პარასკევი, ივლისი 18, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

ხარისხის უზრუნველყოფა, როგორც სასკოლო კულტურის ნაწილი – მეორე ნაწილი

0

პირველი ნაწილი

ვაგრძელებთ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ერთ-ერთი მოდელის განხილვას, სადაც აქცენტი სწორედ სამოქალაქო კომპეტენციების შეფასებაზე კეთდება. ამ მოდელის მიხედვით განისაზღვრება შეფასების ოთხი სფერო, რომელიც თავის მხრივ ჯამში თორმეტ მიმართულებად იშლება. ამ ნაწილში განვიხილავთ საგაკვეთილო, სასკოლო დონეზე არსებულ პროცესებსა და სასკოლო გარემოს.

საგაკვეთილო პროცესი

გაკვეთილისათვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა – ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს დრო წარმოადგენს. გაკვეთილისა და საგაკვეთილო ცხრილის ანალიზისას ნათლად ჩანს, რა დრო ეთმობა თითოეულ მოსწავლეს. რადგანაც სკოლა ორიენტირებულია მაქსიმალური დრო საგაკვეთილო პროცესს დაუთმოს, თითქოს უბრალოდ „დაიმედებულია“, რომ მოსწავლეები თავად გამოძებნიან საკმარის რესურსს სკოლის გარე აქტივობის, სწავლისა დ არაფორმალური განათლებისათვის. ამიტომ სკოლის, როგორც შიგნით და ასევე მის გარეთ სწავლაზე დახარჯული დროის გადამოწმება (ე.წ. საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათების რაოდენობა) თავად მოსწავლეებისთვისაა კარგი. ამით განისაზღვრება, რამდენად ეფექტურად ანაწილებენ ისინი დროს. კითხვები, რომლებსაც ამ შემთხვევაში სკოლამ პასუხი უნდა გასცეს, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

  • რამდენი გაკვეთილი ცდება წლის განმავლობაში და რა მიზეზით?
  • გაკვეთილის რა დრო ეთმობა ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ადმინისტრაციული საკითხები, დისციპლინა, და ა.შ.?
  • დაახლოებით რა დროს ხარჯავენ მოსწავლეები საშინაო დავალების მომზადებაზე?
  • თანაბარ დროს უთმობენ თუ არა დაბალი და მაღალი მოსწრების მოსწავლეები გაკვეთილი მომზადებას?

გაკვეთილისათვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა და მისი ეფექტურობა შესაძლებელია ვიკვლიოთ გაკვეთილზე დაკვირვების, სპეციალური დღიურების (ჩანაწერების) შესწავლისა და დაკარგული დროის ანალიზის მეშვეობით.

გაკვეთილის ხარისხი – გაკვირვებას არ იწვევს იმ კვლევების სიმრავლე, რომლებიც წლების განმავლობაში გაკვეთილის ხარისხს შეისწავლიდა. ყველა მათგანი ძირითადად თანხმდება, რომ კარგი სკოლის საფუძველს კარგი გაკვეთილი წარმოადგენს. ტერმინი „კარგი სკოლა“ შეიძლება ნამდვილად მოიცავდეს „კარგ გაკვეთილს“, მაგრამ ამ ორ ცნებას შორის ტოლობის დასმა ძალიან ზედაპირული მიდგომა იქნებოდა. იმის მისახვედრად, რომ გაკვეთილი კარგია, ძალიან ნათელი კრიტერიუმები არსებობს: ნათელი და გამჭვირვალე შეფასების სისტემა, პროფესიონალი მასწავლებელი, მიღწეული საგნობრივი შედეგი და ა.შ. თუმცა ეს ინდიკატორები არასოდეს იძლევა იმის საშუალებას, შევამოწმოთ ყველამ აითვისა თუ არა სტანდარტით გათვალისწინებული მასალა; გავიგოთ, მიუხედავად კარგად ახსნილი გაკვეთილისა, რატომ უჭირს ზოგიერთ მოსწავლეს შედეგზე გასვლა და რატომ შეუძლია ზოგიერთ მათგანს მასალის დამოუკიდებლად ახსნის გარეშე დაძლევა. ამიტომ, გაკვეთილის ხარისხის შეფასებისას კონცენტრირება ორივე ცნებაზე უნდა მოხდეს და კვლევის კითხვები შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს:

  • აღიქვამენ თუ არა ერთნაირად მასწავლებლები და მოსწავლეები სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ მიზნებს?
  • რამდენად ეფექტურია სწავლება?
  • რამდენად ეფექტურია სწავლა?
  • რა მეთოდები გამოიყენება სკოლაში გაკვეთილი ხარისხის კვლევისა და მისი გაუმჯობესებისათვის?
  • იღებს თუ არა ყველა მოსწავლე თანაბარი ხარისხის გაკვეთილს?
  • იღებენ თუ არა სწავლის სირთულის მქონე მოსწავლეები მათთვის აუცილებელი შინაარსისა და ხარისხის გაკვეთილს?

სკოლაში გაკვეთილის ხარისხის კვლევისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდები: მინი-კითხვარი მოსწავლეებისათვის (იმ შემთხვევაში თუ რამე ვერ გავიგე, შემიძლია მასწავლებელს ვთხოვო დახმარება; ვიგებ მასწავლებლის მითითებებს/ინსტრუქციას; მასწავლებელმა იცის, როდესაც ვერ ვიგებ გაკვეთილს; როდესაც დახმარებას ვთხოვ მასწავლებელს, მაშინვე ვიღებ რეაგირებას), კოლეგიური დაკვირვება (მოიცავს შემდგომ უკუკავშირს), კოლექტიური (ჯგუფური) ისტორიების ანალიზი, კითხვარი.

სირთულეები სწავლის დროს – მოსწავლეების და/ან მოსწავლეთა ჯგუფების განსაკუთრებული საჭიროებების შესწავლისათვის სკოლას აწყობილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა აქტორს, იცოდეს, როდის რა ნაბიჯები უნდა გადადგას. ყველა მონაწილე, ვისთანაც მსგავსი საჭიროება დგება, წარმოადგენს პროტოკოლს, რომელიც დეტალურად აღწერს სიტუაციას. ამის მიხედვით წყდება მხარდაჭერის რა ფორმა უნდა შევთავაზოთ პირს. განსაკუთრებული სირთულის ქეისის შესწავლა აუცილებლად სხვა კონკრეტული შემთხვევებისგან დამოუკიდებლად უნდა მოხდეს. შესაძლებელია პროცესში საჭიროებამ მოითხოვოს, დავაკვირდეთ კონკრეტულ მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს, ჩავატაროთ ჩაღრმავებული ინტერვიუ მშობლებთან, ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან და ა.შ.

ქეისების შესწავლისას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მოსწავლეთა დღიურებს. დღიურები საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ ინფორმაცია კონკრეტული დავალებების შესრულების შესახებ, საშინაო დავალებებთან დაკავშირებულ სიძნელეებსა თუ სხვა ხელისშემშლელ ფაქტორებზე. უბრალოდ მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული კითხვების დასმა, მაგალითად: რა გიჭირს განსაკუთრებით? ძირითადად როდის აწყდები ამ პრობლემას? ადრეც შეგხვედრია მსგავსი სირთულის დავალება? და ა.შ.

პროცესები სასკოლო დონეზე

სკოლა როგორც სასწავლო  გარემო – სასწავლო გარემოს კვლევისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდები: პრო- და კონტრანალიზი. მოსწავლეებს ეძლევათ ფორმულარი, სადაც კონკრეტულ საკითხზე დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა ჩამოაყალიბონ. მაგალითად: რა ქმნის სკოლაში კარგ სასწავლო გარემოს? (მასწავლებლების დამოკიდებულება ჩემთან; მოსწავლეები, რომლებიც მიხსნიან ჩემთვის გაუგებარ საკითხებს; მე მაქვს შეცდომის დაშვების უფლება).

კითხვარი სასკოლო გარემოს კვლევის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. კითხვარის შინაარსი ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და იმაზე, აღიქვამს თუ არა სკოლას მისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოდ.

სკოლა, როგორც სოციალური გარემო – სკოლა სოციალური ადგილია, სადაც მოსწავლეები თავიანთი სოციალური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ატარებენ. სკოლაში ყალიბდება მეგობრობა, იკვრება ჯგუფები კონკრეტული ნიშნით, ყალიბდება ურთიერთობები განსხვავებულ ასაკსა და სქესს შორის. სკოლაში სწავლობენ ბავშვები, რას ნიშნავს ავტორიტეტი, გავლენა, დამოუკიდებლობა, დამოკიდებულება და ა.შ. მათი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს ერთგვარ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს სოციალურ კლიმატსა და ურთიერთობებში. კითხვები, რომლებიც სოციალური გარემოს კვლევის დროს უნდა გამოვიყენოთ, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: აქვთ თუ არა მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა სკოლაში წამახალისებელ და სადამსჯელო ღონისძიებებზე? არის თუ არა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო? არსებობს თუ არა მოსწავლეებისათვის ისეთი გარემო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, მიიღონ საერთო გადაწყვეტილებები და აიღონ პასუხისმგებლობა? აქვთ თუ არა მოსწავლეებს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სკოლის სოციალურ ცხოვრებაში? კვლევის მეთოდებად გამოიყენება კითხვარი, ფოტოშეფასება და დღიური.

სკოლა, როგორც სამუშაო გარემო – სკოლა, როგორც სამუშაო გარემო, პირველ რიგში მოიაზრება მასწავლებელთათვის კომფორტულ ადგილად, სადაც ხდება მათი პიროვნული და პროფესიული განვითარება. ამ სფეროს კვლევაში პირველ რიგში პერსონალური განვითარების ანგარიში, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები და კვირეული დღიურები მოიაზრება. სკოლებში, სადაც დანერგილია აღნიშნული პრაქტიკა გამოიყენება შეფასების კონკრეტული სქემები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯგუფური მუშაობა დისტანციურ გაკვეთილზე

0

დისტანციურმა სწავლებამ მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა მასწავლებლები. მოგვიწია საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილების მოდიფიცირება და დისტანციური მუშაობის რეჟიმისთვის მორგება. ნელ-ნელა ვისწავლეთ, როგორ გადმოვწყობილიყავით საკლასო ოთახებიდან მართკუთხა მონიტორებთან ისე, რომ სწავლების ხარისხი არ გაუარესებულიყო, მოსწავლეთა ინტერესიც შეგვენარჩუნებინა და პროცესში სიახლეებიც შეგვეტანა.

ახალი გზების ძიება ჩემთვის საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ვცდილობდი, ბავშვებისთვის ყოველ გაკვეთილზე ახალი რესურსები შემეთავაზებინა, ვიფიქრე: რა მოხდება, რომ მათი საყვარელი აქტივობაც დისტანციურად ჩავატარო-მეთქი? ეს იყო ჯგუფური მუშაობა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ნუნუ გაწერელიას „ბეღურა და ზამთარი“ შევისწავლეთ. მომდევნო შეხვედრისთვის დავგეგმე გაკვეთილი, რომელიც წინასწარ მქონდა აწყობილი პრეზენტაციის სახით.

წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მოსწავლეებს შევახსენე ახალი სიტყვების მნიშვნელობა და დავუსვი რამდენიმე კითხვა ტექსტიდან:

  1. რატომ იყო და-ძმა დაღონებული?
  2. რა განიზრახა ბეღურამ ბავშვების გასახარებლად?
  3. რატომ გაუკვირდა ფიფქს ბეღურას თხოვნა?
  4. ბეღურამ იცის, რომ თოვლის მოსვლის შემთხვევაში ის ცუდ დღეში ჩავარდება. ვისი დახმარების იმედი აქვს მას?

 

ამის შემდეგ ვთხოვე დაფიქრებულიყვნენ, რა იყო მოთხრობის მთავარი სათქმელი.

თითოეული გვერდი გაფორმებული იყო ანიმაციით, რომელიც მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ.

ამის შემდეგ ჯგუფური მუშაობისთვის მოვემზადეთ. მოსწავლეებმა გაიხსენეს ჯგუფური მუშაობის წესები. მათ ავუხსენი, რომ ჯგუფური მუშაობა დისტანციურ ფორმატში მხოლოდ ფიზიკური გარემოთი განსხვავდება საკლასო ოთახში ჩატარებულისგან, რადგან ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია გუნდურობა, თანამშრომლობა და ყველა ის წესი, რომელიც მათ ახსენეს. თავდაპირველად მთელ კლასს გავაცანი ჩვენი მუშაობის მიზანი და დავალება, მერე კი ისინი ტექნიკურად გავანაწილე სხვადასხვა ოთახში ანუ ჯგუფში. (მოსწავლეების ჯგუფებად განაწილების ინსტრუქცია)

სანამ მოსწავლეებს ჯგუფებად დაყოფთ, აუცილებელია აუხსნათ, რომ ჯგუფური მუშაობის დროს მხოლოდ თავისი ჯგუფის წევრებთან აღმოჩნდებიან. თქვენ პეროდულად თითოეულ ჯგუფს შეუერთდებით მონიტორინგისთვის. სასურველია, ერთი პრაქტიკული სამუშაო გაკვეთილამდე გაიაროთ მათთან ერთად.

მას შემდეგ, რაც დავალებას მთელ კლასს გააცნობთ, კიდევ ერთხელ ცალ-ცალკე გააცანით ჯგუფებს. ჯგუფებში განაწილება შეიძლება როგორც ავტომატურად, ისე თქვენი სურვილისამებრ. შეგიძლიათ, მოსწავლეებს მოაფიქრებინოთ სახელები ჯგუფებისთვის.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ჯგუფებად გავანაწილე, თითოეულ ჯგუფთან შევედი და გავაცანი დავალება და სამუშაო დრო. ჯგუფის წევრებს უნდა დაეწერათ ამბის გაგრძელება სხვადასხვა მითითების მიხედვით, აერჩიათ ერთი წევრი, რომელიც ჩაიწერდა ჯგუფის წევრების ნააზრევს და ჯგუფის სახელით წარადგენდა.

განუწყვეტლივ ვაკვირდებოდი მუშაობის პროცესს. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი დამატებით მითითებებს. დროის ამოწურვის შემდეგ ყველა მოსწავლე საერთო შეხვედრაში დავაბრუნე და პრეზენტაციისთვის მოვემზადეთ.

ჯგუფებმა ისაუბრეს მუშაობის პროცესსზე, ჩაატარეს პრეზენტაცია. თითოეულ ჯგუფს მივეცი შესაბამისი უკუკავშირი. ასევე ვთხოვე, გაკვეთილის დასრულების შემდეგ ფოტოს სახით გამოეგზავნათ მათ მიერ მოფიქრებული ამბავი.

შემდეგი გაკვეთილისთვის მოსწავლეებს უნდა შეექმნათ ილუსტრაცია ჩამოთვლილი თემებიდან რომელიმე ერთზე:

* ბეღურებისა და ფიფქების დიალოგი;

* დათოვლილი ქალაქი;

* ბეღურების ცხოვრება ზამთარში.

ნება მივეცი, სურვილისამებრ, ემუშავათ პროგრამაში „ვსწავლობთ თამაშით“ ან თავად დაეხატათ.

მომდევნო გაკვეთილზე მოსწავლეებისგან არაჩვეულებრივი ილუსტრაციები მივიღე.

 

„დათოვლილი ქალაქი“ (შექმნილია პროგრამაში „ვსწავლობთ თამაშით“)

 

„ბეღურების ცხოვრება ზამთარში“

გულის ხმა

0

ხშირად მიფიქრია, ვინ ვიქნებოდი, მასწავლებელი რომ არ ვყოფილიყავი.

ძალიან მიყვარდა სიმღერა, მუსიკა. რომ ამბობენ, დაბადებიდან მღერისო, სწორედ ასე იყო.

შემდეგ სასკოლო ღონისძიებებისთვის სცენარების წერა დავიწყე, ამას მოჰყვა სიმღერების შექმნაც. გავიდა დრო და შერლოკ ჰოლმსის კლუბმა გამიტაცა…

სკოლის დასრულებამდე იმდენად გაფართოვდა ჩემი ინტერესთა სფერო, მე თვითონ არ ვიცოდი, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი პროფესიის არჩევის დროს…

ბოლოს გადავწყვიტე ის, რაც ექვსი წლის ასაკში დავწერე, მე მინდა გავხდე მასწავლებელი.

ცოტა ხნის წინ ვიპოვე ძველი დღიური და უძვირფასესი ჩანაწერები, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს რომ დავიწყე მასწავლებლობა.

ძალიან ბედნიერი ვარ.

პირველი კლასის მასწავლებელი გავხდი.

საოცარი დღე იყო!

გაბრწყინებული თვალები, დაუოკებელი სიხარულის განცდა, აღტაცება, ყვავილების ზღვა, აჩქარებული გულისცემა… შენ წინ მთლად უსუსური, ახლად შებუმბლული თვრამეტი ბარტყია. უნდა დააფრთიანო, დააკვალიანო და გაუშვა ცხოვრების დიდ გზაზე.

გულის ხმა მაფრთხილებს, როცა ექიმი შესცოდავს, ადამიანს ხორციელი სიკვდილით უსპობს ამქვეყნიურ სიცოცხლეს, მასწავლებელი თუ შესცოდავს, სულს დაუმახინჯებს აღსაზრდელს.

ფრთხილად, ლელა, ფრთხილად…

დღე დღეს მისდევს.

საშინლად ვიღლები, მიჭირს გაძლება, მაგრამ არ ვიმჩნევ.

ყოველდღე გაუთავებლად მესმის თვრამეტი ბავშვის ,,მასწავლებელო’’, მაგრამ მათ ჩემს გულში უკვე მკვიდრად დაიდეს მყუდრო ბინა. მოდი და ერთხელ მაინც უპასუხოდ დატოვე ვედრებით სავსე მზერა. შენ თითოეულს სჭირდები, ყველას უყვარხარ, როგორ შეიძლება, რომელიმე გამოარჩიო?

ღმერთო, ჩემო, რა ვერ აჩერებთ, რას წრიალებენ ამდენს!

ღიმილით ვუხსნი, ეს ასე, ეს  – ისე, ისინი მაინც თავისას არ იშლიან. ,,იავნანასავით’’ ესმით ჩემი ხმა.

გემღერა შენ კიდევ, რას აიჩემე ეს მასწავლებლობა?!

მთელი დღეა, მოუსვენრად წრიალებენ.

  • ესეც, შენ, ლელა! აბა, რა გეგონა, სულ პირველი სექტემბერი იქნებოდა?!

ვცდილობ, ცრემლები შევიკავო, მე ხომ ისინი ძალიან მიყვარს. არადა, ახლა, ცოტა ხანში თუ არ „დავამყარე წესრიგი,’’ ალბათ მთელი სკოლა გაიგებს, რა ხდება ჩემს პირველ კლასში.

  • გაჩერდით!!!

ყველა ერთნაირად აჭყეტს თვალებს.

წარმოვიდგინე, როგორ ცახცახებენ მათი პაწაწინა გულები. თვალის კუთხეებში მოწოლილი ცრემლები ძლივს იკავებენ თავს, მდინარედ რომ არ წამოსკდნენ.

მაინც არ მოვეფერები, იგრძნონ, რომ დააშავეს.

საშინლად ცუდად, ვარ.

  • ყოჩაღ, „გამარჯვება შენია! “ – მეუბნება გულის ხმა.

მძულს საკუთარი თავი. ხვალ როგორ შევხვდები? ვაიმე, ნეტავ, რას ფიქრობენ ჩემზე?!

  • ღმერთო, მაპატიე, მომეცი ძალა, სიყვარულით ვაკეთო ჩემი საქმე, მომეცი ძალა მოთმინებისა.

სიზმარშიც არ მასვენებენ. ისევ დაუსრულებლად ისმის ,,მასწავლებელო’’.

– მოხვედით, ბავშვებო?

– რა ბედნიერებაა! რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ! თქვენ მე მასწავლებლობა მასწავლეთ! არასდროს დაგიყვირებთ, გპირდებით…

ყველა მიღიმის და მეხუტება. ახლა უკვე ვეღარ ვიკავებ ცრემლებს…

 

ვუკოცნი ნაზ თითებს, ჩავცქერი თვალებში,

მე მათი სიცოცხლე ხალისად მწვევია,

ჩავცქერი თვალებში და გულის ხმა მესმის:

,,- რა ყვავილებია! ჩემია, ჩემია!’’.

 

 

eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის! მედიაწიგნიერება პარადიგმის ცვლილებისთვის.

10

2021 წელს eTwinning-ი უძღვნის მედიაწიგნიერების თემას, მთელი წლის განმავლობაში პროგრამის გუნდი შეეცდება ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მრავალი აქტივობის საშუალებით.

პირველი ანიმაცია- “მედიაწიგნიერების რაობა”, დაეხმარება მასწავლებლებს მედიაწიგნიერების  მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობის და საჭიროების   გაცნობასა და გააზრებაში.

მეორე ანიმაცია -“მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”, დაეხმარება მასწავლებლებს გაიზრონ თუ რა არის კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერებისთვის, ხოლო მედიაწიგნიერება  – კრიტიკული აზროვნებისთვის.

მესამე ანიმაცია -“მედიაწიგნიერება და სანდოობა”, იმის გარკვევაში დაგვეხმარება, როდის რომელი კითხვა დავსვათ და როგორ ავაგოთ საკლასო დისკუსია ისე, რომ  მედიაშეტყობინებათა ანალიზისთვის აუცილებელ, საკვანძო კითხვებზე პასუხები მივიღოთ.

მედიაწიგნიერება და სანდოობა

მეოთხე ანიმაცია -“მედიაწიგნიერება- ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის” , თუ გვსურს, რომ მოსწავლეებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი საინფორმაციო წყაროების გამოყენებაა საუკეთესო ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის, სკოლის შიგნით და მის გარეთ, მაშინ მათ უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა განსაჯონ ეს წყაროები და რატომ არის მათი განსჯის კრიტერიუმები მნიშვნელოვანი.

მეხუთე ანიმაცია

მედიაწიგნიერბა პარადიგმის ცვლილებისთვის

  • მედიაწიგნიერება როგორც სასწავლო დისციპლინა შესაძლოა გამოწვევად იქცეს იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც კომფორტულად ასწავლიან გარემოში, სადაც მხოლოდ ერთი სწორი პასუხია.
  • მედიაწიგნიერება აზროვნების უფრო მრავალფეროვან მეთოდებს გვთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მოსწავლეებს, უფრო კომპლექსურად განიხილონ ცნებები: კარგი და ცუდი, მართებული და მცდარი, ძლიერი და სუსტი, – და აჩვენოთ, როგორ ხდება ეს რეალურ ცხოვრებაში.

ტექსტის დამუშავების გზამკვლევი 10 ნაბიჯად

2

 

სანამ ტექსტის დამუშავების ნაბიჯებზე დავიწყებდეთ საუბარს, მანამდე ერთი არცთუ საჩოთირო შეკითხვა დავსვათ: რა დრო, რამდენი წუთი უნდა დავუთმოთ ქვემოთ მოცემული თითოეული ნაბიჯის განხორციელებას?

 

ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის დადგენა უხერხულია: ერთ მასწავლებელს ერთ კონკრეტულ კლასში ერთი ნაბიჯის გადასადგმელად შეიძლება დასჭირდეს X წთ., ხოლო ამავე მასწავლებელს ამავე ტექსტის დამუშავების ამავე ნაბიჯის გადასადგმელად სხვა კლასში შეიძლება დასჭირდეს Y წთ.

 

და აქვე ვისარგებლებ თქვენი მოთმინებით, მეორე შეკითხვას დავსვამ: საიდან დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიურობაში აქტივობათათვის დროის მითითება? საიდან და საბჭოთა ცენტრალიზებული და იდეოლოგიზებული საგანმანათლებლო სისტემიდან. როდესაც გასული საუკუნის 20-იან წლებში სსრკ-ის ხელმძღვანელებმა ხალხთა შორის ტრაფარეტულ-პროლეტარული წიგნიერების მოფენა გადაწყვიტეს, ამისთვის საჭირო გახდა მასწავლებელთა სრულიად კონკრეტული რაოდენობა. საიდან უნდა მოეყვანათ ამ რაოდენობის მასწავლებელი? შესაბამისად, მასწავლებლებად „გაიწვიეს“ (კი გაგეცინებათ, მაგრამ ხდებოდა ხოლმე ასეთი გაწვევები — პარტიის სამსახურისთვის პოეტებად კი იწვევდნენ ხოლმე ადამიანებს და მასწავლებლობა რაღა ბედენა უნდა ყოფილიყო…) ადამიანები, რომლებსაც პედაგოგიკასთან ისეთივე სიახლოვე აკავშირებდათ, როგორც მე — სპელეოლოგიასთან (კი არადა, მე შეიძლება უკეთესად ამეთვისებინა სპელეოლოგია…). ამიტომაც ხდებოდა საჭირო დაწვრილებით გაწერილი გზამკვლევები, რომლებშიც წუთობრივი სიზუსტით იქნებოდა მითითებული მასწავლებელთა ნაბიჯები…

 

ასეთი ტრადიცია დღემდე შეგხვდებათ სკოლებში და თუკი ვინმე დაესწრება გაკვეთილზე მასწავლებელს, ეს უკანასკნელი კვლავ იძულებულია „დროში ჩატევაზე“ უფრო იზრუნოს და არა მოსწავლეების საინტერესო აქტივობებში მაქსიმალურ ჩართულობაზე. ეგ კი არა, როდესაც გარე დაკვირვების გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად კოლეგებისთვის რჩევებს ვწერდი. ერთ-ერთი პუნქტი ასეთი იყო: „თუკი მოსწავლეები გატაცებით დაიწყებენ მუშაობას ამა თუ იმ აქტივობის დროს, მსწრაფლ შეაჩერეთ და შემდეგ აქტივობაზე გადადით, რადგან დრო გაგეპარებათ”. კი ბატონო, ვუტრირებ, მაგრამ დაახლოებით მართლა ასეთ რამეს ვურჩევდი, რადგან გარედამკვირვებელიც, რა დასამალია, გაკვეთილის შეკრულობას უფრო აქცევდა ყურადღებას, ვიდრე მასში თითოეული აქტივობის ლოგიკურ ამოწურვას. ერთხელ, სამოდელო გაკვეთილს როცა ვატარებდი, მახსოვს, როგორ მოვკიდე მაჯაზე ხელი საპრეზენტაციოდ გამოსულ მეთერთმეტეკლასელს და როგორ დავსვი თავის ადგილზე, შენ ნაცვლად მე გავაკეთებ პრეზენტაციას-მეთქი. დროში ვეღარ ვეტეოდი და რა მექნა, სიმწრით დაგეგმილ, ლამის ბოლომდე მიყვანილ სამოდელო გაკვეთილს ხომ არ ჩავაგდებდი ოთხ მეთერთმეტეკლასელიანი ჯგუფისთვის წყენინების არიდების გამო?! გამიგებთ, კოლეგები ხართ…

შესავალი გამიგრძელდა, დავიწყოთ დაპირებული 10 ნაბიჯის მიმოხილვა ტექსტის დამუშავების მიზნით.

 

  1. შევარჩიოთ და გადავამუშაოთ ტექსტი, მოვამზადოთ ტექსტის ადაპტირებული ვერსია დიფერენცირებული აქტივობებისთვის.

 

ავიღოთ ტექსტი…

 

ხშირად მასწავლებლები, ითვალისწინებენ რა საკუთარი მოსწავლეების ინტერესებსა და შესაძლებლობებს, სახელმძღვანელოში შემოთავაზებულის გარდა, არჩევენ ხოლმე სხვადასხვა ტექსტს. ზოგჯერ ასეთ ტექსტებს გარკვეული გადამუშავება/გამარტივება, შემოკლება, ილუსტრაციებით გამდიდრება…) სჭირდება. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დიფერენცირებული თუ სარემედიაციო სწავლების მიზნებისთვის ტექსტის ადაპტირებული ვერსიის მომზადება.

 

ტექსტების შერჩევისას უნდა ვუპასუხოთ რამდენიმე შეკითხვას:

 

  • რამდენად შეესაბამება კონკრეტული ტექსტი ჩემთვის სასურველ თემატიკას და რამდენად გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს?
  • კითხვადობის თვალსაზრისით მორგებულია თუ არა ჩემი მოსწავლეების დონეს ტექსტის მოცულობა, სიტყვებისა და წინადადებების მახასიათებლები?
  • იძლევა თუ არა ჩემი მოსწავლეებისთვის საჭირო საკითხთაგან (პერსონაჟები, მთავარი და არამთავარი ინფორმაცია, მოვლენათა თანამიმდევრობა, დაფარული ინფორმაციის ამოცნობა, დასკვნების გაკეთება…) რომელიმე მათგანი საინტერესოდ დამუშავების საშუალებას?
  • ადვილად მოვარგებ თუ არა ტექსტს ჩემთვის ცნობილ რომელიმე მეთოდს/სტრატეგიას? მივუსადაგებ თუ არა რომელიმე სასარგებლო კოგნიტურ სქემას?

 

სანიმუშოდ ჩემს „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან“ გამოვიყენებ: https://www.youtube.com/watch?v=nAq6nfVl-K8&t=8s და თუკი ზემოთ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხებთ, ასეთი მსჯელობა გამოგვივა:

 

  • გარეული ცხოველების თემატიკაზე გვქონდა წინა ტექსტები და თან ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილებზეც მწერებს ვსწავლობთ. ამიტომ „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან“ თემატიკურადაც მისაღებია და ინტერვიუს სახით წარმოდგენილი ტექსტი ბავშვებისთვისაც საინტერესო იქნება.
  • ჩემი მესამეკლასელებისთვის სრულიად მისაღები ტექსტია თავისი მახასიათებლებით. რამდენიმე მონაკვეთს ამოვიღებდი მოსწავლეთა იმ ჯგუფისთვის, რომლებსაც დიფერენცირებული დავალებები უნდა შევთავაზო. ამ ტექსტის მონაკვეთებს, ილუსტრაციებსა და სიტყვებს ორი მოსწავლისთვის გათვალისწინებული სარემედიაციო მეცადინეობისთვისაც გამოვიყენებ.
  • ვფიქრობ, კარგი რესურსია პერსონაჟის თვისებების ამოცნობაზე სამუშაოდ და ტექსტში მთავარი ინფრომაციის შერჩევაზე ყურადღების გასამახვილებლად. ამაზე იქნება ორიენტირებული მოსწავლეებისთვის შეთავაზებული დავალებაც — კომიქსის შექმნა.
  • ტექსტის წაკითხვამდე გამოვიყენებ მოლოდინების გზამკვლევს, ხოლო უცნობ ან საკვანძო ლექსიკურ ერთეულებზე სამუშაოდ შეიძლება მივცე სიტყვის პირამიდა ან რომელი სხვა სქემა სიტყვებისთვის.

 

  1. მოვიფიქროთ გამომწვევი აქტივობა, რომლითაც მოსწავლეების მოტივირებას უზრუნველვყოფთ. გავაცნოთ მოსწავლეებს, რის გაკეთებას ვაპირებთ ამ ტექსტის მიხედვით.

 

— „ერთხელ სკოლაში მოვდიოდი და ახალი ტანსაცმელი ჩავიცვი… გამოვედი სახლიდან და რაღაცა მაწუხებს ზურგზე… რაღას ვიზამდი?! მივბრუნდი შინ და გავიხადე პერანგი… თურმე ჭიანჭველა ყოფილა… თქვენ თუ გინახავთ ჭიანჭველები? რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ ჭიანჭველების შესახებ?..“.

 

მოსწავლეთა მოტივირების შემდეგ კარგი იქნება, თუ მოსწავლეებისთვის გასაგებს გავხდით, რას გავაკეთებთ კონკრეტულ მომენტში — იქნება ეს ერთი გაკვეთილი, მისი ნაწილი თუ მასზე უფრო მეტი სასწავლო მონაკვეთი. ამ შემთხვევაში ვეტყვით, რომ ტექსტის მიხედვით უნდა დავამზადოთ კომიქსი და გავახსენებ, ვაჩვენებ კიდეც ჩვენ მიერ ადრე დამზადებულ რომელიმე კომიქსს სხვა ნაწარმოების პერსონაჟების მონაწილეობით

 

  1. გამოვიკითხოთ, რა იციან მოსწავლეებმა ტექსტში წარმოდგენილი საკითხის, თემის შესახებ, გამოვათქმევინოთ ვარაუდები სათაურისა და ილუსტრაციის მიხედვით.

 

კონსტურქტივისტული სწავლების ამოსავალი პრინციპია ახალი შინაარსის ძველ ცოდნა-გამოცდილებაზე დაშენება. მოსწავლეები მეტი ყურადღებით წაიკითხავენ, თუკი ტექსტის თემატიკის შესახებ წინასწარ გაიხსენებენ ყველაფერს, რაც განვლილი მასალებიდან იციან. აგრეთვე, დროის დაკარგვად არ უნდა ჩავთვალოთ, თუკი მოსწავლეები თემაზე, სათაურზე, ილუსტრაციაზე, ავტორზე დაყრდნობით წინასწარ გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ რაზე იქნება ტექსტი. სასარგებლოა ერთობ გავრცელებული მოლოდინების გზამკვლევის გამოყენებაც…

მოკლედ წარმოვიდგინოთ, თუ რა სახეს მიიღებდა მოლოდინების გზამკვლევი ტექსტის „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან“ დამუშავების დაწყებისას. შევარჩევდი ოთხიოდე წინადადებას ტექსტის მიხედვით და წაკითხვამდე შევთავაზებდი მოსწავლეებს, გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები მათ შესახებ, დათანხმებოდნენ ან უარეყოთ იგინი. მაგალითად:

 

  • ჭიანჭველას დღე-ღამეში 4 საათს სძინავს.
  • ჭიანჭველას ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რასაც სპილო ვერ გააკეთებს.
  • მთელი დედამიწის სპილოები უფრო მეტს იწონიან, ვიდრე მთელი დედამიწის ჭიანჭველები.

მოლოდინების გზამკვლევი იმითაცაა სასარგებლო აქტივობა, რომ გარდა ტექსტის წაკითხვის დროს მოსწავლეების ყურადღების უზრუნველყოფისა, ისინი იხსენებენ შეთავაზებულ წინადადებებს და თავიანთ პასუხებს ადარებენ ტექსტის ინფორმაციას. ამის ნაცვლად მეტი მრავალფეროვნებისთვის შესაძლოა რომელიმე სხვა მეთოდიც გამოვიყენოთ, რადგან ძალიან ხშირად გამოყენება მომაბეზრებელს ხდის ყველაზე საუკეთესო მეთოდსაც კი.

 

  1. ტექსტის წაკითხვა — შევარჩიოთ წაკითხვის სტრატეგია: რა მეთოდით წავიკითხავთ ტექსტს, რა სქემას გამოვიყენებთ ტექსტის გააზრების მიზნით?

 

პირველ-მეორეკლასელები ხშირად მიმართავენ ხოლმე სამოდელო/საჩვენებელ წაკითხვას პაუზებით. შედარებით უფროს კლასებში მოსწავლეებს დამოუკიდებელი წაკითხვის ფორმატში სთავაზობენ სააზროვნო (კოგნიტური) სქემის შევსებას და შემდეგ პრეზენტაციებს. მაგალითად, პერსონაჟის სქემა, დროითი ხაზი, მონიშვნებით წაკითხვა, სიტყვების გამომძიებელი და სხვ.

მაგალითად, ტექსტის „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან” წაკითხვისას შეიძლება შევთავაზოთ პერსონაჟის სქემა, რომელშიც ჩახაზული იქნება გრაფები ორი თვისებისა და ტექსტიდან ამ თვისებათა დამადასტურებელი ადგილებისთვის. ვნახოთ სახელდახელოდ დამზადებული ეს სქემა:

 

 

 

ამ სქემების შევსების შემდეგ მნიშვნელოვანია, მოსწავლემ წარადგინოს საკუთარი ნამუშევარი, ანუ ისაუბროს ჭიანჭველაზე და საკუთარი მოსაზრებები ჭანჭარას თვისებებზე გაამყაროს ტექსტიდან ამოწერილი ადგილებით.

 

  1. ლექსიკურ მარაგზე დაკვირვება — განვმარტოთ უცნობი სიტყვები, შევავსოთ სხვადასხვა სააზროვნო/კოგნიტური სქემ (სიტყვის პირამიდა, ვერბალურ-ვიზუალური ასოციაციების სქემა, ფრეიერის სქემა და სხვა).

 

ამ ნაბიჯის ელემენტები (მაგალითად, უცნობი სიტყვების განმარტება) შესაძლებელია წარიმართოს ტექსტის წაკითხვამდეც, მოსწავლეთა ტექსტთან შეწონილი საჭიროებებიდან გამომდინარე. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება უცხოური (მეორე) ენის გაკვეთილებზე.

 

საერთოდაც, დაუშვებელია ტექსტზე მუშაობის ისე დასრულება, თუკი მასში ხუთი-ექვსი ძარღვიანი სიტყვის შესახებ საინტერესო მსჯელობა არ გაიმართება. მეტად სასარგებლოა ქვესათაურში ნახსენები ლექსიკური ერთეულების დასამუშავებელი სქემების გამოყენება. ეს სქემები მრავლადაა შემოთავაზებული ჯიპრაიდის სარესურსო წიგნში (kargiskola.ge) თუ სხვა საიტებზე. მასწავლებლებს თავადაც შეგვიძლია მათი მოდიფიცირება.

 

 

 

  1. კითხვაში გაწაფვა — ვივარჯიშოთ უშეცდომოდ,ზომიერი სიჩქარით, სათანადო ინტონაციით წაკითხვაში.

 

ამ და სხვა ნაბიჯებისთვის საინტერესო და სასარგებლო აქტივობების წარსამართავად უხვი მასალაა მოცემული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში შექმნილ წიგნში, რომელიც განთავსებულია პორტალზე kargiskola.ge  აქ შეგიძლიათ ნახოთ: მკითხველთა თეატრი, კითხვის მატარებელი, აუდიოჩანაწერის გაკეთება, წყვილებში წაკითხვა, განმეორებითი კითხვა და უამრავი მსგავსი მეთოდ-სტრატეგია.

 

მეთორმეტე კლასშიც რომ ვასწავლიდეთ, ამ კომპონენტის იგნორირება, მოსწავლეებისთვის ადეკვატური ტექსტის ხმამაღლა, გამომსახველობითი წაკითხვისთვის დროის გამოყოფა მაინც არ უნდა დაგვენანოს. მით უმეტეს, ამისთვის საჭირო დრო აუცილებლად უნდა გამოვნახოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან.

 

წარმოიდგინეთ, როგორი ხალისით წარმოადგენენ სპილოსა და ჭიანჭველას გასაუბრებას მეორე-მესამეკლასელები. ცხადია, ბავშვები არ უნდა ვაწვალოთ ტექსტის დაზეპირებით და უნდა მივცეთ ნაწერი/ნაბეჭდი ტექსტის თავისუფლად გამოყენების საშუალება.

 

 

  1. ტექსტის სიღრმისეული გააზრება — ტექსტში დაფარული სათქმელის, მთავარი იდეის, საინტერესო დეტალების აღმოჩენა… სააზროვნო შეკითხვების დასმა, დისკუსია დილემურ საკითხზე

 

ამოცნობაზე, მიხვედრაზე, დასკვნის გამოტანაზე ორიენტირებული სააზროვნო შეკითხვების, სადისკუსიო დებულებების მოსამზადებლად მასწავლებელს დიდი დაკვირვება, გონიერება და გამჭრიახობა სჭირდება. პრინციპში, ერთ მასწავლებელს ყველა ტექსტზე ამის მოფიქრება არ შეუძლია (ჩემი გამოცდილებით ვამბობ.), დიდ დროსა და მუშაობას მოითხოვს. ეს სახელმძღვანელოს ავტორთა უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს. აგრეთვე, მასწავლებლებმა ერთმანეთის დასახმარებლად კონკრეტულ ტექსტზე მოფიქრებული საინტერესო შეკითხვები და აქტივობები ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ხოლმე. რასაკვირველია, ამ ნაბიჯის გადასადგმელად, ანუ ტექსტის სიღრმისეული გააზრების მიზნით ნაწარმოებთან ხელახლა მიბრუნება, მისი კიდევ ერთხელ გადაკითხვა დაგვჭირდება და მოსწავლეებსაც ისეთი დავალება უნდა შევთავაზოთ, რომელიც მათ ამის საჭიროებას დაანახებს.

 

ამ ნაბიჯზე მუშაობისას არ იგულისხმება მხოლოდ და მაინცდამაინც ტექსტის მთავარ იდეასა და პრობლემაზე კონცენტრირება. საინტერესოა ხოლმე ტექსტში კირკიტი, თითოეულ ფრაზასა და სიტყვაზე, გამოთქმაზე დაკვირვება. საერთოდაც ტექსტის გააზრება ერთი გაბმული პროცესია და ეს ნაბიჯებიც პირობითადაა შემოთავაზებული.

 

ამ დროს ნაყოფიერია ხოლმე დისკუსიები თვითონ ტექსტის მთავარი სათქმელის შესახებ, არცთუ იშვიათად, შესაძლებელია ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გაჩნდეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის და ამაზე მსჯელობაზე სასარგებლო რაღა უნდა იყოს?! ასევე უნდა ვისაუბროთ პერსონაჟებზე, მათ თვისებებზე, იმ დეტალებზე, რომლებიც წარმოაჩენენ გმირების ხასიათს და სხვ.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს ავტორთან მიბრუნება, იმის განხილვა, როგორ ახასიათებს თავად ავტორს თავისივე ტექსტი, როგორ უკავშირდება ამავე ავტორის სხვა ტექსტს, როგორ დაწერდა ასეთ ტექსტს სხვა ავტორი ან სულაც, დაწერდა თუ არა…

 

ყურადღება უნდა გავამახვილოთ ტექსტის ჟანრობრივ მახასიათებლებზე და დავფიქრდეთ, რა შეიცვლებოდა ტექსტში, ის რომ სხვა ჟანრის ნაწარმოები იყოს? შეიძლება დავალებაც კი შევთავაზოთ ბავშვებს, რომლითაც ჟანრობრივ ცვლილებებს მოვთხოვთ. თუმცა ეს შემდეგი ნაბიჯის დავალება უნდა იყოს.

 

  1. ტექსტის ინტერპრეტირება — ახალი რაკურსით წარმოჩენა, სხვადასხვა პროდუქტის (პოსტერი, დღიური, წერილი, სტატია, კომიქსი, ვიდეოსიუჟეტი, სპექტაკლი…) შექმნა

 

ერთობ სასარგებლო, სახალისო და საინტერესო ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელია ინტეგრირდეს მე-10 ნაბიჯთან. ან ეს ნაბიჯიც გადავდგათ, ცხადია, წერის ფუნქციური გამოყენებით ხოლო წერას კიდევ ცალკე დრო დავუთმოთ. რასაკვირველია, არა მხოლოდ საწერი დავალება იქნება ამ ნაბიჯის პროდუქტი. შეიძლება დამზადდეს ვიდეოკლიპი, ინსცენირება, ინტერვიუ…

 

„სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან” მიხედვით ზემოთ შემოთავაზებულ ვიდეობმულში მოცემული დავალება, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა კომიქსი უნდა მოამზადონ და მასში წარმოადგინონ ყველაზე საინტერესო შეკითხვა და პასუხი. ეს დავალება კი ტექსტის ახალი რაკურსით წარმოჩენაზეა ორიენტირებული, თუმცა უფრო მეტი ინტერპრეტირების მიზნით შესაძლებელი იქნებოდა დამატებითი შტრიხებიც შეგვეტანა. მაგალითად:

 

  • მოიფიქრე დამატებითი შეკითხვა, რომელსაც ჭიანჭველა უპასუხებდა.
  • მოიფიქრე შეკითხვა, რომელსაც ჭიანჭველა დაუსვამდა სპილოს და სპილო უპასუხებდა.
  • დაამატე კომიქსში ერთი პერსონაჟი, რომელიც დაადასტურებდა ჭიანჭველას ნათქვამს.

 

ინტერპრეტირების დავალების ნიმუშად შეგვიძლია, განვიხილოთ აგრეთვე ერთგვარი პოსტერიც, რომელზეც ილუსტრაციებითაა გადმოცემული ჭიანჭველების სხვადასხვა თვისება: shorturl.at/lqEJM.

 

უფრო შორსაც შეიძლება ინტერპრეტირების დავალებით წასვლა, თუკი სპილოს სხვა ცხოველთან ჩავაწერინებთ ინტერვიუს. მაგალითად, ასე მოიქცა ქ. ჭიათურის მე-2 სკოლის მასწავლებელი ქალბატონი ნაირა ბაბლიძე, რომლის მოსწავლემაც წარმოადგინა თავის ძაღლთან ინტერვიუ. მასში შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს ხოლმე თავისუფალ დროს, ძვალს ვღრიტნიო”, უპასუხებს მოსწავლის საყვარელი ცხოველი.

 

  1. ფუნქციურ სამეტყველო მოქმედებაზე (თხრობა, აღწერა, შედარება, დასაბუთება) ვარჯიში.

 

ეს ნაბიჯი, ტექსტის დამუშავების გარდა, ემსახურება იმ კომპეტენციების ჩამოყალიბებას, რომლის საოცარი დეფიციტიცაა ჩვენს განათლებულ საზოგადოებაშიც კი (არ ვიცით ამბის მხოლოდ საჭირო წინადადებებით გადმოცემა და მივედ-მოვედებით ხოლმე, ვერ ვახერხებთ საგნისა და მოვლენის ადეკვატურ აღწერას, ვერ ვადარებთ საგნებსა და მოვლენებს ერთმანეთს და არგუმენტირებულად ვერ ვასაბუთებთ საკუთარ მოსაზრებებს). ფუნქციურ სამეტყველო ქმედებებში მოაზრებულია თხრობა, აღწერა, შედარება და დასაბუთება. ოღონდ ეს უკვე წაკითხული ტექსტის თხრობა არ არის ან ამ ტექსტის პერსონაჟის ტექსტისეული აღწერა ან მაინცდამაინც ამ ტექსტის პერსონაჟების შედარება. აბა, რა არის?

 

  • ა) ახალი ამბის მოფიქრება, რასაკვირველია, წაკითხული ტექსტის ელემენტების (პერსონაჟების და/ან თვისებების და/ან გარემოებების და/ან პრობლემის) გამოყენებით;
  • ბ) შეთავაზებული პარამეტრების/კრიტერიუმების/ნიშნების მიხედვით ტექსტში მოცემული რომელიმე პერსონაჟის/საგნის/მოვლენის აღწერა დამატებითი ინფორმაციის ინტეგრირებით;
  • გ) ტექსტის პერსონაჟის/საგნის/მოვლენის სხვა პერსონაჟთან/საგანთან/მოვლენასთან (როგორც ამ ტექსტისეულთან ასევე მის გარეშე) შედარება შეთავაზებული ყალიბის (რა მახასიათებლებით უნდა შეადაროს) მიხედვით.
  • დ) ამ ტექსტში მოცემული ან მასთან დაკავშირებული დებულების დასაბუთება (პოზიციის გამოხატვა, არგუმენტის მოყვანა, შესაბამისი მაგალითებით განმტკიცება).

 

 

  1. წერითი დავალება — დღიურის, წერილის, სტატიის, ესეის, ჩანახატის დაწერა

 

რასაკვირველია, ეს ნაბიჯი შესაძლებელია გადაიდგას, როგორც დამოუკიდებლად, ასევე წინა ორ ნაბიჯთან ინტეგრირებულად. ერთზე კი ყველა ვთანხმდებით: კარგი წერითი ნამუშევრის გარეშე არ უნდა დავასრულოთ ამა თუ იმ ტექსტის დამუშავება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინა ნაბიჯების გადადგმისას ჩვენ ხშირად დაგვჭირდება წერითი აქტივობების შესრულებაც, ოღონდ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რაზე არიან ჩვენი მოსწავლეები ფოკუსირებული, რა არის იმ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი?

 

მაგალითად, როცა ბავშვებს ვთხოვ, შეადარონ ორი პერსონაჟი, სპილო და ჭიანჭველა, მაშინ მათ, რასაკვირველია დასჭირდებათ წერითი სამუშაოს შესრულება და თავიანთ ნამუშევრებს სწორედაც რომ წერითი პროდუქტის სახით წარმოადგენენ. მაგრამ ამ შემთხვევაში წერითი აქტივობა არის საშუალება, რათა მოსწავლეებმა განივითარონ კონკრეტული ფუნქციური სამეტყველო მოქმედების — შედარების უნარ-ჩვევა, ხოლო წერითი დავალება დამატებით უნდა მივცეთ.

 

ჩემი აზრით, „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან” იძლევა სხვადასხვა საინტერესო, სასარგებლო და სახალისო წერითი დავალების შესრულების საშუალებას. ზემოთ ნახსენებ და შემოთავაზებულ ვიდეოში წარმოდგენილი კომიქსიც, ცხადია, წერით ნამუშევრად ჩაითვლება, მით უფრო მაშინ, როცა მოსწავლეებს დამატებითი შეკითხვისა და პასუხების მოფიქრებას დავავალებთ.

 

აგრეთვე კარგი წერითი დავალება იქნება ჭანჭარას დღიურის დაწერა. სწორედაც რომ მისწრება იქნება, რადგან ტექსტში დაწვრილებითაა აღწერილი ჭიანჭველას ყოველდღიური საქმეები და უმცროსკლასელები ადვილად დააგემოვნებენ დღიურის დაწერასაც. შესაძლებელია წერილის მიწერაც, ოღონდ უნდა განვსაზღვროთ ადრესატი და ადრესანტი. მაგალითად, ჭიანჭველა სპილოს სწერს წერილს ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ და სთხოვს, დაამატოს კიდევ ერთი ინფორმაცია ჭიანჭველების შესახებ და ისე გამოაქვეყნოს ეს ინტერვიუ. რასაკვირველია, წერით დავალებაზე მუშაობისას კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ ჟანრის მახასიათებლებზე, რომლებშიც მოსწავლეებს ვამუშავებთ. ანუ ამ შემთხვევაში, წერილის მიწერისას დაიცვას წერილის სამნაწილიანი სტრუქტურა, მისალმება-მოკითხვით, მთავარი სათქმელითა და დამშვიდობებით…

 

დაბოლოს, ვუპასუხოთ ერთ შეკითხვასაც: როგორ განიფინება ზემოთ აღწერილი ნაბიჯები ჩვენს საგაკვეთილო პროცესში და შეესაბამება თუ არა ეს გაკვეთილები ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას? პასუხი ცალსახაა: მშვენივრად. თუკი ამ ნაბიჯებს კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს და თან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებს, ქვეცნებებსა და საკითხებს, კომპლექსურ დავალებებსა და საკვანძო შეკითხვებს დავაკვირდებით, ჩვენი პასუხის სისწორეში უმალ დავრწმუნდებით. ამასთან, ზემოთ აღწერილი ათი ნაბიჯი უმტკივნეულოდ შეგვიძლია გადავიტანოთ თემატურ ერთეულში, რომელსაც ჩვენთვის სასურველი ტექსტის/ტექსტების მიხედვით დავამზადებთ.

 

ჩინეთი – აღმოსავლეთის დრაკონი, რომლისაც არ გვესმის

0

ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის

(სტატია მომზადებულია ორიენტალისტების, პროფესორების ა. მასლოვის, ა. კარნეევის, ტ. რუსკოლას და ჯ. ვასსერსტრომის ლექციების მიხედვით)

 

ევროპელები დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთს ჩამორჩენილ სახელმწიფოდ აღიქვამდნენ, მაგრამ დღეს დასავლეთი იძულებულია, აღიაროს ჩინეთის ძლიერება, გავლენა და უპირატესობა ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროებში. დღევანდელი ჩინეთი, უფრო ზუსტად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ამას დასავლეთის მოძველებული შეფასებები და წარმოდგენები გვისახავდა.

ცისქვეშეთის (ჩინეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი ალტენატიული სახელი, ლ.ა.) სტაბილურობისა და მზარდი ეკონომიკის მიზეზს ერთნი დემოგრაფიულ ფაქტორს მიაწერენ. მეორენი შეთქმულების თეორიებით ცდილობენ ჩინეთის ძლიერების ახსნას, მესამეთ კი მიაჩნიათ, რომ ჩინეთის განვითარება მისი მისტიკური კულტურით არის განპირობებული. ქვემოთ შევეცდებით იმ ფაქტორების წარმოჩენას, რომლებიც ყოველთვის იყო დამახასიათებელი აღმოსავლეთის ამ უნიკალური ქვეყნისთვის. ცნობილი რუსი სინოლოგის, პროფესორ მასლოვის სიტყვებით, „ყველა პასუხი, რომელიც ქვეყნის მომავალს შეეხება, მის წარსულში უნდა ვეძებოთ“.

 

„თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში სხვის კიბეზე ადიოდა,

საკუთარის საპოვნელად ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს“.

ლაო ძი (ძვ. წ. VI-V ს.ს. ჩინელი ფილოსოფოსი, დაოსიზმის ფუძემდებელი)

 

ადამიანს შეიძლება სხვადასხვანაირი სიზმარი დაესიზმროს – შავბნელი და ინფერნალური ან ნათელი და სიხარულით აღსავსე. დღეს ვისაუბრებთ შავბნელ სიზმარზე. უფრო ზუსტად, ევროპის (და ამერიკის) შავბნელ სიზმარზე – ჩინეთზე, თუმცა შევეცდებით, ამ სიზმრის მოსაყოლად ნათელი გზა და ჰაეროვანი სტილი ავირჩიოთ. სტატიის სათაურის მიხედვით შეიძლება ივარაუდოთ, რომ ჩინეთმა, რომელსაც დასავლეთი ხშირად აღმოსავლეთის დრაკონს ეძახის, მსოფლიოში არსებულ წესრიგს (ეკონომიკურს, პოლიტიკურს, იდეოლოგიურს) დღემდე შეუდარებელი და არნახული გამოწვევა შესთავაზა. დიახ, ასეა: ჩინეთმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა (ტერიტორიით მესამე და მოსახლეობით პირველი) მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში (ევროკავშირი, აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთი კორეა) შიში და ხიფათის შეგრძნება გააჩინა. ალბათ ყველას გაგიგონიათ და წაგიკითხავთ შიშნარევი სათაურები სხვადასხვა ჯურის მედიაში: „ჩინეთი იტალიის სამხრეთის პორტებს ყიდულობს“, „ჩინეთმა ლათინური ამერიკისა და აფრიკის საბადოები შეიძინა“, „ჩინელები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დემოგრაფიულ ექსპანსიას ეწევიან“ და მსგავსი. ხშირად ეს ინფორმაცია გაზვიადებულია, ზედმეტად გაბერილი და ჩინეთის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას ემსახურება,  თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ჩინეთი არ ჩანს ან პასიურია მსოფლიო ბაზარზე, ან მას ანგარიშს არ უწევენ. დიახ, ყველაფერი ისე მიდის, რომ რამდენიმე წელიწადში, ჩინეთმა შეიძლება უკან ჩამოიტოვოს დღევანდელი დემოკრატიული სამყაროს ერთპიროვნული ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მეორედან მესამე ადგილზე გადააბრძანა მსოფლიოს მასშტაბით მეორე ეკონომიკა – იაპონია. თუმცა დღეს ამაზე არ ვისაუბრებთ. ეს სტატია არ იქნება დღევანდელი ჩინეთის შესახებ, მაგრამ ყველაფერი, რასაც დღეს ჩინეთზე მოვყვებით, მეტ-ნაკლებად დაკავშირებული იქნება დღევანდელ დღესთან.

ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ ჩინეთზე, რომელიც დღეს ყურადღების ცენტრშია, რომელსაც ყველა ყურადღებით აკვირდება, რომლისაც ყველას ასე თუ ისე ეშინია და რომლისაც თითქმის არავის ესმის. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩინეთისადმი სიფრთხილე და შიში უმეტესად გამოწვეულია არა მისი განვითარების ტემპებით ან მასშტაბებით, არამედ იმ გაუგებრობით, რომელიც ჩინური იდეის, ცივილიზაციისა და კულტურის მიმართ არსებობს.

დღეს თითქმის არავის, სინოლოგების ჩათვლით, არ შეუძლია ბოლომდე გაიგოს ან გათვალოს ჩინეთის განვითარების ლოგიკა. გონებაში ყველას ერთი კითხვა უტრიალებს: „რა იქნება მომავალ 15-20 წელიწადში, როდესაც ჩინეთი დაიწყებს (ან არ დაიწყებს!) ევროპაში, რუსეთში, შუა აზიაში თუ მსოფლიოს სხვა ნაწილებში ექსპანსიას?“ ეს, ალბათ დღევანდელობის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რადგან ყველა ჩვენნაგანი ხედავს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს, როგორებიცაა ევროპაში არაევროპელი მოსახლეობის წილის ზრდა, განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის დაბერება, მსოფლიო ეკონომიკის დეინდუსტრიალიზაცია, არაბული მოსახლეობის მატება საფრანგეთში, თურქებისა – გერმანიაში, ჩინური საშუალო სკოლების რაოდენობის ზრდა ბრიტანეთში და სხვა. სახეზეა მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების დემოგრაფიული შემადგენლობის შესამჩნევი ცვლის პროცესი. ჩვენ თვალწინ იცვლება ის, რასაც კულტურულ კომპონენტს ან ევროპელთა (ამერიკელთა, რუსთა და სხვა) თვითშეგნებას ვუწიდებთ. ჩვენ, საქართველო, აღმოსავლეთი ევროპის ან, სხვაგვარად, ჩრდილო-დასავლეთი აზიის ან, უფრო ზუსტად, სამხრეთი კავკასიის ნაწილი ვართ და ჩვენი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ხალხების, ევროპელებისა და ამერიკელების აღქმით, ჩინეთი ყოველთვის იყო დიდი ისტორიის, კულტურისა და სიბრძნის მქონე, თუმცა მაინც ჩამორჩენილი და ღარიბი სახელმწიფო. ამ დროს, ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში ყველამ დავინახეთ, რომ ჩინეთი, მისი ყველა კომპონენტითა და მაჩვენებლით, ნელ-ნელა მსოფლიოს ლიდერი და მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ხდება.

ზოგიერთი პედაგოგიკური მიდგომა მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის

0

ყველა ადამიანს ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარების საკუთარი გზა აქვს, ამიტომ  ანალიტიკურ მოაზროვნედ, „ანალიტიკოსად“  ჩამოყალიბება ინდივიდუალური პროცესის შედეგია.  ანალიტიკური აზროვნება მაშინ იჩენს თავს, როდესაც მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია და ისინი ახდენენ მის ანალიზს, შეფასებას, ინტერპრეტირებას და სინთეზს, იყენებენ შემოქმედებით აზროვნებას არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად, პრობლემის გადასაჭრელად და დასკვნების გამოსატანად. ამ დროს მოსწავლეს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ „ცოდნა თავად შეიძინა და აზროვნებაც თავად განივითარა“, თუმცა უმნიშვნელოვანესი როლი  აქ შეასრულა მასწავლებელმა, მისმა ჩართულობამ და საქმის მიმართ დამოკიდებულებამ, რადგან ინფორმაციის მიწოდებით „უბიძგა“ მოსწავლეს ანალიზისკენ, შეფასებისკენ, ინტერპრეტირებისა და სინთეზისკენ, არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად შემოქმედებითი აზროვნების გამოყენებისკენ.

საზოგადოდ, ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები მიიჩნევა გამჭოლ უნარებად, რომლებიც ყველა საგნობრივ სფეროში შეიძლება იქნეს გამოყენებული. ისინი მეტად ეხმარება მასწავლებელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში, ცნებებით სწავლებაში და საგნობრივი სტანდარტების თემატური ერთეულების ათვისებაში. მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება მასწავლებლის მხრივ ითხოვს მთელ რიგ განსხვავებულ მიდგომებს და სწავლა-სწავლების სტრატეგიების გამოყენებას. მიზანია ინფორმაციის დამუშავებისა და გამოცდილების საშუალებით სწავლის ხელშეწყობა და არა მხოლოდ ინფორმაციისა და ფაქტების დამახსოვრებით შემოფარგვლა. ამ მიმართულებით  მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის მასწავლებლები უმთავრესად ორ მიდგომას იყენებენ:

  1. I. მარტივ მიდგომა – ეს არის სწავლის ინდივიდუალური შედეგების განსაზღვრა. ამისთვის შეგვიძლია მოსწავლეებს შევთავაზოთ:
  • დავალების შესრულებისას, გადაწყვეტილების მიღებამდე, განსაზღვრონ საკუთარი არჩევანის პრიორიტეტულობა;
  • სწავლის შედეგები დაყონ ოპერაციებად, რომლებიც ექვემდებარება სწავლებას/სწავლას (მაგალითად, შეადგინონ იდეების ჩამონათვალი, შეარჩიონ იდეები, დაახარისხონ შერჩეული იდეები, შერჩეული იდეები გაამყარონ არგუმენტებით და დაუკავშირონ ისინი საკუთარ  გადაწყვეტილებას).

როგორ  შეიძლება მოცემული მიდგომის პრაქტიკული განხორციელება? აღსანიშნავია, რომ იმ უამრავი ტიპის დავალებებსა  და სავარჯიშოებს შორის, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ  სწავლის ინდივიდუალური შედეგები და შევაფასოთ მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების დონე, პროექტული ხასიათის დავალებები ყველაზე მოხერხებულია. მოვიყვანოთ მაგალითი სამოქალაქო განათლების სწავლების ბლოკიდან,  კერძოდ, პროექტი „მოქალაქე“, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალ ქვეყანაში სამოქალაქო განათლების კონტექსტში და მეტად უწყობს ხელს  მოსწავლეთა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების მთელი რიგი ელემენტების განვითარებას.

აქტივობის მიხედვით, მოსწავლემ უნდა წარმოიდგინოს ის პრობლემური საკითხები, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე გატარებული საჯარო პოლიტიკის საშუალებით, მაგრამ ამისთვის მას სჭირდება რამდენიმე სააზროვნო  ოპერაციის ჩატარება:

  • გაიაზროს საჯარო პოლიტიკის არსი და შეადგინოს იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც გავლენას ახდენს ადგილობრივ საზოგადოებაზე;
  • შეარჩიოს საზოგადოებაზე გავლენის მქონე ერთ-ერთი საკითხი, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია ადგილობრივი საჯარო პოლიტიკის საფუძვლიანი შესწავლით;
  • შერჩეული საკითხის შესახებ შეაგროვოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან (მაგალითად, სათანადო პასუხისმგებლობის მქონე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, იმ მოქალაქეებისგან, რომლებზეც ზემოქმედებს აღნიშნული საკითხი, სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირებისგან, ინტერნეტის გამოყენებით და სხვ);.
  • დაახარისხოს მოპოვებული ინფორმაცია და გააანალიზოს პრობლემის მოგვარების შესაძლო გზები;
  • აირჩიოს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო გზა და დასახოს მოქმედების გეგმა, რომელიც პრობლემის მოგვარებას ემსახურება;
  • მოამზადოს პრეზენტაცია, რომელშიც:
  • მოცემული იქნება საკითხის აღწერილობა და იმის განმარტება, რატომ არის ამ საკითხის მოგვარება მნიშვნელოვანი და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოგვარებაზე;
  • წარმოდგენილი იქნება საკითხის გადაჭრის რამდენიმე შესაძლო გზის ანალიზი (რომლითაც გამოიკვეთება საკითხის გადაჭრის დადებითი და უარყოფითი შედეგები);
  • შემოთავაზებული იქნება საჯარო პოლიტიკის, მისი შესაძლო შედეგების, მის გატარებასთან დაკავშირებული ხარჯების აღწერილობა;
  • იქნება დასკვნა, თუ რამდენად ესადაგება მოცემული საკითხი და მისი გადაწყვეტის გზა ადამიანის უფლებებს;
  • წარმოდგენილი იქნება ისეთი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მოქალაქეებს იმისთვის, რომ დაარწმუნონ შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების წარმომადგენლები შეთავაზებული საჯარო პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაში;
  • შევხვდებით აღწერილობას, თუ როგორ უნდა მოხდეს მიღებული შედეგების პრეზენტაცია მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ადგილობრივი შეხვედრის ან უფრო ფართო საჯარო ღონისძიების ფარგლებში;
  • იქნება დასკვნა, თუ რა ღირებულებები შეიძინეს მოსწავლეებმა, როგორი დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდათ, შეძლეს თუ არა საკითხის  კრიტიკული  გააზრება და გაცნობიერება;
  • და სხვ.

პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეებს მოუწევთ მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობა, საზოგადოების წარმომადგენლებთან სხვადასხვა გზითა და საშუალებით ურთიერთობა, სხვა პირებთან კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება თავიანთი დასკვნებსი შესახებ, მათთვის საკუთარი წინადადებების გაცნობა, პროცესების ერთობლივი მართვა. შესაბამისად, კონკრეტული პროექტი და ამ ტიპის დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

  1. II. შედარებით რთულ მიდგომაა, როდესაც მოსწავლეს ვთავაზობთ, გაამახვილოს ყურადღება:
  • სხვადასხვა მასალის დახარისხებაზე; მასალაში მოცემული შინაარსის აღქმასა და იმ მოსაზრებების კვლევაზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ინფორმაციას; მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და იმ წინაპირობებისა და ვარაუდების შეფასებაზე, რომლებსაც ეფუძნება მოცემული მასალა; კონკრეტული კითხვების დასმაზე, ეჭვის გამოთქმაზე  ან  მინიშნებების გამოყენებაზე; სხვადასხვა ნაბეჭდი, ვიზუალური, აუდიო- თუ ციფრული მასალის შერჩევაზე; ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებასა და საკუთარი შედეგის შეფასებაზე.  

მოვიყვანოთ მაგალითები ისტორიის სწავლების კურსიდან:

  • სხვადასხვა მასალის დახარისხებაზე ყურადღების გამახვილება – როდესაც მოსწავლეები ახარისხებენ უძველეს ტექსტებს საწერი მასალის ან შინაარსის მიხედვით (თიხის ფირფიტა, პაპირუსი, ქაღალდი… სამეურნეო-ეკონომიკური ხასიათის ტექსტები, დიპლომატიური შინაარსის წერილები, მემუარები…);
  • მასალაი მოცემული შინაარსისა და კვლევის იმ მოსაზრებების აღქმა, რომლებიც საფუძვლად უდევს ინფორმაციას – მაგალითად, მოსწავლეები მსჯელობენ,  რამდენად შესაძლებელია,  პირამიდების ტექსტებში მოიპოვებოდეს ინფორმაცია ბაბილონის დაკიდებული ბაღების შესახებ; შესაძლოა თუ არა, ალექსანდრე მაკედონელს ელაშქრა ქართლში და ეს არ ასახულიყო მის ბიოგრაფიაში; რატომ უნდა დაეწერა პროკოპი კესარიელს  „საიდუმლო ისტორია“ და ა.შ.;
  • მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და იმ წინაპირობებისა და ვარაუდების შეფასებაზე მსჯელობა, რომლებსაც ეფუძნება მოცემული მასალამაგალითად, განიხილავენ ინფორმაციას ბერძენ-სპარსელთა ომში მე-18 და მე-19 სატრაპიების მონაწილეობაზე, ანუ რამდენად შეიძლებოდა ამ ომის მონაწილენი ყოფილიყვნენ იბერიელი და კოლხი მეომრები; ან განიხილავენ იულიუს კეისრის მოგონებას ჩრდილოეთ ევროპაში ლაშქრობისას გერმანულ ტომებთან საომარი შეტაკების შესაძლო მართებულობაზე; ან მსჯელობენ ქსენოფონტეს ჩანაწერებზე   სპარსეთის იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკური ამბების შესახებ და სხვ.;
  • კითხვების დასმა, ეჭვის გამოთქმა ან მინიშნებების გამოყენება  – მაგალითად, სვამენ კითხვებს იმ ისტორიული ვითარების შესახებ, რომელშიც მიმდინარეობს წყაროში/ნარატივში აღწერილი მოვლენები; ან ეჭვს/ვარაუდს გამოთქვამენ  ნაშრომის შესრულების შესაძლო გარემოებებზე; ან პოულობენ მინიშნებას, როდის, სად და ვის მიერ უნდა იყოს დაწერილი ინფორმაცია;
  • სხვადასხვა ნაბეჭდი, ვიზუალური, აუდიო თუ ციფრული მასალის შერჩევა – მაგალითად, როდესაც ინფორმაცია ეხება შუა საუკუნეებს, განსაზღვრონ, როგორ გერბებს ან დროშებს იყნებდნენ და სწორად შეუსაბამონ ისინი რეალურ ისტორიულ გარემოს; შეარჩიონ იმდროინდელი მანუსკრიპტის სტილი, ილუსტრაცია, პორტრეტი, წერილი, ჩანაწერი, დღიური და ა.შ.;
  • ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება – ამ დროს მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და ყურადღებით შეისწავლიან ინფორმაციას, აანალიზებენ, კრიტიკულად განიხილავენ და აღმოაჩენენ შეცდომებს; მუშაობისას გამოთქვამენ მოსაზრებებს, მოიყვანენ არგუმენტებს, შეაფასებენ  თანაკლასელთა ნამუშევრებს, გახდებიან  ერთგვარი  „ექსპერტები“…);
  • საკუთარი შედეგის შეფასება – დააკვირდებიან საკუთარ საქმიანობას:
  • გამოთქვა თუ არა საკუთარი მოსაზრება, მოიყვანა თუ არა არგუმენტი ასაკისა და სწავლის საფეხურის შესაბამისად;
  • წარმოაჩინა თუ არა მოცემული პრობლემის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება (მაგალითად, სხვა ეპოქის ადამიანებისადმი ემპათია, ან გამოხატა თუ არა ისტორიული პირებისადმი თანაგანცდა, ან გამოავლინა თუ არა დამოკიდებულება კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და ა.შ.);
  • შეძლო თუ არა ისტორიული მოვლენების გაგება და გააზრება, გარდასული ეპოქის ადამიანის ქცევის მოტივების განსაზღვრა;
  • გადაწყვიტა თუ არა პრობლემური და შემეცნებითი ხასიათის ამოცანები;
  • გამოამჟღავნა თუ არა სახელმძღვანელოსა და დამატებით მასალაზე მუშაობის უნარი (ანალიზი, არგუმენტირება, გრაფიკული მახასიათებლების, ტექსტური და სხვა სახის ინფორმაციის შედგენა/წარმოდგენა);
  • შეძლო თუ არა საკუთარი საქმიანობის კონტროლი, სწორად შესრულებული დავალების შეფასება, გეგმის მიხედვით საქმიანობა;
  • შეძლო თუ არა ინფორმაციის ჩაწერა, გადაწერა, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა, თეზისებისა და კონსპექტების შედგენა, პრობლემის ფორმულირება, დასკვნების გამოტანა;
  • მოახერხა თუ არა ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა ხერხის გამოყენება;
  • გამოიყენა თუ არა ნასწავლი მასალა, მოიშველია თუ არა რეპროდუქციული და პროდუქციული კითხვები;

და ა.შ.

მთავარი ხარვეზი, რომელმაც ამ მიდგომებით სარგებლობისას შეიძლება იჩინოს თავი, არის  მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების სისტემა, ამიტომ, განურჩევლად იმისა, თუ რომელ  მიდგომასა და სტრატეგიას გამოვიყენებთ სწავლებაში, მთავარია, მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტერესები  და საჭიროებები  მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და სწორად შეფასებული. ასე მასწავლებლები კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ მოსწავლეთა  ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარებისკენ.

 

 

 

პალიასტომის ტბა

0

იმ დღეს სამდღიან შეხვედრაზე წავედით. მთელი ერთი ავტობუსი ხალხი ვიყავით, ზოგი აცრილი, ზოგიც აუცრელი. თუმცა, ყველა პსრ ტესტ ნაზიარები და შესაბამისი საბუთით შეიარაღებულნი. ნიღბებიც მორგებული გვქონდა და  ამ ნიღბებს მიღმა სუნთქვაც ჭირდა, მაგრამ იყო მაინც რაღაც ხიბლი, რომ კომპიუტერებს მოვწყდით და ერთმანეთს ეკრანებიდან კი არა, რეალურად ვუყურებდით.

არც მეტი, არც ნაკლები, ფოთში წავედით. ამ ქალაქს მეორედ ვესტუმრე. ადრე, 2008 წელს ფოთის პირველ საშუალო სკოლაში სამეცნიერო პოპულარულ ლექციებს ვკითხულობდი. გამაოცა ფოთელი მოსწავლეების ქიმიაში  მომზადება -მონდომებამ და ამ სკოლის ქიმიურმა ლაბორატორიამ.

ამჯერად, ჩვენი მიზანი პალიასტომის ტბიდან ფიჩორზე გასვლა, წყლის სინჯების ადგილზე გაანალიზება და ერთად დისტანციურ ზონდირებაზე მსჯელობა იყო.

სასტუმროდან გადავუხვიეთ და გრძელ გზას დავადექით. აქეთ იქიდან ქუჩის ძაღლები მიგვაცილებდნენ  და ეზოებში გამომწყვდეულ სხვა ძაღლებთან რაღაც გადაძახილ დიალოგს აწყობდნენ. ასე ვიარეთ მდინარე კაპარჭინაზე გადებულ ხიდამდე, ხიდზე გადავედით და პალიასტომის ნაპირს მივადექით. იქვე ახლოს საცხოვრებელი სახლები დგას, რაღაც კორპუსის ტიპის ბარაკები. უნებურად ვიფიქრე, რომ ალბათ აქ მცხოვრები ხალხი ვერც კი აცნობიერებს წინ გადაშლილ ხედს და ტბიდან მომავალ ჰაერს. და კიდევ, წესით ესენი ავად არასდროს არ უნდა ხდებოდნენ.

ნაპირიდან ბორანზე გადავდივართ და ტბაში შევდივართ.

„პალიასტომის შესახებ გურიაში არსებობს ერთი ლეგენდა: ახლა რომ ტბაა, იმ ადგილას უწინმ თურმე, ხმელეთი იყო, ზედ ხალხი იდგა და ამ ხალხს „პავლიას ტომს“ ეძახდნენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცებ წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხიც და ყოველივე სულდგმული დაიხრჩო, მხოლოდ ერთმა დიაკვანმა მოასწრო, გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკვანიც გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენესო. ჯუმათის მთაზე ეკლესია დღესაც არსებობს. ხალხი, გვარად დარჩია, დღესაც ცხოვრობს სოფ. ჯუმათში და ბევრი მათგანი სასულიერო წოდებისაა, მაგრამ ლეგენდაში მოყვანილი ამბავი რამდენად მართალია, ამისი კი რა მოგახსენოთ. პალიასტომის ტბა უფრო მის მახლობლად მდებარე მთებიდან მონაწრეტსა და დაბლობში შეგროვებულ წყალსა ჰგავს, მიწამ მიწისძვრისგან ამონახეთქსა, თუმცაღა შეუძლებელი კი არც ამ უკანასკნელშია რამე “. (პალიასტომის ტბა, ეგნატე ნინოშვილი).

ჰოდა, ჩვენც ამ ტბაში შევცურეთ. ტბის შუაგულში ჯვარი აღუმართავთ და ზედ რაღაც დიდი ფრინველები სხედან. ამ ჯვარზე ლეგენდებს ყვებიან. ხალხი იხრჩობოდა თურმე ამ ადგილას. რაღაც წამოსდებიათ ხელში, მოსჭიდებიან და გადარჩენილან. ეს რაღაც ჯვარი აღმოჩნდა, შეიძლება სულაც იმ დატბორილი სოფლიდან, რაზეც ეგნატე ყვებოდა წეღან. შემდეგ ჯვარი სადღაც წაუბრძანებიათ და სანაცვლოდ ეს სიმბოლური აღუმართავთ, სადაც ახლა დიდი ფრინველები სხედან და ფრთებს იშრობენ.

ცოტა მოშორებით სფაგნიუმის ხავსებია. ტუნდრისთვისაა დამახასიათებელი და სახელწოდება ღრუბელს აღნიშნავს. ღრუბელივით იწოვს ნალექებს და 25-ჯერ იმატებს თურმე ზომაში.

თურმე, ასტრახანში, მიძინების ტაძარში, სადაც ჩვენი ორი ქართველი მეფის საბოლოო განსასვენებელია, ერთ-ერთ მათგანში, კერძოდ, კი თეიმურაზ პირველის საძვალეში ჩაფენილი სფაგნიუმის ხავსები უპოვიათ. საოცრად ცოცხლად შეუნახავთ, თურმე ცხედარი. მე ასტრახანში 12 წლისა ჩავედი დედასთან ერთად. მოგზაურობა ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილების წყაროა. ამას დიდი მოგზაურებიც ხვდებოდნენ და ალბათ ამიტომაც სერავდნენ დაუღალავად ზღვებსა და ოკეანეებს.

ისე, ყველაფერში ბედი გინდა ადამიანს.

ერთი კაცი იყო, 1193-1203 წლებში იმ დროისთვის ცნობილ სამივე კონტინენტზე იმოგზაურა. ინდოეთში ჩავიდა და იქიდან ჩინეთისკენ განაგრძო გზა. გადავიდა მონღოლეთში, ხატაეთში, ხაზარეთში, რუსეთში. იქიდან კიევის რუსეთის გავლით დასავლეთიდან დაუყვა შავ ზღვას, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, იქიდან-საბერძნეთში, იტალიასა და საფრანგეთში და რა ვიცი, სად აღარ.

ლამის საუკუნის შემდეგ კიდევ ერთმა კაცმა გაიარა იგივე გზა და მთელ დუნიაზე გაითქვა სახელი. პირველის ვინაობა კი, დუნიას ვინ ჩივის, თითო-ოროლა ქართველმა თუ იცის…

პირველი თამარ მეფის მდივანი ჩახრუხაძეა, მეორე-მარკო პოლო.

ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა-კაკალიც არაო, ამაზე უთქვამთ.

ჰოდა, მე და დედაც იმხანად მოგზაურობის ჟინით ვიყავით შეპყრობილნი. უფრო სწორად, დედა ჰყავდა ატანილი მოგზაურობის ჟინს, მე კი კვერს ვუკრავდი.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ახლა უკვე საქმიანი მიზნით მიწევდა ხოლმე მოგზაურობა. 2020-ში კი ყველაფერი გაჩერდა და აგერ ახლა დაიწყო ამოძრავება.

ჰოდა…

სადღაც ფიჩორის მისადგომებთან შესვენებისთვის ხმელეთზე გადავედით და სახელდახელოდ  წყლის ანალიზებიც ჩავატარეთ.  რაც ჩვენ იქ გამოვიკვლიეთ, ზუსტად იმავეს გამეორება თქვენც შეგიძლიათ იმ მდინარეებისა და წყლებისთვის, რაც თქვენთან ახლოს ჩამოედინება.

მაშ ასე…

 

წყლის საერთო ტუტიანობა

საჭირო რეაქტივები: 0.1N HCl/H2SO4;  ფენოლფტალეინი 1% და მეთილ წითელი 1%.

250-300მლ კონუსისებრ კოლბაში ასხამენ 100მლ საანალიზო წყალს, ამატებენ 2-3 წვეთ თითოეულ ინდიკატორს და ტიტრავენ 0.1N მარილმჟავას ხსნარით, ხსნარის შეფერილობის ყვითლიდან ვარდისფერში გადასვლამდე.

ფორმულა: α×K×1000/100 ×100= α×K/10=0.1×α ×K

სადაც, α გატიტვრაზე დახარჯული მჟავას რაოდენობაა მლ-ში, K -შესწორების კოეფიციენტი;

 

წყლის საერთო მჟავიანობა

საჭირო რეაქტივები: 0.1N NaOH; მეთილ წითელი 1%.

250-300მლ კონუსისებრ კოლბაში ასხამენ 100მლ საანალიზო წყალს, ამატებენ 2-3 წვეთ ინდიკატორ მეთილწითელს და ტიტრავენ 0.1N ნატრიუმის ტუტის ხსნარით, ხსნარის შეფერილობის  ვარდისფრიდან არ გადავა ნათელ ყვითელში.

ფორმულა: α×K×49

სადაც, α გატიტვრაზე დახარჯული მჟავას რაოდენობაა მლ-ში, K -შესწორების კოეფიციენტი;

 

ნიტრატ იონების აღმოჩენა

სინჯარაში ვათავსებთ 5-10 მლ წყალს და წვეთობით ვამატებთ გოგირდმჟავაში გახსნილი დიფენილამინის ხსნარს. ნიტრატ იონების არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება თეთრი ფიფქები. თუ მორუხო ფერში გადავლენ, ნიშნავს იონების მაღალ კონცენტრაციას.

 

ფოსფატ  იონების აღმოჩენა

სინჯარაში ვათავსებთ 5-10 მლ წყალს და წვეთობით ვამატებთ ვერცხლის ნიტრატის ხსნარს. ფოსფატ  იონების არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება ყვითელი ვერცხლის ფოსფატის ნალექი.

 

სანაპირო წყლებში, განსაკუთრებით მდინარეების შესართავებთან, ხშირად შეინიშნება მღვრიე წყლის ნაკადი. სიმღვრიე  გამოწვეულია წყალში არსებული ნახევარი მიკრონიდან რამდენიმე მილიმეტრამდე  ზომის მცირე ნაწილაკებით, ასევე  ზოგიერთი მინერალის (თიხა ან ორგანული წარმოშობის) შემცველობის გამო. სიმღვრივის გამომწვევ ნაწილაკებს -შეწონილი ნაწილაკები ეწოდება. მათ შორის შეიძლება იყოს წყალმცენარეებიც.

სპეციალური სენსორის მეშვეობით შეწონილი ნაწილაკების კონცენტრაციაც განვსაზღვრეთ. შეწონილი ნაწილაკები თავიანთი შედგენილობით განსხვავებულია ბუნებრივ წყლებში. შეწონილ ნაწილაკებს ყოფენ ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებად. პირველს ჰუმუსის ნაწილაკები, მცენარეთა და ცხოველთა  ნარჩენები, სხვადასხვა საოჯახო და ტექნოლოგიური ნარჩენები მიეკუთვნება. ეს ყველაფერი ხშირად გვხვდება მდინარეებში. მინერალური შეწონილი ნაწილაკები წარმოდგენილია ქვიშით და ხრეშით. ასევე წვრილდისპერსიული თიხით, სხვადასხვა მინერალების ნამცეცებით და მთის ქანებით.

სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მონიტორინგისთვის ინფორმაცია, შეწონილი ნაწილაკების გავრცელების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ორგანული ნაწილი შედგება ორგანიზმის ხრწნადი ფრაგმენტებისა და ფეკალიებისგან;
  • სხვადასხვა ნაწილაკები ქმნიან სხვადასხვა ფორმის და სტრუქტურის ე.წ. ფანტელებს (ჰუმუსური მასალის ნაწილს);
  • ფანტელები მრავალი მიკროორგანიზმის სუბსტრატს წარმოადგენს და ისინი ვითარდებიან ფანტელებში არსებული მინერალური მასალის გახრწნის ხარჯზე;
  • მთელი რიგი არაორგანული და ორგანული „კვალის“ ნივთიერებები შეტივტივდებიან შეწონილ ნაწილაკებთან და მონაწილეობენ ფანტელების ფორმირებაში.

 

ფიჩორზე გასვლისას ხის რაღაც მორები წყალში იმგვარად ტივტივებენ, ნიანგი გეგონება. თან მხიარული, ენაწყლიანი  ადგილობრივი თანმხლები გვყავს. იცინის, ერთი ჯგუფი მყავდაო, ფიჩორზე ნიანგების არსებობა დავაჯერეო. ოღონდ, ავუხსენი, რომ საღამოს შვიდის შემდეგ გამოდიანო. ირწმუნესო… სიაც კი შედგა, ვინ რომელ დღეს ნახავდა ნიანგებს საღამოს შვიდის შემდეგ ფიჩორზე.

ახლა ამას გნებავთ ცნობისმოყვარეობა დაარქვით, გნებავთ გულუბრყვილობა და გნებავთ… თავგადასავლების სიყვარული.

ჩვენ კი უკან დავბრუნდით, კვლავ პალიასტომის გამოვლით და მომავალი თავგადასავლების იმედით.

 

გაკვეთილები დისტანციური სწავლებისთვის

0

კაცობრიობის არსებობის მანძილზე მასწავლებელი მუდმივად ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე იდგა და ყოველი ახალი გამოწვევა წინა გამოწვევებზე ბევრად უფრო მეტ  შემოქმედებითობას და რაციონალურობას მოითხოვდა. ასე მოხდა ახლაც, ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში მთელი მსოფლიოს მასწავლებლებმა საკუთარი სახლებიდან დაიწყეს მასწავლებლობა.
ამ წიგნში გაეცნობით მასალებს ჩვენი მასწავლებლების დისტანციური გაკვეთილებიდან. ეს გაკვეთილები, უკეთესი ორიენტირებისთვის, რამდენიმე ნაწილად გავყავით. გაკვეთილები, რომლებიც საკლასო ოთახებში შეგვეშველებიან, უსაფრთხოების გაკვეთილები, გაკვეთილები მშობლებისთვის და გაკვეთილები, რომელიც აუცილებლად თან უნდა ვიკითხოთ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო,  საგანმანათლებლო  რესურსი “mastsavlebeli.ge” გთავაზობთ ახალ წიგნს – გაკვეთილები დისტანციური სწავლებისთვის.

წიგნში გაერთიანდა ყველა ის საგანმანათლებლო  პრაქტიკული რესურსი, რომელიც შეიქმნა ჩვენი ავტორებისა და მასწავლებლების მიერ, დისტანციური სწავლებისთვის “თვითიზოლაციის” პერიოდში.

 წიგნის სრული ვერსია შეგიძლიათ  ჩამოტვირთოდ ქვემოთ მოცემული ბმულიდან 

გაკვეთილები დისტანციური სწავლებისთვის

 

მასწავლებლის ერთი დღე, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის

8

კიდევ ერთი ამბავი იმაზე, რომ სიტყვებს სამყაროს შეცვლა შესძლებია

 

შეუკაზმავ მუსტანგზე ამხედრებული, ყველა დაბრკოლებას ვლახავ, ისე მივქრი, რომ ქარიც ვერ მეწევა. ის-ისაა, ცაში უნდა ავიჭრა, ღრუბლები ქვემოთ მოვიტოვო და მოელვარე ცისარტყელას გადავაფრინდე, რომ იოჰანეს ბრამსის Wiegenlied-ის მშვიდი, ზომიერი მელოდია ჩამესმის. მელოდია მეორდება და მეორდება, თითქოს დროის მარყუჟში ჩავრჩი…

მრავალჯერ ნანახ რეკლამასავით ვიცი, რაც მოხდება: ხელის ფათურით ვიპოვი მობილურ ტელეფონს და მაღვიძარას გავთიშავ, ჩემი დროის მარყუჟიც დაიშლება და დილის ჩვეულებრივ რუტინას დავუბრუნდები. ფიქრებიც დაიწყებენ გამოფხიზლებას: იქნებ ჯობდა, მართლა მოვხვედრილყავი დროის მარყუჟში? გამოფხიზლება და ადგომა ისე გამიჭირდება, რომ თანახმა ვიქნები, გამუდმებით აწმყოში ვცხოვრობდე, გამუდმებით დილის 6 საათი იყოს და მუდმივად ჩამესმოდეს სევდიანი, ძალიან მშვიდი მელოდია.

რეკლამა სრულდება და რეალობა მთელი სიცხადით ატყდება თავს ძილ-ბურანით დაბინდულ გონებას: ბავშვები, ბავშვები, მეოთხეკლასელები. დროის მარყუჟი თავისთავად ქრება და წასასვლელად ვემზადები.

დილის ექვსი საათია. ამ დროს, წესით, უკვე ყველა მასწავლებელს ღვიძავს და დილის რუტინის პარალელურად დღეს კიდევ ერთხელ გეგმავს. თუ რაღაც ამოუხსნელი გზით მასწავლებლების გონებაში   ჩაიჭყიტებით, განურჩევლად სპეციალობისა და ეროვნებისა, უამრავ სხვა წვრილ-წვრილ მანტრასთან ერთად ერთი მთავარი მანტრაც დაგხვდებათ: „დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს!“

 

გზა სკოლისკენ

სანამ მეტრომდე მივაღწევ, თბილისის ძველი უბნის ძალიან ძველი ქუჩა უნდა გავიარო. ქუჩა ვიწროა, ტროტუარებიც ვიწრო აქვს, ორი კაცი გვერდს ვერ აუქცევს ერთმანეთს. უნდა გაჩერდე და გაატარო, თითქოს განზრახ გაუკეთებიათ ასეთი, რომ ადამიანებმა ერთი წუთით მაინც ჩავხედოთ თვალებში ერთმანეთს, იქნებ წინა ცხოვრებებსა და რეინკარნაციებში სულაც და-ძმა, ცოლ-ქმარი ან უბრალოდ მეგობრები ვიყავით. იქნებ მოსწავლე -მასწავლებელიც? ასეთი სულელური ფიქრები ზამთრისპირს, ვიწრო ტროტუარსა და თბილისში დილაობით ჩამოწოლილ ბურუსს სცოდნია. ბურუსს, რომელსაც წვიმაც ერთვის, მომაბეზრებლად რომ ცრის.

რეინკარნაციებზე ბოლო დროს დავიწყე კითხვა და მომწონს ეს იდეა, თუმცა ჯერ რწმენამდე არ მივსულვარ. ალბათ ვერც მივალ. შუა გზაში შეწყვეტილი რწმენებით მაქვს გამოტენილი გონება. უჰ, იმდენია ასეთი რწმენა – დაუსრულებელი, მიტოვებული.

ერთი კაცი მხვდება. ვჩერდები. ისიც დგება, თვალს თვალში ვუყრით ერთმანეთს. ნაღვლიანი მზერა აქვს, ამინდივით და საერთოდ ცხოვრებასავით. ამის მასწავლებელი რომ ვყოფილიყავი, – მეცინება გულში და მწვანე, კუბოკრული ბოტებით ჭადრის ხმელი ფოთლების ზღვაში მივცურავ. შხრ, შხრ, შხრ – ფოთლების მტვრევის ხმა ბავშვობაში მაბრუნებს, როცა სკოლიდან მე და ბებია მივუყვებოდით სახლის გზას. ბებია გაფრინდა, მე მოსწავლე მასწავლებლად ვიქეცი.

მეტროში ჩავდივარ, ფანტაზიას ფართოდ ვუღებ კარს, წარმოვიდგენ, რომ ქვესკნელში ჩავდივარ და იქიდან ან დავბრუნდები, ან არა. სწავლების ყოველი დღე რაღაცით მართლაც ჰგავს ქვესკნელში ჩასვლას, დღის დასრულება კი დაბრუნებაა – ხარ ახალი გამოცდილებებით სავსე და კიდევ ერთბრძოლამოგებული.

 

სკოლა

ყველაზე რთული კლასის დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი ვარ. სულ მეორე წელია, რაც ამ სკოლაში ვმუშაობ. ისეთი კლასი ჩამაბარეს, ჩემამდე რამდენიმე დამრიგებელი რომ ჰყავდა გამოცვლილი. იარლიყების მიკერება ჩვეულებრივი ამბავია სკოლებში, მასწავლებლები ყოველთვის ჩურჩულებენ, რომელი კლასია წყალწაღებული და რომელი – „წყალმოტანილი“. ეს ჩემი კლასი კი უბრალოდ „რთული“ იყო. სხვა მასწავლებლებმა რომ გაიგეს, ამ „რთული კლასის“ დამრიგებელი ვიქნებოდი, თვალები მრავალმნიშვნელოვნად გადაატრიალეს და თავი დანანებით გადაიქნიეს. ვეცოდებოდი, ნამდვილად, გულწრფელად. ჯერ ერთი, ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, მეორე – ამ კლასის პრობლემებზე უკვე ლეგენდები დადიოდა.

ჰოდა, შევედი პირველად და ოცმა განსხვავებულმა ხასიათმა, ოცმა განსხვავებულმა სამყარომ შემომანათა თვალები. თითოეულს საკუთარი აზრი ჰქონდა აბსოლუტურად ყველაფერზე, ყველა წვრილმანზე, და თითოეული მათგანი თავგამოდებით იცავდა ამ აზრს. თან ეს აზრები არასდროს ემთხვეოდა ერთმანეთს და ყველა გაკვეთილი ხელჩართული ბრძოლით სრულდებოდა. არც შეურაცხმყოფელი ლექსიკა და ფიზიკური შეხება ყოფილა უცხო. ამიტომაც მაქვს ამოჩემებული დილის მანტრა და ამიტომაა სკოლაში წასვლის მეტაფორა ქვესკნელში მოგზაურობა.

ძალიან მიჭირს, ძალიან, ხან მგონია, რომ მორჩა, დავნებდები, დავუსვამ წერტილს, მაგრამ საკმარისია, რომელიმე ბავშვისგან ქაღალდის ნაგლეჯზე გაუმართავი კალიგრაფიით დაწერილი „მიყვარხართ, მას“ და იქვე მიხატული მობრეცილი გული მივიღო, ახალი ენერგიით ვივსები და ისევ ვეკვეთები ხოლმე, ისევ ვგუგლავ, ვეძებ კლასის მართვის საუკეთესო მეთოდებს, „პინტერესტი“ უკვე ავითვისე, უამრავი სამოტივაციაო, წამახალისებელი ბარათი დავამზადე, წინ მივიწევთ, მაგრამ ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად. ყველაზე დიდ პრობლემად ურთიერთობა რჩება. ჩაგრავენ, ურტყამენ ერთმანეთს, მეორე წუთას კი უყვართ და სიყვარულს ეფიცებიან, უჭირთ გრძნობების გამოხატვა, ემოციების კონტროლი. გაბრაზება იციან ისეთი, თითქოს ამერიკის ყველა ქარიშხალს ამ პატარა კლასში მოეყაროს თავი, ბზრიალებს, ბზრიალებს და ითრევს ყველა ნივთსა და ბავშვს, იქით ვარდისფერი ჩანთები ცვივა, აქეთ მწვანე რვეულები მოფრინავს, იატაკზე წიგნები გმინავენ, ჭაღზე საწყლად კონწიალობს ლურჯი პერანგი… ვიღაც ტირის, ვიღაცას სტკივა, ვიღაც იმუქრება, ვიღაცა საერთოდ გარბის სკოლიდან.

ზარი ირეკება. გაკვეთილი იწყება.

 

გაკვეთილზე

ხშირად მიფიქრია, სად არის პრობლემების სათავე, მაგრამ ამ ბრაზისა და ემოციების მდინარეს მხოლოდ ერთი სათავე არ ექნება, ეს სათავეები კომპლექსურია და მათში ლამის მთელი სამყაროა ჩართული. ყველა დამნაშავე ვართ, მეც, შენც, ისიც. ამას ხვდებიან ბავშვებიც და კიდევ უფრო ბრაზობენ, კიდევ უფრო გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს. მეორე წუთას კი ნანობენ და ბოდიშებს იხდიან, პირობას დებენ, იფიცებიან, რომ ეს გაცხარება უკანასკნელი იყო.

გაკვეთილს კლასის წესების შეხსენებით ვიწყებთ (ეს წესებიც თავად მოიფიქრეს; ესაა, რომ დაცვა ავიწყდებათ, ამიტომ უზარმაზარ ფორმატზე ამობეჭდილები დაფის ზემოთ კონწიალობენ).

ფანჯრიდან მთები მოჩანს, წვიმა ისევ ცრის, ეზოში რამდენიმე ბავშვი გუბეებში დააჭყაპუნებს. წამიერად ფიქრი გუშინდელ დღეს უბრუნდება: ბავშვობის მეგობარი მესტუმრა, ნანა, და შვილის პრობლემა შემომჩივლა. 12 წლის ირაკლი რატომღაც აუთვალწუნებიათ რაიონის სკოლაში, დაცინვა და ჩაგვრა დაუწყიათ. ირაკლი ვარჯიშობს, ჭიდაობს, მშვენივრად შეუძლია აბეზარი მჩაგვრელების მოგერიება, მაგრამ ფრთხილობს, არ უნდა, ვინმეს ზიანი მიაყენოს. არადა სიტუაცია დღითი დღე აუტანელი ხდება. დედამისი სხვა სკოლაში გადაყვანაზეც ფიქრობს. იმაზეც ბრაზობს, მისი შვილი მუშტით რომ არ იგერიებს მჩაგვრელებს, ვერ გაუგია, რა სჭირს, ეჭვები ტანჯავს. შევპირდი, რომ ამ საკითხზე ვიფიქრებდი და იქნებ ისეთი გამოსავალი გვეპოვა, რომ ირაკლი არც მოძალადე და არც დაჩაგრული არ გამოსულიყო. სკოლის შეცვლა უკანასკნელ ნაბიჯად მოვიტოვეთ.

ჰოდა, სპონტანურად, ჩემთვისვე მოულოდნელად მინდება, ამ ამბავს ბავშვებს მოვუყვე. დაგეგმილი გაკვეთილი ყირაზე დგება და ვიწყებ.

 

ირაკლის ამბავი

აი, ახლა, როგორც არასდროს, ისე მჭირდება თქვენი რჩევა! (ოცი წყვილი თვალი მომაშტერდა, გაისუსნენ) პირველად ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ჩემი მეგობარი გასაჭირშია!

– რა მოხდა, მას, რა მოხდა, დროზე გვითხარი! – ერთმანეთს არ აცდიან. წყვეტენ ჩურჩულსა და ფორიაქს, მოსასმენად ემზადებიან. სიმართლე უნდა ითქვას: ამ ჩემს ბავშვებს ძალიან უყვართ, როცა ამბებს უყვებიან, ინტონაციურად, ემოციურად – მთელი არსებით გისმენენ და ზარის ხმაც კი აღარ ესმით.

ამბავი ასეთი გამოვიდა:

– გუშინ საღამოს ბავშვობის მეგობარი მესტუმრა. ჩემთვის ისეთი ახლობელია, ისე მიყვარს! მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული, კლასელები ვიყავით, მეზობლები. მთელი დღე ხომ ერთად ვიყავით სკოლაში, გვერდიგვერდ ვისხედით, საღამოობითაც არ გვეთმობოდა ერთმანეთი. ჩვენი სახლების ფანჯრები პირისპირ, ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, თოკი გავჭიმეთ და წერილების გაგზავნა-გამოგზავნით ვიქცევდით თავს. ის წერილები დღესაც შენახული მაქვს.

მაგალითად, ასეთი:

„კიტრის მწნილს ხომ არ ინებებდი? დედამ ახლახან გახსნა სამლიტრიანი ქილა, უფ, ისეთი მჟავეაა…“

„ვინებებდი! ნერწყვი მომადგა, მალე გამომიგზავნე!“

გაბმულ თოკზე პატარა სათამაშო სათლი გვქონდა ჩამოკიდებული, მოვაბამდით აქეთ-იქით მტკიცე აბრეშუმის ძაფებს და მიდიოდა გაწევ-გამოწევა.

ასეთი წერილიც ყოფილა:

„დღეს ხორბალოში ვიყავი (სოფელია), ფოთლები და რკოები მოვაგროვე, გიგზავნი: რკოები შეინახე სამახსოვროდ, ფოთლები კი აბა გამოიცანი რომელი ხისაა?“

ბავშვები ხითხითებენ, რაღაცით – გნებავთ, მესამე თვალი დაარქვით, გნებავთ, მასწავლებლის ინტუიცია – ვგრძნობ, რომ მოეწონათ. გაკვეთილის დასაწყისი შედგა. ეს დიდი რამეა! თუ დასაწყისი გამოვიდა, დანარჩენი პროცესიც აეწყობა – მასწავლებლები დამეთანხმებიან.

– ჰოდა, მე რომ ვერ გამოვიცნობდი, ჩემს მეტყვე პაპას მივადგებოდი ხოლმე, რომელიც შეხედავდა ფოთლებს, ერთს ჩაიღიმებდა და იტყოდა: თელაა! მუხაა, წყალი არ გაუვა! იფანია, რათ უნდა ბევრი ლაპარაკი მაგას! – და ასე დაუსრულებლად.

ზაფხულის დღეები – ბურთის დევნაში, საღამოები – „ამის პატრონმა რა ქნას“ თამაშში (მერე მოგიყვებით და გასწავლით ამ თამაშს, ბევრს იხალისებთ), შემოდგომის დღეები – წვიმაში სირბილში, ზამთრისა კი გუნდაობასა და ციგაობაში გავიდა.

ჰოდა, აბა, რა მოხდა შემდეგ?

– გაზაფხული დადგა! – სხარტად მპასუხობს ანა.

მეღიმება.

– ნამდვილად დადგა გაზაფხული, თანაც არაერთი. ბევრი გაზაფხული, ბევრი შემოდგომა, ბევრი ზამთარი, ბევრი ზაფხული გავიდა და ჩვენ გავიზარდეთ!

სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს რაღაც ისეთი ვთქვი, თან ჩვეულებრივი, ვითომ არაფერი, მაგრამ ამავე დროს – ძალიან სევდიანი. ასეცაა – გაზრდას რამხელა ნაღველი ახლავს თან… ბავშვობასთან გამოთხოვება ხომ უდარდელობასთან დამშვიდობებაცაა.

– გავიზარდეთ და ჩემს მეგობარს შეუყვარდა! ისე ძალიან, რომ ოჯახი შექმნა და შვილიც ეყოლა.

– რა კარგია! – ტაში შემოკრა გიომ. გიოს მთელი კლასი აჰყვა. ამ დროს დირექტორმა ჩაიარა, ჩვენი მქუხარე ტაში გაიგონა და უზარმაზარ ფანჯარაში, რომელიც დერეფანში გადიოდა, მის გაოცებულ სახეს და აწეულ წარბს მოვკარი თვალი. არა უშავს, მერე ავუხსნი.

დაველოდე, სანამ ემოციები ჩაცხრებოდა და ისევ მოსასმენად განეწყობოდნენ.

– ჰოდა, ეს შვილი ბიჭუნა ძალიან საყვარელი, სასაცილო და კეთილია. ბიჭუნას ირაკლი ჰქვია, ახლა კი 12 წლისაა. თურმე ახალ სკოლაში გადასულა და იქ დიდი პრობლემები დახვედრია!

დაძაბულები ისმენენ. ალბათ ჯობია, შევჩერდე და ვკითხო, მათი აზრით, რა პრობლემები დახვდა ირაკლის, რომ მათი მოლოდინი გავიგო, განწყობა შევქმნა, მაგრამ ვჩქარობ, მინდა, ამბის დასრულება მოვასწრო. საათზე ვიყურები – ათი წუთიღა დამრჩა!

– ირაკლი რატომღაც არ მოეწონათ უფროსკლასელებს, დამცინავ და დამამცირებელ სიტყვებს ეუბნებიან, წიხლებს ურტყამენ, ერთხელ ჩანთა გამოსტაცეს და ამ ჩანთით ბურთაობა გააჩაღეს. ამასობაში ჩანთიდან თბილისელი კლასელის, მეგობრის ნაჩუქარი შუშის ბურთი ამოუვარდა და ნამსხვრევებად იქცა. არადა როგორ უყვარდა! თილისმად მიაჩნდა, იღბლიან ნივთად, სულ თან დაატარებდა. ოთხი წელია, მეგობარი უცხო ქვეყანაში გადასახლდა და მის სახსოვრად ჰქონდა ეს გამჭვირვალე, ცისფერი ბურთი, თითქმის ჯადოსნური – მზეზე რომ გახედავდი, შიგნით აბრჭყვიალდებოდა უამრავი ოქროსფერი ნაწილაკი, წამოვიდოდა ვარსკვლავების წვიმა და ამ დროს ირაკლი ხან რა ამბავს იგონებდა, ხან – რას.

ჰოდა, ეს მშვენიერი ნივთი შუშის ნამსხვრევებად და ოქროსფერ ბრჭყვიალა მძივებად იქცა.

ირაკლიმ თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. ამაზე უფრო მეტად დასცინეს, სულ „გოგო, გოგო“ უძახეს.

– რა შუაშია, მას, გოგო, განა ბიჭები არ ტირიან? – ვერ ითმენს ალექსანდრე და მისი დიდი თვალები გაბრაზებას და გაოცებას გამოხატავს.

– რა თქმა უნდა, არ ტირიან! – პასუხობს დემეტრე, მაგრამ ეტყობა, თავისი პასუხის თვითონაც არ სჯერა, სადღაც გაგონილ ფრაზას იმეორებს. დაბნეულია.

ამბავს ცოტა ხნით ვწყვეტ.

– ბიჭებიც ისევე ტირიან, როგორც გოგონები. როგორ გგონიათ, რატომ?

– იმიტომ, რომ გრძნობები და ემოციები ყველას გვაქვს, – დინჯად ხსნის მარიამი.

– დიახ, და მათი გამოხატვა მნიშვნელოვანია, – ვასრულებ. – აი, ამბავი რომ წავიკითხეთ სიყვარულზე და მეგობრობაზე, ხომ გახსოვთ?

ახსოვთ, რა თქმა უნდა. რამდენიმე დღის წინ ახლახან გამოსული „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ვერსია წავუკითხე და ვაჩვენე. ისე მოეწონათ, ისე აღფრთოვანდნენ, რა დაავიწყებთ.

– ჰოდა, იქ რომ იყო, გმირი, მამაცი და ძლიერი ტარიელი, ის სევდასა და დარდს ტირილითაც გამოხატავდა ხოლმე.

გაიხსენეს, დაეთანხმნენ. დემეტრეც კმაყოფილია, უკვე იცის, რა უნდა უპასუხოს იმას, ვინც ეტყვის, გოგო ხომ არა ხარ, რა გატირებსო. ისიც არ დააყოვნებს: ტარიელი რატომ ტიროდაო? გოგო იყოო? აბა, რომელ უფროსს მოუბრუნდება ენა, ასეთ არგუმენტს შეეწინააღმდეგოს?! უფროსებს თავის ენაზე თუ არ დაელაპარაკე, არაფერი გამოვა.

სადაცაა, ზარი დაირეკება. ამბავს ვაგრძელებ:

– რომ იცოდეთ, ირაკლი სულ არ არის სუსტი ბიჭი. პირიქით, ჭიდაობაზეც დადის და დიდი ძალაც აქვს. ირაკლი კარგი მკითხველია, ძალიან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, ამიტომ მშვენივრად იცის, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის და თუ გადაწყვეტს, ამ უფროსკლასელებს ფიზიკურად გაუსწორდეს, პრობლემა კი არ მოგვარდება, უბრალოდ მიიჩქმალება, იმიტომ რომ ირაკლის ადგილას მათგან ოდნავ განსხვავებული ნებისმიერი სხვა ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად ამისა, ბოლოს ისე გაბრაზებულა, რომ ერთი აბეზარი ბიჭისთვის სილა უთავაზებია. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა, მჩაგვრელები ერთ გუნდად შეიკრნენ და საერთო ძალით დაუწყეს დაცინვა და პანღურები.

როგორ გგონიათ, რატომ ამოიჩემეს ირაკლი?

– იმიტომ, რომ თბილისელია.

– იმიტომ რომ ალბათ განსხვავებულად აცვია.

– განსხვავებული ვარცხნილობა ექნება.

– განსხვავებული ინტერესები აქვს.

– ჯადოსნური რაღაცები მოსწონს.

– შუშის ბურთი ჰქონდა.

– მათზე ძლიერია.

– მათზე მაგარი.

– იმიტომ რომ ემოციების გამოხატვა შეუძლია.

ყველა ცდილობს, რაღაც თქვას. ვატყობ, რომ მათი ინტერესი სულ უფრო იზრდება.

– ირაკლი ფიქრობს, რა ქნას, როგორ მოაგვაროს პრობლემა. სკოლიდან წამოსვლასაც გეგმავს.

ჰოდა, როგორც გაკვეთილის დასაწყისში გითხარით, ხომ არ დამეხმარებოდით და ირაკლის წერილებს ხომ არ მისწერდით? იქნებ თქვენი რჩევები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.

ჰო, მართლა საშინაო დავალებები დღეს არ გექნებათ – წერილების წერას დრო ხომ სჭირდება?!

 

ზარი ირეკება.

ბავშვები კმაყოფილები ჩანან, გაკვეთილი შედგა.

 

წერილები

 

წინასწარ არ მიფიქრია, რა გავლენას მოახდენდა ირაკლის ამბავი ბავშვებზე – როგორც ვთქვი, ამ ამბის მათთვის გაზიარება სპონტანური, დაუგეგმავი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, მეორე დღეს კლასში რომ შევედი, ბავშვები – რაღაცნაირად გაზრდილები, ხოლო ჩემი მაგიდა თეთრი კონვერტებით გადათეთრებული დამხვდა. ლევანს წერილი ოცივე ბავშვმა მისწერა. რამდენიმე მათგანს, რა თქმა უნდა, ავტორების თანხმობით, თქვენც წაგაკითხებთ:

 

ნია, 11 წლის

„ოჰ, ირაკლი, შენმა ამბავმა ძალიან ჩამაფიქრა! მასწავლებელი რომ მოგვიყვა, ლამის ვიტირე. ასეთი ბურთი მეც მაქვს და რომ გამიტყდეს, ძალიან დავდარდიანდები, თან შენი მეგობრის სახსოვარი ყოფილა. გადავწყვიტე, რომ ჩემი ბურთი გაჩუქო, ინა მასწავლებელს გამოვატან. იქნებ დაგეხმაროს შენი პრობლემის გადაჭრაში“ (ბურთიც გადმომცა).

 

გიო, 12 წლის

„გამარჯობა, ირაკლი! მე ვფიქრობ, რომ ამ ბიჭებს უნდა დაელაპარაკო, მიდი და პირდაპირ კითხე, რა უნდათ შენგან. თუ პასუხი არ გაგცეს და ისევ ისე გააგრძელეს მოქცევა, იქნებ მასწავლებლისთვის მოგეყოლა, ის აუცილებლად დაგეხმარება.

პ.ს. სიამოვნებით ვიქნებოდი შენი მეგობარი“.

 

მარიამი, 12 წლის

„ირაკლი, არ დაარტყა, არა და არა! აბა დაფიქრდი, ბედნიერი ადამიანი სხვას როგორ დაჩაგრავს? მე მგონია, რომ მათ დიდი პრობლემები აქვთ, შეიძლება მათზე ძალადობენ კიდეც. შენ ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ (ინა მასწავლებელმა ასე გვითხრა), ჰოდა არ გაგიჭირდება ამის მიხვედრა.

იქნებ ერთხელ შევხვდეთ კიდეც?!“

 

ანა, 11 წლის

ირაკლი, შენს ამბავს რომ მოგვიყვა მასწავლებელი, ჩემი თავი გამახსენდა. იგივე პრობლემები მაქვს მეც, ჩემი რამდენიმე კლასელი დამცინის და ჩემი ჩანთაც უბურთავებიათ, ჰოდა გადავწყვიტე, ყურადღება აღარ მივაქციო. იქნებ გაჭრას? აბა, შენც სცადე“.

 

ლაშა, 12 წლის

„ირაკლი, გამარჯობა! გამოგიტყდები, როცა შენი ამბავი მოვისმინე, ძალიან შემრცხვა. მეც ვერთობი ხანდახან ასე, ერთ ბიჭს დავცინი, ოღონდ ეხლა რომ დავფიქრდი, რატომ ვაკეთებ ამას, პასუხი არ მაქვს. არადა კარგი ბიჭია, არაფერს მიშავებს, უფრო მეტიც, რვეულის ფურცლისგან ორიგამების გაკეთება მასწავლა, თვითმფრინავებისაც. მერე ერთად გავუშვით კიდეც ფანჯრიდან. ნეტა სად წავიდოდა, შენ როგორ ფიქრობ? ვინმემ ხომ არ იპოვა? აი, ზღვაში რომ აგდებენ ბოთლებს და შიგ წერილებს დებენ, ასე. მეც რაიმე უნდა დამეწერა ზედ. ალბათ, იმიტომ დავცინი, რომ სხვები დასცინიან და ამ სხვებთან მეგობრობას ვცდილობ. ჰოდა, შენმა ამბავმა გადამაწყვეტინა, რომ ამ ბიჭს დავუმეგობრდე, ქაღალდის თვითმფრინავებს რომ გავუშვებთ, აუცილებლად დავაწერ ზედ ჩემს ტელეფონის ნომერს, ვინც იპოვის, რომ დამიკავშირდეს. იქნებ შენ იპოვო?

უჰ, ბევრი ვიბოდიალე. მოკლედ, მგონია, რომ ამ ბიჭებს უნდა დაუმეგობრდე. კარგი იქნება თუ ასწავლი ქაღალდებისგან რაღაცების დამზადებას. თუ არ იცი, იუთუბზე უამრავი ვიდეო დევს, ნახე, გამოგივა აუცილებლად“.

 

დემეტრე, 12 წლის

„ირაკლი, შენ რომ ცრემლები წამოგივიდა და არ შეგრცხვა ამის, ძალიან გამიკვირდა, რადგან მამა სულ მეუბნება, ბიჭებისთვის ტირილი არ შეიძლება, დიდი სირცხვილიაო. ამაზე ბევრი ვიფიქრე, უძლეველი ტარიელიც კი ტიროდა თურმე! ჰოდა, ახლა უკვე აღარ შემრცხვება ტირილის! არადა როგორ მომინდა მექვითინა, როცა ავგუსტის ამბავს ვკითხულობდი. ახლა იკითხავ, ეს ავგუსტი ვინააო. ის პერსონაჟია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად არსებობს. წიგნს „საოცრება“ ქვია, აუცილებლად წაიკითხე (ინა მასწავლებელმა გვითხრა, რომ კითხვა გიყვარს, ეს საერთო გვქონია). მგონია, ავგუსტის ამბავს რომ გაიგებ, ძალიან დაგეხმარება შენი პრობლემების მოგვარებაში. მიხვდები, რომ მხოლოდ შენ არ გჩაგრავენ. მომწერე აუცილებლად, თუ წაიკითხავ, შენი აზრი. აბა, შეხვედრამდე“.

 

* * *

ნოემბრის შუა რიცხვებია და უკვე მოთოვა. სახლში ვბრუნდები, მივაბიჯებ საღამოს ბინდბუნდში, უზარმაზარ ფიფქებს სახეს ვუშვერ, ავყურებ მოქუფრულ ცას და ისეთი სიმსუბუქის შეგრძნება მეუფლება, ლამის ავფრინდე. ჰო, მასწავლებლები ხანდახან ფრენენ და აფრენენ კიდეც. მეცინება ამ აღმოჩენაზე. რა ცოტა გვჭირდება ბედნიერებისთვის მასწავლებლებს! მაგრამ ეს ცოტა შეიძლება ძალიან ბევრიც კი აღმოჩნდეს.

 

P.S. წერილებმა ირაკლიმდე მიაღწია. საპასუხო წერილებიც დაწერა. კლასშიც მოვიწვიეთ. უამრავი მეგობარი შეიძინა. პრობლემებიც მოაგვარა. რაიონის სკოლაში ძალიან აფასებენ და უყვართ.

როგორ მოაგვარა?

თქვენ როგორ ფიქრობთ?

P.P.S. როგორც იქნა, ჩემს კლასს „რთულის“ იარლიყი მოშორდა. სანაცვლოდ ახალი კი შეიძინა, მაგრამ ეს ახალი მომწონს კიდეც – ახლა „მწერლების“ კლასს ეძახიან და უკვირთ, რა დაემართათ, რამ შეცვალათ ასე. გაიზარდნენ ალბათო. ცხოვრებაში კი არსებობს ისეთი დღეები, ყველაფერს თავდაყირა რომ დააყენებს და ეს თავდაყირა სამყარო ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ხელშესახები აღმოჩნდება ხოლმე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...