შაბათი, აგვისტო 23, 2025
23 აგვისტო, შაბათი, 2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქრონიკები – მასწავლებლისა და მშობლის თვალით

ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება წელს განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენი, რადგან ჩემი შვილი აბარებდა. დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი. მან სამხატვრო აკადემია აირჩია მომავალ უნივერსიტეტად. იქ მოსახვედრად კი წარმოუდგენლად ბევრი უნდა ეხატა და ემუშავა. საათობით ხატავდა, ქმნიდა, მუშაობდა. ამ პირობებში რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ქართულისთვის დრო საერთოდ აღარ დარჩა. ქართულში მისი მომზადება კი მე ავიღე საკუთარ თავზე, რაც ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც შენს მოსწავლეს უბრალოდ არ სცალია.

ერთი კარგი გადაწყვეტილება ის იყო, რომ წინა ზაფხული „ვეფხისტყაოსნის“ კითხვას მივუძღვენით. ვკითხულობდით ხმამაღლა, ხან მე და ხან ჩემი შვილი, ერთმანეთს ვუზიარებდით მოსაზრებებს, ვეძებდით უცნობი სიტყვების განმარტებებს, ვსაუბრობდით საინტერესო დეტალებზე. ეს პროცესი საოცრად შედეგიანი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. „ვეფხისტყაოსნის“ ენისა და ლექსიკის მიჩვევის შემდეგ, მას აღარ გასჭირვებია სხვა ძველი ქართული ტექსტების ენის გაგება. კიდევ ერთი ბენეფიტი ის იყო, რომ პოემა ძალიან, ძალიან მოეწონა და შეუყვარდა, იმდენად, რომ პერსონაჟების დახატვაც კი სცადა.

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურობა იმაშიც გამომჟღავნდა, რომ მისი სიუჟეტი, პერსონაჟების ხასიათი, შინაგანი სამყარო თუ ურთიერთობები შესანიშნავი მასალა იყო არგუმენტირებული ესეებისთვის – თითქმის ყველა თემას ესადაგებოდა პრობლემების გადაჭრის რუსთაველისეული მიდგომა. ისიც კი ვუთხარი, თუ არაფერი გაგახსენდა, „ვეფხისტყაოსანი“ ყოველთვის გახსოვდეს, იქიდან აუცილებლად გამოანათებს უამრავი იდეა-მეთქი.

მთელი წელი თითქმის არ გვქონია ქართულის „კლასიკური“ გაკვეთილები, უბრალოდ ვკითხულობდით მნიშვნელოვან პროგრამულ ტექსტებს; ვმსჯელობდით; თუ დრო გამოგვიჩნდებოდა, ვუყურებდით კარგ ფილმებს, რომლებიც, წესით, უნდა გამოსდგომოდა მსჯელობისას. წერილის დასასრულ გაგიზიარებთ ამ ფილმების ჩამონათვალს. ბოლო ორი კვირა ვიმუშავეთ ინტენსიურად, წინა წლების ტესტებს ვაკეთებდით და თემებს ვწერდით. სულ ეს იყო. ქართულში ნორმალური ქულა აიღო, აი ისეთი, არც დაბალი, არც მაღალი – საშუალო. რომელიც მისი მიზნებისთვის მშვენიერი შედეგია.

ჰოდა, რატომ მოვყევი ჩემს ამბავს, იმიტომ, რომ ერთმა აზრმა მოსვენება დამიკარგა – რატომ წვალობენ ამდენს ბავშვები, რატომ ხარჯავენ ამდენ თანხას, როცა ზოგადი ცოდნითა და მცირე ძალისხმევით შედეგის მიღება მაინც შესაძლებელია? მით უმეტეს დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტში ყველანაირი რესურსი ხელმისაწვდომია. რატომ აქვთ ამხელა სტრესი?

მეც, რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი, ფეისბუქ -ჯგუფშიც კი გავწევრიანდი, სადაც აბიტურიენტები საკუთარ გასაჭირს ერთმანეთს უზიარებდნენ. ამ ჯგუფში უამრავი რეპეტიტორი და მასწავლებელი, ან უბრალოდ მშობლებიც იყვნენ.

ჰოდა, ერთხელ გადავაწყდი, რომ ეს ზრდასრული ხალხი, ზრდასრული კიდევ არაფერი, მასწავლებლები და ლექტორები, ბავშვებს ამუნათებდნენ, საყვედურობდნენ დაბალი ნიშნების, „სიზარმაცის“, ინტერესის უქონლობის გამო. ურჩევდნენ, რომ სულ არ იყო საჭირო უმაღლესი დაემთავრებინათ, სჯობდა რაიმე პროფესიებს დაუფლებოდნენ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და ფართოდ სამსჯელოა, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც კონტექსტია გასათვალისწინებელი – აღელვებულ, განერვიულებულ აბიტურიენტს, რომელიც ქულების მოლოდინშია, რომელსაც არ იცნობ, არ იცი მისი ისტორია, მისი ამბავი – ამუნათებ და რაღაცნაირად აკნინებ კიდეც.

ეს მიდგომა ახალი არ არის და იმ სტერეოტიპული ფიქრებიდან მოდის, რომ მოსწავლე ყოველთვის დამნაშავეა, მასწავლებელი კი – ყოველთვის მართალი. მასწავლებლებს ძალიან უჭირთ საკუთარი შეცდომების აღიარება და ბრალს ისევ ბავშვებში ეძებენ.

ამას კიდევ არა უშავს, მიჩვეული ვართ. ყველაზე გასაოცარი რამ შემდეგ მოხდა, როდესაც ბავშვების გასამხნევებლად ჩემი ამბავი მოვყევი, რომ დაბალი ქულები არ მოქმედებენ წარმატებულ მომავალზე; რომ ჩემი ქართულის საკონტროლოს სამიანების შემდეგ ასე თუ ისე წარმატებული მასწავლებელი ვარ; რომ, მთავარია უნარები და შემოქმედებითობა, და დაბალი ქულებიც შეიძლება შესანიშნავი ტრამპლინი გახდეს. ძალიან ბევრი აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარი მივიღე და, სამწუხაროდ, ამ კომენტარების ავტორები, ძირითადად მასწავლებლები იყვნენ. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, დანიელ პენაკი, რომელიც „ხელჩაქნეული“ ბავშვი იყო, ოროსანი და უიღბლო, მისი მასწავლებლები ფიქრობდნენ რომ დანიელისგან არაფერი გამოვიდოდა. მანამდე გრძელდებოდა მისი ეს საშინელი, დამაკნინებელი მდგომარეობა, სანამ პენაკის ცხოვრებაში ისეთი მასწავლებელი არ გამოჩნდა, რომელმაც წარუმატებელ მოსწავლეს მოტივაცია და ახლის შექმნის სურვილი გაუღვიძა. ეს ახალი რამ კი წიგნი იყო, წარმოიდგინეთ, იმდენად ენდვნენ „ოროსან“ მოსწავლეს, რომ მას წიგნის დაწერა შესთავაზეს. მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება ხომ ზუსტად ესაა – მისი წარმატების გასაღები თვითრწმენა და აღიარების მოლოდინია. დღეს დანიელ პენაკი ნობელიანტი მწერალია, ის თავად ჰყვება საკუთარ ამბებს. მე მგონია, ყველა მსწავლებელმა უნდა წაიკითხოს „სკოლის სევდა“ და „რომანივით საკითხავი“. ჰოდა, როცა ისევ მოსწავლეებს ვამუნათებთ, ცინიკურ რეპლიკებს ვეუბნებით თუ ვუწერთ, იქნებ დავფიქრებულიყავით, რა გავაკეთეთ ჩვენ, მასწავლებლებმა, იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო? მგონი, კარგი კითხვაა და ყველა მასწავლებელმა საკუთარ თავს ერთხელ მაინც უნდა დაუსვას. „რა გავაკეთეში“ კი საერთოდ არ იგულისხმება მასალის სწავლება, არამედ რაღაც სხვა, უფრო ადამიანური და ჰუმანური.

ძალიან ბევრ წუხილსა და პოსტს გადავაწყდი იმის შესახებ, რომ ბავშვებმა უცხო ენაში, ინგლისურში გაცილებით მაღალი ქულები აიღეს, ვიდრე ქართულში, მშობლიურში. სამწუხაროდ თუ არა სამწუხაროდ, ჩემმა შვილმაც, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურში საერთოდ არ მომზადებულა, ქულების მაქსიმუმი აიღო.

რატომ ხდება ასე? სად არის პრობლემა ქართულის სწავლებაში თუ მოსწავლეების ან მასწავლებლების გულგრილ დამოკიდებულებაში? საქმე ისაა, რომ ინგლისურად აუარებელი, ზღვა რესურსია ხელმისაწვდომი. ჯერ კიდევ პატარა ასაკის ბავშვებისთვის საოცრად ლამაზი, მიმზიდველი სიმღერები და ანიმაციებია, რასაც თავისთავად ქართული რესურსი კონკურენციას ვერ უწევს, ეს რესურსიც სულ თითებზე ჩამოსათვლელია. იგივე გრძელდება სასკოლო ასაკშიც, ბავშვები უამრავ ფილმს უფასოდ სწორედ ინგლისურად უყურებენ, უამრავ წიგნს – უფასოდ ინგლისურად კითხულობენ, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ახალი თაობა ინტერენტდამოკიდებული და გაჯეტების მომხმარებელია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომუნიკაცია თუ მასალის მოძიება ინგლისურად უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია.

მოდი, ისიც ვთქვათ, რომ როდესაც უკვე ბავშვები შეგნებულად უნდა ეზიარონ ქართულ მხატვრულ ლიტერატურას, მოეწონოთ, დაინტერესდნენ – სწავლას იწყებენ ჰაგიოგრაფიით, რაც, რა თქმა უნდა, რთულია და ხშირ შემთხვევაში გულაცრუებასაც იწვევს. სწორედ ამიტომ, როდესაც აბიტურიენტთან მაქვს ურთიერთობა, აუცილებლად ჯავახიშვილით ვიწყებ ქართული ლიტერატურის გაცნობას, იმიტომ, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ისეთი ავტორია, ყველას გულთან რომ მიდის და ყველა პოულობს საკუთარ თავს. თითქოს სატყუარასავითაა, ქართული მხატვრული მწერლობის სიყვარულისკენ ერთი გადადგმული ნაბიჯია. აქვე აუცილებლად უნდა შევეხოთ სწავლების მეთოდებსაც – ვინ თქვა, რომ სახალისო სწავლება მხოლოდ დაწყებითი კლასების პრეროგატივაა? იქნებ სულ პირიქითაა, როცა ჩვენი მოსწავლეები იზრდებიან, ხდებიან უფრო გულგრილები, კრიტიკულები, უჩნდებათ უამრავი ინტერესი, იქნებ სწორედ ამ დროსაა უპრიანი სწავლება სახალისო და საინტერესო იყოს? იქნებ თინეიჯერული ასაკის გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები უნდა შევთავაზოთ და არა მონოტონურად მოყოლილი ჰაგიოგრაფიის ისტორია?

ფაქტია, რომ დღეს ქართულის ცოდნას, ინგლისური დიდ კონკურენციას უწევს – საერთაშორისო ენის სტატუსითა და პრიორიტეტებით. ფაქტია, რომ დღეს ქართულის მასწავლებლებს, რაღაც ძირეული გვაქვს შესაცვლელი და მე მგონია, ეს ძირეული სწორედ მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებაა. ჩვენ ბავშვებისთვის ვირჯებით და არა შედეგებისთვის. შედეგი მხოლოდ მაშინ იქნება სასიხარულო, თუ ამას წინ ასევე საინტერესო და სასიამოვნო სწავლების პროცესი უძღვის წინ, მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარია პროცესი და არა შედეგი.

და რადგან ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებასაც ვეხებით, აქვე მშობლების მოლოდინი და ზოგ შემთხვევაში ძალიან არასწორი დამოკიდებულებებიც უნდა ვახსენოთ.

გასაგებია, რომ შვილის განათლებასა და მომზადებაში უზარმაზარი რესურსი გაქვთ ჩადებული ამ დუხჭირ დროებაში, თუმცა როდესაც ბავშვებს ძალიან მაღალ თამასას უწესებთ, როცა დაძაბული ხართ და ერთი სული გაქვთ შვილის მაღალ ქულებს როდის ააფრიალებთ სოციალურ ქსელებში და მეგობრებთან თავს მოიწონებთ, ამ ყველაფერს თქვენი შვილის ნერვები ეწირება. ვერ წარმოიდგენთ რამდენი აბიტურიენტი წერს ანონიმურად, რომ საშინლად დათრგუნულია და განერვიულებული მშობლების დამოკიდებულებებით, მოლოდინებითა და წამოძახილებით.

არადა, არავინ იცის, როდის გაიხსნება ადამიანის პოტენციალი ბოლომდე, როდის აღმოაჩენს ის საკუთარ თავს, როდის გაიფურჩქნება, ჩვენ რომ რეალიზაციას ვეძახით… და ეს „გაფურჩქნა“ თავისით იშვიათად ხდება, ხელის შეწყობა, ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. აი როგორც პენაკის შემთხვევაში, რაღაცამ ან ვიღაცამ უნდა მისცეს ბიძგი, თუმცა გაფუჩქნამდე ამ ყველაფრის ჩაკვლა გაცილებით იოლია. ერთი დაუფიქრებელი ფრაზაც კი შეიძლება აღმოჩნდეს ამის მიზეზი. მოზარდის ბუნება ხომ საოცრად სათუთი და მოსაფრთხილებელია.

ისევ ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედო, სკოლაში მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინე, რომ წერა კარგად გამომდის, როცა ერთმა საოცარმა მასწავლებელმა გააღვიძა ჩემში ეს განცდა, და ეს მოხდა სკოლის დასასრულ, სკოლის გარეთ, რეპეტიტორთან – უკარგეს ნატასთან. ბაკალავრიატზე ისევ შევიკუმშე თუ ჩავიკარგე, თითქოს ისევ დავკარგე საკუთარი თავი. მაგისტრატურაზე კი საოცარმა ლექტორებმა ისევ შეძლეს, რომ შინაგანი სიმყარე მეპოვა და ჩემი მიღწევებით მეამაყა. ჰოდა, ეს ცხოვრება აი ასეთი პერიპეტიებია, აღმართ-დაღმართი, როგორც ამბობენ, და როგორ შეიძლება ამ პირობებში ქულები განსაზღვრავდეს რაიმე ისეთს, სამომავლოს, მნიშვნელოვანს? იქნებ დავაცადოთ მოსწავლეს, როდის აღმოაჩენენ დაფარულ ნიჭებს და ეროვნული გამოცდების მაღალ ქულებზე ჩაბარება ცხოვრების მიზნად არ დავუსახოთ?

აბიტურიენტებს კი ვურჩევდი, რომ მოდუნდნენ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ამ სამყაროში შრომა, მონდომება ასმაგად ფასდება, ასეთია სამყაროს კანონი. გაღებული აუცილებლად დაგიბრუნდებათ, სწორედ იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ახლა კი ზემოთ დაპირებული ფილმების სია, რომლებსაც აბიტურიენტებს ვურჩევდი უფრო მეტი ინფორმაციისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად.

ქართული ფილმები:

  • მონანიება“ (თენგიზ აბულაძე) — ტოტალიტარიზმი, მორალური პასუხისმგებლობა, ისტორიული მეხსიერება;
  • შერეკილები“ (ელდარ შენგელაია) — ინდივიდუალიზმი vs საზოგადოებრივი სტერეოტიპები, სიგიჟისა და სიბრძნის ზღვარი;
  • ნატვრის ხე“ (თენგიზ აბულაძე) — ბედისწერა, სიყვარული, ტრადიციები და პიროვნული თავისუფლება;
  • დედე“ (მარიანა ექვთიმიშვილი, ლაშა ხუთსიაური) — ტრადიციები და თავისუფალი არჩევანი;
  • ანდრო“ (გიორგი ოვაშვილი) — ომი და ადამიანური ურთიერთობები;
  • თბილისური ლოტო“ (თენგიზ გოგოძე) — ადამიანთა ამბიციები, მატერიალური და სულიერი ფასეულობები.

უცხოური ფილმები:

ადამიანი და საზოგადოება

  • Dead Poets Society — პიროვნების თავისუფლება, განათლების როლი, კონფორმიზმი;
  • The Truman Show — რეალობა vs ილუზორულობა, თავისუფალი ნება, მედიის ძალა;
  • 12 Angry Men — კრიტიკული აზროვნება, წინასწარი განწყობები.

ისტორიული და სოციალური დრამები:

  • Schindler’s List — ჰოლოკოსტი, ადამიანის ღირებულება, პირადი გმირობა;
  • The Pianist — გადარჩენა, ომის ზეგავლენა პიროვნებაზე;
  • Hotel Rwanda — გენოციდი, მორალური არჩევანი.

ფილოსოფიური და ფანტასტიკა:

  • Inception — რეალობა და სიზმარი, გონების შესაძლებლობა;
  • Arrival — ენის ძალა, დროის აღქმა, კომუნიკაცია;
  • Interstellar — დრო, სიყვარული, მეცნიერების საზღვრები;
  • Gattaca — გენეტიკა, დისკრიმინაცია, თავისუფალი ნება.

მოზარდებისთვის ნაცნობი თემატიკა:

  • The Perks of Being a Wallflower — მეგობრობა, იზოლაცია, პიროვნული ზრდა;
  • Wonder — ემპათია, განსხვავებულობა, ინკლუზია;
  • Inside Out (ანიმაციური) — ემოციების როლი გადაწყვეტილებებში;
  • Soul — ცხოვრების აზრი, შემოქმედება, ბედნიერება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“