შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

ყაყაჩოსფერი პრობლემა

0
„არაფერია საშიში, ცხვირიდან სისხლი ვის არ წამოსვლია”, – ასე ამშვიდებენ ერთმანეთს დედები და ბებიები, თუმცა ეს ის პრობლემაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. ბევრმა მშობელმა და მასწავლებელმა არ იცის, რა საფრთხეს უქადის ბავშვს ცხვირიდან სისხლდენა და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს.

ეპიტაქსისი, ცხვირიდან სისხლდენა, შესაძლოა ცხვირის ან სხვა ორგანოს დაავადების პირდაპირი სიმპტომი იყოს. მეორე მხრივ, ის შესაძლოა სავსებით ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს ემოციური ან ფიზიკური დატვირთვის, ჰაერის დაბალი ან ზედმეტად მაღალი ტემპერატურის ფონზე. ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი ზოგჯერ გაურკვეველიც რჩება.

ხშირად სისხლდენის წყარო ცხვირის ერთ ნახევარშია და სისხლიც მხოლოდ ერთი ნესტოდან გვდის. სისხლდენის კერა უმეტესად ცხვირის ძგიდის ქვედა ნაწილია.

ცხვირი ფაქიზი ორგანოა – ყველა არომატის ფიქსატორი. გარდა ამისა, ის ორგანიზმის „ფარია”, უამრავი ინფექციისგან იცავს მას. ცხვირში ასობით ნერვული დაბოლოება და წვრილი კაპილარია. სისხლდენას სწორედ მათი დაზიანება იწვევს.

თუმცა სისხლდენას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს მოუწესრიგებელმა არტერიულმა წნევამ, ცხვირის ღრუს ანთებამ, ჰემოფილიამ, გულის დაავადებებმა, ჰორმონულმა დისბალანსმა, ხერხემლის პრობლემებმა, საზოგადოდ, ყველაფერმა, რაც არღვევს სისხლის ცირკულაციას, ზრდის წნევას ცხვირის კაპილარებში და მათ გახეთქვას იწვევს.
თუ ბავშვს ცხვირიდან კოლტებთან შერეული ლორწოვანი გამონადენი აქვს, ეს რინიტზე მიუთითებს. ამ დროს ცხვირის ღრუში ვაზელინით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი უნდა მოთავსდეს.

თუ ბავშვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გენეტიკური მიდრეკილებაც და ვიტამინების დეფიციტიც, მათ შორის – РР და С ვიტამინებისა, რომლებიც სისხლძარღვთა კედლებს ამაგრებს.

ხშირ სისხლდენას უჩივიან ალერგიული ადამიანები და ისინი, ვისაც ცხვირის ტრავმა ან ოპერაცია აქვს გადატანილი. ასეთ სისხლდენებს ექიმები ნორმადაც კი მიიჩნევენ.

ზოგჯერ ცხვირიდან სისხლდენა დღეზე მეტხანსაც გრძელდება. თუ სისხლდენა თხუთმეტ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ასეთ დროს აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია – ის ცხვირის ლორწოვანს დაათვალიერებს და სისხლდენის მიზეზს გაარკვევს. აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის აღებაც. ექიმის მოსვლამდე კი ბავშვს ნესტოში ტამპონები უნდა გაუკეთდეს. თუ საათ-ნახევრის შემდეგ ტამპონმა სისხლი ვერ შეაჩერა და მოშუშების პროცესი არ დაიწყო, ბავშვი ოტორინოლარინგოლოგის პაციენტია. აუცილებელია ექიმის ჩარევა მაშინაც, როდესაც სისხლდენას თან ახლავს მოთენთილობა, დაბუჟების ან სიცივის შეგრძნება.

ცხვირიდან სისხლდენის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ბავშვებში ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანება მიიჩნევა. ეს შესაძლოა ტრავმითაც იყოს გამოწვეული – ბავშვები ხშირად ეცემიან, ჩხუბობენ, არ უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას. მათ ცხვირში ხშირად ხვდება უცხო სხეული – სათამაშოს დეტალი, კენჭი, საკვების ნარჩენი. ამ შემთხვევაში ექიმის დროული ჩარევა აუცილებელია.

ბავშვს ან მოზრდილს, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდის, უმეტესობა არასწორ პირველ დახმარებას უწევს – ავტომატურად ცდილობენ, თავი უკან გადააწევინონ ან „ზედმეტი სისხლის” გამოსადევნად ცხვირი მოხოცონ. ორივე მეთოდი სახიფათოა და გართულებებს იწვევს. თუ ბავშვს ბევრი სისხლი გადაეყლაპა, კუჭში გადაუვა და გულისრევას და ბრონქების ობსტრუქციას გამოიწვევს. უმჯობესია, გადაყლაპული სისხლი უკან გამოიდევნოს. ცხვირის მოხოცვა კი ხელს უშლის კოლტის წარმოქმნას და დეფექტის მიდამოს დაცობას. უმჯობესია, ადამიანი სისხლდენისას სწორ ზედაპირზე დავსვათ და თავი ოდნავ დავახრევინოთ, რათა სისხლმა ცხვირიდან იდინოს და საყლაპავში არ გადავიდეს.

ეპიტაქსისის დროს არ უნდა ავყვეთ პანიკას და ბავშვიც დავამშვიდოთ. სასურველია ცხვირთან ყინულის ან ცივი საფენის მიდება, პერანგის, საყელოს, ქამრის შეხსნა, სუფთა ჰაერით სუნთქვა. თუ სისხლდენა არ წყდება, 7-10 წუთით თითით მიაწექით ნესტოს, რომ ცხვირის ძგიდეს მიებჯინოს. ამ დროს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებზე ზეწოლა ხდება, წარმოიქმნება თრომბი და სისხლდენა წყდება. თუ არც ამან უშველა, ტამპონი გაჟღინთეთ ნაფტიზინით, ნაფაზოლინით ან სანორინით და ნესტოში ჩაუდეთ.

თუ ბავშვს გული წაუვიდა, ზურგზე დააწვინეთ, თავი გვერდზე მიუბრუნეთ და საავადმყოფოში წაიყვანეთ.

ორიენტირებული კითხვა. მეთოდის გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

0
ორიენტირებული კითხვა მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტთან მუშაობას გულისხმობს და მოიცავს კითხვის სამივე ფაზას: წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ.

პირველ ფაზაში მასწავლებელი აქტიურ როლს ასრულებს, რათა მოსწავლეები სათანადოდ მოემზადონ კითხვის დასაწყებად. ამ ფაზაში მოსწავლეები ააქტიურებენ წინარე ცოდნას, განიხილავენ ტექსტის მნიშვნელოვან ლექსიკურ ერთეულებს (სიტყვებს, ცნებებს, ტერმინებს), აყალიბებენ ტექსტის წაკითხვის მიზანს, დემონსტრირებისა და პრაქტიკული ვარჯიშის გზით ივითარებენ ეფექტური კითხვისა და გაგებისთვის საჭირო უნარებს. კითხვის პროცესში, მასწავლებლის მიერ დასმული კითხვების მეშვეობით, მოსწავლეები ცდილობენ გააკონტროლონ გაგების პროცესი. ამ ფაზაში ისინი მიმართავენ გაგებისთვის საჭირო ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა წაკითხულის შეჯამება, დასკვნის გამოტანა, კითხვების დასმა, ვარაუდის გამოთქმა და ა.შ. ასევე, ცდილობენ გაარკვიონ, რა ვერ გაიგეს სათანადოდ და როგორ არის შესაძლებელი გააზრებაში წარმოქმნილი ხარვეზების დაძლევა.

წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი უძღვება დისკუსიას, რომელიც მოცემული ტექსტის წაკითხვის თავდაპირველ მიზანზეა ფოკუსირებული.

ორიენტირებული კითხვის მეთოდი შემდეგი ძირითადი საფეხურების გავლას გულისხმობს:


1.        


შესავალი:

 

რა იცით ამ საკითხის შესახებ?

 

ვარაუდების გამოთქმა:

 

 

რას გეუბნებათ სათაური?

 

 

რას შეეხება ეს ტექსტი?

 

 

რატომ გგონიათ ასე?

 

რას გეუბნებათ ტექსტში მოცემული ილუსტრაციები?

 

რას მოგვითხრობს ეს ტექსტი? რატომ მიგაჩნიათ ასე?

 

ვარაუდის დასაბუთება ან მოდიფიცირება:

 

 

ახლა რას ფიქრობთ?

 

 

რას გრძნობთ და რატომ გაგიჩნდათ ეს განცდა?

 

შეგიძლიათ თუ არა, დაასაბუთოთ თქვენი ვარაუდი?

 

ხომ არ შეცვლით ვარაუდს?

 

რა მოხდება ამის შემდეგ? რატომ გგონიათ ასე?

 

გააზრება, რეფლექსია:

 

 

თქვენი ვარაუდის დასააბუთებლად რომელ ადგილს მოიშველიებთ
ტექსტიდან?

 

 

ორიენტირებული კითხვის მეთოდი ეხმარება როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებელსაც: მასწავლებელს ის საშუალებას აძლევს, ყველა დონის მოსწავლეს გაააზრებინოს და დაამუშავებინოს თუნდაც რთული ტექსტი; მოსწავლე გაკვეთილის ბოლომდე გატაცებულ მკითხველად რჩება.

ორიენტირებული კითხვა ხელს უწყობს მოსწავლეებს ტექსტის უკეთ გააზრებაში, უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას – ისინი სწავლობენ კითხვის დასმას, ვარაუდის გამოთქმას და არგუმენტირებულ მსჯელობას. ეს მეთოდი გამოიყენება როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე.

მაგალითად ავიღოთ ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი”.

მასწავლებელმა ტექსტი წინასწარ რამდენიმე ნაწილად უნდა დაყოს. მნიშვნელოვანია, ტექსტი გაწყდეს საკვანძო საკითხთან, რათა მოსწავლეებმა ივარაუდონ, რა მოხდება მომდევნო მონაკვეთში.

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი აკეთებს მოკლე მიმოხილვას ავტორის შესახებ (ეთმობა არა უმეტეს 5 წუთისა).

ამის შემდეგ მოსწავლეთა გამოწვევის მიზნით მან შეიძლება გამოიყენოს აქტივობა „ლექსიკური ერთეულებით ამბის შედგენა”: ტექსტიდან არჩევს 4-5 სიტყვას, რომლებიც ამოკრებილია შეძლებისდაგვარად ზუსტი ვარაუდების მისანიშნებლად, მაგრამ, ამავე დროს, არ ამჟღავნებს ნაწარმოების საიდუმლოს; ჩამოწერს ამ სიტყვებს დაფაზე (მაგ.: შვლის ნუკრი, ლეგა ფრინველი, ტყე, მონადირე, სისხლი) და სთხოვს მოსწავლეებს, 5 წუთის განმავლობაში შეთხზან პატარა ამბავი და შეურჩიონ სათაური. დავალება სრულდება ინდივიდუალურად ან წყვილებში. დრო რომ ამოიწურება, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, სურვილისამებრ, წაუკითხონ თავიანთი ნამუშევარი თანაკლასელებს. შეიძლება რამდენიმე ნამუშევრის წაკითხვაც (ეთმობა 7-10 წუთი). ამის შემდეგ მასწავლებელი ამცნობს მოსწავლეებს, რომ დღეს გამოიყენებენ „ვარაუდების სქემას”. სქემა დაფაზეა გაკრული და მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ის რვეულში გადაიხაზონ.

მეთოდის პრინციპის შესახებ მოსწავლეები წინასწარ არიან ინფორმირებულნი და იციან, რას მოიცავს თითოეული ფაზა, რას ნიშნავს „ვარაუდების სქემა” და როგორ უნდა იმუშაონ მასზე.

შემდეგ მასწავლებელი უკითხავს სათაურს: „შვლის ნუკრის ნაამბობი”, – და სთხოვს მოსწავლეებს დაფიქრდნენ, რაზე იქნება საუბარი ამ მოთხრობაში. მოსწავლეები ეტაპობრივად კითხულობენ ტექსტის თითოეულ მონაკვეთს და ავსებენ სქემას.

შეიძლება, მათ ასეთი მარტივი სქემაც შევთავაზოთ:

მონაკვეთები

როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?

რატომ გგონიათ ასე?

სინამდვილეში რა მოხდა?

სათაური

I მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ

II მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ

III მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ

IV მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ

ორიენტირებული კითხვის მეთოდი საშუალებას იძლევა, მივიღოთ ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნები და შედეგები, კერძოდ:

* მოსწავლე დამოუკიდებლად კითხულობს და ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს;
* გადმოსცემს მათ შინაარსს; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ;
* თხზავს და წერილობით გადმოსცემს სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტს;
* კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას;
* ავლენს თვითგამოხატვის სურვილს.

მანანა ბაქრაძე – მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

გამოყენებული ლიტერატურა:
1. საგამოცდო პროგრამა და დამხმარე ლიტერატურა (კრებულიდან: „როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის”. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2012)
2. სწავლება და შეფასება – დამხმარე სახელმძღვანელო (II), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2008.
3. ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2012

ვინ უნდა იზრუნოს მოსწავლეების კეთილდღეობაზე: მასწავლებლებმა თუ მშობლებმა?

0
არცთუ იშვიათად გვხვდებიან გარიყული ბავშვები, ვისაც მთელი კლასი უპირისპირდება. კლასელები ჰყვებიან, რომ ეს მოსწავლე მათ ცუდად მიმართავს, აგრესიულად ექცევა. ვის უნდა დაუჭიროს მხარი მასწავლებელმა: გარიყულ მოსწავლეს თუ კლასის დიდ ნაწილს?

გვხვდებიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც თავის თავში არიან ჩაკეტილნი. სამწუხაროდ, ლაპარაკობენ თვითმკვლელობაზე. იმის გამო, რომ კლასში დისციპლინას არ არღვევენ, ისინი უყურადღებოდ რჩებიან.

ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეები ხშირად შეუმჩნევლად სხედან კლასში. მასწავლებლის მოვალეობაა თუ არა, რომ შეამჩნიოს ისინი და დახმარების ხელი გაუწოდოს?

სკოლების მთავარი საზრუნავი მხოლოდ კარგი განათლების მიცემა აღარაა. მასწავლებლისგან მოითხოვენ კლასში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ბავშვი თავს ბედნიერად იგრძნობს. 

ბედნიერებად მიაჩნიათ კარგად ყოფნის გონებრივი და ემოციური აღქმა – კმაყოფილებიდან სიხარულის ძლიერ განცდამდე. ბედნიერების აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ბედნიერების უფლება სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებათა გვერდითაა  მოხსენებული. ფსიქოლოგი მარტინ ზელიგმანი თვლის, რომ ბედნიერებას მხოლოდ გარემო არ განაპირობებს. ადამიანი მაშინაა ბედნიერი თუ:

1.აქვს სიამოვნების განცდა (გემრიელი საჭმელი, თბილი აბაზანა და ა. შ.);

2.ჩართულია მისთვის საინტერესო საქმიანობაში;

3.აქვს კარგი ურთიერთობები (აღმოჩნდა, რომ სოციალური კავშირები ბედნიერების განცდის უმთავრესი ფაქტორია);

4.საკუთარ თავს მნიშვნელოვნად მიიჩნევს (მიკუთვნებულობის განცდა);

5.აქვს მიღწევები (მიაღწია მიზანს, მოახდინა საკუთარი თავის რეალიზაცია).

ბავშვმა შეიძლება ისწავლოს კონკრეტული საგანი, მაგრამ ბედნიერების სწავლა შეუძლებელია. რამდენად სასიამოვნო ცხოვრების პირობები აქვს მას, ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. სკოლამ შეიძლება შექმნას სასიამოვნო გარემო, სადაც ბავშვი მჩაგვრელებისგან იქნება დაცული, სადაც მას თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებენ. თუმცა სკოლის გარემოს გარეთ შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო ხდებოდეს.   

უარყოფითი ემოციები მოსწავლეებს მოტივაციას უკლავს. ამას მოსდევს დაბალი აკადემიური მოსწრება და მასწავლებლების საყვედურები, რაც მოსწავლეს კიდევ უფრო უკარგავს წარმოდგენას სკოლის მნიშვნელოვნებაზე. ემოციურად აშლილი მოსწავლეები დღევანდელ დღეზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე აბსტრაქტულ მომავალზე. კარგია, მათ თუ ვკითხავთ, რას აკეთებენ თავისუფალ დროს, გავამხნევებთ გაკვეთილზე და წარმოვაჩენთ მათ დადებით მხარეებს.

მოსწავლეებზე მშობლების ზეგავლენას შეიძლება გაუტოლდეს კიდეც ამხანაგების გავლენა. ამხანაგებისგან ხელნაკრავი მოსწავლეები უფრო მალე ბრაზდებიან უმნიშვნელო ამბებზე, რომლებიც მათში შფოთვას, დაუცველობის შეგრძნებას და შიშს იწვევს. ასეთი მოსწავლეები სიბრაზით, იმპულსურობითა და დაუმორჩილებლობით გამოირჩევიან. ჩვენ, მასწავლებლებს, მოგვეთხოვება კლასში ერთსულოვნების შექმნა. ამის ხელშესაწყობად გამოდგება თანამშრომლობითი სწავლება, საკლასო საზოგადოების შექმნა და ჩვენება, რომ ყველას შეაქვს დადებითი წვლილი ჯგუფურ მუშაობასა და კლასის საქმიანობაში.

მოსწავლეების 5 % დეპრესიას განიცდის. ისინი მუდმივად მოწყენილები არიან, ეკარგებათ ინტერესი იმ საქმიანობის მიმართ, რაც ადრე სიხარულს ჰგვრიდათ, ერღვევათ ძილი, ადვილად ღიზიანდებიან, ეკარგებათ ენერგია, აქვთ მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, დამნაშავედ მიაჩნიათ საკუთარი თავი, არ შეუძლიათ ყურადღების მოკრება, ფიქრობენ სიკვდილზე, ვერ გრძნობენ საკუთარი თავის მნიშვნელობას. ამ ემოციური დარღვევის დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანია მისი წარმატებით მკურნალობისთვის. საჭიროა ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის ჩარევა და მედიკამენტური მკურნალობა. მასწავლებლებმა ასეთი მოსწავლეების მიმართ ემპათია უნდა გამოვიჩინოთ ნაცვლად იმისა, რომ მოვთხოვოთ ქცევის შეცვლა საყვედურებითა და გულახდილი საუბრებით. ისინი ყველაზე მეტად თანაგრძნობას საჭიროებენ. უნდა განვახორციელოთ ისეთი საკლასო აქტივობები, სადაც მათი მონაწილეობა აუცილებელი იქნება და საკუთარ თავზე კარგ წარმოდგენას შეუქმნით.

დაძაბულ მოსწავლეებს უვითარდებათ სტრესი. ისინი უჩივიან მუცლის ან თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ტკივილს მკერდის არეში და მოითხოვენ ექიმთან წასვლას – განსაკუთრებით იმ გაკვეთილებზე, რომლებზეც მეტად ნერვიულობენ. ისინი ცდილობენ დაემალონ სკოლას. გამუდმებულად სტრესში ყოფნამ შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მშობლებთან თანამშრომლობა და ექიმის ჩარევა, რომელიც მოსწავლეს რელაქსაციის ტექნიკას და სტრესის შემცირების მეთოდებს ასწავლის.

აგრესიის ან დეპრესიის დასაძლევად არსებობს კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია. ყოველ მოქმედებას თან ახლავს საპასუხო რეაქცია. ადამიანი ვერ შეცვლის იმას, რაც ხდება მის გარშემო, მაგრამ შეიძლება შეცვალოს საკუთარი ქცევა.  მაგალითად, ბავშვს თანაკლასელები აბრაზებენ ზედმეტი სახელით. ბავშვი ამ სახელით მიმართვას აგრესიულად პასუხობს: თავს ესხმის მას, ვინც ეს უწოდა, ურტყამს და ა.შ. ასეთ ბავშვს უნდა ვასწავლოთ საკუთარი ქცევის მართვა. შეიძლება ძალიან სწყინდეს, მაგრამ ნაცვლად ჩარტყმის მიზნით გამოკიდებისა, აღარ გამოუდგეს მას, ვინც ცდილობს გააბრაზოს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ მომხდარის სხვანაირი ინტერპრეტაცია. 

იგივე ითქმის იმ მოსწავლეებზეც, ვინც ამბებს დრამატულად და სენტიმენტალურად აღიქვამენ. თუ მათ ასწავლიან, როგორ მოახდინონ მომხდარის ინტერპრეტაცია დადებითი მხრიდან, ისინი კარგად იგრძნობენ თავს. 

ამრიგად, თანამედროვე ფსიქოლოგიურ ცოდნაზე დაყრდნობით, ბედნიერება და კარგად ყოფნა არის დამოკიდებულება. დამოკიდებულების შეცვლა კი შესაძლებელია. ამ საკითხებზე მუშაობდა ფსიქოლოგი მარტინ ზელიგმანი, რომელმაც ჩაატარა გამოკვლევა ფილადელფიის ერთ-ერთი სკოლის მე-9 კლასის (14-15 წლის) მოსწავლეებთან. 

მისმა გუნდმა მოსწავლეების ერთ ნაწილს ასწავლა, რომ მათ გარშემო მომხდარი ამბებიდან ეფიქრათ მხოლოდ იმ ამბებზე, რომლებიც მათთვის კარგი იყო და ასევე იმაზე, როგორ შეეწყოთ ხელი, რომ მომხდარი კარგი ამბავი განმეორებულიყო. აღმოჩნდა, რომ ეს მოსწავლეები უფრო დიდ ინტერესს ავლენდნენ გაკვეთილებზე, უფრო მოტივირებულნი იყვნენ და იჩენდნენ ემპათიას სხვების მიმართ.

თუ ზელიგმანის გამოკვლევა ასეთი მნიშვნელოვანია, იქნებ სასწავლო კურიკულუმის ნაწილი გახდეს სკოლებში ბედნიერების სწავლება? ამ კითხვას დიდი გამოხმაურება მოყვა. 

მაგალითად, კლარე ჯარმი, ჰემპშირის ბადელეს სკოლის რელიგიისა და ფილოსოფიის კათედრის გამგე, წერს, რომ არც სკოლაა ამის სწავლების ადგილი და არც მასწავლებლები არიან ისინი, ვინც ბედნიერება და კარგად ყოფნა უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. როგორ უნდა მოსთხოვო მათემატიკის, გეოგრაფიის ან ხელოვნების მასწავლებელს, რომ მან მოსწავლეებს ასწავლოს, როგორ იგრძნონ თავი კარგად და დაფასებულად? ეს მათ შესაძლებლობებს და კომპეტენციას აღემატება. და თუ ამას თვით მასწავლებლები მოინდომებენ, მაშინ ისინი დილენტანტები აღმოჩნდებიან და ვერც საკუთარ პროფესიაში გამოავლენენ პროფესიონალიზმს. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ის, თუ რა საშუალებებით იგრძნონ თავი კარგად? ამისთვის მასწავლებლებს არც დრო გვაქვს და არც შესაბამისი ცოდნა. ჩვენ ვართ პედაგოგები და არა ფსიქოლოგები ან ფსიქოთერაპევტები.

ფილოსოფოსი, განმანათლებელი და კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ივან ილიჩი ცნობილი გახდა წიგნის “Deschooling Society”-ის გამოცემის შემდეგ. ამ წიგნში ის წერდა, რომ ინსტიტუციური ფასეულობები იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რასაც ბოლოს სავალალო შედეგი მოჰყვება. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ისეთი დიდი ფასეულობები, როგორიცაა, მაგალითად, ბედნიერება, შემცირდება, ჩარჩოებში მოექცევა და გახდება მატერიალური. ეს ღირებულებები დამახინჯდება, გახდება ამოუცნობი და ადამიანებს აღარ ექნებათ მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ისინი დაკარგავენ ავტონომიურობას და თავისუფლებას და გახდებიან ინსტიტუტებზე დამოკიდებულნი.

მარტინ ზელიგმანმა ჩაატარა შემდეგი გამოკვლევაც: ის მშობლებს სთხოვდა, ერთი-ორი სიტყვით გადმოეცათ, რა უნდოდათ ყველაზე მეტად საკუთარი შვილებისთვის და რას ასწავლიდნენ სკოლები მათ ბავშვებს.

გამოკითხვა ათასობით მშობელს ჩაუტარდა და მათი პასუხები ერთმანეთს დაემთხვა. ისინი ამბობდნენ, რომ შვილებისთვის ყველაზე მეტად უნდოდათ ბედნიერება, თავდაჯერებულობა, კმაყოფილება, მიღწევები, გაწონასწორებულობა, სიკეთე, ჯანმრთელობა, სიყვარული, ცივილიზებულობა, და ა.შ. მოკლედ, მათ უნდოდათ საკუთარი შვილების კარგად ყოფნა.

მეორე კითხვაზე კი უპასუხეს, რომ მათ შვილებს უნდა ჰქონოდათ მაღალი მიღწევები, კარგი განათლება, განვითარებული აზროვნების უნარი; უნდა მიეღწიათ წარმატებებისთვის, უნდა ყოფილიყვნენ ემპათიურნი, დისციპლინირებულნი; უნდა სცოდნოდათ მათემატიკა, შრომა და მისი ფასი; უნდა შესძლებოდათ ტესტების კარგად ჩაბარება და ა.შ. მათი წარმოდგენით, სკოლას მათი შვილებისთვის  სამუშაო ადგილისკენ მიმავალი გზა უნდა გაეკვალა.

ზელიგმანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ ორი კითხვის პასუხები ერთმანეთს არ გადაფარავს. ისინი მკვეთრად განსხვავებულია. მშობლებს შვილების კარგად ყოფნა მიაჩნიათ უმთავრეს პრიორიტეტად და სკოლისგანაც ამას მოითხოვენ. თუმცა განათლების სფეროს ზოგიერთი სპეციალისტი ამ მიზანის მიღწევას სკოლას არ უკავშირებს. მათი აზრით, თუ მშობლებს შვილების კეთილდღეობა უნდათ, ამაზე თვითონვე უნდა იზრუნონ. ინსტიტუტებისგან იმის მოთხოვნა, რაც მშობლებს უნდათ, გაუმართლებელია. თითქოს ცხადდება ივან ილიჩის წინასწარმეტყველება ფასეულობების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ.

ილიჩი სვამს კითხვას: თუ სკოლა აიღებს თავის თავზე მოსწავლეების ბედნიერებაზე, თავდაჯერებულობასა და კმაყოფილებაზე ზრუნვას, მაშინ რა როლი დარჩებათ მშობლებს? მასწავლებლების ხელში აღმოჩნდება ძალაუფლება, ისინი უფრო მეტ როლს იტვირთავენ, ვიდრე განმანათლებლობაა და იქცევიან მასწავლებელ-თერაპევტებად. ეს ყველაფერი გამოიწვევს მოსწავლის მასწავლებელზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

კლარე ჯერმი კი ასე აგრძელებს თავის სტატიას: ” სწავლება გულისხმობს ხალხთან ურთიერთობას და თუ მოსწავლე თავს უბედურად გრძნობს, მაშინ თითქმის (ან სრულიად) შეუძლებელი იქნება ცოდნის გადაცემა. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია ამის კარგი მაგალითია. ის ამბობს, რომ ადამიანებს აქვთ განსხვავებული მოთხოვნილებები და  ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს ყველაზე მთავარი მოთხოვნილება, რომ ადამიანმა მეორე საფეხურის მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს”.

ამ სქემის თანახმად, ადამიანის პირველი მოთხოვნილებაა არსებობისთვის საჭირო პირობები – ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (საკვების მიღება და ძილი). შემდეგია უსაფრთხო გარემოს შექმნა, მიკუთვნებულობის გრძნობა და სიყვარულის განცდა. შემდეგ მოდის საკუთარი თავის მნიშვნელობის შეგრძნება, დაფასება საზოგადოების მიერ. თუ ეს ოთხი საწყისი პირობა დაკმაყოფილებულია, მაშინ ადამიანი აღწევს ბოლო საფეხურს: ახდენს თვითრეალიზაციას. მართლაც, ბავშვი ვერ იქნება გაკვეთილში მთლიანად ჩაფლული, თუ მას ძილი ან საჭმელი აკლია, ასევე, თუ ეშინია მასწავლებლის ან კლასელების, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. მას ვერ ექნება მაღალი მიღწევები. როგორც ჩანს, მასწავლებლებმა ბავშვის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ბავშვის თვითრეალიზაცია ჰქვია.

მოსწავლეები დღის უდიდეს ნაწილს სკოლაში ატარებენ. მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა მასწავლებლების მოვალეობაა. ჩვენ მათ თავი ბედნიერად და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად უნდა ვაგრძნობინოთ. 

ბავშვობის გარემოცვა

0
მაშინ, როდესაც მოზარდებში მხოლოდ ფიზიკური ძალადობის  კონტროლსა და პრევენციას ეთმობა ყურადღება, აგრესიის გამოვლინება სხვა ფორმებს იღებს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს ახსოვდეთ, რომ ცუდი ბავშვები არ არსებობენ და რომ “მოძალადეები”, სინამდვილეში, ყველაზე დაუცველი მოსწავლეები არიან!   

1971 წელს სტენფორდის უნივერსიტეტმა აშშ-ის სამხედრო ფლოტის მიერ დაკვეთილი კვლევის განხორციელება დაიწყო. დამკვეთ ორგანიზაციას აინტერესებდა, რა იწვევდა ფლოტის საპატიმროებში ზოგი პატიმრის უჩვეულოდ აგრესიულ ქცევას: ფსიქოლოგიური პრობლემები, რაიმე ტიპის დარღვევები თუ სხვა რაიმე მიზეზი. კვლევის მიზანი იყო, გაერკვია, რამდენად ახდენს გარემო და სოციუმში დამკვიდრებული სტერეოტიპები და წარმოდგენები გავლენას ადამიანის აგრესიულ ქცევაზე. კვლევას ფსიქოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფილიპ ზიმბარდო ხელმძღვანელობდა. მან გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, სადაც მოდელირებულ ციხეში ორი კვირის განმავლობაში იცხოვრებდნენ ე.წ. “ზედამხედველები” და “პატიმრები”. ექსპერიმენტის შესახებ განცხადება ღიად, ადგილობრივ გაზეთებში განათავსეს. მოხალისეებს იმ დროისათვის სოლიდური დღიური ანაზღაურებაც შესთავაზეს. “ციხის” საკნები უშუალოდ სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში მოაწყვეს. საგულდაგულოდ შერჩეულმა, მდგრადი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის მქონე 24-მა მოხალისემ, ძირითადად ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კვლევის დასაწყისიდანვე იცოდნენ, რომ ექსპერიმენტის ფარგლებში ყველაფერი იმიტირებული იქნებოდა _ ციხის გარემოც და ამ “ციხეში” განაწილებული როლებიც. მონეტის აგდების შედეგად განისაზღვრა 12 “ზედამხედველი” და 12 “პატიმარი”. “პატიმარ” მოხალისეებს ტუსაღის სამოსი, ხოლო “ზედამხედველებს” შესაბამისი უნიფორმა, მუქი სათვალეები და ხელკეტები დაურიგეს, თუმცა მკაცრად გააფრთხილეს, რომ “პატიმრებზე” ფიზიკური ძალადობა სასტიკად ეკრძალებოდათ. დასაშვები იყო მხოლოდ ქილიკი და სიტყვიერი დამცირება. ამასთანავე, “პატიმრებს” სახელებით კი არ მიმართავდნენ, არამედ წინასწარ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრებით. 

ექსპერიმენტი ზუსტად 6 დღეში შეწყდა იმ მიზეზით, რომ “ზედამხედველები” განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ “პატიმრებს”. ზოგი ცნობით, კვლევის ხელმძღვანელს, პროფ. ზიმბარდოს გაუჭირდა იმის გაცნობიერება, რომ ძალადობა დროულად უნდა შეჩერებულიყო და დაჟინებით ითხოვდა ექსპერიმენტის გაგრძელებას. დამკვირვებელთა ორმოცდაათკაციან ჯგუფში ერთადერთ სტუდენტს გაუჩნდა ეჭვი, რომ ექსპერიმენტი კვლევის ფარგლებს გასცდა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ცნობილი ფსიქოლოგები უკიდურეს ძალადობას აკვირდებოდნენ და მას ხელს უწყობდნენ. ექსპერიმენტიც სწორედ ამ სტუდენტის დაჟინებით შეწყდა. 

მიხედავად იმისა, რომ აღნიშნული კვლევა არაეთიკურობით გამოირჩეოდა, მისი შედეგები დღემდე აქტუალურია და საფუძველს ქმნის ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესები, განაწილებული როლები და კლიშეები მეტწილად განაპირობებს ადამიანების ქცევას. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება, გარემო, ინსტიტუცია დასაშვებად ჩათვლის, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მისაღებია, დიდია ალბათობა, რომ ასეთი ტიპის ძალადობამ თავი იჩინოს. რაც უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ასეთ პირობას, შესაძლოა, სკოლაც ქმნიდეს. 

* * *

ცხადია, ზემოთ აღწერილი ექსპერიმენტი უტრირებულად წარმოადგენს სათქმელს. ისიც წარმოუდგენელია, რომ სკოლაში ძალადობას ვინმემ ხელი შეუწყოს, მაგრამ მოზარდთა შორის გამოვლენილი თუნდაც მსუბუქი აგრესიის უგულებელყობით ზრდასრულებმა, შეიძლება, აგრესიის გამძაფრება გამოვიწვიოთ. საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ სკოლაში მოზარდების ძალადობის მსხვერპლი ბავშვების 14%, როგორც წესი, თავად ხდება მოძალადე ზრდასრულობისას, ხოლო იმ მოსწავლეების 20%, ვინც აქტიურად ამცირებს თანატოლებს სკოლაში, დიდი ალბათობით ხვდება კრიმინალურ წრეში.  

დღესდღეობით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლაში მოსწავლეთა შორის ფიზიკური ძალადობის აღმოფხვრას. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ფორმით არ გამოიხატება. ხშირად მოსწავლეთა შორის ძალადობა ისეთ ფორმას იღებს, რაც სხვებისათვის რთული აღმოსაჩენია.
მოსწავლეები ხშირად ანაწილებენ/ინაწილებენ გარკვეულ როლებს, რომელთა ხმამაღლა დეკლარირება არ ხდება, მაგრამ კლასზე დაკვირვების შედეგად მარტივად გაარჩევ, ვინ არის ყველაზე პოპულარული გოგო/ბიჭი, ვინ არის ყველაზე სპორტული, ვისი ქმედებაა მისაბაძი, ვინ არის “ზუთხია”, ვისი გაბრაზება და გაღიზიანებაა ყველაზე მარტივი… მოსწავლეთა დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ სწორედ ამ დამკვიდრებული კლიშეების მიხედვით განისაზღვრება. მეტიც, მასწავლებლის უწყინარი ხუმრობა ან მითითება მოსწავლის განსაკუთრებულობის ან უჩვეულობის შესახებ, შესაძლოა, ამ მოსწავლის სხვებში გამორჩევის მიზეზი გახდეს. 

როლების განაწილებისას, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი საკუთარი ადგილის დამკვიდრებას სწორედ სხვებზე ძალადობით აღწევს. სხვა ბავშვები ამ აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან. 
რა არის ბულინგი?
ბულინგი სხვების მიმართ, დამცირებისა და დაშინების მიზნით, აგრესიის დემონსტრირებაა. ფსიქოლოგების განმარტებით, ბულინგი სოციუმში მისაღები ქცევის გადაჭარბებული ფორმაა. ბულინგის შემთხვევებს ხშირად სკოლაში ვაწყდებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეებს საზოგადოებისათვის საკუთარი მნიშვნელობისა და საჭიროების დემონსტრირება უწევთ.

თანატოლების აგრესიის მსხვერპლი ხშირად ის მოსწავლეა, რომელიც მკვეთრად გამოირჩევა სხვებისაგან. გამორჩეულობა შეიძლება იყოს ფიზიკური მახასიათებელი ან უჩვეულო ქცევა. რიგ შემთხვევაში, ბულინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს ის მოსწავლეც, რომელიც ყველაზე კარგად სწავლობს და ზედმიწევნით მოწესრიგებულია. ასეთ მოსწავლეებს თანატოლები ზოგჯერ “ზუთხიას” და ათას უცნაურ იარლიყს აკრავენ. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ საკლასო გარემოში, სადაც მასწავლებელი სწორად უხსნის მოსწავლეებს სწავლის აუცილებლობას და განათლებას მათ მომავალ წარმატებულ ცხოვრებას უკავშირებს, ნაკლებად სავარაუდოა, ფრიადოსნები გააქილიკონ. იქ, სადაც მასწავლებელი არა მხოლოდ დასწავლის პროცესს ახალისებს, არამედ პოზიტიურ გარემოს ქმნის კრიტიკული აზროვნებისა და ღია მსჯელობისათვის, კარგი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ ბავშვებად ითვლებიან. 

გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რამდენად მედგრად შეხვდება აგრესიას მოსწავლე. ბულინგის მსხვერპლი, როგორც წესი, ის მოზარდია, რომელიც თანატოლების აგრესიაზე ადვილად ღიზიანდება და ბრაზდება. სწორედ ამიტომ მოძალადე მოსწავლეებს “ამოჩემება” სჩვევიათ და მუდმივად ერთსა და იმავე “სისუსტეზე” უთითებენ. ასეთი მუდმივი დამცირების საშუალებად მოზარდები ხშირად ვირტუალურ სივრცესაც იყენებენ. ბულინგი არ ხორციელდება მხოლოდ სკოლაში, მოსწავლეების პირისპირ ურთიერთობისას. დღესდღეობით ბულინგი უფრო ხშირად სოციალურ მედიაში ხორციელდება. მასწავლებლებსა და მშობლებს, შესაძლოა, უწყინარ ხუმრობად მოეჩვენოთ აგრესიული ტონით დაწერილი შეტყობინებები და უხამსი კომენტარები, რომლებსაც მოზარდი თანატოლებისგან იღებს, მაგრამ ეს იმ ტიპის დამცირებაა, რაც, შესაძლოა, ფიზიკურ ძალადობაზე მავნე იყოს. გარდა იმისა, რომ სოციალურ მედიაში არასასურველი შეტყობინებების ბლოკირება და წაშლა შეიძლება, მნიშვნელოვანია, უფროსებმა მეტი ყურადღება დაუთმონ მოზარდებს და მიღებულ სტრესთან გამკლავებაში დაეხმარონ. 

საინტერესოა ისიც, რომ ბულინგზე მსჯელობის დროს უფრო ხშირად აგრესორად და მსხვერპლად ბიჭებს მოვიაზრებთ. მოზარდ გოგონებს ხშირად მეტად სჩვევიათ გარკვეულ სეგრეგირებულ ჯგუფებში გაერთიანება, ვიდრე ბიჭებს. ასეთ ჯგუფებში გოგონები წინასწარ განსაზღვრული შეხედულებების მიხედვით ნაწილდებიან. თინეიჯერობის ასაკში მათ აქვს თავისებური წარმოდგენა სილამაზეზე, ჩაცმისა და ქცევის წესებზე. დამკვიდრებული ნორმიდან მცირე გადახვევის შემთხვევაში კი გოგონები ქილიკობენ იმ თანატოლზე, რომელიც ამ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. დამამცირებელი ქცევის შესაცვლელად მასწავლებლებმა და მშობლებმა მოზარდებს უნდა გაუღვივონ ემპათიის გრძნობა, რაც მათ საკუთარი აგრესიის გაცნობიერებასა და მართვაში დაეხმარებათ. 
როგორ ვებრძოლოთ ბულინგს? 

მშობლები და მასწავლებლები ხშირად შეცდომით მიიჩნევენ, რომ მოსწავლე ვალდებულია, თავად მოაგვაროს ურთიერთობა თანაკლასელთან, ვინც მას ჩაგრავს და აწვალებს. ცხადია, პირდაპირი ჩარევითა და მოძალადეების გაკიცხვით პრობლემა არ გადაიჭრება. პირიქით, ეს დაჩაგრული ბავშვის მეტ სტიგმატიზაციას შეუწყობს ხელს. მაგრამ პრობლემის უგულებელყოფით ჩვენ მხოლოდ ძალადობის გამძაფრებას ვუწყობთ ხელს. როგორც აღვნიშნეთ, მოსწავლეთა შორის ძალადობა დომინანტურია მაშინ, როდესაც მოზარდები თვლიან, რომ საზოგადოებისათვის მათი ქცევა მისაღებია. 

მოსწავლეთა შორის აგრესიის შემჩნევა არცთუ ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. კვლევა და დაკვირვება ცხადყოფს, რომ მოსწავლეები, როგორც წესი, უფროსების თვალწინ სხვების ჩაგვრასა და დამცირებას ერიდებიან. თუმცა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მასწავლებელი ამჩნევს მოსწავლის აგრესიულ ქცევას, არ არის რეკომენდებული პირდაპირი მითითება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსწავლემ აღიაროს საკუთარი ცუდი საქციელი. უფრო ხშირად, ის თავს დაიძვრენს ფრაზით: “მას, გავეხუმრე!” მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლეებისთვის პოზიტიური გარემოს შექმნაში. “მოძალადე” ბავშვები სინამდვილეში ყველაზე დაუცველები, არარეალიზებულები და დაბნეულები არიან. მათი არჩევანი, დაჩაგრონ სხვა, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია ვერ იპოვეს სასკოლო თუ საკლასო გარემოში. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლესთან საუბრისას მისი დადებითი თვისებები და უნარები წარმოაჩინოს, უფრო მნიშვნელოვან ღირსებებზე მიუთითოს, ვიდრე სუსტების დამცირებაა; მაგალითად, ხშირად სთხოვოს დახმარება კლასში როლების ან რესურსების განაწილებისას, საჯაროდ გაუსვას ხაზი მის აკადემიურ ან სპორტულ მიღწევებს, მიუთითოს, რომ კლასში პოპულარობის მისაღწევად სხვა გზებიც არსებობს. ასევე, მასწავლებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს წარმოაჩინოს თანატოლების მიერ დაჩაგრული ბავშვების გამორჩეულობა.  
რით ვერ გავუმკლავდებით ბულინგს?

საერთაშორისო პრაქტიკამ ცხადყო, რომ მოძალადე მოსწავლეების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით პრობლემის გადაჭრა ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგალითად, აგრესიული მოსწავლის სკოლიდან გარიცხვით ან სხვა ტიპის სასჯელის დაკისრებით მისი ქცევა არ შეიცვლება. პირიქით, მას შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ძალადობაზე (სხვა მოსწავლეების დამცირება, ბულინგი) ყოველთვის უპასუხებენ ძალადობით (სკოლიდან გარიცხვა, საჯარო დამცირება, დასჯა). შესაბამისად, ის ჩათვლის, რომ ისევ ძალადობაა ყველა პრობლემიდან გამოსავალი. 

ასევე ნაკლებად ეფექტურია კონფლიქტურ სიტუაციაში უფროსების (მშობლებისა და მასწავლებლების) პირდაპირი ჩარევა, კონფლიქტში მყოფ ორივე მოზარდთან ერთდროულად საუბარი. ასეთ შემთხვევაში ისევ ხდება იმის ხაზგასმა, რომ ერთი მოსწავლე მოძალადეა, ხოლო მეორე _ ჩაგრული და მსხვერპლი, რაც საზოგადოებაში უკვე დამკვიდრებული როლების განმტკიცებას ემსახურება. 
* * *
და ბოლოს, შესაძლოა, მოზარდებს შორის აგრესიაზე საუბრისას ციხის ექსპერიმენტის მაგალითის მოხმობა ზედმეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც პროფ. ზიმბარდოს ჰკითხეს, რამ უბიძგა მას, თავისი პროფესიული ინტერესები ადამიანთა შორის ძალადობის კვლევისათვის დაეთმო, მან მოკლედ უპასუხა: “ჩემი ბავშვობის გარემოცვამ!” 

ქალური საკითხავი ანუ რჩევები ლიდერი ქალის აღსაზრდელად (მეორე ნაწილი)

0
ამჟამინდელი ოჯახი _ მეუღლე/პარტნიორი

გამოკითხულ ქალბატონთაგან თითოეულს  სრულიად თანასწორუფლებიანი ოჯახი აქვს, იგი და მისი მეუღლე თანაბრად იყოფენ საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობებს, რაც ორივე მათგანს  აძლევს საშუალებას ერთნაირი ძალისხმევით განვითარდნენ პროფესიული თვალსაზრისითაც:

 ,,მადლობა ღმერთს, ჩემი პარტნიორი გულისხმიერად მექცევა. ისე ნუ გამიგებთ, რომ მუდამ ყველაფერში ერთ აზრამდე მივდივართ. უბრალოდ, ვინაწილებთ ყველა პასუხისმგებლობას.”

თითქმის ყველა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორის მხარდაჭერის გარეშე ასეთ კარიერას ვერ მიაღწევდა:
,,ამას ყოველთვის ვამბობ. მინდა ყველასთვის აშკარა იყოს. მე ვერაფერს შევძლებდი ასეთი გულისხმიერი და მზრუნველი პარტნიორი რომ არ მყოლოდა.”

ზოგიერთი იმასაც აღნიშნავს, რომ პარტნიორმა მას თავისი კარიერა შესწირა:
,,იგი უბრალოდ საოცარი მეუღლეა, არასოდეს უფიქრია, რომ მე შეიძლებოდა ჩემს გეგმებზე უარი მეთქვა, მაშინ, როდესაც თავად გვერდზე გადადო თავისი გეგმები. პირიქით, იგი მუდამ კომპრომისზე მიდიოდა ჩემი გულისთვის.”

6. დედობა

თანაბარი პარტნიორული ურთიერთობები წარმატებულ ქალებს ასევე დაეხმარა  დედობისა და კარიერის ერთმანეთისათვის შეთავსებაში. ცოდნა იმისა, რომ მათი არყოფნის დროს მათი მეუღლე რჩებოდა და ზრუნავდა ბავშვებზე,  შვებას ჰგვრიდათ:

,,ჩემი პარტნიორი დიდებულად უვლიდა ბავშვებს. ეს მნიშვნელოვანი და ძალიან იშვიათი ხელშეწყობაა. იგი ოთხ ან ხუთ საათზე მოდიოდა შინ და ჩემზე გაცილებით მეტი დრო ჰქონდა..”

თუმცაღა კვლევის ზოგიერთი ცდისპირი ქალბატონი იხსენებს იმ შინაგან კონფლიქტსა და სინდისის ქენჯნას, რომლებიც მათ დედობრივი და პროფესიული მოვალეობების შეუთავსებლობის გამო აწუხებდათ. მიუხედავად ამისა, ისინი ახერხებდნენ გონივრული გამოსავლის პოვნას:

,,შეიძლება ცრემლები მოგაწვეს, ათასში ერთხელ შეიძლება ატირდე კიდეც იმაზე ფიქრისას, თუ რა ,,ცუდი დედა” ხარ, მაგრამ შემდეგ იპოვი სწორ გზას, მაგალითად, მე ჩემს შვილებს ჩემი სამუშაოს თანამონაწილეებად ვაქცევდი, ისე, რომ ისინი ამაყობდნენ ამითი.”

გარდა ამისა, მათ ურჩევნიათ ყურადღება გადაიტანონ იმ სარგებელზე, რომელსაც მათი შვილები წარმატებული დედებისაგან იღებენ:

,,როდესაც ბავშვები პატარები იყვნენ, რასაკვირველია,მათ ბევრი რამ დააკლდათ, მაგრამ მე ამ სიტუაციიდან გამომიყვანა ფიქრმა, რომ ამის გამო დღეს უფრო დამოუკიდებელნი არიან.”

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ქალს არ სტანჯავდა დანაშაულის გრძნობა, ზოგიერთი მათგანი პოულობდა იმ თვალსაზრისს, რომელიც მათ დააშაულის შეგრძნებისაგან ათავისუფლებდათ და აძლევდათ საშუალებას, სინდისის ქენჯნაზე მაღლა დამდგარიყვნენ:

,,მე მგონი, ბევრი დედა საუბრობს სინდისის ქენჯნაზე, მაგრამ მე არასოდეს მიგრძვნია თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ სახლში იშვიათად ვიყავი ხოლმე… არასოდეს. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო.”

,,თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. არ ვგრძნობ, რადგან საამისო მიზეზი არ მაქვს. ვიხსენებ ჩემს მეგობრებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ სხვა რამეებით და მჯერა, რომ მათზე ათასჯერ მეტად ვიყავი ჩართული ჩემი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში.”

7. საფასური

ქალების უმეტესობა საუბრობს ის საზღაურზე, რომლის გადახდამაც  წარმატების სანაცვლოდ მოუწიათ.
უმეტესობისა თვლის, რომ მთავარ წინაპირობა მათი კარიერული წინსვლისა სწორედ ის იყო, რომ ისინი მზად იყვნენ გარკვეული საფასური გადაეხადათ.

,,ჩემი აზრით,  კომპრომისებზე წასვლის მზაობა მათ, ვინც მწვერვალზე არიან, განასხვავებს მათგან, ვინც იქ ვერ მოხვდა.”

ზოგიერთი მათგანი ასახელებს ის საფასურს, რომლის გადახდაც მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის მოუწია: დაქანცულობა, დროის ნაკლებობა საკუთარი თავისთვის, ოჯახისა და მეგობრებისთვის:

,,თუ დედაც ხარ, მოგიწევს ფეხით ბავშვის საწოლი არწიო, ცალი ხელით კვერცხი თქვიფო, ხოლო მეორეთი _ ტელეფონი გეჭიროს და თანამშრომლებს ესაუბრო.”

,,საფასური, რასაც აქტიური სოციალური ცხოვრებისთვის იღებ, არის დრო, რომელიც უნდა მოხმარებოდა შენს გართობას, წიგნების კითხვას და სხვა სასიამოვნო საქმიანობას.”

,,შენ მზად უნდა იყო გადაიხადო ეს მძიმე და მტკივნეული საფასური [სახლში ხანგრძლივი დროით არყოფნა]. ვინც ამას ვერ მოახერხებს, გული უცრუვდება და შუა გზაზე ტოვებს საქმეს.”

მათი რეკომენდაციები

ინტერვიუს ბოლოს მკვლევრებმა სთხოვეს თითოეულ ქალბატონს, გამოეთქვათ თავიანთი შეხედულება, თუ როგორ შეიძლება ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა საზოგადოებრივი ძალაუფლებისა და ზეგავლენის მქონე სტრუქტურებში.

ზოგიერთმა მათგანმა ისაუბრა, ფართო სისტემურ ცვლილებებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ქალის როლის გასაზრდელად:

,,პოლიტიკური სფერო რომ უფრო თანასწორი იყოს, უფრო ლმობიერი ქალებისადმი, მე მგონი, უფრო მეტ ქალს ვიხილავდით სისტემაში.”

,,უნდა მოხდეს სისტემური ცვლილებები, რომლებიც ქალს მისცემს საშუალებას გონივრულად შეუთავსოს ერთმანეთს ოჯახი და კარიერა.”

ქალი ლიდერების აღზრდა მომავალ თაობაში

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც მრავალ ინტერვიუში გამოიკვეთა, ქალი ლიდერების აღზრდის საკითხს შეეხებოდა:

,,კარგი იქნებოდა, ქალებისათვის ჩაგვეტარებინა რაც შეიძლება მეტი ვორქშოპი… რომლებიც მათ პოლიტიკურ ასპარეზზე  გაუხსნიდათ გზას”;

,,მე მჯერა პოტენციური ქალი ლიდერების ძებნის იდეის… უნდა შევქმნათ, ვმართოთ და გავაღრმავოთ შესაძლებლობები, ამაშია გასაღები.”

,,დაარწმუნეთ ქალები თქვენ გარშემო, რომ მათ ეს შეუძლიათ და თვითონ იპოვიან მიზნის მიღწევის თავიანთთვის შესაფერის გზას.”

,,პირველი რამ, რასაც მე გოგონებს ვეუბნები, არის, რომ არ დანებდნენ და სწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების. ჩემი აზრით, წარმატება მიზანმიმართულობისა და შეუპოვრობის პირმშოა.”
,,მე ვეუბნები მას… იყავი მეოცნებე, გამბედავი და ჩაეჭიდე ყველა შესაძლებლობას, რომელსაც ცხოვრება შემოგთავაზებს.”

კვლევის შედეგები

ყველაზე მთავარი აღმოჩენა იყო ის, რომ ლიდერ ქალებს ახასიათებთ ანდროგენულობის უფრო მაღალი მაჩვენელი, ვიდრე _ დანარჩენ ქალებს;

მათ უპირატესად ახასიათებთ თვისებები, რომელსაც სოციუმი ,,მასკულინურად” და ,,არაფემინურად” მიიჩნევს.
ყველაზე წარმატებულ ქალებს აქვთ ამბიციურობის, ლიდერობის, თავდაჯერების, დამოუკიდებლობისა და ა.შ. მაღალი დონე;

ისინი დიდად არ განსხვავდებიან სხვა ჯგუფის ქალებისაგან ე.წ. ,,ქალური თვისებებით”, მათაც ახასიათებთ მგრძნობიარობა, გულჩვილობა, დიპლომატიურობა და სითბო.

ლიდერი ქალებისაგან განსხვავებით, სხვა ჯგუფის ქალების დიდი უმრავლესობას (75%) არ აქვს თანაბარუფლებიანი ოჯახი.

მნიშვნელოვანი კორელაცია აღმოჩნდა ოჯახში შრომის თანაბარი განაწილების კოეფიციენტსა და ქალების თანამდებობრივ წინსვლას შორის.

რაც უფრო დიდია თანასწორობის ხარისხი ოჯახში, მით უფრო მეტადაა ქალი კონცენტრირებული სამუშაოზე.
დასკვნები და რეკომენდაციები ორგანიზაციულ დონეზე

ორგანიზაციებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეუწყონ ხელი ქალების როლის გაზრდას, თუკი მოიძიებენ პოტენციურ ლიდერებს და დაუნიშნავენ მათ ხელმძღვანელებს, რომლებიც უმაღლესი საფეხურებისაკენ გაუკვალავენ გზას.

აღიარებენ იმ წვლილს, რომელიც ორგანიზაციის მუშაობაში შეაქვს მხოლოდ ქალებისათვის დამახიასიათებელ მენეჯერულ მიდგომებს, დაინახავენ წარმატებისაკენ გადადგმულ მათ ნაბიჯებს და დააჯილდოვებენ ქალებს; ისე დაარეგულირებენ კარიერული წინსვლის პირობებს ქალებისა და კაცებისათვის, რომ მათ შეძლონ ოჯახისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება და პასუხისმგებლობის განაწილება.

დასკვნები და რეკომენდაციები პიროვნულ დონეზე

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრაქტიკულად ლიდერი ქალები ორიენტირებულნი არიან არა ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებაზე, არამედ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაზე, ქალები უნდა წავახალისოთ, რომ იყვნენ საუკეთესოები, ყურადღება გაამახვილონ პროცესზე და არა _ საბოლოო შედეგზე.
მოვუწოდოთ ქალებს, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავისა და არჩევნის.

წავაქეზოთ ქალები აირჩიონ პარტნიორი, რომელიც თანაბრად შეეშველებათ მათ ოჯახური მოვალეობების შესრულებაში;

მომუშავე დედები უნდა დაფიქრდნენ იმ სარგებელზე, რომელსაც მათ შვილებს დედის წარმატებული კარიერა უქადის, ამგვარად ისინი არა მხოლოდ გათავისუფლდებიან დანაშაულის გრძნობისაგან, არამედ კმაყოფილებასაც იგრძნობენ თავიანთი მიღწევების გამო.

დასკვნები და რეკომენდაციები 

ვეცადოთ გოგონებს ჩამოუყალიბდეთ ანდროგენული პიროვნული მახასიათებლები, ამისთვის საჭიროა შესაბამისად აღვზარდოთ ისინი;

ასევე უნდა გავაძლიეროთ მათში ფემინისტური იდენტობის შეგრძნება;

იმის გათვალისწინებით, რომ ძლიერი დედები მნიშვნელოვან როლურ მოდელს წარმოადგენენ ქალიშვილებისათვის, დედებმა უნდა იღვაწონ საკუთარი თავებისა და ქალიშვილების გაძლიერებისათვის;

წავახალისოთ გოგონები რომ იოცნებონ, ჰქონდეთ მიზნები და არასოდეს უღალატონ თავიანთ მისწრაფებებს.
თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ანა კოპალიანმა
 

Hello, Barbra! (ნაწილი II)

0
60-იანი წლების დასაწყისში ბარბრა მშობლიურ სახლს ტოვებს. მისი კარიერა მანჰეტენის სხვადასხვა კლუბებში სიმღერით დაიწყო. პარალელურად კასტინგებში მონაწილეობდა. ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში გამარჯვების შემდეგ სტრეიზანდი ღამის კლუბში მომღერლად აიყვანეს. ამ სასაცილო გოგონამ კარიერის დასაწყისში თავის წარსადგენად ორიგინალური სცენური სახე მოიფიქრა: წითურთმიანი ქუდი, ეგზოტიკური მოკაზმულობა, მკვეთრი კოსმეტიკა, ექსტრავაგანტული სიმღერები, სცენაზე ექსცენტრული საქციელი და ამასთან კონტრასტში უნიკალური ჟღერადობის დიდებული ხმა… ეს ყველაფერი მაყურებელზე გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა.

თავიდან, როგორც მომღერალი, ბარბრა ჯაზურ ნაწარმოებებს მიეძალა. მომდევნო წლებში კი რეპერტუარის უდიდეს ნაწილს პოპ კომპოზიციები შეადგენდა მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში როკ მუსიკა იწყებდა ბატონობას. მალევე, 1962 წელს ხმის ჩამწერმა უმსხვილესმა კომპანიამ 20 წლის ბარბრასთან კონტრაქტი გააფორმა. ერთ წელიწადში გამოვიდა სადებიუტო ალბომი „The Barbra Streisand Album”, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომისთვის და საუკეთესო ვოკალისთვის პრემია „გრემი” დაიმსახურა. 

ამავე წელს ბარბრამ ეპიზოდური როლი მიიღო ბროდვეის ერთ-ერთ სპექტაკლში, ხოლო ორი წლის შემდეგ მთავარი როლი მიუზიკლში „სასაცილო გოგონა”. ახალი შოუს „სასაცილო გოგონას” რეპეტიციებზე სრულად გამოვლინდა ბარბრას ბრწყინვალე შემოქმედებითი ინდივიდუალობა. აღფრთოვანებული ცნობილი რეჟისორი ჯერომ რობინსი აღნიშნავდა: „ბარბრასთან მუშაობა ძალზე რთულია, რადგან ბევრი მავნე ჩვევა აქვს. მაგრამ მე არასოდეს მომისმენია ასე ვინმე მღეროდეს”. უშუალოდ ამ მიუზიკლის რეჟისორი გარსონ კენინი კი აცხადებდა: „პირველი რეპეტიციიდანვე ცხადი გახდა, რომ სტრეიზანდი თეატრის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. ის ანგელოზია, გენიალური ქალი, რომელიც მუდამ გულუბრყვილო გეჩვენება”.

ლირიკული  სიმღერა „People” (კომპ. ჯულ სტაინი), გაჟღერებული ბარბრას მიერ, უმალ ჰიტად გადაიქცა. მან სცენაზე შთამბეჭდავი, მსუბუქი იუმორით გამსჭვალული სახე შექმნა. მაყურებელი ხარხარებდა, მხოლოდ ბარბრას არ ჰქონდა საქმე სასაცილოდ! ეს მისი როლი კი არა, თვითონ იყო – გრძელცხვირა, მოუქნელი სასაცილო გოგონა, რომელსაც დიდება და სიყვარული ძალიან სჭირდებოდა. პრემიერაზე აღფრთოვანებულმა პუბლიკამ ბარბრა „ბისზე” 23-ჯერ გამოიძახა. 

ბარბრა ფონოგრამის შესახებ: „სასწაულად რთულია ფონოგრამაზე სიმღერა, რადგან უნდა გავიხსენო თვეების წინ როგორ და რა გრძნობით ჩავწერე. თან პირი ზუსტად ავაყოლო მაშინ, როცა სიმღერა აბსოლუტურად მიტაცებს  და კონტროლს ვკარგავ ამ ყველაფერზე. მე ხომ ყოველ ჯერზე სულ სხვადასხვაგვარად ვმღერი”.

რაც შეეხება „სასაცილო გოგონას” კინოვერსიას, რომელიც ეკრანებზე 1968 წელს გამოვიდა, ყოვლად უცნაური ისტორია უძღოდა წინ. სტუდიაში „Columbia Pictures” ცნობილი ჰოლივუდის რეჟისორი-დესპოტი უილიამ უაილერი მუშაობდა. ის მთავარი როლის შესარჩევად ქასთინგს ატარებდა აღნიშნული მიუზიკლისთვის. ასობით ლამაზმანმა გაიარა რეჟისორის თვალწინ. დაღლილი უილიამი სასტიკად ბრაზობდა და ილანძღებოდა, ხოლო დაქანცული ასისტენტები იმ დღეს წყევლიდნენ, როდესაც ამ საქმეს მოკიდეს ხელი. ფილმის წარმატების 80% მთავარი როლის შემსრულებელზე იყო დამოკიდებული და ეს იმას ნიშნავდა, რომ მთავარი გმირი იდეალური უნდა ყოფილიყო, ანუ ისეთი, როგორსაც რეჟისორი თავის წარმოდგენაში ხედავდა.

პრეტენდენტებს მეორე მთავარი გმირის შემსრულებლისთვის (ომარ შარიფი) ისე უნდა ეკოცნათ, რომ დესპოტ რეჟისორს მოსწონებოდა. ამის მსურველი გოგონები ულამაზესი სამოსითა და ტუჩზე მბრწყინავი პომადით თვინიერად იდგნენ რიგში. თითოეული მათგანი ცდილობდა დაუვიწყარი ჰოლივუდური კოცნის განსახიერებას. ამ დროს სექს-სიმბოლო ომარ შარიფი მთავარ მსხვერპლს მშვიდად და ცივსისხლიანად ელოდა. კონვეიერი დაუღალავად მუშაობდა, უკმაყოფილო და გადაღლილი რეჟისორი კი ნერვულად გაიძახდა: „ეს ის არ არის. ეს ის არ არის”. 

მოწყენისა და ერთგვაროვნებისგან მთვლემარე უილიამსი კულისებიდან ხმაურმა და ლანძღვა-გინებამ გამოაფხიზლა. ასისტენტმა რეჟისორს მოახსენა, რომ ვიღაც მაღალ ქუსლებზე შემდგარი მოუქნელი გოგონა ფარდაში გაეხვა. უილიამსმა თავი დააქნია და თქვა: – „შემდეგი”. შემდეგი შემოვიდა და ისევ საშინელი ყვირილი გაისმა. ამჯერად ეს ომარ შარფი იყო, რომელიც ბოლო ხმით ყვიროდა – „მომაშორეთ ეს ისტერიჩკა”. ომარს ნაკბენი ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ხოლო მოუქნელ გოგონას ხუთი მომსახურე პერსონალი ვერ ერეოდა… ის ფეხებს აბაკუნებდა, მუშტებს იქნევდა და საშინლად იგინებოდა. „ო პაააა”, ეს არის, რაც მჭირდება!” – ჩაილაპარაკა რეჟისორმა – „მგონი თქვენ ერთმანეთს კარგად შეეწყობით, ჩემო შვილებო” და მთავარი როლის შემსრულებელი ნაპოვნი იქნა. ეს სკანდალური გოგონა ბარბრა სტრეიზანდი იყო. ამ ფილმმა სტრეიზანდის პირად კოლექციას პირველი „ოსკარი” მოუტანა. 

გაოცებული გრიმიორები და კოსტიუმერები ბარბრას ასე ახასიათებდნენ: „რა ცუდად გამოიყურება… გაღუნულფეხებიანი მოხრილი ზურგით, მაგრამ ამას რა უჭირს, გრძელი კაბით შესაძლებელია მათი დაფარვა. მაღალ ქუსლებზე სიარულიც არ შეუძლია. ოი, ჩაცმულობა! უფრო საცოდავს ვერაფერს მოიფიქრებდა კაცი. მაგრამ სახეეე… ამ გრძელი ცხვირის მოშორება რომ შეიძლებოდეს. პირში მუდმივად საღეჭი რეზინი აქვს, რომელსაც მიკროფონს დაუფიქრებლად აწებებს. ხარხარებს როგორც ცხენი! ილანძღება და ცხვირს სახელოებით ისუფთავებს”. 

სტრეიზანდის ფენომენი ყველაზე უკეთ ულამაზესმა და ქალების მიერ განებივრებულმა ომარ შარიფმა აღწერა: „თავიდან მახინჯი მომეჩვენა, მაგრამ შთაბეჭდილება თანდათან გამიქარწყლდა. ბოლოსდაბოლოს მისი ტალანტი და თვითონ სიგიჟემდე შემიყვარდა”. ამ სიტყვებს უამრავი მამაკაცი გაიზიარებდა (უ. ბიტტსი, რ. გირი, ს. სტილბერგი, ლ. ნისონი, რ. ბარტონი, ე. პრესლი, რ. ბასკეტი. ბარბრას გამო კანადის პრემიერ–მინისტრი მზად იყო თანამდებობაზე უარი ეთქვა. პრინც ჩარლზისთვის და აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონისთვისაც ბარბრა ზედმეტად მომხიბლავი აღმოჩნდა).  

საყოველთაო აღიარება ბარბრას პირველივე მიუზიკლმა მოუტანა. ნიუ-იორკი დაპყრობილია ებრაელი უშნო გოგონას მიერ ისევე, როგორც ბარბრას პირველი მეუღლე ელიოტ გულდი. ამ სიმპათიური მამაკაცისგან შეეძინა ვაჟი, დღეს ცნობილი მსახიობი. 

1998 წელს 56 წლის ჭირვეული ბარბრასთვის ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა ის ერთადერთი მამაკაცი (რეჟისორი და მსახიობი ჯეიმს ბროლინი), რომელმაც დაუმორჩილებელი ჰოლივუდის ექსტრავაგანტული ქალბატონი უერთგულეს მეუღლედ აქცია. 

*** 
ბარბრას ეკითხებიან: „მომღერალი ხარ, რომელიც თამაშობს, თუ მსახიობი, რომელიც მღერის?” 

ბარბრა ასე პასუხობს: „მსახიობი, რომელიც მღერის. მე ხომ არასდროს მიფიქრია მომღერლობაზე. ყოველთვის კლასიკურ თეატრზე ვოცნებობდი. არსებობისთვის ბრძოლა მიწევდა, რის გამოც ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ამ გამარჯვებამ საბოლოოდ განაპირობა ჩემი მომღერლობა”.

ბარბრა სტრეიზანდს დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ. ჯიუტმა, შეუპოვარმა და გამბედავმა ბარბრამ შეძლო უარის, უნდობლობის, სკეპტიციზმის, გულგატეხილობისა და სხვა უამრავი დაბრკოლების გადალახვა. ბარბრა კანონებისა და ტრადიციების დარღვევით საკუთარ პატარ-პატარა რევოლუციებს ახდენდა. მან არა მხოლოდ უდიდეს წარმატებას მიაღწია, არამედ ლამაზის რეპუტაციაც კი მოიპოვა. და ეს მართლაც ნამდვილი სილამაზეა – ნიჭიერების სილამაზე. 

ბარბრა სტრეიზანდი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ წარმატების მიღწევა მაშინაც შესაძლებელია, როცა ირგვლივ ყველა შენს დამარცხებაშია დარწმუნებული. ტალანტი, დასამახსოვრებელი ხმა, არანორმალური სწრაფვა გამარჯვებისკენ, ნებისყოფა, საქმის ბოლომდე მიყვანა და სითამამე წარმოადგენს ბარბრას უპირატესობას. მიუხედავად უდიდესი წარმატებებისა, თავად ბარბრა მის მიღწევად მიიჩნევს, რომ ბევრ ულამაზო გოგონას მაგალითი აჩვენა და თვითდაჯერებულობაში დაეხმარა. „ჰოლივუდში ჩამოვედი უცვლელი კბილებით, ცხვირით და გვარით. ეს მე ღირსების გრძნობას მანიჭებს”, – ამბობს ბარბრა. 

70 წლის შემდეგ ბარბრამ მის არცთუ მცირე შემოქმედებით მემკვიდრეობაში (897 მუსიკალური მონოლოგი) აღმოაჩინა მხიარული კომპოზიციების სრული არარსებობა. დაფიქრდა, რატომ გამოვიდა ასე. „ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ბიოგრაფიაში მრავლადაა ცრემლი, მწუხარება, დაცინვა, აბუჩად აგდება, მაგრამ საკუთარი თავის მჯეროდა და მე გადავცურე მდინარე. არ ჩავიძირე”. ახლაც კი, როცა ბარბრამ 70 წელს გადააბიჯა, მასზე არავინ ამბობს რომ ულამაზოა. პირიქით, ყველა ამბობს რომ ის მშვენიერია.

საინტერესოა, ბარბარას საკუთარ სახელში „ა” ასოსთან საწინააღმდეგო რა ჰქონდა. „ორი „ა” სრულიად საკმარისია” – განაცხადა მან – „მე ბარბრა ვარ და გთხოვთ სწორად წეროთ ჩემი სახელი”. მისმა სახელმა ეს ასო 18 წლის ასაკში დაკარგა. მიზეზი: რაღა თქმა უნდა, მისი სახელი აუცილებლად გამორჩეულად უნდა აჟღერებულიყო! დროთა განმავლობაში ასო სუვენირად გადაიქცა. ის ხეში ამოჭრილ ოქროთი დაფარულ ასო „ა”-ს წარმოადგენდა. წლების შემდეგ ბარბრამ საქველმოქმედო აუქციონზე სხვა ნივთებთან ერთად ეს ასოც გაიტანა, რომელიც 8.750 დოლარად გაიყიდა.


 

ბარბრამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მისი დაპყრობა არც ისე რთული ყოფილა. 

ეს იყო მთავარი და რთული გაკვეთილი, რომელიც ბარბრამ ცხოვრებისგან ისწავლა და ამას ასწავლის ყველას, ვინც მზადაა სიმაღლეების დასაპყრობად.

ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება ისტორიის სწავლების პროცესში (მეორე ნაწილი)

0

სამუშაო ფურცელი
– მხატვრული ნაწარმოების ეკრანიზაცია

წაიკითხეთ
შეკითხვები სანამ დაიწყებთ ფილმის ყურებას.

ფილმის
ჩვენებისას –  მოკლე შესვენებებზე და დამთავრების
შემდეგ ცალკე ფურცელზე გააკეთეთ ჩანიშვნები. თუ ამ ჩანიშვნებს ფილმის მსვლელობის დროს
აკეთებთ, დარწმუნდით, რომ ეს სამუშაო ხელს არ გიშლით ფილმის ყურადღებით ყურებაში.

ფილმის
დასრულების შემდეგ, შეეცადეთ მთლიანად შეავსოთ სამუშაო ფურცელი. პასუხები უნდა იყოს
სრული და ამომწურავი, რაც განამტკიცებს აზრს იმის შესახებ, რომ თქვენ დაკვირვებით უყურეთ
ამ ფილმს და ფიქრობდით მასში გადმოცემულ იდეებზე.

სამუშაო
დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც  თითოეულ
შეკითხვას პასუხს გასცემთ. პასუხები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთ აბზაცზე
მეტიც კი. თქვენ მიერ გაცემული პასუხები უნდა იყოს გრამატიკულად და ორთოგრაფიულად გამართული.

 


1.     

დაასახელეთ ნაწარმოები, რომელიც თქვენ წაიკითხეთ
და რომლის მიხედვითაც არის გადაღებული ფილმი:

 

ა) დაასახელეთ  ნაწარმოების სათაური, ჟანრი, ავტორი და გამოქვეყნების
წელი?

 

              ბ) დაასახელეთ ფილმის სათაური, რეჟისორი,
ფილმის შექმნის წელი.

 


2.     

არის თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავება, ერთის
მხრივ, ნაწარმოებში და მეორეს მხრივ, ფილმში აღწერილ გარემოსა და ეპოქას შორის?

 


3.     

რამდენად კარგადაა ასახული ფილმში, ნაწარმოებთან
შედარებით, მოქმედი გმირების ხასიათი, გარეგნობა, მოქმედება და დიალოგები? რომელი პერსონაჟები
უფრო მოგწონთ – ნაწარმოების თუ ფილმის? რატომ?

ა) მთავარი გმირი;

 

ბ) ანტიგმირი;

 

გ) ნებისმიერი მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი,
რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო.

 


4.     

დაასახელე მთავარი გაკვეთილი, რომელიც ნაწარმოებიდან
გამოიტანე. შეცვლილია თუ არა ის ფილმში? თუ შეცვლილია, მაშინ აღწერე ეს ცვლილება;

 


5.     

რაში მდგომარეობს განსხვავება ფილმში ასახულ
კონფლიქტსა და ნაწარმოებში ასახულ კონფლიქტს შორის? აღწერე მნიშვნელოვანი მსგავსებები
და განსხვავებები. რას ფიქრობთ ამ ცვლილებების შესახებ;

 

 


6.     

აღწერეთ ნებისმიერი სიუჟეტური ხაზი, რომელიც
დამატებულია ფილმში და არ იყო პირველწყაროში. რას ფიქრობთ ამ ცვლილების შესახებ?

 


7.     

შეადარეთ ერთმანეთს კონფლიქტების გადაჭრა კინოფილმსა
და ნაწარმოებში;

 

 


8.     

განსაზღვრეთ, სად არის პრობლემები უფრო საინტერესოდ
გადმოცემული  – ნაწარმოებში თუ ფილმში  და  რომელშია
უკეთ გადმოცემული ცხოვრებისეული გაკვეთილები? დაიცავი შენი მოსაზრება ფილმიდან და ნაწარმოებიდან
მოტანილი კონკრეტული ფაქტებით;

 


9.     

ამოირჩიეთჩამოთვლილი მხატვრული ანალიზის  ხერხებიდან  ორი: 1. არქეტიპის ანალიზი; 2. სიუჟეტის განვითარების
საფეხურები: ა) შესავალი – მოსამზადებელი ფაზა, ბ) კვანძის შეკვრა, გ) კულმინაცია და
დ) კვანძის გახსნა და ე) დასასრული; 3.. ძირითადი იდეის განსაზღვრა, 4. მხატვრული სახის
(სიმბოლოს) ამოცნობა და ახსნა, 5. მომავლის წარმოსახვა, 6. წარსულში დაბრუნება (მოგონებები),  7. კავშირების დანახვა, 8. ირონიის ამოცნობა და
ახსნა, 8. ენობრივი გამოხატვის იმ საშუალებების იდენტიფიცირება, რომლებიც გამოყენებულია
ფილმში. აღწერეთ, რა გავლენას ახდენენ ისინი კინოფილმის მთავარი იდეის გადმოცემაზე
და როგორ უწყობენ  ხელს პერსონაჟთა ხასიათის
გამოხატვასა და  მათი აზრების გადმოცემას?

 

 


10. 

რას
დაამატებდით ფილმს იმისათვის, რომ მაყურებელმა უკეთ შეაფასოს ნაწარმოებში გადმოცემული
ამბავი?

 

 

სამუშაო ფურცელი – დოკუმენტური ფილმი

წაიკითხეთ შეკითხვები სანამ დაიწყებთ ფილმის ყურებას.

ფილმის ჩვენებისას –  მოკლე შესვენებებზე და დამთავრების შემდეგ ცალკე
ფურცელზე გააკეთეთ ჩანიშვნები. თუ ამ ჩანიშვნებს ფილმის მსვლელობის დროს აკეთებთ, დარწმუნდით,
რომ ეს სამუშაო ხელს არ გიშლით ფილმის ყურადღებით ყურებაში.

ფილმის დასრულების შემდეგ, შეეცადეთ მთლიანად შეავსოთ
სამუშაო ფურცელი. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი, რაც განამტკიცებს აზრს იმის
შესახებ, რომ  თქვენ დაკვირვებით უყურეთ ამ
ფილმს და ფიქრობდით მასში გადმოცემულ იდეებზე.

სამუშაო დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც თითოეულ
შეკითხვას პასუხს გასცემთ. პასუხებისთვის საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია დაწეროთ
ერთ აბზაცზე მეტიც. თქვენ მიერ გაცემული პასუხები უნდა იყოს გრამატიკულად და ორთოგრაფიულად
გამართული.

 


1.     

დაასახელე ფილმის სათაური და გადაღების წელი.
მოკლედ აღწერე, რის შესახებაა ფილმი?

 


2.     

დაასახელე ის ადამიანები, ადგილები და მოვლენები,
ის საზოგადოება და ის ბუნება, რომელთა შესახებაც საუბარია ფილმში. მოკლედ დაახასიათე
და  ახსენი თითოეული მათგანის მნიშვნელობა.

 


3.     

ჩამოთვალეთ ფილმში გადმოცემული 6 ამბავი –
მოვლენა, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ახსენი, თუ როგორაა
თითოეული მათგანი (ამბავი – მოვლენა) დაკავშირებული ამ ფილმის ძირითად იდეასთან.

 

 


4.     

დოკუმენტურკინოფილმს  შეუძლია  მაყურებლის 
აზროვნება  მნიშვნელოვნად გარდაქმნას.  აღწერე 
ამ ფილმში ისეთი რამ, რაც მანამდე არ გინახავს  და რაც დაგეხმარა  რაღაც მოვლენის (იდეის) უფრო  საფუძვლიანად 
გაგებაში ან სხვა კუთხით დანახვაში. 
გარდა ამისა,  აღწერეთ, როგორ შეიცვალა
შენი  შეხედულებები/მსოფლმხედველობა ამ ფილმის
ნახვის შემდეგ

 


5.     

არის თუ არა ამ კონკრეტულ ფილმში ისეთი რამ,
რასაც თქვენი აზრით დამაჯერებლობა აკლია და ხელოვნურად გეჩვენებათ;  ისეთი რამ, რაც  აქ უადგილოდ გამოიყურება?

 

 


6.     

რამ მიგიზიდათ ამ ფილმში  კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, იგულისხმება კონკრეტული
სცენები,  სახეები ან ხმა?

 


7.     

რას უპასუხებდი ფილმის შემქმნელებს შემდეგ
შეკითხვაზე:  შენი აზრით, როგორ შეიძლება  ფილმის გაუმჯობესება? აღწერე შენს მიერ შეთავაზებული
ცვლილებები და გადმოეცი ამ ცვლილებების მიზეზები.

 

 


8.     

თუ ვინმე გკითხავთ, ღირს თუ არა ამ ფილმის
ნახვა? –  რას უპასუხებდით. დაასაბუთეთ თქვენი
რჩევები.

 

 

სამუშაო ფურცელი – დოკუმენტური ფილმი სოციალურ და პოლიტიკურ ჭრილში

წაიკითხეთ შეკითხვები სანამ დაიწყებთ ფილმის ყურებას.

ფილმის ჩვენებისას –  მოკლე შესვენებებზე და დამთავრების შემდეგ ცალკე
ფურცელზე გააკეთეთ ჩანიშვნები. თუ ამ ჩანიშვნებს ფილმის მსვლელობის დროს აკეთებთ, დარწმუნდით,
რომ ეს სამუშაო ხელს არ გიშლით ფილმის ყურადღებით ყურებაში.

ფილმის დასრულების შემდეგ, შეეცადეთ მთლიანად შეავსოთ
სამუშაო ფურცელი. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი, რაც განამტკიცებს აზრს იმის
შესახებ, რომ  თქვენ დაკვირვებით უყურეთ ამ
ფილმს და ფიქრობდით მასში გადმოცემულ იდეებზე.

სამუშაო დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც  თითოეულ შეკითხვას პასუხს გასცემთ. პასუხები უნდა
იყოს სრული და ამომწურავი. პასუხებისთვის შეგიძლია დაწეროთ ერთ აბზაცზე მეტიც კი, თუ
ეს აუცილებელია. თქვენს მიერ გაცემული პასუხები უნდა იყოს გრამატიკულად და ორთოგრაფიულად
გამართული.

 


1.     

გადმოეცით
ფილმის სათაური და შექმნის თარიღი. მოკლედ აღწერეთ, რის შესახებაა ფილმი და რომელი
პოზიციის (აზრის) დაცვას ემსახურება ის?

 


2.     

აღწერეთ ფილმის მიმდინარეობა: როგორ იწყება?  რა ეტაპებისგან  შედგება ფილმის ძირითადი ნაწილი? როგორია  მისი დასასრული?

 

 


3.     

ჩამოთვალეთ ფილმში გადმოცემული 6 ამბავი –
მოვლენა, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება იქონია და ახსენი, თუ როგორაა
თითოეული მათგანი (ამბავი – მოვლენა) დაკავშირებული ამ ფილმის ძირითად იდეასთან.

 


4.     

რა ხერხებით ცდილობენ ფილმის ავტორები დაგარწმუნონ  შენ იმ პოზიციის სისწორეში, რომელსაც ფილმი გადმოგვცემს?

 

 


5.     

მტკიცებულებათაგან, რომელიც ფილმში გადმოცემული
პოზიციის მხარდასაჭერადაა მოტანილი, რომელი გამოიყურება სუსტად და არადამაჯერებლად?  შენი აზრით, თუ ასეთი სუსტი მტკიცებულებები არსებობს,
აღწერე ისინი და დაახასიათე მათი სუსტი მხარეები.

 


6.     

აღწერე კინემატოგრაფიული ხერხები, რომლებიც
გამოყენებულია ცალკეული სცენების, სახეების ან ხმის გადმოსაცემად და, რომლებიც მაყურებელში
ემოციური მუხტის ამაღლებას ემსახურება.  ასევე,
ხელს უწყობს (აღაფრთოვანებს)  მაყურებლის მიერ
ფილმის შემქმნელების პოზიციის გაზიარებას ფაქტებისა და ლოგიკური არგუმენტების გათვალისწინების
გარეშე.

 

 


7.     

რას უპასუხებდი ფილმის შემქმნელებს შემდეგ
შეკითხვაზე:  შენი აზრით, როგორ შეიძლება  ფილმის გაუმჯობესება? აღწერე შენს მიერ შეთავაზებული
ცვლილებები და გადმოეცი ამ ცვლილებების მიზეზები.

 


8.     

თუ შეიცვალა თქვენი აზრი იმ ზოგიერთ საკითხზე,
რომლებიც ფილმში იყო წარმოჩენილი. ფილმში წარმოდგენილი – რა ინფორმაცია, არგუმენტები
ან გამომსახველობითი ხერხები გახდა მიზეზი თქვენი აზრის შეცვლისა?

 

სამუშაო ფურცელი – ისტორიული ფილმი

წაიკითხეთ შეკითხვები სანამ დაიწყებთ ფილმის ყურებას.

ფილმის ჩვენებისას –  მოკლე შესვენებებზე და დამთავრების შემდეგ ცალკე
ფურცელზე გააკეთეთ ჩანიშვნები. თუ ამ ჩანიშვნებს ფილმის მსვლელობის დროს აკეთებთ, დარწმუნდით,
რომ ეს სამუშაო ხელს არ გიშლით ფილმის ყურადღებით ყურებაში.

ფილმის დასრულების შემდეგ, შეეცადეთ მთლიანად შეავსოთ
სამუშაო ფურცელი. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი, რაც განამტკიცებს აზრს იმის
შესახებ, რომ  თქვენ დაკვირვებით უყურეთ ამ
ფილმს და ფიქრობდით მასში გადმოცემულ იდეებზე.

სამუშაო დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც  თითოეულ შეკითხვას პასუხს გასცემთ. საჭიროების შემთხვევაში
პასუხებისთვის შეგიძლია დაწეროთ ერთ აბზაცზე მეტიც კი. თქვენ მიერ გაცემული პასუხები
უნდა იყოს გრამატიკულად და ორთოგრაფიულად გამართული.


1.     

გადმოეცი    სიუჟეტის მოკლე აღწერილობა – ყურაღება მიაქციე  ფილმის ძირითად მომენტებს და აღწერე,  თუ სად და როდის ხდება ამ ფილმში მოქმედება?

 


2.     

დაასახელედა დაახასიათე  მთავარი ისტორიული  გმირი და ანტიგმირი, განსაზღვრე მათი ქცევის მოტივი
(2 აბზაცი).

 


3.     

ფილმში გადმოცემული ისტორიის მიხედვით, რაში
მდგომარეობს ძირითადი კონფლიქტი და რა გზით გადაიჭრა ის?

 


4.     

ამოირჩიეთ ჩამოთვლილი მხატვრული ანალიზის  ხერხებიდან 
ორი ხერხი: 1. არქეტიპის ანალიზი;; 2. სიუჟეტის განვითარების საფეხურები: ა)
შესავალი – მოსამზადებელი ფაზა, ბ) კვანძის შეკვრა, გ) კულმინაცია და დ) კვანძის გახსნა
და ე) დასასრული; 3.. ძირითადი იდეის განსაზღვრა, 
4. მხატვრული სახის (სიმბოლოს) ამოცნობა და ახსნა, 5. მომავლის წარმოსახვა,
6. წარსულში დაბრუნება (მოგონებები),  7. კავშირების
დანახვა, 8. ირონიის ამოცნობა და ახსნა, 8. ენობრივი გამოხატვის იმ საშუალებების იდენტიფიცირება,
რომლებიც გამოყენებულია ფილმში. აღწერეთ, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი კინოფილმის
მთავარი იდეის გადმოცემაზე და როგორ უწყობენ 
ხელს პერსონაჟთა ხასიათის გამოხატვასა და 
მათი აზრების გადმოცემას?

 

 


5.     

აირჩიე ჩამოთვლილი
კინემატოგრაფიული გამომსახველობითი ხერხებიდან  ორი მათგანი, იგულისხმება: 1. ხმა, 2. ფერი, 3. განათება,
4. სხვადასხვა სიშორის კადრები, 5. კადრების გადაღების კუთხე, 6. კამერის მოძრაობა,
7. მონტაჟი, 8. კადრების ხანგრძლივობა და აღწერე, თუ როგორ გამოიყენეს ფილმის ავტორებმა
ეს ხერხები საკუთარი  ჩანაფიქრის გადმოსაცემად?

 


6. აღწერე  ფილმში წარმოდგენილი  2  გამოსახულება  ან სცენა, რომლებიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა.
ახსენი, რატომ დაგამახსოვრდა  ისინი ყველაზე
მეტად?


7.     

აღწერე ფილმში გადმოცემული ორი მოვლენა ან
გამოსახულება, რომლებიც მთლიანობაში  მართებულად
ასახავენ  ისტორიულ მოვლებას, აღწერე, ასევე
ისეთი ორი მოვლენა ან გამოსახულება, რომლებიც მცდარად გადმოსცემენ ისტორიულ რეალობას
და ამ შემთხვევაში გადმოეცი, რა მოხდა სინამდვილეში.

 


8.     

აირჩიე პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური,
სოციალური ან იდეოლოგიური ხასიათის ფაქტორებიდან ორი,  რომლებიც ფილმში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. გადმოეცი,
როგორაა ასახული ეს ფაქტორები ფილმში?

 

 


9.     

რა გაკვეთილი შეიძლება მიიღოს მაყურებელმა
ფილმის ნახვის შემდეგ, რომელიც მას საკუთარ ცხოვრებაში გამოადგება – იგულისხმება როგორც
საზოგადოებრივ სფერო, ასევე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა.

ტელეგადაცემა


1.     

გადმოეციპროგრამის ტელეეთერში გასვლის თარიღი და ხანგრძლივობა,  მისი მთავარი იდეა და თემა.

 


2.     

განსაზღვრე, რა როლი ენიჭებათ ამ პროგრამაში  პერსონაჟებს, ადგილებს და  მოვლენებს ან ადამიანების, საზოგადოებისა და ბუნების
მდგომარეობას. აღწერეთ, და დააზუსტეთ თითოეულის მნიშვნელობა.


3.     

ჩამოწერე 
პროგრამაში აღწერილი 6 ფაქტი, რომელთაც ყველაზე მეტად იმოქმედეს თქვენზე და
ახსენით, რა კავშირში არიან ისინი მთავარ იდეასა და თემასთან.

 


4.     

გადმოეცით – 1) რა ნახე ისეთი  ამ გადაცემაში, რაც მანამდე არ გინახავს,  2) ან  
გაიძულა ახლებურად გეაზროვნა,  3) ან
ჩაწვდომოდი რაღაცას უფრო ღრმად, ვიდრე მანამდე იცოდი.

 

 


5.     

რა იყო პროგრამაში ისეთი, რაც  გამოიყურებოდა არადამაჯერებლად და ამოგდებული იყო
კონტექსტიდან?

 


6.     

გადმოეცი ორი კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ
როგორ გამოიყენეს გადაცემის ავტორებმა კინომატოგრაფიული ხელოვნების ელემენტები – 1.
ხმა, 2. ფერი, 3. განათება,  4. სხვადასხვა
სიშორის კადრები, 5. კადრების გადაღების კუთხე, 6. კამერის მოძრაობა, 7. მონტაჟი,
8. კადრების ხანგრძლივობა – რათა გადმოეცათ საკუთარი იდეები.

 

 


7.     

თუ ვინმე გკითხავს, ღირს თუ არა ამ პროგრამის
ნახვა, რას უპასუხებდი? სრულად დაასაბუთეთ თქვენი რჩევა.

 


8.     

თუ პროგრამის ავტორი შენ გკითხავდა რჩევას
გადაცემის გაუმჯობესების შესახებ, რას უპასუხებდი? დაწვრილებით აღწერე შენი არგუმენტები.

ფეხბურთი აზიაში

0
21-ე საუკუნის აზიაში ფეხბურთი ძალიან რომ უყვართ, ეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზეც დასტურდება, რადგან ტელეტრანსლაციების რაოდენობითა და გაყიდული სპორტული ამუნიციის მხრივ აზია სხვა კონტინენტებს კარგა ხანია რაც აღარ ჩამოუვარდება.

2002 წლის იაპონია-სამხრეთ კორეის მუნდიალი აზიური ფეხბურთისათვის უდავოდ გარდამტეხ მოვლენად უნდა განვიხილოთ, რადგან სპორტის უპირველესმა სახეობამ ამ მოვლენის შემდეგ აზიის ისეთ მიყრუებულ უბნებშიც კი შეაღწია, სადაც საუკუნეების განმავლობაში ჯიუჯიცუს, სუმოსა და ძიუდოს გარდა პატივს არაფერს სცემდნენ. ამათ დაუმატეთ აზიის არაბული ნაწილი, სადაც განგებამ ბლომად ნავთობი გამოიმეტა და ნავთობიდან გამომდინარე კლუბებში ძირითადად ვეტერანი, თუმცა ცნობილი ფეხბურთელების მიწვევის ამბიცია გაჩნდა.

ვის აღარ უთამაშია აზიის სხვადასხვა ქვეყნის ლიგებში, რომელი ერთი დიდი ფეხბურთელი ჩამოითვლება?! თავიდან შეიქმნა წარმოდგენა, რომ მობერებული ლეგენდები აზიელი მომავალი ფეხბურთელებისათვის შთაგონების წყარო გახდებოდნენ და ეს მალე გამოიწვევდა ამ კონტინენტზე ფეხბურთის არნახულ აყვავებას. თუმცა ეს მოლოდინი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. აზიური ფეხბურთი ნამდვილად ვითარდება და ამაზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში წარმატებულად მოთამაშე აზიელ ფეხბურთელთა ასპარეზობაც მეტყველებს, მაგრამ უცაბედი და მყისიერი განვითარება ნამდვილად არ მომხდარა და პროგრესის ეს ტემპი ბევრ გულშემატკივარს არ აკმაყოფილებს.

აზიაში ფეხბურთის განვითარების არცთუ სწრაფი ტემპების მიზეზი უწინარესად ალბათ ამ კონტინენტზე მცხოვრები ხალხების ტრადიციებისადმი განსაკუთრებული ერთგულებაა. რაც იაპონიის ადგილობრივ “ჯეი ლიგაში” ფული იხარჯება, იმის ნახევარი ევროპის რომელიმე პატარა საფეხბურთო ქვეყანაში რომ დახარჯულიყო, პროგრესის მაჩვენებელი ალბათ ბევრად მეტი იქნებოდა, მაგრამ ის, რასაც იაპონიაში ფეხბურთის მესვეურებმა მიაღწიეს, მაინც დიდად დასაფასებელია, რადგან მათ გაარღვიეს ტრადიციების შირმით მოსილი გაუცხოების კედელი და ბევრი იაპონელი მშობელი დააჯერეს, რომ მათი შვილების ფეხბურთზე შეყვანა იაპონიის მორალურ და კულტურულ დაკნინებას არ გამოიწვევდა. ჩაკეტილ საზოგადოებებში კი (რაც არ უნდა ღია და გახსნილი ეკონომიკა ჰქონდეს ქვეყანას) ასეთი გარღვევები უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.

არაბულ ქვეყნებში პრობლემები სულ სხვა ტიპისაა. ჩვენს პლანეტაზე რთულად თუ მოიძებნება ფეხბურთზე არაბებზე მეტად შეყვარებული ხალხი. ყოველი საფეხბურთო მატჩი (ტელევიზორში თუ სტადიონზე) მათთვის ჭეშმარიტი ზეიმია. ამას ემატება ისიც, რომ, როგორც უკვე ვთქვით, მათ ფული განგებამ და ნავთობმა მიმადლეს. აშენდა არნახული სილამაზისა და ხარისხის სტადიონები, მოეწყო ბავშვთა აკადემიები და გადამზადების ცენტრები, მაგრამ ხელშესახები წარმატებები ჯერ კიდევ არ ჩანს. როგორც ერთი ინგლისელი ჟურნალისტი წერს: “არაბებმა უბრალოდ გვიან შეიყვარეს ფეხბურთი და ახლა გადიან იმ გზას, რაც ევროპელებმა ერთი საუკუნის წინ გაიარეს”. თუმცა, მხოლოდ ესაა მიზეზი? იქნებ სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე?

ზოგს მშრალი სტატისტიკა მოაქვს მაგალითად. სტატისტიკა კი იმაზე მეტყველებს, რომ ისლამური სახელმწიფოებიდან თურქეთი (რომელიც პრაქტიკულად ევროპის ზონას მიეკუთვნება) ერთადერთია მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალამდე რომ მიუღწევია, ხოლო სამხრეთ კორეა ერთადერთია, რომელმაც სუფთა აზიური ქვეყნებიდან მუნდიალის ანალოგიურ საფეხურს მიაღწია. მთელი უცნაურობა ისაა, რომ 2002 წლის მუნდიალზე მესამე ადგილის მოსაპოვებლად გამართულ მატჩში სწორედ ეს გუნდები შეერკინნენ ერთმანეთს. იაპონია-კორეის მუნდიალი მართლაც ნამეტანი უცნაური ჩემპიონატი იყო…

და თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ მოვესწრებით ოდესმე აზიური ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობას? ან შემდეგი თაობები მოესწრებიან? ამაზე მართლაც შეიძლება გრძელვადიანი ფსონის დადება. მით უმეტეს, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ურთულესი ამბავია. ცხონებული ბულგარელი ბრმა ბებიაც, სამწუხაროდ, კარგა ხანია მიაბარეს მიწას, თორემ ის მაინც გვიწინასწარმეტყველებდა რამეს…

ლამბალოდან – პაკისტანამდე, ანუ როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები

0
ამ კითხვას სვამს თანამედროვე ინგლისელი ფილოსოფოსი, კულტურის თეორეტიკოსი და მწერალი კვამე ენტონი აპია, ამავე სახელწოდების ნაშრომში “როგორ ხდება ზნეობრივი რევოლუციები”. წიგნის კითხვისას ვფიქრობდი, რომ სწორედ აქ და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გავერკვეთ, თუ რა არის ღირსება, რა წარმოდგენა გვაქვს მასზე და საერთოდაც როგორია ჩვენი წარმოდგენა იმ სივრცეზე, რომელსაც მორალის და ღირსების ისტორიის სივრცე ჰქვია. წიგნში ღირსების მრავალი მაგალითია წარმოდგენილი, სადაც ის კონკრეტული, კერძო ადამიანებისა და საზოგადოებების ცხოვრებაში გამოვლინდა.

დუელების გაუქმება ბრიტანეთში, ქალების ფეხების გადახვევის ტრადიციის გაუქმება ჩინეთში, მონობის გაუქმება ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში, ღირსების მკვლელობების გაუქმების მცდელობა თანამედროვე პაკისტანში. ეს ის ოთხი ისტორიული მოვლენაა, რომელსაც ავტორი განიხილავს , როგორც ზნეობრივი რევოლუციების კონკრეტულ შემთხვევებს. ოთხივე შემთხვევაში საქმე ეხება სხვადასხვა პრაქტიკას, რომლებიც ღირსების დაცვასთანაა დაკავშირებული. 

წიგნში მოთხრობილი ამბები ყველას თანაბრად გვეხება. მნიშვნელობა არ აქვს სად ვიმყოფებით, რა მანძილი გვაშორებს პაკისტანამდე ,სადაც სიყვარულის და თავისუფლების სურვილის გამო ოჯახი საკუთარ შვილებს – ქალებს სასიკვდილოდ იმეტებს, რადგან თვლის, რომ მათი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ოჯახის ღირსების შემლახავია და ამ სირცხვილს მხოლოდ სისხლი თუ ჩამორეცხავს. 

ახალგაზრდა პაკისტანელი ქალის, სამია სარვარის სიცოცხლეც ღირსებას ეწირება. მისი ცხოვრებისეული დრამის მიზეზიც ის საზოგადოებრივი ფასეულობაა, რომელიც მის ქვეყანაში ღირსების  კოდექსადაა აღიარებული. მას საკუთარი დედა წირავს სასიკვდილოდ, რადგან ქმართან განქორწინება გადაწყვიტა. განქორწინება კი საფრთხეს უქმნის მათ ღაირათს- ანუ ოჯახის ღირსებას, ასევე მშობლებს ფინანსურ  პრობლემებს უქადის. აქ და ახლა, ჩვენს ქვეყანაში, სოფელ ლამბალოშიც იგივე ხდება . 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავები სცემენ, რის შემდეგაც ის თავს იხრჩობს. ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის არავინ დასჯილა. პაკისტანში ეს პრაქტიკა მამაკაცთა მიმართაც მოქმედია, მაგრამ უმეტესწილად ქალთა წინააღმდეგ გამოიყენება. ღირსების მკვლელობები ქალებს აიძულებს გაჩუმდნენ და დაითმინონ ოჯახში ძალადობა, რომელიც მათ ყველა კუთხიდან ემუქრებათ. მათთვის საფრთხე შეიძლება იყოს  მეუღლე , ძმა, მშობლები თუ ბიძაშვილები. ამ ორი ქალის, ხანუმ ჯეირანოვას და სამია სარვარის ცხოვრებისეული დრამის  მიზეზი საზოგადოების ის “ეთიკური” ფასეულობაა, რომლის დროსაც ამ კონკრეტული ადამიანების ბედი და სიცოცხლის უფლება უგულებელყოფილია და ასეთ შემთხვევებს ოჯახის  ღირსების აღდგენას უწოდებენ.

თუმცა ზნეობრივი რევოლუციები მაინც ხდება, იცვლება არამარტო  ზნეობრივი გრძნობები, არამედ ზნეობრივი ქცევითი სისტემა. იცვლება სიტყვა “ღირსების” მნიშვნელობაც. ის, რაც საუკუნეების წინ ოჯახის და ქალის ღირსებად აღიქმებოდა, დღეს უკვე ისტორიული გადმონაშთია. სწორედ ღირსებაზე ხაზგასმით მოხდა ამ ცვლილებების გამოწვევა. საქმე ეხება, გოგონებისთვის ფეხების გადახვევის ტრადიციას ჩინეთში. ფეხების გადახვევა იერარქიულ საზოგადოებაში ქალის მაღალ სტატუსზე მიუთითებდა. ოჯახები, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ  არისტორკატულ წარმომავლობაზე, იძულებულნი იყვნენ, თავიანთი ქალიშვილებისთვის ფეხები გადაეხვიათ იმის დასტურად, რომ მაღალ კლასს განეკუთვნებოდნენ. გლეხი ქალებისგან განსხვავებით, მაღალი ფენის წარმომადგენელ ქალებს, ველად მუშაობა არ სჭირდებოდათ, შესაბამისად არ უხდებოდათ დიდი მანძილის გავლა. გადახვეული ფეხების გამო ქალი სახლიდან შორს ვერ წავიდოდა, რაც მათ უმანკოებას უზრუნველყოფდა. გადახვეულ ფეხებს “ოქროს ლოტოსებს ” უწოდებდნენ და ეს იმთავითვე ქალის ღირსებას უკავშირდებოდა. ღირსება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წანამძღვარი  რესპექტაბელური ქორწინებისთვის. ქორწინება კი ძირითადად ოჯახთა შეთანხმებით ხდებოდა და არა პირადი არჩევნით.

გოგონებისთვის ფეხების გადახვევას სამი-ოთხი წლის ასაკიდან იწყებდნენ. თუ მიზანი ოქროს ლოტოსების პატარა ზომა იყო, მაშინ გოგონებს აუტანელი ტკივილების ატანა უხდებოდათ, ზოგჯერ თითებსაც და ფეხებსაც ჰკარგავდნენ.

ამ მავნე ტრადიციის გაუქმების მიზეზი მორალური არგუმენტები არ ყოფილა. ფეხების გადახვევის პრაქტიკასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღირსების ცნებას. ჩინელი რეფორმატორები, როდესაც ამ ტრადიციას უპირისპირდებოდნენ, ასეთ არგუმენტს მიმართავდნენ, რომ ეს ტრადიცია არცხვენდა მათ სამშობლოს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ზნეობრივი რევოლუციის მოტორად ისევ და ისევ ღირსება, ეროვნული ღირსებაზე ხაზგასმა გვევლინებოდა  და არა კონკრეტული ადამიანების ბედით გამოწვეული თანაგრძნობა და წუხილი. 

“ბავშვობაში ირლანდიელ მომღერალს ვალ დუნიკენის პოპულარულ სიმღერას “სიამაყეს” ვუსმენდი ხოლმე. სიმღერა იმის შესახებ იყო, თუ როგორ მოუწოდებდა დედა თითისტოლა ვალს, თავაწეული ევლო და სამყაროსთვის თვალი გაესწორებინა. მაშინ მე თვითონაც პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ მაღელვებდა ეს დედისეული გაფრთხილება”, – წერს ავტორი ბავშვობისდროინდელ სიმღერაზე, რომელშიც ღირსების იდეალის თემა მკაფიოდ გამოსჭვიოდა.

 ვფიქრობ, არსებულ კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში, თავიდან არის გასააზრებელი ღირსების ცნება და ის, თუ რა როლს თამაშობს იგი საზოგადოებრივი ცვლილებების დროს. ხომ არ ემსახურება “ღირსების დაცვა” ადამიანების დისკრიმინაციას, მათ შევიწროებას და სოციალური სივრციდან გარიყვას. სწორედ მასწავლებლებს აკისრიათ ეს ურთულესი მისია, დაეხმარონ ახალგაზრდა თაობას ჭეშმარიტი ღირებულებების გააზრებაში. 

გმირები და ადამიანები

0

„მეგობრობის დღიურები” გახსოვთ? მე და ჩემი თაობა „მეგობრობის დღიურის” ეპოქაში გავიზარდეთ. რა კითხვას აღარ წააწყდებოდით სერიალების და ჰოლივუდის ვარსკვლავების ფოტოებით აჭრელებულ, ფერად-ფერადი ფლომასტერებით მოხატულ ფურცლებზე. ყველაზე ხშირად სტანდარტული შეკითხვები შეგხვდებოდათ მოსწავლეებისთვის საჭირბოროტო საკითხების შესახებ. დღიურის პატრონს აუცილებლად აინტერესებდა,  ვინ ვისი საუკეთესო მეგობარი იყო (პასუხს ხშირად ხანგრძლივი გაბუტვა მოსდევდა საუკეთესო მეგობრად მოხსენიების მომლოდინეთაგან), რომელი იყო საყვარელი ფილმი (აქ „ტიტანიკი” ლიდერობდა), საყვარელი საგანი (სიმრავლით ფიზკულტურის მოყვარულთა ჯგუფი გამოირჩეოდა, მაშინაც კი, როცა არც ფიზკულტურის დარბაზი გაგვაჩნდა და არც გაკვეთილები გვიტარდებოდა), ვის ლექსებს ვკითხულობდით ყველაზე ხშირად (მეხუთე კლასშიც ყველას გალაკტიონი გვიყვარდა, მეშვიდედან უფრო ტერენტიზე გადავერთეთ, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ისევ გალაკტიონს დავუბრუნდით).

ზოგჯერ განსხვავებულ კითხვებსაც წააწყდებოდით სამომავლო გეგმების, ანტიპათიის გამომწვევი ადამიანების ან სულაც, იდეალის შესახებ. „ვინ არის თქვენი იდეალი?” – გვეკითხებოდნენ თანაკლასელები და სრულიად გაუცნობიერებელ პასუხებს ელოდნენ, რადგან მაშინ ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა, როგორი გვინდოდა, ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება და მეტიც, თურმე ზოგჯერ არც ის ვიცოდით, როგორები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ჩვენ მისაბაძად მიგვაჩნდა.

მე არასოდეს მყოლია იდეალი. უფრო სწორად რომ ვთქვა, არც არასოდეს მჭირდებოდა, მყოლოდა. არც ახლა ვეძებ იდეალურ ადამიანებს. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინებს კიდევაც იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა, სადღაც, ჩემგან შორს, შეიძლება, არსებობდეს ვინმე უნაკლო, რომელიც ყველასთვის მაგალითად იქცევა და ამით სხვებს შეუზღუდავს თავისუფლებას, იყვნენ ისეთი უბრალოები, როგორებიც არიან.

არადა, ჩვენ, ადამიანები, ყოველთვის ვცდილობთ, ვიპოვოთ მისაბაძი მაგალითები, ვეძებთ მათ საუკუნეების სიღრმეში, წიგნებში, ლეგენდებში, ტელეეკრანებზე და ბოლო დროს, სოციალურ ქსელებშიც. მოთხოვნები საკმაოდ მკაცრი გვაქვს – ჩვენს გმირებს შეცდომების დაშვება არ ეპატიებათ, მათი სიტყვა კანონზე მაღლა უნდა იდგეს, მაშინაც კი, როცა თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაზე ვაცხადებთ პრეტენზიას. სხვანაირად არ შეგვიძლია.

ცოტა ხნის წინ ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა მითხრა: „მე დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ველაპარაკები ჩემს მოსწავლეებს, ისინი დავით აღმაშენებელზე მელაპარაკებიან”. რა თქმა უნდა, წარსული და ისტორიული მეხსიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ უნდა იცხოვროს ჩვეულებრივმა ახალგაზრდამ, რომელსაც იდეალად დავით აღმაშენებელი აურჩევია და სასახელო საქმედ მხოლოდ ქვეყნის ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაერთიანებას მიიჩნევს? მას ხომ, დიდი ალბათობით, არც სამეფო ტახტი ერგება და არც მრავალათასიანი არმიის შეკრება მოუწევს დაკარგული მიწების დასაბრუნებლად?

ზოგჯერ ძნელი დასადგენია, სად მთავრდება იდეალების მიბაძვის სურვილი და სად იწყება იმედგაცრუება, სად კვეთენ ერთმანეთს პატრიოტიზმი და მოქალაქეობრივი თვითშეგნება, სად ვეძებთ გმირობას და სად ვკარგავთ ადამიანობას, ანუ იმას, რაც ყველაზე ძალიან გვჭირდება.

რატომღაც ხშირად გვავიწყდება, რომ ყველას გვერგო ჩვენი წილი სამშობლო, ჩვენი საქმე, პასუხისმგებლობა, სიყვარული და პატიება, რომ ყველამ სწორედ იმ პაწაწინა მიწიდან უნდა დავიწყოთ შენება, რომელზეც ვდგავართ. უფრო სწორად, საკუთარი თავით დავიწყოთ ცვლილებები, თორემ ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ქვეყანას, რომელიც ასე ამაყობს თავისი გმირებით, ადამიანები აღარ ჰყავს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი _ ახალგაზრდების ჯგუფი მოუწოდებს მოქალაქეებს, წერილი დაუტოვონ პანდუსებზე შეყენებული ავტომანქანების მძღოლებს და აუხსნან პანდუსის დანიშნულება, ოღონდ წერილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწეროს უხეშად, სალანძღავი სიტყვებით. დღეს სწორედ ასეთი აქტივიზმია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ასეთი ხალხი, ვინც არ დაიზარებს, კარდაკარ ივლის და შეეცდება, რამდენიმე ნაბიჯი მაინც გადაადგმევინონ წინ საზოგადოებას.

დღეს ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც საქართველოს ყველაზე მიუდგომელ და მცირერიცხოვან სოფლებში წიგნებს ჩაიტანენ, რომლებიც ქუჩაში ნაგავს არ დაყრიან, გაკვეთილებს და ლექციებს არ გააცდენენ, კედლებზე უშინაარსო წარწერებს არ ამოკაწრავენ, განსხვავებული აზრის გამო არავის შეურაცხყოფენ, ძალადობაზე უარს იტყვიან და არასოდეს იცრუებენ უმრავლესობისთვის თავის მოსაწონებლად. არც ისე რთულია, მივხვდეთ, რომ ადამიანობა გმირობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხოლო დავით აღმაშენებელი და პასუხისმგებლობით სავსე სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს ხელს არათუ უშლის, არამედ უწყობს კიდევაც.

ჩემი საყვარელი ქალაქის, ვილნიუსის ცენტრში, ერთი ულამაზესი ადგილია _ უჟუპისის რესპუბლიკა, ხელოვანთა უბანი, რომელსაც საკუთარი კონსტიტუცია გააჩნია. მე თუ მკითხავთ, ყველაზე ადამიანური კონსტიტუცია არსებულთა შორის. უჟუპისის კონსტიტუციაში წერია:

„4. ადამიანს აქვს უფლება, დაუშვას შეცდომა.
5. ადამიანს აქვს უფლება, იყოს ერთადერთი.
6. ადამიანს აქვს უფლება, უყვარდეს.
20. ადამიანს არა აქვს ძალადობის უფლება.
30. ადამიანს აქვს უფლება, იყოს თავისუფალი.

31. ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ თავისუფლებაზე.”

მარტივია, არა?
ოდესღაც გმირებმაც ადამიანობით დაიწყეს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...