შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

გაუმააარ…

0
პირველი პროფესიული დავალება, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს სამსახურიდან მივიღე, მიტინგის ფოტომასალის მომზადება იყო. მომიტინგეთა შორის წინ და უკან დავდიოდი და საინტერესო კადრების გადაღებას ვცდილობდი, ძირითადად კი მინდოდა, უზარმაზარ მასაში ინდივიდუალური პორტრეტები მეპოვა და მათი გამომეტყველების, მზერისა და მიმიკის ფონზე წარმომეჩინა დროის, იმ პროტესტისა და ხალხის სულისკვეთება.

არ ვიცი, რამდენი ქუჩა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში ისეთი მრავლისმნახველი და ისტორიული მნიშვნელობისა, როგორიც რუსთაველის პროსპექტია. ფაქტობრივად, ამ ქუჩაზე გათამაშდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. იმ დღესაც რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა აქცია. როცა მიტინგი დაარბიეს, თეატრალური უნივერსიტეტის ფოიეში აღმოვჩნდი. შენობა გადაჭედილი იყო ადამიანებით. მცდელობის მიუხედავად, აქტივისტებმა ვერ შეძლეს შიგნიდან კარის ჩარაზვა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზის შემოშვების შემდეგ გარედან ჩაგვკეტა. მერე ბევრი აღარაფერი მახსოვს. მხოლოდ ის, რომ უშედეგოდ ვცადე, მობილურით დავკავშირებოდი ჩემს ტელეფონში არსებულ ერთადერთ ქართველ აბონენტს – ჩემს შეყვარებულს.

იმ დღეების შემდეგ კიდევ ბევრჯერ მომიხდა მიტინგებზე მასალის მომზადება და გამუდმებით ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის, ზვიად რატიანის ლექსი მიტრიალებს თავში:

„ – და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,

ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,

მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ

და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.

ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ

იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად

ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,

სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან

და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის

მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები

და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,

თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით

და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,

ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;

უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის:

გაუმააარ…

ჩვენ კი ჩუმად ვართ.

ისევ ყვირის.

ისევ სიჩუმე…”

ბედისწერად გვექცა მიტინგები. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ „…შეუძლებელია, მიტინგის დროს იფიქრო. მიტინგი არ არის ადგილი, ტოპოსი, სადაც შეიძლება მოხდეს აზროვნების აქტი”. ჩვენ კი ვერასდიდებით ვეღარ დავაღწიეთ თავი ქრონიკულ მიტინგს, რადგან მიტინგებითვე აღზევებულთ მერე ხომ აღარ ესმით ხალხის, აღარ ესმით შემზარავი და ვერდასრულებული „ჯოს! ჯოს! ჯოს!” ყრუვდებიან მანამდე, სანამ თავადაც, მომდევნო წრეზე, ისევ მასაში არ აღმოჩნდებიან.

როგორი მასწავლებელი მოსწონთ ბავშვებს

0
ძნელად თუ მოიძებნება პედაგოგი, რომელსაც არ სურს, მოსწავლეთა შორის აღიარებული და პოპულარული იყოს. ბავშვების სიყვარულით სავსე თვალები მასწავლებელს საოცრად უმსუბუქებს ტვირთს, რომლის ზიდვაც მას თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უხდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეების პატივისცემის, სიყვარულისა და აღიარების მოპოვება არცთუ ადვილია. კარგი განათლება, საგნის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ხშირად არ არის საკმარისი. შესაძლოა, ხასიათის დადებითმა თვისებებმაც კი ვერ გაგვიწიოს საჭირო დახმარება. პედაგოგობა ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად მიიჩნევა და, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, განსაზღვრული უნარ-ჩვევების ფლობას მოითხოვს.

მთავარი, რაც პედაგოგის პროფესიონალიზმს განსაზღვრავს, კონსტრუქციული, ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებია. ალბათ ყველა შევსწრებივართ სიტუაციას, როდესაც რომელიმე მოსწავლე თანატოლს აღფრთოვანებით ესაუბრება იმის შესახებ, რა კარგ გაკვეთილს ატარებს მისი მასწავლებელი, რა საინტერესო ინფორმაციას აწვდის. ამაში პედაგოგს კონსტრუქციული უნარი ეხმარება. თუ მას კარგად აქვს განვითარებული ეს უნარი, ის ადვილად და სწორად შეარჩევს და გადაამუშავებს მოსწავლეებისთვის გადასაცემ სასწავლო მასალას, სწორად დაგეგმავს როგორც მოსწავლეთა საქმიანობას სასწავლო ინფორმაციის ასათვისებლად, ასევე საკუთარსაც მათთან ურთიერთობის პროცესში. მოსწავლეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რა სასწავლო მასალას იყენებს მასწავლებელი გაკვეთილის ჩატარებისას. თუ ის სახელმძღვანელოთი შემოიფარგლება, მცირეა ალბათობა, მისმა გაკვეთილმა მოსწავლეთა მოწონება დაიმსახუროს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ სასწავლო მასალის მოძიება, შერჩევა და გადამუშავება არ არის საკმარისი პედაგოგისთვის სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად. მას უნდა შეეძლოს როგორც სასწავლო ინფორმაციის, ასევე მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის და მათთან უშუალო ურთიერთობისას საკუთარი ქცევის ორგანიზება. ყოველივე ამას ის ადვილად მოახერხებს, თუ ექნება პედაგოგისთვის აუცილებელი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები. ეს უნარ-ჩვევები ეხმარება მასწავლებელს, მიზანმიმართულად გამოიყენოს გაკვეთილის თითოეული წუთი, სწორი ორგანიზება გაუწიოს დაგეგმილ აქტივობებს, რამაც შესაძლოა იმდენად საინტერესო გახადოს გაკვეთილი, რომ ბავშვებმა ზარის დარეკვის შემდეგაც კი გააგრძელონ განხილულ საკითხებზე ფიქრი და მსჯელობა, ეს კი სასწავლო მოტივაციის ამაღლების მნიშვნელოვან წინა პირობას წარმოადგენს.

აქვე ვიტყვით, რომ არც ორგანიზაციული უნარებია საკმარისი პედაგოგის წარმატებისთვის. მასწავლებელმა შესაძლოა ძალიან კარგად ააგოს გაკვეთილი, მოიძიოს საჭირო მასალა, სათანადოდ გაუწიოს ორგანიზება როგორც მოსწავლეთა, ასევე საკუთარ საქმიანობას, მაგრამ თუ არ ექნება საკომუნიკაციო უნარები, გაუჭირდება მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობის დამყარება, რაც მის წარმატებას საგრძნობლად შეუშლის ხელს.

თუ მასწავლებელს აქვს ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევები, მას არ გაუჭირდება საინტერესო გაკვეთილის ჩატარება. თუმცა არც იმის გათვალისწინება იქნება ურიგო, როგორი გაკვეთილები მოსწონთ მოზარდებს. მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ისეთი გაკვეთილი, სადაც თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ. ამისთვის სასურველია, იმართებოდეს დისკუსიები, დებატები, რომელთა დროსაც მოსწავლე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას, აზრს, დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ და საჭირო არგუმენტების მოშველიებით შეეცდება მათ დაცვას.

სასკოლო პრაქტიკა მოწმობს, რომ პედაგოგის პოპულარობას არცთუ იშვიათად მისი ხასიათის თვისებებიც განსაზღვრავს. განსაკუთრებით დიდი მოწონებით სარგებლობს პედაგოგი, რომელიც არის სამართლიანი, ობიექტური, კეთილი, ხალისიანი, იუმორის გრძნობის მქონე, თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული, მომთხოვნი, გამგები. ბავშვები საოცრად მგრძნობიარენი არიან გულწრფელობის მიმართ და მტკივნეულად აღიქვამენ უფროსების ქცევასა და სიტყვებში შემჩნეულ სიყალბეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი საკმაოდ კარგად ფლობენ არავერბალურ კომუნიკაციას და შესანიშნავად კითხულობენ ფიქრებს ჩვენს სახეზე, ალბათ აჯობებს, მოვერიდოთ ყალბ ღიმილს და გრძნობები გულწრფელად გამოვხატოთ. ხშირად ბავშვისთვის ჩვენი გაბრაზებული გამომეტყველება უფრო მისაღებია, ვიდრე ემოციების დაფარვა და მოჩვენებითი კმაყოფილება.

ძალზე ფაქიზი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს საკუთარი სახელის მიმართ და განიცდიან, როცა მასწავლებელს მათი სახელი არ ახსოვს, ან ახსოვს და მაინც გვარით მიმართავს. სახელით მიმართვა ბავშვისთვის ერთგვარი სიახლოვის გამომხატველია. მას უჩნდება განცდა, რომ მასწავლებლისთვის ის ახლობელი და ძვირფასია. ასევე მტკივნეულად აღიქვამენ ისინი მეტსახელებით მიმართვას, განსაკუთრებით – თუ ეს მეტსახელი რამენაირად უკავშირდება მათ გარეგნობას. მაგალითად, გარდამავალ ასაკში მყოფ მოზარდს, რომელსაც ფიზიკურ განვითარებაში მომხდარი დისჰარმონიის გამო ცხვირი და ყურები სახის სხვა ნაწილებთან შედარებით ბევრად უფრო წამოზრდილი აქვს, ვინმემ რომ „ცხვირა” ან „ყურშა” დაუძახოს, ის მის „უბოროტეს მტრად” იქცევა და რაიმე ფორმით აუცილებლად გამოხატავს აგრესიას მის მიმართ.

ბავშვის უკმაყოფილების მიზეზად ხშირად იქცევა მოსწავლეების გამორჩევა მასწავლებლის მიერ, ერთის მიმართ დიდი სიმპათიის გამოხატვა და სხვების მუდმივი ძაგება. მათში აგრესიას ბადებს უფროსების მიერ მისაბაძ მაგალითად რომელიმე მათი თანატოლის მოყვანა. საყურადღებოა, რომ ასეთივე აგრესია ბავშვს შესაძლოა მშობლის მიმართაც გაუჩნდეს, თუ ის გამუდმებით საყვედურობს მას და მოითხოვს მისგან, მიბაძოს ძმას, რომლის მიმართაც მშობელი საქებარ სიტყვებს არ იშურებს. თუ უფროსების მხრივ ასეთ შედარებებს სისტემატური ხასიათი მიეცა, შესაძლოა ბავშვებს შორის უკმაყოფილება მომავალში სერიოზულ მტრობაში გადაიზარდოს. ამ სირთულეებს თავიდან ავიცილებთ, თუ მივიღებთ ბავშვს ისეთს, როგორიც არის, ვაგრძნობინებთ, რომ გვიყვარს, კეთილგანწყობილი ვართ მის მიმართ და ვზრუნავთ მასზე.

გვახსოვდეს, რომ გულწრფელი ღიმილი, სიყვარული და კეთილგანწყობა ბავშვის სულთან მისასვლელი უმოკლესი გზაა. გავუგოთ ბავშვებს და ისინიც გაგვიგებენ ჩვენ.

იმ ხუთეულის გარდა

0
პირველ კლასში რომ ვსწავლობდი, მაშინაც ისე იყო და სკოლა რომ დავამთავრე, არც იმ დროისთვის შეცვლილა რამე. დღეს მე თვითონ ვარ მასწავლებელი, მრავალ სკოლაში მიხდება სტუმრობა და ყოველ ჯერზე მგონია, ისევ ჩემს დერეფანში მივდივარ პირველ- ან მეთერთმეტეკლასელი; მივდივარ და ჯერ შოთაა, მერე – ილია, აკაკი, ვაჟა და ბოლოს – გალაკტიონი. ამათ შემდეგ უთუოდ სამასწავლებლოა, ან დირექტორის კაბინეტი, ან ქართული ენის მასწავლებლის სადამრიგებლო კლასის ოთახი. „აქაც ყველაფერი ისეა, როგორც ჩემს სკოლაში იყო”, – ვეუბნები საკუთარ თავს. 
 
ლიტერატურაში, რა თქმა უნდა, არ არსებობს ტურბულენტური ზონები, ეს ერთი მთლიანი პროცესია თავისი რეგრესით, პროგრესით, მიმდინარეობებით, ეპოქებით, საგნისა თუ მოვლენის სხვადასხვაგვარი გააზრებით და ამაზე საუბარს ათი სტატიაც არ ეყოფა, მაგრამ არა მგონია, სადავო იყოს, რომ ლიტერატურას მხოლოდ გენიოსები არ ქმნიან. უფრო მეტიც – ლიტერატურაში გენიოსების არსებობას მათზე ნაკლები ნიჭის მქონე ავტორები განაპირობებენ.

ეს ერთი შეხედვით უბრალო და ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ხელს არც კი უშლის სასწავლო პროცესს, სრულიად საპირისპიროდ არსებობს სასკოლო რეალობაში და მისი დინამიკაც არასასურველია. კედლის თვალსაჩინოება სარკისებრი სიზუსტითაა გადმოტანილი სასწავლო პროცესში და მრავალი მასწავლებლისგან ვიღებთ შეგონებას, რომ იყო დიდი ხუთეული და სხვები, რომლებიც რასაც წერდნენ, მხოლოდ იმიტომ უნდა ვისწავლოთ, რომ მათი ტექსტები წიგნშია შეტანილი. ამ ხუთი ავტორის გარდა, მაქსიმუმ ბარათაშვილს, ორბელიანს, გურამიშვილსა და ორ-სამ პროზაიკოსს მიიჩნევენ მოხსენიების ღირსად.

რატომღაც ისე მოხდა, რომ არაქართულენოვან სკოლებში ვასწავლი. ასე რომ არ იყოს, ქართველ ბავშვებს რომ ვასწავლიდე, შევიდოდი სკოლაში და დავკიდებდი კედელზე მათთვის ნაკლებცნობილი მწერლების ფოტოებს. იკვლიონ მერე, გაიკითხონ, მოიძიონ ინფორმაცია მათ შესახებ, წაიკითხონ. იმ სურათს შევარჩევდი, მაგალითად, გიორგი კორნაპელი აღმართზე რომ ადის, ხელები ზურგს უკან შემოუწყვია, რაღაცას ამბობს ფოტოს გადაღების დროს…

ან კიდევ ის, ერლომ ახვლედიანის ფოტო… დიდი სათვალით რომ იყურება სადღაც, იფიქრებ, პარალელურ სამყაროში, და ხელი ისე უჭირავს, ერთ მარცვალს ითხოვს, არ ვიცი, აზრისას, სიკეთისას, ბოროტებისას თუ იმედისას.

 
რატომღაც დღემდეა შემორჩენილი აზრი, რომ მოსწავლემ უნდა იცოდეს მხოლოდ ის ავტორები, რომელთა ტექსტებიც სასკოლო პროგრამაშია შეტანილი, დანარჩენების შესახებ კი თუ თავისით გაიგებს რაიმეს, ხომ კარგი. ეს იმას ჰგავს, მენდელეევის ცხრილიდან ამოვიღოთ რომელიმე ელემენტი, რომელიც არ ისწავლება კონკრეტულ ეტაპზე, ან სკოლაში, საზოგადოდ. 
პრობლემა აქ ის არ არის, რომ უკვე სკოლადამთავრებულს, შესაძლოა, რომელიმე მწერლისა და მისი ტექსტების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდეს; პრობლემაა ის, რომ მოსწავლის ცნობიერებაში მხატვრული ლიტერატურა რჩება როგორც რიგითი „უაზრო სასკოლო დიდაქტიკა”, გაბმული მოსაბეზრებელი რამ, სადაც რამდენიმე მოკალმის ნააზრევით გივსებენ ტვინის ნაოჭებს, და მეტი არაფერი. არადა, ეს ხომ ერთი დიდი გადაძახილია თაობიდან თაობამდე, სადღაც ქვის ხანიდან – დღემდე.

ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო წიგნების გადახალისება-გაახლებას თითქოს ძალიან კარგი შედეგი უნდა გამოეღო. წიგნებში შეტანილია თანამედროვე ავტორთა და გასული საუკუნის წარმომადგენელთა ტექსტები, რაც იმის გააზრების საწინდარი უნდა ყოფილიყო, რომ ლიტერატურა უაღრესად ცოცხალი სხეულია და ის ისევე დგას სამ დროში, როგორც პიროვნება თუ საზოგადოება (იქნებ ამ უკანასკნელებზე უფრო მეტადაც), მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ განახლება-რეფორმამ მხოლოდ მოსწავლეთა და მასწავლებელთა მცირე ნაწილის ცნობიერება შეცვალა.
სტატიის წერის დროს გამახსენდა: ჩემი სკოლის დერეფანში გამოაკრეს ერთი ახალგაზრდა ქართველი მწერილის ფოტო. არც მე ვიცოდი მაშინ, ვინ იყო ის კადრში მოქცეული კაცი, მაგრამ, მახსოვს, ჩემ წინ დგას სამი თანასკოლელი და ორი მათგანი კამათობს:

– ვიღაც მსახიობია ბუდას როლში?
– მსახიობი არა…
– აბა?
– მე რა ვიცი, მთამსვლელია.
– მონტაჟია! აბა, უკან თოვლიანი მთაა და ეს შიშველი ზის, ან ბუდაა და გასხივოსნდა.
– წამო, ლანას ვკითხოთ.
(ლანა – ქართულის მასწავლებელი)
  
რამდენიმე ხნის შემდეგ კი რჩეულიშვილის ფოტოს ქვეშ პატარა ფურცელი გაჩნდა, რომელზეც ეწერა: „გურამა”. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმ სამმა გააკეთა, რომლებსაც უკვე მოესწროთ და წაეკითხათ რჩეულიშვილის რაღაცეები. სხვაგვარად ასე ზუსტად, ერთი სიტყვით ვერ აღწერდნენ ფოტოზე აღბეჭდილის ვინაობას, ხასიათს და ლიტერატურულ ბიოგრაფიას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროექტი

0
სტატიის მიზანია მხარი დაუჭიროს ახალი, გაუმჯობესებული სქემის შექმნას, რომელსაც საფუძველი კოლეგების ნაყოფიერი შრომით უკვე ჩაეყარა. ეს მხარდაჭერა გამოიხატება კონსტრუქციული კრიტიკითა და ალტერნატიული ვარიანტების შემოთავაზებით. ვიმედოვნებ, ნაშრომი წაადგება სქემის დახვეწასა და სრულყოფას. 

1.კრედიტების მინიჭების სქემის ანალიზი

სქემის პროექტის მიხედვით, პრაქტიკოსმა მასწავლებელმა 14 კრედიტი უნდა დააგროვოს და საგნობრივი გამოცდა ჩააბაროს, რომ შეინარჩუნოს მასწავლებლის სტატუსი. წარჩინებული მასწავლებლის სტატუსის მისაღებად მან 24 კრედიტი უნდა დააგროვოს (გამოცდის ჩაბარება მას 8 კრედიტს მოუტანს), ანუ სტატუსის შენარჩუნებისთვის აუცილებელ 14+8=22 კრედიტს მან კიდევ 2 კრედიტი უნდა წაუმატოს.

წარჩინებულმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად 24 კრედიტი უნდა დააგროვოს, ხოლო მკვლევარი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად დამატებით კიდევ 8 კრედიტი უნდა დააგროვოს, ანუ სულ 32 კრედიტი სჭირდება (გამოცდა აღარ ეხმარება მასწავლებელს კრედიტების დაგროვებაში).

მკვლევარი მასწავლებლისთვის კატეგორიის მომატების საკრედიტო სქემა ასეთია: 32+8=40, ხოლო მენტორი მასწავლებელი სტატუსს ინარჩუნებს 40 კრედიტის დაგროვების საშუალებით.

იმისთვის, რომ კრედიტების დაგროვებასა და კატეგორიების მინიჭების პროცესს მიენიჭოს მეტი დინამიკა და პედაგოგიური კარიერის დასრულებამდე შუა თაობის მასწავლებლებისთვისაც რეალისტური იყოს მაღალი კატეგორიის მიღწევა, სქემის პროექტში კრედიტების დაგროვებისთვის განკუთვნილი დროის შუალედი შემცირებულია 2-5 წლამდე. რამდენად შესაძლებელია დროის განსაზღვრულ შუალედებში დადგენილი კრედიტების დაგროვება?

სქემის პროექტის მიხედვით 1 კრედიტის დაგროვება საჭიროებს 20–26 საათის ექვივალენტური სამუშაოს შესრულებას, ანუ საუბარია ევროპულ საუნივერსიტეტო კრედიტზე (1 კრედიტი=25 სთ), რაც იმას ნიშნავს, რომ 24 კრედიტი=600 საათი, 32 კრედიტი=800 საათი, 40 კრედიტი=1000 საათი.

პედაგოგის სამუშაო საათები წელიწადში 10 თვის განმავლობაში სასკოლო მუშაობის შემთხვევაში დაახლოებით არის 1760 სთ. კვირეულ 36 საათზე გათვლით, რომელთაგან სრული საშტატო დატვირთვით (18 კვირეული საგაკვეთილო საათი) მომუშავე მასწავლებელს გაკვეთილების ჩასატარებლად დროის 50% სჭირდება. თუ გაკვეთილების მომზადებას, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების აღიცხვას, სააღმზრდელო და სხვა მოვალეობებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ რეალურია პროფესიულ განვითარებაზე მას დარჩეს სამუშაო დროის არაუმეტეს 10%, ანუ 176 საათი, რაც იდეალური ხელშეწყობისა და მხარდაჭერის შეთხვევაში მასწავლებლის ძალების უკიდურესი დაძაბვით საშუალებას იძლევა მან წელიწადში დააგროვოს არაუმეტეს 7–8 კრედიტი.

ამგვარად, დადგენილი კრედიტების დაგროვება დათქმულ ვადებში სრული დატვირთვით მომუშავე მასწავლებლებისთვის (როგორც სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე, მითუმეტეს,  კატეგორიის მომატებისთვის) ნაკლებად რეალისტურია.

მაშ, რა ქნან იმ მასწავლებლებმა, რომელთაც კვირეული 22–25 საათი აქვთ დატვირთვა? ისინი ხომ მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებაზე ხარჯავენ სამუშაო დროის 60%–ზე მეტს და ქანცგაწყვეტილებს აღარ აქვთ რესურსი პროფესიული განვითარების აქტივობებისთვის?

თუკი პრაქტიკოს ან წარჩინებულ მასწავლებელს შანსი აქვს კრედიტებში ჩაეთვალოს მიმდინარე სასწავლო-საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები და ამით გაუადვილდეს კრედიტების დაგროვება, მკვლევარ და მენტორ მასწავლებლებს ამის ნაკლები საშუალება აქვთ მათი სტატუსისადმი სტანდარტით წაყენებული მოთხოვნების გამო. შესაბამისად, კრედიტები მათ უნდა დააგროვონ ძირითადად არა სასწავლო-საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებულ აქტივობებში, არამედ მის მიღმა სპეციალურად მოწყობილი საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით. ამ უშეღავათო მდგომარეობის გამო, 4–5 წლის განმავლობაში უწყვეტი ქანცისგამცლელი შრომის პირობებში, შეუძლებელი ხდება მათთვის კატეგორიის გაზრდა თუ შენარჩუნება.

საკითხს შეიძლება მივუდგეთ აგრეთვე სხვა კუთხით: თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევების მიხედვით პროფესიული განვითარებისთვის დახარჯული მინიმალური საათების რეკომენდებული რაოდენობა განვითარებულ ქვეყნებში სრული დატვირთვით მომუშავე (17–21 კვირეული საათი) მასწავლებლისთვის არის წლიური 22 საათი. მაქსიმუმი  დადგენილი არ არის, თუმცა მინიმუმის გახუთმაგებული რაოდენობაც კი ჩვენი ნორმების მიხედვით არ არის საკმარისი საჭირო კრედიტების დასაგროვებლად.

აშკარაა, რომ კრედიტების რაოდენობა, მათი დაგროვებისთვის გამოყოფილი წლები და მასწავლებლების დატვირთვა შეუსაბამობაშია ერთმანეთთან – შემოთავაზებული პროექტი მასწავლებელთა გადაქანცვაზეა გათვლილი (ცვეთისა და შემდგომ გადაწვის პერსპექტივით – იხ. ნინო ელბაქიძის სტატია პროფესიული გადაწვის შესახებ) და არა მათი მხარდაჭერისა და წახალისების გზით პროფესიულ და საკარიერო წინსვლაზე. უფრო მეტიც, ასეთ რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვა და პროფესიული განვითარება ვერ იქნება ნაყოფიერი, ვერ მოიტანს სასურველ შედეგებს სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან “კრედიტებზე მონადირე” მასწავლებლისთვის თვითმიზნური გახდება კრედიტების დაგროვება, იგი მოსწყდება სასწავლო პროცესსა და მოსწავლეებს.

უნდა გავითვალისწინოთ არსებული რეალობებიც: მოცემულ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ–ეკონომიკურ–სოციალურ პირობებში არ არსებობს და უახლოეს წლებშიც სწრაფად ვერ მოხერხდება ყველა საგნისა და საფეხურის მასწავლებელთა უზრუნველყოფა პროფესიული განვითარებისთვის და კრედიტების დაგროვებისთვის საჭირო რესურსებითა და აქტივობებით. ამას სჭირდება ქვეყნის საკმაოდ გაზრდილი ბიუჯეტი განათლების დაფინანსებისთვის, განათლების მარეგულირებელი/ნორმატიული დოკუმენტები და სამონიტორინგო/შემაფასებელი სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ქსელი ქვეყნის მასშტაბით, სისტემური ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელი მომზადებული ჩინოვნიკურ–ბიუროკრატული და საექსპერტო კადრი, მასწავლებელთა სახლების რეგიონული ქსელი, საჭიროებათა კვლევის შედეგად დადგენილი სატრენინგო პროგრამები და კურსები, კვალიფიციური ტრენერები რაიონებში, საგანმანათლებლო კვლევების ამსახველი ჟურნალები და კონფერენციები, ნაბეჭდი ან ელექტრონული დამხმარე მეთოდური მასალები ქართულ ენაზე და მათი თარგმანები ეროვნულ უმცირესობათა ენებზე, კომუნიკაციის და ტრანსპორტირების საშუალებები და გამართული ინფრასტრუქტურა,  მასწავლებელთა გაუმჯობესებული ენობრივი და კომპიუტერული კომპეტენციები და სხვა. რა გაგვაჩნია ამჟამად? მხოლოდ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ზოგადი ნაწილის ახალი ვერსია, სისტემის სხვა კომპონენტები ჯერ კიდევ მოსამზადებელი ან მოსაწესრიგებელია.

არსებული რეალობების მოწესრიგებას მისაღებ დონემდე გარდა საქართველოს უწყვეტი მშვიდობიანი განვითარებისა, სჭირდება მდგრადი საგანმანათლებლო პოლიტიკა და განათლების სფეროში უცხოეთის დახმარების მობილიზაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში, წარმატებული მოსამზადებელი მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდება ეფექტური სქემის ამოქმედება, რომელიც სასურველ შედეგს მოიტანს (მოიმატებს სასწავლო პროცესის პროდუქტიულობა და საქართველოს მოსწავლეები ღირსეულ შედეგებს აჩვენებენ დადგენილ სტანდარტებთან და საკუთარ შესაძლებლობებთან მიმართებაში). ნაჩქარევად და მოუმზადებლად სქემის ამოქმედება კი კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც თითქმის ჩიხურ სიტუაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საქმეში.  

მასწავლებელთა მხარდაჭერა არა მარტო პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მაღალხარისხოვანი აქტივობებისა და რესურსების ხელმისაწვდომობით უნდა მოხდეს, არამედ სწორი საკრედიტო პოლიტიკითაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. ოპტიმალურადაა შესარჩევი როგორც სტატუსის შესანარჩუნებლად ან შემდგომ კატეგორიაზე გადასვლისთვის საჭირო კრედიტების რაოდენობა და დროის ოდენობა, ასევე მასწავლებლისთვის მხარდაჭერის ფორმები საჭირო კრედიტების ვერდაგროვების შემთხვევაში. დასადგენია, აგრეთვე, კრედიტების დაგროვებაში წარუმატებელი მასწავლებლის შემდგომი საკარიერო და პროფესიული განვითარების ტრაექტორია.

პრობლემის უკეთ წარმოჩენის მიზნით განვიხილოთ პრაქტიკოსი მასწავლებლის სიტუაცია, ვინც შეძლო სტატუსის შენარჩუნებისთვის საჭირო 22 კრედიტიდან მხოლოდ 18-20 კრედიტის მოპოვება. რაკი ის სტატუსს ვერ შეინარჩუნებს, მაშასადამე პირდაპირ მაძიებელთა რიგებს უნდა შეუერთდეს. არადა, რა ახლოს იყო მიზანთან, მან ხომ საჭირო კრედიტების 80%-ზე მეტი დააგროვა! სქემის პროექტში მხოლოდ ზოგადი ფრაზა წერია, რომ მას არ დაეკარგება დაგროვილი კრედიტები, მაგრამ არსად ჩანს დაგროვილი კრედიტების შენახვისა და ბეჯითი მუშაობისთვის წახალისების მექანიზმი.

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ კრედიტების დაგროვების შევსებული სქემის მოდელს, რომელიც უკეთ ასახავს მასწავლებლების მხარდაჭერის პრინციპს.

და ა.შ მკვლევარი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლისთვის 

2.კრედიტების ოპტიმალური რაოდენობების შეფასება

გასარკვევი ისაა, რას შეიძლება უდრიდეს კრედიტების ზღვრული რაოდენობები და მათ დასაგროვებლად საჭირო დრო. თუ ამოსავალ მონაცემად ავიღებთ წლის განმავლობაში რეალისტურად 6, ხოლო მაქსიმალისტურად 8 კრედიტის დაგროვების შესაძლებლობას, მაშინ:

პრაქტიკოსი მასწავლებელი 

·პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად, სკოლაში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3-წლიანი მუშაობისას, უნდა დააგროვოს 12 კრედიტი. თუ 3 წლის ბოლოს პრატიკოსი მასწავლებელი ვერ დააგროვებს ჯამურ 12 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს K კრედიტს, 7≤ K< 12, მასწავლებელს მიზნობრივი დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ქულების დასაგროვებლად ორი წელი მიეცემა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები, მაშინ იგი საერთოდ უნდა ჩამოშორდეს პროფესიას ან/და გადაინაცვლოს მაძიებელთა რიგებში. იგივე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს;

·შემდგომ დონეზე გადასვლის მიზნით პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3-წლიანი სასკოლო მუშაობის განმავლობაში უნდა დააგროვოს 16 კრედიტი. თუ 3 წლის ბოლოს პრატიკოსი მასწავლებელი ვერ დააგროვებს ჯამურ 16 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს L კრედიტს, 12≤ L< 16, მასწავლებელს საშუალება მიეცემა მონაწილეობა მიიღოს დახმარების პროგრამაში. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ერთი წელი მიეცემა ქულების დასაგროვებლად. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები შემდეგ დონეზე გადასასვლელად, მაშინ იგი ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. იგივე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს. თუ მასწავლებელმა დააგროვა 16 კრედიტი, მაშინ იგი იღებს მომდევნო კატეგორიას;
წარჩინებული მასწავლებელი  

·როგორც კი პრაქტიკოსი მასწავლებელი დადგენილ დროში დააგროვებს 16 კრედიტს, იგი ჩაითვლება წარჩინებულ მასწავლებლად და შესაბამისად გაეზრდება ხელფასი. სკოლაში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში მუშაობისას, თუ 3 წლის ბოლოს წარჩინებული მასწავლებელი სტატუსის შესანარჩუნებლად ვერ დააგროვებს განსაზღვრულ 16 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს D კრედიტს, 12≤ D< 16, მასწავლებელს საშუალება მიეცემა დახმარების პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ქულების დასაგროვებლად ერთი წელი მიეცემა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები, მაშინ მასწავლებელი კარგავს წარჩინებულის კატეგორიას და უბრუნდება პრაქტიკოსის სტატუსს. იგივე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს;

·შემდგომ დონეზე გადასვლის მიზნით წარჩინებულმა მასწავლებელმა სკოლაში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წლის მუშაობისას 24 კრედიტი უნდა დააგროვოს. თუ 4 წლის ბოლოს წარჩინებული მასწავლებელი ვერ დააგროვებს ჯამურ 24 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს Q კრედიტს, 16≤ Q< 24, მას მიზნობრივი დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ქულების დასაგროვებლად მიეცემა ერთი  წელი. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები შემდეგ დონეზე გადასასვლელად, მაშინ იგი ინარჩუნებს წარჩინებული მასწავლებლის სტატუსს. იმავე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს. თუ მასწავლებელმა დააგროვა 24 კრედიტი, მაშინ იგი იღებს მომდევნო კატეგორიას.
და ა.შ მკვლევარი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლისთვის . 

როგორც ვხედავთ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მასწავლებელი “წარუმატებელია”, მაგრამ აქტიურია და შეძლებს დაძლიოს ბარიერი, შემოთავაზებულ მოდელში მას მიეწოდება სპეციალიზებული, დამატებითი დახმარების მიზნობრივი პროგრამები ხარვეზებისა და სისუსტეების აღმოსაფხვრელად. ასეთი მოდელი მასწავლებელს უბიძგებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისკენ, წაახალისებს მის შემოქმედებითობასა და ინიციატივას, მაგრამ, ამასთანავე, უტოვებს შანსს, რომ შემთხვევითობებისგან დაიზღვიოს თავი და არახელსაყრელ ვითარებაშიც შეინარჩუნოს წინსვლის პერსპექტივა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა. მსოფლიო გამოცდილება (პირველი ნაწილი)

0
ჩვენი ქვეყანა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სისტემის ამოქმედების მოლოდინშია. მიმდინარეობს დისკუსია სისტემის დადებით მხარეებსა და იმ საფრთხეებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ასეთი მნიშვნელოვანი სიახლის წარმატებით განხორციელებისთვის. ამ კონტექსტში საყურადღებოა ანალოგიური სისტემების გაანალიზება და შედარება ჩვენი ქვეყნის რეალობასთან. ჩვენი წერილი ეყრდნობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის განათლების ექსპერტების 2011 წლის მოხსენებას. მოხსენება მომზადებულია ანდრეას შლეიხერის (გერმანია) – განათლების მკვლევარის, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაციის (OECD) PISA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და კოორდინატორის – მიერ.

მოხსენება ეყრდნობა შემდეგ კვლევებს, მოხსენებებსა და მონაცემებს:

1. OECD Program for International Student Assessment (PISA) and the OECD Teaching and Learning International Survey (TALIS); 
2. OECD ’s comparative policy review Teachers Matter;
3. The reports of the ILO /UNESCO Committee of Experts on the Application of the Recommendations concerning Teaching Personnel;
4. OECD’s annual data collection Education at a Glance; 
5. OECD’s report Strong Performers and Successful Reformers;
6. OECD’s review of Evaluation and Assessment Frameworks for Improving School Outcomes;
7. OECD’s study Evaluating and Rewarding the Quality of Teachers – International Practices;
8.OECD’s report Making Reform Happen;
9. Outcomes from the recent meeting of OECD Education Ministers in November 2010.
ყველა ქვეყნის მასწავლებლებისა და სკოლის ხელმძღვანელების წინაშე დგას რთული ამოცანა – გააუმჯობესონ სწავლა/სწავლების შედეგები. საზოგადოება სკოლას სთხოვს, ისეთი ცოდნა მისცეს და ისეთი უნარ-ჩვევები განუვითაროს მოსწავლეებს, რომლებიც მათ ქვეყნის წარმატებულ მოქალაქეებად აქცევს. ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა წარმატებას მიაღწიოს. სწორედ ამას სთხოვს ის სკოლას. ამ მიზნის მისაღწევად მასწავლებლები თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ, უნდა შეეძლოთ მუშაობა კლასში, რომელიც სულ უფრო „მრავალკულტურული” ხდება და გაითვალისწინონ, რომ სხვადასხვა ბავშვი ცოდნას სხვადასხვანაირად ითვისებს, მათი შესაძლებლობები განსხვავებულია. „ტრადიციული პედაგოგიური” მიდგომებით მიზანს ვერ მივაღწევთ; მიზნის მისაღწევად მასწავლებლებმა გამუდმებით უნდა ეძებონ ინოვაციები სასწავლო სფეროში, პედაგოგიურ მეცნიერებათა სიახლეები და აქტიურად გამოიყენონ ციფრული რესურსები, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

სახელმწიფოს, ქვეყნის ამოცანაა, მოსწავლეთა ეფექტური სწავლებისთვის მომზადდეს ყველა პედაგოგი და არა ზოგიერთი მათგანი. ამის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი უეფექტო აღმოჩნდა სკოლაში სწავლა/სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. ეს არც ყოფილა მოულოდნელი, ვინაიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარება უკანასკნელ წლებში სკოლის „გარეთ” აღმოჩნდა, მასწავლებლის „პირად” პრობლემად იქცა და არა სასკოლო საზოგადოების საერთო პრობლემად.

როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავს „ყველა” მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, ამისთვის აუცილებელია, გადაიხედოს მრავალი საკითხი: 

·იმ სტუდენტებისა თუ სხვა მსურველთა კონტინგენტის ოპტიმიზაცია, რომელთაგანაც ირჩევა პოტენციური მასწავლებლები; 

·კადრების შერჩევის სისტემის აგება და სკოლაში შტატების დაკომპლექტების მეთოდები; 

·როგორი უნდა იყოს განათლება, რომელსაც ახალბედა პედაგოგები მიიღებენ სამუშაოს დაწყებამდე;

·როგორ გავაცნოთ მათ მოვალეობები და შემდეგ ვაკონტროლოთ ამ მოვალეობათა შესრულება; 

·როგორ გავხადოთ ეფექტური კადრების გადამზადების, მერე კი მათი მხარდაჭერის სისტემა;

·როგორ ავანაზღაუროთ მათი შრომა; 

·როგორ დავეხმაროთ მასწავლებლებს, რომლებიც სირთულეთა წინაშე დგანან, კარგი შედეგების მქონე პედაგოგებს კი მივცეთ უფლებამოსილების გაფართოებისა და უფრო მაღალი პოზიციების დაკავების საშუალება.
მრავალ წარმატებულ საგანმანათლებლო სისტემაში პედაგოგებს ეკუთვნით მთავარი როლი არა მარტო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებაში, არამედ განათლების სისტემის მუშაობის შედეგების სრულყოფაშიც. ასეთ სისტემებში ზემოდან მართული რეფორმები კი არ აიძულებს მასწავლებელს მუშაობის მეთოდების შეცვლას, არამედ თვითონ მასწავლებლები ხელმძღვანელობენ რეფორმებს და როგორც სპეციალისტები, პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. თითქმის ყველა ქვეყანაში, რომელიც OECD-ში შედის, პედაგოგთა უმრავლესობა კმაყოფილია თავისი მუშაობით და მიაჩნია, რომ წვლილი შეაქვს განათლების განვითარებაში. ისინი მნიშვნელოვან ინვესტიციას დებენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაში – ეს ეხება როგორც დახარჯულ დროს, ასევე ფინანსებსაც – და ვინც ამ გზით მიდის, შედეგად კლასში მუშაობისას იყენებს პედაგოგიური სტრატეგიების უფრო ფართო სპექტრს. სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი საქართველოსთვის, სადაც ვერაფრით ხერხდება განათლების სისტემის რეალური დეცენტრალიზაცია. შესაბამისად, მასწავლებელი ვერ გრძნობს თავს მიმდინარე რეფორმების თანამონაწილედ, აღიქვამს მათ თავს მოხვეულად და, შესაბამისად, განწყობა/მოტივაცია ცვლილებების წარმატებით განხორციელებისა არ გააჩნია.

მასწავლებლის პროფესიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო შეხვედრაზე დაისვა კითხვა, როგორ ავამაღლოთ მასწავლებელთა გადამზადებისა და სწავლა-სწავლების ხარისხი. შეიძლება გამოიყოს შეხვედრის ოთხი თემა. მონაცემებზე დაყრდნობით, მოცემულ მოხსენებაში ნაჩვენებია, როგორ გავხადოთ ეფექტური მასწავლებლებზე ორიენტირებული რეფორმა. მოყვანილია იმ რეფორმების მაგალითები, რომლებმაც დადებითი შედეგები გამოიღო, პერსპექტიულია ან წარმოაჩენს ცვლილებათა განხორციელების შემოქმედებით უნარებს. მოხსენებაში განიხილება შემდეგი საკითხები:
1. როგორ შედიან პედაგოგის პროფესიაში და რას ასწავლიან პირველ ეტაპზე

მალე მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც, წარმოიშობა პედაგოგების დეფიციტი, რადგან სპეციალისტების დიდი ნაწილი მიაღწევს საპენსიო ასაკს. საჭიროა შემუშავდეს გააზრებული სტრატეგიები და შეიქმნას მოტივაცია მასწავლებელთა რიგებში ახალი კადრების მოსაზიდად. ამ საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტი სამუშაოს ანაზღაურების მაღალი დონეა. მრავალ ქვეყანაში, სადაც მოახერხეს, მასწავლებლის პროფესია მიმზიდველი გაეხადათ, ამას არა მარტო ხელფასის გაზრდით, არამედ საზოგადოებაში მისი სტატუსის ამაღლებითაც მიაღწიეს, შესთავაზეს რა პედაგოგებს კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა და მათ როგორც პროფესიონალებს რეფორმების გატარება ანდეს. ამ შემთხვევაში პედაგოგს ისეთი განათლება სჭირდება, რომელიც საშუალებას მისცემს მას, განათლების სფეროში გახდეს ინოვატორი და მკვლევარი და არა მხოლოდ სასწავლო გეგმის შემსრულებელი.
2. როგორ დახმარებას და განვითარების შესაძლებლობას იღებს პედაგოგი სამუშაო ადგილზე

კვლევები გვიდასტურებს, რომ მასწავლებელთა პროფესიული დონე სხვადასხვა ქვეყანაში და ერთი ქვეყნის ფარგლებშიც კი ძალიან განსხვავდება. ლაპარაკია არა მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებელზე, არამედ პედაგოგიური მოღვაწეობის ბუნების გაგებაზე. ხშირად მასწავლებელთა პედაგოგიური განვითარება დაჰყავთ სხვადასხვა კურსების, ჩვენში კი – ტრენინგების, გავლამდე, მაშინ როცა მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ განვითარებისთვის ყველაზე სასარგებლოა კვალიფიკაციის ამაღლების გრძელვადიანი პროგრამები და ასევე – პროგრამები სწავლების ეფექტურობის ამაღლების საშუალებათა ჯგუფური განხილვების ჩათვლით. მასწავლებლები პროფესიული განვითარების ხარჯებს საკუთარ თავზე იღებენ: მან, ვინც კვალიფიკაციის ამაღლებაში მოახდინა ინვესტირება, როგორც წესი, სწავლებისგან მეტი სარგებელი მიიღო, ისევე როგორც მან, ვინც მონაწილეობდა საერთო საქმეში და კოლეგებთან ერთად მუშაობდა სწავლების არსებული მეთოდების სრულყოფისათვის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამუშაო ადგილზე მასწავლებლის დახმარებას ეხება – რამდენად შეიძლება ადაპტირებული იყოს დასაქმების პირობები და კარიერული ზრდის პერსპექტივები მათ მოთხოვნილებებსა და მიზნებთან.
3. როგორ ფასდება და ანაზღაურდება პედაგოგის შრომა

როდესაც შეფასება და უკუკავშირი გონივრულად ხორციელდება, მასწავლებლები მას მუშაობაში დახმარებად აფასებენ. შეფასებას შეუძლია, ხელი შეუწყოს პედაგოგების სრულყოფას და მათ მოზიდვას სკოლის მაჩვენებლების გაუმჯობესების საქმეში. დღესდღეობით მასწავლებლებს არ მიაჩნიათ, რომ სკოლების ხელმძღვანელები შეფასებას იყენებენ მათი წარმატების აღიარებისთვის, ეს კი ნიშნავს, რომ შეფასების საკვანძო კომპონენტია მათი სათანადო მომზადება, ვინც მას ატარებს. ამასთან დაკავშირებული კიდევ ერთი დელიკატური საკითხი მუშაობის მაჩვენებლებისა და ანაზღაურების შესაბამისობის კრიტერიუმთა დადგენაა. როგორი სისტემაც არ უნდა გამოიყენებოდეს, ის უნდა იყოს სამართლიანი, ეყრდნობოდეს საიმედო მონაცემებს და მისი გამოყენება უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ და პროფესიული ნორმების შესაბამისად.
4. მასწავლებლის დაინტერესება და ჩართვა რეფორმის პროცესში

კარდინალურმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს გაურკვევლობის ზრდა; ეს, თავის მხრივ, მიგვიყვანს დაინტერესებულ პირთა წინააღმდეგობამდე, მასწავლებლების აქტიური და მონდომებული მონაწილეობის გარეშე კი საგანმანათლებლო რეფორმა ჩავარდება. საქართველოს გამოცდილება სწორედ ამის ნათელი მაგალითია. რეფორმის წარმატების შანსი შეიძლება გაიზარდოს მასწავლებლების ეფექტური კონსულტირებით, დახმარებით, კომპრომისების პოვნით და, რაც მთავარია, პედაგოგთა ჩართვით რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. კონსულტირებიდან პრაქტიკული მოქმედების გზის გავლით რეფორმირების პროცესი ნელ-ნელა მიდის სკოლების რეალური ცვლილებისკენ. ამ პროცესებში გადამწყვეტია განათლების სისტემის ხელმძღვანელ პოზიციებზე პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგების დანიშვნა, რაც, სამწუხაროდ, იშვიათია, განსაკუთრებით – საქართველოში. 
სასურველი არ არის ამ ოთხი თემის ცალ-ცალკე განხილვა. მათი ურთიერთდამოკიდებულება წარმოადგენს რეფორმის განხორციელების პროცესში ძირითადი პრობლემებისა და პოლიტიკის არსის გაგების საკვანძო საკითხს. მაგალითად, უმაღლეს სასწავლებლებში გამსვლელი ქულის მაღლა აწევა მიგვიყვანს პედაგოგიური კადრების დეფიციტამდე, თუ მათ ხელს არ შევუწყობთ შესაბამისი პირობებითა და ანაზღაურებით. ხელფასის მომატება და სამუშაო პირობების შეცვლა ვერ გამოიწვევს მასწავლებელთა მომზადების ხარისხის ავტომატურ ცვლილებას, თუ არ გამკაცრდა პროფესიაში შემოსვლის მოთხოვნები. პედაგოგიური მუშაობის შეფასების სისტემის გავლენა შეზღუდული იქნება, თუ შეფასების შედეგები დაიყვანება მხოლოდ ფულადი ანაზღაურების დადგენამდე და არ იქნება გათვალისწინებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის საშუალებები. თუ მასწავლებლები სათანადოდ არ იქნებიან მომზადებული, მათთვის დამოუკიდებლობის მიცემა შესაძლოა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს.
სტატია მომზადდა „Building a high-quality teaching profession. Lessons from around the world”-ის მიხედვით
რედაქტირება გაუკეთა კახა ჟღენტმა
გამოყენებული ლიტერატურა:

1. Building a High-Quality Teaching Profession Lessons from around THe worLd – https://asiasociety.org/files/lwtw-teachersummit.pdf
1.https://www.oecd.org/education/school/programmeforinternationalstudentassessmentpisa/47506177.pdf
2.«Учитель как специалист высокой квалификации: построение профессии.Уроки со всего мира» – Вопросы образования.2011

დედობა ბავშვობაში

0

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მშობლების გადაწყვეტილებას მისი გათხოვების შესახებ 16 წლის გოგონა არ დაეთანხმა და თავი მოიკლა. სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა არასრულწლოვანი იძულებით გათხოვების გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

 

საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება სისხლის სამართლის დანაშაულია. კანონი რეალობისგან შორს დგას. უფლებადამცველი ანა აბაშიძე გვიხსნის, რომ გადაწყვეტილებას არასრულწლოვანის დაქორწინების თაობაზე მშობლები ხშირად კანონის დარღვევად ვერ აღიქვამენ. თავიანთ საქციელს ისინი სოციალური ფაქტორებით ხსნიან და თავს იმართლებენ, რომ გოგონა „პატრონს ჩაბარდება” ან „ქმარი მიხედავს”.


ადრეულ ასაკში ქორწინებას სპეციალისტები გენდერულ ჭრილში განიხილავენ, რადგან მისი მსხვერპლი საქართველოში უმეტესად გოგონაა. ამ გოგონების პარტნიორები, ჩვეულებრივ, მათზე 10-15 წლით უფროსი მამაკაცები არიან.


ანა აბაშიძე ადრეული ქორწინების უარყოფით ასპექტებზე მსჯელობს. პირველი ასეთი ასპექტი არასრულწლოვანის მიერ სკოლის მიტოვებაა – ნაადრევად დაქორწინებული გოგონები საშუალო განათლებას ვერ იღებენ. 2013 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში სკოლა 7 000-ზე მეტმა გოგონამ მიატოვა. „ანგარიშში მითითებული არ არის, რატომ მიდიან გოგონები სკოლიდან, თუმცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ისინი ოჯახებს ქმნიან, რის შემდეგაც იძულებულნი ხდებიან, სწავლას თავი დაანებონ”, – ამბობს ანა აბაშიძე.


უფლებადამცველი საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ებრძვის და ამბობს, რომ ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინება ეთნიკური მახასიათებელი არ არის. მაგალითად მას გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი მოჰყავს. კვლევის თანახმად, მარნეულში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 400-მდე გოგონა გამოვიდა სკოლიდან. ანა ეთნიკურ ფაქტორს გამორიცხავს. მას მიაჩნია, რომ საქართველოს რომელ რეგიონშიც უნდა ჩატარებულიყო კვლევა, შედეგი თითქმის ასეთივე იქნებოდა და რომ სტერეოტიპების შექმნის წინა პირობა ინფორმაციის სიმწირეა.


ადრეულ ასაკში იძულებით დაქორწინებული გოგონები ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. ანა ამბობს, რომ უმეტესად მათ არც ოჯახის დაგეგმვის საშუალება ეძლევათ, რადგან დომინანტურ პოზიციაზე მყოფი მამაკაცი თავად წყვეტს, რამდენი შვილი ჰყავდეს.


მეან-გინეკოლოგი, სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ნემსაძე ადრეულ ასაკში სქესობრივი კავშირისა და ორსულობის პერიოდის სირთულეებზე საუბრობს. „ყველაფერი ნაადრევი, სიკვდილის გარდა, არ გახლავთ კარგი. შესაძლოა, ეს ასაკი საპასპორტოდ მისაღები იყოს, მაგრამ გოგონას ორგანიზმი ორსულობისთვის მზად არ არის. ის სამეანო გართულებათა უდიდესი რისკის პირისპირ დგას, ემუქრება ჰიპერტენზიის, პრეეკლამფსიის, ნაადრევი მშობიარობის საფრთხე, როგორც საკუთარი, ასევე ახალშობილის ტრავმა, სამეანო სისხლდენები, ინფექციური გართულებები ლოგინობის პერიოდში”, – ამბობს მამუკა.


ადრეულ ასაკში იძულებით ქორწინებაზე ყურადღებას ამახვილებს სახალხო დამცველი. 2013 წლის ანგარიშში წაიკითხავთ: „ჩვენი სოფლიდან ერთი გოგო მამამ 10 ძროხად მიჰყიდა 45 წლის კაცს, ამ გოგოს არ უნდოდა ამ კაცზე გათხოვება და სხვასთან ერთად გაიპარა სახლიდან”; „ჩემს მშობლებს ვეუბნები, რომ თუ ძალით გამათხოვებენ, თავს მოვიკლავ. ამას ყოველდღე ვუმეორებ, რომ არ გამათხოვონ”.


პრობლემის მოსაგვარებლად ომბუდსმენის რეკომენდაციები ასეთია:


● ყველა ბავშვის მიერ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო განათლების მიღება;


● ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბავშვთა ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის;


● არასრულწლოვანთა დაცვა მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მხრივ უფლებათა ბოროტად გამოყენებისგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება ბავშვის უფლებების დამრღვევთა მიმართ;


● პედაგოგთათვის, ბავშვთა და მშობელთათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით სათანადო ღონისძიებების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკის გაუქმებას.

ნაშალი კლდისა

0
დგას… უფრო სწორად, დაყუდებულა… უზარმაზარი, შავი ფრიალო კალთებით, რომლებიც ქვემოთ, არაგვის პირას, ნელ-ნელა ყვავილებითა და ხასხასა მწვანე ბალახით მოჩითულ ჭალაში გადადის. მისი შემხედვარე, იტყვი, ამ დალოცვილს ფესვი მდინარეში გაუდგამს, ამიტომაც წამომართულა ამოდენაო…

წელს ზევით გაშიშვლებულ გოლიათს ჰგავს, მრავალჭირნახულსა და არაერთ ომგადახდილს. ჭალასთან ახლოს იარებს მწვანე ქათიბი და არაგვიდან მონაბერ სიოსთან მოთამაშე ყვავილნი უფარავენ, მოშიშვლებულ მკერდზე კი ჟამთა სვლასთან დაუნდობელ შერკინებაში მიღებული არაერთი ნაიარევი აჩნია. ერთიანად დასერვია ტორსი…. ერთ-ერთი ასეთი ნაპრალიდან კი მის გულისნადებს ამოუხეთქავს და აქაფებულ, აყეფებულ ხევად ქვევით დაშვებულა. საუკუნეებია, ამ მდინარით იქარვებს გულის ვარამს. და დარდთა ამ მდინარებას თითქოს შუაზე გაუპია მისი ტანი, ქცეულა ერთ დიდ, გრძელ ნაიარევად, რომელიც არაგვის შესართავამდე გაგრძელებულა..

.

ხანდახან ჩანჩქერთან ერთად მისი გულის ანახეთქი ლოდებიც ეშვება ქვევით… ისინიც ერთბაშად მოწყდებიან ხოლმე და სანამ ახალ საუკუნო ალაგს მიაღწევდნენ, აქეთ-იქით აწყდებიან. თითქოს ლამობენ, სადმე ჩაეჭიდონ კლდის მკერდს, თავი შეიმაგრონ, მაგრამ ფრიალო კლდეზე ფეხს ვერ იკიდებენ… და ასე ნელ-ნელა ქუცმაცდება და ჩიავდება დიდი, ამაყი, შეუვალი კლდე…

ეს მხოლოდ ამ კლდის ისტორია არ არის – ეს დედამიწის ისტორიაცაა. უნივერსიტეტის მერხებს მოშორებულებმა და ხელში დიპლომმომარჯვებულებმა ამ პროცესს ეროზია უწოდეს. სიტყვა, რომელიც ხშირად გვაკრთობს, გვაშინებს, უარყოფით ემოციებს აღგვიძრავს, რადგან, როგორც გვჩვევია, მას გაპარტახებასთან, გამოფიტვასთან, შიმშილსა და… გადაგვარებასთან ვაკავშირებთ.

რომ არა ეროზია, სამყარო ასეთი მრავალფეროვანი არ იქნებოდა…

როგორც ამ დარგის მკვლევარები ამბობენ, დედამიწაზე პირველად მხოლოდ კლდოვანი ქანები იყო – გრანიტები, კირქვები და მისთანანი. შემდეგ ეროზიის პროცესების გამოისობით ისინი ნელ-ნელა დაქუცმაცდნენ და წარმოიქმნა ლოდები და ქვები. ამ უკანასკნელთაც შეეხო ეროზიის „მტარვალი” ხელი და ნელ-ნელა მათგან მივიღეთ ქვიშები და მინერალები. თუმცა ეროზია არ ნიშნავს მხოლოდ მექანიკურ დაქუცმაცებას. ამ მოვლენას თან ახლავს მრავალი ქიმიური გარდაქმნა – მინერალიზაციაც. ხშირად ხდება იონმიმოცვლითი რეაქციებიც, რომლებიც სათავეს უდებენ თიხოვანი მინერალების სინთეზს, ეს უკანასკნელნი კი, თავის მხრივ, განაგრძობენ დაშლა-გარდაქმნას და ვიღებთ ოქსიდურ მასებს – სილიციუმისას, ალუმინისას და სხვა. ამ უხსნად მასალებთან ერთად კალციუმის, რკინის, კალიუმის, ნატრიუმისა და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების ხსნადი მასებიც წარმოიქმნება. 
ქანებთან ერთად ეროზია განიცადეს ცოცხალმა ორგანიზმებმაც და მრავალტანჯულ თიხოვან-ქვიშოვან მინერალებს თივთიკად გადაეფარნენ ზემოდან ჰუმუსის სახით.

ასე წარმოიშვა პირქუში კლდეებისგან ჩვენი მასაზრდოებელი და თვალის მაამებელი მწვანე პლანეტა.

როდესაც კლდის წვერზე დგახართ და აბიბინებულ ჭალას ჩასცქერით, გახსოვდეთ – ეს არ არის ორსაათიანი დაშვების გზა… ეს მთელი ისტორიის გზაცაა.

კაკო, ბიჭები, კარლო კაჭარავა და აღდგომა დასავლეთ საქართველოში

0
30 აპრილია, 2012 წელი, კაკო მირეკავს:
– რა იყო, ბიჭო, ამ იონა მეუნარგიაზე გადაყოლილმა კაცმა, ავანგარდისტებად გინდა შვილები გაზარდო?
უცებ ვერ ვხვდები, რას გულისხმობს. კაკო (იგივე აკაკი ჩიქობავა) ნიჭიერი და ენამოსწრებული ბიჭია, მაგრამ ქარაგმებით უყვარს ლაპარაკი.
– კაკო, ვერ გავიგე… – წინა ღამის ემოციებისგან გადაღლილი მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ.
– რა ვერ გაიგე, ბიჭო. უყურე: ნიკოლოზი ხო კარლო კაჭარავას დაბადების დღეს, 7 თებერვალს დაიბადა. და აგერ დემეტრეს დაბადებაც კარლოს „100 ლექსის” პრეზენტაციას დაემთხვა. მეტი რა გინდა, ავანგარდში ხარ, ტო!
მეცინება. რეებს უკვირდება ხოლმე ეს წარსულში მედავითნე და ახლა კი მემარცხენე!
ვერ ვიტყვი, რომ კარლო კაჭარავას სახელი პირველად კაკოსგან გავიგე, მაგრამ კარგად მახსოვს, მან მითხრა, – ის ლექსი, „აღდგომა დასავლეთ საქართველოში” რომ წავიკითხე, ყველაფერი თვალწინ დამიდგაო. სულ ჩვენებური ამბებია, ათასჯერ რომ გინახავს ისეთი, მაგრამ კარლო ახერხებს ამ ნაცნობ სიტუაციებში მაგარი რაღაცეები დაგანახოსო.

მეც ვეცადე მეპოვნა ეს „მაგარი რაღაცეები”:
„სასაფლაოზე გლეხები ღვინოს სვამენ ვიღაცის საფლავთან” – ამის გარეშე ხომ არ არსებობს სასაფლაო, მით უმეტეს, დასავლეთში! ვიღაცამ შეიძლება დასცინოს კიდეც გლეხებს, არ მოუწონოს ეს საქციელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სცენის განსაკუთრებულ კოლორიტს ნიჭიერი ადამიანი გულგრილად ვერ შეხვდება. 
სურათი იშლება და: „სადღაც რკინიგზასთან დაეხეტებიან სველი, მშიერი ძროხები 
მონგრეული შლაგბაუმის გასწვრივ”, იქვე ახლოს კი „ბავშვების ხმამაღალი თამაშია,  მოულოდნელი, თან ბუნებრივი, როგორც ყველა სხვა განურჩევლობა”.
გეცნოთ, არა? მაშინ ნუ შემოვსაზღვრავთ ქრონოლოგიური ჩარჩოთი ლექსში ასახულ სურათს და განწყობას, ტყუილი გარჯა იქნება: რაც თავი მახსოვს, ეს არ შეცვლილა. ულმობელმა 90-იანებმა ჩაიხრიგინა სატვირთო მატარებელივით, ახალი საუკუნის პირველი ათწლეულიც გადაიფურცლა – და ამ გარდაქმნებისა და განახლების ოცწლეულად წოდებულმა პერიოდმა არათუ ადამიანი ვერ შეცვალა, გარემოსაც ვერ დაატყო ხელი. 
ყოველ შემთხვევაში, აღდგომა დღეს, დასავლეთ საქართველოში:
„სოფლის ახალგაზრდა ექიმი არ ჩქარობს საწოლიდან წამოდგომას.
ბოლომდე ვერგამოღვიძებული თვალებით უყურებს
საძინებლის დაკეტილ კარებს:
ქვემოდან რაღაც ხმაური ისმის –
როგორც ყოველთვის, დედა უკვე მუშაობს სამზარეულოში”.
აღდგომა დღეს თითქმის ყოველთვის წვიმს. ისეც ყოფილა, ბავშვობაში, აღდგომა დილას, ნაწვიმარზე, თხელი ნისლით თავმობმული გორაკისკენ გამიხედავს და თუ ძალიან დავაკვირდებოდი, შემეძლო ჩემი სახლიდან გორაკს და საფლავებს შეფენილი ხალხი დამენახა. აქაურებიც იყვნენ, ქალაქიდან ჩამოსულებიც, ყველა, ვისაც არ დაზარებოდა საწოლიდან წამოდგომა.
…7 თებერვალი და 29 აპრილი რომ მოდის – ჩემი ბიჭების დაბადების დღეები – აკაკი ჩიქობავას მოულოდნელი ზარი მახსენდება, და კიდევ ის, 7 თებერვალი რომ ვარო ბებიას გარდაცვალების დღეა. ბოლო წლებია აღდგომას ბებია-ბაბუის საფლავზე ვერ გავდივარ, ვერ ვახერხებ ღვინო, პასქა და წითელი კვერცხები ავუტანო, ახლობლების საფლავებსაც ჩამოვუარო, ჩემი არსებობაც შევახსენო და მეც აღვიდგინო, დავიბეჯითო თითოეული წუთი, რაც მათთან მაკავშირებს, სიტყვა, მათგან და მათ შესახებ რაც მსმენია. კიდევ ერთხელ შევავლო თვალი, კარლო კაჭარავასი არ იყოს, სხვადასხვა დროს ჩამქრალ სანთლებს, მიცვალებულთა მკაცრ ან მომღიმარე სახეებს რომ ამკობენ საფლავთა ქვებზე.
 

ვაკანტური ადგილი

0
ბავშვობაში სამი ადგილი მიყვარდა განსაკუთრებით: ჩემი სკოლის სახურავი, იმ სახლის ჭერხო (ადგილი, სადაც ინახავდნენ თივას, ქერს და სხვა მოსავალს) ხევსურეთში, სადაც მამა გაიზარდა, და იმერეთში, დედას ბავშვობის სახლის ეზოში, თითქმის ფუნქციადაკარგული ნალია. სამივე ადგილი სხვადასხვა დროს აღმოვაჩინე და სხვადასხვა ადამიანებთან ვიზიარებდი იქ ყოფნის სიხარულს: სახურავზე მეგობართან ერთად შეიძლებოდა ასვლა და ეს მკაცრად გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო, ნალიაში მარტო ვერ ავიდოდი, ბაბუას დახმარება მჭირდებოდა, ჭერხოს ოკუპაციას კი ბიძაშვილებთან ერთად ვახდენდი. ისიც მახსოვს, როცა ჩვენ ამ ჭერხოში ჩამოკიდებულ სახელდახელოდ შექმნილ საქანელაზე ვქანაობდით, ერთი ჩემი ბიძაშვილი ეზოში მდგომ მსხლის ხეზე  გამაგრდა, მისი შტაბი იქ იყო. 
რამდენიმე დღის წინ მოწვევა მომივიდა ერთ-ერთ ვორკშოფზე, რომელიც თბილისში არსებული ვაკანტური ადგილების აღმოჩენას, სისტემატიზაციას და რუკაზე განთავსებას, მათი ათვისების შესაძლებლობების განხილვასა და გაცოცხლების პერსპექტივებს ეძღვნებოდა. მივხვდი, რომ საინტერესო იქნებოდა. 
ქალაქში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მიუხედავად უამრავი ახალი შენობისა, განვითარებისა  და კეთების ილუზიისა, წლიდან წლამდე ბევრ შენობას ეკარგება ან ეცვლება ფუნქცია, ბევრი დგება დანგრევის საფრთხის წინაშე. არსებობენ ადგილები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ მასთან დაკავშირებული ადამიანების მეხსიერებაშია დაცული და ა.შ. 

მტკიცედ მჯერა, რომ  გარემოს სიყვარულისთვის აუცილებელია მისი კარგად შეცნობა. ისე უნდა სწავლობდე ქუჩებსა და შენობებს, მათ მიღმა არსებულ მოსახვევებსა და კედლებში არსებულ ამბებს, როგორც არააქაური, ერთი ვინმე უცხო, ყველაფერს გამადიდებელი შუშით და დაინტერესებული თვალით რომ უყურებს, ათას კითხვას სვამს, ყველას ელაპარაკება, ვისგანაც პასუხის მიღება შეიძლება. როგორც წესი, რუტინაში ჩაბმულებს ამისთვის დრო არასოდეს გვრჩება. კონკრეტული ქუჩიდან კონკრეტულ ქუჩაზე გადავადგილდებით, ჩვენი სახლებიდან სხვების სახლებში მივდივართ და მეტი თითქოს არც გვჭირდება – არც გვახსენდება რომ შეიძლება არსებობდეს ალტერნატიული ადგილები, შემოვლითი ან მოკლე გზები, უცნობი ისტორიები. 
ვორკშოფში მონაწილეთა რიგებში ჩავეწერე და იმ ქალაქში გადავცხოვრდი, რომელიც აქვე, ჩვენ გვერდითაა, მაგრამ ყურადღებას არ იქცევს, მეტიც თავად ამ თბილისის ბინადრებს, მფლობელსა და მეპატრონეებსაც კი არ აქვთ წარმოდგენა იმაზე, რა რესურსთან უწევთ ყოველდღიურად შეხება. მაგალითად მიდიხარ ლისის ტბის ქვემოთ, ყოფილი ტაქსოპარკის უზარმაზარ მიტოვებულ შენობასთან, რომლის ცალკეული ნაწილები წლების წინ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დაიკავეს და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი პრობლემების მოსასმენად მისული ჟურნალისტი ხარ, გიღებენ ქოხის კარს და გთხოვენ შიგნით შეხვიდე ან მიდიხარ ძველ, აქ უკვე საწყობად ქცეულ აბანოში და გეუბნებიან, რომ შიგნით შესვლას  აზრი არ აქვს, სანახავი მაინც არაფერია და ასე დაუსრულებლად. 

ვაკანტური ადგილების კვლევა გარდა ახალ-ახალი ადგილების, ისტორიებისა და ადამიანების აღმოჩენისა,  საინტერესო იმ მხრივაც არის, რომ მათი ათვისება რესურსების დაზოგვას, ეკონომიკურ სარგებელს და ხშირად ამ შენობების გადარჩენის ერთადერთ გზას ნიშნავს. ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ყველა დიდ ქალაქში არსებობს თითქმის 20% აუთვისებელი სივრცე, რომლის საპატრონოდაც ხელისფლება  და ბიზნესი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ იცლის. თუ ცალკეული ადამიანები ან მათი ჯგუფები მათ მეპატრონეებს დაარწმუნებენ, რომ ისინი მათ უნდა გადაეცეთ დროებით სარგებლობაში და უსასყიდლოდ, შედეგი ყველასთვის სასარგებლო იქნება. არსებობს იმის პრაქტიკაც, როგორ აქციო, მაგალითად, ყოფილი ქარხანა საგამოფენო სივრცედ, რკინიგზის  სადგურის ნაწილი – ჟურნალის რედაქციად ან მიტოვებული ბაღი საცეკვაო მოედნად, ყველაფერი ინტერესებსა და საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ დაინტერესდებით, ინტერნეტში ამ თემაზე ბევრი ინფორმაციაა, რომელსაც თავადაც ნახავთ, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ გარემო ჩვენ ირგვლივ ამოუწურავია, მთავარია შეგეძლოს თუნდაც იმ ქუჩას, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდი, ახალი კუთხით შეხედო, შეგეძლოს აიღო პასუხისმგებლობა და მიტოვებულ შენობას ახალი სიცოცხლე აჩუქო, შეგეძლოს იპოვნო ახალი გზა და ისწავლო მასზე სიარული. 
ვაკანტური ადგილი ძალიან ზოგადი ცნებაა. კონტექსტისა და სიტუაციის შესაბამისად ის შეიძლება იყოს ჩვენი კორპუსის წინ მდებარე მიწის ნაგლეჯი, სადაც შეიძლება დარგო ხე;  რომელიმე პარკში მდებარე ხე, რომელზეც შეიძლება საქანელა ჩამოკიდო; კედელი, სადაც არტის განთავსება შეიძლება; მიტოვებული სახლები სოფლად თუ ქალაქად და თავად ეს ფაქტობრივად დაცლილი სოფლები და ქალაქები.

ვაკანტური ადგილია ინტერნეტიც, რომელიც საშუალებას გაძლევს შექმნა შენი სივრცე და მეტიც, ვაკანტური ადგილები მრავლად არის ადამიანების ტვინებსა და გულებში და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სწორედ ის არის, რომ ჩვენ სათანადოდ ავითვისოთ ეს თავისუფალი სივრცე, ვიქცეთ სხვებისთვის საინტერესო და სასიამოვნო ადამიანებად და ვინ იცის, იქნებ მათზე სასარგებლო გავლენაც ვიქონიოთ.

პ.ს. სკოლის შენობა, რომლის სახურავზეც მიყვარდა ძრომიალი, მრავალი წლის წინ დაიწვა. სკოლა სწორედ ვაკანტური სივრცეების თეორიაზე დაყრდნობით სხვა, ყოფილი საზაფხულო ბანაკის იმჟამად მიტოვებულ შენობაში გადავიდა და დღემდე იქ ფუნქციონირებს. ნალიაც ასევე ბევრი წლის წინ დაინგრა, ბაბუას სახლში აღარავინ ცხოვრობს. აღარც ჭერხოში კიდია ჩვენი საქანელა. ბოლომდე დაიცალა ის სოფელი. ინგრევა უპატრონოდ მიტოვებული სახლები. სწორედ ეს რეალობა მაფიქრებინებს, რომ ვაკანტური სივრცეები და ჩვენი პასუხისმგებლობები ამ ადგილებთან დაკავშირებით ის თემაა, რაზეც ღირს ფიქრი, რაზეც ღირს მოვუყვეთ მოსწავლეებს. 

შენი გადახდილია

0
„მბრუნავ კარს ოთხი განყოფილება, სექცია აქვს. თითოეულ სექციაში ორ-ორი პოეტი ეტევა, თუკი ისინი გამხდრები არიან და მათი სულები ხორცს აღემატება”.
კამილო ხოსე სელა, „არტისტების კაფე”
თბილისურ სამარშრუტო ტაქსიში 16 ადგილია, თუმცა ფხიანი მძღოლი, ქუჩის განაპირას ფეხათრევით სიარული რომ უყვარს და მგზავრების წყევლას გულის სიღრმეში იხვევს, მასში 30 მოკვდავს თავისუფლად დაატევს, მაშინაც კი, თუ ისინი მსუქნები არიან და მათი სულები არც ერთი გრამით არ სჭარბობს ხორცს. პოეტები კი… პოეტები თბილისში სულაც ფეხით დადიან.
სამარშრუტო ტაქსების ლაბორატორიული კვლევა 15 წლის წინ დავიწყე, როცა ჯერ კიდევ ძველსაბჭოური „რაფების” ეპოქა იდგა. მათ სალონებში ვულკანივით ამოხეთქილ ძრავაზე, სიმხურვალისა და ხმაურის შესაკავებლად, ნაფტალინისსუნიანი, ჩრჩილისგან შეჭმული გადასაფარებლები გადაეფინათ, რკინის ფულის შესანახად კი გარდერობიდან გამოეღოთ ძველისძველი წვერის საპარსი მანქანების ყუთები. სამარშრუტოში იატაკს წვიმიან ამინდში უასფალტო, ორმოებიანი და ატალახებული გზის კვალი – გაცვეთილი ფეხსაცმელების შავი ნაფეხურები ეტყობოდა. ეს იყო დრეკადი მანქანა, რომელიც რთულ მოსახვევებში ისევე იხრებოდა წელში, როგორც საძილედ მოკალათებული ძაღლი.

მოგვიანებით ჩემ თვალწინ სამარშრუტო ტაქსების ევოლუცია მოხდა. მე ყველა მათგანში ვიჯექი. ბავშვობა #69-ში გავლიე, რომელიც ვარკეთილში ჩამარიხინებდა ხოლმე. ვარკეთილში კი ცივილიზაცია იშლებოდა: ვიდეოკასეტები, ორლარნახევრიანი მაჯის საათები, პლასტმასის ბურთულებიანი პისტოლეტები, პლასტმასისავე ნიღბები, ბანქო და მეიაფე პარიკმახერები. 

ბიჭობა და სტუდენტობა კი #35-ში მივასაკლავე. ეს ხაზი ნამდვილ ცივილიზაციაში მახედებდა – ქალაქის ცენტრში მივყავდი. აქ შევსწრებივარ ცოლ-ქმრის ჩხუბებს, ძველი ბიჭების გაწევ-გამოწევებს, მომისმენია ათასობით ჭორი და მართალი, რის გამოც აქვე მოვხაზე ყველა იმ მოთხრობის სიუჟეტი, რაც კი სტუდენტობისას დამიწერია. #35-ის ისტორიაში დღემდე მე მეკუთვნის რეკორდი – 11 ადამიანის მგზავრობის საფასურის გადახდა. ამ დროს, სულ 13 მგზავრი ვისხედით მანქანაში და ვინაიდან ყველას ჩამოთვლა მეზარებოდა, ერთ უცნობს ხმამაღლა მივმართე: „თქვენ გარდა ყველასი გადახდილია-მეთქი”. ერთხელ კი, რაკი მისი ნამდვილი სახელი დამვიწყებოდა, უბნელს სახალხოდ გადავძახე: „რეიტუზ, შენი გადახდილია!”

გუშინ, ერთ სამარშრუტოში ჯდომისას, გოგო-ბიჭის შემხედვარეს, ჩემი ერთი თავგადასავალი გამახსენდა. აი, როგორ იყო:

მესამე კურსზე ვარ. მე და ნინიამ ზემელზე საარაკოდ ვიჩხუბეთ. დამნაშავე ვიყავი. შევბრუნდი, ვიფიქრე, ჩემს ბოღმას იქით გადმოვანთხევ-მეთქი, გვარიანად დავიჯღანე და როცა შემოვბრუნდი, ისღა დავლანდე, რომ ნინია ავტობუსში ადიოდა. მე ვეღარ მოვასწარი. „ავტობუსი ნელა დადის”, – აზრის გიგანტად გადავიქეცი და ელბაქიძისკენ დავეშვი. ვიფიქრე, სამარშრუტოს გავყვები, გადავასწრებ და სადარბაზოსთან დავხვდები-მეთქი. ასეთი გმირობები ჰოლივუდურ ფილმებში მენახა. 

ტაქსი? სულ მთლად ნუ გადაირევით. ცარიელ საფულეში რომ ჩავიხედე და ნაკერებს შორის ჩაკარგული ყვითელი 50-თეთრიანი დავინახე, ლამის ლოცვა აღმომხდა. იმის ალბათობა, რომ უცხო ხაზზე ნაცნობი შემხვდებოდა, 1% იყო, მაგრამ ბავშვობიდან ასეა: თავგადასავლებს მაგნიტივით ვიზიდავ და სანამ დავიძვრებოდით, გვერდით მეგობარი გოგო მომისკუპდა. „უფალო, რატომ გამწირე!” – ელვად გავივლე გონებაში და მეგობარს გავუღიმე. ზურგს უკანიდან კი საუბარი მესმოდა: 

– შვილი რო გაგწირავს, ისე არავინ…
– ეჰ, ნანა…
– ვინ შემომიყვანა ოჯახში…
– თან ვასიკო ძიას ოჯახში…
– საფლავში როგორ ისვენებს ვასიკო…
– რა დაასვენებს…
ამასობაში მე განვიხილავდი თავის დაძვრენის რამდენიმე გეგმას:
გეგმა #1: მოპარსული ულვაში

მე ჩავდივარ, ვიხდი მხოლოდ ჩემი მგზავრობის ფულს და მეგობარ გოგონას ვემშვიდობები. ეს კატასტროფული გეგმა უმალ დავგმე.
გეგმა #2: ოჯახის სირცხვილი

სამარშრუტოს ბოლო გაჩერებამდე გავყვები. როცა ის მძღოლს სთხოვს, მანქანა გააჩეროს, მე ფარისევლურად გავიქაჩები, მაგრამ ისე ვიზამ, რომ დამასწროს. ეს გეგმაც ჩანასახშივე მოვკალი – შეპარულ შეკითხვაზე მიპასუხა, ბოლო გაჩერებაზე ჩავდივარო.
გეგმა #3: ტრაგიკოსი მსახიობი
„გამიჩერეთ”, – ვამბობ და ჩასვლისას ვდგამ სპექტაკლს, თითქოს საფულე დამეკარგა. თუმცა ვხვდები, რომ ჩემი საფულე, რომელიც შარვლის უკანა ჯიბეში მიდევს, ზედმეტად დიდია და კარგად გამოჩნდება. ამ გეგმასაც თაროზე ვდებ. 
გეგმა #4: ჯორჯ ვაშინტონი – დამტკიცებულია

სასოწარკვეთის მომენტში მახსენდება, რომ საფულეში „ბარაქის ერთდოლარიანი” მიდევს. ვრწმუნდები, რომ საქართველომ მხოლოდ დასავლური კურსით უნდა იაროს. ძირს რუბლი. გაუმარჯოს დოლარს. „გამიჩერეთ”, – ვეუბნები მძღოლს, დილარს ვაწვდი და ვამატებ: „გადახურდავება დამავიწყდა. ორის აიღეთ. ხურდა არ მინდა”. მძღოლმა ბევრი მადლობა მითხრა. 
მე – დოლარებიანმა ბიჭმა, ფულის გადახურდავება რომ ავიწყდება, მძღოლს ხურდას რომ არ ართმევს – ნინიას სადარბაზომდე უკანალზე ფეხების ცემით ვირბინე, ავტობუსისთვის რომ გადამესწრო და შეყვარებულს მარათონდაძლეული, ოფლიანი აბებე ბიკილასავით დავხვდი. შემირიგდა.

მას მერე ხშირად ვფიქრობ: რა მოვლენაა ერთმანეთისთვის მგზავრობის საფასურის გადახდა? მოზღვავებული სიყვარული? კაიტიპობა? თბილისური კულტურის ნაწილი? ალბათ ცოტ-ცოტა ყველაფერი, მაგრამ მე სხვა ვარიანტიც მაქვს: ეს ვალიკო მიზანდარის კომპლექსია – კაცის, რომელსაც ყავის საყიდელი 11 კაპიკი არ ჰქონდა, ჩაიში 6 კაპიკი გადაიხადა და იმისთვის, რომ კარგ ტიპად გამოჩენილიყო, გამყიდველს უთხრა, ხურდა, 4 კაპიკი, დაიტოვეო. ეს წმინდა ქართული დაავადებაა – კეთილი, უწყინარი, მაგრამ მაინც დაავადება. 

წამოსვლისას, როცა ქაჯეთის ციხე ავიღე, ანუ შეყვარებული შემოვირიგე, თან ისეთი ოპერაცია განვახორციელე, რომ ოუშენსა და მის მეგობრებსაც შეშურდებოდათ, ბედნიერმა, სახეზე ღიმილიანმა, 50-თეთრიანით მუჭში, 117 ნომერი გავაჩერე. ღიმილი კიდევ 5 წამს გამომყვა, რადგან სამარშრუტოში ერთდროულად სამი ნაცნობი შემხვდა, ქართველებს კი, სამწუხაროდ (ან იქნებ საბედნიეროდ), საფულეში მხოლოდ ერთი ბარაქის დოლარიანი უდევთ ხოლმე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...