შაბათი, ივნისი 14, 2025
14 ივნისი, შაბათი, 2025

როგორ ვახერხებ სსსმ მოსწავლის ჩართულობას  გაკვეთილზე

0

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს განათლების მიღების უფლება (მუხლი #35), მაგრამ სამწუხაროდ დაბალია სსსმ მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, ვინაიდან დაბალია პედაგოგთა ძირითადი ნაწილის მზაობა სსსმ მოსწავლის სწავლების სტრატეგიებისა და ადაპტირებული გაკვეთილების დასაგეგმად. პედაგოგთა ძირითადი ნაწილი ვერ ახერხებს სსსმ მოსწავლის დაინტერესებას  საგაკვეთილო პროცესით და მათი პრობლემური ქცევის მართვას, ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა პედაგოგებს გვენიჭება, რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ინკლუზიური განათლების მიტანა თითოეულ სსსმ მოსწავლემდე, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მცირედი გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს…

ჩვენი სკოლის სსსმ მოსწავლე  ნიკა ფ-ძეს აქვს ყურადღებასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, ის არ ითვალისწინებს მითითებებს, უჭირს ორგანიზება, ვერ ახერხებს  ხანგრძლივ კონცენტრაციას, ადვილად ეფანტება ყურადღება, არის გულმავიწყი, ზედმეტად ემოციური და ზოგჯერ აგრესიულიც, უჭირს ერთ ადგილზე მშვიდად გაჩერება, ცდილობს გაიქცეს გაკვეთილიდან… რთულია  მისი მართვა…  მაგრამ მდგომარეობა არც თუ ისე უიმედოა….პირველ რიგში, დავადგინე არა ის, რისი დეფიციტი აქვს, ან რას ვერ ახერხებს, არამედ ის –  თუ რა შეუძლია, რა მოსწონს, რაზე რეაგირებს, როგორ იყენებს დახმარებას…მისთვის   შედგენილი მაქვს ესგ-დან გამომდინარე გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები.

 

მის საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, ნიკას შესაძლებლობიდან გამომდინარე, სისტემატურად ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენო ,,მასზე მორგებული“ აქტივობები და გაკვეთილზე ინტეგრაციის მიზნით სისტემატიურად ვუხსნი და ვუსაბუთებ, თუ რომელი სასწავლო ნივთი სჭირდება მას  კონკრეტულ შემთხვევაში, ვაძლევ ნათელ და გასაგებ მითითებებს,  საშინაო დავალებას დაფაზე ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ვწერ, რათა მისი ყურადღება ,,იქეთ“ იყოს მიმართული, ხშირად მიწევს გაკვეთილის გეგმის მოდერნიზაცია. მაგალითად, როცა ვასწავლიდი მართკუთხედის ფართობსა და პერიმეტრს, რატომღაც ნიკა გაღიზიანებული იყო, გაკვეთილზე არ შემოვიდა, გადავწყვიტე, ნაცვლად სავარჯიშოთა სისტემის შესრულებისა, ჩამეტარებინა პრაქტიკული მეცადინეობა სკოლის  ეზოს პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლაზე, მოსწავლეები ეხმარებოდნენ ერთმანეთს და მათ შორის ნიკაც „ეხმარებოდა“ თანაკლასელებს, აწვდიდა მათ სახაზავს, საზომ ლენტს. შემდეგ ნიკამაც მოახერხა სახაზავის სწორად გამოყენება და აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში.

 

…ნიკას წითელი, მწვანე და ყვითელი ფერები უყვარს, ამიტომ, სივრცული ფიგურების დამზადებისას, სწორედ მათი გამოყენებით დაუმზადა ნიკამ  ჯგუფის წევრებს სივრცული ფიგურებისათვის აქსესუარები   (სამკუთხედი, მართკუთხედი, წრეწირი) – ფუძე და გვერდითი წახნაგები.

მოსწავლეთა ზეპირი ანგარიშის სწავლებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ხშირად ვიყენებ მათემატიკურ  თამაშს „რიცხვის გადიდება/შემცირება…..-ით/ ჯერ“.   ვინაიდან ნიკა ვერ ახერხებს სწრაფ ანგარიშს, თამაშის დაწყებას  ნიკას  ვავალებ  „აბა ნიკა, დაასახელე რიცხვი!“  ნიკაც ასახელებს რაღაც რიცხვს, ხელის დაკვრით გადასცემს გვერდით მდგომ მოსწავლეს და ის აგრძელებს თამაშს, ადიდებს/ამცირებს….. -ით /ჯერ რიცხვს და გადასცემს მესამეს, მესამე-მეოთხეს და ა.შ. თამაშს ასრულებს ნიკა ალმის აღმართვით.

 

როცა მე-6 კლასის მოსწავლეთათვის დავამზადე მათემატიკური ლოტო სხვადასხვა სავარჯიშოთა სისტემით,  ნიკასათვის დავამზადე მათემატიკური ლოტო  „რიცხვების ამოცნობა 1-დან 10-მდე“.  ლოტოს  მე და ნიკა ერთად „ვთამაშობთ“…ერთხელ ნიკამ ბარათები ხელში ჩაბღუჯა, გულზე მიიხუტა, როდესაც ვთხოვე, ბარათები მაგიდაზე დაედო და გვეთამაშა,  მითხრა: „მინდა, ხელში მეჭიროს!“ შემდეგ სათითაოდ იღებდა „მოკარნახე“ ბარათებს და შეძლებისდაგვარად ცდილობდა გამოეცნო რიცხვები…

ნიკას თამაში ძალიან მოსწონდა და ესმოდა რასაც აკეთებდა.

საზოგადოებაში ნიკას მსგავსი ბავშვების ინტეგრირებისთვის ოჯახის, სკოლის და საზოგადოების დიდი ძალისხმევაა საჭირო. საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს მზადყოფნა,  „დავინახოთ ადამიანი და არა შეზღუდული შესაძლებლობა…“   ვფიქრობ,      მთავარია მონდომებაა  და  შედეგიც დადგება!

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარიკა კაპანაძე, თინა ბარქაია, ინგა შარიქაძე და სხვები. ,,ინკლუზიური განათლება“, 2008 წ.
  2. სატრენინგო მასალები
  3. https://www.wikipedia.org/.
  4. გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილი – მათემატიკა მე-4 კლასი.
  5. საკუთარი გამოცდილება და კონსულტაცია სპეციალურ მასწავლებელთან.

 

 

 

 მედიაწიგნიერება  ისტორიის გაკვეთილზე

0

  ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციათა შორის მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მედიაწიგნიერების კულტურის განვითარებას, რადგან რეალურ ცხოვრებაში არსებული მედიაინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, მათი ეფექტიანად და მიზანმიმართულად გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, მოზარდთა ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზებას მრავალფეროვანი ინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ტრადიციულ სასწავლო ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა ისეთი  მედიარესურსების  გამოყენება, როგორიცაა – ხმოვან-ვერბალური ინფორმაცია, აუდიო-ვიზუალური საშუალებები, პლაკატი, კარიკატურა, სურათი და სხვა. „მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მედიარესურსების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება“ (ესგ). აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია არა მარტო მედია ინფორმაციის გაფილტვრა-ანალიზი, არამედ მიღებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება და მათ შესახებ საკუთარი ინტერპრეტაციის ვიზუალურად გამოვლენა, მედია სამყაროში სწორი ორიენტაცია და სწორი დასკვნების გამოტანა.

მედიაწიგნიერების ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერ საგანსა და სასწავლო პროცესთან. დღევანდელი ტექნოლოგიური ბუმის პირობებში და რეალურ ცხოვრებაში ჩვენი მოსწავლეები ყოველდღიურად ეცნობიან მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას. ინფორმაციის დიდი ნაწილი მათ მიერ შინაარსობრივად სწორად ვერ აღიქმება და  მედიაგზავნილები,  ე.წ.  მესიჯები მოსწავლეთა  ყურადღების მიღმა რჩება.  მოსწავლეების მიერ მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება  არ ნიშნავს მათ ჩართვას მედიაწიგნიერების განათლებაში. მედიაწიგნიერების აქტივობები განსხვავდება სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაციისაგან. მედიაწიგნიერების სწავლებაში მთავარია კვლევა და მოსწავლეების ანალიტიკური აზროვნება. ამ მხრივ სწავლება იწყება კურიკულუმის მიზნების განხილვითა და მოსწავლეთა საჭიროების კვლევით. მედიაწიგნიერებასთან ინტეგრირების გზების ანალიზისას გასათვალისწინებელია ინფორმაციის არა პასიური აღქმა-ანალიზი, არამედ მონაწილეობითი მედიაწიგნიერების კულტურის განვითარება, რომელიც  მედიაპროდუქტის კრიტიკულ ანალიზთან ერთად მოიაზრებს მის შექმნასაც, კეთებით სწავლებას, რაც ბევრად პროდუქტულია და სწავლებისადმი ეფექტურ-კონსტუქტივისტულ მიდგომას გულისხმობს.

მედიაწიგნიერების ინტეგრირება ისტორიის და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას  თითქმის ყოველ საგაკვეთილო პროცესშია შესაძლებელი, რადგან მიმდინარე საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ  მედიასაშუალებები უამრავ ინფორმაციას გვაწვდის და არჩევანის ფართო შესაძლებლობას იძლევა. მედიაწიგნიერება და მედიარესურსების ანალიზი გათვალისწინებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის საგამოცდო ტესტებშიც. პლაკატებისა და კარიკატურების ანალიზს  მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც. ეს საკითხები პროგრამულად მეათე კლასის კურიკულუმითა გათვალისწინებული.

მედიარესურსების კრიტიკული ანალიზით მოსწავლეთა დაინტერესებისათვის პედაგოგიურ პრაქტიკაში რამდენიმე სტრატეგია გამოვიყენე, რომლებშიც გავითვალისწინე როგორც მედიარესურსების კრიტიკული ანალიზი და შემოქმედებითი ინტერპრეტაცია, ისე საავტორო მედიარესურსის შექმნა. ჩემი გამოცდილებიდან მსურს გაგიზიაროთ მეათე კლასში ჩატარებული მედიაწიგნიერებასთნ ინტეგრირებული ისტორიის გაკვეთილი, რომელშიც  გამოყენებულმა მედიაწიგნიერების სტრატეგიებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ გარემოში მედიაგზავნილების სწორად გააზრებას, მათ დეკოდირებასა და რეპრეზენტაციას, მედიარესურსის ვიზუალური ხატის იდენტიფიცირებას და პირადი მოსაზრებების ინტერპრეტაციის საფუძველზე საკუთარი მედიაპოსტერის შექმნას.

გაკვეთილის თემიდან გამომდინარე წინასწარ შევარჩიე სასწავლო პროგრამის, გაკვეთილის მიზნისა და მოსწავლეთა ასაკისათვის შესაბამისი მედიარესურსები, რომლებიც, ერთი მხრივ,  მათთვის საინტერესო და აქტუალური იყო, მეორე მხრივ, ხელი შეუწყო საგაკვეთილო პროცესში  მოსწავლეთა აქტიურად ჩართვასა და დისკუსიაში მონაწილეობას.

   გაკვეთილის თემა: მედიარესურსები (პოსტერი, კარიკატურა, ვიდეო) როგორც                                                   ისტორიული ეპოქის ასახვის ფორმა.

გაკვეთილის მიზანი:  გაკვეთილის აქტივობებში მონაწილეობით მოსწავლეები შეძლებენ :

  • გააანალიზონ ისტორიული მოვლენის შესახებ განსხვავებული ინტერპრეტაციები, კრიტიკულად შეაფასონ და ჩამოაყალიბონ   საკუთარი შეხედულებები  ისტორიული ფაქტის მიმართ;
  • გამოთქვან მოსაზრებები მედიარესურსის შინაარსისა და მისი სანდოობის შესახებ, განსაზღვრონ წყაროს შექმნის მიზანი, დრო და ადგილი, რეალურად შეაფასონ მათი ზეგავლენა საზოგადოებაზე, იმსჯელონ ეპოქის შესაბამისი ფასეულობების, ღირებულებებისა და შესაძლებლობების შესახებ;
  • საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნან საავტორო მედიარესურსი – პოსტერი, რის საფუძველზეც განუვითარდებათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

აქტივობა 1. შეკითხვები ცოდნის გასააქტიურებლად. მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებისათვის გაკვეთილი დავიწყე მინი-საუბრით თანამედროვე ეპოქაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და შესაძლებლობების  შესახებ, ხოლო იმის გასაგებად თუ რომელი მედიასაშუალებებით  ეცნობიან ინფორმაციას და რა იციან მედიაწიგნიერების შესახებ, დავუსვი შეკითხვები:

  • რომელი მედიასაშუალებებიდან ვეცნობით თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვან ინფორმაციას?
  • როგორ ფიქრობთ, რამდენად სანდოა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებისათვის?
  • მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია  მხოლოდ ფაქტებს მოგვითხრობს თუ ადამიანების მოსაზრებებსაც გვამცნობს?
  • როგორ შეიძლება მედიაინფორმაციის სანდოობის გადამოწმება და მისი იდენტიფიცირება რეალობასთან?
  • რა მიზანს ემსახურება მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ვისთვისაა შექმნილი და როგორი გზავნილია მასში გათვალისწინებული?
  • რა კავშირი აქვს მედიასაშუალებებს ისტორიულ მოვლენებთან, ფაქტებთან და  როგორ ვიყენებთ მათ ისტორიის შესასწავლად?
  • როგორ გავლენას ახდენს მედიაწიგნიერება საზოგადოებაზე – დადებითს თუ უარყოფითს და რატომ?

დასმულ შეკითხვებზე მოსწავლეებმა უპასუხეს ინდივიდუალურად, ზოგიერთ შემთხვევაში ცოდნის გაღრმავებისა და ინფორმაციის სრულად მიღებისათვის   დავუსვი დამატებითი შეკითხვებიც. ამ აქტივობისას  შევეცადე, მოსწავლეებთან ერთად ყურადღება გამემახვილებინა მედიასაშუალებებისა და მედიარესურსების მრავალფეროვნებაზე,  მედიაინფორმაციის ისტორიასა და საზოგადოებრივ ცნობიერებასთან უშუალო კავშირზე.

აქტივობა 2. მოსწავლეთა პროვოცირება საინფორმაციო ვიდეო-რგოლის ჩვენებით. აქტივობის წინ მოსწავლეებს ჩავუტარე ინსტრუქტაჟი საჩვენებელი აუდიო-ვიზუალური მასალის კონტექსტსა და მოსალოდნელ სამუშაოსთან დაკავშირებით. ვიდეო-რგოლი მიეძღვნა საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებულ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის  უახლეს საერთაშორისო პოლიტიკასა და მის პოლიტიკურ შეხედულებებს. მოსწავლეებს ვთხოვე, ყურადღებით დაკვირვებოდნენ და კარგად გაეაზრებინათ ვიდეოს მთავარი გზავნილი (რისი თქმა სურდათ ამ ვიდეო-მასალის ჩვენებით მის ავტორებს).  მოსწავლეებმა ნახეს 29 წუთიანი ვიდეორესურსი, რომელშიც ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა რუსეთის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკასა და სხვა  ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის  შესახებ –  https://palitranews.ge/video/vladimer-putini-sagareo-politikashi-ruseti-skhva-kveqnebis-shida-sakmeebshi-chaurevlobis-printsips-itsavs ).

ვიდეო-რგოლის  ჩვენების შემდეგ კლასი დავყავი სამუშაო ჯგუფებად და გადავეცი დავალების ფურცლები (N1) ვიდეოფილმის განხილვასთან დაკავშირებით. დავალება დაბეჭდილი იყო T-დიაგრამის სახით, რომლის ერთ მხარეს შეკითხვები ეწერა, მეორე მხარეს კი მოსწავლეებს მოკლედ  უნდა გამოეთქვათ საკუთარი ვარაუდები და გამოევლინათ ვიდეოს მთავარი გზავნილი (მესიჯი). დავალების შესრულებაზე  მოკლე ინსტრუქტაჟის შემდეგ მოსწავლეებმა ჯგუფებში შეასრულეს დავალება აუდიო-მასალის დეკოდირებასთან დაკავშირებით. (დავალების შეკითხვები შინაარსობრივად ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს : 1. ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული ვიდეოფილმის ავტორი?; 2. რა მიზნითაა შექმნილი ვიდეოფილმი და რომელი აუდიტორიისათვის?; 3. რომელი მთავარი მესიჯი გაჟღერდა ვიდეოში?; 4. წყარო პირველადია თუ მეორადი?; 5. რამდენად შეეფერება მოცემული მესიჯი ცხოვრებისეულ რეალობას?; 6. როგორი განცდა დაეუფლათ ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ და როგორია მათი  დამოკიდებულება აღნიშნულ მესიჯთან დაკავშირებით?; 7. როდის შეიქმნა  ვიდეო და რამდენად რეალურია მასში ასახული ფაქტები?; 8. რამდენად სანდოა მოცემული ინფორმაცია და როგორ შეიძლება მისი გადამოწმება?; 9. ინფორმაციის გადმოცემის როგორი ფორმაა გამოყენებული ვიდეორგოლში?).

    აქტივობა 3. მოსაზრებების რეპრეზენტაცია.  დავალებების შესრულებასთნ დაკავშირებული მოსაზრებების რეპრეზენტაციისათვის მოსწავლეებისაგან ავირჩიეთ ორი ასისტენტი, რომლებიც ორგანიზებულად წარმართავდნენ დისკუსიას და მოსაზრებების განხილვას დავალების კითხვების შესაბამისად. სადისკუსიოდ მოსწავლეებმა განიხილეს საპირისპირო მოსაზრებებიც. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ ვიდეორესურსმა?
  • ვინ არის სამიზნე აუდიტორია და საიდან შეიტყვეთ?
  • ვიდეორგოლის მესიჯმა ვის შეიძლება მოუტანოს სარგებელი, ან მიაყენოს ზიანი?

მოსწავლეთა მოსაზრებების რეპრეზენტაციისას ფაქტობრივად ვასრულებდი ფასილიტატორის როლს და ფლიპჩარტზე ვაფიქსირებდი ყველაზე მნიშვნელოვან მოსაზრებებს, ხოლო საჭირო შემთხვევაში ვერთვებოდი დისკუსიაშიც. რეპრეზენტაციის შემდეგ შევაჯამეთ მოსწავლეთა გამოთქმული მოსაზრებები და გამოვყავით მათ შორის მნიშვნელოვანი.

აქტივობა  4. მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის თემისა და მიზნის განსაზღვრა.  ზემოთ აღნიშნული აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრეთ გაკვეთილის თემა და გაკვეთილის მიზანი, რომელსაც მივაღწევდით გაკვეთილის საშუალებით. ასევე წინასწარ მივაწოდე ინფორმაცია მოსალოდნელი აქტივობებისა და მათი შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

  აქტივობა 5. კარიკატურის ანალიზი (დეკოდირება). ამ აქტივობაში მოსწავლეებს შევთავაზე ვიდეოფილმისაგან შინაარსობრივად განსხვავებული კონტექსტის მქონე რუსეთში შექმნილი ვლადიმირ პუტინის კარიკატურის („ვიზუალურ ხატის“) განხილვა და ავუხსენი მისი დეკოდირებისათვის შესასრულებელი სამუშაოს არსი. მოსწავლეებმა ჯერ ჯგუფებში განიხილეს კარიკატურა, რომელშიც ვლადიმირ პუტინი ვიდეორგოლისაგან  განსხვავებულ პოზიციაშია გამოსახული და საკუთარ ქვეყანაში მედიის უფლებების შემზღუდველად გვევლინება. მოსწავლეებს გადავეცი შეკითხვების ფურცელი (N2) კარიკატურაზე მუშაობისათვის. (შეკითხვები გამოისახა ეკრანის სლაიდზეც, მასწავლებლის საპრეზენტაციო სლაიდებზე ვიზუალურად ასახული იყო ყველა დავალება და საინფორმაციო მედიარესურსი). შეკითხვების გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა თანამიმდევრულად  იმსჯელეს  კარიკატურის ანალიზზე, მის დანიშნულებასა და ვიზუალურ მხარეზე კარიკატურის დეკოდირების კომპონენტების მიხედვით.

 

 კარიკატურის დეკოდირების  კომპონენტები:  (სამუშაო ფურცელი N 2)

  • ავტორი – ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული კარიკატურის ავტორი?
  • მიზანი – რა მიზნით და ვისთვისაა შექმნილი კარიკატურა?
  • ეკონომიკური საფუძველი – ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული კარიკატურის დამკვეთი?

ვის მოუტანს ზიანს ან  სარგებელს  შექმნილი კარიკატურა?

  • გავლენა – რით არის მნიშვნელოვანი ეს კარიკატურა საზოგადოებისათვის?
  • პოზიცია – რას ფიქრობენ აღნიშნული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ და ვლადიმირ პუტინის პოლიტიკაზე  მედიის მიმართ?
  • შინაარსი –  რამდენად რეალურად ასახავს კარიკატურის ვიზუალური მხარე და                                        გზავნილი   რუსეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას?
  • ტექნიკა –    რამდენად კარგად არის შერჩეული კარიკატურის ვიზუალური მხარე?                         
  • ინტერპრეტაცია-კიდევ რის დამატება შეიძლებოდა კარიკატურაზე შინაარსობრივად?
  • კონტექსტი – როდის არის წყარო შექმნილი და რამდენად აქტუალურია?
  • სანდოობა – რამდენად სანდოა აღნიშნული წყარო და როგორ შეიძლება მისი გადამოწმება?

აქტივობა 6. შესრულებული აქტივობების სინთეზი. მოსწავლეთა მიერ წარმოთქმულ მოსაზრებათა სინთეზის საფუძველზე ერთმანეთს შევადარეთ ორივე აქტივობის შინაარსობრივი მხარე ( I -პუტინი, როგორც მშვიდობის დამცველი და II- პუტინი, როგორც მედიის უფლებების შემზღუდველი). პროექტორის საშუალებით ინფორმციის  მრავალფეროვნებისათვის მოსწავლეებს ვაჩვენე ვლადიმირ პუტინის სხვა კარიკატურები და მედიარესურსები – პლაკატები, სურათები და ცნობილ ადამიანთა მოსაზრებები პუტინის შესახებ (მაგ., პუტინი მართავს მედვედევთან ერთად სახელმწიფოს საჭეს; პუტინს ხელზე უკეთია „გაზპრომის“ მანიშნებელი, ხოლო თავის სიძლიერესა და ნებას შეკრული მუშტით გამოხატავს; პუტინის სურათი ტრამპთან ერთად ჰელსინკის თათბირზე; პუტინის პლაკატი, რომელშიც გამოსახულია ახალგაზრდა თაყვანისმცემლებთან ერთად). ამ აქტივობით მოსწავლეთა ყურადღება გავამახვილე ვლადიმირ პუტინის პოლიტიკასთან დაკავშირებულ მოსაზრებათა მრავალფეროვნებაზე, იმაზე, რომ  პუტინის პოლიტიკას მოწინააღმდეგებთან ერთად ჰყავს მომხრეებიც. შევეცადე,  მოსწავლეებს ყველა ტიპის მედიაინფორმაცია საკუთარი ხედვის ღირებულ წყაროდ განეხილათ. მოსწავლეებთან ერთად მივედით დასკვნამდე, რომ ინფორმაციის სანდოობისა და სწორი თვალთახედვის შემუშავებისათვის აუცილებელია სხვადასხვა მედიასაშულებისა და საინფორმაციო წყაროს შედარება და სწორი ანალიზი, როგორც დადებითი ისე უარყოფითი თვალსაზრისით. მოსწავლეებს სლაიდების სახით წარვუდგინე არა მხოლოდ პუტინის, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ მოღვაწეთა შესახებ არსებული კარიკატურებიც (მრავალფეროვანი წარმოსახვისა და მათი მიზანმიმართულად გამოყენების შესაძლებლობების გააზრებისათვის). ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ მედიაწიგნიერების ძირითადი დანიშნულებაა, საინფორმაციო გზავნილების ანალიზისას საზოგადოებას გაუწიოს დახმარება სწორი დასკვნებისა და თვალთახედვის შემუშავება-რეპრეზენტაციაში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ მედიაწიგნიერებისა და მედიარესურსების გამოყენება მნიშვნელოვანია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისათვის, მათი გამოყენება ისტორიის გარდა შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო აქტივობებისას და ცხოვრებისეული მოვლენებისადმი საკუთარი თვალთახედვის შემუშავებისას.

აქტივობა 7. პოსტერის შექმნა. ამ აქტივობით მოსწავლეებს  საშუალება მივეცი კარიკატურის მიმართ წარმოდგენილი მოსაზრებების საფუძველზე შეექმნათ საკუთარი მედიარესურსი -„პოსტერი“, რომელშიც სასურველ ვიზუალურ გამოსახულებასთან ერთად აისახებოდა მათ მიერ შემუშავებული კონკრეტული მედიაგზავნილი. ჯგუფებში სამუშაოდ გადავეცი ფლიპჩარტები, მარკერები, წინასწარ შერჩეული კარიკატურები და ფოტოები. მოსწავლეებმა ჯგუფებში 10 წუთიანი თანამშრომლობით  შეიმუშავეს პოსტერები, რომლებშიც საკუთარი მოსაზრებებით მხარი დაუჭირეს ან გააკრიტიკეს პუტინის ე.წ. „მშვიდობისმოყვარე და დემოკრატიული  პოლიტიკა“.

საკუთარი მოსაზრებების  პოსტერებში გამოსახატავად       სამუშაო ჯგუფებმა  გაითვალისწინეს შემდეგი კომპონენტები – მიზანი, აუდიტორია, გამოხატვის ფორმა, გზავნილისა და მათ მიერ შემუშავებული ტექსტის  შინაარსი (სამუშაო ფურცელი N3). წინასწარ ავუხსენი, რომ აქტივობის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ასევე  მნიშვნელოვანი იყო ფოტოებისა და ტექსტის კონტექსტის შესაბამისობა, ვიზუალური გამოსახულება და სივრცეში განლაგება.

აქტივობა 8. გამოფენა-პრეზენტაცია.  მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფებში შექმნილი პოსტერები, ყურადღება გაამახვილეს პოსტერის ვიზუალურ მხარესა და მთავარ გზავნილზე, რომელშიც დაფიქსირდა საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულება. პოსტერების პრეზენტაციისას ყურადღება გავამახვილეთ თითოეული ნამუშევრის ღირებულებით მხარეზე და მთავარ მედიაგზავნილზე, ტექსტისა და ფოტოს შესაბამისობაზე. რის შემდეგაც  ცოდნის განმტკიცებისა და თემის უკეთ გააზრებისათვის საშინაო დავალებად განვსაზღვრეთ :

  • შექმნან ელექტრონული ან ხელით ნახატი პოსტერი საინტერესო და აქტუალური გზავნილით (თემასთან დაკავშირებით);
  • ან წარმოადგინონ რომელიმე მედიარესურსის დეკოდირება გაკვეთილზე გამოყენებული  კომპონენტების საშუალებით.

   აქტივობა 9. შეფასება და უკუკავშირი. გაკვეთილის დასასრულს შევაჯამეთ და შევაფასეთ მოსწავლეთა აქტივობები სამქულიანი განმსაზღვრელი შეფასებით წინასწარ შემუშავებული რუბრიკების შესაბამისად (1.არგუმენტირებული მსჯელობა, 2.მედიარესურსთან ინტერპრეტაციის  შესაბამისობა, 3.შემოქმედებითობა და მედიარესურსის დეკოდირების  ორიგინალურობა, 4.ჯგუფური პრეზენტაცია). გაკვეთილის მსვლელობისას საუკეთესო მოსაზრებებს ვაფასებდი განმავითარებელი შეფასებით.

მოსწავლეებმა თვითონაც შეაფასეს საკუთარი პოსტერები, ყურადღება გაამახვილეს მათ შინაარსობრივ, ვიზუალურ მხარესა და ორიგინალობაზე.  გაკვეთილის ბოლოს უკუკავშირისა და რეფლექსიისათვის ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: 1.რა მოეწონათ გაკვეთილის მსვლელობისას  ყველაზე მეტად?; 2.რა არ მოეწონათ, ან გაუჭირდათ შესრულება?; 3. რა უნდა გავითვალისწინოთ  მომავალში?       

აღნიშნული გაკვეთილი შემოქმედებითად წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დაგეგმილ აქტივობებში. გაკვეთილზე გამოყენებულმა მედიარესურსებმა მოსწავლეები საკმაოდ დააინტერესა. გამოთქვეს მოსაზრებები მედიარესურსების გაფილტვრა-დეკოდირების პროცესში. საინტერესო იყო მათი დამოკიდებულება  ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებული სხვადასხვა რესურსის  შეპირისპირება-შედარებასთან დაკავშირებით. ასისტენტებთან ერთად შევეცადეთ მაქსიმალურად გამოგვევლინა  მოსწავლეთა დამოკიდებულება მედია-რესურსების მიმართ. ისინი განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთვნენ კარიკატურის დეკოდირებასა და საკუთარი მოსაზრებებით ანალოგიური მედიარესურსის – პოსტერის შექმნაში, რაც  მონაწილეობითი  მედიაწიგნიერების ფორმაა. პოსტერების შექმნით მოსწავლეებმა სრულად გამოავლინეს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები. საავტორო პოსტერებზე მუშაობამ დამანახვა, რომ მოსწავლეებმა  გაიაზრეს მედიაწიგნიერებისა და მედიარესურსების არსი, გაიაზრეს ისეთი სიტყვების მნიშვნელობა, როგორიცაა – დეკოდირება, რეპრეზენტაცია, მედიაგზავნილი, ვიზუალური ხატი, პოსტერი და სხვა.

ჩემ მიერ ჩატარებული,  მედიაწიგნიერებასთან ინტეგრირებული,  გაკვეთილი ვფიქრობ, პროფესიულ დახმარებას გაუწევს ჩემს კოლეგებს სასწავლო პროცესში მედიარესურსების მიზანმიმართულად გამოყენებაში, რადგან კეთებით სწავლება და  მედიაწიგნიერებით განათლება  მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის, დამოუკიდებელი და გააზრებული არჩევანის უნარის მქონე მოქალაქეების აღზრდისათვის.

გამოყენებული რესურსები:

  1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004წ;
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-2024წწ);
  3. მედიაწიგნიერების ონლაინკურსი მასწავლებლებისთვის, 2018წ;
  4. მედიაწიგნიერება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, 2014წ;
  5. ისტორიის სახელმძღვანელო მეათეკლასელთათვის, ბაკურ სულაკაურის გამომც.2012წ;
  6. ვიდეორგოლი: https://palitranews.ge/video/vladimer-putini-sagareo-politikashi-ruseti-skhva-kveqnebis-shida-sakmeebshi-chaurevlobis-printsips-itsavs

 

 

 

 

დისკუსია- სწავლების ეფექტური მეთოდი

0

თანამედროვე მასწავლებლის ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ სწავლების შინაარსი, არამედ ის მეთოდები და ხერხებიცაა, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები უფრო ხალისიანად ითვისებენ შინაარსს. სწავლების პროცესი რუტინულ შრომას რომ არ დაემსგავსოს, საჭიროა, მასწავლებელმა ხშირად მიმართოს განსხვავებულ სტრატეგიებს.

ეფექტიანი სწავლა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სწავლის იმ სტრატეგიებზე, რომლებიც მოსწავლეებს შესასწავლი საკითხისადმი დადებით განწყობას უქმნის. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობითი სწავლების მაგალითია დისკუსია. ის არის ინტერაქტიული სწავლების მეთოდი, რომელიც უმნიშვნელოვანესია მოსწავლის კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის.

დისკუსია ის მეთოდია, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ხშირად უნდა გამოიყენოს. იმიტომ, რომ ეს მეთოდი გვეხმარება სტანდარტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში და ის ორიენტირებულია ლიტერატურული ნაწარმოებების არა მარტო შინაარსის ცოდნაზე, არამედ გაანალიზებასა და შეფასებაზე.

  • წარმატებული დისკუსიის გასამართავად საუკეთესო ვარიანტია მოსწავლეების წრეზე განლაგება;
  • უმნიშვნელოვანესია, სწორედ შევარჩიოთ თემა- წარმოვადგინოთ განსხვავებულ აზრთა ორივე პოლუსი;
  • კლასის ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს სადისკუსიო საკითხი;
  • აუცილებელი პირობაა წესების და შეფასების რუბრიკის წინასწარი ცოდნა;
  • აუცილებელია, მოსწავლეებმა დაიცვან დროის ლიმიტი;
  • ვერბალურად და არავერბალურად წავახალისოთ მოსწავლეები;
  • ყველა პასუხზე გამოვხატოთ დადებითი რეაქცია, ამით ხელს შევუწყობთ მოსწავლეთა მოტივირებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: დისკუსია არ უნდა აგვერიოს დებატებში. დებატები საპირისპირო აზრთა შეჯახებაა, დისკუსია კი ძიების ხასიათს ატარებს.

გთავაზობთ XI კლასში ჩატარებული გაკვეთილის გეგმას, სადაც  ძირითად აქტივობად საკლასო დისკუსია გამოვიყენე.

საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა

სწავლების საფეხური / კლასი: საშუალო საფეხური, მე-11 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 14, მათ შორის სსმ  მოსწავლე – არა

გაკვეთილის თემა: დისკუსია – რისთვის იბრძვის და რას ეწირება ალუდა ქეთელაური?

 

მიზანი: მოსწავლემ შეძლოს  მხატვრული ტექსტში წარმოდგენილ ლიტერატურულ დეტალებზე დაკვირვებით პრობლემის გააზრება და პერსონაჟების ქმედების შეფასება,  გამოხატოს პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულება; გააანალიზოს  თემის როლი პიროვნების ჩამოყალიბებასა და  განვითარებაში;  ჩამოაყალიბოს არგუმენტები საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად;  გამართოს დისკუსია თანაკლასელებთან. გამოიტანოს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნოს მსგავსება-განსხვავება. მოისმინოს გამოსვლები, მათში გამოთქმული მოსაზრებები, ახალი ინფორმაცია და გამოთქვას საკუთარი შეხედულება.

 

ე.ს.გ.

ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება;

ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს;

ქართ. XI. 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტის გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;

ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს. მათ შეძლეს მკაფიო და ეფექტური პრეზენტაციის მომზადება ჯგუფში

№1 აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდები

 

კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1 საორგანიზაციო საკითხები,

გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

წინარე ცოდნა: მოსწავლეები სწავლობენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას; შესწავლილი აქვთ პოემა: „ალუდა ქეთელაური“ შეუძლიათ დასკვნებისა და შეხედულებების ჩამოყალიბება სადისკუსიო თემის შესახებ.

ნანახი აქვთ ფილმი ,,ივანე კოტორაშვილის ამბავი“

საკლასო შეფასების კრიტერიუმები 2წთ.
 2 მოსწავლეები სხედან ჯგუფებად. მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიპჩარტს, რომელზეც გამოსახულია სადისკუსიო საკითხი:

რისთვის იბრძვის და რას ეწირება ალუდა ქეთელაური?

მოსწავლეებს ურიგებს ფლიპჩარტებს და სთხოვს, ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულება მოცემულ საკითხზე პოემაში განვითარებული მოვლენების  მიხედვით .გაიხსენებენ ივანე კოტორაშვილის ამბავს-როდესაც ხევისბერმა შენიშვნა მისცა, მარჯვენას  რატომ არ სჭრი მტერსო-ივანე პასუხობს, აქ რა დამაკლო, იქ რას მიზამსო. მას თავისი ვაჟკაცობის იმედი აქვს და არა მტრის სიბრალული და ვაჟკაცობის დაფასება ალუდასგან განსხვავებით.

ანალიზი საკლასო ფლიპჩარტი სადისკუსიო საკითხი. სახელმძღვანელო – როდონაია, ნაკუდაშვილი, არაბული, ხუციშვილი, დათაშვილი ქართული ენა და ლიტერატურა. სწავლანი. 2 წთ.
3 მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში სადისკუსიო თემის არგუმენტირებული დასაბუთებისათვის.

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, დაასაბუთონ, რატომ ვერ უგებს თემი ალუდას, თავის გამორჩეულ ვაჟკაცს. მათ უნდა ჩამოაყალიბონ, რომ  ალუდა თემიდან იმის გამო  კი არ მოკვეთეს, რომ მტერს მარჯვენა არ მოსჭრა, არამედ, იმის გამო, როგორც მერე ეს საქციელი  ახსნა, რა ამოძრავებს ალუდას, როდესაც არ ეგუება თემის მიერ დადგენილ წესს  და რა ამოძრავებს ბერდიას,რატომ არ ეყო სიყვარული ბერდიას და რატომაა ალუდასთვის კანონზე მაღლა სიყვარული? როგორ აგნებს ადამიანი საკუთარ თავს მტერთან ჭიდილში?

ანალიზი; შედარება-შეპირისპირება ჯგუფური ფლიპჩარტი  მარკერები, სახელმძღვანელო 12წთ.
4 სადისკუსიო თემის პრეზენტაცია.

მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს განმავითარებელ უკუკავშირს და აფასებს პრეზენტატორებს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მიხედვით.

პრეზენტაცია პრეზენტატორი ფლიპჩარტი 8 წთ.
5 საკლასო დისკუსია

მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა მიერ წარდგენილ მასალას.

და ახსენებს მათ, რით განსხვავდება ძველი აღთქმის კაცობრიობა, ანუ კანონის კაცობრიობა ახალი აღთქმის კაცობრიობისაგან. უფალმა კანონზე წინ სიყვარული დააყენა და შაბათ დღეს განკურნა ავადმყოფი დედაკაცი. შემდეგ კი ასე ახსნა თავისი საქციელი-კაცი კი არ შეიქმნა შაბათისთვის, შაბათი შეიქმნა კაცისთვისო. ანუ ყველა კანონზე მაღლა სიყვარული დააყენა.

მოსწავლეებმა  უნდა იმსჯელონ და განიხილონ  მთავარი სადისკუსიო თემა – რისთვის იბრძვის და რას ეწირება ალუდა.

მოსწავლეებმა უნდა ; გადმოსცენ მოსაზრება იმის შესახებ,რომ თემს და პიროვნებას ორი სიმართლე აქვს.ალუდას სიმართლე სიყვარულია, თემის სიმართლე კი კანონი.

მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ შეხედულებებს და აფასებს მათ დისკუსიის შეფასების კრიტერიუმებით.

დისკუსია საკლასო 20წთ.
6

 

საშინაო დავალება –

ესე: შეიძლება თუ არა მასა იყოს ყოველთვის მართალი?

საკლასო 1 წთ.

 

ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება;

ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს;

ქართ. XI. 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტის გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;

ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს მათ შეძლეს მკაფიო და ეფექტური პრეზენტაციის მომზადება ჯგუფებში.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი  შედეგი:

მოსწავლეებმა  შეძლეს  მხატვრულ ტექსტში წარმოდგენილ ლიტერატურულ დეტალებზე დაკვირვებით პრობლემის გააზრება და პერსონაჟების ქმედების შეფასება,  გამოხატეს პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულება; გააანალიზეს  თემის როლი პიროვნების ჩამოყალიბებასა და  განვითარებაში;   ჩამოაყალიბეს არგუმენტები საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად;  გამართეს  დისკუსია თანაკლასელებთან. გამოიტანეს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნეს მსგავსება-განსსხვავება, მოისმინეს   მოსაზრებები, ახალი ინფორმაცია და გამოთქვეს საკუთარი შეხედულება.

 

შეფასების რუბრიკები:

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

 

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს 2
მსჯელობს არგუმენტირებულად 2
აკეთებს დასკვნებს 2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით) 2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს 2

 

 

                                                               პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები
კრიტერიუმები 0 1 2
 

1

 

მეტყველება

 

 

მეტყველება გაუმართავია,  აზრის გაგება ჭირს, უშვებს ბევრ გრამატიკულ შეცდომას

 

 

მეტყველება გამართულია, თუმცა უშვებს გრამატიკულ შეცდომებს

 

მეტყველებს გამართულად,   სალიტერატურო ენით, იყენებს სათანადო ლექსიკას, კორექტულია.

 

 

2

 

ლოგიკური, არგუმენტირებული

მსჯელობა

 

მსჯელობა მოკლემულია ლოგიკას, არათანამიმდევრულია

 

მსჯელობა ლოგიკურია, თუმცა ზოგჯერ არათანმიმდევრულია მსჯელობს ლოგიკურად, გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ამყარებს შესაბამისი არგუმენტებით.

 

 

3

 

დროის ლიმიტის დაცვა

 

საერთოდ ვერ იცავს დროის ლიმიტს ზოჯერ ვერ იცავს დროის ლიმიტს იცავს ზუსტად დროის ლიმიტს.
4 ჟესტიკულაცია (სხეულის ენა), აუდიტორიის ფლობა

 

არ იყენებს სხეულის ენას (ან გადამეტებულად იყენებს სხეულის ენას)

 

იყენებს სხეულის ენას,ზოგჯერ ვერ ფლობს აუდიტორიას აქვს მოზომილი ჟესტიკულაცია, თვალით კონტაქტს ამყარებს აუდიტორიასთან.

 

5 შემოქმედებითობა, ორიგინალურობა

 

არ არის ორიგინალური მისი მოსაზრებები, აკლია შემოქმედებითობა

 

ავლენს შემოქმედებით უნარს, მაგრამ ნაკლებად ორიგინალურია მისი მოსაზრებები ავლენს შემოქმედებით უნარებს, მისი მოსაზრებები ორიგინალურობით გამოირჩევა.

 

 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

 

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია 1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს 2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები) 2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს 2
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს 2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს 1

 

 

დისკუსიას, როგორც  სასწავლო  მეთოდს,  წარმატებით იყენებენ სხვადასხვა   საგნის მასწავლებლები , იგი მოსწავლეს აჩვევს თავისუფალი და არგუმენტირებული მსჯელობის უნარს, მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან მასში. ეს კი მნიშვნელოვანია ყველა საგნის სწავლებისას.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ჯანაშია ს. რატიანი მ. ბერძენიშვილი თ. საძაგლიშვილი ს. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. მეთოდური სახელმძღვანელო. თბილისი 2007.

ლობჟანიძე ს.(2012) სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები.

https://mastsavlebeli.ge/?p=2536

ლომიძე ნ. (2016) დისკუსიის ტექნიკა

https://mastsavlebeli.ge/?p=7126

ლომაძე ი. (2017) დისკუსია, როგორც საგანმანათლებლო რესურსი

https://mastsavlebeli.ge/?p=13099

 

კლასტერის მეთოდი,  მოსწავლის შემოქმედებითი თავისუფლებისთვის

0

რა არის კლასტერი?  ,,კლასტერი“ წარმოდგება ლათინური სიტყვისგან ,,cluster“, რაც ნიშნავს: ,,თავმოყრა-დაგროვება“, ,,კონა“, ,,თანავარსკვლავედი“.

კლასტერი-  მასალის გრაფიკული ორგანიზების  ფორმაა და გვეხმარება  თვალსაჩინო გავხადოთ და სქემის სახით დავაფიქსიროთ აზროვნების ყველა ის პროცესი, რომელიც ამა თუ იმ თემის განხილვის დროს წარმოიშობა.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს მეთოდი გაკვეთილზე? კლასტერი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, კრიტიკული აზროვნება კი, თავის მხრივ,  სტიმულს აძლევს მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას.

ამ მეთოდს უნივერსალურად თვლიან- ის გამოიყენება და ერთნაირად  ეფექტურია გამოწვევის, გააზრებისა და რეფლექსიის ფაზაზე:

  • გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეები აფიქსირებენ არსებულ ცოდნას თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კლასტერი მათ ეხმარება არსებული ცოდნის სისტემატიზაციაში და ამა თუ იმ ნაწილში(სფეროში) არასაკმარისი, არაზუსტი, ბუნდოვანი, გასაუმჯობესებელი ცოდნის გმოვლენაში. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ერთვება ყველა მოსწავლე, ისინი აფიქსირებენ ვარაუდებს, ასოციაციებს და სვამენ კითხვებს, რომლებზედაც სურთ პასუხების მოძებნა;
  • გააზრების ფაზაზე ხდება ახალი ინფორმაციის დაფიქსირება, აქ ხდება ტექსტის წაკითხვა, მიღებული ინფორმაციის, ფაქტების გააზრება და ანალიზი;
  • რეფლექსიის დროს კი ჯგუფდება ცნებები და დგინდება მათ შორის ლოგიკური კავშირები და კეთდება დასკვნები.

მეთოდის გამოყენების დადებითი მხარე:

  • შესაძლებელია დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება;
  • იწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას და პროცესში ჩართვას;
  • ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა: ვარაუდების გამოთქმა, კითხვების დასმა, პროგნოზირება, მნიშვნელოვანის გამოყოფა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, დასკვნების გაკეთება, ანალიზი, შეფასება.                       როდის გამოვიყენოთ კლასტერის მეთოდი? კლასტერის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ყველა გაკვეთილზე, მუშაობის ფორმა შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური. შესაძლებელია ამ მეთოდით მუშაობის შერეული ფორმაც გამოვიყენოთ. მაგალითად, გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებმა შეიძლება იმუშაონ ინდივიდუალურად, ხოლო შემდეგ ორ ფაზაზე-ჯგუფურად.

გთავაზობთ კლასტერის მეთოდის გრაფიკული გამოსახულების ნიმუშს, თემა-,,ჩემი სკოლის ისტორია“

მწერლები
ჩემი სკოლის ისტორია
რეგიონი
დაარსება
მისამართი
ინფორმაც.წყაროები
ვინ?  სად?

როდის?

ცნობილი კურსდამთავრებულები
ლიტერატურა
საარქივო მასალა
ამგდარი პედაგოგები, კურსდამთავრებულები
მეცნიერები
მსახიობები
ატრიბუტიკა
დროშა
ლოგო
ჰიმნი

დაბოლოს, ყველა, ვინც კლასტერის მეთოდს იყენებს, აღიარებს, რომ ის  ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას  და ,,ჩუქნის მათ თავისუფალი შემოქმედების შეგრძნებას“.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

1.Ирина Калайтанова, 2015. Прием кластер на уроке. Что это такое и как его использовать?

https://pedsovet.su/metodika/priemy/5673_metod_klaster_na_uroke

  1. Коряковцева Елена Ивановна, Орёл, 2016г. Создание кластера на уроках русского языка

 

https://infourok.ru/sozdanie-klastera-na-urokah-russkogo-yazika-1337564.html

 

 

სამოდელო ინოვაციური გაკვეთილი მათემატიკაში

0

სამოდელო გაკვეთილები ჩვეულებრივი სტანდარტული გაკვეთილებისგან  განსხვავებულია. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი ისაა, რომ ის გვთავაზობს გაკვეთილის ჩატარების არასტანდარტულ, ინოვაციურ მიდგომას.

სამოდელო გაკვეთილი შეიძლება იყოს:

  1. 1. ინტეგრირებული
  2. პრობლემაზე ორიენტირებული
  3. გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული
  4. ინოვაციური

ინოვაციური გაკვეთილის მახასიათებლებს წარმოადგენს:

გაკვეთილი იყოს თემატურად ან მეთოდურად ინოვაციური, სიახლე შემოქმედებით და საინტერესოდ იყოს შემოტანილი საგაკვეთილო პროცესში, მასალა თანმიმდევრულად და საინტერესოდ იყოს მიწოდებული მოსწავლეებისთვის, გაკვეთილმა უზრუნველყოს დაგეგმილ შედეგზე/შედეგებზე გასვლა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ჩატარებულ ტრენინგზე გავეცანი “სასწავლო გაჩერებები”-ს მეთოდს. ამ მეთოდის გამოყენებით გადავწყვიტე ჩამეტარებინა XI კლასში სამოდელო ინოვაციური გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე “მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების გამოყენების მაგალითები”

გაკვეთილის მიზანი:  ლოგარითმული და მაჩვენებლიანი განტოლებებისა და უტოლობების განხილვა. რეალური პროცესების მათემატიკური მოდელის შედგენა  მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების თვისებების გამოყენებით  და მათი მოდელების გამოყენების გააზრება

მისაღწევი შედეგი:  მათ.XI.4. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემების გადაწყვეტა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

იყენებს რიცხვის ხარისხსა და ლოგარითმს, ხარისხისა და ლოგარითმის თვისებებს პრაქტიკული საქმიანობიდან ან მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან მომდირე ამოცანების ამოხსნისას (მაგალითად, ენტროპია ბიოლოგიასა და ფიზიკაში, რადიოაქტიული დაშლა და დათარიღების მეთოდები);

 

მათ. XI.5             მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

იყენებს (ტრიგონომეტრიულ, უბან-უბან წრფივ, საფეხურებრივ, მაჩვენებლიან, ლოგარითმულ) ფუნქციებს და მათ თვისებებს რეალური პროცესების მოდელირებისას;

 

 

აქტივობა 1.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები.

აქტივობა 2.

წინარე ცოდნის გააქტიურებისთვის გამოვიყენე შეკითხვების დაფა.  პირველ გრაფაში ჩამოწერილი მქონდა საკითხები, რომლებიც  მჭირდებოდა წინარე ცოდნის გასააქტიურებლად. მეორე გრაფაში საკითხების გასწვრივ მოსწავლეებმა დააფიქსირეს  თავიანთი სახელები, თითოეულ საკითხზე 1, 2 ან 3 მოსწავლე, რომლებმაც უპასუხეს  აღნიშნულ საკითხებს. საჭიროების შემთხვევაში ვუსვამდი შეკითხვებს. ეს დამეხმარა ინტერაქციის გზით  დამედგინა კლასის ცოდნის დონე. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს განუვითარდათ ცოდნის სხვისთვის გაზიარების, საკუთარი აზრის გამოთქმის, თანამშრომლობის უნარები.

საკითხები                  სახელები

 

 

მაჩვენებლიანი ფუნქცია                თათული, გვანცა, თამარი

შექცეული ფუნქცია                          ხატია, ანა

ლოგარითმული ფუნქცია               დიმიტრი

თათულიმ, გვანცამ და თამარმა ამომწურავად ისაუბრეს მაჩვენებლიან ფუნქციაზე. განსაზღვრის არე ნამდვილ რიცხვთა R სიმრავლეა, მნიშვნელობათა სიმრავლე დადებით ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე. თუ a>1 ფუნქცია ზრდადია, თუ 0<a<1 კლებადია, a-ს ნებისმიერი დადებითი მნიშვნელობისთვის y=a^x ფუნქციის გრაფიკი გადის (0; 1 ) წერტილზე. ააგეს გრაფიკი და ისაუბრეს თვისებებზე.

ხატიამ და ანამ ისაუბრეს,რომ

f : XY ფუნქციას ეწოდება შექცევადი, თუ არგუმენტის განსხვავებულ მნიშვნელობებს შეესაბამება ფუნქციის განსხვავებული მნიშვნელობები. (  (

ვთქვათ, f : XY შექცევადი ფუნქციაა. ფუნქციას, რომელიც f(X) სიმრავლის ყოველ  b ელემენტს შეუსაბამებს a წინასახეს f ფუნქციის შექცეული ფუნქცია ეწოდება და აღინიშნება   -ით.

y=f(x) შექცევადი ფუნქციის შექცეული ფუნქციის მოსაძებნად საჭიროა ამოვხსნათ y=f(x) განტოლება x-ის მიმართ. და შემდეგ x და y ცვლადებს შეუცვალოთ ადგილები.

ურთიერთშექცეული ფუნქციის გრაფიკები სიმეტრიულია y=x წრფის მიმართ.

მუდმივი ფუნქციის გრაფიკი სიმეტრიულია ox ღერძის პარალელური წრფეა. მუდმივი ფუნქცია არ არის შექცევადი.

დიმიტრიმ ისაუბრა: ლოგარითმი ხარისხებზე ფიქრის ახალი გზაა. მაგ;  კითხვაზე რომელ ხარისხში აყვანილი 2 უდრის 16-ს?  ეს გამოისახება  ტოლფასია

ზოგადად,   ტოლფასია   ორივე გამოსახულება აღწერს ერთსა და იმავე დამოკიდებულებას a-ს, b-ს  და c -ს შორის.  ლოგარითმული და მაჩვენებლიანი ფუნქციები ურთიერთშექცეული ფუნქციებია, ამასთან თუ f ფუნქციის განსაზღვრის არეა D  და მნიშვნელობათა სიმრავლე E.    -თვის განსაზღვრის არეა E , მნიშვნელობათა სიმრავლე D. თუ a>1 ფუნქცია ზრდადია, თუ 0<a<1 კლებადია,  a>1 ფუნქცია უარყოფითია (0; 1) შუალედში და დადებითია (0;  შუალედში. თუ 0<a<1, ფუნქცია დადებითია (0; 1) შუალედში და არყოფითია (1; ) შუალედში. ააგოო გრაფიკი და ისაუბრა თვისებებზე და ფუძის შეცვლის ფორმულაზე.

მოსწავლეებთან ერთად შევაჯამე აქტივობა.

აქტივობა 3. (მეთოდის “გაჩერებებით სწავლების” ინსტრუქციის გაცნობა)

წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი ინსტრუქცია  მეთოდის ,,გაჩერებებით სწავლების“ ძირითადი პრინციპებისა და თანმიმდევრობის შესახებ. ყოველ გაჩერებაზე მოსწავლეები მუშაობდნენ 5წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გადაადგილდნენ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით წრიულად. შეასრულეს ოთხი  გაჩერება სავალდებულო და არჩევითი დავალებებით, ერთი ალტერნატიული გაჩერება შედარებით სწრაფი ჯგუფისთვის და საინფორმაციო გაჩერება საჭიროების შემთხვევაში. ( თეორიული ნაწილი – რაც შეიძლება დასჭირდეთ მაგ; თვისებები, ფუძის შეცვლის ფორმულა და სხვ.) ოთხი გაჩერების შემდეგ  ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაცია.

მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ  ჯგუფებში.

გაჩერება I

სავალდებულო

ანა მანქანის სწრაფად ტარების გამო დაჯარიმდა. თუ ის ჯარიმას ახლა დაფარავს, დამატებით არაფერი ექნება გადასახდელი. თუ ის გადადებს ჯარიმის გადახდას, დამატებითი ჯარიმა დაგვიანებული თვეების რაოდენობა t -ს მიხედვით განისაზღვრება. მისი სრული  ჯარიმა F (ლარებში) მოცემულია ცხრილის მეშვეობით (ეს რიცხვები მაჩვენებლიან ფუნქციას წარმოადგენენ.)

დაგვიანებული თვეების რ-ბა  t ჯარიმის ღირებულება F
1 300
2 450
3 675
4 1012, 50

 

რისი ტოლია F -ის ერთმანეთის მომდევნო მნიშვნელობების საერთო შეფარდება      ———————–

დაწერეთ ამ ფუნქციის ფორმულა ——————————————–

რა თანხა ექნება ანას გადასახდელი, თუ იგი დროულად დაფარავს ჯარიმას? —–

არჩევითი

+ = 320

(< 4

გაჩერება II

სავალდებულო

აფხაზები მოადგნენ ნავებით გურიას. შეებრძოლა და სულ ერთიანად ამოწყვიტა მომხვდურნი გიორგი გურიელის ძემ. იმავე წელს მანუჩარ ათაბაგმა სამცხე ააჯანყა თურქთა წინააღმდეგ. ფეხზე დადგა ბრაზით ბოღმამორეული ოსმალეთის სასულთნო კარი. იპოვეთ ამ ამბების მოხდენის თარიღი, თუ იგი

= 0,5x განტოლების ამონახსნის ტოლია.

არჩევითი

2- 4= 150

გაჩერება III

ტფილისში სადარბაზოდ შეიყარნენ: ქართლის მეფე კონსტანტინე II, კახეთის მეფე ალექსანდრე I გიორგის ძე, იმერეთის მეფე ალექსანდრე I ბაგრატის ძე, სამცხის მთავარი ყვარყვარე ათაბაგი და ხელი მოაწერეს სამარცხვინო ზავს, რომლითაც დაადგინეს საზღვრები, ერთიანი საქართველოს წიაღიდან აღმოცენებული ,,საქართველოებისა“.

იპოვეთ, რომელ წელს მოხდა ,,საქართველოებად“ დაყოფა საქართველოსი, თუ ის თარიღი

lg (  lg (=  lg  + lg 497

განტოლების ამონახსნის ტოლია.

არჩევითი

გაჩერება IV

სავალდებულო

ორმოცდათვრამეტი წლის შაჰ-აბასი ლოგინად ჩავარდა და ერანს მოუკვდა ყველაზე დიდი აღმაშენებელი, ხოლო საქართველოს ყველაზე დიდი დამაქცევარი. დაკრძალეს ძველ ქალაქ ყუმში, ისფაჰანსა და თეირანს შორის.

იპოვეთ შაჰ-აბასის გარდაცვალების თარიღი, თუ იგი

არჩევითი

ალტერნატიული გაჩერება

აღმოაჩინეთ შეცდომა

განტოლება:

 

თუ გამოვიყენებთ ლოგარითმის ჯამის ნამრავლად გადაყვანის ფორმულას, მივიღებთ

საიდანაც

= 0

= 0       = 4                                    პასუხი: 0; 4.

  1. უტოლობა

ამოხსნალოგარითმული ფუნქცია ერთზე მეტი ფუძით, ზრდადია, ამიტომ ფუნქციის მეტ მნიშვნელობას არგუმენტის მეტი მნიშვნელობა შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ მოცემული უტოლობიდან გვექნება    2x-2 < x+3

რომლის ამოხსნით მივიღებთ   x < 5

პასუხი: x < 5

ვაკვირდებოდი მოსწავლეების მუშაობის პროცესს, ვეხმარებოდი  მათ საჭიროების შემთხვევაში, ვაძლევდი მითითებებს, ვინიშნავდი  შეცდომებს.

მას შემდეგ, რაც ჯგუფებმა ყველა გაჩერებაზე მიცემული დავალებები შეასრულეს, გააკეთეს პრეზენტაცია მათთვის სასურველ საკითხებზე.

აქტივობა 6.

მეთოდის გაჩერებებით სწავლების გააზრება და ანალიზი. შეფასება და შეჯამება

დავურიგე თვითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკა და ვთხოვე შევსება.

მოსწავლეებმა იმსჯელეს, რით იყო ეს მეთოდი მათთვის მნიშვნელოვანი, რა მოეწონათ, რას შეცვლიდნენ.

მოსწავლეების შეფასებით, მათთვის  გაკვეთილი ინოვაციური  იყო. მათი განმარტებით, სიახლე შემოქმედებითად იყო შემოტანილი საგაკვეთილო სივრცეში. შერჩეული დავალებები საინტერესო იყო, რადგან სავარჯიშოები პრაქტიკული საქმიანობიდან და მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან იყო მოყვანილი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

გ.გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ.ქურჩიშვილი  XI კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო

გ.ლობჟანიძე, ნ. მჭედლიშვილი, ნ.სხირტლაძე, თ. ჯანგველაძე – მათემატიკა

ვ.ქელბაქიანი, თ.მორალიშვილი, ა. ახვლედიანი – მათემატიკის ამოცანათა კრებული

ს.კოლმოგოროვი მე-10-11 კლასის სახელმძღვანელო

გ.ჩაჩანიძე – ალგებრა და საქართველოს მატიანე.

თეიმურაზ ორმოცაძე მათემატიკა- “ვსწავლობთ სხვის შეცდომებზე”

 

 

 

ფიქრები ალუდაზე

0

 

 

 

                „ მტირალის სტვირის პატრონი

                                                                          ფეხს როგორ გავსწვდი  თქვენთანა?!

                                                                         მაგრამ გავიგებთ ერთხელაც,

                                                                         ვინ ახლოს არის ღმერთთანა’’…  

                                                                                                                             ვაჟა-ფშაველა

     კონსტანტინე გამსახერდიას   უთქვამს : “უტოლო ლოდს მაგონებს ვაჟა-ფშაველა. პირიქითა ხევსურეთში,მუცოს ციხის სანახებში , ერთი უზარმაზარი ლოდი იცავს ხეობის ყელს…არავინ იცის,საიდან გაჩნდა იგი. საიდან მოსულა ან საიდან მოუტანიათ ამ ხეობის ყელში…ყოველ დროში, ყოველ პოზაში, ყოველი მხრიდან სხვადასხვა აღნაგობისა მოგეჩვენება იგი. ვაჟა-ფშაველა მომაგონა ამ უტოლო ლოდმა“…

ხეობის ყელის  დამცველი ლოდივით დგას ვაჟა ყველა მისი ნაწარმოების შესავალში.თავისუფლად გიშვებს თავის ქმნილებებში,მაგრამ გამოსვლისას ლოდი დიდ წინააღმდეგობად გექცევა და გიჭირს თავი დააღწიო  მის სამყაროს,   რომლსაც  იმდენად გრძნობ,  რამდენადაც მიუხვდები  სათქმელს.

მისი    პერსონაჟებისათვის ძნელია  კაცებრივი  ტვირთის  ტარება,მაგრამ ბედნიერებაცაა  ამავდროულად.თავად ბრძანა-„მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,როცა ვარ შეწუხებულიო“ და ,ალბათ, ამ წუხილის  ბრალია მისი მსოფლხედვა,აზროვნება, შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი და პერსონაჟთა შექმნის  საოცარი ნიჭი.გაოცებს ესთეტიკური იდეალისაკენ მიმავალი გზა,რომლის ბოლოში თავად დგას და ყოველთვის მაღლია თავისივე ქმნილებებსა და პერსონაჟებზე.

ყოველ წელს  ვცდილობ ალუდა ქეთელაურს პოემის დასრულებისთანავე  გამოვეთხოვო,აღარ გავაგრძელო ფიქრი მასზე, მაგრამ პირიქით- უფრო მეტად მაფიქრებს  იგი. მიხარია, რომ ბავშვებიც იზიარებენ ჩემს განცდებს.

ზოგადად მწერალი პერსონაჟებს მხატვრული იერსახის შესაქმნელად ქმნის, იგონებს, ძერწავს.ეს იერსახე უნდა განზოგადდეს,მკითხველი დაფიქრდეს თუ რატომ,რის სათქმელად, რის საკეთებლად წერს მასზე ავტორი.ასე იქნებოდა ალუდა ქეთელაურის შემთხვევაშიაც.მას დიდი მისია დააკისრა ავტორმა და საამისიდ მრავალი მიზეზი მოუძებნა.ეს მიზეზებია:

  • ტრადიცია რომ  დაერღვია: „მკლავზედაც გებას მარჯვენა,შენზედ ალალი არიო,შენ ხელ შენ გულზედ დამიწდეს,ნუ ხარობას ქავის კარიო…“
  • თავი არ მოსწონებოდა: „პირს დასწოლია ნისლები, გულით ნადენი, შავია…“
  • საკუთარი ცხოვრება შეეფასებინა- „ვისაც მტერობა მოსწყურდეს,გააღოს სახლის კარია,სისხლ დაიგუბოს კერაში, თვითონაც შიგვე მდგარია,..“
  • სისხლში ცხოვრება ეღიარებინა- „სისხლშია ჰქონდეს ქორწილი, იქ დაიწეროს ჯვარია. დაიპატიჟოს სტუმრები, დაამწკრიოდეს ჯარია. სისხლში დაიგოს ლოგინი, გვერდს დაიწვინოს ცალია. ბევრი იყოლოს შვილები, ბევრი ქალი და ვაჟია,იქვე საფლავი გათხაროს,იქ დაიმარხოს მკვდარია…“
  • საკუთარი ცხოვრების მიზანი შეეფასებინა- „შენ რო სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შაარჩენს გვარია…“
  • ნანახი სიზმრით მიმხვდარიყო,რომ თემის კანონებით ცხოვრებამ კაციჭამიად აქცია: „დავჯე,ჯამ ვინმემ დამიდგა,კაცის ხორც იყო წვნიანი,ვსჭამდი,მზარავდა თუმცა-ღა კაცის ხელ-ფეხი ძვლიანი…“
  • უარი ეთქვა ქავის კავზე დაეკიდა მინდიას მოტანილი მუცალის მარჯვენა- „თუ ხელის მოჭრა მდომიყო, გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?… რაად მინდარის, ვერ მიხმლობს, არ გამოდგება ფარადა… წაიღე თუ გწამ უფალი, ნუღარ მაჩვენებ თვალითა,კაი ყმის მარჯვენა არი,გული მეწვება ბრალითა“….
  • დაპირისპირებოდა თემს-„მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი, მარჯვენას მაგათ ჯაბრითა…“
  • შეეფასებინა თემის კანონი- „წესი არ არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ  დანითა“ვაი, ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა -ბრალითა…“
  • დანანებოდა უცხო ყმა- „კაი ყმის მარჯვენა არი, გული მეწვება ბრალითა“
  • პატივი მიეგო ურჯულოსათვის- „ეგ სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა, მუცალს ეტყოდნენ სახელად, მაუნათლავის შვილისა. კარგადაც დამიმწყალობნე, გამიმეტებავ მისთვინა…“
  • თავად აღესრულებინა მსხვერპლშეწირვა- „ხელი დაიკრა ფრაგულსა, შუქი ამოხდა მზისაო. უქნივა მოზვერს ქედზედა, თავი მიგორავს ძირსაო. თან შაეხვეწნა ბატონსა, ნუ შამიცოდებ შვილსაო. ალლადა ჰქონდეს მუცალსა, მაგ მოუნათლავ გმირსაო…“
  • თავს დასტყდომოდა თემის რისხვა- „სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ, ალუდას სახლის დირენი; ნუ დაინანებთ, ექმენით, ცოლ-შვილის ამატირენი. მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის ცა-ღრუბლის შენამზირები. წადით, უმტვრიეთ შავ-ბნელსა სახლისა, ციხის კარები. ცეცხლი მიეცით საძნოვარს,- ცასა სწვდებოდეს ალები. სათემოდ გამაირეკეთ ცხვარი, ძროხა და ხარები. შატილს ცოლ-შვილი უტირეთ, გუდანს- შინშნი და ქალები; ჰრისხავდეს ჩვენი ბატონი, არ არის შესაბრალები.“
  • იძულებით დაეტოვებინა მშბლიური მხარე- „ წინ მიდის მგზავრი მიჰკვალავს, ხუთიც უკანა ჰყვებისა…“
  • წასულიყო უგზო- უკვლოდ, დანანებოდა მთები და სოფელი- „ ერთხელ მოუნდის ალუდას,ერთხელ მობრუნვა თავისა“
  • ოჯახთან ერთად ევლო სითეთრეში ზეციური თოვლის ფანტელების ქვეშ და კვალიც არ დაეტოვებინა, რადგან თოვლი ავსებდა მის ნაფეხურებს…

ვინ დარჩა უკან ალუდას?

  • თემი,რომელიც ისევ მოიმარჯვებს ფარებს და „კაპასად“ააჟღებებს რვალს ახალი მოწოდების შესასრულებლად;
  • სოფელი, რომელმაც მიწასთან გაასწორა მისი  ოჯახი;
  • ახალგაზრდები-„ახალ-უხლები“ სიახლის გამოჩენისას „გადაიქციან ტყემლადა“;
  • ბერდია- „ღვთისმოსავი“, „მსხვერპლშემწირავი“,მოყვასის გამმეტებელი,ავი ტრადიციის  გამგრძელებელი;
  • მინდია-რომელმაც ცრემლიანი თვალებით გამოაცილა იგი…

თემი ვერ მიხვდა, რომ გასწირა კარსმომდგარი სიახლე, სიკეთე,სიყვარული, დაკარგა პიროვნება,რომელმაც კარგად იცოდა,რომ  ურაჯულოს სანთელს ვერ აუნთებდა, არც შესაწირს მიღებდა მისგან მუცალის სული,რომ  სხვაზე მეტადაც უწყოდა ეს ყველაფერი ალუდამ, მუცალთან შეხვედრამდე იცავდა თემის კანონებს, საფიხვნოს თავში  მჯდომს ეს არ შეეშლებოდა,მაგრამ  ამ შემთხვევაში, იგი ამწყალობებდა მუსულმან კაი ყმას და ზოგადად  ვაჟკაცობას,მოყვასს,ეს ერთგვარი  ჟესტი იყო დამარცხებული კაი ყმის პატივისცემისა და არა ხატის- სალოცავის შეურაცხყოფისა.  ცხადია,ამას თემი ვერ მიხვდებოდა,ვერც მინდია მიახვედრებს,რადგან  თავად ამის გასაგებად ჯერ მზად არ არის.

რა დაკარგა თემმა ალუდას სახით? მომავალი,ზოგადად ჰუმანური იდეები და გაღვიძებული შემეცნება –  “ჩვენ ვიტყვით მარტო ჩვენა  ვართ ,მარტოდ  ჩვენ  გვზრდიან დედანი,ჩვენა ვცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მოელის ქშნანი,ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღვთის შვილთ უკეთეს იციან….“

ერთად-ერთი მინდია ვეღარ იქნება ისეთი,როგორიც იყო:თუ ტყემლად   ქცეულმა ახალგაზრდებმა შენიშნეს  თვალცრემლიანი, ეტყვიან–  ალუდას „გადუქცევიხარ  ქალადაო“.შეარცხვენენ, შეაჩვენებენ. აი, ამიტომაც „დადის ურმით სიმართლე და ჭეშმარიტება“. „ ჭეშმარიტება ზოგჯერ მსხვერპლსა გვთხოვს“-ბრძანებს ვაჟა.რაც უფრო ბევრი და „ღირებული“ იქნება ეს მსხვერპლი, ცნობიერებაც შეიცვლება,სიბნელეს სინათლე მოიცავს და გზის  გაგრძელების მსურველებიც მეტნი იქნებიან.

პერსონაჟები სიცოცხლეს აგრძელებენ ნაწარმოების დასრულების შემდეგაც. ისინი თავიანთი ღვაწლით ცოცხლები რჩებიან მკითხველის გონებაში. მათი მომავალი ჩვენი საფიქრელია.ბევრნი არ არიან ასეთები,  „ცოცხლადდარჩენილთა“ შორის ალუდა ქეთელაური ყველაზე გამორჩეულია და მასზე ფიქრი  დიდხანს მიჰყვება დაკვირვებულ მკითხველს, რადგან გარკვეული მისია აკისრია და ამას განზოგადება სჭირდება.

რამდენად მზადაა ალუდა ამ ცვლილებებისთვის? ის არ არის მზად.მან ამ ცვლილებებს მხოლოდ საფუძველი ჩაუყარა.ამიტომაცაა,რომ  დედას თემის საყვედურს არ ათქმევინებს- „ღმერთ  ეს  გვარგუნა ბედადა,  ჯვარს არ აწყინოთ,თემს ნუ სწყევთ“…თემის  განაჩენი  ღვთის ნება   ჰნგონია,ალბათ,მართალიცაა,რადგან  მტერში კაი ყმა დაინახა,მოყვასად აღიარა და ესაა ქრისტიანული მორალიც-„გიყვარდეს მტერი შენი“.წარმართულ თემს ამის გაგებაში ალუდასნაირი ადამიანნები  უნდა დაეხმაროს. მთავარია ,სულიერი სიმაღლისაკენ გზის გაკაფვა,დანარჩენი სხვებმა უნდა გააკეთონ,ოღონდ  არა ცრემლიანი თვალებით,არამედ ანთებული გულით,  ნათელი გონებითა და სწორი ქმედებით.

ყოველი  ქმნილება  ხელოვნებისა მომავლისთვის იქმნება. ლიტერატურაში ამ ტრადიციასთან თანხვედრას დიდი ძალისხმევა სჭირდება.  მწერალიც ასეა,იწერება აწმყო ვითარება,მაგრამ ის სამომავლო  საფიქრალიც ხდება.ჰოდა, ასეა დღესაც,  გრძნობა-გონების ჭიდილში დაკარგული ალუდა-ჯოყოლები,ცრემლიანი თვალებით  ხედვა და  ისევ შიში თანადგომისა.ვჯერდებით ფორმულირებას–მე მესმის შენი,მაგრამ ვერ  ვიზიარებ.

სად წავიდოდა ალუდა? გოდერძი ჩოხელის მოთხრობამ „სამანს იქეთ დასახლებულნი’’ მაპოვნინა ამის პასუხი.   საოცარი მოთხრობაა.თემის განაჩენით  მოკვეთილი ადამიანები ცხოვრობენ იქ. შემზარავი ისტორიებით აღწერს ავტორი მათი მოკვეთის მიზეზებს.  აქ  შვლის მკვლელი  მამაა; დედა-ახალშობილის მკვლელი; ქურდი; ლუკმის  ფასის არმცოდნე; მკვდრის ხსოვნის უარმყოფელი; მხდალი ჯიშის კაცი; მოშინაურებული ხის მჭრელი; ძმის მკვლელი; გვარის სიწმინდის ბზარის გამჩენი გოგონა; მკვლელ ხევსურთა მფარველი…,მაგრამ ალუდასთვის არ მიუსჯიათ სამანს იქით გადასხლება.ეს სხვა თემია,სხვა კანონებით. ალუდას ადგილი იქ არ არის.იქ  სხავა „ალუდა“უნდა გაჩნდეს.

ალუდს  მომავალი გაურკვეველია.მკითხველიც იქ ეთხოვება მას,სითეთრეში  დარჩენილს,რომლის გზა ეს  ფეხდაუდგმელი  თეთრი  თოვლი იქნება  და  ეს სითეთრე გააგებინებს მკითხველს,რომ ალუდა  „ ახლოს არის ღმერთთანა“,რადგან სრულოფილების მაძიებელი ჯერ არაა,ის სრულყოფილების გზის გამჩენია,ავტორის მზანიც   ეს იყო, ეჩვენებინა  ალუდას შინაგანი ფერისცვალება,ჭიდილი საკუთარ თავთან (მესთან) და პიროვნებად გარდაქმნის მცდელობა.ამით  იგი აამაღლა  დანარჩენ ხევსურებზე, შეარყევინა,შეაზანზარებინა დრომოჭმული ტრადიციები.

ალუდა წვიდა… როგორც „მამამ“,ძველმა,დრომოჭმულმა დამკვიდრებულმა მორალმა,თავისი მისია შეასრულა, მაგრამ დატოვა ნათელი კვალი ამაღლებული სულისა და ამ კვალის თვალის მადევნებელი მინდია, რომელიც ხვდება,რომ გაჩნდა  რაღაც ახალი,რაც მისგან პასუხისმგებლობას მოითხოვს, ეს  საკუთარი წვლილის შეტანაა თემის გამოღვიძებაში. სხვა რისი მანიშნებელი უნდა იყოს მისი ცრემლები  ან „გულზედ გადიწყვის მკლავები“. გულზე ხელების ჯვარედინად დადება ცალსახად  ჯვრის გამოსახვაა,ასევე მოკრძალებაც ბარძიმისაკენ მიმავალ გზაზე. ცხადია,ეს ყველფერი გაცნობიერებული  არა აქვს მინდიას ,მაგრამ იგი თაობათა ცვლაში „შვილად“ წარმოჩნდება,რომელმაც ალუდას- მამის კვალი უნდა  შიცნოს და გააგრძელოს იმ მიმართულებით,რომლითაც ალუდა წავიდა.ეს გზა ასევე ღვთისკენ მიმავალი იქნება.

ამით  ალუდას მისია დასრულდა,ახლა მინდიას მისია უნდა გაგრძელდეს,რადგან თუ ერთი კაცი მაინც იქნება „პატიოსანი“ „სოდომი“ გადარჩება,ესე იგი   თემს ნათელი მომავალი  ექნება. ეს მისია დააკისრა ალუდამ  მინდიას. თემის  სულიერ ამაღლებას დიდი დრო სჭირდება,ეს დრო აუცილებლად დადგება,მთავარია, მინდია-ალუდას ჟაჭვი არ გაწყდეს,ადამიანის ევოლუცია არ შეჩერდეს,მანამ კი ასე  ივლის ალუდა ფეხდაუდგმელ ქათქათა თოვლში   და ამით მიახვედრებს მკითხველს „ვინ ახლოს არს ღმერთთანა“…

ღმერთისკენ სვლა თავისუფლებისაკენ სვლაა. ვაჟა-ფშაველას აზრით,“თავისუფლება გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში,თავისუფლება მოქმედებაა,განხორციელებაა ნებისა,აზრის,გრძნობისა.თავისუფლება თავმოყვარეობაა.თავმოყვარეობა ოგვარია:ბრიყვული და გონივრული“… აქედან გამომდინარე,თემის თავმოყვარეობა ბრიყვულია,რადგან იგი მხოლოდ თემზეა ორიენტირებული,ამიტომაც ემსგავსება მხეცს,ამიტომაცაა ასეთი დაუნდობელი.გონივრული თავმოყვრეობა კი პირიქით,სხვაზე ზრუნვაა,ამისთანა ადამიანი კი იშვიათად,მაგრამ მაინც გამოჩნდება ხოლმე.ასე გამოჩნდა ალუდა მხეცად ქცეულ თემში.იქ სინათლის სხივი შეიტანა,მიმდევარიც გაიჩინა და წავიდა!

„ვაჟა სულ სხვაგან არის,ჩენ კიდევ სულ სხვაგან დავეძებთ და ვერ გვიპოვნია ჯერ.ვერც ვიპოვით…ვაჟა-ფშაველა მომავალში დაელოდება თავის მპოვნელს“.(მიხო მოსულიშვილი)

მე არ  მაქვს „მტირალი სტვირი“,არ ვიცი „ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა“,მაგრამ მაინც შევბედე უტოლო ლოდს  მეფიქრა მასზე და ჯერ ჩემი მოსწავლეებისთვის გამეზირებინა,მერე კი თქვენთვის ის, რომ  ალუდაზე ფიქრი ამიტომაც მიმყვება დიდხანს და ყოველ წელს მიჭირს ვაჟას დიდებული სამყაროდან გამოსვლა.ვიცი ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაგები. ასევე  ვფიქრობ, ვაჟა-ფშაველას „მპოვნელი“ სადღაც,რომელიღაც საკლასო ოთახში ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე ზის და დიდი ინტერესითა და სიყვარულით ისმენს ალუდას ამბავს,რომ მომავალში ჯეროვნად შეაფასოს იგი. ის ლოდი კი ისევ იქა დგას და,ასე მგონია, მას  ელოდება!

 

გამოყენებული ლიტერატურა

ვაჟა-ფშაველა – “ალუდა ქეთელაური”

ლევან ბერძენიშვილი „ალუდა ქეთელაური“ – მთა და ლიტერატურა

ლალი დათაშვილი- ალუდა ქეთელაური, თემი და საზოგადოება.

 

 

  ქართველი მოლიერის საგა

0

  „ჩვენც ვეცადეთ და განვდევნეთ

რაცა არი ჩვენში ცუდი“

        გიორგი ერისთავი. კომედია „გაყრა“

 

1850 წლის 2 (ძვ.სტილით – 14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სცენაზე, ქართველმა მსახიობებმა წარმოადგინეს გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“ და ეს მოვლენა აღდგენილი ქართული პროფესიული თეატრის დღედ იქცა.

მას შემდეგ საუკუნე-ნახევარი გავიდა და, ჩვენი საზოგადოება ყოველ 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს აღნიშნავს.

ქართული თეატრის ისტორია გაცილებით ხანგრძლივია და თუ თეატრს, როგორც სანახაობით, სინთეზურ ხელოვნებას ისე გავიაზრებთ, როგორც ეთნოკულტურულ გამოცდილებას, ის შესაძლოა იმდროინდელიცაა, როცა საერთოდ გაჩნდა დედამიწაზე თეატრის ჩანასახი. მაგრამ ახლა ამ ისტორიაზე არ ვწერ. იმ კაცზე მინდა ვთქვა, ვინც ქართული პროფესიული თეატრის ფუძემდებლად იქცა და ვინც, ამ წერილის დასაწყისში უკვე ვახსენე.

გიორგი ერისთავი – დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალ „ცისკრის“ დამაარსებელი. საერთოდ, იმ დრამატულ და პარადოქსულ მეცხრამეტე საუკუნეში ხომ ბლომად იყვნენ მანათობელი ადამიანები, ვისმა პროგრესულმა აზრმა და საქმემაც ეს ქვეყანა საღათას ძილიდან გამოიყვანა და საკუთარ ცოდვებზე, მანკიერებებზე დააფიქრა. ერთ-ერთი ასეთი გიორგი ერისთავიც გახლდათ, რომელმაც ისეთი ფასდაუდებელი საქმე გასწია, რომ, როგორც შინაურულად იტყვიან ხოლმე, მის ამაგს ვერასდროს გადავიხდით.

ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული კაცი იმ საუკუნის 40-იან წლებში. ქსნის საერისთავოს შთამომავალი, სახაზინო ექსპედიციის მწიგნობრის – დავით ერისთავისა და მარიამ ქობულაშვილის ვაჟი 1813 წელს, სოფელ ოძისში დაიბადა. ცოტა ხანს მოსკოვში სწავლობდა, მაგრამ ვერ გაძლო და მალევე დაბრუნდა. სოლომონ დოდაშვილის წრეში მოექცა, ახლობლობდა ორბელიანებთან, იყო 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე, თუმცა შეთქმულების გაცემის შემდეგ ისიც დააპატიმრეს და პოლონეთში გადაასახლეს.

პოლონეთმა დიდი გავლენა იქონია გიორგი ერისთავზე – საუცხოოდ შეისწავლა ენა, ისე, რომ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნაც კი სცადა. (მოგვიანებით „ვეფხისტყაოსანი“ მისი თეატრალური შთაგონების წყაროდაც იქცა და განახორციელა კიდეც სცენაზე სამმოქმედებიანი პიესა).

ამბობენ, რომ ძალიან პრინციპული, ჯიუტი და ხისტი ბუნების კაცი იყო. ამის გამო ბევრჯერ შარსაც გადაყრია. ერთი ფაქტი კი, რომელიც მის ახალგაზრდობაში მოხდა, გიორგი ერისთავს, როგორც გულწრფელ პატრიოტს და ღირსეულ ადამიანს ახასიათებს – 1828 წელს, ნინო ჭავჭავაძის და ალექსანდრე გრიბოედოვის ქორწილში (რომელიც გენერალმა პასკევიჩმა გადაუხადა იმ დროის ყველაზე პოპულარულ წყვილს), გიორგი ერისთავი ქართული ჩოხით მივიდა. რა თქმა უნდა, კარშივე შეაჩერეს და ჩოხის გახდა მოსთხოვეს, მაგრამ ერისთავმა ძალიან იუკადრისა და საერთოდ აღარ დასწრებია ქორწილს.

სიყვარულშიც გულუხვი იყო. მუდმივი საზოგადოებრივი საქმის მიუხედავად, მაინც ბევრი თავგადასავალი ჰქონია, სატრფიალო წერილებიც უწერია, ბევრჯერაც დამწუხრებულა და გაბედნიერებულა. ქორწინებით კი ორჯერ იქორწინა – 1844 წელს, იაგორ ალიხანოვის ქალიშვილი ელისაბედი შეირთო და ხიდისთავში გადავიდა საცხოვრებლად. ელისაბედმა ტყუპი ვაჟი გაუჩინა – კონსტანტინე და დავითი, თუმცა კონსტანტინე მალე გარდაიცვალა, დავითი კი მომავალში ჩინებული დრამატურგი და მწერალი დადგა.

ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, 1856 წელს  მეორედ იქორწინა – დავით თარხან–მოურავის ქალიშვილზე, მართაზე. მასთან გოგონა შეეძინა, მაგრამ ისიც მალევე გარდაიცვალა.

1845 წელს, მთავარმართებელ მიხეილ ვორონცოვის ხელშეწყობით, თბილისში რუსული თეატრი დაარსდა. საერთოდ, ამ ვორონცოვის შესახებ მრავალნაირი აზრი არსებობს და რამდენი მაქებელიც ჰყავს, იმდენი მაძაგებელიც მოიძებნება. ერთი რამ კი ფაქტია: მან სრულიად შეცვალა ცარისტული მმართველობის სისტემა საქართველოში, სამხედრო მმართველობიდან სამოქალაქო მმართველობისკენ, შესაძლოა გულწრფელად მოსწონდა და სჯეროდა კიდეც ქართველების ნიჭიერების, ჩვენს ეროვნულ წიაღში დაუნჯებული ათასნაირი პოტენციალის, რომლისგანაც, ამ პატიოსან რუსს „იმპერიის მარგალიტის“ შექმნა გადაეწყვიტა.

ხოლო იმაზე მეტად კი, ვიდრე თბილი სიტყვა, უხვი ხელშეწყობა, ხელისუფალის ალერსი და მხარდაჭერაა, არაფერი უყვარს ალბათ ბუნებრივად კომფორტისკენ (და მცონარებისკენაც) მიდრეკილ ადამიანს, მით უფრო ქართველს და, სულ არავის უნდა გაკვირვებოდა, რომ მიხეილ ვორონცოვის რეფორმატორულ სისტემას იმდროინდელი ქართველი დიდგვაროვნული საზოგადოების აღტაცებული ყიჟინა და მორჩილება მოჰყოლოდა.

სწორედ ვორონცოვს წარუდგინა მანანა ორბელიანმა ახალგაზრდა დრამატურგი და რეჟისორი გიორგი ერისთავი და სთხოვა – გადასარევია რუსული თეატრი, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი პიესები, გვყავს მსახიობები და რეჟისორები და მზად ვართ, ჩვენი თეატრიც გვქონდესო. ვორონცოვმა სიხარულით მიიღო ეს წინადადება და პრემიერისთვის სამზადისიც გამოაცხადა!

გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“ იყო პირველი პრემიერა, რომლითაც პროფესიული ქართული თეატრი აღდგა. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენით რაღაც სერიოზულად გარდატყდა იმდროინდელ საზოგადოებრივ ცნობიერებაში. გიორგი ერისთავის ბასრი, დაუნდობელი და საშინლად საჭირო რეალისტური სცენები ქართველი თავად-აზნაურებისთვის, ჩინ-მედლებიანი სამხედრო თუ სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის მტკივნეულ სარკედ იქცა. ერისთავის მხატვრული პრინციპი იყო, ყველაფერი ზედმიწევნით ნამდვილი ყოფილიყო, რათა ყველას ეცნო საკუთარი თავი. თავად სპექტაკლ „გაყრის“ კოსტუმებზე სამუშაოდაც კი საგანგებოდ მოიწვიეს იტალიელი მხატვარი კორადინი, რომელმაც უზადო ოსტატობით შექმნა საუკეთესო სასცენო ესკიზები. დღეს ეს ესკიზები ქართული თეატრალური ისტორიის, სცენოგრაფიის ფასდაუდებელი ნიმუშებია.

ერისთავის მიმართ ინტერესი და პატივისცემა კიდევ უფრო გაიზარდა. თავადმა ვორონცოვმა საქართველოში ვიზიტით მყოფ იმპერატორ ალექსანდრეს ასე წარუდგინა იგი: „გაიცანით, თქვენო ბრწყინავლებავ – ეს ქართველი მოლიერიაო“. იმპერატორის პასუხი კი ყოფილა – არ ვიცოდი, ქართველებს თუ თავიანთი მოლიერი ჰყავდათო.

ამ ქართველმა მოლიერმა კიდევ ერთი დიდი საქმე ქნა – დააარსა ჟურნალი „ცისკარი“. ესეც, პირველი სახელოვნებო–სალიტერატურო ჟურნალი, რომელმაც გიორგი ერისთავის რედაქტორობით 2 წელი იარსება, გამოვიდა მისი 24 ნომერი. მოგვიანებით მას სხვა ადამიანები აღადგენენ და უპატრონებენ, ისევე, როგორც ბევრ საქმეს, რაც გიორგი ერისთავმა დაიწყო და შესწირა თავისი შინაარსიანი, საინტერესო, ტკივილებით, იმედგაცრუებებით, გამარჯვებებით სავსე ცხოვრება.

1860–იან წლებში გიორგი ერისთავი ევროპაში გაემგზავრა სამოგზაუროდ. შემორჩენილია მისი დღიურების ნაწილი. თუმცა, ამ მოგზაურობიდან მალე, 1864 წელს, ავადმყოფობის გამო მწერალი  გორში გარდაიცვალა.

მისი დაკრძალვის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ივანე კერესელიძემ „ცისკარში“ ნეკროლოგი გამოაქვეყნა. ითქვა, რომ გორში დიდძალი ხალხი ჩავიდა მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად.

დაკრძალეს იკორთის ტაძარში, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა და არის ცნობა, რომ მის საფლავსაც და იქ დარჩენილ სხვა საფლავებსაც დიდი ხანია ანადგურებენ…

ჩვენ გვყავს ქართველი მოლიერი და არ გვაქვს მისი საფლავი – ესეც იმ სევდიანი დრამატურგიიდანაა, რომლითაც დედამიწის სცენაზე ჩვენი ქვეყნის უცნაური, პარადოქსებით სავსე ისტორია დღემდე თამაშდება…

 

,,ისმინე, სწავლის მძებნელო!”

0

ხდება ისე, რომ დრო ქმნის რაღაცა ფასეულობას და მერე ისევ დროვე გადააფასებს მას. ამიტომ ყოველთვის წარმოიშობოდა ხოლმე კონფლიქტი: დამწერლობა თუ მეხსიერება? წიგნი თუ რწმენა? კომპიუტერი თუ წიგნი? თუმცა არის ის, რასაც ასეთი დახარისხების მიუხედავად, კვდომის საფრთხე არ ემუქრება და ისიც იარსებებს კაცობრიობასთან  ერთად. ასეთია სწორედ წიგნი. თუმცა დღეს, მიუხედავად ამისა, გაჩნდა წიგნის ბანალური, მაგრამ ძალიან მტკივნეული დაპირისპირება კომპიუტერთან.

არსებობს ორი ტიპის წიგნი: საკითხავი და საცნობარო. პირველს, როგორც წესი, თავიდან ბოლომდე კითხულობენ, იკვლევენ თუ სულიერად იზრდებიან. მეორეს (ცნობარს, ენციკლოპედიებს…) ხანგამოშვებით ,,ეწვევიან”, საჭირო ცნობების ამოსაკრებად. კომპიუტერს შეუძლია სწორედ ეს მეორე სახის წიგნი ჩაანაცვლოს, მაგრამ პირველს ვერ შეცვლის. თუმცა კომპიუტერი, როგორც ინფორმაციის წყარო, არცთუ ისე სანდოა, ისევ და ისევ, როგორც წიგნი, რადგან მისეული ინფორმაცია ხშირად ვერ დაიკვეხნის უტყუარობით. კომპიუტერს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ წიგნიერების ახალი სახე, თან, ამავე დროს, ეს თითქოს შეუცვლელი მოწყობილობაა ტექსტის ცვლის, შევსების, რედაქტირების თვალსაზრისით. თუმცა ამ საქმეშიც ვერ დაიკვეხნის ის ნოვატორობას, რადგან მთავარი რეფორმატორი, რომელიც ურიცხვი ტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა, საუკუნეების წინაა გამოგონილი და მას ანბანი ეწოდება.

დღეს ტექნოკრატიის საუკუნეა. ტექნიკასთან სიახლოვემ ადამიანები ერთმანეთთან გააუცხოვა, წიგნს დააშორა. თანამედროვე ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი თავისუფალ დროს  კომპიუტერთან ატარებს. უფროსი თაობა შეშფოთებულია იმის გამო, რომ  წიგნის გარეშე, მხოლოდ კომპიუტერით მიღებული ცოდნა ღრმა, საფუძვლიანი არ  არის. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ წიგნზე შეიძლება აღიზარდოს ჯანსაღი ახალგაზრდობა, ფაქიზი გრძობებითა და ფართო თვალსაწიერით, სამყაროს შესახებ ღრმა და მრავაწახნაგოვანი ცოდნით, დახვეწილი სულიერებითა და სწრაფვებით, ცხოვრების სწორი ორიენტირითა და აღქმით.

წიგნთან დამოკიდებულების საკითხი დღეისათვის ძალზე მტკივნეულია. საინფორმაციო საშუალებათა სიმრავლემ, ნებისმიერი მასალის ვიზუალური  აღქმის შესაძლებლობამ, დროის დეფიციტმა ადამიანი დააშორა წიგნს და მისი  ადგილი კომპიუტერმა დაიჭირა. პროცესი ელვის სისწრაფით მიმდინარეობს და ადამიანის ცხოვრებიდან იგი ლამის სავსებით გამოიდევნოს. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების მიჯაჭვულობა ტექნიკისადმი, რომელმაც ლამის მშობელიც ჩაანაცვლოს. ეს უკანასკნელი კი ზოგჯერ ძნელად ხვდება, რომ თუნდაც მულტფილმის ათასფრად მოხატული სამყარო აზარმაცებს, აპასიურებს პატარის ცნობიერებას და ისე ვეღარ ვითარდება მისი ფანტაზია, როგორც ამას ეს ანიმაცია წიგთან სინქრონში შეძლებდა.

ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა ჩვენი გემოვნების განვითარებისათვის. წიგნის სამყაროში გადანაცვლება უდიდესი ესთეტიკური სიამოვნებაცაა, მკითხველად ქცევისა და მასზე მხატვრული სახეების ზემოქმედების კრძალულ საიდუმლოსთან ინიციაცია,  პერსონაჟებად გარდასახვის ან მათი სრულიად რეალურ პიროვნებებად მიღება, თავის მათ რიგში ჩაყენების, თანაგანცდის, სულის ხვულებში მოგზაურობის საინტერესო პერსპექტივა. მართლაც, ჩვენი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის არ იყოს, რა არ გამოგვიცდია წიგნის საშუალებით: “მეფედ ვუკურთხებივართ, სიკეთისათვის ხის ხმლით გვიბრძოლია, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხან – ეკალი. ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ, მიწისათვის გვიკოცნია და მისი წმიდათაწმიდა ნაწილები ტუჩებზე აგვყოლია…”

წიგნის კითხვა მშვენიერებას გვაზიარებს. სამყაროში თითქოს არაფერია ახალი, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა ნებისმიერი, თუნდაც პატარა ჭეშმარიტება თავიდან უნდა აღმოაჩინოს. ამაში წიგნზე უკეთესი დამხმარე არავინ და არაფერია. ჩვენ გვეძლევა საშუალება, მწერლისა თუ პოეტის, ამ უნიკალური ინდივიდუმის, პრიზმაში გადატეხილი, ძველის, მილინოჯერ განცდილის, აბასოლუტურად ახლებური ხედვის კუთხე დავინახოთ, შევიგრძნოთ ის, რაც ხშირად მხოლოდ შეგრძნებების დონეზე რჩება, ვერბალურად ოსტატური გამოხატვისდა მიუხედავად. აი, მაგალითად, ვერავინ აგვიხსნის, რა არის ,,იისფერი თოვლი” ან ,,ნაწვიმარ სილაში ვარდი”, ეს მწერლის მიერ მოწვდილი მიღმიერი სამყაროს გამონაშუქია, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის მხოლოდ ჩვენებურად აღვიქვამთ, სწორედ ჩვენ წარმოვიდგენთ, როგორია აღაზა თუ ალუდა, მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა არ გვზღუდავს პერსონაჟის პორტრეტის დეტალური აღწერით, შევიგრძნობთ ,,ქუჩაში, მტვერში…” წაქცეული ბავშვის ,,თმის მიმოზების” სურნელს, განვიცდით, ბედისწერასთან მებრძოლ რაშზე ამხედრებული თავად ტრაგიკულ და უბედურ, მსოფლიო სევდით შეპყრობილ ადამიანს როგორ შეუძლია საუკუნეების შემდეგ ჩვენი გაბედნიერება და გამხნევება და ა.შ. ეს ყველაფერი სულიერი ზრდის წინაპირობაა…

კომპიუტერისაკენ ჩაციებით მომზირალ თაობასაც აქვს ახალი ტექნოლოგიების უპირატესობის დამადასტურებელი არგუმენტები: კომპიუტერის საშუალებით ნებისმიერი ინფორმაცია სულ მოკლე დროში შეიძლება მოიპოვო  სახლიდან გასუვლელად; აღარ გჭირდება ბიბლიოთეკაში ჯდომა და ძველი გაზეთების ფურცვლა ამა თუ იმ მასალის მოსაპოვებლად ან რომელიმე თარიღის დასაზუსტებლად. აუცილებელი არ არის მთელი თვის დაკარგვა სქელტანიანი ნაწარმოებების წასაკითხად, კინოფილმიდან მისი შინაარსი, შესაძლოა, ორ საათში გაიგო. მალე წიგნები დისკებზე გადაინაცვლებენ და მსოფლიო ლიტერატურის ათობით და ათი ათასობით შედევრი ერთ პატარა თაროზე დაეტევა. მკითხველები ახლა უკვე კომპიუტერულ წიგნებს ,,გადაფურცლავენ”, სანახაობის მოყვარულთ ეკრანული სურათები მიიზიდავთ, როგორც ბავშვებს – ნახატებიანი წიგნი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი კომპიუტერში მაინც წიგნია, შინაგანი წრთობისა და გარდასახვის უცვლელი მოცემულობა.

კომპიუტერს აქვს ზღვა შესაძლებლობანი ყველა სფეროში, მეცნიერების ნებისმიერ დარგში, მისი მნიშვნელობის უარყოფა არ შეიძლება. თანამედროვეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში იგი საფუძვლიანად დამკვიდრდა და მის გარეშე ცხოვრება  წარმოუდგენელიცაა. თითქოს იმ ორთაბრძოლაში, რომელიც 21-ე საუკუნის ადამიანების, უფრო კი მოზარდების გონებაში წარმოებს, კომპიუტერი იმარჯვებს, რადგან უფრო რთულია აგებულებით, სახმარად კი – მარტივი, განსაკუთრებით, ახალი თაობისთვის. წიგნი უმარტივესი რამაა და თავისი საქმის თავდაუზოგავი, უღალატო შემსრულებელი. წიგნი ასრულყოფილებს ადამიანს, კომპიუტერს კი ეს არ შეუძლია. ეს უკანასკნელი გწყვეტს ნამდვილ რეალობას და გადაჰყავხარ ილუზორულში, რომელიც ხშირად მატყუარაა, თვალისმომჭრელი, მაგრამ დამაბრმავებელიც (პირდაპირი მნიშვნელობითაც). წიგნი იწვევს სულიერ კათარზისს, კომპიუტერი კი ინფორმაციას კი გვაწვდის, მაგრამ ფიტავს გულსა და გონებას.

1923 წლიდან ესპანეთში, კატალონიაში აღნიშნავენ წიგნის საერთაშორისო დღეს, აი, ამგვარად: 23 აპრილს, მიგელ დე სრვანტესის გარდაცვალების დღეს, კაცები ქალებს ყვავილებს ჩუქნიდნენ, ხოლო ქალები კაცებს – წიგნებს და ამით თითქოს უმტკიცებდნენ ერთმანეთს მის შეუცვლელობასა და უკვდავებას. ამის შემდეგ კი იუნესკო-მ ეს დღე წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხდა და მსოფლიოც უკვე აღნიშნავს მას. კაცობრიობაც კიდევ ერთხელ იხსენებს ამ დღეს, თუ რაოდენ საჭიროა წიგნი მისი განვითარებისათვის. ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება და წიგნის პოპულარიზაციითვის აქაც იმართება ღონისძიებები, გამომცემლობების წიგნის გამოფენა-გაყიდვები.

კარგი იქნებოდა ბიბლიოთეკების პოპულარიზაციაც, მათი ისე კეთილმოწყობა, რომ, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებშია, იქ იყოს მშვიდი, ლამაზი და კომფორტული სივრცე სააზროვნოდ, კითხვის, წიგნთან პატარა ასაკიდან ზიარებისთვის. თუმცა ეს ჩვენი ,,შავი ხვრელია” და როცა რამე კარგზე ვიფიქრებთ და საქმე ფინანსებამდე მიდის, ამ უცნაურ, უპერსპექტივო სიცარიელეში აღმოვჩნდებით ხოლმე.

ამ დაპირისპირებაში გამოსავალი ფუნქციათა სწორი გადანაწილება, ჰარმონიული შერწყმაა. კომპიუტერის გარეშე თანამედროვე ადამიანი ვეღარ იარსებებს, მაგრამ მისი გამოყენება არ უნდა იყოს გადაჭარბებული. ეს მავნე ჩვევადაც შეიძლება იქცეს, რომელიც კოლოსალურ დროს გაკარგვინებს და ჯანმრთელობასაც შეიძლება მიადგეს ზიანი (მხედველობის დაქვეითება, კვების სისტემის დარღვევა, ადამიანები ხდებიან ნაკლებად კონტაქტურნი, იზოლირებულნი, იკეტებიან საკუთარ სამყაროში, არიან ნაკლებყურადღებიანნი პირადი ჰიგიენის მიმართ, ინდიფერენტირებულები სხვა ნებისმიერი საქმიანობისადმი და ა.შ.). ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინტერნეტზე დამოკიდებული ადამიანები, თუ მათ არ აქვთ მასთან წვდომა, განიცდიან, ე. წ. ,,აბსინენტურ, დანანების სინდრომს”, რომელიც ფიზიკური თუ ფსიქიკური დარღვევების მაჩვენებელია და უვითარდებათ თუნდაც ნარკომანიით დაავადებულებს, როცა ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას. ესეც თათქარიძეობაა ერთგვარად. იმ საწყალ ლუარსაბსაც ილია სხვას ხომ არაფერს სთხოვდა, შინაგანი დინამიკის, განვითარებისა და სრულყოფის მეტს? ეს კი მხოლოდ წიგნს შეუძლია. ამიტომ, როგორც ამბობენ, სწორედაც რომ დამოკიდებულების ,,ოქროს შუალედია” საჭირო. შარშან სამაგისტრო ნაშრომების თემაც სწორედ ეს იყო: ტექნიკა თუ წიგნი და, უნდა ითქვას ჩვენდა სასიხარულოდ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა აბსოლუტურად ზუსტ შეფასებას აძლევს და სწორ გზებს პოულობს ამ უკვე დილემისაგან თავდასაღწევად. მათ მშვენივრად ესმით, რომ წიგნის განუმეორებელ ფენომენს ვერაფერი ჩაანაცვლებს, ვერც ისეთი ფართო შესაძლებლობების მქონე, საჭირო და ბევრისთვის საყვარელი გამონაგონი, როგორიც კომპიუტერია.

 

 

 

 

 

როგორ ვასწავლოთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გრამატიკული საკითხები

0

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ გრამატიკული საკითხების სწავლების თავისებურებებზე – როგორ შეიძლება დავგეგმოთ და ჩავატაროთ გრამატიკის გაკვეთილი დაწყებით კლასებში. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმის ნიმუშს, რომელიც რესურსის სახით შეიძლება გამოიყენონ. გაკვეთილის მიმდინარეობის აღწერისას ყურადღებას გავამახვილებ ჩემ მიერ შექმნილ და გამოყენებულ რესურსზეც, რომლის დახმარებითაც მიიღწევა გაკვეთილის მიზანი.

  1. გრამატიკული საკითხების თავისებურებები დაწყებით კლასში

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრამატიკას. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ქართულის სწავლების დროს გრამატიკული საკითხების შესწავლას სისტემური და თანმიმდევრული ხასიათი აქვს. სწავლების მიზანია, მოსწავლეებს შეუქმნას აუცილებელი ბაზა მშობლიური ენის გრამატიკის დასაუფლებლად. ამასთანავე, სწავლების პროცესში მუდმივად უნდა იქნას გათვალისწინებული მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებანი. გრამატიკული მასალის სწავლებისას ყურადღება გამახვილებულია პრაქტიკული გრამატიკის საკითხებზე. ეს კი  ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ არა აბსტრაქტულად, არამედ წინადადებების კონტექსტში თანდართული ილუსტრაციებით. გრამატიკული ტერმინების გაცნობა ხდება წინადადებებზე დაკვირვებით. გარდა ამისა, ჩემი დაკვირვებით, გრამატიკული საკითხების სწავლებისას შედეგზე გასვლას ხელს უწყობს ინტერაქტიული პრეზენტაციებიც, რომლებიც უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ინტერაქტიულ პრეზენტაციებში ყურადღება ექცევა ვიზუალურ ეფექტს. იგი გაფორმებული უნდა იყოს საინტერესო და სიტუაციის ამსახველი ანიმაციებით.

  1. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებულ ერთ-ერთი გაკვეთილის გეგმას, რომელიც გრამატიკულ მასალას დაეთმო.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი მასალის გაცნობისას მიზნად დავისახე წინადადებებზე დაკვირვებით გამეცნო მოსწავლეებისთვის მხოლობითი რიცხვის პირის ნაცვალსახელები. გადავწყვიტე, რომ სასწავლო მასალა ამეხსნა ინტერაქტიული პრეზენტაციის დახმარებით და მოსწავლეთა თანამონაწილეობით. ყურადღება გავამახვილე  ნაცვალსახელის სწორად გამოყენებაზე როგორც ზეპირმეტყველებაში, ისე წერის დროს. წარმოგიდგენთ ინტერაქტიული პრეზენტაციის სლაიდებს აქტივობების მიხედვით და შესასრულებელ დავალებებსაც. გარდა ამისა, ყურადღება გავამახვილე, ასევე, ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც გულისხმობს ახლად შესწავლილი მასალის მიხედვით შესრულებული დავალების გასწორებას თავად მოსწავლის მიერ. ეს კი, თავის მხრივ, ეროვნული სასწავლო გეგმის კიდევ ერთი მისაღწევი შედეგის გათვალისწინებაა.

საგანი: ქართული

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური/ მე–3 კლასი

გაკვეთილის თემა: გრამატიკა (ნაცვალსახელი)

გაკვეთილის მიზანი: 

Ø  მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველებაში პირის ნაცვალსახელების სწორად გამოიყენება;

Ø  წერის დროს პირის ნაცვალსახელების სათანადოდ გამოიყენება;

Ø  საკუთარი ნამუშევრის გადაკითხვა და ჩასწორება.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.

·         სწორად იყენებს პირის, ჩვენებით, კითხვით და უარყოფით ნაცვალსახელებს.

ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.

·         სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით („ეს/ის კაცი მოვიდა – ეს/ის მოვიდა“…) და კითხვით (რომელი? როგორი?) ნაცვალსახელებს.

ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

·         გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას.

 

 

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები  

სასწავლო რესურსები

დრო (წთ)
1 გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა:

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი აუცილებლად შეახსენებს მოსწავლეებს, რომ ახლა მათ გრამატიკის გაკვეთილი ჩაუტარდებათ, თემაზე – ნაცვალსახელი. შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის მიზანსა და მოსწავლეთა შეფასების რუბრიკას.

ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოებებით საერთო საკლასო ფლიპჩარტზე წარმოდგენილი გაკვეთილის მიზანი და მოსწავლის შეფასების რუბრიკა.

 

3 წთ
თემა – ნაცვალსახელი
2 საშინაო დავალების შემოწმება და წინარე ცოდნის გააქტიურება:

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ხმამაღლა წაიკითხონ წინადადებები, რომლებშიც უნდა ჩაესვათ გამოტოვებული არსებითი სახელები. დავალების შემოწმებასთან ერთად, მასწავლებელი  მოსწავლეებს კითხვებით გაააქტიურებინებს არსებით სახელზე არსებულ ცოდნას. საშინაო დავალებად მიცემული წინადადებები წარმოდგენილი იქნება სლაიდზეც.

1.      გავიხსენოთ, რომელ სიტყვებს უწოდეს ენის შემსწავლელებმა არსებითი სახელები?

2.      რა კითხვები დაესმის არსებით სახელებს?

3.      ამათგან რომელია სულიერი და რომელი უსულო?

4.      რომელ რიცხვშია ეს არსებითი სახელები?

5.      რა ემატება მრავლობითში არსებით სახელებს?

 

 

შეკითხვებზე მუშაობა

 

საერთო საკლასო

 

სლაიდზე წარმოდგენილი საშინაო დავალებითა და კითხვებით მოხდება არსებით სახელზე არსებული ცოდნის გააქტიურება

 

 

8 წთ

3 ახალი გრამატიკული მასალის ათვისება:

მასწავლებელი სლაიდზე წარმოადგენს რამდენიმე წინადადებას, სადაც არსებითი სახელი ჩანაცვლებული იქნება ნაცვალსახელებით. მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დააკვირდნენ სიტუაციურ სურათებს და დაასახელონ რომელი არსებითი სახელი რომელი სიტყვით იქნება ჩანაცვლებული. დააკვირვებს სიტყვებზე „მე, შენ, ის“. მიუთითებს, რომ ამ სიტყვებს ენის შემსწავლელებმა უწოდეს ნაცვალსახელები. სიტუაციებზე დაკვირვებით მასწავლებელი მოსწავლეებს მიახვედრებს, რომ „მე“ გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი თავის თავზე საუბრობს; „შენ“ გამოიყენება მაშინ, როდესაც თანამოსაუბრეს მიმართავ; „ის“ გამოიყენება მაშინ, როდესაც სხვა ადამიანზე საუბრობ.

შემდეგ სთხოვს, გადაშალონ მოსწავლის წიგნი და დააკვირდნენ ტექსტში მოცემულ მასალას, სადაც ნაცვალსახელი მოცემული სლაიდების მსგავსია – ტექსტურ ინფორმაციას თან ერთვის შესაბამისი ნახატები.

 

ვერბალური

 

 

 

 

 

 

 

წიგნზე მუშაობა

 

საერთო საკლასო

 

 

 

 

 

 

საერთო საკლასო

 

სლაიდზე წარმოდგენილი სიტუაციური სურათები ახალი მასალის გაცნობა–ათვისებითვის

 

 

 

 

 

მოსწავლის წიგნი

 

15 წთ

               

4 გამოტოვებული ნაცვალსახელების ჩასმა წინადადებებში:

მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ფერად ბარათზე მომზადებულ დავალებას. სთხოვს, დაუკვირდნენ თითოეულ წინადადებას და ჩასვან შესაბამისი გამოტოვებული ნაცვალსახელი.

 

 

დამოუკიდებელი სამუშაო

 

ინდივიდუალური

 

ფერად ბარათზე წარმოდგენილი დავალება ახალი მასალის განმტკიცების მიზნით

 

 

 

7 წთ

 
5 საკუთარი ნამუშევრის შემოწმება:

მასწავლებელი სლაიდზე გამოიტანს შესრულებული დავალების სწორ ვარიანტს. მოსწავლეებს სთხოვს შეადარონ საკუთარი ნამუშევარი სწორ ვარიანტს და შეცდომის შემთხვევაში გაასწორონ.

 

დაკვირვება

 

საერთო საკლასო

 

სლაიდზე წარმოდგენილი დავალების სწორი ვარიანტი მოსწავლეთა მიერ საკუთარი ნამუშევრის შემოწმების მიზნით

 

5 წთ

 
6 მოსწავლეთა ჩართულობით გაკვეთილის შეჯამება და მოსწავლეთა შეფასება:

მასწავლებელი სვამს შეკითხვებს: „საინტერესო იყო თუ არა გრამატიკული მასალა და მასზე მუშაობა და რატომ? როგორ გამოიყენებთ დღეს მიღებულ ცოდნას? რამე თუ დარჩა თქვენთვის ბუნდოვანი?“

მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას წარმართავს შეფასების რუბრიკისაკენ  და აფასებს მოსწავლეებს.  აძლევს მათ განმავითარებელ შეფასებას კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ბოლოს მასწავლებელი უცხადებს მოსწავლეებს საშინაო დავალებას.

 

 

ვერბალური

 

 

 

 

 

 

 

საერთო საკლასო

 

 

 

 

 

მოსწავლის შეფასების რუბრიკა

 

 

 

7 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

  • მოსწავლემ შეძლო ზეპირმეტყველებაში პირის ნაცვალსახელების სწორად გამოიყენება;
  • მოსწავლემ შეძლო წერის დროს პირის ნაცვალსახელების სათანადოდ გამოიყენება;
  • მოსწავლემ შეძლო საკუთარი ნამუშევრის გადაკითხვა და ჩასწორება.

მოსწავლის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები კარგია საშუალოა საჭიროებს გაუმჯობესებას
არსებით სახელზე არსებული ცოდნის შემოწმება

 

 

მოსწავლემ იცის რომელ სიტყვებს უწოდებენ არსებით სახელებს, რა კითხვები დაესმის; მოცემულ წინადადებებში არჩევს სულიერ და უსულო არსებითი სახელებს, ასახელებს, რომელ რიცხვშია ეს არსებითი სახელები და რა ნიშანი ემატება მრავლობით არსებით სახელს. მოსწავლემ იცის, რომელ სიტყვებს უწოდებენ არსებით სახელებს, რა კითხვები დაესმის; მოცემულ წინადადებებში არჩევს სულიერ და უსულო არსებითი სახელებს, თუმცა ვერ ასახელებს, რომელ რიცხვშია ეს არსებითი სახელები და რა ნიშანი ემატება მრავლობით არსებით სახელს. მოსწავლემ არ იცის, რომელ სიტყვებს უწოდებენ არსებით სახელებს, რა კითხვები დაესმის; მოცემულ წინადადებებში ვერ არჩევს სულიერ და უსულო არსებითი სახელებს, ვერ ასახელებს, რომელ რიცხვშია ეს არსებითი სახელები და რა ნიშანი ემატება მრავლობით არსებით სახელს.
ახალი გრამატიკული მასალის ათვისება

 

მოსწავლემ გაიაზრა რა არის ნაცვალსახელი (მე, შენ, ის) წინადადებებზე დაკვირვებით; საუბრისა და წერის დროს სწორად იყენებს შესწავლილ ნაცვალსახელებს. მოსწავლემ გაიაზრა, რა არის ნაცვალსახელი (მე, შენ, ის) წინადადებებზე დაკვირვებით; თუმცა ზოგჯერ სწორად ვერ იყენებს შესწავლილ ნაცვალსახელებს საუბრისა და წერის დროს. მოსწავლემ ვერ გაიაზრა, რა არის ნაცვალსახელი (მე, შენ, ის) წინადადებებზე დაკვირვებითაც კი; საუბრისა და წერის დროს სწორად არ იყენებს შესწავლილ ნაცვალსახელებს.
საკუთარი ნამუშევრის შემოწმება

 

მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს უდარებს სწორ ვარიანტს, აღმოაჩენს შეცდომებს, თუ აქვს დაშვებული და თვითონვე ასწორებს. მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს უდარებს სწორ ვარიანტს, აღმოაჩენს შეცდომებს, თუ აქვს დაშვებული, თუმცა უჭირს დამოუკიდებლად შესწორება. მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს უდარებს სწორ ვარიანტს, შეცდომები დაშვებულია, თუმცა ვერ პოულობს და ვერ ასწორებს.
ჩართულობა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული გაკვეთილის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. მოსწავლე ჩართულია გაკვეთილის მიმდინარეობისას უმეტეს აქტივობაში. მოსწავლე ნაკლებადაა ჩართული საგაკვეთილო აქტივობებში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024;
  2. გორდელაძე, ნინო და კუხიანიძე, თინათინ. 2018. ქართული: მოსწავლის წიგნი, მე-3 კლასი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

 

 

 

 მიწათაღწერილობიდან ფილოსოფიურ გეოგრაფიამდე

0

„მიმაჩნია, რომ მეცნიერება გეოგრაფია, რასაც გადავწყვიტე, მოვკიდო ხელი, ისევე, როგორც ყველა სხვა მეცნიერება, შედის ფილოსოფიის საქმიანობის წრეში… ისინი ხომ, ვინც პირველად გაბედა ჩასწვდომოდა მას, როგორც ერატოსფენი ამტკიცებს, ერთგვარი თვალსაზრისით ფილოსოფოსები იყვნენ: ჰომეროსი, ალექსანდრე მილეთიდან და ჰეკათეი, მისი თანამემამულე; შემდეგ დემოკრიტე, დიკარექი, ეფორი და ზოგიერთი მისი თანამედროვე. ფილოსოფოსები იყვნენ მათი საქმის გამგრძელებელიც: ერატოსფენი, პოლიბიუსი და პოსიდონიუსი. მეორე მხრივ, მხოლოდ დიდი განსწავლულობა იძლევა შესაძლებლობას, ხელი მოვკიდოთ გეოგრაფიას”…

ასე იწყება “გეოგრაფია”, დიდი ბერძენი მეცნიერის სტრაბონის ხელნაწერი.

სტრაბონის წიგნის მთავარი ღირსებაა – ქვეყნებისა და მათი ხალხების დაწვრილებითი აღწერა. ორ წიგნში სტრაბონი მსჯელობს გეოგრაფიული მეცნიერების ფილოსოფიაზე.

მისი თხზულებები საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ სტრაბონის შეხედულება მიწათაღწერილობაზე, როგორც ფილოსოფიურ მეცნიერებაზე, გეოგრაფიის ცოდნის როლზე ყველა განათლებული ადამიანისთვის, განსაკუთრებით მხედარმთავარებისა და მმართველებისთვის. ჩვენ კი სტრაბონის შეხედულება შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებისთვის. ფილოსოფიური გეოგრაფიის სათავეები საუკუნეების წინ იწყება. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო რესურსი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ გეოგრაფიის გაკვეთილზე დისკუსიისთვის.

ფილოსოფიური გეოგრაფიის კონცეპტუალური ჩარჩო განსაზღვრავს ფილოსოფიური გეოგრაფიის შესასწავლ საგანს.

ფილოსოფიური გეოგრაფიის კონცეპტუალურ ჩარჩოში გამოიყოფა კვლევის სამი დონე: ლოკალური, რეგიონალური და გლობალური.

ლოკალურ დონეზე ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ უნდა შეისწავლოს ის მიმართებები, რომლებიც არსებობს, ერთი მხრივ, ადგილებს/სივრცეებს და მეორე მხრივ, ინდივიდუალურ და კოლექტიურ იდენტობებს შორის. ადგილების/სივრცეების და ადამიანების ურთიერთქმედება ფილოსოფიური გეოგრაფიის ლოკალური დონის შესწავლის უმთავრესი ობიექტია. ადგილი გაიგება არა როგორც სტატიკური წერტილი სივრცეში, არამედ, როგორც მნიშვნელობის ცენტრი, რომელსაც ცდომილების ხასიათი აქვს. ადგილი არის პროცესი, რომლის განმავლობაშიც ის კარგავს ძველ იდენტობას, რეინტერპრეტირდება, ახალ მნიშვნელობას იძენს, ურთიერთქმედებს ადამიანებთან და სხვა ადგილებთან და ა. შ. ფილოსოფიური გეოგრაფია ადგილის დინამიკურ გაგებას უნდა დაემყაროს. ადგილები ქმნიან სივრცეებს. ადგილებისა და ადამიანების ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი სივრცეები განსხვავებული ბუნებისაა. ფილოსოფიური გეოგრაფიის ლოკალურ დონეზე შეიძლება გამოიყოს სამი სახის სივრცე: საკრალური, ისტორიული და ყოველდღიური მოძრაობისა და მოქმედების სივრცე (შემოკლებით: ყოველდღიური სივრცე). თითოეულ ამ სივრცეში შესაძლებელია იმ კომპონენტების (ადგილების) გამოყოფა, რომელთა ურთიერთქმედებაც (ადამიანებთან და ერთმანეთთან) მოცემულ სივრცეს წარმოქმნის.

აღნიშნულ სივრცეებს შორის არსებობს დინამიკური დამოკიდებულება: სოციალური ცხოვრების პროცესში ისინი ერთმანეთს განმსჭვალავენ და განსაზღვრავენ. საკრალური, ისტორიული და ყოველდღიური სივრცეები ერთიანდებიან სოციალური სივრცის წიაღში, რომელიც საერთოდ ადამიანური მოქმედების სივრცეს წარმოადგენს. თავის მხრივ, სოციალური სივრცე წარმოიშობა ადამიანთა მიერ გეოგრაფიული სივრცის გარდაქმნით, ანუ ადგილებისა და სივრცეების შექმნით.

ადამიანების, ადგილებისა და სივრცეების ურთიერთმიმართება ყოველთვის როდია ჰარმონიული. ამას ისიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთუარმყოფელი ადგილების არსებობა. ურთიერთქმედების დროს, შესაძლოა, გარკვეულმა დაძაბულობებმა იჩინოს თავი. ლოკალურ დონეზე ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ ეს დაძაბულობები და კონფლიქტებიც უნდა შეისწავლოს და გააანალიზოს.

ფილოსოფიური გეოგრაფიის ლოკალურ დონეზე საკვანძო ცნებებია: ადგილები – სივრცეები – იდენტობები – ურთიერთქმედებები. შესაძლებელია, კიდევ უფრო დავაზუსტოთ ლოკალურ დონეზე ფილოსოფიური გეოგრაფიის შესწავლის საგანი: ლოკალურ დონეზე ფილოსოფიური გეოგრაფია შეისწავლის იმ მიმართებებს, რომლებიც არსებობს ადგილებსა (და ამ ადგილების ურთიერთქმედებით წარმოქმნილ სივრცეებს) და ინდივიდუალურ და კოლექტიურ იდენტობებს შორის. უფრო კონკრეტულად მოცემული ადგილის შემადგენელი სივრცეების კომპონენტების გამოვლენით ფილოსოფიური გეოგრაფია აანალიზებს:

  1. რა გავლენას ახდენს ინდივიდთა ქმედებები ადგილზე და ადგილის, როგორც

მთელის, შემადგენელ სივრცეებზე;

  1. რა ზეგავლენას ახდენს ადგილის/სივრცის შემადგენელი ელემენტები ინდივიდთა იდენტობებსა და ქმედებებზე;
  2. რა სახის დაძაბულობები/კონფლიქტები წარმოიშობა ინდივიდების, ადგილებისა და სივრცეების ურთიერთქმედების პროცესში.

კვლევის ლოკალურ დონეზე ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ უნდა ისარგებლოს ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიით: ადგილის თეორიული კვლევისას, შესაძლოა, წარმატებით იქნეს გამოყენებული ფენომენოლოგიური მეთოდი, ხოლო ემპირიული კვლევების დროს – ჩართული დაკვირვება, გადმოცემებისა და თქმულებების ანალიზი, სიღრმისეული ინტერვიუები და ა. შ.

აღნიშნული მეთოდების გამოყენებისას სასურველია მაქსიმალურად მოქნილი კვლევითი სტრატეგიის შემუშავება და ტრიანგულაციის აქტიური გამოყენება, რადგან ეს საშუალებას მოგვცემს, უკეთ ჩავწვდეთ ადგილების, სივრცეებისა და იდენტობების დინამიკური ურთიერთკავშირის ბუნებას.

 

ფილოსოფიური გეოგრაფიის რეგიონალურ დონეზე შესწავლის ობიექტი რეგიონალურ სივრცობრივ ერთეულებსა და იდენტობებს შორის არსებული მიმართებებია. კვლევის ამ დონეზე ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს:

  1. რა მომენტები შეიძლება გამოვყოთ რეგიონის, როგორც ცნების, კონსტრუირების პროცესში?
  2. რა გავლენას ახდენს დედამიწის ზედაპირის რეგიონებად დაყოფა ამ რეგიონთა მცხოვრებლების იდენტობებზე?
  3. ხომ არ იწვევს ასეთი დაყოფა განსხვავებას სააზროვნო ტრადიციებს შორის?

ამ შეკითხვების ბუნებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ფილოსოფიური გეოგრაფიის რეგიონალური დონე ინტერკულტურული ფილოსოფიის ჭრილში უნდა გავიაზროთ. იმისათვის, რათა უფრო ნათელი გახდეს, თუ რა უნდა შეისწავლოს ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ რეგიონალურ დონეზე, მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს. ეს მაგალითი ეხება საქართველოსა და ევროპის მიმართებას.

ამ კონტექსტში ჩვენთვის საინტერესო შეკითხვები ასეთ სახეს მიიღებს:

  1. როგორ ხდებ(ოდ)ა საქართველოში ევროპის ცნების კონსტრუირების პროცესი? რას მოიაზრებდნენ ადრე ქართველები ევროპაში?
  2. რა საზღვრებში მოიაზრებოდა ევროპა?
  3. რა სახის ღირებულებები/პოლიტიკური ალტერნატივები უკავშირდებოდა ევროპის ცნებას სხვადასხვა ეპოქაში?
  4. თავის მხრივ, როგორ გაიაზრებდნენ ევროპელები საქართველოს?
  5. რას მოიაზრებდნენ ისინი ამ რეგიონალურ სივრცეში?
  6. რა გავლენას ახდენდა (და ახდენს) ევროპელობა/ არაევროპელობის დიხოტომია ქართველთა იდენტობაზე?
  7. რა ვითარებაა ამ მხრივ დღეს? ხომ არ უიგივდებოდა ევროპის ცნება ცენტრის ცნებას და ამით ხომ არ ექცეოდა საქართველო ცნებობრივ პერიფერიაზე?
  8. რა გავლენა ჰქონდა ამას ქართულ სააზროვნო ტრადიციაზე?
  9. რა კონტექსტში შეიძლება ვისაუბროთ კავკასიის რეგიონზე საქართველო-ევროპის მიმართების ჭრილში?

ეს არის იმ კითხვების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოსა და ევროპის მიმართების კონტექსტში ფილოსოფიური გეოგრაფიისათვის ინტერესს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შეკითხვებს პასუხები ერთბაშად ვერ გაეცემა. ამისათვის საჭიროა სისტემატური მუშაობა, რომლის დროსაც მკვლევარმა უნდა გამოიყენოს ისეთი განსხვავებული მეთოდოლოგიები, როგორებიცაა ისტორიული წყაროების შედარებითი ანალიზი, დისკურსული პრაქტიკის ანალიზი, ანკეტური გამოკითხვები და ა.შ. მხოლოდ ასეთი ინტერდისციპლინური მიდგომის ფარგლებშია შესაძლებელი იმ კომპლექსური პრობლემების კვლევა, რომლებიც ფილოსოფიური გეოგრაფიის რეგიონალურ დონეზე იჩენს თავს.

 

 

გლობალურ დონეზე ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ უნდა გააანალიზოს ის გლობალური პრობლემები და საკითხები, რომლებიც გეოგრაფიული ელემენტებისა და ადამიანთა ურთიერთქმედების შედეგადაა წარმოქმნილი. გლობალური დათბობა და ადამიანთა სივრცობრივი ცნობიერების ჰორიზონტების მკვეთრი გაფართოება ორი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი მათგანი სერიოზულ გამოწვევას უქმნის დედამიწის მოსახლეობას, ხოლო მეორემ რადიკალურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი. კვლევის ამ საფეხურზე საკვანძო კონცეპტს წარმოადგენს დედამიწის ისეთი ცნება, რომელიც მას ადამიანთა საცხოვრებელ სახლად, ანუ ადგილად გაიაზრებს.

ფილოსოფიური გეოგრაფიის გლობალურ დონეზე დედამიწა მოიაზრება როგორც ისეთი ადგილი და მნიშვნელობის ცენტრი, რომელიც თავის თავში მოიცავს და ამდენად, შესაძლებელს ხდის ყველა სახის ადგილისა და სივრცის არსებობას. ადგილსა და რეგიონს შორის არსებული დიალექტიკური მიმართება სინთეზირდება დედამიწის, როგორც ადგილის ცნებაში, რომელიც ყველა ადგილსა და რეგიონს მოიცავს და ერთგვარ ადგილთა ადგილად გვევლინება. ამრიგად, ფილოსოფიური გეოგრაფიის გლობალურ დონეზე დედამიწის, როგორც საცხოვრებელი სახლის ცნება საშუალებას გვაძლევს, დინამიკურ ურთიერთქმედებაში გავიაზროთ ადგილის, რეგიონისა და დედამიწის ცნებები. სივრცობრივი ჰორიზონტების გაფართოებამ ადამიანებს საშუალება მისცა,  ერთმანეთთან დაეკავშირებინათ განსხვავებული ადგილები და შეექმნათ რეგიონალური კონცეპტები. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ დრო და სივრცე შეკუმშა და დედამიწა „გლობალურ სოფლად“ აქცია.

თავის მხრივ, გლობალიზაცია იწვევს გლობალური ცნობიერების განვითარებას და გლოკალიზაციის თანამდევ პროცესებს. ეს პროცესები გავლენას ახდენს ადამიანთა იდენტობებზე და მათ მიერ გლობალური სივრცეების აღქმაზე. აღნიშნული საკითხები ფილოსოფიურმა გეოგრაფიამ ინტერდისციპლინურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით უნდა იკვლიოს.

ადგილისა და იდენტობის ცნებები ფილოსოფიური გეოგრაფიის სამივე (ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ) დონეზე საკვანძო მნიშვნელობისაა. ამიტომ, ადგილისა და იდენტობის ცნებები ფილოსოფიური გეოგრაფიის კონცეპტუალურ ბირთვს წარმოქმნის. ლოკალურ დონეზე ადგილებისა და იდენტობების მიმართებები ინდივიდთა მიერ გეოგრაფიულ სივრცეში სოციალური სივრცის (რომელიც საკრალური, ისტორიული და ყოველდღიური სივრცეებისგან შედგება) შექმნას უკავშირდება. რეგიონალურ დონეზე ხდება განსხვავებული ადგილების გაერთიანება გარკვეულ რეგიონალურ კონცეპტებში, რომლებიც მძლავრ ზეგავლენას ახდენენ იდენტობებზე. გლობალურ დონეზე ადგილისა და იდენტობის ცნებები უკავშირდება გლობალური სივრცის (დედამიწა, როგორც ადამიანთა საცხოვრებელი სახლი) ცნებას. ზემოთქმულის გათვალისწინებით შესაძლებელია, მოვახდინოთ ფილოსოფიური გეოგრაფიის ისეთი განსაზღვრება, რომელიც მისი კონცეპტუალური ბირთვის შემადგენელ ელემენტებზე იქნება ფოკუსირებული: ფილოსოფიური გეოგრაფია შეისწავლის ადგილებისა და იდენტობების ურთიერთქმედებას ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე ინტერკულტურულ და ინტერდისციპლინურ ჭრილში.

 

გამოყენებული ლიტერატურა: გიორგი თავაძე – ფილოსოფიური გეოგრაფია ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები. თბილისი 2016

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...