ორშაბათი, ივნისი 16, 2025
16 ივნისი, ორშაბათი, 2025

როგორ დავწეროთ შინაარსი მარტივად

0

( მცირე პრაქტიკული სავარჯიშო მათთვის, ვისაც სხვა გზა არ აქვს)

დაწერეთ ლექსის შინაარსი, დაწერეთ ნაწარმოების მოკლე შინაარსი – ასეთ წერით დავალებას ხშირად ავალებენ მოსწავლეებს სკოლაში. ამ სტატიაში არ ვაპირებ საუბარს ამ დავალების მიზანსა და სარგებელზე. ნამდვილად შეიძლება უფრო საინტერესო დავალებების მოფიქრება, მაგრამ თუ შინაარსის დაწერას ნაწარმოებში მთავარი იდეის, ერთგვარი კონცეპტუალური ცენტრის, სტრუქტურული ბირთვის პოვნის ფუნქციას მივანიჭებთ და თანაც ტექსტის აგების სავარჯიშოსაც მივამატებთ, მშვენიერი სამუშაო გამოვა.

 ყველა მოსწავლე ერთნაირად ვერ ახერხებს ტექსტის მთავარი ნაწილის გამოყოფას, ვერ აგნებს იმას, რაც ამ ტექსტის აზრობრივ ცენტრს ქმნის, ამიტომ, შესაძლოა, შინაარსის დაწერა გაუჭირდეს. სწორედ ასეთ შემთხვევაში გამოგადგებათ მეთოდი, რომელსაც მე ვიყენებ. ( მით უფრო სასარგებლოა დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან სამუშაოდ, შეგიძლიათ, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაშიც გამოიყენოთ.)

მოკლედ, წამომყევით J

ნაბიჯი 1

შევარჩიოთ ტექსტი

დასაწყისისთვის, კარგი იქნება თუ ერთგვერდიან ტექსტს შევარჩევთ, მოთხრობას, იგავ-არაკს, ზღაპარს – კარგად გამოკვეთილი სიუჟეტური ხაზით, დასასრულით, განვითარებით, კვანძის გახსნითა და დასასრულით. გამოყავით აბზაცები.

ნაბიჯი 2

ამოვბეჭდოთ ტექსტი

ტექსტი, რომელიც ერთ თაბახის ფურცელს მოიცავს, უნდა ამოვბეჭდოთ, გაითვალისწინეთ შრიფტი, ისეთი უნდა იყოს, რომ მოსწავლემ კარგად მოახერხოს გარჩევა. 

ნაბიჯი 3

დაგვჭირდება  რამდენიმე მარკერი

ნაბიჯი 4

ხმამაღლა წავიკითხოთ ტექსტი

ნაბიჯი 5

კიდევ ერთხელ, ჩაღრმავებული მეთოდით წავიკითხოთ ტექსტი

ნაბიჯი 6

განვიხილოთ ტექსტი, სიუჟეტი, ამბავი, შინაარსი, მოქმედი გმირები

ნაბიჯი 7

 დაურიგეთ მოსწავლეებს ამობეჭდილი ტექსტი, თქვენც მასთან ერთად გქონდეთ ტექსტის თქვენი ეგზემპლარი

ნაბიჯი 8

სთხოვეთ მოსწავლეებს, იპოვონ ტექსტში ისეთი სიტყვები და წინადადებები, რომელთა წაშლითაც ტექსტის შინაარსი არ იცვლება

ნაბიჯი 9

ხმამაღლა წაიკითხეთ და განიხილეთ მოსწავლეთა არჩევანი

ნაბიჯი 10

სწორად აირჩიეს მოსწავლეებმა ტექსტის ეპიზოდები? თუ მათი არჩევანი სწორია, სთხოვეთ, გადაშალონ ტექსტის ეს ნაწილი ფერადი მარკერით.

ნაბიჯი 11

ახლა სთხოვეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ დარჩენილი ნაწილი

ნაბიჯი 12

ჰკითხეთ მოსწავლეებს, ხომ არ შეიძლება კიდევ გადაშალოთ სიტყვები ან წინადადებები?

ნაბიჯი 13

თუ არის ასეთი სიტყვები, კიდევ გადაშალეთ

ნაბიჯი 14

წაიკითხეთ ტექსტის დარჩენილი ნაწილი

ნაბიჯი 15

ჰკითხეთ მოსწავლეებს, რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ დააკლდა ტექსტს?

ნაბიჯი 16

სთხოვეთ მოსწავლეებს, თავიანთი სიტყვებით გადმოსცენ ტექსტის ის ნაწილი, რომელიც დარჩა.

ნაბიჯი 17

სთხოვეთ მოსწავლეებს ერთმანეთს შეადარონ ტექსტის პირველი და შემოკლებული ნაწილი

ნაბიჯი 18

მოსწავლეებთან ერთად თქვენი სიტყვებით გადმოეცით მოკლე ვერსია

ნაბიჯი 19

სთხოვეთ მოსწავლეებს, დაწერონ მოკლე ვერსიის წერილობითი ვარიანტი თავიანთი სიტყვებით

ნაბიჯი 20

სთხოვეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ თავიანთი ნაწერი და თუ თვლიან, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გამოტოვეს, შე

ავსონ ტექსტის პირვანდელი ნაწილიდან.

შემდეგ ჯერზე შეგიძლიათ გაზარდოთ ტექსტი.

გამქრალი სიყვარულის აკორდები

0

რა  ხდება მაშინ, როდესაც რეალობა და ილუზია ისე გადაეწვნება ერთმანეთს, რომ მათ შორის საზღვრები ირღვევა? როდესაც ადამიანი იხლიჩება, ორდება და ვეღარ გაურკვევია, რა არჩევანი გააკეთოს, უპირატესობა რომელს მიანიჭოს_ ირაციონალურსა თუ მატერიალურს? ადამიანის სულის ურთულეს, ბნელსა და ამოუცნობ  ლაბირინთებში  მიგვიძღვება თანამედროვე  ახალგაზრდა ავსტრიელი მწერალი ლაურა ფროიდენთალერი,  რომლისთვისაც არიადნეს გორგალი   წარმოსახვა და სიტყვაა.  იგი თავისი ფსიქოლოგიური რომანით „მოჩვენებათა ამბავი“ ცდილობს გაერკვეს, რა ემართება ადამიანს, როდესაც იდენტობის განმსაზღვრელ ღირებულებებში ეჭვი შეეპარება, როდესაც საყრდენებს  კარგავს და  ამ ქაოსურ, აბსურდულ სამყაროში მობორიალე ატომად იქცევა.  საგულისხმოა, რომ ავტორმა ამ ნაწარმოებისთვის 2019 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.

რომანის მთავარი გმირი ანა აბსურდის ადამიანად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან დაეჭვებულია აბსოლუტურად ყველაფერში, მათ შორის, საკუთარ თავსა, ახლობელ ადამიანებსა თუ სამყაროში. მის ეგზისტენციას თითქოს ფუნდამენტი ეცლება. მისი მდგომარეობა გვახსენებს დოსტოევსკის შემდეგ ფრაზას:  „თუ სტავროგინს სწამს, მას არ სწამს, რომ სწამს და თუ არა სწამს, არა სწამს, რომ არა სწამს“ (დოსტოევსკი „ეშმაკნი“). სწორედ ეს სტრიქონები წარუმძღვარა ალბერ კამიუმ თავის ცნობილ  ესეს „აბსურდული ადამიანი“. ლაურა ფროიდენთალერი  კარგად ხატავს, რა აქცევს ადამიანს მარტოსულად, რატომ ვერ ახერხებს უმწეობის გადალახვას, როგორ იქცევა გარემო უდაბნოდ, როგორ იპყრობს ყველასა და ყოველივესგან გაუცხოების განცდა.   ცხოვრებაში ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ანას დაკარგულობის მიზეზი კი სიყვარულში დაეჭვებაა. ერთი მხრივ, მის ცხოვრებაში არის მუსიკა, თავისი აბსტრაქტულობით, ირაციონალიზმით, მშვენიერებით, მეორე მხრივ, ცოლქმრულ ურთიერთობაში  გაჩენილი ღალატის ბზარები. მუსიკა მას გზას უხსნის იმ შორეული ჰორიზონტებისაკენ, სადაც ყოველგვარი მატერიალური საზრუნავი ფერმკრთალდება და ქრება, მხოლოდ მეტაფიზიკურის შეგრძნებაა, სიმშვიდისა და ჰარმონიის სისავსით. მუსიკალურ ბგერათა გრადაციებითა და მოდულაციებით ანა იჭრება უცნობ სამყაროში, სადაც არ სჭირდება გაერკვეს არსებობის აზრსა და მიზანში. მუსიკის სივრცეში ყოველივეს თავისი ფუნქცია და დანიშნულება გააჩნია, რაც რეალურ ცხოვრებაში ასე აკლია ადამიანს. ანა  მასწავლებელია და ცდილობს ბავშვებსაც შეაყვაროს მუსიკა, ასწავლოს მუსიკალური განზომილების უცნობ ლაბირინთებში ხეტიალი, მუსიკა უქციოს უჩვეულო, განუმეორებელ თავგადასავლად. თვითონაც ცდილობს, რომ ეს საქმე რუტინად არ ექცეს და გამუდმებით ეძიოს რაღაც ახალი, მაგრამ, რადგან აბსურდის გმირად მივიჩნევთ, მისთვისაც უმთავრესად იქცევა შეგრძნება, რომელიც კამიუმ ამგვარ კითხვად ჩამოაყალიბა: „ღირს თუ არა სიცოცხლე იმად, რომ ადამიანმა ბოლომდე გალიოს“. კამიუმ ამ კითხვის საპასუხოდ სიზიფეს მითს მიმართა. მან სიზიფე აბსურდის პარადიგმულ გმირად მიიჩნია.  სიზიფე აღიარებს ცხოვრების ტანჯვას, რადგან გამუდმებით მიაგორებს ლოდს მწვერვალისკენ, თან ისიც იცის წინასწარ, რომ ისევ ჩამოუგორდება. მაშ. რაღა აძლევს ძალას? კამიუ ფიქრობს, რომ ეს ძალა  უბედურების, ყოფის აბსურდულობის აღიარებასა და მასზე მაღლა დგომაშია. მწვერვალზე განცდილი ბედნიერების რამდენიმე წამი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სიზიფემ თავისი მარადიული რუტინა გააგრძელოს. ანასთვის ამგვარ რუტინად ცოლქმრული ცხოვრება ქცეულა. სიყვარულით შექმნილ ოჯახს რაღაც დაემართა. საკუთარი საქმეებით დაკავებულ ანასა და მის ქმარს შორის მანძილი გაჩნდა, რომელიც თანდათან და ისე სწრაფად გაიზარდა, რომ უფსკრულს დაემსგავსა და ახალი რეალობა,  ერთგვარი პარალელური სივრცე გააჩინა.

ლაურა ფროიდენთალერი, როგორც მთხრობელი, საინტერესო ნარატიულ სტრატეგიებს მიმართავს იმისთვის, რომ მკითხველმა გმირის გაორებულებით გამოწვეული ტრაგიზმი მთელი დრამატულობით აღიქვას. ანას წარმოსახვით შექმნილი რეალობა, მოჩვენებათა განზომილება მკითხველს გამუდმებული ეჭვის ქვეშ აყენებს.  ნამდვილია თუ წარმოსახული ის, რასაც ანა განიცდის? კითხვისას დაძაბულობას ქმნის და ცნობისმოყვარეობას ძაბავს მოლოდინი, რომ ანამ ქმარი ღალატში უნდა ამხილოს, თუმცა ეს არ ხდება. ეს ღალატი კი წარმოსახულისა და რეალურის მყიფე ზღვარზეა. ქალის ფიქრის ნაკადები იმგვარ მორევს ქმნიან, რომელიც  გაურკვევლობას ბადებს. მწერალი შესაძლებელ რეალობასაც ისე ხატავს, როგორც ჩვეულებრივს, ყოფითი ყოველდღიურობის ნაწილს. ამიტომაც ეუბნება ანა მეგობარს: „სავსებით შესაძლებელია, რომ მე ერთ მოჩვენებასთან ერთად ვცხოვრობ“.

ანას თომასის ერთგულებაში არასოდეს ეპარებოდა ეჭვი. კაცის პრაგმატული, რაციონალური დამოკიდებულება ყოველივესთან თითქოს არ ტოვებდა საყვარლისკენ რომანტიკული სწრაფვისთვის ადგილს. ანას სულს, გულსა და გონებას უნდა აეხსნა ცოლქმრული სიცივის მიზეზი, შესაბამისად, უნდა ყოფილიყო სითბოს წყარო, რომელიც თომასის გაყინულ გულს გაათბობდა. როგორც ჩანდა, ეს ანას აღარ შეეძლო. ამიტომ, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა, მიმზიდველი სხვა ქალი, რომელიც ანას ჩაანაცვლებდა. თომასის ურთიერთობა საყვარელთან, მასთან ერთად სეირნობა, კაფეებში სიარული თუ შინ გამართული ვნებიანი სასიყვარულო სცენები ანას თვალწინ მიმდინარეობს.  მკითხველიც ამ ყოველივეს თანადამსწრეა. ტროას ცხენის ალუზიით მწერალი ზუსტად წარმოაჩენს ანას ცნობიერებაში გაჩენილ საბედისწერო ბზარებს: „თომასში ინახება სხვასთან გატარებული შაბათ-კვირა, სიხარული, საყვედურები, დამამშვიდებელი სიტყვები, მოფერებითი სახელები, ის ტელეფონის ნომერი, ის მისამართი. ის გოგო ამ ტელეფონშია დამალული. თომასი გამალებით ამოძრავებდა თითებს და რაღაცას წერდა. ანამ მისი თითებიდან მზერა ახლა სახეზე გადაიტანა. თვალების უპეები მოშვებული ჰქონდა კაცს, გამოუძინებლობისგან შიგადაშიგ ამოყავისფრებული. ყოველდღე ამ ტელეფონით შემოჰყავდა თომასს ის გოგო ბინაში. ეს ტელეფონი ტროას ცხენივითაა, რომელსაც თომასი გამუდმებით თვალყურს ადევნებდა. თუ კაცს ღრმად ჩაეძინებოდა, გოგონა საიდუმლო ფანჯარას გახსნიდა და ბინის სიბნელეში შემოიჭრებოდა. ანას თვალწინ ედგა გოგოს სახე: დამცინავი, ცნობისმოყვარე. თომასს შეეძლო დიდხანს უძილოს გაეძლო, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დაეძინა?“ ანასა და თომასის ურთიერთობა ისეთივე დაფარული სიძულვილით სავსე ხდება, როგორც ავგუსტ სტრინდბერგის „სიკვდილის როკვაშია“.  სიძულვილის ნოტებით ივსება მათი დიალოგების ქვეტექსტები, რომლებიც უფრო ღრმავდება და არაფრისმთქმელი, ფერდაკარგული სიტყვებიც ვადაგასული გაცვეთილი მონეტებივით წკარუნობენ.

ანას ბუნება უყვარს, მათი ტბისპირა სახლი მისი ერთგვარი ნავსაყუდელია, სადაც სიმშვიდით ივსება, ენერგიას იკრებს.  ყვავილებსაც ხშირად ყიდულობს. ამ თვალსაზრისით,  ვირჯინია ვულფის მისის დოლოვეი შეიძლება მოგვაგონდეს.  ამ რომანშიც არის  ქაოსური  ფიქრის ნაკადები, რომლებსაც მარტოსული ანას  თვალთახედვის არეში  სეირნობისას შემოჭრილი საგნები, ხეები, სახლები იწვევენ:  „სეირნობისას სხვა აღარაფერი აინტერესებდა, ტკბებოდა ხის კენწეროების, ტყის, ბორცვების, მდელოების და ჰორიზონტის ყურებით და თავს შინ გრძნობდა. ისევე, როგორც გაკვეთილის ბოლოს პოულობდა საკუთარ თავს ბახის მუსიკის დაკვრით“.  ბახის მუსიკას მოაქვს სწორედ იმ წესრიგის, კოსმოსის შეგრძნება, რასაც იწვევს ადამიანური ურთიერთობების მოუწესრიგებლობა, ქაოსი. ანა ხედავს გაუცხოებულ ადამიანებს, რომელთაც „დაღლილობა ემჩნეოდათ.  ჯიბიდან ტელეფონს იღებდნენ და შიგ თავჩარგულნი აგრძელებდნენ გზას“.

ანას ცხოვრებაც იქითკენ მიდის, რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს გრეგორ ზამზასავით  გაიღვიძებს, როგორც ხოჭო, არც თვითონ და არც თომასს არ გაუკვირდება (კაფკას „მეტამორფოზა“), პირიქით, თომასისთვის ეს შეიძლება ცოლისგან თავდახსნის საუკეთესო გზაც აღმოჩნდეს. ამაზე ირიბად შეიძლება მიანიშნებს ეპიზოდი, როდესაც თომასი ანას სახეზე სიბერის ნიშანს, ნიკაპზე ამოსულ ბეწვს შეამჩნევს. ეს ნიუანსი თითქოს მთლიანად აქრობს სიყვარულის ესთეტიკას, რომელიც რაიმე ნაკლის შემჩნევას და, მით უმეტეს, ამგვარად სააშკარაოზე გამოტანას გამორიცხავს.

რომანის დასაწყისში ერთი მრავალმნიშვნელოვანი დეტალი შესანიშნავადაა დახატული: „ანა იდგა, როგორც მადონას ქანდაკება თავის ნიშაში. იდგა მაყურებლისკენ ზურგით, სახით კედლისკენ. მაგრამ ეს არ იყო კედელი. მოპირდაპირე სახლის რომელიმე ჩაბნელებულ ფანჯარაში ვინმე რომ მდგარიყო, ანას სახეს დაინახავდა. სამხრეთის გამოქვაბულებში მადონას ქანდაკებები მინითაა დაცული, მათ ფერხთით კი პლასტმასის ყვავილები აწყვია“. ეს ერთგვარი სტატიკური, უმოძრაო კადრი მისი ცხოვრების მეტაფორად იქცევა. იგი ხელოვნურ ყვავილებად აღიქვამს თომასის სიყვარულისა თუ პატივისცემის გამომხატველ სიტყვებს, რომელთაც მაცოცხლებელი სითბო და ენერგია გამოცლილი აქვთ.   ჩვენ, მკითხველები, ვხედავთ  ანას ამგვარად, თავისივე გამოგონილი თუ რეალური ტანჯვისა და ტკივილის ტყვეს, საიდანაც თავდასაღწევი გზა ვერ უპოვია. მის უმწეობას კარგად გამოხატავს დედისთვის დასმული კითხვა: „ერთ დროს ხომ ვიყავი ისეთი პიროვნება, რომელსაც შეეძლო ცხოვრებაში მიზანი დაესახა და მიეღწია კიდეც მისთვის?“. დედის თანხმობა მას ძალას ვერ მატებს, რადგან წარსული და აწმყო ერთმანეთს ისე დაშორებია, როგორც ცა და დედამიწა.

ანას რუტინული, ერთფეროვანი ცხოვრების კონტექსტში სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს ჩიტი: „აი, უკვე ოთხი წელია ანა გაკვეთილის ჩატარებისას პატარა ბაღს გასცქერის. ფანჯარა ოდნავ შეღებულია. ერთი ჩიტი ყოველთვის ერთსა და იმავე მუსიკას იმეორებს“. რის გამომხატველი შეიძლება  იყოს ეს მუსიკა, თუ არა თავისუფლებისა. ანას სწორედ ეს აკლია_ ნამდვილი თავისუფლება. პოლ ვალერის სიტყვები გვახსენდება: „ჩიტივით მსუბუქი უნდა იყო და არა ბუმბულივით“. ერთი შეხედვით, ძლიერი და დამოუკიდებელი ანა სინამდვილეში ბუმბულივით მსუბუქია, გარემოებათა ქარი საითაც დაუბერავს, იქით რომ მიექანება. ეს ყოველდღიური წესრიგი მასში დათრგუნვილობის განცდას ამძაფრებს. ოცწლიანი ქორწინება მისთვის არა მხოლოდ ხორციელად, არამედ, უპირველესად, სულიერად უნაყოფო აღმოჩნდა.  ყველაზე სახიფათო კი ისაა, რომ თომასსა და მას შორის გაჩენილი გულგრილობა რაღაც ამოუხსნელ იდუმალ ფუნქციას იძენს.   ორივესთვის მოსაწყენია ამგვარი ყოფა, მაგრამ არც გაყრაზე ფიქრობენ. მხილებისა და საკუთარი უსუსურობის აღიარებას გულისხმობს თომასის ასეთი შემფასებლური აღიარება: „სინამდვილეში,  _ ჩაილაპარაკა მან, _ ჩვენ ერთი მოსაწყენი მეშჩანები ვართ“. მეშჩანობა, უპირველესად შეზღუდულ ინტერესებსა და ვიწრო თვალთახედვას გულისხმობს“. ანა მშობლიური ფრანგული კულტურის დახვეწილობითა და სინატიფით ცდილობს თომასის გერმანული პრაგმატულობის დაძლევას, მაგრამ ვერ ახერხებს.

ფინალურ ეპიზოდში მკითხველი გაურკვევლობის განცდით ტოვებს გაუცხოებულ ცოლ-ქმარს. სააღდგომოდ ნაყიდმა იებმა დროებითი სიცინცხლე, სურნელი და ფერადოვნება შემოიტანა ოჯახში. ტბისპირა სახლი კი ისევე მოჩანს, როგორც ზღაპრისეული ილუზია, რომელიც ანასთვის მხოლოდ იმის გამომხატველია, რომ ახლა უკვალოდ გამქრალი სიყვარული ნამდვილად იყო და მისი აკორდების კვალს მეხსიერება ჯერ კიდევ ინახავს.  ქართველ მკითხველს  მაია მირიანაშვილის ამ მშვენიერი თარგმანით შესაძლებლობა აქვს, თვალი მიადევნოს თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს ევროპაში.

ჩინური თავსატეხი- ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის

0

 როგორ მოახერხა ჩინეთმა განვითარების ყველასგან განსხვავებული გზის პოვნა[1]

ნაწილი პირველი

ალბათ ყველას გვისაუბრია კოლეგებთან ან მეგობრებთან თანამედროვე ჩინეთის ძლიერებასა და იქიდან მომავალ საფრთხეებზე. „ამხელა მოსახლეობას რა უნდა უყონ? ალბათ, სხვა ქვეყნებში გადაასახლებენ ან რუსეთის ტერიტორიებს აითვისებენ“, – ამბობენ ერთნი. „ეს საუკუნე „ჩინური საუკუნე“ იქნება. ყველგან ეგენი დასახლდებიან – ამ მილიარდნახევრიან მოსახლეობას ხომ სჭირდება სივრცე“, – დასძენენ მეორენი. „ჩინეთის ეკონომიკა მალე ყველას გადაყლაპავს. ხომ ხედავთ, უკვე მარსზე აგზავნიან კოსმოსურ აპარატებს“, – ამატებენ მესამენი. „მაინც როგორ მოხერხეს, რომ სოციალისტური მოდელის პირობებში ასე განვითარდნენ?“ – კითხულობენ მეოთხენი და ასე დაუსრულებლად. ჩინეთი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მოსახლოება ჰყავს და რომელიც ეკონომიკურად უკვე აშშ-ს ეპაექრება, კვლავ გამოცანად რჩება დანარჩენი სამყაროსთვის. გამოცანად, რომელიც „ჩინური ზარდახშის საიდუმლოას“ წააგავს – ზარდახშას ხედავ, ეხები, მოგწონს, გინდა, დაისაკუთრო, მაგრამ ვერ ხსნი. ოსტატს ყუთის გასახსნელად რამდენიმე თავსატეხი მოუმზადებია. თუ ვერ ამოხსნი, ზარდახშა დახურული დარჩება…

სტატიაში შემოგთავაზებთ სინოლოგის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მასლოვის ანალიზს და მოსაზრებებს დღევანდელი ჩინეთის შესახებ.

 

ჩინეთის სოციალური პოლიტიკა, სახელმწიფო სისტემა და სოციალური რეიტინგები

– ჩინური საფრთხის შესახებ საუბარი უსაფუძვლოა: ძველთაგანვე ქვეყანა მუდამ ეკონომიკური და არა სამხედრო აქტივობების შედეგად ფართოვდებოდა, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში პროფესორი მასლოვი. – ძირეულ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო არასდროს ატყუებს თავის ხალხს და სარგებლობს მისი ნდობით. სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩინეთმა პირველმა შეძლო COVID-19-ის პანდემიის კონტროლქვეშ მოქცევა მკაცრი საკარანტინო წესების შემოღებით. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩინეთის მთავრობა ზრუნავს თავის ხალხზე. სხვაგვარად ხალხი გაყრის ხელისუფლებას. მაგალითად, პანდემიის დროს მთელ ჩინეთში შეამცირეს გადასახადები, თითქმის გაანულეს დღგ, გასცეს კრედიტები 70 წლის ვადით (!), უმცირესი პროცენტებით.

და მაინც, რას წარმოადგენს ჩინეთის დღევანდელი წყობა, კაპიტალიზმია ეს თუ სოციალიზმი? ცისქვეშეთის ხელმძღვანელობა („ცისქვეშეთი“ – ეპითეტი, რომლითაც ჩინეთს მოიხსენიებენ) ჩინეთში არსებულ სისტემას უწოდებს „სოციალიზმს ჩინური სპეციფიკით“, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ჩინეთში სულ ახლახან აიკრძალა 12-საათიანი სამუშაო ცვლა და 6-დღიანი სამუშაო კვირა.

როგორც პროფესორი მასლოვი აღნიშნავს, ჩინეთის სახელმწიფო სისტემაზე საუბრისას ხშირად სოციალიზმისა და კომუნიზმის მოძველებული თეორიებით ვხელმძღვანელობთ, რომლებიც სათავეს კარლ მარქსისა და მისი მიმდევრებისგან იღებს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპია ის, რომ სოციალიზმის პირობებში წარმოების ყველა საშუალება სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს და ეს ყველაფერი მოქალაქეთა კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს. ჩინეთი უკვე დიდი ხანია დაშორდა მკაცრ დოგმებსა და მატრიცებს სახელმწიფო საკუთრების შესახებ. შესაძლოა, სწორედ ეს მოქნილობა იყოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძლიერების საფუძველი.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ როდესაც საუბრობენ „სოციალიზმზე ჩინური სპეციფიკით“, ეს ლიტონი სიტყვები არ გახლავთ. პეკინი ცდებისა და შეცდომების მეთოდით განვითარების სრულიად ახალ მოდელს აშენებს. მოდელს, რომელსაც თანამედროვე ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ჩინეთი დიდი ხანია დაშორდა სოციალიზმის მშენებლობის იმ ფორმულას, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირი სთავაზობდა მსოფლიოს და რომელიც სახელმწიფოს მიერ ცხოვრების ყველა სფეროს მკაცრ კონტროლს გულისხმობდა. პირიქით, 1990-იანმა და 200-იანმა წლებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბაზრისა და სოციალური სფეროების დიდი ლიბერალიზაციის ნიშნით ჩაიარა.

მაგალითად, მცირე და საშუალო საწარმოების დონეზე, რომლებშიც ჩინეთის მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტია დასაქმებული, კონკურენციის დონე ძალიან მაღალია. ესენი კერძო კომპანიები არიან, რომლებიც ბაზარზე ერთმანეთთან მკაცრი კონკურენციის პირობებში მუშაობენ. ახალი საწარმოების (ე.წ. სტარტაპების) უმეტესობა, მაღალტექნოლოგიური ფირმების ჩათვლით, სწორედ კერძო სექტორში ჩნდება, რაც, ერთი მხრივ, სრულიად ეწინააღმდეგება სოციალიზმის კლასიკურ გაგებას.

შესამჩნევი იყო ურთიერთობების ლიბერალიზაცია ჩინეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც – დღეს ჩინეთს არ გააჩნია „კომუნიზმის მშენებლობის“ არავითარი კოდექსი და მისი გაჩენა არც არის მოსალოდნელი.

ამავე დროს, სახელმწიფო ინარჩუნებს და ზრდის კონტროლს ზოგიერთ სფეროზე. მაგალითად, 2021 წლის შემოდგომაზე მთავრობამ გააძლიერა ზედამხედველობა რამდენიმე დიდ ციფრულ კორპორაციაზე, მათ შორის – Alibaba-სა და Tencent-ზე. ეს უკანასკნელი ფლობს ბევრ სათამაშო პლატფორმას და WeChat-ის მესენჯერს.

გარდა ამისა, სახელმწიფომ გაამკაცრა კონტროლი უმსხვილეს კორპორაცია DiDi-ზე, რომელიც ტაქსების მონაცემების აგრეგატორია და უახლესი ტექნოლოგიებით ახორციელებს მონაცემების შეგროვებასა და კონტროლს. ცოტა ხნის წინ ჩინეთში ამოქმედდა ახალი წესები „ცივილიზებული ინტერნეტის მშენებლობისთვის“ – ფაქტობრივად, დაიწყო გასართობი შინაარსის პლატფორმების კონტროლი. კონტროლს ექვემდებარება ასევე ნავთობისა და გაზის, თავდაცვისა და კოსმოსური დარგები.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ჩინეთს კაპიტალისტური ქვეყნებისგან განასხვავებს. საქმე ის არის, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მრავალი საწარმო გეგმურად წამგებიანია და მხარდაჭერას სახელმწიფოსგან იღებს. მაგალითად, ამ პრინციპით მუშაობს ჩინეთის ზოგიერთი ფოლადჩამომსხმელი ქარხანა. ამასთან ერთად, სახელმწიფო ფლობს საწარმოებს ეკონომიკის მნიშვნელოვან და წამყვან დარგებში. საუბარია მსხვილ საწარმოებზე, სადაც უპირატესობა ფლობის სოციალისტურ და არა კაპიტალისტურ პრინციპს ენიჭება.

თუ ჩინური სოციალურ-ეკონომიკური სისტემის „ჩინურ სპეციფიკაზე“ ვისაუბრებთ, იგი მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფო არ ამბობს უარს ორ მთავარ ფუნქციაზე. ერთია სოციალური უზრუნველყოფა. ჩინეთის ხელისუფლება მართლაც ზრუნავს თავის ხალხზე, რადგან ასეთი მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში გადაუჭრელმა პრობლემებმა შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და დაღუპონ სახელმწიფო. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, თავის მხრივ, სტაბილურობის გარანტიაა. ამიტომაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბოლო ხანს სოციალურ სფეროში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა: შემოღებულ იქნა საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა და საპენსიო სისტემა. განსაკუთრებით რთული იყო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის ამუშავება, რადგან მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი სოფლად ცხოვრობს და ფაქტობრივად არასოდეს გადაუხდია გადასახადები. ეს ხალხი არა აგროჰოლდინგებში ან სასოფლო-სამეურნეო კორპორაციებში, საკუთარ მიწის ნაკვეთებზე შრომობდა. ჩინელი გლეხი ფერმერის კლასიკური ტიპია. სწორედ ამან გაართულა საპენსიო სისტემის ამუშავება – ძნელი მოსაფიქრებელი აღმოჩნდა, როგორ გამოეთვალათ მათთვის პენსიები. საბოლოოდ გადაწყდა, გადასახადი ფერმერებისთვის ფიქსირებული ყოფილიყო.

დღეს ჩინეთში პენსიას 200 მილიონზე მეტი ადამიანი იღებს. 2030 წლისთვის პენსიონერთა რაოდენობამ შესაძლოა 250 მილიონს გადააჭარბოს.

გარდა პენსიებისა, ჩინეთს აქვს უზარმაზარი სოციალური პროგრამა ხანდაზმულებისთვის, უფასო მგზავრობით დაწყებული, სანატორიუმებში დასვენებით დამთავრებული – დაახლოებით ისეთი, როგორიც ოდესღაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა.

ჩინეთში უფასოა ყველა სკოლა. არსებობს კომერციული დაწესებულებებიც – კოლეჯები, მაგრამ განათლებას ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს.

სახელმწიფოს სოციალური ფუნქციები მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის დროს, როდესაც მთავრობამ მკვეთრად შეამცირა გადასახადები, პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა დღგ, რაც არ მომხდარა არც ევროპის ქვეყნებში, არც აშშ-სა თუ რუსეთში. იმავე პანდემიის დროს თითქმის სრულიად გაუქმდა საშემოსავლო გადასახადი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. შეღავათიანი რეჟიმი დღემდე გრძელდება. ამავე პროგრამის ნაწილია შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტები 70 წლის ვადით.

სხვა მხრივ, მიზეზთა გამო, ჩინეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ბაზრების შემცირება და რეგრესი. ამან სერიოზულად დააზიანა ჩინეთის ექსპორტზე მიმართული წარმოება. მეორე მიზეზი საკუთრივ პანდემიას უკავშირდება: როგორც ვიცით, ის ჩინეთში დაიწყო და 2020 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში რამდენიმე ჩინური პროვინცია მთლიანად „გაჩერდა“. საკარანტინო ღონისძიებების გამო დაბლოკილი იყო მათი ყოველგვარი კონტაქტი გარე სამყაროსთან.

შედეგად ზოგიერთი პროვინციის ეკონომიკა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 80 პროცენტით შემცირდა. მესამე გამოწვევა, რომელიც ჩინეთს დაატყდა თავს, იყო იდეოლოგიურ-პოლიტიკური შეტევა აშშ-ს მხრიდან. ვაშინგტონიდან ზეწოლის გამო ჩინეთმა დაკარგა თავისი ძველი პარტნიორები დასავლეთის ქვეყნებში. მაგალითად, მასთან თანამშრომლობა შეამცირეს ან შეწყვიტეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი; ტაივანის სტატუსთან დაკავშირებული სირთულეების გამო სრულიად შეწყდა ჩინეთის კავშირი ლიტვასთან. პეკინი აშშ-დან ასეთ მწვავე შეტევას არ ელოდა. ჩინეთში ფიქრობდნენ, რომ დასავლეთი აღფრთოვანებით შეხვდებოდა ჩინეთის წინსვლასა და მიღწევებს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

[1] სტატია მომზადებულია შორეული აღმოსავლეთის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ალექსეი მასლოვის სტატიებისა და ინტერვიუების მიხედვით.

ფიზიკა სამზარეულოში

0

ამ სტატიის დაწერისკენ ჩემმა ქიმიკოსმა მეგობარმა, ქეთევან კუპატაძემ მიბიძგა. მოსწავლეებისთვის ძალიან ხშირად მითქვამს, რომ სამზარეულოში ტრიალი ჩემი ჰობი არაა, მაგრამ თუ რამე გამომდის – ეს ფიზიკის დამსახურებაა.

მე-8 კლასის მთელი მეორე სემესტრი სითბურ მოვლენებს ეძღვნება. ამიტომ ჩემს მოსწავლეებს ხშირად უწევთ მარტივი ექსპერიმენტების სამზარეულოში ჩატარება და პროცესებზე დაკვირვება. სწორედ მარტივი ექსპერიმენტების საფუძველზე შეგვიძლია მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა და ფიზიკის კანონზომიერებების განმტკიცება. ამისთვის ყოველდიურობით ვისარგებლოთ და გამოვიყენოთ სასიამოვნო გარემო – სამზარეულო. სამზარეულო ხომ ის ადგილია, სადაც ჩვენ ვამზადებთ, ვაცხელებთ, ვაცივებთ, ვყინავთ და ვწვავთ, აქ ხდება უამრავი ფიზიკური მოვლენა სითბური, ელექტრომაგნიტური, სინათლის და ა.შ.

მოდით, დღეს განვიხილოთ სითბური მოვლენები სამზარეულოში:

  • შევისწავლოთ
  • ავხსნათ
  • აღმოვაჩინოთ საინტერესო ფაქტები
  • გავაანალიზოთ ჩვენი აღმოჩენები.

დასაწყისისთვის გავიხსენოთ, რა არის სითბური მოვლენა? სითბური მოვლენებია წყლის გაცხელება და გაცივება, ყინულის დნობა, ლითონების დადნობა და სხვ. რომელ სითბურ მოვლენებს ვხვდებით სამზარეულოში: დუღილს, აორთქლებას, კონვექციას, თბოგამტარობას, აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებას და ა.შ.

კონვექცია

კონვექცია ეს თბოგადაცემის სახეა, როდესაც შინაგანი ენერგიის გადაცემა ხდება ნაკადის ან ჭავლის საშუალებით. პირველად ტერმინი კონვექცია გამოიყენა ინგლისელმა მეცნიერმა, უილიამ პრუტმა 1834 წელს, როდესაც მან აღწერა სითხეში თბილი მასების გადაადგილების პროცესი. გათბობისას სხეულის სიმკვრივე მცირდება. ამიტომაცაა, თბილი აირის (სითხის) ნაკადი რომ უფრო ზემოთ აღმოჩნდება. თბოგადაცემაც სწორედ იგივე პროცესია, ოღონდ ეს პროცესი მიმდინარეობს მყარ სხეულებში, პირველად კონვექციის პროცესის თეორიული ახსნა 1916 წელს სცადეს.

 

ვნახოთ კონვექცია სამზარეულოში. როდესაც ჩვენ საჭმელს ვამზადებთ ან ჩაისთვის წყალს ვადუღებთ, ცივი სითხის მასები მეტი სიმკვრივის გამო ეშვება ქვევით, ცხელი სითხის მასები ადის ზემოთ და ამ პროცესის წყალობით სითხე ჭურჭელში თანაბრად თბება. განასხვავებენ 2 სახის კონვექციას თავისთავად (თავისუფალ) კონვექციას და იძულებით კონვექციას.

კონვექციის პროცესთან არის დაკავშირებული პროდუქტების გაცივება. მაცივარში არის აირი ფრეონი, რომელიც ცირკულირდება მაცივრის მილებში, აცივებს მაცივრის საყინულის კამერას. მაცივრის უკან კი აუცილებლად სივრცე უნდა იყოს დარჩენილი, რომ მოხდეს მაცივრიდან გამოყოფილი თბილი ჰაერის ცირკულაცია. რადგან მაცივარზე ვსაუბრობთ, სამზარეულოს დამონტაჟებისას უნდა გავითვალისწინოთ თუ არა დაშორება მაცივარსა და გაზქურას ან ბატარეებს შორის, მოსწავლეები თავად გამოიტანენ დასკვნას.

კონვექცია დიდ როლს თამაშობს სამზარეულოში. სწორედ მისი წყალობით ჰაერღუმელში შეგვიძლია სწრაფად მოვამზადოთ ჩვენთვის სასურველი კერძი, შევინარჩუნოთ გემოები და ზედმეტად არ გამოვაშროთ შემწვარი ხორცი ან კარგად გამოვაცხოთ ნაცხვრის ფირფიტები. ამისთვის ჰაერღუმელს აქვს ვენტილაციის სისტემა. ასევე შეგვიძლია მოსწავლეებს ვესაუბროთ მიკროტალღურ ღუმელზე.

დუღილი

როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი და რაზეა დამოკიდებული? როგორ ხდება აორთქლება, რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს სითხეში, სითხის ზედაპირზე?

მოდი, გავეცნოთ დუღილის პროცესთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს.

  • ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ჩაიდანსა და მის სახურავს შორის დარჩენილია მცირე სივრცე, მაგრამ დაფიქრებულხართ – რატომ? რა დანიშნულება აქვს ამ სივრცეს? იმიტომ, რომ პერიოდულად მოხდეს ორთქლის გარეთ გამოშვება…
  • გინახავთ თუ არა ხარშვის პროცესში სახურავი რომ ხტუნაობს? რატომ?
  • იცით, რომ კარტოფილის ან სხვა პროდუქტების მოხარშვის ხანგრძლივობა არ არის დამოკიდებული გამათბობლის სიმძლავრეზე, არამედ იმაზე, რამდენად დიდხანს იმყოფებოდა ეს პროდუქტი მდუღარე წყალში.
  • დუღილის პროცესში აუცილებელია ჰაერის ჭურჭლიდან „გამოშვება“.
  • ასევე ცნობილია ფრაზა „რძე გამექცა“, იგივე მოსვლია ჩაფიქრებულ დიასახლის ყავის ადუღების პროცესში, ანუ ფაქტობრივად მან ვერ დააფიქსირა ადუღების მომენტი. ამინდის ცვლილებისას ეს რისკი მეტია. ნეტავ რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ამ დროს ატმოსფერული წნევა მცირდება?!
  • საინტერესოა, როგორია წყლის დუღილის ტემპერატურა მიწისქვეშა მაღაროებში
  • ექსპერიმენტული კვლევების საშუალებით მეცნიერებმა შეძლეს დადგენა, რომ მარსზე წყალი 450C ზე დუღს.

თბოგამტარობა

ხშირად პროდუქტების თერმული დამუშავებისას საჭიროა მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება. ამიტომ სამზარეულოში მაღალი თბოგამტარობისა და სიმტკიცის გამო გამოიყენება ლითონის ჭურჭელი, ზოგჯერ კი საჭიროა თბოგამტარობის შემცირება. ამ დროს გამოიყენება დაბალი თბოგამტარობის ჭურჭელი, ან ვხარშავთ ისე, რომ ნაკლები სითბო გადაეცეს საკვებს.

ხანდახან წყლის აბაზანასაც იყენებენ მომზადებისას, ერთ ქვაბს დგამენ ცეცხლზე და მეორეს ათავსებენ შიგნით, წყლის დაბალი თბოგამტარობის გამო რეგულირდება ტემპერატურა და არ აღემატება წყლის დუღილის ტემპერატურას, ეს მეთოდი გამოიყენება საკვებთან, რომელიც ადვილად იწვის ან არ შეიძლება მისი მოხარშვა, მაგალითად, კარაქის დასადნობად ან შოკოლადისთვის.

ლითონები, ალუმინი და სპილენძი კარგად ატარებენ სითბოს. სპილენძი უფრო თბოგამტარია, მაგრამ უფრო ძვირია. მჟავე საკვების მომზადება კი ამ ქვაბებში არ შეიძლება. სამზარეულოში ხშირად ვიყენებთ უჟანგავი ლითონის ქვაბებს, ამ ბოლო დროს კი გრანიტის ქვაბებსაც.

მზარეული თავად ირჩევს მოხარშვის გზას, რათა უკეთ შეინარჩუნოს გემო და სტრუქტურა. თბოგამტარობა რეგულირდება ჭურჭლის არჩევით, ასევე დიდი და ნაკლები სითხის შემცველობის პროდუქტის გამოყენებით. იცით, რომ ქვაბის ძირში ზეთის რაოდენობა გავლენას ახდენს თბოგამტარობაზე? ასევე – სითხის მთლიანი რაოდენობა?

სამზარეულოში ხშირად გამოიყენება დაბალი თბოგამტარობის მქონე ჭურჭელი, მაგალითად, კერამიკული. მათი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ტემპერატურის შენარჩუნების უნარი. ახლა ვიმსჯელოთ იმაზეც, რატომ არის ქვაბის ან ტაფის სახელური სხვა მასალისგან დამზადებული? სახელურები დამზადებულია პლასტმასისგან და სხვა დაბალი თბოგამტარობის მქონე მასალისგან. მოსარევად ან კერძის ამოსაღებად ხის ან სხვა დაბალი თბოგამტარობის მქონე მასალისგან დამზადებულ ნივთებს ვიყენებთ.

ასევე საინტერესო ნივთი, რომელი სამზარეულოში მოიპოვება, არის თერმოსი, რომელიც უნარჩუნებს ჩვენს ყავას ან წვნიანს ტემპერატურას. საკვების კონტეინერებსაც ამზადებენ ისეთი მასალისგან, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას. მოსწავლეებს ხშირად ვამზადებინებ თერმოსებს საკუთარი ხელით. https://www.youtube.com/watch?v=elNtyrlNsYA ვაძლევ მზა რესურსს ან ვთხოვ, შესაბამისი ვიდეო მოიძიონ ინტერნეტში.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თბოგამტარობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამზარეულოში.

იაპონური დორია ცხვება ჰაერღუმელში კერამიკულ ჭურჭელში.

 

რვაფეხას რაგუ სიცილიურად მზადდება სოუსში. ამისთვის ჭურჭელი, რომელშიც მზადდება, უნდა იყოს დაბალი თბოგამტარობის, რადგან მომზადებისთვის სჭირდება ბევრი სითხე.

 

მოხარშულ კრემს ამზადებენ წყლის აბაზანაზე, რათა მარწყვი ცოცხლად დარჩეს.

 

ასევე თბოგამტარობის ცოდნის საშუალებით ვარჩევთ ჭურჭელს, რომელიც ყველაზე შესაფერისი იქნება საკვების მოსამზადებლად.

ამ სტატიის საშუალებით შევეცადე, მოსწავლეებისთვის უფრო „ახლოდან“ გამეცნო ის სითბური მოვლენები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება სამზარეულოში და მესაუბრა, რა კონკრეტულ როლს ასრულებს თითოეული: კონვექციის დახმარებით მთელი სითხე თანაბრად თბება. დუღილი გვაუწყებს, რომ საკვები იხარშება ან უკვე მოხარშულია და მიაღწია გარკვეულ ტემპერატურას. თბოგამტარობის საშუალებით შეგვიძლია უფრო დიდხანს გავათბოთ საკვები, მოვამზადოთ კერძები, ასევე – უსაფრთხოდ ვიყოთ სამზარეულოში.

სამზარეულოში ციბრუტივით ტრიალი ფიზიკისა ცოდნის გარეშეც შეუძლებელია.

სანამ სამზარეულოში შეიხედავდეთ, გადაათვალიერეთ ეს ლინკები, რომელიც სპეციალურად მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენი.

 

# სათაური ბმული
1 სითბური მოვლენები. შინაგანი ენერგია https://sway.office.com/346H5qxUyCayTfW9?ref=Link

 

2 თბოგამტარობა კონვექცია გამოსხივება https://sway.office.com/gDlF7Q4a0ImOyAwr?ref=Link

 

3 სითბური გაფართოება

 

https://sway.office.com/BSVt5wNfzlQvjVlZ?ref=Link
4 სითბოს რაოდენობა კვლევა

 

https://sway.office.com/we6PI0MqP872heZX?ref=Link
5 სითბოს რაოდენობა ამოცანებში https://sway.office.com/8wkDSQGFSZGZQvXw?ref=Link

 

6 სითბოს რაოდენობა. სითბური ბალანსის განტოლება

 

https://sway.office.com/sHADgnVFldhF8d8T?ref=Link
7 სინათლისა და სითბოს წყაროები. სათბობის ენერგია. წვის კუთრი სითბო https://sway.office.com/yPb6T1mV4z5p3BkS?ref=Link

 

8 დნობა და გამყარება https://sway.office.com/dE6Ccyro2poVFhL0?ref=Link

 

9 ორთქლადქცევა. სუბლიმაცია. დუღილი https://sway.office.com/HJaifXuX2aFh44qO?ref=Link

 

 

 

 

 

 

 

 

 

თეატრის მეთოდი გაკვეთილზე

0

(ნაწილი პირველი)

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, პროექტის „CEEM – სამოქალაქო განათლების სწავლება სიმულაციისა და თეატრის მეთოდებით“ ფარგლებში, 5-11 მარტს განხორციელდა ცხრამეტი მასწავლებლის ვიზიტი ბერლინში, რომელიც მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას სიმულაციებისა და თეატრის მეთოდის გამოყენების შესახებ.

ბერლინში სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გავეცანით გაკვეთილზე თეატრის მეთოდის გამოყენების ეფექტურ მეთოდებს, რომელსაც ამ სტატიაში გაგიზიარებთ.

თეატრის მეთოდი ეს არის განსხვავებული მიდგომა, როდესაც სცენარის ავტორებად და შემდგომში მსახიობებად ჩვენი მოსწავლეები გვევლინებიან. შესაბამისად, მისი გაკვეთილზე დანერგვა მოსწავლეებში ავითარებს შემოქმედებით და კრეატიული აზროვნებას. პროცესის მონაწილეები სწავლობენ პრობლემის იდენტიფიცირებას და იწყებენ მათი გადაჭრის განსხვავებული გზების ძიებას.

გაკვეთილზე თეატრის მეთოდის გამოყენება იწყება პერსონაჟების მოფიქრებით, გრძელდება სცენარის შემუშავებით და სრულდება ექსპერიმენტული დადგმით. ეს არის დროში გაწერილი პროცესი. სცენარზე მუშაობა შესაძლოა რამდენიმე გაკვეთილიც კი გაგრძელდეს.

აქტივობა პირველი – პრობლემების შერჩევა, ჯგუფების ფორმირება

სცენარისთვის პრობლემის შერჩევის პროცესში ჩავრთოთ მოსწავლეები. გონებრივი იერიშის მიხედვით ჩამოვთვალოთ ის აქტუალური საკითხები, რომლებიც აწუხებს თემსა თუ ზოგადად საზოგადოებას. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს:

  • გენდერულ თანასწორობასთან;
  • სტერეოტიპებთან;
  • ბულინგთან და სტიგმასთან;
  • სოციალურ საკითხებთან;
  • ძალადობასთან და ა.შ.

მას შემდეგ, რაც დასახელდება პრობლემები, დავყოთ მოსწავლეები ჯგუფებად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა სასურველია, არ აღემატებოდეს 6-8 მონაწილეს. თითოეული ჯგუფი იწყებს მუშაობას ერთ თემატიკაზე. თემების განაწილება შესაძლებელია შემთხვევითი კენჭისყრის პრინციპით ან მათი სურვილით.

სტატიაში მაგალითისათვის განვიხილოთ ისეთი პრობლემა, როგორიცაა პროფესიებთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპები.

აქტივობა მეორე – გმირების/პერსონაჟების მოფიქრება

ჯგუფების ფორმირებისა და თემების განაწილების შემდეგ ვიწყებთ პერსონაჟებზე მუშაობას. ჯგუფებს ვაძლევ დაახლოებით 10-15 წუთს იმისათვის, რომ დაფიქრდნენ მათი თემის წინაშე მდგარი პრობლემის მთავარ გმირებზე. ვინ არიან ისინი? რა როლს ასრულებენ კონკრეტულ სიტუაციაში?

ძალიან სახალისო აქტივობაა პერსონაჟის დახატვა დიდ ქაღალდზე. ამისათვის, პრობლემების მიხედვით განაწილებულ ჯგუფებს ვყოფთ მცირე ჯგუფებად/წყვილებად. მცირე ჯგუფებს ვურიგებთ ფორმატის ქაღალდებს, რომლებზეც ხატავენ პრობლემასთან დაკავშირებულ პერსონაჟებს. შემდეგ ნახატში წერენ სახასიათო ინფორმაციას. შეგვიძლია, შევთავაზოთ საორიენტაციო კითხვები:

  • რა ჰქვია?
  • რამდენი წლის არის?
  • რა უყვარს?
  • რას საქმიანობს?
  • როგორია?
  • რით არის გამორჩეული?
  • ოჯახური მდგომარეობა;
  • სოციალური სტატუსი და ა.შ.

ამგვარი პრინციპით ვიღებთ ერთ პრობლემასთან დაკავშირებულ 3-4 მთავარ გმირს/პერსონაჟს. მთავარი პერსონაჟების მოფიქრების შემდეგ მცირე ჯგუფები ბრუნდებიან ძირითად ჯგუფში და ერთმანეთს აცნობენ გმირებს. ჩვენი მაგალითის მიხედვით მთავარი გმირებად შეიძლება დასახელდნენ: მშობელი, ახალგაზრდა, მასწავლებელი/ლექტორი, დამსაქმებელი და ა.შ.

გაკვეთილი მესამე – პერსონაჟების განვითარება, დამატებითი გმირები

ვაგრძელებთ მუშაობას მცირე ჯგუფებში პერსონაჟების განვითარების კუთხით. ამ ეტაპზე წყვილები ფიქრობენ პერსონაჟის როლზე მთლიან სცენარში, რა დროსაც პასუხს სცემენ კითხვებს: დადებითი პერსონაჟია თუ უარყოფითი? რის გაკეთება შეუძლია? რა ნაბიჯების გადადგმა ძალუძს? როგორია მისი მოქმედებები?

თეატრის მეთოდის განუყოფელი ნაწილია დამატებითი პერსონაჟები. შემდეგი აქტივობა სწორედ მათ შემოყვანას ემსახურება. წყვილებმა უნდა მოიფიქრონ თითო დამატებითი პერსონაჟი, რომელიც გარკვეულ როლს შეასრულებს მთლიან სცენარში. ჩვენი მაგალითის მიხედვით ეს შეიძლება იყოს: კლიენტი, მეზობელი ან ნათესავი, მეგობარი, სარეკლამო აგენტი და ა.შ.

შემდეგ წერილში დეტალურად ვისაუბრებ მარტივი სცენარის ფორმირების, დახვეწისა და ექსპერიმენტული სპექტაკლის გათამაშების კონკრეტულ მეთოდებზე.

ჩემი სკოლის რეკლამა

0

მედიასა და ინფორმაციის მნიშვნელობაზე წინა სტატიაში უკვე ვისაუბრე. ჩემს მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება და მზაობა უკვე აქვთ. ის აქტივობა, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, გარკვეულწილად ეხმაურება ჩემს წინა სტატიას და მისი ერთგვარი გაგრძელებაა.

მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ რეკლამა ლათინური სიტყვაა და ყვირილს ნიშნავს. ის სხვა ადამიანებს, მომხმარებლებს მომსახურებისადმი ინტერესს უღვივებს, მოუწოდებს პროდუქციის ყიდვისკენ. რეკლამის ერთ-ერთი სახეობაა სოციალური რეკლამა. რა არის ეს? რეკლამა, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება რომელიმე პრობლემაზე, სოციალური რეკლამა გახლავთ.
გაკვეთილზე განვიხილეთ რამდენიმე სიტუაცია. მოსწავლეების გააქტიურების მიზნით დავსვი შეკითხვები:

  • შესულხართ თუ არა სწრაფი კვების ობიექტში, მას შემდეგ, რაც მისი რეკლამით მოიხიბლეთ?
  • რამდენჯერ გითხოვიათ მშობლისთვის იმ ნივთის შეძენა, რომელიც ტელევიზორში ნახეთ?
  • გაგჩენიათ თუ არა სურვილი შესულიყავით სხვადასხვა წრეზე მას შემდეგ, რაც ის თქვენმა თანატოლმა შეგიქოთ?

კლასის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად „მე და საზოგადოების“ სახელმძღვანელოში მოცემული სიტუაციები განვიხილე.

შეაფასეთ მოცემული რეკლამები:

  • მოგინდებოდათ თუ არა ამ პროდუქტების ყიდვა?
  • რას მიაქციეთ ყურადღება?
  • რამდენად სანდოა ის?

ამის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე წყვილებში სამუშაო. მათ უნდა მოეფიქრებინათ სარეკლამო ტექსტი, ანუ დევიზი რეკლამისთვის:
ა) სკოლის ბიბლიოთეკისთვის;

ბ) სკოლის ეზოსთვის;

გ) სკოლის სპორტული მოედნისთვის.

ამის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი ინფორმაცია სკოლის შესახებ, მისი გერბი, ჰიმნი, მიზანი. ჩამოვთვალეთ სკოლის ძლიერი მხარეები – რა მოგვწონდა, რას შევცვლიდით, რას ვისურვებდით მისი განვითარებისთვის.

ამ აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე დავალება, რომლის ფარგლებშიც მათ უნდა მოეფიქრებინათ სკოლის რეკლამა. მივეცი საშუალება, ემუშავათ სურვილის მიხედვით: ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად.

დავალების შინაარსი: მოიფიქრეთ სკოლის მოკლე რეკლამა, რომელშიც ნათლად იქნება წარმოდგენილი –

  • სკოლის დასახელება, მახასიათებელი ნიშნები (ემბლემა, ფორმა, გამოსახულება);
  • სკოლის მიზნები, მისი პირობები, ძლიერი მხარე.

სამიზნე აუდიტორია: პირველკლასელები

რეკლამის ფორმა: აირჩიეთ ერთ-ერთი: ფოტო, ვიდეო, პლაკატი.

დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს მისი პრეზენტაცია, რის შემდეგაც მოხდა მისი ანალიზი, რომელი რეკლამა გამოიყენეს (ტექსტური, მხატვრული, გრაფიკა თუ სხვა). ასევე ისაუბრეს ერთმანეთის ნამუშევრებზე, შეაფასეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაცვალეს მოსაზრებები.

გთავაზობთ მოსწავლეების ნამუშევრებს ვიდეოს სახით:

ასევე შექმნილ ნამუშევრებს:

ეს დავალება დაეხმარა მოსწავლეებს, გაეგოთ რეკლამის არსი, ესწავლათ მისი შექმნა და სხვისთვის გაზიარება. უშუალოდ სკოლის თემატიკის რეკლამაზე მუშაობა დაეხმარა მათ, მიეღოთ და მოეძიებინათ დამატებითი ინფორმაცია სკოლის შესახებ, გაიღრმავეს ცოდნა და მოახდინეს ცოდნის ერთგვარი რეფლექსია. ვფიქრობ, პირველკლასელებისთვის და მათი მშობლებისთვის შექმნეს არაჩვეულებრივი გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება მათ სკოლის არჩევაში. ბავშვებისგან მიღებული ინფორმაცია და შეფასება, ხომ ყველაზე გულწრფელი და საინტერესოა.

 

დიფერენცირებული მიდგომა მუსიკის გაკვეთილზე

0

მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მუსიკალური განათლება. მუსიკის გაკვეთილები იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსწავლემ განივითაროს ესთეტიკური გემოვნება, პოეტური და მხატვრული შესაძლებლობები, წარმოსახვითი აზროვნება, მოსმენის უნარი. ეს პიროვნული თვისებები ეხმარება მას სასწავლო მასალის ათვისებაში, თვითრეალიზებასა და თვითშეფასების ამაღლებაში. გარდა ამისა, მუსიკა დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ხასიათზე, მის ქმედებებზე.

მუსიკალური ხელოვნების სფეროდან მოსწავლეებს ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეთ ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით. შესაძლებელია ყველა ბავშვის ინდივიდუალურად გათვალისწინებაც. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა დიფერენცირებული სწავლება, რომელიც ასევე ხელს უწყობს ახალ სასწავლო პირობებთან ადაპტაციის პროცესს.

ბევრი მეცნიერი მიდის დასკვნამდე, რომ დიფერენცირებული სწავლება მნიშვნელოვანია როგორც სასწავლო მასალის ასათვისებლად, ასევე მოსწავლეების განსავითარებლად.

დიფერენცირებული სწავლის არსი ის გახლავთ, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ფსიქოლოგიური და მეთოდოლოგიური დახმარება, რათა მიაღწიონ წარმატებას საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში.

არსებობს ორი სახის დიფერენციაცია:

  1. გარეგანი დიფერენციაცია;
  2. შინაგანი დიფერენციაცია.

გარეგანი დიფერენციაციის საფუძველია მოსწავლეების შემეცნებითი ინტერესების, მათი შესაძლებლობების გათვალისწინება კონკრეტული ტიპის საქმიანობისთვის.

შიდა დიფერენციაცია ეფუძნება მოსწავლეების მახასიათებლების გათვალისწინებას, რაც გავლენას ახდენს სასწავლო მასალის დაუფლების ეფექტურობაზე, ესენია:

  • სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები (სქესი, ასაკი, ეროვნება, ოჯახი);
  • სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლები (მოთხოვნილებები, მოტივები, დამოკიდებულებები, გაგების დონეები);
  • ინდივიდუალური პიროვნული თვისებები (აღქმა, მეხსიერება, ყურადღება, მსოფლმხედველობა, ზოგადი განვითარების დონეები);
  • ეგზისტენციალურ-პიროვნული თვისებები (ჯანმრთელობის შემანარჩუნებელი ან დამაზიანებელი მდგომარეობები);
  • ბიოენერგეტიკული თვისებები (დაბალი, მაღალი ენერგია).

ცხოვრების მზარდი მოთხოვნების ფონზე სკოლაში ათვისებული ცოდნის მოცულობა და შინაარსი იზრდება და რთულდება. რაც უფრო ხელშესახებია ეს პროცესი, მით უფრო მკაფიოდ ვლინდება ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის უნარში. დიფერენცირებული სწავლების საფუძველია თითოეული მოსწავლის მომზადებისა და განვითარების დონის განსაზღვრა, მისი ინდივიდუალური მახასიათებლების შესწავლა.

პროგრამული საგანმანათლებლო მასალის დასაუფლებლად სხვადასხვა მოსწავლეს სჭირდება განსხვავებული დრო, განსხვავებული ფორმა. დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ამ განსხვავებების გათვალისწინებას.

ინდივიდუალური დიფერენცირებული სწავლების მიზანია, საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება ინდივიდის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.

დიფერენცირებული სწავლებისას მასწავლებლის ამოცანაა, შეისწავლოს მოსწავლეთა სწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები (ყურადღების, აზროვნების, მეხსიერების განვითარების დონე და ა.შ.), დაადგინოს მათი ცოდნისა და უნარების დონე კონკრეტულ საგანში. შედეგად შესაძლებელი ხდება შემდგომი ინდივიდუალიზაციის განხორციელება.

დიფერენცირებული მიდგომის განხორციელებისას მასწავლებელი უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგი მოთხოვნებით:

  • მოსწავლეებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნა;
  • აქტიური კომუნიკაცია მოსწავლეებთან, რათა სასწავლო პროცესი იყოს მოტივირებული; მოსწავლეს ჰქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, რას მოელიან მისგან.

მე პრაქტიკაში შინაგანი დიფერენციაციის გზით ვცდილობ, განვავითარო მოსწავლეთა შემოქმედებით შესაძლებლობები, ცოდნა და უნარები. მუსიკის გაკვეთილთან მეოთხეკლასელთა ადაპტაცია უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, რადგან მათთვის ყველაფერი ნაცნობი და გასაგებია. თუმცა, მასალა რთულდება და ჩნდება ახალი ამოცანები. როცა კარგად ვიცი ბავშვების ინდივიდუალური მახასიათებლები, ვცდილობ, გამოვიყენო დიფერენცირებული მიდგომა.

მუსიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მუსიკალური წიგნიერების უკეთ გააზრებასა და ათვისებას, უნდა შეინარჩუნოს მოსწავლეთა ინტერესი გაკვეთილის ბოლომდე, განუვითაროს მოსწავლეებს სერიოზული დამოკიდებულება მუსიკალური ენის საფუძვლების შესწავლისადმი.

ჩემი საქმიანობა მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა ემოციურად აღიქვან პროგრამით გათვალისწინებული მუსიკალური ნაწარმოებები. ბავშვები სწავლობენ მუსიკაში „ჩაღრმავებას“, აღიქვამენ ბგერის სილამაზეს, რაც კარგი საფუძველია მათი მხატვრული გემოვნების ჩამოსაყალიბებლად.

დაწყებითი საფეხურზე მუსიკის გაკვეთილებზე ვცდილობ, მოსწავლეს გავუძღვიძო ემოცია მუსიკის მშვენიერების მიმართ. მუსიკის აღქმა შესაძლებელია გარკვეული მუსიკალური შესაძლებლობების (მუსიკალური სმენა, ორიენტირებული ყურადღება, ჩამოყალიბებული მუსიკალური იდეები და მუსიკალური მეხსიერება) განვითარების შედეგად. გაკვეთილზე მუდმივად უნდა ჟღერდეს მუსიკა, რათა მან ბავშვებში აღძრას ემოციები, ჰუმანური გრძნობები.

მუსიკის გაკვეთილი არის ერთიანი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროცესი. გაკვეთილის მომზადებისას ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ განვავითარო ბავშვებში მუსიკალური შესაძლებლობები და უნარები, მოსწავლეთა განვითარების ინდივიდუალური ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური დონის გათვალისწინებით. მუსიკალური განათლება სკოლაში გულისხმობს სკოლის მოსწავლეების არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ მუსიკალური შესაძლებლობების (ვოკალური და საგუნდო, რიტმის გრძნობა, ტემპი, ტემბრი, მელოდიური და ჰარმონიული სმენა, შესრულების უნარები) განვითარებას. ეს ამოცანები შეესაბამება მუშაობის გარკვეულ ფორმებს. მუსიკალური აღქმის განვითარება ჩემს გაკვეთილებზე ხორციელდება მუსიკის მოსმენით. ეს ფორმა ხელს უწყობს მუსიკალურ-სმენითი დიაპაზონის გაფართოებას, გარკვეული მუსიკალურ-სმენითი აღქმის, გემოვნებისა და შეფასებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს სიტყვიერ ახსნა-განმარტებებს და ინდივიდუალურ საუბრებს მოსწავლეებთან. ბავშვებს ვეხმარები ნაწარმოების ამოცნობაში, ვესაუბრები მის პოზიტიურ გავლენაზე; ვასწავლი, გამოხატონ დამოკიდებულება იმ მუსიკის მიმართ, რომელსაც უსმენენ. მოსმენილი მელოდიიდან მიღებული შთაბეჭდილებების ნახატებად ქცევას ან განწყობის მუსიკალურად გადმოცემას შეუძლია მუსიკალური აღქმის გაღრმავება. იმისთვის, რომ ბავშვებს გავუადვილო იმპროვიზაცია, მე თვითონ ვაჩვენებ პირველ მარტივ მოძრაობებს, რომლებიც შესაბამისობაშია ამ მუსიკასთან. ბავშვებს უყვართ მუსიკაზე მოძრაობა და კარგად ამახსოვრდებათ ის მუსიკა, რომელიც მოძრაობასთან ასოცირდება.

მუსიკა, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე მძლავრი იარაღია, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე. შემთხვევითი არ არის, რომ მრავალ ქვეყანაში მუსიკალური თერაპია წარმატებით გამოიყენება ნერვული და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ. ამასთან დაკავშირებით, კლასს ვაცნობ მუსიკალურ მოძრაობას და მუსიკალურ თამაშებს, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენს მოსწავლეების ფსიქიკაზე. დაწყებითი სკოლისთვის შემოთავაზებულია თითების თამაშები, რომლებიც ხელს უწყობენ მეტყველების, აზროვნების განვითარებას, (მაგალითად, „ბავშვთა ორკესტრი“).

მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს თითოეული მოსწავლის მუსიკალური განვითარების შესაძლებლობები. სიმღერაზე მუშაობისას დავდივარ მერხებს შორის, ყურადღებით ვუსმენ მოსწავლეების სიმღერას, არაზუსტი და ასევე ზუსტი ინტონაციის ბგერებს. მოთმინებაა საჭირო, სანამ არასაკმარისად განვითარებული მუსიკალური სმენის მქონე მოსწავლეები თანდათან სწორად მღერას ისწავლიან.

მოსწავლეთა მუსიკალური სმენის განვითარების დონის მიხედვით კლასი შეიძლება დაიყოს ინტონაციურ ჯგუფებად:

I-ელ ჯგუფში არიან მოსწავლეები, რომლებსაც შეუძლიათ სიმღერის შესრულება მუსიკალური ინსტრუმენტის გარეშე.

II ჯგუფის წევრები სწორად მღერიან, მაგრამ მუსიკალური ინსტრუმენტის ან მასწავლებლის დახმარებით.

III ჯგუფი შედგება ისეთი ბავშვებისგან, რომლებსაც სიმღერაში მხოლოდ გარკვეული ფრაზის შესრულება შეუძლიათ.

IV ჯგუფის წევრები სწორად იღებენ ცალკეულ ბგერებს.

V ჯგუფის წევრებს არ შეუძლიათ სიმღერის დროს სუფთა ნოტების აღება.

I და II ჯგუფები მღერიან სიმღერას თავიდან ბოლომდე, III და IV ჯგუფები სიმღერაში შედიან გარკვეული მუსიკალური ფრაზის ან ბგერის აღებისას. V ჯგუფი მიჰყვება მუშაობის პროცესს, აღნიშნავს სიმღერის რიტმულ ნიმუშს.

მუშაობის შედეგების შესაბამისად მოსწავლეები ერთი ჯგუფიდან მეორეში გადაგვყავს (5-დან 4-ში, 3-დან 2-ში). ჯგუფიდან ჯგუფში გადასვლა მოსწავლეებისთვის არის სტიმული.

გაკვეთილებზე მასწავლებელს შეუძლია უკეთესი ადაპტაციისთვის შექმნას წარმატების სიტუაციები სპეციალურად იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სხვა გაკვეთილებზე წარუმატებლები არიან, ზეგავლენა მოახდინოს რთულ მოზარდთა როგორც გრძნობებზე, ასევე მათ ქცევაზე.

დასასრულ, შემიძლია აღვნიშნო, რომ მუსიკის გაკვეთილებზე სწავლების ინდივიდუალიზაცია და დიფერენცირება საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს, გააცნობიეროს საკუთარი თავი, ხოლო მასწავლებელმა მოიძიოს მასალის უმრავლესობისთვის გადაცემის გზები, წაახალისოს მოზარდები.

ინდივიდუალური და დიფერენცირებული მიდგომის განხორციელება საშუალებას გვაძლევს თვალ-ყური ვადევნოთ მოსწავლეების განვითარების დინამიკას. მოსწავლეთა მიღწევების შესაბამისად მასწავლებელი, პერსონალურად, ყველა მოსწავლისთვის ადგენს სწავლების ინდივიდუალურ გეგმას.

მაშასადამე, სწავლებისადმი დიფერენცირებული მიდგომა სტიმულს აძლევს დაბალი შედეგის მქონე მოსწავლეებს, ეხმარება მათ ცოდნის ხარვეზებისა და შემეცნებითი შესაძლებლობების უფრო ფართოდ დანახვაში. შედეგად ისინი მუდმივად ინარჩუნებენ საგნის მიმართ ინტერეს.

მუსიკის გაკვეთილებზე სწავლების დიფერენცირებული მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეებს სასწავლო აქტივობების წარმატებით განხორციელებაში. ამ აქტივობის შემდეგ, მოსწავლეები თავად იწყებენ შედეგების გაუმჯობესებას, რაც აისახება მათი მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზეც.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარიანა ხუნძაყიშვილი სარა ბივერი. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება;
  2. თეა შილაძე. დიფერენცირებული მიდგომები სწავლებაში;
  3. ნანა ლომაძე. სასწავლო მენიუ – დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტი;
  4. გზამკვლევი – პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის;
  5. ელექტრონული ჟურნალი „მასწავლებელი“;
  6. ი.ე. უნტი. განათლების ინდივიდუალიზაცია და დიფერენციაცია – მ. პედაგოგიკა, 1990 წ.;
  7. ჯონ ბინი და ამალია ოლდფილდი „ჯადოსნური სალამური”, 2000 წ.;

 

 

 

 

ომის გრძელი ჩრდილი

0

დიდხანს ეძებდა მამაჩემი ბაბუაჩემის საფლავს, წერილს წერილზე წერდა და პასუხს მოთმინებით ელოდა. სწამდა, რომ რომელიმე არქივში სულ პატარა ცნობას მაინც მიაგნებდა, რომელიც კვალს აპოვნინებდა. იცოდა, რომ მკვდარი იყო – ომის დროს შეეტყობინებინათ ოჯახისთვის ქაღალდის ნახევზე დაწერილი მოკლე სიტყვებით. ის ქაღალდი კი მაშინვე გამქრალიყო – მგლოვიარეთა თითებში, გაუსაძლისად მძიმე ჰაერში. ჯიუტად ეძება და ბოლოს – 80-იანების შუა წლებში – პასუხი მიიღო: კურსკთან ახლოს, საძმო საფლავში ჩაეწვინათ, რუსული სოფლის მიწად ექციათ.

ჩვენს სახლში ომს ხშირად ახსენებდნენ – არა როგორც დიდი ხნის წინ მომხდარ კატასტროფას, არამედ რაღაც ისეთს, რისთვისაც გუშინდელი დღე მხოლოდ პირობითად დაერქმიათ – მისი უხილავი საცეცები ერთნაირად გვწვდებოდა უფროსებს თუ ბავშვებს.

მახსოვს, როგორც დაწერა ჩემმა ძმამ თორმეტფურცლიანი რვეულის მწვანე ყდაზე:

ომი ღორია

ომი ღორია

ომი ღორია

წერა ახალი ნასწავლი ჰქონდა. წვალობდა.

 

*

რა უნდა უთხრა ბავშვს ომზე? რა დროს უნდა გაჩუმდე, რომ პატარა მხრებით სატარებელი ტვირთი მეტისმეტად არ დაუმძიმო? ის ნაადრევად სწავლობს სიტყვებს, რომლებიც წლების შემდეგ უნდა გაჩენილიყო მის ლექსიკაში; ყურს აჩვევს გამოთქმებს, რომლების ზუსტი მნიშვნელობის გასაგებადაც ცოდნა, გამოცდილება არ ყოფნის. უკიდურესი დაძაბულობის ნიშნები კი ყველგანაა – საყვარელი ადამიანების სახეებზეც და უცნობების გამოხედვაშიც.

24 თებერვლის შემდეგ რამდენჯერ დავუბრუნდი ამ შეკითხვას, რამდენჯერ ვიფიქრე, რომ ვერა, ვერ მოვახერხებდი ომის თავზარდამცემი აბსურდულობის ახსნას, ფრაზების გასაგებად დალაგებას.

ჩემი მეგობრების შვილები – პირველკლასელები, მეორეკლასელები – უკრაინის დროშებს, უკრაინელ მეომრებს ხატავენ. ვხვდები, მათი თვალი ყველაფერს სწვდება, ყველაფერს იმახსოვრებს. რასაკვირველია, მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩებათ დანგრეული ქალაქები, გაუბედურებული ადამიანები, თავჩახრილი ტყვეები, ალმოდებული თვითმფრინავები, მიწისქვეშა თავშესაფრებში გაშლილი ლოგინები, ლტოლვილების უსაშველოდ გრძელი რიგები.

ძნელია, ყოველთვის ზუსტად აწონო სათქმელი, არ დაივიწყო, რომ სიტყვები მათ ყურამდეც მიაღწევს, ვინც რთული, გაუგებარი მოვლენების ახსნას თავისებურად ცდილობენ – ნანახს და გაგონილს ერთმანეთს აწებებენ, ხან სწორად, ხან არასწორად, და პასუხის პოვნა წუთების საქმე ჰგონიათ. ძნელია, ცდუნებას გაუძლო და საკუთარი აზრების ბადეში არ გააბა ნელა მოძრავი პატარა სხეული.

ალბათ ვერც მე შევძლებდი, შვილი რომ მყოლოდა.

*

ომი სიძულვილისაა.

ომში სიძულვილის ძალა ისეთია, წარმოუდგენელს გაფიქრებინებს და გაგაკეთებინებს კიდეც. მაგრამ ბავშვები ამ განცდის თანამოზიარედ არ უნდა იქცნენ, ნგრევას, განადგურებას, სიკვდილს სიკეთედ არ უნდა აღიქვამდნენ.

სწორედ 24 თებერვალს დავიწყე ამერიკაში ემიგრირებული რუსი მწერლის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, სვეტლანა ბოიმის ტექსტის ნაწყვეტის თარგმნა, რომელიც პოსტკომუნისტურ ნოსტალგიას ეხება. ავტორის ყურადღების არეში მრავალ სხვას შორის ვლადიმირ ჟირინოვსკიცაა მოქცეული – ის, ვისზეც ბოლო დღეებში ბევრს ხუმრობენ, ვის სიკვდილსაც შეფარულად თუ შეუფარავად ელიან. მოულოდნელად კი პოლიტიკოსის ამ ავტობიოგრაფიულ ჩანაწერს გადავაწყდი:

„ადგილი არ იყო, სადაც ვითამაშებდი – არც ოთახში, არც დერეფანში. ტუალეტთან ყოველთვის რიგი იდგა და იქაურობა ყარდა, იმიტომ, რომ ტუალეტში მუდამ სუნი დგება, თუ ჰაერი არ იწმინდება… მაგრამ ყოველ დილით რიგში ათი-თერთმეტი კაცი რომ გროვდება, ჰაერის გაწმენდის დრო სად არის… ზოგიერთი იქ ეწეოდა კიდეც, რაც ასევე საზიზღრობა იყო. ბავშვობიდან სულ სიგარეტის შხამიან ბოლში ვიყავი გახვეული. ყველას ფეხებში ვედებოდი, იმიტომ, რომ ყველაზე პატარა ვიყავი საცხოვრებელში. და ასეთ საერთო საცხოვრებლებში უფროსებს წესად აქვთ – ჯავრი ყველაზე პატარაზე უნდა იყარონ. ვინ აღარ მირტყამდა, ვისგან აღარ მესმოდა უხეში სიტყვა… და დამიცავდა ვინმე? არც მამა მყავდა, არც ძმა…“.

სვეტლანა ბოიმის შეფასება, რომელიც ამ სიტყვებს მოჰყვება: „სტაგნაციის სრულყოფილი მეტაფორა. უსახლკარობის, მოუვლელი საცხოვრებლის დრამა მოულოდნელად ვითარდება – კომუნალური საცხოვრებელი ფსევდოსახლია, ნამდვილი სახლი კი დიდი რუსეთია. პირადი წყენა ეროვნულ დონეზე გათამაშდება და უბედური ოჯახის ისტორია ინდივიდუალური ბიოგრაფიის კონტექსტს მოწყდება – ერის ისტორიაში ჩასაწერად“.

ცხადია, ეს ყველაფერი იმის საჩვენებლად არ გადმომიწერია, რომ ძალადობა ძალადობის სურვილს წარმოშობს, ბავშვობისას განცდილმა დამცირებამ კი შეიძლება შემზარავი სახეცვლილება განიცადოს. როცა თუნდაც ყველაზე მიუღებელი პოლიტიკური ფიგურის სიკვდილის წარმოდგენა გვიხარია – სახიფათო ნიშანია. მერე რა, რომ ომის ლოგიკა ბევრ სხვა რამესაც ამართლებს. მერე რა, რომ ომის დამთავრებაზე მეტად არაფერი გვინდა.

„სხვა“ ელემენტები

0

ბოლო დროს გადავწყვიტე, ე.წ. „სხვა“ ელემენტებზე დამეწერა. სიტყვა „სხვაში“ვგულისხმობ ისეთებს, სკოლის პროგრამაში რომ არ შედის. ჰოდა, ვიფიქრე, რომ დაინტერესებულ მკითხველს მათზე რაიმე ფორმით ინფორმაცია უნდა ჰქონდეს-მეთქი.

ახლა, რომელიმე ბიძია აქვსენტი დაწერს, რომ დაინტერესებული მკითხველი სხვა (არასახელმძღვანელო) წიგნს აიღებს და იქ წაიკითხავსო. მე კი, უპასუხებ, რომ მეც ჩემსას ვცდი, რომ დავაინტერესო და თუ იქაც წაიკითხავს, მაგას რა აჯობებს.

სადღაც 300-400 წლის წინ ადრიან ფონ მიზინმა „სასაქმებელი ქვა“ გამოიგონა, რომელიც ფართოდ მოიხმარებოდა სამედიცინო სფეროში. 1815 წლის ქიმიის წიგნის ერთ-ერთ გამოცემაში წერია, რომ „სასაქმებელ ქვას“ მეტალური და მწკლარტე გემო აქვს. 2-3 გრანის მიღება მაშინვე კუჭის დაცარიელებას (ამოსაქმებას) იწვევს. გრანი ადრე აფთიაქარების მიერ გამოიყენებოდა და წონის ერთეულს აღნიშნავდა. 1 გრანი უდრის 0,062 გრამს. ეს, ე.წ. ქვაც ჩვეულებრივი მარილი გახლდათ, ანთიმონილ კალიუმის ტარტრატი, რომლის შემადგენლობაშიც სტიბიუმი (ბერძნულად ანთიმონიუმი) შედის-K2Sb2(C4H2O6)2·3H2O.

ზოგადად, სტიბიუმმა შესაძლოა ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაზიანება გამოიწვიოს. შეუქმნას გულს პრობლემები, რაც შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს. თუმცა, შუა საუკუნეების და შემდგომი პერიოდის ექიმები მას წამლად იყენებდნენ. მაშინ ასე სჯეროდათ, რომ ექიმის ხელში მოხვედრილი საწამლავი საშიში სულაც აღარ იყო.

ჰმ, რა მიკვირს, ზოგიერთი ექიმი, ახლაც ასე ირწმუნება და პაციენტებზე დაკვირვებებს თამამად ატარებს. გაგონილს და შეთხზულს არ გიამბობთ. თავად ვარ მომსწრე, ცნობილი ონკოლოგის მიერ დანიშნულმა ვითომ წამალმა (ვითომ-მეთქი ვწერ, რადგან ოთხი გვერდი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენა ეწერა), როგორ დაანგრია ჩემი ყველაზე, ყველაზე ახლო ადამიანი. შემდეგ რა ქნა იმ ექიმმა?

არც არაფერი!!!!

  • ვაჰ, ხედავ შენ, არ მოუხდაო, ერთი დაამთქნარა და ყავის წრუპვა განაგრძო.

ყავაზე შეიძლება ვცდები და სულაც ჩაის მიირთმევდა… ან, სულაც რაიმე სხვა სითხეს. საუბარი ტელეფონით შედგა და ნეტარი წრუპვა-ხვრეპის ხმა ნამდვილად ისმოდა.

ჰოდა, იმავეს იტყოდა შუა საუკუნეების რომელიმე სახელგანთქმული დასტაქარიც, როდესაც სტიბიუმი ვინმე მიმნდობს ღვიძლს ან გულს გაუხეთქავდა. ალბათ, ასეთებზე თუ შესძახა მეჩვიდმეტე საუკუნის თვალსაჩინო ფრანგმა ექიმმა გი-პატენმა:

  • „ღმერთო გვაშორე ასეთი წამლები და ექიმებიო“.

ამის მიუხედავად, მე-17 და მე-18 საუკუნეებში არისტოკრატები იყენებდნენ, ე.წ. „სასაქმებელ თასებს“. ჩვეულებრივი ფართოპირიანი ჭურჭელი იყო, რომელიც სტიბიუმს შეიცავდა. ასეთი თასიდან ღვინოს მიირთმევდნენ. სანამ ღვინო ჭურჭელში იყო, სტიბიუმი ღვინის მჟავებთან რეაქციაში შედიოდა და ფაქტობრივად „სასაქმებელი ღვინო“ წარმოიქმნებოდა. მერე რაც ხდებოდა, ნუღარ დამაწერინებთ.

ასეთი ჭიქა-თასები კაპიტან ჯეიმს კუკს ჰქონია ბლომად და თურმე ყველა მოგზაურობაში თან დაატარებდა.

სასაქმებლად სხვა ნივთიერებებსაც იყენებდნენ. მაგალითად, სპილენძის სულფატს, აპომორფინს, თუთიის სულფატს.

თუმცა, კვლავ ძირითად თემას დავუბრუნდები. სტიბიუმს მეორენაირად „ანთიმონიუმსაც“ უწოდებენ, რაც ბერძნულიდან ყვავილს ნიშნავს. ასე მისი მინერალების ყვავილთან მიმსგავსებული ფორმის გამო თუ უწოდეს.

 

სტიბიუმი ნაკლებად გავრცელებული ელემენტია. ბუნებაში ძირითადად გვხვდება სტიბიუმის კრიალას Sb2S3-ს სახით. მისი დაშლის პროდუქტი თეთრი მადანი Sb2O3-ია. ბუნებაში სტიბიუმი ასევე გვხვდება სტიბიუმის თიომარილის Ag3SbS3 სახით, რომელსაც მუქი წითელი ფერი აქვს. ასევე ცნობილია შავი მადანი Cu3SbS3 და სხვა.

ბუნებაში მცირე რაოდენობით თვითნაბადი სახითაც არის. მოიპოვება ლითონებთან ნაერთების სახითაც, მაგ. NiSb, Ag3Sb და სხვ.

მეტალურ სტიბიუმს ძირითადად სტიბიუმის კრიალადან გამოძევების მეთოდით იღებენ.

Sb2S3+3Fe=2Sb+3FeS

გამოძევების მეთოდის გამოყენება იმ შემთხვევაშიც შეიძლება, როდესაც კრიალა შედარებით სუფთაა და არ შეიცავს ბევრ მინარევს. სტიბიუმს ასევე კრიალას გამოწვითა და მიღებული ოქსიდის აღდგენით იღებენ.

Sb2S3+5O2=Sb2O4+3SO2

Sb2O4+4C=2Sb+4CO

 

რეაქცია მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, რომელზეც სტიბიუმის დიდი რაოდენობით აორთქლება ხდება. დანაკარგის შემცირების მიზნით აღდგენის პროცესში უმატებენ ნატრიუმის კარბონატს, ან გლაუბერის მარილს, რომელიც ფლიუს წარმოადგენს და ნალღობს ზემოდან აპკის სახით გადაეკვრის, შესაბამისად, მეტალს აორთქლებისაგან იცავს.

ელემენტური სტიბიუმი, დარიშხანის მსგავსად, ოთხატომიანი მოლეკულის Sb4-ის სახით არსებობს. მისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ალოტროპიული სახესხვაობა. ყველაზე მდგრად ფორმას ჩვეულებრივი ნაცრისფერი სახესხვაობა წარმოადგენს. თხევადი სტიბიუმ წყალბადის ოზონირებული ჟანგბადით 90 ცელსიუს გრადუსზე დაჟანგვისას მიიღება არამდგრადი, ყვითელი, გოგირდნახშირბადში ნაწილობრივ ხსნადი სტიბიუმი, რომელიც უფრო მაღალ ტემპერატურაზე შავი სახეობის სტიბიუმად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელი ქიმიურად ნაცრისფერ სტიბიუმზე უფრო აქტიურია. ჰაერზე ადვილად იჟანგება და მისი ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, ზოგჯერ დაჟანგვის პროცესი აალებითაც მიმდინარეობს. გაცხელების შედეგად შავი სტიბიუმი ნაცრისფერში გადადის. მეოთხე სახეცვლილება, ე.წ. ფეთქებადი სტიბიუმია, რომელსაც სტიბიუმის ჰალოგენიდის ელექტროლიზით იღებენ. ამ დროს კათოდზე გამოიყოფა ამორფული სტიბიუმი, მისი გათბობით ისევ ნაცრისფერი სტიბიუმი მიიღება. ამორფული მდგომარეობიდან კრისტალურ მდგომარეობაში გადასვლის პროცესი ეგზოთერმულია. შედეგად ხურდება, ფეთქდება და მტვრად იქცევა.

სტიბიუმი ჰაერზე საკმაოდ მდგრადია და 800 ცელსიუს გრადუსზე წვისას ტრიოქსიდის წარმოქმნის.

სტიბიუმი გამოიყენება სხვადასხვა შენადნობის მისაღებად. შენადნობებს დიდ სიმტკიცეს ანიჭებს. გამოკრისტალებისას მეტალური სტიბიუმი და მისი შენადნობები ფართოვდება, ამის გამო ფართო გამოყენება პოვა სასტამბო შრიფტების დასამზადებლად, რომელიც, ტყვიის გარდა, 15-30% სტიბიუმს და 20% კალას ან ბისმუტს შეიცავს.

რადგან სიტყვამ მოიტანა, ბისმუტზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ესეც „სხვა“ ელემენტებს მიეკუთვნება და სასკოლო პროგრამაში მინიშნებითაც კი არაფერია მასზე ნათქვამი.

დარიშხანსა და სტიბიუმთან შედარებით ის ბუნებაში ნაკლებადაა გავრცელებული. გვხვდება, როგორც თვითნაბადი ბისმუტი, ისე ნაერთების სახით. ცნობილია ბისმუტის სულფიდი, ე.წ. ბისმუტის კრიალა Bi2S3 და ბისმუტის ოქსიდი Bi2O3.

ბუნებაში ასევე გვხვდება ორმაგი სულფიდების სახით, როგორიცაა: PbS·Bi2S3; Ag2S·Bi2S3, Cu2S·Bi2S3. საბადოები სამხრეთ ამერიკაში მოიპოვება.

ბისმუტი მოწითალო ფერის მსხვილი კრისტალური მყიფე მეტალია. ჰაერზე მდგრადია, გავარვარებისას იწვის, რის შედეგადაც მიიღება Bi2O3-ყვითელი ფერის ოქსიდი. დარიშხანისგან განსხვავებით, ბისმუტის მოლეკულა თავისუფალ მდგომარეობაში შედგება ორი ატომისგან, აირად მდგომარეობაში კი – ერთისგან.

ძაბვის მწკრივში წყალბადის მარჯვნივ მდებარეობს. შესაბამისად, არ შეუძლია მჟავებიდან წყალბადის გამოძევება. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბისმუტი გოგირდმჟავაში არ იხსნება, იხსნება მხოლოდ აზოტმჟავაში. თუმცა, ცხელ კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან შემდეგი რეაქციით მოქმედებს:

Bi+6 H2SO4=Bi2(SO4)3+3SO4+6H2O

მარილმჟავასა და ძმარმჟავაში ბისმუტი არ იხსნება, მაგრამ თუ ამ მჟავებს წყალბადის პეროქსიდს დავუმატებთ, მაშინ ორივე მათგანთან რეაგირებს და შესაბამის მარილებს წარმოქმნის.

მარილები თეთრი ფერისაა. წყალში გახსნისას ჰიდროლიზს განიცდიან და უხსნად ფუძე მარილებს წარმოქმნიან.

ბისმუტი სტიბიუმის და დარიშხანის მსგავსად, მომწამლავია და თავისი მოქმედებით მერკურის ემსგავსება.

მიეკუთვნება მძიმე მეტალებს, მისი სიმკვრივე 9,8-ის ტოლია.

ადრე, 2015 წელს დავსვი შეკითხვა:

  • რა შეიძლება იყოს მძიმე?

https://mastsavlebeli.ge/?p=4219

წერილი ზოგადად მძიმე მეტალებს ეხებოდა. ბისმუტზე იქ არ დამიწერია, რადგან „სხვებს“ განეკუთვნება და სტიბიუმის მსგავსად ღირსია ცალკე დრო და წერილი დაეთმოს.

როცა სამყარო ერთ დიდ ჭრილობას დაემსგავსება

0

(ნინო ხარატიშვილის პიესები)

დრამა განიმარტება, როგორც მოქმედება, რომელიც მიმდინარეობს (და არა უკვე დასრულებულია) მოქმედი პირების ხასიათისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. ამის სისწორეში მაშინ დავრწმუნდი, ნიჭიერი გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგის, რეჟისორისა და მწერლის, ნინო ხარატიშვილის, პიესების კითხვა რომ დავიწყე. რაღაცა უცნაურ წინასწარმეტყველებასავით ამიხდებოდა ხოლმე რეალურად განვითარებული მოვლენები კითხვისას, დროის ქრონოლოგიის დაცვითაც, თითქოს… მიხარია, რომ ქართულ დრამატურგიას, თამაზ ჭილაძისა და ლაშა თაბუკაშვილის შემოქმედებას, ეს მშვენიერი პიესებიც შეავსებს, კლასიკურისა თუ თანამედროვეს მოხდენილი, შეუმჩნეველი სინთეზით. მივყვეთ თანმიმდევრობით და დღევანდელობაც გაგვიცოცხლდება ლიტერატურაში…

  1. თავგადასავალი, რომელიც არ მინდა, რომ ჩემი იყოს („ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი”)

ეს არის, როგორც ავტორი წერს, „მელოდრამატული, პათეტიკური, კიტჩური, მართლაც რომ კიტჩური მელოდრამა” სიყვარულზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულადაც შეიძლება მიიჩნიო, ბოდლერის არ იყოს, „რომლის ჩადენა შეუძლებელია თანამზრახველების გარეშე”. ხედვის კუთხეს გააჩნია. მაგალითად, სიყვარული წვნიანსაც შეიძლება შეადარო, რომელიც არც მეტისმეტად ცხელია უსაფრთხო, არც ზედმეტად ცივი ვარგა. წუთისოფელს საკუთარი დაუწერელი „კანონმდებლობა” აქვს, ამაოების კანონზომიერებებთან რომაა შეწყობილი. ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ ეს ფილოსოფია და მათი ნაყოფიერებისა და საიქიოს ღვთაება ერთი იყო. ამიტომ ისე, როგორც ზემოთქმული, ბევრი რამ ცხოვრებაში მიზეზის, ლოგიკის გარეშე არსებობს, სიყვარულიც, საფუძველთა საფუძველი ჩვენი ამქვეყნიური (და ალბათ იმქვეყნიურიც) ყოფიერებისა…

ავტორი თანამედროვეა, მაგრამ მასთან არაა დღევანდელობისთვის ჩვეული უარყოფა რომანტიზმისა. არა, მშრალი რეალიზმის სიმკაცრე იგრძნობა პერსონაჟთა ურთიერთობებში, მაგრამ სცენების სათაურებში ძველი დროის ნოსტალგია ჟონავს, როგორც ატავიზმიც, მაგრამ სუნთქვისთვის აუცილებელიც – ამიტომ ბინა „დაღლილია”, „ზამთრის დათოვლილი დღე სასტუმროს თეთრ ლოგინში ჩაწოლილა”, ხოლო სიცხეში „წვიმასმოწყურებულია”, ცა იისფერია ან მწვანე, არის სანთლებიც, „ჩაფიქრობანას” თამაშიც თოვლიან ღამეში და ა.შ.

ჩვენი სიცოცხლე ადამიანური მეტამორფოზებიცაა. მთავარია, ცხოვრებამ არ მოგვინელოს, არ გვაქციოს „ტრაგიკულ სუბიექტად თავისი მკვდარი ოცნებებით”, რომელსაც ჰგონია, რომ არც არავის სჭირდება. ადამიანი სულით ხეიბრად არ უნდა იქცეს, სახიჩრად, ვეღარც თავს რომ ენდობა, ვეღარც სამყაროს. „თითქმის ორი წელი ვერ გამოვედი ტრანსიდან. არც ისეთი აზიზი ვარ, მაგრამ ამ ამბავმა მთელი ცხოვრება ამირია, არ ვიცი, როგორ დამემართა, ოჯახის დანგრევა და ფატალური ქალის როლი ნამდვილად არ არის საჩემო…” (37), ამბობს პიესის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელსაც ერთი სახე თუ სახელი არ აქვს. იქნებ ხანდახან ადამიანები იმ ნიღაბს ვატარებთ, რომელიც ჩვენმა ცხოვრებამ ვერ განახორციელა? საკუთარ სახეს კი ვკარგავთ („შეულახავსა და განუმეორებელს”). „მეებშიც” აიბლანდება ხოლმე ადამიანი: „რომელი „მე” გადაურჩა ამ ყველაფერს, რომელი გადარჩება ახლა და რომელი „მე” კვდება ზუსტად ამ წუთებში?” (47). მთელი სიცოცხლე ვირჩევთ, თუ ვირგებთ როლებს ცხოვრების სცენაზე და მერე ჩვენვე ვიხლართებით მათში. როგორც იტყვიან, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს და ისეც შეიძლება მოხდეს, როგორც პერსონაჟი, რომელიც ზოგადად, ყველა ქალის, ევას სახე-ხატია ნაწარმოებში, ამბობს: „მე ყველაზე კაცური კაცი ვარ მთელ მსოფლიოში”. არა მარტო როლებს, ვეძებთ, ვპოულობთ და ვირჩევთ ერთმანეთსაც. წუთისოფელს აქვს პასუხგაუცემელი კითხვები. ერთ-ერთია: შეგვიძლია კი სრულყოფილი სიყვარული ადამიანებს?. „რა დასამალია, რომ დროდადრო პატარ-პატარა მოგზაურობები გვჭირდება იმედებითა და ილუზიებით, ნამდვილი სიყვარულის რწმენით აღსავსე გულებში”, ამბობს დარიო, რომელიც სიყვარულის „სამკუთხედისა” თუ, პიესის მიხედვით, „მართკუთხედის” ერთ-ერთი წახნაგია. ამის შემდეგ კი ზოგჯერ „გადაგდებული” გულები მაინც პოულობენ ძალას, ჯადოსნურად ცოცხლდებიან და წამლად ირგებენ „სიყვარულის, ილუზიების და თავის მოტყუების შხამს”, – ეს კი ივია, რომელსაც ერთ დროს დარიო უყვარდა და რომელიც პიესის ბოლოს უყურებს საკუთარ ანარეკლს, „ასეთ ახალგაზრდასა და ასეთ ბებერს” სამყაროსავით…

დასასრული სევდიანია, სიკვდილით აღდგენილი წონასწორობით და უკვე „აწმყოსაც შეუძლია მოვიდეს”. ჩვენ მოგვიწევს, მას თვალებში ჩავხედოთ. მერე რა, რომ მათში ბევრი სახე, „მე” შეიძლება გამოჩნდეს. მთავარია, თავი ამოვიცნოთ…

  1. სისხლის ჩამოსაბანად მოგროვილი ცრემლები („ელექტრას ომი”)

მოქმედება ხდება მიკენეში. სიკვდილი ხსნაა? ავტორი სვამს ამ მტანჯველ კითხვას, რომელიც კიდევ ერთხელ, დაუსმელად, გამეორდება პიესაში „მრისხანება”. იქნებ სიმართლეც შეუძლებლის მოლოდინია, ანუ წუთისოფლის მსხვერპლი ან მხევალი? ის ხომ ერთ-ერთია, როცა ჭეშმარიტების სიმაღლემდეა აყვანილი, რასაც ფასი აქვს და რისთვისაც სიკვდილი ღირს? ელექტრაც ეძებს სიმართლეს და ვერ პოულობს, მისი ღაღადი სამყაროსადმი ასეთია: „ერთხელაც იქნება, ავაფეთქებ ამ სახლს, რომ ყოველგვარი ბოროტება ქვეშ მოიყოლოს და დაიმარხოს. ყველა გალავანს და მავთულხლართს გავარღვევ. აღარ იქნება აღარც იარაღის კოლექციები, აღარც ლტოლვილებით სავსე მანქანები, აღარც ფინანსური სისტემები, ადამიანებს რომ ყვლეფენ. აღარ იქნება ომი და ტანკები აღარ გადაუვლიან სიმინდის ყანებს. ერთხელაც იქნება, სროლის გარეშე ჩავა მზე” (73). კლიტემნესტრამ იცის, რომ იოლია პატიებაზე ლაპარაკი, როცა არ დაგჭირვებია საკუთარი თავის პატიება, მაგრამ არ იცის, ძნელია, აპატიო საკუთარ თავს თუ, პირიქით, იოლია? ეგისტოსის აზრით კი, „წარმოსახვა ძალიან სახიფათო რამ არის, შეიძლება ბევრად უფრო დიდი ძალა ჰქონდეს, ვიდრე რეალობას” (81). თითქოს, ყველას თავისი სიმართლე აქვს, ყველა მართალია და ყველას „დედინაცვალი” წუთისოფელი უნანავებს (კლიტემნესტრა ელექტრას: „მოვა დრო და შენც დაგჭირდება მამაკაცი, რომელიც შენი თავის პოვნაში დაგეხმარება”; „ასეთი ავადმყოფური აზრებით რომ არ იყო შეპყრობილი… მწიფე საზამთროსავით ტკბილ კოცნას გაუგზავნიდი სამყაროს”); მაგრამ, როგორც ავტორი ამბობს, „სინამდვილესთან შედარებით ყოველგვარი წარმოსახვა უფასურდება”.

დრო არეულია, ანუ არ არსებობს პიესაში, თუმცა თხრობის ენა, პერსონაჟთა მეტყველება შეესაბამება მითოლოგიურ პლანს. ეს არის გათანამედროვებული მითოსი, ძირძველიცა და ახლებურიც, – ეს მწერლის დიდი ოსტატობაა. ყველაფერი ცოტ-ცოტაობით ალბათობასთან, ამაოებასთან, იუმორთანაა შეზავებული („მიირთმევენ ალბათ თხილის ხის კეცზე ამა თუ იმ ტემპერატურაზე შემწვარ დაკოდილი ცხვრის ხორცს, რომელიმე პილპილიან, კამიან ან კიდევ რაღაცებიან სოუსში…”). ეგისტოსი თეას საქველმოქმედო ფონდის დაარსებას სთავაზობს. ნარატივი, ლექსიკა ( „ფონდის პრიორიტეტები”, „ვაუ, რა მაგარი ტიპია” – თეას თინეიჯერული შეძახილი) 21-ე საუკუნისაა.

ჩვენ წინაშეა ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი „ელექტრას კომპლექსიც”, რომელიც „ოიდიპოსის კომპლექსის” საპირისპიროა: „პატარა რომ ვიყავი, მამაჩემი ხელისგულზე მატარებდა პეპელასავით. მან ოცნება გვასწავლა. ასეთ რამეს არასდროს იზამდა! არასდროს!” (84).

სცენების ავტორისეული დასათაურება აქაც ორიგინალურია და გვეხმარება მოვლენათა არსში წვდომასა თუ გმირთა ხასიათების გამოცნობაში.

რას უცხადებს ელექტრა ომს? – „საკუთარი მეფის დახრჩობა და გვირგვინის მზაკვრულად მითვისება ნორმალური გგონია? ნორმალურია, განცხრომით რომ ცხოვრობ ფუფუნებაში, როცა მთელი ქვეყანა შიმშილობს? მეფის შვილებს კეთილდღეობის ნამცეცებით რომ უმასპინძლდები, ტახტის ღირსეულ მემკვიდრეს ივიწყებ და ომის საშინელ თამაშში ტოვებ – ნორმალურია? რაც შენთვის სამართლიანია, სხვისთვის ძალადობა, ტანჯვა და უბედურებაა”, – მიმართავს იგი მამინაცვალს, ეგისტოსს. „იქნებ სიკვდილი ხანდახან გამოსავალია?” („ბენზინს ასხურებდა იქაურობას, როგორც ნაკურთხ წყალს აფროდიტეს ტაძარში”). მწერლის კითხვას ორესტი, ელექტრას ძმაც იმეორებს. მისი „სიმართლე” როგორიღაა? „ვადიდოთ მამაჩვენის საარაკო გმირობანი! მერე რა, რომ ის ქვეყანა მიწასთან გავასწორეთ – ჩვენი სამშობლო ხომ არ იყო? მერე რა, რომ ქალებს ვაუპატიურებდით – ჩვენი ცოლები ხომ არ იყვნენ! მერე რა, რომ მომავალი წავართვით ბავშვებს – ჩვენი შვილები ხომ არ იყვნენ! გეყოფა, ელექტრა, ნუ მებუტები. იცი რა მაინტერესებს? იმის მერე, რაც ახლა გიამბე – თან გაითვალისწინე, რომ ეს მხოლოდ მცირედია, საყვარელო დაიკო, – როგორ გგონია, რაში მაწუხებს ვინ ვისთან წევს ამ სახლში?” (97) (აშკარად, გვახსენდება თანამედროვეობა და ზოგიერთი აპოკალიფსური პოლიტიკური ფიგურა). ელექტრას სიმართლე კი მაინც უცვლელია („არ არსებობდა მასზე უკეთესი მამა”; „მამა, შენ ხომ… ნამდვილად არ იყავი მკვლელი. მაგრამ თუ იყავი, მაშინ რა ვქნა? ვინ ვიქნები უშენოდ?”), მიუხედავად იმისა, რომ ეჭვით გაბზარულია.

ამ პიესაში ბერძნული ტრაგედიისთვის დამახასიათებელი ჩარჩოების ერთგვარი რღვევაა, როგორც იმავე მითოსისა, დროისა, მორალისა, ადამიანობისა (ზესკნელისა თუ ქვესკნელისკენ) და საოცარი ფორსმაჟორი, წუთისოფელი ბანალობითა და რუტინით რომ ვითომ ჩქმალავს…

  1. შეშლილი, შეშლილი, შეშლილი სამყარო! („კოკორო”)

„ზღაპარი ბაგირზე მოცეკვავეებსა და მაწანწალებზე” – ეს სათაური შეფასებაა, გზამკვლევი, სიუჟეტის შემავსებელი პიესისათვის და ჩვენ მოგვიაზრებს, ყველას, ადამიანებს, წუთისოფლის მასპინძლებსა თუ გერებს, მბრძანებლობის მოყვარულებსა თუ ჯამბაზებს გარემოებათა გამო, სიცოცხლის ბეწვის ხიდზე მოცახცახეებს, მოგზაურებსა თუ მოხეტიალეებს… „ამდენი სიტყვაა და სათქმელი კი აღარაფერი გვაქვს. ასე მგონია, სიტყვებს ვღეჭავთ და სამყაროს სახეში ვაფურთხებთ, როგორც გამოხრულ ძვლებს! საყრდენი მოიშალა, წონასწორობა დაირღვა! “(126) – ეს ლეილაა, რომელიც „დადევნებია რაღაცას, რაც არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა ალბათ, მაგრამ მაინც სჯერა, რომ ოდესმე იარსებებს”. საინტერესოა, ავტორი თანამედროვე, პრაგმატიზმით გამარტივებული (თუ გართულებული) ყოფიერების სკეპტიციზმს იზიარებს ამ შეფასებისას, თუ მასაც ფარულად, სევდიანად სწამს უნივერსალურის არსებობისა?…

გროტესკისა და ირონიის მიღმა ძნელი გასარჩევია, ეს სასაცილო სენტიმენტალიზმია, თუ ისევ რომანტიზმის დეფიციტის განცდა? – „აბა, „ანა კარენინა” ხომ ყველამ ვიცით, აბა მოდით, რამდენიმე ზედმეტი ცენტი გავიმეტოთ საწყალი ანას ტანჯვა-წამებისთვის. დამეთანხმებით ალბათ, ემანსიპაციის ქვაღორღიან გზაზე ანა წამებულთა ავანგარდში იყო. მან დაგვანახვა მამაკაცებს, რას ნიშნავს, იყო ქალი და თანაც ქალი, რომელსაც უყვარს. ალბათ არცერთ სხვა ქალს არ უყვარდა ასე, არცერთი სხვა ქალი არ ეწამა ასე სიყვარულისთვის. ამავე დროს, თავად ტოლსტოიზე არანაკლებ საინტერესო პიროვნება იყო მის მეუღლე სოფია, რომელიც 25 წელი ედგა მას გვერდში და უამრავი შვილი გაუჩინა” (134).

ავტორი გვიყვება სამყაროს დასასრულსა და იმაზეც, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ეს სამყარო. თითქოს, ჩვენ წინაშეა აპოკალიფსი, როგორც მოცემულობა: „სოციალიზმის ეკონომიკური და იდეოლოგიური რღვევა, აფრიკაში მზარდი იმედგაცრუება გაბატონებული სტრუქტურების მიმართ, დაბნეულობა და ფუნდამენტალიზმის გაძლიერება აღმოსავლეთის ქვეყნებში, ამერიკის გახშირებული შეცდომები და ამპარტავნება – ამ ყველაფერმა ევროპა ციხესიმაგრედ აქცია, უკანასკნელი იმედის ციხესიმაგრედ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამ ფუნქციას გაართვას თავი, ევროპა უსაფრთხოებასა და დისტანცირებას ირჩევს, რასაც საზოგადოება გაუცხოებისა და აგრესიისკენ მიჰყავს”, – ლიტერატურაში რეალობის აცხადებაა, არა?

ავტორის გროტესკი ამ განწყობას ამძაფრებს და ანეიტრალებს კიდეც, ერთგვარად, – „მე დებორა მარქსი ვარ, ოღონდ, თუ შეიძლება, კომენტარის გარეშე, ჩემი ბრალი არ არის, რომ ასეთი გვარი მაქვს”. მწერლის ირონიას იმ გაურკვევლობისადმი შიში და უიმედობა იწვევს, ზემოთ რომ ვახსენეთ.

ამ ყველაფრის მიზეზებიც არსებობს და ალბათ ხსნაც. „იაპონელებს ერთი გამოთქმა აქვთ, რომელიც სამყაროს გულს ნიშნავს. კოკორო – ასე უწოდებენ. თურმე როცა სამყარო ნგრევას იწყებს, კოკორო იღვიძებს, შურის საძიებლად და დასასჯელად. რაც ომები და კატასტროფები ხდება, სულ კოკოროს ცრემლებია თურმე… კოკორო დაუნდობელია, მაგრამ სამართლიანი” (161). მაგრამ მანამდე იქნებ მარტივი გამოსავალია საჭირო? რომ ცოტა სული მოვითქვათ, ცოტაც თავი მოვიტყუოთ, – „რა თქმა უნდა, შოკოლადი. მაგას ვერაფერი შეედრება. უიღბლო სიყვარულის წამალიც ეგ არის, მსოფლიო სევდისაც და უბედური ცხოვრებისაც“, ამბობს უნა, მამაკაცად დაბადებული ქალი…

აი, როგორ მიმართავს მარინა ლეილას: „იცი, რა განსხვავებაა შენსა და ჩემ შორის? შენს მშვენიერ სამყაროსა და ჩემს უღრან ტყეს შორის? მე გადავრჩები, ლეილა. ასე იყო მუდამ და ასე იქნება, შენ და შენნაირები კი ყოველთვის დაიღუპებით. შენ გგონია, ყველაფერი ძველებურად არის, ისევ შენს დამტვერილ ბიბლიოთეკაში ზიხარ და ლიმონიან ჩაის შეექცევი. შენ გგონია, „ოსტატი და მარგარიტა” ყველას წაკითხული აქვს და ამიტომ ერთმანეთს არაფერს დაუშავებენ? მაგრამ სინამდვილეში მაგ შენს ლიტერატურის მოყვარულთა წრეშიც თხრიან ერთმანეთს თვალებს, როცა სჭირდებათ და ვინც ამას არ იზამს, თვითონ დარჩება თვალდათხრილი. საკმარისად ვიფილოსოფოსეთ?” (173). ესეც ომია, შინაგან და გარეგან ცივილიზაციათა ომი. ეს ჩვენი, ადამის მოდგმის, არქაულიდან მომზირალი ბუნებაცაა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ჩიხიც…

  1. სამწუხაროდ, ეს აპოკალიფსი არ არის, სიხარული ჯერ ნაადრევია… ( „მრისხანება”)

სცენების სათაურებს სიურრეალიზმი შეეპარა („სადღაც რომელიღაც სასტუმროს ნომერი. გარეთ წვიმს, ჩვენ ნელ-ნელა ვდნებით”)…

პერსონაჟებთან ერთად წუთისოფელს განვაგრძობთ, სანამ „ყველაფერი უკვალოდ გაქრება, რაც ოდესღაც გვიყვარდა”. ეს სიბრძნის ძიებასაც ნიშნავს. იქნებ ეს უკანასკნელი ცხოვრების პირობითობებისგან გათავისუფლებაა? „მე ვცადე ყველა ემოცია ჩამომეშორებინა. ჩემი ამოსავალი წერტილი გულგრილობა უნდა ყოფილიყო. სახლ-კარზე უარი ვთქვი, ვმათხოვრობდი, სახელმწიფოსგან შემწეობას არ ვიღებდი, საერთოდ არ ვაღიარებდი სახელმწიფოს და მოქალაქეობას, უარვყავი პასპორტებიც, საზღვრებიც, წესებიც, საზოგადოებაც და კანონებიც. საკუთარი თავის ერთადერთი საზომი გავხდი. მჯეროდა, რომ გამორჩეული ვიყავი და სწორედ ეს მამოძრავებდა” (205) – ამბობს ოსკარი, რომელსაც მეტისმეტად უყვარდა ვარსკვლავები და ვერ ეგუებოდა ადამიანებს, რომელიც გაექცა ყველასა და ყველაფერს, რაც კაცობრიობას შეუქმნია. მას ჰგონია, რომ დიდი ექსპერიმენტატორია, არ უნდა, იყოს ნორმალური, ანუ უმაქნისი. ბოლოს კი, როცა დააპატიმრებენ, როგორც ასოციალურ არსებას, რადგან ჯერ სხვის ნაგავში იქექებოდა, შემდეგ მეზობელი პატარა გოგონას კურდღელი დაიჭირა, დაკლა, შეჭამა, იმიტომ, რომ ძალიან მოშიებული იყო და ციხეში ამოყოფს თავს, მაინც არ დარდობს და განაგრძობს ვარსკვლავების ძიებას, ვარსკვლავებისა, რომლებიც ჩვენშია; ან ვარსკვლავები, რომლებიც ჩვენ გარეთაა: „Все пройдет. Страдания, муки, кровь, голод и мир. Меч исчезнет, а вот звезды останутся, когда и тени наших тел и дел не останется на земле. Нет не одного человека, который бы этого не знал. Так почему же мы не хотим обратить свой взгляд на них? Почему?” – ეს მიხეილ ბულგაკოვია და რატომ მაინცდამაინც ის, რეალობის გათვალისწინებით აუცილებლად მიხვდებით ამ პარალელსაც. სად, სად დავკარგეთ ეს ვარსკვლავები? სწორედ ყოფაში, რომელშიც თანაარსებობა გვიწევს ადამიანური რუტინის შაბლონთან…

ცივილიზაციას კი გაექცევა კაცი, მაგრამ არა საკუთარ სინდისს, პატარა ღმერთს ჩვენში, რომელმაც თუ შეგაწუხა, „წინ ვერ წახვალ, მწვერვალების დაპყრობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი”, გვესაუბრება მართა, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში საკუთარ ალცჰაიმერიან მამას რომ ნახულობს, დეპრესიაში ვარდება და ალუბლის ტორტს მიეძალება ხოლმე. იმიტომ, რომ ჩვენ გამუდმებით გვიწევს თავის დაცვა იმისგან, რაც მოხდა, იმისგან, რაც კიდევ მოხდება და იმისგან, რაც აღარ მოხდება – თავის დაცვა ცხოვრებისგან. და ყველანი ვოცნებობთ, ვესწრაფვით მსოფლიოს, „სადაც სამართლიანობა სუფევს… სისტემური შეცდომების გარეშე… სადაც არ არიან სუსტები და ძლიერები და ყველაფერი თანაბრად არის გადანაწილებული”. სადაა ეს მსოფლიო, ჯანსაღი კოსმოპოლიტის ყველაზე ლამაზი ოცნება?!

ამაოება ბადებს ადამიანთა სევდას. რა იწვევს ამ სევდას? „ზოგჯერ შუქი რომ ეცემა ჩემს ბუსუსებიან კარს, ზოგჯერ ძაღლი რომ ჩაირბენს, ზოგჯერ ხმამაღალი სიტყვა, ახლად შეღებილი ოთახის ფერი, ბენზინის სუნი, ძველი ფოტოები, რძის გემო, შეწყვილებული მწერები, განსაკუთრებით, ბზიკები, კბილების გახეხვის დროს პირში დაგროვილი ნერწყვი, მოხუცებული ადამიანის ხელები, ფოსტალიონი, წერილებს რომ ყრის ფოსტის ყუთებში, ხალხით სავსე ბაქანი, ლოკოკინას ნიჟარა, ჩიბუხები, ცარიელი ბოთლები და ბევრი სხვა რამ… ყველაზე მეტად კი ადამიანები, რომელთაც პირი ნამსხვრევებით აქვთ სავსე, საკუთარი დამსხვრეული ოცნებებით” (228). ეს ადამის შეგრძნებებია. ისევ ამაოებაზე, ოღონდ ცოტა სხვა რაკურსით ჰყვება ტონი, გოგო, რომლის ნატვრაა, ნატვრა არ ჰქონდეს, ალბათ იმიტომ, რომ წაართვეს ან არ წაართვან ყველა ოცნება: „ახლა კი მეც სხვებს დავემსგავსე. შენ გამო. საშუალო სტატისტიკური ადამიანი, იმდენად ჩვეულებრივი, რომ გული მერევა. წარმოვიდგინე, როგორ ვიცხოვრებდი შენთან ერთად ამ დეკადენტურ ტაძარში, როგორ მივირთმევდი საზამთროს ზამთარში და შამპანურს საუზმეზე, როგორ ვინებივრებდი მარმარილოს აქაფებულ აბაზანაში, მერე გავეხვეოდი თეთრ ხალათში, რომელიც ლექსუსად ითვლება, სინამდვილეში კი ყველას ასუქებს” (229). თითქოს სამყაროსადმი მომხმარებლობამ და პრაგმატიზმმა ყველაზე ძვირფასი მარგალიტები, ადამიანური ინდივიდუალობა, სიფაქიზე ჩაყლაპა. ტონის პროტესტის მიზეზიც ესაა და იჭრის კიდეც დანით თავს კაცის წინაშე, რომელმაც დროებითი სიყვარული შესთავაზა. აქედან გამომდინარეა რუდას ცხოვრებისეული ფილოსოფიაც: „შენთვის უნდა იყო და ის უნდა იყო, რაც ხარ”.

პიესაში ყველგან ჩასაფრებულა გაუცხოება. პერსონაჟები ხშირად თავისთვის საუბრობენ, ერთმანეთის არ ესმით, თუმცა ფიზიკურად ერთად არიან.

ცხოვრების მატერიალიზმი ბადებს ძალის ფილოსოფიასა თუ აპოლოგიას, რომელსაც რაფაელი აჟღერებს: „სამყაროს ვერ შეცვლი და ვერც შეაჩერებ. ან შენ უნდა მოერიო, ან ის მოგერევა. სხვა გზა არ არსებობს. არავითარი უკეთესი და უარესი, და მით უმეტეს უკეთესი და უარესი სამყაროები არ არსებობს. ჰკითხე ერთი შენს ღმერთს, თუ სადმე იპოვი, და გეტყვის, რომ საბოლოოდ ზეცაც და ქვესკნელიც ერთი და იგივეა, გააჩნია საიდან შეხედავ” (240).

პიესა ისტერიკაა, მრისხანება სამყაროსადმი, რომელიც დიდი ხანია უკვე ბზრიალ-ბზრიალით მიექანება უფსკრულისკენ, აპოკალიფსის წინ. იქნებ, როგორც ოსკარი ფიქრობს, ყოველი ჩვენგანი გზააბნეული ატომია, რომლებსაც შეეძლოთ ვარსკვლავებად ან პლანეტებად ეკაშკაშათ ცაზე? მაგრამ მარცხი განიცადეს და უკვე დაგვიანებულიცაა – სამყარო საკუთარი თავის წინააღმდეგ აწარმოებს ომს, „და ის, ვინც ბოლო დაეცემა ამ ომში, ყველა უტოპიას და ვარსკვლავს ქვეშ მოიყოლებს. მაინც არავის აღარაფერი ეცოდინება ომის გარდა”, – რა არის ეს, თუ არა მწერლის წინასწარმეტყველება?!

„მკვდარს არ უნდა ჰგავდეს. სახე უნდა ჰქონდეს”, ამბობს ცელია თავის დაღუპულ ბიჭუნაზე. ეს პირობა სიცოცხლესაც აქვს: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს…” და ესეც „სახის” შენარჩუნებაზეა ნათქვამი. თუმცა არის დრო, როცა ეს ისეთივე აბსურდად იქცევა, როგორც ადამიანის სიცილი სამყაროს ტრაგიკომიკურ შეშლილობაზე.

ბოლოს ორი ბედნიერებისთვის, სიყვარულისთვის დაბადებული ადამიანის სცენაა. ანტონი ეუბნება ტონის: „როცა სახლები დაინგრევა და ცრემლები დაშრება, როცა ადიდებული მდინარეები და ტბები ჩაგვძირავს, როცა სისხლისგან დავიცლებით და ყველაფერს დავივიწყებთ, რისი გახსენებაც შეგვეძლო… როცა ყველა დაიძინებს, მომიჯდები გვერდით”, – ვხვდებით, რომ ასე დაიწყო წუთისოფელი და ისინი ადამ და ევა არიან, მაგრამ ასეც მთავრდება – ისინი ბომბს აფეთქებენ…

სინამდვილეში, ოთხივე პიესა ერთ სათქმელს ამბობს და ნიჭიერი მწერლის კონცეფციაა ადამიანობაზე, საწუთროზე, ყოფიერებაზე…

ციტატები წიგნიდან – ნინო ხარატიშვილი „ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი” (პიესები), „ინტელექტი”, 2019

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...