ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

ხარისხი ნულის ტოლისა და უარყოფითი მაჩვენებლით. აქტივობა ერთი გაკვეთილისთვის

0

სწავლა-სწავლების პროცესში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მოსწავლეთა მიერ საკითხის კონცეპტუალურ გაგებაზე, მსჯელობის ჩვევის გამომუშავებასა და მათემატიკური აზროვნების განვითარებაზე.

გთავაზობთ სავარჯიშოებს მე-7 კლასელთათვის, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს მსჯელობის, ანალიზისა და დასაბუთების უნარების განვითარებაში.

კლასი მე-7

თემა: მოქმედებები რიცხვებზე

ქვესაკითხი: რიცხვის ხარისხი

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი; კანონზომიერება; ლოგიკა

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მთელი დადებითი რიცხვების უარყოფით მაჩვენებლიანი ხარისხისა და ნულის ტოლი მაჩვენებლიანი ხარისხის გაანგარიშების მარტივი წესების დადგენას. განუვითარდებათ მსჯელობა, ანალიზისა და განზოგადების უნარები

საკვანძო შეკითხვა:

რატომ არის 2 0 = 1? და რას ნიშნავს რიცხვის უარყოფითი მაჩვენებელი?

სტატია სტულად იხილეთ ბმულზე :

ხარისხი ნულის ტოლისა და უარყოფითი მაჩვენებლით. თ. მურუსიძე

ახლაც წერენ ლექსებს?                                                                                                                         

0

როცა ჩემმა ლამაზმა, ჭკვიანმა და ინტერესიანმა უფროსკლასელმა მოსწავლემ ეს კითხვა დამისვა, სიტყვები პირდაპირ გულში მომხვდა, ერთბაშად ცა თავზე ჩამომექცა და ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, გულმა რეჩხი მიყო და ზედ მოუშორებელი ლოდიც დამაწვა, ფერი დავკარგე და სევდამ შემომიტია… ადვილია, ფრაზეოლოგიზმებით აღწერო მდგომარეობა, როცა საკუთარი სიტყვების პოვნა გიჭირს. ერთბაშად ვიგრძენი სინანული და უცებ დავადანაშაულე ყველა, ვინც კი მომაგონდა – საკუთარი თავი, სხვები, ოჯახი, სამეგობრო, სკოლა, განათლების სისტემა, სამინისტრო, სახელმწიფო, სამყაროს წესრიგი, ვარსკვლავები  – ბრალი დავდე, რომ ჩვენი ძვირფასი, სათაყვანებელი, პატივცემული, „ხელის-ხელ საგოგმანები“, ჩვენი გადამრჩენელი თუ გადარჩენილი, საუკუნეებგამოვლილი თანამედროვე ქართული ლექსი თურმე უცნობი რჩება მთავარი გულშემატკივრის, მაცოცხლებლის, სიცოცხლის მიმნიჭებლის – ახალი თაობისთვის. მათთვის, ვისაც პატარა კრებულები თავთან უნდა ეწყოთ, ლექსებთან ერთად იძინებდნენ, მასში საკუთარი განცდების, ტკივილების ანარეკლს პოულობდნენ, მის გამო ტიროდნენ და იცინოდნენ. ვისთვისაც ეს  ტაეპები უნდა იყოს ერთგვარი შვება, ფანტაზიის წყარო, ეგზისტენციალური ლაბირინთის გამოსასვლელიც და ფილოსოფიის  საფუძვლებიც.

ვხვდები, ძალიან ბევრი მოვითხოვე, მაგრამ სახლში მიმავალიც სულ ამაზე ვფიქრობდი. იქნებ, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ შევაყვარეთ ჩვენს მოსწავლეებს ჩვენი მთავარი ლექსი – „ვეფხისტყაოსანი“. თვალწინ ვუფრიალებთ კომენტარებსა და განმარტებებს, პერიფრაზებსა და სამახსოვრო სტროფებს, მაგრამ ვერ ვყვებით, ვერ ვიღებთ ფილმებს, ანიმაციებს, ვერ ვთამაშობთ, ვერ ვტკბებით, ვერ ვარგებთ თანამედროვეობას, ვერ ვუახლოვდებით!

თანამედროვე ქართული ლექსი ყველაზე მეტად იმიტომ მომწონს, რომ ახლოს მიდის ჩვენი დროის ადამიანთან, განცდილი და ხელშესახებია, მარადიული ღირებულებებით, თუმცა აქტუალური პრობლემებითა და სახეცვლილი მეტაფორებით.

საღამოს, როცა გაკვეთილზე წასაკითხი ლექსების სიას ვადგენდი, ერთ-ერთი პირველი ზვიად რატიანის ლექსი ჩავინიშნე:

„შენც რას გაჯიუტდი, ღმერთო? დამსვი, მაწერინე.

და ბოლოს, როცა არაფერი გამომივა,

ადექი და მაშინ დამცინე. ახლა ხომ ისეც ცუდადა ვარ.

ისეთს რას გთხოვ? ფულს ხომ არ გთხოვ –

ფიფქებსა და წვიმის წვეთებს გამოატანო.

გაჩენილი მუქთა ფული მეც კი არ  მინდა…

დავწერ, როგორი ცუდი ვარ და თვითონვე ვხვდები.

ხოლო იმაზე, ალაგ-ალაგ კარგიც რომ ვარ

და ვერ ვხვდები, არაფერს დავწერ.

გინდაც ვხვდებოდე, სიტყვას გაძლევ, არაფერს დავწერ.

არავისთან წამომცდება, რომ შენ მინახავ….“

უცნაურია, როცა ღმერთი ისე ახლოა, თითქოს, გვერდით გეჯდეს, ისე ესაუბრებოდე, როგორც თანატოლს, მაგრამ მაინც ტკივილამდე გრძნობდე მის ყოვლისშემძლეობას და მზრუნველობას. ალბათ, ღმერთის, სამყაროს, შემოქმედებითი პროცესის ამგვარი აღქმა აღმოჩენა იქნება მოზარდისთვის.

შემდეგ შოთა იათაშვილის ლექსს მივადექი, რომელიც მეგობრობის განსხვავებულ  „მოდელს“ გვთავაზობს:

„…გამომშვიდობებისას

მომუჭულ მუშტებს ვშლით და

ხელისგულებით ფანჯრის მინას ვაწვებით

საკუთარი სივრცეებიდან….

მეგობარი იღიმება და

ამ ღიმილით მანიშნებს, რომ

არ მოითხოვს ამაზე მეტს ჩემგან,

მაგრამ არც ამაზე ნაკლებს დათანხმდებოდა.“

ეს ლექსი უამრავ სალაპარაკოს აჩენს – ვინ არის ნამდვილი მეგობარი? როგორია ის? რას ვითხოვ მე მისგან და რას მოითხოვს ის სანაცვლოდ? როგორი მეგობარი ვარ მე? სინამდვილეში რა არის მეგობრობა?

ეკა ქევანიშვილის ლექსმა „ღარიბების ტრანსპორტი არსად ჩერდება“ გამახსენა, რომ ჩვენი სოციალური ყოფა უკვე პოეზიის განუყოფელი ნაწილია და საინტერესოა, თვალი ვადევნოთ ლექსებად გარდაქმნილ ჩვენს ყოველდღიურობას,  ჩვეულებრივ ამბებს, თითქოს უმნიშვნელო დეტალებს, დაკვირვებებს – ცხოვრებას:

„8 ნომერი ავტობუსი იყო საშინლად აყროლებული
და ასეთივე იყო იმ დღეს ნომერი სამოცდაათიც –
სიყვარულის დამთავრების მეორედღისნაირი.

არც უსაფრთხოების სარკმელი გაიღო, ვიღაც კაცი რომ ცუდად გახდა.
ჩვენ ის ტურტლიან იატაკზე დავაწვინეთ და მოვასულიერეთ.
მთავრობა – გავლანძღეთ.
მე ჩემი თავიც მივაყოლე,
ავტობუსით მგზავრობა რომ გადავწყვიტე……

ვფიქრობდი ასეთ სისულელეებზე ავტობუსში,
რომელიც მირახრახებდა ღარიბი ქვეყნის უღიმღამო ქუჩებში.
სადაც ისეთი მოწყენილი ხალხი იჯდა,
როგორიც ასი წლის ბებიაჩემია,
ავადმყოფი შვილის საწოლთან მიმჯდარი.

ისხდნენ ადამიანები
უხერხულად დაწყობილი ხელებით მუხლებზე,
ითვლიდნენ ხურდებს და არსად მიდიოდნენ.“

და თუ ლექსის ჩამთავრების შემდეგ ყელში ბურთი მოგვებჯინება, ესეც ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

დიანა ანფიმიადის ზოგიერთი ლექსი კი ჩემთვის სიმღერასავით ჟღერს. მიუხედავად განსხვავებული სტრუქტურისა, ალბათ, საუკუნეების წინაც ასე გაიჟღერებდა, მკითხველს მეტაფორებით დააბნევდა და პოეზიის მაგიურ ძალას აგრძნობინებდა:

„არავის ველი…

საბნად ვიფარებ თბილ ქუთუთოებს –

არარსებული მხეცის ტყავებს,

და ჩემი ყურის ნიჟარები

დუმილის ზღვასთან ფრთხილად დავაწყვე,

არავის ველი.

მე ხომ ნივთებიც არ მეკუთვნიან,

მხოლოდ გამლღვალ კონტურებს ვხედავ,

არავის ველი. არავის ველი…“

ვიფიქრე, მოსწავლეებს მოეწონებოდათ ერთი განსაკუთრებული შემთხვევაც – ქართველი პოეტის, ირაკლი კაკაბაძის (იაკი კაბეს) მიერ დაწერილი იაპონური ტანკები, რომლებიც, მიუხედავად იაპონური სტრუქტურისა და ელფერისა, ხშირად მაინც ძალიან ნაცნობი და ეროვნულია. თანაც კარგი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აქციო ლექსად ერთი ფრაზა:

„როგორ ურცხვად გატყუებდი,

ყოველ ღამე,

ძვირფასო დედა –

ვითომ მეძინა,

რომ მიკოცნიდი შუბლსა და ხელებს …“

„ბუხრის კვამლივით ხართ

სამშობლოს თავზე

ჯიუტო მოხუცებო,

ვინც სოფლად დარჩით …“

„დილით ავდექი ძალიან ადრე,

გამოვაღე ყველა ფანჯარა,

მზეს შევეგებე და მხოლოდ ერთი ლოცვა ვთქვი გულში –

ჩემი სამშობლო, ჩემი სამშობლო, ჩემი სამშობლო …“

ყველაზე მეტად ბესიკ ხარანაული ლექსების შერჩევა გამიჭირდა. არ ვიცოდი, რომელი მოახდენდა უფრო დიდ შთაბეჭდილებას, რომელი აღძრავდა მეტ ფიქრს ან საკუთარ თავთან დარჩენილს, რომელი ათქმევინებდა საიდუმლოს. ამიტომ რამდენიმე ნაწყვეტი შევარჩიე, რომლებშიც საკუთარი თავის ძიებას, ამაოების განცდას, უსამართლობასა და სინანულს ავტორი, პოეტი, ლირიკული გმირი თუ უბრალოდ ადამიანი, ღმერთთან მიჰყავს. თანაც აქ, ახლა, ჩვენს დროში, საქართველოში, თბილისში, კონკრეტულად კი, მეტროში:

„ათასგან ვიყავ,

ცხენი ათას ღობეს მივაბი,

დავტოვე ყველგან

ჩემეული თითო ნიღაბი

ზოგან ვაჟკაცის, ზოგან ლოთის

და ზოგან ლაჩრის,

ხოლო მე თვითონ

ყველასათვის უცნობი დავრჩი…“

„რაც კი ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ მგლებში მეცხოვრა,
ხომ ძმად ჩამთვლიდნენ,
ხომ აღარასდროს მიმტყუნებდნენ, არ გამწირავდნენ.“

„თბილისში, დღეს, ახლა, ამწამიერსო,
ბრბოში, ქუჩაში, მეტროში, რას ვნახავ მე მშვენიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა, ამწამიერსო,
უბედურება რომ კონავს, ყველას, მაძღარს და მშიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა, ამწამიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
და სუნთქვამ ამოიყოლა, ნუთუ შენ აქ ხარ, იესო.“

ალბათ, სწორად მოვიქეცი, რომ მეორე დღეს ასეთი გაკვეთილი ჩავატარე. ვსაუბრობდით, განვიხილავდით, ვკამათობდით, ვღელავდით… კიდევ არაერთი ძვირფასი სახელი და ლექსი მახსენდებოდა და მთავარი კითხვა აღარ მაშფოთებდა.

“ჩვეულებრივად” ყოფნის შეუძლებლობის შესახებ. ხისტი წესების შიგთავსი

0

ყველაფერი პირველივე ჯერზე უზადოდ უნდა გავიგო და გავიაზრო,“ „ყველაზე ჭკვიანი უნდა ვიყო,“ „ყველაფერში თანაბრად წარმატებული უნდა ვიყო,“ „განსაკუთრებული უნდა ვიყო,“ „განსაკუთრებულ, ყველასგან გამორჩეულ წარმატებებს უნდა მივაღწიო.“

გეცნობათ?

ეს წინადადებები ხისტი წესების მაგალითებია, რომლებზე დაფუძნებითაც ადამიანები განიცდიან, წარმართავენ საკუთარ ქცევას და, რაც მთავარია, ხშირად, სწორედ ეს წესები წარმოადგენს საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების ერთ – ერთ განმსაზღვრელს. ხისტი წესები, ერთი მხრივ, მოიცავენ მოთხოვნას, რომელიც არეკლილია სიტყვაში – „უნდა,“ ხოლო, მეორე მხრივ, − განზოგადებებს, რომლებიც არეკლილია სიტყვებში: „ყოველთვის,“ „ყველაფერი,“ „ყველა,“ „არაფერი“ და ა. შ.

წესები წარმოადგენს როგორც საკუთარ თავთან, ასევე ირგვლივმყოფებთან ურთიერთობის მოწესრიგების საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ მე შემიძლია, ვიცხოვრო წესში ასახული წესრიგისამებრ, მაშინ, ჩემი დამოკიდებულება როგორც საკუთარი თავის, ასევე – სხვებისადმი, ასე თუ ისე, გაწონასწორებულია. მართალია, ზემოთ დასახელებული ყველა წესი, ბუნებით, სასიცოცხლო ძალის ამომხაპავი და უკიდურესად მიმტაცებელია, თუმცა, სინამდვილეში, ამ წესების არსებობა სხვა, გაცილებით მტკივნეული განცდების გაცოცხლებისგან მიცავს. მირჩევნია, წესების დაცვისთვის გავცე სასიცოცხლო ძალა, ვიდრე განვიცადო ის, რაც ამ წესების დარღვევას მოჰყვება. თითოეული მათგანი მოიცავს ნაგულისხმევ საფრთხეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ისინი უზადოდ, ყოველთვის და გამონაკლისის გარეშე არ შესრულდება. ადამიანები, რომლებმაც ასეთი წესები გაუცნობიერებლად შექმნეს ან გაიშინაგნეს, ხშირად, ივიწყებენ იმას, რომ ამ წესების სიხისტე და მოუქნელობა ცხოვრების მრავალფეროვნებასა და მრავალგანზომილებიანობასთან შეგუების საშუალებას არ იძლევა.

რისთვის გვჭირდება ხისტი და მოუქნელი წესები?

ხისტი და მოუქნელი, მკაცრი მოთხოვნების ამსახველი წესები, ადამიანებმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გაიშინაგნეს. ქვემოთ მოცემული მაგალითი მკაფიოდ და თვალნათლივ აღწერს, როგორ და რა შემთხვევაში ცოცხლდება ხისტი წესი, რომელი ემოციები და ქცევები ახლავს თან მსგავსი წესების გაცოცხლებას. აღწერილი მაგალითი წარმოადგენს გამოცდილების მანძილზე, არაერთხელ, არაერთი ადამიანის მიერ გახმოვანებულ, ზოგჯერ თითქმის და, ხშირ შემთხვევაში, ერთი და იმავე შინაარსის მქონე წესების განზოგადებულ მაგალითს.

აღწერილ მაგალითში თვალნათლივ ჩანს, რომ ადამიანი, როგორც მთლიანი და, როგორც ცოცხალი არსება, ემზადება საფრთხესთან გამოხმაურებისთვის. მისი სხეული ინაცვლებს საფრთხეზე პასუხის გაცემის მდგომარეობაში, რაზეც მიანიშნებს გულისცემის გახშირება, ციებ – ცხელების განცდა, გულმკერდის მიმდებარე სივრცეში დაძაბულობის შეგრძნება, კიდურებში სიცივის შეგრძნება, ჟრუანტელი და ა. შ., ხოლო ქცევა ადასტურებს იმას, რომ საფრთხე ნამდვილია.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში აღწერილია, სინამდვილეში, რატომაა ზემოთ აღწერილი გამღიზიანებლების ერთობლიობა საფრთხის განცდის აღმძვრელი.

 

ეს მაგალითი ორი ნაგულისხმევი, ხისტი წესის არსებობას მოიცავს: „პირველივე ჯერზე ყოველთვის ყველაფერი უზადოდ და სრულყოფილად უნდა გავიგო და გავიაზრო,“ „ირგვლივმყოფების მოლოდინები ყოველთვის უზადოდ და სრულყოფილად უნდა გავამართლო,“ თორემ…

გამრიყავენ და მიმატოვებენ.

ამ მსჯელობის თანახმად, ეს წესები, სინამდვილეში, ამგვარადაც შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ: „იმისათვის, რომ ადამიანებმა ჩემზე წარმოდგენა და ჩემდამი კეთილგანწყობა არ დაკარგონ, ყველაზე ჭკვიანი და წარმატებული უნდა ვიყო,“ „იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე ჭკვიანი და წარმატებული არ ვარ, ჩემთან ურთიერთობის სურვილი ადამიანებს არ ექნებათ და, შესაბამისად, გამრიყავენ და მიმატოვებენ.“

ამ ჯაჭვის თანახმად, ხისტი წესი მიტოვების შფოთვის განცდისგან თავდაცვის გზაა. ასეთი წესი ეყრდნობა დაშვებას, რომ ის უპირობოდ უნდა შესრულდეს. მოქნილი წესი კი, დიდწილად, ჟღერს, როგორც სასურველი, თუმცა, არა უპირობოდ გასათვალისწინებელი წინაპირობა საკუთარ თავთან და გარემოსთან შეგუებისთვის. მოქნილი წესი ამბობს იმას, რომ, კარგი და სასურველია, თუ ძირითადს და მნიშვნელოვანს გაიგებ და ეს საკმარისია იმისათვის, რომ კმაყოფილების და სიხარულის განცდის უფლება მისცე საკუთარ თავს. ის ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანზე ბევრი ისეთი რამ მოქმედებს, რამაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს განსაზღვრული ამოცანის წარმატებით დაძლევაში და მოიაზრებს ადამიანისადმი გულმოწყალე დამოკიდებულებას, რაც გულისხმობს, თანაგრძნობას ქმედებაზე დაფუძნებული მხარდაჭერისთვის.

ასეთი წესების მქონე ადამიანებმა, მიტოვებისგან თავდაცვის მცდელობებში, საკუთარ თავს ჩამოართვეს დამაკმაყოფილებელი მიღწევებით კმაყოფილების ფუფუნება და, ერთი შეხედვით, უცნაურია, მაგრამ, ამავდროულად, დაკარგეს „გამორჩეული“ წარმატებების მიღწევის შესაძლებლობა, რადგან „ჩვეულებრივით“ ანუ დამაკმაყოფილებლით სიხარულის ბედნიერება არ ჰქონიათ.

რეტი და ტურეტი – ორი სინდრომი (ნაწილი პირველი)

0

რეტი ესე არს, ცხოველსა რა ტვინი შეუშენდეს და ცნობა მიეხადოს“

საბა, ლექსიკონი ქართული, II

 

არ ვიცი, როდის მიეწერა სულხან-საბასეული განმარტება ამ სიტყვას, თუმცა ვიცი, რომ „რეტის დასხმა“, „რეტი უკუყროდა და აღარას იჩენდა დაკოდილობასა“ („რუსუდანიანი“), „წამოიჭრა, ვითა რეტი“ („შაჰ-ნამე“) და სხვა ამგვარი ფრაზები ნაკლებად მიემართება 1966 წელს ავსტრიელი მეცნიერის ანდრეას რეტის მიერ აღმოჩენილ სინდრომს, რომელსაც ატაქსია, ეპილეფსიური გულყრები, მეტყველებისა და ქცევის შეუქცევადი, მძიმე დარღვევები ახასიათებს.

 

რეტის სინდრომი

 

რეტის სინდრომი ნეიროგანვითარების დარღვევად, იშვიათ პათოლოგიად განიხილება. მისი გავრცელების მაჩვენებელია 1:10-15000. რეტის სინდრომის მქონე ყველა ცოცხლად შობილი პაციენტი მდედრობითი სქესისაა, ხოლო მამრობითი სქესის ბავშვები ამ სინდრომით თითქმის ყოველთვის მკვდრები იბადებიან.

სინდრომის ეტიოლოგიის ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზაა გენეტიკური – აუტოსომურ-დომინანტური X ქრომოსომის მუტაცია. მამის მხრიდან გადაცემული X-ქრომოსომული მუტაციის შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ლეტალურია. დედის ხაზით გენური მუტაციის გადაცემაზე მეტყველებს ერთი დედის ქალიშვილების ან დეიდისა და დისშვილის ერთდროული ავადობის შემთხვევები.

გავრცელებულია ნეიროქიმიური ჰიპოთეზაც. გამოკვლევების თანახმად, რეტის სინდრომის მქონე პაციენტებს თავის ტვინში აღენიშნებათ დოფამინ 2-ის რეცეპტორების მნიშვნელოვანი შემცირება და საკმაოდ აქვთ დაქვეითებული ქოლინაცეტილტრანსფერაზის დონე. აღრიცხულია თავის ტვინის მცირე წონის შემთხვევები, თუმცა ტვინის თეთრ ნივთიერებაში ამ დროს ცვლილებები არ შეინიშნებოდა.

რეტის სინდრომი პერვერსიული განვითარების აშლილობად მიიჩნევა და მისი დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, რადგან არ არსებობს სპეციფიკური სადიაგნოსტიკო მარკერი. შესაბამისად, არც დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, დამხმარე და სადიფერენციაციო კრიტერიუმებია შემუშავებული. ამიტომ დიაგნოზს კლინიკური სიმპტომების მიხედვით სვამენ. პირველად დიაგნოზი ორ წლამდე ისმება, ხოლო მისი დადასტურება ორიდან ხუთ წლამდე ხდება. სწორი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია როგორც განვითარების პროფილის მრავალჯერადი გამოკვლევა, ისე დაწვრილებითი პრე- და პერინატალური ანამნეზი.

როგორ ხდება რეტის სინდრომის დიაგნოსტიკა?
რეტის სინდრომის დიაგნოზი კლინიკურ ნიშნებს ემყარება. ხშირად კლინიკურ დიაგნოზს გენეტიკური ტესტით ადასტურებენ.

 

ტიპური ნიშნები:

  • ასაკის შესაბამისი განვითარების პერიოდი;
  • სტაგნაციის (განვითარების შეფერხების) პერიოდი – დაახლოებით 1 წლიდან რეგრესის დაწყებამდე;
  • რეგრესის პერიოდი – როდესაც ბავშვი შეძენილ უნარებს კარგავს (მეტყველება,
    ხელის მიზანმიმართული მოძრაობა). მერყეობს დაახლოებით 9-დან 30 თვემდე;
  • ხელის სტერეოტიპული (განმეორებითი) მოძრაობების განვითარება (ხელის
    პირში ჩადება, ტაშის კვრა, ხელების ფშვნეტა, ხელისგულების მსუბუქი შეხება);
  • სიარულის დარღვევა;
  • დაბადებისას ნორმალური თავის გარშემოწერილობა, რომელსაც მოსდევს თავის გარშემოწერილობის ნელი ზრდა 2 თვიდან 4 წლამდე;
  • სხვა დაავადებების, სინდრომებისა და ტრავმის არარსებობა.

სხვა ნიშნები, რომლებიც შესაძლოა ახასიათებდეს რეტის სინდრომს:

  • სუნთქვის პრობლემები (ჰიპერვენტილაცია (სუნთქვის გახშირება),
    სუნთქვის შეკავება, აეროფაგია (ჰაერის ყლაპვა));
  • ცვლილებები ეეგ-ზე;
  • ეპილეფსია – რეტის სინდრომის მქონე ადამიანების 50%-თან;
  • ასაკთან ერთად კუნთთა ტონუსის მატება – კუნთი ხდება რიგიდული,
    ვითარდება სახსრების დეფორმაცია და კუნთების განლევა;
  • არაბალანსირებული სიარული ფართოდ გადგმული ფეხებით (რეტის
    სინდრომის მქონე ბავშვების 50%-ს შეუძლია დამოუკიდებლად
    გადაადგილება);
  • სკოლიოზი (ხერხემლის გამრუდება);
  • ზრდაში ჩამორჩენა.

 

კლინიკური აღწერის მიხედვით, რეტის სინდრომი რამდენიმე ფაზით მიმდინარეობს:

. ნორმალური განვითარების ფაზა – დაბადებიდან 6 თვემდე;

. სტაგნაციის ფაზა – 6 თვიდან წლამდე;

. რეგრესის ფაზა – ერთიდან 4 წლამდე

. პლატო – ორიდან 10 წლამდე;

. გვიანდელი ფაზა – 10 წლიდან.

რეტის სინდრომით დაავადებულთა განვითარება დაბადებიდან 6 თვემდე ნორმის ფარგლებშია და ისინი ჯანმრთელი ბავშვების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ექვსი თვიდან იწყება განვითარების შეფერხება და მანამდე შეძენილი ჩვევების უკუგანვითარება. ქვეითდება მობილურობა, თამაშის ინიციატივა, თვალებით კონტაქტის ინტენსივობა, იმატებს კუნთთა ტონუსი, ხელების მიზანმიმართული ქმედებები იცვლება უაზრო, სტერეოტიპული მოძრაობებით და მანიფესტირდება გულყრები. ექვსი თვიდან წლამდე ასაკში სახეზეა სტაგნაცია.

სტაგნაციის შემდეგ იწყება რეგრესის ფაზა, რომელსაც თან ახლავს პირამიდული და ექსტრაპირამიდული ნიშნები ძვლოვანი სისტემის არასრულფასოვნებით, რაც გამოიხატება ძვლოვანი ქსოვილის ზრდის ტემპის შენელებითა და შეჩერებით. რეგრესის ფაზა, რომელიც გრძელდება 30 თვემდე, შესაძლოა 6 თვის ასაკიდან დაიწყოს და ახასიათებდეს განვითარების უეცარი ან თანდათანობითი დაქვეითება. ხელების მანიპულაციური მოძრაობა და მეტყველების უნარი ყოველთვის ქვეითდება. ნატიფი მოტორიკის შემთხვევაში თითების უკვე ჩამოყალიბებული პინცეტისებური მოძრაობა თანდათანობით ქრება. იმატებს ხელებისა და ტანის ბიძგისებური მოძრაობები. ბავშვი ხელებს მუდმივად პირში იდებს ან ზურგს უკან აქვს გადაჯაჭვული და იშვიათად იყენებს. ხელების სტერეოტიპული მოძრაობები ქრება ძილის დროს. ასეთი მოძრაობები ხელს უშლის მიზანმიმართული მოქმედების შესრულებას, რაც ძლიერ აგზნებას იწვევს. ამ ფაზაშივე ვლინდება კოგნიტიური ფუნქციების ჩამორჩენა, აუტისტური ტიპის ქცევები, სოციალური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დარღვევა.

ასაკის მატებასთან ერთად აღმოცენდება სუნთქვის პრობლემები: ძილის დროს სუნთქვა ნორმალურია, ხოლო უცაბედი გაღვიძების დროს ვითარდება ჰიპერვენტილაცია. გამოღვიძებისას ხშირია სუნთქვის დიზრითმია.

ეპილეფსიური გულყრები 4 წლიდან იწყებს მანიფესტირებას. მიუხედავად იმისა,რომ რეტის სინდრომის მქონე ყველა ბავშვს აქვს პათოლოგიური ეეგ-პატერნები, ეპილეფსიური გულყრები კლინიკურად აღენიშნება მხოლოდ მათ 50%-ს. სინდრომი ხასიათდება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიური გულყრებით: ატიპური აბსანსები, პარციალური, პირველადად გენერალიზებული და მეორეულად გენერალიზებული გულყრები, რომლებიც თითქმის არ ექვემდებარება მკურნალობას.

მესამე ფაზა, პლატო, ხასიათდება აპრაქსიით, მოტორული პრობლემებითა და ეპილეფსიური გულყრებით. იმავდროულად, მესამე ფაზაში უმჯობესდება ქცევა, მცირდება აუტისტური ნიშნები. ამ პერიოდში იზრდება გარემოსადმი ბავშვის ინტერესი. შესაძლოა, გაუმჯობესდეს კომუნიკაცია და ყურადღება.

მეოთხე, გაუარესების ფაზა ძირითადად მოძრაობის დარღვევების დამძიმებით ხასიათდება. ასაკის მატებასთან ერთად მძიმდება სკოლიოზი, კუნთების სპასტიკურობა, ფერხდება სიმაღლეში ზრდა, იმატებს კუნთების რიგიდულობა და ტონუსი, ირღვევა სხეულებისა და კიდურების პოზა, თითქმის შეუძლებელი ხდება სიარული, თუმცა მცირდება ხელების სტერეოტიპული მოძრაობები და უმჯობესდება თვალებით კონტაქტი[1].

 

სწავლება

რეტის სინდრომის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას საკლასო ოთახებში რეკომენდებული და მიზანშეწონილია მხარდამჭერი მოწყობილობების გამოყენება. ვინაიდან ასეთი მოსწავლეები, ჩვეულებრივ, კარგავენ ლაპარაკის უნარს, შემუშავებულია წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ მათთან მუშაობისას სასწავლო პროცესში:

  • კლასში დისკუსიების დრო წინასწარ მიეცით მოსწავლეს სადისკუსიო თემა, რათა მას ჰქონდეს დრო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (გამაძლიერებელი საკომუნიკაციო მოწყობილობების) გამოყენებით პასუხის მოსამზადებლად.
  • ხელების მიზანმიმართული გამოყენების დაკარგვა რეტის სინდრომის კიდევ ერთი მახასიათებელია. აშლილობის მქონე მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ის, რაც იციან ტექნოლოგიის ან/და სიგნალების გამოყენებით და არა წერილობით.
  • დაუთმეთ გარკვეული დრო გაკვეთილის განმავლობაში. რეტის სინდრომის მქონე მოსწავლეებს სჭირდებათ ყურადღებიანი მასწავლებლები, რომლებიც შეაქებენ მათ, მოტივაციას შემატებენ და მიზნებს დაუსახავენ.
  • იდეალურია კლასში პარაპროფესიული ან გაძლიერებული კომუნიკაციის სპეციალისტის ყოფნა. რეტის სინდრომი აუტისტური სპექტრის აშლილობათაგან ყველაზე დამამშვიდებელია და მოწაფეებს სჭირდებათ დამატებითი მხარდაჭერა, რადგან ისინი ასრულებენ ბევრ დავალებას.
  • რეტის სინდრომის მქონე ბევრი სტუდენტი გადაადგილებისთვის ეტლით სარგებლობს. მასწავლებლები უნდა დარწმუნდნენ, რომ საკლასო ოთახში არის ეტლებით გადაადგილების შესაძლებლობა. ასევე საჭიროა აქტივობების დაგეგმვა, რათა ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებმაც მიიღონ მათში მონაწილეობა რაიმე ფორმით.
  • რეტის სინდრომის მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ, მიიღონ შემოკლებული გაკვეთილები/დავალებები. ფიზიკური (და ზოგჯერ გონებრივი) შეფერხების გამო მათ ზოგიერთი დავალების შესასრულებლად უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ამიტომ მათი დატვირთვა უნდა შეიცვალოს მათი ტემპის შესაბამისად. რეტის სინდრომის მქონე მოსწავლეები ებრძვიან მუშა მეხსიერებას, ამიტომ ისინი შესაძლოა გადაიტვირთონ, როცა მეტისმეტად ბევრ ინფორმაციას ვაწვდით. შესაძლოა დასჭირდეთ ინფორმაციის ეტაპობრივი მიწოდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან/და მეტი გამეორება და პრაქტიკა[2].

[1]https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98

https://rettsyndrome.ge/169-2/

[2] https://piowlskidisabilityresearch.weebly.com/rett-syndrome-accommodations-and-modifications.html

ტიმბუქტუ – მისტიკური ქალაქი

0

ოდესღაც ხალხს ეგონა, რომ ტიმბუქტუ არ არსებობდა, მას სიმბოლოდ აღიქვამდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო რეალური ადგილი და, ამასთანავე, მნიშვნელოვანი ქალაქიც, განსაკუთრებით – ისლამური სამყაროსთვის. რა ფასდაუდებელ სიმდიდრეს ინახავს ტიმბუქტუს ბიბლიოთეკა, ჩანს მუსლიმანური ანდაზიდან: „მარილი ჩრდილოეთიდან მოდის, ოქრო – სამხრეთიდან, ხოლო ღვთის სიტყვა და სიბრძნე – ტიმბუქტუდან“.

საჰარის უდაბნოს სამხრეთით, მდინარე ნიგერიდან 7 კილომეტრზე, საჰელის რაიონში, მდებარეობს ტიმბუქტუ (ტომბუქტუ), რომელიც წლების განმავლობაში იყო ტუარეგების მთავარი ქალაქი მალის რესპუბლიკაში. დღეს ის მალის რვა ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთის, ტომბუქტუს რეგიონის, დედაქალაქია.

ტიმბუქტუ აფრიკისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, როგორიც ათენი ან რომი – ევროპისთვის. ქალაქი დააარსა მომთაბარე ხალხმა – ტუარეგებმა 1100 წელს ქარავნების გასაჩერებლად. XIV-XV სს-ში ტიმბუქტუ გახდა მარილითა და ოქროთი საქარავნო ვაჭრობის მთავარი ცენტრი ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ის საუკუნეების განმავლობაში იყო ტრანსსაჰარული სავაჭრო გზის ანკლავი და ისლამის სულიერი დედაქალაქი აფრიკაში. ეს ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

ტიმბუქტუ ისლამისტური მეცნიერების ცენტრი იყო და არის. ქალაქში უკვე მე-15 საუკუნეში არსებობდა რამდენიმე მეჩეთი, ასევე მედრესეები – რელიგიური სკოლები. სანკორეს მეჩეთთან არსებულ ერთ-ერთ უდიდეს საღვთო სკოლაში ასწავლიდა აჰმედ ბაბა ალ მასუფი, რომელსაც ჟიულ ვერნი ახსენებს თავის ერთ წიგნში. სწორედ ამ ქალაქში ინახება ის ასი ათასი ხელნაწერი, რომელთა განადგურებაზეცაა ლაპარაკი.

სანკორეს მედრესეს ეზო

 

ჯინგარეიბერის მეჩეთი მალის ცნობილი სასწავლო ცენტრია, რომელიც ანდალუსიელმა პოეტმა აბუ ეს ჰაკ ეს საჰელიმ დააარსა 1327 წელს. 1988 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს სიდი იაჰიასა  და სანკორეს მეჩეთებთან ერთად. ეს ერთადერთი მეჩეთია, სადაც არამუსლიმ სტუმრებს შეუძლიათ შესვლა.

ქალაქმა დიდი აღმავლობა განიცადა მანსა მუსას (მალის მეფე) მეფობის დროს. აშენდა ბიბლიოთეკები, მეფის სასახლე და მეჩეთები. მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი ტიმბუქტუს სანკორეს უნივერსიტეტმა, რომელსაც 25 000 სტუდენტი ჰყავდა. ხალხი მას “საჰარის ოქსფორდს” ეძახდა, თვითონ ქალაქს კი – “ოქროს ქალაქს”, რადგან იგი ზღაპრულად მდიდარი იყო. 1591 წელს ტიმბუქტუ მაროკომ დაიპყრო და 1780 წლამდე შეინარჩუნა. ამ ხნის განმავლობაში დაიხურა უნივერსიტეტი, დახოცეს მასწავლებლები და სტუდენტები, შენობები დაინგრა, ქალაქი კი დასუსტდა. მაროკოს შემდეგ ტიმბუქტუს სხვა აფრიკული ტომები დაეპატრონენ. XVIII-XIX საუკუნეებში აფრიკის ტერიტორიები ევროპის ქვეყნების კოლონიებად იქცა. ევროპელებს ეგონათ, ოქრო ტიმბუქტუში ისევე უხვად იყო, როგორც ქვიშა. 1824 წელს პარიზში პრიზიც კი დააწესეს მისთვის, ვინც პირველად ჩამოიტანდა ინფორმაციას ტიმბუქტუს შესახებ. ბევრმა სცადა, მაგრამ მიზანს საბოლოოდ რენე კაილმა მიაღწია 1828 წლის აპრილში. მან თვალებს არ დაუჯერა, როცა ნახა განადგურებული ქალაქი, სადაც სახლები მიწისგან იყო ნაშენი, თუმცა ინტელექტუალური და რელიგიური ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ იგრძნობოდა. 1894 წელს კოლონიზატორებმა ტიმბუაქტუში გახსნეს ოცზე მეტი სკოლა, რამაც დადებითად იმოქმედა ქალაქის განვითარებაზე.

მალიმ 1960 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა. ტიმბუქტუ ჯერ კიდევ ღარიბი ქალაქი იყო და ნელა ვითარდებოდა. სანკორეს უნივერსიტეტი კვლავ გაიხსნა და დღეს მას 15 000 სტუდენტი ჰყავს. დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ქალაქი მართლა არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ იქ ცხელა, სიღარიბეა და ქვიშის ქარებიც ხშირია, ტურისტები მას მაინც სტუმრობენ.

მიუხედავად ღირსშესანიშნაობების სიმრავლისა და საერთაშორისო აეროპორტისა, ტიმბუქტუ კვლავ ღარიბი ქალაქია. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, იქ ქვამარილს მოიპოვებენ.

1990-იან წლებში ქალაქის სამი დიდი მეჩეთი აღადგინეს. მიუხედავად მისი აღმშენებლობის ყველა მცდელობისა, ტიმბუქტუ ღარიბ ქალაქად რჩება. მას ყველაზე დიდ პრობლემებს გაუდაბნოება უქმნის, თუმცა მასზე რეგიონში არსებულმა კონფლიქტებმაც მოახდინა გავლენა.

გაუდაბნოებისა და ჯიჰადისტური ტერორიზმის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს საინტერესო ადგილები: აჰმედ ბაბას სასწავლო ცენტრი, ბუტცუს სასახლე, მკვლევართა სახლები, ალმანსურ კორეის კერძო მუზეუმი.

1988 წელს იუნესკოს მიერ ტიმბუქტუს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების შედეგად შემუშავდა პროგრამები ქალაქის დასაცავად.

ტიმბუქტუს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში:

https://www.sporcle.com/blog/2019/11/where-is-timbuktu/

https://www.radiotavisupleba.ge/a/timbuku/24890774.html

რაზე არ შეიძლება ლაპარაკი ბავშვების თანდასწრებით

0

რამდენიმე კვირის წინ ავტობუსით მგზავრობისას საინტერესო და საყურადღებო შემთხვევის უნებლიე მოწმე და მონაწილე გავხდი. ხუთი წლის ტასო, რომელიც ბაბუას საბავშვო ბაღიდან მოჰყავდა, საკმაოდ კომუნიკაბელური და ლაპარაკის მოყვარული ბავშვი აღმოჩნდა. ის გატაცებით მიყვებოდა საბავშვო ბაღის, მასწავლებლების, მეგობრების შესახებ – ვინ მოსწონდა, ვინ არ მოსწონდა და რატომ, ვინ რა დაუშავა. როგორ ემზადებოდნენ ზეიმისთვის. როცა ერთ-ერთი პედაგოგის ცუდად მოხსენება და იმ სალანძღავი სიტყვების წარმოთქმა დაიწყო, რომლითაც ის ბავშვებს მიმართავდა, ტასოს ბაბუა უხერხულად შეიშმუშნა და ბავშვის გაჩუმებას შეეცადა. თუმცა, „ორატორის“ როლში შეჭრილი და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მყოფი პატარა ბაბუას არ დაემორჩილა, ხელები გაშალა და ამაყად წარმოთქვა: „ახლა ჩემი ოჯახის შესახებაც უნდა მოგიყვეთ! როცა მამიკო ჩვენთან მოდის…..“, მაგრამ ტასომ წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, რადგან ბაბუამ სასწრაფოდ წამოაყენა ბავშვი სკამიდან და გამოუცხადა, რომ ჩასვლას აპირებდნენ. „კარგი რა, ბაბუ. მე ხომ ჩვენს ოჯახზე ვსაუბრობ!“ – არ ცხრებოდა პატარა. მაგრამ, ავტობუსი გაჩერდა თუ არა ბაბუამ ხელში აყვანილი ტასო სასწრაფოდ განარიდა ოჯახური ურთიერთობების მოსასმენად მომზადებულ, ინტერესით შეპყრობილ ავტობუსის მგზავრებს. ყველა მიხვდა, რომ ბავშვი ისეთ თემაზე აპირებდა საუბარს, რომელიც ოჯახიდან გარეთ გამოსატანი არ იყო და რომელიც ბაბუას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა.

როგორც წესი, ზრდასრულები ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ბავშვი, როცა ის ოჯახის უფროსი წევრების საუბრის მოწმე ხდება. ამ დროს პატარა თითქოს თავისი სათამაშოებით არის დაკავებული და არაფერი ესმის იქიდან, რაზეც ოჯახის უფროსი წევრები საუბრობენ. გავითვალისწინოთ, რომ თამაშში ჩართულ ბავშვს ყურები დაცქვეტილი აქვს და არცერთ მოსმენილ სიტყვას არ ტოვებს ყურადღების მიღმა. დიდი ალბათობით მოსმენილი სიტყვები და უფროსების საუბრის შინაარსი მას შეიძლება საერთოდ არ ესმოდეს, მაგრამ პატარას ეს ჯერ არ სჭირდება. მისი ტვინი ამ დროს მუშაობს როგორც ინფორმაციის დამგროვებელი, ის ყველაფერს იწერს. ბავშვის ფსიქიკა საკმაოდ მიმღებია – უფროსების ყოველი სიტყვა, სახის გამომეტყველება, ინტონაცია იწერება და შეიძლება მომავალში მან სრულიად შეუფერებელ მომენტში, შეუფერებელ ადგილას მოახდინოს მოსმენილის, ნანახის რეპროდუცირება და საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს ახლობლები.

შეიძლება თუ არა ბავშვი ისმენდეს და იცოდეს ყველაფერი, რაზეც უფროსები ვსაუბრობთ. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ჩვენმა დაუფიქრებლად წამოსროლილმა სიტყვებმა. რა შეიძლება ვთქვათ ბავშვების თანდასწრებით და რა არა, რაზე ლაპარაკი არ არის სასურველი მაშინ, როცა პატარები ჩვენ გვერდით იმყოფებიან:

  • მოვერიდოთ ბავშვის თანდასწრებით მეგობრების, ნაცნობების, მეზობლების, ნათესავების ქცევის განხილვას, მათზე საუბარს და მით უმეტეს მათ განკითხვას, აუგად მოხსენიებას. ნამდვილად არ ვართ დაზღვეული იმისაგან, რომ ბავშვი ჩვენს ნათქვამ სიტყვებს იმავე ტონით და იმავე მიმიკით სადმე, სრულიად შეუფერებელ ადგილას არ წამოისვრის. როგორც წესი, ხშირად ასეთ სიტუაციებში გარშემომყოფები ბავშვის გამოსვლებზე ბევრს იცინიან; ჩვენ, პატარას თანმხლები პირები კი უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით, რადგან ყველა ხვდება, რომ ბავშვმა ეს თავად კი არ მოიფიქრა, არამედ გაიმეორა ის, რაც ოჯახში მოისმინა;
  • განსაკუთრებული რისკის შემცველია დარღვეულ ოჯახებში ერთი მშობლის მიერ მეორის აუგად მოხსენიება ბავშვის თანდასწრებით. ადამიანის უფლებაა არ მოსწონდეს თავისი ყოფილი მეუღლე, მაგრამ არ შეიძლება ამ ურთიერთობაში ბავშვის ჩართვა. ის მისი მამაა. ამით ყველაფერია ნათქვამი. ბავშვს უყვარს და აიდიალებს საკუთარ მამას, მაშინაც კი, თუ ეს უკანასკნელი არ ავლენს ინტერესს შვილის მიმართ. ბოლოს და ბოლოს ის გაიზრდება და ყველაფერში თავად გაერკვევა. ნუ ვაიძულებთ ბავშვს ჩაუღრმავდეს ზრდასრულთა პრობლემებს;
  • მოვერიდოთ ბავშვის თანდასწრებით აღმზრდელებისა და პედაგოგების განკითხვას, მათზე ჭორაობას, მათი ქცევის, მუშაობის სტილის, ბავშვთან ურთიერთობის შეფასებას. ჩვენი ასეთი მოქმედების შემდეგ ნუ ველით ბავშვისგან კარგად სწავლას და სანიმუშო ქცევას საბავშვო ბაღში ან სკოლაში. ეს ბუნებრივია რადგანაც, თუ დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მასწავლებელი, აღმზრდელი „სულელია“, „თავისი საქმე არ იცის, არ იცის როგორ მოექცეს ბავშვებს“, მისი ავტორიტეტი ბავშვის თვალში იმდენად დაქვეითდება, რომ მას აღარ ექნება სურვილი მოუსმინოს და პატივი სცეს ადამიანებს, რომლებთანაც ყოველდღიურად უწევს შეხება და სასწავლო პროცესში ჩართვა. უმჯობესი იქნება, თუ პედაგოგებისა და მშობლების ურთიერთობა ბავშვის თანდასწრების გარეშე გაირკვევა;
  • გაუმართლებელია პოლიტიკაზე და პოლიტიკურ თემებზე საუბარი, როცა პატარა ჩვენ შორიახლოსაა, ყურები დაცქვეტილი აქვს და თითოეულ ჩვენ ნათქვამ სიტყვას ღრუბელივით ისრუტავს. სასაცილოა, როცა ხუთი წლის ბავშვი სერიოზული სახით აცხადებს – „პოლიტიკაში მხოლოდ სულელები არიან!“. ასევე აბსურდია, როცა მსგავს სიტყვებს წარმოთქვამს მოზარდი, რომელსაც არც გამოცდილება აქვს და არც ცოდნა თავისი სიტყვების დასასაბუთებლად. თავს ნუ მოვახვევთ ბავშვს პოლიტიკურ შეხედულებებს – საკუთარი პოზიცია მას თავად უნდა ჩამოუყალიბდეს. თუმცა, შეიძლება დავუშვათ გამონაკლისი, თუ მოზარდი გვეკითხება ჩვენს აზრს, ან გვთხოვს ჩვენი იდეების გაზიარებას;
  • მოვერიდოთ ბავშვის თანდასწრებით სამყაროს აღსასრულზე, კომეტების მოახლოებაზე, ცუნამზე, სხვადასხვა სახის ბუნებრივ კატასტროფებზე საუბარს. ასეთი საუბრები აშინებს პატარას. მით უმეტეს, როცა ამაზე საუბრობენ მისთვის ავტორიტეტული უფროსები. ისინი ხომ ამ თემებზე ერთმანეთთან ზღაპრების მოყოლას არ დაიწყებენ. ე.ი. ყველაფერი სიმართლეა და მალე დაიწყება სამყაროს აღსასრული. რა მოხდება ასეთი საუბრების მოსმენის შემდეგ, დამოკიდებულია ბავშვის ფანტაზიასა და მგრძნობელობაზე. ის შეიძლება სერიოზულად შეაწუხოს უფროსებისგან უნებლიედ მიღებულმა ინფორმაციამ. ზოგი ბავშვი ნამდვილ პანიკაში ვარდება, რადგან ბუნებრივი კატასტროფების, სტიქიური უბედურების შიშის მიღმა ჩვეულებრივ სიკვდილის შიში იმალება. ბავშვი ხვდება, რომ როგორც თავად, ასევე დედა და მამა შეიძლება ოდესმე აღარ იყვნენ, დაიხოცონ. ასეთი აზრები ანადგურებს პატარას, მის ფსიქიკას;
  • მოვერიდოთ ოჯახის წევრებთან ბავშვის თანდასწრებით მისი ქცევისა და აღზრდის მეთოდების განხილვას. ეს დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატარას აღზრდით დაკავებული ადამიანები ერთსულოვანი ვართ აღზრდის კონკრეტული მეთოდების გამოყენებაში და შეთანხმებულად ვმოქმედებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვდგებით მანიპულატორის აღზრდის საფრთხის წინაშე. თუ აღმზრდელთა მოსაზრებები არ ერთმანეთს ემთხვევა – ერთი იცავს, მეორე კი-ეჩხუბება, ბავშვი სწრაფად მიხვდება, თუ ვისი მხარდაჭერა იქნება მისთვის უფრო მომგებიანი;
  • დაუშვებელია ბავშვის ქცევის, მისი ხასიათის არცთუ საუკეთესო თვისებების განხილვა მეგობრებთან და ნათესავებთან თავად ბავშვის თანდასწრებით. ეს ამცირებს, შეურაცხყოფს მას. ცხადია, არანაირ ნდობაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი ამის შემდეგ;
  • მოვარიდოთ ბავშვები ოჯახურ კონფლიქტებსა და ჩხუბს. ოჯახური ცხოვრება კამათის და კონფლიქტების გარეშე წარმოუდგენელია. ისინიც კი, ვისაც უსაზღვროდ უყვართ ერთმანეთი და პატივს სცემენ ერთმანეთს, შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში და გარკვეულ თემებზე ცხარედ კამათობდნენ. ასეთია ოჯახური ცხოვრება, შეუძლებელია ყველაფერში შეთანხმება. მაგრამ, როცა ასეთ კამათს შეურაცხმყოფელი სიტყვები მოჰყვება და ეს ყველაფერი ბავშვის თვალწინ ხდება, შეიძლება ძალიან არასასურველი შედეგების მოწმენი გავხდეთ. ასეთ დროს ბავშვში თავს იჩენს დეპრესია, შფოთიანობა, მიდრეკილი ხდება აგრესიისკენ, სისტემატურად არღვევს დისციპლინას და საზოგადოებრივი წესრიგის ნორმებს. ეს იმიტომ, რომ მშობლებს შორის ჩხუბის შემსწრე ბავშვი საკუთარ ოჯახშიც კი ვეღარ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. მისთვის ოჯახი ხომ მთელი სამყაროა და როცა ეს სამყარო აშინებს, მას აღარაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ შეეცადოს ამ საშინელებისაგან თავის დაცვას. ბავშვის ფსიქიკა მზად არ არის უფროსების პრობლემებისთვის. როცა ერთი მშობელი ცუდად ლაპარაკობს მეორე მშობელზე, ეს ანადგურებს ორივეს ავტორიტეტს ბავშვის თვალში, იწვევს შფოთვას და გულისწყრომას მასში. ნუ ჩავაყენებთ ბავშვს არბიტრის პოზიციაში, ნუ დავტვირთავთ მას ოჯახური პრობლემების ტვირთით, ნუ ჩავრთავთ ჩვენს კამათში, ნუ ვაიძულებთ, რომ ერთ-ერთი მხარე აირჩიოს, ნუ ვკითხავთ, თუ ვინ უფრო მეტად უყვარს და ვის ეთანხმება კამათის დროს. თუმცა, დესტრუქციული კონფლიქტებისგან განსხვავებით კონსტრუქციული კონფლიქტები შეიძლება დადებითი შედეგის მომტანიც კი აღმოჩნდეს აღზრდის თვალსაზრისით. ბავშვები, რომლებიც საკმაოდ ადრეული ასაკიდან ხედავენ, თუ როგორ კონსტრუქციულად კამათობენ მშობლები, არიან უფრო მეტად ტოლერანტულები, ემპათიურები, გაურბიან შაბლონურ აზროვნებას, კონფორმისტულ გადაწყვეტილებებს. ნაცვლად იმისა, რომ გაიზიარონ სხვა ადამიანების მოსაზრება, ისინი ეყრდნობიან დამოუკიდებელ მოსაზრებებს, მსჯელობას.

აღმზრდელების, მშობლების ამოცანაა, მოამზადონ ბავშვი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, გადასცენ, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ის, რასაც ადამიანი ბავშვობაში ისმენს, გავლენას ახდენს მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ბევრი თემის განხილვა შესაძლებელია ბავშვის თანდასწრებით. მთავარია, შევარჩიოთ კონტექსტი, მაგალითები ასაკის შესაბამისად და ვესაუბროთ მისთვის გასაგებ ენაზე. ნუ დავტვირთავთ ბავშვს ოჯახური პრობლემებით და ჩვენი ურთიერთობებით. ნუ ავკიდებთ მას ისეთ ტვირთს, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებს და რომელიც ფსიქიკას დაუზიანებს.

ქეთევან ოსიაშვილი

20.01.2023.

დიმიტრი ყიფიანის გრამატიკა

0

დიმიტრი ყიფიანის შესახებ ჩვენს მოსწავლეებს ბევრჯერ უნდა ვუამბოთ- რუსული იმპერიის მსხვერპლი, ქართული ენის ღირსებისთვის შეწირული, აკაკის „განთიადის“ მიძღვნის ობიექტი, დიდი ქართველი მამულიშვილი… მოკლედ, დიმიტრი ყიფიანი იმ სახელებს შორისაა, რომელთა ღვაწლის გაცნობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი სასკოლო კურიკულუმის თუ მის ფარგლებში.

მაგრამ გვითქვამს თუ არა ჩვენი მოსწავლეებისთვის ოდესმე, რომ ეს დიდი კაცი ამავე დროს, თავისი დროის უდიდესი გრამატიკოსი და ენათმეცნიერი, ქართული ენის უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოს, გრამატიკის წიგნის ავტორია?

რომ მაშინ, როცა ქართული ენის რუსულით ჩანაცვლების პოლიტიკას ხმამაღლა თუ ჩუმად, აქტიურად გეგმავდა  რუსეთის იმპერია, დიმიტრი ყიფიანმა 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“, რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.

პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, შეუფასებელია თავად ამ წიგნის ლინგვისტური პროფილი,  ავტორის მეცნიერული ალღო და გააზრების უნარი, თანამედროვე და პროგრესული ხედვა.

„მთელი ეს მასალა, − წერს აკ. შანიძე დიმიტრი ყიფიანის შესახებ − ძალიან დამახასიათებელია იმდროინდელი ქართ. გრამატიკული აზროვნებისათვის და ააშკარავებს დ. ყიფიანის საღ გრამატიკულ ალღოს ბევრს საკითხებში. დ. ყიფიანს ნათლად აქვს წარმოდგენლი გრამატიკის დანიშნულება. მისი აზრით, ცოცხალ ენას თავზე კი არ ახვევენ კანონებს, არამედ იგი თვით იძლევა კანონებს. მკვლევარის საქმეა გამოარკვიოს ეს კანონები და არ უარყოს იგი“.

დავიწყოთ თავიდან, პირველ რიგში, გულისამაჩუყებელი და ემოციურია წიგნის მიძღვნა,  გრამატიკის ეს სახელმძღვანელო ავტორმა მომავალი თაობისთვის დაწერა, „ახალი გრამატიკა-სხარტულად დაწერილი მამისაგან შვილებისთვის“ – ვკითხულობთ წიგნის სატიტულო გვერდზე.

მეორე, რაც ნებისმიერი საქმის კეთებისას უნდა ვისწავლოთ და გავიზიაროთ დიმიტრი ყიფიანისგან,  გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინებაა, თავისი გრამატიკის შესავალ ნაწილში ავტორი ჩამოთვლის ქართული გრამატიკული აზროვნების ყველა წარმომადგენელს, ყველა სახელმძღვანელოს, რომელიც მის წიგნამდე დაწერილა.  აქვე ამბობს, ეს ყველა წიგნი ან მოძველდა ან აღარ იშოვება, ამიტომაც გადავწყვიტე ახლის დაწერაო.

„სხარტულად დაწერილი“ – გრამატიკის ამ წიგნის სახასიათო ნიშანია, დღესაც აქტუალურია, როგორ ავხსნათ გრამატიკის რთული საკითხები ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, ამ მხრივ, თანამედროვე სახელმძღვანელოების ავტორებმა სავსებით შეიძლება დიმიტრი ყიფიანის ხედვა გაიზიარონ და გამოიყენონ კიდეც.

მაგალითად, ასეთი თვალსაჩინო და სახალისო ახსნა აქვს  სიტყვის წარმოებას:

„როგორც ერთ ძირ ხეზედ აურიცხველი ტოტი და ფოთოლი იზრდება, სიტყვის ძირიც ისე ბარტყობს და მრავლდება, მაგალითად „კაცი“-კაცი, კაცური, კაცობრივი,უკაცო, ბერიკაცი…“

წიგნი სხვა წინამორბედებისგან პრაქტიკული, გასაგები, ცოცხალი ენით გამოირჩევა, კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული გრამატიკული საკითხები, თვალსაჩინო მაგალითები გრამატიკის ამ წიგნს თვისობრივად ახლებურ სახელმძღვანელოდ აქცევს.

ზუსტი და გასაგები დეფინიცია, რომელიც ამა თუ იმ საკითხს მთლიანად მოიცავს, გრამატიკის სახელმძღვანელოს დაწერისათვის მთავარი თავსატეხია. ამ კუთხით, დიმიტრი ყიფიანის სხარტი და მოხერხებული განმარტებები აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს, ამ წიგნში, ყველა წესი თვალსაჩინოებიდან, ენობრივი მასალიდან გამომდინარეა, ყველა წესს თავისი პრაქტიკული არგუმენტი აქვს, აქ არაა თეორია თეორიისთვის, უფრო პრაქტიკაზე დამყარებული თეორიაა.

რა არის სახელი? განა მშვენიერი განმარტება არაა?

„ ყოველს თვალით დასანახავს ან ფიქრით წარმოსადგენს საგანს უთუოდ სახელი ჰქვია რამე.“

ზმნის ბუნების ეს უზუსტესი ახსნა?

„ზმნა ყოველი ენისთვის სულია მაცოცხლებელი.“

და ეს შესანიშნავი დასაბუთება ქართული ენაში სქესის კატეგორიის არარსებობის შესახებ, თანასწორობასა და ქალთა უფლებების დაცვასთან რომ მივყავართ?

 „ქართული გრამატიკისათვის სქესების გარჩევა არას დროს არ არის საჭირო. ქართველები ამას ვადგევართ და ვამბობთ, რომ კაციცა და ქალიც ორივე ადამიანები ვართო და ერთი მეორეზედ უფრო ნარნარი და უფრო სატრფო იყოს, საქმით მეუღლეობას დიაღ, მაგრამ საგრამატიკო ბრუნვასა და მერყეობას რა ხელი აქვსო. ქალი რომ  ჩვენი სატრფოა, რომ საფუძველია ამ წუთისოფელში ჩვენის ბედნიერებისა და იმედიანი ბურჯი ჩვენის საოჯახო მყუდროებისა, ეს ძველთაგანვე დამკვიდრებული ხასიათი არის ჩვენი ყოფაცხოვრებისა; – გრამმატიკულად გვემოწმება ამაზედ შემდეგი ჩვეულება: როდესაც ორივე სქესი ერთად იხსენება ლაპარაკში ან წერა-კითხვაში, უსათუოდ ჯერ ქალს ვახსენებთ, მერე კაცსა: – მაგალითად: ქალ-ვაჟი, და-ძმა, დედ-მამა, გოგო-ბიჭი, ცოლ-ქმარი, რძალ-მაზლი… ერთად ერთ შემთხვევაში ვახსენებთ ჯერ მამაკაცსა, მაშინ როდესაც გვირგვინოსნებზე ვლაპარაკობთ: მეფე-დედოფალი“.

დიმიტრი ყიფიანის ეს სახელმძღვანელო ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი გრამატიკის წიგნია, რაც წამიკითხავს, ავტორი კი არ წერს, არამედ ჩვენთან ერთად ფიქრობს, მსჯელობს, გვესაუბრება ჩვენ, თავის შვილებს და ასეთ ანდერძსაც გვიტოვებს:

„ჩვენი სათქმელი აქ ის არის, რომ, როგორც ახლანდელი მეცნიერება გვიმტკიცებს, მთელს მსოფლიოში უძრავი არა არის რა, არა არის რა გაჩენილი ისეთი, რომ ან წინ არ მიდიოდეს ან უკან არა რჩებოდეს. ენაც ამგვარ დაუცხრომელ მოძრაობაში არის, თუ წინ მიდის, ქება და დიდება იმის ფაკტორებს, თუ უკან რჩება- ფუ ამათ კაცობას.

რაც განგებას თქვენთვის გზა უჩვენებია, თქმა არ გაბედოთ, ვეღარ ვივლითო, თორემ თუ ერთი შედექით როდისმე, მდგარი წყალი ხომ იცით დატბორდება და თუ დატბორდა, აყროლდება და ხავსს მოიკიდებს კიდეცა.

ენამაც უნდა იმდინარეოს“…

„ქაღალდის“ დანომრილი მორალის ტყვეობაში

0

(ბასილ მელიქიშვილის „ორფეხი“ და შოთა ჩანტლაძის „პროხორ!!!“)

ფსევდოდიონისე არეოპაგელი ამბობს, რომ თავისუფალი ნება არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ღმერთს კაცისთვის მიუცია. ღმერთი არასდროს მოახვევს თავს ადამიანს საკუთარ ნებას, რადგან ამ უკანასკნელის ნებას უზარმაზარ პატივს სცემს. მაგრამ რას აკეთებს თავად ადამიანი? ის სწორედ სხვა ადამიანის ნებას უგულებელყოფს. ეს კი პიროვნულობას სპობს და კაცთა სიმრავლეს ციფრებად, მასად აქცევს ხოლმე. მასად, კოლექტივად ქცეული, ნებაჩამორთმეული, ზომბირებული საზოგადოება კი ძალიან მძიმე სანახავია, კი ვიცით ეს საბჭოთაეპოქაგამოვლილებმა.

როგორია ამ მხრივ მწერლის დანახული სინამდვილე, ამის გარკვევა-დანახვა ორი მოთხრობის განხილვით ვცადოთ.

პირველია ბასილ მელიქიშვილის „ორფეხი“. ბასილ მელიქიშვილი ჩვენში ნაკლებად ცნობილი მწერალია, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, მისი ნაადრევი გარდაცვალებაა, თუმცა როდესაც ნიჭიერება თვალში საცემია, ის არ „კვდება“, ცოცხლობს და მარად თანამედროვეა. „ორფეხში“ საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი ადამიანის სიმბოლური სახეა დახატული. ამ უკანასკნელის სულიც და სხეულიც ტირანიის წნეხით დეფორმირებულია და ძალიან მტკივნეული აღსაქმელია, რომ მის დამონებულ სულში ბოლომდე არ ჩაკლულა თავისუფლების იმპულსები. ეპიგრაფის მიხედვით, ამ ადამიანის სიცოცხლე არის „დღეები ფიქრისა, ქვეყნისა და ციფრებისთვის“. ავტორი ფანტასმაგორიულობით, გროტესკითა და კინემატოგრაფიულობით გვიხატავს პერსონაჟის გარეგნობას, რომელშიც სული ჩაკარგულა თუ განბნეულა, ანუ ჩანს, რომ სხეული აპრიორია, ხოლო სული – უგულებელყოფილი მავანთა მიერ: „ქუჩაბანდიდან ადამიანის ცხვირი და ფეხები გამოვიდნენ, თან მოიყოლეს თვით ადამიანიც, თავისივე ცხვირივით მოხრილი და ხნიანი… მავალი მთვრალივით ტორტმანებდა, ყბები ჩაცვენილი სჩანდა, ხოლო მოხრილ ცხვირს ორი რგოლი დაეკიდა და მავალის მამას – ტაგუს – რგოლებისთვის თვალები დაერქმია. მგზავრი ხარის რქასავით მოხრილიყო, თითქოს ფეხები ვეღარ დაუთმია და მუდამ ზედ დასცქერისო. ორთითის მაგვარ ხელებს გადაივლებდა ხოლმე შუბლზე და მძიმე ფიქრებს იქარვებდა“(159). ამ ოსტატურად გამოძერწილი პორტრეტით ჩვენ წინაშე ცოცხლდება „დანომრილი“ ადამიანების საბჭოთა სინამდვილე. ეს მთავარი გმირიც, დავთრებში ჩამჯდარი, დაუსრულებლად ანგარიშობს, მაგრამ სულ აბსტრაგირებულობამდე აყვანილ შიშშია: „ვაითუ ანგარიშს ბოლო მოეღო!.. ვაითუ დავთრები ჩემმა სხეულმა ვეღარ გააღო, ხოლო საანგარიშო ჩარჩო დაიშალა და რგოლები დაიფანტნენ. მაშინ რაღა ვქნა, ბებია? მაშინ რას მოვეჭიდო, ხომ წყალი წამიღებს… რომ დასრულდეს თვლა, ციფრები გამოილივნენ, მაშინ რას მიშველის მზე, რას მარგებს დიდი ბაღი და რადიოს ხრიალი – ამის ფიქრი მტანჯავს და მაწუხებს. ვფიქრობ და ზოგჯერ მთელ ღამეებს ვათენებ…“(161).

დასაწყისშივე თვალში საცემია მწერლის სრულიად ორიგინალური, თანამედროვე თვითგამოხატვის, წერის ხერხები, ტროპების ეფექტური, ნატურალისტურ-სიურეალისტური მხატვრულობა („ნახევარმთვარესავით მოიხარა და ტორტმანით გაჰყვა ქუჩას“; „ჯამი თონის პურით აავსე და ლობიოთი მორწყე“). თხრობის მეთოდიც უცნაური და განსაკუთრებულია: ავტორი მიმართვას ერთ-ერთ მთავარ გმირს, მეორე პირში, და მისი თვალით დანახულს დეტალიზებულად ჰყვება. აბელი (ასე ჰქვია მთავარ გმირს) მოხუცს, რომელიც ყოველ გავლაზე ფარდაგის დასაკემსი ძაფის აგებას სთხოვს, აღსარებასავით მოუთხრობს თავისი უცნაური ოჯახის ამბებს. უყვება ცოლზე, მარუსიაზე, რომელიც ავადმყოფია და ქმარს სცემს ხოლმე, ის ჭაღარაა, გამელოტებული და დაღარული; შვილზე, ფისოზე, რომელიც ცელქი და რეალისტი ბავშვია. ჩვენ წინაშე იშლება მასების „ბედნიერებაზე“ გათვლილი, „ტკბილ-იდეალური“, ჩუმი, ჩაჭაობებული, უძრავი საბჭოეთი – „დღეს აღარ მინდა სამსახურში წასვლა, ძნელია, ძნელი, ჩუმად ყოფნა. ზოგჯერ, ღამით, როცა ფიქრი მტანჯავს და ბოღმა მთასავით ჩამომაწვება, შუაღამისას გავვარდები გარეთ და ბაღის იქით დიდ სახლში ვეძებ თავსაყუდელს. გავაღვიძებ დარაჯს და „გააღე სამუშაო ოთახი, თორემ დავიტანჯე და ფიქრი გამათავებს“, – ვეუბნები. დარაჯი თვალს იფშვნეტავს და იგინება, მაინც გააღებს სამუშაო ოთახს და გათენებამდის ჩავცქერი დავთრებს… ძნელია სიჩუმე და ვღიღინებ ხოლმე…“(163).

„ბოროტი ზღაპრის“ სინამდვილე დაბზარული და პაროდირებულია. ფისოც, აბელის გოგონა, საშინელებათა ფილმის ფანტასტიკურ გმირს ჰგავს: „კობოსტოს წვენს ტიკინას დავუდგამ და შიგ ვაბანავებ. დედა გაბრაზდება და პაპას სცემს. ლობიო კი ძალიან მიყვარს, მიყვარს და დედა არ მაჭმევს… ჩემი ტიკინა პაპასავით უაზროდ იყურება, ხანდახან კი იძინებს, იცინის და იცინის“ (165). გვახსენდება ამ ჟანრის ფილმებიდან გაცოცხლებული თოჯინები თუ რეალობა, რომელიც მართლა ლობიოსავით დუღს და გადმოდუღს. ფისო ხედავს რადიოს ხრიალზე აცეკვებულ, გაოფლიანებულ მამას, რომელიც მერე, ხალხის ჰომერულ ხარხარში, დაბლა ეცემა, როგორც, მაგალითად, თითქოს დაუსრულებელი ტაშის კვრა საბჭოთა ყრილობებზე ან გაბმული გონგი თუ გაყინული დინამიკა პოლიტბიუროს რომელიმე წევრის გარდაცვალებისას. თითქოს, ნიცშესი არ იყოს, „ღმერთი მოკლეს“. ამიტომ ფისო სანთელს უნთებს რადიოს და სთხოვს, ნუღარ დატანჯავს მამას. ეს გროტესკი შემზარავი და ტრაგიკულია. ერთგვარად ზედროულიც, რადგან პრობლემა ზოგადადამიანურიცაა. ამაზე მეტყველებს პერსონაჟებისა თუ გეოგრაფიული ადგილების ბიბლიურ-ფანტასმაგორიული სახელებიც: კიწი, სიკლიკიტე, ტაგუ, რაზო, ჭაქვინჯა.

უტოპია გულს ატყუებს, მაგრამ არა გონებას. ანუ კაცი, თუ უნდა, ტყუვდება. თუნდაც აბელი, რომელიც მიმართავს მარუსიას და კომუნიზმზე ოცნებობს (ეს, ერთგვარად, ამქვეყნიური ჰარმონიის რელიგიურ მოდელთანაც თანხვედრილია, ბედის ირონიით): „რა კარგი იქნება, გენაცვალე, ნავი გვქონდეს, ნავში ოთახი იდგეს და მთელი დღე ზღვაში დავცურავეთ, იქვე მილებში გამოდიოდეს კაკაო, შოკოლადი და წითელი კახური. მე დავთრები მეწყოს და საანგარიშოს ვაჩხაკუნებდე“ (170) – ესაა წარმოსახულის „კეთილი“, სამწუხარო კიჩურობა გამოგონილი, ფსევდობედნიერების ქვეყანაში.

გულზე ვთქვით. რაც შეეხება გონებას, აი, მისი ფიქრები: „ყოველდღე ჩავუვლი ხოლმე ქუჩას. ბაღთან ბრმები სხედან და ხელს იშვერენ. ერთხელ გავიმეტე და ფული ვაჩუქე ბრმა მეფანდურეს. ბედნიერია ბრმა მათხოვარი, ბედნიერია, რადგან მხოლოდ მზიან დღეს გამოდის ქუჩაში და ისიც – როცა თბილა. მე მუდამ ქუჩას მივდევ. ჩავუვლი და მცივა. მზე არის, მაგრამ მაინც მცივა“ (170). ანუ სიბრმავე „საჭიროა“ და ამიტომ ბედნიერებაა, როცა ვერ ხედავ იმას, რაც გთრგუნავს, ადამიანურ სახეს გართმევს, ჭაობის სიღრმეში გითრევს. აი, სულიერ სიცივეს არაფერი შველის. ვერც მოჩახჩახე მზე. რადგან მთავარი „მზე“ შეგნებულად „დავიწყებულია“.

ბიუროკრატიასა და კორუფციაში ყველა დროში სულს ღაფავს ადამიანი. ეს მარტო საბჭოთა მანკიერებები არ არის, ამიტომ მოჟონავს იმ დროიდან, ავ სარეველასავით მრავლდება: „დავთრებისგან ქალაქების აშენება შეიძლება, მაგრამ მაინც არა ვიცით რა“ – ეს სოკრატესეული ცოდნით არცოდნა არ არის, პირიქით, არცოდნით ცოდნაა. ციფრების დაკარგვისა თუ ციფრად ქცევის შიში შხამიანი საცეცებივით ჩასჭიდებია სულს: „ხანდახან ციფრების დაკარგვა მაშინებს… რომ შემომელიოს, რაღა ვქნა, რაღა ვქნა… ღრიალებდა აბელი და ცრემლი უსველებდა ჩამომჭკნარ ლოყებს“ (171). თუმცა მისი სული მთლად არ ჩაკლულა: „ხანდახან ადამიანიც იფეთქებს ჩემს ძვალ-რბილში და მაშინ გმირი ვარ, აღარავისი მეშინიან“ (171), – ანუ ეს კაცი აღარ არის მარტო ცხვირი და სათვალე, კაცს მიმსგავსებული საბრალო ორფეხი, მწუხარე და პატარა, ვინც, ცხვირის „დაკარგვის“ შემთხვევაში, იდენტობასაც, თავსაც დაკარგავს გოგოლის გმირივით.

შოთა ჩანტლაძის მოთხრობის „პროხორ!!!“ ოსტატურად შენიღბული სარკაზმით დახატული პერსონაჟიც საბჭოთა მასის ჭანჭიკია, უმნიშვნელო, უსახური ნაწილაკი. იგი ღირსების გრძნობას და დამოუკიდებელი განსჯის უნარს მოკლებული, ტიპური, სოციუმით მანიპულირებით „მოზელილი“ ობიექტია, რომელიც ავტორიტარიზმის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ეს არის რუსი მოხუცი პროხორი, რომელიც „რეკლამების მონა იყო და რეკლამას უყურებდა არა როგორც უბრალო წარწერას, არამედ როგორც მილიციელს, რომელსაც ხელი აუღია და ეუბნება: – მოქალაქევ, თქვენ დაჯარიმებული ხართ“ (276). ეს ადამიანი, რომელიც ოდესღაც ლექსებს წერდა, რუსეთის სამი რევოლუციის „შემოქმედია“, ბოლოს კი „ბებერმა ძვლებმა სიცივე იგრძნო და პროხორმაც თბილს ქვეყანას მოაშურა, როგორც მერცხალმა“ (277). მას, არ გაგიკვირდებათ და, შინ კედელზე ეკიდა რამდენიმე პოლიტიკოსის სურათი. ალბათ ამ ფოტოზე გამოსახული პერსონების ბუტაფორიული, „საზეიმო“ სახეებიც წარმოიდგინეთ. პროხორს ჰყავს 16-17 წლის შვილიშვილი ნატაშა, მეშვიდე კლასში ჩარჩენილი, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით კარგად მომწიფებული.

პროხორიც „დანომრილი“ ადამიანია. მას უყვარს გაზეთების კითხვა, რადგან ამქვეყნად მხოლოდ მათი სჯერა: „19… წელი, გაზეთები გაიძახიან: გაუმარჯოს A-ს! გაუმარჯოს A-ს! – იმეორებს პროხორიც, 19… წელი, გაზეთები გაიძახიან: ძირს A, გაუმარჯოს B-ს! ძირს A, გაუმარჯოს B-ს, – იმეორებს პროხორიც. პროხორისთვის გაზეთი ერთადერთი წყაროა ჭეშმარიტებისა“ (279). ასეთ დროს ირონია გადამრჩენია და ავტორიც მას მიმართავს, როცა ჩვენ თვალწინ აცოცხლებს ამ პერსონაჟს: „–ფუი, – გადააფურთხა პროხორმა და ამჯერად ნამდვილად შეიგინა და დიდი იყო გინება იგი“ (282).

პროხორს, სიცხიანსა და დაუძლურებულს, ჰგონია, კვდება და ერთადერთი დარდი, რომელიც მიჰყვება, ისაა, რომ ვერ მოასწრო გეგმის 120%-ით შესრულება, დადებული „წმინდა“ პირობის თანახმად. პროხორი ობლიგაციებით ფულის მოგებაზე ოცნებობს იმდენად, რომ ეკლესიაში მიდის. იქ მას ისე უმძაფრდება წარმოსახვა, რომ თითქოს სხვა განზომილებიდან ხმაც ჩაესმის, რომ მოიგებს. ჰოდა, პროხორიც ირწმუნებს „ობლიგაციების, ქაღალდის“ ღმერთს, რომელსაც ასეთივე მორალი აქვს. ეს არის გამოგონილი, „მყვირალა ბედნიერების“ ბუტაფორიული ფორმულებით მცხოვრები ადამიანების ზოგადი ურწმუნობის ტრაგედია, რომელიც შინაგან სიცარიელეს ბადებს: „თუკი არსებობს ყველაფრის ღმერთი, რატომ არ შეიძლება არსებობდეს ობლიგაციების ღმერთი? და თუ ობლიგაციების ღმერთი არ არსებობს, მაშინ ობლიგაციების საკითხს ვინღა აწესრიგებს?! მე მაინც ვფიქრობ, რომ არსებობს ობლიგაციების ღმერთიც. საჭიროა ვიარო ეკლესიაში და ვევედრო ობლიგაციების ღმერთს, რომ მომაგებინოს დიდი თანხა… იგი, რასაკვირველია, ბინადრობს ზეცაში, როგორც სხვა ღმერთები და მას გარს ეხვევიან ციფრები, როგორც მწერები. იგი გულმოსული იგერიებს მათ. ალაგებს მათ რიცხვებად – მომგებიან და წამგებიან რიცხვებად – და მერე მოუვლენს მათ ქვეყანას… ალბათ მის სხეულზე დაბეჭდილია რიცხვები, რომელთაც დიდი მოგება უნდა ხვდეთ წილად“ (285). ანუ ამ სინამდვილეში ღმერთიც დანომრილია…

საინტერესოდაა გადმოცემული პროხორის „სოციალისტური“, დაცარიელებული, ჩაკეტილი სულის აღქმა, რომელიც მრუდე სარკესავით ირეკლავს ეკლესიის გარემოს: „სანთლების მბჟუტავი ალი უფრო აბნელებდა ხატებს. ხატებს ბრიყვული გამომეტყველება ჰქონდათ. ისინი იხედებოდნენ როგორც დებილები, რომლებმაც ამის შესახებ არაფერი იცოდნენ“ (287). პროხორი მატერიალისტია და ასეთივეა მისი ღვთისადმი თხოვნაც თუ გარიგებაც.

ამ ვიწრო თვალსაწიერის კაცს ამბიცია „ფართო და გრანდიოზული“ აქვს: „სამშობლო? ჰმ, მისი სამშობლოა ყველგან, სადაც კი რუსული ჩექმა დადგმულა. იქ, სადაც რუსული ჩექმა დადგმულა, რუსს უპოვია სამშობლო და სხვას დაუკარგავს იგი“ (296).

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პროხორი თავისი ღმერთის „სიმაღლიდან“ ძალიან მტკივნეულად ჩამოვარდება: გაიგებს, რომ ვერაფერი მოიგო, თუმცა სანამ, მისი ვარაუდით, მოგებულს აიღებდა, ფულიც იესხა და თავის სიცოცხლეში ერთხელ თამამად ივაჭრა მსუყე სადილისთვის, რომელიც მისთვის ცხოვრების „ღრმააზრიანი“ სიამოვნება აღმოჩნდა. პროხორი ჭკუიდან იშლება და ფსიქიატრიულ საავადმყოფში ხვდება. იქ მას, სწორედ „შეშლილ“ რეალობას გამოქცეულს, ბედისწერის საშუალებით ემსხვრევა „ვარდისფერი სათვალე“ და საავადმყოფოს ფანჯრიდან ხედავს უკვე ნამდვილ და არა ფსევდოსინამდვილეს: „მტკვარი მიედინებოდა ნელა და მდორედ, ხალხი მიდოდა მობეზრებული ნაბიჯით, ტრანსპორტი მოძრაობდა იძულებით და მორჩილებით. მილიციელი ხელმძღვანელობდა ტრანსპორტის მოძრაობას. იგიც ტრანსპორტი იყო თითქოს, მაგრამ მოძრაობდა და იწევდა წინ. ხიდს სევდა გადაჰფენოდა ამქვეყნიური“ (302).

პროხორს ცვლის უპატრონო ვასილი. საინტერესოა მისი, ტიპური რუსის თვალით დანახული საქართველო: „გაიხედა ვასილმა და რას ხედავს: დიდი ქალაქი, ირგვლივ – საინტერსო სითბო და ხალისი. აქ ჩამოვიდა, აქ შეიძლება იცხოვროს შიშველმა ბიჭმა. ვასია ჩამოხტა ვაგონიდან და ქალაქში გავიდა. ვასიამ შენიშნა, რომ ქვაფენილზე მანდარინი ეგდო, იქვე ეყარა ძეხვის ნამუსრევი. მან გაიფიქრა: ალბათ ის ზღაპარ-ქვეყანაა, მშობლები რომ უყვებოდნენ. სადაც ყოველ ეზოში და ქუჩაზე მანდარინების ბაღებია გაშენებული. სადაც მზე ზამთარშიც არ ჩადის. ვასიამ სასწრაფოდ აიღო მანდარინი და ძეხვის ნამუსრევი და გაიფიქრა: აქ ქუჩაში უფრო მეტი საჭმელია, ვიდრე ჩვენთან მაღაზიებში. ვასილი ჩაჯდა ერთ მოხერხებულ ადგილას, გაიშვირა ხელი და ხელი ფულით აივსო“ (303).

კლონების კონვეირულ სახელმწიფოში ვასიაც კლონია, ოღონდ პროხორისა. მის ცხვირწინაც ავზნეობს პროხორის შვილიშვილი ნატაშა, ახლა უკვე მისი ცოლი, მაგრამ ვასიაც ითმენს ამას და შეგუებულია; პროხორივით ელოდება უბადრუკი კომუნალური ბინის გაფართოებასა თუ გეგმის გადაჭარბებით შესრულებას. ეს არის კომუნიზმის თითმის ესქატოლოგიური მოლოდინის დაწყევლილ წრეზე ტრიალი. ეს ხომ იმავე გვირაბის ჩიხია, „დათა თუთაშხიაში“ სეთურის ხალხი რომ თხრის. ამ გვირაბს ხომ არ აქვს დასასრული, ის დასაწყისშივეა „მოკლული“ დაუსრულებელი „პოლიქრონიონის“ ძახილის შავბნელ ბანგში იმიტირებული „ჰარმონიით“ მცხოვრებთათვის…

მოთხრობის სათაურში სამი ძახილის ნიშანი კი ჩაკლული სულების ყრუ, მაგრამ საბედისწერო ყივილია, ასე შემზარავად რომ გაისმის იმეპოქაგამოვლილი ადამიანების შიგნით…

 

მიკროფონი ჩართულია!

0

2023 წლის 1 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალური პროექტი ,,რანინას“ მეექვსე სეზონიც დაიწყო  და მაყურებლის რამდენიმეკვირიანი მოლოდინიც. საქართველოს რადიოში ამ ამბის გაშუქებისას ერთი  დეტალი მიიქცევს ჩემს ყურადღებას. მიმდინარე სეზონის თანაწამყვანი, 12 წლის  ვაჩე ღვინიაშვილი, ეთერში შესვლამდე რადიოს მიკროფონით, უფრო კონკრეტულად, მიკროფონის ღრუბლით დაინტერესდება და რამდენიმე ისეთ კითხვასაც დასვამს, იოლად მიუხვდები – მანამდეც უფიქრია. ბოლოს ოცნებასაც გაგვანდობს და  იტყვის, ჩემი რადიო მინდა მქონდესო. უკეთეს ბიძგს ნაკლებად თუ ვინმე ან რამე მომცემდა იმ სამყაროზე სასაუბროდ, რადიო რომ ჰქვია და ასე ძვირფასია ჩემთვის!

ცოტა ხნის წინ, მედიაპლატფორმების შინაარსობრივ და ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) კვლევას ვეცნობოდი   უახლოესი 5 წლის პერსპექტივაში. პირველივე წინადადებამ დამაფიქრა.  ,,2027 წლისკენ მიმავალი ტენდენციების ერთი სიტყვით შეფასება რომ შეიძლებოდეს, ეს სიტყვა იქნებოდა ფრაგმენტაცია.“ ფრაგმენტაცია, რომელიც მოსახლეობის ხანდაზმული ნაწილის რაოდენობრივი  ზრდისა და ახალგაზრდების წილობრივი სიმცირის ფონზე მედიის  როგორც ფუნქციას,  ისე შინაარსს მკვეთრად შეცვლის. მედია მენეჯერებს ნამდვილად მოუწევთ იმაზე ფიქრი, რომ გარდაუვალი ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვან თავი უკვე ნახსენებ და გამოწვევად ქცეულ ფრაგმენტაციას. არა და, 5 წლის შემდეგ სამყარო, რომელიც ულტრათანამედროვე IP ტექნოლოგიებზე, ჭკვიან მოწყობილობებსა და დისტრიბუციაზე იქნება აგებული, იმავე ტრადიციული სამაუწყებლო ტექნოლოგიების პარალელურად იარსებებს, რომლებიც დღეს მოძველებულად ითვლება. ამოცანა, როგორც ყოველთვის, ღირებულებების შენარჩუნება იქნება ტრანსფორმაციის მართვისა და ახალი გამოწვევების დაძლევის გზით.  ღირებულებები კი ამ წერილის ზუსტად ის საკვანძო ნაწილია, რაც საქართველოს რადიოს თითქმის საუკუნოვან ისტორიას სამ მილიონამდე ფირით შემოუნახავს.

,,ხაზის რადიო“ – ეს იყო  რადიოგადაცემა, რომლის პირველი გამოშვება 2011 წლის 31 დეკემბერს გავიდა ეთერში და 6 წელი ერთგულად ესაუბრებოდა ერთგულ მსმენელს. უნიკალური საფონდო ჩანაწერების გაცოცხლებისა და მიმდინარე ამბებით გამდიდრების მიზნით შექმნილ ყოველდღიურ,  45 წუთიან პროგრამას  ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი სტუმრობდა. საუკეთესო სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ ოქროს ფონდის ყოველი მორიგი ფირი ახალი და მანამდე უცნობი ფაქტებითა თუ შთაბეჭდილებებით ივსებოდა. ეს მცირე ექსკურსი კი  ევროპაში ერთ-ერთი პირველი რადიოს, საქართველოს რადიოს მნიშვნელობის ხაზგასასმელად დამჭირდა. ნაკლებად მახსენდება ,,ხაზის რადიოს“ სტუმარი (ასაკის მიუხედავად), რომელსაც მისალმებისთანავე არ ეთქვას: ,,ამ რადიომ თეატრი შემაყვარა…“ ,,ამ რადიომ კლასიკური მუსიკა შემაყვარა…“ ,,ამ რადიომ ლიტერატურა  შემაყვარა…“ ,,ამ რადიომ ზღაპრები შემაყვარა…“   ,,ამ რადიომ…“ ,,ამ რადიომ…“ ამ რადიომ ფირებს მიღმაც უამრავი ამბავი შემოინახა  და შეგვაყვარა. მახსენდება კადრი – ხშირად გავსუსულვართ ბებიის კალთასთან ფეხმორთხმული შვილიშვილებივით და ჩვენი უფროსი კოლეგებისგან მოგვისმენია ლეგენდარული ამბები. მაგალითად, როგორ მუშაობდა მსახიობი ეროსი მანჯგალაძე ხმის ჩამწერ სტუდიაში. არავითარი სიჩქარე, არავითარი სპონტანურობა, არავითარი ლაფსუსი – ტემბრალური, თუ ლინგვისტური! მწყობრი და  დინჯი ერთობა რადიოს მიკროფონთან საათობითაც კი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო სასურველი შედეგისთვის! ვიცი, შესაძლოა, ზოგიერთ თქვენგანს იმის თქმის სურვილიც კი გაუჩნდეს, რომ მაშინ დრო ასე ძვირად არ ფასობდა, ან ერთადერთ ტელევიზიასა და რადიოში საქმის დინჯად კეთების ფუფუნება მეტი იყო და ბევრი კიდევ სხვა, მაგრამ მე მაინც მჯერა –  რომ არა მსგავსი დამოკიდებულება სიტყვისადმი, ხმისადმი, მიკროფონისადმი და, რაც ყველაზე მთავარია, მსმენელისადმი, დღეს საქართველოს რადიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტუდია, სადაც დღემდე იწერება რადიოსპექტაკლები, ეროსი მანჯგალაძის სახელს ვერც მოირგებდა და ვერც მოიხდენდა! რომ არა საქმისადმი არა მხოლოდ ერთგული, არამედ თავდადებული დამოკიდებულება, ვერც რადიოს ხმის ჩამწერი VII სტუდია მოირგებდა ლავრენტი ჭელიძის სახელს!

მთავარ სათქმელს უნდა მივუბრუნდე და პირადი გამოცდილებაც გაგიზიაროთ. პერიოდულად, ჟურნალისტობის მსურველ სტუდენტებთან მიწევს პროფესიული დიალოგი. ასე ვუწოდებ იმ საუნივერსიტეტო თანამშრომლობას, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიურად სტუდენტების  ახალ ნაკადთან რომ მახვედრებს. საგანი, რომელსაც მათ ვუზიარებ, არჩევითია და ვალდებულებად არ მიიჩნევა. ეს გარემოება კი მაფიქრებინებს, რომ  თითოეული ახალგაზრდა, რომელიც აუდიტორიაში შემოდის, სულ მცირე რადიოსადმი ინტერესს გამოხატავს. თუ უფრო იმედიან სურათს დავხატავ, ახალგაზრდებში რადიოს ინტერესი არსებობს. ახლა, ასე, ღიად და ხმამაღლა მინდა მადლობა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, პანდემიურ რეალობაში წამით რომ არ განელებიათ ჩვენი შეხვედრებისადმი ინტერესი და ასე მოხერხებულად მოარგეს საკუთარი ტექნიკური მოწყობილობები სამუშაო პროცესს. მე კი შევეცდები ის უწყვეტობა  ცხადად დაგანახოთ, რაც ნაკლებად თუ განასხვავებს ჟურნალისტიკის სააუდიტორო პრაქტიკულ კურსსა და უკვე გამართულ სამაუწყებლო-სარედაქციო საქმიანობას. ცხადია, სხვაობა აშკარა და უპირობოა მასშტაბში, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობაში, მაგრამ ერთი უცვლელია – ენთუზიაზმი! ენთუზიაზმია ყველა დიდი და წარმატებული საქმის წარმმართველი. ენთუზიაზმი, რომელიც არც ათწლეულების წინ ასვენებდა საქართველოს რადიოს მართლაც დამსახურებულ სახელებს და არც დღეს მისცემს მოსვენებას რადიოს მომავლის უპირატესობაში მეტ-ნაკლებად დარწმუნებულ პროფესიონალებს.

2022 წლის 24 თებერვალი. დილის 07:55. 5 წუთში ეთერშია საქართველოს რადიოს დილის შემეცნებით-გასართობი პროგრამა ,,პიკის საათი.“ ყველა ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანზე, ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალება ერთადერთ ამბავს გვატყობინებს – რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო! ორსაათიანი პირდაპირი ეთერი, ტრადიციულად, მიმდინარე ამბებითა და მრავალფეროვანი სიუჟეტებითაა დატვირთული.  ცხადია, იმ დღეს ასე ვერ გავალთ ეთერში. ცხადია, იმ დღეს  ყველა ის უნარი უნდა ამოქმედდეს, რაც ოდესმე გვისწავლია, გამოგვიწვრთნია, გაგვივლია, გაგვიკეთებია, ან არც გაგვიკეთებია. 10 წუთში, შეძლებისდაგვარად  გაღვიძებულია პოლიტოლოგიც, ფილოსოფოსიც, საერთაშორისო მიმომხილველიც, სამხედრო ექსპერტიც და, რაც ყველაზე მთავარია, კოლეგები და სხვადასხვა პროფესიის ნაცნობები უკრაინაში.  იმ დილით, გასაგები მიზეზების გამო,  უკრაინის ეთერში ჩართვა ვერ ხერხდება, მაგრამ იმ ორსაათიანი ეთერიდან დღემდე უკრაინა პირველი არხის უწყვეტი ყურადღების საგანია. ფაქტად ფაქტი უკვე ისტორიაა, მაგრამ მე მაინც რადიოს შესაძლებლობებზე აქცენტისთვის მსურდა ამ ამბის გაზიარება.

რადიოსთვის სერიოზულ გამოცდილებად იქცა  პანდემია. რეალობა, რომელმაც, ლამის, მთელი რიგი პროფესიებისა საფრთხის წინაშე დააყენა. ვითარება, რაშიც რადიომ არა თუ წაიფორხილა, პირიქით, უფრო სხარტი და მობილური გახდა. მთელი მსოფლიო ერთ პატარა ყუთში მოექცა. პირბადის, სადეზინფექციო საშუალებებისა და დისტანციის გარეშე.

უამრავ ასეთ ამბავს მოისმენთ საქართველოს რადიოში.  რადიოში,  რომელსაც 2025 წლის 23 მაისს 100 წელი შეუსრულდება.  დღეს ეროსი მანჯგალაძისა და ლავრენტი ჭელიძის სახელობითი სტუდიები ვახსენე და მჯერა, რომ საუკუნოვანი ისტორიის ყველაზე გამორჩეულ სახელებს სხვა რედაქციებისა და სტუდიების აბრებზეც ვიხილავთ იმ მემკვიდრეობის უკვდავსაყოფად, ქვეყნის ისტორია რომ ჰქვია – ამდენი ძვირფასი ხმით მოყოლილი და ამდენ ძვირფას ინტონაციაში შენახული ისტორია!

რაც ეხება ვაჩეს, საკუთარი რადიო რომ უნდა, იმ ვაჩეს, პირადად ვუმასპინძლებ რადიოს ოქროს ფონდში და იმ ადამიანების ხმებს მოვასმენინებ, საკლასო ოთახში გადაშლილ წიგნებში რომ ხვდება ყოველდღიურად.  ჩვენს მკითხველს კი განვუმარტავ, რომ ჩემთვის ვაჩე იმ თაობის განზოგადებული სახელია, რომელმაც აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ შეუფასებელ ოქროს ინახავს რადიოს ოქროს ფონდი. ეს კი სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. უბრალოდ, ღილაკზე დააწკაპუნე და…

მიკროფონი ჩართულია!

რა ვიკვლიოთ განათლებაში დღეს

0

კვლევის შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება წარმატებული რეფორმების, ინსტიტუციების, პოლიტიკისა და მომავლის საწინდარია. სანდო, ვალიდური, ობიექტური და გამჭვირვალე კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს, ზუსტად ვიცოდეთ, სად არის ჩვენი ორგანიზაციის, სისტემის სუსტი მხარე, რა ფაქტორები მოქმედებს და განაპირობებს ამ სისუსტეებს, არსებობს თუ არა მსგავსი გამოცდილება სხვაგან და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კვლევის შედეგების გარეშე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არსებითად დიდი რისკის მატარებელია, რადგან სრულიად ლოგიკურად შეიძლება გამოიწვიოს დროის, ფინანსური და ადამიანური რესურსის არაეფექტურად ხარჯვა. ეს მხოლოდ პირდაპირი შედეგებია. არაპირდაპირ კი – დაუსრულებელი ცვლილებები, რეფორმების და სისტემის არასტაბილურობა, რომელიც აისახება თანამშრომელთა მოტივაციაზე, მათი ნდობის ხარისხზე სახელმწიფო სტრუქტურების, მენეჯმენტისა და პოლიტიკის დაგეგმვის მიმართ. საბოლოო ჯამში, რამდენიმეწლიან პერსპექტივაში მოსწავლის დაბალი მიღწევებისა და არაკვალიფიციური კადრების პარალელურად, შეიძლება მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების იმაზე დაბალი დონე, ვიდრე ველოდით.

კვლევები შეიძლება იყოს სხვადასხვა – დიზაინის, საკვლევი თემებისა და ინტერესების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, თუ ვინ გეგმავს და რა მიზნით, დგება თეორიული ჩარჩო, განისაზღვრება დიზაინი და ა.შ. ცნება „კვლევის“ უკან ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ბოლო წლებია თითქოს გაურკვევლობა იმალება. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქოს რაღაც გავიგეთ კვლევის აუცილებლობის შესახებ, თუმცა პრაქტიკულად მაინც არ ვიცით კარგად, რა და როგორ გავაკეთოთ. ეს გაურკვევლობა ასევე გვაფიქრებინებს, რომ კვლევის ჩატარება მხოლოდ დიდ ორგანიზაციებს შეუძლიათ, მძლავრი ფინანსური და ადამიანური რესურსით, რაც ნამდვილად არაა სიმართლე. რა თქმა უნდა, კვლევის ჩატარება მოითხოვს მეთოდოლოგიისა და სხვა საკითხების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის აუცილებლობას, თუმცა სკოლას მსგავსი პრობლემის გადაჭრა კონსულტანტის დახმარებითაც შეუძლია. შესაბამისად, პროფესიული განვითარების სისტემის კარგად დაგეგმვის შემთხვევაში სკოლამ შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ სათანადო უნარებით აღჭურვილი მასწავლებლები მიიღოს, რაც სამომავლო განვითარების კუთხით გაკეთებული დიდი ინვესტიციაა.

მეორე ალტერნატივას წარმოადგენს სკოლების მხარდაჭერა უნივერსიტეტების ხაზით – სამაგისტრო, სადოქტორო ან ინტეგრირებული პროგრამების ფარგლებში კვლევითი უნარებით აღჭურვილი სტუდენტების მიმაგრება კონკრეტულ სკოლებზე, რომლებიც სათანადო სფეროში, აკადემიური განათლების მქონე ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ დახმარებას გაუწევენ სკოლებს, გაუზიარებენ ცოდნას საკვლევი თემების შერჩევის, ლიტერატურის ანალიზის, ინსტრუმენტების შემუშავების, მონაცემთა შეგროვება ანალიზისა და შემდგომ ინტერვენციების დაგეგმვის ეტაპზე. ამ კოლაბორაციას ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო, თეორიული სივრცისა და რეალური პრაქტიკის ერთმანეთთან დაახლოებაა. ამ მოსაზრებას ავითარებდა დიმიტრი უზნაძეც, რომელიც თვლიდა, რომ უნივერსიტეტში აღზრდისა და პედაგოგიკის საკითხების კვლევა სკოლების პრაქტიკიდან წამოსულ პრობლემებზე უნდა დაფუძნებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს განათლების სფეროს პროფესიონალების სწავლებას, იგი ვერ და არ შეიძლება იყოს მოწყვეტილი პრაქტიკისაგან, რეალობაში არსებული პრობლემებისა და საჭიროებებისაგან. მსგავსი ნაბიჯებით ასევე ჩნდება ახალი შესაძლებლობები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – ხარჯების ოპტიმიზაცია, ავტორიტეტის ზრდა და სისტემის მთლიანობაში წარმოდგენა – როგორც ციკლის, ერთმანეთზე დამოკიდებული მწყობრი ნაბიჯების ერთობლიობა.

ამ საკითხის პირველ და უმნიშვნელოვანეს კვლევით აქტივობას წარმოადგენს Action Research – პრაქტიკული, პრაქტიკის, ქმედების, სამოქმედო კვლევა. ქართულენოვანი ლიტერატურა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა ერთ ტერმინზე. სხვადასხვა სახელმძღვანელოსა და გამოცემაში სხვადასხვა ცნება გვხვდება, თუმცა შინაარსით ერთსა და იმავეს – კურტ ლევინის მიერ შემუშავებულ საჭიროებებზე დაფუძნებული პრობლემების მეცნიერულ კვლევასა და გადაჭრის გზების დაგეგმვა/განხორციელებას მოიცავს. იგი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ამერიკაში ემიგრირებული გერმანელი სოციალური ფსიქოლოგი იყო, რომლის კვლევის საგანს ჯგუფის დინამიკა და მიმდინარე ცვლილებები წარმოადგენდა (კონფლიქტი, კრიზისი, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები). სწორედ მან გამოიყენა პირველად ტერმინი „Action Research“ და მთელი პროცესი სპირალურად წარმოიდგინა – ერთმანეთზე აგებული, განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯები. მეთოდოლოგიის სრულყოფაში ასევე დამსახურებული წვლილი მიუძღვის ბრიტანელ მეცნიერს ერიკ ტრისტს.

„ქმედების კვლევა ორ მიზანს ემსახურება: „სისტემის კვლევას და მის წევრებთან ერთად სისტემის სასურველი მიმართულებით შეცვლის მცდელობას. ამ ორი მიზნის მიღწევა აუცილებლად მოითხოვს მკვლევარსა და სისტემის წევრებს შორის აქტიურ თანამშრომლობას და აქცენტს სვამს ერთობლივ სწავლაზე, როგორც კვლევითი პროცესის ძირითად კომპონენტზე“. (MacIsaac in O’Brien, 2001, 3), ციტირებულია წულაძე, 2020).

ქმედების/პრაქტიკის კვლევის პირველი და მნიშვნელოვანი კომპონენტი პრობლემის აღიარებაა – ის ადამიანები, რომლებსაც პრობლემა ეხება, უნდა აღიარებდნენ მის არსებობას. მეორე ნაბიჯს გუნდის შექმნა წარმოადგენს, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში მკვლევართან ერთად იმუშავებს პრობლემის შესწავლასა და მის მოგვარებაზე. პრაქტიკის კვლევა სხვა სოციალური კვლევებისაგან იმით განსხვავდება, რომ მასში ჩართული ადამიანები უკეთ სწავლობენ და იყენებენ მიღებულ ცოდნას. გარდა ამისა, საბოლოო პროდუქტი არამხოლოდ პროფესიულად განვითარებული პერსონალია, არამედ გადაჭრილი/მოგვარებული სოციალური პრობლემა. ამ პროცესში მკვლევარი მხოლოდ დამკვირვებელია და მის მიზანს არსებული პრობლემის გადაჭრა და გუნდის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამგვარად, პრაქტიკის კვლევას ორი საკვანძო ამოცანა ამოძრავებს: ცოდნის წარმოება, რომელიც თავად ჯგუფის წევრებისთვის გამოსადეგი იქნება და ამ ცოდნის საფუძველზე ჯგუფის რიგითი წევრების გაძლიერება. (Berg, Lune, 2012) ციტირებულია წულაძე, 2020).

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავუშვათ, რომ დღეს საქართველოში, საგანმანათლებლო ორგანიზაციებში დიდი პრობლემების მოგვარების გზებს პატარა გამოწვევებზე ორიენტირებული, კარგად წარმართული პრაქტიკის კვლევები წარმოადგენენ. თემატიკა არსებული რეალობიდან გამომდინარე ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს – დაწყებული კოვიდპანდემიის მიერ გამოწვეული სასწავლო დანაკარგებიდან (აკადემიური, სოციალურ-ემოციური) დასრულებული საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევებში ქართველ მოსწავლეთა მაჩვენებლებზე ორიენტირებით (წიგნიერება, მათემატიკური წიგნიერება, ძალადობა/ბულინგი და სხვ.). ასევე ნებისმიერი, სკოლის წინაშე მდგარი რეალური პრობლემა, რომლის მოგვარების აუცილებლობასა და საჭიროებასაც მასწავლებლები აღიარებენ.

საინტერესო საკვლევ საკითხს წარმოადგენს ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, მოტივაცია და მისი გავლენა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. ბევრი კვლევა აჩვენებს დადებით კავშირს მასწავლებლების ინტერესებზე მორგებულ პროფესიული განვითარების ღონისძიებებსა და მოსწავლეთა მიღწევებს შორის (Darling at all, 2005). იმისათვის, რომ მასწავლებელი თავად გახდეს საკუთარი პროფესიული განვითარების მსურველი და დამგეგმავი, მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მისი წარმოდგენების კონკრეტული მიმართულებით ფორმირება. დადასტურებულია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირველი მამოძრავებელი მასწავლებლისთვის ინსტიტუციის სტრატეგიისა და მიზნის რწმენაა და იმის გააზრება, რომ ორგანიზაციის მართვა ეფექტურად ხორციელდება. მოტივაციის მეორე ბიძგი საჭიროებაა – მასწავლებელს უნდა სჯეროდეს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მისი პრაქტიკის გაუმჯობესებას ძალიან სჭირდება. ეს ორი ფაქტორი – ეფექტურობა და საჭიროება განსაზღვრავს პედაგოგების მოტივაციას, ჩაერთონ პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, გააუმჯობესონ სწავლების პროცესი ან დარჩნენ ინერტულები. (Aeltermand at all, 2015)

თვითშეფასების საკითხები (სკოლის, მასწავლებლის, მოსწავლის) არსებითად დაკავშირებულია ორგანიზაციის წარმატებასა და მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან. იგი ასევე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მამოძრავებელი ბერკეტია და PDCA (დაგეგმე, იმოქმედე, შეამოწმე, განახორციელე) ციკლში სწორედ პრაქტიკის კვლევის ელემენტებს იყენებს. ეს მიმართულებაც კარგ საკვლევ თემებს იძლევა, რაც ასევე დაკავშირებულია პრაქტიკასთან.

საგანმანათლებლო კვლევის მთავარი პროდუქტის გარდა, ანგარიშის და/ან მოგვარებული პრობლემისა მისი გაზიარებაცაა, რაც საშუალებას აძლევს მსგავსი გამოცდილების მქონე სკოლებს დაზოგონ რესურსები, შეცვალონ პრაქტიკა ან საერთოდ შეამჩნიონ ისეთი პრობლემები, რომლებზეც აქამდე არ უფიქრიათ. აქედან გამომდინარე, ყველა სკოლისთვის ყოველდღიურ საქმიანობად უნდა იქცეს კვლევების წარმოება, ხოლო უნივერსიტეტებისათვის – სკოლების დახმარება, რათა არ იკვლიონ რეალობისგან შორს და შექმნან სისტემის განვითარებისკენ მიმართული პროდუქტები.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...