შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

აპოლიტიკური მოზარდები თუ – ა, პოლიტიკური მოზარდები?!

2013 წელს ეროვნულ გამოცდებზე იყო რევაზ ინანიშვილის არაჩვეულებრივი მოთხრობა „ლარა“, რომელიც კარგად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება შეიწიროს სისტემამ ადამიანი, გაანადგუროს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ლარა და ჟულიენი, დედა-შვილი, უვლიან თავიანთ მამასა და ბაბუას, რომელიც ათწლიანი პატიმრობის შემდეგ ავადმყოფობის გამო ცოცხალ-მკვდარი გამოუშვეს ციხიდან. მწერალი საოცარი სიცხადით აღწერს, ერთი მხრივ, ამ კაცის გარეგნობას, რომელიც კარგად ამხელს, რა გადაიტანა მან ამ 10 წელიწადში; და მეორე მხრივ, იმ მზრუნველობას, რომელსაც დედა-შვილი იჩენს მის მიმართ და შეუძლებელს შეძლებენ, თითქმის მკვდარს ფეხზე დააყენებენ. ოდნავ მოღონიერებული ნაპატიმრალი სახლიდან გავა უჩუმრად, გზაში, ფოსტის მახლობლად, ცუდად გახდება, წაიქცევა და ვეღარ უშველიან. გულის ჯიბეში აღმოუჩენენ წერილს ვიღაც უფროსის სახელზე, რომელსაც ახსენებს, რა დამსახურება აქვს, რა გამოიარა, მაგრამ მაინც მზად რომ არის ქვეყნის სამსახურისთვის და ერთგულებას უმტკიცებს იმით, რომ ასმენს საკუთარ შვილსა და შვილიშვილს: საეჭვო გზით შეძენილ იაპონურ ტრანზისტორში უსმენენ ქვეყნისთვის მტრულ გადმოცემებს საზღვარგარეთიდან და ინფორმაციას ავრცელებენო.

 

მახსოვს, მაშინ განგაში ატყდა განათლების სფეროში, რადგან აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა არსობრივად ვერ გაიგო ნაწარმოები, მწერლის მთავარი სათქმელი ვერ ამოიცნო, ვერ გაიაზრა კონტექსტი და ნაპატიმრალს საქციელი მოუწონა, სამშობლოს უერთგულაო. ეს ნაწარმოები გახდა ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რომ რაღაცას სწორად და საკმარისად არ ვასწავლიდით. მას მერე ყოველთვის ვაკითხებ ჩემს მოსწავლეებს ამ მოთხრობას, ვაწერინებ ანალიზს და მერე შიშით ვკითხულობ მათ ნაწერებს – მათი ნაშრომების მიხედვით ვამოწმებ საკუთარ თავს, სწორად ვასწავლი თუ არა, რასაც ვასწავლი.

 

ვფიქრობ, ეს შემთხვევა კარგი შესავალია იმ თემაზე სასაუბროდ, რომელიც ძალიან მაწუხებს და იმდენად მაწუხებს, ვერ მოვისვენე, სანამ ჩემი შემაწუხებელი ფიქრები სტატიად არ ვაქციე.

 

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გაააქტიურა საზოგადოების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ახალგაზრდების როლი სამოქალაქო მოძრაობაში (თუმცა არც სხვა წლებში ყოფილა მეორეხარისხოვანი), მაგრამ ორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია ამ ყველაფერში სასკოლო საზოგადოების აქტიურად ჩართვამ. ეს ორაზროვნება განსაკუთრებით შეეხო ორ სეგმენტს: მასწავლებლებსა და მოსწავლეებს (ადმინისტრაცია პასიურობით გამოირჩევა, მშობლების აქტიურობა არავის უკვირს). განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა საზოგადოება მოსწავლეების აქციების მიმართ და ამ საკითხშიც საზოგადოება, სულ მცირე, ორად გაიყო.

 

ამ სტატიაში ვეცდები, თავი მოვუყარო იმ რამდენიმე არგუმენტსა და გარემოებას, რომლებიც, ჩემი აზრით, აჩვენებს, რომ მოსწავლეების საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დავიწყოთ იმით, რომ აპოლიტიკურობა სამოქალაქო განათლების ლექსიკონში ასეა განმარტებული: პოლიტიკური მოვლენების, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ უარყოფითი ან უგულებელყოფითი დამოკიდებულება.

 

ხოლო უცხო სიტყვათა ლექსიკონში აპოლიტიკურის განმარტება შემდეგნაირია:

Gk. Apolitikos, „ ვინც სახელმწიფო საქმეში არ მონაწილეობს“,

ვინც თავს არიდებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას.

 

ორივე განმარტებაში ხაზგასმულია საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, რელიგიისა და ა.შ.

 

სასკოლო საზოგადოებისთვის მთავარი დოკუმენტი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ჩამონათვალი, იწყება შემდეგი პუნქტებით:

ა) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მცოდნე მოქალაქის აღზრდა;

ბ) სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა.

 

რა თქმა უნდა, ამ მიზნების მიღწევა ერთბაშად, სკოლის დამთავრებისთანავე, შეუძლებელია, თუ თანდათან, ზომიერად, შესაბამისი რესურსებითა და მეთოდებით, დიდი სიფრთხილითა და რუდუნებით არ ჩაეყარა საფუძველი.

 

უფრო ვიწრო, კონკრეტული საგნობრივი ჭრილიდან თუ შევხედავთ, ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნობრივ სტანდარტში, ერთ-ერთ სამიზნე ცნებადაა მოცემული კონტექსტი:

 

საბაზო საფეხურის სტანდარტში – კონტექსტური ფაქტორები: (მაგ., კონკრეტული ტექსტის შექმნის ეპოქა, ადგილი, კულტურული არეალი, რეალიები (მაგ., საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციოკულტურული); ფასეულობები, ცოდნის დონე;

 კონკრეტული ავტორის გამოცდილება (ცხოვრებისეული და სულიერი) – ბიოგრაფიის კონკრეტული დეტალ(ებ)ი, სოციოკულტურული გარემო; ფასეულობები, დამოკიდებულებები).

საშუალო საფეხურის სტანდარტში – კონტექსტი ისტორიული და სოციოკულტურულიქართული ლიტერატურის პერიოდები; თხზულების თანადროული ეპოქის ისტორიული ვითარება/ისტორიული რეალიები, საზოგადოებრივი ცხოვრების რეალიები; ეპოქისთვის დამახასიათებელი თემატიკა/პრობლემატიკა, ღირებულებები; წარმოდგენები სამყაროზე, ადამიანზე, დამოკიდებულებები, შეხედულებები განათლებაზე/სწავლა-აღზრდაზე; მსოფლმხედველობრივი და მორალურ-ეთიკური ორიენტირები; ლიტერატურული მიმდინარეობები. ბიოგრაფიული კონტექსტი მწერლის ბიოგრაფიის კონკრეტული ფაქტები, მოვლენები, სოციალური გარემო, განათლება, სულიერი გამოცდილება; კულტურათა დიალოგი.

მოცემული ამონარიდები გვკარნახობს, რომ თუ არ ვცდილობთ, მოსწავლეებში გავაღვივოთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ, თუ ტექსტებს ვასწავლით კონკრეტული კონტექსტის გარეშე, გამოდის, რომ არ ვითვალისწინებთ მასწავლებლებისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს. და დოკუმენტებსაც თავი რომ დავანებოთ, არასრულყოფილად, გაუაზრებლად, გაუთავისებლად ვასწავლით, რასაც ვასწავლით.

ზემოთ ჩამოთვლილს ემატება ისიც, რომ მოსწავლეების საყვარელი და მარადიული კითხვაა: რასაც ვსწავლობ, რისთვის ვსწავლობ? რაში გამომადგება? ამიტომ თითოეული საგნის მასწავლებლის საფიქრალი სწორედ ისაა, რომ თავის მოსწავლეებს კონკრეტული საგნის პრაქტიკულობა დაანახოს. ჩემი აზრით, ეს პრობლემა არ დგას ლიტერატურის სწავლებისას, თუ სწორად მივიყვანთ მოსწავლეებს ნაწარმოებებთან და სწორად მიყვანა ნიშნავს იმას, რომ მოზარდმა ტექსტებში ამოკითხული თემები, პრობლემები საკუთარ თავს, ცხოვრებას, ყოველდღიურობას დაუკავშიროს, გაავლოს კრიტიკული ან ემოციური პარალელები, ან პირიქით, ისწავლოს საკუთარი თუ სხვისი ცხოვრებისთვის შორიდან, დამკვირვებლის თვალით შეხედვა და ისე აწონ-დაწონა, შეფასება, გადაფასება მოვლენებისა თუ ღირებულებების. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, უკავშირდება 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანეს უნარებს: კრიტიკულ აზროვნებას, ემოციურ ინტელექტსა და მედიაწიგნიერებას. როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება, თუ ნაწარმოებებში ასახულ საკითხებს ცხოვრებას არ დაუკავშირებენ და რეალურ ცხოვრებაში არ ეცდებიან, პრობლემებს სხვადასხვა კუთხით შეხედონ და გააანალიზონ?! ან როგორ შეიძლება, 21-ე საუკუნის ახალგაზრდას არ განვუვითაროთ ემოციური ინტელექტი, რომელიც გულისხმობს როგორც საკუთარი ემოციების მართვას, ასევე გარშემომყოფთა მიმართ ემპათიას, სხვების გრძნობების, დარდის, ტკივილის გაზიარებას, თანაგანცდას?! ემპათია იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სამომავლოდ ისეთ ზრდასრულებად არ ჩამოყალიბდნენ, როგორებიც ფრანც კაფკას მცირე, მაგრამ ბევრისმთქმელი ტექსტის პერსონაჟები არიან. აქვე დავურთავ:

 

„კაცი რომ კაცს მისდევს“

„როცა ღამით ქუჩაში მისეირნობ და ხედავ, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით ვიღაც გამორბის, შენ ამ უცნობს ხელს არ სტაცებ, არ შეაჩერებ, თუნდაც სუსტი იყოს და ჩამოფლეთილიც, თუნდაც ვინმე მისდევდეს და ყვიროდეს, დააკავეთო… შენ უცნობს სირბილში ხელს არ შეუშლი… რადგან ღამეა და შენი ბრალი არაა, რომ ქუჩა მთვარის შუქითაა განათებული; ამას გარდა, იქნებ ისინი თავს იქცევენ ურთიერთდევნით, იქნებ ორივე ვიღაც მესამეს მისდევს; იქნებ პირველს უდანაშაულოდ გამოედევნენ; იქნებ მეორეს პირველის მოკვლა უნდა და შენ მკვლელობის თანამონაწილე ხომ არ გახდები?! იქნებ ამ ორმა ერთმანეთის არა იცის რა და ორივე თავისთვის გარბის საკუთარი სახლისაკენ; იქნებ ესენი მთვარეულები არიან; იქნებ პირველს იარაღიც აქვს თან… და ბოლოს, ნუთუ უფლება არ გვაქვს, გადაღლილნი ვიყოთ? განა ცოტა ღვინო არ დაგვილევია? და შენ გიხარია, რომ ორივე თვალს მიეფარა…“.

 

…და რაც მთავარია, უკვე სასურველი კი არა, აუცილებელი იარაღია მედიაწიგნიერება, რადგან რეალური ცხოვრების გვერდით მედიაცხოვრებაც მჩქეფარე, საინტერესო და სახიფათოა. მოზარდმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან ნამდვილი და მცდარი ინფორმაცია, გააანალიზოს, ვინ და რატომ ავრცელებს ამა თუ იმ შეხედულებას. წავიდა ყვარყვარესა და ბეგლარა მეწისქვილის მიერ ნაცარში დახაზული პოლიტიკური სტრატეგიების დრო, ახალი თაობისთვის მარტივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ არც ენის ბარიერი უშლის უმეტესობას ხელს, მთავარია, რაიმეს გაგება და შესწავლა მოინდომონ.

 

ყველაფერი, რაც ზემოთ განვიხილე, მიუთითებს იმაზე, რომ თუ მოზარდს თავისი ქვეყანა უყვარს, აინტერესებს, რა ხდება სამშობლოში და რა აწუხებს საზოგადოებას, გრძნობს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, კრიტიკულად აზროვნებს, აქვს ცოდნა და ემპათია, ის ვერ იქნება აპოლიტიკური.

 

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვთა კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით: ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით.

 

მე-15 მუხლის მიხედვით: 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის ასოციაციის თავისუფლებისა და მშვიდობიანი კრებების თავისუფლების უფლებას. ეს ნიშნავს, რომ იმ ბავშვებს, კითხვები რომ უჩნდებათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პასუხების მიღების უფლება აქვთ; აზრის გამოთქმა თუ სურთ, ამის უფლებაც აქვთ, აქციაზე დგომას თუ გადაწყვეტენ, ამის უფლებაც აქვთ და ზრდასრულებს კი, პირიქით, არ გვაქვს უფლება, არ ვუპასუხოთ, გავაჩუმოთ, კარები ჩავუკეტოთ, ხელი შევუშალოთ. ჩვენ გვევალება, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ვიყოთ ძალიან ფრთხილი, მოზომილი და მზრუნველი მათ მიმართ. უბრალოდ, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მართონ თავიანთი ინტერესი, ემოცია და ენერგია. არახალია, რომ ძველთან დაპირისპირება, განვითარებისკენ სწრაფვა და პროტესტანტობა ყველა ეპოქის მოზარდის მახასიათებელია. ამის ძალიან ცნობილ მაგალითებსაც გავიხსენებ:

 

მარო მაყაშვილი სრულიად ახალგაზრდა შეეწირა სამშობლოს. მისი დღიური,17 წლისა რომ წერს, მოიცავს ყველა იმ თემას, რომლებიც ერთდროულად ეხება სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებს და უმეტესობა დღესაც აქტუალურია ( იხილეთ ვიდეო).

 

1956 წელს სულ რაღაც 17 წლისები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, არალეგალური ახალგაზრდული პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანი“ (შეუერთდნენ გურამ დოჩანაშვილი, ვოვა სიხარულიძე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა) რომ დააარსეს, გაზეთს გამოსცემდნენ და ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ავრცელებდნენ ქალაქში. დაისაჯნენ კიდეც ამისთვის.

 

16-17 წლისები იყვნენ ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე – 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლები.

 

კიდევ ბევრი ადამიანის გახსენება შეიძლება, ბევრის სახელიც მე არ მეცოდინება, ფაქტი ერთია, აქ ჩამოთვლილ მოზარდებზე ახლა არავინ ამბობს (ალბათ, თანამედროვეების ნაწილი აკრიტიკებდა კიდეც), რა უნდოდათ იქ, სადაც იყვნენ, რა მათი საქმე იყო პოლიტიკა, დამსხდარიყვნენ და მშვიდად ესწავლათო…

 

სანამ ამ ჩემს საფიქრალს ვეჯახირებოდი და სტატიას დავასრულებდი, შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტსივრცეში ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს, პროექტს, რომელშიც მონაწილეობენ 15 მოზარდი და მასწავლებელი (ფილოსოფოსი) ლევან ღამბაშიძე. ისინი არიან ერთმანეთის ოპონენტები და ძალიან საინტერესოდ მსჯელობენ, თავიანთ არგუმენტებს წარმოადგენენ თემაზე: აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, განიხილოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მოსწავლეებთან ერთად? ყველაზე მთავარი ამ ვიდეოში ჩემთვის არის იმის დანახვა, რომ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ცდილობს, პასუხი იპოვოს იმ კითხვაზე, რომელიც აწუხებს მათ და სასკოლო თუ არასასკოლო საზოგადოებას. საშუალებას აძლევს მოზარდებს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი შეხედულებები, იყვნენ კრიტიკული, იფიქრონ არგუმენტებზე და თუ სხვისი არგუმენტი აღმოჩნდა დამარწმუნებელი, აღიარებაც შეძლონ. უყურეთ თქვენც: https://www.youtube.com/watch?v=1KyWTySN6vo

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“