ახლა არდადეგების დროა. ზაფხულის რამდენიმე დღე მასწავლებლებისთვის ნამდვილად შეიძლება იყოს დასვენებისთვის. დასვენება ნებისმიერ პროფესიაში აუცილებელია, მაგრამ მასწავლებლის პროფესიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რთულია მასწავლებლობა. პროფესია მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს მასწავლებელს. ხანგრძლივი სტრესი გადაღლას და, საბოლოო ჯამში, პროფესიულ გადაწვას იწვევს და მის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა ერთ-ერთი სერიოზული საკითხია განათლებაში.
გადაწვა – ეს ის მდგომარეობაა, რომელიც ადამიანური რესურსების გამოფიტვას იწვევს. ეს პროცესი ნელა და თითქოს შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუმცა ადამიანის შინაგან სამყაროს სერიოზულ ზიანს აყენებს.
პრევენციისთვის ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ ან მოვისმინოთ ფსიქოლოგების რჩევები და სტრატეგიები, მათ შორის, როგორ გამოვიმუშაოთ სტრესის პოზიტიური დაძლევის უნარები – სირთულეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, მაღალი თვითშეფასება, ოპტიმიზმი, ინიციატივიანობა, როგორ გავმიჯნოთ სამსახური და პირადი სამყარო, როგორი მნიშვნელოვანია შრომის დოზირება. აუცილებელია, ვისწავლოთ სამუშაოს დროულად დამთავრება. წესები წასაკითხად და მოსასმენად მარტივია, შესასრულებლად− რთული.
ჩვენი დაღლილობის კოეფიციენტის გასაზომად გვთავაზობენ ტესტებს, რომლებიც დაგვეხმარება, შევაფასოთ საკუთარი თავი, რამდენად თვალსაჩინოა პროფესიული გადაღლა: გრძნობთ, რომ დაქანცული, ფიზიკური და ემოციური ენერგიისგან დაცლილი ხართ? ამჩნევთ თუ არა, რომ ზოგჯერ სამსახურზე უარყოფითად ფიქრობთ, ხალხის მიმართ უფრო მკაცრი და ნაკლებად თანამგრძნობი ხართ, ვიდრე ისინი იმსახურებენ? ადვილად გაღიზიანებენ თანამშრომლები და გუნდის წევრები? გაქვთ განცდა, რომ თანამშრომლებს არ ესმით თქვენი ან არ გაფასებენ? თქვენს საწუხარზე ვერავის ესაუბრებით? ფიქრობთ, რომ იმაზე ნაკლებს აღწევთ, ვიდრე შეგიძლიათ? წარმატების მისაღწევად უსიამოვნო წნეხის ქვეშ ხართ? სამსახურისგან იმას ვერ იღებთ, რაც გსურთ? გაქვთ განცდა, რომ შეუსაბამო ორგანიზაციაში, შეუსაბამო პროფესიაში ხართ? სამსახური თქვენში ერთგვარ იმედგაცრუებას იწვევს? ორგანიზაციული პოლიტიკა ან ბიუროკრატია ხელს გიშლით კარგად მუშაობაში? სამუშაო იმაზე მეტია, ვიდრე პრაქტიკულად მისი შესრულების უნარი გაქვთ? ფიქრობთ, რომ დრო არ გყოფნით იმ საქმეებისთვის, რომელთა შესრულება ხარისხიანი მუშაობისთვისაა საჭირო?
თუ ამ კითხვებზე ჩვენი პასუხები გულწრფელი იქნება, ვაღიარებთ, რომ ჩვენც სადღაც ახლოს ვართ პროფესიული გადაწვის ზღვართან.
მასწავლებლები უნდა ახერხებდნენ მოსწავლეებისადმი და საკუთარი თავისადმი პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, არდადეგები მართლაც დასვენებისთვის იყოს. ღირსეულად და სრულყოფილად დასვენებისთვის კი მასწავლებელი ფინანსურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა
რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან ნიკოლეიშვილი
დიზაინერი– ბესიკ დანელია
მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი
ნომრის ავტორები:
მაია ფირჩხაძე, ნესტან მიქაძე, ინა იმედაშვილი, ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი,
ქრისტინე სურგულაძე, თინათინ ზარდიაშვილი, ლელა კოტორაშვილი,
ცირა ბარაბაქაძე, მეგი კავთუაშვილი, მარიამ გოდუაძე, ქეთევან კუპატაძე, ირმა ტაველიძე, ნანა აბულაძე, ლევან ლორთქიფანიძე, შორენა ტყეშელაშვილი
ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან: