ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, ჩვენო მკითხველებო, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას! ნაყოფიერი წელი გვქონდეს! ვისურვოთ, კიდევ უფრო მეტად დაეფასებინოთ ჩვენი შრომა, რომელიც ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანია. ვისურვოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო უხაროდეთ სკოლაში მოსვლა და ჰქონდეთ ახლი ცოდნის მიღების სურვილი.
ხელოვნური ინტელექტი, ჩვენ და მომავლის განათლება
(მეორე ნაწილი)
„ხელოვნური ინტელექტის მომავალი არც უტოპიურია და არც დისტოპიური – ის რაღაც უფრო საინტერესოა“.
სტივენ მარჩი
ჟურნალ „ატლანტიკის“ მიმომხილველი, მწერალი და პროფესორი-ფილოლოგი, სტივენ მარჩი (Stephen Marche) აღნიშნავს, რომ „ChatGPT-ის პირველი მსხვერპლი მართლწერის არსებული ფორმატი გახდება; წერის წესი, რომლებზეც თაობები აღიზარდა და რომლის შექმნასაც განათლების პროცესის ასეულობით წელი დაჭირდა. „ესეი, განსაკუთრებით საბაკალავრო საფეხურის ესეი, ჰუმანისტური პედაგოგიკის ცენტრალური წერტილი გახლდათ თაობების განმავლობაში. ეს ის წესია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ბავშვებს ვასწავლით კვლევას, აზროვნებასა და საკუთრივ წერის ხელოვნებას. მთელი ეს ტრადიცია [დღეს] შეიძლება ძირფესვიანად დაზიანდეს”. „განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ AI-ის სოფტ-პროგრამები არაფერს ქმნიან. მათ ზედაპირზე ამოაქვთ ის, რითაც ისინი „გამოკვებეს“, – ამბობს პროფ. მარჩი.
საინტერესოა დოქტორი ჯეფრი უოტუმულის (Jeffrey Watumull, ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ცენტრის დირექტორი Oceanit-ში, ჰონოლულუ, აშშ), ცოტა ხნის წინანდელი დიალოგი ChatGPT-თან პლანეტა მარსის ზედაპირის ტერრაფორმირების (ანუ მარსის ზედაპირის ძალისმიერი ადაპტაცია ადამიანის მოთხოვნილებებზე) ეთიკურობის საკითხზე.
ხელოვნური ინტელექტის (ანუ „ჩატბოტის“) სიტყვებით, ამ საკითხის ეთიკურობა დამოკიდებული იქნება ადამიანის თვალსაზრისზე, თუ რამდენად ღირებულია სხვა პლანეტების ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნება და ამ ცვლილებების პოტენციური შედეგები. ჩატ-ბოტმა თქვა შემდეგი: „მე ვარ მანქანური სწავლების მოდელი, რომელიც სწავლობს მონაცემების დიდი მოცულობების მეშვეობით და არ გამაჩნია პირადი გამოცდილება თუ გრძნობები. მე არ ვარ ცნობიერი, ვერ აღვიქვამ თავს და არ შემიძლია მქონდეს პირადი შეხედულება. მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია და ანალიზი, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებითაც ჩემი სწავლება მიმდინარეობდა. მაგრამ მე არ მაქვს უნარი, ჩამოვაყალიბო პირადი დამოკიდებულება ან მოსაზრება. თუმცა შემიძლია, გავიგო ენა და შევძლო მისი ინტერპრეტაცია. არ მაქვს სუბიექტური გამოცდილება, რომელიც აქვთ ადამიანებს. – ამბობს „ჩატ-ბოტი“ – მორალური თვალსაზრისის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მორალურად გულგრილი ვარ. როგორც ხელოვნური ინტელექტი, მე განსაზღვრული ვარ გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად და ინფორმაციის მოსაწოდებლად, ან მომხმარებლის დასახმარებლად, მიიღოს გადაწყვეტილება, იმ მონაცემების საფუძველზე, რომელთაც მე მივაწვდი. ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ასწავლიან და იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ [მანქანა] შეესაბამებოდეს მათ მორალურ და ეთიკურ პრინციპებს“.
ნოამ ჩომსკის აზრით, ხელოვნური ინტელექტი, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირების პროდუქტია, ახერხებს იმას, რომ ჰგავდეს ბანალურ ბოროტებას: იგი ფაქტობრივად პლაგიატორია, აპათიურია, თავს არიდებს კითხვებს. განაზოგადებს სტანდარტულ არგუმენტებს, უარს ამბობს, დაიკავოს რომელიმე პოზიცია, აღიარებს არა მხოლოდ რაიმეს არცოდნას, არამედ ინტელექტის არარსებობასაც. საბოლოოდ, ამ ყველაფერს ხსნის „ბრძანებების უბრალო შესრულებით“ და პასუხისმგებლობას თავის შემქმნელებს აკისრებს“.
ხელოვნური ინტელექტის მოქმედებისა და გავრცელების შესახებ თავის აზრს გამოთქვამს ილონ მასკიც, „ტესლას“ დამფუძნებელი და ინვესტორი: „მე მგონია, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომლებიც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს“.
ხელოვნური ინტელექტი გავლენას იქონიებს დედამიწაზე არსებულ ყველა დარგზე, წარმოების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი დარგების ჩათვლით“, – ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული ტექნოლოგიებს მკვლევარი, დოქტორი ფეი-ფეი ლი.
პროფესორი ჩომსკი: „ხელოვნურ ინტელექტსა და „ჩატ-ბოტებს“ შეუძლიათ დიდი გავლენა იქნიონ ადამიანების (მათ შორის ახალგაზრდების) სწავლების პროცესზე“. მისი წარმოდგენით, ChatGPT ფაქტობრივად „მაღალი ტექნოლოგიების პლაგიატია (high-tech plagiarism) და ბილიკი, თუ როგორ ავარიდოთ თავი სწავლას“. პროფესორი ჩომსკი ხელოვნური ინტელექტის გავრცელებას სმარტფონების ბუმს ადარებს: „ბევრი სტუდენტი, ზის აუდიტორიაში და ესაუბრება („ეჩატავება“) ვიღაცას აი-ფონის მეშვეობით. ერთი გზაა ავკრძალოთ აი-ფონის გამოყენება [აუდიტორიაში]. მეორე გზაა – საინტერესო გავხადოთ ლექციის მიმდინარეობა“. სტუდენტები ინსტინქტურად იყენებენ მაღალ ტექნოლოგიებს და თავს არიდებენ სწავლას. ეს განათლების სისტემის მარცხს ნიშნავს. „თუ განათლების პროცესი არ იზიდავს მათ (სტუდენტებს, ლ.ა.), არ აინტერესებს მათ, არ უსვამს მათ კითხვებს, არ განაწყობს მათ სწავლისადმი, ისინი სხვა გზას იპოვიან“, – ამბობს ჩომსკი და იხსენებს თუ როგორ „იპოვა“ სხვა გზა კოლეჯში ქიმიის მოსაწყენი კურსის ჩასაბარებლად, როდესაც მეგობრისგან ითხოვა საგნის კონსპექტი ისე, რომ არცერთ გაკვეთილს არ დასწრებია.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი და ჩატ-ბოტები (როგორიცაა ChatGPT) ჯერ განვითარების საწყის სტადიაზე იმყოფებიან, მათმა გამოჩენამ უკვე გამოიწვია კამათი და დებატები მკვლევრებს შორის, განსაკუთრებით მანქანების მიერ ენის დასწავლის საკითხებზე. კამათის ერთ მხარეს დგანან ლინგვისტი ნოამ ჩომსკი, ლინგვისტი იან რობერტსი და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი დოქტორი ჯეფრი უატუმული, რომლებმაც სხვადასხვა სტატიაში ხმამაღლა განაცხადეს, რომ ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას უბრალოდ არ შეუძლიათ ადამიანის აზროვნების რეპლიკაცია (გამეორება), მისი ჩანაცვლება ან სიმულირება, რადგან „ამ პროგრამებს არ შეუძლიათ ინგლისური ენის სინტაქსის წესების ახსნაც კი, რაც მათ მიერ [მანქანების მიერ] მოწოდებულ არჩევანს ან პასუხებს ზედაპირულს, საეჭვოსა და ორაზროვანს ხდის“.
ამ კამათის მეორე მხარეს დგანან ასევე ცნობილი მკვლევრები და პროფესორები, ნეიროფსიქოლოგი, ბერკლის უნივერსიტეტის ენის შესწავლის კომპიუტერული ლაბორატორიის უფროსი, დოქტორი სტივენ ტ. პიანტადოსი და ლინგვისტი, პროფესორი დანიელ ევერეტი (ბენთლის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსი), რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ენის სასწავლ მანქანებს (მოდელებს) არა მხოლოდ ენის სტრუქტურის დასწავლა და აღქმა შეუძლიათ, არამედ გადაწყვიტეს, ChatGPT-ის პლატფორმა და მისი შესაძლებლობების მათეული ინტერპრეტაცია პროფ. ჩომსკის „უნივერსალური გრამატიკის“ თეორიის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.
საინტერესოა განათლების სისტემების პროფესორის, როუზ ლაკინის (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, Knowledge Lab, დიდი ბრიტანეთი) მოსაზრება ხელოვნური ინტელექტსა და მის შესაძლებლობებზე, რომელიც მან ბრიტანულ „გარდიანში“ 2023 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში წარმოადგინა: „განათლება, გახლავთ ის, რაც ჩვენ ადამიანებად გვამყოფებს. იგი ასაზრდოებს ადამიანის წარმოსახვას, ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ადამიანთა კეთილდღეობას. სწორედ განათლებამ შეძლო ის, რომ ადამიანმა მთვარეზე დადგა ფეხი და განკურნა ადრე უკურნებელი დაავადებები. სწორედ განათლების დღევანდელმა სტატუსმა გამოიწვია ის, რომ გენერაციული მანქანები, როგორებიცაა, ChatGPT, შეიძლება გახდნენ განათლების სექტორისთვის დიდი ზიანის მომტანი. ასეთი რესურსებისა და ტექნოლოგიების გაჩენა არ გახლავთ მათი გონიერების ნიშანი. ეს უფრო ჩვენი მარცხია, რადგან ვერ შევძელით, შეგვექმნა განათლების ისეთი სისტემა, რომელსაც რუდუნებით გავზრდიდით და გამოვიყენებდით ადამიანის უნიკალური ინტელექტის დასაფასებლად და გასავითარებლად“.
დოქტორი ლაკინის აზრით, „ჩვენ გულუბრყვილოდ გვაჩეჩებენ მოსაზრებას, რომ AI-პლატფორმები ბევრად უფრო გონიერნი არიან, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მექანიზმს ან სისტემას, როგორიცაა, ChatGPT, არ გააჩნია არც აღქმა და არც ცოდნა. ეს მანქანები უბრალოდ თავს უყრიან სიტყვების ნაკრებს, რომლებიც მოცემული საკითხის განხილვისას გამოიყენება. დიახ, ეს ბოტები ძალიან ღირებული ასისტენტები არიან. მაგრამ ისინი არც რამის მცოდნენი არიან და არც გონიერნი. მათ არ აქვთ იმის გაგება ან კონცეფცია, თუ როგორ მიესადაგება მათ მიერ წარმოებული სიტყვები/ტექსტები მათ გარშემო არსებულ სამყაროს“.
ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გადასარევი დამხმარე იყოს განათლების სისტემაში. მან შეიძლება გაათავისუფლოს მასწავლებელი ადმინისტრაციული ამოცანებისგან, მისცეს მათ მეტი შესაძლებლობა და დრო მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის. AI უკვე ათწლეულზე მეტია, გამოიყენება განათლებაში. ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, როგორიცაა, Carnegie Learning ან Aleks, შეუძლიათ, გააანალიზონ მოსწავლეთა პასუხები კითხვებზე, ადაპტაცია გაუკეთონ სასწავლო მასალებს, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მასწავლებლებისთვის შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს TeachFX და Edthena-ს AI-სისტემები, მათი ტრენინგისა და მხარდაჭერისათვის.
AI-ის განვითარების თვალყურის დევნება საშუალებას მოგვცემს, თავიდან გავიაზროთ განათლების სისტემის არსი და მისი დანიშნულება; მისი, როგორც სისტემის წარმატება და განვითარების პერსპექტივები. ადამიანის გონება ბევრად უფრო კომპლექსური და განვითარებულია, ვიდრე ნებისმიერი AI-რობოტი, რადგან მას მაღალი დონის აზროვნება და რთული ამოცანების გააზრება შეუძლია… კითხვა და არითმეტიკა ფუნდამენტური მიმართულებებია, რასაც დღეს უკვე AI-წიგნიერებაც ემატება. ტრადიციული საგნები, ისტორია, გეოგრაფია, მეცნიერებები, უნდა გახდეს ის კონტექსტი, რომელთა მეშვეობით უნდა ხდებოდეს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ცოდნის სხვადასხვა დარგში მოსწავლეთა დაოსტატება.
დღეს არსებული განათლების სისტემის უცვლელად დატოვება არ შეიძლება! ახალი ტექნოლოგიები უკვე სახეზეა და ჩვენ გვჭირდება ადამიანების მხარდაჭერა იმ სფეროებში, სადაც AI ვერაფერს შეძლებს და სადაც მანქანები ადამიანებისთვის დამხმარენი იქნებიან. AI ჩვენ უნდა გვემსახუროს და არა პირიქით.
მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ
სასკოლო ღონისძიებების სირთულეები
რამდენიმე თვის წინ ერთ ჯგუფში აღმოვჩნდი – ჩემი კლასელები სკოლის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ შეკრებას აპირებდნენ. განისაზღვრა შეკრების სავარაუდო დრო – აგვისტო და პირობა: ვისაც ოჯახი ჰყავდა, “მეორე ნახევართან” ერთად მივიდოდა შეკრებაზე. მე ვიცოდი, რომ აგვისტოში საქართველოში ვერ ვიქნებოდი და ვინაიდან საორგანიზაციო ამბები არ მეხებოდა, ეს ჯგუფი დროში მოგზაურობის მანქანად გამოვიყენე.
მალევე ამოტივტივდა ჩაგვრისა და ბულინგის მოუნელებელი შემთხვევები, ძველი ზედმეტი სახელები, რომელთა უმეტესობა ან განსხვავებული გარეგნობით, ან შეზღუდული შესაძლებლობები იყო შთაგონებული, შესაბამისად, არც თუ ისე ეთიკურად ჟღერდა. გაიხსენეს მასწავლებლები, რომლებსაც კარგად ესმოდათ ბავშვების და ცოტაოდენი ცუღლუტობის, განსხვავებულად ქცევის თუ ფიქრის საშუალებას გვაძლევდნენ და ისინიც, ვინც ვერაფერი გვასწავლა, ვისაც ბავშვები არ უყვარდა, ვინც შიშის ზარს გვცემდა. სასკოლო ღონისძიებები და მწირი საჩუქრებიც, რასაც ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული და ნაომარი ქვეყნის ღარიბი ბავშვები დღესასწაულებზე ვიღებდით საჩუქრად. იმ დროს საჩუქრებზე ძვირფასი ის საზაფხულო ბანაკები და ბუნებაში ჩატარებული გაკვეთილები იყო, რასაც ჩვენი მასწავლებლები გვჩუქნიდნენ. ყველა საათი, რაც გაკვეთილების შემდეგ რაიმე საკითხზე მსჯელობაში გაგვიტარებია და ყველა აქტივობა, სადაც დიდები და პატარები ერთად ვაკეთებდით ხან გოგრის ღვეზელს და ხან საშობაო სპექტაკლს.
ჩემი კლასის მოგონებების პარალელურად ჩემი შვილების ბაღის და სკოლის ღონისძიებებიც გამახსენდა.
როცა პირველად წავედით მთელი ოჯახი საბავშვო ღონისძიებაზე, ჩემი უფროსი შვილი 3 წლის იყო, გარეთ ზამთარი იდგა და საბავშვო ბაღის საშობაო კონცერტზე ის და რამდენიმე სხვა პატარა გოგო თოვლის ფიფქები იყვნენ. თეთრი წულის კაბებით ცეკვავდნენ, მღეროდნენ და პერიოდულად კმაყოფილები ათვალიერებდნენ დარბაზს, სანამ ამაყი მშობლები და ბებია-ბაბუები ტაშს უკრავდნენ. მერე გაზაფხულის ბუნიობა აღვნიშნეთ, ჩემი შვილი უკვე 4 წლის იყო, მღეროდა, რა ლამაზი და მშვენიერია დედა და ყველა დედა, ვინც იქ იყო, ერთად ვტიროდით გულაჩუყებულები. ბოლოს ამ წლის მაისში ვიყავით სკოლის დასრულების აღსანიშნავ კონცერტზე, ყოფილი ფიფქი მეექვსე კლასში გადავიდა და სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეების მიერ მოწყობილ კონცერტზე მისი კლასი ყველაზე დიდი იყო, შესაბამისად, ყველაზე გვიან გამოვიდნენ, ნახევრადცარიელ დარბაზში. კონცერტის ადრეულმა მონაწილეებმა და მათმა მშობლებმა საჭიროდ არ ჩათვალეს ბოლომდე დარჩენა. თუმცა მე ამ კონცერტზე ჩემ შვილზე მეტად მისი ბაბუა მადარდებდა, რომელიც იმ დროს, როცა პირველად წავედით საბავშვო ღონისძიებაზე, სრულიად მხნე იყო, ახლა კი, სულ რამდენიმე წელიწადში ასაკმა თავისი ქნა და ის არც თუ ისე მარტივ სენს ებრძვის. კონცერტებზე მაინც დადის, მაგრამ უფრო და უფრო უჭირს ბავშვების რეპერტუარის გაძლება და დახურულ დარბაზებში დიდხანს ყოფნა. საწუწუნოდ საქმე ჯერ არ გვაქვს, სანამ ჩვენთან არის და ხარობს მომღერალი ბავშვების ყურებით, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, თუმცა მაინც სევდიანია იმის ყურება, როგორ ბერდებიან მშობლები ბავშვების ზრდის პარალელურად.
მთელი კონცერტის განმავლობაში დროზე ვფიქრობდი, სამყაროში მომუშავე ალბათ საუკეთესო თანასწორობის მექანიზმზე, რომელთანაც ვერავინ ვერაფერს გააწყობს – მხოლოდ ის შეგიძლია, კარგი წუთები წაგლიჯო, სანამ ხარ და ამის თავი გაქვს. იმაზეც ვფიქრობდი, როგორ არ შველის დრო ასეთ კონცერტებს. წლები გადის და ლამის რეპერტუარიც კი იგივეა. ასეთ ღონისძიებებზე კარგად ჩანს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ნაკლოვანებები – მთელი ეს კონცერტი ძირითადად ერთი მასწავლებლის ძალისხმევით იყო ორგანიზებული. ჩვენი სკოლებიც ჰო ასეთია, ცალკეული მასწავლებლების თავგანწირვაზე დგას და არა სისტემაზე, რომელიც ყველას ჩართულობას, ყველას მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობის აღებას და გათავისებას გულისხმობს.
ახლა ახალი სასწავლო წელი იწყება და ალბათ სკოლებს ისევ გაუჭირდებათ თანასწორად აგრძნობინონ ყველა ბავშვს თავი, ყველას მისცენ საკუთარი შესაძლებლობების დანახვის და გამოვლენის საშუალება, სასკოლო ღონისძიებები ისე დაგეგმონ, რომ ის მეტ სიხარულთან და ნაკლებ დაღლასთან ასოცირდებოდეს. ფოკუსი ბავშვებზე იყოს და არა უფროსებზე, რომლების კეთილგანწყობის მოპოვებაზეც ხშირად უფრო მეტს ფიქრობენ მასწავლებლები, ვიდრე იმაზე, რა სურთ მათ მოსწავლეებს. უფროსები კი ბავშვებს აუხსნიან, რომ მთავარი არა საუკეთესოდ ყოფნა, სხვებისთვის თავის მოწონება და სხვებთან უსასრულო შეჯიბრში ჩართვა, არამედ საუკეთესოს მიღებაა ყველანაირი გამოცდილებიდან.
სასკოლო ღონისძიებები ერთგვარი სარკეა, სადაც ყველაფერი ირეკლება, კარგიც და ცუდიც. ეს მეხსიერების “გაბოლდებული” ნაწილებია, რომლებიც ბავშვებს უფრო ხანგრძლივად ამახსოვრდებათ, ვიდრე სხვა, რიგითი სასკოლო დღეები.
კონცერტებსა და ექსკურსიებზე, მისასალმებელ თუ დამშვიდობების დღეებში ჩანს რას მივიჩნევთ კულტურად და რაა ჩვენთვის ღირსშესანიშნაობა, კომუნიკაციის როგორი ფორმა გვაქვს და რაა ის ღირებულებები, რაც უნდა აერთიანებდათ სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ინტერესების და გამოცდილების მქონე ადამიანებს. როცა რაიმეს ვგეგმავთ ან მასში ვმონაწილეობთ, ალბათ ამაზეც უნდა ვიფიქროთ. არ არის ადვილი ეს ყველაფერი, როცა თან ათასი სხვა საზრუნავი გაქვს, მაგრამ ვინ თქვა, რომ ან მასწავლებლობაა ადვილი და ან მით უმეტეს, ცხოვრება?
ერთ საყურადღებო საბავშვო წიგნზე
რატომ ვკითხულობთ წიგნებს? – ალბათ იმიტომ, რომ წიგნებში ვეძებთ იმას, რასაც ცხოვრებაში ხშირად ვერ ვპოულობთ ხოლმე. ვეძებთ და ამ ძიებაში ჩვენც ვიზრდებით. წიგნი უფრო გამბედავს გვხდის, ჩვენს შიშებზე გვამარჯვებინებს, თანაგანცდისა და თანადგომის მნიშვნელობაზე გვაფიქრებს და გვარწმუნებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა და მას ბევრი რამის შეცვლისა და გამოსწორების უნარი შესწევს.
თანამედროვე ქართველმა ავტორმა, ლილი ალფაიძემ, სწორედ ასეთი ზღაპრების წიგნი დაწერა. ,,ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა“ თანადგომის, ერთგულებისა და სიმამაცის მაგალითებით სავსე, სტერეოტიპების ფაქიზად მსხვრევის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საბავშვო წიგნია.
ალბათ, იშვიათად, რომ ჩვენი ცხოვრების ის ყველაზე ძვირფასი ეტაპი, ბავშვობა რომ ჰქვია, ქართული თუ მსოფლიო ხალხთა ზღაპრების გარეშე ჩამთავრებულიყოს. ჩვენ სწორედ ამ ხალხურმა ზღაპრებმა გვასწავლა, რომ ზღაპრები არამც და არამც არ უნდა გამორიცხავდეს ,,სადიდო“ საფიქრალს; მეტიც, შესაძლოა, ისინი ზრდასრულებს მეტად გვჭირდებოდეს, სამყაროს მრავალფეროვნების პატივისცემას გვასწავლიდეს და შესაბამისად, სულიერად გვზრდიდეს, რათა შემდეგ, ამ ისტორიებით შთაგონებულები უკეთესი მასწავლებლები და მშობლები ვიყოთ, სწორი ღირებულებების გამტარებად ვიქცეთ და ბავშვების სულების გაფაქიზება შევძლოთ.
გახსოვთ, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერმა ვის მიუძღვნა ,,პატარა უფლისწული“? – დიახ, ლეონ ვერტს, ზრდასრულ ადამიანს, უფრო სწორედ კი, მასში მარადიულად დარჩენილ ბავშვს. მარადიული ბავშვის შენარჩუნება ჩვენს გულსა და გონებაში კი, ,,ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნას“ მსგავს წიგნებს შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ლილი ალფაიძის ზღაპრები მხოლოდ ბავშვებისთვის არაა განკუთვნილი.
ზღაპრების ამ მშვენიერი, ილუსტრაციებით დახუნძლული კრებულის კითხვისას ზურაბ კიკნაძის სიტყვები მახსენდებოდა, რომელიც ზღაპრის ბუნებას ამგვარად ახასიათებს: ზღაპარი ისეთ ამბავს ეწოდება, რომელიც ყოველდღიური სინამდვილის ძლევით მასზე აღმატებულის დამკვიდრებას გვამცნობსო.
ოღონდ, სინამდვილეზე აღმატებული შეუძლებელი როდია – ლილის ზღაპრები გვარწმუნებს, რომ სინამდვილეზე აღმატებულის რეალობად ქცევა ყველას შეგვიძლია. აი, მაგალითად, ,,ბებუტა, რომელმაც (კინაღამ) ობობა გადაყლაპა“ გვეუბნება, რომ შეუძლებელი სულაც არაა, იზრუნო მიუსაფარ ცხოველებზე. გვაჯერებს, რომ იქ, სადაც პრობლემების გადაჭრის სურვილია, ცვლილება აუცილებლად მოხდება და სამყაროს ერთით ნაკლები დარდი და ტკივილი შერჩება.
იმავეს გვიმტკიცებს ,,ბიჭუნა და ფერადი ბუშტები“, რომელიც უსახლკარო, მიუსაფარი ადამიანებისადმი თანაგრძნობას გვიღვივებს და სიკეთის განუზომელ ძალაზე გვიამბობს. ძალაზე, რომელიც, ალბათ, სიყვარულივით ატრიალებს დედამიწას.
და აი, ლილის ზღაპრებში არც სირაქლემასთვის ხდება შეუძლებელი გაფრენა, როცა იგი ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ამ ბრძოლით არ დაიღლება; ფრინველი, რომელსაც ფრენა არ ახასიათებს, რომელიც შიშისა და განსაცდელის დროს იმალება და თავს მიწაში რგავს, საკუთარ სისუსტეებზე იმარჯვებს.
ზღაპარი სირაქლემაზე, რომელიც გაფრინდა, საკუთარი თავის პოვნაში გვეხმარება, მაგრამ, ავტორი სხვა ზღაპარში იმასაც გულწრფელად აღიარებს, რომ ზოგჯერ სამყაროსთან მორგება ყველაზე რთულია – იმდენად რთულიც კი, რომ შეიძლება, საკუთარ თავზე უარის თქმა მოგიხდეს. ,,ჟირაფი, რომელმაც ბაფთაზე დაიდო ბინა“ ჩვენგან განსხვავებულის შემჩნევას, მის მიღებასა და აღიარებას და გასაჭირის დროს მისთვის ხელის შეშველებას გვასწავლის.
წიგნს ხომ უდიდესი ძალა აქვს – მასში ამოკითხული ამბები ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგვახსენებს თავს და ისე მოვიქცევით, როგორც ამ წიგნის პერსონაჟები იქცევიან ხოლმე.
ლილის ზღაპრები მასწავლებლებისთვის შესანიშნავ დამხმარე რესურსად მესახება, რადგან ამ კრებულით მოსწავლე აუცილებლად გააცნობიერებს, რომ შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა ყველაფერს კალაპოტში აბრუნებს, რომ სიყვარულს გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება, რომ საკუთარი ბედნიერება სხვის წუხილზე ვერასდროს აიგება, ხოლო თუ ირგვლივ ყველა ბედნიერი იქნება, სამყაროში აღარც ყვავილები დაჭკნებიან, აღარც ტბები დაშრება და აღარც თევზები დაიწყებენ კვდომას; აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ვიღაცას შენი სჯერა, თუნდაც მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ან როგორი კარგია, როცა სხვისი წარმატების გამო ჩვენი გულები სიხარულითაა ანთებული.
ეს წიგნი სტერეოტიპებთან გამკლავებასა და სამყაროს მრავალფეროვნების მიღებაში გვეხმარება. აი, მაგალითად, გვასწავლის, რომ პრინცესა მხოლოდ ტანწერწეტა, ქერათმიანი, ცისფერთვალება და თლილთითებიანი კი არა, ნებისმიერი გარეგნობის მქონე გოგონა შეიძლება იყოს. მაგრამ, აქ საქმე განა მხოლოდ პრინცესობაშია – ეს ყველა სტერეოტიპს ეხება, რომელიც ამ სიტყვებით სრულდება ხოლმე – ,,შენ ასეთი ვერ გახდები“, ,,შენ ეს არ გამოგივა“ და ა.შ. ,,პუტკუნაც შეიძლება იყოს პრინცესა“ კი გვარწმუნებს, რომ სამყარო ჩარჩოებში მოქცეული სულაც არაა.
ყველა სიკეთესთან ერთად, წიგნი სავსეა ლამაზი და საინტერესო სიტყვებით, ახალი სიტყვათშეთანხმებებითა და რაც მთავარია, ფანტაზიის უდიდეს გასაქანს იძლევა.
ავტორს მთელი სამყარო გასულიერებული ჰყავს და განა რა გასაკვირია, ჩვენ ხომ ზღაპრების კრებულზე ვსაუბრობთ, მაგრამ, მთელი სამყარო უბრალოდ გასულიერებული კი არაა, ამ კრებულით ლილი ალფაიძე მკითხველს სამყაროს თითოეული ბინადრისადმი ზრუნვისკენ მოუწოდებს, მკითხველი კი, წიგნის ბოლო ფურცლის დასრულების შემდეგ, ბევრჯერ გაიფიქრებს, მას რა შეუძლია მიუსაფარი ცხოველებისთვის გააკეთოს? მას როგორ შეუძლია მოხუცების ცხოვრება გაალამაზოს? რა მოიმოქმედოს იმისათვის, რათა ყველა გოგონა დაარწმუნოს, რომ თუ იბრძოლებენ, ყველაფერი გამოუვათ ან როგორ მოვახერხოთ ისე, რომ სხვების წარმოდგენებს არ ავყვეთ და ჩვენი თავი არ დავკარგოთ, არამედ მოვიქცეთ პრინცესასავით, რომელსაც შრომა უყვარდა და მებაღეზე დაქორწინდა და რომელიც სულაც არ ელოდა ცხენზე ამხედრებულ პრინცს.
ალბათ უკვე წარმოიდგინეთ, როგორი ანთებული თვალებით შეიძლება შეხვდნენ ბავშვები თანამედროვე ქართველი ავტორის ამ მშვენიერი ზღაპრების წიგნს. ამიტომ, წააკითხეთ, წაიკითხეთ და დატკბით ახალ-ახალი პერსონაჟებითა და ფიქრის ახალ-ახალი საბაბით. მჯერა, ეს წიგნი ყველა ბავშვისა და მარადიულად ბავშვად დარჩენილი ადამიანების გულებში ბინას სამუდამოდ დაიდებს.
როგორი ჰაერი არის გარეთ?
ჰაერი, უხილავი და საოცარი ნარევია, რომელიც არეგულირებს ორგანიზმების ზრდას, განვითარებას, ჩონჩხის აგებულებას და სიცოცხლის ხანგრძლივობას.
წარმოიდგინეთ, სულ ხუთი წამის განმავლობაში, რომ ჰაერი გაქრეს… ჩვენი თვალები გასკდება, ყველა ცოცხალი არსება სმენას დაკარგავს, რადგან წნევის ამგვარი ცვლილება წყალში 2 კმ-ზე ქვემოთ ჩაძირვის ტოლფასი იქნება. საერთოდაც, ადამიანისგან აღარაფერი დარჩება. ჩონჩხიც კი გაქრება, რატომ? ძვლებში შემავალი კალციუმის ფოსფატისგან კალციუმის ოქსიდი, შემდეგ კი კალციუმი გამოთავისუფლდება, რომელიც ცილების დაშლის ინიციირებას გამოიწვევს.
ამ უჰაერო 5 წამის განმავლობაში ჩამოიშლება ყველა რკინა-ბეტონის შემცველი შენობა. ყველა თვითმფრინავი ძირს ჩამოვარდება, რადგან ჰაერი აღარ იქნება და სადღა იფრინონ? მოძრაობის სივრცის არ ქონის გამო, გაჩერდება ყველა ავტომანქანა. ჩაქრება ცეცხლი, აღარ იქნება წყალი, ოკეანეები, ზღვები, მდინარეები წყალბადად გადაიქცევიან. მზისგან დიდი შავი წერტილი დარჩება, რადგან სწორედ ჰაერი განაბნევს მზის ენერგიას და ქმნის ჩვენთვის ხილულ მზის სინათლეს.
სხვადასხვა მინერალების, მაგ. ქარვის კვლევისას, დადგენილ იქნა, რომ მეზოზოურ ერაში ჰაერი შემადგენლობით და სიმკვრივით თანამედროვეობისგან განსხვავდებოდა. ატმოსფერული წნევაც დღევანდელთან შედარებით ათჯერ მეტი ყოფილა. ამიტომ, ჰაერი უფრო მკვრივი იყო და გიგანტურ ხვლიკებს ფრენის საშუალებას აძლევდა. სხვათა შორის, ამაზე ძველ მითებსა და ჩანაწერებშიც არის საუბარი. აი, მაგალითად, „დრო იყო, როცა მიწაზე ისეთი სქელი ნისლი იდგა, რომ მზე და მთვარე ღია წერტილებად მოჩანდა, ვარსკვლავების დანახვა კი შეუძლებელი იყო“, ერთ-ერთი ალქიმიკოსის ჩანაწერში ვკითხულობთ.
იმ ძველ პერიოდში ჩვენი წინაპრები ვულკანური გაზებითაც სუნთქავდნენ. გამოქვაბულებში ღია კოცონებით გამოწვეული არასრული წვის შედეგად, ნახშირბადის მონოქსიდიც დიდი კონცენტრაციით უგროვდებოდათ. ცოტა აქეთ, ძველ ეგვიპტეში ადამიანები ფილტვის დაავადებებით კვდებოდნენ, რადგან აზბესტის ბოჭკოთი გაჯერებული ჰაერის სუნთქვა უწევდათ.
ალქიმიკოსები და შემდეგაც, უკვე ახალ ფეხადგმული ქიმიის ერაში მომუშავე ყველა მკვლევარი გამოყოფილ გაზს განურჩევლად სუნთქავდა და ჯანმრთელობა ბედ-იღბალზე ჰქონდათ მინდობილი.
ორგანული ქიმიის, ლაქ-საღებავების განვითარების ფონზე გერმანიაში 1800 წელს მასშტაბური მოწამვლა დაფიქსირდა. ასი წლის შემდეგ შეამჩნიეს, რომ მომწამლავი ნარჩენების გარემოში დაგროვება იზრდებოდა. მანუფაქტურების განვითარებამ ქლორის, ქრომის, ტყვიის და რკინის ნარჩენების დაგროვება გამოიწვია. ასეთივე კვალი დატოვა პოლიმერების, პლასტმასების სინთეზმა, ხის გადამუშავებამ და ზოგადად მრეწველობამ.
დღეს გოგირდის და აზოტის ოქსიდები ატმოსფერული ჰაერის მუდმივ დამაბინძურებელ ნაწილად ითვლება. გოგირდის დიოქსიდი SO2, რომელიც წიაღისეულის დამუშავება-მოპოვების პროცესში, ასევე ინდუსტრიული პროცესებიდან და მანქანის გამონაბოლქვიდან უერთდება ატმოსფერულ ჰაერს. მისი გამოყოფის ინტენსიურობა დამოკიდებულია საწვავის ტიპზე. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მას დიზელზე მომუშავე მანქანები გამოყოფენ. მისი კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია დელის, თეირანის და აზიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში. ასევე, რაოდენობა ნორმაზე მკვეთრად მეტია ლონდონსა და სან პაოლოში. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ პერიოდი ემისიებს შორის საშუალოდ 10 წუთს შეადგენს.
აზოტის ოქსიდები NOx, მანქანის გამონაბოლქვიდან, ინდუსტრიული პროცესებიდან და ძალოვანი სადგურებიდან გამოიტყორცნება. მისი გამოყოფის ინტენსივობაც საწვავის ხარისხზე და გამოყენებული სასუქების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
მყარი ნაწილაკები, გამოიტყორცნება სატრანსპორტო გამონაბოლქვიდან, ინდუსტრიული პროცესებიდან;
ჩამონათვალს აღარ განვაგრძობ, რადგან ამ წერილში სწორედ ჩამოთვლილ დამაბინძურებლებს მიმოვიხილავ თბილისის ოთხ ადგილას.
საქმე NATO SPS პროგრამის ფარგლებში მოქმედ სამეცნიერო პროექტს შეეხება, რომლის ფარგლებშიც თბილისის ოთხ ადგილას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ვიკვლევთ. სტატიაში ერთ კონკრეტულ დღეს მიმოვიხილავ.
მაშ, ასე წერილს 2023 წლის 11 აგვისტოს ვწერ.
პირველი ლოკაცია ვაკე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირია. თავადაც მოგეხსენებათ, აქ სულ მოძრაობაა.
დღის ოთხი საათია და 36.23 ცელსიუს გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 954.18 hPa. აზოტის დიოქსიდი 4.69 ppb (particle per bilion), გოგირდის დიოქსიდი 0.5 ppb.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, NO2 ის დასაშვები ნორმა არის 40ppb -მდე (ემისია ერთი საათის განმავლობაში). 40-100 კარგია, 100-200 საშუალო, 200-400 ცუდი, 400-1000 საგანგაშო. სურ. 1 იხილეთ აზოტის ოქსიდების კავშირი ჰაერის სხვა დამაბინძურებლებთან. ფაქტობრივად აზოტის დიოქსიდთან კავშირშია PAN (Peroxyacetyl Nitrate), VOC (Volatile Organic Compounds), PM (Particular Matter) და აზოტმჟავას წარმოქმნასთან. მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში გვევლინება სმოგის პროდუქტების წინამორბედადაც.
სურ.1. აზოტის ოქსიდების კავშირი ჰაერის სხვა დამაბინძურებლებთან.
SO2-ის რაოდენობა 100ppb-დე ძალიან კარგ მდგომარეობად ითვლება. ჩვენ მიღებული მონაცემებით, 0.5 ppb გვაქვს.
PM1, PM2,5 და PM 10 ნაწილაკების რაოდენობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. PM1 -0-10 კარგი მდგომარეობაა. ჩვენი მონაცემებით 13.60 აფიქსირებს. ანუ, დაბინძურებას აქვს ადგილი, რაც არცაა გასაკვირი, ისეთი ბუღი, სიცხე და მტვერი დგას.
PM2,5 0-20 კარგი მდგომარეობაა, 50-800 ძალიან ცუდი. ჩვენი მონაცემებით,7.27-ია. PM10 ნორმაშია 0-20, 35-50 საშუალო, 50-ზემოთ ცუდი. სენსორი 7.62 აფიქსირებს. გამოდის, რომ მხოლოდ ძალიან მიკრო ნაწილაკებია მომატებული, რაც ალვეოლებში იოლად აღწევს.
შემდეგი ლოკაცია კვლავ ვაკეა, ოღონდ ჭავჭავაძის გამზირი (სურ 2). აქ უფრო ჩრდილია და 34 ცელსიუს გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 959.97 hPa. აზოტის დიოქსიდი ძალიან მომატებულია და 60.98ppb აჩვენებს, გოგირდის დიოქსიდი 17 ppb. PM1- 12.31, PM2.5 -7.27, PM10- 10.67. ზედა აბზაცში მითითებული ნორმების მიხედვით, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ მტვრის ნაწილაკების მდგომარეობაზე. რაც შეეხება ხმაურს, 62.56 დეციბელ გვიჩვენებს.
სურ.2 ჭავჭავაძის გამზირის ზოგიერთი მაჩვენებელი
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით,ხმაურის მაქსიმალური რაოდენობაა 70დეციბელი. ჩვენს მიერ დაფიქსირებული მონაცემი სწორედ სამშენებლო და მსუბუქი მანქანებით არის გამოწვეული (იხ. სურ 3).
სურ. 3. ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის სხვადასხვა წყარო
შემდეგი ლოკაცია ბოტანიკის კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც გოგირდის აბანოების, ლეღვთახევის თავზე მდებარეობს. 4 საათზე აქ ტემპერატურა 35.54 გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 960.34 hPa. აზოტის დიოქსიდი 30.59 ppb.
გოგირდის დიოქსიდი 27 ppb. PM1 6.57, PM2.5 5.04, PM10 6.21, ხმაური კი 64.11დეციბელია.
SO2-ის რაოდენობა ამ ტერიტორიაზე ფაქტობრივად ბუნებრივია, რადგან მოდის გოგირდით გამდიდრებული წყალი, გამოიყოფა გოგირდის დიოქსიდი, რომელიც რეაგირებს ჰაერში არსებულ გოგირდწყალბადთან და წარმოქმნის წყალს და გოგირდს. გამოყოფილ წყლის ორთქლთან ჭარბი დიოქსიდი შედის რეაქციაში და გოგირდმჟავა წარმოიქმნება. შედეგად, ვიღებთ მჟავა ნალექებს. ტერიტორიაზე იგრძნობა ლაყე კვერცხის (გოგირდწყალბადის სუნი) და გოგირდის დამახასიათებელი სუნი.
ბოლო საკვლევი ადგილი ნუცუბიძის ქუჩაა, ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის ტერიტორია. სენსორს ერთი მხრიდან უკანონო მშენებლობა აქვს, მეორე მხრიდან კი ტყე. დღის 4 საათზე ტემპერატურა 35,69 გრადუსი ფიქსირდება. ატმოსფერული წნევა 955.27 hPa. აზოტის დიოქსიდი 50.61 ppb. გოგირდის დიოქსიდი 18.29 ppb. PM1 7.56, PM2. 3.5, PM10 5.24, ხმაურის მაჩვენებელი 60.78 დეციბელია.
ასეთი მდგომარეობაა ჩვენს მიერ საკვლევ ტერიტორიებზე. ჰაერი შორს არის იდეალური მდგომარეობისგან, თუმცა ჩვენ ჯერ ისევ სუნთქვას ვახერხებთ.
პირველი დღე სკოლაში
მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი. ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები და მთელი საზოგადოება ფიქრობს პირველი დღეების ემოციებზე.
შეხვედრისთანავე თბილი მოკითხვა, ღიმილი ალღობს ყინულს, მოსწავლეს უჩნდება განცდა, რომ მისით ინტერესდებიან, ის ახსოვთ. იბმება უხილავი ძაფები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, რასაც მოჰყვება შემდგომი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
სასწავლო პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.
როდესაც რაღაც სიახლე გვინდა გავაცნოთ ბავშვს, ახალ გამოცდილებას ვაზიაროთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი წახალისება, ყველა ეტაპზე ბავშვის ინტერესის, ბავშვის საჭიროებების და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ჩვენ ამ პროცესში უნდა ვიყოთ მათი მხარდამჭერები.
მსურს შემოგთავაზოთ და გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან აქტივობები, რომელიც ვფიქრობ, გამოგადგებათ სწავლის პირველი დღის აქტივობების გათვალისწინებისას.
ვისურვებდი, რომ ჩემმა მასწავლებელმა იცოდეს…
ეს აქტივობა მეტყველებისა და წერითი უნარების გაუმჯობესებისთვისაა:
მოსწავლეებს დაურიგეთ ფერადი ფურცლები და
სთხოვეთ, დაწერონ ის, რაც სურთ, რომ იცოდეთ მათ შესახებ.
გარდა იმისა, რომ ეს აქტივობა წერით უნარსა და ლექსიკას ავარჯიშებს, პედაგოგი უფრო კარგად ეცნობა მოსწავლეებს, მათ ინტერესებსა და სურვილებს.
არდადეგების, დღესასწაულის მოგონებები
აღნიშნული აქტივობა თქვენი მოსწავლეების მეტყველების უნარს გაავარჯიშებს და უკვე ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამეორების საშუალებაც იქნება.
სთხოვეთ თითოეულ მოსწავლეს, საზაფხულო არდადეგების პერიოდიდან გაიხსენონ 3 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი და მათ შესახებ თანაკლასელებს მოუთხრონ.
აღნიშნული აქტივობის ჩატარება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში.
ზღვის სანაპიროს ბურთის კითხვები
ეს აქტივობა არაჩვეულებრივია გონებისა და სხეულის გასავარჯიშებლად.
ამ აქტივობისათვის მოსწავლეები დააყენეთ წრეზე, ის მოსწავლე, რომელიც ბურთს დაიჭერს, რომელზეც კითხვებია დაწერილი, უპასუხებს იმ შეკითხვას, რომელზეც მისი ცერა თითები მოხვდება.
შეკითხვების თემატიკა დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე, შესაძლოა შეკითხვები იყოს:
- როგორ გაატარე ზაფხული?
- რომელი წიგნი წაიკითხე?
- რა ფილმს უყურე?
- რა დახატე?
- ვინ გაიცანი?
ეს აქტივობა დაგეხმარებათ ყველა მოსწავლე თანაბრად ჩართოთ საგაკვეთილო პროცესში.
ყველაფერი ჩემ შესახებ: ,,მე…
მეტად სახალისო აქტივობაა, რომელიც შეიძლება სკოლის პირველ დღეს მასწავლებლებმა აქტიურად გამოიყენონ. აღნიშნული აქტივობა ახალი მოსწავლეების გაცნობისა და მათთან დაახლოების საშუალებას იძლევა.
ასევე, ამ აქტივობით შეგიძლიათ მათი ინგლისური ენის დონისა და სალაპარაკო უნარის განსაზღვრა.
დაისახეთ მიზანი
ახალი სასწავლო წლის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა.
მოსწავლეებს სთხოვეთ ფერადი ქაღალდებისგან დაამზადონ ისეთი თოჯინები, როგორებიც ფოტოზეა გამოსახული.
ამის შემდეგ ფურცელზე ჩამოწერონ ის მიზნები, რომლებიც უნდა განახორციელონ მიმდინარე სასწავლო წელს და ეს ფურცლები მოათავსონ თოჯინაზე.
გააკარით თითოეული მოსწავლის თოჯინა საკლასო ოთახის კედელზე, რათა მთელი წლის განმავლობაში ყველას ახსოვდეს საკუთარი მიზანი.