პარასკევი, აპრილი 10, 2026
10 აპრილი, პარასკევი, 2026

გარე დაკვირვება დაიწყო, მთავარია, წესები დავიცვათ

0

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში  უკვე დაიწყო გარე დაკვირვების პროცესი.  რეგისტრაცია გარე დაკვირვებაზე  2300 მეტმა უფროსმა მასწავლებელმა გაიარა. მათთვის უკვე ცნობილია, პედაგოგის ცხრილის გათვალისწინებით დაგეგმილი გარე დაკვირვებების ვადები.  გარე დაკვირვების პროცესსა და წესებზე გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.

– პედაგოგებისათვის ცნობილია, რომ ამ პროცესმა ჯერ პილოტირება  გაიარა და წინა სასწავლო წლის მეორე სემესტრში უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. ამიტომაც  ამ ეტაპის მონაწილე მასწავლებლებს მეტი ინფორმაცია აქვთ გარე დაკვირვებაზე და შესაბამისად, ნერვიულობის ფაქტორი უფრო შემცირებულია. ამაზე მეტყველებს დარეგისტრირებულთა მაღალი მაჩვენებელიც. მთავარია, წესების გათვალისწინება: მასწავლებელმა სისტემაში უნდა ატვირთოს ხუთი თანმიმდევრული გაკვეთილის გეგმა. ცენტრი იტოვებს უფლებას,  ამ ხუთი გაკვეთილიდან არჩევანი გააკეთოს ერთზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ სხვა აქტივობებისას მასწავლებლებს აქვთ საშუალება, თავად  გადაწყვეტონ, რომელი  ფორმატით  წარმოადგენენ გეგმებს, გარე დაკვირვების გაკვეთილისთვის გეგმის ფორმა არის განსაზღვრული და აუცილებელია, გეგმის ამ ფორმით წარმოდგენა.

– ცენტრმა გარე დაკვირვების გეგმისთვის ახალი ფორმატი დაამტკიცა. რა ცვლილებას გულისხმობს ახალი გეგმა?

– ახალ  გეგმაში მცირე ცვლილებები შევიდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირის გამოკვეთა, თემატურ გეგმებთან კავშირი; ასევე, ყურადღება გამახვილებულია გაკვეთილისა  და აქტივობების მიზნებზე,  რომლებიც უნდა იყოს განსაზღვრული და გეგმაში უნდა დასაბუთდეს შინაარსობრივი რესურსების მიზნებთან შესაბამისობა. კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, დაგეგმილი აქტივობა მოდიფიცირებული უნდა იყოს ამ მოსწავლის საჭიროებების შესაბამისადაც. ეს ის ძირითადი ცვლილებებია, რომლებიც წელს გეგმაში შევიდა. ყველაფერი დანარჩენი წარიმართება მოქმედი წესის მიხედვით, ისე, როგორც მანამდე იყო.

– იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ გარე დაკვირვებისთვის ატვირთული გაკვეთილის გეგმა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, კრიტერიუმებს,  გარე დაკვირვების პროცესი  ამ ეტაპზევე შეჩერდება?

– თუკი გარე დაკვირვებისთვის წარმოდგენილი გეგმები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ყველაფერი სათანადოდ არ არის შევსებული, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია გეგმა ხარვეზიანად ჩაითვალოს და გარე დაკვირვება აღარ ჩატარდეს. ეს გარე დაკვირვების წესშიც არის განსაზღვრული, რომ, მაგალითისათვის, თუ არის რესურსის დასაბუთების მოთხოვნა და გეგმას აკლია რესურსის დასაბუთება, ასეთ მასწავლებელთან გარე დამკვირვებელი არ მივა, იმიტომ, რომ გეგმა ფორმატთან შეუსაბამო იქნება. ამიტომ გეგმის ფორმატი ყველა სკოლაშია გადაგზავნილი, ჩვენს შეხვედრებზეც მოხდა ამის განმარტება და გეგმის მომზადების პროცესი მეტ ყურადღებას მოითხოვს.

– რაც შეეხება მოთხოვნას თემატურ გეგმასთან შესაბამისობაზე, მასწავლებლები ხშირად კითხულობენ, შესაძლებელია თუ არა გარე დაკვირვების გაკვეთილისთვის თემების გადაადგილება?

– მასწავლებელს ამ ცვლილების საშუალებას, რა თქმა უნდა, ვაძლევთ. თუმცა, როცა ის ამ ცვლილებას ახდენს, უნდა ახსნას, რამდენად შედიოდა ეს მოსწავლეთა ინტერესებში. ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს საგნის ლოგიკა. მაგალითად მოვიყვან გეოგრაფიის სწავლებას. რადგან მაისში დაიგეგმა  გარე დაკვირვება, არ შეიძლება, ცვლილება შეიტანო და რუკის კითხვა ასწავლო მაისში,  როცა მთელი წელი გეოგრაფიაში რუკა ინსტრუმენტად გამოიყენება. ამიტომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მასწავლებელს შეაქვს, უნდა მოხდეს მოსწავლის ინტერესიდან გამომდინარე და უნდა იძლეოდეს შედეგის გაუმჯობესების საშუალებას.  თემატურ გეგმაში არის ჩანაწერი, რომ ცვლილება უნდა იყოს დასაბუთებული.

– განსხვავებით შარშანდელი წლისაგან, მომავალ სემესტრში გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია აღარ გამოცხადდება?

– წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, დარეგისტრირებულ მასწავლებელთა რაოდენობა საგრძნობლად დიდია. ამიტომ მათთან გარე დაკვირვების წარმართვის გრაფიკი მთელ სასწავლო წელზე გადანაწილდება, რათა პროცესი წარიმართოს მშვიდად და გამართულად. მომდევნო სასწავლო წელს მასწავლებლებს, რომელთაც 13 კრედიტქულა აქვთ, მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ გარე დაკვირვებაზე.უკვე დაწყებულია გარე დაკვირვების პროცესი. ყველას მინდა, წარმატება ვუსურვო. სამომავლოდ ჩვენ მათ სწორედ წამყვანი მასწავლებლის სტატუსით ვხედავთ.

– თუ მასწავლებელი გარე დაკვირვებას წარმატებით ვერ გაივლის, სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო გახდება თუ არა სხვა აქტივობების განხორციელება?

– სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ცვლილებებზე ინფორმაციას ამ სემესტრის ბოლოს განვაცხადებთ. ის წესი, რომ მასწავლებლებს სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა დაეგროვებინათ კრედიტქულები, შეიცვლება. ნაკლები ყურადღება მიექცევა იმას, თუ რამდენ კრედიტქულას აგროვებს მასწავლებელი. შესანარჩუნებლად ყურადღება მიექცევა უშუალოდ სასწავლო პროცესს, ანუ იმას,  როგორ ატარებს მასწავლებელი გაკვეთილს და როგორია მისი მოსწავლეების  შედეგები. ეს ცვლილებები არ გულისხმობს, რომ მასწავლებელს, რომელსაც 13 კრედიტქულა უკვე ჰქონდა, დამატებით  ექნება აქტივობები ჩასატარებელი, რადგან მათ უკვე სამოდელო გაკვეთილი ჩატარებული აქვთ და ეს ჩაეთვლებათ. ხოლო მასწავლებლებს, რომლებსაც ეს აქტივობები არ ჰქონდათ ჩატარებული, სრულ და დაზუსტებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომელი გაკვეთილის (ჩვეულებრივის თუ სამოდელოს) ჩატარება მოუწევთ, დეკემბერში მივაწვდით. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წერილობითაც და ვიდეოგაიდის სახითაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია ცვლილებებზე. ეს ცვლილებები იქნება, რადგან  უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, რომლებიც პირველ წელს ჩაერთნენ სქემაში, შესაძლებელია სტატუსის ჩამოქვეითების საშიშროების ქვეშ აღმოჩნდნენ. ამიტომ ეს შეიცვლება.

– სქემის ოპონენტები გარე დაკვირვებას ,,დადგმულ  გაკვეთილებს“ უწოდებენ…

–  ეს არ არის ერთი გაკვეთილის გეგმა, ეს არის ხუთი გაკვეთილის გეგმა და თუ მასწავლებელი ასეთ ,,რეპეტიციებს“ 5 გაკვეთილისთვის ატარებს, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება, რაც  სკოლისთვის შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს  და  სკოლამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.  კრიტერიუმებშიც დევს ის კომპონენტები, რომ დადგმული გაკვეთილი ადეკვატურად შეფასდეს. გარე დამკვირვებლსაც არ გაუჭირდება, ერთმანეთისაგან გაარჩიოს ბუნებრივი და დადგმული  გაკვეთილი. მაგალითისათვის, მოსწავლეების მოტივაცია ვერანაირად ვერ იქნება მაღალი დადგმული გაკვეთილის შემთხვევაში და ეს აუცილებლად იჩენს თავს. იყო ასეთი შემთხვევები და ასეთმა გაკვეთილებმა ვერ გადალახა შესაბამისი ბარიერი. ამიტომაც მასწავლებლებს ვურჩევთ, არ მიმართონ ამ არასწორ მიდგომას. მოსწავლის დაშვებულ შეცდომაში საგანგაშო და უცნაური არაფერია, რადგან  მოსწავლეები შეცდომებზეც სწავლობენ, რაც  მასწავლებლის სწორი უკუკავშირით მიიღწევა. ასე ხდება  მოსწავლის პროგრესი და განვითარება. თუ გაკვეთილი მოდიფიცირდება, თუ მოსწავლისთვის რაღაც გაუგებარი დარჩა და დამატებითი განმარტებები გახდა საჭირო, მასწავლებელს ჩვეულებრივ აქვს საშუალება, რომ ამის შესახებ რეფლექსიაში დაწეროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რომ მასწავლებელს აქვს უნარები, ჩაატაროს კარგი გაკვეთილი, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ,,დადგმულ“ ნარეპეტიციებ გაკვეთილს.

ფინელების თვალით – სკოლა და სასკოლო განათლება ფინეთში

0

ფინეთის სკოლებსა და განათლების ფინურ სისტემაზე ბევრს წერენ, მის თავისებურებებზე ბევრ მოსაზრებას გამოთქვამენ და ზოგიერთს ის მსოფლიოში საუკეთესოდ მიაჩნია. ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმის გაგება, რას ფიქრობენ ფინეთის სასკოლო განათლების შესახებ თვითონ ფინელები. გთავაზობთ რამდენიმე ფინელი ბლოგერის მოსაზრებებს. ისინი სხვადასხვა სპეციალობისანი არიან და აქტიურად წერენ განათლების საკითხებზე Quora-ს ფორუმზე (www.quora.com), რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ფორუმია ინტერნეტში.

 

რიიკა პასანენი, სასკოლო სწავლების ენთუზიასტი ფინეთიდან:

„როგორია სინამდვილეში სკოლა და სასკოლო განათლება ფინეთში?

ამ კითხვაზე ჩემი პირველი პასუხია: ნორმალური. მე, აქ (ფინეთში, – ლ.ა) გაზრდილი, ვამბობ, რომ არაფერი განსაკუთრებული [სკოლაში სწავლისას] არ ხდებოდა. დილაობით გაჭირვებით ადგომა, ხანდახან სახლში დარჩენილი საშინაო დავალებები… მოკლედ, იგივე, რაც ბავშვების უმეტესობასთან.

განათლების „ფინურ სისტემაზე“ არავინ საუბრობდა, სანამ ეს „თემა“ გაზეთებში არ გამოჩნდა. მყვირალა სათაურები „ფინეთის განათლების სისტემაზე“, მის შესანიშნაობაზე და PISA-ს შედეგებზე (PISA – Programme for International Student Assessment, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო სისტემა, – ლ.ა.), რომლებიც მოსალოდნელს  აღემატებოდა… სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფინეთის განათლების სისტემის ქება-დიდება.

არ გეგონოთ, რომ PISA-ს შედეგებამდე ფინეთის სკოლები არ ვარგოდა. PISA-მდე ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან არავინ დადის ტრანსპარანტით, რომელზეც ეწერება: „ჩვენ ფუნქციონალური სასკოლო სისტემა გვაქვს“; ეს სისტემა მართლაც ძალიან კარგი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული უნდა იყოს, რომ საშუალოსტატისიკურმა ფინელმა ამ თემაზე ტრაბახი გაბედოს.

რა თქმა უნდა, გადასარევია, როდესაც შენს სასკოლო სისტემას საერთაშორისო აღიარება ხვდება წილად! თანაც ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც განათლებაა. ასეთი წარმატება ბოლო ხანს არც Nokia-ს ჰქონია (მობილური ქსელებისა და ტექნოლოგიების გლობალური კორპორაცია ფინეთიდან, – ლ.ა.) და არც ფინური ქაღალდის მწარმოებლებს. განათლების კარგი სისტემა მომავლის კარგ გეგმასავით არის – ჩვენ შეგვიძლია ადაპტაცია, ე.ი. გადავრჩებით! რა მაგრად ჟღერს, არა? მეც ასე ვფიქრობ.

სკოლაში შვიდი წლისა მიმიყვანეს. ეს ნორმალური ასაკია სკოლისთვის. სკოლამდე ერთი წელი ბაღში (ე.წ. პრესქული) დავდიოდი. გაკვეთილები ორმოცდახუთ წუთს გრძელდებოდა და გაკვეთილებს შორის თხუთმეტწუთიანი შესვენებები გვქონდა. ამ დროს ყველა გარეთ უნდა გასულიყო და დერეფნებიც მალე იცლებოდა. გარეთ ბავშვები, ჩვეულებრივ, ფეხბურთს ან კალათბურთს ვთამაშობდით ხოლმე, თუმცა ხშირად იყო ბაგირის გადაწევა, ხტომა-სირბილი, საუბარი მეგობართან და ყველაფერი ის, რასაც ბავშვები აკეთებენ მეგობრებთან ერთდ.

ფინელებს ასეთი ხუმრობა გვაქვს: „რომელია შენი საყვარელი საათები სკოლაში? – შესვენების და სადილის“.

ციტატა The Atlantic-იდან (გავლენიანი ამერიკული ჟურნალი, დაარსებული 1875 წელს):

„ფინელების წარმოდგენით, როგორც სალბერგი (Pasi Sahlberg, ფინელი მკვლევარი, განმანათლებელი, ფინეთის განათლების სისტემის ექსპერტი, – ლ.ა.) აღწერს, სკოლა უნდა იყოს ჯანმრთელი, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო. ის იწყება საბაზისო ერთეულებით. ფინეთი ყოველ მოსწავლეს სთავაზობს უფასო სადილს, ჯანრთელობის დაცვას, ფსიქოლოგიურ დახმარებას და მოსწავლეთა სწავლებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას“.
ეს ყველაფერი სწორია. მახსენდება ინგლისურის გაკვეთილები, რომელთა დროსაც გავიგეთ, რომ ინგლისში ბავშვები სასკოლო კვებაში ფულს იხდიან. ამ ინფორმაციამ სახტად დაგვტოვა. ალბათ ამან კიდევ უფრო მეტად დაგვაფასებინა ის პირობები, რომლებშიც ჩვენ ვსწავლობდით… მაგრამ ეს მთლად სიმართლე არ გახლავთ. არიან ისეთებიც, რომლებსაც არ მოსწონთ სასკოლო სადილები და ტოვებენ მათ (ვგულისხმობ უფროსკლასელებს და არა პატარებს). თავად მე ათასობით სასკოლო სადილი მაქვს ნაჭამი.

ისე მოხდა, რომ დამამთავრებელ კლასებში ერთი წელი მიჩიგანში ვსწავლობდი. შევამჩნიე, რომ მათ ფერადოვანი და პერსონალიზირებული საკლასო ოთახები ჰქონდათ. ეს ძალიან მომეწონა. ფინეთში, მაგალითად, დაბალ კლასებში საკლასო ოთახის გაფორმება, როგორც წესი, ანბანის ასოებით ხდება. შესაძლოა, იქვე სავარძლებიც იდგეს, მაგრამ არა ისეთი დეკორაციები, როგორებიც აშშ-ში მინახავს.

ვფიქრობ, იმიტომაა ასე, რომ მეექვსე კლასამდე მოსწავლეები მთელ დღეს ერთ საკლასო ოთახში ატარებენ, ხოლო მასწავლებლები ოთახებს იცვლიან (გარდა სპორტული, ხელოვნების და ხანდახან ინგლისურის გაკვეთილებისა).
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეებს უკვე უწევთ საკლასო ოთახის ცვლა და სასკოლო ჩანთების ერთი ოთახიდან მეორეში ტარება.
ფიზიკური კულტურისა და სპორტის გაკვეთილები მრავალნაირია: ბეისბოლი (ფინური ვერსია), კალათბურთი, ფეხბურთი, სირბილი, ტანვარჯიში, ცეკვები, ბადმინტონი…
ცურვაც სასკოლო პროგრამის აუცილებელი ნაწილია. „ათასი ტბის ქვეყანაში“ (ფინეთის ხატოვანი სახელწოდება, – ლ.ა.) ცურვამ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში შეიძლება დახრჩობას გადაგარჩინოთ. აშშ-ში წყალში დახრჩობა თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის მეორე მიზეზია საავტომობილო ავარიების შემდეგ. ფინეთში, როგორც წესი, ბავშვების უმეტესობა ცურვას ადრეულ ასაკში სწავლობს.
ფინეთის სკოლები ბავშვებს მეშვიდე კლასიდან სამზარეულო კლასებს სთავაზობენ. ხელსაქმე მესამედან მეშვიდე კლასამდე შეისწავლება და მოიცავს როგორც სახელოსნო საქმეს (ხეზე, ლითონზე მუშაობა), ისე ქსოვასა და კერვას. მოსწავლე თვითონ ირჩევს, რა საქმიანობის შესწავლა სურს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
მერვე კლასში გადასვლისას მოსწავლეებს თვითონ უწევთ რამდენიმე საგნის არჩევა და მათში შედის ხელოსნობა, ხელსაქმე და მზარეულობა („საშინაო განათლება“). როგორც წესი, ბიჭები – ხელოსნობა, ხოლო გოგონები ხელსაქმეს ირჩევენ, თუმცა არცთუ იშვიათია, რომ მოსწავლემ არატრადიციული არჩევანი გააკეთოს. მე, მაგალითად, ექვსი წელი (4-9 კლასები) სახელოსნო საქმეს ვსწავლობდი და სახელოსნო კლასში ოთხი გოგონა და თორმეტი ბიჭი ვიყავით.
სასწავლო პროგრამაში, როგორც წესი, არის რელიგიური განათლებაც. ბავშვების უმეტესობა ფინეთში ევანგელისტი ლუთერანია და მათ ამ მოძღვრებას ასწავლიან. ეს საინტერესო მოვლენაა, რადგან საშუალო ფინელი, როგორც წესი, ეკლესიაში მხოლოდ შობას, ქორწილის დღეს და დასაფლავების ცერემონიაზე დადის. არალუთერანი მშობლები შვილებისთვის რელიგიური განათლების კლასს ირჩევენ ხოლმე. ხანდახან, როდესაც კლასში რამდენიმე მართლმადიდებელი მოსწავლეა, მათთვის რელიგიური სწავლება მართლმადიდებლური წიგნებით მიმდინარეობს.
მასწავლებლი ფინური განათლების სიტემის ხერხემალია. მას უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია, რომელიც მოიცავს მასწავლეთა განათლებას, სწავლების პროცესის ყველა დეტალს და სისუსტეების ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორებას, თუ რამე არასწორად მიდის. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი, მხარდამჭერი სასკოლო სისტემა გვაქვს, სპეციალური განათლების მასწავლებლების ჩათვლით. თუმცა მგონია, რომ ფინური განათლების სისტემა წააგავს ნებისმიერი სხვა ქვეყნისას და მასში, უნდა ითქვას, უამრავი საკითხია, რომლებიც შეიძლება უკეთ მუშაობდეს.
ახლა ამ საკითხებს არ ჩამოვთვლი, თუმცა მერწმუნეთ, ასეთი [პრობლემური] სფეროები არსებობს.
ფინეთის სასკოლო სიტემა ნამდვილად არ არის სამოთხე, თუმცა იგი ჰუმანურია, თავისი შეცდომებით და საკითხებით, რომლებიც დასახვეწია… მაგრამ უნდა ითქვას, რომ სისტემა კარგად მუშაობს. ის ბავშვებს სთავაზობს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, რომელიც ბავშვების სწავლებისთვის არის შექმნილი.
ფინური განათლების სისტემა ხელს უწყობს სწავლის პროცესს და აღიარებს კარგ ნიშნებს, თუმცა მათზე მთავარი აქცენტი არ დაისმის. ყოველი სემესტრის ბოლოს მოსწავლეს ნიშანს (შეფასებას) უწერენ საქციელში (ყოფა-ქცევაში), რაც იმისთვის კეთდება, რომ მომავალ სემესტრში ბავშვმა დახვეწოს თავისი მანერები და ქცევა.
მე, პირადად, არასდროს მიმიღია 10-იანი (4-დან 10-მდე სკალით), მაგრამ არც 6-იანი დამიმსახურებია.
იმედია, მოგაწოდეთ რაღაც ისეთი, რაც ფინური სასკოლო სისტემის წარმოდგენაში დაგეხმარებათ. ამ ტიპის შეკითხვები – როგორია სინამდვილეში (ფინეთის, იტალიის, თუ სხვა ქვეყნის) სკოლა? – როგორც წესი, უამრავ ახალ კითხვას წარმოშობს“.
 
იუჰა ლოუკოლა, ციფრული ფოტოგრაფი:
„გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ დეტალს ფინეთის სკოლებზე, რომლებიც შესაძლოა უცნაური და საინტერსო აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც სკოლა სხვა ქვეყანაში აქვს დამთავრებული.
ფინეთის სკოლაში არ არის დროშის მისალმების ვალდებულება.
დაწყებით კლასებში დილა მასწავლებლის მისალმებთ იწყება: „დილა მშვიდობისა“, -ერთხმად ამბობენ მოსწავლეები. საშუალო და მაღალ კლასებში – უფრო არაფორმალურად, ჯგუფური მისალმების გარეშე. სახელმწიფო დროშის ოფიციალურ დღეს სკოლის დროშას სკოლის დამლაგებელი აღმართავს და ამაში მოსწავლეები არ ერევიან.
ყველგან მიღებულია ქვეყნისა და მისი სოციალური საქმიანობის დაფასება. დისკრიმინაციული პატრიოტიზმი თუ ნებისმიერი სახის სუპრემაცია/უპირატესობის ხაზგასმა გმობას იმსახურებს.

მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს სახელებით მიმართავენ – საპატიო წოდებები არ გამოიყენება. ერთადერთი, ვისაც სახელის გარეშე, ტიტულით მიმართავენ, სკოლის დირექტორია.

სკოლების გარშემო არ არის ღობე ან კედელი. ერთადერთი, თუ სკოლა და საბავშვო ბაღი საერთო საბაღე ნაკვეთით სარგებლობენ, მათ შორის შესაძლოა ბადის ღობე იყოს გავლებული, რათა მცირეწლოვნები შემთხვევით საავტომობილო გზაზე არ გადავიდნენ.

როგორც წესი, დაწყებით კლასებში მოსწავლეების საშინაო დავალებები მცირე მოცულობისაა. პირველი ოთხი წლის განმავლობაში საშინაო დავალებებისთვის საჭირო დრო 30 წუთს არ აღემატება. პარასკევობით ბავშვებს საშინაო დავალებებს არ აძლევენ.

ბავშვები სკოლაში თავისით (ფეხით, ველოსიპედით, თხილამურებით) დადიან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლა შორს მდებარეობს. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლიდან 5 კმ-ზე შორს ცხოვრობენ (ეს მანძილი შეიძლება სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა იყოს) სკოლებს შეუძლიათ ავტობუსის ბილეთების დარიგება ან ავტომობილის დანიშვნა (ხშირად – ადგილობრივი ტაქსის მძღოლის)..

სკოლებს არ ჰყავთ საკუთარი ავტომობილები, ავტობუსები თუ მძღოლები. რა თქმა უნდა, მშობლებს შეუძლიათ ბავშვების მიყვანა/წამოყვანა სკოლებიდან, თუ ამის სურვილი აქვთ.

ისტორიის გაკვეთილებზე, აქცენტი მხოლოდ ფინეთის ისტორიაზე არ დაისმის. როგორც წესი, სკოლაში ისტორიას კვირაში ორი საათი ეთმობა მეოთხე და მეხუთე კლასებიდან. რა თქმა უნდა, ფინეთის ისტორია უფრო სრულყოფილად ისწავლება, თუმცა სხვა ქვეყნების ისტორიასაც სწავლობენ. საზოგადოდ, ისტორიის გაკვეთილები მოიცავს უფრო მეტ საკითხს, ვიდრე მხოლოდ ფინეთის ისტორიაა.

რეგულარული კომუნიკაცია სკოლასა და მასწავლებელს შორის ძირითადად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლა ყველა მშობელს სთავაზობს ვებგვერდზე განთავსებულ პორტალს, რომლითაც სარგებლობენ მასწავლებლები და სკოლის სხვა პერსონალი მათთვის შეტყობინებების გასაგზავნად. მათი დანიშნულებაა მასწავლებლისა და მშობლის შეხვედრებზე შეთანხმება, გაცდენების საკითხის გარკვევა, გამოცდების გრაფიკის, სასკოლო ექსკურსიების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა. მასწავლებლებთან (და სხვა პერსონალთან) კავშირი შესაძლებელია ტელეფონით და პირადი შეხვედრების საშუალებითაც.

სკოლებს არ ენიჭებათ რანგები. ზოგიერთ სკოლას შესაძლოა ჰქონდეს მშობლებს შორის უკეთესი ან უარესი რეპუტაცია სხვადასხვა მიზეზის გამო, რომლებიც ცვალებადია: სკოლის ისტორია, ზომა, კეთილმოწყობა, გეოგრაფიული მდებარეობა/წვდომა, მანძილი სახლიდან და სხვა.

საზოგადოდ, ყველა მოსწავლე დადის მისთვის ყველაზე ახლომდებარე სკოლაში და უმრავლესობა ამას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს. სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე მოსწავლე შესაძლოა მიიღონ სხვა სკოლაშიც.

სასკოლო განათლება ფინეთში უფასოა. ასევე უფასოა სასკოლო სადილი. სადილი კარგია, სრულფასოვანი და არა მცირე ხემსი ან მიკროტალღოვან ღუმელში გაცხელებული ცომეული.

დაწყებით კლასებში (პირველიდან მეექვსემდე), მოსწავლეებს საკლასო ოთახი ფეხსაცმელი არ აცვიათ. ფეხსაცმელებსა და ქურთუკებს, როგორც წესი, სკოლის დერეფანში ტოვებენ.

სკოლების დერეფნებში არ არის პირადი კარადები წიგნებისა და პირადი ნივთებისათვის. წიგნებს, რომლებიც იმ დღეს არ სჭირდებათ, მოსწავლეები სახლში ტოვებენ, ხოლო საჭირო ნივთები და სახელმძღვანელოები ჩანთით დააქვთ.

ყოველი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს შესვენება აქვთ. გაკვეთილი ჩვეულებრივ, 45 წუთი გრძელდება და მას 15-წუთიანი შესვენება მოჰყვება. შესაძლებელია ორი გაკვეთილის გაერთიანებაც (სპორტი, ხელოვნება) – ამ დროს შესვენება არ იქნება, მაგრამ 90-წუთიანი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს უფრო ხანგრძლივ შესვენებას სავაზობენ. სადილის შესვენება, როგორც წესი, 30-წუთიანი ან უფრო ხანგრძლივია. მას ემატება სადილის შემდგომი 15-წუთიანი შესვენება, რომლის დროსაც ბავშვები გარეთ გადიან სათამაშოდ.

სასკოლო დღის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. დაწყებითი სკოლის პირველი სამი წლის განმავლობაში გაკვეთილების ხანგრძლივობა 3-4 საათია (ხანდახან – ხუთიც). ზოგიერთ სამუშაო დღეს სკოლის გაკვეთილები შეიძლება ჩვეულებრივზე ადრე ან გვიან დაიწყოს. მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფს შესაძლოა განსხვავებული სასწავლო გრაფიკი ჰქონდეს. ყოველი სკოლა თვითონ წყვეტს, როდის დაიწყოს გაკვეთილები. ეს შეიძლება იყოს 9:00, 8:00, 8:30, 8:45 ან სხვა დრო. ერთი ქალაქის სკოლებს, ჩვეულებრივ, ერთნაირი გრაფიკი აქვთ.

გაკვეთილების განრიგი არ არის უცვლელი და ქვაზე ამოკვეთილი. ეს განსაკუთრებით ეხება დაწყებით კლასებს, რომელთა გაკვეთილების ცხრილი ცვალებადია. მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს ყოველდღიური ან კვირის განმავლობაში ჩასატარებელი გაკვეთილების მიმდევრობა.

მას ასევე შეუძლია გამოყოს „სპეციალური პროექტების“ დღეები სემესტრის განმავლობაში – რომელიმე კვირა აქცენტირებული იყოს მათემატიკაზე, ხელოვნებაზე და/ან სხვა საგნებზე.

როგორც წესი, ბავშვებს აქვთ ველოსიპედი, ციგურები ან თხილამურები. შესაძლებელია, სკოლა დაეხმაროს მოსწავლეს, რომლის მშობლებსაც არ შეუძლიათ მათი შეძეძენა და დაუქირავოს ისინი.

სკოლებში არ არის უნიფორმები. პირველ მაისს და სხვა განსაკუთრებულ დღეებში უნივერსიტეტის სტუდენტები იცვამენ ქალაქის ან სპეციალობის ფერებით გაწყობილ მოსასხამებს, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო და, როგორც წესი, სტუდენტური კავშირების ტრადიციებს უკავშირდება“.

ჟურნალ “მასწავლებლის” კიდევ ერთი ახალი ნომერი!

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2018  წლის მეხუთე    ნომერი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ,  საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

ჟურნალი მასწავლებელი შინაარსი

 

კიდევ ერთი მითი აღზრდის შესახებ

0

კითხვები:

რატომ ვერ შეძლო აღზრდის შესახებ თანამედროვე მიდგომებმა „ანგელოზების“ თაობის აღზრდა“?

„რატომ ვერ მოხერხდა თანამედროვე მიდგომების გამოყენების ფონზე უფრო ცივილიზებული თაობის აღზრდა“?

ვისაუბროთ აღზრდის თანამედროვე მიდგომების მითებზე, კერძოდ, ბავშვების აგრესიის ირგვლივ გავრცელებულ მითებზე. ყველას შესანიშნავად მოეხსენება, რომ აგრესიას აქვს მრავალი გამოვლინება: კინკლაობები, დაშინება და ფიზიკური ძალადობა…

მცირე ასაკის ბავშვების აგრესიული ქცევა ძალიან ადვილად შეგვიძლია ავხსნათ ოჯახში  არაჯანსაღი ატმოსფეროს არსებობით. ანუ – თუ ოჯახში ყველაფერი კარგად არის, მაშინ პატარა არ გაიზრდება აგრესიული. მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახლა გარშემო იმდენად ბევრი აგრესიაა, რომ მსგავსი არგუმენტი კარგავს დამაჯერებლობას; თანაც გამოდის, რომ პრაქტიკულად ვერცერთი მშობელი ვერ ართმევს თავს საკუთარ მოვალეობებს.

აგრესიული ქცევა ტრადიციულად მიიჩნეოდა, რაღაც თანდაყოლილ ანომალიად, ფსიქიკური გადახრის ნაირსახეობად. ის აღიქმებოდა საზოგადოებაში თანაცხოვრების უნარის არქონად. თუ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე გამოაჩნდებოდა აგრესიული ქცევა, ითვლებოდა, რომ მას მომავალშიც პრობლემები შეექმნებოდა. აგრესიული ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებად, ითვლებოდა: სახლში კონფლიქტური სიტუაციები, ფიზიკური დასჯა, ტელევიზიით იმგვარი გადაცემების ყურება, რომლებშიც მრავლად იყო ძალადობის სცენები, თანატოლების მხრიდან დევნა, ჩაგვრა. ეს ყველაფერი ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არ არის.

მარკ კამინგსი – ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მკვლევარი, რომელიც ათ წელიწადზე მეტია იკვლევს ყოფითი, საოჯახო კონფლიქტების გავლენას ბავშვების ფსიქიკაზე, ამბობს, რომ ყველა ბავშვს უნახავს ოჯახის წევრების კამათი. მშობლები შესაძლებელია, ცდილობენ, აარიდონ შვილებს მსგავსი სცენები, მაგრამ ხშირად ეს შეუძლებელია. კამინგსი ერთ-ერთ ნაშრომში წერს, რომ ბავშვების უსაფრთხოება და მათი ემოციური კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია მშობლებს შორის ურთიერთობებზე, ვიდრე ბავშვებსა და მშობლებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე. „მაშინაც კი, როდესაც ექსპერიმენტის დროს ბავშვებს ვაყურებინებდით მშობლებს შორის ბობოქარი კონფლიქტის სცენას – იხსენებს მარკ კამინგსი – პატარები მაშინ მშვიდდებოდნენ, როცა კონფლიქტის მშვიდობიან დასასრულს ხედავდნენ“. ანუ აუცილებელია ბავშვებმა შეიტყონ, რომ უფროსების კამათი შერიგებით დასრულდა. უფრო მეტიც,  მაშინაც  კი, როდესაც მშობლები ჩხუბობენ ბავშვების თანდასწრების გარეშე, პატარები მაინც გრძნობენ უფროსებს შორის განვითარებულ კონფლიქტს. მეცნიერი დასძენს, რომ: „კონფლიქტის დასრულება უნდა იყოს გულწრფელი და არა ხელოვნურად გათამაშებული, რადგან ბავშვები შესანიშნავად გრძნობენ სიყალბეს“. შედეგად, ბავშვები შეიძენენ კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსვლის უნარს.

საინტერესოა, რომ ფიზიკური დასჯა ბავშვებს უფრო აგრესიულს ხდის.

ცნობილია, რომ ამერიკელი მშობლების 90 პროცენტი ცხოვრების მანძილზე თუნდაც ერთხელ აუცილებლად სჯის საკუთარ შვილს ფიზიკური მეთოდების გამოყენებით. კენეტ დოჟი – დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარი, ბავშვთა განვითარების საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერია. მისი კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ბავშვების ფიზიკური დასჯის საკითხებს. მკვლევარმა შეისწავლა, როგორც საკუთარი თანაშემწეების ექსპერიმენტული მონაცემები, ასევე ამ საკითხის გარშემო არსებული საერთაშორისო კვლევები.

„აუცილებელია, გავიგოთ, როგორ იქცევიან მშობლები, როდესაც შვილებს ფიზიკურად სჯიან და რა ემართებათ ამ დროს ბავშვებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დასავლურ კულტურაში ფიზიკური დასჯა არ არის მიღებული და თუ მშობლები მაინც სჯიან შვილებს, ეს ხდება უკიდურეს სიტუაციებში. ანუ მშობელი ამბობს: „შენ იმდენად ცუდად მოიქეცი, რომ იძულებული ვართ განსაკუთრებულად მკაცრად დაგსაჯოთ, ანუ „ტაკოზე მოგცხოთ“. გვინდა ვთქვათ, რომ ხანდახან, მიუხედავად მშობლების მცდელობებისა, რომ ბავშვებს კარგად მოექცნენ, მათი საქციელი ცუდად აღიქმება.  მშობლების რეაქცია შვილების საქციელზე ბავშვებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც თავად ფიზიკური სასჯელი.

გამოდის, რომ ჩვენ ვადასტურებთ ერთ უცნაურ გარემოებას: ბავშვებსა და მშობლებს შორის კონფლიქტი გარკვეულწილად შესაძლებელია მომავალში პოზიტიური შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. ანუ მითი აღზრდის თანამედროვე მეთოდების აბსოლუტურ სისწორეზე, რბილად რომ ვთქვათ, შეირყა.

ახლა მოდით, განვიხილოთ ბავშვების ურთიერთობები თანატოლებთან. დავსვათ საკითხი: როგორ გავლენას ახდენენ ბავშვებზე კონფლიქტური სიტუაციები და მათი დამოუკიდებლად, მშობლების ჩარევის გარეშე გადაჭრის უნარი.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ ალენი, მიიჩნევს, რომ ბევრი მშობელი იმყოფება, ეგრეთ წოდებული, აღზრდის პარადოქსის სიტუაციაში. „ბავშვების დაცვა – მშობლების თანდაყოლილი მისწრაფებაა“.  შვილების დაცვა, გაკონტროლება თავისთავად არ არის ცუდი და დასაგმობი, მაგრამ, სამწუხაროდ, მშობლები უმეტეს  შემთხვევაში ყველა ზღვარს გადადიან – ფიქრობს პროფესორი.

მშობლები ყველაზე მეტად წუხან იმის გამო, რომ ვერ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, უნდა ჩაერიონ თუ არა, როდესაც მათ პატარას, მაგალითად, სათამაშო წაართვეს.

მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ბულინგი საშიში მოვლენაა და აუცილებელია მისი  შეჩერება. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია აფრთხილებს უფროსებს, რომ ბულინგი დაკავშირებულია სიტუაციის არასწორ შეფასებასთან და საბოლოოდ გამოწვეულია არასათანადო ფსიქოლოგიური განვითარებით. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვები შეცდომებს უშვებენ იმიტომ, რომ ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან. ფსიქიატრები ფიქრობენ, რომ დასჯის სერიოზული მეთოდები უფროსების ავტორიტეტს მნიშვნელოვნად აზიანებს. ანუ: „ბავშვებს ეშინიათ არა სხვა ბავშვების\ადამიანების, არამედ, იმ დადგენილი წესების, რომლებიც შესაძლებელია უნებურად დაარღვიონ“. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ბულინგის მიმართ აბსოლუტურად სრული შეუწყნარებლობის პოლიტიკამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ბავშვები გაცილებით მეტს ნერვიულობენ წესების დარღვევის გამო. ამერიკაში  სკოლებიდან მათი გარიცხვების 95 პროცენტი დაკავშირებულია არა ბულინგთან, არამედ სასკოლო ნორმების დარღვევასთან.

ამერიკელი მშობლების 68 პროცენტი ეთანხმება ბულინგის მიმართ სრული შეუწყნარებლობის პოლიტიკას. თანდათან იზრდება ჩამონათვალი, თუ რას ვეძახით ჩვენ ბულინგს: სისასტიკეს, დევნას, განდევნას, შეურაცხყოფას, აგრესიის ფიზიკურ გამოვლინებას. არის ერთი პრობლემა: მსგავსი ქმედებების უდიდეს ნაწილს სჩადიან არა, ე.წ. ხულიგანი ბავშვები, არამედ ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი პატარები და მოზარდები. პოპულარობასა და დაუნდობლობას შორის კავშირი, სავარაუდოდ, უცხო არ უნდა იყოს მასწავლებლებისთვისაც. ისინი უხვად შეხვედრიან ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც ძალიან პოლულარული არიან და თან ძალიან მოსწონთ თანატოლების დაჩაგვრა.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ეკვლიათ პოპულარობასა და აგრესიას შორის კავშირი.  კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორი ანტონიუს სილესენი განმარტავს, რომ აგრესია ხშირად სჭირდებათ ბავშვებს თანატოლებზე კონტროლის მოსაპოვებლად და სტატუსის განსამტკიცებლად. გარკვეული ტიპის აგრესიული საქციელის განსახორციელებლად საჭიროა ძალიან განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები. ფიზიკური აგრესიაც კი ხშირად სოციალიზაციის ნიშანია და არა პირიქით. აგრესიული ბავშვები სულაც არ არიან უემოციოები და უგრძნობლები. პირიქით, ანტონიუს სილესენის აზრით, რელაციური აგრესიის (ამ ტიპის აგრესიის განმასხვავებელი ნიშანია შერჩეული „მსხვერპლის“ სოციალური ადგილის ჩამოშლა. ამისათვის ხშირად აგრესორი მეგობრულ ურთიერთობებს იყენებს. რელაციური აგრესია არ არის პირდაპირი ფიზიკური აგრესია, ის მსხვერპლს სოციალური იზოლაციით სჯის, ავრცელებს ჭორებს და იყენებს მსგავს ფაქიზ მანიპულაციებს) გამოსახატავად უნდა იყო ემოციური, რადგან უნდა გრძნობდე საკუთარ გარემოცვას და უნდა იცოდე ასევე ის სუსტი წერტილები, რომლებზედაც ზემოქმედება უნდა მოახდინო, რომ შედეგს მიაღწიო და მოწინააღმდეგეს ნერვები აუშალო.

ბავშვებმა შესანიშნავად იციან, რომ მსგავსი ქცევა არ არის კარგი – ამბობს მეცნიერი – მშობლები ხომ გამუდმებით ამას ჩასჩიჩინებენ. მაგრამ რთულია ზოგიერთი ქცევისგან თავის დაღწევა, რადგან ისინი ბავშვს თანატოლებში პატივისცემას უმკვიდრებენ. რატომ ხდება, რომ აგრესიულ ბავშვებს კი არ გაურბიან, პირიქით – პატივისცემით ექცევიან?

აგრესიული ქცევა ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი კანონდარღვევა, თანატოლების მხრიდან აღიქმება, როგორც უფროსების მიმართ პროტესტი. სწორედ ამიტომ აგრესიული ბავშვი ასაკთან შედარებით უფროსად  და თანაც უფრო დამოუკიდებლად გამოიყურება.

სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვას თუ მივუბრუნდებით, გამოდის, რომ აღზრდის თანამედროვე მიდგომების გარკვეული ნაწილი კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. ჩვენ გადავურთეთ ბავშვებს ტელევიზორი აგრესიული ფილმებიდან მშვიდ საგანმანათლებლო ტელეპროგრამებზე, ბავშვებმა კი ამ დროს დაჯგუფებების შექმნა ისწავლეს, რომლებშიც არ იღებენ მათთვის არასასურველ თანატოლებს; ისწავლეს, როგორ მოახერხონ და უკეთესად დაჩაგრონ სხვები. ჩვენ არ ვაძლევდით საშუალებას შვილებს თვალყური ედევნებინათ უფროსების კინკლაობებისათვის და თავადაც ესწავლათ, როგორ ვახერხებთ კამათის შემდეგ შერიგებას და ერთმანეთის მიმართ კეთილი გრძნობების გამოხატვას, პრობლემების მშვიდად და მშვიდობიანად გადაჭრას. ჩვენ ვფიქრობდით, რომ აგრესია – ეს არის რეაქცია თანატოლების ქცევაზე. სინამდვილეში არსებობს ბავშვებს შორის ურთიერთობების რთული სისტემა. ჩვენ გვსურდა, რომ ჩვენს შვილებს უფრო მეტი ეთამაშათ. მიუხედავად ამისა, ბავშვების თავისუფალ დროს გამუდმებით ვავსებდით სხვადასხვა დამატებითი აქტივობით. ამ და სხვა შეუმჩნეველი შეცდომებით ჩვენ შევქმენით იდეალური ატმოსფერო ისეთი აგრესიულობის განვითარებისათვის, რომელსაც კვებავს ერთმანეთის მიმართ მიუღებლობა და მაღალი სოციალური სტატუსის მიღწევის სურვილი. რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ბავშვები და მოზარდები ერთმანეთის გარემოცვაში, მით უფრო ძლიერდება ეს მისწრაფებები და კონკურენცია.

კიდევ ერთი მითი აღზრდის შესახებ: მამების როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ხელს უწყობს ბავშვებში აგრესიის ნაკლებად განვითარებას.

მკვლევრებმა გამოჰყვეს მამების სამი კატეგორია: ტრადიციულები, პროგრესული და ისეთები, რომლებიც არაფერში ერევიან. მიხვდებით, რომ პროგრესული მამიკოები, ყველა პუნქტის მიხედვით ლიდერობენ, ისინი სამაგალითო ქცევებით გამოირჩევიან, როგორც სახლში, ასევე გარეთ. მაგრამ როგორც გაირკვა ასეთი მამიკოების შვილებიც ისეთივე აგრესიულობით გამოირჩევიან, როგორც ტრადიციული აღზრდის სტილის მქონენი და მით უფრო, ისეთების შვილები, რომლებიც საერთოდ არ ერევიან შვილების აღზრდაში.

დაბოლოს, ბავშვები – ეს ხომ მუდმივი წინააღმდეგობრიობაა. ისეთმა ფაქტორებმაც კი, როგორებიცაა: დედმამიშვილებს შორის დამოკიდებულება, თანატოლების მიერ ურთიერთგავლენები, მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულება და თქვენ წარმოიდგინეთ მადლიერების განცდაც კი, შესაძლებელია იქონიოს ბავშვზე როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გავლენა. მიუხედავად ამ და სხვა მრავალი წინააღმდეგობისა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შესაძლებელია უკეთ გავუგოთ ბავშვებს, მხოლოდ ასე შევძლებთ უფროსები მათ შესახებ რაღაც სიახლის გაგებას.

 

ამონარიდები ამერიკელი ავტორების პო ბრონსონისა და ეშლი მერიმენის წიგნიდან: „მითები აღზრდის შესახებ. მეცნიერება ინტუიციის წინააღმდეგ“.

 

მონობიდან ნობელის პრემიამდე

0

მსოფლიოში სულ რამდენიმე ასეული ათასი იეზიდი ცხოვრობს. ყველაზე ოპტიმისტური დათვლით იეზიდთა საერთო რაოდენობა დაახლოებით მილიონ-ნახევარს უტოლდება. იეზიდები, ძირითადად, ერაყის ჩრდილოეთით და სირიის აღმოსავლეთით არიან განსახლებულნი. მათ დემოგრაფები ეთნო-რელიგიურ ჯგუფად განიხილავენ. იეზიდები ეროვნებით ქურთულ თემს მიეკუთვნებიან, მათი უმრავლესობა ქურთული ენის დიალექტზე, კურმანჯიზე საუბრობს. ისინი ქურთებისგან უმთავრესად რელიგიური შეხედულებებით განსხვავდებიან. იეზიდიზმი გამორჩეული და თვითმყოფადი რელიგიაა, რომელიც ზოროასტრიზმის, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ნიშნებს აერთიანებს. იეზიდთა გარდა, აღნიშნულ რელიგიას სხვა ეთნოსები ფაქტობრივად არ მისდევენ.

ერაყის ჩრდილოეთით მცხოვრებმა მცირერიცხოვანმა ეთნო-რელიგიურმა ჯგუფმა უკანასკნელ წლებში უამრავი განსაცდელი გამოიარა. წარსულში ყველა რეგიონალური აქტორი მათ ასიმილაციას ან განადგურებას ცდილობდა. სადამ ჰუსეინი იეზიდების არაბებად ძალადობრივი რეგისტრაციის იდეის ერთგული იყო. ადგილობრივი ქურთები კი იეზიდთა განსაკუთრებულ რელიგიურ მახასიათებლებს არაფრად აგდებდნენ და მათ დამოუკიდებელ ეთნოსად აღიარებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. იეზიდებს ყველაზე მეტად 2014 წლის შემდეგ გაუჭირდათ. მრავალ ომში გამოწრთობილ და ნატანჯ ხალხს თავს „ისლამური სახელმწიფოს“ რისხვა დაატყდა. „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლას ათასობით იეზიდის სიცოცხლე შეეწირა. ტრადიციულად, მსოფლიომ ამ შემთხვევაშიც დაიგვიანა და კატასტროფის თავიდან აცილება ვერ მოახერხა.

საუბედუროდ, ხანდახან ომის მთავარი სისასტიკე მხოლოდ ადამიანთათვის სიცოცხლის მოსწრაფებაში არ ვლინდება. დაუნდობელი ომების მიმდინარეობისას ხშირად მოქალაქეები წამებით აღსავსე სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებენ. წამებას მხოლოდ ერთეულები უძლებენ.

2014 წლის აგვისტოში ტერორისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ სინჯარის პროვინციის პატარა სოფელ კოჩოშიც შევიდა. მამაკაცები და მოხუცები საჯაროდ დახვრიტეს. 21 წლის ნადია მურადს დედა და ძმები თვალწინ მოუკლეს. კოსმეტიკოსობაზე მეოცნებე გოგონა კი გაყიდეს. „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანებით ვაჭრობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ბუნებრივია, ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალგაზრდა ქალებზე მოდიოდა. მონად გაყიდული ქალები მყიდველთა სექსუალურ ქვეშევრდომებად იქცეოდნენ ხოლმე. ნადია მურადი ტყვეობაში ჩავარდნის შემდეგ რამდენჯერმე გაყიდეს. ყოველი ახალი ბატონი იეზიდ ახალგაზრდაზე სექსუალურად ძალადობდა. ყოველი ახალი ბატონი არშემდგარ კოსმეტიკოსს აწამებდა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ სოფელ კოჩოს ყოფილმა მკვიდრმა მონობიდან გაქცევა მოახერხა და თავი გერმანიას შეაფარა.

წამებისა და მრავალგზის გაუპატიურების შემდეგ ტრავმირებულ ადამიანებს ბრძოლის გაგრძელების თავი აღარ აქვთ. აღმოსავლური კულტურის წარმომადგენელი ქალებისთვის ორმაგად რთული, მძიმე და სასირცხვილოა სექსუალური ძალადობის მსხვერპლად საკუთარი თავის ღიად გამოცხადება. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან მტკივნეულია თითქმის ყოველდღიურად, სხვათა თანდასწრებით თავს გადახდენილი ყველაზე მძიმე ტრაგედიის შესახებ დაწვრილებით მოყოლაც.

ნადია მურადმა ფარ-ხმლის დაყრაზე უარი თქვა. მან ტყვეობიდან დახსნისთანავე ყველას გასაგონად დაიწყო საუბარი ადამიანებით ვაჭრობაზე, სექსუალურ ძალადობასა და იეზიდების გენოციდზე. მურადმა ოცდამეერთე საუკუნეში გავრცელებული მონობის უახლესი ფორმები თავის წიგნში აღწერა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ რიგით მოქალაქეებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები თვითმხილველის პერსპეტივიდან დაანახა. ჩრდილოეთ ერაყიდან გამოდევნილმა ქალმა თავისი საქმიანობის შედეგად ასობით გოგონას მონობიდან გათავისუფლება მოახერხა.

წიგნების გამოცემის, საქველმოქმედო მოღვაწეობის, იეზიდთა გენოციდის შესახებ პოლიტიკური ღონისძიებების ორგანიზების შემდეგ გაერო-მ 24 წლის გოგო ადამიანებით ვაჭრობის მსხვრეპლთა უფლებების დაცვის საგანგებო ელჩად დანიშნა. გაერო-ის ოფიციალური სტატუსის მიღების შემდეგ მონობიდან გათავისუფლებული ქალის საქმიანობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

2018 წელს ნობელის კომიტეტმა მშვიდობის პრემიაზე წარდგენის ასობით განაცხადი მიიღო. კომიტეტის წევრებს თავისუფლად შეეძლოთ გლობალური ჩრდილოეთისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ მიღება. ისინი ხომ ხშირად აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით აჯილდოებენ პირებს. ბარაკ ობამა სულ რამდენიმე თვის არჩეული იყო სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე, როდესაც კომიტეტმა მას პლანეტის ყველაზე პრესტიჟული პრიზი გადასცა. ანალიტიკოსებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, რით დაიმსახურა ამხელა პატივი შეერთებული შტატების გამორჩეულმა პრეზიდენტმა. წელს ნახევარსაუკუნოვანი შესვენების შემდეგ კორეის ლიდერები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, დონალდ ტრამპმა დიქტატორ ინთან დაიწყო მოლაპარაკებები. მაშასადამე, ბევრს ეგონა, რომ პრემიას ისედაც ყველაზე გავლენიანი ადამიანები დაისაკუთრებდნენ.

თუმცა, ნობელის კომიტეტმა ამჯერად განსხვავებული ნაბიჯი გადადგა. 2018 წელს მშვიდობის პრემია ნადია მურადს გადაეცა. ნადია მურადის დაჯილდოებით კომიტეტმა მთელი მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყრო მესამე სამყაროს ქვეყნებში გამეფებულ უსამართლობაზე, მცირერიცხოვანი ხალხების მასობრივ დევნასა და განადგურებაზე, ადამიანებით ვაჭრობისა და სექსუალური ძალადობის ათასობით რეაგირების გარეშე დარჩენილ სასტიკ შემთხვევაზე.

 უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ

0

ბოლო ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებით თვალშისაცემია ჩვენი მცდელობა, როგორ გავუქარწყლოთ ბავშვს საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა. სპეციალისტები გვარიგებენ, რომ ბავშვები არ უნდა გავანაწყენოთ, გული არ გავუტეხოთ, ოჯახში მნიშვნელოვანი ადგილი გამოვუყოთ და თავისუფლება მივცეთ.

მოკლედ, გვირჩევენ, ბავშვებს სრულიადაც არ მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენ გვექცეოდნენ ბავშვობაში. ალბათ, სწორედ ამიტომ გვიძნელდება, მივაღწიოთ სასურველ მიზანს. ამოცანას შევიმსუბუქებთ, თუ ვეცდებით უკეთ გავიგოთ, როგორ მოქმედებს საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა ბავშვის განვითარებაზე და საიდან აღმოცენდება ის.

სავსებით შესაძლებელია, ეს გრძნობა შიშს შევადაროთ. მათ შორის განსხვავება მხოლოდ გამოვლინების ძალაშია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავისადმი უნდობლობა ფრიად საგრძნობი შეიძლება იყოს, შიში უფრო მკაფიოდ გამოვლინდება. არც ისე ძნელია გავიგოთ, როდის ეშინია ადამიანს, მაგრამ საკმაოდ დაკვირვებული უნდა იყოს ადამიანი, რომ გამოიცნოს, როდის არ ენდობა ის საკუთარ თავს. ორივე გრძნობა აუტანლად შემაწუხებელი, ერთი და იგივე გრძნობის შემადგენელი ნაწილია.

წუხილის ეს ბუნდოვანი და საკმაოდ გაურკვეველი გრძნობას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვაგვარი გამოვლინება. ბავშვი გრძნობს რა თავს მეტად უბედურად, შეიძლება გახდეს გაუბედავი, ბრაზიანი, მტირალა; ასევე – მოუსვენარი, გაღიზიანებული, უკონტაქტო.

რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად საკუთარი თავის მიმართ უნდობლობაგამოცხადებული ბავშვის ქმედებები შეიძლება გამოირჩეოდეს განსაკუთრებული სიმტკიცით, ან პირიქით, უნებისყოფობით. ის შესაძლოა იტანჯებოდეს მუდმივი შიშით, რომ დასჯიან, უარყოფენ, გააგდებენ, სადღაც გააგზავნიან. შეიძლება გაუჩნდეს აკვიატებული ნევროზული ჩვევებიც  _ დაიწყოს თითის წოვა, ფრჩხილების კვნეტა, ლოგინში ჩასველება, უნებლიე მოძრაობები. იგი მუდმივად ჩხუბობს ამხანაგებთან, მიჯაჭვულია დედაზე და ტოვებს შენელებული განვითარების ბავშვის შთაბეჭდილებას. რაც მთავარია, ეს ვნებს მის უნარს თანხმობით იცხოვროს მშობლებთან. უნდობლობის გრძნობის გამოვლენის ასეთი მრავალფეროვნება მშობელს მეტად სერიოზულად ეჩვენება.

რატომ არის ეს გრძნობა ასე მრავალფეროვნად გამოხატული და რატომ მივყავართ ასეთ შედეგებამდე? ყოველთვის, სანამ ჩვენი ბავშვობა გრძელდება, თავს სრულიად დაუცველად და უძლურად ვგრძნობთ, არაფერი შეგვიძლია. ერთი სიტყვით, მთლიანად ვართ დამოკიდებული სამყაროზე, რომელშიც უფროსები ბრძანებლობენ. გვეჩვნება, რომ უსასრულოდ დიდხანს ვცხოვრობთ უფროსებს შორის და სანამ ჩვენ არ გავხდებით მოზრდილები და დამოუკიდებლები, იძულებული ვართ,  მოვითმინოთ მრავალი სხვადასხვა სახის უსიამოვნება.

ამგვარი საშიშროებისაგან ჩვენი ბავშვების დაცვის ყველაზე საიმედო ხერხი მათში რწმენის განმტკიცებაა, რომ მშობლები ყოველთვის მათ გვერდით არიან და მზად არიან დაეხმარონ მათ. მშობლებმა ეს ყოველთვის იციან, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბავშვები ყოველთვის როდი არიან დარწმუნებულნი მათში. ეს შეგრძნება ბავშვში მეტად უმნიშვნელოდაა, მაგრამ თუ გაღვივდა, მის გულში დიდხანს რჩება.

ბავშვებს ეჩვენებათ, რომ მშობლების მიმართ მორჩილება მეტისმეტი საფასურია იმ მფარველობისთვის, რასაც ისინი სანაცვლოდ იღებენ. ისინი ხედავენ, რომ მშობლები ზოგჯერ არიან მოსიყვარულენი, მაგრამ უმეტესად მოუთმენელნი და მრისხანენი. როცა დედა ბებოს ტელეფონზე ელაპარაკება და გიგო აწყვეტინებს,  დედა არ უჯავრდება მას, ნებას აძლევს, იტიტინოს ყურმილში. ოციოდე წუთის შემდეგ კი, თუ იმავეს გაიმეორებს, სჯიან. გიგოს არ ესმის, რომ ახლა დედას სერიოზული საუბარი აქვს ავტომექანიკოსთან, ისინი მანქანის შეკეთების ფასზე მსჯელობენ.

რა თქმა უნდა, ბავშვები პატივს უნდა სცემდნენ მშობლების საქმიანობას, მაგრამ მშობლები ხშირად არ სცემენ პატივს ბავშვის საქმიანობას. ისინი ხან მეტისმეტი ყურადღების ქვეშ აქცევენ ბავშვს, ხან კი არად აგდებენ. ამიტომ ბავშვები საგონებელში ვარდებიან და უჩნდებათ კითხვა – ნამდვილად არიან თუ არა მშობლები მათი მეგობრები? პატარებისთვის უმნიშვნელოვანესია ეს მეგობრობა. მათ ხომ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილება, მხოლოდ მშობლებს შეუძლიათ ყველაფერი აუცილებელი გააკეთონ მათთვის და პატარებს მშვენივრად ესმით ეს. ყოველ შემთხვევაში, უკეთ, ვიდრე ეს უფროსებს ჰგონიათ.მოკლედ რომ ვთქვათ, მრავალი წლის განმავლობაში მათი რწმენა ჩვენზე, მშობლებზეა დამოკიდებული.

საუკეთესო ხერხი, რათა ვაგრძნობინოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და ყოველთვის მზად ვართ მათ დასახმარებლად  – უსაზღვრო მოთმინების გამოჩენაა! მოთმინებაზე მეტად, არაფრით მტკიცდება მშობლის სიყვარული. სურვილი, გავუგოთ ბავშვს და მივცეთ იმდენი თავისუფლება, რამდენიც აუცილებელია ნორმალური განვითარებისთვის, სწორედ ყოველდღიურ მოთმინებაში ვლინდება. მცირე ასაკის ბავშვთან ჩვენი მზრუნველობა გამოიხატება ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში: ძუძუს წოვაში, კვებაში, ბანაობაში, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში და ასე შემდეგ.

სწრაფი წარმატების მიღწევის ნებისმიერი მცდელობა ასევე განწირულია მარცხისთვის.  თუ მოუთმენლობას გამოვავლენთ, ეს ნეგატიურად აისახება ბავშვზე, არა იმიტომ, რომ ის ყველაფერში ჩვენ გვბაძავს, არამედ იმიტომაც, რომ მას ეჩვენება, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ ვართ, არ მოგვწონს თვით მისი არსებობის ფაქტი, არ გვინდა, რომ ის არსებობდეს.

ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მშობლის ყვირილი და სიმკაცრე განამტკიცებს ბავშვში საკუთარი თავისადმი უნდობლობას. რა თქმა უნდა, ბავშვებს სჭირდებათ მითითებები და ხელმძღვანელობა. ხშირად ისინი თავადაც გვეკითხებიან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ამის ახსნა ათასგვარად შეიძლება, მაგრამ აუცილებელია უდიდესი მოთმინება.

გასაგებია, რომ არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია იყოს უსაზღვროდ მომთმენი. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ხასიათი და განწყობილება. ჩვენც ხომ ყოველთვის ბოლომდე არა ვართ დარწმუნებული ჩვენს თავში, ამიტომ არ უნდა გვქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენს შვილებს ეს თვისებები ჰქონდეს. არც ისე გონივრულია მოვთხოვოთ სხვებს ისეთი რამ, რისი მიცემაც ჩვენ მისთვის ვერ შევძელით. თუკი ჩვენ ბავშვს მიუწვდომელ, არარეალურ მიზანს დავუსახავთ, ჩვენ მიმართ უნდობლობის ახალი მიზეზები აღმოცენდება. აი, კიდევ ერთი გასაღები ჩვენი შვილების გაუბედაობის გადასალახავად.  რაც უფრო მეტად გავთავისუფლდებით თავად ჩვენ დაძაბულობის, განგაშისა და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობისგან, მით მალე გათავისუფლდებიან მისგან ისინიც.

 

 

 

კოლაუ ნადირაძე VS გალაკტიონი

0

ნაწილი 1

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა სიურპრიზი გაუკეთა მკითხველს და გამოსცა ერთი საინტერესო წიგნი. ეს კრებული გალაკტიონის გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელსაა დაბეჭდილი, მაგრამ მას საინტერესოს ხდის „25 თებერვალი“-ის ავტორის მწვავე, სარკასტული, ვიღაცისთვის გაუმართლებელი კრიტიკული შენიშვნები და ვიღაცისთვის სახალისო მინაწერები. როდესაც კომენტარებს გადავავლე თვალი, არ მომასვენა ერთმა კითხვამ: რას მომცემს ამ ყველაფრის ცოდნა მე, რიგით მკითხველს, რომელსაც, შესაძლოა, ორივე პოეტის შემოქმედება ერთნაირი სიძლიერით არ მიყვარდეს, მაგრამ ვაღიარებდე და პატივს ვცემდე მათ მიერ შეტანილ წვლილსა და ღვაწლს ქართული პოეზიაში. ჩემს თვალში ჩრდილი არ მიადგება არც განქიქებულ პოეტს და, სხვათა შორის,  არც განმაქიქებელს. ჩემთვის პოეტთა პაექრობის ეს ასპექტი დამატებითი ინფორმაციის წყარო იქნება. მაგრამ ხომ არ დააზარალებს მსგავსი ტიპის ინფორმაცია იმ მკითხველს, რომელსაც სიღრმისეულად არა აქვს გააზრებული გალაკტიონის პოეზია და ხომ არ შეიძლება, ამგვარი შენიშვნების წაკითხვის შემდეგ გაუჩნდეს ეჭვი კოლაუ ნადირაძის მიერ დაწუნებული ლექსების თაობაზე? ამ კითხვით მივმართე ჩემს ნაცნობ მუზეუმის თანამშრომლებს და მათგან შევიტყვე, რომ წითელი და ლურჯი მელნით აჭრელებული კრებული თავად პოეტის შვილმა გადასცა დაწესებულებას. ჩემთვის ეს გმირობის ტოლფასი საქციელია… გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის მეჩვენებინა გამოცემა. თავიდან მათ, დიახ, იხალისეს კომენტარებზე. ერთმა მოსწავლემ, სუხო ჟვანიამ კი გადაწყვიტა, სწორედ კომენტარებზე გაეკეთებინა კომენტარი, თემა ჩემი ხელმძღვანელობით დაწერა და ამ წერილში სწორედ მის მიგნებებს წარმოგიდგენთ. მიგნებების ნაწილი სუხოს არ ეკუთვნის (და წერილში აღნიშნულია კიდეც, რომ მათი ავტორი მოსწავლე არ არის), ვინაიდან ეს წერილი არ არის სამეცნიერო ნაშრომი, ავტორებს არ დავიმოწმებ, მაგრამ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს მოგიწოდებთ, შეხვიდეთ შოათ რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის საიტზე და გაეცნოთ გალაკტიონოლოგიის საინტერესო კრებულებს.  

კომენტარებში კოლაუ ნადირაძე სხვადასხვა დიდ და მცირე „ბარლდებებს“ უყენებს გალაკტიონს. პირველი, რაც გავაკეთეთ, გადავწყვიტეთ, რომ ეს „ბრალდებები“ რაღაც პრინციპის მიხედვით გაგვეერთიანებინა ჯგუფებად. ჩვენი კლასიფიკაციის მიხედვით მივიღეთ „ბრალდებების“ სამი ჯგუფი: ეგოცენტრიზმი, პროვინციალიზმი და პლაგიტი. ამის შემდეგ შევეცადეთ, რომ ლიტერატურული კომენტირების გზით არგუმენტირებულად გაგვებათილებინა წამოყენებული ბრალდებები. ამ გზაზე დავიხმარეთ: გალაკტიონის ლექსების აკადემიური გამოცემები; ელექტრონული გვერდი – galaktion.ge, რომელზეც გაციფრულია ლიტერატურის მუზეუმში დაცული გალაკტიონის ყველა ხელნაწერი, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, თვალი მიადევნოს და დააკვირდეს პოეტის მუშაობის პროცესს პოეტურ „ლაბორატორიაში“; ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გალაკტიონოლოგიის განყოფილების კრებულები, რომლებიც პოეტის მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში უბადლო გზამკვლევია.

პირველი ბრალდება – ეგოცენტრიზმი:  პირველი ბრალდება ეგოცენტრიზმია, მაგრამ კოლაუ ნადირაძის მახვილ თვალს გამოეპარა გალაკტიონის ის ლექსები, რომლებიც ასევე ეგოცენტრიზმისკენ მიმავალ გზაზე საფეხურებად უნდა ჩაითვალოს. ეს ლექსებია: „პროლოგი ასი ლექსისა“ (1925 წ.) და „ცხოვრება ჩემი“ (1922). პირველ ლექსს, რომელიც ამ კრებულს ხსნის, კოლაუ სამ ადგილას უსვამს კითხვის ნიშანს, ხოლო პირველ ექვს სტრიქონს გვერდით მიაწერს: „რა არის ეს? ნუთუ პოეზია?“-ო. მას გამორჩა ლექსის შინაარსი და, როგორც ჩანს მთლიანად სიტყვების უადგილოდ ჩართვაზე გადაერთო, თუმცა ვერ შენიშნა, რომ სწორედ ამ სიტყვებით იხსნება პოეტის სათქმელი: მოწამეთა ცხოვრების შესწავლა არა მარტო ჰაგიოგრაფებისთვის, არამედ  სხვა მკვლევრებისთვისაა საინტერესო. ახალმა მოწამეებმა სრულიად ახალი ტიპის ისტორია შექმნეს და მათ განაპირობეს მეოცე საუკუნის განსაკუთრებულობა. მაგრამ ეს ისტორია, თუნდაც ომებით და სისხლისღვრით გამორჩეული, მაინც არაფერი იქნებოდა, რომ არა კულტურა და ხელოვნება. ამ გადმოსახედიდან კი მეოცე საუკუნე საინტერესო უფრო იმითაა, რომ ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ პოეზიის მეფე ალექსანდრე ბლოკი, ჰანგების მეფე სენ-სანსი, დირიჟორი ნიკიში. ახალ დროში მონარქი უკვე ანაქრონიაა, თუმცა არ იკარგება ტიტული და ამ ტიტულს მემკვიდრეები კი არა, კულტურის გამორჩეული წარმომადგენლები ისაკუთრებენ. მსოფლიოს კულტურის ისტორიას დიდი სახელები ქმნიან, მაგრამ მსოფლიოს კულტურულ რუკაზე საქართველოც უნდა ჩანდეს. ეს კი არ მოხდება, თუკი საქართველო ვერ გაუძლებდა უსასტიკეს კონკურენციას, ამ გზაზე ვერცერთი მგზავრი ვერ გადაურჩებოდა „ჯერ არსმენილ“ (ეს სიტყვა ჩაენაცვა ხელნაწერში გადახაზულ სიტყვას „გაუგონარ“) ქარტეხილებს და ცეცხლთა ფენებს. მაგრამ სწორედ გალაკტიონი აღმოჩნდა ის ერთადერთი პოეტი, რომელიც ამ თვალსაზრისით გადაარჩენს ქვეყანას. ლექსის ქვეტექსტიდან ჩანს, რომ გალაკტიონს, ისევე როგორც ალექსანდრე ბლოკს და სენ-სანსს, წინ ტიტული მეფე უნდა დაერთოს, ხოლო იმის ამბიცია, რომ გალაკტიონი ქართული პოეზიის ერთადერთი მეფეა, ამ ლექსში არ იგრძნობა – სხვა ლექსებში (თუნდაც „მთაწმინდის მთვარე“) გალაკტიონი ქედს იხრის რამდენიმე სახელის წინაშე, აკაკი და ბარათაშვილი იმსახურებენ ამ ტიტულს, ხოლო უკვე გვიან მან თავად შექმნა ქართველ პოეტთა ხუთეული, ხოლო საქართველოს კულტურის ისტორია ორ ხანად, შოთას და გალაკტიონის ხანად დაჰყო („გალაკტიონის ხანა“). ლექსს „ცხოვრება ჩემი“ კოლაუ ნადირაძემ გვერდით მიაწერა „სისულელეა!“, პირველ სტროფს გვრედით სამი კითხვის ნიშანი დაუსვა, ხოლო მეორე სტროფის პირველ სტრიქონს „არ ვარგა“-ო და დანარჩენ სამს „რა შუაშია ეს?!“-ო. ალბათ კოლაუს რომ სცოდნოდა, რამდენჯერ გადახაზა ლექსის ბოლო და რამდენი რამ შეცვალა პოეტმა ხელნაწერში, მას რომ  მისცემოდა საშუალება და ამ ხელნაწერს გასცნობოდა, სულ სხვა კომენტარით შეამკობდა. კრებულში ბოლო სტრიქონი ასეთია: „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია“, თუმცა მანამდე ეს ლექსი რვა სტრიქონისგან კი არა, თოთხმეტისგან შედგებოდა. პირველი და მეორე სტროფები ოთხტაეპიანი იყო, ხოლო მესამე და მეოთხე სამსამტაეპიანი. ბოლო სამტაეპიანი სტროფი არც ისე უწყინარი იყო და ასე იკითხებოდა: „და შურიანი პოეტების, მარადი ყეფა/ დეე ისმოდეს: რისთვისაა პოეტი მეფე?/ უფრო ხმამაღლა დაიძახონ… არ მეშინია“. ამ და სხვა ლექსებით გალაკტიონი ერთგვარად წინასწარმეტყველებს შურიანი პოეტების ჟინიან გატაცებებს – წითელი მელნით ააჭრელონ წიგნების ფურცლები, გადახაზონ „უადგილო სიტყვები“, დაბრმავებულებმა ვერ გამოიტანონ აზრი და ბოღმით ავსებულებმა ვერ შეძლონ ნამდვილი პოეზიის გამორჩევა მართლა სისულელეებისა და ნაბოდვარისგან. ეს წინასწარმეტყველება სხვა ლექსებშიც ისმის. ერთ ასეთ ლექსს, „შენ ერთი მაინც“ (1918), კოლაუ ნადირაძემ მიაწერა „გლუპოსწ“ (სისულელე). მან ისიც ვერ გაიგო, როგორ უნდა შეებრალოს ვინმეს კაენი, თუკი მას პოეტის სახელი ჰქვია, ვერც „ჩამავალ მზეთა მგლოვიარება“ გაიგო და ზმნიზედა „ოდესმე“-ს არასათანადო გამოყენებაც უსაყვედურა, რომელიც ლექსს სიყალბეს სძენს. მაგრამ ყველაზე გულსატკენი მაინც ეს სიტყვებია: „შენ არავინ გყვარებია“, რომელიც სტრიქონს „ოჰ, ჩემი სული ბევრს დაიმონებს, მეგობრები კი არ მეყვარება…“ მიემართება. სამწუხაროდ, კოლაუ ნადირაძემ ვერ გაიგო, რომ გალაკტიონის ჩამავალ დღეთა მგლოვიარება სხვაგვარ თიბათვის დღეებს იგონებს (აქ, სავარაუდოდ, ტიციანზე გულისტკივილი ისმის) და ამ მოგონებების ხათრით მაინც უნდა დაიჯეროს, რომ „საქართველოში შენ ერთი მაინც/ არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები“ და რომ ამ წიგნს, რომელსაც უგზავნის ოდესღაც ახლობელ ადამიანს, რომლის „ღიმილი უბოროტესი“ ოდესმე მაინც დაინდობს წიგნსაც და „შემწირველსაც“.

ახლა, კოლაუ ნადირაძის კომენტარების კონტექსტში, განვიხილოთ ლექსი „წელიწადები წავლიან ძველი“ (1916). პირველ სტროფს ერთადეთი კომენტარი „ამშვენებს“: „მანია გრანდიოზა!“ თუმცა ამავე სტროფში „ვით კამათელი“-ც დაწუნებულია. გაგულისებული კოლაუ მეორე სტროფის მინაწერში ფურცლის მარცხენა მხარეს „პროვინციალურ თქმას“ უწოდებს „წავლიან“-ს და მარჯვენა მხარეს ამ სიტყვებს ასე განმარტავს: „ძველი წლები უკვე წასული არ არის?“ მაგრამ ლექსის ბოლოს ჯერ წითელი, მერე კი წითელზე ლურჯმელანგადასმული კომენტარი გაგულისების მიზეზს ცხადყოფს: „ეგოცენტრიზმის ნიმუში – ფსიქოზის მონათესავე!!!“ მაგრამ ავტორი ამ კომენტარს არ დასჯერდა და განმარტა კიდეც: „ყოველი ადამიანი, როგორც პიროვნება, ერთია და არა ორი! ორი ასეთივე გალაკტიონი ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საჭირო კი არის?! არ ამჯობინებდა მეორე რუსთაველი, ნ. ბარათაშვილი, ილია, აკაკი ან ვაჟა და გურამიშვილი მოგვვლინებოდა?!“ საბედნიეროდ, ქართველ მკითხველს ალღომ არ უღალატა და პოეტის ეს ლექსი ისე მიიღო, როგორც შედევრს შეეფერება და ფსიქიკურად დაავადებულის მანიაკალურ განაცხადად არ შერაცხა წინასწარმეტყველება.

განდიდების ბრალდების გამოა დაწუნებული ლექსები „შერიგება“ (1915 წ.) და „ეფემერა“ (1922 წ.). პირველს ასეთი კომენტარი აქვს „აპიაწ ეტა მანია ვილიჩია – სამავლუბლიონნასწ“ (ისევ ეს თავის თავში შეყვარებული ადამიანის განდიდების მანია) ასეთი შეფასება ლექსმა იმიტომ დაიმსახურა, რომ გალაკტიონი პირველ სტროფში პოეტი საკუთარ თავს ავსტრიელ კომპოზიტორს ადარება: „და წავალ ქარში, როგორც მოცარტი, გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით“. ხოლო მეორე ლექსისთვის განაჩენივით მიუწერია ბრალდება: „ბრედ სუმასშედშეგო ილი სლაბოუმნოგო გრაფომანა“-ო  (შეშლილი ან გონებასუსტი გრაფომანის აბდაუბდა). თუმცა ამ უკანასკნელს სხვა მრავალი მიზეზის გამოც იწუნებს და ეს იმით ვლინდება, რომ თავზე აწერია: „არ ვარგა სრულებით!“, პირველ გვერდს გვერდულად გასდევს სიტყვა „ბოდვაა“, მეორეს – „ტარაბარშჩინა“ (სიტყვების რახარუხი), მესამეს გვერდზე გაკეთებული მინაწერით კი ლიტერატორები არიან გალანძღულნი: „ყოველივე ამას ლექსი, ან პოეზია ქვია, ჰეი, ბრძენო, უვიცო და უნიჭო კრიტიკოსებო??“ მაგრამ, თუკი ლექსს მივყვებით, დავინახავთ, რომ აქ ყველა სიტყვა თავის ადგილზეა და არაფერი აქვს მას საერთო არც ბოდვასთან და არც გრაფომანიასთან. ლექსი პოეტურ შეჯიბრებას გულისხმობს. გალაკტიონი წუხს, რომ ერთადერთია და მას პოეტური დიდებისკენ მიმავალ მარადისობის გზაზე დადევნებული ქარიც კი ვერ ეწევა, ვერ აგნებს. რა დააცხრობს სხვა ცოცხალ პოეტთა შურიან თვალებს, რომლებიც მხოლოდ იბრალებენ და იჩემებენ პოეტის სახელს? მათ ღირსეულად დანებება არ შეუძლიათ, არადა, ყველა შეჯიბრში სამართლიანად გამარჯვებული ამ ლექსის ავტორია. ამ გადასახედიდან სიბერეც დასაცინია, რადგან წარსულში რჩება მოწყვეტილი ფოთლები, რომლებიც იმედიანად გაჰყირებენ მომავალში გადაშვებულ ლურჯა ცხენებს, რომლებმაც გაიტაცეს პოეტი. ეს პოეტი მზადაა საბოლოოდ გასცეს პასუხი საიდუმლოს, თუ ვინაა პირველი, პოეზიის მეფეთა შორის რომელი იმსახურებს ამ ტიტულს. ამ პოეტთა რიგებში დგანან წარსულიდან გამოხმობილი ლანდები, ქართველებიც და არაქართველებიც და რაოდენ საამაყოა, რომ მათ შორის გაარჯვებული ალბათ ის იქნება, ვისაც არცერთი წვეთი სისხლის არა აქვს არაქართული! რა სამქუხაროა, რომ კოლაუ ნადირაძე ისეა შურით დაბრმავებული, რომ ვერც ამ გასაოცარი ლექსის რიტმს ვერ მიჰყვება, ვერც მის შინაარსს და ვერც ამ თოთხმეტმარცვლიანი საუკეთესოდ გარითმული ლექსის ფორმას ვერ იგებს…

გაბრაზებული ტონი იგრძნობა იმ მინაწერებში, რომლებსაც ლექსის შინაარსით გაღიზიანებული კოლაუ ნადირაძე აკეთებს 93-ე გვერდზე. კრებულში ამ ლექსს სათაური არა აქვს, ხოლო სხვა გამოცემებში მას „სტანსები“ (1946 წლის 26 ივნისი, აკაკი წერეთლის ბაღი) ჰქვია. ვინც არ იცის, რომ ეს ლექსი აკაკი წერეთლის ბაღშია დაწერილი, იფიქრებს, რომ გალაკტიონი საკუთარი ძეგლის დადგმას წინასწარმეტყველებს. ამიტომაც მიაწერა ამ სიტყვებს კოლაუმაც „ვისი?“ შემდეგ კი მომდევნო შეკითხვა დასვა: „თუ არ დაიდგმება, სად მოვლენ ბავშვები?“ და „რა იქნება, დეგენერატო?“ ლექსის ბოლოს კი არ დასჯერდა ამ ეპითეტს და მეორე მძიმე ეპითეტით შეამკო მგოსანი; „რას, კრეტინო!“  დაბრმავებული კოლაუ ისე გაამწარა კოლეგის სტრიქონებმა, რომ არათუ ვერ წარმოიდგინა, რომ გალაკტიონი სხვა პოეტი-მეფის ძეგლის დადგმას წინასწარმეტყველებს, არამედ ვერც ის წარმოიდგინა, რომ ნამდვილი მკვლევრები ემოციას კი არ აჰყვებოდნენ, არამედ ჩახედავდნენ ხელნაწერს და, მიუხედავად იმისა, რომ ერუდირებული და გემოვნებიანი მკითხველის ინტუიცია მათ ეტყოდა, რომ გალაკტიონიც იმსახურებდა ძეგლს, ერთს კი არა, ბევრს და რომ მომავალში ამ პოეტის არაერთი ქანდაკება დაამშვენებდა არაერთ ბაღს, არც წიგნებით ხელდამშვენებული ბავშვების ნაკადი მოაკლდებოდა მნახველთა რიგებს, მიხვდებოდნენ, რომ ეს სიტყვები აკაკის მიემართება. აი ლექსის ბოლო, მესამე სტროფი კი ნამდვილად მომავლის გადასახედიდან გალაკტიონისა და აკაკის ერთ სიბრტყეზე მოთავსების მანიშნებელია და, ცხადია, სტრიქონებს შორის სწორედ საკუთარი ძეგლის დადგმის წინასწარმეტყველება იგულისხმება: „ოხ, მომავალო, შენ ერთი მაინც/ არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები!“ „უარესს იტყვიან, ჩემო გალაქტიონ“ – პასუხობს კომენტარით კოლაუ ნადირაძე გალაკტიონს. თუმცა კარგად ჩანს, რატომაცაა გაგულისებული კრიტიკოსებზე კომენტარების ავტორი და მათაც იმავე ეპითეტით ამკობს, რომლითაც მანამდე პოეტი შეამკო: „კრიტიკოსებო! ამას საერთოდ ლექსი ჰქივა? ეგ არ არის ჩმახვა? მოგწონთ? დეგენერატებო?“ ასევე გადაწვდა კრიტიკოსებს სხვა ლექსზე შეფასების გაკეთებისას. „ისევ ეფემერა“ (1922 წ.) მან ჯერ „შედევრად“ გამოაცხადა „შედევრი, როგორც აბდაუბდისა და ბოდვის სრული გამოვლინება“, ბოლოში მიაწერა: „ღმერთო, რა აბდაუბდაა“-ო, „ყოჩაღ, „დიდო“ პოეტო!“-ო, მერე კი კრიტიკოსები „შეაქო“: „თქვენც ვაშა, „დიდო“ კრიტიკოსებო!“-ო. შურით დაბრმავებული კოლაუ ბადირაძეს ამ ლექსში ბევრი რამ მიაჩნია სადავოდ, ხან უგემოვნობას მიაწერს პოეტს („როგორი უგემოვნობაა“), ხან ქართულს უწუნებს („კვიპაროსი ჩინარად გადაიქცა?“, „რატომ „ჩანს“ და არა ქრის?“,  „სიმაღლე ტანის თუ ჭკუის“, „ქარი არა ქრის? ქარის დანახვა საერთოდ არ შეიძლება. სისულელეა!“, „სად წინიდან თუ უკნიდან“, „რა ქართულია „მას მოიგონებს ბედის სხვა წერა“, „რატომ წყნარად“), ხან გრაფომანს უწოდებს („ჩუშ ი ბრედ სუმასშედშეგო გრაფომანა“, ‘აბდაუბდა გალაქტიონ ტაბიძისებური, რაც ასე მოსწონთ ევიც დეგენერატებს“ – აქვე შევნიშნავ, რომ კოლაუ ნადირაძე ჯიუტად არ წერს ასო კ-ს და ყველგან ქ-თი გადმოაქვს სახელი „გალაკტიონი“), ხანაც გაუნათლებლობაში სდებს ბრალს („რას ბოდავ, რა შუაშია აქ ვერლენი, რა ესარკება, გრაფომანო, ვერლენს“, „ვერჰარნი არავის მოუკლავს! იგი შემთხვევით მატარებლის მსხვერპლი გახდა“). ალბათ დროის დახარჯვაც არ ღირს იმის სამტკიცებლად, რომ ეს ლექსი თუნდაც მხოლოდ იმიტომაა შედევრი, რომ ის, რასაც კოლაუ ნადირაძე უწუნებს გალაკტიონს, საუკეთესო პოეტური მიგნებაა და „ქარი არა ჩანს, ქარი არა ჩანს, ქარი არა ჩანს“ სულ სხვა რამეს ნიშნავს: ლექსში დახატული ჩინარისა და კვიპარისის ფოთლებში ქარი გადასარევად უნდა მოჩანდეს („რა ამოძრავებს კიპარისის ტანს, ჩუმი შრიალი საიდან არი?“), მაგრამ ლექსში გარკვეული თანხმოვნების მონაცვლეობა სწორედ ქარის იმიტაციას იწვევს და ამ სტრიქონებში ქარი „არა ჩანს“, მაგრამ ქარი გადასარევად „ისმის“. სწორედ ეს მიგნება აძლევს  გალაკტიონს იმის უფლებას თქვას: „მარად და მარად ტყდება ჩინარი./ როგორც ჩინარი – ისე პოეტი:/ მისთვის სიმაღლე არის წამება…“ ამ ლექსშიც ხომ ქარი, რომელიც მწვერვალებს ეთამაშება, რომელიც წელში ტეხავს ჩინარებს, ვითომ დადუმებულ მტერთა ცილისწამების ტოლფასია. რა სამწუხაროა, რომ ვერც ეს გადაკრული სიტყვა გაიგო კოლაუ ნადირაძემ…

სრულიად მიუღებელია კოლაუ ნადირაძისთვის ის ანალოგია, რომელსაც უსათაურო ლექსში (1916 წ.) მიმართავს: „და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,/ მე თბილისი ავირჩიე ბებერი“. მინაწერი დაბნეულობაზე მიგვანიშნებს: „კაცო, რა შუაშია აქ ქრისტე? რომელსაც შენ თავს ადარებ?!“ და მისთვის ის კი არაა მთავარი, რომ ქრისტეს „არ აურჩევია, იქ დაიბადა“, არამედ ის, რომ გალაკტიონის არჩევანსა და ქრისტეს არჩევანს შორის ანალოგია გამოკრთის. ერთი შეხედვით, ეს ანალოგია მცდარი ანალოგიების კატეგორიაში შეიძლება ჩაისვას, ისევე როგორც ის ანალოგია, რომელიც მეორე სტროფში გვხვდება. მაგრამ, თუკი კარგად დავაკვირდებით და ამ დაკვირვების საფუძველს მეორე სტროფის პირველი ორი სტრიქონი იძლევა, გალაკტიონი ქრისტეს მხოლოდ იმით ედრება რომ ორივეს ცხოვრებაში ჯვარცმა აღმოჩნდა უკვდავების საწინდარი. გასაგებია, რომ ერთი ამბავი ღმერთის შესახებაა, მეორე კი პოეტის ბედზე მოგვითხრობს, მაგრამ ჯვარცმული ღმერთის შედარება არც ისე უცხოა ლიტერატურისთვის.

გულსატკენია, როგორ ვერ ამჩნევს კოლაუ ნადირაძე გალაკტიონის უნიკალურ უნარს, მკითხველს ეთამაშოს სიტყვებით, რაც არაჩვეულებრივადაა გამოვლენილი ლექსში „გემი დალანდი“ (1918 წ.). ამ ლექსში, როგორც მკვლევრები შენიშნავენ, „დალანდს“ ერითმება სიტყვა ლანდი, ლანდი ასოცირდება ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟთან, თავის ანარეკლში, საკუთარ ლანდში შეყვარებულ ჭაბუკ ნარცისთან, მოყვითალო და მქრქალ ყვავილ ნარცისს კი ლექსში მეორე ყვავილი, ზამბახი ჩაენაცვლება. ეს ყვავილი ღამესთან და მთვარის მქრქალ შუქთან სხვა ლექსშიცაა შედარებული. მეორე სტროფში ნარცისის ხსენებამ თითქოს ისევ ამბიციური პოეტის ნარცისიზმამდე უნდა მიგვიყვანოს, მაგრამ, არა, აქ ასეთი, თავის თავში შეყვარებული გემი „დალანდია“, გემი, რომელიც უდაბურ ზღვას გადმოჰყრებს ზემოდან. პოეტი კი თავისი გვირგვინისთვის ღამეულ და მთვარეულ ზამბახებს ირჩევს. მაგრამ ლექსის სწორად გასაგებად მნიშვნელოვანია, თუკი სათურში გამოტანილ სიტყვასაც დავშლით და „გემი „დალანდის“ ნაცვლად წავიკითხავთ „გემი და ლანდი“. ამ შემთხვევაში ყველაფერი საკუთარ ადგილს დაიჭერს და ამ ლექსის წაკითხვისას არა მარტო 1918 წელს სევასტოპოლიდან ფოთში მიმავალ გემზე ვიფიქრებთ, არამედ იმ გემზეც, რომელსაც „მფრინავი ჰოლანდიელი“ ერქვა და მართავდა კაპიტანი დალანდი. ლეგენდას გზააბნეული იალქნიანი ხომალდის შესახებ რიხარდ ვაგნერმაც მიუძღვნა ოპერა. ეს გემი ლეგენდების საკუთრებაა და უკვე საუკუნეებია, რაც უგზოუკვლოდ დაცურავს ოკეანეებში, მას სხვადასხვა ეკიპაჟები აღწერდნენ, მაგრამ როგორია სინამდვილეში, არავინ უწყის, რამეთუ იგი მხოლოდ ლანდია და არა რეალობა. როგორ შეიძლება, საქმეში ოდნავ ჩახედულმა მკითხველმა არ შენიშნოს სიტყვების ეს თამაში და გალაკტიონის ლექსი მის სხვა შედევრებთან ერთად არ მოიხსენიოს?

უსათაურო ლექსის (სამწუხაროდ, საიტზე ვერ მივაგენით ამ ლექსის ხელნაწერს და ვერც კვლევებს გავეცანით ამ თემაზე) ბოლოში სტრიქონისთვის „შენ უკვდავების ხარ ბინადარი“ – მიუწერია: „თავის თავზე ხომ არ ლაპარაკობ, ეგოცენტრიკო?“ არადა, ამ მშვენიერ ლექსში ნებისმიერი შეიძლება იგულისმებოდეს, ნებისმიერი ადამიანი, რომლის სიკვდილმაც და იმქვეყნად წასვლამაც შთააგონა პოეტს ეს სიტყვები. მომავალი კვლევისთვის ალბათ საინტერესო იქნება სწორედ ლექსის თარიღის მიხედვით ამ ლექსის შესწავლა და მისი დაკავშირება რომელიმე ცნობილი ადამიანის გარდაცვალებასთან (თუნდაც ეს ლენინი აღმოჩნდეს).

 

ერთი სამოდელო გაკვეთილი და მისი გეგმა ისტორიაში

0

როგორც ვიცით, სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, პროფესიული წინსვლისა და კარიერული სქემის მიხედვით, აუცილებელი აქტივობაა, რომ პედაგოგი გახდეს წამყვანი. სწორედ ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება IX კლასში თემაზე ,,უნდა დადებულიყო თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი?!’’.

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი არ წარმოადგენს სიახლეს. არავინ დავობს იმაზე, რომ პედაგოგები კარგა ხანია, იყენებენ გაკვეთილის ამ ფორმატს; თანაც, ისტორიის გაკვეთილზე სიახლეს არ წარმოადგენს პრობლემის წამოჭრა და მისი გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება. ეს ხომ მოსწავლეს უვითარებს არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევებს. თუმცა, ასეთი ტიპის გაკვეთილი რომ დაგეგმო, ამის საშუალებას გაკვეთილის თემაც უნდა გაძლევდეს.

მსურს, გაგიზიაროთ პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ისტორიაში.  ,,დადებულიყო უნდა თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი?!’’ – თემის შერჩევა გადამაწყვეტინა იმან, რომ ეს თემა დღესაც აქტიურია და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. გაკვეთილზე გამოვიყენე ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი – POWER POINT და ასევე, გაკვეთილზევე, მოსწავლეთა მიერ მომზადებული რესურსები.

გაკვეთილის დასაწყისშივე დავსვი კითხვა – ,, უნდა დადებულიყო თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი?!’’ რისთვისაც შევქმენი რესურსი ,,პოზიციების ხე’’. ხის ტოტზე მოსწავლეებს ფერადი ფურცლებით დამზადებული წითელი და ყვითელი ფოთლის ფორმატები მივამაგრებინე. წითელი ფურცლისაგან დამზადებული ფოთოლი ნიშნავდა დადებით პასუხს, ხოლო ყვითელი ფურცლისაგან დამზადებული ფოთლები – უარყოფითს. იგივე შეკითხვა მოსწავლეებს გაკვეთილის ბოლოსაც დავუსვი, რათა დამედგინა ხომ არ შეცვლილა მათი პოლიტიკური შეხედულებები გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ.

გაკვეთილზევე ვნახეთ მოსწავლეთა მიერ მომზადებული 3-წუთიანი სიუჟეტი, რომელიც მოსწავლეებს დავალებად ჰქონდათ მიცემული.  სიუჟეტი იყო ერთგვარი კვლევა, თუ რას ფიქრობდა საზოგადოება გეორგიევსკის ტრაქტატის დადების აუცილებლობის შესახებ. ეს აქტივობა, ჩემი აზრით, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასაც ითვალისწინებდა, რადგან გამოკითხვის პროცესი მოსწავლეებისთვის სახალისოცაა.

გაკვეთილის ძირითად ნაწილში მოსწავლეებს დავუსვი ფაქტობრივი შეკითხვები საკითხთან დაკავშირებით:

  1. ჰქონდა თუ არა ერეკლე II-ს რუსეთთან ურთიერთობის დამყარების მცდელობა უფრო ადრეც?
  2. როდის და სად დაიდო გერგიევსკის ტრაქტატი?
  3. დაასახელეთ პიროვნებები, რომლებიც ტრაქტატის დადებაში მონაწილეობდნენ;
  4. რა საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება იყო საქართველოში ამ დროისთვის?
  5. წარმოადგენდა თუ არა აუცილებლობას ტრაქტატის დადება?

გაკვეთილის შემდეგი აქტივობა იყო წყაროზე მუშაობა, რომელიც ჯგუფური მუშაობის გამოყენებით განვახორციელე. ტექსტი ყველა ჯგუფისთვის იყო ერთნაირი, ოღონდ დავალებები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. I ჯგუფს – უნდა ამოეწერა ტრაქტატის ის პუნქტები, რომლებიც საზიანო იქნებოდა ქართული მხარისთვის; II ჯგუფს – რუსული მხარისთვის საზიანო პუნქტები უნდა ამოეწერა, III ჯგუფს – უნდა შეექმნა ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი (ოღონდ VXIII საუკუნეზე მორგებული). მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს. განსაკუთრებით კრეატიული და ინოვაციური აღმოჩნდა მესამე ჯგუფის მიერ შექმნილი ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი.

ჯგუფური მუშაობის შემდეგ კლასს კვლავ შეკითხვებით მივმართე:

  1. გაიხსენეთ გაკვეთილიდან, რა მოლოდინები ჰქონდა ერეკლე II-ს?
  2. სინამდვილეში რა შედეგები მოჰყვა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას?
  3. თქვენი აზრით, რაშია ტრაქტატის პირობების შეუსრულებლობის პრობლემა?
  4. რა ალტერნატიულ გზებს შესთვაზებდით ერეკლე II-ს?

მოსწავლეთა შეფასებისთვის ვიყენებდი უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას. ჯგუფური მუშაობის შემდეგ გამოვიყენე ურთიერთშეფასების მეთოდიც. გაკვეთილის ბოლოს კი, მოსწავლეები განმსაზღვრელი შეფასებით შევაფასე.

საშინაო დავალებაც თემიდან გამომდინარეობდა – შეაფასეთ ერეკლე II დადებითი და უარყოფითი არგუმენტებით.

ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილზე განხორციელებული სახალისო და შემეცნებითი აქტივობები, მოსწავლეებს საკითხის გააზრებაში დაეხმარა; წამოიჭრა პრობლემა, მოძებნეს გადაჭრის გზები და,,რჩევები“ მისცეს ერეკლე II-ს. გაკვეთილზე განვითარებული უნარები, ვფიქრობ, მათ ცხოვრებაშიც გამოადგებათ.

გთავაზობთ აღნიშნული გაკვეთილის გეგმას.

 

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: მაკა მამალაძე

საგანი: ისტორია

სწავლების საფეხური/კლასი: IX

მოსწავლეთა რაოდენობა: 30

გაკვეთილის თემა: უნდა დადებულიყო თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი?

სამოდელო გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები იმსჯელებენ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მნიშვნელობის შესახებ, შეაჯამებენ მიღებულ ცოდნას, გამოკვეთენ  ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებულ პრობლემასა და შეიმუშავებენ მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს. განუვითარდებათ ანალიზის, მსჯელობის, ალტერნატიული გზების ძიების  უნარ-ჩვევა.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე;
  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;

ისტ.IX.5. მოსწავლე მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე.

  • აანალიზებს საგარეო ფაქტორების გავლენას საშინაო ვითარებაზე;
  • აფასებს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას;
  • მსჯელობს მის გამომწვევ მიზეზებზე;
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას პოლიტიკურ მანევრებზე.

 

N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდ/ებ/ი კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ) აქტივობის შედეგი
 

1

 

 

საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება. მოთელვა-განწყობის შექმნისა და საშინაო დავალების შემოწმების  მიზნით. მოსწავლეები შეავსებენ ,,პოზიციების ხეს’’ – უნდა გაფორმებულიყო  თუ არა ეს ხელშეკრულება?

,,კი“ და  ,,არა“ პასუხებს, წარმოადგენენ ყვითელი და წითელი ფოთლებით, რომლებსაც მოსწავლეები პოზიციების ხეზე ამაგრებენ.

სსსმ მოსწავლეც შესაბამისად აფიქსირებს თავის პოზიციას.

 

მოსწავლეების შეფასებისთვის ვიყენებ წამახალისებელ კომენტარებს

 

 

ვერბალური ახსნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშინაო დავალების გამოკითხვა

 

მთელი კლასი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, ყვითელი და წითელი და ფურცლები

 

2 წთ

 

მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოსწავლეები წამოადგენენ თავის პოზიციებს შეხედულებას გეორგიევსკის ტრაქტატის დადებასთან  დაკავშირებით.

2

 

 

 

მოსწავლეების მიერ მომზადებული სიუჟეტის ნახვა.

მოტივაციის ამაღლების მიზნით

მოსწავლეები წარმოადგენენ სიუჟეტს მათ მიერ  მომზადებული ვიდეოკოლაჟის გამოყენებით, გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით

(დავალებად მიცემული ჰქონდათ – ჩაეწერათ, რას ფიქრობდნენ ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით მათი თანატოლები და პედაგოგები).

 

 

მოსწავლეებს ვახალისებ  დადებითი კომენტარებით.

 

 

სიუჟეტის ნახვა მთელი კლასი ტელეფონი, ლეპტოპი, პროექტორი 5 წთ ·         აუმაღლდებათ მოტივაცია
3

 

 

 

კითხვების საშუალებით შევახსენებ მოსწავლეებს მნიშვნელოვან ფაქტებს გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით.

1. გაიხსენეთ განვლილი მასალა, ჰქონდა თუ არა ერეკლე II-ს უფრო ადრე მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის დამყარებისა?

2.როდის და სად დაიდო გეორგიესვკის ტრაქტატი?

3.დაასახელეთ პიროვნებები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტრაქტატის დადებაში.

4.რა საშინაო და საგარეო პოლიტიკური სიტუაცია იყო საქართველოში ამ დროისათვის?

5.წარმოადგენდა თუ არა აუცილებლობას ტრაქტატის დადება?

სსსმ მოსწავლე ეხმარება მოსწავლეებს რუკის შექმნაში.

 

კითხვა-პასუხის აქტივობა მთელი კლასი XVIII საუკუნის საქართველოს რუკა

 

 

მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიერ შექმნილი რესურსი.  დავჭერით და დავამზადეთ ცალ-ცალკე XVIII საუკუნეში საქართველოს არსებული სამეფოები და მოსაზღვრე  ტერიტორიები და გაკვეთილზე შევქმენით რუკა.

 

 

 

 

მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია

7 წთ. გაიხსენებენ XVIII საუკუნის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ სიტუაციას და იმსჯელებენ ტრაქტატის მნიშვნელობის შესახებ.
4

 

 

 

კლასს ვყოფ 3 ჯგუფად, ვახსენებ ჯგუფური მუშაობის წესებს და ვაძლევ დავალებას –   წყაროზე მუშაობა

,,გეორგიევსკის ტრაქტატი“. ტექსტი ყველა ჯგუფისთვის ერთი და იგივეა, ოღონდ დავალებები ექნებათ განსხვავებული.ვავალებ,

I ჯგუფი – ამოწერონ პუნქტები, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა ქართლ-კახეთის სამეფოსათვის;

II ჯგუფი – ამოწერონ პუნქტები, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა რუსეთისათვის;

III ჯგუფი –შექმნან ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი (ოღონდ XVIII საუკუნეზე მორგებული).

 

ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.

 

 

პრეზენტაციის შემდეგ ვიყენებ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების მეთოდს.

 

თვითშეფასების კითხვები –

1.როგორ მოგეწონა საკუთარი თავი ამ აქტივობაში?

2.ხარ თუ არა კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. ახლა რომ ვიწყებდეთ ჯგუფურ მუშაობას რას შეცვლიდი?

 

კითხვები ურთიერთშეფასებისათვის:

1.      რომელ ჯგუფს გამოყოფდი განსაკუთრებით?

2.      რა მოგეწონა ამ ჯგუფის მუშაობაში?

3.      როგორ ფიქრობ, განსაკუთრებით რომელმა ჯგუფმა ვერ დააკმაყოფილა ჯგუფური მუშაობის პრინციპი?

4.      რას ურჩევდი მათ?

სსსმ მოსწავლეს გასაფერადებლად ვაძლევ გეორგიევსკის ტრაქტატის ფოტოს.

 

ჯგუფური მუშაობა ჯგუფები ტრაქტატის ტექსტი, თაბახის ფურცლები, კალამი, ფლიფჩარტი. 20 წთ. მოსწავლეებს განუვითარდებათ ტექსტზე მუშაობის, ინფორმაციის დახარისხების, ანალიზის, მსჯელობის, ალტერნატიული გზების ძიების უნარ-ჩვევა.
5. ჯგუფური მუშაობის შემდეგ კლასს ვუსვამ კითხვას-

1.გაიხსენეთ გაკვეთილიდან, რას ელოდებოდა ერეკლე II-ს ტრაქტატისგან?

2.სინამდვილეში რა შედეგები მოჰყვა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას?

3.თქვენი აზრით, პრობლემა რაშია – როცა არ იქნა შესრულებული  ტრაქტატის პირობები?

4. რა ალტერნატიულ გზებს შესთავაზებდით ერეკლე II-ს?

 

 

კითხვა-პასუხის აქტივობა მთელი კლასი სახელმძღვანელო, ფლიფჩარტი, მარკერი 10 წთ. მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემის აღმოჩენისა და ალტერნატიული გზების ძიების უნარ-ჩვევა
6 საშინაო დავალება –

შეაფასეთ ერეკლე II  -ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი შეფასება.

      2 წთ. მოსწავლეებს განუვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევა.
7 შეფასება თვითშეფასების, ურთიერთშეფასების მეთოდი, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები   შეფასების კრიტერიუმები 4 წთ.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიბერე

0

სხვადასხვა ადამიანურ შიშს შორის ერთ-ერთი სიბერის შიშია. მახსოვს, ბებია განგებას  საყვედურობდა:

  • ეს დაბერება რაღაა, ადექი დალოცვილო და როცა დრო მოუვა, მოკალი ადამიანი, მაგრამ ნუ დააბერებო. ისეთად დატოვე, როგორიც არისო.

და იქვე გულმოსული გააგრძელებდა:

  • არა, უნდა გაათეთროს, წელში მოხაროს, თვალის ჩინი მოაკლოს, სახე ნაოჭებით დაუღაროს. გაასასაცილოვოს რა… და ისე გაუშვას იქით.

არადა, ამ ცხოვრებაში დაბერებულის იქით გაშვება თურმე ფუფუნებაა, რომელიც ყველას ვერ ერგება.

დაბერების მაინც ეშინიათ.

„გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:

სულზე ბორკილად მადევს ასაკი…“(ოთარ ჭილაძე)

გალაკტიონსაც არ გამოპარვია სიბერე და ქალთა წყევლას ადარებდა.

„…ეჰა, მე ვამბობ, სად  შემიძლია

ვებრძოლო ქალთა  წყევლას – სიბერეს?

წვიმები წვიმებს სიცილით ცვლიან

და შლიან შემკრთალ სურათის ფერებს“.

 

ჰო, დაბერება გარდუვალია. თუმცა, რამდენადაც სიბერეს მოსვლის უფლებას მისცემ, იმდენად მალე მოგიკალათდება სულსა და სხეულში. ნელ-ნელა ხელს მოგხვევს, მერე ოდნავ მაგრად და საბოლოოდ ისე ჩაგიკრავს გულში, განძრევას ვეღარ მოახერხებ.

ჩემზე ადრე ეს პოეტს გაუთავისებია და წერს:

„…ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,

თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.

რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,

რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით…“ (ოთარ ჭილაძე)

 

ვერ ჩამოვჯდები და ვერ დაველოდები, როდის დავბერდებიო. თუმცა, სიბერე გაჰიპნოზებს და რას ვეძებ, თავადაც აღარ ვიციო.

სხვა პოეტიც ჯიუტად იმეორებს, არ დანებდეთო…

„როცა დაცხრება შენი ვნებები,როცა გერქმევა ერთ დროს ბებერი,სიბერეს მაინც ნუ მინებდები,ციხე იყავი აუღებელი“. (შოთა ნიშნიანიძე) გალაკტიონი სიბერეს „ქალთა წყევლას“ კი ადარებს, მაგრამ ამბობს, რომ ის სასაცილოდ არ ყოფნის.

„…თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,

ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,

წარსულს წყდება ფოთლების წყება იმედიანი,

შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს“…

 

ჩემზე და პოეტებზე გაცილებით ადრე, სიბერეზე ალქიმიკოსებმა იფიქრეს.

ამაზე ჯერ ჯაბირ იბნ-ჰაიამი დაფიქრდა და ელექსირის, იგივე ფილოსოფიური ქვის ძიებას მიჰყო ხელი. მართალია, უფრო ოქროს მისაღებად უნდოდა, მაგრამ გულში ისიც სწამდა, რომ ელექსირის მეშვეობით ხანგრძლივი ახალგაზრდობის საიდუმლოსაც ამოხსნიდა. მისი თანამედროვე, ალ-რაზი „ელექსირს“ მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის ეძებდა. ამ მიზნებში ხანგრძლივ ახალგაზრდობას ბოლო ადგილი სულაც არ ეკავა.

მოგვიანებით გლაუბერი ახალგაზრდობის ელექსირად გლაუბერის მარილად წოდებულ ნატრიუმის სულფატს ასახელებდა.

თუმცა…

ყველაზე სწორი მიმართულებით იბნ-სინა, იგივე ავიცენა ფიქრობდა. „სამედიცინო ტრაქტატში“ ავიცენა წერდა:

  • სიბერე ტვინის დაბერებიდან იწყებაო.

გესმით? მეშვიდე საუკუნეში ალქიმიკოს-ექიმი ავიცენა სიბერის მთავარ მიზეზად ტვინის დაბერებას ასახელებდა. რა თქმა უნდა, თუ ტვინი არ/ვერ მუშაობს უკვე ბებერი ხარ.

ავიცენას შემდეგ ბევრმა ბევრი რამ დაწერა. ზოგმა ყოვლად აბსურდული, ზოგმაც თითქოს სიმართლესთან მიახლოებული, თუმცა თანამედროვე მედიცინა აღიარებს, რომ სიბერე ტვინის უძლურებიდან იწყება. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ გულ-სისხლძართვთა სისტემაც დაბერებულია და სიბერესთან ის „ჩახუტებაა“ დაწყებული, რაც ზემოთ შესავალში დავწერე.

როგორ ვაიძულოთ ტვინი, დარჩეს ახალგაზრდა?

ავიცენას ვერსია #1: მიიღეთ უხეში საკვები, რადგან ანთებით პროცესებს ბლოკავს.

თანამედროვე მედიცინა: უხეში ბოჭკოების მიღებას უწევს რეკომენდაციას. მაგ. საუზმედ სიმინდის, შვრიის ფანტელების ფაფა. უხეში ბოჭკო ნაწლავების პერისტალტიკას ააქტიურებს  და წვრილ ნაწლავში ანთებითი პროცესების განვითარებას აფერხებს. კვლევებით აღმოჩნდა, რომ წვრილ ნაწლავში ანთების შეფერხება, ამავე პროცესს თავის ტვინშიც შეაფერხებს. ანუ, უხეში ბოჭკოსგან შემდგარი საკვები თავის ტვინში ანთების პროცესის წარმოქმნასა და განვითარებას უშლის ხელს. შესაბამისად, ასე თუ ისე, ტვინს ალცგეიმერის დაავადებისგანაც იცავს.

დღეში მხოლოდ 25გ. უხეში ბოჭკო ყოფილა აუცილებელი.

ავიცენას ვერსია #2: ტვინს სჭირდება მეტი რაოდენობით სისხლი. სხვათა შორის, ავიცენას ეს სიტყვები ბევრმა ალქიმიკოსმა არასწორად გაიგო. ამ არასწორი გაგების იქით „ალქიმიის ბნელი ეპოქა“ იმალება, რომლის დროსაც, ვითომ მედიცინის სახელით ათას სისაძაგლეს სჩადიოდნენ.

თანამედროვე მედიცინა: ტვინს სჭირდება მეტი რაოდენობით სისხლი. დიახ, ოღონდ სხვისი კი არა, საკუთარი, ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი! ამისთვის კი აუცილებელია სისხლძარღვების ელასტიკურობა, ქოლესტერინის ნაკლები დონე, რათა სისხლმა თავისუფლად იმოძრაოს მათში.

ჭარხალი – უამრავ ორგანულ მჟავას შეიცავს, რომელთა ერთი ნაწილი, სწორედაც რომ, სისხლძარღვების კედლებს აფართოებს და ელასტიკურობას ანიჭებს. ამას სხვა უამრავი პროდუქტიც აკეთებს, თუმცა ჭარხალი ყველაზე იოლად ხელმისაწვდომია. ამავე დროს, ნახსენები ორგანული მჟავები მისი მოხარშვის დროს არ იშლებიან. გამოდის, რომ ჭარხალი უმიც და მოხარშულიც ერთნაირად სასარგებლოა. სულ 250გ. დღის განმავლობაში.

სხვათა შორის, იმავეს აკეთებს რეგულარული სპორტიც. სისხლძარღვები იმდენად ელასტიკური ხდება, რომ, შეიძლება ითქვას,  „სპორტი ჟანგბადით ტვინს რეცხავს“.

ავიცენას ვერსია #3: დიდი რაოდენობით თევზი.

თანამედროვე მედიცინა:  ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უფრო მეტი რაოდენობით ოკეანისა და ზღვების შედარებით ქვედა შრეებში მცხოვრებ თევზებშია. მაგ. ორაგულში.

იმავე ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს შეხვდებით ავოკადოში, ე.წ. ომეგა 3-კვერცხებში (დიახ, ჩვეულებრივი ქათმის კვერცხია, რომელსაც, სავარაუდოდ, ომეგა 3-ით გამდიდრებულ საკვებს აძლევენ), ან უბრალოდ აფთიაქში შეძენილ საკვებ დანამატებში. დღეში 20გ. ყოფილა აუცილებელი.

ამ წერილში ავიცენას მრავალი ვერსიიდან მხოლოდ სამი დავწერე. „სამედიცინო ტრაქტატში“ სხვა რჩევებიც არის, რასაც გაგიკვირდებათ, მაგრამ თანამედროვე მედიცინაც იზიარებს. ზოგიერთი მათგანი ადრინდელ წერილში მიწერია https://mastsavlebeli.ge/?p=11923

ბებია საკმაოდ მხცოვანი გარდაიცვალა. ფეხებმა უღალატეს ცოტა, თორემ ტვინი ბოლომდე საღი და ნათელი ჰქონდა. ავიცენას მოსაზრებებს სულაც არ იცნობდა, უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და უამრავი ტელეფონის ნომერი და ლექსი იცოდა ზეპირად. ტვინს ვავარჯიშებ, ბებიაო, დააყოლებდა ხოლმე.

  • და თუ ავიცენას დავუჯერებთ, სპორტით დავკავდებით და ლექსებს ვისწავლით, არ დავბერდებითო? – აი, იმ ბატონმა იკითხა, მონიტორიდან, წერილს რომ კითხულობს.

ნამდვილად დავბერდებით, ოღონდ ნათელი ტვინით დაბერება, რატომღაც უფრო სასიამოვნო პროცესი მგონია.

გალაკტიონის თუ დავესესხებით:

„…დღეები რბიან და ჩვენ ვბერდებით…“

  • რა ბრძანეთ, ბატონო? ააა, ამჯერად მეთანხმებით? რა კარგია.

 

არგუმენტი – რაობა და სახეები

0

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ხშირად ვთხოვთ მოსწავლებს არგუმენტირებულ მსჯელობას.

რამდენად კარგად ესმით მათ, რას ნიშნავს არგუმენტი?

რამდენად დამაჯერებელია მათი მსჯელობა?

როგორ ასაბუთებენ მოსაზრებებს და იყენებენ თუ არა არგუმენტებს სწორად – ეს კითხვები სწავლა-სწავლების პროცესში ხშირად გვიჩნდება.

თუ მოსწავლეებს არასწორად ესმით არგუმენტის მნიშვნელობა, ისინი ადვილად ურევენ  დაშვებას, ვარაუდს ან თეზისს არგუმენტირებულ მსჯელობაში.

ასე რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, მათ კარგად ესმოდეთ ცნების მნიშვნელობა და ასხვავებდნენ არგუმენტის სახეებს.

რა არის არგუმენტი?

არგუმენტი, განმარტების თანახმად, საბუთია, რომელიც მოჰყავთ რისამე დასამტკიცებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არგუმენტი არის ის, რაც ხსნის, ნათელს ჰფენს კითხვას – რატომ უნდა დავიჯეროთ/გავითავისოთ/მივიღოთ/უარვყოთ ან ვირწმუნოთ ნათქვამი. არგუმენტი, ამავდროულად, არის ის, რაც მეტ დამაჯერებლობას ანიჭებს მოსაზრებას, არგუმენტირებული საუბარი და პოზიცია კი პატივისცემასა და მოსმენას იმსახურებს იმის მიუხედავად, ვეთანხმებით თუ არა.

არგუმენტირებული მსჯელობა

ესე, წაკითხულის ანალიზი, მხატვრული ნაწარმოების ანალიზი, თხზულება, საკუთარი მოსაზრების ზეპირად ან წერილობით ჩამოყალიბება – ყველა ამ მიმართულებით ყოველდღიური მუშაობაა საჭირო, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს არგუმენტირებული მსჯელობის უნარი და ჩვევა. არგუმენტირებული მსჯელობა მნიშვნელოვანი და გამჭოლი კომპეტენციაა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვჭირდება მიუხედავად არჩეული პროფესიისა თუ სპეციალობისა.

არგუმენტირებული მსჯელობა კარგად სტრუქტურირებული მსჯელობაა.

თავდაპირველად, საჭიროა სამსჯელო თეზისის კარგად გააზრება, ნათლად ჩამოყალიბება, საკუთარი პოზიციის გაცხადება.

ამას მოჰყვება არგუმენტი – ანუ, საბუთი, პასუხი კითხვაზე – რატომ უნდა მივიჩნიოთ ეს ( და არა სხვა) პოზიცია მართებულად.

არგუმენტს სასურველია ახლდეს მაგალითი ( დემონსტრაცია), რომელიც კიდეც უფრო ცხადს გახდის პოზიციის სისწორეს.

და ბოლოს – დასკვნა – ლოგიკური კავშირი, გამომდინარე ორივე წინადადებიდან, ანუ თეზისის დაკავშირება არგუმენტთან.

ზოგიერთ შემთხვევაში მსჯელობა კონტრარგუმენტების მიმოხილვასაც გულისხმობს, ანუ მსჯელობის დროს პირი თავად წამოაყენებს საკუთარი პოზიციის საწინააღმდეგო არგუმენტებს და ცდილობს გააბათილოს ისინი.

არგუმენტის სახეები

არსებობს სხვადასხვა ტიპის არგუმენტი. ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი ნათქვამის დასასაბუთებლად ვიყენებთ ფაქტებს – არსებულ ფაქტობრივ მონაცემებს, სტატისტიკას, მეცნიერებას, აქსიომებს, ერთი სიტყვით, იმას, რაც უკვე დამტკიცებულია, რისი მართებულობაც სადავო არ არის და რაც ჩვენს მოსაზრებას რეალურად არსებული ფაქტების მეშვეობით განამტკიცებს.

ხშირად იყენებენ ასევე ფსიქოლოგიურ-ემოციური ტიპის არგმენტებს, ახსენებენ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს. ამ შემთხვევაში სპეკულაციის, პოპულიზმის, დემაგოგიის რისკი მეტია, ორატორს სიფრთხლე მართებს, რომ მისი მსჯელობა დემაგოგიაში არ გადაიზარდოს და მეტისმეტად პლაკატური არ გახდეს.

არგუმენტებად შეიძლება გამოვიყენოთ აფორიზმები, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები, გამონათქვამები, ანდაზები,  ეპიზოდები/მონაკვეთები წაკითხული წიგნებიდან, ნანახი ფილმებიდან, პუბლიცისტური წერილებიდან და ა.შ.

ამ შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება, ავტორიტეტის სახელისა და გვარის, მისი ნაშრომის მოხსენება ( დაუშვებელია ამ ტიპის განცხადებები – ვიცნობ ერთ კაცს, ან – როგორც ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა, ან – ისე, როგორც იმ ფილმშია, სადაც…).

საფრთხილოა ასევე სტატისტიკური მონაცემებისა და ციფრების მოშველიება. თუ არ გვინდა, რომ მსჯელობისას ცილი დაგვწამონ უვიცობასა ან უზუსტობაში, არ უნდა გამოვიყენოთ ზოგადი ფრაზები „50 %“, „ნახევარზე მეტი“, „ყველა“ ან „არავინ“…

მნიშვნელოვანია, ზუსტად გვახსოვდეს სტატისტიკური მონაცემი ან კვლევის შედეგი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავიმოწმოთ ის.

არგუმენტებად ხშირად იშველიებენ ხოლმე ანალოგიებსაც – ამ ტიპის არგუმენტის ფორმულირებისას ასეთი ფრაზა გვხვდება „ ეს იგივეა რაც“  – და მთქმელი ცდილობს, მოძებნოს სამსჯელო საკითხის მსგავსი, ანალოგიური სიტუაცია ( მოცემულობა), რათა უკვე გადაწყვეტილი/მსგავსი მოცემულობა მოიყვანოს ნიმუშად.

იმისთვის, რომ არგუმენტი დამაჯერებელი და „წონიანი“ იყოს, მნიშვნელოვანია:

მარტივად, ნათლად, მკაფიოდ, გასაგებად ჩამოვაყალიბოთ სათქმელი – არგუმენტს ყოველთვის პირდაპირი მიმართება აქვს დასმულ სამსჯელო საკითხთან და არ ცვლის მსჯელობის მიმართულებას;

მოვიშველიოთ ზუსტი ფაქტობრივი მონაცემები – ეფექტიანი არგუმენტი ყოველთვის ზუსტ ფაქტს, მონაცემს, მეცნიერულ ცოდნას ეყრდნობა;

ვიყოთ კორექტულები – დაუშვებელია პიროვნული დამოკიდებულების გამოხატვა, ოპონენტის ( საწინააღდეგო მოსაზრების, კონტრარგუმენტის) დამცირება;

არ გამოვიყენოთ არგუმენტებად დაშვება ( „დავუშვათ“, „გააჩნია“, „მგონია“ ტიპის მსჯელობა), ვარაუდი, უზუსტობები, მცდარი ანალოგიები, როდესაც ორ საგანს შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება, განზოგადებები ( ერთი კონკრეტული მაგალითის მასშტაბური განზოგადება).

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...