კვირა, მაისი 17, 2026
17 მაისი, კვირა, 2026

Maths&Harmony: მათემატიკა როგორც სამყაროს უნივერსალური ენა

0
როგორ გააერთიანეს ხუთი ქვეყნის მოსწავლეებმა ეკოლოგია, ეკონომიკა და ციფრული ტექნოლოგიები რიცხვების სამყაროში
 სტატიაში აღწერილია 2024-2025 სასწავლო წელს განხორციელებული eTwinning-ის საერთაშორისო პროექტი „Maths&Harmony“, რომელშიც ხუთი ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ხორვატია) 196 მოსწავლე და 40 მასწავლებელი მონაწილეობდა. პროექტის მთავარი მიზანი იყო მათემატიკის როგორც სამყაროს აღქმის უნივერსალური ენის წარმოჩენა და მისი დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან ინტერდისციპლინური (STEAM) მიდგომით.
სტატიაში დეტალურად არის განხილული:
  • პროექტის სტრატეგია სასწავლო გეგმა ეფუძნება ეროვნულ სტანდარტებს და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, ეკოლოგია, ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნება;
  • პრაქტიკული აქტივობები საერთაშორისო გუნდური მუშაობა ეროვნული ვალუტის კვლევაზე, კიბერუსაფრთხოებასა და გარემოსდაცვით საკითხებზე;
  • ინოვაციური მოდელები დანერგილია ურთიერთსწავლების (მენტორობის) მოდელი, სადაც უფროსკლასელები ეხმარებიან უმცროსკლასელებს;
  • შედეგები პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების, ციფრული წიგნიერებისა და კოლაბორაციული უნარების განვითარებას.
სტატია აჯამებს პროექტის წარმატებას „ოთხი ჰარმონიის“ (სამყაროს, კულტურათა, თაობათა და შინაგანი ჰარმონია) კონცეფციით და წარმოაჩენს მას როგორც ეფექტურ მოდელს ფორმალური განათლების გასამდიდრებლად.
თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სასკოლო დისციპლინების რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებაა. ხშირად მათემატიკა მოსწავლეებისთვის ასოცირდება მხოლოდ დაფაზე დაწერილ „ცივ” ფორმულებსა და აბსტრაქტულ გამოთვლებთან.
eTwinning-ის საერთაშორისო პროექტმა „Maths&Harmony” დაამსხვრია ეს სტერეოტიპი და წარმოაჩინა მათემატიკა ახალი სახით – როგორც ცოცხალი, საინტერესო და ყველასთვის ადვილად გასაგები საგანი.
2024-2025 სასწავლო წლის განმავლობაში ხუთი ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ხორვატია) 196-მა მოსწავლემ აღმოაჩინა, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ მოსაწყენი საგანი – ის სამყაროს აღქმის უნივერსალური ენაა.
პროექტის ძირითადი ინფორმაცია
პროექტის თვინსფეისის ლინკი:
https://school-education.ec.europa.eu/en/etwinning/projects/mathsharmony/twinspace
პროექტის ელ. მისამართი:
https://school-education.ec.europa.eu/en/etwinning/projects/mathsharmony
პროექტის პარტნიორი სკოლები: საქართველო – 16 სკოლა (28 მასწავლებელი), თურქეთი – 9 სკოლა (9 მასწავლებელი), საბერძნეთი – 1 სკოლა (1 მასწავლებელი), სომხეთი – 1 სკოლა (1 მასწავლებელი), ხორვატია – 1 სკოლა (1 მასწავლებელი)
მოსწავლეთა ასაკი: 7-16 წელი (196 მოსწავლე)
ხანგრძლივობა: 1 სასწავლო წელი (15.10.2024 – 15.06.2025)
საგნები: მათემატიკა, ისტ, ეკონომიკა, ხელოვნება, ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება, უცხოური ენები, ფსიქოლოგია
პროექტის მიზნები
მათემატიკის ახალი სახით წარმოჩენა: მოსწავლეებისთვის იმის ჩვენება, რომ მათემატიკა არა აბსტრაქტული ფორმულები, არამედ სამყაროს (ბუნების, ხელოვნების, ეკონომიკის) აღქმის უნივერსალური ენაა;
STEAM უნარების განვითარება: ინტერდისციპლინური კავშირების დადგენა მათემატიკასა და სხვა დისციპლინებს (ეკონომიკა, ეკოლოგია, IT, ხელოვნება) შორის კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების გასაუმჯობესებლად;
ციფრული და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდა: კიბერუსაფრთხოების, ონლაინ ეთიკისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება მონაცემთა ანალიზისა და ტექნოლოგიების გამოყენებით;
სოციალური და ემოციური ინტელექტის ხელშეწყობა: ურთიერთსწავლების მოდელის დანერგვით მოსწავლეებში ლიდერული თვისებების, ემპათიისა და ურთიერთმხარდაჭერის კულტურის ჩამოყალიბება;
ინტერკულტურული დიალოგი: საერთაშორისო თანამშრომლობის გზით გლობალური მოქალაქეობის განცდისა და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემის გაღრმავება.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ხშირად ისმის კითხვა: რამდენად ავსებს ამგვარი კრეატიული პროექტები ფორმალურ სასკოლო განათლებას?
„Maths&Harmony-ს“ წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ მისი აკადემიური სიღრმეა. პროექტი არ ყოფილა მხოლოდ კლასგარეშე აქტივობა; ის სრულ თანხვედრაში იყო ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან და ხელს უწყობდა მათემატიკური, ციფრული, სამოქალაქო და კულტურული კომპეტენციების განვითარებას.
პროექტის კურიკულუმი ინტერდისციპლინურ მიდგომას (STEAM) ეფუძნებოდა. პროექტის დაწყებამდე შემუშავდა დეტალური, საგნობრივ სტანდარტებზე დაფუძნებული კურიკულუმი. ეს სტრატეგიული დოკუმენტი უზრუნველყოფდა, რომ თითოეული „სახალისო” აქტივობა კონკრეტულ საგანმანათლებლო შედეგზე ყოფილიყო ორიენტირებული:
მათემატიკა: ნაცვლად „მშრალი“ ანგარიშისა, მოსწავლეები დაკავდნენ მონაცემთა ანალიზით, მოდელირებითა და რეალური პრობლემების გადაჭრით, რაც საგნობრივი სტანდარტის უმთავრესი მოთხოვნაა.
ციფრული ტექნოლოგიები: პრეზენტაციების მომზადებასთან ერთად აქცენტი დაისვა ციფრულ უსაფრთხოებასა და ონლაინ კომუნიკაციის ეტიკეტზე – უნარებზე, რომლებიც ისტ-ის სტანდარტის განუყოფელი ნაწილია.
სამოქალაქო განათლება: ეკონომიკური ცოდნის გამდიდრებამ და გლობალური მოქალაქეობის პრინციპების გაცნობამ მოსწავლეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობა აამაღლა.
საგანთაშორისი ინტეგრაცია: ხელოვნებისა და მეცნიერების სინთეზმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, დაენახათ ის მათემატიკური კანონზომიერებები, რომლებიც სამყაროს საფუძველში დევს.
პროექტის პრაქტიკული განხორციელება
Maths&Harmony-ს“ ფარგლებში სწავლება მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლებოდა. მოსწავლეები საერთაშორისო გუნდებად მუშაობდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა:
  • კულტურული მემკვიდრეობა და ეკონომიკა – ონლაინ კონფერენციაზე „ეროვნული ვალუტა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა” მოსწავლეებმა შეისწავლეს ბანკნოტების დიზაინი და ისტორია, გააანალიზეს საბაზრო მექანიზმები და დაინახეს, რომ ფინანსები და კულტურა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან;
  • ციფრული მოქალაქეობა – უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრებზე განიხილეს ონლაინ ეთიკა და კიბერუსაფრთხოება;
  • ეკოლოგია – დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს მათემატიკური კვლევები გარემოსდაცვითი მონაცემების საფუძველზე და საკუთარი სკოლის გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს, რითაც ხაზგასმით წარმოაჩინეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის ინტერაქციული ხასიათი. ონლაინ შეხვედრები არ ყოფილა პასიური მოსმენის რეჟიმში – თითოეული სესიის დასასრულს იმართებოდა სპეციალური აქტივობები და ვიქტორინები. ეს მიდგომა ემსახურებოდა მთავარ მიზანს: მომენტალურად შეფასებულიყო, რამდენად სიღრმისეულად გაიაზრეს მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაცია და რამდენად ეფექტურად აითვისეს ახალი მასალა.
ურთიერთსწავლების მოდელი
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ასპექტი ურთიერთსწავლების მოდელი აღმოჩნდა. უფროსკლასელები რეგულარულად ხვდებოდნენ უმცროსკლასელებს და მენტორობას უწევდნენ მათ.
ამ პროცესმა და გამოცდილების გაზიარებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა: შეიქმნა მზა საგანმანათლებლო მასალების ბაზა. ეს რესურსები მოიცავს პროექტის ყველა თემატურ მიმართულებას – ეკონომიკით დაწყებული, ეკოლოგიითა და კიბერუსაფრთხოებით დამთავრებული.
პროექტის შედეგები: „ოთხი ჰარმონია“
პროექტით მიღწეულ იქნა როგორც აკადემიური, ისე სოციალური და ღირებულებითი შედეგები. ჯამში, „Maths&Harmony“ ოთხ მთავარ განზომილებას აერთიანებს:
  1. სამყაროს ჰარმონია – მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკური კანონზომიერებების იდენტიფიცირება რეალურ ცხოვრებაში;
  2. კულტურათა ჰარმონია – საერთაშორისო გუნდებში მუშაობით ისწავლეს განსხვავებული კულტურული კონტექსტის პატივისცემა და თანამშრომლობა;
  3. თაობათა ჰარმონია – უფროსკლასელებმა შეიძინეს მენტორობის გამოცდილება, ხოლო უმცროსკლასელებმა მიიღეს აკადემიური და ემოციური მხარდაჭერა. მოხდა მენტორობის კულტურის დანერგვა სკოლებში;
  4. შინაგანი ჰარმონია – მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ თვითრწმენა, რომ მათემატიკა დაძლევადი და საინტერესოა; გაიუმჯობესეს მონაცემთა ანალიზის, კრიტიკული აზროვნებისა და ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების უნარები; გაიაზრეს მათემატიკის პრაქტიკული ღირებულება.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს საკუთარი როლი გლობალურ ეკოსისტემაში და ჩამოუყალიბდათ რწმენა, რომ მათემატიკა არის ინსტრუმენტი სამყაროსა და საკუთარ თავთან ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის.
პროექტში ჩართული მასწავლებლების შეფასებები
ნ. კანდელაკი (მათემატიკის მასწავლებელი, დამფუძნებელი): „პროექტში მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული. ისინი დიდი ენთუზიაზმით უხსნიდნენ თემებს თანატოლებს, წარმოადგენდნენ მაგალითებს რეალურ ცხოვრებიდან (ტესელაცია, მოდა, ეროვნული ვალუტა) და მართავდნენ დისკუსიებს. ამ პროცესმა შექმნა დადებითი, ინკლუზიური გარემო და მნიშვნელოვნად გაზარდა მოტივაცია“.
შ. დენიზი (მათემატიკის მასწავლებელი, თანადამფუძნებელი, თურქეთი): „საერთაშორისო თანამშრომლობამ ჩემს მოსწავლეებს საშუალება მისცა, გაეზიარებინათ გამოცდილება. მეექვსეკლასლები ხალისით ჩაერთნენ ონლაინ კონფერენციებსა და ინტერაქციულ თამაშებში, რამაც მათ კომუნიკაციისა და კოლაბორაციის უნარები განუვითარა“.
ნ. გორგაძე (მათემატიკის მასწავლებელი): „Maths & Harmony-ზე მუშაობისას მოსწავლეებმა ცხადად დაინახეს, რომ მათემატიკა ჰარმონიულად ერწყმის ყოველდღიურ ცხოვრებას. საინტერესო, პრაქტიკულმა და შემოქმედებითმა აქტივობებმა ხელი შეუწყო როგორც ცოდნის განმტკიცებას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას“.
ნ. გიორგაძე (მათემატიკის მასწავლებელი): „პროექტმა სასწავლო პროცესს ახალი სიცოცხლე შესძინა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეისწავლეს ქართული ფულის კულტურული მემკვიდრეობა, მოინახულეს ვანისა და ნოქალაქევის მუზეუმები. მათ წარმოიდგინეს, როგორ გამოიყენება მათემატიკა სხვადასხვა პროფესიაში, ფინანსებიდან არქეოლოგიამდე“.
ჯ. დევრისაშვილი (მათემატიკის მასწავლებელი): „მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით (ლევან ასტამიძე, ნინო სახვაძე), სკოლაში ჩატარდა უსაფრთხო ინტერნეტის კვირეული, ასევე დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია. მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები და გაუზიარეს პროექტის პარტნიორ სკოლებს საკუთარი გამოცდილება“.
თ. გაგუა-ყაჯრიშვილი (ინგლისურის მასწავლებელი): „ჩემი სკოლიდან მე-8 კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტ „Maths & Harmony-ში“. ისინი შემოქმედებითად და დიდი ენთუზიაზმით ახორციელებდნენ გეგმით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას. მათ შესაძლებლობა მიეცათ, რეალურ ცხოვრებაში გამოეყენებინათ ინგლისური ენის წერითი და ზეპირი უნარები. მოსწავლეები იღებდნენ ინიციატივას, დამოუკიდებლად გეგმავდნენ და აწარმოებდნენ კვლევებს; მოამზადეს ჯგუფური პრეზენტაციები თემებზე: მათემატიკისა და ინგლისური ენის ლოგიკური მოდელების კვლევა, ქართული ფულის ისტორია და მისი განვითარება, უსაფრთხო ინტერნეტი; შექმნეს კრეატიული ვიდეორგოლები, რისთვისაც პრაქტიკულად გამოიყენეს ცოდნა და ახლებურად წარუდგნენ სასკოლო და პროექტში მონაწილე საზოგადოებას. პროექტმა მნიშვნელოვნად აამაღლა ინგლისურ ენაში მოსწავლეთა კომუნიკაციური, კვლევითი, წერითი და ზეპირი უნარები, ასევე კრიტიკული აზროვნება. ისინი აქტიურად უზიარებდნენ ერთმანეთს იდეებს, მონაწილეობდნენ დისკუსიებსა და ინტერაქციულ აქტივობებში. საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში მოსწავლეები ერთობლივად ქმნიდნენ პროდუქტებს და იყენებდნენ ტექნოლოგიებს. ამ ინოვაციურმა მიდგომამ განუვითარა მათ შემოქმედებითობა, დამოუკიდებლობა და გუნდური მუშაობის უნარი, აუმაღლა მოტივაცია და გაზარდა მათი აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში, რითაც მკვეთრად გაიზარდა კლასში მოსწავლეთა როლი და გამოჩნდა მათი ნიჭი, ინიციატივა და ლიდერული უნარები“.
ნ. ქუსიკაშვილი (მათემატიკის მასწავლებელი): „პროექტმა მოსწავლეებს დაანახა, რომ მათემატიკა მართლაც მეცნიერებათა დედოფალია. აქტივობაზე „მათემატიკა ყველგან და ყველაფერში“ მუშაობისას მათ შეისწავლეს ოქროს კვეთა და აღფრთოვანდნენ იმ აღმოჩენით, რომ მთელი ევრაზიის სიგრძე ისე შეეფარდება აზიისას, როგორც აზიის სიგრძე – ევროპისას და ამ კვეთის წერტილში სწორედ საქართველო მდებარეობს. პროექტის შემდეგ მოსწავლეები სხვა საგნებშიც აქტიურად იყენებენ ციფრულ ინსტრუმენტებს (Canva, Padlet, Kahoot), ხოლო უცხოელ თანატოლებთან დამყარებულმა კონტაქტებმა მათ სამომავლო ურთიერთობებს ჩაუყარა საფუძველი“.
პროექტის აქტივობათა ამსახველი მასალები:
https://docs.google.com/spreadsheets/d/1JuYsgXtsTFD5IlXmBRD91Xcb9LgG25RL/edit?gid=984583982#gid=984583982
პროექტის განხორციელების პარამეტრები საკლასო და სასკოლო ქსელის დონეზე
(ადაპტირებული მოდელი საერთაშორისო პროექტის გარეშე)
თემა
იდეა (მოკლე აღწერა)
საკლასო ვერსია
სკოლებს შორის კოლაბორაციის ვერსია
მათემატიკა და რეალური ცხოვრება
მათემატიკის დაკავშირება რეალურ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კონტექსტებთან
მოსწავლეები იკვლევენ სკოლის ან ოჯახის მონაცემებს (ფასები, მოხმარება) და ადგენენ დიაგრამებს
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებს და ადარებენ შედეგებს (მაგ., ფასები რეგიონების მიხედვით)
ინტერდისციპლინური სწავლება (STEAM)
სხვადასხვა საგნის ინტეგრაცია ერთობლივ თემატურ მოდულებში
ინტეგრირებული გაკვეთილი (მათემატიკა + ბუნება + ხელოვნება) ერთ კლასში
სხვადასხვა სკოლის საგნობრივი გუნდები ქმნიან ერთობლივ პროექტს და ერთმანეთს უზიარებენ შედეგებს
თანამშრომლობა
კოლაბორაციული სწავლება ჯგუფურ ფორმატში
ჯგუფური მუშაობა როლების გადანაწილებით (ლიდერი, მკვლევარი, პრეზენტატორი)
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთობლივ გუნდებად მუშაობენ ონლაინ/ოფლაინ
ციფრული უნარები
ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება სწავლის პროცესში
მოსწავლეები ქმნიან პრეზენტაციებს, პოსტერებს, ვიდეოებს
სკოლები ქმნიან ერთობლივ ციფრულ პროდუქტებს (Padlet, Canva, საერთო პრეზენტაცია)
ურთიერთწავლება (Peer Learning)
უფროსკლასელთა მენტორობა უმცროსებთან
უფროსკლასელები ატარებენ მინი-გაკვეთილებს უმცროსებთან
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას ონლაინ შეხვედრებზე
მოქალაქეობრივი განათლება
სოციალური პასუხისმგებლობისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების გააზრება
სკოლის შიდა კამპანიები (უსაფრთხო ინტერნეტი, ეკოაქტივობები)
სკოლები ერთობლივად ატარებენ თემატურ კვირეულებს და კამპანიებს
პროექტზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
რეალურ პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება
კლასში იკვლევენ ადგილობრივ პრობლემას და პოულობენ გადაწყვეტას
სკოლები ერთსა და იმავე პრობლემაზე მუშაობენ და ადარებენ შედეგებს
შეფასება
განმავითარებელი და მრავალმხრივი შეფასება
თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება, რუბრიკები
სკოლებს შორის ნამუშევრების გაცვლა და ურთიერთშეფასება
შედეგების გაზიარება
მიღწეული შედეგების პრეზენტაცია
კლასში ან სკოლაში პროექტის წარდგენა
სკოლებს შორის პრეზენტაციები, ონლაინ შეხვედრები
რესურსების შექმნა
სასწავლო მასალების დაგროვება და გამოყენება
კლასის ნამუშევრების პორტფოლიო
სკოლების საერთო რესურსბანკის შექმნა
მონიტორინგი და მდგრადობა
პროცესისა და შედეგების შეფასება
მასწავლებლის რეფლექსია და მოსწავლის პორტფოლიო
სკოლებს შორის გამოცდილების გაზიარება და გაუმჯობესების დაგეგმვა
 
„Maths&Harmony“ არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, eTwinning-ის პლატფორმა გამოყენებულ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმის გასამდიდრებლად. პროექტმა დაამტკიცა, რომ სწავლება შეიძლება იყოს სახალისო, პრაქტიკული და გლობალური, ხოლო მათემატიკა – ჰარმონიული ცხოვრების უნიკალური გასაღები.

 

 

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” 2026 წლის მეორე ნომერი გამოიცა

0

სწავლება კითხვების დასმით იწყება – რა უნდა ვიცოდეთ, რისი ცოდნა გვსურს, როგორ შევიძინოთ ეს ცოდნები?

სკოლაც მუდმივი ძიების, მცდელობისა და ზოგჯერ შეცდომების სივრცეა. აქ შესაძლოა,  საბოლოო პასუხი ვერ მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე, მაგრამ   ვისწავლოთ, როგორ დავსვათ შეკითხვა სწორად.

ჟურნალის ამ ნომერში თავმოყრილი წერილები სწორედ პასუხების ძიების სხვადასხვა გზას გვიჩვენებს. მასწავლებლები, რომლებიც საკუთარ პრაქტიკას აკვირდებიან და აანალიზებენ, ხშირად ცვლიან სწავლების მეთოდებს. თანამედროვე სწავლება მხოლოდ ახალი მასალის ახსნით არ შემოიფარგლება, ის გამოცდილებაა, რომელსაც   გაკვეთილების დროს იძენ, რომელიც ზოგჯერ კვლევას ჰგავს, ზოგჯერ – დიალოგს და ზოგჯერ –  ფიქრის კულტურას გვასწავლის.

ამ პროცესში განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება ერთი რამ – განათლება მხოლოდ ცოდნის დაგროვება არ არის. ის არის ღირებულებების ფორმირება, დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სამყაროსთან ურთიერთობა. პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის, სხვის და იმ მომავლის წინაშე, რომელსაც ყოველდღე ვქმნით.

ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანის უნარია – იფიქროს, იეჭვოს, გაარჩიოს. შესაძლოა, სწორედ ეს არის თანამედროვე განათლების მთავარი ამოცანა: არა მხოლოდ გვასწავლოს, რა ვიცოდეთ, არამედ გვასწავლოს, როგორ ვიცხოვროთ ცოდნასთან ერთად.

თანამედროვე განათლებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღირებულებით განათლებას. ცოდნა ვერ იქნება სრულყოფილი, თუ ის არ არის დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან, პატივისცემასთან, სამართლიანობასთან და მოქალაქეობრივ ცნობიერებასთან. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება ქმნის საფუძველს საზოგადოების განვითარებისთვის.

ინფორმაციის სიჭარბე და სოციალური რეალობის დინამიკა, მნიშვნელოვნად ზრდის კრიტიკული აზროვნების აუცილებლობას. ამიტომ თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სააზროვნო უნარების განვითარება – გააანალიზონ ინფორმაცია, დასვან კითხვები და ცოდნა  პასუხისმგებლობით გამოიყენონ.

ჟურნალის ეს ნომერი აერთიანებს  თეორიულ ხედვებს,  პრაქტიკულ გამოცდილებასა და სასწავლო რესურსებს. გვინდა, რომ ჟურნალი „მასწავლებელი“ კვლავ დარჩეს სივრცედ, სადაც პროფესიული გამოცდილებები განიხილება და ახალი იდეების საფუძვლად იქცევა.

ეს ნომერი არის მცდელობა, სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა გამოცდილებით შევეხოთ  დაგროვილ კითხვებს. შესაძლოა, მკითხველმაც აქ იპოვოს კითხვებზე პასუხები და თავისი საკუთარი შეკითხვაც დასვას.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეიშვილი,  ნათია ორმოცაძე

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:მანანა ბოჭორიშვილი, თამთა დოლიძე, მაია ზიბზიბაძე, ნატო ინგოროყვა, ლელა კოტორაშვილი, მაია ფირჩხაძე, ლევან ახვლედიანი, თათია ბარბაქაძე, მარიამ გოდუაძე, თინათინ ზარდიაშვილი, ნესტან მიქაძე, ლელა ცარციძე, გიორგი სილაგავა, ბელა გურგენიძე, მარიტა ჩერქეზიშვილი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

მასწავლებელი#2 2026

სწავლის ხელმისაწვდომობა საზოგადოების დიფერენცირება- ტექნოლოგიების, AI პლატფორმებისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხი

0

ბოლო წლებში განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა სწავლაზე ხელმისაწვდომობა. ონლაინ პლატფორმები, ღია რესურსები და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ქმნის შესაძლებლობას,  ცოდნა უფრო სწრაფად, მოქნილად და ფართოდ გავრცელდეს. დღეს მოსწავლეს, სტუდენტს თუ მასწავლებელს შეუძლია რამდენიმე წამში მიიღოს ინფორმაცია, მოიძიოს სასწავლო მასალა, შექმნას ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო გეგმა ან მიიღოს მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, რომლებშიც  ადრე მხოლოდ სპეციალისტის ჩართვა იყო საჭირო. თუმცა, ამ პროგრესს თან ახლავს მნიშვნელოვანი კითხვა: ნამდვილად ამცირებს თუ არა ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა უთანასწორობას თუ პირიქით, — გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა საზოგადოების დიფერენცირებასაც შეუწყოს ხელი?

საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც განათლება სულ უფრო მეტად ხდება ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული, ხოლო ამ ინფრასტრუქტურაზე წვდომა ყველასთვის თანაბარი არ არის. პირველ ეტაპზე, როდესაც ინოვაციური პლატფორმები სატესტო რეჟიმში უფასოა და ფართოდ ხელმისაწვდომი, ისინი ხშირად იქცევა თანასწორობის გაძლიერების ძლიერ ინსტრუმენტად. საჯარო სკოლები, რეგიონული საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ადრე მხოლოდ შეზღუდულად იყო ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე ტექნოლოგიური ინიციატივები ხშირად ემყარება ღიაობას, თანამშრომლობასა და საერთო სარგებლის იდეას.

თუმცა, როცა მსგავსი პლატფორმები კომერციულ მოდელზე გადადის, ჩნდება ახალი რეალობა. ვისაც ფინანსური რესურსი აქვს, აგრძელებს განვითარებას, იყენებს პრემიუმ ინსტრუმენტებს, ანიმაციის სისტემებს, გენერაციულ AI-სა და ავტომატიზირებულ სერვისებს. ხოლო მათ, ვისაც ამ რესურსებზე წვდომა აღარ აქვთ, ხშირად საკუთარი იდეების გაგრძელებაც კი უჭირთ. სწორედ აქ იწყება უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე უხილავი ფორმა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ პრაქტიკას, როდესაც პედაგოგი საჯაროდ აზიარებს საკუთარ პროექტს — გაკვეთილის მოდელს, აქტივობას, მეთოდოლოგიას, კონცეფციას ან ანიმაციური გაკვეთილის სცენარს — თუმცა მოგვიანებით ფასიანი პლატფორმების გამოყენებას ვეღარ ახერხებს. ამ დროს ხშირად ხდება შემდეგი: სხვა პედაგოგი ან მომხმარებელი იღებს უკვე მზა კონცეფციას, იყენებს ფასიან პლატფორმას, რომელზეც თავად ავტორს აღარ აქვს ხელმისაწვდომობა, სრულყოფს მას ვიზუალურად, ტექნიკურად ან ახლებურად შეფუთვის ხარჯზე და უკვე არსებულ პროექტს, საბოლოოდ, საკუთარ სახელთან აკავშირებს. შედეგად, იდეის ავტორი კარგავს ავტორობას,  ხოლო შემდგომი „შემფუთავი“ ჩნდება როგორც შემქმნელი.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება AI ეპოქაში, რადგან ხშირად თავად ანიმაციური გაკვეთილის ტექსტუალური შინაარსიც, დიალოგებიც, რეპლიკებიც და ნარატივიც გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ანუ ის ნაწილი, რაც საბოლოო პროდუქტში ჩანს, ხშირ შემთხვევაში,  ტექნიკური შემფუთავის ინტელექტუალურ შრომას არც წარმოადგენს. ამ შემთხვევაში რეალური ღირებულება სხვაგანაა: თავდაპირველ საგანმანათლებლო იდეაში, სცენარის კონცეფციაში, მეთოდოლოგიურ სტრუქტურაში, პედაგოგიურ ხედვასა და იმ გამოცდილებაში, რომელმაც ეს პროექტი შექმნა. თუ ეს საფუძველი ეკუთვნის ერთ ავტორს, ხოლო საბოლოო ვიზუალური პროდუქტი მხოლოდ ფასიანი ინსტრუმენტის საშუალებით არის გაფორმებული, მაშინ ავტორობის გადანაწილება სერიოზულ ეთიკურ კითხვას აჩენს.

პრაქტიკაში არაერთხელ დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც შექმნილი აქტივობები, ინტეგრირებული გაკვეთილის მოდელები, ინოვაციური მეთოდები და საჯაროდ გაზიარებული პროექტები შემდგომში იცვლიან ფორმას, იძენენ ახალ ციფრულ შეფუთვას, სრულდება პრემიუმ პლატფორმებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — იცვლიან ავტორის სახელს. ხშირად ეს ხდება ისე, რომ ქრება საწყისი კონტექსტი, არ ხდება წყაროს მითითება, უგულებელყოფილია თავდაპირველი იდეის შემქმნელი და პროდუქტი აღიქმება როგორც სრულიად ახალი ნამუშევარი.
ეს მხოლოდ ერთი იდეის დაკარგვა არ არის. ეს ნიშნავს მასწავლებლის ინტელექტუალური შრომის გაუფასურებას, რადგან შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური სამუშაო შეუმჩნეველი რჩება და მცირდება პროფესიის რეალური ღირებულების აღქმაც. ეს იწვევს მოტივაციის შემცირებას, რადგან თუ ინოვაციური იდეის გაზიარება ავტორის „გაქრობას“ ნიშნავს, მომავალში პედაგოგები თავს შეიკავებენ  ახალი იდეის თუ პროექტის  საჯაროდ წარდგენისგან. შედეგად, ინოვაციის ცირკულაცია აღარ მიმდინარეობს თანამშრომლობის გზით და ის გადაადგილდება მითვისების, რებრენდინგისა და კონკურენციის ლოგიკით.
იქ, სადაც საფუძველი იყო საზოგადოებრივი სიკეთე, ჩნდება კომერციალიზაცია. ის, რაც თავდაპირველად შეიქმნა მოსწავლის, სკოლისა და საზოგადოების ინტერესისთვის, შესაძლოა გადაიქცეს ფასიან პროდუქტად, რომელიც გამორიცხავს ავტორს.  ეს ამცირებს ნდობას პროფესიულ საზოგადოებაში, სუსტდება კოლეგიალური გაზიარების კულტურა და პედაგოგები იწყებენ იდეების დამალვას, რადგან გაზიარება აღარ ნიშნავს აღიარებას. როცა პროდუქტის რეალური შემქმნელები პროცესიდან ითიშებიან, სისტემა კარგავს მათ გამოცდილებასა და შემოქმედებით პოტენციალს, რაც აზიანებს განათლების ხარისხს.
იმავდროულად, აუცილებელია დავსვათ მეორე მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ შევინარჩუნოთ ინოვაციების მდგრადობა და განვითარების ეკონომიკური მოდელი ისე, რომ არ დაზიანდეს ხელმისაწვდომობა? ტექნოლოგიური პროგრესი რესურსს, ინვესტიციას და მუდმივ განვითარებას მოითხოვს, ამიტომ სრულიად უფასო მოდელი ყოველთვის მდგრადი არ არის. სწორედ ამიტომ შესაძლებელია ჰიბრიდული მიდგომები: ღია საგანმანათლებლო რესურსები, საჯარო-კერძო პარტნიორობები, შეღავათიანი ლიცენზიები სკოლებისთვის, უნივერსალური სტუდენტური პაკეტები, რეგიონებისთვის სპეციალური პროგრამები და სოციალური პასუხისმგებლობის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის ხელმისაწვდომობას.
აუცილებელია, განათლების სფეროში დამკვიდრდეს ახალი ეთიკური სტანდარტებიც: იდეის ავტორის მითითება, მიუხედავად შემდგომი ტექნიკური დამუშავებისა; პროექტის წყაროს აღიარება; თანაავტორობის მოდელები, თუ შემდგომი დამუშავება რეალურად შემოქმედებითია; საჯაროდ გაზიარებული რესურსების გამოყენების წესები; პედაგოგიური კონცეფციების დოკუმენტირება და დროითი დაფიქსირება; პროფესიულ საზოგადოებაში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურა; მასწავლებელთა ციფრული პორტფოლიოებისა და საავტორო არქივების შექმნა.
დღეს  მნიშვნელოვანი კითხვა ასეთია: ვის ეკუთვნის ნამუშევარი — იმას, ვინც იდეა შექმნა, თუ იმას, ვინც ფასიანი პლატფორმა გამოიყენა ამ იდეის  გასაფორმებლად? თუ ამ კითხვას სწორად არ ვუპასუხებთ, მივიღებთ გარემოს, სადაც ერთნი ქმნიან შინაარსს, სხვები კი იღებენ აღიარებას.  განათლების სფეროში ავტორისადმი ასეთი დამოკიდებულება  არასახარბიელო შედეგის მომტანია, რადგან იკარგება ნდობა, მოტივაცია და ინოვაციის კულტურა.

რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე

0
ხშირად გამიგონია, რომ რეალურ საკლასო სივრცეში რთული ქცევის მართვისთვის თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის – აქ მკაფიო გზამკვლევია საჭირო.
მინდა, რთული ქცევის მართვის პრაქტიკაში გამოცდილი ნაბიჯ-ნაბიჯ რჩევები გაგიზიაროთ. ეს რჩევები როგორც საკუთარი, ისე ჩემი კოლეგების, ეროვნულდა საერთაშორისო გამოცდილების შეჯამების შედეგი.
რთული ქცევა არის პერიოდულად ან სიტუაციურად განმეორებადი ქცევა, რომელიც ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვას (ჰიპერაქტიურობა, აგრესიულობა და ა.შ.).
ბუნებრივია, რთული ქცევის სამართავად საჭიროა გეგმა, მაგრამ ქცევის მართვის ეფექტიან გეგმას დამოუკიდებლად ვერ შევქმნით – კლასის ხელმძღვანელის, სხვა მასწავლებლების, მშობლების და თავად რთული ქცევის მქონე მოსწავლის დახმარება დაგვჭირდება, ეს კი პრაქტიკაში საკმაოდ რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ სიმშვიდე და ნებისყოფა უნდა მოვიკრიბოთ.
რთული ქცევის მართვის საჭიროების ალბათობა მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ, რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადავდგათ:
1. შევაგროვოთ ინფორმაცია – ვიდრე რომელიმე კლასში შევალთ პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად, გავესაუბროთ კლასის ხელმძღვანელს და კლასის სხვა მასწალებლებს, ვკითხოთ მათი გამოცდილების შესახებ და მნიშვნელოვანი ცნობები ჩავინიშნოთ. კლასის ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, წინასწარ შევიმუშაოთ სწავლა-სწავლების სტრატეგია, რომელიც პირველ ეტაპზე მოსწავლეებისა და მათი შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება.
2. გავცეთ ინფორმაცია – მოვაწესრიგოთ და მოსწავლეებისთვის გასაცნობად მოვამზადოთ მიმდინარე წლისა და სემესტრის სამოქმედო გეგმები, რათა პირველივე, გაცნობით გაკვეთილზე ზედმიწევნით საინტერესოდ წარმოვაჩინოთ შესასწავლი საგანი, თემები, საშინაო დავალების ტიპები, განსახორციელებელი აქტივობები, სასწავლო პროექტები, მიმდინარე სემესტრისა და წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები. მზად ვიყოთ კითხვებისთვის, მოსწავლეების მოსაზრებებისა და ინიციატივების მოსასმენად და გასათვალისწინებლად. მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, თავიანთი წვლილი შეიტანონ სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვაში. მოსწავლეებმა პირველი გაკვეთილიდანვე უნდა იცოდნენ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, მათ მოსაზრებებს პატივისცემით ეპყრობიან და ითვალისწინებენ.
3. შევქმნათ გზამკვლევი – პირველივე კვირას მოსწავლეებს დამაჯერებელი არგუმენტებით ავუხსნათ ქცევის წესების დაცვის მნიშვნელობა, მერე კი ყველა მათგანის მონაწილეობით ჩამოვაყალიბოთ ეს წესები, შევიმუშაოთ პოზიტიური ფორმულირება, ჩამოვწეროთ და შესაბამისი ილუსტრაციებით გავაფორმოთ. ვეცადოთ, გზამკვლევი მეტისმეტად არ გადავტვირთოთ – ხუთი პუნქტი საკმარისია. ბოლოს გზამკვლევი საკლასო ოთახში, თვალსაჩინო ადგილას განვათავსოთ. მნიშვნელოვანია, თავადაც დავიცვათ ეს წესები და ამით ბავშვებს პოზიტიური ქცევის მაგალითი მივცეთ.
4. მივცეთ მაგალითი – მოსწავლეებს ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ პოზიტიური ქცევის მაგალითი. ვისაუბროთ თავაზიანად, დამაჯერებლად, დავიცვათ მოსწავლეთა უფლებები, შევასრულოთ საკუთარი ვალდებულებები, ეფექტიანად გამოვიყოთ საგაკვეთილო დრო, ყოველთვის მზად ვიყოთ მოსწავლეების მოსასმენად და მათ კითხვებზე დამაჯერებელი, არგუმენტირებული პასუხის გასაცემად.
5. ვესაუბროთ მიზნობრივად ყოველდღიური პრაქტიკიდან ამოვიღოთ ყოველგვარი სასჯელი და ჩავანაცვლოთ ის ახსნისა და ჯილდოს გამოყენების პრაქტიკით. დავსვათ კორექტული კითხვები და მკაფიო მითითებებით შევაწყვეტინოთ საგაკვეთილო აქტივობისთვის არაადეკვატური ქცევა. მაგალითად, როცა ვხედავთ, რომ მოსწავლე წრიალებს, ცდილობს გამოელაპარაკოს თანაკლასელს, რითაც კონცენტრირებაში ხელს უშლის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც, ვკითხოთ: „გაქვს კითხვა?“ „გჭირდება დახმარება?“ თუ გვიპასუხა, რომ არ აქვს კითხვა და არ სჭირდება დახმარება, მშვიდი, მაგრამ მკაცრი და დამაჯერებელი ტონით ვუთხრათ: „მოიკრიბე ყურადღება და შეწყვიტე სხვა საქმის კეთება“ ან „შეწყვიტე საუბარი და სხვა მოსწავლეების შეწუხება“. გამოიყენეთ ჯილდო ეფექტიანად, შეაქეთ სიტყვიერად, დაუწერეთ პოზიტიური კომენტარი, დაურეკეთ/მისწერეთ მოსწავლის მშობლებს და მოუყევით მისი შვილის წარმატების შესახებ, აღნიშნეთ მოსწავლის წვლილი საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მეტი ეფექტიანობისთვის როგორც არასასურველ, ისე პოზიტიურ ქცევაზე რეაგირება მყისიერი უნდა იყოს.
6. დავეხმაროთ თვითგამოხატვაშიწავახალისოთ მოსწავლეთა ინიციატივ, მივცეთ ისეთი დავალება, რომელიც მათ საკუთარი ნააზრევის, იდეების, ინიციატივების შესახებ საუბრის საშუალებას მისცემს. შეძლებისამებრ დავეხმაროთ ამ ინიციატივების განხორციელებაში. შევქმნათ ისეთი საკლასო გარემო, სადაც მოსწავლეები თამამად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ. დავეხმაროთ მოსმენის, კითხვის დასმის, კომენტარის გაკეთების, დებატების, ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ახსნის უნარის განვითარება, რომელიც აადვილებს საკუთარი ნააზრევის, იდეის, ინიციატივის, პრობლემის, ემოციის გამოხატვა.
7. მივანიჭოთ თავისუფლებამივცეთ თავისუფალი დრო, – ეს შეიძლება იყოს სულ რამდენიმე წუთი, – რომლის დროსაც რომელიმე აქტუალურ საკითხზე ვისაუბრებთ. საზოგადოდ კი ყოველი აქტივობის დაგეგმვისას გავითვალისწინოთ, რომ, ასაკისა და შესაძლებლობების მიხედვით, ფიქრისთვის ყველა მოსწავლეს სჭირდება ოპტიმალური დრო, რათა გაიაზრონ შეკითხვა, დავალების პირობა და ჰქონდეთ თანაბარპირობები საგაკვეთილო პროცესში საკუთარი თავის გამოსავლენად.
მიუხედავად ჩვენი დაუღალავი შრომისა, მაინც შეიძლება, გაკვეთილზე მოსწავლის რთულ ქცევას შევეჯახოთ. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
ყურადღებით დავაკვირდეთ ქცევას, რათა შეგვეძლოს მისი აღწერა და არგუმენტირებული პასუხების გაცემა კითხვებზე:
  • რა სახისაა რთული ქცევა?
  • რამდენად ხშირად მეორდება ეს ქცევა?
  • ჰქონდა თუ არა მას წინაპირობა?
  • რომელი პოზიტიური ქცევით გვინდა რთული ქცევის ჩანაცვლება?
აღწერასთან ერთად მნიშვნელოვანია მოსწავლესთან გასაუბრება მისი ქცევის შესახებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა, მოსწავლე ვერ აცნობიერებდეს საკუთარი ქცევის შედეგებს ან უბრალოდ არ იცოდეს, როგორ მოიქცეს, ამიტომ:
  • ვცადოთ, გავარკვიოთ ქცევის მიზეზი;
  • ავუხსნათ, რატომ არის ასეთი ქცევა არასასურველი;
  • ავუხსნათ/ვაჩვენოთ, როგორ უნდა მოიქცეს.
ინტერვიუს დროს, ისევე როგორც მთელი სწავლა-სწავლების პროცესში, გამოვიყენოთ თავაზიანი, მეგობრული, მარტივი და გასაგები ენა.
თუ რთულ ქცევა რაიმე წინაპირობა არ აქვს ან ინტერვიუს შემდეგ მოსწავლის ქცევაში პროგრესი არ შეინიშნება, ერთიანი, კოორდინირებული მიდგომისა და გეგმის შესამუშავებლად მივმართოთ სკოლის ფსიქოლოგს, კლასის ხელმძღვანელს, კოლეგა მასწავლებლებს, მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენელს.
გამოყენებული ლიტერატურა
  1. თანამედროვე სკოლის მართვა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2021 წ.
  2. სკოლის ხელმძღვანელობა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივა, მეექვსე გამოცემა, ტომას ჯ. სერჯიოვანი
  3. ქცევის მართვის ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. თ. მუმლაძე, ნ. მიქაია, თ. საამიშვილი. საქართველოს განათლები, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2018 წ.
  4. ინკლუზიური განათლების გზამკვლევი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მ. ბაგრატიონი, შ. ტყეშელაშვილი, ლ. ქურციკიძე. 2021 წ.
  5. ლიდერობა და ადმინისტრირება სკოლაში, მნიშვნელოვანი ცნებები, სიტუაციური სავარჯიშოები და სიმულაციები. რიჩარდ ა. გორტონი, ჯუდი ა. ალსტონი, პეტრა ი. სნოუდენი

ენის განვითარების დარღვევები და დამნაშავეობრივი ქცევა მოზარდობისას თუ მის შემდგომ

0
როგორც მიუთითებენ, ენის განვითარების დარღვევის მქონე მოზარდებს უმთავრესად შემდეგი თავისებურებები ახასიათებთ:

მათ უჭირთ:

  •  სწრაფი პასუხი საუბრის დროს – შესაძლოა, დასჭირდეთ ინსტრუქციის გამეორება;
  •  გაკვეთილის მსვლელობისას რთული ლექსიკის გაგება და დასწავლა, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის სწავლის პროცესს;
  •  სარკაზმის, ხუმრობის, უფროსების რთული ენის გაგება;
  • იდიომების, მეტაფორებისა და ორაზროვანი სიტყვების მნიშვნელობის გაგება;
  •  სრულყოფილი წინადადებების აგება, მიუხედავად იმისა, რომ იციან, როგორ უნდა წარმოთქვან ეს წინადადებები;
  •  გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიტყვებით გამდიდრებული ენის გამოყენება.
  • მათ მონათხრობს ან წერილობით გადმოცემულ ამბავს აკლია დეტალები, არასრულყოფილია და ძნელად გასაგები;
  • უჭირთ დამოუკიდებლად მუშაობა და პრიორიტეტების დასახვა.
  • მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად სამუშაოს შესრულება შეუძლიათ, ვერ აკონტროლებენ დროს.
  • სრულყოფილად ვერ მონაწილეობენ სკოლის სოციალურ ცხოვრებაში, რადგან არ შეუძლიათ საუბარში ჩართვა და სოციალური წესებისა და განსხვავებული შეხედულებების მიღება.
  • ემოციური სირთულეების გამო ხშირად ფრუსტრაციას განიცდიან და მათი ქცევა ზოგჯერ რთულად სამართავად მიიჩნევა. ეს შესაძლოა გამოხატული იყოს სიტყვიერი და ფიზიკური რეაქციებით ან ურეაქციობით, რის გამოც მათ ხშირად პასიურებად აღიქვამენ.
  • მათი ორგანიზების უნარები ხშირად მწირია.
  • ენობრივი სირთულეები დაბრკოლებას წარმოშობს სამუშაო გამოცდილების შეძენისა და გასაუბრების დროს.
კვლევები ცხადყოფს, რომ სკოლამდელ ასაკში პოზიტიური ჩარევის შედეგად ეს თავისებურებები მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს სასკოლო საზოგადოების მზაობას ენის დარღვევის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად. წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხი გარდაუვალია.
გაგიგონიათ გვარ-სახელები: დენიელ ლაპლანტე (აშშ), ლუის იუჯინ გილბერტი (აშშ), გარი ლი სიმპსონი (აშშ)? 1980-იან წლებში მათ არაერთი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. სასამართლო ჩანაწერებში მიუთითებდნენ, რომ სამივე მკვლელს ბავშვობაში ენის განვითარების დარღვევა, კითხვისა და ყურადღების დეფიციტი ჰქონდა, რასაც ადვოკატები შემამსუბუქებელ გარემოებად ასახელებდნენ, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა – დამნაშავეებს უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს.
ენობრივი განვითარების დარღვევები და რეციდივიზმის რისკი ახალგაზრდა დამნაშავეებში
დღესდღეობით უცხოეთში – ნაკლებად, ჩვენში კი თითქმის არ არის შესწავლილი ენობრივი განვითარების დარღვევის (DLD) პოტენციური გავლენა დანაშაულის რისკზე იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც სისხლის სამართლის სისტემასთან კონტაქტის ისტორია აქვთ. არადა, სასამართლო პროცესებისა და თავად დამნაშავეთა საუბრის ჩანაწერებიდან აშკარად იკვეთება ენის დარღვევის სხვადასხვა დონე, რაც საინტერესოა შედარების, პრევენციისა თუ მრავალი სხვა თვალსაზრისით.
საკითხით დაინტერესებამ ერთ-ერთ უცხოურ კვლევამდე მიგვიყვანა.[1] აღნიშნული კვლევის ობიექტია 145 ახალგაზრდა დამნაშავე. მათი ენობრივი განვითარების დონე დადგინდა ახალგაზრდული მართლმსაჯულების სამსახურის ჩანაწერებში ნაპოვნი ინფორმაციის საფუძველზე. შეკრებილი მონაცემები მოიცავდა ექსპრესიული და რეცეპტული ენის სტანდარტიზებულ საზომებს, არავერბალურ ინტელექტს (IQ-ს) და გულქვა, არაემოციური თვისებების ნაზავს. გაანალიზდა ხელახალი დანაშაულის რისკებს შორის შესაძლო განსხვავება ენის განვითარების დარღვევის (DLD) მქონე და არმქონე ახალგაზრდა დამნაშავეებთან. კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელახალი დანაშაულის კუმულაციური შემთხვევების მაჩვენებელი DLD-ს მქონე ახალგაზრდებთან გაცილებით მაღალი იყო (62%; 95% CI 52, 72), ვიდრე DLD-ს არმქონეებთან (25%; 95% CI 16, 39).
კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებაზე და ამიტომ მოზარდებში რეციდივიზმის პრევენცია პრიორიტეტია ახალგაზრდული მართლმსაჯულების სისტემისთვის (YJS) (Bateman, 2010). დამნაშავეთა რისკის გაზომვა სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება სასამართლო კვლევებში და პრაქტიკოსები ჩარევის რისკის დონესთან შესაბამისობის დადგენას ცდილობენ (Cording,Beggs, Christofferson, & Grace, 2015).
დიდ ბრიტანეთში ბრაიანმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ DLD-ს გავრცელება 46-დან 67%-მდე მერყეობდა, შემთხვევით შერჩეულ პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდებში, რომელთა საშუალო ასაკი 17 წელი იყო (Bryan, Freer & Furlong, 2007). იმავე ავტორებმა ჩაატარეს უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა დაცულ ბავშვთა სახლში და განაცხადეს, რომ ახალგაზრდების 42%-ს, რომელთა საშუალო ასაკი 15 წელი იყო, მიმართული (რეცეპციული) ენის საზომით, მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელზე 1.5 (ან მეტი) სტანდარტული გადახრა ჰქონდა (Bryan, Garvani, Gregory & Kilner, 2015). შედარების ჯგუფების კვლევამაც იგივე აჩვენა. ავსტრალიაში სნოუმ და პაუელმა (2008) მამაკაც დამნაშავეებს დაუდგინეს მნიშვნელოვნად დაბალი ჯგუფური ქულები ყველა ენობრივ საზომში, მათ შორის – ფიგურალურ ენობრივ უნარებში, თხრობით უნარებსა და წინადადებების გამეორების ამოცანებში, დემოგრაფიულად შესაბამის საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ასეთივე შედეგი აჩვენა ახალი ზელანდიის ახალგაზრდული მართლმსაჯულების რეზიდენციაში 14-17 წლის მამაკაცებზე ჩატარებულმა კვლევამ. ავტორებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდების 58%-მა სტანდარტიზებული ენობრივი შეფასებისას პოპულაციის საშუალო მაჩვენებელზე 1.5 სტანდარტულზე ნაკლები ქულა მიიღო (Lount, Purdy & Hand, 2017). გარდა ამისა, ნიმუშის 87%-მა საშუალოზე დაბალი ქულა მიიღო (სტანდარტული ქულა 100), რაც ადასტურებს დიდი ბრიტანეთიდან ადრე მიღებულ დასკვნებს (Bryan et al., 2007). ამან ავტორები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ მოსახლეობისთვის ნორმალური მრუდი მნიშვნელოვნად არის გადახრილი მარცხნივ (Lount et al., 2017) და ახალგაზრდული მართლმსაჯულების თანამშრომლები ენობრივი უნარების ასეთ დონეს ნორმად მიიჩნევენ (Bryan et al., 2007). ჯამურად, ეს მტკიცებულება მიუთითებს, რომ ახალგაზრდების არაპროპორციულ რაოდენობას აქვს ენობრივი სირთულეები. მეთოდოლოგიური ვარიაციების მიუხედავად, დასკვნები თანმიმდევრულია და, საზოგადოდ, მიღებულია, რომ ახალგაზრდა დამნაშავეების 50%-60%-ს აღენიშნება ენობრივი სირთულეები, რაც კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. უფრო მეტიც: ეს სირთულეები, როგორც წესი, დიაგნოზირებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდული მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა არ იციან მისი შედეგების შესახებ (გრეგორი და ბრაიანი, 2011; სნოუ და პაუელი, 2012).
როგორც ვხედავთ, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომელიც დეტალურად აღწერს კავშირს ენის განვითარების დარღვევასა (DLD) და ახალგაზრდების მიერ ჩადენილ დანაშაულს შორის. უფრო მეტიც: იკვეთება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ენობრივი სირთულეები ახალგაზრდა დამნაშავეებში რეციდივის პროგნოზირების მთავარი ფაქტორია -ასეთი ახალგაზრდები, სულ მცირე, ორჯერ უფრო ხშირად ჩადიან დანაშაულს, ვიდრე მათი თანატოლები ენობრივი განვითარების დარღვევების გარეშე.
კვლევის დასკვნები სწორად ენას ასახელებს დანაშაულებრივი ქცევის გაგრძელების ძირითად ფაქტორად და, შესაბამისად, ხაზს უსვამს ახალგაზრდა დამნაშავეების არაოპტიმალური ენობრივი უნარების გათვალისწინების მნიშვნელობას. ეს კი ის კომპონენტური უნარებია, რომლებიც ზღუდავს ახალგაზრდის შესაძლებლობას, აქტიურად მონაწილეობდეს ენით გაშუალებულ სიტუაციებში. ამ ახალგაზრდების მიერ განცდილი ენობრივი სირთულეების გაურკვეველი ბუნება რისკის ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც უნებლიეთ შესაძლოა უგულებელყოფილ იქნეს.
მკვლევრები წუხან, რომ ახალგაზრდული მართლმსაჯულების ამჟამინდელ ჩარჩოში ენა დაჩრდილულია იმ ფაქტორებით, რომლებიც უფრო გავლენიანად მიიჩნევა, რაც პრობლემურია, რადგან დასკვნები მიუთითებს, რომ განვითარების ენობრივი დარღვევა ძლიერი რისკფაქტორია, რომლის რამდენადმე მოწესრიგება შემდგომ დანაშაულებრივ ქმედებებს უსათუოდ აგვაშორებს თავიდან. 
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. Bryan, K., Garvani, G., Gregory, J., & Kilner, K. (2015). Language difficulties and criminal justice: The need for earlier identification. International Journal of Language & Communication Disorders, 50, 763-775.
  2. Winstanley, Maxine, Webb, Roger T and Conti-Ramsden, Gina (2021) Developmental language disorders and risk of recidivism among young offenders. The Journal Of Child Psychology And Psychiatry, 62 (4). pp. 396- 403. ISSN 0021-9630
  3. Hopkins, T., Clegg, J., & Stackhouse, J. (2018). Examining the association between language, expository discourse and offending behaviour: An investigation of direction, strength and independence. International Journal of Language & Communication Disorders, 53, 113-129.
  4. Hughes, N., Chitsabesan, P., Bryan, K., Borschmann, R., Swain, N., Lennox, C., & Shaw, J. (2017). Language impairment and comorbid vulnerabilities among young people in custody. Journal of Child Psychology and Psychiatry, 58, 1106-1113. Hughes, N., Williams, P., Chitsabesan, P., Davies, R., & Mounce, I. (2012). Nobody made the connection: the prevalence of neurodisability in young people who offend. London: Office for the Children’s Commissioner
[1] Winstanley, Maxine, Webb, Roger T and Conti-Ramsden, Gina (2021) Developmental language disorders and risk of recidivism among young offenders. The Journal Of Child Psychology And Psychiatry, 62 (4). pp. 396- 403. ISSN 0021-9630

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება V–VI კლასებში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე

0
მიკრომწვანილი
სტატია ეხება მიკრომწვანილის თემაზე აგებულ საგანმანათლებლო კვლევით პროექტს V-VI კლასებში ბუნებისმეტყველების საგანში. კვლევითი პროექტი აერთიანებს პრაქტიკულ და შემოქმედებით აქტივობებს, მათ შორის თეატრით სწავლების მეთოდს.
მიკრომწვანილი (წიწმატი, ბროკოლი, წიწიბურა, ხორბალი, ბოლოკი, მზესუმზირა, ლობიო, მუხუდო, მდოგვი და ა.შ.) წარმოადგენს მცენარის ახალგაზრდა ყლორტებს, რომლებიც იჭრება აღმოცენებიდან ადრეულ ეტაპზე, დაახლოებით 12-14 დღეში, როდესაც განვითარებულია პირველი ფოთლები. აღნიშნულ ფაზაში მცენარეები გამოირჩევიან მაღალი ბიოლოგიური აქტივობით და შეიცავენ ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვან კონცენტრაციას.
კავშირი საგნობრივ სტანდარტთან: სამიზნე ცნება – ორგანიზმი, საარსებო გარემო (შედეგები: 1, 2, 3, 4, 5)
საკვანძო კითხვები: რატომ განსხვავდებიან ორგანიზმები ერთმანეთისგან? როგორი აგებულება აქვს ამა თუ იმ ორგანიზმს? როგორი ურთიერთკავშირია ორგანიზმის ცალკეულ ნაწილებსა და მათ ფუნქციებს შორის? როგორ ზემოქმედებას ახდენს გარემო და მასში მიმდინარე ცვლილებები სხვადასხვა ორგანიზმზე?
მასწავლებელი ორგანიზებას უკეთებს კვლევით აქტივობას ხუთი ეტაპის დაცვით, რომელიც ეფუძნება შემდეგ საკვლევ კითხვას: რატომ იზრდება მიკრომწვანილი სხვადასხვა პირობებში განსხვავებულად?
პირველ ეტაპზე ის ეხმარება მოსწავლეებს პრობლემის გააზრებასა და კითხვის ჩამოყალიბებაში, ამახვილებს ყურადღებას გარემო ფაქტორებზე, როგორიცაა სინათლე, წყალი და ტემპერატურა. შემდეგ ეტაპზე მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ ჰიპოთეზებს რამდენად არის ისინი კონკრეტული, ლოგიკური და შემოწმებადი და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ დაკონკრეტებაში დამხმარე კითხვების გამოყენებით.
1.პრობლემის დასმა
2.ჰიპოთეზის ფორმულირება
3. ექსპერიმენტის დაგეგმვა
4. მონაცემთა შეგროვება
5.დასკვნების გამოტანა
მოსწავლე აყალიბებს კვლევით კითხვას – რატომ იზრდება მიკრომწვანილი ზოგ შემთხვევაში სწრაფად და ჯანსაღად, ხოლო ზოგ შემთხვევაში სუსტად ან ნელა?
მოსწავლე აყალიბებს მოსაზრებას, მაგ: ვფიქრობ, რომ მიკრომწვანილი უკეთ იზრდება მაშინ, როცა მას აქვს საკმარისი სინათლე, წყალი და სითბო.
მოსწავლე გეგმავს ექსპერიმენტს – დათესავს მიკრომწვანილს სხვადასხვა პირობებში, მაგ: ერთი სინათლეზე, მეორე სიბნელეში; აწოდებს მათ სხვადასხვა რაოდენობის წყალს.
მოსწავლე აკვირდება მიკრომწვანილის ზრდას, ზომავს სიმაღლეს, აღწერს ფოთლების ფერს და ფესვების მდგომარეობას, მონაცემებს წერს დაკვირვების დღიურში.
მოსწავლე ადარებს მიღებულ შედეგებს ჰიპოთეზას და აკეთებს დასკვნას, რომელი პირობებია საუკეთესო მიკრომწვანილის ზრდისთვის.
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს პრობლემის დაზუსტებაში, ამახვილებს ყურადღებას გარემო ფაქტორებზე (სინათლე, წყალი, ტემპერატურა).
მასწავლებელი ამოწმებს, არის თუ არა ჰიპოთეზა კონკრეტული, ლოგიკური და შემოწმებადი.
მაგ: მიკრომწვანილი ყოველთვის კარგად გაიზრდება თავისით, ასეთი ჰიპოთეზა არ არის კონკრეტული და ვერ მოწმდება ექსპერიმენტით. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ჰიპოთეზის დაკონკრეტებაში დამხმარე კითხვებით: რაზეა დამოკიდებული ზრდა? რა პირობები შეიძლება შევცვალოთ? მიუთითებს, რომ კარგი ჰიპოთეზა უნდა იყოს შემოწმებადი, კონკრეტული, დაკავშირებული კვლევით კითხვასთან.
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ექსპერიმენტის ეტაპების სწორად დაგეგმვაში და უსაფრთხოების წესების დაცვაში.
მასწავლებელი სთავაზობს მას დაკვირვების ცხრილს, ეხმარება მონაცემების სწორად დაფიქსირებასა და შედარებაში.
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს დასკვნის სწორად ფორმულირებაში და მეცნიერული ტერმინების გამოყენებაში, მაგ.ზრდის პირობები, გარემო ფაქტორები.
ამ დროს მოსწავლეები აწარმოებენ დაკვირვების დღიურს, სადაც სისტემატურად აფიქსირებენ მცენარის ზრდის დინამიკას, ფოთლების ფერსა და ფესვების მდგომარეობას.
 
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც კვლევის პროცესს აერთიანებს, არის დაკვირვების დღიური, რომელიც ინდივიდუალურად მიეწოდება მოსწავლეებს (თვალსაჩინოებითი, ელექტრონული). ორი კვირის განმავლობაში დღიური მოსწავლეების მიერ დაკვირვების საფუძველზე შეგროვებული მონაცემებით ეტაპობრივად ივსება.
სასურველია, მოსწავლეებმა დაკვირვების დღიურის საფუძველზე ასევე მცირე რეპორტაჟებიც ჩაწერონ, რომლებიც ცალკე სასწავლო რესურსად შეიძლება მიზნობრივად იქნეს გამოყენებული.
დაკვირვების დღიურიმიკრომწვანილის კვლევა
(დაკვირვების ცხრილი 12-14 დღის განმავლობაში შესავსები)
მოსწავლის სახელი/გვარი:—————–
კლასი:—————–
მიკრომწვანილის სახეობა —————————
დაკვირვების დაწყების თარიღი: ——————————-
I დღე
III დღე
V დღე
VII დღე
X დღე
XII დღე
XIV დღე
დასკვნა:-——————————————————————————————-
პროექტში კვლევასთან ერთად გამოყენებულია ასევე თეატრით სწავლების მეთოდი, რომელიც წარმოდგენილია პიესით „მიკრომწვანილის თავგადასავალი“. პიესის პერსონაჟები (თესლი, ნიადაგი, მზე, წვიმა და სხვ.) ასახავენ მცენარის ზრდისათვის აუცილებელ პირობებს და მათ ურთიერთქმედებას, რომელიც აგებულია სამიზნე ცნების-ცნებების შინაარსობრივი მოცულობით. (დანართი N1)
პროექტის დასკვნითი ეტაპი არის მშობელთა ჩართულობით განხორციელებული კულინარიული ექსპერიმენტი. აღნიშნული აქტივობის მიზანია სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორობის გაძლიერება, ჯანსაღი კვების კულტურის პოპულარიზაცია, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
მოსწავლეები და მათი მშობლები ერთობლივად ერთვებიან კულინარიულ პროცესში. ჯგუფები მოიძიებენ და თანამშრომლობით ამზადებენ მიკრომწვანილის სალათებს, იყენებენ ჯანსაღ ინგრედიენტებს მიკრომწვანილთან ერთად. აქტივობის დასრულების შემდეგ ჯგუფები განიხილავენ, როგორ შეიცვალა კერძის გემო მიკრომწვანილის დამატებით, რომელი სახეობის მიკრომწვანილი აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო, რა სარგებლობა აქვს მიკრომწვანილს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება არის ინტეგრირებული ხასიათი, რომელიც აერთიანებს ექსპერიმენტულ კვლევას, თეატრალურ აქტივობასა და კულინარიულ პრაქტიკას. აღნიშნული მიდგომა სრულად ეხმიანება STEAM განათლების პრინციპებს, რადგან მოსწავლეები ერთდროულად იყენებენ მეცნიერების, ხელოვნების, პრაქტიკული უნარებისა და კრეატიული აზროვნების კომპონენტებს.
თეატრის მეშვეობით ისინი აცნობიერებენ მცენარის მარტივად ზრდის პროცესს, ექსპერიმენტებით იკვლევენ გარემო ფაქტორების გავლენას, ხოლო კულინარიული აქტივობით მშობლებთან ერთად მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში იყენებენ. მსგავსი მრავალმხრივი ჩართულობა მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეებში სწავლის ეფექტიანობასა და მოსწავლეთა მოტივაციას სამომავლოდ.
დანართი N1
თეატრით სწავლება
„მიკრომწვანილის თავგადასავალი“
რეკომენდაცია მასწავლებელს:
სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ, თავად მოირგონ ქვემოთ შემოთავაზებული როლები და ისე ითამაშონ თეატრი მიკრომწვანილის თავგადასავალზე, ასევე შესთავაზეთ, მოსწავლეებმა თავად დაამზადონ თეატრალური პერსონაჟები.
ქაღალდზე დახატონ შესაბამისი ფიგურები, ამოჭრან, ორივე მხრიდან გადააკრან გამჭვირვალე წებოვანი ლენტი გამძლეობისთვის და შემდეგ ხის ჩხირებზე დაამაგრონ;
თეჯირის გამოყენებით თოჯინები პიესის მიხედვით გაათამაშონ.
 
პერსონაჟები:
თესლი – პატარა, მორიდებული, მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე
ნიადაგი – თბილი და მზრუნველი
მზე – მხიარული და ენერგიული
წვიმა – კეთილი
ახალი აღმოცენებული მიკრომწვანილი – ცნობისმოყვარე და ბედნიერი
მოწყენილი ყვითელი მიკრომწვანილი – მზის შუქს მოკლებული, მოწყენილი
მწვანე და ცოცხალი მიკრომწვანილი – ყველაზე ენერგიული
გადაზრდილი დიდი ზომის მწვანილი – მოწყენილი, თითქოს ყველასგან მივიწყებული
 
თესლი
გამარჯობა, ბავშვებო, მე პაწაწინა თესლის მარცვალი ვარ, გუშინ დამთესეს, რაღაც უცნაურ გარემოში მოვხვდი, სადაც ძალიან ბნელა და რაღაც უცნაური სიჩუმეა… ძალიან მეშინია…
ნიადაგი
– არ ინერვიულო, პაწაწინა მარცვალო! მე შენი პატარა მეგობარი ვარ, სახელად ნიადაგი მქვია, ახლა საბანივით გადაგეფარები, ჩაგთბუნავ და დაგმალავ, შემდეგ კი ჩემი ბიძაშვილები ცხრათვალა მზე და შხაპუნა ცელქი წვიმა მოგხედავს და ზრდაში დაგეხმარება. ჩვენ ერთად გაგილამაზებთ სიცოცხლეს.
მზე
– გამარჯობა, პატარა მარცვალო! აი, მეც მოვედი! მე ცხრათვალა მზე ვარ, სამყაროს ირგვლივ სითბოს და სინათლეს ვჩუქნი, მე შენ გაგათბობ და მოგცემ ძალას, რომ გაიზარდო! შენამდე გამოვუშვებ ჩემს სხივებს, რომლებსაც გამოვატან სითბოს და სინათლეს.
წვიმა
– აი, მეც მოვედი, მე წვიმა ვარ წკაპუნა, მე დაგინამავ მიწას, რომ მზემ ზედმეტად არ გამოგაშროს, შენი ფესვები, ჩემი წვეთების დახმარებით ღეროს და ფოთლებს წყალს და საკვებს მიაწოდებს. შენ გაიზრდები ჩემო პატარა და გაძლიერდები.
ახალი აღმოცენებული მიკრომწვანილი
– გამარჯობათ! ოოო! რა სიკაშკაშეა აქ! იქ ქვემოთ ნიადაგში გახსოვთ როგორ მეშინოდა, როგორი სიბნელე იყო, აქ ზემოთ კი ეს სულ ახალი სამყაროა მართლაც. ნახეთ, თავი სად ამოვყავი, გამარჯობა, მზეო! გამარჯობა, წვიმა! მე მესმოდა თქვენი ხმა, ვგრძნობდი როგორ ზრუნავდით ჩემზე.
მზე და წვიმა ერთად
– გაგიმარჯოს, პატარა მიკრო! ახლა შენ გელოდება დიდი თავგადასავალი, შენ უნდა გაიზარდო, გაძლიერდე და გახდე მიკრომწვანილი!
მოწყენილი ყვითელი მიკრო
– მოგესალმებით ბავშვებო, როგორ მიხაროდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ… ძალიან მოწყენილი ვარ, იცით რატომ? იმიტომ, რომ ძალა აღარ მაქვს, დავსუსტდი, მე ვერ ვიზრდები… ნახეთ ჩემი კაბა-ხალათი ყვითელი გახდა, მე მზეს ვერ ვხედავ… ფანჯარასთან არ დამსვეს ადამიანებმა, არადა, თავიდან პირობა დადეს, რომ მომხედავდნენ, მომივლიდნენ, წყალს, სითბოს და სინათლეს არ მომაკლებდნენ და აჰაა, რას დავემსგავსე სულ ერთიანად გავყვითლდი გავფერმკრთალდი…
მზე
– მოიცა, მოიცა ნუ მოიწყენ! ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი მეგობრობა შეძლებს შენს გადარჩენას, მოიცა შენც გაჩუქებ ჩემს სინათლეს, სინათლე კი დაგეხმარება ფოთლების გამწვანებაში.
მწვანე მიკრომწვანილი
– მოდი ჩემთან! მოდი, მე მზის ქვეშ ვიზრდებოდი, ძალიან კარგი პატრონი შემხვდა, და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ! სულ მწვანე და ხასხასა ვარ.
– ნახე, როგორ გავმწვანდი! ნუ გეშინია, არ მოიწყინო. მოდი, ვიმეგობროთ. აქ შენი ადგილიც გამოჩნდება ფანჯრის რაფაზე, აბა მოიწიე ჩემკენ, ბავშვებს კი ერთად ვუთხრათ, რომ დღეიდან არ დაავიწყდეთ ჩვენთვის მზის სხივებისკენ მიშვერა, წყლის დასხმა და სიყვარულის ჩუქება.
გადაზრდილი მწვანილი
– აქ რა ხდება, ვინ შეკრიბა ეს ლამაზი არსებები, მე დიდი ბროკოლი ვარ, მე უკვე დიდი ვარ, მაგრამ აღარ ვარ მიკრო… თუმცა ოდესღაც მეც ეგეთი, პატარა და ძალიან ენერგიული ვიყავი…
ბავშვებისთვის უზღვავი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მეჩუქებინა, თუმცა ჩემს ზარმაცა პატრონს, სანამ ორყურა ვიყავი, ჩემი მოსავლის აღება დაავიწყდა და ახლა აღარ ვარ ისეთი გემრიელი, როგორც პაწაწინა ჩემი მეგობარი მიკრომწვალები…
ნიადაგი
– ეგ არაფერია! ქოჩორა ბროკოლო, შენ ახლაც იმდენი ვიტამინი გაქვს, მაინც საჭირო და სასარგებლო ხარ, მაგრამ ახლა პატარებს ვუთხრათ, რომ 12-14 დღეს არ გადააშოროთ, დროულად დაკრიფონ მიკრომწვანილის მოსავალი, სანამ ჯერ კიდევ ორი ფოთოლი აქვთ!
მზე
– როცა ყველა ერთად ვართ და ერთმანეთს ვეხმარებით მე, წვიმა, ნიადაგი და ბავშვები მიკრომწვანილი იზრდება ბედნიერად და უდარდელად!
მიკრომწვანილები ერთად
– ჩვენ კი ვცოცხლობთ მზის სხივებით, წვიმის წკაპუნა წვეტებით, ნოყიერი ნიადაგით და თქვენი მზრუნველობითა და სიყვარულით ბავშვებო!
სააზროვნო კითხვები:
·         რა ეტაპები გაიარა თესლმა, სანამ მიკრომწვანილი გახდებოდა?
·         ვისგან მიიღო მიკრომწვანილმა დახმარება ზრდაში?
·         რა დაემართა ყვითელ მიკრომწვანილს და რატომ?
·         რატომ უნდა მოვკრიფოთ მიკრომწვანილი დროულად?
·         როგორ დაეხმარა მას მწვანე მიკრო და რას გვასწავლის ეს მეგობრობაზე?
·         როგორ ფიქრობ, რას იგრძნობდა გადაზრდილი მწვანილი, როცა მიხვდა, რომ დაივიწყეს?
·         რას ნიშნავს ზრუნვა მცენარეზე? ადამიანებზე?
·         მიკრომწვანილს რომ შეეძლოს საუბარი, რას გეტყოდათ დღეს? რას ეტყოდი შენ სხვა თანატოლებს მიკრომწვანილზე?
 
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 2018-2024 ეროვნული სასწავლო გეგმა. ბუნებისმეტყველება, დაწყებითი საფეხური.
  2. მ. ბლიაძე, შ. ტყემალაძე, თ. შუბლაძე, ნ. ფსუტური, 2025. სახალისო პროექტები – „ჩვენ და ბუნება“ V–VI კლასი, ბუნებისმეტყველება.

შინაგანი ენერგია და მისი შეცვლის გზები, ადიაბატური პროცესი

0

მუშაობა თერმოდინამიკაში. იდეალური და მასთან მიახლოებული აირის შინაგანი ენერგია და მისი შეცვლის გზები. 

ნივთიერებაში შემავალი მოლეკულები და ატომები ქაოსურად მოძრაობენ (აქვთ კინეტიკური ენერგია), თანაც ურთიერთქმედებენ (აქვთ პოტენციური ენერგია ). ასეა  აირებშიც. ვნახოთ, რა თერმოდინამიკურ პარამეტრებზეა დამოკიდებული აირის მოლეკულების მოძრაობის (კინეტიკური ), ურთიერთქმედების ( პოტენციური )  და მათი ჯამური ენერგია – შინაგანი ენერგია.

ვრცლად

შიშიდან მეგობრობამდე –  ხელოვნური ინტელექტი  და ადამიანი ფილტრი

0

შემოქმედებითი გადარჩენის სტრატეგია

“სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის შექმნამ შესაძლოა კაცობრიობის დასასრული გამოიწვიოს,” − შიშობდა  თანამედროვეობის უდიდესი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი  და მისი შიში ბიოლოგიური ევოლუციის ნელ ტემპს უკავშირდებოდა, რომელიც  ხელოვნურ ინტელექტთან  კონკურენციას ვერ გაუძლებდა.

გულწრფელად რომ ვთქვათ, მომავლის პერსპექტივა ცოტათი ყველას გვაშინებს. გაურკვევლობა ყოველთვის იყო ადამიანის თანმდევი, თუმცა ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ ეს ბუნდოვანება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ბევრისთვის AI არის საფრთხე, რომელიც მათ ჩანაცვლებას ცდილობს. ჩემთვის  ის მეგობარი და დამხმარე გახდა. ამ მეგობრობამ ერთი მნიშვნელოვანი რამ დამანახა: ჩვენი როლი ამ პროცესში არა გაქრობა, არამედ გაფილტვრაა.

ხშირად გვეჩვენება, რომ ხელოვნური ინტელექტი  სამუშაოს ჩვენ ნაცვლად ასრულებს, თუმცა, სინამდვილეში ის მხოლოდ ნედლეულს გვაწვდის. ეს ჰგავს კარიერზე მოპოვებულ ქვას, რომელიც თავისთავად არც ტაძარია და არც ქანდაკება. მხოლოდ ადამიანური ფილტრი,  ჩვენი კრიტიკული აზროვნება, ეთიკური კომპასი და შემოქმედებითი ინტუიცია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ ციფრულ მასას ღირებულ პროდუქტად აქცევს. ფილტრის გარეშე ჩვენ მხოლოდ კოპირების ამარა დარჩენილი მომხმარებლები ვართ, ფილტრით კი- ახალი ეპოქის არქიტექტორები.

დროის რაციონალიზაცია.

ჩვენი ყველაზე ძვირფასი მოცემულობა დროა. AI-თან მეგობრობა, პირველ რიგში, ამ რესურსის რაციონალურად გამოყენების საშუალებას გვაძლევს. ის  თავის თავზე იღებს რუტინულ სამუშაოს, ინფორმაციის სტრუქტურირებასა და პირველადი ვერსიების მომზადებას. ეს არ არის მხოლოდ საქმის შემსუბუქება; ეს არის შემოქმედებითი თავისუფლების დაბრუნება. როცა გონება გათავისუფლებულია „შავი“ სამუშაოსგან, მას მეტი სივრცე რჩება ფიქრისთვის, დაკვირვებისთვის და მანამდე უხილავი დეტალების აღმოსაჩენად.

ხედვის რაკურსის შეცვლა

როგორც ხედვის გამაძლიერებელი ხელსაწყო, AI ზოგჯერ სრულიად მოულოდნელ რაკურსს გვაჩვენებს. ის აფართოებს ჩვენს პერსპექტივას, გვაწვდის ინფორმაციას და კავშირებს, რომლებთან სწრაფი წვდომა მანამდე წარმოუდგენელი იყო. თუმცა, სწორედ აქ იწყება ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი: ადამიანი უნდა იყოს ის საცერი, რომელიც ამ ნიაღვრიდან მხოლოდ ნამდვილს  და ღირებულს დატოვებს.

შემოქმედებით პროცესში, მთავარი გამოწვევა მაინც ავთენტურობის შენარჩუნებაა. თუ ადამიანი ამ ფილტრის როლს დაკარგავს, ის კარგავს საკუთარ სახესაც. ჩვენი ამოცანაა, ვასწავლოთ სხვებსაც (და საკუთარ თავსაც), როგორ ვიყოთ არა მხოლოდ ალგორითმების მომხმარებლები, არამედ მათი შემოქმედებითი „მმართველები“. AI გვიჩვენებს გზებს, მაგრამ მიზანს და დანიშნულების ადგილს ყოველთვის ჩვენ ვსაზღვრავთ.

პრაქტიკული მაგალითები: როცა “ფილტრი” მუშაობს

საგანმანათლებლო ეკოსისტემის დაგეგმვა

წარმოიდგინეთ, რომ ვმუშაობთ კონფერენციაზე, რომელიც მოიცავს სწავლების ოთხივე საფეხურს- საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტამდე. AI-ს შეუძლია წამებში დაგვიგენერიროს თეორიული ჩარჩო თითოეული დონისთვის. ეს „ნედლეულია“, მაგრამ აქ შემოდის ადამიანი-ფილტრი: მანქანამ არ იცის უწყვეტობის ის ემოციური და კულტურული ჯაჭვი, რომელიც ამ საფეხურებს აკავშირებს. ჩვენ ვიღებთ მის სტრუქტურას და მასში ჩავალაგებთ  იმ პრაქტიკულ ეთიკასა და „ცოცხალ“ მაგალითებს, რომლებიც მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია იგრძნოს.

ლიტერატურული ურბანისტიკა

ქალაქის აღწერისას AI-მ შეიძლება შეგვახსენოს  პარიზში კაფე „დე ფლორეს“ დაარსების ისტორიული თარიღი ან არქიტექტურული ტერმინი განგვიმარტოს,  თუმცა, თუ მის ტექსტს პირდაპირ გამოვიყენებთ, მივიღებთ მშრალ გზამკვლევს. ავტორის როლია, ეს მასალა საკუთარ ემოციურ მეხსიერებაში გაატაროს. AI-მ იცის ქუჩის სახელი, მაგრამ მხოლოდ ადამიანმა იცის, რა სევდა ან აღტაცება მოაქვს მწერლის სახლს  ამ ქუჩაზე.

ეთიკური დილემები კლასში

AI-ს შეუძლია ჩამოწეროს ეთიკური წესები კლასში ტექნოლოგიების გამოყენებისთვის. თუმცა, მხოლოდ ადამიანურ ფილტრს შეუძლია განსაზღვროს, რამდენად მორგებულია ეს წესები კონკრეტული მოსწავლის ფსიქოლოგიურ საჭიროებებსა და იმ სოციალურ გარემოს, რომელშიც ის იზრდება.

აკადემიური სტატიის სტრუქტურირება

როდესაც მუშაობთ სტატიაზე „ახალი საგანმანათლებლო ეკოსისტემა“, AI-ს შეუძლია დაგიხარისხოთ OECD-ისა და UNESCO-ს უახლესი მონაცემები. მაგრამ ჩვენი როლია, ეს მონაცემები დაუკავშიროთ ადგილობრივ კონტექსტს და გამოწვევებს და შესაბამისად გამოვიყენოთ.

შეცდომების პრევენცია და ეთიკა

AI-მ შეიძლება შემოგთავაზოთ მოსწავლეთა შეფასების ავტომატური სისტემა. აქ ადამიანური ფილტრი კრიტიკულად მნიშვნელოვანია: თქვენ უნდა გადაამოწმოთ, ხომ არ არის ალგორითმი მიკერძოებული და ითვალისწინებს თუ არა ის თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ, ფსიქოლოგიურ ფაქტორებს.

ისტორიული ნარატივის გაცოცხლება

AI-ს შეუძლია მოგვაწოდოს მეორე მსოფლიო ომის მშრალი ქრონოლოგია. თუმცა, მხოლოდ ადამიანი-ფილტრი ჩაამატებს მასში იმ ემოციურ ნარატივს, რომელიც მოსწავლეებს დააფიქრებს არა მხოლოდ თარიღებზე, არამედ ადამიანურ ტრაგედიასა და მორალურ არჩევანზე.

დიფერენცირებული სწავლება

AI-ს შეუძლია წამებში შექმნას ერთი და იმავე ტექსტის სამი ვერსია განსხვავებული  სირთულის დონისთვის. მაგრამ მხოლოდ მასწავლებლის „ფილტრს“ შეუძლია განსაზღვროს, რომელი ვერსია შეესაბამება კონკრეტული მოსწავლის ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ საჭიროებებსა და სოციალურ გარემოს.

მეგობრობა პასუხისმგებლობით

ხელოვნურ ინტელექტთან ჩვენი  მეგობრობა არ ნიშნავს, რომ მისი უპირობოდ გვჯერა.  ჩვენ  ვაღიარებთ მის ძალას და ვიყენებთ მას, როგორც კომპასს, ბუნდოვან მომავალში გზის გასაგნებად. თუმცა, კომპასი მხოლოდ მიმართულებას გვიჩვენებს, ნაბიჯები თავად უნდა გადავდგათ.

ხელოვნური ინტელექტი გვაიძულებს დავუბრუნდეთ ადამიანურ საწყისებს და ხელახლა დავაფასოთ  და დავინახოთ ის, რაც მხოლოდ ადამიანისთვისაა შესაძლებელი: კრიტიკული ხედვა, ემოციური სიღრმე და პასუხისმგებლობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

UNESCO: Recommendation on the Ethics of Artificial Intelligence

https://www.unesco.org/en/articles/recommendation-ethics-artificial-intelligence

OECD: The Future of Education and Skills 2030

https://www.oecd.org/en/about/projects/future-of-education-and-skills-2030.html

TPACK.org (Technological Pedagogical Content Knowledge)

https://educationaltechnology.net/technological-pedagogical-content-knowledge-tpack-framework/

The SAMR Model: A Practical Guide

https://www.powerschool.com/blog/samr-model-a-practical-guide-for-k-12-classroom-technology-integration/

European Commission: Ethical guidelines on the use of AI in teaching and learning

ნეირომეცნიერებიდან საკლასო პრაქტიკამდე

0

ნეიროპედაგოგიკა და მისი როლი თანამედროვე განათლებაში

თანამედროვე განათლების სივრცე სწრაფი ცვლილებების ეპოქაში იმყოფება. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ არა მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაზარდა, არამედ ძირეულად შეცვალა სწავლებისა და სწავლის ბუნება. დღევანდელი მოსწავლეები – ე.წ. „ციფრული თაობა“ – იზრდებიან გარემოში, სადაც ინფორმაცია მყისიერია, ხშირად ვიზუალური და ყურადღება მუდმივად მიმართულია მრავალ სხვადასხვა სტიმულზე. ამ რეალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნეიროპედაგოგიკა – დისციპლინა, რომელიც აერთიანებს ნეირომეცნიერებასა და განათლებას და იკვლევს ტვინის მიერ შესწავლის პროცესს.

ნეიროპედაგოგიკის ძირითადი მიზანია სწავლების პროცესის იმგვარად დაგეგმვა, რომ იგი შეესაბამებოდეს ტვინის ფუნქციონირების ბუნებრივ მექანიზმებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ციფრული თაობისთვის, რადგან მათ ტვინს მუდმივად უწევს ადაპტირება სწრაფ, ფრაგმენტულ ინფორმაციასთან. კვლევები აჩვენებს, რომ ხშირი ციფრული სტიმულაცია გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრაციაზე, მუშა მეხსიერებასა და ინფორმაციის დამუშავების სტილზე. შედეგად, მოსწავლეები ხშირად უკეთ აღიქვამენ ვიზუალურ და ინტერაქციულ მასალას, თუმცა უჭირთ ხანგრძლივი, ღრმა კონცენტრაცია. ეს ფაქტორი მოითხოვს შესაბამის თვისობრივ ცვლილებებს სწავლება-სწავლის პროცესის წარმართვისას, რაც ნეიროპედაგოგიკის ძირითადი პრინციპების გააზრებას მოითხოვს.

ნეიროპედაგოგიკა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესზე:

მუშა მეხსიერება – სისტემა, რომელიც დროებით ინახავს და ამუშავებს ინფორმაციას. ციფრულ გარემოში გადატვირთული ყურადღება ამცირებს მის ეფექტურობას. ამიტომ სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია ინფორმაციის დოზირება, სტრუქტურირება და გამეორება.
გრძელვადიანი მეხსიერება – სადაც ცოდნა მდგრადად ინახება. იმისათვის, რომ ინფორმაცია გადავიდეს გრძელვადიან მეხსიერებაში, აუცილებელია მისი მნიშვნელობის გააზრება, კონტექსტთან დაკავშირება და პრაქტიკაში გამოყენება. ციფრული თაობისთვის ეს ხშირად გამოწვევაა, რადგან ისინი მიჩვეულნი არიან სწრაფი, ზედაპირული ინფორმაციის მიღებას.
ემოცია – ტვინი უკეთ იმახსოვრებს იმ ინფორმაციას, რომელიც ემოციურ ჩართულობას ითხოვს და იწვევს. სწორედ ამიტომ, სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ისტორიების გამოყენება, რეალურ ცხოვრებასთან კავშირი და მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება. ასევე, უმნიშვნელოვანესია რეგულარული პოზიტიური უკუკავშირი, ვინაიდან ტვინი უკეთ იმახსოვრებს წარმატების განცდასთან ასოცირებულ ინფორმაციას (ნეირომეცნიერება ამ პროცესს ხსნის ბედნიერების ჰორმონის, დოფამინის, გამოყოფის ეფექტით).

ციფრული თაობის კიდევ ერთი მახასიათებელია ერთდროულად რამდენიმე აქტივობის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ეფექტურობად აღიქმებოდეს, ნეირომეცნიერება გვიჩვენებს, რომ ტვინი სინამდვილეში სწრაფად გადადის ერთი ამოცანიდან მეორეზე, რაც ამცირებს ყურადღების ხარისხს და ზრდის შეცდომების ალბათობას. შესაბამისად, ნეიროპედაგოგიკა რეკომენდაციას იძლევა, რომ სასწავლო პროცესი იყოს ფოკუსირებული და მიზანმიმართული.

ამ კონტექსტში მასწავლებლის როლი რადიკალურად იცვლება. ის აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი, არამედ ხდება „სწავლის არქიტექტორი“, რომელიც ქმნის გარემოს, სადაც ტვინი ეფექტურად სწავლობს. ეს მოიცავს აქტიურ მეთოდებს, როგორიცაა პროექტზე დაფუძნებული სწავლება, კოლაბორაციული აქტივობები, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები და ტექნოლოგიის მიზნობრივი გამოყენება.

მნიშვნელოვანია ასევე ციფრული ჰიგიენის განვითარება – მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, როგორ მართონ საკუთარი დრო, ყურადღება და ციფრული რესურსები. ეს განსაზღვრავს არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებას, არამედ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასაც.

საბოლოოდ, ციფრული თაობა არ არის პრობლემა, რომელიც უნდა „გამოვასწოროთ“. ეს არის ახალი რეალობა, რომელიც მოითხოვს განათლების სისტემის ადაპტაციას. ნეიროპედაგოგიკა გვაძლევს მეცნიერულ საფუძველს, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ სწავლობს თანამედროვე მოსწავლე და როგორ შევქმნათ ისეთი სასწავლო გარემო, სადაც ტექნოლოგია და ტვინის ბუნებრივი პროცესები ჰარმონიულად თანაარსებობს.

ამგვარი მიდგომა განათლებას აქცევს არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის პროცესად, არამედ ღრმა, გააზრებულ და მდგრად სწავლად – ისეთად, რომელიც პასუხობს როგორც დღევანდელ, ისე მომავლის გამოწვევებს.

ნეიროპედაგოგიკის პრაქტიკული ქეისი: „დაბალი აკადემიური ჩართულობიდან აქტიურ სწავლამდე“

ქეისის აღწერა

VII კლასის მოსწავლე, ნიკა (პირობითი სახელი), გამოირჩეოდა დაბალი აკადემიური ჩართულობით. მას უჭირდა:

ყურადღების შენარჩუნება გაკვეთილზე;
ახალი ინფორმაციის დამახსოვრება;
დავალებების დასრულება.

მასწავლებლის დაკვირვებით, ნიკა ხშირად იყო პასიური, არ ერთვებოდა აქტივობებში და სწრაფად კარგავდა ინტერესს. ტრადიციული სწავლების მეთოდები (ლექცია, კითხვა, წერითი დავალებები) არ იძლეოდა შედეგს.

პრობლემის ნეიროპედაგოგიური ანალიზი

ნეიროპედაგოგიკის პერსპექტივიდან, ნიკას სირთულეები შეიძლება აიხსნას რამდენიმე ფაქტორით:

ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობა

ტვინი ვერ ინარჩუნებდა ფოკუსს ერთგვაროვან აქტივობაზე დიდი ხნის განმავლობაში;

მეხსიერების სუსტი კონსოლიდაცია

ინფორმაცია ვერ გადადიოდა გრძელვადიან მეხსიერებაში;

დაბალი ემოციური ჩართულობა

სასწავლო მასალა არ იყო დაკავშირებული მის ინტერესებთან → დაბალი მოტივაცია;

სტრესის ელემენტები

მარცხის გამოცდილება ამცირებდა ეფექტიანობის განცდას.

ინტერვენციის დაგეგმვა (ნეიროპედაგოგიკის პრინციპებზე დაყრდნობით)

მასწავლებელმა შეიმუშავა ინტერვენციის გეგმა, რომელიც ეფუძნებოდა ოთხ ძირითად პრინციპს:

1.. ნეიროპლასტიკურობა

→ ხშირი, მცირე და განმეორებითი აქტივობები;

2. აქტიური გახსენება

→ ინფორმაციის გამოყენება და არა მხოლოდ მიღება;

3. ემოციური ჩართულობა

→ ინტერესებზე დაფუძნებული სწავლება;

4. მულტისენსორული მიდგომა

→ ვიზუალური + სმენითი + კინესთეტური აქტივობები;

ინტერვენციის პრაქტიკული განხორციელება.

ეტაპი 1: ყურადღების გააქტიურება

მასწავლებელმა დაიწყო გაკვეთილები „ტვინის გამახურებელი“ აქტივობებით:

მოკლე კითხვები;
თამაშის ელემენტები;
ვიზუალური სტიმულები.

შედეგად, ნიკას ჩართულობა გაიზარდა გაკვეთილის დასაწყისშივე.

ეტაპი 2: ინფორმაციის მცირე ბლოკებად დაყოფა

მასწავლებელმა გაითვალისწინა მოსწავლის მუშა მეხსიერების მცირე მოცულობა, დიდი ტექსტები დაყო მცირე მონაკვეთებად, შეიმუშავა შესაბამისი აქტივობები.

ეტაპი 3: აქტიური სწავლა

ნიკას მიეცა დავალებები, როგორებიცაა: თანაკლასელისთვის საკითხის ახსნა, მინი-პრეზენტაციების მომზადება, კითხვების მოფიქრება და დასმა.
შედეგად, ინფორმაციის დამახსოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ეტაპი 4: ემოციური კავშირი

მასწავლებელმა სასწავლო მასალა დაუკავშირა ნიკას ინტერესებს (მაგ., სპორტი): ამოცანები სპორტული მაგალითებით, ტექსტები საყვარელ თემებზე.
შედეგად, გაიზარდა მოტივაცია და ჩართულობა.

ეტაპი 5: განაწილებული გამეორება

მასალა პერიოდულად მეორდებოდა: გაკვეთილის ბოლოს, შემდეგ გაკვეთილებზე, მცირე ქვიზებით. შედეგად, გრძელვადიანი მეხსიერება გაძლიერდა.

ეტაპი 6: პოზიტიური უკუკავშირი

მასწავლებელი აქცენტს აკეთებდა პროგრესზე და არა შეცდომებზე.

ნეიროეფექტი-დოფამინის აქტივაცია ზრდის მოტივაციას.

შედეგები (8 კვირის შემდეგ)

მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა:

 გაიზარდა გაკვეთილის პროცესში ნიკას ჩართულობა;
 გაიზარდა დავალებების შესრულების სიხშირე;
 ტესტის შედეგები გაუმჯობესდა;
 გაიზარდა თავდაჯერებულობა.

ნიკა უკვე აქტიურად ერთვებოდა ჯგუფურ მუშაობაში და თავადაც იჩენდა ინიციატივას.

ქეისი აჩვენებს, რომ ნეიროპედაგოგიკის პრინციპების გამოყენება:

ეფექტურად აუმჯობესებს სწავლას;
ზრდის მოტივაციას;
ამცირებს სტრესს;
აძლიერებს კოგნიტიურ ფუნქციებს.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება არ იყო ერთჯერადი მეთოდის შედეგი – იგი იყო კომპლექსური, სისტემური მიდგომის შედეგი.

აღნიშნული საკითხის განხილვიდან გამომდინარე, შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რეკომენდაციებს მასწავლებლებისთვის:

გამოიყენეთ მოკლე და დინამიკური აქტივობები;
ჩართეთ მოსწავლეები აქტიურ პროცესში;
დააკავშირეთ მასალა რეალურ ცხოვრებასთან;
გამოიყენეთ განმეორების სტრატეგიები;
შექმენით ემოციურად უსაფრთხო გარემო.

გამოყენებული ლიტერატურა

  • Ansari, D., De Smedt, B., & Grabner, R. (2012). Neuroeducation—A critical overview. Trends in Neuroscience and Education, 1(2), 105–111.
  • Howard-Jones, P. (2014). Neuroscience and education: myths and messages. Nature Reviews Neuroscience, 15(12), 817–824.
  • Immordino-Yang, M. H. (2016). Emotions, Learning, and the Brain. New York: W.W. Norton.
  • Sousa, D. A. (2017). How the Brain Learns. Corwin Press.
  • Tokuhama-Espinosa, T. (2011). Mind, Brain, and Education Science. W.W. Norton.
  • OECD (2019). Understanding the Brain: The Birth of a Learning Science. OECD Publishing.
  • Frontiers in Psychology (2021). Neuromyths in education.
  • Frontiers in Education (2024). Neuroplasticity and learning.

 

 

 

სივრცული ფიგურების არქიტექტურა

0
როგორ ვაქციოთ აბსტრაქტული გეომეტრიული ცნებები ბავშვისთვის ხელშესახებ რეალობად?
მათემატიკის სწავლება დაწყებით საფეხურზე მუდმივ ძიებას მოითხოვს – როგორ დავაკავშიროთ სახელმძღვანელოს მშრალი ილუსტრაციები იმ სამყაროსთან, რომელშიც მოსწავლეები ცხოვრობენ. ჩემს მესამეკლასელებთან ერთად გადავწყვიტე, სივრცული ფიგურების შესწავლა ნამდვილ შემოქმედებით მოგზაურობად გვექცია.
 აღმოჩენიდან მოდელირებამდე
სასწავლო პროცესი დავეყრდენი კონსტრუქტივიზმის პრინციპებს, სადაც მოსწავლე თავად აგებს ცოდნას. ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ ფიგურების დასახელების დამახსოვრება, არამედ მათი სტრუქტურული გააზრება.
გაკვეთილის პირველ ეტაპზე გამოვიყენეთ „სასწავლო ხარაჩოს“ (Scaffolding) მეთოდი. ბავშვებმა გარემოში არსებული საგნები (კარადა, ტუმბო, ბურთი) მათემატიკურ ენაზე „თარგმნეს“. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა შლილების გამოყენება. როდესაც კონუსის ფორმის სადღესასწაულო ქუდი გავშალეთ, მოსწავლეებმა დაინახეს კავშირი ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს შორის. ამას მოჰყვა ძაფების საშუალებით ფიგურების მოდელირება, რამაც მათ საშუალება მისცა, ფიზიკურად შეეგრძნოთ ფიგურის „აგების“ პროცესი.
კომპლექსური გამოწვევა: „არქიტექტორები ჩვენს კლასში“
თეორიული ცოდნის განმტკიცების შემდეგ, მოსწავლეები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ – ისინი „არქიტექტორებად“ იქცნენ. კომპლექსური დავალების პირობა ითვალისწინებდა მეორადი მასალების გამოყენებით ისეთი ქალაქის მაკეტის შექმნას, რომელიც მინიმუმ სამი სხვადასხვა სივრცული ფიგურისგან შედგებოდა.
ამ ეტაპზე სწავლება გახდა კონტექსტური და ეკომეგობრული. „ნარჩენების მართვის“ პრინციპით, ბავშვებმა ძველი ყუთები, ცილინდრული ტუბები და პირამიდული შეფუთვები თანამედროვე, ზღაპრულ თუ ისტორიულ შენობებად გარდასახეს. მოსწავლეებმა თავად დაგეგმეს, დათვალეს საჭირო ფიგურების რაოდენობა და შექმნეს მაკეტები შესაბამისი სახელწოდებებით. 
რეპორტაჟები საკლასო ოთახიდან: მათემატიკა მოქმედებაში
 წარმოგიდგენთ იმ კონკრეტულ მომენტებს, როდესაც თეორიული ფორმულები ცოცხალ შემოქმედებად იქცა. ეს რეპორტაჟები გვიჩვენებს, როგორ გარდაიქმნება მოსწავლე პასიური მსმენელიდან აქტიურ არქიტექტორად.
ეპიზოდი I: „ჯადოსნური შლილები“
გაკვეთილის ყველაზე საინტერესო მომენტი აღმოჩნდა „საიდუმლოს გახსნა“ – როდესაც ბავშვებმა დაინახეს, რომ ყოველი სივრცული ფიგურის მიღმა ბრტყელი ზედაპირი იმალება. „მასწავლებელო, ეს ქუდი ხომ სამკუთხედს საერთოდ არ ჰგავს, მაგრამ რომ გავშალეთ, ნახეთ, რა გამოვიდა!“ – ისმოდა კლასში, როდესაც სადღესასწაულო კონუსი სიბრტყეზე გადაიშალა. ძაფებით მოდელირებისას ბავშვები თითქოს „აიძულებდნენ“ ბრტყელ ფურცელს, ჰაერში მოცულობა მიეღო. ეს იყო მომენტი, როცა მოსწავლემ ფიზიკურად იგრძნო ფიგურის წახნაგებისა და წვეროების არსებობა.
ეპიზოდი II: „ნაგავიდან – მომავლის არქიტექტურამდე“
 დავალებაზე მუშაობისას კლასი ნამდვილ სამშენებლო მოედანს დაემსგავსა. აქ მთავარი გმირი „ნარჩენების მართვა“ გახდა. „ჩემი ცათამბჯენი წვენის ყუთებისგანაა, სახურავი კი – პირამიდის ფორმის კამფეტის ყუთისგან“ – ამაყად წარადგენდა ერთი მოსწავლე თავის მაკეტს. ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ის საგნები, რომლებსაც ყოველდღიურად ნაგავში ვყრით, სინამდვილეში გეომეტრიული სხეულებია – ცილინდრები, პრიზმები და კუბები. ეს იყო არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ გარემოზე ზრუნვის პრაქტიკული გაკვეთილი.
ეპიზოდი III: პრეზენტაცია და „არქიტექტორის აღიარება“
პროექტის კულმინაცია ქალაქების პრეზენტაცია იყო. აქ მოსწავლეებმა წარმოაჩინეს არა მხოლოდ მათემატიკური სიზუსტე, არამედ ემოციური ინტელექტი. ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელსაც თავიდან გაუჭირდა მხოლოდ სამი ფიგურის გამოყენება, საკუთარი „ქალაქის გეგმა“ შეცვალა და დაამატა „მრავალფეროვნების კვარტალი“. პრეზენტაციისას ბავშვები ერთმანეთს აძლევდნენ რჩევებს: „შენი სახლი მყარია, რადგან საფუძვლად მართკუთხა პრიზმა აიღე“. ამ ეპიზოდმა აჩვენა, რომ მათემატიკური ენა მათი ყოველდღიური კომუნიკაციის ნაწილი გახდა.

მოსწავლეთა პროგრესის შეფასება (SOLO ტაქსონომია)
მოსწავლეთა პროგრესის დასანახად გამოვიყენე SOLO ტაქსონომია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თვალყური ვადევნოთ, როგორ გადადის მოსწავლე ზედაპირული გაგებიდან სიღრმისეულ, აბსტრაქტულ აზროვნებაზე.
SOLO დონე
მოსწავლის მიღწევა (ინდიკატორი)
განმავითარებელი კომენტარი (პროგრესისთვის)
პრესტრუქტურული
მოსწავლე ვერ ასხვავებს ფიგურებს ერთმანეთისგან ან საერთოდ ვერ ცნობს მათ.
„მოდი, ერთად დავაკვირდეთ ამ ფიგურებს, ხომ არ ჰგავს ეს ყუთი რომელიმეს?“
უნისტრუქტურული
მოსწავლე ცნობს მხოლოდ ერთ ფიგურას (მაგ. კუბს) და ასახელებს მის ერთ ნიშანს.
„ეს ფიგურა სწორად ამოიცანი. კიდევ რომელი ფიგურა დაგვეხმარება ქალაქის აშენებაში?“
მულტისტრუქტურული
მოსწავლე ასახელებს რამდენიმე ფიგურას და მათ თვისებებს (წახნაგი, წვერო), თუმცა მათ შორის კავშირს ვერ ხედავს.
„შენ ბევრი ფუგურა და მათი  თვისება დაასახელე. როგორ ფიქრობ, რატომ სჯობს სახლის ფუძედ პრიზმის გამოყენება და არა სფეროსი?“
მიმართებითი
მოსწავლე აკავშირებს ფიგურებს რეალურ საგნებთან, იყენებს მათ მაკეტში და ხსნის მათ ფუნქციას.
„შენ შესანიშნავად დააკავშირე ფორმა და ფუნქცია. შენი ქალაქი მყარია, რადგან სწორი ფიგურები შეარჩიე საფუძვლისთვის.“
გაფართოებული აბსტრაქტული
მოსწავლე ქმნის ორიგინალურ მოდელს, მსჯელობს ფიგურების შლილებზე და იყენებს ცოდნას ახალ კონტექსტში.
„შენმა არქიტექტურულმა გადაწყვეტილებამ მოლოდინს გადააჭარბა. როგორ გამოიყენებდი ამ ფიგურებს მომავლის ქალაქის დასაგეგმად?“
პროექტმა აჩვენა, რომ როდესაც მათემატიკა სცილდება რვეულის ფურცლებს, მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა მკვეთრად იზრდება. მოსწავლეებმა არა მხოლოდ „ისწავლეს“ გეომეტრია, არამედ იგრძნეს მისი პრაქტიკული საჭიროება.
პროცესის ძლიერი მხარეები აღმოჩნდა:
  • მაღალი ჩართულობა: ბავშვები დამოუკიდებლად მართავდნენ დროსა და რესურსებს.
  • ეკო-ცნობიერება: ნარჩენებისგან ახალი პროდუქტის შექმნა მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო.
  • სოციალური მხარდაჭერა: მშობლების აქტიური მონაწილეობა და ინტერესი დავალების მიმართ.
სირთულეს წარმოადგენდა ფიგურების რაოდენობის შეზღუდვა, რაც დავალების პირობაში მოქნილად შევცვალეთ – ბავშვებს მივეცით არჩევანის თავისუფლება, გამოეყენებინათ იმდენი ფიგურა, რამდენიც მათ „საოცნებო ქალაქს“ სჭირდებოდა. მათემატიკა მათთვის აღარ არის მხოლოდ ციფრები, ის არის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ შეუძლიათ საკუთარი სამყაროს აშენება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...