ორშაბათი, მაისი 5, 2025
5 მაისი, ორშაბათი, 2025

ტური ბავშვობაში

0

აკვირდებით, როგორ გადის თქვენი მოსწავლეებისა თუ შვილების ბავშვობის დღეები?

დარღვეული ძილის რეჟიმი, გაიშვიათებული საუბარი და სიცილი, მომატებული აგრესია, გაღიზიანება – ალბათ, ჩვენი დროის ბავშვების ყოველდღიურობა გეცნოთ. წიგნის კითხვა, მეგობრებთან ერთად ყოფნა – ბოლოს ყველა გზა მაინც მობილურ ტელეფონთან მიდის და ვფიქრობ, ყველაზე დიდი გატაცებით დროს ვირტუალურ სამყაროში ატარებენ. აკრძალვების წინააღმდეგი ვარ, თუმცა ყველაზე მეტად ის მაშფოთებს, რომ ეკრანთან დროის შეგრძნებას კარგავენ.

როგორ მოვიქცეთ?

ერთ-ერთი გზა, რომელიც, ჩემი დაკვირვებით, ბავშვს მრავალმხრივ ავითარებს და უნიკალურ გამოცდილებას სძენს, ერთად დროის გატარებაა: ქალაქში გასეირნება, მუზეუმში სტუმრობა, უბნის დათვალიერება… მთავარია, თქვენი სურვილი გადამდები იყოს, ამაში თამაშის ელემენტები ჩართოთ და მათი ინტერესებიც გაითვალისწინოთ.

თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების დაგროვების პროცესში, მაშინ გამომყევით ბავშვობის ტურში, რომელიც ჩემი სამი შვილისა და ერთი ძმისშვილისთვის დავგეგმე.

მე და ჩემმა შვილებმა ზაფხულის რამდენიმე კვირა ჩემს მამაპაპისეულ სოფელში, ფასანაურში, გავატარეთ. ყველა ორღობე, კუთხე-კუნჭული, ასფალტიანი შარაგზაც კი თავისი სურნელით მახსენებდა თავს. მოგონებები გულს მიკუმშავდა, ძველი დროის განცდების მოხელთება მიჭირდა. ბოლოს გადავწყვიტე, ავლაპარაკებულიყავი და ბავშვებისთვის ხეების, ქვების, სახლების მეშვეობით მომეთხრო ჩემი ბავშვობა. სურვილი გავანდე თუ არა, დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს. შევთანხმდით, რომ ბოლოს კითხვარს შეავსებდნენ და ამ წამოწყებას „ტური ბავშვობაში“ დავარქვით.

 

ხეები – მსხალი, ჭანჭური, კაკალი, პანტა

ტური ეზოდან დავიწყეთ. მსხლის ხე სახლის კიბესთან დგას. დაბერდა, მაგრამ მეწლეურია და ნაყოფით წელგამოტოვებით გვახარებს. მამა მსხალს ოქტომბერში კრეფდა ხოლმე. აივანზე ან ოთახში ალაგებდა ვაშლებსა და კაკლებს შორის. გვიან შემოდგომით ხილის წასაღებად ამოსულებს ოთახი თავბრუდამხვევი სურნელით გაჟღენთილი გვხვდებოდა. ბაზარში არასდროს გამომეპარება მსხალი, რომელსაც მამა ჩვენთვის კრეფდა. გემო და კანის ფერი მაინც სულ სხვა აქვს.

– თქვენი აზრით, რატომ დაარქვეს მოგრძო ქლიავს ჭანჭური? – ვკითხე ბავშვებს, დაფიქრდნენ და პასუხიც გამცეს. ჩემმა ცხრა წლის ბიჭმა მითხრა, ალბათ ჭიებს უყვართო.

სახლის უკან ტყეში ავდივართ. კაკლის ხე ჩვენს სახლს მფარველი ანგელოზივით დაჰყურებს. ვიხსენებ, როგორ დავბოდიალობდი მარტო ტყეში. ქვების ქვეშ ჭიაყელებს ვეძებდი, ხვლიკის კვერცხებს ვაგროვებდი, საკუთარ თავთან მარტო ყოფნას ვსწავლობდი. ერთხელ კაკლის ხეზე ავძვერი და ვეღარ ჩამოვდიოდი. ახლაც ადვილად ვძვრები ხეზე. ბავშვებს უხარიათ და მერე ძლივსძლივობით ჩამოვყავარ ხიდან.

კაკლის ხეს ფერდობი გადმოჰყურებს. პატარა გავაკებულ ადგილას პანტა დგას. მამა ხეზე მარდად ადიოდა, არხევდა და ველური მსხალი პანტაპუნტით ცვიოდა ქვებს შორის. მამაჩემის შვილიშვილებს უხარიათ პაპიკოს გაცოცხლება. მგონია, რომ ამ დღეს მამაც თან დაგვყვებოდა. ფასანაურში ყველგან მამას სულია არეკლილი.

 

ხავსიანი ქვა

მე და ჩემი მეგობრები მეშვიდე კლასში ვიყავით, როდესაც ფასანაურში დასასვენებლად მარტო გაგვიშვეს. ხავსიანი ქვა ეზოში ერთ ფოტოს მახსენებს, რომელზეც სამი 12 წლის გოგო ვართ აღბეჭდილი, ერთმანეთს ვეხუტებით და უდარდელი დღეებით ვტკბებით.

 

ალაყაფის ჭიშკარი

პაპისეული სახლი ორად არის გაყოფილი. ბიძაჩემის კუთვნილ მხარეს თეთრი ჭიშკარი აბია. პირველკურსელები ქუთაისში მივყავდით ლექტორს, ავტობუსში საკმარისი ადგილი არ აღმოჩნდა და ჩემს ჯგუფელებს ფასანაურში წასვლა შევთავაზე. ასეთია ჩვენი ფასანაურის სახლი – ჩემი და ჩემი ძმების მეგობრების საყვარელი ადგილი იყო მუდამ, ახლა კი აქ ძმისშვილები და მათი მეგობრები იყრიან თავს. მე და ჩემმა ჯგუფელებმა სამარშრუტო ტაქსი დავიქირავეთ და ფასანაურში ამოსულებს ჭიშკარი ბოქლომდადებული დაგვხვდა. სანამ რამეს მოვიფიქრებდი, ადგნენ და ალაყაფის ჭიშკარი ანჯამებიდან ჩამოხსნეს. დღეს მხიარულად ვიხსენებთ ამ ამბავს, მაგრამ მაშინ ძალიან შემეშინდა.

 

გზა ტყეში

ჩემი სახლიდან წყარომდე გზა ტყეში მიიკლაკნება. სახლიდან თუ მიდიხარ, აღმართი უნდა აიარო. ახლა მიკვირს, როგორ მღლიდა ეს აღმართი, რა დაუძლეველი მეჩვენებოდა. გზის პირს ანწლი, ჭინჭარი და ქვები ფარავდა. ზღაპრისეულ გზებს ჰგავს დღესაც – იდუმალსა და თავგადასავლებიანს.

 

წყარო

წყარო უდროოდ გარდაცვლილი ზურას სახელზე გაუმართავთ. მამა ხშირად მგზავნიდა წყაროზე. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელი გვქონდა. მომცრო ვერცხლისფერ ბიდონს ადვილად ვერეოდი. მამასთვის ცივი წყლის მოტანა დიდი პასუხისმგებლობა იყო. წყაროს წყალიც მრავალი წელია ერთგულად მოჩქეფს და ფასანაურში მყოფი ადამიანებისთვის ერთგვარ რიტუალად ქცეულა წყაროზე წასვლა.

 

სასაფლაო

წყაროდან სასაფლაოზე მივდივართ. ეზოში ცოლ-ქმარს ვამჩნევ. ისინიც გვაკვირდებიან. მინდა, ვკითხო, ჰეი, მამაჩემს ხომ არ იცნობდით-მეთქი? ამის ნაცვლად სასაფლაოს შესასვლელზე ვეკითხები. იქ ორი მუშა გვხვდება. აქაურები ხომ არ ხართ-მეთქი? უარი საუბრის გაგრძელების სურვილს მიქრობს. ვერავის ვპოულობ, ვისაც ბავშვების თანდასწრებით მამაზე ვესაუბრები. პაპაჩემისა და ბებიაჩემის საფლავს თვალდახუჭული მივაგნებ, – ვეუბნები ბავშვებს და ნაცნობი ადგილისკენ მივრბივარ. კატო ბაბოსა და შიო პაპას საფლავებს შორის ვჯდები და ხმამაღლა ლაპარაკს ვიწყებ.

კატო ბაბო პაპამ ცოლად რომ მოიყვანა, პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავდა. ბიჭი დას დაუტოვა გასაზრდელად. პაპასთან 6 შვილი შეეძინა, სამი მცირე ასაკში სოკოთი მოეწამლა და მოუკვდა. ამის გამო სოკოს არ ვჭამ. ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც ვაჭრობა დაიწყო – ყველი ორჯონიკიძიდან გადმოჰქონდა და თბილისში ყიდიდა. ახლა შემიძლია წარმოვიდგინო მისი ქალური და დედური განცდები და მთელი გულით თანავუგრძნო.

შიო პაპას მადლობას ვეუბნები, კატო ბაბო ძალიან რომ უყვარდა. იქიდან წამოსული ვფიქრობ, რომ სასაფლაო პოეზიას ჰგავს – ორივე სხვა, ირეალურ სამყაროსთან მაახლოებს.

 

ფოსტა

ბავშვების წარმოსახვას ფოსტის ამბები მყისიერად აცოცხლებს. აბა, როგორია, ინტერნეტის თაობას გააგებინო, რომ თბილისში დასარეკად მე და ჩემი მეგობრები საგანგებოდ მივდიოდით ფოსტაში. ეს იყო მთელი თავგადასავალი. მოთმინებით ველოდით ჩვენს რიგს, ვაკვირდებოდით ქალებს, რომლებიც ხმამაღლა ჩასძახოდნენ ყურმილის მეორე მხარეს: „ალო, თბილისიიიი, თბილისიიი…, მლეთააა, მლეთააა, დუშეთიიი, დუშეთიიი…“ ჩვენი ჯერი რომ მოვიდოდა, პატარა ჯიხურში ვიკეტებოდით და ნაცნობი ხმის გაგონებით ვხარობდით. ფოსტაში ვხვდებოდით ნაცნობებს, ვაგროვებდით მოსაყოლ ამბებს. ეს იყო მოზარდი გოგოების ყოველდღიური რიტუალი.

ფოსტის შენობა შამბნარსა და ეკალ-ბარდებში ჩაფლული დაგვხვდა. შენობის მხოლოდ სახურავი მოჩანდა. ჩემი ბავშვობის დღეებს ბოქლომი დაადეს და ფოსტისკენ მიმავალი ბილიკი ბალახით დაიფარა. ვერ მოვითმინე და ჩემს ბიჭთან ერთად ღობეზე გადავძვერი. ამდენი წლის შემდეგ ვამჩნევ, თურმე რა ლამაზი ყოფილა ფოსტის შენობა. მჭიდროდ დაკეტილი შემინული კარი მაჩერებს. მოგონებებს ვიხმობ და რენსომ რიგზის „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“ მახსენდება. ერთ დროს ადამიანების ხმებითა და ამბებით იყო სავსე, ახლა კი გაუკაცურებულა. აქ გულის ნაწილს ვტოვებ.

ღობეზე უკან გადაბობღება მიჭირს და ბავშვებისთვის ეს დღის საყვარელ ამბად იქცევა.

 

ზურა ნათლიას ჭიშკარი

ფოსტის წინ ნათლიაჩემის სახლია. ადრე დაბალი ღობე ერტყა და ავლა-ჩავლისას ვხვდებოდი, ჩამოსული იყო თუ არა ნათლია თბილისიდან. ახლა მაღალი ღობე შემოუვლიათ და თვალი ვერ ეგუება. ზურა ნათლია მამას ბავშვობის მეგობარია და თავის პირველ შვილს სწორედ მისი სახელი დაარქვა. შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს, რუსთაველის პერსონაჟებს მაგონებს. მისი ჭიშკარიც ბოქლომდადებული დამხვდა.

 

სონა ბაბოს სახლი

სონა ბაბო და გოგია პაპა მამას და დედას უფროსი მეგობრები იყვნენ. მე და ჩემი გოგოები ახლა დედაჩემს გულუბრყვილობად ვუთვლით, რომ ტყეში მცხოვრებ ბავშვებს სონა ბაბოს აბარებდა. სონა ბაბოს სახლი გზისპირასაა. სახურავი ჩამონგრეულა, ფანჯრები ჩალეწილა, პატარა ეზო გავერანებულა, სახურავთან აკრულ საღებავგადაცლილ აბრაზე ძლივს იკითხება „მერაბ კოსტავას 46“, ლურჯი კარი კი ისეა გაღებული, მგონია, აი, სადაცაა, სონა ბაბო გამოჩნდება, კეთილად შემომღიმილებს, შინ შეგვიპატიჟებს და ჩაის დაგვალევინებს-მეთქი.

 

კლუბი

ჩემს ბავშვობაში კლუბს ფუნქცია უკვე დაკარგული ჰქონდა. მას მხოლოდ მშობლებისა და ძმების მონათხრობიდან ვიცნობ. მიამბობდნენ, რომ თბილისიდან ფილმები ამოჰქონდათ და მოუთმენლად ელოდნენ ჩვენებას. კლუბის თავმჯდომარე იყო თამარა, ნათლიაჩემის დედა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. სტაფილოსფერი ტუჩსაცხი, საყურეები, მოკლედ შეჭრილი თმა, პრინციპული ხასიათი – ასეთი მახსოვს თამარა ბაბო, რომელიც ყოველთვის დიდი ყურადღებით მეპყრობოდა.

კლუბის კარს ქვა ჰქონდა მიყუდებული, გადავწიეთ და შევედით. დამტვერილი სკამები, ჩანგრეული იატაკი, ნაჭერგადაფარებული პიანინო და ნესტის სუნი დაგვხვდა. თანამედროვეობას კედელზე გაკრული ბავშვების ნახატები ეხმიანებოდა. კლუბის ფანჯრიდან ეზო ჩანდა და ზუსტად ის ადგილი, სადაც მამაჩემი ტყის სახლის აშენებამდე გაიზარდა. ბავშვებთან ერთად იმ ეზოში მივდივარ.

ბორია ძიას ეზო

დაკეტილი ჭიშკრების გაღების დღეა და ბორია ძიას ეზოშიც თამამად შევდივართ. მამას ხშირად დავყავდი მასთან და მუდამ ხალხმრავლობა მხვდებოდა. ახლა აქ აღარავინ ცხოვრობს. ყველა ქალაქშია. ბავშვებს ვაჩვენებ იმ ადგილს, სადაც მამა გაიზარდა. უცნაური დუმილით მხვდება ბავშვობისეული ადგილები.

 

სკოლა

გზად გვხვდება სკოლა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ უწერის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვესტუმრე – გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლი გავმართეთ. იმ დროს ჩემი გოგონაც უწერის სკოლის მოსწავლე იყო და სპექტაკლში ისიც მონაწილეობდა. ამბობს, რომ ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი და მთხოვს, მისი კლასისთვისაც დავდგა სპექტაკლი.

ბინდდება. სკოლა უჩვეულოდ ცარიელი და მდუმარეა. წარმოიდგინეთ, რომ სკოლას ჩაუარეთ და ხედავთ, რომ მისი ფანჯრებიდან სხვადასხვა ფერის სინათლე და მუსიკა იღვრება. როგორ გააგრძელებდით ამბავს? – ვკითხე ბავშვებს და მათ წერის სურვილი გაუჩნდათ.

 

დანგრეული სასტუმრო

ფასანაურში ერთ დროს სასტუმრო იყო. არ ვიცი, ოდესმე თუ ჰქონდა დასრულებული სახე. მე მუდამ დანგრეული მახსოვს. სასტუმროს ეზოში თანატოლებთან ერთად ბადმინტონს ვთამაშობდი. ჩემი ძმისშვილი გვეუბნება, რომ ზოგჯერ აქ გორგოლაჭებით სრიალებს. ჩვენ ფოტოებს ვიღებთ და გზას ვაგრძელებთ.

 

ირმები

ფასანაურის შემოსასვლელში ირმების მონუმენტია. დავინახავდი თუ არა, თავი შინ მეგონა. ალბათ, ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი განცდაა. გზას შიშით მივუყვებით. მანქანები ვიწრო გზაზე სწრაფად დადიან და ხშირად ერთმანეთს უსწრებენ. ამასობაში დაგვიღამდა. ირმებიდან ორად დატოტვილი, მთებით შემოსაზღვრული ფასანაური მოჩანს. იქვე ახლოს თეთრ არაგვს შავი არაგვი უერთდება. ჩემი სამი წლის გოგო ხმამაღლა ჩამძახის, რანაირი თვალი აქვს ირემსო. აქამდე ასე ახლოს არასდროს დავკვირვებივარ ირმის თვალსა და რქებს.

 

საგზაო და ვაშლის ხე

შინ დაბრუნებისას მარკეტში საყვარელ შოკოლადებს ვყიდულობთ. ძველ სახლებს შორის ბნელ ორღობეს მივუყვებით. ტყის სახლში საგზაოს გავლით მივდივართ. აქაც ყველა კუთხე-კუნჭული რაღაცას მახსენებს, მაგრამ თხრობას ვაშლის ხით ვასრულებ.

ჩემს ბავშვობის მეგობრებს, რომლებთან ერთადაც არაერთი ზაფხული გამიტარებია ფასანაურში, ძალიან უყვარდათ მჟავე ვაშლი და ანანურიდან თუ არაგვიდან დაბრუნებისას ხელს გამოაყოლებდნენ ხოლმე. მე კი ჩემი შვილებისთვის დიდი სიყვარულით ვიხსენებ იმას, რაც ჩემს მეგობრებს უყვარდათ და ზუსტად ვიცი, დრო რომ გავა, ასეთი ამბები ისევე დაილექება მათ სამყაროში, როგორც ჩემსას შემორჩნენ მამას მოყოლილი ზღაპრები, ამბები და ადამიანები.

 

კითხვარი

დღიურში რამდენიმე კითხვა ჩამოვუწერე და წერილობით უპასუხეს:

  • სამი რამ, რაც დამამახსოვრდა.
  • რით იყო განსაკუთრებული ეს ტური შენთვის?
  • მიამბე შენი ბავშვობის ერთი ადგილის შესახებ.
  • ერთი კითხვა, რომელიც დამებადა.

 

ფოტოამბავი

თითოეულ ადგილს, რომლის შესახებაც ვუამბობდი ბავშვებს, ფოტოს ვუღებდი. ინტერესის გასაღვივებლად გადავწყვიტე, ფოტოკითხვარი ავკინძო. საინტერესოა, როგორ მოისმინეს და რა დაამახსოვრდათ.

ტური ბავშვობაში დაუვიწყარ თავგადასავლად გვექცა. სამსაათიან სეირნობას თხრობა, მოსმენა, ამბის ფოტოზე ასახვა, წერილობითი აქტივობა დავუკავშირეთ, ერთად ყოფნით გავიხარეთ და, რაც მთავარია, ბავშვებთან ერთად მეც ნაყოფიერად გავატარე დრო.

ფასანაურში ყოფნისას კიდევ ერთი წიგნი, ხუან რულფოს „პედრო პარამო“, მახსენდებოდა. მაგიური რეალიზმის ჟანრის რომანში მთავარი პერსონაჟი მამის მოსაძებნად სოფელში მიდის. ტექსტთან რამდენჯერმე მიბრუნება დამჭირდა იმის აღმოსაჩენად, რომ მამის საპოვნელად სოფელში ჩასულ ბიჭს ყველა გარდაცვლილი ხვდება. მიცვალებულები საფლავებიდან ლაპარაკობენ. რომანში რეალურ და ირეალურ სამყაროებს შორის ზღვარი ისეა დარღვეული, რომ გგონია, ასეც უნდა იყოს. ფასანაურიდან გამქრალი ადამიანების ხმების გასაგონად როგორ უნდა მოვიქცე-მეთქი, ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს ისინი არსად წასულან.

CK-12 – უფასო ონლაინ რესურსები, ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში სწავლებისთვის

0

 ნირუ ხოსლა არაკომერციული ორგანიზაციის − CK-12-ის ფონდის − დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჰქონდეთ  წვდომა  მაღალი ხარისხის უფასო ონლაინ რესურსებზე, რომელიც დაეხმარება მათ, ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში.

2020 წლიდან CK-12 ძალიან პოპულარული გახდა ზოგიერთ ქართულ სკოლასა და მასწავლებელთა შორის. შეგიძლიათ მეტი გვიამბოთ CK-12-ის მიზნებსა და პრინციპებზე?

განათლებით მოლეკულური ბიოლოგი ვარ და სტენფორდში ვმუშაობდი. მოლეკულურ ბიოლოგიაში მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, კვლევას ვატარებდით კომპლემენტარული გენების შესახებ. ამ თემაზე მუშაობის დროს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ამიტომ  რადიოაქტიურ ნივთიერებთან მუშაობა სახიფათო იყო და ამ საქმიანობას თავი დავანებე.

მე ოთხი შვილი მყავს და, როგორც ეს აზიის უმეტეს ქვეყნებში ხდება, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო შვილებისათვის საუკეთესო განათლების მიცემა. დავიწყე მათთვის კარგი სკოლის ძებნა და ნუევას სკოლა აღმოვაჩინე, რომელიც სწორედ რომ საუკეთესო განათლებას იძლეოდა, ისეთს, რომელიც მეც კი არ მქონია. აქ შეფასება კი არ იყო მთავარი, ეს იყო უფრო მეტად ბავშვზე ორიენტირებული სკოლა.  მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილებმა ნუევა დაამთავრეს, მე, 50 წლის ასაკში, მივიღე კიდევ ერთი ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტში, ამჯერად – განათლების სფეროში. აქ მივხვდი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ყველა ბავშვს ჰქონდა ისეთივე  შესაძლებლობა, როგორიც ჩემს შვილებს ჰქონდათ. სწორედ ამიტომ წამოვიწყე მუშაობა საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ზე.

ვიცოდით, რა გვინდოდა. გვსურდა, მოსახერხებელი და მოქნილი გზით მიგვეწოდებინა სახელმძღვანელოები მოსწავლეებისთვის; გვინდოდა, ეს სახელმძღვანელოები  ყოფილიყო მათზე მაქსიმალურად მორგებული და საინტერესო. მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, განათლების სექტორი მაინც ყველაზე ნაკლებად იყენებდა მათ. ამიტომაც დავიწყეთ ტექნოლოგიების გამოყენება, რომ CK-12 ფართო მასშტაბებისთვის მოგვერგო.

როგორ ფიქრობთ, რა არის განსაკუთრებული, უნიკალური და საინტერესო CK-12-ში, რაც  მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მის გამოყენებას მოანდომებს?

CK-12-ის მიზანი ყველა მოსწავლისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფა იყო. სწორედ ამიტომ, ხუთი წელი (2007-2012) სისტემების შემუშავებას დავუთმეთ. შევქმენით სახელმძღვანელოს ციფრული ფორმატი. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრული ფორმატი არ არის, მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ ის საკმაოდ მოქნილია.

შევიმუშავეთ სხვადასხვა მეთოდი, სიმულაციები, ფლიქსები და  ინტერაქციები, რომ შინაარსი მეტად გასაგები და საინტერესო ყოფილიყო. მაგალითად, 1960-70-იან წლებში, ელექტრობის შესახებ წიგნებში ტექსტს ვკითხულობდი, თუმცა, იმ ფორმატში შინაარსის წესიერად გაგება შეუძლებელი იყო. CK-12-ის საგანმანათლებლო პლატფორმა კი მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ეს შეცვალოს, სწავლის პროცესი გასაგები, მარტივი და სახალისო გახადოს.

განათლება რელევანტური და გააზრებული უნდა იყოს. აუცილებელია რეალური ცხოვრებიდან მაგალითების ხშირად მოშველიება. კარგი მასწავლებლები სწორედ ამას აკეთებენ. CK-12-ის საშუალებით არა მარტო მასწავლებლები, არამედ სკოლებიც შეძლებენ მოსწავლის პროგრესისათვის თვალის დევნებას და დაკვირვებას, თუ რას მოაქვს საუკეთესო შედეგი მათთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევამოწმოთ, თუ რა დროს ატარებს მოსწავლე კონკრეტულ გვერდზე. რამდენად სწრაფად ან მარტივად ასრულებს ან აგრძელებს კონკრეტულ საკითხზე მუშაობას.  ეს ფუნქცია კარნახობს მოსწავლესაც და მასწავლებელსაც, თუ სად აწყდებიან ისინი სირთულეებს და რა ნაბიჯები უნდა გადადგან მათ დასაძლევად. მთავარი გასაღები მყისიერი და პერსონალიზებული უკუკავშირია.

დიდი მადლობა. ეს ნამდვილად სტიმულის მომცემია. შესაძლოა სწორედ ამიტომ  მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს CK-12-ს. სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს დანერგოს პლატფორმა თავიანთ საგანმანათლებლო სისტემებში. რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ?

 

როდესაც 2007 წელს ეს საქმიანობა დავიწყეთ, გვინდოდა CK-12 მსოფლიოში ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მართლაც, მას სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით, პანდემიის შემდეგ. კოვიდ 19-მა ნათლად დაგვანახა CK-12-ის მნიშვნელობა,ღირებულება, მოქნილობა და, რაც მთავარია, მისი საჭიროება. სწორედ ამ დროს დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოსთან.

რამდენიმე წლის განმავლობაში კომუნიკაცია გვქონდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) გაგვაცნო CK-12-ის პლატფორმით დაინტერესებული ორგანიზაცია „განათლების კოალიცია“, ისინი ჩაერთნენ ამ პროცესში. მათთან თანამშრომლობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ლიდერობის ძალა, ის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი პროექტის წარმატებისთვის, არსებობდეს პროექტის განხორციელებაზე და მის მდგრადობაზე პასუხისმგებელი პირი. მახსოვს ირინა ხანთაძე და მისი კოლეგები, რომლებმაც დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს და ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში.

განათლების კოალიციამ უზრუნველყო მასწავლებლების გადამზადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევ წარმატებას, თუ არ გაივლი საჭირო სწავლებას და არ გექნება მხარდაჭერა. ჩვენთვის ეს თანამშრომლობის კარგი მაგალითია და  გვიხარია, რომ სულ უფრო მეტი სკოლა და მასწავლებელი იყენებს CK-12-ს საქართველოში.

 

დიდი მადლობა. ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო და მამოტივირებელია. ჩემი შემდეგი შეკითხვა ეხება CK-12-ით გამოწვეულ ცვლილებებს და არა მხოლოდ მას. 12 წლის წინ, 2010 წელს, თქვენ TedEX-ზე გამოხვედით და განათლების სისტემის გამოწვევების შესახებ ისაუბრეთ და თქვით, რომ გარკვეული საკითხების გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის CK-12. რა შეიცვალა მას შემდეგ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

თუ შევხედავთ პროდუქტს, რომელიც 2007 წელს გვქონდა და იმას, თუ როგორია ის დღეს, დავინახავთ, რომ ეს ორი რამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. დღევანდელი უფრო სრულყოფილი, მოქნილი და ინტერაქტიურია, აქვს პერსონალიზებული უკუკავშირის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვქმნით ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ ვიყენებთ მას CK-12-ის მიზნებისთვის.

 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არის სიახლე, რომელიც ცოდნის მონიტორინგს გულისხმობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაზეც ვმუშაობთ და რაც დაგვეხმარება სტუდენტების ცოდნის მონიტორინგსა და სასწავლო პროცესის მათზე მორგებაში.

 

კიდევ ერთი რამ, რაზეც ვმუშაობთ, არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეპეტიტორი, რომლის სახელია ფლექსი და რომლის მეშვეობითაც, მაგალითად, დღეში 15000 შეკითხვას ვიღებთ და ვცდილობთ მთელი ამ მონაცემების გენერირებას სხვა სტუდენტების დასახმარებლად. გარდა ამისა, ეს არის მასწავლებლის დამხმარე ინსტრუმენტიც, რომელსაც შეუძლია, მაგალითად, მასწავლებელს უთხრას: „იცით, ის, რასაც კლასის წინაშე წარადგენთ, მათთვის სრულიად არაფრის მთქმელია. რამე უნდა შეცვალოთ“. ამრიგად, ეს ერთი ინსტრუმენტი ეხმარება როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებსაც.

 

ძალიან შთამბეჭდავია. სხვათა შორის, მე სამოქალაქო განათლებას ვასწავლი. აუცილებლად უნდა ვცადო ეს. და ბოლო შეკითხვა: საინტერესოა თქვენი ზოგადი რეკომენდაცია −რას ეტყოდით მკითხველს, ქართველ მასწავლებლებს?

 

მნიშვნელოვანია, რომ კაცობრიობა ვითარდებოდეს. რომ დავფიქრდეთ, საზოგადოების შექმნის საფუძველს ძველი თაობის მიერ ახალი თაობისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. მაგალითად, რატომ არ ვჭამთ შხამიან საკვებს? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ვიღაცამ ასეთი საკვები გასინჯა და სხვები გააფრთხილა, რომ საკვებად საშიშია.

 

დღეისათვის ამის შესაძლებლობას ინტერნეტი იძლევა. რა თქმა უნდა, მას ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. ჩვენი მთავარი გამოწვევა მასწავლებლების მიდგომების შეცვლაა. გვინდა მათ ვუთხრათ, რომ ჩვენ გავიარეთ გზა კალმით წერიდან ციფრულ საშუალებებამდე.

გიორგი, თუ დავფიქრდებით, მთავარია, ფეხი ავუწყოთ სამყაროს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ახალგაზრდებს, გააკეთონ ის, რაც მათ ნამდვილად სურთ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლებს ვურჩევდი, შეხედონ განათლებას უფრო მასშტაბურად, ვიდრე მხოლოდ ნიშნები და ტესტირებებია.

და მაინც, რა არის ჭეშმარიტი სწავლება? უმაღლესი შეფასების მიღება? ისწავლეთ, გადაეცით ცოდნა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და მოითხოვეთ მეტი განათლების სისტემისგან.

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 2007 წელს დაარსდა. პლატფორმის მიზანია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რომლებიც  საშუალებას აძლევს მათ, ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში. CK-12-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, შექმნილია 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“.  დღემდე, CK-12-ის რესურსებით  მსოფლიოს მასშტაბით 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480 პროცენტით გაიზარდა.

გააცანით ბავშვებს ტონიო კრიოგერი

0

თუკი მკითხავდნენ, მსოფლიო მწერლობიდან რომელ რომანს მოუხდენია ყველაზე დიდი გავლენა, თომას მანის „ჯადოსნურ მთას“ დავასახელებდი. ეს არის ნაწარმოები, რომელიც თავის წიაღში თუ შეგითრევს, უკვე „იქ, ზევით“, ჰანს კასტორპთან ერთად რჩები, ჯადოსნურ მთაზე. თუმცა ახლა ამ რომანზე წერას არ ვაპირებ. მასზე არანაკლები ზემოქმედების ძალა აქვს ამავე ავტორის ვრცელ მოთხრობა „ტონიო კრიოგერს“.

თომას მანს ეკუთვნის ადამიანთა ფსიქოტიპების ამგვარი გააზრება, რომ არსებობენ ბიურგერები და სულიერი ადამიანები. მწერალი დაინტერესებული იყო ფსიქოანალიზით და ღრმად იცნობდა ადამიანის ქვეცნობიერს. მისი თქმით, სულიერი ადამიანია ის, ვინც ქმნის ხელოვნების ნიმუშებს და ასევე ის, ვისაც სხვისი შექმნილის აღქმა და ამით ტკბობა შეუძლია. ვფიქრობ, ბიურგერი და სულიერი ადამიანი ბევრ ჩვენგანში ებრძვის ერთმანეთს. ამ მოთხრობის გმირიც ასეთსავე სულიერ ბრძოლებში იწრთობა ჩვენს თვალწინ. მისი წრთობის პროცესი ყველაზე საინტერესოა მკითხველისთვის. ტონიო მარტოსული, შემოქმედებითი წვით გაწამებული სულიერების მატარებელია. თავის პატარა ქალაქში, სასკოლო ასაკში მას თანატოლებს შორის ორი კერპი ჰყავდა – ჰანს ჰანსენი და ინგებორგ ჰოლმი. ჰანსი და ტონიო ქალაქში ცნობილი კომერსანტების, პრივილეგირებული ოჯახების შვილები იყვნენ. ტონიოს მამა კონსული იყო, აღიარებული და პატივსაცემი ადამიანი. ჰანსის მამა ხე-ტყის მაგნატი იყო, ხოლო ტონიოს ოჯახი უძველესი დროიდანვე მარცვლეულით ვაჭრობდა. ჰანსი საოცარი გარეგნობის, ძალიან წარმატებული მოსწავლე იყო, მაგრამ ზედაპირული, მარტივი, მიწიერების მოყვარე, ტიპური ბიურგერი. მისთვის ცხენოსნობა ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფიქრები შილერის „დონ კარლოსზე“. თუკი ტონიოსთვის მარტოსულობით ატირებული მეფის სულიერი მღელვარება ფიქრის საგანი და ძლიერი ემოციის აღმძვრელი იყო, ჰანსს ტონიოსთან ამ პიესის იდეებზე მუსაიფს ერვინ იმერტალთან ცხენებზე საუბარი ერჩივნა. ტონიო ამბობდა: „დონ კარლოსს“ რაც შეეხება, იგი ყველასა და ყველაფერს აღემატება. ამ ნაწარმოებში ისეთი ლამაზი ადგილებია… თვითონაც ნახავ, ისე წამოგახტუნებს, თითქოს მათრახი გადაგიჭირესო…

– მათრახი? კი მაგრამ, როგორ?“ – გაოცებით კითხულობდა ჰანსი, რომელსაც მხატვრული ტექსტით ტკბობისა არაფერი გაეგებოდა და აღიარებდა კიდევაც, რომ ეს სამისო არ იყო. ჰანსი ამჩნევდა ტონიოს უპირატესობას. აფასებდა მის ენაკვიმატობას, საზრიანობას, ურთულეს საგნებზე მსჯელობის ნიჭს, ასევე ადამიანებისადმი სათუთი და ამაღლებული სიყვარულის უნარს, მაგრამ სკოლაში წარმატებული და დაფასებული იყო ჰანსი, მას ფეხქვეშ ეგებოდნენ მასწავლებლებიც, თანატოლებიც და ქალაქის საზოგადოებაც, ხოლო ტონიოს დაბნეული, არშემდგარი, წარუმატებელი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა. ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობის ანატომიაზე ყველაფერს გვეუბნება ავტორისეული შეფასება: ტონიოს ჰანს ჰანსენი ძალიან უყვარდა და უკვე ბევრი რამაც გადაეტანა მის გამო. ეს ხომ ასეა – ვისაც მეტად უყვარს, ის დამთმობიც უნდა იყოს, მორჩილად აიტანოს ყველაფერი. ეს უბრალო და მკაცრი გაკვეთილი თოთხმეტი წლის ყმაწვილის სულს უკვე მიეღო ცხოვრებისგან. ტონიოც ისეთი ბუნებისა იყო, რომ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ყურადღებით მოინიშნავდა და მაშინვე გულში ჩაიბეჭდავდა... ეს ცოდნა ბევრად უფრო საყურადღებო და საინტერესო იყო მისთვის, ვიდრე იმის დასწავლა, რასაც სკოლაში, გოტიკური სტილის თაღებიან საკლასო ოთახებში აძალებდნენ გაკვეთილებზე”.

ტონიოს სამხრეთელმა დედამ თავისი ძმის პატივსაცემად არაგერმანული სახელი დაარქვა და ესეც სიმბოლო აღმოჩნდა ბიჭის თავის  საზოგადოებასთან გაუცხოებისა. ჰანსისთვის მისი სახელიც კი გამაღიზიანებელია. როცა მარტო რჩებიან, ის სახელით მიმართავს მეგობარს, ხოლო როცა ერვინ იმერტალი გამოჩნდება, გვარით მოიხსენიებს და თავს ასე იმართლებს:  „კრიოგერი გიწოდე, რადგან შენი სახელი ისეთი უცნაურია, მაპატიე, მაგრამ, რა ვქნა, ვერ ვიტან ამ სახელს. ტონიო… საერთოდ, რა სახელია ეს ტონიო… თუმცა, რა თქმა უნდა, რა შენი ბრალია!“ ტონიოს კი ისღა დარჩენია, რომ მწუხარება გამოთქვას თავისი გერმანელებისთვის უჩვეულო სახელის გამო:  „ჰო, ეს მართლა სულელური სახელია… ღმერთმანი, მერჩივნა ჰაინრიხი ან ვილჰელმი დაერქმიათ ჩემთვის… მაგრამ ეს სახელი დედაჩემის ძმას ერქვა და მეც ანტონიოდ მომნათლეს. დედაჩემი ხომ უცხო მხრიდანაა“…

უცხო და გაუგებარი დარჩა ტონიო ინგებორგ ჰოლმისთვისაც. ვერც მეგობრობასა და ვერც სიყვარულში ვერ შედგა ტონიოს ურთიერთობები. ინგე ჰოლმი ტონიოს შთაგონება და სიყვარული იყო, მაგრამ გოგონა კეთროვანივით გაურბოდა ლექსების მწერალს, სხვებთან ერთად დასცინოდა მას ცეკვის გაკვეთილებზე.

ტონიოსი კარგად ესმოდა  მაგდალენა ფერმერენს,  მოსწონდა მისი ლექსები. მაგდალენაც ტონიოსავით სულიერი ადამიანი იყო, დაცლილი ბიურგერული უსულგულობისგან. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ გვიყვარდება არა ის, ვინც ჩვენს სიყვარულსა და თანაგრძნობას იმსახურებს, ვისაც გულწრფელად ვუყვარვართ და გააბედნიერებს ჩვენი სიყვარული, არამედ ის, ვინც უცხო, ცივი და გულგრილია ჩვენ მიმართ. ტონიოსაც ასე დაემართა.

ტონიო კრიოგერი ცხოვრების გზაზე, ახალგაზრდულ წლებშივე კარგავს ყველასა და ყველაფერს. მოულოდნელად გარდაიცვლება მამამისი, კონსული კრიოგერი. გაღატაკდება მისი ოჯახი. დედა, რომელიც მგზნებარედ დასტიროდა მამას, ერთ წელიწადში იტალიელ მუსიკოსს გაჰყვება ცოლად და შვილს დაივიწყებს. ტონიოსთვის ყრუ და ბრმა რჩება ბავშვობის ყველა მეგობარი, მათ შორის – ჰანსიც და ინგეც. ბიჭი მშობლიური ქალაქიდან მიდის და როცა 13 წლის შემდეგ „შინ“ ბრუნდება, აღმოაჩენს, რომ  მის სახლში სახალხო ბიბლიოთეკაა გახსნილი. ზედა სართულზე უცხო ადამიანები ცხოვრობენ. ტონიოს თავის ქალაქში ვერ ცნობს ვერავინ, სასტუმროში გულგრილად დახვდნენ, რადგან შეამჩნიეს, რომ ფეხით მივიდა, ხოლო ქალაქიდან გასვლის დროს პოლიციის წარმომადგენელმა დაკითხა და კინაღამ დააპატიმრა, ვიღაც კრიმინალს მიამსგავსა. ტონიოს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი, პასპორტად გამოადგა თავისივე ხელნაწერები, რომლებზეც ავტორის სახელი ეწერა.

ტონიო სახელგანთქმული მწერალი გახდა, მან გამოიარა თვითძიების ურთულესი გზა, ცოდვით დაეცა, გამოცადა გარყვნილებისა და ბოჰემური ცხოვრების გემოც, მაგრამ მაინც შინაგანად წესიერ ადამიანად დარჩა. თავგადასავლებს ის მხოლოდ საკუთარი მწერლური ინსპირაციისთვის იყენებდა. ტონიო თხემით ტერფამდე, სისხლითა და ხორცით ხელოვანი იყო, ის ფიქრობდა, რომ „კარგი ნაწარმოებები მხოლოდ გაუსაძლისი ცხოვრების უღელქვეშ იქმნება. ვინც ცხოვრობს, ვერაფერს ქმნის, უნდა მოკვდე, შემოქმედი, მწერალი რომ გერქვას“. აქ გვახსენდება ჩვენი წამებულები: ბარათაშვილი, ვაჟა, გალაკტიონი. უცხოელი მწერლებიდან დიდი მარტვილი სერვანტესი. კიდევ ერთი მსხვერპლი პოეტური სტიქიისა, პაოლო იაშვილი წერდა: „დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“, მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული ეს ჩემი ტვინი დასაქცევი, ტვინი ვერანი“. თუკი პაოლოს ლირიკული გმირი წერდა, რომ ლექსის იდეა მის მთელ არსებას იპყრობდა („შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად, გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი, აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება”…), ტონიო ხელოვანის შთაგონებას ასე ხედავდა: „ის აზრი, თავში რომ გიტრიალებს, ხედავ, ყველგან აღბეჭდილა. მას ყველგან პოულობ, ზოგჯერ ქარშიც კი იყნოსავ მის სურნელს“… და როცა ადამიანი ამ სურნელით გაბრუებული დაიარება, ძნელია მისი გაგება, მაგრამ თუკი ჩვენც, რიგითი მოკვდავები, ვისწავლით ასეთი ადამიანების გაგებას, ეს ჩვენივე სულებისთვის არის გამაფაქიზებელი და დამამშვენებელი.  ტონიოს პორტრეტით მანი გვასწავლის სულის გამშვენიერების, ადამიანის გაკეთილშობილების საიდუმლოს. ხელოვანი არავის ჰგავს. მწერალი ასე გვაცნობს მის ფსიქოტიპს:  „ნამდვილ ხელოვანს და არა ისეთს, რომლის მოქალაქეობრივი მოწოდებაა ხელოვნება, არამედ წინასწარდადგენილსა და დაწყევლილს, გამორჩეულსა და მსხვერპლს, ცოტაოდენი მახვილი თვალითაც კი გამოარჩევთ ადამიანთა ფართო ჯგუფიდან. მის სახეს ერთბაშად ატყვია განცალკევებულობისა და გამორჩეულობის ნიშანი, რისი გამოცნობა თუ შემჩნევა არც ისე რთულია. მის სახეზე ერთდროულად მეფურიცაა და მოკრძალებულიც“.

ხელოვანის ქვეცნობიერში დალექილია უამრავი შრე, რომელთა სიღრმე ისევე შეუცნობელია, როგორც სამყაროს შექმნისა და უფლის საიდუმლოებანი. ტონიო თავის ერთადერთ მეგობარს, მხატვარ ლიზავეტა ივანოვნას, რომელიც საყვედურობს, რომ ბიურგერი  ხარ და მიწიერი სიამენი მართავენ შენს გონებასო, ასე უპასუხებს: „შეეშვით ჩემს ტანისამოსს, ლიზავეტა ივანოვნა! ხომ იცით, ხელოვანი შინაგანად ისედაც ავანტიურისტია! დალახვროს ეშმაკმა! გარეგნულად ხომ მაინც უნდა გამოიყურებოდე კარგად და ისე იქცეოდე, როგორც პატიოსან კაცს შეშვენის“…

მართალია, ტონიო ყველამ გაწირა, მას ერთადერთ თანამგრძნობად ლიზავეტა ივანოვნა შემორჩა, მაგრამ, მიუხედავად ადამიანთა სიმუხთლის, ცხოვრების წარმავლობის მკაცრი კანონზომიერებების ბოლომდე გასიგრძეგანებისა, ტონიოს მაინც შერჩა ძალა ბოლომდე ადამიანად დარჩეს, გული არ გაუცივდეს, ადამიანების იმედი არ დაკარგოს. ტონიოსგან ბევრ რამეს ვსწავლობთ, მაგრამ მისი მთავარი შეგონება, ჩემი ღრმა რწმენით, ეს სიტყვებია: „უნდა მსოფლიო სევდა დაძლიო, ყველაფერს დაუკვირდე, შენიშნო, გაუძლო სატანჯველსაც კი და მაინც კარგ ადამიანად დარჩე. თავი უნდა ინუგეშო იმით, რომ ზნეობრივად ამაღლებულხარ იმ საზიზღრობაზე, რასაც ყოფიერება ჰქვია!“ მართალია, მისი სული დიდ შემოქმედებით წამებაშია, ზოგჯერ ბიურგერულ პრიმიტიულობაზეც კი ოცნებობს („ვიცხოვრებდი თავისუფლად შემეცნების წყევლა-კრულვისა და შემოქმედებითი ტანჯვა-წამების გარეშე, მეყვარებოდა და განვადიდებდი სანეტარო ბანალურობას!“), მაგრამ საბოლოოდ მას მაინც ეს ეკლიანი გზა ურჩევნია, „Per aspera ad astra”, გზა, რომელიც სისხლის დათხევისა და ტკივილისაა, მაგრამ, ამავე დროს, ამაღლებისაც და ვარსკვლავებისკენ მიდის.

30 წელს გადაცილებული, უკვე დაბრძენებული, სულიერად გამთლიანებული ტონიო დანიაში მოგზაურობის ჟამს აღმოაჩენს, რომ მისი საოცნებო ადამიანები, მეგობარი ჰანს ჰანსენი (სახელიც როგორი ევფონიური დაარქვა მწერალმა მისი პიროვნული არსის შესაცნობად) და შეყვარებული ინგე ჰოლმი დაწყვილებულან, ერთად არიან მდიდრულ სასტუმროში, გართობასა და თავგადასავლებში გართულნი ვერც ამჩნევენ ტონიოს, რომელიც კარგად ხედავს წყვილს, ისე იოლად კითხულობს მათ სახეებზე ვნებებსა და სურვილებს, როგორც – შავით თეთრზე დაწერილს და ძალიან უნდა ბავშვობის მეგობრებს გამოელაპარაკოს, მაგრამ… აი, რას გვეუბნება ავტორი:   „ფიქრობდა, რა შეიძლებოდა ეთქვა, მაგრამ ვერ ბედავდა კი. იგივე განმეორდებოდა, როგორც ყოველთვის: ისინი ისევ ვერ გაუგებდნენ, ცივად მოისმენდნენ მის ნათქვამს, ვინაიდან მათი ენა ხომ მისი ენა არ იყო, ისინი ხომ, მართალია, გერმანულად, მაგრამ მაინც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ“.

ჩემს მოსწავლეებს ხშირად შევახსენებ ხოლმე თომას მანის დეფინიციას ბიურგერებსა და სულიერ ადამიანებზე და ვურჩევ, რომ აირჩიონ სულიერი ადამიანის საინტერესო გზები. ბიურგერობა არ არის დასაძრახი, მაგრამ მოსაწყენი და უინტერესოა ბიურგერის გზაც და ფსიქოტიპიც. სულიერი ადამიანი ანათებს. ვასიკო კეჟერაძე ამაოდ კი არ ითხოვდა კარცერ-ლუქსებში ახალგაზრდების გამომწყვდევას, მათ „ინფიცირებას“ კითხვის სიყვარულით. ლიტერატურის წიაღში სულიერად გამდიდრებულმა კარგად იცოდა, რომ განათლებულ ადამიანზე დიდი ძალა არ არსებობს. მხოლოდ განათლებას მოაქვს კაცობრიობის პროგრესი, ქვეყნების, საზოგადოებების განვითარება.

ვფიქრობ, რომ ტონიო კრიოგერი აუცილებლად უნდა გავაცნოთ ჩვენს უფროსკლასელებს. სასკოლო გარემოში ბავშვებს შორის კონფლიქტები, ერთმანეთისადმი უპატივცემლობა, ვერგაგება, მარტოსულობა და სულიერი ტანჯვა, რომელიც ბევრი მოსწავლის ხვედრია, დაიძლევა, თუკი ტონიოსავით უნაზესი სულის, ფიქრიან, ჰუმანისტ გმირს გავეცნობით.

მოთხრობის მთავარი ინტრიგა ასევე ის გახლავთ, რომ ტონიო კრიოგერი ავტორის „ალტერ ეგოა“. მწერლის ბიოგრაფიული დეტალები ტონიო კრიოგერის ცხოვრების გზას უმთავრესად ემთხვევა. ტონიოს პატარა ქალაქი ძალიან ჰგავს მანის მშობლიურ ლიუბეკს. მის მშობელთა პორტრეტები – ტონიოს დედ-მამისას. თომას მანის დედაც, იულია მანი (ქალიშვილობაში სილვა ბრუნი) გერმანელი პლანტატორისა და პორტუგალიური წარმომავლობის ბრაზილიელი  კრეოლის ქალიშვილი იყო.

თომას მანი მსოფლიო კულტურული მოვლენაა, ნობელიანტი მწერალი, რომელიც ნაცისტურ რეჟიმს დაუპირისპირდა და ჰუმანისტური იდეალების ერთგული დარჩა. ის თავისი შემოქმედებით ეძებდა პასუხებს ეგზისტენციალურ კითხვებზე. შთაგონებული იყო შოპენჰაუერისა და ნიცშეს ფილოსოფიით, ვაგნერის მუსიკით, როგორც მისი ეპოქის ხელოვანთა უმრავლესობა. მის ცხოვრებაშიც არის შავი ლაქები. მანს სტალინური რეჟიმის თანაგრძნობაში სდებდნენ ბრალს და აქ უსათუოდ გაგვახსენდება ჩვენი გრიგოლ რობაქიძე, რომელიც ასევე ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოჩნდა. სტალინური რეჟიმისგან დევნილს ჰიტლერული ნაციზმის მხარდაჭერის სენი შეეყარა. ამ ორი მწერლის ბიოგრაფიაც ბევრ რამეს ასწავლის ჩვენს ახალ თაობებს, რომ ტოტალიტარიზმი თვით გენიალურ მწერლებსაც კი თავგზას ურევს და წონასწორობას აკარგვინებს, რაც კარგი გაკვეთილია. თუმცა საბოლოოდ ყველაფერს მაინც ჰუმანიზმისა და ესთეტიზმის იმ ამაღლებულმა იდეალებმა სძლია, ორივე მწერლის სულში რომ უხვად იყო ჩაბუდებული, ხოლო გმირებში, ტონიო კრიოგერსა და თამაზ ენგურში, ძალუმად გამოიხატა.

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სათამაშოების დალაგება

0
Sweet child playing with plastic blocks

ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლისთვის უჩვეულო და მოულოდნელი არ უნდა იყოს ოთახში უწესრიგოდ მიმობნეული სათამაშოების ხილვა, მას შემდეგ, რაც პატარა თამაშს ამთავრებს. როგორ მოვიქცეთ, ჩვენ თავად დავალაგოთ ოთახის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში მიმოყრილი სათამაშოები, თუ ვთხოვოთ ან ვაიძულოთ ბავშვი, თვითონ გააკეთოს ეს ყველაფერი.

უფროსების ნაწილი ფიქრობს, რომ არ ღირს ზედმეტად დავტვირთოთ პატარა, როცა შეგვიძლია ჩვენ თავად რამდენიმე წუთში გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ზოგიერთი მშობელი კი ყველანაირი ხერხით, ხანდახან ძალდატანებითაც კი ცდილობს, აიძულოს ბავშვი თავად დაალაგოს საკუთარი სათამაშოები. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თუ ადრეული ასაკიდან არ მივაჩვევთ პატარას საკუთარი ნივთების დალაგებას, ეს სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სკოლის პედაგოგსაც, რომელსაც მუდმივად მოუწევს ბავშვისთვის იმის შეხსენება, რომ მოაწესრიგოს საკუთარი სასწავლო ნივთები და საკლასო ოთახის ის კუთხე, სადაც უწევს მუშაობა.

რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს სათამაშოების დალაგება:

  • ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის, დავალაგოთ ჩვენი საკუთარი ნივთები. სამ წლამდე ბავშვები ადვილად ითვისებენ ოჯახში მიღებულ ნორმებსა და წესებს. ისინი, შეიძლება ითქვას ღრუბელივით იწოვენ ოჯახის უფროსი წევრების ქცევებს და ცდილობენ, მიბაძონ მათ. თუ მშობლები, უფროსი დები და ძმები, ბებიები და ბაბუები ყოველთვის თავის ადგილას დებენ საგნებს, ნივთებს, მაშინ ბავშვიც იმავეს გააკეთებს და ნაკლებად აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როცა ბავშვს არ სურს სათამაშოების დალაგება; თამაშის შემდეგ ის ამას შეხსენების გარეშე გააკეთებს. გავითვალისწინოთ, რომ იმ ბავშვს უყვარს წესრიგის დაცვა, რომელსაც მშობლებმა ასწავლეს წესრიგის სიყვარული თავიანთი მაგალითით;
  • ნუ ავიღებთ ბავშვის სათამაშოების დალაგების მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ხდება ხოლმე, რომ მშობლები ელოდებიან, როდის დაიძინებს პატარა, რომ მის მიერ მიმოფანტული სათამაშოები მიალაგონ. გაღვიძების შემდეგ ბავშვი ხედავს ჯადოსნურ წესრიგს, ეჩვევა და თვლის, რომ ეს ასეც უნდა იყოს. არის შემთხვევები, როცა უფროს ბავშვებს სთხოვენ, მიალაგონ უმცროსის მიყრილ-მოყრილი სათამაშოები. ამ დროს პატარა იწყებს ფიქრს, რომ მისი არეული სათამაშოები და ნივთები აუცილებლად სხვებმა უნდა დაალაგონ. თუ ბავშვს მივაჩვევთ, რომ მის არეულ სათამაშოებს ყოველთვის სხვები დაალაგებენ, მისთვის დროთა განმავლობაში ეს ნორმად იქცევა. ცოტა ხანში ის ისე მიეჩვევა ამას, რომ მოგვიანებით სათამაშოების დალაგების მოთხოვნამ შეიძლება მისი უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვიოს. უფროსებს კი დიდი შრომის გაწევა დაგვჭირდება, რომ გადავაჩვიოთ ბავშვი ამას;
  • კარგი იქნება, თუ ბავშვის სათამაშოებს მის თვალწინ და მასთან ერთად დავალაგებთ თამაშის დასრულებისთანავე. შეიძლება არაფერი ვუთხრათ და ჩვენს მოქმედებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მივანიჭოთ – პატარა ყველაფერს დაინახავს, შეითვისებს და მიჰყვება უფროსის მაგალითს, განსაკუთრებით, თუ მას ჯერ კიდევ არ ესმის, რას ელიან მისგან. ვუჩვენოთ, რომ ეს თამაშის სასიამოვნო და აუცილებელი ნაწილია; გამოვიჩინოთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა. სათამაშოების დალაგება შეგვიძლია გადავაქციოთ ყოველდღიურ საქმედ და თამაშის აუცილებელ ნაწილად;
  • მოვერიდოთ ჭკუისდამრიგებლურ საუბრებს. ბავშვი სწრაფად ითვისებს მისთვის მნიშვნელოვანი უფროსების, მაგ. დედის და მამის ჩვევებს, მაგრამ გულგრილია ჭკუისდამრიგებლური საუბრებისა და მითითებების მიმართ. იმისათვის, რომ ისწავლოს სათამაშოების დალაგება, ჩვენ შეგვიძლია წავუკითხოთ პატარას დამრიგებლური ზღაპრები, ან ვესაუბროთ იმის შესახებ, რომ საკუთარი სათამაშოების დალაგებაზე თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი, მაგრამ მისი ფსიქიკის მოუმწიფებლობის გამო ყველა ეს არგუმენტი და მტკიცებულება ყურადღების მიღმა, იგნორირებული დარჩება;
  • ოთახში ყველა ნივთს თავისი ადგილი მივუჩინოთ. იქ, სადაც ნივთებს თავისი ადგილი არა აქვს, ბავშვი ვერ ისწავლის წესრიგს და საკუთარი სათამაშოების დალაგებას. როცა უფროსები მუდმივად ვუცვლით ადგილს ბავშვის ნივთებს, ის სათამაშოებს ოთახში მუდმივად მიმოაბნევს, გაფანტავს, რადგან არ იცის, სად დაალაგოს. თუ თითოეულ სათამაშოს თავის ადგილს მივუჩენთ და ყოველ ჯერზე იქ განვათავსებთ, ბავშვისთვის ადვილი იქნება იმის დამახსოვრება სად უნდა დადოს თავადაც ეს სათამაშო თამაშის დასრულების შემდეგ;
  • განვსაზღვროთ თამაშის პროცესში გამოსაყენებელი და ბავშვისთვის მისაცემი სათამაშოების ოპტიმალური რაოდენობა. უწესრიგობის ყველაზე ხშირი მიზეზია თამაშისას გამოყენებული სათამაშოების ზედმეტად დიდი რაოდენობა, რის გამოც პატარას არ შეუძლია ყველაფრის შეგროვება. ის შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს მთელს ოთახში მიმოფანტული სათამაშოების გროვებს შორის. ასეთ მდგომარეობაში პატარა არ მოინდომებს სათამაშოების დალაგებას, არ ეყოფა მოთმინება და ეს პროცესი მისთვის აუტანელ ტვირთად იქცევა. შევეცადოთ დავტოვოთ სათამაშოების შედარებით მცირე რაოდენობა, დიდი რაოდენობით დეტალების გარეშე. მაშინაც კი, თუ ყველა ეს სათამაშო თაროდან იქნება გადმოყრილი, რამდენიმე წუთი საკმარისი აღმოჩნდება წესრიგის აღსადგენად. უამრავიდან 4-5 სათამაშოს გამოყოფა და ბავშვისთვის შეთავაზება თამაშის პროცესში ბევრად უკეთ ასწავლის მას სათამაშოების დალაგებას, ვიდრე ჯილდოები და შექება უამრავი სათამაშოს დალაგებისთვის. ამიტომ, ვიზრუნოთ, რომ პატარას წინ თამაშის პროცესში იდოს ზუსტად იმდენი სათამაშო, რამდენის დალაგებასაც შეძლებს;
  • სათამაშოები განვათავსოთ ღია თაროებზე, ამასთან ისეთ სიმაღლეზე, რომ ბავშვი მისწვდეს მათ;
  • მივცეთ პატარას არჩევანის თავისუფლება – თავად დაალაგოს თუ ჩვენი დახმარებით, რა თანმიმდევრობით დაალაგოს სათამაშოები;
  • ყოველ ჯერზე მშვიდად და კეთილგანწყობილი ტონით შევახსენოთ სათამაშოების დალაგების აუცილებლობის შესახებ;
  • დავუშვათ გამონაკლისი იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი უკვე კონცენტრირებულია სხვა საქმიანობაზე. ამ დროს უკეთესი იქნება დალაგება შევახსენოთ მოგვიანებით, ან თავად დავალაგოთ;
  • კარგი იქნება, თუ სათამაშოების დალაგების პროცესს ბავშვისთვის გასართობ თამაშად ვაქცევთ – შეიძლება სათამაშოები დავყოთ რამდენიმე ჯგუფად. ნაწილს თავად ბავშვი დაალაგებს, მეორე ნაწილს კი ჩვენ. ყუთებს, სადაც სათამაშოების ჩალაგებას ვაპირებთ, დავაკრათ სხვადასხვა სურათი, რომლებიც დაეხმარება პატარას, სწრაფად იპოვოს თამაშისათვის საჭირო ნივთი. იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ცალკეული თამაშისთვის განკუთვნილ სათამაშოებს კომპლექტებად დავყოფთ, რომელთაგან თითოეული ცალკე იქნება მოთავსებული და თავისი სპეციალური მიმანიშნებელი ექნება. ამასთან, მუდმივად უნდა დავიცვათ წესი – ყოველი ახალი თამაშის დაწყებამდე წინა თამაშის დროს გამოყენებულ სათამაშოებს თავის ადგილას ვალაგებთ;
  • ვიყოთ თანმიმდევრული. შედეგს ვერ მივიღებთ, თუ დღეს ვაიძულეთ პატარა თავად დაელაგებინა სათამაშოები, ხვალ კი ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მის ნაცვლად;
  • აუცილებელია, რომ ოჯახის ყველა წევრი იყენებდეს ერთსა და იმავე სტრატეგიას ბავშვთან მიმართებაში – თუ დედა წესრიგის დაცვას მოითხოვს მისგან, მამას კი ეღიმება და არასერიოზულად უდგება ამ პროცესს, ბავშვი ადრე თუ გვიან მამის ქცევას გაიმეორებს;
  • როცა ბავშვს ნივთების დალაგებას და წესრიგს ვაჩვევთ, ავუხსნათ მას, რატომ არის ეს საჭირო. მოვერიდოთ კატეგორიული ტონით გამოხატულ მოთხოვნებს, მაგ.: „მე დედა ვარ და მე ასე ვთქვი, მე ასე მინდა“. ბავშვს უნდა ესმოდეს, რას აკეთებს და რატომ. მოთხოვნები და ბრძანებები, როგორც წესი, ნაკლები სარგებლის მომტანია, ვიდრე ტაქტიანი შენიშვნა ან თხოვნა;
  • თხოვნა სათამაშოების დალაგების შესახებ კეთილგანწყობილი ტონით უნდა ჟღერდეს. დალაგება არ უნდა ვაქციოთ დასჯად, პირიქით, ის დადებით ემოციებთან უნდა იყოს დაკავშირებული, გახდეს სასიამოვნო და არა მოსაწყენი, მომაბეზრებელი პროცესი. პატარა უნდა ხედავდეს, რომ მასთან ერთად სათამაშოების დალაგება ჩვენ სიხარულს და სიამოვნებას გვანიჭებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ადრეულ ასაკში ბავშვისთვის სათამაშოების დალაგების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია. მოგვიანებით ეს დაგვეხმარება ვასწავლოთ ბავშვს წესრიგის დაცვა ოთახში, იქნება მოწესრიგებული და ყურადღებიანი პირადი ნივთების მიმართ. ყოველივე ეს კი სასწავლო პროცესში ორგანიზებული მოქმედების ხელშემწყობი გახდება და ბევრ პრობლემას აგვაცილებს თავიდან.

 

გაკვეთილის საინტერესოდ დაწყებისთვის

0

ჩვენ არ მოვუწოდებთ მასწავლებლებს, უარი თქვან თავიანთ მასწავლებლურ ყოველდღიურობაზე და ყოველი გაკვეთილის დასაწყისი შოუდ აქციონ. პირიქით, რუტინა საჭიროა, ოღონდ არა მოსწავლეთა დასაშინებლად. რუტინა მნიშვნელოვანია ბავშვებთან კონტაქტის დასამყარებლად და კლასში სასწავლო ატმოსფეროს შესაქმნელად, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაკვეთილი უფრო კომფორტული გახადოთ, ამისათვის:

არასოდეს შეურაცხვყოთ ან დავამციროთ მოსწავლეები. მათი პირადი სივრცე მასწავლებლის მხრიდან დაცული უნდა იყოს. მასწავლებელი ვალდებულია, მთელი თავისი სირთულეები, პირადი ემოციები, ბრაზი და სევდა კლასის გარეთ დატოვოს, ან გულწრფელად აღიაროს ეს მოსწავლეებთან და გადადოს გაკვეთილი. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს ადამიანი, რომლისთვისაც უცხო არ არის თანაგანცდა და სხვისი გრძნობების სწორად აღქმა.

თქვენ შეგიძლიათ შუქნიშნის წესების დაწესება. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ბავშვისთვის შუქნიშნისა და საგზაო მოძრაობის ძირითადი პრინციპები გასაგებია. ამის გამოყენება წარმატებით შეგვიძლია საკლასო ოთახშიც. შუქნიშნის თემა მარტივი და გასაოცარია. წითელი შუქი ნიშნავს, რომ მხოლოდ მასწავლებელი საუბრობს ან სრულდება ინდივიდუალური დავალება. ყვითელი შუქი ნიშნავს კომუნიკაციას და იმას, რომ ყველას შეუძლია რიგრიგობით უპასუხოს (მასწავლებელს აქ არ აქვს უფლება შეაჩეროს მოსწავლე!). მწვანე შუქი კი გამოგვადგება წყვილებში ან გუნდური მუშაობის დროს, რაც ნიშნავს კომუნიკაციის, ურთიერთობის რეალურ თავისუფლებას.

კიდევ ერთი იდეა, რომელსაც შეგიძლიათ ერთი გაკვეთილი მიუძღვნათ: შეათანხმეთ ბავშვებთან, როგორ იმუშავებენ უფრო კომფორტულად. შეადგინეთ წესების სია, მოაწერეთ ხელი ამ ყველაფერს და ჩამოკიდეთ კლასის შესასვლელთან. ეს იქნება მათი და თქვენი კომფორტის ზონა. მოსწავლეები ძალიან სწრაფად მიხვდებიან, რას ითხოვთ მათგან. ასევე, დაიმახსოვრეთ, რომ ამ წესების დარღვევა თქვენთვისაც არ შეიძლება. თუ შეთანხმდით, რომ თქვენ გაკვეთილზე არ ყვირით, არ უნდა იყვიროთ, რაც არ უნდა მოხდეს.

აუცილებელია, გაიწეროს, რა ელის ბავშვებს წესების დარღვევისთვის. ასევე, არც მასწავლებელი უნდა მოეკიდოს გაკვეთილს გულგრილად, არ გააუქმოს ის და კარგად მოემზადოს. ბავშვები მოუმზადებელ მასწავლებელს „გრძნობენ“ და ხშირად გაკვეთილზე მათი სიცელქე ამითაა გამოწვეული.

გვახსოვდეს, რომ კლასი არის პოზიტიური განწყობის, სინათლისა და დიახ, ხალისით სწავლის ტერიტორია. ყველა ღონე იხმარეთ ასეთი ატმოსფეროს შესაქმნელად, მაშინ თავად მოსწავლეებს მოუნდებათ თქვენთან მოსვლა. მათ ეცოდინებათ, რომ თქვენგან ყოველთვის შეძლებენ მხარდაჭერის მიღებას.

ყოველთვის აღნიშნეთ ბავშვების თუნდაც მცირე წარმატებების შესახებ, ასევე, აღნიშნეთ საკუთარი წარმატებების შესახებაც! ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ წარმატებული მასწავლებელი ჰყავთ, არაფერია მოსარიდებელი. თუ თქვენ გუშინ კაფეში მეგობრებთან ერთად მშვენივრად გაატარეთ დრო – ამის შესახებაც უამბეთ ბავშვებს, როგორ გიხაროდათ, გაუზიარეთ თქვენი სასიხარულო გრძნობები. ისინი დაინახავენ, როგორ ენდობით. თქვენ იქნებით მათთვის სიკეთის მაგალითი და საპასუხოდ ისინიც შეეცდებიან, იყვნენ გახსნილი, გულწრფელი და კეთილგანწყობილი.

გაკვეთილის დაწყება ყოველთვის რთულია. მასწავლებელმა პირველივე წუთიდან უნდა დააინტერესოს ბავშვი. შესვენების შემდეგ ბავშვები ზოგჯერ არ არიან მზად, მშვიდად მოუსმინონ მასწავლებელს და ახალი რამ ისწავლონ. გაკვეთილის დაწყება უკვე შეიძლება იყოს მოტივაცია. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, როგორ შეგვიძლია დავიწყოთ გაკვეთილი. შინაგანი მოტივაციის პირველი ტიპი არის შემოქმედებითი. მას საფუძვლად უდევს საკუთარი თავის გამოხატვის, აზრის გამოხატვისა და შინაგანი სამყაროს დემონსტრირების სურვილი. შემდეგ საწყის აქტივობებს შეუძლიათ გააღვივონ კრეატიულობა:

რეცეპტი – შეეცადეთ ბავშვებთან ერთად წარმოიდგინოთ თემა რეცეპტად: რა ინგრედიენტები იქნება საჭირო თემის მოსამზადებლად (დასაუფლებლად), რა ხელსაწყოები დაეხმარებათ და როგორ უნდა გავიგოთ, რომ „კერძი“ სწორად მომზადდა.

ნახატი – გაკვეთილის დასაწყისში სთხოვეთ მოსწავლეებს, დახატონ ის, რაც თემასთან დაკავშირებით თავში მოუვათ. აქ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ პირობების ნაკრები: მაგალითად, შექმენით ნახატი მხოლოდ ერთი გეომეტრიული ფორმის გამოყენებით, ფერების გარკვეული პალიტრის გამოყენებით და სხვ.

დავა – მოამზადეთ გაკვეთილის თემაზე ისეთ საკითხები, რომლებსაც ბავშვები აპრიორი არ დაეთანხმებიან, ანუ მათ მოუწევთ თქვენთან დავა და დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

შინაგანი მოტივაციის მეორე წყარო არის ძიების სურვილი და აი, აქ უკვე ერთვება კვლევითი აქტივობები:

პროვოკაცია – შექმენით საგანმანათლებლო პროვოკაცია გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით, აირჩიეთ მასალა, რომელიც იქნება დამაინტრიგებელი და გააჩენს კითხვებს. პროვოკაციული ელემენტები იქნება: ბუნებრივი მასალა, ფოტოები, წიგნები, სურათები, ხმები.

„შავი ყუთი“ – მოამზადეთ შავი ფერის ჩანთა გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული საგნებით. სთხოვეთ ბავშვებს, გამოიცნონ, რა დევს ჩანთის შიგნით, გახსნის გარეშე, მათ შეუძლიათ მხოლოდ შეეხონ. შემდეგ აჩვენეთ საგნები და განიხილეთ, თუ როგორ უკავშირდება ისინი გაკვეთილის თემას.

პასუხები – კვლევის რუტინისთვის შესანიშნავი ვარიანტია გაკვეთილის დასაწყისში ორი წუთის დახარჯვა ბავშვის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. მოსწავლეები წინასწარ წერენ შეკითხვებს და ტოვებენ კლასში, სპეციალურ უჯრაში.

დაბოლოს – კომპეტენტურობის მოტივაცია, როდესაც ვეხმარებით ბავშვს დაინახოს, რომ მან შეიძინა ახალი ცოდნა და უნარები, უკან მოიტოვა ტრადიციული საშინაო დავალება და საკონტროლოები. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ:

გაკვეთილის რუკა – თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გაკვეთილის რუკა. მასწავლებელი ამ რუკაზე უკვე მიღწეულ მიზნებს ვარსკვლავებით აღნიშნავს, ადგენს შემდგომი მოქმედების მარშრუტს და ბავშვებთან ერთად განიხილავს მას.

კითხვები – სწავლის ერთ-ერთი გასაღები არის კითხვების დასმის უნარი. შეარჩიეთ გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული ერთი სიტყვა და სთხოვეთ ბავშვებს ამ სიტყვის გამოყენებით მოიფიქრონ კითხვები.

რა აერთიანებს კლასს? არ დაგავიწყდეთ, რომ კლასი არის პატარა საზოგადოება, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყველამ მოახერხოს საკუთარი თავის წარმოჩენა და გამოხატვა, არამედ თავი იგრძნოს ამ საზოგადოების ნამდვილ ნაწილად. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ სიტყვის ღრუბელი იმ სიტყვებისგან, რომლებსაც ბავშვები უკავშირებენ თავიანთ განწყობას ან შესასწავლ თემას იმ მომენტში.

შესთავაზეთ ბავშვებს, რომ გაგიზიარონ დღის სამი სიხარული: ის, რაც სკოლაში შეემთხვათ, ან ის, რაც მოხდა სახლში, კლუბში ან სპორტულ ღონისძიებაზე.

შესაძლოა სასიამოვნო რუტინად იქცეს ერთწუთიანი კითხვა კლასში, თავად ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი ტექსტი. ეს შეიძლება იყოს სიახლე, ლექსი, მოკლე პოსტი სოციალურ ქსელებში. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რას აირჩევთ. მთავარია, რომ ეს ყველაფერი დაგეხმაროთ ბავშვებთან „ერთ ტალღაზე“ ყოფნაში, რომ მოსწავლე თქვენგან იყოს რაღაც კარგის მოლოდინში, რომ სჯეროდეს – მასწავლებელი მას გზას უხსნის ახალი აღმოჩენებისკენ!

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

ყიყლიყოს დღე – როგორ იკვებებიან ბავშვები სკოლაში?

0
Lunch box and school supplies. Education concept. Top view

დედა, სქულქარდზეორი ლარი ჩამირიცხე, ფუნთუშას ვიყიდი ჩემს კლასელებთან ერთად,მწერს შვილი დღის ბოლოს.

ლიავი კიდევ გვაქვს სახლში? ვალაც გამატანე, ჩემს კლასელებს ძალიან მოეწონათ” – სოფლიდან გამოგზავნილ და სახლში ვერდაფასებულ ქლიავს მოწონება სკოლაში ხვდა წილად.

ჩემს კლასელებს ეგონათ მუცელი შიმშილის გამო მტკიოდა და ნიკოლოზმა ფუნთუშა გამიყო, ნინიამ შოკოლადი მომცა, მათემ ვაშლის ნაჭერი. ყველაზე კარგი კლასელები მყავს.

 

იყლიყოების გამო გლოცავდნენ. კიდევ გამატანე. იჭებმა კარგად გავინაწილეთ. მოდი, ხუთშაბათი ყიყლიყოს დღე იყოს”.

რა გავატანო სკოლაში საჭმელი ორ მოსწავლეს და დილით რით ვასაუზმო – ამას ძილის წინ ან ძილში უკვე ნახევრად წასული ვგეგმავ, ასე საქმე უფრო მიმარტივდება, ორგანიზებაც აღარ მიჭირს და იმ დღის სიმშვიდეც გარანტირებულია – ბავშვი, რომელიც მთელ დღეს გარეთ ატარებს, მშიერი აღარ დარჩება. თუმცა, ისიც ვიცი, ეს არ არის ისეთი საკვები, რომელიც საკმარისი იქნება მოზარდის ზრდა-განვითარებისთვის.

ერთ დღესაც ყველას გვაგვიანდებოდა. საუზმე მოვასწარით, ბავშვებს საგზალი ვეღარ გავუმზადე, ამიტომ ფული გავატანე, რომ სკოლის მაღაზიაში რაიმე ეყიდა. ბავშვს სიჩქარეში ყიდვაც გადაავიწყდა და ისე შევარდა სკოლაში, საჭმელი არ გახსენებია. სკოლაში ბუფეტი არ ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ბავშვი სახლიდან არ წაიღებს საკვებს ან გაკვეთილის დაწყებამდე მაღაზიაში არ იყიდის, მშიერი დარჩება, თან საკმაოდ დიდხანს, 5-6 საათის განმავლობაში. (სკოლიდან გარეთ არ უშვებენ გაკვეთილების დამთავრებამდე). საღამოს მიყვებოდა – „ყველა კლასელმა რაღაც გამინაწილა, მიხვდნენ, რომ საჭმელი არ მქონდა”.

კვება გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე, გავლენას ახდენს დასწავლაზე და მოსწავლის კონცენტრაციაზე. კვლევებით გამყარებული ეს ფაქტები, კიდევ უფრო საინტერესოა და კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რა გავლენას აქვს კვებას ან კვების გარეშე ყოფნას ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე.

„საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე”. (NAEC, 2019)

თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოში (24.4%) სიღარიბეში ცხოვრობს. (UNICEF, 2021)

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ნუტრიციის პოლიტიკის ხარვეზების ანალიზის თანახმად (UNICEF, 2020). მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოზარდებში ისეთი მიკროელემენტების ნაკლებობა, როგორიცაა რკინა და იოდი, რაც მათ ზრდის, განვითარებისა და ანემიის პრობლემებს უქმნის. (კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის პოლიტიკური დოკუმენტი „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები”)

აშშ-ს ქრონიკული დაავადებების ეროვნული ცენტრის კვლევების მიხედვით, საუზმის გამოტოვება მოსწავლეებში პირდაპირ კავშირშია გაუარესებულ აკადემიურ მოსწრებასთან. ასევე არაჯანსაღი კვებით გამოწვეული ნუტრიენტების დეფიციტი დაკავშირებულია სკოლის ხშირ გაცდენასა და ცუდ ნიშნებთან.

ნუტრიციოლოგი რუსუდან ღვამიჩავა ჩვენთან ინტერვიუში განიხილავს, როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე და როგორ უნდა იკვებებოდეს მოზარდი:

„მოსწავლის ასაკში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარება, აუცილებელია სწორად შერჩეული ჯანსაღი საკვების მიღება. საუზმე მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების რაციონის შეუცვლელი ნაწილია. ღამის ხარისხიან და საკმარის ძილს, დილას აუცილებლად უნდა მოსდევდეს დაბალანსებული, სასარგებლო და გემრიელი საუზმე. დილის კვება ბავშვებს აძლევს ენერგიას, რათა დღის განმავლობაში სკოლაში იყვნენ აქტიური და კონცენტრირებული სხვადასხვა დავალების შესრულებაზე. კვება და სკოლაში შრომისუნარიანობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. მოსწავლისთვის იდეალური დაბალანსებული საუზმის აუცილებელი კომპონენტებია: რთული ნახშირწყლები, ცილა და ჯანსაღი ცხიმები. საუზმედ შეიძლება გამოყენებული იყოს: რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, რძე, მაწონი, არაჟანი; ასევე, კვერცხი, შვრია ხილთან ერთად, თხილეული, უშაქრო გრანულა რძით, მთელ მარცვლოვანი პურით დამზადებული სენდვიჩი, წიწიბურა და ა.შ..”.

როგორც ნუტრიციოლოგი განმარტავს მოზარდის ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ჯანსაღი ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები და მინერალები. კვებით რაციონში მრავლად უნდა იყოს წარმოდგენილი ხილ-ბოსტნეული, რთული ნახშირწყლები, ცილა და რძის პროდუქტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკრონუტრიენტები: რკინა, D ვიტამინი და კალციუმი. საკვები მოზარდს ამარაგებს ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგიით და ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფუნქციონირებას და ძალიან დიდი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე.

ბავშვიანი ოჯახის პატრონებმა კარგად ვიცით, რასთან არის დაკავშირებული ბავშვების სწორი და ჯანსაღი კვება ყოველდღიურად და განსაკუთრებით ახლა, როდესაც სოციალური ფონი მძიმდება, საკვები პროდუქტების ფასები ყოველდღიურად მატულობს, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შვილებს ჯანმრთელი პროდუქტი შესთავაზონ, შეუდგინონ ისეთი ყოველდღიური მენიუ, რომელიც მას ზრდა-განვითარებაში დაეხმარება. ოჯახებისთვის დღეს ბავშვების ჯანსაღი კვებით უზრუნველყოფა ნამდვილად არის გამოწვევა.

 

კვებასთან დაკავშირებული ისტორიების მოსმენა ყოველდღიურად მიწევს ჩემი ორი მოსწავლე შვილისგან. ვინ როგორ იკვებება კლასში, ვის რა დააქვს სკოლაში, ვინ ვის რას უნაწილებს და როგორი მეგობრობა იციან ბავშვებმა – თითქმის ყველაფერი ვიცი მათზე. ისეთი ამბებია, თვალზე ცრემლებიც მოგადგება. შოკოლადი იქნება თუ მანდარინები, სახლში გამომცხვარი ნამცხვარი თუ ყველიანი „ტოსტები”, ბლინები თუ ღვეზელები, ჩურჩხელა თუ არც ისე ჯანსაღი „სნექები”, ბავშვებს ეხმარება ერთმანეთზე ზრუნვაში. პატარა ადამიანები, სიტყვის უთქმელად ხვდებიან ვის სჭირდება დახმარება და ვის უნდა გაუნაწილონ საკვები.

მოსწავლეები, რომ ხშირად მთელი დღის განმავლობაში მშიერი არიან, ეს ყველაზე კარგად მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა იციან. ჩვენს ქვეყანაში რომ მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფის საჭიროება არსებობს, ამას სხვადასხვა კვლევა ადასტურებს და სტატისტიკის მიღმაც ბევრი მშიერი მოსწავლეა.

 

როგორ მოქმედებს მოსწავლის შიმშილი საგაკვეთილო პროცესზე? არიან თქვენს კლასში მშიერი მოსწავლეები? მშობლებო, როგორია თქვენი სასკოლო კვებითი გამოცდილება, როგორ უმკლავდებით ყოველდღიურად მზარდ ფასებს საკვებ პროდუქტებზე, როგორ კვებავთ ბავშვებს? საჭიროა თუ არა სკოლებში უფასო კვება?

 

ხომ არ ვილაპარაკოთ ამაზე?!

 

 

თანამედროვე მწერალი და მკითხველი

0

„- ეს ვინღაა, მწერალია?! პირველად მესმის!“ – ხშირად გადააწყდები ხოლმე ფეისბუქზე მავანთა მხრიდან ნიშნის მოგებით აღმომხდარ ამ და მსგავს სიტყვებს, რომელიმე ცნობილ თანამედროვე ქართველ პოეტზე ან პროზაიკოსზე ნათქვამს. პრეტექსტი, როგორც წესი, მწერლის მიერ დაფიქსირებული საკუთარი პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციაა, ან სულაც – საკუთარ ფეისბუქგვერდზე დასტატუსებული სრულიად უინტერესო შეხედულება რაიმე ყოფით მოვლენაზე, რომელსაც სხვადასხვა გვერდი დაუკითხავად ანიუსებს. ამ გვერდების ადმინების სამიზნე ჯგუფი, რა დასამალია და, საზოგადოების ინტელექტუალურად მოწყვლადი ნაწილია. როგორც ყველგან, ჩვენთანაც, სამწუხაროდ, უწიგნური ან მოჩვენებითად წიგნიერი ბევრად აღემატება ნამდვილად წიგნიერს. უბირი ადამიანი მზადაა, დაუფიქრებლად გადაუაროს სხვა ადამიანს (მით უმეტეს – მწერალს), რომლის პოზიცია მის პოზიციას არ ემთხვევა (არის სხვა კატეგორიებიც: ისინი, რომლებიც მხოლოდ ნიუსის სათაურს კითხულობენ და ისინი, რომლებიც უშუალოდ ტექსტსაც კითხულობენ, გულის სიღრმეში ეთანხმებიან კიდეც, მაგრამ მაინც საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებენ საკომენტარო ველში. ეს უკანასკნელი, ცხადია, კომპლექსიანი სუბიექტის თვითგამოხატვის პრიმიტიული ხერხია).

„- ეს ვინღაა, მწერალია?! პირველად მესმის!“ – ერთგვარი „ინტელექტუალური“ პიედესტალიდან აპლომბით ნათქვამი ამ სიტყვების მიღმა იგულისხმება ის, რომ მთქმელი მხოლოდ კლასიკას ეტანება, დროს არ კარგავს თანამედროვე „მწერლუკების“ კითხვაზე… სინამდვილეში კი, თუ ინტელექტუალურობაზე გაქვს პრეტენზია, რა ჯანდაბა გიხარია, შენი ქვეყნის თანამედროვე ლიტერატურას თუ არ იცნობ?! ის მწერლები, რომლებიც დღეს კლასიკოსებად ითვლებიან, თავის დროზე ხომ თანამედროვე მწერლები იყვნენ?! იქნებ რამდენიმე ისეთი თანამედროვე მწერალი გყავს, რომლებიც წლების მერე კლასიკოსებად ჩაითვლებიან?! ნუთუ ეს არ გაინტერესებს?! თანაც, მინახავს, რომ ზემოთ ნახსენები სიტყვების მთქმელთაგან ზოგიერთი თვითონაც წერს, მწერლობაზე აქვს პრეტენზია…

*

ფეისბუქზე არის რამდენიმე ლიტერატურული გვერდი, რომელთა გამომწერების რაოდენობა ასეულობით ათასს აღწევს. ამ გვერდებზე ჩემს ლექსებსაც დებენ და დამდებთაგან რომელიმე თუ ჩემი მეგობარია, ლინკს მიგზავნის ხოლმე, ზოგიერთ ჩემს ლექსს ათასობით მოწონება აქვს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა მკითხველს შენი ტექსტი გულზე ხვდება და გულწრფელად ამოთქვამს თავის მოწონებას, მაგრამ ამ ათასობით მკითხველის სრული უმეტესობა იმასაც კი ვერ ხვდება, რა ჟანრის ტექსტთან აქვს საქმე, ხშირია ხოლმე ასეთი კომენტარები: „გენიალური ნოველაა!“, „რა კარგი ჩანახატია!“, „დიდებული მინიატურაა“ და ა. შ. არადა, არც ტრანზიციული ტექსტია, არც – ლექსი პროზადაა, პირიქით – რიტმულად მკაცრად ორგანიზებული ვერლიბრია, ლექსია, ლექსი…

*

და მაინც, რა უფრო უარესია, თანამედროვე მწერალს საერთოდ არ კითხულობდეს მავანი, თუ – კითხულობდეს და მისი, ჟანრულად ცალსახად გასაგები, ტექსტის ჟანრს ვერ ადგენდეს?! ჩემი აზრით, ორივე ერთნაირი პრობლემაა.

მოდი, დავიკარგოთ, ანუ ეკოლაშქრობა ბუნების წიაღში

0

ბუნება საუკეთესო გარემოა „ცოცხალი“ ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ლაშქრობაში უამრავი მეგობარი შევიძინე და შემდგომში მათთან ერთად საინტერესო იდეები განვახორციელე.

ბუნება საკუთარ თავთან დაახლოებისთვისა და თვითრეფლექსიისთვისაც საუკეთესო გარემოა. საზღვარგარეთის ქვეყნებში „ბუნებაში სეირნობის“ (outdoor activities) გაკვეთილები ტარდება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მცენარეებთან კავშირი ერთგვარი თერაპია და ენერგიის საუკეთესო წყაროა.

საქართველო მდიდარია ბუნებით და მასში თავმოყრილი სიკეთეებით. ამის შესახებ ბევრს წერენ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც. ამ დროს კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლეებმა უნდა დასვან ლოგიკური კითხვა: – სად არის ეს ბუნება და რატომ არის მათთვის ასეთი ხელმიუწვდომელი?

სამწუხაროდ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოწყვეტილნი არიან ქვეყნის მრავალფეროვან ბუნებასთან უშუალო კონტაქტს და მხოლოდ თეორიული ცოდნით შემოიფარგლებიან. ამ ყველაფერს ემატება უსარგებლო ბიუროკრატიული შეზღუდვები. სისტემა, ნაცვლად პრობლემის მოგვარების გზების ძიებისა, კრძალავს საცხოვრებელი პუნქტიდან 150 კილომეტრზე მეტი რადიუსით გადაადგილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, მარნეულელი მოსწავლეები, სასკოლო ცხოვრების განმავლობაში ვერ გაეცნობიან ბუნების ისეთ საოცრებებს, როგორებიცაა ვაშლოვნისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიები.

პანდემიამ ბავშვები მოსწყვიტა გარე სამყაროსთან ცოცხალ ურთიერთობას, მათ შორის – ძალიან მნიშვნელოვანს: შემეცნებით ექსკურსიებს.

2019 წლის ნოემბერში უკრაინის უკიდურეს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, ბელორუსიის საზღვართან ახლოს, Erasmus+-ის მოკლევადიან ტრენინგკურსში ვმონაწილეობდი. ორდღიანი პროგრამა დღისა და ღამის ლაშქრობებს მოიცავდა. მიღებული გამოცდილების სასკოლო პრაქტიკაში რეალიზაცია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო თითქმის სამი წლით დაგვიანდა, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მაინც მოხერხდა.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად შემეცნებითი ეკოლაშქრობა დავგეგმე. მარშრუტად მარნეულის ახლოს მდებარე ბილიკი შევარჩიე. ჩვენი ლაშქრობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში დაიწყო.

 

ლაშქრობას კონკრეტული მიზანი ჰქონდა: იგი ემსახურებოდა ახალდაარსებული სამოქალაქო კლუბის წევრების ურთიერთგაცნობას, დამეგობრებას, გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას და გარემოს დაბინძურების საკითხით მათ დაინტერესებას.

უკრაინაში მიღებული გამოცდილების მიხედვით, ლაშქრობის დაწყებამდე დავაკომპლექტეთ უსაფრთხოებისა და ორიენტირების გუნდები. პირველი ლაშქრობის მოანწილეთა უსაფრთხო გადაადგილებაზე იყო პასუხისმგებელი, მეორე კი გზის გაკვლევაზე. ორიენტირების გუნდის წევრებს ჰქონდათ წვდომა მობილურ ტელეფონებზე, შესაბამისად, რომელიმე გზის გამკვლევ ონლაინ რუკაზე/აპლიკაციაზე.

სალაშქრო მარშრუტი ღოუბანი-ორმოცმოწამეთა-აზეულას ციხე მარკირებულ ბილიკთა კატეგორიას მიეკუთვნება. ორიენტირების გუნდს ჩავუტარე მცირე ინსტრუქტაჟი ამ ტიპის ბილიკზე გადაადგილების წესების შესახებ.

ახალგაზრდებს უყვართ გამოწვევები, ამიტომ წინასწარ მოვიფიქრე დამატებითი როლები. მაგალითად, ერთ მოსწავლეს უნდა შეექმნა ექსტრემალური სიტუაცია: გაეთამაშებინა ცუდად გახდომის სცენა და ამით შეეფერხებინა მსვლელობა. მეორეს ჰქონდა საიდუმლო დავალება, უსაფრთხოების გუნდისგან შეუმჩნევლად ჩამორჩენოდა ჯგუფს.

მე ვაკვირდებოდი მათ რეაქციებს, მოქმედებებს, რეპლიკებს… როგორ ცდილობდნენ  „ცუდად გამხდარი“ თანამოლაშქრის დახმარებას და ლაშქრობის შეწყვეტასაც კი სთავაზობდნენ, როგორი ოპერატიულობით დაიწყეს ლაშქრობის „დაკარგული“ მონაწილის ძებნა.

ლაშქრობა კიდევ ერთი კომპონენტით გავამდიდრე: მონაწილეებს გუნდურად უნდა შეესრულებინათ Goosechase-ის პლატფორმაზე მომზადებული მისიები. მისიები საკმაოდ სახალისო იყო: „ატვირთე ყველაზე ლამაზი ხის ფოტო“, „გადაიღე გუნდური ფოტო ფოთლებში“, „ჩაწერე გუნდის დევიზი“, „იმღერე რამე“ და ა.შ.

ამასთან ერთად, ლაშქრობის მონაწილეებს უნდა აღერიცხათ მოქალაქეთა უპასუხისმგებლობით გამოწვეული ქმედებები და მიეღოთ შესაბამისი ზომები, ამიტომ ჩვენმა ლაშქრობამ გარემოსდაცვითი ხასიათი მიიღო. მარშრუტზე გადაადგილებისას ნარჩენებით გავავსეთ პარკები და კოჯორში განთავსებულ სანაგვე ურნებში ჩავყარეთ.

ასეთი კლასგარეშე აქტივობები ზრდის მოსწავლეებს პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად. დარწმუნებული ვარ, ლაშქრობაში მონაწილე გოგო-ბიჭების მეხსიერებაში 14 ოქტომბერი დიდხანს დარჩება როგორც საუკეთესო მოგონება. ამას მისებში დაფიქსირებული პასუხებიც მოწმობნ. ამგვარად ისინი სწავლობენ, რომ ბუნების განუყოფელ ნაწილად ყოფნა თავის თავში მოიაზრებს გარემოს დაცვას ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში, პოულობენ საკუთარ, ცოცხალ როლს გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში და ეს ყოველივე ცვლის მათ წარმოდგენას გარე სამყაროზე. ამრიგად, მოსწავლეებს სჭირდებათ უფრო ახლო და ცოცხალი ურთიერთობა ბუნებასთან, რათა ერთმანეთი უკეთესობისკენ შეცვალონ, მასწავლებლებს კი უნდა შეგვეძლოს, ხელი შევუწყოთ ბუნებასა და მოზარდებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

მოსწავლეებს იმდენად მოეწონათ ლაშქრობა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ორდღიანი ლაშქრობების გამართვასა და სალაშქრო ინვენტარის შეძენაზეც კი დავიწყეთ ფიქრი.

იხილეთ ჩვენი ლაშქრობის ფოტოალბომი და ბლოგი.

ბედნიერების სურნელი – “35 კილო იმედი”

0

ბედნიერება ისეთი საიდუმლოა, რომელსაც ყველა თავისებურად ხსნის და განიცდის, ბავშვებისთვის კი ის სუნთქვასავით ბუნებრივია. ისინი, ერთი შეხედვით, ყოვლად უბადრუკ ვითარებაშიც კი იწვევენ ბედნიერების განცდას, თანდაყოლილი მაგიური უნარების წყალობით უცნაურ, მიმზიდველ და სურნელოვან ფერებად გარდაქმნიან ყოველგვარ უფერულობას. ამიტომ ყველა ბავშვი სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწულივითაა, რეალურ საგანთა მიღმა მათი არსის შემგრძნები და დამნახველი. სიტყვიერად ყოველთვის ვერ გამოთქვამენ სიბნელის მიღმა დანახულ სინათლეს, მაგრამ თვალს მაინც ვერ აშორებენ, რადგან ინტუიციურად გრძნობენ, რომ სინათლის წყაროდან, თუნდაც მბჟუტავიდან, იბადება მშვენიერება, სიკეთე და სიყვარული. ყველა ბავშვი პოეტივით აზროვნებს, რეალურსა და ირაციონალურს ერთიან სივრცეში გაიაზრებს, მეტაფიზიკურს ეხება, ამიტომაც ეჩვენებათ დიდებს ისინი ხშირად ასეთი უცხოებად და იდუმალებად. მერე კი რაღაც ხდება, იზრდებიან და კარგავენ სამყაროს, ბუნების, მოვლენებისა და ადამიანების უშუალო აღქმის უნარს და ამით მოგვრილ სიხარულს.

ამგვარ ფიქრებს ყოველთვის აღძრავს კარგი საბავშვო ლიტერატურა, ისეთი, დიდებიც და პატარებიც თანაბარი ვნებითა და გატაცებით რომ კითხულობენ. ამგვარი წიგნია თანამედროვე ფრანგი მწერლის ანა გავალდას „35 კილო იმედი“. სათაურად გამოტანილი მეტაფორის ავტორი მთავარი პერსონაჟია – 13 წლის ბიჭი, რომელიც საკუთარ შეგრძნებებზე, იმედსა და უიმედობაზე გვიყვება. მას სკოლა სძულს, როგორც რაღაც ჩარჩო, რომელიც თავისუფლებას უზღუდავს, მაგრამ უყვარს სამყარო და ადამიანები. ამ რომანში მწერალი საოცარი სიზუსტით, სიცხადით და უბრალოებით ხატავს ყმაწვილის შინაგან სამყაროს, სინათლითა და რწმენით გაჟღენთილს.

ერთი შეხედვით, ეს პატარა ბიჭი საძაგელი და სულელია, სხვაგვარად როგორ უნდა შეფასდეს კლასში მისი ორჯერ დარჩენა, ბატიფეხურით წერა, ფიზიკური თუ გონებრივი უგერგილობა, მაგრამ ის პოეტივით მგრძნობიარეა, რადგან შეუძლია, ასე გამოთქვას თავისი საფიქრალი: „შემოვდივარ თუ არა ამ ვიწრო, ნესტიან მიწურში, ნესტოებს, რაც შემიძლია ვბერავ, რომ კარგად შევიგრძნო ბედნიერების სურნელი. ეს არის ნარჩენების, ცხიმის, ელექტრორადიატორის, რკინის შესადუღებლის, ხის წებოს, თუთუნის და სხვა ათასი რამის სუნი. მაგიჟებს ეს სურნელი. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ოდესმე ლაბორანტი გავხდები და ახალ სუნამოს გამოვიგონებ, რომელსაც „ფარდულის წყალს“ დავარქმევ. ყოველთვის დავყნოსავ, როცა პრობლემები მექნება“, – ან კოლეჯის უცნობ დირექტორს მისწეროს: „მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ქულები არაფერს ნიშნავს. არსებობს კიდევ მოტივაცია. ძალიან მინდა, გრანშამში მოვხვდე, რადგან, ჩემი აზრით, მანდ ვიქნები ყველაზე ბედნიერი. არც დიდი ვარ და არც მოსული. მხოლოდ 35 კილო იმედს ვიწონი“.

ამას ვერ გრძნობენ გრეგუარის მშობლები, რომლებიც თავიანთი უსიყვარულობით, გამუდმებული კამათით, საღამოობით საოჯახო „კონცერტებით“, დაბრკოლებებად ქცეულან ბავშვის განვითარების გზაზე, რადგან ვერ მიმხვდარან, რა უნდა არაფრის მაქნის და ჯიუტ შვილს, რის უნარი და რა მისწრაფება აქვს. არადა, როგორ უხარია გრეგუარს, როცა მათი მხრიდან ყურადღებას იგრძნობს ხოლმე: „ვგრძნობდი, რომ ჩემი მშობლები ჩემი ამბებით დაინტერესდნენ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა“.

გრეგუარი ზარმაცი მოსწავლეა, მაგრამ ხელმარჯვე ოსტატი. უყვარს საკუთარი ხელით რაღაცების გამოთლა, შეკეთება, დაშლა და აწყობა. მას მიუხარია ბაბუის ფარდულში. მხოლოდ ბაბუის რჩევა-დარიგებები აღწევს მის გულსა და გონებაში, რადგან გრძნობს, რომ ბაბუას მისი სჯერა: „გაცილებით ადვილია, უბედური იყო, ვიდრე ყველაფერი იღონო ბედნიერების მისაღწევად“; „მთავარია ბედნიერი იყო, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო!“

ბოლოს და ბოლოს, დიდი მცდელობის შემდეგ, პატარა გრეგუარი სასურველ კოლეჯში ხვდება და საკუთარ თავს პოულობს. ის გადალახავს დიდების მიერ უნებურად დაგებულ მახეებსა და დაბრკოლებებს. ავადმყოფ ბაბუაზე ფიქრი, მისი სიკვდილის მოლოდინის შიში მასში საოცარ ძალას ბადებს, თითქოს საგანთა და მოვლენათა მიღმა გადაახედებს, ბუნებასთან უფრო მეტი სიახლოვის წყურვილს აღუძრავს: „ყოველ საღამოს, გაკვეთილების შემდეგ, მისაღებში ტელევიზორის ყურების ნაცვლად, სასეირნოდ გავდიოდი. მოვლილი მქონდა ახლომახლო სოფლები, ტყეები და მინდვრები“.

გრეგუარს უსაზღვრო წარმოსახვა აქვს. ამას მოწმობს მისი უნარი, სიტყვები რწმენის ძალით ისეთი ენერგიით დამუხტოს, რომ ფიზიკური ძალა მიანიჭოს. მწერალს სწორედ ამისი სჯერა, თაობათა შორის გულწრფელი ურთიერთობისას დაბადებული სიყვარულისა. გრეგუარი ჯერ გამოცდაზე, თავის გვერდით, „ხედავს“ ბაბუას, რომელიც შთააგონებს, რომ შეუძლია გასასწორებელ ტექსტში შეცდომების პოვნა. საოცარია, ბაბუის სიყვარულით როგორ გადალახავს ბიჭი მატერიალური სამყაროს კანონებს. ბაბუა უხილავად უკარნახებს, ამ დროს კი, რეალურ დროში, ის საავადმყოფოში კომაშია, მაგრამ გრეგუარი მას ახლოს შეიგრძნობს და მისი ტკბილი და თბილი ხმაც ჩაესმის: „წარმოიდგინე, რომ სიტყვების პატრული ხარ. სანამ თავის ადგილს მიუჩენ, ყველა სიტყვას საბუთები უნდა მოსთხოვო: ჰეი, თქვენ მანდ, რა გქვიათ? ზედსართავი სახელი. ვისთან ერთად მგზავრობ, ჩემო ბიჭო? ძაღლებთან ერთად. კეთილი. ამ შემთხვევაში თქვენ რისი გაკეთება მოგიწევთ? მრავლობითი რიცხვის ნიშნის მიმატება. მშვენიერია, მართალი ბრძანდებით. განაგრძეთ მოძრაობა“. ბაბუაზე ფიქრი მას გასაოცარ ძალას მატებს, უნდა, ყველაფერი მას მიუძღვნას და ეს ისეთ ძალას აძლევს, ვერანაირი გასასწორებელი ტექსტი თუ ამოცანა ვეღარ შეაშინებს. გრეგუარის სუფთა და გულწრფელი ფიქრები მკითხველსაც აჯერებს სიტყვის ძალასა და მაგიაში. სეირნობისას ის ასე ფიქრობს: „ეს ყველაფერი შენთვის მინდა, ბაბუა ლეონ. ისუნთქე, სუფთა ჰაერი ისუნთქე! შეიგრძენი მიწისა და ნისლის სუნი. მეც აქა ვარ. მე ვიქნები შენი ფილტვები, სუნთქვა და გული. ნება მომეცი, შენთვის ყველაფერი გავაკეთო და მიიღე ჩემგან ეს ძღვენი“. მას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ბაბუას შორიდან, დისტანციურად უტარებს ხელოვნურ სუნთქვას. ეს უბრალო, მაგრამ სიყვარულით დამუხტული სიტყვები მართლაც ჯადოსნურ ენერგიას გამოასხივებენ და მომაკვდავ ბაბუას ფეხზე წამოაყენებენ. ბოლო ეპიზოდში მწერალი ხატავს, როგორ გამოიძახებენ გრეგუარს, სკოლის შემოსასვლელში ვიღაც გელოდებაო და სახტად დარჩება, როდესაც ეტლში მჯდომ მოღიმარ ბაბუას დაინახავს.

მწერლის სათქმელიც ეს არის. სიყვარულის ნაკლებობაა ყოველგვარი უსიამოვნების მიზეზი. სიყვარულის ნაკლებობა სიძულვილსა და გაუცხოებას შობს. სიყვარული სინათლესავითაა, სადაც შეაღწევს, ყოველივეს სითბოთი და იმედით ავსებს. ოღონდ ადამიანები უნდა მიხვდნენ, რას მოაკლეს სიყვარული.

მკითხველსაც სჯერა, გაიზრდება ეს ბიჭი და გაიზრდება მისი იმედებიც.

ამიტომაც იყო, რომ მაცხოვარი, ბავშვებს მიბაძეთო, უქადაგებდა დიდებს. ყოვლის უარმყოფელი ნიცშეც ადამიანური განვითარების უმაღლეს საფეხურად „ბავშვად ქცევას“ მიიჩნევდა. მისი აზრით, ადამიანს უნდა გაევლო გზა ჯერ აქლემობისა: შენ მოვალე ხარ, -შემდეგ ლომობისა: მე მსურს, – და მხოლოდ ამის შემდეგ, გათავისუფლებული ყოველგვარი მოვალეობისა და სურვილისაგან, შეძლებდა სამყაროს ჭეშმარიტ შემეცნებას.

ამაზე ფიქრისას, შეუძლებელია, არ მოგვაგონდეს გიორგი ლეონიძის შესანიშნავი სტრიქონები: „რა საჭიროა ლექსისთვის ტაში, /ყველა ხევსური, ვიცი, დანტეა, /ვიცი, ბეღურას პატარა ფრთაში /დაკვესებული ცეცხლი ანთია“. ბავშვების გულიც ასეთივეა, ბუნებრივად ნაპერწკლიანი, მსგავსად უტყვი ქვებისა, რომლებიც უამრავ საიდუმლოს მალავენ. ამ საიდუმლოს გასაღები კი აქვს ყოველ ბავშვს, რომელიც ამ ჯადოსნურ სამყაროში მაშინ შეაბიჯებს, როცა მოესურვება, მხოლოდ დიდები ვეღარ ეტევიან იმ კარში, რომელსაც ადამიანი სხვა, უხილავ, პოეტურ განზომილებაში შეჰყავს, ამიტომაც ემსგავსებიან პოეტები ბავშვებს.

რომანის მთარგმნელი სოფია ბარშოვა ზედმიწევნით გრძნობს მოზარდის მეტყველების რიტმსა და ინტონაციას, ამიტომაც თარგმანში არ არის დაკარგული ბავშვური გულწრფელობა, სისადავე და ბუნებრიობა. გამომცემელი კი „წიგნები ბათუმშია“, რომლის ანგარიშზე არაერთი შესანიშნავი საბავშვო წიგნის თარგმანია.

ჟურნალ “მასწავლებლის” 2022 წლის მეექვსე ნომერი გამოიცა!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საინტერესო პორტალს ამზადებს – „განათლების ელექტრონულ სახლს“.

პორტალი იმით არის განსაკუთრებული, რომ აქ თავს მოიყრის ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც კი მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეს ან მშობელს სჭირდება, ამიტომ პორტალზე ოთხი ძირითადი სკოლაა: დირექტორის, მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის. ოთხივე მათგანი თავისი სპეციფიკის შესაბამის ქვემენიუებად იშლება.

თითოეულ სკოლას აქვს რამდენიმე ძირითადი ფანჯარა: საკითხავი მასალა, ვიდეორესურსი, სავარჯიშო, ვებინარი, პრეზენტაცია და სხვ.

მნიშვნელოვანი ფანჯარაა გამჭოლი კომპეტენციები, რომელიც დემოკრატიულ კულტურას, ციფრულ მოქალაქეობას, მდგრად განვითარებას, წიგნიერებას მოიცავს.

მთავარ გვერდზე გამოტანილია მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლებიც განათლებას უკავშირდება, განათლების კვლევის ცენტრი, სადაც თავს მოიყრის კვლევები განათლების საკითხებზე და იმ რესურსების ჩამონათვალი, რომლებსაც უკვე ელექტრონულად თუ ნაბეჭდი სახით გამოსცემს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

პორტალს ექნება ინგლისურ- და აფხაზურენოვანი ვერსიები, სოციალურ ქსელში გაზიარდება და ფეისბუკზე დაუკავშირდება მასწავლებლის სახლს. ექნება თავისი იუთუბ არხიც.

რესურსების მრავალფეროვნებასთან ერთად, პორტალი სერვისებსაც გვთავაზობს, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. მათ შორისაა თვითრეგულირებადი ტრენინგებიც, რომლებიც MOODLE–ის ან ედექსის ბაზაზე განხორციელდება. ამავე ბაზაზე შესაძლებელი იქნება ფორუმ–დისკუსიების გამართვა, რაც პორტალს დინამიკურს და ინტერაქციულს გახდის.

პორტალს დაუკავშირდება მასწავლებლის პორტფოლიო. ავტორიზაცია-რეგისტრაციის გავლის შემდეგ მასწავლებელს გაეხსნება პირადი გვერდი, რომელზეც ასახული იქნება მონაცემები მისი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესახებ, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები.

 გარდა საერთო სივრცეში თავმოყრილი რესურსების ხიბლისა, პორტალი მიმზიდველია მენიუს სიმარტივით, დინამიკურობითა და ინტერაქციულობით. ის არ არის მხოლოდ რესურსების საცავი ან ბიბლიოთეკა; ის რეფლექსიისა და უკუკავშირის საშუალებასაც იძლევა, რადგან ფორუმ-დისკუსიის, ონლაინ კონსულტაციის, პირდაპირი ვებინარებისა და ტრენინგების ფუნქციებიც აქვს.

პორტალი 2023 წლის იანვრიდან ამუშავდება სატესტო რეჟიმში და გვჯერა, სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სივრცედ  იქცევა.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე,  მანანა ბოჭრიშვილი, მაია მენაბდე,  ლელა კოტორაშვილი, მაია ჯალაიშვილი, ქეთევან კობალაძე, ნინო ლომიძე, ინა იმედაშვილი, გურამ მეგრელიშილი,  თინათინ ზარდიაშილი, ლევან ალფაიძე, ცირა ბარბაქაძე, თამთა კობახიძე, ირმა კახურაშვილი,  ნასტასია არაბული, ირმა ტაველიძე, შორენა ტყეშელაშვილი, დიანა ანფიმიადი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა, შესაძლებელია ბმულიდან :

ჟურნალი “მასწავლებელი” #6

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...