პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

სახალისო ფაქტები კალათბურთის ისტორიიდან

0

ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების როლი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის შეყვარებაში ფასდაუდებელია. სწორედ ისინი აცნობენ ბავშვებს მოძრაობის სიხარულს და ასწავლიან გუნდური სულისკვეთების მნიშვნელობას. თუმცა, ხშირად, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში და სპორტული თამაშების წესების მშრალი ახსნა საკმარისი არ არის. ბავშვებს სჭირდებათ შთაგონება და ისტორიები, რომლებიც მათ აზარტსა და ინტერესს გაუღვიძებს. მსგავსი უჩვეულო და სახალისო ისტორიების გაზიარება მოსწავლეებს დაანახვებს, რომ ყველაზე ცნობილი სპორტული თამაშებიც კი ხშირად სრულიად მარტივი, მოულოდნელი ან კომიკური გარემოებებიდან იწყებოდა.

კალათბურთი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, ათლეტური, დინამიკური და პოპულარული სპორტის სახეობაა. მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს ამ სანახაობას და ბავშვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოცნებობენ, ჰგავდნენ თავიანთ კერპებს. თუმცა, მიუხედავად ამ გლობალური მასშტაბისა, ცოტამ თუ იცის, რომ მისი საწყისები საკმაოდ სპონტანური და უჩვეულო იყო – ის უბრალოდ შეიქმნა იმისთვის, რომ ცივი, სუსხიანი ზამთრის დღეებში მოწყენილი და მოუსვენარი სტუდენტები დახურულ სპორტულ დარბაზში რამით დაეკავებინათ. წარმოგიდგენთ რამდენიმე სახალისო ფაქტს კალათბურთის ისტორიიდან, რომლებიც აუცილებლად გაახალისებს თქვენს გაკვეთილებს, დაგეხმარებათ ბავშვების ყურადღების მიპყრობაში და საყვარელ თამაშს მათ სრულიად სხვა რაკურსით დაანახვებს.

 

  • კალათბურთს ატმის შესაგროვებელი კალათებით თამაშობდნენ

ცნობილია, რომ კალათბურთის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია. 1891 წელს მასაჩუსეტსის შტატში ქალაქ სპრიგფილდის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელს ჯეიმს ნეისმიტს შეექმნა პრობლემა: ზამთრის პერიოდში არსებული ცუდი კლიმატური პირობების გამო საჭირო გახდა თამაშის შექმნა დახურული ნაგებობებისთვის, რათა გაემრავალფეროვნებინა ტანვარჯიშის გაკვეთილები. მას არ ჰქონდა თანამედროვე რგოლები და ბადეები. თავდაპირველად მას კვადრატული ყუთების გამოყენება სურდა და სკოლის დარაჯს სთხოვა მათი მოძიება. თუმცა, დარაჯმა ყუთების ნაცვლად მხოლოდ ატმის შესაგროვებელი ორი ძველი კალათა იპოვა და ისინი სპორტული დარბაზის აივანზე, ზუსტად 10 ფუტის (3.05 მეტრის) სიმაღლეზე მიამაგრა. სწორედ აქედან იღებს სათავეს კალათის სტანდარტული სიმაღლე, რომელიც დღემდე უცვლელია.

ყველაზე სასაცილო დეტალი: ამ კალათებს ფსკერი არ ჰქონდათ ამოჭრილი! ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე გუნდი ბურთს კალათში მოათავსებდა და ქულას აიღებდა, თამაში ჩერდებოდა. მსაჯს უნდა მიეტანა სპეციალური კიბე, ასულიყო და ბურთი ხელით ამოეღო. მოგვიანებით, პროცესის დასაჩქარებლად კალათის ძირში პატარა ხვრელი გააკეთეს, რათა ბურთი გრძელი ჯოხით ამოეგდოთ. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ (დაახლოებით 1906 წელს) მიხვდნენ, რომ კალათისთვის ძირის მთლიანად ამოჭრა და რკინის რგოლების გამოყენება გაცილებით მარტივი და პრაქტიკული იქნებოდა, რამაც თამაშის ტემპი საგრძნობლად გაზარდა.

 

  • კალათბურთს ფეხბურთის ბურთით თამაშობდნენ

თავდაპირველად კალათბურთისთვის სპეციალური ბურთი არ არსებობდა. როდესაც ჯეიმს ნეისმიტმა თამაში გამოიგონა, პირველი მოთამაშეები ჩვეულებრივ ფეხბურთის ბურთს იყენებდნენ. თუმცა, იმდროინდელ საფეხბურთო ბურთებს უხეში თასმები (გარედან შესაკრავი ძაფები) ჰქონდა. იატაკზე დაცემისას ბურთის ტრაექტორიის გამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომაც დრიბლინგი საწყის ეტაპზე ძალიან რთული და არაპრაქტიკული აღმოჩნდა.

პირველი ნამდვილი, სპეციალურად კალათბურთისთვის განკუთვნილი ბურთი მხოლოდ 1894 წელს ნეისმიტის თხოვნით ერთ-ერთმა კომპანიამ დაამზადა. ეს ბურთები ტყავისგან მზადდებოდა და მუქი ყავისფერი იყო. დროთა განმავლობაში თამაში უფრო სწრაფი გახდა და ყავისფერი ბურთის დანახვა მოთამაშეებსა და მაყურებლებს უჭირდათ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, 1950-იანი წლების ბოლოს, ბატლერის უნივერსიტეტის მწვრთნელმა, ტონი ჰინკლმა, კომპანია Spalding-თან თანამშრომლობით შემოიღო სტანდარტული ნარინჯისფერი ბურთი, რომელიც გაცილებით თვალსაჩინო იყო და დღემდე კალათბურთის უცვლელ სიმბოლოდ რჩება.

 

  • დრიბლინგი (ბურთის ტარება) თავიდან აკრძალული იყო

ჯეიმს ნეისმიტის მიერ შემუშავებული თავდაპირველი 13 წესის მიხედვით, მოთამაშეს კატეგორიულად ეკრძალებოდა ბურთით სირბილი ან დრიბლინგი. ამ წესის მთავარი მიზანი უსაფრთხოება იყო – ნეისმიტს სურდა, თავიდან აერიდებინა რაგბისა და ამერიკული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი უხეში ფიზიკური კონტაქტი, დაჯახებები და ტრავმები. შესაბამისად, როდესაც მოთამაშე ბურთს მიიღებდა, მას იქვე უნდა გაეჩერებინა მოძრაობა (თუ დიდი სისწრაფით მირბოდა, ნებადართული იყო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა გასაჩერებლად), რათა ბურთი თანაგუნდელისთვის გადაეწოდებინა, ან პირდაპირ კალათისკენ ესროლა.

თამაში უფრო მეტად ჰგავდა გადაწოდებების სერიას და ბევრად სტატიკური იყო. ბურთის იატაკზე დაცემით ტარება მოთამაშეებმა თავად, ინსტინქტურად მოიგონეს. თავდაპირველად მათ დაიწყეს ბურთის იატაკზე დანარცხება და ჰაერშივე დაჭერა, რასაც „საკუთარი თავისთვის გადაწოდებას“ ეძახდნენ. ეს ინოვაცია პირველად 1897 წელს იელის უნივერსიტეტის გუნდმა გამოიყენა. ოფიციალურად, ერთი დაცემით დრიბლინგი 1901 წელს დაუშვეს, თუმცა მოთამაშეს ამის შემდეგ სროლის უფლება არ ჰქონდა. თანამედროვე, უწყვეტი დრიბლინგი, რომლითაც მოთამაშეს ბურთის ტარებაც შეუძლია და სროლაც, თამაშის განუყოფელი ნაწილი მხოლოდ წლების შემდეგ გახდა.

 

  • კალათბურთის ფარი მაყურებლებისგან თავდასაცავად გამოიგონეს

ოდესმე გიფიქრიათ, რატომ აქვს კალათბურთის რგოლს უკან ფარი? თავდაპირველად კალათები სპორტული დარბაზის აივნებზე იყო მიმაგრებული. თამაშის დროს, აივანზე მსხდომი გულშემატკივრები ხშირად ხელს უშლიდნენ თამაშს – ისინი იჭერდნენ მეტოქე გუნდის ნასროლ ბურთებს, ხელს კრავდნენ მოთამაშეებს ან პირიქით, ფეხებითა და ხელებით ეხმარებოდნენ თავისიანებს ბურთის ჩაგდებაში. სწორედ ამიტომ, 1893 წელს, მაყურებლებისა და ბურთის იზოლირების მიზნით, კალათის უკან მავთულხლართის ბადე დაამაგრეს, რომელიც 1895 წელს მყარი ხის ფარით ჩაანაცვლეს.

თუმცა, ხის ფარმა ახალი პრობლემა შექმნა – მის უკან, აივანზე მსხდომი გულშემატკივრები თამაშს ვეღარ ხედავდნენ. ამის მოსაგვარებლად 1900-იანი წლების დასაწყისში ხის ფარები გამჭვირვალე მინის ფარებით შეიცვალა. ამ იძულებითმა ზომამ თამაში სამუდამოდ შეცვალა. მოთამაშეებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ფარიდან ასხლეტილი ბურთის ჩაგდება ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური იყო. ასე გაჩნდა კალათბურთში ბურთის „მოხსნის“ და ფარიდან სროლის კონცეფცია, რაც დღეს თამაშის განუყოფელი ულამაზესი ნაწილია.

 

  • პირველი ისტორიული მატჩის ანგარიში: 1- 0

თანამედროვე NBA-ს მატჩებში გუნდები ხშირად 100-ზე მეტ ქულას აგროვებენ და თამაში წარმოუდგენლად შედეგიანია, თუმცა ისტორიაში პირველი კალათბურთის მატჩი, რომელიც 1891 წლის 21 დეკემბერს სპრინგფილდის კოლეჯში გაიმართა, საკმაოდ მოკრძალებული ანგარიშით, 1:0 დასრულდა. მოედანზე ერთდროულად 18 ადამიანი იმყოფებოდა – 9 მოთამაშე 9-ის წინააღმდეგ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჯეიმს ნეისმიტის კლასში ზუსტად 18 სტუდენტი იყო და მან უბრალოდ ჯგუფი ორ თანაბარ ნაწილად გაყო. თამაში, რომელიც დაახლოებით 30 წუთს (ორი 15-წუთიანი ტაიმი) გაგრძელდა, სავსე იყო ქაოსით, ჯარიმებითა და აცილებული სროლებით, რადგან არცერთმა მოთამაშემ არ იცოდა, ზუსტად როგორ უნდა ეთამაშა და სროლაც უჩვეულო ატმის კალათებში უწევდათ. ერთადერთი და ისტორიული გამარჯვების მომტანი სროლა სტუდენტმა, უილიამ ჩეიზმა განახორციელა დაახლოებით 7.5 მეტრის დისტანციიდან. მისი ზუსტი ტყორცნის შემდეგ, ბურთი კალათში ჩავარდა და კაცობრიობის ისტორიაში პირველი საკალათბურთო დაპირისპირებაც სწორედ ამ ერთი ქულით დასრულდა.

 

რჩევა მასწავლებლებს: გაკვეთილის მსვლელობისას ამ ისტორიული ფაქტების გამოყენება საუკეთესო გზაა მოსწავლეების ყურადღების მისაპყრობად და მათი ჩართულობის გასაზრდელად. როდესაც მათ ახალ ტექნიკურ ელემენტს, მაგალითად, დრიბლინგს ასწავლით, შეგიძლიათ ღიმილით უთხრათ: წარმოიდგინეთ, 130 წლის წინ ამის გაკეთების უფლება არ გექნებოდათ და მსაჯი მაშინვე დაგაჯარიმებდათ!“. შეგიძლიათ პატარა ექსპერიმენტიც კი ჩაატაროთ – სთხოვეთ ბავშვებს, 3-4 წუთის განმავლობაში ითამაშონ კალათბურთი ისე, როგორც 1891 წელს თამაშობდნენ: ბურთის იატაკზე დაცემის, ანუ დრიბლინგის გარეშე, მხოლოდ გადაწოდებებით. ეს პრაქტიკული სავარჯიშო მათ თვალნათლივ დაანახებს, რამდენად რთული იყო საწყისი წესები. ასევე, როდესაც ვინმე ბურთს ფარიდან ჩააგდებს, შეახსენეთ, რომ ეს ფარი თავდაპირველად მხოლოდ ცელქი მაყურებლებისგან თავდასაცავად გამოიგონეს. შეგიძლიათ ხუმრობით ჰკითხოთ: აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მაყურებლის სიცელქე კალათბურთს ასეთ მნიშვნელოვან ილეთს შესძენდა?“. ეს მცირე, სახალისო ისტორიები და ინტერაქციული მიდგომები დაეხმარება მათ, უკეთ გაიაზრონ სპორტის ევოლუცია. შედეგად, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი აღარ იქნება მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა, ის გადაიქცევა შემეცნებით, სახალისო პროცესად, რომელსაც მოსწავლეები მეტად შეიყვარებენ და ყოველთვის დიდი ინტერესით დაელოდებიან.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სახალისო სასწავლო პროექტი

0

თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომ მოსწავლეებმა ტექსტი მხოლოდ  კი არ წაიკითხონ  არამედ იგრძნონ და საკუთარი გამოცდილების ნაწილად აქციონ. ამისთვის ეფექტურია ისეთი აქტივობები, რომლებიც აერთიანებს ლიტერატურას, შემოქმედებით საქმიანობას და  გამოცდილებას.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტრუქტივისტული  აქტივობები, რადგან ის ხელს უწყობს წარმოსახვის, ემოციური ჩართულობისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

ამაზე დაყრდნობით განხორციელდა შემოქმედებითი პროექტი ნინო ბეზარაშვილის მოთხრობის „თოჯინა“ საფუძველზე. პროექტმა გააერთიანა ლიტერატურის კითხვა, მუზეუმის საგანმანათლებლო ვიზიტი და ხელნაკეთი თოჯინების შექმნა.

პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს ტექსტის შინაარსი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ შემოქმედებითი მოქმედებითაც გაეაზრებინათ.

პროექტი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის ქართულ ენასა და ლიტერატურაში განსაზღვრულ შედეგებს და ხელს უწყობს მოსწავლეთა წიგნიერებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ქართ.დაწყ.(I–IV).1 მოსწავლე კითხულობს და იგებს სხვადასხვა ტიპის ტექსტს.

ქართ.დაწყ.(I–IV).3 მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტის მიმართ.

ქართ.დაწყ.(I–IV).5 მოსწავლე ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტსა და შემოქმედებით ნამუშევარს.

ქართ.დაწყ.(I–IV).8 მოსწავლე იყენებს სხვადასხვა წყაროს ინფორმაციის მოსაპოვებლად.

პროექტი ასევე ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების, თანამშრომლობისა და კულტურული ცნობიერების განვითარებას, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულებებია.

პროექტი ეფუძნება თანამედროვე განათლების რამდენიმე მნიშვნელოვან თეორიას, რომლებიც სწავლების პროცესში აქტიურ, გამოცდილებით მიღებულ და კულტურულად კონტექსტურ სწავლებას უსვამს ხაზს.

პირველ რიგში, პროექტის იდეა ეხმიანება ლევ ვიგოტსკის სოციალურ-კონსტრუქტივისტულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ცოდნა ყალიბდება სოციალური ურთიერთქმედებისა და კულტურული გამოცდილების პროცესში (Vygotsky, 1978). მოსწავლეები ცოდნას იძენენ არა მხოლოდ ტექსტის წაკითხვით, არამედ დისკუსიის, თანამშრომლობისა და პრაქტიკული საქმიანობის საშუალებით. თოჯინების შექმნა სწორედ ის აქტივობაა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ტექსტი პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნან.

პროექტი ასევე ეფუძნება გამოცდილებითი სწავლების პრინციპს, რომლის მიხედვითაც სწავლა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლე თავად მონაწილეობს ცოდნის შექმნის პროცესში (Kolb, 1984). მუზეუმში ვიზიტი და შემდგომი შემოქმედებითი საქმიანობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მიღებული ინფორმაცია საკუთარ გამოცდილებას დაუკავშირონ.

მნიშვნელოვანია ასევე ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია (Gardner, 2011), რომლის მიხედვითაც მოსწავლეები განსხვავებული გზებით სწავლობენ. პროექტის ფარგლებში გამოყენებული იყო:

  • ლინგვისტური უნარი (ტექსტის კითხვა და განხილვა)
  • ვიზუალურ-სივრცითი უნარი (თოჯინების დიზაინი)
  • კინესთეტიკური უნარი (ხელით შექმნილი ნამუშევრები)
  • ინტერპერსონალური უნარი (გუნდური მუშაობა)

ამგვარად, პროექტი ქმნის ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა უნარის გამოყენებით სწავლობენ და ქმნიან ცოდნას.

ტექსტის კითხვა და განხილვა – პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ნინო ბეზარაშვილის მოთხრობა „თოჯინა“. ტექსტის განხილვის დროს იმსჯელეს:

  • მოთხრობის შინაარსზე
  • პერსონაჟებზე
  • თოჯინის სიმბოლურ მნიშვნელობაზე

ფანტაზიით შექმნილი თოჯინები – შემდეგ მოსწავლეებმა საკუთარი წარმოდგენით დაამზადეს თოჯინები სხვადასხვა მასალის გამოყენებით. ეს აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარებას.

მუზეუმის საგანმანათლებლო ვიზიტი – პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მუზეუმში ვიზიტი, სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს თოჯინების წარმოშობისა და განვითარების ისტორია. მათ გაიგეს, რომ თოჯინა სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებდა.

ტექსტის მიხედვით შექმნილი თოჯინები – მუზეუმიდან დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებმა კვლავ დაამზადეს თოჯინები — ამჯერად უკვე მოთხრობაში მოცემული აღწერის საფუძველზე.

„ცოდნის ხის“ შექმნა – მუზეუმში მიღებული ცოდნის გააზრების მიზნით მოსწავლეებმა ბარათებზე დაწერეს:

  • ახალი ინფორმაცია თოჯინების შესახებ
  • საინტერესო ფაქტები, რომლებიც მუზეუმში გაიგეს

ბარათები განათავსეს სიმბოლურ „ცოდნის ხეზე“, რომელიც პროექტის ვიზუალურ შედეგს წარმოადგენდა.

ნამუშევრების გამოფენა – პროექტის დასასრულს მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო:

  • ხელნაკეთი თოჯინები
  • მოსწავლეთა ჩანაწერები
  • პროექტის პროცესში შექმნილი მასალები

პროექტი განხორციელდა ეტაპობრივი მოდელის მიხედვით, რომელიც აერთიანებს ლიტერატურულ, კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებს.

ეტაპი აქტივობა მიზანი
1 მოთხრობის „თოჯინა“ წაკითხვა და განხილვა ტექსტის გააზრება და ძირითადი იდეის აღმოჩენა
2 დისკუსია პერსონაჟებსა და სიმბოლოებზე კრიტიკული აზროვნების განვითარება
3 ფანტაზიით შექმნილი თოჯინები შემოქმედებითი უნარების განვითარება
4 მუზეუმის საგანმანათლებლო ვიზიტი კულტურული ცოდნის გაფართოება
5 ტექსტის მიხედვით ხელნაკეთი თოჯინების შექმნა ტექსტის ვიზუალური ინტერპრეტაცია
6 „ცოდნის ხის“ შექმნა მიღებული ცოდნის რეფლექსია
7 ნამუშევრების გამოფენა პრეზენტაციისა და თვითგამოხატვის უნარის განვითარება

აერთიანებს კვლევას, შემოქმედებას, თანამშრომლობასა და რეფლექსიას, რაც პროექტულ სწავლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიდგომაა.

შედეგები – პროექტის განხორციელებამ აჩვენა, რომ მოსწავლეები განსაკუთრებით აქტიურად ერთვებიან სწავლაში მაშინ, როდესაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან, გამოიკვლიონ და წარმოაჩინონ საკუთარი იდეები.

პროექტის შედეგად მოსწავლეებმა:

  • უკეთ გაიაზრეს ლიტერატურული ტექსტი
  • განივითარეს შემოქმედებითი უნარები
  • გაიღრმავეს ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
  • ისწავლეს საკუთარი აზრის გამოხატვა და პრეზენტაცია

შეჯამება – ლიტერატურის სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი სცდება მხოლოდ ტექსტის წაკითხვას და გარდაიქმნება შემოქმედებით და გამოცდილებაზე დაფუძნებულ პროცესად.

თოჯინების შექმნა, მუზეუმის ვიზიტი და „ცოდნის ხის“ კონცეფცია მოსწავლეებს დაეხმარა, რომ მოთხრობის შინაარსი არა მხოლოდ გაეაზრებინათ, არამედ საკუთარი გამოცდილების ნაწილად ექციათ. ასეთი პროექტები ხელს უწყობს იმას, რომ სწავლა იქცეს შემოქმედებით აღმოჩენად, სადაც ტექსტი, ისტორია და ბავშვური ფანტაზია ერთიანდება.

თვითშეფასების  ფორმა

 პროექტი ——————————————–

მოსწავლის სახელი და გვარი ———————

პროექტის ეტაპი 1. ვეცადე 2. კარგად გამომივიდა 3. შესანიშნავად შევასრულე!
ტექსტის გააზრება
მუზეუმში ვიზიტი
თოჯინის დიზაინი (ფანტაზია)
ხელნაკეთი თოჯინა (ტექსტის მიხედვით)
„ცოდნის ხის“ შექმნა
პრეზენტაცია და გამოფენა

 

გამოყენებული ლიტერატურა (APA 7)

Berk, L. E. (2013). Child development (9th ed.). Pearson Education.

Gardner, H. (2011). Frames of mind: The theory of multiple intelligences (3rd ed.). Basic Books.

Kolb, D. A. (1984). Experiential learning: Experience as the source of learning and development. Prentice Hall.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2018). ეროვნული სასწავლო გეგმა.
https://mes.gov.ge

Vygotsky, L. S. (1978). Mind in society: The development of higher psychological processes. Harvard University Press.

Egan, K. (2005). An imaginative approach to teaching. Jossey-Bass.

 

ოცნების ფრთები, ანუ „უცხო ჩიტი“ ჩვენი სკოლის დერეფანში

0

შეიძლება ერთი ნამდვილად ჩვეულებრივი კარის შეღება უჩვეულო ამბის დასაწყისი აღმოჩნდეს. საინტერესო ისტორიის ნაწილი კი შემთხვევით ნამდვილად ვერ გახდები. მჯერა, რომ არც ჩემი და ჩემი მოსწავლეების შეხვედრა ყოფილა უბრალო დამთხვევა.

ერთხელ მოსწავლემ დაუჯერებელი რამ მითხრა: მასწავლებელო, წარმოიდგინეთ, გავიზარდე და ჩემს შვილიშვილებს ჩვენს პროექტებზე ვუყვები. ალბათ მათ ძალიან გაუკვირდებათ პაპამისმა მოსწავლეობის დროს, ანა ფრანკის მუზეუმის შექმნაში რომ მონაწილეობა მიიღოო.

ამ დროს მე და გიომ ჯერ არ ვიცოდით, რომ შვილიშვილებისთვის კიდევ ბევრი ისტორიის მოყოლა მოუწევდა.

საკლასო ოთახის კარი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად შევაღე. კლასში ყველა მოსწავლე უკვე შემოსულიყო და გაკვეთილის დაწყებას ელოდებოდა. მათ ვთხოვე, წიგნები დაეხურათ და ერთად გვესაუბრა მომდევნო სასწავლო პროექტის იდეაზე. დაახლოებით უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი პროექტი ტოტალიტარულ რეჟიმს უნდა შეხებოდა. ასოციაციებით რეზო გაბრიაძის „უცხო ჩიტი“ და ამავე ნაწარმოების მიხედვით ელდარ შენგელაიას გადაღებული ფილმი – „შერეკილები“ გამახსენდა. დავინტერესდი, ჩემს მოსწავლეებს ჰქონდათ თუ არა ნანახი ის. საოცრად გამიხარდა, როცა ილიამ ფილმში გამოყენებული ჯანსუღ კახიძისა და გია ყანჩელის მელოდიები გაიხსენა. პეტრემ წამოიძახა:

  • მას, თუ „შერეკილებს“ ავირჩევთ, მფრინავი აპარატის შექმნაც მოგვიწევს, ჰო?.
  • მერე რა პრობლემაა? შენ არ იცი, შარშან ანა ფრანკის მუზეუმიც კი შევქმენით. თუ ძალიან მოვინდომებთ, მაგასაც ვიზამთ! – თქვა ანასტასიამ.

მოკლედ, გადავწყვიტეთ, „შერეკილებზე“ პროექტი გაგვეკეთებინა და გეგმის დასახვას შევუდექით. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო, გავცნობოდით ისტორიულ ფაქტებს, დეტალურად წაგვეკითხა რეზო გაბრიაძის სცენარი და ერთად, სულ სხვა თვალით გვენახა „შერეკილები“. ფილმის ყურების შემდეგ, ბავშვებმა საკუთარი აზრები დააფიქსირეს. მათ უკვე კარგად იცოდნენ, რომ ერთაოზ ბრეგვაძისა და ქრისტეფორე მგალობლიშვილის ქვევრში შეხვედრაც არ იყო უბრალოდ დამთხვევა. რომ სწორედ იქ და სხვაგან არსად უნდა დასახულიყო ცადმფრენის აგების გეგმა და ამას შეყვარებული და თავისუფლებაზე მეოცნებე ადამიანების გარდა, სხვა ვერავინ შეძლებდა. ბავშვებმა ნაწარმოებისა და ფილმის მეტაფორული ხასიათიც კარგად გაიგეს. შემდეგ იყო საინტერესო წერით აქტივობებზე მუშაობა, რამაც მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში დიდი დახმარება გაუწია. ისინი ისე დაინტერესდნენ ამ თემატიკით, რომ წინასწარ განსაზღვრული აქტივობები დაგეგმილზე ადრე შეასრულეს. პროექტის ფარგლებში, ლიტერატურული პარალელებისთვის, დამატებითი მასალის გაცნობის შესაძლებლობაც მოგვეცა. წავიკითხეთ გოდერძი ჩოხელის ,,თევზის წერილები“ და ჭაბუა ამირეჯიბის ,,მოსე ზამთარაძის ნაამბობი“. ტექსტების გააზრების შემდეგ ტოტალიტარულ რეჟიმზე ანალიტიკური ესეიც კი დავწერეთ.

დადგა, ალბათ, ყველაზე საინტერესო მომენტი. ერთად უნდა აგვეგო ცადმფრენი. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, სკოლის ადმინისტრაციამ იზრუნა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თითოეულ რესურსზე და ახლა ყველაფერი ჩვენს მარჯვე ხელებსა და ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული.

ბავშვებმა ფუნქციები დამოუკიდებლად გადაინაწილეს და ჯგუფურად შექმნეს ცადმფრენის აგებისთვის საჭირო თითოეული დეტალი. დასახული გეგმა განხორციელდა. ჩვენ უკვე გვქონდა პირადი საფრენი აპარატი. „მას, ძრავა რომ გავაკეთო და ცადმფრენმა, რომ იფრინოს ჰო, მაგარი იქნებოდა?“ – მითხრა ილიამ. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მეორე დღეს ჩვენ მიერ აგებული მფრინავი აპარატის პროპელერი დატრიალდა და ცადმფრენმა ტაატით დაიწყო ჰაერში ლივლივი. ყველაფერი დაუჯერებელ ამბავს ჰგავდა.

ვინმეს, რომ ჩემთვის ეთქვა, ოდესმე ერთაოზ ბრეგვაძეს, დათო ჟღენტს, დაურეკავ და სკოლაში პროექტის პრეზენტაციაზე მოიწვევო, ბევრს ვიცინებდი და არაფრით დავიჯერებდი. ნომერიც გავიგე, დავრეკე კიდეც, თუმცა, სამწუხაროდ, მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ჩვენი პროექტის პრეზენტაციას მოსწავლეთა მშობლები და ჩვენი დღის სპეციალური სტუმარი, კინომცოდნე და ჟურნალისტი, ზაკ მირიანაშვილი ესწრებოდა. ჩვენმა სტუმრებმა ბავშვების მიერ გამოგონილ თამაშში „კინომანშიც“ მიიღეს მონაწილეობა. მათ წაიკითხეს ფრაზები და გამოიცნეს, თითოეული მათგანი რომელი პერსონაჟის მიერ იყო თქმული. საჩუქრად კი „აბი გლუკოზა“ მიიღეს, რომელზეც მამოტივირებელი ფრაზები ეწერა.

ჩვენმა პატარა ამბავმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში პროექტებზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ალტერნატიულ მეთოდად. იგი წარმოადგენს სწავლების სტრატეგიულ ინსტრუმენტს და მოსწავლეებს ამზადებს ჩვენი საუკუნის საგანმანათლებლო და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

 

პროექტის აღწერა:

 

თემა: „შერეკილები“ , ანუ ტოტალიტარული რეჟიმი კინოსა და ლიტერატურაში

პროექტის მიზნები:

  • მოსწავლეებში ისტორიული ცნობიერების განვითარება;
  • ტექსტისა და ფილმის კრიტიკული ანალიზი;
  • ლიტერატურულ და კინემატოგრაფიულ პარალელებზე მუშაობა;
  • თავისუფლების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულების გააზრება;
  • შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება;
  • თანამედროვე რეალობასთან კავშირის დამყარება.

საკვლევი კითხვები:

  • როგორ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში იქმნება ტექსტი?
  • რა ნიშნებით ხასიათდება საბჭოთა რეჟიმი საქართველოში?
  • როგორ აისახება ისტორიული რეალობა ხელოვნებაში მეტაფორულად?
  • რატომ მიმართავენ მწერლები და რეჟისორები ალეგორიასა და სიმბოლოს?
  • რას ნიშნავს „მწერლობის მოთვინიერება“ საბჭოთა ეპოქაში?
  • რა საფრთხეებს შეიცავდა თავისუფალი აზრის ღიად გამოხატვა?
  • რატომ ჰქვია ფილმს „შერეკილები“ და ვის უწოდებს სისტემა შერეკილს?
  • რა სიმბოლური დანიშნულება აქვს პერსონაჟების გაფრენის სურვილს?
  • როგორ წარმოჩინდება ტექსტში თავისუფალი ადამიანი?
  • რა როლი აქვს იუმორს ტექსტსა და ფილმში?
  • როგორ უკავშირდება რეზო გაბრიაძის „შერეკილები“ ჭაბუა ამირეჯიბისა და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებს?
  • როგორ შეიძლება დავიცვათ თავისუფალი აზრი დღეს?

 

პროექტის განხორციელების ეტაპები:

  1. შესავალი — ეპოქა და ქვეტექსტი

 

  • მოსწავლეებისთვის პროექტის მიზნის გაცნობა;
  • საბჭოთა ეპოქის მოკლე დახასიათება;
  • 1921 წლის მოვლენები და საქართველოს გასაბჭოება;
  • ტოტალიტარული რეჟიმის ძირითადი ნიშნები;
  • მწერლისა და ხელოვანის მდგომარეობა საბჭოთა სივრცეში;
  • „მწერლობის მოთვინიერების“ იდეის მიმოხილვა;
  • ისტორიული წყაროების გამოყენება კონტექსტის შესაქმნელად.
  1. ძირითადი ნაწილი:1. ხელოვნება, როგორც რეალობის ანარეკლი:

 

  • რატომ მიმართავს ხელოვნება ალეგორიას?
  • სიმბოლოსა და ქვეტექსტის როლი;
  • ხელოვნება, როგორც „ჩუმი“ წინააღმდეგობა.

 

  1. „შერეკილები“ — ტექსტი და ფილმი:
  • ფილმის შექმნის დრო და გარემო;
  • სცენარისა და რეჟისურის თავისებურებები;
  • მთავარი პერსონაჟების მოკლე დახასიათება;
  • სათაურის მნიშვნელობა;
  • ძირითადი სიმბოლოები (გაფრენა, სიყვარული, სხვანაირობა);
  • ფილმის მთავარი სათქმელი.
  1. ლიტერატურული პარალელები:
  • ქრისტეფორე და თავისუფალი ადამიანის სახე;
  • „შერეკილები“ და „მოსე ზამთარაძის ნაამბობი“;
  • „თევზის წერილები“, როგორც თავისუფალი სიტყვის მეტაფორა.

 

III. დასკვნა – პროექტის პრეზენტაცია

  • მთავარი გზავნილის შეჯამება;
  • კითხვა აუდიტორიისთვის: „ვინ არის შერეკილი?“
  • თამაში ან დიალოგი მშობლებთან.

 

პროექტის საბოლოო პროდუქტი/პროდუქტები:

ერთობლივი გამოფენა – „ტოტალიტარული რეჟიმი კინოსა და ლიტერატურაში“, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების ნამუშევრები: ვიდეომასალა; საფრენი აპარატის მაკეტი; სიმბოლური ფრთების კედელი – „ოცნების ფრთებით“ (რომელზეც მოსწავლეები საკუთარ ოცნებებს განათავსებენ).

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო ფურცლები: პერსონაჟის ანკეტა; ინტერვიუ მწერალთან; ჩემი თვალით დანახული პერსონაჟები; ანალიტიკური ესეი ტოტალიტარულ რეჟიმზე დამუშავებული ლიტერატურულ მასალის დამოწმებით.

ინტერაქციული თამაში „კინომანი“ – მოსწავლეების მიერ შექმნილი თამაში მშობლებისთვის.

 

 

eTwinning – განათლება საკლასო ოთახის მიღმა

0
Character illustration of diverse people and the world

21-ე საუკუნეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება არაფორმალური განათლების მნიშვნელობის გააზრება და პრაქტიკაში მისი დანერგვა. განათლების ეს ფორმა მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს საინტერესო თემებს, გამოიკვლიოს სასურველი საკითხი მეგობრებთან ერთად, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმოს და განახორციელოს მრავალი სახალისო აქტივობა. არაფორმალური განათლების სწავლებისას მოსწავლე თავისუფალია. სასწავლო პროცესი მასზეა ორიენტირებული. მოსწავლე სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, უყალიბდება კრიტიკული, არგუმენტრებული მსჯელობის, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები.

არაფორმალური განათლების ერთ-ერთი საინტერესო ფორმაა ითვინინგი (eTwinning) – სკოლებისთვის განკუთვნილი ინტერნეტპლატფორმა, სადაც სკოლებს თანამშრომლობა შეუძლიათ. ითვინინგი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მთელი ევროპის მასშტაბით სთავაზობს უსაფრთხო და უფასო სივრცეს, რათა ერთად იმუშაონ პროექტებზე, იმსჯელონ ონლაინჯგუფებში, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და განივითარონ პროფესიული უნარები.

მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, ამ პლატფორმის მეშვეობით აქტიურად ჩავერთე საერთაშორისო პროექტებში. განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა „I Live My Culture, I am Acculturating“. ამ პროექტზე სხვადასხვა ქვეყნიდან 18 მასწავლებელი და 160 მოსწავლე ვმუშაობდით. ის მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობას, მატერიალური და სულიერი კულტურის ელემენტების შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების საშუალებით.

პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა განვახორციელეთ:

  • პროექტის ლოგო, პოსტერის მომზადება;
  • სკოლის, მასწავლებლების, მოსწავლეების წარდგენა;
  • დავალებების გადანაწილება;
  • მასწავლებლებისა და მოსწავლეების ონლაინშეხვედრები Zoom-ის პალტფორმაზე;
  • დებატების გამართვა, მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა;
  • გაცნობა ტრადიციებისა, რომლებიც თაობისგან თაობას გადაეცემა, ვიდეორგოლების მომზადება;
  • ხალხური მუსიკის, ცეკვის, ნაციონალური სამოსის გაცნობა;
  • მშობლების, სასკოლო თემის ჩართვა პროექტში;
  • დაიწერა ერთი საერთო ისტორია – Story Book;
  • შევქმენით საერთო აკროსტიქი.

მთელმა ამ პროცესმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი და პასუხისმგებლობის განცდა გამოიწვია.

 

აქტივობა მოკლე აღწერა განვითარებული უნარები
1 პროექტის ლოგოსა და პოსტერის მომზადება მონაწილეებმა მოიფიქრეს პროექტის ვიზუალური იდენტობა შემოქმედებითი აზროვნება, ვიზუალური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა
2 სკოლის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების წარდგენა მონაწილეთა ოფიციალური პრეზენტაცია პარტნიორი მხარისთვის პრეზენტაციის უნარი, კომუნიკაცია, თვითწარდგენა
3 დავალებების გადანაწილება პროექტის სამუშაოების როლების მიხედვით განაწილება პასუხისმგებლობა, ორგანიზება, თანამშრომლობა
4 ონლაინშეხვედრები (Zoom) მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ონლაინშეხვედრები ციფრული კომპეტენცია, ინტერკულტურული კომუნიკაცია
5 დებატები და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა თემატური საკითხების განხილვა და არგუმენტირებული მსჯელობა კრიტიკული აზროვნება, არგუმენტაცია, მოსმენის კულტურა
6 ტრადიციების გაცნობა და ვიდეორგოლების მომზადება თაობიდან თაობას გადაცემული ტრადიციების კვლევა და ვიზუალური პრეზენტაცია კვლევითი უნარები, მედიაწიგნიერება, კულტურული ცნობიერება
7 ხალხური მუსიკა, ცეკვა, სამოსი ეროვნული კულტურის ელემენტების გაცნობა კულტურული იდენტობა, ესთეტიკური აღქმა
8 მშობლებისა და სასკოლო თემის ჩართვა პროექტში საზოგადოების აქტიური მონაწილეობა სამოქალაქო ჩართულობა, პარტნიორობა
9 საერთო ისტორიის შექმნა (Story Book) მონაწილეებმა ერთობლივად დაწერეს ერთი ისტორია წერითი უნარები, კოლაბორაცია, კრეატიულობა
10 საერთო აკროსტიქის შექმნა თემატური სიტყვისგან ლექსის ერთობლივი შექმნა ენობრივი უნარები, შემოქმედებითი აზროვნება

 

ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნეს როგორც საკუთარი, ისე უცხო კულტურის მიმართ, გაიაზრეს ტოლერანტული დამოკიდებულების მნიშვნელობა მშვიდობიან გარემოში თანაარსებობისთვის, შეძლეს ამა თუ იმ საკითხსა თუ პრობლემასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოქმედებითად გამოყენება. ერთობლივმა პროექტმა აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია. შედგა კულტურული დიალოგი. დავაგროვეთ დიდი გამოცდილება, რომელიც გამოგვადგება მომავალშიც მსგავს პროექტებზე მუშაობისას.

პროექტისთვის მივიღეთ ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშნები, სერტიფიკატები. ჩვენი პროექტი ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დასახელდა თურქეთში, eTwinning-ის ეროვნულ კონფერენციაზე.

eTwinning-ის ხელშეწყობით დიდი გამოცდილება შევიძინე ვებ-ისტრუმენტების გამოყენებაში, მივიღე სიახლეებზე წვდომა, შევძელი სასწავლო პროცესის უფრო მეტად გახალისება. სასურველ შედეგამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ მჯერა – შრომით და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გამოვა.

ბიოლოგიის სწავლების ინოვაციური პრაქტიკა

0

თანამედროვე განათლების სივრცეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სასწავლო მიდგომების გამოყენებას, რომლებიც მოსწავლეებს რთული კონცეფციების გააზრებას უმარტივებს – პრაქტიკული გამოცდილებით. დნმ-ის სტრუქტურა ერთ-ერთი იმ თემათაგანია, რომელიც აბსტრაქტულობის გამო ხშირად რთულად აღსაქმელია. სწორედ ამიტომ, მისი ვიზუალიზაცია და მოდელირება წარმოადგენს ეფექტიან გზას საკითხის სიღრმისეულად გაგება-გააზრებაში.

ბიოლოგიის სწავლების პროცესში მოსწავლეებს ხშირად უჭირთ  უჯრედში მიმდინარე პროცესების აღქმა, რადგან ისინი უშუალოდ ვერ ხედავენ ამას. პრაქტიკული სამუშაოები, განსაკუთრებით STEM ინტეგრირებული აქტივობები, ხელს უწყობს აბსტრაქტული ცოდნის კონკრეტულ გამოცდილებად გარდაქმნას. ბიოლოგიის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ინტეგრაცია არა მხოლოდ შინაარსის უკეთ გააზრებას უზრუნველყოფს, არამედ ავითარებს 21-ე საუკუნის უნარებს – კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრასა და შემოქმედებითობას.

დნმ-ის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნის მიზნები იყო:

  • დნმ-ის სტრუქტურის ვიზუალიზაცია და უკეთ აღქმა;
  • რთული მოლეკულური აგებულების გამარტივებული წარმოდგენა;
  • ტექნოლოგიური უნარების განვითარება;
  • STEM მიდგომის პრაქტიკაში განხორციელება;
  • სწავლების პროცესში მოტივაციის გაზრდა.

გამოყენებული მეთოდები

  1. Arduino-ზე დაფუძნებული ინტერაქტიური მოდელი (X  კლასი)

მოსწავლეებმა პლასტელინისა და ხის ჩხირების გამოყენებით შექმნეს დნმ-ის ორმაგი სპირალის მოდელი. აღნიშნული მოდელი ინტეგრირებული იყო Arduino პლატფორმასთან და სინათლის სენსორთან.

სენსორის მეშვეობით გარემოში განათების ცვლილება იწვევდა მოდელის რეაგირებას:

  • ირთვებოდა სიგნალი;
  • მოდელი ბრუნდებოდა დაახლოებით 180 გრადუსით.

ამ აქტივობამ გააერთიანა ბიოლოგიis ცოდნა (დნმ-ის სტრუქტურა) და ტექნოლოგიური კომპეტენციები (სენსორების გამოყენება, პროგრამირება).

  1. მოძრავი მოდელი (X  კლასი)

მოსწავლეებმა შექმნეს დნმ-ის სამგანზომილებიანი მოდელი, რომელიც დამაგრებული იყო DC ძრავაზე.

მოდელის ფუნქციონირება მოიცავდა:

  • კვების ბლოკთან დაკავშირებას;
  • ჩამრთველი ღილაკის გამოყენებით აქტივაციას;
  • მოდელის უწყვეტ, ნელ ბრუნვას 360 გრადუსით.

ეს აქტივობა დაეხმარა მოსწავლეებს დნმ-ის სივრცული სტრუქტურის უკეთ აღქმაში და მექანიკური მოძრაობის პრინციპების გააზრებაში.

განხორციელებული აქტივობების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები:

  • მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც ბიოლოგიურ, ისე ტექნოლოგიურ პროცესებში;
  • გაიზარდა ინტერესი შესასწავლი თემის მიმართ;
  • გაუმჯობესდა დნმ-ის სტრუქტურის გაგება;
  • განვითარდა ტექნოლოგიური, საინჟინრო და შემოქმედებითი უნარები;
  • მოსწავლეებმა შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა.

STEM ინტეგრაციით განხორციელებული სწავლება წარმოადგენს ტრანსფორმაციული განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითს. მოსწავლე ამ პროცესში აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმღები – იგი ხდება შემქმნელი, მკვლევარი და ინოვატორი.

დნმ-ის მოდელირების პროცესში მოსწავლეებმა არა მხოლოდ დაიმახსოვრეს სტრუქტურა, არამედ გააზრეს მისი სივრცული ორგანიზაცია, ფუნქციური მნიშვნელობა და ტექნოლოგიური მოდელირების შესაძლებლობები.

დნმ-ის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა STEM მიდგომით წარმოადგენს ეფექტიან საგანმანათლებლო პრაქტიკას, რომელიც აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს რთული ბიოლოგიური საკითხების გააზრებას, ზრდის მოტივაციას და ავითარებს მრავალმხრივ უნარებს.

ამგვარი ინოვაციური მიდგომები ქმნის საფუძველს ისეთი სასწავლო გარემოსთვის, სადაც მოსწავლე აქტიური შემოქმედია და სწავლა ხდება გამოცდილებაზე დაფუძნებული, საინტერესო და ღირებული.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა
  2. Bybee, R. W. (2013). The case for STEM education: Challenges and opportunities. NSTA Press.
  3. Honey, M., Pearson, G., & Schweingruber, H. (2014). STEM integration in K-12 education. National Academies Press.
  4. Lederman, N. G., & Lederman, J. S. (2014). STEM education: A review of the literature. Journal of Science Education.
  5. OECD. (2019). Future of Education and Skills 2030. OECD Publishing.
  6. Sanders, M. (2009). STEM, STEM education, STEMmania. The Technology Teacher, 68(4), 20–26.

 

საგანმანათლებლო აქტივობა პირველკლასელებისთვის

0

„მათემატიკა უძველესი მეცნიერებაა რიცხვების შესახებ. ის არაბეთში იღებს სათავეს. მათემატიკა არ არის მხოლოდ რიცხვები, მაგალითები და არითმეტიკული მოქმედებები – ის ლოგიკური აზროვნებაა. მათემატიკას თავისი ენა აქვს და მისი წაკითხვა ციფრებით შეიძლება“.

 

მათემატიკის შესწავლა პირველ კლასში იწყება. სასურველია, სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო, სახალისო და თამაშის ელემენტებით გაფორმებული იყოს.

პედაგოგიურ პრაქტიკაში ხშირი პრობლემაა ის, რომ ბავშვებს ციფრი და რიცხვი ერთმანეთში ერევათ. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, დამეწერა სცენარი ზღაპრის ელემენტებით, სადაც მოსწავლეები მოირგებდნენ ციფრების როლს.

 

რა განსხვავება ციფრსა და რიცხვს შორის?

„ციფრი არის რაოდენობის შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო რიცხვირაოდენობის შესაბამისი სახელწოდება. მათემატიკაში სულ 10 ციფრია: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, – ხოლო რიცხვიუამრავი. ციფრებით შეგვიძლია ჩავწეროთ ნებისმიერი რიცხვი“.

 

ქვემოთ მოყვანილი სცენარი წარმოადგენს ეფექტურ საგანმანათლებლო რესურსს, რომელიც სწავლებასა და გართობას აერთიანებს. მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ ციფრების ფორმებსა და მნიშვნელობებს, არამედ მათ გამოყენებასაც ორნიშნა რიცხვების ჩასაწერად.

ეს სასწავლო აქტივობა შექმნილია პირველკლასელებისთვის ციფრების შესწავლის გასაადვილებლად. ეს სახალისო და ინტერაქციული მეთოდი ბავშვებს ციფრების გაცნობასა და მათი მნიშვნელობის გაგებაში ეხმარება.

 

სცენარი: ციფრების ქვეყანა

მოკლე მონახაზი

იყო და არა იყო რა, იყვნენ პატარა პირველკლასელები, რომლებმაც მათემატიკის შესწავლა დაიწყეს. ისინი ციფრების ქვეყანაში აღმოჩნდნენ.

ამ ქვეყანაში მხოლოდ ციფრები ცხოვრობდნენ. მეორენაირად მათ ერთნიშნა რიცხვებიც ერქვათ. ამ ქვეყანაში ერთი საინტერესო ქუჩა იყო. იქ სახლები ზრდადობით ჩამწკრივებულიყო: ყოველი მომდევნო – წინაზე დიდი და მშვენიერი. მხოლოდ ნულს არ ჰქონდა სახლი.

ერთხელ ციფრთა ქვეყანაში, ერთნიშნების ქუჩაზე, დიდი აურზაური ატყდა. ახირებულმა უსახლკარო ნულმა თავისი ადგილი დატოვა და მეზობლების გაცნობა მოინდომა.

ნულმა დაიწყო მოგზაურობა ციფრების ქვეყანაში. პირველად ერთიანს შეხვდა, რომელიც ამაყად იდგა სწორ ხაზზე…

 

სცენარი ასახავს ნულის საინტერესო და მხიარულ მოგზაურობას ციფრთა ქვეყანაში . მოგზაურობას ბედნიერი დასასრული აქვს:

0: – ასე არ ჯობია? ვიმეგობროთ და უფრო ძლიერები ვიქნებით.

ასე ბედნიერად დასრულდა ნულის მოგზაურობა ციფრების ქვეყანაში. ამ ამბის შემდეგ ერთნიშნების ქუჩაზე სიმშვიდემ დაისადგურა. ყველა მიხვდა, რომ ნული მეტად საჭირო ციფრია და დღემდე მეგობრობენ მასთან.

ნული იქ და ნული აქა,

ჭირი იქ და ლხინი აქა.

 

აქტივობები სცენარის გამოყენებით:

  1. ბავშვები ჰყვებიან ამბავს
  2. როლური თამაში: მოსწავლეები განასახიერებენ ციფრებს და ახასიათებენ მათ.
  3. ორნიშნა რიცხვების შედგენის პრაქტიკა

მოსწავლეებს ეცვათ ფორმები, გვქონდა „ციფრების სახლების“ დეკორაციები, ჰელიუმის ბუშტები ციფრების გამოსახულებით და აქტივობები „ჭკვიანი დაფის“ გამოყენებით.

მოსალოდნელი შედეგები:

  • ციფრების ვიზუალური აღქმის გაუმჯობესება
  • რიცხვების მნიშვნელობის გაგება
  • ორნიშნა რიცხვების კონცეფციის ათვისება
  • მათემატიკის მიმართ ინტერესის გაზრდა

სცენარი ზღაპრის ელემენტებით „ციფრების ქვეყანა“ წარმოადგენს ეფექტურ საგანმანათლებლო აქტივობას, რომელიც აერთიანებს მათემატიკის სწავლების ინტერაქციულ და თამაშზე დაფუძნებულ ფორმებს. სცენარის გამოყენებით მოსწავლეები მხოლოდ მექანიკურად კი არ სწავლობენ ციფრებს, არამედ გაიაზრებენ თითოეული რიცხვის მნიშვნელობას. როლური თამაშები და ამბების თხრობა მათ ეხმარება როგორც მათემატიკური უნარების, ისე შემოქმედებითი და კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მიდგომა ხელს უწყობს ორნიშნა რიცხვების კონცეფციის ბუნებრივ ათვისებას და მათემატიკის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1) https://ka.wikipedia.org/ ; www.kargiskola.ge

2) ეროვნული სასწავლო გეგმა

3) ნათია აბულაძე – ლექსები ციფრებზე

მუსიკალური განათლების სარგებელი და მისი გავლენა მოსწავლის განვითარებაზე

0

„არქეოლოგიაში ვმუშაობდი. [ამან] ძალიან ბევრი რამ მომცა – სამშობლოს შეცნობისთვის არქეოლოგია უებარი საშუალებაა. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და მუსიკაც ძალიან მეხმარება. ეს ორი დარგი, მუსიკა და არქეოლოგია, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩემთვის ძალიან დიდი საყრდენი იყო და ახლაც არის. მიწერია კიდევაც ამაზე და ხშირად ვამბობ – ხელოვნების მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი… მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა, ნახატის ნახვა თუ მუსიკის მოსმენა – ყველაფერ ამის შემდეგ ადამიანი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო…“

გურამ დოჩანაშვილი

 

მუსიკალურ განათლებას უზარმაზარი, ფასდაუდებელი სარგებლობა მოაქვს სასკოლო ცხოვრებისთვის. მუსიკა დადებითად მოქმედებს ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას და სახავს შემოქმედებითი თვითგამოხატვის გზებს. მუსიკალურ განათლებას სწავლა-სწავლების პროცესი ახალ სიმაღლეზე აჰყავს, ამიტომ ის უნდა განიხილებოდეს როგორც მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესის ცენტრალური ნაწილი.

 

მუსიკალური განათლება და მისი გავლენა სწავლაზე

მუსიკალური განათლება ავითარებს ბავშვის ენობრივ უნარებს. მუსიკა ასტიმულირებს ტვინს, ხოლო მრავალფეროვანი ბგერებისა და ტექსტების მეშვეობით მოსწავლეები მოკლე დროში ითვისებენ დიდ ლექსიკურ მარაგს. მუსიკა ასევე გვაძლევს სხვა ენებთან ზიარების შესაძლებლობას, რაც ქმნის საფუძველს უცხო ენაზე კომუნიკაციისა და მისი გაგების უნარების სწორად ფორმირებისთვის.

მუსიკა საუკეთესო შესაძლებლობაა მეხსიერების გასავარჯიშებლად. გქონიათ შემთხვევა, როცა სიმღერას დიდი ხნის შემდეგ პირველად უსმენთ, ტექსტი კი მაინც გახსოვთ? მუსიკას შეუძლია, რიტმულ-მეტრული პატერნების დამახსოვრების გზით ხელი შეუწყოს ტექსტის სრულად გახსენებას. უცხოური სიმღერის სწავლების ერთ-ერთი სტრატეგიაა ტექსტის დალაგება რიტმულ-მეტრული ფაზების სირთულის მიხედვით. იმავე მეთოდის გამოყენება შეიძლება მელოდეკლამაციის, რიტმოდეკლამაციის ხერხების ჩართვით მშობლიურ და უცხოურ ენებზე დაწერილი ტექსტების დამახსოვრებისას.

საზოგადოდ, მუსიკის სწავლა აფართოებს მოსწავლეთა გონებრივ შესაძლებლობებს. მაგალითად, ღონისძიებაზე სიმღერის ტექსტთან ერთად მათ უნდა დაიმახსოვრონ მუსიკის ენის ყველა ასპექტი: რიტმი, ბგერის სიმაღლე, დინამიკა, ინტონაციური თხრობის მანერა… მოსწავლეებს შეუძლიათ, დამახსოვრების, დასწავლის ეს გზები შემდგომში აკადემიურ გარემოში გადაიტანონ და ნებისმიერი დისციპლინის სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენონ.

 

მუსიკალური განათლების სოციალური სარგებელი

გონებრივთან ერთად, მუსიკას სოციალური სარგებლობაც მოაქვს. მუსიკალური განათლება მოითხოვს გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლობას. ინსტრუმენტებზე ერთობლივი დაკვრისას მოსწავლეებს უვითარდებათ სმენის/მოსმენის/კოორდინაციის უნარი. მათ უნდა უსმინონ სხვებს, რათა უკეთ დაარეგულირონ ხმის სიმძლავრე თუ დინამიკა. გუნდური მუშაობა ასევე აუცილებელია მარტივი მუსიკალური დავალებების, რიტმული და მელოდიური ფორმულების შესრულებისას. ამ დროს მოსწავლეები სწრაფად სწავლობენ სხვისი აზრის დაფასებას და იდეების ეფექტურ გენერირებას დასახული მიზნის მისაღწევად.

გარდა თანამშრომლობისა, მუსიკალური განათლება ხელს უწყობს ხანგრძლივი მეგობრობის ჩამოყალიბებას. საკლასო აქტივობის თუ გუნდურად სიმღერის ან ინსტრუმენტული მუსიკის შესრულებისას ბავშვები ერთმანეთს მუსიკის სიყვარულით უკავშირდებიან. ისინი ერთად განიცდიან ამაღელვებელ მომენტებს, ეხმარებიან ერთმანეთს შესაძლებლობების განვითარებაში და ერთმანეთის საყრდენ ძალად იქცევიან. ეს განსაკუთრებული კავშირი ზრდის მოსწავლეების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

მუსიკის საგანი და, საზოგადოდ, მუსიკალური განათლება მოსწავლეებს აძლევს შანსს, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას, ეპოქებისა და პერიოდების ისტორიას, სტილებს, ჟანრებს, ეთნოგენეზისს. მოსწავლეები იგებენ, რა შინაარსის მატარებელია ამა თუ იმ ქვეყნის მუსიკა და სიმღერები. მათ შეუძლიათ, ეს ცოდნა გამოიყენონ, შეადარონ ერთმანეთს და პარალელი გაავლონ მშობლიური კულტურის ნიმუშებთან. ეს ავითარებს სხვა კულტურების გაგებისა და მიმღებლობის უნარს. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ განსხვავებულობა კარგია, რაც სხვების მიმართ მეტ პატივისცემას ბადებს. მულტიკულტურალიზმი ხომ უნარია, დაინახო და დააფასო სხვადასხვა ეთნოსის, რელიგიისა და ტრადიციის მქონე ადამიანების არსებობა შენ გვერდით, ნაცვლად მათი იგნორირებისა ან გაკიცხვისა. ამიტომ მუსიკის საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე, სამოქალაქო განათლების, მედიაწიგნიერებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების გვერდით, ინტეგრირებულ კურიკულუმში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

 

სხვა სიკეთეები

კოორდინაცია: მუსიკა აუმჯობესებს ხელისა და თვალის კოორდინაციას. მუსიკის მოყვარული ან მუსიკოსი უნდა იყოს მულტიტასკერი (მრავალფუნქციური) – მან ერთდროულად უნდა წაიკითხოს ნოტები, მოახდინოს მათი ინტერპრეტაცია და ფიზიკურად ააჟღეროს ინსტრუმენტი. საჯარო სკოლებში ეს უნარი ისევ გუნდურ მღერასა და გუნდურად შესასრულებელ სავარჯიშოებზე შეგვიძლია განვავრცოთ.

სამუშაო ეთიკა და დისციპლინა: მოსწავლეები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ მუსიკას, აცნობიერებენ, რომ წარმატებისთვის საჭიროა შრომისმოყვარეობა, მონდომება და პოზიტიური განწყობა, თუმცა ამ ყველაფერს თან უნდა სდევდეს მუდმივი პრაქტიკა და წვრთნა. ისინი ხვდებიან, რომ ოსტატობა, პროფესიონალიზმი იოლად არ მოდის და მოითხოვს საათობით მეცადინეობას. ეს თვისებები მათ მომავალშიც, პროფესიულ ცხოვრებაში, დიდ დახმარებას გაუწევს.

სტრესის მოხსნა: მუსიკა შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებაა, შემოქმედებითი თვითგამოხატვა კი სტრესის შემცირებას უწყობს ხელს. სასკოლო სტრესის ფონზე (ტესტები, ნიშნები, მოლოდინები) მუსიკა ბავშვებს აძლევს შანსს, ნაკლები შეზღუდვებით გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, გათავისუფლდნენ კომპლექსებისგან, მარტივად დააღწიონ თავი დაძაბულობას და კონფლიქტს.

 

სასკოლო კურიკულუმში მუსიკის სავალდებულო საგნად ჩაშენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარგებელი ის არის, რომ მუსიკაში წაშლილია ენობრივი დილემები. ის აერთიანებს ადამიანებს ეთნიკური წარმომავლობისა თუ სოციალური ფონის მიუხედავად. მუსიკაში ასევე არ არსებობს აკადემიური ბარიერები – მასში ყველა მოსწავლეს შეუძლია იყოს წარმატებული. ხშირად ბავშვები, რომლებსაც უჭირთ მათემატიკა, საოცარ შედეგებს აღწევენ მუსიკასა და ხელოვნებაში. ეს მათ თვითრწმენასა და თავდაჯერებას მატებს. ყველა ბავშვს სურს, რაღაცაში იყოს კარგი, რეალიზებული, მუსიკალური განათლება კი იდეალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მოსწავლემ დაისახოს მიზანი.

მუსიკის ჩართვა სავალდებულო სასწავლო გეგმაში გაცილებით დიდ მიზანს ემსახურება, ვიდრე უბრალოდ სიმღერების სწავლაა. როდესაც ვსაუბრობთ ჰოლისტიკურ განათლებაზე, ვგულისხმობთ ბავშვის, მოსწავლის როგორც პიროვნების, სრულფასოვან განვითარებას. რითია მნიშვნელოვანი ჰოლისტიკური მიდგომა?

თუ განათლება მხოლოდ აკადემიურ საგნებზე (მათემატიკა, ენა…) იქნება ფოკუსირებული, ჩვენ მივიღებთ ადამიანს, რომელსაც აქვს ინფორმაცია, მაგრამ არ აქვს შემოქმედებითი ხედვა. მუსიკა არის ხიდი ტვინის მარცხენა (ლოგიკურ) და მარჯვენა (შემოქმედებით) ჰემისფეროებს შორის.

დაბოლოს: „მუსიკა და რიტმი არის უმოკლესი გზა თვითაქტუალიზაციისკენ. განათლება მუსიკის გარეშე ვერ იქნება სრულყოფილი, რადგან სწორედ მუსიკა და ხელოვნება ასწავლის ადამიანს ყოფიერების სიხარულს“ (აბრაამ მასლოუ).

ცაცია მოსწავლის წერის უნარის განვითარება პირველ კლასში – პრაქტიკული გამოცდილება

0

სწავლის დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში, იწყება მოსწავლის წერის უნარის ფორმირება. ჩემი პედაგოგიური გამოცდილება მაჩვენებს, რომ ეს პროცესი ყველა ბავშვისთვის ერთნაირი არ არის. ყოველ მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური თავისებურებები, რომლებიც ხშირად განსხვავებულ პედაგოგიურ მიდგომას მოითხოვს.

განსაკუთრებით საინტერესო და გამოწვევებით სავსეა ცაცია მოსწავლეებთან მუშაობა. ხშირად ვხედავ, რომ ცაცია ბავშვებს მეტი დრო სჭირდებათ წერის ტექნიკის დასაუფლებლად. სასწავლო გარემო და წერითი ინსტრუმენტების გამოყენების წესები უმეტესად მარჯვენახელიანი მოსწავლეების შესაძლებლობებს არის მორგებული. ამის გამო ცაციებს შესაძლოა გაუჭირდეთ კალმის სწორად დაჭერა, ფურცელზე ხელის პოზიციის შერჩევა და წერის მოძრაობების კონტროლი. ამის შედეგია ასოების ფორმის არასტაბილურობა, წერის დაბალი ტემპი და სივრცითი განლაგების სირთულეები.

განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევები, როდესაც ცაცია მოსწავლეს დისგრაფიის ნიშნებიც აქვს. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია სწავლების ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ვიზუალურ, მოტორულ და კინესთეტიკურ გამოცდილებას აერთიანებს.

 

ჩემი დაკვირვებით, პირველ კლასში წერის სწავლა რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია. იგი მოითხოვს რამდენიმე უნარის:

  • წვრილი მოტორიკის;
  • თვალისა და ხელის კოორდინაციის;
  • სივრცითი აღქმის;
  • ვიზუალური მეხსიერების;
  • ენობრივი კომპეტენციის, –

ერთდროულ განვითარებას.

ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას ხშირად ვაწყდები შემდეგ სირთულეებს:

  • ასოების არასწორი მიმართულება;
  • წერის მოძრაობათა კონტროლის სირთულე;
  • კალმის არასწორი პოზიცია;
  • წერის დაბალი ტემპი.

როდესაც ამ სირთულეებს დისგრაფიის ნიშნებიც ემატება, მოსწავლეს უფრო მეტად უჭირს ასოების სტაბილური ფორმით გამოსახვა, სიტყვებს შორის ინტერვალის დაცვა და ტექსტის თანმიმდევრული წერა. ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია დროული პედაგოგიური მხარდაჭერა და მიზნობრივი სავარჯიშოების გამოყენება.

 

ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა: პირველ კლასში მყავდა ცაცია მოსწავლე, რომელსაც წერა განსაკუთრებით უჭირდა. მას უჭირდა ასოების გრაფიკული გამოსახვა და წერის ტემპითაც ჩამორჩებოდა თანაკლასელებს. მის დასახმარებლად გამოვიყენე მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი – ბადიან რვეულში წინასწარ ფანქრით ვუწერდი:

  • მარცვლებს;
  • სიტყვებს;
  • მარტივ წინადადებებს;
  • მცირე ტექსტებს.

მოსწავლე ჩემ მიერ დაწერილ ტექსტში თითოეულ ასოს მხოლოდ კალამს გადაატარებდა.

ამ მეთოდის გამოყენებისას რამდენიმე მიზანს ვესახავდი:

  • მოსწავლეს დამახსოვრებოდა წერის მოძრაობები;
  • გაეუმჯობესებინა ხელის მოტორული კოორდინაცია;
  • უკეთ აღექვა ასოების ფორმა.

გამოყენებული მეთოდი ეფუძნება მოდელირებისა და კინესთეტიკური სწავლების პრინციპებს. როდესაც მოსწავლე წინასწარ დაწერილ ასოს კალამს გადაატარებს, იგი ერთსა და იმავე დროს ხედავს ასოს ფორმას და იმეორებს მის მოძრაობას. ამ პროცესში თანდათან ყალიბდება მოტორული მეხსიერება, რაც ხელს უწყობს ასოების წერის ავტომატიზაციას.

ასევე უმჯობესდება თვალისა და ხელის კოორდინაცია, რადგან მოსწავლე ყურადღებით მიჰყვება ასოს კონტურს. ამგვარი განმეორებითი მოძრაობები ხელს უწყობს ასოს ფორმის უკეთ დამახსოვრებას.

ამ მეთოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეფექტია სწავლის შფოთვის შემცირება. როდესაც მოსწავლეს არ უწევს ასოს დამოუკიდებლად გამოსახვა და მხოლოდ არსებულ ფორმას მიჰყვება, ის უფრო თავდაჯერებულია და ნაკლებად ეშინია შეცდომის.

პროცესი ეტაპობრივად გადაიზარდა დამოუკიდებელ წერაში:
ჯერ – გადატარება, შემდეგ – ნაწილობრივი კოპირება და საბოლოოდ – დამოუკიდებელი წერა.

სისტემატური მუშაობის შედეგად დაახლოებით ორ თვეში მოსწავლემ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. წერის ხარისხი საგრძნობლად ამაღლდა, ხოლო დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ მისი ტემპი და სისუფთავე თითქმის გაუთანაბრდა თანაკლასელებისას. ჩემი დაკვირვებით, პრაქტიკულად აღმოიფხვრა დისგრაფიის ნიშნებიც.

 

კვლევები მიუთითებს, რომ წერის უნარის განვითარება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული მოტორული უნარების განვითარებასა და მრავალსენსორულ სწავლებასთან.

გრემი და ჰარისი (Graham & Harris, 2005) აღნიშნავენ, რომ წერითი უნარის სწავლება უფრო ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ მოდელს და შემდეგ მიბაძვით განახორციელონ შესაბამისი მოძრაობები.

ბერნინგერი (Berninger, 2012) თავის კვლევებში ხაზს უსვამს, რომ წერის უნარის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ვიზუალურ-მოტორულ კოორდინაციასთან. მისი დაკვირვებით, წერითი მოქმედების ხშირი პრაქტიკა ხელს უწყობს ასოების ფორმის ავტომატიზაციას.

ფედერი და მაინემერი (Feder & Majnemer, 2007) დისგრაფიის შესახებ ჩატარებულ კვლევებში აღნიშნავენ, რომ ეფექტურია ისეთი აქტივობები, რომლებიც აერთიანებს მოძრაობას, ვიზუალურ აღქმასა და წერით პრაქტიკას.

შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკაში გამოყენებული მეთოდი, წინასწარ დაწერილ ტექსტზე კალმის გადატარება, სწორედ იმ მიდგომებს ეფუძნება, რომლებსაც თანამედროვე პედაგოგიური კვლევები ეფექტურად მიიჩნევს.

 

ჩემი გამოცდილებით, ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია:

  • ფურცლის ოდნავ დახრით განთავსება;
  • კალმის სწორად დაჭერის სწავლება;
  • ბადიანი რვეულის გამოყენება;
  • ასოებზე კალმის გადატარების სავარჯიშოები;
  • წვრილი მოტორიკის განმავითარებელი აქტივობები;
  • საკმარისი დროის მიცემა წერისთვის;
  • მოსწავლის მუდმივი მხარდაჭერა და წახალისება.

 

ჩემი გამოცდილება მაჩვენებს, რომ ცაცია მოსწავლეებთან მუშაობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედაგოგის დაკვირვებას, მოთმინებას და სწავლების მეთოდების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სამუშაო გარკვეულ დროსა და ენერგიას მოითხოვს მასწავლებლის მხრივ, შედეგი მოწმობს, რომ სწორი პედაგოგიური მხარდაჭერა თითოეულ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, დაძლიოს საწყის ეტაპზე არსებული სირთულეები და წარმატებით ჩაერთოს სასწავლო პროცესში.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Berninger, V. W. (2012). Past, present, and future contributions of cognitive writing research to cognitive psychology. Psychology Press
  2. Feder, K., & Majnemer, A. (2007). Handwriting development, competency, and intervention. Developmental Medicine & Child Neurology, 49(4), 312-317
  3. Graham, S., & Harris, K. R. (2005). Writing better: Effective strategies for teaching students with learning difficulties. Paul H. Brookes Publishing
  4. Richards, R. (1999). The source for dysgraphia. LinguiSystems

 

როგორ გამოვიყენოთ გონებრივი რუკები „ჩვენი საქართველოს“ სწავლებაში

0

„ჩვენი საქართველოს“ სასწავლო კურსი გულისხმობს მოსწავლის მიერ რუკაზე ბუნებრივი ობიექტების გამოსახვას და პოვნას. შესაბამისად, სწავლების ეფექტიანობისთვის მოსწავლეთა სივრცობრივი აზროვნების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

სივრცითი აზროვნება გონებრივი აქტივობის სახეობაა, აზროვნების შინაარსის ვიზუალურ გამოსახულებად გარდაქმნის პროცესი. მოცემული აქტი შეიძლება განვიხილოთ როგორც მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი საქმიანობა, რომლის შედეგად მიღებული გამოსახულება (მოსწავლის აზროვნების ნაყოფი) წარმოადგენს მოსწავლის შემდგომი განვითარების, მომავალი პრაქტიკული სასწავლო აქტივობების განხორციელების საყრდენს.

საზოგადოდ, სივრცითი ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გადაიცემა ტრადიციული ქაღალდის რუკებისა და ატლასების გზით. მასში აქტიურად მონაწილეობს დინამიკური, ინტერაქციული საინფორმაციო სისტემები. უფრო მეტიც, სკოლის სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი ინფორმაციის დიდი მოცულობა, მათი ხაზოვანი სტრუქტურა ხშირად თავად წარმოშობს სირთულეებს ძირითადი იდეების იდენტიფიცირებაში, განზოგადებასა და დამახსოვრებაში. აქ იგულისხმება:

  • სახელმძღვანელოთა ტექსტების უწყვეტობა (ინფორმაცია გადმოცემულია უწყვეტ ნაკადად, ცოტაა სქემა, დიაგრამა, ცხრილი, გრაფიკული ორგანიზატორი);
  • მოვლენები და ფაქტები დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით (მაგალითად, ისტორიის სახელმძღვანელო დალაგებულია ამგვარად: მოვლენა A → მოვლენა B → მოვლენა C და ა.შ. – მაშინ როდესაც არ ჩანს ამ მოვლენათა მიზეზშედეგობრივი კავშირები ერთიან სქემაში);
  • ან თემატურად (მთავარი იდეა დამალულიადეტალებში და
    მოსწავლეს უწევს, დიდი მოცულობის ტექსტიდან თავად გამოარჩიოს არსებითი).

ეს კომპონენტები ქმნის სირთულეს მოსწავლისთვის, რადგან ტვინი უკეთ ამუშავებს სტრუქტურირებულ, ვიზუალურად ორგანიზებულ მასალას, ამის მაგივრად კი მას სახელმძღვანელოს ფურცლებზე სხვა რამ ხვდება.

აღიარებულია, რომ მასალის შესწავლის, გამოყენების, ანალიზის, სინთეზის, შეფასების დროს კოგნიტიური სავარჯიშოების სისტემატური გამოყენება ეხმარება მოსწავლეს აზროვნების, განსჯის უნარების, ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაში, რაც არის კიდეც სწავლებაში კოგნიტიური სქემების გამოყენების უპირატესობა (მ. ფირჩხაძე, 2012).

წარმატების მისაღწევად „ჩვენი საქართველოს“ სწავლებაში შესაძლებელია მიდგომის შეცვლა – ხაზოვანი ტექსტური სტრუქტურის კომპენსირება ანალიზური მიდგომებით, კონცეპტუალური რუკებით და გრაფიკული ორგანიზატორებით, თანამშრომლობასა და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, რითაც მოსწავლეები რეალურად შეძლებენ ცოდნის რესტრუქტურიზაციასა და ინტეგრაციას.

ამ მიმართულებით ეფექტურ საშუალებად არის მიჩნეული გონებრივი რუკების აქტიური გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. ეს გულისხმობს ბუნებრივ ობიექტებსა და მოვლენებს შორის სემანტიკური, ასოციაციური, მიზეზშედეგობრივი კავშირების რთულ, გრაფიკულ, სისტემატიზებულ გამოსახვას დიდ ფორმატში, მაგალითად, დიდ ფურცელზე. აქ სქემა ტექსტის ერთგვარი კონტროლის მექანიზმია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ნაწილისა და მთელის, კონცეპტისა და დეტალების ურთიერთმიმართებებს. მოსწავლეები პრაქტიკულად სწავლობენ აბსტრაქტულად და ნებისმიერ ბუნებრივ მოვლენას ან ობიექტს წარმოადგენენ სისტემატიზებული, ვიზუალური (გრაფიკული) ფორმით, მაკროსისტემაში ჰოლისტურად აკავშირებენ ზოგადსა და კონკრეტულს, როგორიცაა, მაგალითად, სივრცე (მხარე, რეგიონი) – მეურნეობა – დრო (ცვლილება) – საზოგადოება – მრავალფეროვნება – სახელმწიფო.

კერძოდ, აღნიშნული აქტივობები მოიცავს:

  1. მოსწავლებისთვის ტექსტური ინფორმაციის სქემატური (გრაფიკული) ფორმით დამოუკიდებლად წარმოდგენის მეთოდების გაცნობას;
  2. საგანმანათლებლოტექსტთან მუშაობას მასალის ვიზუალიზაციისთვის, მისი „შეკუმშვისთვის“;
  3. აღნიშნული ტექნოლოგიის სისტემატურ გამოყენებას გაკვეთილებზე და ინტერდისციპლინური (გრაფიკული) კომპეტენციის ჩამოყალიბებას.

მეთოდური კუთხით, თითოეული ასეთი გაკვეთილის დროს „გონებრივი რუკის“ შესაქმნელად:

  • მოსწავლეებსურიგდებათ ფურცელი, რომელზეცმოკლედარის აღწერილი რუკის შექმნისპრინციპები დაწესები;
  • რუკების შექმნაიწყება ცარიელი ფურცლის ცენტრში (რომბში,წრეში ან სხვა ფიგურაში)მთავარი იდეის (ან თემის) ჩახვაზით. ცენტრიდან გამოდის ტოტები, თითოეულიტოტი ფერადია და მასზე იწერება თემის საკვანძო სიტყვა ან ფრაზა და მისი ძირითადი დეტალები;
  • გონებრივ რუკასთანდათან ემატება სიმბოლოები, ხატები და ნახატები.

 

მაგალითად, მოსწავლე მუშაობს რუკაზე „სოფლის ცხოვრება“:

  • მუშაობა იწყება სოფლისთვის დამახასიათებელი რომელიმე კომპონენტის ჩაწერით/აღწერით და შემდეგ დახატვით/სქემატური გამოხატვით (მინდვრის, ტყის, მდინარის, ტბის, მთის, მყინვარის, ფლორა-ფაუნის, სამეურნეო საქმიანობის და ა.შ.);
  • რუკაზე მოსწავლე დაიტანს თემის ძირითად ცნებებსაც.

შედეგად „მეხსიერების რუკა“ (გონებრივი რუკა) ქმნის მწყობრ წარმოდგენას ცნებაზე „სოფელი“, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც „საყრდენი“ საგანმანათლებლო მასალის შინაარსის ასათვისებლად:

  • მოსწავლე გაიაზრებს სოფლის/მხარის დამახასიათებელ კომპონენტებს, ხედავს კავშირებს მათ შორის, ახალ ინფორმაციასაც უფრო სიღრმისეულად შეიმეცნებს და გრძელვადიან მეხსიერებაშიც გადაიტანს.

 

იხ. გონებრივი რუკის ნიმუში თემაზე: „იმერეთი“:

შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლის გონება სახელმძღვანელოს სტრიქონსტრიქონ აღწერილ ამბავს გარდაქმნის ერთიან სურათად და გონებრივი კავშირების დამყარების პროცესში იმახსოვრებს კიდეც მას. გონებრივი რუკების გზით მიღებული „გამოსახულება“ არის ის საკუთარი აზროვნების შედეგიც, რომლითაც მოსწავლე აღიქვამს ძირითად გამოსახულებას (მაგალითად, ბუნებრივ ობიექტს ან მის რომელიმე კომპონენტს, თუნდაც მდინარის ხეობას და ა.შ. როგორც მხარის ეკონომიკური მახასიათებელს, ან ქალაქის სიმბოლოსდა ა.შ.), რაც მას ეხმარება არა მარტო სივრცობრივი, არამედ საგნობრივი ცოდნის ფორმირებაშიც.

როგორ ფასდება ასეთი პროდუქტები?

  • დონე I – დაბალი დონე: მოსწავლეები ამოიცნობენ სივრცით ობიექტებს, მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და ურთიერთობებს, შეუძლიათ ობიექტის დასახელება და რუკაზე მისი ადგილმდებარეობის დადგენა;
  • დონე IIმაღალი დონე: მოსწავლეები დამოუკიდებლად ქმნიან სივრცით
    გამოსახულებებს, დაიტანენ რუკაზე და აღწერენ მათ.

 

რატომ არის გონებრივი რუკა ეფექტიანი სასწავლო მიდგომა?

  • ის ამდიდრებს და აადვილებს უკუკავშირს;
  • სწავლა გაცილებით დიფერენცირებულია და ინდივიდუალური (როდესაც მოსწავლისთვის ცალკეული ფაქტების დამახსოვრება რთულია, ის კარგავს ინტერესს საგნის მიმართ, გონებრივ რუკაზე მუშაობისას კი მთელი ყურადღება მიცემული მასალის დამახსოვრებაზე ან გახსენებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ არსზე, მიზეზშედეგობრივი ურთიერთობებისა და კავშირების გაგებაზეა კონცენტრირებული. მოსწავლე უფრო მშვიდად არის, არ არის დაძაბული და ამიტომ უფრო მოტივირებულია (Yakimanskaya, I. S. (1980);
  • მოსწავლის საგანმანათლებლო საქმიანობა უფრო მოტივირებულია;
  • შეფასება არ არის სუბიექტური;
  • მოსწავლეების შემოქმედებითი შესაძლებლობები ფართოვდება და დამოუკიდებელი მუშაობის გაგრძელების სურვილიც უფრო მეტად აქვთ.
  • როგორც სასწავლო ინსტრუმენტი, გონებრივი რუკა ცოდნის რეპროდუქცირების მნიშვნელოვანი საშუალებაა და ხელს უწყობს დამოუკიდებელ
    სწავლას და მის კავშირს პრაქტიკასთან; საშუალებას აძლევს მოსწავლეს, უფრო
    ღრმად გაიაზროს შესწავლილი მასალა და ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა კონკრეტულ სივრცესა თუ ტერიტორიაზე.

მსგავსი მეთოდური მიდგომებისა და პრაქტიკული საქმიანობის შედეგად ჩვენ ვიღებთ მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს როგორც თითოეული მოსწავლის წარმატების კონტექსტს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მაიაფირჩხაძე, სწავლებაკოგნიტური სქემებით. იხ. ბმული მითითებულ დროზე: 15.06.2012 https://mastsavlebeli.ge/?p=2513
  2. Yakimanskaya, I. S. (1980). Development of Spatial Thinking of Schoolchildren. Moscow: Pedagogika. (in Russian).
  3. Berlyant, A. M. (1986). Obraz prostranstva: karta i informatsiya [Image of space: map and information]. Moscow: Mysl.

ფრანგული ენის სწავლება ლიტერატურისა და ხელოვნური ინტელექტის სინთეზით

0

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა პრინცი…

ლეონ ვერტს

ნუ მიწყენთ, პატარებო, რომ ამ წიგნს ასაკოვან ადამიანს ვუძღვნი. ამისათვის რამდენიმე მიზეზი მაქვს: ჯერ ერთი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია; მეორეც, მას ყველაფრის გაგება ძალუძს, თვით საბავშვო წიგნებისაც კი. დაბოლოს, ის ახლა საფრანგეთშია, სცივა და შია, ამიტომ თანადგომა სჭირდება. თუკი ესეც არ კმარა, ამასთან ვიტყვი: ჩემი მეგობარი ერთ დროს ბიჭუნა იყო, ჰოდა, მეც წიგნს სწორედ იმ ბიჭუნას მივუძღვნი, ყველა დიდი ოდესღაც პატარა იყო (ბევრს ეს აღარც ახსოვს), ამრიგად, მე ვცვლი ჩემს მიძღვნას:

ლეონ ვერტს,

როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.

წელს (2026) ანტუან დე სენტ ეგზიუპერის პატარა პრინცის გამოცემას 80 წელი შეუსრულდა. ავტორი საკუთარი წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო, ის გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, ყველასთვის საყვარელი და აქტუალური. პატარა პრინცი, დღესდღეობით ყველაზე მეტ ენაზე თარგმნილი წიგნია, ბიბლიის შემდეგ. ეს ერთი შეხედვით საბავშვო წიგნი – ფილოსოფიური ზღაპარია და ერთნაირად ხიბლავს დიდსა თუ პატარას.

პატარა პრინცის სიყვარულმა და საიუბილეო თარიღმა გადამაწყვეტინა დღეს ამ სტატიის დაწერა. შევეცდები, გაგიზიაროთ ჩემი პედაგოგიური გამოცდილება. ძალიან ხშირად, საგაკვეთილო პროცესში, ფრანგულის მასწავლებლები პატარა პრინცს ვიყენებთ სასწავლო რესურსად. მრავალ მიზანთა შორის, ერთ-ერთი ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობაცაა.

უცხოური ენის სწავლებისას ლიტერატურული ნაწარმოების გამოყენებას ბევრი მიზანი და სარგებელი აქვს. ის ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებს ადამიანის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში. ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნებისა და ემპათიის უნარების განვითარებას. უცხოური ენის სწავლებისას, ამ მიზნებს ენობრივი კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობაც ემატება. შესაბამისად, მისი გამოყენება ძალიან საინტერესო და მიზნობრივია უცხოური ენის გაკვეთილზე. თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ როგორც კი ლიტერატურაზე დაყრდნობით ენის სწავლებას ვახსენებთ, გონებაში ტრადიციული მეთოდი მოდის. განიხილავენ, რომ ლიტერატურის გამოყენება ენის სწავლებისას ინოვაციური მეთოდი არ არის. გამომდინარე აქედან, ლიტერატურული ნაწარმოებიდან ამონარიდი იშვიათად გვხვდება თანამედროვე სახელმძღვანელოებში. ეს იშვიათობა ძირითადად, სწავლის დაწყებიდან მეორე ან მესამე წელს ხდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, უცხოური ენების მასწავლებლები თანხმდებიან იმაზე, რომ ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტი არის რესურსი, რომელიც ძალიან კარგ მიზანს ემსახურება. მთავარი აქ არის ამ რესურსის გამოყენების სწორად დაგეგმვა და შესაბამისი აქტივობების შერჩევა, რათა იგი გადაიქცეს სწავლის მასტიმულირებელ და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებულ ინსტრუმენტად.

საინტერესო და მნიშვნელოვანია ის სტრატეგიები, რომლებსაც მასწავლებელი იყენებს ლიტერატურის შესწავლისას. სახელმძღვანელოებში მოცემული აქტივობების თუ ძირითად და ზოგად ანალიზს გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ სავარჯიშოები წაკითხულის გაგება/გააზრებაზეა ორიენტირებული. რაც საბოლოოდ ენობრივი კომპეტენციის განვითარებას უწყობს ხელს. იშვიათად და თითქმის არც კი გვხვდება, უცხოური ენის სახელმძღვანელოებში აქცენტი ტექსტში იმპლიციტური ელემენტების შესახებ. შესაბამისად, რატომაც არ შეიძლება ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტის გამოყენება ბიძგის მიმცემად, იმისათვის, რომ მოსწავლეებს წიგნის კითხვის სურვილი გავუღვიძოთ და ამით წიგნიერების განვითარებას შევუწყოთ ხელი. თუმცა რესურსის შერჩევისას, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებასთან ერთად, ლიტერატურული ტექსტის ენობრივი დონეც მნიშვნელოვანია, რადგან ლიტერატურული ტექსტი გაგება მარტივი არ არის, ამასთანავე კლასში ყველა მოსწავლეს არ აქვს თანაბარი ენობრივი შესაძლებლობა. თუმცა წიგნიერებისა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნის შესაბამისად ამ რესურსის გამოყენება არ არის ურიგო. მეტიც ზოგჯერ აუცილებელიცაა, მოსწავლის ცნობიერების გასავითარებლად. ხოლო გამარტივებულ ტექსტში კი შესაძლებელია დიფერენცირების ელემენტებიც ამოვიცნოთ.

ლიტერატურული ნაწარმოებით სწავლებასთან ერთად ასევე ძალიან ბევრს საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე უცხოური ენის სწავლებისას. დღეს ამ სტატიაში გაგიზიარებთ ძალიან მარტივ ტექნიკას, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებითა და ზუსტი პრომტის მიცემით რთული ლიტერატურული ნაწარმოების ნაწყვეტი გავამარტივოთ და მოსწავლის აკადემიურ ცოდნას მოვარგოთ.

მაგალითისთვის, ავიღოთ ის მიძღვნა, რომელიც სტატიის თავში მოვიყვანეთ, და ვნახოთ ის ვარიანტები, თუ როგორ შეძლებს ხელოვნური ინტელექტი მის გამარტივებას.

ავიღოთ ის ნაწილი, რომლითაც დავიწყეთ სტატია, მივცეთ შესაბამისი პრომტი – განსაზღვრე მოცემული მონაკვეთის ენობრივი დონე და შემდეგ გაამარტივე ის A1 და A2 დონემდე (Identifie le niveau d’après le CECRL. Adapte au niveau A1 et A2):

« À LÉON WERTH

Je demande pardon aux enfants d’avoir dédié ce livre à une grande personne. J’ai une excuse sérieuse : cette grande personne est le meilleur ami que j’ai au monde. J’ai une autre excuse : cette grande personne peut tout comprendre, même les livres pour enfants. J’ai une troisième excuse : cette grande personne habite la France où elle a faim et froid. Elle a bien besoin d’être consolée. Si toutes ces excuses ne suffisent pas, je veux bien dédier ce livre à l’enfant qu’a été autrefois cette grande personne. Toutes les grandes personnes ont d’abord été des enfants. (Mais peu d’entre elles s’en souviennent.) Je corrige donc ma dédicace : À LÉON WERTH QUAND IL ÉTAIT PETIT GARÇON».

 

მონაკვეთს თუ წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ ის ენის ფლობის დამადასტურებელი ჩარჩოს მიხედვით B1 დონე და B2 დონეს შეესაბამება. აღნიშნული დონე (B1), მეორე უცხოური ენის სწავლებისას, სკოლაში მხოლოდ საშუალო საფეხურის დასასრულს მიიღწევა. შესაბამისად, მისი შეტანა მანამდე შეუძლებელია. თუმცა, თუ ჩვენ შევეცდებით და გავამარტივებთ მას, შეგვიძლია უფრო დაბალ საფეხურზეც შევიტანოთ. მისი გამარტივებული ვარიანტი შეიძლება ასე ჟღერდეს:

«À Léon Werth

Je dédie ce livre à mon ami Léon Werth. C’est mon meilleur ami.

Je demande pardon aux enfants, parce que ce livre est pour une grande personne.
Mais mon ami comprend aussi les livres pour enfants.

Aujourd’hui, il habite en France et la vie est difficile pour lui. Je veux lui donner un peu de consolation.

Toutes les grandes personnes ont été des enfants, mais souvent elles l’oublient».

 

ეს გახლავთ A2 დონის ტექსტი, მან მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა ძირითადი ფორმა და გადმოგვცა ძირითადი შინაარსი.

აღნიშნული ტექსტის A1 დონეს შეესაბამება შემდეგი ვარიანტი:

 

«À mon ami Léon Werth

Je dédie ce livre à mon ami. Il s’appelle Léon Werth. C’est mon meilleur ami. Il aime les livres. Avant, il était un enfant. Tous les adultes ont été des enfants».

აღნიშნულ მონაკვეთშიც შენარჩუნებულია ძირითადი სათქმელი. ენობრივი დონის შესაბამისად გამარტივებულია ლექსიკა და გრამატიკული კონსტრუქციები.

ენის გაკვეთილზე აღნიშნული ტიპის დავალება შესაძლებელია გამოვიყენოთ არა მხოლოდ კლასისა და საფეხურის მიხედვით, არამედ დიფერენცირებული სწავლების თვალსაზრისითაც. რესურსის – სამუშაო ტექსტის შექმნაც მარტივია, რადგან ხელოვნურ ინტელექტს მივაწოდებთ მონაკვეთს, გავუწერთ სწორ პრომტს და მივიღებთ სასურველი ენობრივი დონის შესაბამის ტექსტს.

ამის შემდეგ კი მასწავლებლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული, რა ტიპის დავალებებს შესთავაზებს მოსწავლეს. შესაძლებელია, გამოწვევის ფაზაზე, მოსწავლეებს ვთხოვოთ, მოსაზრებების გაზიარება, თუ რის შესახებ იქნება ტექსტი. შემდეგი შეიძლება იყოს ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული დავალებები, ენობრივი დონის შესაბამისად. ხოლო ბოლო ეტაპზე, კრეატიული – შემოქმედებითი დავალება. A1-ის დონეზე შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობის მიზნით მოსწავლეებს შეგვიძლია, შევთავაზოთ შემდეგი ტიპის დავალება: „Je dédie ce livre à… pourquoie…“. A2-ის დონეზე „Cher moi quand j’étais petit(e)…“. B1-ის დონეზე შესაძლებელია შემდეგი დავალების შესრულება „Pourquoi dit-on que les adultes oublient leur enfance“. აღნიშნული ტიპის დავალება, სამივე საფეხურზე შემოქმედებითი წერის განვითარებას უწყობს ხელს. ხოლო ბიძგის მიმცემი (მამოტივირებელი) რესურსი კი ლიტერატურული ნაწარმოებია.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დამუშავებული ლიტერატურული ნაწარმოები მოსწავლეებში ავითარებს ემპათიას, აღძრავს კითხვის მოტივაციას.

ეს კონკრეტული მაგალითი წარმოადგენს ერთ შემთხვევას, თუმცა ამგვარად შესაძლებელია უფრო სიუჟეტური ნაწყვეტებისა და ნაწარმოებების შერჩევა.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...