კლასში ხმამაღლა კითხვის უპირატესობები
მხარი დავუჭიროთ „ქალთა მოძრაობას“!
2014 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ქალებისა და მთელი საზოგადოებისათვის. ათი თვის განმავლობაში ოჯახურ ძალადობას სულ მცირე ოცდაოთხი ქალი ემსხვერპლა. ალბათ უამრავი სხვა მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, დამალულია. საპოლიციო უწყებები მეტწილად უძლურნი აღმოჩნდნენ და ვერ მოახერხეს უამრავი ტრაგედიის თავიდან აცილება. საუბედუროდ, საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი დუმილს ამჯობინებს და პრობლემის აღიარებისგან თავს იკავებს. მეტიც, ზოგიერთი მოძალადის გამართლებასაც კი ცდილობს. მათი არგუმენტები მანკიერ, შუა საუკუნეების ეპოქაში დამკვიდრებულ კულტურულ სტანდარტებს ეფუძნება.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მასობრივი ძალადობის წახალისებაზე???
ბუნებრივია, უსამართლობა იქნებოდა, რომ მხოლოდ პოლიტიკოსები და სამართალდამცველები დაგვედანაშაულებინა. ვერც მხოლოდ განათლების სისტემის წარმომადგენლებს მივუთითებთ საბედისწერო შეცდომებზე. ქალებზე ძალადობა საყოველთაო სენია და მის გაღვივებაში თითოეულ ჩვენგანს მიგვიძღვის წვლილი.
აღსანიშნავია, რომ ძალადობას მხოლოდ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის სახე არ აქვს. ის მხოლოდ ოჯახში ან მცირე სოციალურ ჯგუფებში არ ვლინდება. ქალებზე ძალადობა გაცილებით მასშტაბურია და ეკონომიკურ სივრცეშიც ღრმად იჭრება. ვფიქრობ, ეკონომიკური ჩაგვრა ქმნის ნოყიერ ნიადაგს ყველა სხვა ტიპის უბედურებისთვის. ცოტა ხნის წინ ქართველმა ქალმა აქტივისტებმა მოგვიწოდეს: „თუ კაცებს ფემინისტურ საკითხებზე პროფესიონალურ აზრს გეკითხებიან, შეეცადეთ, გადაამისამართოთ ქალ პროფესიონალებთან”. შრომით დისკრიმინაციას მე საყოველთაო პრობლემად განვიხილავ. ამიტომ გავბედავ და რამდენიმე სიტყვას მოგახსენებთ აღნიშნულ საკითხზე.
დავიწყოთ სტატისტიკური მონაცემებით. რამდენიმე თვის წინ „საქსტატმა” გვაცნობა, რომ საქართველოში ქალი იღებს 50%-ით ნაკლებ ჯამაგირს, ვიდრე კაცი ზუსტად იმავე სამუშაოს შესრულებისათვის. ევროპაში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 15-22%-ს უტოლდება. ამგვარი უთანასწორობას ხაზს უსვამს კიდევ ერთი კვლევა. IDFI-ის მონაცემებით სახელმწიფო, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი მამაკაცია, დაქირავებულ ქალთა რაოდენობა კი მხოლოდ 29%-ს უტოლდება. ამას ემატება ისიც, რომ ამავე სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციათა 80%-ზე მხოლოდ მამაკაცები ინიშნებიან. რაც მთავარია, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც უმაღლესი განათლების მომპოვებელთა შორის ქალები შესამჩნევად დაწინაურდნენ.
მაშასადამე, გამოდის, რომ მიუხედავად კვალიფიკაციისა, დისკრიმინირებული სქესის წარმომადგენლები ვერც დასაქმების თვალსაზრისით აღწევენ განსაკუთრებულ წარმატებას, დაწინაურების შანსებიც ნაკლები აქვთ და ვერც ადეკვატურ ანაზღაურებას იმსახურებენ.
დარწმუნებული ვარ, შეგაშფოთებთ ის კონკრეტული მაგალითებიც, რომლებსაც ახლა შეგახსენებთ. ერთი თვის წინ „ნეტგაზეთის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნინო ბაქრაძის ჩართული გაუმჟღავნებელი დაკვირვება. მკვლევარმა სამკერვალო ფაბრიკებში არსებული შრომის პირობების შესწავლა გადაწყვიტა. საფეიქრო მრეწველობაში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი (80-85%) ხომ ქალია. კვლევის შედეგები შემაშფოთებელია. ერთ-ერთი ამგვარი საწარმოს მიერ დაქირავებული პირები ყოველდღიურად ათი საათი მუშაობენ, არ იღებენ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, ვერ სარგებლობენ შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასვენების დღეებით. სამუშაოს შესრულება კი ხანდახან შაბათობითაც უწევთ. ფაბრიკაში სათანადოდ დაცული არ არის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, მუშები არ არიან უზრუნველყოფილნი ხარისხიანი სპეციალური სამოსითა და ერთჯერადი კვებით. გაინტერესებთ რამდენია ფეიქარი ქალების ყოველთვიური ჯამაგირი? მხოლოდ 230 ლარი. სამაგიეროდ, ამ საწარმოებში დამზადებული ათასობით ერთეული ტანსაცმელი უძვირესად იყიდება ონლაინმაღაზიებში. ვინ უცხადებს სოლიდარობას ამ ადამიანებს? რატომ არ ქმნის სახელმწიფო ამ პრობლემების დასარეგულირებლად შრომის ინსპექციას ან გენდერის ოფიცრის ინსტიტუტს? ეს კითხვები პასუხგაუცემელია. ამ კითხვებზე საპასუხოდ არავინ შეიწუხებს თავს, თუ ვინმე სხვების დასაცავად მოქმედებას არ დაიწყებს.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის, ქართველი მასწავლებლებისთვის ჩემი სათქმელი აბსოლუტურად გასაგებია. თქვენი უდიდესი უმრავლესობაც ხომ არაადეკვატურ ანაზღაურებას იღებს, უმძიმეს სოციალურ პირობებში ცდილობს პროფესიონალიზმის შენარჩუნებას. მიუხედავად ყველაფრისა, უამრავ დაუსაბუთებელ საყვედურს იღებს ზოგიერთი უცნაური, არაფრისგამკეთებული ადამიანისაგან.
მასწავლებლების შეფასება -საერთაშორისო გამოცდილება (მეორე ნაწილი)
საკუთარი თავის გაზვიადებული აღქმა და მისი გამომწვევი მიზეზები
რამდენიმე რჩვეა ნებისყოფის აღზრდის შესახებ
მე, ფემინისტი
განრიგის მიხედვით, ჩემამდე სტუდენტებს ერთი ძალიან ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ქალი ესაუბრა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, სიტყვა გაუგრძელდა, ამიტომ მომიხდა, შეხვედრის ნაწილს მეც დავსწრებოდი. მან ბევრი საინტერესო რამ თქვა, კარგი აქცენტებიც გააკეთა, გულახდილად მოყვა თავისი ცხოვრების შესახებ, ილაპარაკა, რა პრობლემები ხვდებათ გზაზე ქალებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში წარმატების მისაღწევად იბრძვიან, საინტერესო ფაქტორებსა და გარემოებებს გაუსვა ხაზი, არც ქალთა მკვლელობებისთვის აუვლია გვერდი. ვიქნები გულახდილი და ვიტყვი, რომ მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, იქამდე, სანამ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით არ გაისმა სიტყვები: “არა, ფემინისტი კი არ გეგონოთ, არა ვარ ფემინისტი”. ამ სიტყვებმა უამრავი რამ დაიტია: თავის მართლება, უკან დასახევი გზა, აუდიტორიის კეთილგანწყობის მოპოვების სურვილი და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ფემინიზმის მიმართ. ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, რომელსაც ათასობით ადამიანი უყურებს და უსმენს, ისე იუკადრისა ფემინისტობა, თითქოს ვინმეს რაღაც საშინელი დანაშაული დაებრალებინოს.
მე იქვე ვიდექი, აუდიტორიის კართან, ხელში ებადის წიგნის ინგლისურენოვანი გამოცემა და ჩემი თარგმანი მეჭირა, ვიდექი საკუთარი და სხვების უფლებებისათვის მებრძოლი ქალის ისტორიით მკლავებდამძიმებული და საშინლად მინდოდა, ნაბიჯი წინ გადამედგა და ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ქალისთვის მეთქვა, რომ ის ფემინისტია, რომ ყველაფერი, რაც მან ილაპარაკა, იყო ძალიან ფემინისტური, რომ ფემინიზმი საკუთარ ოთახში ჩაკეტილი, გაბრაზებული ქალების ნაძალადევი გამოგონება არ არის, რომ ფემინიზმი, თავისი არსით, სიკეთის მომტანია არა მარტო ქალებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რადგან ის არა კაცების ჩაგვრას, არამედ ქალთა გააქტიურებას და ამით ქალებისა და მამაკაცების თანაბარ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს.
ჩვენ, ადამიანებს, ორი ძალიან დიდი მტერი გვყავს: არცოდნა და შიში. ხშირად ვერ ვხვდებით, ვინ ვართ სინამდვილეში, უფრო ხშირად კი, ვიცით, მაგრამ საკუთარი ცოდნის გვეშინია. გვეშინია გაკიცხვის, საზოგადოებრივი აზრის, ოჯახის, მეზობლების, გარშემომყოფების უცოდინრობის და შიშების გვეშინია. სწორედ შიშის და არცოდნის წყალობით ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეში, რომელიც, სამწუხაროდ არსად წყდება. ვტრიალებთ და ვხოცავთ ერთმანეთს, მერე კი გვამებს საგულდაგულოდ ვმალავთ და ვივიწყებთ. შიშისა და არცოდნის ბრალია, რომ ჰომოფობებითა და სექსისტებით სავსე ქვეყანაში, სალანძღავი სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები, „ფემინისტი” ჰგონიათ.
რა თქმა უნდა, ჩემს ლექციას გაცილებით ნაკლები სტუდენტი დაესწრო, ვიდრე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისას. რა თქმა უნდა, ჩემს წიგნებს, თარგმანებს და ბლოგპოსტებს გაცილებით ნაკლები ადამიანი კითხულობს, ვიდრე მის გადაცემას უყურებს. მათი რიცხვი, ვინც ხმამაღლა ამბობს, რომ ფემინისტია, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირეა და ასე იქნება იქამდე, სანამ ისინი, ვისაც ხალხი უსმენს, შიშით შეჰყვირებენ სტუდენტებით გადაჭედილ აუდიტორიაში: „არა, მე ფემინისტი არა ვარ!”
თქვენ კი, ვისაც უბრალოდ, თანასწორობის გჯერათ, ვინც თვლით, რომ არჩევნებზე წასვლის უფლება ქალებს და მამაკაცებს ერთნაირად აქვთ, ვისაც მიგაჩნიათ, რომ ცხოვრება თავისა და კისრის როლის თამაში კი არა, ურთიერთგაგება და პატივისცემაა, შეგიძლიათ, თამამად თქვათ, რომ ფემინისტები ხართ. სცადეთ, ძალიან ადვილია.
ბავშვი – ინდივიდი
6… 8… 10…
განსხვავებული ხედვა ჩრდილოეთის ხალხების შესახებ
ალბათ თქვენც წაგიკითხავთ უმაღლესი კლასის ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ახალი ამბები, რომლებიც იდუმალი და შიშისმომგვრელი სათაურებით გამოირჩევიან – „ჩეჩნები საქართველოში ვაჰაბიტ მებრძოლებს წვრთნიან ?!”, „კავკასიის ემირატი პანკისში შემოჭრას გეგმავს”, „საქართველოს საზღვარი შესაძლოა „ბოევიკებმა” გადმოლახონ”. ამგვარი წინადადებებისა და დაუდასტურებელი ცნობების ტირაჟირებით ჩვენს საზოგადოებაში კარგად დამკვიდრებული მანკიერი სტერეოტიპები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან. შედეგად, ნაკლებად გათვითცნობიერებული მოქალაქეებისათვის ვაინახები და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები სხვა ხალხები, მხოლოდ და მხოლოდ, ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან და რადიკალურ ისლამისტურ ორგნიზაციებთან ასოცირდებიან. ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი შეფასება ყოველთვის მცდარი დასკვნის გამოტანისკენ გვიბიძგებს ხოლმე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ აღნიშნულ საკითხსაც განსხვავებული პერსპექტივიდან, სხვა რაკურსიდან შევავლოთ თვალი. შევეცდები რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებისა და საინტერესო ამბის გამოკვეთას, რომლებიც ისლამოფობიის გამოვლინებათა შესასუსტებლად ალბათ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებშიც უნდა ხვდებოდეს.
დავიწყოთ რომანტიკული თავგადასავლით. ხანდახან ეშლებათ და ამტკიცებენ, რომ ქართული ემიგრაციის ისტორიის კვლევის დაწყება პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდგომი პერიოდიდან არის უმჯობესი. არადა, მნიშვნელოვანი მოღვაწეების ქვეყნიდან მოსობრივი გადინება გაცილებით ადრე დაიწყო. ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე ცდილობდნენ ჩვენი საზოგადოების ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. შეიძლება ითქვას, რომ პირველად მსოფლიო პოლიტიკის ლიდერ სახელმწიფოებთან და მათ უმაღლეს წარმომადგენლებთან სერიოზული კავშირი ვასო დუმბაძემ და გიორგი მაჩაბელმა დაამყარეს. ისინი ქართველი ნაციონალისტები იყვნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის იბრძოდნენ. მაჩაბელი გერმანიის რაიხთან და ჰოჰენცოლერებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, დუმბაძე კი რუსეთის იმპერიის დასასუსტებლად არ იშურებდა ძალ-ღონეს (მასზე ამბობენ, რომ სამხედრო სამინისტროს რუსული ზარბაზნებისთვის შეუფერებელი ზომის ჭურვები მიჰყიდაო). რა იყო მათი მიზანი? პირველ მსოფლიო ომში გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში დუმბაძე და მაჩაბელი კავკასიის გათავისუფლებასა და საერთო კავკასიური სახელმწიფოს დაარსებას გეგმავდნენ. სახელმწიფო ქართული, სომხურ-თათრული და მთიელთა თანასწორუფლებიანი ერთეულებისგან უნდა ჩამოყალიბებულიყო. სახელმწიფოს მეთაურად გერმანიის კაიზერის ვაჟი და მასზე დაქორწინებული ქართველი არისტოკრატი უნდა გამოეცხადებინათ. ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველი მოაზროვნეები მხოლოდ თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის არ იბრძოდნენ, მათ არალოგიკურად და შეუძლებლად მიაჩნდათ კავკასიის დანაწევრება, მისი სხვადასხვა ნაწილის დამოუკიდებლად განვითარება. მათთვის ჩრდილოეთის ხალხები ერთიანი კავკასიური სივრცის განუყოფელ და თანასწორ მდგენელებს წარმოადგენდნენ. რომანტიკული გეგმა გერმანიის ომში დამარცხებამ სამუდამოდ დაასამარა.
თუმცა, კავკასიის გადაღმა მცხოვრებმა ერებმა მაინც მოახერხეს მობილიზება, ორგანიზება და დემოკრატიული საპარლამენტო სახელმწიფოს დაფუძნება. 1918 წლის 11 მაისს კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. კავკასიელ ხალხთა პოლიტიკური ლიდერებისგან შემდგარი მთავრობა ოფიციალურად საქართველოში, ბათუმში ჩამოყალიბდა და წარსდგა ზღვისპირა ქალაქში გამოგზავნილი თურქული და გერმანული დელეგაციების წინაშე. ალბათ არ გაგიჭირდებათ იმის გამოცნობა, თუ რომელმა სახელმწიფომ აღიარა ერთ-ერთმა პირველმა მთიელთა რესპუბლიკის სუვერენიტეტი. მაშინდელი ქართული დიპლომატიის მთავარი ვარსკვლავი, ზურაბ ავალიშვილი ბათუმში შეკრებილ დელეგაციებთან მოლაპარაკებების დროს ჩრდილოელთა მთავარი კონსულტანტი და გულშემატკივარი იყო. იმიერკავკასიელთა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიდარ ბამატოვიც თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა, საქართველოს დედაქალაქიდან ცდილობდა თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ასე უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყო.
მთიელთა რესპუბლიკამ უამრავი ქარტეხილი გადაიტანა საკუთარ თავზე. „წითელ” და „თეთრ” არმიებს შორის ყველაზე სისხლიანი შეტაკებები სწორედ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე წარიმართა. ლტოლვილთა და მთავრობის რეპრესირებულ წარმომადგენელთა მთავარი მასპინძელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო. რატომ ? ქართველმა სოციალისტებმა ყველაზე უკეთ იცოდნენ თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობას, რამდენად სასარგებლო შეიძლება აღმოჩენილიყო ჩეჩნურ-დაღესტნური ნავთობის სარეწები საერთო საქმისათვის, რამდენად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა მეორე სახელმწიფოს თავისუფლებასთან.