შემთხვევის ანალიზი მიეკუთვნება სწავლების ინტერაქციულ მეთოდს. ის მოსწავლეს გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. მეთოდის მიზანია შემსწავლელს განუვითაროს შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ასევე – დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. შემთხვევის ანალიზი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი კერძო შემთხვევაა. ამ დროს მოსწავლეები იძენენ ცოდნას, რომელიც ცხოვრებაში გამოადგებათ, მსჯელობენ პრაქტიკულ სიტუაციებზე, ჯგუფური დისკუსიით მიდიან გადაწყვეტილებამდე, ასაბუთებენ თავიანთი გადაწყვეტილების მართებულებას. შემთხვევების ანალიზის სხვადასხვა ვერსია არსებობს, თუმცა მათი მთავარი მახასიათებელია ის, რომ შემთხვევა აღებულია რეალური ცხოვრებიდან, მოსწავლე თეორიულ ცოდნას აკავშირებს რეალურ ცხოვრებასთან. ის პროცესის ნაწილია, თავად უნდა გადაჭრას პრობლემა. არკვევს, რა თეორიული ცოდნა სჭირდება პრობლემის გადასაჭრელად. იძენს ახალ ცოდნას და იწყებს პრობლემის გადაჭრისთვის გზის ძიებას. გზის არჩევის შემდეგ მოსწავლეები აჯამებენ საკითხს და ადარებენ მას რეალურ პასუხს.
შემთხვევის ანალიზი ექვს საფეხურს მოიცავს:
საფეხურების (ფაზების) თანმიმდევრობა
აქტივობა
მიზანი
შემთხვევასთან შეხვედრა
შემთხვევის გაცნობა
მოსწავლეებმა გაიაზრონ მაგალითის შინაარსი და ზოგიერთ შემთხვევაში გაეცნონ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საჭირო ინფორმაციაზე მუშაობა
სიტუაციის ანალიზი და ინფორმაციის საკმარისობის დადგენა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოძიება.
მოსწავლები აანალიზებენ ინფორმაციას, აფასებენ და მოიპოვებენ დამატებით ინფორმაციას პრობლემის გადაწყვეტის მიზნით.
დისკუსია ჯგუფში
პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების დამუშავება, თავმოყრა და ყველა გზის ძლიერსა და სუსტ მხარეებზე მსჯელობა.
მოსწავლეს უვითარდება დივერგენტული აზროვნება.
კონსენსუსი ჯგუფში
პრობლემის გადაჭრის ჩამოთვლილი გზებიდან საუკეთესოს, ყველაზე რელევანტურის არჩევა.
ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების მთლიანი კლასისთვის გაცნობა და მათთვის იმის დასაბუთება, რომ პრობლემის გადაჭრის გზა ნამდვილად კარგია. ამ ფაზაში დისკუსია მიმდინარეობს მთლიან კლასში.
მოსწავლეებს უვითარდებათ არგუმენტირების უნარი.
შედარება
ჯგუფების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედარება რეალურად მიღებულ გადაწყვეტილებასთან. ასევე რეკომენდაციის შემუშავება.
მოსწავლეებს უვითარდებათ რეფლექსიის უნარი.
გთავაზობთ ამ მეთოდის გამოყენებას ბიოლოგიის გაკვეთილზე:
ნებისმიერ ასაკში ადამიანს დაავადების დიაგნოსტირებისთვის სჭირდება სისხლის ანალიზის ჩატარება. მოსწავლეები წარმოიდგენენ, რომ ექიმები არიან და სისხლის ანალიზის საფუძველზე უნდა დაადგინონ დაავადება; დაასაბუთონ, რატომ თვლიან ასე და როგორ მივიდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. რესურსი (პრეზენტაცია) მოიცავს ექვს სიტუაციას. მე ერთ ჯგუფს ერთი ნიმუში მივეცი განსახილველად. რესურსი ადაპტირებულია ინგლისურენოვანი Case study წყაროს მიხედვით. შესაძლებელია პერსონალური მონაცემების დაცვით გამოვიყენოთ ანალიზების სხვა ნიმუშები.
შემთხვევა გამოვიყენე მერვე კლასში, როცა მოსწავლეები სისხლის აგებულებასა და მისი ცალკეული უჯრედების ფუნქციებს სწავლობენ. უფრო მოსახერხებელი იქნება გამოიყენოთ მეთორმეტე კლასში, რადგან აქ უფრო ღრმად არის საკითხი განხილული და მოსწავლეების წინარე ცოდნაც უფრო მეტად შეესაბამება შემთხვევებს.
მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილოს ადამიანის ბიოლოგიის ცოდნით შეიარაღების მნიშვნელობაზე – რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ ბავშვებს საკუთარი ორგანიზმის შესახებ, მით უფრო ადვილად და ადრეულ პერიოდში დაფიქრდებიან ჯანმრთელობის პრობლემებზე.
ასევე უნდა წახალისდეს ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების ეტაპი, რადგან ჯგუფები უფრო მარტივად მივლენ სწორ დასკვნამდე და არგუმენტის მოტანაც გაუადვილდებათ.
მერვე კლასში გამოყენებისას ჯერ წარვადგინე პრობლემა, შემდეგ დავამუშავე პარაგრაფები. მეთორმეტე კლასში უკვე არის საშუალება მოსწავლეებმა დამოუკიდებლად დაამუშაონ შემთხვევა.
გამოყენებული ლიტერატურა:
გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის.
მიზნის დასახვისა და მისი განხორციელების უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც ესაჭიროება ბავშვს სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად. უფრო მეტიც, მიზანდასახული მოქმედების უნარი საკვანძო უნარია წარმატების მისაღწევად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სწავლა, თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა. ის ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. ეს ბუნებრივია რადგანაც, როცა ადამიანს რაღაცის მიღწევა სურს, ის მუდმივად წინ მიიწევს. მიზნები მოქმედებს როგორც კომპასი, რომელიც მოგვმართავს სწორი მიმართულებით და გვეხმარება დავრჩეთ ფოკუსირებული დავალებაზე და შევინარჩუნოთ მოტივაცია.
რა დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მიზანდასახული მოქმედების უნარი:
მიზნები ქმნის სიცხადეს. მიზნის დასახვით ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ კონკრეტულად რის მიღწევა გვინდა. ეს ჩვენს ქმედებებს აზრს და მიმართულებას აძლევს; გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ენერგიისა და რესურსების ფუჭად ფლანგვა, ოპტიმალურად გამოვიყენოთ ისინი;
მიზნები ზრდის ჩვენს მოტივაციას, მოტივაციის წყარო ხდება, რადგანაც ვიცით, რომ ვმუშაობთ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. მიზანი გვეხმარება ვიყოთ კონცენტრირებული და დაჟინებული მაშინაც კი, როცა სირთულეებს ვეჯახებით;
მიზნები გვეხმარება პროგრესის გაზომვაში. ის წარმოადგენს მკაფიო კრიტერიუმს, რომლითაც შეიძლება პროგრესის გაზომვა. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რამდენად ახლოს ვართ მიზნის მიღწევასთან და აუცილებლობის შემთხვევაში მოვარგოთ მოქმედებები დასახულ მიზანს, კორექტირება გავუკეთოთ ჩვენს ქმედებებს, ცვლილებები შევიტანოთ მათში;
მიზნები ხელს უწყობს თვითგანვითარებას. მიზნის დასახვისა და მიღწევის პროცესი მოითხოვს, საჭიროებს თვითრეფლექსიას, დაგეგმვას, გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას;
მიზანდასახულ მოქმედებას არცთუ იშვიათად წარმატებამდე მივყავართ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადამიანები, რომლებიც მიზნებს ისახავენ, უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში, რადგანაც იციან, რა სურთ და აქტიურად მუშაობენ მის მისაღწევად;
მიზნის დასახვა ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე ეხმარება მოზარდს სირთულეების დაძლევაში, სიტუაციის რაციონალურად შეფასებაში, გეგმის შედგენასა და ეტაპობრივად ამ გეგმის მიხედვით მოქმედებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ მოზარდი წარმატებული იყოს არა მხოლოდ სასწავლო საქმიანობაში, არამედ სხვა სფეროებშიც, დროულად უნდა ვიზრუნოთ მასში მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარის გამომუშავებაზე.
რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის დასახვა და მისი მიღწევა:
უპირველეს ყოვლისა, ავუხსნათ, განვუმარტოთ ბავშვს მიზნების მნიშვნელობა, გავარკვიოთ იმაში, თუ რა არის მიზანი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი;
დავეხმაროთ მიზნის ჩამოყალიბებაში და მის სწორად ფორმულირებაში. გავითვალისწინოთ, რომ მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი და დროში განსაზღვრული;
თუ ბავშვი ისახავს დიდ და გრძელვადიან მიზანს, ვურჩიოთ დაყოს ის უფრო პატარა და მოკლევადიან მიზნებად. ეს მიზნის მიღწევის პროცესს უფრო გააადვილებს და დაეხმარება ბავშვს, დაინახოს საკუთარი პროგრესი;
გამოვხატოთ მხარდაჭერა და გავუძლიეროთ ბავშვს მოტივაცია მიზნის მისაღწევად. ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. შევაქოთ, როცა ის აღწევს პატარა მიზნებს დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, დავეხმაროთ გაუმკლავდეს წარუმატებლობას და დაბრკოლებებს;
ვურჩიოთ ბავშვს უფრო მარტივად, მსუბუქად შეხედოს წარუმატებლობას. ის, რომ რაღაც არ გამოგვივიდა, სრულიადაც არ ნიშნავს მარცხს. წარუმატებლობა არ უნდა გახდეს იმედგაცრუების მიზეზი, ვინაიდან ის შეიძლება წინსვლის წინაპირობადაც კი ვაქციოთ. უარყოფით ემოციებთან გამკლავება და არდანებება მსგავს სიტუაციებში ბავშვს მომავალში აუცილებლად გამოადგება. გვახსოვდეს, რომ პატარებისთვის ძალიან მტკივნეულია წარუმატებლობა და წაგება. ასეთ სიტუაციებში თავის ემოციებს ისინი შესაბამისად გამოხატავენ. 5-6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის სრულიად ნორმალურია მწვავე რეაგირება მარცხზე. ამიტომ, უშედეგო მცდელობა იქნება ჩვენი მხრიდან მოვითხოვოთ მისგან „ნებისმიერი შედეგის მიღება“ და მისი დარწმუნება იმაში, რომ „მთავარია არა მოგება, არამედ მონაწილეობა“;
ავუხსნათ ბავშვს, რომ დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე მას აუცილებლად დასჭირდება სიმტკიცე და დაჟინებულობა, რადგანაც ის მთავარი ფაქტორია მიზნის მისაღწევად. ამასთან, საჭირო იქნება იმის გათვალისწინებაც, რომ ყოველთვის ყველაფერი დაუბრკოლებლად, უმტკივნეულოდ არ კეთდება. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მოძრაობა წინ, მაშინაც კი, თუ ეს საკმაოდ რთულია;
მოვერიდოთ ბავშვის განებივრებას საჩუქრებით და მისი ნებისმიერი სურვილის ასრულებას. დავუტოვოთ მას რაიმე საოცნებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდს ძალიან გაუჭირდება მიზნების დასახვა და აღნიშნული მიზნების მისაღწევად მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ოცნება, რომელიც თავისით არ ახდება. საჭიროა მოზარდს გავაგებინოთ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ ძალისხმევას გამოიჩენს მის მისაღწევად. ბავშვი იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს ოცნების ასასრულებლად. ასე ჩნდება მიზნები. შევთავაზოთ მოზარდს, თავად მოიფიქროს გეგმა მის მისაღწევად და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აღმოვუჩინოთ დახმარება;
გავათავისუფლოთ მოზარდი უმწეობისა და უსუსურობის განცდისაგან. ბევრ ბავშვს ეჩვენება (ხშირად არცთუ უსაფუძვლოდ), რომ მშობლები მათ ნაცვლად წყვეტენ ყველაფერს – რა წიგნი წაიკითხოს, სად გაატაროს არდადეგები, რით დაკავდეს სკოლის შემდეგ, რომელ წრეზე იაროს და ა.შ. ასეთ დროს ბავშვს ესაჭიროება მასზე კონტროლის ცოტა შესუსტება. როდესაც მოზარდის ნაცვლად ყველაფერს დედა და მამა წყვეტს, მისთვის ძალიან რთულია, გაერკვეს, რა სურს თავად მას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ გართულდება მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარის გამომუშავება ბავშვში. ვენდოთ მოზარდის არჩევანს. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, მის ნაცვლად გადავწყვიტოთ ყველაფერი, არ ღირს ამის გაკეთება. თუ ბავშვს ყოველთვის მივუთითებთ რა გააკეთოს, ის ვერასოდეს გაიგებს, რა სურს თავად და ძნელად თუ შეძლებს ბოლომდე დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების. ვესაუბროთ ბავშვს მის ოცნებებსა და ინტერესებზე, მივცეთ საშუალება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა სურს და დავეხმაროთ სამოქმედო გეგმის შედგენაში. ამ პროცესში მას ჩვენი დახმარება დასჭირდება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საკუთარ მიზნებს დამოუკიდებლად დაისახავს;
ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის, ვუჩვენოთ მას, როგორ ვისახავთ მიზნებს და ვაღწევთ მათ იმ ამოცანების ჩართვით, რომელთა გადაწყვეტა ყოველდღიურად გვიწევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარი ერთ-ერთი ის უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითაროთ ბავშვში იმისათვის, რომ მან შეძლოს წარმატებების მიღწევა. მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის სწავლება მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია ბავშვის განვითარებაში. ეს დაეხმარება მას, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და წარმატებული.
პარლამენტარიზმის სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი მიიჩნევა. 1215 წელს ჯონ უმიწაწყლოს მიერ ხელმოწერილი „თავისუფლების დიდი ქარტიით“ მეფეს მთელი რიგი უფლებამოსილებები ჩამოერთვა, რამაც პარლამენტარიზმს დაუდო საფუძველი. აღნიშნულის შემდეგ პარლამენტარიზმმა ბევრჯერ იცვალა შინაარსი, ფორმა და საბოლოოდ და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველაზე დახვეწილ ფორმად ჩამოყალიბდა.
2017 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმა განხორციელდა, რომელმაც ქვეყნის მმართველობის სისტემა შეცვალა. 2018 წლის დასასრულისთვის საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის თვალსაზრისით. მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებულია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. პარლამენტის რეგლამენტის რეფორმით კიდევ უფრო გაფართოვდა საპარლამენტო ფუნქციები და დაინერგა ახალი და ეფექტური მექანიზმები პარლამენტის საკანონმდებლო, საზედამხედველო და წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად.
მნიშვნელოვანია, ამაღლდეს ამომრჩევლის ცნობიერება. ამ წერილში ვეცდები, ავხსნა მმართველობის საპარლამენტო მოდელის უპირატესობები, გაგაცნოთ ის ქვეყნები, რომლებშიც საპარლამენტო მმართველობის მოდელია დამკვიდრებული.
დღეს საპარლამენტო მმართველობის მოდელი წარმატებით მუშაობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ესტონეთი, ლატვია, მოლდავეთი, სომხეთი (ოთხივე პოსტ საბჭოთა ქვეყანაა) ბულგარეთი, ავსტრია, ხორვატია, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ბოსნია, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სამხრეთი აფრიკა, შვეიცარია, ჩეხეთი.
საპარლამენტო მოდელებია ზოგიერთ ეგზოტიკურ თუ არადემოკრატიულ ქვეყანაში. მაგალითისათვის, ბანგლადეშში, ბარბადოსში, ბოტსვანაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, ფიჯიზე, გაიანაში, ინდოეთში, ერაყში, კირიბატიში, ლიბანში, მარშლის კუნძულებზე და ა.შ. აღმასრულებელ ხელისუფლებას სწორედ პარლამენტი ამტკიცებს.
ამავდროულად ისეთ ქვეყნებში, სადაც მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქიაა (შეზღუდული ფორმით), მოქმედებს საპარლამენტო მოდელები. ასეთი ქვეყნებია: ანდორა, ავსტრალია, ბელგია, კანადა, დანია, იაპონია, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი.
სტატიაზე მუშაობის დროს შევისწავლე რამდენიმე ჩვენთვის საინტერესო სახელმწიფო. იმ საპარლამენტო რესპუბლიკებში, რომლებშიც მართვის დემოკრატიული მოდელია დამკვიდრებული, ძირითადად კოალიციური მთავრობებია. რაც ნიშნავს, რომ მთავრობის (აღმასრულებელი ხელისუფლების) დაკომპლექტებას კონკრეტული პარტია ერთპიროვნულად ვერ ახერხებს.
პრაქტიკული მაგალითები
ესტონეთის 101-ადგილიანი პარლამენტის 2023 წლის არჩევნებში პირველი ადგილი რეფორმების პარტიამ დაიკავა. მათ მხოლოდ 37 მანდატი მიიღეს. ცხადია, აღნიშნული შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად. პარტიას მოუწია მოლაპარაკებების დაწყება სხვა სუბიექტებთან მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად. საბოლოოდ შეიქმნა კოალიცია, რომელშიც შევიდნენ „ესტონეთი 200“ და სოციალ-დემოკრატიული პარტია. აღნიშნულმა პარტიებმა 14 და 9 მანდატით მეოთხე და მეხუთე შედეგი აჩვენეს.
ლატვიის 100-მანდატიან პარლამენტში (სეიმი) 2022 წლის არჩევნების შედეგად 26 მანდატით პირველ ადგილზე გავიდა „ახალი ერთობა“ (JV). აღნიშნულმა პარტიამ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება შეძლო მეორე („მწვანეებისა და ფერმერების პარტია“) და მეექვსე („პროგრესი“) ადგილებზე გასულ სუბიექტებთან ერთად.
საინტერესოა გერმანიის მაგალითი. 2021 წლის შემოდგომაზე გამართულ ბუნდესტაგის არჩევნებში, მაშინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის „ქრისტიან დემოკრატიული პარტია“ 24.%-ით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 25.7%-ით პირველ ადგილზე გავიდა ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია. ცხადია, მიღებული შედეგი მთავრობის დასაკომპლექტებლად არ იყო საკმარისი (735 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად მინიმუმ 368 მანდატია საჭირო).
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გამარჯვებულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური კაბინეტის ჩამოყალიბებაზე წარმატებით ითანამშრომლა „მწვანეებთან“ და „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან“. სწორედ ამ ალიანსის გაფორმების შემდეგ გახდა ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა. აღნიშნულიდან მოყოლებული ქვეყანას ერთი პოლიტიკური ლიდერი/პარტია მმართავდა (გამონაკლის წარმოადგენს 2012-2016 წლები, როდესაც ქვეყანას მართავდა საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა).
2024 წლის ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ამომრჩევლებს პირველად გვექნება უნიკალური შანსი, ძალაუფლება გავუნაწილოთ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო მანდატების მოგროვებას, ჩვენ მივიღებთ კოალიციურ მმართველობას. ეს კი იქნება იმის გარანტი, რომ მთავრობა ვერ შეძლებს გამოავლინოს გულგრილობა საზოგადოების დაკვეთებისა და საჭიროებების მიმართ.
საპარლამენტო მმართველობის მოდელი და მასთან დაკავშირებული რისკები
საპარლამენტო რესპუბლიკებში ხშირია პოლიტიკური კრიზისები. ასეთ კრიზისებს, ძირითადად კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის დაწყებული უთანხმოება ქმნის, რაც მინისტრთა კაბინეტის დაშლითა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით სრულდება. ამის ნათელი მაგალითია იტალია, სადაც პარლამენტის არჩევნები თითქმის ყოველ მეორე წელიწადში იმართებოდა.
საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი რისკები:
მთავრობის არასტაბილურობა: კოალიციური მთავრობების დაშლის რისკი;
პოლიტიკური კრიზისების გახანგრძლივება: პარლამენტში უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში;
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურება (კომპრომისისა და შეთანხმების გამო).
შეჯამება
კოალიციაში შემავალი პარტიები აბალანსებენ ერთმანეთს, უფრთხილდებიან რეპუტაციას, უშვებენ ნაკლებ შეცდომებს, რასაც დადებითი შედეგები მოაქვს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. საბოლოო ჯამში საპარლამენტო მმართველობის მოდელის უპირატესობები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
მთავრობის პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე – მთავრობას აკომპლექტებს და ნდობას უცხადებს პარლამენტი. ნებისმიერი გადაცდომის დროს შეუძლიათ, დააყენონ მთავრობის/ცალკეული მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი;
პოლიტიკური პარტიების როლი – ვიღებთ მრავალპარტიული სისტემას, სადაც არის პარტიული კონკურენცია;
დემოკრატიული კონტროლი – ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები აკონტროლებენ ხელისუფლების საქმიანობას;
პოლიტიკური პლურალიზმი – ქვეყანაში თანაარსებობენ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალები და მათ შორის არის კონკურენცია;
ხელისუფლების განაწილება – მარტივია ერთი ინსტიტუციის ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან აცილება.
როცა შეგევედრება,
კვირით სადმე კინოში
მიგყავს ბავშვი ზოგჯერ,
გარეთ მისი პერანგი
თითქოს რქებით ჰკიდია
თიკანივით თოკზე.
სანამ ქუჩას გაივლით,
სანამ შეუერთდებით
მოფუთფუთე მორევს,
ის ხელიდან გისხლტება
და ქუჩაზე კონსერვის
ქილას მიაგორებს.
ისე გაცრეცილია
და ისეთი ნაზია,
ვით ყვავილი ბალბის,
სანამ ბილეთს იყიდი,
შორიახლო ტრიალებს,
ღიღინებს და დარბის.
ესეც კინოს დარბაზი.
ახლა ხან წინ გაუშვი,
ხან წინ გაუძეხი,
მერე პალტო გახადე,
თითქოს ბუტერბროდიდან
ენას გიყოფს ძეხვი.
მერე ვიოლინოზე
უკრავს ბატი დონალდი
და იძახის: „დარლინგ!“
მერე დარბის კაცუნა
და დარბაზის სიხარულს
ჰქვია მხოლოდ ჩარლი…
მერე ესეც თავდება,
ქვითინი და ხარხარი
უკან რჩება, უკან.
გარეთ წვიმა შრიალებს,
ფეხსაცმელზე დახრილი
შეხსნილ ზონარს უკრავ…
ოდნავ დაცილებული
ორი წინა კბილი და
ორი წვრილი კანჭი
ბნელში შენს წინ ციმციმებს,
როცა გესაუბრება
გამოზრდილი ტანჯვით.
კითხვა განსაცდელია
და რამდენი ეჭვია
კიდევ გასაფანტი,
უვარდება მანქანას
შუქით დაგრძელებული
მხოლოდ შენი ლანდი.
წვიმა ლექსიკონივით
ღამის მწუხრში შრიალებს,
არ აჩერებს ტაქსი.
ბოლოს მაინც ჩერდება…
გამოაღე კარი და
მძღოლის გვერდით დასვი.
ბავშვი – კითხვის ნიშანი
შემოგყურებს თვალებში,
იცინის და ცმუკავს,
დიახ, ჭეშმარიტება
ემალება დროებით
ყველას ფარდის უკან.
იგი არის თამამი,
ყველა მოხიბლულია
და იქცევა კარგად
და ჯერ მისი პასუხი
მატარებლის კუპეში
კარის ჯახუნს არ ჰგავს…
იგი მოგეყუდება,
ვიდრე ფეხზე დადგება,
ვიდრე მონახავენ,
ვიდრე ალუბალივით
მისკენ გამოიწვდიან
მაქმანიან მკლავებს.
ის ცხოვრებას ურდულზე
ჯერ არ ეჯაჯგურება,
გამზრდელს გვერდით უზის,
მისთვის არა შრიალებს
შემოდგომის წვიმების
სევდიანი ბლუზი.
იგი მერე იფიქრებს,
როცა მოვა სიბერე
და თმას გაუთეთრებს,
რომ შენს გვერდით ცხოვრობდა
თუ ვაგონის ფანჯრიდან
დაგინახა ერთხელ?..
გივი გეგეჭკორი თავისი დიდი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი და მთარგმნელი იყო. ფრანგული პოეზიის მისეულმა თარგმანებმა, როგორც დიად თარგმანებს სჩვევია ხოლმე, ორიგინალურ პოეზიაში შეაღწია და პოზიტიური გავლენა მოახდინა წამყვან ქართველ პოეტებზე. სიღრმეებში რომ არ შევიდეთ და მხოლოდ რეტინალურ მაგალითს დავჯერდეთ – მისი თარგმანების მერე მომძლავრდა ჩვენში პოეტური ტექსტების განლაგება პროზის ფაქტურით. ფრანგული პოეზიის მისეული ანთოლოგია დღეს უკვე ეჭვშეუტანელ კლასიკად ითვლება და იმ თარგმანებს შორის მოიხსენიება, რომლებმაც ბევრი რამ შესძინეს ქართულ პოეზიას. ეს თარგმანები დღესაც ძალიან ვიტალური და კითხვადია, სოციალურ ქსელებში ხშირად იდება ცალკეული ლექსი აღნიშნული ანთოლოგიიდან, ბევრმა ზეპირადაც კი იცის. მეტსაც ვიტყვი – ზოგიერთი ლექსის ინტონაციურ თუ კონცეპტუალურ გავლენასაც გადავწყდომივარ ცალკეული ავტორების ლექსებში. ამ ანთოლოგიის შინდისფერყდიანი გამოცემის ორი ეგზემპლარი მქონდა, ერთი ძმაკაცს ვაჩუქე, მეორე კი მეორე ძმაკაცს ვათხოვე ერთხელ და დამიკარგა. ამჟამად კი, დიდი ხანია, მოყვითალოყდიანი გამოცემა მაქვს ნათხოვარი კიდევ ერთი ძმაკაცისგან – გიო ლომიძისგან, და ხშირად ვკითხულობ.
რაც შეეხება გივი გეგეჭკორის ორიგინალურ პოეზიას: მისი არაერთი ლექსი ქართული პოეზიის საგანძურშია შესული. თარგმანებისა არ იყოს, მისი ლექსებიც კითხვადია დღეს, აქტუალურია სოციალურ ქსელებში. თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთ ლექსში მიმართავს საკუთარ თავს, მომავალში მხოლოდ ბიბლიოთეკის ბინადარი არ იქნება შენი წიგნებიო, და ასეცაა. ის უდავოდ დიდი პოეტია, მაგრამ დიდი პოეტია მხოლოდ მისი შედგენილი ჰეტერომეტრით (4/3-4/3-4/2) და ამ ჰეტერომეტრში შემავალი საზომებით დაწერილი შედევრებით, სადაც ის აბსოლუტურ ინტონაციურ ინდივიდუალიზმს აღწევს. ზოგადად მისი შემოქმედება ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებითა და სიახლით (აღნიშნული ჰეტერომეტრის გარდა) არ გამოირჩევა, ძირითადად სულ რამდენიმე, ძალიან გავრცელებული საზომით ოპერირებს და ამ საზომებით დაწერილი აქვს სრულიად ბრწყინვალე ლექსები, თუმცა ვერ ახერხებს, ამ საზომებს ინდივიდუალური ინტონაციური აკუსტიკა შესძინოს. მარტივად რომ ვთქვათ: სხვა საზომებით დაწერილი მისი უცნობი ლექსი რომ წაიკითხოს მკითხველმა, ავტორს ვერაფრით გამოიცნობს, განსხვავებით – მისი შედგენილი ჰეტერომეტრით და ამ ჰეტერომეტრის შემადგენელი საზომებით (4/3; 4/2) დაწერილი ლექსებისგან. ეს ჰეტერომეტრი და მისი შემადგენელი საზომები დამორჩილებული აქვს აბსოლუტურად, აქ მკაფიოდ ისმის გივი გეგეჭკორის საფირმო ინტონაცია, რომელიც არავისში აგერევა და, რომელსაც დღესაც უამრავი მიმბაძველი ჰყავს, არაერთგან გადააწყდები გივი გეგეჭკორის ხმას. ლექსმცოდნეები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ამ ჰეტერომეტრს – 4/3-4/3-4/2 – მისი სახელი უნდა ეწოდოს. ორი ფოლკლორული საზომის (4/3 და 4/2) შეერთებით მან სრულიად უნიკალური ევფონიის მქონე სალექსო საზომი შექმნა. ეს საზომები გურამიშვილმა გაალიტერატურულა (თუმცა პირველი მათგანის – შვიდმარცვლედის – მწიგნობრულ ვარიანტს გაცილებით ადრე, მეცხრე საუკუნეში ვხვდებით ატენის სიონის კედელზე), გეგეჭკორმა კი ამ ორი საზომის ინდივიდუალური პოტენციალები შეადუღაბა. 4/3 – საფერხულო საზომია, ამ საზომითაა შექმნილი ქართული საფერხულო-საცეკვაო სიმღერები, რადგან ამ შვიდმარცვლედის რიტმი თავისთავად გიბიძგებს კინეტიკური აქტივობისკენ, მოძრაობისკენ. გივი გეგეჭკორმა ბინარულ შვიდმარცლედს ქორეთი მოსხეპილი ექვსმარცვლედი დაამატა და მიიღო ეს უნიკალური საზომი. ზედიზედ ორი დაქტილური და ბოლოს ერთი ქორეული კადენციის მოდულაცია დაუვიწყარ ეფექტს იძლევა.
*
რაც შეეხება ზემოთ კოპირებულ ლექს-შედევრს: ჩვენს წინაშეა გივი გეგეჭკორის საფირმო ჰეტერომეტრით დაწერილი თოთხმეტსტროფიანი ლექსი, რომელიც მისი პოეტიკისთვის დამახასიათებელ ყველა იმანენტურ შტრიხს ატარებს. საერთოდ გივი გეგეჭკორი იშვიათად წერდა კომპაქტურ ლექსებს, მისი ლექსები, როგორც წესი, ვრცელია. ბევრჯერ მომისმენია, რომ ლექსი ვრცელი არ უნდა იყოს, რომ დიდი ლექსის კითხვა მოსაბეზრებელია და ა. შ. ამ პრიმიტიული მიდგომის საპირწონედ ვიტყვი, რომ ლექსის პრობლემა არა – მოცულობა, არამედ სათქმელი და მხატვრული ხარისხია. ყველა ძლიერი ლექსი ზუსტად იმხელაა, რამხელაც უნდა იყოს, ანუ ყოველი შემდგარი, ვიტალური, ექსპრესიული პოეტური ტექსტი თვითონ წერს თავის თავს და თვითონ კარნახობს პოეტს, სად და როგორ უნდა დასრულდეს, ნებისმიერი სახის ხელოვნური რევიზირება იმის შიშით, რომ ვიღაცას კითხვა დაეზარება, კლავს ლექსში პოეზიას. მთავარია, ლექსში სათქმელი იყოს, ლექსი თავის სათქმელს ამბობდეს. ვაჟა-ფშაველას ვრცელი ლექსი – „მთაში (შემოდგომის სურათები)“ – გაცილებით სასიამოვნოდ იკითხება პოეზიის გურმანისთვის, ვიდრე სხვა პოეტის რომელიმე, სათქმელისგან დაცლილი და ხელოვნური, პატარა ლექსი (შემეძლო, მაგალითად ვაჟას ნებისმიერი პოემა მომეყვანა, მაგრამ სპეციალურად ავარჩიე ლირიკული შეფერილობის ვრცელი ლექსი). გივი გეგეჭკორის ყველა ლექსი კი სწორედ სათქმელზეა ორიენტირებული, ამიტომ შეუძლებელია, ვინმეს კითხვა მოჰბეზრდეს.
გეგეჭკორის აღნიშნულ ლექსში პოეტისა და მისი პატარა შვილის ერთი კვირადღის ერთი ეპიზოდი – კინოში წასვლაა აღწერილი. საერთოდ გეგეჭკორს ახასიათებს სრულიად „არაპოეტური“ თემების ქცევა პოეზიის ობიექტად და ამას გენიალურად აკეთებს. ზოგადად მის თაობაში პოეზიის თემატური მონოქრომულობის გარღვევის საკითხი აქტუალური იყო, გეგეჭკორი ერთ-ერთია, ვინც მნიშვნელოვნად გააფართოვა სამოცი-სამოცდაათიანი წლების ქართული პოეზიის თემატური არეალი (აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ოცწლიანი იძულებითი კონსერვაციის შემდეგ რეგენერირებული ქართული ვერლიბრის სათავეებთანაც დგას – ერთ-ერთი პირველია, ვინც ორმოცდაათიან წლებში ვერლიბრებს წერს). ისევე, როგორც მის სხვა ლექსებში, ამ ლექსშიც შემოდის არასაბჭოთა, კაპიტალისტური მოტივები, რომლებიც ზოგჯერ – ტერმინოლოგიურ-ლექსიკურ, ზოგჯერ კი თემატურ დონეზეა გამოხატული. ის არასოდეს აგებს (გასაგები მიზეზების გამო) ლექსს მთლიანად არასაბჭოთა მოტივებზე, მაგრამ ხშირად კმაზავს ლექსებს ასეთი სანელებლით და ეს ერთგვარ ავანგარდისტულ ელფერს სძენს მის პოეზიას.
გეგეჭკორი თავისუფლად ახერხებს არაფრით გამორჩეული მარშრუტი – სახლიდან კინოთეატრამდე და უკან – ერთგვარ, ონტოლოგიური საკითხებით დახუნძლულ, ოდისეად წარმოგვიდგინოს და ჩვეულებრივი გასეირნება, უზუსტესი ნიუანსებით, მამა-შვილობის ჰიმნად აქციოს. შეუძლებელია, მგრძნობიარე მკითხველი (მითუმეტეს, თუ მშობლად ყოფნის გამოცდილება აქვს) ამ ლექსმა უკიდურესად არ ააღელვოს და დაუვიწყარი შთაბეჭდილება არ მოახდინოს მასზე…
*
ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ისაა, რომ გივი გეგეჭკორს უფრო მეტი ლექსი დაეწერა თავისი შედგენილი ჰეტერომეტრით და ამ ჰეტერომეტრში შემავალი ორი საზომით, თუმცა რაც გვაქვს, ესეც საკმარისია დიდპოეტობისთვის და პოეტური შარავანდედის მუდმივი ნათებისთვის.
სწავლა დაიწყო. ჩვენმა მოსწავლეებმა, რომლებსაც მოლოდინები და იმედები ზურგჩანთებად აუკიდიათ, საკლასო კლასები აახმაურეს და გააფერადეს. როგორ ძგერს მათი გულები, როგორ სწყურიათ რაღაც ახალი, განსხვავებული, საინტერესო! დღეს სკოლიდან დაბრუნებული ბავშვების ჯგუფი შემომხვდა და გავიგონე, ერთი გოგონა როგორ ეუბნებოდა მეორეს – რა მაგარი გაკვეთილი იყო, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ და ახალი სიტყვებიც ვისწავლეთო! როგორ მოჰბეზრდათ ბავშვებს მონოტონური, რუტინული გაკვეთილები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა სკოლის დაწყების რამდენიმე კვირა შეგვიძლია დღესასწაულად ვაქციოთ და ეს განწყობა მათაც საგზლად გავატანოთ და ჩვენც გავიყოლოთ მთელი წლის განმავლობაში. განწყობის მნიშვნელობა კი ქართველებს ძალიან კარგად მოგვეხსენება. მაშ ასე, გიზიარებთ რამდენიმე აქტივობას, რომელთა განხორციელებაც ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.
აქტივობა 1:
ქილაში კითხვები ან
ქილავ, ქილავ გვითხარი – ამის პატრონმა რა ქნას?
ვიღებთ შუშის ქილას, შიგნით ვყრით პატარა ბარათებს, სადაც სხვადასხვა მოქმედება წერია. მაგალითად: „გაიხსენე ზაფხულის ერთი დღე“; „ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რას იზამდი?“; „ჩაეხუტე მეგობარს“; „გაიხედე ფანჯრიდან და რასაც პირველს დაინახავ, აღწერე“; „წაიღიღინე შენი საყვარელი სიმღერა“; „სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი“ და ასე შემდეგ. თქვენს მიზნებზე და სურვილებზეა დამოკიდებული, რას დაწერთ ქილაში მოთავსებულ ბარათებზე.
შეგიძლიათ უბრალოდ რამდენიმე ფერის ბარათი ჩააგდოთ, თითოეულ ბარათს თავის მნიშვნელობა ექნება, მაგალითად: წითელი: მოჰყევი სასაცილო ამბავი; ყვითელი: დაუხატე ყვავილი თანაკლასელს; მწვანე: მოჰყევი შენს თავზე და ასე შემდეგ.
ჰოდა, ბავშვები ამოიღებენ ბარათს და ჩვენ ვკითხავთ: ქილავ, ქილავ გვითხარი – ამის პატრონმა რა ქნას?
აქტივობა 2: კარგი წლის რეცეპტი
ეს აქტივობა ძალიან გემრიელია. ჩვენ ერთად რეცეპტი უნდა მოვიგონოთ. კერძის თითოეული ინგრედიენტი უდრის თვისებას, რომელიც კარგ სასწავლო წელს ქმნის… სიკეთე, ძალისხმევა, გუნდური მუშაობა, სამართლიანობა, სიამაყე, პატიოსნება, ცნობისმოყვარეობა და თანაგრძნობა.
როდესაც მოსწავლეები თითოეულ ინგრედიენტს ირჩევენ, თან განიხილავენ – რაში დაგვჭირდება. ცალ-ცალკე ძალიან კარგია, მაგრამ ერთად არაჩვეულებრივი. რაც საბოლოოდ შესანიშნავ სასწავლო წელს მოგვცემს. მაგალითად, მასწავლებელი ჩამოუწერს:
სიკეთე – ფქვილი
ძალისხმევა – კარაქი
გუნდური მუშაობა – ვანილი
სამართლიანობა – დარიჩინი
სიამაყე – ვაშლი
პატიოსნება – შაქარი
ცნობისმოყვარეობა – ვანილი
თანაგრძნობა – წყალი.
ბავშვები ირჩევენ ინგრედიენტს, ქმნიან საკუთარ კერძს, ხატავენ, წერენ რეცეპტს და კლასის წინაშე წარადგენენ. საუბრობენ – რატომ შეარჩიეს ეს კონკრეტული ინგრედიენტები და რას დაარქმევდნენ საკუთარ კერძს?
აქტივობა 3:
ჩემი საუკეთესო ნაწილი
რა მომწონს ყველაზე ძალიან ჩემს თავში? რატომ მომწონს? ბავშვები საკუთარი სხეულის ნაწილებს ხატავენ, წერენ და საუბრობენ.
აქტივობა 4: ამ სასწავლო წლის იმედებისა და ოცნებების ჩემი პატარა წიგნი.
აქტივობა 5:
რა გირჩევნია შენ?
იცხოვრო მთაში თუ სანაპიროზე?
იყო ცნობილი ავტორი თუ ცნობილი მუსიკოსი?
გქონდეს აზრების წაკითხვის უნარი თუ იყო უხილავი?
გაატარო დღე გასართობ პარკში თუ სავაჭრო ცენტრში?
გყავდეს პირადი თვითმფრინავი თუ ლამაზი სპორტული მანქანა?
იცხოვრო სადმე, სადაც ამინდი ყოველთვის თბილი და მზიანია, თუ, სადაც ყოველთვის ცივი და თოვლიანი?
ყოველი კითხვის დასმის შემდეგ, სთხოვეთ მოსწავლეებს გადავიდნენ ოთახის ერთ მხარეს, თუ აირჩევენ პირველ ვარიანტს და თუ მეორეს აირჩევენ, მაშინ – ოთახის მეორე მხარეს. შესაძლებელია წინასწარ მიცემული ფერადი ალმების აწევაც.
აქტივობა 6:
სკოლის პირველი დღის წერილი საკუთარ თავს, რომელსაც წლის ბოლოს წაიკითხავს…
აქტივობა 7:
მე ვარ ლექსი…
აქტივობა 8:
ჩემი გარეგანი და შინაგანი მხარე, ავტოპორტრეტი.
ბავშვები ხატავენ საკუთარ ავტოპორტრეტებს, ყოფენ ორ ნაწილად: ერთ მხარეს ხატავენ გარეგნულ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს – რა უყვართ, რა არის მათი ჰობი, ინტერესი, რას გრძნობენ, რა ემოციები აქვთ…
სკოლის პირველ დღეებს განსაკუთრებული მღელვარებით უმცროსკლასელები და მათი მასწავლებლები ველოდებით. გვინდა, პირველი შეხვედრა დაუვიწყარი იყოს, პირველი გაკვეთილები კი – მხიარული, დაუძაბავი, სიხარულითა და ბრჭყვიალა განწყობით სავსე.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ტექსტსა და აქტივობას, რომლებიც სკოლის პირველ დღეებში გამოგადგებათ.
ტექსტი N1
მართას დღიური
31 აგვისტო
სწავლა იწყება. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი სკოლა მომენატრა. მიხარია, რომ კლასელებსა და მასწავლებლებს ვნახავ. კარგი იყო ზაფხული, ბევრი ვითამაშე, გავირუჯე, ვიცურავე, ვიმოგზაურე. ერთი წიგნიც წავიკითხე და ძალიან მომეწონა. წიგნები და რვეულები უკვე მოვიმზადე, ჩანთაც ჩავილაგე. ახალი ჩანთა აღარ ვიყიდე, რადგან შარშანდელიც ძალიან მომწონს. არც გაკვეთილების ცხრილი მიყიდია, მე თვითონ დავხატავ.
დღეს ადრე უნდა დავიძინო, თორემ დილით გაღვიძება გამიჭირდება.
რა კარგია, უკვე მეორეკლასელი ვარ!
მოდი, ვილაპარაკოთ:
შენ როგორ ემზადები სკოლისთვის?
დღიურში ეს ჩანაწერი მართამ 31 აგვისტოს გააკეთა. როგორ ფიქრობ, რომელი თვე იქნება, როცა ის სკოლაში წავა?
რატომ აპირებს მართა ადრე დაძინებას?
შენ როდის იძინებ?
თავად მიდიხარ დასაძინებლად თუ მშობლები გახსენებენ, რომ ძილის დროა?
მართას შარშანდელი ზურგჩანთა მიაქვს სკოლაში, შენ როგორ ფიქრობ, აუცილებელია ახალი ზურგჩანთა?
ტექსტი N2
სკოლისაკენ!
მართა მთელი დღეა ცქმუტავს, ადგილს ვერ პოულობს, ფაციფუცობს. ხუმრობა ხომ არ არის, ხვალ სკოლა იწყება. სკამზე მისი სამოსი ჰკიდია, ჩანთაში საყვარელი ფანქრები და კალამი უწყვია.
მართას ძილი ძალიან უყვარს, თუმცა საღამოობით მაინც წუწუნებს. ზოგჯერ მშობლებთან ერთად ჯდომა და ტელევიზორის ყურება უნდა. ხანდახან გვიან დაძინების უფლებასაც რთავენ. ეს მაშინ ხდება, როცა ვინმეს დაბადების დღეა ან ახალი წელია და მონატრებული ბებია ჩამოდის ხოლმე.
ხვალ სკოლა იწყება, ამიტომ ადრე უნდა დაიძინოს. დილით მომზადება ხომ უნდა მოასწროს? სკოლაში ხომ არ დააგვიანებს?
ჩანთას და სამოსს წინა საღამოს იმზადებს.
დილით დრო სწრაფად გარბის და ჰაიდა, სკოლაში წასვლის დროა!
მოდი, ერთად ვითამაშოთ:
ორი ჩანთა
დავალება:
მართას ორი ზურგჩანთა აქვს, ერთს არდადეგებზე, სამოგზაუროდ იყენებს, მეორეს კი – სკოლაში. დააკვირდი ორივე ზურგჩანთას და მიპასუხე (ზეპირად):
რომელი ზურგჩანთაა სამოგზაურო? რომელია სკოლისთვის განკუთვნილი ზურგჩანთა?
რომელი ნივთები უნდა ჩააწყო პირველ ზურგჩანთაში?
რომელი ნივთები დაგჭირდება სკოლის ზურგჩანთაში ჩასალაგებლად?
რომელია ისეთი ნივთი, რომელიც შეიძლება ორივე ზურგჩანთაში ჩადო?
კიდევ რა ნივთებს ჩაალაგებდი სკოლის ზურგჩანთაში?
გახსენი შენი ზურგჩანთა და ჩამოთვალე, რომელი სასკოლო ნივთები წამოიღე სკოლაში.
ტექსტი N3
თინიკო და მზე
კომენტარი მასწავლებლებისთვის:
გაბრიელ ჯაბუშანურის ეს საბავშვო ლექსი ძალიან კარგი რესურსია ბავშვებისათვის დილის რუტინის, დამოუკიდებლად მომზადების სასწავლებლად, ერთგვარი დილის განრიგია, რომელიც სავარჯიშოდ შეგიძლიათ აქციოთ. მაგალითად:
შეცვალოთ მთავარი პერსონაჟის სახელი მოსწავლის სახელით. აქვე უფრო მცირე ან უფრო მეტმარცვლიანი საკუთარი სახელის ლექსში ჩასმისას ლექსის მნიშვნელოვან მახასიათებელს, რიტმს შეეხებით და იმსჯელებთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ლექსის რიტმი არ დაირღვეს.
შეგიძლიათ, ეს ლექსი ე.წ. სმაილების, ხატულების ენაზე თარგმნოთ. მზის, გოგონას, ღიმილისა და მოქმედებათა სახელების გამეორება მეტყველების შესანიშნავი საშუალება იქნება.
გაბრიელ ჯაბუშანური
თინიკო და მზე
დილით ადრე იღვიძებენ
თინიკო და მზე
თინიკო რომ ხელ-პირს იბანს,
ხელ-პირს იბანს მზეც.
თინიკო რომ თმას ივარცხნის,
თმას ივარცხნის მზეც .
თინიკო რომ ისაუზმებს,
ისაუზმებს მზეც.
სკოლაში რომ მიდის თინა,
მზეც უმშვენებს გვერდს.
მაგრამ, აი, დედაენა
ჯერ არა აქვს მზეს.
მოდი, ვილაპარაკოთ
როგორ ემზადები სკოლისთვის? ჩამოთვალე მოქმედებები დაწვრილებით.
* მარტო გამოდიხარ შინიდან თუ ოჯახის წევრებთან ერთად?
ბევრი დრო გჭირდება სკოლაში მისასვლელად?
ტექსტი N4
გაცნობა
მადსის ახალი სკოლა
ანე-კატარინე ვესტლის საბავშვო წიგნის „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ მიხედვით
ზარი დაირეკა და მადსი კლასში შევიდა.
– ბავშვებო, ახალი ბიჭი გვყავს კლასში, გაიცანით, მას მადსი ჰქვია, – თქვა მასწავლებელმა, – შეგიძლია, აი, აქ დაჯდე, – უთხრა ბიჭს, – ახლა ის გვითხარი, მადს, სად ცხოვრობ?
– ტყეში, – იყო პასუხი.
ამის თქმაზე ბავშვებს ერთხმად გაეცინათ.
– მაშ, არ იცი მისამართი? – ისევ ჰკითხა მასწავლებელმა.
– ჩვენი მისამართია ტყე, – უპასუხა ბიჭმა, – ტყეშია ჩვენი სახლი.
– ძალიან კარგი, – თქვა მასწავლებელმა, რამდენიმე ბიჭმა კი ჩაიცინა.
შესვენებაზე მადსი ეზოში გავიდა და სკოლის შორეულ კუთხეში დაიმალა. ეწყინა, რომ დასცინეს, თანაც ახალ სკოლაში მოიწყინა. ზარი როცა დაირეკა, ისევ კლასში ავიდა.
– სად იყავი, ბევრი გეძებეთ, შენთან თამაში გვინდოდა, – უთხრა ერთმა ბიჭმა. სხვებმაც გაუღიმეს. მადსმა შვება იგრძნო. აქაც ისეთივე ბავშვები იყვნენ, როგორიც ძველ სკოლაში. მადსი გამხიარულდა, გახალისდა, დასვენებაზე თანაკლასელებთან ერთად ბევრი ითამაშა.
მოდი, ვილაპარაკოთ
რატომ გაიცინეს ბავშვებმა?
რა ეწყინა მადსს?
რა მოხდა მერე?
თქვენს კლასში არის ახალი მოსწავლე?
როგორ უნდა გაიცნოთ ადამიანი?
რა სიტყვებს ვიყენებთ ადამიანის გაცნობისას?
რაზე შეიძლება ვესაუბროთ ახალგაცნობილ ადამიანს?
ტექსტი N5
დიალოგი
მართა: გამარჯობა, მე მართა ვარ, ეს ელენეა.
დიმიტრი: მე დიმიტრი მქვია.
ელენე: რა ლამაზი სახელია!
დიმიტრი: გმადლობ, ელენეც ლამაზია.
მართა: რომელი სკოლიდან გადმოხვედი?
დიმიტრი: ბათუმის მეორე საჯარო სკოლიდან.
მართა: ბათუმელი ხარ? როგორ მიყვარს ბათუმი, ხშირად ჩავდივართ ხოლმე.
დიმიტრი: მეც მიყვარს და უკვე ძალიან მენატრება!
ელენე: ყველაზე მეტად რა გენატრება?
დიმიტრი: ყველაზე მეტად – ჩემი მეგობრები, ზღვა და თოლიები.
მართა: არ მოიწყინო, თოლიები მტკვარზეც დაფრინავენ
დიმიტრი: მართლა? არ ვიცოდი, თბილისშიც თუ იყვნენ.
მოდი, ვილაპარაკოთ
როგორ დაიწყო საუბარი მართამ?
რომელი ქალაქიდანაა დიმიტრი?
რა ენატრება ყველაზე მეტად დიმიტრის?
როგორ ამშვიდებს მართა?
გაინაწილეთ როლები და ისე წაიკითხეთ ბავშვების საუბარი.
დავალება
როგორ გავიცნოთ ერთმანეთი
ახალი ადამიანის გაცნობა თან მარტივია, თან რთული. მარტივი იმიტომ, რომ სულ ერთი სიტყვა გჭირდება, რთული კი იმიტომ, რომ ამ ერთი სიტყვის პოვნა ძნელია.
ეს და სხვა მსგავსი შეკითხვები ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჩვილის ღიმილი“.
კარლ სეიგანი
„ერთხელ კოსმოსური ოკეანის ნაპირზე კარლ სეიგანთან ერთად აღმოვჩნდი“ – ამ სიტყვებით იწყება ამ წიგნის წინასიტყვაობა და მეც ასე დავიწყებ, რადგან ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა წიგნის კითხვისას.
სანამ ეს წიგნი შემხვდებოდა ცხოვრებაში, იმ მოსაწყენ ადამიანებს მივეკუთვნებოდი, რომლებიც კოსმოსის, პლანეტების, ასტრონომებისა და ასტრონავტების ხსენებისას ბუზღუნებენ და ვერ იგებენ, რით ვერ მორჩნენ ადამიანები ცაში ჭვრიტინს და რით ვერ ეტევიან დედამიწაზე. მოსაწყენი რომ ვიყავი ამ ჩემი ფიქრებით, ეგეც „კოსმოსის“ წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, მანამდე არავის უთქვამს. წიგნი კი აღმომაჩენინა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც მაინცდამაინც კოსმოსით გატაცებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ წიგნით ნამდვილად მოიხიბლა და ნანობდა, ნეტა მეცხრე კლასში წამეკითხაო.
მას შემდეგ შევიტანე კარლ სეიგანის „კოსმოსი“ იმ აუცილებლად წასაკითხ წიგნებს შორის, რომლებსაც მოზარდებს ვურჩევ ან ვჩუქნი ხოლმე.
საოცრება ისაა, რომ მიუხედავად იმისა, წიგნი მუდმივად მზარდი და განვითარებადი სამეცნიერო სფეროსთვის საკმაოდ ხანდაზმულია (ის 1980 წელს გამოიცა), მისი დაბადების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ამ სფეროში, რიგი ბუნდოვანი საკითხები ნათელი გახდა, ზოგიერთი კითხვის პასუხი უკვე ნაპოვნია – წიგნი მაინც არ კარგავს პოპულარობას. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ძალიან მარტივი, გასაგები ენითაა ახსნილი ურთულესი მოვლენები; არც ის, რომ უბრალოდ ამბებია საინტერესო; ჩემი აზრით, მთავარია, რომ ეს წიგნი არწმუნებს მკითხველს იმაში, რომ რაც უკვე იყო, არსად წასულა და რაც ახლა ხდება, ისიც არსად წავა და მომავალს მიემართება. ყველაფერი კანონზომიერია, შემთხვევით არ უკავშირდება ერთმანეთს და გვაჩვენებს, რომ მეცნიერების ყველა მიღწევა კაცობრიობის განვითარებას ემსახურება მისი გონივრულად და კეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში. არასოდეს, არცერთ წიგნში ასეთი სიმძაფრით არ მიგრძნია, რა ერთიანია სამყარო, როგორი უწყვეტი და ყველა არსებულ ჯაჭვზე მტკიცეა კაცობრიობის განვითარების აბსოლუტურად ყველა ეტაპის ურთიერთმიმართება.
ამას ემატება ისიც, რომ ყველა ფურცელზე იგრძნობა, როგორ ცდილობს ავტორი, ის ცოდნა-საუნჯე, რომელიც ასე ძვირფასია, ბოლომდე მიიტანოს მკითხველამდე. ერთი წუთითაც არ ავიწყდება, რომ მიუხედავად იმისა, ზუსტად იცის, ძალიან საინტერესო რამეები აქვს მოსაყოლ-ასახსნელი, ვინმესთვის მაინც შეიძლება იქცეს მოსაწყენად. ამიტომ სულ ფხიზლადაა: რუდუნებით არჩევს ეპიგრაფებს, თავების სათაურებს, დასაწყისებს, ღია დასასრულებს, თხრობის მანერას, ქრონოლოგიურ ხაზს… ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს, როგორ გვეხმარება ერთი კონკრეტული ცოდნა, სამყაროს სხვა დახურული კარიც შევაღოთ. როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე მეცნიერების სხვადასხვა სფერო და როგორ სჭირდება ამ სფეროთა ურთიერთკავშირი კაცობრიობას განვითარებისთვის.
შეუძლებელია, სტატიაში, თუნდაც ჩამონათვალის სახით, ჩავატიო ის სამეცნიერო საკითხები, რომლებსაც ძალიან დაწვრილებით, პროფესიონალურად, მაგრამ ყველასთვის გასაგებად განიხილავს კარლ სეიგანი. მისი მიდგომის წყალობით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ ბუნდოვანი მოვლენა ჩემთვის სრულიად ცხადი და გასაგები გახდა. თუმცა გარდა სამეცნიერო ფაქტებისა, წიგნში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანების განცდებს, ვნებებს, ფიქრებს, ოცნებებს, ემოციებს. ეს ზოგჯერ თავად ავტორს ეხება, ზოგჯერ კი იმ ადამიანებს, რომლებზეც ნაწარმოებში საუბრობს. ბუნებრივადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული პრაგმატული თუ ფილოსოფიური ფიქრები და ემოციები. მაგალითად, კაცობრიობას არ ასვენებს კითხვა, შეგვიძლია თუ არა, მარსზე გადავცხოვრდეთ საჭიროების შემთხვევაში ან ვაქციოთ ეს პლანეტა ჩვენს დასასვენებელ ადგილად. ამ კითხვებზეც ძალიან საინტერესო პასუხებს იპოვიან მოზარდები წიგნში. მაგრამ თავში „წითელი პლანეტის ბლუზი“ კარლ სეიგანი ისე ემოციურად აღწერს მარსიდან გამოგზავნილი პირველი ფოტო ნახვას, რომ მკითხველის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის: „მახსოვს, როგორ შემეკრა სუნთქვა, როცა მარსის ჰორიზონტის ფოტოსურათი პირველად დავინახე. მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს უცხო სამყარო არ არის. ასეთი ადგილები მინახავს კოლორადოში, არიზონაში, ნევადაში. აქ იყო ქვები, ქვიშის ბორცვები და შორეული მაღლობი, ისეთივე ბუნებრივი და ჩვეულებრივი, როგორიც დედამიწის ნებისმიერი ადგილის ლანდშაფტი. მარსიც ადგილი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდებოდა, დიუნებზე მუქ ფერებში ჩაცმული მოგზაური რომ დამენახა, რომელიც თავის ჯორს მიუძღვებოდა, თუმცა, ამავე დროს, ასეთი სურათის წარმოსახვა თითქოს მართებულიც კი ჩანდა“ .
ამავე თავშივე აღწერს, რა ფორმით შეიძლება დავუკავშირდეთ დედამიწელები წითელ პლანეტას და ძალიან საინტერესო დასკვნასაც გვთავაზობს, როცა იხსენებს, როგორ ვარაუდობდნენ, რომ მარსზე გადაღებულ ფოტოზე ცოცხალი არსებების მიერ გაყვანილი არხები ჩანდა: „როგორც ჩანს, ადამიანს თავის მოტყუების დიდი ნიჭი აქვს, როცა საქმეში გრძნობები ერთვება; მით უმეტეს, ისეთი ძლიერი ემოციები, როგორსაც მეზობელ პლანეტაზე გონიერი არსებების ცხოვრების იდეა აღძრავს. ლოუელის ვარაუდი, შესაძლოა, წინასწარმეტყველურიც კი აღმოჩნდეს. მისი დანახული არხები მარსელებმა ააგეს; მაგრამ, თუ პლანეტის ტერაფორმირება მოხერხდება, მაშინ არხებს ის ადამიანები გაიყვანენ, რომლებიც იქ სამუდამოდ დასახლდებიან და მარსს საკუთარ სახლად აქცევენ. მარსელები ჩვენ ვიქნებით“.
კარლ სეიგანი ემოციურად თავადვე უახლოვდება იმ გარდამტეხ მოვლენებს, რომლებსაც განიხილავს; ცდილობს, მაქსიმალურად ჩართოს თავისი ფანტაზია და მაგალითად, წარმოიდგინოს ის დრო, როცა ადამიანმა ცეცხლი იპოვა; აღადგინოს ფიქრები, რომლებითაც შეპყრობილი იქნებოდა მაშინდელი ადამიანი. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ვრცელი ფიქრებიდან: „…არ ვიცი, ცაში გაფანტული ვარსკვლავები მართლა კოცონებია თუ არა; ან ტყავში გაკეთებული ის ნახვრეტებია თუ არა, საიდანაც ცეცხლი გვიყურებს და გვაკვირდება. ზოგჯერ ერთი ფიქრი მომწონს, ზოგჯერ კი მეორეს ვემხრობი. თუ ვიფიქრე, რომ არანაირი კოცონები და ნახვრეტები არ არსებობს და ვარსკვლავები სულ სხვა რამეა, მერე ამის გაგება ძალიან მიჭირს.
კისერი მორზე დაასვენე. თავი უკან გადასწიე. ასე მხოლოდ ცას დაინახავ. არანაირი მთები, არც ხეები, არც მონადირეები, არც კოცონი. მხოლოდ ცა. ზოგჯერ მგონია, ზევით, ცაში გადავვარდები. თუ ვარსკვლავები მართლაც კოცონებია, მაშინ ძალიან მინდა, იმ სხვა მონადირე ხალხებს ვესტუმრო, აი, იმათ, მომთაბარეები რომ არიან. ამ დროს ცაში გადავარდნაზე ფიქრი მომწონს. მაგრამ, თუ ვარსკვლავები ტყავში გაჭრილი ნახვრეტებია, მაშინ მათი მეშინია. არ მინდა, ნახვრეტში გავძვრე და იქიდან დიდ ცეცხლში მოვხვდე.
ძალიან მინდა ვიცოდე, რომელი ფიქრია სწორი. არ მომწონს, რომ არ ვიცი“.
მას შემდეგ, როცა აღწერს, როგორ გაჩნდა პირველი კოსმოსში მოგზაური რობოტების შექმნის იდეა და რამდენი რამ გავიგეთ კოსმოსის შესახებ „ვოიაჯერ 1-ისა“ და „ვოიაჯერ 2-ის“ დახმარებით, მერე მწერალ-მეცნიერი მკითხველს სთავაზობს რობოტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადმოცემის უცნაურ ფორმას:
„ვოიაჯერს“ რომ ეკიპაჟი ჰყოლოდა, კაპიტანი ყოველდღიურად ხომალდის ჟურნალში ჩანაწერებს აწარმოებდა. „ვოიაჯერ-1-ისა“ და „ვოიაჯერ-2-ის“ მიერ მოთხრობილი ამბების გაერთიანების შემდეგ დაახლოებით ასეთი ტექსტის წაკითხვას შევძლებდით:
დღე 1-ლი. უსაფრთხოების ზომებისა და ხელსაწყოებზე შფოთვის მიუხედავად, რომლებიც თითქოს გაუმართავი ჩანდა, მაინც წარმატებით ავფრინდით კანავერალის კონცხიდან და დავიწყეთ ხანგრძლივი მოგზაურობა პლანეტებისა და ვარსკვლავებისკენ…“.
ასე აგრძელებს დღეების მიხედვით რამდენიმე ფურცლის განმავლობაში და მკითხველისთვის კიდევ უფრო ცხადი, ნათელი და ემოციური ხდება, რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღო კაცობრიობამ 1977 წელს გაშვებული ამ კოსმოსური ზონდებისაგან (ასე უწოდებენ ზოგადად), რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, ბოლომდე იქნებიან ადამიანების სამსახურში და არასოდეს დაბრუნდებიან უკან.
კონკრეტული საჭირო ცოდნისა და ემოციური მხარის გარდა, ეს წიგნი გამოირჩევა იმითაც, რომ ეს ავტორი ამსხვრევს მეცნიერებასთან დაკავშირებულ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც მყარადაა ფესვგადგმული მოზარდის გონებაში (თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად არც ზრდასრულები გამოვიყურებით სტერეოტიპთა მძლეველი სუპერგმირებივით). მეცნიერებისადმი ადამიანთა დამოკიდებულება ძალიან კარგად ახსნა კარლ სეიგანმა ერთი ძალიან საინტერესო და თან სახალისო ამბის თხრობისას:
„კომეტებთან დაკავშირებული გაუგებრობები დღემდე გრძელდება. 1957 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობდი და იერსკის ობსერვატორიაში ვმუშაობდი. ერთ ღამესაც იქ მარტო ვიყავი და მესმოდა, როგორ განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი. როცა, საბოლოოდ, ვუპასუხე, კარგად შეზარხოშებულმა მამაკაცმა მთხოვა:
– აშტრონომი დამალაპარაკეთ.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ?
– იცით, უილმეტიდან გიღეკავთ, ბაღში დიდი წვეულება გვაქვს დ ცაში რაღაც მოჩანს. საინტერესო ისაა, რომ, თუ პირდაპირ შეხედავთ, ქრება, მაგრამ თუ არ უყუღებთ, ისევ იქაა.
თვალის ბადურის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი მხედველობის არეალის ცენტრში არ მდებარეობს. ადამიანს შეუძლია, ძალიან მკრთალი ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები დაინახოს, თუ მათ თვალს ოდნავ მოაშორებს. ვიცოდი, რომ ხსენებულ მომენტში ჩვენს ცაზე იმ დროისთვის ახლად აღმოჩენილი, თვალისთვის თითქმის უხილავი კომეტა „არენდ-როლანდი“ მოძრაობდა. ამიტომ იმ კაცს ვუთხარი, რომ, სავარაუდოდ, კომეტას ხედავდა. ხანგრძლივ დუმილს შემდეგი კითხვა მოჰყვა:
– კომეტა რაღაა?
– კომეტა დიდი გუნდაა, ორიოდე კილომეტრის სიგანის.
ამას კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა, შემდეგ კი თანამოსაუბრის ბრძანება გავიგონე:
– ნამდვილი აშტრონომი დამალაპარაკეთ“.
კიდევ ერთ საკითხს გამოვარჩევდი, რომელიც მეცნიერებას ეხება და რომლის გააზრება, გასიგრძეგანება, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მოზარდობის ასაკიდან დაიწყოს ადამიანმა – შეცდომები ყველას მოსდის და არც დიდი იდეების ავტორები არიან ამისგან დაზღვეული. მთავარია, ადამიანს შეეძლოს შეცდომის დანახვა, აღიარება, უკან დახევა და ახალი, სწორი, მართებული გზების ძიება: „როგორც მეცნიერთა, ისე არამეცნიერთა მიერ წამოყენებული ბევრი ჰიპოთეზა მცდარია. თუმცა, მეცნიერება შეცდომების გასწორებას ეფუძნება. იმისთვის, რომ ახალი იდეა აღიარონ, მან დამამტკიცებელი ფაქტების შემოწმების უმკაცრეს სტანდარტებს უნდა გაუძლოს… მეცნიერება ემყარება მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ჰიპოთეზა, ის რაგინდ უცნაურადაც უნდა გვეჩვენებოდეს, ობიექტურ განხილვასა და შეფასებას იმსახურებს, თანაც, რაიმენაირი წინასწარი განწყობის გარეშე. უხერხულობის გამომწვევი იდეების უგულებელყოფა შეიძლება აუცილებლობად მიიჩნეოდეს რელიგიასა და პოლიტიკაში, მაგრამ ცოდნისკენ მიმავალ გზაზე ეს დაუშვებელია. ახალი მოსაზრებებისადმი ასეთ დამოკიდებულებას მეცნიერების მიზნებთან საერთო არაფერი აქვს. შეუძლებელია წინასწარ იმის ცოდნა, თუ ვინ აღმოაჩენს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ახალ კანონებსა თუ ფაქტებს“.
კარლ სეიგანი, ერთი მხრივ, პრაქტიკული მაგალითებით ხსნის, რა საჭიროა მეცნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო, მეორე მხრივ, გვიზიარებს სხვა მოაზროვნეების შეხედულებებსაც, რათა კიდევ უფრო გაამყაროს თავისი დაკვირვების შედეგები. მაგალითად, მოჰყავს ნაწყვეტი არისტოტელეს „პოეტიკიდან“:
„[თალესს] მუდმივად საყვედურობდნენ სიღარიბის გამო და ასე მიანიშნებდნენ, რომ ფილოსოფიას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. გადმოცემის თანახმად, თალესმა ჯერ კიდევ ზამთარში იცოდა [ცაზე დაკვირვებების შედეგად), რომ მომდევნო წელს ზეთისხილის მოსავალი უხვი იქნებოდა; ამიტომ თავისი ცოტაოდენი ფული დააბანდა ქიოსისა და მილეტის ზეთსახდელებში, რომლებიც ძალიან იაფად დაიქირავა, რადგან მოცილე არავინ ჰყავდა. როცა მოსავლის აღების დრო მოვიდა და ყველას ზეთსახდელი დასჭირდა, თალესმა თავის მომსახურებას მაღალი ფასი დაადო და საკმაო ფულიც იშოვა. ამით მან მსოფლიოს აჩვენა, რომ, ფილოსოფოსებს, თუ თავად მოისურვებენ, გამდიდრება შეუძლიათ, მაგრამ მათ სულ სხვაგვარი ამბიციები ამოძრავებთ“, – ამ მონაკვეთში კარგად ჩანს მეცნიერული ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა, ის, რომ ეს ცოდნა ყოველდღიური ცხოვრებისგან განყენებული სულაც არაა და ისიც, რომ არ არის აუცილებელი, მეცნიერული ინტერესი ყოფით სარგებლობამდე დაიყვანებოდეს.
მწერალი ციცერონსაც ახსენებს თავის ნაწარმოებში და ვფიქრობ, სწორედ მოზარდებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო ამ სიტყვების წაკითხვა: „ციცერონი წერდა: კამათისას უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა ავტორიტეტის წონა, არამედ არგუმენტების სიძლიერე. მართლაც, იმ ადამიანის ავტორიტეტი, ვინც ასწავლის, ხშირად ნამდვილი დაბრკოლებაა მათთვის, ვისაც სწავლა სურს; ეს უკანასკნელნი დამოუკიდებელ აზროვნებაზე თანდათან უარს ამბობენ და უდავო ჭეშმარიტებად აღიქვამენ იმას, რასაც კონკრეტული კითხვის პასუხად მასწავლებელი სთავაზობს. ნამდვილად არ ვაპირებ მოვიწონო პრაქტიკა, რომელსაც, ტრადიციულად, პითაგორას შეგირდებს მიაწერენ; კითხვაზე, თუ რა უდევს საფუძვლად მათ მიერ დებატებში წამოყენებულ მოსაზრებას, როგორც წესი, ისინი პასუხობენ: „ოსტატმა ასე ბრძანა“. „ოსტატი“, ცხადია, პითაგორაა. მათთვის წინასწარ მიწოდებული მზა მოსაზრება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მისი ავტორის სახელი დამოუკიდებელ აზროვნებასა და შეპასუხებას სრულიად გამორიცხავდა“. მოზარდები, როგორც წესი, ეძებენ დამოუკიდებლობას, მაგრამ ამასთან ერთად ხშირად ექცევიან სწორედ ავტორიტეტების გავლენის ქვეშ და ამიტომ ადვილად მოწყვლადებიც არიან. ზემოთ მოყვანილი სიტყვების გათავისება, ჩემი აზრით, მოზარდს შთააგონებს, რამდენად მნიშვნელოვანია, კრიტიკული აზროვნება შეინარჩუნოს ნებისმიერ სიტუაციაში, საჭირო დროს გამოვიდეს ნებისმიერი გავლენიდან და მტკიცედ დაადგეს არჩეულ გზას.
თავის წიგნში სეიგანი საუბრობს არაერთ დიდ მეცნიერზე, რომელთა აღმოჩენებმაც განსაზღვრა კაცობრიობის მომავალი განვითარების გზა. მაგრამ საინტერესოა, რომ გვიყვება არა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანზე – როგორ გარემოში ტრიალებდა ბავშვობასა თუ ზრდასრულობაში, რამ განაპირობა ასეთ ადამიანად ჩამოყალიბება, რა გაცდები და ვნებები ამოძრავებდა, რამ აღუძრა ფიქრები თუ კონკრეტული ფიქრი. ნიუტონზეც, მის დამსახურებაზე, ბევრს ჰყვება, მაგრამ ორიოდე ნაწყვეტს მოვიყვან აქ, სრულიად ყოფითს:
„XIX საუკუნის 90-იან წლებში ტოსკანის მინდვრებში, პავიასკენ მიმავალ გზაზე რომ გაგესეირნათ, სკოლის ფორმაში ჩაცმული ერთი გრძელთმიანი ყმაწვილი შემოგხვდებოდათ. როცა გერმანიაში ცხოვრობდა, ამ ბიჭს მასწავლებლებმა უთხრეს, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა; რომ მის მიერ დასმული შეკითხვები კლასში აურზაურს იწვევდა და ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი სკოლიდან წავიდოდა. მანაც პედაგოგებს დაუჯერა და გადასახლდა ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც შეეძლო, ისეთ საკითხებზე ეფიქრა, რომლებიც პრუსიულ, მკაცრ დისციპლინას დაქვემდებარებულ სკოლაში თავსმოხვეული თემებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ყმაწვილს ალბერტ აინშტაინი ერქვა, მისმა აზრებმა კი მალე მსოფლიო შეცვალა“.
„სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი წერდა: „არ ვიცი, როგორ ვჩანვარ სამყაროსთვის. მე კი საკუთარ თავში მხოლოდ ერთ პატარა ბიჭს ვხედავ, რომელიც ზღვის ნაპირზე თამაშობს, ერთობა და დროგამოშვებით სხვებზე უფრო გლუვ ან ლამაზ კენჭს პოულობს, მის წინ კი ჭეშმარიტების დიდი და სრულიად უცნობი ოკეანეა გადაშლილი“.
დაბოლოს, ეს არის წიგნი, რომელიც ადამიანებს მართლა შეაყვარებს დედამიწას. გაააზრებინებს, რომ თავადაა პასუხისმგებელი ამ პლანეტის არსებობაზე, ბევრი რამის შეცვლა და გამოსწორებაა შესაძლებელი და ევალება კიდეც:
„რამდენიმე მილიონი წლის წინ, როცა დედამიწაზე პირველი ადამიანები გაჩნდნენ, ეს პლანეტა უკვე „ასაკოვანი“ იყო – „სიყმაწვილის ხანის“ კატასტროფებისა და კატაკლიზმებიდან 4,6 მილიონი წელი აშორებდა. მაგრამ ჩვენ, ადამიანები, პლანეტაზე ზეგავლენის ახალ და, შესაძლოა, გადამწყვეტ ფენომენს წარმოვადგენთ. ინტელექტი და ტექნოლოგიები კლიმატზე ზემოქმედების საშუალებას გვაძლევს. როგორ გამოვიყენებთ ამ ძალას? მზად ვართ თუ არა, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებსაც მთელი კაცობრიობის ბედის განსაზღვრა შეუძლია, გულგრილობა და თვითკმაყოფილება გამოვავლინოთ? ნუთუ ხანმოკლე სარგებელს ვამჯობინებთ დედამიწის კეთილდღეობას? ან იქნებ უფრო შორსმჭვრეტელები გავხდებით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე დავფიქრდებით, კარგად შევისწავლით და დავიცავთ მშობლიურ პლანეტას? დედამიწა პატარა, მგრძნობიარე სამყაროა. მას გაფრთხილება სჭირდება“.
აქ შევჩერდები და ვფიქრობ, რამდენიმე წლის წინ გადაღებული ეს სიუჟეტი ჩემი სტატიის საუკეთესო დასასრულად გამოდგება. უყურეთ, ჩემს დაწერილსაც უფრო ირწმუნებთ, ქართველ გულანთებულ, კოსმოსით შეპყრობილ ასტროფოტოგრაფებსაც შეგაყვარებთ და კარლ სეიგანის „კოსმოსსაც“ მეტი ინტერესით გადაფურცლავთ.
თუ წლევანდელ „ბუკერს“ თვალს ადევნებთ, ჟიურის შემადგენლობაც გეცოდინებათ – წელს ჟიურის ერთ-ერთი წევრი იიუნ ლია, წარმოშობით ჩინელი მწერალი, ამერიკაში რომ ცხოვრობს და ინგლისურად რომ წერს. მისი მოსმენის ბედნიერება ორი წლის წინ, აიოვაში გამართულ საღამოზე მქონდა . არასდროს დამავიწყდება, საერთაშორისო სამწერლო პროგრამის დირექტორის, კრისტოფერ მერილის სიტყვები:
– When she first came in the US, she barely spoke any English and now – პირველად რომ ჩამოვიდა ამერიკაში, ინგლისური ძლივს იცოდა და ახლა კი, – და აქ თვალები გაუბრწყინდა და ხელები გაშალა, – she writes like a wizard! – ჯადოქარივით წერსო.
აიოვას უნივერსიტეტს შემოქმედებითი წერის ერთ-ერთი ცნობილი და საუკეთესო სკოლა აქვს ამერიკაში. თუ ეს იცით, იფიქრებთ, რა თქმა უნდა, აბა, სხვაგან სად ჩავიდოდა მომავალი მწერალიო. საქმეც ეგაა – მაშინ იიუნ ლი ჯერ კიდევ არ იყო მწერალი და აიოვაშიც წერის კი არა, იმუნოლოგიის შესასწავლად ჩავიდა. მაგრამ საბოლოოდ ლიტერატურამ გადაწონა და ექიმის კარიერაზე უარი ათქმევინა.
როგორც თავად გაიხსენა საღამოზე, წერდა სწორედ წიგნების მაღაზიის „Prairie Lights“ კაფეში, რადგან ოთახი, რომელშიც სხვა სტუდენტებთან ერთად ცხოვრობდა, მეტისმეტად პატარა იყო. წერდა და მუდამ ერთსა და იმავე ჩაის სვამდა, თუ სწორად მახსოვს, ჟასმინისას. ამ პერიოდიდან წლები გავიდა. დღეს იიუნ ლი უკვე შვიდი წიგნის ავტორია და მრავალი ჯილდოს მფლობელი. ჯილდოებს შორისაა პრესტიჟული PEN Faulkner Award, რომელიც შარშან სწორედ 2022 წელს გამოსული რომანისათვის „The Book of Goose“ მიენიჭა.
რაზე მოგვითხრობს ეს მართლაც შესანიშნავი წიგნი?
თავად იიუნ ლი ამ შეკითხვას ირონიულად შეხედავდა – ერთი ასეთი ტერმინი აქვს Whataboutism. როგორც ერთ სტატიაში წერს, ვოთებაუთიზმი თანამედროვეობის სენია – ჩვენ განუწყვეტლივ ვკითხულობთ წიგნების შესახებ: What is it about? – რაზეა? და ამით ტექსტის მთელი არსი მის შინაარსამდე, სიუჟეტამდე დაგვყავს. ეს რომ არასწორია, იიუნ ლის რომანის მაგალითზე შეგვიძლია, დავინახოთ: ორი თინეიჯერი გოგო, აგნესი და ფაბიენი ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის პატარა სოფელ სან რემიში ცხოვრობენ, სადაც სიღარიბე და მოწყენილობა გამეფებულა, ხოლო სიკვდილი კი ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. რა რომანი უნდა ააგო ასეთ მარტივ ამბავზე? მაგრამ იიუნ ლი ოსტატია – ის არამხოლოდ ორი გოგოს რთულ, წინააღმდეგობებითა და სიხალისით აღსავსე ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომელიც ძალზე ახლო მეგობრობიდან დიდ და ტკივილიან, შეუძლებელ სიყვარულში გადაიზრდება, არამედ თავად წიგნის წერის შესახებ წერს წიგნს. „The Book of Goose“, უპირველესად, მეტაფიქციური რომანია.
რა არის წერა? გამოგონება? თუ, პირიქით, რეალობის შეგრძნების, რეალურად ყოფნის საშუალება? როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ფაბიენი და აგნესი წერას იმ გაუცხოების დასაძლევად მიმართავენ, რომელიც რეალობის მიმართ აქვთ. სინამდვილე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მათი არ არის. არც ისინი ეკუთვნიან ამ სინამდვილეს. უფრო სწორად, ფაბიენი არ ეკუთვნის, აგნესი კი, როგორც ბოლოს ირკვევა, მონახავს ადაპტაციის გზას.
სინამდვილის არაერთგვაროვნება სხვადასხვა პერსპექტივის ჩვენებითაა ხაზგასმული: ჩვენ, მკითხველებმა, ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც აგნესი ინგლისში წავა, ფაბიენი სწერს წერილებს ჟაკის სახელით (ესეც საერთო თამაშის ნაწილია) და არავითარი ფაბიენის ძმა ჟაკი არ არსებობს. ჩვენ, აგრეთვე, ვიცით, რატომაც ვერ ჩერდება აგნესი ძვირადღირებულ, კერძო სკოლა-პანსიონში მისის თაუნზენდის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ჩვენ ამბავს აგნესის თვალებით ვხედავთ – მთხრობელი სწორედ ისაა და პერსპექტივაც მისია. მაგრამ არაფერი ეს არ იცის მისის თაუნზენდმა – მას ჟაკი ნამდვილად არსებული ბიჭი ჰგონია და აგნესსაც ამას საყვედურობს, შენ იმ შენს შეყვარებულს ვერ ელევი და ამიტომ გინდა წასვლაო. მისის თაუნზენდს უყოყმანოდ სჯერა აგნესის მიერ მებაღისთვის ნათქვამი ტყუილი, თითქოს ფოსტალიონ მისიე დივოს, მოთხრობების გაშალაშინებაში რომ დაეხმარა, სინამდვილეში, აგნესის ცოლად მოყვანა სურდა. და, რაც მთავარია, მისის თაუნზენდი განუწყვეტლივ ჩასჩიჩინებს აგნესს, კარიერაზე უნდა იფიქრო და გვაცადო მე და შენს გამომცემელს, გადავწყვიტოთ, რა იქნება შენთვის უკეთესიო.
მაგრამ რომელ კარიერაზე? წიგნები ხომ აგნესმა, უბრალოდ, ჩაიწერა, თორემ მათი შემთხზველი ფაბიენია, ის კარნახობდა ტექსტებს. ფოსტალიონს კი, რომელსაც გამომცემელი აგნესის თანაავტორად მიიჩნევს, საერთოდაც უმნიშვნელო როლი აქვს მთელ ამ თავგადასავალში – ის ფაბიენის დაგებულ მახეში ებმება. მაშ, სად არის სინამდვილე? ვინ არის ავტორი? უფრო სწორად, რა არის ავტორი?
აქვე ჩანს, რას ნიშნავს ავტორად ყოფნა:
სულ სოფელზე ხომ არ დაწერ, ხალხს მოსწყინდებაო, – ეუბნება მისის თაუნზენდი აგნესს. აგნესი ავტორი გახდა. ამიტომაც ყველას რაღაც სურს მისგან და ყველა ცდილობს, იგი სათავისოდ გამოიყენოს, მისი, ვუნდერკინდის, წარმატებით იხეირონ. და აგნესიც იძულებულია, აკეთოს, რასაც ეტყვიან: შეხვდეს გამომცემელს, მისცეს ინტერვიუები, იპოზიოროს ფოტოგრაფებთან, წავიდეს სასწავლებლად უცხო ქვეყანაში და, რაც მთავარია, დაწეროს შემდეგი წიგნი. და არავითარი ექსცენტრულობა – ის უნდა იყოს ზრდილობიანი, თავდაჭერილი გოგო, ისეთივე, როგორც მისი ასაკის სხვა გოგოები; ჩვეულებრივი და, ამავდროულად, სრულიად არაჩვეულებრივი.
და აგნესი ახერხებს ამ როლის შესრულებას, რასაც ვერასდროს მოახერხებდა ფაბიენი, თავისებური, ჯიუტად ბავშვობაში ჩარჩენილი ხასიათის გამო. ეს ხლეჩს აგნესის ცხოვრებას, რომელიც სოფელში მთლიანი იყო. ის საბოლოოდ უკან ბრუნდება, მაგრამ ბრუნდება სულ სხვანაირი და ამას ორივე ხვდება: აგნესიც და ფაბიენიც.
ამ წიგნისთვის არ არსებობს ე.წ. სპოილერები, რადგან ის არ სრულდება – დასასრული დასაწყისშივეა: აგნესი ფაბიენის სიკვდილის შესახებ შეიტყობს და გადაწყვეტს, ბოლო-ბოლო მოჰყვეს ყველაფერს ისე, როგორც იყო. ამდენი წლის შემდეგ ის ისევ იწყებს წერას და ისევ თავისი უსაყვარლესი მეგობრის მიერ მოცემული იმპულსით. „ბატის წიგნსაც“ ამიტომ არქმევს ახალ ტექსტს – ფაბიენი ეუბნებოდა ხოლმე: „ისევ ის სულელი ბატი ხარ, აგნეს, დიდი ოცნებებით“ („You are still that silly goose, […] You dream big, Agnès“).
აქვე კიდევ ერთი თემა, რომელზეც დგას რომანი – ვუნდერკინდები. აგნეს მორო გამქრალი გენიოსია – ერთი იმ ვუნდერკინდთაგანი, რომელიც გაიზარდა და ჩვეულებრივ ადამიანად იქცა, გაიზარდა და ყველამ დაივიწყა. მაგრამ იიუნ ლი აქაც ლამაზ ლიტერატურულ წიაღსვლას აკეთებს. აი, რას გვიყვება აგნესი თავის გაქრობაზე, რა თქმა უნდა, მკითხველებს იმედი გაუცრუვდათ, ჩემი მეორე წიგნი უხმაუროდ გამოიცა და მალევე დაივიწყესო, მაგრამ:
„But their disappointment would not last long. That year a girl named Francoise Sagan, who was four years older than me, made her name in literary history. The fame of Agnès Moreau, the peasant girl who failed to be transformed into a debutante, was no more than a twinkle of a firefly compared to the meteoric splendor of Mlle Sagan“.
ჩემი ბლაგვი თარგმანი ოდნავადაც ვერ გადმოსცემს იიუნ ლის ფრაზის სილამაზეს. საერთოდ, „ბატის წიგნი“ რომ სიამოვნებით იკითხება, ამის მთავარი მიზეზი ენაა – მდიდარი, ზუსტი. ცალკე აღსანიშნავია ტექსტის რიტმი – ეს უწყვეტი, მშვენიერი მუსიკა. არაფერი რომ არ მცოდნოდა ავტორის შესახებ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ამერიკელი არაა და ინგლისური მისთვის მშობლიური ენა არ არის.
***
შეხვედრაზე იიუნ ლიმ ისიც გვიამბო, წიგნი როგორ დაწერა. თურმე ჩარჩო მოთხრობა თავიდან სხვა ყოფილა. მწერალმა ის მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც რამდენიმე მკითხველმა გარკვეულ შეუსაბამობებზე მიანიშნა ჩარჩო მოთხრობასა და ჩართულ მოთხრობას შორის.
– აგენტს დავურეკე და ვუთხარი, მგონი, ჩარჩო სხვა უნდა იყოს-მეთქი, – იხსენებს მწერალი, – მან მიპასუხა, იიუნ, მე კი მგონია, რომ ტექსტს ერთი რამე უნდა, რომ იყოს და შენ მისგან მეორე რამის გამოყვანას ცდილობო. დავჯექი და პირველი 30 გვერდი თავიდან დავწერე.
დაისვა შეკითხვა ფინალთან დაკავშირებითაც:
– ტექსტი დასრულებულია, თუ მტკივა, – უპასუხა მწერალმა, – „ბატის წიგნის“ ფინალი ისე მეტკინა, რომ გონს მოსასვლელად საცურაოდ წავედი. მაშინ მივხვდი: ეს ნამდვილად სწორი და შესაფერისი ფინალი იყო.
მერე კი აღნიშნა, მე კითხვების მწერალი ვარო. ვწერ წიგნებს, რათა კითხვები დავსვა და ვსვამ კითხვებს, რათა ახალ-ახალი კითხვები გაჩნდესო.
თუ „ბატის წიგნის“ გამოცემას გადმოატრიალებთ, უკანა მხარეს სხვადასხვა ავტორებისა და კრიტიკოსების შეფასებებს ნახავთ. მათ შორის სალმან რუშდიცაა. მისი შეფასება მოკლეა, სულ ერთი წინადადება: „One of our major novelists“. – „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რომანისტი“.
დილით, როცა ცხრათვალა მზე სამ თვალს ძლივს ახელდა, ისე ეზარებოდა გაღვიძება, ბებია თომას საწოლთან დაიხარა და ფრთხილად უთხრა: ,,ადექი, ადექი! დღეს დიდი დღეა! ახალი ცხოვრების კარის გასაღები უნდა მოგცე!”
თომას ბებია, აგერ უკვე მეოთხე წელია, შვილიშვილების ფრთხილად გაღვიძების ჩემპიონია მთელ საქართველოში. ოთხი? არა, გატყუებთ! ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა და ისიც იმიტომ, რომ თომა იმ ღამით ძალიან გვიან დაბრუნდა ჯუჯების სამეფოდან და ლოდინით გაბრაზებულმა სიზმრებმა აღარ გამოუშვეს.
თომამ თვალი გაახილა და დაინახა, რომ ბებიას ცალ ხელში ოქროსფერი ორცხობილა და ცალში კი ჩანთა ეჭირა.
სკოლაში მივდივართ! – ერთდროულად წამოიძახეს ბებომ და შვილიშვილმა.
რა აღარ ენახა თომას – ბავშვთა ქალაქის შოკოლადის შენობები და ფერადი ხეების შუქნიშნები, ჯუჯების სამეფო და ბუ ბაიბურას უზარმაზარი ბუდე, სათამაშოების სასახლე და ჯადოქარი ჯონდოს უკუღმა გადმოტრიალებული სამუშაო ოთახი, მაგრამ სკოლა ყოველთვის ყველაზე დიდებულ და საოცნებო ადგილად წარმოედგინა.
ამიტომაც ძალიან ღელავდა თომა. თავში ათასი კითხვის ნიშანი უტრიალდებოდა. კითხვის ნიშნების საქმე კიდევ ხომ იცით, საოცრად მოუსვენრები არიან და არც შენ გაძლევენ მოსვენებას, სანამ პასუხების კანფეტებს არ შეახრამუნებენ.
წავედით, წავედით! – დაიძახა ბებომ, რომელმაც სპეციალური ეკრანი ჰქონდა, სადაც თომას ფიქრებს ხედავდა – მაგ კითხვის ნიშნებს გზაზე დავურიგებთ პასუხების კანფეტებს!
მზეს უკვე ცხრავე თვალს დაეჭყიტა, როცა სკოლისკენ მიმავალ გზას გაუდგნენ.
– ყველა, ვინც გზაზე შემოგხვდება, გამარჯობა უნდა ვუთხრათ! – დაარიგა ბებომ თომა სახლიდან გასვლისას.
– ყველას? ავყანყალას და სიტყვაყლაპიასაც?
– კი, ყველას. ზრდილობის მათემატიკაში ასე წერია. თუ ადამიანთან შეხვედრას გამარჯობას გამოვაკლებთ, უზრდელები ვიქნებით.
– – ჯუჯებთან შეხვედრასაც?
– კი, ჯუჯებთან, ფერიებთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, დიდებთან და პატარებთან. გამარჯობა აუცილებელია!
პირველად გზაზე თუთა და დედამისი გამოჩნდნენ.
გამარჯობა! – შორიდანვე დაუძახა თომამ თუთას და ისე ხმამაღლა, რომ მიწიდან თხუნელა თხუპნიამც კი თავი ამოყო და ნამძინარევი ხმით გამოსძახა: გამარჯობა თომა! ამ დილაადრიან საით გაგიწევია?!
– სკოლაში! – ერთად უპასუხეს მხიარულად თომამ და თუთამ.
– ეჰ, კიდევ კარგი, თხუნელების სკოლა შუადღისას იწყება, თორემ რა ადგებოდა ასე ადრე! – ჩაიბურტყუნა თხუპნიამ და თბილ ლოგინს ზმორებით დაუბრუნდა.
გზაზე ბავშვებს ნიკა ლო, მარი ლა, ძაააააალიან შავთმიანი ნინი და ცოოოოოტა ლოყაწითელა გიო შემოუერთდნენ, სკოლის ეზოში კი უამრავი პატარა დახვდათ. მათ თომა არ იცნობდა, რადგან ბავშვები შორეული ქუჩებიდან იყვნენ.
ეზოში უზარმაზარი, ფერადი სცენა იდგა. სცენაზე მოცეკვავე ბუშტები მიმორბოდნენ და ხმამაღლა კისკისებდნენ. გინახავთ ბუშტები, რომლებიც დარბიან და თან იცინიან? ისინი საბუშტეთის შორეულ სოფელში ცხოვრობენ და იქიდან მხოლოდ მაშინ გამოდიან, როცა სკოლა იწყება და ბავშვებს უნდა შეხვდნენ. ეს სექტემბრის ერთ ჯადოსნურ დღეს ხდება. სხვა დროს ბუშტები საკუთარ სოფელში მართავენ კონცერტებს და იქ მოხვედრა იმაზე უფრო ძნელია, ვიდრე ვთქვათ, რომელიმე მთვარის ჭრელა-ჭრულა ტყეში. რა, მთვარე რომ ბევრი იყო და იქ ტყეებია, ეგ არ იცოდით? ეჰ, კარგი, მაგას სხვა დროს მოგიყვებით.
როგორც ამ სცენიდან ერთმა მაღალმა ქალმა, რომელსაც თვალები საახალწლო ნაძვის ხის ყველაზე ახალი ნათურასავით უბრწყინავდა, ხმამაღლა გამოაცხადა, რომ სკოლაში შესვლა ორ აუცილებელ წესს გულისხმობდა: ერთი სკოლის ფიცის დადება იყო, მეორე კი შესასვლელი ბილეთის შეძენა.
,,ყველა ბავშვი ჭკვიანია! ყველა ბავშვი ლამაზია! ყველა ბავშვი კეთილია! რადგანაც მე ლამაზი და კეთილი ვარ, ესე იგი ლამაზი და კეთილია სხვაც! ჩვენ ხომ ერთი სახელი გვქვია და ამ სახელის ჯადოქრობის ძალა ეს არის – ყველა ბ ა ვ შ ვ ი ჭკვიანი, ლამაზი და კეთილია! ასე წერია ბავშვობის სახელმძღვანელოში და ეს არის ჩვენი საზეპირო ფიცი!’’ – გამოაცხადა ქალმა.
– ოოო, ბილეთები? ბილეთები აქვე და თან ძალიან ძვირი, თან ძალიან იაფი ღირს!
– ეგ როგორ? – გაუკვირდათ ბავშვებს.
– კი. თან ძალიან ძვირი და თან ძალიან იაფი – ერთი კეთილი სიტყვა!
– ერთ კეთილი სიტყვა? – ახმაურდნენ ბავშვები – რამდენიმე იყოს!
– არა, ერთი კეთილი სიტყვა ასე მარტივად წარმოსათქმელი არ არის! თან უცნობს უნდა უთხრა და თან გულწრფელი იყოს!
– შევძლებთ, შევძლებთ! – აჟრიამულდნენ პატარები და მართლაც, იმ დღეს უამრავი კეთილი სიტყვა გაიცვალა, იმდენი, რომ უფროსებსაც კი დაავიწყდათ, დედამიწაზე ბოროტი სიტყვები საერთოდ თუ არსებობდა.
სკოლაში სულ პირველად – სანამ წერა-კითხვის, ხატვის და არითმეტიკის სწავლას შეუდგებოდნენ, თითქოს ძალიან უცნაური, მაგრამ თურმე ძალიან საჭირო გაკვეთილები ჩატარდა: ერთმანეთის ფიქრების გაცნობის გაკვეთილი, ერთმანეთის ოცნებების ასრულების გაკვეთილი, გაღიმების გაკვეთილი, ბევრი კეთილი სიტყვის გადაჩურჩულების გაკვეთილი და ბოლოს საჩუქრად, ორცხობილას და ჩურჩხელის გაკვეთილიც კი.
ფიქრების გაკვეთილზე ბავშვებმა გაიგეს, რომ შოკოლადებზე და კომპიუტერზე ფიქრს თურმე ცოტა დრო უნდა გამოვაკლოთ – ასე წერია ფიქრის მათემატიკაში. ფიქრის მათემატიკაში ისიც წერია, რომ რადგან ეს დრო გამოვაკელით, ახლის მიმატებაა საჭირო და ეს დრო ერთმანეთზე ფიქრის უნდა იყოს. ჰოდა, სანამ ასეთ ფიქრს დავიწყებთ, ჯერ უნდა ვკითხოთ ერთმანეთს: როგორ ხარ? რამე ხომ არ გჭირდება? შემიძლია დაგეხმარო?
ოცნებების ასრულების გაკვეთილზე ბავშვებმა ისწავლეს, რომ ოცნება ხანდახან მარტო ვარსკვლავებზე გაფრენა არ ყოფილა – თურმე ზოგჯერ საღეჭ რეზინზე და პატარა ორცხობილაზეც ოცნებობენ ბავშვები. მთავარია, აქაც არ მოგვერიდოს კითხვის დასმა: ღამით, სანამ ძილის ფერიები მოფრინდებიან და სიზმრის სამეფოებში წაგიყვანენ, როცა რაღაც გინდა, რა გინდა ყველაზე მეტად? იმ წამის სურვილია მთავარი, სიფხიზლის და ძილის შუა რომ წამია და ვერ ხვდები, ძილის არის თუ ღვიძილის.
გაღიმების გაკვეთილი ცოტა რთული აღმოჩნდა. ხომ არის უცნაური დღეები, როცა მოწყენილი ხარ და სულ რომ ყელზე გიღიტინოს ფრთებით ბუ ბიაბურამ, მაინც არ გეღიმება. კი – არის! როგორ არ არის! ზოგჯერ ჩურჩხელა დაგიმალეს, ზოგჯერ ორცხობილა, ზოგჯერ მობილური ტელეფონი არ გათხოვეს და ზოგჯერ უბრალოდ გინდა და მოწყენილი ხარ! აი, ასეთ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყოფილა რომ სხვას გაუღიმო და როცა ისიც ღიმილით გიპასუხებს, ორცხობილაც გავიწყდება და ტელეფონიც.
კეთილი სიტყვის ძალა უკვე იცით. აგერ სულაც ერთი კეთილი სიტყვა იყო სკოლაში შესვლის ბილეთი და ბევრი რაღა იქნება? მზის ტბებს, ღრუბლების ფაზლებს, ქარებისგან დაწნულ მფრინავ ხალიჩებს – რა გინდა, სულო და გულო? ჰოდა, კეთილი სიტყვების გადაჩურჩულების გაკვეთილზე ბავშვები ისე გამდიდრდნენ, ისე, რომ მთელი სამყარო მათი იყო.
სულ ბოლო გაკვეთილი კი ჩურჩხელის და ორცხობილის იყო, მაგრამ წვენიც ბლომად სვეს. ეს ფერადი წვენები წვენიწურიას საჩუქარი იყო წვენწურწურას სოფლიდან და სულ ყლუპ-ყლუპით უნდა გესვა. სამ ჭიქას რომ დალევდი, რომელი ფერის წვენი შეგხვდებოდა, ყველაფერს იმ ფერად ხედავდი. მოკლედ ჯადოსნური ამბავი იყო და თომას გაახსენდა, რომ სკოლის შემდეგ სწორედ ჯადოქრებთან და ჯუჯებთან მიეჩქარებოდა.
გაკვეთილები დამთავრდა. კართან ბებია იდგა და იღიმოდა.
– აბა, როგორ მოგეწონა სკოლა?
– ძალიან! რაც მთავარია უამრავი მეგობარი შევიძინე, მათგან ძალიან ბევრი კეთილი სიტყვა ვისწავლე და ამ სიტყვებს საღამოს ჯუჯებსაც გავუზიარებ! – მხიარულად უპასუხა თომამ და ასკინკილით გაუდგა შინისკენ გზას.
ჩვენს სასწავლო თუ სამედიცინო დაწესებულებებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კითხვები, სურთ კომუნიკაცია, მაგრამ თავიანთი მდგომარეობის გამო მხოლოდ ჟესტურ (ნიშანთა) ენაზე შეუძლიათ ურთიერთობა. მათ აინტერესებთ ამა თუ იმ ავტობუსისა თუ მატარებლის განრიგი, მეტროს რომელ სადგურთან იმყოფებიან, რამდენ ხანში მიაღწევენ დანიშნულების ადგილს, როდის დაბრუნდება და როგორი ადამიანია პოლიკლინიკის ექიმი… თუმცა ჟესტური ენის თარჯიმნის გარეშე ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ.
მეორე დიდი საწუხარი ის არის, რომ სმენის ღრმა დაზიანების მქონე მოსწავლე მიდის საჯარო სკოლაში, იქ კი ჟესტურად არავინ საუბრობს და არც საამისო მზაობა არსებობს. მშობელს ურჩევნია, საზოგადოებას სხვა, „საღი“ შვილების შესახებ შეუქმნას უფრო მაღალი წარმოდგენა, ვიდრე რომელიმე სპეციალიზებული ინსტიტუციის მიერ შეთავაზებულ ჟესტური ენის შემსწავლელ პროგრამაში ჩართვას დასთანხმდეს და წლებიც ისე გადის, რომ ყრუ ბავშვი მზრუნველი თანატოლების გარემოცვაში განათლების გარეშე რჩება. ხოლო იქ, სადაც სკოლის ხელმძღვანელს და პედკოლექტივს თანამდებობისთვის საკმარისი კულტურა და ტოლერანტობა აქვთ და დარეგისტრირებული სმენის დარღვევის მქონე პირველკლასელისთვის გულითადად ეძებს ჟესტური ენის სპეციალისტს, სპეციალისტები არ ჩნდებიან. დეფიციტია და იმიტომ!
სხვა პრობლემა ის არის, რომ ჟესტური ენის შესწავლით დაინტერესებული პირები, სპეციალური თუ საგნის მასწავლებლები, ყრუ პირებთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებაში ჩართული მუშაკები ამაოდ ელოდებიან ჟესტური ენის კურსის გავლას, ხოლო ენის შესწავლის უკვე გამოცხადებულ პროგრამაში ჩართვაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები ამა თუ იმ მოტივით უარს ეუბნებიან. ეს უგულებელყოფა კი ზემოხსენებული დეფიციტის ფონზე ძალიან მტკივნეულია!
მტკივნეულია რეგიონული თვითმმართველობის დამოკიდებულება, როცა ჟესტური ენის შესწავლის პროგრამის დაფინანსებას ითხოვ და პასუხად ნულოვან ტოლერანტობას აწყდები. თუმცა ქვეყანას თითოეული ადამიანის საჭიროებებზე მორგებული, უნივერსალური დიზაინის პასუხისმგებლობა აქვს აღებული, სახელმწიფო ინსტიტუციები კი თითქმის მთლიანად მიუწვდომელია ყრუ ან ყრუ-უსინათლო პირთათვის და ქვეყანაში მათი ზუსტი რაოდენობაც არ არის დადგენილი. არადა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ ადამიანებით დასახლებული არაერთი უბანი არსებობს. ზეპირი გადმოცემებიც მათ შესახებ მრავალფეროვანია. მაგალითად, ქუთაისში, 20-იან წლებში დაბადებული უხუცესი ადამიანების გადმოცემით, „ყრუ-მუნჯები“ ე. წ. ახალ ქუთაისში, ძველი ქალაქის გარეთ, ჭავჭავაძის გამზირისა და თაბუკაშვილი ქუჩის მიმდებარედ ერთ თემად ცხოვრობდნენ. მათ შესახებ ოფიციალური ჩანაწერი 30-იანი წლებიდან (1936 წელს) ჩნდება. 40-50-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ მათი საცხოვრებელი სახლების აყრა დაიწყო და პირველი ხუთსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობაც აშენდა. მომდევნო წლებში ყრუ პირებს 4-5-სართულიანი სახლები აუშენეს და მახლობლად, გუგუნავას ქუჩაზე, საამქროებიც კი აამუშავეს[1]. ქუთაისის ბოლოს, საღორიის ტყის მიმდებარედ, ქალაქის ყრუთა პირველი სკოლა (ამჟამად – 45-ე სპეციალიზებული სკოლა) 1955 წელს გაიხსნა 155 ყრუ მოსწავლისთვის[2]. ყრუ პირთა რიცხოვნობა ქუთაისში განსაკუთრებით 80-90-იან წლებში გაიზარდა (ჩვენი პირველი ინფორმანტი ამას სხვა მიზეზებთან ერთად ბავშვთა და ზრდასრულთა მედიცინაში გენტამიცინის ფართო მოხმარებითაც ხსნის). 1950-იან წლებში ყრუ ბავშვებისთვის სპეციალური სკოლები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც ფუნქციონირებდა.
დღესდღეობით სმენის დარღვევის მქონე ბავშვები სწავლობენ როგორც სპეციალიზებულ, ისე საჯარო სკოლებშიც, სადაც მათდამი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.
ამგვარი ზეპირი გადმოცემების საფუძველზე ჟესტური ენების ქართველი მკვლევარი, პროფესორი თამარ მახარობლიძე, ვარაუდობს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსული ჟესტური ენის გავლენის გაძლიერებამდე, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებობდა ჟესტური ენა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე სწავლების ე.წ. ორალისტური მეთოდი იყო გავრცელებული და განათლების სისტემის მიზანი სულაც არ ყოფილა ჟესტური ენის განვითარება, საქართველოში ამ სკოლების ამოქმედებამ მაინც გამოიწვია ქართული ჟესტური ენის განვითარება, რადგან ყრუ ბავშვებს ჰქონდათ ერთმანეთთან ჟესტურ ენაზე ურთიერთობის საშუალება. სწორედ ამით აიხსნება ქართულ ჟესტურ ენაში კვლევებით ისეთი მორფოსინტაქსური კატეგორიების არსებობა, რომლებიც რუსული ჟესტური ენისთვის არ არის დამახასიათებელი. მსგავსი გრამატიკული კატეგორიების ჩამოყალიბებას ბევრი დრო სჭირდება და ეს საკითხიც უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს, თუმცა ჯერჯერობით ნაპოვნი წერილობითი მონაცემები ყრუ თემის შესახებ მხოლოდ საბჭოთა კავშირის პერიოდით თარიღდება.
მკვლევარი ყრუ თემის ჩამოყალიბების და ჟესტური ენის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებად ყრუთა კავშირის ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა ქარხანასა თუ დაწესებულებაში ყრუ პირების ჯგუფურად დასაქმებასაც ასახელებს. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ენათა კონტაქტის გამო, ქართულ ჟესტურ ენაში იგრძნობა არა მხოლოდ რუსული ჟესტური ენის, არამედ სამეტყველო რუსულის გავლენაც, მაგრამ კვლევებით დგინდება ისეთი უნიკალური მახასიათებლები, რომლებიც ადასტურებს ამ ენის ბუნებრივ წარმოშობას (მახარობლიძე, 2022)[3]. ძალზე პირობითია საქართველოში მცხოვრები ყრუთა თემის რიცხოვნობა, რაც სპეციალურ ლიტერატურაში, დაახლოებით, 2500 ადამიანს მოიაზრებს. ისინი, ვინც ამ თემის წევრებად მიიჩნევენ თავს და ის სმენის არმქონე პირებიც, რომლებიც მათგან იზოლირებულად, საკუთარ ოჯახებსა და საჯარო თუ კერძო სკოლებში აგრძელებენ არსებობას, ლინგვისტურ უმცირესობას წარმოადგენენ. ამ თემის წევრების „საკომუნიკაციო ენაა ქართული ჟესტური ენა, რომელიც არის დამოუკიდებელი ბუნებრივი ენა და არ გახლავთ ქართული სამეტყველო ენის კოპირებადი ვერსია“[4].
ჟესტური რომ ცალკე, სხვაგვარად მისახედი ენაა და საქართველოში არსებული ენობრივი სიტუაციის კვლევისას ღირსეულ ადგილს იმსახურებს როგორც ქართულ, ასე საერთაშორისო ენობრივ ატლასებზე, ამის შესახებ ჩვენს წინა წერილში[5] შედარებით ვრცლად ვისაუბრეთ. საქართველოს სახელმწიფოც რომ იცავს და განამტკიცებს ქვეყანაში ენათა და კულტურათა თანაარსებობისა და ჰარმონიული განვითარების საუკუნოვან ტრადიციას და რომ დაუშვებლად მიაჩნია ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა, საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვა და აღკვეთს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებას, ესეც შავით თეთრზე წერია სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პრეამბულაში[6].
ამიტომაა, ჟესტური ენით დაინტერესებული მკვლევრები ერთხმად რომ აღნიშნავენ ყრუთა განათლების საკითხებზე სერიოზული მუშაობის საჭიროებას და მიუთითებენ სახელმწიფოში არსებულ დიდ ჩავარდნაზე, რაც პირდაპირ აისახება ამ თემის წევრების (განსაკუთრებით ახალგაზრდების) პირად ცხოვრებაზე, მათ კარიერულ და პროფესიულ პერსპექტივებზე. ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც ამ თემის წევრებს ძალიან აწუხებთ, არის ის, რომ ამ საზოგადოების წევრების დიდმა ნაწილმა კარგად არ იცის ან ძალიან ცუდად იცის სახელმწიფო ენა – ქართული სამეტყველო ენა. ქართული ენის სათანადო არცოდნის გამო ყრუები ერიდებიან წერილობით კომუნიკაციას სოციალურ ქსელებშიც კი და ამჯობინებენ, ისევ მხოლოდ ერთმანეთთან იქონიონ ურთიერთობა ქართულ ნიშანთა /ჟესტურ ენაზე.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შედარებით ახალი, დამატებული მე-5 პუნქტის თანახმად, „სენსორული დარღვევის მიმართულებით სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც განათლებას იღებენ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები, გამოიყენება ჟესტების ენა და მისი ანალოგები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართული ჟესტური ენა და ბილინგვური სწავლების პრინციპები“[7].
ვინ, როგორ და რა გზებით უნდა ისწავლოს და შემდეგ თავად ასწავლოს სმენის დარღვევების მქონე ან ყრუ ბავშვებსა თუ მათ მხარდამჭერ პირებს ჟესტური ენა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ერთადერთ გზად ჯერჯერობით ენის დაგეგმვისა და განათლების პოლიტიკის სპეციალისტების, მკვლევრებისა და დაინტერესებული ორგანიზაციების კოორდინირებული, მუხლჩაუხრელი მუშაობა გვესახება.
[1]ინფორმანტი — მარინა ასათიანი, ყრუ პირთა თარჯიმანი.
[2]ინფორმანტი — ირინე აბდალაძე, 45-ე სპეციალიზებული სკოლის დირექტორი.
[3]თამარ მახარობლიძე, ქართული ჟესტური ენის შესახებ. სამეცნიერო ჟურნალი „ენა და კულტურა“,2022.#28.
[5] მარიამ გოდუაძე, ენობრივი სიტუაცია და ქართული ჟესტური ენის ადგილი ეროვნულსა თუ მსოფლიო ენობრივ ატლასებზე. ინტერნეტჟურნალი მასწავლებელი, თბილისი, 2024. https://mastsavlebeli.ge/?p=40890
ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას.
ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...