პარასკევი, ივლისი 10, 2026
10 ივლისი, პარასკევი, 2026

ქიმია ყველასათვის

0
„ახლა ზამთარია და ცივა. პერიოდულად სუსხიანი ქარი ქრის, ხშირად წვიმს და ხანდახან თოვლსაც გვაპარებს ზეცა. ჩვენ სადღაც თბილ ოთახში მოვკალათებულვართ კომპიუტერთან და გაფაციცებით ვადევნებთ თვალს მონიტორზე გამოსულ ინფორმაციას, რომელიც რაღაც უხილავი საშუალებით აღწევს მეზობელი ოთახიდან თუ მეზობელი კონტინენტიდან ჩვენამდე…” – ასეთი ლირიკული პასაჟით იწყება ერთ-ერთი ქვეთავი წიგნისა „ქიმია ყველასათვის”, რომლის პრეზენტაციაც სულ ახლახან გამომცემლობა „ინტელექტმა” გამართა. რატომ უნდა ვისწავლოთ ქიმია? რით შეიძლება იყოს ეს დისციპლინა საინტერესო რიგითი მკითხველისთვის – მომავალი ექიმისთვის, ბიოლოგისთვის, მშენებლისთვის, სამხედრო მოსამსახურისთვის, მსახიობისთვის, იურისტისთვის? რას მისცემს წიგნი მათ, ვინც ქიმიით დიდი ხანია გატაცებულია?

ამ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან კითხვებზე ორიგინალურ პასუხებს გვცემს წიგნის ავტორი – აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი, ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის ორგანულ და მაღალმოლეკულურ ნაერთთა ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ჟურნალ „ქიმიის უწყებანის” რედაქტორი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და რვა სახელმძღვანელოს ავტორი ელიზბარ ელიზბარაშვილი.

წიგნის „ქიმია ყველასათვის” პოტენციურ მკითხველს – ის კი შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი იყოს, განურჩევლად ასაკის და პროფესიისა – იმთავითვე ვეტყვი: ეს წიგნი ნამდვილად ქიმიაზეა, ოღონდ აქ თითქმის ვერ ნახავთ რთულ ქიმიურ ფორმულებს, არც აბზაცებია გაჯერებული სამეცნიერო ტერმინოლოგიით, რომელთა განმარტებაც ლექსიკონში უნდა ვეძებოთ. ჩვენ ამ წიგნიდან უბრალოდ შევიტყობთ, რომ „მოლეკულები პატარა ბავშვებივით არიან – გამუდმებით ბორგავენ, ხტიან, „თამაშობენ”, ქურაზე შემოდგმული კოლბა გაცხელებას ფსკერიდან იწყებს, ამიტომ სითბოს შეტევას პირველები ის მოლეკულები იგრძნობენ, რომლებიც ხეტიალისას კოლბის ფსკერზე აღმოჩნდებიან…” გავიაზრებთ, რომ „პენტანის მოლეკულა ეგოისტია, საკუთარი თავით ცხოვრობს და თანამოძმეებს, რომელთა გვერდითაც, ვინ იცის, რამდენი საუკუნე გაუტარებია დედამიწის წიაღში, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით, მყისიერი შეხებით თუ იცნობს”.

ამგვარი თხრობითი და ლაღი სტილის ესეებით „გვიტყუებს” გამოცდილი ავტორი ქიმიის შთამბეჭდავ სამყაროში, გვხვევს „თავგადასავლებში” და ძალზე ნაცნობი, ყოფითი მაგალითების მოშველიებით გვიხსნის, რომ ჩვენი ატმოსფერო ცოტაოდენ წყალბადს შეიცავს, ხოლო ცრემლის ერთ-ერთი სახეობა, ემოციური ცრემლი, ქიმიური შედგენილობით ისევე განსხვავდება რეფლექსურისგან, როგორც თვალნატკენი ადამიანი – გულნატკენისგან… 

ალბათ გაზვიადება არ იქნება, თუ დავაზუსტებთ, რომ ეს არის ამ ტიპის პირველი ქართულენოვანი გამოცემა, რომელმაც ბოლომდე დაარღვია ქიმიასთან დაკავშირებული ცრუ სტერეოტიპები – თითქოსდა ეს დისციპლინა ცოტა მოსაწყენი და ზედმეტად სპეციფიკური იყოს. „ქიმია ყველასათვის” იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ ქიმიურ პროცესებზე საუბარი შესაძლოა საინტერესოდ წარიმართოს, იმავდროულად, იყოს შემეცნებითი და ღრმა ანალიზით გამსჭვალული. მით უფრო – თუ გასაგები და სხარტი ენით აგვიხსნიან, რით არის განპირობებული სტაფილოსა და ჭარხლის ფერი და როგორ მიიღება ჩვენი ორგანიზმისთვის ასე სასარგებლო A ვიტამინი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ქიმია ყველასათვის” „ინტელექტის” წარმატებული გამოცემაა და იმ სერიის ორგანული ნაწილი, რომელსაც „ინტელექტი სკოლას” ეწოდება. ამ სერიის ფარგლებში დღის სინათლე უკვე იხილა გია მურღულიას „საუბრებმა უფროსკლასელებთან”, აკაკი ბაქრაძის წიგნმა „სკოლას” და მანანა ბრეგვაძის „ვეფხისტყაოსნის” პროზაულმა ვერსიამ.

ჩამოთვლილი გამოცემების მსგავსად, ელიზბარ ელიზბარაშვილის „ქიმია ყველასათვის” მკითხველთა განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის – ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის და თითოეული ადამიანისთვის, ვისაც შესაძლოა ქიმია შეუყვარდეს. წიგნი თავს უყრის ესეებს, რომლებსაც ავტორი გარკვეული ხნის განმავლობაში ელექტრონულ გაზეთ „mastsavlebeli.ge”-ში ბლოგის ფორმატით აქვეყნებდა. ამგვარად გადმოცემულმა ორგანული და არაორგანული ქიმიის საკითხებმა გამომცემლობა „ინტელექტის” მესვეურთა ყურადღება მიიპყრო და წიგნად შეკვრის იდეაც დაიბადა.

„ესების დაწერის მთავარი მიზეზი ქიმიის პოპულარიზაცია იყო. მინდოდა, ის საინტერესო გამეხადა მათთვის, ვინც მისი შესწავლის გზას ადგას და ჯერ კარგად ვერ მიმხვდარა, რამდენად სასურველია ამ მეცნიერებაში კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე მათთვისაც, ვინც ორჭოფობს და ფიქრობს, რა მიმართულებით გაარძელოს თავისი კარიერა, და, რაც მთავარია, მათთვის, ვისაც სულაც არ უნდა ქიმიკოსობა, მაგრამ ამ დისციპლინის ცოდნა სჭირდება… ვცდილობ ვაჩვენო, რომ ჩვენ და მოლეკულები ერთნი ვართ და ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება, დაწყებული საყოფაცხოვრებო და დამთავრებული გლობალური პრობლემებით, თითქმის იმავე კანონზომიერებებს ემორჩილება, რომლებსაც მოლეკულები. მეტიც – მოლეკულები უფრო მოწესრიგებულები არიან და თუ მათ მივბაძავთ, მოვიგებთ კიდეც. ისედაც, როდესაც სუპერმარკეტში ძეხვს შევიძენთ ან მანქანაში ბენზინს ჩავასხამთ, ელემენტარული ქიმიის ცოდნა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება”, – ამბობს წიგნის „ქიმია ყველასათვის” ავტორი ელიზბარ ელიზბარაშვილი.

მისივე თქმით, ამ წიგნის დანიშნულება ქიმიის სწავლება კი არა, არამედ ამ დისციპლინით დაინტერესება და მისდამი სიყვარულის გაღვივებაა. დღეს ქიმიას, როგორც დარგს, აკლია პოპულარიზაცია. ბევრმა სტუდენტმა არ იცის, რისთვის ამთავრებს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს და სად უნდა დასაქმდეს. არადა, საქართველოში 200-მდე მცირე საწარმოა, სადაც ქიმიკოსი მზის ქვეშ თავის ადგილს აუცილებლად იპოვის.

გამომცემლობა „ინტელექტის” მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია აღნიშნავს, რომ „ქიმია ყველასათვის” წიგნია, რომლის ავტორი გასაგებად და სირღმისეულად, თანამედროვე ენითა და განსხვავებული რაკურსით აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება: „mastsavlebeli.ge”-ზე ელიზბარ ელიზბარაშვილის ბლოგს თვალს ვადევნებდით და ჩვენი ყურადღება თხრობის ორიგინალურმა ფორმამ მიიქცია. ის არა მხოლოდ სპეციფიკურ ენაზე არ საუბრობს, არამედ ქიმიის პარალელურად მოჰყავს ისტორიები ლიტერატურიდან, ეკონომიკიდან, პოლიტიკიდან. ამ წიგნით მკითხველი ქიმიას უშინაურდება და უბრუნდება. ის დიდ სამსახურს გაუწევს ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, დარგის სპეციალისტებს”.

გამომცემლობა „ინტელექტის დირექტორ კახმეგ კუდავას შეფასებით, „ქიმია ყველასათვის” მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც მკითხველი ჯეროვნად დააფასებს. ის ვარაუდობს, რომ წიგნი პოპულარობას მოიპოვებს ახალგაზრდებში და ყველა სკოლამდე მივა. უახლოეს მომავალში კრებული შესაძლოა სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს.

პოეტი მარიამ ხუცურაული მიიჩნევს, რომ ავტორი ხატოვანად აზროვნებს. ამას ესეების სათაურებიც მოწმობს: „ელიზბარისნაირი მასწავლებელი რომ მყოლოდა, ალბათ, ქიმიასაც კარგად ვისწავლიდი… ეს წიგნი ნამდვილი მისწრებაა სწავლას მოწყურებული ბავშვებისთვის, რათა მათ კრიტიკულად აზროვნება ისწავლონ. ამ წიგნით ბევრი ახალგაზრდა გაიმყარებს ცოდნას. „ქიმია ყველასათვის” პოეტურად დამუხტულია, ამიტომ დაველოდები მომავალში არაქიმიკოსის წიგნს ქიმიკოსის კონტექსტით. წარმატებას ვუსურვებ ავტორს!”

პროექტის „ინტელექტი სკოლას” ფარგლებში კი უახლოეს მომავალში გამოიცემა თამაზ ჭილაძის წიგნი, რომელიც სასკოლო პროგრამაში შეტანილ მწერლებზე ლიტერატურული წერილების საინტერესო კრებულს მოიცავს.

ლიდერი მოსწავლეები და ემოციური ინტელექტის თეორია

0

მანანა ბოჭორიშვილი

ყოველი წარმატების ისტორია უნიკალურია. მრავალ მათგანს განსაკუთრებული გარემოებები უძღვის წინ, ზოგი შემთხვევა კი პარადოქსებითაა აღსავსე. წარმატების თეორიის მკვლევრები მოკლედ და ლაკონურად ამბობენ:

წარმატების მისაღწევად ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია:

* ინტელექტი;

*
მიზანდასახულობა;

*
სწორი ხედვა;

*
 
სიმტკიცე.

ამრიგად, ინტელექტი და მასთან ერთად განათლებაც წარმატების აუცილებელი პირობაა. ეს სადავო არ უნდა იყოს. თუმცა ისტორია არცთუ ისე განათლებულ ლიდერებსაც იცნობს. რა ხდება? ამას მეცნიერება ემოციური ინტელექტით ხსნის.

“ემოციური ინტელექტის” შესახებ საუბარი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გახშირდა. ემოციური ინტელექტის თეორიის ავტორი დანიელ გოლმანი აღნიშნავს: ინტელექტი, მიზანმიმართულობა, სწორი ხედვა, სიმტკიცე ლიდერობისთვის აუცილებელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

მოდი, საკლასო ოთახებში შევიხედოთ… შესაძლოა, მოსწავლე იყოს განათლებული, ინტელექტუალური, ადვილად აკავშირებდეს მოვლენებს ერთმანეთთან, პოულობდეს გამოსავალს რთული სიტუაციებიდან, აზროვნებდეს სტრატეგიულად, იყოს მიზანმიმართული და მტკიცე გადაწყვეტილებათა მიღებისა და განხორციელებისას, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიოს იმ წარმატებას, რასაც სხვები აღწევენ. კლასში ხშირად ხდება, რომ “კარგი მოსწავლეები”, რომელთაც აქვთ ლიდერისთვის საჭირო ყველა თვისება, ვერ ხდებიან ქარიზმული ლიდერები და პირიქით, “ნაკლებად პერსპექტიული” მოსწავლეები ნამდვილ ლიდერებად იქცევიან. 

რით შეიძლება დაეხმაროს მასწავლებელი მოსწავლეს, გახდეს ლიდერი ანუ როგორია ლიდერობის პედაგოგიკა?
კვლევებსა და ემოციური ინტელექტის კონცეპტებზე დაყრდნობით გოლმანი აღნიშნავს: გარდა ინტელექტისა, მიზანდასახულობისა, სწორი ხედვისა და სიმტკიცისა, ნამდვილი ლიდერობისთვის აუცილებელია, მოსწავლე ფლობდეს ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს. თითოეული მათანის განსავითარებლად შესაბამისი აქტივობებია საჭირო. განვიხილოთ სქემა, რომელშიც უნარების შესაბამისი მეტაფორული აქტივობებიცაა მოცემული

ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარ

შესაბამისი  მეტაფორული აქტივობა

1. თვითშემეცნება

შეიცან თავი შენი

 

2. თვითრეგულაცია

“ნუ
დაემონები
სურვილებ

3. მოტივაცია

მოტივაცია

 

4. ემპათია

გაუგ სხვებს

 

5. სოციალური უნარჩვევები

სოციალიზაცია

1. “შეიცან თავი შენი”
მნიშვნელოვანია, ლიდერი კარგად იცნობდეს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს, დანამდვილებით იცოდეს, როგორ ეცვლება ხასიათი, რას უნდა ელოდეს ამა თუ იმ შემთხვევაში თავისი თავისგან და აცნობიერებდეს თავის მთავარ მოტივატორს. ასევე, კარგად ესმოდეს, რა გავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე.
ადამიანი, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი პლუსები და მინუსები და სწორად აფასებს თავის შესაძლებლობებს, წესისამებრ, მეტად არის დარწმუნებული საკუთარ თავში, შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს, რა ხელმისაწვდომია მისთვის და რა – არა. ეს მას სწორი კურსის აღებაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, წარმატების შანსიც მეტი აქვს.
 
2. “ნუ დაემონები სურვილებს”
გოლმანის აზრით, ლიდერს უნდა შეეძლოს რაციონალური განსჯა და გააზრებული მოქმედება. ის არ უნდა ემორჩილებოდეს ემოციებს და ცივი გონებით იღებდეს გადაწყვეტილებას.
მოსწავლეები, რომლებიც სკოლიდანვე სწავლობენ ემოციების სწორ მართვას, იღებენ გააზრებულ გადაწყვეტილებებს საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზების შემდეგ, ცივი გონებით და არა ემოციურ ფონზე. ასეთი მოსწავლე უფრო სანდოა ურთიერთობისას, უფრო გახსნილია და მზად არის ახალი იდეებისა და ორიგინალური გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან უკეთ შეუძლია ამა თუ იმ წამოწყების პოტენციალისა და მასთან დაკავშირებული რისკების დანახვა და სამომავლო კურსის განსაზღვრა.
 
3. “მოტივაცია”
მოტივაცია წარმატების აუცილებელი პირობაა. ლიდერების მოტივაცია თითქმის არასოდეს განისაზღვრება მხოლოდ შეფასებისას მიღებული ქულებით. რა თქმა უნდა, მაღალი ქულები და საზოგადოებრივი სტატუსი ნაწილია იმ სიკეთისა, რაც წარმატებას მოსდევს, მაგრამ ნამდვილი ლიდერისათვის მოტივაცია სხვა რამ არის: სიყვარული იმ საქმისა, რომელსაც აკეთებს, ახალი და უმჯობესი გზების პოვნის სურვილი ამა თუ იმ ამოცანის ამოსახსნელად, სტერეოტიპების დანგრევის მოთხოვნილება და ა.შ.
ლიდერებს, რომელთაც აქვთ ძლიერი მამოძრავებელი ემოცია და სჯერათ, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მიზანს მიაღწევენ, როგორც წესი, უფასდებათ მიზნის ერთგულება და აღწევენ იმას, რისიც თავიდანვე სჯეროდათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ გამოიჩინონ მოქნილობა სიტუაციისა და ახალი შესაძლებლობების მიმართ.
ძლიერი მოტივაციის მქონე მოსწავლეს ვერც დამარცხება აშინებს, ის ჯიუტად განაგრძობს დასახული მიზნისკენ სვლას. წარმატებული ლიდერის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ესეც არის – ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგეს და საბოლოოდ მყარად დადგეს ფეხზე.
 
4. “გაუგე სხვებს”
ლიდერს, გარდა საკუთარი თავისა, კარგად უნდა ესმოდეს სხვისიც, ხვდებოდეს, რას გრძნობს იგი და შეეძლოს მის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა. ის არ შემოიფარგლება საკუთარი თავით – ფიქრობს იმაზეც, როგორ შეხვდებიან მის გადაწყვეტილებასა თუ ნაბიჯს გარშემო მყოფები. ეს უნარი ეხმარება ლიდერს როგორც ახლო მეგობრებთან, ისე არსებულ და მომავალ სოციუმთან  გრძელვადიანი, ღირებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
 
5. “სოციალიზაცია”
გოლმანი სოციალურ უნარ-ჩვევებზეც ამახვილებს ყურადღებას. ნამდვილ ლიდერს უნდა შეეძლოს გარშემო მყოფთა მოხიბვლა, ახალ თუ ძველ ნაცნობებთან კონტაქტში ადვილად შესვლა. არსებული და შეძენილი კონტაქტები აუცილებელი პირობაა შემდგომი წარმატებისთვის. ვინაიდან ყველა ადამიანი უნიკალურია და საკუთარი ღირებულება აქვს, ნამდვილი ლიდერი ხვდება, რომ ადამიანური რესურსი, მასთან დასაქმებული პირი იქნება ეს თუ მისი სოციალური წრის წევრი, აუცილებელია, რათა მომავალში კარგად წარმართო საქმე.
გარშემო მყოფებთან კარგი ურთიერთობის გაბმის უნარი ლიდერს საშუალებას  აძლევს, ბევრი ახალი რამ გაიგოს, რაც საბოლოოდ შესაძლოა შთაგონების წყაროდაც ექცეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ნაცნობების საშუალებით ადვილად მიაღწიოს იმას, რასაც სხვები გაცილებით მეტ ხანს და რესურსს მოანდომებდნენ.
 
ეს ხუთი თვისება, რომლებსაც გოლმანი გამოყოფს, საბოლოოდ ნამდვილად ქმნის ძლიერი, წარმატებული ლიდერის სახეს და ხაზს უსვამს მის თვისებებს, თუმცა, როგორც ყველგან, აქაც არის გამონაკლისები, უმეტესად – მაშინ, როდესაც ხდება გარემო პირობების ისეთი თანხვედრა, რომ უნიკალური თვისებების ადამიანები ახერხებენ მოერგომ მათ და წარმატებას მიაღწიონ.
საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით არ დგინდება. ამ თეორიის თანახმად, წარმატებისთვის მაღალი დონის ემოციური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ლიდერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი რამ:
1. გახსნილი გონება;
2. მოქნილობა, მიესადაგოს გარემოს და შეძლოს მისი საუკეთესოდ გამოყენება დასახული მიზნის მისაღწევად.
ამასთან, მიზანი მოსწავლისთვის ძლიერი მოტივატორი უნდა იყოს, რათა ის ბოლომდე დაიხარჯოს და არც ერთი შესაძლებლობა არ გაუშვას ხელიდან. სწორედ ისეთი მოსწავლეები აღწევენ ყველაზე მეტ წარმატებას, რომელთაც შეძლეს მორგებოდნენ არსებულ სიტუაციას და ფაქტობრივი შესაძლებლობა კარგად გამოიყენეს. შესაძლებლობა კი ყოველთვის არსებობს; საჭიროა მხოლოდ მისი სწორი კუთხით დანახვა, მერე კი დასახული მიზნისკენ სწრაფვა.

ფარაონების თამაში

0
ძველ ეგვიპტელებს ძალიან უყვარდათ სპორტი. ღარიბები ჭიდობითა და შუბების ტყორცნით იქცევდნენ თავს, ფარაონებსა და სხვა დიდგვაროვნებს კი მშვილდოსნობა და ეტლებით რბოლა იტაცებდა.

საიდან ამოქექეს ყოველივე ეს ისტორიკოსებმა? ეგვიპტელებს თავიანთი ათლეტური მოღწევებით ტრაბახი უყვარდათ. ასეულობით გადარჩენილი შენობის კედლებზე გამოსახულია სპორტული მოვლენების ილუსტრაციები. ეგვიპტელი სპორტსმენების ინვენტარიც შემორჩა. მსოფლიოს მრავალ მუზეუმში ნახავთ ეგვიპტურ მშვილდებს, სამიზნეებს, შუბებსა და ტყავის ბურთებს. ასე რომ, პირამიდებისა და სფინქსის ჩრდილქვეშ უამრავი სპორტსმენი ცხოვრობდა. მაგრამ იყვნენ თუ არა მათ შორის ბოულერები?

ბოულინგის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სპორტის ეს სახეობა დაახლოებით 5000 წლის წინ წარმოიშვა. კაცმა რომ თქვას, ამაში გასაკვირი არაფერია – ბოულინგის იდეა იმდენად ჰარმონიულია, რომ მის გამოგონებას გამოქვაბულის ადამიანიც კი შეძლებდა. მართლაც, რა შეიძლება ყოფილიყო უფრო მარტივი? კეგლის ფუნქციის შესრულება ნებისმიერ საგანს შეეძლო, საჭირო იყო მხოლოდ ბურთის დამზადება… ამიტომაც ბოულინგი და მისი მსგავსი თამაშები, სხვადასხვა კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში ოდითგანვე არსებობდა.

და მაინც, ბოულინგის არსებობის პირველი არქეოლოგიური მტკიცებულება სწორედ ეგვიპტეს უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ჰიპოთეზა წამოაყენა ბრიტანელმა ანთროპოლოგმა სერ ფლინდეს პეტრიმ. მისი აზრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500-3000 წელს ძველ ეგვიპტეში ბოულინგს თამაშობდნენ. ინგლისელი მეცნიერი ამ ჰიპოთეზას 1930 წელს თავის მიერვე აღმოჩენილი ნივთებით ასაბუთებს: მან ბავშვის ერთ-ერთ სამარხში იპოვა საგნები, რომლებიც თანამედროვე ბოულინგის იარაღების პროტოტიპი იყო.

მას შემდეგ კეგლის უამრავი ნაირსახეობა შეიქმნა. მისი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სახეობა ედინბურგში დღესაც არსებობს: მოთამაშე ბურთს ფეხებს შორის იქცევს და ნახტომში სროლის შემდეგ მუცელზე ეცემა.

ბოულინგი სულ ახალ და ახალ ქვეყნებს იპყრობდა, თანამედროვე სახე კი მე-19 საუკუნის აშშ-ში მიიღო. მას შემდეგ ამ თამაშის წესებში პრაქტიკულად აღარაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბოულინგმა მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა.

1875 წელს ნიუ-იორკის 11 ბოულინგკლუბის წარმომადგენელმა თამაშის საერთო წესები და სტანდარტები დაადგინა. შეთანხმების მიღწევა მხოლოდ კეგლების ზომისა და ბილიკების სიგანის თაობაზე ვერ მოხერხდა.

კიდევ ოცი წლის შემდეგ ნიუ-იორკში ბოულინგის ამერიკული კონგრესი დაარსდა, დადგინდა ქულების მაქსიმალური რაოდენობა – 300 და კეგლებს შორის მანძილი – 12 დუიმი.

დადგინდა ისიც, რომ ბურთის მაქსიმალური წონა 16 გირვანქა (7,258 კგ) უნდა იყოს, რათა საშუალო აღნაგობის ადამიანს ზედიზედ სამი თამაშის გამართვა ფიზიკურად არ გაუჭირდეს. ბილიკის სიგრძის სტანდარტად 60 ფუტი (18,228 მ) იქნა მიჩნეული. სხვათა შორის, წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე აღმოჩენილია უძველესი ხანის მოედანი, რომლის სიგრძე ზუსტად 18,228 მეტრს შეადგენს. დამთხვევაა? შესაძლოა.

ბიულინგის მოყვარულ ქართველებს რომ ჰკითხოთ, ამ თამაშის მთელი ეშხი თავად თამაშის პროცესშია და კარგი მოთამაშე ქულებით მხოლოდ თამაშის დასრულების შემდეგ ინტერესდება. სპორტული შეჯიბრებისადმი ასეთი, მე ვიტყოდი, ქართული მიდგომა, ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაგრამ თავის დროზე თბილისში ჩოგბურთიც მარტივ გასართობად აღიქმებოდა ოდენ. მანამდე, სანამ დიდი წარმატებები მოვიდოდა…

განათლება ანტიკურ საბერძნეთში

0
განათლება მუდმივად განახლებადი პროცესია – ყველა თაობას თავისი სურვილები, მოთხოვნები და მიზნები აქვს, თუმცა ფაქტია, განათლების ფუნდამენტი დღემდე უცვლელია და იგი სათავეს საუკუნეების წინ იღებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 21-ე საუკუნის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მხოლოდ ცალკეული ელემენტები კი არ თანხვდება ანტიკურს, არამედ მთელი სისტემა ანტიკურის მსგავსია.

რა ფასეულობები არსებობდა ანტიკურ საბერძნეთში და რა საერთო აქვთ მათ თანამედროვე განათლებასთან?
დიდი ბერძენი ტრაგიკოსი ევრიპიდე ამბობდა: „აღზრდა რთული საქმეა და მისი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა ადამიანის წმინდათაწმინდა მოვალეობაა, რადგან არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე საკუთარი თავისა და ახლობელთა განათლებაა”. როგორც ძველი ბერძნები ამტკიცებდნენ, აღზრდის პროცესი დროში განსაზღვრულია, ხოლო განათლების მიღებას ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტს.

აღზრდის კონცეფცია საბერძნეთში გულისხმობდა ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილი ადამიანის აღზრდას. ათენური განათლება, ტრადიციისამებრ, ორ ნაწილად იყოფოდა: გონების წვრთნად და სხეულის წვრთნად.

ათენელი ვაჟი სწავლას 6-7 წლის ასაკში იწყებდა. ის სკოლაში ერთგულ მონას მიჰყავდა, რომელსაც ეწოდებოდა პედაგოგი. მას ბავშვისთვის მთელი დღე თვალყური უნდა ედევნებინა. განათლებასთან მონას შეხება არ ჰქონდა, მას მხოლოდ კარგი მანერების სწავლება და ზნეობრივი აღზრდა ევალებოდა. ამიტომ პედაგოგად, წესისამებრ, ირჩევდნენ მონას, რომელიც სანდო იყო, გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით და ზრდილობით.

სახელმწიფოს ჩართულობა განათლების საკითხებში 

ათენში არსებობდა ეტაპობრივი აღზრდის კონცეფცია. სახელმწიფო მოითხოვდა, ყველა ვაჟს ესწავლა წერა-კითხვა. მშობლებს უნდა აერჩიათ სკოლა და სწავლის ქირა გადაეხადათ. სკოლა კერძო დაწესებულება იყო, მასწავლებლობა კი არც ისე დაფასებულ პროფესიად მიიჩნეოდა. მასწავლებელს ხშირად გასამრჯელოსაც არ უხდიდნენ, თუმცაღა ის იმდენად მცირე იყო, რომ მისი გადახდა ღარიბ ოჯახებსაც კი შეეძლოთ. ვაჟები უმეტესად წერა-კითხვას არ სჯერდებოდნენ და მუსიკასა და გიმნასტიკასაც სწავლობდნენ. ეს ორი დისციპლინა ლიბერალური განათლების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა, ამიტომ ისწავლებოდა არა გრამატიკულ სკოლებში, არამედ ცალკე.

ათენში თავდაპირველად სახელმწიფო სკოლები არ იყო, ყველა მოქალაქეს შეეძლო სკოლის გახსნა. არც კურიკულუმი გახლდათ მკაცრად განსაზღვრული.

ანტიკურ ხანაში საბერძნეთში არსებობდა სკოლის საბჭო, რომელსაც ევალებოდა ფინანსების ადმინისტრირება, მასწავლებლების დანიშვნა და დაწესებულების გენერალური მენეჯმენტი. ის ადგენდა მასწავლებელთა ხელფასებსაც.

სპარტაში სახელმწიფო ბავშვის დაბადებისთანავე აწესებდა მასზე კონტროლს. უპირველეს ყოვლისა, მას უტარდებოდა გასინჯვა-შემოწმება და რაიმე ფიზიკური ნაკლის ან სერიოზული დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ხდებოდა მისი იზოლაცია ჩაკეტილი სპარტანული საზოგადოებისგან, ხოლო თუ ბავშვი ჯანმრთელი აღმოჩნდებოდა, უბრუნებდნენ ოჯახს, სადაც შვიდ წლამდე რჩებოდა და მშობლებისა და დაქირავებული ძიძის მეთვალყურეობით იზრდებოდა, შვიდი წლიდან კი იწყებოდა ბავშვის სახელმწიფო აღზრდა, რომელიც 30 წლამდე გრძელდებოდა.

სპარტელი ვაჟები მკაცრ პირობებში, სპეციალურ საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ, რათა ამტანობა გამოემუშავებინათ. მათგან მოითხოვდნენ ზამთარში ფეხშიშველა სიარულს, შიშველ მიწაზე ძილს, მოსამსახურეთა გარეშე საკუთარი თავის მომსახურებას, დღისით და ღამით მთელ ქვეყანაში ხეტიალს.
საერთო საცხოვრებლებში ვაჟები დივიზიებად ერთიანდებოდნენ. დივიზიიდან გამოარჩევდნენ ერთ ვაჟს, რომელიც ყველაზე უკეთ იქცეოდა და „მწყემსად” ნიშნავდნენ. მას ევალებოდა დივიზიაში დისციპლინის დამყარება. ძირითად კონტროლს კი ეწეოდა პედონომოსი (Paidonomos), რომელსაც ჰყავდა სპეციალური დამხმარეები, ე.წ. მემათრახეები. ფიზიკური დასჯა სპარტაში ჩვეულებრივი რამ იყო. სპარტაში ისჯებოდა ინდივიდუალიზმი, ინიციატივა, ვაჟებს ასწავლიდნენ მონურ მორჩილებას. შედეგად სპარტელებს ჰყავდათ „ძალიან ბევრი დიდებული მეომარი, მაგრამ ძალიან ცოტა დიდებული გენერალი”.
 
სასწავლო პროგრამა 

ბერძნულ გრამატიკულ სკოლებში მოსწავლეებს თავდაპირველად ასწავლიდნენ ანბანს, რომლის ნიმუში დაცულია ათენეოსთან. შემდეგ ისინი ითვისებდნენ ხმოვნებისა და თანხმოვნების შერწყმას და ბგერების წარმოთქმას. მოგვიანებით სწავლობდნენ წერას კარნახის საშუალებით. ბავშვებს ასევე ზეპირად უნდა ესწავლათ პოეზიის ნიმუშები. ვინაიდან წიგნი ცოტა იყო, ხშირად მასწავლებელი თვითონვე კარნახობდა მათ პოეტურ ქმნილებებს.

არითმეტიკაში მარტივი გაკვეთილები ტარდებოდა. თავდაპირველად თითებზე თვლას სწავლობდნენ, შემდეგ – საანგარიშოებზე. ბერძნები იყენებდნენ გაცილებით რთულ მათემატიკურ აღნიშვნებსა და სიმბოლოებს, ვიდრე რომაელები და ეს შეუძლებელს ხდიდა თუნდაც ძალიან მარტივი გაანგარიშებების ფურცელზე გამოყვანას. მოსწავლეები იძულებული იყვნენ, გამოეყენებინათ საანგარიშო და აბაკუსი.

ათენში ვაჟები ზეპირად სწავლობდნენ ჰომეროსისა და ჰესიოდეს შემოქმედებას. ისწავლებოდა სხვა დიდი პოეტებისა და დრამატურგების ნაწარმოებებიც. რთულ პასაჟებს მასწავლებელი საგანგებოდ უხსნიდა მოსწავლეებს. ბევრი დრო ეთმობოდა ციტირებას. ციტატები მხატვრულად, შესაფერისი მიმიკითა და ჟესტიკულაციით უნდა წაეკითხათ. მოგვიანებით ისწავლებოდა მუსიკაც, რომელსაც დიდი ესთეტიკური დატვირთვა ჰქონდა. ვაჟები სწავლობდნენ სოლო ან გუნდში სიმღერას, მუსიკის თანხლებით კითხულობდნენ ჰომეროსის პასაჟებს, მღეროდნენ ტირტეოსის სიმღერებს. ეს პატრიოტი პოეტი სპარტაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ზეპირად კითხულობდნენ ასევე ლიკურგოსის კანონებს. 

შესაძლოა, სპარტელთა უმრავლესობასაც შეეძლო წერა-კითხვა, თუმცა არსად არის ნახსენები, რომ ეს სახელმწიფო განათლების პროგრამაში შედიოდა. ცნობილია, რომ ძალიან ცოტამ იცოდა არითმეტიკის ელემენტები.

ბერძნებს სწამდათ, რომ „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”, ამიტომ ფიზიკურ კულტურას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. 12 წლიდან ვაჟები მიჰყავდათ გიმნასტიკურ სკოლებში, რომლებიც სპეციალურ შენობებში – პალესტრებში იყო განთავსებული. პროგრამაში შედიოდა სპორტის ხუთი სახეობა: სირბილი, ჭიდაობა, ხტომა, დისკოსა და შუბის ტყორცნა. სავარაუდოდ, ისწავლებოდა ცეკვაც.
ქალთა განათლება

სპარტაში გარკვეულ ყურადღებას ქალთა განათლებასაც უთმობდნენ. ლიკურგოსი, პლუტარქოსის ცნობით, ასახელებდა რამდენიმე საქმიანობას, რომლებიც ქალისათვის უფრო შესაფერისი იყო. ქალებს, ისევე როგორც მამაკაცებს, უნდა გაევლოთ ფიზიკური წვრთნა და სხეული გაეკაჟებინათ. თუმცა მას ქალის უპირველეს მოვალეობად მაინც დედობა მიაჩნდა. 

სპარტაში ქალები, კაცების მსგავსად, იზრდებოდნენ სუფთა ჰაერზე და ეჩვეოდნენ ვარჯიშს. გოგონები სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ დადიოდნენ გიმნასიონებში, სადაც ვარჯიშობდნენ სირბილში, ხტომაში, ჭიდაობაში, სწავლობდნენ დისკოსა და შუბის ტყორცნას. რა თქმა უნდა, ეს ვაჟებისგან განცალკევებით ხდებოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა გოგონები ვაჟებთან ერთად ცეკვავდნენ. 

ფიზიკურმა დატვირთვამ ერთი ძალიან კარგი რამ მისცა სპარტელ ქალებს: ისინი მთელ საბერძნეთში გამოირჩეოდნენ მოხდენილობით. მათ ხასიათითაც გამოარჩევდით სხვა ქალებისგან – ძალზე დამოუკიდებლები იყვნენ. თუმცა ლიტერატურაში ან ხელოვნების რომელიმე სხვა დარგში მათი განსწავლა არ ხდებოდა.
სპეციალური და პროფესიული განათლება
ანტიკურ საბერძნეთში გარკვეული ყურადღება ეთმობოდა სპეციალურ და პროფესიულ განათლებას. სპეციალურ სასწავლებლებში ამზადებდნენ ექიმებს, ხუროთმოძღვრებს, ხელოსნებს და სხვ., თუმცა ბერძნები ვაჭრობასა და ხელოსნობას თავისუფალი მოქალაქეებისთვის შეუფერებელ საქმიანობად მიიჩნევდნენ და სჯეროდათ, რომ ხელოსნობა აფერხებდა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ათენის ღარიბი მოსახლეობა იძულებული იყო, ხელოსნობით ერჩინა თავი. სხვათა შორის, სოკრატე მოქანდაკის შვილი გახლდათ და თვითონაც ეწეოდა ხელოსნობას, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა, ყოფილიყო მდიდარი და არისტოკრატული კლასის წევრი.

ნიჭითა და მონდომებით გამორჩეული ახალგაზრდები სწავლას განაგრძობდნენ ფილოსოფიურ თუ რიტორიკულ სკოლებში, სადაც იმდიდრებდნენ ცოდნას და სწავლის დასრულების შემდეგ ღირსეულ ადგილს იკავებდნენ საზოგადოებაში.

ათენში დემოკრატიის განვითარებას მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა: მან ცოდნის წყურვილი გაუღვიძა ხალხს და შედეგმაც არ დააყოვნა. მრავალმხრივმა შესაძლებლობებმა და მუდმივმა დისკუსიებმა საბერძნეთში დიდი როლი შეასრულა ადამიანის გონებრივ განვითარებაში. თვითმართვადი სახელმწიფოს მოქალაქე, ყოველი ინდივიდი თავს მნიშვნელოვან ფიგურად გრძნობდა და ცდილობდა, საზოგადოებაში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. ისინი მუდმივად სრულყოფილებისკენ მიისწრაფოდნენ. გაჩნდა მოთხოვნა სრულყოფილ განათლებაზე და, შესაბამისად, გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდა თაობის განსწავლაზე ზრუნავდნენ. ბერძნული სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან, უმთავრესად სიცილიიდან, მოდიოდნენ პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ყველა საგანში განწავლულები იყვნენ. მათ სოფისტებს ანუ „სიბრძნის მასწავლებლებს” უწოდებდნენ.
სოფისტები

სამოღვაწეო ასპარეზზე სოფისტების გამოსვლამ აღზრდა-განათლების სფეროში რევოლუცია მოახდინა. სოფისტები იყვნენ პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ძირითადად მოდიოდნენ მცირე აზიის ბერძნული კოლონიებიდან და იტალიის იმ ნაწილიდან, რომელიც Magna Graecia-ს სახელწოდებით არის ცნობილი. ისინი ცდილობდნენ ადამიანებისთვის ესწავლებინათ, როგორ გამხდარიყვნენ თავიანთი ქვეყნის წარჩინებული მოქალაქეები.

სოფისტები ასწავლიდნენ ასტრონომიას, გეომეტრიას, არითმეტიკას, გრამატიკასა და ლიტერატურას; მზად იყვნენ, ნებისმიერ კითხვაზე გაეცათ პასუხი და დამახსოვრების ისეთი სისტემა ჰქონდათ შემუშავებული, რომ ორმოცდაათსიტყვიანი ჯაჭვის ერთხელ მოსმენით გამეორება შეეძლოთ.

მათი საყვარელი საგანი იყო მათემატიკა, განსაკუთრებით კი გეომეტრია. მოდაში შემოვიდა მათი სააზროვნო, ლოგიკური ამოცანები და მათი ამოხსნის გზები, რომლებიც ევკლიდემ თავის ტრაქტატში შეიტანა. ისინი ასწავლიდნენ გეოგრაფიასა და ისტორიას, თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც რიტორიკის შესწავლა იყო. როგორც აღვნიშნეთ, იმ პერიოდში ადამიანი ცდილობდა, ადგილი დაემკვიდრებინა სამყაროში და რაკი პოლიტიკა და სასამართლო სახელის მოხვეჭის იოლი გზა იყო, ორატორულ ხელოვნებას უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ეუფლებოდ. სოფისტები ასწავლიდნენ ხალხს, როგორ შეემკოთ თავიანთი გამოსვლები მაღალფარდოვანი ფრაზეოლოგიით, როგორ ემოქმედათ აუდიტორიის გრძნობებზე და, რაც მთავარია, როგორ ეკამათათ სხვადასხვა საკითხზე. გაკვეთილების ფასი კურსის ხანგრძლივობაზე იყო დამოკიდებული. სოფისტი მასწავლებლები სტუდენტებს გარანტიას აძლევდნენ, რომ კურსის დასრულების შემდეგ ნებისმიერ სასამართლო პროცესს მოიგებდნენ. ისინი დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში და ლექციებს უკითხავდნენ მათ, ვისაც სწავლის საფასურის გადახდა შეეძლო. ეს თანხა ხანდახან ძალიან მაღალიც იყო. მაგალითად, არისტიპუსი ლექციების კურსის სანაცვლოდ ათას დრაქმას ითხოვდა. ისოკრატესიც ამავე თანხას იღებდა. ცნობილია, რომ როდესაც დემოსთენესმა მას 200 დრაქმა შესთავაზა მთელი კურსის მეხუთედი ნაწილის მოსასმენად, ისოკრატესმა უპასუხა: „მე ჩემს სალექციო კურსს ნაწილებად ვერ დავყოფო”. ზოგი ღარიბი სტუდენტი მთელ ღამეს ათევდა მუშაობაში, რათა საჭირო თანხა შეეგროვებინა და დილით სოფისტების ლექციებს დასწრებოდა.

ყველა პროფესიონალი სოფისტისგან განსხვავებით, სოკრატე გაკვეთილების სანაცვლოდ გასამრჯელოს არ იღებდა. ამან ის სიღატაკემდე მიიყვანა. მიუხედავად ამისა, იგი აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ხშირად შეაჩერებდა ხოლმე გამვლელებს და  ამა თუ იმ საკითხზე დაუწყებდა დისკუსიას.

სოკრატემ სწავლების საკუთარი მეთოდი განავითარა. ამ მეთოდს დიალექტურ მეთოდს უწოდებენ და მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტი იმავე ენერგიას ხარჯავს, რასაც მასწავლებელი. ანუ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს უამრავ შეკითხვას და ცდილობს, თავად მიიყვანოს ისინი სწორ პასუხამდე. სოკრატეს მიაჩნდა, რომ მას ეკისრა საღმრთო მისია – ადამიანთათვის გონება გაენათებინა და ისინი სწორი აზროვნებისაკენ წაეყვანა. პრაქტიკულად, ყველაფერი, რაც ჩვენ მის შესახებ ვიცით, მისი ორი მოწაფის – ქსენოფონისა და პლატონის დამსახურებაა. ისინი სოკრატეს გავლენას განიცდიდნენ. ისოკრატესმა, გორგიასის მოწაფემ, დააარსა პოლიტიკური რიტორიკის სკოლა, სადაც პოლიტიკური ფილოსოფია წამყვანი დარგი იყო, მაშინ როცა პლატონი ათენში დაბრუნდა და დააარსა აკადემია.

სიცოცხლის ბოლო 40 წლის განმავლობაში პლატონი აკადემუსის ტყეში, საკუთარ სახლში მართავდა ლექციებს. პლატონის გარდაცვალების შემდეგ (ძვ. წ. 347 წ.) მისმა ძმისწულმა სპეუსიპუსმა მემკვიდრეობით მიიღო მისი მამული, რომელიც შემდეგ მან საკუთარ მოსწავლეებს დაუტოვა.

არისტოტელეს მიმდევრების თავშეყრის ადგილი იყო ლიცეუმი, რომელიც ასევე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.

ეპიკურელთა სკოლამ დაიწყო ფუნქციობა ეპიკურესის ბაღში, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ფილოსოფოსთა ერთ-ერთ მიმდევარს ეკუთვნოდა. როგორც ჩანს, მხოლოდ სტოიკოსებს არ გააჩნდათ კერძო საკუთრება. ეს სკოლები საერთო საძმოს წარმოადგენდა და ერთი საერთო მიზანი ჰქონდა: ცოდნის შეძენა და სტუდენტებისათვის გადაცემა. ამ სკოლებში  უმაღლესი განათლების მისაღებად მოდიოდნენ მოსწავლეები საბერძნეთის ყოველი კუთხიდან. მათი წყალობით ათენი, სულ მცირე, ქრისტეშობამდე ინარჩუნებდა ფილოსოფიური აზროვნების ცენტრის ფუნქციას.

რეგულარული სოფისტური სკოლები ძვ. წ. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა ორ დიდ გიმნასიონში. ერთის ხელმძღვანელი იყო პლატონი, მეორისა – არისტოტელე. მანამდე სოფისტები იქ ატარებდნენ გაკვეთილებს, სადაც კი სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდებს ნახავდნენ ერთად შეკრებილს. გასაოცარ ენთუზიაზმს ანთებდნენ ისინი მსმენელებში. მათი გავლენით უსაქმურმა ახალაზრდებმა ქვიშაში გეომეტრიული ფიგურების ხატვა დაიწყეს. მოსწავლეები ისე იყვნენ მოხიბლული სოფისტთა გაკვეთილებით, რომ მათ ქალაქიდან ქალაქში დაჰყვებოდნენ. არა მარტო ახალგაზრდობა – ზრდასრული ხალხიც აიყოლიეს სოფისტებმა. ,,გადმოცემის თანახმად, დიდმა პერიკლესმა ნახევარი დღე გაატარა ერთ-ერთ მასწავლებელთან კამათში ერთი უბედური შემთხვევის განხილვისას: ცხენი გასროლილმა შუბმა მოკლა და გაჩნდა კითხვა, ვინ იყო დამნაშავე – შუბი, ადამიანი, რომელმაც ის ისროლა, თუ რბოლის ზედამხედველი”.

წიგნების კითხვა პოპულარული გახდა ხალხში. პლატონს მიაჩნდა, რომ ფილოსოფოსთა ნაშრომები ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ხდებოდა წიგნების გადაწერა სპეციალურად ეგვიპტიდან შემოტანილ პაპირუსებზე.

სოფისტებს შორის გამორჩეული იყო პროტაგორასი ადბერადან (ძვ. წ. 480-410 წ.წ.). ის თავის თავს „ღირსების მასწავლებელს” უწოდებდა და ღირსებაში გულისხმობდა არა მორალს, არამედ იმ თვისებებს, რომლებიც ადამიანს საშუალებას მისცემდა, საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა. იგი 40 წლის განმავლობაში მოგზაურობდა მთელ საბერძნეთში, კარგა ხანს ცხოვრობდა ათენში და დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი ლექციებით. პლატონი, მუიხედავად იმისა, რომ სოფისტების პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, პროტაგორასს დიდი პატივისცემით მოიხსენიებდა და აღწერდა, რა ვნებათა ღელვას იწვევდა მისი ყოველი გამოჩენა ათენელ ახალგაზრდებში.

სოკრატე მოგვითხრობს, როგორ მიუბრახუნა ერთ დილას კარზე ჰიპოკრატემ, შევარდა მასთან და აყვირდა: „პროტაგორასი ჩამოვიდა!” ჰიპოკრატემ სოკრატე მასთან შესახვედრად წაიყვანა. როცა მივიდნენ კალიასის სახლში, სადაც იმყოფებოდა პროტაგორასი, იქ დახვდათ მოწაფეთა ბრბო, უმეტესად უცხოელები ანუ ის ხალხი, რომელიც პროტაგორასს ერთი ქალაქიდან მეორეში დაჰყვებოდა. აქვე იყვნენ ცნობილი ათენელები: კრიტიასი, ალკიბიადესი და პერიკლესის ორი ვაჟი, პროდიკუსი კეოსიდან, ევნოსი პაროსიდან, და ჰიპიასი ელისიდან.

სოფისტების სწავლებას ნაკლოვანი მხარეებიც ჰქონდა. მათ ხალხს ზედაპირული ცოდნის მიღების სურვილი შთაბერეს. სოფისტების გავლენის ქვეშ მოქცეული პოლიტიკოსები თავგამოდებით ამტკიცებდნენ იმას, რაც შესაძლოა არ ყოფილიყო მართალი და ამ მეთოდების გამოყენებას ეროვნული ინტერესებით ამართლებდნენ. სოფისტები ბევრს მსჯელობდნენ მორალის შესახებ, ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ შეკითხვაზე: როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა ბედნიერება? ზოგი ამბობდა, ინსტიქტებს უნდა მიჰყვესო, სხვანი – კარგი ცხოვრებით უნდა იცხოვროსო. რა არის კარგი ცხოვრება? რას ნიშნავს ეს – საზოგადოებრივი წესების დაცვას? თუ ის უნდა აკეთოს პიროვნებამ, რაც თავად მიაჩნია სწორად? კამათი ამ საკითხებზე ყოველთვის მწვავე და არგუმენტირებული იყო.

სოფისტურ წარმოდგენებზე დაყრდნობით ცნობილმა ორატორმა ისოკრატესმა ჩამოაყალიბა „წრიული” ანუ „ზოგადი აღზრდის” კონცეფცია. აქედან წარმოიშვა ტერმინი „ენციკლოპედია” და საფუძველი ჩაეყარა საცნობარო ლიტერატურის შექმნას, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში ზოგადი განათლების დონის ამაღლებას.

უნდა ითქვას, რომ სოფისტებმა თითქოს ხასიათი შეუცვალეს ბერძნებს, ჩაუკლეს მათ სახელმწიფოსთვის თავდადების სურვილი. ხალხმა პირადი ინტერესები დააყენა სახელმწიფოზე მაღლა. ათენელებიც კი გაზარმაცდნენ და უკვე ერჩივნათ, დაქირავებულ მეომრებს ებრძოლათ მათ ნაცვლად. მდიდართა სასახლეების ბრწყინვალება მეტოქეობას უწევდა საზოგადოებრივი ძეგლების მშვენიერებას. ძვ. წ. IV საუკუნე საბერძნეთის ისტორიაში ინტრიგების, შურისძიებებისა და არაკეთილსინდისიერი დიპლომატიის საუკუნედ არის ცნობილი. თითოეული თავად წერდა კანონებს და ის მტკიცე ჯაჭვი, რომლითაც მანამდე შეკრული იყო მთელი ქალაქ-სახელმწიფო, ნელ-ნელა მოეშვა.

მართალია, სოკრატემ, პლატონმა და არისტოტელემ სოფისტური მოძღვრების ნაკლოვანი მხარეები მწვავედ გააკრიტიკეს, მაგრამ სწავლების სოფისტურმა მეთოდებმა ღრმა კვალი დატოვა სააღმზრდელო პრაქტიკაში.

პერიკლესი ოცნებობდა, ათენი საბერძნეთის „განათლების ცენტრად” ეხილა და მისმა ოცნებამ უდავოდ შეისხა ხორცი. აღიარებულია, რომ „გონებამახვილობაში, გულმოდგინებასა და გემოვნებაში” ათენელებს ბადალი არ ჰყავდათ. ათენელი მოქალაქე იყო კარგი პოლიტიკოსი, იურისტი და, რა თქმა უნდა, მეომარი ან მეზღვაური. ყველაფერს, რასაც აკეთებდა, აკეთებდა დიდი მონდომებით, საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით. ეს მას ახალგაზრდული სულისა და მხნეობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. ათენელები მისდევდნენ სპორტს, შეეძლოთ სიმღერა, ცეკვა, ლირაზე დაკვრა, ახასიათებდათ განათლების მიღების წყურვილი და გამუდმებით მსჯელობდნენ ადამიანის არსებობის საზრისზე.

თუ სპარტული განათლება სახელმწიფოს მიერ იყო რეგულირებული და მიზნად ისახავდა ქალაქის მცველი მოქალაქეების აღზრდას, ათენურ განათლებას „ინდივიდუალისტური სული ჰქონდა”. მისი მიზანი ხასიათისა და გემოვნების ჩამოყალიბება იყო.

ათენის ფილოსოფიურმა სკოლებმა ნიადაგი მოუმზადა საბერძნეთში უნივერსიტეტის დაარსებას.

ალექსანდრე მაკედონელმა ახალი ტალღა მოიტანა საბერძნეთის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ მამის, ფილიპეს მსგავსად, ისიც დიდ პატივს სცემდა საბერძნეთს, ცივილიზაციის ცენტრი ათენი ვეღარ იქნებოდა. ძვ. წ. 332 წელს, მაკედონელის სიცოცხლეში, დაარსდა ალექსანდრია, რომელიც მალევე იქცა საგანმანათლებლო ცენტრად. მას უზარმაზარი რესურსები და შესაძლებლობები ჰქონდა.

პტოლემეოს სოტერმა (ძვ. წ. 283 წ.) დააარსა ალექსანდრიის მუზეუმი. მისმა ვაჟმა, პტოლემეოს ფილადელფუსმა (ძვ. წ. 247 წ.), გაამდიდრა და გააფართოვა იგი. ამ მუზეუმს თავდაპირველად სასწავლო დაწესებულებად არავინ მოიაზრებდა – იქ სამეცნიერო კვლევა-ძიება უნდა წარმართულიყო. ძვ. წ. III საუკუნეში იქ მიმდინარეობდა მეცნიერული მუშაობა ფილოლოგიაში, მათემატიკაში, ასტრონომიაში, მექანიკაში, ანატომიასა და ბუნებისმეტყველებაში. მდიდარი ბიბლიოთეკა და უმაღლესი განათლების მისაღებად საჭირო პირობები იზიდავდა სწავლულებს ბერძნული სამყაროს ყოველი კუთხიდან. აქ ისინი საუნივერსიტეტო ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მუზეუმთან ახლოს იყო ბიბლიოთეკა, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონი წიგნი ინახებოდა.

ალექსანდრიაში იყო მხატვრული ტექსტების ფილოლოგიური კვლევის პირველი მცდელობა.

მოგვიანებით მცირე აზიაში დაარსდა მეორე სასწავლო ცენტრიც – პერგამონი, რომელსაც ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა. განათლების კერა დაარსდა ანტიოქიაშიც – მუზეუმი და ბიბლიოთეკა. იყო შედარებით ნაკლები მნიშვნელობის საგანმანათლებლო კერებიც: პელა, კოსი და როდოსი.

თანდათანობით ათენმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება, თუმცა იგი კვლავ ინარჩუნებდა სწავლა-განათლების კერის ტრადიციულ იმიჯს.

მითრიდატეს პირველ ბრძოლაში მონაწილეობის შემდეგ ათენი ალყაში მოექცა. მოსახლეობის დიდი ნაწილი დახოცეს, აკადემიისა და ლიცეუმის ხეები დაჭრეს და შენობები დაარბიეს, თუმცა მოგვიანებით მან კვლავ დაიბრუნა ბრწყინვალება.

რატომ მიყვარს სოციალური ქსელი

0
მიყვარს სოციალური ქსელი. უამრავ ინფორმაციასთან ერთად, ის რესურსების საუკეთესო წყაროა. რამდენიმე წლის წინ, როცა სკოლაში ვიწყებდი მუშაობას, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კომპიუტერი ასე ღრმად შემოიჭრებოდა  ჩემს ცხოვრებაში.

განათლების არსი ის არის, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ. ისინი კი გვასწავლიან, როგორ ვასწავლოთ. სოციალურ ქსელთან ჩემი დამეგობრებაც მათი დამსახურებაა. პირველივე კონფერენციისთვის ჩემმა მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და სკოლაში აღიარებაც დაიმსახურეს. იმ დღიდან დაიწყო კომპიუტერთან ჩემი მეგობრობა. მე და ჩემი მოსწავლეები სოციალურ ქსელში ახლაც ვმეგობრობთ. ვმეგობრობთ და ვმუშაობთ.

გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებული რესურსების გამოყენების რამდენიმე მაგალითს.

www.facebook.com-ით გავრცელდა ამერიკელების მიერ შევსებული ევროპის კონტურული რუკები, რომლებიც ევროპაზე მათ წარმოდგენას ასახავს. შედეგი გამაოგნებელია.

https://www.buzzfeed.com/summeranne/americans-try-to-place-european-countries-on-a-map
 
 
ეს შეცდომით შევსებული რუკებია სწორედ გაკვეთილის რესურსი.

დავალება მარტივია: მოსწავლეებმა უნდა გაასწორონ შეცდომები. დამეთანხმებით, საინტერესო და სახალისო სამუშაოა: მოსწავლეები სწავლობენ ევროპის ქვეყნების ადგილმდებარეობას და ამავე დროს სივრცეში ორიენტაციის უნარიც გამოუმუშავდებათ. 

მეორე რესურსი, რომელიც ერთ-ერთ ბლოგზე აღმოვაჩინე, არის „რუკები, რომლებსაც სკოლაში არ გვასწავლიან” (https://ucnauri.com).

„სკოლის დამთავრებისას ჩვენ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ მაინც გვრჩება შეგრძნება, რომ ყველაზე საინტერესო არ უსწავლებიათ. შესაძლოა ვიცოდეთ, სად არის რომელიმე გეოგრაფიული ობიექტი, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდეს მსოფლიოზე. სწორედ ამიტომ ერთ-ერთმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ შეადგინა ინფოგრაფიკული რუკები, ანუ რუკები, რომლებზეც ჩვეულებრივი რუკისგან განსხვავებული ინფორმაციაა დატანილი და რომლებიც უადვილებს ადამიანებს დანარჩენი მსოფლიოს აღქმას”, – ვკითხულობთ ბლოგზე.

ვეთანხმები ავტორს – მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის ცოდნა მსოფლიოზე წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის. დღეს გეოგრაფიის სწავლებისას მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე კი არ ვართ ორიენტირებული, არამედ ამ ცოდნის გამოყენებაზე, ანალიზსა და შეფასებაზეც. გეოგრაფია არ არის ობიექტების, ფაქტებისა და მოვლენების მხოლოდ აღწერა; გეოგრაფიის სწავლისას მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გაიცნონ და მთლიანობაში აღიქვან სამყარო. მოსწავლემ მხოლოდ ობიექტების ადგილმდებარეობის დასასწავლად არ უნდა დაკარგოს დრო – საჭიროა ვასწავლოთ მათ ის პროცესები და მოვლენები, რაც ბუნებასა და საზოგადოებაში მიმდინარეობს, დავანახვოთ მათ შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირები.

ამ ბლოგის რესურსი სწორედ ასეთი აქტიური გაკვეთილების ჩატარების საშუალებას იძლევა. მადლობა ავტორს.
პირველივე რუკა სივრცეში ორიენტაციის უნარ-ჩვევის განვითარებაში დაგვეხმარება.
რუკა 1. ყველაზე პოპულარული გვარები ევროპაში
 
ამ რუკის მიხედვით მეშვიდეკლასელებს შეიძლება მივცეთ მარტივი დავალება: ამოიწერონ, რომელ ქვეყნებში რომელი გვარებია ყველაზე მეტად გავრცელებული. ამ დავალების შესრულება უფრო სახალისოა, ვიდრე ქვეყნებისა და მათი დედაქალაქების დასწავლა.

სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარებისთვის გამოდგება მეორე რუკაც, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური ქსელების გავრცელებას გვიჩვენებს.

რუკა 2. სოც. ქსელების გავრცელების რუკა
 

ამ რუკის შედარებითი ანალიზი დაგვანახვებს, როგორ იცვლებოდა წლიდან წლამდე მსოფლიოში სოციალური ქსელების მოხმარება და რა როლს ასრულებენ ისინი გლობალიზაციის პროცესში.

მომდევნო რუკები ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ, რომელ ქვეყნებშია მაღალი მოსახლეობის სიმსუქნისკენ მიდრეკილებისა და IQ-ს მაჩვენებელი, მერე შეადარონ ეს რუკები მშპ-ის მიხედვით შედგენილ რუკას და ამ მაჩვენებლებს შორის არსებულ კავშირზე იმსჯელონ, განსაზღვრონ, აქვთ თუ არა მათ უშუალო კავშირი ერთმანეთსა და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასთან. დასკვნა შეუძლიათ წარმოადგინონ სასურველი ფორმით.

რუკა 3. მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის მიდრეკილება სიმსუქნისკენ

 
რუკა 4. ქვეყნები მოსახლეობის IQ ქულების მიხედვით
 

ეს აქტივობა მხოლოდ ისეთი სპეციფიკური უნარების განვითარების საშუალებას კი არ იძლევა, როგორიცაა რუკის გამოყენება და გაანალიზება, არამედ მოსწავლეებს აზროვნების უნარს უვითარებს, საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მონაცემები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ.

ამ ბლოგზე კიდევ უამრავ სასარგებლო რესურს ნახავთ, რომლებსაც გაკვეთილზე გამოიყენებთ. 21-ე საუკუნეში, როცა ასე სწრაფად იცვლება და ვრცელდება ინფორმაცია, მხოლოდ წიგნებით ვერ შემოიფარგლები. თვალსაჩინოების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე საჭიროა. უამრავი ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა და რუკაა სახელმღვანელოებში, მაგრამ საზოგადოებრივი გეოგრაფიის სწავლების დროს აუცილებელია ინფორმაციის გაცნობა, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ამ ინფორმაციას სწრაფად და მოხერხებულად სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით მოვიპოვებთ.

აი, რატომ მიყვარს სოციალური ქსელები.
.

დეკემბრის წერილი

0

 წელს უხვ თოვლს და ცივ ზამთარს გვპირდებიან.

 ვზივარ საყვარელი
კაფეს კუთხის მაგიდასთან, ვსვამ ჩაის, რომელსაც რაღაც ძალიან პოეტური სახელი ჰქვია.
ვზივარ და ჩემი კლავიატურიანეკრანიანი მეგობრის დახმარებით ამ პოსტს ვწერ.

გვერდით მაგიდასთან დედა–შვილი ზის. პატარა ბიჭია, ასე
მესამეკლასელი, წითელი ლოყები და აჩეჩილი თმა აქვს, ჩაის ხრუპუნით სვამს და ხაჭაპურს
აყოლებს. დედა ყავას სვამს, ნაქსოვი ხელთათმანები მაგიდის კიდეზე ჩამოდო და ზედ ნაცრისფერი
ბერეტიც დააბრძანა.

–დე – ეუბნება ბავშვი– გიომ თქვა, რომ ქუჩის ბავშვებს
ფული არ უნდა მივცეთ, იცი, თურმე ბიზნესი ჰქონიათ, მთელი მაფიააო– ასე ყვებოდა, უფროსები
ჰყავთ თურმე და ფულს იმათ აძლევენ, გიომ ასე თქვა,  მამაჩემმა მითხრაო.

დედამ მხრები აიჩეჩა და მეორე ნაჭერი ხაჭაპური მიუჩოჩა
ახლოს.

–შენ ის მითხარი, მათემატიკის საკონტროლოში რა ქენი?

…………………………………………………………………………………………………………………………………………

 

გამახსენდა, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა
და მეორეკლასელების დამრიგებელი ვიყავი. ძალიან კარგი, საყვარელი ბავშვები იყვნენ,
გულწრფელები და მიმნდობები.

მაშინაც დეკემბერი იყო, შობის დღესასწაულისთვის ვემზადებოდით,
ჩვენი ხელით ლიმონათები მოვამზადეთ და მთელ სკოლას გავუმასპინძლდით, მერე პატარა, ძალიან
მარტივი ორცხობილები დავაცხვეთ, ბავშვებმა სათამაშოებთან ერთად ჩააწყეს პატარა, ლამაზ
ყუთებში და მათ გაუგზავნეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ თანატოლების ყურადღება.

ერთხელ  მახსოვს,
რაღაც გაკვეთილი გაუცდათ და მე უნდა ჩამენაცვლებინა, ჰოდა, სრულიად სპონტანურად, ზღაპარი
მოვიფიქრე რკინის ერთლარიანზე , რომელმაც მთელი ქალაქი შემოიარა.

ზუსტად აღარ მახსოვს შინაარსი,  დაახლოებით კი, ზღაპარი იმაზე იყო, თუ როგორ მისცა
ფუნთუშის საყიდლად გამოსულმა გოგონამ რკინის ერთლარიანი მოხუცს, მოხუცმა მაღაზიაში
პური იყიდა, მაღაზიის სალაროდან ერთლარიანი კიდევ სხვაგან მოხვდა, მერე ავადმყოფი ბავშვის
წამალზე დაიხარჯა და ასე შემოიარა მთელი ქალაქი, ბოლოს, როცა გოგონას თავისი ავადმყოფი
ძმის საჩუქარზე ზუსტად ერთი ლარი აკლდებოდა, ისევ მოგორდა რკინის  ერთლარიანი მასთან…

მარტივი, დიდაქტიკური შინაარსია, ქვაზე დადებულ სიკეთეზე,
თუმცა, მგონია, რომ პატარებს ასეთი მარტივი არქეტიპებით აუცილებლად უნდა გავაგებინოთ
, ვასწავლოთ და შევაყვაროთ სოლიდარობა, ქველმოქმედება, სხვისთვის  შოკოლადისა თუ ღიმილის გაზიარება.

სწორედ ამიტომ, დეკემბრის სუსხიან და ცივ დღეებში სასკოლო პროგრამაში სპეციალურ, თემატურ კვირას
შევიტან. ჯერ ოსკარ უაილდის „ბედნიერ უფლისწულს” წავიკითხავთ,  გახსოვთ ალბათ ეს შესანიშნავი მოთხრობა:

აი, იქ, შორს,პატარა ქუჩაში, – განაგრძო უფლისწულმა დაბალი,საამური ხმით, – ერთიღარიბი სახლი დგას.სარკმელი ღიაა და მე ვხედავქალს, რომელიც მაგიდას უზის. მას გამხდარი დაღლილი სახე და ნემსითდაჩხვლეტილი უხეში, წითელითითები აქვს.

ქალიმკერავია. ის ვარდებს ქარგავს ატლასის კაბაზე,რომელიც დედოფლის სეფექალთაგან ულამაზესმა უნდაჩაიცვას მომავალ მეჯლისზე. ოთახისკუთხეში, ლოგინში მისიპატარა ავადმყოფი ბიჭუნაწევს. ბიჭუნას ციებცხელება სჭირსდა ფორთოხალს თხოულობს; დედამისს კი მდინარის წყლისგარდა არაფერი გააჩნია და ბავშვი ტირის.მერცხალო, მერცხალო, პატარამერცხალო, ხომ არ მიუტან იმ მკერავს ჩემიხმლის ვადის ლალს?მე ფეხები მიკრული მაქვს კვარცხლბეკზე და განძრევა არ შემიძლია.

შემდეგ
ნოდარ დუმბაძის მხიარულსა და სევადიან სამყაროს გავიცნობთ, ომისდროინდელ ბავშვებს,
მათ ერთსულოვნებას, რთული, რთული დღეების ერთად გადალახვის სიძლიერეს. დუმბაძის
შესანიშნავი იუმორი ცოტა შეგვამსუბუქებს კიდეც.

კიდევ  ჯეიმს გრინვუდის „პატარა
მაწანწალადან”  წავიკითხავთ
ნაწყვეტებს-პატარა ბიჭის რთული და სახიფათო ცხოვრება ლონდონში, ტკივილიანი ამბები
და ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისათვის.

შემდეგ,
ანდერსენის ზღაპარს მივადგებით. მიხვდით არა რომელს? დიახ, ზღაპარს, რომელიც
ყველაზე ნაკლებად ჰგავს ზღაპარს-„გოგონა ასანთით”.

ვნახავთ
დისნეის შესანიშნავ ანიმაციას:



ვიცი, რომ
პატარა გულები ეტკინებათ, ვიცი, მაგრამ მაინც მგონია, რომ სწორედ სკოლის წლებში,
სწორედ ასეთ გაკვეთილებზე, სწორედ მაშინ, როდესაც შთაბეჭდილება ყველაზე, ყველაზე
ძლიერი და დაუვიწყარია, უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიყვარული, საკუთარის
სხვისთვის განაწილება და თანაგრძნობა.

 

პს. მგონია,
რომ დეკემბერი ყველაზე შესაფერისი თვეა სხვებზე ფიქრის, სხვათა ტკივილების
თანაზიარობისა და კეთილი საქმეებისათვის, რადგან შობა-პირველ რიგში, სწორედ სიყვარულის დღესასწაულია.

 

 

 

 

დაკარგულები

0
მილან  კუნდერას “შეუცნობელი” დიდი, კოლექტიური სიზმრის შესახებ დაწერილი რომანია. ეს არის სრულიად უსუსური ნოსტალგია, რომელიც არავის არაფერში სჭირდება და რომელიც ჩაკეტილი დროითი თუ სივრცითი საზღვრების გამო იწყებს არსებობას. ემიგრანტები კი დგანან რომელიღაც მიწაზე დაძენძილი, მორყეული დროშებივით და ვერ გადაუწყვეტიათ, იფრიალონ თუ საკუთარი გარეგნობის შესაბამისი მოკრძალება გამოიჩინონ. 

ეს სულაც დაკარგული ადამიანების შესახებ დაწერილი წიგნია. “სად მიდიან ნივთები დაკარგვის შემდეგ?”– ერთხელ დედაჩემს ვკითხე და იმან – “სხვა ადამიანებთან”. მე ძალიან მეწყინა, როცა წარმოვიდგინე რომ არ არსებობდა ადგილი, სადაც ჩემი გაუჩინარებული ბარბი სხვისი ბატონ– პატრონობის გარეშე, არამარიონეტული ცხოვრებით იცხოვრებდა. ზუსტად ასევე ეგოისტურად იქცევიან ჩვენი სამშობლოები: მარტივად გვიშვებენ და საბოლოოდ, მაინც ძნელად გვთმობენ. 

სად მიდიან ადამიანები დაკარგვის შემდეგ?– იქ, სადაც, კიდევ უფრო უიმედოდ იკარგებიან. აი, ირენა, აი, იოზეფი. აი, ჩეხეთიდან ემიგრირებული ორი დაკარგული. ერთი– საფრანგეთში. მეორე– დანიაში. ისინი დგანან ჟიურის წინაშე: ლმობიერი ჟიური (“მის მსოფლიოს” ანალოგი) პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. ირენა ღირსია, ფრანგებმა შეიყვარონ, იოზეფის სიყვარული კი დანიელების მოვალეობაა. 

ჩვენ ყველას გვაქვს მოვალეობები. ჩვენ მოვალენი ვართ, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლოები მისი სიმცირის ან პირიქით– უზარმაზარობის გამო, გვიყვარდეს ისინი, როგორც პირქუში მონუმენტები ან პირიქით– როგორც ცოცხალი და თბილი ორგანიზმები. ხანდახან, მოვალენი ვართ არც გვიყვარდეს, რადგან ადამიანები ისე მონდომებით ცდილობენ, დაგვიმსგავსონ, შემოგვტენონ პოლიტიკური რეჟიმები თავიანთი საყვარელი ბელადებით, მერე ამ ბელადებმა ბევრი ილაპარაკონ სოციალურ პრობლემებზე, ტელევიზიებმა სიუჟეტები კვერცხის შეწვის სისწრაფით აკეთონ, სოციალური ქსელები “ივენთებით” გადაჭრელდეს და სხვისი გაჭირვების სანახავად მიგვიწვიონ. ჩვენ ვნახოთ სხვისი “ჭირი”, ვიყოთ ბრძენნი და გულუხვნი. მერე დავივიწყოთ. მეხსიერება მოკლეა და ძალიან ჰგავს გრძელთმიან, ჭკუამოკლე ტურფას, რომელიც ერთი კვირით მოგხიბლავს, რომელიც ერთი კვირით გაინტერესებს, რომლის სიყვარული სავალდებულო არ არის, რადგან იცი: შენ არ იქნები შეუცვლელი. 

ეპიზოდი, როცა ჩეხეთში დაბრუნებული ირენა (რომელმაც უკვე კარგად იცის, რომ ფრანგი სილვისთვის საინტერესო აღარ არის, რადგან ემიგრანტის სტატუსი გარეშე ადამიანები ხანდახან მომხიბვლელობას კარგავენ) ადგილობრივ ნაცნობებს ფრანგულ ღვინოზე პატიჟებს, ისინი კი ჯიუტად აცხადებენ უარს და ჩეხურ ლუდს მიირთმევენ, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების თვისება, დაკარგული ნივთები ჩვეულ ფორმაში დააბრუნონ, ბარბის ისევ ძველი კაბა ჩააცვან. ირენა უცხოა. ლუდნასვამიც მაინც უცხოა. უცხოა, რადგან ვერ გადაუწყვეტია, ლუდი უფრო უყვარს თუ ღვინო, შესაბამისად “მათ (ფრანგებმა) თავი მოტყუებულად ჩათვალეს, იფიქრეს, რომ შეცდნენ. მეც მოტყუებულად ვიგრძენი თავი, რადგან მეგონა, რომ მათ ჩემი ტანჯვის გამო კი არა, პიროვნების გამო ვუყვარდი”. ჩეხეთი საკუთრივ ცდილობს, ემიგრაციის ოცი წელი მოჰკვეთოს. და აი, ამპუტირებულ ირენას ხვდება იოზეფი. დანიიდან ჩამოსული ჩეხი ემიგრანტი.

მშიშარა იოზეფი. ის ვერ იბრუნებს სახლს, რადგან არ უნდა. და არ უნდა, რადგან უკან გაუცხოების ოცი წელი უდგას. ის საყვარელ ნახატსაც ვერ იბრუნებს, როგორც თავისი დანიური სახლიდან და ეპოქიდან უკვე ამოვარდნილ დეტალს. მისი მეხსიერება ვიწროა. არაპოპულარული პროფესიის მქონე ვეტერინარ იოზეფს რომ ჰკითხოთ, ძაღლების მოვლა ოჯახისადმი პროტესტის გამო გადაწყვიტა. თუმცა, როცა ძველ სიტყვებს ახსენებენ (“ექიმობას სნეულების ინტერესის გამო ირჩევენ, ხოლო ვეტერინარები ცხოველების სიყვარულის გამო ხდებიან”), თავადვე უკვირს. დიახ, მისი მეხსიერება მოკლეა, რადგან აღარ ახსოვს შეგრძნებები. აღარ ახსოვს ძველი სასიყვარულო ისტორიაც ყურმოჭრილი გმირით, მილადათი. ეს მოჭრილი ყური მილადას იოზეფის თვალწინ არ აუფრიალებია, არა იმიტომ, რომ სილამაზის დაკარგვის ეუხერხულებოდა, მე მგონია, “სიყვარულისთვის ყურმოჭრილის” სტატუსი ბევრად უფრო ნაკლებად ხიბლავდა. იოზეფს აღარ ახსოვს ირენაც, რადგან შიშმა მეხსიერება ისე ოსტატურად გადაფარა, როგორც დუმფარები ფარავენ ტბის ზედაპირს. 

საბოლოოდ, ორი ემიგრანტიც უცხოა ერთმანეთისთვის. მათი სიზმრების კოლექტივიზმი კი ოდესმე მომაბეზრებელი გახდება ორივესთვის, რადგან მაშინ, როცა თავისუფალი ხარ და შენს სამშობლოში ისე მარტივად შეგიძლია, შეაბიჯო, როგორც ნაცნობ ბარში, შენი მეგობრები კი მეორე ნაცნობი ბარიდან გირეკავდნენ და მისვლას გთხოვდნენ, შენი ნებაა, მესამე ნაცნობ ბარში ამოჰყო თავი.

მაიკლ ფულანი-განათლების სისტემის რეფორმის მცდარი მამოძრავებელი ძალები

0
მეორე ნაწილი

მაიკლ ფულანი (Michael Fullan) არის კანადის ონტარიოს პროვინციის ქ. ტორონტოს უნივერსიტეტის განათლების სფეროში კვლევათა ინსტიტუტის ემერიტუსი პროფესორი. ამჟამად ის, როგორც განათლების საგანგებო მრჩეველი, ემსახურება ონტარიოს პროვინციის პრემიერს. აღიარებულია მსოფლიო დონის სპეციალისტად ორგანიზაციული ცვლილებების სფეროში. ჩართულია მთელ მსოფლიოში მიმდინარე სასწავლო, საკონსულტაციო და შეფასების ცვლილებათა პროექტებში.

3. ინდივიდუალური მუშაობის გაუმჯობესება გუნდური მუშაობის ნაცვლად

ეს ძალზე ვერაგი პუნქტია, რადგან ერთი შეხედვით ყველაფერი დამაჯერებელი და ლოგიკური ჩანს: სწავლების მაღალი ხარისხი და სკოლის ხელმძღვანელობის მაღალი დონე წარმატებული სწავლების ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. უბრალოდ გააუმჯობესეთ სწავლება საუკეთესო პედაგოგების წახალისებით და ჩამორჩენილთა დასჯით. ასეთი ლოგიკა მაცდური და ფატალურია მთელი სისტემის რეფორმირებისთვის.

პრობლემამ იქ იჩინა თავი, სადაც არ ელოდნენ. იყო ორი მოსწავლე, რომლებმაც სწავლა ერთი და იმავე პოტენციალიდან – 50-იდან – დაიწყეს. ერთს სამი წლის განმავლობაში ძალიან კარგი მასწავლებლები ჰყავდა, მეორეს – ცუდი. მესამე წლის ბოლოს მათი პოტენციალები, შესაბამისად, 75 და 25 იყო, რაც მინიმუმ ერთი წლით ჩამორჩენას შეესაბამება. ასე იმიტომ ხდება, რომ ამ დროს ამოქმედდება მცდარი ბერკეტი – ვიწყებთ კარგი პედაგოგის წახალისებას, ცუდისას კი პირიქით.

ამ დროს რისკები ორმაგდება: არასწორად მიმართულ ანგარიშგებას ემატება ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ცალკეული პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ – პირველი და მეორე მცდარი ბერკეტები ერთდროულად იწყებს მოქმედებას.

მასწავლებელთა შეფასება და უკუკავშირი კარგი იდეაა. ამ სტრატეგიას საფუძვლად უდევს უდავო ჭეშმარიტება, რომ უკუკავშირი აუცილებელია სრულყოფისთვის. ამას ფაქტებიც ადასტურებს: ის ყველაზე დიდ გავლენას ახდენს როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა სწავლებაზე. მაგრამ გაითვალისწინეთ, აი, რა: უკუკავშირი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას მხოლოდ მაშინ უწყობს ხელს, როდესაც მოცემულ სკოლაში უცილობელ ფასეულობას წარმოადგენს. მასწავლებელს ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ სკოლის კულტურაში ფასობს და თავად პედაგოგიც ცდილობს, მისი მეშვეობით გააუმჯობესოს თავისი საქმიანობა, თუ იგი გახსნილია ახალი გამოცდილებისა და ნებისმიერი, თუნდაც ნეგატიური, გამოხმაურებისთვის. როდესაც ამბობენ, რომ საჭიროა კულტურის ცვლილება – ეს არა მხოლოდ მართებული, არამედ პრინციპულად აუცილებელია. „კულტურის შეცვლა” – ეს იმდენად აშკარა რამ არის, რომ მასზე ყურადღებას არავინ ამახვილებს. კულტურა მამოძრავებელია, შეფასების სისტემა კი – დადებითი სტიმული და არა პირიქით.

პრობლემა ის არის, რომ ვერც ერთ ქვეყანაში, სადაც აქცენტი დაისვა მასწავლებლის ინდივიდუალურ თვისებებზე როგორც მამოძრავებელ ძალაზე, განათლების სისტემის რეფორმამ წინ ვერ წაიწია. წარმატებული სისტემა არასოდეს დაუშვებს, აქ კარგი მასწავლებელი ჰყავდეს, იქ კი – უარესი. ეს სისტემები იმიტომ არის წარმატებული, რომ მთლიანად აუმჯობესებს სწავლების პროფესიულ დონეს, რომ მასწავლებელთა 95% ხდება ძალიან კარგი პედაგოგი.

მოდი, გავეცნოთ პიცბურგის უნივერსიტეტის პროფესორის კ. ლინას კვლევას. მას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ ბავშვების მიღწევები განათლებაში საგრძნობლად უმჯობესდება, როცა პედაგოგები ერთმანეთსა და სკოლის დირექტორთან განიხილავენ მოსწავლეთა წარმატებებს და პრობლემებს, ანუ სკოლაში ხდება მასწავლებელთა ინტერაქცია. ამას ჰქვია ინტელექტუალური კაპიტალი ინდივიდუალურის საპირწონედ, რაც გულისხმობს, რომ მასწავლებლის ადამიანურ კაპიტალს შეუძლია შეცვალოს განათლების სისტემა და სწორედ მისკენ უნდა მივმართოთ რეფორმის ძალისხმევა. ადამიანურ კაპიტალზე ფოკუსირება, რასაკვირველია, მცდარი ბერკეტია (ადამიანურ კაპიტალში იგულისხმება მასწავლებლის ინდივიდუალური უნარები და კომპეტენციები, ანუ მხოლოდ ინდივიდებზე ორიენტირებული სკოლა მცდარ ბერკეტს იყენებს. ამის საუკეთესო მაგალითი საქართველოში ზოგიერთი კერძო სკოლაა, რომლებიც კარგი ჰონორარებით იზიდავენ მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგებს, მაგრამ არ ზრუნავენ სისტემურ განვითარებაზე – რედ. შენიშვნა).

კ. ლინამ კვლევა ჩაატარა სოციალური და ადამიანური კაპიტალის შესადარებლად. მან შექმნა მე-4 და მე-5 კლასის მასწავლებელთა 1000-კაციანი ჯგუფი ნიუ-იორკის 130 სკოლიდან. ადამიანურ კაპიტალს აფასებდნენ პედაგოგთა კვალიფიკაციის, მათი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილების და კლასში შესაძლებლობების მიხედვით. სოციალურ კაპიტალზე მსჯელობდნენ იმის მიხედვით, რამდენად ხშირად ესაუბრობოდნენ მასწავლებლები კოლეგებს სწავლების საკითხებზე და როგორი იყო, რამდენად ემყარებოდა ნდობასა და სიახლოვეს მათი ურთიერთობა. ერთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რა გავლენას ახდენდა ან ერთი, ან მეორე ბავშვების მოსწრებაზე.

გამოაშკარავდა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი, რომლებიც ამტკიცებს ჩემს ნათქვამს. იმ მასწავლებლების მოსწავლეთა ნიშნები, რომელთა სოციალური კაპიტალი საშუალო სტანდარტიდან ერთი ცდომილებით მეტი იყო, 5,7%-ით გაიზარდა. რასაკვირველია, უფრო პროფესიონალი პედაგოგები აღემატებოდნენ თავიანთ ნაკლებპროფესიონალ კოლეგებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ლინამ გვიჩვენა, რომ პროფესიონალმა მასწავლებლებმა (მაღალი ადამიანური კაპიტალი), რომელთაც აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ კოლეგებთან (მაღალი სოციალური კაპიტალი), მოსწავლეებთან მაღალ შედეგებს მიაღწიეს. მან დაადგინა ისიც, რომ არცთუ კარგი შესაძლებლობების მქონე მასწავლებელს ისეთივე წარმატების მიღწევა შეუძლია, როგორც საშუალო შესაძლებლობისას, თუკი ძლიერ სოციალურ კაპიტალს ფლობს.

ადამიანური კაპიტალი მასწავლებლის უნარ-ჩვევები და ცოდნაა, რომელიც მან სწავლისა და პედაგოგიური პრაქტიკის დროს შეიძინა. სოციალური კაპიტალი – არ არის ერთი ადამიანის თვისებები; ეს მასწავლებლების ერთმანეთისა და დირექტორისადმი დამოკიდებულებაა. მუშაობის არასათანადო პირობები (დაბალი სოციალური კაპიტალი) მაღალკვალიფიციურ პედაგოგსაც ნაკლებეფექტურს ხდის, ცუდს კი აუარესებს. ამრიგად, კვლევის შედეგები როგორც სოციალური, ასევე ადამიანური კაპიტალის განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, სოციალური კაპიტალი წარმოადგენს ეფექტურ სტრატეგიას ადამიანური კაპიტალის გასაუმჯობესებლად.

სოციალურ კაპიტალზე დაფუძნებული სტრატეგიების გამოყენებას მრავალი უპირატესობა აქვს. მაგალითად, მიზანმიმართული ერთობლივი პრაქტიკები საშუალებას აძლევს პედაგოგებს, შეიტყონ, რას აკეთებენ მათი კოლეგები და ისწავლონ მათგან. სწავლების გაუმჯობესებასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობა მეორეული ანგარიშვალდებულების განსაკუთრებით ეფექტური ფორმაა. შედეგების გამჭვირვალობასთან ერთად ჩნდება მექანიზმი, რომელიც წარმოშობს პრაქტიკული სწავლების ცოდნას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ეს ქმედებები ზრდის საზოგადოებაში მასწავლებლის პროფესიისადმი პატივისცემას და ნდობას. ამ გზით მიდიან წარმატებული ქვეყნები. ისინი არა მხოლოდ ადამიანურ, არამედ სოციალურ კაპიტალსაც ავითარებენ. მოკლედ, თუ გვინდა, სწრაფად მივაღწიოთ მიზანს, გუნდური ძალისხმევა პოტენციალის შექმნაში უნდა დავაბანდოთ. უამრავი მონაცემი ამტკიცებს, რომ სწორედ გუნდური თანამშრომლობა აუმჯობესებს შედეგებს. მისი წყალობით შესაძლებელი ხდება ცალკეული არაეფექტური მასწავლებლების პრობლემათა მოგვარებაც, როდესაც ისინი აღარ მოქმედებენ ავტონომიურად და ერთვებიან საერთო საქმეში. ყოველდღიურ გავლენასა და თანადგომას ჯგუფური წარმატება მოსდევს. სწორედ სოციალური კაპიტალით განისაზღვრება ადამიანური კაპიტალი, რომელიც ფლობს სისტემის რეფორმირებისთვის აუცილებელ ხარისხს და ტემპს. სოციალური კაპიტალის ცვლილება მოქმედი სტრატეგიაა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იმედი მხოლოდ გუნდურ მუშაობაზე უნდა დავამყაროთ; საჭიროა გონივრული მაღალი მოლოდინების და მკაცრი, მაგრამ მხარდამჭერი ხელმძღვანელობის ურთიერთშეხამება, ინვესტირება პოტენციალის განვითარებაში, შედეგებისა და პრაქტიკების გამჭვირვალობა. ყოველივე ამის ერთობლიობა აუმჯობესებს შედეგებს და განამტკიცებს ანგარიშვალდებულებას. მაგალითად, ეს გზა აირჩია კანადის ონტარიოს პროვინციის სკოლამ და ექვს წელიწადში შედეგები გააუმჯობესა.

წარმატებული სასკოლო სისტემები ერთმანეთს უხამებენ მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრების მოზიდვა-განვითარებას და პროფესიულ სფეროში თანამშრომლობის მხარდაჭერას, ხელს უწყობენ ლიდერებს კოლეგებსა და რიგით მასწავლებლებთან თანამშრომლობაში, იზიდავენ ახალ კადრებს და გამუდმებით ახდენენ პროფესიის ტრანსფორმაციას, ისე აგებენ ურთიერთთანამშრომლობის კულტურას, რომ გაიზარდოს პედაგოგების კომპეტენტურობა და დაინტერესება, რასაც ასევე უკეთეს შედეგებამდე მივყავართ.

სკოლის სისტემის ლიდერების სტიმულირების სუსტი რგოლია ინდივიდუალისტური მიმართულების გადაწყვეტილებები. მიიჩნევენ, რომ ახალი ლიდერის მოზიდვა და ხელშეწყობა შეცვლის სისტემას, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ასე არ არის. ხდება ეფექტური დირექტორების მუდმივი ძიება, მათი მხარდაჭერა და მოტივაციის ამაღლება, მაგრამ ამას არ შეუძლია სისტემის შეცვლა, განსაკუთრებით – მცდარი ბერკეტების გამოყენებისას. ახალ ლიდერს ეკისრება ანგარიშვალდებულებისა და მოსწავლეთა მოსწრების ურთულესი სისტემის მართვა. ამას ემატება სხვა ელემენტები, რომლებიც სისტემის დონეზე არ ფუნქციობს. ლიდერის ასეთ დატვირთულობა კარგს ვერაფერს მოუტანს ვერც სწავლა-სწავლების პროცესის მონაწილეებს და ვერც მთლიანად სკოლის სისტემას. პრობლემის მოგვარების გასაღებია მთელი ჯგუფისა და მისი ცალკეული წევრებისთვის გასაგები სტრატეგიის ფლობა. ეს ხშირად ავიწყდებათ, რადგან უფრო რთულ ჩარევას მოითხოვს, ვიდრე სკოლის სისტემის პერსონალთან ინდივიდუალური მუშაობაა.

ალან ოდენი წიგნში „ადამიანური კაპიტალი განათლებაში” სათანადო ყურადღებას არ უთმობს სოციალურ კაპიტალს როგორც განათლების სისტემის შეცვლის საკვანძო ფაქტორს. ის აღნიშნავს, რაოდენ მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა, მაგრამ არ ახდენს მის სოციალურ კაპიტალად იდენტიფიცირებას. მისთვის მთავარი საკითხია „სწავლების მუდმივი გაუმჯობესება, რომელიც თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ სწავლასთან არის დაკავშირებული”. მაგრამ აქ ორ პრობლემას ვაწყდებით. ჯერ ერთი, სისტემის ხელმძღვანელები ვერ აცნობიერებენ, რომ პრობლემის არსი – ეს სწავლების გაუმჯობესებაა, რომელიც მოსწავლეთა მოსწრებას აამაღლებს, გაუმჯობესება, რომელიც შეეხება მასწავლებლებს და მუდმივმოქმედი იქნება. მეორე პრობლემაა უყურადღებობა ურთიერთთანამშრომლობის კულტურისადმი როგორც ფაქტორისადმი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია პედაგოგთა განვითარებისთვის, რეფორმის ტემპის დაჩქარებისა და ჰორიზონტალური და ვერტიკალური ანგარიშვალდებულების სისტემის ფუნქციობისთვის.

წარმატებული რეფორმის ჩატარება შეუძლებელია პედაგოგთა დაინტერესებისა და პასუხისმგებლობის ამაღლების გარეშე, ეს კი იოლი არ არის. მასწავლებლის ხარისხი საკვანძო ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა წარმატებას და თუ მთელი სისტემის რეფორმირება გვინდა, მაშინ პროცესში ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ჩართული. ამას ვერავინ აუვლის გვერდს.

რეფორმაში მასწავლებელთა ჩართულობა არ ამოიწურება მათი დაინტერესებითა და აქტიურობით. რეფორმაში ჩართულობა, რაც მცდარი ბერკეტების გადალახვას გულისხმობს, ნიშნავს პროფესიული კომპეტენტურობის ჩამოყალიბებას სწავლების პრაქტიკის გზით.

მოტივაცია და კომპეტენტურობა ერთად მოქმედებს. ჩვენ მიერ აღწერილი ორი მცდარი ბერკეტი ხელს უშლის ჩართულობას და მოტივაციისა და კომპეტენციის ჩამოყალიბებას პედაგოგის პროფესიაში.

სისტემის წარმატების არსი და საფუძველი სწავლების მუდმივი გაუმჯობესებაა, რომელიც ყველა მოსწავლის ჩართულობასა და წარმატებასთან არის გადაჯაჭვული. სწორი ბერკეტები მასწავლებელს უძლიერებს მოტივაციას, კოლეგებთან ერთად ჩაერთოს პროცესის გაუმჯობესებასა და სრულყოფაში. სწავლების მზარდ გაუმჯობესებას მოტივაციის ამაღლებასთან მივყავართ. წარმატება ზრდის ეფექტურობას, ეს კი, თავის მხრივ, ინტერესსა და საქმისადმი ერთგულებას წარმოშობს.

საქმის ერთგულება და ჩართულობა გადამწყვეტი ფაქტორებია. სწორი ბერკეტები როგორც მასწავლებელთა, ისე მოსწავლეთა ჩართულობას და საქმისადმი ერთგულებას უზრუნველყოფს. თუ გსურთ, კავშირი „სწავლების პრაქტიკა – ჩართულობა – მოსწავლეთა წარმატება” იყოს ყურადღების ცენტრში, საჭიროა მასზე ფოკუსირება და გუნდის გამოყენება. მასწავლებელთა ხარისხი ეფექტური სწავლების პირობაა. თუ კონცენტრირებას სწავლებაზე მოახდენთ, მთელი სისტემა მობილიზდება. პედაგოგებისთვის სკრუპულოზური ანგარიშვალდებულება და სტიმულირება/წახალისების სისტემა როდი წარმოადგენს სისტემის მამოძრავებელ ძალას – ის დაკავშირებულია მასწავლებელთა მოტივაციასთან, კარგად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. პოლიტიკას, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანურ და სოციალურ კაპიტალზე და პრაქტიკული მუშაობისა და შედეგების გამჭვირვალობის საფუძველზე ხორციელდება, შეუძლია შექმნას სათანადო წნეხი და თანადგომა ეფექტური პასუხისმგებლობისთვის.

სანამ ხელმძღვანელები, რომლებიც განსაზღვრავენ პოლიტიკას, არ მიხვდებიან, რომ ყველა მასწავლებელი რეფორმის თანაავტორად უნდა აქციონ, ისინი მუდამ მცდარ ბერკეტებს აირჩევენ. თუ მცდარ ბერკეტებს პროცესების ხელში ჩაგდების საშუალებას მივცემთ, ისინი ყოველთვის შეასუსტებენ ნამდვილ მოტივაციას და ხელს შეუშლიან გუნდური მუშაობის განვითარებას. თუ სკოლას ანგარიშვალდებულება და შეფასება არ გაანადგურებს, მოვა ინდივიდუალიზმი და დაასამარებს მას. სწორი ბერკეტები კი, პირიქით, სასიცოცხლო ენერგიით მუხტავს როგორც ჯგუფს, ისე მის თითოეულ წევრს.
მომზადებულია შემდეგი ნაშრომების მიხედვით:
1. Выбор ложных движущих сил для реформы целостной системы. Майкл Фуллан, Вопросы образования, №4, 2011
2. Choosing the wrong drivers for whole system reform. Michael Fullan, Centre for Strategic Education Seminar Series, 204, 2011
3. An analysis of teachers’ professional development based on the OECD’s Teaching and Learning International Survey (TALIS). European Union, 2010
ადაპტირებული თარგმანი და რედაქცია კახა ჟღენტისა

გორდონ ბრაუნი: „უპირატესობა განათლებას უნდა მიენიჭოს“ (II ნაწილი)

0
გორდონ ბრაუნი – გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს კანცლერი, ამჟამად – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი განათლების გლობალურ ინიციატივაში და გაეროს გენერალური მდივნის პან გი-მუნის წარმომადგენელი განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში
გაეროს ახალი ამბების ცენტრი: რა სტრატეგიებს გვთავაზობთ გოგონების განათლებისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად?

გორდონ ბრაუნი: მიმაჩნია, რომ ეს დამოკიდებულება იცვლება. ვგონებ, ჩვენი საუბრის მთავარი თემაა, მდუმარე უმრავლესობამ, რომელსაც კარგად ესმის, რომ გოგონებისთვის განათლების მიცემა აუცილებელია, ხმა ამოიღოს და ხმამაღლა თქვას, რასაც ფიქრობს. რა თქმა უნდა, შეიარაღებული ექსტრემისტებისა და საზოგადოების წინააღმდეგ მებრძოლთა მიზანია, ჩაახშონ ხალხის ხმა და აკრძალონ ბავშვების განათლების უფლებაზე საუბარი. ჩვენ ვნახეთ ორი ათასზე მეტი სკოლა, რომლებიც დაწვეს პაკისტანსა და ავღანეთში. ვნახეთ მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ დახოცეს, რომ სკოლებში გოგონებს ასწავლიდნენ. ვნახეთ პატარა გოგონები, რომლებიც დახოცეს და დაწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლაში სიარული სურდათ.

ამავე დროს, პაკისტანში ყოფნისას შევამჩნიე დიდი ცვლილებაც ამ საკითხისადმი დამოკიდებულების კუთხით. ვნახე პაკისტანელები, რომლებიც ამბობდნენ: „ჩვენ მხარს ვუჭერთ მალალას”. ზოგიერთი თავს ბინტით იხვევდა და ამბობდა: „მე მალალა ვარ”; დამოკიდებულებები იცვლება; ეს კულტურული პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ამ ცვლილებას ხელი უნდა შევუწყოთ და გავიღოთ რესურსები სკოლების მშენებლობისათვის, შევთავაზოთ მათ კარგი და არა უხარისხო მომსახურება. ვფიქრობ, ჩვენი მოვალეობაა, ქმედითი დახმარება გავუწიოთ იმ ქვეყნების მთავრობებს, რომელებიც ცდილობენ, ბავშვებს განათლების შესაძლებლობა მისცენ, მაგრამ ამისთვის სახსრები არ ჰყოფნით.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: ხარისხი ახსენეთ. ერთია განათლების მიცემა, და მეორე – ხარისხიანი განათლების მიცემა. ბევრ განვითარებად ქვეყანაში სკოლები ხეების ქვეშაა მოწყობილი. როგორ გესახებათ ხარისხისა და რაოდენობის უზრუნველყოფა?

გორდონ ბრაუნი: მიმაჩნია, რომ რაოდენობისა და ხარისხის საკითხი ერთად არის მოსაგვარებელი. ხალხს სჯერა, რომ განათლების ძალა მათ ცხოვრებასაც შეცვლის. შესაბამისად, ისინი მარტო სკოლაში კი არ ივლიან, არამედ მოითხოვენ შედეგსაც. მათ მხოლოდ სკოლაში მოსიარულეთა რაოდენობა კი არა, არამედ განათლების ხარისხიც აინტერესებთ.

ვფიქრობ, ჩვენ მეტისმეტად მარტივად ვუყურებთ იმას, რომ დღეს მსოფლიოში 57 მილიონამდე ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის. წესით, არ უნდა ვეგუებოდეთ იმ ფაქტს, რომ 2013 წელს ბავშვთა შრომის, ბავშვებზე ქორწინების, გოგონების დისკრიმინაციისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ათეულობით მილიონი ბავშვი სასკოლო განათლების გარეშე რჩება. ამან საყოველთაო რისხვა უნდა გამოიწვიოს. აშკარაა, ჩვენ ამ მწვავე პრობლემებს არასათანადო შემართებით ვეკიდებოდით.

თუ ხალხი დარწმუნდება, რომ განათლება საჭიროა, რომ აუცილებელია მასში ინვესტირება – დარწმუნდება იმაშიც, რომ არ ღირს დროისა და რესურსების ფლანგვა უხარისხო განათლებისთვის. ყველა მიხვდება მაღალი ხარისხის განათლების საჭიროებას. ჩვენ გვჭირდება სერტიფიკაცია და კვალიფიკაცია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისათვისაც. ორივე საქმეს მოევლება, თუ ხალხი ირწმუნებს, რაოდენ აუცილებელია განათლება ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: კარიერის დასაწყისში თქვენ ლექტორი იყავით. საიდან მომდინარეობს თქვენი ასეთი ძლიერი ლტოლვა განათლების საკითხებისადმი?

გორდონ ბრაუნი: ალბათ, ყველაფერს, რასაც მივაღწიე, მივაღწიე იმის წყალობით, რომ უნივერსიტეტში ვისწავლე, მომეცა შანსი, გამეგრძელებინა განათლება სამაგისტრო სკოლაში, გავმხდარიყავი უნივერსიტეტის ლექტორი, მეწერა წიგნები. და ეს ყველაფერი – იმიტომ, რომ მქონდა განათლების მიღების უფლება და შესაძლებლობა.

როდესაც კაცობრიობის მიერ განვლილ გზაზე ფიქრობ, აშკარა ხდება, რომ საუკუნეების განმავლობაში მან ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილის პოტენციალის განვითარება მოახერხა. უკვე აშკარაა ისიც, რომ ამ პოტენციალის გაზრდისა და განვითარების საშუალება დედამიწაზე დაბადებულ ყოველ ბავშვს უნდა მიეცეს.

მე თუ ვიხეირე ჩემი განათლებით, უამრავ ხალხს ამის შანსი არ მისცემია. ბრიტანეთშიც ბევრია ასეთი, მაგრამ უფრო უარესადაა საქმე ღარიბ ქვეყნებში, სადაც უამრავ ნიჭიერ ახალგაზრდას სურს სწავლა, მაგრამ არ გააჩნია შესაძლებლობა. უზარმაზარ პოტენციალს ფლანგავს მსოფლიო და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამას რამე მოვუხერხოთ.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: უკვე ერთი წელია, თქვენ გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ბრძანდებით განათლების საკითხში. მოგემატათ თუ მოგაკლდათ ოპტიმიზმი უნივერსალური პირველადი განათლების ხელმოსაწვდომობაზე?

გორდონ ბრაუნი: უნდა აღვიშნო, რომ ეს დრო დაემთხვა დახმარებების შეკვეცის პერიოდს. პერიოდს, რომლის დროსაც განათლების პროგრესი შეჩერდა და დღეს მხოლოდ დიდი ძალისხმევისა და მონდომების ფასად თუღა ხერხდება აუცილებელი რესურსების მოძიება ათასწლეულის მიზნების მისაღწევად.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ საქმეს განსაკუთრებული სამეცნიერო გარღვევა არ სჭირდება, ისეთი, როგორიც, ვთქვათ, რომელიმე გავრცელებული დაავადების დასამარცხებლადაა საჭირო. ერთადერთი რამ გვჭირდება: ძლიერი ნება, რათა 57 მილიონ პატარას მივცეთ საბაზო, შედარებით ნაკლებად ხარჯიანი საგანმანათლებლო ინვესტიცია, რათა მათ უბრალოდ სკოლაში სიარული შეძლონ.

ეს მე ასე წარმომიდგენია: პირველ წელს სკოლაში წავა 20 მილიონი ბავშვი, 20-20 მილიონიც – მეორე და მესამე წელს. ვხედავ, რომ საჭიროა კონცენტრაცია, ვთქვათ, ნიგერიაზე, სადაც 10 მილიონი ბავშვი არ დადის სკოლაში, პაკისტანზე – 5 მილიონი ან ცოტა მეტი, ავღანეთზე, ინდოეთზე, ეთიოპიაზე, ანუ ქვეყნებზე, სადაც პროგრესი შედარებით ადვილი მისაღწევია.

არც ის ქვეყნები უნდა დაგვავიწყდეს, სადაც მწვავე, შეიარაღებული კონფლიქტებია. დღეს ასეთია სირია, გუშინ ასეთი იყო სომალი. ასეთ ქვეყნებში უამრავი ბავშვი სკოლის გარეშე იზრდება და ყველაფრის თავიდათავი სისხლიანი სამოქალაქო ომებია, რომლებიც რეჟიმის ნგრევამ გამოიწვია.

შეიძლება ითქვას, რომ მე თვალნათლივ ვხედავ ამ გეგმას. გეგმას, რომლის შესრულება შესაძლებელია. მაგრამ ეს მოითხოვს როგორც დონორი, ისე დახმარების მიმღები ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო კოორდინირებულ მოქმედებას. მე მსურს, გაეროს სექტემბრის გენერალურ ასამბლეაზე გაიმარჯვოს სტრატეგიულმა ხედვამ, რაც განვითარების ახალი მიზნების დასახვას შეუწყობს ხელს.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: რა შედეგს გამოიღებს გაეროში მალალას დღეებზე დაგეგმილი ღონისძიებები?

გორდონ ბრაუნი: შედეგი იქნება მტკიცე გადაწყვეტილებები და გადამჭრელი ზომები იმ ქვეყნების მთავრობებისგან, სადაც ბავშვები სკოლის გარეშე არსებობენ. სწრაფი გადაწყვეტილებები იმ გოგონების თაობაზე, რომლებსაც სკოლაში სიარულს უკრძალავენ და ართმევენ განათლების მიღების შანსს.

მალალას ამბის გახმაურებამდე ბევრს ეგონა, რომ უნივერსალური განათლების კუთხით უკვე დიდი პროგრესია მიღწეული და საბოლოო გამარჯვებამდე მხოლოდ ლოდინი საჭირო. აღარავინ ლაპარაკობდა იმაზე, რომ გოგონებს განათლების უფლებას უზღუდავენ და ჩაგრავენ დღეს ეს საკითხები უკვე სულ სხვაგვარად წარმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც მალალას ესროლეს, მსოფლიოს ფოკუსში ბავშვთა შრომის, გოგონათა დისკრიმინაციისა და ბავშვთა ტრაფიკინგის პრობლემებიც მოხვდა. ვფიქრობ, მალალას თავს გადამხდარი ძალადობის შემდეგ კაცობრიობა მეტი ყურადღებით იმოქმედებს ამ პრობლემების დროზე მოსაგვარებლად.

დარწმუნებული ვარ, მალალას დღეებზე ხალხი უფრო მეტს შეიტყობს იმ უსამართლობასა და უგულო დამოკიდებულებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ბევრგან არსებობს ბავშვების მიმართ. ვფიქრობ, გაიზრდება ზეწოლა იმ მთავრობებზე, რომლებიც ხელს არ უწყობენ ბავშვების განათლებას, სკოლების მშენებლობას და არაფერს აკეთებენ ბავშვთა შრომის ან ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად.

ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც მშობლები, მასწავლებლები და თვითონ მოსწავლეები, მთავრობებთან ერთდ, მივლენ იმ აზრამდე, რომ ბავშვებისთვის სკოლაში სწავლის საშუალების მიცემა არ არის მხოლოდ ფინანსური ხასიათის პრობლემა, – ეს უფრო ნებისა და სურვილის უქონლობის ბრალია, როგორც იტყვის ხვალ მალალა თავის გამოსვლაში.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: ხვალ მალალა გაეროს ტრიბუნიდან მიმრთავს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ახალგაზრდებს. თქვენ რას ეტყვით მათ? რა შეიძლება იღონონ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რით შეიძლება შეუწყონ ხელი განათლების გავრცელებას მათ თაობაში?

გორდონ ბრაუნი: დიახ, ჩვენ შეგვეძლო, მოგვეწყო ისე, რომ მალალა პოლიტიკოსების, ელჩების, მაღალი რანგის კომისრებისა თუ სახელმწიფო სამსახურის ჩინოვნიკების წინაშე გამოსულიყო, მაგრამ უფრო მართებულად მივიჩნიეთ, მან თანატოლებს მიმართოს, თავის თაობას გააცნოს საკუთარი დამოკიდებულებები, რათა მათ ერთად შეძლონ მუშაობა. მალალა როგორც ახალგაზრდა ლიდერი და მასთან ერთად – სხვა ახალგაზრდა ლიდერებიც შეძლებენ, საერთო ძალით გადაჭრან ყველა ბავშვისათვის განათლების უზრუნველყოფის პრობლემა.

ხვალ მალალასთან ერთად დარბაზში იქნებიან სხვა მამაცი ახალგაზრდებიც, რომლებიც იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან განათლების უფლებისთვის პაკისტანში, მაროკოში, ავღანეთში, ინდოეთში, ნიგერიასა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ გვყავს უამრავი ბავშვი, რომლებიც მალალასავით მტკიცედ დადგნენ თავიანთი უფლებების დასაცავად.

ვფიქრობ, ხვალინდელი დღიდან ახლგაზრდებს შეეძლებათ, ყველას გაუზიარონ თავიანთი მტკიცე სამოქალაქო პოზიცია განათლების საყოველთაოობის შესახებ და შეიძინონ მხარდამჭერები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

ამ შეხვედრებს მოჰყვება პეტიციები იმ მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების საღურადღებოდ, რომლებსაც ხელეწიფებათ სახსრების მოძიება და გამოყოფა განათლების პრობლემების მოსაგვარებლად. ხვალინდელი დღის შედეგი ის იქნება, რომ ახალგაზრდები თავად ჩაუდგებიან სათავეში ბრძოლას მსოფლიოს ბავშვთა უფლებისთვის, მიიღონ განათლება. მათ აქვთ შანსი, გახდნენ პირველი თაობა, რომლის ყველა, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მცხოვრები ბავშვი ივლის სკოლაში. 
თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

როგორ ვირჩევთ პროფესიას, ანუ უზრუნველყოფილი მომავლის ძიებაში

0
უკვე ერთი სემესტრი გავიდა, რაც მასწავლებლის სახელით სკოლის ზღურბლს გადავაბიჯე და თანდათან ვხვდები, რა რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე. სწავლა-სწავლებას რომ თავი დავანებოთ, მასწავლებლებს აღსაზრდელების „ნედლი ეგოს” დროულად და ზომიერად დამწიფებაშიც დიდი წვლილი მიუძღვით. მოსწავლეები, ძირითადად, სკოლაში დაგროვილი გამოცდილების მიხედვით იღებენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას – ირჩევენ პროფესიას. ჩემი აზრით, სკოლამ, სასწავლო უნარებთან ერთად, მოსწავლეს სწორი თვითშეფასების უნარიც უნდა განუვითაროს. უპირველესად, მოსწავლეებს ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ და აირჩიონ ისეთი პროფესია, რომელიც მათ ცხოვრებას რუტინად კი არა, საინტერესო თავგადასავლად აქცევს. 

პროფესიის არჩევა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს – საქართველოში, სადაც, ძირითადად, მშობლები „გვიმზადებენ” წარმატების ბურუსში გახვეულ პრეზენტაბელურ მომავალს. მაგრამ მოზარდთა უმეტესობას სხვის მიერ გაკვალულ გზაზე სიარული არ სურს – გადამეტებული თავდაჯერება და დინების საწინააღმდეგოდ ცურვის დაუოკებელი სურვილი ხომ თინეიჯერული ასაკის თანამდევი თვისებებია. როგორ მოვიქცეთ, რომ „სწორ გზაზე” დავაყენოთ „თავნება” შვილი, რომელსაც (მაგალითად) როკმუსიკოსობა გადაუწყვეტია, თმა „შხამისფრად” შეუღებავს, დაჩეხილი შარვლით და გონებაში ჩრდილოეთის სუსხიანი ქარის ქროლით იწონებს თავს?!

მშობელთა უმეტესობა შვილს მხოლოდ ქვეყნის საუკეთესო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პოპულარული ფაკულტეტის სტუდენტად მოიაზრებს. ადამიანები ირჩევენ პრესტიჟულ პროფესიას და ჰგონიათ, მათი მომავალი უზრუნველყოფილია.

მახსოვს, როცა მშობლები ჩემს მომავალს განიხილავდნენ, იმხანად პოპულარულ სპეციალობებს შორის არჩევანი პიანისტობასა და ექიმობაზე შეაჩერეს. დედა მედიცინის მუშაკი გახლდათ და უკვე აღარ ხიბლავდა უძილო ღამეების ხარჯზე, სიკვდილსა და ავადმყოფობასთან მუდმივი ბრძოლით მიღწეული წარმატება. აი, ასე მოვხვდი მუსიკალურ ათწლედში. არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, კონსერვატორიას რომ გვერდი ავუარე. ისიც ცხადია, რომ ჩემ მიერ არჩეული პროფესია, ლიტერატურული დაოსტატება (ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ დაარსებული ფაკულტეტი, რომელმაც 10-15 წლის შემდეგ არსებობა შეწყვიტა), არცთუ უზრუნველყოფილ მომავალს მპირდებოდა. შესაბამისად, სამუშაოს შოვნაც გამიჭირდა. ხშირად ვიბნეოდი კიდეც გასაუბრებებზე, როცა ჩემი პროფესიის განმარტებაზე მიდგებოდა საქმე. სულ სხვაა სამართალმცოდნე, ინგლისური ენის სპეციალისტი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ფილოსოფოსიც კი… მაგრამ არა, მე ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტის სტუდენტი გახლდით და მიუხედავად ჩემი ბუნდოვანი „წარმომავლობისა”, ინსტიტუტში გატარებული წლები დაკარგულად არასდროს ჩამითვლია, რადგან ჩემმა ფაკულტეტმა ბევრი ისეთი უნარ-ჩვევა შემძინა, რასაც დღემდე ვიყენებ. 

სამწუხაროდ, საქართველოში მრავალმხრივი განათლებით აღჭურვილი უნდა იყო, შენმა რეზიუმემ როგორმე რომ ამოყვინთოს სასოწარკვეთილ უმუშევართა განცხადებების ზღვიდან (ერთ-ერთ გასაუბრებაზე, რომელიც წიგნის მაღაზიისთვის კონსულტანტის თანამდებობაზე ლიტერატურული გემოვნების მქონე კარგ მკითხველს ეძებდა (ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, სადაც ჩემი პროფესია და გამოცდილება შემოთავაზებული სამსახურის მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებდა), ინგლისური ენის არცოდნის გამო დამიწუნეს). ალბათ თქვენც, მკითხველო, ხშირად გიწევთ სამსახურში რამდენიმე სპეციალობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარის მოშველიება. იმედს ვიტოვებ, ოდესმე ვაღიარებთ ვიწრო სპეციალობების უპირატესობას თუ არა, საჭიროებას მაინც (რა თქმა უნდა, ვიწრო სპეციალობაში არ ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, პროგრამისტმა არ უნდა იცოდეს, ვინ იყო შოთა რუსთაველი).

მაინც რა მოთხოვნებს უყენებენ მშობლები სკოლას? რატომ იცარიელებენ ჯიბეებს შვილებისთვის განსაკუთრებული განათლების მისაცემად და რას ნიშნავს „განსაკუთრებული განათლება”? 

ყველა მშობელს სურს, მისი შვილი წარმატებული ადამიანი იყოს. არსებობს კი სკოლები, სადაც „ხეზე ასვლას” ასწავლიან? თუმცა შეძლებული ოჯახები სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის ფულს არ იშურებენ. საინტერესოა, მაინც რა კრიტერიუმით ირჩევენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები საგანმანათლებლო დაწესებულებებს. 

ჩემი აზრით, გავლენიანი ადამიანები სრულყოფილებისკენ ისწრაფვიან, რადგან კარგად იციან წარმატებისა და ფუფუნების ფასი. შესაბამისად, მათ მიერ არჩეული სკოლის „შეფუთვა” და „შიგთავსი” ერთნაირად უზადო და ორიგინალური უნდა იყოს. 

მსოფლიოში საკმაო რაოდენობის პრესტიჟული სკოლა-პანსიონია, რომლებიც დამკვეთებს სხვადასხვა ეროვნებისა და განვითარების მოსწავლეებზე მორგებულ, მაღალი დონის მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებთან ერთად უახლესი ტექნოლოგიითა და ფუფუნების საგნებით სრულყოფილად აღჭურვილ გარემოს სთავაზობენ. ასეთი სკოლა-პანსიონების რიცხვს მიეკუთვნება Institut Le Rosey, რომელიც 1880 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა შვეიცარიაში. მას „სამეფო სკოლასაც” უწოდებენ, რადგან დაარსებისას მხოლოდ „პრინცებისთვის” იყო განკუთვნილი. დღეს აქ გოგონები და ბიჭები ერთად იღებენ საკმაოდ ძვირად ღირებულ განათლებას.

Institut Le Rosey განთავსებულია შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში, რომელიც სკოლის დამაარსებელს ეკუთვნოდა.
რაც შეეხება მოსწავლეთა წარმომავლობას და სოციალურ სტატუსს: 1950-1960 წლებში სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიისა და საბერძნეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მათ შეუერთდნენ არაბეთის ქვეყნებისა და ირანის მოქალაქეები, მოგვიანებით კი იაპონელები, კორეელები და რუსები. 90-იან წლებში მოსწავლეთა მესამედს სწორედ რუსი ოლიგარქების შვილები შეადგენდნენ. მას შემდეგ, რაც დამტკიცდა, რომ რუსი მოსწავლეები მუდმივად ავიწროებდნენ სხვა ეროვნების მოზარდებს, სკოლაში ამოქმედდა ერთგვარი ნაციონალობის მარეგულირებელი სკალა, რომლის მიხედვითაც, სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შეძლებისდაგვარად თანაბარი რაოდენობით მიღება.

Institut Le Rosey-ს თამამად შეუძლია იამაყოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამებითა და მაღალკვალიფიციული თანამშრომლებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მომზადებას მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის. დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ და ფრანგულ ენაზე. მომდევნო ეტაპზე მოსწავლეები თავად ირჩევენ, რომელ ენაზე სურთ განათლების მიღება, რაც თავისთავად იმაზეა დამოკიდებული, რომელი ქვეყნის უნივერსიტეტში აპირებენ სწავლის გაგრძელებას. სკოლა-პანსიონში გატარებული ერთი სემესტრის ღირებულება 50 000 ევროა. მეეჭვება, Institut Le Rosey-ს კურსდამთავრებულებს მომავალი პროფესიისა და, მასთან ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევა გაუჭირდეთ.
 
თუ ვინმეს ხარისხიანი ცოდნის მიღებასთან ერთად ექსტრემალური შთაბეჭდილებებით სავსე სასწავლო წლის გატარება სურს, შვეიცარია ამ კუთხითაც შესაფერისი ქვეყანაა.

Collège Alpin International Beau Soleil – ასე უწოდებენ კოლეჯს, რომელიც ალპურ ზონაში , ზღვის დონიდან 1350 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს სასწავლო დაწესებულება ყოველწლიურად ორასამდე მოსწავლეს იღებს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. კოლეჯის ინფრასტრუქტურა მართლაც შთამბეჭდავია. ცენტრალური კორპუსის ფანჯრებიდან და აუზით აღჭურვილი ტერასებიდან ალპური ბუნების ულამაზესი ხედი  იშლება. კოლეჯი აღჭურვილია სამხატვრო სახელოსნოებით, ხმის ჩამწერი მუსიკალური სტუდიებით, კინოსა და თეატრისთვის განკუთვნილი დარბაზით, რომელიც ორასამდე მაყურებელს იტევს, აგრეთვე – სპორტდარბაზითა და ფიტნესკლუბით. იქვეა სპორტული კომპლექსი, რომელშიც განთავსებულია სტადიონი და საციგურაო მოედანი. მოკლედ, შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კოლეჯი (ერთი სემესტრი – 48 000 ევრო) ნამდვილად გამოირჩევა მსოფლიოს პრესტიჟული სასწავლო დაწესებულებებისგან უმაღლესი ხარისხის კომფორტული ინფრასტრუქტურით.
 
ალპურ ზონაში მდებარე სასწავლო დაწესებულება 1910 წელს დაარსდა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინფრასტრუქტურის გარდა, კოლეჯი მოსწავლეებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის, მრავალფეროვან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის მოხერხებულ სასწავლო პროგრამებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა: ერთ კლასში მხოლოდ რვა მოსწავლეა, რაც, თავისთავად, ხარისხიან სწავლა-სწავლებას უწყობს ხელს. კოლეჯის პოპულარობას განაპირობებს ორიგინალური საგანმანათლებლო-სპორტული ექსპედიციებიც. გაზაფხული და შემოდგომა ეთმობა ფეხბურთს, კალათბურთს, ჯირითს, სამთო ველოსპორტს, ცურვას, წყლის თხილამურებს, ტენისს, გოლფს… ზამთარში მოსწავლეები სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებში ვარჯიშობენ (თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი, ჰოკეი…), მართავენ ლაშქრობებს მყინვარებზეც. ამას წინათ თურმე კილიმანჯარო დაულაშქრავთ.
***
სამწუხაროდ, ქართული სკოლები შვეიცარიის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახლოსაც ვერ მოვა. ჩვენთან არჩევანი ასეთია: კერძო ან საჯარო სკოლა. ვისაც ორიოდე კაპიკი უდევს ჯიბეში, თბილისის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკეთებს არჩევანს. ფასიანი სკოლები სახელწიფო სასწავლო დაწესებულებებისაგან განსხვავებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ მშობლებს, თავს იწონებენ დამატებითი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამებით, კლუბებით და ქართულ კომფორტად წოდებული გარემოთი, რომელსაც სიტყვა „მისაღები” უფრო შეეფერება. ქართველ მშობელთა უმეტესობა არასაკმარისად დახვეწილ სასწავლო პროგრამებზე წუწუნებს, უმეტესობა, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, შვილის უსაფრთხო და მეტ-ნაკლებად კომფორტულ გარემოში მთელი დღით დატოვების შესაძლებლობითაც კმაყოფილია. ჩვენს თანამემამულეთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია, შვილს საუკეთესო განათლების მიღების საშუალება მისცეს და საზღვარგარეთის პრესტიჟულ კოლეჯებში მიაბაროს.

თუმცა არჩევანის თავისუფლებაც აქაც არ ვუჩივით: საქართველოში პროფესიის არჩევის მსურველთა ძიების საზღვრები იმდენად გაფართოვდა, რომ, სიტყვაზე, იურიდიული განათლების მიღების მსურველი (ოღონდ გარეთ არ დარჩეს და) შეიძლება სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდეს. ამ ორიგინალურმა სიახლემ, მახსოვს, თავიდან ძალიან დააბნია აბიტურიენტები და მათი ოჯახები. ამას წინათ ერთი ახლობელი მიყვებოდა, როგორ აქცია მისი მეგობარი უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში დაშვებულმა გულუბრყვილო შეცდომამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაცვლად ერთ-ერთი რაიონის ნაკლებპრესტიჟული ინსტიტუტის სტუდენტად, შეცდომის გასწორების მცდელობის შემდეგ კი უფრო შორს – დასავლეთ საქართველოში უკრა თავი. მოკლედ, თუ ფრთხილად არ იქნებით, პროფესიისა და სასწავლო დაწესებულების არჩევის მცდელობა შეიძლება ნამდვილ თავგადასავლად გექცეთ. 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაუხმარებლადაც ახერხებენ საკუთარი თავის შეცნობას და დიდ წარმატებასაც აღწევენ. მომდევნო წერილში სწორედ მათზე მოგიყვებით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...