შაბათი, ივლისი 20, 2024
20 ივლისი, შაბათი, 2024

კითხვები მასწავლებლებისთვის

ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო: – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?

 

როგორ შევინარჩუნოთ წლების განმავლობაში მონდომება ისე, რომ ყოველი ჩატარებული გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყოს? როგორ ვიყოთ კმაყოფილები დღის ბოლოს, რომ შევძელით ჩვენი რთული მისიის შესრულება და როგორ არ დავკარგოთ მოტივაცია მაშინ, როცა რაღაც კარგად ვერ გამოგვივა?

 

სწავლება ცოცხალი პროცესია. დადგენილი წესების დაცვის  გარდა, მუდმივად საჭიროებს სიტუაციების მიხედვით მოქმედებას, ინდივიდუალურ მიდგომებს და საკუთარ თავზე მუშაობას. სწავლებას განსაკუთრებული ენერგია, ეთიკა, პასუხისმგებლობა, მოთმინება და სურვილი სჭირდება, რომ პროცესი წარმატებული გამოვიდეს.

 

რთული დღეებისთვის შეგიძლიათ ეს კითხვები დაიმახსოვროთ, საკუთარ თავს დაუსვათ და გულწრფელი პასუხები გასცეთ:

 

მაქვს კი სწავლების ვნება? – კარგ მასწავლებლებს სჯერათ, რომ ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა. მთავარია, სწორი მიდგომის პოვნა. კარგ მასწავლებელს უნდა ემჩნეოდეს, რომ ის, რასაც ამბობს, მტკიცედ სჯერა მისი და ნამდვილად ცდილობს, გადასცეს ბავშვებს ის, რისიც სჯერა.

 

სიყვარულია ის, რასაც მე ბავშვების მიმართ ვგრძნობ?  – მასწავლებლობა რთული საქმეა და ბევრი ენერგიის დახარჯვასთან ერთად დროის უმეტესი ნაწილის ბავშვების გარემოცვაში გატარებას გულისხმობს. კარგ მასწავლებელს უნდა შეეძლოს ბავშვების გაგება, მათთან ერთად გართობა და მათი სადარდებლის შემჩნევა, ბავშვების ნდობის მოპოვება და ამას არა მხოლოდ ვალდებულების გამო, საკუთარი სიამოვნების, ინტერესის გამოც უნდა აკეთებდეს.

 

რა ვალდებულებებს გულისხმობს ჩემი სამუშაო ეთიკა? – მასწავლებლობა მხოლოდ სამსახური არ არის, ეს ცხოვრების გზაა. სწავლება არ მთავრდება მაშინ, როცა ზარი ირეკება და გაკვეთილები მთავრდება. მასწავლებლობა მოიცავს ბავშვებთან მეგობრის, მრჩევლის, დამკვირვებლისა და გულშემატკივრის როლსაც მათ ცხოვრებაში  და მათზე ზრუნვასა და ფიქრს მაშინაც, როცა ფიზიკურად მათთან არ ხარ. ადვილი არ არის, ყველასაც ვერ გამოსდის მთელი თავისი არსება მიუძღვნას სხვების მომავლის შენებას. თუ გამოგივიდა, ესე იგი, სწორ ადგილას ხარ, სწორად იქცევი.

 

რა ვიცი? – იმისათვის, რომ ასწავლო, თვითონ უნდა  იცოდე და იმისათვის, რომ იცოდე, ერთხელ სწავლა საკმარისი არ არის. სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში განგრძობადი პროცესია და თუ ამ პროფესიას ხელს ჰკიდებ, მზად უნდა იყო, რომ სულ რაღაც გექნება სასწავლი, გასაუმჯობესებელი, დასახვეწი და აღმოსაჩენი.

 

მჯერა თუ არა მუდმივი განვითარების აუცილებლობის? – კარგი მასწავლებელი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აუმჯობესებს მეთოდიკას, კომუნიკაციას, ატარებს ექსპერტიმენტებს, რაც წარმატებასთან ერთად წარუმატებლობასაც მოიცავს და თუ ამ ყველაფრისთვის მზად არ ხარ და სიამოვნებით არ აკეთებ, ადრე თუ გვიან მოგწყინდება.

 

რას ნიშნავს ჩემთვის კლასში ბავშვების კონტროლი? – წარმატებული მასწავლებელი კლასში  ლიდერი და მენეჯერი უნდა იყოს, რომელსაც შეუძლია სიტუაციის კონტროლი, განწყობების დაჭერა, მოსმენა, გაგება და შესაბამისად მოქმედება.

მასწავლებლისა და ბავშვების ურთიერთობა მეგობრული უნდა იყოს, მაგრამ პატივისცემას არცერთი მხარე არ უნდა კარგავდეს.

უფროსებს ბავშვებთან ურთიერთობისას მტკიცე პირადი დისციპლინა და კონტროლი სჭირდებათ.

კარგი მასწავლებელი ბავშვებს, გარდა კონკრეტული საგნის სწავლებისა, სოციალური უნარების ჩამოყალიბებაშიც უნდა ეხმარებოდეს. მასწავლებელს არ  უნდა ავიწყდებოდეს, რომ მოსწავლეებს გვერდით სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათზე ზრუნავს,  მათ წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს და ბავშვებსაც ასწავლის ერთმანეთზე ზრუნვას და როგორც პირადი, ასევ გუნდური პასუხისმგებლობის აღებას.

 

როგორი აურა მაქვს? – კარგ მასწავლებელს კარგი ურთიერთობის დამყარება უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ბავშვებთან და კოლეგებთან, არამედ მშობლებთან, რომელთა ჩართულობის გარეშეც სასწავლო პროცესი ვერასოდეს იქნება სრულყოფილი და წარმატებული. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ნდობის მოპოვება და მშობლების თანამზრახველებად ქცევა ბავშვისთვის საუკეთესო მიზნების მისაღწევად. მასწავლებელი ხშირად სამაგალითო ხდება იმ სოციუმში, სადაც ცხოვრობს და მუშაობს, ამიტომ მას მყარი სამოქალაქო პოზიციები და საგანგებო სიტუაციებში სიმართლის მხარეს ყოფნა მოეთხოვება.

 

როგორ ვაგვარებ კონფლიქტებს? – კონფლიტების გარეშე არცერთი სივრცე არ არსებობს. კონფლიქტები  ყველგანაა, სადაც განსხვავებული აზრები, მიზნები ან ხედვები ერთმანეთს შეიძლება შეეჯახონ.

მასწავლებლობა ბავშვებთან, მშობლებთან, ადმინისტრაციასთან და კოლეგებთან კონფლიქტური შემთხვევების გარეშე წარმოუდგენელია და ამ კონფლიქტების დროს უნდა იცოდე, რისი დათმობა შეიძლება და რისი არა, ვის სჭირდება მხარდაჭერა, ვისთან იყო კატეგორიული და როგორ იყო არა კონკრეტული სახელების, არამედ სიმართლის მხარეს.

 

რა არის ის, რაც  პროფესიონალად ქცევისთვის მაკლია? – მასწავლებელს სულ უნდა ახსოვდეს, რომ ის არსებობს ბავშვებისთვის, მათი განათლებისთვის, მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის და ამ თავგანწირულ საქმიანობაში მისი მთავარი იარაღები, ცოდნის გარდა,  ენთუზიაზმი, მონდომება, ინდივიდუალიზმი, პრინციპულობა, მგრძნობიარობა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების ღრმა ანალიზის უნარია.

 

რაში მეხმარება იუმორის გრძნობა? – იუმორი ყველას უმარტივებს ცხოვრებას. გმაონაკლისი ვერც მასწავლებელი იქნება.  მასწავლებლობა სერიოზული საქმეა, მაგრამ არ შეიძლება საკუთარი თავი მხოლოდ სერიოზულად აღვიქვათ. უნდა შეგვეძლოს სიცილი ჩვენს თავებსა და საქციელზე, ვიყენებდეთ იუმორს დაძაბული სიტუაციების განსამუხტად და ცხოვრების მარილად.

 

1998 წელს, პროფესიონალური  სწავლების სტანდარტების  ეროვნულმა საბჭომ

( the National Board for Professional Teaching Standards (NBPTS) გამოაქვეყნა ვრცელი დოკუმენტი – “რაც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს და შეეძლოს გააკეთოს”. რთულ შემთხვევებში საკუთარ პროფესიაზე ფიქრისას თვითრეფლესიისთვის ეს დოკუმენტიც შეიძლება გამოდგეს.

https://accomplishedteacher.org/wp-content/uploads/2016/12/NBPTS-What-Teachers-Should-Know-and-Be-Able-to-Do-.pdf

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“