პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026
მთავარი წაკითხვა

ლიტერატურული კონკურსი – “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე”!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი  “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ფარმაცეტული კომპანია „PSP“ მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“,  რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია,  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე  ფულადი პრიზი:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.

აუტიზმი, უნიკალური  გზა, რომელსაც თავისი  ლოგიკა აქვს

0

ბოლო ექვსი წელია, იმდენი მასალა და კვლევა არცერთ თემაზე არ წამიკითხავს, რამდენიც აუტიზმზე. ამის მიზეზი – რეზია. მადლობა მას ამისთვის. რეზიმ თვალსაჩინოდ დამანახა და  მიმახვედრა, რომ სამყარო მრავალფეროვანია და მასში არსებული გზებიც, თითქმის არასდროს,  არის სწორხაზოვანი.  ზოგიერთი ბავშვი რეალობას ისე არ ხედავს, როგორც უმრავლესობა. მათი შემეცნების მარშრუტი სრულიად განსხვავებულია.

მეტაფორული ხედვა –  კარი, რომელიც სხვა მხრიდან იღება

რეზისთან ურთიერთობამ მიმახვედრა, რომ აუტიზმი არ არის „დახურული კარი“. ეს არის კარი, რომელიც უბრალოდ სხვა მხრიდან იღება. თუ ჩვენს ხელთ არსებული გასაღები არ ერგება საკეტს, ეს საკეტის ბრალი არ არის. რეზის  გზა უფრო მეტად ჰგავს სპირალს, სადაც ერთი და იმავე წერტილთან დაბრუნება არა რეგრესი, არამედ გააზრებისა და დეტალებში ჩაღრმავების პროცესია.

ანალიტიკური მიდგომა –  ქცევა, როგორც ენა

როდესაც რეზი „იჭედება“ ხმაურში ან თავს არიდებს ინსტრუქციის შესრულებას, ეს არ არის ერთგვარი  კომუნიკაცია. ქცევა ხდება ენა, რომელიც გვეუბნება: „აქ ძალიან ხმაურიანია“, „მეშინია შეცდომის“ ან „დავიღალე“ და მე მინდა  ვისწავლო ამ ენის კითხვა, რათა არ დავკარგო  მთავარი — კავშირი მასთან.

ინსტრუქცია, როგორც შესაძლებლობა

მასწავლებელი აუტიზმის გზაზე არ არის მხოლოდ ცოდნის გამცემი, ის გზის თანამგზავრია. როდესაც ჩვენ ვცვლით ინსტრუქციას, ვამარტივებთ ნაბიჯებს ან ვიყენებთ ვიზუალურ მხარდაჭერას, ჩვენ რეალურად არ ვამცირებთ მოთხოვნას – ჩვენ ვზრდით შესაძლებლობას – ვიპოვოთ, მივაგნოთ და მივცეთ ბავშვს ის ინსტრუმენტი, რომელიც მისთვის მისაღებია.

 პაუზის ძალა

აუტიზმის მქონე ბავშვისთვის „ჩუმი დრო“ აუცილებელია აზრების დასალაგებლად. პაუზა არ ნიშნავს უმოქმედობას; ეს არის ინფორმაციის გადამუშავების აქტიური ფაზა.  უნდა მივცეთ  „დროის უფლება“, რათა მან საკუთარი რიტმით შეძლოს პასუხის პოვნა და უკავშირი.

სოციალური განზომილება – კლასი /ჯგუფი, როგორც მიღების სივრცე

ინკლუზია  არის პროცესი, რომელიც გვასწავლის,  რომ ყველა ერთნაირი არ არის და არც უნდა იყოს. როცა განსხვავებულობა ნორმად იქცევა, ბავშვები სწავლობენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ წერია – ემპათიას და ადამიანის უპირობო მიღებას.

 ემოციური პარტნიორობა: მშობელი და სკოლა

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი, ისევე, როგორც რეზის დედა ყოველდღიურად ეძებს გზებს, რომ ბავშვმა შეძლოს ის, რაც სხვებისთვის ბუნებრივია. როცა ბაღი და  სკოლა ამ გზაში პარტნიორი ხდება, ქრება დაპირისპირება. ჩვენ ვხდებით ერთიანი ძალა, რომელიც ბავშვის ინტერესებს დარაჯობს.

 უნიკალურობის სილამაზე

განვითარება და სწავლა იწყება იქ, სადაც ბავშვი იგრძნობს: „მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და მე აქ  შემიძლია“. აუტიზმი არ არის გადახვევა სწორი გზიდან, ეს თავად არის გზა, რომელსაც თავისი უნიკალური ლოგიკა და სილამაზე აქვს. ჩვენი გვევალება არ ვეცადოთ ბავშვის სურვილების და ქცევის  მორგება ვიწრო ჩარჩოებში, არამედ ჩამოვხსნათ   ჩარჩოები ისე, რომ მასში ყველა ბავშვის უნიკალურობამ დაიდოს ბინა.

განათლება არ ნიშნავს სწორხაზოვნებას. ის თითოეული ადამიანის შინაგანი ლოგიკის პატივისცემასა და აღმოჩენას გულისხმობს.

თვალსაჩინოებისთვის

იყო და არა იყო რა-ზღაპრის მნიშვნელობა ბავშვებისთვის

0

იყო და არა იყო რა… ეს ფრაზა ყველა ბავშვს იმ ასაკიდან ჩაესმის, რომელშიც ჯერ საკუთარი თავის შეცნობაც კი უჭირს. დედის, მამის, ბებია-ბაბუების ბაგეებიდან რამდენჯერ გაჟღერებულა ეს ჯადოსნური სიტყვები. საკმარისია მათი წარმოთქმა და თითოეული მათგანი ზღაპრული მზეთუნახავების, მზეჭაბუკების, ფასკუნჯებისა და დევების სამყაროში იძირება.

აქედან იწყება პირველი შეხება სიკეთესა და ბოროტებასთან, პერსონაჟებთან ერთად ოქროს ვაშლების მოსაპოვებლად ბრძოლა, ცხრაკლიტულში დამწყვდეული გმირების გამოსახსნელად ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა…

ზღაპარი ის ლიტერატურული ჟანრია, რომლის წაკითხვა, ერთი შეხედვით, იმდენად მარტივია, რომ დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს ბავშვისგან. ზღაპრების კითხვის ასაკიც პირობითად განსაზღვრა საზოგადოებამ – ერთიდან რვა-ცხრა წლამდე. მერე უკვე „სერიოზული“ ლიტერატურის დროა. ამიტომ მოზარდ და ზრდასრულ ასაკში მათ იშვიათად თუ უბრუნდება ადამიანი.

პატარაობიდანვე მნიშვნელოვანია ზღაპართან შეხება.

ზღაპრის გაცნობისას პატარა მკითხველი ყველა ეპიზოდის, ყველა პერსონაჟის წარმოდგენას ცდილობს, მის გონებაში ერთიანად ჩნდება სურათები. ეს წარმოსახვის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვი ამ დროს ყველა დეტალს ისე წარმოიდგენს, როგორც მხოლოდ მას სურს და შეუძლია, ყველასა და ყველაფრის ჩაურევლად. მას არასდროს უნახავს ასთავიანი დევი, ამიტომ სიკეთესთან მებრძოლი მრისხანე გოლიათის სახე წარმოსახვაში თავისებურად უნდა შექმნას. მფრინავი ხალიჩაც სწორედ ისეთი უნდა იყოს, როგორიც მას სურს. წარმოსახვასთან ერთად იწყება პერსონაჟებთან „დამეგობრებაც“. ბავშვმა უკვე აირჩია, ვის უნდა უგულშემატკივროს, მთელი გონებითა და ემოციით ვისი მხარე დაიჭიროს – გზადაგზა ფიქრობს, როგორ დაამარცხებს ბოროტებას სიკეთე და ბედნიერი დასასრული შვებას ჰგვრის მის „პატარა“ გულს. ამ თავგადასავლის დროს სწავლობს, როგორ დააღწიოს თავი განსაცდელს. როგორ მოიქცეოდნენ მის ადგილას ზღაპრის გმირები – ნაცარქექია, მეჩონგურე, წიქარა… გაიაზრებს, რომ ძალით კი ვერ გაუმკლავდება დიდ ბოროტებას, არამედ სიტყვით, მოხერხებულობით, გონებაგამჭრიახობით…

ზღაპარი წარსულის გამოძახილია, ხალხის სიბრძნე სტრიქონებს შუა იკითხება, ფარული კოდები დაფიქრებასა და ამოხსნას საჭიროებს.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ბავშვი პატარაობიდანვე ვაზიაროთ ზღაპარს, მოზარდ ასაკში კვლავ წავაკითხოთ. ზრდასრულ ასაკში კი თავად წაუკითხავს შვილებს.

ყოველ ეტაპზე ზღაპარი ახალ საფიქრალს მოიტანს და მასში დაფარული სიბრძნის ამოკითხვას თუ კოდების ამოხსნასაც თანდათან შეძლებს მსმენელი თუ მკითხველი.

ჩემი მეოთხეკლასელებისთვის ქართული ხალხური ზღაპრების გაცნობის მიზანიც სწორედ ეს იყო. ბიძგი სახელმძღვანელოში არსებულმა თავმა მოგვცა. „ხელოვნების ძალა“ – ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული ხალხურ ზღაპარს „მეჩონგურე“, რომელშიც გრძნობით ამღერებული მთავარი პერსონაჟი დაუმარცხებელ გველეშაპს მოათვინიერებს. აქ სიკეთე ხელოვნების დახმარებით იმარჯვებს, რაც აღმოჩენა იყო ბავშვებისთვის.

გავყევით ზღაპრების გზას და მრავალი დაბრკოლება გადავლახეთ მიზნის მისაღწევად. ვის არ შევხვდით, რას არ წავაწყდით – წიქარასა და სალხინო და საჭირვარამო სალამურს, ჭინჭრაქასა და დევისგან გამოტაცებულ ფანდურს, ვაზისა და ბულბულის სტვენა-გალობას, ზღაპარში აჟღერებულ „მრავალჟამიერს“…

და ვინაიდან ზღაპარი და ხელოვნება ჩვენს გაკვეთილებზე ერთმანეთს გადაეჯაჭვა, ახალი გამოწვევის დრო დადგა. უნდა დავფიქრებულიყავით, მართლა ასეთი ძლიერი ზემოქმედება ძალუძს თუ არა ხელოვნებას.

თუ გაკვეთილი ცოცხალია, თუ კლასი ინტერესით არის ჩართული პროცესში, თუ ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა მოსწავლეების გულსა და გონებაში გაივლის, ახალ იდეებს რა გამოლევს. და აი, გაკვეთილზევე გაჩნდა იდეა – მოვიწვიოთ ჩვენი თანაკლასელი ილიკოს მამა და ვასაუბროთ იმაზე, რა ძალა აქვს ხელოვნებას – ჩონგურის სიმებსა და მრავალ ხმაში ამღერებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს.

კარგ სტუმრებს კარგი მასპინძლობა სჭირდება და ამიტომ ბავშვებმაც საგანგებოდ იმუშავეს ზღაპრის თემაზე. აირჩიეს სასურველი ზღაპრები და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. პროცესში აქტიურად იყო ჩართული პარალელური კლასი და მათი საყვარელი ანუკი მასწავლებელი. შექმნეს არაჩვეულებრივი ილუსტრაციები და საინტერესო ანოტაციები თითოეული ზღაპრისთვის. ნაწარმოების შინაარსის მოკლედ გადმოცემა და საკუთარი მოსაზრების დართვა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია მეოთხეკლასელისთვის. ჯგუფებში მუშაობით შეხედულებების გაცვლა ხდება და საინტერესო შედეგიც დაიდო. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ანოტაციები დაწერეს.

ამგვარ პროექტებში კლასების თანამშრომლობა უფრო ცოცხალსა და ნაყოფიერს ხდის სასკოლო ცხოვრებას, მოსწავლეებს საერთო ინტერესები უჩნდებათ და ადვილად მეგობრდებიან.

როგორც ყველა, ეს ზღაპარიც ბედნიერად დასრულდა.

ახალი გამოწვევის დრო დადგა – ზღაპრებში ამოკითხული უცხო სიტყვებისა და ფრაზების განმარტებითი ლექსიკონის შექმნა.

მასზე მსჯელობა უკვე დაწყებულია კლასში.

რას „ვხედავთ“ მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას?

0

მუსიკის აღქმის კოგნიტიურ-სემიოტიკური მექანიზმები.

მუსიკის სწავლება თანამედროვე განათლებაში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სმენით აღქმის, სიმღერის ან ნოტების შესწავლით. ადამიანი მუსიკას ხედავს, განიცდის, ახდენს მის ინტერპრეტირებას, ანიჭებს შინაარსს. ბავშვობაში მუსიკა ხშირად აღიქმება ფერების, მოძრაობების, პერსონაჟებისა და ისტორიების წყაროდ. სწორედ ამ პროცესს სწავლობს კოგნიტიურ-სემიოტიკური მიდგომა.

სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა:

  • რას აკეთებს მოსწავლე გონებრივად მუსიკის მოსმენისას?
  • რატომ „ხედავს“ იგი სურათებს, სცენებს, ემოციებს იქ, სადაც სიტყვები არ არის?

ამ კითხვებზე პასუხის მიღება შესაძლებელია კოგნიტიურ-სემიოტიკური მიდგომის საშუალებით, რომელიც მუსიკას განიხილავს როგორც ნიშანთა სისტემას, ხოლო ნაწარმოების მოსმენას – როგორც მნიშვნელობის შექმნის პროცესს.

სემიოტიკა არის მეცნიერება ნიშნების, სიმბოლოებისა და მათი მნიშვნელობების შესახებ. ის იკვლევს, როგორ „კითხულობს“ ადამიანი სამყაროს – არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ხმებით, ფერებით, ჟესტებით, გამოსახულებებითა და მუსიკით.

სემიოტიკურ აზროვნებას საფუძველი ჩაუყარეს ფერდინანდ დე სოსიურმა და ჩარლზ სანდერს პირსმა, რომელთა თეორიებიც დღეს აქტიურად გამოიყენება ხელოვნების, განათლებისა და კოგნიტური მეცნიერებების კვლევაში.

ფერდინანდ დე სოსიურის მიხედვით, ნიშანი შედგება ორი ნაწილისგან:

  1. აღმნიშვნელი – ის, რასაც ვხედავთ ან ვისმენთ (ბგერა, მელოდია, ფორმა);
  2. აღნიშნული – მნიშვნელობა, რაც მას ჩვენს ცნობიერებაში ენიჭება.

ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჩარლზ სანდერს პირსმა ნიშნების კლასიფიკაცია მე-19 საუკუნის ბოლოს შეიმუშავა. პირსი თანამედროვე სემიოტიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ის არის, რომ მან ადამიანი როგორც ნიშნების შემქმნელი და ინტერპრეტატორი წინა პლანზე წამოსწია.

ჩარლზ სანდერს პირსი ნიშანს წარმოიდგენს ერთგვარ სამკუთხედად: ნიშანი – ობიექტი – ინტერპრეტატორი.

სწორედ ინტერპრეტატორია გადამწყვეტი მუსიკის აღქმის პროცესში.

პირსი გამოყოფს:

  • იკონურ – მსგავსებაზე დაფუძნებულ – ნიშნებს;
  • ინდექსურ – მიზეზშედეგობრივ – ნიშნებს;
  • სიმბოლურ – შეთანხმებაზე დაფუძნებულ – ნიშნებს.

სემიოტიკა როგორც ნიშნების მეცნიერება გვაძლევს საშუალებას, მუსიკა განვიხილოთ არა მხოლოდ ესთეტიკურ მოვლენად, არამედ ნიშანთა სისტემად, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ, კოგნიტიურ და კულტურულ გამოცდილებაზე.

მუსიკა როგორც ხელოვნება განსაკუთრებულად სემიოტიკურია, რადგან იგი არ იყენებს სიტყვებს, მაგრამ მოქმედებს ემოციაზე, მეხსიერებაზე, სხეულსა და კულტურულ გამოცდილებაზე.

მუსიკის მოსმენის დროს ადამიანი:

  • ქმნის ვიზუალურ სურათებს;
  • აკავშირებს ბგერებს ემოციებთან;
  • ააქტიურებს წარსულ გამოცდილებას;
  • აყალიბებს შიდა ნარატივებს.

მუსიკა აღძრავს არა მხოლოდ გრძნობებს, არამედ სურათებს, სიუჟეტებს, მოძრაობებს. მოსწავლე არ არის პასიური მსმენელი – ის ხდება მნიშვნელობის შემქმნელი. ეს პროცესი ეყრდნობა კოგნიტიურ მექანიზმებს: ყურადღებას, მეხსიერებას, ასოციაციასა და ფანტაზიას. მუსიკა ხდება ნიშანთა სისტემა, სადაც:

  • ტემპი შეიძლება ნიშნავდეს მოძრაობას;
  • რეგისტრი – სივრცეს;
  • დინამიკა – ემოციურ დაძაბულობას;
  • ტემბრი – პერსონაჟს ან ხასიათს;
  • რიტმი – ენერგიას;
  • პაუზა – მოლოდინს.

სემიოტიკური მიდგომის გამოყენებას მუსიკის გაკვეთილზე აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დადებითი მხარეები:

  • ავითარებს კრიტიკულ და სიმბოლურ აზროვნებას;
  • აძლიერებს ემოციურ ჩართულობას;
  • ხელს უწყობს მეტაკოგნიტიური უნარების გააქტიურებას (რას ვგრძნობ ნაწარმოების მოსმენის დროს? რატომ?);
  • ზრდის მოსწავლეთა მეტყველებით და ვიზუალურ თვითგამოხატვას.

 

შესაძლო სირთულეები

  • მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტერპრეტაციები შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს;
  • საჭიროა მასწავლებლის მაღალი პროფესიული მზაობა;
  • დროის მართვა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის მუსიკა არის: „ვიღაცის სიარული“, „მზე, რომელიც ამოდის“, „სევდიანი ადამიანი“. ეს ინტერპრეტაციები მოსწავლის ცნობიერებაში წარმოადგენს მუსიკის სემიოტიკურ დეკოდირებას.

კოგნიტიური პროცესები (ყურადღება, მეხსიერება, ასოციაცია, ფანტაზია) მუსიკის მოსმენისას ერთიანდება და ქმნის შიდა ვიზუალურ და ემოციურ სურათებს. სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: რას ვხედავთ მუსიკის მოსმენისას?

წარმოგიდგენთ რამდენიმე გაკვეთილის მაგალითებს.

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: I

თემა: „რას ვხედავთ, როცა მუსიკას ვუსმენთ?“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • გაიგებს, რომ მუსიკა შეიძლება რაღაცას უსიტყვოდ „გვეუბნებოდეს“;
  • შეძლებს მოსმენილი მუსიკის ემოციით, მოძრაობით ან ნახატით გადმოცემას;
  • მიხვდება, რომ მუსიკის მოსმენისას ყველას შეიძლება განსხვავებული სურათი წარმოესახოს;
  • ისწავლის ყურადღებით მოსმენას.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 ემოციური ჩართვა

 

მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ბავშვებო, გიყვართ ზღაპრები? დღეს მუსიკა მოგიყვებათ ზღაპარს.

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

• შეიძლება თუ არა, ზღაპარი სურათებით იყოს გადმოცემული?

• შეიძლება თუ არა, ზღაპარი ხმებით იყოს გადმოცემული?

2 მომზადება მოსმენისთვის – სხეულით აღქმა მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– გთხოვთ, თვალები დახუჭოთ,

ხელები მუხლებზე დაიდოთ,

არ ილაპარაკოთ

და უსმინოთ მუსიკას გულისყურით.

3 „ჯადოსნური მუსიკა“ მოსწავლეები უმენენ კამილ სენ-სანსის „აკვარიუმს“.

მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ახლა მუსიკა დაიწყება. მოუსმინეთ მას და დააკვირდით, რას „დაინახავთ“.

4 ემოციის აღმოჩენა მუსიკის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი ეკითხება კლასს:

– როგორ ფიქრობთ, როგორი იყო მუსიკა?

ü  მხიარული

ü   მშვიდი

ü   იდუმალი

ü   ძილის მომგვრელი

(ბავშვები ხელით ან სახის გამომეტყველებით ანიშნებენ პასუხს)

შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– როგორი იყო მუსიკა? ნელი თუ სწრაფი?

მუსიკის მოსმენისას მოძრაობა გინდოდათ თუ მშვიდად ყოფნა?

5 სემიოტიკა სურათად – „რას ვხედავთ?“ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– მუსიკის მოსმენისას ხომ არ ,,დაინახეთ“ წარმოსახვით

ü  წყალი?

ü  თევზი?

ü  მოცურავე ადამიანი?

ü  ზღაპრული ადგილი?

მასწავლებელი არ აძლევს მინიშნებას მოსწავლეებს. თუ მოსწავლე ამბობს: „ვარსკვლავები დავინახე“, – ეს პასუხიც მისაღებია.

მასწავლებელი აჯამებს:
– ბავშვებო, მუსიკა ყველა ადამიანს თავის ისტორიას უყვება.

6 შემოქმედებითი აქტივობა – „დახატე მუსიკა“ მასწავლებელი აძლევს დავალებას:

– ახლა დახატეთ ის, რაც მუსიკის მოსმენისას „დაინახეთ“.

მასწავლებელი ძალიან ხმადაბლა ფონად რთავს იმავე მუსიკალურ ნაწარმოებს.

მასწავლებელი:

• არ ასწორებს ნახატებს;

• არ ამბობს: „ეს არ არის სწორი“;

• მხოლოდ ეკითხება მოსწავლეს:

–         რა დახატე?

–         რატომ აირჩიე ეს ფერი?

7 გაზიარება – მნიშვნელობის მიღება რამდენიმე მოსწავლე წარადგენს ნახატს. მასწავლებელი ეკითხება:

– როგორი იყო ეს მუსიკა შენთვის: მხიარული თუ მოწყენილი, სწრაფი თუ ნელი?

– რას აკეთებდა შენს ნახატში ეს პერსონაჟი?

მოსწავლე სწავლობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

8 მოძრაობითი აქტივობა მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ახლა ვეცადოთ, მუსიკა სხეულით გამოვხატოთ და შევიგრძნოთ.

ისმის იგივე მუსიკალური ნაწარმოები.

მოსწავლეები:

• ნელა მოძრაობენ;

• „ცურავენ“;

• ხელებით გამოსახავენ ტალღებს.

მუსიკა გადადის მოძრაობაში. ეს არის კოგნიტიურ-სემიოტიკური გადატანა.

9 შეფასება მასწავლებელი აკვირდება:

  • უსმენს თუ არა მოსწავლე მუსიკას ყურადღებით;
  • გამოხატავს თუ არა ემოციას;
  • რეაგირებს თუ არა მუსიკაზე მოძრაობით ან ნახატით.

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეების ჩართულობას.

10 მოსწავლის თვითშეფასება – მუსიკის მოსმენისას მე დავინახე…

– მუსიკამ გამახარა / დამამშვიდა…

– მომეწონა, როცა…

11 მასწავლებლის რეფლექსია • შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა მუსიკის ემოციური აღქმა?

• რომელმა აქტივობამ გამოიწვია ყველაზე დიდი ჩართულობა?

• რამდენად მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს მოსწავლეები?

12 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:

Ø  სწავლობს მოსმენას;

Ø  გრძნობს, რომ მუსიკა „ლაპარაკობს“;

Ø  იწყებს სამყაროს აღქმას ნიშნებით.

ეს არის სემიოტიკის დასაწყისი სიტყვების გარეშე.

 

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: II

თემა: „ერთი მუსიკალური ნაწარმოები – ბევრი სურათი“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • გააცნობიერებს, რომ ერთსა და იმავე მუსიკალურ ნაწარმოებს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს;
  • შეძლებს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების ემოციით, სურათით და სიტყვით გადმოცემას;
  • შეძლებს პასუხის დასაბუთებას: „რატომ ვიფიქრე ასე“;
  • განივითარებს ყურადღებით მოსმენის და სხვისი აზრის პატივისცემის უნარებს.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 წინარე ცოდნის გახსენება

 

 მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– გახსოვთ, წინა გაკვეთილზე მუსიკის მოსმენისას რას ვაკეთებდით?

– რას ვხატავდით?

– ყველას ერთნაირი ნახატი გვქონდა?

მასწავლებელი აჯამებს:

– ესე იგი, მუსიკა ყველასთვის ერთნაირად არ „ლაპარაკობს“.

2 ,,მოსწავლეებთან შეთანხმება“ მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ახლა მოვუსმენთ სხვა მუსიკალურ ნაწარმოებს. გთხოვთ:

  • ყურადღებით მოუსმინოთ,
  • დაიმახსოვროთ, რას გრძნობთ
  • და რა სურათი ჩნდება თქვენს წარმოსახვაში.

მასწავლებელი დაფაზე წერს:

  • ვგრძნობ…
  • ვხედავ…
3 ნაწარმოების მოსმენა – „დილა მუსიკაში“ მოსწავლეები ისმენენ „დილას“ ედვარდ გრიგის „პერ გიუნტიდან“.

მასწავლებელი წინასწარ არ ამბობს, რომელ ნაწარმოებს მოისმენენ.

4 ემოციის ამოცნობა ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მასწავლებლი სვამს კითხვას:

– როგორი იყო ეს მუსიკა?

ü  ნათელი

ü  მშვიდი

ü  მხიარული

ü  დამამშვიდებელი

– ეს მუსიკა უფრო დილას ჰგავს თუ საღამოს?

– რატომ?

5 „რას ვხედავდი?“ – ვიზუალური წარმოსახვა მასწავლებელი სვამს კითხვას:

– რა დაინახეთ:

ü  მზე?

ü  ბუნება?

ü  ადამიანები?

ü  მოძრაობა?

თუ მოსწავლეების პასუხები ერთმანეთისგან განსხვავდება, მასწავლებელი ამბობს:

– ყოჩაღ, ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ მუსიკა დაგვაფიქრებს.

6 მეორე მოსმენა – ყურადღებით დაკვირვება მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას:

– ახლა მეორედ მოვუსმინოთ და დავაკვირდეთ:

  • როდის ისმის მუსიკა უფრო ხმამაღალა?
  • როდის ისმის მუსიკა უფრო ხმადაბლა?

მასწავლებელი მუსიკას მეორედ ასმენინებს მოსწავლეებს, მერე კი დაფაზე წერს მარტივ სქემას:

  • ჩუმი – რას ვხედავ?
  • ხმამაღალი – რას ვხედავ?
7 შემოქმედებითი აქტივობა – „მუსიკის ორი სურათი“ დავალება:

ფურცელი იყოფა ორ ნაწილად:

  1.  რას ვხედავდი მუსიკის დასაწყისში
  2.  რას ვხედავდი მუსიკის ბოლოს

მასწავლებელი მოსწავლეებს სათითაოდ ეკითხება:

– რატომ შეცვალე სურათი?

– რა შეძლო მუსიკამ?

მოსწავლე იწყებს მიზეზშედეგობრივ აზროვნებას.

8 განსხვავებული აზრის მიღება რამდენიმე მოსწავლე მასწავლებელს აჩვენებს ნახატს.

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– ვის ჰქონდა სხვანაირი ნახატი?

– შეიძლება თუ არა, ორივე სწორი იყოს?

მასწავლებელი აჯამებს:

– მუსიკაში შეიძლება ბევრი სწორი პასუხი არსებობდეს.

9 მოძრაობითი აქტივობა – „მუსიკის ნაბიჯები“ მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს:

– ვეცადოთ, მუსიკა ნაბიჯებით გამოვსახოთ.

ისმის მუსიკა:

• ნელი მუსიკა – ნელი ნაბიჯები

• ხმამაღალი – ფართო მოძრაობები

მივიღეთ მარტივი სქემა: მუსიკა – სხეული – აზრი

10 შეფასება მასწავლებელი აკვირდება:

• უსმენს თუ არა მოსწავლე ყურადღებით;

• ასახელებს თუ არა ემოციას;

• ცდილობს თუ არა, ახსნას, „რატომ“.

ფასდება მოსწავლეთა ჩართულობა და აზროვნება.

11 მოსწავლის თვითშეფასება • მუსიკის მოსმენისას მე ვიგრძენი…

• დღეს მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…

• ყველაზე მეტად მომეწონა…

12 მასწავლებლის რეფლექსია • შეძლეს თუ არა ბავშვებმა ემოციის სიტყვებით გადმოცემა?

• გაჩნდა თუ არა განსხვავებული ინტერპრეტაციები?

• რამდენად უსაფრთხოდ გამოხატავდნენ აზრს?

13 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ სწავლობს მოსმენას და დაკვირვებას;
✔ ხვდება, რომ მუსიკა არის ნიშანი;
✔ იწყებს აზრის დასაბუთებას.სემიოტიკა აქ უკვე ფიქრად გადაიქცევა.

 

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: III

თემა: „რას გვიყვება მუსიკა, როცა არაფერს ამბობს?“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • გაიგებს, რომ მუსიკა არის ნიშნების ენა;
  • შეძლებს მუსიკის მოსმენისას სიუჟეტის, პერსონაჟის ან ემოციური მდგომარეობის „დანახვას“;
  • დაასაბუთებს, რატომ ფიქრობს ასე;
  • გაიგებს, რომ ერთი და იგივე მუსიკა სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა ემოციას და აზრს იწვევს.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 ემოციური ჩართვა მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ბავშვებო, დღეს ერთ საკითხზე უნდა ვიფიქროთ:

• როგორ შეიძლება მუსიკა მოგვიყვეს ამბავს სიტყვების გარეშე?

• შეგიმჩნევიათ, რომ მუსიკის მოსმენისას თვალწინ რაღაც „წარმოგიდგებათ“?

• როგორ ფიქრობთ, ფილმებში რატომ არის მუსიკა?

• შეიძლება თუ არა, მუსიკამ დაგვიხასიათოს პერსონაჟი?

2 სემიოტიკური ხიდი მასწავლებელი მარტივად უხსნის მოსწავლეებს:

– წარმოიდგინეთ, რომ:

• წითელი ფერი ნიშნავს „საფრთხეს“;

• მწვანე – „შეგიძლია, წახვიდე“.

ეს ფერები ნიშნებია. მუსიკაშიც ასეა – ხმები ნიშნებად იქცევა.

მასწავლებელი დაფაზე წერს:

  • ხმა – აზრი
  • მუსიკა – ამბავი

ეს უკვე არის სემიოტიკა.

3 მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა – მუსიკა როგორც პერსონაჟი მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს სერგეი პროკოფიევის „პეტია და მგელს“. არ უხსნის, რა ნაწარმოებია ეს და ვინ არიან მისი პერსონაჟები.

დავალება: თქვენი ამოცანაა, მუსიკამ თავად გიამბოთ.

მასწავლებელი აცნობს ინსტრუქციას მოსწავლეებს:

– მუსიკის მოსმენისას:

• დახუჭეთ თვალები;

• არ წეროთ და არ ილაპარაკოთ;

• მხოლოდ მუსიკას უსმინეთ.

4 მოსმენის შემდეგ – სემიოტიკური კითხვა მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– თუ „დაინახეთ“ წარმოსახვით რომელიმე პერსონაჟი ?

– ეს მუსიკა კეთილია თუ საშიში?

– ნელია თუ სწრაფი?

– მარტო იყო ეს პერსონაჟი თუ სხვებთან ერთად?

მასწავლებელი არ უსწორებს პასუხებს მოსწავლეებს. ყველა პასუხი სწორია და მისაღებია, თუ მოსწავლე მას არგუმენტირებულად დაასაბუთებს.

5 მეორე მოსმენა – ანალიზით მასწავლებელი მიმართავს კლასს:

– ახლა მეორედ მოვუსმინოთ ნაწარმოებს და დავაკვირდეთ:

• რომელი ინსტრუმენტი ჟღერს?

• როდის იცვლება მუსიკის ხასიათი?

დაფაზე მოცემულია ცხრილი:

მოსწავლეები ავსებენ მას სიტყვებით ან ნახაზით.

6 დისკუსია მასწავლებლი სვამს კითხვებს:

– შეიძლება, ეს მუსიკა სხვა ისტორიასაც გვიყვებოდეს?

– თუ შენ და შენი მეგობარი სხვადასხვა რამეს ხედავთ, რომელი ცდება?

მოსწავლეები ხვდებიან მთავარ იდეას: მუსიკის მოსმენისას არ არსებობს „ერთი სწორი პასუხი“, ის მსმენელის გონებასა და წარმოსახვაშია.

ეს არის კოგნიტიურ-სემიოტიკური აზროვნება.

7 შემოქმედებითი აქტივობა მასწავლებელი სთავაზობს დავალებას:

– დახატე სცენა, რომელიც მუსიკის მოსმენისას „დაინახე“ შენს წარმოსახვაში
ან

– დაწერე სამი წინადადებით: „ეს მუსიკა ჩემთვის არის…“

მასწავლებელი არ აფასებს ნახატის ხარისხს – აფასებს აზრის, შინაარსის გადმოცემას.

8 შეფასება მასწავლებელი აკვირდება:

• უსმენს თუ არა მოსწავლე ყურადღებით;

• ასაბუთებს თუ არა პასუხს;

• აღწერს თუ არა მუსიკალურ ელემენტებს (ნელი, სწრაფი, ხმამაღალი).

9 მოსწავლის თვითშეფასება მოსწავლე ასრულებს წინადადებებს:

• დღეს მუსიკაში მე „დავინახე“…

• მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…

• შემდეგ გაკვეთილზე მინდა…

10 მასწავლებლის რეფლექსია • შეძლეს თუ არა ბავშვებმა მუსიკის „წაკითხვა“?

• რომელმა კითხვამ გამოიწვია ყველაზე დიდი ფიქრი?

• რას შეცვლიდნენ შემდეგ გაკვეთილზე?

11 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ სწავლობს მოსმენას;
✔ ხვდება, რომ მუსიკა აზრის მატარებელია;
✔ ბუნებრივად იწყებს სემიოტიკურ აზროვნებას.

 

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: IV

თემა: „იცვლება თუ არა აზრი, როცა მუსიკა იცვლება?“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • შეადარებს ორი განსხვავებული მუსიკის მნიშვნელობას;
  • დააკავშირებს მუსიკალურ ელემენტებს (ტემპი, დინამიკა, ტემბრი) ემოციასა და სიუჟეტთან;
  • დაასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;
  • მიიღებს განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 აზროვნების ჩართვა მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– თუ ერთ და იმავე ამბავს ორი ადამიანი სხვადასხვანაირად მოგიყვათ, შეიძლება თუ არა, ორივე სწორი იყოს?

– შეიძლება თუ არა, ერთი და იგივე მუსიკალური ნაწარმოები იყოს „მხიარულიც“ და „სერიოზულიც“?

– რა იწვევს მუსიკაში ცვლილებას – ხმა თუ ჩვენი აღქმა?

2 მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის წინ ყურადღების ფოკუსი მასწავლებელი დაფაზე წერს :

• ტემპი

• ხმამაღალი/ხმადაბალი

• განწყობა

მერე კი კლასს აძლევს ინსტრუქციას:

– ახლა მოვუსმენთ ორ მუსიკალურ ნაწარმოებს. თქვენი ამოცანაა, დააკვირდეთ, რა იცვლება და რას იგრძნობთ.

3 პირველი მოსმენა – ენერგია და მოძრაობა მუსიკალური ნაწარმოები №1: ანტონიო ვივალდი, „გაზაფხული“

მოსწავლეები ისმენენ ფრაგმენტს. მასწავლებელი აძლევს მათ ინსტრუქციას:

– არ წეროთ;

– მოუსმინეთ და დააკვირდით სხეულის რეაქციას.

4 პირველი რეაქცია – სემიოტიკური კითხვა მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– რას გრძნობდით?

– გინდოდათ მოძრაობა?

– ეს მუსიკა უფრო ღია სივრცეს ჰგავს თუ დახურულს?

დაფაზე ვწერთ ბავშვების მიერ ნათქვამ სიტყვებს:

• მხიარული

• ცოცხალი

• მოძრაობა

მასწავლებელი დაფაზე გამოსახავს სქემას:

მუსიკა – ემოცია -სიტყვა

5 მეორე მოსმენა – კონტრასტი მუსიკალური ნაწარმოები №2: (მასწავლებელი ირჩევს უფრო მშვიდი ხასიათს ნაწარმოებს)

მოსწავლეები უსმენენ მუსიკას.

6 შედარება – მნიშვნელობის შეცვლა დაფაზე მოცემულია ცხრილი:

მასწავლებელი სათითაოდ ეკითხება მოსწავლეებს:

– რატომ არის ეს მუსიკა შენთვის განსხვავებული?

– რა იგრძენი?

იწყება კოგნიტიურ-სემიოტიკური ანალიზი.

მოსწავლეები ავსებენ ცხრილს.

7 დისკუსია – ბევრი სწორი პასუხი მასწავლებელი სვამს მთავარ კითხვას:

– შეიძლება თუ არა, რომ ერთი და იგივე მუსიკალური ნაწარმოები ერთ ადამიანს სიხარულს ჰგვრიდეს, მეორეს კი აფიქრებდეს?

მოსწავლეები მსჯელობენ.

8 შემოქმედებითი აქტივობა – „ორი სცენა“ მასწავლებელი კლასს აძლევს დავალებას:

– დახატეთ ორი განსხვავებული სცენა: ერთი – პირველი მუსიკალური ნაწარმოებისთვის,
მეორე – მეორისთვის

ან

– დაწერეთ 3-3 წინადადებით:

• „პირველი მუსიკა ჩემთვის არის…“

• „მეორე მუსიკა ჩემთვის არის…“

ვიზუალური და ვერბალური ნიშნები ერთიანდება.

9 შეფასება მასწავლებელი აფასებს:

• შეადარა თუ არა მოსწავლემ ორი მუსიკალური ნაწარმოები;

• გამოიყენა თუ არა სიტყვები „იმიტომ, რომ…“;

• პატივს სცემს თუ არა სხვების აზრს.

10 მოსწავლის თვითშეფასება მოსწავლეები წერენ:

– დღეს მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…

– აზრი შემეცვალა, როცა…

– ყველაზე საინტერესო იყო…

11 მასწავლებლის რეფლექსია • შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა შედარება?

• რომელი მუსიკალური ელემენტი იყო ყველაზე გასაგები?

• რამდენად თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრს მოსწავლეები?

12 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:

✔ სწავლობს შედარებით მოსმენას;
✔ აკავშირებს მუსიკას აზრთან;
✔ იწყებს არგუმენტირებულ მსჯელობას.

სემიოტიკა გადაიქცევა აზროვნების ინსტრუმენტად.

 

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: V

თემა: „მუსიკა როგორც ამბავი: დასაწყისი, კონფლიქტი და დასასრული“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • აღიქვამს მუსიკას როგორც ამბავს თავისი განვითარებით;
  • ამოიცნობს მუსიკაში დაძაბულობისა და განტვირთვის მომენტებს;
  • შეძლებს მოსმენილის სიუჟეტად გარდაქმნას;
  • დაასაბუთებს საკუთარ ინტერპრეტაციას მუსიკალური ნიშნებით.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 აზროვნების პროვოცირება მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:

– როგორ ფიქრობთ, ყველა ამბავს აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული?

– შეიძლება თუ არა ამბის „მოყოლა“სიტყვების გარეშე?

– თუ ფილმის ყურებისას ხმას გამორთავთ, რა დანაკლისს იგრძნობთ?

– დღეს მუსიკას მოვუსმენთ ისე, თითქოს წიგნს ვკითხულობთ.

2 მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის წინ სიუჟეტური ჩარჩო მასწავლებელი დაფაზე წერს სამ სიტყვას:

• დასაწყისი

• დაძაბულობა

• დასასრული

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოსმენისას იფიქრონ:

• სად დაიწყო ამბავი?

• სად გახდა ყველაზე დაძაბული?

• როგორ დასრულდა?

ეს არის კოგნიტიური სქემა, რომელიც ბავშვებს მოსმენაში ეხმარება.

3 მოსმენა – „ბრძოლა მუსიკაში“ მოსწავლეები ისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას (I ნაწილი).

პირველი მოსმენისას მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას:

– არ წეროთ; უბრალოდ მიჰყევით მუსიკას, როგორც ამბავს.

მოსწავლეები უსმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს.

4 პირველი რეაქცია – სიუჟეტის შეგრძნება მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– როგორი იყო დასაწყისი – მშვიდი თუ მოულოდნელი?

– როდის იგრძენით დაძაბულობა?

– ეს მუსიკა უფრო ბრძოლას ჰგავს თუ გზას?

მოსწავლე ჯერ გრძნობს სიუჟეტს, შემდეგ ასახელებს.

5 მეორე მოსმენა – ნიშნებზე დაკვირვება მასწავლებელი:

– ახლა მეორედ მოვუსმინოთ და დავაკვირდეთ:

• როდის ემატება მუსიკას ჟღერადობა, როდის ჟღერს ხმამაღლა?

• როდის ჩნდება განმეორებადი რიტმი?

• როდის წყდება თითქოს სუნთქვა?

დაფაზე მოცემულია ცხრილი:

მოსწავლეები მეორედ ისმენენ მუსიკალურ ფრაგმენტს.

აქ ხდება ნიშნის ამოცნობა:

• ხმამაღლა = დაძაბულობა

• პაუზა = მოლოდინი

6 დისკუსია მასწავლებელი სვამს ძირითად კითხვებს:

– რატომ ქმნის ეს მუსიკა დაძაბულობას?

– კომპოზიტორმა ეს განზრახ გააკეთა თუ შემთხვევით?

– შეიძლება, ამ მუსიკას სხვა ამბავიც ჰქონდეს?

მასწავლებელი ხაზს უსვამს:

– ბავშვებო, ჩვენ არ ვეძებთ „ერთ სწორ პასუხს“, ჩვენ ვეძებთ დასაბუთებულ აზრს.

7 შემოქმედებითი აქტივობა – „მუსიკის სცენარი“ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებას (არჩევით):

• ვარიანტი I – წერითი: დაწერე მოკლე ამბავი (5-7 წინადადება), რომელსაც ეს მუსიკა მოგაგონებს.

• ვარიანტი II – სქემა

დახატე:

• დასაწყისი;

• დაძაბულობა;

• დასასრული.

აუცილებელი პირობა: მოსწავლე უნდა პასუხობდეს კითხვას: „რატომ დავწერე ასე /დავხატე ასე?“

8 არგუმენტირებული საუბარი რამდენიმე მოსწავლე წარადგენს ნამუშევარს.

მასწავლებელი ეკითხება:

– რომელი მუსიკალური მომენტი დაგეხმარა ამ ამბის შექმნაში?

– სხვანაირად შეიძლებოდა თუ არა?

ყალიბდება კრიტიკული მოსმენა.

9 შეფასება -აზროვნებაზე ორიენტირებული • შეძლო თუ არა მოსწავლემ სიუჟეტის აგება?

• დააკავშირა თუ არა ემოცია მუსიკალურ ნიშნებთან?

• იყენებს თუ არა არგუმენტს („იმიტომ, რომ…“)?

10 მოსწავლის თვითშეფასება მოსწავლეები წერენ:

– მუსიკაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო…

– მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…

– შემდეგ გაკვეთილზე უკეთ მოვუსმენ, როცა…

11 მასწავლებლის რეფლექსია • შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა მუსიკის სტრუქტურის აღქმა?

• რომელ ეტაპზე გაუჭირდათ ყველაზე მეტად?

• გაჩნდა თუ არა ინდივიდუალური ინტერპრეტაციები?

12 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:

✔ მუსიკას აღიქვამს როგორც განვითარებად ამბავს;
✔ ამოიცნობს დაძაბულობასა და განტვირთვას;
✔ სწავლობს მნიშვნელობის შექმნას და დასაბუთებას.

სემიოტიკა გადაიქცევა აზროვნების ინსტრუმენტად.

 

სწავლების საფეხური: დაწყებითი

კლასი: VI

თემა: „რას ამბობს მუსიკა თავის ეპოქაზე?“

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

  • გააცნობიერებს, რომ მუსიკა დაკავშირებულია ეპოქასა და ადამიანების ცხოვრებასთან;
  • ამოიცნობს მუსიკაში დაძაბულობას, პროტესტს, იმედს ან ტრაგედიას;
  • შეძლებს მუსიკალური ნაწარმოების კონტექსტში ინტერპრეტაციას;
  • დაასაბუთებს საკუთარ აზრს ისტორიული და მუსიკალური ნიშნებით.
N აქტივობის დასახელება აქტივობის აღწერა
1 გაკვეთილის დასაწყისი – აზრის პროვოცირება  მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– თუ ადამიანი ცხოვრობს რთულ დროში, შეიძლება თუ არა, ეს მის მუსიკაში იგრძნობოდეს?

– შეიძლება თუ არა მუსიკა იყოს ჩუმი პროტესტი?

– როგორ ფიქრობთ, მუსიკა მხოლოდ გასართობია?

ვამზადებთ ნიადაგს სემიოტიკური გააზრებისთვის.

2 კონტექსტის მინიმალური მიწოდება მასწავლებელი:

– ზოგი კომპოზიტორი მუსიკით ამბობს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემს.

მასწავლებელი დაფაზე წერს:

  • ეპოქა
  • განცდა
  • მუსიკა
3 მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა – „დაძაბული ეპოქის ხმა“ მოსწავლეები მოისმენენ მუსიკალურ ნაწარმოებს – დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონიას.

მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ინსტრუქციას:

– მოუსმინეთ და დაფიქრდით:

  • ეს მუსიკა უფრო მშვიდია თუ დაძაბული?
  • რას გრძნობთ?
4 პირველი რეაქცია – ემოციური კოდი მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

– როგორ ფიქრობთ, ეს მუსიკა შიშს იწვევს თუ სიმტკიცეს?

– წარმოიდგინეთ, ეს მუსიკა ფილმში რომ იყოს, რა მოხდებოდა?

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს:

  • დაძაბული
  • მძიმე
  • წინააღმდეგობა
5 მეორე მოსმენა – მუსიკალური ნიშნების ამოცნობა მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მეორედ მოუსმინონ მუსიკალურ ფრაგმენტს და დააკვირდნენ:

  • განმეორდება თუ არა ერთი და იგივე მელოდია;
  • როდის ძლიერდება ხმა;
  • როდის გრძნობენ ზეწოლას.

დაფაზე მოცემულია ცხრილი:

მოსწავლეები მეორედ ისმენენ მუსიკალურ ფრაგმენტს.

მუსიკა იწყებს „ლაპარაკს“ სიმბოლურად.

6 კონტექსტის გახსნა – ისტორიული სემიოტიკა მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს:

– ეს მუსიკა დაიწერა მაშინ, როცა ქალაქი ალყაში იყო.

მასწავლებელი მოსწავლეებს არ აწვდის ბევრ დეტალს – მხოლოდ ერთ ფაქტს ამცნობს.

შემდეგ სვამს კითხვებს:

– განმეორებით მოსმენისას შეცვალა თუ არა ამ ფაქტმა თქვენი ემოცია?

– რას შეიძლება ნიშნავდეს ეს განმეორებადი მუსიკა?

მოსწავლე ხედავს, რომ კონტექსტი ცვლის მნიშვნელობას.

7 დისკუსია – მუსიკა როგორც მესიჯი მასწავლებელი სვამს საკვანძო კითხვებს:

– შეიძლება თუ არა, ეს მუსიკა იყოს წინააღმდეგობის ნიშანი?

– კომპოზიტორი გვამცნობს რაღაც მნიშვნელოვანს?

– შეიძლება, მუსიკა იყოს „დუმილის ენა“?

მიმდინარეობს სრულფასოვანი სემიოტიკური მსჯელობა.

8 შემოქმედებითი აქტივობა – „მუსიკის წერილი ეპოქას“ დავალება (არჩევით):

ვარიანტი I – წერითი

  • დაწერე მოკლე ტექსტი:

„რას გვიამბობს ეს მუსიკა ადამიანებზე, რომლებიც იმ დროს ცხოვრობდნენ?“

ვარიანტი II – სქემა

  • დახატე:

§  ეპოქა;

§  განცდა;

§  მუსიკა როგორც მათი დამაკავშირებელი ხაზი.

მოსწავლემ უნდა ახსნას, რატომ ფიქრობს ასე.

9 შეფასება -კრიტიკული აზროვნება
  • აკავშირებს თუ არა მოსწავლე მუსიკას კონტექსტთან?
  • მოჰყავს თუ არა არგუმენტები?
  • პატივს სცემს თუ არა განსხვავებულ ინტერპრეტაციას?
10 მოსწავლის თვითშეფასება მოსწავლეები წერენ:

  • ამ მუსიკამ დამაფიქრა…
  • მივხვდი, რომ მუსიკა შეიძლება…
  • ახლა სხვანაირად მოვუსმენ…
11 მასწავლებლის რეფლექსია
  • შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა კონტექსტის გააზრება?
  • როდის შეიცვალა მათი მოსმენა?
  • რამდენად ღრმა იყო მსჯელობა?
12 დასკვნა ამ გაკვეთილით მოსწავლე:
✔ ხედავს მუსიკას როგორც ისტორიულ ნიშანს;
✔ სწავლობს მნიშვნელობის კონტექსტში წაკითხვას;
✔ ავითარებს კრიტიკულ და კულტურულ აზროვნებას.სემიოტიკა გადაიქცევა მსოფლმხედველობად.

 

სემიოტიკური მეთოდი კულტურის სფეროებში და, მათ შორის, მუსიკაში გვეხმარება, განვიხილოთ ნიშან-სიმბოლოთა ფუნქციონირება სხვადასხვა რაკურსით, გვეხმარება, ჩავწვდეთ მოზაიკურად აწყობილ და დაშიფრულ შინაარსს.

მუსიკის კოგნიტიურ-სემიოტიკური აღქმის სწავლება დაწყებით საფეხურზე ხელს უწყობს არა მხოლოდ მუსიკალური უნარების განვითარებას, არამედ მოსწავლეთა კოგნიტიურ და ემოციურ ზრდასაც. მუსიკა გარდაიქმნება აზრის, ემოციისა და მნიშვნელობის მატარებელ სისტემად, სადაც მოსწავლე ხდება არა პასიური მსმენელი, არამედ აქტიური ინტერპრეტატორი.

სემიოტიკური მიდგომა მუსიკის გაკვეთილზე ქმნის სივრცეს, სადაც მოსწავლე სწავლობს, რას ხედავს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას და რატომ. ის აღარ უსმენს მხოლოდ ყურით – ის კითხულობს, ხედავს და ფიქრობს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. რა არის სემიოტიკა?

https://mastsavlebeli.ge/?p=3856

  1. სემიოტიკა – მეცნიერება, მეთოდოლოგია, მსოფლხედვა

https://mastsavlebeli.ge/?p=1766

  1. სემიოტიკა

https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/

  1. https://eprints.iliauni.edu.ge/526/1/სემიოტიკა%201.pdf
  2. Hajdu P., Kroó K. Lotman in the context of semiotic literary criticism: Introduction. Neohelicon. 2022;49: 579580. https://doi.org/10.1007/s11059-022-00674-6
  3. Torop P. Lotman’s semiotics of literature in terms of “space as language”. Neohelicon. 2022; 49, 581-591

https://doi.org/10.1007/s11059-022-00659-5

  1. 7. Денисов, А. В. Музыкальный язык: структура и функции / А.В. Денисов. – СПб.: Наука, 2003
  2. Powers, H. S. Language Models and Musical Analysis / H.S. Powers // Ethnomusicology. – 1980.- Vol. 24. – № 1. – Р. 1-60

ცარციდან ხელოვნურ ინტელექტამდე-  მასწავლებელი და სწავლება  ციფრულ ეპოქაში

0

ჩემი სასკოლო ცხოვრება ცარცით დასვრილ  ხელებს   და  გაცრეცილ, უღიმღამო დაფის საწმენდ ტილოს უკავშირდება. თეთრი ცარცის  სხვადასხვა ფერის ცარცებით ჩანაცვლებამაც მოუსწრო ჩემს სასკოლო ცხოვრებას, თუმცა, ფერის ცვლილება სასწავლო გარემოს  სახეცვლილებას არ უკავშირდებოდა.

დღეს სწავლება თითქმის აღარ ასოცირდება დაფასთან, ცარცთან და რვეულში ჩანაწერებთან.  საკლასო სივრცეში სწავლა უმეტესად  ციფრულ პლატფორმებზე, ონლაინ რესურსების გამოყენებით და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სწავლება აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა. ის უფრო   ინტერაქტიური, თანამშრომლობითი და პერსონალიზებული პროცესია, რომელშიც მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს, ხოლო მასწავლებელი ხშირად ასრულებს მეგზურის  და სწავლის პროცესის ორგანიზატორის როლს.

ამ ცვლილებებს,  რომელსაც დღეს განათლების ციფრული ტრანსფორმაციის  პროცესად მოიხსენიებენ, გულისხმობს   სწავლების მეთოდების, სასწავლო რესურსების, კომუნიკაციის ფორმებსა და მასწავლებლის პროფესიულ როლის ცვლილებას.

მაინც რა არის განათლების ციფრული ტრანსფორმაცია?

განათლების ციფრული ტრანსფორმაცია  ტექნოლოგიების ინტეგრაციაა სასწავლო პროცესში ისე, რომ შეიცვალოს არა მხოლოდ ინსტრუმენტები, არამედ სწავლების მიდგომები და სასწავლო გამოცდილება.  პროცესი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს:

  1. ციფრულ ინფრასტრუქტურას;
  2. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ციფრულ კომპეტენციებს;
  3. მრავალფეროვან ციფრულ სასწავლო რესურსებს;
  4. ინოვაციურ სასწავლო მოდელებს.

ციფრული განათლების განვითარებას რამდენიმე პედაგოგიური მოდელი აღწერს. მათ შორისაა SAMR მოდელი.

SAMR მოდელი აღწერს ტექნოლოგიის ინტეგრაციის ოთხ დონეს –  ტექნოლოგია ცვლის ტრადიციულ ინსტრუმენტს, ტექნოლოგია აუმჯობესებს სწავლების ტრადიციულ პროცესს, სწავლების ამოცანები ნაწილობრივ იცვლება და იქმნება ისეთი სასწავლო აქტივობები, რომელთა   შექმნა ადრე შეუძლებელი იყო.

 

დონე აქტივობის აღწერა ტექნოლოგიური როლი
Substitution ჩანაცვლება მოსწავლეები ნაბეჭდი წიგნის ნაცვლად ციფრულ ფორმატში კითხულობენ ტექსტს ტექნოლოგია უბრალოდ ცვლის ტრადიციულ ინსტრუმენტს.
Augmentation გაძლიერება საკვანძო სიტყვების საპოვნელად მოსწავლეები ტექსტში იყენებენ “Search” ფუნქციას  და ამატებენ ციფრულ კომენტარებს. ტექნოლოგია მცირე ფუნქციურ გაუმჯობესებას იძლევა.
Modification მოდიფიკაცია მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ Padlet-ის დაფაზე, სადაც აზიარებენ ციტატებს და ერთმანეთის ანალიზს კომენტარებით სცემენ პასუხს. სწავლების ამოცანები მნიშვნელოვნად გარდაიქმნება და ხდება თანამშრომლობითი.
Redefinition ხელახალი განსაზღვრა მოსწავლეები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს პერსონაჟის ალტერნატიული ისტორიის შესაქმნელად, შემდეგ კი ქმნიან ციფრულ პოდკასტს ან ვიდეო-ესეს. იქმნება ახალი სასწავლო აქტივობები, რომლებიც ადრე შეუძლებელი იყო.

 

მეორე პედაგოგიური მიდგომა  TPACK მოდელია, ის  ხაზს უსვამს  ცოდნის სამი  სფეროს მნიშვნელობას: საგნობრივ,  პედაგოგიურ და   ტექნოლოგიურ ცოდნას.

ტექნოლოგიის ეფექტიანი გამოყენება სწორედ ამ სამი კომპონენტის სწორ შერწყმას მოითხოვს. იმისათვის, რომ ტექნოლოგიების ინტეგრაცია იყოს წარმატებული, მასწავლებელმა უნდა იპოვოს ბალანსი შემდეგ კომპონენტებს შორის:

  საგნობრივი ცოდნა (CK): რას ვასწავლით? (ისტორიული ფაქტები, მათემატიკური ფორმულები)

პედაგოგიური ცოდნა (PK): როგორ ვასწავლით? (ჯგუფური მუშაობა, პროექტზე დაფუძნებული სწავლება) .

ტექნოლოგიური ცოდნა (TK): რა ინსტრუმენტს ვიყენებთ? (Padlet, Kahoot, AI პლატფორმები) .

როგორ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ეს მოდელები პრაქტიკული კუთხით, როგორია  ეფექტური სწავლების ფორმულა, ვნახოთ კონკრეტული მაგალითებზე.

პრაქტიკული მაგალითი: ბიოლოგიის გაკვეთილი „ეკოსისტემები“

პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე ვნახოთ,  როგორ თავსებადია  ეს სამი კომპონენტი ერთად რეალურ გაკვეთილზე:

საგნობრივი (CK): მასწავლებელმა ზუსტად იცის კვებითი ჯაჭვისა და ეკოსისტემის ბალანსის პრინციპები.

პედაგოგიური (PK): მასწავლებელი ირჩევს კონექტივიზმის  მიდგომას , სადაც სწავლა ინფორმაციის მოძიებისა და კავშირების დამყარების პროცესია.

ტექნოლოგიური (TK): კლასი იყენებს სიმულაციურ პროგრამას ან ხელოვნურ ინტელექტს, რათა შექმნას ვირტუალური ეკოსისტემა.

შედეგი (TPACK): მასწავლებელი იყენებს ტექნოლოგიას არა უბრალოდ „ჩვენებისთვის“, არამედ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა პრაქტიკულად დაინახონ, როგორ მოქმედებს ერთი ცვლადის შეცვლა მთელ ეკოსისტემაზე. ეს ავითარებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას.

თანამშრომლობითი ტექსტის ანალიზი

ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელი ქმნის Padlet-ის ვირტუალურ დაფას.

მოსწავლეები: აზიარებენ ციტატებს, წერენ პერსონაჟების ანალიზს, კომენტარებით სცემენ პასუხს თანაკლასელებს.

ამ მიდგომით  ვითარდება თანამშრომლობა,  მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას,  ტექსტის ანალიზი ხდება მრავალმხრივი.

 

ხელოვნური ინტელექტი ტექსტის ანალიზში

ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეები AI ინსტრუმენტს სთხოვენ ტექსტის რეზიუმეს ან პერსონაჟის ანალიზს. შემდეგ ისინი ადარებენ AI-ის პასუხებს საკუთარ ინტერპრეტაციას.

ამ მიდგომით:

  • ვითარდება ანალიტიკური აზროვნება;
  • მოსწავლეები სწავლობენ AI-ის კრიტიკულ გამოყენებას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე:

„კლიმატის ცვლილება ჩემს რეგიონში“

მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებს, ქმნიან დიაგრამებს,  ამზადებენ პრეზენტაციებს , რაც ავითარებს  კვლევით უნარებს და სწავლა უკავშირდება რეალურ პრობლემებს.

ციფრული ქვიზი, როგორც შეფასების ინსტრუმენტი

ისტორიის გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი იყენებს Kahoot პლატფორმას სწრაფი შეფასებისთვის. მოსწავლეები ტელეფონებით ერთვებიან ქვიზში, რომელიც თამაშის პრინციპზეა შედგენილი.

მიკრო-სცენარი:
ერთ-ერთ კითხვაზე მოსწავლეთა უმრავლესობამ არასწორად უპასუხა. მასწავლებელმა თამაში შეაჩერა, განმარტა საკითხი და შემდეგ დამატებითი კითხვა დასვა. ამ მიდგომით:

  • იზრდება ჩართულობა;
  • მასწავლებელი სწრაფად აღმოაჩენს ცოდნის ხარვეზებს;
  • შეფასება ხდება თამაშის ფორმატში.

მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში, თანამშრომლობასა და პრობლემის გადაჭრაში.

ციფრული ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას ეხება. ამიტომ:

  • ნუ დავიწყებთ ინსტრუმენტით (TK).
  • დავიწყოთ სასწავლო მიზნით (CK) და იმით, თუ როგორ სჯობს ამ მასალის მიწოდება (PK).
  • ტექნოლოგია (TK) შევარჩიოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა გვეცოდინება, როგორ გააძლიერებს შერჩეული ტექნოლოგია სწავლის არსს.

ეს მიდგომა მასწავლებლებს დაეხმარება, თავი დააღწიონ „ტექნოლოგიას ტექნოლოგიისთვის“ და გადავიდნენ რეალურ, გააზრებულ სწავლებაზე.

TPACK მოდელზე დაფუძნებული თვითშეფასების კითხვარი.

ეს ინსტრუმენტები მასწავლებლებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ საკუთარი როლი ციფრულ ტრანსფორმაციაში და დაინახონ, რამდენად ჰარმონიულადაა გაერთიანებული ამ ინსტრუმენტებში საგნობრივი, პედაგოგიური და ტექნოლოგიური ცოდნები.

შეკითხვა თვითრეფლექსიისთვის პასუხი (1-5) შესაბამისი კომპონენტი
რამდენად თავდაჯერებულად ვფლობ ჩემი საგნის იმ საკვანძო საკითხებს, რომლებსაც ვასწავლი? CK (საგნობრივი)
შემიძლია თუ არა, შევარჩიო სწავლების ისეთი მეთოდი (მაგ. ჯგუფური მუშაობა), რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება კონკრეტულ თემას? PK (პედაგოგიური)
ვიცი თუ არა, რომელი ციფრული ინსტრუმენტი (მაგ. Kahoot, Padlet) გამოვიყენო სასწავლო მიზნის მისაღწევად? TK (ტექნოლოგიური)
შემიძლია თუ არა ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი აქტივობის შექმნა, რომელიც მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებაში დაეხმარება? TPACK (ინტეგრირებული)
ვეხმარები თუ არა მოსწავლეებს ციფრულ გარემოში ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებასა და გადამოწმებაში? TPACK + ეთიკა

 

აქტივობის შეფასების სქემა (SAMR მოდელი)

ეს სქემა დაგვეხმარება განსაზღვროთ, რა დონეზე ხდება ტექნოლოგიის ინტეგრაცია კონკრეტულ გაკვეთილზე.

დონე შეფასების კრიტერიუმი შედეგი
Substitution ტექნოლოგია უბრალოდ ანაცვლებს ძველ ინსტრუმენტს (მაგ. რვეულის ნაცვლად Word-ში წერა). ფუნქციური ცვლილება არ არის.
Augmentation ტექნოლოგია მატებს ეფექტურობას (მაგ. ავტომატური მართლწერის შემოწმება ან სწრაფი ძებნა). მცირე გაუმჯობესება.
Modification აქტივობა იცვლება და ხდება უფრო ინტერაქტიური (მაგ. ერთობლივი მუშაობა ონლაინ დაფაზე). სწავლის პროცესის გარდაქმნა.
Redefinition იქმნება ისეთი დავალება, რომლის მსგავსიც ადრე წარმოუდგენელი იყო (მაგ. AI-თან დებატები ან ვირტუალური ლაბორატორია). სრული ინოვაცია.

 

ციფრული განათლება გარკვეულ გამოწვევებსაც მოიცავს. მათ შორისაა:  ციფრული უთანასწორობა, ინფორმაციის სანდოობის პრობლემა, ონლაინ გარემოში ყურადღების დეფიციტი, მონაცემთა უსაფრთხოება. ამიტომ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის  პასუხისმგებლობიანი  და გააზრებული გამოყენება.

ციფრული ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, ეხება მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას. ტექნოლოგია არ ცვლის მასწავლებელს − ის აძლიერებს მის შესაძლებლობებს.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მასწავლებლებისთვის:
• ტექნოლოგია ყოველთვის დაუკავშირეთ სასწავლო მიზანს;
• გამოიყენეთ ინტერაქტიური აქტივობები;
• წაახალისეთ თანამშრომლობა;
• ასწავლეთ მოსწავლეებს ინფორმაციის კრიტიკული შეფასება;
• გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი.

ციფრული ეპოქა განათლებას ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ტექნოლოგიები ქმნის უფრო მოქნილ, ინტერაქტიურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს. თუმცა, წარმატებული ტრანსფორმაცია დამოკიდებულია ტექნოლოგიების სწორ გამოყენებაზე.  ინტეგრირებული ტექნოლოგია არ ცვლის სწავლების არსს, ის აძლიერებს მას და ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობით, კრიტიკულ შემოქმედებით აზროვნებას.

გამოყენებული ლიტერატურა

 

დამატებითი პრაქტიკული რესურსები

Guidelines on tackling disinformation (2022)  გზამკვლევი მედიაწიგნიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე (ევროკომისია).

Guidance for Generative AI (2023)  იუნესკოს სახელმძღვანელო გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებაზე.

Design Thinking for Education (2015) დიზაინ-აზროვნების გამოყენება სწავლებაში (TPACK-ის რეალიზაციისთვის).

Project-Based Learning (PBL) რესურსები პროექტზე დაფუძნებული სწავლებისთვის (კვლევითი უნარების განსავითარებლად).

 

 

აზროვნების არქიტექტურა – აკადემიური წერის მეთოდები

0

თანამედროვე განათლების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა მოსწავლეებისთვის ფუნქციური წერის უნარების განვითარებაა. ხშირად მოსწავლეებს აქვთ საინტერესო იდეები, მაგრამ უჭირთ მათი ლოგიკური სტრუქტურირება, არგუმენტების გამართვა და აზრის თანმიმდევრული განვითარება. პრობლემას უფრო მეტად ამწვავებს ის, რომ მოსწავლე წერის პრინციპებს განიხილავს არა როგორც უნივერსალურ უნარს, არამედ როგორც კონკრეტული საგნის ვიწრო მოთხოვნას.

ქართული და ინგლისური ფილოლოგიის ინტეგრირება აუცილებელი და აქტუალური ნაბიჯია. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ ინგლისურ ენაზე ნასწავლი „ფორმულა“ იდეალურად მუშაობს ქართულ ლიტერატურულ ესეშიც, ის აცნობიერებს, რომ აკადემიური წერა არის არა „საგანი“, არამედ აზროვნების სტრუქტურირების ინსტრუმენტი, რომელიც ენობრივ ბარიერებს სცდება. ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას მე და ჩემმა კოლეგამ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ირმა ნავროზაშვილმა, შევძელით, საერთო მიზნის გარშემო გაგვეერთიანებინა ჩვენი საგნები. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნებოდა იდეას, რომ აკადემიური წერის ლოგიკა უნივერსალურია.

მასწავლებლები ხშირად ვეჯახებით ერთსა და იმავე გამოწვევას: მოსწავლეებს აქვთ საინტერესო ხედვები, მაგრამ ფურცელზე მათი გადატანისას იწყება სტრუქტურული ქაოსი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი, სადაც ქართული და ინგლისური ფილოლოგიის გადაკვეთაზე მოსწავლეებს აკადემიური წერის უნივერსალურ ინსტრუმენტებს მივაწვდიდი.

როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, ხშირად ვამჩნევ, რომ მოსწავლეებს უცხოურ ენაზე წერისას უფრო მეტად მოეთხოვებათ სტრუქტურის დაცვა, ვიდრე მშობლიურზე. ჩემი მიზანი იყო დამემტკიცებინა, რომ ანგლო-ამერიკული აკადემიური წერის სტანდარტები თავისი სიმკაცრით და ლოგიკით საუკეთესო დამხმარეა ქართული ესეს ხარისხობრივი გაუმჯობესებისთვის. სწორედ ამიტომ ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელზეც ინგლისური ენის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები გამოვიყენე ქართულენოვანი ტექსტების დასამუშავებლად.

 სტრატეგიული ინსტრუმენტები: ინგლისური მოდელი

მინდა, ამ სტატიაში ყურადღება გავამახვილო ორ კონკრეტულ მეთოდზე, რომლებიც ინგლისურის სწავლებისას დავნერგე და შემდეგ ქართულ კონტექსტს მოვარგე:

  1. შესავლის ძაბრისებური მოდელი (The Funnel Method)

ინგლისურ აკადემიურ წერაში შესავალი მათემატიკური სიზუსტით იგება. მე მოსწავლეებს ვასწავლე, რომ ნებისმიერი ესე (მათ შორის ქართულიც) უნდა დაიწყოს ძაბრის პრინციპით – ზოგადიდან კონკრეტულისკენ: მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ გადაინაცვლონ ფართო კონტექსტიდან (General Statement) უშუალოდ საკვლევ საკითხზე (Specific Point) და დაასრულონ აბზაცი მყარი თეზისით (Thesis Statement).

შედეგი – ამ მეთოდმა ქართულ ესეებში გააქრო ბუნდოვანი, ლირიკული გადახვევები და შესავალი გახდა კონკრეტული და მიზანმიმართული.

  1. არგუმენტაციის PEEL ფორმულა (The PEEL Method)

ეს არის ინგლისური აკადემიური წერის ოქროს წესი, რომელიც გაკვეთილზე მთავარ სამუშაო იარაღად ვაქციე. მოსწავლეებს დავანახე, რომ ყოველი არგუმენტირებული აბზაცი უნდა შეიკრას ლოგიკური ჯაჭვით:

  • P (Point) – მკაფიო დებულება;
  • E (Evidence) – ტექსტობრივი მტკიცებულება;
  • E (Explanation) – სიღრმისეული ანალიზი (რისი უნარიც ხშირად აკლიათ მოსწავლეებს);
  • L (Link) – ლოგიკური გადასვლა.

ამ მეთოდის ინგლისური ენის ჭრილში განხილვამ მოსწავლეებს ასწავლა აზრის ეკონომიური გამოხატვა და არგუმენტების სიმყარე, რაც შემდეგ ქართულ წერაშიც წარმატებით გამოიყენეს.

 

მასწავლებლის დაკვირვება: რატომ ინგლისური მეთოდოლოგია?

ჩემი დაკვირვებით, როდესაც მოსწავლე ამ მეთოდებს ინგლისურის კონტექსტში სწავლობს, ის უფრო მეტად მობილიზებულია სტრუქტურის დაცვაზე. ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში ეს „უცხოური“ დისციპლინა მათ მშობლიურ ენაზე მუშაობის დროსაც გადაჰყვათ. მათ აღმოაჩინეს, რომ წერა არა მხოლოდ შემოქმედებაა, არამედ კონსტრუირებაც.

გაკვეთილზე თეორიული მასალის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს შევთავაზე ინტერაქციული სავარჯიშო – PEEL პაზლი. დავალების არსი ასეთი იყო: არეული წინადადებები მოსწავლეებს ლოგიკური თანმიმდევრობით უნდა დაელაგებინათ და თითოეული მათგანისთვის მიენიჭებინათ შესაბამისი ფუნქციური სახელი (P, E, E ან L).

ამ აქტივობამ მათ ნათლად დაანახა, რომ აკადემიური აბზაცი არა წინადადებების შემთხვევითი ერთობლიობა, არამედ მყარი ლოგიკური კონსტრუქციაა.

არეული წინადადებები და მათი ანალიზი:

  1. Consequently, regular exercise is essential for maintaining both physical and mental health (შედეგობრივი კავშირი).
  2. This is because physical activity releases endorphins, which are natural chemicals that reduce stress (ახსნა-განმარტება).
  3. Engaging in daily exercise significantly improves a person’s overall well-being (მთავარი თეზისი).
  4. According to the World Health Organization, just 30 minutes of walking a day can lower the risk of heart disease by 20% (მტკიცებულება).

მოსწავლეებმა წარმატებით მოახდინეს წინადადებების იდენტიფიცირება შემდეგი სქემით:

  • P (Point) – მე-3 წინადადება. ეს არის აბზაცის საწყისი წერტილი, რომელიც აცხადებს მთავარ სათქმელს: ყოველდღიური ვარჯიში აუმჯობესებს კეთილდღეობას.
  • E (Evidence) – მე-4 წინადადება. აქ შემოდის ფაქტობრივი მტკიცებულება და ავტორიტეტული წყარო (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია), რაც არგუმენტს წონას მატებს.
  • E (Explanation) – მე-2 წინადადება. ეს ნაწილი განმარტავს, რატომ და როგორ მოქმედებს ფიზიკური აქტიურობა ჩვენს განწყობაზე (ენდორფინების გამოყოფა).
  • L (Link) – 1-ლი წინადადება. აბზაცი იკვრება შემაჯამებელი დასკვნით, რომელიც ლოგიკურად აერთიანებს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

 

აკადემიური წერის სტრუქტურის (PEEL და Funnel) ათვისების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, მოსწავლეებისთვის მეჩვენებინა, როგორ იკვრება წინადადებები ერთიან ლოგიკურ ჯაჭვად. ამისათვის გამოვიყენე ჩემ მიერ შექმნილი ციფრული რესურსი – თამაში „იპოვე შენი წყვილი“ https://www.educaplay.com/learning-resources/27963799-linking_words.html

მოსწავლეები იდგნენ გამოწვევის წინაშე: მათ უნდა დაეკავშირებინათ ორი დამოუკიდებელი აზრი შესაბამისი ლოგიკური დამაკავშირებლის (Transition Words) მეშვეობით. ეს აქტივობა არა მხოლოდ გრამატიკულ სიზუსტეს, არამედ კონტექსტურ აზროვნებასაც მოითხოვდა.

 

ლოგიკური კავშირების კლასიფიკაცია

სავარჯიშოზე მუშაობისას აქცენტი დავსვით სამ ძირითად ფუნქციაზე, რომლებიც აუცილებელია გამართული ესესთვის:

  1. მიზეზშედეგობრიობა (Cause and Effect) – მოსწავლეებმა დაინახეს, როგორ ცვლის აზრის დინამიკას ისეთი სიტყვები, როგორიცაა therefore, consequently და as a result.

მაგალითი: „She studied for the exam for weeks; consequently, she received the highest grade“.

  1. დამატება და გაძლიერება (Addition) – აქ გამოვიყენეთ moreover და furthermore, რაც PEEL მეთოდის Explanation-ის ნაწილში არგუმენტის გასამყარებლად საუკეთესო ინსტრუმენტია.

მაგალითი: „Playing sports is good for your health; moreover, it helps you make new friends“.

  1. კონტრასტი და დათმობა (Contrast and Concession) – ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნებისთვის. სიტყვებმა: however, on the other hand, nevertheless, conversely და admittedly, – მოსწავლეებს აჩვენა, როგორ შეიძლება ერთი წინადადების ფარგლებში ორი საპირისპირო რეალობის დაბალანსება.

მაგალითი: „The restaurant has very long queues; nevertheless, the food is worth the wait“.

ამ ინტერაქციულმა თამაშმა გაკვეთილს დინამიკა შესძინა. როდესაც მოსწავლე საკუთარი ხელით აგებს ლოგიკურ კავშირებს, ის უბრალოდ კი აღარ თარგმნის წინადადებას, არამედ მისი ფუნქციური დანიშნულების გააზრებასაც იწყებს.

სტატიის დასასრულს მინდა აღვნიშნო: ინგლისური ენის ამ ლოგიკური მაკავშირებლების გამოყენებამ ქართულენოვან ტექსტებშიც იჩინა თავი. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ სიტყვები „შესაბამისად“, „მიუხედავად ამისა“ თუ „მეტიც“ არ არის უბრალო დეკორაცია – ისინი აკადემიური წერის ის აუცილებელი ელემენტებია, რომლებიც მკითხველს ავტორის ლოგიკურ ლაბირინთში გზას უკვალავს.

„ჩვენი თანამშრომლობის კულმინაცია იყო ეტაპი, როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს სთხოვა, „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგიდან ამოერჩიათ ფილოსოფიური დებულებები და მათ საფუძველზე ჩამოეყალიბებინათ თავიანთი ესეების სათაურები. ეს პროცესი პირდაპირ უკავშირდებოდა The Funnel Method-ს: მოსწავლეები სწავლობდნენ, როგორ გადაექციათ ფართო ფილოსოფიური იდეა (ზოგადი კონტექსტი) კონკრეტულ აკადემიურ თეზისად (სპეციფიკური სათაური). ამ აქტივობამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, დაენახათ, რომ სათაური არ არის მხოლოდ სახელი – ეს არის ესეს სარკე, რომელიც სრულად ასახავს ნაშრომის თეზისს. კლასიკური ტექსტის სათაურად ქცევა ინგლისური სტრუქტურული მეთოდების დახმარებით იყო დასტური იმისა, რომ ლოგიკა კულტურულ საზღვრებს არ ცნობს.

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა ადასტურებს, რომ ინგლისური აკადემიური წერის სტანდარტები (The Funnel Method და PEEL) გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ენობრივი წესები – ეს აზროვნების უნივერსალური არქიტექტურაა. ინგლისური ენის გაკვეთილებზე ამ მეთოდების სისტემური გამოყენებით მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციის სტრუქტურირებას, რაც მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ ლოგიკურები და არგუმენტირებულები ნებისმიერ ენობრივ გარემოში. ამ პროცესის ეფექტურად გასაზომად შევიმუშავე შეფასების ერთიანი რუბრიკა, რომელიც მთლიანად აკადემიურ სიზუსტესა და სტრუქტურულ მთლიანობას ეფუძნება. ვფიქრობ, ეს რუბრიკა საუკეთესო გზამკვლევია იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც ცდილობენ, ინგლისური წერის სტანდარტები მოსწავლეთა ყოველდღიურ აკადემიურ რუტინად აქციონ“ (იხ. დანართი N2).

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელთან ერთადაც ეს ინტერდისციპლინური პროექტი განვახორციელე. პრეზენტაციიდან სათაურების არჩევამდე გზამ ნათლად გვიჩვენა, რომ როდესაც მასწავლებლები ვთანამშრომლობთ, მოსწავლეებს ვუქმნით ერთიან, უწყვეტ საგანმანათლებლო გარემოს“.

 

შეფასების რუბრიკა N1PEEL Paragraph Grading Rubric

Criteria Excellent (4) Proficient (3) Developing (2) Emerging (1)
Point (P) Clear, sophisticated topic sentence that directly addresses the prompt and sets a strong argument. lear topic sentence that identifies the main idea and stays on topic. Topic sentence is present but vague or simply repeats the prompt. No clear topic sentence or the point is irrelevant to the prompt.
Evidence (E) High-quality, specific evidence (quotes/stats) integrated seamlessly into the prose. Relevant evidence is provided and cited correctly. Evidence is provided but may be generic, slightly off-topic, or poorly integrated. Evidence is missing or does not support the point.
Explanation (E) Deep, original analysis. Explains how and why the evidence supports the point. Analyzes specific words/details. Explains the connection between evidence and point clearly in the student’s own words. Limited explanation; mostly summarizes the evidence or repeats the point. Explanation is missing or shows a misunderstanding of the evidence.
Link (L) Sophisticated transition that synthesizes the argument and connects to the broader essay thesis. Solid concluding sentence that reinforces the main point. Simple concluding sentence that may feel repetitive or abrupt. No concluding sentence or link to the main argument.
Flow & Tone Academic tone; wide variety of transition words; flawless grammar and structure. Formal tone; appropriate transitions; few grammatical errors. Somewhat informal; repetitive transitions; several errors that hinder flow. Informal tone; lack of transitions; errors make it difficult to read.

 

შეფასების რუბრიკა N2 – ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკა: აკადემიური წერა და ლოგიკა

შეფასების კრიტერიუმი 9-10 ქულა 7-8 ქულა 5-6 ქულა 1-4 ქულა
შესავალი (Funnel Method) იდეალური ძაბრის პრინციპი; ფართო კონტექსტიდან გადასვლა კონკრეტულ თეზისზე უზადოა. შესავალი ლოგიკურია; თეზისი მკაფიოა, თუმცა გადასვლა ზოგადიდან კონკრეტულზე ოდნავ მკვეთრია. შესავალი ნაწილობრივ სტრუქტურირებულია; თეზისი ჩამოყალიბებულია, მაგრამ ზედაპირული. შესავალი ქაოსურია; არ იკვეთება თემის კონტექსტი ან თეზისი.
არგუმენტაცია (PEEL Method) ყოველი აბზაცი სრულყოფილია: Point, Evidence, Explanation და Link ლოგიკურ ჯაჭვს ქმნის. PEEL-ის ოთხივე კომპონენტი სახეზეა, თუმცა ანალიზი (Explanation) შეიძლება უფრო ღრმა იყოს. აკლია ერთ-ერთი კომპონენტი (მაგ: Link ან Evidence); ანალიზი ზოგადია. აბზაცები არ არის სტრუქტურირებული; არგუმენტები არ არის გამყარებული.
ლოგიკური ბმები (Connectors) იყენებს მაღალი დონის აკადემიურ კონექტორებს (consequently, nevertheless) მართებულად და მდორედ. იყენებს მრავალფეროვან კონექტორებს, თუმცა ზოგჯერ კონტექსტი ოდნავ ხელოვნური ჩანს. იყენებს მხოლოდ მარტივ დამაკავშირებლებს (and, but, because); აკლია აკადემიური სტილი. წინადადებები წყვეტილია; ლოგიკური კავშირები თითქმის არ არის გამოყენებული.
ენობრივი სიზუსტე ტექსტი აკადემიური და გამართულია; გრამატიკული ხარვეზები არ გვხვდება. ტექსტი გამართულია; გვხვდება 1-2 უმნიშვნელო გრამატიკული ხარვეზი, რაც აზრს არ ცვლის. გვხვდება რამდენიმე შეცდომა გრამატიკასა და პუნქტუაციაში; სტილი შერეულია. მრავლადაა გრამატიკული და სტილისტიკური შეცდომა, რაც ართულებს გაგებას.
ცოდნის ტრანსფერი უზადოდ ახდენს ინგლისური მეთოდოლოგიის ადაპტირებას ქართულ ტექსტთან; ხედავს უნივერსალურ ლოგიკას. კარგად იყენებს ნასწავლ მოდელებს ორივე ენაზე, თუმცა ზოგჯერ უჭირს სტრუქტურის შენარჩუნება. ცდილობს მოდელების გამოყენებას, მაგრამ ხშირად უბრუნდება წერის ტრადიციულ სტილს. ვერ ახერხებს ინგლისურის გაკვეთილზე ნასწავლი ლოგიკის გამოყენებას პრაქტიკაში.

 

მოსწავლის აგრესია – ქცევა თუ სიგნალი?

0

სასკოლო გარემოში, აგრესიული ქცევა ხშირად  აღიქმება როგორც დისციპლინური დარღვევა. პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჭრილში, აგრესია წარმოადგენს ბავშვის შინაგან მდგომარეობასა და გარემო გამღიზიანებლებს შორის არსებული დისონანსის გამოხატულებას. როდესაც მოსწავლეს, საკუთარი მდგომარეობის ასახსნელად, არ გააჩნია საკმარისი ვერბალური, სოციალური და  ფსიქო-ემოციური რესურსი, ის „სხეულით საუბრობს“. აგრესიული ქცევა, ამ კონტექსტში, შეიძლება განიმარტოს როგორც დისრეგულირებული თვითრეგულაციის ფორმა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც მოსწავლეს სტრესის დასამუშავებლად  არ გააჩნია საკმარისი ემოციური და კოგნიტიური სტრატეგიები.  ეს მიდგომა ეყრდნობა პოზიტიური ქცევითი მხარდაჭერის  მოდელს, რომელიც აქცენტს აკეთებს არა დასჯაზე, არამედ ქცევის ფუნქციურ ანალიზზე – იმის გაგებაზე, თუ რა საჭიროებას ემსახურება კონკრეტული ქმედება. მთავარი  პედაგოგიური კომპეტენცია ამ დროს არის მიდგომა, როდესაც  მოსწავლის მიერ გამოვლენილი აგრესია  არ არის პრობლემა, რომელიც უნდა შევაჩეროთ – ეს სიგნალია, რომელიც უნდა წავიკითხოთ.

პრაქტიკული ქეისი: ნიკას შემთხვევა

ნიკა მესამე კლასის მოსწავლეა. მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა მას შეცდომაზე მიუთითა, ნიკა აგრესიას ავლენს თანაკლასელის მიმართ და ყვირის: „მე არასდროს არავინ მეხმარება!“.

ნიკას ქცევა არის მწვავე რეაქცია შერცხვენისა და უძლურების განცდაზე. ამ ასაკობრივ ჯგუფში (დაახლ. 8-9 წელი), ერიქსონის (1950/1996) თეორიის მიხედვით, ბავშვი იმყოფება „შრომისმოყვარეობა vs არასრულფასოვნების“ ფაზაში. ნებისმიერი საჯარო მარცხი მის მიერ აღიქმება არა როგორც სამუშაო პროცესი, არამედ როგორც პიროვნული „კატასტროფა“.

თეორიული რეფლექსია – ქცევა, როგორც  რეაქცია

ნეიროფსიქოლოგიური კვლევები გვიჩვენებს, რომ სტრესის დროს მოსწავლის ტვინში ხდება ე.წ. ამიგდალური გატაცება (Amygdala Hijack) — მდგომარეობა, როდესაც ტვინის ემოციური ცენტრი სრულად ბლოკავს რაციონალურ აზროვნებას.  მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეს მდგომარეობა არ წარმოადგენს „ცუდ ქცევას“, ეს არის  ნეირობიოლოგიურად განპირობებული ავტომატური რეაქცია საფრთხეზე. ამ დროს ბავშვი თავდაცვის რეჟიმში გადადის. ეს მდგომარეობა  შეიძლება სამი ფორმით გამოვლინდეს:

  • ბრძოლა: აქტიური წინააღმდეგობა, ყვირილი ან ფიზიკური აგრესია. ნიკას შემთხვევაში, თანაკლასელზე თავდასხმა სწორედ „ბრძოლის“ რეაქცია იყო, რათა „საფრთხე“ (სირცხვილის განცდა) ძალით დაეთრგუნა.
  • გაქცევა : სიტუაციისგან ფიზიკური ან მენტალური განრიდება, მაგალითად, საკლასო ოთახიდან გასვლა ან დავალებაზე უარის თქმა.
  • გაშეშება: ინფორმაციის დამუშავების უნარის დაკარგვა, როდესაც მოსწავლე თითქოს „იყინება“ და ვერ სცემს პასუხს ელემენტარულ კითხვებსაც კი.
სწრაფი რეაგირების მინი მოდელი

  1. გაჩერდი (არ უპასუხო იმავე ემოციით)
  2. დაარქვი ემოციას სახელი
  3. მიეცი სწორი  მიმართულება

 

ინტერვენციის სტრატეგიები

ეფექტური ინტერვენცია ეფუძნება სიგელისა და ბრაისონის (Siegel & Bryson, 2011) „დაკავშირებისა და გადამისამართების“ პრინციპს. მასწავლებლის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დეესკალაცია:

  1. ემოციის ვალიდაცია: ნიკოლას ლონგის  მეთოდოლოგიის მიხედვით, მასწავლებელმა უნდა შეძლოს ემოციის იდენტიფიცირება (მაგ: „ვხედავ, რომ ახლა ძალიან გეწყინა“).
  2. დეესკალაცია და უსაფრთხოება: მშვიდი ტონი და ინდივიდუალური მხარდაჭერა ამცირებს შიშის რეაქციას და მოსწავლეს რაციონალურ აზროვნებაში აბრუნებს.
  3. შეცდომის ნორმალიზება: ეს ხელს უწყობს „ზრდის მენტალიტეტის“  ჩამოყალიბებას, სადაც შეცდომა სწავლის ინსტრუმენტია და არა პიროვნული ნაკლი.
  4. შემდგომი გააზრება: როცა მოსწავლე დამშვიდდება — რა მოხდა? რა იგრძნო? რას გააკეთებდა სხვანაირად?

მასწავლებლის რეაგირების  თვითშეფასების ჩეკლისტი

(მომზადებულია PBIS და LSI მეთოდოლოგიების საფუძველზე)

მასწავლებლის რეაგირება (ქმედება) მოსწავლის საპასუხო სიგნალი (შედეგი) (+ / -)
ტონალობის მართვა: მშვიდი ხმა და ღია სხეულის ენა. თავდაცვითი პოზა შესუსტდა, ყვირილი შეწყდა.
ემოციის ვალიდაცია: „ვხედავ, რომ გეწყინა“. მოსწავლემ იგრძნო, რომ მისი ესმით.
უსაფრთხო სივრცე: ინდივიდუალური საუბარი. შემცირდა საჯაროდ შერცხვენის განცდა.
შეცდომის ნორმალიზება: „შეცდომა სწავლის ნაწილია“. მოსწავლე დაუბრუნდა დავალებას შიშის გარეშე.
საჭიროებაზე ფოკუსი: „რით დაგეხმარო?“ მოსწავლემ მოახდინა საჭიროების ვერბალიზაცია.

 

რეფლექსია  მასწავლებლისთვის 

გაიხსენეთ შემთხვევა: როდესაც მოსწავლე აგრესიულად მოიქცა, რა იყო თქვენი პირველი რეაქცია — ქცევის აღკვეთა თუ მისი გამომწვევი ემოციის ძიება? ამ პარაგრაფის გაცნობის შემდეგ, როგორ შეცვლიდით თქვენს რეაგირებას?

გარემოს ანალიზი: არსებობს თუ არა თქვენს საკლასო ოთახში ფიზიკური ან ემოციური „უსაფრთხო სივრცე“, სადაც სტრესის მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეს დამშვიდება შეუძლია?

შეცდომის კულტურა: რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს კლასში შეცდომა აღქმული იყოს როგორც „სწავლის შესაძლებლობა“ და არა როგორც „საფრთხე თვითშეფასებისთვის“?

აგრესიული ქცევის დროს მასწავლებლის მთავარი შეცდომაა ქცევის კონტროლი ემოციის გაგების გარეშე. ხოლო მთავარი პროფესიული უნარია – ქცევის მიღმა მდგომი საჭიროების ამოცნობა. 

მასწავლებლის პროფესიონალიზმი იზომება არა იმით, თუ რამდენად სწრაფად აჩერებს მოსწავლის არასასურველ ქცევას, არამედ იმით, თუ რამდენად ზუსტად კითხულობს ქცევის მიღმა   მოსწავლის საჭიროებას.

გამოყენებული ლიტერატურა (APA Style)

  • ერიქსონი, ე. (1996). ბავშვობა და საზოგადოება. ( გამოიცა 1950 წელს).
  • Colvin, G. (2004). Managing the Cycle of Acting-Out Behavior in the Classroom. Behavior Associates.
  • Long, N. J., Wood, M. M., & Fecser, F. A. (2001). Life Space Crisis Intervention: Talking with Students in Conflict. PRO-ED.
  • Siegel, D. J., & Bryson, T. P. (2011). The Whole-Brain Child. Delacorte Press.

ინტეგრირებული სასწავლო პროექტი „პატარა პრინცის სამყაროში“

0

პროექტი შექმნილია მოსწავლეების შემოქმედებითი, კრიტიკული და სოციალური უნარების განსავითარებლად. ის აერთიანებს რამდენიმე საგანს: ქართულ ენასა და ლიტერატურას, სამოქალაქო განათლებას, ხელოვნებას, მუსიკასა და ტექნოლოგიებს, – რაც მას საგანთაშორისი სწავლების შესანიშნავ მოდელად აქცევს.

სტატიაში დეტალურად წარმოვადგენთ უკვე განხორციელებულ პროექტს, რაც დაგეხმარებათ, წარმატებით განახორციელოთ მისი ანალოგი თქვენს სკოლაში.

პროექტის სახელწოდება: „პატარა პრინცის სამყაროში“

პროექტის მონაწილეები: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველი საჯარო სკოლის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები; მასწავლებლები: იამზე ბერაია, ვალენტინა აბხაზავა, ირინა კაკაჩია, გურგენ ცანავა

პროექტის ორგანიზატორები: თამარ წურწუმია, ლელა ცარციძე

პრობლემის ანალიზი: ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ვკითხულობთ, რომ სკოლამ უნდა შეძლოს:

  • ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მქონე და დამცველი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნით აღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც არა მხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ.

აღნიშნული მიზნების მიღწევა სასკოლო საფეხურზე ნიშნავს, რომ მომავალი თაობა აღჭურვილი იქნება ისეთი უნარ-ჩვევებითა და ცოდნით, რომელიც დაეხმარება, იყოს როგორც ეროვნული, ისე გლობალური მოქალაქეც და ჰქონდეს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი. მიზნების მისაღწევად კი აუცილებელია, დავგეგმოთ და განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, გამოამჟღავნონ და განავითარონ შემოქმედებითი უნარები. სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებით შეგვიძლია, მოსწავლეებს ხელი შევუწყოთ ამ მიზნის მიღწევაში.

მოსწავლეებს უჭირთ საგანთაშორისი კავშირების დამყარება. ერთი წიგნის შესწავლა ორი განსხვავებული საგნის ჭრილში მათ ამის შესაძლებლობას მისცემს.

პროექტის იდეა იძლევა სამოქალაქო განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების საგნების ინტეგრირების საშუალებას.

პროექტის მიზნები:

  • მოსწავლეებმა თავი იგრძნონ ზოგადსაკაცობრიო კულტურის ნაწილად და შემოქმედად.
  • შეძლონ ტოლერანტული ქცევის დანახვა და გამოვლენა.
  • იმსჯელონ მოქალაქის როლზე და ამ კუთხით შეაფასონ პერსონაჟები.
  • გააანალიზონ, დააფასონ და აღიარონ სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანთა მიღწევები და, იმავდროულად, თავადაც გახდნენ შემოქმედები.
  • გააანალიზონ, ხელოვნების სხვადასხვა დარგში როგორ გარდაიქმნება სათქმელი და იმსჯელონ გამოხატვის ფორმებზე.

 

შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

მოქალაქეობა:

მოქ. საბ. 1. საკუთარი შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა (თვითრეფლექსია);

მოქ. საბ. 2. საკუთარი თავის აღქმა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის (მაგალითად, სასკოლო თემის) წევრად;

მოქ. საბ. 4. დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.

მოქ. საბ. 5. მოკლე- და გრძელვადიანი მიზნების დასახვა; იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;

მოქ. საბ. 6. მომავალი პროფესიის შერჩევისთვის საკუთარი შესაძლებლობების, მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გააზრება;

მოქ. საბ. 9. საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა; კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარება.

 

ქართული

ქართ. საბ. 1 – ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოცნობა-გააზრება;

ქართ. საბ. 2 – ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის არსებული მიმართებების გაანალიზება და სათანადო დასკვნების გამოტანა;

ქართ. საბ. 3 – ტექსტის ჟანრობრივი და კომპოზიციური ელემენტების გააზრება მთლიანი ტექსტის ფარგლებში;

ქართ. საბ. 4 – ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური ფაქტორების გათვალისწინებით;

ქართ. საბ. 7 – საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება, ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა-დასაბუთება;

ქართ. საბ. 8 – სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის ტექსტების შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს).

 

მუსიკა

მუს. საბ. 1. რიტმული და ინტონაციური ფორმულებისა და სხვა მუსიკალური ელემენტების გამოყენება იმპროვიზაციის დროს;

მუს. საბ. 4. ნაწარმოების მოსმენისას მუსიკის გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მხატვრული სახის შექმნაში მათი როლის განსაზღვრა.

 

ხელოვნება

ს. გ. საბ. 2. ნამუშევრის შექმნისას თავად დასახოს და გადაჭრას შემოქმედებითი ამოცანა, მიზნის შესაბამისად შეარჩიოს მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები, მასალა, ტექნიკა, მხატვ­რული სტილი.

 

ისტ

ის ტექნ. VI. 1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

 

პროექტის ამოცანები:

  • მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • საგანთაშორისი კავშირების დამყარება;
  • ლიტერატურის გაგებისას ცხოვრებისეული გამოცდილების გათვალისწინება;
  • კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  • წიგნიერების დონის ამაღლება;
  • შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • სოციალური უნარების (ჯგუფში მუშაობის, თანამშრომლობის, ერთმანეთის მოსმენის…) განვითარება;
  • მზრუნველობითი დამოკიდებულების ფორმირება;
  • საკომუნიკაციო უნარების განვითარება.

 

 

მოსალოდნელი შედეგები

  • მოსწავლეები თავს იგრძნობენ ზოგადსაკაცობრიო კულტურის ნაწილად და შემოქმედად.
  • შეძლებენ ტოლერანტული ქცევის დანახვას და გამოვლენას.
  • შეფასებენ და აღიარებენ სხვადასხვა მწერლისა თუ შემოქმედის მიღწევებს.
  • ამოიცნობენ ლიტერატურის დაფარულ სათქმელს და გაანალიზებენ, როგორ გარდაიქმნება ის ხელოვნების სხვადასხვა დარგში.
  • იმსჯელებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგში გამოხატვის ფორმებზე და დასაბუთებულად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს.
  • შექმნიან ციფრულ პროდუქტს და გამოიყენებენ მას მიზნის შესაბამისად.
  • თავადაც შექმნიან და განასახიერებენ სპექტაკლს.

 

 

მიზნობრივი ჯგუფი: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელისN 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები

 

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები:

აქტივობა 1

მოსწავლეებისთვის პროექტის იდეის გაცნობა და სამიზნე ჯგუფის შერჩევა, მშობლების მიერ თანხმობის ფორმების შევსება (20-25 სექტემბერი)

აქტივობა 2

წიგნის (ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“) წაკითხვა (21-28 სექტემბერი)

 

აქტივობა 3

წიგნის გარჩევა სხვადასხვა სააზროვნო სქემისა და დებატების საშუალებით (28-29 სექტემბერი)

აქტივობა 4

ვიდეორგოლების ნახვა

https://youtu.be/aG0xMKrdGic?si=CxerCy-Qjus8Y-4E

https://youtu.be/xs89JYEynqo?si=dAwkJ7wMnmy2m91z

https://youtu.be/qHlWHiAvUD0?si=bxBbQn94lYtF7vdS

https://youtu.be/eqrnD2b_Nkg?si=3micG_cw7uGSXyAa

(26-27 ოქტომბერი)

აქტივობა 5

კითხვების მომზადება რეჟისორთან შესახვედრად (25-30 სექტემბერი)

აქტივობა 6

სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში სპექტაკლზე დასწრება (1 ოქტომბერი)

აქტივობა 7

ინტერვიუ რეჟისორთან (1 ოქტომბერი)

აქტივობა 8

სპექტაკლისა და ინტერვიუს რეფლექსია (2-3 ოქტომბერი)

აქტივობა 9

სპექტაკლის სცენარის შექმნა და რეპეტიციები (4 ოქტომბერი – 15 დეკემბერი)

სცენარი:

https://docs.google.com/document/d/1LCgGrKy0gFCTa37idym20ynv8OeiRiL2/edit?usp=sharing&ouid=111246630114474435100&rtpof=true&sd=true

აქტივობა 10

ინტეგრირებული გაკვეთილი მოქალაქეობასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში (4 ნოემბერი)

გაკვეთილის გეგმა:

https://docs.google.com/document/d/1bBvoRAV9Ph–0Juo0Bl8IF2epsk9SXXv/edit?usp=sharing&ouid=111246630114474435100&rtpof=true&sd=true

 

აქტივობა 11

აფიშაზე მუშაობა https://www.canva.com/ ; პროგრამის შესწავლა, მასში ესკიზების შექმნა და შემდგომ მათგან საუკეთესოს არჩევა (5 -15 ნოემბერი)

აქტივობა 12

მოსაწვევების დამზადება https://www.canva.com/ პროგრამის გამოყენებით (15-22 ნოემბერი)

აქტივობა 13

დეკორაციების შერჩევა და დამზადება (23-ნოემბერი-5 დეკემბერი)

აქტივობა 14

სპექტაკლის ჩატარება (09-12 დეკემბერი)

აქტივობა 15

პროექტის შეჯამება ღია გაკვეთილით (15-16 დეკემბერი)

 

პროექტის შეფასება, მოსწავლეთა და მშობელთა უკუკავშირი

  • პროცესის შეფასება: რამდენად სწორად და სრულყოფილად განხორციელდა აქტივობები და ღონისძიებები;
  • შედეგების შეფასება: მიღწეული შედეგების შედარება პირველად მიზნებთან;
  • ეფექტურობა: რამდენად ეფექტური და მოსწავლეთა საჭიროებას მორგებული იყო პროექტი.

 

პროექტის ანგარიში:

https://docs.google.com/document/d/1mYayF0eTof2pvTJv30-Dgo9wnDPg0nD_/edit?usp=sharing&ouid=111246630114474435100&rtpof=true&sd=true

უჩვეულო სათვალე  ანუ  გზა ემპათიურობისკენ

0

დაწყებით საფეხურზე ემოციური ინტელექტის, განსაკუთრებით კი ემპათიის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ერთი და იგივე რეალობა სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს. ბავშვისთვის კი ამ განსხვავების გააზრება მარტივი არ არის – მას უჭირს მიხვდეს, რომ ის, რაც თავად ახარებს, სხვისთვის შეიძლება დისკომფორტის მიზეზი იყოს.

წარმოიდგინეთ ზღვის პირას, მზის სხივების ქვეშ ყოფნა – უმრავლესობისთვის ეს დასვენებისა და ბედნიერების სიმბოლოა. თუმცა, იგივე გარემო შეიძლება აუტანელ სიცხესთან ასოცირდებოდეს და დისკომფორტს იწვევდეს. ან თოვლიანი მთა – სილამაზე და სიხარული – შეიძლება სევდის წყაროდ იქცეს ბავშვისთვის, რომელიც ტრავმის გამო აქტივობაში მონაწილეობას ვერ ახერხებს.

სწორედ ამ ემოციური პარადოქსის გასააზრებლად II კლასში განხორციელდა ინტერდისციპლინური აქტივობა – „ემოციური სათვალეები“, რომელიც აერთიანებდა ხელოვნებას, ქართულ ენასა და საგანს „მე და საზოგადოება“. აქტივობა პირდაპირ ეხმიანება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას – მოსწავლემ შეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა და გაგება.

გაკვეთილი დაიწყო საერთო მსჯელობით. დაფაზე ჩამოვწერეთ სხვადასხვა გარემო (ზღვა, ტყე, მთა და სხვ.) და მოსწავლეებს დავუსვით სამი საკვანძო კითხვა:

  • სად ვარ?
  • რას ვხედავ?
  • როგორი განწყობა მაქვს?

ამ კითხვებმა მოსწავლეებს მისცა აზროვნების ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც ისინი გარემოსა და ემოციას შორზე მსჯელობდნენ.

შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა მიიღეს პერსონაჟის შაბლონები დიდი სათვალეებით. მათი დავალება იყო, სათვალის მინებზე აესახათ გარემო – რას ხედავს პერსონაჟი, ხოლო სახის გამომეტყველებით გადმოეცათ მისი შინაგანი განწყობა – ემოცია.

შედეგად შეიქმნა მრავალფეროვანი და შინაარსით დატვირთული ნამუშევრები:  ტყის სილამაზითგაოცებული პერსონაჟი,  ზღვის სანაპიროზე  სიცხის გამო და სევდიანი სახეები, რომლებიც თოვლიან მთებს შორიდან შესცქეროდნენ. თითოეულმა ნამუშევარმა წარმოაჩინა ინდივიდუალური პერსპექტივა და ემოციის განსხვავებული ინტერპრეტაცია.

მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ნახატი მოკლე პრეზენტაციის ფორმით გაუზიარა თანაკლასელებს. ამ პროცესმა მათ საშუალება მისცა, სამყაროს სხვისი პერსპექტივიდან შეეხედათ და გაეაზრებინათ, რომ ადამიანთა განცდები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სასწავლო პროცესის პერსონიფიცირებას, ავითარებს ემოციურ ინტელექტს და აყალიბებს მნიშვნელოვან სოციალურ უნარს – სხვისი მდგომარეობის გააზრებას.

„მეორე ადამიანის ადგილზე თავის დაყენება“  აღარ არის აბსტრაქტული მდგომარეობა – უკვე პრაქტიკული გამოცდილებაა, რომელიც ბავშვს ასწავლის სამყაროს სხვისი „სათვალით“ დანახვას.

 

როგორ განვავითაროთ სივრცითი აზროვნება  „სასწავლო ხაზის“ გამოყენებით

0

 „ჩვენი საქართველო“ გეოგრაფიასთან ინტეგრირებული საგანია, გეოგრაფია კი როგორც მეცნიერება სივრცით ანალიზზეა ორიენტირებული და ძირითადად გამოცდილებითი სწავლების მოდელს (გამოცდილება როგორც სწავლისა და განვითარების წყარო) ეფუძნება, რაც გულისხმობს დაგეგმვის, კეთების, დაკვირვებისა და აზროვნებისკენ მიმართული დავალებების აქტიურ გამოყენებას სასწავლო პროცესში (Kolb, 1984).

შესაბამისად, მოსწავლეებისთვის სივრცითი აზროვნების განვითარება „ჩვენი საქართველოს“ სწავლების მნიშვნელოვანი ამოცანაა.

რას გულისხმობს სივრცითი აზროვნების ცნება?

სივრცითი აზროვნება გონებრივი აქტივობაა. ამ დროს აზროვნების შინაარსი ვიზუალურ გამოსახულებად გარდაიქმნება და მატერიალური სამყაროს გამოსახულება (მისი აღქმის, წარმოსახვის, ლოგიკური აზროვნების შედეგად) გარემომცველი სამყაროს ზოგად სიმბოლურ ხატად ჩამოყალიბდება.

სივრცითი აზროვნების სწავლა სამ ძირითადი კომპონენტს მოიცავს:

  • სივრცის კონცეფციის ცოდნას;
  • წარმოდგენის ინსტრუმენტებს;
  • უნარ-ჩვევებს (ანუ მსჯელობის პროცესს).

სწორედ ამ სამ კომპონენტს შორის კავშირი ანიჭებს სივრცით აზროვნებას გამოყენებადობის ძალას (GI Learner Creating a learning line on spatial thinking, LITERATURE REVIEW ON SPATIAL THINKING, 2017).

 

სივრცითი აზროვნება ინტელექტის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფორმაა, რომელიც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში ფუნქციობისთვის (GOODCHILD, 2006). ეს არის ძირითადი და აუცილებელი უნარი როგორც ენის, ისე მათემატიკის შესწავლისა და, საზოგადოდ არითმეტიკული აზროვნების განვითარებისთვისაც, ამიტომ აუცილებელია, მოსწავლეები ფლობდნენ სივრცითი აზროვნების საფუძვლებს.

გონებრივი ოპერირებისთვის სივრცითი აზროვნება იყენებს წარმოდგენებს, რაც მოსწავლეს სივრცეში განლაგებული ობიექტების თვისებებისა და ურთიერთმიმართების დამახსოვრებაში, გაგებაში, მსჯელობასა და კომუნიკაციაში ეხმარება (GI Learner Creating a learning line on spatial thinking, 2017). მაგრამ გარემო, სადაც მოსწავლე ამ უნარის გამომუშავებას და დაუფლებას შეძლებს, უნდა შექმნას მასწავლებელმა. ეს შესაძლებელია კონსტრუქტივისტული სწავლების გზით, წინარე ცოდნისა და მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით.

სივრცითი პერსპექტივების გაცნობა მოსწავლეებს ეხმარება ვიზუალიზაციის უნარების განვითარებასა და გეოგრაფიული ცოდნის ღირებულების აღმოჩენაში (რაც მოიცავს გლობალური კლიმატური ცვლილებების, სტიქიური უბედურებების შედეგების პრევენციას და მათზე რეაგირებას, წყლის დაცვას). სივრცითი წარმოდგენების ჩამოყალიბება მოსწავლეებს უკეთ მოამზადებს XXI საუკუნის მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სოციალური საკითხების განსახილველად (GI Learner Creating a learning line on spatial thinking, 2017).

რამდენად შესაძლებელია, სასკოლო განათლებამ რეალურად შეუწყოს ხელი მოსწავლეს სივრცითი აზროვნების განვითარებაში?

მკვლევრები ამტკიცებენ, რომ სივრცით მდებარეობაზე გარკვეული წარმოდგენა ერთი წლის ასაკშივე შეინიშნება. ოთხი წლის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ორიენტირებისთვის მარტივი რუკების გამოყენება. ისინი იწყებენ მარტივი სქემატური ნახაზებით, სადაც საგნები გვერდიდან ჩანს და არა ზემოდან. შემდეგ, სივრცითი წარმოდგენების განვითარების კვალობაზე, ობიექტებს „ხედავენ“ ზემოდან და გვერდიდან, საბოლოოდ კი 3D პროექციის დაუფლებასაც ახერხებენ (Robson, 2012). ამას ადამიანის ტვინის აგებულება განაპირობებს, კერძოდ, ტვინის რამდენიმე რეგიონი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადგილმდებარეობისა და სივრცითი ურთიერთობების შესახებ კონკრეტული სახის აზროვნებაზე. სახელდობრ, როგორც მკვლევრები მიუთითებენ, მოსწავლეები გეოგრაფიულ ინფორმაციას უკეთესად ითვისებენ ისეთ გაკვეთილებზე, სადაც მათ „აიძულებენ“, შეასრულონ სივრცითი ხასიათის დავალება, ანუ გამოიყენონ სივრცითი აზროვნების ერთი ან მეტი განსხვავებული რეჟიმი, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მაინც „ჩანერგილია“ ადამიანის ტვინში. შესაბამისად, სივრცითი აზროვნების უნარების განვითარებისკენ მიმართული სავარჯიშოები საგრძნობლად შეუწყობს ხელს მოსწავლეებს ამ კომპეტენციის ფორმირებაში (GERSMEHL and GERSMEHL, 2006, 2007, 2011).

სივრცითი აზროვნება როგორც კომპეტენცია სხვადასხვა უნარის ერთობლიობას მოიცავს. მასში გამოიყოფა შემდეგი კომპონენტები:

  • რუკის ვიზუალიზაცია;
  • რუკის სიმბოლოების (წერტილი, ხაზი, ფართობი) იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია;
  • ლოგიკური ოპერაციების შესრულება, რუკაზე ნავიგაცია და სივრცითი კორელაციის (Bednarz, R., Lee, J. (2011).

სივრცით კომპეტენციებს თუ საფეხურებრივ ფორმას მივცემთ, ისინი ასე ჩამოყალიბდება:

  • სივრცითი ორიენტაცია (კომპონენტი „სად?“);
  • აზროვნება და მოქმედება (რასთანაა დაკავშირებული?);
  • სივრცითი პროცესი (რა ცვლილებები მიმდინარეობს?);
  • სივრცული სისტემები (როგორ ხდება მათზე ზემოქმედება?);
  • გადაწყვეტილებების მიღება (რა გადაწყვეტილებები არსებობს? როგორ შემიძლია ცვლილებების მოხდენა?) – და ა.შ.

კიდევ უფრო მარტივად:

  • რუკის კითხვა, ორიენტაცია და ნავიგაცია;
  • საკუთარი ადგილის პოვნა და დანიშნულების ადგილის იდენტიფიცირება;
  • ობიექტის მონიშვნა, მონაცემების გაზიარება;
  • მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • ერთკითხვიანი ანალიტიკური დავალებების შესრულება.

ამ კომპონენტებიდან, სპეციალისტების მოსაზრებით (GRYL et al., 2010), უმნიშვნელოვანესია:

  • სივრცითი ინფორმაციის ცოდნა – პასუხის გაცემა კითხვებზე: „რა არის ეს?“ ან „სად არის ეს?“. ამ დროს ხდება სივრცითი მონაცემების დამუშავება.
  • სივრცითი ინფორმაციის გაგება – გამოიხატება პასუხით ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: „რატომ არის ეს?“, „რა შეიცვალა?“, „რა არის კანონზომიერება?“, „რა არის ურთიერთქმედება?“. ამ კითხვებზე პასუხი გულისხმობს სივრცით ანალიზს.
  • სივრცითი ინფორმაციის გამოყენება – გამოიხატება პასუხით კითხვაზე: „რა მოხდება, თუ…“

ფაქტობრივად, სასწავლო პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ დაწყებითი საფეხურის ბოლოს (მეხუთე-მეექვსე კლასი) მოსწავლეებს შეეძლოთ:

  • ციფრული რუკებისა და ვირტუალური გლობუსების გამოყენება (ნავიგაციის პანელი, მენიუ, მასშტაბი, რუკა და ა.შ.);
  • ციფრულ რუკებზე სიმბოლოების ინტერპრეტაცია;
  • ციფრულ რუკებსა და მსოფლიოს 3D მოდელებთან მუშაობა;
  • ვირტუალურ გლობუსზე მნიშვნელოვანი ადგილების (საკუთარი სახლის, სკოლის ან ქალაქის) პოვნა და პანორამირება, მასშტაბირება, ორიენტაცია;
  • რუკის განხილვა, მაგალითად, მისი შინაარსის გადმოცემა, აღწერა;
  • ციფრული რუკების გამოყენება დედამიწის საკვლევად;
  • ინფორმაციის ჩვენება რუკებზე;
  • საკუთარი რუკების შექმნა;
  • კარტოგრაფიული ინფორმაციის გადაცემა;
  • ციფრული რუკებისა და ვირტუალური გლობუსების გამოყენება სხვადასხვა მიზნით.

ეს ერთგვარი „სასწავლო ხაზია“ (Learning line), ცოდნისა და უნარების განვითარებაა მთელი სასწავლო კურიკულუმის განმავლობაში მარტივიდან რთულისკენ ისე, რომ მოსწავლე ეტაპობრივად გადავიდეს საწყისი ცოდნიდან უფრო ღრმა გაგებამდე და კომპეტენციამდე (Zwartjes, 2012). სხვა სიტყვებით, ეს არის სასწავლო პროცესის ლოგიკური გზა, რომელიც აჩვენებს:

  • რას სწავლობს მოსწავლე დასაწყისში;
  • როგორ ღრმავდება ცოდნა შემდეგ ეტაპებზე;
  • როგორ აღწევს საბოლოოდ უფრო მაღალ კომპეტენციას.

მკვლევართა მიხედვით, პირველი და ნაწილობრივ მეორე დონის მიღწევა სწორედ დაწყებით საფეხურზე უნდა მოხდეს (როგორც სხვებისა – სწავლის შემდგომ საფეხურებზე) (Zwartjes, 2012) .

მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი „ჩვენი საქართველოს“ სწავლების მაგალითზე:

თემა – იმერეთი („სასწავლო ხაზის“ (Learning Line) გამოყენებით)

დონე 1 – აღქმა (ფაქტობრივი ცოდნა). მოსწავლეები ეცნობიან ძირითად ინფორმაციას რეგიონის შესახებ. ამ დროს მოსწავლე:

  • პოულობს იმერეთს საქართველოს რუკაზე;
  • ასახელებს რეგიონულ ცენტრს: ქუთაისი;
  • ასახელებს რამდენიმე ბუნებრივ ობიექტს: მდინარე რიონი, ხომლის მთა;
  • ამოიცნობს რეგიონში არსებულ ერთ კულტურულ ძეგლს, მაგალითად, ბაგრატის ტაძარს.

 

დონე 2 ანალიზი (ინფორმაციის შერჩევა და შედარება). მოსწავლე სწავლობს ინფორმაციის გაანალიზებას:

  • ადარებს იმერეთის ბუნებრივ პირობებს სხვა რეგიონისას (მაგალითად, გურიისას ან კახეთისას);
  • ხსნის, რატომ იყო ქუთაისი ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალაქი;
  • რუკის დახმარებით არჩევს მნიშვნელოვან ობიექტებს – მდინარეებს, ქალაქებს, კულტურულ ძეგლებს.

დონე 3 სტრუქტურა (კავშირების დანახვა). მოსწავლე ხედავს კავშირს ბუნებასა და ადამიანთა ცხოვრებას შორის:

  • ხსნის, რატომ ვითარდება ტურიზმი ისეთ ადგილებში, როგორიცაა პრომეთეს მღვიმე ან კაცხის სვეტი;
  • აანალიზებს, როგორ მოქმედებს ბუნებრივი გარემო მოსახლეობის საქმიანობაზე (მევენახეობა, სოფლის მეურნეობა);
  • აკავშირებს ისტორიულ მემკვიდრეობას, მაგალითად, გელათის მონასტერს, იმერულ ოდას და ა.შ., რეგიონის კულტურულ განვითარებასთან.

დონე 4 კვლევა და შექმნა. მოსწავლე უკვე თავად ქმნის ცოდნას:

  • ამზადებს მინი-კვლევას იმერეთის კულტურული ან ბუნებრივი ძეგლების შესახებ;
  • ქმნის რეგიონის რუკას ან 3D მაკეტს;
  • ადგენს ტურისტულ მარშრუტს იმერეთში და ასაბუთებს მის არჩევანს.

შედეგისასწავლო ხაზის ბოლოს მოსწავლე:

  • იცნობს რეგიონს;
  • შეუძლია მისი ანალიზი;
  • ხედავს ბუნებასა და კულტურას შორის კავშირს;
  • თავადაც ახორციელებს მცირე კვლევას.

ფაქტობრივად, გეოგრაფიული ინფორმაციის გამოყენებით უმჯობესდება სივრცითი აზროვნების ტიპური უნარები, მოსწავლეები არა მხოლოდ მოსმენითა და დანახვით სწავლობენ, არამედ მათ აქვთ უნარი და შესაძლებლობა, პირადად გამოიყენონ ეს ცოდნა და უნარები პრობლემების გადასაჭრელად (Sanders et al., 2002). ეს ის კომპეტენციაა, რომელიც ძალიან საჭიროა „ჩვენი საქართველოს“ სასწავლო მიზნების მისაღწევად და შემდეგაც, განათლების მომდევნო საფეხურებზე და, საზოგადოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Kolb.(1984). David A. Kolb, Experiential Learning: Experience As The Source Of Learning And Development. 1984.

https://www.researchgate.net/publication/235701029_Experiential_Learning_Experience_As_The_Source_Of_Learning_And_Development

  1. GOODCHILD (2006). LITERATURE REVIEW ON SPATIAL THINKING.2017. ლინკი მოცემულ დროზე: https://www.gilearner.ugent.be/wp-content/uploads/GI-Learner-SpatialThinkingReview-3.pd

3. GI Learner Creating a learning line on spatial thinking. 2017

https://www.gilearner.ugent.be/wp- content/uploads/GI-Learner-SpatialThinkingReview- 3.pdf

საკითხავი რალი უცხო ენის სწავლებისას  

0

გაკვეთილზე კითხვას მოსწავლეები ხშირად ჩუმ, ინდივიდუალურ და მოსაწყენ საქმიანობად აღიქვამენ, უმეტესად მაშინ, როდესაც საქმე ეხება შედარებით გრძელ ან რთულ ტექსტებს. ამან, განსაკუთრებით – უცხო ენის სწავლებისას, შესაძლოა გადატვირთვა, ინტერესის დაკარგვა ან პასიური მუშაობა გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ისეთი მეთოდების მოშველიება, რომლებიც კითხვას უფრო აქტიურ, უკეთ სტრუქტურირებულ და, რაც მთავარია, კომუნიკაციურ პროცესად აქცევს. სწორედ ასეთი მეთოდია საკითხავი რალი.

 

რა არის საკითხავი რალი

საკითხავი რალი არის ქმედებაზე დაფუძნებული მეთოდი, რომელიც ტექსტთან მუშაობას დინამიკურ და საინტერესო პროცესად აქცევს. ამ მეთოდით მუშაობისას მოსწავლეები რალის პრინციპით გადაადგილდებიან დავალებებს შორის, დამოუკიდებლად ეძებენ ტექსტში საჭირო ინფორმაციას, კითხულობენ და ამუშავებენ.

ამ მეთოდის წყალობით კითხვა აღარ არის უბრალოდ ტექსტის თავიდან ბოლომდე წაკითხვა – ის ინფორმაციის მიზნობრივი მოძიებისა და გაგების პროცესად გარდაიქმნება. გარდა ამისა, საკითხავი რალი აერთიანებს კითხვას, მოძრაობას, თანამშრომლობასა და თამაშის ელემენტებს, რისი წყალობითაც ის განსაკუთრებით ეფექტურია მოზარდებთან მუშაობისას.

 

მეთოდის დიდაქტიკური მიზნები

საკითხავი რალის გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სასწავლო მიზანი აქვს:

  • კითხვის უნარის განვითარება, განსაკუთრებით – გლობალური და სელექციური კითხვისა;
  • მოსწავლეთა გააქტიურება მოძრაობისა და თამაშის ელემენტების საშუალებით;
  • ინფორმაციის მოძიების სტრატეგიების განვითარება;
  • თანამშრომლობითი სწავლა წყვილებში ან ჯგუფებში;
  • კითხვის მოტივაციის ამაღლება, განსაკუთრებით – შედარებით გრძელი ტექსტების შემთხვევაში;
  • უცხო ენის (და არა მარტო მისი) შესწავლისას ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს, ტექსტი აღიქვან არა რთულ დავალებად, არამედ ინფორმაციის აღმოჩენის შესაძლებლობად და აქტიურ პროცესად.

 

საკითხავი რალის ეტაპები

საკითხავი რალი შეიძლება სამ ძირითად ეტაპად დაიყოს:

  1. მომზადება

მასწავლებელი ირჩევს მასალას (მაგალითად, მოკლე ისტორიას, საინფორმაციო სტატიას ან რამდენიმე მცირე ტექსტს). ამზადებს კითხვებსა და დავალებებს, რომელთა შესრულებაც შესაძლებელია მხოლოდ მოცემული ტექსტის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ.

დავალებების შესაძლო ტიპები:

  • ინფორმაციული კითხვები (ვინ? სად? როდის?);
  • სწორია / არასწორია ტიპის დავალებები;
  • ტექსტთან დაკავშირებული მცირე გამოცანები;
  • ტექსტში გამოტოვებული ადგილების შევსება;
  • ტექსტში დავალების შესატყვისი ციტატის მოძიება.

ეს დავალებები შეიძლება განთავსდეს საკლასო ოთახის კედელზე ან მერზებზე „გაჩერებების“ სახით.

  1. განხორციელება

მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად, წყვილებად ან მცირე ჯგუფებად. ისინი გადაადგილდებიან საკლასო ოთახში, კითხულობენ დავალებებს და პასუხებს წერენ სპეციალურ ფურცელზე.

მოძრაობა შეიძლება ორგანიზებული იყოს სხვადასხვა ფორმით:

  • გაჩერებებით სწავლება (Stationenlernen);
  • „კლასის გასეირნება“ (Klassenspaziergang) – ტექსტები განთავსებულია კედლებზე და მოსწავლეები გადადიან ერთი დავალებიდან მეორეზე;
  • ჯგუფური რალი სხვადასხვა საწყისი წერტილით.
  1. შედეგების განხილვა

დასასრულ, პასუხები ერთობლივად მოწმდება. შესაძლებელია:

  • პასუხების დარიგება, შედარება და შემდგომი განხილვა;
  • პასუხების საერთო განხილვა;
  • ჯგუფებს შორის შედარება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა;
  • კითხვის სტრატეგიებზე მოკლე რეფლექსია (თვითრეფლექსია);
  • სიმბოლური ჯილდო ყველაზე წარმატებული ჯგუფისთვის (ჯგუფური მუშაობის შემთხვევაში).

 

მეთოდის უპირატესობები

საკითხავ რალის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:

  • აქტიურობა და მოძრაობა –
    მოსწავლეები მერხებთან კი არ სხედან, არამედ მოძრაობენ და აქტიურად მუშაობენ ტექსტთან.
  • დიფერენცირების შესაძლებლობა –
    დავალებები შეიძლება განსხვავებული სირთულის იყოს. სწრაფი მოსწავლეებისთვის შეიძლება დამატებითი დავალებების შეთავაზება.
  • თანამშრომლობითი სწავლა –
    წყვილებში ან ჯგუფებში მუშაობისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან, მოსაზრებებს ცვლიან.
  • კითხვის სტრატეგიების განვითარება – მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იპოვონ ტექსტში საჭირო ინფორმაცია, როცა ყველა სიტყვა გასაგები არ არის.
  • დამოუკიდებელი მუშაობის ხელშეწყობა – მასწავლებელი დამკვირვებელია და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ერევა პროცესში.

 

მეთოდის ვარიანტები

საკითხავი რალი შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს.

  • ტექსტის ფაზლი – მოსწავლეები ჯერ აწყობენ ტექსტის ნაწილებს, შემდეგ კი პასუხობენ კითხვებს.
  • სურათისა და ტექსტის დაკავშირება –
    მოსწავლეები აკავშირებენ სურათებს შესაბამის ტექსტურ ინფორმაციასთან.
  • ციფრული საკითხავი რალი
    – დავალებები წარმოდგენილია QR-კოდებით ან ონლაინ ინსტრუმენტების (მაგ., პადლეტის) საშუალებით.
  • საკითხავი რალი როგორც პროექტის საწყისი ეტაპი – რამდენიმე ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები ქმნიან პროდუქტს, მაგალითად პოსტერს ან პრეზენტაციას.

 

პრაქტიკული რეკომენდაციები

საკითხავი რალის წარმატებით განხორციელებისთვის სასურველია:

  • დავალებები იყოს მარტივად და მკაფიოდ ფორმულირებული;
  • სადგურების რაოდენობისას გათვალისწინებული იყოს გაკვეთილის ხანგრძლივობა;
  • მოძრაობა კლასში იყოს კარგად ორგანიზებული.

მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც ის გამოიყენება მიზნობრივად, მაგალითად, ახალი თემის შესავალში, გრძელი ტექსტების დამუშავებისას ან გამეორებისთვის.

დასკვნა

საკითხავი რალი არის საინტერესო და ეფექტიანი მეთოდი უცხო ენის (და არამხოლოდ) სწავლებისას. ის აერთიანებს კითხვას, მოძრაობას, თანამშრომლობასა და თამაშის ელემენტებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და კითხვის უნარის განვითარებას.

ეს მეთოდი, განსაკუთრებით – მოზარდებთან მუშაობისას, ხელს უწყობს ტექსტთან მუშაობის ცოცხალ და აქტიურ სასწავლო პროცესად გარდაქმნას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...