სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

საზღვარგარეთ მიღებული განათლება VS სამამულო განათლება

რა უპირატესობა ენიჭება საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას სამამულოსთან შედარებით?

საზღვარგარეთ მიღებული განათლების ხარისხის შეფასებისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ შემდეგი ასპექტები: 1. მიღებული განათლების პრაქტიკული ღირებულება; 2. დამატებითი უპირატესობა კარიერული წინსვლის საქმეში და მე-3: განათლების ღირებულება. პირველ ორ პუნქტში საზღვარგარეთ მიღებული განათლება, უდავოდ უსწრებს სამამულო განათლებას. საზღვარგარეთ განათლების პროგრამები უმრავლეს შემთხვევებში ითვალისწინებს სტაჟირებასაც, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი უფრო სრულფასოვნად შეიმეცნებს იმას, რასაც აუდიტორიებსა თუ ლაბორატორიებში თეორიულად ითვისებდა. ამ ფონზე, რასაკვირველია, საზღვარგარეთ განათლებამიღებული სტუდენტისთვის სამსახურის დაწყების პერსპექტივა გაცილებით მაღალია და შესაბამისად, მისი ანაზღაურებაც გაცილებით მაღალი იქნება, ჩვენს ქვეყანაში არსებული სასწავლებლის ამა თუ იმ ფაკულტეტის დამამთავრებელ სტუდენტთან მიმართებაში. რაც შეეხება მესამე პუნქტს, საზღვარგარეთ განათლების მიღების ღირებულება გაცილებით აღემატება ჩვენი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში არსებულ ტარიფებს. თუმცა, თუ წარმოვიდგენთ იმგვარ შემთხვევებს, როდესაც საგარეჯოდან თუ ზუგდიდიდან დედაქალაქში ჩამოსული აბიტურიენტი აპირებს განათლების მიღებას, მის წინაშე უამრავი ხარჯის გათვალისწინებაა აუცილებელი. მათ შორისაა გადაადგილების, საცხოვრებელი ხარჯის, თავად განათლების ღირებულების დაფარვა და ა.შ.

ნათია მსხილაძე, 153-ე საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე: რა თქმა უნდა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. იმის საშუალება ჩემს ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს, ევროპის რომელიმე ქვეყანაში სასწავლებლად გამიშვას. მთელ ჩემს ენერგიას მოვახმარ, რომ რომელიმე ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩავაბარო და სახელმწიფოს დაფინანსების ხარჯზე მივიღო განათლება. ევროპაში სწავლების გაცილებით მაღალი დონე რომ არის, მაგაზე სადავო არაფერია, მაგრამ იქ განათლების მისაღებად, ფულით სავსე დიდი ტომრები უნდა გქონდეს.

გიორგი ბექიშვილი, „ილიას უნივერსიტეტის” მე-3 კურსის სტუდენტი: დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც და ოთხი-ხუთი წლის შემდეგ უცხოური დიპლომი თუ არ გექნა, სამსახურის დაწყება ძალიან ძნელი იქნება. ტყუილად კი არ ედავებიან წულუკიანსა და ღარიბაშვილს – დიპლომები გვაჩვენონ, „სივი”-ში რომ უწერიათო. თვითონ ყოფილ პრეზიდენტსაც უცხოეთში აქვს განათლება მიღებული და თუ საჭირო არ იყო, რატომ არ იკმარა ქართული განათლება?!

ზეზვა გიგოიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსი: მაგისტრატურაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ვნახოთ, მომავალი რას მიჩვენებს. ისე, მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ბანკიდანაც რომ მომიწიოს სესხის აღება, აუცილებლად წავალ ევროპის რომელიმე ქვეყანაში სწავლის გასაგრძელებლად. ჩემი ოცნება საბერძნეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღებაა. კლასიკური ფილოლოგია მიყვარს ძალიან და ამთავითვე ვეძებ ინტერნეტის საშუალებით რომელიმე შედარებით იაფფასიან სასწავლებელს. უფასოს რომ ვერ ვიპოვი, მშვენივრად ვიცი, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

ქეთი ტაბუცაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მე-3 კურსი: მე თუ მკითხავთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, განათლებას სად მიიღებ – საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. სწავლა თუ სინამდვილეში გინდა, მისი მიღება აქაც მშვენივრად შეიძლება. მეტი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, მეტი დრო გაატარო წიგნებთან და ჩემს ქვეყანაში მიღებული განათლება ნეტავ ვიცოდე, რითი ჩამოუვარდება, ვთქვათ ოქსფორდისა თუ კემბრიჯის უნივერსიტეტებს?!

ლელა კაპანაძე, „ილიას უნივერსიტეტი”, ფილოსოფიის ფაკულტეტი, მე-2 კურსი: ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, სად გავაგრძელებ სწავლას. მშვენივრად მესმის, რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ბევრ ფინანსებს უკავშირდება, მაგრამ იმ კაპიტალდაბანდებას, რომელსაც საკუთარ განათლებაში ჩადებ, წლების შემდეგ ორი და სამი იმდენი ფასი დაედება. არ ვიცი, მე უფრო დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლები მგონია ყველაზე პრესტიჟული და ორი წლის მერე ვიფიქრებ, როდესაც აქ დავასრულებ სწავლას.

რომელი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს ირჩევენ ყველაზე ხშირად ქართველი სტუდენტები უმაღლესი განათლების მისაღებად უმრავლეს შემთხვევებში ქართველი სტუდენტები თუ აბიტურიენტები უმაღლესი განათლების მისაღებად შემდეგ ქვეყნებს ირჩევენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია,ავსტრია და ა.შ. სტუდენტების ნაწილი პირდაპირ უნივერსიტეტებში აბარებენ, ხოლო ნაწილი კი მოსამზადებელ კურსებს ირჩევს. ამა თუ იმ პროგრამის შერჩევა თავად სტუდენტის თუ აბიტურიენტის აკადემიურ მომზადებასა თუ ენის ცოდნის დონეზეა დამოკიდებული. 

გია ნაცვლიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსი: აუცილებლად მინდა სწავლა გავაგრძელო გერმანიის რომელიმე უნივერსიტეტში. თვითონ ენა შესანიშნავად ვიცი და მოძებნილიც მაქვს, ქალაქ ზინდელფინგენში არც ისე ძვირადღირებული უნივერსიტეტი. წელიწადი დაახლოებით, 2 ათასი ევროდან ჯდება, მაგრამ ურიის ვალის აღებამაც რომ მომიწიოს, ვისესხებ ფულს და გერმანიაში გავემგზავრები.

ნათია ბერუაშვილი, 153-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე: ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, რომელ ქვეყანაში გავაგრძობ განათლებას, თუმცა, საქართველოდან რომ წავალ, მაგაზე ორი აზრი არ მაქვს. მე მგონია, რომ საზღვარგარეთ გაცილებით ხარისხიანი განათლების მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენთან, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, მოუწესრიგებელი ვითარებაა. ამა თუ იმ სასწავლებელში რომ ჩააბარებ, ოღონდ საფასურის თავის დროზე შეტანა არ დაგაგვიანდეს და თუ გინდა, საერთოდ ნუ ივლი ლექციებზე. შენს განათლებაზე არავინ ზრუნავს. საიდან ვიცი? საიდან და ჩემი უფროსი ძმა სწავლობს თბილისის უნივერსიტეტში და მაგის ხელში არ დამინახავს არც წიგნი და არც კონსპექტი. არადა, კურსიდან კურსზე კი გადადის უპრობლემოდ.

დაახლოებით რა რაოდენობის სტუდენტი ბრუნდება სამშობლოში სამუშაოდ? სტატისტიკის თანახმად, ქართველი სტუდენტების 40% უცხოეთში დარჩენას სამშობლოში დაბრუნებას ამჯობინებს. აქ მას მშობლები, ახლობლები, მეგობრები ელოდებიან. გარდა ამისა, საზღვარგარეთ განათლებამიღებული ქართველი სტუდენტისთვის გაცილებით იოლია მაღალანაზღაურებადი სამსახურის თბილისში მოძებნა, ვიდრე ლონდონსა ან ციურიხში.

გიგლა ხაჩიძე, ილიას უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი: ერთი ამ ქვეყნიდან გამაღწევინა, ევროპული უნივერსიტეტის (მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანას) რომელიმე ფაკულტეტზე შემაყოფინა ცხვირი, ტყავს გავიძრობ, დღესა და ღამეს გავასწორებ, იმდენს ვიმეცადინებ და მერე აქ ჩემდა ჩამომსვლელს რა ვუთხარი! სამსახურსაც დავიწყებ და ცხოვრებასაც მშვენივრად მოვიწყობ! ამ ქვეყანაში მამაჩემსა და დედაჩემს რომ ვუყურებ, ორ-ორი დიპლომი აქვთ და რად გინდა – მამა ტაქსის მძღოლია და დედა კიდევ ვიღაც მდიდარ ტიპებს სახლებს ულაგებს!
ნათია ვერძეული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-2 კურსი: სტუდენტებს თავი რომ დავამებოთ, ჩვენი ქვეყნიდან, როგორც ვიცი, მილიონ ადამიანზე მეტია გასული საზღვარგარეთ სამუშაოდ. ბუნებრივია, თუ შევძელი და საზღვარგარეთ სწავლის ფული მოვაგროვე და რომელიმე ევროპული ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში მივიღე განათლება, ერთ 5-6 წელი აქეთ გამომხედავი არ ვარ. სამსახურს დავიწყებ და მშობლებს აქეთ გამოვუგზავნი ფულს.

ფასდება თუ არა ჩვენს ქვეყანაში საზღვარგარეთ მიღებული განათლება? ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად ყველა კომპანიაში, კორპორაციასა თუ საჯარო სამსახურში საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, ანაზღაურების თვალსაზრისით, განსხვავება აქ საკმაოდ თვალშისაცემია. როდესაც საჯარო სამსახურში, იქნება ეს ნებისმიერი სამინისტრო თუ საჯარო დაწესებულება, სადაც მოცემულ პოზიციაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურება არსებობს და ამ პოზიციაზე სამსახურის დაწყების შემთხვევაში დამსაქმებელი განსაზღვრილ თანხაზე უფრო მეტს ვერ შესთავაზებს ვერც უცხოეთში განათლებამიღებულ კანდიდატს და ვერც ქართულ უმაღლესდამთავრებულ მუშაკს, კერძო კომპანიებსა თუ კორპორაციებს საშუალება აქვთ ორჯერ და სამჯერ მეტი ანაზღაურება შესთავაზონ უცხოეთში განათლებამიღებულ კანდიდატებს.

გიორგი საჯაია, ილიას უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი: საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა თუ გინდა, აუცილებლად უცხოეთში უნდ გქონდეს განათლება მიღებული. როდესაც დამქირავებელს უცხოურ სერტიფიკატებს, ან დიპლომს აუფრიალებ ცხვირწინ, მაშინვე შემოგთავაზებენ შენთვის სასურველ ხელფასს. თუმცა, ერთი რამ არ მესმის: როდესაც შენსავე ქვეყანაშია შესაძლებელი კვალიფიციური განათლების მიღება, რატომ უნდა ითხოვდეს დამქირავებელი მაინცდამაინც უცხო ენაზე შედგენილ დიპლომს?!

დაახლოებით რა ფასებში მერყეობს საზღვარგარეთ განათლების მიღება არცთუ ისე პრესტიჟულ ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთი წლის განმავლობაში 6-7 ათასი დოლარია, ხოლო მაქსიმალური ღირებულება 30 ათასიდან 40 ათას დოლარამდეა. ნათია აბესაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსი: ინტერნეტშიც დავძებნე და ახლობლებსაც შევეხმიანე: ძალიან ბევრი ევროპული უნივერსიტეტი აღმოვაჩინე, სადაც შეღავათიან ფასად შეიძლება განათლების მიღება. რაიმე ისეთ პროგრამაში თუ მოახერხე ჩაჯდომა, რომელიც სწავლას სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაგიფინანსებს, მაგაზე უკეთესი არაფერია, მაგრამ იმდენს მაინც შევძლებ, სასწავლო და სამუშო ვიზა ერთად ავიღო – დღისით ვისწავლი, საღამოს ვიმუშავებ და სწავლის ფულის მოგროვებაც არ უნდა გამიჭირდეს.

რომელი საგანმანათლებლო პროგრამებია ყველაზე პოპულარული ზაფხულის პერიოდში სკოლის მოსწავლეების, აბიტურიენტების თუ სტუდენტების 95% ზაფხულის პერიოდში ენობრივ პროგრამებზე არიან ორიენტირებულნი. ხსენებული პროგრამები ორი კვირიდან 3 თვემდე გრძელდება. ამ პროგრამების ფარგლებში შესაძლებელია სპეციალიზებული კურსების შერჩევა ამა თუ იმ თემატიკის შესაბამისად.

როგორ ხდება სტუდენტისათვის საცხოვრებელი პირობების შერჩევა? ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმაღლეს სასწავლებლებს, როგორც წესი, საკუთარი საერთო საცხოვრებლები აქვთ (მათ იქ „რეზიდენციებს” ეძახიან). სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ აირჩიონ ან “რეზიდენციაში” ცხოვრება,ან რომელიმე მიმღებ ოჯახში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საუკეთესო ვარიანტი მათთვის, ვინც დიდი ხნით მიემგზავრება სასწავლებლად უცხოეთში, უმჯობესია “მიმღებ ოჯახში” დასახლდეს. ამასთანავე, არის შემთხვევები, როდესაც რამოდენიმე ქართველი სტუდენტი ერთობლივად ახერხებს ბინის დაქირავებას. საინტერესოა, როგორია ფასები; მაგალითისთვის, ავიღოთ ქალაქი სიეტლი. აქ ერთოთახიანი ბინის ქირაობა 600-დან 2000 დოლარამდე დაგიჯდებათ. გააჩნია,რომელ უბანში აპირებთ ბინის დაქირავებას, ელიტურსა თუ გარეუბანში. 

საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად უცხო ენის ცოდნის როგორი დონეა საჭირო? შესაძლებელია თუ არა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება უცხო ენის ცოდნის ნულოვანი დონით? იმისათვის, რათა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრო, ამა თუ იმ უცხო ენას იმ დონეზე აუცილებლად უნდა ფლობდე, რომ შესძლო წაკითხული ლექციის სრულფასოვნად აღქმა; უნდა შეგეძლოს სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა და ათვისება. უცხო ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამები არსებობს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი ტოეფელი და იელტს-ია. ამასთანავე, თუ აბიტურიენტი ამა თუ იმ ენას შესაბამის დონეზე ვერ ფლობს, მას შეუძლია გაიაროს 5-6-თვიანი სპეციალური კურსები და მიაღწიოს ენის ფლობის შესაბამის დონეს.

რომელ ქვეყნებშია ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი განათლების მიღება? “პრესტიჟული განათლება” დიდი ხანია ბრიტანულ უმაღლეს განათლებასთანაა ასოცირებული. თუმცა, ევროპისა თუ ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში არსებობს საკმაოდ პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ათეულ ათასობით სტუდენტი იღებს განათლებას. აქაურ ლექტორებს შორის ხშირად შეხვდებით ნობელის პრემიის ლაურეატებსაც, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ეს ბრენდია, რომელსაც ამერიკის, ავსტრალიის, კანადისა თუ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები საგრძნობლად ჩამოუვარდებიან. რომელ ქვეყნებშია უფრო იოლი სტუდენტური ვიზის მიღება დღესდღეობით, ქართველი სტუდენტებისათვის სასწავლო ვიზის მიღება, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში უპრობლემოდ შეიძლება. ამისათვის, აპლიკანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს: 1) მიწვევა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან; 2) აპლიკანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მისი განათლების ხარჯებს აანაზღაურებს; 3) სააპლიკაციო ფორმის უკლებლივ ყველა პუნქტი უნდა იყოს შევსებული სწორად (რადგანაც საელჩოების წარმომადგენლები ამ პუნქტის შევსებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ). იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სავიზო განაცხადი აკმაყოფილებს ამ სამივე პარამეტრს, სასწავლო ვიზის მიღებაში არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

ლაშა დვალიშვილი, ილიას უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი: უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აუცილებლად მინდა უცხოეთში სწავლის გაგრძელება. ჩემი წინა კურსიდან 5 სტუდენტი წავიდა დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად. მათ კარგად ვიცნობ და არც ერთს სტუდენტური ვიზის აღებაზე არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია. ის კი არადა, ორმა გოგონამ მუშაობის უფლებაც კი მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“