პარასკევი, მაისი 23, 2025
23 მაისი, პარასკევი, 2025

მუხიკას სამყარო

0

როგორ პრეზიდენტებს იცნობს თანამედროვე სამყარო? 21-ე საუკუნის სახელმწიფოს მეთაურები ძირითადად ოფიციალურ სამოსში გამოწყობილნი გვევლინებიან – ჰალსტუხი და პიჯაკი, ძვირფასი ორეული მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ბევრი მათგანი უმაღლესი სასწავლებლის ნაირ-ნაირი დიპლომებითაც იწონებს თავს. როგორც წესი, პრეზიდენტები განსაკუთრებული პრივილეგიებითაც სარგებლობენ – გადაადგილდებიან მაღალი კლასის ავტომობილებით, ცხოვრობენ ფეშენებელურ რეზიდენციებში, მათ ყოველ სადილს საზეიმო მიღების ფორმა აქვს. ამგვარ პირთა ბიოგრაფიაში მრავლად აღმოაჩენთ შეცდომებს, ბნელ ლაქებს, მაგრამ ეს ისეთი ცოდვებია, რომელთაც მხოლოდ ოლიმპოს მთის ბინადარნი სჩადიოდნენ. პრეზიდენტები თავიანთ ადამიანურ სისუსტეებს საგულდაგულოდ მალავენ. შედეგად, თითქოს მკვეთრი პიროვნებები მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზიდან გაქრნენ. უამრავი ლიდერი ერთმანეთს დაემსგავსა, პირველ პირთა ასპარეზზე საოცრად მოსაწყენმა და გამაღიზიანებელმა ერთფეროვნებამ დაისადგურა. თუმცა, ხანდახან გამოკრთება ხოლმე იმედის პატარა სხივი.

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია ხოსე მუხიკას შესახებ. მუხიკა 2010-2015 წლებში ურუგვაის რესპუბლიკას ედგა სათავეში, საპრეზიდენტო მმართველობის სისტემის მთავარი ფიგურა გახლდათ. მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მკვეთრად შემცირდა უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები, დაიწყო საბინაო უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელება, ურუგვაიმ სოციალური სახელმწიფოს ნიშნები შეიძინა. ამასთანავე, პატარა სამხრეთ ამერიკული ქვეყანა გახდა პირველი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, სადაც მცირე რაოდენობით მარიხუანას შესყიდვა ლეგალიზებული გახდა. ურუგვაიმ კვლავ მიიპყრო ლათინური ამერიკის თანამეგობრობის ყურადღება, როგორც შუამავალმა და მსოფლიო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდამჭერმა ძალამ. მაგრამ სამყაროს მუხიკა თავისი მიღწევების გამო არ ჩარჩენია მეხსიერებაში. ურუგვაის ასაკოვანმა პრეზიდენტმა საყოველთაო პატივისცემა თავისი განვლილი გზისა და ცხოვრების სამაგალითო წესის გამო დაიმსახურა.

ჩვენს ეპოქაში ძნელია მოძებნო პრეზიდენტი, რომელიც ახალგაზრდობაში სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ სამოქალაქო პარტიზანულ მოძრაობაში იყო ჩართული. მუხიკა მთელი ცხოვრების განმავლობაში იარაღით ხელში და მის გარეშე ებრძოდა ულტრამემარჯვენე, ანტიდემოკრატიულ ძალებს, რომელთაც ურუგვაის ვასალურ სახელმწიფოდ ქცევა სურდათ. ხუნტის ძალაუფლების კონსოლიდაციის კვალდაკვალ პარტიზანული მოძრაობაც დასუსტდა, მისი ლიდერები კი სანიმუშოდ დასაჯეს. ურუგვაის მომავალმა პრეზიდენტმა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 13 წელი გაატარა. ხშირად იყო ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის მსხვერპლი, რამდენიმე წლის განმავლობაში კი სამარტოო საკანში ყოფნაც მოუწია.

მხოლოდ დემოკრატიის დამყარების შემდეგ, 80-იანი წლების მიწურულს შეძლო მრავალგზის ნატანჯმა პარტიზანმა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და მეტ-ნაკლებად სამართლიან, მშვიდობიან პარტიულ ბრძოლაში მონაწილეობა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, 25-წლიანი მუშაობის განმავლობაში ურუგვაელმა რევოლუციონერმა პოლიტიკური პირამიდის ყველა საფეხური განვლო – გახლდათ დეპუტატი, სენატორი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პროგრესულ პოლიტიკურ ძალთა ბლოკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2010 წელს კი პრეზიდენტის თანამდებობაზეც აირჩიეს, ხალხმა მას „მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ლიდერი“ შეარქვა.

რით დაიმსახურა მუხიკამ აღნიშნული სტატუსი?

პრეზიდენტად არჩევის დღიდან ყოფილმა პარტიზანმა უარი თქვა ხელფასის სრულად გამოყენებაზე. მან თავისთვის ჯამაგირის მხოლოდ 10% დაიტოვა, დანარჩენი თანხით კი კომუნალური ბინათმშენებლობის ფონდი დააარსა, რათა ყველაზე გაჭირვებული თანამოქალაქეებისთვის სახლები აეშენებინა.

სახელმწიფოს მეთაურმა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, უარი თქვა სახელმწიფო ავტომობილის გამოყენებაზე. იგი დღემდე ძირითადად თავისი ძველი მანქანით, „ვოლკსვაგენ ხოჭოთი“ გადაადგილდება. ექსცენტრიკულმა ადამიანებმა ლეგენდარულ პრეზიდენტს თავის ოთხთვალაში 1 მილიონი დოლარი შესთავაზეს, მაგრამ მოხუცი ძვირფას თანამებრძოლს ვერ ელევა.

თანამდებობაზე არჩევის მიუხედავად, სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლს საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. იგი ყოველ საღამოს პრეზიდენტის სასახლიდან თავის სამოთახიან ქოხში ბრუნდებოდა, რომელიც მონტევიდეოსთან ახლოს მდებარეობს.

მუხიკამ უარი განაცხადა საგანგებო სამედიცინო მომსახურებაზეც. იგი არ მკურნალობდა ელიტარულ კლინიკებში, მოქალაქეებს პრეზიდენტი არაერთხელ შეუნიშნავთ ჩვეულებრივი პოლიკლინიკის რიგში.

პრეზიდენტი მარტო იშვიათად გრძნობს თავს, რადგან ყველა საქმეში თავისი მეუღლის – სენატორ ლუსია ტოპოლანსკის მხარდაჭერის იმედი აქვს. სენატორი იდეურადაც და ცხოვრების წესითაც ფაქტობრივად არ განსხვავდება თავისი რჩეულისაგან.

ხოსე მუხიკა უბრალოების, ადამიანებთან ერთად ცხოვრების სიმბოლოდ იქცა. მან დაამტკიცა, რომ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობის დროსაც შესაძლებელია ჩვეულებრივი მოქალაქის სოციალური ყოფის გაზიარება. საერთაშორისო მედია თავდაპირველად პოპულიზმში ადანაშაულებდა ყოფილ პარტიზანს, ევროპელ და ამერიკელ ჟურნალისტებს ეგონათ, რომ ურუგვაელი ლიდერი ერთჯერადად, მხოლოდ კამერების თანდასწრებით იქცეოდა რიგითი ადამიანივით, სინამდვილეში კი კოლეგათა მსგავსად აგრძელებდა ცხოვრებას. ჩასაფრებულ მედიას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ისინი მალევე მიხვდნენ, რომ, სიყალბის გარდა, ყველაფრის დაბრალება შეეძლოთ მუხიკასათვის.

სასიხარულოდ, ქართული აუდიტორიაც კარგად იცნობს სამხრეთ ამერიკელ იდეალისტს. ის საზოგადოებამ ბლოგ „კოოპერატივის“ ვიდეორგოლით გაიცნო, სადაც „უღარიბესი პრეზიდენტი“ ახალგაზრდებს მიმართავს: „თუ ცხოვრებას რამე აზრს არ მისცემთ, არ იდარდოთ – ამას თქვენ მაგივრად ბაზარი გააკეთებს და მთელი ცხოვრება ყოველთვიური შენატანების გადახდაში გაილევა. თან გეგონებათ, რომ ახალი ნივთების ყიდვით წინ მიდიხართ. ამასობაში კი მალე უსარგებლო ბებრები იქნებით. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ცხოვრების ნაწილი დახარჯოთ უტოპიისთვის ბრძოლაში, უკეთესი საზოგადოების შენებაში მათთვის, ვინც ამ ქვეყანაზე თქვენ შემდეგ მოვლენ. მაგრამ ეს შეგნებული არჩევანია, რომელიც ერთ დღეს უნდა გააკეთო. და თუ ამ არჩევანს შეგნებულად არ გააკეთებ, მაშინ გაუცნობიერებლად ცხოვრება მიწაზე დაგანარცხებს და დაიჯერებ, რომ პროგრესი ნიშნავს მოტოციკლეტის რაიმე მანქანით ჩანაცვლებას, მერე ამ უბრალო მანქანის „აუდიში” გადაცვლას და ა.შ. ეს არჩევანი გასაკეთებელია. ალბათ, როცა მოხუცდები და რევმატიზმი და ძვლების ტკივილი ბოლოს მოგიღებს, ერთ მშვენიერ დღეს სარკეში ჩაიხედავ და საკუთარ თავს შეკითხვას დაუსვამ: ხომ არ ვუღალატე ბავშვს, რომელიც ჩემშია? მაგრამ უკვე გვიანი იქნება“.

ცხადია, მასწავლებლებს არ აქვთ უფლება თავიანთი ხედვები თავს მოახვიონ მოსწავლეებს. უბრალოდ, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ცხოვრების გზაზე შეუძლიათ მათ გულში მცხოვრები ბავშვების ერთგულები დარჩნენ. უტოპიისთვის ბრძოლა ერთ-ერთი ლეგიტიმური ალტერნატივაა, მას ჩვენს თვალსაწიერში არსებობის უფლება აქვს და მის განსაკუთრებულობას ხოსე მუხიკას მსგავსი ადამიანები, თავიანთი პირადი ღვაწლით ადასტურებენ.

მასწავლებელთა წარმოდგენები სწავლა-სწავლებასა და სკოლაზე

0

მასწავლებლებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ სწავლა-სწავლების ეფექტურად წარმართვის პროცესში. ხშირ შემთხვევაში სწორედ სკოლა, სასწავლო გარემო და მასწავლებელი განსაზღვრავს მოსწავლის მოტივაციას სწავლისადმი დამოკიდებულების, საკუთარი თავის აღქმისა და მომავლის დაგეგმვის საკითხში. მაგრამ ამასთანავე საინტერესოა, რა განსაზღვრავს თავად მასწავლებელთა დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ? როგორ აღიქვამენ მასწავლებლები საკუთარ როლს მოსწავლის წარმატებაში? ხედავენ თუ არა ისინი სკოლის საერთო წარმატების აუცილებლობას და იზარებენ თუ არა ამ პროცესში საკუთარ წვლილს?

ბევრმა კვლევამ დაადასტურა (Locke & Latham, 2015), რომ დასაქმებულები მაშინ აღწევენ წარმატებას ორგანიზაციაში, თუ მენეჯმენტის მხრიდან მათ კონკრეტული, მიღწევადი და გაზომვადი საქმიანობის მიზნები აქვთ დასახული. თუმცა პრაქტიკაში ხშირად ხდება დასაქმებულების წარსული გამოცდილებების იგნორირება (როგორც ზემოაღნიშნულ კვლევაში), რომელიც უმეტესწილად ჩვენი ქცევის განმაპირობებელი ფაქტორია. საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანს უნდა გააჩნდეს მიზნის მიღწევის მოტივაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიზნები სწორადაა განსაზღვრული, მაგრამ მასწავლებელს მათ მისაღწევად არ გააჩნია მოტივაცია, მაშინ მიზანი მისთვის ტვირთად და ფორმალურ დასაკმაყოფილებელ მოთხოვნად გარდაიქმნება, რაც თავისთავად ხელს უშლის ორგანიზაციის წარმატებას.

ადამიანის ქცევას კონკრეტულ გარემოში მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის კი უმთავრესი გამოცდილება და აზროვნების სქემებია, რომლებიც ჩვენი შეხედულებების ფორმირებას ახდენენ და საბოლოოდ კონკრეტული ქცევისკენ გვიბიძგებენ.

ადამიანის კონკრეტულ ქცევასა და გადაწყვეტილებაზე ორი სისტემა ახდენს გავლენას – ცნობიერი (ენა და ლოგიკა) და არაცნობიერი. თუმცა საიდუმლო არაა, რომ ყველა ჩვენგანი ლოგიკაზე დაფუძნებით არ იღებს კონკრეტულ სიტუაციაში რაიმე გადაწყვეტილებას – არამედ სხეულის ენის, შეგრძნებების, წარსული გამოცდილებისა და ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით მოქმედებს, რომლებსაც შეიძლება ლოგიკასთან კავშირი არ ჰქონდეს და ინტუიციით იყოს გამართლებული. დღეს მკვლევრები იმ თეორიიდან ამოდიან, რომ ორივე სისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი მათგანი მშვიდობიანად „იცდის და ელოდება“, როდის დაასრულებს მეორე საქმეს, რომ კვლავ ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცეს.

არაცნობიერ სისტემას ცნობიერისგან განსხვავებით გამოხატვის საკუთარი მექანიზმები აქვს, რომლებიც ანტონიო დამასიომ (Damasio, 1994) „სომატური მარკერის“ ცნების ქვეშ გააერთიანა. ის გულისხმობს დამახსოვრების სპეციფიკურ სისტემას, რომელიც არაცნობიერ დონეზე მუშაობს და ემოციურ გამოცდილებებს ემყარება. დამასიო აღნიშნავდა, რომ ემოციური გამოცდილებები გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ქცევასა თუ ამა თუ საკითხზე დამოკიდებულის ჩამოყალიბების კუთხით. ტვინის ის სფეროები, რომლებიც ემოციურ გამოცდილებებზეა პასუხისმგებელი დაბადებიდანვე იწყებენ მუშაობას (როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში). იქ ინახება ინფორმაცია ყველა იმ ემოციური გამოცდილების შესახებ, რომლებიც ცხოვრებაში გადაგვხდენია. თუმცა ამ გამოცდილებებს ადამიანი ვერ გადმოსცემს მეტყველებით, რადგან ტვინის ის სფეროები, რომლებიც მეტყველებასა და კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი, დაბადებიდან ორი წლის განმავლობაში თანდათანობით ვითარდება. შესაბამისად, ემოციური გამოცდილების ნაწილში დალექილი ინფორმაცია შეგრძნებებისა და სხეულის მგრძნობელობის საშუალებით არის აღქმული. კონკრეტული სიგნალების მეშვეობით სხეულს შეუძლია ისწავლოს და უკვე ნასწავლი „გამოიძახოს“ საჭიროების შემთხვევაში, რათა თავი აარიდოს მისთვის არასასურველ სიტუაციას ან პირიქით. ამ მხრივ ემოციური გამოცდილების ეს „სკივრი“, დამასიოსა და მისი კოლეგების აზრით, მოიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებებსა და ფასდაუდებელ „განძს“ ინახავს.

როგორ მუშაობს ეს მექანიზმი? როდესაც დგება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დრო, ტვინი ქმნის მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარებს, როგორც მოკლემეტრაჟიან ფილმებს. მთელი ეს სცენარები პარალელურად აღიქმება არაცნობიერი სისტემის მიერ ცნობიერი სისტემისგან დაფარულად. შემდგომ ამისა, მოვლენების განვითარების თითოეულ სცენარს ტვინი ადარებს უკვე მიღებულ გამოცდილებას, მსგავს სიტუაციებს და იმ ინფორმაციას, რომელიც ემოციური გამოცდილების „სკივრში“ ინახება. თუ მსგავს მოვლენაზე სხეულს უკვე დამახსოვრებული აქვს ემოციური გამოცდილება, ადამიანის ქცევაც უკვე მას ეფუძნება – პირველ ეტაპზე არაცნობიერად სხეულის ენით გამოიხატება, რომელიც წარმოადგენს „სომატურ მარკერს“. მთელი ეს პროცესი იმდენად სწრაფად ხდება, რომ შეუმჩნეველია ცნობიერი ნაწილისათვის, რომელიც ამ დროს პარალელურ რეჟიმში მუშაობს – როგორც მუდმივად ჩართული კომპიუტერი, „აკომენტარებს“ ჩვენს ქცევას მეტყველების მეშვეობით. მაგალითად, კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც აკვირდებოდა საკუთარი სხეულის ენას და ცდილობდა, ამოეცნო კონკრეტული სომატური სიგნალები, ამბობს: „როდესაც შეხვედრაზე ბატონი N-ის შემოთავაზებას განვიხილავდით, საშინლად უარყოფითი ემოცია მქონდა, თითქოს რაღაც საშინელებას მიხსნიდნენ. ხოლო საკითხში კარგად გარკვევის შემდეგ ეს ემოცია გაქარწყლდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახალი გამოწვევის წინაშე ვიდექი. რომელია ამ შემთხვევაში ჩემი სომატური მარკერი?“ – ამ შემთხვევაში არაცნობიერი სიგნალი ყოველთვის ის ემოციაა, რომელიც პირველად მოდის, ხოლო ყველა დანარჩენი, რაც მერე ჩნდება უბრალოდ ცნობიერი სისტემის მიერაა „დავარცხნილი“. (Aldmayer-Herbs, at all, 2018).

ისმის კითხვა – რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს სამუშაო გარემოში გადაწყვეტილების მიღების პროცესთან? როგორც აღვწერეთ ემოციურ გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად ჩვენი ქცევაც შეფასებას ეფუძნება. იმ შემთხვევაში, თუ უკვე მიღებული გამოცდილებიდან მოვლენების განვითარების კონკრეტული სცენარი დადებით შეფასებას დაიმსახურებს, ჩვენი დამოკიდებულებაც დადებითი იქნება, ხოლო უარყოფითი ემოციური გამოცდილების შემთხვევაში – უარყოფითი. ამ დროს წინა პლანზე მოდის ისეთი ემოციები, როგორიცაა შიში, გაურკვევლობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.

ზრდასრულ დონეზე დიდი გავლენა აქვს ასევე სოციუმს და მასში დამკვიდრებულ არაფორმალურ წესებს, შეხედულებებს, აღქმებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც ასევე უკავშირდებიან ჩვენს ემოციურ გამოცდილებას და ახალ ინფორმაციებს ინახავენ გამოცდილების „სკივრში“, მაგალითად, საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს. სტერეოტიპები შემოკლებული კოგნიტიური გზაა, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ამუშავებენ ადამიანები ინფორმაციას სხვადასხვა ჯგუფთან და ჯგუფის წევრებთან მიმართებაში. ჯგუფს ან მის წევრს, ადამიანები თავად ჯგუფში არსებული რეალური განსხვავებების მიუხედავად მიაწერენ ხოლმე რაღაც მახასიათებლებს (Hamilton, Stroessner, & Driscoll, 1994). ბევრი სტერეოტიპი ადაპტირებადი სტრუქტურაა, იმ კუთხით, რომ ისინი სტერეოტიპული ჯგუფების შესახებ რაღაც უკვე არსებულ გამოცდილებებს ეფუძნება და სიმართლის მარცვალსაც შეიცავს. სტერეოტიპები ცუდად შეიძლება განვითარდეს და არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნას, ან ხელი შეუშალოს ადამიანთა ჯგუფში ინდივიდუალური განსხვავებების დანახვას (Aronson, 1995). (Leadership, Northouse,2010)

მეორე და მთავარი შეკითხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციაში უკავშირდება სრულიად ლეგიტიმურ, ცვლილებების დაგეგმვის საკითხს – როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის გამოყენება სკოლის დირექტორის მიერ? როგორ შეიძლება მენეჯერმა გაითვალისწინოს ათობით ადამიანის გაუცნობიერებელი ემოცია და შექმნას წარმატებული ორგანიზაცია? ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არ არის, თუმცა არსებობს კონკრეტული მიდგომები, რომლებიც დაეხმარება სკოლის დირექტორს, კარგად ამოიცნოს თანამშრომელთა დამოკიდებულებები და გამოიყენოს ისინი საერთო მიზნის მიღწევის პროცესში.

არაცნობიერ დონეზე გამოცდილების „სკივრში“ ყველაზე უფრო დიდი რაოდენობით გადამალული უარყოფითი ემოცია – შიშია. მომავლის, უსაფრთხოების, მარტოობის, გარიყვის და სხვა მრავალი ფაქტორისაგან გამოწვეული. ცვლილებების დაგეგმვის დროსაც დასაქმებულების მიერ ყველაზე მეტად ნეგატიური დამოკიდებულებების მიზეზი შიშია. შიში იმის მიმართ, რომ უკვე საკმაოდ ასაკიანია ცვლილებებისათვის, კომფორტის ზონიდან გამოსვლის შიში, სამსახურის დაკარგვის შიში, რაც პარალელურად შემოსავლის გაქრობას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, ჯანდაცვის სისტემაზე ნაკლებ ხელმისაწვდომობასა და ოჯახის წევრების მომავალზე შფოთვას უკავშირდება. სკოლის მენეჯერის როლი ამ შემთხვევაში სწორედ ამ ემოციებზე გათვლა იქნება – მცდელობა იმისა, რომ ადამიანებმა ორგანიზაციაში დაგეგმილი ცვლილებები არ აღიქვან როგორც საკუთარი უსაფრთხოების შერყევის მექანიზმი. ამ შემთხვევაში ერთი გზა ახალი გამოცდილების გაზიარება, მაგალითის მიცემა და პროცესში ჩართვაა. ალტერნატივას წარმოადგენს ასევე იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც დასაქმებული თავად აღიარებს პრობლემის არსებობას; იცის, რომ ექნება მხარდაჭერის მექანიზმი და ის ინიციატივები, რომელსაც პრობლემის გადაჭრის მიზნით დაისახავს, წახალისებული იქნება.

რა თქმა უნდა, ამ სტატიების მოკლე ციკლში შეუძლებელია, დეტალურად გავიხილოთ ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესები, თუმცა მთავარის ცოდნაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ორგანიზაციაში წარმატებით დაიგეგმოს და განხორციელდეს ცვლილება. დეტალურად იხილეთ უკვე გამოქვეყნებულ სტატიებში ცვლილებების მენეჯმენტის შესახებ.

 

 

 

მედიაწიგნიერება და ისტორიული წყაროების კრიტიკული ანალიზი გაკვეთილზე

0

მედიაწიგნიერების უნარების განვითარება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და სწორედ ამიტომ 2011 წლიდან ის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოიაზრება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია, ანუ მისი სწავლა/განვითარება ყველა საგანში უნდა მოხდეს.

მედიაწიგნიერი მოქალაქე არის კრიტიკულად მოაზროვნე და უპირობოდ არ იღებს ყველა ინფორმაციას, იცის მისი გაფილტვრა და გადამუშავება, რაც შემოქმედებითსაც ხდის მას.

ციფრულ სამყაროში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ინფორმაციამ კი არ გაგვაკონტროლოს, არამედ ჩვენ ავიყვანოთ კონტროლზე.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა დიდძალი ინფორმაციის ნაკადია არათუ ყოველდღიურად, არამედ ყოველ წუთს. თუმცა, არც ძველ დროში იყო ამ მხრივ საქმე კარგად, რის საფუძველსაც ისტორიული წყაროების ანალიზი გვაძლევს.

საინტერესოა, როგორ უნდა დავნერგოთ ის ჩვენს გაკვეთილებთან ერთად ისე, რომ საკითხი საინტერესოდ მივაწოდოთ მოსწავლეებს. ამისთვის, კარგი იქნება თუ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები თავის გამოცდილების გაზიარებას დაიწყებენ და ექსპერიმენტებს არ მოერიდებიან.

მე, ახლა, ისტორიის ერთი გაკვეთილის მაგალითზე ჩატარებული გაკვეთილის გეგმას გაგიზიარებთ, რომელიც მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთ აქტივობად განვახორციელე.

საბაზო საფეხურზე, IX კლასში, გაკვეთილის თემად შევარჩიე  მედიაწიგნიერება და ისტორიული წყაროების კრიტიკული ანალიზი.

ჩავატარე არასტანდარტული გაკვეთილი, რომლის გეგმასაც გთავაზობთ და მოხარული ვიქნები, თუ სწავლა/სწავლების პროცესში დამხმარე მასალად გამოგადგებათ.

საგანი: ისტორია

სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო საფეხური – IX კლ.

მოსწავლეთა რაოდენობა: 20 მოსწავლე (მათ შორის ერთი სსსმ მოსწავლე. შენიშვნა: ყველა აქტივობაში გათვალისწინებულია სსსმ მოსწავლის ჩართულობა)

გაკვეთილის თემა: მედიაწიგნიერება და ისტორიული წყაროების კრიტიკული ანალიზი

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 70 წთ ( 2 გაკვეთილი, შენიშვნა: სსიპ გორის N11 საჯარო სკოლაში ობიქტური მიზეზების გამო გაკვეთილები 35 წუთიანია)

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეადარებენ ორი განსხვავებული წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, იმსჯელებენ მედიაწიგნიერების როლზე ინფორმაციის გაცნობისას.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: 

მედიაწიგნიერება (ამონარიდი ესგ-დან) – მოსწავლე შეძლებს, ერთი მხრივ, მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრებას, ინტერპრეტირებას, გამოყენებას, მეორე მხრივ, მედიასამყაროში ორიენტირებას, სწორი არჩევნის გაკეთებას (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას.

შედეგი:   წყარო / ინტერპრეტაცია

  • ახალ დროსთან დაკავშირებული ფაქტების/მოვლენების/პროცესების სხვადასხვა ტიპის წყაროების მონაცემების საფუძველზე შესწავლა-ინტერპრეტირება; შესაბამისი პერიოდის წყაროების და მათი ინტერპრეტაციის საფუძველზე გამოთქმული მოსაზრებების სანდოობის გაანალიზება (ისტ.საბ.1,2,5,6);

 

გამოყენებული მეთოდებიგონებრივი იერიში, მინი-ლექციები პტეზენტაციებით, თამაში – „გაფუჭებული ტელეფონი“, წყაროს ანალიზი, დისკუსია.

შეფასება ზეპირი განმავითარებელი

წინარე ცოდნა: მოსწავლეებს შეუძლიათ წყაროების ანალიზი, შედარება.

შენიშვნა: სსსმ მოსწავლეს შეუძლია გამარტივებულ ტექსტებზე მარტივი (ცოდნა,გაგება-ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით) პასუხების გაცემა.

რესურსები: პრეზენტაციები მედიაწიგნიერებისა და ფოტოფაბრიკაციის შესახებ, შესახებ, პროექტორი, კომპიუტერები, ფურცლები, კალმები

უცხო სიტყვათა ლექსიკონი:

მედიაწიგნიერება –  უნარი, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში გვეხმარება. მედიაწიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე აქვს უნარი გადაამოწმოს სანდო წყარო. მედიაწიგნიერება ადამიანში ანვითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას;

 

ინფორმაცია ნებისმიერი მოვლენის შესახებ ფაქტებისა და მათი თანმიმდევრობის ერთობლიობა;

 

მედია –  წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან medium (მრავლობითი რიცხვი – media) და ნიშნავს საშუალებას; იგი ინტერპრეტირდა, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო;

 

დეზინფორმაცია ინფორმაცია, რომელიც ყალბია და განგებ არის შექმნილი, რომ კონკრეტულ პიროვნებას, სოციალურ ჯგუფს, ორგანიზაციას ან ქვეყანას ზიანი მიაყენოს;

 

ტროლი – ყალბი პროფილების ამოფარებული პირები, რომელთა მიზანია სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა განწყობებზე გავლენის მოხდენაა;

 

ბოტი – ბოტი სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილია, რომელსაც რეალური პიროვნების პროფილისთვის მსგავსი მახასიათებლები აქვს;

ფოტო/ვიდეოფაბრიკაცია – გულისხმობს რეალურთან მაქსიმალურად მიმსგავსებული ვიდეოების წარმოებას

 

შენიშვნა: ტერმინოლოგიის განმარტება და ყველა წყარო, რომელიც გამოვიყენე, მითითებულია პრეზენტაციებში.

 

გაკვეთილი:

აქტივობა 1: (1-2-წთ): გამოწვევა: გონებრივი იერიში – რა ვიცით მედიაწიგნიერების შესახებ?

აქტივობა 2: (10 წთ):  პრეზენტაცია – რა არის მედიაწიგიერება? (დანართი 1)

მასწავლებელი

შენიშვნა: მოსწავლეების მხრიდან შეკითხვების შემთხვევაში ემატება 1-2 წთ.

აქტივობა 3: (15-20  წთ):  წინასწარ დაყოფილი 5 კაციანი ოთხი ჯგუფი ეცნობა ინფორმაციას და თამაშობენ „გაფუჭებულ ტელეფონს“.

ერთი ჯგუფი ადგილზე რჩება, დანარჩენი – ტოვებს აუდიტორიას, მასწავლებელი დარჩენილებს უკითხავს ინფორმაციას და 60 წამის განმავლობაში (ინიშნავს დროს) მოსმენილი ამბის გადმოცემას სთხოვს.

კლასში მეორე ჯგუფს უხმობენ და პირველებისგან ისმენენ ინფორმაციას, ასე გადასცემენ ისინი მესამე ჯგუფს და მესამე-მოთხეს.

ბოლო ჯგუფი მოყვება „დეტალურად“ ამბავს, ბოლოს მასწავლებელი კითხულობს ხმამაღლა ისევ იმავე ინფორმაციას (გამოქვს პროექტორზეც). შემდეგ ურიგებს ჯგუფებს პატარა კითხვარს, სთხოვს შეავსონ 3-4 წუთის განმავლობაში და იმართება დისკუსია (5 წუთი (დანართი 2)).

შენიშვნა: მოსწავლეების თითოეული აქტივობის მერე მასწავლებელი მათ აძლევს განმავითარებელ შეფასებას (1-2 წთ)

 

 

 

აქტივობა 4: (10  წთ): პრეზენტაცია -რა არის ფოტოფაბრიკაცია? (დანართი 3)

მასწავლებელი

შენიშვნა: მოსწავლეების მხრიდან შეკითხვების შემთხვევაში ემატება 1-2 წთ.

 

აქტივობა 5: (10 წთ):  მოსწავლეებს დაურიგდებათ ორი ისტორიული წყარო გაკვეთილიდან, რომელსაც პროგრამულად გადიან (ვახტანგ VI, რატომ იმოგზაურა სულხან-საბამ ევროპაში? მე-9 კლ,დიოგენე, 2021) თანდართული კითხვებით და შეავსებენ მას(დანართი 4).

შენიშვნა: სსსმ მოსწავლისთვის გამარტივებული ტექსტია შედგენილი შესაბამისი წყაროებით (დანართი 5).

განმავითარებელი შეფასება (1-2 წთ)

აქტივობა 6: (8-10 წთ): შეჯამება: დისკუსია – რა როლი აქვს მედიაწიგნიერებას, როცა ინფორმაციას ვეცნობით?

აქტივობა 7: შეფასება (განმავითარებელი, 2-3 წთ, დანართი 6)

აქტივობა 8: საშინაო დავალება ( 2-3 წთ): შეავსონ გადაბრუნებული პირამიდა (მასწავლებელი უხსნის დავალების შინაარს, დანართი 7)

დანართები:

დანართი -1: პრეზენტაცია -რა არის მედიაწიგნიერება?

 

დანართი – 2 : გაფუჭებული ტელეფონი, კითხვარი

ორშაბათს, პირველ სამუშაო დღეს, გეოგრაფიის მასწავლებელმა მეტეოროლოგიურ სადგურში წაგვიყვანა, საიდანაც ამინდს ვაკვირდებოდით. ძალიან საინტერესო დღე გამოვიდა. ასეთი გაკვეთილების ჩატარება ვთხოვეთ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და ისტორიის მასწავლებლებსაც. მთელი კვირაა ერთმანეთს ვუზიარებთ ემოციებს, რაც იქ მივიღეთ და გვინდა, შემოდგომის დასრულებამდე მოვასწროთ გასვლები, რადგან მერე აცივდება.

 

კითხვები მონაწილეებისათვის:

  1. რატომ არის მართებული „ასჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობს?“
  2. გადმოცემისას იკარგება თუ არა ინფორმაცია და როგორ?
  3. როგორ ცვლის/ტოვებს მედია ინფორმაციას ტექსტის ერთმანეთისგან გადაწერისას?
  4. რატომ სჯობს წყარო იყოს იდენტიფიცირებული, ვიდრე ანონიმური? როგორ შევამოწმოთ წყაროს სანდოობა?

 

დანართი – 3: პრეზენტაციარა არის ფოტოფაბრიკაცია?

 

დანართი – 4: ისტორიული წყაროები

წყარო 1:

(საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია, მე-9 კლ. გამომც. „დიოგენე“, 2021. გაკვეთილის ტექსტი- N1, N3)

XVI-XVII  საუკუნეებში დას. საქართველოზე ოსმალეთის ბატონობა გრძელდებოდა. მათი სამხედრო გარნიზონები ძირითად ციხე-სიმაგრეებში იდგნენ. იმერეთის მეფე-მთავრები სულთანს ხარკს აძლევდნენ. ამასთან, ფართოდ გავრცელებული იყო ტყვეთა სყიდვა…

ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა სამცხის სამთავროს უდიდწესი ნაწილი. აქ შეიქმნა ახალციხის (ჩილდირის) საფაშო.

ქართლის მეფეებს, როგორც ირანის ვასალებს, ხშირად უწევდათ ირანის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობის მიღება.

1711 წელს ირანში „გურჯისტანის ვალის“ თანამდებობა თავისუფალი აღმოჩნდა. შაჰის არჩევანი ვახტანგზე შეჩერდა. 1712 წელს ქართლის „ჯანიშინი“ ტახტზე დასამტკიცებლად ირანში გაემზავრა…შაჰმა ვახტანგს გამუსლიმება მოსთხოვა, მაგრამ მას სარწმუნოების შეცვლა არ სურდა. ვახტანგი დაატყვევს, ქართლი კი ვახტანგის გამუსლიმებულ ძმას – იესე ალი-ყული-ხანს  გადასცეს.

კითხვები:

  1. რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს წყარო?
  2. არის თუ არა მასში ავტორის ინეტრპტერაცია?
  3. შეიძლება თუ არა ამ წყაროს გადამოწმება?

 

 

წყარო: 2

სულხან-საბა ორბელიანის სამახსოვრო ბარათიდან საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ გრაფ დე პონშატრენისადმი, 1714 წ.

 

„ თუ ვახტანგი, საქართველოს მეფე, ისპაჰანში დარჩება, საქართველო მთლიანად გამუსლიმების აშკარა საფრთხეში იქნება. თუ ის დაბრუნდება თავის სამფლობელოებში, ქართველები არა მარტო შეინარჩუნებენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, არამედ შეუერთდებიან კათოლიკურს თავიანთი მეფის მაგალითისამებრ, რომელიც კათოლიკურ სარწმუნოებასთან შეერთებას თავად აპირებს. ამ მეფის განზრახვა უფრო ვრცელიცაა; მას სურს, დაეხმაროს მისიონერებს, რომ მათ საქართველოს მოსაზღვრე ჩერქეზეთში, რომლის მთავრის ასულიც ცოლადაც ჰყავს, კათოლიკობა იქადაგონ…

ეს დიდი მოგზაურობა მე წამოვიწყე მხოლოდ ამ ხალხების ხსნისთვის და მოვედი, რათა დავემხო ეკლესიის უფროსი შვილის ფერხთით, ვიმედოვნებ რა, რომ იმ წინადადების განხორციელებისთვის, რომელიც… სპარსელ დიდებულებს მიეცემათ, ვახტანგის საქართველოში დაბრუნება აუცილებელი იქნება“.

კითხვები:

  1. რა ფაქტებია გადმოცემული წყაროში ქართლის შესახებ და ემთხვევა თუ არა ის პირველ წყაროს?
  2. არის თუ არა წყაროს ავტორი დაინტერესებული მხარე და რა ხერხებით ცდილობს ის მიზნის მიღწევას?
  3. არის თუ არა წყაროში რეალურ ფაქტებზე გვერდის ავლის მცდელობა?
  4. შენ რომ წყაროს ადრესატი იყო, ენდობოდი თუ არა ამ ინფორმაციას? რატომ?

 

დანართი – 5:  ადაპტირებული წყარო

 

 (საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია, მე-9 კლ. გამომც. „დიოგენე“, 2021. გაკვეთილის ტექსტი- N1, N3)

მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში მთელ საქართველოს მტრებისგან საფრთხე ემუქრებოდა.

დასავლეთ და სამხრეთ (სამცხის სამთავროს) საქართველოს ოსმალეთის იმპერია ემტერებოდა და თავისი გავლენის ქვეშ აქცევდა. აქ ადამიანებს იტაცებდნენ და ოსმალეთის ტყვეთა ბაზარზე ყიდდნენ. ამის გამო ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო.

 

 აღმოსავლეთ საქართველო კი ირანის გავლენის ქვეშ იყო. აქ მეფეებს ირანის შაჰის ნებართვით ნიშნავდნენ და მათ სარწმუნოებას უცვლიდნენ. ქართველი მეფეები იძულებული იყვნენ, ირანის მითითებები შეესრულებინათ და მათ მტრებთან ბრძოლაშიც კი ეხმარებოდნენ. ამის გამო ქართლიც, ისევე როგორც დანარჩენი საქართველო, მძიმე მდგომარეობაში იყო.

სწორედ ამიტომ, ქართლის სამეფოს წამომადგენელმა, სულხან-საბა ორბელიანმა ევროპაში მოგზაურობა გადაწყვიტა , რათა მათგან დახმარება მიეღო. მას იმედი ჰქონდა, რომ საფრანგეთის მეფე და რომის პაპი (ეკლესიის მეთაური) დაეხმარებოდნენ.

კითხვები:

  1. რომელი საუკუნეების მდგომარეობაა გადმოცემული წყაროში?
  2. რომელი იმპერია ემტერებოდა დასავლეთ საქართველოს?
  3. რომელი იმპერია ემტერებოდა აღმოსავლეთ საქართველოს?
  4. ვისი დახმარების იმედი ჰქონდა სულხან-საბა ორბელიანს?

 

დანართი – 6: განმავითარებელი შეფასების გზამკვლევი

განმავითარებელი
მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

 

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა

შეფასების საგანი სწავლის პროცესი
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და  სხვ.
წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე  (საკუთარ მიღწევებთან  მიმართებით – რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)

 

დანართი 7: საშინაო დავალება

(რესურსი წიგნიდან – მედია და ინფორმაციული წიგნიერების სწავლება- MDF, Kingdom of the Netherlands, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

 

  • რა არის და როგორ დავწეროთ ლიდი

როგორ დავწეროთ ლიდი: 10 რამ რაც უნდა გავაკეთოთ და არ გავაკეთოთ

 

„სარდაფის ცოლების“ მისტიკური სამყარო

0

ამ წერილში ერთი კარგი ახალი წიგნი უნდა გაგაცნოთ – ანა ჯავახიშვილის პოეტური კრებული „სარდაფის ცოლები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2022).

ინტელექტუალური სიღრმე და მუსიკალურობა, ლაკონიურობა და ფრაზის დახვეწილობა – ეს ის მახასიათებლებია, ამ კრებულის ზედაპირული გადაკითხვითაც რომ მოგხვდებათ თვალში. აი, ლაკონიურობის რამდენიმე მაგალითი:

„ბავშვობაში პლასტმასის თევზებს

ვასწავლიდი მიწაზე ცურვას“. (გვ. 29)

 

„რაღაც სენია.

ხანდახან მინდა,

რაც დამიშავე –

შენვე მოგიყვე,

შენ შემოგჩივლო“. (გვ.20)

გარდა იმ ფიქრებისა, ეს ხელისგულისტოლა ლექსები რომ აგვიშლის, დააკვირდით რიტმსაც: ორივე ლექსი ურითმოა, მაგრამ ორივეგან სტრიქონში მარცვალთა რაოდენობა თანაბარია. ამ კრებულში გვხვდება კონვენციური ლექსის ელემენტები, ალაგ-ალაგ – რითმაც, ოღონდ – არაზუსტი: დამიამდა/მარიამთან, ლოდებით/მომდევენ, ცივი/დამიცავი, სველი/წაუსვლელად, ფიცი/ფიცრებს, ვაჭრებს/გაჭმევს, მძივი/მძიმე და ა.შ. სწორედ თავისუფალი ლექსისა და კონვენციური ლექსის ელემენტების ამგვარი მონაცვლეობა ანიჭებს კრებულს მუსიკალურობას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია კრებულის ბოლო ლექსი, რომელსაც გრაფიკული ფორმაც თავისებური აქვს:

„დაბლა ხარ, ლილიას, ცა ღილია. გამოაძვრინე ერთი ცალი მაგ კვართიდან თუ

ხალათიდან, ვიცი, ნაჭრიდან მოგდის დუჟი, ჰო, ლილიას, გაიძრე დედის

დართული მავთულებიც მაგ კანჭიდან, გაიძრე, ლილიას, ეგ წინდები,

რა წმინდანი, ლილიას, იმ ბატკნებსაც უყვართ მატყლის მპენტავები,

ბეწვს იზრდიან, შენ შიში ხარ, შიშში დამბალი მარცვლებივით

გაზრდილი უფრო, ვიდრე შიშია, უფრთოა შენი ნათლია და

ის არ კიდია ჭერში, ის შენზე დაბლა ჩამოკიდეს შიშის

წვერებით ბაბუებმა, ტომის კაცებმა და ტრიალებენ

დოლებით და დიდი ხელებით ხმებს უშვებენ,

როგორც სჩვევიათ, რა ბევრია ეს შიშისთვის,

ვიცი, ლილიას. არ დაითვალო ეგ გიშრები

– შავი შიშია, ეგ შავი სიკვდილია“. (გვ.92)

ამხელა ციტატის ამოწერა წესი არაა, მაგრამ ვერ გავწყვეტდი – მთელი სტროფი ერთი სუნთქვაა. ამიტომაცაა, რომ წერტილი მხოლოდ პირველ ფრაზაშია და მერე ბოლო სტრიქონებამდე აღარ დაისმის, მძიმეები კი თითქოს პაუზას კი არ აღნიშნავს, არამედ ტემპს – ისინიც სიტყვებივით მისდევს ერთმანეთს.

ახლა თემატიკაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა:

კრებულის პრეზენტაციაზე ოდნავი მობოდიშებით აღინიშნა (და შესავალიც ამ პათოსისაა), რომ ლექსებში ფემინისტური ნაკადია, თუმცა ის მშრალ ლოზუნგებს როდი ჰგავს, არა, მხატვრული ოსტატობითაა მოწოდებული.

უკვე რამდენიმეგან დავწერე და ვატყობ, კიდევ ბევრჯერ მომიწევს გამეორება: თუ ასე ვიბოდიშებთ, მთავარი ვერ გაგვიგია – წერა ქალის მხრიდან თავადაა ფემინისტური აქტი. კულტურა მოელის ქალისგან, რომ ის იქნება მზრუნველი ცოლი და დედა, თუმცა პოეტობას არ მოელის. ლიტერატურული ტრადიცია, რომელშიც ქალი მოდის, მთლიანად კაცების შექმნილია – კაცებმა ხომ ქალებზე ადრე დაიწყეს წერა. ამიტომაც ქალს, განურჩევლად იმისა, აცნობიერებს ის ამას, თუ – ვერა, წერის დროს არა მხოლოდ პირადი შიშების, არამედ მთელი კულტურის გადალახვა უწევს.

„სარდაფის ცოლებში“ ეს ჩანს: კრებული იწყება უკუწერით – ლექსით, რომელიც პასუხია ბესიკ ხარანაულის ფრაზაზე „ჯერ არ დაგრეხილა იმსიგრძე თოკი, ქალი რომ დააბას“. ეს ფრაზა ლექსს ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული. პირველი სტრიქონი ყოველგვარი შესავლის გარეშე პასუხობს ეპიგრაფს: „იმსიგრძე თოკიც დაიგრიხა და იმაზე გრძელიც“.

რა რთულია ამისი თქმა, როცა ენაც წაგართვეს და აზროვნების უფლებაც, როცა ირგვლივ მხოლოდ წესია და იერარქია, რომლის ძირშიც ხარ, რომლის მორჩილებაც მოგეთხოვება! სხვა რა გზაა:

„მე თუ მკითხავ,

არც თავის მოჭრაა მაინც და მაინცდამაინც მტკივნეული.

ასე უთავოები და უხერხემლოები

უკეთესად ვთავსდებით და მეტად ვიხერგებით“. (გვ.23)

ელენ სიკსუ, წარმოშობით ალჟირელი, ფრანგი მწერალი და მკვლევარი, თავის ერთ ესეიში ლაკანისა და ფროიდს ედავება. იგი წერს, რომ თეორია „კასტრაციაზე“ მცდარია – ქალებს თავის მოკვეთით ემუქრება პატრიარქალური კულტურა, კასტრაცია არაფერ შუაშია. თავის მოკვეთით, ესე იგი, აზროვნების უფლების წართმევით, გადაწყვეტილების მიღების უფლების წართმევით, საკუთარი ცხოვრების ან სიტუაციის მართვის უფლების წართმევით – ერთი სიტყვით, ყველა იმ უფლების, რომლებიც აქვს კაცებს.

ყველაფერი კი, სიკსუს აზრით, მაინც ენიდან იწყება – ენა მამაკაცის სამფლობელოა, წესები, კანონები, სისტემა. იქ ქალს წილი არა აქვს. ამიტომ სულ არაა შემთხვევითი, კრებულის პირველივე ლექსში რომ არის ასეთი ტაეპები:

„ბევრს იწვალებ, რომ ენა ამოიდგა.

დაიწყებ მიზეზების ძებნას და

გაგახსენდება,

რომ ფეხსაცმელსაც კი აქვს ენა,

სხვა რომ არაფერი“. (გვ.13)

ასეა – კულტურამ ქალი ნივთად მიიჩნია; ან ეგებ ზოგი ნივთის ბედი უფრო სანატრელი იყოს, ვიდრე ქალისა?

„ჩაის ტილოში“ ის ამბივალენტური განცდებია გადმოცემული, ქალს რომ თავისი ტრადიციული როლებიდან ამოვარდნისას ეუფლება:

„მე შესასვლელშივე ვიწყებ გახდას

და ვიწყებ დარდს

ჩემს შეუფერებელ სხეულზე,

ჩემს ლამაზად შენარჩუნებულ სხეულზე,

ამ სახლს რომ არ ჰგავს.

რომ არაფერი ეტყობა დედობის,

ცოლობის, თითის დაკარებისაც კი“. (გვ.15)

ბოლოს კი არის ნატვრა, რომელსაც ირონიული ელფერი გადაჰკრავს, მაგრამ შინაარსით ტრაგიკულია:

„მე კი, ყოველ ჯერზე, სამარცხვინოდ,

როდესაც სახლში თითო ნაწილდაკარგული ვბრუნდები,

სახლში, რომელიც ჩემიც კი არ არის,

მინდა მას დავემსგავსო,

რომ იქნებ ჩაის ტილო მაინც ვიყო გახამებული“. (გვ.17)

გახამებული ჩაის ტილო, ანუ ის, რაც თავის დანიშნულებას ასრულებს.

ასეა, ყველგან დანიშნულებაა, ყველგან როლია – ამიტომაა ქალის მთელი ცხოვრება წინააღმდეგობრიობით გაჯერებული. ამიტომაა შვილები „ყველაზე ბრმა ნაწლავები“ (გვ. 23), ამიტომაა, ექიმის კაბინეტთან მომლოდინე ქალს, გარდა ზოგადპაციენტური შიშებისა, ეს ფიქრიც რომ აქვს:

„დღეს უნდა დავივარცხნო.

საავადმყოფოშიც სავარცხლით მოვედი.

რა სამარცხვინო იქნება ექიმთან ასე შესვლა.

ლამაზი უნდა ვიყო […]“. (გვ. 26)

და ძალადობა („ჩემი შეყვარებული მკვდარი კაცია“, „ამბავი ახლად შესვენებულთა“, „ამდენი რამის მერე“)? ანდა დაძრახვა იმის გამო, რაც სულ არაა დასაძრახი:

„თუ ავად ხარ და ხელებს გაშლი,

ჯვრის ფორმას თვითონ მოგცემენ.

სახლიდან სახლში გაიწელება

წინადადება, რომ შიშველი მოკვდი“. (გვ. 56)

რა რჩება ქალს? მხოლოდ მუდმივი ამბოხი:

„რაც ვიცი, ქვებისგან ცეცხლის დანთებაა და

ნადირის მოგერიება“. (გვ.22)

და ამ ამბოხით დაღლა:

„რახან არაფერი მომირჩა,

რახან არაფერი დამიამდა,

ღმერთო, ადექი და მოდი

შენს მკვდარ მარიამთან“. (გვ.52)

ამ ყველაფერს თან ერთვის საკუთარი ადგილის ძიება და ვერპოვნა, პოვნა და დაკარგვა – ლექსებში ვხვდებით სახლის სახე-ხატს, სახლისა, რომელიც დაინგრა ან, რომელიც აღარაა ისეთი, ძველად რომ იყო („ჩაის ტილო“, „ბოლო დროს დამჩემდა“, „წერილი“ „ჯერ ლერწმის სახლი მქონდა“). თუმცა არის სხვა სახლიც – სახლი-მარტოობა, სახლი-თავშესაფარი. როცა ისეთი ადამიანები გაწბილებენ, რომელთაც გული სრულად მიანდე, აი, მაშინ მიმართავ ამგვარ სახლს („ნუ მიეყრდნობით“).

როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის შესახებ მოჰყვე? კრებულის ვერსიფიკაციულ თავისებურებებს უკვე გავუსვით ხაზი, მაგრამ ენობრივ თავისებურებებზე არაფერი გვითქვამს. ელენ სიკსუს აზრით, ქალური ტექსტი ენობრივი ნორმებიდანაც ამოვარდნილი იქნება, იქ არაფერია სწორი და წესის შესაბამისი. სისწორის შეუძლებლობა კრებულის რამდენიმე ლექსშიც ნახსენებია:

„რა თქმა უნდა, სწორი ვერ იქნება

ვერაფერი, რასაც შევეხები“. (გვ.21)

„ნამდვილი მთვრალივით ვცდილობ სწორად გავლას“. (გვ.48)

ნახსენებიცაა და რეალიზებულიც – ჩემი დაკვირვებით, ორი რამაა, რაც კრებულის მხატვრულ სამყაროს ირეალურ, მისტიკურ განზომილებას სძენს: ხალხური ზღაპრის ელემენტების გამოყენება და დრო-სივრცის აღრევა.

პირველი მახასიათებელი კრებულის თითქმის ყველა ლექსშია – ალუზია თითქოსდა კარგად ცნობილ ზღაპართან, მაგრამ ყოველთვის მოულოდნელად შემოტანილი, ერთ ან ორ სტრიქონში რომ გასხლტება და ასე ქმნის უცნაურის, მოუხელთებლის ატმოსფეროს. მეორე მახასიათებელი კი უფრო თვალსაჩინოა ლექსში „შვილი N2“: აქ თხრობის დაწყების მომენტისათვის ლირიკული გმირის დედა უკვე გარდაცვლილია, მაგრამ ტექსტში იგი მაინც ისე შემოდის, როგორც ცოცხალი:

„ამოკერა ხალათი დედაჩემმა. ასე აიჩემა –

ღილები თვალებს მჭრისო და დააჭრა

ძაფები მზეებს“. (გვ. 30)

თუმცა ორივე ხერხის ყველაზე რადიკალური მაგალითები მაინც კრებულის მეორე ნაწილშია, რომლის სათაურიც მთელ წიგნს ჰქვია – „სარდაფის ცოლები“. განსხვავებით პირველ ნაწილში, „რეციდივში“, თავმოყრილი ლექსებისაგან, „სარდაფის ცოლების“ ციკლში ენა მთლიანად დაცლილია ყოველგვარი ლოგიკისაგან. ამიტომაც ამ ციკლის ლექსების გადმოთარგმნაც შეუძლებელია ყოფით ენაზე – ისინი საკრალურ ტექსტებს ემსგავსება, მაგიურ შელოცვებს, რომლებშიც თავად სიტყვა მოქმედებს და არა – მთქმელის გონება. ცხადია, ეს ბგერადობის ხარჯზეც ხერხდება. დააკვირდით, ალიტერაციას, მაგალითად აქ:

„ი კვამლი ჩანს,

ბოლია. საკმევლიდან ქალებს უჩანთ

მკლავები და ისრები.

მოდიან – შიშები და შიშები და…

გალობა“. (გვ. 75; ხაზი ჩემია – ნ.ა.)

ერთი სიტყვით, „სარდაფის ცოლები“ კონცეპტუალურადაც და ფორმის თვალსაზრისითაც, შეკრული კრებულია, რომლის განზრახვაც იმ ურიცხვი და მრავალმხრივი პრობლემის თემატიზებაა, ქალებს რომ აწუხებს. და რაც მეტი წიგნი გვექნება, ამ განზრახვით დაწერილი, მით უკეთესი – ლიტერატურა ხომ ადამიანების ცნობიერებაზე ზემოქმედებს…

 

 

არჩევითი დავალებები

0

ერთ მზიან შუადღეს მეექვსეკლასელმა ნინიმ საუბარი შემაწყვეტინა და ლურჯ ცელოფანში შეფუთული ნივთით ხელში მასწავლებლის მაგიდისკენ გამოემართა. ნინის უცნაურმა საქციელმა ყველა გაგვაკვირვა. რაღაც მინდა გაჩვენოთო და დროის დათმობა მთხოვა. მთელი არსებით მოეცვა წინასწარ განზრახულ ქმედებას. სანამ გაგვიმხელდა, რა ჰქონდა საგულდაგულოდ შეფუთული, საუბარი დაიწყო.

თქვენ რომ დაგვავალეთ დავალების დამოუკიდებლად არჩევა, ბავშვებს გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდათ, ამიტომ გადავწყვიტე, მათთვის საქმე გამეადვილებინა და თავად მოვიფიქრე დავალებებისთვის ინსტრუქციაო. მერე სათუთად გამოიღო მქრქალი ცისფერი, თეთრი ყვავილებით მოჩითული ლანგარი, რომელზეც 25 ქლიავისჯემიანი მაფინი იდო. ოთახში ვანილის სურნელი დატრიალდა. პაწაწინა ნამცხვრებში ჩარჭობილი იყო ქაღალდები საშინაო დავალების ინსტრუქციებითურთ. ლანგარი მარდად ჩამოატარა კლასში და სანამ კუთვნილ დავალებებს წავიკითხავდით, მაფინებს მუსრი გავავლეთ. კიდევ უფრო გაგვაკვირვა იმის გაგებამ, რომ ნამცხვრები თავად გამოეცხო და სოფლიდან ჩამოტანილი ქლიავის ჯემით მოერთო. ყველას, მათ შორის – კლასის დამრიგებელ მარი მასწავლებელსაც, შეგვხვდა ერთი დავალება.

მეორე დღეს, ოთხი მოსწავლის გარდა, დავალება ყველას შესრულებული ჰქონდა. სანამ სხვები კითხულობდნენ, ოთხივემ გაართვა თავი დავალების ინსტრუქციას.

ყველაფერი კი დაიწყო მეოთხე კლასში, რომელსაც პირველი კლასიდან ვასწავლი და ამ ხნის განმავლობაში ბავშვებმა დავალებების ინსტრუქციები კარგად გაითავისეს. დიფერენცირებული სწავლების პრინციპის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, მათთვის არჩევითი დავალებები შემეთავაზებინა. ვთხოვე, ჩემთვის ეკარნახათ იმ აქტივობათა სახელები, რომლებიც უყვართ. შედეგმა ჩემზე მეტად მოსწავლეები გააკვირვა. დაფა გადაიჭედა. სახელიც შევურჩიეთ – დავალებების სკივრი. ასევე, მსურდა, პატარა კვლევა ჩამეტარებინა, კერძოდ, დავკვირვებოდი, თავისუფალი არჩევანის მიცემისას რომელ და რამდენ დავალებას შეარჩევდნენ, რა მოსწონთ, რა უადვილდებათ, როგორი შესაძლებლობები აქვთ.

დავალებების სკივრში შემდეგი აქტივობები მოხვდა:

  1. სიტყვის რუკა;
  2. წერილი პერსონაჟს;
  3. პერსონაჟის დღიური;
  4. დღის ჩანაწერი;
  5. ხუთწუთიანი ესე;
  6. პერსონაჟის დღის ჩანაწერი;
  7. გმირის რუკა;
  8. კომიქსი;
  9. პერსონაჟის ალაპარაკება;
  10. ვენის დიაგრამა;
  11. დახატე ის, რაც გულით მოგეწონა;
  12. ხუთი მნიშვნელოვანი ფაქტი;
  13. კროსენსი;
  14. პერსონაჟების ჩატი;
  15. ამბის ჩარჩო (თავიდან…, შემდეგ…, ბოლოს…);
  16. წერილი კლასელს;
  17. თავისუფალი თემა;
  18. ნივთის აღწერა;
  19. კედლის გაზეთი;
  20. დიორამა;
  21. სიტყვის ლოტო.

დავალებების სკივრმა ბავშვები გამოაცოცხლა. მეორე დღეს ერთი სული ჰქონდათ, ჩემთვის გაეზიარებინათ თავიანთი არჩევანი. მათი რვეულები შინ წავიღე და სათითაოდ დავაკვირდი, ვის რა ჰქონდა შერჩეული.

უმეტესობას ხუთწუთიანი ესე, დღის ჩანაწერები, სიტყვისა და გმირის რუკა შეერჩია. რამდენიმეს ერთზე მეტი დავალება შეესრულებინა. მაგალითად, კომიქსი წიქარასა და ბიჭის შესახებ, პერსონაჟის ჩატი, წერილი ლენას „ვაფლის გულებიდან“, დღის ჩანაწერი, ეპიზოდის ილუსტრაცია – ეს ხუთი დავალება ანის რვეულში აღმოვაჩინე, ხოლო საბამ რვა დავალებით გაგვაოცა: სიტყვის რუკა, დღის ჩანაწერი, კომიქსები, ხუთი ნივთის აღწერა, ხუთწუთიანი ესე, პერსონაჟის ალაპარაკება, ნივთის ალაპარაკება, რეცეპტი.

დავალებების შემოწმებისას ერთი განსაკუთრებული ამბავი მოხდა. ნუცას შეერჩია თავისუფალი თემა სახელად „იღბლიანი დღე“. ათი წლის გოგო ჰყვებოდა, როგორ აღფრთოვანდა ავტობუსში ერთი გოგოს გულსაბნევებით. მერე გავბედე, მივესალმე და ვუთხარი, რა ლამაზია თქვენი გულსაბნევებიო. უცნობ გოგოს ერთი ცალი „ბროშკა“ ნუცასთვის უჩუქებია. ნუცას დავალებას რომ ვკითხულობდი, ორშაბათი დილა თენდებოდა. კვირას ჩემს პატარა გოგოს ეზოში ვასეირნებდი, თან „პეპი გრძელწინდას“ ვკითხულობდი. სწორედ იმ დროს მეგობრებთან ერთად ნუცამ ჩამოიარა, ძელსკამზე ჩამომიჯდა და საუბარი გამიბა. რა წიგნს კითხულობთო, მკითხა. შუადღის მზე სახეში ანათებდა და შავი თვალები მოეწკურა. წითელ ქუდზე ორი „ბროშკა“ მიემაგრებინა. საუბრის ბოლოს ვუთხარი, რომ ძალიან უხდებოდა. რამდენიმე საათში კი მის რვეულში ნუცას ლამაზი სამშვენისების ამბავი ამოვიკითხე. ახალი კვირა ამ ამბით დაიწყო. გაკვეთილიც საშინაო დავალების რვეულების მიმოხილვით, რჩევებითა და ნუცას „ბროშკების“ ამბის გაზიარებით დავიწყე.

ეს ყოველივე იმის დასამოწმებლად გიამბეთ, როგორი მნიშვნელოვანია საშინაო დავალებების გულისხმიერი კითხვა და უკუკავშირი. მეოთხე კლასისთვის შეთავაზებული დავალებების სკივრმა მეექვსე კლასში გადაინაცვლა და შემდეგ მერვე კლასამდეც მიაღწია. მათაც შევთავაზე დავალებების ნუსხის შედგენა და არჩევანი მივეცი.

მეექვსეკლასელი ნინის დავალებებიან მაფინებს დავუბრუნდეთ. გაგაცნობთ მის მიერ შერჩეულ ინსტრუქციებს, რომლებიც ჩემს რვეულში ჩავინიშნე:

  1. დახატე, რა ხდება შენს თავში;
  2. ქურდი რომ იყო, სად დამალავდი მოპარულ ნივთებს?
  3. სიტყვის რუკა;
  4. ოდესმე თუ დაუმეგობრდები უსახლკარო ადამიანს და რატომ?
  5. წიგნში დაიჭირე სამი კადრი, დახატე და დაასაბუთე შენი არჩევანი;
  6. თხრობა მთხრობელის შეცვლით;
  7. გაავლე პარალელი ამ წიგნთან;
  8. პერსონაჟის დღიური;
  9. ახლა როგორ ხასიათზე ხარ? ილაპარაკე ხასიათის შესახებ;
  10. რას გააკეთებდი ქურდის დასაჭერად?
  11. შეავსე ჩაღრმავებული კითხვის სქემა;
  12. უსახლკარო რომ იყო, რას გააკეთებდი, რას შეჭამდი და სად იცხოვრებდი?
  13. შეავსე ორმხრივი ჩანაწერების დღიური;
  14. შენი აზრით, როგორ გაგრძელდება წიგნი?
  15. თხრობის ჩარჩო;
  16. რომელია შენი საყვარელი თავი ამ წიგნიდან?
  17. დაწერე შენს ოცნებებზე;
  18. „გმირი ღამის ავტობუსიდან“ შეარჩიე 3 წინადადება და დაასაბუთე, რატომ მოგწონს;
  19. თავისუფალი თემა;
  20. მისწერე წერილი პერსონაჟს;
  21. შეავსე ვენის დიაგრამა.

 

ნინის დავალებათა ნუსხიდან შემხვდა: 1. თხრობის ჩარჩო; 2. შენი აზრით, როგორ გაგრძელდება წიგნი? – დამრიგებელს, მარი მასწავლებელს კი – ვენის დიაგრამა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ნინის მიერ ასე სახალისოდ მოფიქრებულმა დავალებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მეორე დღეს მთელი გაკვეთილი დავუთმეთ დავალებების კითხვას. მეც საგულდაგულოდ დავწერე, წავუკითხე და, როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა სწავლისადმი მოტივაცია აამაღლა. ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთი მეექვსეკლასელი გოგო, ნატალი, მოვიდა სკოლაში ულამაზესად გაფორმებული ყუთით. შიგნით დავალებებთან ერთად კანფეტები მოეთავსებინა და სათითაოდ დაგვირიგა.

ნატალის დავალებებიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა:

  1. თავისუფალი თემა – დაწერე, რაც შენ გინდა;
  2. დაწერე თომასის დღიური კლასის საკითხავი წიგნიდან „გმირი ღამის ავტობუსში“;
  3. დაწერე შენს საყვარელ კალამზე;
  4. დაწერე ხუთწუთიანი ესე;
  5. აალაპარაკე შენი საყვარელი მულტფილმის გმირი;
  6. რვაწუთიანი ესე;
  7. მოიფიქრე კლასისთვის სახალისო დავალება;
  8. წარადგინე შენი საყვარელი ორი ნივთი;
  9. სკოლაში მოიტანე ფოტო და გვიამბე მისი ისტორია;
  10. თაბახის ფურცელზე დაწერე თომასისა და ჰექტორის დიალოგი;
  11. როდესაც ლიტერატურული კაფე გვექნება, შენ რომელი წიგნის წარდგენას აპირებ და რატომ?
  12. აღწერე შენი კლასელები;
  13. გვიამბე შენი საყვარელი მეგობრის შესახებ;
  14. დაწერე შენი საყვარელი დავალება;
  15. შექმენი სიტყვის რუკა ნებისმიერ სიტყვაზე;
  16. რა არის შენი ოცნება?
  17. შეავსე თხრობის რუკა ნებისმიერი თავის შესახებ წიგნიდან „გმირი ღამის ავტობუსში“;
  18. გაავლე პარალელი შენს ცხოვრებასა და რომელიმე წიგნს შორის;
  19. დაწერე შენს საყვარელ წიგნზე. რატომ მოგწონს?
  20. აღწერე შენი საყვარელი ლელა მასი. როგორია ის?
  21. აბრუნე ნებისმიერი ორი სიტყვა.

ამჯერად ჩემი დავალება ამგვარი აღმოჩნდა: პარალელი უნდა გამევლო ჩემს ცხოვრებასა და რომელიმე წიგნს შორის.

სწორედ იმ დილას, სანამ ჩემი 13 წლის გოგო სკოლისთვის ემზადებოდა, მე ლაპუტას შესახებ ვუამბობდი. „ლაპუტა, ზეციური კოშკი“ ჰაიაო მიაძაკის ანიმეა. მთავარი პერსონაჟი ბიჭი მეგობარ გოგოს ლაპუტას შესახებ უამბობს და აჩვენებს ჯონათან სვიფტის წიგნს „გულივერის მოგზაურობა“. ანიმეში წიგნის მოტივის შემოტანამ ძალიან გამახარა. თან დიდი ხანია მინდოდა ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმნილი „გულივერის მოგზაურობის“ წაკითხვა. თარგმანი „ინტელექტმა“ გამოსცა სერიით „სკოლაში საკითხავი წიგნი“. ყდის დიზაინერი თეონა ჭანიშვილია. უთენია ფურცელ-ფურცელ ვეძებე სქელტანიან წიგნში ლაპუტაში გულივერის მოგზაურობა და მივაგენი. მეექვსე კლასს სწორედ ამ ამბავს მოვუყევი. ისიც გავიხსენე, საბავშვო ბიბლიოთეკის სერიაში რომ იყო დაბეჭდილი „გულივერის მოგზაურობა“, ბევრჯერ რომ ვცადე წაკითხვა და ვერ შევძელი. ოცი წლის შემდეგ კი ჩემმა რაჭველმა მოსწავლემ, თამარმა, წაიკითხა და რამდენიმე წინადადებით წაკითხვის სურვილი გამიღვივა.

ნატალის დავალებას კიდევ ერთი საინტერესო პროექტის იდეა მოჰყვა. ალექსანდრემ მეორე დღეს მოიტანა ფოტო, რომელზეც მისი 80 წლის პაპა კურსელებთან ერთად არის აღბეჭდილი, მაგნიტით დაფაზე მიამაგრა და უზარმაზარი სიყვარულით გვიამბო, რომ პაპა უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე მეტროში მუშაობს. ალექსის მოსმენისას დიდი სურვილი გამიჩნდა, პაპა სკოლაში მოგვეწვია და პირადად გაგვეცნო.

კიდევ ერთი კვირის შემდეგ ნინის და ნატალის თანაკლასელმა სანდრომ გაგვაოცა. ხელნაკეთ, უცნაური ფორმის მუყაოს კოლოფში ფურცლის ნაკუწებზე დავალებების სამოცამდე ინსტრუქცია ეწერა. ფურცლების ნახევარი გაფერადებული იყო და მათზე დაწერილი სიტყვა უნდა დაგვეხატა, ხოლო დანარჩენ, გაუფერადებელ ფურცლებზე დაწერილი სიტყვები – აგველაპარაკებინა. გადავწყვიტეთ, დავალებები კლასშივე შეგვესრულებინა. დავარიგეთ თაბახის ფურცლები, ორ ნაწილად გავყავით, ფურცლის ზედა ნაწილზე დავხატეთ, ქვედაზე კი ნივთი გავასულიერეთ. მე ოჯახის დახატვა და თოფის ალაპარაკება მხვდა წილად.

სანდროს დავალებებიც დიდი სიხარულით შეასრულა მთელმა კლასმა.

კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც არჩევით დავალებებს მოჰყვა, ის იყო, რომ უფროსკლასელებმა და უმცროსკლასელებმა ერთმანეთისთვის დავალების ინსტრუქციები მოიფიქრეს და კლასიდან კლასში დავატარებ შესასრულებელ თუ შესრულებულ დავალებებს.

არჩევით დავალებებამდე სამწლიანმა შრომამ მიმიყვანა. საშინაო დავალების შერჩევა, ინსტრუქციაზე მუშაობა, პასუხისმგებლობის გაღვივება, ურთიერთმოსმენა, განმავითარებელი კომენტარები, მუდმივი უკუკავშირი ბავშვების შინაგანი მოტივაციის გაღვივების მიზეზად იქცა. თუ დააკვირდებით მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ დავალებებს, მასწავლებლის მიერ შეთავაზებულზე გაცილებით მრავალშრიანი და სახალისოა. დიდი ბედნიერებაა, უყურო მათ განვითარებას, უყურო, როგორ მიქრიან წინ – სიხარულით, ერთმანეთზე ფიქრითა და ქმედების სურვილით აღვსილები. ამავე დროს, არჩევითი დავალებები მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ინტერესებს არის მორგებული და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას უწყობს ხელს.

ამ დავალებების შესახებ ფოტოამბები იხილეთ ბლოგზე:

https://comreadspress.wordpress.com/2023/02/26/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/?fbclid=IwAR0oXYQkJY2DvDEH7j-O1siZT9zU5jZrLSdVd08mUJBQeDVD4MRwWn7nwMM

მზის სისტემის პლანეტათა აღლუმი „ვეფხისტყაოსანში“

0
IMG_1247

რატომ უნდა იქცე ნაძვად ურწმუნოთა სამყაროში? მზის სისტემის პლანეტათა აღლუმი „ვეფხისტყაოსანში“ და სიმბოლოების ძიების პროცესი როგორც ტექსტის სიღრმისეულად გააზრების ხერხი

 მოზარდებს რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ და ცნობისმოყვარეობას უღვიძებთ, დაფარული, იდუმალებით სავსე სამყაროებია, კოსმოსია. რა ხდება ჩვენი პლანეტის მიღმა? ღამით ცაში მოკიაფე ვარსკვლავები რას გვიმალავენ? როდის გაიგეს ადამიანებმა მათ შესახებ? რა ხდებოდა ათასწლეულების წინ?

ძველი ერების მითოლოგიაში, მათ შორის ქართულშიც, ციურ სხეულებს დიდი როლი აკისრიათ. გემახსოვრებათ, რომ მზე დედა იყო ჩვენი, მთვარე – მამაჩვენი, წვრილ-წვრილი ვარსკვლავები კი – დები და ძმები, თუმცა ისეც ხდებოდა, რომ მთვარე ქალურ საწყისად იყო მიჩნეული. კიდევ უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ ჩვენი უძველესი წინაპრების მსოფლხედვაში, აღმოვაჩენთ, რომ თურმე მზისა და მთვარის ღვთაებები ადამიანებთან ოქროს ძაფების მეშვეობით ურთიერთობდნენ. ეს ოქროს ძაფები ხეებს ჰქონიათ გამობმული კენწეროებზე და ასე დასეირნობდნენ უძველესი ღმერთები ზეციურ სამყაროსა და დედამიწას შორის. იმდენად უყვარდათ ძველ ქართველებს თავიანთი ღვთაებები, რომ სახლებში, მთავარ, საყრდენ ბოძზე, ღვთაების – მზის ნიშან-სიმბოლო – ბორჯღალი ჰქონდათ გამოსახული. ეს ბოძიც ხისა იყო. მოკლედ, ხეს დიდი დატვირთვა ჰქონია ქართველების ცნობიერებაში – ღმერთთან, სულიერ სამყაროსთან კავშირის. ისიც ვთქვათ, რომ თავად ხის აგებულებაც იძლეოდა ამის საშუალებას: ფესვები – ქვემოთ, ქვესკნელში, ტანი – შუასკნელში, ადამიანთა სამყაროში, ხოლო ვარჯი – ზეცაში, ღმერთების სამყოფელში. ხე აერთიანებდა სამივე სამყაროს და თავის თავში მოიცავდა მთელ უნივერსს.

ხის სიმბოლური მნიშვნელობა ქრისტიანობამაც მშვენივრად შეითავსა. ხის ნაყოფი იყო მიზეზი ედემის დაკარგვისა და ასევე ხე, ჯვრის სახით, გახდა ახალაღთქმისეული სამოთხის პოვნის საწინდარი. ისევ ქართველობას თუ დავუბრუნდებით, აღმოვაჩენთ, რომ სვეტიცხოველი, ქრისტიანობის პირველი დროშა და ალამი, სწორედ პირველყოფილი, ცოცხალი ხე ყოფილა – სვეტად და ტაძრად ქცეული.

სიმბოლოები დიდ როლს ასრულებს ტექსტების სიღრმისეულად გაგება-გააზრებაში, სწორი აქცენტების დასმაში, მთავარი სათქმელის ამოცნობასა თუ იდეური მსოფლხედვის აღმოჩენაში. მაგალითად, კარგი იქნება, თუ გოდერძი ჩოხელის მოთხრობის „წერილი ნაძვებს“ კითხვისას ბავშვებს  გავააზრებინებთ  ხის სიმბოლურ დატვირთვას. რას ნიშნავს ნაძვის სიმბოლიკა? რატომ გაწირა ბერმა თავისი ადამიანური საწყისი? რატომ ისურვა ხედ ქცევა? აუცილებლად ვესაუბროთ იმ ლიტერატურულ მიმდინარეობაზეც, რომელსაც ეს ტექსტი მიეკუთვნება. მაგიური რეალიზმი ძალიან საინტერესო რამეა, რეალობისა და ფანტაზიის შერწყმა განაპირობებს იმას, რომ მკითხველი იკარგება ტექსტის სიღრმეში, გამონაგონი ისე ბუნებრივად არის მოწოდებული, რომ ვერ გაუგია, სად მთავრდება რეალობა და იწყება ირეალური სამყარო. მთის სოფელი, ჩვეულებრივი ადამიანური ყოფა, კუთხური ლექსიკა, დიალოგები და ამ დროს, ჰოი, საოცრებავ, კაცს მხარზე ნაძვი ამოსვლია! საოცრება ის არის, რომ ეს კაცი ამ ნაძვს შვილივით უფრთხილდება, ასეირნებს, სუფთა ჰაერს აყლაპებს და საკუთარ თავს, ჯანმრთელობას და ადამიანობასაც კი სწირავს მის კარგად ყოფნას. აი, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნაძვის იდეაზე. შესაძლოა, მოსწავლემ ის მხოლოდ ბუნების ნაწილად აღიქვას, პერსონაჟის ქცევა კი – ბუნებისთვის თავგანწირვად, არადა, ეს მხოლოდ ზედაპირული გააზრებაა. დავსვათ კითხვა: რის სიმბოლო შეიძლება იყოს ნაძვი? დავაფიქროთ ჩვენი მოსწავლეები, რატომ ვრთავთ ახალ წელს მაინცდამაინც ნაძვს? მოვუყვეთ ქართული მითოლოგიიდან ამბებს ხეებზე, შევახსენოთ ქრისტიანობაში ხის დანიშნულება და ისინი აუცილებლად მივლენ იმ აზრამდე, რომ პერსონაჟმა თავი უბრალოდ ნაძვს კი არ შესწირა, არამედ მარადიულობას, განახლებას, რწმენას, ღმერთთან დამაკავშირებელ გზას. იდეისთვის ასეთი თავგანწირვა – უღმერთო სამყაროში, სადაც ბერის სოფელში ერთი ნაძვიც კი არ ხარობს! მოვაძებნინოთ მოსწავლეებს ინფორმაცია ხის სიმბოლიკაზე სხვადასხვა კულტურაში – ასე მათ ტექსტის სიღრმეებში წვდომას მივაჩვევთ. რატომ უნდა იქცე ნაძვად ურწმუნოთა სამყაროში? დღეს რა გვაკლია? რად ქცევა სწყურია ადამიანს? ნაძვად თუ თევზად? ასეთ საკითხებზე დისკუსია, ერთი მხრივ, ანალიტიკურ უნარებს განუვითარებს მოსწავლეებს, მეორე მხრივ კი იმ საკითხებზე დააფიქრებს, რომლებიც მათთვის მისტიკური, საიდუმლოებით მოცულია.

თემაზე მუშაობისას მოსწავლეებს ასევე ვაჩვენებდი ახალ ანიმაციურ ფილმს „პინოქიო“, რომელიც ცნობილი ამბის განსხვავებულ გააზრებას გვთავაზობს. მამას ქალაქის დაბომბვისას გარდაეცვლება პატარა ბიჭი, რომელსაც თავის ეზოში დაკრძალავს. მის საფლავზე ამოდის უზარმაზარი, მშვენიერი ხე. რამდენიმე წლის შემდეგ უზომოდ დარდიანი მამა ხეს მოჭრის და მისგან პატარა ბიჭს გამოთლის. ხის ბიჭუნა სასწაულებრივად ცოცხლდება. თითქოს მამა შვილს იბრუნებს… ხისთვის სულის ჩადგმის ეს პროცესი ადამიანის ყველაზე ბუნებრივ რეინკარნაციად იქცევა.

ჩვენი ბავშვები იშვიათად კითხულობენ ქართულ ხალხურ ზღაპრებს, ან, თუ კითხულობენ – ადაპტირებულ ვერსიებს. არადა, სწორედ ამ ზღაპრებშია ჩვენი იდენტობის უზარმაზარი ნაწილი. ქართული ხალხური ზღაპრებია გასაღები უამრავი სიმბოლური სახისა და მეტაფორისა. ბოროტი დედინაცვლის გამო ალვის ხედ ქცეული გოგონა, მისგან გამოთლილი მკვნესარე სალამურის სევდიანი ჰანგი, კონკიას დედის საფლავზე ამოსული აშოლტილი ხე, რომელიც გოგონას ბედნიერებას მოუტანს და წერილის დასაწყისში ნახსენები ხის სიმბოლოს გააზრება.

ვფიქრობ, ტექსტის ასე მრავალმხრივ დამუშავება, პარალელების ძიება, სიმბოლოების პირველწყაროებზე ფიქრი არა მხოლოდ საინტერესოს გახდის ტექსტებზე მუშაობის პროცესს, არა მხოლოდ სწავლის მოტივაციაზე იმოქმედებს, არამედ ძიებას, კვლევას მიაჩვევს, ცოდნის სკივრს აუვსებს ჩვენს ბავშვებს. ხის სიმბოლიკის ძიებას რომ გავყვეთ, ძალიან შორსაც წავალთ: კელტური სამყარო, დრუიდები, სკანდინავიური მითოლოგიიდან ცნობილი ხე – იგდრასილი, რომელიც ცხრა სამყაროს აერთიანებს… ამ ხის ამბავი ჩვენს მოსწავლეებს აუცილებლად ეცოდინებათ – სკანდინავიური მითოლოგიიდანაა თორი, რომელიც „მარველის“ კომიქსების ცნობილი სერიის პოპულარული პერსონაჟია.  ჩვენ, მასწავლებლები, ძაფებს ვაბამთ და ვაკავშირებთ უძველეს სამყაროს თანამედროვეობასთან. უაღრესად საინტერესოა, ახალ დროებაში რა დაემართათ მითიურ სახეებს – ისინი კინემატოგრაფმა გარდაქმნა და ისეთ პროდუქტებად აქცია, რომლებიც მილიონებად იყიდება. ამ საკითხს თუ ჩავუღრმავდებით, შევამჩნევთ, რომ ახალ ფილმებში, წიგნებში, ანიმაციებში მრავალი მივიწყებული მითოსური სახეა.

ამ მიმართულების გაგრძელება იქნება „ვეფხისტყაოსნის“ ერთი თავის გააზრება: „წასვლა ავთანდილისგან ფრიდონისასა“. ავთანდილი, რომელმაც სულ ახლახან მოისმინა ტარიელის ტრაგიკული ამბავი, მეგობრობა შეჰფიცა გმირს და თუნდაც სიცოცხლის ფასად დახმარებას შეჰპირდა, რომელმაც სატრფო მიატოვა და ეს ცალკე ასევდიანებს, მიდის – სად, თავადაც არ იცის… მიზანი ცხადია: მეგობარს უნდა დაეხმაროს! სატრფოს თხოვნა შეუსრულოს! ყველაფრის ფასად! მიდის ფრიდონის საპოვნელად, ოღონდ არ იცის, მოკვდება თუ გადარჩება, არ იცის, საყვარელ თინათინს კიდევ იხილავს თუ არა. აი, ასეთი დარდით სავსე ახალგაზრდა ყმაწვილი ხმამაღლა ტირის, სამყაროს აყრუებს გულმოკლული მიჯნურისა და მეგობრის ვაება. და ყველა გზა რომ მოჭრილია, ღმერთის მიმართ ლოცვაც აღვლენილია, ავთანდილი მნათობებს მიმართავს თხოვნით. აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო, მისტიკური რამ: თითოეული პლანეტის მიმართ აღვლენილ თხოვნაში ამ პლანეტის სიმბოლური მნიშვნელობა მოჩანს. პირველი ადრესატი, რა თქმა უნდა, მზეა. მზე სიმბოლოა მთავარი ღვთაების, ნათლის, დიდებულების, სამყაროს ცენტრისა და სამყაროს თვალის და ყველაზე ძვირფასი, სანატრელი სურვილი მას მიემართება: „მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!“ შემდეგია ზუალი, იგივე სატურნი, ემოციებზე მოქმედი პლანეტა, და მის მიმართ თხოვნაც ასეთია: „შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,/ მას უთხარ, თუ: „ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა“. მას მოსდევს მუშთარი, იგივე იუპიტერი, სამართლიანობის პლანეტა: „ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!“ მარიხი იგივე მარსია, ომის ღმერთი: „მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა“.  ასპიროზი – ვენერა, ოტარიდი – მერკური. აქვე – ამონარიდი საინტერესო სტატიიდან: „აღმოჩნდა, რომ იმდროინდელი კაცობრიობის მიერ საყოველთაოდ მიღებული პტოლემეოსის გეოცენტრული სისტემა „ვეფხისტყაოსანში“ უარყოფილია და მის ნაცვლად მოცემულია სამყაროს აგებულების ახალი მოდელი, რომელიც მეცნიერთა მიერ მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში იქნა შემუშავებული“. ამ წერილის ბმული:

https://astronet.ge/2012-05-14-10-50-33/

პოემის სიმბოლოებზე მუშაობით, ასტრონომიის და თუნდაც ასტროლოგიის ჭრილში განხილვით, ძიებით, კვლევით, მსჯელობით, შეიძლება, „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი მოსწავლეებისთვის საყვარელ ტექსტად ვაქციოთ.

წერილი რითაც დავიწყე, იმითვე დავასრულებ: თუ სასწავლო პროცესში გავითვალისწინებთ მოსწავლეების ინტერესებს, მისწრაფებებს, თუ თავისუფლად ვიმსჯელებთ, მოვაწყობთ დისკუსიებს, შედეგი ჩვენვე გაგვაოცებს. მე კი გისურვებთ დაუვიწყარ მოგზაურობას სიმბოლოების, მითებისა და ტექსტების საოცრად საინტერესო სამყაროებში.

იდეატორთა კლუბი და „ძველი ეზოს თამაშები“ ეფექტიანი სასწავლო გარემოსთვის

0

კოვიდის პანდემიამ გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემა. პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობის გამო მოსწავლეები შეეჯახნენ სხვადასხვა ხასიათის პრობლემებს, მათ შორის – წიგნიერების, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარების, ერთმანეთსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეფიციტს. შემეცნებითი პროექტები და კლუბური მუშაობა სააზროვნო ოპერაციების შესრულებას, აქტიურ სოციალიზაციასა და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ ამ მიმართულებით საინტერესო პროექტები განახორციელა. ერთი მათგანია სკოლებში იდეატორთა კლუბების შექმნა.

იდეატორთა კლუბი ახორციელებს კლასგარეშე აქტივობებს, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტის უნარ-ჩვევებს, ხელს უწყობს ინოვაციებს, უბიძგებს ბავშვებს, საკუთარი იდეები რეალურ ცხოვრებაში გადაიტანონ.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, 2022 წლის გაზაფხულზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის N1 საჯარო სკოლაშიც შეიქმნა იდეატორთა კლუბი. სკოლის, მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჭიროებათა გაცნობის შემდეგ გადაწყდა, კლუბს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოემზადებინა და განეხორციელებინა პროექტი „ძველი ეზოს თამაშები“.

„ძველი ეზოს თამაშები“ ითვალისწინებდა მე-4, მე-5, მე-6 კლასების მოსწავლეთა მიერ (ასაკი – 10, 11, 12 წელი) ძველი თამაშების მოძიებას, გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას, კერძოდ, ხელნაწერი წიგნის, კომიქსების (მულტიპლიკაციური ფორმის) და ბუკლეტის მომზადება-პრეზენტირებას. ეს ყველაფერი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს:

  • ერთი მხრივ, განუვითარებდა XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს – კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტის, კოგნიტიურ, კრიტიკულ, წარმოსახვით, შემოქმედებით, თანამშრომლობით, დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევებს;
  • გაუღვივებდა ტრადიციებისადმი პატივისცემას, გაუზრდიდა ინტერესს წარსულის მიმართ;
  • მეორე მხრივ, განუვითარებდა/განუმტკიცებდა საგნობრივ ცოდნასა და კომპეტენციებს, რადგან დასახული მიზანი ემსახურებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას (ქართ. დაწყ.(I). 2. 5. 9. 10. 14; საზ. მეც. დაწყ.(I). 17; ფ. ა. დაწყ. (I). ფ. ა. დაწყ.(I). 5; ს. გ. დაწყ.(II). 3; ის. ტექნ. დაწყ. 2. 3. 4. 5; ასევე – „მე და საზოგადოების“ სტანდარტი (III-IV კლასები); „ჩვენი საქართველოს“ სტანდარტი (V-VI კლასები). სახელდობრ, მოსწავლე:
  • ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით – ქართ. დაწყ.(I). 2;
  • საკომუნიკაციო მიზნის შესაბამისად იყენებს ნიმუშებს, საყრდენებს; ადგენს მარტივი სახის მოკლე ჩანაწერებს (ჩაინიშნავს მნიშვნელოვან სიტყვას/სიტყვებს, სხვათა და/ან საკუთარ მოსაზრებას, კონკრეტულ საკითხს და სხვ.) – ქართ. დაწყ.(I). 5;
  • გამოხატავს და ახსნის წაკითხული ტექსტის მიმართ პირად დამოკიდებულებას; აფასებს ტექსტს, თემას და/ან მასში განხილულ კონკრეტულ საკითხებს. ქართ. დაწყ.(I). 9;
  • ნაცნობ თემატიკაზე ქმნის სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტებს – ქართ. დაწყ.(II). 10;
  • გადაჭრის პრობლემებს გამოთვლების, ვარიანტების დათვლის და ობიექტებსა და მათ თვისებებს შორის მიმართებების გამოყენებით – მათ. დაწყ.(II). 14;
  • ზრუნავს ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე – საზ. მეც. დაწყ.(I). 17;
  • ხალხურ ტრადიციებს აკავშირებს ლოკალურ გარემოსთან – საზ. მეც. დაწყ.(II). 2;
  • მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობაში და წარმოაჩენს მოძრაობით უნარ-ჩვევებს; აკავშირებს ფიზიკურ აქტივობას სხეულის მდგომარეობასთან – ფ. ა. დაწყ.(I), ფ. ა. დაწყ.(I). 5;
  • საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს იყენებს მიზანმიმართულად, ნამუშევარში გადმოსცემს ჩანაფიქრს, იდეას, გუნება-განწყობას (ემოციებს) და შთაბეჭდილებებს – ს. გ. დაწყ.(II). 1;
  • თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) გეგმავს შესასრულებელ სამუშაოს შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემის გადასაჭრელად და ახორციელებს მას – ს. გ. დაწყ.(II). 3;
  • ორიენტირებს დროსა და სივრცეში, ინტერპრეტაციას უკეთებს ფაქტებს, იყენებს და ქმნის თვალსაჩინოებებს; სამშობლოსა და მისი კულტურის მიმართ გამოხატავს პოზიტიურ დამოკიდებულებას; საგანგებო სიტუაციებში აფასებს რისკებს, მოქმედებს უსაფრთხოდ – „მე და საზოგადოების“ სტანდარტი (III-IV კლასები); „ჩვენი საქართველოს“ სტანდარტი (V-VI კლასები);
  • ეფქტიანად იყენებს ისტ-ს, მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, ინახავს, ამუშავებს, აანალიზებს და გამოაქვს დასკვნები; ქმნის ციფრულ პროდუქტს, ფლობს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ციფრულ საშუალებებს – ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტი ის. ტექნ. დაწყ. 2. 4. 5.

პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა:

 

  • მოსწავლეებმა მოიძიეს დამატებითი მასალა და გადაამუშავეს, რითაც დაეუფლნენ ინფორმაციის მოძიებისა და ინტერვიუს ხერხებს როგორც ეფექტური კომუნიკაციის გზას და გუნდური მუშაობის პრინციპებს;
  • მოპოვებული მასალებით შექმნეს: პოსტერი; საინფორმაციო ბუკლეტი; 3D წიგნი; ხელნაწერი წიგნი; ორი მაკეტი; ვიდეორგოლი; პრეზენტაცია; ორი ელექტრონულ-ანიმაციური ფილმი-კომიქსი (მულტიპლიკაციური ტექნიკით), მათში აღწერეს და ასახეს ტრადიციული, ხალხში მივიწყებული ძველი ეზოს თამაშები, გააცოცხლეს ისინი (საჭირო რესურსები: მუყაო, თეთრი ფურცლები, წებო, მაკრატელი, ცარცი; სპორტული თამაშებისთვის განკუთვნილი რესურსები; კომპიუტერული ტექნიკა);
  • მოაწყვეს შეჯიბრებები, გაიუმჯობესეს საგნობრივი ცოდნა, ციფრული, სოციალური, სამოქალაქო და ზოგადი კომპეტენციები (3D წიგნის, ბუკლეტის, კომიქსების შექმნისა და პრეზენტირების, პრობლემების კრეატიულად გადაჭრისა და საგნობრივი ცოდნის ცხოვრებისეულ კონტექსტში გამოყენების უნარები;
  • პოპულარიზაცია გაუწიეს:
  • ცხოვრების ჯანსაღ წესს და წინაპართა ტრადიციების დაცვას;
  • სკოლის, უმაღლესი სასწავლებლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას.

 

ელექტრონული ბმულები:

პროექტი „ეზოს ძველი თამაშები“ – ვიდეორგოლი (ძველი ეზოს თამაშების გაცოცხლება, 3D წიგნი, ბუკლეტი, კომიქსები) და პრეზენტაცია

 

https://emis188-my.sharepoint.com/:p:/r/personal/pirchkhadze_maia_teachers_gov_ge/_layouts/15/Doc.aspx?sourcedoc=%7B6BAAF4D7-0F2D-40B5-93BB-2EE7D773B381%7D&file=%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98.pptx&_DSL=1&action=edit&mobileredirect=true

 

https://emis188-my.sharepoint.com/personal/dalakishvili_ia_teachers_gov_ge/_layouts/15/stream.aspx?id=%2Fpersonal%2Fdalakishvili%5Fia%5Fteachers%5Fgov%5Fge%2FDocuments%2F%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%20%2C%2C%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A1%20%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%2C%2C%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%2Emp4&ga=1

 

შედეგად, მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის ორგანიზების ხელშეწყობით და კონკრეტული კომპონენტების გააქტიურებით ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, გაუმჯობესდა საგნობრივი შედეგები და შეიქმნა გაცილებით ეფექტიანი სასწავლო გარემო.

აღზრდა – განსხვავებული ხედვები

0

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იმ ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულების კლუბში, რომლებიც საზღვრების დაწესების მომხრეები არიან, მაგრამ არ მოსწონთ, როცა სხვა ადამიანები იწყებენ მათთვის ამ საზღვრების დაწესებას“.ასე იწყება წიგნი სათაურით: „როგორ აღვზარდოთ პასუხისმგებლობიანი მოზარდი“, რომლის ავტორები არიან დოქტორები: Henry Cloud და John Townsend. (Henry Cloud – არის ბესტსელერებად ქცეული მრავალი წიგნის თანაავტორი John Townsend-თან ერთად. ავტორმა ფსიქოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი სამხრეთ მეთოდისტურ უნივერსიტეტში მიიღო, დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში -ბიოლის უნივერსიტეტში. Henry Cloud იღებდა თეოლოგიის გაკვეთილებს ტალბოტის სემინარიაში. ავტორები არიან კალიფორნიაში არსებული Cloud- Townsend Resources-ის დამფუძნებლები და აქვთ კერძო პრაქტიკა. John Townsend-ს აქვს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, დალასის თეოლოგიური სემინარიის მაგისტრის ხარისხი თეოლოგიაში და ბიოლის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში. 2015 წელს John Townsend-მა კალიფორნიის კონკორდის უნივერსიტეტის ბაზაზე დააფუძნა ლიდერობისა და კონსულტირების ინსტიტუტი).

„ბავშვები მიიჩნევენ (სიმართლე უნდა ითქვას, რომ ბევრი უფროსიც ასე ფიქრობს), რომ ის, რაც მე მახარებს „კარგია“ და რაც მაბრაზებს – „ცუდი“. ამიტომ ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებიან საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას. მშობლების მიზანი კი უნდა იყოს, დაეხმაროს შვილს პასუხისმგებლობის, თვითკონტროლისა და არჩევანის თავისუფლების აღების უნარების განვითარებაში.

ამერიკელი ავტორები მიიჩნევენ, რომ აღზრდას – კავშირი აქვს, ბავშვის აწმყოსა და მომავალთან. ადამიანის ხასიათი მისი ბედისწერაა და ის მრავალ ასპექტში მის მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს. აღზრდა ასევე, ხასიათის ფორმირების პროცესში მშობლის/აღმზრდელის მხარდაჭერასაც გულისხმობს. ხასიათი კი სწორედ, ზრდასრული ცხოვრების უსაფრთხოების, საიმედოობის, სიამოვნების განცდის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობაა.

ჩვენს სამყაროში ადამიანების ამა თუ იმ ქცევას უამრავი ახსნა მოეძებნება, მაგრამ ყველას არ შეუძლია ახსნას რატომ არ „აეწყო“ მისი ცხოვრება. ადამიანების ცხოვრების მრავალი სირთულე მათივე ხასიათის სისუსტის ბრალია. იმ გარემოში, სადაც პიროვნება შინაგან სიძლიერეს იჩენს, წარმატებასაც აღწევს, მაშინაც კი, როცა ბევრი წინააღმდეგობა ეღობება. მშობლები ქმნიან შვილების მომავალს. ხასიათის თავისებურებები ადრეული ასაკიდანვე წამყვან როლს ასრულებს ქცევითი შაბლონების ფორმირებაში.

ხასიათი – განმარტავენ ავტორები – არის საქმის კეთების უნარი თუ უუნარობა, მორალური სახე, ურთიერთობის სტილი და დასახული ამოცანის გადაჭრის უნარი, რას და როგორ აკეთებს ადამიანი გარკვეულ სიტუაციაში. როდესაც რეზულტატის დემონსტრირება ხდება საჭირო, რამდენად შეესაბამება ის რეალობას? შეუძლია თუ არა ადამიანს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება? ამჟღავნებს თუ არა ბავშვი სხვა ადამიანების მიმართ ემპათიას? შეუძლია თუ არა საკუთარი ტალანტის განვითარება? რამდენად შეუძლია ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა? აქვს თუ არა სიყვარულის უნარი? ფლობს თუ არა წარუმატებლობასთან გამკლავების სტრატეგიებს? ეს იმ კითხვების ნაწილია, რომლებზე პასუხების პოვნის შემთხვევაში ხასიათის გარკვეული შტრიხების გახსნაა შესაძლებელი. შაბლონების შემუშავება თავის მხრივ მშობლებთან ურთიერთობებისას ფორმირდება. Henry Cloud-ისა და John Townsend-ის წიგნის მიზანია, დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს ავტორების მოსაზრება უფროსების მიერ ბავშვების აღზრდის პროცესში, ე.წ. საზღვრების დაწესების აუცილებლობის შესახებ. დასაწყისისთვის უნდა ვიცოდეთ, როგორები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში საზღვრების პრობლემები ჰქონდათ:

  • მათ არ შეეძლოთ ეთქვათ „არა“ მჩაგვრელებისთვის ან იმ სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ რაიმე უღირსი ეკადრებინათ ბავშვისთვის;
  • არ შეეძლოთ ეთქვათ „არა“ საკუთარი დესტრუქციული იმპულსებისთვის;
  • ვერ ახერხებდნენ, წარმატებულად გადაეჭრათ გარკვეული ამოცანები, მიეღწიათ მიზნისთვის;
  • მათ აღმოაჩნდათ მიდრეკილება, ჰქონოდათ ურთიერთობა ისეთ უპასუხისმგებლო ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად შეურაცხყოფას აყენებდნენ გარშემომყოფებს;
  • პასუხისმგებლობას იღებდნენ სხვა ადამიანების ქცევებზე;
  • ჰქონდათ მანიპულაციებისადმი და სხვა ადამიანების გაკონტროლებისადმი სწრაფვა;
  • ჰქონდათ ახლო ურთიერთობების შიში;
  • არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ გულწრფელი ახლობლებთანაც კი;
  • არ შეეძლოთ კონფლიქტების განეიტრალება;
  • განსხვავებულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მუდმივად დამნაშავის როლში იყვნენ.

ბავშვობაში შეთვისებული ქცევითი შაბლონები ზრდასრულ ასაკშიც მყარია. სწორედ, ამიტომ უჭირთ ადამიანებს შემდგომ მათი შეცვლა.

 

„მზრუნველი“ დედები ცდილობენ, შვილებს ყველაფერში დაეხმარონ, მათ ნაცვლად აკეთონ საქმეები მაშინაც კი, როდესაც ამისი საჭიროება საერთოდ არ არის. ასეთ ჰიპერმეურვეობის პირობებში აღზრდილ შვილებს უყალიბდებათ სტერეოტიპი, რომ მოითხოვონ ნებისმიერი ადამიანის დახმარება. მსგავსი სტერეოტიპები გავლენას ახდენს ბავშვის ურთიერთობებზე, როგორც სკოლაში, ასევე გარშემომყოფ სოციუმშიც. დედები მუდამ სიხარულით აწესრიგებენ შვილების მიერ დატოვებულ არეულობას საკუთარ ოთახში და ხშირად მთელ სახლში. დედისთვის ნებისმიერი საქმე, რომელსაც ის შვილის ნაცვლად აკეთებს, არის საბაბი კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მას დედობრივი სიყვარული. მაგრამ დედებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ისინი ამავე დროს ქალები და მეუღლეები არიან. პარალელურად, დედებმა შვილების მომავალსაც ობიექტურად უნდა შეხედონ და გააცნობიერონ, რომ მათი აღზრდილი შვილები ზრდასრულ ცხოვრებაში თითქმის ყოველთვის ეცდებიან საკუთარი პასუხისმგებლობა სხვებს გადააბარონ. ეს არცთუ ისე სახარბიელო პერსპექტივაა, რამაც დედებს აღზრდის სტილის შეცვლისკენ უნდა უბიძგოს. საბოლოო ჯამში პიროვნების განვითარებისთვის აუცილებელია, მან განივითაროს პასუხისმგებლობა, იფიქროს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მისი ქცევა გარშემომყოფებზე, ანუ სურთ თუ არა მათ სხვა ადამიანების ცხოვრების ნაწილად გახდომა. აი, ზუსტად ამას გულისხმობენ ამერიკელი ავტორები, როდესაც ამბობენ, რომ მომავალი იწყება ზუსტად ამ წამიდან.

 

მაშ ასე, შევთანხმდით, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, შვილებს ვასწავლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, რადგან, როდესაც მოზარდი პირველად შეეჩეხება თუნდაც საცხოვრებელი გარემოს დალაგების საჭიროებას, აღმოაჩენს, რომ არ შეუძლია სრულად გაისიგრძეგანოს, რომ:

 

  • აუცილებელია მისი საცხოვრებელი სივრცის დალაგება. რადგან, მისთვის ძირითადად, დედა იყო ის ადამიანი, რომელიც სრულად და მთელი სიმძაფრით შეიგრძნობდა ამ აუცილებლობას;
  • მოზარდს არ აქვს შესაბამისი ქმედების განხორციელების მოტივაცია. მთელი მისი წინა ცხოვრების განმავლობაში ხომ დედა იყო ის ადამიანი, რომელიც სრულად შეიგრძნობდა ამ აუცილებლობას;
  • მოზარდი არ გეგმავდა და არც დროს ხარჯავდა საკუთარი ოთახის მილაგებაზე. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით: დედა მაქსიმალურად მოტივირებული იყო, ყოველთვის თავად დაელაგებინა შვილის არეული ოთახი;
  • მოზარდს არ ჰქონდა არანაირი წარმოდგენა, როგორ მოეწესრიგებინა საკუთარი საცხოვრებელი სივრცე. ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ამას მის ნაცვლად დედა აკეთებდა.

 

როგორ მოხდა, რომ ასეთმა მოზარდმა მაინც მოახერხა და ისწავლა პასუხისმგებლობის თავზე აღება? თანდათანობით, აუჩქარებლად დედა (როგორც ცოდნის, ინფორმაციის გამცემი) გადასცემდა შვილს საკუთარ უნარ-ჩვევებს, რომლებსაც აღზრდის პროცესში გაუჩნდა მიმღებლობა, შეეცვალა არამართებული ქცევები. ანუ შედეგად, დედას უქრება მოტივაცია და აღარც მოთხოვნილება რჩება, შვილის ნაცვლად აკეთოს მისი საქმეები. შვილი თავად ასრულებს თავის მოვალეობებს. აღზრდის პროცესში შემუშავებული ქცევითი ჩარჩოები, უყალიბებს შვილებს შინაგან მოთხოვნილებას, საკუთარ ცხოვრებაზე თავად აიღონ პასუხისმგებლობა. ამ სტატიის დასასრულ, Henry Cloud და John Townsend – განმარტავენ, რა შინაარსს დებენ ტერმინ „ხასიათში“. ანუ თუ აღზრდის პროცესში და შვილებთან ურთიერთობებში მშობლები თანამიმდევრულად და მკაფიოდ იცავენ საზღვრებს, ზრდასრულ ასაკში მათ ექნებათ გაცილებით მეტი მოტივაცია, ისწავლონ საკუთარი მომავლის დაგეგმვა, გახდნენ პასუხისმგებლობიანი, თავისუფალი, კრეატიული, სიყვარულით სავსე წარმატებული ადამიანები.

 

 სტატია მოამზადა  ქეთევან კობალაძემ

ჩანაწერები

0

2004 წელს შეყვარებული დამშორდა. დრამატული იყო განშორება – ისეთი უცნაური სცენარით, მხოლოდ მე რომ მემართება ხოლმე. სხვა ასაკამდე თუ მივაღწიე, ალბათ ძალიან მოსაყოლი ამბავიცაა. მერე – სიბერეში. ჰოდა, ის ამერიკაში წავიდა, მე – ოზურგეთში. უნივერსიტეტი იმ წელს დავამთავრე. წესით მაგისტრატურაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ საბუთების ნაცვლად იმედები ჩავაბარე ეშმაკს, სახლს დავუბრუნდი, ბავშვობის ოთახში დავწექი და ექვსი თვე მხოლოდ საჭმელს მაწვდიდა დედაჩემი. ლაპარაკიც ავუკრძალე. ვიწექი, ჭერზე წვიმისგან გამოხაზულ უცნაურ ფიგურებს რაღაც ცხოველებს ვამსგავსებდი და ვფიქრობდი, რომ ისინიც კი, უსულო და გამოგონილი არსებები ჩემზე გაცილებით ბედნიერები იყვნენ. საღამოს ფანჯარასთან მივდიოდი, ფარდას ოდნავ ვწევდი და ვხედავდი, როგორ ჭრიდა დაჩოქილი მამაჩემი ძროხისთვის ნამგლით ბალახს. ამ სცენას ვიკვიატებდი და ძილში, სიზმრებშიც ასე შრომობდა მამა. ერთხელ, მორიგი შეღამებისას, მოულოდნელად ჩემს ოთახში ამოვიდა, საწოლის ბოლოში ჩამოჯდა, შემომხედა, მიწისა და ბალახის ფერებაზელილი მტევნები გადმოატრიალა და თქვა: ,,დევიღალე”. თაობების დაღლა იყო მოყოლილი ამ ნათქვამში, მისი, ბაბუაჩემის, ბებიაჩემის, დიდი ბაბუის და იმის მამის და იმის დედის. უშედეგო დაღლების სერიის ტკივილი ვიგრძენი და წამოვჯექი. მეორე დილით, ცხადად მახსოვს, როგორ დავიბანე პირი, სარკეში თავს თვალს ვარიდებდი და ბოლოს მაინც ჩავიხედე. თვალი გავუყარე თვალში დამარცხებულ საკუთარ თავს და გადავწყვიტე, ყველა დაღლის გამო შური მეძია. მეზობელ ქალს, ნარის, რომელსაც ,,ბუტკა” ჰქონდა, 30 ლარი ვესესხეთ და წამოვედი თბილისისკენ. შემიფარა ჩემმა მეგობარმა ზაქარია ქიტიაშვილმა. დიდი წილი მასთან, დედამისთან და დეიდამისთან ვცხოვრობდი, იშვიათად – სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში ჩემს მამიდაშვილთან. მაშინ გადავწყვიტე, შემეწყვიტა ადრინდელივით სხვის კარზე კაკუნი და თვითონ ამეშენებინა სახლი, ანუ არამეტაფორულად რომ ვთქვათ, თვითონვე შემექმნა ახალი თაობის ლიტერატურული ჯგუფი. კონცეფცია მე და ზაალ ჩხეიძემ დავწერეთ. ახლა საჭირო იყო გაზეთი. გაზეთისთვის – ფული.

იყო მისი ვერპოვნა და ღამის გათევა ყარაულის ვაგონში და იმ ყარაულთან შუაღამისას სტუმრების მოსვლა, მათი სმა და თვალის გამოპარება ჩემკენ, როგორც გაუგებარი მაწანწალისკენ, ვითომ რომ მეძინა და მათკენ იქით ვაპარებდი თვალს და გულში ვტიროდი. ვტიროდი მერეც, როცა ნასესხები ფულით მანდარინები ვიყიდეთ აჭარა-გურიაში და აზერბაიჯანის საზღვარზე ნაწილი დაგვილპა, ნაწილი მოგვპარეს. გაზეთისთვის იყო ეს საქმეც წამოწყებული. მოკლედ ბევრი მარცხი და არდანებება. ერთხელ, სასულიერო აკადემიის საცხოვრებლის შეგუებულ ლოგინზე მიგდებულს, მამა დავითმა, იგივე გელამ, მითხრა: მოდი, შორენასთან მიდი ჩემი სახელით და ეგებ ცოტა წაგეხმაროსო ამ ამბავში. გულისხმობდა პატრიარქის სამდივნოს უფროსს, შორენა თეთრუაშვილს. ავდექი და წავედი, ჭკუა დამიშლიდა თუ ხასიათი? მოსაცდელში მცირე რიგი იყო, ჩემ წინ ორი ქალი იჯდა, ერთი მათგანი, ნატო შავლაყაძე, გამესაუბრა და გურიასთან გამოვძებნეთ კავშირი. ამ ლაპარაკში მისი მოსვლის მიზეზიც მითხრა – რუსთავის ციხეში პროექტს ვიწყებთ, პატიმრებს ქართულ ლიტერატურაზე პატარა გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ და ერთი მათგანი ქალბატონი შორენას თანაშემწეა, რეზო შარაბიძე (ახლაც იქ მუშაობს, საპატრიარქოში) და მეორეს ვეძებთ, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს, ფილოლოგი და არც ციხეში შესვლის უნდა ეშინოდესო. მთელი წინა წელი სამსახურს ვეძებდი და აგერ უცებ – ბიჭი, ფილოლოგი, ციხეში შესვლის დიდად არმოშიში ჩემი მძებნელის წინაშე ვიჯექი და მეტი სასწაული რაღა გინდათ? ვიყვირე, კაცო, სად ეძებთ, აგერ ვარ, ლიტერატურაც ვიცი, ლექსებსაც ვწერ და ლაპარაკიც მეხერხება ცოტა-მეთქი! ქალბატონ შორენასთან აღარც შევსულვარ და ასე დავიწყეთ მე და რეზომ გაკვეთილების ჩატარება რუსთავის ციხეში. მერე ზაალი ჩავრთე ამ საქმეში და იქაური ხელფასით გამოვეცით პირველი გაზეთი – „ლ’ილ”. ფრანგულად კუნძულს ნიშნავს ლ’ილ. მთავარ რედაქტორად გამოგონილი პერსონაჟი რაფაელო მიურა ,,დავნიშნეთ”. არაერთი ნომერი გამოვეცით და უამრავი ნიჭიერი ავტორი გამოვაქვეყნეთ იმ თაობის. მერე ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge – დ გადავაკეთეთ.

 

 

ზუსტად რვა თვის წინ, სარეაბილიტაციო ცენტრ ,,სახლში’’ ვიწექი, კედლისკენ გადაბრუნებული, უკვე ფეხზე თითქმის ვეღარ ვდგებოდი, 55 კილოგრამი ვიყავი, დღეში ორ კოვზ მაწონს ვჭამდი, მაკანკალებდა, გულისრევის მხოლოდ შეგრძნებაღა მქონდა, საშინელი შიშები ტრიალდება გონებაში, თვითგვემა, დეპრესია, მტანჯველი ობსესიები, საზარელი დერეალიზაცია – სამყაროსგან მოწყვეტის განცდა, მეძინა ორი საათი, შეუჩერებლად მასლოკინებდა ამ ორსაათიანი ძილისას თურმე (მორიგე ექიმები მეუბნებოდნენ მერე), ფეხებში და გულმკერდთან ძლიერ ჟრუანტელს და ფხაჭნას ვგრძნობდი. ნელ-ნელა ბენზოდიაზეპინების დოზას მიკლებდნენ და მისი განდევნის სინდრომი ანუ ,,ლომკა” ცალკე ჯოჯოხეთი იყო – ძვლები მეწვოდა, ხომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა მეწვოდა. დაკლებული დოზის მიღებიდან დაახლოებით ათ წუთში მოდიოდა გაბრუების სამი წამი, ყველაზე სასიამოვნო სამი წამი, რომელიც დავიმახსოვრე და ის ათი წუთი მაგ სამ წამს ველოდი. დანარჩენი დღე იყო ამ ტანჯვათა უიმედო ჯამი. თავის მოკვლა უკვე ერთხელ ნაცადი მქონდა და უფრო გარანტირებულ ფორმებზე ვფიქრობდი. ოთხ დღეში ერთხელ იკრიბებოდა ფსიქიატრების კონსილიუმი და ბოლოს ბუნდოვნად ვამჩნევდი, რომ მოსული ნევროპათოლოგები და ფსიქიატრები თითქმის დანებებული იქნევდნენ თავს. მაგრამ არ დანებდნენ. არც მე მომცეს ამის უფლება. და მერე, ერთ მოულოდნელ დღეს ვიგრძენი მოულოდნელივე ნებელობა და ნელი ნაბიჯებით გავყევით გზას გამარჯვებისკენ და ახლა აქ ვარ – არნახულად ძლიერი და ახალი, დიდი ოცნებებით. ხან სიზმარი მგონია, მგონია გამეღვიძება და ისევ ის ტანჯვა დაიწყება. გასულ თვეს, თითქმის ყველაფერი მოხდა, რომ უკან შემეცურა იმ მრუმე მდინარეში. მტკიოდა, განა არ მტკიოდა, მაგრამ თან საოცარ სიმტკიცეს ვგრძნობდი, რაც ადრეც კი უცხო იყო ჩემთვის.

თუ საქართველოს პატარა ქალაქების ბაზარში მოხვდებით, მიხვდებით, რომ უსცენარო სპექტაკლია ეს ბაზრები. გადაძახილების, დიალოგების, დარდიანი პაუზების, ყალბი და გულწრფელი ღიმილების, გაწბილების, დაკვირვების, გაკვირვების ფერადი სცენა. მოვაჭრე მოვაჭრეს ელაპარაკება, ინდაური – ინდაურს, თხა – თხას და შეიძლება თხა -ინდაურს. რას გაიგებ. ჩვენ ხომ ლაპარაკის ქვეყანა ვართ. მნიშვნელოვანია ამ დიალოგებში მოულოდნელად შეჭრილი მყიდველი დილიდან ნამეცადინები როლით – ,,ცოტა არ დააკლდება? ბოლო ფასი მითხარი!’’. თუმცა მყიდველი უცხო როდია, შეიძლება კარის მეზობელიცაა, მაგრამ ამ კითხვას მაინც უცნობივით სვამს. ,,სიფთა ხარ და მაგიტომ დაგიკლებ ცოტას’’ – უბრუნებენ პასუხს. ოღონდ ეგაა, უკვე მეოთხე ,,სიფთაა’’ დღეს ეს კაცი, ანუ მეოთხე პირველი მყიდველი. ამიტომაც ბაზარი არის ტყუილი. ოღონდ აუცილებელი, შეთანხმებული და სრულიად უბოროტო. ბაზარი არის მეყველეთა ცხარე კამათი და არის თუთუნის გამყიდველი კაცის ჩაფიქრება მიწას დაბჯენილი მზერით. ბაზარი არის მიშტერება და ჭორი, ოღონდ სიმართლეა ის ჭორი და სხვა დანარჩენიც, რადგანაც, როგორც გითხარით, სპექტაკლია პატარა ქალაქის ბაზარი საქართველოში, სპექტაკლში კი ყველაფერი ხდება და რაც ხდება, ყველაფერი ნამდვილია.

 

 

ხუთი გრძნობა და ბევრი ამბავი

0

კატო ჯავახიშვილის საბავშვო წიგნის „სიყვარულით, ელლი“ შესახებ

„მხოლოდ ის გაძლებს, რაც მარტოობაში ჩაისახა, ღმერთის პირისპირ“ – ეს „სადიდო აზრი“ ემილ ჩორანს ეკუთვნის. თუმცა მასში ზუსტად ის დვრიტაა, რასაც ყველა ბავშვი თავისებურად მოაწერდა ხელს, უფრო სწორად რომ ვთქვათ – საკუთარ თავში ბავშვობაშენახული ყველა ადამიანი – ვეებერთელა და შეუცნობელ სამყაროში, ღმერთის პირისპირ მარტოდმარტო მოთამაშე სული.

ამ აზრითაა დამუხტული პოეტ კატო ჯავახიშვილის საბავშვო წიგნი „სიყვარულით, ელლი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ეს პატარა, ელეგანტური წიგნი ავტორის დებიუტია საბავშვო ლიტერატურაში. ვინც კატო ჯავახიშვილის პოეზიას იცნობს (და ასეთი ბევრია!), მისთვის განსაკუთრებულად მოულოდნელი და საინტერესოა საბავშვო ტექსტი ავტორისგან, რომელიც უკიდურესი სიმძაფრით, სიურრეალისტური კოშმარებით და დაუნდობლად გაშიშვლებული ტკივილებით ქმნის მხატვრულ სამყაროს, დანტე ალიგიერისეული კარიბჭის ეპიგრაფით: „თქვენ აქ მომსვლელნო, იმედები დატოვეთ ყველა…“, თუმცა, სწორედ ეს წარმოსახვითი ფეიერვერკი, მრავალფეროვანი ვიზუალური იდეები და ემოციური ინტელექტის ზღაპრული ვიბრაციები დაეხმარა პოეტ კატო ჯავახიშვილს, შეექმნა ეს მშვენიერი ტექსტი, რომელიც თანაბრად სასიამოვნო და რაც მთავარია, საგულისხმო წასაკითხია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.

საგულისხმოც და საკურნებელიც. „სიყვარულით, ელლი“ თერაპიული ტექსტია, რომელიც მხატვრული სიტყვის/ამბის ზემოქმედებით ბავშვური სულის და ფსიქიკის ჭრილობებს ძალიან ფრთხილად და ფაქიზად ეხება.

ყველაფერი კი დიდი მარტოობით იწყება. პატარა გოგოს – ლილეს მარტოობით. ამ მარტოობას თავისი მიზეზი აქვს – გოგონას დედა გარდაიცვალა. ამ ტკივილით დაბნეული მამა ვეღარ ახერხებს შვილთან ურთიერთობას, ამიტომ ყველაზე მარტივ გზას ირჩევს – გაურბის მას, ფორმალური სიმკაცრით და „მშობლური“ კანონებით ცდილობს მისი ყურადღების მოპოვებას. ბებია იტალიაშია სამუშაოდ, მამაც სულ სამსახურშია – „მოწყენილობის კომიტეტში“, როგორც ლილე ეძახის. საერთოდაც, ყველაფერი მის გარშემო მოწყენისფერი ხდება. ამას ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ დედის სიკვდილზეც უცნაურად ელაპარაკებიან – ატყუებენ, თითქოს უცხო ქვეყანაშია წასული. არადა, ლილე ყველაფერს ხვდება. ეს ტყუილები, ენის მოჩლექა, გაუგებარი დამოკიდებულებები ლილეს დღითიდღე საკუთარ ნაჭუჭში კეტავს. ტანჯავს განცდა, რომ მისი არავის ესმის, რომ ყველამ პირი შეკრა მის წინააღმდეგ.

სწორედ ასეთ დროს ჩნდება მის ცხოვრებაში ზღაპრული მეგობარი, რომელიც, ცოტა ხნის წინ, ძალიან ყოფით გარემოში თვითონ დახატა – მწვანეთვალება, ორი ცეცხლისფერი ნაწნავით, ფეხზე ბებიას გამოგზავნილი ბოტასით, მწვანე ქურთუკით და თავზე პომპონიანი ქუდით, და რაც მთავარია – ზუსტად იმ ჭრელი კაშნეთი, რომელიც ოდესღაც მამამ დედას აჩუქა. ასე დაიბადა ელლი, გოგონა, რომელიც ლილემ ჯადოსნური კალმით ჩაიფიქრა და რომელმაც ამ კალმით მისთვის ზღაპარი დაწერა.

წარმოსახვითი მეგობრის იდეა ნაცნობია ლიტერატურაში. ის ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხიცაა, რომელიც პერსონაჟის მხატვრული სამყაროს ახალ პლასტებს ხსნის. ასეა ამ ტექსტშიც – ელლი ლილეს ანარეკლია, მისი „სხვაა“ – მისი განუხორციელებელი ოცნებების რეალიზება, მისი ყველა დაფარული შესაძლებლობის ამოფრქვევა და მთელი სამყაროს შემორიგება. სახელებიც ხომ მსგავსი აქვთ – ერთი აკუსტიკით და სემანტიკით – ელლი/ლილე – მზის შვილები, მზის ენერგიით დამუხტულები.

ელლიმ ლილეს მგრძნობიარე ბუნებას ტკივილისა და შიშის საბურველი უნდა ახადოს. ამ მიზნით იწყება მათი მოგზაურობა შეგრძნებების სამყაროში – ხედვა, ყნოსვა, შეხება, გემო და ყურთასმენა – ეს ხუთი მოვლენაა შესაცნობი და „მოსაშინაურებელი“. ელლი ამ ჯადოსნურ თავგადასავალში ისეთ პერსონაჟებს იშველიებს, რომლებმაც თავის დროზე ზუსტად ეს გზა გაიარა – შიშების მოთვინიერების და მგრძნობელობის კოსმიურ რეგისტრში დაუნჯების გზა.

გალაკტიონ ტაბიძე, ნიკო ფიროსმანი, ჰამლეტ გონაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე და მარიამ დემურია – ეს ხუთი სამყარო ამოიზრდება ლილეს და ელლის საოცარ მოგზაურობაში.

ყველამ ვიცით, რომ თოვლი თეთრია. მაგრამ როცა ციდან დაფრქვეულ თოვლში იისფერს დაინახავ, თან დაამატებ, რომ ის „ირიბია და ალმაცერი“, ეს უკვე მზერის ისეთი სიმაღლეა, სადაც მარტოობა არათუ ტანჯვად, არამედ ღვთაებრივ დღესასწაულად მოგეჩვენება; როცა ზოოპარკში გამომწყვდეული ჟირაფის თავისუფლებაზე ისე ძალიან ოცნებობ, რომ ხატვას იწყებ და ამ თავისუფლებას მას შენს ნახატში ანიჭებ, მაშინაც უნდა იცოდე, რომ ზოგჯერ ეს შენი დახატული ოცნება ამქვეყნად ყველა სინამდვილეზე ნამდვილია, თავისუფლებას კი იმ დროს განიცდი, „როცა ლომივით გშია, მაგრამ ჟირაფს წასვლის ნებას აძლევ“.

მაშინაც იმარჯვებ, როცა მერცხლისთვის მოქნეული ქვა ყველაზე მეტად შენ გეტკინება და ეს ტკივილი გულიდან სიმღერად წაგსკდება. უნდა იცოდე, რომ ასეთი სიმღერა სამყაროს ხმას გამოსცემს და როგორც დიდ წიგნში „ვეფხისტყაოსანშია“, მასზე „სმენად მხეცნიც მოვიდიან“… სამყარო სურნელის მრავალფეროვნებაცაა და რაც უფრო მეტად გაარჩევ ერთმანეთისგან ამ სურნელებებს, მით უფრო მეტად მოგაჯადოებს მშვენიერება და სიყვარული…

ტექსტს კომპოზიციურად კრავს ვირტუალური თეატრის ეპიზოდი – მარიამ დემურიას სამყაროში მოხვედრილი ლილე და ელლი სახელდახელო სპექტაკლის მონაწილეებად იქცევიან, სადაც საკუთარი თავი უნდა ითამაშონ. ამ სპექტაკლის უჩვეულობა იმაშია, რომ პიესაში არცერთი სიტყვა აღარაა – ყველა სიტყვა და ამბავი გამქრალია ფურცლებიდან. ამ თავსატეხს ლილეს მამა ამოხსნის – მათ მთავარი ამბავი უნდა იპოვონ, რომელიც ფურცელზე/სცენაზე დრამატურგიას დააბრუნებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ – რეალობაში ცხოვრებას დააბრუნებს. ეს მთავარი ამბავი კი, აი რა ყოფილა:

„ახლა მივხვდი, რომ როგორი მწარეც არ უნდა იყოს, სიმართლის თქმა სჯობს. მივხვდი, რომ ჩემი გოგონასთვის მხოლოდ მამა კი არა, მეგობარიც უნდა ვყოფილიყავი“, – ეს ლილეს მამის, სანდროს აღსარებაა. ჭეშმარიტებაც გაცხადებულია – „თურმე, როცა ადამიანები საჭირო სიტყვებს ვერ პოულობენ, ამბები გარბიან. და გარბიან არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ ჩვენი მეხსიერებიდანაც. აი, უკვე წიგნებშიც ყველაფერი თავის ადგილზეა. ყველა ამბავი დაბრუნებულა. თვალის ახელა ხომ ერთმანეთის პოვნას ნიშნავს“…

ამ წიგნის მნიშვნელოვანი პერსონაჟია ფსიქოლოგი, რომელიც, მართალია ყველაზე მცირე დოზითაა ტექსტში, თუმცა მისი ენერგია ყველა ეპიზოდში იგრძნობა. ის ერთგვარი ფარული „დირიჟორია“, რომელიც ამ თავგადასავალის მუსიკას ხელმძღვანელობს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია წიგნის მხატვრობაც – თეა აკობიას არაჩვეულებრივი, ნატიფი ილუსტრაციები, რომლებიც ამ თავაგდასავლის უზუსტეს ვიზუალიზაციას ქმნიან. თითოეული ნახატი დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, ერთდროულად ნაცნობი და უცნობი აქცენტებით, ბავშვობის სურნელითა და იდუმალებით სავსე.

ამბავი, რომელიც დიდი და მტკივნეული მარტოობიდან დაიწყო, თვითცნობის დღესასწაულით სრულდება – ლილემ საკუთარ თავთან ერთად, მამაც დაიბრუნა და მთელი სამყაროც. ზუსტად ისევე, როგორც წიგნებმა – სიტყვები, მარიამ დემურიას სპექტაკლში. ელლი კი სხვა ზღაპრებისთვის ემზადება, ის ტოვებს მეგობარს, რადგან ლილეს მარტოობა ახლა უკვე აღარაა საშიში. სამაგიეროდ, მისი ზღაპრები სხვა გოგონებს დასჭირდება, სხვა ბიჭებს, შესაძლოა უფროსებსაც კი… ყველას, ვინც შიშის და ტკივილის სიბნელეში ჩაწოლილა და დახმარება სჭირდება.

ეს წიგნი აცოცხლებს იმედს, რომ ამ სიბნელიდან გამოსასვლელი ძალა ყველა ადამიანშია. მთავარია, სწორად გამოიხმოს ის. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წარმოსახვითი მეგობარი, ვისთვის მფარველი ანგელოზი, ვისთვის ხილული სულიერი – ჩვენი „სხვა“, სამყაროს სარკეში ყველაზე უტყუარი პირადი ანარეკლი, რომელიც ზუსტად იმ თავგადასავალში შეგვიძღვება, რომელსაც თავად განვაპირობებთ, ჩვენი არაცნობიერი ენერგიითა და მეხსიერების ლაბირინთებით.

„სიყვარულით, ელლი“ ხელოვნების ძალასაც ეძღვნება. ძალას, რომელიც გადარჩენის/გამოსავლის გზას ყველაზე ღვთაებრივ ნათელში, ყველაზე კოსმიურ ფერებში გამოატარებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...