სასწავლო პროცესში დაეხმარება და ამ სფეროში წარმატების საწინდარი გახდება.

ბავშვის თეატრალურ ხელოვნებასთან ზიარების პროცესში მშობლის როლი განუზომელია. კარგი იქნება, თუ ამაზე ზრუნვას მაშინ დავიწყებთ, როცა ბავშვი ჯერ მეტსმეტად პატარაა თეატრალური ხელოვნების არსისა და მნიშვნელობის გასაგებად. თავდაპირველად ეს ბავშვისთვის კარგად ნაცნობ საოჯახო გარემოში, ვიწრო წრეში, სახლის პირობებში უნდა ხდებოდეს. ამ დროს სავსებით საკმარისია, უმარტივესი სიუჟეტის მქონე ზღაპრის კითხვა თეატრალურ წარმოდგენად ვაქციოთ. ამის შემდეგ კარგი იქნება ოჯახური სპექტაკლების „დადგმა“, რომელშიც უფროსებიც მიიღებენ მონაწილეობას, დეკორაციების მომზადებაში კი თავად ბავშვებიც აქტიურად იქნებიან ჩართული. მოგვიანებით, როცა პატარა თავისუფლად შეძლებს ხალხმრავალ გარემოში გარკვეული დროის მშვიდად გატარებას, შეიძლება, თეატრშიც წავიყვანოთ და მისთვის კარგად ნაცნობი ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს ერთად დავესწროთ, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ბავშვთან საუბარი ნანახის შესახებ, შთაბეჭდილებების გაზიარება და ემოციების გამოხატვა.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ თეატრალურ ხელოვნებასთან ბავშვის ზიარებისას ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მისი ცხოვრება გავხადოთ საინტერესო და შინაარსიანი, ავავსოთ ის ნათელი შთაბეჭდილებებით, ხელოვნების სიხარულით. მთელი ჩვენი ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ბავშვმა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეძლოს თეატრალურ ხელოვნებასთან ზიარების პროცესში გამომუშავებული უნარების გამოყენება და ამით მის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტისას წარმატებას მიაღწიოს.

მასწავლებელთა და მოსწავლეთა კონფერენციები

0

ამ თემაზე წერილის დაწერა დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ახლა კონკრეტულმა მომენტმა დამსვა კლავიატურასთან ( ის დრო წავიდა, მუზა კალამს რომ ააღებინებდა ადამიანს ხელში) – უკვე მერამდენედ ვდგავარ ერთგვარი დილემის წინაშე, მივიღო თუ არა მორიგ კონფერენციაში მონაწილეობა მაშინ, როცა თავს უამრავი საქმე მაყრია. თანაც  რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება. საკმაო ყოყმანის შემდეგ, მაინც მძლევს ხოლმე საინტერესო დღეების ხიბლი და გონების თვალით ვარჩევ თემებს, აქტივობებს, პროექტებს,  რომლებზეც წლის განმავლობაში გვიმუშავია მე და ჩემს მოსწავლეებს. არჩევანს ერთადერთი კრიტერიუმი განაპირობებს: ისეთი უნდა შევარჩიო, რომელმაც ყველაზე კარგ შედეგამდე მიგვიყვანა – შესაბამისად, ღირს, სხვებსაც გავუზიარო ჩვენი გამოცდილება.

მახსოვს დრო, როცა ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ყველანაირ კონფერენციას, ერთგვარად მიუწვდომელიც მეჩვენებოდა, მეგონა, იქ ხალხი მხოლოდ განყენებულ თემებზე საუბრობდა და კიდევ იმას ვფიქრობდი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა მომეგონებინა საგანგებოდ კონფერენციისთვის.

სინამდვილეში სულ სხვანაირი აღმოჩნდა, ბევრი საინტერესო მასწავლებელი, ბევრი ახალი და სასარგებლო იდეა. შენი თავდაჯერებაც იზრდება, როცა ხედავ, როგორ გისმენენ ეს საინტერესო ადამიანები და უკეთესად ხვდები, რა მნიშვნელოვანია კოლეგებს შორის იდეათა და შეხედულებათა გაცვლა- გამოცვლა. პირველი კონფერენციის მერე ,, მოვიწამლე “ ამ სენით და უარს ვეღარ ვამბობ საინტერესო გამოწვევებზე. ძალიან ხშირად მოულოდნელად  აღმოვჩენილვარ  გამორჩეულ, სრულიად განსხვავებულ, ძალიან სასარგებლო კონფერენციებზე თუ სამუშაო შეხვედრებზე, ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირად კონფერენციაზე შეხვედრით არ შემოიფარგლება პროფესიული ურთიერთობა და ამ დახურული სივრცის გარეთაც გრძელდება საინტერესო თანამშრომლობა თუ მეგობრობა.

გული მწყდება ხოლმე იმაზე, რომ იქ იშვიათად ვხედავ დამწყებ მასწავლებლებს. არადა, სწორედ ისინი გამოირჩევიან ახალი და საინტერესო ინიციატივებით, ფერად-ფერადი აქტივობებით, ყველაფერი იმით, რაც ბავშვებს ძალიან უყვართ.

ხანდახან მეკითხებიან, რას ურჩევდით ახალბედა მასწავლებლებსო და მუდმივად სამი რამ მიტრიალებს თავში:

  • ძალიან უნდა უყვარდეთ თავიანთი პროფესია და ეამაყებოდეთ მასწავლებლობა;
  • აუცილებლად უნდა იყვნენ შემოქმედებითები, რათა მათი და მათი მოსწავლეების დღეები არ იყოს ერთფეროვანი;
  • და მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – ყოველთვის უნდა იყვნენ მზად, გაიზიარონ სხვა პედაგოგთა საინტერესო გამოცდილება.

ვფიქრობ, რომ ამ სამი რამის გათავისება დაეხმარება ახალბედა მასწავლებელს იდეალურად იგრძნოს თავი საკუთარ პროფესიაში.  ამაში კი ძალიან დიდი წვლილი კონფერენციებსაც შეაქვს. ამიტომ, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა მასწავლებელი უნდა ჩაერთოს. მათ კი დირექციის მხრიდან წახალისება, ერთგვარი ბიძგი და ხელშეწყობა სჭირდებათ.

მგონი, ძალიან იდეალურად დავხატე ყველაფერი და მკითხველებმა ჰიპერბოლად რომ არ ჩამითვალონ, იმასაც დავძენ, ხანდახან იმედგაცრუებებსაც ვერ ავცდებით და მეორეცაა, ფრთხილად უნდა ვიყოთ – ცოდნის გაზიარებისთვის შექმნილი კონფერენცია მუდმივად საკუთარი თავის წარმოჩენის ასპარეზად არ ვაქციოთ.

უფრო კრიტიკული ვიქნები მოსწავლეთა კონფერენციების მიმართ. დავიწყებ იმით, რომ ზრდასრულების შემთხვევაში დიდია შინაგანი მოტივაცია, რომელიც ასე აუცილებელია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. სხვაგვარადაა საქმე მოსწავლეებთან. ძალიან რთულია, მოსწავლე დააინტერესო იმ პროცესით, რასაც კონფერენცია გულისხმობს. საკონფერენციო თემაზე მუშაობა უმეტესად არ ნიშნავს ისეთ აქტიურ, სახალისო პროცესს, როგორიც მოსწავლისთვის არის სასურველი. ეს არის ერთგვარი ჩაღრმავება, კირკიტი ერთსა და იმავე საკითხზე უფრო მეტად ინდივიდუალურად, მასწავლებელთან ერთად და არა გუნდურად (რომელიც უფრო ეხალისებათ). შემდგომი ეტაპებიც, ნაშრომის კომისიის წინაშე წარდგენა, უსასრულო ლოდინს, უამრავი გამომსვლელის მოსმენა, მაინც მონოტონურ პროცესს გულისხმობს. სწორედ ამ მიზეზების გამო რთულია, მოსწავლე დააინტერესო კონფერენციით. მით უმეტეს, რომ გარეგანი მოტივაცია უმეტესად მხოლოდ რომელიმე ხარისხის დიპლომია. ვფიქრობ, სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა წლების მანძილზე ის მანკიერი დამოკიდებულებები, რომლებიც დღემდე შემორჩენილია და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ამ სტატიაში:

1) ძალიან ხშირად მასწავლებლები თავიანთ ნაშრომებს მიაწერენ ხოლმე რომელიმე კარგ, უნარიან, პასუხისმგებლიან, უპრეტენზიო მოსწავლეს, რომელიც მზადაა, კომისიის წინაშე ღირსეულად დაიცვას მასწავლებლის დაწერილი თემა და, გამარჯვების შემთხვევაში, ადვილად დაიჯეროს, რომ ეს გამარჯვება დამსახურებულია;

2) ბევრი მასწავლებელი ხელმძღვანელობს პრინციპით – ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო და წინა წლებში გაგზავნილ, მოწონებულ – გამარჯვებულ თემას ხელახლა ამოჩხრეკს, ახალ მოსწავლეს მოძებნის, მას მიაწერს და კონფერენციისთვის მოხსენებაც მზადაა!

ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ორივე შემთხვევა საზიანო და სახიფათოა მოსწავლისთვის, რადგან ახალისებს, აჩვევს ძალიან მანკიერ თვისებას, სიყალბეს, და არწმუნებს მის სარგებელში. ეპოქაში, როცა მეტისმეტად მწვავედ დგას საკუთარი უფლებები, საკუთარი თუ სხვისი ნივთიერი და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები, დანაშაულია, მოსწავლე ასეთ სიყალბეში გავახვიოთ.

ის, რომ მოსწავლეთა კონფერენციების მანკიერი მხარეები აღვნიშნე, არ ნიშნავს, რომ მე არ მჯერა ამ საქმეში მოტივირებული მოსწავლის არსებობის ან უგულებელვყოფ ამ აქტივობის დადებით მხარეებს ( სულ პირველი სტატია სწორედ ამ თემამ დამაწერინა- https://mastsavlebeli.ge/?p=1687 ). რა თქმა უნდა, კონფერენციები ძალიან ეხმარება ბავშვს თვითგანვითარებაში, უვითარებს მეტაკოგნიციასა და კრიტიკული აზროვნების უნარს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია პიროვნების სწორად ჩამოყალიბებისთვის. ოღონდ ეს მაშინ, როცა თემაზე მუშაობის ინტერესს აღძრავს მასწავლებელი მოსწავლეში და აღვნიშნავ მაინც – დაინტერესებაში მასწავლებლის როლი ძალიან დიდია.

თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ფორმატიც ერთგვარად შესაცვლელია, საინტერესო იქნებოდა  კონფერენციები, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად ისაუბრებენ იმ პროექტებსა თუ თემებზე, რომლებზედაც ერთობრივად იმუშავეს. ვფიქრობ, ეს გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, მათ თავდაჯერებასა და ინტერესს. მასწავლებელს კიდევ ერთხელ დაანახვებს მოსწავლის შესაძლებლობებს, რათა ხელი უკეთესად შეუწყოს მის განვითარებას. ამას ჩემი და ჩემი მოსწავლეების პირადი გამოცდილება მალაპარაკებს – მსგავს იდეალურ სიტუაციაში ბედნიერი და განსაკუთრებული შემთხვევის წყალობით აღმოვჩნდით.

ალბათ, ასევე სასარგებლო იქნება შიდასასკოლო ან დაამხანაგებულ სკოლათა კონფერენციების წახალისება- ხელშეწყობა. ამ დროს ნაკლებია სტრესი მოსწავლეებისთვის, უფრო არაფორმალური და სამუშაო გარემო იქმნება, მცირე რაოდენობის ბავშვების დაახლოებაც უფრო შესაძლებელია (ურთიერთობები კი ყველა აქტივობაში ზრდის მოსწავლეების ჩართულობას).

ბოლოს მაინც მოტივაციის საკითხს  მივუბრუნდები და აღვნიშნავ – რადგან გარეგანი მოტივაციაც მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის ( და არა მხოლოდ მისთვის), კარგი იქნება, ეროვნულ კონფერენციებში გამარჯვებულებს რაიმე საინტერესო პროექტში მონაწილეობას სთავაზობდეს სახელმწიფო. ეს არა მხოლოდ სურვილის აღძვრისთვის იქნება განმსაზღვრელი, არამედ მოსწავლეთა შემდგომი განვითარებისთვისაც.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...