
სცენარით სწავლების მეთოდი

გაკვეთილის სათაური
სასკოლო
სახელმძღვანელოების ავტორები აღნიშნავენ,
რომ პარაგრაფის სათაურის მოფიქრება მნიშვნელოვანი რამაა, რადგან ამით უნდა განისაზღვროს
პარაგრაფის დედააზრი. პარაგრაფის სათაური ერთგვარი ხიდია პროგრამის მოთხოვნებსა და მოსწავლის ცნობისმოყვარეობას შორის.
გაკვეთილის
პარაგრაფისთვის სახელის დარქმევა შემოქმედებითი პროცესია – ავტორმა კარგად იცის, რისთვის, რატომ, რა მოტივით შეიქმნა გაკვეთილის ტექსტი, ილუსტრაცია,
სავარჯიშოები, გაცნობიერებული აქვს მისი არსი, ფუნქცია, დანიშნულება, აზრი.
სათაურის ერთ-ერთიფუნქციაა, შეუქმნას მოსწავლეს განწყობა, რომელიც
მას საკითხის გააზრებაში დაეხმარება. ამისთვის სახელმძღვანელოს ავტორები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.
როგორი შეიძლება იყოს გაკვეთილის სათაური?
ის უნდა იყოს ორიგინალური, სხარტი, კრეატიული, მიანიშებდეს გაკვეთილის გასააზრებელ ტექსტზე და, ამავედროს, არ თქვას ყველაფერი.
განათლების ექსპერტებმა
ჩამოაყალიბეს საერთო კრიტერიუმები, რომლებსაც გაკვეთილის სათაური უნდა აკმაყოფილებდეს:
·
სათაური გაკვეთილის ორგანული და განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
·
სათაური იმთავითვე უნდა წარმოაჩენდეს გაკვეთილის არსს, ხოლო მისი კავშირი ტექსტის არსთან კითხვის პროცესში სულ უფრო საცნაური უნდა ხდებოდეს მოსწავლისთვის.
·
სათაური უნდა სთავაზობდეს მკითხველს ტექსტის აღქმის კუთხეს დაპირველ ხანებში მაინც წარმართავდეს კითხვის პროცესს. იგი უნდა შეიცავდეს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც სასურველი მიმართულებით აამოქმედებს მოსწავლის წარმოსახვას.
·
ამავე დროს,სათაური არ უნდა იქცეს ამოცანის ამოხსნად, არ უნდა სთავაზობდეს მკითხველს საკითხის გადაწყვეტას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არ უნდა გადმოჰქონდეს ტექსტის დასაწყისში ის, რაც ლოგიკურად თხრობის დასასრულისთვისაა განკუთვნილი.
·
სათაური უნდა იყოს შთამბეჭდავი. ადვილად დასამახსოვრებელი, იგი უნდა იწვევდეს მოსწავლის ინტერესს და გარკვეულ საზრდოს უნდა სთავაზობდეს მის ფანტაზიას.
გაკვეთილის სათაურის უნივერსალური დანიშნულებაა, მოსწავლეთა რაც შეიძლება დიდ ნაწილზე მოახდინოს ზეგავლენა. თუ ავტორმა ეფექტურად შეარჩია სათაური, მაგრამ მას არაღმოაჩნდა კავშირი ტექსტთან, მოსწავლე მოტყუვდება და დაკარგავს „ნდობას” სათაურის „გამოწვევისადმი”.
ვიგოტსკის აზრით, ნებისმიერი ტექსტი, მოთხრობა, სურათი, ლექსი რთული მთლიანობაა, რომელიც სხვადასხვა ელემენტისგან შედგება. ეს ელემენტები ორგანიზებულნი არიან სხვადასხვა დონეზე, დაქვემდებარებისა და ურთიერთკავშირის განსხვავებულ იერარქიაში, და ამ რთულ მთლიანობაშიც ყოველთვის ჩნდება რომელიღაც დომინირებადი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს მთელი მასალის აგებულებას, მისი თითოეული ნაწილის არსსა და დანიშნულებას (Выготский Л.С. Психология искусства. М.,
1997, გვ. 193).
თუ დავაკვირდებით სასკოლო სახელმძღვანელოებში მოცემული გაკვეთილის
პარაგრაფებს, თვალნათლივ დავინახავთ, რომ სათაურს, არსებითად, ორი დატვირთვა აქვს:
პირველი |
მეორე
|
სათაურის ამოცანაა, პარაგრაფის პარაგრაფისგან, ნაწარმოების ნაწარმოებისგან გამორჩევა–განსხვავება, საკითხის როგორც დამოუკიდებელი ერთეულის აქცენტირება, იდენტიფიკაციის დაძლევა. ამ დროს ნომინაცია უფრო მეტად გარეგნულ მხარეს ეხება. |
სათაური კომპოზიციური ელემენტია, თავისებური გასაღები, რომელმაც უნდა გაგვიადვილოს შემოქმედების ლაბირინთში შესვლა. მას ევალება:
|
მაგალითად: სახელმძღვანელოში 1. მდინარე 2. ზღვა 3. ტბა 4. ოკეანე |
მაგალითად: სახელმძღვანელოში
1. როგორ ჩნდება მდინარეები 2. რა ფერია ფერადი ზღვები 3. რა არის ტბა და როგორ წარმოიქმნება ის 4. მსოფლიო ოკეანე – საოცრებათა სამყარო |
ჩატარებული კვლევის თანახმად, შეიძლება უფრო კონკრეტულად საუბარიც სათაურის ტექსტისადმი დამოკიდებულებასა და მისფუნქციებზე.
არსებობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთკავშირის ორიფორმა:
1. ექსპლიციტური ურთიერთკავშირი აშკარად, განსაზღვრულად, არაორაზროვნად არის გამოხატული. იგი გულისხმობს დისტანტურ გამეორებას, რომელსაც აყალიბებს ნაწარმოების არა მხოლოდ საკუთრივ ტექსტი, არამედ ქვეტექსტიც. ასეთიკავშირი ერთჯერადიცაა და მრავალჯერადიც. ექსპლიციტური ურთიერთკავშირი ყველაზე მეტად მაშინ მიიღწევა, როცა სათაურის გამეორებადი ელემენტები მსჭვალავს მთელ ტექსტს და თავსდება ნაწარმოების დასაწყისში ანბოლოში, ანუ მის,,ძლიერ პოზიციებზე“.
2. იმპლიციტური ურთიერთკავშირი გულისხმობს სათაურის გამაშუალებელ მდგომარეობას ტექსტთან, როცა სათაურის შინაარსი დაშიფრულია მეტაენის მეშვეობით, ხოლო ტექსტი წარმოდგება მეტაფორიზებული სათაურის განხორციელებად. იმპლიციტური კავშირი წარმოშობა მაშინ, როდესაც სათაურიდა ტექსტი, პარაგრაფში შეავალი
თვალსაჩინოება (ნახატი, სურათი, ნახაზი, სქემა) წარმოქმნიან ახალ, ერთიან შეტყობინებას.
სათაურს თავისიფუნქციები აქვს:
* რეპრეზენტატიული, რომელიც მიემართება და უსვამსმას განსაზღვრულ კითხვას, რომელზეც პასუხი მოსწავლემ გაკვეთილის წაკითხვის შემდეგ უნდა მიიღოს;
* შემაერთებელი, რომელიც გულისხმობს ვითარებას, როცა სათაური გარკვეულწილად აკავშირებს მკითხველს გაკვეთილთან, ერთ პარაგრაფს მეორესთან, ასევე – პარაგრაფის ყველა ელემენტს;
* ნომინატიური, საერთო ყველა გაკვეთილისთვის, როცა სათაურის დანიშნულება პარაგრაფის იდენტიფიკაციაა;
* იზოლაციისა და დასრულებულობისა, როცა სათაური პარაგრაფს სხვა პარაგრაფებისგან გამოყოფს და ნაწარმოებს დამოუკიდებლობას ანიჭებს;
* ტექსტწარმომქმნელი, რომელიც მკითხველის აღქმის ორგანიზების გარეგნული ფუნქციის შინაგანი ეკვივალენტია;
* ინფორმაციული ფუნქცია, როცა სათაური მკითხველს შინაარსზე აწვდის ინფორმაციას;
* სარეკლამო, რომლისთვისაც იყენებენ სხვადასხვა საშუალებას: ფრთიან გამოთქმებს, აფორიზმებს, სატირულ ხერეხებს და სხვ. სარეკლამო ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პუბლიცისტურ ტექსტში;
* ესთეტიკური, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკითხველზე ემოციური ზემოქმედება.
იმის მიხედვით, რომელი ფუნქცია დომინირებს, გამოყოფენ სათაურთა ორ ტიპს:
1. გარე მიმართულების სათაურს, რომელიც მკითხველისკენაა მიმართული და მის ემოციებზე ზემოქმედებს;
2. შიდა მიმართულებისას, რომელიც მიემართება ტექსტს და ცხოველმყოფელობას ანიჭებს ენის პარადიგმულ საშუალებებს, მონაწილეობს ტექსტის სემანტიკურ და კომპოზიციურ ორგანიზებაში.
გაკვეთილის
სათაურის გავლენა მოსწავლის განწყობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. სათაური მასწავლებლისთვისაც
ერთგვარი გამოწვევაა. მასწავლებელი სათაურის ტიპის, ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით
არჩევს სწავლების მეთოდიკას, რომლის მეშვეობითაც ხდება სათაურის ინტერპრეტაცია და ეს იძლევა ავტორის ჩანაფიქრისა და მიზანდასახულობის წარმოჩენის საშუალებას. კითხვისას სათაური აღიქმება როგორც ნაწარმოების თემა. ტექსტის სიღრმისეული გააზრების შემდეგის ივსება კონცეპტუალური მნიშვნელობით, რომელიც აზრის ინტერპრეტაციას ასახავს. სავსებით ბუნებრივია, რომ კითხვის დასრულების შემდეგ მოსწავლე უბრუნდება სათაურს. ამ დროს ხდება სათაურსა და ტექსტს შორის შინაგანი ურთიერთმიმართების გამყარება. შესაძლოა, ეს ურთიერთმიმართება იყოს ასოციაციური და ამ დროს ახალი მნიშვნელობით დაიტვირთოს.
კლასგარეშე საკითხავი: გოგონა ავრორა „ცე“ კორპუსიდან
ნორვეგიელი მწერალი ქალის ანე-კატარინე ვესტლის „გოგონა ავრორა „ცე” კორპუსიდან” მართლა ჯადოსნური ამბავია არა მარტო გოგონებისთვის, არამედ ბიჭებისთვისაც. მერე რა, რომ ეს წიგნი განსაკუთრებული ფემინისტური იმპულსების მატარებელია – ვგონებ, ბიჭებსაც არანაკლებ სჭირდებათ ასეთი რამეების კითხვა.
ვესტლის ქართველი მკითხველი სხვა წიგნებითაც იცნობს.ესენია: „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“, „დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“.
„გოგონა ავრორა „ცე” კორპუსიდან“ ლურჯყდიანი წიგნი იყო.მგონი, ილუსტრაციების გარეშე– ყოველ შემთხვევაში, ნახატები არ მახსოვს. პირველი წიგნი, რომელიც დედაჩემმა მომცა წასაკითხად. ახლა ვფიქრობ, განგებ ხომ არ შეარჩია ავრორას თავგადასავალი. აბა,რომელი დედა აძლევს თავის პატარა გოგოს ფემინისტურ საკითხავს?!მე და ავრორა ერთმანეთს ვგავდით – ორივეს გვეშინოდა მეზობელი ბიჭების, რომლებიც ხანდახან გვინგრევდნენ აგურებისგან აშენებულ სახლსან წითელი აგურის „სუპს“დაგვიღვრიდნენ, ხანდახან ლიფტშიც კეტავდნენ გოგონებს და როცაკიბეზე „ჯეირანს“თამაშობდნენ,არაფრით გაგატარებდნენ.ბიჭებს ვიღაც ზრდიდა ასეთებად, მათ სხვები უნდა შეეშინებინათ, ისინი უხეშები უნდა ყოფილიყვნენ.
ავრორას ოჯახი ნორვეგიის ერთ პატარა ქალაქში – ტირილტოპენში დასახლდა. ტირილტოპენი ახალი დასახლება იყო, სადაც ბევრი ერთნაირი კორპუსი აიგო და ნელ–ნელა ტყეს მიუახლოვდა, ტყეში მცხოვრები ნაძვები ფიქრობდნენ, ნეტავ ეს სახლები ჩვენზე მაღლები თუ გაიზრდებიანო. სახლებმა კი ისეთი სისწრაფით დაიწყეს ზრდა, ხეებს მართლაც გაუსწრეს სიმაღლით.
ტირილტოპენში ბევრი კარგი, მაგრამ ცნობისმოყვარე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ახირებული სურვილები აქვთ და სურთ,თავიანთ წარმოდგენებს მოარგონ სხვების სამყაროც.მაგალითად, ავრორას ოჯახი ტრადიციული სოციალური წყობის ამოტრიალებული მოდელია, შეცვლილი გენდერული როლებითა და მოვალეობებით. აქ მამაა აღჭურვილი ქალური აქსესუარით – წინსაფრით, ის ამზადებს საუზმეს, სადილს და ვახშამს, უვლის ჩვილ სოკრატს, ურეცხავს საფენებს, დაჰყავს აცრაზე, რეცხავს კიბეს, სარეცხი სამრეცხაოში დააქვს, დადის სუპერმარკეტში, უვლის ავრორას, საშობაოდ ალაგებს მთელ სახლს და აცხობს უგემრიელეს საშობაო ნამცხვარს. ედუარდ ტეგე ისე იქცევა, როგორც სხვა ჭეშმარიტი დიასახლისები მოიქცეოდნენ. გარდა ამისა, იგი ისტორიკოსია და თავისი სამუშაო დღის თავისუფალ ნაწილს სამეცნიერო გამოკვლევებს უთმობს. დედა, მარია ტეგე, ადვოკატია, ყოველ დილით მიდის სასამართლოშითავისი მანქანით და საღამოს დაღლილი ბრუნდება შინ, სადაც მას მოსიყვარულე ოჯახი ხვდება.
ბუნებრივია, ასეთ ოჯახს ინტერესით ადევნებს თვალყურს საზოგადოება,რომელსაც ტრადიციული აზრი ქალისა და კაცის მოვალეობებზე ჯერაც არ შესცვლია: კაცმა აუცილებლად სამსახურში უნდა იაროს, ქალი კი შინიჯდეს და ბავშვები გაზარდოს, სამზარეულოში იტრიალოს; ქმარი შიგადაშიგ უხეში იყოს, კერძები დაიწუნოს და გარეცხილი ფარდები ვერ შეამჩნიოს; მერე ცოლი ჩუმად გაბრაზდეს, ჩუმად იტიროს, გულის გადასაყოლებლად შინიდან გავიდეს, რომელიმე ქალური ჟურნალი იყიდოსდა ბოლო დაქალთან ერთად დალიოს ყავა სახლის
მახლობლად მდებარე კაფეში.
სტერეოტიპები გვაერთიანებს და გვყოფს. ისინი მრავალნაირია და მძლავრად იჭრება ჩვენს სოციალურ ყოფაში. ხშირადჩვენ– „მორალური უმრავლესობა” – თავს ვახვევთსხვებს საკუთარ წარმოდგენებს და მოვითხოვთ, მათაც ისე იცხოვრონ, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, ისევე აღზარდონ ბავშვები, როგორც ამას უმრავლესობა აკეთებს, ხოლო თუ განსხვავებულობა შევატყვეთ, მზად ვართ, დაუპატიჟებლად მივადგეთ კარზე და ჩვენი ღირებულებები გავაცნოთ, მაგალითად, ის, რომ კაცმა კაცის საქმე უნდა აკეთოს და ქალმა – ქალისა.
წიგნების კითხვის მორალიასეთია: ჩვენ რაიმე
სასარგებლო უნდა ვისწავლოთ მათგან,გავხდეთ უფრო უკეთესები, ვიდრე მათ წაკითხვამდე ვიყავით, უფრო ტოლერანტულები. ეს პატარა წიგნი,გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო აქცენტებს სვამს ქალის და მამაკაცის როლზე, მათ მოვალეობებზე, იმაზეც დაგვაფიქრებს, როგორ ვზრდით შვილებს, ვასწავლით თუ არა მათ ყოველგვარი საქმიანობის დაფასებას, ვუხსნით თუ არა, რომ არ არსებობს პრიორიტეტული საქმიანობა გენდერული როლების მიხედვით– მთავარი გაკეთებულისაქმეებია, რომლებიცღირსების გრძნობითა და დიდი პასუხისმგებლობით უნდა შესრულდეს; არ აქვს მნიშვნელობა, ქალი გააკეთებს თუ კაცი.
ხანდახან ვფიქრობ, რა მოხდებოდა, ეს წიგნი ქართულ სახელმძღვანელოებში რომ შეეტანათ, არა როგორც კლასგარეშე, არამედ როგორც აუცილებელი საკითხავი – დარწმუნებული ვარ, ყველა მოზარდი სიამოვნებით წაიკითხავდა.
ეკა, შორიდან
სასკოლო განათლება სამხრეთ კორეაში
არისტოკრატი აირები
Love Is
ყველაზე კონსულტანტები, ყველაზე მრევლები
ჟურნალისტმა ნინია მაჭარაშვილმა, ბათუმიდან სტივენ კინგისათვის შესაშური ამბავი გვამცნო: წიგნის მაღაზიათა ქსელ, „ლამპარის” კონსულტანტებმა, მწერალ ზაზა ბურჭულაძის „ხსნადი კაფკას” მაღაზიაში არსებული ყველა ეგზემპლარი საკუთარი ჰონორარით შეიძინეს და ცეცხლს მისცეს. ამასთანავე უკადრისობენ მიშელ უელბეკისა და პაულო კოელიოს ნაწარმოებების გაყიდვას, რამეთუ უხამსობაა. ის დროა, მილოშ ფორმანმა ბებერი უკანალი წამოწიოს და 1996 წლის ფილმის გაგრძელება გადაიღოს: „მრევლი მიშელ უელბეკის წინააღმდეგ”.
წინააღმდეგობის მოძრაობა „თეთრი ვარდი“
ბევრი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ზღაპარში შეიძლება, წარმოუდგენლად დიდი ბოროტება
რამდენიმე მამაცმა ადამიანმა დაამარცხოს, თუმცა ხანდახან ლეგენდები სარწმუნო და უტყუარ
ფაქტებს ეფუძნება. ევროპის უახლეს ისტორიაში ადგილი მყარად დაიმკვიდრა უმაგალითო თავდადებითა
და პრინციპულობით გამორჩეულმა სტუდენტურმა ჯგუფმა. მინდა, ამ საიდუმლო ორგანიზაციის
შესახებ მოვუთხრო ჩვენს მკითხველს და გამოვთქვა იმედი, რომ მასაც დაუბრუნდება დაუჯერებელი
ამბების რწმენა.
1942 წლამდე მიუნხენის უნივერსიტეტის რამდენიმე გამოუცდელი,
სრულიად ახალგაზრდა სტუდენტი განსაკუთრებული მწუხარებით ადევნებდა თვალს „ბებერ კონტინენტზე”
განვითარებულ სისხლიან მოვლენებს. და-ძმა ჰანს და სოფიე შოლებისათვის ყველაზე მიუღებელი
ებრაელ თანამოქალაქეთა მასობრივი დევნა და ფიზიკური განადგურება იყო. ქრისტიან პრობსტს
ოპოზიციონერ აქტივისტთა მკვლელობების უწყვეტი სერია და გერმანიის რასისტული პოლიტიკა
უკარგავდა უმოქმედო, მშვიდი საუნივერსიტეტო ცხოვრების სურვილს. ვარშავის საკონცენტრაციო
ბანაკის ხილვით შეძრწუნებული ალექსანდრ შმორელი და ვილი გრაფი კი თავიანთ ქვეყანაში
დაუყოვნებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობას ხედავდნენ. ხუთივეს
ერთი საფიქრალი აერთიანებდა – ახალგაზრდებს დანაშაულად მიაჩნდათ ნაციონალ-სოციალისტების
მიერ დაშინებული და შევიწროებული გერმანელი ხალხის უპირობო, დამამცირებელი დუმილი.
მათ სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა წამოიწყეს და მას „თეთრი ვარდი” (Weisse Rose) უწოდეს – სახელი, რომელიც მეცნიერებს ბოლომდე დღესაც
ვერ აუხსნიათ.
თავდაპირველად ბავარიელმა სტუდენტებმა ყურადღება ადგილობრივ
აკადემიურ საზოგადოებაზე გაამახვილეს. 1942 წლის ზაფხულის თვეებში მოძრაობა „თეთრი
ვარდის” წევრებმა პროფესორ კურტ ჰუბერის დახმარებით მთელ ქალაქში ასობით ანონიმური
წერილი დააგზავნეს. ახალგაზრდები ინტელექტუალურ წრეებს ყოველდღიური სისხლისღვრის შეჩერებასა
და ნაციზმის წინააღმდეგ მოქმედებაში დახმარებას თხოვდნენ. აქტივისტთა პირველი ნაბიჯი
წარუმატებელი აღმოჩნდა და უპასუხოდ დასრულდა. პირად უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე
ორიენტირებულმა, უიმედოდ გულხელდაკრეფილმა და დამფრთხალმა ადამიანებმა უცნობ პირთა
წამოწყება აბსურდულ პროვოკაციად მიიჩნიეს და განზე გადომა ამჯობინეს.
უიღბლობამ მეგობრები ვერ შეაჩერა. ამჯერად მათ საპროტესტო
განცხადებების სტიქიურად მიმოფანტვის სტრატეგია აირჩიეს. მატერიალური მდგომარეობის
მკვეთრი გაუარესებისა და სიცოცხლის რისკის ფასად აქტივისტებმა დაამზადეს ცხრა ათასამდე
ანტიმილიტარისტული, ანტიიმპერიალისტური და ანტინაცისტური პროკლამაცია, რომლებიც სამხრეთ
გერმანიისა და ავსტრიის ქალაქებში საიდუმლოდ გაავრცელეს. „მესამე რაიხის” მკვიდრმა
მოსახლეობამ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოისმინა განსხვავებული და სენსაციური
აზრი. „თეთრი ვარდის” მიერ დაბეჭდილ ფურცლებზე ეწერა: „ჰიტლერი ომს ვეღარ მოიგებს,
მას მხოლოდ სისხლისღვრის გახანგრძლივება შეუძლია… ნუ მალავთ საკუთარ სიმხდალეს გონიერების
მანტიის ქვეშ, ნაციონალ-სოციალისტთა დამარცხება გერმანიის უპირველესი საზრუნავი უნდა
გახდეს!”
რამდენიმე უშიშარი ადამიანის გაბედულმა მოქმედებამ საზოგადოებაში
გამოძახილი მალევე პოვა. 1943 წლის იანვარში მიუნხენის უნივერსიტეტის 470 წლის იუბილეზე
სასწავლებელში სტუმრად მისულ ბაიერნის ნაცისტ პრემიერ-მინისტრს სტუდენტებმა პროტესტით
უმასპინძლეს. მოულოდნელი წინააღმდეგობით წამიერად დაბნეულ გესტაპოს პარალელურად ახალი
თავსატეხი გამოუჩნდა – დილით ქალაქის ქუჩებში გამოსულ მოქალაქეებს უნივერსიტეტის გალავანსა
და სხვა შენობებზე „თეთრი ვარდის” მხარდამჭერთა მიერ გაკეთებული წარწერები დახვდათ.
ყველა კედელზე, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ, მეამბოხეები ერთი კვირის განმავლობაში
ყოველღამე ზეთის საღებავებით წერდნენ: „ძირს ჰიტლერი”, „თავისუფლება”.
ბუნებრივია, სასტიკ რეჟიმს არ გასჭირვებია ხუთი სტუდენტის
დაკავება. პირველი შოკის გადალახვის შემდეგ საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური
ოპერაცია დაგეგმეს. გესტაპოელებმა მოწინააღმდეგეები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი
უნივერსიტეტის ყველაზე ხალხმრავალ დარბაზში, მაღალი თაღიდან ასობით ახალ პროკლამაციას
ყრიდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ნაცისტებმა სტუდენტური ჯგუფის ყველა წევრი მოდერნიზებულ
გილიოტინაზე გაისტუმრეს. თუმცა ამბავი აქ არ დამთავრებულა. „თეთრი ვარდის” გმირული
თავგადასავალი მილიონობით ადამიანმა შეიტყო, იმპერიის ყველა კუთხეში გააქტიურდნენ არალეგალური
ორგანიზაციები, რომლებიც უკანასკნელ წუთამდე ებრძოდნენ რეჟიმს და მხარს უჭერდნენ ანტიფაშისტურ
კოალიციას.
დღეს ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის
წინ, ქვაფენილზე, მეტალის ფირფიტებისგან დამზადებული პატარა მონუმენტია, რომელსაც „თეთრი
ვარდის” პროკლამაციების ფორმა აქვს. ძეგლი არაჰუმანური რეჟიმის წინააღმდეგ უიარაღო
ბრძოლისა და უშიშარი სამოქალაქო წინააღმდეგობის სიმბოლო გახლავთ. მონუმენტი ყველა გამვლელს
შეახსენებს: უდიდესი ბოროტებაც კი ოდესმე მარცხდება, ხოლო მისი განადგურება გაბედული
ადამიანების პატარა ნაბიჯებით იწყება.
ტექსტები და გაკვეთილები
ამქვეყნად იმდენნაირი ტექსტია, რამდენნაირი ადამიანიც არსებობს.
ზოგი ძალიან ხმაურიანი და მყვირალაა, დაწერისთანავე მოდური ან ბოლომდე შეუმჩნეველი, ზოგი – ძალიან მშრალი ან, პირიქით, ზედმეტი სენტიმენტალობისგან დანოტივებულიც კი, ზოგს მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს, ზოგი კი სრულიად უნებისყოფოა, ზოგი მარილიანია და ზოგი – მლაშე, ზოგი – ადვილად გასაგები, ზოგი კი უძველესი ლურსმული წარწერებივით ასო-ასო ამოსაკითხი და ამოსაცნობი, ზოგი პლასტმასის ერთჯერად ჭურჭელს ჰგავს, ზოგი – მეთექვსმეტე საუკუნის იტალიური ბროლის ნაკეთობას. ისეთი ტექსტებიცაა, რომლებიც არ არსებობს, მხოლოდ ვიღაცის ფანტაზიასა თუ ტყუილში ცოცხლობს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე გვახვევია გარს ბგერათა გრაფიკული სახეები, პიქტოგრამები თუ იეროგლიფები, შეიძლება, შეედავო კიდეც ცნობილ ფილოსოფოსს, რომ ენობრივში კი არა, ტექსტობრივ სამყაროში ვცხოვრობთ და რეალურად მხოლოდ ის არსებობს, რაც დაიწერა და არა ის, რაც ითქვა და დასახელდა.
ამ ტექსტობრივ სამყაროს, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ერთი დამახასიათებელი ნიშანი აქვს – მკითხველი სჭირდება. ტექსტამდე მკითხველის გზა კი ისეთივე რთული და წინააღმდეგობრივია, როგორიც ოდისევსის მოგზაურობა ჰადესის სამეფოში. მკითხველს ანუ ლიტერატურულ გურმანს აღზრდა სჭირდება, ეს კი ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა გავაკეთოთ.
წარმოიდგინეთ, რომ რომელიღაც ცნობილ და უთვალავსაცავიან ბიბლიოთეკაში მოხვდით, ჩვეულებრივ ბიბლიოთეკაში, სადაც არც კარტოთეკაა და, მით უმეტეს, არც უსინათლო ბიბლიოთეკარი, თავად უნდა გაერკვეთ და მოძებნოთ ის, რაც გინდათ.
შეგიძლიათ, ბორბლებიანი მაღალი კიბე მოიტანოთ, რომელიც მთავარი დარბაზის ერთ-ერთ ცივ კუთხეშია აყუდებული, თაროებთან მიაგოროთ და ძებნა დაიწყოთ, მაგრამ საცავი იმდენად დიდია, რომ ძებნას მთელი სიცოცხლე დასჭირდება და იქნებ სიკვდილამდე ვერც კი იპოვოთ ის, რასაც ეძებდით. გამოსავალი ერთია – გზამკვლევი გჭირდებათ ამ სამყაროში, რათა ყველანაირი ტექსტი დააგემოვნოთ, ყველანაირ სათქმელს მოუძებნოთ გასაღები, მით უმეტეს – თუ სკოლის მოსწავლე ხართ, დაბნეული, გვიანობამდე მეცადინეობთ ალგებრასა თუ ქიმიას, დღის მეორე ნახევარში კი გაუთავებლად დაგაწანწალებენ მუსიკიდან კუნგ-ფუზე, ჩოგბურთიდან ბალეტზე, ნორჩი კოსმონავტების წრიდან ახალგაზრდა გეოლოგების კლუბში.
რა უნდა ქნათ, თუ თქვენი ცხოვრების ტექსტი გჭირდებათ?
ის, რაც ბავშვურ ტკივილებს დაგიამებთ, გუნებას გამოგიკეთებთ, გულს გაგიხარებთ, საკუთარ ადგილს გაპოვნინებთ, თვითშეფასებას აგიმაღლებთ.
ზოგჯერ შეიძლება საახალწლო მისალოცი ბარათი იყოს თქვენი ცხოვრების ტექსტი, ზოგჯერ – რომელიღაც კულინარიული რეცეპტი, ანდა მაგიური შელოცვა თუ მწვალებლურად შერაცხული რომელიმე აპოკრიფი, თუნდაც რომელიმე წმინდანის ცხოვრება ან შუა საუკუნეების რომანტიკული ეპოსი.
დასაბამითგან იყო სიტყვა, ანუ, შესაბამისად, იყო ლიტერატურა.
ჩვენ, მასწავლებლები უნდა ვეცადოთ, მოსწავლეებს ისეთი ტექსტები ვუპოვოთ და ვაპოვნინოთ, რომლებიც შესაძლოა წაკითხული არც ჰქონდეთ, ან ჰქონდეთ, მაგრამ უგულისყუროდ, ან არც უგულისყუროდ, მაგრამ უყურადღებოდ, ვაპოვნინოთ და ტექსტების როგორც ფერადი შუშების სხვადასხვა პრიზმაში დანახვის სიამოვნებას ვაზიაროთ:
სტილის ლაკონურობასა და გენიალურ უბრალოებაზე საუბრობთ? აბა, აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებას ჩახედეთ. იცით, რა საოცარი სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი ადამისა და ევას ცხოვრების აპოკრიფში, სადაც ცხრა მთას იქით მყოფი ადამი გრძნობს და განიცდის ევას სამშობიარო ტკივილებს? მეორე აპოკრიფში, რომელიც ღვთისმშობლის ჯოჯოხეთში მოგზაურობას ასახავს, ერთმანეთში ისეთი დოზითაა არეული სიკვდილი და სიცოცხლე, მაშინვე “ღვთაებრივი კომედია” გაგახსენდებათ. ვერლიბრისა და თანამედროვე პოეზიის ზომა და მეტრი გაინტერესებთ? – ქართულ ჰიმნოგრაფიას გადახედეთ, და არამხოლოდ ქართულს. მაგალითი გჭირდებათ? ინებეთ, აი, სად იწყება ბესიკ ხარანაული:
„ცასა ბეწთა ეკიდა, ვნახე კაცი,
და მასვე კაცს[ა] შუბის წუ[ე]რს ედგნეს დარბაზნი .
მუმლსა ზედა ჯდა, მინდორს სდევდა ქურციკთა, –
და ზღუასა ზედა მოარბევდა ცხენითა,
და ესრეთ ღაღადებდა: „ღმერთო, შენ, კურთხეულ ხარ!”
შესაძლოა, რომელიმე პუბლიცისტური წერილი ყველაზე მხატვრული აღმოჩნდეს, რომელიმე ლექსი – ყველაზე დრამატურგიული, რომელიმე სტატია ენციკლოპედიიდან – ყველაზე მელანქოლიური და სენტიმენტალური.
ითამაშეთ ტექსტებით და თქვენი მოსწავლეებიც ათამაშეთ, ასწავლეთ მათ სიტყვის სუნის, ტანინის, ფერის, გემოების თაიგულის ცნობა, ისევე როგორც მეღვინე ცნობს და გრძნობს კარგ ღვინოს – მთელი გულითა და გატაცებით.
P.S. როდესაც რიცხვით სახელს ვხსნიდი მთელი თავისი რიგობით-წილობითი აბრაკადაბრებით, გადავწყვიტე, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი ცხოვრების ტექსტი – კულინარიული რეცეპტი მიმეწოდებინა და მეტიც, რამე მარტივიც მოგვემზადებინა. ასეც მოხდა – პროდუქტების რაოდენობამ, წილობრივმა გაყოფამ, ქურის პირველ, მეორე თუ მესამე სიმძლავრეზე ჩართვამ, მზადების დროის განაწილებამ შედეგი გამოიღო – გემრიელი ნამცხვარი და წარმატებული გაკვეთილი.
ჰოდა, თამამად, თამამად აცხვეთ და მიირთვით ტექსტები გაკვეთილზე.