პროექტებზე დაფუძნებული სწავლება ახლოსაა იმ მიდგომასთან, რომელსაც თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიებში პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას უწოდებენ.
სასწავლო პროცესების მართვისას მასწავლებელი არა ხელმძღვანელის, არამედ ფასილიტატორის ფუნქციებით სარგებლობს.
მოსწავლეები გაცილებით უკეთ ართმევენ თავს პროექტის დროს დაგეგმილი აქტივობების მართვას მაშინ, როდესაც თვითონ მონაწილეობენ მის დაგეგმვაში და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე სწავლობენ. ეფექტურ შედეგს იძლევა მშობელთა ჩართულობაც. მათი გააქტიურება და პროექტის წარმართვის პროცესში მათთვის დამოუკიდებლობის მინიჭება, ერთი მხრივ, ზრდის მათ პასუხისმგებლობას და ამასთანავე, აჩვევს მშობლებს შვილებთან თანამშრომლობას. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება 21-ე საუკუნის უნარებს ავითარებს.
სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს ოჯახს, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. ამდენად, უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით. მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე.
როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოცდებისა და ტესტების უკეთესი შედეგები; უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესშიც. მაგრამ როგორ შეუძლიათ მშობლებს, ეფექტიანად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და როგორ შეუძლია სკოლას მათი მხარდაჭერა? უფრო ზუსტად რას ნიშნავს „მშობელთა ჩართულობა“? ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.
„მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, სასწავლო პროცესსა და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ დროს: მშობლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შვილის სწავლის პროცესში; მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში; მშობლები შვილების სწავლის პროცესში არიან ჩართული, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და ეხმარებიან მას, მიიღოს გადაწყვეტილება, სად გააგრძელებენ სწავლას. მშობლებისთვის „მშობლის ჩართულობა“ შეიძლება გულისხმობდეს: შეძლებისდაგვარად მეტ სასკოლო ღონისძიებაზე დასწრებას; ბავშვის მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს წახალისებასა და ქებას მშობლის მხრიდან; სკოლისთვის რეალური მოთხოვნების დასახვას; მასწავლებლებთან რეგულარულ შეხვედრებსა და მათი შვილის პროგრესის განხილვას;
რაში ეხმარება ეს მოსწავლეს: როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უკეთესი მიღწევები აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე. მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას და მეტად აქვს სწავლის გაგრძელების სურვილი.
სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან. განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით სწავლობენ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების გათვალისწინებას.
რა სარგებელი აქვს ამას მშობლისთვის :მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები. ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელს მეტად ესმის საკუთარი შვილის; უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს; ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს მის მიღწევებს; ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში; უფრო თავდაჯერებულია გადაწყვეტილების მიღებისას; მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას; უფრო წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
რაში ეხმარება ეს მასწავლებელს :მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება, გახდეს უფრო თავდაჯერებული. მასწავლებლები მეტად აფასებენ თავიანთ პროფესიას; ისინი უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი საქმიანობით და მისი შედეგებით. მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს.
ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციების მიზანი იყო მოსწავლეებსა და მშობლებში მოტივაციის ამაღლება და მათი დაინტერესება საგაკვეთილო პროცესით, რათა, რაც შეიძლება მეტ მოსწავლესთან მიმეღწია ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი მიზნებისთვის.
მშობელთა ჩართულობის მიზნით დავიწყე ფიქრი სასწავლო პროექტზე. იდეა დაიბადა კითხვის გაკვეთილზე. მოსწავლეებთან დისკუსიის შემდეგ შეირჩა პროექტის სათაური: „წიგნი ერთგული მეგობარია“. მსვლელობის დროს გამოყენებული იქნა ინტერნეტრესურსები, რამაც მრავალფეროვანი გახადა სხვადასხვა ტიპის პროდუქტები: ტექსტური, რეფერატული, ვიზუალური მასალით გამდიდრებული პრეზენტაციები, მედიაფილმები. პროექტის მთავარი იდეა იყო მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება, ცოდნის გაღრმავება-განმტკიცება, მასწავლებელსა და მშობელს შორის კომუნიკაციის გაღრმავება.
მიზნის მისაღწევად გამოვიყენე შემდეგი აქტივობები:
- თვალსაჩინოებები;
- პროექტებით სწავლება;
- სასწავლო რესურსები PowerPoint;
- ფილმების ჩვენება;
- საბავშვო ლიტერატურა.
- თვალსაჩინოებები ძალიან კარგი რესურსია მოსწავლეებისთვის. ის ეხმარება მათ მასალის უკეთ ათვისებაში. მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად კითხვის გაკვეთილზე შევქმენი დაგეგმილი აქტივობების სლაიდშოუ:
- მოგზაურის დღიური;
- მოვიგონოთ თავიდან;
- პოეტი;
- რა მოგეწონა? (საყვარელი საბავშვო გადაცემა);
- წაკითხულის შინაარსი (,,ცხელი სკამი“).
პროექტებით სწავლება ძალიან საინტერესოა, მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, პრობლემის გადაჭრის უნარები. მოსწავლეები და მშობლები აქტიურად მუშაობენ და ქმნიან პროდუქტს.
- ,,წიგნი-ერთგული მეგობარია“.
- მასალა განთავსებულია საიტზე: https://qetevan1969.blogspot.com
პროექტის განხორციელების დროს, „ცხელი სკამის“ აქტივობის განხორციელების შემდეგ, რომელიც მოსწავლეებთან ერთად წარვმართე, საგაკვეთილო პროცესში ჩაგვერთნენ მშობლები. მათ შვილებთან ერთად წარმოადგინეს პრეზენტაციები: მოგზაურის დღიური.
- მოვიგონოთ თავიდან.
- პოეტი.
რა მოგეწონა?(საყვარელი საბავშვო გადაცემა).
ჩემ მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს დადებითი შედეგი ჰქონდა, მოსწავლეები და მშობლები ინტერესით ჩაერთნენ სასწავლო პროცესში. საგაკვეთილო პროცესი მათთვის ბევრად უფრო საინტერესო და სასიამოვნოა.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პროექტის მსვლელობაში რამდენიმე მშობელი არ ჩაერთო, მიუხედავად ამისა , ვთვლი, რომ დაგეგმილი აქტივობები საინტერესო იყო არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის, არამედ მშობლებისათვისაც. საგაკვეთილო პროცესი ინტერაქტიული მეთოდით წარიმართა.
გამოყენებული ლიტერატურა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი II ნაწილი.
ინტერნეტ რესურსი: www.kargiskola.ge
ქეთევან ლომიძე
სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი