კვირა, ივნისი 29, 2025
29 ივნისი, კვირა, 2025

ხელოვანები პარლამენტში

0

„მხატვარი იყო თენგიზ კიტოვანი და კიდეც მოჰხატა
რუსთაველის გამზირი” – ეს ფრაზა ოთარ ჩხეიძის ერთ-ერთი რომანიდან ხშირად
მახსენდება: მაშინ, როცა რუსთაველის გამზირზე ჩავივლი ან გამზირის ფოტოებს
ვნახულობ ხოლმე, ან სულაც ისეთ ხელოვანებს შევნიშნავ ტელეეკრანზე, რომლებიც
აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ დებატებში.

ამასწინათ სოციალურ ქსელში ერთი ახალგაზრდა კაცი
ანგარიშობდა, თუ რომელი მოწვევის პარლამენტი იყო უფრო „სახელოვნო”, ყველაზე მეტი
კულტურის მოღვაწით დაკომპლექტებული. სიაც მოიტანა სანიმუშოდ და ის პერსონებიც
გადმოალაგა ბიოგრაფიებითურთ, ვინც სხვადასხვა დროს საქართველოს უმაღლეს
საკანონმდებლო ორგანოში იყვნენ.

პოეტი, მწერალი, კინორეჟისორი, მსახიობი, მთარგმნელი,
მუსიკოსი, მხატვარი, მოქანდაკე – საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ხალხი
შეიკრიბა, ვისაც, სიმართლე ითქვას, გამორჩეული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული
ხელოვნების განვითარებაში, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს სხვა რამ უფრო
აინტერესებდათ: როგორია მათი წვლილი ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში.

სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ თავში ნახსენები
თენგიზ კიტოვანი 1992-1995 წწ. მოწვევის პარლამენტში მოხვდა, ისევე როგორც მწერალი
და დრამატურგი, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი ჯაბა იოსელიანი, და მაშინ, ალბათ, არა
სახელოვნო მასშტაბების მეტ-ნაკლებობამ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში
გამოჩენილმა აქტიურობამ განსაზღვრა ხალხის ეს არჩევანი.


– ხელოვანის ადგილი დანომრილ
მიკროფონებთან კი არ არის, – გვითხრა ერთხელ ქართულის მასწავლებელმა,
ნოქალაქევში ვიყავით ექსკურსიით და პოლიტიკოს მწერლებზე ჩამოვარდა საუბარი, – მისი
ადგილი მარტოობაშია. მარტოობას უნდა გაუფრთხილდეს, საკუთარ მაგიდას გადაეფაროს,
თუკი ვინმე შეეცილება და არ დაანებოს თავისი განუყრელი სიმარტოვე. ჩვენთან კი
პირიქით ხდება: თავადვე ტოვებენ საკუთარ ოთახს და ტრიბუნებისკენ მიეშურებიან.

მაშინ მაღალფარდოვანი მეჩვენა იმ ქალის ხმააწეული
გამოსვლა, მაგრამ დრო რომ გავიდა, ამ ამბებს სხვა თვალით შევხედე: თუკი ქვეყნისა
და ხალხის სამსახურზე მიდგა საქმე, ყველაზე მეტს მაინც საწერ მაგიდასთან გააკეთებს
მწერალი, კინორეჟისორი – გადასაღებ მოედანზე, მსახიობი – სცენაზე, მხატვარი –
სახელოსნოში. ის ზღაპარი ხომ გახსოვთ? ბიჭი რომ უკვდავების (ამ შემთხვევაში –
სახელის, პატივის, გავლენის, ფულის, ლუკმაპურის) საძებნელად ცხრა მთას იქით წავა
და თავის ოჯახსა და სოფელს მიატოვებს. კარგა ხნის შემდეგ მიაღწევს ნანატრ
უკვდავებას (ამ შემთხვევაში – სახელს, პატივს, გავლენას, ფულს), მაგრამ სამი-ოთხი
დღის (ამ შემთხვევაში – ოთხი წლის, ერთი მოწვევის) შემდეგ მოენატრება თავისი ოჯახი
და სოფელი (ამ შემთხვევაში – ნამდვილი შემოქმედება), თავქუდმოგლეჯილი გამორბის
უკვდავებიდან, მაგრამ ყველაფერი შეცვლილი და გადასხვაფერებული დახვდება.

„მიწა თავისას მოითხოვს” – ასე ჰქვია იმ ზღაპარს.

„ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს” – თითქმის გაიცვითა
ეს სენტენცია, მაგრამ არის მასში სიმართლე, რომელიც ამ გზაზე შემდგარი
ადამიანისგან თვითშეწირვას მოითხოვს.

ოღონდ მედლის მეორე მხარეც არ უნდა დაგვავიწყდეს.

ტარიელ ჭანტურია თავის წიგნში „დინოზავრიდან
დიზაინამდე” თომას ვულფის ერთ ჩანაწერს მოიხმობს:

ინტერესდებიან თუ არა მწერლები პოლიტიკით?შექსპირი? კი. ჯონ
კიტსი? არა. პერსი ბიში შელი? კი. ბაირონი? რა თქმა უნდა. დიკენსი? კი. თეკერეი?
არა. ჰენრი ჯეიმსი? არა. ფლობერი? ჰოც და არაც. ზოლა? რა თქმა უნდა. ვიქტორ ჰიუგო?
რა თქმა უნდა. გოტიე? არა. ტოლსტოი? კი.

თომას ვულფის ანალოგიით, ქართველი პოეტიც ცდილობს
საკუთარ სამშობლოში იპოვოს მწერლები, რომლებსაც, მსგავსად, ვთქვათ, ჰენრი
ჯეიმსისა, არ აინტერესებთ პოლიტიკა:

– ნიკო ლორთქიფანიძე? მაგრამ „იყიდება საქართველო”
ვისია? ალბათ დავით კლდიაშვილი! მაგრამ ის სამხრეები მე დავაკერე? იქნებ… თუ
აქეთ გადმოვალთ და უახლეს ლიტერატურას გადავხედავთ, კიდევ უფრო გაძნელდება ეს
საქმე – პოლიტიკის გარეთ მდგარი მწერლების პოვნა! ეტყობა, პრობლემებით გაძეძგილი
პატარა ქვეყნის შვილი მოკლებულია ამ ფუფუნებას!

ეს ბოლო ფრაზა მთლიანად ხსნის ქართველ
ხელოვანთა პოლიტიკაში ყოფნის ძირითად სურვილს – თუ თავს ზემოთ ძალა არ არის და
ქვეყნისთვის აუცილებელია, სჯობს ისევ მან მიატოვოს (დროებით!) მთავარი საქმე, რომ
ქვეყნის მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოში კარიერისტული მიზნებით შეპყრობილი
შემთხვევითი ადამიანები არ მოხვდნენ.

ოღონდ ერთი რამაა – ვიწროპარტიული ინტერესები ან
პირადული სიმპათია-ანტიპათია კი არა, სახელმწიფოებრივი შეგნება უნდა კვებავდეს
ხელოვანის ამ არჩევანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰუმანიზმის იდეალები, ადამიანი და
ადამიანური ფასეულობები კიდევ ერთხელ გაითელება ფეხქვეშ.

…ფეისბუქის შეკითხვა კი შეკითხვად რჩება: როგორია
ინტელიგენციის როლი ქართული პარლამენტარიზმის განვითარების საქმეში?

პასუხი, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანია. ალბათ,
უპასუხობა ჯობდა, მით უმეტეს, ხელოვნების საქმე შეკითხვის დასმა უფროა (საკითხების
დაყენება დღის წესრიგში). ალბათ ამიტომაც ვერ არის ხელოვანების
კანონშემოქმედებითი საქმიანობა 90-იანების დასაწყისის პარლამენტში იმ ხარისხისა და
მნიშვნელობის, როგორიც, ვთქვათ, მათივე „დათა თუთაშხია”, ვერგილიუსის
„ენეიდას” თარგმანი, „მუსიკა ქარში”, „შერეკილები”…

პატრიოტიზმი და პროფესიული ეთიკა

0
“სამშობლო ცოტა უფრო მეტია, ვიდრე საგვარეულო სასაფლაო”, – ეს ამონარიდია ზაალ ჩხეიძის ერთ-ერთი ბლოგიდან. ლამაზად არის ნათქვამი და მართებულადაც. ამ მოსაზრების განზოგადება მრავალმხრივადაა შესაძლებელი. სამშობლოს სიყვარულიც ხომ ცოტა უფრო მეტია, ვიდრე წინაპრებისა თუ მიწა-წყლის სიყვარული…

ჩვენ ბევრი რამ გვასწავლეს პატრიოტიზმზე და სხვადასხვა თაობას მის შესახებ სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვს. ის სიყვარულის თავისებური ფორმაა და სრულყოფილებისთვის “სხვადასხვა სიყვარულთა თაიგული” სჭირდება. როგორც მათემატიკოსები იტყვიან, პატრიოტიზმისთვის სიყვარული აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა საკმარისი…

ვინ არის პატრიოტი? პასუხი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა ჩამონათვალში უმთავრესად მაინც გმირები მოხვდებიან, თან აუცილებლად შეწირულები. მათ, ვისაც შეუძლია ბრძოლის წინა ხაზზე დგომა, სამშობლოსთვის სისხლის გაღება, ტყვიისათვის მკერდის გადაფარება მოყვასის გადასარჩენად…

მაგრამ პატრიოტიზმს იმხელა მადა აქვს, ამას არ სჯერდება და უფრო მეტს მოითხოვს. თითქოსდა, რა უნდა მოითხოვოს თავგანწირვაზე მეტი? ან როგორ ვაჩვენოთ, რომ პატრიოტები ვართ? როგორ და, რეალური, ნამდვილი მაგალითებით. პატრიოტიზმის დემონსტრირებისთვის სრულიადაც არ არის აუცილებელი ექსტრემალური პირობები. მშვიდობიან ჟამს პატრიოტად ყოფნა შესაძლოა უფრო ძნელიც იყოს, რადგან ის უამრავი, ხშირად შეუმჩნეველი და ნაკლებ პოპულარული, მოსაბეზრებელი და მომქანცველი წვრილმანისგან შედგება.

როდესაც ჩვენი რომელიმე გუნდი გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე თამაშობს, მობურთალნიც და მათი მომზირალნიც ერთგვარ პატრიოტულ ვალს იხდიან. იქ გატანილი ყოველი გოლი თუ კალათში ჩავარდნილი ბურთი ქვეყნის პრესტიჟია. როდესაც მაღაზიაში შევდივართ და ქართული წარმოშობის პროდუქტს ვამჯობინებთ ექსპორტირებულს, ამით ჩვენს პატრიოტულ ვალს ვიხდით – ყოველი გაღებული თეთრი ქვეყნის ეკონომიკაში დარჩენილი ფულია და დიდი სტიმულია ადგილობრივი მეწარმეობისთვის. როგორც ფეხბურთსა თუ კალათბურთს, ისე ეროვნულ ინდუსტრიასაც სჭირდება მხურვალე და ერთგული გულშემატკივრობა. ქართული პროდუქციის ყიდვასთან ერთად ჩვენ ჩვენს უკეთეს მომავალსაც ვყიდულობთ. ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენით ჩვენ კაპიტალს ვაბანდებთ არა მარტო იმ კომპანიის განვითარებაში, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაში. ძლიერი კომპანია კი თავს უფლებას აძლევს, კიდევ უფრო უკეთ აღიჭურვოს და კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქცია შემოგვთავაზოს. მის გაიაფებაზე ფიქრიც არ იქნება უტოპიური და დამანგრეველი… გარდა ამისა, საწარმოს წარმატება არ არის მხოლოდ მის მფლობელთა კეთილდღეობა – ეს ნიშნავს არაერთი ადამიანის დასაქმებას და შემოსავალს საწარმოს შიგნით თუ მის გარეთ… არ იფიქროთ, რომ მრავალჯერ გაგონილ ფრაზებს ვიმეორებ. არა, იმაზე გესაუბრებით, რის საფუძველსაც გამოცდილება მაძლევს.

მოკლედ, ინდუსტრია – პროდუქცია – მომხმარებელი შეკრული ჯაჭვია და თითოეულმა რგოლმა თავისი წილი უნდა იტვირთოს, ისევე როგორც ფეხბურთში: მეკარემ ბურთი დაიჭიროს, თავდამსხმელმა გოლი გაიტანოს, გულშემატკივარმა ოვაცია გამოხატოს…

აქედან გამომდინარე, ჩემთვის საქმის სიყვარულიც პატრიოტიზმია და ამ ნუსხაში ერთ-ერთ პირველ ადგილას პროფესიულ ეთიკას დავაყენებდი.

სულ ახლო წარსულში მომხდარ ამბავს მოგითხრობთ…

საოპერატორო ოთახში ჩართულ მონიტორებზე მთელი საამქროს მაჯისცემა ჩანს. თხელი კედელი და დიდი ფანჯრები ვერ ახშობს დანადგარების გამოძახილს. მათ თავზე ორმოცმეტრიანი შენობა წამომართულა, თითოეულ სართულზე – უამრავი ხელსაწყოთი. ყველა მათგანი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ნედლეული მზა პროდუქციამდე ისეთსავე ზუსტად გათვლილ ციკლს გადის, როგორსაც სისხლი ჩვენს ორგანიზმში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: საამქრო აქ მომუშავეთა ხელით აშენდა, დაიტესტა და ჩადგა მწყობრში. მათი უცხოელი მასწავლებელ-კონსულტანტ-დამრიგებლებიც წავიდნენ უკვე. ახლა საამქრო მხოლოდ მათ იმედზეა. აქ ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით, თუმცა ახალგაზრდების სიჭარბე უდავოდ მოგხვდებათ თვალში, ზოგიერთი კი შესაძლოა მეტისმეტად ახალგაზრდაც მოგეჩვენოთ ამხელა აგრეგატის სამართავად.

ეს პატარა, მაგრამ ერთ მუშტად შეკრული გუნდია… გუშინ ყველაფერი მოამზადეს დღევანდელი წარმატებული სტარტისათვის, მაგრამ დილა მოულოდნელობით დაიწყო. საწარმოს მენეჯმენტმა სამწუხარო ამბავი მოიტანა – ხვალიდან ყველა უხელფასო შვებულებაში მიდის. მაგრამ ეს ხვალ იქნება. დღეს კი დღესაა. დღეს ჩვეულებრივი დღეა, და ამ დღემაც ჩვეულ რიტმში ჩაიარა. იყო დაღლა, გაუთავებელი გადაძახილები, პარამეტრების კორექტირება, პატარ-პატარა პრობლემები და შეშფოთება, მათი მოგვარება და სიხარული.

არც ერთ მათგანს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს მათთვის უკანასკნელი სამუშაო დღე ყოფილიყო ამ საწარმოში, აზრად არ მოსვლია, საქმეს გულგრილად მოჰკიდებოდა და ეთაღლითა.

ცვლა გვიან დამთავრდა, მაგრამ ჯერ სახლში წასვლა ადრეა. ყველაფერი უნდა დაიწმინდოს, გაირეცხოს, დალაგდეს – ასე მოითხოვს პროფესიული ეთიკა, და ყველა ისევ აკეთებს თავის გასაკეთებელს.

 

კიდევ რა მახსოვს ამ დღიდან? სახლში წასვლა ბევრს არ უნდოდა. მთხოვეს, დღეს ფეხბურთია და იქნებ აქვე ერთად ვუყუროთო…

მას შემდეგ, როცა თბილ აუდიტორიაში შევდივარ და ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო “გუნებაზე ვერ ვარ”, მახსენდება იმ საამქროს ცივი კედლები… და პროფესიული ეთიკა.

ბლუზი და სევდა

0

მუსიკალურ სკოლაში სიარული რომ დავიწყე, მგონი, 6 თუ 7 წლის ვიყავი. ფორტეპიანოზე დაკვრის ბავშვური სურვილი ალბათ მქონდა, მაგრამ მთავარი როლი ამ გადაწყვეტილებაში მაინც ოჯახმა შეასრულა. მახსოვს, მისაღებ გამოცდაზე საკმაოდ კარგად ვიმღერე, მარტივ დავალებებსაც გავართვი თავი და თვალი თვით სკოლის დირექტორმა დამადგა – უნდოდა, პირადად მისი მოსწავლე ვყოფილიყავი. თუმცა ჩვენი ოსტატ-შეგირდობა არ შედგა – მასთან სწავლის საფასური დაახლოებით ორჯერ მეტი გახლდათ, 1996-1997 წლებში კი თითოეულ თეთრს მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომაც სხვა მასწავლებელი ავირჩიეთ.

ჩემი მუსიკალური სკოლა ერთ-ერთი საშუალო (ახლა უკვე საჯარო) სკოლის ქვეშ, ნახევარსარდაფში იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი პირობებით, ნესტის სუნით და გათბობის გარეშე. კარგად მახსოვს, როგორ ვიჯექი ზამთარში ფორტეპიანოსთან დიდი ლურჯი ქურთუკით და გვერდით დაახლოებით ასევე გამოწყობილი მასწავლებელი მეჯდა.

პირველივე წლის დასასრულს მივხვდი, რომ ყველაფერი არც ისეთი იდეალური იყო, როგორიც წარმომედგინა… შვიდწლედში თითქმის ექვსი წელი ვიარე, გარკვეული ცოდნა მივიღე, მაგრამ ბოლო ხანს გამიჭირდა… მუსიკალური სკოლა მეექვსე წელს მივატოვე. ჩემისთანა ალბათ ბევრია და ბევრიც ნანობს თავის საქციელს, მე კი მგონია, ის ერთი წელიც რომ დავრჩენილიყავი, მუსიკისკენ გახედვის სურვილიც კი სამუდამოდ გამიქრებოდა. საქმე ისაა, რომ შვიდწლედში მუსიკა მოსაწყენ რუტინად მექცა. მთელი სემესტრის განმავლობაში სამ-ოთხ ნაწარმოებს ვუკირკიტებდი, რომ გამოცდაზე კარგად დამეკრა და ნიშანი მიმეღო. შემოქმედებითობასა და ინდივიდუალიზმზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. თანდათანობით იმასაც მივხვდი, რომ არც სოლფეჯიოსა და ტერცკვარტაკორდებისთვის ვიყავი დაბადებული.

შვიდწლედიდან გამოსულმა, ერთხანს საერთოდ დავკარგე მუსიკისადმი ინტერესი და რამდენიმე წლის მერეღა ნელ-ნელა დავუბრუნდი მას. მერე კი ბლუზი აღმოვაჩინე – მუსიკა, რომელმაც ამავსო. სიმართლე გითხრათ, გიტარაზე დაკვრაც სწორედ იმისთვის ვისწავლე, რომ ერთხელაც ბლუზი დამეკრა… სხვათა შორის, ბლუზის მიმართ სიმპათია 1986 წელს გადაღებული ფილმის, “Crossroads”-ის (“გზაჯვარედინი”), ნახვის შემდეგ გამიჩნდა. ფილმის მთავარი გმირი 17 წლის ბიჭია, რომელიც მუსიკაზეა შეყვარებული, სწავლობს კლასიკურ სკოლაში, ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ კლასიკური მუსიკა მისთვის სულაც არ არის პრიორიტეტი, ლაქწასმულ, კრიალა კლასიკურ გიტარას ძველ, ოდნავ გაქექილ, რკინისსიმებიან ინსტრუმენტს ამჯობინებს და ბლუზის სამყაროში თავით გადაეშვება.

 

ამ ფილმში ერთი ფრაზაა, რომელიც ალბათ სიკვდილამდე მემახსოვრება: “Blues ain’t nothin’ but a good man feelin’ bad, thinkin’ ‘bout the woman he once was with” (“ბლუზი სხვა არაფერია, თუ არა კარგი კაცი, რომელიც თავს ცუდად გრძნობს და ფიქრობს ქალზე, რომელთანაც ერთ დროს იყო”). ჰოდა, მეც, ახალგაზრდული ემოციებისა თუ იმ არეულობის ფონზე, თავში რომ მქონდა, ვცდილობდი, ბლუზის ამ მთავარ პრინციპს ჩავწვდომოდი და დამეკრა… სიმართლე გითხრათ, დღემდე არ გამომსვლია, ნორმალურად ბლუზი ჯერაც არ დამიკრავს.

ტერმინ Blues-ის ერთ-ერთი განმარტება ასეთია: დასავლეთ აფრიკაში ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფლები ლურჯ ტანსაცმელს იცვამდნენ ხოლმე. Blue ინგლისურად სწორედ ლურჯს ნიშნავს. თუმცა ფრაზა “Being Blue” (სიტყვასიტყვით – “ლურჯად ყოფნა”) სევდიანობას გამოხატავს. როგორც ჩანს, ამერიკელმა ბლუზმენებმაც სწორედ ამ უძველესი აფრიკული ტრადიციის გავლენით შექმნეს მუსიკა, რომელიც ხშირად სევდიანია.

ბლუზი მრავალნაირია: კლასიკური, დელტა, ბლუზ-როკი… 2010 წლის თბილისის ჯაზფესტივალზე ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა მუსიკოსმა, ჯო სემპლმა, ბლუზის სახეობების ძალიან საინტერესო და, შეიძლება ითქვას, პროვოკაციული განმარტება შესთავაზა მსმენელებს: კლასიკური ბლუზი იმითაა გამორჩეული, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ინსტრუმენტზე დაუკრავ, გიტარაზე, პიანოზე, საქსოფონსა თუ ფლეიტაზე – ის ყველგან ერთნაირად ჟღერსო; აი Rural, ანუ ეგრეთ წოდებული “სოფლის” ბლუზი კი ისეთია, პირველივე ბგერებიდან ტანსაცმლის გახდას მოგანდომებსო. განმარტებამ ყველას ღიმილი მოგვგვარა, მაგრამ, ვფიქრობ, იმ საღამოს საკონცერტო დარბაზში მსხდომთა უმრავლესობას ნამდვილად გაუჩნდა ასეთი სურვილი 🙂

ბლუზმა მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა ერთი საუკუნის განმავლობაში, რობერტ ჯონსონიდან ერიკ კლეპტონამდე. მუსიკის ამ ჟანრის რამდენიმე ლეგენდა დღესაც ცოცხალია, მაგალითად, ბადი გაი, ან ბი ბი კინგი… ეს უკანასკნელი უკვე 87 წლისაა, ახალგაზრდული მეამბოხე სულიც დაკარგა, თუმცა არ დაუკარგავს ის უნიკალური ჟღერადობა, რომელიც მხოლოდ მეფეს ახასიათებს… მას კულისებში ეტლით დაატარებენ, მაგრამ სცენაზე გასვლისას კინგი სულ სხვა ადამიანად იქცევა: უბრუნდება ენერგია და მისთვის დამახასიათებელი, მაჟორულ-მინორული გამების დინჯი ცვლით მსმენელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

ეს ვიდეო არასდროს მტოვებს გულგრილს. მოსმენისას ისეთი ჟრუანტელი დამივლის ხოლმე მთელ ტანში, რომ მგონია, 2010 წელს მეც ვიყავი ფესტივალზე, სადაც ერთად დაუკრეს კლეპტონმა, ჯიმი ვოანმა, ბი ბი კინგმა, ჰიუბერტ სამლინმა (რომელიც, სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა), რობერტ ქრეიმ და სხვა ჩემთვის ძალიან, ძალიან პატივსაცემმა მუსიკოსებმა.

არსებობს სტერეოტიპი, რომ ბლუზი მხოლოდ ასაკში შესულმა ადამიანებმა უნდა დაუკრან, თუმცა ძველი თაობის ვარსკვლავებს არც ახალგაზრდები ჩამოუვარდებიან ტექნიკითა თუ მონდომებით. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ბლუზმენები არიან გერი კლარკ ჯუნიორი (Gary Clarc Jr.), ჯო ბონამასა (Joe Bonamassa), რობერტ რენდოლფი (თავისი განუმეორებელი Slide გიტარით) და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უძლიერესი თანამედროვე ახალგაზრდა მუსიკოსი ჯონ მეიერი. ამ უკანასკნელზე უკვე დიდი ხანია გემრიელი პოსტის გამოცხობას ვაპირებ, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი…

აი, ასეთია ბლუზი – სევდიანი, მაგრამ სასიამოვნო, ბებერი, მაგრამ ახალგაზრდული… მუსიკა, რომელმაც იმ დროს შემოაღწია ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენ და რომლის გამოც საერთოდ გადავწყვიტე, მუსიკაში ბედი მეცადა.

P.S. ცოტა ხნის წინ ელექტროგიტარა შევიძინე, ბლუზის თეორიის შესწავლაც დავიწყე, გარკვეულ დონემდე მივედი, იმპროვიზაციის პრინციპებსაც ვეზიარე, მაგრამ კარგი ბლუზგიტარისტი ჩემგან მაინც ვერ დადგა. საბოლოოდ ისევ დასარტყამ ინსტრუმენტებს დავუბრუნდი… ჩემი ცხოვრების ბოლო 5 წლის განმავლობაში მუსიკის რამდენიმე ჟანრში ვცადე ბედი: ფოლკი, ბოსა ნოვა… ახლა მეგობრებთან ერთად კიდევ ერთ აკუსტიკურ პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მენდომება იმ გამების დაკვრა, ბი ბი, ერიკი და ბადი რომ უკრავენ ხოლმე. არ ვიცი, გაუცნობიერებელი სევდა ბუდობს ჩემში თუ სხვა მიზეზია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სურვილი არასოდეს დამანებებს თავს და სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები მონდომებულ, მაგრამ არშემდგარ ბლუზმენად.

როგორ გავხდე კარგი მშობელი – მეორე თავი

0

როდესაც ადამიანები მშობლები ხდებიან, რაღაც უჩვეულო და სამწუხარო ემართებათ – ისინი იღებენ და თამაშობენ მშობლების როლს და ავიწყდებათ, რომ პიროვნებები არიან. ჰგონიათ, რომ მშობლობის წმინდა სამეფოში შესვლისას “მშობლის” მანტია უნდა ჩაიცვან. ცდილობენ, განსაკუთრებულად მოიქცნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ ასე უნდა იქცეოდეს მშობელი

ჰიზერ და ჯეიმს მარკინსონები, ორი ჩვეულებრივი ადამიანი, უცებ გარდაისახნენ და ქალბატონ და ბატონ მარკინსონებად – მშობლებად – იქცნენ.
უნდა ითქვას, რომ ასეთი მეტამორფოზა ხშირად სამწუხაროა – მშობლები ივიწყებენ თავიანთ ადამიანურ ბუნებას. არადა, ისინი ხომ ადამიანებად რჩებიან თავიანთი ადამიანური სისუსტეებით, პიროვნული ნაკლოვანებებით – რეალური გრძნობების მქონე რეალურ ადამიანებად. მშობლებად ქცევისას, ივიწყებენ რა საკუთარ ადამიანურ არსს, ადამიანები ხშირად თითქოს წყვეტენ ადამიანად ყოფნას. როგორიც არ უნდა იყოს მათი განცდები სხვადასხვა ცხოვრებისეულ მომენტში, ისინი ვეღარ გრძნობენ “საკუთარ თავად ყოფნის” თავისუფლებას. ჰგონიათ, რომ რაკი მშობლები გახდნენ, ევალებათ, უფრო უკეთესები იყვნენ.

 ვრცლად

წარმოსახვითი დაშვების მნიშვნელობა სწავლების პროცესში

0

თანამედროვე კონკურენტული საზოგადოება ყოველდღიურ ცხოვრებაში თავის წესებს გვკარნახობს, რაც იძულებულს გვხდის, ვიმოქმედოთ გარემოების შესაბამისად. ამიტომ, თუ ახალგაზრდას სურს, იყოს “წარმატებული”, “განსხვავებული”, გარემომცველ სამყაროში თავისი საქმიანობის “შეტანა” უნდა შეძლოს, საამისოდ კი საჭიროა, იცოდეს თავისი უნარების სწორი გამოყენება.

ყოველგვარი საქმიანობა როდი უწყობს ხელს შესაძლებლობათა განვითარებას და ამ გზით მიზნის მიღწევას. შესაძლებლობებს ყველაზე მეტად შემოქმედებითი საქმიანობა ავითარებს, რადგან შემოქმედებითი ადამიანი მუდამ მიისწრაფის, იპოვოს თავისი, სხვებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება, იყოს “განსაკუთრებული”, “გამომგონებლური”, ამიტომ სასწავლო პროგრამები ისე უნდა ავაგოთ, რომ მოსწავლეს შეეძლოს გარემოში სწორი ორიენტაცია, ცოდნისა და უნარების სათანადოდ გამოყენება.

ვრცლად

You Need Education!Your Teacher

0
გარნირად :

ჩემი წერილის სათაური უცხო ენაზე მხოლოდ იმიტომ არის, რომ იმ ძალიან ცნობილი სიმღერის რემინისცენციაა, რომელიც მას გარნირად უნდა მიაყოლოთ. ისე კი, ჩვეულებრივ, ქართულენოვან კონტექსტში ინგლისურის აუცილებლობის გარეშე გამოყენების წინააღმდეგი ვარ. თუკი ცოტათი მაინც გაინტერესებთ, კიდევ რისი წინააღმდეგი ვარ, უმორჩილესად გთხოვთ, წაიკითხოთ ეს წერილი, რომელიც მე ჩემს მოსწავლეს მივწერე:

ძვირფასო მაგდა,
რასაც ახლა გწერ, შეგიძლია სრულებით არ გაითვალისწინო. მით უმეტეს, რომ მე უკვე შენი მასწავლებელი აღარ ვარ. ჩემს ყურამდე მოაღწია, რომ უჩიოდი ჩემს სიმკაცრეს, იმას, რომ მოდუნების საშუალებას არ გაძლევდი; ამბობდი, რომ ეს გთრგუნავდა; რომ მე არასოდეს მიცდია შენთან და შენს კლასელებთან მეგობრობა.
ვუსმენდი ამას და გულით მინდოდა, შენთვის ერთი ისტორია მომეყოლა, ლამის ვინანე, რომ მოსწავლეებთან ერთ რკინის წესს ვიცავ მუდამ – არასოდეს ვუამბო რამე ჩემი ცხოვრებიდან. მაგრამ, რადგან უკვე ჩემი მოსწავლე აღარ ხარ, მისმინე:
სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით – მერვე კლასის ჩათვლით: მასწავლებლის ახსნილის მოსმენა და გაკვეთილის წინ ერთი გადაკითხვა ამ პერიოდში სავსებით საკმარისი იყო ჩემთვის, რომ “ფრიადი” მიმეღო. ახლა შენ ისევ იტყვი, რომ ამბიციური ვარ, მე კი გიპასუხებ, რომ სულაც არა, ამით თავის მოწონება აზრადაც არ მომსვლია მაშინ, მეგონა, რომ ეს თითქმის ყველას შეეძლო; მით უმეტეს, აზრადაც არ მომივა ახლა, როცა ის უნარი დიდი ხანია დავკარგე. ჰოდა, ასე გადიოდა წლები: გაკვეთილს შესვენებაზე ვსწავლობდი, დავალებებსაც შესვენებაზე ვწერდი და ვერც კი შევამჩნიე, როგორ გართულდა თანდათან ფიზიკისა და ბიოლოგიის ტექსტები, როგორ მოიმატა მათემატიკის სავარჯიშოების რაოდენობამ ისე, რომ შეუძლებელი გახდა მათი ხუთ-ათ წუთში დაწერა, როგორ შემოგვეპარა ახალი, პირქუში და იდუმალი საგანი ქიმია და ერთ დღესაც გეოგრაფიის მასწავლებელმა მითხრა, რომ სამიანს მიწერდა, თან ფიქტიურად კი არა, ჟურნალშიც მიფორმებდა. ეს ჩემი პირველი სამიანი იყო, თავის მოტყუება არ ღირდა – დამსახურებული სამიანი.
ძნელია, როცა დაჯერებული ხარ, რომ რაღაც შენი საკუთრებაა და უცებ ხვდები, რომ ხელიდან გეცლება. უცებ ხვდები, რომ შენი ავტორიტეტი დაეცა, რომ თურმე ეს შენი თვითდამკვიდრების მთავარი გზა იყო და რომ დროა, შენი ღირსება დაიცვა.
ჰო, მე მქონდა ღირსება, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ არ მქონდა ის, რაც მის დასაცავად იყო საჭირო – მეცადინეობის უნარი. უბრალოდ არ შემეძლო, ათი წუთი დავმჯდარიყავი და მეკითხა სახელმძღვანელოს ტექსტი ისე, რომ გონებაში არ წამომფარფატებოდა… ყველაფერი, რაც გარდატეხის ასაკში შეიძლება წამოუფარფატდეს მოზარდს. უკვე იმ ეტაპზეც კი ძალიან გვიან იყო შრომისმოყვარეობის გამომუშავება. ჩემს უპირატესობას, რომელიც მაშინღა გავაცნობიერე, როცა ვკარგავდი, საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ საშველი თანდათან მაინც გამოჩნდა:
მეცხრე კლასში გადავედით და უფლება მოგვეცა, ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე გავსულიყავით. ისტორიის ოლიმპიადაზე, მახსოვს, დიდი არაფერი – საქალაქომდე მივაღწიე; ინგლისურში უკეთ იყო საქმე; რაც შეეხება ქართულს, აქ ოლიმპიადის უმაღლესი ჯილდოც ავიღე და კონფერენციის კი, მგონი, უმაღლესზე კიდევ უფრო მაღალი, რაღაც სპეციალური. მე არ მქონდა ფუფუნება, შენსავით საუკეთესო სკოლაში მესწავლა, არც ვიცი, იყო თუ არა ჩვენს დროს ასეთი სკოლები, ჩემს სასწავლებელში კი ასეთი წარმატება საკმაოდ იშვიათი იყო და ამიტომაც ჩემი მიღწევით ყველა ერთსულოვნად ამაყობდა, სემესტრის ბოლოს თვით დირექტორმა დამიბარა და იზრუნა, რომ ყველა საგანში ფრიადი გამომყოლოდა. ასე განმეორდა მეათე კლასშიც. რასაკვირველია, მიხვდები, რომ საერთოდ აღარაფერს ვაკეთებდი სკოლაში, გარდა იმისა, რომ წელიწადში ორ საკონფერენციო თემას ვწერდი და სამ ოლიმპიადაში ვმონაწილეობდი. ეს დაახლოებით იმას ჰგავდა, ჩემს გაკვეთილზე შენ რომ მობილური ტელეფონის ფოტოაპარატით გადაღებული სასწავლო მასალა მოგქონდა და შემდეგ იქიდან იწერდი ტესტების პასუხებს. ეს თაღლითობა იყო და დიდებისა და უზრუნველობის მათრობელა გემო ჰქონდა; ამას, მეტ-ნაკლებად გაცნობიერებულად, ჩემმა მართლაც კეთილმა და კეთილისმსურველმა მასწავლებლებმა მიმაჩვიეს.
მერე დაიწყო აბიტურიენტობის ხანა, მერე – სტუდენტობა… ვუყურებდი ჩემს მეგობრებს და ვერ ვიჯერებდი, რომ მათ ჰქონდათ მიზანი, მოტივაცია და, რაც მთავარია, ჩვევა, ეთენებინათ ღამეები, ესწავლათ ყველაფერი, რაც მათი მომავალი პროფესიისთვის მნიშვნელოვანი იყო და უკომპრომისოდ ბევრი მოეთხოვათ საკუთარი თავისთვის. ვუყურებდი ამ გონიერ, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ვერც კონფერენციებით გააკვირვებდი, ვერ სტიპენდიებით, ვერც წარმატებებით და მაინც უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავდნენ ყოველდღე და ყოველ წუთს და ვხვდებოდი, რომ მთებს გადააბრუნებდნენ და ყველა ოცნებას აისრულებდნენ ამქვეყნად. და მე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა, მათ გვერდით დგომის ღირსი ვყოფილიყავი, ცოტათი დავატანე თავს ძალა. მაგრამ ველოსიპედზე ჯდომა, მეორე ენა და მიზანმიმართული და დისციპლინირებული შრომა აუცილებლად ბავშვობაშივე უნდა ისწავლო…
ძვირფასო მაგდა, მე ამ წერილსაც ერთი კვირის დაგვიანებით მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ არ იყო თავის დროზე არავინ, ვინც მოდუნების საშუალებას არ მომცემდა.
ჰო, კიდევ, რაც შეეხება დამეგობრების მცდელობას: მე არასოდეს ვეცდები დაგიმეგობრდე იმიტომ, რომ შენი და შენი თანატოლების სიმპათია სამუშაოთი უზრუნველმყოფს. ჩემთვის პრიორიტეტულია გასწავლო ენა – სიტყვათა ფუნქციური მნიშვნელობების დაცვით და ლიტერატურა – ცნებათა ფუნქციური მნიშვნელობების დაცვით. “მეგობრობა” მძლავრი ფუნქციური დატვირთვის სიტყვაა და თუ მე ბოლომდე არ ან ვერ ვწმენდ ამ ცნებას ყველა მინარევისგან, ის მაინც ვიცი, რომ არ მაქვს უფლება, შენ სიტყვა “მეგობრობისადმი” წაყენებული უმაღლესი მოთხოვნების თამასა ქვემოთ დაგიწიო.
არსებობენ მეგობრები – მასწავლებელი და მოსწავლე. მეც მყავს ასეთი მეგობრები, პლატონსაც ჰყოლია თურმე ჭეშმარიტებასთან საზიარო ამგვარი მეგობარი. ჩვენ კი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ მაინც გწერ ამ წერილს – არა თავის სამართლებლად, არამედ იმისთვის, რომ ვცადო, ჩემს შეცდომებზე გასწავლო. ალბათ სადღაც, ოდესღაც, სულ დასაწყისში, წვრთნისა და შეგირდობის მთავარი მიზანიც ეს იყო – მოსწავლეებს მასწავლებელთა შეცდომებზე ესწავლათ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიეღწია კაცობრიობას ოდესმე სრულყოფამდე.

ფილმი, რომელმაც საბჭოთა კავშირი გამაცნო

0

ციმბირის მთებში ჩაკარგული, ქიმიური კომბინატის გარშემო გაშენებული, დათოვლილი პატარა ქალაქი, სადაც გადასახლებულები და ყოფილი პატიმრები ცხოვრობენ და მუშაობენ. რეპრესირებული ინტელიგენციისა და “ბლატნოების” პირქუში, შიშითა და სიძულვილით, ძალადობით აღსავსე “თანაცხოვრება” თუ თანაარსებობა. ციმბირის გაყინულ, ქვიან და ბერწ მიწაზე გაშენებული ბაღები და ბოსტნები.

ქურდობა, ლოთობა, ცრემლები.

ჩხუბი, თვითნაკეთი დანების ფრიალი სოციალიზმის დიად მშენებლობებზე. იაფფასიანი პორტვეინით მთვრალი ფორმიან-ბაფთიანი, მუხლებგადაქლეტილი სკოლადამთავრებულები. ბიჭები: ნახევარი – პირდაპირ მილიციასა და ჯარში, ნახევარი – ზონაში. დასაფლავება, გარდაცვლილს სასულე ორკესტრი მთელ ქალაქში საშინელი ყმუილითა და კაკაფონიით მიაცილებს, ვერ გაიგებ, დასაფლავებაა თუ ქორწილი. კუბოს თავსახური კი, მთელი სამი დღე, სანამ მიცვალებული სახლში ასვენია, ბინის კართანაა მიყუდებული, სადარბაზოში. ძველი, გახუნებული ფოტოები, რომლებიდანაც კოპწიად გამოწყობილი წინაპრები გიყურებენ: ეს ომში დაიკარგა, ეს – ბანაკში, ეს… არა, ეს ავადმყოფობით მოკვდა, “თავისით”.

გაჩერებული საათი.

მატარებლები და რკინიგზის სადგური: მეზღვაურის დაგლეჯილ და ჭუჭყიან ზოლიან მაისურებში ჩაცმული უფეხო ადამიანები, რომელებიც პატარა, ბორბლებიან (ბორბალი სინამდვილეში დაჟანგული და მოშლილი საკისრებია, რომლებიც საშინლად ხმაურობს და ვიზუალს აუტანელი, მუდმივი ფონური ხმაური ემატება) ოთხკუთხედ ფიცრებზე “სხედან” და გადაადგილდებიან. ხელში ტყავის ნაჭრებისა და ჩვრებისგან გაკეთებული პატარა ბალიშები უჭირავთ, რომლებსაც მიწას უსვამენ და ისე დაგორავენ. ისინი მუდამ მთვრალები არიან, ტირიან, ძველ სამხედრო სიმღერებს მღერიან. ომზე არაფერს ჰყვებიან, გარდა იმისა, როგორ დახვდათ, ომიდან ჩამოსულებს, თავიანთი ქალები სხვასთან წასული. წითელი შეშუპებული სახეებით პორნოგრაფიული სურათებით მოხატულ ბანქოს ყიდიან. ამ ბანქოთი ხალხი ვაგონებში სამივლინებო ფულის უკანასკნელ კაპიკებს აგებს ოქროსკბილებიან ყომარბაზებთან. გამცილებლების საყვედურიანი, მუდამ უკმაყოფილო მზერა, გამოუძინებელი სახე და დაჭმუჭნილი, საყელოგაყვითლებული უნიფორმის პერანგი.

დიდი ქალაქის კომუნალური ბინები, ფანერის კედლები, მეზობლის უსასრულო, ჭლექიანი ხველა და ღამის ფაჩუნი მეზობელი “ოთახიდან”. ერთი ტუალეტი რვა ოჯახზე, სააბაზანოსა და ცხელი წყლის გარეშე, დილა-საღამოს – რიგით. საერთო სამზარეულო, სადაც მიმწვარი ზეთის, გამოხარშული სარეცხისა და საჭმლის სუნი ერთმანეთშია არეული. ჭრიალა, დროისგან ჩაშავებული იატაკი, მტვრიანი ნათურის მკრთალი შუქი დერეფანში. დასმენა, მიყურადება, შური.

სად ვნახე ეს ყველაფერი? საბჭოთა კავშირში. როგორ?! – მკითხავთ თქვენ (და მართალიც იქნებით), – შენ ხომ იქ თითქმის არ გიცხოვრია?! 1987 წელს არ დაიბადე? დიახ, 1987 წელს დავიბადე და საბჭოთა კავშირთან ძალიან ცოტა პირადი მოგონება მაკავშირებს. მე ეს ყველაფერი ფილმებში ვნახე. ალექსეი გერმანის ფილმებში. ზემოთ აღწერილ სცენებს ვერც იქ ნახავთ, თუმცა რატომღაც მგონია, რომ მისი შემოქმედება სწორედ ამაზეა. თავს არ შეგაწყენთ მისი არაერთგვაროვანი ბიოგრაფიის დეტალებით, ალექსეი გერმანი საბჭოთა და რუსული კინოს ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორად ითვლება და თუ დაინტერესდით, ინტერნეტში მის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება არ გაგიჭირდებათ.



იგი სულ ახლახან, 2013 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა მშობლიურ სანკტ-პეტერბურგში. 20-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის ავტორისადმი ჩემი ინტერესი ფილმმა «Хрусталёв, машину!» გამოიწვია.

ფილმის ტრეილერი:

 

ფილმის სრული ვერსია:

https://www.imovies.cc/ka/movies/17290/Khrustalyov-My-Car/RUS/HIGH

უფრო სწორად, იმ რეაქციებმა, ამ ფილმს რომ მოჰყვა. საზოგადოდ, კრიტიკა და, მით უმეტეს, კინემატოგრაფიული, იშვიათადაა ერთსულოვანი, თუმცა ამ ფილმის შემთხვევაში რეაქციათა ამპლიტუდა მაინც განსაკუთრებულად დიდი იყო.

ფილმი შავ-თეთრია და გერმანისთვის დამახასიათებელ დოკუმენტურ სტილშია გადაღებული. გადაღების ტექნიკა და სტილი იმდენად რთული და კომპლექსურია (მაგ., მრავალშრიანი ფონური გახმოვანება, რომელიც გერმანის ერთ-ერთი ექსპერიმენტია ამ ფილმში), რომ, უნდა ვაღიარო, მისი ყურება ნებისყოფის სერიოზულ გამოცდად შეიძლება ჩაითვალოს. ჩემთვის სწორედ ასე იყო, თუმცა როდესაც ფილმი დასრულდა, უზომო სიხარული ვიგრძენი, რომ ის ვნახე.

ფილმს ხანგრძლივი და რთული ისტორია აქვს, უჩვეულოდ რთული გადაღებები 7 წელი(!) მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირსა და რუსეთში აღიარებული და უკვე სახელგანთქმული რეჟისორი ამთავრებს მუშაობას ფილმზე, რომელიც მისი შემოქმედების მთავარ სურათად ითვლება, ფილმზე, რომელმაც იგი უკვე მსოფლიოს უნდა გააცნოს. და აი, დგება 1998 წელი, ფილმის დასრულებული ვერსია კანის ფესტივალზე იგზავნება და… ფიასკოს განიცდის. მაყურებელი მას სტვენით ხვდება, ჩვენებისას დარბაზი თითქმის მთლიანად ცარიელდება… მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით, რომ წამყვანი ფრანგული გამოცემები ბოდიშს მოუხდიან ფილმის ავტორს ამის გამო. მომდევნო ჩვენებები გაცილებით იმედის მომცემია და მალე საერთაშორისო კრიტიკა მას უკვე “შედევრად”, “ათწლეულის ფილმად” მოიხსენიებს. რუსეთში სურათს სრული ტრიუმფი ელის… ასეთ შემთხვევებზე ამბობენ ხოლმე, ფილმმა თავისი აუდიტორია იპოვაო.

თუმცა ეს პოსტი სულ სხვა რამემ დამაწერინა. დღეს, როცა მას ვწერ, 25 თებერვალია და ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა, დამეწერა ადამიანზე, რომელმაც დამანახვა საბჭოთა კავშირი – ქვეყანა, რომელიც არ მახსოვს. ვფიქრობ, “იმ” ცხოვრებაში ბევრი იყო გაკვეთილი, რომელიც “ამ” ცხოვრებაში უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ ამ გაკვეთილების ჩვენთვის გადმოცემა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც “იმ” ცხოვრებით იცხოვრა. ერთ-ერთი მათგანია ალექსეი გერმანი.

ვიცი, რომ ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს იმ 70 წელიწადზე, რომლებიც საბჭოთა კავშირში გავატარეთ. მეც მაქვს ჩემი აზრი.

ამ 70 წლისა მხოლოდ მას შეიძლება შეშურდეს, ვინც მათ შესახებ არაფერი იცის.

გმადლობ, ალექსეი!

 

ორგანიზაციული უკულტურობა

0
ორგანიზაცია ძალიან ჰგავს ორგანიზმს. ის ცოცხალია, მასში ცხოველი პროცესები მიმდინარეობს. ამის კვალობაზე, ორგანიზაციას, როგორც ადამიანს, აქვს კულტურაც. ორგანიზაციის მთავარი თვისება ის არის, რომ იგი სოციალური ერთიანობაა, აქვს საერთო მიზანი და საკუთარი გარემო, რომელშიც ფუნქციობს.
სკოლა ორგანიზაციის ერთ-ერთი სახეობაა.

რა არის ორგანიზაციული კულტურა და ვინ ქმნის მას?

ორგანიზაციული კულტურა თვალით უხილავი და ძალიან ძნელად გასაზომი ცნებაა, მაგრამ ის არსებობს და თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს. ორგანიზაციულ კულტურაზე, როგორც წესი, დადებით კონტექსტში წერენ. ვფიქრობ, უარყოფითი სურათის აღწერა უფრო თვალსაჩინოს გახდის ორგანიზაციული კულტურის არსებობის აუცილებლობას.

მიანც რა თვისებები ახასიათებს ორგანიზაციულ უკულტურობას?
1. სიახლეების მიუღებლობა

ადამიანი მიდრეკილია სიახლეებისადმი. მას სურს, სისტემატურად შექმნას რაიმე ახალი, სურს ცვლილება და სიახლე საკუთარი შესაძლებლობებით. რა თქმა უნდა, ეს დახასიათება ყველაზე ვერ განზოგადდება, მაგრამ მისთვის, ვინც ორგანიზაციაში მუშაობს, იღებს ანაზღაურებას და წარმატებაზეა ორიენტირებული, სიახლეები აუცილებელია. თუ ამ მოთხოვნილებამ ხელშეწყობა ვერ პოვა, ორგანიზაციის წევრების შემოქმედებითობა და თვითრეალიზების მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი დარჩება.

ორგანიზაციული უკულტურობის პირობებში თანამშრომელთა სიახლეებისადმი ლტოლვა ჩამკვდარია. ხელმძღვანელი არ აძლევს საშუალებას ორგანიზაციის წევრებს, დანერგონ სიახლეები პრაქტიკაში და იმუშაონ საკუთარი პრაქტიკის განვითარებისათვის. თუ ორგანიზაციის მმართველი ჩასაფრებულის პოზიციიდან განიხილავს ან სრულიად არ განიხილავს ახალ ინიციატივებს და არ ახალისებს მათ, მაშინ თანამშრომელთა პოტენციალი, წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის განვითარებაში, ჩანასახშივე კვდება და, რაც განსაკუთრებით სახიფათოა, ძალიან იშვიათად ხდება ისევ აქტუალური. ასეთი დამოკიდებულება თანამშრომელთა იმედგაცრუებას, უკმაყოფილებას და მოტივაციის ვარდნას იწვევს, რაც საბოლოოდ თავად ორგანიზაციის წარმატებას ვნებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თანამშრომელთა მიერ ინიცირებული სიახლეებისადმი გულგრილობით ხელმძღვანელი იმ ორგანიზაციის წარუმატებლობას უწყობს ხელს, რომელსაც თავად განაგებს.
არსებობს ლიდერის ორი ტიპი. ერთი თავად ქმნის თამაშის წესებს, აყალიბებს ორგანიზაციულ კულტურას და დანარჩენებს პირდაპირ თუ ირიბად აიძულებს, მის მიერ შემუშავებულ წესებს დაემორჩილონ, მეორე კი სისტემატურად უსმენს თანამშრომლებს, შესწევს უნარი, ჩაეჭიდოს მათ საჭირო და ღირებულ ინციატივებს და ხელი შეუწყოს  მათ განვითარებას. ბუნებრივია, მეორე ლიდერი წარმატებული ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ის თანამშრომლებთან ერთად აყალიბებს იმ კულტურას, რომელსაც შემდეგ სიამოვნებით იღებენ და ემორჩილებიან დანარჩენები. დასაქმებულთათვის ყურის გდება და ორგანიზაციის განვითარებისთვის საჭირო ინიციატივების ამოცნობა და ხელშეწყობა ორგანიზაციის წარმატების აუცილებელი პირობაა.
2. დეტალებისადმი გულგრილი დამოკიდებულება

ადამიანებს უყვართ, როდესაც მათ აღიარებენ, მით უმეტეს, დამსახურებულად. ყოველგვარი საქმიანობა თუ პროექტი წარუმატებელია, თუ დეტალები, თუნდაც მცირე, უგულისყუროდ არის შესრულებული, ან ის მხოლოდ აღიარების მიზნით არის შექმნილი. ორი ადამიანი, რომელიც ერთსა და იმავე პროექტზე მუშაობს, იღებს აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს, თუ პირველი მუშაობს იმისთვის, რომ აღიარონ, დააფასონ, მეორე კი ორიენტირებულია თავად სამუშაოზე, მის ხარისხზე და უყურადღებოდ არ ტოვებს არც ერთ, თუნდაც უმნიშვნელო, დეტალს. ამ ორი ადამიანის განსხვავებული მოტივაცია და სამუშაოსადმი მიდგომა შეიძლება ორგანიზაციების ქცევაზეც განვაზოგადოთ. ორგანიზაცია, რომელიც საჩვენებლად და თავის მოსაწონებლად მუშაობს, ფაქტობრივად ამაოდ დაშვრება. ის შესაძლოა იღებდეს ბლიცეფექტს და მისი საჩვენებელი ძალისხმევა დროებით დაფასდეს, მაგრამ ორგანიზაცია, რომელიც დეტალებსაც არ ტოვებს უგულისყუროდ, საბოლოო ჯამში ხანგრძლივ წარმატებაზეა ორიენტირებული.

ორგანიზაციული უკულტურობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია თანამშრომელთა უყურადღებობა სამუშაოს ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი დეტალების მიმართ. ხელმძღვანელობა არ ითხოვს მათდამი ყურადღებას და ფაქტობრივად არ აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს.
3. შედეგების მისაღწევი გზების გადაჭარბებული კონტროლი

იმისდა მიხედვით, რამდენად დიდია ორგანიზაცია, მასში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც განსხვავებულია. ორგანიზაციის ხელმძღვანელს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს ორგვარი მიდგომა – ან თანამშრომელთა მიმართ ნდობასა და მისაღწევ შედეგზე ორიენტირებული, ან ისეთი, რომელიც გულისხმობს შედეგის მისაღწევი გზების გადამეტებულ კონტროლს და თანამშრომლების კეთილსინდისიერების მიმართ უნდობლობას. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პირველ შემთხვევაში ორგანიზაციის ლიდერი წარმატებულია, ხოლო მეორე შემთხვევა ორგანიზაციული უკულტურობის მაგალითია.

თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლს შეიძლება ახალი კადრების დაქირავების პირველ თვეებში ეწეოდეს ორგანიზაცია. როგორც წესი, ის ორგანიზაციაა წარმატებული, რომელიც ნდობას ეფუძნება და თანამშრომელს საშუალებას აძლევს, თავისივე არჩეული გზებითა და მეთოდებით მიაღწიოს შედეგს. მთავარი შედეგია. როგორ მიაღწევს დაქირავებული ამ შედეგს, მისი საქმეა. ორგანიზაცია დაქირავებულს მას შემდეგ უცხადებს ნდობას, რაც დადასტურდება საქმისადმი მისი კეთილსინდისიერება და მიღწეული მაღალი შედეგები. 
4. ბუნდოვანება

ისე არაფერი ახშობს დასაქმებულთა მოტივაციას, როგორც ბუნდოვანება. ბუნდოვანება იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის მიზნები გაურკვეველია, არ არსებობს თანამშრომელთა შეფასების სისტემა, გაურკვეველი კრიტერიუმებით ფასდებიან ცალკეული ადამიანები და განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ორგანიზაციის შიგნით. ბუნდოვანება გულისხმობს პროფესიული განვითარებისა და წინსვლის უპერსპექტივობასაც. ადამიანები, რომლებიც სიახლეებისადმი არიან მიდრეკილნი და წინსვლა უნდათ, ორგანიზაციული უკულტურობის პირობებს ვერ ეგუებიან. მათ კარიერული წინსვლა და პროფესიული განვითარება სჭირდებათ. როდესაც გაუგებარია, რა გზით შეუძლია ადამიანს, წინ წავიდეს, ეს ორგანიზაციულ უკულტურობაზე მეტყველებს. ასეთ პირობებში პოტენციური კადრები ტოვებენ ორგანიზაციას და ამით თავად ორგანიზაცია ზარალდება – ნაცვლად იმისა, რომ გონიერი და ენერგიული კადრები შეინარჩუნოს, ის კარგავს თავისი გაძლიერებისთვის აუცილებელ რესურსს. 
ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად და ორგანიზაციის წარმატებისთვის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებს მკაფიო და გასაგებ ინსტრუქციებს აძლევენ. თანამშრომელთა სამუშაოზე აყვანის წესი და მათი პროფესიული ზრდის პერსპექტივა ყველასათვის გამჭვირვალე და გასაგებია. შესაძლოა, ყველა თანამშრომელი არ ეთანხმებოდეს ორგანიზაციის შიგნით არსებულ წესებს, მაგრამ მათი გადასაწყვეტია, სურთ თუ არა ორგანიზაციის ამგვარი კულტურის პირობებში მუშაობა. 

5. გაუმართავი შიდა კომუნიკაცია

ინფორმაციის და, მით უმეტეს, ზუსტი ინფორმაციის ქონა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად. თანამშრომლებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ყველანაირ სიახლეზე ორგანიზაციისა და თანამშრომელთა შესახებ. ორგანიზაციული უკულტურობის ერთ-ერთი ნიშანია ცუდი შიდა კომუნიკაცია. ასეთ პირობებში საჭირო ინფორმაციას ფლობს ტოპმენეჯმენტი და მასთან დაახლოებული რამდენიმე პირი, ხოლო დანარჩენი, რიგითი წევრებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. გაძნელებულია ასევე კომუნიკაცია ორგანიზაციის შიგნით, დეპარტამენტებს, კათედრებს ან სამსახურებს შორის. მენეჯმენტი ხელს არ უწყობს თანამშრომლობის პრაქტიკას და ყველა საკუთარ თამაშს თამაშობს.

გუნდმა წარმატებას რომ მიაღწიოს, მან ერთად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს პროექტი, პროგრამა. ორგანიზაციული უკულტურობა კი ამის საშუალებას არ იძლევა, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება ორგანიზაციის მიერ მისაღწევ შედეგებზე. ის ორგანიზაცია, სადაც შიდა კომუნიკაცია მოგვარებულია, წარმატებულია. არ აქვს მნიშვნელობა, კომპლექსური იერარქიული წყობა აქვს მას თუ მარტივი სტრუქტურა. შიდა კომუნიკაციის მოუწესრიგებლობა მის უკულტურობაზე მეტყველებს. ხელმძღვანელობას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, პროცესები – ღია, გამჭვირვალე, ხოლო ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს. სასურველია, ტოპმენეჯმენტი თავად აწვდიდეს თანამშრომლებს საჭირო სიახლეებს, ვიდრე “გაფუჭებული ტელეფონის” პრინციპით პასუხისმგებელ პირებს გადასცეს ინფორმაცია უშუალო შემსრულებლებისთვის გადასაცემად. ამ შემთხვევაში მენეჯმენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასრულად ან დამახინჯებულად მიდის შემსრულებლამდე, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა შესრულებული სამუშაოს ვადა და ხარისხი. 
6. სუბკულტურები

ორგანიზაციაში, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი კულტურა, შესაძლოა არსებობდეს ე.წ. “სუბკულტურები”, რომელთა არსებობა ორგანიზაციას უფრო მეტად ასუსტებს. სუბკულტურების არსებობა ჯანსაღი და გაზიარებული ღირებულებების პირობებში არ არის უარყოფითი მოვლენა. პირიქით, როდესაც ორგანიზაციის შიგნით ჩამოყალიბებული სუბკულტურის ღირებულებები და მიზნები ემთხვევა საერთო ღირებულებებს, ეს დადებითად აისახება თანამშრომელთა მოტივაციაზე და სამუშაო გარემოს სასიამოვნოს და პროდუქტიულს ხდის. ორგანიზაციული უკულტურობის პირობებში ჩამოყალიბებული სუბკულტურები უარყოფითად განაწყობს ერთი განყოფილების/დეპარტამენტის/სამსახურის/კათედრისა თუ სხვა დანაყოფის თანამშრომლებს სხვა დანაყოფების მიმართ. ჟარგონზე რომ ვთქვათ, სუბკულტურები სხვა არაფერია, თუ არა ეწ. “კუტოკები”, რომელთაც თამაშის თავ-თავიანთი წესები აქვთ და განსაკუთრებული ჩაკეტილობით გამოირჩევიან.

ასეთი სუბკულტურების არსებობა შედეგია საერთო მენეჯმენტის სისუსტისა. მენეჯმენტის მიერ შეფასების გაურკვეველი კრიტერიუმებით პრივილეგირებული ადამიანები ქმნიან ერთ კულტურას, შედარებით “დაჩაგრულები” – სხვას. ანდა შესაძლოა, პრივილეგირებულ ჯგუფს სხვა პრივილეგირებულ ჯგუფთან ჰქონდეს გამალებული კონკურენცია, ვინ დაიკავებს ადგილს “მზისგულზე”, ანუ ვინ იქნება ტოპმენეჯმენტთან უფრო დაახლოებული. ასეთ პირობებში საქმის ხარისხიანად კეთება და შედეგებზე ორიენტირება განსაკუთრებით ძნელია. არათუ ძნელი, შეუძლებელიც კი. ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შეუძლია, ეს უხილავი ჭიდილი ჯერ შეასუსტოს, მერე კი დაპირისპირებული მხარეები მოკავშირეებად აქციოს. საამისოდ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შედეგიანი ხერხია დაპირსპირებული პირებისა თუ განყოფილებების მობილიზება ერთი, საერთო მიზნისათვის. როდესაც ადამიანებს საერთო მიზანი უჩნდებათ, ისინი, უნდათ თუ არა, მოკავშირეები ხდებიან. ხელმძღვანელის მოქნილობასა და დიპლომატიაზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებს ამას.

თანამშრომელთა შორის მხოლოდ თანასწორობა უნდა სუფევდეს და პრივილეგირებული იქნება ის, ვინც მაღალ სამუშაო შედეგებს აჩვენებს. რაში და როგორ გამოიხატოს ეს პრივილეგია, ამის გადაწყვეტაც დიდ სიფრთხილეს მოითხოვს ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან.

Warum Deutsch? -გერმანული ენის პერსპექტივები

0
“რატომ უნდა ვისწავლოთ გერმანული?” თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც გერმანული ენის შესწავლის საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს, ამ საკითხში უკეთ გასარკვევად ახალი პროექტი წამოიწყო. პროექტი პატარა ფილმებისგან – ე. წ. ტესტიმონიალებისგან შედგება, რომლებშიც წარმატებული ქართველები იმ სიკეთეზე საუბრობენ, რაც მათ გერმანული ენის ცოდნამ მოუტანა. ფილმები გასული წლის შემოდგომაზე მომზადდა და გოეთეს ინსტიტუტმა სოციალურ ქსელებში, როგორც ყველაზე ფართო და ხელმისაწვდომ მედიასაშუალებაში, მათი ეტაპობრივად ჩაშვება გადაწყვიტა. სულ ათი ფილმის ნახვა გველის.

ფაქტია, რომ დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული ენა ინგლისურია. მისი ცოდნა უკვე არათუ სასურველი, მრავალ საჯარო სამსახურში სავალდებულოც კია. სხვა ევროპული ენებისადმი ინტერესი განსაკუთრებით ბოლო წლებში დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში არაერთი ქართველი ახალგაზრდა მიდის სასწავლებლად, – იქ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უნივერსიტეტებში სწავლის საფასური თითქმის ნულის ტოლია, – გერმანული ენა ჩვენს ქვეყანაში მაინც არ არის პოპულარული. ამის უმთავრეს მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ გლობალიზაცია, რომელმაც თითქოს შთანთქა სხვა ენის საჭიროება. თუმცა კი, როგორც თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ენის განყოფილების ხელმძღვანელი გერლინდე მასუდი ამბობს, გერმანული ენა უამრავ შანსს იძლევა განათლების მისაღებად, პროფესიის დასაუფლებლად, წარმატებული კარიერის შესაქმნელად. 

გერლინდე მასუდი: “ამ პროექტის მიზანია, გერმანული ენა ქართველი ახალგაზრდებისთვის სასურველი გახადოს, გაუღვიძოს მათ ამ ენისადმი ინტერესი და დაანახვოს, რის შესაძლებლობას იძლევა მისი ცოდნა. გვინდა ვაჩვენოთ, რომ, გარდა ინგლისურისა, სხვა ევროპული ენებიც არანაკლებ გამოსადეგი და საჭიროა. როგორც ერთხელ გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლიმბახმა აღნიშნა, Englisch ist ein Muss, Deutsch ist ein Plus – ინგლისურის ცოდნა საჭიროა, გერმანულისა კი სასარგებლო. მაგალითად, გასულ კვირას გაიმართა შერჩევითი გასაუბრება DAAD-ის სტიპენდიის კანდიდატებთან. პროფესორებმაც აღნიშნეს მათი მომზადების მაღალი დონე. და რა სამწუხარო იქნებოდა, რომ მათ არ ჰქონოდათ გერმანიის უნივერსიტეტებში სათანადო ცოდნის მიღების საშუალება. საქართველოს ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მაგალითი კი მართლაც აღსანიშნავია – ის ხომ გერმანული ენის მასწავლებლობიდან გახდა ჯერ ელჩი, მერე კი საგარეო საქმეთა მინისტრი”.
მაია ფანჯიკიძემ უყოყმანოდ გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო პროექტში “რატომ გერმანული?”. მისი ფილმი, რომელშიც მინისტრი საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება, განსაკუთრებით პოპულარულია ინტერნეტსივრცეში. მან მშობლების გადაწყვეტილებით გერმანული ენის შესწავლა ოთხი წლისამ დაიწყო, იენის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი ათი წელი პროფესორ გურამ რამიშვილის მიერ დაარსებულ “გერმანულ სკოლაში” მუშაობდა მასწავლებლად, ვიდრე, როგორც საუკეთესო გერმანისტი, გერმანიის ელჩმა კოტე გაბაშვილმა არ მიიწვია ბონში, საელჩოში სათანამშრომლოდ, საიდანაც დაიწყო მისი როგორც დიპლომატის კარიერა.

https://www.goethe.de/ins/ge/tif/lhr/wer/ka10249107.htm

“ენა, ზოგადად, მსოფლმხედველობაა. გერმანული ენა ისეთივე მოწესრიგებულია, როგორიც გერმანელი ხალხი და გერმანია. გერმანული ენის ზედაპირულად ცოდნა წარმოუდგენელია, – მაშინ ენა არ იცი. გარდა ამისა, გერმანულის სწავლას სავსებით პრაქტიკული მიზეზიც აქვს: იგი ქმნის არაჩვეულებრივ ფუნდამენტს სხვა ანგლო-საქსონური ენების სასწავლად. თუ ფუნდამენტური განათლების მიღება სურს ადამიანს, სწორედ გერმანული ენის სწავლით უნდა დაიწყოს და შემდეგ მასზე დააშენოს სხვა ენები. მე ასე მოვიქეცი და ახალგაზრდებსაც ამას ვურჩევდი”, – ამბობს მაია ფანჯიკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა გერმანულის სწავლა მეორე კლასიდან დაიწყო მე-6 გიმნაზიაში. მისი თქმით, გერმანული გემრიელი ენაა, რომელსაც დაგემოვნება უნდა. “იმ ახალგაზრდებისთვის კი, ვისაც კლუბური მუსიკა უყვარს, ძალიან საინტერესოა ბერლინში ცხოვრება”, – ამბობს სალომე თავის ფილმში და ფიქრობს, თვითონაც სცადოს სიმღერა გერმანულ კლუბში. “გერმანიაში ძალიან ბევრი საშუალებაა თავის დასამკვიდრებლად. ვფიქრობ, გერმანული გამომადგება იმისთვის, რომ მივაღწიო ჩემს მიზანს”.

მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ლევან წულაძემ კი გერმანული და ქართული დაახლოებით ერთდროულად ისწავლა, პირდაპირ, გრამატიკის გარეშე. სწორედ გერმანული ენის ცოდნა დაეხმარა მას 90-იან წლებში “თეატრალური სარდაფის” შექმნისას, რომლის იდეაც გოეთეს ინსტიტუტის მაშინდელი დირექტორის მხარდაჭერით განახორციელა. აქვე ლევან წულაძე საოცარ ამბავს გვიყვება თავისი ბებიის მეგობარზე, ერთ ქუთაისელ ქალბატონზე: “ბებიაჩემის ძმა, რომელიც სწავლობდა ბერლინში, ჩამოვიდა ზაფხულში დასასვენებლად და ჩამოიყვანა ორი მეგობარი. ერთ-ერთს ერქვა ადოლფი. ამ ადოლფს მოეწონა ბებიაჩემის მეგობარი, ქალბატონი თამარა და სამი დღის განმავლობაში სეირნობდა მასთან ერთად ქუთაისში. წავიდა ეს ადოლფი და დარჩა ქალბატონი თამარა. როცა შეიცვალა ცხოვრება, ბოლშევიკები მობრძანდნენ, ჯერ მაშინ გადაასახლეს, მეორედ კი ომის დროს – ვიღაცამ თქვა, ეს ადოლფის შეყვარებული იყოო და ოცი წლით გადაასახლეს კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გავიდა წლები, ის ადოლფი ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში როგორც ტურისტი და შეხვდა ქალბატონ თამარას. ამ კაცის გულისთვის ქალს ცხოვრება დაენგრა, მაგრამ მას ამის შესახებ ვერაფერი უთხრა: გერმანული ვიცი, მაგრამ ლექსიკა არ მივარგაო, ამიტომ მომერიდა, ვაითუ რაღაც არასწორად მეთქვაო, – ასეთი იყო მისი არგუმენტი… ამას რომ უყვებოდა ბებიაჩემს, მეც გადმომხედა: ამიტომ ისწავლე ენა, კარგად ისწავლე, რომ მერე არ შეგრცხვეს და კარგად აუხსნა ყველაფერი იმ ადამიანს, ვისაც გინდაო”.
გლობალიზაციამ, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში დომინანტად ინგლისური ენა აქცია, ისიც მოიტანა, რომ სასწავლებლად, სამოგზაუროდ თუ სამუშაოდ უცხოეთში წასვლა გამარტივდა. გერმანია ის ქვეყანაა, სადაც პროფესიულ კადრებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. გერმანიაში სწავლას დასაქმების პერსპექტივაც აქვს, მით უფრო – ტექნიკური პროფესიების წარმომადგენლებისთვის, ხოლო განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობას ნაკლები პრობლემა რომ ახლავს, ვიდრე გაუნათლებლებთან, ეს ევროპის ქვეყნებმა საკუთარი გამოცდილებით იციან. შესაბამისად, ემიგრანტთა ინტეგრაციის საკითხი იქ მწვავდება, სადაც განათლების ნაკლებობაა, – გვიხსნის გერლინდე მასუდი იმ შეკითხვის პასუხად, რომელიც გერმანიაში სასწავლებლად წასული ახალგაზრდების უკან დაბრუნების საკითხს ეხება.

“მიუნხენში ე.წ. “ახალი გერმანელების” ოცი პროცენტი ცხოვრობს. როცა სტატისტიკას ვადევნებთ თვალს, ვხედავთ, რომ ინტეგრაცია ურიგოდ არ მიმდინარეობს. უბრალოდ, ადამიანებს ცუდი მაგალითების მოშველიება უფრო უყვართ, ვიდრე კარგის. პრობლემები კი საზოგადოებაში ყოველთვის არის. მარტში გოეთეს ინსტიტუტს გერმანული ენის მასწავლებლებისთვის დაგეგმილი აქვს სემინარი, რომელიც მიგრაციის პრობლემებს ეხება. ეს პროცესი საზოგადოებასაც ცვლის. გერმანიაში უამრავი რეჟისორი თუ მწერალია, რომლებიც წარმოშობით არ არიან გერმანელები, მაგრამ გერმანულ კულტურას ქმნიან. ჩემი გამოცდილებით, პატარა ქვეყნების მოქალაქეები უფრო აქტიურად სწავლობენ უცხო ენებს, ვიდრე დიდი ქვეყნებისა. ასეა, მაგალითად, ლუქსემბურგში. ენა პატარა ქვეყნებისთვის ხიდის როლს ასრულებს, რაც დიდ ქვეყნებს თითქოს უფრო ნაკლებად სჭირდებათ, რადგან მათ ენაზე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. საქართველოში ბევრი საინტერესო ადამიანია, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც მათ საქმეს წაადგება, ამისთვის კი ენების ცოდნაა საჭირო”, – ამბობს გერლინდე მასუდი და, როგორც პედაგოგი, გვირჩევს, ენების შესწავლა ადრეული ასაკიდანვე დავიწყოთ, რათა რამდენიმე ენის შესწავლის შანსი გვქონდეს. ამგვარი მიდგომაა ევროპის ქვეყნების განათლების სისტემაში, სადაც მშობლიურის გვერდით სავალდებულოა მინიმუმ ორი ენის შესწავლა, რათა მეზობელ ქვეყნებთან სრულფასოვანი ურთიერთობა შეძლონ.

თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მომდევნო პროექტები სწორედ აქეთ იქნება მიმართული – ერთ-ერთი მათგანი, “კითხვის დღე” სკოლისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, უკვე გაიმართა. ამ მრავალფეროვან პროექტში მონაწილეთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ მისი განხორციელება კვლავაც იგეგმება. ასევე ახალგაზრდებისთვის მზადდება მუსიკალური პროექტი ქარვასლაში – “მუსიკა+X”, ინტერაქტიული გამოფენა, რომლის მიზანიც თანამედროვე გერმანულ მუსიკალურ მიმართულებათა გაცნობაა.

ახლომხედველი ბავშვი სკოლაში

0

მე ახლომხედველი ვარ. მედიცინის ენაზე ჩემი დიაგნოზი მიოპიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შორს ცუდად ვხედავ. ის, რაც ჩემი პოეზიისთვის მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა (ჩემს ბოლო პოეტურ კრებულს სწორედ “ახლოხედვის ტრაექტორია” ჰქვია), ცხოვრებაში ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის.

მახსენდება ჩემი თავი სკოლაში, ცდა დაფაზე დაწერილი დავალების წაკითხვისა: ჯერ ოდნავ ჭუტავ თვალებს, მერე – უფრო მეტად, ბოლოს, არაფერი რომ არ გამოდის, იძულებული ხარ, შენი რვეულიანად დაფას აეკრა, რაც აუცილებლად გამოიწვევს შენი კლასელების წყრომას. სათვალე გამოსავალია, მაგრამ არ იკეთებ, რადგან იცი – დაგცინებენ, თან იმ ბიჭს არ მოსწონს სათვალიანი გოგონები…

თუმცა “ჰარი პოტერის” ავტორის, შესანიშნავი საბავშვო მწერლის, ჯოან როულინგის წყალობით, ახლა სათვალე აღარაა დასაცინი, მეტიც – ერთგვარ დამატებით ხიბლსაც კი გძენს: სათვალიანი ბავშვები ყველაზე ჭკვიანები არიან.

რა იწვევს ახლომხედველობას? რა როლს ასრულებს ამაში სკოლა? ცნობილია, რომ ყველაზე ხშირად მიოპია სწორედ დაწყებითი კლასების მაღალ საფეხურზე – მესამე, მეოთხე კლასებში – ვითარდება. სწორედ ამ დროს ევალებათ მშობელსა და მასწავლებელს, შეამჩნიონ პრობლემა და დროულად აჩვენონ ბავშვი სპეციალისტს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიოპიამ შესაძლოა რთული ფორმა მიიღოს.

მიოპია მემკვიდრეობითაც შეიძლება იყოს განპირობებული და გარემო პირობების ზეგავლენითაც.

ახლომხედველობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა – მსოფლიოში თითქმის ყოველ მესამე კაცს მიოპია აქვს.

არასწორი განათება, თვალის მეტისმეტი გადაძაბვა (მაგალითად, ბევრი საშინაო დავალების შესრულების დროს), წიგნსა და თვალს შორის არასათანადო მანძილი, არაკომფორტული სამუშაო მაგიდა, ტელევიზორის, კომპიუტერის ხშირი ყურება, არასწორი კვება, სუსტი აგებულება და ბევრი სხვა მიზეზი შესაძლოა სერიოზულ დაავადებას დაედოს საფუძვლად.

იმისთვის, რომ ბავშვის მხედველობას ზედმეტი დატვირთვა არ მიადგეს, საჭიროა, უფროსებმა გაითვალისწინონ სპეციალისტების რამდენიმე რჩევა.

უპირველესად, მნიშვნელოვანია სკოლის კედლების ფერი: ისინი აუცილებლად ბაცი უნდა იყოს – თეთრი ან პასტელის ფერებისა.

კლასი კარგად უნდა იყოს განათებული, დაფაზე არ უნდა ირეკლებოდეს მზის სხივი ან შიდა განათების შუქი.

ყურადსაღებია წიგნის შრიფტი, ასევე – რვეულის ფურცლების ხარისხი და ფერი. ახლომხედველი ბავშვი სასურველია დაფასთან ახლოს იჯდეს – ეს მასა და მის თანაკლასელებს თავიდან ააცილებს ნაწერის დასანახავად დაფასთან ხშირად გასვლით გამოწვეულ დისკომფორტს.

გაკვეთილის განმავლობაში, მით უმეტეს, თუ საკითხავი ან საწერი მასალა ბევრია, მასწავლებელმა ბავშვები სამჯერ მაინც უნდა შეასვენოს. სასურველია თვალის ვარჯიშების შესრულებაც, მაგალითად, ისეთებისა, როგორიცაა სხვადასხვა საგანზე მზერის სწრაფად გადატანა – ახლომდებარე ნივთიდან შორს და პირიქით.

სკოლის მოსწავლეების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს სტაფილო, თევზი, ნიგოზი, ხაჭო, რძე და მოხარშული ხორცი. არავითარი წიწაკა თუ მდოგვი ან მწარე კეტჩუპი!

სახლში სამეცადინო ადგილი აუცილებლად კარგად უნდა იყოს განათებული. საღამოს, თუ მაგიდის ნათურას დაიხმართ, ჯობს, იგი მარცხენა მხარეს დაიდგათ, რათა სამუშაო მაგიდა განათდეს, ხოლო თვალები შუქმა არ შეაწუხოს.

არ შეიძლება ბინდბუნდში, ტრანსპორტში, აგრეთვე დაწოლილი კითხვა; ბავშვები უნდა მოვარიდოთ კომპიუტერსა და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომას.

სასურველია, წელიწადში, სულ მცირე, ორჯერ მაინც მოხერხდეს მოსწავლეებთან ოფთალმოლოგის პროფილაქტიკური ვიზიტი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...