შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

სიმბოლიზმის სწავლა-სწავლების პრაქტიკა სკოლებში  – მონოკულტურული ჭრილი

XVII საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ წელს ქუთაისში გაიმართა. თემა გახლდათ „პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე გლობალური სამყაროს გამოწვევები“. მონაწილეობა მოქმედ მასწავლებლებს შემოგვთავაზეს. მე და ჩემი კოლეგები სიხარულით დავთანხმდით. სასკოლო პროცესისადმი, ლიტერატურის სასკოლო კურსისადმი ინტერესი მნიშვნელოვანია. ამაზე საუბარი და გამოცდილების გაზიარება სასიკეთო ცვლილებების წინაპირობად მიგვაჩნია.

მრგვალი მაგიდის ფორმატში სასაუბრო თემად სიმბოლიზმის სწავლა-სწავლების პრაქტიკა შევარჩიეთ და შეხვედრაზე ლიტერატურის სასკოლო კურსში სიმბოლიზმის სწავლებაზე,  თანმხლებ პრობლემებსა და არსებულ ვითარებაზე ვისაუბრეთ.

ამ წერილში წარმოგიდგენთ სიმპოზიუმისთვის მომზადებულ სათქმელს. ვფიქრობ, ლიტერატურის სასკოლო კურსის განხილვა ერთ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით მნიშვნელოვანია და ეს „სიმპტომური“ მიდგომა ზოგადი, საერთო პრობლემების აღმოჩენაშიც დაგვეხმარება.

 

***

დღეს ვსაუბრობთ სიმბოლიზმის სწავლა-სწავლების პრაქტიკაზე სკოლებში. იმ პრობლემაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომელიც ზოგადად ქართულის სასკოლო კურსს აქვს. ეს არის მონოკულტურული ჭრილი – ლიტერატურა ისწავლება მსოფლიო ლიტერატურული პროცესისგან განცალკევებით, არ არის ხოლმე დრო და საშუალება, ჩავუღრმავდეთ ამ მიმართულებით საფიქრალს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, სიმბოლიზმის სწავლების პრობლემატიკა ვაქციო დაკვირვების ობიექტად, გამოვიყენო ეს დრო იმისთვისაც, რომ საერთო, ზოგადი პრობლემა გამოვკვეთოთ. იქნებ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე დავფიქრდეთ ან სამომავლოდ დავსახოთ ნაბიჯები.

როგორ ვასწავლით სიმბოლიზმს და, საზოგადოდ, ლიტერატურულ მიმდინარეობებს სკოლებში?

ჩავიხედოთ სახელმძღვანელოებში.

აუდიტორიაში პრაქტიკოსი მასწავლებლები იქნებიან და ისინი ცხადად წარმოიდგენენ. იქნებიან ისინიც, ვისაც ბოლო ხანებში არ დასჭირვებია სასკოლო სახელმძღვანელოების გადაფურცვლა, მაგრამ თავიანთი მოწაფეობის ხანიდან ემახსოვრებათ – ბევრი არაფერი შეცვლილა სწავლების პრინციპში, ბირთვ პროგრამასა და მეთოდოლოგიაში. საერთოდ, ეს ცალკე განსახილველი პრობლემაა და ამაზე ბევრს ვსაუბრობთ მე და ჩემი კოლეგები.

მაშ, წარმოსახვით გადავფურცლოთ სახელმძღვანელოები და დავაკვირდეთ, როგორ შემოდის სიმბოლიზმი:

 

  • მოწოდებულია თეორია
  • ფრჩხილებში მიწერილი უცხოელი წარმომადგენლები (ზოგჯერ – ინიციალებით, ზოგჯერ – ფრჩხილების გარეშე, სრულად…), მათი ტექსტები, ლექსებისა თუ გამოცემების სათაურები…
  • ქართული კონტექსტი
  • ბიოგრაფიები
  • ლექსი/ლექსები
  • ლექსის შესწავლის ტრადიციული პაკეტი – გაგება-გააზრების სავარჯიშოები

 

რა არის ამ მეთოდოლოგიაში ისეთი, რაც შეყოვნებასა და დაფიქრებას საჭიროებს?

ჩემი სამსჯელო საკითხის ფოკუსს რომ არ ავცდე, დავასახელებ ორ ძირითად პრობლემას:

  1. ევროპული და მსოფლიო ლიტერატურული კონტექსტი გაკვრით, მხოლოდ ფაქტებით, ცნობების მიწოდებით შემოიფარგლება. ეს ისაა, რასაც ივიწყებენ, ვერ ითავისებენ, რა რჩებათ, გარდა მშრალი ფაქტებისა?!
  2. ქართული კულტურისა და ქართული ლიტერატურის გააზრება ვერ ხერხდება მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში. ის ისწავლება, როგორც რაღაც ლოკალური მნიშვნელობის, ღირებულების ფაქტი. არადა ქართული ლიტერატურული პროცესი მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე ფეხდაფეხ მიჰყვება ევროპულ ლიტერატურულ და კულტურულ, ხელოვნებით პროცესებს, პირდაპირი ბიოგრაფიული და ბედისწერული კავშირებია ევროპასთან და ამ დიდი კულტურული მოვლენების ღირებული შემადგენელია, აქ რაც ხდება.

რატომაა ლიტერატურის ნაციონალურ ჭრილში გააზრება და ლიტერატურის ისტორიის შესწავლა იმ მეთოდოლოგიით, რომელიც აღიწერა, პრობლემური? სამ მიზეზს დავასახელებ:

1 ვიწრო თვალსაწიერი – მხოლოდ ნაციონალურ მონოკულტურულ  ჭრილში განხილვა ხელს უშლის ფართო თვალსაწიერის განვითარებას. ეს იმას ემსგავსება, გულზე მჯიღის ცემით გამოხატო პატრიოტიზმი, გიყვარდეს მხოლოდ შენი და ვერ კი აცნობიერებდე, რატომაა ღირებული.

2 ვაკლებთ მოსწავლეებს ესთეტიზმითა და პოეტური ოსტატობით ტკბობის საშუალებას. ფრანგი სიმბოლისტების განსხვავებული ხმა, მათი სათქმელი, განსაკუთრებული პოეტური, ხატოვანი, სიმბოლური პოეტიკა, რეალობის გულითადი, გულწრფელი, ღია, გაბედული აღქმა, მათი დანახული სამყარო, თანადროულობა, შემჩნეული და სიტყვიერად გამოხატული სანახაობანი, გრძნობები. როგორია იქ, რა ხდება, რას გრძნობენ, რას განიცდიან. რა აქვთ საერთო ჩვენებთან. რა განასხვავებთ.

  1. კრიტიკული აზროვნება, ერუდიცია, სამყაროს მიმართ ინტერესი – ამის გაღვივება და განვითარება შეუძლებელია ფართო თვალსაწიერის გარეშე, ჩარჩოებში მოქცეული პროგრამის ფარგლებში.

ამასთან, ლიტერატურულ მიმდინარეობათა კვლევა ბევრი საინტერესო შემეცნებითი თავგადასავლის მომტანი შეიძლება იყოს და შემოსაზღვრა, შემოფარგვლა ამ საფიქრალისა, ამ თავგადასავლებისა არ ღირს.

როგორ შეიძლება მიწოდება, ინტერესის გაღვივება, აღძვრა, შემოქმედებითი და კვლევითი უნარების, იმპულსების გააქტიურება ამ სტრუქტურული და მეთოდოლოგიური ჩარჩოების მიღმა – მნიშვნელოვანი საკითხია.

რასაკვირველია, ამ მოკლე დროში გადაწყვეტის გზებზე აქ ვერ ვისაუბრებთ. გაგიზიარებთ ერთ მეთოდს, პირადი გამოცდილებიდან მაგალითს, ნიმუშს, როგორ ვაცნობ ლიტერატურულ მიმდინარეობას მოსწავლეებს.

თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ საკუთარი დაკვირვების საფუძველზე დასკვნების გამოტანა, ნაცვლად წინასწარ მოწოდებული თეორიის დასწავლისა, მეტად ღირებულად მიმაჩნია.

 

რას ვგულისხმობ:

 

მოგეხსენებათ, სიმბოლიზმმა პოეზიაში შემოიტანა განსხვავებული თემატიკა, ეპატაჟი, ტემპი, სახეები. ესთეტიკა სიმახინჯის, ყოველდღიურობის, ურბანული ცხოვრების სცენები, მექანიზაცია-ტექნიკის კულტი, ეროტიზმი, დენდიზმი… ქართველი სიმბოლისტების ლექსებში ეს ყველაფერი ნიაღვარივით მოედინება (პაოლო იაშვილის „წერილი დედას“ ამ მხრივ მეტად საყურადღებო ლექსია).

ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი თეორიულად და წინასწარ ვაცნობოთ მოსწავლეებს ან სახელმძღვანელოს თეორიული ნაწილიდან ამონარიდები დაათეზისონ, მივცეთ პირდაპირ, ყოველგვარი შემზადების გარეშე, მაგალითად, პოლ ვერლენის „აი ჩემი შარაგზა“ (მთარგმნელი – ბაჩანა ჩაბრაძე):

 

კაბარეთა ხმაური, გარყვნილების მორევი,

გაძარცული ჭადრები, ქართა ნაამბორევი,

ოთხთვალათა ჭრიჭინა, ზორბა რკინის ბორბლები,

ზლაზვნით მოგორავენი, შლამით დანადორბლები.

მწკრივი დაღლილ მუშათა, ბნელთა და უსიერთა,

მხრჩოლავ ჩიბუხებითურთ ცხვირწინ პოლიციელთა,

ოღროჩოღრო ქუჩები, სავსე ნამწვავ-ნაღვერდლით,

ნესტი სახურავთაგან კედლებს ჩამონაღვენთი,

წვიმის ჩამონაჟონი სავსე გუბე მრავალი,

აი, ჩემი შარაგზა – ტაძრისაკენ მავალი.

 

მოსწავლეებს რომანტიზმი და რომანტიკოსების პოეზია უკვე შესწავლილი აქვთ. რომანტიზმისთვის დამახასიათებელი პესიმიზმი, ბუნების კულტი, წარსულის განდიდება, რომანტიზებული, სევდიანი ხედვა, ზოგადსაკაცობრიო, ღრმა საფიქრალი – ამ ყველაფერზე ნაფიქრი და ნამსჯელია. და უცებ იჭრება ლექსიდან კაბარეთა ხმაური, ჭრიჭინა ზორბა რკინის ბორბლები, მუშათა მწკრივი, ოღროჩოღრო ქუჩები ქალაქისა. ვთხოვოთ დაკვირვება და იმ თემების, იმ მოტივების, განწყობის, აღქმისა და ხედვის ამოცნობა, რაც აქ ხვდებათ. ვთხოვოთ, ჩაუკვირდნენ ლექსის თარგმანს. ამოთქვან ყველაფერი, რაც აზრად დაებადებათ.

ამის შემდეგ დაუსვან კითხვები (წარმოსახვით) პოეტს – რა აინტერესებთ? რას ჰკითხავდნენ? რა სურთ იცოდნენ მისი ცხოვრების ან ამ კადრის შესახებ?

ხშირად ვთხოვ ხოლმე მოსწავლეებს ილუსტრირებას – ამასაც წარმოსახვით. ვისაც შეუძლია, მართლა დახატოს, ვისაც არა – აღწეროს, რას დახატავდა.

ამგვარად გაცნობილი პოეტი და მისი ერთი ლექსი გარკვეული იმპულსების გამაღვივებელი გახდება. მოსწავლეები სამომავლო კვლევა-ძიების ბილიკებსა და ნაბიჯებს თავად მოინიშნავენ. ვიღაც ბიოგრაფიას მოიძიებს, ვიღაც ხელოვნებაში სიმბოლისტების შემოჭრას, მათ სახასიათო ნიშან-თვისებებს ამოიკითხავს წყაროებში და გაუზიარებს სხვებს.

ბოლოს და ბოლოს, ევროპული კონტექსტის გარეშე იმ შემოქმედის შესწავლა, ვინც ასე ხმამაღლა განაცხადა: „ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს“, – ვერ იქნება სამართლიანი მიდგომა.

პაოლო იაშვილიც მოდერნიზმისთვის სახასიათო სიხისტით, პირდაპირობით, თვითირონიით, ალალად და ხმამაღლა ამბობს: „საქართველოს შემდეგ უწმინდესი ქვეყანა არის პარიზი. ადიდე, ხალხო, ეს ჩვენი მრისხანე ქალაქი, სადაც გატაცებით ჯამბაზობდნენ ჩვენი ლოთი ძმები – ვერლენი და ბოდლერი, მალარმე, სიტყვების მესაიდუმლე და არტურ რემბო, სიამაყით მთვრალი“.

ჰოდა, ამ ძმობისა და ერთობის, ამ „ქართულ-ევროპული ჯამბაზობის“ განცალკევებით სწავლება ვერ ივარგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“