შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

გარე დაკვირვება – სასარგებლო გამოცდილება

0

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. თუ ამ გამონათქვამს დავუჯერებთ, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გარე დაკვირვებაც არ უნდა იყოს უახლესი.

ვინ არის პირველი მასწავლებელი, რომელიც ახლა გახსენდებათ? დროსა და სივრცეში უფრო შორს მყოფი, ვიდრე რამდენიმე კილომეტრი და წელიწადია? ვინ არის მასწავლებელთა მასწავლებელი? ჩემთვის ეს სოკრატეა.

ბერძენი ფილოსოფოსი და მასწავლებელი კი ამბობდა, რომ მან მხოლოდ ის იცოდა, რომ არაფერი იცოდა, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მას ბევრი საკითხის შესახებ ჰქონდა ცოდნა.

ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ მისი გარე დამკვირვებლები? ათენის მცხოვრებლები. მას ბევრი დამკვირვებელი ჰყავდა. მას არასოდეს ეშინოდა თავისი მოსაზრების ხმამაღლა გამოთქმის და მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემის.

ვფიქრობ, არც ჩვენ უნდა გვეშინოდეს. ხმის კანკალი, ხელების ნერვული თამაში და მსგავსი, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ. თავადაც მოგეხსენებათ, რომ მაღალი პროფესიონალიზმი თქვენი ცოდნისა და უნარების მოსწავლეთა გააქტიურებისკენ მიმართვას გულისხმობს.

გარე დაკვირვებამდე, მის პროცესში  და მის შემდეგაც, მთავარია, რომ თქვენ შეძლოთ მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. მიზანი ნაკლები დანაკარგებით/ნერვიულობით საუკეთესო შედეგის დადებაა. გარე დაკვირვებისას გასაღები თქვენს ხელში იქნება, თუ ბუნებრივად, მშვიდ გარემოში შეძლებთ მიზნის მიღწევას – თქვენ მიერ არსებული ცოდნის მოსწავლეებისთვის მარტივად და ეფექტურად გადაცემას.

მე გირჩევთ, რომ იყოთ  თავდაჯერებული, რადგან მთავარი მიზანი ცოდნის გაზიარებაა, გადაცემაა და არა გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა. გასაღები ალბათ, გაკვეთილის  რეალისტური დაგეგმვაა. დაგეგმეთ გაკვეთილში მიღწევადი მიზანი და მასზე ორიენტირებული აქტივობები, რომლებიც ამ დროში ჩაეტევა.

ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ გავიარე მე ეს გზა.

გაკვეთილი მეხუთე კლასში ჩავატარე. ამ კლასში 33 მოსწავლეა.

თემა: მონაცემების წარმოდგენა ცხრილების გამოყენებით.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს მოპოვებული მონაცემები /გამოკითხვის, გაზომვის, დაკვირვების შედეგები/ წარმოადგინოს ცხრილის სახით, მოახდინოს მონაცემების კლასიფიკაცია; შეძლოს ცხრილით წარმოდგენილი მონაცემების შეკრება. მონაცემთა ერთობლიობის გამოკვლევით მიღებული შედეგების მიხედვით შეძლოს ვარაუდების გამოთქმა მონაცემთა უფრო ფართო ერთობლიობისთვის.

 

გაკვეთილი მოსწავლეების ინფორმირებით. კერძოდ, მათ გავაცანი გაკვეთილის თემა და მისი მიზანი, მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები, აღვწერე შეფასების ფორმები და რუბრიკები, რომელთაც გაკვეთილზე გამოიყენებენ.

ამის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად დავიწყე საშინაო დავალების ერთობლივი განხილვა.

აქტივობა N1.

შემამზადებელი საშინაო დავალება გავარჩიე მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით.

 

საშინაო დავალება

1) რა მეთოდით მიიღებდით ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ რა სიმაღლისაა თქვენი კლასებიდან?

2) რა მეთოდით მოიპოვებთ ინფორმაციას, როცა გჭირდებათ ინფორმაცია საქართველოს მდინარეების სიგრძის შესახებ?

3) რა მეთოდით მიიღებთ ინფორმაციას თქვენი თანაკლასელების დაბადების დღეების შესახებ?

4) რა მეთოდით მოიპოვებთ ინფორმაციას, თუ გჭირდებათ ინფორმაცია ტემპერატურის ცვლილების შესახებ დილის 8 საათიდან დღის 2 საათამდე?

5) გაარკვიეთ რომელი მონაცემია თვისობრივი და რომელი რაოდენობრივი?

ა) ანიმ შეაგროვა ინფორმაცია, ვინ რომელ სპორტულ სახეობაში მიიღო მონაწილეობა:

გიორგი – ფეხბურთი;

ლაშა – კალათბურთი;

ნინო – ჭადრაკი;

ელენე – შაში;

დათო – მკლავჭიდი.

ბ) ხუთი მოსწავლე ფერად დროშებს ამზადებდა. ბექამ გაარკვია, ვინ რამდენი დროშა დაამზადა და ჩაწერა ცხრილის სახით:

 

ლანა 10
გიგა 12
ოთარი 15
ლელა 18
კოტე 9

 

გამოსაძახებელი ჩხირის საშუალებით ერთ-ერთი მოსწავლე დაფასთან გამოვიდა და გაარჩია მათთვის მიცემული დავალება, დანარჩენებმა კი თავიანთი დავალების პასუხებს შეადარეს და თავიანთი პოზიცია ბარათების გამოყენებით დააფიქსირეს  (სწორი პასუხი ,,დიახ“,   არასწორი – ,,არა“)

 

აქტივობა N2:

ინტერაქტიული მინი-ლექცია (7-10წთ)

დაგვჭირდა სხვადასხვა რესურსი: ელექტრონული პრეზენტაცია, პროექტორი და კომპიუტერი;

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს გაიაზროს მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სწორად გასცეს პასუხი დასმულ შეკითხვებს.

აღწერა:

საშინაო დავალების გარჩევის შემდეგ წინარე ცოდნის გააქტიურებისა და ახალი თემის შესამზადებლად დავსვი შეკითხვები:

რა ხერხს ვიყენებთ მონაცემთა შესაგროვებლად?

(გამოვიყენეთ წინა გაკვეთილის რესურსი)

 

„რომელიმე ხერხით მიღებული ინფორმაცია რომ უკეთესად აღიქვან, აღებულ მონაცემებს უფრო მოხერხებული სახით წარმოადგენენ ხოლმე. მონაცემთა წარმოდგენის ყველაზე მარტივი ფორმაა მათი ცხრილის სახით წარმოდგენა. მონაცემების ცხრილის სახით წარმოდგენას უძველესი ისტორია აქვს. ძველი შუმერების ჩანაწერებშიც კი ვხვდებით ცხრილებს, რომლებიც ასტრონომიული მოვლენების, მაგალითად: მზის დაბნელების, მთვარის ფაზების, პლანეტების მოძრაობის და სხვათა შესახებ გვამცნობენ “.

მოვიყვანეთ მაგალითები, თუ როგორ შეიძლება მონაცემები ცხრილების სახით ჩავწეროთ და რა ინფორმაცია შეიძლება წავიკითხოთ ცხრილებიდან.

განვიხილეთ ასეთი სავარჯიშო:

ვატოს აინტერესებს, სპორტის რომელი სახეობა უფრო მოსწონთ მის თანაკლასელებს. ჩამოთვლილი სახეობებიდან მოსწავლეებს სამი სახეობა უნდა დაესახელებინათ. შედეგები ვატომ ასეთი სახით წარმოადგინა.

  • ამ მონაცემის მიხედვით, როგორ ნაწილდება ადგილები სპორტის პოპულარულ სახეობებს შორის?
  • რომელია ამ ცხრილის მიხედვით სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა?

სანდრომ მიიჩნია, რომ საყვარელი სახეობა მხოლოდ თითო სახეობის დასახელებით უნდა  გაირკვეს და ახალი გამოკითხვა ჩაატარა. ყოველ დასახელებას იგი მხოლოდ თითო ხაზის გავლებით ( ჭდეების საშუალებით) აღნიშნავდა, მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში განმარტავს მათემატიკურ და არამათემატიკურ ტერმინებს. რომელიმე სახეობის მეხუთე დასახელებისას წინა ოთხეულს ასე აჯამებდა –

ასე შეადგინა ვატომ სიხშირეთა ცხრილი.

  • რას ფიქრობთ ასეთი აღნიშვნა, რატომ შემოიტანა?
  • მიღებული ცხრილის მიხედვით, რომელმა სახეობამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა, რომელმა – ყველაზე ნაკლები?
  • რომელი გამოკითხვაა თქვენი აზრით უფრო სანდო?

 

მოსწავლეებს ვესაუბრე ამ მონაცემების სწორად გაანალიზებისა და გადამუშავების მნიშვნელობაზე.

 

აქტივობა N3

შემდეგი აქტივობა წერას მოითხოვდა და მას10 წუთი დავუთმეთ.

აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, შეძლებოდათ ამ ინფორმაციის წარმოდგენა ცხრილის სახით და ასეც მოხდა

მივმართე კლასს: „განვიხილოთ საშინაო დავალების მე-5 სავარჯიშო. წარმოადგინეთ მოცემული ინფორმაცია სიხშირეთა ცხრილის (ჭდეების, ხაზების) სახით“. გამოსაძახებელი ჩხირით გამოვიძახე პირველზე ერთი, მეორეზე – მეორე და ა.შ

ხუთი მოსწავლე ფერად დროშებს ამზადებდა. ბექამ გაარკვია, ვინ რამდენი დროშა დაამზადა და ჩაწერა ცხრილის სახით:

 

ლანა 10  
გიგა 12  
ოთარი 15  
ლელა 18  
კოტე 9  

 

აქტივობა N4

აქტივობა ჯგუფურ პრეზენტაციას გულისხმობდა, რომლისთვისაც მოსწავლეებს 15 წუთი ჰქონდათ.

აქტივობის მიზანი: ნამუშევრის წარდგენა.

კლასი შემთხვევითი პრინციპით 5 ჯგუფად დავყავი და მათ ერთი და იგივე დავალება მივეცი.

 

1)  ნამცხვრის გამყიდველს აინტერესებდა, დაედგინა რომელი ნამცხვარი სარგებლობს ყველაზე მეტი პოპულარობით. ამისთვის გადაწყვიტა შეედგინა სიხშირის ცხრილი. ჩამოწერა ყველა ნამცხვრის დასახელება და ყოველი გაყიდული ნამცხვრის გასწვრივ აღნიშვნებს აკეთებდა.

დღის ბოლოს შემდეგი ცხრილი მიიღო:

ცხრილიდან გამომდინარე უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს.

  • რომელი ნამცხვარია ყველაზე პოპულარული?———
  • შუ უფრო უყვართ თუ ეკლერი?——————–
  • რამდენი ნაპოლეონი გაიყიდა?——————-
  • იდეალზე რამდენით მეტი ნაპოლეონი გაიყიდა?—————————-

 

2) სურათზე წარმოდგენილია სამკუთხედები, მითითებულია ერთი ან ორი კუთხის ზომები.

შეავსეთ ცხრილი სურათის მიხედვით.

 

სამკუთხედის სახეობა

კუთხეების მიხედვით

ოდენობა (სიხშირე)
 

ჯგუფის  ნამუშევარი:

 

მთელი ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებოდი დავალების შესრულების პროცესს, საჭიროებისამებრ მოსწავლეებს ვაძლევდი მითითებებს, ერთი ჯგუფიდან შემთხვევითობის პრინციპით ერთმა მოსწავლემ გააკეთა პირველი დავალების პრეზენტაცია, მეორიდან მეორე დავალების პრეზენტაცია.

 

აქტივობა N5

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის შეჯამება, საშინაო დავალების გაცნობა. განხილული საკითხების გააზრების დონის შესაფასებლად გასასვლელი ბილეთების გამოყენება.

ბილეთის კითხვებია:

1)  ერთი საკითხი, რომელიც კარგად გავიაზრე;

2) ერთი აქტივობა, რომელმაც ყველაზე მეტად დამაინტერესა;

3) ერთი საკითხი, რაც გასარკვევი დამრჩა.

მოსწავლეებმა შეავსეს გასასვლელი ბილეთები და თვითშეფასების რუბრიკა. მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით.

 

თვითშეფასების რუბრიკა

  1 2 3
აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა აქტივობაში      
მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე ჯგუფის მუშაობაში, ჯგუფს ვაწვდიდი სასარგებლო იდეებს      
ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრებთან                                   

 

 

დასასრულ, მოსწავლეებმა გაკვეთილის პროცესი შემდეგნაირად შეაფასეს – ღიმილებით მორთეს ტორტი.

 

ვფიქრობ, მოსწავლეების შეფასებების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გაკვეთილი მათთვის საინტერესო და სახალისო იყო. ჩემს კოლეგებს ვურჩევ, რომ მსგავსი ტიპის დავალებები მოსწავლეებისთვის ხშირად მოამზადონ, რადგან ეს ზრდის მათ მოტივაციასა და ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

ამ გზით მიღებულ ცოდნას კი, ვფიქრობ, მოსწავლეები რეალურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენებენ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გზამკვლევი;
  3. V კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო

ავტორები: გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ლ.ქურჩიშვილი, ი.მებონია;

  1. V კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო.

ავტორები: ქ.კუთხაშვილი, ი.ნოსელიძე, კ.თავზარაშვილი;

  1. სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული მათემატიკის სწავლებისათვის I-VI კლასებისათვის G-pried.

 

 

ამბების გაზიარება თუ სახლში ენის მიტანა – რომელი და ვისგან ეკრძალებათ მოსწავლეებს?!

0

ძნელი სათქმელია, პირველად როდის გაჩნდა ჩემს ცნობიერში სიტყვათა წყობა – ამბის მიტანა, ენის მიტანა, დასმენა, დაბეზღება ან „ჩაშვება“. ის კი მახსოვს, რომ 80-იანი წლების ბავშვს ბევრი წელი დამჭირდა ტვინში მათი პირვანდელი მნიშვნელობა გამეუქმებინა და საპირისპირო მრიდან დამენახა ამბის თუ ენის მიტანის მნიშვნელობა.

 

ბევრს ეს სიტყვები დღესაც გულზე ხინჯად მოხვდება! რადგან სახლში ენის მიტანა რომ არ შეიძლება, ხშირად არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ ოჯახებსა და საგანმანათლებლო დაწესებულელებშიც ისმის.

 

ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ ბავშვმა დაბრკოლებები თავად უნდა გადალახოს, ამიტომ ბავშვის ყოველდღიურობაში ჩარევის კატეგორიული წინააღმდეგია. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ თანამედროვე რეალობაში არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარება ბავშვების ძალებს აღემატება. მით უფრო, თუ ზრდასრულები ამბის მიტანის აკრძალვით შემოიფარგლებიან და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილებს დაბრკოლებების გადალახვის უნარი გამოუმუშაონ.

 

სახლში ამბის მიტანა რომ არ შეიძლება, ზოგჯერ და არც თუ იშვიათად სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისგანაც მოისმენთ. თუ თქვენ არ გსმენიათ, ჰკითხეთ ბავშვებს და ისინი დაგიდასტურებენ, რომ ამბის მიტანას ის ადამიანები კრძალავენ, რომლებიც მოსწავლეების თუ აღსაზრდელების მშობლებთან ერთად უნდა აგვარებდნენ არსებულ პრობლემებს; მუშაობდნენ გართულებების თავიდან ასაცილებლად.

 

როცა მშობელი სკოლიდან დაბრუნებულ შვილს ეკითხება, როგორი დღე ჰქონდა სკოლაში, მას მოლოდინი აქვს, რომ ბავშვი შთაბეჭდილებებს გაუზიარებს. მშობლისა და შვილის საუბარი სასკოლო საკითხებზე, არ შეიძლება ვინმემ განიხილოს დაბეზღებად. თუნდაც მშობელს არასწორი რეაგირება ჰქონდეს მოსმენილზე და არ/ვერ იცავდეს სკოლასთან სწორი კუმუნიკაციის წესებს.

 

ზოგჯერ ბავშვები მშობლებს არა მხოლოდ თავის, არამედ თანაკლასელების ამბებს უყვებიან. მაგალითად, როგორ გააბრაზა ვიღაცამ მასწავლებელი და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები. მიუხედავად მშობლის რეაქციისა, ეს არ არის დაბეზღება და ჩაშვება, ეს არის ემოციების გაცვლა მშობელსა და შვილს შორის. ეს მომენტი მეტად მნიშვნელოვანია ოჯახის წევრთა ურთიერთობაში, რადგან უამისოდ არსებობს დიდი რისკი, რომ ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მათ შორის ურთიერთობა გაცივდეს, სულიერად დაშორდნენ და დაიკარგოს ემოციური კავშირი, რაც გაუცხოებას იწვევს.

 

 

რა არის მიზეზი, რომ საბავშო ბაღის ან სკოლის თანამშრომელი ბავშვს სახლში ამბის მიტანას უკრძალავს? ალბათ იმდენივე პასუხი არსებობს, რამდენიც ამკრძალავი პირი, მაგრამ ერთი რამ უდავოა – მათ არ სურთ უსიამოვნებები სამსახურში, რაც შეიძლება ბავშვების მშობლებმა შეუქმნან. ბავშვების მართვა ხომ გაცილებით ადვილია, ვიდრე მათი მშობლების და ოჯახის სხვა წევრების.

 

რომ არ იფიქროთ ამ წერილს ფანტაზიორი ავტორი ჰყავს, რომელიც 90-იან წლებშია ჩარჩენილიო, ორ ისტორიას გაგიზიარებთ არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ბოლო ერთი წლის არქივიდან.

 

ისტორია I – მოქმედება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ხდება

 

აქტიური და მოძიძგილავე 5 წლის ბიჭუნებისგან შეწუხებული მასწავლებელი ორივე ბავშვს პატარა ბნელ ოთახში კეტავს. ოთახს ფანჯარა არ აქვს. 5 წლის ბიჭები ხელის ცეცებით ეძებენ კედელზე ელექტროენერგიის ჩამრთველს, მაგრამ შუქი შიგნიდან არ ირთვება. არც კარი იღება. ერთი ტირის, მეორე ჩუმად არის. ზუსტად რამდენ ხანს ატარებენ ბავშვები ცოცხების, სათლებისა და იატაკის ჩვრების შესანახ 3 კვ.მ. ოთახში, არავინ იცის, რადგან 5 წლის ბავშვებს, თან სტრესში მყოფებს დროის განსაზღვრის შესაძლებლობა არ აქვთ. როცა პედაგოგი ჩათვლის, რომ მიზანს მიაღწია, შეშინებულ ბავშვებს საერთო სივრცეში აბრუნებს. დღის ბოლოს ერთ-ერთი ბიჭი სახლში ჰყვება, როგორ შეეშინდა ბნელ ოთახში, როგორ იტირა და როგორ დასცინეს ცრემლების გამო. მშობელი მეორე დღესვე საბავშვო ბაღში მიდის. სიტუაციას არკვევს და მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაწესებას ითხოვს. მასწავლებელი თავს იმართლებს და პარალელურად უკვე გავლენიან ნაცნობებს ეძებს, იქით რომ დაემუქროს მშობლებს. მასწავლებელი სამუშაო ადგილზე რჩება და იმითაც უკმაყოფილოა, რომ სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. მეორე დღეს იწყებს ბავშვების დამუნათებას, რომ ბაღის ამბები სახლში არ უნდა მიიტანონ. ბაღი მათი ოჯახია და რაც იქ ხდება, არავინ უნდა გაიგოს. ამასაც პატარებისგან იგებენ მშობლები!

 

ისტორია II – მოქმედება სკოლაში ვითარდება

 

კლასში ახალი ბიჭი გადმოდის. ისეთი დამრიგებელი ჰყავთ, მუჭში უჭირავს მთელი კლასი. უცხო ენას ასწავლის და არავის უკვირს, რომ ბავშვების დიდი ნაწილი მასთან დამატებით ემზადება. სულ მალე ახალი ბიჭის მშობელიც სთხოვს მას შვილის მომზადებას. მასწავლებელი თანხმდება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ბიჭი ამბობს, რომ გაკვეთილების შემდეგ სკოლაში მშიერი დარჩენა და დამატებითი მეცადინეობა უჭირს. ამის გამო, დედის თანხმობით ბიჭი თავს ანებებს ფასიან მეცადინეობას თავის მასწავლებელთან. პრობლემებიც აქედან იწყება. პერიოდულად ბიჭი მშობლებს უყვება, რომ დამრიგებელი მის მიმართ შეიცვალა. ნაკლებ ყურადღებას უთმობს, აგრესიულია, რამდენჯერმე დაუყვირა. მშობლები ამშვიდებენ, რომ ყველაფერი რიგზეა და ასწავლიან, როგორ დაარეგულიროს ურთიერთობა მშვიდად. ერთ დღეს ბიჭის სახლში შეწუხებული ხმით კლასელი გოგონა რეკავს და ბიჭის ამბავს კითხულობს. ასე იგებენ მშობლები, რომ მასწავლებელი მათ შვილს მთელი კლასის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვი შეძრწუნებულია. მშობლები სკოლაში მიდიან და დირექციისგან ითხოვენ, მასწავლებელმა მთელი კლასის თვალწინ ბოდიში მოუხადოს მათ შვილს. მეორე დღეს პედაგოგი კლასში შედის და განერვიულებული სახით იწყებს: – „მე თქვენ ჩემი შვილები მეგონეთ! მაგრამ თქვენ არ ყოფილხართ ჩემები. თქვენ ჩვენი საიდუმლო ამ კედლებს გარეთ გაიტანეთ. ენატანიები ხართ. და ბოდიშს ვუხდი ამ ვაჟბატონს, რომელმაც ჩვენი დედა-შვილობა და წესრიგი დაარღვია“.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ განვითარდა იმ კლასში მოვლენები. ახალგადასული ბიჭი, რომელსაც მასწავლებელი ფიზიკურად გაუსწორდა და ამის შესახებ სიტყვა არსად დასცდენია, ბულინგის მსხვერპლად იქცა.

 

ამ წერილის მიზანი სააღმზრდელო – საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი თანამშრომლების პრესტიჟის შელახვა არ არის. ჩემი მიზანია, გარეშე თვალით დაგანახოთ ჩვენი დროის საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა სამზარეულო. როგორ უსუსურად, ხან სასაცილოდ და ხანაც საშიშად ჩანს გარედან. სადაც ამ დრომდე იშვიათად იმარჯვებს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სადაც ბავშვთა უფლებებსა და პირად სივრცეზე დაწყებული საუბარი, თითქმის ყოველთვის  დისკუსიის ფორმატში გადადის და მასწავლებლის უფლებებზე საუბრით გრძელდება.

 

ის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგიერთ თანამშრომელს ჰგონია, ბავშვს სხვა უფლებებთან ერთად სახლში ამბის მოყოლის უფლებაც უნდა შეუზღუდოს, ხომ არ არის ეს ყველაფერი კანონის უპატივცემულობის გამოხატულება?! ხომ არ არის ეს ბავშვებისთვის არასწორი ღირებულებების ჩანერგვა, დაშინება, „დაშანტაჟება“, ჩაგვრა?!

მინდა მივმართო ბავშვებს, თუ ოდესმე ვინმე გეტყვით, რომ სახლში ენის მიტანა არ შეიძლება, იცოდეთ, რომ ის ადამიანი არც ისე სანდოა!

ეს სიტყვები იყოს თქვენთვის საზომი, რომ თქვენი და იმ ადამიანის ურთიერთობაში რაღაც წესრიგში არ არის! როგორი სანდო და პატივცემულიც უნდა გეჩვენებოდეთ, იქნება ის თქვენი პედაგოგი, სკოლის დირექტორი, ბაღის გამგე, ოჯახის ახლობელი, ძიძა, უფროსი მეგობარი, თანატოლი თუ უბრალოდ ნაცნობი! ჩართეთ ტვინში განგაშის სიგნალი და აუცილებლად უთხარით ეს ამბავი მშობლებს, ოჯახის სხვა წევრებს, მეგობარ ზრდასრულებს. თქვენი ყოველდღიური ამბების ოჯახში გაზიარება „ჩაშვებას“ არ ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა, რომელიც არცერთი კანონით არ იზღუდება.

გამოიყენეთ ეს უფლება და გვაგრძნობინეთ, რომ გჭირდებით!

ნუ მოგვცემთ საშუალებას, გასწავლოთ პრობლემებზე თვალების დახუჭვა!

ნუ გაგვიადვილებთ ცხოვრებას თქვენი მოთმინების ხარჯზე!

პ.ს. წერილი არ ეხება საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ კეთილსინდისიერ მასწავლებლებსა თუ დირექციის წარმომადგენლებს, რომლებიც  თავიანთი ზურგით ეზიდებიან თანამედროვე ქართული სკოლის სიმძიმეს.

 

 

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ბულინგის შესახებ

0

ადრე თუ გვიან ყველა ბავშვს უწევს ბულინგთან შეხება:ზოგს მსხვერპლის,ზოგს მოძალადის,ზოგსაც კი მოწმის როლში.ყველა ეს როლი დამანგრევლად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.ამერიკელი პედაგოგი მელისა ლოვენშტაინი და ფსიქოთერაპევტი ჯენიფერ ფრედი გვიხსნიან, როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნაში.

სტატისტიკა და ტოპოლოგია

თუ თქვენ ცხოვრების მანძილზე არასდროს განგიცდიათ სისტემატური ძალადობა ან ღვარძლი,  შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბულინგთან დაკავშირებული პრობლემები წვრილმანებია.

აშშ-ს  განათლების დეპარტამენტის მოხსენებიდან ჩანს,რომ 4-დან ერთი ბავშვი 12-დან 18 წლამდე  ბულინგის მსხვერპლია.

ბულინგის მსხვერპლი ბავშვები მეტად არიან მიდრეკილი შფოთვისა და დეპრესიისკენ. ნუ წარმოვიდგენთ თანამედროვე ბულინგს  მხოლოდ კადრებით ძველი ფილმებიდან-უნიტაზში თავის ჩაყოფით ან რაიმე მსგავსით. ამ ასაკის ბავშვების ჩაგვრამ ახალი ფორმები მიიღო, ხშირად ეს კიბერ ბულინგია : ბოროტი შეტყობინებები,მუქარა,გარკვეული ინფორმაციის გაჟონვა ქსელში და შანტაჟი. ადამიანებს  ეადვილებათ მონიტორთან თავიანთი უარყოფითი ემოციების გამოხატვა. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა,რომ კიბერბულინგის შემთხვევებმა მასშტაბური სახე მიიღო.

 

                                პრობლემის არსი

        ბულინგი გაუაზრებელი აგრესიული ქცევაა, რაც რეალური და შინაგანი ძალაუფლების დისბალანსითაა გამოწვეული. ბულინგს განმეორების ტენდენცია ახასიათებს, რაც მსხვერპლს მუდმივ შიშსა და სტრესში ამყოფებს. მსგავს ეფექტს მათზეც ახდენს, ვინც ამ ძალადობის მოწმე ხდება. თუ ბავშვებმა ერთხელ იჩხუბეს ან თანატოლი დაამცირეს, ან გუნდიდან ერთხელ გარიყეს, ეს არ კვლიფიცირდება ბულინგად, მაგრამ თუ ბავშვთა კოლექტივში ყალიბდება დაუსჯელი ძალადობის კულტი,  უკვე მჩაგვრელებს  დაუსჯელობის შეგრძნებას უყალიბებს.

   შედეგები

შედეგები შესაძლოა საკმაოდ დამანგრეველი იყოს. ყველას გვსმენია ბულინგის შედეგად  გამოწვეულ თვითმკვლელობების შემთხვევებზე. ახლახანს აშშ-ში ეკრანებზე გამოვიდა ტელესერიალი ბულინგის შესახებ ,,13 მიზეზი- რატომ“ ჯეი ეშერის წიგნის მიხედვით, სადაც ნათლადაა წარმოჩენილი ეს პრობლემა. ბულინგის მსხვერპლმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, გაკვეთილები აცდინოს.  ბულინგით გამოწვეულ  ტრავმებს  ისინი მოზრდილობაშიც  ვერ ივიწყებენ . ბულინგის მსხვერპლნი  უფრო მეტად არიან მიდრეკილნი   სომატური და ფსიქოლოგიური პრობლემებისკენ.

            თუ ფიქრობთ,რომ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია

იდეალურ შემთხვევაში თქვენი შვილი მოდის თქვენთან და გიყვებათ, თუ როგორი რთულია  სკოლაში ყოფნა. მაგრამ თუ ბავშვი ამაზე არ ლაპარაკობს, თქვენ კი ხედავთ,რომ ის გახდა მოწყენილი, გაფანტული,რაღაცის ეშინია, თავად გაუბით საუბარი. უთხარით რომ ამჩნევთ,თუ როგორ შეიცვალა, ხვდებით, რომ რაღაც აწუხებს.დეტალურად აღუწერეთ, რა ცვლილებები შეამჩნიეთ. მაგრამ შეფასებებისგან თავი შეიკავეთ. არანაირი სარკაზმი და ჭკუის დარიგებები!  შეეცადეთ შეუქმნათ თქვენს შვილს  ისეთი გარემო, სადაც შეძლებს თავისი ტკივილის გაზიარებას. დაუსვით ღია კითხვები:,,მგონია,რომ ბოლო დროს  მოწყენილი ხარ. მოხდა რამე?,, ან ,,ამ ბოლო დროს, რაღაც აღარ გინდა სკოლაში სიარული და ავადმყოფობას იმიზეზებ. თუ სკოლაში რამე ისეთი ხდება,რის გამოც წასვლა არ გინდა,ვილაპარაკოთ ამის შესახებ.,,

იყავით მომთმენნი ! მოუყევით, როგორ გადაგიტანიათ ბავშვობაში ძალადობა და მკაცრი მოპყრობა. თუ ბავშვი მოგიყვებათ ბულინგის შესახებ,დაიოკეთ მრისხანება, გამოხატეთ ემპათია, მოუსმინეთ:,, აი, ეს ნამდვილად სამარცხვინოა, როგორც ჩანს, შენი ამხანაგი, ამ შემთხვევაში ძალიან არამეგობრულად იქცევა,  შეგიძლიათ გაამხნევოთ და შეაქოთ  ,,შენ მშვენივრად მოქცეულხარ,, ან ,,კარგია, რომ გამიზიარე, ასეთ რამეზე ძნელია საუბარი“. აგრძნობინეთ, რომ მას შეუძლია გააჩნდეს საკუთარი აზრი, მაგრამ დაარწმუნეთ,რომ არავინ იმსახურებს ბულინგის მსხვერპლად ყოფნას. არავინ და არასდროს! მას შემდეგ, რაც ბავშვი გულახდილად მოგიყვებათ პრობლემაზე, არ იჩქაროთ მოძალადეების მშობლებთან და მასწავლებლებთან თქვენი წუხილის გამოხატვა. დასაწყისისთვის აცალეთ ბავშვს გამოხატოს თავისი გრძნობები, ეცადეთ წაახალისოთ, დააწყნაროთ.  ბავშვს ეცოდინება, რომ ყოველთვის შეეძლება თქვენთან გულახდილი იყოს.

              თუ თქვენი შვილი მოძალადეა

თუ გაიგებთ, რომ თქვენი შვილი ჩაგრავს სხვებს და ძალადობს, პირველ იმპულსად მისი დასჯის სურვილი გიჩნდებათ.   ეს იქნება ერთჯერადი ზომა და  პრობლემას უფრო გააღრმავებს.  დასჯით ვერ გამოასწორებთ ცუდ ქცევას, სამაგიეროდ გაანადგურებს თქვენდამი მის ნდობას. თქვენ უნდა მოახერხოთ, სხვისი ჩაგვრის სურვილი სიკეთის კეთების სურვილით ჩაუნაცვლოთ. როგორ მიიღწევა ეს? არსებობს ე.წ. ,,შემრიგებლური“ მიდგომა. ამ მიდგომით  მუშაობენ კონფლიქტის ყველა მონაწილესთან: მსხვერპლთან, მოძალადესთან,მოწმეებთან. მათ შორის უნდა შედგეს გულწრფელი საუბარი, რომლის მოქნილად წარმართვა უნდა შეძლოთ. ამისთვის საჭიროა ფასილიტატორი,რომელიც თავიდან ყველას ცალ-ცალკე გაესაუბრება, შემდეგ ყველა ერთად იკრიბება, მოძალადე ჯდება წრის შუაში-მან უნდა აიღოს მომხდარზე პასუხისმგებლობა. მოძალადეს  უნდა შევახსენოთ თავისი ძლიერი და დადებითი მხარეები, უნდა ავუხსნათ,რომ გამოსწორების გულწრფელი სურვილის შემთხვევაში(რაც ტექსტის სახით უნდა წარმოადგინოს და ხელი მოაწეროს), მას არა მარტო აპატიებენ, არამედ ჩადენილის გამოსწორების საშუალებასაც მისცემენ.  სკოლებში ასეთი პროცედურა კარგ შედეგს იძლევა. მსხვერპლიც და მოძალადეც დიდ შვებას გრძნობენ და რეციდივების რიცხვიც  იკლებს. ბავშვთან სახლშიც უნდა იმუშაოთ „შემრიგებლური“ პრინციპით.  დაანახეთ, აუხსენით, რა დააშავა და დაეხმარეთ იპოვოს  გამოსავალი, გამოსწორების გზები. ჰკითხეთ, რამ აიძულა ასე მოქცეულიყო, დაეხმარეთ გააცნობიეროს  და გაიგოს, რომ  საქციელზე პასუხისმგებლობის აღებით, ის შეძლებს დაიბრუნოს დაკარგული პატივისცემა. გახსოვდეთ,რომ ბავშვის ასეთ ქცევას რაღაც მიზეზით გამოწვეული შინაგანი დისკომფორტი განაპირობებს. როდესაც საკუთარ თავს პოზიტიურად აღვიქვამთ,სხვისი წყენინება არ გვინდება. დაიმახსოვრეთ-ცუდია ქცევა და არა ბავშვი! ელაპარაკეთ,რომ ის კარგია და ასეთი ქცევა  არ შეეფერება.

     კიდევ როგორ შეგვიძლია დახმარება

თუ მშობელთან კონტაქტის პირველი ეტაპი ჩაიფუშა,თუ ბავშვი,მსხვერპლია ის თუ მოძალადე,არ გაიხსნა,უნდა მოძებნოთ კარგი ფსიქოთერაპევტი. ისეთი, ვისაც მსგავს პრობლემებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. დიალექტიკური ქცევითი თერაპია ან დესენსიბილიზაცია და თვალებით მოძრაობის დამუშავება-ამ ორი მეთოდის ეფექტურობა კვლევებითაა დადასტურებული.

არ დაივიწყოთ, რომ ბევრი რამ თქვენს ოჯახში არსებული ურთიერთობების კულტურაზეა დამოკიდებული. ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს ოჯახში თავისუფლად იგრძნოს თავი, თავისუფლად ილაპარაკოს თავის გრძნობებსა და ფიქრებზე, არ ეშინოდეს, რომ უყვირებენ,  ეჩხუბებიან და გამუდმებით ჭკუას დაარიგებენ. თუ ოჯახში რთული საუბრები ყვირილით იმართება, ეცადეთ პოლემიკა ცივილურ ფორმებში გამართოთ და ყველას მისცეთ საშუალება, ეს აგრესიული ქცევა შეაფასოს. დამცირება და მუქარა არ უნდა იყოს ურთიერთობის ჩვეული ფორმა.

 

 

წყარო: goop.com

როგორ შევქმნათ საგანმანათლებლო რესურსები

0

საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვა,მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ყველა პედაგოგის საზრუნავია. სწორად შერჩეული ვიზუალური მასალა აღვიძებს მოსწავლის ინტერესს საგნის მიმართ და ხელს უწყობს მის უკეთ ათვისებას, არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ დიდხანს შენახვასაც.

საკუთარ თავს ხშირად ვეკითხებოდი, როგორ გადამეჭრა ეს პრობლემა. მოსწავლეთა მსჯელობამ, შემაჯამებელი სამუშაოების შედეგებმა, საგაკვეთილო პროცესის პრაქტიკული ნაწილის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულებამ მიმახვედრა, რა გამეკეთებინა. გადავწყვიტე, მათთვის თამაშ-თამაშით, ნაბიჯ-ნაბიჯ, სახალისო აქტივობებით გამეცნო გენეტიკური ამოცანების ამოხსნის ძირითადი პრინციპები. შევქმენი რესურსი, რომელიც გრ. მენდელის მიერ შემუშავებულ ბარდის ჰიბრიდიზაციის მეთოდს ეფუძნება. ის ხელნაკეთია, თანმიმდევრული, ერთვის მკაფიო და ადვილად გასაგები ინსტრუქცია. ფერადია, რაც მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების დახვეწაშიც ეხმარება. ეს რესურსი საშუალებას იძლევა, ბავშვები ხალისით, თამაშით ჩაუღრმავდნენ საკითხს და, რაც მთავარია, გაიაზრონ მენდელისეული კანონზომიერებები.

რესურსი განკუთვნილია მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის.

ესგ სტანდარტის მიხედვით, აღნიშნული რესურსი გამოიყენება შემდეგი
თემების შესწავლისას:

გენეტიკა და სელექცია

  1. მონოჰიბრიდული შეჯვარება – ერთგვაროვნებისა და დათიშვის კანონი
  2. დიჰიბრიდული შეჯვარება – გენთა დამოუკიდებელი მემკვიდრეობის კანონი
  3. გამაანალიზებელი – მონო- და დიჰიბრიდული შეჯვარების დროს

მოსწავლეს შეუძლია ფენოტიპური (გარეგნული) ნიშნებით გენოტიპების (გენების ერთობლიობა მოცემულ შემთხვევაში) დადგენა, I, II, III კანონების ფენოტიპური სქემების შედგენისას,  მონო  და დიჰიბრიდული შეჯვარებისას.  გათვალისწინებულია ბარდის ფერები.  რაც იძლევა გაკვეთილის ხელოვნებასთან ინტეგრირების საშუალებას.

რესურსი ითვალისწინებს მოსწავლის გამოცდილებას. ჩემი აზრით, ის რეალისტური და საინტერესოა. მასწავლებელს შეუძლია მისი გამოყენება როგორც ახალი მასალის ახსნის, ისე გამოკითხვისა და შემაჯამებელი სამუშაოს შესრულების დროს. აღნიშნული რესურსი მოსწავლეებს დაეხმარება მასალის ათვისებაში, საკითხის გაგებაში, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში, თემის შეჯამებაში. ამასთან, იძლევა უნარების ინტეგრირების საშუალებასაც. მისი მოშველიებით მოსწავლეს შეუძლია

◦ დაასახელოს მხოლოდ დომინანტური და რეცესიული ნიშნები;

◦ შეადგინოს  მარტივი ფენოტიპური სქემები;

◦ განასხვაოს ერთგვაროვნებისა და დათიშვის კანონები;

◦ იმსჯელოს მონო- და დიჰიბრიდული შეჯვარებების კანონზომიერებაზე.

რესურსი მოქნილია. ის შეიძლება გამოიყენონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მასწავლებლებმა

ქიმიაში
მე-10 კლასი – ქიმიური ბმების შესწავლისას; ორგანულ ქიმიაში ალკანებისგან რადიკალის წარმოქმნის შესწავლისას;

ფიზიკაში
მე-8 კლასი – ელექტრობის თემის შესწავლისას; დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედების დემონსტრირებისას (განზიდვისა და მიზიდვის ძალებს მოსწავლეები ინდივიდუალურად დააკვირდებიან).

გთავაზობთ სამოდელო ინტეგრირებულ გაკვეთილს ბიოლოგიაში ჩემ მიერ შექმნილი რესურსის გამოყენებით.

გაკვეთილის თემა: მონოჰიბრიდული შეჯვარება

კლასი: მე-9

ინტეგრაცია: მათემატიკა, საგანთა შორის კავშირი – ხელოვნება

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს შესაბამისი სიმბოლოებით გენეტიკური სქემის შედგენა, ამოცანების ამოხსნისას მონაცემთა ანალიზისა და მათემატიკური ელემენტების გამოყენება.

ესგ-ი მისაღწევი შედეგები:

ბიოლოგია IX 6.2 მოსწავლე აყალიბებს მემკვიდრეობის კანონებს და შესაბამისი ფორმულირებით გამოსახავს გენეტიკურ სქემებს, ადეკვატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს მათ ჩასაწერად.

დრო: 45 წთ

რესურსები: მასწავლებლის მიერ შექმნილი სასკოლო რესურსი, სასკოლო სახელმძღვანელო, დაფა, ფლიფჩარტის ფურცლები, მარკერები

შეფასება: განმავითარებელი ჯგუფური მუშაობის, გენეტიკური კანონზომიერებისა და მათემატიკური ალბათობის ელემენტებთან კავშირის შესახებ განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები

გაკვეთილის მიზნების გაცნობისა და საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს შემოქმედებით სავარჯიშოს/ თამაშს ფენოტიპებსა და გენოტიპებზე.

  1. მასწავლებელი დაფასთან მორიგეობით იძახებს 2-2 მოსწავლეს, რომლებიც სასკოლო და მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსებით ახდენენ გენეტიკური თამაშების დემონსტრირებას (ბარდის ყვავილები: წითელი და თეთრი, თესლის ფერები: მწვანე და ყვითელი) (კურდღლები რუხი და თეთრი)
  2. პრაქტიკული სავარჯიშო ამოცანების ამოხსნაზე:

შემთხვევითი გადათვლის პრინციპით (1, 2, 3, 4…) კლასი იყოფა 4 ჯგუფად. მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას.

მოცემულია 4 სხვადასხვა ამოცანა: 1) „ლოკოკინები“; 2) „პეპლები“; 3) „საზამთროები“; 4) „ყვავილები“. ამოცანები მოთავსებულია კონვერტში. მოსწავლეები აირჩევენ კონვერტს და ჯგუფურად შეასრულებენ მასში მოთავსებულ დავალებას. გადაიტანენ ფლიფჩარტზე და წარადგენენ თავისივე არჩეული პრეზენტატორის საშუალებით.

  1. მასწავლებელი თემის შეჯამებისა და რეალიზებისთვის იყენებს სტრატეგიას „ამოიცანი და ამოხსენი“ თავის მიერ შექმნილი რესურსის გამოყენებით,

https://learningapps.org/display?v=ptn5j1jtt18

გაკვეთილის მსვლელობისას გამოვლინდა წინარე ცოდნის დონეც. აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა ეფექტური და ლოგიკური კავშირის დამყარებით მოხდა. ნაყოფიერი იყო მუშაობა ჯგუფებში. დასასრულ, თემა გამთლიანდა შემაჯამებელი აქტივობით (კროსვორდის შევსებით), რომელმაც უზრუნველყო მოსწავლეებში ცოდნის კონსტრუირება.

 

 

როგორ აღვზარდოთ ორენოვანი ბავშვი

0

თქვენი ბავშვებისათვის ორენოვნებს (ბილინგვიზმს) მათი ცხოვრების გამრავალფეროვნება შეუძლია.
სამყაროში, რომელიც სულ უფრო მეტად გლობალიზებული და მრავალფეროვანი ხდება, ერთზე მეტ ენაზე საუბრის უნარი შესაძლოა სასურველი თვისება იყოს, მით უმეტეს, რომ ბილინგვიზმი სოციალურ, ეკონომიკურ და ინტელექტუალურ უპირატესობებს იძლევა. ამერიკელების 80 პროცენტს სჯერა, რომ ბავშვები კარგად უნდა დაეუფლონ მეორე ენას საშუალო სკოლის დასრულებამდე. თუ თქვენც გსურთ ორენოვანი ბავშვის აღზრდა, ქვემოთ მოცემულია მტკიცებულებებზე დამყარებული შვიდი რჩევა, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვებს ორი ენის წარმატებულ ათვისებაში. ზოგიერთი რჩევა უფრო მიესადაგება მათ, ვინც თვითონ უკვე ფლობს ორ ენას, სხვები კი მათთვის იქნება გამოსადეგი, ვინც მეორე ენას არ ფლობს.

1. დაეუფლეთ მეტ ენას

 

ბავშვების მიერ მიღებული ენობრივი ინფორმაციის რაოდენობა განსაზღვრავს მათი ენობრივი მარაგისა თუ გრამატიკის განვითარებას. რაც მეტია ინფორმაცია, მით მეტია ალბათობა ენის წარმატებით ათვისებისა. მაგალითად, ბავშვებს, რომელთაც ბევრი სიტყვა ესმით, უფრო დიდი ენობრივი მარაგი აქვთ.

  1. გაზარდეთ ენის ცოდნის ხარისხი

 

ენობრივი ინფორმაციის ხარისხი ასევე ახდენს გავლენას ბავშვის ენობრივ განვითარებაზე. აღმზრდელებთან პირისპირ წამახალისებელი საუბრები მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვებს ენის ათვისებაში. მაგალითად, ბავშვებისთვის წიგნის კითხვა ხელს უწყობს ენობრივ განვითარებას, ტელევიზიით მიღებული ინფორმაცია კი – არა. დაბალხარისხიანი სატელევიზიო გავლენა, როგორც წესი, ასოცირდება ორენოვანი ბავშვების მწირ ენობრივ მარაგთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ პირისპირ საუბრებს, და შეარჩიოთ საგანმანათლებლო ან მაღალხარისხიანი საბავშვო სატელევიზიო პროგრამები.

  1. დაიხმარეთ ოჯახი და მეგობრები

ენობრივი ინფორმაციის მრავალფეროვნება ენობრივი ზრდის კიდევ ერთი წინაპირობაა. მრავალენოვან მოსაუბრესთან რეგულარური კავშირი ზრდის ბილინგვურ უნარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნათესავებთან, ბებია-ბაბუასთან, უცხო ენების მცოდნე მეგობრებთან ურთიერთობა სასარგებლოა ბავშვების ენობრივი განვითარებისთვის.

 

  1. შეარჩიეთ სტრატეგია, რომელიც უკეთ მიესადაგება თქვენს ოჯახს

ოჯახის პირობების გათვალისწინებით, თქვენი შვილისათვის ორენოვანი გარემოს შექმნის მრავალი გზა არსებობს. მართალია, არცერთი მიდგომა არ მიიჩნევა ორენოვანი ბავშვის აღზრდის საუკეთესო გზად, გამოარჩევენ რამდენიმეს, რომელიც ხელს უწყობს ორენოვნების განვითარებას. მაგალითად, არსებობს მიდგომა “ერთი ადამიანი – ერთი ენა”, რომელსაც ძირითადად სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მშობლები იყენებენ. სხვა გავრცელებული მიდგომისას ბავშვი ოჯახში ითვისებს ერთ ენას (როგორც წესი, უმცირესობის ენას), ხოლო სკოლაში მეორეს (როგორც წესი, უმრავლესობის ენას). განსხვავებული სტრატეგია შეიძლება იყოს თქვენს შვილთან კვირის ყოველ დღეს სხვადასხვა ენაზე საუბარი. შეგიძლიათ თქვენი საკუთარი სტრატეგიაც შეიმუშაოთ – მაგ. ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს, რომ თუ ბავშვმა მილიონჯერ უყურა მულტფილმ „გაყინულს“ (Frozen) და ზეპირად ახსოვს ყოველი ფრაზა, იმავე მულტფილმის ესპანურად ყურება მას ესპანური ენობრივი მარაგის ძალდაუტანებლად გამდიდრებაში დაეხმარება.

  1. იფიქრეთ ორენოვან განათლებაზე

ადრეული განვითარებისას შესაძლებელია ბავშვის ბილინგვური აღზრდა სხვა ენაზე მოსაუბრე ძიძების ან აღმზრდელების საშუალებით.

 

როდესაც თქვენი შვილი სასკოლო ასაკის გახდება, შეგიძლიათ იფიქროთ სკოლებზე, სადაც ორენოვანი მოსწავლეები ერთსა და იმავე საკლასო ოთახში სწავლობენ და გაკვეთილებიც ამ ორ ენაზე ტარდება. კვლევები გვიჩვენებს, რომ გარდა ენობრივი განვითარებისა, მსგავსი მიდგომები აკადემიურ მოსწრებასაც აუმჯობესებს.
თუ მსგავსი პროგრამები თქვენს რეგიონში არ არსებობს, არსებობს სხვა ალტერნატივები. უცხო ენის გაკვეთილები სკოლის შემდგომ ან უქმეებზე ასევე უწყობს ხელს მეორე ენის ათვისებას. საკულტო ადგილებიც შეიძლება სასარგებლო რესურსი გამოდგეს, თუკი გსურთ თქვენი შვილი თქვენს რწმენასთან ასოცირებულ ენაზე საუბრობდეს.

  1. მიეცით თქვენს შვილს “მართვის სადავეები”

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს თქვენი შვილისგან და მიჰყევით მის ინტერესებს. ენობრივი განვითარება ყველაზე წარმატებული მაშინ არის, როცა ბავშვები ყურადღებიან და მგრძნობიარე უფროსებთან ურთიერთობენ. ბავშვი ახალ სიტყვებს მაშინ უფრო ისწავლის, როცა ზრდასრული მისთვის საინტერესო თემებზე ფოკუსირდება და არა პირიქით. სწავლის წასახალისებლად შეარჩიეთ თქვენი შვილისათვის საინტერესო ორენოვანი აქტივობები.

7. განაგრძეთ ბილინგვზმზე ინფორმაციის მოძიება
მეტი გაიგეთ ბილინგვიზმზე. ორენოვანი ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით ბევრი მცდარი მოსაზრება არსებობს. მაგ. არსებობს მოსაზრება, რომ ბილინგვიზმი იწვევს ენობრივ დარღვევებს და სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს ან ორენოვანი ბავშვები იბნევიან, როდესაც ერთზე მეტ ენას ისმენენ. ეს მითები უკვე გაქარწყლებულია. სინამდვილეში ორენოვანი ბავშვები იმავე სიხშირით აღწევენ წარმატებას, როგორც ერთენოვანი ბავშვები.

 

დასაწყისისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ რესურსებს Bilingualism Matters Center-იდან და წიგნებს როგორიცაა A Parents’ and Teachers’ Guide to Bilingualism და The Bilingual Family: A Handbook for Parents.
დაბოლოს
მართალია, არ არსებობს უნივერსალური წესები ორენოვანი ბავშვის აღსაზრდელად, მაგრამ მშობლისაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის აღმზრდელობითი მხარდაჭერით უზრუნველყოფა. მიდგომა, რომელსაც თქვენ აირჩევთ, დამოკიდებულია თქვენს ოჯახზე, საცხოვრებელ გარემოზე და ხელმისაწვდომ რესურსებზე. იზრუნეთ ბედნიერი ბავშვის აღზრდაზე. ორ ენაზე საუბრის შესაძლებლობა და მისი თანმხლები კოგნიტური, ნევროლოგიური და სოციალური სარგებელი (მხოლოდ) დამატებითი ბონუსია.

 

 

https://www.psychologytoday.com/intl/blog/language-and-mind/201903/how-raise-bilingual-child-seven-strategies-success

 

 

სად არის სამშობლო?

0

(ერთი პრემიერის შესახებ)

„მეოცე საუკუნეს ჩვენი კვალი ვერ დავატყვეთ…“

ფრაზა სპექტაკლიდან „მუდამ ერთად“

 

ცოტა ხნის წინ თავისუფალ თეატრში პრემიერა გაიმართა – რეჟისორმა იოანე ხუციშვილმა მაყურებელს ანკა ვისდეის პიესის „მუდამ ერთად“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარუდგინა. ანკა ვისდეი რუმინული წარმოშობის შვეიცარიელი ფრანგულენოვანი დრამატურგია. მისი პიესები, რომელთა უმეტესობა კომედიაა, სხვადასხვა ქვეყნის სცენებზე იდგმება, თუმცა ყველაზე მეტი პოპულარობა ანკა ვისდეის სწორედ პიესამ „მუდამ ერთად“ მოუტანა, რომელიც, ზემოხსენებული უმეტესობისგან განსხვავებით, დრამაა.

როგორც ამბობენ, ავტობიოგრაფიული დრამა.

საზოგადოდ, ავტობიოგრაფიებში ბევრი არაფერი ყრია, თუ მათი მეშვეობით ხელოვანმა რაღაც უფრო დიდი, საერთო, მნიშვნელოვანი არ აჩვენა თანამოსაუბრეს. ამ მხრივ კი მკითხველსაც გაუმართლა და მაყურებელსაც – „მუდამ ერთად“ ავტობიოგრაფიული დრამაა კლასიკური გაგებით და ამ ავტოამბავში ყველას საკუთარი ბედისა და თავგადასავლის ამოცნობა შეუძლია.

ყველას, ვინც იცის, რას ნიშნავს დიქტატურა, მისგან გაქცევის ეპოპეა, ემიგრაცია…

სწორედ ამ თემატურმა სიახლოვემ მისცა მთავარი იმპულსი იოანე ხუციშვილს, „მუდამ ერთად“ სცენაზე გაეცოცხლებინა.

ვინც ამ ახალგაზრდა რეჟისორის შემოქმედებას იცნობს, დამეთანხმება, რომ მისი ახალი ნამუშევრის მოლოდინი ყოველთვის მძაფრი და დამუხტულია; მის სააზროვნო ატმოსფეროსთან, თვითმყოფადი მეტაფორებით სავსე სამეტყველო ენასთან შეხვედრა მაყურებლისგან შინაგან მზაობას, ერთგვარ ესთეტიკურ განწყობას მოითხოვს. ყოველვის იცი, რომ წინ რაღაც საინტერესოზე მეტი გელოდება, მის სპექტაკლზე გატარებული დრო კი კიდევ კარგა ხანს რეზონირებს შენს რეფლექსიაში და ახალ შთაბეჭდილებებად გარდაიქმნება.

მოლოდინი არც ამჯერად გაგვცრუებია – „მუდამ ერთად“ ის სპექტაკლია, რომელიც უნდა ნახოთ. ბანალური ფრაზაა ასევე ბანალური პათოსით, თუმცა აქ ჩემი სათქმელი უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ თეატრში მიპატიჟებას:

სპექტაკლი „მუდამ ერთად“ იმ უამრავ პრობლემას და თემას აერთიანებს, რომლებიც ჩვენ, პოსტსაბჭოთა სივრცის შვილებმა გამოვიარეთ – მეტ-ნაკლებად განსხვავებული ფორმით, თუმცა მთავარი საერთო აქცენტებით. სპექტაკლში მოქმედება 1973 წელს იწყება და 1989 წელს მთავრდება. ეს პერიოდი ქრონოლოგიური სიზუსტით ემთხვევა რუმინეთში ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმის ხანას. პიესას ორი გმირი ჰყავს – დები ალექსანდრა და იოანა პოპესკოები. პიესის დასაწყისში ისინი 17 და 18 წლისები არიან, დასასრულს კი  – 35-36 წლისები, ხოლო დრო, რომელიც სცენაზე თამაშდება, მორიგ ადამიანურ დრამას იტევს, გნებავთ, ტრაგედიას, რომელსაც ამჯერად გმირი ნადვილად ჰყავს.

ალექსანდრა დრამატურგობაზე ოცნებობს, იოანა – მსახიობობაზე, მაგრამ რეჟიმი მათ ერთმანეთს აშორებს: ალექსანდრა იძულებულია, ემიგრაციაში წავიდეს. სამშობლოში ის საყვარელ დას, დედას და კაცს ტოვებს, რომელიც წლების შემდეგ იოანას საყვარლად იქცევა.

პიესას მითოსური ფაბულა გასდევს – ამბავი ობერონისა და ტიტანიასი. ისინი შექსპირის კომედიის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ პერსონაჟები არიან, ფერიების (ელფების) მეფე და დედოფალი, რომლებიც, მითის თანახმად, ერთმანეთს საბედისწეროდ ემტერებიან – ცოლ-ქმარი ვერ იყოფს ბავშვს, რომელიც მოკვდავი მეგობრის შვილია და რომელზეც თითოეულს თავისი გათვლა აქვს.

ობერონის და ტიტანიას არქეტიპები შავბნელი აჩრდილებივით მოძრაობენ ალექსანდრას, იოანას და მათი საერთო საყვარელი კაცის ბედისწერაში. იქსოვება შემზარავი, მტკივნეული ამბავი, სადაც ძალიან ჭირს გარჩევა, რა უფრო მძიმე განსაცდელია – ემიგრაცია, ღალატი, დედის სიკვდილი, მარტოობა თუ ენა, რომელსაც ივიწყებ.

მსახიობები ნინო ფილფანი (ალექსანდრა) და თამარ ნიკოლაძე (იოანა) დახვეწილი ოსტატობით ხატავენ თავიანთი გმირების თავგადასავალს, შინაგან წინააღმდეგობებს, ჰარმონიას, კონფლიქტებს.

ნინო ფილფანის გმირის, ძლიერი, მებრძოლი, შინაგანად თავისუფალი ალექსანდრას პროტოტიპი ავტორთან ერთად ყველა ის ქალია, ვინც რეჟიმის პირობებში პროტესტის ნიშნად საკუთარი ბედი გამოძერწა, ვინც ისტორიას საკუთარი ისტორიით დაუპირისპირდა.

ყველა მათგანი ავტორია. გადამდები, დაძაბული, გარდამტეხი თავგადასავლების ავტორი. ისინი უმოქმედოდ ვერ ძლებენ, მათთვის წასვლა წასვლაზე მეტია, მოძრაობის იმგვარი დინამიკაა, რომელსაც სამყაროს სხვა მიმართულებით გადაქაჩვა შეუძლია.

ამიტომაც ლოგიკურია დების ოპოზიციური წყვილიდან სწორედ ალექსანდრას ემიგრანტობა: ის მიდის, რათა გადარჩეს.

იოანა კი რჩება. ბუნებრივია, იმისთვის, რომ ისაც გადარჩეს. თამუნა ნიკოლაძე ნინო ფილფანის გმირს მზრუნველ, ექსტრავერტ იოანას უპირისპირებს. ხაზგასმული ქალურობა, დროდადრო უტრირებული სიკეკლუცე, ყველასა და ყველაფერზე ზრუნვის მოტივით გამართლებული პირადი თუ სამოქალაქო კონფორმიზმი მალავს მის შინაგან პანიკას, ფატალურ შიშს, რომელიც საბოლოოდ მისი პირადი ტრაგედიით სრულდება – ის ვერასდროს გახდება დედა.

ანუ ვერასდროს იქცევა იმად, რაც უკვე არის და ეს ილუზია – დედად ყოფნის ვირტუალური მდგომარეობა – მისი განაჩენია. იოანა დაზე უმცროსია, მაგრამ მაინც „დედაა“. თამუნა ნიკოლაძე მძაფრად და ოსტატურად, მჭახე, მთლიანი ფერებით ხატავს მის შინაგან სამყაროს და მკაფიოდ გამოკვეთს თავის წილ სივრცეს ორ უხილავ ატმოსფეროდ გაყოფილ სცენაზე/სამყაროში.

ხოლო ის, რაც ორივე მათგანს საერთო აქვს, გახლავთ სინაზე. ნინო ფილფანის გმირს ეს შტრიხი მომხიბვლელობას მატებს, იმ სულიერ გრადაციებს უსვამს ხაზს, რომლებსაც სამშობლოსგან შორს მყოფი ადამიანი გაივლის როგორც კოსმიურ პორტალებს, გნებავთ – საიქიოს სკნელებს, თავის სამოთხიან-ჯოჯოხეთიანად. ორივეს ამ სინაზით უყვარს საერთო წარსული და მასთან ერთად მარხავს ბოლოს.

ამ სინაზის მთლიან მოზაიკას ქმნის რეჟისორი რამდენიმე მნიშვნელოვანი მეტაფორით. ერთი მათგანი დაუვიწყარია, განსაკუთრებულად მტკივნეული: მარტინის ბოთლების სცენა როგორც მასკულინური ენერგიის ძალადობის, ამ ძალადობისადმი მორჩილების და მის მიმართ პროტესტის ან, უფრო მარტივად თუ ვიტყვით, დასახიჩრებული, ნაპრალებიანი სიყვარულის მეტაფორა, სადაც ქალი და კაცი ერთად – უკვე სამშობლოა, სამყაროა და ის ჩიხშია.

სცენურ სამყაროს თეო კუხიანიძის მხატვრობა ქმნის. მისი და იოანე ხუციშვილის ტანდემი მაყურებლისთვის უკვე ნაცნობი და სანდოა – მათ არაერთ სპექტაკლზე იმუშავეს ერთად. მინიმუმამდე დაწურული დეკორაცია, მავთულის საზღვრით გამიჯნული სცენა და პარტერი, საზღვრების იმიტაცია სცენაზე – ყველგან ზღვარი, რომელიც მეორეს კვეთს, მიჯნავს ადამიანებს, ქვეყნებს, ტკივილებს, ენებს… დროდადრო ამ მავთულის საზღვრებს, როგორც რადიოტალღებს, ატმოსფეროდან ატმოსფეროში გადააქვთ მუსიკა (მუსიკალური გაფორმება გიორგი ჯიქიასი) და ეს უკანასკნელიც დაძაბულად ერთვება დიალოგში – სპექტაკლის უმეტესი ნაწილი ალექსანდრა და იოანა პოპესკოების მიმოწერაზეა აგებული.

რუმინეთი-შვეიცარია. ორი სამყარო. ფოსტა. ტელეფონი. ორმხრივი წერილები. ცალმხრივი წერილები. პასუხის მოლოდინი. სიცარიელე.

ანკა ვისდეიმ ეს პიესა არატრადიციული დრამატურგიული ხერხით – წერილების ფორმით გადაწყვიტა. შესაძლოა, ეს პიესის სუსტ მხარედაც მივიჩნიოთ – დინამიკური, სხარტი დიალოგის ნაცვლად ვრცელი მიმოწერის კითხვა უწევს მკითხველს, ტექსტი ლიტერატურული უფროა, ვიდრე დრამატურგიული. ამის გათვალისწინებით, რეჟისორსაც დიდი თავსატეხი ჰქონდა – როგორ „დაედგა წერილები“ ისე, რომ არც მოსაწყენი ყოფილიყო და დრამატურგის არჩევანისთვისაც გაეწია ანგარიში, ბოლოს და ბოლოს, მიმოწერა ამ ამბავში ყველაზე ზუსტი მოცემულობაა, ბუნებრივი მოვლენა. იმ დროში სხვანაირი კავშირი ემიგრანტსა და მის ოჯახს შორის არ იქნებოდა.

რეჟისორმა ეს სიზუსტე სპექტაკლის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ აქცია – მიმოწერის ფორმა თავისი ექსპრესიით, საინტერესოობით მთლიანად ემთხვევა შინაარსს. დების წერილებს მაყურებელი კითხულობს და „მესიჯებს“ იღებს. ამ დიალოგში ყველაფერი ცხადი და გარკვეულია.

პოპესკოების ისტორია ძალიან ჰგავს ჩვენს უახლეს წარსულსაც, ეს უკვე ვთქვი. მაგრამ სპექტაკლის მსვლელობისას რამდენჯერმე წამიერი თავის ტკივილივით გაიელვებს მაყურებლის სმენაში ისეთი ახლობელი ფრაზები, როგორებიცაა, მაგალითად: „ჩვენ პოეტური ერი ვართ…“ ან „ჩვენი ენა ჩვენივე სიღრმეებიდან, ჩვენი ნაწლავებიდან და გაშიშვლებული ძარღვებიდან მოდის…“ ფონად ქცეულ პროექტორზე კი გადის დოკუმენტური ქრონიკის კადრები – ოკუპაციის, დარბეული მიტინგების, ეკონომიკური კრიზისის, დიქტატურის მსხვერპლთა… ეს ყველაფერი საერთოა, ჩვენი ცხოვრების ფონია, ის სინამდვილეა, რომელსაც ბევრმა გაქცევით დააღწია თავი, ბევრი კი ჩარჩა და ჩაიჩეხა მასში, ან შეეგუა, გადარჩა და მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო…

სპექტაკლში ბევრი კითხვა ისმის. ისინი რიტორიკულიცაა და კონკრეტულიც. სად არის სამშობლო, რა ემართება მას ადამიანთან ერთად? რა ჯობია – წასვლა თუ დარჩენა? ერთ-ერთი კითხვა კი ფინალური ინტონაციისაა, ერთგვარი ანტიკამერტონია, რომელიც ახალი ისტორიის დასაწყისს ამხელს:

რა იქნება ამის შემდეგ?

თუკი უახლეს წარსულს და თანამედროვე პროცესებს თვალს გადავავლებთ, ეს კითხვა ბევრგან ამოტივტივდება როგორც რაღაც ფატალური და უმნიშვნელოვანესი გამოცდილების მიზეზიც და შედეგიც. დიქტატორული რეჟიმები დაემხო, ქვეყნებმა იმპერიებისგან თავის დახსნა ისწავლეს, ტირანებიც სამაგლითოდ გასამართლდნენ, მაგრამ მაინც ისმის ადამიანთა საბედისწერო ხმები: რა იქნება ამის შემდეგ?

ყველანი რაღაცას ვსწავლობთ ერთმანეთისგან. უფრო სწორად, ვხედავთ, ვისმენთ და ეს შთაბეჭდილებები ჩვენს სულიერ წყობაში ბუნებრივად ილექება. ხელოვნება მას თავის ენაზე თარგმნის. თეატრი ცხოვრებასთან ერთად შეიქმნა, ის მის ალტერნატივად უნდა დარჩეს, მის მჭახე ანარეკლად, ხშირად გამაღიზიანებელ, გამომწვევ პროვოკაციად, ცხოვრების ავანტიურად, რათა დროის ნაღვლიან მედინობაში ადამიანურმა რეფლექსებმა გაძლონ და ცხოველმყოფელობა შეინარჩუნონ, სამყაროსთან კავშირი შეინარჩუნონ, არ მოდუნდნენ, იფხიზლონ.

დღეს იშვიათად ნახავთ სპექტაკლებს, სადაც თეატრის ეს იდეა თავისი თავდაპირველი შინაარსით დაცული და გააზრებულია. სამწუხაროდ, ისევ მოდურია კლიშეები და იდეოლოგიები (ისინი თავბრუდამხვევი სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს და სულ უფრო აშორებენ თეატრს მაყურებელს, როგორც ცხოვრებას – ადამიანს, მისი მთლიანობის, დრამატიზმის, იდეის აღმქმელს და განმახორციელებელს), დღეს მოდურია ის აზრიც, რომ თანამედროვე თეატრებმა (გნებავთ, სახელმწიფო თეატრი იგულისხმეთ, გნებავთ, კონკრეტული შენობები, სადაც სცენა და პარტერი ამ სახელოვნებო სივრცეს გულისხმობს) თავისი დრო მოჭამეს და ლპებიან.

ყველა აზრს აქვს არგუმენტი და ამაზე მსჯელობაც კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ გზად მიმაჩნია.

თუმცა ახლა ამაზე არ ვლაპარაკობ. მე ერთი პრემიერის შესახებ გიამბეთ, რომელიც უნდა ნახოთ.

ნახოთ, გაიხსენოთ, იფიქროთ.

ტკივილების ნუ შეგეშინდებათ. მათ მანათობელ ძალაზე ცხოვრებისეული მაგალითები მეტყველებს. ყველაზე სანდო, უტყუარი და გამოცდილი მაგალითები.

ფიქრები მასწავლებლის   პროფესიულ განვითარებაზე

0

როგორც ცნობილია, სწავლა-სწავლება უწყვეტი პროცესია,რომელიც მიმდინარეობს ახალი გამოწვევებისა და სიახლეების დანერგვის პარალელურად. იმისათვის რომ თანამედროვე მასწავლებელი მზად იყოს ახალი გამოწვევებისთვის, ის მუდმივად უნდა ვითარდებოდეს . იგი ვალდებულია ახალი მიდგომებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით უზრუნველყოს ახალი თაობა, განუვითაროს სოციალური უნარები და აუმაღლოს ცოდნის დონე,დაგეგმოს და ჩაატაროს  შედეგზე ორიენტირებული, მოსწავლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გაკვეთილები.ამიტომაც ისმის კითხვა,რა ეხმარება   მასწავლებელს მის პროფესიულ წინსვლაში-გამოცდა თუ პროფესიული განვითარების სქემა?  ვფიქრობ,  ერთი  ავსებს მეორეს,  გამოცდა ერთის მხრივ, ადასტურებს მასწავლებლის  კომპეტენციას, ხოლო  ამის შემდეგ იგი იწყებს ზრუნვას თვითგანვითარებაზე ტრენინგებით, სტაჟირებით, კონფერენციებით და სხვა მეთოდებით. მინდა მოგიყვეთ საკუთარი გამოცდილების მაგალითზე, რამდენიმე წლის წინ, როცა სქემაში ჩავერთე, მინდა ვაღიარო , სკეპტიკურად ვიყავი სქემის მიმართ განწყობილი,მაგრამ ახლა, როცა ვაჯამებ ჩემ მიერ განვლილ წლებს, მინდა ვისაუბრო, თუ რა მომცა ტრენინგებმა, კონფერენციებმა და სტაჟირებამ  უცხოეთში.

2011 წელს ჩავერთე ამერიკის საელჩოსა და ორგანიზაცია PH Inernational მიერ დაგეგმილ გრძელვადიან ტრენინგებში ინგლისური ენა სამოქალაქო განათლებაში(ELCI), სადაც მივიღე გამოცდილება ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა/ჩატარებაში, ჩავატარე  სამოქალაქო განათლებასთან ინტეგრირებული გაკვეთილები, იყო საინტერესო თემები: მოხალისეობა, პროფესიების შერჩევა, ტოლერანტობა და სხვა,  მაგრამ მათგან გამოვყოფდი ერთ-ერთ გაკვეთილს, რომელიც უკავშირდებოდა მოქალაქეობრივ მოვალეობას, არჩევნებში მონაწილეობას. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს არჩევნების პროცესი, ჩაატარეს ადგილობრივი არჩევნები, მოამზადეს პროგრამები, შეხვდნენ მოსახლეობას და გააცნეს იგი, დასვეს და უპასუხეს მწვავე შეკითხვებს, და გაითამაშეს არჩევნების მთელი პროცესი: ამომრჩეველი, კომისიის წევრები, დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ხმის დათვლის პროცედურა.

გაკვეთილი ძალიან სახალისო და პროდუქტიული იყო. უცხოელი ექსპერტისგან, რომელიც   ესწრებოდა გაკვეთილებს და აწარმოებდა დაკვირვებას,  ვისწავლე, თუ როგორ უნდა მივიღო და გავცე უკუკავშირი, რაც ყველაზე რთული პროცესია სწავლა/სწავლების პროცესში. ვატყობდი, როგორ ვიზრდებოდი გაკვეთილიდან გაკვეთილამდე. ამ  საინტერესო ტრენინგებს მოყვა საზაფხულო სკოლა, დატვირთული საინტერესო კონფერენციებით, ტრენინგებით და პრეზენტაციებით, ყველა რეგიონის ხუთი წარმატებული მასწავლებელი ვუზიარებდით მიღებულ ცოდნას ერთმანეთს და ვიღებდით  რჩევებს. ეს ყველაფერი გაგრძელდა ამერიკის შეერთებულ შტატების საზაფხულო სკოლაში, სადაც 22 დღის განმავლობაში ვესწრებოდით  უცხოელი ექსპერტებისა და ტრენერების  მიერ ჩატარებულ ტრენინგებს  საინტერესო და ჩვენს გაკვეთილზე მორგებული აქტივობებითა და მეთოდებით, ვისწავლე, თუ როგორ უნდა დამეგეგმა გაკვეთილი სწორად, დამესახა მიზანი და შემერჩია მიზანთან შესაბამისი აქტივობები, როგორ შემედგინა შეფასების რუბრიკები. ასევე ვისწავლე როგორ დამეგეგმა ტრენინგი და შემექმნა მოდული, ერთ-ერთი მოდული  იყო „ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება როლური თამაშების დახმარებით“. დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება კი გავუზიარე საკუთარ მოსწავლეებს და კოლეგებს. ასევე გამოვარჩევდი მასწავლებელთა სახლისა და ბრიტან

ული საბჭოს ერთობლივად დაგეგმილ სტაჟირებას დიდ ბრიტანეთში, სადაც მაღალკვალიფიციური ტრენერები და ექსპერტები გვასწავლიდნენ, როგორ გადავაქციოთ ყველა თემა და აქტივობა საკომუნიკაციო აქტივობად, როგორ გავუადვილოთ მოსწავლეებს გრამატიკის სწავლა, რაც ყველაზე რთული პროცესია ინგლისური ენის სწავლებაში. ერთ-ერთი გაკვეთილი , რომელიც ბრიტანეთში დავგეგმე და ჩავატარე იყო „ღიმილების“ გამოყენება სასაუბრო და წერითი უნარ-ჩვევის გასავითარებლად. მოსწავლეები ირჩევენ  წინასწარ მომზადებულ „ღიმილებს“(emojiis) და ადგენენ მოთხრობას სევდიანს ან მხიარულს, ხოლო სხვა ჯგუფის მოსწავლეები შეცვლიან სევდიანს პოზიტიურად ან პირიქით. ასევე მინდა გამოვყო ამერიკის საელჩოსა და შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული რეგიონალური კონფერენცია, სადაც უცხოელმა და ქართველმა მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ მრავალფეროვანი აქტივობები, ტექნოლოგიების გამოყენება, როგორ გამოვიყენოთ facebook მართლწერის გასაუმჯობესებლად, ვისწავლე kahoot გამოყენება გაკვეთილზე. მიღებული ცოდნა დავნერგე საკუთარ გაკვეთილზე: შევქმენი მერვე კლასელთა ჯგუფი და დავწერე კითხვები თავისუფლების ქანდაკებასთან დაკავშირებით, მოსწავლეები კი პასუხობდნენ წერილობით, ხოლო მართლწერის შეცდომებს ასწორებდნენ სხვა მოსწავლეები. იგივე აქტივობა გავაკეთე  kahoot -ის გამოყენებით, სადაც მოსწავლეებმა ბევრი მათთვის უცნობი ინფორმაცია დააგროვეს.

მასწავლებლის კარიერული ზრდისათვის აუცილებელია ზემოთ აღნიშნული აქტივობები, მასწავლებელი, საჭიროების მიხედვით, უნდა ესწრებოდეს ტრენინგებსა და კონფერენციებს და  მიღებული ცოდნა და გამოცდილება   დანერგოს  საკუთარ მოსწავლეებთან და კოლეგებთან.

მოდი, გამოვიგონოთ…

0

მგონია, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ბავშვის ფანტაზიისა და წარმოსახვის განვითარებაა. თუ ჩვენს მოსწავლეებს მივაჩვევთ, იფიქრონ, წარმოისახონ და საკუთარი სამყაროები შექმნან, სამომავლოდ აუცილებლად მოუნდებათ რაღაც ახლის გამოგონება, აღმოჩენა ნებისმიერი მიმართულებით, მათემატიკა იქნება ეს, ქიმია, ფიზიკა თუ ლიტერატურა.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ბავშვებმა არსებული, დაწესებული ჩარჩოების მიღმა დაიწყონ ფიქრი, არ დასჯერდნენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებს, ამოცანებს, თეორიებს, ფაქტებს – მოიძიონ, იფიქრონ, შექმნან საკუთარი. რატომ არ შეიძლება, დავალებად არა წიგნში დაბეჭდილი რომელიმე ავტორის ტექსტი მივცეთ, არამედ კლასშივე შექმნილი საკუთარი მოთხრობა და საკუთარი პერსონაჟები თავადვე დავახასიათებინოთ, საკუთარი ტექსტების დასასრული შევაცვლევინოთ და ალტერნატიულ გზებზე დავაფიქროთ?

წლის ბოლოს კი კლასის სახელმძღვანელო შევქმნათ და პრეზენტაციაც გავმართოთ.

მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე აქტივობა და რესურსი, რომელთა დახმარებით თქვენი ბავშვები მიეჩვევიან ახლის შექმნას, გახდებიან გამბედავები, დაამარცხებენ მორცხვობას და შიშს, მკითხველებიდან, მსმენელებიდან ავტორებად და გამომგონებლებად იქცევიან.

 

ა ს ო ც ი ა ც ი ო ბ ა ნ ა

ეს ერთ-ერთი ყველაზე სახალისო რამაა, რისი კეთებაც გაკვეთილზე შეიძლება. მისი იდეა ასოციაციებით და სახეებით აზროვნებაა. ავითარებს შემოქმედებით ხედვას და წარმოსახვას.

მასწავლებელი ყოველგვარი შესავლის გარეშე ეუბნება ერთ-ერთ მოსწავლეს: „მითხარი სიტყვა, რომელიც, აი, ამ წამს გაგახსენდა“. მოსწავლე ამბობს, მაგალითად: „მზე“. მასწავლებელი ამ სიტყვას დაფაზე წერს ფერადი ცარცით ან მარკერით. მერე მეორე მოსწავლეს ეკითხება: „რა გაგახსენდა სიტყვა მზეზე?“ მოსწავლემ შესაძლოა თქვას: „კოსმოსი“. შემდეგ სხვა მოსწავლეს ვთხოვთ გვითხრას, რა გაახსენდა კოსმოსზე. ასე პროცესში მთელი კლასი ჩაერთვება და თითოეული მოასწავლე დაასახელებს იმ სიტყვას, რომელიც კონკრეტული სიტყვის გაგონებისას უცებ, ასოციაციურად მოუვიდა თავში. არ არის აუცილებელი, სიტყვებს შორის ლოგიკური კავშირი იყოს. შესაძლოა, ისინი საერთოდ არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს. საბოლოოდ სიტყვების მთელ ჯაჭვს ვიღებთ, მაგალითად, ასეთს:

მნიშვნელოვანია, თამაშში ყველა ბავშვი ჩაერთოს და ყველას ნათქვამი სიტყვა დაიწეროს დაფაზე. ბავშვებს ვთხოვთ, ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინონ პატარა ამბავი, რომელსაც ექნება ორიგინალური დასაწყისი, საინტერესო სათაური და ლოგიკური დასასრული. მათ უნდა გამოიყენონ ყველა სიტყვა და, რა თქმა უნდა, სხვა სიტყვების შეუზღუდავი რაოდენობა.

როდესაც ბავშვები წერას დაასრულებენ, ავტორის სკამზე კითხულობენ, მერე კი ერთად განვიხილავთ, როგორ შეიძლება ერთი და იმავე სიტყვებით სხვადასხვა ამბის მოფიქრება.

 

„კარგი სკოლას“ რესურსი

https://kargiskola.ge/dawere/ – შევდივართ მითითებულ ლინკზე და ვწერთ მოთხრობას. შესაძლოა, ბავშვებმა ინდივიდუალურად გამოთქვან მოსაზრებები და საბოლოოდ ტექსტი კლასის საერთო ნამუშევრად იქცეს. თუ ამბავი საინტერესო გამოვიდა და ბავშვებმაც გამოთქვეს სურვილი, საინტერესო იქნება ხელნაკეთი წიგნის დამზადება, რომელსაც მერე პრეზენტაციაზეც წარადგენთ, მოიწვევთ მშობლებს, ბავშვები წინასწარ იმუშავებენ წიგნის რეკლამაზე, დაამზადებენ სარეკლამო ბროშურებს და სხვ.

 

მათემატიკა როგორც ამბავი

ვამზადებთ სამ ქისას: რიცხვებისას, მოქმედებებისას და სიტყვებისას. ერთ ქისაში სიტყვები ყრია, მეორეში – რიცხვები, მესამეში – მოქმედებები. ბავშვები მუშაობენ წყვილებად. თითოეულმა წყვილმა ქისებიდან უნდა ამოიღოს: ხუთი სიტყვა, ორი რიცხვი და ერთი მოქმედება (რაოდენობა შეიძლება მიზნის შესაბამისად ცვალოთ) და მათი მეშვეობით შეადგინოს ამოცანა. საკუთარ ამოცანებს წყვილები ერთმანეთს უცვლიან და ხსნიან.

 

გამოიგონე თამაში

სამაგიდო თამაშის გამოგონება ის აქტივობაა, რომელიც ყველა ბავშვს ძალიან უყვარს. ამ დროს პროცესში ყველა ბავშვია ჩართული. სამაგიდო თამაშის შექმნა შეიძლება მათემატიკასაც მოარგოთ, ქართულსაც და ისტორიასაც. თავდაპირველად ბავშვებს თამაშის იდეისა და კონცეფციის მოფიქრებაში დაეხმარეთ, შემდეგ შეადგინეთ თამაშის წესები (ამ გზით მოსწავლეები, საზოგადოდ, წესების მნიშვნელობასა და საჭიროებასაც გაიაზრებენ), მოიფიქრეთ თამაშის შინაარსი, მაგალითად, მონაწილემ უნდა გადალახოს დაბრკოლებები და დავალებები მიიღოს ბარათებით ან სათამაშო დაფაზე იპოვოს დამალული გამოცანები. აღნიშნული აქტივობა შეგიძლიათ თემის შესაჯამებლადაც გამოიყენოთ. მაგალითად დავალებები ერთი კონკრეტული ტექსტიდან იყოს ან გამრავლება/გაყოფას ეხებოდეს. შეიძლება ცნობილი „მონოპოლიის“ სტილის თამაშის მოფიქრებაც. დიდ ფორმატზე ბავშვები ხატავენ თამაშის შინაარსის შესაფერის ფონს, ნაპირებს კი ყოფენ უჯრებად, რომლებიც დანომრილია ან სხვადასხვა სიმბოლოთია მონიშნული. ცალკე მზადდება ბარათები. ისინიც დანომრილია ან თამაშის დაფის იდენტური სიმბოლოებითაა გაფორმებული. მონაწილე აგორებს კამათელს. თუ ორიანი შეხვდა, დასაწყისიდან ორი უჯრით გადაადგილდება (გადაადგილებისთვის შეიძლება გამოიყენოთ ფიგურები, რომლებსაც ასევე ბავშვები დაამზადებენ) და რომელ ნომერზეც/სიმბოლოზეც მოხვდება, მის შესაბამის ბარათს მიიღებს, რომელზეც დავალება წერია. თუ ამოხსნა, უფლება აქვს, გააგრძელოს თამაში, თუ ვერა – ერთი უჯრით უკან იხევს (ამ წესსაც თამაშის შექმნისას ადგენენ). იმარჯვებს ის, ვინც თამაშის დასასრულამდე პირველი მივა.

შეიძლება ლაბირინთის დახატვაც. მოთამაშეებმა უნდა გაიარონ ლაბირინთი და გზადაგზა მასში მითითებული დავალებები შეასრულონ. სათამაშოდ შეიძლება სტუმრებიც მოვიწვიოთ. ასე მიღებული ინფორმაცია ბავშვებს არასდროს დაავიწყდებათ.

აღნიშნული აქტივობები ავითარებს შემოქმედებითობას, გამომგონებლობას, აღვივებს პოზიტიურ განწყობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სწავლის დაწყებით საფეხურზე.

 

ფერიდე – საუკუნის ბიბლიოთეკარი

0

იმ დღეს ფერიდე კვაჭანტირაძესთან ვიყავით. მე, სოფო გელუკაშვილი, ციური კოჭლაშვილი და ლევან თაქთაქიშვილი. მისი თანამშრომლები ანუ.  საუკუნის ბიბლიოთეკარის წოდება გადავეცით.  ფერიდე პატარა ოთხაში იწვა. ავად იყო. როცა ბიბლიოთეკაში მუშაობა დავიწყე, მეორე დღესვე მოვიდა კაფანდარა, ცოცხალთვალებიანი ქალი. რარიტეტის გამგე ვარ და წიგნის მუზეუმი უნდა გავაკეთოთო. ასე, დაბეჯითებით. ხუთი წელი დაგვჭირდა და გავაკეთეთ. მაშინ ძნელად წარმოიდგენდა ადამიანი, მაგრამ რაც ფეროს უნდოდა, ყველაფერი სრულდება. მაშინც მითხრა, რაღაც სიურპიზი მაქვსო, ზუსტად ვიცი, ეს სიურპიზი, რამე კატალოგის მომზადება იქნებოდა. დამიდასტურა კიდეც. ფერიდე ხომ ბიბლიოთეკით ცხოვრობდა – მისი სიურპრიზები, სიხარულებიც და დღესასწაულებიც ბიბლიოთეკის ირგვლივ ტრიალებდა.

 

ჰოდა, ფერიდე წავიდა.

მაგრამ, მე მაინც ვესაუბრები. ჰოდა, გამარჯობა ფერიდე. ალბათ გახსოვს, ამასწინ რომ მოვედით და საუკუნის ბიბლიოთეკარის სერთიფიკატი მოგიტანეთ (რაც ალბათ ცოტა ადრეც უნდა გვექნა), მერე ღიმილი გამოვიგონეთ და რაღაც სასაცილო ამბების მოყოლა დავაძალეთ თავს, შენც რომ აგვყევი და იცინოდი, კიდევ ოცი წელი უნდა ვიცხოვროო, ბიბლიოგრაფია უნდა დავამთავროო და სიურპრიზად გამოგიგზავნოო.

გამოვედით და ერთ საათში დამირეკე, მე მაგას ვერ მოვასწრებო. კაი, რას ამბობთ მეთქი – ვითომ მხიარულად გიპასუხე. ვიციო, რასაც ვამბობო. შენ ყოველთვის იცოდი, რასაც ამბობდი. მაშინაც, როცა წიგნის მუზეუმის გაკეთების ჯერაც უტოპიურ იდეაზე მესაუბრებოდი და მაშინაც, როცა სოფელ-სოფელ ფოტოების გასაციფრებლად დაგვყვებოდი. შენ უასაკო ადამიანი იყავი, ანუ უფრო უკეთ – სულ ძალიან ახალგაზრდა. ახლაც ასეთი ხარ, უბრალოდ სხვა სამყაროდან კითხულობ ამ წერილს და მე მინდა დაგპირდე, რომ იმ და კიდევ ორ სურვილს, რაც მაშინ ტელეფონში მითხარი აუცილებლად აგისრულებთ.

შეხვედრით კი ზეციურ ,,რარიტეტში” შევხვდებით, სადაც დღეიდან იცხოვრებ, მე კი დროებით შემომატარებენ და პირველად, რა თქმა უნდა, შენ შემეგებები და მეტყვი: გიორგი, დაჯექი ორი წუთით ახლა და მომისმინე!

მედლის ორი მხარე

0

ჩემს მაგიდაზე მედალი დევს. მის ერთ მხარეს ქიმიური კოლბაა გამოსახული. კოლბიდან აირის ბუშტუკები ამოდის, კოლბაში კი ლამაზფოთლება მცენარე მოჩანს. მეორე მხარეს წარწერაა: „მოლდოვას ქიმიკოსთა საზოგადოება“. მედალი 2017 წელს კიშინიოვში, სამეცნიერო კონფერენციაზე, ქიმიის პოპულარიზაციისთვის გადმომცეს.

მხოლოდ მედალს კი არა, ყველაფერს ორი მხარე აქვს. საქმე ის არის, რომელი მხრიდან შეხედავ. მაგალითად, დღეს ქარიანი ამინდია, სამაგიეროდ, უკვე აპრილია. ამიტომ, დაე, იყოს ქარი – გაზაფხული თავისას გაიტანს. არადა, ხომ შეიძლებოდა, ზამთრის დამდეგი ყოფილიყო – უფრო საწყენი არ იქნებოდა?

გვერდით არაქისი მიდევს და ბეჯითად შევექცევი. სასარგებლო რამაა, გემრიელიც, მაგრამ მარილიანია… რა უშავს… იყოს ხანდახან არაქისი მარილიანი.

ამ საღამოს გეგმის მომდევნო პუნქტი ლიმონიანი ჩაია. ჩაი აუცილებლად ლიმონიანი უნდა იყოს, რადგან, არც მეტი, არც ნაკლები, ჯანი როდარის „ჩიპოლინოს“ გადაკითხვას ვაპირებ. ჰო, ზღაპარია, მაგრამ ზოგჯერ ზღაპრებში იმდენი სიმართლეა…

ჩიპოლინო ხახვისთავა ბიჭუნაა. მამამისს, მოხუც ხახვ ჩიპოლონეს, ციხეში სვამენ. მიზეზს არ იკითხავთ? – პრინც ლიმონს შემთხვევით ფეხზე ფეხი დააბიჯა. პრინცს კი კოჟრი ჰქონია და ძალიან გამწარებულა. ჩიპოლინო მამას გათავისუფლებას ჰპირდება, და-ძმებს სახლში ტოვებს და მამის დასახმარებლად მიდის. ქვეყანას გულქვა პრინცი ლიმონი და გრაფინია ალუბლები განაგებენ, რომლებსაც სასტიკი მოურავი სენიორ პომიდორი ემსახურება. ბიჭი ბევრ დაბრკოლებას გადააწყდება, თუმცა ბევრ ახალ მეგობარსაც შეიძენს. სწორედ მათი მეშვეობით პოულობს სამართალს და იმარჯვებს.

პრინცი ლიმონი ერთი გაზულუქებული ლიმონუკაა. კარგი ცხოვრება უნდა და ახალ-ახალ გადასახადებს აწესებს. ჯერ – ჰაერზე… ჰო, თუ ფული არ გაქვს, ამდენს ნუ სუნთქავ! მერე – წვიმაზეც: უბრალო წვიმა – 100 ლირა, ძლიერი წვიმა – 200 ლირა, კოკისპირული – 300 ლირა.

თუმცა ზოგჯერ ლიმონუკასაც უნათდება გონება და ამბობს:

– ღმერთო, მეგობრებისგან დამიფარე, მტრებს ისედაც გავუმკლავდებიო.

“მეგობრებში” უთუოდ ფარისევლებს გულისხმობს, მაგალითად, სენიორ პომიდორს.

 

ლიმონი გიყვართ?

ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ჰერა ზევსზე რომ ქორწინდებოდა, მზისფერი ვაშლები მიართვეს და უთხრეს, რომ მათი არომატი გონებას ანათებდა, კანი და თესლი გულს აჯანსაღებდა, წვენი კი წყურვილს კლავდა.

ატლანტის ქალიშვილები, ჰესპერიდები, ზღაპრულ ბაღში ოქროს ვაშლებს დარაჯობდნენ. მეფე ევრისთევსმა ჰერაკლეს ამ ვაშლების მოტანა დაავალა. ჰერაკლემ ბაღი იპოვა, მაგრამ ვაშლების მოდარაჯე ურჩხულთან ჭიდილს ისევ ატლანტის მოთაფვლა ამჯობინა და დაიყოლია კიდეც, ვაშლები დაეკრიფა მისთვის. სანამ ტიტანი ვაშლების კრეფით იყო გართული, ჰერაკლეს მის ნაცვლად ეჭირა ცის თაღი.

სკანდინავიურ ლეგენდებშიც ახსენებენ „უკვდავების ოქროს ვაშლებზე“, რომლებიც ადამიანებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ანიჭებდა.

მიხვდით ალბათ – „ოქროს ვაშლი“ ლიმონია.

ჰოდა, რას ფიქრობთ ლიმონზე?

ლიმონი გემრიელია, შეიცავს C ვიტამინს, ლიმონიანი წყალი სასიამოვნო დასალევია და მეტაბოლიზმს აჩქარებს. ლიმონი წიდისგანაც ათავისუფლებს ორგანიზმს და იმუნიტეტს აძლიერებს.

აი, დაახლოებით ასეთი იქნება თქვენი პასუხები.

თუმცა მედალს ორი მხარე აქვს.

ლიმონი მართლაც გემრიელია და C ვიტამინსაც მართლა შეიცავს, თუმცა ეს უკანასკნელი ლიმონის კანში უფრო მეტია, ვიდრე რბილობში. ლიმონიანი ჩაიც ბევრს ვერაფერს შესძენს იმუნიტეტს, რადგან ადუღებულ წყალში მოხვედრილი C ვიტამინი მაშინვე დაიშლება და ლიმონისგან მხოლოდ სასიამოვნო გემო დარჩება, რომელსაც ჩაის ლიმონმჟავა მისცემს. ისე, თუ C ვიტამინის მიღებაზე მიდგა საქმე, ბულგარულ წიწაკაში ის გაცილებით მეტია. ერთი ბულგარული წიწაკა ამ ვიტამინის სამი დღის ნორმას შეიცავს. ლიმონს თუ უმად მივირთმევთ, ვიტამინი მართლაც მოხვდება ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ განა რამდენი ლიმონის ჭამას შევძლებთ? ცოტა ძნელია და… სახიფათოც.

ეს ამბავი ჩემს ბავშვობაში მოხდა. ერთ საავადმყოფოში გოგონა მიუყვანიათ ბრმა ნაწლავის მწვავე შეტევით. ეს ერთი შეხედვით მარტივი ოპერაცია პაციენტმა, წესით, იოლად უნდა გადაიტანოს, გოგონა კი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა, სისხლდენა ვერ შეუჩერეს. რა აღარ სცადეს, მაგრამ ამაოდ. მიზეზი მოგვიანებით გაირკვა: გოგოს გახდომის მიზნით ბოლო ხანს 200 ცალი ლიმონი უჭამია… შედეგად სისხლმა შედედების უნარი დაკარგა. წესით, ექიმებს წინასწარ უნდა აეღოთ სისხლი და განესაზღვრათ ფიბრინოგენი, კოაგულოგრამა გაეკეთებინათ, რომ ოპერაციისთვის შესაბამისად მომზადებულიყვნენ… გოგოს კი აზრადაც არ მოსვლია, ლიმონის შესახებ ეთქვა – რა იცოდა, მისი ჭამა ასე ძვირად თუ დაუჯდებოდა.

რატომ მოხდა ეს ტრაგედია?

ლიმონი გლიკოზამინოგლიკან ჰეპარინს შეიცავს, რომელიც სისხლს ათხევადებს. გლიკოზამინოგლიკანები შემაერთებელი ქსოვილის ჰეტეროპოლისაქარიდებია. ეს ნიშნავს, რომ მათში მონომერების როლს დისაქარიდები ასრულებს, რომლებიც ორი მარტივი შაქრისგან შედგება. ერთ-ერთი ასეთი ჰეტერონახშირწყალი ჰეპარინია. მისი მოლეკულური მასა 5-15 კილოდალტონია. დიდი რაოდენობითაა შემაერთებელი უჯრედების გრანულებში, გვხვდება ღვიძლში, ფილტვებსა და კანში.

ჰეპარინი ბუნებრივი ანტიკოაგულანტია. თრომბინის ინაქტივაციას იწვევს და სისხლის შედედებას ამუხრუჭებს. მედიცინაში ჰეპარინი გამოიყენება როგორც სტაბილიზატორი სისხლის შენახვის დროს. კლინიკებში მას იყენებენ როგორც სამკურნალო საშუალებას სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

ესეც მედლის ორი მხარე. ლიმონი ზედმეტ წონას ვერ ამარცხებს. მისი ზომიერი მოხმარება თრომბის წარმოქმნისგან ბუნებრივად გვიცავს, გადაჭარბებამ კი შესაძლოა საგრძნობლად დააქვეითოს სისხლის შედედების უნარი.

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ლიმონი და სხვა ციტრუსები ფლავონოიდ ჰესპერიტინს შეიცავს. აღმოჩნდა, რომ ჰესპერიტინის ხშირი მოხმარება ცხოველებში ქოლესტერინის დონეს და ათეროსკლეროზის რისკს ამცირებს. თუმცა ჰესპერიტინიც და სხვა ფლავინებიც მხოლოდ ციტრუსების კანშია, შესაბამისად, მხოლოდ კანის შეჭმისას ამუშავდება.

შესაძლოა, ამით აიხსნებოდეს ტემსენის უნივერსიტეტის პროფესორის ბენასა ჰუსინის ჩანაწერი: „სხვადასხვა ტიპის მრეწველობაში ფართოდ იყენებენ სინთეზურ საღებრებს. ნარჩენები უმეტესად წყალში ხვდება, რაც ეკოლოგიას დიდ დარტყმას აყენებს. გამოსავალი ისევ ბუნებამ გვიკარნახა. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი ლიმონის და ფორთოხლის კანს შესწევს უნარი, აუვნებელყოს წყალში მოხვედრილი სინთეზური საღებრების ნარჩენები“.

ლიმნის რბილობში დიდი რაოდენობით ლიმონმჟავაა. რა შეიძლება გავაკეთოთ ლიმონმჟავათი გაკვეთილზე ან კლუბური მუშაობისას?

გავზარდოთ კრისტალი? რატომაც არა? დაგჭირდებათ ჭიქა, კოვზი, 250 გ ლიმონმჟავა, გამოხდილი წყალი და საკვები საღებავი.

ჭიქაში ჩავასხათ 100 მლ წყალი. გავხსნათ მასში ლიმონმჟავა. ჭიქა თბილი წყლით სავსე კონტეინერში მოვათავსოთ. ლიმონმჟავას ბოლომდე გახსნას დრო დასჭირდება, შედეგად კი ნაჯერ ხსნარს მივიღებთ. მასში კიდევ ცოტა ლიმონმჟავა ჩავამატოთ. ორი დღის შემდეგ ფსკერზე კრისტალები დაიწყებს წარმოქმნას. ხსნარი დოლბანდში გადაწურეთ. წარმოქმნილი კრისტალებიდან ყველაზე დიდი ამოარჩიეთ და ძუაზე დაამაგრეთ. გაფილტრულ სხნარს დაამატეთ საკვები საღებავი. ძუა, რომელზეც კრისტალია დამაგრებული, მუყაოს ნაჭერს მიამაგრეთ. მუყაო ჭიქას დაახურეთ, ისე, რომ მასზე დამაგრებული კრისტალი ხსნარში ჩაეშვას. მიაქციეთ ყურადღება: ჭიქაში არ უნდა მოხვდეს მტვერი. დროდადრო ხსნარი დოლბანდში უნდა გაიფილტროს და კრისტალი უკანვე, ხსნარში დაბრუნდეს. საკმაოდ დიდი ზომის კრისტალის გაზრდას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

შეიძლება უფრო სწრაფი ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარებაც: ავიღოთ ქაღალდი და ლიმონმჟავას წყალხსნარით ზედ რამე დავწეროთ. მერე ჯამზე ან პეტრის თეფშზე დავასხათ წყალი, გავხსნათ იოდი და ფურცელი სითხის ზედაპირზე დავდოთ. ნაწერი გამჟღავნდება.

იგივე ექსპერიმენტი სხვანაირადაც შეიძლება ჩატარდეს. წერილს კვლავ ლიმონმჟავას ხსნარით ვწერთ. შემდეგ ჩვეულებრივ ქაღალდის ხელსახოცს დავაფარებთ და ზემოდან ცხელ უთოს დავადებთთ (ფრთხილად, ცხელი უთო კანისთვის საშიშია!). საიდუმლო ნაწერი ყავისფრად გამჟღავნდება. 175 გრადუსზე მეტად გაცხელებისას ლიმონმჟავა იშლება და გამოყოფს ნახშირორჟანგს და წყალს, თავად ნაწერი კი მუქდება.

ეს წუთია, ჩემი საიდუმლო წერილის ნაწერი გამოჩნდა:

– მედალს ორი მხარე აქვს!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...