Merseyside-ის დაწყებითი განათლების სკოლის დირექტორმა გასულ კვირას საშობაოდ საგანგებო გადაწყვეტილება მიიღო. საახალწლო არდადეგების შემდეგ, ამ კონკრეტული სკოლის მოსწავლეები სკოლაში ძვირადღირებული ბრენდების ქურთუკებით სკოლაში ვეღარ ივლიან. სკოლის დირექტორი ამგვარად “სიღარიბის გამო ჩაგვრას” ებრძვის.
უფრო კონკრეტულად, მოსწავლეებს აეკრძალებათ Canada Goose, Moncler-სა და Pyrenex-ის ქურთუკებით სკოლაში მისვლა.
Canada Goose-ის ქურთუკების ფასი 275 ფუნტიდან 1400 ფუნტამდე მერყეობს. ხოლო, Pyrex-სა და Moncler-ის ქურთუკები 650-დან 9175 ფუნტს აღწევს. ბრიტანულ გამოცემა “The Independent”-ს მოსწავლეების მშობლებმა წუხილი გაუზიარეს იმის შესახებ, რომ შინ დაბრუნებული შვილები ძალიან ძვირადღირებული ჩასაცმელის ყიდვას სთხოვდნენ.
- ზოგიერთ მოსწავლეს 700-ფუნტიანი ქურთუკი აცვია. მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, ვერ შევძლებ იგივე ჩემს შვილს ვუყიდო. მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება ძვირადღირებული სამოსი შეიძინონ, თავს გარიყულად გრძნობენ, რაც მათ ხასიათზეც აისახება, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მშობლები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნები მათი შვილების მხრიდან ძვირადღირებულ შოპინგთან დაკავშირებით უკანასკნელ ექვს თვეში გამკაცრდა.
“გწერთ ბრენდული სამოსის აკრძალვასთან დაკავშირებით. საშობაო არდადეგების შემდეგ თქვენი შვილები ამ სამოსით სკოლაში არ დაიშვებიან. დიდი მადლობა გაგებისა და თანამშრომლობისთვის” – ამ შინაარსის წერილი მისწერა სკოლის დირექტორმა მშობლებს. მისმა გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში თანაბრად გამოიწვია მოწონებაცა და აღშფოთებაც.