კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

მშობელთა ორგანიზებული მოხალისეობა ამერიკის სკოლებში

0

მშობლების მოხალისეობა თუ ასოციაციების ჩამოყალიბება საქართველოში სიახლეა. განვითარებულ ქვეყნებში კი სკოლებს მშობელთა საინიციატივო ჯგუფებთან და მოსწავლეთა ოჯახების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.

მშობელთა მოხალისეობა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობა ზოგიერთ ქვეყანაში სწორედ ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. მშობელთა ორგანიზაციები ეხმარებიან სკოლებს დამატებითი რესურსების მოძიებაში, წერენ და მართავენ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასკოლო ინფრასტრუქტურის თუ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მონაწილეობენ სათემო შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც სკოლას და ბავშვებს ეხება. თავის მხრივ, სკოლა ხელს უწყობს სხვადასხვა კლასის მშობლებს, რომ იცნობდნენ ერთმანეთს და გაერთიანდნენ მშობელთა ორგანიზაციებში.

ამ სტატიაში გაგაცნობთ მშობლების ორგანიზებული მოხალისეობის პრაქტიკას ამერიკაში, კერძოდ არიზონას შტატში, სადაც ნებისმიერ მშობელს სხვადასხვა არხის საშუალებით პირდაპირი კომუნიკაცია აქვს სკოლის დირექციასთან/ადმინისტრაციასთან. მათ შეუძლიათ პორტალის, ელექტრონული ფოსტის, ვიზიტის დაჯავშნის, სატელეფონო საუბრის საშუალებით მიაწოდონ სკოლას საკუთარი ინიციატივები, თუმცა როგორც რეალური პრაქტიკა აჩვენებს, მშობელთა ინიციატივების მხარდაჭერა და მათ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა მშობელთა ასოციაციების დახმარებით ხდება.  

არიზონაში ფუნქციონირებს მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია (Arizona PTA), ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლობა. ეს არის მოხალისეობრივი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს, ეხმარება და ავითარებს მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. აღნიშნულ ორგანიზაციას თითქმის ყველა სკოლაში ჰყავს საკუთარი ადგილობრივი წარმომადგენელი და ხშირად სწორედ ეს ორგანიზაციაა მშობელთა გაერთიანებების ძირითადი სახე. მასში გაწევრიანების უფლება ნებისმიერ მშობელს აქვს.

არიზონას როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში ფართოდაა გავრცელებული მშობელთა მოხალისეობრივი აქტივობები. თითოეულ სკოლას თავისი მიდგომა აქვს ამ საკითხთან, თუმცა სკოლის მხრიდან მოხალისეობის ხელშეწყობა ყველგან თვალსაჩინოა. მოხალისეობის ყველაზე გავრცელებული მაგალითებია სპორტულ აქტივობებსა და ღონისძიებებში დახმარება – იქნება ეს რიგების მართვა, ბილეთების გაყიდვა თუ ა.შ. ექსკურსიებზე დახმარება, საგაკვეთილო პროცესისათვის სხვადასხვა საჭირო ნივთების მომზადება, გაკვეთილზე გამოსაყენებელი საკანცელარიო ნივთების შეძენა მშობლის მიერ, სხვადასხვა კლუბის მუშაობის პროცესში მონაწილეობა და სხვ.

ქარტიის ზოგიერთ სკოლაში სავალდებულოა მშობლების ჩართვა მოხალისეობრივ საქმიანობაში, ეს შეიძლება იყოს ექსკურსიაზე დახმარება, ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა, საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ან რაიმე მატერიალური დახმარება, იქნება ეს მოსწავლეებისათვის საჭირო ნივთების შეძენა (სამუშაო ნივთები, წამახალისებელი საშუალებები) თუ სხვა რამ.

ისეთი ტიპის მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვა, რომლებიც მოითხოვს მოსწავლეებთან კომუნიკაციას, მკაცრად კონტროლდება სკოლის მიერ. სკოლა წინასწარ აწვდის მშობლებს ინფორმაციას მოხალისეობის პრაქტიკის შესახებ. თუ ისინი გამოთქვამენ მონაწილეობის სურვილს, სკოლა ამოწმებს ინფორმაციას მათ შესახებ და   რწმუნდება, რომ მათი მოსწავლეებთან დაშვება უსაფრთხოა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლისთვის. ნებისმიერ მსურველს არ ეძლევა მოსწავლეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. სკოლა, როგორც წესი, მინიმუმ ორი კვირით ადრე აგზავნის ინფორმაციას, თუ რა ტიპის მოხალისეობრივი დახმარება ესაჭიროება მშობლების მხრიდან. მშობლები ელექტრონულად ავსებენ შესაბამის ფორმას და აფიქსირებენ საკუთარ მზაობას.

ზოგიერთ სკოლაში გავრცელებულია კლასის მშობლის პრაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ კლასს ჰყავს ორი მოხალისე მშობელი, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში იღებენ მონაწილეობას. ასევე, გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, წლის დასაწყისში მშობლებს ეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმული პორტალის საშუალებით და ისინი აფიქსირებენ, თუ რა ტიპის მოხალისეობრივ აქტივობებში სურთ ჩართვა. ეს შეიძლება იყოს სპორტული, თეატრალური, სახელოვნებო, მუსიკალური, შემეცნებითი და სხვა სახის აქტივობა.

მოხალისეობრივი აქტივობები ასევე ხშირად იგეგმება მშობელთა გაერთიანებების მიერ, რომლებიც ყველა სკოლაში არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ გაერთიანებებში ძირითადად ერთიანდებიან აქტიური და სკოლის ცხოვრებაში ჩართული მშობლები, ისინი კარგად იცნობენ როგორც სკოლის, ისე მოსწავლეთა საჭიროებებს და შესაბამისად გეგმავენ სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობას. ასევე, გავრცელებულია მშობელთა გაერთიანებების მიერ საქველმოქმედო ღონისძიებების/კამპანიების დაგეგმვა, ოლქის მასშტაბით მნიშვნელოვან ღონისძიებებში ჩართულობა და სხვა.

მშობელთა მოხალისეობრივი აქტივობები როგორც ხელისუფლების, ისე თითოეული სკოლის მიერ აღიქმება, როგორც მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტი. სკოლა, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს მშობლების წინასწარ ინფორმირებას შესაძლო მოხალისეობრივი პროექტების შესახებ, ითვალისწინებს და სწავლობს მათ ინტერესებს და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სთავაზობს მათ ამა თუ იმ აქტივობაში ჩართვას. როგორც დამკვიდრებული პრაქტიკა აჩვენებს, სკოლა პატივს სცემს და ითვალისწინებს მშობლების დროის დეფიციტს და მათ მოხალისეობრივი აქტივობების იმდენად მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს, რომ მშობლების დათანხმება და ჩართულობის მიღწევა შესაძლებელი ხდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სკოლებს მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის პოლიტიკა აქვთ, რაც მოსწავლის ოჯახს საშუალებას აძლევს, წინასწარ დაგეგმოს, რომელი წევრი, რა დოზითა და ფორმით ჩაერთვება მსგავს პროექტებში.

 

წყარო: https://bit.ly/3tSrCwN

Arizona PRA https://www.azpta.org/

Greatschools; Parent power https://www.greatschools.org/gk/parent-power/

 

 

 

წრეწირის სიგრძე – გაკვეთილის გეგმა

0

წრეები უძველესი სიმბოლოა, რომლებიც თითქმის ყველა კულტურაში გვხვდება. ისინი ასოცირდება მარადიულობასთან, სრულყოფილებასთან, უწყვეტობასთან, მთლიანობასთან…

თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, წრიული ფორმის უამრავ საგანს დავინახავთ, როგორებიცაა, მანქანის ბორბლები, საათის მექანიზმი, თასი, თეფში, კამერის ლინზა, წყლის მილი, კომპიუტერის დისკი, საჭე და ა.შ. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, დამეთანხმებით ბუნებასა და ყოფა-ცხოვრებაში კიდევ ათასობით საგანს აქვს წრიული ფორმა, რომელთა გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გაიაზრონ წრისა და წრეწირის თვისებები, რათა შეძლონ მათი ყოფით სიტუაციებში გამოყენება.

მინდა, გაგიზიაროთ გაკვეთილის გეგმა თემაზე: წრეწირის სიგრძე.

მოსწავლეები ატარებენ კვლევას და ადგენენ წრეწირის სიგრძის გამოსათვლელ ფორმულას. ასევე უვითარდებათ უნარი, გაზომონ წრეწირის სიგრძე მათემატიკური ფორმულების გამოყენების გარეშე. აკავშირებენ საკითხის აქტუალურობას ყოფით სიტუაციებთან.

სამიზნე ცნება: გეომეტრიული ფიგურები და მათი ზომები

საკითხი: წრეწირის სიგრძე

ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

  • გეომეტრიულ ფიგურებსა და ელემენტებს შორის არსებობს გარკვეული კავშირი. კვლევის მეშვეობით შესაძლებელია ახალი კავშირების აღმოჩენა, დადგენა და ფორმულირება. აღნიშნული კავშირების გაგება და გაანალიზება ავითარებს მსჯელობა-დასაბუთების უნარს;
  • გეომეტრიული ფიგურების თვისებების ცოდნა გვეხმარება გეომეტრიული ობიექტებისა და მოდელების აგებაში;
  • სიბრტყესა და სივრცეში გეომეტრიული ფიგურების ზომის გამოთვლა ხდება შესაბამისი წესით, გაზომვა ხდება შესაბამისი სტანდარტული ერთეულით.

ესგ-ის მისაღწევი შედეგი: მათ.საბ.1. მათ.საბ.2. მათ.საბ.5. მათ.საბ.6. მათ.საბ.7.

შეფასების ინდიკატორები: მოსწავლემ უნდა შეძლოს: ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას  (მათ.საბ.1,2,5,6,7);

საკვანძო შეკითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად წრეწირის ელემენტებისა და თვისებების ცოდნა.

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ წრეწირის სიგრძის გამოთვლას, განუვითარდებათ კვლევითი უნარები, თანამშრომლობითი სწავლისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები.

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება: „მრგვალი წიწილები“

ამ აქტივობით ბავშვები გაიხსენებენ წინარე ცოდნას, რომელიც საჭიროა მომდევნო ნაბიჯებისათვის, ახალი საკითხების გასააზრებლად. ის ასევე იძლევა საკვანძო შეკითხვის დასმის საშუალებას.

საკითხი: წრე, წრეწირი, ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი.

რესურსები: ყვითელი და წითელი ფერის ფურცლები, სახაზავი საშუალებები, მაკრატელი, წებო, მარკერი.

აღწერა: მოსწავლეებს ვურიგებ ყვითელ ბარათებს. ვთხოვ, ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულონ ინსტრუქცია:

კითხვა: რა მანძილი „გაიარა“ მაკრატელმა?

აქტივობა 2. მიზნის გაცნობა

რა მანძილი გაიარა მაკრატელმა? სწორედ ესაა ჩვენი გაკვეთილის მიზანი, დავადგინოთ, რა მანძილი „გაიარა“ მაკრატელმა, ანუ შევძლოთ წრეწირის სიგრძის პოვნა.

აქტივობა 3: კვლევა

მიზანი: „წრიული“ ობიექტების, წრეწირის სიგრძისა და წრეწირის დიამეტრს შორის კავშირის გამოკვლევა და თანაფარდობის აღმოჩენა. კვლევითი უნარების განვითარება.

რესურსები: „წრიული ფორმის“ სხვადასხვა საგანი – ძაფები, მავთულები, მაკრატელი, სახაზავი, კომპიუტერი (თუნდაც ერთი), პროექტორი.

 

 

აღწერა: წყვილებად დაყოფილ მოსწავლეებს ვაწოდებ სხვადასხვა „წრიული“ ფორმის საგანს, როგორიცაა – ყავის ქილა, ჭიქა, კოკა-კოლას ბოთლი, CD,  თეფში, თასი და ა.შ ბავშვებს ვთხოვ, გაზომონ დიამეტრი და გარშემოწირულობა. წრეწირის გაზომვის ეფექტური მეთოდია საგნის გარშემო ძაფის ან მავთულის შემოხვევა და შემდეგ მისი გაზომვა. შესაძლებელია მოქნილი საზომი ლენტის გამოყენებაც. მონაცემები უნდა აწარმოონ ცხრილში, რომელიც დაფაზე თვალსაჩინოდაა გამოკრული და ეტაპობრივად ივსება. პირველ ეტაპზე ვავსებთ პირველ და მეორე სვეტს.

წრეწირის დიამეტრი d წრეწირის სიგრძე

c

იგივე კვლევა ბავშვებმა გეოგებრას სიმულაციით ჩაატარეს. ნაბიჯები აღწერილია ქვემოთ:

გეოგებრას სიმულაცია : წრეწირის გარშემოწირულობა

მოსწავლეებს ვთხოვე, გაეხსნათ შესაბამისი ბმული, გაჰყოლოდნენ ინსტრუქციას და მონაცემები შეეტანათ ცხრილში.

 

გამოთვალეთ მნიშვნელობა: წრეწირის სიგრძის შეფარდება დიამეტრთან. რა შეამჩნიე?

მოსწავლეები გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა მესამე სვეტი შეივსო და განაყოფი ყოველ ჯერზე დაახლოებით 3,14-მდე გამოვიდა.

 

აქტივობა 4.  და წრეწირის სიგრძე

მიზანი: წრეწირის ელემენტებს შორის კავშირების აღმოჩენა და ფორმულირება. კვლევითი უნარებისა და მსჯელობა-დასაბუთების უნარების განვითარება

აღწერა: მოსწავლეები აკვირდებიან კვლევის შედეგებს, პასუხობენ კითხვას: რატომ არის c/d მუდმივი რიცხვი ნებისმიერი წრეწირისათვის. ამ რიცხვს ეწოდება π

მოსწავლეებს გამოჰყავთ წრეწირის სიგრძის ფორმულა:

მოსწავლეებს გამოჰყავთ წრეწირის სიგრძის ფორმულა:

 

 

აქტივობა 5. სავარჯიშოები:

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წრეწირის სიგრძის პოვნა, იმსჯელონ – როდის და რატომაა სასარგებლო წრეწირის სიგრძის ცოდნა და შეძლონ მისი გამოყენება ყოფითი ხასიათის ამოცანების გადაჭრისას.

 

აქტივობა 5.

საშინაო დავალება

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წრეწირის სიგრძის პოვნა, მისი გამოყენება ყოფითი ხასიათის ამოცანების გადაჭრისას

ნინოს სახლის წინ აქვს წრიული ფორმის ბაღი, რომლის რადიუსი 5 მ-ია. ნინოს სურს ბაღის საზღვარზე გააშენოს დეკორატიული ყვავილები, რომელთა შორის მანძილი 1,25მ. – უნდა იყოს. დაეხმარე ნინოს ყვავილების დარგვაში. შეძლებს თუ არა ამ დაცილებით დარგოს ნერგები? რამდენი ყვავილი უნდა შეიძინოს, თუ მანძილი ყველა ყვავილს შორის თანაბარია, ერთი გამონაკლისის გარდა? რამდენი მ.-ია ყვავილთა შორის მანძილი „განსხვავებულ“ შემთხვევაში?

 

#2.

გამოიკვლიეთ -ს ისტორია. მისი გამოთვლა, მიახლოება და გამოყენება

გაკვეთილის შეჯამება: გაკვეთილს ვაჯამებ საკვანძო კითხვაზე პასუხით: მოსწავლეები მსჯელობენ და მოჰყავთ მაგალითები, რამდენად მნიშვნელოვანია ყოფითი პრობლემების გადაჭრისთვის წრეწირის ელემენტებისა და თვისებების ცოდნა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

 

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels;

  1. მათემატიკის გზამკვლევი საბაზო საფეხური. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/skolis-masala/.

 

 

 

 

ეფექტიანი  კომუნიკაცია და მისი სტრატეგიები

0

საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ტერმინის ,,კომუნიკაციის“ მნიშვნელობა ბევრმა ჩვენგანმა იცის და იყენებს საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, იმ უნარების ფარგლებში, რომლებიც მის მენტალურ რუკაზეა დატანილი გამოცდილების სახით. სააღმზრდელო დაწესებულებები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ცდილობენ, აღსაზრდელებს განუვითარონ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კომპეტენციები, რაც, თავის მხრივ, აუცილებლობით მოიაზრებს ,,ჯანსაღი კომუნიკაციის“ წარმოების სტრატეგიების ცოდნას, წერილობითი და სიტყვიერი ფორმებით იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტიანად გამოხატვის შესაძლებლობებს. აღსაზრდელები სოციალურად ყალიბდებიან ისეთ გარემოში, რომელიც დაკომპლექტებულია იმ სუბიექტებით, როგორებიცაა: მშობლები, თანატოლები, უფროსი თუ უმცროსი თაობა, საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფი. ამდენად, მათ აუცილებლად ესაჭიროებათ კომუნიკაციის სწორად წარმართვის სტრატეგიები.

ნეიროლინგვისტური პროგრამირება გვთავაზობს მიდგომებს იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ ცხოვრების გამარტივება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი თანამოსაუბრეებისთვის, თუ თქვენ ცოტა მეტ ყურადღებას დაუთმობთ იმას, რისი გადმოცემაც ნამდვილად გსურთ. ამისათვის კარგი იქნება, თუ თქვენ ,,მე შეტყობინებაზე“ გაამახვილებთ ყურადღებას.

მაგალითად, შვილის მიმართ დედის ნათქვამი ,,დაალაგე ოთახი“, არის ბრძანებითი ხასიათის მიმართვა. ამით საკმარისად ნათელი უნდა იყოს სათქმელი, მაგრამ ასე არ არის, რადგან ბრძანებითი კილოს შემცველ წინადადებაში სათქმელის ჩვეულებრივზე მეტი ელემენტი იჩენს თავს. ყოველ შემთხვევაში, თუ თქვენ და თქვენი შვილი რობოტები არ ხართ, ამას კარგად შეიგრძნობთ. თქვენ შეიძლება  გაბრაზდეთ, რადგან ოთახი დალაგებული არ დაგხვდათ, მაგრამ თქვენ გიყვართ თქვენი შვილი და გრძნობთ, რომ მასთან ხართ სულიერად დაკავშირებული. მე, შენ და ჩვენ შეტყობინებები, რომლებიც ამგვარი მიმართვის ფორმაში შეიძლება იმალებოდეს, იქნებოდა შემდეგნაირად: ,,მე გაბრაზებული ვარ, რადგან ოთახი დალაგებული არ არის -ბუნებრივია, ამის მიუხედავად, მე შენ მიყვარხარ და ერთმანეთის გაგება კარგად შეგვიძლია“ .

შეიძლება თქვენ იმასაც ფიქრობთ, რომ ,,ცოტათი მოუხერხებელი და არაეფექტიანია“ იმგვარი მიდგომა, როცა ბავშვს ეუბნებით: -დაალაგე ოთახი, მე შენზე გაბრაზებული ვარ, შენ ზარმაცი ხარ და არ მიყვარხარ, როცა იმას არ აკეთებ, რასაც გეუბნები. მე შენი არ მესმის“. თუმცა ესეც მიმართვაა და წესით ისეთივე წონის უნდა იყოს როგორც წინა მიმართვა, თუმცა ეფექტი არ აქვს, რატომ?

ყველა სასაუბრო სიტუაციაში უკეთესია, როცა ბუნებრივი ხართ და არ თამაშობთ. მხოლოდ ასე გაქვთ შანსი, ბავშვმა გაიგოს თქვენი ნათქვამი. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი და იცით, როგორ წარმოიქმნება საერთოდ ის, თქვენთვის მარტივი იქნება ასეთი გაუგებრობები თავიდანვე აღიაროთ და გაარკვიოთ. როგორ შეძლებთ ამას? -ავთენტურობით.

    იყო ავთენტური ნიშნავს, იყო ,,ნამდვილი“ და არა ყალბი. ეს გულისხმობს იმას, რომ საჭირო არ არის რაიმეს წარმოსახვისა და როლების თამაშის აუცილებლობა. თუმცა საუბრის მომენტისთვის არსებითი ღირებულება აქვს როლის ელემენტებს და გათამაშებას, რომლებიც აუცილებლად აღებული უნდა იყოს მოსაუბრის მახასიათებლებიდან. ეს კი ,,რაპორტის“ საფუძველია.

,,რაპორტის გამოწვევა“ ნიშნავს, სხვა ადამიანებთან ერთ ტალღაზე ყოფნას, კერძოდ, მათნაირად ფიქრს, მათი მსგავსი თვისებების გამოვლენას, მათ გაგებას და ა.შ. როგორც რადიო გადაცემის დროს ტალღის დაჭერის მიზნით ცვლით სიხშირეს, რომ ადრესატის ნათქვამი თქვენთვის გასაგები იყოს და რადიოს კარგი მიღება ჰქონდეს, ასევე უნდა მოარგოთ თქვენი კომუნიკაცია იმ ადამიანს, ვისთანაც საუბრობთ და  თუ გსურთ, თქვენი ნათქვამი ადრესატამდე მივიდეს. და როცა თქვენ ხართ ადრესატი? ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა გადაეწყოთ ისეთ ტალღაზე, რომელიც მოერგება თქვენთან მოსაუბრეს. ასეთ სიტუაციაში თქვენ ხელთ არის მართვის სადავეები. ადამიანები საუბრობენ ერთმანეთთან, მაგრამ ასეთი საუბრისგან ბევრს ვერაფერს იგებენ. დროის 90%  ერთმანეთთან უშედეგო საუბრისთვის იხარჯება. აღნიშნული, ხშირ შემთხვევაში, გამოწვეულია „რაპორტის“ არასწორად წარმართვით.

პრაქტიკულ დონეზე არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა იმისა, რომ ყოველი კომუნიკაცია დიდი ცოდნისა და დიდი ძალისხმევის გარეშე გავაღრმაოთ და გავამარტივოთ. ესენი მარტივი ნიუანსებია, რომლებიც თქვენ, თქვენს თანამშრომლებთან, აღსაზრდელებთან, თქვენი ოჯახის წევრებთან და საერთოდ, ურთიერთობაში, ეს იქნება პროფესიული თუ პირადი, კომუნიკაციას წარმატებით წარგამართვინებთ. ეს ნიუანსებია:

  1. დაასრულებინეთ სათქმელი − მოსაუბრეს სათქმელის თქმა დააცადო, ეს არა მხოლოდ თავაზიანობაა, ასევე ძირითადი წინაპირობა იმისა, სხვებს გაუგო. ეს ამარტივებს ურთიერთგაგებას და ნათლად ასახავს პიროვნების ფასეულ ელემენტებს, რომელთანაც თქვენ დიალოგი გაქვთ, ეს არის თქვენი ბიზნესპარტნიორი, ცხოვრების პარტნიორი თუ ბავშვი. ყოველ ადამიანს, რომელიც რაიმეს ამბობს, როგორც წესი, სურს რაიმე გამოხატოს. სათქმელს შეიცავს სიტყვები, აგრეთვე ხმის ტონი, მიმიკა, თანმდევი სხეულის ენა. თუმცა უმნიშვნელოვანესი რაც მას ამოძრავებს, არის გაზიარების და მოსმენის სურვილი.

თუ მოსაუბრეს  ნებას მისცემთ სათქმელი დაასრულოს, ეთიკური თვალსაზრისით ეს უდავოდ პოზიტიურად იმოქმედებს მასზე, სიტუაციაზე.

წესი, მოსაუბრეს საუბარი დაასრულებინო, ცხოვრების წესად უნდა აქციოთ. აცალეთ მოსაუბრეს, საუბარი ხომ აზროვნების ფორმაა. ხშირად საუბრის მომენტში ფორმირდება მოსაზრებები.  თუ თქვენ თავად დარწმუნებული ხართ, რომ ჯერ ფიქრი და შემდეგ საუბარი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიაა, მიეცით საშუალება მოსაუბრეს, ჯერ იფიქროს სათქმელზე და შემდეგ გამოხატოს თავისი მოსაზრება. როცა საუბრის დროს თქვენს მოსაუბრეს აწყვეტინებთ საუბარს, ამ დროს თქვენ ხელს უშლით არა მხოლოდ მის თვითშეფასებას, ასევე საუბრის დროს ფიქრის პროცესსაც.

  1. მოსმენა -წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება, როცა შეგვიძლია მოსაუბრეს საუბარი დავასრულებინოთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ თავაზიანი ადამიანი ბრძანებით და სხვას არ გააწყვეტინებთ საუბარს, მაგრამ სრულიად, დეტალურად უსმენთ იმას, რაზეც მოსაუბრე საუბრობს? ან, ვიდრე ის საუბრობს, დაფიქრდით, რისი მომტანია მომავალში აღნიშნული საუბარი? გიფიქრიათ საპირისპირო არგუმენტებზე, თუ როგორ შეიძლება მოსაუბრე მათი საშუალებით დაარწმუნოთ თქვენი არგუმენტების ჭეშმარიტებაში? ან შესაძლოა  თქვენ სრულიად სხვაგვარად ფიქრობთ, სხვა აზრის ხართ და ამის გამო ,,ცალი ყურით“ უსმენთ მოსაუბრეს.    თუმცა, ადამიანი  ნათლად გრძნობს, როცა მას ნამდვილად უსმენენ.

აღნიშნულის ნათელსაყოფად: მოსინჯეთ თქვენ თვითონ, თუ რა ხდება მაშინ, როცა თქვენ ნამდვილად, სიღრმისეულად უსმენთ მოსაუბრეს. თავი ხელში აიყვანეთ, განიტვირთეთ, მიჰყევით თქვენი პარტნიორის ან ბავშვის ჩახლართული ფიქრების ძაფს. შესაძლოა, ამგვარი ექსპერიმენტის შედეგად ბევრი, ძალიან გასაკვირი შედეგი გამოვლინდეს.

მაგრამ ერთი რამ ყოველთვის  მოხდება: თქვენს თანამოსაუბრეს თქვენს ამგვარ ქცევაზე დადებითი რეაქცია ექნება. ნამდვილ, გულისყურით მოსმენას აქვს სხვა ეფექტებიც: თქვენ გაიგებთ მეტს. თქვენი თანამოსაუბრე უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და უფრო მარტივად გაიაზრებს თქვენს აზრებს. ის მოგისმენთ.

  1. იმის გადმოცემა, რაც ითქვა –გასაგებია, რომ საუბარი და გულისყურით მოსმენა კომუნიკაციას აუმჯობესებს, ამ ყველაფერს კი მივყავართ თითქმის თერაპიულ კომუნიკაციამდე. ეფექტი შესაძლოა გასაოცარი იყოს. გადმოცემა იმისა, რასაც სხვა ამბობს, ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ჰქვია Spiegeln ასახვა, ინგლისური სიტყვით ბუნებრივია, თქვენ უბრალოდ არ იმეორებთ მოსაუბრის ნათქვამ წინადადებას. ამ დროს შენ აირეკლავ მის ხედვას. ეს შესაძლებელია იმაზე მეტი იყოს, ვიდრე შინაარსი.
  2. Spiegeln, ასახვა, სარკისებრი ასახვა, ნათქვამის გადმოცემა, ინგლისურად Pacing ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ნიშნავს თანამოსაუბრის ენობრივი და ფიზიკური ქცევის ნაწილობრივ არეკვლას, რაც ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია. (ემპათიური მიდგომა) (1, 182)

მაგრამ მაშინაც კი, თუ ის, რასაც ასახავს, გადმოსცემს,  არ იმეორებს მთელ შინაარსს ან თუნდაც მხოლოდ ძირითადს, ის ყოველთვის მაინც ასრულებს გარკვეულ ფუნქციას და ის სიგნალია:

  • იმისა, რომ მას მოუსმინეს გულისყურით;
  • მინიმუმ იმისა, რომ მას გაუგეს;
  • იმისა, რომ მეტი სიცხადით გადმოსცეს რაიმე;
  • იმისა, რომ ის პირისპირ დგას თავის კეთილისმყოფელთან.

ეს სიგნალები გვეხმარება არა მხოლოდ რაიმეს უკეთ გაგებაში, ასევე სხვებისა და საკუთარი თავის უკეთ აღქმასა და გაგებაში. როდესაც უსმენთ, ასახავთ და აჩვენებთ, რომ გესმით ვინმესი, თქვენ ეხმარებით მას საკუთარი თავის შესწავლაში. უპირველეს ყოვლისა, ბავშვებისთვის და თერაპიულ გარემოში ეს მნიშვნელოვანი მომენტია. მხოლოდ სარკისებრი ასახვა იძლევა საშუალებას, საკუთარი თავი დაინახოთ ისე, როგორც გარედან აღიქმება. შემდეგ უკვე მარტივდება საკუთარი თავის აღქმა და პოზიტიური ცვლილებების მიღება.

სცადეთ, დააკვირდეთ რა მოხდება, მაშინ, როცა თქვენს მოსაუბრეებს ასახავთ. ამ პროცესში გაამახვილეთ ყურადღება შემდეგზე:

  • საუბრის ტემპი: შეეცადეთ ერთნაირი ტემპით ისაუბროთ.
  • ქცევა: შეეცადეთ თანამოსაუბრის მსგავსი ქცევის გამეორებას.
  • საუბრის შინაარსი: შეეცადეთ, თქვენი თანამოსაუბრის მიერ ნათქვამი მოსაზრებები საკუთარი სიტყვებით ჩამოაყალიბოთ.

შეამჩნევთ, რომ თქვენი მოსაუბრე ბევრად სწრაფად და დიდი ნდობით შეგხვდებათ. არცაა გასაკვირი, რადგან ვიდრე თქვენ ასახავთ, ბუნებრივია, ცდილობთ მის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვას. სინამდვილეში, თქვენ იგრძნობთ, რომ უკეთ გესმით თანამოსაუბრის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გადაჭარბებული ასახვა მიბაძვად აღიქმება და გამოიწვევს „რაპორტის“ (მოსაუბრის ნდობის მოპოვების პროცესის) ჩაშლას.

კომუნიკაციის სტრატეგიების საფუძვლიანად დაუფლება საშუალებას მოგვცემს საზოგადოებაში ჯანსაღი კომუნიკაცია ვაწარმოოთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Long a., Schweppe R., Praxisbuch NLP, Südwest Verlag, 2018
  2. ჯანაშია, ნ., იმედაძე ნ.,გორგოძე ს., განვითარებისა და სწავლების თეორიები. მასწავლებლის პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი, 2011

 

 

წიგნები საბავშვო ბიბლიოთეკიდან

0

(ხუთეული განძის კუნძულზე)

სკოლაში მასწავლებლად მუშაობასთან ერთად სკოლის ბიბლიოთეკის გასაღებიც მაბარია და პარალელურად ბიბლიოთეკარის საქმიანობას ვითავსებ, ამიტომ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯერ არ ვასწავლი ბიბლიოთეკარი ვარ. ძირითადად ეს ბავშვები დაწყებითი განათლების საფეხურის მოსწავლეები არიან, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სკოლის ბიბლიოთეკის ოთახს. საბავშვო ლიტერატურის სექციაში იმდენი წიგნი ნამდვილად არ გვაქვს, რომ სათვალავი აგვერიოს, მაგრამ რა წიგნებიც არის, სრულიად ერგება ბავშვის ინტერესებს. ეს წიგნების შერჩევის პროცესი საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ბავშვები ძირითადად ლამაზად ილუსტრირებულ გარეკანებს ეტანებიან და აღარ იციან რომელზე შეაჩერონ არჩევანი. სრულიად შესაძლებელია ამ წიგნებიდან რომელიმე ისეთიც ამოარჩიონ, რომელიც მათ ასაკობრივ ინტერესებთან ვერ იქნება თანხვედრაში და ასეთ დროს დიდია რისკი ახალბედა მკითხველი დაკარგო. ჩემი მისიაც ეს არის, მათ უნდა ვურჩიო ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგაც ახლის წაკითხვის მოთხოვნილება გაუჩნდებათ და არავითარ შემთხვევაში არ მივცე შესაძლებლობა ბიბლიოთეკამდე მოსასვლელი გზა დაივიწყონ.

ამ პროცესში ბიბლიოთეკის ერთ-ერთ თაროზე დალაგებული, ასაკობრივი საჭიროებისა და ინტერესის მიხედვით რეკომენდირებული წიგნები მიმარტივებს საქმეს. არ ვიცი ვინ მოიფიქრა ეს წიგნები ამ კატეგორიის მიხედვით დაეხარისხებინა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან მეხმარება კოორდინაციაში. ბოლო დროს გარკვეული ნაკლი მაინც შევატყვე ამ ამბავს და აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ეს არ კმარა. თუ პატარა მკითხველებთან ურთიერთობა გიწევს, აუცილებელია წიგნები, რომელთაც შენი რჩევით კითხულობენ, თავად გქონდეს წაკითხული, თორემ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და მთელი ჯადოსნობა სადღაც გაქრება. ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში დაცული საბავშვო წიგნები ნელ-ნელა წავიკითხო.

ინგლისელი საბავშვო მწერლის, ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეულის“ პირველ წიგნს „ხუთეული განძის კუნძულზე“ ჰქვია. ამ წიგნის ქართული თარგმანი ანი კოპალიანს ეკუთვნის და ის „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ დაბეჭდა 2018 წელს.

თავდაპირველად სათაურმა, ისევე, როგორც ალბათ წინა თაობის საბავშვო ლიტერატურის ნებისმიერ მკითხველს, მეც სტივენსონი და მისი უკვდავი მეკობრე პერსონაჟები მომაგონა და გამიჩინა მოლოდინი, რომ რაღაც საინტერესოს წავიკითხავდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი 8-12 წლის ასაკის მკითხველებისთვისაა რეკომენდებული, ჯულიენის, დიკის, ენის, ჯორჯის და ტიმის თავგადასავალი გულგრილს არც ზრდასრულ მკითხველს დატოვებს. ენიდ ბლაიტონი წარმოგვიდგენს ტიპურ ბავშვებს ტიპური განწყობებით, რომელთაც სკოლას – არდადეგები ურჩევნიათ. ამ არდადეგების მთელი ხიბლი იმაშია, რომ მისი გატარება დიკს, ენს და ჯულიენს უცხო გარემოში, თავის აქამდე უცნობ ბიძაშვილთან მოუწევთ. მათი ბიძაშვილი, ჯორჯინა, გოგოა, რომელსაც ყველა ბიჭის სახელს, ჯორჯს ეძახის. ენიდ ბლაიტონი პროფესიონალი მწერლის ოსტატობით, სიუჟეტურ დინამიკაში წარმოგვიდგენს ასოციალური ბავშვის სოციალიზაციის პროცესს. ჯორჯის თავდაპირველი, ეჭვნარევი დამოკიდებულება სტუმრად ჩასულ ბავშვებს შესაძლებლობას არ აძლევს საგვარეულო კუნძული გაიცნონ, ძველ კოშკს, რომელსაც შორიდან ათვალიერებენ, უფრო მიუახლოვდნენ, თუმცა ნელ-ნელა, ჯორჯის ნდობის მოპოვებასთან ერთად არამარტო ნახავენ, არამედ თავბრუდამხვევ თავგადასავალშიც გაეხვევიან. აქ კი უკვე ნაცნობი და გამოცდილი ფორმულა ირთვება: მეგობრობასაც, ადამიანურ სიყვარულსა და მნიშვნელოვან სულიერ ფასეულობებს უპირველესად ხიფათისას გამოცდი. თავდაპირველად თავის ბიძაშვილების და მათთან ურთიერთობის პერსპექტივის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ჯორჯინა თანდათან იმ დასკვნამდე მიდის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გვერდით მეგობრები ჰყავდეს: „ასე მგონია, უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი, ამდენი ხანი მარტოს რომ არ გამეტარებინა, გასაჭირის სხვებისთვის განდობა ადამიანს ძალიან ეხმარება“ – დაასკვნის ის და ამ უაღრესად საჭირო დასკვნიდან ძალიან მალე თავის თავზე გამოცდის მათ თავგანწირვასა და გმირობას.

ენიდ ბლაიტონის წიგნში წარმოდგენილია ურთიერთობის სირთულე, რომელიც უფროსებსა და პატარებს შორის არსებობს, კონფლიქტი, რომელიც ხშირად ამგვარ ურთიერთობებს ახლავს. ოჯახის უფროსი, კვენტინი უჟმური კაცია, რომელთან ურთიერთობასაც ბავშვები გაურბიან, საბოლოოდ კი მასთან მიუდგომლობის შიში გახვევთ კიდეც სახიფათო და სიცოცხლისთვის საშიშ თავგადასავალში, რომელსაც საბოლოოდ შეცვლილები, მეტი ცოდნით აღჭურვილები დააღწევენ თავს. ეს ცოდნა ენიდ ბლაიტონს თავისი საბავშვო წიგნის უფროსი პერსონაჟებისთვისაც ემეტება, რადგან მათაც აძლევს საკუთარ შეცდომებსა და იმ უგულისყურო დამოკიდებულებაზე დაფიქრების შესაძლებლობას, რომელსაც ისინი პატარების მისამართით იჩენენ. ეს წიგნს ორმაგად მნიშვნელოვანს და საინტერესოს ხდის. წიგნზე და მათ გმირებზე ლაპარაკისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ნაწარმოების ძაღლი პერსონაჟი, ტიმი. მკითხველი ბავშვები სიამოვნებით გახდებიან იმის მოწმენი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შინაურ ცხოველებთან მეგობრობას, ხშირად რამდენად არის ჩვენი ბედი მათზე გადაჯაჭვული და რამდენად დიდი ერთგულების უნარი შესწევთ. ისინი უფრო მეტს შეიტყობენ სიმამაცის, სიყვარულის, ღირსების და სხვა მნიშვნელოვანი ფასეულობების შესახებ. და თუ რომელიმე მათგანი ჯორჯინასავით მკითხველი გამოდგა, რომელიც ეჭვითაა ადამიანებთან მეგობრობის შესაძლებლობის მიმართ განწყობილი, მაშინ ამ თავგადასავლის დასრულების შემდეგ, ის აუცილებლად მიხვდება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონია გვერდით მათ ყოფნას საბოლოო, და ყველაზე დიდი ადამიანური გამარჯვებისთვის.

 

 

 

 

 

 

30 ვერცხლად

0

ბავშვობასა და მოზარდობაში, როგორც დედა იტყოდა, არარეალისტური ფილმები მიყვარდა. არაცხოვრებისეული, ნაირ-ნაირ ურჩხულებსა და სხვა ზღაპრულ არსებებზე. ვიცოდი, რომ არაფრის მომცემი იყო, მაგრამ მიმაჩნდა, რომ საკმარისზე მეტად მოწესრიგებული და ბეჯითი ვიყავი და ზოგჯერ ურჩხულების ყურების უფლებაც მქონდა. მით უმეტეს, ეს ფილმები არც ისე არაცხოვრებისეული გახლდათ, რადგან ჩვენი სინამდვილე სწორედ ურჩხულებით არის სავსე.

ცოდვა გამხელილი ჯობია და მოცალეობის ჟამს დროდადრო ახლაც შევავლებ ხოლმე თვალს. ოღონდ ახლა სხვა ინტერესი მაქვს. ამისთვის ადრე ყურადღება არ მიმიქცევია, არადა ყველა ასეთ ფილმში ქიმიაა გამოყენებული.

ამ საახალწლო უქმეებზეც რაღაც ფილმს აჩვენებდნენ ვამპირებზე. ერთი ახოვანი კაცი, თავად ვამპირი, სხვა სისხლისმწოველებს ებრძვის და ადამიანებს ეხმარება. ეს კაცი კბილებამდეა შეიარაღებული:

აქვს სპრეი, რომელშიც ნივრის ფხვნილის ექსტრაქტი ასხია და ვამპირებს ელეთმელეთს მართებს;

აქვს ვერცხლის ტყვიები და ასაფეთქებელი ყუმბარები, რომლებიც კოლოიდურ ვერცხლს აფრქვევს.

ნიორი შროშანისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. მრავლდება კბილით და ბოლქვაკით. ახლა კი მთავარი კითხვა: რას შეიცავს ნიორი ასეთს? რითია სასარგებლო ჩვენთვის და საშიში ვამპირებისთვის?

100 გრამი ნიორი შეიცავს: 58 გ წყალს, 6,4 გ ცილას, 0,5 გ ცხიმს, 33 გ ნახშირწყალს, 1 გ დისაქარიდს, 5 მკგ ბეტა კაროტინს, 0,2 მგ თიამინს, 0,1 მგ რიბოფლავინს, 0,7 მგ ნიაცინს, 0,6 მგ პანტოთენის მჟავას, 1,2 მგ პირიდოქსინს, 3 მკგ ფოლიუმის მჟავას, 2 მგ ასკორბინის მჟავას, 185 მგ კალციუმს, 1,7 მგ რკინას, 25 მგ მაგნიუმს, 155 მგ ფოსფორს, 402 მგ კალიუმს, 17მგ ნატრიუმს, 1,2 მგ თუთიას, 1,7 მგ მანგანუმს, 17 მკგ სელენს. თუმცა ეს იმდენად ცოტაა, რომ ჩამოთვლილ ნივთიერებათა სადღეღამისო ნორმის მისაღებად ნიორი არ გამოდგება – უბრალოდ, კილოობით ჭამა მოგვიწევს.

აქვეა ფიტონციდებიც: დიალილდისულფიდი, ალილპროპილდისულფიდი, თიოპროპიონალდეჰიდ-S-ოქსიდი და ალიცინი. ასე რომ, ნიორი გოგირდის უხვი წყაროა. ვამპირებს კი გოგირდის შესუნთქვისას სუნთქვა ეკვრით. სავარაუდოდ, ნივრის სპრეისაც ამიტომ იყენებდნენ მათ წინააღმდეგ. პირდაპირ გოგორდი გამოეყენებინათო, იტყვით. რა გითხრათ, ფილმებში მხოლოდ ნიორი ფიგურირებს.

ახლა ვერცხლს მივხედოთ. ვამპირები ვერცხლს ვერ უძლებდნენ, თანამედროვე ურჩხულები კი ვერცხლზე გიჟდებიან, ოქროზე – კიდევ უფრო მეტად, მაგრამ ჩვენ ამჯერად ვერცხლი გვაინტერესებს.

ვერცხლი იშვიათი ლითონია. ბუნებაში გავრცელებულია როგორც თვითნაბადი, ისე ნაერთების სახით: სულფიდები, სელენატები, ჰალოგენიდები – არგენტიტი (Ag2S), პრუსტიტი (Ag3AsS3), პირარგირიტი (Ag3SbS3) და სხვა. ვერცხლი მინარევების სახით თითქმის ყოველთვის ახლავს სპილენძისა და ტყვიის მადნებს. იგი ზღვის წყალშიც მოიპოვება. ბუნებაში ცნობილია ვერცხლის 50-ზე მეტი მინერალი.

ყველაზე დიდი თვითნაბადი ვერცხლის ზოდი კანადაშია ნაპოვნი. მას „ვერცხლის ქვაფენილი“ უწოდეს, რადგან 30 მეტრი სიგრძისა იყო. მისგან 20 ტონა სუფთა ვერცხლი გამოადნეს.

ლითონური ვერცხლი უმთავრესად მიიღება მძიმე ლითონების სულფიდების ნარევისგან, რომელიც მას Ag2S სახით შეიცავს. ვერცხლის სულფიდს ხსნიან ნატრიუმის ტეტრაციანატში და მიღებული ვერცხლის ციანიდის ხსნარზე ლითონური თუთიით მოქმედებენ.

ამ მეთოდით მიღებული ვერცხლი სისუფთავით გამოირჩევა. ვერცხლს აგრეთვე იღებენ პირომეტალურგიული გზით ტყვიისა და სპილენძის კონცენტრატების გამოდნობის დროს. მას ვერცხლის მადნებისგან გრავიტაციული გამდიდრებით ან ამალგამირებით გამოყოფენ. ვერცხლის გამოყოფა ასევე შეიძლება იონგაცვლითი ფისებით და თხევადი ექსტრაქციით.

ლაბორატორიაში ლითონური ვერცხლის მიღება შეიძლება ვერცხლის ნიტრატის წყალხსნარზე თუთიის ზემოქმედებით:

2AgNO3+Zn=2Ag+Zn(NO3)2

სუფთა ვერცხლი რბილი და პლასტიკურია. ახასიათებს მაღალი ელექტრო- და სითბოგამტარობა. ვერცხლის ჭურჭელში შენახული წყალი სტერილდება და დიდხანს არ ფუჭდება. ამას ვერცხლის იონები განაპირობებს, რომლებსაც ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებები აქვს. ვერცხლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები მის ქიმიურ სისუფთავეზეა დამოკიდებული. ლეგირებით ის კარგავს ისეთ არასასურველ თვისებებს, როგორიცაა სირბილე, დაბალი მექანიკური სიმტკიცე, გოგირდის მიმართ მაღალი რეაქციის უნარი და სხვა. ზოგიერთი აირი, მაგალითად, წყალბადი, ჟანგბადი, ნახშირბადის მონო- და დიოქსიდები, ვერცხლში იხსნება, რის გამოც მსხვრევადი (მყიფე) ხდება.

პრაქტიკაში სუფთა ვერცხლი სირბილისა და წევადობის გამო თითქმის არ გამოიყენება. სპილენძთან ვერცხლის შენადნობს საიუველირო და საოჯახო ნაკეთობების, მონეტებისა და ლაბორატორიული ჭურჭლის დასამზადებლად იყენებენ.

სხვათა შორის, ვერცხლის პირველი მონეტები ძვ. წ. VII ს-ში მოიჭრა ლიდიის სამეფოში ელექტრუმისგან, რომელიც ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივი შენადნობია.

კოროზიისგან დასაცავად სხვა ლითონების ზედაპირს ვერცხლით ფარავენ. ის, როგორც საუკეთესო ელექტროგამტარი, რადიოელექტრონიკაშიც გამოიყენება. მისი მნიშვნელოვანი რაოდენობა იხარჯება თუთია-ვერცხლის აკუმულატორების დასამზადებლად.

ვერცხლის შემცველი პრეპარატები ხასიათდება ანტიბაქტერიული და ბიოქსოვილის მოწვის თვისებით.

ალქიმიკოსები ოქროზე არანაკლები მონდომებით ცდილობდნენ ვერცხლის მიღებას. „ალქიმიური დოქტრინის“ ადაპტირებულ ვერსიაში ასეთი რეცეპტი აღმოვაჩინე:

აიღეთ ერთი დირჰამი „მთვარის გრძნობა“ და შეურიეთ ათ დირჰამ „მოახლეს“. ამ ყველაფერს ძმარმჟავა დაუმატეთ და რკინის ჯოხით მოურიეთ. შემდეგ ცეცხლზე შემოდგით და მანამდე გააცხელეთ, სანამ ძმარმჟავა მთლიანად არ აორთქლდება. მიღებული მასა გააცივეთ – მიიღებთ „თეთრ ცვილს“.

„თეთრი ცვილი“ ვერცხლია. ბევრი ვეძებე, მაგრამ „მთვარის გრძნობა“ რა არის, ვერ დავადგინე. აი, „მოახლე“ კი ვერცხლისწყალია.

სხვათა შორის, არსებობს ტერმინი „სულელების ოქრო“. ძველი დროის თაღლითები გულუბრყვილო მყიდველებს ოქროს ნაცვლად მინერალ პირიტს შეატყუებდნენ ხოლმე. სინამდვილეში მას ოქროსთან საერთო არაფერი აქვს, რკინის დისულფიდია. პირიტს „შვილობილი“ მინერალებიც ჰყავს, რომლებსაც ვერცხლად ასაღებდნენ. მაგალითად, მარკაზიტი.

დღეს ვერცხლის ნაკეთობებს ყოველ ნაბიჯზე გვთავაზობენ. ლამაზიცაა და გულმისასვლელიც, მაგრამ ყველა ვერცხლია? თუ ზოგიერთი, შუა საუკუნეთა თაღლითებისა არ იყოს, მიმნდობ ადამიანებზე „სულელთა ვერცხლს“ ასაღებს? მარტივი ქიმია ნაკეთობის შემოწმებაში დაგვეხმარება, თანაც ისე, რომ ნაკეთობა ძალიან არ დავაზიანოთ.

ავიღოთ ვერცხლის ბეჭედი, საყურე ან სულაც ვამპირისთვის მომზადებული ტყვია. პარალელურად სამუშაო ხსნარი – ე.წ. შვერტერის ხსნარი (Schwerte’s solution) მოვამზადოთ. ხსნარის შემადგენლობა ასეთია: 0,25 გ კალიუმის ბიქრომატი, 5 მლ გამოხდილი წყალი და 3,5 მლ 70%-იანი აზოტმჟავა.

ვერცხლის ნაკეთობას ამ ხსნარის ერთი წვეთი დავასხათ, ოღონდ შიგნითა მხრიდან, რომ არ გამოჩნდეს. თუ მართლა ვერცხლია, გაწითლდება, რადგან ეს ლითონი აზოტმჟავასთან ურთიერთქმედებს და ნაკეთობა კალიუმის ბიქრომატთან რეაქციაში შევა. 925 სინჯის ვერცხლს წითელი ფერი უნდა დაედოს, 500 სინჯის ვერცხლი კი ბაც ვარდისფერს მიიღებს.

ხსნარი სხვა მეტალებზეც მოქმედებს და განსხვავებულ ფერს წარმოქმნის. მაგალითად, ნიკელის საფარზე – ლურჯს, ალუმინზე – ყვითელს.

მეტალთა ძაბვის მწკრივში ვერცხლი წყალბადის მარჯვნივ არის მოთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მჟავებთან არ მოქმედებს. გამონაკლისია განზავებული აზოტმჟავა, რომელთან ურთიერთქმედებისას ის ვერცხლის ნიტრატს წარმოქმნის.

Ag+2HNO3=AgNO3+NO2+H2O

წარმოქმნილი ვერცხლის ნიტრატი ურთიერთქმედებს კალიუმის ბიქრომატთან ვერცხლის ბიქრომატის წარმოქმნით, რომელსაც წითელი ფერი აქვს.

K2Cr2O7+2AgNO3=Ag2Cr2O7+2KNO3

რაც შეეხება კოლოიდურ ვერცხლს, ეს ძირითადად კოლოიდური ხსნარია, რომელიც ვერცხლის 1 ნმ ზომის ნაწილაკებს შეიცავს. მისი მიღება ელექტრული მეთოდით ხდება. ზოგიერთ ჩანაწერში კოლოიდურ ვერცხლად მერკური იწოდება.

ასე რომ, ეს თითქოსდა არარეალისტური ფილმები სინამდვილეში სავსებით რეალისტურია. ცხოვრებაშიც ხომ ასეა: ზოგს ვერცხლისა ეშინია, ზოგი კი მისი სიყვარულით ისეა დაბრმავებული, რომ სინდისსაც კი გაყიდის 30 ვერცხლად!

ვაჟა-ფშაველა როგორც რუსთველოლოგი

0

ეროვნულობისა და სოციალური ჰუმანიზმის ჩვენება მწერლობაში, ხალხურობა და რეალიზმი, სინამდვილის ფხიზელი კრიტიციზმით ასახვა – აი, ამ ამოცანებს უსახავდა ლიტერატურას ვაჟა-ფშაველა. ამ მხრივ საინტერესოა მისი წერილები „ვეფხისტყაოსანზე“, რომლებშიც ანალიტიკურად, მეცნიერულად ასაბუთებს ამ პოემის ეროვნულ და, ამავე დროს, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. ვაჟას დროს რუსთველოლოგია, გარკვეულწილად, წავიდა წინ, მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ როგორც ძველი ქართული მწერლობის მეცნიერულ-კრიტიკული შესწავლა ჯერ კიდევ ვერ აღწევდა რუსთველოლოგიამდე და ბევრი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხი არ იყო გარკვეული. მე-20 საუკუნის დასაწყისში ზოგიერთმა განსწავლულმა ქართველმა მეცნიერმა, რაღაც ავადმყოფური ობიექტურობის მომიზეზებით აიჩემა „ვეფხისტყაოსან“ და დაიწყო მისი განქიქება, მისი არაქართულობის მტკიცება. ვაჟა თავის სამეცნიერო-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში ისე პროფესიონალურად გამოეხმაურა ამ მკვლევრებს, რომ მისი მოსაზრებები დღესაც ემთხვევა რუსთველოლოგიაში არსებულ დებულებებს. ვაჟამ გამოამჟღავნა დიდი ცოდნა ამ პოემისა და, ლიტერატურულ მოვლენებში ღრმად წვდომის უნარი. ვკითხულობთ მის შეფასებებს და ვხვდებით, ზოგიერთი დღვანდელი ჭირი რა ადრე დაწყებულა: „შოვინისტი არავინ დაგვიძახოსო, და ვინც ღირსეულად აფასებს რუსთველს და მის ნაწარმოებს, იმას დასცინიან. იმას როდი ფიქრობენ, ჩვენთა მკვლევართა ობიექტურობა უფრო სამარცხვინოა და დამამცირებელი, ვიდრე რუსთველის პატივისმცემელთა პატრიოტიზმი… დიაღ, სცხვენიათ კარგის თქმა საქართველოზე, მჟავე პატრიოტი არავინ დაგვიძახოსო, ეს ვაჟაკცობად მიაჩნიათ, იმას როდიღა ფიქრობენ, რომ სირცხვილი ის კი არ არი, თავისი დიდება ადიდო, თაყვანი სცე, – არამედ ისაა სირცხვილი, ეს დიდება მაღლიდან დაბლა ჩამოაგდო ლაფში და ფეხით გათელო, – ვერ გაბედო სთქვა სიმართლე, თუნდაც ამ თქმამ კაცი იქამდის მიიყვანოს, რომ პირში ბალახი ამოსდიოდეს…“ [ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ტ. 9, გვ.305-306]. ამგვარ მკვლევრებს რომ ავყვეთო, წერს ვაჟა, შეიძლება მთელ ჩვენს ისტორიულ წარსულზე აგვაღებინონ ხელი და მთელი ჩვენი ისტორია და კულტურა ქარს გაატანონო.

ვაჟას პირველი რუსთველოლოგიური წერილი „ფიქრები ,,ვეფხის-ტყაოსნი“ შესახებ“ 1890 წელს გამოქვეყნდა „ივერიაში“. ის მიმართული იყო პროფ. ა. ხახანაშვილის ერთი მცდარი თეორიის წინააღმდეგ. კერძოდ, ეს იყო მოსაზრება პოემის ხალხური წარმოშობის შესახებ, მისი ფოლკლორულ ნაწარმოებად აღიარება. უპირველეს ყოვლისა, ვაჟა იწუნებს ხახანაშვილის კვლევა-ძიების ყალბ, არამეცნიერულ მეთოდს, რადგან კომპეტენტური აზრის გამოსათქმელად საბუთების მოგროვება იყო საჭირო, რის შემდეგაც აზრი თავისთავად გამოიკვეთებოდა და არა წინასწარ შემუშავებული მოსაზრებით მიდგომა. ვაჟას აზრით, ა. ხახანაშვილმა, რომელიც გამოთქვამდა მოსაზრებას, თავისი პოემის წყაროდ რუსთაველმა ხალხური „ტარიელიან“ აიღოო, „ვეფხისტყაოსანი“ ვერ დაუკავშირა ისტორიულ ეპოქას, ვერ გაიგო მისი ეროვნული სული, ვერც შემეცნებით-ესთეტიკურ მნიშვნელობას ჩასწვდა. შინაარსისა და ფორმის ღრმა ანალიზით ვაჟა ასაბუთებს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ წმინდა ლიტერატურული ნაწარმოებია, შემოქმედებითი შედევრი და არა ფოლკლორი (მისი თვალსაზრისი დაადასტურა შემდეგდროინდელმა კვლევა-ძიებამ). „ვეფხისტყაოსანს“ ეჭვის თვალით უცქერდნენ, ხოლო ამის მიზეზი, ვაჟას თქმით, იყო პოემის დიდებულება, რომელსაც „ეჭვში შევყავართ, მართლა ერთი კაცის დაწერილია თუ არაო“. მეორე კი ის, რომ თვითონ შოთა პოემის წინასიტყვაობაშივე დაბეჯითებით ამბობს, „ესე ამბავი სპარსულიო“. თუ ეს ამბავი ერმაც იცოდა და ბერმაც, რუსთველი ვისღა ატყუებდაო? განა, ქართულად ცნობილს კიდევ თარგმნა სჭირდებოდაო? ამ არგუმენტის გასამყარებლად ვაჟა კიდევ ერთ ფაქტს აქცევს ყურადღებას: „ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურულ ჩამომავლობას ისიც ამტკიცებს, რომ მის სხვადასხვა ტაეპს სხვადასხვა რითმა აქვს, ხალხურს კი ერთი დაბოლოება რჩება ბოლომდეო. ერთ საინტერესო პარალელსაც ავლებს ვაჟა „ვეფხისტყაოსანსა“ და ხალხურ „ტარიელიანს“ შორის: ხალხურში უცხო სახელებს ვხედავთ – „ედემ და ომარე“, ხოლო ლიტერატურულში გვაქვს „აბჯარი ჩვენ საომარე“, რაც იმის დასტურია, რომ ლიტერატურული „ვეფხისტყაოსანი“ ადრე იყო გავრცელებული ხალხში და მისი სიყვარულის გამო ხალხს ის, როცა დავიწყებია, გადაუკეთებია, მისგან ახალი შეუთხზავს და დაუმატებიაო.

ზემოთქმულის მიუხედავად, ვაჟა-ფშაველა არ უარყოფდა „ვეფხისტყაოსნის“ ხალხურ საწყისებს. ამ მხრივ საინტერესოა მისი 1914 წელს გამოქვეყნებული პოლემიკური წერილი „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“, რომელშიც ამბობს, რომ შეიძლება მწერალმა გამოიყენოს ხალხური თქმულება, მაგრამ „ხალხის თქმულება, რაც არ უნდა მდიდარი შინაარსისა იყოს, აზრიანი და ხელოვნური, თუ პოეტმა იგი არ გარდაქმნა, საკუთარ სულიერ ქურაში არ გადადნო, არ გადაადუღა, მასალიდან ახალი რამ არ შექმნა და დაწერა ისე, როგორც ხალხი ამბობს, არაფერი გამოვა. ერის გულში ამისთანა ნაწარმოები ბინას ვერ იპოვნის, იქ ვერ დაისადგურებს და ვერც ხელოვნურ ნაწარმოებად ჩაითვლება“ [კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი, ტ.9, გვ. 361-362]. აქ ვაჟას მოჰყავს გოეთეს „ფაუსტის“ მაგალითი: ფაუსტის შესახებ არსებული ლეგენდის მიხედვით მრავალი ნაწარმოები შეიქმნა, მაგრამ ისტორიას არცერთი არ შემორჩენია, მხოლოდ გოეთემ აქცია ის საკაცობრიო ნაწარმოებადო. მაშასადამე, მწერლის აზრით, თავიდათავი ავტორი ყოფილა და არა ლეგენდა.

დიდებულ პოემას ვაჟა ერთხელ კიდევ მიუბრუნდა: 1911 წელს ჟურნალ „განათლებაში“ გამოაქვეყნა წერილი „ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“. აქ მისი მსჯელობის საგანია „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის ორიგინალობის საკითხი. იმ დროსითვის „ესე ამბავი სპარსულისა“ და პროლოგ-ეპილოგის საკითხზე მახვილდებოდა ყურადღება. მკვლევართაგან, ნ მარისა და ა. ხახანაშვილის გარდა, ცნობილი გახდა ამ მხრივ დ. კარიჭაშვილისა და იუსტ. აბულაძის სახელებიც. ვაჟას ფხიზელ თვალს არ გამოჰპარვია არსებული ვითარება და სავსებით მართებული კრიტიკით გამოვიდა პრესაში. ზემოხსენებულ წერილში მწერალი ეკამათება ნ. მარსა და მის თანამედროვეებს: „რუსთაველს ებღაუჭებიან – ჩამოდი ბედაურიდან – მოპარულს ცხენზე ჰზიხარო. გაიგეთ, ჯარო და ჯამაათო, მიუდგომელი მეცნიერი ხალხი ვართო, და ამ დროს კი ვხედავთ, რომ თეთრს შავს არქმევენ, ტკბილს – მწარესა“ [ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ტ. 9. გვ. 305]. ვაჟა აღაშფოთა ნ. მარის მცდელობამ, რუსთველის პოემის სიუჟეტი სპარსულად გამოეცხადებინა – თითქოს მან ბრიტანეთის მუზეუმში ნახა „ვეფხისტყაოსნის“ სპარსული დედანი (საბოლოოდ ნ. მარმაც აღიარა, რომ მისი ეს თეორია დაიმსხვრა). ვაჟამ კი ეს თეორია გააცამტვერა. იგი წერს, ნ. მარმა აუშალა სხვებს ჩხრეკის საღერღელი, თავად კი დღემდე არავითარი საბუთი არ წარმოუდგენია იმისა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მსგავსი თხზულება მას ბრიტანეთის მუზეუმში ენახოსო, დღესაც არ იშლის და სჯერა, რომ პოემის დედანი აუცილებლად აღმოჩნდება სპარსეთშიო. ვაჟა პირდაპირ აცხადებს, რომ ხელოვნების გენიალური ქმნილების შესაფასებლად საჭიროა თარგმნილისა და დედნის ერთმანეთისგან გარჩევის ალღო, რომ ხალხის გენია გრძნობს ეროვნულ გენიას და არ შეიძლება ერმა ასე განადიდოს უბრალო მთარგმნელი. ააშკარავებს რა ქართული კულტურისადმი ნიჰილიზმს, ვაჟა ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს უმართებულო დებულებებს რუსთაველის პოემის შესახებ. მისი აზრით, „ვეფხისტყაოსნის“ არაკი მართლა სპარსული რომ იყოს, თვით სპარსეთშიც ბევრი გამოუჩნდებოდა გამლექსავი (და მე-11, მე-12 საუკუნეებში ასეთი მელექსე სპარსეთს უამრავი ჰყავდა), თვით „შაჰ-ნამეს“ (მე-11 ს.) დიდებული ავტორი, ფირდოუსი ამგვარ არაკს არაფრით გაუშვებდა ხელიდანო. როგორ მოხდა, – კითხულობს ვაჟა-ფშაველა, – რომ ქართველმა საქართველოში იპოვა ეს ამბავი, ხოლო სპარსელებმა ვერ მიაგნეს მშობელ ქვეყანაშიო? „ამოოდენა თხზულებაში ჭაჭანებაც კი არსად არის ჩვენის ქვეყნის, რუსთაველის სამშობლოს რაიმე ადგილის სახელწოდებისა… რა ამბავია ეს? შესაძლებელია განა ესა, თუ მთელი „ვეფხისტყაოსანი“ ალეგორია არ არის? სწორედ რომ ალეგორიაა…“ [ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ტ. 9, გვ. 308] – სწორედ ეს არის ის სიუჟეტური შენიღბვის ხერხი, რომელიც დღეს აღიარებულია რუსთველოლოგიაში.

ვაჟას აზრით, „ვეფხისტყაოსანი“ ორიგინალური, ეროვნული ნაწარმოებია. სწორედ ამიტომ შეიყვარა ის ხალხმა. თუნდაც ის, რომ გმირები კი არიან მუსლიმანური ქვეყნებიდან, მაგრამ მათი ქცევა, ცხოვრებაზე, მიჯნურობაზე, მეგობრობაზე შეხედულებები ქართულია. ვაჟას მიაჩნია, რომ მაჰმადიანური ჰარამხანის გარემოცვაში აღზრდილი რაინდი არაფრით იტყვის: „გული ერთსა დააჯერო, კუშტი მოხვდეს, თუნდა ქუში“; „განა ვისმე თავში გაუელვებს, გარდა ჩვენ მოდის მკვლევართა, რომ ნესტანდარეჯანი ქართველი ქალი არ არის?.. თუ გარდა მშვენიერებისა, სიტურფისა… მკითხველი ნესტანდარეჯანის ქართველ ქალობას ვერ იგრძნობს, ის რა ქართველი უნდა იყოს?“ [ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ტ. 9, გვ. 314] – წერს ვაჟა. მწერალი ამტკიცებდა, რომ რუსთაველი, როგორც თავისი ეპოქის შვილი, თანადროულობას ხატავდა თუნდაც ისტორიული პირებით, მომხდარი ფაქტებით და საჭირბოროტო საკითხებით, რომლებიც ასე აღელვებდა მისი დროის ქართველ საზოგადოებას (მაგალითად, მოეწვიათ თუ არა ქართველებს უცხო ტომის კაცი თამარის მეუღლედ). ვაჟას აზრით, რუსთაველი, რომელსაც „ტარიელად თავისი თავი ჰყავს წარმოდგენილი“, თამარის მეტრფე, მეხოტბე და შემამკობელია. „არაბნი – ტარიელ და ავთანდილ – შოთას თქმით, ტ კ ბ ი ლ ი ს  ქ ა რ თ უ ლ ი თ უბნობენ. მაჰმადიანნი ღვინოსა ჰსვამენ: დღესაც… ხევსურებს, ამ უძველესს ქართველებსა, აქვს ჩვეულებად მასპინძლობის დროს სტუმრების წინ ქუდ-მოხდით ჩოქზე დგომა და ისე მირთმევა თასისა სტუმრისთვის. პოემაში ამასვე ვხედავთ: სოგრატ და ავთანდილ როცა მიუვლენ მჭმუნვარე, დაღრეჯილს როსტევანს, რათა იგი გაემხიარულებინათ“ [მცირე რამ „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ტ. 9, გვ. 408] – ასეთი არგუმენტაციით იცავს პოემის ქართულობას მწერალი.

ვაჟა-ფშაველა მოითხოვს, რომ ეროვნული კულტურის ისეთ უნიკალურ ძეგლს, როგორიც „ვეფხისტყაოსანია“, მკვლევრები დიდი სიფრთხილით მოეპყრონ, როცა აყენებენ საკითხს მისი ამა თუ იმ ტაეპის ორიგინალურობის შესახებ და საგანგებოდ ჩერდება პოემის ტექსტოლოგიურ საკითხებზე. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებდა, რომ პოემის პროლოგი და ეპილოგი დაიწერა მე-12 საუკუნის შემდეგ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირის მიერ, ვაჟას აზრით კი, შეუსაბამო აქ არაფერია, მთლიანად კლასიკური ფორმაა დაცული, იქნება ეს ღვთისადმი მიმართვა თუ დამწერის ვინაობის გამჟღავნება. ვაჟა არ უარყოფდა „ვეფხისტყაოსანში“ ე.წ. ყალბი ადგილების ანუ ინტერპოლაციების არსებობას, მაგრამ მაგრამ დაუშვებლად მიაჩნდა გენიალური პოემის საუკეთესო სტროფების ხელაღებით გაძევება ტექსტიდან. თუნდაც ა. სარაჯიშვილი, რომელმაც ასეთი ყალბი ადგილები აღმოჩინა პოემაში, მაგრამ რუსთაველის დაწერილი ტაეპებიც თან მიაყოლა ან დ. კარიჭაშვილი, რომელმაც ყალბად გამოცხადა პოემის მთელი პროლოგ-ეპილოგი. ვაჟა, აანალიზებს რა პროლოგს, საუბრობს იქ გამოთქმულ შაირობისა და მიჯნურობის თეორიებზე და მეცნიერულად ასაბუთებს, რომ შოთა რუთაველს პოემის შესავალში აუცილებლად უნდა ეთქვა თავისი შეხედულება მელექსეობასა და სიყვარულზე, მეგობრობაზე. მწერალი არ უარყოფს პროლოგში ზოგიერთი ინტერპოლაციის არსებობის ალბათობას, მაგრამ მას ზუტად აქვს ჩამოყალიბებული პროლოგის აგების გეგმა და გარკვეული მისი რაობა. ვაჟა ეხება პოემის კომპოზიციის საკითხსაც და შეუსაბამობას წინასიტყვაობასა და თავად პოემას შორის ვერ ხედავს. დროის მიერ ვაჟას ეს განჭვრეტაც შეფასებულია და ჭეშმარიტად არის აღიარებული პროლოგის რუსთაველისადმი კუთვნილების უეჭველობა. „კეკლუცთა ზედან ფრფენითა“ – ეს მხოლოდ შოთას შეეძლო ეთქვაო, წერს ვაჟა და შეუძლებლად მიიჩნევს ამ სტროფის სიყალბეს.

შედევრად მიიჩნევს ვაჟა ტარიელის მიერ ლომ-ვეფხვის დახოცვის ამბავს და აღნიშნავს, სიყვარულის ასეთი სიმაღლიდან დახატვა მხოლოდ შოთა რუსთაველს თუ შეეძლოო, რომლის დიდ მნიშვნელობას ქართველი ერისათვის კარგად აცნობიერებს, როცა ამბობს, რომ შოთა რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო – იგივე „ვეფხისტყაოსანი“. ვაჟასთვის, ისევე როგორც მე-19 საუკუნის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სხვა მესვეურთათვის, ეს პოემა წარმოადგენდა ქართველი ერის კულტურული მოწიფულობის შეუდარებელ მხატვრულ მტკიცებულებას.

საინტერესოა ვაჟას მსჯელობა რუსთველის ენის შესახებ, რომელიც ენობრივი ნორმებისა და ენის სპეციფიკის შესწავლას არ გულისმობდა და ისევ „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალობის სფეროდან გამოდიოდა. ვაჟას აზრით, ნებისმიერი დიდი მწერალი ენის შინაგანი ბრწყინვალების უბადლო წარმომჩენია. ნიჭიერი მწერლების ენის მაგალითად მას რუსთაველი და გურამიშვილი მიაჩნდა, ერის სულისკვეთებისა და არსის თავიანთ ნაწარმოებებში გამამჟღავნებელნი. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ვაჟა „ვეფხისტყაოსნის“ ენასა და ლექსთწყობას ფშაურს უკავშირებდა და, ნ. მარის გამოკვლევის საფუძველზე, ჩახრუხაძესთან გაიგივებულ რუსთაველს ფშავლად მიიჩნევდა. „ასმათი ხომ პირდაპირ მთიელ ქალს მოგაგონებსთ (ფშავლისა, ხევსურისა) თავის ჯუბით, „ქალი გადმოდგა ჯუბითაო“, ამბობს რუსთაველი. ჯუბა ჩვენ გვგონია ნამდვილი ქართული სიტყვა, ქართველ ქალების ტანსაცმელი, რომელიც დღეს ფშავ-ხევსურეთშიღა ჰპოვებს თავშესაფარს და შეიძლება მალე იქაც აიღონ ხელი იმაზე. ჯუბა სიტყვა „უბიდან“ არის ნაწარმოები, რადგან ჯუბა შინ მოქსოვილი შალის პერანგია (ფშავში – სადა, ხოლო ხევსურეთში – რუშებით ნაკერი, გრძელი) დიაცს კოჭებს უფარავს, უბე გადმოგდებული. მაგრამ ვშიშობ, ვაითუ ჩვენმა ფილოლოგებმა ეს სიტყვა მიათვისონ სპარსელებს ან სომხებს“ [ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. ტ. 9, გვ. 230-231], მაგრამ შემდგომმა კვლევა-ძიებამ არც ნ. მარის მოსაზრება დაადასტურა და არც ვაჟას ვარაუდი გაამართლა.

ვაჟა-ფშაველამ დაიცვა რუსთველისა და მისი გენიალური პოემის ღირსება, როგორც დიდ, ეროვნულ მწერალსა და მოაზროვნეს ეკადრებოდა. ზემოჩამოთვლილ კვლევებში გამჟღავნდა ვაჟას უტყუარი კრიტიკული ალღო, დახვეწილი ესთეტიკური გემოვნება, სწორი ანალიტიკური გონება, მტკიცე ლოგიკა და ლიტერატურის საკითხებისადმი მეთოდოლოგიური მიდგომის უნარი. ამგვარად, ვაჟა-ფშაველამ აამაღლა და სრულყო ქართული კრიტიკულ-ესთეტიკური აზროვნების ტრადიცია. იგი „ვეფხისტყაოსნის“ არა მხოლოდ კარგი მცოდნე და პატივისმცემელია, არამედ მისი კარგი მკვლევარიც, რომლის მოსაზრებები და შეხედულებები დღესაც აქტუალურია რუსთველოლოგიურ მეცნიერებაში.

როგორ დავგეგმოთ მუზეუმში სტუმრობა

0

მუზეუმში სტუმრობა ბავშვებს მძაფრი შთაბეჭდილებებით ავსებს. შესაძლოა ჯერ ისინი სათანადოდ ვერ აფასებდნენ ექსპონატების მნიშვნელობას, მაგრამ გაივლის დრო და ერთ დღესაც ბრილიანტივით გაიბრწყინებს იქ გატარებული წუთები.

მუზეუმი – ნივთებით წარმოჩენილი ისტორიაა. როცა ბავშვები საკუთარ იდენტობას გაიაზრებენ და ეროვნული თვითშეგნებით აღივსებიან, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა დაეხმარება მათ სამყაროს მშვენიერების აღიარებაში.

მუზეუმში სტუმრობა უფრო შთამბეჭდავი და ნაყოფიერი იქნება, თუკი წინასწარ მოვემზადებით. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი შვილები და მათი მეგობრები გამოფენის „სიკვდილი და სიცოცხლე – დიდებული პომპეი“ – სანახავად წავიყვანე. ხშირად მახსენდება ნასტასია არაბულის სტატია, რომელშიც ის მშობლის პრაქტიკას გვიზიარებს. დედა შვილების მეგობრებს ხშირად მასპინძლობდა და მათთვის საინტერესო გარემოს ქმნიდა. მაშინ დავფიქრდი, როგორი მნიშვნელოვანია შვილების მეგობრებზე ზრუნვა. თუკი დრო მაქვს, ვცდილობ, მოზარდები ვირტუალურ სამყაროს მოვწყვიტო და მათთვის შემეცნებითი ტური მოვაწყო.

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება დაეხმარება მზრუნველ ადამიანებს, გაულამაზონ ბავშვებს ცხოვრება და დღე საინტერესოდ დაგეგმონ.

ცნობისმოყვარეობის აღძვრა

პირველი ნაბიჯი ცნობისმოყვარეობის აღძვრაა. ეს შეიძლება იყოს გამოფენის ან ერთი ექსპონატის შესახებ საუბარი. ჩემი დაკვირვებით, მუზეუმში იმდენად ჭარბი ინფორმაცია ხვდებათ, შესაძლოა დამახსოვრება გაუჭირდეთ და მალე დაიღალონ. ამიტომ მუზეუმში სტუმრობისას მხოლოდ ერთი დარბაზის ან გამოფენის ნახვა დაგეგმეთ. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია ექსპონატების შესახებ, შეარჩიეთ რომელიმე მათგანი და მოუყევით მათი ისტორია, დაუსვით კითხვები და თავადაც გაეცით პასუხები. მცირე კვლევისთვის შეგიძლიათ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდს ესტუმროთ.

ამბავი პომპეიზე

მუზეუმში წასვლამდე ერთად მოვიძიეთ ინფორმაცია პომპეის შესახებ. 8-12 წლის გოგო-ბიჭებში ვულკან ვეზუვის გამანადგურებელი ამოფრქვევისა და ადამიანების ტრაგიკული აღსასრულის ამბავმა მძაფრი შეგრძნებები აღძრა.

 

შესასვლელი ბილეთები

შესასვლელი ბილეთების შევსება სახალისო აქტივობაა ცნობისმოყვარეობის გაღვივების ეტაპზე. მას მუზეუმში მისვლამდე ავსებენ. შესაძლოა, რამდენიმე კითხვა დაუსვათ ან მხოლოდ ერთი რამ ჰკითხოთ – რა მოლოდინი გაქვს? პასუხი წერილობით უნდა გასცენ. ჩვენ მეტროში გამოვნახეთ დრო, დღიურებში მათ მოლოდინის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები ჩაინიშნეს:

„მე ვფიქრობ, მუზეუმში რომ შევალთ, იქ იქნება ნივთები, რომლებიც იქნება ისტორიით სავსე. ძალიან მაინტერესებს მუზეუმი. არასდროს ვყოფილვარ. ან შეიძლება, ნამყოფიც ვარ და არ მახსოვს“, – ნიკა, 10 წლის

„მე მაქვს მოლოდინი, რომ მუზეუმში ბევრ საინტერესო ნივთს და პატარ-პატარა ქანდაკებას ვნახავთ. იქ მოგვიყვებიან სხვადასხვა ნივთზე“, – მარიამი, 11 წლის

„მე გაქვავებული ადამიანების ნახვის სურვილი მაქვს. ასევე, მინდა, ვიცოდე ლავის შესახებ უფრო მეტი რამ. უჰ, ერთი სული მაქვს როდის მივალთ!“ – თეკლა, 12 წლის

„მე მაქვს მოლოდინი, რომ მუზეუმში იქნება ბევრი ძველი და საინტერესო ნახატის გამოფენა“, – თამარი, 10 წლის.

„მალე მუზეუმს მივუახლოვდებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება. მატარებლის ლიანდაგის ხმაური ჟღარუნების ჩხრიალს მაგონებს. რას ველოდები? ძველ ნივთებს, ქანდაკებებს…“, – ნია, 12 წლის.

„მე ველოდები ხალხს, ოღონდ გაქვავებულს, და ცხოველებსა და ნივთებს, რომლებიც 79 წლიდან 2021 წლამდე ლავაში იყო. ერთი სული მაქვს, როდის მივალ მუზეუმში“, – გაბრიელი, 8 წლის.

 

3-5 ექსპონატი, რომელიც მოეწონათ

ბავშვებს ვთავაზობ 3-5 ექსპონატის შერჩევას, წარწერების დღიურში გადმოტანას და ჩახატვას. ჯერ საგულდაგულოდ ვათვალიერებთ დარბაზში გამოფენილ ნივთებს, ვუყურებთ სამგანზომილებიან ვიდეოს, ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს.

ვაჩვენებ ჩემს მოწონებულ ნივთებს, ვესაუბრები თითოეულის შესახებ. შემდეგ ისინი იწყებენ დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებას, დგებიან საგამოფენო ვიტრინებთან და გულმოდგინედ ხატავენ.

დღიურები ექსპონატთა სახელებს ინახავენ:

  • ჭრაქის სადგამი, ძაღლის ფორმის აპლიკაცია;
  • ცალყურა ბოთლი, კოვზის (ლოკოკინას, ხამანწკის კვერცხისთვის), სამაჯური;
  • თხელკედლიანი სასმისი, ღუმელი;
  • საწოლის დეკორატიული ელემენტები, ღორის ფორმის ყულაბა.

 

 

მაკდონალდსი

როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვები მალე იღლებიან. მუზეუმის შემდეგ მათი თხოვნით მაკდონალდსში მივდივართ. გზად რუსთაველის აფორიზმებით, მინიატურებითა და ორნამენტებით გაფორმებულ აბრებს ვაკვირდებით. დროში მოგზაურობა ნაყოფიერი იქნება, თუ თანამედროვე სამყაროსთან ვიმეგობრებთ. თუ ბავშვები იგრძნობენ, რომ უფროსები პატივისცემას გამოხატავენ მათი სურვილებისა და ინტერესების მიმართ, მაშინ ისინი შენს სურვილებსაც ითვალისწინებენ.

გასასვლელი ბილეთები

მაკდონალდსში გრძელ მაგიდასთან მოვკალათდით. ძალების აღდგენის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე გასასვლელი ბილეთების შევსება, რაც შთაბეჭდილებების გაზიარებას გულისხმობდა.

„ჯიპრაიდის“ სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებულში არის მზა წინადადებები, რომლებიც უნდა დააბოლოონ. შესაძლოა ამ აქტივობის შეთავაზებაც.

გთავაზობთ აქტივობის მაგალითებს რესურსწიგნიდან:

  • მინდა გავიგო უფრო მეტი …ის შესახებ…
  • ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს ვისწავლე…
  • მე გამიკვირდა ის, რომ …
  • მე მსურს, რომ…
  • დღევანდელი დღის საუკეთესო ნაწილი …

ბავშვების ნებართვით, გიზიარებთ მათ შთაბეჭდილებებს გასასვლელი ბილეთებიდან:

„უფრო სხვა მოლოდინი მქონდა. არ მეგონა ასეთი მაგარი თუ იქნებოდა“.

„მე მუზეუმში ძალიან საინტერესო და ბევრი ნივთი ვნახე. მაგალითად, არ ველოდი ოქროს ლომის ფიგურას, რომელიც 5-თეთრიანზეა გამოსახული, ასევე, ახალგორში მოპოვებულ განძს“.

„მქონდა მოლოდინები, რომლებიც გამართლდა და მოლოდინები, რომლებიც არ გამართლდა. მაგალითად: სიამოვნებით ვნახავდი შეყვარებულების პატარა გაქვავებულ ძეგლებს, მაგრამ… ვნახე უდიდესი გაქვავებული ადამიანები. I საუკუნეში, როდესაც ვულკანი ამოიფრქვა და ადამიანები გაქვავდნენ, მათ შორის იყვნენ ძაღლები. რომ დავინახე, მათი საცოდაობით დავიწვი. რისი მოლოდინიც არ მქონდა, ისეთი რაღაცებიც ვნახე, მაგალითად: აქსესუარები, ყელსაბამები, ბეჭდები, სამაჯურები…“.

„ეს დღეც მიილია. ძალიან საინტერესო იყო. ვნახე უამრავი რამ. გადავიღეთ ფოტოები, გავერთეთ, ვიცინეთ, ვიხალისეთ, ვისაუბრეთ, ვწერეთ და უკანა გზაზე მაკდონალდსს მოვუახლოვდით, შემოვედით, მივირთვით, ახლა კი ყველა რვეულებს მივჩერებივართ და ვწერთ, თუ როგორი საინტერესო იყო მუზეუმი. მიხარია ასეთი მეგობრები და მასწავლებელი რომ მყავს“.

„ძალიან მომეწონა მუზეუმში. ასეთ მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ. იმდენი საინტერესო რამ იყო, ვერ გადმოვცემ. ვნახე ორი ადამიანი, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, როდესაც ვულკანი ამოიფრქვა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ამოიფრქვა ვულკანი. ამოფრქვევის დროს ერთი ძაღლი დაბმული იყო და შემეცოდა“.

 

აალაპარაკე ექსპონატი

ერთი ექსპონატის ალაპარაკება გასასვლელი ბილეთის ბოლო ნაბიჯი იყო. ამგვარად, ერთი რომელიმე ნივთი ახალ სიცოცხლეს იძენს და ბავშვებისთვისაც დაუვიწყარი ხდება.

 

„გამარჯობა, მე ვარ ძაღლი. ვულკანის ამოფრქვევის დროს დაბმული ვიყავი, გაქცევა ვერ მოვახერხე და შევეწირე ამ უბედურებას“.

„გამარჯობა, მე ვარ გოჭის ფორმის ყულაბა. დღეს ძალიან ბევრი და საინტერესო სტუმარი მყავდა. ჩემს მეგობრებსაც ესტუმრნენ. ყველა რაღაცას იწერდა, კითხულობდა, უყურებდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეტყობა მოვეწონეთ მე და ჩემი მეგობრები. ნახვამდის. კიდევ გვესტუმრეთ“.

„გამარჯობა, მე ვარ ჭრაქის სადგამი ბრინჯაო. ჩემზე ადრე რაღაცებს დებდნენ ხოლმე“.

 

„გამარჯობა, მე ჯიხვისთავიანი ტაფა ვარ. მე ბრინჯაოსი ვარ, მაგრამ მე მსხვერპლშეწირვისთვის ვარ. ბევრი შემიწირავს შენც შეგიწირავ“.

 

„გამარჯობა, მე ღორის ფორმის ყულაბა ვარ. მინდა, ისტორია მოგიყვეთ.

ერთი გოგონა, სახელად ალინია იყო ჩემი პატრონი. ჩემი თავი მას მამამისმა აჩუქა დაბადების დღეზე. მას ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. იმ დღიდან დაიწყო ფულის შეგროვება, მაგრამ ერთ დღესაც საშინელი ხმაური გავიგონე. მიწისძვრა დაიწყო. ყველა გარეთ გამოცვივდა. ალინიას ჩემი წამოღება არ დავიწყებია. ეზოში ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, ამხნევებდა… ლავა გვიახლოვდებოდა. ბახ… გაგრძელება არ იქნება“.

 

არ გამართლდა ღორის ფორმის ყულაბის მოლოდინი. ის გადარჩა და ჩვენი წარმოსახვა მისი მეპატრონის შესახებ ამბებს იგონებს, მათი უბედურებით შეძრულები მადლიერებას ვუგზავნით იმისთვის, რომ ასეთი დახვეწილი კულტურა ჰქონდათ და პომპეის აღმოჩენა სიცოცხლის ახლებურ გააზრებაში გვარწმუნებს. მადლიერებასთან ერთად სიბრალულსა და უმწეობის განცდასაც მოვიყოლებთ თან.

მუზეუმში სტუმრობისას ბავშვების ჩანაწერები თქვენთვისაც ძვირფასი გახდება. ისინი კი მოვლენების აღწერას, შემჩნევასა და ფიქრების გასიტყვებას ისწავლიან.

 

სტატიაზე მუშაობისას დღიურში აღმოვაჩინე მუზეუმის ბილეთი, რომლის ქვითარზე დღის მთავარი დეტალები ჩამიწერია:

  • რიგი
  • გაბოს ქურთუკი
  • ფოტოაპარატის ყუთი
  • ძაღლის ჯაჭვი
  • გოეთე
  • ქალბატონი ნინო
  • ვენერა თმას იშრობს
  • იხვი ნილოსიდან
  • გედებიანი ჭრაქი
  • ახალგორის ნამარხი
  • თრიალეთის თასი
  • რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია
  • შოთა რუსთაველი და ამერიკანო

გთავაზობთ, გაეცნოთ სტატიას – ბილეთობანა და ქვითრობანა. მუზეუმში სტუმრობისას ამ აქტივობის გამოყენებაც შეგიძლიათ.

წვრილი შრიფტით წარწერილმა მთავარმა დეტალებმა ბავშვებთან ერთად გატარებული დღე კადრებად გამიცოცხლა. ნოემბრის სუსხიანი დღეებისთვის ჩემი ბიჭისთვის ვეძებდი თბილ ქურთუკს, რომელსაც ელვა გაჰფუჭებოდა. ჩემი თხოვნით, გაბო ქურთუკს მაინც იცვამს, თუმცა, რამდენიმე თვეში 8 წლის ბიჭს ტანი აუყრია და ქურთუკი აღარ ეტევა. მე და ნიკა ჩაცმაში ვეხმარებით, მაგრამ შრომა წყალში გვეყრება და ქურთუკი შუა გზაზე ჯიუტდება. გაბოსა და ქურთუკს ისევ ერთად ვეჯაჯგურებით და სიცილი გვიტყდება. შვილის მეგობართან ერთად სიცილს დღის განწყობად მივიყოლებ. მუზეუმში რიგი გვხვდება. აქ არასდროს გვინახავს ერთად ამდენი ადამიანი. ბილეთებს ვყიდულობთ და ფოტოაპარატის ყუთთან სამახსოვრო სურათს ვიღებთ. ისე ბევრნი ვართ კადრში ჩატევა გვიჭირს და ერთმანეთს ვფარავთ. პირველი შთაბეჭდილება გაქვავებული ძაღლი აღმოჩნდება, რომელსაც ყელზე გამობმულმა ჯაჭვმა თავის დახსნაში შეუშალა ხელი. თვალში მხვდება გოეთეს ფრაზა. რამდენიმე წუთში კი პატარა ქანდაკებას სახელად „ვენერა თმას იშრობს“ დავაკვირდები და ჩემ გვერდით მდგარ ქალს შევნიშნავ. ვენერა ჩემს ლექტორს, ქალბატონ ნინო ფირცხალავას მაპოვნინებს. სწორედ მან შემაყვარა და გამაცნო გოეთე და ინტელექტუალურ რომანში გაბნეული ანტიკური სიმბოლოების მნიშვნელობაზე დამაფიქრა. იხვი ნილოსიდან და გედებიანი ჭრაქი – ნახატებსა თუ ინკრუსტირებულ ნივთებზე გამოსახულ ფრინველებზე დაკვირვება მიყვარს და ჩემს განცდებს ბავშვებსაც ვუზიარებ.

მეშვიდეკლასელები – თეკლა და ნია – თრიალეთის თასს ცნობენ, ქართულის გაკვეთილზე ხშირად ვსაუბრობთ მასზე დატანილი რიტუალის შესახებ. მას პოეზიის წარმოშობას ვუკავშირებთ. აბრაზე ვკითხულობთ – „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“. ჩემი ცხოვრების მთავარი საზრისი ყველაზე მეტად ნეოპლატონიზმს ეხმიანება. თუკი გულში სიბნელე ჩამოწვება, როგორ ვიქცევით? – ბავშვების პასუხების მოსმენას არაფერი სჯობს მაშინ, როცა ქალაქში შემოდგომის სუსხიანი საღამოა, ცხელ ამერიკანოს სვამ და ფანჯრიდან შოთა რუსთაველის ძეგლს გაჰყურებ.

თქვენც სცადეთ მთავარი დეტალებისთვის შემოინახეთ დღე. დარწმუნებული ვარ, ფიქრისა და წერის პროცესი თქვენს პატარა მეგობრებს არ გამოეპარებათ. ჩვენი მიზანიც ხომ ეს არის, რომ პირადი მაგალითით ბავშვებს შინაარსიანი ქმედებისკენ ვუბიძგოთ.

თავისუფალი თამაშისა და თავგადასავლების საგანმანათლებლო ფუნქციები

0

სტატია მომზადებულია დოქტორი პიტერ გრეის (მასაჩუსეტსის კოლეჯის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი) ნაშრომების მიხედვით.

პიტერ გრეი: „ყველგან, სადაც ბავშვები თამაშობენ, მათ ეძლევათ საშუალება, გამოიკვლიონ თავიანთი „სათამაშო“ სივრცე და ამას ისინი გარკვეული, უნივერსალური წესებით აკეთებენ. ჩემი დებულების თანახმად, თამაშისა და კვლევის მამოძრავებელი ძალები ადამიანში ევოლუციის განმავლობაში ჩამოყალიბდნენ და ისინი სწავლის, განათლების მიღების საფუძველია. მეტიც – ეს ჩემი განცხადების რადიკალური ნაწილია – მე მინდა დაგიმტკიცოთ, რომ ეს ისეთი ენერგიის მქონე მამოძრავებელი ძალებია და იმდენად ჰარმონიულად არიან ჩვენში ჩაქსოვილნი, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩაუყარონ საფუძველი განათლებას (როგორც პროცესს, ლ.ა.), დღევანდელი კომპლექსური კულტურის პირობებშიც კი. თუ მოვახერხებთ და ბავშვებს შევუქმნით შესაბამის პირობებს თამაშის, გარემოს კვლევისა და თავგადასავლებისთვის, მაშინ აღარ დაგვჭირდება სავალდებულო განათლების სისტემა!“.

ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე დაკვირვების (სამეცნიერო კვლევის) შედეგებს, რომლებიც დაადასტურებს ჩემი თეზისის მართებულობას ბავშვების თამაშისა და გარემოში თავგადასავლების შესახებ.

განათლება მინიმალური ჩარევით – დემონსტრაცია ინდოეთში: დოქტორი სუგატა მიტრას დაკვირვებები

დაკვირვებების პირველმა ჯგუფმა კვლევა ინდოეთში ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობდა ქ. ნიუ-დელის ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიის სამეცნიერო კვლევების დირექტორი ბ-ნი მიტრა და მისი კოლეგები (Dangwal, Jha, & Kapur, 2006; Mitra, 2003; Mitra & Rana, 2001). ის ინდოეთის სხვადასხვა ქალაქისა და სოფლის ოცდაექვს ღარიბულ უბანში მიმდინარეობდა. გარეთ, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას, დაამონტაჟეს ასი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რომლებსაც ვიდეოკამერები აკვირდებოდნენ და იწერდნენ ყველაფერს, რაც კომპიუტერების დამონტაჟების შემდეგ ხდებოდა.

როგორც შედეგების ანალიზის შემდეგ გაირკვა, ყველგან დაახლოებით ერთნაირი ზოგადი შედეგი დადგა. ბავშვებმა, რომლებსაც კომპიუტერი მანამდე ნანახიც კი არ ჰქონდათ, გამოიკვლიეს ეს უცნაური მოწყობილობა, რომელიც მათთვის ტელევიზორს უფრო წააგავდა.

ისინი ეხებოდნენ კომპიუტერს და ალბათ შემთხვევით, აღმოაჩინეს, რომ შეეძლოთ ეკრანზე კურსორის გადაადგილება, შეხების ველზე (ე.წ. „პადზე“) თითის ტარებით.

ეს „შეხება“ დაეხმარა მათ ახალი, საინტერესო აღმოჩენების გაკეთებაში: მაგალითად, კურსორი კომპიუტერის სპეციფიკურ ადგილებში მოხვედრისას ადამიანის ხელად გადაიქცა; „პადზე“ დაჭერისას, როდესაც კურსორი „ხელი იყო“, ეკრანი შეიცვალა. ყოველ ახალ აღმოჩენას, რომელსაც აკეთებდა ესა თუ ის ბავშვი ან ჯგუფი, ისინი უმალ უზიარებდნენ სხვებს. რამდენიმე დღეში უკვე ათ-თორმეტი ბავშვი ისევე ფლობდა კომპიუტერით სარგებლობის უნარებს, როგორც ის ბავშვები, რომლებსაც არასდროს ჰქონია კომპიუტერთან ხელმისაწვდომობის პრობლემა. ისინი „დაძვრებოდნენ“ სხვადასხვა ვებსაიტზე, იწერდნენ/ჩამოტვირთავდნენ მუსიკას და თამაშებს, ხატავდნენ Microsoft Paint-ით და ა.შ. იმ ბავშვებმა, რომლებმაც იცოდნენ კითხვა, იპოვეს მათთვის საინტერესო სტატიები. ბავშვები, რომლებიც ვერ კითხულობდნენ, დაიწყეს კითხვის სწავლა, ეკრანზე იმ სიტყვების ცნობით, რომლებსაც მათი ჯგუფის წევრები კითხულობდნენ.

დოქტორ მიტრას დაკვირვებამ ნათლად გვიჩვენა, რომ ადამიანის ბუნების სამ ფუნდამენტურ ასპექტს, ცნობისმოყვარეობას, სილაღესა და თანაზიარობას, შეუძლია ერთად „მოქმედება“ და განათლებისათვის მძლავრი საფუძვლის შექმნა. ცნობისმოყვარეობა ბავშვებს უბიძგებდა გარეთ დადგმული კომპიუტერებისკენ, აღუძრავდა მათ კომპიუტერთან სხვადასხვაგვარი მანიპულაციის სურვილს, ამ უცხო მოწყობილობის თვისებების შესწავლის მიზნით.

კომპიუტერთან მანიპულაციებმა ბავშვები მოულოდნელ აღმოჩენებთან მიიყვანა. თითოეული აღმოჩენა სხვა, ახალი აღმოჩენისკენ უბიძგებდა მათ. მაგალითად, აღმოჩენამ, რომ სიმბოლოზე (ნიშანზე) დაწკაპებით ეკრაზე გამოსახულება იცვლება, ბავშვებს ინტერესი გაუღვივა და უბიძგა ყველა არსებულ სიმბოლოზე დაეწკაპებინათ, იმის სანახავად, თუ რა მოხდებოდა შემდეგ.

მაგალითად, ისინი, ვინც ერთხელ უკვე ნახა Paint-ის სახატავი პროგრამა და ისწავლა მისი გამოყენება, დაინტერესდნენ ამ პროგრამით, დახატეს ან გააფერადეს სხვადასხვა სურათი, რამაც მათში სახატავი პროგრამისთვის საჭირო უნარები განავითარა.

თამაში ბავშვებს ეხმარება, მოახდინონ უკვე შეძენილი ცოდნის კონსოლიდაცია და განივითარონ ამ ცოდნის გამოყენებისთვის საჭირო უნარები. დამატებით უნდა აღვნიშნოთ, რომ თამაშს ხშირად ახალი აღმოჩენებისკენ მივყავართ, რომლებიც აღძრავენ ცნობისმოყვარეობას და გვიბიძგებენ სიახლის ძიების ახალი რაუნდებისკენ.

ახლის ძიებას მივყავართ თამაშამდე, თამაშს – მეტი ძიებისკენ და ა.შ. თანაზიარობა ან ახლის გაზიარების სურვილი ბავშვებს უბიძგებს სიახლისა და აღმოჩენების ერთად განცდისკენ, ერთად თამაშისკენ. როდესაც ერთი ბავშვი რაღაც ახალს აღმოაჩენს (ისწავლის), როგორიც იყო, მაგალითად, სიმბოლოზე დაწკაპუნება, იგი სიხარულით უჩვენებს ამას სხვებს, რაც უკვე მათ დაინტერესებასა და სიხარულს იწვევს.

ბავშვებში თანაზიარობის თვისება და საერთო ენის ცოდნა, შესაძლებლობას აძლევს თითოეულ ბავშვს, გაავრცელოს ახალი აღმოჩენა, სიახლე თუ სიხარული სხვებს შორის. ერთის მიერ ნანახი სიახლე ხანძარივით გადაედება მთელ ჯგუფს; ბავშვი ჰყვება ამ ახალ ამბავს თავის მეგობართან უკვე სხვა ჯგუფში და ახალი ამბავი უკვე ამ ჯგუფში ვრცელდება ხანძრის სიჩქარით. დოქტორმა მიტრამ, კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ ასეთი ქსელურ-სოციალური კავშირების მეშვეობით, თითოეულმა გარეთ დამონტაჟებულმა კომპიუტერმა, კომპიუტერთან მუშაობის უნარები გამოუმუშავა სამას ბავშვს!

დოქტორი მიტრას სურვილია, რომ ასეთი გარეთ დამონტაჟებული კომპიუტერები არსებობდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ღარიბულ უბანში. ასე დამონტაჟებული კომპიუტერების საშუალებით თავისით, სკოლისა და მასწავლებლების გარეშე გახდება შესაძლებელი წერა-კითხვის უცოდინარობის აღმოფხვრა და საშუალება მიეცემა ღარიბებს, ეზიარონ მსოფლიო ცოდნას.

დოქტორი მიტრა (2003) ასეთ განათლებას უწოდებს „განათლებას მინიმალური ჩარევით“, ქირურგიაში დამკვიდრებული ტერმინის – „მინიმალური ინვაზიური ქირურგია“ – ანალოგიით.

ანთროპოლოგების ანგარიში, მონადირე-შემგროვებლების კულტურაში განათლების შესახებ

დაკვირვებების მეორე ჯგუფი მონადირე-შემგროვებელთა ეპოქის ადამიანების ანთროპოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა. სოფლის მეურნეობა, როგორც ასეთი, დაახლოებით 10,000 წლის წინ გაჩნდა (Diamond, 1997). მანამდე, ასობით ათასი წლის განმავლობაში, ჩვენ, ადამიანთა მოდგმა გაერთიანებული ვიყავით მცირე რაოდენობის მომთაბარე რაზმებში და თავს ნადირობითა და საკვებად ვარგისი მცენარეულის შემგროვებლობით ვირჩენდით.

ჩვენი ადამიანური ბუნება, თამაშისა და კვლევის სურვილების ჩათვლით, ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ჩამოყალიბდა მონადირეობა-შემგროვებლობის პერიოდში.

დღეს უკან ვეღარ დავბრუნდებით და ვერ შევისწავლით ჩვენს წინაპრებს, მაგრამ დაახლოებით 20-30 წლის წინ ანთროპოლოგებს მსოფლიოს მიყრუებულ, იზოლირებულ კუთხეებში ჯერ კიდევ შეეძლოთ მონადირე-შემგროვებელი ხალხების პოვნა, რომლებსაც არ შეხებია თანამედროვე ცივილიზაცია.

თამაშის შესახებ ჩემი გამკვლევების ნაწილი გახლდათ ანთროპოლოგიური ლიტერატურის კითხვა და ასეთ კულტურებში ბავშვების ცხოვრების თავისებურებების შესწავლა. გარდა ამისა, მე ჩემს სადოქტორო სტუდენტთან ბ-ნ ოგასთან ერთად ჩავატარე ანთროპოლოგ მეცნიერთა გამოკითხვა. ეს ის მეცნიერები გახლდნენ, ვინც დიდი ხანი იცხოვრა მონადირე-შემგროვებელ ხალხებთან ერთად. ჩვენ მეცნიერებს გავუგზავნეთ კითხვარი, ასეთ კულტურებში მცხოვრები ბავშვების შესახებ (Gray & Ogas, 1999).

ცხრა სხვადასხვა ანთროპოლოგმა, რომლებიც მონადირე-შემგროვებელთა ექვს სხვადასხვა კულტურას შეისწავლიდნენ – სამს აფრიკაში, ორს აზიაში და ერთს ახალ გვინეაში – ჩვენი კითხვარი შეავსეს. რა თქმა უნდა, ყველა კულტურა თავისთავად უნიკალურია, ლიტერატურის მიმოხილვამ და კითხვარის პასუხებმა გამოავლინეს კულტურათშორისი თანმიმდევრობა და შეთანხმებულობა. კვლევის შედეგებს შევაჯამებ სამი ძირითადი დასკვნის სახით შევაჯამებ (რომლებიც ეყრდნობა შემდეგ ლიტერატურას: Draper [1976]; Gosso et al. [2005]; Konner [1972]; Marshall [1976]; & Turnbull [1968].)

დასკვნა 1: მონადირე-შემგროვებელი კულტურის წარმომადგენელ ბავშვებს, იმისათვის, რომ ჰქონდეთ წარმატებული ზრდასრულობა, ძალიან დიდი მოცულობის ცოდნის შეძენა უწევთ.

იმისთვის, რომ კარგი მონადირე გახდეს, ბიჭმა უნდა იცოდეს, როგორ გაარჩიოს და ინადიროს ორასიდან სამასამდე სხვადასხვა სახეობის ფრინველზე და ძუძუმწოვარა ცხოველზე, რომლებზეც მისი ტომის ხალხი ნადირობს.

ბავშვმა (ბიჭმა) უნდა ისწავლოს სანადირო იარაღების დამზადება, როგორებიცაა, მშვილდ-ისარი, ისრების სასროლი მილი, სასროლი შუბი, კაკანათი, ბადე და მრავალი სხვა საშუალება ნადირობისთვის (ჩამონათვალი დამოკიდებულია კულტურაზე).

გარდა იარაღების დამზადებისა და მათთვის საჭირო ნედლეულის/მასალების შერჩევისა, საჭიროა ყველა იარაღის მარჯვედ გამოყენების დასწავლა.

გოგონებისთვის კი შემგროვებლობა ნიშნავს უსასრულო სახისა და სახეობის მცენარეების, ფესვების, თხილეულის, თესლების, ხილის, მწვანილეულისა და სხვა, საკვებად ვარგისი და საკვები ღირებულების მქონე ბუნებრივი მასალის კარგად ცოდნასა და გარჩევას; მათი შეგროვების, მოკრეფის სეზონებისა და გავრცელების ადგილების კარგად ცოდნას; მცენარეებისგან საკვებად ვარგისი ნაწილების მოპოვება-გამოყენებას; ამ ურიცხვი მასალის მომზადებისა და შენახვის წესებს.

დამატებით ამ ყველაფერზე, მონადირე-შემგროვებელთა ბავშვებმა უნდა ისწავლონ ქოხებისა და თავშესაფრის მშენებლობა, ცეცხლის დანთება, საჭმლის მომზადება, მტაცებლებისგან თავის დაცვა, ამინდის ცვლილების წინასწარმეტყველება (დაკვირვებითა და გამოცდილებით), სანადირო და საკვები ბაზის ადგილების ზედმიწევნით ცოდნა, დაავადებების, ჭრილობებისა და დაზიანებების მკურნალობა, მშობიარობის დროს დახმარება, ჩვილი ბავშვების მოვლის წესები, ჯგუფში, ტომში ურთიერთშეთანხმებისა და ჰარმონიის წესების დადგენა-შენარჩუნება, თხრობის კულტურა, მუსიკა, ცეკვა და კულტურული რიტუალების შესრულება.

დასკვნა 2: ბავშვები ამ ყველაფერს თავისთავად სწავლობენ.

მონადირე-შემგროვებლებს არ აქვთ ბავშვების სწავლების რაიმე ფორმალური პროცედურები. თუ მათ მოზრდილებს ჰკითხავთ, „როგორ სწავლობენ ბავშვები?“, გიპასუხებენ რომ ისინი თვითონვე სწავლობენ, თავიანთი შერჩეული აქტივობებით – აქტივობებით, რომლებსაც ჩვენ „თამაშსა“ და „გარემოს შესწავლას“ ვეძახით. ეს წესი საერთო აღმოჩნდა მონადირე-შემგროვებელთა ყველა კულტურაში, რომლებიც შეისწავლეს.

დასკვნა  3: ბავშვებს უამრავი დრო აქვთ თამაშისა და „აქეთ-იქით ხეტიალისთვის“.

ჩვენი რესპონდენტები ერთსულოვანნი იყვნენ იმაში, რომ მონადირე-შემგროვებელთა ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც ისინი აკვირდებოდნენ, ძირითადად, მთელი დღეების განმავლობაში თავისუფლები იყვნენ. მათ შეეძლოთ ეთამაშათ, ეძრომიალათ, ეხეტიალათ დასახლების შემოგარენში, მოზრდილთა კონტროლის და ზედამხედველობის გარეშე და ეს სრულად ეთანხმება, მონადირე-შემგროვებელთა შესახებ ჩატარებულ ანთროპოლოგიურ კვლევებში მოცემულ დაკვირვებებს.

ამ კულტურების აღქმით, არავინ ელის რაიმე პროდუქტიულ შრომას ან შედეგებს ბავშვების ან მოზარდებისგან. მათივე არჩევანით, ბავშვები დაკავებულნი არიან იმ აქტივობებით, რომლებიც მათ სურთ და რომლებიც მათთვის გარკვეულწილად სავარჯიშოა, თამაშის სახით.

მაგალითად, ბიჭები დაუსრულებლად თამაშობენ ნადირობის თამაშებს, ჰბაძავენ რა მამების ქცევას. პატარა მშვილდებითა და ისრებით, ისინი ჯერ პეპლებს და გომბეშოებს ესვრიან, შემდეგ კი მცირე მღრღნელებს ან სხვა პატარა ცხოველებს.

დროთა განმავლობაში, ბიჭები უკვე იწყებენ მცირე ზომის ნადირის მონადირებას და ამით წვლილი შეაქვთ საერთო, კომუნალური საკვების მოპოვებაში. შემდეგ, მათი თამაშ-თამაშით მონადირებული, ნელ-ნელა რეალური ნადირობის სახეს იძენს, თუმცა თამაშის სულისკვეთებით სრულდება.

ჩვენმა რესპონდენდენტებმა, გარდა ნადირობისა, ბავშვების აქტივობების ბევრი სხვა მაგალითი მოიყვანეს, რომლებიც მოზრდილთა საქმიანობის პირდაპირ იმიტაციას წარმოადგენენ და რომლებიც ბავშვების თამაშის ნაწილია.

ფესვებისა და ძირხვენების მოთხრა, თევზაობა, მაჩვ-ზღარბებისა და თხუნელების სოროებიდან კვამლით განდევნა, საჭმლის მომზადება, ჩვილთა მოვლა, პატარა ქოხების მშენებლობა, ხეებზე ძრომა, ლიანებისგან კიბეების მომზადება, დანებისა და სხვა იარაღების გამოყენება, ტვირთის გადაზიდვა, ტივის შეკვრა, ცეცხლის დანთება, მტაცებლებისგან თავდაცვა, ცხოველების მიბაძვა (რაც ნიშნავს მათ ზედმიწევნით ცოდნასა და მათი მოძრაობების გამეორებას), სიმღერა, ცეკვა, ამბების თხრობა და კამათი სხვებთან – ეს ყველაფერი ანთროპოლოგების მიერ გამოგზავნილ პასუხებში ვიპოვეთ და ეს ჩამონათვალი ბევრგან მეორდებოდა.

წყარო: https://cdn2.psychologytoday.com/assets/attachments/1195/natures-powerful-tutors.pdf

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

დაამსხვრიე „ბორკილები“! -მოსწავლეებთან ერთად გააზრებული ტექსტებით

0

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში შემიყვარდა დონალდ ბისეტი, როცა მისი „ყველაფერი ყირამალა“ პირველად წავიკითხე. ვერ გეტყვით, ისევე აღვიქვამდი თუ არა ამ პატარა ზღაპრებს მაშინ, როგორც დღეს აღვიქვამ, მაგრამ ფაქტია, რომ მან მასწავლა განსხვავებული ხედვა, მან მასწავლა ფრენა! ბავშვობაში კლასელებისგან განსხვავებულად ვაზროვნებდი და ერთხელ ერთმა მეგობარმა თქვა: „წვეტიანი აზრები აწუხებსო“. კი! დღესაც ასეა, ოღონდ დღეს ამ „წვეტიან აზრებს“ კრეატიულობა და ორიგინალურობა ჰქვია.

მე-3 კლასის „მშობლიურ ენაში“ ნესტან კუპრავას შეტანილი აქვს ბისეტის „როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას“, „დედა წერტილი და შვილი წერტილი“ და „ყიყინა საფოსტო ყუთი“. მე მხოლოდ პირველ ორზე შევჩერდები. მგონია, რომ ამ ორი ტექსტის სიღრმისეული გააზრება ადამიანებს სტერეოტიპებთან ბრძოლაში დაეხმარება, თავისუფლებასა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას ასწავლის, ამასთანავე გაააზრებინებს, რომ ზოგჯერ სურვილების აუსრულებლობა უფრო მეტად გვზრდის, ვიდრე ასრულება.

ამ ქვეტექსტების ამოკითხვას მესამეკლასელი ბავშვი მარტო ვერ შეძლებს, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემეული ხედვა თქვენთვისაც გამეზიარებინა, რადგან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისეთი უნარების ჩამოყალიბება, როგორებიცაა პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ეთიკა, მეოცნებე იკაროსის გარშე, გარწმუნებთ, ნამდვილად უფერული იქნება.

მთელ ტექსტს აქ არ მოვიყვან, მაგრამ პოსტულატებად ჩავდებ იმ წინადადებებს, რომლებზეც ღირსეული პიროვნებები უნდა აღიზარდონ.

ამ ასაკის ბავშვებისთვის ა. წერეთლის „ღამურა“ ცოტა ნაადრევია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ტექსტის დაწყებამდე აყურებინებთ ძველ ქართულ ანიმაციურ ფილმს „ერთი პატარა თაგუნა“. დაუსვით კითხვები: რა აზრი ჰქონდა თაგუნას ვეფხვად, ძაღლად ან კატად გადაქცევას? რა უფრო მნიშვნელოვანია – შიგანი თუ გარეგანი მხარე?

ამის შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, დააკვირდნენ ახალი პერსონაჟის ქცევას ტექსტში.

ზღაპარი იმით იწყება, რომ გოჭს ფრენა უნდა და ჯადოსნურ წყაროსთან მიდის ნატვრის ასასრულებლად. წყაროც ფრინველად გადაქცევას სთავაზობს.

საოცარია გოჭის პასუხი: „არა, მე გოჭობა მინდა! მინდა, გოჭი ვიყო და თანაც ვიფრინო“.

მრავლისმნახველი წყარო კი პასუხობს, რომ გოჭების ფრენა არავის გაუგონია!

აქ ნამდვილად დროული იქნება კითხვა: უნახავთ თუ არა მფრინავი გოჭი? შეიძლება, გოჭი გაფრინდეს? არა? რატომ?

უნდა ვეცადოთ, ბავშვებს გავააზრებინოთ, რომ ოდესმე ყველაფერი სრულდება და ახალი იწყება. წინათ არც თვითმფრინავები არსებობდა, არც მობილურები და მანქანები, მაგრამ ისინი იკაროსისნაირმა მეამბოხე, მშრომელმა და იდეისთვის მებრძოლმა ადამიანებმა შექმნეს! ამ ბრძოლაში შეიძლება დამარცხდე როგორც ჯორდანო ბრუნო, მაგრამ თუ არ დანებდები, იდეას აუცილებლად აქცევ რეალობად.

ამის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე, გოჭი წრუწუნასთვის შეედარებინათ. რა ჯობია: ვეფხვად ქცევა თუ თვითმყოფადობის შენარჩუნება?

ბავშვებს თავიდან გაუჭირდათ პასუხის გაცემა, მაგრამ გავახსენე „პატარა ქალთევზა“ (მე-40 წთ), „პრინცესა და ბაყაყიც“ (21-ე წთ) და დავუსვი კითხვები: რა წაართვა სანაცვლოდ ჯადოქარმა ქალთევზას? რის წართმევას აპირებს წყარო, როცა ეუბნება გოჭს: „თუ ძალიან გინდა, მოგიხერხებ, ოღონდ ამისთვის ჯერ ფრინველად უნდა გაქციოო?“ ბავშვები უმალვე დაინახავენ სწორ არჩევანს!

ამ სამი ზღაპრის დახმარებით ბავშვები მივახვედრე, რომ იოლად არაფერი მოდის და თუ ვინმე განსაკუთრებული სურვილის ასრულებაში დაეხმარება, სანაცვლოდ ძალიან ძვირფას წაართმევს, როგორც სამივე შემთხვევაში მოხდა: სურვილის სანაცვლოდ თავის ძვირფას მეს კარგავენ პერსონაჟები, რაც თავისთავად ახლობლების დაკარგვას ნიშნავს. ამასთანავე, ისინი თავისუფლებასაც კარგავენ, ანუ მონები ხდებიან. თავისუფლების დაკარგვა ფაქტობრივად პიროვნების სიკვდილს ნიშნავს!

აქ მნიშვნელოვანია შემდეგი კითხვების დასმა: როგორ უნდა მოიქცე, აღარ უნდა ინატრო რამე? თუ ჯადოქრობას ან ვინმე ძალიან ძლიერს არ უნდა მიმართო სურვილების ასასრულებლად? თქვენ როგორ იქცევით, როცა რაღაც ძალიან გინდათ? როგორ ფიქრობთ, შეძლებს გოჭი ფრენას თუ ვერა?

თუ ტექსტს დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ გოჭი ნაწყენია წყაროზე, თუმცა დროს უქმად არ კარგავს და გზადაგზა სურვილის ასასრულებლად ახალ გეგმას სახავს. ამ გეგმაში ახალი პერსონაჟები – ფრინველები ჩნდებიან, და არა ერთი და ორი – ალბათ იმ ტყის ყველა ფრინველი! გოჭი ყველა მათგანთან მიდის და სათითაოდ სთხოვს თითო ბუმბულს (ერთი ბუმბული კი აბა, რა სალაპარაკოა?!). მაგრამ ბუმბულები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გოჭი გაფრინდეს. მაშ, რა ხდება? იკაროსი საფრენი აპარატის – ფრთების შექმნას აპირებს!!! ის აკვირდება ფრინველებს, შეისწავლის მათ ფრთებს და აწყობს თარგს. გოჭი ხვდება, რომ საშიშ ექსპერიმენტს ატარებს და არჩევს მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ადგილს, სადაც კრახი უმტკივნეულო იქნება. იკაროსი ადის ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე და იქიდან ხტება თავისი ფრთების, თავისი გამოგონების გამოსაცდელად. თანაც მარტო კი არ მიდის – ცნობისმოყვარეთა მთელი არმია მიჰყვება, სხვისი თანდასწრებით კი ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა არ არის იოლი, მაგრამ გოჭი ამისთვისაც მზადაა, რადგან გამოცდისა და კრიტიკის გარეშე იდეის სისწორეში ვერასოდეს დარწმუნდება.

ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია – ბავშვებმა უნდა გაიაზრონ გოჭის მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, გონიერება. მას მიზნის მისაღწევად ორი გეგმა აქვს შემუშავებული: მოკლე, რომელიც თრგუნავს, ანგრევს და გრძელი, რომელიც არის ძიების, ცდის, შემოქმედების და მარცხის ან გამარჯვების გზა. ეს უკანასკნელი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა!

აი, იკაროსი კლდიდან გადახტა… და ყველასთვის მოულოდნელად გაფრინდა!.. გოჭი გაფრინდა და ესაა ყველაზე საოცარი დასასრული, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს გოჭმაც და ცნობისმოყვარე ხალხმაც. სწორედ ამ დროს იქცევა პატარა გოჭი უდიდეს გამომგონებლად, წყაროზე ძლიერ ჯადოქრად! მან მეობაც შეინარჩუნა და ნატვრაც აიხდინა! აქ მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ, რომ ყველაზე დიდი ჯადოქარი თვითონ ადამიანია, მხოლოდ მას შეუძლია ყველა სურვილის ასრულება, ოღონდ მისი ჯადოსნობა შრომაა!!!

მოგვიანებით ამ აღმაფრენას უდიდესი ემოცია მოჰყვება, გოჭი ვერ უძლებს დიდ სიხარულს და უფრო და უფრო ზემოთ მიფრინავს. სამწუხაროდ, მზის სიცხე წვავს თოკებს და იკაროსი წყალში ვარდება.

რა მოხდა? როგორ შეაფასებთ გოჭს? – თუ ამ კითხვებს დაუსვამთ მოსწავლეებს, ბავშვები გიპასუხებენ, რომ გოჭი ამპარტავნებისთვის დაისაჯა.

მაგრამ შემოაბრუნეთ ბავშვები იკაროსისკენ და დაუმეგობრეთ მას. გოჭს რომ სცოდნოდა, რომ მისი გამოგონება ასე მაღლა ფრენის საშულებას მისცემდა, იქნებ უფრო შესაფერისი რამე გამოეყენებინა ფრთების დასამაგრებლად?

განა ამხელა სიხარულთან, ამხელა ბედნიერებასთან გამკლავება ასე ადვილია? ის ბედნიერია, მან გამოცდილი და მრავლისმნახველი წყაროს სტერეოტიპი დაამსხვრია! დიახ, ის პირველი გოჭია, რომელიც გაფრინდა!  არ გაუხარდებოდა?!

თქვენ არ გაგიხარდებოდათ მის ადგილას?! – გაგიხარდებოდათ და თანაც როგორ! მიწაზე რომ ყოფილიყო, იხტუნავებდა, მაგრამ ცაში იყო და უნდოდა, მზისთვის ეთქვა თავისი გამარჯვების შესახებ!!! – გაუჩინეთ ემპათია ბავშვებს ბედნიერი (ქართულ სინამდვილეში ხომ ბედნიერები არ უყვართ) და განსხვავებული ადამიანების მიმართ!

ასწავლეთ, რომ დიდ სიხარულთან გამკლავებაც არ არის ადვილი, ზოგჯერ საუკეთესო საქმეს დიდი ემოცია ანგრევს. სწორედ დიდმა სიხარულმა დაავიწყა გოჭს სიფრთხილე! ანუ გოჭი ემოციურია და არა ამპარტავანი!

რა ხდება შემდეგ? სველი, შეშინებული, დარცხვენილი იკაროსი დედასთან გარბის ამბის მოსაყოლად და განაჩენის მოსასმენად, მაგრამ დედა ამშვიდებს და აქებს, ეიბნება, რომ ის გმირია, პირველი მფრინავი გოჭი! ნორჩ გამომგონებელს ეჭვი ღრღნის, ფიქრობს, რომ დედამ დაინდო და სურს, წყაროს აზრი მოისმინოს – მან ხომ პირველმა უთხრა, რომ მფრინავი გოჭები არ არსებობენ! ასეთი სტერეოტიპული აზროვნების საფუძველი ხომ ჯადოსნური წყაროა!

სასოწარკვეთილი, ცრემლმორეული იკაროსი მიდის მის უდიდესებულება ჯადოსნურ წყაროსთან და გულდათუთქული აღიარებს, რომ გოჭების ფრენა მართლაც არ შეიძლება.

საბოლოო სიტყვა კი წყაროზეა. მასზეა დამოკიდებული, გოჭი მომავალში გადახედავს და დახვეწს თავის გამოგონებას თუ აღარასოდეს გაიხედავს მისკენ.

და, ჰოი, საოცრებავ, წყაროს მანამდე არ უნახავს მფრინავი გოჭი, მაგრამ სჯერა, რომ მომავალში მილიონობით მფრინავი გოჭი იარსებებს და ის აქებს პატარა გენიოსს: „ასწიე თავი მაღლა!.. შენ მაინც ყოჩაღი ხარ, იკაროს!“

როდესაც ჩემს პატარებს ვკითხე, რას ფიქრობდნენ გოჭის მომავალზე, იზრუნებდა ის ფრთების გაუმჯობესებაზე თუ არა, ბავშვებმა მიპასუხეს, რომ იკაროსი აღარასდროს გაიმეორებდა ამას!!!

ამ სიტყვებმა დამარწმუნა, რომ ბავშვებს სხვისი აზრის ეშინიათ. შეცდომის ეშინიათ და მე, როგორც მასწავლებელს, მევალება ვასწავლო მათ, რომ საკუთარ აზრს მოუსმინონ, გათვალონ რისკები, ისწავლონ, რომ დიდ იდეებს ბევრი გამკიცხავიც ეყოლება და ბევრი დამარცხებაც მოჰყვება, მაგრამ გამარჯვებისთვის ბრძოლა ღირს! გამარჯვება მხოლოდ რამდენიმე ცდის შემდეგ მოდის.

კარგი იქნება, თუ ბავშვებს დავანახებთ, როგორი იყო იკაროსი ტექსტის დასაწყისში და რად იქცა ბოლოს: პატარა გოჭისგან ის მებრძოლ, მშრომელ გამომგონებლად (ჯადოქრად) ჩამოყალიბდა.

ამის შემდეგ აჩვენეთ პატარებს ქართველი ზვიად ციკოლია და უთხარით, რას ქმნის ის. შეახვედრეთ და გაასაუბრეთ. ბავშვებს აღარასდროს შეეპარებათ ეჭვი, რომ აუცილებლად უნდა იფიქრონ და იოცნებონ!

საინტერესო კომპლექსური დავალებები იქნება: „გოჭის დახასიათება“, „პიროვნების ტრანსფორმაცია იკაროსის მიხედვით“. გააკეთებინეთ ფრთები და დაწერეთ ამ ფრთებზე მათი ყველა ოცნება. ოდესმე დადგება ამ ფრთების გაშლის დრო!

მჯერა, რომ დონალდ ბისეტი თავის იკაროსთან ერთად ახალი გენიოსების თუ არა, მამაცი, დამოუკიდებელი, სტერეოტიპული აზროვნებისგან თავისუფალი ადამიანების აღზრდაში მაინც დაგვეხმარება.

„დედა წერტილი და შვილი წერტილი“ – დედების და, საზოგადოდ, უფროსების შეზღუდვებს უსვამს ხაზს. სამწუხაროდ, დღესაც ცოცხალია აზრი, რომ დედა (ქალი) მუდამ სერიოზულად უნდა იქცეოდეს, რომ მას გართობის უფლება არ აქვს. ფანქრის (სტერეოტიპული აზროვნების) მიერ შემოვლებულ რკალშია დღესაც ქალი და მას მხოლოდ საჭიროებისთვის ათავისუფლებენ. ჩემი მესამეკლასელი გოგონა მეუბნება, დედები ყოველთვის სერიოზულები უნდა იყვნენო. როცა ვკითხე, მასთან ერთად წრეში თამაშისას მჭირდებოდა თუ არა სერიოზულობა ან ნიშნავდა თუ არა ეს, რომ მე ცუდი მასწავლებელი ვიყავი, შეცბა. არა, მასო, – მიპასუხა. ამ გოგონას კლასელი ბიჭი კი მეუბნება, კაცს ყოველთვის ქალზე მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ ოჯახი არჩინოსო. თითქოს არაფერია ამაში ცუდი, მაგრამ როცა ვკითხე, რა უნდა ქნან იმ ქალებმა, რომლებსაც ქმრები გარდაეცვალათ, მცირე ხელფასით შვილებს დააპურებენ-მეთქი? – დაიბნა. რა თქმა უნდა, ამ პატარებს არასოდეს უფიქრიათ თავიანთ სოციუმში გამყარებული აზრის საწინააღმდეგოდ, მაგრამ როგორც კი ერთ პატარა კითხვას დაუსვამ და დააფიქრებ, მცდარად ჩაბეტონებული აზრი მაშინვე ჩამოიმსხვრევა.

ამ პატარ-პატარა სტერეოტიპების დამსხვრევით ცდილობს ბისეტი დიდი და შეზღუდული აზროვნების დამსხვრევას. ყველა ქვეყანას, ეპოქას თუ საზოგადოებას თავისი სტერეოტიპული ბორკილები ადევს. კარგი იქნება, თუ ბავშვებს მათ გარშემო არსებული სტერეოტიპების დამსხვრევაში დაეხმარებით, ამისთვის კი უპრიანი იქნება, შესთავაზოთ ახალი კომპლექსური დავალება სათაურით: „დაამსხვრიე ბორკილები“. მიეცით კითხვების ჩარჩო, რომლებიც მათ საკუთარ სოციუმში არსებული სტერეოტიპების დანახვაში, გაანალიზებასა და დამსხვრევაში დაეხმარება. წააკითხეთ ისინი კლასის წინაშე და იმსჯელეთ. რამდენიმე კითხვას აქაც შემოგთავაზებთ, თუმცა, ბუნებრივია, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ან გამოაკლოთ რამე:

  1. რომელი სტერეოტიპები დაამსხვრია ბისეტმა?
  2. შენ რას ფიქრობ ამ შეხედულებებზე?
  3. რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული პიროვნების იდენტობის შენარჩუნება?
  4. დაასახელე ერთი ან ორი სტერეოტიპი, რომლებსაც შენ გარშემო ხვდები და დაამსხვრიე.
  5. როგორ უნდა დაამკვიდრო განსხვავებული აზრი?
  6. რა მოუვიდოდა სამყაროს, ყველას რომ სტერეოტიპულად ეაზროვნა?
  7. საკმარისია მხოლოდ ერთი ან ორი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ფუნდამენტური ცვლილებების მოსახდენად?
  8. შენ მოგწონს სტერეოტიპულად მოაზროვნე საზოგადოებაში ცხოვრება?
  9. რა არის საჭირო სტერეოტიპების დასამსხვრევად?
  10. ურჩიე მეგობრებს, წაიკითხონ ბისეტის „ყველაფერი ყირამალა“, აუხსენი, რატომ უნდა წაიკითხონ და რას ისწავლიან ამ პატარა წიგნით.

მჯერა, რომ ბისეტსა და ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ასე გააზრებული ტექსტებით გაცილებით უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებას შევუწყობთ ხელს, ვიდრე ახლა გვაქვს.

 

თამაშის აპოლოგია (ბავშვობა, ლიტერატურა, ჭადრაკი)

0

მეტისმეტი სერიოზულობა დამღლელია. სწორედ ამიტომ მიმართავს ადამიანი თამაშის ხელოვნებას. ის კი არა, ზოგი მოაზროვნის აზრით, ადამიანის ყოფის ეგზისტენციალური არსი თამაშია. შეგახსენებთ ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ მეტაფორას ადამიანის განვითარების ეტაპების შესახებ. იგი საუბრობს სამ საფეხურზე: აქლემზე, ლომსა და ბავშვზე. აღსანიშნავია, რომ ბავშვი (ბავშვობა, ბავშვურობა) ნიცშესთან უმაღლესი საფეხურია. და რით უპირატესობს იგი დანარჩენებზე? სწორედ იმით, რომ ბავშვი თამაშობს, თამაშობს გულწრფელად და ზოგჯერ გულწრფელობითაც თამაშობს. ბავშვი თამაშით სრულყოფილად ახორციელებს საკუთარ თავისუფლებას. თამაში და თავისუფლება განუყოფელი ცნებებია, ისინი ერთმანეთისგან გამომდინარეობს. სახარებაშიც გვხვდება ასეთი გამონათქვამი: „იყავით ბავშვებივით“.

ყველა დიდი ლიტერატურული ნაწარმოები რაღაც აზრით თამაშია. ხშირად საუბრობენ პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში თამაშის მნიშვნელობის შესახებ, რაც სამყაროს უგრძნობლობითაა გამოწვეული. პოსტმოდერნისტი ავტორი თამაშით თითქოს სამყაროს გამოფხიზლებას ცდილობს. ცდილობს, ადამიანის ტანჯვა-წამებას სერიოზულობა დაუკარგოს და ფარსად აქციოს. ესეც ერთგვარი პროტესტია. ონტოლოგიურ კითხვებზე პასუხი გნებავთ? – ირონიულად კითხულობს პოსტმოდერნისტი მწერალი, – დაივიწყეთ მსგავსი კითხვები, ისინი უბრალოდ არ არსებობენ. ცხოვრების განსაზღვრულ ეტაპზე ადამიანი აცნობიერებს, რომ სამყარო არც ისეთი ჰარმონიული და მოწესრიგებულია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მწერლები ამას განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან. ამის გამო ბევრი ჩვენი დროის მწერალი გამოირჩევა პოსტმოდერნისტული მგრძნობელობით. სამყაროს უგრძნობლობამ მწერალი მეტისმეტად მგრძნობიარე გახადა და მან თამაშის ხელოვნებას მიმართა. აქ იბადება უცნაური პარადოქსი: ადამიანური ყოფის ტრაგიკულობა ტრაგედიის არარსებობაა. ამის დამტკიცებას ცდილობს თანამედროვე ავტორი.

თამაში ლიტერატურაში პოსტმოდერნიზმის მონაპოვარი სულაც არ გახლავთ, იგი ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში არსებობდა. ძველი ბერძენი დრამატურგები საშინელ ტრაგედიებსაც სცენაზე თამაშის ხელოვნებად აქცევდნენ. რატომ ჰქონდა ძველ ბერძენს თამაშისკენ ასეთი ძლიერი მიდრეკილება? იმდროინდელი ეგვიპტელისთვის ეს ხომ სრული გაუგებრობაა. რატომ ეჯიბრებით, რა საჭიროა? – კითხულობს გაკვირვებული ეგვიპტელი, რომელმაც ეს-ეს არის უდიდესი ძეგლი დაუდგა სტატიკურობას – პირამიდა! ბერძენი კი ოლიმპიურ თამაშებს აჩვენებს… იქნებ მთელი ეს ბერძნული სამყარო, თავისი ესქილეებით, სოფოკლეებით, ევრიპიდეებითა და არისტოფანეებით, ელინთა ოინბაზი ღვთაების ჰერმეს ფსიქოპომპოსის თამაშის ხელოვნების უმაღლესი გამოვლინებაა და მეტი არაფერი? ბოლოს და ბოლოს უილიამ შექსპირს ეს სამყარო თეატრად წარმოედგინა, სადაც თითოეულ ჩვენგანს გარკვეული როლი აკისრია.

არისტოფანე შემთხვევით არ მიხსენებია. არის კი არსებითი განსხვავება ტრაგედიასა და კომედიას შორის? იქნებ ისინი ერთმანეთში გადადიან და ამიტომ გვიჭირს სასაცილოსა და სატირალის გამიჯვნა (გამონათქვამი: სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს)? ხშირად ვართ მდგომარეობაში, როცა თან ვიცინით და თან ვტირით. ამ მდგომარეობას ენამ გამოსავალი მოუძებნა და უწოდა ტრაგიკომიკური. ის კი არა, ბერძნული ფილოსოფიაც თამაშის ხელოვნებიდან ამოიზარდა. თალესის მიერ სამყაროს პირველსაწყისად გამოცხადებული წყალი, ანაქსიმანდრეს აპეირონი, ანაქსიმენეს ჰაერი, ჰერაკლიტეს თეორია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლის შეუძლებლობისა და მარადიული ცეცხლის ანთებისა და ჩაქრობის შესახებ, შეიძლება მეტაფიზიკურ-დიალექტიკური თამაშის აპოლოგიად მივიჩნიოთ. „მარადისობა კენჭებით მოთამაშე ბავშვია, ბავშვს ეკუთვნის მეუფება ამა ქვეყნისა“, – წერდა ეს ეფესელი მოაზროვნე. შეგახსენებთ პლატონის ცინიკური იუმორით სავსე დიალოგებსაც, სადაც ავტორი განაქიქებს ჰომეროსის პოეზიას, ბოლოს კი თავისი დიალოგის (მიგელ დე უნამუნო მის დიალოგებს რომანებს, უფრო სწორად, რიმანებს უწოდებდა) პერსონაჟს, ვთქვათ, გლავკონს, რომელსაც სოკრატემ ჰომეროსის პოემების აბსურდულობა დაუსაბუთა, ათქმევინებს: ყველაფერში გეთანხმები, სოკრატე, მაგრამ მე მაინც ვგიჟდები ჰომეროსის პოეზიაზეო. ამ ერთი წინადადებით პლატონმა თითქოს თვითონვე გააცამტვერა თავისი დიალოგის მთავარი აზრი, მთელი მსჯელობა წყალში ჩაყარა და მაინც ირაციონალურ საწყისს მიანიჭა უპირატესობა, როგორც რაღაც შეუცნობელ ძირითად პოეტურ ინსტინქტსა თუ სტიქიონს. ამის შემდეგ მე-20 საუკუნემდე იყო არაერთი ასეთი ტიპის ნაწარმოები, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. მე-20 საუკუნეში კი ზემოთ ნახსენებ ფრიდრიხ ნიცშეს გამოუჩნდა მიმდევარი – იოჰან ჰაიზინგა, რომელმაც მთელი საკაცობრიო კულტურის არსი თამაშის ხელოვნების გამოვლინებად ჩათვალა. დაგვიწერა კიდეც ცნობილი ნაშრომი „Homo Ludens“ („ადამიანი მ ო თ ა მ ა შ ე“). შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თამაში კულტურაზე ძველია, მაგრამ ის ქმნის კულტურას.

ლიტერატურაში როგორ გამოვლინდა თამაშის არსი? ზოგ წიგნში ავტორმა სათაურშივე ახსენა ის, ზოგმა ირიბად მიგვანიშნა მასზე. ჰაიზინგამდე იყო ფიოდორ დოსტოევსკი, ნიცშეს თანამედროვე, რომელიც აზარტული თამაშების მეშვეობით სახიფათოდ ეთამაშებოდა ცხოვრებას, რის გამოც კინაღამ დაიღუპა. ამას მიუძღვნა მან ცნობილი ნაწარმოები „მ ო თ ა მ ა შ ე“. შემდეგ იყო ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თ ა მ ა შ ი“ (უმაღლესი კლასის მოთამაშის, მისტიკოსისა და მეტაფიზიკოსის Ludi magister იოზეფ კნეხტის სულიერი თავგადასავალი). ამერიკელმა ჯერომ სელინჯერმაც გააჩაღებინა თავის თინეიჯერ პერსონაჟებს თ ა მ ა შ ი უფსკრულის პირას, ჭვავის ყანაში. მგონი, ჰოლდენ კოლფილდს ფეხი დაუცდა და გადაიჩეხა კიდეც… სამწუხაროა. ასე ხდება, როცა თამაშის წესების დარღვევას ვცდილობთ. ეშმაკი გ ვ ა თ ა მ ა შ ე ბ ს, როდესაც ზუსტად არ ვაზროვნებთო, თქვა მერაბ მამარდაშვილმა. თამაშში დისციპლინისა და ზუსტად აზროვნების აუცილებლობის უგულებელყოფა მარცხით მთავრდება.

რატომ ვისაუბრე ამდენი თამაშზე? მინდა, თამაშთა შორის ყველაზე ღრმასა და მნიშვნელოვანზე – ჭადრაკზე – და მასზე დაწერილ რამდენიმე წიგნზე ვთქვა ორიოდ სიტყვა.

ჭადრაკის, ხელოვნებისა და ცხოვრების გამაერთიანებელი ღერძი თამაშია. ჭადრაკზე დაწერილი ნებისმიერი ნაწარმოების (მიგელ დე უნამუნოს „დონ სანდალიო, მოჭადრაკე“; სტეფან ცვაიგის „საჭადრაკო ნოველა“; ვლადიმირ ნაბოკოვის „ლუჟინის დაცვა“; ფრიდრიხ დიურენმატის „მოჭადრაკე“; უოლტერ ტევისის „ლაზიერის გამბიტი“) მთავარი იდეა ის არის, რომ ჭადრაკი ცხოვრების ალეგორიაა, მისი მეტაფორა. რომელიმე პოსტმოდერნისტი ავტორი არ დაგვეთანხმებოდა და იტყოდა, რომ, პირიქით, ცხოვრებაა ჭადრაკის მეტაფორა. ზოგს ჰგონია, რომ ჭადრაკში მთავარი გათვლაა და ამის გამო მას მათემატიკას ადარებენ. ეს შეხედულება გარკვეულწილად მართებულია, რადგან ამ თამაშშიც აუცილებელია აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება, მაგრამ ჭადრაკი მხოლოდ მშრალ რიცხვებამდე არ დაიყვანება. მათემატიკასაც აქვს საერთო მუსიკასა და პოეზიასთან… სინამდვილეში ჭადრაკში მთავარი გათვლა არ არის. იგებს არა ის, ვინც კარგად ითვლის, არამედ ის, ვინც პოზიციას კარგად გრძნობს. როგორც ხელოვნებაში, ჭადრაკშიც არსებობს სტილი, რიტმი, ინტუიცია, შეგრძნება. როდესაც ჩემი ჭადრაკის მასწავლებელი ალეკო ბოკუჩავა ამის ახსნას ცდილობდა, ლამაზ საჭადრაკო კომპოზიციას დაალაგებდა დაფაზე, შემოგვხედავდა, მარჯვენა ხელს აღმართავდა, სამ თითს: ცერას, საჩვენებელსა და შუას, – შეაერთებდა და იტყოდა: ადამიანი, რომელიც „ხმელ წიფელს“ წაიკითხავს და ვერ შეიგრძნობს (ამ დროს განსაკუთრებული მღელვარებით გაუსვამდა ხოლმე თითის ბალიშებს ერთმანეთს), იმისგან ძლიერი მოჭადრაკე ვერ დადგებაო. ცდილობდა, პოზიციის შეგრძნება ესწავლებინა და ასე ამოგვეხსნა რთული ეტიუდები და ამოცანები. რა არის ეს, თუ არა უმაღლესი კლასის ესთეტიზმი? ჭადრაკში უმნიშვნელო სვლები, ასე ვთქვათ, უმნიშვნელო დეტალები ან მეორეხარისხოვანი წვრილმანები არ არსებობს. ამ გაგებით ის ცხოვრებაზე აზრიანია, რადგან ამ თამაშში არსებობს ჩამოყალიბებული, მკაცრად განსაზღვრული მიზანი და წესები, რომლებსაც მოთამაშე ნებაყოფლობით ემორჩილება, ნებისმიერ სვლაში და, შესაბამისად, პოზიციაში საზრისის შეტანა მკაცრად განსაზღვრული მიზნის განხორციელებისკენ სწრაფვის გამომხატველია. ამ აზრით ეს თამაში ტელეოლოგიურია. ნაბოკოვის ზემოხსენებულ რომანში მთავარი პერსონაჟისთვის ცხოვრება გაჭიანურებული საჭადრაკო პარტიაა (ცხოვრება მოსაწყენი თამაშია), მასში მუდმივად არის შენარჩუნებული ძლიერი დაძაბულობის ველი, რადგან ნებისმიერ ადამიანს ჰყავს იდუმალი მოწინააღმდეგე. ადამიანს, უნდა თუ არა, ყოველთვის უწევს სვლის გაკეთება, რაც მისი ბედისწერაა. სვლის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია, რადგან არჩევანზე უარის თქმაც არჩევანია, ამიტომ მოთამაშე ნებისმიერ შეცდომასა თუ სწორ გადაწყვეტილებაზე თავად არის პასუხისმგებელი და შედეგსაც შესაბამისს იმკის. ამ რომანში ჭადრაკი დაკავშირებულია ბავშვისთვის დამახასიათებელ სპონტანურობასთან, მარადიული ბავშვობის იდეასთან. ლუჟინი ბავშვობაში ჩარჩენილი ინტროვერტია. ეს მოტივი მეორდება უოლტერ ტევისის რომანშიც, მისი მთავარი პერსონაჟი ბეტ ჰარმონი ბავშვობიდან ვერ გამოდის. საერთოდ, ჭადრაკი ინტროვერტების თამაშია. ყველა დიდი მოჭადრაკე, გარკვეული აზრით, აუტიზმისკენ არის მიდრეკილი.

არის რაღაც საერთო მწერლებსა და მოჭადრაკეებს შორის: მწერალი ინტროვერტია – მას ლაპარაკზე უკეთ წერა გამოსდის; მოჭადრაკეც ინტროვერტია – მას ლაპარაკზე უკეთ თამაში ეხერხება. მწერალი აკვირდება მოჭადრაკეს და წერს მასზე, აკვირდება იმას, ვინც თავადაც აკვირდება. ამ თამაშის მთავარი ატრიბუტებია თვითრეფლექსია, აზროვნება, დეტალების შემჩნევის არანორმალურად განვითარებული უნარი. მოჭადრაკე კონცენტრირებულია შინაგან სამყაროზე, ჩაკეტილია. ამიტომ როდესაც მოჭადრაკეზე (ჭადრაკზე) იწერება გენიალური წიგნი (ჩემი აზრით, მოჭადრაკეზე ცუდ წიგნს ვერ დაწერ – ან კარგი გამოდის, ან არაფერი), ის აუცილებლად მარტოობაზეა და თან ღრმად ფსიქოლოგიურია. მოჭადრაკე მარტოა, ის მარტო იღებს გადაწყვეტილებებს. ჭადრაკი არ არის კოლექტიური თამაში, ეს ინდივიდების თამაშია. ყველა ირაციონალური საწყისი, რაზეც ეგზისტენციალისტები და აბსურდისტები (ჰაიდეგერი, სარტრი, კამიუ, ბეკეტი, იონესკო და ა. შ.) მიგვითითებენ: შიში, ძრწოლა, იმედგაცრუება, თუნდაც სამყაროში გადაგდებულობა და ა. შ. – თავს იყრის მოჭადრაკეში, რომელიც დუმს. ჭადრაკი დუმილია, ონტოლოგიური დუმილი, რომელშიც აზრები, განცდები, იდეები და საგნები იბადება. როდესაც მოჭადრაკე პარტიის მსვლელობის დროს ფიქრობს (აქ შემოდის დროის კატეგორია, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ გააზრებას მოითხოვს. როგორ მიედინება დრო მოჭადრაკისთვის? ამის გააზრებასა და მხატვრულ ხორცშესხმას „ცნობიერების ნაკადის“ დიდოსტატი ჯეიმს ჯოისი თუ შეძლებდა), სხვა სპორტის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მხოლოდ პარტიაზე არ ფიქრობს, რადგან ჭადრაკის პარტია მხოლოდ ჭადრაკის პარტია არ არის და არც ჭადრაკია მხოლოდ სპორტი, ის სპორტზე ბევრად მეტია. ჭადრაკი ცხოვრების დიდი მეტაფორაა!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...