ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვხარჯავთ წყალს?

„წყალი – ეს არის მთლიანი ბუნების მამოძრავებელი ძალა“.

ლეონარდო და ვინჩი

ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობის არსებობა მტკნარ წყალზეა დამოკიდებული. წყლის გაფრთხილება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. ამის გააზრებისთვის სასურველია მოსწავლეებთან გარკვეული აქტივობების ჩატარება.

წყლის მოძიება ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მიჩვეული ვართ, რომ ონკანიდან წყალი ყოველთვის მოდის. საინტერესოა, რამდენჯერ დავფიქრებულვართ ან დაგვიფიქრებია მოსწავლეები წყლის დაზოგვაზე? რამდენად მიზნობრივად ვხარჯავთ წყალს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღებას მივუძღვენი ბუნებისმეტყველების გაკვეთილი.

ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეებს დაენახათ, რამდენად მიზნობრივად იყენებენ ისინი წყალს. ამისთვის მინი კვლევა ჩავატარეთ, რომლიე ფარგლებშიც მოსწავლეებმა წყლის დღიური დანახარჯი გამოიკვლიეს.

დავხატე წყლის წვეთი, რომლის გარშემოც ჩამოვწერე მოსწავლეების პასუხები შემდეგ კითხვაზე: რისთვის გვჭირდება წყალი?

ამის შემდეგ მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია წყლის მნიშვნელობის შესახებ (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახელმძღვანელოში მოცემული, ისე თქვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია).

წყლის სამივე აგრეგატული მდგომარეობის უკეთ გააზრებისთვის მოსწავლეებმა ჩაატარეს შემდეგი ცდა:

  • საჭირო მასალა: ჭიქა, წყალი, სითხის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი, ყინული.

მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ გამზადებული ცხრილი, რომელსაც ცდის მიხედვით შეავსებდნენ:

  1. მოსწავლეებს თავდაპირველად უნდა გაეზომათ ჭიქაში ჩასხმული წყლის ტემპერატურა;
  2. შემდეგ ჩაეყარათ ჭიქაში ყინული. გაეზომათ როგორც ზედა ფენის, ისე ჭიქის ფსკერზე არსებული წყლის ტემპერატურა.
  3. მონაცემები შეეტანათ ცხრილში, შეედარებინათ ერთმანეთისთვის და გამოეტანათ დასკვნა.

იმის დასადგენად, რამდენ წყალს ხარჯავენ დღიურად, შევთავაზე, ჩაეტარებინათ კვლევა:

  1. მოსწავლეებს უნდა ჩამოეწერათ, დღის რომელ მონაკვეთში სარგებლობენ წყლით. ჩამონათვალი შეედარებინათ მეწყვილის მონაცემებისთვის.
  2. მონაცემების მიხედვით დაახლოებით დაეანგარიშებინათ, რამდენ წყალს ხარჯავდნენ. შეედარებინათ მეწყვილესთან, გამოეთვალათ სხვაობა.
  3. დაჯამებული რაოდენობა გადაეტანათ დიდი ფორმატის ფურცელზე. დაეხატათ წყლის კონტეინერი და გაეკეთებინათ დახარჯული წყლის რაოდენობის შესაბამისი ნიშნული.

ამგვარად, გაირკვეოდა, ვინ მეტ წყალს ხარჯავდა და ვინ – ნაკლებს.

მოსწავლეებს ვთხოვე, შეესრულებინათ შემდეგი დავალება: გამოეთვალათ, რამდენ წყალს ხარჯავდნენ ოჯახის სხვა წევრები დღისა თუ წლის განმავლობაში. შემდეგ გამოეთვალათ, სახარჯოდ 10 ლიტრ წყალს როგორ გაანაწილებდნენ. ჩამოეწერათ, რამდენ ლიტრ წყალს გამოიყენებდნენ სხვადასხვა მიზნისთვის. შეედარებინათ მონაცემები თანაკლასელების მონაცემებისთვის.

ამ აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს ერთმანეთისთვის უნდა მიეცათ რჩევები წყლის გონივრულად მოხმარების შესახებ.

ვფიქრობ, ჩატარებული კვლევისა და დავალების შესრულების შედეგად მოსწავლეები წყლის პირდაპირ მოხმარებას გაეცნობიან და გაიაზრებენ, რომ რაც უფრო დავზოგავთ და მიზნობრივად გამოვიყენებთ დედამიწაზე უხვად არსებულ წყალს, მით მეტი დარჩება ის მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს.

წერილს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სიტყვებით დავასრულებ: „არ შეიძლება იმის თქმა, რომ წყალი აუცილებელია სიცოცხლისთვის, რადგან თვითონ წყალია სიცოცხლე“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“