შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რუსთაველი და მითოლოგია

“ვეფხისტყაოსანი” და ანტიკურობა წერილი III

“ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;
ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს”. (რუსთველი 2003: 1429)

ასე აქვს აღწერილი ნესტანისა და ტარიელის სანატრელი შეხვედრა რუსთველს. მრავალწლიანი ტანჯვა უდიდესი ბედნიერებით შეიცვალა, რაც პოემაში ორი მნათობის შეყრასთანაა შედარებული. რამდენადაც ვიცით, მუშთარითა და ზუალით მოხსენიებული პლანეტები მარსი და იუპიტერია, ხოლო, თუკი პლანეტათა რომაულ სახელწოდებას ბერძნულით შევცვლით, გამოდის, რომ საქმე კრონოსისა და ზევსის შეყრასთან გვაქვს. თუკი ამ ყველაფერს მითოლოგიური კონტექსტიდან არ ამოვაგდებთ და ისე განვიხილავთ, საქმე აბსურდამდე მიდის, რადგან ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ზევსი და კრონოსი, მიუხედავად იმისა, რომ მამა-შვილი არიან, ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან. როგორც თეოგონიური მითები მოგვითხრობს, კრონოსმა, გეას თხოვნით, დაამხო მამის, ურანოსის ძალაუფლება და იმის შიშით, რომ მისთვის ძალაუფლება რომელიმე შვილს არ წაერთმია, შვილებს ქვეყანაზე მოვლენისთანავე ყლაპავდა. მეექვსე შვილი ზევსი გადაურჩა მას და რომ გაიზარდა, მამას აუმხედრდა. დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა და ამ ხანგრძლივ ბრძოლში ყველა ღმერთი მონაწილეობდა, ზოგი კრონოსის მხარეს იჭერდა, ზოგიც კი – ზევსისას. ბოლოს ზევსმა გაიმარჯვა და ასე დაედო დასაბამი ღმერთთა ე.წ. მესამე თაობას, ოლიმპოელ ღმერთებს, რომელთა მეთაურიც თავად ზევსი გახდა. ხოლო კრონოსი სამუდამოდ გამოამწყვდიეს მარადიულ უკუნეთ სიბნელეში. აქედან გამომდინარე, მითოლოგიური წარმოდგენით, გამორიცხულია, ამ ორი ღმერთის შეყრა ბედნიერების მომასწავებელი იყოს. ის, რაც ზევსისა და კრონოსის მეორედ შეყრამ შეიძლება გამოიწვიოს, მხოლოდ უდიდესი უბედურებისა და ომიანობის დასაწყისი თუ იქნება. სანამ გავარკვევდეთ, თუ რას უკავშირდება, რა ტიპის ცოდნას ასახავს პოემის ეს სტრიქონები, საკითხი ასე დავსვათ: რასთან გვაქვს საქმე, შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ რუსთველი მიუტევებელ მითოლოგიურ შეცდომას უშვებს და, საერთოდ, იცნობს კი რუსთველი ბერძნულ მითოლოგიას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა გავიხსენოთ ავთანდილის ლოცვა, სადაც პოემის პერსონაჟი სხვადასხვა მნათობს მიმართავს. ამ სტროფებში, ზოგიერთი მკვლევრის აზრით (გ. თევზაძე, „ვეფხისტყაოსნის კოსმოგონია”, 1990) ასტრონომიის არაჩვეულებრივი ცოდნაა აკუმულირებული, სხვათა მოსაზრებით კი (ვ. ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება”, 2005), საქმე ასტროლოგიის საფუძვლიან ცოდნასთან გვაქვს. ჩემი აზრით, ზემოთქმულ სტროფებში, ამ ორი სფეროს გააზრებული ცოდნის გარდა, მითოლოგიაში ღრმა განსწავლულობაც იკითხება.
მზე – ჰელიოსი:

“აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა…
ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!”

მზე და მისი ღვთაება ჰელიოსი ნამდვილად მძლეთა მძლეველია, მას ვერავინ ვერაფერს გამოაპარებს, ვერც მოკვდავი ადამიანები და ვერც უკვდავი ყოვლისშემძლე ღმერთები, რადგან ცის გადმოსახედიდან ყველაფერი კარგად მოჩანს და ჰელიოსმაც ყველას შესახებ ყველაფერი იცის. როდესაც ჰელიოსი რამეზე გაბრაზდება, მისი მუქარაა, რომ სააქაოდან საიქიოში გადავა და ამ სოფლის ნაცვლად იქითა სოფელს გაანათებს. იაზრებენ რა ამ მუქარის თავზარდამცემ შედეგებს, ჰელიოსს ყველანი აღიარებენ უძლიერეს ღვთაებად და ცდილობენ, არ გაანაწყენონ იგი. სწორედ ამ ცოდნას ასახავს პოემის ეს სტრიქონები.

ზუალი – სატურნი – კრონოსი
“მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა”…

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრონოსის ძალაუფლება დაამხო ზევსმა და ამ უკანასკნელმა იგი შებოჭა და ტარტაროსის უკუნეთ სიბნელეში გამოამწყვდია. აი, ასეთი ხვედრი ერგო კრონოსს; მიწისქვეშეთის შავ და უსინათლო გარემოში გამოკეტილი ღმერთისათვის ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა. სწორედ ამ შავხვედრიანი ღმერთს უკავშირდება ცრემლი, უმძიმესი ტვირთი, კაეშანი და ჭირი.
მუშთარი – მარსი – არესი

“მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა”.

ომის შეუწყალებელი ღმერთი, სისხლისღვრის მოყვარული არესი ულმობელი და დაუნდობელია. მხოლოდ ბრძოლა, დაღვრილი წითელი სისხლი ახარებს დაუღალავ ღმერთს. შეუსვენებლად დაძრწის ელვარე სამოსით მოსილი, ვეებერთელა ფარით ხელში ომის ველზე იარაღის ჟღარუნის, საომარი ყიჟინისა და დაჭრილთა გულისმომაკვდინებელი კვნესის ქვეშ. ვერც გარეგნობით მოხიბლავს მებრძოლი და ვერც ჭკუა-გონებით, არ ეცოდება არც ცოლშვილიანი, არც უწვერული ჭაბუკი, არც დედისერთა და არც ნაბოლარა, მისთვის სულერთია, თუკი მოინდომებს, არც ერთს არ ასცდება სასტიკი ხვედრი. ასეთია ომის ღმერთი არესი, იგივე მარსი, რომლის სახელიც უწოდეს რომაელებმა წითელ პლანეტა მარიხს, რადგან სისხლისფერი მნათობი ომსა და ბრძოლებს, სისატიკესა და დაუნდობლობას აგონებდა მათ. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ სტროფში პლანეტა მარსის რეალური ფერიდან გამომდინარე, რუსთველი მხოლოდ ასტრონომიულ ცოდნას ეყრდნობა, მაგრამ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების ანალიზი მის მიერ მითოლოგიის შესანიშნავ ცოდნასაც არეკლავს.

ასპიროზი – ვენერა – აფროდიტე
“მოდი, ასპიროზ, მარგე რა…
ვინ დაამშვენებ კეკლუცთა დამშვენებითა მაგითა,
ვისმე გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა”.

სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს უნარი ჰქონდა, ჭკუიდან გადაეყვანა, გაეშმაგებინა მანამდე გონიერი და საღ აზრზე მყოფი ადამიანი. ამის მაგალითი უამრავია და არაჩვეულებრივად აღწერილი ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რად ღირს თუნდაც ნარცისის, მედეას, პიგმალიონის, ელენეს და სხვათა გახსენება. რუსთველის მიერ პლანეტის დასახასიათებლად გამოყენებული ყველა სიტყვა შესანიშნავად ასახავს ავტორის ღრმა მითოლოგიურ ცოდნას. მიუხედავად იმისა, რომ პოემაში არაა მოთხრობილი არც ერთი მითი, ავთანდილის ლოცვაში წარმოთქმული სტროფის ბოლო სტრიქონი აშკარად აფროდიტეს ისეთ მახასიათებლებზე მიუთითებს, რომლებიც მხოლოდ ამ ღვთაებასთან დაკავშირებული მითებიდან გამომდინარეობს. ამ ბოლო სტრიქონის ახსნა მხოლოდ მითოლოგიური კონტექსტით შეიძლება. თუკი პირველი სტრიქონები ასტრონომიულ და ასტროლოგიურ ცოდნას მოითხოვს და მათში მხოლოდ პლანეტის რეალურ სიკაშკაშესა და მშვენიერებაზეა მითითება, ბოლო სტრიქონში აღწერილი თვისება – ასპიროზის, ანუ აფროდიტეს უნარი გონიერი შმაგად გადააქციოს – უდავოდ მითებიდანაა აღებული.

ოტარიდი – მერკური – ჰერმესი
ოტარიდო…
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა, ვითა თმასა”.

ჩემი აზრით, ამ სტრიქონებსაც საფუძვლად მითოლოგია უდევს, კერძოდ, დაჯდეს, შეთხზას წერილი და ჰერმესის უმთავრესი ფუნქცია, შიკრიკობა შეასრულოს. ჰერმესი ხომ ერთადერთი ღვთაებაა, რომელიც თანხამაა, მარილიანი, უნაყოფო ზღვებიც კი გადალახოს.

მთვარე – სელენე
“მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები…
მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები”.

როდესაც ამ სტრიქონს წავიკითხავთ, პირველი, რაც თავში აზრად მოგვივა, ესაა რუსთველის მიერ მთვარის ასტრონომიული დახასიათება მისი უმთავრესი თვისების მიხედვით: მთვარე ხომ ილევა (მჭლევდება) და ივსება?! მაგრამ მან, ვინც კარგად იცის მითოლოგია, რაც პირველ რიგში ანტიკური ლიტერატურის კარგად ცოდნას გულისხმობს, მიხვდება, რომ მთვარის მოხმობა შეყვარებულის მიერ სწორედ მთვარის მითოლოგიური ფუნქციის ცოდნიდან მომდინარეობს. მთვარის ანუ სელენეს შესახებ ძალიან ცოტა მითია შემორჩენილი, მაგრამ ის, რაც მასზე ვიცით, სწორედ რომ უიღბლო სიყვარულზე გვიამბობს. ასევე გავიხსენოთ ბერძნული ლიტერატურა, სადაც მთვარე სიყვარულის მკურნალ, სიყვარულის გრძნობის გამომწვევ გრძნეულთა მფარველია: გრძნეულნი მთვარეს იმორჩილებენ, რათა სატრფოსთან გაგზავნონ, კრეფენ სიყვარულის გამომწვევ ბალახ-ბულახს მთვარიან ღამეს. ამ სტროფშიც მითოლოგიის (რომელიც ბერძნული ლიტერატურის განუყოფელი ნაწილია) ცოდნა არის დაფიქსირებული.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ რუსთველი არაჩვეულებრივად იცნობს იმ ღვთაებათა მითოლოგიურ ფუნქციებს, რომელთა სახელებიც პლანეტებს ჰქვიათ. ამიტომ შეუძლებელია, ეჭვი შევიტანოთ, ფლობდა თუ არა რუსთველი მითოლოგიურ ცოდნას. მაშ, რასთან გვაქვს საქმე, რას უკავშირდება ის “ცდომილება”, რომელიც ჩემ მიერ დასაწყისში გამოტანილ სტრიქონებში გვაქვს? არის თუ არა ეს უპატიებელი შეცდომა, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე? მითოლოგიის ცოდნა “ვეფხისტყაოსნის” ავტორისთვის ისეთივე ჩვეულებრივი რამაა, როგორც სხვა უზარმაზარი ინფორმაციის ფლობა. და, რა თქმა უნდა, ამაში არაფერია გასაკვირი. გასაკვირი და უცნაური ის უფრო იქნებოდა, მითოლოგიის მცოდნეს მიუტევებელი შეცდომა რომ დაეშვა, და ისეთი რამ დაეწერა, რაც მკითხველს საგონებელში ჩააგდებდა. მაგრამ სტროფში, სადაც რუსთველი ნესტანისა და ტარიელის შეხვედრას მუშთარისა და ზუალის, ე.ი. ზევსისა და იუპიტერის შეყრას ადარებს, მითოლოგია უგულებელყოფილია და მხოლოდ ასტროლოგიური ცოდნა ჩანს. ამ სტორფში აღნიშნული მოვლენა, ერთი მხრივ, მითოლოგიურად ორი საწინააღმდეგო პერსონაჟის შეხვედრა, მეორე მხრივ კი, ასტრონომიულად ორი დიდი პლანეტის შეყრა, ასტროლოგიურად უბედნიერესი ჟამის დადგომას მოასწავებდა. იმ მოძღვრების თანახმად, რომელიც შესანიშნავად უწყოდნენ მოგვებმა და, რომლის ნაწილობრივი გადამუშავებაც მოახდინა პტოლემაიოსმა, მუშთარისა და ზუალის თანხვედრა თევზების ზოდიაქოში (ამ მოძღვრების მიხედვით, ყველა ზოდიაქოს თავისი გარკვეული გეოგრაფიული არეალი შეესაბამებოდა) იუდეაში უძლეველი მეფის, ბრძენი წინასწარმეტყველის ან ძლევამოსილი ვაჭრის დაბადებას მოასწავებდა. ეს მოვლენა თავის დროზე გამოთვალეს მოგვებმა და გაემგზავრნენ იუდეაში, რათა თაყვანი ეცათ ახალშობილისთვის. ეს ცოდნა აისახა რუსთველის უკვდავ პოემაში. ავტორმა შესადარებლად სწორედ ასეთი ბედნიერი ჟამი გამოიყენა ნესტანისა და ტარიელის შეყრის აღწერისას. იესოს დაბადება ორი ხსენებული პლანეტის შეყრისას იმაზე დიდი მოვლენა იყო და მნიშვნელობით იმდენად აჭარბებდა მითოლოგიურ ცდომილებას, რომ მითოლოგიის არაჩვეულებრივად მცოდნე პოეტმაც კი ამ ცოდნის იგნორირება მოახდინა და სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ცოდნა დააყენა წინა პლანზე.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი