ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

როგორ მოვახერხოთ მშობლებთან საერთო ენის გამონახვა?

(გაგრძელება)

ძვირფასო მკითხველებო! ბავშვებო და მოზარდებო, გვაინტერესებს, როგორ მოვახერხოთ მშობლებთან და ზოგადად უფროსებთან საერთო ენის გამონახვა? ეს არცთუ ისე ადვილი ამოცანაა, რადგან ისინი გამუდმებით უკმაყოფილო არიან თქვენი ქცევებით, საქმიანობით, გატაცებით. ასეთ სერიოზულ და საჭირბოროტო საკითხზე საუბარს Dean Burnett-თან ერთად განვაგრძობთ. მისი წიგნი პირობითად ასეთი სათაურით – „რატომ ვერ ახერხებენ მშობლები საკუთარი შვილების გაგებას და რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას“ – საინტერესო მოსაზრებებს შეიცავს. მისი ავტორი არის ნეირობიოლოგი, კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური სკოლის ლექტორი, ბლოგერი, ექსპერტი, ბესტსელერების ავტორი, რომლებიც მსოფლიოს 25 ქვეყანაში არის გამოცემული. ის არის ბირმინგემის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი. ხანდახან Dean Burnett კომედიური როლების შემსრულებელი. ამჟამად, ნეირობიოლოგი ოჯახთან ერთად კარდიფში ცხოვრობს. წიგნში თხრობა მიმდინარეობს დინამიკურად და საინტერესოდ. ნეირომეცნიერი პირდაპირ მიმართავს ბავშვებსა და მოზარდებს, მას სურს, ახალგაზრდებმა წაიკითხონ მისი ნაშრომი, რათა უკეთ გაუგონ საკუთარ თავსა და უფროსებს.

„მაშ ასე, შენ ალბათ ერთხელ მაინც დაგიგდია რაღაც ნივთი, მაგალითად, შხაპის მიღების შემდეგ სველი პირსახოცი იატაკზე, საწოლზე ან ნებისმიერ უადგილო ადგილას. მე მესმის შენი, რადგან გაწუწული და სველი იყავი, ერთი სული გქონდა ტანსაცმელი ჩაგეცვა და პირსახოცი საერთოდ გადაგავიწყდა. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. მაგრამ მშობლებს მსგავს შემთხვევებზე სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვთ. ისინი გვეჩხუბებიან, გვსაყვედურობენ, რასაც შენ უსამართლობად აღიქვამ და თავადაც ბრაზობ, შემდეგ უფროსები ისევ გვიყვირიან და ზედმეტ გულჩვილობაში, სიზარმაცესა და უმადურობაში გვადანაშაულებენ. მოკლედ, ფიქრობ, რომ შენგან ძალიან ბევრს ითხოვენ. მშობლები კი დარწმუნებული არიან, რომ: „ისე ცხოვრობ, როგორც სასტუმროში და მიგაჩნია, რომ შენს ნაცვლად სხვებმა უნდა მოაწესრიგონ არეული ნივთები და მუდმივად ალაგონ შენი ოთახი. მშობლებსა და შვილებს პრაქტიკულად უამრავ საკითხზე აქვთ უთანხმოება“.

ბავშვებისთვის ლოგიკასაა მოკლებული ის აზრი, რომ, როდესაც მშობლები პატარები იყვნენ მათი გატაცებები და ინტერესები უფრო სამართლიანი იყო, ვიდრე თანამედროვე მოზარდების. ბრიტანელი ავტორი ფიქრობს, რომ ამ ორ თაობას ძალიან უჭირს ერთმანეთის გაგება და ეს თავის ტვინის განსხვავებული ასაკობრივი თავისებურებების ბრალია.

საქმე ის გახლავთ, რომ თავის ტვინი ითვისებს და იმახსოვრებს პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობის ინფორმაციას. ყოველი ახალი ფაქტი ან მოგონება, ინფორმაციის თუნდაც მცირე ფრაგმენტი, რომელსაც თავის ტვინი ითვისებს, ნეირონების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ნეირონების რაოდენობა ძალიან დიდია, მათი საშუალებით თავის ტვინი მილიარდობით ფუნქციას, მოქმედებასა თუ პროცესს ასრულებს. ის უძლიერესი და ურთულესი ინსტრუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ თავის ტვინში კიდევ სხვა ტიპის უჯრედებიც არსებობს, თავის ტვინის უჯრედებზე საუბრისას მაინც ნეირონები იგულისხმება. ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან და გადასცემენ ინფორმაციულ სიგნალებს სხვადასხვა მიმართულებით. იმისათვის, რომ ყველაფერმა გამართულად იმუშაოს, ნეირონებს მუდმივად ემატება განშტოებები, რომლებიც სხვა ნეირონებს უკავშირდებიან. ძვირფასო მკითხველო, სინამდვილეში თავის ტვინი გაცილებით რთული მექანიზმია, ვიდრე აქ აღვწერე, თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ, თავის ტვინში მორიგი ახალი ნეირონული ბმები წარმოიქმნება. ბავშვის ცხოვრების პირველ რამდენიმე წელიწადში, განსაკუთრებით ორ წლამდე, პატარის „ცარიელი“ თავის ტვინი გასაოცარი სისწრაფით ისრუტავს ყველაფერს, რის ათვისებაც შესაძლებელია, რითაც აბამს დიდი რაოდენობით ნეირონულ კავშირს. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ წამში მილიონი ახალი კავშირი წარმოიქმნება. ჰოდა, შემდგომი ასაკის მატებასთან ერთად იწყება პრობლემები, რადგან ირკვევა, რომ „მეხსიერება თითქმის შევსებულია“.

წარმოიდგინე, რომ უკანასკნელი მოდელის სმარტფონი გაჩუქეს – გთავაზობთ Dean Burnett. შენ იწყებ სხვადასხვა თამაშის, პროგრამის, ფაილის ჩამოტვირთვას, რადგან ეს ახალი გაჯეტის საშუალებით ადვილად შესაძლებელია. თანდათანობით სმარტფონის მუშაობის სიჩქარე და ხარისხი კლებულობს, მეხსიერება ივსება და მოწყობილობის მოხმარება რთულდება. აუცილებელია სმარტფონის მეხსიერების გასუფთავება. პრაქტიკულად ასევე იქცევა მოზარდის თავის ტვინი, მას აქვს შინაგანი გაწმენდის სისტემა, მაგრამ ის ასუფთავებს თავის ტვინს ბავშვობის დროინდელ მოგონებებს. უნდა ითქვას, რომ „წმენდის“ შედეგად, მოზარდის თავის ტვინში გაცილებით ცოტა ნეირონული ბმა რჩება, ვიდრე ხუთი წლის ბავშვის თავის ტვინში. ეს კარგია, რადგან შენი თავის ტვინი უფრო სწრაფად და ხარისხიანად იმუშავებს. ანუ ყველაფერი იცვლება ფიქრები, გრძნობები და სამყაროს აღქმა. თავის ტვინი განახლების პროცესშია, მისი განსხვავებული უბნები სხვადასხვა დროს „აღწევს ზრდასრულობას“.

თავის ტვინის შესახებ ამდენი საუბარი იმისთვის დამჭირდა – განმარტავს ბრიტანელი ნეირომეცნიერი – რომ ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულებს ავუხსნა ერთი მარტივი ჭეშმარიტება: პატარების თავის ტვინი იცვლება უჯრედის დონეზე, ხოლო ამ დროს უფროსის თავის ტვინმა უკვე დაასრულა მსგავსი ცვლილებები. სწორედ ეს ყველაფერი მიაქანებს მათ მუდმივი გაუგებრობებისა და კონფლიქტებისკენ. ხომ გახსოვთ საუბრის დასაწყისში სველი პირსახოცის ამბავი? შვილების აზრით, მშობლები ძალიან მწვავედ რეაგირებენ წვრილმანებზე. თუ მართლაც წვრილმანია დაძაბულობის გამომწვევი, მაშ რატომ არ გინდა შეასრულო ის მარტივი, წვრილმანი მოთხოვნები? განა ეს ასე რთულია? ვიცი, თქვენ ფიქრობთ, რომ რთულია. ესეც თავის ტვინის ემოციურ განვითარებას „ბრალდება“, რადგან მოზარდობის ასაკში ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული ემოციების შეკავების უნარი, თავად ემოციების სიმძაფრე კი ამ დროს პიკს აღწევს. კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება: თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც სიამოვნების მიღებასა და დაჯილდოებაზეა პასუხისმგებელი, უპირატესობას ანიჭებენ ამ წუთიერი სიამოვნების მიღებას და არა იმას, რამაც შორეულ მომავალში შეიძლება ასიამოვნოს მოზარდს. აი, ამის გამოა ამდენი გაუგებრობა მშობლებსა და შვილებს შორის. მოზარდი გვიანობამდე ერთობა მეგობრებში იმიტომ, რომ იმჟამად იქ უხარია ყოფნა, ერთობა, მხიარულობს. უფროსები ხმაურს ტეხენ: „სამეცადინო გაქვს, ხვალ ცუდ შეფასებას დაიმსახურებ, ზაფხულში გამოცდებს ვერ ჩააბარებ“.

მაქსიმუმ რაც მშობლებს შეუძლიათ, ეს არის გაგება და მიღება შვილის ქცევების, მაგრამ მსგავს საკითხზე მათი ემოციური რეაქცია სრულიად განსხვავებულია. ანუ უფროსებს ესმით, რომ შენ ბრაზობ და გწყინს, როდესაც სველი პირსახოცის აბაზანაში შეტანას გთხოვენ, მაგრამ რატომ გაბრაზდი, ვერ იგებენ. თქვენ სრულიად განსხვავებული ემოციური აღქმები გაქვთ.

ვფიქრობ, რომ ცხოვრება უსამართლოდ ექცევა მოზარდებს, რადგან მათ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, საკუთარი ემოციების საკონტროლებლად. უფროსებს ეს ყველაფერი უფრო უადვილდებათ. თინეიჯერებს კი აინტერესებთ: რადგან ისინი უფრო ხშირად კამათობენ და ბრაზობენ უფრო მეტად ტყუიან? მშობლები მშვიდად და თანაგრძნობით პასუხობენ: „შენ უბრალოდ ძალიან ემოციური ხარ“. სამწუხაროდ, მშობლები/უფროსები ხშირად აქილიკებენ მოზარდების გადაჭარბებულ ემოციურობას. პირდაპირ გეტყვით – აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას Dean Burnett – მსგავსი დამოკიდებულება უსამართლო და მავნებლურია. სინამდვილეში თინეიჯერები უნდა აქონ უფროსებმა, იმის გამო, რომ მათი თავის ტვინის სპეციფიკის მიუხედავად, მოზარდები მცირედით მაინც ახერხებენ საკუთარი ემოციების კონტროლს.

  • მოზარდებო, არასდროს არ უნდა შეგრცხვეთ საკუთარი ემოციების გამოხატვის, რადგან ეს აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით შენს ასაკში, როდესაც თავის ტვინი ცდილობს, ისწავლოს ემოციების კონტროლი. უფროსებო! როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ადამიანს ასწავლოთ, მაგალითად, მათემატიკა მუდმივი ყვირილისა და ჩხუბის პირობებში?
  • მოზარდებო, თუ გრძნობთ, რომ თქვენ ემოციები წალეკვით გემუქრებიან, აუცილებლად გამოხატეთ ისინი. აიღეთ ბალიში და ჩაჰყვირეთ მას ყველაფერი, რაც გაწუხებთ; გადი გარეთ და გაირბინე რაღაც მანძილი; კომპიუტერულ თამაშში „დახოცე ყველა ბოროტი უცხოპლანეტელი“. ანუ აირჩიე ემოციის გამოხატვის ნებისმიერი შენთვის მისაღები და, რაც მთავარია, უსაფრთხო მეთოდი. უფროსებო! ემოციების გადაჭარბებული მოზღვავება თინეიჯერებში ნორმაა და არა პათოლოგია. გრძნობების გამოხატვა და მშობლებთან ჩხუბი – ბუნებრივი მოვლენაა!“.

დასასრულ, მოდით, რამდენიმე რჩევას მოგცემთ. ვფიქრობ, ისინი მშობლებთან საერთო ენის გამონახვაში დაგეხმარებათ:

  • „თავი აარიდე მშობლებთან ჩხუბს მაშინ, როდესაც შენი ემოციები პიკს აღწევს. ეცადე, არ უპასუხო არანაირ ბრალდებას, ვიდრე არ დამშვიდდები. მე არ გთავაზობ საერთოდ არაფერი თქვა, უბრალოდ მცირე ხანს შეიცადე. თუნდაც რამდენიმე წამით შეიკავე თავი და ნახავ, რომ სიტუაცია უკიდურესობამდე აღარ დაიძაბება;
  • თუ შეეცდებით სიტუაციაში გარკვევას, ორივე მხარე მოგებული დარჩება. გაურკვევლობა შფოთვასა და სტრესის დონეს ზევით სწევს. შეეცადე, შენი მოსაზრება მშობლებს მაშინ გააცნო, როდესაც კარგ ხასიათზე იქნები ან, როგორც მინიმუმ, აღარ ინერვიულებ;
  • სცადე უფროსებთან შეთანხმების მიღწევა. მაგალითად, შენ დამოუკიდებლად დაალაგებ საკუთარ ოთახს, თუ მშობლები აღარ იჩხუბებენ, როდესაც მეგობრებთან ხანგრძლივი დროის გატარებას მოიწადინებ;
  • იქნებ საკუთარი ინიციატივით დაეხმარო ოჯახის წევრებს სახლის საქმეების მოგვარებაში და არა მაშინ, როდესაც ისინი გთხოვენ. ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით იცვლება შენი და მშობლების ურთიერთობები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი კინკლაობა მტრობაში გადაიზარდოს. თუ მოახერხებ და საკუთარი ინიციატივით შეასრულებ გარკვეულ საქმეებს, უფროსებთან ურთიერთობები ნელ-ნელა დაგილაგდებათ.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი