ცოდნის ეკონომიკის არსი და მნიშვნელობა თანამედროვე კონტექსტში.
“ცოდნა ხომ ხერხია, მაგრამ თითონ, თავისთავადაც სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა ვინ წინ გადაუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტად სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.
ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს იმით არც ალი დააკლდება, არც სინათლე, არც სიცხოველე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს.”
ილია ჭავჭავაძე
სიტყვები, რომელიც ამ ცნებასთან ასოცირდება
მავრიტანიის უდაბნოში ტურისტების ჯგუფს ინგლისურენოვანი გიდი მიუძღვება. ის მომთაბარეთა ბუნებრივ ცოდნას დიუნების გადაადგილების, მეტეოროლოგიური ცვლილებების და არქეოლოგიური ნაშთების ასახსნელად იყენებს. მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტიანი ტელესაკომუნიკაციო პოლიტიკის წყალობით ტურისტები სასტუმროში ბინადრობენ, სადაც სწრაფი ინტერნეტია. სწორედ ეს გახდა მავრიტანიაში მათი გამგზავრების შესახებ მათი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი. ტურიზმთან ერთად ვითარდება სხვა საქმიანობებიც: სარემონტო სახელოსნოები იმ ავტომანქანებისათვის, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან, მემკვიდრული ტრადიციების ადგილებში კულტურული ღონისძიებების მოწყობა. ამ ინიციატივებს მხარს უჭერენ უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც იზიდავთ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება.
ასეთ ცვლილებებს საფუძვლად ცოდნა უდევს, რომელიც ასე შეიძლება განვსაზღვროთ:
რა არის ცოდნა? ცოდნა ადამიანის შემეცნებითი საქმიანობის შედეგების შენახვისა და სისტემატიზაციის ფორმაა. ცოდნა გვეხმარება საკუთარი საქმიანობის რაციონალურ ორგანიზებაში და ამ პროცესში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში.
ცოდნა პროდუქტია, რომელიც, ერთი მხრივ, კერძოა, შეიძლება მისი მითვისება, მეორე მხრივ, კი საზოგადოებრივი, ყველას საკუთრება. მისი გაზომვა შეიძლება მის წარმოებაზე დახარჯული რესურსებითა და გაყიდული ცოდნის საბაზრო ღირებულებით. დანახარჯები მოიცავს კვლევასა და შემუშავებას, უმაღლეს განათლებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.
ცოდნა (ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი) საზოგადოებრივი საკუთრებაა და თანაც, არა ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკუთრება.
ტერმინი „ცოდნის ეკონომიკა” გამოიყენება ეკონომიკის იმ ტიპის განსაზღვრისთვის, სადაც ცოდნა გადამწყვეტ როლს თამაშობს, ხოლო ცოდნის წარმოება ეკონომიკური ზრდის მთავარი წყაროა. დღეს ცოდნაში ინვესტიციები გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ძირითად ფონდებში. კაცობრიობის მიერ მოპოვებული ცოდნის 90% უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში შეიქმნა. მსოფლიო ცივილიზაციის მანძილზე მომზადებული სწავლულებისა და ინჟინრების 90% ჩვენი თანამედროვეები არიან. აკადემიკოს ვ. მაკაროვის აზრით, ეს ციფრები იმის მაჩვენებელია, რომ ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული ეკონომიკა ცოდნის ეკონომიკაზე გადადის.
ცოდნის ეკონომიკა განიხილება, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარების უკანასკნელი სტადია. განვითარებულმა სამყარომ რამდენიმე საფეხური გაიარა: სასოფლო–სამეურნეო ეკონომიკა → სამრეწველო ეკონომიკა → პოსტსამრეწველო/სერიული წარმოების ეკონომიკა → ცოდნის ეკონომიკა.
ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობს, აჩქარებს და აღრმავებს განვითარების პროცესებს. ინოვაცია კეთილდღეობის ამაღლებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი რესურსი ხდება. ყველანაირი ცოდნა, მათ შორის, ყველაზე ტრადიციულიც, შეიძლება გამოვიყენოთ. იმავდროულად საჭიროა ინვესტირებაც უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომ ქვეყანა გლობალური ეკონომიკის ნაწილი გახდეს.
ტერმინი “ცოდნის ეკონომიკა” შეიძლება ნიშნავდეს:
–ცოდნის ეკონომიკას, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის წარმოებასა და მენეჯმენტზე
ან
– ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც გულისხმობს ცოდნის ტექნოლოგიების (ცოდნის ინჟინერია და ცოდნის მენეჯმენტი) გამოყენებას ეკონომიკური სარგებლისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
ტერმინის პოპულარობა პიტერ დრუკერის (1909–2005) დამსახურებაა, რომელიც გავლენიანი მწერალი და კონსულტანტი იყო მენეჯმენტის საკითხებში. პირველად ეს ტერმინი გვხვდება 1966 წელს გამოცემულ წიგნში “წარმატებული ხელმძღვანელი”. ნაშრომში დრუკერი აღწერს განსხვავებას ხელით მომუშავეთა (manual worker) და ცოდნით მომუშავეთა (knowledge worker) შორის. პირველი მათგანი საკუთარი ხელებით აწარმოებს საქონელსა და მომსახურებას, ხოლო მეორე – საკუთარი თავით მუშაობს და ქმნის იდეებს, ცოდნასა და ინფორმაციას.
ცოდნის ეკონომიკის ზემოხსენებულ ორ მნიშვნელობას შორის არსებითი სხვაობა ის არის, რომ ცოდნის ეკონომიკაში ცოდნა პროდუქტია, ხოლო ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში – ინსტრუმენტი (იარაღი). თუმცა, ეს განსხვავება ჯერ კიდევ ორაზროვანია ეკონომიკურ ლიტერატურაში. ორივე მნიშვნელობა ინტერდისციპლინარულია, მათში ჩართულნი არიან ეკონომისტები, კომპიუტერული მეცნიერების წარმომადგენლები, ინჟინრები, მათემატიკოსები, ფსიქოლოგები და ა.შ.
ცოდნის ეკონომიკა, როგორც დისციპლინა
ეკონომისტები ყოველთვის აღიარებდნენ იმ დომინანტურ როლს, რომელსაც ცოდნა თამაშობს ეკონომიკურ პროცესებში, თუმცა უმეტესწილად მას ძალზე მოუხელთებლად მიიჩნევდნენ.
(ე. პენროზი, ფირმის ზრდის თეორია)
ცოდნის ეკონომიკა, როგორც დისციპლინა არ უნდა აგვერიოს კვლევის ეკონომიკაში, რადგან მისი ძირითადი სამიზნე არ არის ტექნოლოგიური ცოდნის ფორმალური “წარმოება”; ის არც ინოვაციის ეკონომიკად უნდა მივიჩნიოთ, რადგან არ არის ორიენტირებული ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილების პირობების, მოდალობებისა და გავლენის შესწავლაზე. არ შეიძლება მისი დაკავშირება ინფორმაციის ეკონომიკასთან, რადგან ცოდნის ეკონომიკის საგანი არის ცოდნა (და არა ინფორმაცია) როგორც ეკონომიკური საქონელი. ცოდნის, როგორც ეკონომიკური საქონლის, ანალიზის სფერო მოიცავს წარმოებასა და კვლავწარმოებას, მისდამი დამოკიდებულების ისტორიულ და ინსტიტუციონალურ პირობებს (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები ან პატენტის უფლება) და მის გადამუშავებას დეცენტრალიზებულ ეკონომიკაში.
ცოდნის ეკონომიკის საზღვრები
ისტორიული ფიგურების – ადამ სმიტის, მარქსისა და შუმპეტერის გარდა, რომლებსაც საქმე ჰქონდათ ცოდნასთან, მის შექმნასთან და განაწილებასთან, მის გამოყენებასა და დანიშნულებასთან – ცოდნის ეკონომიკის თანამედროვე პიონერები უდავოდ საიმონი, ჰაიეკი, აროუ, მაჰლუპი არიან. საიმონმა (1982) ცოდნის ეკონომიკასთან დაკავშირებული მრავალი საგანი შეისწავლა, მაგალითად, სწავლის პროცესში დამახსოვრების როლი და შეიძლება მივიჩნიოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკის ჭეშმარიტ წინამორბედად. ჰაიეკმა (1945) გამოიკვლია ცოდნის მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები და ცენტრალურ საგეგმო სააგენტოსთვის ცოდნის ტრანსფერის შეუძლებლობა. იმავე წელს გამოცემულ სტატიებში აროუმ განავითარა ცოდნის ეკონომიკა, რომელიც საფუძვლად დაედო კვლევის ორ ძირითად მიმართულებას: ცოდნის, როგორც საზოგადოებრივი საქონლის შესაქმნელად რესურსების განაწილების საკითხი და ენდოგენური ტექნიკური ცვლილება.
მაჰლუპის ნაშრომი ძალზე ფართოა და მოიცავს: ცოდნის ეკონომიკის უაღრესად ფართო გაგებას – ინფორმაციის ეკონომიკას და გადაწყვეტილების მიღების თეორიულ პრობლემებს. განსაზღვრა რა ინფორმაცია “ცოდნის კონკრეტულ ფორმად” მაჰლუპმა (1984) ბუნებრივად გააფართოვა ცოდნის ეკონომიკა და მოიცვა არა მხოლოდ საინფორმაციო სექტორებისა და მრეწველობის ანალიზი, ახალი ცოდნის წარმოების შესწავლა, უნარების შეძენისა და გადაცემის მექანიზმები, არამედ არჩევანისა და მოლოდინების ეკონომიკური თეორიაც ბუნდოვან სიტუაციასა და არასრულყოფილი ინფორმაციის პირობებში.
ამ თვალსაზრისით მაჰლუპისა და ჰაიეკის მიდგომები მსგავსია: ისინი ტერმინებს “ცოდნა” და “ინფორმაცია” შემცვლელებად იყენებენ, განსაკუთრებით, ფასების სისტემის, როგორც ინფორმაციის კომუნიკაციის მექანიზმის როლის შესწავლისას. რიჩარდსონის აზრით, პრობლემა უტოლდება ტექნოლოგიური ინფორმაციის არსებობას ბაზარზე აქტივობების კოორდინაციის სრულყოფისთვის. ეს ავტორები ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ეკონომიკის ძირითად საკითხად მიიჩნევენ, ხოლო ცოდნისა და ინფორმაციის არსებობა–არარსებობას იმ ფაქტორებად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღების პირობებს. ცოდნასა და ინფორმაციას შორის რეალური განსხვავება არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოდნის ეკონომიკის საზღვრები ძალზე ფართოა.
ცოდნის ეკონომიკის უფრო ვიწრო კონცეფცია გამორიცხავს ეკონომიკური არჩევანის პრობლემას ბუნდოვანი და არასრულყოფილი ინფორმაციის პირობებში და ორიენტირდება ცოდნაზე. ცოდნა მასთან ყველა კოგნიტურ კომპეტენციაზე მაღლა დგას, რაც მას ინფორმაციისაგან განასხვავებს. ეს კონცეფცია განვითარდა საფრანგეთში, ჟან–ლუი მაუნოურის მიერ, რომლის კვლევის ძირითადი სფერო იყო ცოდნის შექმნისა და შეძენის სისტემა, რომლის საყრდენებია კვლევა და განათლება და ამ სისტემისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირი.
ცოდნის ეკონომიკის საზღვრები
ვიწრო გაგება
|
ფართო გაგება
|
კვლევა,
განათლება,
გავლენა ზრდაზე
სწავლა და კომპეტენციები
|
ინფორმაციის ეკონომიკა
შესაძლებლობა, არცოდნა, ბუნდოვანება, რისკი,
მოლოდინების როლი,
ფასების როლი,
გადაწყვეტილების თეორია
|
გადაწყვეტილების თეორია
ამ ორ კონცეფციას შორის არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან ცოდნის ეკონომიკის ფართო გაგება მოიცავს ინფორმაციის ეკონომიკას და არჩევანის თეორიას, ხოლო ვიწრო გაგება – განათლებისა და კვლევის ანალიზს. საქმე განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც მაუნოურიმ ცოდნის ეკონომიკის ვიწრო გაგება გააფართოვა. ამჟამად ცნება მოიცავს არა მარტო საგანმანათლებლო და საკვლევი ინსტიტუტებისთვის დამახასიათებელ ცოდნის შექმნისა და შეძენის ფორმებს, არამედ სწავლის პროცესების ფართო სფეროს, აღწერილს მრავალი სიტუაციით, რომლეშიც კომპეტენცია იქმნება და გამოიყენება “ჩვეულებრივი” საქონლისა და მომსახურების სტრუქტურაში. ფართო აზრით, ცოდნის ეკონომიკა მოიცავს კომპეტენციას და სწავლის უნარს.
ამრიგად, დისციპლინის საზღვრების განსაზღვრა დამოკიდებულია ადამიანის მიერ ცოდნისა და ინფორმაციის გაგებაზე.
მეცნიერები თანამედროვე გლობალურ ეკონომიკას აღწერენ, როგორც “ცოდნის ეკონომიკაზე” გარდამავალს, როგორც “ინფორმაციული საზოგადოების” ერთგვარ გაგრძელებას. ასეთი გადასვლა მოითხოვს, რომ წესები და პრაქტიკა, რომელიც წარმატებას განსაზღვრავდა სამრეწველო ეკონომიკაში გადაიხედოს ურთიერთდაკავშირებული, გლობალური ეკონომიკის პრიზმით, სადაც ცოდნის ისეთი რესურსები, როგორიც “ნოუ ჰაუ” (კომერციული საიდუმლო, წარმოების საიდუმლო, საიდუმლო სიახლე) და კომპეტენციაა სხვა ეკონომიკურ რესურსებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. “ცოდნის ეკონომიკის” ანალიტიკოსების აზრით, არსებული წესები უნდა მიესადაგოს ფირმებისა და წარმოების დონეზე ცოდნის მენეჯმენტს, ხოლო საჯარო პოლიტიკის დონეზე ცოდნის პოლიტიკასა ან ცოდნასთან დაკავშირებულ პოლიტიკას.
ცოდნის ეკონომიკის ძირითადი კონცეფცია ასეთია: ცოდნა და განათლება (რომელიც ხშირად “ადამიანურ კაპიტალად” მოიხსენება) შეიძლება ორგვარად განვიხილოთ:
–ბიზნეს–პროდუქტი, რადგან შესაძლებელია საგანმანათლებლო და ინოვაციური ინტელექტუალური საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მაღალი უკუგებით.
–ნაყოფიერი აქტივი.
ცოდნის ეკონომიკა შეიძლება ასე განვმარტოთ: “ის ხელს უწყობს ცოდნის შექმნას ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ და ეხმარება და წაახალისებს მათ, საკუთარი ცოდნა უკეთ გამოიყენონ და გადასცენ სხვებს კომპანიის/ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად”.
ცნების განმარტებას ხელს უშლის თვით “ცოდნის” ბუნდოვანება, რომელიც საკმაოდ შეფარდებითი ცნებაა. მაგალითად, არ შეიძლება ინფორმაციის საზოგადოება და ცოდნის საზოგადოება სინონიმებად განვიხილოთ, რადგან, ჩვეულებრივ, ინფორმაცია ცოდნის ეკვივალენტი არ არის. მათ გამოყენებას განსაზღვრავს ინდივიდის ან ჯგუფის პრიორიტეტები, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკით განისაზღვრება.
ცოდნის გამოყენება თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში ზრდის ძირითად წყაროდ არის აღიარებული. ცნება “ცოდნის ეკონომიკა” სწორედ ცოდნის ამ გაზრდილ მნიშვნელობას ასახავს. ორგანიზაციები და ადამიანები ნაწოფიერად იძენენ, ქმნიან, ავრცელებენ და იყენებენ ცოდნას წარმატებული ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.
“ცოდნის რევოლუცია” მრავალგვარად ვლინდება: მეცნიერებისა და ტექნიკის სულ უფრო მჭიდრო კავშირი; ინოვაციის მზარდი მნიშვნელობა ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობისთვის; განათლებისა და უწყვეტი განათლების მზარდი მნიშვნელობა; არამატერიალური ინვესტიციების (კვლევა და შემუშავება, პროგრამული უზრუნველყოფა) ზრდა, რომელიც უძრავ კაპიტალში ინვესტიციებზე გაცილებით დიდია. და ბოლოს, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ე.წ. ICT, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის ურთიერთდამოკიდებულება და კავშირი მოაქვს.
ცოდნის გაზრდილი მნიშვნელობა ქვეყნებს საკუთარი ეკონომიკისა და სოციალური განვითარების მეტი პოტენციალით უზრუნველყოფს, რადგან საქონლისა და მომსახურების წარმოების უფრო ეფექტიან გზებს სთავაზობს, საშუალებას აძლევს უფრო ნაკლები დანახარჯებით წარმოებული პროდუქცია უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზონ. უნდა აღინიშნოს, რომ მეტია “ცოდნის განაწილების” საფრთხეც განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. პირველი ჯგუფის ქვეყნებში, როგორც წესი, იქმნება ცოდნის უმეტესი ნაწილი, ხოლო მეორე ჯგუფს ხელი არ მიუწვდება ამ ცოდნის დიდ ნაწილზე შეზღუდული ცოდნის, ეკონომიკური სტიმულების სუსტი რეჟიმისა და სუსტი ინსტიტუტების გამო. სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციასთან ერთად ცოდნის რევოლუციას მივყავართ გლობალიზაციის განმტკიცებასა და საერთაშორისო კონკურენციის გაძლიერებასთან, რაც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას ტოვებს ბუნებრივი რესურსების გარეშე და შრომის დაბალი ანაზღაურების იმედად.
ამრიგად, ცოდნის რევოლუციის სარგებელი რომ გამოიყენონ, კონკურენტუნარიანობისა და კეთილდღეობის ასამაღლებლად, განვითარებადი ქვეყნები საკუთარ ძლიერ მხარეებს უნდა დაეყრდნონ, ყურადღებით დაგეგმონ შესაბამისი ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ეფექტიან ინსტიტუტებში, შესაბამის ტექნოლოგიებში და ინოვაციურ და კონკურენტულ საწარმოებში. იმის მაგალითად, რომ სწრაფი პროგრესი შესაძლებელია, შეიძლება გავიხსენოთ კორეა, ირლანდია, მალაიზია და ჩილე.
მსოფლიო ბანკი ქვეყნებს ცოდნის ეკონომიკაზე, ანუ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე (მეორე მნიშვნელობა) გადასვლისათვის ოთხ ძირითად პირობას გვთავაზობს:
·ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული და ახალი ცოდნის ეფექტური გამოყენებისა და მეწარმეობის განვითარების სტიმულებს.
·განათლებული და შესაბამისი უნარ–ჩვევების მქონე მოსახლეობა, რომელსაც შეუძლია შექმნას, გაუზიაროს და კარგად გამოიყენოს ცოდნა.
·ფირმების, კვლევითი ცენტრების, უნივერსიტეტების, ანალიტიკური ცენტრების, კონსულტანტთა და სხვა ორგანიზაციების ეფექტიანი ინოვაციური სისტემა, რომელსაც შეუძლია გლობალური ცოდნის მზარდ ფონდში მონაწილეობა, მისი მორგება ადგილობრივ საჭიროებებზე და ახალი ტექნოლოგიების შექმნა.
·საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ე.წ. ICT, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ინფორმაციის ნაყოფიერ კომუნიკაციას, გავრცელებასა და გადამუშავებას.
ნებისმიერ ქვეყანაში ცოდნის ეფექტიანი გამოყენებისათვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის, ინსტიტუტების, ინვესტიციების და კოორდინაციის შემუშავება ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ ფუნქციურ სფეროს შორის.
ცოდნის შეფასების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის პროგრამის “ცოდნა გავითარებისთვის” მიერ შექმნილი ინტერაქტიური ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნებს ეხმარება განსაზღვრონ, მათ წინაშე ცოდნის ეკონომიკაზე გადასვლისას არსებული სირთულეები და შესაძლებლობები. ეს ხდება 145 ქვეყნისათვის ცოდნის ეკონომიკის ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. პროგრამის ფარგლებში ასევე შემუშავდა ცოდნის ეკონომიკის ინდექსი და ცოდნის ინდექსი.
რას აღნიშნავს თითოეული მათგანი?
ცოდნის ინდექსით (ცი) იზომება ქვეყნის უნარი შექმნას, აითვისოს და გაავრცელოს ცოდნა. მეთოდოლოგიურად ცოდნის ინდექსი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია ცოდნის ეკონომიკის სამი ძირითადი საყრდენის მიხედვით: განათლება და ადამიანური რესურსები, ინოვაციათა სისტემა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
ცოდნის ეკონომიკის ინდექსით (ცეი) განისაზღვრება არის თუ არა გარემო იმ ცოდნის ხელშემწყობი, რომელიც ეკონომიკური განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ის ერთობლივი ინდექსია, რომელიც გამოხატავს ქვეყნის მთლიანი განვითარების დონეს ცოდნის ეკონომიკის მიმართულებით. ის გამოითვლება ცოდნის ეკონომიკის ოთხი ძირითადი საყრდენის მიხედვით: ეკონომიკური სტიმულები და ინსტიტუციონალური რეჟიმი, განათლება და ადამიანური რესურსები, ინოვაციათა სისტემა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
ქვეყნები ცეი და ცი ინდექსების მიხედვით 2012 წელი
#
|
ქვეყანა
|
ცეი
|
ცი
|
ეკონომიკური სტიმულების რეჟიმი
|
ინოვაცია
|
განათლება
|
სსტ
|
1
|
შვედეთი
|
9.43
|
9.38
|
9.58
|
9.74
|
8.92
|
9.49
|
2
|
ფინეთი
|
9.33
|
9.22
|
9.65
|
9.66
|
8.77
|
9.22
|
3
|
დანია
|
9.16
|
9
|
9.63
|
9.49
|
8.63
|
8.88
|
4
|
ნიდერლანდები
|
9.11
|
9.22
|
8.79
|
9.46
|
8.75
|
9.45
|
5
|
ნორვეგია
|
9.11
|
8.99
|
9.47
|
9.01
|
9.43
|
8.53
|
6
|
ახალი ზელანდია
|
8.97
|
8.93
|
9.09
|
8.66
|
9.81
|
8.3
|
7
|
კანადა
|
8.92
|
8.72
|
9.52
|
9.32
|
8.61
|
8.23
|
8
|
გერმანია
|
8.9
|
8.83
|
9.1
|
9.11
|
8.2
|
9.17
|
9
|
ავსტრალია
|
8.88
|
8.98
|
8.56
|
8.92
|
9.71
|
8.32
|
10
|
შვეიცარია
|
8.87
|
8.65
|
9.54
|
9.86
|
6.9
|
9.2
|
11
|
ირლანდია
|
8.86
|
8.73
|
9.26
|
9.11
|
8.87
|
8.21
|
12
|
შეერთებული შტატები
|
8. 77
|
8.89
|
8.41
|
9.46
|
8.7
|
8.51
|
13
|
ტაივანი
|
8.77
|
9.1
|
7.77
|
9.38
|
8.87
|
9.06
|
14
|
გაერთიანებული სამეფო
|
8. 76
|
8.61
|
9.2
|
9.12
|
7.27
|
9.45
|
15
|
ბელგია
|
8.71
|
8.68
|
8.79
|
9.06
|
8.57
|
8.42
|
16
|
ისლანდია
|
8.62
|
8.54
|
8.86
|
8
|
8.91
|
8.72
|
17
|
ავსტრია
|
8.61
|
8.39
|
9.26
|
8.87
|
7.33
|
8.97
|
18
|
ჰონგ კონგი
|
8.52
|
8.17
|
9.57
|
9.1
|
6.38
|
9.04
|
19
|
ესტონეთი
|
8.4
|
8.26
|
8.81
|
7.75
|
8.6
|
8.44
|
20
|
ლუქსემბურგი
|
8.37
|
8.01
|
9.45
|
8.94
|
5.61
|
9.47
|
67
|
სამხრეთ აფრიკა
|
5.21
|
5.11
|
5.49
|
6.89
|
4.87
|
3.58
|
68
|
საქართველო
|
5.19
|
4.49
|
7.28
|
5.15
|
4.61
|
3.72
|
69
|
თურქეთი
|
5.16
|
4.81
|
6.19
|
5.83
|
4.11
|
4.5
|
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ცოდნის ეკონომიკა საზოგადოების განვითარების ახალი ეტაპია. ცოდნა რადიკალურად ცვლის მსოფლიოს. აი რამდენიმე მაგალითი: ყველასათვის ნაცნობია თამაში „თეთრისი”. მისი ავტორია მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის პროგრამისტი ალექსეი პაჟიტნოვი. თამაშმა, რომლის შექმნას მან არც ისე დიდი დრო მოანდომა, 15 ათასი დოლარი მოუტანა. გამოთვლითმა ცენტრმა თამაშის გავრცელების უფლება ფირმა Nintendo–ს მიჰყიდა 4 მლნ დოლარად, ხოლო ფირმამ თამაშის გავრცელებით 1 მლრდ დოლარი მიიღო. მეორე მაგალითად ფირმა Microsoft–ი გამოგვადგება. მისი საბაზრო ღირებულება 350–400 მლრდ დოლარად არის შეფასებული, მოგების მიხედვით ღირებულება – 50–70 მლრდ დოლარია, ხოლო საბუღალტრო ღირებულება – 5–10 მლრდ დოლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფირმის ძირითადი ფონდების ღირებულება, „ინტელექტუალური შრომის” ჩათვლით, ბევრად დაბალია, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულება.
ეს და სხვა მრავალი მაგალითი ადასტურებს, რომ თუ ცოდნის პირველად წყურვილს შესაბამის გასაქანს მივცემთ, ადამიანის მთელი ცხოვრება ძიებისა და აღმოჩენების ჯაჭვად შეიძლება იქცეს. როცა მუშაკი ახალ ცოდნას ქმნის, ის იმავდროულად საკუთარ თავსაც, კომპანიასაც და თვით სამყაროსაც ხელახლა ქმნის (იკუჯირო ნონაკა).