კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

პრობლემაზე    ორიენტირებული   სამოდელო გაკვეთილი

 

პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება მოსწავლისაგან მოითხოვს ახალი, არასტანდარტული სტრატეგიების ძიებას.  პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება უმეტესწილად დაკავშირებული უნდა იყოს რეალურ ან რეალურთან მიახლოებულ ვითარებასთან.

დროის ეფექტური მართვა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია.  მისი სწორი განაწილება აწესრიგებს ცხოვრებას, გვეხმარება მიზნების მიღწევაში.  მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი სკოლაშიც კარგად ისწავლონ და სკოლის გარეთაც არ ჩამორჩნენ საინტერესო აქტივობებს, იქონიონ თავისუფალი დრო თამაშისათვის, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის აუცილებელია დავეხმაროთ, მივცეთ რჩევები, როგორ დაგეგმონ დრო სწორად. ჩნდება კითხვა, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს პრობლემის მოგვარებაში?

მინდა გაგიზიაროთ   ჩემი გამოცდილება – როგორ დავგეგმე და ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში, მესამე კლასში, რომელიც ეხებოდა დროის ეფექტურ მართვას.

  გაკვეთილის თემა –  დროის ფასი

გაკვეთილის მიზანი –  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • სიუჟეტური სურათის გამოყენებით  ტექსტის  შინაარსის გადმოცემა;
  • ტექსტში  პრობლემების აღმოჩენა და  მათი გამომწვევი მიზეზების დასახელება;
  • გამოკვეთილი პრობლემების    ცხოვრებასთან დაკავშირება და   გადაჭრის  გზების ძიება;
  • ჯგუფებში პოსტერის „ ჩვენი ერთი დღე“ შექმნა და პრეზენტაცია;

სტანდარტთან შესაბამისობა:

ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.

            შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
  • საკუთარი სიტყვებით, თანამიმდევრულობისა და აზრობრივი შესაბამისობის  დაცვით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;

ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.

             შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის;
  • მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები/ არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ…“, „საინტერესოა იმით, რომ…“ და ა. შ.).

ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა;
  • აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული (მაგ., მსგავსება-განსხვავების) ნიშნით;

ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • წერს ინსტრუქციებს, გასაგებად წარმოადგენს საჭირო ინფორმაციას;

 

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

             მოსწავლეებს შეუძლიათ მოვლენების თანმიმდევრობით დალაგება; არგუმენტირებული მსჯელობა, დასკვნების გამოტანა; აქვთ კოგნიტურ  სქემებზე  მუშაობის გამოცდილება;  შეუძლით ჯგუფებში მუშაობა, პოსტერების შექმნა  და ნაშრომის პრეზენტაცია.

სასწავლო მასალა და რესურსები:

           სახელმძღვანელო, სამუშაო ფურცლები, ფლიპჩარტები, მარკერები, ცარცი, დაფა, სამუშაო რვეულები და კალმები. სიუჟეტური სურათები, კოგნიტური სქემა „შევადაროთ მოთხრობები“.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1.( 2 წთ.) 

              „დღის მესიჯი“

მასწავლებელი კლასში შესვლისას მიესალმება მოსწავლეებს და ტრადიციისამებრ, სთხოვს მორიგეს,  შეავსოს „დღის მესიჯი“. მასწავლებელი დაფაზე   წინასწარ ამზადებს „დღის მესიჯის“ ქარგას, რომელშიც გამოტოვებულია სიტყვები/ფრაზები.  მორიგე  გაკვეთილის დასაწყისში, შეავსებს  ტექსტში გამოტოვებულ ადგილებს: რა რიცხვია დღეს, რა დღეა, რა გაკვეთილი გვაქვს  ახლა, როგორია ჩვენი განწყობა, რამდენი მოსწავლე ესწრება გაკვეთილს.

აქტივობა 2. ( 3  წთ.)

გაკვეთილის მიზნისა და შეფასების  პრინციპების გაცნობა

მასწავლებელი  მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს; თუ რა მეთოდებს და რესურსებს გამოიყენებს მიზნის მისაღწევად;  რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს; აქტივობებს და მოსწავლის შეფასების რუბრიკას, შეფასების ფორმებს.   მასწავლებელი სთხოვს  მოსწავლეებს,  გაიხსენონ  ქცევის წესები.

აქტივობა 3. ( 4 წთ.)

სიუჟეტური  ნახატის  „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“  დახმარებით

                ტექსტის შინაარსის გადმოცემა

მასწავლებელი დაფაზე აკრავს მის მიერ წინასწარ შექმნილ სიუჟეტურ სურათს „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“. სთხოვს  მოსწავლეებს  სიუჟეტური ნახატის დახმარებით გაიხსენონ იგავის „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“  შინაარსი.  მოსწავლეები აღწერენ სურათს და თანმიმდევრულობის დაცვით, საკუთარი სიტყვებით გადმოსცენ  ტექსტის შინაარსს. გზადაგზა მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს კითხვებს, რათა დარწმუნდეს, რამდენად კარგად ახსოვთ ტექსტის შინაარსი.

 

აქტივობა 4. (4  წთ.)

სიუჟეტური ნახატის  „დროის ფასი“

           დახმარებით ტექსტის შინაარსის გადმოცემა

მასწავლებელი დაფაზე აკრავს სიუჟეტურ ნახატს „დროის ფასი“. სთხოვს  მოსწავლეებს,  გაიხსენონ ტექსტის „დროის ფასის“  შინაარსი  სიუჟეტური ნახატის დახმარებით. მოსწავლეები აღწერენ სურათს და თანმიმდევრულობის დაცვით, საკუთარი სიტყვებით გადმოსცენ  ტექსტის შინაარსს.

აქტივობა 5. ( 10 წთ.)

         იგავებს შორის საერთო პრობლემების აღმოჩენა და გააზრება  კოგნიტური სქემის  „შევადაროთ  იგავები“  დახმარებით

პრობლემაზე დაფუძნებული გაკვეთილის ჩატარებისას მნიშვნელოვანია პრობლემის წარმოდგენა ხელსაყრელი გზით:  ვერბალურად ან/და ვიზუალურად. ამის გათვალისწინებით, მასწავლებელი კედელზე აკრავს (ან დაფაზე წერს) წინასწარ დიდფორმატიან ქაღალდზე მომზადებულ კოგნიტურ სქემას    „შევადაროთ იგავები“. მასწავლებელი კლასს  ეუბნება, რომ მოუწევთ  ტექსტებში მოცემული ფაქტების გახსენება და მათზე დაფიქრება; პრობლემების აღმოჩენა, გადაჭრის გზების ძიება. მასწავლებლის დამხმარე კითხვების საშუალებით მოსწავლეები შეეცდებიან იგავებს შორის საერთო  პრობლემების აღმოჩენას.  მოსწავლეთა პასუხებს მასწავლებელი დააფიქსირებს გრაფიკულ სქემაში. მანამდე კი  შეახსენებს  (მთელ კლასს) სქემის შევსების ინსტრუქციას. სამუშაო სქემაზე მოცემულია ხუთი სახის დავალება:

  1. იგავის სათაური;
  2. აღწერეთ დრო და გარემო, სადაც იგავ-არაკში გადმოცემული ამბავი ხდება;
  3. გაისხენეთ პერსონაჟები,რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი?
  4. აღწერე რაში მდგომარეობს პრობლემა? როგორ გადაიჭრა პრობლემა?
  5. გაიხსენეთ მოქმედებები;
  6. გაიხსენეთ, როგორ გადაიჭრა პრობლემა?

მასწავლებელი  მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით შეავსებს სქემას. მასწავლებლის დამხმარე კითხვების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ  გაავლონ  პარალელი იმ პრობლემებს შორის, რომლებიც გამოიკვეთა ამ ორი იგავის შესწავლისას.

აქტივობა  6. ( 5 წთ.)

                             დისკუსია

მასწავლებელი გამართავს  დისკუსიას იგავებში არსებული საერთო პრობლემის შესახებ. სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც მოსწავლისაგან მოითხოვს დასაბუთებას და მტკიცებულებების მოყვანას, უბიძგებს  ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნებისაკენ :

-რა პრობლემა წარმოშვა ჭრიჭინას ზაფხულში ჭრიჭინმა?

-რა პრობლემა წარმოშვა ჭრიჭინას სტუმრობამ ციყვის ცხოვრებაში?

-რა დასკვნების გამოტანა შეიძლება?

შემაჯამებელი კითხვები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, კიდევ ერთხელ გაამახვილონ ყურადღება იგავებში არსებულ პრობლემებზე, იმსჯელონ მათ გამომწვევ მიზეზებზე და დააკავშირონ ეს პრობლემები ცხოვრებისეულ გამოცდილებას, გამოიტანონ დასკვნები.

აქტივობა  7.  ( 8 წთ.)

        ჯგუფების მიერ  პოსტერის  „ ჩვენი ერთი დღე“  შექმნა

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა იგავებში გამოვლენილი პრობლემა- დროის უქმად ხარჯვა, დაუკავშირონ პირად ცხოვრებას,  გაიაზრონ, რა გზით  შეიძლება მისი  გადაჭრა, მასწავლებელი კლასს უსვამს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კითხვას: თქვენი აზრით, როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი ყოველი დღე ისე, რომ ცხოვრებაში არ შეგვექმნას  პრობლემები?  ამისათვის,  ჯგუფებს სთხოვს შექმნან  პოსტერი „ჩვენი ერთი დღე“.  მასწავლებელი  სურვილისამებრ კლასს ყოფს  ჯგუფებად. თითოეულ  ჯგუფს ურიგებს ფლიფჩარტს და მარკერს, სთხოვს მოსწავლეებს ჯგუფებში   იმუშაონ პოსტერის  შესაქმნელად. მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის თანახმად, მოსწავლეებს ევალებათ ჩამოაყალიბონ /შეიმუშაონ წესები, შეძლონ დღის რეჟიმის შედგენა. მისცენ თანატოლებს რჩევები, თუ როგორ გამოვიყენოთ დრო გონივრულად, რათა ცხოვრებაში არ შეგვექმნას პრობლემები. ჯგუფიდან ერთი მოსწავლე  ფლიფჩარტზე ჩამოწერილ ინფორმაციას უზიარებს მთელ კლასს.

  აქტივობა 8.  (  6 წთ.)

პრეზენტაცია

მუშაობის დასრულების  შემდეგ ჯგუფები,  აკეთებენ პრეზენტაციას, დაფაზე გამოიტანენ თავიანთ  ნამუშევარს.  მასწავლებელი აძლევს მათ უკუკავშირს.

აქტივობა 9.  (  3 წთ.)

                       გაკვეთილის   შეჯამება / შეფასება

გაკვეთილის შესაჯამებლად მასწავლებელი სვამს შეკითხვებს და ასაუბრებს მოსწავლეებს იმის შესახებ, თუ რა ისწავლეს დღეს,  რა გაუჭირდათ, რამ გაახალისათ?   მოსწავლეებიდან  წამოსული მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი, შეაფასებს მოსწავლეებს, აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას კრიტერიუმებზე დაყრდნობით. შემდეგ მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთს. ბოლოს, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შეეცადონ,  შეაფასონ საკუთარი თავი.  მასწავლებელი დაითვლის სამამდე და მოსწავლეებმა უნდა დაიკავონ ადგილები იმ ილუსტრაციასთან, რომელიც მიაჩნიათ, რომ მათი ძლიერი მხარეა. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს შეფასების ნომინაციების სიმბოლოებს და კლასში დაფაზე აკრავს.  ვიყენებთ ტრადიციულ ნომინაციებს: ჭკვიანი და საზრიანი პასუხები-ბრძენი ბუ; სხარტი პასუხები-კურდღელი; დინჯი და მოფიქრებული პასუხები-კუ; მხიარული – ჯამბაზი.

მასწავლებელი  მოსწავლეებს ანიშნინებს საშინაო დავალებას: მესამე კლასის მოსწავლის რვეული, წერითი სავარჯიშო N 1, გვერდი 24.

 

 

                           შეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმები „გასაუმჯობესებელია“             „კარგია“        „საუკეთესოა“
სიუჟეტური ნახატის  გამოყენებით ტექსტის  შინაარსის გადმოცემა ვერ გადმოსცემს  სიუჟეტური ნახატის გამოყენებით ტექსტის  შინაარსს მცირე ხარვეზით გადმოსცემს  ტექსტის  შინაარსს სიუჟეტური ნახატის  გამოყენებით არგუმენტირებულად გადმოსცემს  ტექსტის  შინაარსს სიუჟეტური ნახატის  გამოყენებით
 

 

ჯგუფური მუშაობა

არ აქტიურობს ჯგუფში მუშაობისას; არ ამახვილებს  ყურადღებას საერთო დავალებაზე; ვერ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან. ინაწილებს პასუხისმგებლობას და დაკვირვებულად მუშაობს; უსმენს ჯგუფის წევრებს და უზიარებს სხვებს საკუთარ მოსაზრებებს.  თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან; ინაწილებს პასუხისმგებლობას და დაკვირვებულად მუშაობს; აქტიურად უსმენს ჯგუფის წევრებს და უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.

 

დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ დაწყებით კლასებში, პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება  ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს.  მოსწავლეებმა, ასაკის შესაბამისად,  ყველა აქტივობას კარგად გაართვეს თავი და შეძლეს დასახული მიზნების განხორციელება. აღნიშნულ გაკვეთილზე  მოსწავლე  დადგა სირთულის წინაშე, რომლის დაძლევა მოითხოვდა შემოქმედებით მიდგომას, აიძულებდა მოსწავლეს, ეფიქრა, ეძია გამოსავალი, ემსჯელა და სწორად გაეაზრებინა მართებული გადაწყვეტილება.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. მოსწავლეები  ჩართულნი იყვნენ  აქტიურ სწავლაში, მუშაობდნენ  რეალური პრობლემების გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მათთვის გახდა უფრო საინტერესო და სახალისო. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესში მოსწავლეებმა იმუშავეს კოგნიტურ სქემაზე, რომელიც მათ  დაეხმარა პრობლემის ანალიზსა და გადაჭრის გზების ძიებაში.

                             გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა  (დაწყებითი საფეხური) 2018-2024;
  1. ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები კითხვისა და წერის სწავლებისათვის დაწყებით საფეხურზე. ge
  1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. მეორე ნაწილი.

 

        

              

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“