სამშაბათი, აგვისტო 26, 2025
26 აგვისტო, სამშაბათი, 2025

ჟასმინ-დუმფარ-მაგნოლიისფერი ზღაპრები

0

(ლილი ალფაიძის „ციყვი, ანუნა და კეთილი ბიჭუნა“)

„ყველა დროს, ყველა ქალაქში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვებზე გული შესტკივათ.“ და ასეთი ადამიანები მეზღაპრეობასაც თუ გადაწყვეტენ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის უტყუარი იმედით ვივსებით. სწორედ ასეთი ავტორია ლილი ალფაიძე, რომლის სადებიუტო წიგნზეც ამ წერილში მოგითხრობთ. „ციყვი, ანუნა და კეთილი ბიჭუნა“ თანამედროვე ზღაპრების კრებულია – „კანონიკური“ თარგის მიხედვით გამოჭრილ, თუმცა ტრენდული ქსოვილებით შეკერილ-გაფორმებულ ამბებს აერთიანებს.

***

როგორ ფიქრობთ, მეზღაპრე გარკვეულწილად ჯადოქარიც არის?

ჩემი აზრით, სამყაროს გეომეტრიას ძირფესვიანად თუ ცვლის, ჯადოქრობის ფარული ნიჭიც ექნება. ლილი ალფაიძისეული ხედვის რაკურსებს რომ მოირგებთ, ამ საკითხზე დაფიქრებაც უსათუოდ მოგიწევთ. სხვაგვარად ვერ დაუმეგობრდებით სწრაფად მხოხავ ლოკოკინებს, ქვიშაში თავის ჩარგვის ნაცვლად ფრთებგაშლილ სირაქლემას, ბეჯით ნაცარქექიას, პუტკუნა პრინცესას, როლებგაცვლილ ჭიანჭველასა და რწყილს, მხიარულ პიეროს, ლამაზსა და ტანად უმცროს ჯუჯას (ისეთს, ფიფქიას საქმროდ რომ გამოდგება) და ვერც მძინარე უფლისწულს, რომელსაც ზღაპრისპირა ბორცვის ბინადარი, ლამაზი გოგონა, სახელად ლიმნია აღვიძებს.

არც კონკიას ამბავია გამონაკლისი: მართალია, ისევ სათნო სახე აქვს, მაგრამ მიამიტი გამომეტყველება მხოლოდ ტყუილების გადასაფარად სჭირდება, ალალ-მართალი დედინაცვლის წინააღმდეგ კი მისსავე შვილებს გასაოცარი ოსტატობით ამხედრებს. თუმცა ზღაპრის მკაცრი კანონების დამსახურებით, კეთილი დასასრული უცვლელი რჩება: მაინც დაჩაგრული ამოყოფს თავს სასახლეში, გამთელებული წიგნი კი საბოლოოდ ბიბლიოთეკაში დაბინავდება.

ავტორი ზოგჯერ იქ გვამოგზაურებს, სადაც ჯადოქრობას თითქოს არაფერი აღარ ესაქმება. ამბავს არც თავიდან იწყებს, არც ბოლოდან. უბრალოდ აკვირდება და ჩვენც ჩაგვაფიქრებს. პატარა ბიჭუნას ბაფთაზე ჟირაფს თვალს თუ მოკრავს, კი არ გააცოცხლებს, იმას გვიამბობს, მანამდე რაც მოხდა. და ამრიგად მიგვახვედრებს, რომ ნამდვილი სასწაულები ჩვენ გარშემო მიმალულ დეტალებშია გასამჟღავნებელი.

***

ზღაპრის მთავარი სამკაული სიკეთე რომ არის, უხსოვარი დროიდან ცნობილი ამბავია. ბუნებრივია, არც ამ კრებულში გაგაოცებთ მისი სიმრავლე. შესაძლოა, 54-ე გვერდზე ჩამოთვლილი საოცრებები (ჟანგიანი ნაგვის ურნის გაფერადება, გაფუჭებული ატრაქციონების ამუშავება, წვიმაში გალუმპულებისთვის ქოლგის მიწოდება,  გზაზე დაბნეული ნობათის მოგროვება, სახურავახდილი სახლის შეკეთება, დამშრალი სარწყავი არხის წყლით ავსება, ჭაში ჩავარდნილი კნუტის გადარჩენა) ყოფით ამბებს მიათვალოთ და ისიც იკითხოთ, განა რა დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფრის ჩადენასო?

გეთანხმებით, თუმცა პატარა მკითხველს უნდა მივახვედროთ, რომ დახმარებას მაშინ აქვს ფასი, პრობლემებს დროულად თუ შევამჩნევთ; ჩარევა მანამ მოგვეთხოვება, „სანამ მეზღაპრეს ხელში კალამი უჭირავს და ფიქრობს.“ ნებისმიერ დიდებულ ზღაპარს ხომ მარტივი მორალი ამშვენებს: „აღიარე დანაშაული!.. მოიხადე ბოდიში!“

ამ წიგნში კეთილი საქმეების ეპიცენტრი ჩემთვის ბებუტას სახლი გახლავთ. ბებუტა ობობიანი ყავის დალევის შემდეგ სუპერ-ძალას იძენს, ენერგიის სწორი გზისკენ მიმართვაში კი მას გონიერი და რაციონალური ქალიშვილი ეხმარება. ჯადოსნური ელემენტები რომ ჩამოვაშორო, მაინც მშვენიერი ამბავი დაგვრჩება, მიუსაფარი ცხოველების საჭიროებებსა და ნებისმიერი ადამიანის კონკრეტულ დანიშნულებაზე რომ დაგვაფიქრებს.

***

კრებული ჩვიდმეტ ზღაპარს აერთიანებს, თუმცა მათი წაკითხვის შემდეგ ისეთი განცდა გვრჩება, თითქოს ავტორმა ერთი, გრძელი ამბავი გვიამბო: მიძინებული ქალაქიდან გასაფერადებელ ქალაქამდე გვამოგზაურა.

თავიდან მის გამოგონილ სამყაროში სიჩუმე მეფობს, „იქ ვერც ბავშვების ჟრიამულს, ვერც ქარხნების გუგუნს, ვერც მანქანის ძრავის ხმას, ვერც ტყის ფოთლების შრიალს, ვერც ძაღლის ყეფას, ვერც კატების კნავილს, ძროხების ზმუილს, გოჭების ღრუტუნს, ბაყაყების ყიყინსა თუ აივნების ქვეშ, გოგონებისადმი მიძღვნილ სიმღერებს გაიგონებთ.“ საბოლოოდ კი ყველა ნოტი გაჟღერდება, ყველაფერი გაფერადდება. სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის – ლილი ალფაიძის გმირები, თუნდაც თათები გადაიტყავონ, სასურველ მიზანს მაინც აღწევენ, გზებს მხოლოდ ჩანაფიქრის შესასრულებლად გადიან.

მშვიდობა მსოფლიოს- ერთი გაკვეთილის შესახებ

0
Ukraine and Georgia flags together textile cloth, fabric texture

მათემატიკის გაკვეთილის გეგმა „მოქალაქეობის“ მოტივებზე

 

დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომი, ყველას სატკივარია. ვფიქრობ, შეუძლებელია, საკლასო სივრცეში ამ თემაზე ყურადღება არ გამახვილდეს. მაშ, როგორ დავუკავშიროთ ის მათემატიკის გაკვეთილს? „დროშები ჩქარა“ გამახსენდა და მათემატიკის საკითხები, რომლებიც სწორედ ახლა ისწავლება მე-7 კლასში, საშუალებას მაძლევს, ჩემი მოსწავლეები სოლიდარობის აქციას შევუერთო. მით უმეტეს, მათი გულები გაჟღენთილია თანადგომითა და თანაგანცდით.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, „მათემატიკურ ენაზე“ დამეგეგმა „მშვიდობის ერთი გაკვეთილი“, რომელსაც გაგიზიარებთ.

სამიზნე ცნება: ანალიზური გეომეტრია, გარდაქმნები

საკითხები:

  • საკოორდინატო სიბრტყე;
  • პარალელური გადატანა;
  • სიმეტრია.

მკვიდრი წარმოდგენები:

  • სიბრტყესა თუ სივრცეში გეომეტრიულ ობიექტებს სხვადასხვა ურთიერთმდებარეობა აქვს. ანალიზური გეომეტრია გვეხმარება ადგილმდებარეობის განსაზღვრაში, ასევე – გეომეტრიულ ობიექტებსა და ელემენტებს შორის კავშირის აღწერაში.
  • გარდაქმნებისა და სიმეტრიის შესწავლა გვეხმარება ფიზიკური ცვლილების გააზრებაში.

ესგ-ის მიხედვით მისაღწევი შედეგი:

მათ VII.11: მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.

  • გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს;
  • ხაზავს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) სიმეტრიულ ფიგურას მითითებული ღერძების მიმართ. ახდენს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას;
  • უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს; ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას.

მათ VII.12. მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის გამოყენება.

  • ორიენტირებს რუკაზე ან საკოორდინატო სიბრტყეზე კოორდინატების გამოყენებით;
  • ასახელებს საკოორდინატო ღერძების მიმართ მოცემული წერტილის ღერძულად სიმეტრიული წერტილის კოორდინატებს;
  • პოულობს პარალელური გადატანით მიღებული ფიგურის ნებისმიერი წერტილის კოორდინატებს მისი წინასახის კოორდინატებისა და მიმართული პარალელური გადატანის მეშვეობით.

 

კლასი: VII

გაკვეთილის ტიპი: შემაჯამებელი

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ სიბრტყეზე ორიენტირებას და გეომეტრიული ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას; გეომეტრიული ობიექტების გარდაქმნებით მიღებული ფიზიკური ცვლილებების გააზრებას; აუმაღლდებათ მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობა და განუვითარდებათ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარი.

 

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1. „დროშები ჩქარა“

მოსწავლეები დავაწყვილე და ვუთხარი, რომ თემის შეჯამებას ვაპირებდით. „თქვენ დაგირიგდებათ ბარათები ამოცანის პირობით. საკოორდინატო სიბრტყეზე უნდა გამოსახოთ გეომეტრიული ობიექტები, შეასრულოთ პარალელური გადატანა და სიმეტრიული ასახვები. ამ სამუშაოს შესრულების შედეგად კი ნაშრომზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გამოისახება. თქვენს ნამუშევარს, როგორც ყოველთვის, საკლასო ოთახში გავაკრავთ, დავათვალიერებთ და შევაფასებთ“. შევამჩნიე, რომ მოსწავლეებს სიხარულით აენთოთ თვალები. ეს მუხტი გაკვეთილის ბოლომდე შენარჩუნდა. მუშაობის დროს ვგრძნობდი, რომ მოსწავლეები უდიდეს მოწიწებას და პატივისცემას გამოხატავდნენ უკრაინელი ხალხის მიმართ.

თავდაპირველად ბადე ფურცლები დავურიგე:

შემდეგ სხვადასხვა წყვილს თითო ბარათი მივეცი (სულ 5 ბარათი მოვამზადე). დავალების პირობები სხვადასხვა დონისაა – ადვილი, საშუალო და ძნელი, ამიტომ მოსწავლეებს ბარათები მათი მზაობის შესაბამისად გადავეცი.

ბარათი #1. ამოცანის პირობა მოსწავლეთა ერთ-ერთი წყვილის ნამუშევარი
 

მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეზე ააგე უკრაინის დროშა.

დროშა (მართკუთხედის ფორმა): –

(-5;1), (-5; 7), (6; 7), (6; 1), (-5; 1)

გამყოფი ხაზი: შეასრულე პარალელური გადატანა დროშის ზედა საზღვრის, (ჰორიზონტალური ხაზი) შემდეგი წესით

(x; y)  (x; y-3)

დროშის ტარი: (-5: -6), (-6; -6), (-6, 8), (-5; 8), (-5; 6),

 

 

 

 

ბარათი #2. ამოცანის პირობა მოსწავლეთა ერთ-ერთი წყვილის ნამუშევარი
 

მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეზე ააგე უკრაინისა და საქართველოს დროშები.

ჯერ ააგე უკრაინის დროშა, შემდეგ მის სიმეტრიულად – საქართველოს დროშა.

უკრაინის დროშა:

დროშის ტარი: (7;14), (0;0), (-7; -14).

დროშა, მართკუთხედის ფორმის: (7;14), (19; 8), (15; 0), (3; 6)

გამყოფი ხაზი: შეასრულე პარალელური გადატანა დროშის ქვედა საზღვრის, (მონაკვეთის) შემდეგი წესით (x; y)  (x+2; y+4)

საქართველოს დროშა: ააგე უკრაინის დროშის სიმეტრიული გადატანით OY ღერძის მიმართ

(საქართველოს დროშის გამყოფი „ჯვრის ხაზები“ მართკუთხედის სიმეტრიის ღერძებია).

ჯვრის კოორდინატები: (-8;6), (-6; 7), (-6,5; 5,5), (-7,5; 7,5) ასახე სიმეტრიულად მართკუთხედის სიმეტრიის ღერძების (ცენტრალური ჯვრის) მიმართ, ჯერ ვერტიკალურად, შემდეგ ჰორიზონტალურად.

 

 

 

 

 

ბარათი #3. ამოცანის პირობა მოსწავლეთა ერთ-ერთი წყვილის ნამუშევარი
 

მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეზე ააგე უკრაინის დროშა.

დროშის ტარი: (-11;19), (-10; 19) (-10; -15) (-11; -15) (გააფერადე)

ფრიალა დროშა : (მრავალკუთხედი)

(-9; 6), (-9; 17), (-7; 18), (-5; 18), (-3; 17), (0; 16), (4; 17), (5; 17), (8; 15), (8; 4), (5; 6), (4; 6), (1; 5), (0; 5), (-3; 6), (-5; 7) (-7; 7) (-9; 6)

ფერის გამყოფი ხაზი: შეასრულე პარალელური გადატანა დროშის ქვედა საზღვრის, (ტეხილის) შემდეგი წესით (x; y)  (x; y+5,5)

თოკი I: (-10; 5), (-9; 6)

 თოკი II: (-10; 18), (-9; 17)

 

 

 

 

ბარათი#4. ამოცანის პირობა ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარი
 

მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეზე ააგე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა:

დროშა (მართკუთხედის ფორმა): ააგე (-16; 12) წერტილი. ააგე ამ წერტილის სიმეტრიული წერტილები 0X; 0Y და 0 სათავის მიმართ. მათი შეერთებით მიიღებ მართკუთხედს.

ცენტრალური ჯვარი:

წითელი ვერტიკალური ზოლი (მართკუთხედი): (-1; -12), (-1; 12), (1; 12), (1; -12).

წითელი ჰორიზონტალური ზოლი (მართკუთხედი): (-16; -1) (-16; 1), (16, 1) (16,-1)

ჯვარი „I მეოთხედში“ (8; 3), (8; 6), (5; 6), (5; 7), (8; 7), (8; 10), (9; 10), (9; 7), (12; 7), (12; 6), (9; 6), (9; 3), (8; 3) ასახე სიმეტრიულად „ცენტრალური ჯვრის“ ჯერ ვერტიკალური ხაზის, ხოლო შემდეგ ჰორიზონტალური ხაზის მიმართ.

 

 

 

 

ბარათი#5. ამოცანის პირობა მოსწავლეთა ერთ-ერთი წყვილის ნამუშევარი
 

მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყეზე ააგე უკრაინის დროშა.

დროშა (მართკუთხედის ფორმა): –

(-8;2), (-8; 16), (14; 2), (14; 16)

გამყოფი ხაზი: გაავლე სიმეტრიის ღერძი (მართკუთხედში) ჰორიზონტალურად.

დროშის ტარი: (-9; -15), (-9; 17), (-10, 18), (-10; 19), (-9; 20), (-8; 20), (-7; 19), (-7; 18), (-8; 17), (-8; -15)

 

 

ზოგიერთმა მოსწავლემ დახაზა დროშა და შექმნა ამოცანის პირობა.

 

აქტივობა: მშვიდობა მსოფლიოს

მოსწავლეებს ვთხოვე, მოეფიქრებინათ სლოგანები, რომლებიც მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებდა და დროშებზე დაეწერათ.

ემოციები, რომლებიც ბავშვებმა დროშებზე გადაიტანეს, საკლასო ოთახში ვერ დაეტია და დერეფანში, ჩვენი საკლასო ოთახის კარზე გამოვფინეთ როგორც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

ეს გაკვეთილი შეგიძლიათ საბაზო საფეხურის სამივე კლასში დაგეგმოთ და ჩაატაროთ, კლასისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით და კურიკულუმის მცირედი ცვლილებით.

მშვიდობა მსოფლიოს!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum/mat-vii11/348

  1. მათემატიკის გზამკვლევი. მე-7 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meshvide-klasi/

შემოქმედებითობა როგორც ოპერაციული სისტემა

0

(კენ რობინსონის სამი მეტაფორა განათლებაზე)კენ რობინსონს კარგად იცნობენ როგორც თანამედროვე განათლების ექსპერტს. მისი გამოსვლები მართლაც რევოლუციურია და შემოქმედებითი და კრეატიული განათლების აუცილებლობის წარმოჩენისკენაა მიმართული. ხანდახან ვფიქრობ, რომ ასეთი განათლება შესაძლოა ყველასთვის არ იყოს, რადგან ყველა ვერ გრძნობს მის საჭიროებას, მაგრამ თუ ადამიანი ღვთის, შემოქმედის „სახე და ხატია“, მაშინ ყველაშია შემოქმედებითობის მარცვალი, რომელიც შესაძლოა არასდროს აღმოცენდეს, თუ შესაბამისი კლიმატური პირობები არ შეექმნა.

TED-ვიდეოებში კენ რობინსონი გვიყვება, როგორ დავაღწიოთ თავი განათლებაში „სიკვდილის ხეობას“ და როგორ ვიზრუნოთ მომავალ თაობებზე შესაძლებლობების კლიმატის შექმნით.

ჩემი ყურადღება პირველად სწორედ ამ მეტაფორებმა მიიქცია: განათლების „სიკვდილის ხეობა“ და „კლიმატკონტროლი“.

მხოლოდ ამ ორი მეტაფორის გააზრებაც საკმარისია, რომ დაინახო თანამედროვე განათლების მდგომარეობა და მომავლის საუკეთესო პერსპექტივაც. რეალობიდან აღებული ნიშნებით რობინსონი ისე შემოქმედებითად ოპერირებს ჩვენი ცნობიერითა თუ არაცნობიერით, გვეჩვენება, რომ რეალობის მთელი მასალა (ფაქტები და მოვლენები) მხოლოდ ცნობიერების ტრანსლაციაა – ის გვიჩვენებს და აღწერს ადამიანის ცნობიერების მდგომარეობას და მისი შეცვლის გზებსაც გვთავაზობს. მთავარია, ზუსტად მივაგნოთ იმ მეტაფორას, რომელსაც მოვლენის აღწერისთვის გამოვიყენებთ.

ჰობსის გაგებით, თეორიულად ცნობიერება არის ოპერირება ნიშნით. მან ჩამოაყალიბა ნიშანთა ტიპოლოგია, გაყო ნიშანთა მნიშვნელობა და ნიშანთა მასალა. განსხვავება ისაა, რომ ერთს მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მეორეს კი – სხვისთვის.

 

ვფიქრობ, რობინსონმა ზუსტი მეტაფორა შეარჩია. დიახ, მართლაც არსებობდა ასეთი ხეობა, რომელსაც „სიკვდილის ხეობას“ უწოდებდნენ, რადგან წვიმა იქ არასდროს მოდიოდა და ყველაფერი ჩამკვდარი იყო (ამის შესახებ სხვა სტატიებშიც დავწერე). მაგრამ ერთხელ ნალექის მოსვლამ სრულიად შეცვალა, ააყვავილა ეს ხეობა. ამ მოვლენას თუ გავიაზრებთ როგორც ცნობიერების მეტაფორას, ადვილად დავინახავთ, რა და რატომ სჭირდება თანამედროვე განათლებას.

რას გულისხმობს მეორე მეტაფორა –„კლიმატკონტროლი“? ერთხელ შექმნილი კლიმატი არაფრის მაქნისია, თუ ის არ ვაკონტროლეთ და სათანადო ტემპერატურა არ შევინარჩუნეთ. განათლების სისტემასაც ასევე სჭირდება იმ მეთოდების შერჩევა, რომლებიც ბავშვების მრავალფეროვან შესაძლებლობათა განვითარებისკენ იქნება მიმართული. რასაკვირველია, ეს ერთჯერადი პროცესი კი არ უნდა იყოს, არამედ განმეორებადი და თანამიმდევრული.

კიდევ ერთი მეტაფორით გამოხატული განათლების სისტემის „დიაგნოზი“: „ბუნებრივი რესურსების კრიზისი“.

რობინსონის მიხედვით, „კლიმატის კრიზისი კომპასივით განათლებაში მომუშავე ადამიანებისთვისაა და, რა თქმა უნდა, კავშირშია ბუნებრივი რესურსების კრიზისთან. ეს გახლავთ არა მარტო ბუნებრივი რესურსების, არამედ ადამიანური რესურსებისა და ტალანტების არასწორი გამოყენებაციმ რესურსებისა, რომლებთან ერთადაც ჩვენ, ადამიანები, გავჩნდით ამ ქვეყანაზე. ჩვენმა საზოგადოებამ გამოიწვია ის, რომ ბუნებრივი რესურსების არასწორი და აქცენტირებული გამოყენებით თაობების განმავლობაში არასწორად მოხდა ადამიანის ტალანტისა და ნიჭის გამოყენებაც.

შედეგი კი ის გახლავთ, რომ დღეს საქმე გვაქვს მასობრივ სოციალურ განხეთქილებასთან, მასობრივ სოციალურ უთანაბრობასთან და, შესაბამისად, სოციალურ თუ ინდივიდუალურ მღელვარებასთან“ (თარგმნა ლევან ალფაიძემ).

რა ზუსტი ანალოგიაა: ბუნებრივი რესურსების კრიზისი და ადამიანური რესურსების კრიზისი. თითქოს ის, რაც ბუნებაში ხდება, კარგავს ჩვენი ცნობიერებისგან გამყოფ ზღვარს ან, პირიქით, ჩვენი ცნობიერება პირდაპირ ვრცელდება ბუნებაში. ბუნებაც ხომ მეტაფორაა და ერთდროულად ნიშნავს შინაგანს და გარეგანს.

კენ რობინსონის მეტაფორებზე დაკვირვება დაგვანახებს, როგორ ჰგავს ზიარჭურჭელს ადამიანის შინაგანი და გარეგანი. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ გარეგანი მოვლენები ცნობიერების ტრანსფორმაციით ან, პირიქით, გარეგან მოვლენებზე დაკვირვებამ შინაგანი ტრანსფორმაცია განგვაცდევინოს. მნიშვნელოვანი აქ ის კი არ არის, რომ უბრალოდ მივენდოთ რობინსონის სიტყვებს და მეტაფორებს, არამედ ის, რომ მისი მეშვეობით გავაცნობიეროთ შინაგანი და გარეგანი და მათი ერთიანობა და განუყოფლობა და, რაც მთავარია, ცვლილებების აუცილებლობა იმისთვის, რომ ადამიანი უფრო შემოქმედებითი, რეალიზებული და ბედნიერი გახდეს და ჰარმონიაში მოვიდეს გარე სამყაროსთან, რადგან სხვაგვარად არც ბედნიერება არსებობს!

როგორც ჩანს, გარე და შინა სამყაროების მოდელირება ერთნაირად მიმდინარეობს. ამის დამტკიცება შედარებით იოლად შემიძლია პოეზიის ენაში, მაგრამ ეს მხოლოდ პოეზიას კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ საზოგადოდ ენასა და მეტყველებასაც. აი, რას წერს სამეცნიერო მეტყველებაში მეტაფორების გამოყენების შესახებ მეცნიერი სულხან ცაგარელი წიგნში „ცნობიერება“: „სამყაროში მიმდინარე პროცესების შესაცნობად მეცნიერება ემყარება მოდელირების სხვადასხვა ფორმებს. მოდელირება კი თხოულობს შედარებას, პერსონიფიკაციასა და ანალოგიას. მეცნიერულ ენაში მეტაფორის მომრავლებას ხელი შეუწყო ბუნებრივ და სოციალურ პროცესთა მათემატიკურმა მოდელირებამ. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავის ტვინში მიმდინარე ნეიროდინამიკური პროცესების ფიზიკურ და მათემატიკურ მოდელირებას“.

კენ რობინსონის მთავარი იდეაა, შემოქმედებითობა იქცეს ისეთ ოპერაციულ სისტემად, როგორიც წერა-კითხვის შესწავლაა. კრეატიულობა და შემოქმედებითობა უნდა დაუკავშირდეს სწავლებას, მისი ნაწილი გახდეს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, როგორ ვასწავლოთ წერა-კითხვა, მაგრამ საკითხი დგას ასე: როგორ ვასწავლოთ წერა-კითხვა შემოქმედებითად? სწავლების მეთოდი იმდენნაირი შეიძლება იყოს, რამდენი მასწავლებელიცაა ამქვეყნად, რადგან იდეები განუწყვეტლივ იბადება ჩვენს ცნობიერებაში. მთავარია, შევიძინოთ და ჩამოვტვირთოთ ცნობიერებაში ის ოპერაციული სისტემა, სოფტი, რომელიც კრეატიულობას სწავლებასთან დააკავშირებს და მერე უკვე ბუნებრივად განვითარდება ყველაფერი.

არსებობდა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, ახლა კი დროა, „შემოქმედებითი აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოება“ შეიქმნას და მერე ორივე დაუკავშირდეს ერთმანეთს. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ნამდვილი ცვლილება განათლებაში!

„ჩვენ შეგვეძლება კრეატიულობის ჩართვა და მისი დაკავშირება წერა-კითხვასთან, მათემატიკასთან, მეცნიერებებსა და სასწავლო პროგრამის სხვა ნაწილებთან. თუ ვაპირებთ, შემოქმედება, ინოვაცია და წარმოსახვა განათლების ცენტრალურ წერტილებად ვაქციოთ, არ შეიძლება, ისინი გაფანტულ ოცნებებად დავტოვოთ. ყველა ჩვენგანს დროდადრო მოსდის კარგი იდეა. საქმე ის არის, როგორ გავწაფოთ ადამიანები, რომ მათ ბევრი კარგი იდეა მოუვიდეთ, რა სახის უნარებია ამისთვის საჭირო. ვფიქრობ, პირველი ამოცანაა კრეატიულობისა და გონების კვლავ ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან ფაქტია, რომ ვერ იქნები შემოქმედებითი, თუ მაღალი ხარისხის გონებრივი უნარები არ გაქვს. ხოლო გონების უმაღლესი ფორმა სწორედ შემოქმედებაა“ (კენ რობინსონი, თარგმნა ლევან ალფაიძემ).

 

გამოყენებული წყაროები:

https://www.english-video.net/v/ka/1738

https://www.edutopia.org/sir-ken-robinson-creativity-part-one-video

ოსმოსი – ინტეგრირებული აქტივობა

0
The concept of logical thinking. Geometric shapes on a gray background. Business building concept.

მარილიან და მტკნარ წყლებში ცხოვრებასთან შეგუება ორგანიზმებისთვის სერიოზული გამოწვევაა. წყლის გადაადგილების პროცესს ორგანიზმის შიგნით და მისგან გარეთ ოსმორეგულაცია ეწოდება. ზღვის ცხოველებმა ორგანიზმიდან უნდა გამოდევნონ მარილი, რათა სხეულში იზოტონური პირობები შეინარჩუნონ. თევზებისა და სხვა ორგანიზმების შარდი გაცილებით კონცენტრირებულია (მარილების რაოდენობა მაღალია), ვიდრე ადამიანის. ზოგიერთი მცენარე მარილიან წყალს ჯირკვლებით გამოყოფს, ზოგი კი მარილს ღრმა ქსოვილებში იგროვებს. მტკნარ წყალში მცხოვრებმა ორგანიზმებმა კი უნდა მოძებნონ გზა, რომ ორგანიზმიდან ჭარბი წყალი გამოდევნონ. პროტისტებს ამისთვის აქვთ მფეთქავი ვაკუოლი. მფეთქავი ვაკუოლი აგროვებს წყალს და შემდეგ გადატუმბავს უჯრედიდან გარეთ. წყალი უჯრედში შედის და მისგან ოსმოსის გზით გამოდის. ოსმოსი წყლის დიფუზიაა ნახევრად განვლად მემბრანაში, მარილის მაღალი კონცენტრაციის უბნიდან დაბალი კონცენტრაციის უბნისკენ. საკითხი მეათე კლასის ბიოლოგიის კურსში ისწავლება. მისი განხილვა ფიზიკაშიც სასარგებლოა, როცა ჯერი წნევის დახასიათებაზე მიდგება. ოსმოსის პროცესს ქიმიური ნივთიერებების განსხვავებული კონცენტრაცია განაპირობებს უჯრედსა და უჯრედგარე სივრცეში. საკითხის ინტეგრირებულად განხილვა მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა, რასაც კვლევებიც ადასტურებს. სტატიაში წარმოდგენილია რამდენიმე რესურსი ოსმოსისა და ოსმოსური წნევის გაცნობისა და შინაარსის გააზრებისთვის.

  1. ექსპერიმენტი – კვერცხის მემბრანა პლაზმური მემბრანის მოდელს წარმოადგენს.

რესურსები:

  • ორი ცალი ახალი კვერცხი;
  • 600 მლ სუფრის ძმარი;
  • ორი კონტეინერი;
  • სუფრის კოვზი;
  • 300 მლ გამოხდილი წყალი;
  • 300 მლ შაქრის სიროფი;
  • სასწორი;
  • ფილტრის ქაღალდი;
  • მარკერი.

პროცედურა: პირველი ეტაპია კვერცხის ნაჭუჭის დაშლა და მემბრანის გამოჩენა. ამისთვის ნაჭუჭიანი კვერცხი უნდა დაიფაროს ძმრით და 24 საათი ამ მდგომარეობაში დაყოვნდეს.

ძმარმჟავა ურთიერთქმედებს ნაჭუჭის შემადგენლობაში შემავალ კალციუმის კარბონატთან და მიიღება კალციუმის აცეტატი. რეაქციის შედეგად გამოთავისუფლდება ნახშირორჟანგი, რომელიც თვალითაც კარგად შეიმჩნევა გამოყოფილი ბუშტუკების გამო. ეს ამ რეაქციის მიმდინარეობის დამადასტურებელი ნიშანია.

  1. კონტერინერებს მარკერით დააწერე ,,კვერცხი N 1“ და ,,კვერცხი N 2“;
  2. კვერცხები დაფარე ძმრით;
  3. დააკვირდი, რა ხდება ჭურჭელში;
  4. დატოვე ასე 24 საათის განმავლობაში (განზავებული ძმრის შემთხვევაში შესაძლოა 48 საათი გახდეს საჭირო);
  5. ისევ დაათვალიერე მეორე დღეს და ჩაინიშნე მონაცემები;
  6. ფრთხილად გადაღვარე ძმარი, ისე, რომ მემბრანა არ დაზიანდეს;
  7. კვერცხი სუფრის კოვზით ფრთხილად ამოიღე, გადაავლე წყალი ძალიან ნელი ჭავლით და მოათავსე ფილტრის ქაღალდზე;
  8. აწონე თითოეული კვერცხი და ჩაინიშნე მონაცემები;
  9. კვერცხები ჩადე კონტეინერში, ერთ კონტეინერში ჩაასხი წყალი, მეორეში – ამავე რაოდენობის სიროფი;
  10. დატოვე ერთი დღე-ღამის განმავლობაში;
  11. გამოთქვი ვარაუდი, თითოეული კვერცხის მასის ცვლილების შესახებ და დააფიქსირე ის;
  12. მეორე დღეს დააკვირდი ცვლილებას;
  13. ფრთხილად გადაღვარე სიროფი და წყალი. ორივე კვერცხს გადაავლე წყალი. მოათავსე საშრობზე;
  14. აწონე კვერცხები და მონაცემები ჩაინიშნე.
კვერცხი ძმრიდან ამოღების შემდეგ წყლიდან და სიროფიდან ამოღების შემდეგ მასის ცვლილება
N 1 75.5 110 +34.5
N 2 83.5 66.5 -17

 

დასკვნა: გამოხდილწყლიან კონტეინერში მოთავსებული კვერცხის მასა გაიზარდა იმიტომ, რომ კვერცხში მემბრანის გავლით შევიდა წყალი. სიროფიან კონტეინერში მოთავსებული კვერცხის მასა შემცირდა, რადგან კვერცხიდან წყალი გამოვიდა ჭურჭლში, სადაც ნივთიერების უფრო მაღალი კონცენტრაცია იყო.

  1. https://www.labxchange.org/library/items/lb:LabXchange:b7e59575:lx_simulation:1

მარცხნივ გამოსახულია მემბრანის გარეთა მხარე (Outside), მარჯვნივ – შიდა მხარე (Inside). Salt concemtration-ის გვერდით არის ჩამოსაშლელი სამკუთხედი, საიდანაც შესაძლებელია მარილის დაბალი, საშუალო ან მაღალი კონცენტრაციის არჩევა. სლაიდზე მოჩანს ორი დიაგრამა. მარცხენა დიაგრამა გამოსახავს წყლის კონცენტრაციის დამოკიდებულებას დროზე, მარჯვენა კი – ოსმოსური წნევის დამოკიდებულებას დროზე მემბრანის გარე და შიდა მხარეებზე.

პროცესის დასაწყებად აუცილებელია Start ღილაკზე დაწკაპება. თუ შეჩერებაა საჭირო – Stop ღილაკი გამოიყენება. ახლიდან დასაწყებად – Reset ღილაკი.

 

Osmosis

 

3. https://javalab.org/en/osmosis_en/

  1. https://www.biologysimulations.com/diffusion-osmosis

სამუშაო ფურცელი N1. ცვლადების შერჩევის შემდეგ სიმუალაციის დასაწყებად აუცილებელია Run Simulation ღილაკზე დაწკაპება.

ამის შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა:

  1. https://contrib.pbslearningmedia.org/WGBH/arct15/SimBucket/Simulations/osmosis/content/index.html

სურათზე მარცხენა მხარეს გამოსახულია სუფთა წყალი, მემბრანის მარჯვენა მხარეს კი – ნატრიუმის იონების შემცველი ხსნარი. ორივე მხარეს მითითებულია წყლის მოლეკულების რაოდენობა. ნატრიუმის იონები ჰიდრატირებულია. Reset ღილაკზე დაწკაპებით პროცესი ახლიდან დაიწყება.

 

  1. https://gizmos.explorelearning.com/index.cfm?method=cResource.dspView&ResourceID=418

სიმულაციის საწყისი გვერდი ასე გამოიყურება: სამუშაო ფურცელი N2.

https://www.youtube.com/watch?v=tHzkRtzVmUM – ვიდეო რესურსი

 

 ლიტერატურულ-კულინარიული თამაში, ანუ ქართული ლიტერატურის გემო

0

კულინარიისა და ლიტერატურის კავშირზე ბევრი გვისაუბრია, იმაზეც, თუ როგორ შეიძლება ლიტერატურამ მკითხველი კულინარიასთან მიიყვანოს, ხოლო გემოებმა – ლიტერატურული ცნობისწადილი გააღრმაოს. რატომ არ შეიძლება ეს გამოვიყენოთ ქართულის გაკვეთილებზე? მით უფრო, რომ გემო – ნამდვილად ააქტიურებს მეხსიერებასა და შთაბეჭდილებას, ხოლო ლიტერატურის გაკვეთილი – გემოებითა და შთაბეჭდილებებით სავსე უნდა იყოს.

გთავაზობთ თამაშს, რომელიც სწორედ ლიტერატურულ-კულინარიულ ალუზიებზეა დამყარებული. წარმოდგენილია 9 ავტორის კულინარიული „პორტრეტი“. დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად, ამოირჩიონ ერთი ავტორი, წაიკითხონ აღწერა და შექმნან კონკრეტული კერძი, სადაც სანელებლებთან ერთად მეტაფორებსაც გამოიყენებენ. სასურველია, თუ მოსწავლეები კერძის/ტექსტის ტემპერატურასა და ტექსტურაზეც ისაუბრებენ და იმ კონტექსტზეც, რომლის საშუალებითაც უფრო სასიამოვნო გახდება ტექსტის „გასინჯვა“.

  1. ქართული ლიტერატურა პურობის სცენით იწყება. ყველაზე დრამატული და რთული ამბავი წყვილისა, რომელსაც ძალიან უყვარდა ერთმანეთი, შემდეგ კი ერთმანეთს მტრად გადაეკიდნენ… ქალისა, რომელიც იდეალებს შეეწირა, კაცისა – რომლისთვისაც ყველაფერი – რელიგიაც, სიყვარულიც პოლიტიკაა.

მთავარი კონფლიქტი სწორედ სადილის დროს ვითარდება. ჰოდა, პირველი კერძიც ეს იყოს – პურზე გადაღვრილი ღვინო – ძველი სიყვარულისთვის დამიზნებული ჭიქა.

  1. ერთი ქართული წიგნია, საუკუნეებს ითვლის. წარმოუდგენელი ამბები წერია, უცნობი, უდაბური ადგილების, უდაბნოების მოშინაურების, ქალაქად ქცევის, უზარმაზარი სამონასტრო და საგანმანათლებლო კომპლექსების მშენებლობის, სახელმწიფოსა და იდეოლოგიის ჩამოყალიბების, მეფეებისა და მთავრების, ყოველისშემძლე ბერების…. მეორე კერძიც ეს იყოს, ტაო-კლარჯეთის საოცარი რენესანსის, გრიგოლ ხანძთელისა და მისი თანამოაზრეების ამბები. ბერთა სადა და მკაცრი ტრაპეზი, პური და წყალი.
  2. ფერებისა და სიტყვების ფეიერვერკი, გენიალური პოემა, რომელშიც ერთდროულად ყველა ემოცია, შეგრძნება, ხმა და ფერი ერთიანდება. აღმოსავლეთი და დასავლეთი, სიტკბო და სიმწარე, განცდებისა და შეგრძნებების მრავალფეროვნება. და მაინც, „ვეფხისტყაოსანი“ ჩემთვის ერთ სინზე დახვავებული აღმოსავლური ტკბილეულია, ფერად-ფერად ძვირფას ქვებსაც რომ ჰგავს და წარმოუდგენელი გემოებით გაოცებს.
  3. სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ ერთი კერძი არაა, უფრო პატარ-პატარა ულუფებად მოწოდებული სხვადასხვა გემო და ამბავია, სულ სხვადასხვაგვარი სტრუქტურის, ფერის, სურნელის. მაგრამ ერთი კერძი, რაც ყველაზე მთავარია, სიტყვაა, რომელიც ავტორმა ამ წიგნში ხომ შეკრიბა და ლექსიკონში საერთოდ – ანბანის მიხედვით ჩამოაწიკწიკა. ამიტომაც სულხან-საბა ორბელიანი თითო ლუკმად წარმოდგენილი ხემსეულის კრებულია – მწარე, ტკბილი, ნეიტრალური, შაქარყინული, ზეფირი, თხის ყველი.
  4. დავით გურამიშვილის „დავითიანი“ კაცისა და ქვეყნის ამბავია, ადამიანისა და მისი სამშობლოს ბიოგრაფია, ერთი დიდი ოდისეა, ოღონდ სხვაგვარი ფინალით – ითაკას აქ ვერც ქვეყანა აღწევს, ვერც კაცი, არ არსებობს კარგი დასასრული და ბედნიერი ბოლო. ეს დიდი შიმშილის ამბავიცაა, ძლივს ნაშოვნ ორიოდე კიტრსაც წყალი რომ ართმევს პოეტს. მკვახე კვრინჩხი და კოწახური – სწორედ ესაა ამ ნაწარმოების კერძი.
  5. თეიმურაზ მეორე რთულ პერიოდში მეფობდა და რთული ცხოვრებაც ჰქონდა. პატარა კახის, ერეკლეს მამაც, ისევე, როგორც ბევრი ქართველი მეფე, პოეტი იყო. ისტორიული და რელიგიური ტექსტების გარდა, კიდევ ერთი ლექსი მახსენდება, „ხილთა ქება“, სადაც ქართული ხილის მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი. ამიტომაც, თეიმურაზ მეორისა და, ზოგადად, ქართველ მეფეთა პოეზია ერთ სინზე გაშლილი ქართული ხილია, რომელსაც, უცნაურია, მაგრამ იშვიათად თუ ეკარება ვინმე.
  6. ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის რომანტიკული პოეზიის ერთ-ერთი სახე ქართული ლხინი და მუხამბაზიცაა, იქნებ ისეთივე პოეტური და მნიშვნელოვანი, როგორც სამშობლოს წარსული თუ სიყვარულის შეუძლებლობა. ამიტომ ქართული რომანტიზმის ეს ორი წარმომადგენელი გაშლილ სუფრასთან წარმოვიდგინე, სადაც ქართული კერძების გარდა, ევროპული ბლომანჟეც შემოაქვთ. (სულ სხვა მასშტაბია ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელსაც ამ სუფრასთან ვერაფრით წარმოვიდგენ).
  7. დიდ ილია ჭავჭავაძესთან კერძის ძებნაც არ გჭირდება, იმდროინდელი, გაქსუებული, იმედდაკარგული, არაფრის მკეთებელი ქართველის პორტრეტი ერთი კულინარიული შტრიხით დაამშვენა – „ჩიხირთმა თუ ბოზბაში“, აი, მთავარი საფიქრალი. ამიტომ, აქ ამ ორ კერძს მოვამზადებ, მიუხედავად ილიას ქართული თუ ევროპული სამზარეულოს უზარმაზარი გაქანებისა.
  8. დავით კლდიაშვილით დავასრულებ, ეს განსაკუთრებული ქართველი მწერალი, რომელმაც სიცილის სიმწარე და სარკაზმის ტრაგიკულობა განსაკუთრებულად აღწერა, მცირემიწიანი იმერეთის საოცარ ტილოებს ქმნის. ამიტომაც მისი კერძიც იმერული იყოს – სანელებლებით ამოზელილი ლობიო (რომელსაც ხშირად შეხვდებით მისი პერსონაჟების რაციონში), პრასის მწნილი და იმერული, მომჟავო ღვინო.

 

კიდევ ბევრი კერძი და ამბავია მოსაყოლი, თუმცა აქ დავასრულებ და მკითხველის მადიანობასაც გისურვებთ.

სიტყვობანა – სახალისო თამაში ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად

0

სიტყვათა დიდი მარაგი გაწაფული კითხვის ხერხემალია. მრავალფეროვანი სასწავლო ტექსტების წაკითხვა რთულია, თუკი ბავშვს სიტყვათა მნიშვნელობა არ ესმის. კითხვა ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, თუმცა სიტყვებზე მიზანმიმართული მუშაობა აუცილებელია. ტექნოლოგიურ სამყაროში ბავშვებს დიალოგის, ამბის თხრობის დრო თითქმის არ რჩებათ. სოციალურ ქსელში მათ მიმოწერას თუ თვალს გადაავლებთ, ადვილად შენიშნავთ არასწორ ფორმებსა და სასვენი ნიშნების უგულებელყოფას. სწორედ ამიტომ, მასწავლებლებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებისთვის სხვადასხვა აქტივობის მოფიქრება გვიწევს.

სიტყვობანა – ამ სტატიის სათაური თამაშის ელემენტებს შეიცავს, რადგან სხვაგვარად საგაკვეთილო პროცესი მონოტონური და არაეფექტურია. გიამბობთ ერთი გაკვეთილის შესახებ, რომელიც ნატო დავითაშვილის წიგნის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ მიხედვით ავაგე.

წიგნს რამდენიმე თვე ვკითხულობდით. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ რომანში გამოყენებულ სიტყვებსა და მათი სწავლების მეთოდზე.

წიგნის გაცნობისას ვიყენებთ მარკირებული კითხვის მეთოდს. ვხაზავთ ჩვენთვის საინტერესო, უცხო, ახალ ან ლამაზ სიტყვას. ვავსებთ სიტყვის რუკას, ვეძებთ განმარტებებს ლექსიკონში, ვხატავთ, ვათვალიერებთ სიტყვის ვიზუალურ მასალას.

„სიტყვობანა“ მეშვიდეკლასელებს წარმოქმნილი სიტყვებისა და კომპოზიტების შესწავლის შემდეგ შევთავაზე, რამაც მხატვრული ტექსტისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა.

მწერალს წიგნში „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ გამოყენებული აქვს ძველი ქართული სიტყვები, რომლებიც თანამედროვე ყოფაში თითქმის აღარ გვხვდება. ფენტეზის ჟანრის რომანი ქართული მითოსის მიხედვით არის აგებული. მთავარი პერსონაჟები მოზარდი გოგო-ბიჭები არიან. მითოსური დროის მიუხედავად, ამბის დინამიკური თხრობა, ორი სიუჟეტური ხაზი და მოვლენათა მოულოდნელი განვითარება მეშვიდეკლასელებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. ძველი, მივიწყებული სიტყვებიც ჰარმონიულად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება სიტყვების გაცნობისას და სწავლებისას. ეს პროცესი სიტყვობანამ კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარი გახადა.

წიგნიდან შევარჩიე შემდეგი სიტყვები: ვეძა, ჭიუხი, ჩანგი, დევისპირა, ზღუდეშემოვლებული, ქარაგმა, არტახები, გუმანი, თახჩა, ქარაფი, კვეს-აბედი, გრდემლი, ბროლი, ჭრაქი, მარიხი, გველეშაპი, კოჭობი, ძირხვენა.

ფერად ბარათებზე დაწერილი სიტყვები მაფინების ცომში ჩავდე და გამოვაცხვე. ჩანაფიქრის მიხედვით, სიტყვები მაფინებში უნდა დაფარულიყო, რადგან ცხობისას მათ თავი „ამოყვეს“, ინსტრუქცია შევცვალე.

  1. დაფაზე ჩამოვწერე შერჩეული სიტყვები და თითოეულის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. კომპოზიტებსა და წარმოქმნილ სახელებს დავაკვირდით (დევისპირა, ზღუდეშემოვლებული, კვეს-აბედი, გველეშაპი, ძირხვენა);
  2. ბუშტის დახმარებით ერთმა წყვილმა ყველა სიტყვა ხმამაღლა წარმოთქვა. ბავშვები ერთმანეთს რიგრიგობით უგდებდნენ ბუშტს და თან დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებს ხმამაღლა ამბობდნენ;
  3. გაკვეთილის დაწყებამდე შევარჩიე ხუთი სიტყვა, დავწერე თაბახის ფურცელზე და სკოლის სხვადასხვა სივრცეში – საკლასო ოთახები, ეზო, სამასწავლებლო – დავმალე. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ამ ყველაფრის შესახებ კოლეგები გავაფრთხილე;
  4. თითოეულმა ჯგუფმა რიგრიგობით აიღო ფურცელი, რომელზეც მოსაძებნი ადგილის სახელი ეწერა;
  5. სიტყვის მოძებნის შემდეგ კლასში დაბრუნდნენ, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვათა მნიშვნელობები იპოვეს და ამოწერეს;
  6. შემდეგ სათითაოდ დავურიგე სიტყვებიანი მაფინები. კლასის წყვილებად დაყოფაში მაფინებში ჩარჭობილი სიტყვები დამეხმარა, კერძოდ, ზოგ ბარათზე ეწერა სიტყვა, ზოგზე კი – არა;
  7. თითოეულმა წყვილმა თავისი კუთვნილი სიტყვის მიხედვით დაწერა ჰაიკუ, შექმნა კომიქსი ან დახატა სიტყვა;
  8. ბოლოს კი წარადგინეს პრეზენტაციები;
  9. საშინაო დავალებად მივეცი დიალექტურ კორპუსში – co – მოეძებნათ ერთი ტექსტი, წაეკითხათ და კლასისთვის გაეცნოთ;
  10. გაკვეთილის დაწყებამდე ერთმა მოსწავლემ ფოტო-ვიდეომასალის გადაღება ითავა.

გაკვეთილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ჩართული იყო ყველა მოსწავლე. მიუხედავად ამისა, ვიცოდი, რომ ეს ყოველივე დამახსოვრებისთვის საკმარისი არ იქნებოდა. ამიტომ მეორე დღისთვის შევადგინე ტესტი – დაწერეს სიტყვათა განმარტებები. შედეგების გაცნობისას გამოიკვეთა, რომ უმრავლესობას კვლავ გაუჭირდა სიტყვათა დეფინიცია. შემდეგი გაკვეთილისთვის სიტყვების პლასტილინისგან გამოძერწვა და ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრა დავგეგმე. თითოეულმა წყვილმა გამოძერწა ერთი სიტყვა, შეავსო სქემა – სიტყვის რუკა და დაწერა ჰაიკუ. პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ ნამუშევრები კლასის გალერეაში გამოვფინეთ. მშრალად მოყოლილი ამბების უკან ბევრი ემოცია იმალება. ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სკოლის ბლოგზე.

ამგვარად, სიტყვობანა სხვადასხვა ტიპის აქტივობას შეიძლება დავარქვათ. ჩემ მიერ აღწერილ გაკვეთილებზე მოსწავლეებმა:

  • სიტყვების მიხედვით თანამედროვე ქართული რომანი კიდევ უფრო შეიყვარეს;
  • იმუშავეს ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე;
  • ვიზუალურად გააცოცხლეს თითოეული სიტყვა;
  • შეავსეს სქემა;
  • დაწერეს ჰაიკუ;
  • შექმნეს კომიქსი;
  • მოიფიქრეს წინადადებები.

საკლასო ოთახს გარეთ სიტყვის ძიებამ და მაფინებმა საგაკვეთილო პროცესს დაუვიწყარი ელფერი შესძინა.

 

 

 

     ხ ა ლ დ ე

0

  „ხალდედ შუანს თვეთნე, ფაყუ ესგე“

ხალდე ზემო სვანეთის სოფელია, მთებს შორის, კლდოვან ფერდობებზე პირიმზესავით მანათობელი. არასდროს მინახავს, მაგრამ მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ, მგონია, რომ ყველა კენჭი და ლოდოვანი ზეპირად ვიცი, ყველა კოშკშიც ვარ ნამყოფი და ყოველი მხრიდან გადაშლილი სამზერისთვის თვალიც გამიყოლებია, ცის ულურჯესი ნაპირებისკენ.

სწორედ ეს ისტორია ანიჭებს ხალდეს ყოველ კუნჭულს, ყველა დეტალს წარუშლელ მნიშვნელობას და მის თანაგანმცდელად გაქცევს შენც, ვინც მოისმენ მას, ვინც ამ ამბავს საკუთარ გულს შეახებ.

თავისუფალი სვანეთის სახელით ცნობილ ამ მხარეში ვაჟკაცობის, ღირსების, თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგალითები არავის უკვირს. თუმცა, ხალდეს ისტორია ამ მხრივაც გამორჩეულია. ეს ზოგადქართული ეპოსის ნაწილია, ჩვენი მარადიული მეხსიერებაა.

ყველაფერი კი, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როცა დანარჩენ ქართულ სამთავროთა გაუქმების შემდეგ რუსეთის იმპერიამ თავისუფალი სვანეთის დაჩოქებაც გადაწყვიტა. სვანეთი უკანასკნელ ბასტიონად იდგა იმპერიასთან ბრძოლაში სისხლდაწრეტილ, სახელმწიფოებრიობამოშლილ საქართველოში.

1859 წელს რუსეთმა სვანეთის სამთავრო გააუქმა, თუმცა თავისუფალი სვანეთის მართვა-გამგებლობა ადვილი სულაც არ აღმოჩნდა. სვანეთი თავისი ადათით ცხოვრობდა, თვითმმართველობის ავთენტური სისტემა ჰქონდა – მახვშებით და უხუცესებით, წინაპართაგან ნამემკვიდრევი ტრადიციების ერთგული იყო და ამ ყველაფერს სისხლის ფასად იცავდა. გარეგნულად პირქუში, მშობლიური მთებივით გოროზი და მკაცრი ადამიანური ბუნების მიღმა, თითოეულ სვანში საოცარი ბავშვური გულუბრყვილობა, უზადო პატიოსნება და სიფაქიზე იმალებოდა, რასაც მზაკვრულმა რუსულმა იმპერიალიზმმა მაშინვე აუღო ალღო და ძალით რომ ვერაფერს გახდა, სვანების გატეხვა-მოთაფლვით და მოსყიდვით გადაწყვიტა.

თუმცა, არც ეს გზა აღმოჩნდა წარმატებული და სამთავროს გაუქმებიდან მთელი ოცი წელი რუსეთი იძულებული იყო, აეტანა ის, რომ სვანეთი მაინც საკუთარი მამაპაპისეული ადათ-წესებით განაგრძობდა ცხოვრებას.

რუსეთი უხვ დაპირებებს გასცემდა – განათლებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას. დროთა განმავლობაში კი, აღმოჩნდა, რომ ეს დაპირებები არათუ არ შესრულდა, არამედ, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობები დღითიდღე უარესდებოდა. კულმინაციამდე ერთ-ერთი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციის შესანახი ხარჯების დასაფარად დაწესებული გადასახადები აღმოჩნდა. 1871 წელს მეფის მთავრობამ თითო კომლზე გადასახადი შემოიღო; 1873 წელს გადასახადი არაყსა და თამბაქოზე დაწესდა; 1875 წელს კი მიწების აზომვას შეუდგნენ, რაც ასევე მიწის გადასახადის შემოღების წინაპირობად აღიქმებოდა. ამ ყველაფერს დაემატა გავრცელებული ხმები ახალგაზრდების რუსის ჯარში გაწვევისა და კოშკების დანგრევის შესახებ.

ეს კი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა სვანების მოთმინების ფიალაში. 1875 წლის ივნისში აგორებულმა საპროტესტო ტალღამ წმინდა კვირიკეს ეკლესიაში შემოიკრიბა 2000-ზე მეტი სვანი,  რომლებმაც ფიცი დადეს, რომ არ დაუშვებდნენ მიწის დაბეგვრას. ამ რიტუალის შესრულებისას, ამბოხებულ სვანებს სიტყვით მიმართეს მთელ სვანეთში ცნობილმა ორატორებმა – ყასბულათ შერვაშიძემ და გინადრუყვ ფარჯიანმა. მათ გონიერი, დინჯი და შორსმჭვრეტი ნაბიჯებისკენ მოუწოდეს ყველას.

ეს ამბავი რუსებმა აჯანყების საფრთხედ მიიჩნიეს და ზომებიც დაუყოვნებლივ მიიღეს. თავდაპირველად, მათსა და ამბოხებულებს შორის მოლაპარაკებაც შედგა. ამ საქმეში იმპერიის მხრიდან მაზრის უფროსი გრინევსკი აქტიურობდა. მან სვანებთან შუამავლად ახალგაზრდა კაცი – ბესარიონ ნიჟარაძე დანიშნა, რომელიც, ასევე თარჯიმნობას ითავსებდა. აქვე ვთქვათ, რომ ბესარიონ ნიჟარაძეს განსაკუთრებული როლი აქვს ხალდეს აჯანყების ისტორიაში. ეს ისტორია მან თავის მოგონებებში დაწვრილებითაც აღწერა.

აჯანყების პირველი ეპიზოდი იმით დასრულდა, რომ საბოლოოდ, მოტყუებით და ვერაგობით, გრინევსკიმ მოსალაპარაკებლად მისული 12 სვანი (აჯანყების მოთავეები) დაატყვევა და ჯარით ლატფარის უღელტეხილისკენ დაიძრა.  რუსებმა მოტყუებით, მშვიდობის ცრუ დაპირებით შეაღწიეს ბეჩომდე და ჯარიც ჩააყენეს. აქ მათ თენგიზ დადეშქელიანი დახვდათ – ხალდეს ეპიზოდის და საერთოდ, თავისუფალი სვანეთის ანტიგმირი, კაცი, რომელიც საკუთარი ლოკალური ძალაუფლებისთვის არც დამპყრობლებთან კოლაბორაციას მოერიდა და არც საკუთარი ხალხის გაწირვას.

რუსული აგრესიის მორიგი და გადამწყვეტი ეპიზოდის საბაბი კი ორი ხალდელი მეამბოხის – ჩარგაზ ჯოხაძის და გურმაჩ გასვიანის საკითხი გახდა. ისე მოხდა, რომ დატყვევებულ სვანებს შორის ეს ორი არ აღმოჩნდა, რაც გადაულახავი ბრაზის საგანი იყო გრინევსკისათვის. სწორედ მათი დაპატიმრების საბაბით მიადგა რუსული არმია ხალდეს. სინამდვილეში კი ორ ამბოხებულზე მეტად მათ სვანეთის საბოლოოდ გატეხვა და უშგულამდე ჯარის ჩაყენება სურდათ.

იდგა 1876 წლის აგვისტო. მარიამობის წინა დღეები. ხალდეს თერთმეტ (ზოგიერთ წყაროში სხვა ციფრს ასახელებენ) კოშკში იყო გამაგრებული მთელი სოფელი, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩა წმინდა კვირიკეს ტაძარში დადებული ფიცისა. ბესარიონ ნიჟარაძე აქაც შუამავლის და თარჯიმნის როლს ასრულებდა. მოლაპარაკებები ფორმალური იყო, რადგან ხალდე საკუთარი თანასოფლელების რუსებისთვის გადაცემაზე სასტიკ უარს აცხადებდა, რუსული მმართველობა კი მათი დაპატიმრების საბაბით ზემო სვანეთში პოზიციების განმტკიცებას ეშურებოდა.

ამაღელვებელი და მტკივნეულია ბესარიონ ნიჟარაძის ჩანაწერები, ამ მოლაპარაკებების ამბავს როცა იხსენებს. მან, გონიერმა და განათლებულმა ახალგაზრდამ, კარგად იცოდა რუსული ვერაგობა, იცოდა, განწირული რომ იყო ხალდე და საკუთარი უმწეობა უკლავდა გულს. სამწუხაროდ, მას არც თავისი თანამემამულეების გადარწმუნება შეეძლო და ვერც რუსულ აგრესიას შეაჩერებდა. ერთადერთი, რაც შეეძლო – ამ ბრძოლის დამახსოვრება და აღწერა იყო, ისტორიისთვის შემონახვა ამ ერთი სისხლიანი, მაგრამ თავდადებით და ღირსებით სავსე ფურცლისა…

ერთადერთი თანამოაზრე ჰყავდა ბესარიონ ნიჟარაძეს, რუსული მხრიდან – ეს იყო ექიმი ბელსკი, რომელიც თან ახლდა იმპერატორის მიერ სვანეთში მოვლინებულ სამხედრო ექსპედიციას. ისტორიამ ექიმი ბელსკის დღიურებიც შემოინახა – სავსე სვანეთის ბუნების, სვანური ხასიათის, ადათების მიმართ აღფრთოვანებით და პატივისცემით. ამ დღიურებმა შემოინახა საინტერესო პიროვნული პორტრეტები, სვანებისაც და დამპყრობლებისაც, საგულისხმო ეთნოგრაფიული დეტალები, პირუთვნელი სიმართლით აღწერილი ეპიზოდები. ერთ-ერთი ასეთია ექიმის დიალოგი გრინევსკისთან, სადაც ეს უკანასკნელი დაუფარავი ზიზღით საუბრობს სვანებზე და სვანეთზე, გამოხატავს ამ მხარის (ლანდშაფტურ-ეთნოგრაფიული კონტექსტის) მიმართ სრულ მიუღებლობას, და რაც ყველაზე მთავარია – ახმოვანებს იმპერიის მთავარ იდეას – გააქრონ ამ ოღროჩოღრო მწვერვალებზე შეფენილი პატარა ხალხები, სულ ბრძოლაზე რომ უჭირავთ თვალი, თავისუფლების პრეტენზიები რომ აქვთ და მყუდროებას რომ ურღვევენ ძალაუფლების ოკეანეში მყვინთავ დიდ იმპერიებს… როგორც ამ ჩანაწერებში ვკითხულობთ, თვითონ სვანები ამბობდნენ თურმე გრინევსკიზე, ჩვენი წერა გახდება, ისე ვძულვართო.

ასეც მოხდა. გრინევსკი აჯანყებულმა ხალდელებმა მოკლეს. სამწუხაროდ, ამ ბრძოლას შეეწირა ექიმი ბელსკიც.

19-კომლიან, ერთი მერცხლის ბუდისხელა სოფლის წინააღმდეგ 1500-კაციანი რაზმი გამოიყვანა რუსულმა იმპერიამ. ერთი კვირა ზარბაზნებით ბომბავდნენ ალყაში მოქცეულ სოფელს. კოშკებს ვერაფერი დააკლო ზარბაზნის ნაღმებმა. გააოგნა რუსები ამ სანახაობამ – განა რით ჰქონდათ ეს კოშკები ნაგები სვანებს?!..

ოთხი გვარი ცხოვრობდა ამ სოფელში – ჩეგიანები, გასვიანები, ჯოხაძეები და ჩოფლიანები. ოთხივე გვარის ქალ-კაცი ერთიანად შეუპოვრად იბრძოდა. კოშკების სათოფურებიდან გადმომდგარმა ხალდელმა სნაიპერებმა რამდენიმე მეზარბაზნეც მოუკლეს რუსებს, ამიტომ რუსულ ჯარშიც დიდი არეულობა ატყდა.

თუმცა, ბოლოს, უკვე ძალიან ახლოს რომ მოვიდა დამპყრობელთა რაზმი და მთელი სოფლის დედაბუდიანად ამოწყვეტის რეალური საფრთხე დადგა, უხუცესებმა გასცეს ბრძანება – ქალები და ბავშვები ღამით გაეხიზნათ, კაცები კი უშგულის კლდეებს შეხიზნოდნენ და იქიდან გაეგრძელებინათ ბრძოლა. ღამის ლანდებად შეერივნენ კლდეებს ხალდელი აჯანყებულები, ბოღმით ზრინავდნენ ვერცხლისფერ ეხებში და დროდადრო ერთმანეთს აგულიანებდნენ – „გავალ, გავხედავ, თუ ჩანს სოფელი“… ამ ფრაზით დაიბადა სიმღერა, რომელსაც დღესაც მღერიან და რომელიც თავისუფალი სვანეთის ჰიმნია სვანებისათვის – „გაულ გავხე“ („გაველ, გავხედე“).

უხუცესებმა კი ფეხი არ მოიცვალეს სოფლიდან. როცა რუსის ჯარი ხალდეში შემოვიდა, პირველი რაც გააკეთეს – კოშკებს ქვემოდან ნაღმები დაუდეს და ისე ააფეთქეს. აი ამ კოშკებთან ერთად ჩაწვნენ მშობლიურ მიწაში უხუცესები, მათთან ერთად გადაიქცნენ, როგორც ძირში მოჭრილი ბერმუხები, როგორც მწვერვალს მოწყვეტილი ლოდები…

გახიზნული ქალ-ბავშვი მძევლად აიყვანეს რუსებმა და ასე ჩამოიტყუეს კლდეებს შეხიზნული აჯანყებულები.

ქუთაისის ციხეში გაამწესეს ხალდელი ვაჟკაცები. თვითმხილველნი ჰყვებოდნენ, თურმე ითხოვეს სვანებმა – იარაღი არ აგვყაროთ, ხელები შეგვიბორკეთ, მაგრამ წელზე იარაღი გვერტყასო. ეს თხოვნა შეუსრულეს, ალბათ ეგონათ, რომ დაბორკილი იარაღიანი ტყვეების დანახვა უფრო ეფექტიანი იქნებოდა, ტრაგიკომიკურად შთამბეჭდავი, თუმცა რა იცოდნენ დამპყრობლებმა, რამხელა სევდა გაამხილეს ამით ხალდელებმა, ღირსების და ვაჟკაცობის თანმდევი, მეომრის სევდა – ყველა ბორკილის დამამსხვრეველი.

იმასაც ჰყვებიან თვითმხილველები, როგორ აღმოხდათ ქუთაისში შესულ ტყვეებს საერთო სიმღერა, როგორი მძაფრი გვრინით მიაბიჯებდნენ საპატიმროსკენ; ჰყვებოდნენ, როგორ დაზაფრა მთელი ქალაქი ამ უცნაურმა სანახაობამ – ამ წვერგაბურძგნული, მზეჩამკვდარი, მითოსური იერის მქონე, იარაღიანი და ბორკილებიანი კაცების სიმღერამ, ამ განწირულმა ძახილმა, ამ ეპიკურმა ადამიანურმა ხმებმა, რომლებმაც, აგერ, აქამდე მოაღწია და ვიდრე სიტყვა „თავისუფლება“ თავის შინაარსს შეინარჩუნებს, იქამდე გაისმება დროის დარანებში…

ხალდეს ისტორიის ერთი განსაკუთრებული, ფინალური ეპიზოდი სასამართლო პროცესია – რუსული იმპერიის მიერ გასამართლებული და სიკვდილმისჯილი მეამბოხეების უფლებები, ისტორიულ პროცესზე, თვით აკაკი წერეთელმა დაიცვა! სწორედ ამ დიდი პოეტის, მისი მგზნებარე  და სამართლიანი სიტყვის დამსახურებაა, რომ ხალდელებს სიკვდილის სასჯელი გადასახლებით შეუცვალეს.

ყველა მათგანი გადაასახლეს. მათგან მხოლოდ ორი თუ სამი, მრავალი წლის შემდეგ, ისევ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში.

რუსული იმპერიალისტური პოლიტიკა მთელი ეს წლები დიდი ძალისხმევით ცდილობდა, ისტორიიდან გაექრო ხალდეს აჯანყების ფურცელი. ისტორიის ამგვარ წაშლას ემსახურებოდა ხალდელთა მუდმივი აყრა და სხვადასხვა რეგიონში გადასახლება. ერთ-ერთი ასეთი, გასული საუკუნის 50-იან წლებში მოხდა – მშობლიურ მიწაზე ძლივს ფეხმოკიდებული სოფელი ისევ აყარეს და აფხაზეთში, გუდაუთაში გადაასახლეს. და როგორი ტრაგიკული ბედისწერაა, რომ 90-იან წლებში, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, აფხაზეთიდან დაძრულ დევნილთა უზარმაზარ ტალღაში, სწორედ გუდაუთელი ხალდელებიც იყვნენ – ამჯერად უკვე მეორედ დევნილნი საკუთარ სამშობლოში!..

დღეს ხალდეს ისტორია მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია, თუმცა ეს არაა საკმარისი. ასეთი მაგალითებით მხოლოდ სამშობლოს სიყვარული არ ისწავლება, ასეთი მაგალითებით ღირსებისა და თავისუფლების განცდა იბადება და მძაფრდება, მეხსიერება იმუხტება და სიცოცხლის ახალი ენერგია ღვივდება.

„ხალდედ შუანს თვეთნე, ფაყუ ესგე“ – ამბობენ სვანეთში – „ხალდემ სვანეთს თეთრი ქუდი დაახურა!“.

მარტო სვანეთს კი არა, მთელ საქართველოს.

 

 

*გამოყენებული ლიტერატურა: ვახტანგ გასვიანი – „მოგზაურობა ხალდედან ხალდეში“.

 

„ციფრული ტექნოლოგიები და ბავშვის ქცევა“

0

მაინც რამდენი დროის გატარება შეუძლია ბავშვს ეკრანთან? როგორ მოვიქცეთ, რომ დრო, რომელსაც ბავშვები ტელეფონთან ატარებენ, როგორმე შევამციროთ? ვიდეოთამაშები – სარგებელი თუ ზიანი ჩვენი შვილებისთვის? უნდა ვუყიდოთ თუ არა ipone ჩვენს მცირეწლოვან შვილებს? დღეს ეს და სხვა მსგავსი კითხვა აწუხებს მშობლებს მთელ მსოფლიოში. ასე იწყება Shimi Kang-ის წიგნი, რომელიც ციფრულ დისციპლინას ეხება და, ვფიქრობ, ძალიან აქტუალური და საყურადღებოა. ავტორი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიატრი, მკვლევარი, ექსპერტი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სფეროში; ასევე, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. შიმი კანგს მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯილდო. ის ძალიან ამაყობს საკუთარი ემიგრანტული ფესვებითა და ოჯახით.

ინტუიცია მკარნახობს, რომ ციფრული ტექნოლოგიები გავლენას ახდენენ ჩვენი შვილების ქცევებსა და ხასიათის თავისებურებებზე, – გვეუბნება ავტორი. რაც უფრო მეტ ვიდეოთამაშს თამაშობს ბავშვი, მით მეტად გონებაგაფანტული, ჩაკეტილი და ადვილად გაღიზიანებადი ხდება. თქვენი გოგონა გამუდმებით თვალ-ყურს ადევნებს სოციალურ ქსელში მეგობრების ცხოვრებას და ის ამის გამო ძალიან სერიოზულად ნერვიულობს. თქვენი თხუთმეტი წლის ვაჟი სულ შეტყობინებებზე პასუხის რეჟიმშია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად მეგობრები არ ჰყავს. მსგავსი სიტუაციები მშობლებისთვის უცხო არ არის, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამავე სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში ხშირად მოისმენთ საწინააღმდეგო მოსაზრებებს და შესაძლოა, შეხვდეთ სამეცნიერო კვლევებს, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებს სულაც არ სახავენ ისეთ მონსტრად, რომლებსაც თქვენი შვილის ფსიქიკაზე ზემოქმედება შეუძლია. უფრო მეტიც, შეიძლება კომპეტენტურმა და მცოდნე ექიმმა დაგიმტკიცოთ, რომ ჩიფსების ჭამა უფრო მავნებელია ბავშვისთვის, ვიდრე გაჯეტების მოხმარება.

დარწმუნებული ვარ, – განაგრძობს დოქტორი შიმი კანგი – მკითხველი მიხვდა, რომ ინფორმაცია ციფრულ სამყაროზე ძალიან მრავალფეროვანი და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია. ეს კი ძალიან აბნევს და აშინებს მშობლებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ არასწორია იმის მტკიცება, თითქოს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვების განვითარებაზე „ცუდ“ ან „კარგ“ გავლენას ახდენენ. გაჯეტებს ბავშვებსა და მოზარდებზე ძალიან მავნე გავლენის მოხდენა შეუძლია, თუ მათ არასწორად გამოიყენებენ, თუმცა შეუძლიათ დიდი სარგებელი მოიტანონ გონივრულად გამოყენების შემთხვევაში.

მე ვარ ფსიქიატრი, რომელმაც განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღო. ჩემი ინტერესების სფეროა ახალგაზრდებს შორის სხვადასხვა დამოკიდებულებების კვლევა, – ამბობს ავტორი – და დასძენს: უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ვეცნობოდი სამეცნიერო ნაშრომებს ბავშვთა ჯანმრთელობის, განვითარების, მოტივაციის შესახებ. აქედან ათი წელია, უკვე ვსწავლობ ნაშრომებსა და კვლევებს ციფრული „ეკრანების“ გავლენის შესახებ ბავშვის გონებრივ განვითარებაზე. ამიტომ გეტყვით, რომ, ე.წ. თაობა Z-ის წარმომადგენლები (იგულისხმება ის თაობა, რომელიც დაიბადა 1995 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში) საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული არიან. მათ უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, ნაკლებად თამამი და რისკიანი არიან. უფრო მსხვერპლის როლს ირგებენ და მჩაგვრელებს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევენ. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა დეპრესიებისა და სუიციდების მაჩვენებელი. ამ თაობის ზრდა-განვითარების პერიოდს ემთხვევა ზუსტად სმარტფონების პოპულარობის ზრდის დინამიკა. შფოთვამ და მარტოობამ, შეიძლება ითქვას, რომ ამ თაობაში კრიტიკულ დონეს მიაღწია. რეალობა ისეთია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, ამ თაობისთვის ნომერ პირველ პრობლემად სწორედ მარტოობა იქცევა! თუ ახალგაზრდებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას გავითვალისწინებთ, გამოვა, რომ თაობა Z ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული თაობა იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ.

ახლა მეორე მხარეზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: თუ ციფრულ ტექნოლოგიებს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია, მაშინ ამერიკული საზოგადოება ვერ შეძლებდა, ენახა ის ეკოლოგიური პროტესტები, რომელთა ინიციატორი გახდა საკუთარი საქმისადმი ერთგული ბავშვების გარკვეული ჯგუფი. მათი ორგანიზებული იყო 2019 წელს გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული აქციები. ვერც ფლორიდელი მოზარდების ჯგუფს გაიცნობდა ქვეყანა. ფლორიდელმა მოსწავლეებმა შეძლეს საპროტესტო მარშის ორგანიზება იარაღის ტარების შესახებ ზედმეტად ლიბერალური კანონის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც მათ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღიდან უკონტროლო სროლები მოხდა 2018 წელს, რომელსაც ჩვიდმეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ საპროტესტო მსვლელობებს მაშინ მთელმა ქვეყანამ აუბა მხარი. სოციალური ქსელების გარეშე ვერც უამრავი პოპულარული ბლოგერი, მომღერალი და მსახიობი ვერ გახდებოდა ასე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი. უდავო ფაქტია, რომ ბავშვები ბევრ საჭირო და მათი განვითარებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევას უფრო და უფრო იუმჯობესებენ სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიის ათვისებით. საგულისხმოა, რომ მოზარდებს უძლიერდებათ მოტივაცია, შეიძინონ, განივითარონ და მთელ მსოფლიოს დაანახონ, რა შეძლეს, რას მიაღწიეს, რა მწვერვალები დაიპყრეს.

პრობლემა ის გახლავთ, რომ მშობლებს ძალიან ცოტა დრო და, ხშირ შემთხვევაში, ცოდნა აქვთ იმისთვის, რომ მოახერხონ და ისწავლონ, როგორ არის შესაძლებელი მართებულად, კვალიფიციურად, გააცნონ ბავშვს ციფრული სამყარო. ეს საჭიროა, რადგან მოზარდობის ასაკში თავის ტვინის განვითარება სწრაფი ტემპებით მიდის. სწორედ ამ პერიოდში ინტერესდებიან ბავშვები ყველაზე მეტად ციფრული მოწყობილობებით. მაგრამ შუბლის ის ცენტრი, რომელიც „მართვის ცენტრის“ სახელითაა ცნობილი, ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად მომწიფებული. მარტივად და გასაგებად რომ ავხსნათ, ეს თავის ტვინის ის ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია, ე.წ. კრიტიკული კითხვების დასმაზე: „რა არის კარგი იდეა და რა არა? ნეტავ რა მოხდება, თუ ასე მოვიქცევი? თუ ამას გავაკეთებ?“. თავის ტვინი, ამ დროს რისკიანი ქცევების, სიახლეების მოსინჯვის, თანატოლებთან აქტიური ურთიერთობების ფაზაშია. როგორც უკვე ვთქვით, ეს ინტენსიური განვითარების პერიოდია თავის ტვინისთვის, მას სჭირდება რისკი, მეგობრების მხრიდან აღფრთოვანება. სამაგიეროდ, მას უჭირს ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი გეგმების შემუშავება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება. ამ მდგომარეობას ემატება ციფრული სამყაროს ისეთი სისწრაფით განვითარება, რომ ყველა ახალ პროგრამას, პლატფორმასა და მოწყობილობას, სურვილის მიუხედავად, შეუძლებელია თვალი ადევნოს მშობელმა, რათა დაიცვას შვილი.

ბავშვის მომზადება იმ ახალი ცხოვრებისთვის, მშობლებისა და აღმზრდელებისთვის სერიოზულ მიზნად უნდა იქცეს. მშობლებმა კარგად იციან, რომ ჯანსაღი კვების უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად აუცილებელია, ბავშვს უკონტროლონ კვების რაციონი. დაეხმარონ მას, გაერკვეს, რა განსხვავებაა სასარგებლო და მავნე საკვებს შორის. ჰოდა ციფრულ ტექნოლოგიებთან მიმართებითაც იგივე საქმიანობაა ჩასატარებელი. რაც გულისხმობს – ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერებინონ მშობლებმა/აღმზრდელებმა, მასწავლებლებმა, რა გავლენას ახდენენ გაჯეტები მათ აზრებზე, გრძნობებსა და სურვილებზე. უფროსებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს იმ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, რომლებიც მათი განვითარების სტიმულირებას ემსახურება. ბავშვებს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ტოქსიკური ტექნოლოგიები (ისევე, როგორც ტოქსიკური საკვები), რომელთა შორისაა ზოგიერთი ვიდეოთამაში და სხვადასხვა პლატფორმა სოციალურ ქსელებში. ბავშვები უნდა მიახვედროთ, რომ შესაძლებელია იმ თამაშებმა შფოთვა მოაგვარონ და ცუდ ხასიათზე დააყენონ. ასევე, არ ღირს შვილებს დაუმალოთ, რომ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია მცირე რაოდენობით „არასწორი“ საჭმლის მირთმევა – სულელური ტელეშოუების ყურება და არაფრისმომტანი ვიდეოთამაშებით გართობა.

იმისთვის, რომ მშობლებმა საკუთარი შვილი ჯანსაღ „ციფრულ დიეტას“ მიაჩვიონ, აუცილებელია, თავად გაერკვნენ, როგორ მოქმედებს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკაზე. საჭიროა, უფროსები მიხვდნენ, რა ვიდეოთამაში, ტელეგადაცემა თუ კომპიუტერული პროგრამა იპყრობს ბავშვის ყურადღებას უფრო მეტად და რატომ. რა მექანიზმი მოქმედებს ამ დროს, როგორ ცვლის ციფრული სამყარო ბავშვის ქცევასა და აზროვნებას.

ძვირფასო მკითხველებო, სწორედ ამ და სხვა ძალიან საინტერესო საკითხებზე საუბრობს Shimi Kang საკუთარ წიგნში: „როგორ აღვზარდოთ ჯანსაღი უნარ-ჩვევები გაჯეტებისა და სოციალური ქსელების სამყაროში“. მომდენო სტატიებში თქვენც შეგეძლებათ, გაეცნოთ მის შეხედულებებს და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი არც თუ ისე ცუდადაა!

 

სტატია თარგმნა და მოამზადა ქეთევან კობალაძემ

ჩვენი საუკუნის გამოწვევა

0
henna powder for dyeing hair and eyebrows and drawing mehendi on hands, isolate with green palm leaf

თურქეთში პატარა ქალაქია, სახელად ესქიშეჰირი. მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და შეძლებისდაგვარად ხშირად ჩავდივარ. ახლა ხანგრძლივი შესვენება გამომივიდა, ესეც მხოლოდ პანდემიის და რეგულაციების გადამკიდე. ჰოდა, პირველსავე შესაძლებლობაზე ჩავედი.

ვინც თურქულ ქალაქებში ყოფილა, დამეთანხმება, რომ უმეტესობა ერთნაირი სტილითაა ნაშენები. რაღაცნაირი სახასიათო სახლებია. მათი ცენტრებიც თითქოს ერთმანეთს ჰგავს. ესქიშეჰირის ცენტრალური ნაწილი კი განსხვავებულია. თბილისივით, მდინარე ორ ნაწილად ყოფს და ორივე სანაპირო ლამაზადაა მორთულ-მოკაზმული. ერთ ნაწილში ბაზრობასავით არის მოწყობილი, სადაც თურქულ ტკბილეულობას, ჩაის, ყავას და სხვადასხვა სანელებლებს შეიძენთ.

თუმცა, აქ ყველაფერი ძვირია. უფრო იაფად, ქალაქის გარეუბანში მდებარე დიდ სუპერმარკეტში ნახავთ.

ფასების მიუხედავად, მიყვარს ამ ადგილებში ხეტიალი. თანაც, ზოგჯერ ისეთ რამეს წავაწყდები, რომ გამიკვირდება.

იმ დღეს ირანული ჯიშის გამხმარი ვარდის კოკრებს გადავეყარე. ყურადღებას არც კი მივაქცევდი, ქიმიის ისტორიასთან ჩემი განსაკუთრებული ურთიერთობა რომ არა.

ამ ჯიშის ვარდის კოკრებს ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე იყენებდა. წყალში ყრიდა და სვამდა. ავდექი და თავადაც ვიყიდე – ფილიპე მეორეზე ნაკლები რით ვარ-მეთქი, თავადვე წავეხუმრე საკუთარ თავს.

მეორე, რაც იმავე გამყიდველთან შევიძინე, ხნის ფხვნილი იყო.

ხნის დამახასიათებელი თვისებები განპირობებულია 2-ჰიდროქსი-1,4-ნაფტოქინონით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ლავსონი, ან ჰენოტანინის მჟავა. ხნის ფოთლები ნაერთს 5%-მდე წონით შეიცავს. ყვითელ-ნარინჯისფერი ფხვნილია, რომელიც წყალში კარგად არ იხსნება.

ხნის დასამზადებლად იყენებენ ბუჩქოვან მცენარეს “Lawsonia Inermis”, რომელიც სამხრეთ აფრიკისა და ცენტრალური აღმოსავლეთის მშრალ ადგილებში ხარობს.

ხნის ფოთლებს მხოლოდ მცენარის ყვავილობისას აგროვებენ. თავად ყვავილებისგან ზეთს ხდიან, მცენარის სხვა ნაწილებისგან კი სხვადასხვა სამკურნალო მასალას ამზადებენ.

ხარისხიანი ხნა მწვანე ან მომწვანო-მოყვითალო ფხვნილია. სწორედ ასეთი პუდრისებრი მასა შევიძინე მეც.

ხნას, უხსოვარი დროიდან იყენებენ. მისი საშუალებით სხეულის მოხატვა და სამკურნალო მცენარედ გამოყენება აღწერილია Ebers Papyrus-ში (Papyrus, 1912). ამავე პაპირუსში სხვადასხვა საღებავის შესაქმნელად, ოთხასი მცენარეა დახასიათებული.

ხნას საუკუნეებისა და ცივილიზაციების განმავლობაში სამკურნალო მცენარედაც იყენებდნენ. იყენებდნენ მუმიფიკაციის პროცესშიც. მაგ. რამზეს მესამისთვის მუმიად გადაქცევისას თმები შეუღებავთ. თუმცა, ხნის ევროპული და აღმოსავლური თავგადასავალი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ევროპაში ხნას, იყენებდნენ როგორც ესთეტიკურ საშუალებას. თმების შეღებვაც ამასვე ეკუთვნის. ესთეტიკური მიზნებისთვის ის გამოიყენებოდა აღმოსავლურ კულტურაშიც, იგივე ხელის მტევნების და ფრჩხილების შესაღებად. აქ დამატებით მის სამკურნალო თვისებებსაც აღწერდნენ (ბუნებრივ ხნაზეა საუბარი).

ხნით თმას, ფრჩხილებს და ტანსაც იღებავდნენ. ბევრი ლამაზი ტრადიციაც, სწორედ ხნას უკავშირდება. იმავე თურქეთში, ე.წ. „ხნის ღამე“ ჰქონდათ (kina gecesi). ასეთ საღამოს გასათხოვრად გამზადებულ გოგონას ქორწილის წინა ღამეს უწყობდნენ. მთელი სანათესავო-სამეგობრო იკრიბებოდა და მომავალ პატარძალს ხელებზე ხნისგან ორნამენტებს ახატავდნენ. ამ უკანასკნელს აუცილებლად უნდა ეტირა. ტირილი სიმბოლურად მშობლიურ სახლთან განშორებას ნიშნავდა, თუმცა ზოგიერთი შესაძლოა გულწრფელადაც ტიროდა და განშორებაც ნამდვილი იყო. ანუ, ერთი ქალაქიდან სხვა ქალაქში მიდიოდა მეუღლესთან ერთად.

დღეს ასეთი საღამოები უფრო გასართობ ხასიათს ატარებს, რადგან ინტერნეტის, ტელეფონისა და სწრაფი ტრანსპორტის პირობებში, რაღა დროს განშორებაზეა საუბარი.

ხნის ფხვნილს ლიმონის წვენს ამატებენ, რათა მჟავა გარემო შეიქმნას და ლავსონის გახსნა იოლად იყოს შესაძლებელი. მიღებულ კონსისტენციას ამატებენ წყალს და კანზე დაიტანენ. აჩერებენ სადღაც 6 საათის განმავლობაში. უფრო დიდი ხნით გაჩერება სახიფათოა, რადგან ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს. ლავსონი პრეპარატიდან მიგრირებს კანის ზედა ფენებში და კერატინთან წარმოქმნის ნაერთს. საღებავი კანზე 6 კვირის განმავლობაში რჩება.

არსებობს ხნის სხვადასხვა ნაირსახეობა: ინდური, ირანული, სუდანური და უფერულიც კი. მთელ ამ ნაირსახეობას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დაფასოებით შეიძენთ. იმავე ევროპაში სხეულის მოხატვა მთლად ნორმებით დაცული არ არის, რადგან აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტები სხვადასხვა არალეგალურ ადგილებში ახორციელებენ. იქ ჩატანილი ხნის სისუფთავეც მთლად გამოკვლეული არ გახლავთ და ამგვარი ტატუირება მცირე ალერგიით დაწყებული, კანის სერიოზული დაწყლულებით შეიძლება დასრულდეს.

სხეულზე სხვადასხვა ორნამენტის დასატანად, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ხნის ფხვნილი მჟავა გარემოში უნდა გაიხსნას. მაგალითად, თბილ ლიმონიან ან ძმრიან წყალში. ასე მისი ხსნადობა მოიმატებს და ერთგვაროვან მასას მივიღებთ. ხნის წარმომავლობის, გახსნისა და კონცენტრაციის მიხედვით ფერი შეიძლება იყოს მუქი წითლიდან ყავისფრამდე. სხვათა შორის, მაგ. თურქეთში ხნას ფრჩხილებზეც ისვამენ და რაღაცნაირი წითელი ფერის ფრჩხილებით დადიან.

ერთ ჩემს მეგობარ ოჯახს სოფლიდან ბაბუა ეწვია. მისი ჩამოსვლა ზუსტად ჩემს ვახშმად სტუმრობას დაემთხვა. ზაფხულის პერიოდი იყო, ცხელოდა და ამ ასაკოვან კაცსაც ღია სანდლები ეცვა. მაშინვე შევამჩნიე მისი წითელი ფერის ფრჩხილები. ჯერ მეგონა, წითელი ლაქი წაუსვამს, თუმცა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ტრადიციული დროული კაცი წითელ ლაქს კი არა, სამკურნალო მიზნით ფრჩხილზე ხნას დაიტანდა.

ხნაში შემავალი აქტიური ნივთიერება კანში, თმაში ან ფრჩხილში უნდა გადავიდეს. ლავსონი ხნის დაფქულ ფოთლებში თავისუფალი სახით არ არის. ის მისი წინამორბედისგან ჰენოტანინისგან წარმოიქმნება ხნის მომზადების პროცესში. ჰენოსიდები (ჰენოტანინები) სამ იზომერს წარმოადგენენ, რომლებიც ნაფთოქინონის სტრუქტურის ტაუტომერული ფორმების კეტო-ენოლური გარდაქმნების შედეგად წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში მესამეული ბირთვი შეიცავს ჟანგბადის სამ ატომს და საშუალებას იძლევა, რომ სამი ჰიდროქსო ჯგუფით დიკეტონური ფორმა შეიცვალოს. თითოეული ჰიდროქსილის ჯგუფი გლუკონირირებას განიცდის და სამ იზომერს წარმოქმნის. მათი ჰიდროლიზის შედეგად წარმოქმნილი აგლიკონისგან, ამ უკანასკნელის დაჟანგვით ლავსონი წარმოიქმნება, რომელიც ხნის აქტიური კომპონენტია. ზოგადად, ბუნებრივ ქიმიურ პროდუქტებში გლუკოზიდებსა და აგლიკონს შორის მსგავსი ურთიერთგარდაქმნები გვხვდება. თბილი შემჟავებული წყალიც სწორედ ამ გარდაქმნების ინიციირებისთვისაა აუცილებელი. ასეთ მდგომარეობაში ფხვნილი უნდა გაჩერდეს 6-24 საათის განმავლობაში. მასში მწვანე ჩაის ხის, ლავანდის ან ევკალიპტის ეთერზეთის რამდენიმე წვეთის დამატებამ ლავსონი უფრო სტაბილური შეიძლება გახადოს და კანზე დატანისას ალერგიული რეაქციებიც შეამციროს.

თუმცა, ზემოთ დავწერე, რომ, ე.წ. „ბაზარზე“ სხვადასხვა წარმომავლობა-დაფასოება-შეფუთვის ხნა შეიძლება იყოს და შესაძლებელია, ზოგიერთ მათგანში ხელოვნურად სინთეზირებული ლავსონი აღმოჩნდეს. სწორედ სინთეზური თავისუფალი ლავსონის დამატებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხნის დაბინძურება და მომწამლავ-ალერგიული რეაქციები.

სინთეზური ლავსონი ევროპის კოსმეტიკის და არასაკვები პროდუქტების სამეცნიერო კომიტეტმა 2004 წლის SCCNFP/0798/04 რეზოლუციის თანახმად, ტოქსიკურ ნივთიერებებს მიაკუთვნა და მას 2A კლასის სახიფათო ნივთიერება უწოდა. სინთეზური ლავსონის ტოქსიკურობის აღიარება მხოლოდ ამ ერთი რეგულაციით არ შემოიფარგლება, თუმცა ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ, უბრალოდ დავწერ, რომ კიდევ მრავალი დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ სხვადასხვა სამეცნიერო სტატიასა და ინტერნეტსივრცეში. ჩემ მიერ გამოყენებულ წყაროს კი აქვე მივუთითებ:

https://reader.elsevier.com/reader/sd/pii/S0102695X14000167?token=53BA053DB9382989A8EFB8C11C71221467BC051139E122F9CBB0DE7550BDD4E8C6CA907643889E1CABB26D76F5F762EC&originRegion=eu-west-1&originCreation=20220508214334

გარდა ამისა, ზოგიერთი ტიპის ხნა შეიძლება, ლავსონის გარდა, სხვა დამატებით აქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავდეს (სულ გვახსოვდეს, რომ კლასიკური ბუნებრივი ხნა მხოლოდ ლავსონს შეიცავს, იმასაც არა აქტიურ მდგომარეობაში). მაგალითად, ე.წ. „შავი ხნა“ შეიძლება შეიცავდეს p-ფენილენედიამინს (PPD). PPD სწრაფად აღწევს კანში და შავად ღებავს, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, შესივება, ძლიერი ქავილი.

ამ ფონზე შავ ხნას სხვადასხვა ინტერნეტმაღაზიაში წამწამებისა და წარბების შესაღებადაც შეხვდებით. იქვე მითითებულია, რომ თურმე არა მხოლოდ გიშერივით წარბ-წამწამს გახდის, არამედ მხედველობისთვისაც სასარგებლო ყოფილა. ასეთი სარეკლამო ტექსტების დროს, სულ რობერტ ბოილის სიტყვები მახსენდება, ყველაფერს სკეპტიკურად შეხედეთ და ინფორმაცია გადაამოწმეთო.

სხვათა შორის, თავის საჯარო ლექციებში ჩვენი „მასწავლებლის“ რედაქტორიც იმავეს ამბობს:

  • ინფორმაციის უკიდეგანო ოკეანეში, მთავარი და მართალი სიტყვა გაარჩიო, ჩვენი საუკუნის გამოწვევაც ეს არისო…

ეგაა, ვერ შეედავები.

 

 

 

 

 

მადლობა, მასწავლებელო!

0

ყველაფერი ოთხი წლის წინ დაიწყო, როცა ჩემი ექვსი წლის შვილი სკოლაში წავიდა. თავისებური, ასაკისთვის დამახასიათებელი შიშებითა და მოლოდინებით სავსე – როგორი იქნება სკოლა, სკოლის პირველი მასწავლებელი და ახალი კლასელები. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, ოთხი უცნაური, მოულოდნელობებით სავსე წელი და ჩემი შვილის მასწავლებელთან დამშვიდობების დროც დადგა. რა იქნება შემდეგ, არ ვიცი – ვინ იქნებიან მისი მომავალი მასწავლებლები; რამდენ ხანს მოუნდებიან ჩემი შვილისა და მათი კლასელების გაცნობას, მათთან დამეგობრებას და შეიყვარებენ თუ არა ერთმანეთს – ამიტომ, მეც ჩემს შვილთან ერთად ვღელავ, რომელსაც ძალიან არ ეთმობა დამრიგებელი, დარდობს მასთან განშორებაზე და ვერ წარმოუდგენია, როგორი უნდა იყოს მისი სასკოლო ცხოვრება მარი მასწავლებლის გარეშე.

 

პირველი მასწავლებლები ყოველთვის გამორჩეული არიან ადამიანთა ცხოვრებაში. ისინი უყვართ და ახსოვთ ცხოვრების ბოლომდე, ყოველთვის სიყვარულით იხსენებენ და ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც.

 

მინდა,ეს წერილი მადლობით დავიწყო:

 

„მადლობა, მარი მასწავლებელო, იმ ოთხი შესანიშნავი წლისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ – მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა. ეს უცნაური ოთხი წელი იყო სირთულეებითა და ასევე, სიხარულით აღსავსე. არაერთი გამოწვევის წინაშე დავდექით, პანდემია და ონლაინსწავლებაც გამოვცადეთ. პირისპირ გვყავდა ერთმანეთი, მშობელსაც, მოსწავლესაც და მასწავლებელსაც. დავინახეთ, როგორია რეალური გაკვეთილები სკოლაში, როგორ შრომობს თითოეული მასწავლებელი, თურმე როგორები არიან ჩვენი შვილები გაკვეთილზე, რა უჭირთ ბავშვებს და რა უპირატესობებია მათ მხარეს. პანდემია ერთმანეთის შესწავლის პერიოდი აღმოჩნდა, სისუსტეების აღმოჩენისა და ძლიერი მხარეების კიდევ უფრო გაძლიერების პერიოდიც. ონლაინსწავლება ფსიქოლოგიურად რთულიც იყო. არაერთხელ წარმოვიდგინე, რას გრძნობდა მასწავლებელი, რომელსაც არამარტო მოსწავლეები უსმენდნენ, არამედ უსმენდნენ მოსწავლეთა მშობლები, ბებია-ბაბუები, ოჯახის სხვა წევრები და გამადიდებელი ლუპით აკვირდებოდნენ. ონლაინსწავლების პერიოდში ხშირად ვფიქრობდი თქვენზე, როგორ ახერხებდით ასე უშეცდომოდ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას, ასე მეგობრულად და ეთიკურად მოსწავლეებთან თანამშრომლობას. როგორ ახერხებდით, საყვედურის თქმას ისე, რომ ხინჯები არ დაგეტოვებინათ არც მშობლის, არც მოსწავლის გულში, როგორ მეგობრობდით თითოეულთან და ატარებდით საინტერესო გაკვეთილებს. ეს პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო იყო ურთიერთთანამშრომლობის მცდელობის კუთხითაც, რადგან ორივე მხარეს, მასწავლებლებსაც და მშობლებსაც გვსურდა, მეტი გაგვეკეთებინა ჩვენი შვილებისთვის ამ უცნაურ და რთულ პერიოდში. განსაკუთრებით რაც აღმაფრთოვანებდა, იყო თქვენი, გნებავთ, პროფესიული უნარი, დაგემეგობრებინათ მოსწავლე და სასწავლო პროცესის აქტიური თანამონაწილე გაგეხადათ. მე, როგორც მომუშავე მშობელმა და ორი შვილის დედამ, კარგად ვიცი, რამხელა ფიზიკური და ფსიქიკური ენერგიის გაღება მოგიწევდათ სასწავლო საათების მიღმა, როგორც მასწავლებელს და როგორც ორი შვილის დედას და, მიუხედავად ამისა, არასოდეს უპასუხოდ არ დაგიტოვებიათ ჩემი შვილის თუნდაც შეუფერებელ დროს გაგზავნილი დავალება.

 

მადლობა ზრუნვის თითოეული წუთისთვის, რომელიც ჩვენი შვილებისთვის გაიღეთ. მადლობა სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ყოველთვის იგრძნობოდა თქვენგან და ამიტომაც, ანდრიასთვის სკოლა იყო ის ადგილი, სადაც დაცულად, ბედნიერად და ხალისიანად გრძნობდა თავს. მეც აბსოლუტურად მშვიდად ვგრძნობდი თავს და ძალიან მეიმედებოდით, რადგან ყოველთვის სწორად, მოსწავლეების საუკეთესო არჩევანისადა მათი ინტერესების მიხედვით მოქმედებდით.

 

ვისურვებ, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც მასწავლებელი და მის მიერ გაღებული ზრუნვა უფრო მეტად დაფასდება.

 

ძალიან გვიყვარხართ!“.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...