“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?
აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია.”
ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე (განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში) იმაზე, როგორ იქცევიან ახალგაზრდები, ხშირად ვამუნათებთ მათ და გამუდმებით ვახსენებთ, როგორ ვიქცეოდით მაშინ, მათი თანატოლები რომ ვიყავით. თუმცა, ბევრი რამ გვავიწყდება, ბევრი რამის გახსენებაზეც თვალს ვხუჭავთ და, რა თქმა უნდა, არასდროს ვიხსენებთ იმას, რომ მათ ასაკში ჩვენც ბევრი რამისთვის გვიწევდა ბრძოლა, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდით უფროს თაობას. ამაში ახალი არაფერია, რა თქმა უნდა. არც ისაა ახალი, რომ ახალგაზრდობას ბრძოლით უწევს თავის დამკვიდრება, საკუთარი სურვილების შესრულება. ბავშვობიდან გვასწავლიდნენ მე-19 საუკუნის ამბავს „მამათა და შვილთა ბრძოლის“ შესახებ, ამბავს იმისა, თუ როგორ აქტიურობდნენ განათლებამიღებული თერგდალეულები, რათა, რაც ისწავლეს, სხვებისთვისაც გაეზიარებინათ. მოვლენები რამდენიმე ეტაპად განვითარდა. მხოლოდ ერთს გავიხსენებ: „გამოცანებში“ ილია ჭავჭავაძემ მაშინდელი მმართველები სხვადასხვა ეპითეტით შეამკო, რომლებიც იმით ემსგავსებოდნენ ერთმანეთს, რომ ქვეყანა „ფეხებზე ეკიდათ“. სწორედ ეს ვერ აპატიეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ერის მამას და მას ცა და ქვეყანა დაუპირისპირდა, ცრუ ლიბერალი და ცრუ პატრიოტი უწოდეს, ქვეყნის, მამაპაპეული ტრადიციების ღალატში დასდეს ბრალი. ისტორიამ კი ტყუილი და მართალი განსაჯა.
დღესაც ასეა და ყოველთვის ასე იყო.
თუმცა, ისევ ლიტერატურას დავუბრუნდეთ, ის ხომ გვასწავლის, გამოცდილებას გვაძლევს, მაგალითებს გვიდებს წინ… ის ხომ ერთგვარი ანარეკლია ჩვენი ცხოვრების, ჩვენი არსებობის, კაცობრიობის აზროვნების, აზროვნების ისტორიის…
და რას გვასწავლის ლიტერატურა თაობათა შორის ურთიერთობაზე?
ლიტერატურა ხშირად ასახავს თაობათა შორის კონფლიქტებს, ადრეული თაობის ტრადიციებისა და ახალი თაობის იდეალების დაპირისპირებას. ეს კონფლიქტები ხშირად ეხება თვალსაზრისების, მორალისა და ცხოვრების წესის ცვლილებებს. ამ პროცესში ლიტერატურა ეხმარება მკითხველს, ჰქონდეს საკუთარი და გააზრებული პასუხი იპოვოს თანამედროვე პრობლემებზე.
ამის მაგალითები ხშირია მსოფლიო ლიტერატურაშიც და ჩვენთანაც.
„ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“ – არც ეს მოსაზრება იქნება შემთხვევითი, რა თქმა უნდა, ამასაც თავისი საფუძველი აქვს.
ადამიანის, ერის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ასპარეზზე ახალი თაობა გამოდის, ახალი (ან კარგად დავიწყებული ძველი, და, შესაბამისად, იმ წუთისთვის ძალიან ახალი) იდეებით გამოდის, და ამ ახალი იდეებით ახალი ცხოვრების, ან ცხოვრების ახალი წესის, ახალი რეალობის შექმნას მოასწავებს. თუ ამას წინა თაობა ხვდება და გაგებით ეკიდება, ცხოვრებაც ძალიან საინტერესო მიმართულებას იღებს, საზოგადოებაც უფრო ვითარდება. ეს პროცესი უმტკივნეულო ნამდვილად არაა, ამას დიდი ძვრა და ტკივილი მოაქვს თან, მაგრამ, რუსთველის სიტყვები რომ მოვიხმოთ, „ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო?“
ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ლიტერატურამ უნდა გვაპოვნინოს პასუხები ჩვენს მარადიულ კითხვებზე.
მეფე როსტევანს შემთხვევით არ ათქმევინებს დიდი პოეტი: „რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. და რაც არ უნდა „უმჭკნარი“ იყოს ის ვარდი, ბაღში ამოსულ ახალ ყვავილს ხელი არ უნდა შეუშალოს. ამის გააზრება ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან მტკივნეულია, სწორედ ამიტომ ვერ ვთმობთ ხოლმე მარტივად. რუსთველის ეს აფორიზმი ილია ჭავჭავაძემ თავის საპროგრამო პოემას, „აჩრდილს“ ეპიგრაფად წაუმძღვარა, რადგან ეს ყველაზე კარგად გამოხატავდა მის სათქმელს. და თავადაც ასე იქცეოდა, აკი ასე თქვა კიდეც: „ახლა ჩვენ, ძველებმა, კალამი უნდა ძირს დავსდვათ, გზა კი ვაჟას უნდა დავუთმოთ!“ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უჭრიდა სიტყვაც და კალამიც, შეძლო და სხვისი უპირატესობა მომენტალურად აღიარა.
ზემოთ ვახსენე, რომ სიახლეებთან შეგუება ძალიან გვიჭირს. არც ესაა ახალი, ამის პასუხიც ჩვენს ისტორიასა და ლიტერატურაში დევს.
ისევ ილია ჭავჭავაძე გვცემს ამაზე პასუხს:
„თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორღაც არ ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან, მეორე იმიტომ… იმიტომ, რომ მეორესაც თერგდალეულები არიან, მესამე იმიტომ… იმიტომ… იმიტომ, რომ მესამედაც თერგდალეულები არიან. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას.“ – თერგდალეულებს სიახლე მოაქვთ, ახალი აზრები, იდეები, ამასთან შეგუება კი ნამდვილად არ არის მარტივი, კომფორტის ზონაში მყოფს არ ემეტება საკუთარი თავი ახალი თავსატეხებისთვის. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ სიახლეების მიღების გარეშე, განსხვავებული მოსაზრებების მიღების გარეშე საზოგადოება ვერ განვითარდება, განუვითარებლობა კი ახალი და ზოგჯერ გამოუსწორებელი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს.
როგორ მოვიქცეთ?
ამაზეც პასუხს ისევ ლიტერატურა გვაძლევს. ისევ ილია ჭავჭავაძეს, მის უბერებელ „ოთარაანთ ქვრივს“ დავესესხოთ: „დედაშვილობაში შენ-ჩემობა ვინა სთქვა? ვინ მოიგონა? დედაშვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? რად უჭრის დედას ერთი თვალი თავისად და მეორე შვილისად?! ვინ ვისთვისაო? დედაშვილობაში რა საკითხავია?! ვაი, რომ საკითხავი ყოფილა, ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა! არა , შვილო, შენ გაიხარე! მე კი ჩემისად მაყურებელ თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ…“ აქ აქცენტი მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე კეთდება, მაგრამ სწორედ ეს არის ყველაზე ახლო ჭრილი ურთიერთობისა, რომლის მოდელზეც საზოგადოებრივი ურთიერთობები ვითარდება.
ლიტერატურის მასწავლებლებს ბევრჯერ გვისწავლებია ტექსტები, რომლებიც ამ საკითხს, თაობათა კავშირს, საერთოსა თუ განმასხვავებელს უკავშირდება, ხშირად გვიმსჯელია ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ამ პრობლემაზე, და ზოგჯერ (თუ ყოველთვის არა) გადაჭრის გზებიც დაგვისახავს. არაერთხელ გამოგვიკვეთია, რომ მომავალი თაობა ბევრ შეცდომას უშვებს, ხშირად ეს გამოუცდელობის ბრალია, ხშირად შეიძლება სხვა რამეც იყოს გამომწვევი ამისა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენ ხშირად ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე, სხვის მაგალითებზე, ისტორიაზეც და ლიტერატურაზეც. და მნიშვნელოვანია, მივცეთ საშუალება ახალ აზრებს, დაიბადონ, ახალ ადამიანებს, რომ გამოჩნდნენ.
რას გვასწავლის ლიტერატურა? სხვა ბევრ რამესთან ერთად, ამასაც გვასწავლის.