ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
30 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

მიშელ დე მონტენი – აღმზრდელის აღზრდა

0

ძილის წინ მიშელ დე მონტენის ესეების კითხვა ისეთ ჩვევად მექცა, რომლის დათმობაც გამიძნელდება – თითქოს კითხვა კი არა, გულწრფელი საუბარია ძველ მეგობართან, მრავალი განსაცდელის დროს შემოწმებულთან. ხანდახან სულაც ის მგონია, რომ ჩემი წინაპარია, ვის გვარსაც ვაგრძელებ, ვისი სისხლიც დამიდის ძარღვებში. შეუძლებელია, მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში ეფიქრა ეს ყველაფერი-მეთქი, – ვეუბნები საკუთარ თავს და ერთსა და იმავე წინადადებებს ვკითხულობ, ვკითხულობ…

ფურცლები შევავსე წიგნიდან ამოწერილი ფრაზებით, რომლებშიც ყველაზე საგულისხმო აზრებია მოქცეული. ნაწილი – ამ წერილის მკითხველებისთვის გასაცნობად, ნაწილი – მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის, დროდადრო რომ გადავხედო ცხოვრების მთავარ კითხვებზე ფიქრისას.

რას აღარ ეხება მიშელ დე მონტენის მთავარი წიგნი, მისი ოცწლიანი შრომის შედეგი – შიშს, სიმხდალეს, ზომიერებას, სიკვდილისათვის მზადებას, ძველ ადათებს, სამარქაფო ცხენებს… ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ესეში აღზრდასა და აღმზრდელებზე საუბრობს, თან შენიშნავს, ჩემი მოსაზრებები ზოგადად მიღბულთ ეწინააღმდეგებაო. ესეს, რომლის სათაურიცაა „ბავშვთა აღზრდის შესახებ“, მინაწერი აქვს: „გიურსონის გრაფის მეუღლეს, ქალბატონ დიანა დე ფუას“. სწორედ მას მიმართავს ავტორი: „ჩემი სურვილია, დიდი ყურადღებით შეარჩიოთ აღმზრდელის პიროვნება. სასურველია, იგი იყოს უმალ ნიჭიერი, ვიდრე დიდი ცოდნის მქონე, და თუ ამ ორივე თვისებით იქნება დაჯილდოებული, ეს უფრო დიდებული იქნება. და მაინც, მხოლოდ განსწავლულ აღმზრდელს სჯობს, ნიჭიერი და კარგი ჩვევების მქონე პიროვნება, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებისას აღზრდის ახალი მეთოდით იხელმძღვანელებს. […] მე მსურს, რომ თქვენი შვილის აღმზრდელმა დასაწყისიდანვე გაითვალისწინოს აღსაზრდელად მინდობილი ბავშვის სულიერი მოთხოვნილებები, მისცეს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოავლინოს თავისი მიდრეკილებები, გააცნოს სხვადასხვა საგნები, შეაჩვიოს შერჩევასა და მათ შორის სხვაობის გამოვლინებას, მიგნების გზა ხან თავად მიუთითოს, ხან პირიქით, ბავშვს მოაძებნინოს. არ მსურს, რომ მხოლოდ აღმზრდელი წყვეტდეს ყველაფერს და მხოლოდ ის ლაპარაკობდეს. იგი თავის აღსაზრდელს უნდა უსმენდეს“.

მეთექვსმეტე საუკუნეში კი არა, მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, ჩემს სკოლაში, ჩემი მასწავლებლების წრეშიც უცხოდ, უცნაურად გაისმებოდა ეს სიტყვები.

„თუ აღმზრდელი, როგორც ეს ჩვენშია მიღებული, მრავალრიცხოვანი გონებრივი შესაძლებლობებითა და ხასიათით განსხვავებულ თავის მოსწავლეებს ერთი და იმავე გაკვეთილს უხსნის, ერთნაირად სთხოვს, ბუნებრივია, ამგვარი სწავლების ჭეშმარიტი ნაყოფის მიღებას მხოლოდ ორი-სამი ბავშვი შეძლებს. აღმზრდელმა მოსწავლეს უნდა გამოჰკითხოს არა მხოლოდ სიტყვები მიცემული გაკვეთილიდან, არამედ მისი არსი და დედააზრი; ცოდნის ხარისხზე უნდა იმსჯელოს არა მოწაფის მეხსიერებით, არამედ იმით, თუ რამდენად გააცნობიერა მან შეძენილი ცოდნა. ასახსნელი საგანი მრავალი მხრიდან უნდა დაანახოს მოსწავლეს“, – ვკითხულობთ ზემოთ ნახსენებ ესეში. მიშელ დე მონტენი აღსაზრდელისთვის „კეთილშობილური ცნობისმოყვარეობის“ გაღვივებას აღმზრდელის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს, რადგან ადამიანს ყველაფერი უნდა აინტერესებდეს, რასაც კი ცხოვრების გზაზე შეხვდება – „სულერთია, რა იქნება ეს: შენობა, შადრევანი, ადამიანი, გარდასულ დროთა ბრძოლის ველი, თუ ის ადგილები, სადაც ცეზარი ან კარლოს დიდი სეირნობდნენ“.

შენობა, შადრევანი, ადამიანი… თითქოს მოედანზე გამოგიყვანათ და თქვენც მის ნებას დაჰყევით: თვალი მოავლეთ იქაურობას.

ყველაზე მოულოდნელი კი ფილოსოფიის სწავლების შესახებ ნათქვამი აღმოჩნდა: „დიდად ცდება ის, ვინც თვლის, რომ ფილოსოფია მიუწვდომელია ბავშვებისათვის, რომელთაც ამ მეცნიერებას კოპებშეკრული, სწელი წარბებითა და საშინელი, შიშის მომგვრელი იერით წარმოუდგენენ. ვინ ააფარა მას ეს ყალბი, უსახური და პირქუში ნიღაბი? სინამდვილეში ხომ არაფერია მასზე უფრო ხალისიანი, გამამხნევებელი, საყვარელი, კეთილი, კინაღამ ვთქვი, ანცი-მეთქი“. რამდენჯერ მიფიქრია სწორედ ამაზე. რამდენჯერ წარმომიდგენია ფილოსოფიის გაკვეთილები სკოლაში და გამრჯე მოსწავლეების ანთებული თვალები.

ჩვენ კი ჯერ ცხოვრებას გავლევთ და მერე გვიწყებენ ფილოსოფიის სწავლებასო, – წუხს ესეს ავტორი, რომლის რჩევებიდან ერთსაც ამოვწერ: „შეჩერდით ფილოსოფიის უმარტივეს დებულებებზე, ისწავლეთ მათი შერჩევა და განსჯა. მათ არსში გარკვევა ბოკაჩოს ნოველის სიღრმეში ჩაწვდომაზე ბევრად უფრო იოლია; ძიძის კალთას ჩამოშორებული ბავშვი ფილოსოფიის უმარტივესი დებულებების გასაგებად უფროა მზად, ვიდრე წერა-კითხვის შესასწავლად. ფილოსოფიას მსჯელობები ყრმათათვისაც აქვს და ღრმად მოხუცებულთათვისაც“.

სიამოვნებით გავაგრძელებდი, მაგრამ იძულებული ვარ, შევწყვიტო – წერილი რომ მეტისმეტად გრძელი არ გამოვიდეს. მიშელ დე მონტენის ესეების სქელი წიგნის წაკითხვა კი, საბედნიეროდ, ქართულადაც შეგიძლიათ – რამდენიმე წლის წინ „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის“ სერიით გამოსცა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა.

 

ლიტერატურის სასკოლო კურსი, პროგრამა – რამდენიმე დაკვირვება

0

ლიტერატურული კანონი

ჩვენს სკოლებში ლიტერატურის სასკოლო კურსის სტანდარტის შემადგენელი საგნობრივი პროგრამა და შინაარსი სახელმწიფოს მიერაა განსაზღვრული.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში შემუშავდა ლიტერატურული კანონი, იგივე „ბირთვი პროგრამა“, რომელსაც იქიდან მოყოლებული გარკვეული ცვლილებებით ვთავაზობთ მოსწავლეებს.

21-ე საუკუნის დასაწყისში იქმნება ეროვნული სასწავლო გეგმა (2005-ში შეიქმნა, 2006 წლიდან დაიწყო დანერგვა), მას მოჰყვა მეორე, 2011-2016 წლების სასწავლო გეგმა და დღეს უკვე დასრულებულია მესამე რედაქციაზე მუშაობა (უახლოესი წლების განმავლობაში სწორედ ეს რედაქცია იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი).

აღსანიშნავია, რომ ესგ-ის პირველ რედაქციაში სავალდებულო ლიტერატურა დასახელებული არ ყოფილა, მოცემული იყო მხოლოდ რეკომენდებულ მწერალთა საკმაოდ გრძელი სია. 2011-2016 წლების სასწავლო გეგმაში კი წარმოდგენილია სავალდებულო ნაწარმოებთა ჩამონათვალი.

დღეს საბაზო და საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე სთავაზობს მოსწავლეს სავალდებულო ჩამონათვალს – ავტორები, ტექსტები და მონაკვეთები. ასევე სასწავლო შინაარსი მკაცრად განსაზღვრულია, ისწავლება ის ავტორები და ტექსტები, რომლებიც შერჩეულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ.

 

სავალდებულო ნაწარმოებების შერჩევა

სავალდებულო ნაწარმოებების შერჩევის პროცედურა (ფორმალურად) ასეთია:

შედგენისა და განხილვის პროცესში ჩართული არიან დარგის ექსპერტები, სპეციალისტები, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეები, ფართო აუდიტორია, საზოგადოების გამოჩენილი წევრები,  მასწავლებლები, მშობლები.  „ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცებამდე – ვიდრე ის საბოლოო სახეს მიიღებს – არაერთ საფეხურს გადის და მხოლოდ ფართო აუდიტორიის განხილვა-შეფასებისა და შენიშვნების გათვალისწინების შემდგომ იქცევა სავალდებულო დოკუმენტად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული და ასახულია ყველა საქმიანი და არსებითი მნიშვნელობის მქონე შენიშვნა“ (სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა). ამ რგოლში არსადაა მოსწავლეების ადგილი. მათი მოსაზრებები, მიმართებები, დამოკიდებულებები და გამოცდილება ყურადღების მიღმაა დარჩენილი. არადა, საინტერესო იქნებოდა მოსწავლეთა გამოკითხვა, მათი ინტერესების, შეხედულებების გაცნობა.

 

„მოქმედების ვადა“ და მოსწავლეთა ინტერესები

ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგადად, დროში განსაზღვრული დოკუმენტია. მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 5-6 წლით. შემდეგ საჭიროა რევიზია, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, თანადროულობის სხვა მოცემულობების გათვალისწინება, ახალ მოთხოვნებსა და გამოწვევებზე მორგება.

ჩვენს შემთხვევაში ამ რევიზიას უფრო ფორმალური ხასიათი აქვს, ვიდრე რეალური და სასიკეთო ცვლილებების განმაპირობებელი.

ზოგადად, კვლევითი სამუშაოები, კვლევა-დაკვირვება და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა ის სუსტი რგოლია, რომელიც ბოლო მასშტაბური ცვლილების (ახალი სკოლის მოდელი) პირობებშიც სათანადოდ ვერ დაიძლია.

 

საკვლევი კითხვები

რას ტექსტებს კითხულობენ, ამუშავებენ და სწავლობენ მოზარდები ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში?

ვინ და როგორ არჩევს ტექსტებს?

ვინ და როგორ უნდა შეარჩიოს ტექსტები?

რა ზეგავლენას ახდენს წაკითხული და დამუშავებული მხატვრული/არამხატვრული ტექსტები მოზარდებზე?

რა ღირებულებებსა და მიმართებებს უყალიბებს მათ წაკითხული/შესწავლილი/დასწავლილი/დამუშავებული მასალა?

რა უნარებს უნდა უყალიბებდეს და რა უნარებითა და ცოდნით არიან აღჭურვილნი ჩვენი სკოლადამთავრებულები?

თითოეული ეს კითხვა ხანგრძლივი კვლევის, დაკვირვების საგანი შეიძლება გახდეს.

უფრო სწორად, უნდა გახდეს.

 

რა ვითარებაა ამ მიმართულებით?

გაგიზიარებთ რამდენიმე დაკვირვებას:

ნაკლებად შეხვდებით ღია საუბარს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების თანმდევ სირთულეებსა და  პრობლემებზე, გამოწვევებსა და დაბრკოლებებზე. იშვიათია გამოცდილების გაზიარება და არსებული ვითარების შეფასებაც.

მთელი ეს სამუშაო მასწავლებლების გასაწევია და თუ მასწავლებლებს სურთ, თავად იყვნენ ცვლილებების ინიციატორი, თუ მათ სურთ, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში და არ იყვნენ მიღებული გადაწყვეტილებების პასიურად მიმღებნი, ამაზე მუშაობა დაუყოვნებლივ და უმალ უნდა დაიწყოს.

ჩემი გამოცდილებით (ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო ჯგუფის კვლევის ხელმძღვანელი გახლდით, ამ საკითხს რამდენიმე წლის განმავლობაში ვსწავლობ და ვიკვლევ),  სირთულეებზე გულწრფელ საუბარსა და გამოცდილების ღიად გამოხატვას ხშირად ქართულის მასწავლებლები ერიდებიან.

მიზეზი ისაა, რომ უმეტესწილად ეს „პირად პრობლემად“ აღიქმება.

ეს  ოფიციალურ შეხვედრაზეც იკვეთება და არაფორმალური შეხვედრებისა და საუბრების დროსაც გამოსჭვივის. ხდება ხოლმე ისე, რომ ზოგიერთი მასწავლებელი იწყებს საუბარს პროგრამის გადატვირთულობასა და სირთულეებზე და მას მიუთითებენ – „დაესწარით კარგი მასწავლებლების გაკვეთილებს. მათ არ აქვთ პრობლემა. დახვეწეთ მეთოდი“.

ობიექტურად, ნებისმიერ მასწავლებელს, რომელიც, მაგალითად, საშუალო საფეხურზე ასწავლის არსებული პროგრამითა და ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით, „პროგრამის მოსწრების“ პრობლემა ექმნება. მოცემული საათობრივი დატვირთვის პირობებში იმ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების ჯეროვანი დამუშავება არარეალურია. ამ საკითხთან დაკავშირებით და პროფესიონალების დამოკიდებულებებისა და მიმართებების გასაცნობად „ინტერნეტგაზეთ მასწავლებელში“ რამდენიმე საინტერესო სტატიისა და წერილის მოძიება შეიძლება.

ქართულის სწავლა-სწავლების პროცესში, პროგრამისა და შინაარსის შედგენისას, როგორც აღინიშნა, საერთოდ უგულებელყოფილია მოსწავლეთა განწყობა-დამოკიდებულებები და მიმართებები, მათი შეხედულებები, მოსაზრებები, გამოცდილება არ მიიჩნევა ყურადსაღებად. ამ მიმართულებით სულ რამდენიმე კვლევაა ჩატარებული, ისიც მასწავლებელთა პირადი ინიციატივით. შედეგების განხილვას ყურადღება არ ექცევა. უცნაურია, რომ ერთი მხრივ, პროცესს მოსწავლეზე ორიენტირებულად ვაცხადებთ და, მეორე მხრივ, მათი მიმართებებით არც კი ვინტერესდებით.

 

ლიტერატურის სასკოლო კურსის შედგენა – უცხოური გამოცდილება

თანამედროვე მიდგომის თანახმად, ლიტერატურის სასკოლო კურსის საპროგრამო ჩამონათვალში უნდა შედიოდეს ისეთი წიგნები, რომლებიც ირეკლავს მოზარდის რეალობას, მისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემატიკაზეა შექმნილი და ფორმის თვალსაზრისითაც მისაღებია. ანუ გათვალისწინებულია მსწავლელის ამჟამინდელი ასაკობრივი ინტერესები. ამასთან, უნდა იყოს „სარკმელი ტექსტები“, რომლებიც მოზარდ მისცემს საშუალებას, „ჩაიხედოს“ წარსულში, დაინტერესდეს წინა საუკუნეებში შექმნილი ტექსტებით, თემატიკით.

შერჩეულმა ტექსტებმა „უცნობი სამყაროებისა“ და „გარდასულ დროთა“ შესახებ უნდა შექმნას წარმოდგენა. თვალსაწიერის გაფართოება ამ გზით საინტერესო და სასარგებლოა. მოზარდისთვის მხოლოდ წარსულის კვლევაზე ორიენტირებული სამუშაო შეუსაბამო და მოსაწყენია.

ბრიტანელი მეცნიერი, დურჰამის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი მაიკ ფლემინგი გამოწვლილვით იკვლევს ლიტერატურული კანონის ასპექტებს და გვიზიარებს საინტერესო დაკვირვებებს. მისი თქმით, ლიტერატურული კანონი (მეტწილად, განვითარებად საზოგადოებებში) ეფუძნება „ნორმატიულ პრეტენზიებს“ – ეს ნიშნავს, რომ ლიტკანონის შემდგენელი ხელმძღვანელობს კონკრეტული ტექსტების ისტორიული ფასეულობით. ამგვარი ტექსტების შენახვა და გადაცემა შემდეგი თაობებისთვის არის მნიშვნელოვანი, ლიტერატურული კანონი განიხილება, როგორც ტრადიციული ცოდნის, ფასეულობის გადაცემის სურვილი (ფლემინგი იყენებს სიტყვას  ინსტინქტი), როგორც ერთგვარი გარანტია, რომ „დიდებული წარსული“ არ დარჩება სათანადო ყურადღების გარეშე. ფლემინგის თანახმად, „კანონის შედგენა ბუნებრივი ადამიანური ინსტინქტია, არჩევანის მრავალფეროვნებას დაუპირისპირო ის, რაც დროს უძლებს, რაც ფასეულია“.  ამ „ფასეულობების შენარჩუნების“ ვნება კი, მკვლევრის დაკვირვებით, ლიტერატურის სამუზეუმო ექსპონატად ქცევის საფრთხეს შეიცავს.

 

რა უნდა იყოს და რა არ (ან ვერ) არის ლიტერატურის პროგრამაში

21-ე საუკუნეა. მედია, ვიდეო, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიური მიღწევები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სასკოლო ზოგადი კურსი ლიტერატურაში წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარების ჩამოყალიბება-განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ჩვენ უნდა დავინტერესდეთ, როგორ უმკლავდებიან „საინფორმაციო ლავას“ მოზარდები, როგორ შეუძლიათ დეზინფორმაციის/ყალბი ინფორმაციის ამოცნობა, სანდო წყაროების მოძიება, ინფორმაციის მიღება და გადამუშავება სხვადასხვა მედიასაშუალებიდან. როგორ იაზრებენ ნანახსა და გაგონილს, ასხვავებენ თუ არა ფაქტებსა და მოსაზრებებს, შეუძლიათ თუ არა  მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემა, წერილობით ან ზეპირად მოსაზრებებისა და ნაფიქრის გადმოცემა, მიზეზშედეგობრივი კავშირების ძიება, ლოგიკური აზროვნების განვითარება.

ასევე:

ლიტკანონის „პროგრამული ტვირთის“ პირობებში რამდენად გამართულია მოსწავლის წერილობითი/ზეპირი მეტყველება? რა ღირებულებები და ფასეულობებია აქტუალური დღეს და როგორ ეხმიანება ამ ფასეულობებს ხელოვნება/ლიტერატურა?

 

კინო, მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, პოდკასტები, სოციალური ქსელები – ლიტერატურული კომპეტენციების ჩამოყალიბების გზაზე ეს დამხმარე საშუალებები მნიშვნელოვანია. რამდენადაა ჩართული ეს ყველაფერი სავალდებულო კურიკულუმში?

 

კლასიკის დაკავშირება თანამედროვეობასთან

კლასიკურ ტექსტებში დღესაც აქტუალურია საკითხების ძიება-ამოკითხვა, კონკრეტული ფაქტების დაკავშირება ტექსტებში აღწერილთან. აქვე – ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სასწავლო შედეგზე გასასვლელად ლიტერატურის ზოგად, სასკოლო კურსში რამდენად მნიშვნელოვანია იმ ტექსტების შესწავლა/დამუშავება, რომლებიც უფრო ვიწრო სპეციალისტებისთვისაა მნიშვნელოვანი ან საინტერესო?

 

საფიქრალია, როგორ გავამრავალფეროვნოთ ლიტერატურის კურსი სკოლაში და როგორ გავხადოთ ლიტერატურა საინტერესო საკვლევ სფეროდ, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა და არა სკოლაში სავალდებულოდ შესასწავლ „მკვდარ“ ცნებად ან ტექსტად.

 

შანხაი – დასავლეთის სარკმელი ჩინეთში (ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის)

0

პირველი ნაწილი

 

„თუ პეკინი კონსერვატორი, უფროსი ჩინელი ძმაა, მაშინ შანხაი მოდური, შოპოჰოლიკი [უოლსტრიტული ტიპის] უმცროსი დაიკოა, რომელიც ბევრს მუშაობს და უფრო მაგრად ერთობა“.

უცნობი ავტორი

 

ძველი რომაული გამონათქვამის თანახმად, ვინც რომში ჩავიდა და პანთეონი არ უნახავს, იმ სახედრადვე დარჩება, რაც რომში ჩასვლამდე იყო.

ეს გამონათქვამი შეიძლება შანხაისაც მოვარგოთ და ვთქვათ: „ვინც ჩინეთში ჩავა და შანხაის არ ნახავს, შეუძლია, ხელახლა ჩავიდეს ჩინეთში და ნახოს შანხაი, სახედრით თუ სახედრის გარეშე“.

შანხაი, ან შანჰაი, ან შანგ-ჰაი, ჩინეთის უდიდესი ქალაქია, ოცდაოთხ მილიონზე მეტი მცხოვრებით. ის პეკინის, ჩინეთის დედაქალაქის, სამხრეთით, დაახლოებით 1 200 კმ-ზე, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროზე, მდინარე იანცზის დელტაში მდებარეობს.

შანხაის უცნაურობები მისი სახელწოდებიდან იწყება: სტანდარტულ, საერთოჩინურ ენაზე (ე.წ. მანდარინი – ოფიციალური ენა, პუტუნხუა, ან ჩრდილოეთჩინური ენა, რომელიც ჩინეთის ცენტრალურ პრესასა და ტელევიზიაში გამოიყენება) ქალაქის სახელი ჟღერს როგორც „შან-ჰაი“; შანხაიურ დიალექტზე, ვუზე (რომელიც, სინოლოგთა ნაწილის აზრით, ცალკე ენაა და არა ჩინურის დიალექტი), ქალაქის სახელია „ზა-ჰე“. როგორც ხედავთ, განსხვავება სახეზეა.

მეორე თავისებურება ის გახლავთ, რომ შანხაი საკმაოდ განსხვავდება ჩინეთის სხვა ქალაქებისგან. ამ განსხვავების მთავარი მიზეზი ის არის, რომ შანხაი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქალაქია. ის XVI-XVII საუკუნეებში დაარსდა, რაც ჩინეთისთვის სულ ახლად დაარსებულ ქალაქად შეიძლება ჩაითვალოს. ქალაქი მდინარეზეა გაშენებული. ამან განაპირობა მისი სავაჭრო ცენტრად ქცევა, რომელსაც მთელი ქვეყნიდან ეტანებოდნენ მეწარმეები, ვაჭრები თუ ავატიურისტები.

მეორე ფაქტორი, რამაც შანხაის განსხვავებული იდენტობა განაპირობა, გახლავთ ის, რომ დაარსების დღიდან იქ უკვე ჩანდნენ ევროპელები, ხოლო მე-19 საუკუნეში სწორედ შანხაი იქცა ევროპული ექსპანსიისა და კოლონიზაციის მცდელობების მთავარ ადგილად, ამიტომ ქალაქი ყოველთვის უფრო მეტად ვესტერნიზებული იყო, ვიდრე უკიდეგანო ჩინეთის დანარჩენი დასახლებები. მე-19 საუკუნის მიწურულს ევროპელებმა შანხაის დიდი ნაწილი გააშენეს. ქალაქის ფოტოებზე, თანამედროვე გიგანტური ცათამბჯენების გვერდით, ნახავთ შანხაის ევროპულ კვარტალსაც – ბუნდს, რომელიც დასავლეთევროპული კოლონიალიზმის სიმბოლოა. აქ შეხვდებით ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, რუსულ და ამერიკულ სახლებს, კოლონიზაციის პერიოდში აშენებულ საბაჟოსა და ბირჟის შენობებს და იმ ეპოქაში სავსებით ლეგალური „ოპიუმის კომპანიების“ ყოფილ ოფისებს, საიდანაც ევროპა, ჩინეთის იმპერატორისთვის თავს მოხვეული ხელშეკრულების საფუძველზე, თრიაქით ამარაგებდა ჩინეთის სხვა პროვინციებს.

დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ დასავლეთის ცნობილ მილიარდერთა ოჯახებმა, ფორბსებმა და ასტორებმა, სწორედ ჩინეთთან ოპიუმით ვაჭრობით დააგროვეს მრავალმილიონიანი ქონება, ხოლო ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია (1819-1901) იმ დროს ოპიუმის ყველაზე მსვხილი მიმწოდებელი გახლდათ ჩინეთის ბაზარზე. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, მე-19 საუკუნეში ოპიუმის ვაჭრობას ბრიტანეთის იმპერიის შემოსავლების 20% მოჰქონდა! ევროპელებს არ ეთმობოდათ ზღაპრული შემოსავლები. მიუხედავად ვინის დინასტიის იმპერატორების მედგარი წინააღმდეგობისა, მათ ორ ომში (ე.წ. ოპიუმის ომები) დაამარცხეს ჩინელები და კაბალური ხელშეკრულებებით ჩინეთის დიდ ნავსადგურებში ოპიუმით და სხვა საქონლით ვაჭრობის უფლება მიიღეს. ევროპელების მომგებიანი „ბიზნესი“ ჩინეთში დიდხანს გაგრძელდა და ამან ქალაქზე დიდი გავლენა მოახდინა. იმ დროს შანხაის ევროპელები „აღმოსავლეთის ქალაქ-ზღაპარს“ ეძახდნენ,  ხოლო ჩინელები ზურგს უკან „აზიის როსკიპად“ მოიხსნეიებდნენ ქალაქში იმ დროს არსებული ათასობით ბორდელის გამო.

ბრიტანეთისა და სხვა ევროპული იმპერიების წყალობით ჩინეთში დაწყებული ნარკომანიის ეპიდემია 1949 წლამდე გაგრძელდა. სახელმწიფოს სათავეში კომუნისტების მოსვლის შემდეგ ოპიუმის ეპოქა საბოლოოდ დასრულდა.

დღევანდელი შანხაის, ამ ურბანისტული კოლოსის ნახვისას, ძნელად დაიჯერებთ, რომ ეს ქალაქი ერთ დროს მებადურთა სოფელი იყო. შანხაიელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სოფელი სუნ-ცზიანი შენარჩუნებულია და დღეს შანხაის რაიონს წარმოადგენს. სწორედ ამ რაიონში მდებარეობს შანხაის შვიდი უნივერსიტეტი და მათი კამპუსები (შანხაიში სულ ოცდაათამდე უნივერსიტეტია), სადაც 100 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ცხოვრობს. ფაქტობრივად, შექმნილია ქალაქი-უნივერსიტეტი ქალაქში, თავისი ქუჩებით, მაღაზიებით, სწრაფი კვების დახლებითა და კაფეებით და ჭრელა-ჭრულა ბუტიკებით.

შანხაის კიდევ ერთი უცნაურობა ის გახლავთ, რომ ამ ქალაქში ერთდროულად დასაბამი დაედო ორ ტენდენციას, რომლებსაც თეორიულადაც კი არ შეეძლოთ ერთად განვითარება. სწორედ შანხაიში გაიმართა 1921 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირველი ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა მაო ძე დუნი და რომელზეც დაფუძნდა ჩინეთის კომპარტია, კომუნისტური ინტერნაციონალის (კომინტერნის) ორი წარმომადგენლის, რუსი-ებრაელი კომუნისტის ვლადიმირ ნეიმანის (პარტიული სახელი – „ნიკოლსკი“) და ჰოლანდიელი კომუნისტის ჰენკ სნეეფლიტის (პარტიული ფსევდონიმი – „მარინგი“) მეთვალყურეობით.

იმავდროულად, შანხაი უკვე ვითარდებოდა როგორც ახალი მეწარმეობისა და ბიზნესის ქალაქი, რომელშიც გაჩნდა ჩინეთის პირველი ბიზნესკონსორციუმები, სადაც ფინანსდებოდა ახალი შენობები, უნივერსიტეტები, პორტის ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ უკვე რევოლუციურ და შემდეგ კომუნისტურ ჩინეთში ყველაზე მეტხანს (მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე) დარჩა შანხაის რუსული თემი, რომელიც იქ მეცხრამეტე საუკუნიდან ეწეოდა კომერციულ საქმიანობას. ჰონგ-კონგი და მაკაო, რომლებიც ჩინეთის კონტროლის ქვეშ 1999 წელს გადავიდა, მანამდე დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის ოფიციალურ ნაწილებს წარმოადგენდა.

 

პირველი ნაწილის დასასრული

თამაშისა და რეალობის გზაჯვარედინები

0

დღეს უამრავი გასართობია ბავშვებისა და დიდებისთვისაც, მოზარდებში კი განსაკუთრებით პოპულარული ვიდეოთამაშებია. ისინი თანდათან უფრო იხვეწება, მრავალფეროვანდება და მიმზიდველი ხდება. თანამედროვე გერმანელი მწერალი ბურკარდ შპინენი, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი, თავის საბავშვო რომანში „ნევენა“, წარმოაჩენს, რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი ადამიანთა ცხოვრებაზე, როგორ იჭრება ისეთ საკრალურ სივრცეში, როგორიც ოჯახია, როგორ შლის, ანგრევს, აცამტვერებს შვილისა და მშობლების ურთიერთობას. ნაწარმოების თემატიკა და მხატვრული ქსოვილი იმგვარია, რომ თანაბრად დააინტერესებს მოზარდებსა და უფროსებსაც. ბურკარდ შპინენის ეს რომანი და მისივე „ბელგიური გოლიათი“ მაია მირიანაშვილმა ისე თარგმნა, რომ გადალახა ერთი ენიდან მეორეზე გადატანისას თანმხლები საშიშროებანი.

 

თამაშის სივრცე მოთამაშეს უვსებს იმ დანაკლისებს, რომლებიც რეალურ სამყაროში აქვს. ვირტუალური გარემო მოთამაშეს ხელს უწყობს, გამოავლინოს ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილებები, რომლებიც დაკავშირებულია ძალაუფლებისა და ქონების ფლობის ვნებებთან. რომანის მთავარ გმირსაც, პატრიკს, აციმციმებულ მონიტორთან მარტო დარჩენილ მოზარდს აქვს სისავსის შეგრძნება, რადგან აქ აღწევს თვითრეალიზაციას, მაგალითად, მართავს ქალაქს, მიემგზავრება უცხო კუნძულზე, ყიდულობს ყველაფერს, რაც მოესურვება. ასე, თანდათან, ვიდეოთამაში იქცევა მისი იდენტობის მთავარ განმსაზღვრელად. რეალური და წარმოსახული სივრცე ერთმანეთს ადგილებს უცვლიან. ამგვარი ინვერსია სხვადასხვა განზომილებისა მოზარდის ფსიქიკისთვის საშიშია, რადგან გამუდმებული „თრობის“, „ექსტაზის“ მდგომარეობაშია, ამგვარი შეგრძნებებიდან გამოსვლა, გამოფხიზლება, გამოღვიძება კი მტკივნეულია.

 

რომანის მიხედვით, მოზარდი პატრიკი თავს შესანიშნავად გრძნობს თამაშის სამყაროში.  მას იზიდავს ის გარემო, რომელიც მაგიური ელემენტებით არის სავსე. აქ არიან მითოლოგიური სამყაროს არსებები, ზღაპრული პერსონაჟები, ჯადოქრები, ელფები, დრაკონები, ზომბები, ტროლები, რომლებთან ერთადაც იმრავალფეროვნებს ყოფას, თან ურთულეს ამოცანებსაც ასრულებს. ქალაქი თემარა მისი ვირტუალური სამშობლოა. რაც მთავარია, აქ ის მარტო არ არის, უამრავ სხვა მოთამაშეს ხვდება, უმეგობრდება. მართალია, ხანდახან მისი კომპიუტერი ჭედავს და ორი-სამი წუთის შემდეგ პროცესორის „ქულერი“ ითიშება, მაგრამ ყველაფერი მალე გვარდება. სწორედ ამ თამაშში გაიცნობს ნევენას, რომელიც სხვა ვირტუალური ქალაქიდან,  დუბიდან არის. ისინი ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა ზღაპრულ ადგილას, მაგალითად, „ჯოჯოხეთის კარიბჭის მთებში“, რათა ველურ ორკებს შეებრძოლონ და სხვა სახიფათო „მისიები“ შეასრულონ.

 

თამაშში მონაწილეობა პატრიკს სრულფასოვნების შესაგრძნობად სჭირდება, აქ ის ნადირობს ტახებზე, საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებს. მწერალი კარგად წარმოაჩენს, რა იზიდავთ მოზარდებს. აქ ყველა ამოცანა საბედისწეროა, შეიძლება „ვირტუალური სიცოცხლეც“ შეიწიროს, შესაბამისად, დაძაბულობაც იმატებს. ადრენალინი მძლავრად გამოიყოფა და მოთამაშეს აზარტს, ენერგიას მატებს. აქ ყოველ დავალებას თავისი ჯილდო მოჰყვება, მოთამაშე დაბრკოლების გადალახვის, საგანძურის პოვნის შემთხვევაში ახალ საფეხურზე, უფრო მაღალ დონეზე გადაინაცვლებს. აქ ამოცანებიც რთულდება და ჯილდოების ხარისხიც იზრდება. საჩუქარი ყოველ ჯერზე სხვადასხვაა, მაგალითად, საბრძოლო აღჭურვილობა, ტანსაცმელი, იარაღი და ყველა ის ნივთი, რომლებიც მოთამაშეს სჭირდება სიცოცხლის გადასარჩენად.

 

მოთამაშე გამუდმებით ურთიერთობს რეალობაში წარმოუდგენელ განზომილებებთან, ის თავისუფლად იჭრება მისტიკურ სამყაროში, დემონებს, ანგელოზებსა და ათასი ჯურის ირაციონალურ არსებებთან ურთიერთობს, ზოგი მის მოკავშირედ იქცევა, ზოგი – მოწინააღმდეგედ.

 

ბურკარდ შპინენი მკითხველს არ უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიდეოთამაშებში მონაწილეობა ერთმნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს მოთამაშეზე, მაგრამ ის სახიფათოა მოზარდის გარე სამყაროსთან, ახლობლებთან ურთიერთობისთვის, ამიტომ აუცილებელია, მშობელი ფხიზლად იყოს და არ დაკარგოს შვილთან მისასვლელი გზა. პატრიკი, მაგალითად, სკოლაში კარგად სწავლობს, თამაში კი მას თვალსაწიერსაც უფართოებს, დაბრკოლებათა გადალახვას აჩვევს, გამოუვალი, რთული მდგომარეობის შექმნისას ის ყოველ დეტალს აანალიზებს, ერთმანეთთან აკავშირებს, ადრინდელ გამოცდილებას იყენებს, ნებისყოფას ძაბავს, რათა დაბნეულობასა და დამარცხების შიშმა გონება არ დაუბნელოს. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ თამაშის ავტორები მოთამაშეთა დასაინტერესებლად ისტორიულ ფაქტებს, მოვლენებს, პიროვნებებს იყენებენ. პატრიკსაც ხან გმირი ჰგონია თავი, ხან კი საშინელი სასოწარკვეთა იპყრობს, როცა გრძნობს, რომ თითქოს მთელი ბნელი სამყარო მის წინააღმდეგ არის ამხედრებული. ღირსება უკარნახებს, ვაჟკაცურად ეჭიროს თავი, მოვალეა, ბოლომდე შეინარჩუნოს მხნეობა და არ დაკარგოს რწმენა იმისა, რომ ბოლოს, თამაშის დასასრულ აუცილებლად რაღაც დიადს მიაღწევს, კვალს დატოვებს. ეს კი მისი თვითშეფასების ხარისხს გაზრდის.

 

მწერალი კარგად წარმოაჩენს, როგორ მიეჯაჭვება პატრიკი თამაშს, რადგან აქ ცნობისმოყვარეობისა და აზარტის გარდა, სიყვარულიც იზიდავს. უცნობი მოთამაშე გოგონა ნევენა მის მეწყვილედ იქცა, ახლა ისინი ერთად იბრძვიან და ასრულებენ დავალებებს. ასე თანდათან იქცა პატრიკისთვის თამაში თვითდამკვიდრების სივრცედ, აქ ის თავდაჯერებული და ბედნიერია. ნევენა სერბეთიდან არის, პატრიკი გერმანიაში ცხოვრობს, ისინი ვიდეოთამაშის განზომილებაში ერთმანეთს ინგლისურ ენაზე ესაუბრებიან. ინტერნეტი აუქმებს დრო-სივრცეს და მატერიალური სიშორე გადაილახება სულიერი სიახლოვით. თუმცა, დროდადრო გაკრთება ხოლმე რეალობაც, როდესაც ისინი თამაშიდან გადიან და მცირე ხნით გასვლის მიზეზს სწერენ ერთმანეთს.

 

პატრიკის მამა ჰენერია, მუზეუმში მუშაობს და ხელოვანი-რესტავრატორი, ანტიკვარული ნივთების მოყვარული, მშვენიერების დამფასებელი. მას არ მოსწონს შვილის ასეთი აზარტული გატაცება თამაშით. მისი აზრით, „კომპიუტერულმა თამაშმა მას შვილი წამართვა“. ჰენერს ეჯავრება თამაში. არა იმიტომ, რომ „მაღალტექნოლოგიური იარაღებით აღჭურვილი შუა საუკუნეების ფიგურები ზღაპრულ პერსონაჟებს, ურჩხულებს ებრძვიან. ამას შეიძლება მოეხიბლა კიდეც. ერთი ან ორი საათით. ან შაბათ-კვირას, სანამ საღებავი შეაშრებოდა მის რომელიმე ანტიკვარულ ნივთს. არა, ჰენერი იმიტომ ვერ იტანს თამაშს, რომ მან პატრიკი წაართვა“.

 

მამა ცდილობს ჩასწვდეს შვილის რეალობისგან გაუცხოების მიზეზს. ერთ-ერთია ის, რომ პატრიკს დედა გარდაეცვალა. ოჯახის თავს დამტყდარმა უბედურებამ მამასა და შვილს შორის კავშირი გაწყვიტა. ვირტუალური მეგობარი კი პატრიკს ქვეცნობიერად დედას ჩაუნაცვლებს, ამიტომაცაა, რომ გოგონას ნებისმიერ კაპრიზს, ხუმრობას, გაკიცხვას ბუნებრივად იღებს ისე, რომ არ ღიზიანდება, რადგან უცხო ადამიანის მხრიდან მზრუნველობას, სითბოს შეიგრძნობს. მამა რამდენჯერმე შეეცადა შვილის სამყაროთი დაინტერესებას, მაგრამ არ გამოუვიდა და ფარ-ხმალი დაყარა. საუბარიც კი ვერ გაიმართა პატრიკის სათამაშო თემაზე, რადგან ბიჭის გამოყენებული ტერმინები, რომლებითაც ის ცდილობდა მამისთვის თამაშის ახსნას, ჰენერისთვის სრულიად უცხო იყო. ასე აღმოჩნდა მამა-შვილი ორ სხვადასხვა ნაპირზე, რომელთაც თითქოს აღარაფერი აღარ აერთიანებდათ.

 

რომანში კარგად წარმოჩნდება, პატრიკის გონებას მთლიანად როგორ იპყრობს თამაში. ის ყველგან, სკოლაში, სახლში თუ გზაზე მიმავალი, ამაზე ფიქრობს, რადგან ყოველ ჯერზე რაიმე ახალი დავალება აქვს, მაგალითად, ჰიდრას დამარცხება. ეს უბიძგებს ცოდნის თვალსაწიერი გაიფართოოს, ინტერნეტ-ენციკლოპედიიდან ჰიდრაზე ინფორმაცია მოიძიოს. მითოლოგიური ამბები მას იმგვარ გამოცდილებას სძენს, რომელიც თამაშისას წამოჭრილი პრობლემების გადალახვაში დაეხმარება. მან ყურადღებით წაიკითხა ამბავი, თუ როგორ დაამარცხა ჰერკულესმა ჰიდრა, მოკვეთილი თავების ადგილები კი ცეცხლით მოწვა, მეორედ რომ აღარ ამოზრდილიყო. ამ ცოდნამ თავდაჯერებულობა შემატა, დილემა გადაჭრა და ნევენასთანაც თავი მოიწონა.

 

რომანის თამაშისეული სივრცე რეალობაში იჭრება, როდესაც ნევენა მოულოდნელად ქრება. მისი დაკარგვა პატრიკს საგონებელში აგდებს. ვირტუალური სივრცის დაძაბულობამ ახლა ბიჭის რეალური ყოფა მოიცვა, თითქოს გამყოფი ზღვარი მოიშალა. მწერალმა კი ეს დრამა იმისთვის შექმნა, რომ მამა-შვილს შორის ურთიერთობა აღდგენილიყო. ამ შემთხვევაში, ბიბლიურ-მითოლოგიური პარადიგმა შეცვლილია იმ თვალსაზრისით, რომ შვილი კი არა, მამა უბრუნდება შვილს. ის აღმოაჩენს, რომ მათი დაშორების მიზეზი თვითონაა. ამიტომაც იწყება ახალი, არანაკლებ თავბრუდამხვევი თავგადასავალი უკვე რეალურ განზომილებაში. ნევენას მოსაძიებლად მამა-შვილი ბოსნიაში მიემგზავრება და გზაში სხვა კულტურის ტრადიციებს, ღირებულებებსა და თავისებურებებს გაეცნობა, თან უამრავ დაბრკოლებას გადალახავს. მწერალს კი საშუალება ეძლევა რომანისეულ მხატვრულ განზომილებაში შემოიტანოს სხვა ოჯახის ისტორიაც, წარმოაჩინოს თანამედროვე გლობალური სამყაროს პოლიტიკურ-სოციალური პრობლემები. ამგვარად, მამა-შვილი, თამაშისა და რეალობის გზაჯვარედინზე მდგარი, სწორ მიმართულებას აირჩევს შინ, ოჯახში, ერთმანეთთან დასაბრუნებლად.

 

მწერალი ერთ ინტერვიუში სწორად შენიშნავს, რომ ინტერნეტი ადამიანს, მათ შორის, მისი რომანის გმირებსაც აძლევს საშუალებას, ჩაერთონ გლობალურ ზღაპრულ კარნავალში, ერთგვარ რიტუალში და მოირგონ სხვადასხვა ნიღაბი თუ სოციალური როლი, ეს მათ სიცოცხლეს მნიშვნელობასა და ფუნქციას სძენს.

 

მწერლისეული ცოცხალი თხრობა, საინტერესო პერსონაჟები, ექსპრესიულად გადმოცემული ამბები, მკითხველს ბევრ მნიშვნელოვან, აქტუალურ თემაზე დააფიქრებს და შეიძლება იმგვარ გამოცდილებადაც ექცეს, რომელიც ცხოვრებისეულ დაბრკოლებათა გადალახვისას გამოადგება.

 

კითხვებისა და პასუხების წიგნი

5

კითხვებისა და პასუხების ბევრი წიგნი არსებობს: მათი ნაწილი ბავშვებისთვის არის დაწერილი და სამყაროს შესახებ ბავშვის თავში გაჩენილ პირველ კითხვებზე სცემს პასუხებს; უფრო მეტი – ზრდასრულებისთვის. ისინი თემატურად სპეციფიკური და მოხმარებისთვის მარტივია. თითქმის ყველა სამომხმარებლო საიტზე არსებობს „ხშირად დასმული კითხვების” გვერდი და ზოგჯერ ამ ფორმატს მედიებიც იყენებენ რაიმე მოვლენის ასახსნელად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, საერთოც ბევრი აქვთ და, ე.წ. მარტივი ან სულელური კითხვები, რაც პირველადი იმპულსებით წარმოიშობა, ხშირად ერთმანეთის მსგავსი აქვთ. ამგვარი წიგნები, სტატიები თუ განმარტებები ვებსაიტებზე ერთი მხრივ ინფორმაციის მარტივად მოწოდების გზაა, მეორე მხრივ ნუგეში, რომ რაც შენ ვერ გაიგე ან რთული მოგეჩვენა, არც სხვებისთვის არის მარტივი და აი წიგნი, რომელიც შენც და მასაც ახლავე ყველაფერს აგიხსნის.

 

კითხვები და პასუხები ჩემი შვილების და მათი მამის საყვარელი თამაშიცაა: გოგოები საღამოობით კითხვებს უწერენ ხოლმე მამას, რომელზეც მან მეორე დღეს უნდა უპასუხოს, ასევე წერილობით. მე ამ ყველაფერს ვაგროვებ და ოდესმე ალბათ წიგნადაც ვაქცევ, თუნდაც ხელით აკინძულ, ერთ ეგზემპლარად გამოცემულ წიგნად, რომელიც ამ წლებს გაგვახსენებს.

 

  • ქარი საიდან მოდის?
  • პირველი ცხოველი რომელი იყო?
  • პირველი პასტა [კალამი] ვინ მოიგონა?
  • რატომ არის ცა ლურჯი?
  • დინოზავრების ძვლები რამხელაა?
  • სად მთავრდება მატარებლის ლიანდაგები?
  • მდინარეებში, ზღვებსა და ოკეანეებში ყველგან ერთი და იგივე თევზები და წყალმცენარეები ცხოვრობენ თუ სხვადასხვა?
  • შენ როდის დაიბადე?
  • პირამიდა რამსიმაღლეა?
  • ეტრუსკები რა ხალხია?
  • ადამიანი თუ მაიმუნისგან წარმოიშვა, მაიმუნი ვისგან წარმოიშვა?
  • საიდან მოდის ჰაერი?
  • როგორ შეიქმნა ანბანი?
  • ვინ მოიგონა ციფრები?
  • როგორ იქმნება სამკაულები?
  • ვინ ქმნის სიტყვებს?
  • ვინ იყვნენ პირველი არქიტექტორები?
  • ყველაზე გრძელი მარშრუტი, რომელიც შეიძლება მატარებლით გაიარო?
  • როგორ ხვდებიან არქეოლოგები, სად უნდა დაიწყონ გათხრა, რომ რამე საინტერესო იპოვონ?
  • სად გაჩნდა პირველი ადამიანი, სამოთხის ბაღში კი არა, ნამდვილად სად გაჩნდა?
  • შუქნიშნები როგორ მუშაობენ, რა არის ამის საიდუმლო?

 

ეს მხოლოდ ნაწილია იმ კითხვების, რომლებიც პატარა გოგოების თავში ჩნდება და მანამ არ ასვენებთ, სანამ პასუხს არ გაიგებენ. თავიდან, როცა ეს თამაში წამოიწყეს, არც კი მიფიქრია, რომ ამ გზით ისინი ერთდროულად თან თავიანთ თავსატეხებს უზიარებენ მამას, თან ნდობას უცხადებენ, რომ მას ყველანაირ კითხვაზე შეუძლია მოძებნოს პასუხი და თანაც წერა-კითხვაში თავიანთი ნებით ვარჯიშობენ. მეტი რამ ალბათ არც მოეთხოვება ერთ მარტივ თამაშს.

 

 

 

 

სკოლის გარემო და ფსიქიკური ჯანმრთელობა

1

 

პანდემიამ მოსწავლეების რუტინა შეცვლა. დაკეტილი სკოლები, შეზღუდული ურთიერთობები და არასტაბილური გარემო მათ ყოველდღიურობად იქცა. სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემიამ  საგრძნობლად დააზიანა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჩვენს საზოგადოებაში, სადაც ფსიქიკურჯანმრთელობის ირგვლივ უამრავი სტიგმა არსებობს, სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომია და ფსიქოგანათლება დაბალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უფროსებს არ გამოეპაროთ ის ხილული თუ უხილავი ნიშნები, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას ახასიათებს. რა როლი ენიჭება ამაში მასწავლებელს და რა მიგვანიშნებს ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის არსებობაზე, ამის შესახებ ჟურნალ მასწავლებელს“ ნევროლოგი და ფსიქიატრი მედა ზირაქაშვილი საუბრ.

 

 

პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა  მთელ მსოფლიოში. რა ხდება ჩვენთან? შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ბავშვებში ფსიქიკურპრობლემებ გახშირდა?

 

როდესაც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, მკითხველს შევახსენოთ, რომ „მენტალური ჯანმრთელობა არის ნაწილი ფიზიკური ჯანმრთელობისა“ და მასზე ზრუნვის გარეშე ბავშვის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა წარმოუდგენელია,  რადგან სწორედ სტაბილური ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეუძლიათ, განვითარდნენ ასაკის შესაბამისად ემოციური და კოგნიტიური კუთხით, ჰქონდეთ ეფექტური ურთერთობა გარშემო მყოფებთან და გადალახონ ყოველდღიური გამოწვევები. შევთანხმდეთ, რომ  ბოლო რამდენიმე წელია, მოწყვეტილები ვართ ბავშვობისა და მოზარდობის ხანის ჰარმონიული განვითარების განმსაზღვრელ ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს და, როგორც UNICEF-ის მკვლევრები ამბობენ, რასაც ვხედავთ, აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. ჯერ კიდევ პანდემიამდე 18 წლამდე ასაკის ხუთიდან ერთ ბავშვს აღენიშნებოდა მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა, ჯერ კიდევ კორონამდელ ეპოქაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების  პრევალენსად 10-20%-ს ასახელებდნენ და უკვე  საუბრობდნენ არასათანადოდ განვითარებული სერვისებისა თუ საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობის შესახებ. ახლა წარმოიდგინეთ ბავშვები, რომელთა ირგვლივ სრულიად შეიცვალა სამყარო, რომელთაც დაერღვათ  რუტინა, მოსწყდნენ საკლასო ოთახებში ჩვეულ სასწავლო პროცესს, ეკრანებიდან აკვირდებიან რეალობას, მიეჯაჭვნენ სოციალურ ქსელებს, ვირტუალურ სივრცეს, არიან ოჯახებში, რომლებიც ფინანსური, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს განიცდიან, ეშინიათ დასნებოვნების და ვირუსმა ბევრი ახლობელი ადამიანი წაართვა. ეს ხომ სტრესორების მთელი კასკადია.

 

მოიმატა თუ არა მომართვიანობამ ბავშვებში ფსიქიკური პრობლემების გამო?

პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანდაცვის სექტორის მთელი ყურადღება გადატანილი იყო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი კი გამოგვრჩა. ამერიკელი ექიმები აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა გადაუდებელია და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს.

UNICEF-ის ბოლო მონაცემებით, 10- დან 19 წლამდე  ასაკის დაახლოებით 7-დან 1 მოზარდს  უწევს ცხოვრება ფსიქიკური ჯანმრთელობის ამა თუ იმ დიაგნოზით. აშშ-ში 4-დან 1 მშობელი მიანიშნებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, 7-დან 1 კი ბავშვებისა და მოზარდების მდგომარეობის გაუარესებაზე,  მათი ქცევის ცვლილებაზე. აშშ-ში 2020 წლის მარტიდან ოქტომბრამდე  5-11 წლის ასაკის ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში მიმართვიანობა 24%-ით გაიზარდა, ხოლო 12-17 წლის მოზარდებში – 31%-ით.

საქართველოში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ჩვენს კლინიკაში მკვეთრად მოიმატა შფოთვითი აშლილობების, გუნება- განწყობის აშლილობების, სტრესის კლინიკური ნიშნების გამო მომართვიანობამ. ხშირია მომართვიანობა დასწავლის, სამუშაო პროცესის ორგანიზების სირთულეების, სწავლისადმი მოტივაციის დაკარგვის, ყურადღების გაუარესების, თავის ტკივილების, ადვილად დაღლის, გაღიზიანებადობის, აგრესიის გამოვლინებების გამო.

იგნორირებული ფსიქიკური პრობლემები არღვევს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ და ინტელექტუალურ ფუნქციონირებას სკოლაში, სახლში, საზოგადოებაში. აღსანიშნავია თვითდამაზიანებელი ქცევების წახალისებაც. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა სუიციდურმა შემთხვევებმა, რაც მთელ მსოფლიოში სპეციალისტთა ძლიერ შეშფოთებას იწვევს.

 

ჩვენს საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებობს სტიგმა და ეს თემა ორმაგად ტაბუირებულია, როდესაც საქმე ბავშვის ან მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება. რა შეიძლება შეამჩნიოს მასწავლებელმა ისეთი, რასაც მშობელი ვერ ამჩნევს?

ძალიან საინტერესოა, რომ მშობლები, თუმცაღა ამჩნევენ ცვლილებებს ბავშვს ქცევის, ემოციების რეგულირების, ურთიერთობების დონეზე, იშვიათად მიმართავენ სპეციალისტს. ამას რამდენიმე ახსნა აქვს: ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა, მენტალური პრობლემების შესახებ ცოდნის დეფიციტი, სერვისების სიმწირე და მათი დაბალი ხელმისაწვდომობა.

ამიტომ უზარმაზარი როლი ენიჭება მასწავლებლის ცოდნას, გამოცდილებას და მახვილ თვალს. იმას, რაც უნდა გააკეთოს სასკოლო ასაკში პირველადი ჯანდაცვის რგოლმა, ჩვენნაირ ქვეყნებში ხშირად თავის თავზე სწორედ მასწავლებელი იღებს. განსაკუთრებით  სენსიტიურია დაწყებითი კლასები. სასკოლო სივრცე პირველი სტრუქტურირებული გარემოა, რომელშიც ბავშვი ხვდება, შესაბამისად, განსაკუთრებით საყურადღებოა ამ პერიოდში ქცევასთან დაკავშირებული სირთულეები: ბავშვი ვერ ჩერდება გაკვეთილზე, უჭირს ჯდომა, ხელ-ფეხს იქნევს, ბევრს ლაპარაკობს, არ უსმენს პედაგოგს, თითქოს სადღაც დაფრინავს, დგება და საკლასო ოთახში სიარულს იწყებს… როცა ქცევის უნარები ჯერ არ არის გამომუშავებული, პირველ შეზღუდვებს ბავშვი მტკივნეულად აღიქვამს. წესების მიყოლას, ინსტრუქციული კონტროლის ჩამოყალიბებას დრო მართლაც სჭირდება, მაგრამ დროსაც გააჩნია. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, ქცევის ბანალური დარღვევების უკან ჩასაფრებული იყოს განვითარების დარღვევებიც, ისეთი გამოვლინებებით, როგორიცაა უყურადღებობა და ჰიპერაქტიურობა – იმპულსურობა, რომელსაც კვალიფიციური მართვა სჭირდება. საყურადღებოა ასევე მცირე ასაკში გამოპარული, არადიაგნოსტირებული აუტისტური სპექტრის აშლილობები. პედაგოგები ხშირად ეჯახებიან უშუალოდ ენასა და მეტყველებასთან დაკავშირებულ სირთულეებსაც, რომლებიც პროგნოზულად საკმაოდ კეთილსაიმედო მდგომარეობებია, მაგრამ ხშირად აქცევს ბავშვს დაცინვის ობიექტად, ააქტიურებს შფოთვით ფაქტორებს: „სხვანაირად ვლაპარაკობ“, „სესილის სახელით მივმართე და დამცინეს“, „მე აღარ ვუპასუხებ შეკითხვებზე, რადგან ბავშვები იცინიან“, – ან ხელს უშლის დასმული კითხვის შინაარსის გაგებაში, რის გამოც არაადეკვატურ პასუხებს იძლევა. ასეთ ბავშვს სელექციური დამოკიდებულება უჩნდება თანატოლების მიმართ: ზოგს ელაპარაკება, ზოგთან კი ხმას არ იღებს., ან თანაკლასელებს ესაუბრება, მასწავლებელს კი ვერბალურად არ ეკონტაქტება.

 

რა ხილული თუ უხილავი ნიშნებით გვატყობინებს ბავშვი, რომ დახმარება სჭირდება?

აგრესიით და დაუმორჩილებლობით ბავშვი ხშირად შველას ითხოვს. სკოლაში წასვლაზე უარის თქმა შესაძლოა დახმარებისკენ მოწოდება იყოს. შესაძლოა, ბავშვი ამგვარად ცდილობდეს ბულინგისთვის, ჩაგვრისთვის, სწავლის სირთულეებისთვის თავის არიდებას.

ბავშვს უჭირს თანატოლების წინაშე გამოსვლა, შფოთავს, წითლდება, ხელები და ხმა უკანკალებს, გულს ბაგაბუგი გააქვს,  ეშინია, არ დასცინონ (სოციალური შფოთვა)…

გაკვეთილის ჩაშლას ცდილობს, რადგან ყურადღების მიპყრობის სხვა ბერკეტი არ გააჩნია. იმპულსურია, უნდა თანაკლასელებთან დამეგობრება, მაგრამ პირიქით გამოსდის, მხოლოდ აღიზიანებს მათ. მასწავლებლები გამუდმებით შენიშვნებს აძლევენ, ნაწერში ათეულობით შეცდომას უშვებს, ღამე ათია, შესრულებული დავალება კი შინ დარჩა – არ დაუჯერეს, ცუდი ნიშანი დაუწერეს და მთელი მისი მოტივაციაც უცებ ჩაკვდა. არადა მან ხომ ნამდვილად იშრომა! აღარაფერი ახარებს, სწავლას გულს ვეღარ უდებს, ხშირად ტირის. „რა საჭიროა ჩემი არსებობა?“, „ღირს კი, ვამძიმებდე მიწას?“ (დეპრესიული განწყობა).

არ მეცადინეობს, დავალება არ მოაქვს, უპასუხისმგებლოა… უჭირს გაგება, დამხმარე სჭირდება (ინტელექტუალური პრობლემები, დასწავლის სირთულეები).

ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიმპტომებისა, რომლებიც შესაძლოა საგანგაშო სიგნალები იყოს და არ უნდა გამოგვრჩეს.

დიახ, უმეტესად სკოლა არის პირველი შემხვედრი სივრცე, სადაც ბავშვს უვლინდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევას სკოლამ ადეკვატურად გაართვას თავი.

 

ჩვენ ბავშვობიდან ვსწავლობთ ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მაგრამ არ გვსწავლია, როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. რა როლი ენიჭება ასეთ პირობებში ადრეულ ჩარევას  და სკრინინგს?

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმური დამოკიდებულების გამო ხშირად  ფსიქიატრებს მოგვმართავენ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული სირთულეების  შემთხვევაში. შესაბამისად, იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოების ფსიქოგანათლება ამ კუთხით ძალიან დაბალია, მცირე, მაგრამ ბავშვის ფუნქციონირებისთვის ხელის შემშლელი პრობლემების ადრეული იდენტიფიკაცია და უმტკივნეულოდ, მარტივად მოგვარება ზოგჯერ პედაგოგსაც შეუძლია და ამით შემდგომში უზარმაზარი პრობლემებს ავიცილებთ თავიდან.

ამრიგად, ასეთ პირობებში ბავშვის დახმარება მასწავლებლის ინფორმირებულობასა და პრობლემების აღქმის ადეკვატურობაზეა დამოკიდებული (Sayal, 2006). რასაკვირველია, უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი, რომ არც გავაუბრალოოთ პრობლემა და არც ბუზი ვაქციოთ სპილოდ.

სკრინინგის სტრატეგიები და ადრეული გამოვლენის ინტერვენციები შესაძლებლობას გვაძლევს, უმტკივნეულოდ და ადვილად აღმოვფხვრათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამომავლო სირთულეები.

სტიგმა, რომელიც ოჯახებს არ აძლევს შესაძლებლობას, მიმართონ სპეციალისტებს საკუთარი თუ შვილების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სავალალო შედეგებს იწვევს.

მოდი, ვეცადოთ, დროულად ამოვიცნოთ პრობლემები და არ დავიზაროთ მათი მოგვარების გზების ძიება.

 

ზრდასრული შვილების მშობლობა

0

კითხვები და პასუხები

ბრიტანელი ავტორების, Gill Hines-ისა და Alison Baverstock-ის წიგნის – „თქვენი ზრდასრული შვილები“ – კიდევ ერთი თავის თარგმანს შემოგთავაზებთ, რომელშიც ინგლისელი მშობლები შეკითხვებს უგზავნიან ავტორებს.

შეკითხვა: როგორც წიგნის ავტორები Gill Hines და Alison Baverstock გამუდმებით გვიმეორებენ, შვილებს „ტვინი არ უნდა ვუბურღოთ“, რადგან ასეთი რამ სრულიად უსარგებლოა. თუმცა ჩემი გამოცდილებით, ზოგიერთ ბავშვს თუ ყველაფერზე არ ელაპარაკე, უამრავჯერ არ გაუმეორე, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს, ვერაფერს მიაღწევ. ჩემმა ვაჟმა მხოლოდ იმიტომ მოახერხა უნივერსიტეტში ჩაბარება, რომ სკოლაში სწავლისას მე მუდამ ვაძალებდი ესწავლა, მაღალი ქულები მიეღო. მაგრამ, როგორც კი მოვადუნე მასზე კონტროლი, მაშინვე შეწყვიტა უნივერსიტეტში სიარული, ვიღაც საეჭვო რეპუტაციის ახალგაზრდასთან ერთად იქირავა ბინა და სახელმწიფოს მიერ გაცემულ სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობს, პრაქტიკულად მუქთახორობს და სრულად გაფლანგა ყველა ის ბენეფიტი, რომელიც ასეთი დიდი ძალისხმევის ფასად მოვაპოვებინეთ მე და მამამისმა. თანაც, ჩვენ მას პრაქტიკულად, თითქმის ვეღარ ვხვდებით და  ვერც ვესაუბრებით.

პასუხი:  ძვირფასო მშობელო, ძალადობრივი მეთოდები ნამდვილად არ მუშაობს და თქვენ მიერ აღწერილი შემთხვევაც სწორედ ამის დასტურია. სავარაუდოდ, სწორედ თქვენმა გამუდმებულმა ჭკუის სწავლებებმა, განსაკუთრებულად იმის შესახებ, თუ რა უნდა აკეთოს შვილმა, განაპირობა ის, რომ ახალგაზრდამ ვერ მოახერხა, საკუთარ პიროვნებაში სრულფასოვნად განევითარებინა პასუხისმგებლობის უნარი. თქვენ ხომ მის ნაცვლად აკეთებდით და წყვეტდით ყველაფერს. ამჟამად კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა ცდილობს, საკუთარ შინაგან ხმას მიაყურადოს და თავად მოიფიქროს, რა აკეთოს, სად ისწავლოს, სად იმუშაოს და როგორ იცხოვროს. თქვენს შეგონებებს ახლა ის ყურს აღარ უგდებს, სხვა არაფერი. ახლა ჩვენ თავად გეკითხებით – განაგრძობენ ავტორები – შეძლებთ შვილთან ურთიერთობების გადაწყობას? მაგალითად, მოახერხებთ შეხვდეთ თქვენს ვაჟს, სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე მშვიდ, კომფორტულ გარემოში, თუნდაც კაფეში ან სკვერში? გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ აღადგინოთ დარღვეული ურთიერთობები, თან გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა თქვენს ვაჟს სწორედ ახლა აქვს ის პერიოდი, როდესაც ის ტკბება მოპოვებული დამოუკიდებლობით. ამიტომ აღარ დაუწყოთ დამრიგებლური ტონით საუბარი, ნუ აავსებთ შეგონებებითა და საყვედურებით. ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები, მოეპყარით მას, როგორც ზრდასრულ, დამოუკიდებელ ადამიანს.    

კითხვა: ჩემმა შვილმა კვერცხის მოხარშვაც კი არ იცის და საერთოდ პრაქტიკულად არანაირი საოჯახო საქმე არ ეხერხება. მე, რა თქმა უნდა ვცდილობდი, მესწავლებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. იქნებ რამე მირჩიოთ, დამეხმაროთ, განვუვითარო შვილს თუნდაც კულინარიული უნარები?

პასუხი: ძვირფასო  მშობელო, მოდით, დაფიქრდით, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს თქვენს შვილს საკვების მომზადების სასწავლად? თუ თქვენ ბავშვებს ასწავლით ნებისმიერი რამის კეთებას, ისე, რომ მუდამ თავზე ადგახართ და აკონტროლებთ, თან კრიტიკას არ იშურებთ წვრილმან გადაცდომებზეც კი, მაშინ მას ნამდვილად არ ექნება მაღალი მოტივაცია. თავად მომზადების პროცესი კი – ძალიან უინტერესო და მოსაწყენი გახდება. საზოგადოდ, მიღებულია, რომ რაიმეს კეთება და განსაკუთრებულად კერძების მომზადება კარგად ისწავლება, მაშინ, როდესაც პრაქტიკულ სავარჯიშოებში, რუტინული ქმედებების გარდა, გავარჯიშებასთან ერთად შემოქმედებითი ელემენტების შეტანაც ხდება.

აი, რა იგულისხმება სამზარეულოში შემოქმედებითი ელემენტების შეტანაში – თუ შვილები დარწმუნებული არიან, რომ მშობლები მათ არასდროს დატოვებენ მშიერს, მათ დიდი ალბათობით არანაირი სტიმული არ ექნებათ და არ მოუნდებათ თავად მოამზადონ საკვები. ამიტომ, იქნებ ასეთი მეთოდი გეცადათ? იყიდეთ სამზარეულოს წიგნი მარტივი რეცეპტებით და შეუთანხმდით შვილს, რომ, მაგალითად, ყოველი კვირის ოთხშაბათს მან უნდა მოამზადოს ვახშამი. თავდაპირველად ერთად შეადგინეთ მენიუ და მოილაპარაკეთ, რა პროდუქტები უნდა შეისყიდოთ, განიხილეთ ვახშმის ბიუჯეტი და სხვადასხვა წვრილმანი დეტალი. ზოგჯერ, შეჯიბრებითობის ელემენტი კარგად მუშაობს. სცადეთ, თავად შეეჯიბრეთ შვილს მომზადებაში და შეაფასებინეთ ოჯახს, ვინ აღმოჩნდა უკეთესი მზარეული. აქვე, შეეცადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადაამლაშოთ, არ შეხვიდეთ უკომპრომისო კონკურენციაში. კიდევ ერთი რჩევა: შესთავაზეთ შვილს, დაპატიჟოს მეგობრები თავისსავე შედგენილ მენიუზე და მომზადებულ კერძებზე. შეყვარებულის დაპატიჟება კი მოტივაციის შექმნის საუკეთესო საშუალებაა.

კითხვა: ჩემი უფროსი გოგონა ძალიან კონფლიქტურია, ის საკუთარ დებსაც მუდამ ნებისმიერ საკითხზე ეკამათება. არ უყვარს არაფრის გაზიარება, დათმობა. შეშფოთებული ვარ, რა იქნება, როდესაც ის დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს, უნივერსიტეტში სწავლას შეუდგება, როგორ ააწყობს იქ ურთიერთობებს.

პასუხი:  და-ძმას შორის ჩხუბი და კინკლაოები, ეს არ ჰგავს უცხო ადამიანებთან კონფლიქტს. უფრო პირიქით, მშბლებისა და შვილების ურთიერთობები ეხმარება ადამიანებს სხვებთან ურთიერთობების სწავლაში, გამოცდილების მიღებაში, მოლაპარაკებების წარმართვაში. იქნებ სცადოთ და განიხილოთ შვილთან ერთად, როგორ წარმოუდგენია დამოუკიდებლად, უცნობი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება. განიხილეთ მასთან ერთად, რას ფიქრობს თანატოლებთან ერთად ცხოვრებაზე. კარგი იქნება, მშობლებმა რაიმე ქმედითი დახმარება შესთავაზონ შვილს არსებული სიტუაციის განხილვისას. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი საკითხების მოგვარება მომავალში შვილს მაინც დამოუკიდებლად მოუწევს. ეცადეთ, არ გააკრიტიკოთ მისი ამჟამინდელი საქციელი, რადგან თანდათანობით მას საერთოდ აღარ ექნება რეაქცია იმაზე, რასაც თქვენ მას ეტყვით. მშობლები უნდა ცდილობდნენ, მაქსიმალურად მოამზადონ შვილი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, თანამიმდევრულად განიხილონ მასთან ერთად უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი შესაძლო სიტუაციები. ისაუბრეთ ახალგაზრდასთან კომპრომისული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობაზე, იმაზე, რომ, როცა არ გსურს ვინმესთან ჩხუბი და გაუგებრობა, სწორედ მაშინ უნდა მიმართო, ე.წ. „ოქროს შუალედს“, შეთანხმებას. ასწავლეთ შვილს გათვალოს ინციდენტების შესაძლო შედეგები, ყურადღება გაამახვილოს მსგავს მომენტებზე და არ გამორჩეს მხედველობიდან კონფლიქტის წარმოშობის შესაძლო „გამშვები მექანიზმი“ (ტრიგერი). მთავარია, საუბრისას დარწმუნდეთ, რომ შვილი სწორად იგებს ყველაფერს, რასაც ეუბნებით.

კითხვა: ჩვენმა ვაჟმა დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა და დაიქირავა ბინა ორ თანაკურსელთან ერთად, მაგრამ ისინი დიდ ოთახებში განთავსდნენ და ჩვენსას კი პატარა, ნაკლებად კომფორტული ოთახი შეხვდა, ბინის ქირას კი სამივე თანაბრად ინაწილებს. ამ ყველაფრის გამო ცოტა არ იყოს შეშფოთებული ვარ, როგორ მოახერხებს ჩემი ვაჟი ამ საკითხის მოგვარებას.

პასუხი: ეს მართლაც თქვენი შვილის პრობლემაა და არა თქვენი. პასუხობენ Gill Hines და Alison Baverstock მშობელს. დაეხმარეთ მას მოელაპარაკოს თავის მეგობრებს და არავითარ შემთხვევაში არ უბიძგოთ, წამოაყენოს რაიმე შეუსრულებელი მოთხოვნა. თუ თქვენი ვაჟი ვერ მოახერხებს ამ პრობლემასთან გამკლავებას, მაშინ დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორც არის. გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ წამოიწყოთ შვილთან ოთახის შესახებ საუბრები და მით უფრო არ მოაწყოთ პროვოკაციული განხილვა მსგავსი შინაარსით: „ყოველთვის ყველაფერს შენ როგორ უნდა თმობდე?“ ან „მეგობრობა კარგია, მაგრამ შენი მოთხოვნილებების ხარჯზე?“. მსგავსი წკიპურტებით შვილს უნიათო, უხერხემლო ადამიანად აგრძნობინებთ თავს. დარწმუნებული ვართ, თქვენი, როგორც მზრუნველი მშობლის მიზანს არ წარმოადგენს შვილის არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენება.  გარკვეული დროის შემდეგ, შეგიძლიათ ისე სასხვათაშორისოდ ჰკითხოთ: „რა ქენი? როგორ გადაჭერი ოთახის საკითხი?“. სინამდვილეში ხომ არც თუ ისე მნიშვნელოვანია რამხელაა ოთახი და მით უმეტეს, ვინ რამდენ ქირას იხდის.

თქვენ გაეცანით ბრიტანელი ავტორების Gill Hines და Alison Baverstock წიგნის: „თქვენი ზრდასრული შვილები“ მცირე ნაწყვეტს. წიგნი, მოგვითხრობს ადამიანის ასაკობრივი განვითარების ისეთ საინტერესო ეტაპზე, როგორიცაა – ზრდასრულობა. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი მრავალ სირთულესა და წინააღმდეგობას აწყდება და ამის გამო მისი მშობლებიც შეშფოთებული არიან. იმედი მაქვს, ქართველი მკითხველისათვის საინტერესო იყო საკითხის გარშემო განსხვავებული ხედვისა და გამოცდილების გაზიარება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნობელის პრემია ანა პოლიტკოვსკაიას

0

წელს ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში პრემია ორ ჟურნალისტს გადასცა. „ქალბატონი მარია რესა და ბატონი დიმიტრი მურატოვი მიიღებენ ნობელის პრემიას აზრის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ მამაცი ბრძოლისთვის ფილიპინებსა და რუსეთში“, – განაცხადა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამის მოსმენის შემდეგ ცოტა ხანს გაოცებული ვიყავი, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ მსოფლიოსთვის სრულიად უცნობი (თუმცა ჩემთვის კარგად ნაცნობი) რუსი ჟურნალისტი ამ რანგის ჯილდოს დაიმსახურებდა. რამდენიმე საათი ვეძებდი პასუხს კითხვებზე: რა აქვს მურატოვს საერთო ვილი ბრანდტთან, დედა ტერეზასთან ან მარტინ ლუთერ კინგთან? რატომ შეარჩიეს იგი ჟიურის წევრებმა? დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, თავად „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა დაუსვა წერტილი ჩემს დაბნეულობას. რედაქციის წინ სახელდახელოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა კოლეგებს უთხრა: „ეს პრემია ეკუთვნის ანა პოლიტკოვსკაიას, იური შეკაჩიხინს, იგორ დომნიკოვს, ნასტია ბაბუროვას, სტას მარკელოვს, ნატაშა ასტემიროვას… ჩვენს დაღუპულ პროფესიონალებს, რომელთაც პროფესიისთვის სიცოცხლე გაწირეს. მე არ დამიმსახურებია ეს ჯილდო… ვინაიდან ნობელის პრემიით არ აჯილდოებენ გარდაცვლილებს, ალბათ, მათ ასე მოიფიქრეს, რომ ანასა და სხვებს ჩემი საშუალებით მიეღოთ ეს აღიარება“. მაშასადამე, რედაქტორმა კომიტეტის გადაწყვეტილება გაზეთის წარსულით და გამოცემის თანამშრომელთა თავგანწირვით ახსნა და არა პერსონალური ძალისხმევით.

„ნოვაია გაზეტა“ დამოუკიდებელი რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემაა. იგი 1993 წელს რუსმა ლიბერალებმა, ლიბერალურად განწყობილმა ინტელექტუალებმა დააფუძნეს. გაზეთში თავი მოიყარეს „პერესტროიკის“ პერიოდში გააქტიურებულმა ჟურნალისტებმა და პუბლიცისტებმა, რომელთაც ისარგებლეს დემოკრატიზაციის პროცესით და აქტიურად გამოვიდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე. „ნოვაია გაზეტა“ დაარსების დღიდან უპირისპირდებოდა რუს ნაციონალისტებსა და კომუნისტებს, მათ იმპერიალისტურ ხედვებს და ცდილობდა წარმოეჩინა რუსული კულტურის ევროპული განზომილება. დიმიტრი მურატოვი დაარსების დღიდანვე მუშაობს გაზეთში, 1995 წლიდან კი მისი მთავარი რედაქტორი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ გამოცემის დაფუძნებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა რუს ნობელიანტმა, სსრკ-ის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა – მიხაილ გობრაჩოვმა. იგი დღემდე რჩება გაზეთის მეწილედ. გორბაჩოვის თქმით, „ნოვაია გაზეტას“ მუშაობაში ოსლოდან მიღებული ჰონორარი დააბანდა. პოსტსაბჭოთა რუსეთში მურატოვის ხელმძღვანელობით მომუშავე მედიასაშუალებამ რამდენიმე მოვლენის დამსახურებით გაითქვა სახელი.

2006 წლამდე „ნოვაია გაზეტას“ წამყვანი თანამშრომელი ანა პოლიტკოვსკაია გახლდათ. მას მიაჩნდა, რომ ნამდვილი ჟურნალისტი ადამიანის ღირსების დამცველი, ჩაგრულთა ქომაგიც უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ცდილობდა, გაზეთის ფურცლებიდან სოლიდარობა გამოეცხადებინა რუსეთის ხელისუფლების მიერ გარიყული, დამცირებული, სიკვდილისთვის განწირული მოქალაქეებისა და ჯგუფებისთვის. პოლიტკოვსკაიას მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩეჩნეთის რესპუბლიკას უკავშირდება. ჩეჩნეთის მეორე ომის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდგომ პერიოდში ის ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც მკვიდრი მოსახლეობის ტანჯვის ამბავი სააშკარაოზე გამოჰქონდა და მთელ რუსეთს, მთელ მსოფლიოს მისი გადარჩენისკენ მოუწოდებდა. პოლიტკოვსკაია ინტენსიურად წერდა რუსეთის არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, აშუქებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რომლებიც 2000-იანი წლების გარიჟრაჟზე კავკასიაში რუტინად იყო ქცეული; ამხელდა სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერთა უკანონო გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო სახსრების მითვისებას, სხვების უბედურების ხარჯზე სიმდიდრის მოხვეჭის შემთხვევებს; ხელს უწყობდა დაობლებული ბავშვებისა და მარჩენალდაკარგული მოხუცებისთვის შემწეობის შეგროვებას. ანა პოლიტკოვსკაიას ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად რუსეთის პროკურატურა იძულებული გახდა, ათეულობით სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. ცხადია, მათი უდიდესი უმრავლესობა ბოლომდე არ მიუყვანიათ, მაგრამ ხალხმა არაერთი გენერლისა და პოლიტიკოსის ნამდვილი სახე დაინახა.

პოლიტკოვსკაიამ 2004 წელს ინტერვიუ ჩაწერა ჩეჩნეთის ახალგაზრდა ლიდერ რამზან კადიროვთან და მთელი სისავსით წარუდგინა იგი „ნოვაია გაზეტას“ მკითხველს. მის კალამს ეკუთვნის მსოფლიოს ბესტსელერად მიჩნეული ორი წიგნი – „პუტინის რუსეთი“ და „ჩეჩნეთი – რუსეთის სირცხვილი“. ამ პუბლიკაციების წყალობით ჩეჩნეთში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეებისა და რუსეთში დამკვიდრებული ავტორიტარიზმის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო. ანა პოლიტკოვსკაია აქტიურად აშუქებდა ბესლანის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, იბრძოდა „ნორდ-ოსტის“ წარმოდგენის დროს დახოცილი ადამიანების ოჯახის წევრთა ინტერესებისთვის. ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი მივლინების დროს ის თვითმფრინავში მოწამლეს, რამაც ახალგაზრდა ქალი კინაღამ იმსხვერპლა. ადამიანის უფლებებისთვის, მცირე ერების თავისუფალი განვითარებისა და დემოკრატიისთვის თავდადებული შრომა 2006 წლის ოქტომბერში დასრულდა, როდესაც პოლიტკოვსკაია საკუთარი სახლის ლიფტში ჩაცხრილეს. საქმე დღემდე გამოუძიებელია, მაგრამ მისი მკვლელობიდან 15 წლის თავზე ანას მეგობარმა და მთავარმა რედაქტორმა ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთში რიგითი მოქალაქეების გადარჩენისთვის მოქმედი პროფესიონალების განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი პლანეტისთვის.

პრემიის მიღების დროს მურატოვს მადლობა მხოლოდ პოლიტკოვსკაიასთვის არ გადაუხდია – ჩამონათვალში მოხვდა ნატაშა ასტემიროვაც, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტკოვსკაიას პირველწყარო გახლდათ. გროზნოსა და გუდერმესში, ჩეჩნეთის რეგიონებში ასტემიროვა „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომლის მუდმივი თანამგზავრი და მეგზური იყო. ანას არყოფნაში შვილმოკლული ჩეჩენი დედები, ამოწყვეტილი ოჯახების გადარჩენილი მცირეწლოვანი შვილები, უსამართლობით გამწარებული ადამიანები ნატაშა ასტემიროვასთან მიდიოდნენ და მას უტოვებდნენ პოლიტკოვსკაიასთვის გადასაცემ დოკუმენტებს, მასალებს, რათა ჟურნალისტს შემდგომ ადგილობრივთა გასაჭირი გაეშუქებინა. მურატოვის გაზეთთან ერთად ასტემიროვა „მემორიალშიც“ მუშაობდა და ადამიანებს ომში დაკარგული ნათესავების ძებნაში ეხმარებოდა. პოლიტკოვსკაიას გარდაცვალების შემდეგ „მემორიალის“ აქტივისტი ჩრდილიდან გამოვიდა და თავად დაიწყო ღიად წერა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების შესახებ. რამზან კადიროვის მთავარ ოპონენტად იქცა, ოპონენტად, რომელსაც პატივს სცემდნენ და უსმენდნენ მთელ ევროპაში. 2009 წელს ჟურნალისტი გროზნოდან გაიტაცეს და მოგვიანებით ინგუშეთის ერთ-ერთ პროვინციაში მოკლული იპოვეს.

მურატოვის მტკიცებით, ნობელის პრემიის რუსი ჟურნალისტისთვის გადაცემა კიდევ ერთმა ადამიანმა, მემარცხენე ეკოლოგისტმა ნასტია ბაბუროვამ განაპირობა. ბაბუროვა „ნოვაია გაზეტას“ შტატგარეშე თანამშრომელი იყო, რომელიც შესანიშნავად ერკვეოდა რუსეთის ახალგაზრდულ ნაცისტურ მოძრაობაში, სწავლობდა მის შემადგენლობასა და ქვეჯგუფებს, აკვირდებოდა ქუჩის არაფორმალურ აქციებს, სკინჰედთა აქტივობებს, „ანტიფას“ კონტრდემონსტრაციებს, შეგროვილი მასალების საფუძველზე კი გამოცემისთვის უმნიშვნელოვანეს სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებდა. ბაბუროვა დაუნდობლად აკრიტიკებდა და ებრძოდა 18 წლის ჩეჩენი გოგოს მოტაცებაში, გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პოლკოვნიკ ბუდანოვს, რომელიც რუსი ნეონაცისტების დაცვის მთავარი ობიექტი გახლდათ. 2009 წელს 26 წლის ბაბუროვა, „ნოვაია გაზეტას“ იურისტთან და ბუდანოვის მიერ მოკლულილი გოგოს ადვოკატთან – სტანისლავ მარკელოვთან ერთად ნეონაცისტებმა ქუჩაში ჩაცხრილეს. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, მკვლელობის ადგილას უცნობმა პირებმა შუშხუნა ღვინის ბოთლი მიიტანეს, რომელსაც ეწერა: „დედამ ხომ გითხრა, წვერებიან ბიძებს ნუ ემეგობრებიო“.

იური შეკოჩიხინი რუსეთის ძალოვან უწყებებსა და საბაჟოს მაღალჩინოსნებს შორის მიმდინარე ფინანსური გარიგებებისა და უთანხმოებების გაშუქებას შეეწირა. მოწამვლამდე მან არაერთი გაფრთხილება მიიღო, ჟურნალისტსა და ყოფილ დეპუტატს ურჩევდნენ, არ ჩარეულიყო მსხვილი მოთამაშეების ბრძოლაში. იგორ დომნიკოვი კი ლიპეცკის ოლქის ადმინისტრაციის მუშაობის შესახებ დაწერილი კრიტიკული სტატიების გამო ვიცე-გუბერნატორის დაკვეთით ქუჩაში მოკლეს ჩაქუჩებით.

ამ ისტორიების გათვალისწინებით, თავისუფლად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ „ნოვაია გაზეტა“ იმპერიალიზმის, მცირე ერების განადგურების, ნაციზმის, სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვისა და რიგითი მოქალაქეების ჩაგვრის წინააღმდეგ მომუშავე მთავარი რუსული გაზეთია. სხვა გამოცემებისა და ტელევიზიებისგან განსხვავებით, მან გაუძლო ოცდაათწლიან წნეხს და დიდი დანაკარგის მიუხედავად, დღემდე აგრძელებს მუშაობას. ქარიშხლების დროს მას სათავეში დიმიტრი მურატოვი ედგა. გაზეთის შენარჩუნება, თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ფორპოსტის გამაგრება მთავარი რედაქტორის დამსახურებაა. ნობელის მშვიდობის პრემიის რუსეთში გაგზავნა ნიშნავს იმას, რომ ცივილიზებული მსოფლიო ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მსხვერპლთა მხარეს დგას და პირდაპირ ამხელს ჯალათების მხარდამჭერ რეჟიმს. სამწუხაროდ, დიმიტრი მურატოვს საქართველოდან ოფიციალური წერილით არავინ მიულოცა ჯილდოს მიღება, ჩვენ კვლავ ჩრდილში დგომა ვამჯობინეთ.

დიმიტრი მურატოვი იმსახურებდა ნობელის პრემიას, რადგან მის უკან ანა პოლიტკოვსკაია და სხვები დგანან.

რთული კითხვების უფლება

0

(„ბავშვები სტერეოტიპები არ იბადებიან“ – „გლადა ჰუდიკ თეატრი“)

 „არასოდეს შეწყვიტო ჩახუტება“

                                                                         ბუსე ოსტლინი  – „გლადა ჰუდიკ თეატრის“ წევრი

 

 „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ – ეკითხება შელ-ოკე ალექსს.

„ძალიან რთული კითხვაა. ურთულესი,“ – პასუხობს ალექსი.

მშვიდად მიუყვებიან ლიანდაგებს. მალე მატარებელი ჩამოდგება, ისინი კვლავ გაჰყვებიან საკუთარ ოცნებებს და ეცოდინებათ, რომ ყოველთვის, ყოველთვის შეუძლიათ დასვან ურთულესი, თუნდაც უპასუხო კითხვები.

ეს ერთი შვედური ფილმის ფინალური სცენაა. ფილმს სწორედ შელ-ოკეს შეკითხვა ჰქვია – „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“. მისი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები თამაშობენ. როცა ფილმს ნახავთ, ამ განმარტებაშიც კორექტივს შეიტანთ – შეზღუდული კი არა, შეუზღუდავი – შეუზღუდავი და თვალუწვდენელი შესაძლებლობები! ფილმი ამ და ასეთ შესაძლებლობებზე მოგითხრობთ, მარტივად და შთამბეჭდავად დაგარწმუნებთ იმაში, რომ ნამდვილი სიცოცხლე სწორედ ჩვენს მიერ დაწესებული სტერეოტიპების, მკაცრი ჩარჩოების და ნორმების მიღმაა. მთავარი გმირის – ალექსის ისტორია კი იმაზეა, თუ როგორ ეხმარებიან ეგრეთ წოდებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მას, „ჩვეულებრივს“, „ნორმალურს“ – საკუთარი თავის და სიყვარულის ხელახლა პოვნაში.

დიახ, ეს ორმხრივი მაგიაა და რაც უფრო ხშირად დავრწმუნდებით ამაში, მით უფრო მეტ საზღვარს გადავლახავთ. არიან ადამიანები, რომლებმაც ამ რწმენის პილიგრიმობა ითავეს და საქმედაც აქციეს – მრავალფეროვანი, საინტერესო, შემეცნებითი და მხატვრული ღონისძიებებით ისინი საზოგადოებას ამ მარტივ და შეუვალ ჭეშმარიტებაზე ესაუბრებიან. ფილმი „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ სწორედ ასეთ პილიგრიმთა ერთ-ერთი წარმატებული პროექტია – შვედეთის ქალაქ ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაციის „გლადა ჰუდიკ თეატრის“ ნაწარმოები.

თეატრის დასი ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობებისგან შედგება. თეატრალურ საქმიანობასთან ერთად „გლადა ჰუდიკ თეატრის“ ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა. პროექტი ხორციელდება „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.

 

ხოლო ფილმის „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ მთავარი გმირის – ალექსის ისტორია კი იმ რეალური პილიგრიმის ისტორიაა, ვის თავშიც პირველად გაჩნდა ასეთი თეატრის იდეა, ვინც ამ იდეას ბოლომდე უერთგულა და განახორციელა კიდეც. ალექსი პერ იოჰანსონს განასახიერებს – „გლადა ჰუდიკ თეატრის“ დამფუძნებელს და შთაგონების უშრეტ წყაროს მათთვის, ვინც შშმ პირების საკითხებზე მუშაობს.

 

როდესაც პერ იოჰანსონმა, ქ. ჰუდიკსვალში, 1996 წელს თეატრი დააარსა, ამით უნდოდა შეექმნა სივრცე, სადაც თავადაც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებიც ერთად გააკეთებდნენ იმას, რაც მოსწონთ. ეს იქნებოდა მათი განვითარების საწინდარიც. „ადამიანებს ვერ დაეხმარები იმით, რომ ისინი გეცოდებოდნენ, დაეხმარები მხოლოდ პატივისცემის გამოხატვით, მოთხოვნების წაყენებით და მათი სერიოზულად აღქმით“ – ეს იოჰანსონის სიტყვებია და თქვენ მათ იმ არაჩვეულებრივი წიგნის შესავალში წაიკითხავთ, რომელსაც ქართველი მკითხველი სულ მალე იხილავს. ამ წიგნის წყალობით „გლადა ჰუდიკ თეატრის“ დასს კიდევ უფრო ახლოდან გაიცნობთ.

„ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ – ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელსაც „გლადა ჰუდიკ თეატრი“ სხვადასხვა ღონისძიების სახით წარმატებით ახორციელებს. პროექტი ბავშვებსა და მასში ჩართულ ყველა მონაწილეს ადამიანებს შორის არსებული განსხვავებების დადებითად აღქმაში ეხმარება და, იმავდროულად, აჩვენებს, რომ ამ სამყაროში ყველას აქვს სხვადასხვა შესაძლებლობა და უნარი.

განსხვავებული ადამიანების მიღებითა და დაფასებით ბავშვებს ჯანსაღი ღირებულებები უყალიბდებათ. სწორედ ამიტომ, პროექტის უმთავრესი სამიზნე ბავშვებია – სკოლა და მოსწავლეები. (პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფეისბუქ-გვერდზე შესაძლებელია ყველა აქტივობის უფრო დეტალურად გაცნობა _ https://www.facebook.com/gladahudiktheater.

 

„გლადა ჰუდიკ თეატრის“ საქმიანობა უკვე არაერთ ქვეყანაშია ცნობილი. სასიხარულოა, რომ 2020 წლიდან ამ ქვეყნებს საქართველოც შეუერთდა. ამჟამად  პროექტში ჩართულია 33 საშუალო სკოლა, (თბილისი, ბათუმი, ხარაგაული, გურჯაანი, ხაშური და სხვ.) პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ნახულობენ ფილმს „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“, მოსწავლეებთან ერთად  განიხილება  კონკრეტული საკითხები, როგორიც არის გარიყულობა, დისკრიმინაცია, ჩაგვრა,  ბავშვის უფლებათა კონვენცია. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ნებისმიერ სკოლას შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩაერთოს პროექტის საქმიანობაში.

სასკოლო აქტივობების გარდა, დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიების გამართვა ფართო საზოგადოებისთვის, მაგალითად, გამოფენების, ფილმის ჩვენების, წიგნის პრეზენტაციების მოწყობა. პროექტი თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ დღის ცენტრებთან, განვითარების ცენტრთან „ოთახი ეზოში“, ინტეგრირებულ თეატრთან „აზდაკის ბაღი“, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან“, ასოციაცია „ანიკასთან“ და ა.შ.  ამ ზაფხულს ფილმის „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ ჩვენება მოეწყო თბილისში – მზიურის პარკში, ზუგდიდსა და ხარაგაულში.

პროექტს ჰყავს „ქართველი ელჩებიც“ – ოთხი „მომხსენებელი“, როგორც მათ უწოდებენ: ალექსანდრე, სესილი, რომანი და მარიამი. ალექსანდრეს, სესილის და მარიამს მსახიობობა უნდათ, მათი ცხოვრება ძალიან შემოქმედებითია, უყვართ ხატვა და წერა, ასევე საკუთარი გამოცდილებების გაზიარება თანატოლებისთვის, რომანი კი საკუთარ მცირე წარმოებაზე ოცნებობს და სჯერა, რომ ერთ დღესაც ამ სურვილს აიხდენს. პროექტის ფარგლებში ”Artefact Production”-თან თანამშრომლობით, ვანო არსენიშვილმა და ნინო ორჯონიკიძემ გადაიღეს დოკუმენტური ფილმები პროექტის მომხსენებლების შესახებ.

თანდართული ლინკებით შვედური პროექტის ქართველი ელჩების სამყაროს უკეთესად გაიცნობთ:

„გლადა ჰუდიკ თეატრის“ ერთ-ერთი შთამბეჭდავი პროექტია ასევე ფოტო-წიგნი „ჩვენ – 30 ამბავი“. მისი ავტორები არიან მწერალი არჩილ ქიქოძე და ფოტოგრაფი ლევან ხერხეულიძე. მომზადდა ასევე ფოტო-გამოფენა იმავე სათაურით, რომელიც მოიცავს 30 პორტრეტს და 30 ამბავს ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ. გამოფენის მიზანი აქაც იგივეა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

გარდა ფილმისა „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“, „გლადა ჰუდიკ თეატრის“ აქტივობების ნუსხაში კიდევ არაერთი მხატვრულ-შემეცნებითი ღონისძიება და პროექტია. მათ შორისაა ფილმი „მოდის ჩვენება – “გლადა ჰუდიკიდან“ ნიუ-იორკამდე“. ეს ფილმი დოკუმენტურია და რეალურ ამბავს ეფუძნება, ემოციის გარეშე არც მისი ყურებაა შესაძლებელი. ესაა ამბავი ხუთი შშმ მსახიობისა, რომლებსაც პერ იოჰანსონმა ოცნება აუხდინა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მათი ჩვენება მოაწყო. „არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმის გამო, ვინც ვარ. ჩვენ ლამაზები და ჭკვიანები ვართ და დროა, ვიკაშკაშოთ“. ეს ერთ-ერთი მსახიობის, სრულიად გამორჩეული, ქარიზმატული და მომხიბვლელი ემა ორთლუნდის სიტყვებია, რომლითაც ის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, აუდიტორიის წინაშე წარდგა.

შვედური პროექტი კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას და მათ შორის ქართველ მაყურებელს/მკითხველს. ეს კი ნიშნავს კიდევ ბევრ გადალახულ სტერეოტიპს, კიდევ ბევრ აღმოჩენილ შესაძლებლობას, ადამიანურ გამარჯვებას და ბრწყინვალე სიხარულს, სიხარულს, რომელსაც ბადებს ურთულესი კითხვების თავბრუსხვევა, ძნელი და ამავდროს ჰაერზე მსუბუქი კითხვების უფლება და ღიღინი პასუხის ლოდინში…

 

 

 

 

„გენიოზი“ რეზო გაბრიაძე

1

„ეს გიჟი ნამეტანი ჭკვიანია“.

„უცხო ჩიტი“

 

რეზო გაბრიაძეზე წერა სარისკო საქმეა, მაგრამ არა და არ იქნა, ვერ მოვიშორე ეს სურვილი, „შემომიჩნდა სურვილის მახრა“ – ლებანიძის არ იყოს და ამ სურვილის არაყოლის ძალა ვინ მომცა?! ამიტომაც ვწერ.

არც ის გამომივიდა წერილში მხოლოდ ლიტერატურული წიაღსვლებით შემოვფარგლულიყავი, არ მოუხდა გაბრიაძეს და ჩემს დამოკიდებულებას მისი შემოქმედებისადმი და ვწერ ასე ჯახირით, თან მწერლის შემოქმედებაზე მინდა ვისაუბრო და თან ჩემი ემოციები ჩავატიო ამ ნაწერში.

* * *

როგორც თვითონ ამბობდა, მას წერით არ დაუწყია თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობა, ქანდაკებით დაიწყო. მაგრამ მაინც სიტყვამდე მივიდა. სიტყვამ გახადა მერე ერთდროულად: გენიალური ფილმების სცენარის ავტორი, საოცარი მარიონეტების თეატრის შემქმნელი – მისივე რეჟისორი, სცენარისტი, მუსიკალური გამფორმებელი… და მწერალი.

სამწუხაროდ, ის ბევრს არ წერდა და ამას თავისებურად, არაორდინარულად ხსნიდა: „ლიტერატურაში მიბრუნების ცდუნება ჩემში იოლად და დაუნანებლად დავთრგუნე. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, ამ საქმის მცოდნე ადამიანმა ამიხსნა, რომ ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უნიჭო მოთხრობაში ტყის რამდენიმე ჰექტარი იხარჯება. „დაე, ჩემმა წილმა ტყემ ხელუხებლად იშრიალოს, ხოლო მე მის ჩრდილში მოვკალათდები და მარკ ავრელიუსს ან შოთა რუსთაველს წავიკითხავ“ – გავიფიქრე მაშინ და ლიტერატურიდან გამოვედი ისე, რომ კარი მსუბუქად მივხურე“, – ამბობს ის თეატრმცოდნე მარინა დმიტრევსკაიას ძალიან საინტერესო წიგნში „რეზო გაბრიაძის თეატრი“, რომლიდანაც ამონარიდებს ჩემს სტატიაში კიდევ მოვიყვან.

თუმცა რასაც წერდა, იმდენად განსხვავებული ხელწერით, რომ შეუძლებელია, მკითხველს პირველი წაკითხვისთანავე არ დახსომებოდა და მომავალში სხვის ნაწერში არეოდა მისი იუმორი, პერსონაჟთა ხატვის განსაკუთრებული სტილი, მისი მხატვრული სახეები.

ერთ სხარტულაზე საუბრით მინდა დავიწყო, მაგრამ ცოტა შორიდან.

მე მგონია, ვისაც კლდიაშვილი უყვარს, ყველასთვის დაუვიწყარი სცენაა, სოლომან მორბელაძე რომ ლამის ჩოხას შემოახევს პლატონს (რომლის ვალიც მართებს და ვერ ისტუმრებს) და მისგან გაჭირვებით თავდაღწეული როცა წავა, ცოლი უსაყვედურებს: შე უბედურო, სად ეპატიჟებოდი იმ კაცს, მისატანად რა გეგულებოდაო, სოლომანი გაკვირვებული პასუხობს: – ერთი-ორი შეპატიჟებით რავა დარჩებოდა, შე ქალო!.. გადამთიელი ხომ არ არი, ჩვენებური ჩვეულება არ იცოდესო. მეორე ამ დონის ფრაზა იმერლებსა და იმერეთზე გაბრიაძისა მეგულება მხოლოდ – „უცხო ჩიტში“ ერთ-ერთი პერსონაჟი, არისტო, რომ ამბობს: ზრდილობამ ამოვგვწყვიტა იმერლები, თვარა თათარზე მეტი ვყოფილვართ ჩვენო… ერთ წინადადებაში ასე ზუსტად ჩატეული კუთხის ხასიათის, განმსაზღვრელი ქცევის მოხაზვა, მისი შეუქცევადობისა და გარდაუვალობის ხაზგასმა, თანაც ყოველგვარი „გაფორმების“ გარეშე, მწერლის კალმის სისხარტის უდავო დასტურია.

აქვე უნდა გავიხსენო ერთი პერსონაჟი „უცხო ჩიტიდან“, სავლე:

„სავლეს შეგირდიც ჰყავდა – ერთი მგალობელი და მკალობელი კახელი კაცი, იმერეთში ჩასიძებული, იმერეთში განაზებული, გაგეშენგენაცვლებული და გაგეშენჭირიმებული, მწარე ხელი ჰქონდა დარჩენილი მხოლოდ კახური, რომელიც იმერლებს აქამომდი ახსოვს, მადლიერებს“, – ამ მონაკვეთში ერთდროულად ჩანს როგორც კუთხის ხასიათი, ასევე მწერლის პერსონაჟთა ხატვის განსხვავებული მანერა.

გაბრიაძის პერსონაჟების ლიტერატურული სახეები განსაკუთრებული და გამორჩეულია. მისი მხატვრობა და სიტყვა ამ შემთხვევაში ძალიან ჰგავს ერთმანეთს – თითოეული პერსონაჟს ხატავს რამდენიმე შტრიხით, ძალიან მკვეთრად და დასამახსოვრებლად. არ გრძელდება დიდხანს, ორიოდე წინადადებაში ან თუნდაც ფრაზასა თუ სიტყვაში ატევს.

სანამ წერას დავიწყებდი, ვუტრიალებდი მის მრავალმხრივ შემოქმედებას, ვკითხულობდი და ვკითხულობდი და ვკითხულობდი მის ნაწერებს. შემთხვევით გადავაწყდი გაბრიაძის ცნობილი კოშკის აშენების ისტორიას.

ერთი კოშკის აშენების ამბავია, არც ნოველა, არც მოთხრობა, არც მინიატურა. ამბავია უბრალო და ისე ჰყვება, გულს შეგიფრთხიალებს: სად პოულობდა ასეთ ადამიანურ, ცოცხალ სიტყვებს, ფრაზებს, სახეებს?! ასე სადად, უბრალოდ, ყოველგვარი ჩუქურთმებისა, ღვლარჭნის გარეშე როგორ ხატავდა ამგვარ დასამახსოვრებელ ადამიანებს, გარემოს, სიტუაციებს?!

„მაგრამ ვინ ააშენებს? სად ვეძებო ეს ხალხი?

 ერთი კედლიდან გამოვიდა, მეორე კი ავტობუსიდან ჩამოვიდა.

ერთს ოთარი ერქვა (ოთარ მაგრაქველიძე), ჩემი ხნის კაცი, სამოცდაათს გადაცილებული ან ოთხმოცს მიახლოებული. იმათგანი, ვინც ჯგუფურ სურათებში სულ კიდეში ხვდება და სანახევროდ სახეჩამოჭრილი გამოდის.

მშენებლობებზე მან სულ 50 წელი გაატარა და ორმოცდაათივე წელი მუშად. ლამაზი კარიერაა! ჩვენ დავმეგობრდით. დღესაც ვმეგობრობთ და უკვე სამუდამოდ, ისე, როგორც ბავშვობაში მეგობრობენ ხოლმე.

მეორეს ერქვა ავთანდილი (ავთანდილ ლეჟავა). ის 1300 ან 1500 წლის იქნებოდა. ხასიათით მდუმარე და არაკონკრეტული. მორცხვი ღიმილით გარიდებდათ თვალს და მზერა გადაქონდა არაფრით გამორჩეული სახლის კუთხეზე. ხუთ სიტყვაზე უფრო გრძელი ფრაზები მას თრგუნავდა. ის ჩვენთან დასავლეთ საქართველოში სოფლის ეკლესიის მშენებლობის შემდეგ მოვიდა. ინსტრუმენტებიანი ჩანთითა და ბოხჩით, როგორც XII საუკუნეში. სხვა დანარჩენი კი ცოლმა მოუტანა, უკმაყოფილო თავის ქნევით.

მე მეხმარებოდნენ ინჟინრები – ზურაბ ჯაფარიძე, გელა ჯანგირაშვილი, არჩილ ჯაფარიძე, კოტე ოდიშვილი და სხვ. მათ გადაჰყავდათ ჩემი ნახატები და იდეები თანამედროვე და მშენებლებისთვის გასაგები ნახაზების ენაზე. რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ“, – თან ნამდვილები არიან, თან – პერსონაჟები.

ჯერ „უცხო ჩიტის“/ „შერეკილების“ ახლობელივით ნაცნობ მთავარ პერსონაჟებზე არ ვისაუბრებ. მინდა, სხვებს დავაკვირდეთ.

დათიკია მღვდელი „უცხო ჩიტიდან“:

„საბრალოს სალამი დასუსტებოდა, ისე დაფუღუროებულ-დასუსტებულიყო, რომ ჩრდილი დაკარგვოდა…

… დათიკია მღვდელი ამ ქვეყნის კაცს აღარ ჰგავდა, სიბერისგან ძალზე დაცოტავებულიყო, მჭლეხორციანი, ფოთოლივით კრთოდა, ნაჩუქარ წლებს ხარჯავდა მოწიწებით და ღმერთს მადლობას სწირავდა ყოველ გამთენიისას. წებოს სვამს ღამღამობითო, ხმა დაირხა მრევლში, სული რომ ჩეიმაგროს სტომაქში და არ გაეპაროს, იმიტომო…“ – თითქოს შეუსაბამო სიტყვათშეთანხმება ( სალამი დასუსტებოდა, სიბერისაგანა ძალზე დაცოტავებულიყო, წლებს ხარჯავდა მოწიწებით), სიურრეალისტური პასაჟები (ჩრდილი დაკარგვოდა, სული რომ ჩეიმაგროს), ერთადერთი დიალექტიზმით (ჩეიმაგროს) ხაზგასმა იმის, რომელი და როგორი საზოგადოების წევრია პერსონაჟი.

ადრახნია ერთი პატარა მოთხრობის, „თეთრი ხიდის“ პერსონაჟია, იმდენად შთამბეჭდავი, შეუძლებელია, მაშინვე არ წარმოგიდგეს თვალწინ. მიუხედავად უჩვეულოდ დაწვრილებითი აღწერისა, რა თქმა უნდა, ყველა მკითხველის ადრახნია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იქნება, მაგრამ მათ გააერთიანებთ სწორედ კონტურების, ხაზების სიმკვეთრე, სიზუსტე და სიმწირე, რითაც, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, რეზო გაბრიაძე მხატვრობაშიც თავის განუმეორებელ სტილს ქმნიდა.

„ადრახნია მარტო კაცი იყო. ჰქონდა მხოლოდ პროფილი, რომელსაც სხვადასხვა სიძველის შრამები ხაზავდა, მათ შორის ერთი იყო სხვებზე შესანიშნავი. ეს შრამი იწყებოდა თმებში, დიაგონალად კვეთდა მაღალ შუბლს, გადადიოდა წარბზე, ოდნავ ეხებოდა ცხვირს, მკრთალად აჩნდა მშრალად ნაძერწ ტუჩებს, ღრმავდებოდა ნიკაპზე და იკარგებოდა მის ქვეშ. განსაკუთრებით საშიში იყო დაღამებისას, ნისლში და კინოფილმ „შურისმაძიებელი ელდორადოდან“ მსვლელეობის დროს. მის გამოჩენაზე ქუჩა იმრუდებოდა და ცერად მიედინებოდა ფეხქვეშ.

აი, ასეთი კაცის თვალები მიყურებდნენ მე. ადრახნია დაჯდა ჩემს მაგიდასთან, შავყდიანი რვეული ამოიღო ჯიბიდან. დამიდო წინ, მიყურა, თქვა: „შენ დაწერ წერილს“, – და საჩვენებელი თითით, რომელიც არ ჰქონდა, მიმითითა რვეულზე“.

ჩიტო (მოთხრობიდან , , ექიმი და ავადმყოფი ანუ აკრძალული შობა“), არის პერსონაჟი, რომელსაც მიმიკით ახასიათებს ავტორი, ცნობილი ფრაზეოლოგიზმი რომ გამოვიყენო, მისი „საფირმო ღიმილი“ ხდის სრულიად გამორჩეულს:

„ჩიტომ გაიღიმა ფართედ, გაშლილად, კეფიდან კეფამდე, საღორიიდან ჭომამდე, ქუთაისურად და ოდნავ მრუდედ. „ამოდენა ღიმილს თავის დასავლეთაღმოსავლეთი კი უნდა ჰქონდეს“ , – გაიფიქრა ექიმმა“.

ვაპირებდი, ლიტერატურულ პორტრეტებზე საუბარი მწერლის ერთგვარი ავტოპორტრეტებით დამეწყო, მაგრამ კოშკის ამბავმა შემიტყუა და პერსონაჟებზე გადავედი. ქვემოთ მოცემულ ორ პატარა ამონარიდში ჩატეულია მწერლის ყრმობა და ზრდასრულობა: არასასიამოვნო რეალობის დანახვა, თვითგვემისაგან შორს მდგომი ზომიერი თვითკრიტიკა გადმოცემული უჩვეულო სიტუაციების აღწერითა და ისევ უცნაური სიტყვათშეთანხმებებით:

„მე დედიკოს შვილი ვიყავი. წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა ვინმე მივლინებულის ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული ჭირისუფლისა, თუმცა ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც, გასვენების დროს“ ( „თეთრი ხიდი“).

„აქ იკრიბებოდნენ უგვარო, უპასპორტო და პირდაუბანელი ხალხი, ანდა ჩემნაირები – უპრაპისკო, მეხუთე წელი შტატგარეშე, მე-4 გვერდის კორესპონდენტი ავდარია-დარია ჰონორარით. მე ბოლოში, ყველაზე უჩინარ ბუდკასთან რიგში ვიდექი მთლად კუდში, ლუდის მოლოდინში, ნამდვილ და მოგონილ დარდებით ვემშვიდობებოდი ჩემს ახალგაზრდობას, თამაშა სევდით, კინოებიდან ნასესხებ განცდებით… რიგი იყო ჩუმი და მცოდნე“ („ალილო“).

 

.

გარემო, რომელშიც ცხოვრობენ გაბრიაძის გმირები და თვითონაც, როგორც პერსონაჟი, ძირითადად, პატარა ქალაქია.

„ერთი ფრაზა მაქვს, შეიძლება ითქვას, სანუკვარი: ამ ფრაზით თითქმის ყველა ჩემს სცენარს ვიწყებ. ფრაზა კი ასეთია: ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ კრამიტისსახურავებიან პატარა ქალაქში მოხდა“… ზოგ შემთხვევაში მას ცოტათი ვცვლი: „პატარა, კრამიტისსახურავებიან გვერდმრუდ ქალაქში“, – ეუბნება მწერალი მარინა დმიტრევსკაიას.

ამ პატარა, გვერდმრუდი ქალაქების პროტოტიპი მწერლის მშობლიური ქუთაისია, რომელსაც ცალკე ნაწარმოებიც მიუძღვნა „ქუთაისი ქალაქია“ – ამბებისაგან, მოგონებებისაგან, ფრაგმენტებისგან, კადრებისგან შემდგარი რომანი, რომელიც ალბათ სწორედ ამიტომ არაჩვეულებრივ ბიოგრაფიულ ანიმაციად იქცა. „ჰარი-ჰარალე, დედაო“ მისმა შვილმა, ლეო გაბრიაძემ, გადაიღო და ოსკარზეც კი იყო წარდგენილი.

„ჰერ შულც, მერწმუნეთ, ქუთაისი ჩქარა და იოლად ქრება მეხსიერებიდან და შეიძლება, სწორედ ეს იყოს მისი ერთადერთი და უკანასკნელი ღირსება“, – ამშვიდებს ერმონია ამ რომანის გერმანელ პერსონაჟს, რომელიც ტოვებს ქუთაისს, მაგრამ რომანი მთავრდება სწორედ იმით, რომ ჰერ შულცს ვითომ უმნიშვნელო, ერთდროულად სულელური და მისტიკური რამეებითაც მიაქვს ის, ინახავს და ამით გამოხატავს ამ დაუვიწყარი პატარა ქალაქის სიყვარულს.

„თეთრ ხიდში“ მთხრობელი მწერალი ამაოდ ეძებს და ცდილობს, დაიბრუნოს სიყმაწვილის დროინდელი სათუთი გრძნობა თავისი მშობლიური ქალაქისადმი. თითქოს ვერ პოულობს, მაგრამ ისეთი სიტყვებით ასრულებს ამ მონაკვეთს, შეუძლებელია, ეს დაიჯეროს მკითხველმა ან ოდესმე დაავიწყდეს:

„…არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა: აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი, ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ. ნიავს ქუდი მოვუხადე, ჩამიარა, ვითომ ვერ მიცნო, ქუჩის კუთხეში საყურე გაათამაშა, მაინც გამომხედა და გაქრა“, – გაპიროვნებაც არის და გაპიროვნებაც, ვაჟას მოთხრობებზე გაზრდილებს ვითომ რა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ მოდი და ნუ გაიკვირვებ ნიავის ლიზიკოობასა და პედინსტიტუტში მოწყობას!

აი, აქ მოუხდება და აქვე უნდა ჩავურთო აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე:

„ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი.

იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, – ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ჰყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ. ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო.

მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი.

ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო.

კაცმა თქვა, – სიყვარულიდან ჩამოვედიო.

ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა…“.

გვერდს ვერ ავუვლი „შერეკილებში“ აღწერილ პატარა ქალაქს, რომელშიც ინაცვლებს მოქმედება. მისი დახასიათებაც ასეთია:

„ქალაქი, რომლისკენაც ერთაოზი დაიძრა, დღესაც არ აღინიშნება ყველა რუკაზე და ჩვენს დროშიაც „სხვადასხვა დასახლებულ პუნქტად“ ასახელებენ. ამ ქალაქს შუაში პატარა მდინარე ჩაუდიოდა, რომლისთვისაც უფრო სწორი იქნებოდა, მოსიარულე წყალი გვეწოდებინა. ეკლარის ქვით ნაშენი სახლებიდან მუდამჟამს გიტარის სევდის მომგვრელი კვნესა ისმოდა. ღორები ქუჩაში სამყურას გლეჯდნენ. ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო, მეორე ნახევარი კი უფრო მთვრალი, ანდა პირიქით. გუბერნატორს ჭიშკარს პარავდნენ და ნალებს ჭედავდნენ. ღამღამობით მგლები ტყიდან ტყეში ქალაქის ქუჩებით გადადიოდნენ მოკლეზე. სახელგანთქმულ ტრაგიკოსს, უბადლო ჰამლეტს, დუქნებიდან წამოყოლილი ღვინის მწერები დასდევდნენ სცენაზე, ტაშის დროს კი ჭერიდან კეტეტილები ცვიოდნენ. ცხენოსნები ტროტუარზე დასეირნობდნენ. უყვარდათ სიტყვები: „გენიოზი”, „გრადუზი”, „ბალზაკი”. სწამდათ სიზმრების, ჭიამაიების, მარჩიელების, ჭინკების, სწამდათ, რომ ხოჯავა მეთულუხჩეს ორი გული აქვს და სრიალა კუდი წინიდან. ოქროთი სავსე თასით მთელ ქალაქს მოივლიდა კაცი შუა ღამით უშიშრად, ლობიო მესამე წყალში იხარშებოდა. მოქალაქეთა ფიქრები და აზროვნება დაბურული იყო, დამოკიდებულებანი კი ტკბილი, როგორც გაჩენის პირველ დღეს. ვაჭრობდნენ მტკნარად,  ღიმილით. თავისუფალ დროს თავის ტკივილს ანდომებდნენ და… რაც არ ავიწყდებოდათ, რომ თავების მფლობელები არიან. საერთოდ კი თავებს ქუდში ინახავდნენ სათუთად, იმის ვარაუდით, რომ ოდესმე რამეში ეგებ გამოადგეთ. ფეხებს მეტი ავტორიტეტი ჰქონდათ, რადგან მათზე აზიატსკების ჩაცმა ხდებოდა ხანდახან, ან გავლა-გამოვლისათვის, ანდა სასახლეში სამუდამოდ გოუხდელად ჩაწოლისთვის ლამაზად.
ოცდასამი თერძი, ოცდაორი მეთოფე, სამასი გიტარა, ბერუჩევის ბაღი, ქინაქინა, ბანოჯის წურბელები, საპონი იარმურკის, თევზი რებეცი, ჩაი კონტონის, სახლი ღვთისშვილის, სახლი საჯდომად – ორას სამი, სახლი გირაოთი – ორმოცდათორმეტი. დროშის მტვირთველი – ერთი.
უბედურ შემთხვევათა რიცხვი: მეხდაცემულობა – 3 კაცი, 0 ქალი. მკრეხელობა – 7 კაცი, 29 ქალი. გაყინვა – 1 კაცი, 0 ქალი. ჩინოვნიკთა უპატივცემულობა – 0 კაცი, 0 ქალი. ქამასოკოთი მოწამვლა – 78 კაცი, 78 ქალი. კბილების დაგდებინება – 25 კაცი, 0 ქალი. კბილების ჩაგდებინება – 57 კაცი, 0 ქალი. გარეული ცხოველებისგან დაკბენა – 2 კაცი, 1 ქალი.
ქუჩებში ისეთი სიჩუმე იდგა, რომ პეპელას ფრთების ფრთქიალს გაიგონებდით და ყველა დღე უქმეს მოგაგონებდათ.


ასეთი იყო ქალაქი, როდესაც ერთაოზი პირველად გამოჩნდა მის ქუჩებში“, – სტატიისთვის კი ვრცელი ამონარიდია, მაგრამ ქალაქის სრულყოფილად დახასიათებისთვის არასაკმარისი მოცულობის უნდა იყოს, წესით. თუმცა მწერალი ორიოდე აბზაცში ატევს,მაინც ახერხებს ქალაქის იერის, მახასიათებლების, მის ბინადართა მისწრაფებების, დამოკიდებულებების, ინტერესების სრულყოფილად წარმოჩენას თავისი განუმეორებელი ფორმულის საშუალებით:
 სრულიად რეალურ აღწერას უმატებს სიურრეალისტურ პასაჟებსა და უცნაურ სიტყვათშეთანხმებებს, მსუბუქ ირონიას, უფრო იუმორისკენ გადახრილს და შიგადაშიგ ჩართულ დიალექტიზმებს – სპეციფიკური კოლორიტის შესაქმნელად. ამ ფორმულას აქ ემატება ეკლექტური ჩამონათვალი და უცნაური სტატისტიკა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს მკითხველი გენდერულ ჭრილში აკვირდება.

ძალიან გამიგრძელდება, მაგრამ რეზო გაბრიაძის შემოქმედების კიდევ რამდენიმე მახასიათებელი მინდა, აღვნიშნო.

მის ნაწარმოებებში დრამატიზმი იქმნება პარადოქსული ამბებით: ადამიანს მანქანა ჰგონია თავი („ექიმი და ავადმყოფი ანუ აკრძალული შობა“) და მთელი ამბავი, მთლიანი მოთხრობა ერთი გზაა, ექიმის სახლიდან ავადმყოფამდე, ჩაბნელებულფანჯრებიანი გზა, რომელთა უკან ყველაზე სანდო, ადამიანური და სიყვარულით სავსე დღესასწაული, შობა, იმალება.

ვიღაც ნასტუდენტარ ფიზიკოს ქრისტეფორესა და ცარიელ-ტარიელ ერთაოზ ბრეგვაძეს გაფრენა მოუნდებათ… ჭურში ჯდომით (ჭურში ჯდომა – ჩამორჩენილობა, უმეცრება) იწყება ერთაოზ ბრეგვაძისთვის ახალი ხანა.

„ვოლტერი ამბობდა: რომ ზეცამ კაცთა მოდგმას მისი ხვედრის შესამსუბუქებლად იმედი და სიზმარი გამოუგზავნა. კანტი ამას სიცილს უმატებდა. არ ვიცი, ცნობილი იყო თუ არა ეს გამონათქვამი გაბრიაძისთვის (ჰუმანიტარული ერუდიციის ნაკლებობას ის ნამდვილად არ განიცდიდა), მაგრამ იმედი, სიზმარი და იუმორი იყო სწორედ ის სამი „ვეშაპი“, რომლებზეც მისი სამყარო ყოველთვის იდგა – იმედის შთამაგონებელი, იუმორით მასაზრდოებელი და სიზმარში ჩასაფლობად ბიძგის მომცემი. ოღონდ იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ძილს მოგგვრის. უბრალოდ, თავად რეზო ხშირად ამბობს და წერს, მისთვის მოუხელთებელია ზღვარი ძილსა და ღვიძილს შორის და ზოგჯერ იმის დადგენაც უჭირს, რა რას წარმოადგენს და რომელია ჭეშმარიტება…“ , – წერს მარია დმიტრევსკაია თავის წიგნში.

გაბრიაძის შემოქმედება არც ფენტეზია, არც სამეცნიერო ფანტასტიკა, არც მაგიური რეალიზმი – ის რეალურ სამყაროზე, რეალურ პერსონაჟებზე, ძალიან რეალურ ამბებს ისე უცნაურად ჰყვება, არარეალურის ადგილსაც ბუნებრივად აჩენს. მე სიურრეალისტურ პასაჟებს დავარქმევდი ამ მონაკვეთებს (ზემოთ ვახსენე კიდეც უკვე). ძალიან რეალურ და ყოფით ამბებში ისე გვაპარებს მარგარიტას ნესვიდან „გამოალამაზებას“ და შემდეგ შაქრის თოჯინად ქცევას, გიჩნდება გრძნობა, რომ ყველა ლამაზი ქალი ასე იბადება; საფრენი აპარატის შექმნისას, მეცნიერულ გათვლებში ისე ურთავს: სიგრძე უდრის სიყვარულს, სიგანე – რწმენას, სიმაღლე – იმედს, რომ მკითხველი იჯერებს,შერეკილების გაფრენა გარდაუვალია; რამდენიმე ნაწარმოების პერსონაჟია ერმონია, რომელიც რთული გასარჩევია, როდისაა რეალური და როდის ანგელოზი… ხოლო ექიმისა და მისი გარდაცვლილი ცოლის სიზმრისეული ტანგო საფლავზე ძალიან მაგონებს მარკ შაგალის ჰაერში ატაცებულ მფრინავ წყვილებს, რომელთა ქვემოთ თუ გარშემო სრულიად ჩვეულებრივი, მეტისმეტად რეალური გარემო, სოფლები და ქალაქებია.

 

ერთიც მინდა აღვნიშნო მოკლედ და ამით დავასრულებ ამ გრძელ, მაგრამ რეზო გაბრიაძეზე სასაუბროდ არასაკმარისი სიგრძის წერილს:

ამ მწერლის შემოქმედებას, განსაკუთრებით „შერეკილებს“, ჩემი აზრით, ალუზიებიც აძლევს გამორჩეულ ელფერს:

„მიზანა სამზადისს შეუდგა, სუფრის გამოსატანად სახლში შევიდა; გვერდზე გადახრილ ამ ფიცრულს მიზანა სახლს იმიტომ უწოდებდა, რომ თავმოყვარე კაცისთვის უხერხული იყო ეთქვა – ბოსელში, ნალიაში ან საქათმეში ვცხოვრობო. ხავსმორეულ ყავარზე დარაჯებად ქვები ისხდნენ, ქარს რომ სახლი არ ეზარალებინა და ის ნალახნაწეწი ნარჩენებიც თან არ გაეყოლებინა. ყავარი რა საჩივარია, კედლებში შემოვარდნილი ქარი საბანს წაგლეჯდა მამა-შვილს, ერთაოზი და მიზანა ყოჩაღ-მალხაზები რომ არ ყოფილიყვნენ. სარკმელზე გაქონილი ტყავი გაეკრათ. იატაკი სიფრთხილეს და დაკვირვებას მოითხოვდა, კიბის საფეხურები კი, რიცხვით სამი, – მოქნილობას და თავგამეტებას“. – ამ მონაკვეთის წაკითხვისას შეუძლებელია, კლდიაშვილის ბეკინა სამანიშვილი და ჭავჭავაძის თათქარიძეების კარ-მიდამო ერთდროულად არ წამოუტივტივდეს გონებაში გაწაფულ მკითხველს, მაგრამ თან ისეთია, სულ რომ არ ჰგავს სხვებს, ათასში და ასი ათასში გამოარჩევ და მიხვდები, რომ მხოლოდ გაბრიაძეს აქვს ასეთი იუმორი.

სულხან-საბას ცნობილი იგავ-არაკის, „გლახაკი და ქილა ერბოს“ ალუზიას ქმნის ისიდორემ რომ ხელი გამოსდო მკლავში ერთაოზს და ჭკუას არიგებდა:

„- თაფლს ხო გაყიდი? ხელს ხო დეიცლი? მერე იმ ფულით ხო იყიდი დედალს? დედალი ხო დაგიდებს კვერცხებს? დააჯენ ზედ და წიწილები ხო გამოტყდება?… მერე, იმგენს რო გაყიდი, იყიდი გოჭს, მერე ი გოჭი ღორი გახდება, ხო ეყოლება გოჭები? გაყიდი იმგენსაც და ხო იყიდი წინაველში სირაჩხანას? მერე აგროვე და აგროვე ფული. მერე ბათუმში რო ბაქოა, იქინა იყიდი დიდ სახლს და არღანს…

– გავყიდი მერე იმ სახლს და გევისტუმრებ მამაჩემის ვალებს, – მიხვდა ერთაოზი“. ( დედალიც, რომელიც მართლა ჩნდება ნაწარმოებში, თავის მხრივ, ფრაზეოლოგიზმის ალუზია თუ გაცოცხლებაა, გაკეთდა შავი დედალივითო).

გაბრიაძის ნაწარმოებების მთავარ შინაარსობრივ განმსაზღვრელზე რომ ვფიქრობდი, ერთი რამ გამახსენდა: ერთ-ერთ ფრანგულ სიუჟეტში ლეო გაბრიაძე ახალგაზრდა ჟურნალისტებს ესაუბრება მამის შემოქმედებაზე და ბოლოს ასე ასრულებს: თქვენც გისურვებთ, შეძლოთ, თქვენი რეპორტაჟები გადაიღოთ კარგ ამბებზე და მიუხედავად ამისა, არ იყოს მოსაწყენიო – მე მგონი, ეს დიდი რეზოს შემოქმედების მთავარზე მთავარი მახასიათებელია: წეროს არა ტრაგედიაზე, არამედ უბრალოდ კეთილ, უცნაურ, სიხარულის, ღიმილის მომტან ამბებზე და ეს ამბები სულაც არ იყოს მოსაწყენი. პირიქით, პირველივე ფრაზიდანვე ვიგრძნოთ მათი მომხიბვლელობა და გახდეს დაუვიწყარი.

მისი ნაწარმოებების კითხვისას ვგრძნობ, ისე უცნაურად მიბრწყინდება სახე, როგორც ქრიშობელას, როცა ერთაოზი ვალად დარჩენილ სიმღერას უბრუნებს და არ მცილდება ის ამაღლებულობის განცდა, რომელსაც „უცხო ჩიტის“ ფინალის წაკითხვა იწვევს:

„ისევ გამოჩნდა მათ თავზე ლურჯი, უძირო, სულისწამღები ცა – მამაზეციერის წამიერი საჩუქარი და ყველაფერი გაქრა. გაიხსნა სულ სხვა რამ: სიხარული, სიტკბო, სილამაზე, მუდმივი გაზაფხული, სინათლე, ბედნიერება…

დიდება შენდა, ღმერთო!“.

 

P.S.

არასოდეს დავსწრებივარ განმეორებით უკვე ნანახ სპექტაკლს, ძალიან მომენატრა და ბილეთი რომ ვიყიდე ჩემს უსაყვარლეს წარმოდგენაზე „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, რეზო გაბრიაძე ცოცხალი იყო, სპექტაკლს რომ ვუყურე – უკვე გარდაცვლილი.

სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, ტრადიციულად რეზოს თბილი, სევდიანი, რაღაცნაირად უცხოდ ახლობლური ხმა გაისმა:

„ძვირფასო მაყურებელო, უმორჩილესად გთხოვთ, გამორთოთ ტელეფონები. ჩვენი დარბაზი ძალიან პატარაა, აქ სუნთქვაც ისმის, არათუ ტელეფონი. დიიიდი მადლობა… მადლობთ, მადლობთ, მადლობთ“. ვიტირე.

გმადლობთ ყველაფრისთვის, გენიოზო!

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...