ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

მშობლობა ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობაა

ფრაგმენტები წიგნიდან „ბავშვები – ჩვენი საიდუმლო მე-ს სარკე“

 „ეს წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ მშობლებისთვის, არმედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარ თავში გარკვევა და ცხოვრების შესახებ განსხვავებული შეხედულებების გაცნობა. ყველა ასეთ ადამიანს ეს ნაშრომი აუცილებლად დაეხმარება“, – ასე იწყება ამერიკაში მოღვაწე ინდური წარმოშობის კლინიკური ფსიქოლოგისა და აღმოსავლური ფილოსოფიის სპეციალისტის შეფალი ცაბარის წიგნი, რომელიც „გაცნობიერებულ მშობლობას“ ეხება და პირობითად ასეთი სათაური აქვს: „ბავშვები – ჩვენი საიდუმლო მე-ს სარკე“.

ავტორი აფრთხილებს მკითხველს: „ნუ იჩქარებთ და ნუ უსაყვედურებთ მშობლებს, რომ ცხოვრება აგირიეს. ნურავის განიკითხავთ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერასდროს გაიგებთ, როგორ მოიქცეოდით თავად მათ ადგილას. მთავარია, წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლდეთ და თავისუფლად გააგრძელოთ ცხოვრება“.

ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად წარმოიშობა ისეთი სიტუაციები, როდესაც მშობლებს ძალიან უჭირთ თავის შეკავება და პირდაპირი მნიშვნელობით ჭკუიდან გადადიან. ისე გამოდის, რომ ჩვენი შვილები გამუდმებით ბეწვის ხიდზე დადიან. საკმარისია მშობლების ერთი წინდაუხედავი, მოუქნელი რეაქცია და ბავშვი იფიქრებს, რომ ის გარიყეს, უგულებელყვეს, რის გამოც თავს უბედურად იგრძნობს. ზუსტად ასევე, ერთმა სწორად შერჩეულმა სიტყვამაც კი შეიძლება პატარას ბედნიერება აგრძნობინოს და ფრთები შეასხას. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, უფროსები ირჩევენ, შეაქონ თუ დასაჯონ შვილები, უფლება მისცენ პატარებს, ლაღები და თავისუფლები გაიზარდონ თუ საკუთარ თავში ჩაკეტვისკენ უბიძგონ, პიროვნულ ზრდაში დაეხმარონ თუ ერთ ადგილას გაყინონ და განვითარებაში ხელი შეუშალონ.

წარმატება, სწორი, მართებული ქცევა, გარემომცველი სოციუმის აზრი – ეს ყველაფერი მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შვილებისთვის პრაქტიკულად უმნიშვნელოა. ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, ისინი არ შფოთავენ შესაძლო შედეგებზე, არ ითვალისწინებენ სავარაუდო რისკებს, ამიტომ მათთვის ცხოვრება უბრალოდ სიხარულის და ბედნიერების მომტანია. უფროსები ისე ექცევიან პატარებს, როგორც საკუთარ მინი-ასლებს. მათ ავიწყდებათ, რომ ბავშვებს განსხვავებული ემოციური სპექტრი და განცდები აქვთ, რომ მათი იმედები, ოცნებები, სურვილები, შეხედულებები სრულიადაც არ ემთხვევა ზრდასრული ადამიანების განცდებსა და შეხედულებებს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ გვერდით არიან არა მინი-ასლები, არამედ ახალი პიროვნებები, რომლებიც უფროსების საკუთარებას არ წარმოადგენენ, ამიტომ არ უნდა ეცადონ შვილების ინდივიდუალობის ჩახშობას. მშობლებს მიაჩნიათ, რომ აღზრდის დროს შვილების საუკეთესო ინტერესებს ითვალისწინებენ, მაგრამ არასდროს ცდილობენ, შვილების თვალით შეხედონ ცხოვრებას, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შფოთვისა და გარკვეული ფსიქოლოგიური სირთულეების მაპროვოცირებელი გახდეს.

ნებისმიერ მშობელს აქვს საკუთარი ღირებულებათა სისტემა, შეხედულებები და წარმოდგენა ნორმალური, საზოგადოებრივად მიღებული ქცევების შესახებ. თუ, მაგალითად, მშობელი საკუთარ საქმიანობაში წარმატებულია, მას მიაჩნია, რომ მისი შვილიც მის კვალს უნდა გაჰყვეს. მაგრამ პირიქითაც ხდება: მშობლებს, რომლებსაც სკოლაში ცუდი ნიშნები ჰქონდათ, ეშინიათ, რომ ბავშვსაც ცუდი ნიშნები ექნება და აიძულებენ შვილებს, წიგნებს თავი დააკლან. შთამომავლებისთვის საუკეთესოს სურვილი ხშირად ავიწყებს უფროსებს, ჰკითხონ შვილებს, რა სურთ და შეეცადონ, აღიარონ მათი გადაწყვეტილების მართებულობა, რათა შემდგომი ზრდასრული ცხოვრება საკუთარ თავთან ჰარმონიაში გაატარონ.

ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ სამყაროში, სადაც პასუხი მეტია, ვიდრე შეკითხვა. ნებისმიერ მოზარდს საკუთარი მისია, გნებავთ, კარმა აქვს. ბავშვები და მოზარდები ინტუიციურად გრძნობენ, რა ტიპის საქმიანობაა მათთვის უკეთესი, მშობლებმა კი ხელი უნდა შეუწყონ შვილებს, რათა მათ წარმატებით შეძლონ თავიანთი მისიის რეალიზება.

საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა: მშობლების გარკვეულ ნაწილს უჭირს შვილებთან საერთო ენის გამონახვა. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან უფროსები საკუთარ თავს არ უსმენენ და არ იცნობენ. ჰოდა, როდესაც მშობელი მუდმივად დისჰარმონიაშია საკუთარ პიროვნებასთან, შვილიც ვერ ახერხებს, საყრდენი მის შიგნით მოძებნოს. მოზარდი გაუცხოებული, დათრგუნული და გარიყულია. სამყაროსთან ჰარმონიულ კონტაქტში ყოფნა მთავარი გასაღებია გაცნობიერებული მშობლობისთვის.

მნიშვნელოვანია, უფროსებს ახსოვდეთ, რომ სხვა პიროვნებასთან (თუნდაც ის საკუთარი შვილი ან მშობელი იყოს) ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მხოლოდ მაშინ მყარდება, როცა ადამიანი ენდობა და კარგად იცნობს საკუთარ პიროვნებას. რაც უფრო მეტად მიუგდებთ ყურს საკუთარი ეგოს ხმას, მით უფრო თავისუფალი და სიყვარულით სავსე ურთიერთობები იქნება თქვენს ოჯახში. გაცნობიერებული ურთიერთობებისკენ გზა ეგოცენტრიზმის დაძლევაზე გადის.

ბავშვები ალალი, კეთილგანწყობილი, გულღია ადამიანები არიან, რომელთა აღქმები გარკვეულ დრომდე თავისუფალია ყოველგვარი სტერეოტიპისგან, ამიტომ ისინი საუკეთესო პარტნიორები არიან, რადგან მათთან ურთიერთობა უფროსებისთვის არის შანსი, იყვნენ თვითმყოფადები. სამწუხაროდ, ზრდასრულები ზოგჯერ უგულებელყოფენ ესოდენ მნიშვნელოვან შანსს და პატარებთან კონტროლის პოზიციიდან ურთიერთობენ. შვილებზე პასუხისმგებლობის გრძნობის გამო მშობლები ძალაუნებურად დგებიან მაკონტროლებლის როლში. თუ უფროსები მოახერხებენ, თავი დააღწიონ აღზრდის შესახებ პრიმიტიულ, ტრადიციულ წარმოდგენებს, ისინი დაინახავენ უზარმაზარ პოტენციალს, რაც შვილებთან ურთიერთობას მათთვის სასიამოვნო სიურპრიზებით აავსებს.

„გაცნობიერებული მშობლობა“, რის შესახებაც შეფალი ცაბარი უყვება მკითხველს, სულაც არ გულისხმობს რაღაც ღვთიურ, ზეგარდმო ბოძებულ ნიჭს. ის პიროვნების განვითარების პროცესში ვითარდება. ცხოვრებისადმი გაცნობიერებული მიდგომა გულისხმობს საკუთარ ქცევებში გაუცნობიერებელი მომენტების შემჩნევას, რაც შემდგომ გაცნობიერებულ ქმედებებში გადავა.

აქვე მინდა, მშობლებს ავუხსნა, – განაგრძობს ფსიქოლოგი, – რომ როდესაც გაცნობიერებულ მშობლობაზე ვსაუბრობ და ამ გზაზე ბავშვები მიმაჩნია მშობლების მეგზურებად, არ ვგულისხმობ მათ დომინირებას უფროსებზე. ბავშვებს პატივისცემით და გულწრფელობით უნდა მოეპყრონ უფროსები, მოუსმინონ, მხარი დაუჭირონ. მაგრამ ისეთი რამ, როგორიც არის დისციპლინა, არ უნდა უგულებელყონ. უფროსები მხოლოდ ძიძები კი არ არიან, არამედ აღმზრდელები, წესების დამამკვიდრებლები.

მნიშვნელოვანია, ზრდასრულებმა ასწავლონ პატარებს ემოციების გამოხატვა, კულტურის ელემენტები და სხვა სოციალურად მისაღები ნორმები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გაცნობიერებული მშობლობა“ აღზრდის ყველა ასპექტს მოიცავს, იმისთვის, რომ ბავშვი ისეთ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს, რომელთანაც მშობელი ჭკუის დამრიგებლის პოზიციიდან არ ისაუბრებს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება პარტნიორული, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების უგულებელყოფა. როდესაც მშობლები მუდმივად მორალისტის პოზიციიდან არ ურთიერთობენ შვილებთან, ბავშვებს გაცილებით დიდი შანსი აქვთ, ემოციურად ჩამოყალიბებულ პიროვებებად გაიზარდონ.

როდესაც უფროსები მშობლობას აღიქვამენ როგორც სულიერი ზრდის შესაძლებლობას, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ის აურაცხელი სიმდიდრე, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობებშია დავანებული. თუ უფროსები მიხვდებიან, რომ მათი ვაჟი ან გოგონა მათივე განვითარებისთვის საუკეთესო ადამიანები არიან, მაშინ მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღონ ერთმანეთთან ურთიერთობისგან. მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი ძირითადი მოვალეობაა, შვილები კარგად აღზარდონ. სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს ისიც კი არ შეუძლია, განსაზღვროს, პირველ რიგში რა არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. ჩემი აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია, აღზრდის პროცესი პროდუქტიული გახდეს. ანუ მშობლები მუდმივად უნდა აკვირდებოდნენ, როგორ ეწყობა შვილებთან ურთიერთობა. საკუთარი და მათი ქცევის ანალიზისას უფროსები მუდმივად განვითარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, რათა შვილებმა იცოდნენ, რომ მათ გვერდით საინტერესო, გულღია ადამიანები არიან. პატარებს ყველაზე მეტად გულწრფელობა სჭირდებათ. მშობლების შეხედულებები, შეფასებები და კონტროლი მეორეხარისხოვანია ბავშვების აღზრდის პროცესში. უმთავრესია ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომლის გარეშეც გულწრფელობა უბრალოდ შეუძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი