ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
30 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

სასკოლო შეფასება – ბარიერი თუ მამოძრავებელი ძალა

დიდი ხანია, ქართულ სასკოლო სივრცეში მიღებული შეფასებების მნიშვნელობაზე ვკამათობთ. ზოგი იმაზე დარდობს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ შეფასებებს სკოლის გარეთ არანაირი ღირებულება არ გააჩნია, ზოგი კი განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას აპროტესტებს. შეგახსენებთ, რომ სკოლის ნიშნებისთვის უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესში გარკვეული პრივილეგიის მინიჭების შესახებ განცხადება შარშან განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა, თუმცა ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო. ცოტა ხნის წინ ეს საკითხი ახალ სამთავრობო პროგრამაშიც გაჟღერდა: „პირველად საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ არ გადადგმულა, განათლების სპეციალისტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული სასკოლო შეფასების სისტემა ჯერჯერობით ვერ პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს. ამასთან, ზემოაღნიშნულმა სისტემამ შესაძლოა სკოლებში კორუფცია დააბრუნოს/გააძლიეროს და რეპეტიტორების როლიც ერთიორად გაზარდოს.

მასწავლებელთა დიდი ნაწილი აღიარებს, რომ შეფასება ქართული საგანმანათლებლო სისტემის აქილევსის ქუსლია. ამასთან, ზოგიერთ სკოლაში დღესაც მიღებულია მშობელთა მიერ მასწავლებლების დასაჩუქრება და მასწავლებელთა მიერ საკუთარი მოსწავლეების მომზადება, არადა მასწავლებლის ეთიკის კოდექსში გარკვევით წერია, რომ პედაგოგს ამის უფლება არ აქვს. შედეგად მასწავლებლის შეფასების ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება და სწავლის არათანაბარ პირობებზე მიანიშნებს, რაც, თავის მხრივ, შეფასების სანდოობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, ე.წ. ნიშნებისთვის ბრძოლა არაჯანსაღ კონკურენციას წარმოშობს და უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა ურთიერთობაზეც. ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზემოხსენებული ცვლილების განხორციელებამდე სასკოლო შეფასების სისტემა უნდა მოწესრიგდეს, დაექვემდებაროს შეფასების ძირითად პრინციპებს (სანდოობა, ვალიდურობა, ობიექტურობა, გამჭვირვალობა) და დაინერგოს სასკოლო შეფასების კონტროლის ეფექტური მექანიზმები.

არავინ დავობს იმის შესახებ, რომ სასწავლო პროცესის და მოსწავლის როგორც ამ პროცესის მთავარი რგოლის შეფასება სწავლა-სწავლების ხარისხის მართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასება ეფუძნება სწავლისადმი კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რაც გულისხმობს მოსწავლის აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში და ახალი ცოდნის ძველზე დაშენებას. წინარე გამოცდილება ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო მიდგომის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ, მასწავლებელი კი სწავლის პროცესში უმეტესად ფასილიტატორის როლში გვევლინება. ესგ-ის მიხედვით, მოსწავლის შეფასების ძირითადი მიზნებია: წინარე ცოდნისა და წარმოდგენების დადგენა ახალი საკითხის შესწავლამდე; მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა ინდივიდუალური წინსვლის ხელშესაწყობად; ცოდნის სამივე კატეგორიის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) დაფარვა და იმის ჩვენება, რამდენად შეუძლია მოსწავლეს მიღებული ცოდნის მიზნობრივად გამოყენება.

იმისთვის, რომ შეფასების პროცესი ეფექტური და გამჭვირვალე იყოს, მოსწავლეები კარგად უნდა იცნობდნენ თითოეული დავალების შეფასების ინდიკატორებს და იზიარებდნენ მათ მნიშვნელობას თვითგანვითარების გზაზე. ანუ მათ უნდა იცოდნენ, რას, როგორ, როდის და რატომ აკეთებენ. მათ დროულად უნდა მიეწოდოთ შესაბამისი რესურსები და გაეწიოთ კონსულტაციები, რაც სასურველი მიზნის მიღწევას გაუადვილებთ.

თუ ვსაუბრობთ შეფასებაზე როგორც მოსწავლის მიღწევის დონის შესახებ ინფორმაციულ მონაცემზე, მაშინ სასურველია, განმსაზღვრელ შეფასებას ერთვოდეს განმავითარებელი კომენტარი, რომელიც განმარტავს ამა თუ იმ ქულის შინაარსს, რადგან განმსაზღვრელი შეფასება განმავითარებელი კომენტარის გარეშე ნაკლებად ინფორმაციულია და ხელს ვერ შეუწყობს მოსწავლის წინსვლას (მაგალითად, მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესახებ შესრულებულ ტესტში 8 ქულა მიიღეთ, ამ საკითხის უკეთ შესწავლაში ვერ დაგეხმარებათ).

თუ კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე ვსაუბრობთ, მაშინ შეფასების რუბრიკაში, სწავლის შედეგთან ერთად, უნდა აისახოს ისეთი კრიტერიუმებიც, როგორიცაა მოსწავლის ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, მისი ჩართულობის ხარისხი, ინდივიდუალური პროგრესი, საკუთარი ნააზრევის გადმოცემის შესაძლებლობა და სხვ.

ყველა მასწავლებელმა იცის, რომ მოსწავლის შეფასება უნდა ეყრდნობოდეს შეფასების ძირითად პრინციპებს: სანდოობას, ვალიდურობას, ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მოსწავლეებს წინასწარ უნდა მიეწოდოთ საჭირო ინფორმაცია შეფასების ფორმატის შესახებ; შესაფასებელი დავალებები, მათი ინსტრუქციები და შეფასების სქემა მკაფიოდ და გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული; სხვადასხვა ხერხით უნდა შემოწმდეს შეფასების ინსტრუმენტის ვალიდურობა; მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს მოსწავლის ცოდნის/უნარების შეფასების შესაბამისი ფორმა და შეფასების ინსტრუმენტი კონკრეტული მიზნის გაზომვას უნდა ემსახურებოდეს. შეფასების პროცესის გამჭვირვალობა და შემფასებლის ობიექტურობა კი მასწავლებლის ძალისხმევას უკავშირდება და დიდწილად განსაზღვრავს მოსწავლის დამოკიდებულებას შეფასების პროცესის მიმართ.

როგორც ვხედავთ, შეფასების ინსტრუმენტების შედგენა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო ნაწილია, რადგან ის, საგნის ცოდნის დონის გაზომვასთან ერთად, მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფის საჭიროებებს და დიფერენცირებული სწავლების მოთხოვნებსაც უნდა ითვალისწინებდეს.

შეფასების პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვის, მათი ინფორმირებულობისა და შეფასების მნიშვნელობის გააზრების მიუხედავად, მოზარდთა დიდი ნაწილისთვის ქულები მტკივნეულ საკითხად რჩება. არსებობს მოსწავლეთა კატეგორია, რომლებიც, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა დაბალი ჩართულობიდან გამომდინარე, უგულებელყოფენ ქულათა მნიშვნელობას აკადემიური განვითარების პროცესში, მოზარდთა ის ნაწილი კი, რომელთა ოჯახებიც აქტიურად ინტერესდებიან შეფასებებით, ასე ვთქვათ, ნიშნებზე დამოკიდებულები ხდებიან. მშობლის უარყოფითი რეაქციის შიშით ისინი აპროტესტებენ ან თავს დატეხილ ტრაგედიასავით განიცდიან თითოეულ დაბალ ქულას. სამწუხაროდ, შეფასება ხშირად ბულინგის მიზეზადაც იქცევა (ვიღაცას დაბალი ქულების გამო დასცინიან, ვიღაცას კი მაღალი რეიტინგის გამო, კონკურენციის მიზეზით აბულინგებენ). ძნელად მოიძებნება მოსწავლე, კონკრეტულ სამუშაოში მიღებულ ქულას კონკრეტული ცოდნის ათვისების დონის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციად რომ აღიქვამდეს და გაუგებარ საკითხებთან მიბრუნების გზით აუმჯობესებდეს პირად პროგრესს. ისმის კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს სისტემა (სამინისტრო, სკოლა, მასწავლებელი), რომ გაიზარდოს შეფასებების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების მქონე მოსწავლეთა რიცხვი ანუ როგორ გარდავქმნათ შეფასება საზომი ინსტრუმენტიდან მოსწავლეთა მამოტივირებელ ძალად?

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გავხდი, ყველაზე მეტად სწორედ ეს საკითხი მაფიქრებს. ვარ კი საკმარისად გათვიცნობიერებული, კომპეტენტური ან თუნდაც ობიექტური, რათა ჩემმა დაწერილმა ქულამ ვინმეს მომავალზე სათანადო გავლენა მოახდინოს? ვფიქრობ, მხოლოდ ინდივიდთა პროფესიონალიზმისა და ეთიკურობის იმედად ვერ ვიქნებით, რადგან შეფასების ამჟამინდელი სისტემა, ზემოაღნიშნული რისკები და, ამასთან ერთად, მოზარდების განვითარების ცვალებადი ტემპი/დამოკიდებულებები შეფასების გამართული ინსტრუმენტების შემთხვევაშიც კი ვერ მოგვცემს ისეთ ნათელ სურათს, რომელიც ამა თუ იმ აბიტურიენტისთვის პრივილეგიის მინიჭების ობიექტურ საფუძვლად გამოდგება. პირადად მე მივესალმები უნივერსიტეტის დაინტერესებას პოტენციურ სტუდენტთა სამოქალაქო ან სპორტულ/სახელოვნებო აქტივობებში ჩართულობით, თუმცა ამ მიმართულებას სულ სხვა შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურა სჭირდება, რაც ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის ჯერჯერობით უცნობ პრაქტიკას წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“