ორშაბათი, აგვისტო 25, 2025
25 აგვისტო, ორშაბათი, 2025

ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ონლაინ სწავლებისას

0

ონლაინ სწავლებამ გაკვეთილების ჩატარების ფორმატის შეცვლა გვაიძულა. ზოგიერთ საგანში დისტანციურ სწავლებაზე მორგება შედარებით რთული აღმოჩნდა. ჩემთვის, მაგალითად, ასეთი იყო ფიზიკური აღზრდა. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე გამოვიყენე.

 

ვივარჯიშოთ ერთად

თუ სკოლაში ვარჯიშობდით ერთად, რატომ არ შეიძლება, ეს დისტანციურ ფორმატშიც გაგრძელდეს? ამიტომ ერთ დღეს სპორტულად გამოვეწყვე, ხალიჩა გავშალე, ხმადაბლა ჩავრთე მუსიკა, ჩემი კომპიუტერი ოთახის კუთხეში დავდგი (რათა სივრცე კარგად გამოჩენილიყო) და მოსწავლეებს ვთხოვე, ჩემთან ერთად გაემეორებინათ მოძრაობები. ერთად ვარჯიში სახალისო აღმოჩნდა. ისეთი განცდაც კი გაგვიჩნდა, თითქოს ყველაფერი თითქოს ძველებურად იყო.

გარდა ამისა, მოსწავლეებს ეკრანის გაზიარების საშუალებით ვუზიარებ ვარჯიშის ვიდეოს, რომელიც ძალიან მოსწონთ. ვიდეოში წარმოდგენილ ვარჯიშებს მოსწავლეები იმეორებენ. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ეძლევათ შესვენების საშუალებაც. ზოგჯერ ვარჯიშში ოჯახის სხვა წევრებიც ერთვებიან და ყველაფერი უფრო სახალისო გამოდის.

 

მოვიგონოთ თამაში

ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთ გაკვეთილზე ვისაუბრეთ თამაშის მნიშვნელობაზე. იმაზე, თუ რისგან შედგება ის, რა არის საჭირო იმისთვის, რომ თამაში შედგეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია წესების დაცვა, რომ თამაშის შინაარსი ყველა წევრს უნდა ესმოდეს. გავიხსენეთ ყველა ის თამაში, რომელიც გვითამაშია და მოგვწონს. დავასახელეთ თამაშის მიზნები, რადგან ზოგიერთი თამაში გონებრივ განვითარებას ემსახურება, ზოგიერთი კი ფიზიკურს. ამ დისკუსიის შემდეგ ვთხოვე, მოეფიქრებინათ თამაში, შეედგინათ თამაშის ბარათი და გადაეღოთ ვიდეო. დავალების შესრულება შეეძლოთ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურადაც. მოსწავლეების უმრავლესობამ დავალების ჯგუფურად შესრულება არჩია.

აი მათ მიერ მოფიქრებული რამდენიმე თამაშის ბარათები:

ვფიქრობ, ამ აქტივობას სკოლაში დაბრუნების შემდეგაც გამოვიყენებთ, ამჯერად – პრაქტიკაში და მთელ კლასთან. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ითამაშონ თავიანთი მოფიქრებული თამაშები.

საინფორმაციო გაკვეთილები და ონლაინ თამაშები

მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ თეორიული ცოდნა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე, სპორტსმენებზე, ოლიმპიადებზე და ა.შ. ამისთვის საინფორმაციო გაკვეთილებს ვატარებ. წინასწარ შედგენილი პრეზენტაციის დახმარებით მოსწავლეებს ვაწვდი ინფორმაციას. მიღებული ცოდნის მიხედვით მათ ვთავაზობ თამაშებს, რომლებიც ასევე წინასწარ მაქვს შერჩეული. ეკრანის გაზიარებით ვრთავ თამაშს და მოსწავლეებს თეორიული ცოდნის გამოვლენის საშუალებას ვაძლევ. ამაში მეხმარება ჯგუფში ,,აქტივობები კლასში“ ჩემი კოლეგების მიერ განთავსებული რესურსები.

ვფიქრობ, გაკვეთილების მრავალფეროვნება ფიზიკურ აღზრდას აქცევს ერთ-ერთ იმ საგნად, რომელსაც მოსწავლეები მოუთმენლად დაელოდებიან.

მოსწავლეების ბუნებასთან დაკავშირების გზები

0

ბავშვები ბუნებასთან ხშირი კონტაქტით სხვადასხვა ტიპის სარგებელს იღებენ, მათ შორის ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურს. იმ ბავშვებში, რომლებიც მეტ დროს ატარებენ ბუნებაში, ასთმის, დეპრესიისა და სხვა დაავადებების უფრო დაბალი მაჩვენებელია. კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლის გარშემო მწვანე სივრცე გავლენას ახდენდა სკოლაში მოსწავლეთა ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე.

ამ სარგებლის გათვალისწინებით, მასწავლებლებს კარგი მიზეზი აქვთ, „მეტი ბუნება შეიტანონ“ საკლასო ოთახებში. ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში:

  1. წაიხემსეთ ან ისადილეთ გარეთ (სუფთა ჰაერზე): ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ყოველთვის, როდესაც ამინდი ამის საშუალებას მოგცემთ. მომზადებისას მოსწავლეებს შენობაშივე შეგიძლიათ ასწავლოთ საჭირო უნარ-ჩვევები, როგორიცაა – ხალიჩაზე ან პლედზე ჯდომა და ნარჩენების მართვა, რომლებიც ქარიან ამინდში შეიძლება გაგვიფრინდეს. შესაძლებელია ღია ცის ქვეშ გაკვეთილის ჩატარებაც, განსაკუთრებით, როცა ბიომრავალფეროვნებას მიმოიხილავთ.
  2. „შემოიტანეთ“ მეტი ბუნება შიდა სივრცეში. ბუნებაში გაყვანის ნაცვლად, მიუტანეთ მოსწავლეებს ცოტაოდენი ბუნება საკლასო ოთახში. შეგიძლიათ მორთოთ საკლასო ოთახი ბუნების სურათებით, გამოფინოთ ფოტოები ბავშვებისა, რომლებიც გარემოს იკვლევენ და ამით შეახსენოთ თქვენს მოსწავლეებს მათი კავშირი ბუნებასთან.
  3. გამოიყენეთ ბუნებრივი მასალა: საკლასო ოთახის სხვადასხვა კუთხეში ბუნებრივ მასალას საინტერესო სენსორული გამოცდილების მოცემა შეუძლია. შემოიტანეთ ტოტები, ნაფოტები ან კენჭები სათამაშო სივრცეში. მათემატიკის სწავლებისას ხშირად გვეძლევა შესაძლებლობა, ჩავანაცვლოთ ხელოვნური სასწავლო მასალა ბუნებრივით. მაგალითად, შეგიძლიათ სეირნობისას ბავშვებს შეაგროვებინოთ რკოები, გირჩები, ფოთლები და ოთახში ერთად დაითვალოთ მათი რაოდენობა. გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები სახელოვნებო ან სამშენებლო პროექტებისათვის, რათა დააინტერესოთ ბავშვები იმ მრავალფეროვანი ტექსტურით, ფორმითა და ფერით, რომლებიც ბუნებაში მოიპოვება.
  4. იფიქრეთ კლასში ცხოველის მოყვანაზე: მართალია, კლასში ერთი ან რამდენიმე ცხოველის ყოლა დიდ ვალდებულებას დაგაკისრებთ თქვენც და მოსწავლეებისაც, მაგრამ მათ შეუძლიათ თქვენს მოსწავლეებსა და ბუნებას შორის უნიკალური კავშირების უზრუნველყოფა.
  5. შემოიტანეთ ველური ბუნება: შეგიძლიათ უსაფრთხოდ შემოიტანოთ ველური ბუნება თქვენს კლასში. ფანჯრის მიღმა განთავსებულ ჩიტების საკვებს შეუძლია მათი მოზიდვა. რამდენიმე ბინოკლითა და საველე გზამკვლევით შეიარაღებული მოსწავლეები ჩიტებს დააკვირდებიან.
  6. გაახარეთ მცენარეები. კლასში მცენარეების შემოტანას, მაშინაც კი, თუ „მწვანე თითები“ არ გაქვთ, შეუძლია ატმოსფეროს სრული გარდაქმნა. კვლევები გვიჩვენებს, რომ მწვანე ხედები ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ყურადღებას და სტანდარტულ ტესტებში მოსწავლეების შედეგებსაც კი.

ადვილად მოსავლელი ოთახის მცენარეებიდან საკვებად გამოსადეგი ხილისა და ბოსტნეულის ჩათვლით, ყველა მცენარეს შეუძლია გააღრმაოს მოსწავლის კავშირები ბუნებასთან. ფანჯარასთან ყუთში ან გარეთ მდებარე დამტვერვად მცენარეებს შეუძლიათ, მოიზიდონ ფუტკრები და პეპლები. შერჩევამდე მეტი გაიგეთ მცენარის შესახებ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის უსაფრთხოა. ზოგი მცენარე შეიძლება შხამიანი იყოს ან გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თუ მოსწავლე მას შეეხება.

ბუნებასთან კავშირს დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს ყველა მოსწავლის კეთილდღეობასა და სწავლაზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც ემოციური, აკადემიური ან ქცევასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ. ტრადიციულ საკლასო ოთახში ყველა ჩვენგანისათვის არსებობს ბევრი გზა, რათა დავნერგოთ ბუნებაზე დაფუძნებული განათლება ჩვენს სწავლებაში მხოლოდ მცირე ცვლილებების განხორციელებით.

წყარო: Edutopia.org

 

სამყაროს შეცვლის პირისპირ

0

ომის ბავშვი ვარ. მართალია, ასაკი მემატება, მაგრამ ეს სტატუსი სამუდამოდ მრჩება. ბავშვობა დამიკარგა და გადამიკარგა ცხრა მთას იქით რუსეთმა. ახლა ასაკგაზრდილი მასწავლებლად წოდებული ვატარებ გაკვეთილებს და თან წამომეწია ეს „გაუმაძღარი დათვი“, რომ ჩვენით ვერნაკმარმა როგორმე კიდევ დატოროს ახალი მიწები.

სულ მაინტერესებდა, ომის პარალელურად, რა ხდებოდა საკლასო ოთახებში, როგორ ატარებდნენ პედაგოგები გაკვეთილებს, რაზე ესაუბრებოდნენ მოსწავლეებს. ამ დღის მომსწრეც გავხდი, სამწუხაროდ.

24 თებერვალი ხუთშაბათი დღე იყო. სკოლაში მისვლამდე შემექმნა განწყობა, რომ  ყველა ლიტერატურული ტექსტი, ყველა იმ დღისთვის შერჩეული თემა იქნებოდა  ხელოვნური. ამიტომ ყველგან, რომელ კლასებშიც ვასწავლი, ჩემს გამოცდილებაზე ვისაუბრე; რომ  ომი და ბავშვი – უკვე განაჩენია! რომ ისინი მენანებიან ამ რეალობისთვის, რადგან წარმოუდგენელი დანაკარგია შინაგანი სიმყუდროვის დათმობა, რომლის კვალი სამუდამოდ აღგებეჭდება გულში თუ შუბლზე. მოსწავლეების წინაშე ვერაფრით მექნებოდა დამშვიდებული სინდისი, თუ მათთან ერთად, რაღაც ფორმით სოლიდარობას არ გამოვხატავდი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, შორი მანძილიდან რაღაცით არ ვუთანაგრძნობდი იქაურ ბავშვებსა და დედებს.

ჰოდა, ყოველი დღე  ბავშვობაში მაბრუნებდა, გამიახლდა ყველა შიში, ჩამიგროვდა იმდენი სათქმელი, იმდენი მწუხარე შორისდებული, რომ… ვერ დავითმინე. სრულიად მოულოდნელად, საკლასო ოთახში შესვლისას მოსწავლეებს შევთავაზე უჩვეულო დავალება-ექსპერიმენტი: მე თქვენ წინაშე მოვიფიქრებ მოთხრობის დასაწყისს და თქვენ დაასრულეთ იგი, როგორც გენებოთ.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თუნდაც უკვე მერვე კლასიდან მნიშვნელოვანია, მოსწავლეს დაასწავლო წერითი უნარები და მიუახლოო აკადემიური წერის საწყისებს. მათი მიმღებლობაც ჩვეულებრივად ჩავთვალე, სათაური დაფაზე დავწერე – „სამყაროს შეცვლის პირისპირ“ და სპონტანურად დავიწყე კარნახი:

„საღამოს ბავშვების წიგნები ზურგჩანთებში ჩავალაგე. მე ვიცი მათი გაკვეთილების ცხრილი და დაახლოებით ვიცი, როდის რომელი დაბრუნდება სახლში. ზარი გაისმა. რადგან არ მეცალა, მეუღლემ უპასუხა. შევხედე. თვალები არ უვარგოდა: ლოყებზე თანდათან ჩნდებოდა ცრემლების კვალი. მან დაიწყო: მოდიანჯერ გეგმაშია დედაქალაქი, შემდეგ ბირთვული იარაღის საწყობის აფეთქებახვალ ბავშვებს სკოლაში ვერ გავუშვებთ! 2022 წლის 24 თებერვლის დილა თენდება. თხელი პლედები მოვუმზადე კორპუსის თავშესაფარში ჩასაყვან შვილებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროს შიშმა რატომღაც დამტოვა. უჯრიდან მივიწყებული ფუნჯები გამოვიღე, მოლბერტზე ტილოგადაფარებულ ნახატს თვალი შევავლე. ტაძრის გუმბათი ჯერ კიდევ დასამთავრებელი მაქვს. კედელზე ჩემ  წინ საათი ნერვიულად წიკწიკებს. სამის ნახევარს აჩვენებს. გვერდითა ოთახიდან ძლიერი ხმა მაფხიზლებს სად არის ჩემი ტყის ბათინკები? მაშინ მივხვდი, რომ სამხედრო ფორმა უკვე ტანზე ეცვა, წყლის ჭურჭელიც სავსე აქვს, კარადის ბოლო უჯრები, კი გადმოყრილია. მე გამახსენდა აივნის საკუჭნაოში მწვანე ზურგჩანთაში ჩადებული ხისძირიანი ფეხსაცმელები. ინსტინქტი მამოძრავებს: გავდივარ, მომაქვს ფეხსაცმელი და მის ფეხებთან ვალაგებამათ თასმა აქვთ გამწყდარი – ( ყვირის ის). ზუსტად 10 წუთში კარის მიჯახუნების ხმაა.

* * *

რატომ მაცმევ ასე თბილად? – მეუბნება ჩემი მწვანეთვალება ანკა. მე ახსნისაგან შორს ვარ. ჩემი ფიქრები იქ არის, სადაც წუხელ სამშობიაროში მოთავსებული ქალები დაბომბეს. ყვირილით და ჯაჯღანით ყველანი მოვთავსდით თავშესაფარში. ანკა გადაუღებლად ტირისსათამაშო დამრჩა“.

ვერ გეტყვით, როგორ თავისთავად მოდიოდა წინადადებების მთელი ასხმა, როგორ ვხედავდი პერსონაჟებს და როგორი მონდომებითა და ყურადღებით იწერდნენ ყველაფერს ჩემი „პირიმზეები”.  ხანდახან, წერისას ამომხედავდნენ, ალბათ, ფიქრობდნენ, სადმე ხომ არ კითხულობს, ან ასე დამწუხრებული თავდაჯერება რატომ აქვს ხმაშიო…ზარი დაირეკა. ჩაილაგეს რვეულები, თითქოს გული ჩავატანე მათ ჩანთებში. როგორც წესი, საღამოს ველოდებოდი უკვე მათ ნამუშევრებს. ნიმუშად რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ:

„26 თებერვალი თენდება. ჩვილების ტირილი აღვიძებს აქ მყოფებს. ხალხს. ანკას სახეზე უფრო დიდი შიში იდებს ბინას. გვიან შევნიშნე, დიდხნიან სიჩუმეს არღვევს ცისფერთვალება, დაახლოებით თექვსმეტი წლის ქართველი ბიჭი, მოდის, მეკითხება მინიშნებებით, რომელ სართულზე ვცხოვრობთ და რომ მზადაა სათამაშო ჩამოგვიტანოს. მექანიკურად ვკარნახობ და ასევე მექანიკურად გადავეხვიე. ჩვენთვისუცნობებისთვის ის მზად იყო, თავი გაეწირა! ომის დროს გმირობა ვინმეს გაუკვირდება?

ფანჯრის რაფაზე დარჩენილმა, ცოტათი ფერშეცვლილი სათამაშო დათუნიამაც ჩამოაღწია ანკამდე. ის იცინის და ბედნიერია. ნიკოლოზი გვიყვება, როგორ შეასწრო ბინაში და რომ არა სწრაფად გამოღწევა, კიბის ჩამონგრევასთან ერთად, ვინც იცის, სად მოჰყვებოდა, რომელ ნანგრევში. სარდაფში დაბრუნებულმა ისიც მითხრა, რომ ფუნჯები იატაკზე იყო მიმობნეული და მოლბერტი წაქცეულიეჰ, ნეტავ ტაძარი საერთოდ არ დამეხატაგამეფიქრა. ნიკოლოზი თავშესაფარში ყველაზე მეტად გამოირჩევა სიჩუმით. პატარაობიდანვე მამით ობოლია და ახლა დედას ეძებსმეოთხე დღეს სიმშვიდეა. ავდივართ ზევით. ოთხი დღის უნახავი მზის სხივი გვინდა დავინახოთ. ბავშვებმა თავიანთი ოთახები მოაწესრიგეს. ის კვლავ ბრძოლებშიამე ვცდილობ, დასასრულებელი ნახატი როგორმე გადავარჩინო. მთავარია, მშვიდობის დღეები იყოსსამყარო თავისთვის იცვლებამიდის…”.

ან, კიდევ ეს:  

„უკვე რამდენიმე კვირაა, რაც თავშესაფარში ვართ. ანკამ ტირილი გაბმული სირენის მსგავსი ხმით შეცვალა. ამბობენ, ძნელიაო, მაგრამ ადამიანები იმედს მაინც კარგავენმხოლოდ ბავშვები ახერხებდნენ ჩვენგან განსხვავებით, სიმღერისა და ცელქობის ხასიათზე ყოფნას. თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებს, როგორმე ავბრუნდე სახლში და ნახატი დავასრულო. როგორ? რანაირად? გავბედო თუ დავრჩე?…

მაინც ავედი. ქუჩებს შევხედეგანადგურებულ სამყაროს პირისპირ შევხვდი. ჩქარი ნაბიჯით ბინაში შევედი. რას შევადარო ნახატის დასრულების წყურვილი? მაშინ გარეთა სამყარო გავიწყდება. ნელნელა გადავდიოდი აუხსნელ ფერებში: ნაკლებად მახსოვდა თავშესაფარში ჩამწყვდეული შვილებიც. ჩემს ნახატში ომი არ იყო, არც ხოცვაჟლეტა. გუმბათიც როგორც იქნა, მოვამთავრე ღია ოქროსფრით. საათები გასულა ამ დროში. მშვენიერ საქმესაც აქვს დასასრულიდა ეს იყო უზარმაზარი ხმა. გამოვფხიზლდი, მაშველებმა თავშესაფარში მიკრეს თავი. შვილებს ვეხუტები. ჩვენი კორპუსი მთლიანად დაინგრაპირისპირ ვართ, პირისპირ, მაგრამ გულში მჯერა, რომ მაღალი გუმბათი დაგვიცავს. სამყარო იცვლის ფერს“.

 

რა მისცა ამ დავალება-ექსპერიმენტმა მოსწავლეებს? ჩვენ – საზოგადოებას სულ გულგრილობას გვაბრალებენ. მგონია, რომ აუცილებელია მოსწავლემდე მიიტანო განცდა, რათა მანაც თანაგანცდით გიპასუხოს. სხვისთვის ფიქრი – ეს პასუხისმგებლობაა! თანაც, თანატოლზე… მე ომმა წამართვა ბავშვობა და ვალდებული ვარ, მათ ვასწავლო სოლიდარობა, სიყვარული მანამ, სანამ მიწას დავიბრუნებ ჩემსას!… ვალი მაქვს მათაც ვუთხრა, რომ ეს ჩვენი ომიც არის!..

ილუსტრაცია

https://egyptoons.blogspot.com/2022/04/art-flashmob-war-in-ukraine.html

                                                                       

 

რუნებერგის ჰიმნი – ხმაა თავისუფლების სიმღერაში

0

 „ძღვნად მსურს მოგართვა, ქვეყანავ ჩვენო,

 იგი ინახავს ფინეთის სინდისს!“

დღეს ჩვენი პლანეტის გულს ცეცხლი უკიდია. მისი მხურვალება ყველას სწვდება, განურჩევლად მანძილისა, კონტინენტისა. ვირტუალური რეალობის ეკრანზე თავმოყრილმა, დრო/სივრცე-გამქრალმა კაცობრიობამ კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ ის, რაც ახლა ერთ ქვეყანაში ხდება, მასაც ეხება. იმიტომ ეხება, რომ ომის მორევი თანდათან სიცოცხლის ყველა არტერიას ითრევს; იმიტომ ეხება, რომ ამ ომს, როგორც გველეშაპს, დღემდე ბავშვებს ვუყრით ხახაში; იმიტომაც ეხება, რომ გარეთ 21-ე საუკუნეა და ჩვენი ურთიერთობების ენა ბირთვული იარაღითაა დანაღმული… და კიდევ – იმიტომ ეხება, რომ ამ საერთო, გლობალურ ეკრანზე მიჭყლეტილები, ყოველდღე და ყოველწამს ვუყურებთ თავგანწირვის საარაკო მაგალითებს, ვუსმენთ თავისუფლებისთვის ბრძოლის წარმოუდგენელ ამბებს, ყოველდღე და ყოველწამს ჩვენ წინ ჩნდებიან გმირები. ისინი სიცოცხლის ახალი ენერგიით აღელვებენ ჩვენს გაწრეტილ ნებელობას.

ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, ყველანი ვთანმხდებოდით, რომ ამ ტრაგიკული გამოცდილების შემდეგ კაცობრიობა აღარასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო. სამიოდე წლის შემდეგ, ახალ და უფრო მძვინვარე ომში აღმოჩენილ ჩვენს პლანეტას კი, ალბათ კიდევ მეტად აქტიურად მოუწევს საკუთარი საზრისების, ფასეულობების, პასუხისმგებლობების გადახედვა. მთავარია, ყველაფერი სიმართლის – ესე იგი, უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს. მომავალმა კი, დღევანდელი ომის გმირებზე ბევრი უნდა ილაპარაკოს.

ისევე, როგორც საერთოდ, იმ მეხსიერებაზე, რაც კაცობრიობას თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლიდან დარჩა.

რუსეთ-უკრაინის ომმა სწორედ ეს მეხსიერება გააღიზიანა. ფიქრის და განსჯის ზედაპირზე ამოიწია თუნდაც ევროპის კონტინენტზე გაჩაღებული ბრძოლების ქრონიკამ. მათ შორის, ცხადია, ჩვენი ქვეყანაცაა, რომელიც ორას წელიწადზე მეტია, რუსულ იმპერიალიზმს ებრძვის და დღემდე ამ ომშია. მეხსიერებამ გააცოცხლა რუსეთ-შვედეთის (1808-1809), მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კი – რუსეთ-ფინეთის კონფლიქტები, რომლებმაც შვედი და ფინელი ხალხის ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სწორუპოვარი მაგალითები დატოვა.

ეს ომი ლიტერატურამაც ასახა, უფრო სწორად, ძეგლი დაუდგა სამშობლოსთვის მებრძოლ გმირებს. ამ ძეგლს პოემა „მედროშე სტოლის ნაამბობი“ ჰქვია და მისი ავტორი ფინეთის ეროვნული პოეტი – იოჰან ლუდვიგ რუნებერგია (1804-1877). მან დიდი წვლილი შეიტანა ფინეთისა და შვედეთის იდენტურობის ინტერპრეტაციასა და ჩამოყალიბებაში.

სულ ცოტა ხნის წინ, ეს პოემა შვედურიდან ქართულ ენაზე თარგმნა პოეტმა, მარიამ წიკლაურმა. ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტს ჩვენი საზოგადოებისგან ბევრად მეტი ყურადღება სჭირდება და, ეს წერილიც ამ საბაბით დაიწერა. გარდა თარგმანის მაღალმხატვრულობისა, პოემა თავისი შინაარსითაც საოცრად მახლობელი და მიმზიდველია ა) ქართული მწერლობისათვის, რომლისთვისაც პატრიოტული მოტივი ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა და, ბ) ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის, რომელმაც მომავალი თაობების ცნობიერებაში სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულის გაღვივება ამგვარი ტექსტების სწავლებითაც უნდა შეძლოს.

პოემა „მედროშე სტოლის ნაამბობი“ 12 წლის განმავლობაში (1848-1860) იწერებოდა და დღემდე ყველაზე დიდებულ ფინურ ეპიკურ ტექსტადაა მიჩნეული. ის ას წელზე მეტხანს ისწავლებოდა ფინეთისა და შვედეთის სკოლებში. სწორედ ამ წიგნიდან არის ამოღებული ტექსტი ფინური ეროვნული ჰიმნისთვის.

თავად პოეტის – იოჰან ლუდვიგ რუნებერგის დაბადების დღე ფინეთში სახელმწიფო უქმედაა გამოცხადებული. ამ დღეს ყველა დღესასწაულობს, აცხობენ სიმბოლურ ნუშიან-კონიაკიან ნამცხვარს, აჯილდოებენ მისივე სახელობის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულებს… პოეტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მკაფიოდ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ხალხისათვის ეროვნული ცნობიერების სიმყარე. იმასაც ცხადყოფს, როგორ აკავშირებს ერთმანეთთან წარსულსა და აწმყოს უძვირფასესი ადამიანური სიტყვა/მდგომარეობა – მადლიერება.

პოემაში, ძირითადად, რუსეთ-შვედეთის ომის ქრონიკაა ასახული. პოეტი მგზნებარედ, იუმორით, სიყვარულითა და აღტაცებით ხატავს დაუვიწყარ პორტრეტებს. ვის არ შეხვდებით ამ წიგნში – კაპრალებს, ჯარისკაცებს, მედროგე-მებარგულებს, პოლკოვნიკებს, სერჟანტებს, ახალგაზრდა, თხუთმეტი წლის არტილერისტიდან დაწყებული, მოხუცი, ვეტერანი მებრძოლების ჩათვლით. მათი გმირობის აღწერა ერთი სტრიქონითაც უპრიანია, ეს სტრიქონი ერთ-ერთ გმირს – სვენ დუვას ეკუთვნის, რომელსაც „საუკეთესო ებადა გული და იგიც თავის სამშობლოს მისცა!“.

35 ბალადისაგან შემდგარი პოემა აგრძელებს სკანდინავიელი სკალდების პოეტურ ტრადიციასაც, როცა ზეპირსიტყვიერი ლეგენდებისა და მებრძოლთა გმირობის ამბები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. როგორც ერთი გმირი ამბობს:

მეფის და ქვეყნის წინ ხომ ფინელი

არ დარჩენილა არასდროს ვალში“.

მარიამ წიკლაურის შემოქმედებითი (დარგობრივი თუ ჟანრული) მრავალფეროვნების შესახებ ქართველი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი. ის წერს დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც, წერს პოეზიასაც და პროზასაც. მისი მთარგმნელობითი საქმიანობაც ზუსტად იმ მხატვრული ხარისხის ნიშნითაა აღბეჭდილი, რომლითაც მთელი მისი შემოქმედება – დახვეწილი ოსტატობის, შრომის და პირუთვნელი დამოკიდებულების შედეგი. სხვადასხვა დროს, მარიამ წიკლაურმა თარგმნა რუსი, უკრაინელი, ბერძენი, ლიეტუველი პოეტები. რუნებერგის „მედროშე სტოლის ნაამბობი“ მისი მთარგმნელობითი ბიოგრაფიის კიდევ ერთი ბრწყინვალე ფურცელია. მან ნათია მერებაშვილის მიერ შესრულებული პწკარედები შთამბეჭდავ პოეტურ ტექსტებად აქცია. მაქსიმალურად დაცული რითმული და რიტმული კონსტრუქციებით, ორიგინალური ენობრივი სივრცის მიმართ ერთგულებით, მთარგმნელმა ამ წიგნს ავთენტური სულიც შეუნარჩუნა და ის ქართულ ენაშიც გასაოცრად ბუნებრივად „აღმოაცენა“, შესაბამისად, „მედროშე სტოლის ნაამბობი“ უკვე ქართული ლიტერატურის კუთვნილებაცაა და ვფიქრობ, საჭირო და საგულისხმო რესურსია ჰუმანიტარული დარგის პედაგოგებისთვის.

რაც უფრო ველური და მომაკვდინებელი მეთოდებით უსწორდება ადამიანი სიცოცხლის საიდუმლოს, მით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელოვნებას, შემოქმედებითობას, ზოგადად, მხატვრულ-სულიერ დისკურსს. ლიტერატურა ამ „მშვიდობის ფრონტის“ ავანგარდშია; კულტურათა დიალოგი კი ყველაზე სანდო და საშური იარაღი. იოჰან ლუდვიგ რუნებერგის უკვდავი ჰიმნი „მედროშე სტოლის ნაამბობი“ უკვე ქართულ ენაზეც იკითხება და ის ერთი ღონიერი ხმაა თავისუფლების სიმღერაში.

 

 

 

 

 

კედლის გაზეთი – სასწავლო რესურსი

0

კედლის გაზეთთან დადებითი ემოციები არ მაკავშირებს. როგორც წესი, კლასში რამდენიმე – ე.წ.  „ხუთოსანი“ – მოსწავლის საქმედ ითვლებოდა და საგაზეთო რუბრიკებიც სასწავლო ცხოვრებისგან დაშორებული იყო. კლასის დანარჩენი მოსწავლეებისთვის კედლის გაზეთი უცხო, უინტერესო და, სავარაუდოდ, მოტივაციის გამქრობი იყო. გადავწყვიტე, კედლის გაზეთის ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები რადიკალურად შემომეტრიალებინა და სასწავლო პროცესის გასახალისებლად გამომეყენებინა. ამგვარად, მიზანი მკაფიო მქონდა – კლასის ყველა მოსწავლის ჩართულობა და წერა-კითხვის სასწავლო რესურსად გამოყენება.

ამჯერად გიამბობთ, მესამეკლასელებთან ერთად როგორ შევქმენით კედლის გაზეთი, თუმცა, ის ყოველ საფეხურზე შეიძლება გამოვიყენოთ.

ნაბიჯი 1.

წინასწარ მოვამზადე დიდი ზომის ფორმატი და კიდეები საღებავით გავაფორმე, დაფაზე გავაკარი და მოსწავლეებს გავაცანი კედლის გაზეთის მახასიათებლები: სახელი, თარიღი, ნომერი, საგაზეთო რუბრიკები.

ნაბიჯი 2.

კლასი დავყავი ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში 4-5 მოსწავლე გავანაწილე, ერთ-ერთი ჯგუფის წევრობა მეც მომიწია, რადგან ისეთი მოსწავლეები შეიკრიბნენ, რომელთაც საწყის ეტაპზე ჩემი დახმარება დასჭირდებოდათ.

ნაბიჯი 3.

თითოეულ ჯგუფს გავაცანი კუთვნილი რუბრიკა და ინსტრუქციის საფეხურები. რამდენჯერმე გავუმეორე მკაფიო განმარტებები – რა და როგორ გაეკეთებინათ.

ნაბიჯი 4.

ჯგუფის ყველა წევრი კუთვნილი თემის შესახებ ერთ წინადადებას სამუშაო რვეულში წერს. შემდეგ მე ვკითხულობ მათ ნაწერს, გამორჩენილ სასვენ ნიშნებსა თუ სიტყვათა სწორ ფორმებზე ვუთითებ. ამის შემდეგ თაბახის ფურცელზე თითოეულს თავისი წინადადება გადააქვს. პირველ ეტაპზე სათაურის მოფიქრებაში ვეხმარები. წინადადებების დაწერის შემდეგ ილუსტრაციებით აფორმებენ.

ნაბიჯი 5.

ჯგუფური მუშაობის ბოლო ეტაპი პრეზენტაციაა. თითოეული ჯგუფი გამოდის დაფასთან და ბავშვები თავის მოფიქრებულ წინადადებას კითხულობენ. სტატიას კედელზე დამაგრებულ ცარიელ გაზეთზე ვამაგრებთ.

 

ჩვენი კლასის გაზეთს „პუნში“ დავარქვით. ისევ და ისევ კლასის საკითხავი წიგნის, ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდის“ ერთ-ერთი საყვარელი ეპიზოდის მიხედვით, კერძოდ, წიგნის ბოლოს წვეულებისთვის მამა მუმინი პუნშს ამზადებს. საგულდაგულოდ ფუსფუსებს და სხვადასხვა ინგრედიენტს მონაცვლეობით ყრის სასმელში. გაზეთიც ხომ პუნშის მრავალფეროვანი ინგრედიენტების მსგავსად სათაურების, წინადადებების, სიტყვებისა და ილუსტრაციებისგან იკინძება.

კედლის გაზეთის უკვე 2 ნომერი შევქმენით და გადავწყვიტე, ყოველკვირეული სახე მივცე ამ სასწავლო რესურსის დამზადებას. სემესტრის დასრულებისას გამოვფენთ „პუნშის“ ნომრებს, მოვიწვევთ მშობლებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და ჩვენს ერთობლივ თავგადასავლებს გავაცნობთ.

რაც შეეხება რუბრიკებს, მრავალი თემის შეთავაზება შეიძლება. სასკოლო ცხოვრებას მივყვებით და თემის შერჩევაც არ გაგვიჭირდება.

ამჯერად გაგაცნობთ ჩვენი გაზეთის მეორე ნომერს, რომლის რუბრიკებიც მეორე ლიტერატურულ კაფეს ამბებს მოვარგეთ.

I ჯგუფმა დაწერა ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდის“ შესახებ, II-მ ლიტერატურულ კაფეში მომხდარი ამბები გაგვაცნო,  III ჯგუფს ლიტერატურული კაფეს მახასიათებლები შეხვდათ, IV ჯგუფმა კი კლასელების წერილებიდან თითო წინადადება შეარჩია და ამოწერა.

 

მეორე ლიტერატურული კაფე

ჩვენ რომ ლიტერატურული კაფე გვქონდა, დათუნას კანფეტები დაუცვივდა და ჩვენ მივეცით. ლელა მასწავლებელმა ფირსაკრავი ჩაგვირთო და სიმღერა მომეწონა. ნუნუ დეიდამ ქადები გამოგვიცხო. დალი მასწავლებელი დაგვესწრო. გაბრიელის დაც დაგვესწრო.

 

„ჯადქრის ქუდი“

„ჯადოქრის ქუდი“ დაწერა ტუვე იანსონმა. იქ ხდება სახალისო ამბები. ტოფსლას და ვიფსლას აქვთ ულამაზესი ლალის თვალი. მუმინები ცხოვრობენ მუმინების ხეობაში. ეს წიგნი გვასწავლის მეგობრობას.

 

რა არის ლიტერატური კაფე

ლიტელატური კაფე არის რომ ჩვენ წიგნს ვაცნობთ. მოგვაქვს ტკბილეული და სათამაშო. ლიტერატრული კაფე არის ვუსმენთ, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ჩვენს კლასელებს. ვუსმენთ მეგობრებს.

პ.ს. როგორც ხედავთ, ამ ჯგუფის წევრებს სიტყვა „ლიტერატურულის“  გამოთქმა უჭირთ. სულ 30 წუთი გვაქვს თითოეული გაკვეთილისთვის და მიუხედავად სამუშაო რვეულებში სწორად დაწერილი წინადადებებისა, გადაწერისას სიჩქარეში შეცდომები დაუშვეს. ამ შეცდომებს აუცილებლად მივუბრუნდებით და შემდეგი გაზეთის რუბრიკაზე მუშაობისას გავითვალისწინებთ.

 

წინადადება წერილებიდან.

„ჩემო უსაყვარლესო ლელა მას, მომეწონა, რომ მიკრავდით ტაშს და მადლობა ლელა მას თან ძალა მოვიკრიბე“, – ნატა

„მე ძალიან მომეწონა ლიტერატური კაფე“, – დაჩი

„ჩემო დედა მასშავლებელო მე მომეწონა მუსიკის მოსმენა“;

„მე თქვენ სამუდამოთ დაგიმახსოვრებთ“, – ლიზი

პ.ს. სხვისი ფიქრების, აზრების, წინადადებების დაწერისას ბრჭყალები რომ უნდა დასვან, კარგად დაუმახსოვრებიათ, მაგრამ სათაურის ბოლოს წერტილი რომ არ იწერება და რამდენიმე სიტყვის მართლწერაზეც გავამახვილებთ ყურადღებას.

ასე რომ, მოსწავლეები კედლის გაზეთზე ყოველკვირეული მუშაობისას სწავლობენ:

  • ჯგუფურ მუშაობას;
  • დროის მართვას;
  • წინადადებების შედგენას;
  • აზრის ჩამოყალიბებას;
  • სტატიისთვის შესაფერისი ტონით წერას;
  • რედაქტირებას;
  • მოვლენების შემჩნევასა და შეფასებას;
  • პრეზენტაციას;
  • პრობლემების მართვას.

რაც მთავარია, კეთებით სწავლებაში ყველა მოსწავლე ჩართულია, რაც სწავლის მოტივაციას ამაღლებს და სკოლაში მოსვლა უხარიათ. სტატიაზე მუშაობისას ლიტერატურულ კაფეში გადაღებული ფოტოების დაბეჭდვა და „პუნშის“ მეორე ნომრის გაფორმება მომაფიქრდა.

 

 

მეტერლინკი და ვაჟა-ფშაველა  

0

ბელგიელი სიმბოლისტი მწერლის, მოაზროვნის, ნობელიანტის, მორის მეტერლინკის შემოქმედებაში გამორჩეულია მხატვრულ-დოკუმენტური ესეისტური ნაშრომი „ყვავილთა სიბრძნე“, რომელიც ენათესავება ვაჟა-ფშაველას პოეტურ-ესთეტიკურ მსოფლმხედველობას. „ლურჯი ფრინველის“ ავტორისგან არც არის გასაკვირი ასეთი ნაზი, სულისშემძვრელი დამოკიდებულება ბუნებასთან. სათაურიდანვე ჩნდება ასოციაციური გადაძახილი ვაჟა-ფშაველას ცნობილ სტრიქონებთან: „ნისლი ფიქრია მთებისა, / იმათ კაცობის გვირგვინი“ („ბახტრიონი“). ვაჟას ალტერ-ეგოები, ლექსთა ლირიკული გმირები თუ პროზის მთხრობელნი, დიალოგს მართავენ ბუნებასთან და ამ გზით საკუთარ თავსა თუ სამყაროს შეიმეცნებენ. ეგზისტენციალურ პრობლემათა ჭრილში წარმოჩნდება ადამიანის სატკივარი, საკუთარი არსებობის საზრისის ძიება. კითხვებს, რომლებიც მის შემოქმედებაში გამოიკვეთება, ვაჟასავე ნაწარმოებებში მოეპოვება პასუხები: „არა გაქვთ აზრი? იდეა? გრძნობა? არ ოცნებობთ? როგორ არა! მაშ რაა ის მშვენიერი ყვავილები, თქვენ რომ გულმკერდს გიმშვენებთ? ეგაა თქვენი ოცნება, იმედი, ნუგეში… ელიან, ვის? ან რას? რაღაცას. დიაღ, რაღაცას. ეს რაღაცაა უნახავის დანახვა. ჰნახეს და გაათავეს, რასაც იმათი თვალი და გული მისწვდებოდა. სხვა ახალი მოსწყურებია იმათ თვალსა და გულსა“ („მთანი მაღალნი“). შეუცნობლისკენ სწრაფვა, ბედისწერის საზღვრების გადალახვა, დაუმორჩილებლობა, წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოთა რღვევა ბუნებასაც თავის უპირველეს მიზნად დაუსახავს. ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის ტრადიციით, ღირსეული ადამიანი ყოველთვის გრძნობს განუყოფელ ერთობას ბუნებასთან, ეს მისი ფუნდამენტური ღირებულება და იდენტობის განმსაზღვრელია. ამგვარ განცდას სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენენ მწერლები, მათ შორის, მეტერლინკი და ვაჟა-ფშაველა.

„აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა;

ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა;

უბრძანა: „გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა,

მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა“, – წერს რუსთაველი ავთანდილზე, რომელსაც ენატრება თინათინი, მაგრამ რადგან შორსაა, მის ნაცვლად ვარდებს ელაპარაკება. ამგვარად, ის, სხვა ღირსებებთან ერთად, ბუნების მესაიდუმლედაც წარმოგვიდგება. ამასვე მოწმობს ისიც, თუ როგორ უსმენს მის ნამღერს ბუნება:

„რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან“.

მინდიას, ვაჟას ყველაზე გამორჩეულ პოეტურ ნიღაბს, ბუნება თავის საიდუმლოს უჟღავნებს. მკითხველს სჯერა ბუნების ყველა პერსონაჟისა, რომლებიც თავიანთ ტკივილსა თუ სიხარულზე ელაპარაკებიან („ია, „მთის წყარო, „ხმელი წიფელი“, „ფესვები“ თუ სხვ.).

„მე ყვავილები მესიზმრებოდა და ყვავილებს მე ვესიზმრებოდი“, – წერს გალაკტიონი და მკითხველი გრძნობს იდუმალ მიუწვდომელ სიბრძნეს, რომელსაც ფლობდა პოეტი. მას თავისი პოეტური სახეებით, მეტაფორებით გავყავართ ისეთ განზომილებაში, რომელშიც სხვა გზით ვერ მოვხვდებოდით.

მეტერლინკი, ერთი შეხედვით, ამ უცნაურსა და მომაჯადოებელ წიგნში („ყვავილთა სიბრძნე“) შეგვიძღვება ბუნების სამყაროში. ყვავილები აქ აღარ არიან მეტაფორები თუ სიმბოლურ-ალეგორიული სახეები, არამედ რეალური მოაზროვნე არსებები, რომლებიც თავისებურად აღიქვამენ და განიცდიან სიცოცხლეს. ისინი რომ გონიერი არსებები არიან, ვაჟა-ფშაველა და მეტერლინკი სხვადასხვა გზით, მაგრამ ერთნაირი გზნებით გვარწმუნებენ ამაში. ამას მოწმობს ფორმულასავით ჩამოქნილი სტრიქონები, მინდია რომ ამბობს „გველისმჭამელში“:

„რაც კი რამ დაუბადია

უფალს სულიერ-უსულო,

ყველასაც თურმე ენა აქვს,

არა ყოფილა ურჯულო“.

რა თქმა უნდა, ამ თემაზე ფიქრისა თუ მსჯელობისას ბარათაშვილის ცნობილი სტრიქონები გვახსენდება:

„მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!“ („ჩინარი“).

„გველის მჭამელის“ მხატვრულ სივრცეში ბუნებას გააზრებული აქვს საკუთარი ეგზისტენცია. მან იცის, რისთვის არის დაბადებული. მისი არსებობის საფუძველი სიკეთე და სიყვარულია. ამას გრძნობდა გულთმისანი ვაჟა, როდესაც წერდა: „რამ შემქმნა ადამიანად,/ რატომ არ მოველ წვიმადა?“.

„უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე“, – შესთხოვდა ღმერთს ბიბლიური დავითი (50-ე ფსალმუნი). ამ უჩინარ სიბრძნეს შეიგრძნობენ ვაჟა-ფშაველაცა და მეტერლინკიც და თავისებურად გადმოგვცემენ.

მეტერლინკის ესეისტურ ნაშრომში ირეკლება მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის არსებული სამეცნიერო ცოდნა. დარვინისეული „ბრძოლა არსებობისთვის“ აქაც წამყვანი იმპულსია სიცოცხლისა. მეტერლინკი ყვავილთა ამბებს, თავგადასავლებს, მათ ცხოვრებისეულ დრამებს გვიყვება. 1907 წელს დაწერილ ამ წიგნში მეტერლინკი საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით ხატავს ყვავილთა ფიქრებით სავსე ფერადოვან სამყაროს. ისინიც ცდილობენ გამრავლებას, ადგილის მოპოვებას ამ სამყაროში და ამისთვის ათას გზასა და ხერხს მიმართავენ. მეტერლინკი წარმოაჩენს მათ მახვილგონივრულ ეშმაკობებს, რომელთა საშუალებით ისინი ცდილობენ, გადაურჩნენ სიკვდილსა და დავიწყებას. ცნობილია, რომ მწერალს ყვავილების მშვენიერი ბაღი ჰქონდა და თვითონვე აკვირდებოდა მცენარეთა საიდუმლო ცხოვრებას. იგი აღწერს თაიგულებად ქცეულ მინდვრებს, სადაც იების, ვარდების ნარგიზების, მიხაკების, სუმბულების, ჟასმინთა სურნელი და ფერები დაუსრულებელ ღვარებად მოედინება გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა თუ ზამთრის დღეებსა და ღამეებში. სწორედ ყვავილთა ეს მრავალფეროვნება ბადებს სამოთხისეული ნეტარების განცდას.

მეტერლინკი მკითხველს არწმუნებს, რომ ეს მცენარეული სამყარო, რომელიც ასეთი მშვიდი, ბედსმინებებული გვგონია და რომელშიც თითქოს მხოლოდ სიჩუმე, მორჩილება, შინაგანი კონცენტრირებაა, პირიქით, სწორედ ისეთი სამყაროა, სადაც ამბოხი ბედისწერის წინაშე უდიდესია: „შეუდარებელ სანახაობას წარმოადგენს მისი იდეა-ფიქსი ენერგიაც, რომელიც მისი ფესვების წყვდიადიდან ამოდის, რათა საბოლოოდ მოიწესრიგოს თავი და გაიფურჩქნოს ყვავილი სინათლეში. ის მთელი არსებით იძაბება ერთადერთი განზრახვის აღსასრულებლად: ზემოთ გაექცეს ქვედა ფატალობას, გვერდი აუაროს, დაარღვიოს ბნელი და მძიმე კანონი, გათავისუფლდეს, დაამსხვრიოს შეზღუდული სივრცე, გამოიგონოს ან მოუხმოს ფრთებს, გაიქცეს, რაც შეიძლება შორს, დაამარცხოს სივრცე, სადაც ბედისწერა ამწყვდევს, მიუახლოვდეს საუფლოს, შეაღწიოს ცოცხალ და მოძრავ სამყაროში. იქამდე მისვლა ხომ მისთვის ისეთივე შეუდარებელი იქნება, როგორც ჩვენთვის დროის მიღმა გასვლაა, ან შეღწევა მატერიის ყველაზე მძიმე კანონებისაგან თავისუფალ საუფლოში“. ბედისწერის გადალახვის ეს ჟინი გაგვახსენებს ვაჟა-ფშაველას არაერთ მოთხრობას, რომლებშიც ხატოვნად წარმოჩნდება ბუნების დაფარული გონივრული მოძრაობები. ასე შევყავართ მწერალს ხმელი წიფლის ფიქრების ნაკადებში: „ფიქრობს ხმელი წიფელი თავის თავზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე; გულში თითქო ღრმად ჩასჭედვია მწუხარება. ხანდახან გადმოაცქერდება მის ერთ ფესვის ბოლოზე ამოსულს პატარა დასახულს ყლორტს, რომელიც მზეს და წვიმას უცდის, რომ გაიზარდოს“ (ვაჟა-ფშაველა, „ხმელი წიფელი“).

მეტერლინკის აზრით, ყვავილი ადამიანს აძლევს დაუმორჩილებლობის, გამბედაობის, შეუპოვრობისა და გამომგონებლობის სასწაულებრივ მაგალითებს. ისეთ გარდაუვალობათაგან თავდასახსნელად, როგორებიცაა ჩვენთვის, მაგალითად, ტკივილი, სიბერე და სიკვდილი: „რომ შეგვძლებოდა იმის ნახევარი ენერგიის დახარჯვა, რასაც ჩვენს ბაღში ამოსული ერთი პაწია ყვავილი ხარჯავს, შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ ჩვენი ხვედრი დიდად განსხვავებული იქნებოდა იმისგან, რაც დღეს არის“.

მწერალი მსგავსებას ხედავს ადამიანისა და ბუნების სწრაფვებს შორის. ბუნებაც იმავე მეთოდს, ლოგიკას მიმართავს, მიზანსაც იმავე საშუალებებით აღწევს, ყოყმანობს, ცდება, შეცდომას ასწორებს, თავიდან იწყებს, მარცხს არ ეგუება, მთელი მონდომებით ცდილობს, ებრძვის გარემოსა და საკუთარ არსებას, იდეალებს ისახავს. ის არა მხოლოდ უსასრულო რესურსებს ფლობს, არამედ ამოიცნობს სასწაულებრივი ძალების საიდუმლოსაც. თავისი „ინტელექტით“ სამანებს სცდება. ამიტომ დაასკვნის მწერალი, რომ ადამიანი სწორედ ის არსებაა, რომელშიც მჟღავნდება „სამყაროს დიადი სურვილი“.

მცენარე უამრავ მახვილგონივრულ ხერხს, ეშმაკობას მიმართავს, რათა ამ სამყაროში თავი დაიმკვიდროს. მაგალითად, ყვავილი თესლს აკრავს დაშაქრულ გარსს, რათა ჩიტუნამ თან პირი ჩაიტკბარუნოს და სხვა გარემოში გადაიტანოს გასახარებლად. მწერალი აღმოაჩენს მცენარეთა სივრცის დაპყრობისკენ მიმართულ უზარმაზარ ძალისხმევას, თესლთა საჰაერო გადატანის განსაცვიფრებელ სისტემებს, ნეკერჩხლის საჰაერო სპირალს, ბაბუაწვერას ჰაერში სალივლივო მექანიზმს, რძიანას ფეთქებად ზამბარებს და ათას სხვა მოულოდნელ და გამაოგნებელ მექანიზმს.

მეტერლინკს განსაკუთრებით ხიბლავს ორქიდეის გონების სრულყოფილი და ყველაზე ჰარმონიული გამოვლინება: „ამ უცნაურ და გატანჯულ ყვავილებში მცენარის გენია თავის უმაღლეს მწვერვალებს აღწევს“. იგი იმოწმებს ჩარლზ დარვინის წიგნს „მწერთა მიერ ორქიდეების დამტვერვის შესახებ“, რომელშიც „ყვავილის სულის ყველაზე ჰეროიკული ძალისხმევის განსაცვიფრებელი ისტორიაა მოთხრობილი“. როგორც მეტერლინკი შენიშნავს, ეს არის „მდიდარი და ფეერიული ეპოპეა“. იგი საინტერესოდ აღგვიწერს ყვავილის მეთოდებსა და გონებრივ ჩვევებს, აიძულოს ფუტკარი ან პეპელა ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც თვითონ სურს.

მწერალი მკითხველს სთავაზობს წარმოიდგინოს პლატონისეული გამოქვაბული უფრო დიდი მასშტაბით. მას მოამარაგებენ ყველაფრით, რაც ცივილიზაციას მოეპოვება და ადამიანებიც დაბადებიდან მისი ტუსაღები იქნებიან, „რაკი სინათლე არასოდეს უნახავთ, არც უსინათლობა შეაწუხებთ“. ბუნებასთან შეხება წყვდიადის გარღვევა იქნება. ის სინათლის სხივია, რომელიც გამოქვაბულში შემოაღწევს. მისი აზრით, ყვავილები და ადამიანი თანასწორნი არიან: „ჩვენ ერთსა და იმავე სამყაროს ვეკუთვნით. ამიერიდან ჩვენ ვმეგობრობთ არა მიუწვდომელ ღმერთებთან, არამედ ძმურ და დაფარული ნებასა თუ ნებელობებთან, რომლებიც უნდა გავშიფროთ და წარვმართოთ“. ვაჟა-ფშაველა მცენარეებს თავის „ძუძუმტეებად“ აღიქვამდა და მშობელ მთებს ასე მიმართავდა:

„თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ,

ღალიან-ბარაქიანი,

ნუმც გაჯავრდება პირიმზე,

ნუმც დამწყევლიან იანი,

რომ იმათ დედის ძუძუთა

ვსუქდები ცოდვილიანი“ („ბახტრიონი“). ეს მხოლოდ მეტაფორული თქმა კი არა, იმ საიდუმლოს სიტყვებით გაცხადებაა, რომელსაც ფლობდა პოეტი.

ვაჟა-ფშაველა მედიუმია და ასე „გვითარგმნის“ იის ნათქვამს: „მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა, სუნელებას მივაფრქვევ არე-მარეს“. იას „გააზრებული“ აქვს, რა ადგილი, როლი და ფუნქცია აქვს ამ თვალუწვდენელ მრავალფერიან სამყაროში. ეს მას თავდაჯერებულობასა და რწმენას მატებს, სიცოცხლის აუცილებლობას შეაგრძნობინებს. აკაკი წერეთელი გვახსენდება, რომელიც ყვავილთა სურნელს მათ ენად აღიქვამს: „ყვავილთა ენა – არს სუნნელთ ფშვენა,/ საგალობელად აღმა კმეული“. ყვავილი სურნელის ენით ლაპარაკობს. ეს ეხმიანება ბარათაშვილის სტრიქონებსაც: „და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!“ („შემოღამება მთაწმინდაზედ“).

„ბუნებასაც მიზნად აქვს ბედნიერება, სრულქმნილება, გამარჯვება იმაზე, რასაც ჩვენ ბოროტებას, სიკვდილს, წყვდიადს, არარაობას ვუწოდებთ“, – წერს მეტერლინკი. ამ სტრიქონებს ეხმიანება ღვთისთვის აღვლენილი ფესვების ვედრება: „ვინ იცის, იქნება გიჟმაჟმა მდინარემ გაგვრიყოს სადმე უდაბურს ადგილას და მწვავე მზის სხივებმა დაგვაჭკნოს, გაგვახმოს, გააქროს ჩვენი ხსენება! ღმერთო, ნუ დაგვკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ. დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა! სიცოცხლე და შრომა გვწყურია, გვინდა კიდევ ვიშრომოთ, ეგები კიდევ გავზარდოთ ჩვენს ფესვებზე შვილი, ეგები კიდევ ვიგრძნოთ სიხარული. ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა“ (ვაჟა-ფშაველა, „ფესვები“).

მეტერლინკი მკითხველს წარმოუჩენს ბუნების სამყაროში მიმდინარე გასაოცარ ამბებს, ვაჟა-ფშაველას მხატვრულ ნაწარმოებებში კი არა მხოლოდ ბუნების, არამედ, უპირველესად, ადამიანური სატკივარი გამოიკვეთება. ორივე მწერალი კი სხვადასხვა გზით მიგვიძღვება ბუნების ბოლომდე ამოუცნობსა და იდუმალ სანახებში, რათა შევიგრძნოთ დედამიწის ყოველ „არსთა“ ერთიანობა, სიცოცხლისა და სიკვდილის განუყოფლობა. მადლიერებით უნდა აღვნიშნოთ, რომ მეტერლინკის „ყვავილთა სიბრძნე“ დავით აკრიანმა თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

 

 

 

 

„დავეხმაროთ წითელქუდას“ – კომპლექსური დავალება მათემატიკაში

0

მინდა, გიამბოთ, როგორ ვაქციეთ მეორე კლასში მათემატიკის კომპლექსური დავალება მთელი კლასისთვის სახალისო, საინტერესო და ამავდროულად, სიკეთით სავსე აქტივობად.

წინასწარ შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით, კომპლექსური დავალება ჩემს მოსწავლეებს ნოემბრის თვეში უწევდათ. პირველი საგანი მათემატიკა იყო, თემები – რიცხვები და თანრიგები, კანონზომიერებები, მოქმედებები რიცხვებზე.

კომპლექსურ დავალებას სახელად დავარქვი – „დავეხმაროთ წითელქუდას“. მათემატიკური მინიშნებების ამოხსნით მას თავისი საყვარელი ბებია მგლისგან უნდა გაეთავისუფლებინა.

ნოემბერი უკვე ის დროა, როდესაც მასწავლებლებს აქტიურად აქვთ დაწყებული ამგვარ დავალებებზე მუშაობა. შესაბამისად, მოსწავლეები და მშობლებიც შემართებით არიან ჩართული ამ პროცესში. თუმცა ირგვლივ არის არასასიამოვნო აჟიოტაჟიც, რომ კომპლექსური დავალებები დიდი თავსატეხია ოჯახებისთვის, რომ მათ ბავშვების ნაცვლად მშობლები ასრულებენ, რომ ბევრი სამუშაოა მოკლე დროში და სხვ. ზოგმა მშობელმა მასწავლებლის მიერ გაგზავნილი „მშობლის ბარათის“ არსი და დანიშნულებაც ვერ გაიგო და ფიქრობდა, რომ მასწავლებელი მას აძლევდა დავალებას… ყველა სიახლეს ამგვარი გამოხმაურებებიც თან სდევს, თუმცა ფაქტია, რომ კომპლექსური დავალებების დანერგვა სასწავლო პროცესში მრავალი სიკეთის მომტანია და ის ხარვეზები, რომლებიც ამგვარი დავალებების დანერგვას, მოსწავლემდე ან თუნდაც მათ ოჯახებამდე მიტანასა და განხორციელებას ახლავს თან, თანდათან შემცირდება და აღმოიფხვრება.

მინდა, ჩემი პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ, რომელიც, ვფიქრობ, შესაძლოა ერთ-ერთი პოზიტიური მაგალითი იყოს კომპლექსური დავალებების დანერგვის საწყის ეტაპზე.

„მეგობრებო, წითელქუდას ხომ ყველა იცნობთ? მას ჩვენი დახმარება სჭირდება“, – ვუთხარი ნოემბრის პირველივე სასწავლო დღეს მოსწავლეებს. დაინტერესდნენ. ისინი ხომ მეორეკლასელები არიან. მთავარია, შეეხმიანო, მიმართო დახმარებისთვის, თავი საჭიროდ აგრძნობინო და მაშინვე მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რომ დაგეხმარონ.

მგელმა მისი ბებია დაატყვევა. შემდეგ წითელქუდას დაურეკა და მათემატიკური თამაში შესთავაზა – სანამ მოშივდებოდა, მანამდე წითელქუდას მის მიერ გაგზავნილი მათემატიკური სავარჯიშოები უნდა ამოეხსნა. თუ დროში ჩაეტეოდა, მის ბებიას გაათავისუფლებდა. მაგრამ წითელქუდამ მათემატიკა კარგად არ იცის, ნანობს, მეორე კლასში რომ იზარმაცა და გულიანად არ იმეცადინა. დასახმარებლად კეთილ და მოაზროვნე მეორეკლასელებს მოგმართათ. დაეხმარებით ბებიის განთავისუფლებაში? ამოხსნით მათემატიკურ სავარჯიშოებს?

რა თქმა უნდა, შემართებული თანხმობა მივიღე. და დავიწყეთ!

პირველ რიგში, ყველამ ავიღეთ თხელი, 12-ფურცლიანი რვეული, რომელსაც „წითელქუდას რვეული“ დავარქვით. გადავწყვიტეთ, აქ მოგვეთავსებინა ყველა მინიშნება, თავისი ამონახსნით.

რვეულის პირველი ფურცლები ამ ამბის ამსახველ კომიქსს დავუთმეთ. ალაპარაკებული პერსონაჟები ყველას თავისებურად სახალისო და საინტერესო გამოუვიდა.

შემდეგ გავიხსენეთ და ჩამოვწერეთ, რა ვისწავლეთ ამ ორ წელიწადში მათემატიკაში. მომდევნო ფურცელი რჩევებს დავუთმეთ, რომლებსაც მეორეკლასელები ამ ამბის პერსონაჟებს – წითელქუდას, მგელს და ბებიას აძლევდნენ. ამასობაში, პარალელურად, მათემატიკის გაკვეთილებზე გამოვყოფდით ხოლმე დროს, როცა მოსწავლეებს კომპლექსური სავარჯიშოების მსგავს დავალებებს ვთავაზობდი. ვვარჯიშობდით მათი ამოხსნის ტექნიკაში. შემდეგ კი კონკრეტულ მინიშნებებს ვაძლევდი დამოუკიდებლად ამოსახსნელად. მოსწავლეებს აღარ უჭირდა მათი ამოხსნა, პირიქით, ხალისით მუშაობდნენ. იმის შეგრძნება, რომ ამით სიკეთეს აკეთებდნენ, სხვანაირ მოტივაციას აძლევდა ბავშვებს.

კომპლექსური დავალება სამუშაოს დასრულების შემდეგ პრეზენტაციების გამართვასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა მოკლედ უნდა წარმოადგინონ საბოლოო ნაშრომი და აღწერონ მასზე მუშაობის პროცესი.

ამისთვისაც განსაკუთრებით მოვემზადე.

მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ყველა მინიშნების ამოხსნის შემდეგ წითელქუდა ესტუმრებოდათ კლასში და თავად გადაუხდიდა მათ მადლობას. ასეთი ეფექტების შეტანა, ვფიქრობ, საჭიროა დაწყებით, განსაკუთრებით კი, 1-2 კლასებში, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

როდესაც მინიშნებებზე მუშაობა დავასრულეთ, დავიწყეთ „წითელქუდას რვეულიდან“ ამოხსნილი მინიშნებების პლაკატებზე გადატანა, რათა თითოეული მოსწავლის შრომა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო.

ძალიან საინტერესო პლაკატები გამოუვიდათ. ყველა ნამუშევარს ეტყობოდა მონდომებული შრომა. ნოემბრის ბოლო სასწავლო დღეს მოვაწყვეთ პრეზენტაციების დღე. მოსწავლეებს შევთავაზე, ამ დღისთვის განსაკუთრებულად გამოწყობილიყვნენ, სასურველი პერსონაჟის ფორმებში. ზოგი წითელქუდა იყო, ზოგი მგელი, ზოგიც უბრალოდ კეთილი ფერია ან პრინცი, რომლებიც საკუთარი ცოდნით ასე გულიანად დაეხმარნენ  მას, ვისაც ეს სჭირდებოდა.

მოსწავლეებს წინასწარ მივეცი რჩევები, რაზე შეეძლოთ გაემახვილებინათ ყურადღება პრეზენტაციების დროს:

რაში მივიღეთ მონაწილეობა; რა იყო ჩვენი მოვალეობა; რა სარგებელი მოგვიტანა ამ აქტივობაში მონაწილეობამ; რა რჩევას მივცემთ პერსონაჟებს; რაზე ვმუშაობდით; ვინ ან რა გვეხმარებოდა მინიშნებების ამოხსნაში; თითოეული სავარჯიშოს გააზრებულად წარმოდგენა – ახსენი, როგორ ამოხსენი.

თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად წარსდგა კლასის წინაშე საკუთარი პლაკატით და მოკლედ ისაუბრა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესახებ.

დაბოლოს, წითელქუდას სტუმრობის ჯერიც დადგა. და წითელი ქუდითა და კაბით კლასის წინაშე, რა თქმა უნდა, მე წარვდექი. მადლობა გადავუხადე თითოეულ მათგანს და სამახსოვროდ, საახალწლო წინდებითა და ტკბილეულით დავასაჩუქრე. ყველა ბედნიერი დავრჩით, რადგან ჩვენ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით სტრესის, პრობლემების, წუწუნისა და მოწყენილობის გარეშე გვემუშავა ჩვენს პირველ კომპლექსურ დავალებაზე.

 

 

მამის როლი ბავშვის აღზრდასა და პიროვნების ფორმირებაში

0

დღეს არავინ კამათობს იმაზე, რომ ოჯახური აღზრდა შეუცვლელია, რომ მას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. როგორი ტიპის, როგორი სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაც არ უნდა შევარჩიოთ ბავშვისთვის, თუ მას ოჯახში სერიოზული პრობლემები აქვს, ჯანსაღი ფსიქიკის, სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების ამოცანა შეიძლება სერიოზული სირთულეების წინაშე დადგეს. რაც შეეხება ოჯახურ აღზრდას, მის წარმატებულობას მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს დედისა და მამის თანაბარი მონაწილეობა, ჩართულობა პროცესში და მათ შორის ფუნქციების სწორად გადანაწილება.

ისტორიულად ბავშვის აღზრდა, მის სწავლა-განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვა დედის ფუნქციებში შედიოდა. მამა, როგორც წესი, ძირითადად ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფით იყო დაკავებული და ბავშვის აღზრდაში მისი მონაწილეობა ძირითადად „სადამსჯელო“ფუნქციით განისაზღვრებოდა. დღესაც შეიძლება გავხდეთ ისეთი სცენის მოწმე, როდესაც შვილის საქციელით გაღიზიანებული დედა ბავშვს ემუქრება: „აი, მამაშენს რომ ვეტყვი ყველაფერს, მერე ნახე, რაც მოგივა“; „დღეს უკვე ყველაფერს ვეტყვი მამას, ამის მოთმენა და დამალვა აღარ შეიძლება“.

უნდა ითქვას, რომ მამის როლი ბავშვის აღზრდაში დედის როლზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და ნამდვილად არ იქნება გამართლებული ამ როლის უბრალოდ სადამსჯელო ფუნქციასთან გაიგივება. კარგი მამის გარეშე ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბება და აღზრდა სრულფასოვანი ვერ იქნება. მამობრივი სიყვარული, ისევე, როგორც დედობრივი, წარმოადგენს აუცილებელ პირობას ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. ყურადღების ნაკლებობამ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან შეიძლება გამოიწვიოს სამყაროს აღქმის დამახინჯება და ბავშვის ქცევის დარღვევა. ის, თუ როგორ წარიმართება ბავშვის აღზრდა და განვითარება, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება მოზარდი, დამოკიდებულია ორივე მშობელზე. არსებობს მოძველებული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც დედა-შვილის კავშირი უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისთვის და ამ კავშირში არავინ უნდა ჩაერიოს. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მამასთან ურთიერთობა არანაკლებ მნიშვნელოვანია პიროვნების სრულფასოვანი ფორმირებისთვის. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მამების შვილებთან ურთიერთობის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, თუნდაც მათი მუცლადყოფნის პერიოდში დაწყება, სერიოზულ დადებით გავლენას ახდენს მამა-შვილის მომავალ ურთიერთობაზე. ცნობილია, რომ ჩვილები, რომელთა მამებიც ჯერ კიდევ დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდში ელაპარაკებოდნენ მათ, სხვებზე ადრე იწყებენ მამის გამოყოფას გარშემომყოფებისაგან, უფრო ხშირად აჩერებენ მათზე მზერას, ცნობენ მათ ხმას, უღიმიან და გამოხატავენ მასთან ყოფნის სურვილს. მნიშვნელოვანია, რომ მამას იმის მიცემა შეუძლია შვილისთვის, რის მიცემასაც ამ სამყაროში სხვა ვერავინ შეძლებს.

 ბავშვის განვითარებისა და აღზრდის ძირითადი მიმართულებები, რომელშიც მამის მონაწილეობა განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა:

  • ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს ძალიან მნიშვნელოვანია მამის როლი ბავშვის ფიზიკურ განვითარებასა და ძირითადი მოტორული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. როგორც წესი, მამები ბავშვებს დედებისგან განსხვავებულ თამაშებს ეთამაშებიან. ისინი უფრო აქტიური ფიზიკური თამაშებისკენ არიან მიდრეკილი. მათ არ ეშინიათ პატარას ჰაერში „ასროლა“ და შემდეგ დაჭერა, ხშირად მხრებზე შემოსმულს ატარებენ, ასწავლიან კოტრიალს. ეს ყოველივე ბავშვის ფიზიკური აქტივობისთვის სერიოზული მასტიმულირებელი და მისი ფიზიკური განვითარების ხელშემწყობი ხდება;
  • მამა შეიძლება გახდეს შეუცვლელი დამხმარე ბავშვში ცალკეული ფსიქიკური პროცესების, განსაკუთრებით კი აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისთვის. ცნობილია, რომ მამები ბავშვს ლაპარაკს უფრო სწრაფად და უფრო სწორად ასწავლიან, ვიდრე დედები და ბებიები. ეს იმიტომ, რომ მათგან განსხვავებით მამები პატარებს ენის მოჩლექით, „ბავშვური ენით“ არასოდეს ელაპარაკებიან, არ ამახინჯებენ სიტყვებს მათთან საუბრისას. როგორც წესი, მამაკაცები უკეთესად ასწავლიან ბავშვებს საგნებით, განსაკუთრებით კონსტრუქტორებით და თავსატეხებით მანიპულირებას. ურთიერთობა მამასთან აფართოებს პატარის თვალსაწიერს, ხელს უწყობს მასში ფართო ინტერესების ჩამოყალიბებას;
  • მამის ფიგურა მნიშვნელოვანია დედა-შვილს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად. ოჯახში, სადაც ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულებებია მეუღლეებს შორის, ბავშვის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ჩვეულებრივ დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, მამა ეხმარება პატარას მაქსიმალურად უმტკივნეულოდ „გამოეყოს“ დედას, განთავისუფლდეს დედასთან მიჯაჭვულობისაგან და მოხერხდეს მათ შორის ოპტიმალური დისტანციის დაცვა. კარგია, თუ მამა საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას ბავშვის სოციალიზაციის ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა პატარას „გადასახლება“ საკუთარ საწოლში, ცოტა მოგვიანებით საბავშვო ბაღის „გაცნობა“ და ა.შ. სწორედ მამა წარმოადგენს ბავშვისთვის თავისებურ „მეგზურს“ გარე სამყაროში და მისი წყალობით შეუძლია მას უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი;
  • მამის საშუალებით ბავშვი სწავლობს სოციალური იერარქიის ადეკვატურად აღქმას. ის აგებინებს მას, რას ნიშნავს ავტორიტეტი. აცნობს ისეთ სოციალურ ინსტრუმენტებს, როგორიცაა მოწონება და გაკიცხვა. ეს იმიტომ ხდება, რომ დედისაგან განსხვავებით, რომელსაც უყვარს ბავშვი უბრალოდ იმიტომ, რომ ის „არსებობს“, მამა პატარას ჩვეულებრივ უყენებს გარკვეულ მოთხოვნებს, რომელსაც ის უნდა იცავდეს. აღმზრდელობითი თვალსაზრისით მამა ბავშვისთვის დისციპლინის, მოთხოვნების, ნორმების განსახიერებაა;
  • მნიშვნელოვანია მამის როლი ბავშვის აღზრდის ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მისი გენდერული თვითიდენტიფიკაცია. უკვირდებიან რა მამას, მის ქცევას, ბიჭებს უყალიბდებათ ქცევის გარკვეული მოდელი, რომელსაც მოგვიანებით ურთიერთობებში იყენებენ. გოგონებს კი მამასთან ურთიერთობა ეხმარება საკუთარი თავის ქალთა სქესთან იდენტიფიცირებაში;

ბიჭს ესაჭიროება მუდმივი კონტაქტი მამასთან. მამის ქცევაზე დაკვირვებისა და მასთან ურთიერთობის პროცესში ვაჟი აკოპირებს მის ქცევას, ჟესტებს, მოძრაობებს, მანერებს, სიტყვებს. ისეთი თვისებები, როგორიცაა მამაკაცური ღირსება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ქალის მიმართ დამოკიდებულება და ბევრი სხვა თვისება ბიჭს უყალიბდება მამასთან ურთიერთობის პროცესში. ემოციური კეთილდღეობის თვალსაზრისით ყველაზე დაუცველები არიან ბიჭები მარტოხელა ოჯახებიდან. მათთან ხშირად ფიქსირდება სირთულეები ურთიერთობაში, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ჩაკეტილობა, ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება ახლობელ ადამიანებთან. გოგონების სრულფასოვანი აღზრდისა და ქალური ხასიათის ფორმირებისათვის ასევე აუცილებელია მუდმივი ურთიერთობა მამასთან. გოგონა ჩვეულებრივ არ ჰბაძავს მამას, მაგრამ მისი მხრიდან მოწონება მას საკუთარ თავში დარწმუნებულობას ანიჭებს. გოგონასათვის მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ მამა აფასებს მის აზრს, ინტერესდება მისი საქმეებით, გარკვეულ საკითხებს უთანხმებს, კონსულტაციებს უწევს, აქებს, იწონებს მის ჩაცმულობას. მამობრივი მიმღებლობა გოგონას თავდაჯერებულობასა და ქალურ ღირსებას უნერგავს. სწორედ ოჯახში, მამისა და დედის როლებზე დაკვირვებით ბავშვები იქმნიან წარმოდგენას ქალისა და მამაკაცის სრულფასოვან ურთიერთობაზე, მშობლის როლებსა და პასუხისმგებლობებზე, ოჯახურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

სასურველია მშობლები ითვალისწინებდნენ, რომ მათი ურთიერთობა მაგალითია ბავშვისთვის, რომლის რეალიზებასაც შემდეგ ის თავის მომავალ ოჯახურ ცხოვრებაში მოახდენს.

ხშირად, დაკავებული მამა, რომელიც ვერ იცლის ბავშვისთვის თავის სიყვარულს შვილის მიმართ ძვირადღირებული სათამაშოს ყიდვით გამოხატავს. მაგრამ, მომხიბვლელ და ძვირადღირებულ სათამაშოზე მეტად მამისაგან ბავშვს სჭირდება მისი ყურადღება, გაგება, მეგობრობა, მასთან ერთად თამაში და გართობა. მამა-შვილის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობის, კომუნიკაციის სურვილი. ასეთ დროს მანძილი და დროის უქონლობაც კი ვერ იქნება შემაფერხებელი. მთავარია, ბავშვმა იცოდეს, რომ მამას უყვარს ის, მას აინტერესებს შვილის ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა და, რაც მთავარია, მამა ყოველთვის დაეხმარება რჩევებითა და საქმით.

 

 

 

ქართული მღვიმეების საიდუმლო კოდი

0

დერეფანი საშინლად დავიწროვდა, მაგრამ არქეოლოგები უკან დახევას არ აპირებდნენ. მათი მთავარი სამიზნე კარსტული ჭა იყო, რომლის შავი ხვრელი მაგნიტივით იზიდავდათ. ჭის სიღრმის დასადგენად არქეოლოგებმა ჯერ ქვები ჩაყარეს და რაკი სუსტი ექო გაისმა, ამირან ჯამრიშვილმა და ვალერი ბარბაქაძემ თოკები მოიბეს და უკუნეთ სიბნელეში გადაეშვნენ…

ჭიათურიდან 12 კილომეტრზე, სოფელ ვაჭევის ტერიტორიაზე, მღვიმე, სახელად უნდო, რიონ-ყვირილის აუზის ძველი ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ ნიკა თუშაბრამიშვილის ჯგუფმა დაზვერვითი სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოაჩინა.

ზემო იმერეთში საერთაშორისო მნიშვნელობის იმდენი მღვიმეა, რომ მათი ზუსტი რაოდენობა არავინ იცის. ორთვალაში, ძუძუანაში, ბონდში, უნდოში, ჯრუჭულაში, სამგლეში, სამერცხლეში და მრავალ სხვა ადგილას სიცოცხლე პალეოლითის ეპოქიდან ფიქსირდება. ეს სხვადასხვა ტიპის დასახლებებით – სამონადირეო თუ მუდმივი მღვიმეებით, გამოქვაბულებით, სეზონური თუ ღია სადგომებით დასტურდება. ნიკას სამეცნიერო ჯგუფის მთავარი მიზანი სწორედ ადამიანისა და პალეოგარემოს, ადამიანთა და ცხოველთა სამყაროს გარემოსა და კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციების კვლევაა – პალეოლითის ეპოქიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით. ეს კი საუკეთესოდ აისახება დასავლეთ საქართველოს მღვიმეებში, რომელთა გეოლოგიური ფენები თითქმის ხელუხლებლადაა გადარჩენილი.

მღვიმეები ინფორმაციის დიდი რესურსის შემცველია როგორც არქეოლოგებისთვის, ისე სპელეოლოგებისთვის, ანთროპოლოგებისთვის, პალეონტოლოგებისთვის, არქეოზოოლოგებისთვის, პალეობოტანიკოსებისა და სხვა დარგის სპეციალისტებისთვის.

ნიკა დარწმუნებულია, რომ ჭიათურის რეგიონში თავმოყრილი მღვიმეები უამრავ აქტუალურ კითხვას პასუხობენ: როდის და როგორ გამოჩნდნენ და გავრცელდნენ ნეანდერტალელები კავკასიაში და, საზოგადოდ, ევროპის ტერიტორიაზე? როგორი იყო მათი დემოგრაფიისა და ევოლუციის ისტორია? რატომ წარმოადგენდა ეს ტერიტორია გეოგრაფიულ ჩიხს, სადაც არეალის სიმცირის გამო სხვადასხვა კულტურა იძულებით კონტაქტობდა?

უკვე დადგენილია და ცნობილია, რომ ეს ტერიტორია ნეანდერტალელებმა დაახლოებით 35 000-34 000 წლებში აითვისეს (შესაძლოა, უფრო გვიანდელ პერიოდამდეც), რაც, თავის მხრივ, განაპირობებდა იმას, რომ ამ მცირე და ჩაკეტილ სივრცეში Homo sapiens sapiens-ს, რომელიც ამ რეგიონში 35 000 წლის წინათ გამოჩნდა, ძალაუნებურად მოუწევდა ნეანდერტალელებთან ურთიერთობა.

 

რას გვიამბობს უნდო

…უნდოს 50-მეტრიანი სიღრმის კარსტული ჭიდან ამირან ჯამრიშვილი და ვალერი ბარბაქაძე ორი ტომრით დაბრუნდნენ და სასწრაფოდ, იქვე გადმოაპირქვავეს. მოულოდნელობისგან ნიკაც კი შეცბა – სველ ტალახში ცხოველების ძვლებთან ერთად ადამიანების ძვლებიც ეყარა.

არქეოლოგებმა უნდოს მღვიმის შესასვლელი გათხარეს და შუა პალეოლითურ ფენაში (300-40 000 წ.წ.) უამრავ სამონადირეო წვეტანას წააწყდნენ. იქნებ ეს მონადირეების დროებითი სადგომი იყო? – ივარაუდეს არქეოლოგებმა. – კარსტული ჭა კი ქვის ხანის ადამიანისთვის ნაგავსაყრელის როლს ასრულებდა? ან იქნებ ამ ადგილას რაიმე რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც მასში ცხოველები და ადამიანები იყრებოდნენ? ან ჭა აქ მცხოვრებთა უსაფრთხოების გარანტი იყო, რადგან ადამიანების გარეთ დამარხვას ან გადაყრას მტაცებელი ცხოველების მოზიდვა შეეძლო?.. თუმცა უკვე ეჭვგარეშე გახლდათ, რომ ეს უნიკალური სადგომი, რომელიც ვარხმელის ხევის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე, ციცაბო კლდეზე მდებარეობდა, უამრავ საიდუმლოს ინახავდა.

ნიკას ინიციატივით, უჩვეულო მღვიმის შესწავლაში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევრები ჩაერთნენ. უნდოს კლდე სპეციალური აპარატურით, ტოტალ სთეიშენით, ვინჩესტერის უნივერსიტეტის თანამშრომელმა კის ვილკინსონმა აზომა, ესპანელმა სპეციალისტებმა მადრიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტიდან ხავიერ ბაენამ, ფელიპე კვარტერომ, დიეგო მარტინ პუიგიმ, სერხიო ბარეზმა, მარტა როკამ კი მღვიმის შესასვლელიდან 15 მ-ის სიღრმეზე, უცხო თვალისგან მოშორებით, კედელზე ამოკაწრული ხელებაღმართული კაცუნას გამოსახულება იპოვეს.

პალეონტოლოგიური მასალის შემადგენლობამ დაადასტურა მოსაზრება, რომ ჭაში სპეციალურად ხდებოდა ნაშთების ჩაყრა. მღვიმეში ლოდებში ჩაყოლილი მღვიმური დათვის რამდენიმე ინდივიდის ძვლებიც ნახეს. შესაძლოა, ისინი ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლეს, მაგრამ მღვიმეში ირმისა და შვლის ძვლებიც იყო. კარსტულ ჭამდე მისასვლელი დერეფანი ვიწროა, ეს ცხოველები იქ ნამდვილად ვერ გაეტეოდნენ. მაშ, როგორ მოხვდნენ ჭაში?

ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა რუვენ იეშერუნ და გაი ბარ-ოზიმ დაადგინეს, რომ ერთი ადამიანი და ცხოველების ნაშთების ნაწილი ჭაში სიკვდილის ან მათი მოკვდინების შემდეგ იყო ჩაყრილი. ამ და სხვა უნივერსიტეტების თანამშრომლებთან ნიკა თუშაბრამიშვილს 1993 წლიდან აკავშირებდა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლას და, ბუნებრივია, ნეანდერტალელების თანამედროვე ადამიანით ჩანაცვლებასაც ეხებოდა.

ნიკა თუშაბრამიშვილის მოსაზრება გამყარდა – უნდოს კლდე პირველყოფილ ადამიანთა სარიტუალო ადგილი ან მონადირეთა სადგომი იყო.

უნდოს უფსკრული ქართველ სპელეოლოგებთან ერთად საფრანგეთის სპელეოლოგიური ფედერაციის წარმომადგენლებმაც შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ის არ არის ერთადერთი კარსტული ჭა. ეს მთელი სისტემაა, რომელიც შედგება დერეფნებისგან, ჭებისგან, უფსკრულებისგან, სადაც მრავლადაა ანთროპოლოგიური და ფაუნისტური ნაშთები. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ შუა და ზედა პალეოლითური ფენები ერთმანეთთან კონტაქტში აღმოჩნდა.

რადგან ზედა პალეოლითი თანამედროვე ადამიანების ცხოვრების ეპოქად განიხილება, შუა კი ნეანდერტალელების, ამან ქართველ არქეოლოგებს ახალი კვლევისკენ უბიძგა: როგორ ჩაანაცვლეს ნეანდერტალელები თანამედროვე ადამიანებმა კავკასიის ტერიტორიაზე? თანაარსებობდნენ თუ არა ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში? თუ თანამედროვე ადამიანები ნეანდერტალელების გადაშენებიდან გარკვეული ხნის შემდეგ გამოჩდნენ?

ეს კითხვები პასუხს ითხოვდა, მაგრამ ჯერ კიდევ მიმდინარე ახალი აღმოჩენების ფონზე რამის დაბეჯითებით მტკიცება სარისკო იყო. ამ მიმართულებით საერთაშორისო კვლევები პერმანენტულად მიმდინარეობს. მათში ჩართული არიან სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის – საფრანგეთის ბუნების მუზეუმის ადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები: მარი-ელენ მონსელი, დავიდ პლოღდო, პიერ ვუანშე.

ზემო იმერეთის ტერიტორია, სადაც უნდოს კლდე მდებარეობს, მღვიმეების ნაირსახეობებით და მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობის კარსტულ ინტერიერში ჩაფენილი „შავი“ ქალაქით, ჭიათურითაა განთქმული. თითქმის ორი საუკუნეა, ქალაქი მანგანუმის მადნის მოპოვებით სულდგმულობს. კლდეებზე შეფენილი ვიწრო ქუჩები საბჭოთა კავშირის დროინდელი საბაგირო გზებითაა დაქსაქსული.

მზის ჩასვლისას აქაური კანიონები და ნახევრად დაშლილი მონსტრი ქარხნები თეატრის სევდიან დეკორაციას ემსგავსება. სამაგიეროდ, დიდთოვლობაში ცენტრალური საავტომობილო გზიდან მკაფიოდ ჩანს დაღარული ფერდობებიდან ამაყად მომზირალი გამოქვაბულები და მღვიმეები.

სენსაციური აღმოჩენები ზემო იმერეთში წლიდან წლამდე ხდება. ჭიათურა-საჩხერის ტერიტორია სავსეა პალეოლითის ძეგლებითა და იმდროინდელ ადამიანთა დისლოკაციის ადგილებით. რიონ-ყვირილას აუზის მღვიმეების იდუმალება მეცნიერთა ცნობისმოყვარეობას XIX ს-ის 70-იანი წლებიდან აღვივებს. ამასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი კვლევები პოლონელ მეცნიერს სტეფან კრუკოვსკის ეკუთვნის. 1916-1917 წლებში მას აღუწერია ჭიათურის რაიონის სოფელ რგანთან არსებული მღვიმეები: გვარჯილას კლდე, ბნელ კლდე, საქაჯი კლდე, საძროხია, ჩელტი.

არცთუ დიდი ხნის წინ კი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ ნამდვილი შოკი განიცადა – ჭიათურასთან, ბონდში, საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ადრეული – დაახლოებით 35 000-იანი წლების – სელის ბოჭკო აღმოაჩინეს. ამან კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ ზედა პალეოლითში ადამიანები უკვე ქსოვდნენ და ეს კლიმატის ცვლილებითაც იყო განპირობებული.

სოფელ მღვიმევთან, ძუძუანას მღვიმეში, რომელიც მუდმივად იპყრობდა ჰარვარდისა და ებრაული უნივერსიტეტების სპეციალისტთა ყურადღებას, ერთი წლის შემდეგ, 2008 წელს, ქართველმა არქეოლოგებმა კიდევ ერთი ასეთივე ტექსტილის ნაშთი, ლერწმისგან დამზადებული 34 000 წლის გრეხილი ძაფის ნაკეთობა იპოვეს.

ძუძუანას უნიკალურ მღვიმეს, სადაც ძაფთან ერთად ორნამენტირებული ძვლის, ამულეტების, ავგაროზების ასამდე ნიმუშიც აღმოჩნდა, მრავალი წლის განმავლობაში ნიკა თუშაბრამიშვილის მამა, ცნობილი ქართველი არქეოლოგი დავით თუშაბრამიშვილი იკვლევდა. მისი ხელმძღვანელობით ჭიათურა-საჩხერის რაიონში 1957-1992 წლებში ყვირილას აუზში 70-ზე მეტი პრეისტორიული, პალეოლითური პერიოდის მღვიმური ძეგლი გამოვლინდა.

„მამამ ექსპედიციაში პირველად ოთხი წლისა წამიყვანა“, – იხსენებს ნიკა. ახლა ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, პალეოგარემოს რეკონსტრუქციის, ბიომრავლფეროვნებისა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო ჯგუფი ზემო იმერეთში 1993 წლიდან მუშაობს. ამავე წლიდან, საქართველოში მიმდინარე ომების მიუხედავად, დასავლეთ საქართველოს ძეგლების შესწავლის პროექტებში ჩართულნი იყვნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ოფერ ბარ-იოზეფი, დანიელ ადლერი და ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორი ანა ბელფერ-კოჰენი.

მღიმეების ისტორიული სიმდიდრე

ადამიანის მიერ მღვიმეების ათვისება საქართველოში 700 000 წლის წინ იწყება და კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. პრეისტორიულ ხანაში მღვიმე ადამიანისთვის სიცივისა და ცხოველთა თავდასხმისგან დამცავი ხელსაყრელი და სასურველი თავშესაფარია. ისტორიულ ხანაში კი, უკვე მწარმოებლური მეურნეობის არსებობისას, უპირატესობა სხვა ტიპის საცხოვრებელ გარემოს ენიჭება და მღვიმეების ათვისებაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს უკავშირდება. მაგალითად, სოფელ რგანში აღმოჩენილ ორ უსახელო მღვიმეში, რომლებიც გამოყენებული იყო როგორც სახიზარი და სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, შუა საუკუნეების მასალა იპოვეს. ამას კედელზე ამოკვეთილი ჯვარიც ადასტურება. ერთ-ერთში პალეოლითის ფენებიც ნახეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს მღვიმეებში ჩაშენებული დინამიტების საწყობის გამო ისინი დარღვეული აღმოჩნდა. ცოტა ხანში კი, მანგანუმის საბადოს გახსნისას, ორივე მღვიმე მიწის ქვეშ ისე ჩაიმარხა, რომ მათი ბოლომდე შესწავლა ვერც მოასწრეს.

ზემო იმერეთის პლატოს სივრცეში, სოფელ ნავარძეთთან, კაჟის მოშიშვლებული საბადოები ახლაც შესანიშნავად ჩანს. კაჟის ძარღვები ფიქსირდება სალიეთში, კაცხსა და ჭილოვანში. ასეთ ადგილებზე ადამიანი მილიონი წლის წინ, შესაძლოა, უფრო ადრეც სახლობდა და მისთვის ეს კომფორტული საცხოვრებელი იყო – მდინარიდან წყალი ჰქონდა, იარაღს აქვე, კაჟისგან ამზადებდა. გარეთ ცხოვრებაში თბილი კლიმატიც ხელს უწყობდა. საქართველოს დღევანდელი ტერიტორია, ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, შავი ზღვიდან წამოსული თბილი ჰავისა და ჩრდილოეთიდან ცივი მასების შემაკავებელი დიდი კავკასიონის ქედის გამო, როგორც ერთი დიდი სახლი, მართლაც სამოთხე იქნებოდა! ამიტომ გამყინვარების 7000-წლოვან პერიოდსაც (25 000 წლიდან 18 000 წლამდე) იოლად გადაურჩა.

გოდერძი სამხარაძემ ყოფილმა მთამსვლელმა და ჭიათურის რაიონში არქეოლოგიური ექსპედიციების შეუცვლელმა წევრმა, რამდენიმე ხნის წინ მიამბო, რომ რაც უფრო დაბლაა მდინარის ხეობიდან მღვიმე, მით უფრო გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება, რადგან ასეთი ხეობების კირქვულ რეგიონებში მღვიმეები წყლისა და მდინარეების ნაკადების მიერ არის შექმნილი. დროთა განმავლობაში, ხეობის გარღმავებასთან ერთად, ადამიანიც მდინარიდან სულ უფრო ზემოთ ადიოდა.

ნეანდერტალელი და თანამედროვე ადამიანი საცხოვრებლად ყოველთვის მშრალ ადგილს, თუმცა კი მაინც წყლის სიახლოვეს ირჩევდა. სწორედ ასეთია ამ რეგიონში ყველაზე ძველი, 300 000 წლის ჯრუჭულას მღვიმე. მისი თარიღი დადგენილია ბორდოს უნივერსიტეტის არქიომეტრიული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარ ნორბერ მერსიეს, კლიმატისა და პალეოგარემოს მეცნიერებათა ლაბორატორიის თანამშრომელ ელენ ვალადასის და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ჯგუფის წარმომადგენელ ჟან-ლუი ჟორონის მიერ.

ამ რეგიონში მუდმივად ცხოვრობდა ადამიანი. ადრეულ ეტაპზე ჯრუჭულაში, სადაც ხელუხლებელი გეოლოგიური ფენებია შემორჩენილი, ნაპოვნია როგორც კაჟისგან, ისე არგილიტისგან, ანდეზიტისა და ბაზალტის ვულკანური ქანებისგან დამზადებული იარაღი. როგორც ჩანს, ამ ნედლეულს ადამიანები მდინარის კალაპოტში პოულობდნენ, მდინარეს კი ის კავკასიონის კალთებიდან ჩამოჰქონდა.

„რაც თავი მახსოვს, ჭიათურის მთებში დავდივარ და ვრწმუნდები, რომ ამ მიწაში ჩამარხული ისტორიული სიმდიდრე ჩვენი წარმოდგენის ფარგლებს სცდება“, – ამბობდა ენთუზიასტი არქეოლოგი გოდერი სამხარაძე. ზემო იმერეთის მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ნაპოვნ უნიკალური მასალას ის ჭიათურაში, საკუთარი სახლის პირველ სართულზე ინახავდა. მას შემდეგ, რაც „შავი“ ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში მის მიერ მოწყობილი არქეოლოგიური მუზეუმი გაქურდეს, ძვირფასი არქეოლოგიური მონაპოვარის მნიშვნელოვანი ნაწილი ჭითურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა, ნაკლებად ღირებული ნივთებისგან კი შინ მოკრძალებული სამუზეუმო ექსპოზიცია შექმნა. მის პირად კოლექციაში სხვადასხვა პერიოდის ქვის იარაღი ჭარბობს, ასევე, არის შემკვრივებული ზღვის ვარსკვლავი და ქვაში ჩაკირული უზარმაზარი ნიჟარა, იმდროინდელი, როდესაც ზემო იმერეთის კანიონები ჯერ კიდევ წყლით იყო დაფარული, ჩვ. წ. IV-V საუკუნეების ნატიფი სამშვენისები, ჯიხვის რქები, ყალიონი, სათითეები, რვალიტრიანი ღვინის სასმისი, გიგანტური დათვის კბილები.

„რატომ უწოდებთ ამ რეგიონს გეოგრაფიულ ჩიხს?“ – ვეკითხებით ნიკას, რომლის ორხიდიანი ჯიპიც ბონდის მღვიმისკენ მოყინულ გზას ხტუნვა-ხტუნვით მიუყვება.

„როდესაც კასპიისა და შავი ზღვების ტრანსგრესიისა და გამყინვარების შედეგად კავკასიონის მთები ყინულით დაიფარა, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ადამიანის მიგრაცია გართულდა. ამის გამო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა რეფუგიული ზონები, სადაც ფაუნისტური და მცენარეული სახეობები გაცილებით მეტხანს, ზოგი კი დღემდე შემორჩა. ასეთია ძელქვა, პანტა, უთხოვარი, ლაფანი. მათი შესწავლისას ადგენ, რა კლიმატში ცხოვრობდა ადამიანი. კლიმატის კარგი მაჩვენებლები არიან მღრღნელებიც. მაგალითად, ევროპაში 1 200 000 წლის წინ გადაშენებულმა Allophaimys Pliovaenicus-მა და Lagurodon arankae-მ ჩვენს ტერიტორიაზე დაახლოებით 300 000 წლით მეტხანს იარსება“, – მპასუხობს ნიკა.

გეოგრაფიულ ჩიხად მონათლულ რეგიონში სხვადასხვა კულტურა იძულებით კონტაქტობდა. ეს ტერიტორია ნეანდერტალელებმა დაახლოებით 35 000-34 000 წლებში აითვისეს. მსოფლიოსთვის საინტერესო უნდა იყოს ქართველ მეცნიერეთა მიერ წარმოებული ის გენეტიკური და მულტიდისციპლინური კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ მცირე და ჩაკეტილ სივრცეში ნეანდერტალელებს იძულებით მოუწიათ თანაარსებობა Homo sapiens-ებთან, რომლებიც რეგიონში დაახლოებით 35 000 წლის წინ გამოჩნდნენ. თანაარსებობის დამადასტურებელ ინფორმაციას დღეს ბონდისა და ორთვალას მღვიმეები ინახავს.

საქმე ის არის, რომ გამყინვარების პერიოდში, როდესაც კავკასიონის ქედის გადალახვა შეუძლებელი იყო, სამხრეთ კავკასიაში კი ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობდა, სხვადასხვა ტერიტორიიდან მიგრირებულ ადამიანთა ჯგუფები ამ არეალში თავს იყრიდნენ და თავიანთი კულტურა მოჰქონდათ.

მღვიმე როგორც მდიდარი მემატიანე

ბონდის მღვიმე ჭიათურიდან ექვს კილომეტრზე, სოფელ წირქვალთანაა. მასში შეკიდული ხიდის გავლით უნდა მოხვდეთ. ხიდი ქანაობს და მოყინულ საძელეებზე უკეთ მოსაჭიდებლად ხელთათმანებს ვიხდით. ქვემოთ ჩაკარგული მდინარის ხმა სიმაღლის გამო ჩვენამდე ვერ აღწევს. მერე საცალფეხო ბილიკით გადავდივართ. ბონდის მღვიმეში თბილა. ის მუდმივად 16-18 გრადუსს ინარჩუნებს. აქ რომ ცეცხლი ინთებოდა, ამის დამადასტურებელი ნაკერალი ფენებია აღმოჩენილი. თუ ზამთრობით ადამიანი მღვიმის შესასვლელს ტოტებით დახურავდა, მღვიმეში უფრო დათბებოდა.

ბონდის მღვიმის ფართობი 121 არასრული კვადრატული მეტრია, სიღრმე – 11 მეტრი, სიგანე – 7 მეტრი. ეს იდეალური საცხოვრებელია თაბაგრების ღელესა და კაჟის საბადოებთან ახლოს, ირემსა და დომბაზე მონადირე ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის. სხვადასხვა სფეროს მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ ასეთ ჯგუფებში, საარსებო არეალიდან და იქიდან გამომდინარე, რამდენს ადამიანს შეეძლო ეცხოვრა მღვიმეში, 15-20 კაცი იყრიდა თავს.

 

2007 წელს ნიკამ და მისმა სამეცნიერო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მარი-ელენ მონსელი, დავით პლოვდო, გოდერძი სამხარაძე, ალპინისტი და მხატვარი ლაშა ორჯონიკიძე, ადგილობრივი მოყვარული არქეოლოგი ავთო ყიფშიძე და ნიკას სტუდენტები, ბონდის გათხრების შედეგად პატარა ბავშვის მოუცვეთელი კბილი იპოვეს. ეს ფაქტი და დიდი რაოდენობით წარმოების გადანაყარი აჩვენებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანისთვის მონადირეთა ბანაკი კი არა, არამედ მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ან დროებითი საცხოვრისი იყო.

მღვიმეში სიმშვიდეა. მისი კედლები „ავთო+ქეთისნაირი“ თანამედროვე წარწერებითაა შელახული. „მართალია, მხატვრობის ეს „ნიმუშები“ სამხრეთ საფრანგეთის გამოქვაბულების პეტროგლიფებისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ რამდენიმე ათასი წლის შემდეგ იქნებ კვლევის საგანიც გახდეს, – ხუმრობს ნიკა. – თუმცა კონკრეტულად ეს მღვიმე ისტორიაში სხვა მიზეზთა გამოა შესული“. ბონდის მღვიმეში საქართველოს ტერიტორიაზე პირველად დგინდება პალეომიწისძვრა. ზუსტი თარიღები 29 462 წელი და 17 500 წელია. მღვიმეში ერთ ზოლზე დაფიქსირებული ჩამოქცევები ბუნებრივი კატასტროფის უტყუარი ნიშანია. მღვიმის ზედა მხარეს ღრმა ნაპრალი კარგად ჩანს და ისეთივე შიშის განცდას იწვევს, როგორც თანამედროვე ბინების ჭერზე მიწისძვრის ძლიერი ბიძგებისგან გაჩენილი ბზარები.

თუმცა მიწისძვრა როდი იყო მღვიმეში მცხოვრები ადამიანების ერთადერთი განსაცდელი – 2010 წელს, RESET (RESonse of humans abrupt Environmental Transitions) პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევისა და ბონდის მღვიმის გათხრების დროს ლითოლოგიურად განსხვავებულ ფენებში ვულკანური ფერფლი აღმოაჩდა. მასალის სიმცირის გამო ფერფლის წარმოშობის დადგენა ვერ მოხერხდა. ამ პროექტზე ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა იმუშავეს, კერძოდ, ბრიტანეთის ბუნების მუზეუმის ცნობილი ანთროპოლოგის კრის სტრინგერის ჯგუფმა დასტინ უაიტის ხელმძღვანელობით. მიწისძვრის დროს იყო ვულკანიზმიც, ამის ნიშნები ერთსა და იმავე ფენაშია ნაპოვნი. ფერფლი ადგილობრივი ვულკანისა აღმოჩნდა, მაგრამ კვლევები უნდა გაგრძელდეს.

ბონდის მღვიმის შესწავლისას გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, პირველყოფილ ადამიანთა ჯგუფების თანაცხოვრება სხვადასხვა ხეობასა და მღვიმეში გარემოსთან მათ ადაპტაციასთან, კერძოდ, ბუნებრივი რესურსებისა და არეალების გადანაწილებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. საინტერესოა, რომ ერთ, იდენტურ ლანდშაფტში ადამიანი სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ეწეოდა. ბონდის პარარალელურ ხეობაში, სულ რაღაც ორ კილომეტრზე, ორთვალა მღვიმეში აღმოჩენილი მასალა ადასტურებს, რომ იქაურები უმეტესად ჯიხვზე ნადირობდნენ, ბონდში კი – დომბაზე. რატომ? ხომ არ იყო ეს მღვიმეები მათთვის სეზონური სადგომები, ან ხომ არ არსებობდა სხვადასხვა ცხოველებზე სპეციალიზებული ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც ტერიტორიები ჰქონდათ გადანაწილებული? ამის შესახებ ქართველ სპეციალისტებს მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეუძლიათ.

დენიელ ადლერს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და გაი ბარ-ოზის ჰაიფას უნივერსიტეტიდან ჰქონდათ მოსაზრება, რომ, მაგალითად, ორთვალა კლდე (მასზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ) სეზონურად იყო ათვისებული. მკვლევართა ეს მოსაზრება მონადირებული ზრდასრული ჯიხვების ასაკს ეფუძნებოდა. თუმცა ნიკა ამ ვარაუდს უარყოფს. მისი აზრით, ჯიხვზე ნადირობის ტრადიცია აქ ნეანდერტალელების დროიდან იწყება და ზედა პალეოლითშიც გრძელდება.

ნიკას აზრით, იმის გამო, რომ ვერტიკალური ზონები 1000 მეტრით იყო დაწეული, ჯიხვები საკვების მოსაპოვებლად ყოველდღიურად ორ კილომეტრს გადიოდნენ (ნაქერალას კლდე ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ მღვიმეების გარშემო მუდმივად ცხოვრობდნენ და ადამიანს ნებისმიერ სეზონზე შეეძლო მათი მონადირება.

გეზს სოფელ პერევისკენ ვიღებთ. მის მიდამოებში მრავალი კარსტული მღვიმეა: კლდეკარის გამოქვაბული, ორთვალა კლდე, ცაცას გერამი. გადმოცემით, ცაცას გერამში იოსებ სტალინი იმალებოდა, რაშიც ცაცა წერეთელი ეხმარებოდა.

ორთვალა კლდე მდინარიდან 40 მეტრ სიმაღლეზეა. დიდთოვლობის გამო ბილიკი არ ჩანს. ნიკა ყოფილი ალპინისტია. მთამსვლელობის დროს არაერთ მწვერვალი დაუპყრია. წინ სიფრთხილით მიიწევს. ორთვალას ორდარბაზიან მღვიმეში, საქართველოში იარაღების შესწავლის საფუძველზე, უკანასკნელი ნეანდერტალელის არსებობა ერთ-ერთი ბოლო, შუაპალეოლითური ფენის თარიღით – 35 000 წლით დადასტურდა. ასევე ნაპოვნია 39 000-37 000 ათასი წლებით დათარიღებული მამაკაცის მეორე საღეჭი. ის მაქს პლანკის ინსტიტუტის სვანტე პააბოს ჯგუფის წარმომადგენელმა და საფრანგეთის ბუნების ისტორიის მუზეუმის თანამშრომელმა ტონი შევალიემ შეისწავლა.

ორთვალაში ნიკამ არაერთ უცხოურ უნივერსიტეტთან ერთად იმუშავა, მაგრამ პასუხგაუცემელი დარჩა შუა და ზედა პალეოლითის გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული რამდენიმე კითხვა. ამჟამად გათხრილია მცირე დარბაზის ნაწილი. დიდი დარბაზი გაუთხრელია. აქ ფენები გაცილებით ღრმად მიდის. ამიტომ შესაძლოა, ეს ადგილი იქ მდიდარი ინფორმაციის მატარებელი იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ორთვალას ორი მღვიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და რისთვის გამოიყენებოდა. სავარაუდოდ, დიდი დარბაზი საცხოვრისი უნდა ყოფილიყო, რადგან მისი შემოსასვლელის დახურვა ტოტებით ადვილად შეიძლებოდა.

ორთვალას დიდი დარბაზიდან მოპირდაპირე კლდის შთამბეჭდავი პანორამა იშლება. ნიკა ფოტებს თავისი მინიატურული წყალგაუმტარი აპარატით იღებს და ხსნის, რომ მღვიმის ქვედა შეუვსებელი, „სტერილური“ ფენა გვიჩვენებს – ადამიანი ამ პერიოდში აქ არ ცხოვრობდა, აციების გამო მან ის დროებით დატოვა და შემდეგ ისევ დაუბრუნდა.

…ჭიათურის საავტომობილო ტრასაზე გასულები, გზის პირას, ბალასტისგან გამოსასუფთავებელ ერთ-ერთ მოზრდილ მღვიმეშიც შევდივართ. არქეოლოგიური მასალა აქ არ აღმოჩნდა, მაგრამ საჩხერის მუნიციპალიტეტთან არსებული საქველმოქმედო ფონდისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, სამუზეუმო სივრცე და პალეოლითური ექსპოზიცია მოეწყობა. იქვე, კიდევ ერთ მღვიმეში, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი უნდა გაკეთდეს.

დაახლოებით ას მეტრზე, მაგრამ უკვე დიდ სიმაღლეზე, სამი მღვიმეც მოჩანს. ნიკას ჯგუფმა ანა დულარეს, ლაშა კვეკვესკირის, ილია ბერულავას შემადგენლობით აქ ალპინისტური მეთოდების გამოყენებით შეაღწია. ერთ-ერთ ციხე-ქვაბში (დაახლოებითი თარიღი – მე-6-7 ს.ს.-დან), რომელიც ორნავიანი ეკლესიის ნაწილი იყო, განდეგილები ცხოვრობდნენ. შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდში აქაურ ხეობებში გამოკვეთილი გამოქვაბულთა სისტემები, განურჩევლად იმისა, თავდაცვითი მნიშვნელობისა იყო თუ სამონასტრო სტრუქტურების შემადგენელი ქვაბოვანი საგანდეგილოები, თითქმის ყოველთვის იმის გათვალისწინებით იქმნებოდა, რომ ურთიერთშორის ვიზუალური კომუნიკაცია ჰქონოდათ. ეს მათ შორის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაციის გასცავლელად იყო საჭირო (ჟურნალი „სემიოტიკა“, №12, სტატია „ზემო იმერეთი – გზები, კლდის ძეგლები და კომუნიკაციის საკითხები“, ავტორები: ნ. თუშაბრამიშვილი, ნ. ბახტაძე, ლ. სუხიშვილი).

საქართველოს მღვიმეებს იმის გამოც აქვს მსოფლიო მნიშვნელობა, რომ ამ ძეგლთა კვლევის შედეგები ძველი ქვის ხანის მეცნიერთა წინაშე დასმულ არაერთ კითხვას პასუხობს: როგორ ხდებოდა ადამიანების გავრცელება? როგორი იყო მათი ცხოვრების წესი? როგორ მოხდა ერთი პერიოდის მეორით ჩანაცვლება? რა სახეობის ადამიანები ცხოვრობდნენ და როგორ ხდებოდა გარემოსთან მათი ადაპტაცია? ამით ინტერესდებიან დიდი საერთაშორისო ინსტიტუციები. საქართველოში არსებული ძეგლები მოხსენიებულია არა მხოლოდ სპეციალურ უცხოურ ლიტერატურაში, არამედ ქვის ხანის ძეგლების გზამკვლევებში, მაგალითად, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულში.

„უნდოს მღვიმეში არაერთხელ რომ დავბრუნდები, ნამდვილად ვიცი. ბოლომდე გასარკვევია იმ კარსტული ჭის ფუნქცია, სადაც ადამიანისა და ცხოველების ძვლები ვიპოვეთ. ისიც გვაინტერესებს, იყო თუ არა დაკავშირებული კედლის გამოსახულება რაიმე რიტუალთან, ან ხომ არ იყო ეს ადგილი მონადირეთა ბანაკი, სად იყო ამ მონადირეების საცხოვრისი. უნდო ერთ-ერთი პატარა საიდუმლოა, თორემ მკვლევრებისთვის დასავლეთი საქართველოს კლდოვანი ტერიტორია ერთი დიდი თავსატეხია“, – ამბობს ნიკა.

„უნა-უნსო“

0

ჭუბერი-საკენის გზაზე, რომელიც რუსებმა გოლგოთის გზად გვიქციეს, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი აღიმართა. ამ ღონისძიებას უკრაინის გასამხედროებული ორგანიზაცია „უნა-უნსოს” უფროსი მეთაური, იური შუხევიჩი ესწრებოდა. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა „უნა-უნსოს” მებრძოლების საქართველოში გადმოყვანას, სადაც ისინი აფხაზეთში ქართული არმიის მხარეს იბრძოდნენ.

უკრაინული ნაციონალ-პოლიტიკური ორგანიზაცია „უნა-უნსო“ ათას ცხრაას ოთხმოცდაათ წელს მწერალმა და დისიდენტმა, იური შუხევიჩმა დააარსა. უკრაინელი ნაციონალისტები დღემდე ამბობენ, რომ მათი მიზანია, რუსეთის სახელმწიფოს საზღვარმა მოსკოვიდან 70 კილომეტრში გაიაროს.

საერთო ჯამში აფხაზეთში იბრძოდა 300-მდე უკრაინელი მოხალისე, მათ მეთაურობდა მაიორი ოლეგ ბობროვიჩი, რომელიც ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერია.

თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალურ კედელზე რამდენიმე უკრაინელი მოხალისის გვარიც არის ამოტვიფრული. რაც შეეხება ცოცხლად დარჩენილებს, არქივებში მხოლოდ იმ უკრაინელი მებრძოლების გვარები აღმოჩნდა, რომლებიც 1994-96 წლებში საქართველოს იმჟამინდელმა სახელმწიფო მეთაურმა სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტმა მოძებნა მათი გვარები და შარშან ივნისში მათთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოების გადაცემა გადაწყვიტა, მაგრამ „უნა-უნსოს” მებრძოლებმა, როგორც გაირკვა, ჯილდოებზე უარი თქვეს.

ომის დროს უკრაინელმა მოხალისემ, „ობუხ“ ტკაჩუკმა ჟურნალისტთან ინტერვიუში თქვა: „ახლა ამ ომში, თუ გაუძლებს საქართველო, გაუძლებს უკრაინაც“.

ახლა 2022 წლის აპრილია და იმედით შევყურებთ უკრაინას, რადგან ვიცით, რომ თუ გაუძლებს უკრაინა, გავუძლებთ ჩვენც.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...