შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

დაგვიანებული მადლობა

0

თითქმის ყველა ქართულ სოფელში ერთი და იმავე პროფესიის წარმომადგენლები მიიჩნევიან საპატიო მოქალაქეებად. ყველა პატარა დასახლებაში განსაკუთრებულად ეპყრობიან ექიმებსა და მასწავლებლებს. ბევრგან კი სასოფლო საზოგადოების ყველაზე გამორჩეული წევრები სკოლის დირექტორები არიან. დირექტორთა ღვაწლის უკვდავსაყოფად ადგილობრივები ხშირად ქუჩებსა და სკვერებს ანიჭებენ მათ სახელს.

სოფელში სკოლის დირექტორის შრომის, მისი ლიდერობის შემჩნევა ადვილია, მილიონიან მეგაპოლისში კი სასწავლებლის ხელმძღვანელთა გარჯის აღმოჩენა და სათანადოდ დაფასება შეუძლებელია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ირგვლივ ქაოსი სუფევს, ყველა გადარჩენისთვის იბრძვის და არავის სცალია განათლების სფეროსთვის (ორი საუკუნის გზაგასაყარს ვგულისხმობ).

აქედან გამომდინარე, ალბათ, ვალდებულები ვართ, რომ ხანდახან ჩვენს წარსულზე ვწეროთ და საგანგებოდ გავიხსენოთ ადამიანები, რომელთაც გვიან 90-იან და ადრეულ ორიათასიან წლებში გადაგვარჩინეს.

სკოლის მოსწავლე 1998 წელს გავხდი. ზაფხულში ჩემს ოჯახში დიდი თათბირი გაიმართა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელ სასწავლებელში შევდგამდი ფეხს. დედა და დეიდა გერმანული სკოლის მხარეზე იყვნენ, ევროპული ლიტერატურის სიყვარული და დეიდაშვილთა გამოცდილება პეტრიაშვილის ქუჩისკენ მიმავალ გზას მიკვალავდა. ბებია წინააღმდეგი იყო და მიაჩნდა, რომ მომავალი ბარნოვის ქუჩისთვის უნდა დამეკავშირებინა. მისი მეგობრები და კოლეგები აღფრთოვანებული იყვნენ იქაური წესრიგით. ბებიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ნიადაგის მოსინჯვის უფლება მოითხოვა. ახლაც მახსოვს პატარა ფურცელზე ჩამოწერილი სია, რომელიც ჩემი მშობლების ნაცვლად ოჯახის ყველაზე გავლენიან წევრს, ბაბუას გაუგზავნეს. ბაბუას სახელმწიფო სკოლაში მისი შვილიშვილის მოწყობის სანაცვლოდ მერხი უცხოურ ვალუტაში უნდა შეესყიდა, ცალკე უნდა გადაეხადა რვეულების შემოწმების ფული, უნდა ეზრუნა სკოლის საგადასახადო შეღავათების მოპოვებისთვის და ა.შ. ქაღალდის ნაგლეჯმა საოჯახო კრებას გადაწყვეტილების მიღება გაუადვილა, ყველამ ერთხმად დაასკვნა, რომ სასკოლო მესვეურები ამ ქაღალდის ნაგლეჯით არ დაკმაყოფილდებოდნენ და ყოველთვე ახალ-ახალი მოთხოვნებით მოგვაკითხავდნენ, ამიტომ სახლიდან ხუთი წუთის სავალზე, მეექვსე გიმნაზიაში დავიწყე სიარული.

გიმნაზიაში ჩვენთვის არაფერი მოუთხოვიათ. როგორც სამშვილიანი ოჯახის წარმომადგენელს ფონდის ფულის დადებაც კი არ მიწევდა. მხოლოდ ერთი შავგვრემანი, ოდნავ თვალებჩასისხლიანებული, თოკზე ჩამოკიდებული სათვალით შეიარაღებული ქალი მომიახლოვდა, თავზე ხელი გადამისვა და ბოხი ხმით მითხრა: „ხომ კარგად ისწავლი, ჩემო ბიჭო?!“. მახსოვს როგორ წამსკდა თვალებიდან ცრემლი, როდესაც იმავე ადამიანმა მიკროფონში გამოაცხადა ჩემი გვარი და 108-ე ოთახში, ქეთი დოჩანაშვილის კლასში გამანაწილა. ეს ქალი ჩვენი დირექტორი, ფილოლოგიის დოქტორი ლალი გულისაშვილი გახლდათ.

ქ-ნ ლალის ლიტერატურის მოყვარულები იცნობდნენ, როგორც მეოცე საუკუნის ათიანი წლების კრიტიკის მკვლევარს. იგი სახელგანთქმული გახლდათ, როგორც პოეტი და სასიმღერო ტექსტების ავტორი. დღემდე ათასობით ბავშვი იძინებს მის მიერ კინოფილმ „იავნანასთვის“ დაწერილ ლექსზე. მაგრამ ერთეულები აღნიშნავენ, თუ როგორი დირექტორი იყო ლალი გულისაშვილი.

მისი სასკოლო პოლიტიკის პირველი მახასიათებლის შესახებ ნაწილობრივ უკვე მოგახსენებთ. ქ-ნი ლალი უკომპრომისოდ ებრძოდა ქრთამს. მთელი ქვეყანა, მთელი განათლების სისტემა კორუფციაში იხრჩობოდა, ჩვენს სკოლაში კი სუნამოს საჩუქრად გადაცემასაც კი ვერ ბედავდნენ მასწავლებლისთვის.

ჩემი ერთი ბებია თავისი ცელქი შვილის დამრიგებელს საზომი ლენტით აკითხავდა სახლში, რათა ფანჯრების სიგანე დაედგინა, ფარდები შეეკერა და ამგვარად ეხსნა თავისი ბიჭი გარიცხვისგან, მეორე კი სიმწრით მოხარშულ მურაბებს აგზავნიდა პედაგოგთან იმავე მიზნით. წარმოიდგინეთ, ამგვარ ტრადიციებზე დაშენებული 90-იანი წლების განუკითხაობა! პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო სკოლის ხსნა აღებ-მიცემობისგან, მაგრამ დოქტორი გულისაშვილი თავისი სიმკაცრითა და კონტროლით მაინც ახერხებდა ოაზისის შექმნას, ჩვენს მშობლებს ვერავინ უჭერდა ყელზე ხელს.

პოეტი მხოლოდ სიმკაცრით ვერ დაამყარებდა წესრიგს. იგი საგულდაგულოდ, განსაკუთრებული მონდომებით არჩევდა თითოეულ კადრს. შესაბამისად, ჩვენი სკოლა სავსე იყო ძველი თაობის უპატიოსნესი წარმომადგენლებითა და ახალი თაობის ენერგიით, ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლებით. თითქმის ყველას პროფესიონალიზმი და თავისი დარგის პასიონარული ერთგულება აერთიანებდა.

რას არ აკეთებდნენ ეს პედაგოგები, რომ ჩვენი სასკოლო ცხოვრება გაეხალისებინათ. მახსოვს, როგორ დაამონტაჟეს ქ-ნმა ლალიმ და ისტორიის მასწავლებელმა, ლევან მიზანდარმა ყველა სართულზე დინამიკები. დინამიკებს განცხადებების გასავრცელებლად არასდროს იყენებდნენ. ყოველი შესვენება სხვადასხვა დარგის მუსიკას ეძღვნებოდა, ხან კლასიკას ვუსმენდით, ხან კი აფროამერიკულ შედევრებს.

რაც მთავარია, ლალი გულისაშვილი სულსა და გულს დებდა, რომ ჩვენს სკოლას გერმანულ საგანმანათლებლო სივრცესთან განემტკიცებინა კავშირები. თვე არ გავიდოდა, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რომელიმე ფედერალური მიწის ოფიციალური უწყების წარმომადგენელს არ დაედგა ფეხი, ან რომელიმე გერმანული საჯარო სკოლის მესვეური არ სწვეოდა ჩვენს სკოლას, ცალკეულ ოჯახებთანაც კი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რათა რამდენიმე ბავშვს რამდენიმე თვით მაინც ჰქონოდა გერმანიაში სწავლის მიღების შესაძლებლობა. გვყავდნენ გერმანელი მასწავლებლები, გერმანელი კონსულტანტები, რაც ჩვეულებრივ საჯარო სკოლას არაჩვეულებრივ ელფერს სძენდა.

ოღონდ მინდა, რომ მთელი სურათი დაინახოთ. ქ-ნი ლალი სრულ სიბნელეში ცდილობდა გზის გაკვალვას. ხშირად გაკვეთილები გვიცდებოდა გათბობის სისტემის აფეთქების გამო. დღემდე ზუსტად არ მესმის, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები: „დღეს სკოლა არ გექნებათ, მესამე კლასში ბოტკინია!“. ალბათ, როგორი რთული იქნებოდა ბრძოლა ვერაზე გავრცელებულ კრიმინალურ ჯგუფებსა და სკოლას შორის კავშირების ჩაშლისთვის. 2002 წლის მიწისძვრაც დაგვატყდა თავს მისი გამანადგურებელი შედეგებით. მაშინ სატელეფონო ხულიგნობაც მოდაში იყო, თავისი ნებით ან ბოროტმოქმედთა წაქეზებით, ბავშვები ტაქსოფონებიდან რეკავდნენ სკოლაში და იუწყებოდნენ, რომ შენობაში ნაღმია. ერთი სიტყვით, წისქვილის ქვაც კი დატრიალდა ქ-ნი ლალის თავზე, მაგრამ ის ბოლომდე ფეხზე იდგა და მინერვა მაკგონაგელივით იცავდა ჩვენი სკოლის კედლებს.

წლების შემდეგ მუდამ მხვდებოდა ხოლმე უბანში, მელიქიშვილის გამზირზე, ლაბრადორს ასეირნებდა. ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემასა და ინტერესს ვგრძნობდი მისგან. სერიოზულ შეკითხვებს მისვამდა. ცოტა უცნაურად ვგრძნობდი თავს, რადგან მის წინაშე კვლავ შეშინებული პირველკლასელი იღვიძებდა ჩემში. ენის ბორძიკით ვპასუხობდი, ვიბნეოდი, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა, როცა წინადადებას ჩვენი პირველი, შორეული შეხვედრის დროს ნათქვამი ორი სიტყვით ასრულებდა: „ჩემო ბიჭო“.

ვნანობ, რადგან ვერც ერთხელ ვერ გავბედე, რომ მისთვის მადლობა მეთქვა.

არდაზიანის გზები

0

ბავშვობის მოგონებებაა. იმ დროის, ჯერ კიდევ წერა-კითხვის უცოდინარს დედა, ჯამით ხელში, საყვარელი წიგნების შინაარსს რომ მიყვებოდა, ცხადია, საჩემოდ შეცვლილ-შელამაზებულს. ზღაპრები გამოლეოდა და ეს ღონე ეხმარა ჩემს გასაბრუებლად, პირის გაღებაზე დასათანხმებლად. მონათხრობით თავბრუდახვეული, ანგარიშმიუცემლად ვყლაპავდი ყველაფერს, რასაც კი კოვზით გამომიწვდიდა, აღარ ვაწამებდი.

ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილიც“ იმ წიგნებს შორის იყო, რომლებიდანაც ყველაზე სახალისო ამბები ამოარჩია და მომიყვა, თან არაერთხელ. სიცილისგან ცრემლები გვდიოდა, მთავარ გმირს ხან ვკიცხავდით – ფულის სიყვარულს სხვა ყველაფერი როგორ გადააყოლაო, და ხან, უბრალოდ, გვეცოდებოდა – რომ არ იცოდა, თეატრში ტაში როდის უნდა დაეკრა.

რა თქმა უნდა, მერე ბევრჯერ წავიკითხე ეს წიგნი და საბრალო სოლომონსაც სხვაგვარად შევხედე, ავტორის სიმართლე და სიმარჯვეც დავინახე. ბოლო, შარშანდელმა გამოცემამ კი იმით მიმიზიდა, რომ მალხაზ ხარბედიას წინასიტყვაობა ახლავს, მრავალი საგულისხმო დეტალით. ლავრენტი არდაზიანის პროზის მარილი ლიტერატურულ არითმეტიკაშიაო, – ასეთ შეფასებასაც ვნახავთ შესავალ წერილში. მართლაც იშვიათი სიზუსტეა. თარიღებით გატაცება. წონის მიხედვით წვრილმანების დახარისხება. ამის გამოც უნდა ყოფილიყო, რომ ისევ გატაცებით ვკითხულობდი, ისევ თავბრუსხვევით.

თავიდან ქოხში ვართ – „ქოხში, რომელიც უფრო მიემსგავსებოდა ღრმა სოროსა, დათვის სადგომსა, ვიდრე კაცის სადგომსა“. მალევე დადგება დღე, როცა ტახტი, ჭილობი, ფარდაგი და ლოგინი – მეჯღანუაშვილების მთელი ქონება იქნება. წესით, ამ ბნელი ორმოდან თავის დაღწევა ყველაზე მეტად უნდა უნდოდეს ყმაწვილკაცს, ხელისგულზე პირველი ოქროს დამნახავს, სოლომონს კი მისი ელვარება საბედისწეროდ აბრმავებს: „კაცის ენაზედ ვერ ვპოვებ სიტყვასა, რომ გამოვთქო, როგორ შამიყვარდა ის ოქრო! ღვიძლები შაიქნა ის ჩემის სულისა! ჩემმა გულმა გაუღო კარები და მაგრა ჩაიკრა!“ ამ წუთიდანაა განწირული. ამ სიყვარულითაა დაღუპული.

ვხედავთ, ფულს ფული როგორ ემატება, როგორ ერევა თავგზა ახალგაზრდა კაცს, როგორ უბედურდება: „ძილი და მოსვენება არა მქონდა: ჩემი გონება იყო გართული ფულებით. ჩემი გული გრძნობდა მხოლოდ ფულების სიყვარულსა. ეს სიყვარული იქამდის გამიცხოველდა, რომ ხშირათ მშრალა პურსაც არ ვყიდულობდი, რომ გროშს გროში არ მოკლებოდა“. ნუ გამამტყუნებთ, ადამიანის ბუნებაა ასეთიო, – ამასაც ამბობს მთავარი გმირი, – „ათასს თუმნებს“ ვერ ვჯერდებოდი, მილიონი მინდოდაო.

ცხოვრების გზაზე რა აღარ გადახდება სოლომონს, მდიდრულ ცხოვრებასაც მოინდომებს, სახლს სხვების წაბაძვით მოაწყობს, ცოლ-შვილს თეატრში სიარულს დააჩვევს, მაგრამ მთავარ მიზნად ისევ ის აქვს, რომ მისი ქონება სხვებისას აღემატებოდეს, იზრდებოდეს და იზრდებოდეს. გემოვნებისა არა გამეგება-რაო, – აღიარებს, მკითხველს კი ნელ-ნელა თავისი ტანჯვის მოზიარედ ხდის. ვეღარ გაგეცინება მეჯღანუაშვილზე. ვეღარც საქციელს დაუწუნებ თვალახვეულს, უფსკრულისკენ ნაბიჯგადადგმულს.

„მართალია, ბოლომდის მე ვიყავ სავსე მდიდარი, პატივცემული, მხიარულად ვეჩვენებოდი ხალხს და მრავალნი დამნატროდნენ, მაგრამ იმ დღიდან, როდესაც დავიწყე დიდებით ცხოვრება, ჩემს გულს ჰქენჯნიდა რაღაც განუსაზღვრელი ჭმუნვა და მე აღარ მესიამოვნებოდა-რა ქვეყანათაზე. ამ ჭმუნვის მიზეზი იყო ჩემში, ჩემს გარეთ არა ყოფილა“, – ესეც მისი სულის შემძვრელი აღსარების დასასრული.

როგორი ამბავია, რომ სანამ წერა-კითხვას ვისწავლიდი, მეზღაპრედ ლავრენტი არდაზიანი მყავდა. ან ის, რომ სიკეთესა და ბოროტებაზე, ბედნიერებასა და უბედურებაზე ასეთი გზებით მიყვებოდნენ.

 

საბედისწერო უფსკრულებთან: გერონტი ქიქოძის ჩანაწერები

0

ვეძებ. სულ ვეძებ ასეთ საკითხავს, ახლიდან, ახლებურად რომ დამანახებს იმას, რაც იყო. წარსულს, რომლის შესახებ ნათქვამ სიტყვას, თვითმხილველისას, ფართოდ თვალგახელილი მოწმისას დიდი ფასი აქვს. მეორეა, როგორ წერს გერონტი ქიქოძე, როგორი ენით. მისი ჩანაწერების პატარა წიგნს, ახლად გამოცემულს, სხვა წიგნის ძებნისას გადავაწყდი, ვიყიდე და კითხვა დაუყოვნებლივ დავიწყე.

გასული საუკუნის პირველი ნახევრის მთავარი ამბების მოყოლისას ავტორი მათაც საყურადღებოდ აღწერს, ვინც მკაფიოდ გასარჩევი კვალი დატოვეს, ვისმა გადაწყვეტილებებმაც – გაუმართლებელმაც, გამართლებულმაც – ისტორია მეტ-ნაკლებად შეცვალეს. არც „დემაგოგიური აქცენტის ტლანქ მატერიალიზმთან“ ერთად „ზნეობრივი ოპტიმიზმის“ მქადაგებელი ნოე ჟორდანიაა დავიწყებული და არც ლავრენტი ბერია, რომლის ყურებსაც „ყველაფერი ესმოდათ, თვით ქალ-ვაჟის ჩურჩული სიყვარულის სარეცელზე, თვით მრგვალი მაგიდის გარშემო მსხდომარე მეგობრების ნელი საუბარი; რაც შეეხება სულთმობრძავთა ხრიალს, მას თბილისის დიქტატორი ისე იყო შეჩვეული, რომ ალბათ მისი შეწყვეტისთანავე ეღვიძებოდა, როგორც ეღვიძება მეწისქვილეს, როცა დოლაბის ხრიალი ჩერდება“.

მომნუსხველი შედარებები მრავლადაა ამ წიგნში, რომელშიც მწერლებსაც შევხვდებით, ყველაზე სახელიან შემოქმედებს. მიხეილ ჯავახიშვილის გარეგნობის აღწერას ავტორი შემდეგ სიტყვებს მოაყოლებს: მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობასაც ავლენდაო. იქვე კი მის „მტკივნეულ პატრიოტიზმსაც“ ახსენებს. დაუფარავად დასცინის გრიგოლ რობაქიძეს – დიდად პატივმოყვარე იყო და ფიქრობდა, რომ სამშობლოში მის ნიჭს სათანადოდ არ აფასებდნენო: „გადაწყვიტა, ხმალი გადაეტეხა ბაზალეთის ტბასთან დამარცხებულ გიორგი სააკაძესავით და უცხოეთში გადახვეწილიყო, რათა იქიდან უმადური თანამემამულეების დაპყრობა ეცადნა“.

მძიმეა 1921 წლის 24 თებერვლის მოგონება. ცოტა ხნით ადრე თბილისში დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ქართული დემოკრატიის კიდობანი მტკიცედ იყო შეკრული და ყოველ წარღვნას გაუძლებდა“. მაგრამ დადგა დღე, რომელმაც თავის მოტყუება შეუძლებელი გახადა. „24 თებერვალს ერთს ჩემ მეგობართან ერთად უძილო ღამე გავატარე, – წერს გერონტი ქიქოძე. – ქალაქის ქუჩებში საოცარი სიჩუმე იდგა. თოვლის ფანტელები უხმოდ ეცემოდნენ ქვაფენილებს. უკან ჩამორჩენილი ჯარისკაცები ჩრდილებივით მოძრაობდნენ, ზოგი მათგანი კედელზე აყუდებდა ან მიწაზე აგდებდა თავის თოფსა და სავაზნეს. ქალაქი ჩაბნელებული იყო“. მარტში რევოლუციური კომიტეტი მას დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად აგზავნის. გასავლელი გზის სირთულეს საშინელი სიცივეც ემატება: „კაცს ეგონებოდა, დარიალის კარი ფართოდ გაიღო და ჩრდილოეთის უსაზღვრო სივრცეებიდან საქართველოში სუსხიანი ქარები შემოიჭრნენო“.

30-იანი წლების ქრონიკა კიდევ უფრო გულისმომკვლელია. შიში და უიმედობის, უმომავლობის განცდა. სიკვდილის დაუჯერებელი სიახლოვე. ყოველ ნაბიჯზე დაგებული ხაფანგები. „დატყვევებულთა ერთ ნაწილს კონვეიერის სისტემით ხოცავდნენ, როგორც ხარებს ხოცავენ ჩიკაგოს სასაფლაოზე, ხოლო მეორე ნაწილს შრომის ბანაკებში გზავნიდნენ, სადაც მათ ნელ-ნელა ჩაფერფვლა ელოდათ, აუტანელი შრომისა და საკვების ნაკლებობის გამო“, – ვკითხულობთ წიგნში, რომლის ავტორი იმასაც ამბობს, შიშის მიზეზი ისიც იყო, რომ ხალხი ხედავდა – კომუნიზმი მეტისმეტად სწრაფად მიჰქროდა საბედისწერო უფსკრულების ნაპირასო.

ბევრი დასამახსოვრებელი ამბავია გერონტი ქიქოძის ჩანაწერების ამ წიგნში, ბევრი ისეთი დაკვირვება თუ შეფასებაა, წარმოსახვასაც რომ აღიზიანებს და შემაწუხებელ შეკითხვებსაც აჩენს. მაინც რა ჩანს წარსულის უფსკრულებში? მაინც სადამდე მივაწვდინეთ თვალი?

ბავშვის ენისა და დასწავლის ბაზისური უნარების შეფასება

0

განვითარების შეფერხების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდის საბაზისო ენობრივი და ფუნქციური უნარების გასაზომად, გამოყენებით ქცევის ანალიზთან (ABA) ერთად, ხშირად მიმართავენ იმგვარ საგანმანათლებლო ინსტრუმენტს, როგორიცაა „ენისა და სწავლის საბაზისო უნარების შეფასება“ (The assessment of basic language and learning skills, შემოკლებით  — ABLLS)[1]. ეს არის შეფასების ინსტრუმენტი,  ბავშვის უნარებზე დაკვირვების სისტემა, ერთგვარი სახელმძღვანელო, გზამკვლევი სასწავლო გეგმის შედგენისას, რომელიც გამოიყენება აუტიზმის ან სხვა განვითარების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ენისა და კრიტიკული აზროვნების უნარების სწავლების წარმართვის მიზნით.

მიჩნეულია, რომ ეს ინსტრუმენტი    საფუძვლიანად მიმოიხილავს სფეროებსა და უნარებს, როგორებიცაა: ენა, სოციალური ურთიერთქმედება, თვითდახმარება, აკადემიური და მოტორული უნარები, რომლებსაც ტიპური განვითარების ბავშვები იძენენ საბავშვო ბაღში შესვლამდე.

ექსპრესიული ენობრივი უნარები ფასდება ენობრივი ქცევის ანალიზის საფუძველზე,  რომელიც, თავის დროზე, შემუშავებულია ბორეს ფრედერიკ სკინერის მიერ  წიგნში —  „ვერბალური ქცევა“ (1957). ამა თუ იმ უნარის სფეროს დავალებები დალაგებულია  მარტივიდან უფრო რთულ დავალებამდე. ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი ხელს უწყობს   ბავშვისთვის საჭირო, ყოველდღიური უნარების გამოვლენას ეფექტური კომუნიკაციისა და სწავლისთვის.

შეფასებისაგან მიღებული ინფორმაცია მშობლებსა და პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, დაადგინონ ბავშვისთვის ხელისშემშლელი დაბრკოლებები, რომლებითაც ფერხდება ახალი უნარების შეძენა, და შეიმუშაონ მრავლისმომცველი სასწავლო გეგმა.

შეფასების ჩარჩო ორი დოკუმენტისგან შედგება,  ესენია: პროტოკოლი და სახელმძღვანელო.

  • ABLLS-R პროტოკოლი გამოიყენება ბავშვის მიერ დავალების შესრულების შესაფასებლად და შეიცავს 15 დანართს. მათ საფუძველზე, შესაძლებელია შეფასების პროცესში სხვადასხვა სპეციფიკური უნარის თვალყურის დევნება.
  • ABLLS-R სახელმძღვანელო იძლევა ინფორმაციას ABLLS-R-ის მახასიათებლების, საკითხების სწორად შეფასებისა და ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის (IEP) იმ მიზნებისა და ამოცანების შემუშავების შესახებ, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს და მიზნად ისახავს მოსწავლის საჭიროებებს.

ორიგინალური ვერსია პირველად 1998 წელს გამოიცა „Behavior Analysts, Inc.-ის“ მიერ და შემუშავდა დოქტორების — ჯეიმს ვ. პარტინგტონის და მარკ ლ. სანდბერგის მიერ. იგი  2006 წელს კვლავ გადაამუშავა პარტინგტონმა.  გადამუშავებული ვერსია მოიცავს მრავალი ახალ დავალების პუნქტს და უზრუნველყოფს უფრო კონკრეტულ თანმიმდევრობას სოციალური, მოტორული, ყურადღების თუ სხვა უნარების სფეროში, უნარებთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებისა და დადგენილი უნარების თავისუფლად გამოყენების უზრუნველსაყოფად. დოქტორ მარკ სანდბერგმა მოგვიანებით, 2008 წელს, შექმნა ვერბალური ქცევის საკუთარი შეფასება, სახელწოდებით — „VB-MAPP“[2].

სწავლის კიდევ ერთი შეფასების ინსტრუმენტია „საერთაშორისო განვითარებისა და ადრეული სწავლის შეფასება“ (IDELA)[3]. ეს ინსტრუმენტი გამოიყენება სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვთა ქცევითი განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობების გასაზომად და შესადარებლად სხვა ქვეყნების მონაცემებთან.[4] IDELA ეფუძნება ბავშვის წიგნიერებას, არითმეტიკას, სოციალურ-ემოციურ უნარებსა და მოტორულ უნარებს.

არსებობს „WebABLLS“ შეფასების ელექტრონული ვერსიაც. ის საშუალებას აძლევს მშობლებს, მასწავლებლებს, მეტყველების სპეციალისტებს, ქცევის ანალიტიკოსებს და სხვა პირებს, დააჩქარონ ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების (IEP) და პროგრესის ანგარიშების შემუშავება და მარტივად გააზიარონ ინფორმაცია ბავშვის შესახებ. WebABLLS გთავაზობთ ვიდეოებს არაერთი უნარის შესახებ, რომლებიც იზომება ABLLS-R-ით და შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ კონკრეტული უნარების დემონსტრირებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში, ტიპიური განვითარების  ბავშვების მშობლები, ნათესავები და მეგობრები მონაწილეობდნენ მიმდინარე კვლევით პროექტში. მათ WebABLLS-ში შეჰყავდათ მონაცემები, რომლებსაც აგროვებენ მშობლები ან პროფესიონალები. ისინი იცნობენ ბავშვებს და გავლილი აქვთ ტრენინგი ABLLS-R-ის ადმინისტრირებაში. მონაცემები ახლდება სამთვიანი ინტერვალებით (ანუ 6, 9, 12 თვე), რათა თვალყური ადევნონ უნარების კონკრეტულ ცვლილებებს ბავშვების განვითარების პროცესში. ეს წინასწარი მონაცემები შეგროვდა სისტემატური წესით, რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის იძენენ ტიპიური განვითარების  ბავშვები ABLLS-R-ით გაზომილ თითოეულ უნარს.

ამ კვლევითი პროექტის წინასწარი მონაცემები მოიცავს 81 ბავშვს (42 გოგონას და 39 ვაჟს), რომელთა ასაკი 6 თვიდან 60 თვემდე მერყეობს. ბავშვები სხვადასხვა  ადგილიდან (როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო) და განსხვავებული ეთნიკური, სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო წარმომავლობის არიან. წარმოდგენილია შესაძლო ქულების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი, ასევე დიაპაზონი ნიმუშისთვის ყველაზე მაღალიდან ყველაზე დაბალ ქულამდე თითოეული, 3-თვიანი ასაკობრივი ინტერვალისთვის. მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ ტიპიური განვითარების მქონე ბავშვები 4-დან 5 წლამდე ასაკისთვის ავლენენ ABLLS-R-ით გაზომილი ძირითადი ენობრივი და სასწავლო უნარების უმეტესობას.

მიუხედავად იმისა, რომ ABLLS-R ყველაზე ხშირად გამოიყენება განვითარების შეფერხებებისა და შეფერხებების მქონე ბავშვებთან (მათ შორის აუტიზმის), მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება აკლდეს საბაზისო კომუნიკაციის ან ცხოვრებისეული უნარები. ის აფასებს ინდივიდის ძლიერ და სუსტ მხარეებს 25 უნარ-ჩვევიდან თითოეულში, ისინი, თავის მხრივ, დაყოფილია რამდენიმე უნარ-ჩვევად, რომლებიც დალაგებულია ტიპური განვითარების ან სირთულის მიხედვით. ამრიგად, F1 უნარი (მინიშნებით მოთხოვნა) უფრო მარტივი უნარია, ვიდრე F12 (დახმარების მოთხოვნა). როგორც წესი, უფრო მაღალი უნარების სწავლებამდე საჭიროა უფრო დაბალი დონის უნარები.

ABLLS-R ტარდება ბავშვის ქცევის დაკვირვებით თითოეულ უნარ-ჩვევის სფეროში. ინსტრუქტორი ბავშვს მისცემს სტიმულს (ვერბალური, ხელის გადასმით, არავერბალური და ა.შ.) და, იმისდა მიხედვით, თუ რას აკეთებს ბავშვი (ქცევა), განსაზღვრავს მისი უნარების დონეს. ზოგიერთი უნარის ტესტირება რთულია ან დიდ დროს მოითხოვს.

ABLLS-R დაყოფილია 25 ფუნქციურ ზონად, რომელთაგან თითოეული შეესაბამება ანბანის ასოს. ABLLS-სა და ABLLS-R-ს შორის სექციები მსგავსია; ძირითადად უნარები განსხვავდება რაოდენობითა და მასშტაბით.

სექციები
ასო სახელწოდება განმარტება/შენიშვნა
A თანამშრომლობა და გამაძლიერებელი ეფექტები რამდენად კარგად რეაგირებს ბავშვი მოტივაციასა და სხვებზე
B ვიზუალური გამოხატვა საგნების, სურათებისა და თავსატეხების (ფაზლების) ვიზუალური ინტერპრეტაციის უნარი
C მიმართული (რეცეპტული) ენა ენის გაგების უნარი
D მოტორული მიბაძვა სხვათა ფიზიკური აქტივობების მიბაძვის უნარი
E ბგერითი მიბაძვა სხვათა ბგერების და სიტყვების მიბაძვის უნარი
F       თხოვნა გამოყენებითი ქცევის ანალიზის ტერაპიაში ე.წ. “მანდინგი“[5], თხოვნის სწავლება
G მარკირება საგანთა და მათ თვისებათა, ფუნქციათა ან კლასების დასახელება
H მინიშნებები      (INTRAVERBALS)[6] მხოლოდ სიტყვიერ სტიმულზე რეაგირება, ობიექტების/მოტივატორების არარსებობა.
I თვითნებური გაჟღერებანი ენის გამოყენება მოთხოვნის გარეშე
J სინტაქსი და გრამატიკა რამდენად სწორად აგებს სიტყვებით წინადადებებს
K თამაში და დასვენება  მარტო და ჯგუფში თამაშის უნარები.
L სოციალური ურთიერთობები ურთიერთობის ჩვევები თანატოლებთან და უფროსებთან
M ჯგუფური მითითებანი უნარი, ისწავლოს ჯგუფურ და არა მხოლოდ ინდივიდუალურ გარემოში
N საკლასო რუტინა ჩვევა, მისდიოს წესებს და სასკოლო რუტინას.
O      ვერ შეფასდა/არ უპასუხა
P განზოგადებული პასუხები შესწავლილი მასალის განზოგადების და რეალურ ცხოვრებაში ან ახალ სიტუაციებში გამოყენების უნარი.
Q კითხვა ანბანი, კითხვის მზაობის და კითხვის უნარები
R     მათემატიკა ციფრები, რიცხვები, თვლა, ნაკლებია-მეტია-ტოლია, შეკრება და გამოკლება.
S წერა გაფერადების, ხატვის, მიმსგავსების და წერითი უნარები
T დამარცვლა
U ჩაცმა დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდის  უნარი
V კვება კვებასა და საკვებთან დაკავშირებული თვითდახმარების საბაზისო უნარები
W მოვლა მოვლისა და ჰიგიენის საბაზისო უნარები
X ტუალეტი ტუალეტის გამოყენების საბაზისო უნარები
Y მსხვილი მოტორული უნარები        მოტორული აქტივობები, როგორიცაა: ბურთის თამაში, ქანაობა, ხოხვა, სირბილი, ხტუნვა და ა.შ.
Z ნატიფი მოტორული უნარები წვრილი მოტორიკის აქტივობები, როგორიცაა: წერა, დაფაზე წერა, წიგნში გვერდების გადაფურცვლა, ამოჭრა, ჩასმა და ა.შ.

იმის მიუხედავად, რომ უნარების სია ამომწურავი არ არის, უნარები, ძირითადად, ბავშვის განვითარების მიხედვითაა დალაგებული, თუმცა ყველა ბავშვი განსხვავებულად სწავლობს და, ამავდროულად, შეფასება არ არის სრულად სტანდარტიზებული, — მიუთითებენ, რომ ABLLS-R შეფასების უპირატესობად ითვლება შემდები ფაქტორები: შეფასების წარმართვა შესაძლებელია გამოყენებითი ქცევითი ანალიზის არასრულყოფილი ცოდნის  მქონე ადამიანების მიერ, რომ ეს შეფასება მოიცავს საბაზისო ენობრივ, აკადემიურ, თვითდახმარების, საკლასო, უხეში და წვრილი მოტორიკის უნარებს და უზრუნველყოფს მშობლებისა და პედაგოგებისთვის სწრაფ მიმოხილვას მოსწავლის უნარების დონის დასადგენად. ამავდროულად,  მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მარტივია მოსწავლის უნარების საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირება და იძლევა მონაცემებს ნორმალური განვითარების უნარების დონის მითითებისათვის.

გამოყენებული რესურსები:

  1. https://en.wikipedia.org/wiki/Assessment_of_basic_language_and_learning_skills
  2. https://cultivatebhe.com/what-is-a-mand/
  3. https://leafwingcenter.org/intraverbal/
  4. https://www.jstor.org/stable/40319125
  5. Schwartz, I. S., Boulware, G., McBride, B. J. & Sandall, S. R. (2001). Functional Assessment Strategies for Young Children with Autism. Focus on Autism and Other Developmental Disabilities, 16 (4), 222–227.
  6. Thompson, Travis. (2011). Individualized Autism Interventions for Young Children. Baltimore, MD: Paul H. Brookes Publishing Co.

 

[1] https://en.wikipedia.org/wiki/Assessment_of_basic_language_and_learning_skills

 

[2] https://marksundberg.com/vb-mapp/

[3] https://idela-network.org/

[4] IDELA-ს გამოყენებით ქვეყნებს შორის იყვნენ ავღანეთი, ბოლივია, ეთიოპია, უგანდა და ვიეტნამი.

[5] გამოყენებითი ქცევითი ანალიზის (ABA) თერაპიაში, “mand” ვერბალური ქცევის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური სახეობაა და ხშირად პირველადი კომუნიკაციის უნარი, რომელსაც ასწავლიან.  mand — არსებითად იმგვარი თხოვნაა, რომ ადამიანი იყენებს სიტყვებს, ჟესტებს, ჟესტებს ან კომუნიკაციის სხვა ფორმებს, რათა ითხოვოს ის, რაც სურს ან სჭირდება, მაგალითად, ამბობს: „ნამცხვარი“, როდესაც მშიერია ან „დახმარება“, როდესაც რაიმე დავალების შესრულება უჭირს.

[6] „მიაუ-ს“ ამბობს …. (კატა); შენ გძინავს… (საწოლში)…

მშვილდოსნობის სწავლება

0

წინამდებარე წერილში ერთი საკვანძო მიდგომის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ცნობილია პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელით. და, რადგან ეს წერილიც ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მე-16 ნაწილია, განვიხილოთ ეს თეორია ფონოლოგიური უნარების განვითარების კონტექსტშიც. საერთოდაც, ნებისმიერი საკითხის სწავლება გარდატეხილი უნდა იყოს ამ მოდელის პრიზმაში, რადგანაც ასე ასწავლიან (უნდა ასწავლიდნენ) მშობლები შვილებს, ოსტატები შეგირდებს…

მოკლედ წერილის გეგმის შესახებ:

  • მისტერ ტომ ჰასტინგსელის გაკვეთილები — ერთი სწავლების აღწერა ბაქსვუდის სკოლიდან
  • საკითხის თეორიული მიმოხილვა
  • ფონოლოგიური უნარების ,,ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა”

2023 წლის მაისში ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად წილად მხვდა პატივი და ბედნიერება ინგლისის ბაქსვუდის სკოლას ვწვეოდი. ასეთი საჩუქარი გამიკეთა ბაქსვუდის სკოლამ, როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულს. მისტერ ტომიც იქ გავიცანი — სკოლის ჰასტინგსის ფილიალში მშვილდოსნობაში ამეცადინებდა ქართველ სტუმრებს.

  1. შესავალი საუბარი

,,მშვილდოსნობას უყვარს დისციპლინა,” — ასე დაიწყებდა, ალბათ, საუბარს მისტერ ტომი. ჯერ ერთი, ბაქსვუდის ქართველ მერცხლებთან, მაგრამ მაინც უცნობ ბავშვებთან იწყებდა მუშაობას. მეორეც, მართალია, არა ცეცხლსასროლ, მაგრამ მაინც იარაღის სროლა უნდა ესწავლებინა. მისტერ ტომი ბავშვების მესვეურს დაახლოებით ასეთ დიალოგს გაუმართავდა:

— მისტერ ტომ, რამდენი სთუუდენტი (ეს სიტყვა ინგლისურენოვნების კონტექსტის საგრძნობლად გამოვიყენოთ.) შეიძლება იყოს მეცადინეობაზე?

— ერთ ნაკადში მივიღებ მაქსიმუმ 12 სთუუდენტს.

— თხუთმეტი არ შეიძლება, მისტერ ტომ?! ფლიიზ!

— მაშინ ცამეტი და გადავკოცნოთ ერთმანეთი! (ბოლო სიტყვები ჩემი მასწავლებლის, პაატა პაპავას საყვარელი გამოთქმაა და მოუხდა ამ სიტუაციას.)

…რამდენი ბავშვი უნდა იყოს ჯგუფში? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებისთვის. 8-12 ანუ 10 + – 2. მისტერ ტომი მათ, უპირველეს ყოვლისა, შეუვალად აუხსნიდა მეცადინეობაზე მოქცევის წესებს: უნდა განთავსდნენ მათთვის გამოყოფილ ადგილებზე, არ უნდა გადაადგილდნენ ნებართვის გარეშე, დაუკითხავად არ უნდა შეეხონ ინვენტარს, ყურადღებით უნდა მოუსმინონ მასწავლებლის ინსტრუქციებს და ზუსტად შეასრულონ ისინი…

ბატონი ტომის ასისტენტი – დამწყები მშვილდოსანი გოგონა, რომელიც, ერთი მხრივ, დიდ გამოცდილებას იღებს მშვილდოსნობასა და მის სწავლებაში, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სწავლების უსაფრთხოებას — ვინძლო მისტერ ტომის მახვილ თვალს რამე გამოეპაროს პერიფერიაზე (ამ დროს პერიფერიაც უმნიშვნელოვანესია: იქ — რიგში მომლოდინე ბავშვები, აქ — სათადარიგო ისრები თუ კაპარჭები, გარე პერიმეტრის კონტროლი…).

უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ პირველი საუბარი შეეხებოდა მშვილდოსნობის ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობასაც. გაიხსენებდნენ პირველ მოისრეებს, მოშორებით აღმართულ ციხისკენაც გაიშვერდა ხელს მისტერ ტომი და იტყოდა, უილიამ დამპყრობლის მეომრებს ძალიან გაუჭირდებოდათო ჰასტინგსის მცველთა ისრებისგან თავდაცვა… ისაუბრებდნენ, რა დადებითი გავლენას ახდენს მშვილდოსნობა ადამიანის ფიზიკური და ნებისყოფითი უნარების განვითარებაზე.

  1. დემონსტრირება-მოდელირება

ბავშვები უკვე მოტივირებულები არიან, ქცევის წესებიც გააცნობიერეს და უკვე მოწადინებულები არიან შეიძინონ საინტერესო გამოცდილება.

სანამ უშუალოდ ისარს სამიზნეს დააჭედებს, მისტერ ტომი კვლავ სიტყვიერად უხსნის შეგირდებს, რას და როგორ გააკეთებს: ჩვენ წინ, 10 მეტრის დაშორებით დგას სამიზნე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ცენტრში დავარჭოთ ისარი. ამისთვის აი, ასე უნდა დავიჭიროთ მშვილდი, ჩავაგოთ ისარი და…

მისტერ სმიტის გასროლილმა ისარმა ზუზუნით გააპო მიზნის ყვითელი გული.

სამოდელო გასროლას კვლავ საუბარი მოჰყვება: რა და როგორ გავაკეთე? რა მოგეჩვენათ შედარებით რთულად? შენ როგორ გააკეთებ? რა უნდა გაითვალისწინო?

რასაკვირველია, ერთ სამოდელო გასროლას მეორე მოჰყვა, მესამე… ისევ საუბარი, გასროლებისა და გასროლის შედეგების შედარება…

  1. მცდელობა და ვარჯიში

შემდეგ უკვე მოსწავლეები იღებენ იარაღს. იქვეა მისტერ ტომიც. ჯერ ძალიან ახლოს, ლამის თვითონვე ისვრის, შემდეგ ოდნავ უკან იხევს.

ისევ განხილვა პირველი მცდელობების შემდეგ: რა გამოგვივიდა კარგად? რა უნდა გავაუმჯობესოთ? როგორ?

  1. გაწაფვა

რასაკვირველია, უნარს, მათ შორის მშვილდის სროლისას, წაფავს ბევრი და მრავალფეროვანი ვარჯიში. მისტერ ტომი მიზანს ართულებს, რასაც მეტი აზარტი და ხალისი შემოაქვს გუნდში.

ისევ ვარჯიში… და რამდენიმე დღეში ახალბედა მოისრეები გარკვეულ კომპეტენციას იძენენ.

 

ახლა კი მოკლედ მიმოვიხილოთ წერილის დასაწყისში დაანონსებული პედაგოგიკა, რომლის პრაქტიკული აღწერა ზემოთ შემოგთავაზეთ მისტერ ტომის გაკვეთილების სახით.

 

ტერმინი ,,პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა”  ქართულ პედაგოგიკაში შედარებით ფართოდ მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც USAID საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტმა იგი ერთ-ერთ საკვანძო მიდგომად გამოაცხადა. სიამოვნებით მახსენდება პროექტის მეშვიდე სართული, სადაც ერთობ შემოქმედებითად ვმუშაობდით წიგნიერების გუნდი პაატა პაპავას ხელმძღვანელობით. სწორედ პაატა პაპავას შემოტანილია ეს ცნება ასეთი თარგმანით (ინგლისურად: The Gradual Release of Responsibility Model) და ასევეა ასახული ჯიპრაიდის სარესურსო წიგნში ,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე” (თ. ჭანტურია, გ. ჭაუჭიძე და სხვები პაატა პაპავას ხელმძღვანელობით). შეიძლება ზოგიერთ ნაშრომში სხვა ტერმინიც შეგვხვდეს: პასუხისმგებლობის თანდათან გადაცემა ან გათავისუფლება.

პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის (GGR) მოდელი პირველად 1983 წელს იქნა აღწერილი ანგარიშში სახელწოდებით „ წაკითხული ტექსტის გააზრების ინსტრუქცია“. ფ. დევიდ პირსონისა და მარგარეტ ს. გალაგერის მიერ დაწერილ ანგარიშში აღწერილი იყო სამსაფეხურიანი მოდელი, რომელიც მასწავლებლიდან მოსწავლეზე სწავლის პასუხისმგებლობის გადაცემას გულისხმობდა. ეს ნაბიჯები ხშირად მარტივად მოიხსენიება, როგორც „მე ვაკეთებ, ჩვენ ვაკეთებთ, თქვენ აკეთებთ“.

პირსონი-გალაგერის მიხედვით, „მე ვაკეთებ“ ფაზაში მასწავლებელი ახდენს კომპეტენციის მოდელირებას, დემონსტრირებას. ამას მოჰყვება „ჩვენ ვაკეთებთ“ ფაზა, რომლის დროსაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთად მუშაობენ სავარჯიშოებზე. ეს შეიძლება გაკეთდეს შეხიდების (ე.წ. სკაფოლდინგი. ვფიქრობ, ,,შეხიდება” გამოხატავს ყველაზე კარგად ამ შინაარსს, ნაცვლად ,,ხარაჩოს დადგმისა”.) საშუალებით. დასკვნით, „შენ აკეთებ“ ფაზაში მოსწავლეები ცდილობენ ახლად შესწავლილი მასალის დამოუკიდებლად გამოყენებას.

პედაგოგების, ნენსი ფრეის და დუგლას ფიშერის მიერ შემდგომში ჩატარებულმა კვლევებმა პირსონისა და გალაგერის ნაშრომები განავრცო. მათ შეიმუშავეს ოთხკომპონენტიანი GGR მოდელი, რომელიც ფართოდ იქნა აღიარებული პედაგოგებში და მოდელის სტანდარტული ფორმატი გახდა. ეს ოთხი ფაზაა: ფოკუსირებული გაკვეთილები, ხელმძღვანელობითი სწავლება, პროდუქტიული ჯგუფური მუშაობა და დამოუკიდებელი სწავლება. სხვაგვარად: „მე ვაკეთებ, ჩვენ ვაკეთებთ, თქვენ ერთად აკეთებთ, შენ მარტო აკეთებ“.

(დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: https://www.ebsco.com/research-starters/religion-and-philosophy/gradual-release-responsibility-model-grr-model )

რა დოზით უნდა ჩაერიოს მასწავლებელი სხვადასხვა ეტაპზე? მყისიერად უნდა შეუსწოროს თუ არა დაშვებული შეცდომა? ეს ზოგადი პედაგოგიკის, შეიძლება ითქვას, საკვანძო შეკითხვაა და ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სწორედ ეს მიდგომაა საუკეთესო საშუალება. სწავლების მიზანი ხომ მოსწავლის ამა თუ იმ კომპეტენციით აღჭურვაა? შესაბამისად, თუკი მოსწავლე კონკრეტული კომპეტენციის გამოვლენისას რაღაც შეცდომას უშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ეტაპი/ეტაპები არასრულყოფილად და/ან არასათანადოდ იყო წარმართული.

 

ბოლოს, ვნახოთ სქემა, რომელშიც ასახულია ფონოლოგიური უნარის, კერძოდ, სიტყვების დამარცვლის სწავლება პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის ოთხფაზიანი მოდელის მიხედვით.

ფაზა აღწერა
1. მე ვაკეთებ, თქვენ მაკვირდებით მასწავლებელი იღებს სიტყვის ილუსტრირებულ ბარათებს და ხმამაღლა მარცვლავს სიტყვებს, ხოლო ბარათებს გააკრავს დაფაზე მარცვალთა რაოდენობის მიხედვით წინასწარ გამზადებულ სქემაზე.
2. მე ვაკეთებ, თქვენ მეხმარებით მასწავლებელი სიტყვის ილუსტრირებული ბარათების მიხედვით სიტყვების დამარცვლისას იძახებს მოსწავლეებსაც, ამარცვლინებს მათ სიტყვებს და სთხოვს ბარათი დააკრან დაფაზე გაკრულ სქემაზე საჭირო ადგილას: ერთმარცვლიანი სიტყვის ბარათები — ცალკე, ორმარცვლიანები — ცალკე და ა. შ.

3. თქვენ ერთად აკეთებთ, მე გეხმარებით მასწავლებელი მოსწავლეთა მცირე (3-4 ბავშვი) ჯგუფებში არიგებს სიტყვის ილუსტრირებულ ბარათებსა და მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაყოფილ სქემას. ჯგუფის მიზანია დარიგებული ბარათები დააჯგუფონ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეები დასახმარებლად მიმართავენ მას ან თვითონვე აძლევს სასარგებლო რჩევებს.

მასწავლებელი დაკვირვებისას იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად მზად არიან მოსწავლეები შემდეგ ფაზაზე გადასასვლელად.

4. შენ დამოუკიდებლად აკეთებ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ანალოგიურ დავალებას ინდივიდუალურად შესასრულებლად. მიცემულ ბარათებში უნდა იყოს რამდენიმე ისეთი სიტყვაც, რომელზეც წინა სამ ფაზაზე არ უვარჯიშიათ.

 

 

წინასაანბანო პერიოდის მნიშვნელობა, ანუ რატომ არ უნდა ვიჩქაროთ

0

ფონოლოგიური უნარების განვითარება წერა-კითხვის სწავლების პროცესის საყრდენია.

ფონოლოგიური ცნობიერება არის უნარი, ამოიცნო და მოახდინო მანიპულაციები მშობლიურ ენაში არსებული ბგერებით. ასევე, ეს არის უნარი გაგონილი ბგერების აღქმისა და გრაფიკული გამოხატვის, კითხვის უნარის განვითარების საფუძველი.

ფონოლოგია არის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ცალკეულ ბგერებს უშუალოდ სიტყვაში; როგორ გამოითქმის ცალკეული ბგერა სიტყვაში და როგორ აღვიქვამთ მას. ეს ყველაფერი კი სამომავლოდ დაკავშირებულია წერა-კითხვის სწავლებასთან.

ფონოლოგიური სირთულეებისას წერა-კითხვის სწავლება მიმდინარეობს შეფერხებით, მაგალითად, შესაძლოა, ბავშვმა კარნახის შემთხვევაში სიტყვა ვერ დაწეროს, რადგან შეიძლება, უჭირდეს ცალკეული ბგერის აღქმა (https://publika.ge/article/fonologia-da-wera-kitkhvis-swavleba-interviu-ena-metyvelebis-terapevttan/).

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ კლასში არ ვიჩქაროთ საანბანო პერიოდზე გადასვლა და რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმოთ წინასაანბანო პერიოდის სავარჯიშოებს.

სახელმძღვანელო  ,,მშობლიური ენის კვალზე’’ (ავტორები   ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი – ლელა მანგოშვილი), ეყრდნობა  იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობას. ასევე, გათვალისწინებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები  წინასაანბანო პერიოდს ეთმობა ათი-თორმეტი კვირა.

წინასაანბანო მასალის მიზანია, მოსწავლეებისთვის მეტყველების, მოსმენის, გააზრების უნარების ჩამოყალიბება და მათი შემზადება საანბანო პერიოდისთვის. არსებითად, სწავლების პირველი დღეებიდანვე, ვიწყებთ მოსმენის, მეტყველების, ფონემური, ფონოლოგიური და მოტორული უნარების განვითარებას.

მოტორული უნარების განვითარებისთვის მოსწავლის რვეულში უხვადაა შემოთავაზებული როგორც წერის ტრადიციულ ბადეში ჩასაწერი, ასევე „სახალისო სავარჯიშოები“ (გააფერადე, შეაერთე, დააკავშირე).

ფონოლოგიური უნარების განვითარებისთვის მოცემულია ფონემური სავარჯიშოები. ვარჯიშს ვიწყებთ სიტყვის მარცვლებით; ვავარჯიშებთ სიტყვის დამარცვლაში, ასევე, მარცვლების სიტყვად გამთლიანებაში. წარმოსათქმელად სიტყვის მარცვლებად დაყოფა ბუნებრივია ამ ასაკის ბავშვებისათვის, ამდენად, ის ბგერებზე ვარჯიშის წინმსწრები აქტივობაა. სამეტყველო ბგერის (იგივე, ფონემის) შესახებ ცოდნის შეძენა, სამომავლოდ, ხელს შეუწყობს როგორც სწრაფად კითხვის ათვისებას, ისე მართლწერას (ნ.გორდელაძე, გ.ჩხენკელი).

წიგნსა და რვეულში შემოთავაზებული თემები, შესაბამისი ილუსტრაციებით, მიზნად ისახავს ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას, მართლმეტყველების ძირითადი წესების დაცვასა და სიტყვის მარაგის გამდიდრებას. სურათების აღწერა, ლექსიკაზე მუშაობა და თემატური საუბრები წინასაანბანო პერიოდის ერთ-ერთი ძირითადი სამუშაოა.

წიგნში მოცემულ თემატურ სურათებზე მუშაობა, რვეულში შესასრულებელი სავარჯიშოები, მოსასმენი და მასწავლებლის მიერ წაკითხული ტექსტების მოსმენა-გააზრება ეხმარება მოსწავლეებს სიტყვის მარაგის გამდიდრებაში, სიტყვებით წინადადების შედგენაში, აღწერასა და სათქმელის გადმოცემაში. შერჩეული თემატიკა უკავშირდება ბუნებას, ფასეულობებს, სწავლას, ოჯახს, თამაშს, სპორტს, თანატოლების ცხოვრებას.

თითოეულ თემას ახლავს გრძელვადიან სამიზნე ცნებებზე დაფუძნებული  შემოქმედებითი, სახალისო  დავალებები:

  • სურათზე გამოსახული ხილის ბაღის აღწერა.
  • სიტყვის ბგერებად დაშლა და ბგერების სიტყვად გამთლიანება (სინთეზი და ანალიზი).
  • ეზოს ბინადრების პოსტერის შექმნა ერთნაირი/ ტოლი რაოდენობის ბგერების მქონე სიტყვებით.
  • რა მოხდებოდა, რომ…
  • როლური გათამაშება შერჩეული პერსონაჟის როლის მორგებით.
  • ჩაფიქრებული სპორტის სახეობის აღწერა.
  • რითმების შექმნა ადამიანის სახელების გამოყენებით.
  • სიტყვების პოსტერი – სასკოლო ნივთები.
  • დახატე გზა სკოლიდან სახლამდე და აღწერე.
  • სკოლის დარბაზის უჩვეულო ნაძვის ხისთვის საჩუქრების აპლიკაციით მომზადება და აღწერა.

თითოეულ დავალებაზე მუშაობის პროცესი მოიცავს დაახლოებით 12-15 აქტივობას, რომელიც ხელს უწყობს  მოსმენის, მეტყველების, გააზრების, ფონოლოგიური და მოტორული უნარების განვითარებას.

ასეთი მიდგომით წინასაანბანო პერიოდის გავლას მართლაც სჭირდება მინიმუმ ორი თვე და სწორედ ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ.

რაც მთავარია, მოსწავლეებს ექნებათ მზაობა, წარმატებით დაძლიონ საანბანო პერიოდი.

რისთვის ვასწავლით პოეზიას სკოლაში?

0

როდინდელ ფოტოებს მივადექი. აი, ერთ-ერთიდან პატარა, დიდთვალება დიანა ანფიმიადი მიყურებს ცოტა შეშინებული, ცოტა შეციებული, სუფთად ჩაცმული, ხუთოსანი, შავტუხა, ობოლი გოგო. სკოლის სცენაზე დგას, მოყვითალო ფოტოა, მგონი „კოდაკის“ ფირმის ფოტოაპარატებით იღებდნენ მსგავსებს. სხეულის ენით აშკარად ჩანს – ლექსს კითხულობს. ნეტავ რა ლექსია? უყვარდა? ძალით დაასწავლეს? ზამთრის ბნელ ღამეებში, ლამფის შუქზე, კერასინკის სითბოზე. იქნება მაგ ლექსმა გაზარდა, იქნებ მაგ ლექსმა ასწავლა, როგორ არ გაზრდილიყო. ვიხსენებ, ვიხსენებ, ცოტა დამაცადეთ, კარგად გავიხსენო.

ლექსებს კი არა, მაშინ ყველაფერს ზეპირად ვსწავლობდით. ახლა ქრონოლოგიას ვერ აღვიდგენ, მაგრამ ფრაზები მახსენდება ალაგ-ალაგ, ხან სრულიად შეუსაბამო ადგილას, ენაში შაბლონივით ჩაკერებული, უსისტემო გაელვებები: „და დავარდა იგი ქვეყანასა ზედა..“ „ქარნი ხორშაკნი და უდაბურნი“, „მელნად ვიხმარე გიშრის ტბა“, წარვედ წყალის პირს“ და ა.შ. მოდით მოქნილი, მარილიანი ქართულის და ჰაეროვანი ფონეტიკის გამო, ყველა ესენი პოეზიას მივაკუთვნოთ.

რა მომცა? მჭირდებოდა? მე არ გამოვიკვლევ სიმბოლურ და კრიტიკულ აზროვნებაში პოეზიის როლს, სამშობლოს გააზრებას ენის სიღრმიდან. არაფერ მსგავსს. ბოლო დროს მინდა ყველაფერი პრაქტიკული მაგალითებით გამოვიკვლიო, მარტივი, ბავშვური, სასტიკი ჭეშმარიტებებით. ეგეთი ახირება მაქვს.  ჰოდა აი, ამ წამს გავიხსენე თითქმის ყველა ნაცნობი, ვისაც უყვარს და ესმის პოეზია და ისინიც, ვისაც – არ უყვარს. თქვენ უნდა მენდოთ, რომ პატიოსნად გავიხსენე, სხვანაირად აზრი არა აქვს. ესენი ერთნი, სინათლით სავსე ხალხია, მიმტევებელი, თანამგრძნობი, ზრდილი. არა, როგორ არა, ახირებულებიც არიან მათ შორის, უჟმურებიც, ბუზღუნებიც, მაგრამ იოლად შესაყვარებელი, საინტერესო ადამიანები.  ის მეორე ნაწილი კი, ვისაც არ უყვარს… როგორ აგიხსნათ, ზოგჯერ ისეთ უხეშ, მკაცრ სიცარიელეს ვგრძნობ მათგან, ვფიქრობ ნაწვიმარ ქვიშაზე კვალს არ ტოვებენ, მსუბუქად, უტიფრად მიაბიჯებენ თავიანთი განსაზღვრული მიზნებისკენ. ჰა-ჰა, ცოტა გავბრაზდი, კონკრეტული ადამიანი გამახსენდა. მართლა რანაირია, ღმერთო, ადარდე ახლა მაგას რუსთაველი და გალაკტიონი.

ის კი ვიცი, რომ პოეზია ფაზლია, მაგრამ ვეფხისტყაოსანი რომ გახსნა, არ ვიცი, რამდენჯერ  უნდა წაიკითხო. ამიტომ, დაზეპირების რა მოგახსენოთ, მაგრამ პოეზიისთვის ბლომად დროის დათმობას კი ვემხრობი, სანამ ჰარმონიას არ იგრძნობს ბავშვი, სანამ მგრძნობელი არ გახდება, სანამ სულში რაღაც პატარა კარს არ შეაღებს, სადაც თავის ბავშვურ გამომგონებლობას, აღტაცებას და ათას ბანალურ სიკეთეს არ შეინახავს საიმედოდ, თბილად, სამარადისოდ.

როგორ მომინდა ახლა იმ ფოტოში გადავიდე, იმ დიდთვალება ბაიას ხელი მოვკიდო მხრებში და ვუთხრა: შენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და ყოჩაღი ბაია ხარ და ყველაფერს სწორად აკეთებ. ატარე ეგ ლექსი, როგორც ჯვარი, როგორც წყევლა გაღვიძებულის. მძინარეებმა დაე თავი მოიმძინარონ.

ჩემო პატარა, პოეზიაზე შეყვარებულო გოგო. გავა წლები და როცა მსოფლიო ცეცხლის ალში გაეხვევა, შენ გაიხსენებ გალაკტიონს და მირზა გელოვანს, შენ ამის მერეც შენ იქნები. შეძლებ გადარჩე, ისე, რომ ფასი ჰქონდეს მაგ გადარჩენას და ცოტათი მაინც იქნები იმაზე უკეთესი, ვიდრე ამ მომენტის გარეშე იქნებოდი.

მოკლედ ასე, მე მჯერა, რომ თუ სკოლამ ადამიანები უნდა გაზარდოს, თუ რამ მორალი უნდა მისცეს ბავშვს, პოეზიაზე უკეთ ამას ვერაფერი ახერხებს. და ამიტომაც მაქვს ოცნება:  ქართველი მეცნიერები, იურისტები, ექიმები, ფიზიკოსები, ქართველი მათემატიკოსები და პროგრამისტები, მიაბიჯებდნენ ამ დაბურულ, ეკლიან სამყაროში ამაყად, მძიმედ, გვასახელებდნენ, გვავითარებდნენ, სჯეროდეთ, სწამდეთ და ზოგჯერ მაინც აგონდებოდეთ: სული გქონდეს უსპეტაკეს თოვლისა“.

ოქტომბრული ჩანაწერები

0

როცა მეუბნებიან: “შენ ყველას უყვარხარ”, მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა.

გამოცდილი ამბავია. ჩემგანაც. თქვენგანაც.

ადამიანი შეცდომების ჯამიცაა და ეგ არის თუ არის, უპირველეს ყოვლის. არც მითითებას კრძალავს ვინმე, არც შენიშვნას. მეტიც – ხან აუცილებელი და ხანაც სასარგებლოა. მაგრამ ,,ზომიერების სიმამაცე” არ გვყოფნის ხოლმე. და რომ არ გვყოფნის, მიზეზი განა წყენაა სხვისი შეცდომის გამო, არამედ სიხარული. კი, გვიხარია და ამიტომაც ვკარგავთ ზომიერებას – ,,ხომ ვიცოდი” და ,,სულ ვამბობდი” მოსდევს მერე ამას. ვიცით. გამოგვიცდია.

თუ ამაში გამოვტყდებით და ფიქრს ვავარჯიშებთ, უკეთესი იქნება.

 

….

პოეტი ალბათ არასდროს მოსამართლე, მაგრამ ხანდახან მოსამართლე აუცილებლად უნდა იყოს პოეტი და მიხვდეს, რა მოთმენის შეუძლებლობა აწუხებდა ზვიად რატიანს.

პოეტი ადამიანია და ციხე საშინელი სასჯელია ყველა ადამიანისთვის. მე რომ აქ ფრთიანი ფრაზები ვწერო და ასეთები ვთქვა, რაც შეიძლება გონებას პირველ ფიქრად წამოსცდა – ,,მისი ლექსები გისოსებს გაღუნავს ან ამ ორ წელიწადში საუკუნეებს გამოადნობს რატიანის უნარის ადამიანი” – ყალბი და მავნებელი ვიქნები.

ან მისი ლექსებიდან მოხმობილი სტრიქონებით გავიდე ფონს.

სინდისი მაწუხებდაო – უთქვამს ზვიადს. ეგ სინდისი გადამდები რომ იყოს, ყველას უნდა გვაწუხებდეს პატიმარი-პოეტის გამო. მაგრამ არ არის გადამდები. არც ყოფილა. არც იქნება.

ამიტომაც ემართება ცოტას და უმეტესობა ,,ჯანმრთელი” დადის.

 

….

ადრე, უხსოვარ ბავშვობაში, ზაფხულის ღამე, ჩემთვის ოთახში შემოპარულ ციცინათელას უდრიდა. ფარდაში გულუბრყვილოდ შემალულ ციცინათელას. ძილის წინ მის უცნაურ ბჟუტვას ვაკვირდებოდი და მასთან ერთად მივდიოდი სიზმრის ფერად მთებში. ციცინათელა იყო ჩემი მეგზური. ხან ღამით მეღვიძებოდა და ჩემი სოფლის პატარა სახლის აივანზე გასულს, თავი მანათობელ კუნძულზე მეგონა – ყველგან ციცინათელებს ვხედავდი და ძალიან მიხაროდა, თუნდაც წინა დღეს ცელქობის გამო ბებიას დავესაჯე და ჩურჩხელა და ირისის კანფეტები დაემალა.

ახლა სად გაქრნენ? სად დაიკარგნენ?

იქნებ ციცინათელები, რომელიმე ვარსკვლავის შვილები იყვნენ, დედამიწაზე გამოიპარნენ, მერე დედამ იპოვა და უკან წაიყვანა? იქნებ ციცინათელები  იმიტომ შეიქმნენ, რომ მხოლოდ ბავშვებმა დაინახონ, ჩვენ, კი უფროსები, უსაშველოდ გავიზარდეთ და ვეღარ ვხედავთ? იქნებ ციცინათელები ადამიანებს სიტყვებს იმეორებენ – ბოროტს და კეთილს? როცა ანათებენ – კეთილი სიტყვა ესმით, როცა ქრებიან – ბოროტი. და ახლა ისევ დაფრინავენ, მაგრამ მხოლოდ ბოროტი სიტყვები ჩაესმით და აღარ ჩანან.

არავინ იცის.

,,ვეფხსიტყაონის’’ უპირატესობა

0

თუ საქართველო გინდა გაიგო, ისეთი, როგორიც უნდა იყოს და არ იყოს – ეგ არის ,,ვეფხისტყაონი’’. თუ ადამიანი გინდა გაიგო, როგორიც უნდა იყოს და ვერ არის – ეგეც ,,ვეფხისტყაოსანია’’. თუ სამყარო გინდა შეიმეცნო, ,,უთვალავი ფერითა’’ – ,,ვეფხისტყაოსანია’’.

ასე გამოვიდა, რომ სწორედ საქართველოში დაიწერა ტექსტი, რომელშიც იმდროინდელი მსოფლიო ცნობიერების უზარმაზარი დელტა მოიყრის თავს – განა იოლია ნეოპლატონიზმი, რაინდული რომანი და სუფიზმი ერთ ჭურჭელში მოაქციო, მაგრამ რუსთაველი თუ ხარ – გამოგდის.

ადრერენესანსული ამბავია. პირველი გიგანტური  მწვერვალი იმ მთაგრეხილზე, სადაც ოდნავ გვიან სერვანტესი, დანტე და შექსპირი დაიდებენ ბინას.

ეს არის წიგნი ადამიანზე, როგორც ღერძზე. და ღერძის ირგვლივ დედამიწა ბრუნავს. და ადამიანი ცდილობს დაინახოს და გაისაკუთროს მეორე ადამიანი. თუნდაც უცხო და გაუგებარი. და ამის გამო ტოვებს საკუთარს და ეძებს სხვას. ეძებს და პოულობს. მასაც და საკუთარ თავსაც. რადგან ამ ძებნაში უფრო იბადება ავთანდილი ავთანდილად, ვიდრე მანამდე იყო. მაგრამ სანამ იპოვნის, უღრანი ტყეა და ალბათ სურვილი უკან დაბრუნებისაც, რადგან უკან სამეფოა და იქ კაცთაგან პირველია, წინ კი ბუნდოვანი გეზი. მაშინ ავთანდილი იწყებს ლოცვას. ჩვენ გვსმენია ბევრი ლოცვა, აი, ისეთი, ჩვენებური, არალიტურგიკული; ,,ღმერთო, კარგად მამყოფე’’. ,,ღმერთო, სიკეთე მომეცი და სიმშვიდე’’. და გვახსოვს ორიგინალური ლოცვებიც, სოლომონ მეფეს რომ მიეწერება, სიბრძნე რომ სთხოვა უფალს. მაგრამ ავთანდილი ლოცულობს სრულიად სხვანაირად. და რასაც სხვა ითხოვს, იმისგან გათავისუფლებას ცდილობს – ,, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო’’ . ამას რომ დაითმენ, უკვე ადამიანი ხარ. რუსთველისეული ადამიანი. ანუ უკვე შეგიძლია, სხვის ნაცვლად იომო. სხვისი სატრფო გამოიხსნა. სხვისმა სიხარულმა გაგახაროს. და ასე უფრო ,,შენ’’ გახდე. ეს არის  ,,რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა’’ ანუ თავის დაუფლებით მიღწეული თავისუფლება.

და სიკეთეც რუსთაველთან სხვანაირია. არა ,,მადლი ქჰენი, ქვაზე დადე, გამოივლი, წინ დაგხვდება’’ – რაც ტყუილია და უსარგებლო. ვინც ამას ელოდება, სიკეთის კეთებასაც იუარებს, რადგან იმ ქვას უფრო ესვრის ვინმე, ვიდრე მადლს დაუბრუნებს. არამედ – ,,რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!’’ – ანუ ამბავი, როცა სიკეთის კეთება გყოფნის და უკვე შენია. არცა ვინმეს ელი და არც რამეს – უკან რომ დაგიბრუნოს.

ენისა და მეტყველების აქტივობების პროგრამა აზერბაიჯანულენოვანი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის (ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი ვერსია)

0

ქვემოთ წარმოდგენილი მასალა ელექტრონული მეგობრის — ხელინის მიერაა მომზადებული, ჩვენ მიერ კი — გადამუშავებული. და რაკი ჩვენს სკოლებში აზერბაიჯანულენოვანი, აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობის გამოწვევა არსებობს, სპეციალისტები კი ჯერჯერობით ნაკლებად გვყავს, ვფიქრობთ, მსგავსი სახის მასალა რამდენადმე გააიოლებს მუშაობის პროცესს.

პროგრამა განკუთვნილია 8–9 წლის აზერბაიჯანულენოვანი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც ზეპირი მეტყველების განვითარებასა და ლექსიკის გაფართოებაში საჭიროებენ მხარდაჭერას. აქტივობები ორიენტირებულია რეცეპტიული, ექსპრესიული და პრაგმატული ენის განვითარებაზე. თითო სესია გათვლილია 40–45 წუთზე და მოიცავს სტრუქტურას: მისალმება, გაგება, სიტყვიერება, თამაში და დახურვა.

კვირა 1: Qida – საკვები

სესიის სტრუქტურა / Sessiyanın strukturu: მისალმება – გაგება – სიტყვიერება – თამაში – დასრულება.

სიტყვები / Sözlər: alma – ვაშლი, çörək – პური, su – წყალი, süd – რძე, banan – ბანანი

მაგალითი / Nümunə:

Bu nədir? – ეს რა არის? → Bu alma. – ეს ვაშლია.

Mən yeyirəm alma. – მე ვჭამ ვაშლს.

კვირა 2: Heyvanlar – ცხოველები

სესიის სტრუქტურა / Sessiyanın strukturu: მისალმება – გაგება – სიტყვიერება – თამაში – დასრულება..

სიტყვები / Sözlər: it – ძაღლი, pişik – კატა, quş – ჩიტი, inək – ძროხა

მაგალითი / Nümunə:

Bu nədir? – ეს რა არის? → Bu itdir. – ეს ძაღლია.

It oynayır. – ძაღლი თამაშობს.

კვირა 3: Rənglər və formalər – ფერები და ფორმები

სესიის სტრუქტურა / Sessiyanın strukturu: მისალმება – გაგება – სიტყვიერება – თამაში – დასრულება..

სიტყვები / Sözlər: qırmızı – წითელი, mavi – ლურჯი, yaşıl – მწვანე, dairə – წრე, kvadrat – კვადრატი

მაგალითი / Nümunə:

Top qırmızıdır. – ბურთი წითელია.

Alma yaşıl və dairəvidir. – ვაშლი მწვანეა და მრგვალი.

კვირა 4: Geyim – ტანსაცმელი

სესიის სტრუქტურა / Sessiyanın strukturu: მისალმება – გაგება – სიტყვიერება – თამაში – დახურვა.

სიტყვები / Sözlər: köynək – პერანგი, papaq – ქუდი, ayaqqabı – ფეხსაცმელი, şalvar – შარვალი

მაგალითი / Nümunə:

Mən geyinirəm papaq. – მე ვიხურავ ქუდს.

კვირა 5: Ev – სახლი

სესიის სტრუქტურა / Sessiyanın strukturu: მისალმება – გაგება – სიტყვიერება – თამაში – დასრულება.

სიტყვები / Sözlər: stol – მაგიდა, stul – სკამი, qapı – კარი, pəncərə – ფანჯარა, kitab – წიგნი

მაგალითი / Nümunə:

Qapı açıqdır. – კარი ღიაა.

Kitab stol üstündədir. – წიგნი მაგიდაზე დევს.

კვირა 6: Məktəb – სკოლა

სესიის სტრუქტურა / Sessiyanın strukturu: მისალმება – გაგება – სიტყვიერება – თამაში – დასრულება.

სიტყვები / Sözlər: kitab – წიგნი, qələm – ფანქარი, çanta – ჩანთა, taxta – დაფა

მაგალითი / Nümunə:

Mənim kitabım var. – მე მაქვს წიგნი.

Mən yazıram qələm ilə. – მე ვწერ ფანქრით.

კვირა 7: Ailə – ოჯახი

სესიის სტრუქტურა / Sessiyanın strukturu: მისალმება – გაგება – სიტყვიერება – თამაში – დახურვა.

სიტყვები / Sözlər: ana – დედა, ata – მამა, bacı – და, qardaş – ძმა

მაგალითი / Nümunə:

Bu mənim anamdır. – ეს ჩემი დედაა.

Mənim bacım var. – მე მყავს და.

კვირა 8: Hisslər – ემოციები

სესიის სტრუქტურა / Sessiyanın strukturu: მისალმება – გაგება – სიტყვიერება – თამაში – დახურვა.

სიტყვები / Sözlər: sevincli – ბედნიერი, kədərli – მოწყენილი, qorxmuş – შეშინებული, sakit – მშვიდი

მაგალითი / Nümunə:

Mən sevincliyəm. – მე ბედნიერი ვარ.

O kədərlidir. – ის მოწყენილია.

 

ბეჭდვადი ბარათები / Çap edilə bilən kartlar

ბარათები განკუთვნილია როგორც სიტყვების ასევე მარტივი ფრაზების შესწავლისთვის. სურათის ველში  შესაძლებელია შესაბამისი გამოსახულების ჩასმა.

Qida – საკვები

სიტყვა / Söz თარგმანი / Tərcümə სურათი / Şəkil
alma ვაშლი
çörək პური
su წყალი
süd რძე
banan ბანანი

Heyvanlar – ცხოველები

სიტყვა / Söz თარგმანი / Tərcümə სურათი / Şəkil
it ძაღლი
pişik კატა
quş ჩიტი
inək ძროხა

Rənglər və formalər – ფერები და ფორმები

სიტყვა / Söz თარგმანი / Tərcümə სურათი / Şəkil
qırmızı წითელი
mavi ლურჯი
yaşıl მწვანე
dairə წრე
kvadrat კვადრატი

Geyim – ტანსაცმელი

სიტყვა / Söz თარგმანი / Tərcümə სურათი / Şəkil
köynək პერანგი
papaq ქუდი
ayaqqabı ფეხსაცმელი
şalvar შარვალი

Ev – სახლი

სიტყვა / Söz თარგმანი / Tərcümə სურათი / Şəkil
stol მაგიდა
stul სკამი
qapı კარი
pəncərə ფანჯარა
kitab წიგნი

Məktəb – სკოლა

სიტყვა / Söz თარგმანი / Tərcümə სურათი / Şəkil
kitab წიგნი
qələm ფანქარი
çanta ჩანთა
taxta დაფა

Ailə – ოჯახი

სიტყვა / Söz თარგმანი / Tərcümə სურათი / Şəkil
ana დედა
ata მამა
bacı და
qardaş ძმა

Hisslər – ემოციები

სიტყვა / Söz თარგმანი / Tərcümə სურათი / Şəkil
sevincli ბედნიერი
kədərli მოწყენილი
qorxmuş შეშინებული
sakit მშვიდი

 

 

 

 

 

რაკი აუტისტური სპექტრის თითოეული შემთხვევა განსხვავებულია, განსხვავებული იქნება  ამ ცნებებზე მუშაობის დროც.  მთავარია, მონდომება და მოთმინება გვეყოს, ბავშვები კი, მათი მდგომარეობის  თუ ქცევიტი სირთულის მიუხედავად, აუცილებლად გაგვიღიმებენ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...