პარასკევი, აპრილი 10, 2026
10 აპრილი, პარასკევი, 2026

ბილინგვი ბავშვები – დამახასიათებელი ნიშნები და აღზრდის თავისებურებები

0

ვინ არიან ბილინგვი ბავშვები, რა თავისებურებებით ხასიათდებიან ისინი და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი აღზრდისას. ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომლებიც ბევრ მშობელს და პედაგოგს დააინტერესებს.

ბილინგვიზმი ორენოვნებას, ორი ენის ერთნაირად ფლობას და ურთიერთობისას მათი ერთნაირად, თანაბარი ხარისხით გამოყენების უნარს აღნიშნავს. ადამიანებს, რომლებიც ორ ენას ფლობენ, ბილინგვებს უწოდებენ, ორზე მეტს – პოლილინგვებს, ექვსზე მეტს – პოლიგლოტებს. სპეციალისტების აზრით, ბილინგვები უფრო მეტია მსოფლიოში, ვიდრე მონოლინგვები, ამდენად, ორენოვნება თანამედროვე სამყაროში ნორმადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ზოგიერთი მეცნიერი ორენოვანის კატეგორიაში იმათაც მოიაზრებს, ვინც სრულყოფილად კი არ ფლობს მეორე ენას, არამედ უბრალოდ ესმის ის. ზოგი კი თვლის, რომ ბილინგვი ეს ის ადამიანია, რომელიც არა მხოლოდ ფლობს უცხო ენას, არამედ იცის უცხო ენის კულტურა, გრძნობს მის გრამატიკულ სტრუქტურებს, იდიომებს, ესმის ხუმრობა ამ ენაზე და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბილინგვს ორ ენასთან აქვს შეხება და სიტუაციიდან გამომდინარე, ორ ენაზე უწევს ურთიერთობა გარშემომყოფებთან. განასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ ბილინგვიზმს. როდესაც დედა და მამა ერთი ენის მატარებლები არიან, აქვთ ერთი საერთო მშობლიური ენა, მაგრამ სურთ, რომ მათი ბავშვი ორენოვანი იყოს, მშობლიურის გარდა, უცხო ენასაც კარგად ფლობდეს და ამასთან, საკუთარი სურვილის რეალიზებისთვის ყველაფერს აკეთებენ (ქირაობენ ამ ენაზე მოლაპარაკე ძიძას, მასწავლებელს, ბავშვის თანდასწრებით თვითონაც ამ ენაზე იწყებენ ერთმანეთთან ურთიერთობას), ჩვენ საქმე გვაქვს ხელოვნურ ბილინგვიზმთან. ხელოვნური ბილინგვიზმის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია შევუქმნათ პატარას ოპტიმალური პირობები ორენოვნებისათვის.

არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ბავშვი იზრდება ორენოვან ოჯახში, ერთი მშობელი ლაპარაკობს ერთ ენაზე, მეორე – მეორეზე გამომდინარე იქიდან, რომ ისინი განსხვავებული ეროვნების წარმომადგენლები არიან და მათთვის მშობლიური ენა სხვადასხვაა. ასეთ დროს ბავშვი იზრდება არა მონოლინგვისტურ გარემოში. მას უკვე  დაბადებიდან ესმის უფროსების საუბარი ორ ენაზე, გარემოცულია ერთზე მეტი ენით,  იმყოფება ბუნებრივი ბილინგვიზმის პირობებში. ბუნებრივი ბილინგვიზმი ეს არის დედისა და მამის ენების ცოდნა შერეულ ოჯახებში.

როგორ აღვზარდოთ ბავშვი სწორად ორენოვან გარემოში? შესაძლებელია თუ არა „ვასწავლოთ“ ბავშვს ორი ენა დაბადებიდან, თუ უკეთესია  მოვიცადოთ და მოგვიანებით შევასწავლოთ მეორე მშობლიური ენა. მკვლევრები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ, რომ ბევრად უკეთესია, როდესაც ბავშვი ორივე მშობლის ენას საკმაოდ ადრეული ასაკიდან ეუფლება. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ბევრი მშობელი, იმის შიშით, რომ

ბავშვს არ აერიოს ორი ენა ერთმანეთში, არ მოხდეს ენების აღრევა და ამან არ გამოიწვიოს პატარას გვიან ამეტყველება და შეფერხება ინტელექტუალურ განვითარებაში, ბავშვს განვითარებისთვის მონოლინგვისტურ გარემოს უქმნის და აიძულებს  ოჯახის ყველა წევრს, რომ პატარას მხოლოდ ერთ ენაზე და ამასთან დედის ენაზე ელაპარაკონ, ვინაიდან მასთან ყველაზე დიდ დროს მაინც დედა  ატარებს  და, როგორც წესი, ბავშვები დედის ენაზე იწყებენ ამეტყველებას. ნამდვილად არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე ბავშვი გავითარებისთვის, თუ ის ორენოვან გარემოში იზრდება? როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული კატეგორიის მშობლების შიში უსაფუძვლო იქნება, თუ დავიცავთ ბილინგვი ბავშვის აღზრდის ძირითად პრინციპებს:

  • უპირველეს ყოვლისა ბილიბგვი ბავშვი არ უნდა განვიხილოთ, როგორც ორი მონოლინგვის გაერთიანება ერთ ბავშვში. გონივრული და გამართლებული არ იქნება ბილინგვის მეტყველება შევადაროთ იმ ბავშვების მეტყველებას, რომლებიც მოცემული ორი ენიდან თითოეულს ითვისებენ, როგორც ერთადერთ მშობლიურს, რადგანაც  ასეთი შედარების შედეგად ხშირად კეთდება დასკვნები ადრეული ბილინგვიზმის ზიანზე, რაც რეალობას არ შეესაბამება. ორენოვნება ბუნებრივი და ფართოდ გავრცელებული მოვლენაა თანამედროვე მრავალენოვან სამყაროში, სადაც ორი ან მეტი ენის ფლობა ნორმა ხდება, მათ შორის ბავშვებისთვისაც. მშობლების ამოცანაა, დაეხმარონ ბავშვს ორი ენის დაუფლების პროცესის უმტკივნეულოდ გადალახვაში;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბილინგვიზმი არ წარმოადგენს გადახრას ბავშვის მეტყველების განვითარების პროცესში. ძალიან ბევრი პატარა ორენოვან გარემოში იზრდება, რაც ხელს უწყობს მათში ბილინგვიზმის განვითარებას უკვე დაბადებიდან;
  • ყველაზე ეფექტიანი სტრატეგია, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მშობელმა ბავშვთან, თუ ის ბილინგვურ გარემოში იზრდება და განსხვავებული ეროვნების მშობლები ჰყავს, არის ის, რომ დედა თავის მშობლიურ ენაზე ელაპარაკოს პატარას და მამა – თავის ენაზე. ერთმანეთთან მათ შეიძლება ილაპარაკონ ნებისმიერ ენაზე, მაგრამ ბავშვთან – მხოლოდ ზემოაღნიშნული ხერხით. ამგვარად ბავშვს უყალიბდება ასოციაცია, მაგ. თუ მამა მასთან მხოლოდ ინგლისურ ენაზე ურთიერთობს, ეს ენა ბავშვისთვის ასოცირებული იქნება მამასთან, ქართული კი – დედასთან. ბავშვთან ამგვარად ურთიერთობის დროს ჩვენ ამ პრინციპს უნდა მივსდიოთ ყველა სიტუაციაში და ყველა ადგილას: სახლში, ქუჩაში, სტუმრად, ტრანსპორტში და ა.შ. თუ ოჯახში ორი ან მეტი ბავშვია, თითოეულ მათგანთან ვიქონიოთ ასეთივე ურთიერთობა – დედა ბავშვთან ქართულ ენაზე საუბრობს, მამა – ინგლისურად. რა ენაზე იურთიერთობებენ ბავშვები ერთმანეთში, ეს მათი ასარჩევი და გადასაწყვეტია. ნუ მოვახდენთ მათზე ზეწოლას, დაე, თვითონ გადაწყვიტონ და იურთიერთობონ იმ ენაზე, რა ენაც უფრო ახლობელია მათთვის. ამ პრინციპით უნდა იმოქმედონ არა მხოლოდ მშობლებმა, არამედ ნათესავებმაც, ნაცნობებმა, ძიძამ, აღმზრდელებმა;
  • მშობლების ენის დაუფლება ბავშვის მიერ, ადრეულ ასაკში, ძალიან ბუნებრივად, ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებში უნდა ხდებოდეს. ნუ მივცემთ ამ პროცესს სასკოლო სწავლების ხასიათს, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ბავშვი, დიდი ალბათობით, პროტესტს გამოხატავს და უარს იტყვის ენის დაუფლებაზე;
  • როგორც წესი, ორენოვან ოჯახებში ბავშვები ლაპარაკს მონოლინგვურ ოჯახებში აღზრდილ თანატოლებზე გვიან იწყებენ. მეორე გავრცელებული პრობლემა ენების აღრევაა. 4 წლამდე ასაკის ბავშვები ძალიან ხშირად ურევენ ენებს. ამ შემთხვევაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პატარებს ჯერ კიდევ საკმარისად არა აქვთ განვითარებული ლექსიკური მარაგი. და სიტყვა, რომელიც მათ არ იციან ერთ ენაზე, უბრალოდ ჩაანაცვლებენ ნაცნობი სიტყვით მეორე ენიდან. ლექსიკური მარაგის ზრდასა და გამდიდრებასთან ერთად ენების ასეთი აღრევის შემთხვევებს უფრო იშვიათად აქვს ადგილი. სხვა შემთხვევებში ბავშვმა შეიძლება აურიოს ენები, როცა ასე მშობლებიც იქცევიან. ყველაფრის მიუხედავად, თანდათან ხდება ენების ერთმანეთისაგან გამოყოფა და რაღაც დროის შემდეგ ბავშვი საკმაოდ თავისუფლად იწყებს ორივე ენაზე ლაპარაკს. როგორც კი პატარა სოციუმში მოხვდება, წამყვანი ენა გარემოს ენა ხდება და სწორედ ის იწყებს უკეთესად და სწრაფად განვითარებას. მეორე ენა რჩება იმ დონეზე, რომელიც მშობლებთან ურთიერთობისათვისაა საჭირო.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ იმ სირთულეების მიუხედავად, რომლებიც ბილინგვი ბავშვის აღზრდას ახლავს თან, სწორი აღზრდის პირობებში, ბილინგვიზმი აჩქარებს მის გონებრივ განვითარებას და მომავალში მას ბევრად უფრო გაუადვილდება ახალი ენის ათვისება. ბუნებრივი ბილინგვიზმის შემთხვევაში, ბავშვისთვის, დაბადების მომენტიდან (თუ მანამდეც არა) აუცილებელი ხდება დედისა და მამის ენების განსხვავება, რაც დადებითად აისახება მისი ტვინის მუშაობაზე, ხელს უწყობს ახალი ინფორმაციის უკეთესად ათვისებას და, როგორც მეხსიერების, ასევე ლოგიკური აზროვნების განვითარებას.

 

ქეთევან ოსიაშვილი

15.11.2018.

 

ხიზაბავრელი  მასწავლებლის  პორტრეტი

0

ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში  მასწავლებელი ასმათ ხაზალაშვილი ცხოვრობს. იგი ადგილობრივ სკოლაში  ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.  სერტიფიცირებული პედაგოგი  მუდმივად ცდილობს განვითარების და სწავლის პროცესი არ შეწყვიტოს.  2017-2018 სასწავლო წელს ასმათ ხაზალაშვილმა  მასწავლებელთა სწავლების პროგრამა   გაიარა ახალციხის თსუ-ის ფილიალში და  უფროსი  მასწავლებლის  სტატუსი მიიღო. ხიზაბავრის  სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სკოლაში 70 მოსწავლემდე სწავლობს  და ყოველ წელს მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. ინტერვიუში  ხიზაბავრის სკოლის მასწავლებელი იქაურ  ლეგენდებზე, სკოლის დაარსების ისტორიაზე,  საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებასა  და პრაქტიკაზე გვიყვება.

 

 

 

–  თქვენი სოფლის სახელს მრავალი ლეგენდა და გადმოცემა უკავშირდება. ცოტა რამ მოგვიყევით ხიზაბავრის წარსულზე…

ხიზაბავრა ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი წარსულის მქონე სოფელია. არქეოლოგიური მასალებზე დაყრდნობით დასახლება ივარაუდება გვიანი ბრინჯაოს -ადრე რკინის ხანიდან. ე.ი ძვ.წ.აღ-ის პირველი ათასწლეულით. სოფლის სახელწოდება ორი სოფლის სახელის შეერთებითაა მიღებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა: ორი სოფელი ყოფილა-  ხიზა და ბავრა. მათ გაუვალი ტყე ჰყოფდა. უგზოობის გამო მათ მცხოვრებთ არ სცოდნიათ  ერთმანეთის არსებობა. ზამთარში ,,ბავრელ” კაცს თოვლზე  ადამიანის ნაფეხური შეუნიშნავს, ნაკვალევს გაჰყოლია და ხიზაში მისულა, სადაც მისთვის კარგი მასპინძლობა გაუწევიათ. შემდეგ,  ხიზელებიც სტუმრებიათ ბავრელებს, მოსწონებიათ ბავრა და თვითონაც გადმოსულან საცხოვრებლად. ურთიერთპატივისცემის ნიშნად სახელები – ხიზა და ბავრა, შეაერთეს და მიიღეს ხიზაბავრა. ხიზაბავრას ტერიტორია – დარნებით, მიწისქვეშა სამალავებით არის დაქსელილი. ეს მიწისქვეშა სამალავები ეხმარებოდა მოსახლეობას თავდაცვაში მტრის შემოსევის დროს. სულხან საბას განმარტებით დარანი არის ,,სახლი  მიწის ქვეშ ნაგები, გინა მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად”. დარნებს თავის დროზე მეტად მნიშვნელოვანი, სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა.  ხიზაბავრის მოსახლეობა მეთევზეობასაც ეწეოდა. თევზჭერის საშუალებას  წარმოადგენდა ნემსკავი, ბადე (სამი ტიპის: სასროლი, გაბმული და ხოლიხე), დატოპვა,  ანუ ხელაობა და ოჩხე.  ოჩხის კეთება და შემდგომ მისი ჩხრეკა შრომატევადი იყო, ამავე დროს დიდ ფიზიკურ გამძლეობასა და საქმის ცოდნას მოითხოვდა.  ასპინძის რაიონში  ოჩხეს მარტო ხიზაბავრაში აკეთებდნენ. ოჩხეს ზაფხულში ამზადებდნენ. მტკვრის ნაპირას ქვებისგან  დიდ ორმოს აშენებდნენ. ორმოს უტოვებდნენ შესასვლელს. შემდეგ ზამთარში მიდიოდნენ მის საჩხრეკად. გაყინულ წყალში ჩადიოდნენ და იწყებდნენ თევზჭერას. დღეს აღარავინ აკეთებს ოჩხეს…   ხიზაბავრაში არის სამკურნალო წყალი, რომელსაც სახსრების ტკივილის დროს იყენებენ.  ეს წყალი ვარანტებში მდებარეობს. ხიზაბავრა ცნობილია აგრეთვე  საფირმო კერძით, დელიკატესით – ლოკოკინით, რომელსაც ზამთრობით მოიპოვებენ.

–  როგორც ცნობილია, ხიზაბავრას  სკოლის  დაარსების ისტორია  ილია ჭავჭავაძეს და  წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებას უკავშირდება… როგორი იყო პირველი სკოლა ხიზაბავრაში?

ხიზაბავრაში  სკოლა 1881 წელს გაიხსნა. სკოლის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მღვდელს –  ივანე გვარამაძეს. ივანე გვარამაძე 1869 წელს ხიზაბავრაში მოავლინეს მღვდლად. იგი იყო დიდი განმანათლებელი, არქეოლოგი, ისტორიკოსი და ხალხური სიტყვიერების შემკრები.  იცოდა  რამდენიმე უცხო ენა და ეწეოდა ქველმოქმედებას.  სწორედ, მის სახელს უკავშირდება ჩვენს სოფელში  სკოლის დაარსებაც. როგორც ვიცით, მან თხოვნით მიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებას  და მათაც დახმარება აღუთქვეს. ასე გაიხსნა 1881 წელს  ხიზაბავრის ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც თავდაპირველად საეკლესიო სასწავლებელი იყო. სკოლაში სწავლა სეზონურად მიმდინარეობდა, მხოლოდ ზამთრის თვეებში. შემდეგ ოთხკლასიან სკოლად გადაკეთდა,  1925 წელს კი  შვიდწლედად.  1935 წელს კი სკოლამ საბოლოოდ საშუალო სკოლის სტატუსი მიიღო.

საინტერესო წარსულის  მქონე სკოლაში ასწავლით. რას ფიქრობთ მასწავლებლის  მისიაზე? რამ გადაგაწყვეტინათ მასწავლებლობა?

 პედაგოგობა მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა და ამას მთელი არსებით ვაცნობიერებ.  თითოეულ ბავშვთან ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, თუ რაღაც ისე არ გამოგივიდა, დაკარგავ მათ სიყვარულსა და ნდობას…  მე ძალიან მიყვარს და მომწონს  ბავშვებთან ურთიერთობა და  სწორედ ამ  სიყვარულმა გადამაწყვეტინა მასწავლებლობა.

– რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ მოსწავლის  ნდობა არ დაკარგოს და მისი იმედები გაამართლოს?

 პირველ რიგში მასწავლებელი უნდა იყოს შემოქმედი. ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა, რთული და საინტერესო  პროცესია, რაც ძალიან დიდ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს როგორც მასწავლებლისგან, ისე მოსწავლისგან. ეს პროცესი, რომ მომაბეზრებელი არ გახდეს მოსწავლისთვის, მასწავლებელი ყველანაირად უნდა ეცადოს, იყოს შემოქმედებითი და კარგად დაგეგმილი და გააზრებული სამოქმედო გეგმით ასწავლოს. ქართულში თემატიკა უსაზღვროა. მრავალფეროვანია მოსწავლეთა დამოკიდებულებები და მათი შეხედულებები, ეს კი მასწავლებელს დამატებით  სტიმულს აძლევს სიახლეებზე საფიქრალად.

  • რა გიჩვენათ გამოცდილებამ და მოსწავლეებზე დაკვირვებამ? ხომ არ აფრთხობთ  მათ რთული  ლიტერატურული ტექტსტების  შესწავლა? როგორ პოულობთ ამ პრობლემის დაძლევის გზებს?

მე მე-7, მე-8 , მე-9 და მე-11 კლასებს ვასწავლი. ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლას  როდესაც ვიწყებთ, მოსწავლეები თითქოს ერთგვარ შიშს გრძნობენ. მეტად რთული ეჩვენებათ ძველი, ხმარებიდან გასული სიტყვები. ცოტათი თითქოს აფერხებთ ტექსტი, მაგრამ როგორც კი სიღრმისეულად დავუკვირდებით ამ ტექსტებს, დროს დავხარჯავთ მათზე საკვლევად, მათაც დაუძლევლად აღარ ეჩვენებათ ეს პროცესი.  აქ ცალკე საყურადღებოა მასწავლებლის უწყვეტი განათლების პროცესი და იმ სიახლეებზე მიდევნება, რაც საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარეობს. ამასთან, დაკავშირებით მახსენდება 2015 წელს გავლილი ტრენინგი  ,,გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში”. ამ ტრენინგმა კარგი გამოცდილება მომცა და მოსწავლეებთან  მუშაობა გამიადვილა. თან, ჩვენთან გადატვირთული კლასები არ არის. კლასში მინიმუმ სამი ბავშვია, მაქსიმუმ რვა. ასეთ დროს უფრო მარტივია მასწავლებელმა თითოეულთან მიიტანოს ცოდნა, საკუთარი  გამოცდილება და სიახლეები. მინდა ცოტა კიდევ ვისაუბრო იმაზე, თუ  რა მნიშვნელოვანია რეგიონის მასწავლებლებისთვის ტრენინგებსა  და სემინარებში მონაწილეობის მიღება. ახლახან ვიყავი ტრენინგზე, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის ეფექტიანი სწავლებისთვის სამუზეუმო მასალების გამოყენებას შეეხებოდა. ეს იყო არაჩვეულებრივი ტრენინგი და საუკეთესო გამოცდილებისა და ინფორმაციის მიღების საშუალება.  ამ ახალ სასწავლო წელს ვაპირებ ასეთი ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვას.

როგორ უმკლავდებით ერთდროულად სოფლის  ცხოვრებასთან ერთად პროფესიულ გამოწვევებს? რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებს, ალბათ კიდევ უფრო მეტი შრომა უწევთ პროფესიული განვითარებისთვის…

მართალია!  ცხოვრება ხიზაბავრაში და ჩვენს სოფლებში ადვილი არ არის.  აქ ყოფნა  დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის  ჩემს პროფესიულ განვითარებაზე ვიზრუნო.  ფიზიკურ შრომას,  გონებრივ შრომასაც ვუთავსებ. ვცდილობ, არ გამოვაკლდე ტრენინგებს, სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს და ცოდნა  მუდმივად გავიმდიდრო და გავიმყარო. მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთთანამშრომლობას, რაშიც ძალიან მეხმარება ინტერნეტი და თავისუფალი სივრცე.  სხვადასხვა რაიონში მცხოვრები მასწავლებლები ინტერნეტით ვუკავშირდებით ერთმანეთს და  პროფესიულ სიახლეებს ვუზიარებთ. ვფიქრობ, მასწავლებლისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეჟიმში ყოფნა. გარდა ამისა, ვფიქრობ რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ, ჩვენ ხომ ორმაგად დატვირთული ვართ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე ძალიან გვაწუხებს მოსწავლეთა სიმცირე. მოსწავლეთა კონტიგენტი ყოველწლიურად მცირდება, ახალგაზრდობა თავს არიდებს სოფელს, არც გაემტყუნებათ, უმუშევრობა ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი სოფლებისთვის. ასეთ დროს უფრო მიმძაფრდება განცდა, რომ რაც შეიძლება მეტად დავიხარჯო, მეტი გავიგო, უფრო მეტად განვვითარდე, მეც ყოველდღიურად ვისწავლო და ჩემი ცოდნა გადავცე ბავშვებს, რომელთაც ეს ყველაფერი ძალიან სჭირდებათ.

 

 

 

 

როგორ გავხდეთ „თავისუფლების მწერლები“?

0

„როცა ლოს ანჯელესის აჯანყებას ტელევიზორით ვუყურებდი, იურისტობას ვაპირებდი, მაგრამ მერე ვთქვი: ღმერთო, როცა პატარა ბავშვის სასამართლოზე დაცვა მიწევს, ეს ხომ უკვე წაგებული ომია. ჰოდა, გადავწყვიტე მასწავლებელი გავმხდარიყავი, რადგან მთავარი ბრძოლა აქ, საკლასო ოთახებშია“.
კ/ფ თავისუფლების მწერლები

 

თანამედროვე სამყარო სავსეა არასასურველ შედეგებთან ბრძოლის სტრატეგიებით, ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ ვაცნობიერებთ, „როცა ურემი გადაბრუნდება“, არადა, შეუძლია ადამიანს დაფიქრდეს იმაზე, როგორ არ უნდა მოხდეს ის, რაც ხდება და არ მოსწონს. შედეგთან ბრძოლა ნამდვილად წაგებული ომია, რადგან ჩვენ ხელიდან გავუშვით უკვე ის შესაძლებლობა, რომელიც ამ შედეგს არ მოიტანდა.

ასე რომ, გადავინაცვლოთ კლასებსა და აუდიტორიებში.

ყველაფერი იწყება ბაღიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან… ზოგადად, განათლებიდან. ასე თვლის ერინ გრიუველი, ინგლისური ენის მასწავლებელი კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში (ფილმიდან „თავისუფლების მწერლები“). ის არ ნებდება უიმედო რეალობას, სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც დროსა და რესურსს არ ხარჯავს ძნელადაღასაზრდელ და კრიმინალისაკენ მიდრეკილ მოზარდებზე, ასეთ ბავშვებს ბიბლიოთეკიდან წიგნებსაც კი არ ატანენ წასაკითხად.

მაგრამ ერინის გამოჩენა სკოლაში ცვლილებებს იწვევს. მისთვის არავის აუხსნია, როგორ უნდა შეერჩია მეთოდი, როგორ ესწავლებინა ბავშვებისთვის, უფრო პირიქით, აფრთხილებდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა ასეთ ბავშვებთან მუშაობას.

რა გახდა წარმატებისთვის საკმარისი? მასწავლებლის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ცოდნის გზით, ლიტერატურის დახმარებით ბავშვებზე მოეხდინა ზეგავლენა, ესწავლებინა მათთვის ტოლერანტობა, რათა ისინი გამხდარიყვნენ შემწყნარებლები სხვადასხვა კლანის, რასის მიმართ. ეს თავიდან უტოპიური ჩანდა, მაგრამ ნელ-ნელა ერინი შეძლებს მათ დაინტერესებას, მოსწავლეებს გაუღვივებს ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და ყველაზე მთავარი: ის შეეცდება, დავალებები ისე შეარჩიოს, რომ ბავშვებმა თვითგამოხატვა მოახერხონ, რადგან მასწავლებელი გრძნობს, რომ ისინი დიდ ტკივილს, დარდს, უსამართლობას, შიშს ატარებენ პატარა გულებით… ეს კი აგრესიულს ხდის მათ. ამიტომ ერინი მათთვის ყიდულობს წიგნებს, ჟურნალებს… ურიგებს  და ეუბნება:  „ყველას გვაქვს რაღაც ამბავი მოსაყოლი და ეს მნიშვნელოვანია… აუცილებლად უნდა გავუმხილოთ საკუთარ თავს მაინც, ამიტომ ყოველდღე  დაწერთ რაღაცას ამ ჟურნალში. შეგიძლიათ დაწეროთ, რაც გნებავთ, თქვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ… თუ გინდათ, დღიურის სახით, თუ გინდათ, ლექსებისა და სიმღერის სახით…“.   მასწავლებელი ამას აკეთებს რბილად, ძალდაუტანებლად… იმასაც კი ეუბნება, რომ თუ მათი სურვილი არ იქნება, არც წაიკითხავს… ასე მოიპოვებს ერინი მოსწავლეების ნდობასა და სიყვარულს. ისინი იწყებენ  წერას და ჰყვებიან თავის ამბებს – საშინელ ამბებს – სისხლით, სისასტიკით, მკვლელობებით, ციხით, შიშით სავსე ცხოვრებას და ჟურნალებს აწყობენ იმ თაროზე, რომლიდანაც მასწავლებელს შეეძლო, აეღო და წაეკითხა…

ერინი მას შემდეგ, რაც საკუთარ ცხოვრებაზე და ტკივილებზე ალაპარაკებს ბავშვებს, მერე კითხვასაც დააწყებინებს, თავად ყიდულობს და ურიგებს მათ „ანა ფრანკის დღიურს“, „თავისუფლების მწერლების“ ფონდსაც კი შექმნიან და სკოლაში მოიწვევენ ქალს, რომელმაც ანა ფრანკი შეიფარა, რომელიც მოსწავლეებს ეუბნება, რომ ისინი თავად არიან გმირები!

ერინმა მოსწავლეებს ჩაუნერგა უნიკალურობის გრძნობა… ბავშვები, რომლებიც ოჯახებისგან დავიწყებული და სკოლის ადმინისტრაციისგან მიტოვებულები იყვნენ, რწმენით ივსებიან… ერთმანეთსაც სიყვარულით დაუწყეს ყურება, გადალახეს კლანურობა, განსხვავებულობა… უფრო მეტად გაიხსნენ და სწორედ აქედან იწყებს ერინი, რომ დაარწმუნოს მოსწავლეები ცვლილებების შესაძლებლობასა და გარდუვალობაში. სხვა აზრს არც უშვებს: შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნებათ, ამას ვერ შევძლებო, სამუდამოდ გაჩუმდება და ყველაფერი, რაც ხელს გიშლით ცვლილებაში, სამუდამოდ გაქრება. ის პიროვნება, რომელსაც აქამდე წარმოადგენდით, არსებობას შეწყვეტს. დაიბადება ახალი ადამიანი.

მასწავლებელი შეძლებს მათგან ახალი ადამიანების დაბადებას! ეს ნამდვილად საზეიმო მომენტია. როცა ამ ფილმს უყურებ, გრძნობ, რამდენი რამე შეუძლია რწმენას და ცოდნას ერთდროულად… მაგრამ რწმენა და ცოდნა მხოლოდ სიყვარულის გარემოცვაში იბადება და იძენს ძალას.

თანამედროვე მასწავლებელი სხვა გამოწვევების წინაშეა, მაგრამ მიზანი იგივეა! შესაძლოა, დღევანდელი სკოლის მოსწავლეს ჩვენს პირობებში კლანურობისა და რასიზმის პრობლემა არ აქვს, მაგრამ განსხვავებული აზრის მიუღებლობას ადამიანი  იმავე სიძულვილამდე მიჰყავს, რომელიც იწვევს დაყოფას, დაპირისპირებას, გახლეჩას, ომს (მენტალურს, ფსიქოლოგიურს…).

მეთოდი, რომელსაც ერინი გაკვეთილებზე სრულიად ბუნებრივად მიმართავს –  თითოეული ადამიანის უნიკალურობაში დარწმუნებაა! ყველას აქვს რაღაც, რითაც სხვისგან გამოირჩევა და ამით უფრო საინტერესო ხდება.

დღეს კიდევ უფრო მძაფრია გახლეჩა და დაპირისპირება განსხვავებული აზრის გამო. როდესაც პოეზიის ლექციაზე ერთ ლექსზე სტუდენტები სრულიად განსხვავებულ აზრს გამოთქვამდნენ, ჯერ ერთმანეთს ეპაექრებოდნენ და მერე მე მიყურებდნენ მოსამართლესავით, რათა განმესაჯა: ვინ იყო მართალი, ვინ გამოთქვამდა სწორად ამა თუ იმ ლექსის აზრს! მე კი ვეუბნებოდი, რომ ყველა გამოთქმული აზრი სწორი იყო და ვუსაბუთებდი, რატომ! ამის შემდეგ ისინი უკვე სწორ პასუხს კი არ ეძებდნენ, არამედ იმაზე ფიქრობდნენ, მართლა რა შეგრძნებები, ემოციები, აზრები უჩნდებოდათ და თავისუფლად იწყებდნენ დისკუსიას, რადგან აუდიტორიაში მათ არავინ ეუბნებოდა, რომ ცდებოდნენ. ან და, როგორ შეიძლება შეცდე, თუკი გულწრფელი ხარ გამოხატვაში? რას ნიშნავს ამ დროს შეცდომა? ჩვენი სკოლა და განათლების სისტემა კი შეცდომა-სისწორეზე ორიენტირებული სისტემაა, დაყოფაზე, დახარისხებაზე, ადამიანების გადანომვრაზე: შენ პირველი ხარ, შენ საუკეთესო ხარ, ის – მეორეა, ვიღაც – მესამე… ვიღაც საერთოდ, მაჩანჩალაა… მასწავლებლები ასე არტყამენ იარლიყებს ბავშვებს და მათაც ზუსტად იციან, ამ იარლიყის შემდეგ რაც არ უნდა გააკეთონ, მასწავლებელს მაინც ვერაფერს „დაანახვებენ“. ცოდნა არ არის წახალისებული, არამედ მასწავლებელი სულ „გამოჭრაზეა“, რა არ იცი… თორემ რაც იცი და როგორც იცი, ეგ არავის აინტერესებს!

ამიტომ თუ მასწავლებლები შეცვლიან დამოკიდებულების რაკურსს, მოსწავლეებიც თავისთავად შეიცვლებიან: არა კონკურენცია, არა შეჯიბრი, არა გადასწრება, არა ჩასაფრება, არა დაძირვა, არამედ თანამშრომლობა, უნიკალურობის განცდა, ერთიანობა, სიყვარული – უნდა გახდეს ცოდნის მიღების საფუძველი!

ასე იქცა საყვარელ და საინტერესო ადგილად ერინის 203-ე კლასი! როდესაც ჩემი სტუდენტები ამბობდნენ, რომ 414-ე აუდიტორია მათი საუკეთესო ადგილია, მე უკვე ვიცი, რომ ისინი იმ  ცვლილებებს გულისხმობენ, რომელიც კონკრეტულ ლოკაციას მეტაფორულად დაუკავშირეს.

ნებისმიერი კლასი შეიძლება იქცეს იმ ადგილად, სადაც ბავშვებს უხარიათ მისვლა… ეს კი თქვენზეა, ძვირფასო მასწავლებლებო! ხშირად უთქვამთ ჩემთვისაც, რომ საიდან ვუყრი თავს ერთად ამდენ შემოქმედ ადამიანს, რაც სულაც არ შეესაბამება სიმართლეს… მე მათ არასდროს ვარჩევ და გარწმუნებთ, რომ თითოეული მათგანი ისედაც უნიკალური და შემოქმედებითია. უბრალოდ, ენდეთ… შეცვალეთ დამოკიდებულება და თქვენი კლასის თუ აუდიტორიის ნომერიც მეტაფორად იქცევა, სადაც მისვლა ყველას გაუხარდება. თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი ამბავი და ახლა კი ჯერი თქვენზეა: შექმენით მათგან „თავისუფლების მწერლები“. დააწერინეთ ამბები და მერე ჰკითხეთ: რა ასწავლა მათ ამ ამბავმა…?

 

დემოკრატია და მათემატიკის გაკვეთილი

0

მოსწავლეთათვის თავისუფლების მინიჭება ხშირად ზედმეტი აყალ-მაყალი გვგონია. თავისუფლების მინიჭება ყოველთვის იძლევა შედეგს – ზრდის მოტივაციას.

ვისაუბროთ გაკვეთილის შესახებ, რომელის დროსაც არ დაგვჭირდება მერხები და კლასში შესაძლებელია თავისუფალი გადაადგილება. რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში მერხებთან მჯდარი ჩვენი მოსწავლეებისათვის ეს უკვე მომხიბლავია.

მეხუთე კლასში შემოდის ახალი ტერმინები: მარტივი, შედგენილი, ლუწი კენტი, გამყოფი, ჯერადი და ასე შემდეგ. მართალია, მოსწავლეებს ლუწი და კენტი ადრეც გაუგიათ, მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ ამ პროცესს სახალისოს გავხდით.

დავყოთ კლასი ორ ჯგუფად ლუწებად და კენტებად. ბავშვები სხედან რკალად განლაგებულ სკამებზე. ვხსნით განსხვავებას ლუწ და კენტ რიცხვებს შორის და მოგვყავს მაგალითები. აქვე ვასწავლით ორზე გაყოფის ნიშანს . ყუთში მოთავსებულია ფურცლები მოსწავლის სახელითა და გვარით. ამ მომენტისთვის კლასი დგება ფეხზე და ყუთიდან ვიღებთ ორ სახელსა და გვარს. იმის მიხედვით, ვინ რომელი გუნდიდან არის, თითოეული ასახელებს რომელიმე რიცხვს . მათ მიერ დასახელებული რიცხვები უნდა შეკრიბოს. თუ შედეგი იქნება კენტი, ორივე ბავშვი გადადის ან რჩება კენტის მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღმოჩნდნენ ლუწის მხარეს. რიგებს შორის არის სამოძრაო სივრცე. პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლის წყვილი არ ამოვა. იმარჯვებს ის გუნდი, რომელშიც მეტი მოსწავლე აღმოჩნდება.

ამ თამაშის პროცესში ისინი სწავლობენ ორზე გაყოფის ნიშანს და ლუწ-კენტობას.

ამ თამაშის სხვა ვარიანტი: მეხუთე კლასი, მარტივი და შედგენილი რიცხვები.

კლასი იყოფა ორ გუნდად: მარტივებად და შედგენილებად. ვიქონიოთ სამი ყუთი: ერთი ცურცლებით, რომლებზეც წერია მოსწავლეების სახელები და გვარები, მეორეზე – მარტივი რიცხვები და მესამეზე – შედგენილი რიცხვები. ვიღებთ სახელსა და რიცხვს სათანადო ყუთიდან. ამ რიცხვების შეკრების შედეგი, როგორიც იქნება ისეთი ხდება ორივე მოსწავლე პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ დაწყვილდება. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც თამაშის დასასრულს მეტი მოსწავლით იქნება წარმოდგენილი.

 

მეშვიდე კლასი. მთელი რიცხვების გამრავლება.

დავყოთ კლასი ორ ჯგუფად – პლუსებად  და მინუსებად. ბავშვები სხედან რკალად განლაგებულ სკამებზე. ვხსნით უარყოფითი რიცხვების გამრავლებას შეკრების მაგალითების გამოყენებით. აქვე ვეუბნებით, რომ პლუსი შეიძლება განიხილონ, როგორც მეგობარი და მინუსი, როგორც მტერი. ანუ

+ x + = +

– x – = +

– x + = –

+ x – = –

ეს კარგად ნაცნობი ცხრილი ავხსნათ ასე:

ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია;

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია;

ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია;

ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია.

ასევე, განვიხილოთ მსჯელობები:

ტყუილია, რომ ტყუილია;

მართალია, რომ მართალია;

ტყუილია, რომ მართალია;

მართალია, რომ ტყუილია.

 

ამის შემდეგ ვიწყებთ გათამაშებას.

მოსწავლეების სახელი და გვარი მოთავსებული იქნება ყუთში. კლასი დგება ფეხზე და ვიღებთ ორი მათგანის სახელსა და გვარს. იმის მიხედვით, ვინ რომელი გუნდიდან არის თითოეული აკვირდება, პლიუსდება თუ მინუსდება. ორივე გადადის სათანადო გუნდში. აქაც, პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ დაწყვილდება. გამარჯვებულია იმ გუნდის ბავშვები,  რომლებიც თამაშის დასასრულ მეტი მოსწავლით იქნება წარმოდგენილი.

 

მეშვიდე კლასი: მთელი რიცხვების შეკრება

 

კლასი იყოფა ორ გუნდად: პლიუსებად და მინუსებად. ავიღოთ სამი ყუთი: ერთი – სახელებით და გვარებით, მეორე – უარყოფითი რიცხვებით და მესამე – დადებითი რიცხვებით. მივიღებთ სახელს და რიცხვს სათანადო ყუთიდან. ამ რიცხვების შეკრების შედეგი, როგორიც იქნება, ისეთი ხდება ორივე მოსწავლე. პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ დაწყვილდება. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც თამაშის დასრულების ხანს მეტი მოსწავლით იქნება წარმოდგენილი. თუ ერთმანეთს შეხვდება მოპირდაპირე რიცხვები, მოსწავლე გადადის ნეიტრალურ ზონაში.

 

ეს მეთოდი ხელს უწყობს მოტივაციის ზრდას და ეფექტურია ფაქტების დასამახსოვრებლადაც. შეგვიძლია მოსწავლეთა სახელისა და გვარების ჩაბრუნება, რათა არ მოხდეს უკვე ამოსული მოსწავლის ყურადღების მოდუნება. ეს მეთოდი გათვლილია ყველა მოსწავლეზე მოსწრების მიუხედავად.

 

ენა და ჩვენა, ანუ ჩვენ და ენა

0

უცნობი ამბავი როდია, ხანდახან ენა აქეთ რომ გვსწავლობს და გვიზეპირებს. გამოთქმებად გვმარცვლავს. დროს, ეპოქას, კონტექსტს. სხვა დროში იგივე წინადადება შეიძლება გაუგებარი ოქსიმორონი ან სულაც საქებარი სიტყვა გამომდგარიყო, მაგრამ რას გავუგებთ ჩვენს უცნაურ, მრავალტანჯულ თავს. აი, ზოგიც დილის ულუფად:

,,ერთი საწყალი, პატიოსანი კაცია’’ – დანანებით ნათქვამი. ჩემი დახმარება არ გჭირდებათ უფრო ღრმა განმარტებისას, ზედაპირულად კი ასეთი ფორმულაა – პატიოსანი = საწყალს, ანუ უფულოს, უუნაროს, უგავლენოს და ყოველგვარ უ–გვანს.

,,მაგას აზრები აწუხებს’’ – ნიშნავს განსხვავებული აზრის გამომთქმელ კაცს ან მოფიქრალს. გამოითქმის ცინიკური ინტონაციით და სიტყვა ,,აწუხებს’’ იოლად მიგანიშნებთ, რომ პრობლემა იმ აზრებიანს აქვს და არა შენ – უაზროს.

,,ტვინიკოსია’’ – განსაკუთრებით საშიში დაავადება, თანდაყოლილის მსგავსი და ცოტა ქრონიკულიც. შეიძლება წარმოიშვას ,,აზრებით შეწუხების’’ შემთხვევაში, თუ არ იმკურნალებთ. სიმპტომები ღიად გამოვლინდება კარგად სწავლისას, საქმის უკეთ გაკეთების დროს ან სწორი რჩევის მიწოდების წუთებში. ეს დაავადება არ გკლავს, ანუ ბოლომდე არ გრიყავს, მაგრამ მაინც თანაგრძნობის შემაწუხებელი ღიმილით გიყურებენ და სჯობს აიცრა – ქუჩაში დადგე, შორს გადააფურთხო, თავი ჩაქინდრო, მზეს ნაკლებად უმზირო და მზესუმზირა ხშირად ჭამო – კაი გრძელი აცრაა, მაგრამ ნაკლებად მტკივნეული.

“ადგილს აფუჭებს” – ამ საშინელი ბრალდებით ერთი-ორჯერ ჩემთვისაც მოუმართავთ. იგულისხმება ადამიანი, რომელიც ხელს უშლის მეორე ადამიანს. ეს მეორე ადამიანი სულ მზად არის რაღაცის მისათვისებლად, მოსაპარად ან ნათესავების დასაწინაურებლად, მაგრამ არ გაუმართლა და ახლა ელის დროს, რომ რაც შეიძლება მალე ჩაანაცვლოს ადგილის გამფუჭებელი და სამშობლო გადაარჩინოს

,,მაგარი უბედური სულია’’ – არავითარი კავშირი სვე-იღბლის არქონასთან ამ ფრაზას არ აქვს. პირიქით –წარმატებული, საქმის მარიფათიანად მქმნელი და მისაბაძი კაცის სინონიმი გახლავთ.

კი, ენამ ის ამოგვძახა, რაც ჩვენი ქცევით ჩავძახეთ, ამიტომაც სხვა რა დაგვრჩენია, უნდა ვუპასუხოთ – მოვიშოროთ აზრები და პატიოსნება, ტვინიც და ვიყოთ ასე უბუდურები. უბედური სულები.

უცნობი ამბავი როდია, ხანდახან ენა აქეთ რომ გვსწავლობს და გვიზეპირებს. გამოთქმებად გვმარცვლავს. დროს, ეპოქას, კონტექსტს. სხვა დროში იგივე წინადადება შეიძლება გაუგებარი ოქსიმორონი ან სულაც საქებარი სიტყვა გამომდგარიყო, მაგრამ რას გავუგებთ ჩვენს უცნაურ, მრავალტანჯულ თავს. აი, ზოგიც დილის ულუფად:

,,ერთი საწყალი, პატიოსანი კაცია’’ – დანანებით ნათქვამი. ჩემი დახმარება არ გჭირდებათ უფრო ღრმა განმარტებისას, ზედაპირულად კი ასეთი ფორმულაა – პატიოსანი = საწყალს, ანუ უფულოს, უუნაროს, უგავლენოს და ყოველგვარ უ–გვანს.

,,მაგას აზრები აწუხებს’’ – ნიშნავს განსხვავებული აზრის გამომთქმელ კაცს ან მოფიქრალს. გამოითქმის ცინიკური ინტონაციით და სიტყვა ,,აწუხებს’’ იოლად მიგანიშნებთ, რომ პრობლემა იმ აზრებიანს აქვს და არა შენ – უაზროს.

,,ტვინიკოსია’’ – განსაკუთრებით საშიში დაავადება, თანდაყოლილის მსგავსი და ცოტა ქრონიკულიც. შეიძლება წარმოიშვას ,,აზრებით შეწუხების’’ შემთხვევაში, თუ არ იმკურნალებთ. სიმპტომები ღიად გამოვლინდება კარგად სწავლისას, საქმის უკეთ გაკეთების დროს ან სწორი რჩევის მიწოდების წუთებში. ეს დაავადება არ გკლავს, ანუ ბოლომდე არ გრიყავს, მაგრამ მაინც თანაგრძნობის შემაწუხებელი ღიმილით გიყურებენ და სჯობს აიცრა – ქუჩაში დადგე, შორს გადააფურთხო, თავი ჩაქინდრო, მზეს ნაკლებად უმზირო და მზესუმზირა ხშირად ჭამო – კაი გრძელი აცრაა, მაგრამ ნაკლებად მტკივნეული.

“ადგილს აფუჭებს” – ამ საშინელი ბრალდებით ერთი-ორჯერ ჩემთვისაც მოუმართავთ. იგულისხმება ადამიანი, რომელიც ხელს უშლის მეორე ადამიანს. ეს მეორე ადამიანი სულ მზად არის რაღაცის მისათვისებლად, მოსაპარად ან ნათესავების დასაწინაურებლად, მაგრამ არ გაუმართლა და ახლა ელის დროს, რომ რაც შეიძლება მალე ჩაანაცვლოს ადგილის გამფუჭებელი და სამშობლო გადაარჩინოს

,,მაგარი უბედური სულია’’ – არავითარი კავშირი სვე-იღბლის არქონასთან ამ ფრაზას არ აქვს. პირიქით –წარმატებული, საქმის მარიფათიანად მქმნელი და მისაბაძი კაცის სინონიმი გახლავთ.

კი, ენამ ის ამოგვძახა, რაც ჩვენი ქცევით ჩავძახეთ, ამიტომაც სხვა რა დაგვრჩენია, უნდა ვუპასუხოთ – მოვიშოროთ აზრები და პატიოსნება, ტვინიც და ვიყოთ ასე უბუდურები. უბედური სულები.

 

 

 

 

წავიკითხოთ თუ არა ჯეკ ლონდონის მოთხრობები?

0

თოვლი, მარხილში შებმული ძაღლები და ინდიელები, – რამდენიმე სიტყვით ასე გადმოვცემდი ჯეკ ლონდონის მოთხრობებისგან გამოყოლილ, ბავშვობისდროინდელ მოგონებებს. იისფერი წიგნი „საბჭოთა საქართველოს“ გამოცემული „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის“ ერთერთი ტომი გახლდათ. სწორედ მისგან დავიწყე ჯეკ ლონდონის სამყაროში მოგზაურობა. ეს წიგნი დღემდე გამორჩეულად მიყვარს და ვერც ერთი თანამედროვე ფერადი გამოცემით ვერ ჩავანაცვლე… მაშინ წავიკითხე, როდესაც სქელტანიანი წიგნები ბუნების ვრცელი აღწერებით არ გვაფრთხობდა, როდესაც ბიბლიოთეკების სურნელს ვცნობდით და სასაუბრო თემების ნახევარს წაკითხულს ვუთმობდით.

დრომ წიგნებთან დამოკიდებულებაში ბევრი რამ შეცვალა. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, მოზარდები ჟიულ ვერნის, დანიელ დეფოს, ჯონათან სვიფტის, დიუმას, შარლოტა ბრონტეს თუ სხვა კლასიკოსი ავტორების ნაწარმოებებს იშვიათად რომ კითხულობენ. ისიც სამწუხაროა,  უფროსი თაობისთვის საყვარელი წიგნების წაკითხვ-არწაკითხვის საკითხი დღის წესრიგში რომ დადგა. თუმცა არაერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ავტორიც ითარგმნა და თაყვანისმცემლები გაუჩნდა ახალგაზრდებში.

და მაინც, „ძველ“ წიგნებს იოლად არ უნდა შეველიოთ – მოსწავლეებს საინტერესო თემებზე თუ გავუმახვილებთ ყურადღებას და ახლებურად შევუფუთავთ, იქნებ, მოვაწონოთ კიდეც ისინი. ექსპერიმენტი მეც ჩავატარე – „თეთრი მდუმარებისა“ და „გზების გასაყარის“ მაგალითზე გავარკვიე არწაკითხვის საფრთხე სამართლიანად ემუქრებოდა თუ არა ჯეკ ლონდონის მოთხრობებს.

***

– „დიდი-დიდი კარმენმა ორი დღე კიდევ იცოცხლოს,“ – დავიწყე…

– კარმენი ვინაა მას, რა სჭირს? – ზოგიერთი მართლა დაინტერესდა, ზოგიერთმა მექანიკურად, სიტყვის მასალად წამოიყვირა.

მალე აღმოაჩინეს, რომ კარმენი ძაღლია, მის გვერდით თუ კვალდაკვალ სხვა ძაღლების ჰაერში გაელვებული თეთრი კბილებიც დააფიქსირეს. თვალებში სხივი ჩაუდგათ და დააზუსტეს, ამბავი მართლა ძაღლებზე იქნებოდა თუ არა. ეს ხომ ჯეკ ლონდონია, – გავფიქრე და დავაიმედე, –  არა მხოლოდ ძაღლებზე, მათ მარეკებზეც! – რამდენიმე წინადადებაში კი ნამდვილი ვაჟკაცი, მელმუტ კიდსიც წარვუდგინე. სწორედ ის მელმუტ კიდსი, ერთი დარტყმით ხარს რომ აქცევდა, ზოგჯერ ძალზე უხეში რომ იყო, მაგრამ საბრალო პირუტყვის ცემას ვერაფრით იტანდა. „იშვიათად შეხვდებოდა კაცი ჩრდილოეთში ასეთ ლმობიერ ძაღლების მარეკს. ხანდახან ცრემლებით აევსებოდა ხოლმე თვალები მათი საცოდაობის შემყურეს.“

– ძაღლის ცემა, მასწ?.. ეგ რა საშინელებაა, არ შეიძლება! – აპროტესტებენ და უამრავი ნანახი თუ გაგონილი მაგალითი მოჰყავთ.

მე კი ჩრდილოეთის მკაცრ წესებზე ვუამბობ, ვუხსნი, რომ ვიდრე პირუტყვს ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მოსაკლავად არავინ გაიმეტებს; რომ ჩრდილოეთში მოგზაურობა მომაკვდინებელ შრომაზე უარესია; რომ იქ ბუნება ათასგვარ ხერხს მიმართავს, რათა დაარწმუნოს ადამანი, მოკვდავი ხარო; რომ საზარელი და თავზარდამცემია უდრტვინელი თეთრი მდუმარება!

– რას ნიშნავს თეთრი მდუმარება?

– როდესაც „ირგვლივ არაფერი იძვრის, ცა სპილენძივით კრიალებს, დაჩურჩულებაც კი მკრეხელობაა. როდესაც ადამიანს საკუთარი ხმაც კი აშინებს.“

კლასთან ერთად ვინაცვლებ ჯეკ ლონდონის სამყაროში. ბავშვობისას გაკვალულ ბილიკებს ადვილად ვცნობ, ამ ბილიკებზე კი „მკვდარი სამყაროს იდუმალ სივრცეებში სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი,“ უმწეო მეგზური მოჩანს, რომელიც შიშისგან ცახცახებს და გრძნობს, როგორი „მატლივით პატარა და უსუსურია ადამიანი უსასრულო მდუმარებაში…“ თუმცა ავტორი უიმედოდ არ გვტოვებს და უმწეო მეგზურს ისეთ მეგობარს ამოუყენებს გვერდში, „ერთად რომ  გაიარეს არა ერთი და ორი მდინარე თუ ბილიკი, ერთად რომ ათევდნენ ღამეებს სადგომებზე და სარეწებში, ერთად რომ დახვედრიან სიკვდილს მინდვრად თუ წყალდდობისას…“ იმაშიც კიდევ ერთხელ და საფუძვლიანად დაგვარწმუნებს, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია; რომ ადამიანმა მართალია ბევრი ცხოველი მოაშინაურა, მაგრამ მხოლოდ ერთგულებით გამორჩეული დაიმეგობრა.

თვალის დახამხამებაში „გზების გასაყარზე“ გადავდივართ. ამჯერად პირველყოფილ ზნე-ჩვეულებებზე აღზრდილი ინდიელი გოგონა სიპსუ გვაოცებს. სიპსუ ველური წესების ტყვეა და ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ბუნებრივ აუცილებლობად მიაჩნია, ამიტომ საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებს, ტომის ბელადები განგების ძალებისთვის მის შეწირვას რომ დააპირებენ. ახალგაზრდა ვაჟი გვარად ჰიჩკოკი კი „ახალი დროის პირმშო გახლავთ“ და მსგავს დამოკიდებულებებს ვერ ეგუება. ჰიჩკოკისა და ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი მისი მეგზურების არჩეული გზები მოსწავლეებისთვის სერიოზული განსჯის საგნად იქცევა (ერთი გაკვეთილს ნამდვილად ვერ ვიკმარებთ).

– კიდევ წავიკითხოთ ჯეკ ლონდონის მოთხრობები? – ვკითხულობ ღიმილით.

პასუხი ერთმნიშვნელოვანია, – აინტერესებთ დარჩენილი მოთხრობებიდან რომელი რაზეა, სარჩევს ათვალიერებენ და აზუსტებენ, კიდევ თუ შეხვდებათ ამბები ძაღლებზე.

ეს ხომ ჯეკ ლონდონია! – ამჯერად ხმამაღლა ვამბობ და მოსწავლეებს ავტორის შესახებ ვუამბობ – როგორ შრომობდა პატარაობიდან, ხან დილის გაზეთებს ყიდდა, ხან ლუდხანებს ალაგებდა, ხან კი კეგლის მოედნებს ემსახურებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ საკონსერვო ქარხანაში მუშად მოეწყო, რესტორნებს ამარაგებდა, ფაბრიკაში მუშაობდა, თეთრეულს აუთოვებდა, ცეცხლფარეშიც იყო. 1893 წლის 12 ნოემბერს კი პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა და სან-ფრანცისკოს ერთერთი გაზეთის პრემია დაიმსახურა. ასე დაიწყო მისი ლიტერატურული კარიერა.

ვთანხმდებით, რომ აუცილებელი საკითხავის სიაში უნდა შევიტანოთ „წყურვილი სიცოცხლისა“ – მოთხრობა ადამიანზე, კანადის ტუნდრაში რომ მიიკვლევდა ხიფათით სავსე გზას და შიმშილს ებრძოდა. არც რომანები უგულვებელვყოთ, მითუმეტეს, რომ „თეთრი ეშვი,“ იმ ძაღლის ხვედრზეა, რომლის  ძარღვებშიც მგლის სისხლიც ჩქეფდა; „წინაპართა ძახილი“ კი – იმ ლეკვის უმძიმეს ცხოვრებაზე, იძულებით რომ დაივიწყა თბილი ხალიჩა,  საკვები,  მოსიყვარულე პატრონი და ველურ მონადირედ იქცა.

იისფერი წიგნი გაცრეცილ-გახუნებული ფურცლებით კიდევ ერთხელ უძლებს გამოცდას. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ იშვიათია, მწერალი ჯეკ ლონდონივით შეუმჩნევლად რომ მოგწყვეტს მყუდრო ბინას და გაუსაძლის სიცივეში აღმაფრენით გაგატარებს ასობით მილს ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანს არაფერი ესქმება. მისი გმირები ბუნებისგან სწავლობენ ფიზიკას, მხნეობით ხვდებიან განსაცდელს, პათეტიკური ფრაზებისა და უთავბოლო მსჯელობების გარეშე, თავიანთი საქციელითა და ფიქრებით გვახვედრებენ ცხოვრების არსს და ჩვენს უმთავრეს დანიშნულებას.

ტერმინოლოგიური კარნახი ისტორიისა და სამოქალაქო  განათლების გაკვეთილზე

0

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების შესწავლა შეუძლებელია ტერმინებისა და ცნებების შესწავლის გარეშე, რაც საკმაოდ რთული პროცესია. მასწავლებელს  მოცემული სირთულის დაძლევა სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზების შემთხვევაში შეუძლია: ტერმინების შესწავლა/დასწავლა რეპროდუქციული ხასიათის მეთოდებს მიეკუთვნება, ამიტომ შედეგის მისაღწევად საჭიროა  სამუშაო პროცესში მასალის ახსნაზე, დამახსოვრებასა და ცოდნის კონტროლ/შემოწმებისკენ მიმართული აქტივობების გამოყენება.

მრავალფეროვანი აქტივობებიდან, რომლებსაც მასწავლებელი მოსწავლეებისთვის ტერმინებისა და ცნებების შესასწავლად იყენებს, ეფექტურია რამდენიმე მიდგომა:

ა) ე.წ. ბარათების სისტემა – მასწავლებელი კლასში დაარიგებს საინფორმაციო ბარათებს, რომლებზედაც დაწერილია განსაზღვრებები და მოცემულია სტრუქტურული სქემები. მაგალითად, მითითებულია ცნება “ლეგიტიმაცია“  და დახაზულია სქემა. მოსწავლეს ევალება მისი შევსება (იხ. სქემა 1):

 

ასეთი საინფორმაციო ბარათები მოსწავლეს ინფორმაციის სტრუქტურირებისა და შედარებით ადვილად ფიქსაციის საშუალებას აძლევს, მასწავლებელს კი ეხმარება დროის სწორად ორგანიზებასა და ეკონომიაში (ზედმეტი დრო აღარ იკარგება  ცნებების კარნახზე).

ბ) მიმდინარე მასალის შემოწმებისთვის და ტერმინილოგიის ათვისებისთვის გამოიყენება ასეთი აქტივობაც: ორი მოსწავლე დაფაზე წერს ახალი სიტყვების განმარტებას, დანარჩენები კი რვეულებში ჩაწერენ შესაბამის ტერმინებსა და ცნებებს, რომლებიც უკავშირდება დაფაზე მითითებულ ცნებას. მაგალითად, დაფაზე იწერება: „ხალხის ძალაუფლება“,  „მოსწავლეები შეუსაბამებენ ცნებას და რვეულებში ჩაწერენ – „დემოკრატია“; „განიარაღება“ ანუ  „დემილიტარიზაცია“, „წარსულის შესახებ თხრობა“ ანუ „ისტორია“ და სხვ.  ცნებები შეიძლება იყოს როგორც მიმდინარე მასალიდან, ისე მთლიანად განვლილი თემიდან და ა.შ.

გ) მასწავლებელი დაფაზე წერს ცნებებს, მოსწავლეები კი რვეულებში განმარტებას წერენ: „არქოლოგია“, „ფაქტი“, „ისტორიული წყარო“, „ქრონოლოგია“, „ისტორიულ რუკა“, „ლეგენდა“, „მითოლოგია“, „ნუმიზმატიკა“ და ა.შ.

ცხადია, ტერმინოლოგიურ კარნახს სწავლებასთან ერთად აქვს კონტროლის ფუნქციაც, ამიტომ ტერმინებისა და ცნებების რაოდენობის მიხედვით მასწავლებელს შეფასების სისტემის შემუშავებაც შეუძლია. შეფასების დროს მნიშნელოვანია ინფორმაციის სიზუსტე და ლოგიკა, სინონიმების მოძებნა და ა.შ.  მაგალითად, თუ თემის შემოწმებისას განიხილება 8 ტერმინი,  შეფასების კრიტერიუმები შეიძლება გადანაწილდეს შემდეგნაირად:

10 ქულა –  10 ტერმინის/განმარტების ზუსტად პასუხის შემთხვევაში;

9 ქულა – 8-9 ტერმინის/განმარტების ზუსტად პასუხის შემთხვევაში;

8 ქულა –  6-7 ტერმინის/განმარტების ზუსტად პასუხის შემთხვევაში;

7 ქულა –  4-5 ტერმინის/განმარტების ზუსტად პასუხის შემთხვევაში;

6 ქულა –  თუ სწორად განმარტა 3 ტერმინი მაინც;

5 ქულა – თუ მოსწავლეს 1-2 ტერმინზე მეტის განმარტება არ შეუძლია.

 

განვიხილოთ შემაჯამაბელი ტერმინოლოგიური კარნახის მაგალითი მე-10 კლასის „ისტორიის შესავლის“ კურსიდან: მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრავს შესასწავლ ტერმინებს. საკონტროლო სამუშაოს შესრულებისას მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები, სადაც მითითებული იქნება დავალებები – ტერმინები, რომლებსაც უნდა  მიუწერონ განსაზღვრებები. ასეთი ცნებები ბევრი დაგროვდება შესწავლილი თემის მიხედვით, შეუძლებელია მათი ცალ-ცალკე ამოწერა. ამიტომ დროის ეკონომიისა  და  ეფექტურობისათვის შედგება ტერმინების ერთიანი ჩამონათვალი რიგობითი ნომრების მიხედვით. ბარათებზე კი, რომლებიც დაურიგდება მოსწავლეს, მითითებული იქნება, რომელი ნომრით მოცემული ტერმინების განსაზღვრება ევალება (მაგალითად, იხ. სქემა 2):

ბარათების  სტრუქტურა  ძირითადი  ცნებებისა  და  ტერმინების მიხედვით   VII  კლასის  ისტორიის შესწავლის  კურსიდან რიგობითი ნომრის მიხედვით:

 

ცნებები და ტერმინები მოსწავლეთა ვარიანტები
1.ისტორია; 2. რელიგია; 3. ტომი; 4 სახელმწიფო; 5. იმპერია; 6. დემოკრატია; 7. იმპერია; 8. კანონი, 9. სახალხო კრება, 10. ფარაონი; 11. კასტა; 12. მოქალაქე, 13. ლეგიონი; 14. კონსული; 15. მონარქი; 16. დიდი გადასახლება; 17. რაინდი; 18. სასულიერო წოდება; 19. იმპერატორი  და ა.შ.    და ა.შ. I    ვარიანტი  – 1, 4, 9, 12, 19…                                       II   ვარიანტი  – 2, 5, 10, 11 , 13…

III ვარიანტი – 3, 6, 8, 9, 17…                                      IV  ვარიანტი -7,  15, 16, 18….

განსაზღვრება

ისტორია ნიშნავს….

სახელმწიფო ეს არის…

სქემა 2.

ასეთი დავალების შესრულებისას სასურველია, სავარჯიშოს დაძლევა ყველა მოსწავლეს თანაბრად შეეძლოს, ამიტომ მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს საშუალო სირთულის საკონტროლო შეუდგინოს.  სავარჯიშოს შედეგების მიხედვით ცხადი გახდება, რომ მოსწავლეებს გაუღრმავდათ თეორიული ცოდნა მოცემულ საკითხებზე და განუვითარდათ ლოგიკური აზროვნების უნარი.

 

) განსაკუთრებით საინტერესოა ტერმინოლოგიური კარნახის შედეგები, როდესაც მოსწავლეები წინასწარ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით თავად ადგენენ სავარჯიშოებს თეორიული და ვიზუალური მასალის გათვალისწინებით და „გამოკითხავენ“ თანაკლასელებს. მასწავლებელი კი მათ აქტივობას განსაზღვრული ქულით აფასებს. შესაძლებელია ასეთი დავალება შესრულდეს ჯგუფურადაც.

მოვიყვანოთ კონკრეტული გაკვეთილის მაგალითი:

კლასი – VII

გაკვეთილის თემა   – „ბიზანტია ადრე შუა საუკუნეებში“

მიზანი: მოსწავლის მიერ ცნებითი და ტერმინოლოგიური ლექსიკონის შედგენის უნარ-ჩვევისა და ცოდნის დემონსტრირება;  სივრცითი წარმოდგენებისა   და ვიზუალურ მასალასთან მუშაობის უნარ-ჩვევების ფორმირება; სმენითი, მოტორული, ანალიზის, სინთეზის და, ზოგადად,  ლოგიკური აზროვნების, განვითარება.

აქტუალობა: ტერმინოლოგიური უწიგნურობა ხელს უშლის საგნის შესწავლას და,  ზოგადად, წარმოშობს სხვა ტიპის „უხერხულობასაც“:  ვერ ხორციელდება ცოდნის ტრანსფერი; ვერ ვითარდება აბსტრაქტული აზროვნება. სისტმატური ვარჯიშის შემთხვევაში კი მსგავსი ტიპის პრობლემების დაძლევა და მიზნის მიღწევა შესაძლებელია. იზრდება საგნობრივი კომპეტენციის დონე და მაღლდება სწავლის შედეგები.

რესურსები: კომპიუტერი, მულტიპროექტორი, ეკრანი, მოსწავლის მიერ მომზადებული სლაიდშოუ.

მოსწავლეები რიგ-რიგობით წარმოადგენენ თავიანთ პროდუქტს – სლაიდებს ცნებებისა და ვიზუალური მასალის თანხლებით. თანაკლასელების ამოცანაა, შეუსაბამონ მოცემული ცნებები და ტერმინები ვიზუალურ მასალას, ხოლო ზოგიერთ მათგანზე, ამოცანის პირობის მიხედვით, გააკეთონ ზეპირი განმარტება.

მოსწავლეთა პრეზენტაციის მაგალითი:

 

ასეთი დავალებების შემთხვევაში გაკვეთილი გამოირჩევა მაღალი მოტივაციით,  მოსწავლეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას, იყენებენ სახელმძღვანელოსა და სხვადასხვა ლექსიკონს;  უვითარდებათ წიგნთან მუშაობის, ანალიზის, ანალოგიის, კომუნიკაციის, შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების უნარები; წარმატებით ეუფლებიან სასწავლო მასალას, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ძირითად ცნებებსა და ტერმინებს. ამიტომ მსგავსი აქტივობების  გამოყენება სასარგებლოა სასკოლო  პრაქტიკისთვის.

 

 

განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები

0

სწავლა-სწავლების პროცესში არაერთი პრობლემა იჩენს თავს და ეს ბუნებრივიცაა, იმდენად რთული, მრავალმხრივი, დინამიკური და შექცევადია მასთან დაკავშირებული თემები და საკითხები. მიუხედავად ამისა,  შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, დავძლიოთ ბევრი წინააღმდეგობა, რომლებიც ყოველდღიურად გვხვდება. და მაინც ყველაზე მეტად უმართავი, დაუძლეველი და რთულად გასახორციელებელი შეფასების სისტემაა, კონკრეტულად კი განმავითარებელი ფორმატი.

არანაკლებ რთულია, ახალი და განსაკუთრებული თქვა ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან მედიასივრცეში თეორიული თუ პრაქტიკული უამრავი რეკომენდაცია არსებობს.  ერთი შეხედვით, შესაძლებელია, ვინმეს იოლიც კი მოეჩვენოს აღნიშნული პრობლემის მოგვარება,  სინამდვილეში კი  ასე ნამდვილად არ არის.

არადა, სასწავლო პროცესის ეფექტურობა პირდაპირ არის დაკავშირებული ობიექტურ, კომპეტენტურ განმავითარებელ შეფასებასთან, ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებასთან.

პრობლემათა ჩამონათვალი პრიორიტეტების მიხედვით და მათი მოგვარების ვარაუდები და გზები

 

 

 

 

 

  1. პრობლემათა სათავე, რომლიდანაც დანარჩენი პრობლემები მომდინარეობს, გახლავთ ის, რომ სკოლებში შეფასების სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები არ აღიქმება სასკოლო კულტურის ნაწილად და, ზოგადად, დღევანდელ პედსაზოგადოებას არც აქვს გაცნობიერებული, რა არის სასკოლო კულტურა.

 

სასკოლო კულტურა, როგორც ესგ-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რა თქმა უნდა, უპირველესად გულისხმობს მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის დამოკიდებულებას სასკოლო ღირებულებებისადმი. რა უნდა გააკეთოს სკოლამ ამ პრობლემის გადასაჭრელად? ერთჯერადად ვერაფერი. მიზნობრივი, სისტემატური მუშაობა ამ მხრივ,  სწორად წარმოებული მონიტორინგი, განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობის გაცნობიერება, თანამშრომლობა, მშობლის ჩართულობა ხელს შეუწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებასა და მის განვითარებას. უცვლელი და მარადიული არაფერია. მათ შორის არც ჩვენი დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

 

  1. საგაკვეთილო პროცესში განმავითარებელ შეფასებას, ფაქტობრივად, არ ეთმობა დრო. თვით სამოდელო და საჩვენებელ გაკვეთილებზეც კი შეფასება მიფუჩეჩებულია. უკეთეს შემთხვევაში, მასწავლებელი სულ 1 წუთში ,,ასწრებს“ შეფასებასაც და ურთიერთშეფასებასაც… რატომ ხდება ასე? განა ასე რთულია სწორი  განმავითარებელი შეფასება მივცეთ მოსწავლეებს? რასაკვირველია, შეუძლებელი არ არის, მაგრამ მიუჩვეველი მოსწავლე და მასწავლებელი ფორმალურად უდგება ამ პროცესს. ერთმა ძალიან კარგმა მასწავლებელმა ამას წინათ მითხრა,  როდესაც გეგმას განვიხილავდით, – 4 წუთი როგორ დავკარგო შეფასებისათვის?  დიახ, დაკარგული ჰგონია ეს წუთები, რადგან საგაკვეთილო პროცესში არ არის დანერგილი სისტემატური განმავითარებელი შეფასება.

მე არ ვფიქრობ, რომ ყოველ გაკვეთილზე შესაძლებელია რამდენიმე მოსწავლის განმავითარებელი კომენტარით შეფასება. თუნდაც 1 მოსწავლის სრულფასოვანი და  ობიექტური, სწორი შეფასება ყურადსაღები და გასათვალისწინებელი ხომ იქნება სხვა მოსწავლეთათვის?

  1. მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, შევეხები იმ სამ მიმართულებას, რომლებიც სხვა საგნებისათვისაც არ არის უცხო – კითხვა, ზეპირმეტყველება, წერა. მასწავლებლისათვის ურთულესია ამ პროცესების შეფასება განმავითარებელი ფორმით.

თუ კლასებში მოსწავლეთა თვითშეფასებასა და ურთიერთშეფსებას დავნერგავთ, მას აქტივობების განხორციელების განუყოფელ ნაწილად ვაქცევთ, შეფასების რუბრიკებს მზამზარეულს არ მივაწოდებთ მოსწავლეებს, ჩავრთავთ მათაც შეფასების კრიტერიუმების შედგენის პროცესში –  რა თქმა უნდა, მათ აღარ გაუჭირდებათ ერთმანეთის წარმატების აღიარება, ერთმანეთისთვის რეკომენდაციების მიცემა. ასე მეტაკოგნიტური უნარები ჩამოუყალიბდებათ და უკეთ გაუძღვებიან სწავლის სწავლას;

  1. განმავითარებელი შეფასების კულტურის არქონის გამო მოსწავლეები და მშობლები აღიარებენ განმსაზღვრელ შეფასებას, განმავითარებელს კი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

ნიშნის კულტი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის განმავითარებელ შეფასებას. ამიტომაც მიმაჩნია, რომ განმსაზღვრელი შეფასება საერთოდაც უნდა გაუქმდეს და უცხოეთის ბევრი ქვეყნის მსგავსად, მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება სემესტრული გამოცდებით ან ალტერნატიული გზებით მოხდეს.

ათი წელია მასწავლებელი ვარ, კარგად ვიცნობ არა მხოლოდ იმ სივრცეს, სადაც ვასწავლი, არამედ უამრავი ჩემი კოლეგის გამოცდილება და ხედვაც ვიცი ამ საკითხთან მიმართებაში. მშობლებისა და მოსწავლეების ძალზე დიდი ნაწილისათვის  განმავითარებელი შეფასება არაფერს ნიშნავს, ძირითადი ორიენტირი მაღალი ქულაა. ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რაში და როგორ გამოიყენებენ მას, თუკი სათანადო საგნობრივი კომპეტენცია არ ექნებათ

მშობლების პედაგოგებთან თანამშრომლობა მუდამ უმნიშვნელოვანესი იყო,  დღეისათვის კი სწავლა-სწავლების წარმატების ერთი ძირითადი რგოლი უნდა გახდეს. სკოლის კულტურაში ეს სფეროც უნდა მოიაზრებოდეს. ის არ უნდა შემოიფარგლებოდეს მშობლებთან ერთჯერადი შეხვედრით. მართალია, მშობელთა ერთ ნაწილს სკოლაში მოსვლაც კი ძალიან უჭირს, ვერ ახერხებს ან ინდიფერენტულია, მაგრამ  ყველა კლასშია მშობელთა აქტივი, რომლებსაც შეუძლია სხვებზე გავლენის მოხდენა. რას და როგორ სწავლობს მათი შვილი, როგორ და რა ფორმატით ფასდება – მათი უფლებაა ამის ცოდნა. ამის შემდეგ აღარ დაუპირისპირდება მშობელი მასწავლებელს თუნდაც იმის გამო, რომ მან გაკვეთილი სახლში ,,ჩაიბარა“… და უსამართლოდ ეჩვენება მისი შვილის დაბალი შეფასება.

 

 

  1. განმავითარებელი კომენტარების წერილობითი ფორმით გაკეთება ურთულესია, განსაკუთრებით, მრავალრიცხოვან კლასებში. გასაგებია, რომ ეს არ ხდება ყოველდღიურად, მაგრამ პერიოდულად, მასწავლებლისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და დაკვირვებას. როგორც წესი, მასწავლებელს სამუშაო სახლში მუდამ მიჰყვება. ამიტომაც უჭირს საშინაო და სასკოლო საქმის გაძღოლა, მით უმეტეს, თუ მასწავლებელი რეპეტიტორია. მას არასოდეს დარჩება დრო საფუძვლიანი და ეფექტური განმავითარებელი შეფასების წერილობით საწარმოებლად. კარგი მასწავლებელი შეეცდება, მოსწავლეს, ე.წ. დაკვირვების დღიურის წარმოებაში მაინც დაეხმაროს.. ჩამოუყალიბოს მეტაკოგნიტური უნარები და დროდადრო მაინც ადევნოს თვალ-ყური მოსწავლის მიერ მიღწეულ შედეგებს.

რეპეტიტორობის ინსტიტუტი კი დღემდე რჩება სკოლის უსერიოზულეს კონკურენტად.  ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ყველას კარგად მოეხსენება.

 

  1. კიდევ ერთი მასშტაბური პრობლემაა მასწავლებელთა თვითგანვითარებისა და თანამშრომლობის დეფიციტი. მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება მოსწავლის ეფექტურად შეფასება, თუ სასკოლო სივრცეში არ არსებობს გამოცდილების გაზიარების კულტურა და პროფესიული განვითარების ბაზა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათეული წელია მოქმედებს პროფესული განვითარებისა და წინსვლის სქემა,  კარგად მოგეხსენებათ ის შედეგები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში   პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით დაიდო. სახელმწიფოებრივმა მიდგომამ ამ კუთხით ბევრი ვერაფერი შეცვალა. ამაზე ჩვენი და ჩვენი მოსწავლეთა შედეგები მეტყველებს. რაღაც უნდა შევცვალოთ, რა და როგორ? ამ კითხვებზე კომპეტენტური პასუხი, ვფიქრობ, ყველაზე მეტად კომპეტენტურ მასწავლებლებს შეუძლიათ. არადა, ხშირად მათი ხმა არის ,,ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ვერც აქ გავიმართლებთ თავს. მეტი აქტიურობა და მოქალაქეობრივი კულტურა გვმართებს, მასწავლებლობა არ არის პროფესია, რომლითაც მხოლოდ თავი  უნდა ირჩინო… ჩვენი ინდიფერენტულობა, უპასუხისმგებლობა, არაკოლეგიალურობა, ურთიერთთანამშრომლობის კულტურის არქონა, ,,რა ჩემი საქმეა“-თი გულის  გაკეთება ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. გვეშველება თუ არა? ამ რიტორიკულ კითხვას ჩვენვე უნდა გავცეთ პასუხი.

 

 

 

 

როგორ შევაყვარე მოსწავლეებს სასვენი ნიშნები

0

ამ სტატიის წერა რომ დავიწყე, თენგიზ ჩანტლაძის ცნობილი სკეტჩი გამახსენდა, პერსონაჟს ხახვისა და ლეღვის მყნობის საფუძველზე ექსპერიმენტული ჯიშის ხილი რომ გამოჰყავდა. რატომაც არა! არის ამაში რაღაც კრეატიული და შემოქმედებითი! (ეს ისე, ხუმრობით!)

მინდა, ჩემი მოსწავლეების ნაშრომები გაგაცნოთ და მერე აგიხსნათ, რატომ დავავალე მათ ამ თემაზე ესეების შექმნა.

  • სამწერტილი

სამწერტილიეს იქნება დღევანდელი ესეის სათაური, თქვა მასწავლებელმა, მე კი თავზარი დამეცა:

 რა დავწერო?! როგორ დავწერო?! რა შეიძლება ვიგულისხმო?.!.. მეცინება ჩემთვის! ხან თითქოს მუზა მომივა, მაგრამ ვერაფერს ვწერ
მოდი, მოკლედ ვიტყვი: სამწერტილი ზოგისთვის სამი წერტილია, ზოგისთვის კი მთელი აზრი. ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება ჰგავს სამწერტილს, რადგან არის დაუსრულებელი, ზოგიერთის კი დასრულებული, ანუ წერტილდასმული. წერტილი წარსულია, სამწერტილი კი მომავალი, ჩემი მომავალი.

  • სამწერტილი

მე ვინ ვარ?! სასვენი ნიშანი! ჩემზე ამბობენ, განსაკუთრებულიაო. დიდი არაფერი, როგორც ყველა სასვენი ნიშანი, ისეთივე ვარ მეც. დაუსრულებელ წინადადებასთან მსვამენ, მაგრამ მაინც დასრულებული აზრი გამოდის. მოსწავლე თემაში რომ გამომიყენებს, ასე აღმნიშნავს და ამის გამო მასწავლებელი აქებს. არ ვიცი, რატომ! ალბათ, იმიტომ, რომ განსხვავებულად   ამბობს სათქმელს. ხანდახან, თუ წინადადების შინაარსი მოითხოვს, ჩემ წინ ძახილის ან კითხვით ნიშანსაც სვამენ. აი, მაშინ უნდა ნახოთ, როგორი გრძნობების გამოხატვა შემიძლია

 

  • სამწერტილი
    ერთი, ორი, სამი! დავსვი ეს შავი, პაწია ძმები და ამით დავასრულე წერა. მა ხშირად ვიყენებ, არ გიცდიათ ამ ძმების საშუალებით, ამ პაწია წერტილებით შეწყვეტილი აზრის გაგრძელება? ეს სამი წერტილი სადაც არის, ისეა აზრი დამალული, ისე არის ჩაქსოვილი, რომ უნდა გაანგრიო, გაარღვიო და ამოიღო მნიშვნელოვანი ამბავი თუ აზრები. ეს სამი წერტილი ოჯახია, აი ისეთი, როგორიც ყველა ადამიანს აქვს: პირველი დედაა, მეორე მამა, და მესამე შვილი, ერთ ოჯახად შეკრული სამი წერტილი“.
  • რისხვითი სახელი
    “- 1-ლი, მე-2, მე-3…ითვლის ხალხი.
    და რა ხდება?! 
    რა და, რაღაც კარგი ამბავია
    მაინც რა?! 
    ცნობილი მუსიკოსის კონცერტია. ზოგი ამბობს: თქვენი ადგილი 1-ლი რიგის მე-15 სკამია, თქვენი კი 21- რიგის 25- და 26-. ყველა გაიძახის: აბა, როდის დაიწყება კონცერტი? უკვე ხომ 4 საათიაო
    გვეყო ახლა ამაზე საუბარი. ალბათ მიხვდით, რამდენად საჭირო მეტყველების ნაწილი ვარ მე, რიცხვითი სახელი! როდესაც ადამიანები მახსენებენ, ზოგს სწყინს, ზოგს უხარია. მაგალითად, წყინთ, როდესაც იგებენ, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში. უხარიათ მაშინ, როდესაც ამბობენ: 1000 ლარი ავიღე. მაგრამ მაინც ვწუხვართ, რადგანაც ამ ფულის უმეტესობას ვიხდით სხვადასხვა ვალებში და გვრჩება მხოლოდ 10 ლარი, ზოგჯერ ისიც არა. მე რომ არ ვყოფილიყავი, იქნებოდა ქაოსი. ადამიანები ერთმანეთს ვერ შეატყობინებდნენ, რომელი საათი. ვერ გავაგებინებდით ხალხს საქართველოს ისტორიას, იმას, თუ რომელი მოვლენა რომელ წელს მოხდა. აღრც წლები არ იარსებებდა, აღარც საუკუნეები, არც დრო და არც ჩვენ ვიქნებოდით მე-6 კლასში. ასეთია ჩემი ცხოვრება და კარგია, რომ ვარსებობ“.
  • წერტილი
    გათენდა. მზე ამოვიდა. თითქოს ზღვის პირას იჯდა ვიღაცა. თითქოს კი არა, ეს მე ვიყვი. ვიღაც ფანჯრიდან მიცქერდა, როგორ ვიჯექი და ვწერდი. დიდი დრო გავიდა. იმ ქალმა ისევ გადმოიხედა, მე თითქოს რაღაც ვიგრძენი და უკან მივიხედე შეშფოთებულმა. ის ქალი ისევ იყურებოდა. ვიფიქრე, ალბათ ცნობისმოყვარობამ სძლიამეთქი. მივბუნდი. ჩავრგე თავი რვეულში და განვაგძე წერა. ისევ დიდი დრო გავიდა. მე მაინც იქ ვიჯექი. ეს ზღვის ტალღები მაძლევდნენ მუზას წერისთვის. ხმა მომესმა: “წამოდი, წამომყევი! ჰე, მიდი!” ავდექი და გავყევი ამ ხმას. შევედი წყალში, წყალმა უფრო და უფრო შემიტყუა. ჩავყვინთე, ვერ ვმოძრაობდი. კინაღამ დავიხრჩ. უცებ გამოჩნდა რაღაც შავი ბურთი, მე წერტილი მქვიაო. ჩავჭიდე ხელი და გადამარჩინა. ისევ ზღვის ნაპირას დავჯექი და წერა განვაგრძე. გავიფიქრე: არა, კარგ დროს მოვიდა ეს წერტილიმეთქი. ნაპიროს გავუყევი. გამოვბრუნდი უკან. ახლა იმ ქალის ნაცვლად წერტილი მიყურებდა. ღიმილით მომაძახა: კარია, თუ მიხვდი ჩემს გამოყენებას!
  • წერტილ-მძიმე
    “- გამარჯობა, რა გქვია
    მძიმე
    მძიმე?! რატომ? მძიმე ტვირთს ატარებ? (სიცილი)
    და შენ რა გქვია
    ძახილის ნიშანი
    , რა კარგი სახელია! ალბათ კარგი მნიშვნელობა აქვს
    კი. ხან მხიარული ვარ, ხან მოწყენილი,ზოგჯერ კი ბოროტი
    აუ, არ მჯერა
    ამ სიტყვების გაგონებაზე მძიმე ძახილის ნიშანზე უნდა გაბრაზებულიყო, მაგრამ რატომღაც შეეშინდა მისი სიმაღლის და ჯავრი პატარა წერტილზე იყარა:
    ოხ, შენ, შავო წერტილო, პატარა ხარ. შენ უჩემოდ ვერც კი იარსებებ, სულ ჩემს შემდეგ ხარ. მე ვარ პირველი! აბა, გადახედე, სად ხარ შენ და სად მე.
    წერტილმა ამოყო თავი ფურცლიდან, დახედა და თქვა: ის მართალია! გულდაწყვეტილი წავიდა, მაგრამ მძიმე მივიდა მასთან და ჩაეხუტა, სიცილით უთხრა:
    გეხუმრე, ბოდიშს გიხდი
    ………….

ჯერ იყო მძიმე, შემდეგ წერტილი. ხოლო ჩახუტების შედეგად გაჩნდა წერტილმძიმე“.

 

  • წერტილი წკაპ! დაისვა წერტილი.
    წკაპ! გაფუჭდა კალამი და ჩემნაირი ლამაზი დედოფალი დააბინძურა. წერტილს კი არა, უკვე რაღაც გველს ვგავარ.
    ფხრიწ! დაიხა ფურცელი.
    დაიწყო წერა თავიდან ბავშვმა.
    წკაპ! დასვა წერტილი.
    უკვე ძალიან ლამაზი ვარ. წერტილი გამოუსადეგარი არაა. ხომ საჭირო ვარ? სხვებივით ხომ არ ვარ? მე ყოველთვის ვარსებობდი და ვარსებობ, არ გადავშენებულვარ დინოზავრებივით. ერთხელ მშვენიერი ბიჭი დავინახე, მწერალი იყო. ვუყურებდი, რა კარგ ნაწარმოებებს წერდა. ამ ადამიანის სახელს არ ვიტყვი, რადგან სხვებს ეწყინება (ყველა არსებამ უნდა იზრუნოს სხვაზე.). ერთი საუკეთესო მეგობარი მყავს, კითხვითი ნიშანი, მას ისეთი კილო აქვს!.. ძახილის ნიშანიც ჩემი მეგობარია, კითხვითძახილისაც, წერტილმძიმეც, ორწერტილიცა და სამწერტილი. ცოტა ტირე დგას განცალკევებით.
    მე დავიბადე დედამიწაზე, გავიზარდე ფურცლებზე. თავიდან, I კლასში, რომ იცოდეთ, უფრო დიდი ვიყავი, რადგანაც პატარა ბავშვებს არ შეეძლოთ, გაეკეთბინათ პატარა წერტილი. შემდეგ და შემდეგ ხანებში კითქვენც მიხვდებით.
    წარმოვიდგინოთ, არ არის წერტილი, ანუ ხალხი არ იქნებოდა განათლებული, რადგანაც არ დამთავრდებოდა აზრები წიგნებში და ვერაფერს გაიგებდნენ.
    დავასრულოთ ახლა და დავსვათ წერტილი“.

 

 

  • კითხვით-ძახილის ნიშანი

ძველ დროში, როცა ხალხმა სასვენი ნიშნების წერა არ იცოდა, იყო ერთი გამომგნებელი, სახელად ბაინშტაინი. სწორედ მან შექმნა სასვენი ნიშნები და აუხსნა ყველას, სად და როგორ გამოეყენებინათ. ხალხს მოეწონა. აზრს უფრო გასაგებად გადმოსცემდნენ.
სასვენ ნიშნებსაც მოსწონდათ თავიანთი საქმე, ოღონდ მეცნიერმა კითხვითი და ძახილის ნიშნები ცალკცალკე რომ დაწერა, ისინი ახმაურდნენ, გაბრაზდნენ, რატომ ერთად არ დაგვსვესო. მაგრამ ეს ნიშანი ხომ ჯერ არ გამოუგონიათ?! რას ბრაზობ?! (აი, სწორედ ასეთ წინადადებაშია საჭირო ორივე ნიშანი ერთად).
შენ ჩემ გვერდით გადმოხტი!დაუძახა კითხვითმა ძახილის ნიშანს. ისიც ახტა და მის გვერდით დახტა. მიხვდა ბაინშტაინი, რომ კითხვითი და ძახილის ნიშნების მერე კითხვითძახილის ნიშანიც უნდა მოეგონებინა“.

 

  • კითხვითი ნიშანი
    ეჰ, მასწავლებელმა უკვე მოგვაწყინა თავი სასვენი ნიშნებით! ნეტა ახლა რას მოგვცემს? კითხვითი ნიშანიოო? ეს რაღაც საინტერესოა! გააჩნია, რას დავწერთ, რომელ სტილს ავირჩევთ და, რაც მთავარია, როგორ მოვაწონებთ თავს მასწავლებელს .
    თემის წერა უკვე დაიწყეთ? გვკითხა მასწავლებელმა.
    (ნეტა ის კითხვითი ინტონაცია რატომ გამოხატა? )

დავიწყეთ, აბა რა! ჩემთვის მალევე გასაგები გახდა, რა უნდა დამეწერა.
დღეს, როცა სახლიდან გამოვედი, დედას ვკითხე:
გარეთ როგორი ამინდია?
კარგიო! მიპასუხა.
გზაში შემხვდნენ ბავშვები.
დღეს ნეტა რუსულში რთული წერა იქნება?
უი, დღევანდელ თემაში ბევრი კითხვითი ნიშანი გამოვიყენე. ალბათ, იმიტომ რომ ზუსტად დღევანდელი თემა ამ ნიშანს ეხება“.

მიზეზების კვლევამ შემდეგ საკითხებზე დამაფიქრა:

  1. რამდენად სწორად მაქვს შერჩეული მეთოდები წერის სწავლებისთვის?
  2. რამდენად ვითვალისწინებ მოსწავლეთა მზაობასა და მათ შესაძლებლობებს წერის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის?
  3. რამდენად ვითვალისწინებ მოსწავლეთა აზრს სასწავლო პროცესის დაგეგმვისას?

ვფიქრობ, ეფექტურ სასწავლო საშუალებათა გამოყენებამ, მოსწავლე-მასწავლებელს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებამ, უკუკავშირის ხარისხის ამაღლებამ, გართობით სწავლებამ შედეგი გამოიღო:

მოსწავლეებს გაუღვივდათ შემეცნებითი ინტერესი, აუმაღლდათ მოტივაცია, შეძლეს გრამატიკული მოვლენების ახსნა, გრამატიკული ცნებების გააზრება, რამაც ხელი შეუწყო და დააჩქარა მართლწერის უნარების შეძენა-განვითარება; განუვითარდათ ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარები, დაეუფლნენ აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტურ საშუალებებს, “შავი” ხელნაწერის გასწორება-რედაქტირების, აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.

„ციფრული სკოლა – საქართველო“

0

„ციფრული სკოლა – საქართველო“-  თავისი საქმიანობა  2018 წლის სექტემბერიდან დაიწყო, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით აიღო. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

ორწლიანი პროექტი თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვის იდეას ემყარება. მასში 120 სკოლა და 720 მონაწილე ჩაერთვება. პროექტში მონაწილე სკოლები ჯერ ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით საკუთარ ციფრულ სტრატეგიას შეიმუშავებენ, შემდეგ კი ამავე სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს განახორციელებენ. ციფრული სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ უფრო ახლოს გაეცნონ და გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები, მონაწილეობა მიიღონ ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაში, სადაც წარმატებული პრაქტიკის და ციფრული ინოვაციების ცოცხალი მაგალითები გაზიარდება.

თუ როგორ  ინტეგრირდება   ჩვენს რეალობაში ესტონურ გამოცდილებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროექტი,  ტალინის უნივერსიტეტის მკვლევარი,  საერთაშორისო ექსპერტი და პროექტ  „ციფრული სკოლა- საქართველოს“  ხელმძღვანელი მარტ  ლაანპერე გვიამბობს.

-რას ნიშნავს ციფრული სკოლა და რატომ არის მნიშვნელოვანი დღეს ციფრული ცვლილებების ხელშეწყობა

-ციფრული სკოლა მოიაზრებს,  როგორ უნდა დაინერგოს ციფრული კულტურა სკოლაში. მარტივად  რომ ვთქვათ,  მოსწავლეებს  სკოლაშივე უნდა ჰქონდეთ წვდომა საჭირო  ინსტრუმენტებზე  და ამისათვის ისინი ლაბორატორიაში არ უნდა მიდიოდნენ.

მაგალითად, საქართველოსგან განსხვავებით, ესტონეთში  ბუკების  პროგრამა არ არსებობს. საქართველოს სკოლებს ინტერნეტის პრობლემა აქვთ, რის გამოც ვერ ხერხდება  ბუკების უფრო ეფექტიანად გამოყენება.  რამდენიმე წლის წინ მე ვითანამშრომლე  პროგრამა  „ირმის ნახტომთან“. დიახ,  მაშინ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ რაღაცები ცენტრალიზებულად ვრცელდებოდა.

ციფრული სკოლის პროექტის მიზანი კი სწორედ სკოლიდან წამოსული ინიციატივების ხელშეწყობაა. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვახალისებთ და ვეხმარებით სკოლებს თავად განსაზღვრონ,  თუ რა მიმართულებით სურთ ციფრული კულტურის განვითარება და შემდგომი სტრატეგიის დაგეგმვა.

-აქამდე ჩვენთვის სტრატეგია დასული იყო მხოლოდ ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნაზე,  ამ ინსტრუმენტების სკოლაში შეტანაზე.  გეთანხმებით,  რომ გვაქვს ინტერნეტის პრობლემაც,  მაგრამ მხოლოდ ინტერნეტის ჩართვა ხომ არ ნიშნავს ციფრული სტრატეგიის დასახვას?

-რასაკვირველია,  არა.  ეს პროექტი ემყარება კანადელი პროფესორის  მაიკლ ფულანის თეორიას, რომლის მიხედვით, ინოვაციური პრაქტიკის გასავრცელებლად და დასანერგად სკოლებში საჭიროა სამი კომპონენტის არსებობა,  ანუ ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირება  სამ  ურთიერთდამოკიდებულ  სფეროს  მოიცავს: პედაგოგიკას, ცვლილებების მენეჯმენტს და ტექნოლოგიას.  ამ კომპონენტებს შორის აუცილებელია ბალანსის არსებობა.

პედაგოგიკაში იგულისხმება უფრო კრეატიული მიდგომების დანერგვა, სადაც მოსწავლე  თვითრეგულირებადი  მსწავლელი  იქნება,  თვითონ გადაწყვეტს  სად და რა უნდა ისწავლოს და ა.შ.

ცვლილების მენეჯმენტში იგულისხმება ის, რომ ყველა სკოლაში უნდა არსებობდნენ  კრეატიული  მასწავლებლები.  კვლევების თანახმად, მათი რაოდენობა, როგორც წესი, დაახლოებით 15%-ია. როგორ უნდა გავზარდოთ ეს რიცხვი?  რა ტიპის აქტივობები უნდა დავნერგოთ? როგორი უნდა იყოს ანალიზისა და მონიტორინგის პროცესი? სკოლამ ის საჭიროებები, რაც აქვს, თვითონ უნდა განსაზღვროს და განსხვავებული სტრატეგიაც დაგეგმოს.  ვთქვათ,  რომელიმე სკოლამ განმავითარებელი შეფასებები უნდა დანერგოს და ამ მიმართულებით განავითაროს თავისი სტრატეგია, ვიღაცას კი,  შესაძლოა, მათემატიკის მიმართულებით დასჭირდეს გაძლიერება. ცვლილებების მენეჯმენტის მიზანია  კრეატიული მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა და  ეტაპობრივად ინოვაციების მიმართულების, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება.

რაც  შეეხება  ტექნოლოგიებს,  უნდა გვქონდეს პასუხი კითხვაზე – რა ტექნოლოგიური  ინსტრუმენტები გვჭირდება იმისათვის, რომ  ჩვენს მიერ შერჩეული მეთოდი  წარმატებით განვითარდეს?

პროექტის ფარგლებში მიღებული ცვლილებების დასანახად ერთი წელი მაინც უნდა  იყოს გასული.  ჩვენი პროექტი მოიცავს ოთხთვიანი ტრენინგების კურსს, რომელთა პირველი ციკლი 2019 წლის თებერვლიდან დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება. ივნისში გვექნება  კონფერენცია ბათუმში,  სადაც წარმატებული სტრატეგიის განმახორციელებელ სკოლებს დავაჯილდოებთ. იმ დროისთვის სკოლებში სტრატეგიის დაახლოებით 30% განხორციელებული უნდა იყოს. იდეა იმაშია, რომ პროექტი დაწყებულია და სკოლამ ინოვაციურ მიდგომებზე მუშაობა უნდა გააგრძელოს.

ინოვაციური პრაქტიკის გაღრმავება ახსენეთ, რა იგულისხმეთ და რა გამოცდილება აქვს ესტონეთს ისეთი, რომ ის მომხიბვლელი აღმოჩნდეს საქართველოსთვის?

-ინოვაციური პრაქტიკის სიღრმე დამოკიდებულია სკოლაზე.  როგორც აღვნიშნე, სკოლა, საჭიროებიდან გამომდინარე, თვითონ ირჩევს სამუშაო მიმართულებას. მაგალითად, რომელიმე სკოლა წყვეტს, რომ გამოიყენოს ინტერაქტიული სასწავლო ობიექტები, ისეთი სწრაფი  პასუხების სისტემა, როგორიც არის კაჰუტი.  ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი აქტივობა,  მაგრამ ეს ინოვაციური პრაქტიკის პირველი დონეა,  მეორე დონე კი ის არის, როდესაც მოსწავლეები თვითონ ქმნიან ამ რესურსებს.  ასეთ პირობებში ისინი კიდევ უფრო უკეთ სწავლობენ,  ანუ ინოვაციური პრაქტიკა უფრო ღრმავდება. გამოდის, რომ პირველ ეტაპზე რაღაცის ანალიზს აკეთებ,  რამ და როგორ იმუშავა,  აგროვებ მონაცემებს და შემდგომ კი იუმჯობესებ ამ პრაქტიკას.

-საქართველოში ამ ინსტრუმენტებთან მიმართებაში გამჭოლი კომპეტენციებიდეფიციტია. ვთქვათ, ვისწავლე ყველა შესაძლებლობა, რომელიც ხელს შემიწყობს ინოვაციური პრაქტიკის დასანერგად, მაგრამ როგორ ვისწავლი მედია წიგნიერებას, ინფორმაციულ წიგნიერებას, ეკოლოგიურ წიგნიერებას? თუ ითვალისწინებს ციფრული სკოლა ასეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას?

-ამ პროქტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია ის , რომ ინიციატივა სკოლიდან უნდა მოდიოდეს და არავითარ შემთხვევაში  ტრენერისგან  ან სხვა რომელიმე ცენტრალიზებული ორგანიზაციიდან.  რა თქმა უნდა, ტრენინგის დროს რაღაც მიმართულებებს ვიძლევით და ბედნიერი ვიქნებით, თუ ჯგუფის წევრები ამ კონკრეტული მიმართულებით იმუშავებენ,  მაგრამ  არც ეს იქნება თავსმოხვეული რამ.   ჩვენ ვერ ავცდებით ისეთი უნარების განვითარებას, როგორიც არის თანამშრომლობა,  მედიაუნარები,  ციფრული უნარები და სხვ. მაგალითად, ესტონეთში მსგავს პროექტში 20 სკოლა იყო ჩართული და აქედან 3-4-მა სკოლამ გამჭოლი კომპეტენციების განვითარება შეარჩია.

პროექტის მიხედვით, ესტონეთში  ინოვაცია სკოლის კულტურის ცვლილების ნაწილია. მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების როლის ცვლილება კი ყველაზე ეფექტიანად სკოლის დონეზე შეიძლება განხორციელდეს.  როგორ შეუძლია ციფრულ სკოლას  გააუმჯობესოს ან ხელი შეუწყოსკოორდინირებულ ანამშრომლობას ? ამის მაგალითს ხომ არ გაიხსენებდით?

-სკოლის სამ დონეს გამოვყოფდი: მიკრო დონე, სადაც მასწავლებელი საკლასო ოთახშია. მაკრო დონე, როდესაც სახელმწიფო დონეზე ხდება რეგულაციების მიღება, კურიკულუმის, სასწავლო გეგმის შემუშავება და სხვ, მაგრამ ეს არასაკმარისია და ხშირად ვერ აღწევს საკლასო ოთახამდე, სახელმწიფოს ჰგონია, რომ მოამზადებს მასწავლებლებს, შეუშვებს საკლასო ოთახში და ისინი სასწაულებრივად შეცვლიან ყველაფერს. სინამდვილეში ასე არ ხდება.

შუა რგოლი სკოლის დონეა და თუ იმ დონეზე არ განხორციელდა ეს ყველაფერი, არანაირი ინოვაციური პრაქტიკა არ გავრცელდება,  რადგან მხოლოდ სკოლამ იცის,  ვინ ჰყავს ინოვატორ  მასწავლებლებად და  როგორ შეიძლება მათი, როგორც რესურსის, გამოყენება.

2014 წელს გვყავდა ამ პროექტის გამარჯვებული სკოლა, რომელმაც რუსი მოსწავლეებისთვის ესტონური ენის სწავლა გადაწყვიტა. მოსახლეობის ეს ორი ჯგუფი – ესტონელები და რუსები – გაყოფილები იყვნენ და ერთმანეთთან არ ურთიერთობდნენ.  ჩვენ გვაქვს ასეთი პროექტი კლილ“(CLIL – digital language immersion),  რომელიც მეორე ენის სწავლებას მოიაზრებს, მაგრამ მასში ციფრული ინსტრუმენტი არ გამოიყენებოდა. სკოლამ გადაწყვიტა, რომ გაეციფრულებინა   ყველაფერი. თავიდან  ექვსმა  მასწავლებელმა ღია გაკვეთილებზე გამოიყენა უმარტივესი ინსტრუმენტები.  შემდეგ მოიწვიეს  სხვა მასწავლებლები.  თავიდან პროექტში  ჩართული მასწავლებლები მხოლოდ 10%-ს წარმოადგენდნენ,  საბოლოოდ  კი მასწავლებლების 100%-მა ერთხელ მაინც გამოიყენა ციფრული ინსტრუმენტები ,   50%-მა კი გააგრძელა ყოველდღიურ სასწავლო რესურსებში მათი დანერგა.

-თუ არსებობს  ესტონეთში იმის გამოცდილება, რომ ციფრულმა სკოლამ გავლენა იქონია მასწავლებლის პროფესიულ ზრდაზე, განვითარებაზე?  რა შედეგით იმუშავა ამ მოდელმა?

-საქართველოში მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა რეგულირებადია. მასწავლებელთა სახლიც სთავაზობს გარკვეულ სერვისებს, რომელთა გავლის მერე მასწავლებელს ქულების აღება შეუძლია. ასევე კარგი იქნება თუ სკოლის ინიციატივით განხორციელდება   ვორქშოპი  ან ტრენინგი დ ა   მასწავლებელი ამაშიც კრედიტებს აიღებს.

რაც შეეხება ესტონეთის გამოცდილებას, მასწავლებლებს ასეთივე აქტივობებში ჩართვის მხოლოდ  შინაგანი მოტივაცია ამოძრავებთ და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ამისკენ დირექტორი უბიძგებს.  საქმე ისაა,  რომ სამ წელიწადში ერთხელ დირექტორი თვითშეფასების ანგარიშს ადგენს,  სადაც მან მასწავლებლის ყველა აქტივობა უნდა აღწეროს.

მაგალითად, ესტონეთის ერთ-ერთმა სკოლამ ახლახან „ციფრული შესვენებები“ დანერგა. ჩვენ გაკვეთილებს შორის გვაქვს ორი დიდი შესვენება. ერთს მასწავლებლები სადილისთვის იყენებენ, მეორეს კი, კვირაში ორჯერ, ციფრული ინსტრუმენტების გაზიარებისთვის. ამ აქტივობას უკვე ძალიან ბევრი სკოლა მიმართავს.

თუ სკოლა მართლაც ინოვაციური პრაქტიკების გაღრმავების მიმდევარია, ცდილობს, მათი განვითარებისთვის შესაბამისი კურსი სკოლის გარეთ მოიძიოს.  ეს ყველაფერი არანაირად არ რეგულირდება, ყველა ინიციატივა მოდის „ქვემოდან“ – სკოლიდან.

ჯერჯერობით საქართველოში  მასწავლებელთა ხელფასების ზრდა რეგულაციებთან არის მიბმული. თუკი ესტონეთში  მასწავლებლის ხელფასი არც ისეთი დიდია, რა არის ის მთავარი გასაღები, რომელიც მასწავლებელს შინაგან მოტივაციას უღვიძებს და თან გეზს ციფრული განათლებისკენ აღებინებს?

-მე საქართველოზე უფრო რთული მაგალითებიც მინახავს, მაგალითად  მოლდოვაში, სადაც მასწავლებლები მიხვდნენ თამაშის წესებს და  დახელოვნდნენ  კრედიტების მიღებაში, მთელ ენერგიას ამაში დებენ. თუმცა ეს ძალიან ჰგავს მოსწავლეთა ნიშნების მიღებას. თუ ყველაფერი ნიშნებზე დააფუძნე,  რა თქმა უნდა, მოსწავლე დაინტერესებული მხოლოდ მაღალი ნიშნით იქნება.  სოციალურ ქსელში  დიდ ხანს ზიარდებოდა ინდოეთში ეროვნული გამოცდების ამსახველი ფოტო,  სადაც მშობლები მესამე სართულზე ხოხავენ,  რომ ბავშვებს სწორი პასუხები მიანიშნონ.  იქ ბავშვის მომავალი  ნიშანზეა დამოკიდებული.

ესტონეთში სხვა პრობლემაა – მასწავლებლების დეფიციტის. თუ ვინმე   მასწავლებლობის სურვილს გამოთქვამს, გარე დაბრკოლებებს არ ვუქმნით. დაახლოებით 6-7 წლის წინ ჩვენც გვქონდა მასწავლებელთა პროფესიული ზრდის საფეხურები. ყოველ ახალ საფეხურზე მასწავლებლის ხელფასი 20%-ით იზრდებოდა.

ჩვენი სკოლის მასწავლებელი ძირითადად დამოკიდებულია შინაგან მოტივაციაზე და სკოლის ლიდერებზე ან ტექნოლოგიების სპეციალისტებზე, რომლებიც ეხმარებიან  საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაში. ისინი სთავაზობენ სხვადასხვა კურსების გავლას არა კრედიტების დასაგროვებლად, არამედ ცოდნის გაღრმავებისთვის.  თან გაგვიმართლა – მეზობლად ფინეთი გვყავს, საიდანაც ბევრი რამ გადმოვიღეთ. ფინეთში მასწავლებელი დიდი ავტორიტეტის მქონეა. როგორც პროფესიონალს, ენდობიან. მასწავლებლის პოზიციაზე დიდი რიგებია. ხელფასიც მაღალია – თვეში 4 ათასი ევრო.

-როგორ შეირჩევიან ციფრული სკოლის წევრები?  რამდენ სკოლას მოიცავს პირველი ეტაპი?

-პროექტი ორწლიანია. პირველ ეტაპზე 60 სკოლა გადამზადდება, მეორე წელსაც ამდენივე სკოლა. თითოეული სკოლიდან ექვსი მონაწილე იქნება წარდგენილი. აუცილებელია  დირექტორი და ერთი ისტ მენეჯერი იყოს,  დანარჩენი  ინოვატორი  მასწავლებლები. სკოლამ თვითონ უნდა შეარჩიოს ისინი.

სულ 120 სკოლიდან  720  მონაწილე გადამზადდება. ერთ ჯგუფთან მუშაობა ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.  ტრენინგი შედგება 24 საკონტაქტო საათისგან, რომელიც ოთხ დღეზე  განაწილდება,  თვეში ერთი შეხვედრა.  ერთ ტრენინგზე თავს ოთხი სკოლა მოიყრის. გუნდები მოყვებიან , თუ რა ინოვაციური იდეების განხორციელება სურთ,  როგორ უნდა დაგეგმონ.  შემდგომ  სამ კვირაში დაგეგემილი  უნდა განახორციელონ,  შემდეგ შეაჯამონ. ტრენინგები განხორციელდება „დიჯი-სოლთის“ მიერ (ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ციფრული წიგნიერების განვითარება),  ტალინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის ერთ-ერთი მიზანია  პრაქტიკის კარგი მაგალითები გავრცელდეს სხვა სკოლებშიც. ყველა სკოლას ექნება წვდომა ინსტრუმენტებზე,  მათ შორის „ციფრულ სარკეზე“,  რომელიც ტალინის უნივერსიტეტმა განავითარა (ესტონეთის სკოლების 90% იყენებს ამ ინსტრუმენტს), რომლის მიხედვით ფასდება ციფრულად რამდენად მოწიფულია სკოლა. შეფასების ინსტრუმენტები ემყარება ზემოთ აღნიშნულ სამ კომპონენტს: პედაგოგიკა, ცვლილებების მენეჯმენტი და ტექნოლოგია.  შეფასებაზე დაყრდნობით იგეგმება სტრატეგია.  მეორე ინსტრუმენტი არის ევროკომისიის მიერ განვითარებული ინსტრუმენტი „სელფი“.  მთელი სკოლა – მასწავლებლები, მოსწავლეები, დირექცია აფასებს სკოლის ციფრულ მოწიფულობას, სხვადასხვა მიმართულებით რამდენად იყენებს ტექნოლოგიებს, რა სასწავლო პრაქტიკისთვის იყენებს და სხვ.

კიდევ ერთი ინსტრუმენტი ლაპლანერია,  რომელშიც მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დაგეგმონ და  ატვირთონ  გაკვეთილი. ასევე, ციფრული  ინსტრუმენტია პრესბუქი,  რომელიც საშუალებას იძლევა,   სკოლამ შექმნას ინტერაქტიული  სასწავლო  სახელმძღვანელოები.

ეს ყველაფერი ინტერნეტში ქართულად იქნება ხელმისაწვდომი,   შეიქმნება სასწავლო სცენარები და ინტერაქტიული სახელმძღვანელოები.  აუცილებელი მოთხოვნა იქნება  ბლოგის  წარმოება,  ყოველკვირეულად  უნდა აისახოს რა გაკეთდა სკოლაში, როგორ მიმდინარეობდა ცვლილებები.  სხვა სკოლებისთვის ესეც ერთგვარი გამოცდილების გაზიარება იქნება.

„სამსუნგ ელექტრონიქსი ბალტიისპირეთი“-ს დაფინანსებით ტალინის უნივერსიტეტმა ციფრული სკოლის განვითარების  საპილოტე  პროექტი 2014 წელს რვა სკოლაში დაიწყო. პროექტის პოპულარიზებისთვის დიდი თანხები გამოიყო.  ციფრული განვითარების საპილოტე  სკოლების უმრავლესობა ლიდერები გახდნენ თავიანთ რეგიონებში, ინოვაციური პრაქტიკის გასავრცელებლად სკოლის კარი გაუღეს სხვა სკოლის მასწავლებლებსაც.

-განათლების სისტემის დონეზე რა გავლენა იქონია ციფრული სკოლის პროექტმა?

-ბევრი პროგრაა  მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე,  მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პროგრამებში არ არის ისეთი ჰოლისტური  მიდგომა,  სადაც სამივე – პედაგოგიკა, ცვლილებების მენეჯმენტი და ტექნოლოგია – კომპონენტი მუშაობს.  ამჟამად ტალინის უნივერსიტეტი ახორციელებს ახალ პროექტს „საგანმანათლებლო ლაბორატორია“, რომელიც  სამივე კომპონენტის  გამოყენების მოდელზეა აგებული.  პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტი და სკოლა თანამშრომლობენ კვლევების გამოყენების მიზნით და ახალი ინოვაციური პრაქტიკების დასანერგად.

 

დაინტერესებულ სკოლებს შესაძლებლობა აქვთ ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილონ  https://dgturn.wordpress.com.

პროექტს საქართველოში განახორცილებს  https://www.dgsalt.org/  – ამბობს
პროექტის   ტრენინგმასალებზე  პასუხისმგებელი პირი, ტალინის უნივერსიტეტის უმცროსი მკვლევარი-  ეკა ჯელაძე.  

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ https://docs.google.com/forms/d/1VJuuwfyBJvEpnmYyGkBgyg0njbm0ffQYR29ELqv_9Ag/edit. პროექტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ დიჯისოლთს: dgsaltinfo@gmail.com,  ტელ : 577640155

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...